Friday, February 26, 2021

გეორგ თრაკლის პოეზიიდან

(ქართველ მწერალთა ეროვნული აკადემიის ჟურნალმა „სხვა დრომ“, # 3–4, 2020 წ., გამოაქვეყნა მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის თარგმნილი ნიმუშები, XX საუკუნის დასაწყისის გამოჩენილი ავსტრიელი პოეტის, გეორგ თრაკლის შემოქმედებიდან; ქვემოთ ბლოგის მკითხველს ვთავაზობთ ამ პუბლიკაციას. ასევე გვინდა ვურჩიოთ მკითხველს ამ მეტად საინტერესო, სასარგებლო და სასიამოვნო ახალი ლიტერატურული ჟურნალით დაინტერესება.




აქვე გვინდა დავურთოთ, რომ მარიამ ქსოვრელს გამზადებული აქვს „გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგიის“ მეორე წიგნი /პირველი გამოიცა 2008 წელს/, რომელშიც შესულია ნიმუშები გერმანული ხალხური პოეზიიდან და 22 ავტორის შემოქმედებიდან, დაწყებული ანდრეას გრიფიუსითა /1616–1664/ და ფრიდრიჰ გოტლიბ კლოპშტოკით /1724–1803/, და დამთავრებული პაულ ცელანით /1920–1970/, ვოლფგანგ ბორჰერტითა /1921–1947/ და პეტერ მაივალდით /1946–2008/. ვფიქრობთ მკითხველი ინტერესითა და სიამოვნებით მიიღებს ამ ახალ წიგნს, როცა ის გამოქვეყნდება) 


გეორგ თრაკლი 

(1887 – 1914) 




იგი დაიბადა ზალცბურგში, მოცარტის მოედანთან ახლოს 1887 წელს. მამამისი, რკინეულობით მოვაჭრე, წვრილ ბურჟუაზიას მიეკუთვნებოდა, იგი კაიზერის ერთგული და თავისი მრავალშვილიანი ოჯახით წარმატებული გახლდათ. შვილები გიმნაზიაში დაჰყავდა და აღზრდა გუვერნანტებისა და მუსიკის მასწავლებლებისაგან მიაღებინა. დედამისი მეუღლის უბრალოებისაგან განსხვავდებოდა. აგროვებდა საინტერესო ნივთებს და უყვარდა მარტოობა და მდუმარებაში ყოფნა. ექვსი და-ძმიდან გეორგი და მასზე უმცროსი გრეტე გამოირჩევიან. შტეფან ჰერმლინი აღნიშნავს: „ეს ორივე ველური, ერთმანეთის მსგავსი, ამ მშვიდობიან კლანში აღმოჩნდა“. 

გეორგ თრაკლი, ცხოვრების შემდგომ პერიოდებში აუტანელი გარემოებების ღრმა ტკივილმა და განცდამ თავის ტალღებში ჩაიყოლა, სამყაროს სილამაზისა და მასთან შეუთავსებელი მორალური დაცემის აღმქმელი ვიზიონერი პოეტი. 

გეორგ თრაკლი ადრეული ექსპრესიონიზმის წარმომადგენელია. 


დისადმი 

შენ სადაც მიხვალ, შემოდგომაა, 
ლურჯი ველური ხეებქვეშ ფშვინავს, 
მარტოეული ტბორი ბინდისას. 

ფრინველთა ფრენის ჩუმი შრიალი, 
შენ თვალთა ჭრილზე მელანქოლია, 
უმალ მეტყველებს შენი ღიმილი. 

შენი ქუთუთო ღმერთმა მორკალა, 
ვარსკვლავნი ღამით ეძებენ შენს შუბლს, 
შენ, შვილო, ვნების პარასკევისა. 


ფსალმუნი 

                       მიძღვნილი კარლ კრაუსისადმი 

ეს ის შუქია, რომ ჩააქრო ქარმა დაქროლვით, 
ეს ის დოქია, ნაშუადღევს მთვრალი რომ სტოვებს. 
ეს ვენახია, გადამწვარი, გადახრუკული, ადგილ-ადგილ ობობებით რომ დაქსელილა. 
ეს ოთახია რძით შეღებილი. 
შეშლილი არის გარდაცვლილი. ეს კუნძულია სამხრეთის ზღვასთან, მზის ღვთაებას რომ შეეგებოს. აი, დაფდაფებს დაჰკრავენ მალე. 
კაცები ომის ცეკვებს ცეკვავენ. 
მდედრნი თეძოებს შეარხევენ ლიანებსა და ყვავილებში, ალისფერადში. 
და თუ ზღვაც მღერის. ო დაკარგულო, ჩვენო სამოთხევ. 
ნიმფებმა ტყენი, ოქროსფერნი, უკვე დატოვეს. 
უცხოს მარხავენ. მზე პირს იბანს, წვიმა დაიწყო. 
სახე მიიღო პანის ვაჟმა მიწის მუშისა, 
რომელსაც დღისით ჩაეძინა ასფალტში, ცხელში, 
აი, პატარა გოგონები ეზოში ჩანან თავის კაბებით გულის მომკვლელ სიღატაკეში. 
ეს ოთახები სავსე არის აკორდებით და სონეტებით. 
ეს ჩრდილებია, ბრმა სარკის წინ ერთმანეთს გულში რომ იხუტებენ, 
აქ ჰოსპიტალის სარკმელებთან მორჩენილები მზეზე თბებიან. 
თეთრი ხომალდი არხს მოადგა და ამოიტანს სასიკვდილო ეპიდემიას. 
უცხო დობილი ეცხადება ისევ ვიღაცას კოშმარ სიზმრებში. 
წყნარად ერთობა ის თხილნარში მის ვარსკვლავებთან. 
სტუდენტი, იქნებ ორეული, უყურებს გოგოს რა ხანია თავის ფანჯრიდან. 
მის უკან მისი მკვდარი ძმა დგას, თუ იგი ჩადის ძველ ხვეულ კიბეს. 
წაბლების ჩრდილში ფერმკრთალდება სახე მორჩილის, ახალგაზრდისა. 
ბაღში საღამო შემოვიდა და ღამურებმა დაიწყეს ქროლვა იქით და აქეთ. 
ბავშვებმაც სწრაფად შეწყვიტეს რბოლა, თამაშ-თამაში, ცას მიაშურეს ოქროს ძებნაში. 
კვარტეტის ბოლო აკორდებმაც, აჰა, ჩამოჰკრეს. კანკალით მირბის ხეივნიდან ბრმად გაჩენილი, მოგვიანებით მისი ჩრდილი ხელისცეცებით აგნებს ცივ კედლებს გალავნისას, ზღაპრებითა და ლეგენდებით გარემოცულა, 
ეს ნავი არის ცარიელი, რომელიც ბინდზე შავ არხში შევა, ჩავა ქვევითკენ. 
ძველი ლტოლვილის გაჭირვებაში ჩამოიქცევა ნანგრევები კაცურ კაცობის. 
მკვდარი ობლები გაწოლილან ბაღის კედელთან. 
ოთახებიდან გამოდიან ანგელოზები, ფრთებზე ლაქებით, შეხებიათ უწმინდურება. 
მატლები წვეთავს მათ ჩაყვითლებულ ქუთუთოთაგან. 
ტაძრის წინ ადგილს წყვდიადი და დუმილი მოსავს, ვითარც დღეები ჩვენი ბავშვობის. 
ვერცხლისფერ ლანჩებს გაუვლიათ ძველი ცხოვრება. 
და აწყდებიან წყლებს წყეულთა აჩრდილნი კვნესით, იძირებიან. 
საფლავში ცეკვავს თეთრი მაგი თავის გველებით. 
თავის ქალების ზემოთ მდუმარ, ოქროსფერ თვალებს ახელს უფალი. 


გერმანულიდან თარგმნა მარიამ ქსოვრელმა

 

No comments:

Post a Comment