(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ტექსტს პროფესორ სარგის კაკაბაძის წიგნისა – კრწანისის ომი, თბილისი, გამომც. „მეცნიერება“, 1991 წ., პროფ. შოთა ბადრიძის რედაქტორობითა და წინასიტყვაობით)
შინაარსი
ღვაწლმოსილი მეცნიერი (რედაქტორისაგან)
შესავალი
I. ქართლ-კახეთის სამეფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარება XVIII ს. 70-იან წწ. – 90-იან წწ. დამდეგს
1. საქართველო ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ
2. ალექსანდრე ბაქარის-ძე
3. ქართლ-კახეთის სამეფოს შესვლა ოსმალეთის მფარველობაში
4. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის პოზიცია
5. მფარველობითი კავშირის დადება რუსეთთან (1783 წ.)
6. საგარეო პოლიტიკური კრიზისი
7. ტაშისკარის ბრძოლა
8. რუსეთის პროტესტები პორტასადმი ლეკ-ოსმალთა ქართლზე თავდასხმის გამო
9. ომარ-ხანის შემოსევა
10. რუსეთის ახალი პროტესტი პორტასადმი
11. რუსეთ-ოსმალეთის ომი 1787–1791 წლებში
12. ხელშეკრულება ქართული სახელმწიფოების ერთობის შესახებ
13. ტახტის მემკვიდრეობის ახალი კანონი და ქართლ-კახეთის სამეფოს თავდაცვის- უნარიანობაზე მისი უარყოფითი გავლენა
II. ქართლ-კახეთი და სპარსეთი კრწანისის ომის წინ
1. მდგომარეობა სპარსეთში. აღა-მაჰმად-ხანი
2. ქართლ-კახეთის ორიენტაციის საკითხი
III. ომი
1. ქართლ-კახეთის სამეფო ემზადება ირანის აგრესიისაგან თავის დასაცავად
2. ლაშქრობა ყაზახზე
3. 7 და 8 სექტემბრის ვითარება
4. 1795 წ. 8 სექტემბრის სამხედრო თათბირი თბილისში
5. პანიკის დაწყება თბილისში 8 სექტემბრის ღამეს
6. ორი ათასი ქიზიყელის ღალატით წაყვანა
7. ქართველების ჯარის რაოდენობა 9–10 სექტემბერს
8. 9 სექტემბრის მცირე შეტაკება ყარყუთის (სოღანლუღის) პოზიციების სამხრეთით
9. ბრძოლა ყარყუთის ვიწრობთან 10 სექტემბერს დილით
10. ქართველ-სპარსელთა თანაფარდობა 10 სექტემბრის ნაშუადღევს
11. 10 სექტემბრის ბრძოლები კრწანისის ველზე
12. 11 სექტემბრის ბრძოლის დისპოზიცია და ძალების შეფარდება
13. 11 სექტემბრის დილის ბრძოლები
14. სპარსელების გენერალური შეტევა 11 სექტემბრის მეორე ნახევარში
15. სპარსელების მიერ სოლოლაკის მხრიდან თბილისზე გარშემოვლა
16. კრწანისის პოზიციებიდან სწრაფი უკან დახევა
17. აღა-მაჰმად-ხანის წინადადება ზავის დადების შესახებ
18. ქართველების და სპარსელების ზარალი
19. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგი
Крцанисская битва (резюме)
(ნაწილი I)
I ნაწილის შინაარსი

ღვაწლმოსილი მეცნიერი
1916 წელს გაზეთი „სახალხო ფურცელი“ თავის ერთ-ერთ ნომერში მკითხველებს მოუთხრობდა თანამედროვე ქართველ ისტორიკოსთა და მხატვართა საქმიანობაზე. ამ მოღვაწეთა შორის მოხსენიებული იყო სრულიად ახალგაზრდა ისტორიკოსი და ფილოლოგი სარგის კაკაბაძე, რომლის პირველმა მეცნიერულმა პუბლიკაციებმა და გამოკვლევებმა იმთავითვე დაიმსახურეს საერთო ყურადღება. ახალგაზრდა მეცნიერი, რომელმაც განათლება ვენისა და პეტერბურგის უნივერსიტეტებში ალფ. დოფშის, ნიკო მარის, ივანე ჯავახიშვილისა და სხვა გამოჩენილი მეცნიერების ხელმძღვანელობით მიიღო, 1911 წელს სამშობლოში დაბრუნდა და გატაცებით დაიწყო საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი საკითხების კვლევა.
ოციანი წლებისთვის ს. კაკაბაძე უკვე მრავალი მეცნიერული ნაშრომის ავტორი იყო. მისი ძველი და აგრეთვე ახალი საუკუნეების (მაშინდელი გაგებით, XV–XX სს.) „საქართველოს ისტორიები“ იმ დროისათვის საუკეთესო სახელმძღვანელოებად იყო მიჩნეული ჩვენს სასწავლებლებში.
ამ პერიოდში ს. კაკაბაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, რომელსაც თავადვე განაგებდა 1921–1926 წლებში.
ახალგაზრდა მეცნიერმა დიდი ენერგია მოახმარა საქართველოს ისტორიული სიძველეების გადარჩენას. მან ძალზე ბევრი გააკეთა 1915 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს თბილისიდან ჩრდილოეთ კავკაიაში გატანილი საარქივო მასალების მოსაძიებლად და დასაბრუნებლად, რის შედეგადაც მრავალი ძვირფასი საისტორიო წყარო სამუდამო დაღუპვას გადაურჩა. 1923–1934 წწ. სარგის კაკაბაძე, როგორც რესპუბლიკის განათლების სახალხო კომისარიატთან არსებული სიძველეთა, ხელოვნების და ბუნების ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი, დიდ მუშაობას ეწეოდა საქართველოს საისტორიო ძეგლების დაცვისათვის. უამრავი საარქივო მასალა მოგვითხრობს იმ ძნელსა და არცთ თუ უხიფათო საქმიანობაზე, რომელსაც მეცნიერი ეწეოდა ანტირელიგიური კამპანიის დროს. ამასთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილი სწერდა ს. კაკაბაძეს: „ძალიან სასიამოვნოა, რომ სიძველეთა დაცვის შესახებ ჯგუშიასთან (სახალხო კომისარიატის რწმუნებული აკადემიური საქმეთათვის – შ. ბ.) მოგილაპარაკნიათ, რადგან საქმე საშურია, შველა კი არსაითგანა ჩანს. რაჭიდან ჩამოსულმა ერთმა რუსმა მიამბო, რომ იქ ანადგურებენ უძვირფასეს ხატებს და საეკლესიო ძეგლებს. ამას ადგილობრივი კომისრები ხედავენ და არავითარ ყურადღებას არ აქცევენ“.
20-იანი წლების ბოლოდან ს. კაკაბაძე უმთავრესად პედაგოგიურ სამუშაოებზეა. ლექციებს კითხულობს თბილისის უნივერსიტეტში, ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1945–1961 წწ. იგი კვლავ საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში, ძველი აქტების განყოფილების გამგედ და მეცნიერ თანამშრომლად მუშაობს. 1937 წ. განათლების სახალხო კომისარიატმა პროფესორის წოდება მიანიჭა.
სარგის კაკაბაძე გარდაიცვალა 1967 წლის 2 აპრილს. იგი თავისი ძმის, დიდი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის გვერდით დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.
ს. კაკაბაძემ მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა დატოვა, მარტო მისი გამოქვეყნებული ნაშრომები, მათ შორის წიგნები, სამასს აღემატება.
ჩვენი საუკუნის დამდეგს, როდესაც ს. კაკაბაძე სამეცნიერო სარბიელზე გამოვიდა, უახლესი ქართული ისტორიოგრაფია ის იყო ფეხს იდგამდა. ეს პროცესიც, ცხადია, ძიებების, მძაფრი შემოქმედებითი დისკუსიების ატმოსფეროში მიმდინარეობდა. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხის გააზრებაში უთანხმოება თავს იჩენდა ქართული ისტორიოგრაფიის მაშინდელ თავკაცებს ივ. ჯავახიშვილსა და ს. კაკაბაძეს შორისაც. მაგრამ ეს იყო არსებითად პრინციპული უთანხმოება ცალკეულ საკითხებზე, თორემ მათ შესანიშნავად ჰქონდათ წარმოდგენილი ერთმანეთის დამსახურება და ავტორიტეტი.
თავისი მოღვაწეობის დასაწყისიდანვე ს. კაკაბაძე უმთავრესად გატაცებული იყო საქართველოს ისტორიის წყაროების გამოვლენითა და გამოცემით. მან გამოაქვეყნა უამრავი პირველხარისხოვანი საისტორიო მასალა, მათ შორის „საისტორიო საბუთები“ (5 ტომად, 1913 წ.), „დასავლეთ საქართველოს საისტორიო საბუთები“ (ორ ტომად, 1920 წ.) და სხვა.
ს. კაკაბაძის მუშაობას ქართული დოკუმენტური ძეგლების მოძიება-პუბლიკაციის საქმეში ის დიდი მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ შემდეგში ბევრი მის მიერ წარსულში გადაწერილი და გამოცმული საბუთის დედანი სამუდამოდ დაიკარგა (უმთავრესად 1915 წ. ევაკუაციის დროს). ამგვარ ძეგლებს მიეკუთვნება, მაგალითად, ნიკორწმინდის ცნობილი საბუთი, დავით აღმაშენებლის შიომღვიმისათვის ბოძებული სიგელი და სხვა, რომელთა წყაროთმცოდნეობითი და კულტურულ-ისტორიული ღირებულება განუზომლად დიდია.
ს. კაკაბაძემ რუსულ ენაზე თარგმნა და გამოსცა ქართული კლასიკური ხანის საბუთები, საგანგებოდ იკვლევდა ქართული დიპლომატიკის თეორიულ პრობლემებს. აღსანიშნავია, მაგალითად, ს. კაკაბაძის მიერ ე. წ. სასისხლო სააბუთების ინტერპრეტაცია, რომელსაც ისტორიკოსები ამჟამად არსებითად იზიარებენ. მანვე გამოაქვეყნა ათეულობით მასალა საქართველოს სხვადასხვა მხარის სოციალურ-ეკონომიკური, საზოგადოებრივი და დემოგრაფიული ვითარების შესახებ; საერო და სასულიერო სენიორიების საქონებელთა დავთრები და აღწერილობები, რასაც დიდი ღირებულება აქვს საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა ისტორიის შესასწავლად. ამ პუბლიკაციათა შორის, თავისი მოცულობითა და მნიშვნელობით, განსაკუთრებული ადგილი უკავია შუა საუკუნეების დასავლეთ საქართველოს მასალებს.
ს. კაკაბაძე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საკანონმდებლო ძეგლების პუბლიკაციას. მას ეკუთვნის ისეთი უმნიშვნელოვანესი ძეგლების პირველი გამოცემები, როგორიცაა: მეფის კურთხევის წესი, გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადება, კათალიკოსის სამართალი...
ნაყოფიერად იკვლევდა ს. კაკაბაძე საქართველოს ისტორიის წყაროებს, კერძოდ, „ქართლის ცხოვრების“ ისტორიკოსებს. თავდაპირველად იგი ამ ძეგლის არქაულ ნაწილს XI ს. შედგენილად თვლიდა, მოგვიანებით კი უფრო ადრული საუკუნეების ქმნილებად მიიჩნევდა. ეს თვალსაზრისი, რომელიც თავდაპირველად ისტორიკოსთა ერთი ჯგუფის მკაცრ კრიტიკას იწვევდა, რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტ მომხრეს იძენს. იგივე ითქმის ს. კაკაბაძის კიდევ ერთ თვალსაზრისზე, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ არქაული ნაწილის ინფორმაციის სამეცნიერო ღირებულების საკითხს ეხება. მაშინაც კი, როცა სხვანი ძველ მატიანეთა ინფორმაციას არ ენდობოდნენ და ფარნავაზსაც კი ზღაპრულ პიროვნებად თვლიდნენ, ს. კაკაბაძე დაჟინებით ცდილობდა ამ ცნობებში ჭეშმარიტების ამოცნობას. ამჟამად ეს შეხედულება ახალი, უმეტესწილად არქეოლოგიური მასალების ფონზე, საყოველთაოდაა აღიარებული. ს. კაკაბაძეს ორიგინალური დაკვირვებები ჰქონდა დავით აღმაშენებლის და თამარის ისტორიკოსების ვინაობაზე, შეისწავლა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“. არსენი საფარელის და ბასილი ზარზმელის თხზულებათა დათარიღებისა და სტრუქტურის საკითხები.
ს. კაკაბაძემვე გამოსცა შუა საუკუნეების ძეგლები „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“, „ასურელ მამათა ცხოვრების არქეტიპები“ და სხვა. 1925 წ. მის მიერ გამოცემული XVII ს. ცნობილი ავტორის ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია დღემდე ამ ძეგლის ყველაზე ვრცელ პუბლიკაციად რჩება.
მეცნიერმა ნაშრომების მთელი სერია უძღვნა საქართველოს ისტორიის სპეციალურ საისტორიო დისციპლინებსაც. მისი გამოკვლევები პალეოგრაფიაში, ნუმიზმატიკაში, ქრონოლოგიაში, გენეოლოგიასა და მეტროლოგიაში სხვათა შრომებთან ერთად ქმნიან ზემოხსენებულ დარგთა ისტორიოგრაფიულ ბაზას.
ს. კაკაბაძე 20-იანი წლებიდანვე ცდილობდა ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის სქემის მოხაზვას. მის იმდროინდელ შრომებში კარგად აისახა მაშინდელი მსოფლიო და განსაკუთრებით საბჭოთა ისტორიოგრაფიის თეორიული შეხედულებები. ს. კაკაბაძის ნაშრომებში იმთავითვე თავს იჩენდა სურვილი, ახალ მეთოდოლოგიურ მიჯნებზე გაეყვანა ქართველი მედიევისტიკა...
მან ვრცლად შეისწავლა საქართველოში სახელმწიფოებრიობის გენეზისი და სახელმწიფოებრივი ფორმების წარმოშობა გვაროვნული წყობილების რღვევის პროცესს დაუკავშირა.
ს. კაკაბაძემ ჯერ კიდევ 1912 წ. სცადა გაერკვია სათავადოების აღმოცენების დროისა და სათავადოს არსის საკითხი. ავტორმა სათავადოები მაშინდელი საზოგადოებრივი ურთიერთობების, ფეოდალიზაციის პროდუქტად მიიჩნია. აღნიშნული დებულება აშკარა სიახლე იყო.
მეტად ფართო იყო მეცნიერის ინტერესები გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიაში. ამ მხრივ მისი დამსახურება სრულიად განსაკუთრებულია. 20-იანი წლების დამდეგს ს. კაკაბაძე ცდილობდა გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიული განვითარების სურათი მსოფლიო ისტორიული პროცესების ფონზე გაეზიარებინა, რამაც იმ ხანებისათვის მრავალი პოზიტიური დაკვირვება შეაპირობა. ამ თემას ეხებოდა ს. კაკაბაძის ნაშრომთა ციკლი, კერძოდ, საქართველოს ახალი საუკუნეების ისტორიები, მონოგრაფია ერეკლე მეორეზე, ვრცელი ნარკვევი საფრანგეთის სავაჭრო კაპიტალის აქტიურობაზე ჩვენში და სხვა. ამ მხრივ უმდიდრეს ფაქტიურ მასალას შეიცავს მისი ნაშრომი „საქართველოს ეკონმიკური ვითარების შესახებ მე-18 საუკუნეში“, სადაც პირველად იქნა ასე მასშტაბურად ნაჩვენები ეკონომიკური რეგრესის სურათი შუა საუკუნეთა ბოლო ეტაპის საქართველოში.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მეცნიერი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მრავალტომიანი „საქართველოს ისტორიის“ შექმნა-დასრულებას, რომლის ხელნაწერებიც, სხვა მრავალ ნაშრომთან ერთად, კარგა ხანია განსვენებული მეცნიერის მაგიდასა და თაროებზე აწყვია. სარგის და დავით კაკაბაძეების ქუჩაზე მდებარე სახლში, სადაც სახელოვანი ძმები ცხოვრობდნენ, დაცულია უმდიდრესი სამეცნიერო არქივი...
ჩვენი მეცნიერები და გამომცემლები რაც შეიძლება მალე უნდა დაინტერესდნენ ამ ძვირფასი მასალით და დღის სინათლეზე გამოიტანონ იგი.
შოთა ბადრიძე
შესავალი
უმთავრესი წყაროები კრწანისის ომის შესახებ
1795 წ. თბილისის კატასტროფამ ასახვა პოვა ქართულ, სომხურ, რუსულ, სპარსულ და თურქულენოვან წყაროებში.
ამათგან ორი წყარო მოდის უშუალოდ ყარყუთა-კრწანისის ბრძოლის მონაწილეებისაგან. ესენი არიან დავით ბატონიშვილი (1767–1819) და იაკუბ-ბეგ ბებუთაშვილი.
დავით ბატონიშვილი ყარყუთა-კრწანისის ომის შესახებ ცნობებს გვაწვდის მის მიერ რუსულად დაწერილ და 1805 წ. პეტერებურგში გამოცემულ წიგნში «История Грузии» (მეორე გამოცემა, თბ., 1899). დავით ბატონიშვილი წერს: „სპარსეთში გაძლიერდა აღა-მაჰმად-ხანი, ძე ზემოხსენებული მაჰმად-ასან-ხანისა და შვილიშვილი ფათალი-ხანისა, რომელთა სახლსაც მუდამ მოუთმენლად სურდა, რომ მისგან აერჩიათ შაჰები, რამეთუ იგი თავისი მრავალრიცხოვნებით ყველა სახლს აღემატებოდა. აღა-მაჰმად-ხანი ალი-მურთაზ-ხანის (თუ ალი-მურად-ხანის ? – ი. ხ.) სიკვდილის შემდეგ მთელ სპარსეთს დაეუფლა და შუშის დასამორჩილებლად მოვიდა მხედრობით. ამ ადგილას მცხოვრები მაჰმადიანები, რომლებიც ადრე საქართველოდან გაიქცნენ (1785 წ. შფოთის დროს საქართველოში მცხოვრები ყველა თათარი და ყაზახის მკვიდრნი შუშაში, შამშადილელები კი განჯაში, გადასახლდნენ), აღა-მაჰმად-ხანით დაშინებულები უკან, საქართველოშივე, დაბრუდნენ. ერეკლე მეფეს შუშაში მყოფმა აღა-მაჰმად-ხანმა მის მფარველობაში ყოფნა შესთავაზა. მეფე ერეკლემ, რომელიც რუსეთის მფარველობაში იყო, ეს წინადადება უყურადღებოდ დატოვა. ამით განაწყენებულმა აღა-მაჰმად-ხანმა თბილისისაკენ გაილაშქრა და ამ ქალაქს განადგურებით დაემუქრა. პირველ ბრძოლაში მისი ლაშქარი დიდი ზარალით იქნა გაძევებული ქართველების მიერ. მომდევნო დღეს მეფე ერეკლე თვითონ გამოვიდა აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ და თავისი ჯარი ხელსაყრელ და დაცულ ადგილებში განალაგა“.
განაგრძობს რა ქართველების დაბნეულობის შესახებ, დავით ბატპნიშვილი აღნიშნავს, რომ „სპარსელები თბილისს მიადგნენ და აიღეს ქალაქი, რაც მოხდა 1796 (1795 – ი. ხ.) წელს. ქალაქის დიდი ნაწილის დანგრევისას ტყვედ იქნა წაყვანილი 3 ათასი ადამიანი რომლებმაც ასეთ მცირე დროში მთებში გადამალვა ვერ შესძლეს. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო დიდი ზიანი მიაყენეს განჯელებმა და ერევნელებმა. ისინი მუდამ გაბოროტებული იყვნენ ქართველებზე ადრე მათ მიმართ მიყენებული წყენის გამო და გაიხსენეს რა ქართველების მიერ მათი ქალაქების აღებისას იქაური სახლების გადაწვა, თვითონაც დაწვეს თბილისის მრავალი ნაგებობა. პირადად აღა-მაჰმად-ხანმა კი მრავალ ტყვეთაგანს სახლში დაბრუნების ნება მისცა, ვინაიდან მან საკუთარი ქედმაღლობით ქართველები თავის ქვეშევრდომებად ჩათვალა“.
აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შესასწავლად, როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს სპარსელთა ლაშქრობის მონაწილის, შაჰის ერთ-ერთი ცხენოსანი რაზმის უფროსის იაკობ (იაკუბ-ბეგ) ბებუთაშვილის ნაამბობი, რომელიც 1842 წ. გალუსტ შერმაზანიანს ჩაუწერია. ბებუთაშვილის ეს ნაამბობი დაიბეჭდა სომხურ ჟურნალში „კრუნკ ჰაიასტან“ (1853 წ. # 21), მისი ქართული თარგმანი კი ჟურნალ „ივერიაში“ (1885 წ. # 2).
ქართულ ისტორიოგრაფიაში იაკუბ-ბეგ ბებუთაშვილის ნაამბობი, ქართული თარგმანის მიხედვით, პირველად გამოყენებულ იქნა ჩემს მიერ კრწანისის ომის 145-ე და 150-ე წლისთავზე გამოქვეყნებულ მოკლე წერილებში (გაზ. „კომუნისტი“. 1940, 21. IX, 1946, 22. IX). შემდეგში იმავე წყაროთი ი. ცინცაძემაც ისარგებლა (იხ. „აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე 1795 წელს“. თბ., 1963).
იაკუბ-ბეგ ბებუთაშვილის ნაამბობის ქართული თარგმანის შესახებ უნდა ითქვას, რომ მისი ბეჭდვისას ერთ ადგილას ხელნაწერის გვერდი აურევიათ, ამიტომ მასში წინაუკმოდ მოთხრობილია ჯერ ერეკლეს ჯარის ბრძოლებზე მესამე სანგართან, შემდეგ კი ამავე სანგარზე შეტევის დაწყება.
ბებუთაშვილის ნაამბობი კრწანისის ომიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ იქნა ჩაწერილი, ამიტომ მას მოთხრობილი აქვს არა ყველაფერი, არამედ უმთავრესად ის, რისი მონაწილეც თვითონ იყო. ამის გამო მას არაფერი აქვს ნათქვამი 10 სექტემბრის შუადღის ბრძოლებზე. ეს ხარვეზი უნდა აიხსნას თვით დაბეჭდილი სომხური ტესქტის ნაკლოვანებითაც. სახელდობრ, იქ 839-ე გვერდზე მეორე სტრიქონში აზრი წყდება და იკითხება: უკან გამოსვლისას სპარსელებმა მტკვარი ისე გადალახეს, რომ „არც ერთი კაცი არ დაღუპულა, სანამ ჯარების თავ-ნაწილს მიაღწევდნენ, სადაც იმყოფებოდნენ ცხენოსანი რაზმები, ხოლო ფეხოსნები კი წინ იყვნენ. ჩვენს წინ ვხედავდით ორ სანგარს, ბევრად უფრო ძლიერსა და მაგარს, ვიდრე ჩვენ მიერ ჩამოტოვებული და ნახული იყო. მესამე სანგარზე აქ თვით ერეკლე იდგა განმკარგულებლად და ჩვენგან ახლო იმყოფებოდა“. ცხადია, რომ აქ თხრობა პირდაპირ ეხება სექტემბრის უკანასკნელ დიდ შეტევას კრწანისის ველზე, ქართველების მესამე და მეოთხე სანგრების წინააღმდეგ. არაფერია ნათქვამი 11 სექტემბრის ბრძოლებზე და არც ამავე დროის უკანასკნელ დიდ იერიშზე, რომელიც სპარსელებმა სეიდაბადის ბაღებისაკენ ქართველების ორ სანგარზე მიიტანეს. ამის მაგიერ თხრობა პირდაპირ იმით იწყება, რომ მესამე და მეოთხე სანგარი (მესამეში თვით ერეკლე იმყოფებოდა) პირველ და მეორე სანგარზე მაგარი იყოო. რასაკვირველია, ასეთი ხარვეზი ტექსტში აიხსნება მისი დეფექტიანობით, რასაც ხშირად არაევ-დარევა შეაქვს ხოლმე კრწანისის ტრაგიკული ეპოპეის გაგებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყარყუთა-კრწანისის ბრძოლები მიმდინარეობდა სპარსელთა რთული მანევრირების პირობებში, ბრძოლებში მრავალრიცხოვანი მასები მონაწილეობდა, ამიტომაც, ვისაც მათი დეტალური აღწერა სურდა, არ ეყოფოდა ამ ამბების თანამედროვეობა და თვითმხილველობაც კი. ის, ამასთანავე, უნდა ყოფილიყო სარქარდობაში* (ეხლანდელი გამოთქმით – შტაბში), ან მის ხელთ უნდა ყოფილიყო ამ უწყებიდან მომდინარე ცნობები (*სარქარდობა სპარსულიდან ქართულში შემოსული ტერმინია. ჩვენში იხმარებოდა ერეკლე II-ის დროს).
იაკუბ-ბეგ ბებუთაშვილი სპარსელების სარქარდობაში არ ყოფილა. ამიტომაც მას საბრძოლო ოპერაციების სრული თანამიმდევრობაც არ ეცოდინებოდა, რის გამოც იგი მხოლოდ იმ ეპიზოდებს მოგვითხრობს, რაშიც პირადად მონაწილეობდა და რაც, ცხადია, თვითონვე ახსოვდა. აღნიშნულის გამო იგი კარგად გადმოგვცემს ყარყუთის პოზიციებზე ბრძოლის ამბებს და მტკვარზე გაცურვით ქართველების წინააღდეგ უკანმოვლითი ოპერაციების ჩატარებას. მაგრამ თუ 10 სექტემბრის ამბების აღწერაში მისი თხრობის დეფექტურობა ტექსტის ნაკლულევანობით აიხსნება, იგივე შეუძლებელია ითქვას 11 სექტემბრის დიდლის ოპერაციების შესახებ. ალბათ, იაკუბ-ბეგი იმ დროს თავისი რაზმით რეზერვში იდგა და უშუალოდ არ მონაწილეობდა ბრძოლებში. დღის მეორე ნახევრის გასულს კი იგი უკვე თავისი რაზმითურთ კრწანისის ველიდან ქართველების მესამე სანგრის საიერიშოდ გააგზავნეს და ამ დროიდან იაკუბი სპარსელების ავანგარდულ ხაზზე იყო. ამიტომაც იაკუბ-ბეგს ეს ამბები კარგად ახსოვს.
კრწანისის ომის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა სერობის მოთხრობა. კრწანისის ომის ეს, დავით ბატონიშვილივით, ადრეული მოწმე სასულიერო პირი ყოფილა. თავისი თხრობა თბილისის აღებისა და აოხრების შესახებ მას დაუწერია სანაინის მონასტერში 1796 წ. იანვარში, ე. ი. სპარსელთა მიერ თბილისის აღებიდან სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ. სერობის თხრობა დაწერილია მხატვრული პროზით, ბოლოში მას ლექსად დართული აქვს გოდება თბილისის განადგურების შესახებ. სერობის თხზულება გამოქვეყნებულია სომეხ ისტორიკოსთა დივანში (ტ. X).
სერობი თვითონვე შესწრებია კრწანისის ომს და თვალყურიც უდევნებია ბძოლებისათვის, მაგრამ ის, რასაკვირველია, ვერ ერკვეოდა ომის ყველა დეტალში, ამიტომაც კრწანისის ბრძოლების წარმოდგენა მარტოოდენ სერობის ცნობების მიხედვით შეუძლებელია, თუმცა კრწანისის ომის შესასწავლად ისინი უნდა პირველხარისხოვან წყაროდ ჩაითვალოს.
არსებობს, აგრეთვე, 1796 წ. ივნისს კონსტანტინოპოლში უცნობი პირის მიერ დაწერილი მოკლე თხრობაც აღა-მაჰმად-ხანის თბილისზე თავდასხმის შესახებ. ამ თხრობას საფუძვლად უდევს სერობის ტექსტი, ამიტომაც შეიძლება ვარაუდი, რომ ზემოხსენებული მოკლე თხრობაც სერობსავე ეკუთვნის.
ერთ-ერთი საინტერესო წყარო აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის და, საერთოდ, 1795–1797 წწ. საქართველოსა და ამიერკავკასიის ისტორიისათვის, ესაა თავგადასავალი არტემ არარატელისა, რომლის პიროვნებისა და საქმიანობის შესახებაც სამეცნიერო ლიტერატურაში კარგა ხანია დავა მიმდინარეობს.
ჯერ კიდევ 1895 წ. ალ. ორბელიანმა თავის ნაშრომში აღნიშნა, ვითომც არტემ არარატელი იყო თბილისში სპარსელების მიერ შემოგზავნილი ჯაშუში. ეს აზრი შემდეგში სხვა ავტორებმაც გაიმეორეს, კერძოდ, ი. ცინცაძემაც – კრწანისის ომისადმი მიძღვნილ თავის წიგნში.
არტემ არარატელი 1795 წ. 15 ივლისს ვაღარშაპატიდან გამოჰყვა თავრიზიდან რუსეთისაკენ მიმავალ ერთ თბილისელ სომეხ ვაჭარს. არტემი მაშინ 21 წლისა იყო, კარგად იცოდა ძველი სომხური და წირვა-ლოცვა. აგვისტო არტემ არარატელმა თავის აღასთან ერთად დაჰყო თბილისში, სადაც მან იმერლების ჯარის შემოსვლაც ნახა. იმავე თვის ბოლოს არტ. არარატელი და მისი აღა სიღნაღისაკენ გაემართნენ, შემდეგ კი, როცა კრწანისის ომი გათავდა და სპარსელებმა თბილისი მიატოვეს, არტემი სიღნაღიდან დედაქალაქს წამოვიდა. აქ ის ულუკმაპუროდ მოჰყვა ლილოში, აქედან ავლაბარსა და მცხეთაში, შემდეგ კი თბილისში, რომელიც სპარსელებს თითქმის მთლიანად გადაეწვათ. ასევე გადამწვარი იყო ლილო და ავლაბარიც. ყველგან ეყარა სპარსელთა მიერ დახოცილთა გვამები. არტემი რომ თბილისში იმყოფებოდა, ამ დროს შაჰი თავისი ჯარითურთ უკვე გზად მიდიოდა განჯის მიმართულებით, თბილისიდან სამი დღის სავალზე. დაახლოებით 24–25 სექტემბერს, არტემ არარატელი, მთლად მშიერი, გაემგზავრა მცხეთისაკენ, ჩავიდა დუშეთში, შემდეგ ანანურში, სადაც იგი, ხანგრძლივად ნაშიმშილები, ძლივს მოარჩინეს. ამ დროს შაჰი თავისი ჯარით უკვე განჯას გასცილებოდა. ერეკლე II ანანურს იმყოფებოდა. სტეფანწმინდიდან და მთიულეთიდან ანანურზე გავლით დიდძალი ხალხი უკან ბრუნდებოდა.
არტემ არარატელმა ანანურში 8 დღე დაჰყო. აქედან მისმა აღამ, ეს უკანასკნელიც ანანურშივე აღმოჩნდა, არტემი გააგზავნა თბილისში, სადაც მან სამი დღის განმავლობაში ძლივს ჩააღწია, რადგანაც ცუდი ცხენი ჰყავდა. კრწანისში არტემი შეხვდა ოჯახებიანად უკან დაბრუნებულ ყაზახ-ბორჩალოელებს.
შემდეგ აოხრებულ-გადამწვარი თბილისიდან არტემ არარატელი მცხეთის გავლით ისევ ავიდა ანანურს, სადაც ამ დროს გაიარა კახეთისაკენ მიმავალმა დარეჯან დადოფალმა. ანანურიდან არტემი მივიდა ჩოხში, სადაც შეჩერდა. აქედან სტეფანწმინდაში, შემდეგ კავკავსა და ბოლოს 12 დეკემბერს დიდი წვალებით მოზდოკს მიაღწია.
ფაქტიური მასალისათის თვალის მიდევნება ცხადყოფს, რომ არტემ არარატელის ჯაშუშად თუ ჯაშუშების დამხმარედ ყოფნის შესახებ ცნობა მოგონილია. ცხადია, აღა-მაჰმად-ხანს თბილისში უნდა ჰყოლოდა და ეყოლებოდა კიდევაც თავისი ჯაშუშები და ინფორმატორებიც. ამათ შორის იყო ვინმე არუთინ არარატელი, რომელიც ალ. ორბელიანმა შეცდომით, არტემ არარატელთან გააიგივა.
კრწანისის ომზე მეტად საყურადღებო ცნობებს გვაწვდის თეიმურაზ ბატონიშვილიც (1782–1846). მართალია, იგი ამ ომში პირადად არ მონაწილეობდა, მაგრამ მას იმდროინდელ ამბებზე ვრცელი ინფორმაცია უნდა ჰქონოდა ძმების – დავით და იოანე ბატონიშვილებისაგან, რომლებიც მამის (უნდა იყოს პაპის – ი. ხ.) – ერეკლე II-ის დავალებით აქტიურად საქმიანობდნენ ქვეყნის თავდაცვისათვის. თეიმურაზს, ეტყობა, ამ ომის ამბები შეუსწავლია 1803–1811 წლებშიაც, როცა იგი სპარსეთში იყო და არტილერიას მეთაურობდა. ბატონიშვილს იქ საშუალება ექნებოდა შეეკრიბა ცნობები კრწანისის ომის მონაწილე სპარსელ მეთაურთაგანაც. ამიტომაც თეიმურაზ ბატონიშვილის თხზულებას კრწანისის ომზე გარკვეულწილად წყაროს მნიშვნელობაც აქვს.
აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შესახებ საგულისხმო მასალებს შეიცავს, აგრეთვე, ალექსანდრე ორბელიანის თხრობა (ჟურნ. „მოამბე“, 1895 წ. # 8), რომელიც ზეპირგადმოცემებს ეფუძნება. ეს უკანასკნელი მას შეკრებილი ჰქონდა თვით აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის მნახველ მონაწილეთაგან. მიუხედავად ამისა, ალ. ორბელიანი შესაფერისად ვერ გაერკვა ამ დროის ამბებში. მაგალითად, მან არტემ არარატელი, შეცდომით, სპარსელების ჯაშუშად მიიჩნია. ალ. ორბელიანმა ზუსტად ისიც კი არ იცის, თუ სად მოხდა ბრძოლა. მისი სიტყვებით, „ომი სწორეთ იქ ყოფილა სოღანლუღის თავში, ვიწრო გზის შესავლის ველზე“, რაც აშკარად არ შეესაბამება სიმართლეს. მთავარი და გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა კრწანისის ველზე.
აღა-მაჰმად-ხანის თბილისზე თავდასხმის შესახებ საყურადღებო წყაროს წარმოადგენს გენერალ სტ. ქიშმიშაშვილის (ქიშმიშევის) მიერ შედგენილი თხრობა, რომელიც ჩართულია მის წიგნში «Походы Надыр-Шаха в Герат, Кандагар, Индию и события в Персии после его смерти» (Тифлис, 1889, გვ. 256–287).
გენ. ქიშმიშევი (1833–1897) თბილისელი სომეხი, პირველი ხარისხის მოქალაქეთაგან იყო. მას დამთავრებული ჰქონდა გენერალური შტაბის აკადემია პეტერბურგში, ყმაწვილობიდანვე აინტერესებდა თბილისის 1795 წ. ტრაგედია, რის შესახებაც იმთავითვე კრებდა ამბებს, რაც მას უხვად შეეძლო მოესმინა ბებუთაშვილების, ყორღანაშვილებისა და კრწანისის ამბების სხვა მომსწრეებისაგან. ამიტომაცაა, რომ თუმცა ქიშმიშევის მოთხრობაში ზოგჯერ შეცდომებიცაა, მაგრამ ამასთანავე მოიპოვება ისეთი ცნობები, რომლებიც სხვა ავტორებთან არაა შემონახული. მაგალითად, იგი გადმოგვცემს შინაარსს, როგორც ეტყობა, 8 სექტემბერს გამართული თათბირისა, რომელზედაც გადაწყდა, რომ აღა-მაჰმად-ხანისათვის ბრძოლა თბილისის ციხის გარეთ გაემართათ. ამ თათბირზე დარეჯან დედოფალს ანტირუსული განწყობილება გამოუმჟღავნებია და 1783 წ. რუსეთთან დადებული მფარველობითი ტრაქტატიც დაუგმია. ჩანს, ამ დროისათვის დარეჯანსა და მის შვილებს შორის უკვე ფეხს იკიდებდა ანტირუსული და, შესაბამისად, პროირანული ორიენტაცია. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ როცა თბილისიდან წასვლისას სპარსელებმა გადაწვეს და დაანგრიეს მეფისა და წარჩინებულთა სასახლე-საცხოვრებლები და ავლაბარიც გადაბუგეს, დარეჯან დედოფლის აშენებულ სასახლეს და მის ეკლესიას ხელი არ ახლეს. აღა-მაჰმად-ხანის მიერ ეს იყო, ალბათ, ერთგვარი ლოიალობის გამოხატულება დარეჯანის მიმართ ამ უკანასკნელის პოლიტიკური განწყობილების ჯილდოდ. სპარსელებმა ხელუხლებლად დატოვეს, აგრეთვე, მეფის სასახლე თავისი ეკლესიით, ალბათ, ეს სასახლე დარეჯანის ერთ-ერთ შვილს თავის საცხოვრებლად ჰქონდა.
ამ ამბების შესახებ სტ. ქიშმიშევი იოლად შეიტყობდა, სხვადასხვა პირების, მაგალითად, მირზა იბრაიმ ენიკოლოფაშვილისაგან, რომელიც თბილისში დარჩა და აღა-მაჰმად-ხანთანაც გამოცხადდა.
სტ. ქიშმიშევის თხრობა ზოგ სხვა საინტერესო ცნობასაც შეიცავს.
კრწანისის ომის შესახებ საყურადღებო ცნობებს იძლევა ბერძენი მემადნე ათანასი თეოდორეს ძეც, რომელიც მაშინ ოჯახიანად თბილისში შემოხიზნულა. ათანასის ცნობები გადმოგვცემენ აღა-მაჰმად-ხანის თბილისში შემოსვლას, მისი ჯარების განლაგებას, მათ წინააღმდეგ ერეკლე II-ის ბრძოლას, იმერთა ლაშქრის გაქცევას და სხვა. ათანასი თეოდორის ძის ცნობები გამოქვეყნებულია. ასეთია უმთავრესი წყაროები უშუალოდ კრწანისის ომის შესახებ. კრწანისის ომს, მის ცალკეულ ეპიზოდებს თუ მთლიანად, არაერთხელ შეხებიან ისტორიოგრაფიაში (ნ. ბერძენიშვილი, ი. ცინცაძე, ი. შაიშმელაშვილი და სხვ.). ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ივ. შაიშმელაშვილისა და ი. ცინცაძის ნაშრომები, რომლებშიც ვრცლად გადმოცემასთან ერთად, ჩემი აზრით, მოიპოვება სადავო დებულებებიც, რის შესახებაც, შეძლებისდაგვარად, ნაწილობრივ ადრეც აღმინიშნავს.
I. ქართლ-კახეთის სამეფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარება XVIII ს. 70–90-იანი წწ. დამდეგს

1768–1774 წლებში რუსეთ-ოსმალეთს შორის წარმოებდა ომი, რომლის ასპარეზიც იყო შავი ზღვის ჩრდილო სანაპირო მხარეები. რუსეთი ცდილობდა ამ ომში ჩაება ქართული სახელმწიფოები – უპირველეს ყოვლისა იმერეთი, გურია-ოდიშით და ამასთანავე ქართლ-კახეთი, რისთვისაც რუსეთმა იმერეთში გაგზავნა 3,5 ათასიანი ჯარი. ამ საექსპედიციო კორპუსის დახმარებით მოხერხდა ოსმალთა მცირერიცხოვანი გარნიზონების განდევნა ბაღდადის, შორაპნის, ცუცხვათის და, რაც მთავარია, ქუთაისის ციხეებიდან. ფოთის ციხე ვერ აიღეს. არ მოხერხდა, აგრეთვე, სხვა თვალსაჩინო სამხედრო ოპერაციების ჩატარება, თუ არ ჩავთვლით ასპინძის ბრძოლას, სადაც ერეკლე II-მ თავისი საკუთარი ძალებით გაანადგურა სამი ათასი (თუ 8–12 ათასი? – ი. ხ.) კაცისაგან შემდგარი ოსმალ-ლეკ-მესხთა ჯარი. არ გამართლდა რუსეთის მთავრობის იმედი, რომ ოსმალების წინააღმდეგ ამიერკავკასიაში ქართველების ჩაბმით მოწყობილიყო რაიმე თვალსაჩინო დივერსია, საამისოდ ქართველებს ძალა არ ჰყოფნიდათ. ამ საექსპედიციო კორპუსში მყოფი ფრანგი ოფიცერი დე-გრელი გადმოგვცემს, რომ რუსეთს საქართველოში ჯარის გაგზავნა დაუჯდა სამი ათასი კაცი, რომელნიც დაიღუპნენ უმეტესად სხვადასხვა ავადმყოფობისაგან, უმთავრესად ციებ-ცხელებით (ფოთის არეში) და ნახევარი მილიონი მანეთი. ერეკლეც ატყობინებდა რუსეთის მთავრობას, რომ მას რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნის დროს ომის საქმეებზე დაეხარჯა 430 ათ. მანეთი. ყველაფერი ეს აღმოჩნდა უშედეო გარდა იმისა, რომ იმერეთის ოთხი ციხიდან ოსმალნი გაძევებულნი აღმოჩნდნენ (ესენი, განსაკუთრებით ქუთაისისა და შორაპნის ციხეები, იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა განგებ დაანგრევინა, რათა მომავალში ოსმალებს მათში ისევ არ მოეკიდებინათ ფეხი).
რუსეთის საექსპედიციო კორპუსი, როგორც მას ეძახდნენ, გაწვეულ იქნა უკან საქართველოში (უნდა იყოს რუსეთში – ი. ხ.), რითაც ქართველთა თავკაცები ძლიერ შეწუხებულნი იყვნენ. ერეკლე II-მ პეტერბურგში გაგზავნა სპეციალური საელჩო. მის სათავეში იყო ლევან ბატონიშვილი, ერეკლეს შვილი, რომელიც ჭკუით და სხვა თვისებებით ყველა თავის ძმას სჯობდა; აგრეთვე ანტონ კათალიკოსი, დიდი მწიგნობარი, საერთოდ განათლებული კაცი, წინათ რუსეთში ნამყოფი და რუსულის მცოდნე. ერეკლე თხოულობდა, რომ რუსეთს მიეღო ქართლ-კახეთის სამეფო თავის მუდმივ ვასალობაში, რისთვისაც ამ უკანასკნელის მკვიდრნი, ისე როგორც სპარსეთის ბატონობის დროს იყო, რუსეთისათვის გადაიხდიდნენ კომლზე 3,5 აბაზს. რუსეთს კი ქართლ-კახეთისათვის ჯარი უნდა დაეყენებინა საკუთარ ხარჯზე და საერთოდაც ქვეყანა მუდმივი თავდასხმებისაგან დაეცვა.
რუსეთის მთავრობამ ერეკლეს ელჩები ცივად მიიღო. დიდხანს მათ ასტრახანიდან არც უშვებდნენ პეტერბურგისკენ და როდესაც ელჩები იქ მაინც ჩავიდნენ, რუსეთის მთავრობამ უარი განაცხადა წარდგენილი პირობების მიღებაზე. ჯერ ერთი, რუსეთი უკმაყოფილო იყო რუსთა საექსპედიციო ჯარის საქართველოდან უნაყოფოდ დაბრუნებით და თანაც ამ დროს რუსეთს არ ჰქონდა ამიერკავკასიაში ფეხის მოკიდების რაიმე განზრახვა. ერეკლე II-ის ელჩები უშედეგოდ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში.
10 ივლისს 1774 წ. ქუჩუკ-კაინარჯში დადებული ზავით დამთავრდა რუსეთ-ოსმალეთის ომი. ამ ხელშეკრულებაში შეტანილი იყო ცალკე მუხლი, რომელიც ეხებოდა საქართველოს. ოსმალეთი ვალდებული იყო ამნისტია გაეკეთებინა განვლილ ომში ოსმალეთის წინააღმდეგ მოქმედი ქართველების მიმართ. ოსმალეთი ვალდებული ხდებოდა, არ მოეთხოვა იმერლებისა და ოდიშელთაგან ხარკი გოგო-ბიჭების სახით და საერთოდ უარი ეთქვა მათგან ყოველგვარი გადასახადების (ხარკის) მიღებაზე. არავითარ შემთხვევაში არ შეევიწროვებინა მათი (ქრისტიანული) სარწმუნოება. რუსეთს უნდა გაეყვანა თავისი ჯარი ქართველთა მიწებიდან (ფაქტიურად ისინი უკვე დიდი ხანია გაყვანილი იყვნენ), ე. ი. კისრულობდა ვალდებულებას თავისი ჯარი აღარ გაეგზავნა ამ მხარეში. ოსმალეთს არავითარი პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა საქართველოს (ქართლ-კახეთის) მიმართ. ეს გამოდიოდა ხელშეკრულების იმ მუხლიდან, რომლითაც ოსმალეთს შეეძლო თავის ქვეშევრდომებად ეცნო მხოლოდ ისინი, ვინც ასეთები ძველიდგანვე იყვნენ. მაგრამ ამავე მუხლით არსებითად რუსეთი ცნობდა ოსმალეთის უფლებას დასავლეთ საქართველოზე. ცალკე კიდევ აღნიშნული იყო, რომ ოსმალეთს შეუძლია დაიკავოს ქუთაისის, ბაღდადისა და შორაპნის ციხეებიო, მაგრამ ამათგან ქუთაისისა და შორაპნის ციხეები უკვე დანგრეული იყო. არსებითად, ქუჩუკ-კაინარჯის ზავმა ქართველებს ახალი არაფერი მოუტანა იმის გარდა, რომ ოსმალეთს არ შეეძლო დასავლეთ საქართველოდან ხარკი მოეთხოვა.
ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ საქართველო (ქართლ-კახეთი) დარჩა თავისი საკუთარი ძალების ამარა. რუსეთს ის ძალაუნებურად ჩამოშორებული იყო. ოსმალეთს მასთან საქმე არ უნდა ჰქონოდა, სპარსეთს კიდევ განაგებდა ვექილის (ე. ი. მმართველის) ტიტულით ქერიმ-ხანი, რომელიც შაჰის ტიტულის მიღებას თავისთვის ნაადრევად თვლიდა და საქართველოს მიმართ გარკვეულ ტაქტიკას ადგა. მისი ადმინისტრაცია ერეკლეს თეორიულად თვლიდა ვალიდ, ე. ი. სპარსეთის ხელქვეით მმართველად, მაგრამ მისგან არც ხარკს თხოულობდა და არც რაიმე სხვა ვალდებულებას. თითქოს ქართლ-კახეთი იდგა დამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, მაგრამ საქმე არია ქართველმავე ბატონიშვილმა ალექსანდრე ბაქარის ძემ, რომელიც ქართლის მეფობაზე პრეტენზიას აცხადებდა.
2. ალექსანდრე ბაქარის ძე
1750 წ. მოსკოვში გარდაიცვალა ვახტანგ VI-ის შვილი ბაქარი, რომელიც ერთ დროს (ორ წელს) ქართლის მეფედ ითვლებოდა. ბაქარს დარჩა შვილები, რომელთაგანაც, უფროსი, ალექსანდრე, შემდეგში, თეიმურაზ II რომ გარდაიცვალა, პრეტენზიას აცახადებდა ქართლის სამეფოზე. ალექსანდრე ბატონიშვილი იყო საიმპერატორო გვარდიის ერთ-ერთი პოლკის კაპიტანი, მას ცოლად ჰყავდა ერთი რუსი თავადის ქალი და კარგადაც იყო მიღებული საიმპერატორო კარზე. შემდეგში ალექსანდრე ბატონიშვილს ოჯახი დაერღვა და კარზედაც მდგომარეობა გაუფუჭდა. მაშინ მან გადაწყვიტა სპარსეთში გაპარულიყო (1765 წ.).
მოსკოვის, ყაზანის და ასტრახანის გავლით ალექსანდრე ბატონიშვილი გილანში ჩავიდა, სადაც, ეტყობა, სწრაფად შეისწავლა სპარსული ენა, რის შემდეგაც ჩავიდა შირაზში. იქ მისი ყოფნა (ალბათ იქაური ქართველების დახმარებით) ცნობილი გახდა სპარსეთის მაშინდელი მბრძანებლის ქერიმ-ხანის კარზე. სპარსეთის მთავრობას ალექსანდრესნაირი პიროვნება ძალზე ესაჭიროებოდა ერეკლე II-ის ასალაგმავად, ამიტომ იგი აღიარეს ქართლის მეფობის პრეტენდენტად. ალექსანდრე დააბინავეს ცალკე სასახლეში, საპატიო რაზმი მიუჩინეს და ყოველგვარი დახმარება აღუთქვეს. ინგლისელი ტუკის გადმოცემით, ალექსანდრესათვის გამოსატანებლად სპარსეთში უკვე ჯარსაც კი აგროვებდნენ, მაგრამ ამ დროს სპარსეთს ჩავიდა ერეკლე მეფის ელჩი დიდი ამალით და ძვირფასი საჩუქრებით. ერეკლე თანხმდებოდა სპარსეთთან დამოკიდებულებაზე, ოღონდაც ამ უკანასკნელისაგან მოითხოვდა ხელი აეღო ალექსანდრეზე, თანაც მისი შენახვის ხარჯებსაც თვითონვე კისრულობდა. სპარსეთის მთავრობამ ამჯობინა უკვე სახელმოხვეჭილი ერეკლეს პირობების მიღება, ალექსანდრეს მისთვის მიჩენილ სახლში ყარაულები დაუყენა და ფაქტიურად იგი ნახევრად პატიმრად აქცია.
ერთხანს ერეკლე პირობისამებრ იხდიდა ალექსანდრესა და მის მსახურების შენახვის ხარჯებს, მაგრამ შემდეგ ესეც შეწყვიტა. ტუკის სიტყვით, გრაფმა იეკმა 1772 წელს სპარსეთში ყოფნისას ალექსანდრე შინაურ პატიმრობაში და დიდ გაჭირვებაში მყოფი ნახა.
ტუკის ცნობიდანვე ირკვევა, რომ რუსეთთან ქუჩუკ-კაინარჯის ზავის დადების შემდეგ ოსმალეთი ცდილობდა ქართლ-კახეთზე შური ეძია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ასპინძის ომის გამო მაინც. ამ მიზნით სტამბოლიდან ქერიმ-ხანთან საიდუმლოდ გაგზავნეს ელჩი თხოვნით – ალექსანდრე ოსმალეთში გაეშვათ. „პორტამ, – წერს ტუკი, – იცოდა ქერიმ-ხანის სიხარბე და ამიტომ მიმართა იმავე საშუალებას, რასაც თავის დროზე (ალექსანდრეს საკითხში) ერეკლემ მიმართა. ამიტომ სპარსეთში გაგზავნილ ელჩს თან მიჰქონდა ისეთი საჩუქრები, რომელთა ღირსებამაც სპარსეთის მთავრობა პორტას თხოვნის სრულ სამართლიანობაში დაარწმუნა“.
ალექსანდრეს ბედმა გაუღიმა. ის „ბეჯითად“ წავიდა სტამბოლში, სადაც მიიღო სათანადო ინსტრუქციები, რის შემდეგაც გამოემართა ყარსისაკენ, სადაც მას უცდიდა ხუთი ფაშა ჯარით საქართველოზე სალაშქროდ. ტუკს არ აქვს ამ ამბების შესახებ მთლად ზუსტი ინფორმაცია, რადგანაც ის ხუთი ფაშის ჯარის შეკრების შემდეგ გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ სალაშქროდ გამზადებული ჯარი ვანის არეში ნახაო. უფრო სწორი იქნება ფიქრი, რომ ოსმალების მიერ ვანის მხარეში შეგროვილი ჯარი ყარსის მიდამოებში გადალაგდა, საიდანაც სხვა ჯარებთან ერთად, ცხადია, უნდა დაწყებულიყო შეტევა საქართველოზე. მაგრამ მოხდა უცნაური რამ, ვანიდან ჯარის გამოსვლის მეექვსე დღეს ალექსანდრე ბატონიშვილი გაუჩინარდა და ლაშქრობაც ჩაიშალა. ამით კი ჩაიშალა ქართლ-კახეთში ერეკლეს მაგივრად ალექსანდრე ბაქარის ძის გამეფების ოსმალური გეგმა. ტუკი ალექსანდრეს გაპარვას გამოვლილ უბედურებაში მისი ხასიათის დაჩაგრულობითა და უნებისყოფობით ხსნის. მან არც ის იცის, თუ რა ბედი ეწია შემდეგში ალექსანდრეს. ჩანს, ალექსანდრე გაიპარა სპარსელების ჩაგონებით. როდესაც სპარსეთში შეიტყეს ოსმალეთის მზადების შესახებ ალექსანდრეს ტახტზე ასაყვანად, სპარსელებმა კვლავ გადაწყვიტეს მისი გამოყენება თავისი ინტერესებისთვის. ალექსანდრემაც სპარსეთის წინადადებანი, როგორც ეტყობა, თავისთვის უფრო სასარგებლოდ მიიჩნია და კვლავ ქერიმ-ხანის მხარეზე გადავიდა. რასაკვირველია, სპარსეთში მას ამჯერად უკვე კარგად მიიღებდნენ.
ყველაფერმა ამან ქართლ-კახეთის საგარეო პოლიტიკის მიმართულებაზე გავლენა იქონია.
პრეტენდენტი ალექსანდრე ბატონიშვილი ახლა ისევ სპარსეთის ხელშია. საქართველოს უმეტესი ნაწილი (სამხრეთი და ჭანეთი), უშუალოდ ოსმალეთის მფლობელობაში, ანდა მისი გავლენის სფეროშია (დას. საქართველო). საჭირო იყო ამ გარემოებისათვის ანგარიშის გაწევა და სპარსეთზე უარის თქმით ოსმალეთთან საერთო ენის გამონახვა და მისი მფარველობის მოპოვება.
ამ მიზნით ერეკლემ მოლაპარაკება დაიწყო ოსმალეთის მთავრობასთან. 1777 და 1779 წლებში სტამბოლს გაგზავნილ იქნა მირზა-გურგენ ენიკოლოფაშვილი, წარმოშობით ყარაბაღელი სომეხი, მან კარგად იცოდა სპარსულ-თურქულ-არაბული ენები და ამასთანავე დიპლომატიური ნიჭიც ჰქონდა. გურგენს მიეცა ვეზირის, ე. ი. გარეშე საქმეთა წამყვანის წოდებაც. მოლაპარაკება სტამბოლში იმ მიმართულებით მიმდინარეობდა, რომ ერეკლე შევიდოდა ოსმალეთის პროტექტორატში აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ხანებზე უპირატესობის მდგომარეობის შენარჩუნებით.

ამ დროის ამბების შესახებ, ოსმალურ საარქივო წყაროებზე დაყრდნობით, საკმაოდ ვრცლად გადმოგვცემს ჯევდეთი. მისი სიტყვით, ჰიჯრის 1190 წელს (1776 წ. 21 თებერვ. – 1777 წ. 8 თებერვ.) ოსმალეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ჯარები დააგროვოს ყარსის არეში და აზერბაიჯანის მიმართულებით სპარსეთის საწინააღმდეგოდ. ასეთი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მიღებულ იქნა 1777 წლის დამლევს (იხ. ამის შესახებ ზემოთ). მაგრამ წინასწარ პორტამ სპეციალური წერილებით მიმართა აზერბაიჯანის ხანებს იმის გამოსარკვევად, თუ ისინი რა პოზიციას დაიკავებდნენ ქერიმ-ხანის წინააღმდეგ ოსმალეთის ლაშქრობის დაწყებისას. წერილები სათანადო საჩუქრებით გაეგზავნათ ერევნის ჰუსეინ-ხანს, ხოის ახმედ-ხანს და სხვებს; წერილები მათ გაეგზავნათ ყარსის და ახალციხის მმართველთა მეშვეობით.
ხანებმა პასუხი გასცეს იმავე ყარსის სერასკირს ვეზირ ალი-ფაშას და ჩილდირის (ახალციხის) ვალის ვეზირ სულეიმან-ფაშას და ითხოვეს, რომ მათთვის ოსმალეთს მფარველობა გაეწია. ამრიგად, გამოირკვა, რომ ამიერკავკასიის და ხოის ხანები მხარს არ უჭერდნენ ქერიმ-ხანს და ოსმალეთის მფარველობას ამჯობინებდნენ. ტფილისის ხანი ერეკლეც, ყველაზე უფრო ცნობილი მათ შორის, – წერს ჯევდეთი, – წერილობით ურთიერთობაში იყო (იგულისხმება იმავე საკითხზე) ჩილდირის ვალისთან, ერევნის ჰუსეინ-ალი ხანთან, ხოის ახმედ-ხანთან და სერასკირ ალი ფაშასთან და აგრეთვე აცხადებდა თავის ერთგულებას ოსმალეთის სახელმწიფოსადმი. ამიტომ მან (ერეკლემ) გააგზავნა თავისი მდივანი მირზა-გურგენი სტამბოლში ჩილდირის ვალის მორდალთან ერთად (ახალციხის ფაშა, მაშასადამე, ხელს უწყობდა ამ მისიას) სპარსულად შედგენილი წერილით, სადაც ერეკლე ოსმალეთისადმი თავის ერთგულებას აცხადებდა. ჯევდეთის გადმოცემით, ეს წერილი მოკლედ ასეთი შინაარსისა იყო: „მისი (ერეკლეს) მიმართვა სპარსეთის ხელმწიფისადმი გამოწვეული იყო მოვლენათა ზოგიერთი თავისებურებით, დროის გარემოებით და ვითარებით. ღმერთმა აშოროს მას, რომ ის, ერეკლე, გადახრილიყო ირანის მხარეზე და მასთან დაკავშირებულიყო ოსმალეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ახლაც ისე, როგორც წინათ, ის მთელი თავისი ძალღონით ცდილობს გამოიჩინოს თავისი ერთგულება და სამსახურის წადილი უმაღლესი სულთნის მიმართ. ის იმავე დროს ყოველნაირად ცდილობს, პატივით მოეპყრას მისი მეზობელი ოსმალეთის სახელმწიფოს უფლებებს, აქამდის ის არ ყოფილა კავშირში, ან ერთობაში ოსმალეთის სახელმწიფოს მტრებთან და არც მომავალში ჩაიდენს ამას, თუმცა ეს გარემოება სავსებით ცხადი იყო, მაგრამ რუსეთისა და ოსმალეთის სახელმწიფოებს შორის ომის დროს მის [ერეკლეს] და ჩილდირის ვალის შორის დაუშვებელი ურთიერთობის მიზეზს წარმოადგენდა ჩილდირის მაშინდელი ვალი სეიდ-ნამან-ფაშა. ახლა კი ჩემსა და ჩილდირის ახლანდელი ვალის სულეიმან-ფაშას შორის, რომელიც აფასებს და ადასტურებს ჩემს ერთგულებას სულთანისადმი, შეიქმნა საჭირო მეგობრული დამოკიდებულება და გულწრფელობა. თუ მისი დიდებულება ფადი-შაჰისაგან მას (ერეკლეს) მიეცემა ერთგვარი შესაძლებლობა თავისი ძალის და ძლიერების უზრუნველსაყოფად, მაშინ ის (ერეკლე) ეცდება ხელი შეუშალოს აზერბაიჯანის ხანების კავშირს და გაერთიანებას ქერიმ-ხანთან“.
ზოგიერთი თხოვნა და შუამდგომლობა ერეკლემ თავის ელჩს დაავალა სიტყვიერადაც გადაეცა. ამ მოხსენებიდან ჩანს, რომ „ირანის ვექილმა ქერიმ-ხანმა, არაწარჩინებული წარმოშობის და გვარის პირმა, ვერაგობით და მოხერხებით მოიპოვა ირანის ქვეყნები: ფარსი, ერაყი და აჯემი. მის (ქერიმ-ხანის) წერილობითი მიმართვებისადმი არც თვითონ ერეკლე ხანი და არც აზერბეიჯანის, შირვანისა და ხორასნის ხანები სრულიად არ იჩენენ რაიმე კეთილგანწყობას. ამჟამად არც ერთი ირანელი ხანი არ ფიქრობს ოსმალეთის ქვეყანაზე თავდასხმას და ამიტომაც არც ერთმა მათგანმა არ მისცა დადებითი პასუხი გილანიდან (ქერიმ-ხანისაგან) მოსულ მიმართვაზე დახმარების შესახებ. უკეთუ მისი (ერეკლეს) მორჩილი სამსახური მიღებული იქნება ფადი-შაჰის მიერ, ის ხაზინის (ე. ი. ხარჯების) შესახებ შეთანხმების შემდეგ ყარსის სერასკირის დაუხმარებლად ღებულობს ვალდებულებას აზერბეიჯანის ხანების საკითხის გადაწყვეტის თაობაზე. თავისი ერთგული კავშირის დასამტკიცებლად, ის, თუ ეს საჭირო იქნება, მძევლებად გამოგზავნის თავის ზოგიერთ წარჩინებულ პირს, რომელნიც დატოვებულ იქნებიან ახალციხის ციხეში ჩილდირის ვალის მეთვალყურეობით“.
„ხოის, ნახჭევნის, ყარაბაღის, განჯის, ერევნის, შირვანის ხანები ხანდახან აგზავნიან მასთან [ერეკლესთან] საჩუქრებს, ხოლო ხანდახან აძლევენ მას ხარკს. ასეთი პირობების გამო არც ერთი მათგანი არ დაეხმარება ქერიმ-ხანს და როგორც ის [ერეკლე], ისინი მიიღებენ თავისთვის, როგორც კეთილნიშნიან ფაქტს და დიდ სიკეთეს, უკეთუ მოჰყვებიან ოსმალეთის სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ. უკეთუ ფადიშაჰის მიერ აზერბაიჯანის ხანებს გაეგზავნებათ საჩუქრები და უმაღლესი ფირმანები და ამ ხანების მიკუთვნება ოსმალეთისადმი ამ უკანასკნელის მიერ ეცნობება უცხო სახელმწიფოებსაც, მაშინ ის [ერეკლე] გარანტიას იძლევა, რომ ეს ხანები არ მოაწყობენ თავდასხმებს ოსმალეთის სახელმწიფოზე. ის [ერეკლე] თხოულობს, რომ ოსმალეთის სახელმწიფომ ჩათვალოს ის [ერეკლე] თავის მორჩილ ხანად და ქერიმ-ხანთან ზავის დადების შემთხვევაში ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლად აღიარებულ იქნას, რომ ის [ერეკლე] და მისი შვილები [ე. ი. მემკვიდრეები] უზრუნველყოფილი და დაზღვეული იქნებიან მწუხარებათა და უბედურებისაგან.
ამჟამად ირანის ქვეყანას არ ჰყავს სეფიანთა დინასტია, ასე რომ ირანელი ხანების მიერ თავშესაფრის ძიება ისეთ მძლავრ სახელმწიფოში, როგორიც ოსმალეთია, მათთვის აუცილებელია და დროულია. თუნდაც გამოჩნდეს ვინმე სეფიანთა გვარისანი, ვისზეც შეიძლება გადავიდეს კიდეც ირანის სულთნობა (ხელმწიფობა), მაშინაც ზემოთ დასახელებული ხანები არ გამოვლენ ოსმალეთის მორჩილებიდან და ამ შემთხვევაშიც კვლავ ოსმალეთის სახელმწიფოს მორჩილებაში იქნებიან.
და ბოლოს, ის [ერეკლე] თხოულობს, რომ, როგორც თვითონ [ერეკლე], ისე მისი შვილები და მათი ჩამომავალნი იმყოფებოდნენ ოსმალეთის სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ, ვიდრე ამაზე ღვთის ნება იქნება“. ამით მთავრდება ერეკლეს მიმართვა ოსმალეთის მთავრობისადმი.
„როგორც ამ მიმართვის შინაარსი, ისე ერეკლეს ელჩის ზეპირი განცხადება, – განაგრძობს ჯევდეთი, – ეთანხმებოდა ჩილდირის ვალის ცნობას და მისი მორდალის მოხსენებას. ამის გამო ვეზირების სასახლეში მოხდა რამდენიმე თათბირი. მიღებულ იქნა მხედველობაში, რომ შექმნილ მდგომარეობას შეუძლია გაადიდოს ოსმალთა სახელმწიფოს ძალა და სახელი, ხოლო ზარალს ის დიდს არ მოიტანს. ამაზე უწინდელი ფადიშაჰის ფირმანი ყარსის სერასკირის სახელზე ითვალისწინებდა თავშესაფარის მიცემას ზემოხსენებული ხანებისათვის, რადგანაც მათ არაფერი სამტრო არ ჩაუდენიათ და არც მომავალში ჩაიდენდნენ, არამედ იცხოვრებენ თავისთვის. ცნობილი შეიქნა (ფადიშაჰის) ბრძანებულების შინაარსი, რომ თუ ხსენებული ხანები იქნებიან ოსმალეთის მორჩილნი, მათ ექნებათ დაცვა ყოველგვარი უბედურებისა და ზიანისაგან. ეს ცხადი იყო ყველასათვის, ამიტომ ერევნის ჰუსეინ-ალი-ხანი და ხოის ახმედ-ხანი, რომელნიც ყარისის სერასკირის ალი-ფაშას მეშვეობით იქნენ სტამბოლში მივლინებულნი, თავის წერილობით მოხსენებაში ირწმუნებოდნენ, რომ ამიერიდან ისინი კისრულობდნენ მათზე დაკისრებული ყოველგვარი სამსახურის შესრულებას თბილისის ერეკლე-ხანთან შეთანხმებით. ამით დადასტურდა ერეკლე-ხანის აღთქმა, მისი კავშირის შესახებ ხანებთან, ამიტომაც (დივანში) ერთხმად იქნა მიღებული დადგენილება ხანების თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. ყველა მათგანს ცალ-ცალკე გაეგზავნა ფადიშაჰის ფირმანები მათი თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ“. ამასთანავე, მათ აცნობეს, რომ თუ ქერიმ-ხანი თავს დაესხმის მათ ქვეყანას, „უკანასკნელთ დახმარებას გაუწევს ყარსის სერასკირი და ტრაპიზონის ვალი ელგედო ალი-ფაშა. საჭიროების დროს კი თბილისის ხანის ერეკლესათვის დასახმარებლად ჩილდირის ვალის ჰყავს რჩეულ მეომართა საკმაო რაოდენობა. ერეკლეს საჩუქრად გაუგზავნეს ათასი ალთუნი (ოქრო), სიასამურის ქურქი და ძვირფასად აღკაზმული ცხენი, ერევნის ჰუსეინ-ალი-ხანს 2 ათასი, ხოლო ხოის ახმედ-ხანს კი 1500 ოქრო მაჰმუდი“.
იესე ოსეს ძე თავის დღიურში ერეკლესთან სულთნის საჩუქრების მოსვლის შესახებ ასე აღნიშნავდა: „მარტს 23 ხუთშაბათს ქორონიკონს 465 [1777 წ.] ხონთქრის ქურქი და ცხენი მოიყვანა გურგინამ. გაეგება ბატონი [ერეკლე II]. მე ვიწევ, არ შემეძლო“...
მირზა-გურგინს და, ეტყობა, მასთან ერთად ჩამოსულ ოსმალო წარმომადგენელს თბილისში საზეიმო მიღება მოუწყვეს. ამის თაობაზე, იმავე ჯევდეთის სიტყვით, ჩილდირის (ახალციხის) ფაშა ოსმალეთის მთავრობას ატყობინებდა: „თბილისის ხანმა ერეკლემ მოაწყო საზეიმო შეხვედრა ფადიშაჰის საჩუქრების მისაღებად. შორიდანვე (ე. ი. ერეკლე წინ გაეგება მომავალ ელჩებს) შეხვედრისას ის ჩამოხტა თავისი ცხენიდან, აკოცა აღვირს ფადიშაჰის მიერ გამოგზავნილი ცხენისა, შეჯდა მასზე, ფადიშაჰის საჩუქრები კი წინ გაიძღვანა და ასე, დიდი ზეიმით, ზარბაზნების სროლით დაბრუნდა თავის სასახლეში, სადაც მან მოაწყო საზეიმო დივანი (შეკრება), რომელზედაც თავისი ხალხის წარჩინებულთა თანდასწრებით ფადიშაჰის ფირმანი წაიკითხა. აქ მან ჩაიცვა ფადიშაჰის მიერ გამოგზავნილო ხალათი, რომლის კალთას დამსწრენი კოცნით უახლოვდებოდნენ, და ოსმალეთის სახელმწიფოს მფარველობის მიღება გამოაცხადა“.
მაგრამ, – განაგრძობს ჯევდეთი, – ამასთანავე ჩილდირის ვალი იტყობინებოდა, რომ ერევნის ჰუსეინ-ხანს ფადიშაჰის საჩუქრები მიუღია ყოველგვარი ზეიმის გარეშე – საზეიმო მიღებას თვით ხანმა შეუშალა ხელი, რითაც ცხადი შეიქმნა, რომ აზერბაიჯანის ხანების თხოვნა ოსმალეთის ქვეშევრდომობაში მიღების შესახებ გამოწვეული იყო მხოლოდ დროის მოთხოვნით. ასე რომ, სრული ნდობა ამ ხანების მიმართ შეუძლებელი იყოო. ამიტომ არზრუმის სერასკირს სტამბოლიდან მისწერეს, რომ ვითომდა ცხენების საძოვარზე გადაყვანის მიზნით, ყარსის მხარეში გადავიდეს და ადგილზევე გამოარკვიოს: ხომ არ ფიქრობენ აზერბაიჯანის ხანები რაიმე მტრულ მოქმედებაზე ოსმალეთის საზღვრების მიმართ და თუ ასეთი რამ დადასტურდა, თვითონ დაიძრას მათ წინააღმდეგ.
ერევნის ხანის სიფრთხილე, როგორც ეტყობა, გამოწვეული იყო სპარსეთის კონტრღონისძიებებით. სპარსეთის ვექილი და მისი ხელისუფალნი ძალზე შეწუხებულნი იყვნენ ოსმალეთის მიერ ქართლ-კახეთისა და ამიერკავკასიის აზერბაიჯანის ხანებზე მფარველობის დამყარების ცდებით. მართლაც რომ, სპარსეთის მბრძანებელი გულხელდაკრეფილი არ იყო და ოსმალეთის საწინააღმდეგოდ თავისი საკუთარი პოზიციების გამაგრებას ცდილობდა. ეს კარგად ჩანს მისი ურთიერთობიდან ერეკლე II-სთან. იესე ოსეს ძე თავის დღიურებში წერს: „ივლისს 24 ქერიმხანის კაცი მოვიდა. გლახა ციცისშვილისა და ფარეშთხუცის გივისათვის გამოეტანებინა მძიმედ შეკაზმილი ოქროს იარაღით სისვი ცხენი, ბადილის ხიფითანი შალი და სარტყელი. მოერთო, გაეგება, ცხენზე შეჯდა, ტანისამოსი ისე ბოხჩით წამოაღებინა და მობრძანდა. ყოელი სული დართულ-დაკაზმილი ახლდა და მე ჩოჴით ვიჯექ ცხენსა... დიაღ მრისხანის სახით იყურებოდა და შეწუხებულს გულს ხომ ისე სჭირს, ყველა თავისი ეგონება“... (იესეს ეშინოდა – მეფე მე ხომ არ მიჯავრდებაო).
როგორც ამ ცნობიდან ივარაუდება, 1777 წ. ერეკლეს მიერ ოსმალეთის სულთნის ფირმანის საზეიმო მიღებამ და ოსმალეთის მფარველობაში შესვლის შესახებ განცხადებამ სპარსეთის მბრძანებლის ქერიმ-ხანის და მისი მმართველობის გულისწყრომა გამოიწვია. ამიტომაც ერეკლე იძულებული გახდა, ქერიმ-ხანთან თავადი გლახა ციციშვილი გაეგზავნა ამალით. ციციშვილმა, ეტყობა, სპარსეთის მთავრობა დაამშვიდა და ქერიმ-ხანმაც ძვირფასი საჩუქრები გამოუგზავნა ერეკლეს, მაგრამ ეს უკანასკნელი, ეტყობა, თვითონვე არ იყო კმაყოფილი თავისი წაჯექ-უკუჯექობის პოლიტიკით. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ამ საზეიმო მიღებისას ერეკლეს სახის მრისხანე გამომეტყველების მიზეზი.
სპარსეთის მმართველობა, როგორც ეტყობა, არც ამის შემდეგ იყო კმაყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოსთან ურთიერთობით. სპარსეთის მიმართ ერეკლე არავითარ გარკვეულ ვალდებულებას არ კისრულობდა და თავი დამოუკიდებლად ეკავა.
მაშინ სპარსეთის მმართველობამ ერეკლეს წინააღმდეგ თავის ნაცად ხერხს მიმართა, სახელდობრ, პოლიტიკურ სარბიელზე კვლავ ქართლ-კახეთის მეფობის პრეტენდენტი ალექსანდრე ბაქარის ძე აამოქმედა. ამიტომ ახლა, როდესაც ერეკლე II-ს თითქოს უკვე გადაწყვეტილიც ჰქონდა ოსმალეთის პროტექტორატში შესვლა და ამიერკავკასიის სახანოების სპარსეთისაგან ჩამოშორება, ქერიმ-ხანმა მოლაპარაკება გამართა უცმა-ხანთან, თან საჩუქრებიც გაუგზავნა, რათა მას მეომრები შეეკრიბა ლეკეთში და თავდასხმა მოეწყო ქართლ-კახეთზე ალექსანდრე ბაქარის ძის იქ გასამეფებლად (1777 წლის ბოლოს). უცმაც უკვე თანახმა იყო ამ ლაშქრობის მოწყობაზე, მაგრამ ვერას გახდა, ვინაიდან შამხალი და დარუბანდის ფეტ-ალი-ხანი ამ ღონისძიების წინააღმდეგ წავიდნენ.
მაშინ ქერიმ-ხანმა საგანგებო ელჩები აახლა ერეკლეს და მოსთხოვა, გადაჭრით დაედასტურებინა თავისი ვასალური დამოკიდებულება სპარსეთისადმი, რის გამოსახატავადაც მას ვექილის კარზე უნდა გაეგზავნა თავისი გარდაცვლილი უფროსი შვილის ვახტანგის სილამაზით განთქმული ქვრივი, აგრეთვე, მემკვიდრე ბატონიშვილი გიორგი, თავისი სიძე დავით ორბელიანი (ეს ორი მძევალი მუდმივად საცხოვრებლად უნდა დარჩენილიყო ირანში), თორმეტი ვაჟი და თორმეტი ულამაზესი ქალიშვილი – ყველანი არა უმეტეს 12 წლის ასაკისა და საუკეთესო ოჯახებიდან, რომლებსაც თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენებდნენ. ქერიმ-ხანის ელჩი ამ მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესრულებას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი ჯარების შემოსევით იმუქრებოდა.
ზოგი ქართველი ერეკლეს ურჩევდა, დათანხმებოდა ქერიმ-ხანის ულტიმატუმს, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა რაიმე დათმობაზე. ქერიმ-ხანი უკვე ჯარსაც აგროვებდა ქართლ-კახეთში გამოსაგზავნად, მაგრამ ამ დროს საჭირო გახდა ამ ჯარის სხვა საქმეზე გამოყენება. ამგვარად, 1776 წ. (თუ 1778 წ. – ი. ხ.) დამდეგს ქართლ-კახეთი დიდ უბედურებას გადარჩა (იოსებ ემინის ცნობა).
ქერიმ-ხანის ჩარევის შემდეგ ქართლ-კახეთისა და ოსმალეთის ურთიერთობებში, როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ზოგიერთმა ხანმაც ყომანი დაიწყო ოსმალეთის ერთგულებაზე. განსაკუთრებით გამოჩნდა ეს ერევნის ხანის ზემოთ ხსენებულ მაგალითზე, მაგრამ ერეკლე II ამ დროს მტკიცედ დაადგა სპარსეთის საწინააღმდეგო პოზიციას და კვლავ ოსმალეთზე დაყრდნობით ცდილობდა თავისი სახელმწიფოს ინტერესების წარმართვას. მან შესძლო ამიერკავკასიისა და აზერბაიჯანის ხანების ისევ შეკავშირება ოსმალეთის ორიენტაციის ნიშნით, რაზედაც ჯევდეთს აღნიშნული აქვს: რამდენიმე ხნის შემდეგ ერეკლე ხანის ზემოდასახელებული მდივანი მირზა-გურგინი ისევ ჩილდირის ვალის მორდალის თანხლებით ჩამოვიდა სტამბოლს, სადაც მან ოსმალეთის მთავრობის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ერეკლე ხანმა შესძლო ოსმალეთის სახელმწიფოს მხარეზე ხოის, განჯის, ერევნის, ყარაბაღის და შირვანის ხანების გადმობირება. ამის შემდეგ ეს უკანასკნელებიც ვალდებული არიან დაიცვან ოსმალეთის სახელმწიფოსადმი ერთგულება და არ უცქირონ ფადიშაჰის საზღვრებს ცუდი განზრახვებით. ამის თავდებად და დასამტკიცებლად ხსენებულმა ხანებმა დადეს სათანადო წერილობითი საბუთები, რომლებიც ერეკლე-ხანის წერილობით დაპირებებთან ერთად მირზა-გურგინის მიერ ოსმალეთის მთავრობაში იქნა წარდგენილი. ამასთანავე ოსმალეთში მირზა-გურგინმა ჩაიტანა საჩუქრები – ბეწვეული, ტყავები, ქსოვილები და შალები, სადრაზამის, ქეთხუდა-ბეგისა და რეის-ეფენდისათვის; როგორც მირზა-გურგინს, ისე მორდალს საპატიო ხალათები ჩააცვეს და ცალკე საცხოვრისი მიუჩინეს ჩილდირის ვალის ქეთხუდას სახლში. მაშინვე მათთან გაგზავნილ იქნა რეის-ეფენდის ბეკლეკჩი – ხეირი-ეფენდი, რომელმაც ჩაწერა მათი ზეპირი განცხადებანი. ამ განცხადებათა მოკლე შინაარსი ასეთი იყო: ფადიშაჰის ფირმანების და საჩურების მიღების დღიდან ერეკლე-ხანი იცავს და განამტკიცებს ერთგულებას და მორჩილებას ოსმალეთის სახელმწიფოსადმი, რის გამოც მის გამოყენებას მისი დიდებულების სულთნის სამსახურში ის მიიჩნევს წყალობად და სიამაყედ. ამის შემდეგაც ის ვალდებულებას კისრულობს, არა მარტო იყოს თავისი ამ მორჩილების ერთგული, არამედ ოსმალეთის სახელმწიფოს ერთგულებისადმი აზერბაიჯანის ხანებიც მოიზიდოს. ერეკლეს მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა მითვლილია ოსმალეთის სახელმწიფოსადმი, რადგანაც, ოსმალეთი ბოროტი თვალით არ უყურებს სხვების ქონებას. ერეკლეს სჯერა, რომ ვინც კი თავშესაფარი ოსმალეთის სახელმწიფოში პოვა, ბედნიერება და საკუთრება აქვს მოპოვებული მისი უდიდებულესობის სულთნის მეოხებით. ამიტომ ერეკლე სრულიად უარს ამბობს რუსეთზე, ოსმალეთის მფარველობაში შედის და ემორჩილება მის უდიდებულესობას სულთანს. ერეკლე-ხანის ასეთ განცხადებათა შემდეგ მისი უდიდებულესობის სულთნის სახელით მას გაეგზავნა საჩუქრები – ბეწვეული, ტყავები, ცხენის აკაზმულობა და ძვირფასი ქვებით შემკული საათი. ამ საჩუქართა შესახებაც უფრო დაწვრილებით გადმოგვცემს იესე ოსეს ძე:
„გურგინა მოვიდა და ხონთქრის კაცი. გაეგება [ერეკლე] ისაია უზბაშის ბაღთან მაისს 23, ქორანიკონს 466 [1778 წ.]. მოართვეს ცხენი მძიმედ შეკაზმილი, ჩამოჴდა, სადავეს აკოცა, შეჯდა. ხონთქრის ნასხამი ქურქი ბოხჩით მოართვეს, ისე წამოაღებინა. ამოვიდა ღრუბელი, დაგვასველა. შემოვედით, დაბძანდა, შარბათი ვსვით. მოერთო [ერეკლეს] ხონთქრიდამ ერთი ალმასის საათი და ესენი საათს ესე სჭირდა მეტი, წუთის აღრაბიც ჰქონდა. ვეზირს აზამს [ე. ი. დიდვეზირს] ებოძა ერთი ბორნიოთის კოლოფი, ალმასით გულქანდა და შუაზე ლალი ჰქონდა ცერის ფრჩხილის ტოლი. რეიზ ეფენდის ებოძა ერთი ფიალა ყავისა, ზარბი ოქროსი ჰქონდა, მძიმე იყო, და ალმასით და წვრილის იაგუნდით მოოჭვილი იყო. მაქთუფჩის ერთი საათი, ამას ზურგზე მცირე ალმასი უსხდა. განცვიფრდა ყოელი სული და ადიდებდენ ღმერთსა ამის [ერეკლეს] ესეთს ბედნიერობას. ხონთქარი ესრეთ, ყეენი ესრეთ, რუსეთის იმპერატორი ესრეთ, შვილნი მორჩილნი ესრეთ, ყმა დამონებული ესრეთ, მეზობელნი მორჩილნი ესრეთ და სხვა მრავალი ბედნიერობა აურაცხელი“.
4. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის პოზიცია
ოსმალეთთან ერეკლეს მიერ ახალი ურთიერთობის დამყარებამ ძალზე შეაშფოთა იმერეთის მეფე სოლომონ I. ცხადი იყო, რომ შედარებით პატარა ქართლ-კახეთი ამიერკავკასიის ყველა სახანოზე გავლენის განმტკიცებას ვერ შეძლებდა. მას ძლიერ უჭირდა ერევნის და განჯის სახანოების მოხარკეებად შენარჩუნება. ამიტომ ცხადი იყო, რომ ახლო მომავალში ლიხთიმერეთის მთლიანად და აგრეთვე ახალციხის საფაშოს ერეკლეს მორჩილებაში გადასვლის საკითხიც დადგებოდა. სწორედ ასე გაიგო იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ერეკლეს მიერ ოსმალეთთან დაწყებული მოლაპარაკების არსი. მით უმეტეს, რომ აღმოსავლეთ ანატოლიასა და არზრუმ-ყარსის მხარეებში დაწყებული იყო ოსმალთა დიდძალი ჯარის შეგროვება (გადამეტებულად 80 ათას კაცს ასახელებდნენ), ალბათ, სპარსეთის წინააღმდეგ ლაშქრობისათვის. ყველაფერი ეს სოლომონ I-მა საკუთარ საფრთხედ მიიჩნია და ამიტომაც სპარსეთში გააგზავნა მასთან თბილისიდან გადმოხიზნული პოეტი ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი). ბესიკს უნდა ეცნობებინა სპარსეთის მთავრობისათვის ერეკლეს მიერ ოსმალეთთან დადებული პირობა და ამასთანავე იმერეთში გადმოეყვანა ქართლის ტახტის პრეტენდენტი ალექსანდრე ბაქარის ძე.
1779 წლის დასაწყისში გარდაიცვალა სპარსეთის უიდესი ნაწილის მმართველი ქერიმ-ხანი, რასაც სპარსეთში შაჰობის ახალ პრეტენდენტთა შორის შინაომი მოჰყვა. აღარავითარი პერსპექტივა აღარ ჩანდა იმისაც, რომ ალექსანდრე ბაქარის ძეს ვინმე სპარსეთიდან დაეხმარებოდა, მაგრამ მას იქიდან მაინც არ უშვებდნენ. მაშინ ალექსანდრე გამოიპარა და ბესიკთან ერთად გამოემართა იმერეთისაკენ, საიდანაც გააჩაღა ინტრიგები ერეკლე II-ის წინააღმდეგ. იქვე შეიმუშავეს გეგმა, რომლითაც ერეკლეს ტახტიდან ჩამოაგდებდნენ და მის ნაცვლად მთლიანად ქართლ-კახეთში თუ არა, ქართლში მაინც ალექსანდრე ბაქარის ძეს დასვამდნენ. მაგრამ მალე ალექსანდრე ოსმალეთის შიშით დაღესტანში გადავიდა და დადგა დარუბნდის ფეტ-ალი-ხანთან, რომელსაც ერეკლე აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში პირველობისათვის თავის მეტოქედ მიაჩნდა, ამიტომაც იგი ემხრობოდა ალექსანდრეს და მას საკუთარი თანმხლები ქართველებიანად ინახავდა.

ასეთ გართულებულ პირობებში ქართლ-კახეთისათვის აუცილებელი იყო ძლიერი მფარველის მოპოვება. ყველაზე ხელსაყრელ მფარველად კი ისევ რუსეთის ჩანდა, მაგრამ რადგანაც რუსეთმა საქართველოს თავის მფარველობაში მიღებაზე წინათ უარი უთხრა, ამიტომ 1781 წ. ერეკლემ წერილები გაგზავნა ევროპაში გერმანიის (რომის) იმპერატორის და ვენეციის რესპუბლიკის სახელზე.
გერმანიის იმპერატორის სახელზე ვენაში თხოვნის გაგზავნა იმით იყო განპირობებული, რომ იმ დროს იქ წამოყენებული იქნა შავი ზღვის მხარეებში ყირიმითურთ ეგრეთწოდებული მითრიდატეს სახელმწიფოს აღდენის პროექტი. კიდევ ერთხელ გაჩნდა საქართველოს გაერთიანების იმედი და ერეკლემაც სასწრაფოდ გააგზავნა იმპერატორის სახელზე თხოვნა, რათა მისთვის აღმოეჩინათ ნივთიერი დახმარება ქართული რეგულარული ჯარის შესაქმნელად. ანალოგიური მიმართვა ერეკლემ გააგზავნა ზოგი სხვა ევროპული სახელმწიფოს მეთაურთა სახელზე. წერილების წამღებ კათოლიკე პატრს (მღვდელს) უნდა გაევლო რუსეთი, სადაც ის გააჩერეს და წერილები ჩამოართვეს.
ეს ის დრო იყო, როდესაც პეტერბურგში რადიკალურად იცვლიდნენ შეხედულებას ამიერკავკასიის შესახებ. ამ დროს იქ წამოაყენეს პროექტი ქრისტიანული სახელმწიფოს აღდგენის შესახებ კონსტანტინოპოლში, საიდანაც ოსმალები უნდა გაეძევებინათ. ამ სახელმწიფოს მმართველად განზრახული იყო ეკატერინე II-ის შვილისშვილი, რომელსაც სახელად კონსტანტინე დაარქვეს (1779 წ.). ამასთანავე შემუშავებულ იქნა ინდოეთისაკენ რუსეთისათვის გზის გაკაფვის პროექტი. მაგრამ ყველაფერ ამაში რუსეთს ხელი ეცრებოდა გერმანიის (ე. ი. ავსტრიის) იმპერატორის მთავრობის მიერ წამოყენებული პროექტით მითრიდატეს სახელმწიფოს ადგენის შესახებ. ავსტრია ამით ფიქრობდა, გზა გადაეღობა რუსეთისათვის ყირიმისა და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ, ე. ი. საქართველოსკენაც. ამით ბოლო მოეღებოდა მთელს „ბერძნულ პროექტს“, ე. ი. კონსტანტინოპოლში ბერძნული სახელმწიფოს აღდგენის იდეას. პეტერბურგში მხოლოდ ახლა მოისაზრეს, რომ საქართველოსადმი გულგრილობის პოლიტიკა შეიძლება მეტად საზიანო აღმოჩენილიყო რუსეთის იმპერიის ინტერესებისათვის, რადგანაც შექმნილ პირობებში ამიერკავკასია რუსეთისათვის საჭირო ხდებოდა, როგორც სამხედრო-სტრატეგიული ბაზა ოსმალეთისა და სპარსეთის წინააღმდეგ. ამიტომაც პეტერბურგში ისარგებლეს იმით, რომ ამ ხანებში რაღაც გაუგებრობის გამო ერთხანობას თბილისს მცხოვრები გერმანელი ინჟინერი და ექიმი რეინეგსი საქართველოდან რუსეთს გადასულიყო. რუსეთის მთავრობამ რეინეგსის გამოყენება გადაწყვიტა საიმისოდ, რომ ერეკლეს ახლა თვითონ აღეძრა შუამდგომლობა რუსეთის მთავრობის წინაშე, რათა მას ქართლ-კახეთი აეყვანა მფარველობაში. ასეთი იმედი რეინეგსზე იმას ეფუძნებოდა, რომ რუსეთის მმართველ წრეებში იცოდნენ – რეინეგსს ერთგვარი გავლენა ჰქონდა მოპოვებული ერეკლე II-ის კარზე და ქართულიც კარგად იცოდა. მართლაც, რეინეგსი მალე ჩამოვიდა საქართველოში და ურჩევდა ერეკლეს, ქართლ-კახეთის რუსეთის მფარველობაში მიღების საკითხი დაესვა. მოლაპარაკებას მთავრობასთან, ქართლ-კახეთის მხრივ ჩრდილოეთ კავკასიაში , ქ. გეორგიევსკში, აწარმოებდნენ ივანე მუხრან-ბატონი და გარსევან ჭავჭავაძე, რუსეთის მხრივ კი გენერალ-პორუჩიკი პავლე პოტიომკინი. მოლაპარაკების დროს სპეციალურად ხაზგასმული იქნა, რომ ერეკლე II მომავლისათვის უარს ამბობს ყოველგვარ ურთიერთობაზე გერმანელების კეისართან და მის მთავრობასთან (ავსტრიასთან). ამით უარიყოფოდა მითრიდატის სამეფოს აღდგენის პროექტი და რუსეთს გზა ეხსნებოდა როგორც ყირიმის დასაუფლებლად, ისე საქართველოში უპირატესობრივი მდგომარეობის განსამტკიცებლად.
ზემოხსენებული მოლაპარაკება იქვე დამთავრდა – ქ. გეორგიევსკში 1783 წ. 24 ივლისს დადებული ტრაქტატით, რომელსაც ეწოდება მფარველობითი კავშირის ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის. ტრაქტატი რატიფიცირებული, ე. ი. ეკატერინე II-ისა და ერეკლე II-ის მიერ ხელმოწერილი იქნა 1783 წლის ბოლოს და 1784 წლის იანვარში ერეკლე II-მ რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა.
ამ ხელშეკრულების მიხედვით, ქართლ-კახეთი აღიარებდა რუსეთისადმი ვასალურ დამოკიდებულებას, ყოველი ახალი მეფე უნდა დამტკიცებულიყო რუსეთის იმპერატორის მიერ, საჭირო იყო ქართლ-კახეთის მეფეს მიეღო რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავისი საგარეო და გარკვეულ ფარგლებში საშინაო პოლიტიკაც ქართლ-კახეთის მეფეს რუსეთის ინტერესებისათვის უნდა შეეფარდებინა. თავის მხრივ რუსეთი კისრულობდა მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთის სამეფოსათვის, რისთვისაც თბილისში, ან სადაც საჭირო იქნებოდა, ჩაყენებული უნდა ყოფილიყო რუსის ჯარის ორი სრული ბატალიონი, ე. ი. ორი ათასი კაცი თავისი არტილერიით. ამ ჯარის ხარჯს რუსეთი კისრულობდა. ამასთანავე, თუ აუცილებელი იქნებოდა, ამ ჯარს რუსეთისავე სახსრებით ახალი ძალაც მიემატებოდა. ის ქვეყნები, რომლებიც ოდესღაც საქართველოსი იყო და მომავალში დაპყრობილი იქნებოდა რუსეთის ჯარის მიერ, ან მისი დახმარებით, კვლავ საქართველოს შეუერთდებოდა. ერეკლე თანხმდებოდა, ყოველწლიური ხარკი გადაეხადა, მაგრამ რუსეთის მთავრობამ ამ ხარკზე უარი განაცხადა. ისე გამოდიოდა, რომ რუსეთის მთავრობა ქართლ-კახეთისაგან ერთგულების გარდა არაფერს თხოულობდა, მას კი ის დიდ დახმარებას უწევდა. ამით აიხსნება, რომ ამ ხელშეკრულების დადებით მაშინ ქართველები ძალზე გახარებული იყვნენ.
ამას ემატებოდა ქართლ-კახეთის მეფის ერეკლესა და მისი არისტოკრატიისათვის მირთმეული მრავალრიცხოვანი საჩუქრები – ფული და ნივთები. მალე, პირობისამებრ, 2000-კაციანი რუსის ჯარი პოლკოვნიკ ბურნაშოვის მეთაურობით, ოთხი ზარბაზნით, თბილისს ჩამოვიდა.
რუსეთში ამ დროს საგარეო საქმეებს განაგებდა სახელმწიფო კანცლერის (მთავრობის მეთაურის) თანაშემწე – ვიცე-კანცლერი, რომლის წაბაძვით ერეკლე II-მაც თბილისში ვიცე-კანცლერის თანამდებობა შემოიღო. პირველი ვიცე-კანცლერი იყო მდივანი სულხან ბეგთაბეგიშვილი, მეტად აზრიანი ადამიანი. ეს უკანასკნელი მალე გარდაიცვალა და მის შემდეგ ვიცე-კანცლერად იყო სოლომონ ლიონიძე, სპარსულ-რუსულ-თურქული ენების შესანიშნავი მცოდნე.
1783 წლის ტრაქტატის რუსეთთან დადებამ ბოლო მოუღო ალექსანდრე ბაქარის ძის პრეტენზიებსაც ქართლ-კახეთის ტახტზე. ტრაქტატის დადებისას ალექსანდრე ბატონიშვილი იმყოფებოდა დარუბანდის ფეტ-ალი-ხანთან, რომელიც ამიერკავკასიაში პირველობისათვის იბრძოდა. ტრაქტატის გაფორმების შემდეგ კავკასიის ხაზის უფროსმა მოსთხოვა ფეტ-ალი-ხანს, მხარი არ დაეჭირა ალექსანდრეს აგრესიული ზრახვებისათვის საქართველოს მიმართ. მაგრამ, რადგანაც რუსეთი ვერ ენდობოდა ფეტ-ალი-ხანს, ამიტომ კავკასიის ხაზის უფროსი ჯარსაც აგროვებდა ფეტ-ალი-ხანის წინააღმდეგ მის შესაპყრობად და ასტრახანში გადასასახლებლად. ეს განზრახვა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი. მაგრამ ალექსანდრე ბაქარის ძემ იგრძნო თუ არა კარს მომდგარი საფრთხე, მიიმალა. 1784 წელს იმყოფებოდა ვენეციაში, სადაც მას, ტუკის სიტყვით, წერილი მიუწერია იქ ჩასული გრაფ იეკისათვის და უცნობებია, რომ ის ცოცხალია, თანაც უთხოვია, რომ არ დაეწყო მისი ძებნა. ალექსანდრეს შემდგომი თავგადასავალი ჩვენ აღარ ვიცით. ეტყობა, შემდეგ რუსეთში დაბრუნებულა. მარი ბროსეს ცნობით, ის მომკვდარა ქ. სმოლენსკში (ალბათ, 1792–1793 წლის ახლოს).
6. საგარეო პოლიტიკური კრიზისი
სულ მალე გამოჩნდა, რომ ტრაქტატის დადება საქართველოსათვის დადებითზე უფრო უარყოფითი შედეგების მომტანი იყო.
ტრაქტატის შედეგად რუსეთი ფეხს იკიდებდა კავკასიონის ქედის სამხრეთით, რაც ძალიან აღიზიანებდა არა მარტო ამიერკავკასიის სახანოების მეთაურებს და მაშინ ჯერ კიდევ დაქსაქსულ სპარსეთს, არამედ ოსმალეთსაც.
რუსეთთან ტრაქტატის დადების შემდეგ ერეკლემ დაანგრევინა თბილისში სასახლის წინ მდგარი როსტომ მეფის მიერ აშენებული მეჩეთი. ამ აქტით ერეკლე სიმბოლურად წყვეტდა კავშირს მაჰმადიანურ სპარსეთთან და საბოლოოდ რუსეთს უკავშირდებოდა, რაც, ცხადია, აღიზიანებდა ამიერკავკასიის მაჰმადიანთა თავკაცებს, ამიტომაც რუსეთთან ტრაქტატის დადებას მოჰყვა ქართლ-კახეთის საგარეო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.
ტრაქტატმა განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ოსმალეთზე, რომელსაც უკვე 1783 წ. რუსეთმა ყირიმი წაართვა, ახლა კი რუსეთი საქართველოშიც ფეხს იკიდებდა, რის შედეგადაც ოსმალეთი ამიერკავკასიაში კარგავდა თავის პოზიციებს. აზერბაიჯანის ხანები და სპარსეთის მფლობელებიც შეძრწუნდნენ, როდესაც რუსეთის ჯარის საქართველოში შემოსვლა შეიტყეს.
ერეკლე ცდილობდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ხანების ერთგვარ დამშვიდებას, რისთვისაც მათ საჩუქრებს და ზოგჯერ ემისრებს უგზავნიდა, მაგრამ უშედეგოდ.
დიდი შიში დანერგა რუსეთის საქართველოში ფეხის მოკიდებამ, აგრეთვე საჩეჩნოსა და მთელ ლეკეთში, რადგანაც ქრისტიანული რუსეთი მათ ახლა ქართლ-კახეთიდან ზურგში და ფლანგზე მოექცა და ადრე თუ გვიან მათ დამორჩილებასაც მოიწადინებდა. მაჰმადიანური რელიგიური ფანატიზმი, რომელიც შერწყმული იყო თავისუფლებისაკენ მიდრეკილებასთან, საჩეჩნოსა და ლეკეთის მმართველ ფენებს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად რაზმავდა. წამოჭრილმა უდიდესმა საფრთხემ ლეკეთის დაქსაქსული ტომების მეთაურები აიძულა შეკავშირებულიყვნენ ხუნძახის, ანუ ავარიის ომარ-ხანის მეთაურობით, რომელიც ამ მხარის ყველაზე ძლიერი მმართველი იყო.
ბუნებრივია, რომ ბაბა-ალიც (მაღალი პორტა, ანუ „მაღალი კარი“, ე. ი. ოსმალეთი) ძალიან შეწუხებული იყო რუსეთის ჯარის ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე განლაგებით, რადგანაც ამით რუსეთს მცირე აზიაში შესაღწევად ახალი პლაცდარმი გაუჩნდა ამიერკავკასიაში.
ამ დროს არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენდა, რომ რუსეთს სურდა კონსტანტინოპოლსა და მის მიმდგომ მხარეებში აღედგინა ქრისტიანული სახელმწიფო, რომლის მეფედ და იმპერატორად, როგორც აღვნიშნეთ, უნდა დაესვათ ეკატერინე II-ის შვილიშვილი კონსტანტინე, რომელიც ამ მიზნით საგანგებოდ იქნა მონათლული კონსტანტინე დიდის სეხნად.
ამ დროს ოსმალეთი სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის იმპერიასთან შედარებით სუსტი იყო – ამიტომაც დაკარგა მან ყირიმი – და თუმცა მას მისტიროდა, მაგრამ მაინც ერიდებოდა რუსეთთან დადებული ხელშეკრულების დარღვევას ახალი გართულებების შიშით. ამიტომ ოსმალეთი იმასღა ცდილობდა, რომ ლეკეთსა და საჩეჩნოში შექმნილი დიდი შეშფოთება რუსეთისა და მისი მოყვრის ერეკლე II-ის წინააღმდეგ და თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ფორმალურადაც ბაბა-ალი (მაღალი კარი) რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას არ ცნობდა და საქართველო და ერეკლე II-ც კვლავინდებურად თავის ხელქვეითებად მიაჩნდა. ამრიგად, ოსმალეთი ერეკლე II-ს თავის მთავარ მტრად თვლიდა ამიერკავკასიაში, რისთვისაც არავითარ საშუალებებს, – ფულს თუ საჩუქრებს, – არ ზოგავდა ლეკების და აზერბაიჯანელების (იგულისხმება მთელი აზერბაიჯანი თავრიზის მხარითურთ) მის წინააღმდეგ ასამოქმედებლად. რასაკვირველია, მაშინდელი კომუნიკაციების პირობებში ყოველივე ამას დრო სჭირდებოდა და მხოლოდ 1985 წლისათვის გახდა შესამჩნევი ის დიდი საფრთხე, რომელიც ყოველი მხრიდან ექმნებოდა ოსმალეთის მიერ ქართლ-კახეთს და არა მარტო მას, არამედ იმერეთსაც.
ამ დროისთვის საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა უკვე მეტად მძიმე იყო. ახალციხის სულეიმან-ფაშა, ცხადია, სტამბულის მითითებებით, ყველა საშუალებას ხმარობდა, რათა ლეკების და საკუთრივ მესხ-მაჰმადიანთა ჯარებით საქართველოს სოფლები აეოხრებინა, მოსახლეობა მოესპო და ტყვენიც წაესხა გასაყიდად. საქართველოში რუსის ჯარის შემოსვლის შედეგად, – წერდა პ. ბუტკოვი (II, 177–178), – ერეკლესათვის ყველაფერი გაუარესდა. მაჰმადიანური სარწმუნოების მისი ქვეშევრდომები, როგორც შამშადილები, თათართა მომთაბარე ელები და სხვა ადგილობრივი მაჰმადიანები მას უკვე ნაკლებ ემორჩილებოდნენ. აზერბეიჯანში მან დაკარგა თავისი წინანდელი გავლენა და იქიდან საჩუქრების მიღებაც შეწყდა. განჯა უკვე თითქმის გამდგარი იყო. ერევანი ხარკის გადახდაზე უარს ამბობდა, ხოლო მისი მფლობელი ხანი, ახალციხის სულეიმან-ფაშას შუამავლობით, ხოის ახმედ-ხანს დაემოყვრა. ერევნის მაგალითს მიჰბაძა ერთ-ერთი ქურთის ტომის თავკაცმა შამდანაღმა, რომელიც მაჰმადიანი იყო და თავისი ტომის სამი ათასი საბარგულით ერევნის სახანოში მომთაბარეობდა და აქამდის ერეკლეს უხდიდა ხარკს. შუშის იბრაიმ-ხანი თავს არიდებდა ერეკლესთან კავშირს, რომელსაც იგი ოც წელზე მეტ ხანს იცავდა. საქართველოს ვაჭრებს სპარსეთში, ოსმალეთსა და სხვა მხარეებში ძარცვავდნენ, ტყვედ ჰყიდდნენ და კლავდნენ. ამას ისიც დაემატა (სიძვირე), რომ 1785 წელს თბილისში ჩეტვერთი, ე. ი. 7,5 ფუთი პური 7 მანეთად იყიდებოდა. ყველა ამ ზარალის ნაცვლად ერეკლემ მხოლოდ ის მოიგო, რომ ახლა აღარ აძლევდა ლეკებს ფულს, როგორც ეს წინათ იყო, სამაგიეროდ ახლა ისინი მზად იყვნენ ერეკლეს წინააღმდეგ გამოსულიყვნენ სამსახურში ოსმალებისა, რომლებსაც მეტის გადახდა შეეძლოთ.
ოსმალეთის მთავრობა მოფიქრებულად შეუდგა საქართველოს დასაღუპად მზადებას. ქართველთ წინააღმდეგ ლეკების კომბინირებული ამოქმედებისათვის საჭირო იყო რუსეთისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში რაიმე საფრთხე შეექმნათ, რათა გაჭირვების ჟამს ერეკლეს ვეღარ შეეძლო იქიდან რუსებისაგან რაიმე დახმარების მიღება. ამ მიზნით ოსმალეთმა მოხერხებულად გამოიყენა ეს ავანტიურისტი მანსური (სრულიად – შეიხ იმამ მანსური).
ამ ამბების თანამედროვის, ინგლისელი ტუკის ცნობით, ეს მანსური იყო ერთ-ერთი პატარა იტალიური ქალაქის მთავრის შვილი, რომელმაც კარგი აღზრდა მიიღო. იგი თავისი სახლიდან ერთ მონასტერში გაიქცა, სადაც ბერად აღიკვეცა. მიმზიდველმა საუბარმა, კეთილშობილმა ქცევამ და ამასთანავე სარწმუნოებრივი წესების ბეჯითად დაცვამ მას მალე თითქმის წმინდანის პატივისცემაც კი მოუხვეჭა. შემდეგ იგი გაგზავნილ იქნა ქრისტიანობის საქადაგებლად სპარსეთში, სადაც, როგორც ჩანს, შეისწავლა თურქული და სპარსული ენები. ასურელი ნესტორიანების პატრიარქთან უთანხმოების გამო ის გაიწვიეს რომში ვატიკანის წინაშე თავის სამართლებლად, საიდანაც კვლავ სპარსეთში დაბრუნდა, მაგრამ იქ ვერ გაძლო და გაემართა სტამბოლს, სადაც მას აღმოუჩნდნენ მფარველები. ერთ ხანს მანსური იყო ტრაპიზონის ალი-ფაშასთან, შემდეგ კი ისევ სპარსეთში, კერძოდ, თავრიზის მიდამოებში. აქ, როგორც საექიმო საგნის ერთგვარმა მცოდნემ, მანსურმა თავისი მოხერხებით მალე გაითქვა სახელი, ხოლო ქიმიისა და ფიზიკის ცოდნამ მას წინასწარმეტყველის სახელიც მოუპოვა. აი სწორედ ამის შემდეგ შეირქვა მან წინასწარმეტყველ მანსურის სახელი (მანსურ არაბულად გამარჯვებულს ნიშნავს) და 1785 წ. ის, ვითარცა ოსმალეთის აგენტი, მოევლინა საჩეჩნოს; ეტყობა, მას ფულადი სახსრებიც ჰქონდა. თავისი გასაოცარი ენერგიითა და ორგანიზატორული უნარით მან სულ მალე მთიელ ხალხებში – როგორც საჩეჩნოში, ისე ლეკეთში – გაბატონებული მდგომარეობა მოუპოვა ისედაც გავრცელებულ ისლამს. მანსური თავის თავს აცხადებდა წინასწარმეტყველად, შეიხად (მეთაურად) და იმამად (ისლამის რელიგიურ მეთაურად). მალე მის გარშემო 12 ათასამდე მეომარი შეიკრიბა.
ეს გასაოცარი ფაქტი – მთელი საჩეჩნოს და ლეკეთის უმეტესი ძალების კონსოლიდაცია – შესაძლებელი გახდა იმ საფრთხის გამო, რაც აქაურმა ხალხებმა იგრძნეს თავისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის გაძლიერების გამო. სახელდობრ, 1784 წლის გაზაფხულზე რუსებმა ააგეს რიგი სიმაგრეებისა მოზდოკიდან დარიალამდე და დარიალის მისადგომებზე ძაუგში ციხე ვლადიკავკაზი, რომლის თვით სახელიც კი აგრესიული შინაარსისა იყო (ამ ვლადიკავკაზს ქართველებმა კავკავი შეარქვეს). ყველგან ჩაყენებული იქნა რუსის რაზმები, ვლადიკავკაზში – მთელი გარნიზონი არტილერიით.
ცრუ წინასწარმეტყველის მანსურის მეტისმეტი გაძლიერების საპასუხოდ მის საწინააღმდეგოდ კავკასიის ხაზის უფროსმა გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა გაგზავნა ჯარით პოლკოვნიკი პიერი, რომელიც დამარცხდა და მოკლულ იქნა (1785 წ. ივლისში). ამ გამარჯვების შემდეგ მანსური მიადგა ყიზლარს, მაგრამ უკუგდებულ იქნა. მანსურმა ააფეთქა რუსების რედუტი კარგინი მთელი იქ მყოფი რაზმით. მოძრაობა მოედო მცირე ყაბარდოსაც, რომლის მოსახლეობაც რუსების შიშით, აიყარა და გაიხიზნა მდ. სუნჯის ზემო ნაწილის მთებში (1785 წ. ივლისი). მალე ამის შემდეგ მანსური 12 ათასი ჩეჩნით, ლეკითა და ყუმიხით კვლავ ყიზლარს დაესხა თავს, მაგრამ ახლაც უშედეგოდ – მისი აღება მან ვერ შეძლო (1785 წ. აგვისტო). თუმცა რუსებს ამ დროს კავკასიის ხაზზე ჰყავდათ 20 ათასი რეგულარული ჯარი და 7 ათასიანი არარეგულარული ნაწილები, მაგრამ ამ ხაზის დაცვა უზარმაზარი სიგრძის გამო დიდ სიძნელეს წარმოადგენდა. ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში რუსეთი – საქართველოს ვერავითარ ახალ დახმარებას ვერ აღმოუჩენდა, თუმცა ერეკლე იქ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიდა დახმარების თხოვნით, ლეკეთში კი უკვე დიდი მზადება წარმოებდა საქართველოს სრული დაპყრობის მიზნით.
7. ტაშისკარის ბრძოლა
ახალციხის სულეიმან-ფაშა, ქართველი ათაბაგების ჩამომავალი, ქართლ-კახეთზე ლეკეთიდან წამოსულ მოთარეშე რაზმებს თავშესაფარს აძლევდა, ასაჩუქრებდა მათ ტანისამოსით და ა. შ. 1785 წლის აპრილში სწორედ ამ ლეკებმა, ისინი ათას კაცამდე იყვნენ, შემოიერთეს ყარსისა და არზრუმის ვილაიეთებიდან გამოსული მაწანწალა მოთარეშეები და ქურდები, სულ 40–50 კაცი. რუსული ცნობით ამ დიდ რაზმში იყო აგრეთვე, სამასამდე თურქი, ალბათ უფრო მესხი-მაჰმადიანები. ამ რაზმმა აღდგომის დღეებში (აღდგომა იმ წელს 24 აპრილს იყო) თავდასხმა მოაწყო შიდა ქართლის ზოგ სოფელზე, აიღო ნადავლი, ტყვეებიც იშოვნა და უკან გაეშურა. მაგრამ ტაშისკარის ვიწრო ხეობაში მოთარეშეებს დახვდა ქართველების და რუსების ზარბაზნებიანი რაზმი. ლეკებს წინ მიჰქონდათ ნადავლი და ტყვეები მიჰყავდათ, უკან კი ლეკები და მათი თანამებრძოლები მოემართებოდნენ.
დაიწყო ბრძოლა. ქართველები და რუსები თავს დაესხნენ ლეკების ავანგარდს და ტყვეები და დავლა დაიხსნეს, ლეკთაგან ზოგი დახოცეს, სხვები მტკვარში დაიხრჩვნენ, ნაწილი ტყვედ იქნა წაყვანილი.
ამის შემდეგ ქართველების და რუსთა ლაშქარს თავს დაესხნენ უკანიდან ლეკები, რომელთაც გაიმარჯვეს კიდევაც და მოწინააღმდეგეთაგან 40–50 კაცი ტყვეთაც ჩაიგდეს, მაგრამ ჩანს, ეს იყო მეორეხარისხოვანი ბრძოლა. საერთოდ აღებული კი, ლეკი და თურქი მომხვდურების ეს რაზმი სასტიკად დამარცხდა, რაც იქიდანაც ირკვევა, რომ, როდესაც ახალციხის ფაშამ მოითხოვა ტყვეების განთავისუფლება, მას უპასუხეს, რომ ამჟამად თურქი ტყვეები გაგზავნილ არიან ჩრდილოეთ კავკასიაში კავკასიის ხაზის უფროსთანო.
პ. ბუტკოვი რუსული საარქივო ცნობების მიხედვით ამ ამბების შესახებ შემდეგს გადმოგვცემს: ახალციხის სამთუღიანი სოლიმან-ფაშა, რომელიც წინათ ერეკლესთან მეგობრულ დამოკიდებულებაში იყო, დიდი ხანია პორტასაგან დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფვოდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ერეკლე რუსეთის მფარველობაში შევიდა და საქართველოშიც რუსის ჯარი ჩამოვიდა, იგი ერეკლეს ყველაზე დიდ მტრად გადაიქცა. ცნობილია, რომ ახალციხეში მემკვიდრეობით ფაშები არიან რენეგატი ქართველები ათაბეგების სახლიდან. ასევე ბაიაზეთის ფაშობა ეკუთვნის მემკვდრეობით ამ მხარის ძველ მფლობელთა გვარს. ტრაქტატის სათანადო პუნქტით ეკატერინე II-მ ითავდება მეფე ერეკლეს იმ სამფლობელოებზეც, რომელნიც მომავალში იქნებოდნენ მოპოვებული, რაც პირდაპირ მიუთითებდა ახალციხის საფაშოსა თუ სამცხე-საათაბაგოზე, როგორც საქართველოს მეფეების ძველ სამკვიდროზე. ამიტომაც სოლიმან-ფაშა არ დაკმაყოფილდა ლეკების წაქეზებით საქართველოს წინააღმდეგ და დაუშვა, რომ ახალციხეში შეკრებილი ლეკები (ჯანგოტაელ ალი-სულთანის მეთაურობით) და თურქები, სულ ოთხი ათას კაცამდე, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქართლს, აეოხრებინათ იქ სამი სოფელი და ტყვედ წაეყვანათ 600-ზე მეტი მცხოვრები.
უფრო მეტი უბედურების თავიდან ასაცდენად და ნადავლის წასართმევად სურამში დაბანაკებულმა მაიორმა თეოდორე სენნენბერგმა წაიყვანა 200 ეგერი (ეგერები ქვეით ჯარს წარმოადგენდნენ) ერთი ზარბაზნით.
დავით ბატონიშვილის სიტყვით, ამ ოპერაციაში მონაწილეობდა 500 ქართველი ცხენოსანიც (ქართველების ყოფნას, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, თურული წყაროც ადასტურებს – ს. კ.), გაბრუნებული მტერი 7 ვერსზე ახალციხის გზაზე (იგულისხმება ტაშისკართან), მიმწყვდიეს მტკვრის მარცხენა ნაპირას და ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ სასტიკად დაამარცხეს. დაიხოცა და მტკვარში დაიხრჩო 1377 კაცი, მათ შორის 465 ლეკი, დანარჩენები კი – ახალციხელი თურქები (ე. ი. მეტ წილად ქართველი მაჰმადიანები), ტყვედ შეპყრობილ იქნა 200 კაცი. ქართველებმა ბრძოლას ვერ მოუსწრეს, მაგრამ როდესაც მტერი უკვე დამარცხებულიყო, ისინი ათავისუფლებდნენ თავისიანებს, რომელნიც მოწინააღმდეგეს ჰყავდა შეპყრობილი და იჭერდნენ ტყვეებს. ჩვენებს (ე. ი. რუსებს) მოუკლეს ერთი ეგერი, დაჭრეს 5 კაცი.
მტრის ეს დიდი დამარცხება მოხდა 1785 წლის 16 აპრილს, დაღუპული მტრის გვამები დიდი რაოდენობით მიჰქონდა მტკვარს თბილისისაკენ. ეს იშვიათი გამარჯვება იზეიმეს როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე იმერეთში.
ეს ამბავი, ბუნებრივია, ცნობილი გახდა როგორც სტამბოლში, ისე პეტერბურგში. სტამბოლში მან დიდი აურზაური გამოიწვია. ბაბა-ალიმ (პორტამ) სულიმან-ფაშას მიუთითა, რომ „ლეკების რაზმების განდევნა საფაშოდან, ოსმალეთისადმი თბილისის ხანის ცუდი და არასაიმედო ზრახვების გამო, სასურველი არაა და მათი იქ გაჩერება შეიძლება, მაგრამ, მეორეს მხრივ, რუსებს შეუძლიათ ლეკების თავდასხმა საქართველოზე მიაწერონ ოსმალეთს და მიიჩნიონ მასთან დადებულ ხელშეკრულებათა დარღვევად“. ამიტომ სულიმან-ფაშას ეთქვა, რომ საჭიროა, ერთის მხრივ, ჯარების შეგროვება, მეორეს მხრივ კი, რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებათა დაცვა და, მაშასადამე, საქართველოზე ლეკების თავდასხმათა არ დაშვება.
ამასთანავე რუსეთის ელჩს სტამბოლში იაკ. ბულგაკოვს პეტერბურგიდან 1785 წლის 23 მაისს გაეგზავნა ეკატერინე II-ის ხელმოწერილი რესკრიპტი, რათა ელჩს ბაბ-ალის (პორტას) წინაშე სათანადო ენერგიული დემარში გაეკეთებინა. რესკრიპტის მიღებისთანავე ბულგაკოვმა საელჩოს დრაგომანის პირით რეის-ეფენდის მოსთხოვა მიღება, რაც 1785 წ. 7 ივლისს შედგა კიდევაც. მათი ბაასი, უფრო დავა, რომელიც ეხებოდა ქართლ-კახეთს, სამი საათი გაგრძელდა.
8. რუსეთის პროტესტი პორტასადმი ლეკ-ოსმალთა ქართლზე თავდასხმის გამო
იაკ. ბულგაკოვმა რეის-ეფენდის პროტესტი განუცხადა იმის თაობაზე, რომ ოსმალეთის ხელისუფალნი (იგულისხმებოდა ახალციხის ფაშა) ლეკების ამაოხრებელ თავდასხმებს აწყობენ საქართველოზე. ამაზე რეის-ეფენდიმ ელჩს უპასუხა, რომ გურჯები და მეგრელები (იმერლები) არიან ოსმალეთის სახელმწიფოს რაიები და რამდენადაც ყველა სახელმწიფოს უფლება აქვს დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეშევრდომების საქმეები, რუსეთის ჩარევა ამ შემთხვევაში თვითნებობა და უკანონობაა.
3–4 დღის შემდეგ შედგა სახელმწიფო მეჯლისის სხდომა, სადაც ეგვიპტის საკითხთან ერთად საქართველოს საკითხიც განიხილეს. დაადგინეს, რომ პორტა კატეგორიულად ეწინააღმდეგება თბილისის ხანის რუსეთისადმი დამორჩილებას. თუ თბილისის ხანი თავს არ დაესხმება იმერეთს, რომელიც ოსმალეთის ქვეშევრდომია, და – ისლამის ქვეყნებს, განსაკუთრებით კი დაღესტნის ერთმორწმუნე ხალხს, მაშინ ოსმალეთის სახელმწიფოც არ შეცვლის საქართველოსთან თავის ძველ დამოკიდებულებას. ამასთანავე, რადგანაც იმერლებს (მეგრელებს) არ სურთ წინათ მათთან დანიშნული ქაიხოსრო (აბაშიძე) და მოითხოვენ დავითის (იგულისხმება დავით II გიორგის ძე) დანიშვნას, მათი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნას. ხოლო თუ ხალხმა არც ეს დავითი ისურვა, მაშინ დანიშნული იქნება სხვა პირი. ეს აცნობეს რუსეთის ელჩს (ჯევდეთის ცნობა).
დიპლომატიური შეხვედრისას, რუსეთის ელჩმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქართლ-კახეთის მეფე, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთის ვასალია, ამიტომაც იგი ვალდებულია თავისი ქვეშევრდომი დაიცვას, ახალციხის სულეიმან-ფაშამ კი ლეკები საქართველოზე სათარეშოდ გაუშვა. ამის გამო რუსმა ელჩმა მოითხოვა ისიც, რომ ოსმალეთმა უარი თქვას ლეკებისადმი მფარველობაზე და აუკრძალოს მათ ქართლის მეფის ქვეყანაზე თავდასხმები.
რეის-ეფენდიმ ელჩს უპასუხა, რომ ლეკები დიდი ხანია მტრობენ თბილისის ხანს; ეს უკანასკნელი, თბილისის ხანი, თვითონაც აწყობს ხოლმე თავდასხმებს ლეკებზე და ამიტომ უსაფუძვლო იქნება ყველაფერი ჩილდირის ვალის მიეწეროსო. რეის-ეფენდის სიტყვებით, ერეკლე-ხანი ახლაც ავიწროვებს და ჩაგრავს აზერბაიჯანში მდებარე განჯის ქვეყანასო. თანაც, ამბობდა იგი, ჩვენი ფადიშაჰი არის ყველა მაჰმადიანის ხალიფა, რის გამოც ის ვალდებულია დახმარება გაუწიოს ლეკეთს და ყველას, რომელნიც ისლამის ქვეყნები არიანო.
ამ მოლაპარაკების შემდეგ პორტამ კვლავ გაუგზავნა ჩილდირის ვალის ბრძანება, თავი შეეკავებინა რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებათა დარღვევისაგან. მაგრამ რუსეთი ამით არ კმაყოფილდებოდა. პეტერბურგიდან ელჩს კიდევ მიუთითებდნენ, რომ პორტასაგან დაჟინებით მოეთხოვა ახალციხის სულეიმან-ფაშის გადაყენება და მოთარეშე ლეკთა ძალების ახალციხის საფაშოში არ დაშვება. მაგრამ პორტა კვლავ არ ასრულებდა ამ მოთხოვნას და პირიქით, ბრძანებდა, რომ როგორც დუნაის მიმართულებით, ისე ახალციხის საფაშოში გაეძლიერებინათ თავდაცვითი ღონისძიებანი, გაემაგრებინათ სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტები, მუდმივ სამხედრო (თუ საომარ? – ი. ხ.) მზადყოფნაში ჰყოლოდათ ჯარები და სხვ. ამასთანავე პორტა არაფრით არ ცნობდა ერეკლე II-ს რუსეთის ვასალად.
უკანასკნელად რუსეთის ელჩის დავალებით კონფერენცია ამ საკითხზე საელჩოს პირველ დრაგომანს (თარჯიმანს) პიზანის დიდ ვეზირთან ჰქონდა 1785 წ. 5 (16) ნოემბერს. შეხვედრისას დიდმა ვეზირმა სხვათა შორის თქვა, რომ პორტა ხშირად არ ცვლის ფაშებს ზოგიერთ საფაშოშიც, როგორც, მაგალითად, ბაღდადსა და ჩილდირში (ანუ ახალციხეში), რადგანაც იქ ინიშნებიან ადგილობრივი წარმოშობის ფაშები. დიდი ვეზირის აზრით, ახალციხის ფაშა უდანაშაულოა ლეკთა თარეშების საქმეში. საქართველოს მეზობლად არიან ყოველი ჯურის მოთარეშენი, რომლებიც მუდამ მზად არიან მოაწყონ თავდასხმები და სხვ. დრაგომანი უპასუხებდა, რომ თავდამსხმელთა ნაწილი არიან ოსმალეთის ქვეშევრდომნი და თვით ახალციხის ფაშას სამსახურში მყოფნიც, რასაც დიდი ვეზირი უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ საქართველოზე მოთარეშეთა ყველა თავდასხმას აწყობს იბრაიმ-ბეი – წარმოშობით სპარსელი, რომელიც სპარსელების სამსახურიდანააო გამოქცეული.
საერთოდ, რუსეთის მოლაპარაკება ოსმალეთის მთავრობასთან 1785 წ. აპრილში საქართველოზე მოწყობილი თავდასხმების შესახებ ჩიხში იყო მომწყვდეული, რადგანაც თუმცა ახალციხის ფაშას ნაბრძანები ჰქონდა, მორიდებოდა ისეთ აქციებს, რაც რუსეთის უკმაყოფილებას გამოიწვევდა, მაგრამ ამასთანავე აიძულებდნენ მუდამ მზად ყოფილიყო და საერთოდ სამხედრო თადარიგიც დაეჭირა. ლეკების მოთარეშე რაზმების დაშვებაც ახალციხის საფაშოში ნებადართული იყო.
ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში იყო დატოვებული ოსმალეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს საკითხი, როდესაც სტამბოლში არზრუმის და ჩილდირის (ახალციხის) ვალიებისაგან, პორტას მოხსენება მოუვიდა, რომ ომარ-ხანმა თავისი ინიციატივით მთელი ლეკეთის ჯარებით უკვე გადალახა მდინარე ალაზანი და აღმოსავლეთ საქართველოს შეესია.
9. ომარ-ხანის შემოსევა
ომარ-ხანმა შეკრიბა 20 000-კაციანი ჯარი და ჭარის (ზაქათალის) მხრიდან წამოვიდა კახეთისაკენ (1785 წ. სექტემბერი). ერეკლემ შეაგროვა 4 ათასამდე კაცი და 2000-იან რუსის ჯართან ერთად ომარ-ხანს გადაეღობა. ამიტომ ომარ-ხანმა ვერ შესძლო შიგნით კახეთის სოფლებისათვის დაკვრა და იძულებული გახდა კახეთის ნაპირ-ნაპირ ევლო. ერეკლეს არ შეეძლო მთელი თავისი ჯარის გამოყვანა, რადგანაც გამორკვეული არ იყო, თუ რომელი მხრიდან შემოუტევდა ომარ-ხანი ქართლ-კახეთს. ამიტომ სხვადასხვა ადგილებში რაიმე ძალა უნდა ყოფილიყო დატოვებული. დასავლეთ ქართლიდან ჯარის შეყვანა სრულიად შეუძლებელი ხდებოდა, რადგანაც ახალციხის მხრიდან მოსალოდნელი იყო ოსმალების, ანდა მათ მიერ გამოგზავნილი ლეკების თავდასხმა. და, მაინც, რუსის ჯარის დახმარებით ერეკლემ მოახერხა, რომ ომარ-ხანი თბილისზე არ მოსულიყო. მდგომარეობა უაღრესად დაძაბული იყო. პოლკოვნიკ ბურნაშოვს ერეკლე ეუბნებოდა, რომ შაჰ-აბასის შემდეგ ქართლ-კახეთი ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში არ ყოფილაო.
რადგანაც ომარ-ხანმა თბილისზე მისვლა ვერ შესძლო, მან თავისი ჯარი მდ. მტკვარზე გადაიყვანა და თავს დაესხა ახტალის მადნებს, ააოხრა ეს მადნები, ბერძენი მემადნეები კი ნაწილობრივ დატოვა, სხვები კი ტყვედ წაიყვანა. ახტალის ამ მადნების მუშაობის გაუქმებით ომარ-ხანმა დიდი ზიანი მიაყენა ქართლ-კახეთის სახელმწიფოს. ომარი თავს დაესხა ლორის ციხეს, აქაც გაიმარჯვა და მერე ახალციხის საფაშოში გადავიდა.
ამ გამარჯვების შემდეგ ომარ-ხანი თავისი ჯარით ჯავახეთს, ახალქალაქსა და მის მიდამოებში დადგა და ახალციხის (ჩილდირის) ფაშას თბილისზე გასალაშქრებლად ზარბაზნები და სამხედრო მასალით დახმარება მოსთხოვა. ფაშა შეწუხდა, მას პორტას წინაშე პასუხისგების ეშინოდა, რადგანაც ლეკების ეს დიდი თავდასხმა საქართველოზე მოხდა ოსმლეთის მთავრობის ბრძანებისა და ნებართვის გარეშე. ამიტომ ახალციხის ფაშა წავიდა ახალქალაქს ომარ-ხანის ბანაკში და ლეკების ბელადებს აუხსნა, რომ რადგანაც ამჟამად თბილისზე გალაშქრება ოსმალეთის ინტერესებისთვის სასურველი არაა, ამიტომ მათ თავიანთი ჯარი გაეყვანათ საფაშოდან. ლეკების ბელადებმა განაცხადეს, რომ მათ ჯარში ბევრი დაჭრილი და ავადმყოფია, ამიტომ გადაწყვეტილი აქვთ დაიზამთრონ ახალციხის საფაშოში.
ფაშას იმისიც ეშინოდა, რომ ჯავახეთში ჯარის ჩადგომას მოჰყვებოდა მოსახლეობის გაღატაკება და სასურსათო კრიზისი, ამიტომ ფაშა შეეცდა საჩურებისა და საპატიო ხალათების მიცემით განხეთქილება ჩამოეგდო ლეკთა ბელადებს შორის. ამ ღონისძიებით მან, მართლაც შესძლო, რომ ჭარელების მეთაურები და აკუშელები – 4_5 ათასი კაცი – თავიანთი ქვეყნისაკენ გაბრუნდნენ. ომარ-ხანი კი დანარჩენი დიდი ჯარით ახალციხის მხარეში გადავიდა.
ომარ-ხანის ამ ლაშქრობამ აჩვენა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს მეზობლებთან ურთიერთობა მეტად გამწვავებული ჰქონდა; რუსის ჯარის დახმრება კი საკმაოდ ეფექტური არ აღმოჩნდა, რდგანაც ის ერთობ მცირერიცხოვანი იყო. ამასთანავე, რუსის ჯარის უფროსები ჩიოდნენ, რომ საქართველოში მათ ძალზე უჭირთ თავისი ჯარის სურსათით დროზე მომარაგება.
მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ ომარ-ხანი ახლა ახალციხის მხრიდან აპირებდა ქართლ-კახეთში შემოჭრას, ერეკლე თავისი და რუსის ჯარით საჩქაროდ გაემართა ხეობის (ახლანდელი ბორჯომის ვიწრობის) მიმართულებით. და აი, ის მხოლოდ სურამთან იყო ჯერ მისული, როდესაც მოუვიდა ცნობა, რომ ომარ-ხანი თავს დასხმოდა ვახანის ციხეს (იგი თავად აბაშიძეებს ეკუთვნოდა) და ერთი დიაკვნის შინაღალატით აეღო ის. ამ ციხის აღებისას მცხოვრებთაგან 400 სული დაიღუპა და 400-ც ტყვედ იქნა წაყვანილი (1785 წ. 31 ოქტომბერი).
ამ ზარალმა ერეკლე დააშინა და მან ომარ-ხანთან მოლაპარაკება დაიწყო. ომარ-ხანი ზავზე დათანხმდა 10 ათასი მანეთის საფასურად. თანაც იგი მოითხოვს ჯამაგირს 5000 მანეთის ოდენობით, რასაც ომარ-ხანი ამიერიდან თითქმის მუდამ ღებულობდა, ვიდრე 1799 წ. რუსის ჯარი კვლავ არ შემოვიდა საქართველოში.
ყოველივე ზემონათქვამი ამტკიცებს, რომ 1783 წ. ტრაქტატის დადების შემდეგ ქართლ-კახეთის მდგომარეობა ყოველმხრივ გაუარესებული იყო. გახშირებულმა საგარეო თავდასხმებმა და შინაურმა არევ-დარევამ დიდი დეზორგანიზაცია შეიტანა ქართლ-კახეთის ცხოვრებაში. ოსმალეთის მთავრობაც ენერგიულად მოითხოვდა რუსის ჯარის გაყვანას ქართლ-კახეთიდან. ასეთ ვითარებაში რუსებს უფრო ენერგიულად უნდა მოეკიდათ ხელი ქართლ-კახეთის საქმეებისათვის, ან არა და საკუთარი ბედის ანაბარად დაეტოვებინათ ის.
10. რუსეთის ახალი პროტესტი პორტასადმი
ვახანის ტრაგედიამ გამოიწვია რუსეთის ახალი დემარშები პორტას წინაშე. პეტერბურგში დარწმუნებულები იყვნენ, რომ ლეკებს აქაც ზურგს უკან ოსმალ-ფაშები და პირველ რიგში ახალციხის ფაშა ედგნენ. პორტა კი კვლავინდებურად თავს იმართლებდა იმით, რომ მას არ შეუძლია ლეკების ალაგმვა და ვერ ახერხებს მათ გაყვანას ახალციხის საფაშოდან. ამასთანავე სულთნის სახელით ახალციხის ფაშას გაეგზავნა ბრძანება, დაეცვა რუსეთთან დადებული ხელშეკრულება და ლეკების ჯარებიც საფაშოდან დაეთხოვა.
ამის საპასუხოდ ახალციხის ფაშა თავის მთავრობას ატყობინებდა, რომ ავარიის ომარ-ხანი და ალი-სულთანი დათხოვილი იყვნენ საფაშოდან. ისინი, გზად მყოფები, დაესხნენ ვახანის ციხეს და შიგ მყოფნი მოსპეს, თუმცა ლეკებმაც დიდი ზარალი განიცადეს, მათ ბევრი დაჭრილი ჰყავთ, რომელთა ლეკეთში წაყვანა შეუძლბელია. ახალციხის ფაშის ცნობითვე, რუსებმა და ქართველებმა ჯარით და ზარბაზნებით ჩაკეტეს გზები, რის გამოც ლეკები იძულებული გახდნენ დაბრუნებულიყვნენ ახალციხის საფაშოში და იქ დაეზამთრებინათ ვითარცა სტუმრებს, რისთვისაც ოსმალეთის მთავრობის ნებართვა იყო საჭირო.
ამ ნებართვის საკითხი სტამბოლს საგანგებოდ იქნა განხილული ვექილთა საბჭოში, რომელმაც ლეკების ჯარს (მაშინ ექვსი ათასი კაცი მაინც უნდა ყოფილიყო) მისცა საფაშოში დაზამთრების უფლება, ოღონდაც იმ პირობით, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები არ შეეწუხებინათ. ლეკების შესანახად ახალციხის ფაშას ოსმალეთის მთავრობამ 50 ათასი ყურუში გაუგზავნა. ამასთანავე სიფრთხილის მიზნით, ყოველი შემთხვევისათვის, ფაშას უბრძანა, მუდმივად მზად ჰყოლოდა 4-ათასიანი ჯარი. არზრუმის ვალისაც უბრძანა მუდმივი სიფრთხილე და მზადყოფნა, რომ თავდასხმის შემთხვევაში სწრაფი დახმარება აღმოეჩინა ახალციხის ფაშისათვის. ბათუმის ციხის გარნიზონიც 500 კაცამდე გაიზარდა. ფოთის ციხის დასაცავადაც ტრაპიზონიდან დამატებით ხუთასი კაცი გაიგზავნა.
1786 წლის აპრილში ოსმალეთის დიდი ვეზირი ალი-ფაშა გადაყენებულ იქნა და მის მაგივრად დიდ ვეზირად გახდა იუსუფ-ფაშა, რომელსაც ჯევდეთი უარყოფითად ახასიათებს; წერა-კითხვა ძლივს იცოდაო (ოსმალური დამწერლობის სიძნელისა და სირთულის გამო მისი დაუფლება არც ისე ადვილი საქმე იყო), ხეპრე და უნიჭო იყოო. დარწმუნებული იყო რუსეთთან ახალი ომის აუცილებლობაში, რისთვისაც შესაფერის დროს უცდიდა. ასეთი ხაზის გატარება მისთვის იოლი არ იყო, რადგანაც დივანის (სახელმწიფო საბჭოს მაგვარი) უმეტესობა, ისე როგორც რეის-ეფენდი ატა-ულა-ბეი-ეფენდი მშვიდობიანობის მომხრენი იყვნენ.
რამდენიმე სიტყვით ამ დროის საერთაშორისო ურთიერთობათა შესახებ: რუსეთი და ავსტრია იმას ელოდებოდნენ, რომ ოსმალეთის უფრო მეტად სასუსტების შემთხვევაში ხელთ ეგდოთ მისი ევროპული ტერიტორიების დიდი ნაწილი. ასეთ ვითარებაში რუსეთი და ავსტრია ერთმანეთის მიმართ ნეიტრალიტეტს იცავდნენ. ამასთანავე რუსეთს თვალი ეჭირა ბალკანეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი ნაწილებისაკენ, ავსტრია კი ანგარიშობდა ბალკანეთის მთელი დასავლეთი ნაწილის დაუფლებას. რაც შეეხება დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი პრუსიას, საფრანგეთსა და ინგლისს, მათი მიზანი ის იყო, რომ რუსეთსა და ავსტრიას არაფერი რგებოდათ ევროპაში ოსმალეთისაგან, რათა არ დარღვეულიყო არსებული წონასწორობა. ასეთ ვითარებაში საფრანგეთი და ინგლისი ოსმალეთის მიმართ იცავდნენ „სტატუს ქვოს“, რომელშიც რაიმე თვალსაჩინო ცვლილებების შეტანას მოჰყვებოდა ზემოხსენებული სახელმწიფოების პოზიციების შესუსტება საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. ასეთ პირობებში რუსეთი და ავსტრია იძულებული ხდებოდნენ დაეცვათ არსებული მდგომარეობა, რადგანაც რაიმე ტერიტორიული ცვლილებების გატარება დიდი ომის გარეშე შეუძლებელი იყო. ასეთ ომს კი ყველა ერიდებოდა.
რუსეთის ელჩი სტამბოლში იაკ. ბულგაკოვი დაბეჯითბით მოითხოვდა, რომ ახალციხის ფაშისათვის გაეგზავნათ სულთნის კატეგორიული ბრძანება, აღეკვეთა ყველა ის მოქმედება, რაც რუსეთთან კეთილგანწყობილებას დაარღვევდა. რუსეთისადმი განსაკუთრებული უნდობლობით განმსჭვალული ახალი დიდი ვეზირი კი ყოველნაირად აჭიანურებდა ბულგაკოვის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რაც ოსმალეთის შინაურ საქმეებში ჩარევად მიაჩნდა. ბოლოს შუამდგომლობა ამ საქმეში საფრანგეთის მთავრობის დავალებით იკისრეს საფრანგეთის ელჩებმა პეტერბურგსა და სტამბოლში. რუსეთი არ იყო ამ ჩარევით კმაყოფილი, რადგანაც ქართლ-კახეთის საკითხს იგი საკუთარ საქმედ თვლიდა და საფრანგეთის შუამავლობა მიუღებლად მიაჩნდა. მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა საფრანგეთის ელჩის ამგვარი შუამავლობის გაწევაზე, რასაც საჭირო შედეგი მოჰყვებოდა. მაშინ საქმეში ჩაერია ავსტრიის იმპერატორი, რომელმაც უბრძანა სტამბოლში თავის ელჩს, ეგრეთწოდებულ ინტერნუნცის (ეს იყო ელჩის ტიტული, ლათინურად – ამბების გადამცემი, შუამავალი) ჩარეულიყო ამ საქმეში. ამ გარემოებამ შესაფერისად იმოქმედა და ბოლოს, 1786 წლის ოქტომბერში, ახალციხის ფაშას გაუგზავნეს სულთნის ვრცელი ბრძანება, თავი შეეკავებინა რუსეთთან დადებული საზავო ხელშეკრულებათა რაიმე დარღვევისაგან და არ დაეშვა ლეკთა მოთარეშე რაზმების ყოფნა თავის საფაშოში. ერეკლეს მიმართ ამ ფირმანში ხმარებული იყო (ფრანგული თარგმანის მიხედვით) ასეთი გამოთქმა “un fidele”, “attachement” და კიდევ “le proteger”, ვითომც ერეკლე იჩენს ოსმალეთისადმი „ერთგულების მიდრეკილებას“, რისთვისაც მას უნდა გაეწიოს „მფარველობა“. რუსეთის ელჩი უკმაყოფილო იყო ასეთი გამოთქმებით, რადგან მათში ცხადად ჩანდა ოსმალეთის მთავრობის სურვილი ერეკლე ოსმალეთის მორჩილებაში მყოფად მოეხსენებინა. მაგრამ საფრანგეთის ელჩი რუსეთის ელჩს ბულგაკოვს არწმუნებდა, რომ ხსენებული გამოთქმა გაგებული უნდა იქნას „ერთგული მეგობრის“ დაცვის მნიშვნელობით, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
მაგრამ დავა ამით არ დამთავრებულა.
1787 წ. 2 თებერვალს რეის-ეფენდი ატა-ულლა-ბეი-ეფენდი გადაყენებულ იქნა და მის მაგივრად დანიშნეს სულეიმან-ფეიზი-ეფენდი. ამავე წლის 8 თებერვალს ახალმა რეის-ეფენდიმ მიიღო რუსეთის ელჩი და მას უპასუხა ზოგიერთ იმ სადავო საკითხზე, რომელთა მოგვარებაც შედარებით იოლი იყო. რაც შეეხება ერეკლეს საკითხს, ამაზე ოსმალეთის თავკაცი პასუხობდა, რომ ქართველთა ქვეყანას თავს დაესხნენ უცხონი, ე. ი. არა ოსმალეთის ქვეშევრდომები. ჩილდირის ფაშას მიეთითა არ დაერღვია რუსეთთან დადებული პირობები, რისთვისაც ფირმანიც გაეგზავნა.
ორი დღის შემდეგ რუსეთის საელჩოს დრაგომანი რეის-ეფენდისთან გამოცხადდა და მოითხოვა ერეკლეს თაობაზე ახალციხის ფაშისათვის გაგზავნილი ფირმანის ასლი, რაც მას მისცეს, მაგრამ ორიოდე დღის შემდეგ დრაგომანი ისევ გამოცხადდა და რეის-ეფენდის შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ოსმალეთის სახელმწიფოს შეუძლია გაუწიოს მფარველობა მხოლოდ თავის რაიებს (ქვეშევრდომებს). ერეკლე-ხანი კი ბრძოლებში მუდამ გამოდიოდა რუსეთის მოკავშირედ. ამიტომ ელჩი წინააღმდეგია ფირმანის გამოთქმისა ერეკლე-ხანისადმი მფარველობის გაწევის შესახებ“. ამაზე რეის-ეფენდიმ უპასუხა, რომ რუმინეთის რაიებიც ლაშქრობის დროს რუსეთის მხრეზე იმყოფებოდნენ, მაგრამ შემდეგ ისინი მოჰყვნენ ოსმალეთის სახელმწიფოს ფარგლებში და მათ ოსმალეთის რაიობა (ქვეშევრდომობა) მიიღეს. ამის გამო არ იქნება სწორი, მათ ვუწოდოთ რუსეთის მფარველობაში მყოფი. ერეკლე-ხანი ეძიებდა ოსმალეთის სახელმწიფოს საფარს და მას მიეკუთვნა სათანადო ღირსება და პატივი (იგულისხმება ხალათის ბოძება, რაც, ოსმალური წესით, უკვე ვასალობას ნიშნავდა). ოსმალეთის სახელმწიფოსადმი ერთგულებას ერეკლე თავისთვის საამაყოდ თვლიდა. ამით დასრულდა დრაგომანსა და რეის-ეფენდის შორის ბაასი.
რამდენიმე ხნის შემდეგ დრაგომანი ისევ გამოცხადდა რეის-ეფენდისთან და ერეკლეს შესახებ წერილობითი პასუხი მოითხოვა, რის მიცემასაც მას შეჰპირდნენ, თუ იგი თავის მოთხოვნას ერეკლეს შესახებ წერილობითვე წარმოადგენდა. ელჩმაც ეს პირობა შეასრულა, მაგრამ რეის-ეფენდიმ წერილის შინაარსი იმდენად მიუღებლად მიიჩნია, რომ იგი მას უკანვე დაუბრუნა. ცხადი იყო, რომ რუსეთის და ოსმალეთის მთავრობათა შეხედულება საქართველოს საკითხის შესახებ ურთიერთგანსხვავებული და წინააღმდეგობრივიც იყო.
ორივე მხრე, ოსმალეთი და რუსეთი, ომისათვის ემზადებოდა. განსაკუთრებით აქტიურობდა ოსმალეთი, რომლის მიზანიც იყო ყირიმის დაბრუნება და ქართლ-კახეთის სამეფოში რუსების გავლენის მოშლა. რუსეთმა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტი მოაწყო, 1787 წელს კი ეკატერინე II-მ უკრაინაში იმოგზაურა. მოგზაურობას თან ახლდა არაჩვეულებრივად მდიდრული ზეიმი და აღლუმი, რომელშიც დიდძალი ჯარები მონაწილეობდნენ. ყირიმში თათარი მურზების გულის მოსაგებად დიდძალი საჩუქრები იქნა გაცემული.
ამ მოგზაურობის დროს ეკატერინე II-სთან გამოცხადდნენ ავსტრიის იმპერატორი იოსებ II და პოლონეთის მეფე სტანისლავ პონიატოვსკი. იოსებ II-ის ჩასვლას ეკატერინე II-სთან განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთი და ავსტრია საბოლოოდ ერთმანეთს შეეკრნენ წინააღმდეგ ოსმალეთისა, რომლის მთავრობაც, რასაკვირველია, კარგად ხედავდა, თუ რა საფრთხე ელოდა მის სახელმწიფოს რუსეთისა და ავსტრიის კავშირისაგან.
როგორც მოხსენიებული იყო, დიდი ვეზირი (სადრაზამი) იუსუფ-ფაშა რუსეთთან ომის მომხრე იყო, რისთვისაც ემზადებოდა კიდევაც. ინგლისი და პრუსია ამ დროს რუსეთის საწინააღმდეგო პოლიტიკას ეწეოდნენ, რისი მიზეზიც, ერთი მხრივ, ის იყო, რომ რუსეთი და ავსტრია ფაქტიურად გაერთიანდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ.
ამასთანავე რუსეთსა და საფრანგეთს შორის უკვე დადებული იყო სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც ინგლისის სავაჭრო ინტერესებს ლახავდა. ვინაიდან ინგლისი კარგავდა საშუამავლო როლს რუსეთის საიმპორტო ვაჭრობაში და საფრანგეთის საქონელი, რომელიც აქამდე რუსეთში ინგლისის კომპანიების მეშვეობით შემოდიოდა, ახლა უშუალოდ რუსეთის ბაზრებს დაუკავშირდა. ამიტომ ინგლისი გადაიქცა რუსეთის აშკარა მოწინააღმდეგედ. მას მიემხრო პრუსიაც, რომლის ინტერესებსაც ეწინააღმდეგებოდა ავსტრიის გაძლიერება გერმანულ ქვეყნებში. საერთოდ კი რუსეთის მოწინააღმდეგეთა სათავეში ამ დროს იმყოფებოდა ინგლისი, რომლის ელჩი სტამბოლში ბევრს ცდილობდა დაერწმუნებინა ოსმალეთის მთავრობა რუსეთთან ომის აუცილებლობაში. ინგლისის ელჩი სადრაზამს (დიდ ვეზირს) იუსუფ-ფაშას უმტკიცებდა, რომ ხელსაყრელი დროა რუსეთისათვის პრევენტიული (ე. ი. დამსწრები – ი. ხ.) ომის გამოსაცხადებლად, ვინაიდან იგი განიცდის დიდ ფინანსურ გაჭირვებას, სიღარიბესა და შიმშილსაც. ჯევდეთი დაწვრილებით გადმოგვცემს ინგლისის ელჩის ვრცელ ბაასს სადრაზამ იუსუფ-ფაშასთან, რომელიც თვითონაც ომის მომხრე იყო. მაგრამ მაშინ ომი არ სურდა ოსმალეთის ვეზირ-ვექილთა უმეტესობას, რეის-ეფენდის და თვით სულთანსაც, მაგრამ სადრაზამიმ მაინც თავისი გაიტანა და სულთანიც დაიყოლია.
რუსეთში თვით ეკატერინე II-ს და მის უახლოეს თანამშრომლებსაც ომი არ უნდოდათ, ომს მოითხოვდა მაშინდელ რუსეთში ბევრის შემძლე გრაფი პოტიომკინი, რომელიც იმპერიის სამხრეთ პროვინციებსა და შავი ზღვის ჩრდილოეთ მხარეებში პირველობდა და სხვადასხვა საშუალებით ხელს უწყობდა ოსმალეთთან ურთიერთობის უკიდურესად გამწვავებას.

1787 წ. 15 ივლისს ოსმალეთის რეის-ეფენდიმ (საგარეო საქმეთა მინისტრმა) სტამბოლში თავისთან დაიბარა რუსეთის ელჩი იაკ. ბულგაკოვი და მოსთხოვა, რომ რუსეთმა უარი თქვას ყირიმსა და საქართველოზე და თავისი ჯარი საქართველოდან გაიყვანოს. მალე ბულგაკოვი დააპატიმრეს და ე. წ. შვიდკოშკიან ციხეში ჩასვეს.
ამის შემდეგ რუსეთმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს (1787 წ. 7 სექტემბერს). 1787 წ. სექტემბრის მიწურულს საქართველოში მყოფ რუსის ჯარს დაუყოვნებლივ უკან დაბრუნების ბრძანება მოუვიდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ომის დროს რუსეთს ქართლ-კახეთის დასაცავად უფრო მეტი ჯარის გამოგზავნა დასჭირდებოდა. ამიტომაც რუსეთმა არჩია ქართლ-კახეთში მყოფი 2000 კაციც უკნ გაეწვია, რათა ერეკლე II-ს შესაძლებლობა მისცემოდა თავისი ძალებით და მოლაპარაკებებით აღედგინა ნორმალური დამოკიდებულება მეზობლებთან. ყოველივე ამას ისიც დაემატა, რომ ცრუ-წინასწარმეტყველმა მანსურმა ააჯანყა ადიღეები (1787 წ. ივლისი) და მდინარეების ურუპსა და ლაბას შორის თავს დაესხა რუსის ჯარს, თუმცა დამარცხდა (1787 წ. სექტემბერი).
საყურადღებოა ამ მანსურის შემდგომი ბედი. დასავლეთ-ევროპული ცნობებით, ის თითქოს შეიპყრო ერეკლე II-მ და გაუგზავნა ეკატერინე II-ს. უფრო სწორი იქნება ის აზრი, რომ მანსური რუსეთ-ოსმალეთის 1787–1791 წწ. ომში ვერას გახდა და რუსეთის ბატონობა ჩექრეზეთსა და საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიაში ვერ შეარყია. ბოლოს რუსების მიერ ანაპის ციხის აღებისას ის დაატყვევეს და პეტერბურგს გააგზავნეს, თუმცა სიცოცხლე შეუნარჩუნეს. იგი მოათავსეს სოლოვკის მონასტერში.
ამ ცრუწინასწარმეტყველმა დიდი სახელი დატოვა კავკასიელ მთიელ ხლხებში, რომლებიც 1806 წელსაც კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი ეს იმამი მანსური ცოცხალი იყო და იმპერატორ პავლე I-ის მიერ მისთვის ნაბოძებ სოფელში ცხოვრობდა.
რუსის ჯარის საქართველოდან წასვლის შემდეგ ერეკლე II-მ მოახერხა აღედგინა ურთიერთობა ოსმალეთის, ამიერკავკასიისა და სპარსეთის ხალხებთან, რის შემდეგაც ქვეყანამ ცოტა ხნით მაინც მოისვენა. ერეკლემ დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკება ახალციხის ფაშასთანაც.
ოსმალეთთან ომს რუსეთი ავსტრიასთან კავშირში ეწეოდა. ამ ომის შედეგად, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ წარიმართა, რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი ბალკანეთის მიმართულებით გახდა მდ. დნესტრი, ხოლო იმიერკავკასიაში მდ. ყუბანი. ყირიმზედაც ოსმალებმა საბოლოოდ უარი თქვეს. 1791 წლის დეკემბერში იასაში დადებული ხელშეკრულებით ოსმალეთს ევალებოდა, რომ ახალციხის და სხვა მოსაზღვრე ფაშებმა არც აშკარად და არც საიდუმლოდ არ შეურაცხყონ და არ შეაწუხონ ქართლის მეფის ქვეყნები და მოსახლეობა, რისთვისაც პორტას ანუ ბაბ-ალის სათანადო მკაცრი განკარგულებანი უნდა გაეცა.
12. ხელშეკრულება ქართული სახელმწიფოების ერთობის შესახებ (1790 წლის ზაფხულში)
ჯერ კიდევ 1790 წ. ზაფხულში ამერ-იმერეთის პროგრესულად განწყობილმა ძალებმა ქვეყნის გაერთიანების მიზნით თვალსაჩინო ღონისძიება გაატარეს – დადეს ეგრეთწოდებული იმერეთის ტრაქტატი, როგორც მას ერეკლე II უწოდებს. ეს ტრაქტატი დათარიღებულია 1790 წლით და მისი შედგენის ადგილად თბილისია დასახელებული. მაგრამ შემდეგ, 1790 წლის სექტემბერში, დავით II-მ გადააგდო სოლომონ II და ხელშეკრულების განხორციელებაც შეჩერდა. ამ ხელშეკრულების მომწყობი იყო სოლომონ ლიონიძე.
საყურადღებოა სოლომონ ლიონიძის (1754–1811) პიროვნება. მისი პაპის მამა თითქოს იყო გარეკახეთიდან, ლეკების მიერ გატაცებული გლეხი ლევანიძე. მისი შვილიშვილი იყო კახეთში მოსული და ქრისტიანობაში აღზრდილი, „ნალეკარი ანდრია დეკანოზი“, ნიჭიერი კაცი, რომელმაც შესძლო თელავის კარის ეკლესიის დეკანოზად გახდომა. ამ ანდრია დეკანოზის შვილი იყო სოლომონი, რომელმაც თავისი ნიჭითა და სიბეჯითით ერეკლე II-ის ყურადღება მიიქცია. სოლომონმა ახალგაზრდობაშივე კარგად აითვისა თურქული, სპარსული და რუსული ენები, ასე რომ ამ ენებზე მას წერაც შეეძლო. არის მონაცემები, რომ ის იცნობდა ი. რეინეგსსაც და, ალბათ, მისგან ერთ-ერთ დასავლეთ ევროპულ ენასაც (უფრო გერმანულს) სწავლობდა.
1780 წელს ერევანზე ლაშქრობის დროს 27 წლის სოლომონმა თავი ისახელა ბრძოლაშიც – ის ერეკლეს თვალწინ დაჭრეს მეტად სერიოზულად. მაშინ ერეკლემ სოლომონს უბოძა თავადობაც ლიონიძის გვარით.
1783 წლის ტრაქტატის დადების შემდეგ რუსეთის მიბაძვით (სადაც საგარეო საქმეთა ხელმძღვანელი მაშინ ვიცე-კანცლერად იწოდებოდა) ერეკლე II-ის კარზეც შემოღებულ იქნა ამავე სახელწოდების თანამდებობა (თუმცა კანცლერი აქ არ იყო), ოღონდ დამახინჯებული სახელით (ვიცე-კანცელერი). პირველ ვიცე-კანცლერად იყო თავადი სულხან ბეგთაბეგიშვილი, მისი სიკვდილის შემდეგ კი, 1788 წელს, ამ თანამდებობაზე დანიშნულ იქნა სოლ. ლიონიძე.
მალე სოლ. ლიონიძე – ეს ჭკვიანი და განათლებული პიროვნება – აქტიურად ჩაება ქართლ-კახეთის საგარეო საქმეებში და ენერგიულად ემხრობოდა რუსეთთან კავშირს, რაშიც, გამორიცხული არაა, ერთგვარ გავლენას ახდენდა მისი ი. რეინეგსთან სიახლოვეც. შემდეგში კი იგივე სოლ. ლიონიძე უკვე რუსეთის წინააღმდეგი გახდა და მან ამიერიდან დაიწყო ბრძოლა საქართველოს სრული დამოუკიდებლობისათვის, რის პირველ ეტაპადაც მას მიაჩნდა ქართულ სახელმწიფოებს შორის ერთობის კავშირის დადება. ჩვენი ისტორიის ეს ტრაგიკული ამბავი პლ. იოსელიანს ასე აქვს აღწერილი: „თვით სოლომონ ლიონიძე, მისრული კართა ზედა იმერთა მეფისა და მთავართა დადიანის გრიგოლისა და გურიელისა სვიმონისა, მრავლად დაშვრა, რათა მოეყვანა ერთობასა მტკიცესა ერთნათესაობა ქართველთა, მეცადინეობდა შინაკავშირითა გაეუქმებინა გარეკავშირი“ (ე. ი. კავშირი და დამოკიდებულება ქართლ-კახეთისა რუსეთზე, დასავლეთ საქართველოსი კი ოსმალეთზე), რაზედაც იგი, თურმე, ამბობდა: „ერი, დაცული გარეთითა უცხოთა ნათესავთაგან მფარველობითა არის მარადის დამდაბლებული. ერი, სხვათა მფარველობასა ქვეშე შესრული, არის მონა და მონა მზაკვარი, დაცინებული, მასხარად აგდებული. (ის) ვითარცა დამკარგველი თვითმყოფობისა, კარგავს სულისა თვისისა საკუთარსა ძალასა და ღირსებასა. უძლური სულითა, კარგავს სხეულისაცა ძალასა. ენა და მეტყველება მისი, მწერლობა და მწიგნობრობა მოეღება ერსა დამონებულსა უცხოსა ნათესავისა ენითა და ჩვეულებითა“.
„ოთხასთა წლითა განმტკიცებულნი კერძოობითსა უფლებასა ზედა სამთავრონი მოისმენდნენ ლიონიძისა სიტყვითა ერთობისათვის. გარნა სადღა იყო ძალა დამაკავშირებელი მათი. ოდეს მეფემან ირაკლი მეორემან დაკარგა ერთმეფობისა იმერთა ერისა თხოვა დაკარგაცა ძალი კავშირისა. ხმა ლიონიძისა იყო ხმა ღაღადებისა უდაბნოსა, ენითა ცემა ჰაერისა და ამაო ბგერა ბაგეთა. იხილა ესე ლიონიძემან ადრევე და შორსმხედველმა ვერღა ჰპოვა ღონე სხვა დაცვისათვის მეფობისა, რომლისათვისცა გამიგონია მამისა ჩემისაგან (კარის დეკანოზ ეგნატი იოსელიანისაგან) იტანჯებოდა იგი. ესევე იყო მიზეზი, რომელ შემდეგომად მეფისა გიორგისა წარვიდა სოლ. ლიონიძე იმერეთსა და მუნით სპარსეთსა და მოკვდაცა მუნ დამტირებელი ქვეყნისა და მრავლად დატირებული სომეხთა კათალიკოსისა ეფრემისაგან, რომელთანაცა ცხოვრობდა რამდენსამე დროსა. სიკვდილი მისი იყო ვგონებ 1810 წელსა ანუ მცირედ შემდეგ“ (სოლ. ლიონიძე გარდაიცვალა ახალციხეში 1811 წელს ივლისში).
საქართველოს მეფე-მთავრებს შორის (1790 წ.) ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ერეკლე II-მ, სოლომონ II-მ, დადიანმა და გურიელმა. ხელშეკრულების თანახმად, ამ მეფე-მთავრებს შორის მყარდებოდა პოლიტიკური კავშირი ერეკლე II-ის უზენაესი ხელმწიფობის ქვეშ.
რამდენიმე საუკუნის სიგრძეზე, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური დაშლის ნიშნით იყო აღბეჭდილი, 1790 წ. აქტი წარმოადგენდა საქართველოს დაქსაქსული ნაწილების გაერთიანებისათვის ბრძოლის პირველ კონკრეტულ ღონისძიებას.
13. ტახტის მემკვიდრეობის ახალი კანონი და ქართლ-კახეთის სამეფოს თავდაცვისუნარიანობაზე მისი უარყოფითი გავლენა
შინაურ კრიზისს პოლიტიკაშიც დაერთო ზოგი ისეთი დიდი შეცდომა, რომელიც აგრეთვე საბედისწერო აღმოჩნდა ქართლ-კახეთის სამეფოს დამოუკიდებელი არსებობისათვის.
1791 წლის პირველ თვეებში ერეკლე II-მ დარეჯან დედოფლის ზეგავლენით შეიმუშავა სამეფო ტახტის მემკვიდრეობის ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებდა მეფობის გადასვლას მის შვილებზე ჩამორიგებით. სახელდობრ, ტახტის მემკვიდრის გიორგის გამეფების შემდეგ მეფობა უნდა გადასულიყო არა მის შვილზე, არამედ მომდევნო ძმაზე, შემდეგ კიდევ ძმაზე და სხვ. ამგვარი რიგის ჩათავების შემდეგ კი, თუ ტახტის მემკვიდრე ძმა აღარ იქნებოდა, ძალაუფლება გადავიდოდა უფროსი ძმის შვილზე და ა. შ. მთელი შემოსავალი სამეფო სახლის საკუთრებად ცხადდებოდა. მოხელეებისათვის ჯამაგირის გაცემის და სხვა ხარჯების შემდეგ დარჩენილი შემოსავალი იყოფოდა სამ ნაწილად, რომელთაგან ორი წილი უნდა მისცემოდა მეფეს, ერთი კი – დანარჩენ ძმებს. ამით ერეკლეს უნდოდა შეეჩერებინა საუფლისწულოების გამოყოფა, რადგანაც ისედაც პატარა ქართლ-კახეთის დიდ-დიდ საუფლისწულოებად დაყოფა უფრო დაასუსტებდა მეფის ძალაუფლებას.
ამ კანონის უცნაურობა უპირველეს ყოვლისა იმაში იყო, რომ მომავალში მეფესა და ბატონიშვილებს შორის აუცილებლად ატყდებოდა დაუსრულებელი დავა სახელმწიფო ხარჯების ოდენობაზე, რადგანაც სახელმწიფო შემოსავლის ახლებური განაწილება შეუძლებელს ხდიდა სახელმწიფოს საჭიროებაზე ფართო ზრუნვას. ამგვარი განაწილების უხერხულობას მალე ერეკლეც მიხვდა, რისთვისაც ამჯობინა საკუთარი შვილებისათვის თავის სიცოცხლეშივე გამოეყო საუფლისწულოები. სულ მას ჰყავდა (ქალების გარდა) ექვსი ვაჟიშვილი.
ზემოხსენებულმა კანონმა იმთავითვე უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინდელ მოწინავე ქართველებზე. ყველა გრძნობდა, რომ ეს ახალი კანონი დაღუპავდა ქართლ-კახეთის სამეფოს. მალე ტახტის მემკვიდრეობის კანონს ერეკლემ მოაყოლა დადგენილება მორიგე ჯარის ადგენის შესახებ. მაგრამ ეს ჯარი უკვე თითქმის დაშლილი იყო და აღარავის სჯეროდა, რომ მასში ბატონიშვილები თავისი ხელქვეითი აზნაურებით და კაცებით წავიდოდნენ. ეს კარგად ჩანს ერეკლე II-ის მიერ 1791 წ. 14 მაისის მიწერილობიდან ენისელთ (სოფ. ენისელის) მოურავის თავ. დიმიტრი ჯორჯაძისადმი: „ახლა რომ ისევ მორიგის გამოყვანა დავამტკიცეთ, ჩვენ ასე გვეუბნებიან სამღვდელონი (ე. ი. ეპისკოპოსები) და თავადნი: აზნაურნი და გლეხნი კაცნი თქვენა და თქვენს შვილებსა გყავსთო. თქვენ რომ გამოუყვანთ, ჩვენ როგორ დაგაკლდებითო. ახლა ჩვენ ყველგან მოხელეებსა წიგნები მივსწერეთ და თავთავისი სახელოების გამოყვანა დავადევით. შენთვისაც ასე გვიბრძანებია: ენისელი შენი სახელო არის. რაც ამ თვის მორიგე არის, ახლავ საჩქაროდ უნდა გაიყვანო და სადაც ჩვენ ვიყვენით, იქ შემოგვყარო და სხვას თვეებისასაც თავის ვადაზე უნდა გამოიყვანდე და ჩვენ შემოგვყრიდე... ყველა მოურავებისათვის და მოხელეებისათვისაც ასე მიგვიწერია“.
ერთი სიტყვით, ერეკლე II ზომებს ღებულობდა, რომ სამეფო სოფლებიდან (მოურავების მეშვეობით) და საბატონიშვილო მამულებიდან მორიგე სრულად გამოსულიყო, რათა მათთვის მიებაძათ თავადებს და ეპისკოპოსებს, რომელთაც აგრეთვე წესისამებრ თავიანთი ყმები მორიგე ჯარში უნდა გამოეყვანათ. მაგრამ ერეკლეს განზრახვა ამაო აღმოჩნდა ბატონიშვილების სრული უპასუხისმგებლობის გამო.
შემდგომში ერეკლემაც იგრძნო თავისი კანონის არარეალურობა, მაგრამ მისი სულ გაუქმება ვეღარ შესძლო და ისღა მოახერხა, რომ ტახტის მემკვიდრეს გიორგის ხელწერილი მისცა ამ კანონის გასაუქმებლად 1793 წელს. თუმცა ეს გადაწყვეტილება საჯაროდ არ გამოუცხადებია. 1794 წელს ერეკლემ ხსენებული კანონის ფაქტიურად გაუქმების შემდეგ ზოგიერთ ბატონიშვილს თავისი სახასო (სამეფო) სოფლებიდან ათასი, თუ უფრო ნაკლები კომლი გამოუყო, მაგრამ ამგვარი საბოძვარით ყველა ბატონიშვილის დაკმაყოფილება მაინც შეუძლებელი იყო, რადგანაც მეფე ცდილობდა ტერიტორიების მეტი რაოდენობა მაინც თავისთვის დაეტოვებინა.
ბატონიშვილები თავის საუფლისწულო სოფლებში დამოუკიდებლად და თავისუფლად იქცეოდნენ, რაც დიდ ზიანს აყენებდა სახელმწიფოს მმართველობის პრესტიჟს. ამ საუფლისწულოების გამო „აღდგა შფოთი მეფისა ერეკლეს სახლში ძმათა შორის“, რაც საქართველოს სამეფოს დაღუპვის მიზეზი გახდა.
ქვეყნის პოლიტიკურ სისუსტეს აღრმავებდა, აგრეთვე, ეკონომიკური სიდუხჭირე და უუფლებობა, რაც ფართო მასებს სამშობლოს ბედისადმი ერთგვარად ინდიფერენტულს ხდიდა. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა 1791 წ. საგლეხო კანონის შემდეგ, რითაც გლეხობა ერთობ შეწუხებულად გრძნობდა თავს, ამიტომაც 1795 წ., აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას, იგი უხალისოდ ებმებოდა თავდაცვით საქმიანობაში და ფეხსაც ითრევდა. ამ მხრივ, მაგალითად, განსხვავებული ვითარება იყო არაგვის ხეობაში, სადაც ბატონყმობა არ არსებობდა. ამიტომაც, ცხადია, ამ გარემოებამაც განაპირობა ხევსურების ენთუზიაზმი – შემოსეული სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცაღა მათ კრწანისის ბრძოლას ვერ ჩამოუსწრეს.
ამგვარად, ფეოდალური პარტიკულარუზმი, დაბალი სოციალური ფენების, უმთავრესად გლეხობის, მძიმე მატერიალური და უფლებრივი მდგომარეობა, და ამის გამო ქვეყნის ბედიღბლისადმი მათი ინერტული განწყობილება უარყოფითად მოქმედებდა ქართლ-კახეთის თავდაცვითუნარიანობაზე, რაც კარგად გამოჩნდა ქართლ-კახეთის სამეფოზე აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას.
ეს გარემოება მქონდა მე მხედველობაში, როცა ჯერ კიდევ 1930 წ. ვწერდი: „1791 წ. ქართლისა და კახეთის ცალკეულ ოლქებში მმართველებად დასმულ იქნენ მეფის ძენი, ბატონიშვილები, რაც ფაქტიურად ქვეყნის ფეოდალური მმართველობისაკენ მიბრუნებას მოასწავებდა. ეს იყო რეაქციის ზეიმი, მით უფრო სახიფათო, რომ ეხლა მემკვიდრე ფეოდალების ნაცვლად ცალკეული პროვინციების მმართველობა იმყოფებოდა ბატონიშვილების ხელში, რომლებიც თავისი მდგომარეობით უფრო მეტად უპასუხისმგებლოები იყვნენ.
მოახლოებულმა რეაქციამ დაუყოვნებლივ თავი იჩინა საგლეხო საკითხში. იმავე წელს გამოცემულ იქნა ბრძანება, რომელიც ისევ 30 წლამდე აგრძელებდა 1746 წლიდან არსებულ იმ გლეხთა ძებნის ვადას, რომლებიც იმალებოდნენ ან სხვა მემამულეებთან იყვნენ გადასული.
ამის შემდეგ, დოკუმენტების თანახმად, ნებადართულ იქნა გლეხთა უმიწოდ და ცალცალკე გაყიდვა. ეს მოასწავებდა მობრუნებას გლეხთა სრული უუფლებობისაკენ... ამ დამღუპველი პოლიტიკის შედეგები მალე გამოჩნდა. როდესაც სპარსეთის თავისი ძალაუფლების ქვეშ გამაერთიანებელი აღა-მაჰმად-ხანი 1795 წ. თბილისისა და საქართველოსაკენ ამ მხარეებში სპარსეთის სიუზერენული ძალაუფლების აღსადგენად დაიძრა, საქართველომ თითქმის ვერაფერი დაუპირისპირა მას, მიუხედავად სამზადისისა... კატასტროფა არ ყოფილა გამოწვეული მოჩვენებითი გულგრილობით ბატონიშვილებისა, რომლებსაც არც სურდათ და არც შეეძლოთ ყოფილიყვნენ საკუთარი მოხუცებული მამის მოღალატეები. კატასტროფის მიზეზი იყო ის გასაოცარი გულგრილობა სამშობლოს დაცვისადმი, რასაც ეხლა გამოხატავდნენ გლეხთა მასები“...
(გაგრძელება იხ. ნაწილი II)

No comments:
Post a Comment