(ნაწილი IV)
10 მარტი 1925 წელი. „კომუნისტში“ მოთავსებულია მ. ძამანაშვილის დიდი ფელეტონი „მუშათა კომისიის“ ხუთი თვის მოღვაწეობის შესახებ. არ ვიცი მართლა ყველა წევრები კომისიისა ასე ფიქრობენ, თუ ეს ბ-ნი ძამანაშვილის საკუთარი „ნააზროვნებია“. ყოველ შემთხვევაში ფაქტი ისე უნდა ავიღოთ, როგორც ეს არის და გაუშინჯოთ კბილები ამ ეგრეთ წოდებულ მუშათა კომისიის „ნამოღვაწევს“. ძამანაშვილი თავის მოღვაწეობას ანგარიშობს შარშანდელ აჯანყების დღეებიდან, მაგრამ სულ პირწმინდათ რომ „მართალი“ გამოვიდეს, უკავებს უფრო შორიდან და ამბობს „10 აპრილის მიღებული რეზოლუციის ძალით ბევრი მუშა ამხანაგი, მიუხედავათ არალეგალური მუშაობის წარმოებისა, ამ მუშაობაში მონაწილეობას თავიდანვე არ იღებდაო“. სწორეთ მონახა გასამართლებელი თავის უმოქმედობისთვის და ჯაგლაგა ცხენივით კუდაბზეკილი თითქო რაშების ჯიშში გაერია. სად, რომელ რეზოლუციაში ნახა ძამანაშვილმა, რომ სოციალ-დემოკრატიამ გადაწყვიტა ხელი აიღოს ყოველგვარ ბრძოლაზე და ლიკვიდაცია უყოს თავის არსებობას? 1921 წლის 10 აპრილის რეზოლუცია იყო პირობითი რეზოლუცია, საქართველოს სოციალ-დემოკრატია პირდებოდა რუსის ხიშტებით გამეფებულ ხელისუფლებას, რომ მიუხედავათ ამ ხელისუფლების წარმოშობის უცხოობისა, სოციალ-დემოკრატია არ დაიწყებდა ბრძოლას მის ჩამოსაგდებათ, თუ ის მართლა გაანაღდებდა გაცემულ თამასუქებს, ე. ი. დაპირების თანახმათ თუ რუსის ჯარების ერთდროული ინტერვენცია არ იქნებოდა საქართველოს სრული დაპყრობა და ანექსია, თუ საქართველო საბჭოურათ მაინც იქნებოდა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, თუ საქართველოს არ გასძარცვავდენ ტერიტორიალურათ, თუ ქართველ ხალხს საქართველოში კომუნისტურ ფორმებში მაინც მიეცემოდა თვითმოქმედება-აღმშენებლობის საშვალება. ასეთ პირობებში სოციალ-დემოკრატია საოკუპაციო მთავრობას პირდებოდა ლოიალობასა და თანამშრომლობას ყოველგვარ კულტურულ-ეკონომიურ დარგებში. ასეთი იყო ჩვენი პირობა. შევასრულეთ ეს პირობა? გადავაჭარბეთ კიდეც. თითქმის მთელი ერთი წელი ჩვენი პარტიის ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, მიუხედავათ იმისა, რომ რეპრესიები პირველი დღეებიდანვე დაგვემსხვრა თავზე. და ამ ველურმა რეპრესიებმაც ვერ დაგვაკარგვინა წონასწორობა, ჩვენ მაინც ბოლომდი ვასრულებდით აღებულ ხაზს და მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთმა ყველა თავისი დაპირებანი ფარატინა ქაღალდათ გამოაცხადა, როცა გააუქმა ქართული ფოსტა, რკინის გზა, ნავთსადგურები, როცა ქართული ტერიტორიები „ხელმოუწერლათ“ ჩამოურიგა მის მოკავშირეებს და თვითონაც მიიჭრა კარგი ლუკმა, როცა ათასობით ჩამოყარეს რუსი მოსამსახურეები და აავსეს საქართველოს დაწესებულებები, როცა გააფასეს ქართული ფული და ის რუსულ ქაღალდს გაუთანასწორეს, როცა აშკარათ დაიწყეს ქართველი ერის სულიერათ და ეკონომიურათ გაძარცვა და არა თუ სუვერენობაზე და დამოუკიდებლობაზე შეიძლებოდა ლაპარაკი, არამედ მოსკოვმა მისი დანიშნული მთავრობაც კი დააპანღურა და უფრო ბასრკბილა კოლონიზატორები დანიშნა, აი მხოლოდ მაშინ, მხოლოდ ყველა დაპირების დარღვევის შემდეგ რუსეთის მხრიდან – სოციალ-დემოკრატია გამოვიდა ასპარეზზე და მისი პირველი პოლიტიკური ნაბიჯი იყო მუშათა დელეგაციის დაპატიმრებასთან დაკავშირებული გამოსვლები. ამ მომენტიდან მოსკოვი უფრო პირახეულ შავრაზმულ პოლიტიკას აწარმოებს და საქართველო კოლონიის მდგომარეობამდე ჩამოყავს. ძამანაშვილს ეს კარგათ უნდა ახსოვდეს, ვინაიდან მას მოწინავეთ მოაქვს თავი და როგორ შეიძლებოდა მოწინავე მოქალაქეს ეს დიდი ისტორიული ფაქტები გამოპაროდა?! მაგრამ არა, ძამანაშვილმა ყველაფერი კარგათ იცის, მას ყველაფერი ახსოვს და გაგებულიც აქვს, მაგრამ თავის სიგლახე, ოთხი წლის განმავლობაში სილაჩრე და განზე დგომა ეხლა 10 აპრილის კარგი რეზოლუციით უნდა გაამართლოს. 10 აპრილის რეზოლუცია მართლაც კარგი იყო, არც მისი ავტორი ყოფილა ძამანაშვილი, მაგრამ იმ რეზოლუციაში არ ეწერა, რომ სოციალ-დემოკრატია უნდა დაიშალოს, არაფერი გააკეთოს და საოკუპაციო მთავრობას მაშინაც კი მუნჯათ შეხვდეს, როცა ეს მთავრობა თავის პატარა დაპირებებსაც შეაფურთხებდა და ერს მოსპობისა და გადაგვარების გზაზე დააყენებდა.
„ვინც სისხლის ფურცლებს გვიწერს ისტორიაში, მას უნდა უბრუნოთ პირი, ის უნდა აღმოვფხრათ გულის სიღრმიდანო“. ეს სიტყვები ხაზგასმული აქვს ბ-ნ ძამანაშვილს. როცა თვალს გადაკრავ წერილს, იფიქრებ, რომ ავტორი საშინელ რისხვას ამსხვრევს საქართველოს ამკლებ და გამჟლეტ დამპყრობ რუსეთსო. მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. ეს საშინელი სიტყვები ძამანაშვილს ხაზგასმით მოუყვანია იმისთვის, რომ საქართველოს სოციალ-დემოკრატიის საშინელი ღალატი აღნიშნოს, რომ სოციალ-დემოკრატიის მიერ გაჟლეტილი ხალხი ქვეყანას დაანახვოს. რა უნდა უწოდოთ ასეთ მოამბეს? შეიძლება კი რაიმე ისეთი ეპიტეტის მონახვა ქართულ ლექსიკონში, რომ ამის დამწერის სახე წარმოგიდგეთ? მე მგონია ყველა არსებული სიტყვები სუსტებია და ვერ მოგვცემენ მის ნამდვილ შინაარსს. ვინ, განა სოციალ-დემოკრატია უწერს სისხლის ფურცლებს საქართველოს ისტორიას? მართალია, საქართველოში სისხლის ფურცლები კი არა ტომებიც კი დაიწერა, მაგრამ განა ძამანაშვილს ისე დაუბნელდა ქართული თვალი, რომ ვეღარც კი ხედავს ვინ დაუწერა საქართველოს ეს სისხლიანი ფურცლები? ძამანაშვილი მისულა რუსის ჯალათებთან, მათ კალთაში ჩაგორებია, და ეძახის დახოცილ და გაჟლეტილ, აკლებულ და აპარტახებულ ქართველ ხალხს: „თქვენ უნდა ამოგიხოცოთ გულიდან, თქვენგან მე პირი უნდა ვიბრუნო, რადგან თქვენ სისხლიანი ისტორია დასწერეთო“. უკვე მომხდარის შემდეგ, უკვე ათასობით დაღუპულ მსხვერპლთა საფლავებზე, რუსეთის ჯარებისაგან გადათელილ გვამებზე, ძამანაშვილს ყოფნის გამბედაობა იტრაბახოს: „ჩვენ აღვნიშნავდით გამოსვლების დამღუპველობას და მოუწოდებდით მუშებს არ მიეღოთ მონაწილეობა ამ გამოსვლებში, არამედ მხარი დაეჭირათ საბჭოთა ხელისუფლებისათვის, დახმარებოდენ მას და გაემაგრებინათ იგი“. შეიძლება მართლაც იყვე წინააღმდეგი ისეთ პირობებში დამპყრობთა წინააღმდეგ ომის განახლებისა, როცა თითქო ყველაფრიდან მოსალოდნელია ასეთი ომის წაგება, მაგრამ აქედან განა ის გამოდის, რომ რაკი აჯანყების ტაკტიკას ეწინააღმდეგები, ამისთვის უნდა მიხვიდე მტრის ბანაკში და თუნდაც უდროვო დროს აჯანყებულ შენს ერს ქვები დაუშინო? განა შენი ტაკტიკური ხაზის სხვაობამ უნდა მიგიყვანოს იქნამდე, რომ დამპყრობს და შენი ერის გამჟლეტს შენი საკუთარი ძმების ამოჟლეტაში უნდა დაეხმარო? როგორც არ უნდა მიუდგე აგვისტო-სექტემბრის აჯანყებას, როგორც არ უნდა ემხრობოდე მისი იმ დროს და იმ პირობებში მოხდენას, ისტორიული ფაქტია მაინც რომ მთელი ქართველი ერი აღზდგა დამპყრობი რუსეთის წინააღმდეგ და შეეცადა მონობის უღელის კისრიდან მოძრობა. ეს აჯანყება იყო დიდებული, ერთსულოვანი, სახალხო, ის ნებისყოფა იყო ერის, აქ ორი დროშა იბრძოდა: დროშა დაპყრობილი საქართველოსა და დროშა დამპყრობი რუსეთისა. და ძამანაშვილს იმოდენათ დაკარგვია ქართული მხედველობა, რომ არც კი იცის რას ბოდავს, როცა ამბობს ყველას მოუწოდებდით დახმარებოდენ მტერს, მტერი გაემაგრებინათო. და ეს ძამანაშვილს დამსახურების დავთარში ჩაუწერია და თავი გმირათ მიაჩნია. ნამდვილათ კი პოლიციის მფარველობით მოედანზე გამოსულა, მოკლულთ ემუქრება და დამარცხებულ ხალხს იწოდებს – აბა გამოდით, რა ბიჭი ვარ, ხომ ხედავთ რა შემიძლიაო. ძნელია ყველაფერ იმაზე თქმა, რასაც ძამანაშვილი ბოდავს, მისი „პრაკტიკული“ მუშაობა პარტიის დასანგრევათ არც თუ იმოდენათ საინტერესოა. ვის არ შეუძლია დღეს აგროვოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ხალხი და მიაღებინოს რეზოლუციები „საბჭოებს ვემხრობითო“. ხალხს უჭირს, ხალხი წელშია გაწყვეტილი, ხალხს რაიმე დასასვენებელი პოზიციები უნდა და ასეთი გაჭივრებული ხალხი ხან აქ ხან იქ აფარებს თავს, ის ყველა „ლიკვიდაციებში“ გადის, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს. პარტიას ეს ვერ დაანგრევს, პირიქით, შეიძლება ნაწილმა დროებით თავი შეაფაროს აქაც, რომ დასვენების შემდეგ ისევ საქმეში ჩაებეს. უგლახეს შემთხვევაში მთელი ამ მუშათა კომისიის ჰაიჰუიდან შეიძლება ის გამოვიდეს, რომ ათეული კაცი დაიკარგოს და ძამანაშვილივით თითო ოროლას ფეხი დაუცდეს. ამ მხრით არც მაშინებს და არც მაინტერესებს ეს შეჯგუფება. მე მხოლოდ დღეს იმაზე ვლაპარაკობ, თუ როგორ დამდაბლებულა ბ-ნი ძამანაშვილი. მას თავი გოლიათად წარმოუდგენია და იმასაც კი ბედავს, რომ „გრ. ლორთქიფანიძის შესახებ ჩვენ იმ აზრისა ვართ, რომ მასში მოხდა ერთნაირი გარდატეხა და თუ ის თვით არ დაგვეთანხმება წამოსვლაზე, ვფიქრობთ მისი შემწეობით ჩვენ გამოგვყვებიან სხვებიო“. ასე წარმოიდგინეთ, რომ ყველა ამ წერილების შემდეგ ძამანაშვილი მოდის ჩვენთან და განსაკუთრებით დიდი „ამხანაგური“ გრძნობებით მოიჩქარის გრ. ლორთქიფანიძესთან, რომელშიდაც თურმე „მომხდარა ერთგვარი გარდატეხა“ და ვინ იცის იქნებ ეს გარდატეხა ძამანაშვილის „ხაზსაც“ კი უახლოვდება!.. სადაურ, რომელ გარდატეხაზე ლაპარაკობს ის ან იცნობს კი გრ. ლ-ის ძველ აზრს, რომ ახალზე ლაპარაკობს? ან იცის კი, რომ 10 აპრილის რეზოლუცია, შემდეგ პოლიტიკური ბრძოლის ტაკტიკა და ეხლაც იმავე ძველ პოზიციებისთვის ბრძოლა ახალი გზით, რომ ყველაფერი ეს არ არის არავითარი გარდატეხა, არამედ არის მხოლოდ ბრძოლის სხვა და სხვა ფორმები!.. ან განა გრ. ლ-ს რუსეთში გადმოციმბირებული ხალხი თავის ჯიბაში და მის სურვილზე ყავს, რომ ვისაც უნდა გაატანს საქართველოში? გრ., ან სხვების სურვილზე რომ იყვეს მაშინ რა გვინდა ჩვენ რუსეთში, ან ვინ მოგვიყვანდა აქ, მაგრამ ჩვენ არც ისეთი დაბრუნება გვინდა საქართველოში, რომ თვით საქართველო დავკარგოთ და საქართველოსაც დავეკარგოთ. ძამანაშვილი იმით ყოყლოჩინობს, რომ მან დაეხმარა დამპყრობთ ქართველი ერის აჯანყების დროს და ეხლა ამ საქმის მონაწილენი აქაც უნდა იშოვოს. დავარწმუნებ ძამანაშვილს, რომ გრ. ლ. ვერავის გაატანს მას მტრის ფრონტის გასამაგრებლათ, რადგან მან მტერთან მხოლოდ ბრძოლა იცის. ძამანაშვილი სხვებზედაც ტრაბახობს. თურმე მას შემოუვლია ჩეკები და უნახულებია პატიმრები. არ ვიცი, მგონია ისეთივე მოჭორილი ამბებია როგორც გრ. ლ-ზე ბოდავს, თორემ განა შეიძლება არ აღშფოთდე იმით, რომ კ. ანდრონიკაშვილი და სხვები თურმე კიდევ ჯიუტურათ ადგიან თავის „შეხედულებას“ ყოველგვარი ლეგალური და არალეგალური მუშაობა მოისპოსო. და იქამდინაც კი მისულან, რომ თითქო ძამანაშვილს დაპირებიან დაგეხმარებით არალეგალურ ორგანიზაციასთან ბრძოლაშიო. გიზო ანჯაფარიძე კიდევ უფრო შორს მიდისო, მაგრამ მგონია უფრო შორს წასვლა სადღა შეუძლია. მისი ნაქნარი შორს წასვლაზე კიდევ უფრო შორსაა. ონიაშვილს უკვირსო, რომ ხელისუფლება მის გულწრფელობას არ იჯერებს და არ ანთავისუფლებენო. მართლა თუ უკვირს ონიაშვილს ის გარემოება, რომ ციხეშია და არ უშვებენ, ხელიდან წასული ყოფილა და საწინაო პირიც არ უჩანს. თითქო კ. ქარცივაძესაც უთქვამს, რომ ის სავსებით იზიარებს მუშათა კომისიის მოქმედებას. როგორ შეეძლო ეს განცხადებია კოლიას? მგონია რომ ყველაფერი ეს მოჭორილი ამბებია და ძამანაშვილი ბევრს ცილს წამებს, პროვოკაციებს უხდენს, ჩეკის დავალებებს ასრულებს. ძამანაშვილის წერილი მოთავსებ. „კომუნისტში“ (# 49 – 1/III – 25 წ.).
11 მარტი. ამას წინეთ ორი წერილი დაიბეჭდა კახიანის „ისევ მენშევიკების ახალ ტაკტიკაზე“. ამ წერილებიდან ვტყობილობთ, რომ პარიზიდან მთავრობას ნოე ჟორდანიას ხემოწერით გამოუგზავნია მოწოდება ერისადმი, სადაც დაფასებული ყოფილა აგვისტო-სექტემბრის დიდი ეროვნული გამოსვლების მნიშვნელობა საქართველოსთვის. ამ მოწოდებიდან ნაწყვეტებიც კი არ მოყავს კახიანს, ისე მშრალათ იგინება და იმუქრება, მომაკვდინებელ ცოდვათ უთვლის ჟორდანიას, რომ ის ისეთივე აზრისაა რუსეთზე, როგორზეც თურმე კაუცკი. ხოლო არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რაა ძირითადი შეხედულება კაუცკისა. ყოველ შემთხვევაში მგონია კახიანის დასაცინი წყვილი არ უშოვნია ჟორდანიას. კაუცკი და ჟორდანია!.. ბიჭოს, რა სასირცხო ხალხი უდგას თურმე სათავეში ქართველი ხალხის ბრძოლას? მენშევიზმის მეორენაირ ტაკტიკის გამომხატველათ კახიანს მიაჩნია გრ. ლორთქიფანიძე, რომლის უკანასკნელი წერილი ჩაუგდია თურმე მას ხელში. არაფერს ამბობს ჯერ-ჯერობით ის ტაკტიკაზე, გვპირდება შემდეგ წერილებში გულდასმით მის გარჩევას. უნდა დაუცადოთ ამ წერილებს, მაგრამ არ ვიცი რა ხერხითა და საშვალებით გამოიყვანს კახიანი ჟორდანიასა და ლორთქიფანიძის ძირითად შეხედულებათა სხვაობას. რაც არ უნდა ჩმახოს ამ ჩეკის მიერ გამწესებულმა რუსიფიკატორმა, რაც არ უნდა იიმედოს თავი იმით, რომ საქართველოს მოღვაწეებში ერთმანეთზეა დაპირისპირებული სხვა და სხვა გზები და შეხედულებებიო, ეს მაინც ფუჭი ოცნება და ნაკლები იმედი გამოდგება მათთვის, რადგან თუ კი რამ განსხვავებაა ამა თუ იმ გზებ შორის, ეს არის არა ძირითადი, პრინციპიალური განსხვავება, არამედ უბრალო ტაკტიკური მანევრების განსხვავება, რომ ნაკლები მსხვერპლით და უფრო საიმედოთ მივიდეთ ისევ და ისევ ძველ მიზანზე, საქართველოს აღდგენაზე და სუვერენობაზე, რომელზედაც არ შეიძლება და არც არის არავითარი ყოყმანი, ეს ყველასთვის განზომილი და გადაწყვეტილია, ის ყველასთვის ერთნაირი მიზანი და პროგრამაა. განა თუ მონახავს კახიანი ლორთქიფანიძის ნათქვამში, ან ნაწერში, ან ოდესმე გადადგმულ ნაბიჯში რაიმე რყევას ამ ძირითად საკითხში, პირიქით ამას წინეთ ორჯონიკიძე კიდევაც აღნიშნავდა შიშით „გრ. ლ-ს არჩეული გზა მათი მთავარ მიზნისკენ, ყველაზე უფრო საშიში და სახიფათო გზაა ჩვენთვისო“. რუსეთის წვრილფეხა აგენტებს შეუძლიათ თავი იიმედონ იმით, რომ ძამანაშვილისთანებს გაუწითლებლათ შეუძლიათ ილაპარაკონ ყოველგვარი უმზგავსოება და ამით თავისი თავის არარაობა გამოაშკარავონ. განა თუ არა სულელი იტყოდა იმას, რაც სთქვა ძამანაშვილმა? თითქო ის წინააღმდეგი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, მაგრამ ზურაბოვს გაუნაწყენებია ხალხი, ზურაბოვს ულაპარაკია ანტიქართულათ და ძამანაშვილი ამის გამო ჯინაზე მიმხრობია დამოუკიდებლობას. ასე გამასხრებული და გატიგლიცებულია დღეს თავაშვებული და ჩეკის ფრთებ ქვეშ თავშეფარებული ქონდრის კაცები. განა თუ არა მართლაც ქონდრის კაცებს შეუძლიათ დღეს იმაზე სინანული, რომ საქართველოს დამოუკიდებლათ აღდგენას მიემხრენ? ძამანაშვილი ნანობს, რომ მან ეს შეცდომა ჩაიდინა და გახარებულია თავის ბავშვობის ხანით, როცა თურმე ჭკუაზე ყოფილა და ყოველგვარი ასეთი „ბურჟუაზიული“ დამოუკიდებლობები არ სწამდა. პირველათ მინახავს, რომ გაზრდილი, მობერებული კაცი გახარებული იყვეს და ტრაბახობდეს იმით, რომ ის ბავშვობისას ნიფხავს ისვრიდა. ასეთ სულელს მომაგონებს ძამანაშვილი. მაგრამ ძამანაშვილები ვერ დაუბრუნებენ რუს კოლონიზატორებს ძველ დროს, ისინი უძლურნი არიან შეატრიალონ ისტორიის ჩარხი, საქართველოს ვერავინ დააბრუნებს იმოდენათ უკან, რომ მას სინანული ათქმევინონ მისი უკანასკნელი წლების აღდგომისა და გაცოცხლების ისტორიაზე. ეს უღელტეხილი გადავლო ქართველმა ერმა, ამიერიდან ის უფრო გაიმტკიცებს თავის საზღვრებსა და პოლიტიკურ უფლებებს, დღეს არსებული წარმავალი ეპიზოდები ვერ დაუკარგავს იმედებს უკვე გამოღვიძებულ და აღორძინების გზაზე დამდგარ საქართველოს. ამისთვის ფუჭია დამპყრობთა ოცნება მონახონ საქართველოს მეთაურებში სხვა და სხვა გზები, ძირითადი და პრინციპიალური სხვაობა, საქართველოს სრულყოფობა და დამოუკიდებლობა ეს ძირითადი მიზანია, ამ მიზნისადმი სწრაფვაში არ არის და არც შეიძლება იყვეს რყევა, ხოლო როგორც ყოველი დიდი მიზნისთვის ბრძოლაში, ისე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაშიც, შეიძლება იყვეს აზრთა სხვა და სხვაობა (და ისიც ამა თუ იმ ეპიზოდში) მარტოთ-მარტო ტაკტიკის ფარგლებში. ეს შინაური, ოჯახური საკითხია, ამისთვის თავპირს არ დაამტვრევს ერთმანეთს ქართველი ხალხი. ჩვენ მივისწრაფვით დიდი მიზნისკენ და გვინდა, რომ ეს სწრაფვა სწარმოებდეს ნაკლები მსხვერპლით და მოკლე გზებით, სარფა ხერხითა და მოხდენილი მიდგომით. დღვანდელ მონოპოლისტურ პრესისა და ტერორისტული ოკუპაციის ხანაში მტერს ყველაფერი შეუძლია მიაწეროს ამა თუ იმ მოღვაწეს, მაგრამ იმედი... იმედი ნაკლები უნდა ქონდეს მას, რომ საქართველო ერთმანეთს თავპირს დაამტვრევს. მე ვფიქრობ რუსეთი მისი დამპყრობი სახის თავპირის მტვრევას მოსწრება საქართველოში და ის ნახავს, თუ როგორ ერთნაირათ სცემს მას ყოველი ქართველი... და თვით... შეიძლება იმასაც მოესწროს, რომ ამ განკითხვის დროს მას პირველი მუშტი ეხლანდელ მისმა ძამანაშვილმა ჩასცხოს თავში. ასეთია ისტორიის განაჩენი და ამას ვერ წაუვა რუსეთი.
12 მარტი 1925 წ. დღეს მერვე წლის თავია თებერვლის რევოლუციისა. თითქო არცთუ ისე დიდი დროა განვლილი, მაგრამ ამ რვა წელში განა იმდენი არ განვიცადეთ, რამდენსაც ხშირათ საუკუნეებიც ვერ დატოვებენ?! საქართველოს ტკივილების, განსაკუთრებით მისი დღევანდელი მდგომარეობის ზერელე მიდგომით, რომ დააფასო ეს წარსული რვა წელი, ერთის შეხედვით თითქო მას უბედურების მეტი არაფერი მოუტანია საქართველოსათვის, მაგრამ დავივიწყოთ ერთი წუთით ეხლანდელი ტკივილები, დროებით შევიშროთ ცრემლები აღურაცხელ დაღუპულ მსხვერპლებზე და ცივი ანგარიშით შევხედოთ რანი ვიყავით და რა ვართ ეხლა? გავიხსენოთ ომის წინა წლები, შემდეგ ომის ხანა, ნუ გაუწევთ მარტო იმას ანგარიშს, რომ ხალხის გაჭივრება უფრო ნაკლები იყო მაშინ, ეკონომიურათ უფრო ძლიერი ვიყავით, სოფელი უფრო დოვლათიანათ გრძნობდა თავს, მაგრამ განა ყველაფერ ამასთან ჩვენ, ქართველებს, შიშით და ძრწოლით არ უნდა წარმოგვედგინა ის დრო, როცა ასეთის ძლიერი ტემპითა და აჩქარებულის ნაბიჯით ხდებოდა საქართველოს დენაციონალიზაცია? რუსული გამჯდარი იყო ჩვენს სისხლში და ძარღვებში, ჩვენი სკოლა ამყრალებული იყო რუსული წიგნებით, თვით საქართველოს ნამდვილ ქართულ სულში, ქუთაისშიც კი, წიგნის მაღაზიები გამოჭედილი იყო რუსული წიგნებით და აქა იქ თაროებზე თუ ნახავდით თითო-ოროლა ქართულ წიგნს. ჩვენი ტერიტორია? ქართული მიწა-წყალი? სადღა იყო ყველაფერი ეს. იმდენათ ვიყავით დამბლა დაცემული, რომ თვით უაღრესათ მარჯვენა, ნაციონალისტური ფრთა საქართველოს საზოგადოებრივობისა, თვით ეს ფრთაც კი აღარ ოცნებობდა ერის სუვერენობაზე, ხოლო ის მორცხვი ტერიტორიალური ავტონომიის პროგრამა, რომელიც ყველაზე მარჯვენათ იყო აღიარებული, განა ბედავდა საქართველოს უეჭველ და კუთვნილ ტერიტორიების შემოფარგვლას? ტფილისი? ეს ჩვენი სულის ცენტრალური ვულკანი, ეს ჩვენი თავი და ტვინი, ურომლისოთ საქართველო საქართველოთ არ იხსენიება, განა ეს ტფილისი ჩვენი იყო? განა აქ სტუმრებათ არ ვგრძნობდით მასპინძლები თავს და კოლონიზატორები არ იყვნენ დაპატრონებული ჩვენს საკუთარ, განუყოფელ, შეუბღალავ და მარადიულ საუნჯეზე?.. უცხოელი ქალაქში, უცხოელი სოფელში, უცხოელი ჩვენი შემოტრეტილი მიწა-წყალის გალავნებზე, უცხოელი სკოლაში, უცხოელი ოჯახში, უცხოელი მოხელეთ, მბრძანებლათ, „მოკეთეთ“, „ჭირისუფლათ“, უცხოელი სულში და გულში, უცხოელი და მოშხამული მისი მახვილი ყველგან და ყველაფერში და უცხოელთა მღვრიე ქაოსში ვტივტივებდით ჩვენ როგორც ნაფოტები, და ის იყო უნდა გავერიყეთ კიდეც ამ უცხოელთა ქაოსს და გადაგვარების სტიქიას სამუდამოთ უნდა ჩავეყლაპეთ, რომ ამ დროს ამოვარდა ქარიშხალი, ჩვენი მხსნელათ მოვლენილი ქარიშხალი. აბა წარმოიდგინეთ ეს წარსული უფსკრული, წარმოიდგინეთ საქართველოს მოახლოვებული მოსპობა და უეცრათ დაშორდით ამ საშინელებას, მიმოიხედეთ ირგვლივ და თუნდაც საქართველოს დღევანდელ მწარე და არასახარბიელო ბედით დაკმაყოფილდით. განა არ იგრძნობთ თქვენ თავს ისე, თითქო საშინელი უფსკრულის წინაშე იყავით, დაგიცდათ ფეხი, უკვე იღუპებოდით, მიდიოდით სამუდამოთ დასაძირათ, მაგრამ რაღაც სასწაულით, სადღაც, კლდეზე მოიკიდეთ ფეხი, ჩაებღაუჭეთ ამ ადგილს, ტანჯვით და გაჭირვებით იფორთხეთ და ჰა, როგორც იქნა, უკვე თითქო დაღუპული, ამოხოხდით ნაპირზე და ეხლა ძლივს ითქვამთ სულს, გონს მოდიხართ, სიცოცხლის იმედი გებადებათ, ძალა გიბრუნდებათ, შიში და სასოწარკვეთილება ქრება, ერთი სიტყვით ინკურნებით, სიცოცხლეს უბრუნდებით... განა არ წააგავს საქართველო ასეთ ალალბედზე გადარჩენილს?! და როცა ყველაფერ ამას წარმოვიდგენთ, როცა თვალწინ დაგვიდგება ეს საშინელი წარსული, განა შიშის ცახცახი არ აგვიტანს? და როცა უეცრათ დავტოვებთ ამ უფსკრულს და თვალს მიმოვავლებთ აწმყო საქართველოს, ნახევრათ აკლებულს, რუსეთისაგან ხელმეორეთ დაპყრობილ და აცრემლებულ საქართველოს, მაგრამ არსებითად მაინც სხვა საქართველოს, ვიდრე იყო გუშინ, განა არ უნდა შევიშროთ უმალ ცრემლები და სიამაყით და იმედით არ უნდა შევკივლოთ მომავალს?! მომავალს, რომელიც უთუოდ გვაქვს, რომელიც მოვიპოვეთ, რომლის მოსვლა და აღსრულება ისტორიულათ აწ აუცილებელია, მას ვერავინ შეაჩერებს. ზოგს შეიძლება აშინებს ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ავათ ვართ, არ გამომრთელებულვართ სრულიად, ფეხზე ვერ დავმდგარვართ ისე, რომ ცუდი ტაროსის არ გვეშინოდეს. ოღონდაც, ავად ვართ ჯერ კიდევ, ჩვენს სხეულში ჯერაც ვერ მოგვიკლავს სავსებით უცხო გავლენის ბაცილები, მაგრამ განა ყოველი ქართველის ტანი არ გრძნობს იმას, რომ კრიზისი უკვე გავიარეთ, რომ ავადმყოფობის მთავარი სული მომკვდარია, რომ ჩვენი ფეხი უკვე ავიდგით და დავდივართ, თუმც სუსტათ, მაგრამ მაინც დავდივართ და საქართველოს მთების კრიალა ჰაერი გვმატებს ჯანს, გვმატებს ღონეს, დღითი დღე ვვაჟკაცდებით და აგერ აგერ სულ უჯოხოთაც გავივლით, ფინიების შემოყეფის კი არა ნაგაზებისაც არ შეგვეშინება. ამას ვამბობ და იქ, სადღაც, გულის მეათასე ფსკერზე, ჯერ კიდევ დარჩენილი რუსის აჩრდილი დამცინის, ხითხითებს, თითქო იმისთვის რომ იმედები გამიქროს და ისევ უფსკრულისკენ გადამისროლოს. მაგრამ როცა ვაკვირდები ამ უკვე ლანდათ ქცეულ რუსის ღიმილს, ჩემი იჭვი თანდათან ქრება, რადგან ეს ღიმილია სიმწრის ღიმილი, ასეთი ღიმილი მე მომაკვდავის გამწარებულ ტუჩებზე მინახავს, რომელიც ემშვიდობება წარსულს და აწმყოს ამაოებაზე მხოლოდ უიმედო ღიმილი უპობს ბაგეებს. არ დაიჯერებს ამას ვინც დღვანდელი მწუხარებით მძიმეთაა დატვირთული და ცრემლები უბნელებს თვალებს, მაგრამ ჩვენი მომავალი იმდენათ მოკაშკაშეა, რომ არ შეიძლება მისი გაფერმკრთალება. საბუთი? საბუთი განა ცოტა გვაქვს? ამ რვა წელში უფსკრულს თავი დავაღწიეთ, სამშვიდობოს გამოვედით, ქართული ჩანჩქერებით გავირეცხეთ გულები და ენა გავიწმინდეთ რუსული ტალახისგან. შეიძლება ჯერ ჩვენი სხეული არ არის სრულიად დეზინფექცია ქმნილი და სადმე კბილებში შეგვრჩა ნამცეცები ერთი საუკუნის განმავლობაში ნაცოხნ რუსულიდან, მაგრამ რა უნდა გვიქნას ამ ნამცეცებმა, და ისიც მომაკვდავმა ნამცეცებმა, როცა რუსულისაგან წაწყმედილი სული უკვე ქართულათ გავაკრიალეთ და გული ქართული ჰანგებით ავივსეთ და გავიძღეთ. ჩვენ უკვე შევედით ხელახლა დაბრუნებულ სამოთხეში. მართალია მტერი გაფანტულია ამ სამოთხეში და აქ საარიერგარდო ბრძოლებს გვიმართავს, ხან აქ, ხან იქ გვესხმის თავს, მაგრამ რა უნდა იყვეს აწინდელი ბრძოლის სიძნელე, როცა უკვე შევამტვრიეთ ჩვენი კარმიდამოს ჭიშკარი, რომლის გადმოღმა ვიყავით ქართველები გადმოყრილი, შევედით უკვე ჩვენი მამულ-დედულის უფლებაში, მიმოვიარეთ მისი საზღვრები, გავიგეთ მისი სახე, ტანი და მოყვანილობა. ერთი კუთხე მეორესთან მივედით, დიდი ხნის გაყრილებმა ნათესაობა განვაახლეთ, მაგრათ ჩავეკარით გუშინ დაშორებულები ერთმანეთს გულში და გავიგეთ, შევიგნეთ, შევიგრძნეთ, რომ ჩვენ ერთი სხეული ვართ, ერთი ოჯახი, ერთი სულით და ერთი გულით. და რომ ჩვენი სული და გული ყოველი ქართველს ერთნაირათ დაბრუნებოდა, დაინთო უდიდესი ლამპარი, რომლის ალი ცამდის აღწევს და ერთნაირათ უთბობს და უამებს გულს ყოველ ქართველს; საინგილოდანაა ის, თუ ჭანეთიდან, ჯავახეთიდან თუ ჯიქეთ-აფხაზეთიდან, კახეთიდან თუ იმერეთიდან, სამეგრელოდან თუ ქართლიდან, დინჯი და დარბაისელი მესხია ის თუ მკვირცხლი გურული, ისლამისაგან განთავისუფლებული აჭარელია, თუ მუდამ საქართველოსთვის ქართული გულით მთაში შეხიზნული სვანი. ეს დიდი ლამპარია ქართული სკოლა, ჩვენი საკუთარი აკვნის ნანაზე დასაძირკვლებული სკოლა, რომელზედაც პირამიდათ აღმართულია საქართველოს ქართული უნივერსიტეტი. საქართველოს ყველა ჩანჩქერები იყრიან ამ დიდ არხში თავს და ამ შენაკადებიდან მოტანილ ტალღებს ეს მეცნიერული ლაბორატორია სწმენდს ქვიშასა და ტალახისაგან, რომ დაკრისტალებული ქართული ნაკადები საქართველოს არემარეს დასაწმენდათაც ერის ძარღვებში გაუშვას და ის ნამდვილი ქართული, იაფეტიდური გულისძგერით ააძგეროს. აბა გადახედეთ რამდენი, რა უსაზღვრო რუსული ტალახი მოგვრეცხა ახალმა სკოლამ, ახალმა ქართულმა, ახალმა მოხდენილმა ენერგიამ? რა უნდა დაგვაკლოს თუნდ მოვარდნილმა რუსულმა ნიაღვარმა, როცა ერის სულის არხების ყველა კედლები ამოშენებულია ქართული დამბებით. და ეს სული არასოდეს არ ყოფილა ისე შედუღაბებული ქართული სისხლითა და ცრემლით, როგორც ეს დღეს არის. მართალია რუსეთის ახალმა ნიაღვარმა ერთხელ კიდევ დაგვითარეშა საქართველოს ეროვნული ბაღი, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს რუსული ნიაღვარი გადმოხეთქილია უკანასკნელი რუსული გუბეებიდან და მას მუდმივათ მამოძრავებელი და ახალი ტალღების მომცემი რეზერუარები აღარა ყავს. რუსული დიდმპყრობელობა უკვე იწრიტება, დღვანდელი ჩვენი ტრაღედია გუშინდელის რეციდივია, კარგათ უნდა გადავიხედოთ ჩვენი საზღვრებიდან უფრო შორსაც. 30 მილიონიანი უკრაინა ერათ ჩამოყალიბდა, ეს მისი ეროვნული აღორძინების ტალღები ყუბანსაც მოასკდა, რადგან ყუბანი 70 % უკრაინულია. ისტორიის განაჩენი ისეთია, რომ უკრაინა სახელმწიფოთ იქცევა და საკუთრათ იცხოვრებს, ხოლო უკრაინის გამოცალკევების შემდეგ რუსეთი კალმიკების უდაბნოთ ვეღარ მოაღწევს კავკასიის ქედამდე. და თვით ეს კალმიკებიც და სხვა მრავალი ახლად ფეხ ადგმული ერებიც ისტორიის ამომავალი სხივები არიან, ხოლო ყველა ეს კი მოასწავებს რუსეთის რუსულათ შემოფარგვლასაც, მისი ველიკოროსიის საზღვრებში დატევასაც.
და როცა ყველაფერ ამას გაითვალისწინებ, როცა მოგაგონდება წარსული, გადაგეშლება თვალწინ საქართველოს აღდგომა და მისი ეხლანდელი, თუმც საშინელი გაჭივრებით წარმოებული, მაგრამ მაინც ორგანიული აღორძინება ერის ძალებისა, როცა თვით მომავალიც კი უეჭველათ იმდით სავსეა ჩვენთვის, განა არ გვმართებს ამ რვა წლის წინეთ 12 მარტს ჩამოკრული დიდი რევოლუციის ზარებს აღტაცებით დაუგდოთ ყური და სიყვარულით და სიხარულით მოვიგონოთ ის დღე, როცა ძლივს-ძლივობით დაუძვერით ხელიდან სიკვდილს?!
გვმართებს, ოღონდაც გვმართებს!
მაგრამ ვინ გაიღო ჩვენოდენი მსხვერპლი ამ გარდამოხსნის დღისათვის?.. დიდი იყო მსხვერპლი, მაგრამ დიდია შედეგიც. ქართველმა ერმა თავის შვილთა ძვლებით და სისხლით გაუკეთა საძირკველი თავისუფლებას. რუსეთის ყოფილ იმპერიაში თუ ვინმეს ეკუთვნის თებერვლის დიდი რევოლუციის დღესასწაული, უპირველეს ყოვლისა ის საქართველოსაა.
13 მარტი. ტფილისიდან მოსულ გაზეთებში უფრო ვრცლათაა საკავშირო ცაკის სესიის ანგარიშები, თუმც თვით ტფილისელ რუსულ-ქართულ გაზეთებშიდაც კია ერთმანეთზე საკმაო განსხვავება. საინტერესოა ჩიჩერინის სიტყვის ერთი ადგილი (დაბეჭდილია მხოლოდ „ზარია ვოსტოკაში“), სადაც ის აღნიშნავს, რომ 1920 წელში, ბათუმიდან ინგლისელების წასვლის შემდეგ, ლოიდ-ჯორჯმა განუცხადა კრასინს, რომ საქართველო და მთელი ამიერ კავკასია მას მიაჩნია რუსეთის გავლენის სფეროთ და ინგლისის მთავრობას არაფერი აქვს საწინააღმდეგო ამ გავლენის გავრცელებისო. ე. ს. სხვანაირათ რომ ვთქვათ, ჩიჩერინი ამხელს უდიდეს დიპლომატიურ საიდუმლოებას, რომ საქართველოს დაპყრობის წინ, რუსეთს ხელი გაუხსნა ინგლისმა და დალოცა საქართველოს დასამხობათ. რასაკვირველია, ასეთ საიდუმლოს არც ერთი ჭკვერი დიპლომატი არ იტყოდა, უფლებრივ სახელმწიფოში ასეთი სკანდალი იმავე დღეს კრიზისს შექმნიდა მთავრობაში და სახელს გაუტეხდა სახელმწიფოს. ყველა ამის ალბათ არ ეშინია ჩიჩრინს, მასა და მის მთავრობას რეპუტაციას არც მოაკლებს და არც მიუმატებს ეს ამბავი ისედაც არ არსებულ საერთაშორისო ნდობას. შეიძლება მას ამით ანგარიშიც ქონდა ერთგვარი, რომ ამ საიდუმლოს გამხელით დაუწრეტდა იმედს საქართველოში იმ ხალხს, ვინც ინგლისისა და სხვა სახელმწიფოთაგან მოელის თუ სხვას არა, დიპლომატიურ დახმარებას მაინც, რადგან საქართველოს საკითხი ხომ უაღრესათ საერთაშორისო საკითხია. მაგრამ ყველაფერ ამას რომ თავი დავანებოთ და არ მივაქციოთ ყურადღება არც უხერხულობასა და არც ანგარიშს, განა ჩიჩერინს და მის მთავრობას არ უნდა გაეწია ანგარიში თუნდ იმ მდგომარეობისათვის, რომ ასეთი საიდუმლოს გამხელა სრულიად აშიშვლებს და აბახებს რუსეთს!.. ამით ხომ თავდაყირა აყენებს რუსეთი ამ ოთხი წლის განმავლობაში მის მიერ შექმნილ ლეგენდას, თითქო საქართველოს დაპყრობა აუცილებელი იყო რუსეთისათვის, რადგან საქართველო ინგლისს მიქონდა, რადგან მას ინგლისი ეპატრონებოდა, უნდა იცოდეს თუ არა ჩიჩერინმა საქართველოში მის მიერ წარმოგზავნილი ელჩის არონ შეინმანის ნოტები საქართველოს მთავრობისადმი, სადაც ის 1920 წლის მიწურულში გამუდმებით ესხმოდა საქართველოს თავს და ბრალს დებდა, თითქო საქართველოს მთავრობამ ბათუმი გადასცა ინგლისელებს, რომ საქართველო ინგლისის კოლონიათ იქცა და სხვა? ან განა არ ახსოვს ჩიჩერინს დაპყრობის შემდეგ ათასხელ განმეორებული, რომ საქართველოს დაპყრობა საჭირო იყო ინგლისის თავდასხმიდან საქართველოს უზრუნველყოფისთვისო? რა პირით უთხრა ჩიჩერინმა ეს ამბავი იმ ქართველ მუშებს, რომელნიც ერთი წლის წინეთ ჩეკამ მირეკა ე. წ. მენშევიკთა კონფერენციაზე, სადაც ჩეკასივე კარნახით მათ ალაპარაკებდენ და აწერინებდენ, რომ საქართველო ინგლისის კაპიტალს მიყიდა ჟორდანიას მთავრობამ, წითელი ჯარი კი აქ მოვიდა ლოიდ-ჯორჯის ჯარების საქართველოდან გასადევნათო. ან ის არ უნდა ახსოვდეს ჩიჩერინს, თუ როგორის თავგამოდებით ესხმოდა ინტერნაციონალების კონფერენციებზე რადეკი საქართველოს მთავრობას, რომ ის მოსყიდული იყო ყოველგვარი ლოიდ-ჯორჯებიდან? და მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში დანთხეული სიყალბე ერთბაშათ ყირამალა დააყენა ჩიჩერინმა და ისე საშინლათ გაიშიშვლა ჭეშმარიტი რუსული შუბლი და იმპერიალისტური ნასაქმარი, რომ ამას ვერც ერთი მტერი ვერ უზამდა რუსეთს. მაშ ასე, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩიჩერინმა თვით აღიარა მისი რუსულ-კომუნისტური ბაგენით, რომ ის ლოიდ-ჯორჯი, რომლის თითქო მეგობრობისთვის ჯვარზე აცვენ საქართველო და განსაკუთრებით საქართველოს მუშათა კლასი, აი ეს ლოიდ-ჯორჯი თურმე საიდუმლო მოკავშირე ყოფილა რუსეთის, რომელიც ჩვენ ნოტებს გვიგზავნიდა და შარს გვიძებნიდა, და გვიძებნიდა ისეთი ადგილიდან, სადაც თვით ქონდა გაბმული ქსელი პატარა ერის დასაპყრობათ და დასამონავებლათ. ჭეშმარიტათ, ეს მუხანათური აქტი, აქტი ცბიერობისა და ყოველგვარ იმპერიალიზმზე უფრო მზაკვრული იმპერიალიზმისა, სამუდამო და წარუშლელ სამარცხვინო დაღათ დარჩება რუსეთის კომუნიზმის მახინჯ სახეზე.
რიკოვმაც სცადა იმედები დაწრიტა ქართველი ხალხისათვის და ავტორიტეტულათ განაცხადა: „ქართველი სოციალ-დემოკრატები რომ საჩივრებს უგზავნიან ინგლისის მუშათა პარტიას, ეს საჩივრები გაუხსნელათ ეგზავნება ლონდონის ჩვენ საელჩოსო“. პასუხისმგებელ ხალხს რომ ეთქვა ეს შეიძლება მეფიქრა უცუდესი რამ მუშათა ინტერნაციონალის წევრ ზოგიერთ პარტიებზე, მაგრამ ვინ იცის მართალს ამბობს კი? მე ასე მგონია, რომ ეს ხალხი ყოველგან და ყოველთვის უპასუხისმგებლოთ ლაპარაკობენ, თორემ გაგონილა, რომ სახელმწიფო მოღვაწენი ასე გამასხრებულათ გამოდიოდენ და ისიც ასეთ საპასუხისმგებლო განცხადებებით. მაგრამ იქნებ მართალიც კია? თუ მუშათა პარტიის ორგანო(ც) კი მეხს გვაყრიდა ზოგჯერ თავზე, რა გაუჭირდება პარტიას კონვერტები მართლა გაუხსნელი გადაუგზავნოს რუსეთის საელჩოს?
14 მარტი 1925 წ. საქართველოში ჩაბრძანებული მოსკოველი ბატონები, ცაკის სესიის დასრულების შემდეგ აქეთ-იქით გაიფანტენ და პროვინციებში ექსკურსიებს შეუდგენ. ჩიჩერინი და რიკოვი სომხეთში წაბრძანდა, კალინინი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა, ამავე მიმართულებით წავიდა, ვგონებ, რუდზუტაკი. ჯერ-ჯერობით ვრცლათ კალინინის მოგზაურობას გადმოგვცემენ გაზეთები. ის ქუთაისში ჩასულა ფ. მახარაძისა და გ. სტურუას თანხლებით. თურმე ნუ იტყვით, რომ კალინინს აღმოუჩენია ქართველი ხალხის დიდი პოლოიტიკური განსწავლულობა, რომელიც თურმე მოითხოვს უფრო აქტიურ უფლებებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. და წარმოიდგინეთ ისე მოხიბლულა, რომ ქართულის ცოდნაც კი უნატრია!.. რაღა გვიჭირს, მით უმეტეს თუ კალინინმა(ც) კი ისწავლა ქართული, განა ეს უფრო მეტს არ ნიშნავს, ვიდრე დამოუკიდებლობა?! ამ მხრით ჯერ-ჯერობით დიდი მიღწევები აქვთ როგორც კალინინს, ისე ჩიჩერინს და სხვებს. უსწავლიათ ქართული „გამარჯობა“ და რუსულნარევათ ესალმებიან ხალხს „გამარჩობით“. მათლაც რომ ჩვენი გამომრჩობნი და გამომგუდავნი!.. კალინინს არც ის მოსწონენია, რომ ქუთაისის კაფედრალური სობორო დაუნგრევიათ. უთუოდ ესეც ახალი ამბავი იყო მისთვის და ალბათ არც თვით მამია ორახელაშვილს გაუგია თავის დროზე, თორემ აბა ასეთ რამეს როგორ დაუშვებდენ!.. აკი სთქვა მან ცაკის ყრილობაზე მოხსენების დროს „ამ საკითხში ადგილებზე გადააჭარბესო“... ჰო და, ეხლა ამ „გადამჭარბებლებს“ სტუქსავს კალინინი და ხალხს ეუბნება: „ეს, ეს ჩვენ კი არ გვიქნია, ეს უჩვენოთ მოხდა, ასე როგორ შეიძლებოდაო“. მოდი და ნუ დაუჯერებ ამ მოხუცებული, მართლმადიდებელი ქრისტიანი რუსის ფიცს!.. მოსკოვი, რასაკვირველია, წინააღმდეგი იყო ტაძრების დანგრევის, ის მხოლოდ ჯერ კიდევ 1923 წელს, აი თუნდ XII ყრილობაზე ენუქიძის და სტალინის პირით იწონებდა მხოლოდ ისეთ უბრალო და უმნიშვნელო „ზომებს“, როგორც ტაძრების დახურვის დროს ერთი, ან ორი მლოცველის მოკვლაა, ანდა ორახელაშვილი იმას ხომ არ ამბობდა, რომ მაინცა და მაინც ქუთაისის სობორო დაანგრიეთო, ის მხოლოდ ისეთი კულტურული ზომების მომხრე იყო, როგორიც არის კომსომოლის მიერ ვირებისაგან შემდგარი ქარავნების ტაძრებში შეყვანა, ანდა კიდევ განა მან ეკლესიების დახურვა ბრძანა? პირიქით, ამას „ხალხი“ მოითხოვდა სწორეთ ისევე გადაუდებლათ, როგორც 1921 წ. „მოითხოვდა“ საქართველოს მუშათა კლასი რუსის ჯარების მიერ საქართველოს დაპყრობას. არ გეგონოთ, რომ კალინინი ამას პირფერობით ამბობდა. არა, მან სიტყვის შესრულება რაინდულათ იცის და ამ შემთხვევაში ადრეც გაანაღდა დანაპირები. მაღლაკში თუ გუბში დაუჭერია კომისარი, რომელსაც თურმე თავის მხრით დაუსჯია ვიღაც გლეხი იმისთვის, რომ ამ უკანასკნელს ავადმყოფ დედის საზიარებლათ მღვდელი მიუყვანია. ადვილი გასაგებია ქრისტიანი რუსის ასეთი აღშფოთება, მაგრამ საკითხავია ხომ არაფერი მოუვა კალინინს საკავშირო კონსტიტუციის დარღვევისათვის?! საქართველო ხომ მისი სიტყვით დამოუკიდებელია, ხოლო ვინ არ იცის, რომ შინაგან საქმეთა კომისარიატი ყველაზე უფრო დამოუკიდებელი უნდა იყვეს და ფორმალურათ ეს ასეც არის. და მერე როგორ მოხდა, რომ ამ სხვის ქვეყანაში, დამოუკიდებელ რესპუბლიკაში, კალინინმა სადღაც სოფელში დააპატიმრა მოქალაქე? ჭეშმარიტათ დიდი კრიზისი იქნება, რომ გამოსავალი წინასწარ არ იქნეს მოძებნილი. მამია ორახელაშვილმა თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ ამ(იერ) კავკასიის რესპუბლიკებმა სამი წლის წინეთ იშვილეს რუსის ჯარებიო. ალბათ კალინინიც მაშინდელი ნაშვილებია და ჩვენებურათ, ქართულათ ხომ ნაშვილები შვილის სწორია. ყველაფერი ეს მოგვარდება. მთელი რუსეთი შეგვიძლია რომ შვილობილათ მოვიკიდოთ, აბა ამას რა დაუშლის ხელს, მაგრამ ერთი მეტათ დიდი გადაულახავი დაბრკოლება გვიდევს წინ. ქართული ჩვეულებით ნაშვილევმა დედობილს ძუძუზე უნდა დაადგას კბილი, რუსეთი იმდენათ მრავალრიცხოვანია, რომ ძუძუები კი არა სხვა ადგილიც რომ . . . . , ჩვენ მაინც ვერ აუვალთ, და არ სჯობდა, რომ მამია ორახელაშვილი ერთი შვილებოდა მის საყვარელ რუსეთს, ვიდრე შვილობილათ მოგვაკიდა თეთრი დათვის ბელები?..
ლონდონში უკვე გამოსულა წიგნათ ტრედუნიონების გენერალური საბჭოს მიერ დამტკიცებული ანგარიში რუსეთში და ჩვენში ნამყოფ დელეგაციისა. „პრავდაში“ ფელეტონია ამის შესახებ. საქართველოზე იგივეა გამეორებული, რასაც აქ ამბობდენ. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის თუ ტრედუნიონების საბჭო კვერს დაუკრავდა იმ უმზგავსოებას, რომელსაც ჩვენში ყოფნისას ჩმახავდენ პერსელი და მისი ამხანაგები. ეს წიგნი, თურმე, 250 გვერ. რაოდენობაა. კარგი კია ინგლისურ ორიგინალს ვიშოვნიდეთ, რადგან ეხლა ცოტა უკვე ვიცით ინგლისური და თვითაც გავერკვეოდით.
საკავშირო ცაკის მესამე ყრილობის ამნისტიის ძალით გაუნთავისუფლებიათ საქართველოს კათალიკოსი ამბროსი. მას შარშან ცხრა წლის ციხე მიუსაჯეს, გენუის კონფერენციისადმი მიმართულ მემორანდუმისათვის, რომელშიდაც იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას რუსების ჯარების დამპყრობ თავდასხმებისაგან. ამის გამო შური იძია მღვდელმთავარზე რუსულმა ოკუპაციამ, ის ციხეში მოათავსა და ქართული ეკლესია კი ისე გაანადგურა, რომ მას სპარსთა-ოსმალთა და არაბთა შემოსევა მოაგონა.
15 მარტი. გრიგოლმა მიიღო ლიუბასაგან წერილები. მოხუცი დედ-მამაც სწერენ მას, უფროსი დაც. მშვენიერია მოხუცი დედის და მამის ძველი ქართულით დაწერილი წერილები.
კახიანის წერილების გაგრძელება აღარ იბეჭდება ტფილისის გაზეთებში. სწორეთ იქ გაჩერდა, სადაც გრ. ლორთქიფანიძის წერილზე დაიწყო ლაპარაკი. ეტყობა განგებ შესწყვიტეს და ალბათ აღარც იტყვიან არაფერს. წერილიდან ნაწყვეტების მოყვანას დუმილი არჩიეს.
რუს პატიმრებს მოსდით სხვა და სხვა ადგილებიდან რუსული გაზეთები. სხვათა შორის უკრაინიდანაც. ეს უკანასკნელი ყველაზე უფრო გვაინტერესებს. მოვიდა მაგ. ხარკოვის „კომუნისტი“ უკრაინის მთავრობის და პარტიის ცენტრალური ორგანო. შიგ საინტერესო წერილია მოთავსებული ვიღაც სოლოდუბისა ზატონსკის წინააღმდეგ. წერილი ნაციონალურ საკითხს დასტრიალებს. თუნდ მარტო ამ წერილიდან ნათელი წარმოსადგენია ის, თუ რა ხდება უკრაინაში. აქ გადაგეშლებათ თვალწინ ახლო მომავლის აუცილებელი პერსპეკტივა – რუსეთის ახალი იმპერიის დაშლა, მისი ნაციონალურ რესპუბლიკებათ ჩამოყალიბება. სოლოდუბი ებრძვის რუს ველიკოდერჟავნიკებს, ამხელს კომუნისტ-რუსიფიკატორებს და ლენინიზმის სახელით მოითხოვს სრულ გაუკრაინელებას დაწესებულებებში, ქალაქებში, თვით ჯარშიც კი, ის არ ივიწყებს ყუბანსაც, სადაც თურმე 70 % მცხოვრებლებისა უკრაინელებია. წერილის ტონი ისეთია, მისი არგუმენტები იმოდენათ დამაჯერებელია, რომ უნდა ვიფიქროთ ეს უკრაინული სული ამოხეთქილია თვით უკრაინის ფართო მასებიდან, და თუ ეს ასეა, მაშასადამე უკრაინაში ხდება უდიდესი ნაციონალური რევოლუცია, რომელიც დასრულდება მაშინ, როცა უკრაინა სავსებით უკრაინულ საფუძველს დაემყარება და რუსულ ნაღებისაგან განთავისუფლდება. ეს დღე კი, უნდა ვიფიქროთ, საქართველოს განთავისუფლებასაც მოასწავებს. უკრაინაში დამარცხებული რუსეთი კავკასიაში ვეღარ იბატონებს. ისტორია ჩვენთვის მუშაობს, ერები ყალიბდებიან, რუსეთიც ცალკე უნდა ჩამოყალიბდეს, ამას ვერ აუვლის ის გვერდს. დღეს არა, ხვალ მაინც მოვა მოსავალი. ახალ იმპერიას ვერც წითელი სალტეები შეადუღებენ. პროცესი ისეთია, რომ პირიქით, საკავშირო იმპერია თავის შემადგენელ მოკავშირეებათ უნდა დაიშალოს. თავისუფლებისთვის მებრძოლ საქართველოს მოვალეობაა კარგათ ადევნოს თვალყური უკრაინის ცხოვრებას, იქ უკვე ჩასახულია ის მომავალი ვულკანი, რომელიც საბჭოურ იმპერიას ააფეთქებს. ამას ვერ აიცდენს რუსეთი, ეს ისტორიისაგან მოცემული და ჩვენთვის უზრუნველყოფილია.
16 მარტი. გარდაიცვალა სუნიატ-სენი. დაუბარებია, მეც ისე დამაბალზამეთ, როგორც ლენინიო. გაზეთების გადმოცმით ეს გადაწყვეტილება მიუღია სუნიატ-სენს იმისთვის, რომ სიკვდილის შემდეგაც უნდოდა რვოლუციასთან ყოფილიყოვო. რა მოაკლდება რევოლუციას თუ სარკოფაგებში სუნიატსენი კარგათ იქნა შენახული!.. რა გაშიშვლებულათ მოსჩანს აზია და აზიელობა ამ ანდერძში!.. ლენინი და სუნიატსენი, რუსეთი და ჩინეთი, ბოლშევიზმი და აზიური რელიგია – რა ჰარმონიულათ ეტყვისება ყველაფერი ეს ერთმანეთს!..
კალინინი განაგრძობს დასავლეთ საქართველოში მოგზაურობას. დღეს ცნობაა, რომ ის გურიაში ჩასულა და სოფელ დვაბზუში თვითონ უყრია კენჭი ეკლესიის გახსნის საკითხისათვის. დამახასიათებელია! თვით კალინინსაც კი ისე ეპარება ეჭვი საბჭოური არჩევნების კანონიერებაში, რომ არც კი უჯერებს მის მიერ გამწესებულ ხელისუფლებას და რუსულ „პროვერკას“ („შემოწმებას“ – ი. ხ.) უშვება, აბა მართლა რა უნდა ხალხს, იქნებ მე მაინც მითხრანო. და ვერც კი ამჩნევენ, მარტო ამ აკტში როგორ იხატება მთელი სიმახინჯე საბჭოური დიკტატურისა...
17 მარტი. გრიგოლს ავადმყოფობა მოეძალა. არტერიო-სკლეროზი ძალზე აწუხებს. გული ხშირათ უწუხდება. წუხელის კაპლებით ძლივსღა მოვაბრუნე. დღეს ანდრეევა და დუკისი შემოვიდნენ ჩვენთან. რაკი განცხადება არ გვქონდა მაშინვე გაბრუნდენ უკან. გულის ავადმყოფობა ლადოსაც აწუხებს, ექიმმა მას სასეირნოთ გამოსვლა აუკრძალა.
18 მარტი 1925 წ. გრიგოლი ისე შეაწუხა ავადმყოფობამ, რომ მეტად გააიჭვიანა. ისე ვატყობ სრული გამომჯობინების იმედი ნაკლებათ აქვს. სწორეთ ამითაა გამოწვეული დღეს მის მიერ ნაჩქარევათ დაწყებული პოლიტიკური ანდერძი. მოკლეთ და სხემატიურათ აპირებს თავის აზრების გამოთქმას საქართველოს მომავალზე. ყველაფერი ეს მას უნდა დაეწერა ვრცლათ თავის შრომაში „ფიქრები საქართველოზე“, რომელიც შარშან დაიწყო. ასეც აღნიშნა ამ ანდერძის დასაწყისში. უკვე ავადმყოფი სწერს ის გაჩქარებით, თითქო რაღაცას მოელის და უსწრებს, უნდა მოუსწროს და სთქვას სათქმელი. შევყურებ მას და ასე მგონია თითქო საკანი ბნელდება და გულზე რაღაც მძიმე ლოდი მაწვება. სიტყვა ვერ მომიხერხებია და ვერც გამიბედნია. ასე მგონია, რომ გავაცდენ ჩემი ორი სიტყვითა და რჩევით. ძალა მეკარგება, იმედები თითქო მეწრიტება, რა უბედურებაა ეს ჩვენს თავზე, ნუთუ საქართველოს მთელი ერთი თაობა ასე უნდა გაიჟლიტოს და ამოწყდეს უცხოეთში და უცხოთა ტყვეობაში? არ მინდა შევურიგდე იმ აზრს, რომ გრ(იგოლი) აღარ იქნება და დაგვაობლებს სწორეთ მაშინ, როცა ყველაზე უფროა საჭირო მისი აზრი და საქმე საქართველოსათვის. მაგრამ... მაგრამ... ეს მეორე ანდერძია რაც ის სწერს. ერთი ოჯახური, პირადი, მეორე კი ეხლა პოლიტიკური-საზოგადოებრივი. მაშასადამე ყოველ დღე, ყოველ წუთს უნდა მოველოდეთ ახალ უბედურებას. ჩვეულებრივ პირობებში სიკვდილი ასეთი დიდი მოქალაქისა და მოღვაწის და ისიც მაშინ, როცა შენი სამშობლოს აღორძინება ასეთ დიდ მოქალაქეებს მოითხოვს, განა უბედურება არ არის ერისათვის? ხოდა ეს უბედურება ხომ ვერ შეედრება ეხლანდელ ჩვენს უბედურებას? როგორ შემიძლია გამოვსთქვა მე ის ტრაღედია, რომელსაც განვიცდი აქ სიკვდილის მოლოდინში, განვიცდი საკანში, შორს სამშობლოდან, ამ განცდებს ახვევია გარს აჩრდილები ზვინებათ დაწყობილი საქართველოს მებრძოლთა გვამებისა და წამების გოლგოთა იზრდება და იზრდება, დღე და დღე ბნელდება ირგვლივ და უკუნეთში ვრჩები, ვიცი მხოლოდ, რომ ოდესღაც უნდა გაიფანტოს ეს უკუნეთი, მაგრამ კითხვა და იჭვები, იჭვები და კითხვა მაინც არ მშორდება თავიდან – ნუ თუ ასე უნდა დაიღუპოს, ასე უნდა ჩაიშალოს საქართველოს მთელი თაობა?
20 მარტი. შევიტყვეთ მოსკოვში ავად გამხდარა ნიკო ნიკოლაძე. ის გროზნო-ფოთის ნავთსადენის საკითხის გამო იყო ჩამოსული მოსკოვში რაღაც კომისიასთან ერთად. ვაი თუ ძლიერი ავადმყოფია და მოსკოვში დალიოს სული!?. მაგრამ ორჯერ უფრო დიდი ვაი იქნება, თუ მას არ დაუმთავრებია „კავკასიონში“ დაწყებული მემუარები. ისე კი ეტყობა, რომ თითქო რაც დაიბეჭდა მეტი არც აქვს დაწერილი. ბევრი გვაქებს ქართველებს, ჩვენც არა ნაკლებ მოგვწონს თავი, მაგრამ ღრმად რომ ჩავუკვირდეთ ჩვენ ნაციონალურ, ქართველურ თვისებას, პირდაპირ დანაშაულის თანაბარ – დაუდევრობას, მაშინ მგონია მოსაწონი და საქებარი დიდი არაფერი გვექნეს. ყველაფერში ენტუზიასტები ვართ, გატაცება გვიყვარს, დაწყება ძლიერის ტემპით და დიდი დაპირებებით ვიცით, მაგრამ ბოლომდე საქმე აბა ვის მიუყვანია ჩვენში ისეთივე გულმოდგინეობით და გატაცებით, როგორც დაიწყო. რაც გაგვიკეთებია წარსულში მისი დაფასება არ ვიცით, არაფრათ ვაგდებთ, ხშირათ დიდი საქმე ჩვენთვის შეუმჩნევლათ ჩაივლის, გვგონია რაკი ჩვენ ვიცით, ეს უკვე ყველამაც იცის და რა საჭიროა მასზე წერა და ლაპარაკი. აბა რით უნდა ავხსნათ საქართველოს ის დიდი ნაციონალური უბედურება, რომ მეცხრამეტე საუკუნის არც ერთ დიდ საზოგადო მოღვაწეს მომავალი საქართველოსთვის არ დაუტოვებია თავისი მოგონებები-მემუარები. ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ილია ზდანოვიჩი, არჩილ ჯორჯაძე, კიტა აბაშიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე – განა დატოვა რომელიმემ თუნდ ერთი განაწერი თავის მოგონებებიდან? არა, არც ერთს არ დაუტოვებია, საფლავში ჩაიტანეს ცოცხალი ისტორია და მიწა და უკუნეთი გადაეფარა იმ დიდ, ვეებერთელა, გრანდიოზულ ბრძოლასა და საქმეს, რომლის მეთაურები თვით იყვნენ, მათ არ დაგვიტოვეს თავისი პირადი განცდები, დაფასებები, ჩვენ არ ვიცით მათი ინტიმური სული, სული საიდუმლო უბის წიგნებისა, რომელიც სჭირდება ეხლანდელ საქართველოს და მასზედ მუდამ მოშივებული და მოწყურებული იქნება მომავალი საქართველო. ამ ეპოქის მოამბეთ დარჩენილი, ერთად ერთი ნუგეში იყო დღემდი ნიკო ნიკოლაძე და თითქო გულს მოეშვა, ბურუსში ნათელი სხივები შემოიჭრენ, როდესაც მისი მემუარების დასაწყისი წავიკითხეთ, ვფიქრობდით – ჰაა, იქნებ მოგვხოცოს სირცხვილი, იქნებ აგვივსოს გულის ცარიელი ადგილები, იქნებ შეავსოს აღურაცხელი ნაკლი-თქო – მაგრამ ამ უკანასკნელმა ამბავმა მისი ავადმყოფობის შესახებ ამ იმედებსაც ცივი წყალი გადაასხა, სამწუხაროთ ღრმა მოხუცი ნიკოლაძეც კი ახალგაზრდა ენტუზიასტი დარჩენილა, ბოდიშს ვიხდი მასთან და რამოდენიმეთ გულუბრყვილო ენტუზიასტიც, რადგან მას სწამს, რომ ეხლანდელ მოსკოვზე ცოდნითა და ურყევი ფაქტებით გავლენას მოახდენს, რომ ამით ის ნავთსადენს საქართველოს არ ააცდენს. მოსაწონია ასეთი გულწრფელი და სასარგებლო საქმისათვის გამოწვეული ენტუზუაზმი, მაგრამ კარგათ რომ ავწონ-დავწონოთ საქმე, რომ შევადაროთ ერთმანეთს ნავთსადენი და მემუარები, შეიძლება ეს სასაცილოც იყვეს, მაგრამ მე ვარჩევდი ნიკო ნიკოლაძის მემუარებს. და ეს იმიტომ, რომ ბ-ნი ნიკოლაძე ღრმა მოხუცია, ცას ვერავინ გამოეკერება და ვაი თუ სამარეში ისე ჩავიდეს, რომ შთამომავლობას მთელი ნახევარი საუკუნის უმდიდრეს მოგონებებიდან აღარაფერი დაუტოვოს. ეს იქნებოდა საქართველოს უდიდესი კულტურული დამარცხება, კიდევ მეტი, ამ სირცხვილს ჩვენ ვერასოდეს ვერ მოვიხოცდით, კულტურულ ერებში გამოსაჩენი თავი აღარ გვექნებოდა. და განა თავისი წარსულის გადმოცემის პასუხისმგებლობა მარტო აწევს ნიკო ნიკოლაძეს? არა, თავის საკუთართან ერთად მან უნდა გაუადვილოს შეცდომები ილიას, აკაკის და სხვებს, რომლებმაც თავის პირადი მოგონებებიდან საქართველოს არაფერი დაუტოვეს. შიშით ვცახცახებ, ვაი თუ მოსკოვში დაიღუპოს ეს დიდი კაცი... ლოცვა რომ რაიმეს უშველიდეს ვილოცავ, მორწმუნესავით ვილოცავ...
გამოსულია ვეშაპელის „ახალი საქართვ.“ # 3. „კომუნისტში“ გადმობეჭდილია მისი წერილი შემოკლებით. აქ სხვათა შორის ერთ ადგილას ნათქვამია, თითქო საფრანგეთის პალატაში საქართველოს საკითხზე გამოსვლოს დროს რენოდელი შეხებოდეს საქართველოს პროფესორების განცხადებას აგვისტო-სექტემბრის ამბების გამო და ეთქვას, რომ ინტელიგენცია ყოველთვის ასეა, ის ყველაზე ადრე ემხრობა გამარჯვებულთო. შეიძლება გადამახინჯებულია ამ წერილში რენოდელის ნათქვამი, მაგრამ მართლა თუ ასეთი განცხადება გააკეთა რენოდელმა, მაშინ ის ან შეცდომაშია შეყვანილი, ანდა ეს უბრალო ლაპსუსია. მომხდარის შემდეგ განა შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს ინტელიგენცია ყველაზე ადრე მიემხრო გამარჯვებულ რუსეთს, ანდა თუნდ ეხლა კია მიმხრობილი დამპყრობლებზე? ასეთი დაფასება არის უდიდესი შეცდომა და არა ნაკლები შეურაწყოფა ქართული ინტელიგენციის საქმისა. მართლაც და რა ქნა ქართულმა ინტელიგენციამ და განსაკუთრებით პროფესორებმა? ერთად-ერთი ის, რომ სასაკლაოზე წაყვანილებმა, საქართველოს მებრძოლთა რიგების გაჟლეტის შემდეგ, ხელი მოაწერეს განცხადებებზე, ფორმალურათ დაგმეს აჯანყება, ეს იყო და ეს. ინტელიგენციამ მისცა ფორმალური ფიცი, რადგან უამისოთ საქართველოში დღეს არ შეიძლება ცხოვრება, რუსეთი ფეხათ არ ატარებს იმ ქართველ მოქალაქეს, რომელიც არ ემთხვევა მოსკოვის კომუნისტურ ხატს. განა ასეთი არ იყო მუდამ მურვან ყრუების, ჯელალ ედინების და ტამერლანების შემოსევა? და მით უმეტეს ქართველ პროფესორობას უნდა მიეცა ასეთი ფორმალური ფიცი, თუ კისრები წაეღუნათ რუსული ხმალისთვის დასაკლავათ? რასაკვირველია თავი უნდა გადაერჩინათ, ფორმალური ფიცი უნდა მიეცათ და თავისი ქართული საქმე გაეგრძელებიათ, მეცნიერების ტაძარი არ უნდა ჩაეფშუკათ, ასედაც მოიქცენ. არის ეს მერე მიმხრობა გამარჯვებულზე? ესე იგი დამპყრობ რუსეთზე? ვერც ერთი ჭკუათ მყოფელი ამას ასე ვერ დააფასებს, რადგან არსად არ მომხდარა და არც შეიძლება მოხდეს, რომ ერის ინტელეკტი მთლიანათ მტერს მიმხრობოდეს, სამშობლოსთვის ეღალატოს. ბელგია დაიპყრო გერმანიამ, დაიმორჩილა ხალხი, აუშავებდა მის სასარგებლოთ ბელგიის ინტელიგენციას, მაგრამ იყო ეს ღალატი, მიმხრობა გერმანელებზე? 1871 წელს საფრანგეთზე გაიმარჯვა გერმანიამ, დამარცხებული იძულებული შეიქნა მიეღო გამარჯვებულის პირობები, მაგრამ ნიშნავდა ეს იმას, რომ საფრანგეთმა უღალატა თავის თავს? ასე არასოდეს არ უფიქრიათ დღემდე. შეიძლება საყვედური უთხრათ ინტელიგენციის ამა თუ იმ წრეს, მაგალითად მწერლებს, რომ მათ რათაც უნდა შეენახათ მწერლობის წმინდა დროშა, მაგრამ აქაც მხოლოდ ფორმალურ განცხადებებზე შეიძლება ლაპარაკი, რადგან ქართული მწერლობა თითო-ოროლას გამოკლებით ისევ და ისევ ერთან არის, მის წუხილს და ვარამს ინაწილებს. ერთი სიტყვით ქართველ ინტელიგენციაში რუსეთზე სულით-ხორცამდე მიყიდული ერთი, ან ორი თუ მოინახება, ხოლო მთლიანათ კი ეს ინტელიგენცია ერთანაა, საქართველოს ემსახურება, საქართველოს არ უღალატებს და ვერ უღალატებს, მას არ შეუძლია ვინმეს მიემხროს, სამშობლო ვისმეზე გასცვალოს. შეიძლება გატყდენ, ბრძოლაში დამარცხდენ? განა საქართველოს მუშათა კლასი უფრო სახარბიელო მდგომარეობაშია, ვიდრე ინტელიგენცია? განა პოლიტიკური მოღვაწეები უფრო გამძლეები აღმოჩნდენ, ვიდრე პროფესორები? არც ეს შეიძლება ითქვეს. საქართველოს მოუვიდა ის, რაც ბევრათ თუ ნაკლებათ ყოველი დიდი კატასტროფების დროს ხდება. ნუ წარმოვიდგენთ ისე, თითქო პატარა და წარმავალი ეპიზოდიური დამარცხება ვნახეთ. ხუმრობა ხომ არ არის, მეოთხე წელია ომში ვართ და ორი დიდი საიერიშო თავდაცვითი ომი წავაგეთ. და განა არ ვიცით რა ძალისა და გამძლეობის პატრონი ვართ? განა არ უნდა ვხედავდეთ, რომ ამ ერთ ფინჩხა ხალხს არ შეგვიძლია ესოდენ დიდი და ხანგრძლივი ომები და იერიშები?.. დიახ დავმარცხდით. სასირცხო არაფერია ამ დამარცხებაში. რომ არ გვებრძოლა, რომ არ გვქონოდა თავგანწირვა სამშობლოს გასანთავისუფლებლათ – აი სირცხვილი და თავსლაფის დასხმა ეს იქნებოდა, აი მაშინ ვიქნებდით ზიზღით მოსაგონარნი ჩვენი შთამომავლებისაგან. ჩვენს ფიზიკურ დამარცხებაში არის ხომ ერის უდიდესი მორალური გამარჯვება, ეს გამართლებაა გაღებული მსხვერპლისა. ის მომავლის დუღაბი და ქვიტკირი იქნება, ის საიმედო საძირკვლათ დაედება სახელმწიფოთ აღორძინებულ საქართველოს. დავმარცხდით და ამ დამარცხების შედეგია უკან დახევები, ამა თუ იმ ჯგუფების ძიებები, ცოტათი დაბნეულობა, შიში და რამოდენიმეთ სასოწარკვეთაც კი. ხოლო ყველა ამ წრეებს ახასიათებს ერთი მეტად სანუგეშო და სამომავლო მოვლენა – ყველას უნდა საქართველო, საქართველოზე ვერავინ ვერ ამბობს უარს. ბევრი იწყევლება, ბევრი იგინება, ბევრი აჭარბებს თავის საქციელში და თითქო გიკვირს კაცს, რომ უბედურების ნამდვილ მიზეზს – იმპერიალისტურ რუსეთს არავინ არ კიცხავს, არავინ აძაგებს. ეს თითქო ასეა გარეგნულათ, ერთის შეხედვით. და განა სხვანაირათ შეიძლება? რუსეთის ხელშია ქართული პრესა, ქართული სიტყვა, რუსეთის ბოქლომი ადევს საქართველოს ნებისყოფას და აბა ვის ათქმევინებს სიმართლეს, ვის გააბედვინებს მისი სამარცხვინო საქმეებზე? მაგრამ ეს ხომ არ არის ნამდვილი საქართველო, ის იდუმალათ არის წასული გულის სიღრმეში, საიდუმლო ფიქრებში, უსიტყვო ცრემლებში და როცა იქნება, განთავისუფლების ჟამს, გადმოხეთქს ეს ნაღველი და მაშინ დავინახავთ თუ როგორი მოყვარე და მადიდებელია იმპერიალისტური რუსეთისა საქართველოს რომელიმე ჯგუფები. მით უმეტეს ჩვენ დავინახავთ როგორ „უყვარს“ ქართველ ინტელიგენციას ეს ძალათ მაცხონე „მეგობარი“. და რომ ეს ასე იქნება და გულის სიღრმეში დღესაც ასეა, ამას მოწმობს თუნდ ისიც, რომ საკავშირო ცაკის სესიაზე, ტფილისში, იძულებული იყვნენ მისალმებებით გამოსულიყვნენ ივ. ჯავახიშვილი და კ. მაყაშვილი. პირველისთვის აუცილებელი იყო ეს გამოსვლა. ამ გადასახადს არ შეაწევდა მას რუსეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უნდა გასცლოდა უნივერსიტეტს. მე კი ის მირჩევნია, რომ ივ. ჯავახიშვილმა თუნდ ასჯერ გამოვიდეს ხელზე სამთხვევათ დესპოტებთან, მაგრამ უნივერსიტეტი შეირჩინოს, მას სათავეში ედგეს, ის ქართულათ მიყავდეს. მსხვერპლია ასეთი საქმე? რასაკვირველია დიდი მსხვერპლია, განსაკუთრებით პირადათ მისთვის არის ეს მსხვერპლი, მაგრამ ერთი წუთითაც არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ამ მსხვერპლს მოითხოვს საქართველო, ეს მისი კეთილდღეობისა და მომავლისათვის არის საჭირო. იყო თუ არა აუცილებელი კ. მაყაშვილისთვის ასევე მოქცეულიყო? მე ვფიქრობ არა, არ იყო, მაგრამ განა აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიყვანოთ, რომ ის მიემხრო მტერს? ესეც დაუშვებელია, ქართული მწერლობა არ შეიძლება იყვეს მოღალატე, ის ერის სულს ვერ დაშორდება, უმისოთ ვერ იცხოვრებს. და როცა ვაფასებთ, ან სხვას ვაფასებინებთ საქართველოს მდგომარეობას, ან მის საზოგადოებრივ ჯგუფების მოქმედებას, არ უნდა გვავიწყდებოდეს დღვანდელი პირობები, მიზეზები, უფრო ფრთხილათ უნდა ვუდგებოდეთ მოვლენებს, რადგან ერთი ხომ შეუცდომლათ ვიცით – ქართული სული და განსაკუთრებით მისი ინტელეკტუალური სული წამების ჯვარზეა გაკრული, ის ორპიროვანათ გამოიყურება, ერთია გარეგნული, ფორმალური, მაგრამ მეორეა გულის სიღრმეში, მის ქართულ არსებაში. ინტელიგენცია თვით ეწამება ამ საშინელებაში, ოფიციალურ კრებაზე ის რომ იძულებულია ქება-დიდება უძღვნას უცხო დამპყრობს, ალბათ სახლში მისვლისას, საკუთარ ჭერს ქვეშ და საიდუმლო კუთხეში ცრემლებს ღვრის, ზოგჯერ თავისი თავიც კი სძულს, რომ ის იმოდენათ უძლურია, რომ მტერს ვერ შეაკვდა, მტერს დამორჩილდა. კარგია თავგანწირვა და რაინდობა, მაგრამ მასიურათ და მუდმივათ ეს შეუძლებელია. ასეთი კანონი არ არსებობს ქვეყნათ. თავის დროზე და პირობებში ინტელიგენციამაც თავის საკადრისი ბრძოლა გასწია, ხოლო დღეს კი თვით ერის ინტერესები იმას მოითხოვს, რომ ინტელიგენცია თანდათან გადავიდეს შეგუებაზე და ამ ახალ შეგუების პოზიციებზე აკეთოს ქართული საქმე. ეს ხელს არ შეუშლის მომავალს, პირიქით მას გაამაგრებს. საქართველო დღეს ისეთ საბედისწერო ისტორიულ პირობებს განიცდის, მისი სული ისე დააფორიაქა და აღრია მტერმა, რომ ჩვენ გვმართებს მაქსიმალური ობიექტივობის გამოჩენა და ყველა ტკივილების გაგება, რათა მტრის მიერ დათესილი შფოთი და თიში ჩვენ საკუთარ თიშათ და შფოთათ არ გადავაქციოთ, მტრის გზაზე ინერციით არ გადავიჩეხოთ. საქართველო დღეს ავადმყოფია, მას მოვლა უნდა, ოჯახის წევრებს მამობრივი მზრუნველობა ესაჭიროება, გაჭივრების დროს ნიშნი არავის არ უნდა მიუგოთ, არამედ უნდა გავიგოთ, უნდა გვესმოდეს გულის საიდუმლოებანი და თანაუგრძნოთ მათ, ვინაც მიუხედავათ გარეგნული შეგუებისა, მთელი თავის არსებით მაინც ერის და ერთან არიან...
დღეს, როცა სტენოგრაფიულათ წავიკითხე ჯავახიშვილის, მაყაშვილის და ძამანაშვილის სიტყვები, სრულიად ლოიალური შთაბეჭდილება მივიღე. განსაკუთრებით ეს ითქმის პირველ ორზე და თვით ძამანაშვილიც კი, თუ არ მივიღებთ მხედველობაში აუცილებელ რიტუალს „კომინტერნზე ფიცისა“, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქო „თაფლნარევი“ სიტყვებით საბრალდებო ოქმს უკითხავს, როცა ნაკლებზე მიუთითებს. ძამანაშვილის ამ გამოსვლამ ცოტა მომალბო ძველ გაჯავრებიდან. საერთოთ დღევანდელ დროში ძნელია ნაწერისაგან ამა თუ იმ ამხანაგის, ყოფილის თუ განდგომილის აზრის გაგება. ნამდვილი ინკვიზიციის დროა, როცა ინკვიზიტორების ზეგავლენით ბრალდებულნი სერიოზულათ ამტკიცებდენ: „მართალია, დამნაშავენი ვართ, კი ვისხედით მგლებზე და ვტურა-ქალობდითო“.
22 მარტი. გარდაიცვალა ლორდი კერზონი, ცნობილი დიპლომატი, არა ერთხელ ნამყოფი ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრათ. „პრავდა“ წყევლის და კრულავს კერზონს, ის არ იყო ბოლშევიზმის მეგობარიო. მერე როდის იყო, რომ შეპირდა მეგობრობა? 1919 წელს კერზონის წინადადებით უმაღლესმა საბჭომ (ანტანტისა – ი. ხ.) ფაქტიურათ იცნო საქართველოს რესპუბლიკა, ეს იყო პირველი საფეხური საქართველოს საერთაშორისოთ გასუბიექტების საქმეში. [გარდაცვლილა ნარიმან ნარიმანოვიც. საკავშირო ცაკის ერთ-ერთი თავმჯდომარე და აზერბაიჯანის „კომუნიზმის“ მეთაური. ეხლანდელ დროში ოფიციალურ ბოლშევიზმს ბუზიც კი შეუძლია აქლემათ აქციოს და ქონდრის პოლიტიკოსები ახალ ვარსკვლავათ გაასაღოს. აბა რა იყო ნარიმანოვი, და ისე კი გამოდის მონოპოლისტურ პრესის სიტყვით, თითქო აღმოსავლეთში ახალი მესია ყოფილიყვეს. დაასაფლავეს მოსკოვში, ხოლო ამ(იერ) კავკასიისთვის ბრძანება გასცეს სამივე რესპუბლიკებში დასაფლავების წუთები სატახტოებში (ბაქოში, ტფილისში, ერევანში) ზარბაზნები გაისროლეთო. კიდევ კარგი, რომ ამ. კავკასია სამ რესპუბლიკათ (საქართველოთ, სომხეთათ და აზერბაიჯანათ) აღნიშნეს, თორემ ყოველ დღე ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქო კავკასიის მთებს იქეთ ტომარაში ჩაყრილია უთვალავი უსახო და არეული მასსა, რომელსაც უთუოდ რუსული თავი უნდა მიებეს და რუსულათ იმართოს. მამია ორახელაშვილის წარმოდგენით აქ რვა რესპუბლიკაა და ეროვნებებს კი ვგონებ სამოცამდეც ითვლის. მართალია ძველი სინოდი რესპუბლიკებს არ ახსენებდა და მაზრებით კმაყოფილდებოდა, მაგრამ არც ის მისულა იმოდენ რუსულ შავრაზმულ სიაშკარავემდე, რომ ამიერ კავკასიის სამი ერი სამოცამდე დაენაწილებია. ამ მხრით ნარიმანოვის სიკვდილის გამო მოსკოვიდან გაცემული ბრძანება გამონაკლისია – მადლობა ღმერთს, რომ მხოლოდ სამი რესპუბლიკა დაითვალეს და ყველას თავ-თავისი სატახტო აღმოაჩნდა...
23 მარტი. დღეს შუადღისას ჩვენს საკანში მოვიდა კომენდანტის თანაშემწე სოკოლოვი და გამოგვიცხადა ნახვაზე მოვმზადებულიყავით. პირველათ გვეგონა ნახვის საბაბით სხვა რამესთვის მივყავდით, ისიც ვიფიქრეთ, რომ აქედან სულ გვგზავნიდენ, მაგრამ შემდეგ გამოირკვა, რომ მოვიდა ე. წ. „მუშათა კომისიის“ დელეგაცია, რომელსაც გ. პ. უ-დან (მაშინდელი უიშროება – ი. ხ.) აქვს ნებართვა ჩვენი პირადი ნახვისა. ექვსივე ქართველი წაგვიყვანეს საკომენდანტოში. მე პირველათ ვიყავი აქ, ჩემთან სანახავათ ხომ არავინ ყოფილა ჯერ. გაგვატარეს სადღაც ჯურღმულებში და გაგვიღეს ერთი ოთახის კარი. ამ ოთახში იყვნენ მ. ძამანაშვილი, კ. მაჭარაძე და დ. მიქელაძე. მოულოდნელი და არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო. გუშინდელი ამხანაგები დღეს ჩეკის ნებართვით მოვიდნენ ჩვენთან და უნდა დაგველაპარაკონ, უნდა გვიმტკიცონ, რომ ჩვენ შემცდარ გზაზე ვდგევართ. ჩემთვის მძიმე იყო გრძნობა იმის, რომ საქართველოდან, ქართველ ტყვეებთან მოვიდენ ქართველები, მოვიდნენ დამპყრობთა ნებართვით შეიარაღებული ქართველები. პირველი შეხვედრა, ერთმანეთის შეხედვა, ქართული „გამარჯობა“ და უსაშინლესი გრძნობა, ყველაზე მძიმე განცდა: „საქართველო უკვე დამარცხებულია, მას უკვე ხმალი გადაუტყდა“... მთელი დაგუბული ბოღმა გულში თითქო აჩუხჩუხდა, სხეულმა განიცადა მწვავე ჟრჟოლა, სიტყვები აღარ მქონდა სალაპარაკოთ. ფანჯარასთან კედელს მივეყრდვნე და ყურს უგდებდი მოსულთა მოხსენებას. ჩვენებს, სხვებსაც არ ულაპარაკიათ, ორი თუ სამი რაღაც კითხვები მისცა გრიგოლმა. დელეგაციამ მოიტანა ოფიციალურათ, ჩვენთვის გასაცნობათ მასალები: არალეგალური ფურცლები, თეზისები, საზღვარგარეთიდან (ევროპიდან) მოსული ზოგიერთი საიდუმლო წერილების და ლიტერატურის ასლები. ყველაფერი ეს თვლით ჩავიბარეთ, საკნებში წამოვიღეთ, რომ ღამით წავიკითხოთ და ხვალ-ზეგ ისევ უკან გადავსცეთ. აი ეხლა დავბრუნდით საკანში. გაბრუებული ვარ, ვნერვიულობ, რა გაართმევს თავს ესოდენ ფიქრებს... მინდა ვიკითხო მოტანილი მასალები, მაგრამ მთვრალი ვარ, წაკითხული აღარ მესმის, რომელს უნდა გაუძლო გაგონილს თუ წაკითხულს? ის, რაც მქონდა წარმოდგენილი უსაშინლესათ, სინამდვილის მარტო ლანდმა დაფარა... როგორ განადგურებულა საქართველო, რა განუცდია სამშობლოს!.. და ვინ იცის იქნებ ეს ახალიც კი მართლაც მარტო ლანდია იმასთან, რაც საქართველოს თავს დაატეხენ... ვუსმენდი მათ, გულდასმით ვუსმენდი, იკუმშებოდა გული, თვალებში სიბნელისაგან სინათლეს აღარ ვამჩნევდი, გავშრი, დავიწრიტე, ვუსმენდი აუგს, მარტოთ მარტო აუგს საქართველოზე და მინდოდა და ვერ მოვახერხე მეყვირა: „მერე ვისი ბრალია, ვინ დაკლა საქართველო, ვინ მოსჭრა მას თავი!..“ სადღაც გულის ფსკერზე, საიდუმლოთ ატირებული ქართული გრძნობა მაჩერებდა, მაბრალებდა მოსულებს, მარიგებდა მათთან, მაყვარებდა მათ და ნუგეშით მეუბნებოდა: „გაჩუმდი, მისი გულიც შენსავით სტირის, მაგრამ ელამი აქვთ სახე და ამით უნდათ დაიფარონ სიცოცხლე, ქართული სიცოცხლე“... საღამო კი იყო და ნახევრად ბნელოდა ოთახში, თავისებური ლანდები დადიოდნენ ჩვენს შორის და მე ისე მყავდა სამივე მოსულები წარმოდგენილი, თითქო მათ თავები ქონდათ წაბურული და ასე ვფიქრობდი, ვეჭვობდი, ახალციხეში, ან სამუსლიმანო საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეში ვიყავი, ვხედავდი გარეგნულათ გაოსმალებულ და გულით კი ისევ ქართველათ დარჩენილ ქართველებს. რამდენჯერ მიტირია მე იქ, როცა თურქული ფესკის ქვეშ ნამდვილი ქართველი აღმომიჩენია და შევრიგებივარ ყველა ელამ და უცხო ლანდ გადაკრულ სახეს, რადგან გული მაინც ჩემი იყო, ქართული იყო და ჩემსას და ქართულს რათ უნდა ავშლოდი მე, როცა ვიცოდი, რომ ჩემი მტერი ფესკის მომტანი იყო და არა დამხურავი... ვუთხარი მე ჩემი გულის ნადები, გავუხსენი საკლიტულე საქართველოდან მოსულ სტუმებს? მითხრეს მე მათ ყველაფერი, რასაც იტყოდენ და უნდა ეთქვათ ქართველებს? ნახევრათ იყო შეღებილი ჩვენი გულების სარკმლები. მეც ვერ გავბედე სრულიად, მათაც ვერ გაბედეს ყველაფერი. აქ იყო ცოტა სიელამე, ერთმანეთთან ოდნავი სუსხი და იჭვები. მართლა ვერ ვნდობით ჩვენ ერთმანეთს? სანამ რუსი სდგას ჩვენს შორის, ჩვენ ვერ გადავშლით გულებს და ვერ ვიტყვით სიტკბო-სიმწარეს. ეხლავე რომ გავყვე მე მათ მაინც არ მენდობიან და ვერც მე ვენდობი მათ. და ამ სამ სტუმარსაც ერთმანეთ შორის ალბათ რაოდენი საიდუმლო აქვთ!.. რუსი, რუსის ლანდი ყველას გულს კეტავს და საკუთარ საფლავათ ხდის. თავის გადარჩენის ინსტინკტმა გააელამა საქართველოს სახე, დამარცხებამ დაბზარა მისი გული, ბრძოლის ველზე ძლეული ლაშქრები უკან იხევენ და მორჩილდებიან, ეგუებიან გამარჯვებულ მომხდურთ. ეს მტერი ისლამის გზითა და საშვალებით ანადგურებს დღეს საქართველოს და საქართველოც ძველებული ზომებით ცდილობს თავის სიცოცხლის შენახვას, ფორმალურათ ღებულობს ახალ კომუნისტურ სჯულს... გული დავაჯერე, შევურიგდი ამ უბედურებას. ძამანაშვილი, რომელსაც გუშინწინ აღშფოთებას ვუგზავნიდი, დღეს მე მებრალებოდა, მინდოდა ნუგეში მეთქვა, დამეიმედებია, საიდუმლოთ მეთქვა ქართული სიტყვა, გამემაგრებია სულით, რომ მოლიპულ გზაზე ფსკერამდე არ დასულიყო და ქართული იერი სრულიად არ დაეკარგა... საღამოს 8–9 საათი იყო როცა დავბრუნდით საკნებში. თავი მტკივა, გული კი თითქო არაფერს გრძნობს, ის ხომ შეურიგდა ამ უბედურებას და ასე მიცემს, თითქო მგონია, რომ მუდამ ასე მიცემდა, მუდამ ასე ვგრძნობდი, როცა დღეს მოსულ სტუმრებს სხვა დროსა და გარემოებაში ვხვდებოდი... რა გაათენებს, დღევანდელ ღამეს, რა გაუძლებს მოყოლილ კოშმარებს, ასჯერ ხომ მაინც გამირბენენ ისევ თვალწინ სიზმრების ლანდებათ და ასჯერვე ახლად განმაცდევინებენ სამშობლოს უბედურებას?!..
24 მარტი. წავიკითხე საქ. სოც. დემ. მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის არალეგალური ფურცლები. გუშინ მოგვიტანა ის გასაცნობათ მუშათა კომისიის დელეგაციამ. საერთოთ კარგი ფურცლებია, ორი-სამი კი პირდაპირ მშვენიერია, განსაკუთრებით აჯანყების შემდეგ ერისადმი მიმართული ფურცლები. რა მოკლავს იმ პარტიას და მის მშობელ ერს, რომელსაც ასეთი წარღვნისა და წალეკის შემდეგ შეუძლია მაინც ასეთის ენერგიითა და სიმტკიცით გააგრძელოს განმათავისუფლებელი ბრძოლის საქმე!.. ცივი ანგარიშით და სოციალისტური სიმტკიცით არის დაცული ამ ფურცლებში მეზობელ ერებთან ძმობისა და სოლიდარობის შენახვის საქმე, განსაკუთრებით სომხებთან დამოკიდებულების საკითხი. რუსეთს უნდა სომხეთი და სომხობა ამიერ-კავკასიის შიგნიდან ამაფეთქებელ ძალათ გამოიყენოს და წარსული წლის აგვისტო-სექტემბრის აჯანყებაშიც საპროვიკაციოთ აქა-იქ სომხობა თავის იმპერიალისტურ საქმის იარაღათ გამოიყენა. ბუნებრივია, რომ ამ დიდი ნაციონალური ომის შემდეგ ბოღმა და შხამი დაგუბდეს ქართველ ერში იმათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს იარაღათ გამოადგა, მაგრამ ეს უბედურება, რომ მოხდეს და ქართულ-სომხური ანტაგონიზმი გაიზარდოს, ეს კიდევ უფრო გაართულებს ჩვენს საქმეს და გაუადვილებს დამპყრობ იმპერიალისტებს ამიერ კავკასიაზე ბატონობას. ამას კარგათ ხედავს სოციალ-დემოკრატია და აკი ის კიდეც გააფთრებით ილაშქრებს რუსეთის მოწყობილ პროვოკაციების წინააღმდეგ და მასებს მოუწოდებს არ ჩატეხონ ხიდი სომხის ხალხთან, რომელთანაც საუკუნოები გვაკავშირებს და ობიეკტიურათ მისი საკითხი ჩვენი საკითხიც არის, რადგან საქართველო და სომხეთი ან იარსებებენ ერთათ, ძმურათ და მეზობლურათ და მაშინ ჩვენი მომავალი უზრუნველყოფილია, ანდა გავითიშებით და ამ გათიშვით მტერი ადრე თუ გვიან ორივეს ცალცალკე და სათითაოთ გადაგვთელავს. ამ მხრით ფურცლებმა აღტაცებაში მოგვიყვანა. კარგია დიდი ნოეს ორი წიგნაკიც, ერთი მათგანი სეითის საპასუხოთ. ჩეკებში მოხვედრილთა თეზისები ყოვლად უღირსია, ამ უღირსთა შორის თითქო ისევ ესერებს შერჩენიათ ცოტა ღირსება, რასაკვირველია მხოლოდ შედარებით. არის ერთი თეზისები სოც. დემ. ცეკასი (ჩვენ კი გვითხრეს თითქო ის აფ. წულაძეს დაუწერია ჩეკაში), რომლიც კარგათ და ღირსეულათაა შედგენილი, თუ ის აფთონმა მართლაც ჩეკაში დაწერა, მაშინ ყოჩაღ ბიჭო, ბარაქალა. ეს თეზისები საპასუხოა სუზდალელების თეზისებზე. მართალია, შეიძლება იყოს ჩვენს შორის განსხვავება ერთ საკითხში, მაგრამ იმ პოზიციებით, რომელზედაც ეხლა სდგას საქართველოს სოც. დემ. ცეკა, ეს სუზდალელების საპასუხო თეზისები კარგათ და ღირსეულათაა შედგენილი. გვიჩვენეს აგრეთვე ერთი ხელნაწერი, თითქო ის იყვეს ცეკას უკანასკნელი თეზისები, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ყველა ზემომოყვანილ დაბეჭდილ ფურცლების და მასალების შემდეგ, ცეკას ასეთი მიუღებელი რამ შეედგინა. აქ მოყოლილია დაუსრულებელი წილადობილა, რომ რუსეთის კომპარტიაში ოპოზიცია ძლიერდება, ტროცკი შეტევაზე გადადისო და სხვა, რასაკვირველია სულ წინააღმდეგი იმისა, რაც სინამდვილეშია. ოპოზიცია კი არ ძლიერდება, არამედ მოსპეს, ტროცკი კი არ იბრძვის, არამედ ხელფეხშეკრული დააგდეს. საქმე მიდის ამავალი საფეხურებით დიქტატურისკენ, ან უკეთ პიროვნული დიქტატურა უკვე ფაქტია (სტალინი) და მას ეხლა არა ოპოზიცია და ისიც ტროცკის მეთაურობით დააქცევს, არამედ უნდა მოხდეს ერთგვარი დაკვრა, სამხედრო გადატრიალება. ამისთვის მწიფდება მდგომარეობა. მას ან გარეშე გართულება დააჩქარებს, ან და რუსეთის შინაგანი წინააღმდეგობა მოამზადებს. იმდენათ, რამდენათ რუსეთი სახელმწიფოებრივათ გაძლიერდება და ნორმალურ ურთიერთობას მოინდომებს მსოფლიოსთან, ის ვერ აიცდენს პოლიტიკურ კრიზისებს, რადგან ასეთ ურთიერთობისთვის არ გამოადგება მას კომუნისტური ავტოკრატია. ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი რთული და სერიოზულია და მისი ასე იოლათ დაფასება და ზერელეთ გადაჭრა პარტიას არ შეფერის და არც მგონია, რომ ეს ხელნაწერი პარტიის ხელმძღვანელ ორგანიზაციებს ეკუთვნოდეს. არის კიდევ ერთი გაუგებრობის მზგავსი ფურცლებში და სხვა დოკუმენტებში, რაც ყურს არ ეხამუშება, განსაკუთრებით ჩვენთვის, სუზდალელებისათვის არის ეს მიუღებელი: ხშირათ ახსენებენ კომინტერნს, რომ კომინტერნმა გაანადგურა საქართველო, კომინტერნი ჟლეტს ქვეყანასო და სხვა. შეიძლება ეს ერთხელ და ორხელ იხმარო, რადგან ვინ არ იცის, რომ კომინტერნი და რუსეთი დღეს სინონიმებია, მაგრამ ჩვენ რომ უმთავრესათ და უპირველესათ რუსეთთან და მის იმპერიალიზმთან გვაქვს საქმე, კომინტერნი და მისი კომუნიზმი კი რუსეთს როგორც ლეღვის ფოთოლი აფარია დამპყრობ სახეზე, დღეს მაინც ხომ გაშიშვლებული გვყავს რუსეთი, მის სისხლიან სახეს კარგა ხანია საქართველომ მოფხრიწა კომუნიზმისა და სოციალიზმის საფანელები. დოკუმენტებ შორის არის ერთი, რომელიც არ მჯერა, რომ ჩვენებს ეკუთვნოდეს. ეს არის თითქო ნ. რამიშვილის მოწერილი წერილი, სადაც თურმე მოყვანილი უნდა იყვეს დიდი ნოეს აზრიც პარტიზანულ რაზმებზე. წერილი გამოგზავნილია წარსული წლის ნოემბერში, ე. ი. აჯანყებიდან მესამე თვეზე. ამ წერილით თითქო ურჩევს დიდი ნოე რკინის გზებზე და ნავთსადგურებში ბრძოლის გაგრძელებას. ვფიქრობ ეს წერილი შეთხზულია, რადგან დაუშვებელია, რომ რაც მოხდა იმის შემდეგ, იყვეს შესაძლებლობა ბრძოლის წარმოებისა და მით უმტეს ასეთ ფორმებში. ეს საქართველოს ვერაფერს შემატებს, ხოლო სამაგიეროთ აღურაცხელ უბედურებას მიაყენებს, დამპყრობი ძალა მუდამ საომარ განწყობილებაში იქნება ხალხთან. ასეთი ტაკტიკა აწი მაინც არ გამოდგება. ორი ომი წავაგეთ და პატარა საქართველო უძლურია აწარმოვოს პერმანენტული ომები. დავმარცხდით ფიზიკურათ, მაგარი ვართ სულიერათ და მორალურათ. ეხლა გვინდა მოსვენება და საერთაშორისო პირობებისთვის ცდა. ასეთი პირობები ადრე თუ გვიან დაგვიდგება. რუსეთი ვერ შესძლებს ახალ ავსტრია-უნგრეთობას, მასაც იგივე ბედი ეწევა, რაც ამ იმპერიას ეწვია, დაიხსნება და დაიშლება. საერთოთ მასალებით კმაყოფილი ვარ, რომ ეს ხელთნაწერი და რაღაც მოჩმახული დოკუმენტია არ მაწუხებდეს. იმედს კი მაინც არ ვკარგავ, რომ ეს უკანასკნელები სინამდვილიდან შორსაა.
25 მარტი. ეხლა დაახლოებით თითქო ნამდვილი სურათი მაქვს წარმოდგენილი საქართველოში მომხდარისა. ვიცი ის საშინელი კატასტროფა, რომელიც განიცადა ჩემმა სამშობლომ, ვიცი ის გმირული ბრძოლაც, რომლითაც ეკვეთა მტერს პატარა საქართველომ. აღურაცხელი მსხვერპლი, განადგურებული ერთი თაობა, თითქმის მთელი ერთი საუკუნის მონაგარი განძის ნახევარი საფლავში ჩასული და აკლებული. თვალწინ მიდგას დამარცხებული საქართველო, ვხედავ მტერს სახეზე რომ აცხია ჩემი ძმების სისხლი, ფიქრით დავდივარ სოფლიდან სოფელში, მთიდან მთებზე, ქალაქიდან ქალაებში და ვითვლი ძმათა სასაფლაოებს... რაოდენი ძეგლები აქვს საქართველოს ამ გმირ ვაჟკაცთა ძვლებისაგან შეზვინული!.. დაწყებული ქიზიყიდან და გათავებული აფხაზეთით ყოველი სოფელი და ქალაქი დღეს იდუმალათ ეალერსება რუსის ჯარებისაგან გაჭრილ საფლავებს... ჟრუანტელი მივლის ტანში შორაპნის ტრაგედიის მოგონებაზე. რონოდებში დახვრეტილი და ჩაკლული ხალხი, სადგური სისხლის ღელეთ წალეკილი... განა უფრო მეტი ველურობა შეიძლება?!. ან სამტრედიის მოგონება, მომაკვდავი ილ. კოპალეიშვილის მიყვანა სასაკლაოზე, მისი უკანასკნელი სიტყვები საქართველოზე და შემდეგ სიკვდილის მიღება. ან კიდევ სენაკი და საერთოთ სამეგრელო, სადაც „კურგანებია“ დაყენებული მკვდრებისაგან. თითქო, ნათლივ ვხედავ ტყვეებს, რომლთაც ნაბრძანები აქვთ ერთ-ერთი აჯანყების ხელმძღვანელის სახლის დარღვევა, უარს ამბობენ ამაზე, მათ ხვრეტავენ, მოყავთ მეორე წყება ტყვეებისა, ისინი თანხმდებიან, არღვევენ სახლს, მარა მათაც ხვრეტავენ. თვალწინ მიდგანან სამეგრელოს ქალები; ატირებული, აწიოკებული ქალები, ისინი ევედრებიან რუსის ჯარების სარდალს გაანთავისუფლოს ტყვეთ წაყვანილი მათი ქმრები. სარდალი მოითხოვს მათგან, რომ ქალებმა დასწვან აჯანყების ხელმძღვანელის სახლი და პირდება ქმრების ცოცხლათ დატოვებას და განთავისუფლებას. ქალები სწვავენ აჯანყების ბელადის სახლს, რუსის ჯარების სარდალი კი მაინც ხვრეტავს ამ ქალების ქმრებს. აბა რომელი სადისტი, რომლი ცინიკი მონახავს უფრო დიდ საწამებელ საშუალებას!.. მესმის და არასოდეს არ დაყრუვდება ტფილისის ციხეებიდან დასახვრეტათ გადაყანილთა დიდების გუგუგუნი... სამშობლოს ფსალმუნით კვდებიან, უკანასკნელ ლოცვას მისთვის აღავლენენ!.. და რა დიდი გამარჯვებაა შენი იდეიის საქართველო ამ დამარცხებაში!.. უმაგალითო, გაუგონარი ერთსულოვნება ხალხის, ეროვნული აღტყინება და ბრძოლის ყიჟინა – აი რით დასრულდა საქართველოსთვის ბრძოლის პირველი პერიოდი. ამით ბრძოლა ხომ მაინც არ შეწყდება... ის ვერ შეწყდება, რადგან საქართველოს თავისუფლება უნდა... მაგრამ ეხლა სხვა გზით და სხვა საშვალებით უნდა ვიბრძოლოთ... ჰო, რაოდენი ახალი სახეები მიემატა დახოცილთა ძველ აჩრდილებს?.. რამდენზე არ ვიცოდი, რამდენი კიდევ ცოცხალი მეგონა, და ვინ იცის ალბათ რამდენი არ ვიცი კიდევ!..
დღეს მუშათა კომისიის დელეგაციასთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა. მათ მიერ მოტანილმა მასალებმა, ან პირადათ მოყოლილმა ოდნავაც ვერ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი გზა შემცდარია, პირიქით ყველაფერი იმის სასარგებლოთ ლაპარაკობს, რომ საქართველო და მისი ბრძოლა სამართლიანია, ხოლო დამარცხების შემდეგ გამოსავალის ძებნის დროს არ არის პარტიისათვის მისაღები ე. წ. მუშათა კომისიის რეცეპტი. პარტია არ შეიძლება დაიშალოს, მას ვერ დაშლის ასეთი შეჯგუფებანი, პარტიის შტაბი, მისი ხელმძღვანელი ორგანოები, უნდა არსებობდენ და იდეურ-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უწევდენ მასებს, უმთავრესათ ის უნდა სცემდეს არალეგალურ პრესას და სხვა. კარგა ხნის თათბირის შემდეგ შევთანხმდით, რომ ხვალ ერთხელ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და ჩვენ მათ გადავსცემთ წერილობითი ოფიციალურ პასუხს. უკვე შეღამებული იყო, როცა დავბრუნდით საკნებში. ნახვის ოთახიდან ეზოში გამოვლაზე მოგვყვებოდა კომენდანტის თანაშემწე და ორიც ზედამხედველი. დაღალული ვარ, მაგრამ მე უნდა გადავათეთრო ჩვენი საერთო შემუშავებული პასუხი, დილისთვის ის მზად უნდა გვექნეს, უკანასკნელ ნახვაზე გადავსცემთ და წავლენ კიდეც უკანვე.
26 მარტი. დღეს მუშათა კომისიის დელეგაციასთან შესახვედრათ დილის 10 საათზე წაგვიყვანეს. ძამანაშვილი, მაჭარაძე და მიქელაძე მოსულები დაგვხვდენ. მალე შეუდექით მსჯელობას. წავიკითხეთ ჩვენი წერილი, რომელზედაც ხელი გვეწერა შემდეგი რიგით: კ. გოგუა, ზ. გურული, ალ. დგებუაძე, გრ. ლორთქიფანიძე, ლ. რუხაძე, ვლ. ჯიბლაძე. ძამანაშვილი ამ წერილმა ცოტა გლახა გუნებაზე დააყენა. საკვირველია, გულუბრყვილოები ხომ არ იყნენ, რომ რაღაც არაჩვეულებრივს მოელოდენ თურმე ჩვენგან. განა მათი მოსვლა გამოგვცვლიდა, ან გამოცვლილათ დაგვანახებდა საქართველოს მდგომარეობას და ჩვენ პრინციპებზე ხელს აგვაღებინებდა?! ამის შემდეგ ლაპარაკი დიდხან არ გაგვიგრძელებია. მხოლოდ ერთზე შეგვეკითხენ: „ხომ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო ჩვენ რომ ვითხოვოთ თქვენი რუსეთში გაშვება ან ევროპაში გადასახლებაო“. გადაჭრით უარი უთხარით ყოველგვარ შუამდგომლობაზე. საქართველოში თუნდ ციხეში წაყვანაზედაც კი ყველანი თანახმა ვართ და ამას მოვითხოვთ კიდეც. 12 საათზე გამოვეთხოვეთ ერთმანეთს. მოგვიყვანეს ისევ საკნებში, რუსი პატიმრები დაინტერესებული არიან რით გათავდა ჩვენი შეხვედრა. დაღლილები ვართ, მაგრამ იძულებულები ვართ მაინც ვუპასუხოთ, ეს ციხის ამხანაგური ტრადიციაა...
27 მარტი. ამ(იერ) კავკასიის ფედერაციის სამი წლის თავზე ს. ორჯონიკიძეს ტფილისის საბჭოს კრებაზე წარმოუთქვამს სიტყვა. მოყვანილია სტენოგრაფიულათ „კომუნისტში“. ის, რასაკვირველია, ქება-დიდებას ასხამს იმ რუსულ კოლონიზატორულ ხუხულას, რომელსაც ეწოდება ფედერაცია. განა თვით ორჯონიკიძე კი არ არის დარწმუნებული, რომ ეს ფედერაცია მხოლოდ რუსიფიკაციის იარაღია? ოღონდაც არის, არ შეიძლება არ იყვეს, რადგან ფედერაციის საშვალებით ცდილობენ სამი სხვა და სხვა ენა, სხვა და სხვა კულტურა და სხვა და სხვა ხალხი ერთფეროვანათ ათქვიფონ და გააერთიანონ, ხოლო ასეთი გაერთიანებისათვის ამ დომხალს აბავენ რუსულ თავს და მით მოსკოვის იმპერიალიზმს ამაგრებენ ამიერკავკასიაში. და აი ამ ფედერაციას ასხამს ქება დიდებას მისი სულის ჩამდგმელი და იცით რა მოყავს უმთავრეს მიღწევათ? ის რომ ამ. კავკ. მშვიდობიანობა დაამყარეს. მაგრამ იმას რათ არ ამბობს თუ ვინ არღვევდა ამ. კავკ. ერების მშვიდობიანობას? განა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და ოსმალეთი არ იყო, რომ გამუდმებით თავს ესხმოდენ ამ. კავკასიის რესპუბლიკებს? ვინ ებრძოდა საქართველოს სოჭის ფრონტზე, დარიალში, წითელ ხიდზე, ახალციხეში, არტაანში, ბათუმში, თუ არა რუსეთი და ოსმალეთი? ვინ ებრძოდა ადერბაიჯანს თუ არა რუსეთი? ვინ მოსპო სომხეთი თუ არა რუსეთმა და ოსმალეთმა შეერთებული ძალებით? რუსეთ-ოსმალეთმა გაინაწილეს ამიერკავკასია და ეხლა იკვეხნიან მშვიდობიანობა დავამყარეთო. ეს ისეთივე მშვიდობიანობაა, რომ ვინმეს ოჯახში მიუხვდე, იქ მყოფნი ამოწყვიტო, შენ სხვისაში დასახლდე და იტრაბახო – აი ეხლა რა მშვიდობიანობაა, აღარ არის ეხლა ქიშპი ჩემსა და იმ ოჯახს შორისო. ორჯონიკიძე სიხარულით ცას ეწევა, რომ ფედერაციას თურმე ეხლა აღარ ყოლია მოწინააღმდეგენი, ის მხოლოდ ერთად-ერთ მტერს გრ. ლ(ორთქიფანიძე)ს პოულობს, რომლის უკანასკნელი წერილი მიაჩნია უდიდეს უბედურებათ და ამბობს, რომ ასეთ ვაჟბატონებს ჩვენ მუდამ ვებრძოლებითო. გადაჭარბებული იმედებია. დადუმებულ ქვეყანაში დესპოტს ყველა მდუმარენი მისი მომხრენი გონია. ვნახოთ ფონი ამოსავალში, ვნახოთ, რას იტყვის მომავალი. ხოლო რომ ის მოსკოვისა და მის მიერ გამომწესებულ საბჭოთა მთავარმართებელ ორჯონიკიძისათვის სანუგეშოს არაფერს იტყვის, ეს წინასწარ ვიცი. საქმე მხოლოდ დროშია, დრო კი საქართველოს სასარგებლოთ მუშაობს, მომავალი მას აღადგენს...
შემთხვევით მივიღე წერილი ჩემ ძმისწულ გოგიასაგან. წარმოდგენაც არ მქონდა თუ გოგია ამოდენათ გაიზარდა და ასეთი კარგი ყმაწვილი შეიქნა. აღტაცებაში მოვედი წერილის წყობით, მოქნილი, მსუბუქი და ლამაზი ენით. როცა ასეთ წერილს სწერს 15–16 წლის ბავშვი, როცა ის ასე ღრმათ ითვისებს მშობლიურ ენას და საკუთარ ნიადაგზე სდგას, განა მაშინ რაიმე გვაქვს სასოწარსაკვეთი და იჭვი უნდა გავივლოთ საქართველოს მომავალზე? და ამის დამწერს არ ეხერხება ორი-სამი რუსული წინადადების თავმოყრა, ჩრდილოეთიდან მოტანილი რუსული კანი ასე საჩქაროთ გაიხადა და გაიფცქვნა ტანიდან აღორძინებულმა საქართველომ. წასულია რუსო შენი საქმე, წასული. კომუნისტური კამფორა ვეღარ მოაბრუნებს შენს მომაკვდავ სულს საქართველოში. აი გოგიას წერილიც:
„უძვირფასესო ძია ლეო! დიდიხანია ვაპირებ წერილის მოწერას, მაგრამ ქართველი კაცის სიზარმაცე და უნებისყოფობა ალბათ იცი. და ესეც რომ არ იყოს წერილსაც თავისი შერჩეული დრო უნდა და მის შინაარსს უთუოდ კულტურული რაობა უნდა ახასიათებდეს, თორემ ისე ყოველი სიტყვა იქნება შაბლონიური და არგანცდილი. არ ვიცი რამდენად გავამართლებ ამ წერილში ზემოთქმულს, მაგრამ სრული პროპორციონალობის დაცვას ახლა არ შეუდგები, რადგანაც ამ წერილს საჩქაროთ ვწერ. ვიცი, გეინტერესება ჩემი ამბავი და ამასთანავე ის, რაც ასაზრდოებს და აფხიზლებს თანამედროვე ჩვენს ახალგაზრდობას. მაგრამ ამაზე რომ სრული პასუხი გავცე ძლიერ საწყენად დაგრჩება ჩვენი მომავალი თაობის ასეთი ასახვა. ვიტყვი იმას რაც სინამდვილეშია, მხოლოდ მოკლედ: XX საუკუნე ეს სოციალურ პრობლემათა საუკუნეა, მის მაჯისცემაში კი იხატება ფენომენალური გამოაშკარავება სინამდვილის, ფართო მასშტაბით რომ ავიღოთ ეს გამართლებულია, მაგრამ ავიღოთ ჩვენი მასშტაბი: ქართველი ახალგაზრდობა (ეს ხომ მომავალია, რომელზედაც უნდა დავამყაროთ ჩვენი იმედები), რომელიც იყოფა რამოდენიმე ჯგუფებათ: „ტარიელ მკლავაძეები“, ცრუ სოციალისტები და ყრუ მეცნიერნი – აქ შეხვდებით თქვენ კიდევ 91 (0/–) პოეტს და მსახიობს. სხვა ინტერესი, სხვა საკითხი, საღი მსჯელობა, ან პრაკტიკაზე დამყარებული რაიმე, მათ არ აინტერესებთ. ცარიელი სიტყვები – „კანტი“, „აინშტეინი“, „ბერგსონი“ და გაზეპირებული ფრაზეოლოგია. აი ასეთ წრეებში მიხდება მუშაობა. და წარმოიდგინე რომ როგორ უნდა დააღწიო კაცმა თავი ამ რკალს, რომ იგრძნო სულის სიმშვიდე და ორიგინალური შექმნა რაიმე, უამისობა კი შეუძლებელია, რადგან თუ გინდა იყო უნდა გახასიათებდეს სხვასთან ერთად ორიგინალობაც. ბევრი, ბევრი მინდა ვილაპარაკო ამ საკითხზე, მაგრამ საჩქაროთ ვწერ და დრო და გარემოება არ მაძლევს გასაქანს... მე ეხლა ვსწავლობ გიმნაზიის 7 კლასში (ეხლა შრომის სკოლაა) და წელს ვათავებ ე. ი. შემდეგ წელში უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო გამოცდები, ვაპირებ ისტორიულ-ფილოლოგიურზე ან ეკონომიურზე, მამას კი უნდა საინჟინეროზე შევიდე, მაგრამ რაც მე არ შემეგუება, რასაც ჩემი სული ვერ შეეთვისება იმის ხელის მოკიდება ჩემთვის, რასაკვირველია, ძნელია, ასეთ პირობებში ვიმყოფები მე დღეს. ვცხოვრობთ ტფილისში და ვსუნთქავთ მშრალ და დაწმენდილ ჰაერს. საშურაც წელს ათავებს, ის 6 კლასშია, მარამ იმდენათ მკვიდრ ნიადაგზე დგას თანამედროვე სკოლა, რომ 6 კლასიანი მოწაფე უკვე გარკვეული გზის პატრონია და ცხოვრების საშიშარ ტალღებს ის არ შეუდრკება... მაგრამ ყველა არ არის მომზადებული ამისთვის, ბევრი ჯერ უსუსურია და ეს ტალღები ალბათ მას შთანთქავს და მოსპობს. ცხოვრების კანონებიც ხომ ასეთია, ყველას ერთ ფორმებში ჩამოყალიბება შეუძლებელია. გადავიდეთ ჩვენებზე: ძია ვანომ ცოლი შეირთო, მსახურობს, კარგად არის. ძია პოლიკო პარიზშია. სოფელში ყველანი კარგად არიან, ბაბუა ისევ ყოჩაღათ არის. გკოცნით ყველა ბევრს. გკოცნით უსაზღვროთ საყვარელო ძია ლეო! შენი გოგია რუხაძე. ტფილისი 15 მარტი 1925 წ.“ ამ წერილში მე დამატყვევა წმინდა ქართულმა, აზრთა სადა წყობამ, მისი შინაარსი უფრო მოწაფის განცდებია, რასაკვირველია დროებითი და წარმავალი. და თუ ასეთია ჩვენი გოგია დღეს იმედი მაქვს, როცა ის დავაჟკაცდება, ნამდვილი ქართველი მოქალაქე შეიქნება. და უფრო კიდევ ის მახარებს, რომ ასეთი კარგი ქართულის მცოდნე ყმაწვილმა თითქმის არა იცის რა რუსულის... წარმოიდგენდა ამ 10–15 წლის წინეთ ჩვენი თაობა, რომ დაუდგებოდა რუსს ისეთი დრო, როცა ის სკოლიდან განიდევნებოდა და ქართველი ბავშვი მხოლოდ ქართულ-ევროპულათ შეუდგებოდა განსწავლას?!. არ ვიცი ვინ გაბედავდა ასეთ მარჩიელობას!..
28 მარტი. „კომუნისტში“ მოთავსებულია ორჯონიკიძის სიტყვა ამ. კავკ. ფედერაციის სამი წლის შესრულების გამო. წარმოუთქვამს ქალაქის საბჭოში. ჩვეულებრივათ დიდ ბაქი-ბუქშია, რომ ფედერაციამ გაამართლა თავისი თავი, რომ მისი მომავალი უზრუნველყოფილია, რომ მას დღეს აღარავინ ებრძვის და ყველა მოწინააღმდეგეებმა ქედი მოიხარეს... მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგეღა დარჩენია მასო, ამბობს ის, და ეს მოწინააღმდეგე ყოფილა თურმე გრ. ლ(ორთქიფანი)ძე. გაჯავრებულია დიქტატორი, რომ თურმე სუზდალელებს წამოუყენებიათ ხელახლა საკითხი საქართველოს ს.ს.რ.კ-ში უშუალოთ შესვლისა. ის არას ამბობს ამ საკითხის დასაბუთებაზე, ვერც იტყვის, რადგან ეს იქნებოდა თავისი თავის გაროზგვა, ფედერაციის წინააღმდეგ ლაპარაკი, რადგან დღეს ვინ არ იცის, რომ ამ. კავკასიის სამ რესპუბლიკაზე ზევიდან ხელოვნურათ დაშენებული ფედერაციის ხუხულა არის არც მეტი არც ნაკლები – მხოლოდ და მხოლოდ რუსიფიკაციის იარაღი.
გარდაცვლილა კომპოზიტორი ანდრია ყარაშვილი – ტფილისის ქართული გიმნაზიის დიდი ხნის მასწავლებელი, ავტორი საქართველოში ცნობილი სიმღერებისა: „სამშობლო, სამშობლო, ჩემო ლამაზო“, „დავრდომილი სნეული უნუგეშოთ ვსტირი მე“ და სხვა. გაზეთის ცნობით მოკვდარა დიდ გაჭივრებაში, ამ მოხუცებულობაში თურმე გადაჭარბებულ შრომას ეწოდა, რომ ლუკმა პური ეშოვნა. საქართველოს ეხლანდელი ტრაღედია იმაშიდაც მოსჩანს, რომ ქვეყნის ინტელეკტუალური ძალა შიმშილისაგან წელში წყდება და გადაშენების გზაზე ადგება, რუსეთიდან მოტანილ ხანძარში იწვება ქართველ პატრიოტების სული და ის რომანტიკოსი თაობა, რომელიც ასეთის აღტაცებით უგალობდა აღორძინებულ საქართველოს და მოელოდა ერის ფეხზე დადგომას, დღეს თანდათან ქრება, მისი უკანასკნელი რიგები თხელდება... ამ ცხონებულმა თითქო გამიღიზიანა ქართული გრძნობა, მომაგონა ქართული სიმღერები, ახ, სულის მიცემა შეიძლებოდა ერთი ქართული, ჩვენებური ტკბილი სიმღერის გაგონებაში. სადღაც, შორს ეხლაც მესმის თითქო „სამშობლო, სამშობლო“ და „დავრდომილი სნეული“, ყურს ვუგდებ, მინდა არ შეწყდეს, მაგრამ ისე შორიდან მოისმის ის, ისე თანდათან გაუგონარი ხდება, რომ ჰა, ლამის არის შეწყდეს კიდეც... და განა გასაკვირია, დრო და გზა შორი მაქვს საქართველოდან, გულში ჩარჩენილი წარსულით ვხცოვრობ და ეს წარსულიც კი აწმყო კაეშანით ისეა დამძიმებილი, რომ ზანდუკში ჩაჭედილ საიდუმლოებას ემზგავსება, და ამ ცხრა კლიტულიდან ძლივსღა აღწევს, ძველი მაგრამ მუდამ ახალი ქართული ჰანგები... ვიქნები ისე ბედნიერი, რომ საქართველოში ქართულ სიმღერას გავიგონებ?..
29 მარტი. მუშათა კომისიის დელეგაცია რომ აქ იყო, დაგვიტოვეს მთელი კომპლექტი თავის გაზეთ „ახალი გზისა“, სულ 14 ნომერი. თავიდან ბოლომდე, პირველიდან უკანასკნელამდე წავიკითხეთ წერილები. დღევანდელ დროისათვის ბევრი საყურადღებო მასალებია. ყველაფრიდან, ყველა წერილებიდან, განცხადებებიდან, ანგარიშებიდან მხოლოდ ერთი დასკვნა უნდა გამოვიყვანოთ: საქართველო დამარცხებულია ფიზიკურათ, მას მეტი აღარ შეუძლია, ომს ვეღარ აწარმოებს, მას არ უნდა, სძაგს რუსეთი, მაგრამ იძულებულია დაემორჩილოს, სხვა გზა მას ჯერ-ჯერობით აღარ გააჩნია. ამითია გამოწვეული ძიება, გზა აბნეულობა, მრავალი ნახტომები, იჭვიანობა და სხვა. ზოგი მთლათ მოტეხილია და ხელს იღებს ყველაფერზე, ზოგი დაბადებიდან ინანიებს ყველაფერს, ზოგს მხოლოდ იქედან მიაჩნია თავის შეცდომები, როცა საქართველო დამოუკიდებლათ აღორძინდა, ზოგი გულში იცემს ხელს და რუსეთს აჯერებს „შეგცოდე ბატონო და მაპატიეო“. ერთი სიტყვით ჩვეულებრივი, დამარცხებული არმიის და ფრონტიდან უთავბოლოთ დაბრუნებული მებრძოლების გახრწნის სურათია, სურათი რომელიც თანდაყოლილია ყოველი დიდი ეროვნული მეწყერის დროს, როცა სტიქია დაგამარცხებს და წაგლეკავს. რუსეთმა თავს დაატეხა საქართველოს რისხვა და შურისძიება, საქართველომ ებრძოლა მას, მაგრამ პატარა დამარცხდა დიდთან. დამარცხებული ეხლა დაეძებს გამოსავალს, ისე როგორც წარსულში არაბების, სპარსების, თურქების უღელ ქვეშ საქართველო ამა თუ იმ დათმობით ინარჩუნებდა სიცოცხლეს. მაგრამ ყველა ამ მონანიებებში, შეგუებებში, თანამშრომლობის დაპირებაში, „კომინტერნზე ფიცში“ და სხვა, ერთი რამ მაინც არ იმალავს თავს, ერთზე მაინც ვერ ამბობს და ვერც იტყვის უარს ქართველი მუშა – ეს არის საქართველოს თვითმყოფობა, ქართველი ერის მეობა, ეროვნულ ტრაღედიაზე გოდება, საქართველოზე წუხილი ყველას გულშია ჩაჭრილი და ეს ზოგჯერ ისე მწარეა, რომ რაკი მტერს ვერას უბედავენ, ისევ მოყვრისკენ ისვრიან ჯოხს და ასე ვგრძნობ ყოველი ასეთი გამოლაშქრების დროს, რომ იწყევლებიან, ბოროტდებიან მხოლოდ იმისთვის, რომ დღემდე წარმოებულმა ბრძოლამ ვერაფერი გამოიღო, რომ ვერ გაანთავისუფლა ეს განაწამები ხალხი იმ რუსეთისაგან, რომელსაც ეხლა თავი უნდა მოუხარონ და შენდობა სთხოვონ. ბევრია ამ ჟურნალებში შეუსაბამობა, უხამსობა, ზგჯერ პირდაპირ ცილისწამება და ასე ნაკლები გულწრფელობა, ასე ნაკლები სინამდვილე, რომლის სარკე თითქო უნდა იყვეს გაზეთი. მაგრამ განა ეს უნდა გაგვიკვირდეს? რა უნდა მოვთხოვოთ დამარცხებულთ, რომელნიც იძულებული არიან მტერს გამოართვან ქაღალდი და ბეჭდონ გაზეთი, მიიღონ ფული და შეპირდენ თავისი მშობელი პარტიისა და ერის ორგანიზაციის დანგრევას? რა უნდა გაგვიკვირდეს, რომ ასეთი ბინძური წერილები იბეჭდება, როცა ვიცით, რომ ოკუპაციას თავის რუსული ნამესტნიკი, ამ. კავკასიის ფედერაციის თავმჯდომარე ორახელაშვილი რედაქტორათა და ცენზორათ ყავს მიყენებული ამ გაზეთისათვის. თითქოს პარადოქსია, მაგრამ მსოფლიო ისტორიაში ერეთად-ერთი მაგალითი დარჩება, რომ პრემიერი თვით იყოს ცენზორი გაზეთისა და მერე როგორი ცენზორი? პირველათ ხელნაწერს კითხულობს და ასწორებს, შემდეგ „ოტისკს“ ასწორებს და შემდეგ გაზეთის გასაყიდათ გაშვებამდე კიდევ სინჯავს... მაგრამ ყველა ამ პირობებშიდაც კი სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, დაუშვებელია მარტოთ-მარტო ეროვნული მოსაზრებით ზოგიერთი უმზგავსო წერილების გაშვება. და ამათ შორის გულისკვნესით ვამბობ, რომ რამოდენიმე ასეთი წერილი ეკუთვნის ყოფილ პატრიოტ ივ. გომართელს. „პოდხალიმობამდე“ (მლიქვნელობამდე – ი. ხ.) მიდის. ალბათ მტერსაც კი ეზიზღება ასეთი.
30 მარტი. 1925 წ. ეხლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ვასო ცაბაძე აღარ არის ცოცხლებში. აგვისტოს აჯანყების დროს ისიც დაუხვრეტიათ. გარეშე ყველაფრისა, გარეშე ამხანაგური და ქართული გლოვისა, ერთი რამ მაინც დიდათ საყურადღებო და საგულისხმიეროა შეკავშირებული ვასო ცაბაძის ხსოვნასთან. ვინ იცის შეიძლება ეს დიდი საქმეც მიიჩქმალოს და უგზო-უკვლოთ დაიკარგოს ვასო ცაბაძესთან ერთად. შეიძლება დროთა მსვლელობამ ესეც მივიწყებას მისცეს... დიახ, ყველაფერი შეიძლება... მართლაც და ვინ იცის ვინ გადარჩება, ვინ გააღწევს მეორე ნაპირისაკენ, ვინ გაივლის ფონს და მომავალს ცოცხალ კავშირათ გადაეცემა!.. რაოდენი დაუსრულებელი საქმეები და გაუმხელელი ფიქრები ჩაიტანეს აგვისტოს აჯანყების დროს დაღუპულმა ქართველებმა? და ამ დაღუპულთა შორის ყველაზე დიდი სათქმელი და გასამხელი ჭეშმარიტათ ვასო ცაბაძეს ქონდა... შეიძლება მან სთქვა, შეიძლება ამაზე მოგროვილი საბუთები არ დაკარგულა და ვინმე დღესაც აგრძელებს ვასოს დაწყებულ საქმეს? ეს ბედნიერება იქნებოდა და ქართველი ერის ერთ-ერთ უდიდეს ტრაღედიას ფარდას ახდიდა. მე ვლაპარაკობ ილია ჭავჭავაძის მოკვლის საქმეზე. როცა ვასო ცაბაძის მოკვლის ამბავი გავიგეთ, პირველათ ყოვლისა ილია ჭავჭავაძის მოკვლის გამოძიება გავიხსენეთ. ზაქარია გურულმა პირდაპირ თავზე შემოირტყა ხელი და წამოიძახა: „ვაი თუ ვასოს საბუთები დაიკარგა ილიას მოკვლის შესახებო“. გაკვრით და კანტი-კუნტათ თითქმის ყველამ ვიცოდით ვასოს საბუთებზე ილიას მოკვლის შესახებ, მაგრამ ზაქარია გურული ყველა ამას დაწვრილებით იცნობს და ამ საქმეზე ვასოსთან არა ერთხელ და ორხელ ქონებია საუბარი. ის, ასე ვთქვათ, თავიდან მოზდევს ამ საქმეს, ამ ხუთმეტი წლის წინა ხანიდან, როცა შესდგა კომისია ილიას მოკვლის საქმეების გამოსაკვლევათ. ამ კომისიაში შედიოდა ვასო ცაბაძე. ამავე ნიადაგზე მასთან ვგონებ, დაახლოვებული იყო ფედერალისტი იოსებ მაჭავარიანი. ვასოსთან სიახლოვე და მეგობრობა ზაქარიას ხშირათ ახვედრებდა ილიას მოკვლის ამბებს, მას ადგილი ქონია სხვა და სხვა დროს, როგორც საქართველოში, ისე ძველათ ვასოს როსტოვში გადმოსახლების დროსაც. მაინც საჭიროა მოვყვეთ მოკლეთ რაც ვიცოდი და რაც კიდევ ახლად გავიგონე დღეს ილიას მოკვლის შესახებ. ვინ არ იცის თუ რა საშინელ რისხვათ დაეცა თავს ქართველ ხალხს დიდი ილიას ვერაგულათ მოკვლა. საქართველო თითქო დაბნელდა, ერის სინდისს საუკუნო სირცხვილის დაღი მიეკრა. და აბა რა არის გასაკვირველი იმაში, რომ მკვლელების ძებნაში და მისი მიზეზების გამოკვლევაში გრძნობათა ღელვა ხშირათ ხელს უშლიდა ამ დიდი და საშვილიშვილო საქმის სრულ ნათელყოფას და წიწამურის ტრაღედიის სავსებით გაშუქებას. ამ ტრაღედიას გადაენასკვა პარტიათა ბრძოლა, ჯგუფობრივობა, კერძო ინტერესები და ის ისეთ ქსელში გაეხვია, რომ მართლაც ძნლი იყო ასავალ-დასავალის გაგება. დრო და ჟამმა კი გამოარკვია, რომ თურმე ყველაფერი ეს ნამდვილი მკვლელების ანგარიშში შედიოდა. დაუბრუნდეთ ვასო ცაბაძის ნაამბობსა და მისი კვლევის შედეგებს. მას თურმე მთელი წლები დასჭირვებია, რომ ჯერ იჭვებითა და კანტი კუნტათ, ხოლო შემდეგ კიდევ უფრო დარწმუნებით მიეგნო ნამდვილი მკვლელების კვალისათვის. პირველ ხანებში ეს კვალი თურმე სათავადაზნაურო ბანკში იკარგებოდა, მაგრამ აბა როგორ შეიძლებოდა წარმოდგენაც კი, რომ ბანკში უთანხმოების ნიადაგზე, ვინმე ავაზაკს ხელი აეწია დიდი ილიას შუბლის ტყვიით გასახვრეტათ! და ყველა ამ იჭვების ქსელში ყველგან, ყველა მისი ვარიანტებში აჩრდილივით იდგა ერთი პიროვნება, რომელსთანაც თითქმის ყველა კვალი იკარგებოდა. ეს იყო ილიას მოურავი დიმიტრი ჯაში. საქმის მთელი ვითარება იმას ამტკიცებდა, რომ დიმიტრი ჯაშს რაღაც ხელი ერია ამ საქმეში, ის თითქო მონაწილეც იყო, მაგრამ ის მაინც არ იყო მთავარი მოქმედი პირი, მის იქეთ აღარ სჩანდა გზა და კვალი და საერთო სიბნელე მასზე აღებულ იჭვს კიდევ უფრო ანელებდა, საქმეს ბურუსში ხვევდა, ხოლო ამ დროს რაღაც შეშლილისებური ისტერიკით კიდევ უფრო გრძელლდებოდა შინაური განგაში და ქართველი საზოგადოება თავის პარტიებათ და ჯგუფებათ დაყოფილ რიგებში დაეძებდა ილიას მოკვლის ახსნას. ილიას მოკვლის დღიდან ათი წლის სიშორემ ნახევრად მაინც ფარდა ახადა წიწამურის ტრაღედიას. 1917 წელს მოხდა დიდი რევოლუცია. თვითმპყრობელობა დაემხო, საიდუმლო არქივებში მზის სინათლე შეიჭრა. ჟანდარმთა ჯაშუშების სიები გამოქვეყნდა. ამათ შორის მოყვა ილიას მოურავი დიმიტრი ჯაშიც. ამ მომენტმა მაშინ, იმ აბობოქრებულ ხანებში, თითქო შეუმჩნევლათ ჩაიარა, დიმიტრი ჯაშის საქმეს და ილიას მოკვლის მიზეზებს ოფიციალურათ არავინ ჩაკირკიტებია. მაგრამ იყვენ მაინც დაინტერესებული კერძო პირები და მათ შორის უპირველესათ ვასო ცაბაძე, რომელიც მთელი ათი წლის განმავლობაში კვალდაკვალ მისდევდა ილიას მოკვლის საქმეს, და ამ დღიდან ის კიდევ უფრო დიდის ენერგიით ცდილობდა საიდუმლო ტრაღედიის მიზეზები მზის სინათლეზე გამოეტანა. და ჰა, ის იყო კიდეც უნდა დაესრულებია მას ეს საქმე, რომ 1921 წლის ახალი ტრაღედია თითქო დროებით დაბრკოლებათ გადაეღობა გზაზე. ვასო ცაბაძე ამ პირობებშიდაც კი არ ეშვებოდა საქმეს და ილიას მოკვლის კვალი დიმიტრი ჯაშიდან პირდაპირ ჟანდარმთა სამმართველოში მიდიოდა. საქმის გამორკვევის ინტერესებისათვის დიმიტრი ჯაშის დაპატიმრება მაშინ საჭიროთ არ სცვნეს. შარშან თუ შარშანწინ დიმიტრი ჯაში ვგონებ ვიღაცამ მოკლა. ეხლა აღარც ვასოა. მისი ნაკვლევი საქმეც შეიძლება დაიკარგა. ეს კი უდიდესი უბედურება იქნებოდა, თუმც ერთი პატარა იმედია დარჩენილი – იოსებ მაჭავარიანი იცნობს ამ საქმეს. მას ალბათ უკანასკნელათაც ანდობდა ვასო თავის ნასაქმარს ილიას მოკვლის საქმის გამოკვლევაში. ზაქარიას მეტეხში ყოფნის დროსაც ქონია ვასოსთან კავშირი. მისი უკანასკნელი ნაამბობი ყოფილა: „უკვე საეჭვოთაც აღარა მაქვს, რომ დიმიტრი ჯაშის საშვალებით ტფილისის ოხრანკამ მოაწყო ილიას მოკვლაო“. მართლაც და რა უნდა იყვეს ამაში დიდათ საეჭვო. რუსულმა ოხრანკამ ქართველი ერის მეთაურთან მოურავათ ჯაშუში დააყენა. ილია ენდობა ჯაშუშ მოურავ ჯაშს, ჟანდარმერიისათვის მხოლოდ ერთად-ერთი ფასი აქვს დიმიტრი ჯაშს – ის ილიას კარის კაცია და მთელი მისი მოძრაობა იცის, ყოველი მისი კვალი აქვს დათვლილი. იყო თუ არა რაიმე ანგარიში რუსეთის თვითმპყრობელობისათვის ილია ჭავჭავაძის მოკვლა? უთუოდ უნდა ყოფილიყო. ილია სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო და ის იმ ორი-სამი ლიბერალთა რიცხვში შედიოდა, რომელთაც ოდესმე კი ღირსებიათ სახელმწიფო საბჭოში ფეხის მოდგმა. მაგრამ ეს არ იყო მთავარი ილიას მოკვლის საქმეში. თვითმპყრობელობა ხედავდა, რომ საქართველო როგორც ერი ფეხზე დგებოდა, ის დემოკრატიის დროშით მთლიანდებოდა, მიუხედავათ შინაპარტიულ ბრძოლისა საქართველო მაინც ერთ სახეს იღებდა, აქ აღარ აღმოაჩნდა მას უმნიშვნელო ფენებიც კი თავის ჩექმის ქუსლის დასაყრდენათ, რუსული ხიშტი ჰაერზე გამოკიდებული დარჩა. ეს კარგათ იწვნია მან 1905–6 წლებში, აქ მას თავადაზნაურთა მაღალი წოდებაც კი ჩამოეცალა და საქართველო თვითმპყრობელობის მოწინააღმდეგე ბარიკადაზე კლასების განურჩევლათ მთლიანათ მოხვდა. ბუნებრივია, რომ მას ასეთ პირობებში უნდა მიემართა ნაცადი ხერხისათვის, მისი მტრის – ქართველი ხალხის ბანაკში არევ-დარევა უნდა შეეტანა და დემოკრატიის დროშის ქვეშ დამდგარი ქართული რაზმები ერთ-ურთისათვის შეეტაკებია. ამისთვის კი საჭირო იყო დიდი ეროვნული ტრაღედია, ერის ყავარჯენის წაქცევა, რომ ქვეყანა შეშფოთებულიყო. და ამ უდიდეს გამცემლობისათვის, ამ ჯალათობისათვის ნიადაგიც თითქო მზათ იყო. პარტიათა შორის ბრძოლა, უთანხმოება ბანაკში, ცხარე პოლემიკა პრესაში. და ამ ყოველდღიურ წარმავალ ბრძოლასა და შეხლა-შემოხლას ამოეფარა თვითმპყრობელობა, ერის სულის მატარებელს შუბლი ტყვიით გაუხვრიტა, რომ ამით თვით ერის სულში აღრევა და გახრწნა გამოეწვია. და ვისაც ახსოვს მაშინდელი ამბები, განა ნათლათ არ წარმოუდგება თუ რამდენათ მიაღწია თვითმპყრობელობამ თავის მიზანს? მან მოიშორა სახელმწიფო საბჭოდან პროგრესისტი წევრი, ერს წაუქცია ყავარჯენი და მით ერთი თავით დაამდაბლა საქართველო, ამ ტრაღედიამ აღაშფოთა ერი და და მკვლელების ძებნაში დემოკრატიის რაზმები ერთმანეთს დაატაკა, კიდევ მეტი – მან საშვილისშვილო ჩირქი მოსცხო საქართველოს და ილიას მოკვლის სირცხვილი მძიმე სინდისის ქენჯნათ დაუტოვა მომავალ ქართველ თაობებს... უდიდესი ჯოჯოხეთური განზრახვა მოიყვანა სისრულეში ქართველი ხალხის სულის შემხუთავმა რუსეთის თვითმპყრობელობამ ისე, რომ ამ ოციოდე წლის წინეთ მასზე იჭვიც კი არავის აუღია. თუ რომ ქართველური კეთილი გულმავიწყობა და დაუდევრობა არა, განა დიმიტრი ყიფიანის მოკვლის მოგონებას არ უნდა ენიშნებია სად უნდა გვეძება უპირველესათ ილიას მკვლელები! დიდის მზაკვრობით, ოსტატობით და ხერხით იყო შესრულებული საქართველოს ეს საშინელი ტრაღედია. მხოლოდ იმავე თვითმპყრობელობის დიდმა კატასტროფებმა და კატაკლიზმებმა ოდნავ მაინც ახადეს ფარდა ამ საიდუმლოებით მოცულ მკვლელობას. დღეს წიწამურის ტრაღედიის მთავარი მომქმედი პირები ნახევრათ მაინც მონახულია. ილიას მოურავი დიმიტრი ჯაში, მის ზურგს უკან მდგარი ოხრანკა, ხოლო ბანკი და პარტიათა ბრძოლა დეკორაციებათ გამოყენებული შირმაა. სამწუხაროა, რომ ამ ტრაღედიის მკვლვარი-ენტუზიასტი ვასო ცაბაძე დღეს ცოცხალი აღარ არის, უნდა ვეცადოთ, რომ იოსებ მაჭავარიანის საშვალებით მაინც გავიგოთ საქმის ნამდვილი ვითარება. მწამს, რომ რაგინდ არ მიიჩქმალოს დღესდღეობით ეს საქმე, მომავალი მას მაინც გამოარკვევს, ეხლა ეს საიდუმლოება ნახევრათ მაინც ამოტივტივებულია ბნელ ჯურღმულებიდან. ზაქარია ოფიციალურ წერილის მიწერასაც კი აპირებს. კარგსაც იზამს. ილიას მოკვლის საქმე ყოველ ქართველს მძიმე ლოდათ აწევს გულზე და განა ჩვენი მოვალეობა არ არის, რომ არასოდეს არ დაგვავიწყდეს ეს საქმე და თუ კი რამ მოგვიხერხდება ნათელი მოვფინოთ საიდუმლოებით მოცულ საშინელ ტრაღედიას?.. ცოტათი ერთი იმედი მაქვს. ვასო ცაბაძე მოგონებებს წერდა. ზოგი კიდეც დაბეჭდა. იქნებ ამაზედაც კი დასტოვა რამე. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ მის მიერ მოგროვილი საბუთები მოინახოს...
1 აპრილი 1925 წ. სუზდალის საპყრობილე. ლეო რუხაძე. დღეს მიღებულ მოსკოვის გაზეთებში მოთავსებულია ცნობა, რომ ტფილისიდან სოხუმში გადაფრენის დროს დიდუბესთან იუნკერსის ჰაეროპლანზე დაიღუპნენ: ზაკჩეკის თავმჯდომარე მოგილევსკი, ამ. კავკ. ფედ. მთავრობის თავმჯდ. ამხანაგი მიასნიკოვი, ფოსტა ტელეგრაფის კომისარი – ათარბეგოვი, მფრინავი შპილი და მექანიკოსი საღარაძეო. ჰაეროპლანს ჰაერში გაჩენია ცეცხლი, ათარბეგოვი და მოგილევსკი გადმომხტარან და მიწას უსულოთ დანარცხებიან, შემდეგ მფრინავი შპილიც გადმომხტარა – უკვე ცეცხლ მოდებული, ხოლო საღარაძე და მიასნიკოვი აპარატთან ერთად დამსხვრეულან. ხუთივე მგზავრი დახოცილია. ყველა გაზეთებში დიდი ტრაურებია. ტფილისში უკვე დაუნიშნავთ კომისია კატასტროფის მიზეზების გამოსაკვლევათ.
2 აპრილი. გაზეთები კვლავ სავსეა ტფილისის კატასტროფის ამბებით. პერიოს სამძიმარიც კი გამოუგზავნია მოსკოვისთვის ამის გამო. ხარკოვის „კომუნისტში“ მოყვანილია დახოცილთა ბიოგრაფიები. ათარბეგოვს იხსენიებენ „თეთრგვარდიელთა“ რისხვათ, თურმე მას დაუხოცია კისლოვოდსკში 1918 წ. რადკო დმიტრიევი, რუზსკი და სხვა ცნობილი სარდლები, მასვე აწერენ ასტრახანის აჯანყებულთა შეპყრობას. მაგილევსკის დამსახურების ფორმულიარში უმთავრესათ საქართველოს მენშევიზმის „გახრწნას“ ასახელებენ. ის დიდი ვაჭრის შვილი ყოფილა და უცხოეთში ვექილათ გაუზრდიათ. მიასნიკოვი დონის-ნახიჩევნელი ყოფილა, პირველათ თურმე დაშნაკელობაც გამოუცდია, შემდეგ სულ გარუსებულა, სომხურიც აღარ სცოდნია, მაგრამ 1921 წლიდან მი(...)იანის წოდება მიუღია...
< . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . >
...მარჯვა, პროლეტარიატი ბატონია და ჩვენ მართლა უღალატეთ ამ პროლეტარიატს? გელეიშვილი ამ დაფასებაშიც ისევე არაა გულწრფელი, როგორც ქება და ხოტბა არ იცის გულწრფელი. ახლა თავი გამოუდვია, გულზე ხელს იცემს, ქვეყნის გასაგონათ ქაქანობს – არიქა დავიღუპენით და მარქსიზმს გადავცდით და რუსის პროლეტარიატს გამოვეთიშეთო, ხოლო გუშინ თურმე ქუჩა-ქუჩა დადიოდა და ჭორიკანობდა „უნდა დავსწვათ მარქსის კაპიტალი, უნდა ამოვიხოცოთ მარქსიზმი გულიდან, მაგან დაგვღუპაო“ (ასე გვითხრა ამას წინეთ მოსულმა მუშათა კომისიის დელეგაციის წევრმა პ. გელეიშვილის შესახებ). ხოლო ვინ არ იცის, რომ მარქსის კაპიტალს ისეთივე დანაშაული მიუძღვის საქართველოს „დაღუპვაში“, როგორც ქართველ მუშებს რუსეთის რევოლუციის „დაღუპვაში“. ეს კარგათ იცის გელეიშვილმა, არ შეიძლება არ იცოდეს, რადგან დღეს ბალღებმაც კი იციან, რომ ნამდვილი მეცნიერული მარქსიზმით შეიარაღებული ქართველი მუშა იყო ის საძირკველი, რომელზედაც ასე უვნებლათა და ნაკლები ტკივილებით აიგო ახალი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კედლები და რომ იგივე ქართველი მუშა მაშინაც კი განაგრძობდა რუსეთის რევოლუციის დაცვას, როცა ეს რევოლუცია თვით რუსის ხალხმა ფეხით გაჯეგა და რვა თვის თავისუფლების შემდეგ ახალი თვითმპყრობელობა დაისვა კისერზე. მაგრამ რუსული შავრაზმული მიდგომით მართლაც რომ დიდი დანაშაული მიგვიძღვის ჩვენ: თუ რუსეთის თვითმპყრობელობა გვჭამდა, რაღა ნაკლები კბილები აქვს რუსის პროლეტარიატს, და თუ პროლეტარიატი გვიყვარს, რათ არ უნდა შევაჭამოთ თავი სერპუხოველ პროლეტარიატსა და ტამბოველ მუჟიკებს. შეხედეთ, თურმე ამისთვის გაგვიღია ის უამრავი მსხვერპლი, რომლით რენეგატ გელეიშვილსაც კი მოსწონს ეხლა თავი!.. ასეთი მარქსიზმი გელეიშვილმა წაუღოს ტფილისში ეხლა დასტობით ჩამოთრეულ რუს კომსომოლებს და იქნებ მათ ეკლესიებში ვირებითა და აქლემებით მოწყობილ კარნავალზე გამოადგეთ. ასეთ მარქსიზმს ქართველი მუშა ვერ მიიღებს. არა თუ იმისთვის, რომ მას ყარიბი აწოდებს, არამედ თვით მარქსიც რომ გაცოცხლდეს და ეხლა ასე შეატრიალოს მარქსიზმი, მაშინაც კი მხოლოდ ისეთივე ზიზღს მოგვრის, როგორც ეხლა გელეიშვილის რუსულ-იმპერიალისტურათ ჩანაჩურჩულები „ტამბოური მარქსიზმი“ გვრის. [ბ-ნი ყარიბი საქართველოს ერთიან ეროვნულ ფრონტსაც უწუნებს და თავი გამოუდვია წმინდა პროლეტარული კლასის დასაცავათ. ერთი შეხედეთ, რა წმინდა წყლის დახვეწილი პროლეტარია! მერე და რა მოხდა, რა ცოდვა ნახა ისეთი ამ ეროვნულ ფრონტის მთლიანობაში საქართველოს დღევანდელ პირობებისთვის? თუ პ. გელეიშვილი მუხლ მორთხმული მისულა და ილოცება რუსეთის „პროლეტარიატის დიქტატურაზე“ რომელიც რუსეთის დიდმპყრობელობის დროშის ქვეშ შეხმატკბილებულათ აერთიანებს: კომუნისტ ლენინსა და პატრიარქ ტიხონს, სლაშჩევსა და ჩიჩერინს, ბუხარინსა და კრაუშევანს, რიკოვსა და ბრუსილოვს, კალინინსა და მილიუკოვს, განა დაპყრობილ საქართველოს ეძრახება თავის კარმიდამოს დასაცავათ გაერთიანდეს და მომხთურს მთლიანი ძალებით შეხვდეს. სად ნახა ასეთი მარქსიზმი გელეიშვილმა, რომ ყაჩაღს შეუძლია ყველას შეუკავშირდეს საღაჩაღოთ, ხოლო ვისაც სძარცვავენ მას კი ჯოხის მოქნევის უფლებაც არ აქვს?! თურმე ასეთი კავშირი შესაძლებელი ყოფილა სამი კვირით, ერთი თვით!.. მაგრამ საკითხავია მოიშორა თუ არა ერმა ის მოძალადე, რომლის წინააღმდეგ შეკავშირდა? არა, არ მოუშორებია და მაშასადამე ეროვნული მთლიანი ფრონტი მას შეუძლია მანამ შეინახოს, სანამ მოძალადეს სახლიდან არ გააგდებს... მაგრამ საქმე ამაში არ არის. გელეიშვილს „მეტი არ შეუძლია“ და თავისი დამარცხება თილისმურ გამარჯვებათ უნდა გაასაღოს.
3 აპრილი 1925 წ. სუზდალის საპყრობილე, საკანი # 32. ლეო რუხაძე. დღიურები. დღეს უკვე არის გაზეთებში კომისიის დასკვნა ტფილისის კატასტროფის შესახებ. სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისია ადასტურებს, რომ იუნკერსის ჰაეროპლანი სრულიად საღი იყო. მისი მოტორი ავარიის შემდეგაც კი არავითარ იჭვსაც არ ტოვებს, ცეცხლი არ შეიძლებოდა გაჩენილიყო მოტორის, კარბურატორის და სხვა მიზეზებით. ერთად ერთია, შეიძლება, მგზავრებმა პაპიროსოს ცეცხლზე გაუფრთხილებლობით გააჩინეს ცეცხლიო, მაგრამ ამაშიდაც იჭვი ეპარებათ, რადგან ჩვეულებრივათ იუნკერსზე პაპიროსის მოწევა ნებადართული ყოფილა. მიასნიკოვზე, მოგილევსკიზე და ათარბეგოვზე ვრცელი წერილები თავსდება, შპილზე და საღარაძეზე მხოლოდ გაკვრით ამბობენ. ქართულ „კომუნისტში“ დახატულია საღარაძე და მოყვანილია ნაწყვეტები მისი ერთ-ერთ კერძო წერილიდან, რომელიც გამოუგზავნია ძმისთვის რაჭაში გაფრენის გამო. „აი ჩვენი სოფელი, აი ჩვენი ბავშვობის საყვარელი ადგილები, იქეთ კიდევ მთები, მე ვიტირე როცა თავს დავტრიალებდი ამ მშობლიურ კუთხესო“ – ცრემლნარევი სიყვარულით სწერს ის ძმას. მოკლეა ეს წერილი, მაგრამ ბევრის მთქმელი კია – საღარაძე უთუოდ ქართველი პატრიოტი მოქალაქეა. იგივე „კომუნისტი“ გადმოგვცემს, რომ საღარაძე უკანასკნელი გაფრენის წინ განსაკუთრებით ემშვიდობებოდა თავის ახლობლებსო. რას უნდა ნიშნავდეს ეს?!. საზიზღარ პროვოკაციას ეწევა მოქ. ტროცკი. ის სოხუმშია „საექიმოთ“, სადაც ქალაქის თეატრში წარმოუთქვამს სიტყვა კატასტროფის მსხვერპლებზე. „ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ ამ ტრაღედიის მიზეზებს, რადგან მოწმე არავინ დარჩენილა, უეცარმა შემთხვევამ (შეიძლება უეცარიც არ არის, მაგრამ ამაზე უნდა ვკითხოთ მენშევიკებს) მოგვტაცა საუკეთესო მეგობრები“ – ასე პათეტიურათ გამომდგარა ის სოხუმის ტრიბუნის „სიმაღლიდან“ და სხვა არაფრის ნება რომ აღარ აქვს, ქართველ ხალხზე უსისინებს საპოგრომოთ (დასარბევად– ი. ხ.), თითქო არ კმარა ის ჯერ არნახული პოგრომები, რაც გუშინ მოაწყო რუსეთის ვანდალებმა საქართველოში!.. ვინ იცის, შეიძლება მართლაც გამოიყენონ ეს შემთხვევა ჩვენს გასაჟლეტათ.
1924 წ. „კრასნაია ნოვის“ # 5-ში მოთავსებულია ვინმე ვოიტლოვსკის გამოკვლევა პანიკური, ცხოველური განწყობილებათა შესახებ. ეს წერილი ტყვილა უბრალოთაა შეთხუპნული ისტორიული კვლევის პრეტენზიებით, ალბათ იმისთვის, რომ ნამდვილი მისი მიზანი დაიფაროს, ვინაიდან აქ მოცემულია ფოტოგრაფიული სურათი ეხლანდელი რუსული რეაქციისა და მისით გამოწვეული ფსიქოლოგიური უიმედობა და სრული აპათია. აქედან სჩანს, რომ მმართველმა წრემ უკვე ამოსჭამა მთელი მისი შემოქმედებითი შესაძლებლობა, ის უკვე აღარ წარმოადგენს ცოცხალ და წინმავალ საზოგადოებრივ მოძრაობას. აქ არის ღრმა ანალიზი იმის შესახებ თუ როგორ კლავს რეაქცია კოლექტიურ საზოგადოებრივობას, მაგრამ შემდეგ თვით რეაქციასაც მიათრევს ეს სიკვდილი, თუ როგორ გადამდები სენივით ვრცელდება საზოგადოებიდან რეაქციის დროს გახშირებული თვითმკვლელობები თვით რეაქციის ბანაკშიც! ამ წერილში საყურადღებოა თვით რუსის ხალხის დახასიათებაც, სექტანტური სულის გამოკვლევა, აქ მოცემულია დიდებული სურათები ხოდინკის კატასტროფიდან დაწყებული ვიდრე პოგრომებამდე და კლასიკურ ფორმებშია ჩამოსხმული რუსული ჯოგური და პანიკური სული. უკანასკნელ ხანებში მოქალაქე გორკის მიერ გამოთქმულ აზრებთან ერთად რუსის ხალხის არანორმალურ ფსიქოლოგიის შესახებ, ეს გამოკვლევაც ძვირფას მასალებს შეადგენს. ქართველ მოქალაქეს დიდის ყურადღებით მართებს ყველა ამის წაკითხვა და შესაფერი დასკვნის გამოტანა. [კომინტერნის აღმასკომის გაფართოებული პლენუმი მოიწვიეს, ეხლა აქაც კი პირველობა კობას ეკუთნის. ძალიან ჩქარა კი მიიწევს ზევით და ზევით. საერთაშორისო მოძრაობაზე და მდგომარეობაზე მისი თეზისები გამოქვეყნდა. ისე მაქვს წარმოდგენილი ცელქ ბავშვს რომ დაემართება როცა ბალის ქვედა ტოტებს სულ გამოსცლის და ბოლოს კენწეროში დარჩება ორი-სამი ნაყოფი. იმოდენს იწვალებს მის მოსაწევათ, რომ ან ბალის ტოტი და წვერი მოუსკდება, ანდა თვითონ გადმოვარდება და კისერს მოიტეხს. აი ასე ეპოტინება კობა ეხლა კომინტერნის წვერზე დარჩენილ ტკბილ ნაყოფს. არ წაგმწარდეს არა, ფრთხილათ „ჩემო“ კობა!.. ამ კრებაზე ზინოვიევმა უკვე წირვა გამოუყვანა სოციალისტურ რევოლუციას ეხლანდელ პერიოდში, მაგრამ თავს იმით იიმედებს, რომ კლასთა ბრძოლა მაინც გრძელდებაო... კარგი იმედი არ არის!.. განა ეს იყო დავის საგანი? განა ვინმე ამტკიცებდა, რომ კლასთა ბრძოლა აწი აღარ იქნებაო? დავა მხოლოდ იმაში იყო, რომ რუსეთმა უდროვო დროს დაიწყო „სოციალისტური რევოლუცია“, რომ ჩამორჩენილმა ქვეყანამ იკისრა მოწინავე ქვეყნების „განათლება და განათება“, რომ ექსპერიმენტები მეტათ ძვირათ დაუჯდა რუსის ხალხს, განადგურდა მისი პროლეტარიატი, მოისპო მრეწველობა და გამეფდა სრული ბატონ-ყმური ურთიერთობა. ევროპა არ გამოეხმაურა რუსეთს, ჭინჭრაქამ ზღვის დაწვა მოინდომა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ზღვები უვნებელია და რუსეთი და მისი დაპყრობილი ქვეყნები კი ნაცარ-ტუტათ აქციეს და სპარსულ კოლონიას დაამზგავსეს. აი ამას უწინასწარმეტყველებდა სოციალ-დემოკრატია რუსეთის ბოლშევიზმს და არა იმას, რომ მომავალში გაგრძელდებოდა თუ არა კლასთა ბრძოლა. დაიწყენ ერთი თვის დიქტატურით, გააგრძელეს შემდეგ წლით, კიდევ წლებით და ეხლა კი ათეული და ასეული წლების იდეოლოგიას იმუშავებენ თავის დიქტატურისთვის. ბოლშევიკური კასტა უკვე წოდებათ ჩამოაყალიბეს და ძველი ბატონ-ყმობა აღადგინეს, ქვეყანა უუფლებობის არტახებში გაკრეს, შინაურ მოქალაქეს გასაქანს არ აძლევენ, ხოლო უცხო მრეწველობა კონცესიების სახით ბითუმათ შემოყავთ. ჭეშმარიტათ, პირველი მაგალითია, რომ მარქსისტულათ წოდებული პოლიტიკური პარტია ასეთ ველურობას სჩადიოდეს, რომ ხელისუფლებისთვის თავის ქვეყანას ანადგურებდეს და საკოლონიოთ ამზადებდეს.
ე. წ. საბჭოების არჩევნების შემდეგ უკვე შეუდგენ პირველ საპარადო წირვა-ლოცვებს. მოსკოვის საბჭოს კრებაც გაიმართა. საპატიო თავმჯდომარეებში კობა ყველგან პირველი მიდის. ორკესტრი, სიმღერა, სალამი, ფიცი და ტაში – აი რით თავდება ყოველი კრება. სანტერესო კი იყო ამას წინეთ ერთ-ერთ საარჩევნო კრებაზე მუშა ქალის შეკითხვა: „რით არის, რომ სხვა ქვეყნებში ბევრია პარტიები, ჩვენში კი მარტო ერთი პარტია გვყავს, ჩვენ ქათამივით ერთ ფეხზე ვდგევართო“. მართლაც და ვის არ უნახავს ქათამი, როცა მას ერთი ფეხი ბუმბულში აქვს შემალული და ერთზე სდგას მოფუყული. სწორეთ ასე ქათმის ერთ ფეხზეა დაყრდნობილი რუსეთიც...
4 აპრილი 1925 წ. „კომუნისტში“ რამდენიმე წერილი დაიბეჭდა დ. თოფურიძისა საკავშირო და მოკავშირეთა ბიუჯეტებზე. უკანასკნელ წლებში ის მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტს ეხება და ახალი მასალებით არკვევს ჩვენი ქვეყნის შემოსავალ-გასავალს. დასაბუთებული და ღირსეული წერილებია. ტკბილათ გამოთქმული, მაგრამ საწამლავ-ნარევი საბრალდებულო ოქმია ძველი და ახალი რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოში. ეს ასე ვთქვათ პასუხია იმ მოსკოველ აგენტების ტრაბახზე, რომელნიც მუდამ ერთსა და იმავეს გაიძახოდენ: „მოსკოვს კი არ მიაქვს აქედან, არამედ მოაქვს დახმარებაო“. თუ როგორია ეს დახმარება კარგათ სჩანს ამ წერილებში მოყვანილ ციფრებიდან. რუსეთი სამფა ტყავს აძრობს საქართველოს, რუსეთი სამჯერ უფრო ძვირ საქონელს ასაღებს საქართველოში, ქართველი გლეხი ყოველ სამ მანეთში ორ მანეთს რუსეთის მრეწველობის სასარგებლო ბეგარათ იხდის, საქართველოს წართმეული აქვს ყველა მისი შემოსავლები, ის უფლება აყრილი მონა კოლონიაა, რომელსაც ათეულ მილიონობით აჯარიმებენ ყოველწლიურათ და თვით მის შინაურ-სოფლურ-ქალაქურ ცხოვრებაში უბრალო თვითმართველობასაც კი არ აძლევენ. და თუ ამ შემზარავ ამბებს ათავსებს მოსკოვის მონა ქართული „კომუნისტი“, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ სინამდვილე კიდევ უფრო აუტანელი და მყვირალაა. მოსკოვი გაშიშვლდა არა მარტო მთელი ქართველი ხალხის თვალში, მისი იმპერიალიზმი დასანახი შეიქმნა არა მარტო მართლაც ქართველი მოქალაქისათვის, არამედ ის გაშიშვლდა თვით მისი აგენტების თვალშიც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში „კომუნისტი“ ადგილს არ მისცემდა . . . . . წერილებს, მონა გადაჭარბებულათ რომ არ იყვეს გაჯავრებული, ბატონს ამას ვერ შებედავდა... [ს.ს.რ.კ-ს კვლავ საქმე გაურთულდა პოლონეთთან. ვარშავიდან გასაცვალათ მოყავდათ პოლონელი პატიმრები, კატორღა მისჯილი ბაგინსკი და ვეჩერკოვიჩი. რუსეთის საზღვრის ახლოს ვაგონში მოკლეს ეს პატიმრები. მოსკოვმა დააპატიმრა პროფესორი უსასი, რომელზედაც უნდა გადაეცვალათ ბაგინსკი და ვეჩერკოვიჩი. დაპატიმრებას სკანდალი უძღოდა. უსასი მინსკის საკონსულოში შეიმალა, ბესტში ჩაჯდა და მხოლოდ დიპლომატიური მიწერ-მოწერის შემდეგ შეიქნა შესაძლებლი მისი დაპატიმრება. საერთოთ ეს გაცვლა-გამოცვლის ველურობა დღეს სისტმათ აქვს შემოღებული რუსეთს. ადამიანებით ვაჭრობენ. ამ ამბავს დიდი ხმაურობა მოყვა. რუსული გაზეთები სავსეა ანტიპოლონურ წერილებით, ქირდავენ, აძაგებენ, დასცინიან „შლიახტის“ პოლონეთს. ამ ფრაზეოლოგიის უკან მხოლოდ და მხოლოდ რუსულ-პოლონური ანტაგონიზმი იმალება. რუსეთს ჯერაც ვერ მოუნელებია 1920 წ. დამარცხება, მისი ზიზღი პოლონეთსადმი რევანშის იდეიით არის გამოწვეული.
5 აპრილი 1925 წ. დღეს სეირნობაზე საინტერესო კამათი გვქონდა. ლაპარაკი ჩამოვარდა უკრაინაზე. ჩვენი თანამოსეირნე ბერდიჩევსკი ჩაგვყვა კამათში. მისი აზრით უკრაინული მოძრაობა არ არის რეალური, ის დეზერტირების მოძრაობიდან დაიწყო, რომ ის ინტელიგენციის და განსაკუთრებით სოფლის მასწავლებლების საქმე იყო და სხვა. საქმე ისე გამოვიდა, თითქო ვიღაც რაღაც ბანდიტები ყოფილან და მეტი არაფერი, ხოლო ნამდვილ ნაციონალურ მოძრაობას კი იქ ადგილი არ ქონია. გრიგოლმა მას საკადრისი პასუხი გასცა და ფაქტებით აჩვენა თუ როგორი არარეალური იყო და არის უკრაინის მოძრაობა. მართლაც და განა შეიძლება ასე ზერელეთ ხელის წამოკვრა ასეთი დიდი მოვლენებისათვის? დღეს ამას არა თუ სოც. დემ., არამედ მილიუკოვიც კი ვერ სჩადის, ისიც კი ხედავს, რომ უკრაინული მოძრაობა ბუტაფორია და მოგონილი ჩმახი არ არის, არამედ ეს ორგანიული და თან ისტორიულათ აუცილებელი განვითარებაა. საერთოთ უნდა ითქვას, რომ რუსეთის სოციალისტები ნაციონალურ საკითხს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ისინი დღესაც კი არ გასცლიან 1917 და თვით 1914 წელსაც კი. ეს გაყინვა მათთვისვეა საზარალო. ის რუსი სოციალისტი, რომელიც დღესაც კი ვერაფერს ხედავს უკრაინის საკითხში და ის მხოლოდ რუსულ პროვინციათ მიაჩნია, ანდა მისი პროგრესი და რეფომა მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ თავის უკრაინულ ორგანიზაციას რ.ს.დ.რ.პ-ს უკრაინულ ნაწილს უწოდებს, ასეთი სოციალისტი ან ძალათ იბრმავენს თავს, ანდა ისეა დაავადმყოფებული დიდმპყრობელური სენისაგან, რომ მისი გამომრთელება და სოციალისტურათ გამოჯანსაღება მეტათ ძნელი საქმეა. საბედნიეროთ ასეთი თითო-ოროლა გაყინული წერტილები ვერ შეაჩერებენ იმ აუცილებელ ისტორიულ და პროგრესიულ მოვლენას, რომელსაც ეწოდება რუსეთის იმპერიის ერების სახელმწიფოებათა და ნაციებათ ჩამოყალიბება. ეს პროცესი დღეს ძლიერის ნაბიჯით სწარმოებს, ამის მაგალითს ყველაზე თვალსაჩინოთ თვით უკრაინა წარმოადგენს. ამიერიდან უკრაინას ვერც რუსული კეტი მოიყვანს ველიკოროსულ ჭკუაზე, ის ავათ თუ კარგათ თავის ეროვნულ ჩამოყალიბებას გააგრძელებს და ადრე თუ გვიან არა თუ რუს სოციალისტებს, არამედ თვით რუს შავრაზმელებსაც კი აცნობინებს თავის ეროვნულ სუვერენობას.
როგორც არის თითქო ვეღირსეთ ზამთრის ბოლოს. ცოტა დათბა, თუმც სასეირნო ეზოში ისეთი ტალახია, რომ რაშიც ვერ გაატანს. ნამდვილი საკამეჩე ტალახია, ჩვენში რომ იტყვიან კაცს დააღრჩობსო. ამის გამო ეზოში თითქმის შეუძლებელია გავლაც კი. სასეირნო საათები კიბესთან მიდგმულ გადახურულში გვიხდება გატარება. იქვე გავდივართ ინგლისურ გაკვეთილებს.
მთელი ჩვენი ფიქრი და გულისყური იქითკენაა მიქცეული აბა როდის დაიწყება და როგორ ჩატარდება მოსალოდნელი პროცესი. სხვა და სხვა ხმებით ის დიდი ხნით ადრე უნდა დაწყებულიყო, ეხლა კი აღარც ვიცით რა მოხდება და როგორ წავა საქმე, ნუ თუ არ უნდა ვიქონიოთ იმის მედი მაინც, რომ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქართული გრძნობა, ქართული სიამაყე მაინც არ იკივლებს?! ეს იმედი არ დამკარგვია...
6 აპრილი. ვიღაცამ ამბავი მოიტანა ნახვაზე. მოსკოვში იულია გაუჩხრკიათ, რაღაც ქაღალდები წაუღიათ და ორი თუ სამი დღით დაუპატიმრებიათ კიდეც. თითქო წაღებული ქაღალდები ანდროს ტროცკისადმი გაგზავნილი წერილების ასლები უნდა იყვეს. საიდან, როგორ? უფრო ზღაპარს წააგავს, იულიას არ შეიძლებოდა ქონებოდა ასეთი რამ, როდის იყო რომ ის ასეთ რამეებს აწყობდა!.. მე მგონია ყველაფერი ეს ჩმახია და მხოლოდ ხრიკებია, ალბათ ემტერებიან და მოსკოვიდან უნდათ გააძევონ. დაპატიმრებული ყოფილან თითქო ისიდორე და სხვა მასთან მყოფნი ჩვენები. რას ერჩოდენ? მარტოვის ძმა – ეჟოვი, ცოლით და შვილით კი კაშინიდან ციმბირში გადაუსახლებიათ. განა წარმოსადგენი იყო ოდესმე ასეთი დევნა გადასახლებულთა? ბოლოს და ბოლოს ამ მუდმივ ეტაპებსა და ყოველდღიურ ჩხრეკა-წამებას ისევ ციხეში უვადოთ ჯდომა სჯობია... სულ ერთია ხომ გარეთ მოსვენებას აღარ მოგცემენ.
7 აპრილი. ჩელიაბინსკში ოთხ ქართველს ვადა გათავებიათ, გაუშვიათ და საცხოვრებლათ უკრაინა აურჩევიათ. გარდა სამშობლოსა, ჩრდილო კავკასიისა და სატახტო ქალაქებისა – ყველგან მიუციათ ცხოვრების უფლება. აფთონა ჩხაიძე როსტოვში წასულა, მარა მაშინვე გამოუძევებიათ, უთქვამთ რომ როსტოვი ეხლა უკვე ჩრდილო კავკასია არისო. ძალიან კი გვამდიდრებენ კავკასიელებს? ეხლა დონის ყაზახობაც გაგვიკავკასიელეს!.. ასე შუმათა და ულაზათოთ თვითმპყრობელობაც კი ერიდებოდა ნაციონალური პოლიტიკაში დიდმპყრობელური ხაზის გატარებას.
8 აპრილი. კომინტერნის აღმასკომის პლენუმზე ერთი სასაცილო ამბავი გამოირკვა. გერმანიის კომპარტიის წარმომადგენლებმა რუტ-ფიშერმა, გეშკემ და სხვებმა მოითხოვეს, რომ რ.კ.პ-მ (რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ – ი. ხ.) თავის რიგებიდან გამორიცხოს ბრანდლერი, ტალგემეიერი, რადეკი და სხვები, რადგან მათ გერმანიის პარტიის ოპოზიციასთან აქვთ კავშირიო. გამოირკვა, რომ ესენი გერმანიის კომპარტიის ცეკას კაი ხანია უკვე გაურიცხია პარტიიდან, ეხლა თურმე რ.კ.პ-ში ირიცხებიან და აქედანაც ერეკებიან. რ.კ.პ-ს საკანტროლო კომისიის წარმოადგენელმა გამოაქვეყნა სასკანდალო გამოძიება, რომ რადეკი, ბრანდლერი და სხვები სადღაც ერთად იყვენ ჩაიზე, რომ იქ ლაპარაკობდენ გერმანიის პარტიაზე, რომ რადეკმა 100 გირ. სტერლინგი გაუგზავნა გერმანელ ამხანაგებს, რომ მისი გავლენით გერმანიის რუსულ საელჩოდან პესიმისტური საერთაშორისო ხასიათის შეხედულებები მოუვიდა მოსკოვსა და სხვა. ერთი სიტყვით, ეს პარტიული სასამართლო კი არა ჩეკის გამოძიებაა და ისიც საქვეყნოთ გამოტანილი გამოძიება. სირცხვილის გრძნობაც კი აქვთ დაკარგული, თორემ განა შეიძლება სერიოზულათ საქვეყნოთ ლაპარაკი იმ ბრალდებაზე, რომ რადეკი და სხვები ჩაიზე გერმანიის საქმეებზე საუბრობდენო?!. რა სიმახინჯემდე მივიდა ყველაფერი! და ამ იჭია-ბოჭია გამოძიების შედეგათ რადეკი კომინტერნის საქმეებს ჩამოაშორეს და ყველას ერთად კი გაფრთხილება მისცენ: ღირსი კი ხართ რ.კ.პ-დან გაგდების, მაგრამ ეხლა პირობითათ დაგტოვებთ და მომავალში ვაი თქვენი ბრალიო. ეტყობა საკმაოთ გახრწნილა ყველგან კომუნიზმი. ეს გახრწნილობა კიდევ უფრო საჩინოა ჩეხო-სლოვაკიაში. იქ საქმე რასკოლამდეც (განხეთქილებამდე – ი. ხ.) მივიდა. თურმე მოსკოვიდან შეუთვლიათ ჩეხოსლოვაკიაში – პლენუმზე დასასწრებლათ მუშები გამოგვიგზავნეთ და მათთან მოვნახავთ საერთო ენასო. იქ თურმე ამბობენ, რომ ისეთი მუშები უნდა მოსკოვს, რომელთაც კარგათ მოატყვილებსო, ამის გამო წერილობითი მოხსენება გამოუტანებიათ დელეგატებისათვის. კარგი მუშა პარტნიორები არ ეყოლებათ ჩეხელ მუშა დელეგატებს კომინტერნის მხრიდან? რაღა მაინცა და მაინც ამ ორ კაცში მოიყარა თავი მთელმა პროლეტარულმა სიბრძნემ, რაღა სტალინ-ზინოვიევი აღმოჩნდენ ისეთნი, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ მუშების გაგება? არა, მუშებს რომ ითხოვენ, რომელ მუშებს ახვედრებენ? საერთოდ საინტერესო სურათია ამ გახრწნილობის ეტაპები, კომუნიზმი კოტრდება კუდამდე, ის უკვე საკმაოთ დამწიფებულია და ალბათ მისი საშოდან მალე გამოიკარჭვლება შუმი – უშირმო რუსეთი, ევროპაში კი მისი რაზმები ალბათ დანაწილდება – ერთი ფრთა სოც. დემ. დაუბრუნდება, მეორე კიდევ უფრო დაექანება და ანარქიზმში გადავარდება, ავანტიურიზმის გზას დაადგება, ნაწილობრივი ჯგუფები კი ისევ სექტანტურ-კომუნისტურ რაზმებათ დარჩებიან, მაგრამ კომუნიზმი როგორც აკტუალური ძალა მინიმუმამდე დავა და მისი გავლენა სრულიად უმნიშვნელო იქნება, ის ანგარიშ გასაწევ მოძრაობათაც კი არ დარჩება.
9 აპრილი. კალისტრატემ, ალექსანდრემ, ლადომ და ზაქარიამ დღეს გადასწყვიტეს გაუგზავნონ კალინინს წერილი, სადაც იქნება, ასე ვთქვათ, ქართველი მუშის აღსარება, მისი გულის ნადები. შრომაც გაინაწილეს. მასალების მოგროვებას შეუდგებიან. გრიგოლი რედაქციას გაუკეთებს და ალბათ რუსულათაც სთარგმნის. მეც ცოტა სამუშაო არ მერგება. წერილი დაახლოებით 100 გვერდიანი რვეული ინება. კარგი კი იყო ცოტა ადრე დაგვეწყო, ვინ იცის ეშმაკს არ სძინავს, იქნებ სადმე გადაგვყარონ კიდეც. [ქურთისტანის აჯანყება გრძელდება. ზოგი ისტორიული მასალებიც კი იბეჭდება ამ ხალხის შესახებ. მათ ერთი აჯანყება 1914 წ. ქონებიათ, ჟენევაში ყოლიათ ეროვნული კომიტეტი, საერთოთ ქურთების ნაციონალურ მოძრაობას უკვე ათეული წლების ისტორია აქვს. საქართველოსთვის ქურთისტანის ფეხზე დადგომა წინსვლას მოასწავებს. როცა სამხრეთიდან სომხეთს ქურთები მოეფარება ოსმალეთის წინააღმდეგ, მაშინ ისლამის – ანუ თურქების ძალა შესუსტდება, ობიექტიურათ საქართველო, სომხეთი და ქურთისტანიც ერთ საერთო მტერს დაუპირისპირდებიან. ეს კი დასაწყისი იქნება ოსმალეთის განდევნისა არზრუმ-ლაზიკიდან, მაშინ სომხეთიც შესძლებს თავისი კერის აღდგენას.
10 აპრილი. დღეს მიღებულ „ზარია ვოსტოკაში“ მოთავსებულია მოწინავე ნოე ჟორდანიას ახალი წერილის შესახებ. ისე გავიგეთ, თითქო მას საქართველოში წერილი გამოუგზავნია ამ უკანაკნელათ გამრავლებულ სხვა და სხვა პლატფორმების შესახებ. ნაგლეჯებია მოყვანილი ამ წერილიდან, ძნელი გასაგებია მთლიანათ მისი აზრი, მაგრამ ეს ამონაგლეჯები ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას სტოვებს. მე არ მჯერა, რომ ეს ნოეს ეკუთვნის, როგორ შეეძლო ერის ხელმძღვანელს ასეთი რამ დაეწერა. კოტე ანდრონიკაშვილს სდებს ბრალს, რომ ს. დ. ცეკა ნაციონალ-დემოკრატების ტაკტიკას დაუმორჩილეო. რა თქმაა ეს?.. განა დამარცხებით რომ დასრულდა აჯანყება იმისთვის უნდა გაუდგე განზე მას. იმ დროსა და იმ პირობებში როგორი მიზანშეუწონელიც არ უნდა ყოფილიყო ეს აჯანყება – ქართველი მოქალაქისათვის დღეს ერთი გზაა მხოლოდ – ის ერთან უნდა იყვეს. თუ ასე აფასებდა ამ აჯანყებას, მაშინ რას უგზავნიდა ნოემბერში ერს მოწოდებას? როგორ შეიძლება უარის თქმა იმ დიდ ისტორიულ დატაზე (თარიღზე – ი. ხ.), რომელიც ჭეშმარიტათ ერის უდიდეს ძეგლათ დარჩება, ვის მოუბრუნდება ენა იმისთვის დღეს მაინც, რომ ის ამ აჯანყებასთან არ არის სულითა და გულით, ერის ამ დიდებულ-ბწყინვალე ბრძოლიდან ვინ გადგება განზე და მით უმეტეს როგორ შეიძლება რომ ერის ბელადმა ასე ილაპარაკოს დამარცხების შემდეგ. დღეს საქართველოში იმაზე კი არაა საჭირო ლაპარაკი როგორ დავმარცხდით და მით უმეტეს როგორ შეიძლებოდა არ დავმაცხებულიყავით, არამედ დამწუხარებულ საქართველოს, მის მიერ გაღებული დიდი მსხვერპლის დაფასება უნდა, ერმა უნდა იგრძნოს, რომ უთვალავი საფლავები ტყვილა უბრალოთ არ გაჭრილა, რომ გმირთა აჩრდილები სდარაჯობენ ჩვენი მომავალო აღდგომის იდეას... ეს საფლავები ერის თავგანწირულ ბრძოლის შედეგია, და მიუხედავათ იმისა, რომ მასში ქართველ მოქალაქეთა გვამები აწყვია, უნდა შეურყევლათ გვწამდეს, რომ ამ საფლავების გამჭრელი რუსეთი საქართველოში სამუდამოთ დასაფლავებულია და ის ვერასოდეს ვეღარ აღიდგენს საქართველოს მეგობრის სახელს. არასოდეს, არც ერთ ეპოქაში ისეთი ძლიერი არ ყოფილა საქართველოს თვითმყოფადობის იდეა, როგორიც იქმნება და იჭედება ამ გოლგოთათა ნიადაგზე, ეს „კურგანები“ საქართველოს მომავალის აღმზრდელი იქნება ის, და არ წაიშლება, ის მუდამ იქნება ჩვენი ერის გამაერთიანებელი სახე. და აბა რა საჭიროა პარტიულობა იქ, სადაც პარტიებისთვის კი არ მომკვდარან, არამედ განურჩევლად რწმენისა საქართველოსთვის იხოცებოდენ. ვიმეორებ, ეს წერილი ჩმახი უნდა იყოს, ანდა დამახინჯებული. შარშან ნოემბერში ერისადმი თბილი და იმედის მიმართვის გამომგზავნი დღეს ასე როგორ შეატრიალებდა ამ ისტორიული ეპოქის დაფასებას. ამ წერილმა დღეს დაგვაშხამა, სული ამოგვხადა. გრიგოლის თვალებზე არასოდეს ცრემლები არ მინახავს და დღეს კი მისი მოთქმაც გავიგონე. დღვანდელი დღე ჩვენთვის იმ უბედურ დღეს თუ შეედრება, როცა საქართველოს აჯანყების დამარცხება და ათასობით ხალხის გაჟლეტა გავიგეთ... იქნებ ხვალ-ზეგ დაბეჭდონ რაიმე, იქნებ მეტი გავიგოთ! ქართული გაზეთი ამაზე კრინტსაც კი არ სძრავს.
11 აპრილი. იოსებ იმედაშვილის „თეატრი და ცხოვრების“ ერთი ნომერი ჩაგვივარდა ხელში. წიგნებს მოყვა საქართველოდან. ასეთი რამ იშვიათი ხილია ჩვენთვის. დიდის სიამოვნებით წავიკითხე. წერილები უმავრესათ თეატრის კრიზისს შეეხება. რა გინდა რომ ამ წერილებში არ იყვეს, ევროპა მისი თეატრით, დაუსრულებელი კრიზისებით, გადაგვარებით და სხვა. აქ არის ანალიზი იმისა თუ როგორ მობერდა ევროპის თეატრი, თუ როგორ დაეძებს ის ახალ გზებსა, თუ რა გზაჯვარედინზე სდგას სათეატრო ხელოვნება და სხვა. და თითქო ყველაფერი ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ახსნან ქართული თატრის დღევანდელი კრიზისი, მისი გზააბნეულობა, დანაწილება, ჯგუფობრიობა, ძველი და ახალ მიმართულებათ დაყოფა. როცა კითხულობ ამ წერილებს შიში გიპყრობს – ვაი თუ მართლა ასე აებნა გზები ქართულ ხელოვნებას-თქო. მაგრამ ეს უსაბუთო შიშია, ეს ზერელე მსჯელობაა. ყველა ეს წერილები, ევროპის კრიზისებზე და გადაგვარებაზე ყვირილი სრული უსაფუძვლობაა საქართველოს პირობებისთვის. და კიდეც ამჩნევს დაკვირვებული თვალი, რომ ავტორებს მაინცა და მაინც არც ცხელათ ყველა „ევროპებზე“ ამდენი ჰაი-ჰუი, მაგრამ... მაგრამ... მაგარიც ის არის, რომ რუსული ტერორისტული ოკუპაციის უღლის ქვეშ საქართველოს ლიტერატორებს არ შეუძლიათ პირდაპირ საქართველოს საკითხებზე სწერონ, ისინი მოკლებული არიან საშვალებას მოსძებნონ ქართული თეატრის კრიზისის მიზეზები თვით ქართულ სინამდვილეში. და მართლაც რაში მდგომარეობს ეს „კრიზისი“? ჩემის აზრით მხოლოდ და მხოლოდ ქართული სულის შებორკვაში და თავისუფალი ქართული ხელოვნების პოლიტიკური ზომებით რუსეთის ინტერესებზე დამორჩილებაში. თეატრი ხომ სარკეა ცხოვრების, ხალხისა და ერის კოლეკტიური სულის გამომხატველი, ის მას უნდა ეტყვისებოდეს, მას აერთსახებდეს. შეუძლია დღევანდელ პირობებში ქართულ თეატრს ეს შეასრულოს? არა, არ შეუძლია. რათა, რისთვის? იმისთვის, რომ დღვანდელ საქართველოს მისი ისტორიული უფლებების შელახვა აწუხებს, ერის კოლეკტიური სული საქართველოს პოლიტიკური მდგომარებით იტანჯება, ქართველ ხალხს მისი სამშობლოს ისტორიული ქარტეხილები უმეორდება და მთელი მისი მწუხარება, ფიქრი და სანუკვარი ოცნებაა – თავი დაიძვრინოს ახალი მონობის უღლისაგან. და თუ ეროვნული თეატრი უნდა გამოხატავდეს ერის კოლეკტიურ სულს, მაშინ თეატრი ბუნებრივათ უნდა გადაქცეულიყო თანამედროვე საქართველოს ჭირვარამის გამომსახავ ფოკუსათ. ქონდა ამას ადგილი საქართველოში? დიახ ქონდა. დაპყრობის მეორე დღესვე საქართველოს ისტორიული ტრაღედია განსახიერდა მის ისტორიულ პიესებში, თეატრები ვერ იტევდა ხალხს, ენტუზიაზმი ნერვიულ ისტერიაში გადადიოდა. უფლება აყრილმა ერმა თეატრის სცენაზე პოვა ეროვნული გრძნობების გამომხატველი ტრიბუნა. ეს ვერ აიტანა ხიშტებზე დამყარებულმა რუსულმა ოკუპაციამ და მოიმოქმედა ის, რასაც ვერც ერთ დროში ვერ ბედავდა და ვერ სჩადიოდა თვითმპყრობელური რუსეთი – მან აკრძალა ეროვნული პიესები და ქართულ თეატრს „ზაკაზი“ (შეკვეთა – ი. ხ.) მისცა, მაქეთ და მადიდეთ მხოლოდ მე – თქვენი დამპყრობი რუსეთი და მისი ხელისუფლებაო. აქედან დაიწყო ქართული თეატრის კრიზისი; როგორც ყოველი სხვა ქართული ეროვნული საფუძვლები, ქართულმა თეატრმაც განიცადა დარბევა და დაწიოკება, რუსულმა ხმალმა ის მოჰკვეთა ერის კოლეკტიურ სულს და უსულო თეატრი კი სხვანაიარი არ შეიძლება იქნეს, თუ არა მახინჯი და მუდმივი კრიზისებში მყოფი. საოკუპაციო ხელისუფლებს აგენტები იმით იმეედებენ თავს და ცდილობენ მიჩქმალონ რუსული ძალდატანება, რომ ესააოდა ეროვნულ მთავრობის დროსაც განიცდიდა ქართული თეატრი კრიზისსო. დიახ მართალია განიცდიდა, მაგრამ საკითხავია რა ხასიათის იყო ეს კრიზისი და როდის ქონდა მას ადგილი? საქართველომ განიცადა უდიდესი პოლიტიკური და შემდეგ ეროვნული რევოლუციები. ის ისტორიულ ნამსხვრევებიდან მთლიანი ეროვნული სახით წამოდგა ფეხზე და უდიდესი გამარჯვების დროს ერის ყველა ძალები განიცდიდენ ერთ ზეიმსა და ერთ სიხარულს – თავის რესპუბლიკის აღორძინებას. ასეთ ისტორიულ მომენტებში საერთოთ ყველგან, ყველა ერებში თითქმის ერთსა და იმავე მოვლენებს ქონია ადგილი. ჩვეულებრივი, ყოველდღიური, ნორმალური მაჯისცემა ირღვევა და ერის ყველა ძალებს აქვს ერთგვარი თავისი ნაციონალური მოთხოვნილება მთელი თავისი ენერგიით თავი მოიყარონ ერთ ფოკუსში და სახელმწიფის საძირკვლების ჩაყრაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ეს სურათები იყო საქართველოს ყველა საზღვრებზე. როცა 1918 წ. გაზაფხულზე საქართველო ბათუმს იცავდა და შემდეგ ჩოლოქთან აკვდებოდა ოსმალთა ურდოებს, აქ მებრძოლთა რაზმებში მუშებისა და გლეხების ზღვაში თქვენ შეხვდებოდით არტისტებს, პოეტებს, ჟურნალისტებს, მუსიკოსებს, მხატვრებს და საერთოთ იმ ინტელეკტუალურ ძალას, რომელიც შეიძლება ფრონტზე ყოფნის მაგიერ, ზურგში თავისი ჩვეულებრივი მოღვაწეობით უფრო მეტს შესძენდა ერს, მაგრამ აბა ვის შეეძლო საქართველოს აღდგომით აღტყინებული სულის დაბმა ჩვეულებრივ სამუშაოზე?! ასევე იყო ჯიქეთში, როცა გვარდიასა და ჯართან ერთად ინტელიგენციის მთელი წყება სწირავდა თავს სოჭი-ტუაპსეს განთავისუფლებას, ასევე იყო აწყურთან, ახალციხესთან, ჯავახეთში, არტაანში, ასევე იყო აღმოსავლეთის საზღვრებზე და ყაზბეგში – დარიალისკენ, ასევე იყო ყველგან, ზურგშიც, სახლშიც, საქართველო მაშინ ერთზე ფიქრობდა და ერთს ენაცვლებოდა – შეენახა თავისი ეროვნული მეობა, აღედგინა შელახული უფლება. ვინ უნდა მისულიყო მაშინ თეატრში, ვის უნდა განესახიერებია სცენაზე პიესა, ვინ მოიცლიდა იმისთვის, რომ ერის სულის სარკეში ემზირა როცა ყველას ქონდა საშვალება უშუალოთ განეცადა ეს სული და თავის ისტორიას პირისპირ შეხვედროდა. აი ეს იყო ეროვნული მთავრობის დროინდელი თეატრის კრიზისი, თუ შეიძლება ამას კრიზისი დაერქვეს. მერე რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს „კრიზისი“? იმდენ ხანს და იმ დრომდე, სანამ საქართველოს ცხოვრება ოდნავ მაინც არ დალაგდა, სანამ მან არ მოიგერია მტრები და ოჯახი არ აღიდგინა და გაიერთიანა, სანამ მან უცხო ტალახი და ჩირქი არ მოირეცხა და ქართულათ არ გაილამაზა ისევ სახე. და როცა ამას მიღწია რამოდენიმეთ მაინც საქართველომ, დაახლოებით 1920 წ. მეორე ნახევრისთვის, ქართული თეატრის „კრიზისიც“ დასრულებული იყო, მან ხელახლა, ახალი ეროვნული ძლიერებით აღორძინება იწყო... მაგრამ სულ ცოტა ხნის შემდეგ საქართველოსთან ერთად რუსეთის შემოსეულმა ურდოებმა ქართული თეატრიც დაკლეს. ამიერიდან მისი კრიზისი საქართველოს ეროვნული კრიზისის ნაწილათ გადაიქცა და ისიც მაშინ განიცდის ნამდვილ აღორძინებას, როცა თვით საქართველო აღორძინდება, როგორც თავისუფალი, სრულყოფილი ერი.
12 აპრილი 1925 წ. საინტერესო სიტყვა უთქვამს შალვა ელიავას საბჭოთა ყრილობაზე. საინტერესო არა იმ მხრით, თითქო მასში რაიმე სერიოზული და ანგარიშგასაწევი იყვეს, არამედ საინტერესოა ეს სიტყვა თავისი სიმჩატით და ჩიტირეკია ტრაბახით. აბა რომელ პასუხისმგებელ კაცს შეუძლია ასე თავაშვებულათ ილაპარაკოს და ჩმახოს ისეთი რამ, რაც ბავშვებშიდაც კი გამოიწვევს სარკასტიულ სიცილს. ჩვენ არავის დახმარება არ გვესაჭიროება, მიგვიფურთხებია ევროპისათვის, ჩვენი ძალებითაც კარგათ აღვადგენთ საქართველოს მეურნეობასო და სხვა. სიტყვათა ის არსენალი რაც რუსეთში აგერ 1921 წლიდან აღარ განმეორებულა, დღეს ის უმაღლეს სიბრძნეთ წარმოუდგენია ელიავას და წმინდა წყლის აყალო ჭკუათ ასაღებს. „აკი ხომ ხედავთ როგორ აღვადგინეთ მეურნეობა და კიდევ როგორ აღვადგენთ აბა გვიყურონო“. თუ როგორ აღადგინა მეურნეობა ელიავამ საქართველოში, ეს იმავე ყრილობაზედაც საკმაოთ გამოირკვა, როცა ფრთხილათა და კანტი-კუნტათ, მაგრამ მაინც საკმაო ნათლათ წარმოსდგა გაპარტახებული სოფელი, დაბეგრილი უთვალავი გადასახადებით, რომელსაც სამუშაო საქონლის ნახევარიც კი აღარ ყავს და რომლის ნამუშევარს მინიმალური ბაზარიც კი აღარ მოეპოვება. ანდა იმას უნდა დაუჯეროთ, რომ ევროპის კაპიტალს აფურთხებს ელიავას ხაზეინი – მოსკოვი? ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. ელიავა საქართველოში ტრაბახობს არავის დახმარება არ გვინდა, ჩვენ არ მივსცემთ ევროპელებს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრესო, მაგრამ თუ მას არ უმხელენ ნამდვილ ამბებს, გაზეთებში მაინც ვერ წაიკითხა, რომ რუსი „სახაროზოვოდჩიკის“ შვილი ბ-ნი პიატაკოვი, მოსკოვის ე. წ. „სტო(...)“ როგორ ევაჭრება ამერიკელებს ჭიათურის მარგანეცის შესახებ?! ან იქნებ სოციალიზმისთვის უკეთსია, რომ პიატაკოვი გასცემს მოსკოვის სახელით ქართულ მარგანეცს და არა ნოე ჟორდანია, ანდა თვით შალვა ელიავა? შეიძლება ქართველი ხალხის ინტერესებს უფრო დაიცავს პიატაკოვი და რუსული პროლეტარული სიმტკიცით არავის მისცემს ნებას გასძარცვონ ქართველი ხალხი? ელიავა იმაზედაც ტრაბახობს, რომ 200 ათასი „კუსტარი“ ჩავაბით სამუშაოშიო. მოდი და ნუ გაგეცინება!.. მაგრამ ასეთ სისულელეებზე სიცილიც კი შეუძლებელია. გიკვირს კაცს როგორ შეილება თავიდან ჭკუის ნასახის ასე გამობერტყვა, თუმც ისიც საფიქრებელია, რომ თუ წარსულში უკვე სტუდენტ ელიავას რევოლუციათ მიაჩნდა თავის ქვრი დედისთვის გამოროდებული ყანა აეჭრა, ეხლა რათ არ შეიძლება მანვე წარმოიდგინოს, რომ პირდაპირ „200 ათასი კუსტარი“ ჩააბა სამუშაოში! რომ არ იცოდე შინაარსი და ფასი ყველა ამ „ჩაბმების“, მაშინ ასე გეგონება, თითქო მუშა, გლეხი, ხელოსანი, ქალი, კაცი, ინტელიგენტი და ყველა ჭკუაზე შეშლილან, მიუტოვებიათ თავისი საქმე და სამუშაო და სადღაც გარბიან, ყველაფერს ყრიანო. და მხოლოდ ეს მადლიანი თითო-ოროლა ერთგულები დარჩენია კიდევ საქართველოს რომელთაც ჭკუა შერჩენიათ, იჭერენ ამ გაქცეულ ხალხს, ასწავლიან და „აბმავენ“ სამუშაოშიო. საბედნიეროთ 1921 წლამდე დაბადებული ხალხი ჯერ სრულიად არ გაწყვეტილა და მწერლობაც დარჩა ვგონებ ძველი, თორემ აბა ვინ წარმოიდგენს ეხლანდელი მწერლობიდან „მოღვაწეთა“ სიტყვებიდან თუ მათ გამეფებამდე რაიმე არსებობდა ქვეყნათ: ან თუ მუშამ იცოდა მუშაობა, გლეხმა თოხნა, ან თუ ინტელიგენტი მაშინ რამეს სასარგებლოს აკეთებდა, ან თუ წერა-კითხვას ვინმე სწავლობდა, ანდა უგრძვნია კი ბავშვებს დედის მშობლიური ალერსი მანამ, სანამ მარიამ ორახელაშვილისა გადაიქცეოდა მათ მზრუნველათა და „ნარკომპროსათ“? (ე. ი. განათლების სახალხო კომისრად, მინისტრად – ი. ხ.) ჭეშმარიტათ, თუ ქვეყანა არა, ჩვენი სამშობლო მაინც ახალი ამოკარჭული უნდა იყვეს მოსკოვის კრემლის ჭიპიდან და აბა ამის შემდეგ ვის უნდა გაუკვირდეს, რომ შალვა ელიავამ სულ ორი-სამი წლის განმავლობაში საქართველოში 200 ათასი „კუსტარი“ გააჩინა და კიდევაც „ჩააბა“ სამუშაოში!.. მოდი და ამის შემდეგ ნუ დაიფიცებ კომინტერნზე და ნუ დაეთანხმები ელიავას, რომ უთუოდ მისი დაბადებიდან, ანდა რუსეთის ჯარებზე საქართველოში მისი მოყოლის დღიდან უნდა დაიწყოს ახალი წელთაღრიცხვა და მისი დახმარებით გამოგონებულ იქნეს დღემდი საქართველოსთვის უნახავი, ყოველგვარი: მწერლობა, ხელოსნობა, ხელოვნება, რკინის გზა, ტელეგრაფი და სხვა და სხვა...
ალბათ გაზაფხულის ბრალი თუა. რუსულ კომუნიზმს ახალმა თიაქარმა მოუარა. შარშან სახელმწიფო მზრუნველობაზე აყვანილი კოოპერაცია ეხლა დააპანღურეს, უკანა კარებისკენ გაისტუმრეს და წინა კარებიდან ნარიმის მხარისკენ და ურალისკენ გადასახლებულ და გაძევებულ კერძო ვაჭრობას ეპატიჟებიან. წინათ ასეთი ზრდილობა არსებობდა ქვეყნათ, როცა ვისმეს დატუქსავდი და უხეიროთ გამოლაძღავდი, მასთან მეორე დღესვე მორიგება და მეგობრობა შეგრცხვებოდა, ყოველ შემთხვევაში ამას დრო მაინც უნდოდა. მაგრამ ეს წინეთ იყო, ეხლა ასეთი ბურჟუაზიული ეთიკა არ არსებობს და არც რცხვენიათ გუშინ თავმოსაჭრელათ გამზადებული ხალხის სამეგობროთ მოპატიჟება. რას იზამთ, ეს ხომ „პროლეტარული ხელისუფლების“ ინტერესებისთვისაა საჭირო!.. სად არის იმის სირცხვილი, რომ ამ კაპიტულაციის დროს გაწითლდენ, პირიქით ალბათ ამ ნაბიჯსაც უმაღლეს სიბრძნეთ და შეუცდომელ ჭეშმარიტებათ გაასაღებენ, მანევრებს ვაკეთებდით მტრის წინააღმდეგო. კარგი მანევრები კი გამოუვიდათ – გახვრეტილ კაპიკამდე გაიცალეს ჯიბეები ამ უაზრო მანევრებით, ეხლა ისევ უკან ბრუნდებიან, თვით ზინოვიევიც ასე მღერის ეხლა, ცოტა დავიცადოთ „პრილივს“ „ატლივი“ მოყვა, მალე ალბათ ისევ „პრილივი“ იქნებაო და ევროპაში „უშუალო რევოლუციონური განწყობილება დაგვიდგებაო“. ბაბუას აქვს ცხონება, ისა სჯობია, რომ თქვენ საკუთარ დახლს მოუაროთ, ვიდრე „რევოლუციების „პრილივების“ და „ატლივების“ ლოდინში და ცქერაში რუსული თვალები გამოიღამოთ!.. („პრილივი“ და „ატლივი“ რუსულად ზღვის წყლის ნაპირზე მოქცევასა და უკუქცევას ნიშნავს – ი. ხ.)
13 აპრილი. პერიოს კაბინეტი დაეცა. მის მემკვიდრეთ ბრიანს ასახელებენ. კრემლში ცეკვა შექნეს – იქნებ ამას რევოლუცია მოყვესო. თავის თავით ანგარიშობენ და ზომავენ მთელ ქვეყანას. საბჭოურმა იმპერიამ არ იცის მთავრობის ცვლილება, ის თვითმპყრობელური წერტილზეა გაყინული, მისი ჩამოგდება მართლაც რევოლუცია იქნება. ასე როდია დემოკრატიულ ქვეყნებში. საპარლამენტო მთავრობის კრიზისი როდის ნიშნავს უთუოდ მთელი სისტემის კრიზისსა და კატაკლიზმების დაწყებას. პერიოს ადგილას ალბათ ხვალ-ზეგ სხვა მოვა და საქმე ამით გათავდება. თუ მართლა ბრიანის მთავრობა შედგა – კარგია. მე ვანგარიშობ საქართველოს ინტერესებით. ის კარგათ იცნობს და თანამგრძნობიც იყო საქართველოს საკითხის. [გერმანიაში მემარჯვენეები ჰინდენბურგს ხელმეორე არჩევნების დროს პრეზიდენტის კანდიდატათ ასახელებენ. ცხადია საარჩევნო ბრძოლა ორ მთავარ ფრონტათ გაიყოფა, ვეიმარის კოალიცია რესპუბლიკის დროშით და ნაციონალისტები მონარქიის აჩრდილით. საინტერესოა თუ რა პოზიციას დაიკავებენ გერმანელი კომუნისტები რესპუბლიკისა და მონარქიის შორის ბრძოლის დროს. ნუ თუ ისინი ეხლაც წამოაყენებენ საკუთარ კანდიდატს და ისევ დაასუსტებენ რესპუბლიკანელთა ფრონტს? ვინ იცის, იქნებ ეს საბედისწეროც იქნეს რესპუბლიკისთვის, ასეთ შემთხვევაში ხმების უმნიშვნელო რაოდენობასაც კი შეუძლია გადასწყვიტოს არჩევნების ბედი. ეს გამოცდა იქნება გერმანიის კომპარტიის და საერთოთ კომინტერნის. აქ დამტკიცდება კომუნიზმს მართლა დედამიწაზე უდგია ფეხი და ხალხისა და პროგრესის ინტერესებიდან გამოდის, თუ ეს სექტაა და ანარქიზმისკენ მიექანება. ვნახოთ, არც ისე შორს არის ეს დღე. [წელს სრულდება გიორგი წერეთლის გარდაცვალებიდან 25 წელიწადი. „თეატრი და ცხოვრებაში“ მშვენიერი მოგონებაა გიორგი წერეთელზე კოწია თავართქილაძისა. ის აგვიწერს გიორგი წერეთელთან შეხვედრებს, მისგან გაგონილ სიტყვებსა და აზრებს. შარშან „რევ. მატიანეში“ პ. გელეიშვილმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი წერილი გიორგი წერეთლისა ეგნატე ნინოშვილისადმი. ეს პირდაპირ ანდერძი იყო და მისი ძეგლის წარწერათ დღესაც კი გამოდგება, და არა თუ დღეს – ამ წერილში ჩვენი საშვილისშვილო პროგრამაა მოხაზული. საქართველოს დღევანდელ პირობებში აბა ვინ გაბედავს და შესძლებს გიორგი წერეთლის ღირსეულ დაფასებასა და პატივისცემას, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ განთავისუფლებული საქართველო თავის უპირველეს მოვალეობათ ჩასთვლის ერის დიდ მოღვაწეთა გალლერეიაში გიორგი წერეთელს საპატიო და კუთვნილი ადგილი მიუჩინოს.
14 აპრილი. „კომუნისტში“ მარიამ ორახელაშვილმა მოათავსა საინტერესო წერილი. ამ წერილით შეიძლება განიზომოს თუ სანამდე შეიძლება მივიდეს უპასუხისმგებლო ავტოკრატია. ქ-ნი მარიამი ეხება ჰაეროპლანის კატასტროფას ტფილისში, დასტირის სამ დაღუპულ ჩეკისტს და კითხვას აყენებს: მოვალენი არიან თუ არა მუშები და გლეხები იზრუნონ ჩვენი ჯანმრთელობაზე, რევოლუციისა და სოციალიზმის ხელმძღვანელ ბელადებზეო? და ისე სერიოზულათა და დიდის ყოყლოჩინობით მოითხოვს, რომ მუშებმა ანგარიში მოსთხოვონ კომუნიზმის ბელადებს რამდენი მოისვენეს, ჯანზე როგორ არიან, რა სტკივათ, ხომ კარგათ იკვებებიან და სხვა, რომ გეგონებათ ქვეყნათ ზეციდან ძველი ღმერთები ჩამოსულან, ხალხი დაურისხავთ და ეხლა ყოველი სულდგმული მოვალეა ამ ღმერთებზე ილოცონო. ზოგჯერ კაცს გონია, რომ ასეთ რამეებს სიტყვის მასალათ ხმარობენ, თვითონც არ სჯერათ და არ სწამთ რასაც ამბობენო, მაგრამ თანდათან რწმუნდები, რომ საქმე გვაქვს თავის სიგიჟეში გუწრფელათ დაჯერებულ ფსიქოპატებთან, რომელთაც თავი მართლა ისე წარმოუდგენიათ, რომ მესია არიან და უბრალო მოკვდავთ აბა რა უნდათ მეტი, თუ ამ ხატებზე ლოცვისა და ფერხთა მთხვევის ნება მიეცათ. ჭეშმარიტათ საგიჟეთში ვცხოვრობთ. „ახალი გზის“ # 16 მივიღეთ, გრიგოლის სახელზე მოდის, არც თავიდან ქონია დიდი და სუყე საფანელი ამ გაზეთს, მაგრამ ამ ბოლო დროს კიდევ უფრო შემოაკლდა. ის უფრო ლიტერატურულ ჟურნალათ გადაიქცა, სადაც დ. სულიაშვილი ვითომდა 1902 წ. დაწერილ „დღიურებს“ ბეჭდავს და ყველას ასე ასათაურებს: „მასალები მოთხრობისათვისო“. აწი და რაღა მასალათ ბეჭდავს, არ სჯობდა მოთხრობათ დაწერა და მერე გამოქვეყნება?!. პირდაპირ ზიზღის მომგვრელია ბ-ნი ივ. გომართელის კრიტიკული შენიშვნები „ჯაყოს ხიზნებზე“. ამ რუსულათ „გაპადლეცებულ“ ყოფილ პატრიოტს დღეს სხვა თემა ვერ მოუნახავს თუ არა განაწამები ქართველი ინტელიგენტის გაქირდვა და მასხარათ აგდება. ამ უსინდისოს შესწევს გამბედაობა ქართველ ინტელიგენტს დასცინოს „სიონში დადის და იმასღა ადევნებს თვალყურს კათალიკოსის წირვა არ გამომეპაროსო“. თურმე ნუ იტყვით ინტელიგენცია ისე სასოწარკვეთილი ყოფილა, რომ ძველი ხატების წინ იჩოქებს და მას ევედერება, მას სთხოვს ხსნას. მერე თუნდ ეს ასე იყვეს, რა აქვს ამას გასაცინარი და გასახარელი ივანე გომართელის? რომელ „სოციალისტურსა“ და „პროლეტარულ“ ჭეშმარიტების გამარჯვებაზე ღაღადებს ეს ფაქტი? განა ეს იმას მოასწავებს, რომ გაიმარჯვა ახალმა საქართველომ და წირვა-გამოსული ძველი საქართველო საფლავში მიესვენება? განა მართლა რევოლუცია და მუშათა კლასის გამარჯვებაა იმის მიზეზი, რომ ასე თვალცრემლიანი დადის ინტელიგენცია და ნუგეშს მხოლოდ ძველ სიონში ხედავს? ივანე გომართელმა კარგათ იცის თუ რა არის მიზეზი ქართველი ინტელიგენციის და მთელი ერის აცრემლებისა. ივანე გომართელი კარგათ ხედავს თუ რათა და როგორ მოსთქვამს საქართველო, მაგრამ მას არ სწამს, რომ ეს საქართველოს მოთქმაა, რადგან ის უკვე აღარ არის საქართველოსთან და მის ამცრემლებელთა ბანაკში სისხლიან ხარხარს თავის რენეგატულ ხითხითსაც უერთებს. ვინ ლაპარაკობს რევოლუციაზე და მუშათა კლასზე, ვის გამოყავს წირვა ქართველი ინტელიგენციისთვის? ივანე გომართელს ისე გაელამებია სახე და ჩეკისტური კალმოსნობა ისე შეუთვისებია, რომ მთელი თანამედროვე საქართველო დროგადასულ კლასათ მიაჩნია და საქართველოზე ხმალით გამარჯვებული რუსეთი ამომავალ ეროვნულ კლასათ დაუსახავს. მართლაც და როგორ მოხდა, რომ ქართველ პროგრესულ, უმეტესათ სოციალისტურ ინტელიგენციას დღეს სიონისთვის მიუპყვრია თვალები? ეს ისევე ჩვეულებრივათ და ბუნებრივათ მოხდა, როგორც 1922–23 წლებში ჩვეულებრივი და ბუნებრივი იყო ჯერ-კიდევ ქართველათ დარჩენილ ივანე გომართლისათვის „ლომისში“ ეწერა პატრიოტული წერილები და დიდის სიყვარულით მოეგონებია ბავშვობიდან ქართული ტაძარი და იქ მისი დედის ლოცვა. საქართველო დღეს უდიდეს ეროვნულ ტრაღედიას განიცდის. ინტელიგენცია, რომელიც დღეს მხოლოდ სიონში პოვებს სულის სიმშვიდეს, გუშინ თავისუფალ საქართველოს წიაღში ხმალით ხელში სდარაჯობდა სამშობლოს მთელ ხალხთან ერთად. გუშინ ის არ იყო დაჩოქილი ხატის წინაშე, გუშინ ის არ იყო სასოწარკვეთილი, გუშინ ის ერის თავისუფლების დროშის ქვეშ ზოგჯერ ნახევრათ მშიერი და ტიტველი, მაგრამ უყოყმანოთა და იმედებით აღტყინებული მთელი თავისი ენერგიით ერთან იყო შედუღებული. 1917 წლის რევოლუციამ საქართველოში, როგორც წარმავალი და დროგადასული კლასები ისტორიას ჩააბარა რუსეთიდან ძალათ მოტანილი თვითმპყრობელობა, მისი ბიუროკრატიული მმართველობა, მისი ჩინოვნიკობა, მისი მჩაგვრელი და კოლონიალური იმპერიალიზმი, და ამ მძიმე უღლის მოხსნის შემდეგ საქართველო გამოქალაქდა, საქართველოში არ იყო თავადი და აზნაური, ბატონი და ყმა, საქართველო აღსდგა როგორც ერი და თავისი თავის ბატონ-პატრონი. ამ მთლიან ახალგაზდობასა და ეროვნულ აღტყინებას განიცდიდა მთელი საქართველო, ის გადახალისდა და აღორძინდა ჭაბუკის სიმკვირცხლითა და სიცოცხლის წყურვილით, საქართველოს ნიადაგში არ აღმოჩენილა ძირმომპალი ფენები და კლასები, რადგან მისი საუკუნოებრივი ეროვნული ჩაგვრა ერის ყველა ძალებს დამონავებულთა მდგომარეობაში აყენებდა და მეტათ თუ ნაკლებათ ერთმანეთთან აკავშირებდა მთავარი მტერის – უცხო თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. ამრიგათ საქართველოს ნიადაგიდან მხოლოდ ერთად ერთი ნაგავი, ერთად ერთი ძირმომპალი და დრო გადასული ფუტურო იყო გადასათრევი – რუსეთის თვითმპყრობელობა, ხოლო მის გადათრევას თან უნდა გაეყოლებია მისითვე ჩამოთესლებული ზედმეტი ბრგი-ბარხანა. როგორც ეს მოხდა, როცა რევოლუციამ აღასრულა ქართველი ხალხის ოცნება, საქართველო ხელახლა იშვა, საქართველოს ძარღვებში ახალგაზრდული სისხლი აჩქეფდა. ამ სისხლის მიმოქცევა ერთნაირათ სწარმოებდა მუშებში, გლეხებში, ინტელიგენციაში. სამი წელი არსებობდა თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო და ამ ხნის განმავლობაში ჭაღარა მებრძოლთაც კი არ უგრძვნიათ გულისცემის შესუსტება, საქართველოს გული ერთი იყო, ის ერთნაირის ტემპითა და ჯანსაღი რიტმით მუშაობდა მანამ... მანამ, სანამ არ მოვიდა ძალათმაცხონე რუსეთი და საქართველოში არ ჩამოალაგა უამრავი ხიშტიანი რუსი „პროლეტარიატები“. აი ამ დღიდან „აღმოჩნდა“ საქართველოში ის „ძირმომპალი“ და „დროგადასული“ კლასები, რომელთაც წაართვეს თავისი სამშობლო, რომელნიც აყარეს სახლკარიდან, რომელნიც გარეკენ სამსახურიდან, რომელნიც დაკლენ საბურთალოზე; იყო ისინი მუშები, გლეხები თუ ინტელიგენტები, მათ ამ დღიდან რუსული ლექსიკონით ეწოდებათ „თავადაზნაურები“, „მენშევიკები“ და „ბანდიტები“, ისინი არიან „წარსულის კლასებათ“ წოდებული, რადგან მათი სამშობლო და სარჩო-საბადებელი, მათი ენა და კულტურა დაიკავა რუსეთმა და თავის თავსაც „ამომავალ კლასს“ უწოდებს. აი ამ რუსული ხიშტებისაგან შემდგარ „ამომავალ კლასს“ უკრავს ტაშს ივანე გომართელი და (არა) საქართველოს პროლეტარიატს, იმ პროლეტარიატს, რომლის ძვლებისაგან ჯერ კიდევ გუშინ აღიმართა უმაღლესი გოლგოთები. სად უნდა წავიდეს ქართული ინტელიგენცია, სად უნდა იპოვოს მან ამ ეროვნულ გლოვისა და კოშმარების დროს სულის მოსვენება? სად უნდა მივიდეს (ქართ)ველი“ კაცი, რომ დაჭრილ-დაკოდილ გულს მალამო მოცხოს? საქართველო სულით ხორცამდე (დაღ)ლილია, საქართველოს წართმეული აქვს ქართული სიტყვა და ქართული მწერლობა, საქართველო განდევნილია ქართული თატრიდან, სადაც არამკითხე რუსეთი ქრთამებითა და ნასუფრალით (... ბიჭ)-ბუჭებით სცდილობს განდევნოს მელპომენის ტაძრიდან ქართველი ქურუმები, საქართველოს თავის მკვდრების დამარხვისა და მათ ცხედრებზე ქართული ცრემლების დაღვრის უფლებაც კი არა აქვს, მტერმა დაშალა ქართული ოჯახი და ყოველი ქართველის სახეს ლანდათ ეტმასნება გამცემი და გამყიდველი, მწამებელი (და) სასაკლაოზე წამყვანი, საქართველოს ყველა სიწმინდენი შერყვნილი და წაბილწულია!.. მაშ რას ბრძანებთ ბ-ნო გომართელო, ჩეკისაგან დამეხილო და რუსულათ გადაბრუნებულო გომართელო, სად წავი(დეს) ქართულ სიტყვასა და ქართულ სახეს მოწყურებული ობოლი ქართველი და განსაკუთრებით კი კაე(შანის) ტბაში მცურავი ქართველი ინტელიგენცია? სად მონახოს მან გულის მალამო, თავისი ქართული, მშობლიური გულის საიმედო სახე, სახე მისი ისტორიისა და მომავალი იმედისა? და განა მას ეძრახება, (რომ) მიაკითხა ძველ სიონს, შეხედა ქართულ ფრესკებს, ყური დაუგდო ქართულ გალობას, გული მოიბრუნა ქართული სახეების და ქართული ლოცვის სიტკბოთი? განა ეს იმას მოასწავებს, რომ (. . .) ხალხი დროგადასულია, რომ ის წარსულს ეკუთვნის? განა დაობლებულ, დამწუხარებულ, აცრემლებულ ქართველ პატრიოტებს ნუგეშის ნაცვლათ ჩეკის ზურგიდან ამომალული ასე დამცინავი ხითხითი ეკადრება? ან განა რა უნდა ყოფილიყო თქვენთვის თუნდ იმაში გასაკვირველი, რომ სიონში საქართველოს კათალიკოსის წირვაზე მივიდა ქართველი ინტელიგენცია, იმ კათალიკოსის წირვაზე, რომელიც ერისათვის საპყრობილეში იტანჯებოდა? რა არის ამ გრძნობაში წარმავლობის და დრო გადასულობის?!. ივანე გომართელმა სინამდვილე თავუკუღმა (გადა)ატრიალა, მან მკვდარი ცოცხლებში გამოიყვანა და ცოცხლები საფლავში ჩააწყო. მოაძვრეთ საქართველოს რუსეთის უღელი, გაუდგეს თავის სახლში ტამბოვიდან მოსული „ამომავალი კლასი“, დეე ეყუდნოს საქართველო თავის თავს და მაშინ ხატების წინ დაჩოქილი ინტელიგენციაც თავის ერის მუშათა კლასთანა და გლეხობასთან ერთად ისევ გაახალგაზდავებული თავის ისტორიულ მისიას შეასრულებს. არა, საქართველოს კი არ გასვლია ვადა და დრო (გათავ)ებული კი არ არის ჩვენი ინტელიგენცია, არამედ მართლაც დროგადასულმა რუსულმა იმპერიალიზმმა (დაგ)ვიჭირა და ხმალით ჩაგვდენა საფლავში. ივანე გომართელი იმის მაგიერ, რომ მთელ საქართველოსთან ერთად ერის ბედს დასტიროდეს მაინც, აცრემლებულ მშობელ ოჯახს ლაჩრულათა და ცინიკურათ უხითხითებს...
15 აპრილი. დღეს საღამოს სეირნობის დროს კალისტრატემ მითხრა, რომ აგვისტოს აჯანყების დროს სხვა ახალგაზდებთან ერთად ტფილისში კიტა აბაშიძის შვილიც დაუხვრეტიათო. მეხივით დამეცა თავზე ეს ამბავი. საწყალი ბიჭი! ვგონებ ერთად-ერთი ვაჟიც კი იყო კიტასი. აი ტრაღედია, აი კოშმარი! რა კარგი ყმაწვილი, მამის ღირსების შესაფერი ახალგაზრდა იყო! ეს უკვე ვაჟკაცი, მომწიფებული მოქალაქე და ცეცხლოვანი ენტუზიასტი იყო. მახსოვს 1921–22 წლები, ის მაშინ ახალგაზრდა ფედერალისტთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. არალეგალურ ცხოვრების დროს კიდეც ვხვდებოდი ზოგჯერ. რამდენ ენერგიას, რამდენ იმედს, რამდენ ნუგეშს გაძლევდა კაცს ამ ტლუ და ღიმილით ტუჩებ მოქარგულ ყმაწვილებთან შეყრა! გულს ჯავრი გადაგეყრებოდა, ფიქრებს მოასვენებდი, ოცნება გაგიტაცებდა და სიხარულის ცრემლები წაგძლევდა, რა ძვირფასი საგანძური იყო, დაუფასებელი საძირკველი ახალ საქართველოსთვის, რადგან ეს ახალგაზრდები ახალ საქართველოს ნიადაგზე იყვნენ ქართველ მებრძოლებათ დავაჟკაცებულნი... რამდენი აღარ არის დღეს, რამდენი მოკვდა თავის პატრიოტულ ენტუზიაზმით დამთვრალი! არა, საქართველოს რა მოკლავს, საქართველოს რა წააქცევს, ის სად წაუვა ამდენ საფლავებს, ის ან უნდა აღსდგეს ამ საფლავებით, ანდა სავსებით დაიღუპოს. მეოცე საუკუნეში, მწამს, საქართველოს დაღუპვა შეუძლებელია, მაშასადამე აღვსდგებით, უნდა აღვსდგეთ!..
17 აპრილი. აღდგომის წინა დღეებია და ამ ძველ ღვთის-მმოსავ სუზდალში რუს ბერმონაზონთა მექასა და მედინაში თავს ისე ვგრძნობ, თითქო წარსულ საუკუნეში ვცხოვრობდე. დღე და ღამე განუწყვეტელი ზარების რეკვაა, ასე გეგონებათ რაღაც მეორეთმოსვლააო. ძალიან არ ეტყობა „ბეზბოჟნიკის“ გავლენა რუსეთსა და რუსის ხალხს?! მართალია, ჩვენი მონასტერი გაუქმებულია და აქაურ სამრეკლოზე გამოკიდებული უზარმაზარი ზარიც დადუმებულია, მაგრამ სუზდალში სახლებზე მეტი ხომ ეკლესიებია და აბა რა დააკლდებოდა ამ ღმერთების კუთხეს ერთი ან ასი ზარის გაჩუმებით, ეხლა რაც რეკავს ისიც კი საკმარისზე მეტია. რუსულ კომუნიზმმა ამ საქმეშიც უფრო მეტი რუსი პატრიორობა გამოიჩინა. ღმერთებს ბრძოლა გამოუცხადა, მაგრამ რუსული ღმერთი ისევ მალე შეირიგა და საბჭოთა წყობილება პატრიარქ ტიხონსაც კი დაალოცნია. რუსეთი საქართველოშიც თითქო „ანტირელიგიური“ პროგრამით შეუდგა ეკლესიების რღვევასა და ღვდლების დევნას, მაგრამ კოლონიაში მან ნამდვილი ეროვნული დარბევის ხასიათი მიიღო და იმ ზომამდე დამახინჯდა, რომ 1922–24 წლებში კომუნიზმის სახელით ნაწარმოები ქართული ეკლესიის განადგურება ისტორიაში დარჩება თანაბრათ აღამამადხანისა და ჯელალ-ედინის ნამოქმედართან. როგორც ოსმალებისთვის არის საუკუნო წყევლის ძეგლათ ქუთაისის ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, ასევე საუკუნო ზიზღის ძეგლათ დარჩება რუსეთისადმი ქუთაისის სობოროს ნანგრევები. [მამია ორახელაშვილმა ტფილისში საბჭოთა ყრილობაზე შეეხო ოსმალეთთან მეზობლობას და განაცხადა, რომ ქურთების აჯანყების საკითხში მთელი ჩვენი სიმპატია ოსმალეთისა და ანგორის მხარეზეაო. სხვანაირათ არც შეიძლებოდა. აბა რა უნდა ეთქვა მეტი იმ მოსკოვის კომისარს, რომელიც მთელ თავის აღმოსავლურ პოლიტიკას ბარბაროსულ ოსმალეთთან კავშირზე ამყარებს, რომელიც უკვე ჩამოქვეითთა თვით ოსმალეთის მდგომარეობამდე და ესეც რომ არ იყვეს, განა შეუძლია რუსეთის ერების საპყრობილის პატრონს მოუწონოს ვისმეს ეროვნული აჯანყება დამპყრობის წინააღმდეგ? ორნი არიან ტოლნი არიან!.. რუსეთი და ოსმალეთი აბდულ-გამიდის გზაზე, ისლამურ-აზიური კომუნიზმი და რუსულ-თათრული სოციალიზმი!.. მოდი და ნუ დარწმუნდები, რომ უკვე სოციალიზმში შევედით!.. [ვანოსაგან და ნინოსაგან წერილი მივიღე, ემიგრანტი ძმის – პოლიკოს მისამართს მითვლიან. ის თურმე პარიზში პეჟოს ავტომობილების ქარხანაში თავის ხელობაზე – ხარატათ – მუშაობს. ახალგაზრდა კაცია. კარგია ხელობას გაიუმჯობესებს, ქვეყანას გადახედავს და სამშობლოსთვის საჭირო მოქალაქეთ დაბრუნდება. ბედნიერებაა მისთვის, რომ მუშა-სპეციალისტია, შიმშილით მაინც არ მოკვდება. [პოლონეთთან გადასაცვლელათ გამზადებული პროფ. უსასი პეტროგრადში გაასამართლეს. დიდი კომედია უნდოდათ დაედგათ, უზენაესი სასამართლოს პროკურორი კრილენკოც კი გაგზავნეს ბრალმდებლათ, მაგრამ წარმოდგენა ჩაიშალა იმით, რომ ერთ-ერთმა მთავარი როლის შემსრულებელმა ბ-ნმა უსასმა, როგორც პოლონეთის მოქალაქემ და დიპლომატიური იმუნიტეტით მოსარგებლემ უარი განაცხადა სასამართლოში დასწრებაზე და არ იცნო რუსეთის სასამართლო უფლებამოსილათ პოლონეთის საქმეებში ჩარევაზე. ამასთანავე მან გადაჭრით უარყო მის მიერ (უნდა იყოს: მის მიმართ – ი. ხ.) წამოყენებული ბრალდებანი, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ თითქო უსასი მოსამსახურე ქალებს პოლონეთის სარეპატრ(ი)აციო კომისიაში ატიტ(ვლ)ებდა და ასოებს უწკეპლავდა... ერთ-ერთ მოწმეს, თითქო ასე გაწკეპლილ ქალს, უკვე გაუსწრია პოლონეთის ტერიტორიაზე და იქ განუცხადებია – ყველაფერი ეს ცილისწამებაა, ჩვენ გვაიძულეს რუსეთში ასე მოვქცეულიყავითო. მართალია თუ ტყვილია ეს ბრალდებები სხვა საქმეა, მაგრამ ყველა ამ პატარა საქმეებში როგორც ერთ წვეთ წყალში მოსჩანს მთელი სირთულე რუსეთ-პოლონეთის დამოკიდებულებისა, ის მეტათ გამწვავებულია, მინსკთან მათი მორიგება თითქმის შეუძლებელი ხდება, დაჭიმული ძარღვები ერთხელაც იქნება თავის აუცილებელ შედეგს მოიტანს... ომი მათ შორის თითქმის ფატალურათ აუცილებელი ხდება.
19 აპრილი 1925 წელი. დღეს აღდგომაა. თვალები რომ დავხუჭო და მხოლოთ ყურთა სმენათ გადავიქცე მეგონება სადღაც შორს-შორს წარსულის მოგონებებში ვცხოვრობ. ციხე თითქო ზანზარებს ისე მოგორავს სუზდალის ყოველი მხრიდან ზარების მაღალი ტალღები. ყოველი მხრიდან აწყდება ჩვენი მონასტრის ცამდე აზიდულ ისტორიულ კედლებს ეს დაუსრულებელი გრგვინვა, რომელიც გადმოდის კრემლის ეზოში და აქ შემოგალავნებულ უდაბნოში დიდხანს გაისმის მისი „უ...უ...უ...უ...“ თითქო სააღდგომოაო, სწორეთ დღეს მივიღეთ ის გაზეთი, სადაც გარდაცვლილ პატრიარხ ტიხონის ანდერძია მოთავსებული. ლოცავს და აკურთხებს საბჭოურ-კომუნისტურ რუსეთს, სტალინ-ზინოვიევის ხელისუფლებას უფლის გამოგზავნილათ სთვლის და მოუწოდებს რუსეთის ეკლესიასა და მორწმუნე სამწყსოს ერთგულათ ემსახურონ ამ ხელისუფლებას, რათა ამ უკანასკნელმა თავის მხრით ნება დართოს სასულიერო სასწავლებლების გახსნისა, სკოლებში სამღვთო სჯულის სწავლებისა და რაც უმთავრესია არ დაუშვას, რომ კათოლიკურ პოლონეთში იტანჯებოდეს მართლმადიდებელი ეკლესია, რომ იქ ეკლესიები კოსტელებათ არ გადააკეთონ. თავის შესაქცევი სურათი არ არის!.. კომუნიზმი რუსული ეკლესიისაგან კურთხეული?! ტიხონის მიერ ღმერთთან მორიგებული და პოლონეთზე სალაშქროთ დალოცილი!? მე არ მჯერა, რომ ეს ანდერძი მარტო ტიხონის შედგენილი იყვეს, ამის „ზაკაზი“ უთუოდ ხელისუფლებამ მისცა და წინასწარ შეთანხმდენ. აბა ვინ იფიქრებდა, რომელ გულთმისანს შეეძლო ეთქვა ისეთი პარადოქსი, რომ რუსულ კომუნიზმს ისე წაუვიდოდა საქმე, რომ ღირსეულ სიკვდილსაც კი ვერ მოახეხებდა და ნაძრახი სიცოცხლის შესანარჩუნებლათ სინოდსა და ეკლესიას შეუთანხმდებოდა და მისით ნაკურთხი პოლონეთზე სალაშქროთ კათოლიკურ კოსტელებს მოიმიზეზებდა!.. ალბათ ღმერთებიც კი იცინიან! მეტს განა თვითმპყრობელობა შვებოდა და ამბობდა? რა უნდათ ამ პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიასთან. 1863 წ. პოლონეთის აჯანყების შემდეგ რუსეთმა პოლონეთს წაართვა კოსტელები და რუსულ ეკლესიებათ გადააკეთა, დამპყრობმა დატუქსა დაპყრობილი. ეხლა განთავისუფლებულმა პოლონეთმა მისი კოსტელებიც გაანთავისუფლა რუს ბერ-მონაზვნებისაგან. რა არის მერე ამაში უსამართლო და მიუღებელი? მით უმეტეს სოციალისტისთვის? მაგრამ სად რუსეთი და სად სოციალიზმი. ის ძველი არის მთელი თავისი შინაარსით, მხოლოდ წითელ კანშია გახვეული. [გერმანიაში მემარჯვენეებმა მართლაც ჰინდენბურგი წამოაყენეს პრეზიდენტის კანდიდატათ. საარჩევნო ბრძოლა ორ ბანაკს შორის სწარმოებს – რესპუბლიკანელებსა და მონარქისტებს შორის. გაზეთებიდან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მაინცა და მაინც დიდი შანსები არ უნდა ქონდეს მემარჯვენე ბლოკს, თუ რასაკვირველია ჰინდენბურგის სახელმა არ აამოძრავა ამრჩეველთა ახალი ფენები, რომელნიც დღემდე პასიურები იყვნენ. იმასაც დიდი მნიშვნელობა ექნება მოხსნიან თუ არა კომუნისტები თავის სადემონსტრაციო კანდიდატს მონარქისტების გასვლის შიშით. ძალიან საინტერესო კია ეს არჩევნები, განსაკუთრებით საინტერესოა იმ მხრით თუ რას იზამენ კომუნისტები, შეუწყობენ თუ არა ხელს მონარქიას თავისი ხმების დემოკრატიიდან გამოთიშვით. ვნახოთ, ერთიღა კვირა დარჩა, შედეგები ყველაფერს გამოარკვევს.
21 აპრილი. წელს ციხის ბაღში სეირნობებზე მუშაობით მაინცა და მაინც თავს არ ვიწუხებთ. სად არის წელს ამის ძველებური ხალისი და ენერგია, შარშანდელსა და წრევანდელს შორის თითქო რაღაც საშინელი უფსკრულია. გულში სხვა ჯეჯკი, სხვა განცდა და სხვა წუხილი გვაქვს ვიდრე შარშან, ყოველ შემთხვევაში ის აღარ არის რაც იყო. წარსულ გაზაფხულზე რაოდენს დავრბოდით, დავფუსფუსებდით, თვალის ჩინივით ვუვლიდით ბაღს, ვბუღნიდით მიწას, ვფუთნიდით ყოველ ბუჩქს, ვთესავდით, ვალამაზებდით. წელს კი... წელს სრულიათ გულგრილათ შევსცქერი აქაურ ამხანაგების მუშაობას, თითქო არც კი მიზიდავს ის. ზოგჯერ შევნატრი უკრაინელ იაკობა სავჩენკოს. რაოდენს ხმაურობს, ჩხუბობს, დარბის, ამოსვრილია ტალახში, ბარავს, აგურებით რკალავს ნათესებს, ტკეპნის გზებს, თან იმღერის, ხარხარებს, კივის, ჩხივის, ერთი სიტყვით აკლებული აქვს აქაობა და ამის შემხედვარეს ოდნავი ღიმილი თუ გადამკრავს სახზე და ვეკითხები გულს: „შენ რამ მოგაბერა, რამ მოგაშორა ასე სიცოცხლეს?..“ და თითქო საყვედურით მიპასუხებს: „ნეტავ ფეხათაც არ გაგვატარა ამ რუსის მიწაზე, თორემ ხელით მას როგორ მივეკარებიო“. დავბრუნდები ამის შემდეგ, მეორე კუთხეში წავალ, აღარც ვხედავ შემდეგ მომუშავეთ, არც კი ვიცი მუშაობენ თუ არა და ცხადი სიზმრები მიდგა თვალწინ: [ფიქრით სამშობლოში მივფრინავ და ჩვენს გაზაფხულს ვეალერსები; იქ, ჩემს კარ-მიდამოში, მამიჩემის ნაწვავ-ნადაგ მიწაზე დავხოხავ, ოფლსა ვღვრი, გულს ვიძღებ იმედით, ვიხუტებ ჩვენს ბაღჩას, დიდრონი კაკლის ხეები საიდუმლოთ დამშრიალებენ თავზე, ეზოს გადაღმა ბუჩქებში ბულბული სტვენს და სტვენს, ჭიშქარზე გავლილი მეზობელი ხალისიან გამარჯობას მეტყვის, ჩვენი მურია მას შეუყეფს, მხოლოდ ერთს შეუყეფს, მეზობლებს ის მეტათ არ აჯავრებს და თითქო დარცხვენილი, რომ მეზობელი შაწუხა კუდ-დაშვებული მოვა ჩვენთან და შორი ახლო ჩრდილში მოირთხამს ფეხებს... სამუშაოსთან ახლოს დედა ჩამომივლის, თითქო ბოსტანში მიდის მწვანილის დასაკრეფათ, იმერული ჭრელ-ტარიანი დანა უკავია ხელში პრასის დასაწმენდათ; ბოსტანში კი მიდის, მაგრამ გზათ მეც უნდა მნახოს, შვილს უნდა შეხედოს, მშობელის სიამაყე უნდა იგრძნოს პირმშოს მუყაითობაზე. თეთრ თავსაფარს გაისწორებს და მეტყვის „დედა გენაცვალოს არ გამელახოვო“. გული მომდის, როგორც ყოველ შვილს მშობლების სწავლებაზე, თავი ვაჟკაცათა და ყოვლის შემძლეთ მიმაჩნია, რა გამლახავს, რა დამღალავს, ბავშვი ხომ არა ვარ?!. მეტს არას ამბობს დედა, ვხედავ ბოსტანში შევიდა, აქშო უთხრა ნათესებზე დაფუყულ ქათმებს, ერთი მიაწყევლა კიდეც „ტურამ შეგჭამათო“ (ხოლო მართლა ერთიც კი რომ მოიტაცოს ტურამ ჩვენი კუთხის ქალები აქაურობას აიკლებენ), ჩაუჯდა და სჭრის მწვანილებს რომ ჩაურთოს შუა ცეცხლთან აჩუხჩუხებულ ქოთან ლობიოს. მე ვიცი, რომ ბოსტანშიდაც კი მლოცავს მე ის: წყენია, რომ გული მომდის მის სწავლებაზე, დედაა შვილი მუდამ ბავშვი და მოსავლელი გონია, ვიცი ბოსტნიდან რომ დაბრუნდება კიდევ გაჩერდება ჩემთან, ეხლა აღარ გამაჯავრებს ახალი სწავლებით, მაგრამ გულში კი იტყვის „დედა გენაცვალოს, მომიკვდება ბაღანა, ოფლითაა გახეთქილიო“ და წავა, დაიმალება აკომლებულ სამზარეულოში, უტრიალებს ცეცხლს, ახურებს კეცებს, სწმენდს ჭურჭელს და იჩქარის „მუშას სადილი არ უნდა დაუგვიანდესო“. [აკარკაცდებიან ზოგჯერ ქათმები, გაიკვირვებს მამალი, კრუხი ციბრუტივით დატრიალდება და შეაქუჩებს წიწილებს, დაეფუყება ყველას თავზე, ფრთებს ჩამოუშვებს, ღობის კიდესთან მიმალული ქათმები ელამათ იხედებიან ზევით, უნდათ სივრცეში შეამჩნიონ მტერის აჩრდილი. ეს ქორია, ოჯახის დასაწიოკებლათ შურდულივით ეზოსთან გაელვებული. სახლიდან გამოვარდება დედაჩემი, გაისმის „ჰაუ... ჰაუ...“, ფეხზე წამოდგება მთელი ოჯახი, ბავშვები შემოერტყმებიან შეშინებულ წიწილებს, ყველას უნდა მოიგერიოს მტერი, ჩვენი მურიაც კი ღებულობს ამ ბრძოლაში მონაწილეობას და თავის ბოხი ხმით ყეფს და გარდიგარდმო დარბის ეზოში. გადაივლის საშიშროება, მიგვანგვალობენ ისევ ქათმები, წიწილთა ჯარი ჭუჭუ-ჭუჭულით მიყვება კრუხ დედას და ყველა ერთად თითქო მშვიდობით გადარჩენის გამო თავისებურ გალობას ამბობენ, ამ დროს ერთი მათგანი უთუოდ წყალს სვამს და ყოველი ყლაპის შემდეგ ღმერთს შეხედავს. ასე სწამთ სოფელში. [მზე პირდაპირ თავზე დაგვადგება, სადილობის ჩრდილი სარივით სწორეთ დაესობა. კაკლის ძირს ვიყრით თავს მთელი ოჯახი. ოთხფეხა სუფრას გამოიტანს დედა, დაალაგებს მრგვალ-მრგვალ ცხელ მჭადებს, თეფშებით ჩამოგვიდგამს ლობიოს, სუფრის ორ ადგილს გაზაფხულის ფხალი ამშვენებს, ეს დამატებითი, მეორე ულუფაა. მარხვას აქ ვეღრ ვჭამთ, აღდგომის კვირაა, ბაბუა თავს ზიარობს, ბებია შვიდოულს იღებს, დასუსტდა ბებია, მაგრამ მაინც არ იკარებს პირში არაფერს, საიქიოზე ფიქრობს, ცხონება უნდა, ბაბუა კი უფრო დიდგულათაა ღმერთთანაც, მას საერთოთ ავი კაცს ეძახიან, პირამთქმელი და უტეხი ვინმეა, თავს კი არ ზიარობს, მაგრამ სადილს მუდამ ღონივრათ მიირთმევს, ღვინოსაც კი დააყოლებს, თავს ასე იიმედებს „პირში რაც ჩადის ღმერთს არ აჯავრებსო“. მოიტანს ქვევრიდან ჩემი და ჭინჭილა დოქით ალის ფერ ღვინოს, რაკრაკით გადმოდის ჭიქაში ის და უთუოდ პირველს ბაბუა მიირთმევს, უხუცესია ოჯახის, პირველობა მას ეკუთვნის, პირჯვარს გადიწერს, გამარჯობას გადმოგვძახებს, ჩვენც უკლებლივ გაგიმარჯოთ ვუპასუხებთ. სადილის ნაკეთები, არაქათ გამოლეული და ლოყა დაწითლებული დედაჩემი უკანასკნელი მოუსხდება სუფრას, რადგან უკანასკნელიც უნდა ადგეს აქედან, სუფრის ალაგების ხარკი ხომ მას აწევს მუდამ. დაღლილია დედა, მაგრამ სადილობის დროსაც კი გვათვალიერებს ყველა შვილებს და გულში კი ვიცი ისევ თავის წუხილი აქვს „დედა ენაცვალოს, ბაღნები გამელახება, ავად გამიხდებაო“. შორი ახლო დაგებულია მოლზე ჭილობი, მუთაქაც კი მოუტანიათ, ეს იმისთვის, რომ მუშამ სადილის შემდეგ უთუოდ თვალი უნდა მიდოს, მაგრამ პირველი მუშაობა ბაბუას აქვს მიკუთვნებული და მუშაობს თუ არა გამზადებულ საწოლზე მაინც თვითონ მოისვენებს. ჩვენ კი ყოველთვის ასე გვეტყვის: „თქვენხელობას ცა ქუდათ მქონდა და მიწა ქალამნათო“. გაივსებს ყალიონს, კვესაბედს ჩინჩხლებს გააყრევინებს, ააბოლებს და ამ ბოლში ჩაეძინება, ხვრინვას ამოუშვებს. ამ დროს სადაც არ უნდა იყოს ბებია უთუოდ ჩამოუვლის მძინარეს და ყალიონს გაუსინჯავს, მუთაქა არ დამიწვას და თვითონაც არ დაიწვასო. ეს შიში, მართლა რეალურია, რადგან ბაბუასთვის არასოდეს არ მინახავს ისეთი პერანგი, რომ წელზე მარჯვენა ხელისკენ გამომწვარი არ ქონოდა. ეს მას მუდამ ყანის თოხნის დროს მოსდიოდა. პერანგის ამარა მუშაობდა, მაგრამ ქამარი მაინც ერტყა, ალბათ იმისთვის, რომ წელზე მუდამ თუთუნიანი ქისა კიდებოდა და ყალიონიც იქვე ქონოდა გაკვეხებული. და ხშირათ მოწევის შემდეგ წელში გაკვეხებული ყალიონი უწვავდა მას პერანგს. ბებია ამისთვის უთუოდ მიაწყევლიდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გაუბედავდა, რადგან ბაბუა ავი იყო და თუ გააჯავრებდა, მაშინ იცოცხლე საწყალ ბებიას გაუხსენებდა მისი თავისახლებიდან ყველას, ყველას ვინც კი ბაბუას აზრით მასზე დაბლა იდგა და მისთვის უღირსი იყო. [გათავდებოდა შუადღე, ჩრდილი ცოტა აღმოსავლეთისკენ მოიქნევდა კუდს, ოდნავ დასვენებულ ხარებს ავირეკავდით ისევ სათესათ, გასამართავათ. მიიზლაზნება კავი, აგორებს ბელტებს, ცმუკნავს პატარა გოგონა, ახტება ბელტებზე თავის პატარა ტიტველი ფეხებით და ამ ხტუნვაში მისი გაშლილი დალალები ხან ერთ მხარეზე დაეყრება და ხან მეორეზე. რამდენ მეტ კვალს გაატარებ მას, იმდენს შემოგხედავს, ეს იმისია რომ გაუშვა, აწი მაინც უწინამძღვროთ გაატარო ხარები. ამასაც ეღირსება მოუთმენელი ცელქი გოგონა და გარბის, კივილ-ჩხივილით გარბის, თუნდ არც დაგენახოს, დაგეკარგება. რომ დაგჭირდეს ვეღარც მოძებნი და მხოლოდ ერთი ხერხი გაქვს მოსატყუებლათ, სააღდგომოთ მას ხომ უნდა ახალი ფეხსაცმელები, ახალი კაბა, ახალი ბლუზა, უნდა გაუხსენო ეს და მაშინვე მიწიდან ამოძვრება, სადაც არ იყოს გაჩნდება. [ჩვენი ოდის აივანზე მოსჩანს დედაჩემი და უფროსი და, ეს უკანასკნელი ეხლა უკვე ბატონია ოჯახში, დედა მას ცოტა სამუშაოს აკეთებინებს, ორივე დედა-შვილს ჭიშკრისკენ უჭირავთ თვალი, მთელი წელია ასე იცქირებიენ, მოწიფული ქალის პატრონი ხომ მუდამ სასიძოს მოლოდინშია. აივანზე გამოუტანიათ წნელის ჩაფარაში ჩაჯენილი ახლად გამოსული აბრეშუმის ჭია და საიდუმლოთ ათვალიერებენ, ეს საადრიოა, მეორე კი უფრო საგვიანო კანოს ქისაშია და ჯერ კიდევ კოლოფში დევს, ყოველდღე ამოიღებენ, გახედ-გამოხედავენ, მარჩიელობენ. კუდში მისდევს დედა უფროს ჩვენს დას. ყველაფერს ასწავლის, უსაიდუმლებს, ოჯახის უფროსათაც მას სთვლის და ეს იმისთვის, რომ გასათხოვარია, ვინ იცის იქნებ ხვალ-ზეგ ბედნიერებაც კარზე მოადგეს და უნდა გაისტუმროს და რაც დედამ იცის, შვილს უთუოდ უნდა გაყვეს, შვილმა მეტიც უნდა იცოდეს და ხელცარიელიც არ უნდა გადავიდეს მამის და ძმების ოჯახიდან. ეხლაც საკმაოთ აქვს ჩემს დას თავისთვის გამოკრული ხაბაკები, ჩვენი ოჯახი თითქო გაყოფილია, მართლა კი არ გავყოფილვართ, მაგრამ რაც ამ გოგოს თვალები ჭიშქრისკენ აუკვიატდა მერე მორჩა და გათავდა, ცალი ფეხი უკვე გადაღმა აქვს. [მოდის დედა ჩემი ჭინჭებში გაკრულ თესლებით. თოხს პატარა ჩემი და მოათრევს, დაფარცხულ ყანაში დადიან და სთესავენ აქა იქ კარგი ჯიშის ლობიოს, ან სადმე ნათესავებიდანა და ნაცნობებიდან ნაშოვნ უცნაურ თესლს ყრიან მიწაში, რომელზედაც ჩვენს ოჯახში მთელი ზამთარი იყო ლაპარაკი. ისე ვიცი, თითქო სიზმრათ ვნახე, რომ ჩვენი მეზობელი ტრიფონია ეხლა უთუოდ გამოიარს ჩვენს ჭიშქარზე. ასე იცის მან. ვისაც კი გასათხოვარი ქალიშვილი ყავს დღეში ერთხელ მაინც ჩაუვლის კარზე და გამარჯობას გადასძახებს. ჯერ არც ერთი ქალი არ მინახავს ჩვენს სოფელში, რომ ტრიფონიას არ სწყევლიდეს და არ აქიაქებდეს, მაგრამ ისიც არც ერთხელ არ შემხვედრია, რომ ტრიფონია ვისმეს ჭიშქარზე გაჩერებული მენახოს და მის ახლო ქალები არ ყოფილიყვენ მოგროვილი და ჭიქა ღვინით, მაინც არ უმასპინძლდებოდენ. ისიც კარგათ ვიცი, რომ მთელი ჩვენი ოჯახი ტრიფონიას ეხლა ფანტასტიურათ აქვს აწერილი ყველა ახლო-მახლო სოფლებში; მერე და, რა არა გვაქვს ჩვენ, რა არ ვიცით, რას არ მოვახერხებთ, ფული გვაკლია თუ ნდობა, ჩემმა დებმა ოჯახობა არ იციან თუ რა, თვალათ არ ვარგიან თუ ტანათ, სიტყვა-პასუხი არ ეხერხებათ თუ რა, მამაჩემს უთუოთ ქუთაისის ბანკშიც კი აქვს ფულები, რაკი ის თავის სახელოსნოში ეხლა სამეურნეო იარაღებსაც აკეთებს. ვისი ბუზია ფაბრიკებიდან მოტანილი, ყველაფერი ეს მამაჩემის მოგონილია და ასეთი სამოყვრო კაცი აბა რომელ ბედნიერს შეხვდება!.. ვინ იცის რამდენი მოტყვილებული ალბათ მართლაც შეგვნატრის კიდეც. და განა მოვტყუვდი? აი გამოჩნდა ტრიფონიაც, გამარჯობა გადმოგვძახა, დაგველაპარაკა, იცინის, მხიარულია, მელაკუდობს. ცხადლივ გავიგონე დედაჩემის ხმა „შენ მოისპე ტრიფონია“, ასევე ცხადათ ვიცი, რომ ჩემმა დამაც ეს სიტყვები გაიმეორა სახლის აივანზე და მზეზე გამოტანილი ბალიშები გადააბრუნ-გადმოაბრუნა. მაგრამ ეს ხომ წყევლათ თვით ტრიფონიასაც არ მიაჩნია, ქებათ და კაი ბიჭობაშიც კი ითვლის, ამისთვის არავინ იბრუნებს მისგან პირს და როგორც სხვების ჭიშქარზე, ისე ჩვენსასაც ხშირათ მიირთმევს ჭიქა ღვინოს და ქალებისაგან შემონახულ ტკბილეულობას. საღამო დროს, როცა ყოველი ოჯახი თავმოყრილია და უმეტესათ ცეცხლს ეფიცხებიან, იშვიათ ოჯახში არ დაიწყევლება ტრიფონია, ვინმე კი წაეკიდება ერთმანეთს, ან ცოლი ქმარს, ან დედამთილი რძალს, ან სიძის და გათხოვილი ქალის ამბავი ჩამოვარდება და როგორ იქნება, რომ ყველა ამ უბედობაში თუ ბედნიერებაში ტრიფონიას რაიმე ბრალი არ ედოს, ყველაფრის მიზეზი ის არის, ყოველი ჩხუბი თითქო მისგან იწყება, მეორე დღეს აღარავის ახსოვს ოჯახის დღევანდელი წალაპარაკება, უკვე შერიგდენ და აპატიენ ყველაფერი ერთმანეთს, მაგრამ საწყალ ტრიფონიას არასოდეს არ აპატიებენ, მას მაინც სწყევლიან და სწყევლიან. და სწყევლიან იქაც კი, სადაც ტრიფონიას ფეხიც არ დაუდგამს და მისი ხელი არაფერში გარეულა. [აკირკიცებული ქალები დაიშლებიან ჭიშქრიდან, ტრიფონია ღვინით გამხიარულებული გზას გააგრძელებს, ზურგში კიდევ ერთი-ორს მიაწყევლიან, მაგრამ გულში ალბათ წყევლა არ რჩებათ და ერთი საათის შემდეგაც რომ შეხვდენ მაინც ახალი ხალისით მიიღებენ. მზე სულ დაიხრება დასავლეთისკენ, ხარების მუშაობა მის ჩასვლამდე ცოდვათ ითვლება, გამოუშვებათ, რამე ქვემძრომმა უღელი რომ არ დასუნოს და ხარები არ დაგვიავამტყოფოს. ხეზე შამოვდებთ, ყანიდან ავიბარგებით, ხარებს ავირეკავთ, საძოვარზე გაუშვებთ, რომ შემდეგ სიმინდითა და ჩალით შვაძღოთ. შეღამდება და თავს მოვიყრით ისევ სუფრასთან, ეხლა მამაც შინ არის, საზეინკლოდან დაბრუნებულა, ნახშირისა და ზეთისაგან გასვრილი ხელ-პირი საპნით კარგათ უნდა დაიბანოს, მისთვის ყოველ საღამოს თბება ცეცხლთან წყალი თუნგით, უთუოდ რამე ახალ, ან შეკეთებული იარაღს მოგვიტანს ოჯახში სამუშაოთ, გაზაფხულზე ვახშამი მალე თავდება, დაღლილ ხალხს ძილი ეპარება, ყველას ლოგინში ეჩქარება, ამისთვისაა რომ ბაბუა ვერ ასწრებს წალაპარაკებას მამაჩემთან საზიარო წისქვილზე, ამაზე მხოლოდ კვირაობით თუ მოიცლიან. ყველა ზამთრის ღამეები ამ წისქვილის საქმეს ეხებოდა, მაგრამ მის დასრულებას არაფერი ეშველა, დავიბადე და დამხვდა ეს სადაო საქმე, ვიზრდებოდი და მუდამ იყო ის ოჯახში, მოკვდა ბაბუა და მაინც გადაუჭრელი დარჩა საზიარო წისქვილის სადაო საკითხი. „შვილი არ მივარგა, შვილიო“ ყველას შესჩივოდა მოხუცი ბაბუა, არაერთხელ უძლევია მამაჩემს (თავ)ისი წილზე ორჯერ მეტი ბაბუასთვის, ოღონდ კი საქმე გათავებულიყო, მაგრამ ფული რათ უნდოდა ბაბუას, მისთვის წილი, ხვედრი, ხალხში გამოჩენა და სხვებზე თავის დაუჩაგვრელობა იყო მთავარი. [დავლაგდებოდით ჩვენ-ჩვენს ლოგინებში, უკანასკნელათ დედა წვებოდა, როცა შვილებს ნახევრათ ძილი წაგვიღებდა დედა ამ დროს ისევ კუთხეში იყო დაჩოქილი წმინდა ნინოს და დავით-კონსტანტინეს ხატებთან, რამდენჯერ ჩამოგვთვლიდა, რამდენჯერ გაუმეორებდა ვედრებას (და) როცა გაათავებდა ისევ ჩვენსკენ გამოიარდა, სათითაოთ გვინახულებდა, საბანს გაგვისწორებდა „ბაღნები არ გამიცივდესო“. ამით ქრებოდა სინათლე სახლში, მამაჩემის ლაზათიანი ხვრინვა, თითქო გვფარველობდა ბნელ ღამეებში, ხოლო როცა ის შეწყდებოდა, ყოველი ჩვენთაგანი ლოგინში უკმაყოფილოთ გადაბრუნდებოდა, უკვე მოახლოვებული იყო დილა, და სამუშაოთ გამზადილი მამა ყველას სისხამ ალიონზე წამოგვყრიდა. აქედან ისევ დაიწყებოდა სამუშაო დღე, ფერადებიანი, სოფლური, სიცოცხლით სავსე და ხალისით ამღერებული დღე. ცა ქუდათ გვქონდა და მიწა ქალამნათ; უდარდელი, უზადო ჭაბუკობა მირბოდა და მეც თავდავიწყებით მასთან ერთათ მივექანებოდი... ყველაფერი ეს სიზმრები ხომ არ არის, ჩვენი სოფელი ეხლაც ხომ სცხოვრობს ამ ცხოვრებით, ქართველი დედა ეხლაც ხომ თავს ევლება თავის შვილებს და დღე და ღამე ერთზე ოცნებობს „ბაღნები არ დამეხოცოსო“... რუსეთში? აქ, ეხლა ჩემს დედინაცვალ რუსეთში? აქაც ხომ მიწაა, დედამიწა, ადამიანის მასაზრდოვებელი მიწა? გაყინულია ეს მიწა და გულს მაზე ფეხით სიარულიც აღარ უნდა, ხელით აბა როგორ მიეკარება. საყვარელი დედის (ნ)აზარდი ხელები ბარემც მიმხმარიყვეს დედინაცვლის შხამიან ძუძუს რომ უალერსებდეს... სად არის ჩვენი მზე, ჩვენი კაკლები, ჩვენი მინდვრები, ჩვენი ყვავილებით აგვირილებული გაზაფხულის სული და გული? შორს არის ის, ძალიან შორს! და ისიც კარგია, რომ მისი სახე ასე ცოცხლათ მიდგია თვალწინ და გულს ისევ საგულეში მინახავს...
ქურთების აჯანყება დამარცხებით დასრულდა. ოსმალეთის ჯარებმა მეთაურები ხელთ იგდეს. პატარა დამარცხდა დიდთან ბრძოლაში. დამარცხებული ერის დამარცხებული ტყვე შვილისაგან – ჩემი სალამი, ქართული თანაგრძნობა... გამარჯვებაც მოვა ალბათ, სიტყვა მომავალს ეკუთვნის...
საფრანგეთში პენლევის კაბინეტი შესდგა. პერიომ და პენლევმა როლები შესცვალეს, როგორც ეტყობა ეს „საზიზღარი ბურჟუაზია“ მოღალატეობას აგრძელებს და კომინტერნის დიაგნოზებით რევოლუციებს არ იწყებს, მოდი და ნუ აღშფოთდები ასეთი გამცემლობით!.. მოსკოვში თავს იიმედებენ, რომ სულ ერთია ერთ დღეს ეს მთავრობაც ჩამოვარდებაო... მე კიდევ მეტიც ვიცი, ასტრონომებს გამოურკვევიათ, რომ რომელიღაც პლანეტები ერთ დღეს დედამიწას დაეჯახებიან და სულ ყველაფერი დაიღუპება. ამის ჯავრსაც გაუძლებდა კაცი, რომ პლანეტასთან ერთათ კომინტერნიც არ იღუპებოდეს!!..
(გაგრძელება იხ. ნაწილი V)
ბლოგზე გამოქვეყნებისთვის მასალა მოამზადა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment