(ნაწილი II)
III. ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალები ევროპულ ომის თეატრზე 1970-იან წლებში
1979 წლის იანვრის ბოლოს ჟურნალ «ზარუბეჟნოე ვოენნოე ობოზრენიეში»-ში გამოქვეყნებულ წერილში “ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალები ევროპაში” ნათქვამი იყო, რომ 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირე სახელმწიფოების მშვიდობისმოყვარე პოლიტიკა მიმართული იყო ხალხებს შორის ყოველმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებაზე, საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისა და განიარაღების მიღწევაზე, რამაც გამოიწვია ღრმა ცვლილებები საერთაშორისო ურთიერთობებში და ძალთა ახალი გადანაწილება აღნიშნული წინადადებების ინიციატორთა სასარგებლოდ.
ამის საპირისპიროდ, განმუხტვის მოწინააღმდეგეებმა, უმთავრესად აშშ-ში, ე. წ. “საბჭოთა სამხედრო მუქარის” მითის გამოყენებით, გაშალეს ფართო სამხედრო მზადებები. დაიწყეს ღია კურსის გატარება ცივი ომის სულით “ძალის პოზიციიდან” პოლიტიკის აღორძინებაზე და პირდაპირ აცხადებდნენ იმის შესახებ, რომ აშშ-ის გლობალური ინტერესების მიღწევაში მთავარი როლი ეკუთვნის ნატო-ს ბლოკს. შეერთებული შტატები გამოვიდა გამალებული შეიარაღების ფორსირებისა და სამხედრო ხარჯების შემდგომი გადიდების ინიციატორად. ამის შედეგად, თუკი 1977 წელს ალიანსის სახელმწიფოთა სამხედრო ასიგნებებმა შეადგინა 174,6 მლრდ. ამერიკული დოლარი, 1978_1282 წლების პერიოდში ამერიკელი სპეციალისტების შეფასებით, ისინი უნდა გაეზარდათ არანაკლებ 60%-ით.
1978 წლის მაისში ვაშინგტონში ნატო-ს საბჭოს სესიაზე დამტკიცებული სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამები მიზნად ისახავდა სრული სამხედრო უპირატესობის მიღწევას ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოებზე.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, აკეთებდნენ რა ფსონს ომზე, როგორც თავიანთი მიზნების მიღწევის ძირითად საშუალებაზე, აშშ-მა და მისმა ნატო-ელმა მოკავშირეებმა უკვე მშვიდობიანობის დროს შექმნეს 5-მილიონიანი რეგულარული შეიარაღებული ძალები, რომლის ყველაზე უფრო მსხვილი და ბრძოლისუნარიანი დაგჯგუფება განლაგებული იყო დასავლეთ ევროპაში ალიანსის პასუხისმგებლობის ზონაში. მის შემადგენლობაში, როგორც უკვე ვთქვით, 1970-იანი წლების მიწურულს მოითვლებოდა 7 ათასზე მეტი ამერიკული ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო მასალა და მიზნებამდე მათი მიტანის 3 ათასზე მეტი საშუალება, 70-მდე ექვივალენტური დივიზია, არანაკლებ 11 ათასი საბრძოლო ტანკისა და 3 ათასი საბრძოლო თვითმფრინავის. პირადი შემადგენლობის რიცხოვნება აღემატებოდა 2 მლნ. ადამიანს, რომელთაგან დაახლოებით 70% (ე.ი. 1,4 მლნ. ადამიანზე მეტი) განლაგებული იყო დასავლეთ ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ (იხ. ნახ. 3), უმაღლესი (სტრატეგიული) სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში შედიოდა მთელი ევროპული ომის თეატრი დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის ტერიტორიების გამოკლებით (თუმცა ნატო-ელი სამხედრო სპეციალისტები და ანალიტიკოსები საფრანგეთის ტერიტორიასაც პოტენციურად განიხილავდნენ ბლოკის ტერიტორიის შემადგენელ ნაწილად ევროპაში საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების შემთხვევაში). მას ემორჩილებოდნენ ალისნსის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების (მშძ) სამი მთავარი სარდლობა საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ) _ ჩრდილო-ევროპულის (შტაბი კოლსოსში, ნორვეგია), ცენტრალურ-ევროპულისა (ბრიუნსიუმი, ნიდერლანდები) და სამხრეთ-ევროპულის (ნეაპოლი, იტალია), ბრიტანული სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა მეტროპოლიაში (ჰაი-უიქომი, დიდი ბრიტანეთი), ნატო-ს მობილური ძალები და საჰაერო თავდაცვის სამოკავშირეო სისტემა. ომთ-ებზე თითოეული მთავარი სარდლობის შემადგენლობაში შექმნილი იყო სარდლობები, რომლებსაც ემორჩილებოდნენ სამოკავშირეო სახმელეთო ჯარების, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების შესაბამისი დაჯგუფებები.
ჩრდილო-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრს ნატო-ს გეგმებში უთმობდნენ განსაკუთრებულ როლს, მიუხედავად იმისა, რომ მის ფარგლებში განლაგებული ჯართა დაჯგუფება რიცხოვნებისა და შეიარაღების მიხედვით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა სხვა ომთ-ებზე განლაგებული ალიანსის ჯარების დაჯგუფებებს. მაგრამ ბლოკის შეიარაღებული ძალების მრავალრიცხოვანი სწავლებების მსვლელობისას პირველხარისხოვან ყურადღებას უთმობდნენ მისი გაძლიერების საკითხებს, როგორც ადგილობრივად მობილიზაციის ჩატარების, ისე აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და ალიანსის სხვა ქვეყნებიდან შენაერთებისა და ნაწილების გადასროლის ხარჯზე. თვლიდნენ, რომ მოცემული ომთ-ის ფარგლებში მოკლე ვადებში შესაძლებელი იქნებოდა საკმარისად ძლიერი საჯარისო დაჯგუფების შექმნა.
როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ჩრდილო-ევროპული ომთ (ჩე ომთ) მოიცავდა ნორვეგიის, დანიისა და დასავლეთგერმანული მიწის შლეზვიგ-ჰოლშტაინის ტერიტორიებს, მიმდებარე სანაპირო წყლებსა და ბალტიის ზღვის სრუტეების ზონას. იგი წარმოადგენდა თავისებურ დამაკავშირებელ რგოლს ევროპასა და ატლანტიკაში ნატო-ს სტრატეგიულ (უმაღლეს) სარდლობებს შორის, საშუალებას აძლევდა ეკონტროლებიათ ბალტიის ზღვის სრუტეების წყლები და კომუნიკაციები, რომლებიც იმიერპოლარეთის პორტებსა და სამხედრო-საზღვაო ბაზებს აკავშირებდა ატლანტიკასთან. ამიტომ ალიანსის სარდლობა მას განიხილავდა ხელსაყრელ რაიონად სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების მსხვილი დაჯგუფებების გასაშლელად, აგრეთვე საჰაერო თავდაცვის ადრეული გაფრთხილების საშუალებების გასალაგებლად.
ალიანსის მთავარსარდალს ჩე ომთ-ზე (ნახ. 8) ემორჩილებოდნენ სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების სარდლობები ჩრდილოეთ ნორვეგიაში (შტაბი ქ. ბუდიოში), სამხრეთ ნორვეგიასა (ოსლო) და ბალტიის სრუტეების ზონაში (კარუპი, დანია). პირველი ორი ამავდროულად წარმოადგენდა ეროვნულ ნორვეგიულ სარდლობებსაც, რასაც ნატო-ს სამხედრო ხელმძღვანელობის შეფასებით, უნდა მოეხდინა ჯარების მართვის მოქნილობის უზრუნველყოფა მშვიდობიანიბის დროს და მათი ეფექტური გამოყენებისა საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას. 1970/80-იანი წლების მიჯნაზე აღნიშნული სარდლობები ახორციელებდნენ უმთავრესად კონტროლს შეიარაღებული ძალების ზოგად მშენებლობაზე, მათ განკარგულებაში გადასაცემად განკუთვნილი შენაერთებისა და ნაწილების ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებაზე. ამ ჯარების უშუალო მართვას ისინი თავის თავზე იღებდნენ მშძ-ის სწავლებების ჩატარებისას და ვითარების გამწვავების შემთხვევაში.
[მე-8 ნახატზე, რომლლის სახელწოდებაა ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალი ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე; მას ექვემდებარებოდნენ სარდლები: ნატო-ს მშძ-ისა ჩრდილოეთ ნორვეგიაში, ნატო-ს მშძ-ისა სამხრეთ ნორვეგიაში, ნატო-ს მშძ-ისა ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში; ნატო-ს მშძ-ის სარდალს ჩრდილოეთ ნორვეგიაში ექვემდებარებოდნენ სარდლები: სამოკავშირეო სახმელეთო ჯარების, სამოკავშირეო სჰძ-ისა და სამოკავშირეო სზძ-ის; ნატო-ს მშძ-ის სარდალს სამხრეთ ნორვეგიაში ექვემდებარებოდნენ სარდლები: სამოკავშირეო სახმელეთო ჯარების, სამოკავშირეო სჰძ-ისა და სამოკვშირეო სზძ-ის; ნატო-ს მშძ-ის სარდალს ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში ექვემდებარებოდნენ სარდლები: მშძ-ისა დანიის კუნძულებზე, მშძ-ისა შლეზვიგ-ჰოლშტაინში, იუტლანდიაში და კუნძულ ფიუნენზე, სამოკავშირეო სჰძ-ისა და სამოკავშირეო სზძ-ის].
უცხოური სამხედრო პრესის მაშინდელი მონაცემებით, ჩე ომთ-ზე ბლოკის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების პირადი შემადგენლობის რიცხოვნება მუქარის პერიოდში შესაძლოა გაეზარდათ დაახლოებით 100 ათას ადამიანამდე.
ს ა ხ მ ე ლ ე თ ო ჯ ა რ ე ბ შ ი შედიოდნენ გფრ-ის მე-6 მოტოქვეითი დივიზია, ექვსი მოტოქვეითი ბრიგადა (ხუთი დანიური და ერთიც ნორვეგიული), რამდენიმე ცალკეული ქვეითი ბატალიონი, აგრეთვე ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების მართვადი რაკეტა “ლანსების” ცალკეული დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით _ ბატალიონი).
აღნიშნულ რეგულარულ შენაერთებთან და ნაწილებთან ერთად, რომლებიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ, ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე ალიანსის მშძ-ის შემადგენლობაში შესაძლებელია გამოეყოთ სარეზერვო ჯარები და ირეგულარული ფორმირებები და მათ საფუძველზე ახალი საბრძოლო ნაწილებიც შეექმნათ. ასე, დანიაში სამობილიზაციო ღონისძიებების გატარების შემდეგ გეგმავდნენ დამატებით რამდენიმე მოტოქვეითი ბრიგადის, ხოლო ნორვეგიაში _ ათზე მეტი ქვეითი ბრიგადის ჩამოყალიბებას. სარეზერვო ბრიგადების შტაბები ფუნქციონირებდნენ უკვე მშვიდობიანობის დროს.
ჩე ომთ-ზე ნატო-ს ბლოკის სახმელეთო ჯარების შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა 1970-იანი წლების მიწურულს ძირითადად წარმოდგენილი იყო ამერიკული, ბრიტანული, დასავლეთგერმანული და, ნაწილობრივ, შვედური წარმოების ნიმუშებით.
ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ჰ ა ე რ ო ძ ა ლ ე ბ ი ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე წარმოდგენილი იყო ნორვეგიული, დანიური და დასავლეთგერმანული ნაწილებითა და ქვედანაყოფებით, რომელთა ძირითად ამოცანას წარმოადგენდა სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერა და საჰაერო თავდაცვის ორგანიზება.
ალიანსის სამოკავშირეო სამხედრო-საჰაერო ძალები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნორვეგიაში 1970-იან წლებში შედგებოდა მხოლოდ ნორვეგიული საავიაციო ქვედანაყოფებისგან. ნორვეგიის სჰძ-ის შემადგენლობაში მაშინ მოითვლებოდა სამი გამანადგურებელ-ბომბდამშენი, სადაზვერვო, საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი და ორი სატრანსპორტო ავიაესკადრილია (სულ ხუთი საბრძოლო და ორიც სატრანსპორტო საავიაციო ესკადრილია), დიდი სიშორის საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ) “ნაიქ-ჰერკულესების” დივიზიონი (36 გასაშვები დანადგარი) და ცალკეული სავერტმფრენო ესკადრილიები. ამ ძალების უმეტესი ნაწილი გამოყოფილი იყო ნატო-ში. შესაბამისად, მასში მოითვლებოდა 90-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, თანაც გეგმავდნენ ამერიკული წარმოების მოძველებული F-104G გამანადგურებელი თვითმფრინავების შეცვლას თანამედროვე ამერიკული F-16-ებით.
ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში დანიის სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდა სამი გამანადგურებელ-ბომბდამშენი, სადაზვერვო, ორი საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი და ერთიც სატრანსპორტო საავიაციო ესკადრილია, აგრეთვე დიდი და საშუალო სიშორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების (ზრკ) “ნაიქ-ჰერკულესებისა” და “ჰოქების” თითო-თითო დივიზიონი. სულ დანიის სჰძ-ში ნატო-ს ბლოკში გადასაცემად 1970-იანი წლების მიწურულს განკუთვნილი იყო დაახლოებით 100 საბრძოლო თვითმფრინავი, 36 გასაშვები დანადგარი (გდ) “ნაიქ-ჰერკულესი” და 24 გდ “ჰოქი”.
დასავლეთგერმანული სჰძ-ის შემადგენლობაში ამ ზონაში შედიოდა ორი გამანადგურებელ-ბომბდამშენი და ორიც სადაზვერვო ავიაესკადრილია, აგრეთვე საშუალო სიშორის ზმრ “ჰოქების” ორი დივიზიონი. საბრძოლო თვითმფრინავების საერთო რაოდენობა შეადგენდა 70-ზე მეტ ერთეულს.
სულ ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს ბლოკის სამოკავშირეო სამხედრო-საჰაერო ძალებში შედიოდა დაახლოებით 260 საბრძოლო თვითმფრინავი და 140-ზე მეტი დიდი და საშუალო სიშორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი.
ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ზ ღ ვ ა ო ძ ა ლ ე ბ ი ომთ-ზე წარმოდგენილი იყო ძირითადად ფლოტის მსუბუქი ძალებით (საესკადრო ნაღმოსნების ჩათვლით), საზღვაო ძალების ავიაციითა და სანაპირო არტილერიით. იგი განკუთვნილი იყო უმთავრესად ბალტიის ზღვის სრუტეების ბლოკირებისთვის, აგრეთვე სანაპიროს დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფისა და საზღვაო კომუნიკაციების დასაცავად.
ნორვეგიისა და დანიის სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) შემადგენლობაში საერთო ჯამში შედიოდა 21 დიზელური წყალქვეშა ნავი, ხომალდსაწინააღმდეგო და წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსებით შეიარაღებული რამდენიმე ფრეგატი (მრი ფრეგატი), აგრეთვე სხვა კლასების 100-ზე მეტი ხომალდი, მათ შორის დაახლოებით 40 სარაკეტო კატარღა.
დასავლური სამხედრო ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, იმავე 1970/80-იანი წლების მიჯნაზე ყველაზე უფრო თანამედროვე და ტექნიკური თვალსაზრისით უკეთ აღჭურვილი იყო დასავლეთგერმანული ფლოტი. მის შემადგენლობაში შედიოდა 180-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი, მათ შორის 20-ზე მეტი დიზელური წყალქვეშა ნავი, რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი, 60-მდე ტრალერი (გამნნაღმავი ხომალდი), დაახლოებით 40 სარაკეტო და სატორპედო კატარღა. საზღვაო ავიაცია შედგებოდა ტაქტიკური გამანადგურებლებისა და მზვერავების ოთხი ავიაესკადრილიის, საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავების სამი, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ესკადრილიებისგან და ა. შ.
ცენტრალურ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრი (ცე ომთ, ნახ. 9) ერთერთი ძირითადი იყო ევროპაში. მის ფარგლებში უკვე მშვიდობიანობის დროს შექმნილი იყო ნატო-ს მშძ-ის ძლიერი დამრტყმელი დაჯგუფება, რომელიც 1970-იანი წლების მიწურულს მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 70 ათასზე მეტ ადამიანს, 23 დივიზიას, შვიდ ცალკეულ ბრიგადასა და პოლკს, 6 ათასზე მეტ საბრძოლო ტანკს, 2 ათასამდე საველე არტილერიის ქვემეხსა და ნაღმსატყორცნს, 1700-ზე მეტ საბრძოლო თვითმფრინავს, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი ბირთვული იარაღის მატარებელი იყო.
[მე-9 ნახატზე რომლის სახელწოდებაცაა ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების ორგანიზცია ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია ნატო-ს მშძ-ის მთვარსარდალი ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე; მას ექვემდებარებოდნენ სარდლები: არმიების ჩრდილოეთის ჯგუფისა, არმიების ცენტრალური ჯგუფისა და სამოკავშირეო სჰძ-ისა ომთ-ზე; არმიების ჩრდილოეთის ჯგუფის სარდლის დაქვემდებარებაში შედიოდა დიდი ბრიტანეთის, გფრ-ის, ნიდერლანდებისა და ბელგიის სახმელეთო ჯარების შენაერთები და ნაწილები; არმიების ცენტრალური ჯგუფის სარდლის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო: აშშ-ის, გფრ-ისა და კანადის სახმელეთო ჯარების შენაერთები და ნაწილები; ომთ-ზე სამოკავშირეო სჰძ-ის სარდლის დაქვემდებარებაში შედიოდნენ სარდლები: მე-2 სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციოლ სარდლობისა და მე-4 სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციო სარდლობის].
უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ეს დაჯგუფება ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი იყო და მას ინახავდნენ საბრძოლო მუდმივ მზადყოფნაში მოქმედებებისთვის. თუკი გავითვალისწინებთ, რომ მოცემული ომთ-ის ფარგლებში განლაგებული ჰქონდათ ამერიკული ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო მასალებისა და მათი მიტანის საშუალებების დაახლოებით 80% (ე. ი. შესაბამისად დაახლოებით 5600 ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო მასალა და 2400 მიზნებამდე მათი მიტანის საშუალება), მაშინ გამოჩნდება, თუ რა როლს უთმობდნენ ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდლობას ამ თეატრზე ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობის ჩანაფიქრების შესრულებაში.
ს ა მ ო კ ა ვ შ ი რ ე ო ს ა ხ მ ე ლ ე თ ო ჯ ა რ ე ბ ი, უცხოური სამხედრო პრესის შეტყობინებებით, ორგანიზაციულად შეყვანილი იყო ორ მსხვილ დაჯგუფებაში: არმიების ჩრდილოეთ ჯგუფსა და არმიების ცენტრალურ ჯგუფში.
არმიების ჩრდილოეთ ჯგუფს (აჩჯ _ შტაბი მიუნჰენ-გლადბახში, გფრ) თავის შემადგენლობაში ჰყავდა 12 დივიზია (ხუთი სატანკო და შვიდი მოტოქვეითი), მათ შორის: ოთხი დასავლეთგერმანული, ოთხი ბრიტანული, ორი ბელგიური და ორიც ჰოლანდიური. მის ძირითად დამრტყმელ ძალას შეადგენდნენ დასავლეთ გერმანული დივიზიები, რომლებიც პირადი შემადგენლობის რიცხოვნების, ჯავშანსატანკო ტექნიკით, არტილერიითა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით გაჯერებულობის მიხედვით აღემატებოდნენ აჩჯ-ში გადაცემული სხვა ქვეყნების შენაერთებს.
არმიების ცენტრალურ ჯგუფში (აცჯ _ შტაბი ზექენჰაიმში, გფრ) შედიოდა 11 დივიზია (მათგან ხუთი სატანკო) და ოთხი ცალკეული ბრიგადა, მათ შორის: ოთხი ამერიკული დივიზია და სამი ცალკეული ბრიგადა, შვიდი დასავლეთგერმანული დივიზია და კანადური ბრიგადა. აცჯ-ის დამრტყმელი ძლიერების საფუძველს შეადგენდნენ ოთხი ამერიკული “მძიმე” დივიზია (ორი ჯავშანსატანკო და ორიც მექანიზებული ქვეითი) და სამი დასავლეთგერმანული სატანკო დივიზია.
უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებებით, ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე განლაგებულ და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ ნატო-ს სახმელეთო ჯარების მსხვილ დაჯგუფებას ვითარების გამწვავების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გააძლიერებდნენ როგორც დასავლეთ გერმანიაში (შლეზვიგ-ჰოლშთაინის მიწაზე), ნიდერლანდებსა და ბელგიაში მობილიზაციის ჩატარების, ისე სხვა რაიონებიდან და უწინარეს ყოვლისა აშშ-დან შენაერთებისა და ნაწილების გადასროლის ხარჯზე. ამერიკის კონტინენტიდან ევროპაში (უმთავრესად გფრ-ში) ჯარების სწრაფად გადმოსროლის საკითხების დამუშავებას დიდ ყურადღებას უთმობდნენ “რეფორჯერის” ტიპისა და სხვა საბლოკო სწავლებების მსვლელობისას.
შენაერთებსა და ნაწილებს შეიარაღებაში გააჩნდათ ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური მართვადი რაკეტები “პერშინგ-1A” და “ლანსი”, ტაქტიკური დანიშნულების უმართავი რაკეტები “ონესთ ჯონი”, 203,2 და 155 მმ ყალიბების ჰაუბიცები, რომელსაც შეეძლოთ ბირთვული აღკაზმულობის რაკეტებითა და ჭურვებით სროლა, სხვადასხვა მოდიფიკაციის თანამედროვე საბრძოლო ტანკები (M-60, “ლეოპარდი”, “ჩიფტენი”), მსუბუქი ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერები, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარები “თოუ”, “მილანი”, “ჰოთი” და სხვები.
ტანკებით, არტილერიით, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებითა და ჯავშანტრანსპორტერებით ყველაზე უფრო გაჯერებული იყო აშშ-ის არმიის ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიები. ასე, ჯავშანსატანკო დივიზიაში 1970-იანი წლების მიწურულს შედიოდა 351 საბრძოლო ტანკი, 66 ატომური არტილერიის ქვემეხი, 225 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი “თოუ” და “დრაკონი”, დაახლოებით 700 ჯავშანტრანსპორტერი. გარდა ამისა, თითოეული აშშ-ის “მძიმე” დივიზიის შემადგენლობაში იყო ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა “თოუებით” აღჭურვილი 42 დამრტყმელი ვერტმფრენი AH-1S “კობრა-თოუ”.
ამავე წლებში, უცხოური სამხედრო გამოცემების ცნობებით, ალიანსის სამხედრო ხელძღვანელობას განზრახული ჰქონდა აემაღლებია სახმელეთო ჯარების საცეცხლე და დამრტყმელი ძლიერება, აგრეთვე მოწინააღმდეგის ტანკებთან და საჰაერო დესანტებთან ბრძოლის შესაძლებლობები. ამისთვის ითვალისწინებდნენ შენაერთებსა და ნაწილებში იმ დროისთვის უახლესი სარაკეტო და საარტილერიო სისტემების, საბრძოლო ტანკების, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსებისა და სხვა შეიარაღების მიწოდებას.
ნატო-ს ს ა მ ო კ ა ვ შ ი რ ე ო ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ჰ ა ე რ ო ძ ა ლ ე ბ ს ცე ომთ-ზე (სარდლობის შტაბი მდებარეობდა ქ. რამშტაინში, გფრ) თავის შემადგენლობაში ჰყავდა მე-2 და -4 სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაცო სარდლობები (მტას), რომლებიც განკუთვნილი იყო ურთიერთმოქმედებებისთვის შესაბამისად არმიების ჩრდილოეთ და ცენტრალურ ჯგუფებთან.
უცხოური სამხედრო პრესის მონაცემებით, მე-2 მტას-ში შედიოდნენ ბრიტანული საჰაერო ძალების სარდლობა გფრ-ში, ბელგიისა და ნიდერლანდების ტაქტიკური საავიაციო სარდლობები (ტას), საავიაციო მხარდაჭერის მე-3 დივიზია და საჰაერო თავდაცვის მე-4 დივიზია გფრ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ტას-ის შემაგენლობიდან, აგრეთვე აშშ-ის ტაქტიკური გამანადგურებლების 32-ე საავიაციო ესკადრილია. სულ მე-2 მტას-ის შემადგენლობაში 1970-იანი წლების მიწურულს მოითვლებოდა დაახლოებით 600 საბრძოლო თვითმრინავი, მათგან 200 ბირთვული იარაღის მატარებელი, მართვადი რაკეტა “პერშინგ-1A”-ების 36 გასაშვები დანადგარი (გფრ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში), მოქმედების დიდი სიშორის (“ნაიქ-ჰერკულესი”), საშუალო სიშორისა (“ჰოქი”) და მცირე სიშორის (“ბლადჰაუნდი” და “რაპირა”) საზენიტო მართვადი რაკეტების დაახლოებით 500 გასაშვები დანადგარი. ითვალისწინებდნენ მოძველებული საბრძოლო თვითმრინავების F-104, G.91 და სხვების შეცვლას ახალი თვითმფრინავებით F-16 (ბელგიისა და ნიდერლანდების სამხედრო-საჰაერო ძალებში) და “თორნადო” (გფრ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში), რომელთა შეიარაღებაც შესაძლებელი იყო არა მხოლოდ ჩვეულებრივი, არამედ ბირთვული იარაღით.
მე-4 მტას-ის შემადგენლობაში, უცხოური სამხედრო პრესის მიხედვით, შედიოდნენ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მე-3 და 17-ე საჰაერო არმიები, გფრ ტას-ის საავიაციო მხარდაჭერის 1-ლი დივიზია და საჰაერო თავდაცვის მე-2 დივიზია, აგრეთვე 1-ლი კანადური საავიაციო ჯგუფი. თვითმფრინავების ფარეხში მოითვლებოდა 750-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი ბირთვული იარაღის მატარებელი იყო. გარდა ამისა, მე-4 მტას-ის შემადგენლობაში შედიოდნენ ბალისტიკური მართვადი რაკეტების “პერშინგ-1A” 36 გასაშვები დანადგარი და დიდი და საშუალო სიშორის 140-ზე მეტი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი (“ნაიქ-ჰერკულესი” და “ჰოქი”). საავიაციო ნაწილებისა და ქვედანაყოფების შეიარაღებაში ნაჩვენები იყო იმ დროისთვის თანამედროვე საბრძოლო თვითმრინავები F-111, F-15, F-4E, C და D, რომლებიც შეადგენდნენ სარდლობის განკარგულებაში არსებული სათვითმფრინავო ფარეხის საერთო რაოდენობის 70%-ზე მეტს (დანარჩენები სავარაუდოდ იყო მოძველებული F-104, F-5, A-4 და სხვები).
ნატო-ელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ალიანსის სამოკავშირეო სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისას მჭიდრო ურთიერთმოქმედებაში იქნებოდა ბრიტანული სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობასთან მეტროპოლიაში, რომელიც საერთაშორისო ვითარების გამწვავების შემთხვევაში გადადიოდა ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის დაქვემდებარებაში. სამოკავშირეო სახმელეთო ჯარების მსგავსად ბლოკის საავიაციო დაჯგუფებას ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე გააძლიერებდნენ როგორც ადგილობრივ რეზერვების მობილიზების, ისე საბრძოლო ავიაციის პირველ რიგში აშშ-დან და კანადიდან, ხოლო ერთი ნაწილის დიდი ბრიტანეთიდან გადმოსროლის ხარჯზე.
სამხრეთ-ევროპულ ომთ-ს (სარდლობის შტაბი ნეაპოლში, იტალია), დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ალიანსის პასუხისმგებლობის ზონის ფარგლებში. 1970/80-იანი წლების მიჯნაზე იგი წარმოადგენდა ნატო-ს სამხრეთ ფლანგს და მის დამაკავშირებელ რგოლს დასავლეთის კონტროლქვეშ მყოფ სხვა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებთან, უწინარეს ყოვლისა _ სენტო-თან. ამიტომ სამხედრო მზადებების საერთო ჯაჭვში ნატო-ს სარდლობა უკვე მშვიდობიანობის დროს ინახავდა ამ ომთ-ზე სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების მსხვილ დაჯგუფებებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა არა მხოლოდ დამუქრებოდნენ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების სამხრეთ ფლანგს და ეკონტროლებიათ შავი ზღვის სრუტეების ზონა, არამედ ეკონტროლებიათ და დასავლეთის მმართველი წრეების ინტერესებში ზეწოლაც მოეხდინათ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფოებზე, ვინაიდან ეს ტერიტორიები, ბლოკის დოკუმენტებით, ოფიციალურად შედიოდა ჩრდილოატლანტიკური კავშირის პასუხისმგებლობის ზონაში.
სამხრეთ-ევროპული ომთ (სე ომთ) მოიცავდა იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიებს, აგრეთვე ხმელთაშუა და მარმარილოს ზღვების აკვატორიას, შავი ზღვის სრუტეების ზონასა და შავი ზღვის სამხრეთ ნაწილს. ომთ-ის სახმელეთო ტერიტორიის ფართობი შეადგენდა 1200 ათას კვ. კმ-ზე მეტს, ხოლო აქ მყოფი ნატო-ს ქვეყნების მოსახლეობა _ დაახლოებით 100 მლნ. ადამიანს.
დასავლური პრესის შეტყობინებებით, 1970-იანი წლების მიწურულს ამ ზონაში გაშლილი ეროვნული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოითვლებოდა დაახლოებით 1 მლნ. ადამიანი, ხოლო სამხედრო მოსამსახურეთა 70%-ზე მეტი მოდიოდა სახმელეთო ჯარების პირად შემადგენლობაზე. შენაერთების უმეტესი ნაწილი განკუთვნილი იყო ბლოკის სხვადასხვა სარდლობის განკარგულებაში გადასაცემად (ნახ. 10).
[10-ე ნახატზე რომელსაც ეწოდება ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალი სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე, რომელსაც ექვემდებარებოდნენ სარდლები: მშძ-ისა ომთ-ის სამხრეთ ნაწილში, მშძ-ისა ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სამოკავშირეო სჰძ-ისა ომთ-ზე, სამოკავშირეო სზძ-ისა ომთ-ზე და დამრტყმელი სზძ-ისა ომთ-ზე; ნატო-ს მშძ-ის სარდალს ომთ-ის სამხრეთ ნაწილში ექვემდებარებოდნენ: იტალიის სახმელეთო ჯარები და აშშ-ის სამხრეთევროპული ტაქტიკური ჯგუფი; ნატო-ს მშძ-ის სარდალს ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ექვემდებარებოდნენ: თურქეთის 1-ლი, მე-2 და -3 საველე არმიები და საბერძნეთის 1-ლი საველე არმია; ნატო-ს სამოკავშირეო სჰძ-ის სარდალს ომთ-ზე ექვემდებარებოდნენ მედ-5 და მე-6 სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციო სარდლობები; ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ის სარდალს ომთ-ზე ექვემდებარებოდნენ: იტალიის, საბერძნეთის, თურქეთის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სზძ-ის შენაერთები და ნაწილები, აგრეთვე ნატო-ს სზძ-ის შენაერთები „გამოძახებით“ მოქმედებებისთვის; ნატო-ს დამრტყმელი სზძ-ის სარდალს ომთ-ზე ექვემდებარებოდა მე-6 ფლოტი (აშშ)].
სე ომთ-ზე ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის (შტაბი ნეაპოლში, იტალია) ოპერატიულ დაქვემდებარებაში 1970-იანი წლების მიწურულს იმყოფებოდა სამოკავშირეო სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო ძალები და სამხედრო-საზღვაო ძალები, რომლებსაც გამოყოფდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საბერძნეთი და თურქეთი, აგრეთვე ხმელთაშუა ზღვაში დამრტყმელი საზღვაო ძალები. 1974 წლის აგვისტოდან, როგორც ნაშრომის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, კვიპროსის კონფლიქტში ნატო-ს ბლოკის ხალმძღვანელობის მიერ დაკავებული პოზიციით უკმაყოფილების გამო საბერძნეთმა განაცხადა ალიანსის სამხედრო ორგანიზაციიდან თავისი გასვლის შესახებ, მაგრამ 70-იანი წლების ბოლოსთვის გამოაცხადა მზადყოფნა სამხედრო ორგანიზაციის ფარგლებში აქტიური საქმიანობისთვის დასაბრუნებლად იმ პირობით, რომ მის შეიარაღებულ ძალებს უნდა ჰყოლოდა დამოუკიდებელი სარდლობები (სახმელეთო ჯარების, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების), რომლებიც თურქების გვერდის ავლით, უშუალოდ დაემორჩილებოდნენ ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე. ს ა მ ო კ ა ვ შ ი რ ე ო ს ა ხ მ ე ლ ე თ ო ჯ ა რ ე ბ ს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე 1970/80-იანი წლების მიჯნაზე თავის შემადგენლობაში ჰყავდა დაახლოებით 30 დივიზია, 40-მდე ცალკეული ბრიგადა და რამდენიმე ცალკეული პოლკი, რომლებიც გამოყოფილი იყო იტალიის, საბერძნეთის, თურქეთისა და აშშ-ის მიერ. ეს ჯარები შეყვანილი იყო სახმელეთო ჯარების ორ სარდლობაში: ომთ-ის სამხრეთ ნაწილში (იტალიის ტერიტორია, შტაბი ვერონაში) და თეატრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორია, შტაბი იზმირში, თურქეთი)* (შენიშვნა: საბერძნეთის ტერიტორიაზე ალიანსის დამოუკიდებელი სარდლობის შექმნის შესახებ საკითხის გადაწყვეტამდე მისი წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ ამ სარდლობისა და მე-6 მტას-ის შტაბების საქმიანობაში, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ თურქი გენერლები, ხოლო ბერძნული ჯარები გამოყვანილი იყო მართვის ამ სამხედრო ორგანოების დაქვემდებარებიდან).
სამოკავშირეო სახმელეთო ჯარებს ომთ-ის სამხრეთ ნაწილში თავის შემადგენლობაში ჰყავდა ოთხი იტალიური დივიზია (სამი მექანიზებული და ერთი ჯავშანსატანკო), ათზე მეტი იტალიური ცალკეული ბრიგადა და აშშ-ის არმიის სამხრეთევროპული ტაქტიკური ჯგუფი. ამ დაჯგუფების შეიარაღებაში მოითვლებოდა მართვადი რაკეტა “ლანსების” 12 გასაშვები დანადაგრი.
სამოკავშირეო სახმელეთო ჯარები ომთ-ის სამხრეთ ნაწილში ნომინალურად მოიცავდა ერთ ბერძნულ და სამ თურქულ საველე არმიებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდა 28 დივიზია, აგრეთვე 25-მდე ცალკეული ბრიგადა, ტაქტიკური რაკეტების ~ონესთ ჯონებისა~ და ატომური არტილერიის ათზე მეტი დივიზიონი (იგივე _ ბატალიონი). მაგრამ საბერძნეთის ტერიტორიაზე ნატო-ს დამოუკიდებელი სარდლობის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე (სამოკავშირეო სახმელეთო ჯარების სარდლობა სამხრეთ-ევროპული ომთ-ის ცენტრალურ ნაწილში და მე-7 მტას-ი) საბერძნეთის სახმელეთო ჯარები იმყოფებოდა ეროვნულ დაქვემდებარებაში და ბლოკის ერთობლივი სწავლებების პერიოდში მისი შენაერთები და ნაწილები ემორჩილებოდნენ უშუალოდ ალიანსის მშძ-ის მთავარსარდალს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე.
ამ დროისთვის საბერძნეთის სახმელეთო ჯარებში შედიოდა 11 დივიზია (მათ შორის ერთი ჯავშანსატანკო) და ორი ცალკეული ბრიგადა. ყველა ისინი ორგანიზაციულად შეყვანილი იყვნენ ოთხ საარმიო კორპუსში, რომლებიც შეადგენდნენ 1-ლ საველე არმიას (შტაბი ქ. ლარისაში). ამ შენაერთებს გააჩნდათ ძირითადად ამერიკული საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება ბირთვული იარაღის მიტანის საშუალებების ჩათვლით (უმართავი რაკეტები ~ონესთ ჯონი~, 203,2-მმ ჰაუბიცები).
თურქეთის სახმელეთო ჯარების 17 დივიზია და 20-მდე ცალკეული ბრიგადა/პოლკი შედიოდა ოთხი საველე არმიის შემადგენლობაში, რომელთაგან სამი გადაცემული იყო ალიანსის სამოკავშირეო სახმელეთო ჯარებში, მეოთხე კი _ ე. წ. ~ეგეოსის~ არმია განკუთვნილი იყო კ. კვიპროსის მიმართულებით სამოქმედოდ. ყველა ისინი აღჭურვილი იყო ამერიკული საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით.
ნატო-ს ს ა მ ო კ ა ვ შ ი რ ე ო ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ჰ ა ე რ ო ძ ა ლ ე ბ ი (სარდლობის შტაბი ნეაპოლში, იტალია) ორგანიზაციულად შეყვანილი იყო მე-5 და -6 სამოკავშირეო ტაქტიკურ საავიაციო სარდლობებში, რომლებიც მოიცავდა ნატო-ში გადაცემულ იტალიურ, ბერძნულ, თურქულ და ამერიკულ საავიაციო ესკადრილიებს. საბრძოლო თვითმფრინავების საერთო რაოდენობა შეადგნდა დაახლოებით 1000 ერთეულს, მათგან 180-ზე მეტი იყო ბირთვული იარაღის მატარებელი.
მ ე – 5 მ ტ ა ს – ი (შტაბი ვიჩენცაში, იტალია) განკუთვნილი იყო ომთ-ის სამხრეთ ნაწილში სამოკავშირეო სახმელეთო ჯარებთან ერთობლივი მოქმედებებისა და იტალიის ტერიტორიის ჰაერიდან დაფარვისთვის. მასში შედიოდნენ იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალები სრული შემადგენლობით, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების 40-ე ტაქტიკური საავიაციო ჯგუფი და შორი მოქმედების საზენიტო სარაკეტო კომპლექს (ზრკ) ~ნაიქ-ჰერკულესების~ სამი დივიზიონი. სულ მე-5 მტას-ის შემადგენლობაში 1970-იანი წლების მიწურულს მოითვლებოდა 300-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და 110-მდე ზრკ ~ნაიქ-ჰერკულესი~.
მ ე - 6 მ ტ ა ს - ი (შტაბი იზმირში, თურქეთი) აღნიშნულ პერიოდში მოიცავდა მხოლოდ თურქულ სამხედრო-საჰაერო ძალებსა და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების 39-ე ტაქტიკურ საავიაციო ჯგუფს. თურქეთის სჰძ შედგებოდა 1-ლი და მე-2 ტაქტიკური საჰაერო არმიებისგან და მოითვლიდა დაახლოებით 350 საბრძოლო თვითმფრინავს (უმთავრესად ამერიკული წარმოებისა). გარდა ამისა, მასში შედიოდა ზრკ ~ნაიქ-ჰერკულესების~ ორი საზენიტო სარაკეტო დივიზიონი (72 გასაშვები დანადგარი).
საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალები დროებით წარმოადგენდა ცალკეულ საავიაციო ფორმირებას (28-ე ტას) და მოითვლიდა დაახლოებით 300 საბრძოლო თვითმფრინავს, რომელთა საფუძველს შეადგენდნენ ამერიკული ტაქტიკური გამანადგურებლები და მზვერავები. რამდენიმე საავიაციო ესკადრილია შეიარაღებული იყო ფრანგული გამანადგურებლებით “მირაჟ F.1”.
ნატო-ს ს ა მ ო კ ა ვ შ ი რ ე ო ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ზ ღ ვ ა ო ძ ა ლ ე ბ ს (სარდლობის შტაბი ნეაპოლში, იტალია) მშვიდობიანობის დროს არ გააჩნდა თავისი ძალები და საშუალებები მართვის მოქმედი ორგანოების გამოკლებით. მის შემადგენლობაში გადასაცემად განკუთვნილი იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთის, აგრეთვე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები (სულ 280-მდე საბრძოლო ხომალდი და დაახლ. 100 თვითმფრინავი) და ქვედანაყოფები რჩებოდა ეროვნული სარდლობების განკარგულებაში. ბლოკის სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში მათ გადაცემას გეგმავდნენ კრიზისული ვითარების წარმოქმნისას ან ომის დაწყების შემდეგ, აგრეთვე ალიანსის მშძ-ისა და სამოკავშირეო სამხედრო-საზღვაო ძალების სწავლებებისა და მანევრების ჩატარების პერიოდში.
უცხოური სამხედრო გამოცემების შეტყობინებებით, სამოკავშირეო სამხედრო-საზღვაო ძალები ომთ-ზე განკუთვნილი იყო ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს დამრტყმელი სზძ-ის საბრძოლო მოქმედებების, აგრეთვე ზღვისპირა მიმართულებებზე სახმელეთო ჯარების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, საზღვაო კომუნიკაციების დასაცავად და ბოსფორის, დარდანელისა და ჰიბრალტარის სრუტეების ბლოკირებისთვის.
1968 წელს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე შექმნეს ბლოკის სამოკავშირეო საბაზო ავიაციის სარდლობა ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც განკუთვნილი იყო უმთავრესად ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ხომალდებზე მეთვალყურეობისთვის. მის შემადგენლობაში 1970/80-იანი წლების მიჯნაზე შედიოდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან გამოყოფილი 50-მდე სხვადასხვა თვითმფრინავი.
1970 წელს მიიღეს გადაწყვეტილება ალიანსის სზძ-ის ოპერატიული შენაერთის შექმნის შესახებ ხმელთაშუა ზღვაში “გამოძახებებით” მოქმედებებისთვის, რომელშიც რთავდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ოთხ-ექვს ხომალდს (საბერძნეთის გამოკლებით), და იგი განკუთვნილი იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ხმელთაშუა ზღვის იმ რაიონებში, სადაც აშშ-ის მე-6 ფლოტის ჩარევის აუცილებლობა არ იყო.
ალიანსის დ ა მ რ ტ ყ მ ე ლ ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ზ ღ ვ ა ო ძ ა ლ ე ბ ს აყალიბებდნენ აშშ-ის მე-6 ფლოტის შენაერთების ბაზაზე, რომელიც მშვიდობიანობის დროს იმყოფებოდა ეროვნულ დაქვემდებარებაში და სამოკავშირეო სზძ-ში გადასცემდნენ საერთაშორისო ვითარების გამწვავებისა და კრიზისული სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში, აგრეთვე ბლოკის სწავლებებისა და მანევრების ჩატარების პერიოდში. უცხოური სამხედრო პრესის აღნიშვნებით, აშშ-ის მე-6 ფლოტში მუდმივად მოითვლებოდა 50-მდე ხომალდი და დამხმარე გემი, მათ შორის ორი ავიამზიდი, რომელთა ბორტზეც ბაზირებული იყო 160-180 საბრძოლო თვითმფრინავი (მათი 50% შესაძლოა ყოფილიყო ბირთვული იარაღის მატარებელი).
ამ ფლოტში შედიოდნენ აგრეთვე საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანაყოფები (დაახლოებით 2 ათასი ადამიანი), რომლებიც იმყოფებოდნენ სადესანტო ხომალდებში. მისი პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება 1970-იანი წლების მიწურულს აღწევდა 25 ათას ადამიანს. გარდა ამისა, ნატო-ს დამრტყმელ საზღვაო ძალებში ითვალისწინებდნენ იტალიისა და დიდი ბრიტანეთის სზძ-ის ცალკეული ხომალდების ჩართვას, რომლებიც აღჭურვილი იქნებოდნენ ხომალდსაწინააღმდეგო და წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსებით.
დასავლური სამხედრო გამოცემების შეტყობინებებით, საერთაშორისო ვითარების გამწვავების შემთხვევაში მე-6 ამერიკული ფლოტის ძირითად ძალებს, საავიამზიდო დამრტყმელი ძალების ჩათვლით, წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო და საზღვაო ქვეითი ჯარის ამფიბიურ-სადესანტო ძალებს ჩვეულებრივ გზავნიდნენ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რაიონში, ე. ი. ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების საზღვრებთან და ახლო აღმოსავლეთთან ახლოს.
ბრიტანული სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა მეტროპოლიაში შექმნეს 1975 წლის აპრილში დამრტყმელი საავიაციო სარდლობის ბაზაზე. მან მიიღო მთავარი სარდლობის სტატუსი ომთ-ზე და ოპერატიულად ემორჩილებოდა ნატო-ს მშძ-ის უმაღლეს მთავარსარდალს ევროპაში. 1970/80-იანი წლების მიჯნაზე მის შემადგენლობაში შედიოდა 300-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, აგრეთვე დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლისთვის განკუთვნილი საზენიტო მართვადი რაკეტების დაახლოებით 60 გასაშვები დანადგარი “ბლადჰაუნდი” და “რაპირა”.
ევროპაში ალიანსის მშძ-ის სტრუქტურაში არც თუ მცირე როლს თამაშობდა ნატო-ს მობილური ძალები, რომელიც შეიცავდა სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის ქვედანაყოფებს. იგი უკვე მშვიდობიანობის დროს იყო გადაცემული ევროპაში ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში და განკუთვნილი იყო ძირითადად ჯართა დაჯგუფებების გასაძლიერებლად ბლოკის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე ჩრდილო-ევროპულ ან (და) სამხრეთ-ევროპულ ომთ-ებზე შეზუდული შეიარაღებული კონფლიქტების გაჩაღების მუქარის წარმოქმნისას ან მათი დაწყების შემდეგ.
მობილური სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში 1970-იანი წლების მიწურულს, უცხოური პრესის შეტყობინებებით, შედიოდა შვიდი ბატალიონი (ამერიკული, ბრიტანული, დასავლეთგერმანული, კანადური, ბელგიური, იტალიური და ლუქსემბურგული), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. მისი საერთო რიცხოვნება შეადგენდა დაახლოებით 8 ათას ადამიანს. მობილურ სახმელეთო ჯარებს გააჩნდა შტაბი (ზექენჰაიმში, გფრ) და მას მეთაურობდა სარდალი გენერალ-მაიორის წოდებით.
მობილური სამხედრო-საჰაერო ძალები შეიცავდა ტაქტიკური ავიაციის შვიდ ესკადრილიას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გფრ-ის, კანადის, იტალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების სამხედრო-საჰაერო ძალებიდან. მის შეიარაღებაში შედიოდა 120-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, რომელთაგან ზოგიერთი ტაქტიკური გამანადგურებელი შესაძლოა ყოფილიყო ბირთვული იარაღის მატარებელიც. მობილური სახმელეთო ჯარებისგან განსხვავებით მას არ გააჩნდა თავისი შტაბი და უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულების შესაბამისად კრიზისულ სიტუაციებში მის ქვედანაყოფებს გადაისროდნენ საბრძოლო მოქმედებების რაიონში, უმეტესად ევროპული ომის თეატრის საფლანგო რაიონებში ან, შესაძლოა ცენტრალურ ევროპაში, სადაც ისინი შედიოდნენ ამ რაიონში ბლოკის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის დაქვემდებარებაში.
ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სამოკავშირეო სისტემა ევროპაში წარმოადგენდა ბლოკის მონაწილე სახელმწიფოთა საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ეროვნული სისტემების ერთიან კომპლექსს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ სერთო ამოცანების შესრულებით მშვიდობიანობის ან ომის დროს უმაღლესი მთავარსადრლის განკარგულებით. იგი მოიცავდა სხვადასხვა დანიშნულების რადიოსალოკაციო სადგურებს, გამანადგურებელი ავიაციისა და საზენიტო მართვადი რაკეტების ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, აგრეთვე მართვის ორგანოებს, რომელთაგან უმეტესობა აღჭურვილი იყო ავტომატური სისტემა “ნეიჯის” მოწყობილობით. ჰთ-ის ძალებსა და საშუალებებს უკვე მშვიდობიანობის დროს მუდმივად ინახავდნენ საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხში. ყველა ევროპულ ომთ-ზე ორგანიზებული იყო რადიოსალოკაციო საშუალებების, მართვის ორგანოების, გამანადგურებელ-დამჭერი თვითმფრინავებისა და საზენიტო სარაკეტო კომპლესების მორიგეობა.
ორგანიზაციულად ეს სისტემა შედგებოდა საჰაერო თავდაცვის ზონების, რაიონებისა და სექტორებისგან, რომლებიც მოიცავდა ყველა ომთ-ზე ბლოკის მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებს. სულ შექმნილი იყო ოთხი ზონა: ჩრდილოეთის (ოპერატიული ცენტრი კოლსოსში, ნორვეგია), ცენტრალური (ბრიუნსიუმი, ნიდერლანდები), სამხრეთის (ნეაპოლი, იტალია) და ატლანტიკური (სტანმორი, დიდი ბრიტანეთი). პირველი სამი ზონის საზღვრები ემთხვეოდა შესაბამისად ჩრდილო-ევროპული, ცენტრალურ-ევროპული და სამხრეთ-ევროპული საომარ ოქმედებათა თეატრების საზღვრებს.
სულ მოცემული სისტემის შემადგენლობაში 1970/80-იანი წლების მიჯნაზე, უცხოური სამხედრო პრესის მონაცემებით, შედიოდა 85-მდე რადიოსალოკაციო საგუშაგო, 550-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი და საზენიტო მართვადი რაკეტების დაახლოებით 1600 გასაშვები დანადგარი.
ევროპაში ნატო-ს მშძ-ის მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში შესანარჩუნებლად ბლოკის სარდლობა მუდმივად მიზანსწრაფულად ამუშავებდა შტაბებისა და ჯარების ოპერატიული და საბრძოლო მომზადების საკითხებს, რომლებსაც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ნათლად გამოხატული აგრესიული მიმართულება ჰქონდა და მათ ატარებდნენ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფოთა დასავლეთ საზღვრების უშუალო მახლობლობაში. სწავლებების სცენარები ძირითადად მოიცავდა საბრძოლო მოქმედებების შესაძლო რაიონებში ალიანსის ჯარების რეგულარული დაჯგუფებების სწრაფად გაშლას, რეზერვისტების მობილიზებას, აშშ-დან და კანადიდან გაძლიერების ძალებისა და საშუალებების გადმოსროლასა და სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯარებთან საბრძოლო მოქმედებების წარმოებას. ყოველწლიურად ატარებდნენ შეიარაღებული ძალების სახეობებისა და მთლიანად შეიარაღებული ძალების 180-ზე მეტ სხვადასხვანაირ მსხვილ სწავლებას. მათგან ყველაზე უფრო მასშტაბური იყო საშემოდომო მანევრები “ოთემ ფორჯი”, რომელც აერთიანებდა 30-ზე მეტ სხვადასხვა სწავლებას სამივე ევროპულ ომთ-ზე.
საბჭოთა ავტორების მტკიცებით, 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მხრიდან საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის, მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპის წამოყენების, შეიარაღებათა შეზღუდვისა და შემცირების წინადადებების სისტემატიურად დაყენების ფონზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო სტრუქტურების ასეთი აქტიურობა და მასთან დაკავშირებული მსხვილი ფინანსური ხარჯები მეტყველებდა იმაზე, რომ ნატო-ს სამოკაშიეო შეიარაღებული ძალები ევროპაში წამოადგენდა ამერიკული და ბლოკის სხვა ქვეყნების იმპერიალისტური წრეების დამრტყმელ ძალას, რომელიც დაჟინებით ემზადებოდა აგრესიის გასაჩაღებლად სსრკ-ისა და მის მოკავშირეთა წინააღმდეგ.
IV. ნატო-ს მობილური ძალები 1970/80-იანი წლების მიჯნაზე
1980-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აშშ-ისა და ნატო-ს პოლიტიკის გაზრდილი აგრესიულობის შედეგად საერთაშორისო ვითარება მსოფლიოში მეტად გამწვავდა. დასავლეთის ქვეყნების მილიტარისტული წრეების ძირითად ძალისხმევას თავს უყრიდნენ ვრცელი საომარი მზადებების ყოველმხრივ უზრუნველყოფაზე გამოგონილი “საბჭოთა სამხედრო მუქარის” საფარველ ქვეშ.
ისინი იხსენებდნენ, რომ ჩრდილოქტლანიკური კავშირის შექმნის სულ დასაწყისიდანვე (1949 წელი) შეერთებული შტატები აქტიურად ატარებდა კურსს ევროპელი პატნიორების სულ უფრო მეტ მიბმაზე ომის მზადების გეგმების რეალიზებასთან. უკვე 1950 წელს მან შეძლო ნატო-ს სესიაზე გაეტანა გადაწყვეტილება ევროპაში სამოკავშირეო შეიარაღებული ძალებისა და მისი უმაღლესი სარდლობის შექმნის შესახებ, რომელსაც მუდმივად მეთაურობს ამერიკელი გენერალი, ხოლო რამდენადმე გვიან _ სამოკავშირეო ბირთვული ძალების შექმნის შესახებაც, თანაც დააწესეს ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილის პოსტი ბირთვულ იარაღში (ასევე ამერიკელი გენერალი).
ევროპაში დაძაბულობის დაჭირხვნის მიმარულებით ვაშინგტონის მორიგ ნაბიჯად იქცა 1961 წელს ბლოკის მობილური ძალების შექმნა. დასალურ პრესაში მას ხშირად უწოდებდნენ “სახანძრო რაზმს” ევროპაში ალიანსის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსადლის ხელში. იგი წარმოადგენდა ბლოკის მშძ-ის ერთერთ იშვიათ კომპონენტთაგანს, რომელიც უკვე მშვიდობიანობის დროს შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში სწრაფად გადაესროლათ ევროპული ომთ-ების სხვადასხვა რაიონში.
ნატო-ს სარდლობა თვლიდა, რომ საკვანძო რაიონების შენარჩუნებაზე ჩრდილო-ევროპულ (თრომის ოლქი ჩრდილოეთ ნორვეგიაში, ბალტიის ზღვის სრუტეების ზონა) და სამხრეთ-ევროპულ (შავი ზღვის სრუტეების ზონა) ომთ-ებზე ბევრად იქნებოდა დამოკიდებული საბრძოლო მოქმედებების წარმოების წარმატება ცენტრალურ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზეც და მთლიანობაში ომის შედეგი ევროპაში. ამავე დროს აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმებით, ბლოკის მობილური ძალები უზრუნველყოფდა არსებითად ნებისმიერ შესაძლო შეიარაღებულ კონფლიქტში მისი მონაწილე ქვეყნების უმეტესობის მაშინვე ავტომატურად ჩართვას ევროპაში მისი წარმოქმნის ადგილისა და ამა თუ იმ მოკავშირე ქვეყნისთვის მუქარისგან დამოუკიდელად. ამას უწოდებდნენ მონაწილე სახელმწიფოთა ერთიანობისა და მზადყოფნის დემონსტრირებას იმისთვის, რათა იარაღის ძალით “იცავდნენ თავიანთ კოლექტიურ ინტერესებს”. შესაბამისად სხვანაირად ალიანსის მობილურ ძალებს უწოდებდნენ “ცეცხლგამჩენ ბომბს” ან კიდევ “ომის დეტონატორს”.
ნატო-ს მობილურ ძალებში შედიოდა სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰარო ძალების ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც გამოყოფილი იყო რვა ქვეყნისგან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გფრ, კანადა, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქსემბურგი (ნახ. 11). თუმცა კი მობილური ძალების შემადგენლობაში არ შედიოდა სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილები, ბლოკის სარდლობა ითვალისწინებდა საბრძოლო ხომალდების გამოყენებას ზღვისპირა მიმართულებებზე მისი მოქმედებების მხარდასაჭერად. მობილური ძალების საჰაერო კომპონენტის თვითმფრინავების ფარეხი აღჭურვილი იყო როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული იარაღითაც.
[11-ე ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა ნატო-ს მობილური ძალების ორგანიზაცია, სტრუქტურის სათავეში დგას ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდალი ე ვ რ ო პ ა შ ი (კასტო, ბელგია); მას ექვემდებარებოდა მობილური სახმელეთო ჯარების სარდალი და მისი შტაბი (ზექენჰაიმი, გფრ); მობილური სახმელეთო ჯარების სარდალსა და მის შტაბს ექვემდებარებოდა შვიდი საბრძოლო ბატალიონი გაძლიერების ქვედენაყოფებით: ორი მოტოქვეითი (დიდი ბრიტანეთიდან და კანადიდან,), ერთი ქვეითი (ლუქსემბურგიდან), ერთი ალპიური (იტალიიდან), სამიც საპარაშუტო-სადესანტო (აშშ-დან, გფრ-დან და ბელგიიდან); გარდა ამისა, როგორც ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის, ისე მობილური ძალების სარდლის ორმაგ დაქვემდებარებაში შედიოდა შვიდი საბრძოლო საავიაციო ესკადრილია: სამი ტაქტიკური გამანადგურებლებისა (აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და კანადიდან), სამი გამანადგურებელ-ბომბდამშენებისა (გფრ-დან, ბერლგიიდან და ნიდერლანდებიდან) და ერთიც სადაზვერვო თვითმფრინავებისა (იტალიიდან)].
ნატო-ს მობილური ძალების სარდლად (იგივე მობილური სახმელეთო ჯარების სარდალი) ნიშნავდნენ გენერალ-მაიორის წოდების მქონე სახმელეთო ჯარების ოფიცერს (1970-იანი წლების შუახანებში ამერიკული არმიის გენერალ-მაიორი /ორვარსკვლავიანი გენერალი/ ჰოფმანი, 80-იანების დასაწყისში კი _ ასევე ამერიკელი გენეალ-მაიორი ვეიანდი), რომელიც უშუალოდ ემორჩილებოდა ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს ევროპაში, სრულ (ოთხვარსკვლავიან) გენერალს აშშ-ის შეიარაღებული ძალებიდან. ამასთანავე “სახანძრო რაზმის” გამოყენებაზე გადაწყვეტილებას ამტკიცებდა ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბლოკის მობილური ძალები შედგებოდა მობილური სახმელეთო ჯარებისა და მობილური სამხედრო-საჰაერო ძალებისგან.
მ ო ბ ი ლ უ რ ი ს ა ხ მ ე ლ ე თ ო ჯ ა რ ე ბ ი ს სარდალი, როგორც უკვე ვთქვით, ამავე დროს წარმოაგენდა ნატო-ს მობილური შეიარაღებული ძალების სარდალსაც (სახმელეთო ჯარების გენერალ-მაიორი, რომელიც ალიანსის წამყვანი სახელმწიფოების არმიებში შეესაბამებოდა დივიზიის მეთაურის თანამდებობას). ოპერატიული დაგეგმვის, სწავლებების მომზადებისა და ჩატარების საკითხებით დაკავებული იყო სამოკავშირეო შტაბი (განლაგებული იყო ზექენჰაიმში, ნატო-ს, 5 კმ-ში ქ. მანჰაიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით), რომლის ძირითად სამუშაო ორგანოს წარმოადგენდა დაგეგმვის მუდმივი ჯგუფი.
გარდა ამისა, მობილური სახმელეთო ჯარების შტაბს გააჩნდა ოთხი განყოფილება (ოპერატიული და საბძოლო მომზადების, სადაზვერვო, პირადი შემადგენლობისა და ზურგის), კავშირგაბმულობის ოფიცრების, აგრეთვე ჯართა გვარეობებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალისტ-ოფიცრების ჯგუფები. სულ შტაბში მოითვლებოდა 40 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 30-მდე ოფიცერი და უნტერ-ოფიცერი, რომლებიც წარმოადგენდნენ იმ ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს, საიდანაც იყო გამოყოფილი კონტინგენტები მობილური სახმელეთო ჯარებისთვის.
ჩვეულებრივ პირობებში ყველა განყოფილება და ჯგუფი იმყოფებოდა შემცირებულ შემაგელობაში და დაკავებული იყო უმთავრესად სწავლებების დაგეგმვის, მომზადებისა და ჩატარების საკითხებით. მუქარის პეროდში, აგრეთვე სწავლებების დროს მათ აძლიერებდნენ დამატებითი პირადი შემადგენლობით. გარდა ამისა შლიდნენ არტილერიის შტაბსა და საავიაიო მხარდაჭერის ცენტრს (გამოყოფდნენ დიდი ბრიტანეთის სახმელეთო ჯარებიდან), საშტაბო ასეულსა და საარმიო ავიაციის ქვედანაყოფებს (აშშ-დან), მავთულიანი კავშირგაბმულობის კვანძს (გფრ-დან).
მობილური სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში 1970-იან წლებსა და 80-იანები დასაწყისში შედიოდა შვიდი ბატალიონი: თითო-თითო საპარაშუტო-სადესანტო აშშ-დან, გფრ-დან და ბელგიიდან, მოტოქვეითი _ დიდი ბრიტანეთიდან და კანადიდან, ქვეითი _ ლუქსემბურგიდან და ალპიური (სამთოქვეითი) _ იტალიიდან. ამ ჯარების საერთო რიცხოვნება შეადგენდა დაახლოებით 8 ათას ადამიანს. ამასთანავე ეს საბრძოლო ბატალიონები გაძლიერებული იყო საველე არტილერიით (როგორც წესი, ბატარეით, 6-8 ქვემეხი), საარმიო ავიაციით, აგრეთვე მესანგრეთა, სადაზვერვო და ზურგის ქვედანაყოფებით. მობილურ სახმელეთო ჯარებს შეიარაღებაში გააჩნდა თანამედროვე საშუალო და მსუბუქი ტანკები, ჯავანტანსპორტერები, საბრძოლო და სატრანსპორტო ვერტმფრენები, ქვემეხები და ნაღმსატყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო საშუალებები, კავშირგაბმულობის სხვადასხვანაირი აპარატურა.
მშვიდობიანობის დროს ჩამოთვლილი ბატალიონები და გაძლიერების ქვედანაყოფები დისლოცირებული იყო თავიანთ შენაერთებთან (ნაწილებთან) ერთობლივად და მათ ინახავდნენ მუდმივ მზადყოფნაში მოსალოდნელი მოქმედებების რაიონებში გადასასროლად. ამასთან დადგენილი იყო, რომ 24 სთ-ის განმავლობაში ისინი უნდა მისულიყვნენ ჩატვირთვის აეროდრომებზე, პირველ ეშელონს გადაისროდნენ 48 სთ-ში, ხოლო დანარჩენებს 5-6 დღეღამეში. გადასროლების განხორციელებას გეგმავდნენ ჰაერით, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით, ხოლო აუცილებლობისას _ ზღვით.
იტყობინებოდნენ, რომ მობილური სახმელეთო ჯარების ნაწილების მატერიალური მარაგები უზუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებების წარმოებას 7 დღეღამის განმავლობაში, ხოლო იზოლირებულ რაიონში ყოფნისას _ 30 დღეღამემდე.
მობილური სახმელეთო ჯარების შტაბისა და ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის შეცვლის წესს განსაზღვრავდნენ ეროვნული სარდლობები. განყოფილებებსა და ჯგუფებში შემავალ მუდმივი შემადგენლობის ოფიცრებსა და უნტერ-ოფიცრებს მიავლენდნენ 18-30 თვის ვადით.
მ ო ბ ი ლ უ რ ი ს ა მ ხ ე დ რ ო – ს ა ჰ ა ე რ ო ძ ა ლ ე ბ ი ს შემადგენლობაში შედიოდა თითო-თითო საავიაციო ესკადრილია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გფრ-ის, ბელგიის, ნიდერლანდებისა და იტალიის ტაქტიკური სამხედრო-საჰაერო ძალებიდან (სულ 130-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი). მშვიდობიანობის დროს საავიაციო ესკადრილიები იმყოფებოდა ეროვნული სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობების დაქვემდებარებაში, რადგანაც დამოუკიდებელი სარდლობა და შტაბი არ გააჩნდა. კრიზისულ სიტუაციებში ავიაესკადრილიებს გადაისროდნენ ოპერატიული დანიშნულების რაიონში, რათა საავიაციო მხარდაჭერა აღმოეჩინათ იქ მოქმედი მობილური სახმელეთო ჯარების ბატალიონებისთვის. ამასთან დაკავშირებით ჩვენს ლიტერატურულ წყაროებში გვხვდება განსხვავებები. სახელდობრ 1976 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ კაპიტან ა. მიხაილოვის წერილში ნათქვამია, რომ ოპერატიული დანიშნულების რაიონში მისვლის შემდეგ მობილური სამხედრო-საჰაერო ძალების ერთეულები გადადიოდნენ შესაბამის რაიონში ნატო-ს სამოკავშიეო სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის უშუალო დაქვემდებარებაში. 1982 წლის ივნისში გამოქვეყნებულ კაპიტან ნ. ივლევის ნაშრომში კი სწერია, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ამ ერთეულების ხელმძღვანელობა გადაიოდა მობილური სახმელეთო ჯარების სარდლის ხელში. ამიტომ ეს საკითხი შემდგომ დაზუსტებას საჭიროებს.
როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღნიშნავდნენ, ნატო-ს მობილური ძალები შესაძლო იყო გამოეყენებიათ ნაწილ-ნაწილ ან სრული შემადგენლობით ბლოკის ერთერთ ფლანგზე ან ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე ერთდროულად. ამასთან ერთად არ გამორიცხავდნენ მის გამოყენებას ევროპის სხვა რაიონებშიც (ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე). ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აშშ ესწრაფვოდა მიეღწია თავის მოკავშირეებისგან თანხმობისთვის ნატო-ს “პასუხისმგებლობის ზონის” გაფართოებაზე ახლო აღმოსავლეთზე, აფრიკასა და სპარსეთის ყურეზე, ალიანსის მობილური ძალები შესაძლო იყო გამოეყენებიათ ამ რაიონებშიც.
დასავლელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ბლოკის “პასუხისმგებლობის ზონის” ერთერთ რაიონში წარმოქმნილ სამხედრო-პოლიტიკურ კონფლიქტში ექსტრენული შეიარაღებული ჩარევისთვის საკმარისი იქნებოდა გადაესროლათ იქ სამი-ოთხი ბატალიონი და უზრნველყოფისა და მომსახურების რამდენიმე ქვედანაყოფი, რომელთა შემადგენლობიდანაც შესაძლებელი იქნებოდა დროებით ბრიგადის ჩამოყალიბება (ნახ. 12). ასეთი ბრიგადის საარტილერიო უზრუნველყოფის ამოცანების ცენტრალიზებული გადაწყვეტისთვის მიცემულ არტილერიას კონფლიქტის რაიონში მისვლისას, როგორც წესი, შეიყვანდნენ საარტილერიო ჯგუფში, რომელსაც მეთაურობდა არტილერიის უფროსი.
[12-ე ნახატზე, რომელსაც ეწოდება ნატო-ს მობილური სახმელეთო ჯარების ბრიგადის ორგანიზაცია, რომელსაც ჰქმნიდნენ საბრძოლო მოქმედებების (სწავლებების) პერიოდში, სტრუქტურის სათავეში დგას ნატო-ს მობილური ძალების სარდალი მობილური სახმელეთო ჯარების შტაბით; მათ დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო: ქვეითი (საპარაშუტო-სადესანტო, ალპიური) ბატალიონები, საარტილერიო ჯგუფი, საავიაციო მხარდაჭერის ცენტრი, კავშირგაბმულობის უფროსი, მესანგრეთა ასეულის მეთაურობა, ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონი და სამედიცინო ასეული; თითოეული ქვეითი (საპარაშუტო-სადესანტო, ალპიური) ბატალიონის შემადგენლობაში შედიოდა რამდენიმე ქვეითი (საპარაშუტო, სამთოქვეითი) ასეული და მხარდაჭერის ასეული; საარტილერიო ჯგუფის შემადგენლობაში ნაჩვენები იყო 105-მმ ჰაუბიცების რამდენიმე ბატარეა და მართვის ოცეული; საავიაციო მხარდაჭერის ცენტრის დაქვემდებარებაში შედიოდა ჯგუფები: რაიონის სჰძ-ის სარდლობასთან ურთიერთმოქმედების, საარმიო ავიაციისა და სატრანსპორტო; კავშირგაბმულობის უფროსის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო ორი ოცეული: რადიოკავშირგაბმულობისა და მავთულიანი კავშირგაბმულობის; მესანგრეთა ასეულში ნაჩვენები იყო მესანგრეთა სამი ოცეული; ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონში – მეწინავე ასეული, ზურგის (საბაზო) ასეული და მოძრავი რაზმი; სამედიცინო ასეულის შემადგენლობაში შედიოდა საველე ჰოსპიტალი და საევაკუაციო პუნქტი].
მობილური სახმელეთო ჯარების ზურგის უზრუნველყოფას ოპერატიული დანიშნულების რაიონში, სწავლებების გამოცდილებით, ახორციელებდნენ სპეციალურად გამოყოფილი ზურგის ქვედანაყოფები. მობილური ძალების შესახებ დებულების შესაბამისად ჯარების ამ კონტინგენტის მომარაგებაზე პასუხს აგებდა შესაბამისი ეროვნული სარდლობა.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1970/80-იანი წლების მიჯნაზე აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ზეწოლით გაააქტიურეს ძალის დემონსტრირება ნატო-ს სამხრეთ ფლანგზე. უცხოური პრესის შეტყობინებებით, 1981 წელს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე ორჯერ ჩაატარეს მობილური ძალების სწავლება.
საბჭოთა ავტორების დასკვნით, ევროპაში ნატო-ს მშძ-ის შემადგენლობაში მობილური ძალების არსებობა წარმოადგენდა იმპერიალიზმის აგრესიული მისწრაფებების კიდევ ერთ მოწმობას, ხოლო ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმებით, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნების, აგრეთვე სსრკ-ის სხვა მოკავშირე სახელმწიფოების საღვრების მახლობლობაში ჩატარებული დემონსტრაციები ატარებდა აშკარად გამოხატულ პროვოკაციულ ხასიათს.
V. ნატო-ს ძირითადი ქვეყნების ტერიტორიული ჯარები 1970-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში
საბჭოთა სამხედრო პეციალისტების შეფასებით, 1970/80-იანი წლების მიჯნაზე აგრესიული იმპერიალისტური სახელმწიფოების, და უწინარეს ყოვლისა აშშ-ის პოლიტიკაში განსაკუთებით გაშიშვლებულად ვლინდებოდა „ავანიურიზმი, კაცობრიობის სასიცოცხლო ინტერესების სასწორზე დასადებად მზადყოფნა თავიანთი ვიწრო ანგარებიანი მიზნებისთვის“. ამ სახელმწიფოების მმართველი წრეების მორჩილ ინსტრუმენტს საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში წარმოადგენდა შეიარაღებლი ძალები. მის ერთერთ ძირითად ფუნქციას იმ პირობებში, საბჭოთა ავტორების სიტყით, წარმოადგენდა მშრომელი მასების გამოსვლების, თავიანთი ქვეყნის ეროვნულ უმცირესობათა განმათავისუფლებელი ბრძოლისა და კოლონიურ და დამოკიდებულ სახელმწიფოებში ეროვნულ-განმათავისულებელი მოძრაობის ჩახშობა. აღნიშნული ამოცანების გადაწყვეტაში, დასავლელი სამხედრო სპეციალისების აზით, ძირითად როლს თამაშობდა ტერიტორიული ჯარები. მის განვითარებასა და სრულყოფას დასავლეთის ქვეყნებში უთმოდნენ მნიშვნელოვან ყურადღებას.
ტერიტორიული ჯარების გაძლიერების აუცილებლობის დასაბუთებას საზღვაგარეთელი სამხედრო თეორეტიკოსები ცდილობდნენ მომავალი ომის ხასიათით, რომელშიც, მათი აზრით, აღარ იქნებოდა ფრონტისა და ზურგის უწინდელი გამიჯვნა, აგრეთვე ამა თუ იმ ქვეყნის შიგნით სოციალურ-პოლიტიკური პირობებით, მოწინააღმეგის შესაძლო მოქმედებებითა და საომარ მოქმედებათა თეატრების ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით.
უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების მონაცემების თანახმად, ტერიტორიული ჯარების წინაშე სვამდნენ შემდეგ ამოცანებს: რეგულარული შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო გაშლის, პირადი შემადგენლობითა და მატერიალური საშუალებებით მისი შევსების უზრუნველყოფა; მოწინააღმდეგის საჰაერო და საზღვაო დესანტებთან და სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლა; პარტიზანული რაზმების ლოკალიზება და განადგურება; მოსახლეობის მასობრივი გამოსვლების ჩახშობა; ზურგის რაიონებისა და ზონების, პირველ რიგში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა; პარტიზანული ომის მეთოდებით წინასწარ დასახულ რაიონებში (მოწინააღმდეგის მიერ მათი დაპყრობის შემთხვევაში) საბრძოლო მოქმედებების წარმოება; სამოქალაქო თავაცვის ფორმირებებისთვის ბირთვული დარტყმების შედეგების ლიკვიდირებაში დახმარების აღმოჩენა.
ითვლებოდა, რომ ტერიტორიული ჯარების შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები მათზე დაკისრებულ ამოცანებს შეასრულებდნენ როგორც ეროვნული, ისე ნატო-ს სარდლობის ინტერესებშიც. კერძოდ, ჩრდილოატლანტიკური ბლოკის 1969 წლის დეკემბრის სესიაზე მიღებული შეთანხმებით ტერიტორიულ ჯარებს გადასცეს ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე არმიების ჩრდილოეთისა და ცენტრალური ჯგუფების კომუნიკაციების ზონის დაცვისა და თავდაცვის ფუნქციები.
ჯარების მართვას აგებდნენ ამა თუ იმ ქვეყნის სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისად. უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ეს უზრუნველყოფდა მოცემული ჯარების კონტინგენტის, როგორც ტერიტორიული თავდაცვის ძირითადი ძალის უფრო მდგრად და საიმედო ხელმძღვანელობას, სამოქალაქო ხელისუფლებასთან და პოლიციის ფორმირებებთან მის მჭიდრო ურთიერთმოქმედებას, ხელს უწყობდა ადგილობრივი სამხედრო-ეკონომიკური რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას.
ქვემოთ, 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, განხილულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძირითადი ქვეყნების ტერიტორიული ჯარების ორგანიზაციაზე, თანამედროვე მდგომარეობასა და გამოყენებაზე არსებული შეხედულებები.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერიტორიული ჯარების ამოცანებს ასრულებდა ე რ ო ვ ნ უ ლ ი გ ვ ა რ დ ი ა. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად მისი შენაერთები და ნაწილები წარმოადგენდნენ „შტატების ჯარებს“ და ემორჩილებოდნენ შტატების გუბერნატორებს, არმიის (სახმელეთო ჯარების) შტაბის ეროვნული გვარდიის ბიუროს უფროსსა და სამხედრო-საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის სამმართველოს უფროსს. მათ გააჩნდათ სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლველად მზადმყოფი კომპონენტები (სამხედრო-საზღვაო ძალებში ეროვნული გვარდია არ იყო), რომლებიც ითვლებოდა პირველი რიგის რეზერვად და სამობილიზაციო გაშლის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას დაუყოვნებლივ გადადიოდა არმიისა და სამხედრო-საჰაერო ძალების სამინისტროების განკარგულებაში.
ეროვნული გვარდიის სახმელეთო ჯარები, უცხოური ბეჭდური გამოცემების აღნიშვნით, 1980-იანი წლების დასაწყისში მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 390 ათასამდე ადამიანს. ორგანიზაციულად იგი შეყვანილი იყო რვა დივიზიაში (ხუთი ქვეითი, მექანიზებული ქვეითი და ორიც ჯავშანსატანკო), 22 ცალკეულ ბრიგადაში (ათი ქვეითი, რვა მექანიზებული ქვეითი და ოთხიც ჯავშანსატანკო), ოთხ ცალკეულ ჯავშანსაკავალერიო პოლკში, სპეციალური დანიშნულების ჯარების ორ ჯგუფში, ცალკეულ ბატალიონებსა და საარტილერიო (სარაკეტო) დივიზიონებში. მის შეიარაღებაში შედიოდა 3500-ზე მეტი საბრძოლო ტანკი, 3500-მდე ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები (მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების გასაშვები დანაგარები), საარმიო ავიაციის 2000-ზე მეტი ვერტმფრენი და თვითმფრინავი.
ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჰაერო ძალებში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 98,5 ათასამდე ადამიანი და სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 1400 საბრძოლო თვითმფრინავი. ეს ძალები და საშუალებები ოგანიზაციულად შეყვანილი იყო 92 საავიაციო ესკადრილიაში.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიული ჯარების რიცხოვნება 1980-იანი წლების დასაწყისში შეადგენდა 60 ათასზე მეტ ადამიანს. საერთო დამახასიათებელი ამოცანების შესრულების გარდა მის საფუძველზე ომიანობის დროს გეგმავდნენ სახმელეთო ჯარებისთვის ახალი შენაერთებისა და ნაწილების ჩამოყალიბებას, აგრეთვე ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ნაწილების გფრ-ის ტერიტორიაზე წინსვლისა და გაშლის უზრუნველყოფას. შეერთებულ შტატებსა და ფედერაციულ გერმანიას შორის 1982 წლის აპრილში ბონში ხელმოწერილი სამთავრობო შეთანხმების შესაბამისად დასავლეთ გერმანული ტერიტორიული ჯარების შემადგენლობაში „კრიზისული სიტუაციის“ წარმოქმნის შემთხვევაში ვარაუდობდნენ ახალი ნაწილებისა და ქვედანაყოფების ჩამოყალიბებას, რომლებსაც უნდა განეხორციელებიათ ამერიკული ჯარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და მათი ობიექტების დაცვა. მშვიდობიანობის დროს მათ ინახავდნენ შემცირებული შემადგენლობით (დაკომპლექტებული ნაწილები და შენაერთები შეადგენდა 10%-ს, დანარჩენები კადრირებული იყო).
ტერიტორიული ჯარები ორგანიზაციულად გაერთიანებული იყო სამ ტერიტორიულ სარდლობასა (“შლეზვიგ-ჰოლშტაინი”, „ჩრდილოეთი“ და „სამხრეთი“, რომლებსაც ემორჩილებოდა ექვსი სამხედრო ოლქის შტაბები) და ცალკეულ სარდლობებში (კავშირგაბმულობის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მედიკურ-სანიტარულის). სამხედრო ოლქები მოიცავდა საოლქო შტაბებს (30-მდე), „ჰაიმათშუთცის“ („სამშობლოს დაცვის“ ჯარების) ბრიგადებს, ცალკეულ პოლკებსა და ბატალიონებს (დივიზიონებს). თითოეულ ოლქში შექმნილი იყო რამდენიმე რაიონული შტაბი (სულ დაახლოებით 80), რომლებსაც ემორჩილებოდნენ დაცვის ცალკეული ასეულები და ოცეულები.
ტერიტორიულ ჯარებში ყველაზე უფრო საბრძოლველად მზადმყოფ კომპონენტს წარმოადგენდა „ჰაიმათშუთცის“ ექვსი ბრიგადა (51-ედან 56-ის ჩათვლით). თითოეულ მათგანს გააჩნდა შტაბი, ოთხი საბრძოლო ბატალიონი (მოტოქვეითი, ქვეითი და ორიც სატანკო), საველე არტილერიის დივიზიონი, მართვის, უზრუნველყოფისა და მომსახურების ქვედანაყოფები. 80-იანი წლების დასაწყისში მიიღეს გადაწყვეტილება კრიზისულ სიტუაციებში მათი ნატო-ს სარდლობის განკარგულებაში გამოყოფის შესახებ. ბუნდესვერის სარდლობა ჯარების რეორგანიზების მიმდინარე პროცესში გეგმავდა „ჰაიმათშუთცის“ ჯარების კიდევ ექვსი კადრირებული ბრიგადის გაშლას (თითოეულში ორი ქვეითი და ერთი სატანკო ბატალიონი, საარტილერიო დივიზიონი და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები), აგრეთვე დაცვის 15 ცალკეული პოლკის (თითოეულში სამი ქვეითი ან მოტოქვეითი ბატალიონი), 150 ცალკეული ასეულისა და 300 ცალკეული ოცეულის შექმნას.
ომიანობის დროს დაახლოებით იგივე ამოცანები, რომლებიც ეკისრებოდა ტერიტორიულ ჯარებს, უნდა შეესრულებია გფრ-ის სასაზღვრო დაცვასაც, რომელიც მოითვლიდა დაახლოებით 25 ათას ადამიანს (ოთხი სახმელეთო სარდლობა და სასაზღვრო გემების ჯგუფი).
დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული ჯარები წარმოდგენილი იყო ტერიტორიული არმიითა (ტა) და ე. წ. „ოლსტერის დაცვის პოლკით“. საერთო რიცხოვნება შეადგენდა დაახლოებით 80 ათას ადამიანს. როგორც უცხოური პრესა იტყობინებოდა, მისი რიცხოვნება უნდა გაზარდათ 15-20 ათასით.
ტერიტორიული არმიის ნაწილებისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა ეკისრებოდათ ათი სამხედრო ოლქის სარდლობებს, ჩრდილოირლანდიურის ჩათვლით. ტა-ის ძირითად ფორმირებებს წარმოაგენდა ცალკეული მოტოქვეითი ბატალიონები (38), სადაზვერვო, საარტილერიო და საინჟინრო პოლკები, აგრეთვე კავშირგაბმულობისა და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ცალკეულ მოტოქვეით ბატალიონს გაანდა საშტაბო და ოთხი მოტოქვეითი ასეულები. სადაზვერვო პოლკი შეიცავდა საშტაბო და ოთხ სადაზვერვო ასეულებს, რომელთაც შეიარაღებაში ჰყავდათ მსუბუქი ტანკები და საბრძოლო სადაზვერვო მანქანები.
ჩრდილოეთ ირლანდიაში სამხედრო-პოლიციური რეჟიმის შენარჩუნებისთვის, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, ინგლისური მთავრობა იყენებდა „ოლსტერის დაცვის პოლკს“, რომელშიც 1980-იანი წლების დასაწყისში მოითვლებოდა 10 ათას ადამიანამდე.
საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში 1976-1979 წლებში ჩაატარეს ჯარების რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც გააერთიანეს საბრძოლო და ტერიტორიული სარდლობები, გააუქმეს სახმელეთო ჯარების დაყოფა საბრძოლო, ინტერვენციონისტულ და ზღვისმიღმა ძალებად, აგრეთვე ტერიორიული თავდაცვის ჯარებად. ქვეყნის ტერიტორია იყოფოდა ექვს სამხედრო ოლქად, რომლებიც შედგებოდა სამხედრო რაიონებისგან. სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი ამავე დროს იყო ტერიტორიული თავდაცვის უფროსიც და მას ემორჩილებოდა ოლქის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ჯარები. აღნიშნული ოლქის ფარგლებს გარეთ მათი გადაყვანის შემთხვევაში ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებს შეასრულებდნენ საოლქო დაქვემდებარების ახლად მობილიზებული ნაწილები და ქვედანაყოფები ჟანდარმერიასთან (83 ათასი ადამიანი) და პოლიციასთან ერთობლივად.
შეიარაღებული ძალების რეორგანიზების მსვლელობისას ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების უმეტესი ნაწილი დააკისრეს სამხედრო ჟანდარმერიას, რომელიც ახორციელებდა მჭიდრო ურთიეთმოქმედებას საოლქო დაქვემდებარების ჯარებთან. იგი ყოფოდა სადეპარტამენტო და მობილურ ჟანდარმერიად, შედგებოდა ცალკეული პოლკებისა და ბატალიონებისგან, შეიარაღებაში კი გააჩნდა ჯავშანსატანკო და საავტომობილო ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის მსუბუქი ტანკები.
იტალიის ტერიტორიული თავაცვის ჯარები (35 ათას ადამიანზე მეტი) 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში წარმოადგენდა სახმელეთო ძალების ერთერთ კომპონენტს. მშვიდობიანობის დროს მისი საჯარისო ერთეულები იმყოფებოდა სამხედრო ოლქების (ექვსი) სარდლებისა და კ. სარდინიაზე სარდლობის დაქვემდებარებაში. ეს ოლქები (კ. სარდინიის ჩათვლით) შეიცავდა 16 ზონას, ხოლო ეს უკანასკნელები კი იყოფოდა 62 რაიონად (გარნიზონად).
ტერიტორიული თავდაცვის ჯარები შედებოდა ოთხი ცალკეული ბრიგადისგან (ორი მოტოქვეითი, მექანიზებული ქვეითი და საპარაშუტო). მოტოქვეით ბრიგადაში შედიოდა სამი მოტოქვეითი და ერთი სატანკო ბატალიონები, მექანიზებულში _ სამი მექანიზებული და ერთი სატანკო, საპარაშუტოში _ ოთხი ქვეითი ბატალიონი. თითოეულ ბრიგადაში შედიოდა ასევე საარტილერიო დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით _ ბატალიონი), ტანკსაწინააღმდეგო და მესანგრეთა ასეულები.
აღნიშნული ჯარების გარდა იტალიაში იყო სამხედრო ჟანდარმერია (კარაბინერების ჯარები, 90 ათასზე მეტი ადამიანი). მშვიდობიანობის დროს იგი ემორჩილებოდა შინაგან საქმეთა მინისტრს, ხოლო პირადი შემადენლობით დაკომპლექტების, შეიარაღებით მომარაგებისა და საბრძოლო გამოყენების საკითხებში _ თავდაცვის მინისტრს.
ტერიტორული ჯარები იყო ნატო-ს ბლოკში შემავალ სხვა სახელმწიფოებშიც. იქ ისინი წარმოდგენილი იყო ცალკეული პოლკებით (ბრიგადებით), ბატალიონებითა და ასეულებით, რომელთაც შეიარაღებაში გააჩნდათ მსუბუქი ტანკები, ჯავშანტრანსპორტერები, ნაღმსატყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და სასროლი იარაღი.
ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიული ჯარების გამოყენების საფუძვლები გადმოცემული იყო წესდებებში, დარიგებებსა და სპეციალურ დირექტივებში („ოპერაციები არარეგულარული ჯარების წინააღმდეგ“, „სამოქალაქო უწესრიგობები და ჯარების მოქმედებები“, „შეიარაღებული ძალების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ და სხვები), რომლებშიც გადმოცემული იყო ბრძოლის მეთოდები „ამბოხებულებთან“, პარტიზანებთან და სადაზვერვო-დივერსიულ ფორმირებებთან. მათ ჩახშობასა და განადგურებას განიხილავდნენ როგორც ბლოკის სახელმწიფოების ტერიტორიის დაცვის, აგრეთვე შეიარაღებულ ძალთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიტიკური წყობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს.
ტერიტორიული ჯარების გამოყენებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციები იყო აგრეთვე ისეთ წიგნებსა და ბროშურებში, როგორებიც იყო ს. ვუდის „ამბოხებათა ჩახშობის სახელმძღვანელო“, რ. ეფლიგეითის „ბრბოს გაფანტვა, ამბოხებულებთან ბრძოლა“ და სხვა.
როგორც ამ საკითხში ნატო-ს რიგ ქვეყნებში გამოცემულ სახელმძღვანელოებში მიუთითებდნენ, ტერიტორიული ჯარები მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საჯარისო, კონტრსადაზვერვო და სარეჟიმო ღონისძიებების განხორციელების გზით.
ს ა ჯ ა რ ი ს ო ღ ო ნ ი ს ძ ი ე ბ ე ბ ი იყოფოდა აქტიურ და პასიურ ღონისძიებებად. პირველს მიეკუთვნებოდა გარეკვა, ალყაში მოქცევა, ძიება და დევნა, მეორეს _ კონტროლი და დაცვა. ასე, მოსახლეობის მასობრივ გამოსლებთან ბრძოლისას რეკომენდირებული იყო გამოეყენებიათ გარეკვა („ამბოხებულთა“ განდევნა განსაზღვრული რაიონიდან ჩვეულებრივი საშუალებების, სპეციალური მანქანებისა და ქიმიური იარაღის მეშვეობით) და მოთავეთა დაჭერას. საჰაერო და საზღვაო დესანტების, აგრეთვე სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გასანადგურებლად, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, მიზანშეწონილად ითვლებოდა ალყაში მოქცევა, ძიება (ადგილის გაცხრილვა) და დევნა. უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში ხაზს უსვამდნენ, რომ ალყაში მოქცევა წარმოადგენდა საჰაერო დესანტებისა და პარტიზანული ფორმირებების განადგურების ყველაზე უფრო ეფექტურ ხერხს. წინასწარ რეკომენდაციას აძლევდნენ მოეწყვიტათ მოწინაამდეგისთვის უკანდახევის გზები და შემდეგ თანამიმდევრულად გაენადგურებიათ იგი ნაწილ-ნაწილ. არსებობდა ალყაში მოქცული მოწინააღმდეგის განადგურების დასრულების რამდენიმე ხერხი: ალყის თანდათანობით დავიწროვება ოპერაციაში მონაწილე ყველა ქვედანაყოფის (ნაწილის) ცენტრისკენ ერთდროულად წისვლით; ცალკეულ მიმართულებებზე სოლებად შეჭრა, რათა განეცალკევებიათ მოწინააღმდეგის ძირითადი დაჯგუფება და ნაწილ-ნაწილ გაენადგურებიათ იგი; ალყის რგოლის დავიწროვების შეხამება ერთ მიმართულებაზე ხისტ თავდაცვასთან სხვებზე.
იმ შემთხვევებში, როდესაც დესანტის ან პარტიზანული ფორმირებების ადგილმყოფობა ზუსტად არ იყო დადგენილი, მოწინააღმდეგის ალყაში მოქცევას წინ უძღოდა ადგილმდებარეობის უწყვეტი გაცხრილვა ვერტმფრენების ფართო გამოყენებით. დასახული რაიონის საზღვრებზე წინასწარ განალაგებდნენ გადამღობ რაზმებს და აწყობდნენ ჩასაფრებებს.
თუკი მოწინააღმდეგე შეძლებდა ბრძოლისთვის თავის არიდებას ან ალყის გარღვევას, რეკომენდირებული იყო სწრაფი დევნის დაუყოვნებლივ ორგანიზება ცალკეული ჯგუფების დაწევის, იზოლირებისა და განადგურების მიზნით. თვლიდნენ, რომ მოცემული ოპერაცია შესაძლებელია ეფექტური ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას ჩაატარებდნენ მაღალ ტემპში ფრონტიდან და პარალელური გზებით (დასავლურ პრესაში ამას უწოდებდნენ „ორმაგ ნახტომს“). მდევარ ჯარებს ჩვეულებრივ უნდა ემოქმედათ ორ ჯგუფად: ფრონტიდან („ფეხდაფეხ“), ხშირად სამსახურეობრივი ძაღლების გამოყენებით და პარალელური გზებით ან ჰაერით (ჩვეულებრივ ვერტმფრენებით). ორივე ჯგუფი უნდა ცდილიყო უმოკლეს ვადებში მიემართა თავისი ძალისხმევა და გაენადგურებია მოძებნილი მოწინააღმდეგე.
მოწინააღმდეგი ზურგის ზონაში აღმოჩენილ ტერიტორიულ ჯარებს რეკომენდაციას აძლევდნენ საბრძოლო ამოცანები შეესრულებიათ პარტიზანული ბრძოლის მეთოდების გამოყენებით (დაზვერვა, დივერსიები, ტერორისტული აქტები, თავდასხმები, ჩასაფრებები, ობიექტების ცეცხლით დაზიანება). ქვედანაყოფების მოქმედების ხერხები დამოკიდებული იქნებოდა კონკრეტულ ვითარებაზე: მეთვალყურეობა (ვიზუალური და სხვადასხვანაირი ხელსაწყოების გამოყენებით), მიყურადება, ბრძოლის წარმოება, რადიოგადაცემების დაჭერა, მცირეგაბარიტული რადიოელექტრონული აპარატურის მეშვეობით მომუშავე რადიოსადგურების პელენგაცია, ფოტოგრაფირება, ხელში ჩაგდებული დოკუმენტების შესწავლა, ტყვეების დაკითხვა, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან ინფორმაციის შეგროვება. გარდა ამისა, ტერიტორიულ ჯარებს საბძოლო მოქმედებების რაიონში უნდა შეექმნათ აგენტურული ქსელი.
დივერსიების განხორციელება მიზანშეწონილად ითვლებოდა მოწინააღმდეგის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, კარგად დაცული ობიექტების მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, რისთვისაც უნდა მიემართათ თავად დივერსანტების ფარული შეღწევის ან გადაბირებული აგენტების გამოყენებისთვის. ამ მიზნებით შესაძლო იყო გამოეყენებიათ ნაღმები სხვადასხვანაირი ამფეთქებლებით (მექანიკურით, რადიო- და ელექტროტექნიკურით), რომლებიც იძლეოდა ნებისმიერ დროს მათი აფეთქების შესაძლებლობას.
შტაბებზე, კავშირგაბმულობის კვანძებზე, საწყობებზე, ენერგეტიკულ დანადგარებზე, რადიოსალიკაციო სადგურებზე დარტყმების მიყენება, მათში ტყვეების აყვანა და მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის ხელში ჩაგდება უნდა განეხორციელებიათ თავდასხმების გზით. ისინი უნდა შეესრულებიათ რამდენიმე საიერიშო რაზმის მიერ ობიექტის გულდასმით დაზვერვის შემდეგ საცეცხლე ჯგუფის მიერ დაფარვის ქვეშ.
კომუნიკაციებზე ვარაუდობდნენ ჩასაფრებების მოწყობას. ითვლებოდა, რომ ისინი ეფექტური უნდა ყოფილიყო მოძრავი ან მცირე შესვენებაში მყოფი ქვედანაყოფებისა და ცალკეული სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ. ჩასაფრებებისთვის რეკომენდიებული იყო ისეთი ადგილების არჩევა, სადაც საბრძოლო მანქანები და ავტომობილები იძულებული იქნებოდნენ შეემცირებიათ სიჩქარე ან გაეკეთებიათ გაჩერებები (ციცაბო აღმართები, მკვეთრი მოსახვევები, გზის ცუდი საფარის მქონე უბნები და ა.შ.)
ობიექტების საცეცხლე დაზიანებისთვის გეგმავდნენ სასროლი იარაღის, უუკუცემო ქვემეხების, რაკეტებისა და ნაღმსატყორცნების გამოყენებას. ამასთან მიზანშეწონილად თვლიდნენ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტების პირველ რიგში მწყობრიდან გამოყვანას: სასტარტო პოზიციებზე განლაგებული სარაკეტო დანადგარების, აეროდრომებზე მყოფი თვითმფრინავების, საბძოლო ტექნიკის საწყობების, სამხედრო ეშელონებისა და ა.შ.
კ ო ნ ტ რ ს ა დ ა ზ ვ ე რ ვ ო ღ ო ნ ი ს ძ ი ე ბ ე ბ ს ასრულებდნენ უშიშროების სამსახური, ჟანდარმერია, პოლიცია და ტერიტორიული ჯარების შტაბები. ისინი ჩვეულებრივ შეიცავდა: მტრულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი მოქალაქეების საიდუმლო შემოწმებას; მნიშნელოვანი ობიექტების (სამუშაო უბნების) მომსახურებისთვის გამოსაყენებელი ადამიანების გულდასმით შერჩევას; მოწინაამდეგის დადგენილ და შესაძლო აგენტებზე მეთვალყურეობას; „ამბოხებულთა“ და პარტიზანების რიგებში აგენტურის შეღწევას; მოწინააღმდეგის აგენტურის შეპყრობასა და გადაბირებას; კავშირგაბმულობს ტექნიკური საშუალებებით წარმოებული მოლაპარაკეებისა და გადაცემების მიყურადებასა და დაჭერას; დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში შინაგანი უსაფრთხოების უზრუნველყოფას; სამხედრო მოსამსახურეებისა და სახელმწიფო დაწესებულებების ჩინოვნიკების უშიშროების ყველა ასპექტში ინსტურქირებას; სამხედრო ან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების შენახულობის უზრუნველყოფას. ნატო-ს სარდლობა აღიარებდა, რომ კონრსადაზვერვო ღონისძიებების სრული მოცულობით ჩატარება მოითხოვდა მნიშვნელოვან დროსა და ასასტიკებდა ჯარების პირად შემაგენლობასა და ადგილობრივ მოსახლეობას.
ს ა რ ე ჟ ი მ ო ღ ო ნ ი ს ძ ი ე ბ ე ბ ს, რომლებში მონაწილეობისთვისაც იყენებდნენ ბლოკის ქვეყნების ტერიტორიულ ჯარებს, ატარებდნენ როგორც მშვიდობიანობის, ისე ომიანობის დროსაც. მათ მიეკუთვნებოდა: პოლიტიკური მიტინგებისა და დემონსტრაციების აკრძალვა; მთელი მოსახლეობის რეგისტაცია და საშვების (სპეციალური მოწმობებისა და მიწერილობების) გაცემა, რომლებიც ადასტურებდნენ სამოქალაქო პირის (სამხედრო მოსამსახურის) პიროვნებას ან აძლედნენ მას მოძრაობის უფლებას, აგრეთვე ობიექტებზე მათი შესვლის უფლებას; საბუთების შემოწმება; საზოგადოებრივი (პირადი) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებების მუშაობის შეზღუდვა; კომენდანტის საათის შემოღება და ცენზურა; იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაზე, ტრანსპორტირებასა და შენახვაზე კონტროლის დაწესება.
აღნიშნულ ღონისძიებებს გულდასმით გეგმავდნენ ტერიტორიული ჯარებისა და ნატო-ს სარდლობები და შტაბები, უწინარეს ყოვლისა ევროპულ ომთ-ებზე, სადაც უკვე მშვიდობიანობის დროს ჰქონდათ შექმნილი პასუხისმგებლობის ზონები (ოლქები, რაიონები) მათში განსაზღვრული ძალებისა და საშუალებების გამოყოფით. ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე დადგენილი იყო ბლოკის სახმელეთო ჯარების გაერთიანებების სარდლებისა და შენაერთების მეთაურების პასუხისმგებლობის ზონები და რაიონები, რომელთა ფარგლებშიც ისინი ვალდებულნი იყვნენ მოეხდინათ ბრძოლის ორგანიზება ძირგამომთხრელ ელემენტებთან, მოწინააღმეგის დესანტებთან და სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებთან, რისთვისაც იყენებდნენ საკუთარი, აგრეთვე ფედერაციული გერმანიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ტერიტორიული ჯარების ძალებსა და საშუალებებს.
როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ცენტრალურ-ევროპული ომთ-ის საბრძოლო მოქმედებების ზონის მეწინავე რაიონში ზურგში მოწინააღმდეგესთან ბრძოლის პასუხისმგელობა ეკისრებოდათ დივიზიებისა და საარმიო კორპუსების მეთაურებს, საბრძოლო მოქმედებების ზონის ზურგის რაიონში _ ნატო-ს ჯარების არმიების ჩრდილოეთისა და ცენტრალური ჯგუფების სარდლებს დასავლეთგერმანულ ტერიტორიულ სარდლობებთან „ჩრდილოეთი“ და „სამხრეთი“ ერთობლივად (შესაბამისად არმიების ჩრდილოეთ ჯგუფისა და არმიების ცენტრალური ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონების ფარგლებში), კომუნიკაციების ზონაში _ ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილეს ზურგისა და ადმინისტრაციულ საკითხებში.
ამრიგად, საბჭოთა ავტორების დასკვნით, დიდი ყურადღება, რომელსაც ნატო-ს ბლოკის ქვეყნებში უთმობდნენ ტერიტორიულ ჯარებს, მოწმობდა იმპერიალისტური სახელმწიფოების საომარი მზადებების, აგრეთვე მათი მისწრაფებების შესახებ იარაღის ძალით ჩაეხშოთ ხალხის მასების გამოსვლები და შეეზღუდათ მოწინააღმდეგის მიერ ომიანობის დროს მათ ზურგში დაზვერვის წარმოება.
VI. ნატო-ს სტრატეგიული სარდლობა ატლანტიკაში 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში
სტრატეგიული (უმაღლესი) სარდლობა ატლანტიკაში შექმნეს 1952 წელს ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების (მშძ) საბრძოლო მოქმედებების ხელმძღვანელობისთვის ატლანტიკურ ომის თეატრზე, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნატო-ს ბლოკის გეგმებში. მისი მნიშვნელობა ცივი ომის პერიოდში განისაზღვრებოდა იმით, რომ მასზე გადის კომუნიკაციები, რომელთა გავლითაც ითვალისწინებდნენ აშშ-დან და კანადიდან ჯარებისა და ტვირთების სტრატეგიული გადასროლების განხორციელებას ევროპაში ბლოკის მშძ-ის დაჯგუფების გაძლიერებისთვის. გარდა ამისა, ატლანტიკა აკაშირებს ჩრდილოამერიკული კონტინენტის სამხედრო-სამრეწველო რაიონებს ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთთან და აფრიკასთან. მისი კომუნიკაციების გავლით გადაზიდავდნენ უმნიშვნელოვანესი სახეობების ნედლეულს (უწინარეს ყოვლისა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს), რომლებიც აუცილებელი იყო ბლოკის მონაწილე ქვეყნების ეკონომიკისთვის. 1970-იან წლებში ყოველწლიურად ჩრდილოეთ ატლანტიკის წყლებში გადასასვლელებზე და ბაზებში იმყოფებოდა 3000-ზე მეტი გემი.
ატლანტიკის სანაპიროზე განლაგებული იყო ნატო-ს წამყვანი ქვეყნების (აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის) ძირითადი სამხედრო საზღვაო ბაზები, მსხვილი პორტები, ხომალდმშენებლობისა და გემთმშენებლობის ცენტრები.
ამ თეატრის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და დიდი სივრცული გაქანების გათვალისწინებით ბლოკის ხელმძღვანელობამ გამოყო იგი ცალკეულ სტრატეგიულ სარდლობად, რომლის ზონაც იშლება არქტიკიდან კიბორჩხალის ტროპიკამდე და ჩრდილოამერიკული კონტინენტის სანაპირო წყლებიდან ევროპისა და აფრიკის სანაპიროებამდე აქ არსებული ყველა კუნძულის, აგრეთვე პორტუგალიის ტერიტორიის ჩათვლით. ზონის ფართობი შეადგენდა დაახლოებით 12 მლნ. კვ მილს. ლა-მანშის სრუტე და დიდი ბრიტანეთის მიმდებარე წყლები ატლანტიკაში ნატო-ს სტრატეგიული სარდლობის შემადგენლობაში არ შედიოდა. როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდა, უკვე მშვიდობიანობის დროს აქ შექმნილი იყო აუცილებელი ხელმძღვანელი ორგანოები სწავლებების პერიოდში ან კრიზისულ და ომის მდგომარეობებში შესაქმნელი ოპერატიული შენაერთების სამართავად.
ატლანტიკაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლეს მთავარსარდალს წარმოადგენს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელი _ შეთავსებით ამერიკული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ატლანტის ოკეანის ზონაში. მისი მოვალეობების წრეში ცივი ომის პერიოდში შედიოდა ოპერატიული გეგმების შემუშავება, გართიანებული და ერთობლივი სწავლებებისა და მანევრების ხელმძღვანელობა, სასწავლო ნორმატივების განსაზღვრა, სტრატეგიული სარდლობისთვის გადასაცემი ძალების განაწილება, აგრეთვე თავისი ოპერატიული მოთხოვნილებების შესახებ ნატო-ს ორგანოების ინფორმირება.
ომის შემთხვევაში მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე დარტყმების მიყენებასთან ერთად მას უნდა უზრუნველეყო საოკეანო კომუნიკაციების დაცვა, გაეტარებია ღონისძიებები ატლანტიკის რაიონებში მოწინააღმდეგის მიერ თავისი ფლოტის შეყვანის თავიდან ასაცილებლად, ორგანიზება გაეკეთებია კუნძულების თავდაცვისთვის. გარდა ამისა, მის მოვალეობებში შედიოდა შეიარაღებულ ძალთა დისლოკაციისა და გადაჯგუფების განსზღვრა, მისი საბრძოლო მოქმედებების ხელმძღვანელობა, აგრეთვე ევროპულ ომთ-ებზე ბლოკის მშძ-ის სარდლობებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზება.
ატლანტიკაში ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წყვეტდა უმთავრესად ოპერატიულ ამოცანებს. ევროპაში ბლოკის მშძ-ის უმაღლესი მთავარსადლისგან განსხვავებით მას მშვიდობიანობის დროს არ გააჩნდა ჯარები. მაგრამ სწავლებების ჩატარების დროისთვის და ომის შემხვევაში მონაწილე ქვეყნები გადასცემდნენ მის განკარგულებაში შეიარაღებულ ძალთა, უმთავრესად სამხედრო-საზღვაო ძალების წინასწარ განსაზღვრულ კონტინგენტებს. ამასთან ერთად ითვალისწინებდნენ აგრეთვე მის განკარგულებაში სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების შენაერთების გადაცემასაც. მას ჰქონდა უფლება მიემართა უშუალოდ ბლოკის მონაწილე სახელმწიფოთა გენერალური შტაბების უფროსებისთვის.
ნატო-ს მშძ-ის შტაბი ატლანტიკაში დისლოცირებული იყო აშშ-ის ატლანტიკური ფლოტის მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზაში _ ნორფოლკში. 1970-იანი წლების მიწურულს იგი მოითვლიდა შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობის 350-მდე ოფიცერს რვა ქვეყნიდან (აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ნორვეგიიდან, გფრ-დან, ნიდერლანდებიდან, დანიდან და პორტუგალიიდან).
მშვიდობიანობის დროს შტაბი გეგმავდა და ატარებდა მის დაქვემდებარებაში გამოყოფილი ძალების სწავლებებს, აზუსტებდა და შეიმუშავებდა შეზღუდულ და საყოველთაო ბირთვულ ომებში ჩასატარებელი ოპერაციების გეგმებს. ამასთან დიდ ყუადღებას უთმობდნენ მონაწილე ქვეყნების ფლოტების სხვადასხვაგვარი ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და მათ უნარს ერთობლივად ემოქმედათ საერთაშორისო ვითარების გამწვავების ან შეიარაღებული კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში. ომის საწყისი პერიოდის საზღვაო ოპერაციების დაგეგმვას 1970-იან წლებში საფუძვლად ედო ნატო-ში ოფიციალურად მიღებული ”რეალისტური დაშინების” სტრატეგია.
გამოყოფადი ძალების მართვის მოხერხებულობისა და ოპერატიულობისთვის შექმნილი იყო სამი ცალკეული სარდლობა ატლანტიკის დასალეთ, აღმოსავლეთ და იბერიის ზონებში, რომლებიც არსებითად წარმოადგენდა დამოუკიდებელ საზღვაო საომარ მოქმედებათა თეატრებს (ომთ). გარდა ამისა, უმაღლესი მთავარსარდლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა ნატო-ს დამრტყმელი ფლოტი ატლანტიკაში, ნატო-ს სამოკავშირეო წყალქვეშა ძალები თეატრზე, ნატო-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი შენაერთი ატლანტიკში და სპეციალური დამრტყმელი შენაერთი საგანგებო პირობებში მოქმედებებისთვის (ნახ. 13).
[13-ე ნახატზე რომლის სახელწოდებაცაა ნატო-ს სტრატეგიული სარდლობის ორგანიზაცია ატლანტიკაში, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდალი ატლანტიკაში (ნორფოლკი, აშშ); ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდლები დასავლეთ ატლანტიკასა (ნორფოლკი) და აღმოსავლეთ ატლანტიკაში (ნორთვული, დიდი ბრიტანეთი), აგრეთვე სარდლები: ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) წყალქვეშა ძალებისა ატლანტიკაში (ნორფოლკი), ნატო-ს მშძ-ისა იბერიის ატლანტიკაში (ლისაბონი), ნატო-ს დამრტყმელი ფლოტისა ატლანტიკაში (ნორფოლკი, სალაშქრო შტაბი), აგრეთვე ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთის მეთაური ატლანტიკაში; ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალს დასავლეთ ატლანტიკაში ექვემდებარებოდნენ სარდლები: ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ისა ოკეანის რაიონში (ნორფოლკი), ნატო-ს სამოკავშირეო წყალქვეშა ძალებისა დასავლეთ ატლანტიკაში (ნორფოლკი), ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ისა კანადის რაიონში (ჰალიფაქსი, კანადა), ნატო-ს მშძ-ისა აზორის კუნძულებზე (სან-მიგელი, აზორის კ-ები), ნატო-ს მშძ-ისა გრენლანდიაში (გრონდალი, გრენლანდია), ნატო-ს მშძ-ისა ბერმუდის კუნძულებზე (ჰამილტონი, ბერმუდის კ-ები); ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალს აღმოსავლეთ ატლანტიკაში ექვემდებარებოდნენ სარდლები: ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) წყალქვეშა ძალებისა აღმოსავლეთ ატლანტიკაში (ჰოსპორტი, დიდი ბრიტანეთი), სამოკავშირეო საბაზო საპატრულო ავიაციისა აღმოსავლეთ ატლანტიკაში (ნორთვუდი), ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ისა ჩრდილოეთ რაიონში (როზაიტი, დიდი ბრიტანეთი), სამოკავშირეო საბაზო საპატრულო ავიაცისა ჩრდილოეთის რაიონში (როზაიტი), ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ისა ცენტრალურ რაიონში (პლიმუტი, დიდი ბრიტანეთი), სამოკავშირეო საბაზო საპატრულო ავიაციისა ცენტრალურ რაიონში (პლიმუტი), ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ისა ბისკაის ყურეში (ნორთვუდი), ნატო-ს მშძ-ისა ისლანდიაში (კეფლავიკი, ისლანდია), ნატო-ს მშძ-ისა ფარერის კუნძულებზე (ტორსჰავნი, ფარერის კ-ები), სპეციალური დანიშნულების ძალების; ნატო-ს მშძ-ის სარდალს იბერიის ატლანტიკაში ექვემდებარებოდა ნატო-ს მშძ-ის სარდალი მადეირას კუნძულებზე (ფუნშალი, კ. მადეირა); სამოკავშირეო წყალქვეშა ძალების სარდალს ატლანტიკაში ოპერატიულად ექვემდებარებოდნენ სამოკავშირეო წყალქვესა ძალების სარდლები დასავლეთ და აღმოსავლეთ ატლანტიკაში; ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის სარდალს ატლანტიკაში ექვემდებარებოდნენ საავიამზიდო, ამფიბიური-სადესანტო და მომსახურების ძალების შენაერთები, რომელთაგან თითოეულ საავიამზიდო შენაერთში შედიოდა ორი-სამი საავიამზიდო ჯგუფი; ასევე უშუალოდ ატლანტიკაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში იქმნებოდა სპეციალური დამრტყმელი შენაერთი საგანგებო პირობებში მოქმედებებისთვის].
მშვიდობიანობის დროის პირობებში არსებობდა აღნიშნული სარდლობების მხოლოდ შტაბები. ბლოკის მშძ-ის ფარგლებში სწავლებების ჩატარებისთვის და მუქარის პერიოდში (საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ) ეროვნული სამხედრო-საზღვაო ძალებიდან სარდლობებისა და გართიანებების შემადგენლობაში გადასცემდნენ გამოყოფილ ძალებსა და საშუალებებს (ძირითადად ხომალდებს, სზძ-ის ავიაციასა და საზღვაო ქვეით ჯარს). გამონაკლისს შეადგენდა სზძ-ის მუდმივი შენაერთი და გარკვეულ ხარისხად ნატო-ს დამრტყმელი ფლოტიც ატლანტიკაში, რომლებსაც მშვიდობიანობის დროს გააჩნდათ მათ ხელთ არსებული საბრძოლო შემადგენლობა.
ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) ძალებისთვის ატლანტიკაში ომიანობის დროს შესაძლო იყო დაეკისრებინათ შემდეგი ამოცანები: მოწინაამდეგის ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმების მიყენება (ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავებისა და საავიამზიდო ავიაციის გამოყენებით), ატლანტიკის ცალკეულ რაიონებში ზღვაში ბატონობისა და ჰაერში უპირატესობის მოპოვება, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან და წყალზედა ხომალდებთან ბრძოლა, ჩრდილო-ეროპულ და ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ებზე ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალებისთვის უშუალო მხარდაჭერის აღმოჩენა, აშშ-დან ევროპაში ზღვით ჯარებისა და ტვირთების სტრატეგიული გადმოსროლების უზრუნველყოფა, საზღვაო-სადესანტო ოპერაციების ჩატარება, კუნძულების დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვაში მონაწილეობა. მათი გადაწყვეტისთვის ატლანტიკაში ნატო-ს სარდლობების ოპერატიულ დაქვემდებარებაში გამოყოფდნენ ფლოტისა და ავიაციის ძალების მნიშვნელოვან ნაწილს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, აგრეთვე ნაწილობრივ ნორვეგიის, გფრ-ის, ნიდერლანდების, პორტუგალიისა და სხვა ქვეყნების სზძ-ის შემაგენლობიდან. დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, 1980 წლის შუახანებში ეს ძალები მოითვლიდა 400-მდე საბრძოლო ხომალდს, მათ შორის ხუთ ავიამზიდსა და საგემბანო და საბაზო-საპატრულო ავიაციის 1000-ზე მეტ თვითმფრინავსა და ვერტმფრენს. ფრანგული ხომალდები საერთო რაოდენობაში არ იყო ჩართული, მაგრამ ოპერატიული გეგმების შემუშავებისას ბლოკის სარდლობა ითვალისწინებდა მათ ზონებში ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ის დაჯგუფებების შემადგენლობაში.
ეროვნული გეგმებით სზძ-ის გამოყენებას ითვალისწინებდნენ ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების მოქმედებებთან მჭიდრო კოორდინირებით.
ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების მთავარ სარდლობას დასავლეთ ატლანტიკაში შეთავსებით მეთაურობდა აშშ-ის ატლანტიკური ფლოტის სარდალი (შტაბი ნორფოლკში). მოცემული სარდლობის ზონა მოიცავდა ოკეანისა და კანადის რაიონებს, სადაც შექმნილი იყო სადლობები, რომელთა შტაბებიც განლაგებული იყო ნორფოლკსა და ჰალიფაქსში (კანადა) და მათ მეთაურობდნენ შესაბამისად ამერიკელი და კანადელი ადმირალები.
ომიანობის დროს ითვალისწინებდნენ კუნძულების სარდლობების შექმნას გრენლანდიაში (შტაბი გრონდალში), აზორისა (სან-მიგელი) და ბერმუდის (ჰამილტონი) კუნძულებზე.
დასავლეთ ატლანტიკაში ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალს ემორჩილებოდნენ აგრეთვე სამოკავშირეო წყალქვეშა ძალების სარდალი დასავლეთ ატლანტიკაში (შტაბი ნორფოლკში) და აუცილებლობის შემთხვევაში ჩამოყალიბებადი სპეციალური დანიშნულების ძალების სარდალი.
დასავლეთ ატლანტიკაში ნატო-ს მშძ-ის საფუძველი ომიანობის დროს უნდა შეედგინათ აშშ-ისა და კანადის წყალქვეშა ნავებს, ნავსაწინააღმდეგო ხომალდებსა და საბაზო-საპატრულო ავიაციას, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ უმთავრესად წყალქვეშა ნავებთან (პირველ რიგში ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავებთან) საბრძოლველად ჩრდილოამერიკული კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროსთან.
აღმოსავლეთ ატლანტიკაში ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ხელმძღვანელობის გეგმებში, რაც აიხსნება საომარ მოქმედებათა მოცემული თეატრის გეოგრაფიული თავისებურებებით, რომელიც უშუალოდ ებჯინებოდა ევროპის კონტინენტს. აღმოსავლეთ ატლანტიკაში ბლოკის მშძ-ის მთავარსადალს წარმოადგენდა ბრიტანელი ადმირალი, რომელსაც ამავდროულად ეკავა ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდლის პოსტი ლა-მანშის სრუტის ზონაში და იყო დიდი ბრიტანეთის სზძ-ის მთავარსარდალიც.
ამ სარდლობის ზონა გაყოფილი იყო სამ რაიონად: ჩრდილოეთ, ცენტრალურ და ბისკაის ყურის რაიონებად. პირველ ორში შექმნილი იყო სამოკავშირეო სზძ-ის შტაბები შესაბამისად როზაიტსა და პლიმუტში (დიდი ბრიტანეთი). ბისკაის რაიონში ბლოკის სამოკავშირეო სზძ-ის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდნენ ომის დაწყების შემდეგ, ხოლო მშვიდობიანობის დროის პირობებში ამ რაიონში სზძ-ის გამოყენების საორგანიზაციო ამოცანების გადაწყვეტა ეკისრებოდა ნატო-ს მშძ-ის შტაბს აღმოსავლეთ ატლანტიკაში.
გარდა ამისა, ბლოკის მშძ-ის მთავარსადალს აღმოსავლეთ ატლანტიკაში ემორჩილბოდნენ ზონაში სამოკავშირეო წყალქვეშა ძალების (შტაბი ჰოსპორტში, დიდი ბრიტანეთი), სამოკავშირეო საბაზო-საპატრულო ავიაციის (ნორთვუდი, დიდი ბრიტანეთი) სარდლები, აგრეთვე ომიანობის დროს კ. ისლანდიასა (კეფლავიკი) და ფარერის კუნძულებზე შექმნადი საკუნძულო სარდლობების სარდლები და აუცილებობის შემთხვევაში ჩამოყალიბებადი სპეციალურ დანიშნულების ძალების სარდალი.
უცხოური ბეჭდური გამოცემების მოწმობით, აღმოსავლეთ ატლანტიკის წყლებში 1970-იან წლებში გეგმავდნენ ნატო-ს სზძ-ის ძირითადი ძალების გაშლას (მათ შორის დამრტყმელი ფლოტისა), დააკისრებდნენ რა მათ ზღვაში ბატონობის მოპოვებასა და შენარჩუნებას, სახმელეთო ჯარებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან და წყალზედა ხომალდებთან ბრძოლას, საზღვაო კომუნიკაციების დაცვას.
ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების სარდლობა იბერიის ატლანტიკაში აღმოსალეთ ატლანტიკაში ნატო-ს მშძ-ის მთავარი სარდლობის შემადგენლობიდან დამოუკიდებელ სარდლობად გამოყვეს 1967 წლის თებერვალში _ მალევე ბლოკის სამხედრო ორგანიზაციიდან საფრანგეთის გასვლის შემდეგ (1966). მისი ზონა 1970-იან წლებში მოიცავდა პორტუგალიის ტერიტორიასა და ატლანტის ოკეანის აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილს, რომელიც ებიჯნება ჰიბრალტარის სრუტესა და აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს კიბორჩხალის ტროპიკამდე. სარდლის პოსტი ეკავა ამერიკელ ადმირალს, ხოლო მისი მოადგილე გახლდათ პორტუგალელი ოფიცერი.
მადეირას კუნძულებზე ომის შემთხვევაში გეგმავნენ ნატო-ს მშძ-ის საკუნძულო სარდლობის შექმნას შტაბით ფუნშალში.
როგორც დასავლური პრესა აღნიშნავდა, ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების სარდლობა იბერიის ატლანტიკაში საერთოდ ატლანტის ოკეანეში ბლოკის მშძ-ზე დაკისრებული საერთო ამოცანების გადაწყვეტასთან ერთად მოწოდებული იყო ასევე უზრუნველეყო კონტროლი ჰიბრალტარის სრუტეზე და ხელსაყრელი ოპერატიული რეჟიმის შენარჩუნება ყველაზე უფრო ინტენსიური ნაოსნობის რაიონებში. ”ოუფენ გეითის” ტიპის ყოველწლიური სწავლებების გამოცდილების მიხედვით, ამ მიზნების მისაღწევად იყენებდნენ საავიამზიდო ძალებს ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის შემადგენლობიდან, ბლოკის სზძ-ის მუდმივ შენაერთს ატლანტიკაში, ნატო-ს დასავლეთევროპული ქვეყნების, აშშ-ისა და კანადის ხომალდებსა და თვითმრინავებს. ომიანობის დროს ამ სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყოფი ძალების გამოყენებას ვარაუდობდნენ აღმოსავლეთ ატლანტიკის ცენრალურ და ბისკაის რაიონებში მყოფ ბლოკის სამოკავშირეო სზძ-თან მჭიდრო ურთიერთმოქმედებით.
ნატო-ს დამრტყმელი ფლოტი ატლანტიკაში ითვლებოდა თეატრზე მშძ-ის ყველაზე უფრო საბრძოლველად მზადმყოფ და ბრძოლისუნარიან ოპერატიულ ფორმირებად. იგი იქმნებოდა მე-2 ამერიკული ფლოტის ბაზაზე დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, გფრ-ისა და ბლოკის მონაწილე სხვა ქვეყნების ცალკეული ხომალდების ჩართვით. მას ქმნიდნენ საერთაშორისო ვითარების გამწვავების შემთხვევაში ან ომის საწყის პერიოდში, აგრეთვე ერთობლივი სწავლებებისა და მანევრების ჩატარების პერიოდში.
დამრტყმელი ფლოტის სარდლად ნიშნავდნენ აშშ-ის მე-2 ფლოტის სარდალს. იგი ემორჩილებოდა ნატო-ს მშძ-ის უმაღლეს მთავარსარდალს ატლანტიკაში.
ორგანიზაციულად დამრტყმელ ფლოტში შედიოდა საავიამზიდო მრავალმიზნობრივი, ამფიბიურ-სადესანტო და სხვა შენაერთები, რომლებსაც აყალიბებდნენ აუცილებლობისას კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად.
მის ძირითად ამოცანებს, ნატო-ს სადლობის შეხედულებებით, წარმოადგენდა: ატლანტიკის რაიონებში ზღვაში ბატონობის მოპოვება; საზღვაო-სადესანტო ოპერაციების ჩატარების უზრუნველყოფა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპის სანაპიროს დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვაში მონაწილეობა; ატლანტიკაში ბლოკის საოკეანო კომუნიკაციების დაცვა, აშშ-დან ევროპაში გაძლიერების ძალებისა და სამხედრო ტვირთების სტრატეგიული გადმოსროლების უზრუნველყოფა; ჩრდილო-ევროპულ და ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ებზე ბლოკის სახმელეთო ჯარებისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა.
დამრტყმელი ფლოტის წამყვან საბრძოლო ფორმირებას წარმოადგენდა საავიამზიდო მრავალმიზნობრივი შენაერთი. მის შემადგენლობაში შესაძლო იყო ჩაერთოთ სამი-ოთხი ამერიკული ავიამზიდი და დაცვის 40-ზე მეტი ხომალდი. ავიამზიდების ბორტზე შესაძლოა ყოფილიყო 270-360 საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, რომელთაგან დაახლოებით 50%-ს წარმოადგენდნენ ბირთვული იარაღის მატარებელი თვითმფრინავები.
როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, საავიამზიდო შენაერთის შემადგენლობაში ითვალისწინებდნენ ორი საავიამზიდო და ნავსაწინააღმდეგო ჯგუფის შექმნას. თითოეულ საავიამზიდო ჯგუფში შესაძლოა ყოფილიყო ორი ავიმზიდი, ერთი-ორი მრი კრეისერი, 10-12 საეკადრო ნაღმოსანი და ფრეგატი, ატომური სატორპედო წყალქვეშა ნავი. მათზე ითვალისწინებდნენ დამრტყმელი ფლოტის მიერ გადასაწყვეტი ამოცანების დაკისრებას, მათ შორის საავიამზიდო ავიაციით მოწინააღმდეგის სახომალდო დაჯგუფებებზე ზღვასა და ბაზებში მასირებული დარტყმების მიყენება, დესანტის ძალებისთვის გადასხმისა და ნაპირზე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა, აგრეთვე სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალებისთვისაც ზღვისპირა მიმართულებებზე, საზღვაო კომუნიკაციების დაცვა და ა. შ.
უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, საავიამზიდო ჯგუფების მანევრირების ძირითადი რაიონები, სწავლებების ”ოუშნ საფარისა” და ”თიმ უორქის” გამოცდილების მიხედვით, იყო ხოლმე ნორვეგიისა და ჩრდილოეთის ზღვები. ამასთან მათ შესაძლო იყო ემოქმედათ ერთობლივად ან დამოუკიდებლად.
ნავსაწინააღმდეგო ჯგუფის შემადგენლობაში გეგმავდნენ ერთერთი ინგლისური სადესანტო ვერტმფრემზიდის ჩართვას ნავსაწინააღმდეგო ვარიანტში (ბორტზე 20 ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი), ასევე მრი კრეისერის, ექვსი საესკადრო ნაღმოსნისა და ფრეგატის, ერთი-ორი წყალქვეშა ნავის. ვერტმფრენმზიდის დაცვის ძალებში ინგლისურ ხომალდებთან ერთად შესაძლოა შესულიყო ჰოლანდიური მრი საესკადრო ნაღმოსანი და სამი ფრეგატი, ორი დასავლეთგემანული მრი საესკადრო ნაღმოსანი და ორი ფრეგატი, აგრეთვე ფრანგული საესკადრო ნაღმოსნები და კორვეტები (ომში საფრანგეთის ჩართვის შემთხვევაში). ამ ძალების გამოყენებას ითვალისწინებდნენ საავიამზიდო დაჯგუფებების ნავსაწინააღმდეგო თავაცვისთვის მათი საბრძოლო მანევრირების რაიონებში ან მათ გაშლას ისლანდიის ნავსაწინააღმეგო მიჯნაზე.
ამფიბიურ-სადესანტო შენაერთს ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის სარდლის დაქვემდებარებაში გადასცემდნენ მხოლოდ საზღვაო-სადესანტო ოპერაციის ჩატარების პერიოდში. როგორც უცხოურ პრესაში იტყობინებოდნენ, იგი შესაძლოა შემდგარიყო 16-ზე მეტი სადესანტო ხომალდისგან საზღვაო ქვეითი ჯარით ბორტზე, რომლის საერთო რიცხოვნებაც იქნებოდა აშშ-ისა და სხვა ქვეყნების 20 ათასი საზღვაო ფეხოსანი. ამფიბიურ-სადესანტო შენაერთის გადასვლას გადასხმის რაიონში და დესანტის ძალების გადასხმას ახორციელებდნენ, როგორც წესი, საავიამზიდო ავიაციის მიერ დაფარვის ქვეშ. საზღვაო დესანტების გადასხმის შესაძლო რაიონებს, რეგულარულად ჩატარებადი სწავლებების ”ოუშნ საფარი” და ”ანორაკ ექსპრესი” თანახმად, წარმოადგენდა ჩრდილოეთ ნორვეგიის სანაპირო და ბალტიის ზღვის სრუტეების ზონა.
დამრტყმელი ფლოტის შენაერთების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ამოცანები ეკისრებოდა დამხმარე გემებს, რომლებიც ორგანიზაციულად შეყვანილი იყვნენ მომსახურების ძალების შენაერთში. მის შემადგენლობაში შესაძლო იყო შეეყვანათ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ბლოკის სხვა ქვეყნების სზძ-ის 15-მდე მომსახურების ტრანსპორტი და ტანკერი, აგრეთვე დაქირავებული სამოქალაქო გემები.
ბლოკის სარდლობის შეხედულებებით, საავიამზიდო და ამფიბიურ-სადესანტო ძალების შეხამება ერთ გაერთიანებაში, როგორსაც წარმოადგენდა დამრტყმელი ფლოტი, ყველაზე უფრო სრულად პასუხობდა ”მოქნილი რეაგირებისა” და ”რეალისტური დაშინების” სტრატეგიებს. ამიტომ დამრტყმელ ფლოტს განიხილავდნენ როგორც ერთერთ შემადგენელ ძალას საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას შეზღუდულ ომში ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებითა და ტაქტიკური ბირთვული იარაღის არჩევითი გამოყენებით. აუცილებლობისას საავიამზიდო ავიაცია შესაძლებელი იყო გამოეყენებიათ მოწინააღმდეგის სანაპირო ობიექტებზე ბირთვული დარტყმების მისაყენებლად.
შეზღუდულ და საყოველთაო ბირთვულ ომებში დამრტყმელი ფლოტის გამოყენების გეგმებს, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებების მიხედვით, სისტემატიურად ამუშავებდნენ ნატო-ს მშძ-ის ”ვინთექსის” ტიპის სწავლებებზე, ”ოუშნ საფარისა” და ”ანორაკ ექსპრესის” ტიპების სამოკავშირეო (გაერთიანებული) სზძ-ის მანევრებზე შეიარაღებულ ძალთა სხვა სახეობების მონაწილეობით, აგრეთვე საავიამზიდო ძალების სპეციალურ სწავლებებში. საბჭოთა ავტორები ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ უმეტეს მათგანს ატარებდნენ ნორვეგიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, ე. ი. საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთ საზღვრების მახლობლობაში.
საერთაშორისო ვითარების გამწვავებისა და ატლნტიკის ცალკეულ რაიონებში დაძაბულობის კერების წარმოქმნის პერიოდში ბლოკის სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლებელი იყო ჩამოეყალიბებიათ ნატო-ს სზძ-ის სპეციალური დამრტყმელი შენაერთი ატლანტიკაში საგანგებო პირობებში მოქმედებებისთვის. მასში ითვალისწინებდნენ აღმოსავლეთ ატლანტიკასა ან ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ავიამზიდისა და დაცვის ხომალდების ჩართვას, ეს უკანასკნელები ბლოკის მონაწილე ევროპული სახელმწიფოების სზძ-ის შემადგენლობიდან. მის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საოკეანო კომუნიკაციების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ზონების დაფარვა და ევროპულ ომთ-ებს შორის რეზერვების ზღვით გადასროლების უზრუნველყოფა აშშ-დან ავიამზიდების მოსვლასა და ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის წარმოქმნამდე (შენაერთი შესაძლოა ქცეულიყო მის ბირთვად).
ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) წყალქვეშა ძალები ატლანტიკაში უნდა ჩამოეყალიბებიათ ომის დაწყების შემდეგ. მშვიდობიანობის დროს ბლოკის ინტერესებში წყალქვეშა ნავების გამოყენების საკითხებს წყვეტდა აშშ-ის ატლანტიკური ფლოტის სარდალი, რომელიც ამავე დროს წარმოადგენდა ნატო-ს სამოკავშირეო წყალქვეშა ძალების სარდალს ატლანტიკაში, აგრეთვე დასავლეთ ატლანტიკაშიც. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ იგი გადასცემდა დასავლეთ ატლანტკაში წყალქვეშა ძალების სარდლის უფლებამოსილებებს სხვა ამერიკელ ადმირალს და თავის თავზე იღებდა სამოკავშირეო წყალქვეშა ძალების სარდლის მოვალეობებს აღმოსავლეთ ატლანტიკაში, შეცვლიდა რა ამ თანამდებობაზე ბრიტანელ ადმირალს. ბლოკის ხელმძღვანელობის შეხედულებებით, ასეთი საორგანიზაციო გადაადგილებები საშუალებას მისცემდა ნატო-ს სამოკავშირეო წყალქვეშა ძალების სარდალს ატლანტიკაში ყველაზე უფრო მეტი ოპერატიულობითა და ეფექტურობით ეხელმძღვანელა ატომური სარაკეტო და მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავების საქმიანობისთვის, რომელთა უმეტესობა იყო ამერიკული.
მშვიდობიანობის დროს ატლანტიკაში ნატო-ს სამოკავშირეო წყალქვეშა ძალების შტაბი (ნორფოლკი) შეიმუშავებდა ბლოკის ქვეყნების წყალქვეშა ნავების გამოყენების გეგმებს შეზღუდულ შეიარაღებულ კონფლიქტებსა და საყოველთაო ბირთვულ ომში, ათანხმებდა მათ სამოკავშირეო სზძ-ის სარდლობებთან რაიონებში და ეროვნულ სარდლობებთან, აგრეთვე ამზადებდა წინადადებებს ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლისთვის ატლანტიკაში დაგეგმილ ოპერაციებში წყალქვეშა ნავების გამოყენების თაობაზე.
სამოკავშირეო წყალქვეშა ძალების შემადგენლობაში გეგმავდნენ ამერიკული ატომური სარაკეტო წყალქვეშა ძალების მნიშვნელოვანი ნაწილისა და ბრიტანული ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების სრულად ჩართვას, აგრეთვე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, დანიის, გფრ-ის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის სზძ-ის 100-მდე ატომური და დიზელური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავის. გარდა ამისა, ნატო-ს სარდლობა იმედოვნებდა მის შემადგენლობაში ფრანგული ატომური სარაკეტო და მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავების შეყვანასაც.
ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთი ატლანტიკაში წარმოადგენდა ბლოკის საზღვაო მობილური ძალების ერთერთ კომპონენტს. პირველად იგი ჩამოაყალიბეს 1968 წლის იანვარში მასში შეიყვანეს ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი, ინგლისური, ნორვეგიული და ჰოლანდიური ფრეგატები. იმ დროიდან ყოველწლიურად იანვარში ატარებდნენ შენაერთის ჩამოყალიბების ცერემონიას დასალეთ ევროპის ან ამერიკის ერთერთ სამხედრო-საზღვაო ბაზაში. მუდმივად მასში მოითვლებოდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, დანიის, გფრ-ის, ნიდერლანდების, ბელგიისა და პორტუგალიის სზძ-ის ხუთი-შვიდი თანამედროვე ხომალდი, რომლებიც ყოველი ხუთი-რვა თვის შემდეგ იცვლებოდნენ ბლოკის ამა თუ იმ ქვეყნის შესაბამისი ხომალდებით. სწავლებების ჩატარების ან საბრძოლო მომზადების ცალკეული ამოცანების დამუშავების პერიოდში შენაერთების შემადგენლობაში რთავდნენ წყალქვეშა ნავებსა და დამხმარე გემებს. ყოველი წლის ბოლოს შენაერთს შლიდნენ, ხოლო მასში შემავალ ხომალდებს გადასცემდნენ ეროვნულ დაქვემდებარებაში.
შენაერთის მეთაურად მორიგეობით ნიშნავდნენ 1-ლი რანგის კაპიტნის წოდების მქონე ოფიცერს ბლოკის ერთერთი ქვეყნიდან. იგი ემორჩილებოდა უშუალოდ ნატო-ს მშძ-ის უმაღლეს მთავარსარდალს ატლანტიკაში. მაგრამ, იმის გამო, რომ დროის უმეტეს ნაწილად შენაერთი მოქმედებდა ევროპის სანაპიროსთან, იგი იმყოფებოდა აგრეთვე ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაშიც აღმოსავლეთ ატლანტიკაში.
უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ შენაერთის შექმნა განისაზღვრებოდა უწინარეს ყოვლისა სამხედრო-პოლიტიკური მიზნებით _ მოეხდინათ ბლოკის ქვეყნების მზაყოფნისა და გაბედულების დემონსტრირება ზღვაში იარაღის ძალით ”იცავდნენ თავიანთ კოლექტიურ ინტერესებს”. ფაქტიურად კი ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ნატო-ს ”სახანძრო რაზმი”, რომლის ხომალდებიც იმყოფებოდნენ საერთაშორისო ვითარების დაძაბულობის რაიონებში დაუყოვნებლივ გასასვლელად მუდმივ მზადყოფნაში ცალკეულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად, ბლოკის მონაწილე ქვეყნების ჩათვლით.
შენაერთის ყოველდღიურ ამოცანას წარმოადგენდა სხვადასხვა ეროვნული კუთვნილების ხომალდების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ის შემადგენლობაში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე. ამას აღწევდნენ დამოუკიდებელი საბრძოლო მომზადების ჩატარებით, აგრეთვე ეროვნულ სზძ-ებთან ერთობლივად ჩატარებულ სწავლებებსა და ნატო-ს მსხვილ მანევრებში მონაწილეობით. მათი მსვლელობისას პირადი შემადგენლობა იწვრთნებოდა ნატო-ს მთელი ზონის ფარგლებში და სრულყოფდა თავის საზღვაო გაწვრთნილობას. დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, სასარგებლო იყო საბრძოლო გათვლების გაცვლა სხვა ეროვნული კუთვნილების ხომალდებში არსებულ ტექნიკას, შეიარაღებასა და სამსახურის ორგანიზაციასთან გასაცნობად, აგრეთვე პრაქტიკულ სროლებში მონაწილეობისთვის.
შენაერთის შემადგენლობაში საბრძოლო მომზადებას ყოველწლიურად გადიოდა 20-მდე ხომალდი და პირადი შემადენლობის დაახლოებით 4 ათასი ადამიანი ბლოკის ცხრა ქვეყნის სზძ-ის შემადგენლობიდან.
უცხოური პრესის შეხედულებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საერთაშორისო ვითარების გამწვავების პერიოდებში გეგმავდა მუდმივი შენაერთის საფუძველზე სზძ-ის უფრო მსხვილი ოპერატიული გაერთიანების ჩამოყალიბებას, რომელზედაც შეეძლოთ დაეკისრებინათ ცალკეულ რაიონებში ზღვაში ბატონობის მოპოვების, ევროპულ ომთ-ებზე ბლოკის მშძ-ის საფლანგო დაჯგუფებების გაძლიერების, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან ბრძოლის, ნატო-ს ტრანსატლანტიკური კომუნიკაციების დაცვის დამოუკიდებელი ამოცანების გადაწყვეტა. ყველა ამ საკითხის დამუშავებას რეგულარულად აწარმოებდნენ ბლოკის სარდლობის გეგმებით ჩატარებული სწავლებების მსვლელობისას.
ნატო-ს სტრატეგიულ სარდლობას ატლანტიკაში, დასავლელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების სისტემაში. ცივი ომის პერიოდში მას გააჩნდა განტოტვილი და მშვიდობიანობის დროს გამომუშავებული საორგანიზციო სტრუქტურა, რომელიც საშუალებას აძლევდა ოპერატიულად ეხელმძღვანელათ ეროვნული სზძ-ების შემადგენლობიდან ძალების გამოყოფის, სამოკავშირეო სზძ-ის ოპერატიული გაერთიანებების (შენაერთების) ჩამოყალიბებისა და შეიარაღებული კონფლიქტის სხვადასხვანაირ სახეობებში მათი გამოყენებისთვის ჩვეულებრივი ან ბირთვული იარაღის გამოყენებით.
იმავე დროს ისინი ვარაუდობდნენ, რომ სარდლობის ორგანიზაცია საკმაოდ რთული და დიდი იყო, რაც აიხსნებოდა ბლოკის მონაწილეთა წინააღმდეგობრივი წარმოდგენებით ეროვნული და ზოგადსამოკავშირეო ინტერესების შეხამების შესახებ ატლანტიკაში სზძ-ის გამოყენებისას, აგრეთვე ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების სისტემაში არსებული ეროვნული საორგანიზაციო ფორმების შენარჩუნების მისწრაფებით.
1970-იანი წლების მიწურულისთვის ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რაიონში არსებულ კრიზისებთან დაკავშირებით ნატო-ს ხელმძღვანელ ორგანოებში სულ უფრო ხშირად წამოსწევდნენ საკითხს ბლოკის ზონის სამხრეთ ატლანტიკაზე გაფართოებისა და ამ რეგიონში საზღვაო კომუნიკაციებზე კონტროლის დამყარების შესახებ. საბჭოთა ავტორების თქმით, ბლოკის ყველაზე უფრო აგრესიული წრეები მოითხოვდნენ ”ნატო-ს მუდმივი ყოფნის” ორგანიზებას მსოფლიო ოკეანის ამ რაიონში. ჩრდილოატლანტიკური კავშირის უმაღლეს ორგანოებში გამოჰქონდათ ნატო-ს ეგიდის ქვეშ ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ნავთობით მდიდარი რაიონების მიღებისა და იქ სამოკავშირეო ”სწრაფი რეაგირების ძალების” შექმნის გეგმები მის შემადგენლობაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ბლოკის მონაწილე სხვა ქვეყნების სზძ-ის საზღვაო ქვეითი ჯარის, ავიაციისა და ხომალდების ჩართვით.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ყოველივე ეს მოწმობდა იმის შესახებ, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირი რჩებოდა აგრესიის მთავარ იარაღად და სერიოზულ დაბრკოლებად მშვიდობისა და ხალხების უსაფრთხოების განმტკიცების გზაზე.
(დასასრული იხ. ნაწილი III)
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment