მარიამ ქსოვრელმა რამდენიმე იგავის თარგმანი უკვე გამოაქვეყნა ქართველ მწერალთა ეროვნული აკადემიის ჟურნალში „სხვა დრო“, 2019 წ., # 1, ხოლო შემდეგ ეს თარგმანი ავტვირთეთ ჩვენს ბლოგშიც სათაურით „ძველი ჩინური იგავები“, 2020 წლის 30 აპრილს (30.04.20), და ამ თარიღით შეიძლება ბლოგში მათი მოძებნაც. ახლა გვინდა კიდევ ათამდე იგავის თარგმანი გამოვაქვეყნოთ ქვემოთ, და ჯამში ბლოგზე გამოქვეყნებული გამოვა 15 იგავი, მთლიანად წიგნში მოყვანილი 100 იგავიდან.
წიგნი ამჯამად უკვე გაყიდვაშია და მსურველებს შეუძლიათ მისი შეძენა. ვფიქრობთ მათთვის არა მარტო საინტერესო და სასარგებლო იქნება ამ იგავების წაკითხვა, არამედ სახალისო და სასიამოვნოც.
განუვითარებელი მეფე
ერთმა უცხოელმა იანის მეფის ყურამდე ამბავი მიიტანა, რომ იგი ადამიანის უკვდავად გახდომის უნარს ფლობდა. ამის შემდეგ მეფემ ერთი მოხელე გააგზავნა მასთან ამ ხელოვნების შესასწავლად. გაგზავნილი მის ძირითად წესებს ჯერაც არ ჩაწვდომოდა, როცა უცხოელი უეცრად გარდაიცვალა. მეფის განრისხება იქამდე მივიდა, რომ მოხელისთვის თავი მოაკვეთინა.
მეფე ვერ მიხვდა, რომ იგი მისი მცირედმორწმუნეობის მსხვერპლი შეიქნა და მოხელეს არანაირი ბრალი არ მიუძვღოდა. მან რომ მატყუარას დაუჯერა, მის სულიერ სიცარიელეზე მეტყველებს. რამეთუ, როგორ შეუძლია ვინმეს სხვას უკვდავყოფაში მიეხმაროს, თუ თავად არ იცის, სიკვდილს თავი როგორ დააღწიოს.
(ჰან ფეიწ’ი)
სწავლის შესახებ
ერთხელ ძინის სახელმწიფოში თავადმა ფინგმა თავის ბრმა მუსიკოსს, ში კუანგს, უთხრა: „ძლიერი სურვილი მაქვს, ვისწავლო და წიგნები წავიკითხო, მაგრამ უკვე სამოცდაათი წლის ვარ და ეს ჩემთვის საკმაოდ გვიანია“.
„თუ უკვე გვიანია, რატომ არ ანთებთ სანთლებს?“ მიუგო პასუხად ში კუანგმა.
თავადს ეს არ ესიამოვნა და შეჰყვირა: „სად გაგონილა, ქვეშევრდომს თავისი ბატონის გამასხარავების უფლება ჰქონდეს?“
„და თქვენს ბრმა მუსიკოსს თქვენი მასხრად აგდება მოუნდომებია?“ შეეპასუხა ში კუანგი. „მე ერთხელ მოვისმინე, რომ ახალგაზრდა კაცის სწავლას ცისკრის მზის სხივებს ადარებენ, ზრდასრულისას, რომელიც სწავლას დახარბებია, შუადღის მზის ნათებას. მაგრამ ვინც თავისი ცხოვრების დასასრულს წიგნს მოჰკიდებს ხელს, მას სანთლის შუქი გაუნათებს. მართლაცდა, ეს ისე ნათელი არაა, მაგრამ სიბნელეში ბორიალს მაინც ჯობია“. ამ პასუხს თავადი დაეთანხმა.
(მოთხრობათა ბაღი)
ამოკვეთილი ფენიქსი
ხელოვანი კუნგ შუ ხეში ფენიქსის ამოკვეთას შეუდგა.
თავდაპირველად ხის მორზე ფრინველის დიდნაკვთებიანი ესკიზები მოხატა.
ამასობაში მას ვიღაც აკვირდებოდა და უთხრა: „ეს ბუს უფრო ჰგავს, ვიდრე ფენიქსს“.
მეორემ დასცინა: „მე მგონია, უფრო ყანჩას ემსგავსება“.
ყველა ერთობოდა, საზიზღარ ფრინველსა და ხელოვანის უმწეობაზე.
ბოლოს მზად იყო ფენიქსი, შემკული გვირგვინით, ძვირფასი თვალივით რომ ანათებდა, ელვარე წითელი კლანჭებითა და მბრწყინავი ბუმბულით. დამალულ ბერკეტზე ერთი ხელის დაჭერა და უკვე აიჭრა მაღლა ღრუბლებში. იქ იგი სამ დღე-ღამეს დარჩა.
ისინი, ვინც მანამდე იცინოდნენ, ოსტატის საოცარ ხელოვნებაზე ქებას არ იშურებდნენ.
(ლიუწ’ი)
შევარდენი და გველი
შევარდენმა ბილიკზე გველს მოჰკრა თვალი და უნდოდა ნისკარტით ამოეკორტნა.
„ნურაფერს დამიშავებ!“ უთხრა გველმა შევარდენს. „ეს იმას ნიშნავს, რომ შენ თვითონ მოიშხამები, და რად გინდა შენზე ვინმეს რაღაც სამარცხვინო ათქმევინო? ეს ხომ ასეთი წესია, რომ შენ ჩვენ, გველებს, გვჭამ. თუ ამას არ იზამ, არც შენ მიიღებ ჩვენს შხამს, და ადამიანებსაც აღარ შესძულდები“.
„გაჩუმდი, შე მატყუარავ!“ შეჰზარა შევარდენს, „შენ მზაკვრულად კბენ ადამიანებს, შენი ავი საქმის გამო სასჯელად შეგჭამ. ადამიანებმა იციან და იმედი აქვთ, რომ მე შენ ბოლოს მოგიღებ. მათ ისიც იციან, რომ ჩემი ბუმბული შენი შხამით იჟღინთება, და ამას სხვის მოსაწამლად იყენებენ*. მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. ესეც ისეა, როგორც ყველა იარაღი, რომელსაც ადამიანი მოსაკლავად გამოიყენებს. ამისათვის პასუხს იარაღი აგებს თუ ადამიანი? მე ადამიანს განზრახ არ ვაყენებ ტკივილს და იარაღად მიყენებენ ბოროტების წინააღმდეგ. შენ კი ბალახში განზრახ ჩასაფრებიხარ ადამიანს, რომ შხამი აგემო. ბედმა თავად მოგიყვანა დღეს ჩემს გზაზე. ვერანაირი ეშმაკობა ვეღარ გიშველის“.
ამ სიტყვებით იგი თავს დაესხა გველს.
(უ ნენგწ’ი)
* ადრე ეგონათ, რომ შევარდნის ბუმბული მოწამლული იყო.
ახალი ტბა ძველისათვის
ვანგ ანშის, ზონგის დინასტიის კანცლერს, ყველასათვის სასარგებლო დიდი მშენებლობების წამოწყება უყვარდა. ერთმა კაცმა, მასთან თავის გამოჩენა რომ სურდა, შემდეგი წინადადება შესთავაზა:
„დააშრეთ ლიანგსანბოს ტბა და თქვენ რვაასი კვადრატული მილის ნაყოფიერ მიწას მოიგებთ“.
ვანგ ანში ჯერ აღფრთოვანებაში მოვიდა, შემდეგ კი ჰკითხა: „სად წაიღებ წყალს?“
„გვერდით ზუსტად ისეთი სიდიდის ტბა ამოთხარეთ და პრობლემა გადაიჭრება“, უპასუხა ლიუ კუნგფვუმ.
ვანგ ანშის გაეცინა და შემოთავაზებაზე უარი თქვა.
(შაოს ანალები)
დაჭიდებული ხარები
ერთმა ცნობილმა მხატვარმა სურათი დახატა, რომელზედაც ორი ერთმანეთს შეჭიდებული ხარი იყო გამოსახული.
მას ყველა ძალიან აქებდა.
„შეხედეთ ერთი, რა ცეცხლოვანად გამოიყურებიან, თითქოს ცოცხლები არიან!“
მხატვარი ამაყობდა თავისი ნამუშევრით. სურათი ძვირფას აბრეშუმზე გადააჭიმინა, ნეფრიტის ჯოხებზე დაამაგრებინა და შემდეგ კედრის კიდობანში შეინახა. სურათს ის იშვიათად აჩვენებდა ვინმეს, და თანაც იმათ, ვინც დიდი ხელოვნების ფასი იცოდა.
ერთ დღეს სურათი სკივრიდან ამოიღო, ჩრჩილისგან დასაცავად გაშალა და გარეთ, სახლის წინ მზეზე ჩამოკიდა. სწორედ ამ დროს მენახირე შევიდა ეზოში, სურათთან გაჩერდა და აგდებით დაუწყო ყურება.
„შენ რამე გაგეგება მხატვრობისა, ჩემო ბიჭო?“ შეეკითხა ხელოვანი. „როგორ მოგწონს ხარები, ნამდვილი არ გგონია?“
„ხარებს ჰგვანან“, აბუჩად აგდებით მიუგო მწყემსმა ბიჭმა.
„რამე არასწორად გეჩვენება სურათზე?“
„როცა ხარები დაჭიდებულნი არიან და ერთმანეთს რქებით ებრძვიან“, უპასუხა ყმაწვილმა, „მაშინ ისინი კუდებს დაბლა სწევენ და ფეხებს შორის ჭიმავენ. ამ სურათზე კი კუდებს ერთმანეთს ძლიერ ურტყამენ. მე ასეთი მებრძოლი ხარები არასოდეს მინახავს“.
ცნობილ მხატვარს ამაზე პასუხი არა ჰქონდა.
(ტუნგფოჭ’ილინი)
დურდო ღორისათვის
ჩემი საგამგებლო მხარის დასავლეთით ოცდაათ მილზე ჰეფვუს მთის დასაცავად ტაძარი მდებარეობს, რომელიც ბებია ვანგის სახელზეა აშენებული. არავინ უწყის, როდის ცხოვრობდა ეს მოხუცი ქალი. ამბობენ, რომ იგი ღვინის გაყიდვით იყო დასაქმებული, მასთან ხშირად მიდოდა ერთი ტაოისტი და იქ ღვინოს ფულის გადაუხდელად სვამდა. მაგრამ მოხუცი ქალი ამას არაფრად მიიჩნევდა. ერთხელ ტაოისტმა უთხრა: „მე არასოდეს გადამიხდია იმ ღვინის ფასი, რასაც შენთან ვსვამდი. სამაგიეროდ, ახლა ჭას ამოგითხრი“. ამოთხარა ჭა, და აღმოჩნდა, რომ იქედან საოცარმა ღვინომ დაიწყო დენა. „ესაა ჩემი საფასური“, თქვა ტაოისტმა და გაუჩინარდა.
მოხუცი ქალი დიდხანს თვითონ აღარ წურავდა ღვინოს, არამედ მყიდველებს ჭიდან აძლევდა სხვა ღვინოებზე უკეთეს სასმელს, რაც კი მათ მანამდე დაელიათ. მის პატარა სამიკიტნოს ღვინის მსურველები მოაწყდნენ და სამი წლის მანძილზე იგი მდიდარი შეიქნა.
ერთ დღესაც ტაოისტი მასთან გამოჩნდა. „კარგია ღვინო არა?!“ ჰკითხა მან.
„ძალიან კარგი“ – მიუგო მოხუცმა ქალმა. „მაგრამ, სამწუხაროდ, ღორისათვის დურდო აღარ რჩება“. მსახურს გაეცინა და შემდეგი გამონათქვამი დაწერა კედელზე.
ცა უსასრულოდ არის მაღალი,
სულ წინ მიიწევს კაცის ზრახვანი,
ჭის წყალს კარგა ხანს ის ყიდის ღვინოდ,
რაღას დაეძებს ღორისთვის დურდოს.
შემდეგ აქედან წავიდა ტაოს მიმდევარი და ამ წუთიდანვე ჭიდან ღვინის ამოსვლაც შეწყდა.
(ამბები სიუე თაოსგან)
მომლოცველობა სამხრეთში
ომეის მთაზე მრავალი მონასტერი არსებობდა. დიდ მონასტერთა ბერები საკმაოდ მდიდრები იყვნენ, პატარა მონასტრებისა კი, პირიქით, ძალზე ღარიბნი.
ერთ დღეს ერთი პატარა მონასტრის ღარიბი ბერი დიდ მონასტერში მდიდარ ბერთან გამოსამშვიდობებლად მივიდა. მას უნდოდა ფუთუოშანში, აღმოსავლეთის ზღვის ერთ კუნძულზე წასულიყო მოსალოცად. ეს გახლდათ უშორესი მოგზაურობა, სამი ათას ლიზე მეტი, რომელიც მრავალი მაღალი მთისა და ჩქარი მდინარის გადალახვას საჭიროებდა. მდიდარ ბერს გაუკვირდა, „გზაში რას წაიღებ?“ ჰკითხა, „მარტო ერთ პატარა სასმისს და პატარა თასს“, მიუგო მოპასუხემ, „სასმისს წყლისათვის, პტარა თასს კი ბრინჯისათვის, როცა ვინმე მიწყალობებს“.
„მე თვითონ განზრახული მაქვს ფუთუოშანში მომლოცველობა“, გაუმხილა მდიდარმა ბერმა. „რამდენიმე წელია უკვე საამისოდ ვემზადები, მაგრამ აქამდე ჯერ ვერ წავსულვარ. რადგან გზისათვის ხან რა მაკლია, ხან რა. მე მგონია, ჩემო მეგობარო, შენ ეს მარტივად წარმოგიდგენია“.
თითქმის ერთი წლის შემდეგ ღარიბი ბერი მომლოცველობიდან უკან დაბრუნდა და მდიდარ ბერს თავისი ნანახ-განცდილი უამბო.
ამ უკანასკნელმა ცოტა არ იყოს, დაირცხვინა, მაგრამ ახლაც ამტკიცებდა, რომ მოგზაურობისათვის მზადება მაინც დამთავრებული არ ჰქონდა.
(პაიჰეთანგ ძი)
No comments:
Post a Comment