(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ტექსტს პროფესორ სარგის კაკაბაძის წიგნისა – კრწანისის ომი, თბილისი, გამომც. „მეცნიერება“, 1991 წ., პროფ. შოთა ბადრიძის რედაქტორობითა და წინასიტყვაობით)
(ნაწილი II)
II ნაწილის შინაარსი
II. ქართლ-კახეთი და სპარსეთი კრწანისის ომის წინ
1. მდგომარეობა სპარსეთში. აღა-მაჰმად-ხანი
2. ქართლ-კახეთის ორიენტაციის საკითხი
III. ომი
1. ქართლ-კახეთის სამეფო ემზადება ირანის აგრესიისაგან თავის დასაცავად
2. ლაშქრობა ყაზახზე
3. 7 და 8 სექტემბრის ვითარება
4. 1795 წ. 8 სექტემბრის სამხედრო თათბირი თბილისში
5. პანიკის დაწყება თბილისში 8 სექტემბრის ღამეს
6. ორი ათასი ქიზიყელის ღალატით წაყვანა
7. ქართველების ჯარის რაოდენობა 9–10 სექტემბერს
8. 9 სექტემბრის მცირე შეტაკება ყარყუთის (სოღანლუღის) პოზიციების სამხრეთით
9. ბრძოლა ყარყუთის ვიწრობთან 10 სექტემბერს დილით
10. ქართველ-სპარსელთა თანაფარდობა 10 სექტემბრის ნაშუადღევს
11. 10 სექტემბრის ბრძოლები კრწანისის ველზე
12. 11 სექტემბრის ბრძოლის დისპოზიცია და ძალების შეფარდება

(XVIII ს. 90-იანი წწ. პირველი ნახევარი)

1779 წ. გარდაიცვალა ირანის მბრძანებელი ქერიმ-ხან ზენდი, რომლის შემდეგაც ტახტს განაგებდა მისი ძმა ზუკე-ხანი. მალე ეს უკანასკნელი, როგორც სისხლიანი ტირანი, მოკლეს, დინასტიის წევრები კი ერთმანეთს დაერივნენ, ვიდრე 1795 წელს ირანის სათავეში დაყენებულ იქნა ზუკე-ხანის 16 წლის შვილიშვილი დოუთ-ალი-ხანი. „იყო ესე დოუთ-ალი-ხანი ჟამსა ამას ესრეთ მჴედარი და მჴნე რომელ მსგავსი მისი ყოველსა შინა სპარსეთსა არ იპოებოდა“ (დავით ბატონიშვილი).
ზენდელების დინასტიას სასტიკად ემტერებოდა თურქული ყაჯართა ტომის მეთაური მაზანდარანისა და ქ. ასტრაბადის მფლობელი აღა-მაჰმად-ხანი, მაჰმად-ჰასან-ხანის შვილი.
ყაჯარები იყვნენ ჯელაირის დინასტიის ხელქვეითი თურქული ტომი, რომელნიც XIII ს. ჩინგის-ყაენის შვილიშვილმა ჰულაგო-ყაენმა მოიყვანა ირანში. შემდეგში ყაჯართა ტომის ნაწილი გადავიდა მცირე აზიასა და სირიაში, თემურ-ლენგმა კი ყაჯარების 50 ათასი ოჯახი მოიყვანა ერევანს, განჯასა და ყარაბაღში, სადაც ისინი მომრავლდნენ. ყაჯართა ტომიდან იყვნენ ერევნისა და განჯის ხანები.
შაჰ-აბას I-მა განჯის მხარედან ყაჯართა 30 ათასი ოჯახი გადაასახლა ხორასანსა და ასტრაბადში.
სეფიანთა დინასტიის უკანასკნელი შაჰის თამაზის დროს 1720-იან წლებში ამ ყაჯართა მეთაური ფეტ-ალი-ხან ყაჯარი გახდა სპარსეთის ვექილი (შაჰის ხელქვეითი მმართველი), მაგრამ ნადირ-შაჰმა ის მოაკლვევინა (1726 წ.). ამ უკანასკნელს დარჩა ორი შვილი – მაჰმად-ჰასან-ხანი და მაჰმად-ჰუსეინ-ხანი. 1759 წ. მაჰმად-ჰასან-ხანი თავისივე ნუქერების მიერ იქნა მოკლული.
ამ მოკლულ მაჰმად-ჰასან-ხანს დარჩა ექვსი ვაჟი, ამათგან პირველი ცოლისაგან: მურთაზ-ყული-ხანი, ალი-ყული-ხანი და იმამ-ყული-ხანი, რომლის შვილიც იყო აღა-მაჰმად-ხანის შემდგომი შაჰი ფეთ-ალი. მაჰმად-ჰასანის სხვა სამი ვაჟი – ჰუსეინ-ყული-ხანი, აღა-მაჰმად-ხანი და ჯაფარ-ყული-ხანი ერთი დედისაგან იყვნენ.
ამ ძმათაგან აღა-მაჰმად-ხანი ყმაწვილობაში დასაჭურისებულ იქნა. ერთი ცნობის მიხედვით, ნადირ-შაჰის (1736–1747) ბრძანებით, რომელმაც ამით, თითქოს, შური იძია მამის მაჰმად-ჰასანის ღალატის გამო, მეორე ცნობით კი აღა-მაჰმადი დასჯილ იქნა ადილ-შაჰის (1747–1748) მიერ სერალის (სასახლის) ჰარამხანის ქალთან ინტრიგის გამო.
აღა-მაჰმად-ხანს ებრძოდა მისი უფროსი ძმა, სხვა დედისაგან, მურთაზ-ყული-ხანი, რომელიც ჯერ კიდევ 1771 წელს ქერიმ-ხანის მიერ დანიშნული იყო ასტრაბადის ხანად. იმ დროს, როდესაც აღა-მაჰმად-ხანი ლუთფი-ალი-ხანის წინააღმდეგ სპარსეთის ტახტისათვის იბრძოდა, ზემოხსენებული მურთაზ-ყული-ხანი ტახტის პრეტენდენტი თავისი ძმის წინააღმდეგ მოქმედებდა და რუსეთს უკავშირდებოდა. 1792 წელს მურთაზა-ყულიმ თხოვნით მიმართა კავკასიის ხაზის სარდლობას, რუსეთის ჯარი ენზელში ჩაეყენებინათ, მაგრამ ეს ვერ მოხდა, რადგანაც რუსის დიდი ჯარის ირანში გაგზავნას აუცილებლად მოჰყვებოდა რუსეთის აშკარა ომი აღა-მაჰმად-ხანთან. მცირე ჯარით აღა-მაჰმად-ხანისაგან დაცვა კი სპარსეთის ტერიტორიაზე არ ხერხდებოდა.
1792 წელს რუსებმა მურთაზა-ყული-ხანი ზღვით ენზელიდან ბაქოში ჩაიყვანეს, 1795 წ. 30 აპრილს კი – ასტრახანს, სადაც მას ახლდნენ მისივე ოჯახის წევრები და მოხელე-მოსამსახურეები – სულ 70-მდე სული. მალე მურთაზა გადაყვანილ იქნა ყიზლარში, სადაც მას მის თანმხლებ პირთა შესანახად აძლევდნენ თვეში ათას მანეთს.
ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფი მურთაზა ითვლებოდა აღა-მაჰმად-ხანის კონკურენტად, რის გამოც ეს უკანასკნელი ცდილობდა ამ საფრთხის თავიდან აცილებას. ოსმალური წყაროებიდან ირკვევა, რომ აღა-მაჰმად-ხანს სურდა ერეკლე II-ის მეშვეობით და დახმარებით მურთაზა ხელში ჩაეგდო, რაზედაც ქართლ-კახეთის მეფეს 3–4 წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართავდა. ერეკლეც ყოველთვის ჰპირდებოდა დახმარებოდა აღა-მაჰმად-ხანს რუსეთთან ამ საკითხის მოგვარებას. სხვათა შორის, ოსმალური ოფიციალური წყარო აღა-მაჰმად-ხანის თბილისზე გალაშქრების მიზეზს სწორედ ამ გარემოებას თვლიდა: აღა-მაჰმად-ხანი განრისხებული იყო ერეკლეზე, რომ მან თავისი დაპირებები მურთაზაზე არ შეასრულაო.
ამასობაში სპარსეთის ტახტისათის ბრძოლა დიდი გაქანებით მიდიოდა ლუთფ-ალი-ხან ზენდსა და აღა-მაჰმად-ხან ყაჯარს შორის. ბოლოს, 1794 წ. აგვისტოში, აღა-მაჰმად-ხანმა აიღო ზენდების მთავარი რეზიდენცია ქალაქი შირაზი და სასტიკად ამოწყვიტა მისი მოსახლეობა. 12 წლის ასაკამდელი შირაზელი გოგოები თავის ჯარს დაურიგა, იმავე ასაკის ვაჟები კი დაასაჭურისებინა. მალე ლუთფ-ალი-ხანიც შეიპყრეს და იმავე 1794 წ. საშინელი წამებით მოკლეს.
სპარსეთის მბრძანებლობა აღა-მაჰმად-ხანს დარჩა.
ჯერ კიდევ რუსეთ-ოსმალეთის მეორე ომი არ იყო დამთავრებული, რომ ერეკლემ რუსეთის მთავრობის წინაშე კვლავ დასვა საკითხი რუსეთის ჯარის 1783 წლის ტრაქტატის საფუძველზე ქართლ-კახეთში გაგზავნის შესახებ. ამის საპასუხოდ გენ. გუდოვიჩმა კავკასიის ხაზზე მიიღო ეკატერინე II-ის 1792 წ. 18 მაისს ხელმოწერილი მითითება, რომ რუსეთის ჯარის გაგზავნა საქართველოში ახლა მიზანშეუწონელიაო.
ერეკლე მაინც არ ეშვებოდა რუსეთს. 1793 წ. 1 მარტს და 18 აპრილს იგი პეტერბურგში მყოფ თავის შვილს მირიანს სწერდა: აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი ძლიერდება, საქართველოს მეზობელი ხანების დამორჩილებას ცდილობს და თუ მან ამას მიაღწია, მაშინ შეეძლება საქართველოზედაც წამოსვლა და თავისი თავის შაჰად გამოცხადებაო. ამიტომ ერეკლე მირიანს სთხოვდა, გრაფ პლატონ ზუბოვის მეშვეობით (პლ. ზუბოვი ეკატერინე II-ის ახალი ფავორიტი და ფაქტიურად მთელი რუსეთის იმპერიის გამგე იყო) იმპერატრიცას გაეფრთხილებინა აღა-მაჰმად-ხანი, რომ საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშაა. თანაც ერეკლეს სურდა საქართველოსათვის მიეცათ მოზდიკის ხაზზე დარჩენილი ის ზარბაზნები ყუმბარებით, რომლებიც მას 1783 წლის ტრაქტატის შემდეგ ჰქონდა ნაბოძები და ჯერ არ მიეღო. ამ ზარბაზნების მიღების საკითხი ამის შემდეგაც რამდენიმეჯერ იყო დასმული, მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ.
1793 წ. მირიანმა სათანადო თხოვნით მიმართა ეკატერინე II-ს და გრაფ პლ. ზუბოვს, რასაც შედეგად მოჰყვა რუსეთის სამხედრო საბჭოს 1795 წ. 20 მაისის დადგენილება, რომლის თანახმადაც კავკასიის ხაზის უფროსს გენ. გუდოვიჩს მიუთითეს, რომ „უკეთუ აღა-მაჰმად-ხანი, მართლაც, გამოააშკარავებს მეფე ერეკლეს საზღვრებზე თავდასხმის სურვილს, მაშინ მან დააიმედოს ერეკლე მისი დიდებულების უმაღლესი მფარველობით და სათანადოდ ჩააგონოს ხსენებულ ხანს, რომ ის, გუდოვიჩი, მის ასეთ განზრახვას გულგრილად ვერ შეხვდება. გუდოვიჩმა მეზობელ ხანებს და თვით მეფეს აღმოუჩინოს, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, დახმარება, მაგრამ დიდი ხარჯების და დავიდარაბის გაუწევლად“. გათვალისწინებული იყო ერეკლესთვის არტილერიის გაგზავნაც, „თუ მას ეს, მიცემული დაპირების თანახმად, მართლაც ერგება“-ო.
ფაქტიურად სამხედრო საბჭოს დადგენილება პლატონური დაპირების გარდა ქართლ-კახეთის სასარგებლოდ არაფერს შეიცავდა. ამიტომ ერეკლემ იმავე 1793 წლის 12 დეკემბერს პეტერბურგში მუდმივ მინისტრად და ელჩად გააგზავნა თავისი კარის ეშიკ-აღასბაში და ყაზახის მოურავი თავ. გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც 1794 წლის იანვარში პეტერბურგს ჩავიდა და შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას.
მაგრამ ვინაიდან რუსეთისაგან ეფექტური სამხედრო დახმარების იმედი მაინც არ ჩანდა, ერეკლე და მისი მრჩევლები ახალ ღონისძიებებს მიმართავდნენ, რათა სპარსეთიდან მოსალონელ საფრთხეს მზად დახვედროდნენ.
2. ქართლ-კახეთის ორიენტაციის საკითხი
1783 წლის ტრაქტატის შემდეგ ქართლ-კახეთის მდგომარეობა ერთობ გაუარესდა. ქართველი მოწინავე წრეები ხედავდნენ, თუ როგორ თანდათან უარესდებოდა ადგილობრივი სახელმწიფოებრივი ცხოვრება. რუსეთმა ქართლ-კახეთს არ გაუწია რაიმე თვალსაჩინო სამხედრო დახმარება. ის ორი ბატალიონიც კი, რომელიც ტრაქტატის მიხედვით საქართველოში უნდა დარჩენილიყო, უკან გაიწვია და ქვეყანა წინანდელზე უარეს მდგომარეობაში ჩააგდო, რამდენადაც ქართლ-კახეთს რუსეთის გამო ახლა მეზობლებიც გადამტერებული ჰყავდა. ასეთ ვითარებაში შინაური ცხოვრების მოწყობაზე რაიმე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, მით უმეტეს, როცა რუსეთის იმპერია არც ამ მხრივ იძლეოდა რაიმე, თუნდაც მორალურ დახმარებას მაინც. ასეთ ვითარებაში, ცხადია, რუსეთთან კავშირის იდეას და მისდამი იმედს თანდათან გაუჩნდა ოპოზიცია, რომელიც ჯერ სუსტი იყო, მაგრამ შემდეგში ერთობ გაძლიერდა. ოპოზიცია კარგად ამჩნევდა რუსეთის იმპერიის გულგრილობას საქართველოსადმი, იმას, რომ პეტერბურგის მთავრობას საქართველო მაშინ ახსენდებოდა, როდესაც რუსეთის კასპიის ზღვაზე გაბატონების საკითხი წამოიწევდა ხოლმე წინ. ზემოხსენებული ოპოზიცია დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებაზე ოცნებობდა. ამ იდეის მატარებელ ჯგუფს მეთაურობდა ვიცე-კანცლერი (საგარეო საქმეთა წამყვანი) სოლ. ლიონიძე, რომელიც, როგორც აღვნიშნავდით, ქართლ-კახეთში თავის დროს პრორუსული ორიენტაციის და ტრაქტატის თავგამოდებული მომხრე იყო.
1790 წლიდან კი, პრორუსული ორიენტაციისადმი იმედის გაცრუების შემდეგ, სოლ. ლიონიძე უკვე რუსეთთან კავშირის მოწინააღმდეგე იყო და თვლიდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლდ უნდა ეწარმოებინა თავისი საქმიანობა. ამავე აზრისა იყო ქართლის სარდალი სახლთუხუცესი დავით ორბელიანი, რომელსაც ერეკლეს ასული ჰყავდა ცოლად. დავითი იყო გონიერი კაცი და მამაცი სარდალი. ანტირუსულ დასს ეკუთვნოდა დარეჯან დედოფალიც, რომელსაც ამ ხანებში დიდი გავლენა ჰქონდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში და აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკაში.
ამასთანავე ერთად არსებობდა უფრო მრავალრიცხოვნი ჯგუფიც, რომელიც ქვეყნის მოუწყობლობისა და არევდარევის გამო ერთადერთ გამოსავალს ისევ რუსეთთან კავშირში ხედავდა და მისგან მოელოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხსნას. ამ, ასე ვთქვათ, რუსოფილურ ჯგუფში შედიოდნენ წინათ პეტერბურგში ელჩად მყოფი გარსევან ჭავჭავაძე, მისი სიმამრი ქაიხოსრო ავალიშვილი, ქსნის ერისთავნი, მემკვიდრის გიორგის სიმამრი გოგია ციციშვილი, რომელსაც წინათ ღალატისათვის ყურები ჰქონდა დაჭრილი და სხვანი. რუსეთის მოიმედეთა ჯგუფსვე ემხრობოდნენ სომხური სარწმუნოების გავლენიანი თავადები: თბილისის მელიქი დარჩია ბებუთაშვილი, თუმანიშვილები: მდივანი სულხან, ძმა მისი მდივანივე მანუჩარ, სულხანის შვილი შიოშ და ზოგი სხვა დიდი მოქალაქეების მეტი ნაწილიც (ისინი თითქმის მთლიანად სომხები იყვნენ) აგრეთვე, რუსეთის ორიენტაციისა იყვნენ, ვინაიდან ერთერთი სახელმწიფო, რომელიც ოსმალეთ-სპარსეთის სომეხთა მდგომარეობის მოგვარების საკითხს აყენებდა, რუსეთი იყო.
ერეკლე მეფე უფრო რუსეთის ორიენტაციისა იყო, მაგრამ ქვეყნის უკეთესი მერმისისათვის არც სხვა ძალას გამორიცხავდა.
ტახტის მემკვიდრე გიორგი, იმ ხანებში ავადმყოფური სიმსუქნით დასნეულებული და ამიტომაც მუშაობის უუნარო, რუსეთის მომხრე იყო, ვინაიდან დიდი ხანია გულუბრყვილოდ ფიქრობდა, რომ საქართველოს რუსეთისადმი გადაცემის შემთხვევაში ეს უკანასკნელი მას დიდ ნივთიერ კომპენსაციას მისცემდა. ამ აზრით ის აპირებდა მიემართა რუსეთის მთავრობისათვის 1799 წელს, ხოლო 1800 წელს მიმართა კიდევაც.
ზემონათქვამიდანაც ჩანს, რომ ამ მცონარა ადამიანის ტახტის მემკვიდრედ და შემდეგ მეფედ ყოფნაც საქართველოსთვის დიდი უბედურება იყო.
ამ დროს, ეს იყო 1794 წ., აღა-მაჰმად-ხანმა ელჩი გამოგზავნა ერეკლესთან – ზიათ-ხანი, რომლის პირითაც მოსთხოვა – ერეკლეს რუსეთთან კავშირი გაეწყვიტა, სპარსეთის მფარველობა მიეღო. საამისოდ მძევლები გაეგზავნა და ნადირ-შაჰის ნაქონი ძვირფასი თვალი მიეცა.
თავდაპირველად, აღა-მაჰმად-ხანს უნდოდა ერეკლესთან ურთიერთობა მშვიდობიანი გზით მოეგვარებინა.
აღა-მაჰმად-ხანმა, ბაგრატ ბატონიშვილის სიტყვით, „აბირა მეფე მორჩილებასა და ზავსა ზედა და აღუთქვა რა მიცემა განჯისა, ერევნისა, ყარაბაღისა, შაქისა, შირვანისა და მართებლობაცა ადირბეჯანისა (იგულისხმება არეზს გაღმა თავრიზითურთ). თუმცა რა სწადდა მეფესა ესე ვითარნი სასარგებლონი თავისასა ქვეყნისანი, გარნა ვინადგან იყო ფიცითა ქრისტიანელთა შეკრულ იმპერატრიცა ეკატერინესადმი, არა ინება ტეხა ფიცისა, არამედ განემზადა ბრძოლისადმი მისისა“. მალკოლმის მიხედვით, სპარსული წყაროც აღნიშნავს, რომ ერეკლემ უარი შეუთვალა აღა-მაჰმად-ხანს დამორჩილებაზე, რადგანაც იგი უკვე რუსეთთან იყო დაკავშირებული.
საინტერესოა, რომ რუსეთთან ურთიერთობების და მისადმი მტკიცე ერთგულების საქმეში ერეკლე, როგორც თანამედროვენიც აღნიშნავენ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ერთმორწმუნეობას, რასაც ზოგჯერ ლამის ყველზე სერიოზულ ფაქტორად მიიჩნევდა. ერეკლე იყო დიდად მორწმუნე ქრისტიანი. რუსეთისადმი ერთგულების ფიცს იგი ხატავდა წმიდათაწმინდა საქმედ და მის დარღვევას ან რამოდენადმე გადახვევასაც ვერაფრის გზით ვერ კისრულობდა. ამ საბედისწერო გარემოებამ ერეკლეს თითქოსდა ჩაუკლა კიდევაც რეალისტური აზროვნება და ის თავისი რელიგიური წარმოდგენების ტყვე გახდა. 1795 წელს ერეკლე მთიულეთიდან კავკასიის ხაზის უფროსს გენ. კნორინგს (თუ გუდოვიჩს ? – ი. ხ.) ჯერ წმიდათა ნაწილების თბილისიდან მთიულეთში ჩამოტანის ამბავს აუწყებდა, შემდგ კი თავისი ქონების, მათ შორის გვირგვინების, დაღუპვას.
ერეკლეს მორწმუნეობაზე ერთგვარად მიგვანიშნიშნებს პ. ბუტკოვიც, რომლის სიტყვებითაც, ერეკლე თბილისის დაცვის საქმეში დიდ იმედს ამყარებდა წმიდათა ნაწილებზე, რისთვისაც ერთაწმიდიდან წმიდა ესტატეს მკლავი ჩამოატანინა. ცხადია, ამგვარი სარწმუნოებრივი წყობის ადამიანს უჭირდა ერთმორწმუნე რუსეთის იმპერატორთან დადებული ფიცის, მისი წარმოდგენით, რელიგიური აქტის გატეხა, რაც, სხვათა შორის, სრულიადაც არ ეძნელებოდა მასავით ქრისტიან რუსთ ხელმწიფეს. ეს გარემოება უეჭველად ზღუდავდა ერეკლეს იმაში, რომ სათანადო ელასტიურობა გამოეჩინა სპარსეთთან ურთიერთობაში, როცა ეს აუცილებელი იყო და სხვა გამოსავალი არ ჩანდა. ამის უარყოფით შედეგებს შემდეგში, ეტყობა, ერეკლე თვითონაც გრძნობდა, რაც კარგად ჩანს, მაგალითად, მისი წერილიდან, რომელიც გაგზავნილია 1795 წ. 15 სექტემბერს მთიულეთიდან პეტერბურგში მყოფი შვილის მირიანისადმი. აღწერს რა თავს დამტყდარ უბედურებას, ერეკლე შენიშნავს: მე რომ რუსეთის კართან ფიცით არ ვყოფილიყავი შეკრული და აღა-მაჰმად-ხანს მოვრიგებოდი, ეს ამბავი არ დამემართებოდაო.
ერეკლეს პოლიტიკურ ორიენტაციასა და ტაქტიკაზე, უეჭველია, ისიც ასვამდა დაღს და, ალბათ, ეს უფრო მთავარი იყო, რომ მის წარმოდგენაში სპარსეთი და სპარსული, ეს იყო კულტურულად და ეკონომიკურად ჩამორჩენილი, ცივილიზაციის დაბალ დონეზე მყოფი სამყარო, რომლისგან განსხვავებითაც რუსეთი ევროპულად განვითარებული და უკეთესი ქვეყანა იყო.
აღა-მაჰმად-ხანის ულტიმატუმის მიღებისთანავე ერეკლეს კარზე საგანგებო თათბირი გაიმართა. მეფის ძე გიორგი სპარსეთის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მომხრე იყო, თვითონ კისრულობდა სპარსეთში წასვლას და თავისი შვილის დავითის იქ მძევლად დატოვებას. ეს აზრი არ გავიდა ჯერ ერთი იმიტომ, რომ ერეკლე მტკიცედ ადგა რუსეთის ორიენტაციას და გარდა ამისა დარეჯან დედოფალიც შიშობდა ამ გზით გიორგის გავლენა არ გაძლიერებულიყო. პლატონ იოსელიანის სიტყვით, დარეჯანს ეფიქრებოდა, რომ სპარსეთში წასული გიორგი უკან არ დაბრუნებულიყო სპარსელების ჯარით და მამისივე სიცოცხლეში არ გამეფებულიყო. საერთო გადაწყვეწტილებით, აღა-მაჰმად-ხანის მოთხოვნილება უარყოფილ იქნა და ერეკლემ, პლ. იოსელიანის სიტყვით, გამოუცხადა სპარსეთის ელჩს: „მრავალჯერ ვართ მოტყუებულნი სპარსთაგან, მრავლად მათგან ტანჯულნი. სარწმუნოება ჩვენი ვერ დაგვაკავშირებს სპარსეთსა. მიმიცია სიტყვა და წერილითა პირობა ვიყო კავშირითა მტკიცეთა შეკრული რუსეთის ხელმწიფესთან, რომელიც არის ერთი სარწმუნოებისა ჩემთან მქონი, ერთისა ეკლესიისა შვილი, ერთისა ხმითა მადიდებელი ღვთისა. თვით სპარსეთმაც იცის ესე ადრითვე და წინა-მოადგილეთა ვექილთა (მმართველთა) სპარსეთისათა. მე მყავს გვერდით ჯარი ჩემი და ჯარი რუსეთისა. მანამ ერევნიდან აქ მოვა ჯარი ყაენისა, ჯარი რუსეთისა უფრო ადრე შემოვა ტფილისს“.
მიუხედავად მტკიცე პრორუსული პოზიციისა, როგორც ეტყობა, ერეკლეს რუსეთის დიდი იმედი არ ჰქონდა, ამიტომ მან ოსმალეთის მთავრობასაც მიმართა გაძლიერებული აღა-მაჰმად-ხანისაგან დაცვის მიზნით.
ერეკლეს საიდუმლოდ გაგზავნილი ჰყავდა თავისი კაცები, კერძოდ თავ. იოსებ ბებუთაშვილი, მაგრამ ოსმალეთის მთავრობამ თავი აარიდა მასთან რაიმე ლაპარაკს და ერეკლეს დამამცირებელი სახით უარიც კი შეუთვალა ბაღდადის ფაშის აგენტის მეშვეობით, მას პოლიტიკური მერყეობის გამოც უსაყვედურა და შეუთვალა, რომ რაკი ერეკლე რუსეთის ერთგულების გზას ადგას, ოსმალეთს არ შეუძლია მისი დაცვა იკისროს. ამრიგად, ცხადი იყო, რომ ოსმალეთი რუსეთის ამიერკავკასიაში გავლენის აღმოსაფხვრელად თვითონ აშკარად ვერაფერს იკისრებდა, მაგრამ არც იმის წინააღმდეგი იყო, რომ ეს აღა-მაჰმად-ხანს გაეკეთებინა ქართლ-კახეთის დათრგუნვისა და დამორჩილების გზით.
ც ნ ო ბ ი ს ა თ ვ ი ს: როგორც აღვნიშნეთ, ერეკლემ სტამბულში მოსალაპარაკებლად გააგზავნა თავ. იოსებ ბებუთაშვილი (ეს იყო მეფის მინბაში, შემდეგ კი მისკარბაშიც). იოსებმა ექვსი თვე დაჰყო სტამბულში, სადაც ის ცხოვრობდა ათაბაგების ჩამომავლის ქართველ საბით-ფაშას ბინაზე, რომელიც 1796–1801 წლებში ახალციხის ფაშად იყო. „ხელმწიფის (სულთნის) კარზედა ექვსი თვე ჩვენთან იყო, დიდი და პატარა გავაცნობინე“, სწერდა იოსებ ბებუთაშვილის შესახებ საბითი, უკვე ახალციხის ფაშად მყოფობის დროს, დარეჯან დედოფალს.
ერეკლეს დიპლომატიური ბრძოლების დეტალები, ჩანს, ცნობილი ხდებოდა აღა-მაჰმად-ხანისათვის, რომელიც თავის მხრივაც ქართლ-კახეთის მეთაურის წინააღმდეგ ენერგიულ ზომებს იღებდა. 1795 წ. იანვარში აღა-მაჰმად-ხანმა, ამას სერობი აღნიშნავს, გააგზავნა თავისი ელჩი კეისართან ვენასა და სტამბოლში და მოითხოვა, რომ როგორც ავსტრია, ისე ოსმალეთი არ გარეულიყვნენ საქართველოს საკითხში, რადგანაც ეს ქვეყანა იმთავითვე ირანის მორჩილი იყოო. სერობის ცნობით, როგორც ავსტრიის, ისე ოსმალეთის მთავრობები სათანადოდ დათანხმდნენ აღა-მაჰმად-ხანის თხოვნაზე. ცხადია, ამის შესახებ ერეკლეც შეიტყობდა.
საინტერესოა იმის გახსენებაც, რომ ერეკლეს მისიის ოსმალეთთან მოლაპარაკების შესახებ იმთავითვე შეიტყო რუსეთის სტამბოლელმა ელჩმაც, რომელმაც ეს ამბავი სასწრაფოდ შეატყობინა პეტერბურგს.
ამასთანავე, სავარაუდოა, რომ აღა-მაჰმად-ხანისაგან თავდაცვის მიზნით ერეკლე მოლაპარაკებას ცდილობდა არა მარტო ოსმალეთთან, არამედ ავსტრიასთანაც. მართალია, საამისო პირდაპირი ცნობა ჯერჯერობოთ გამოვლენილი არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ 1795 წლის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანმა სპეციალური ელჩი გააგზავნა ავსტრიაში ქართლ-კახეთის საკითხზე მოსალაპარაკებლად, ცხადჰყოფს, რომ ერეკლეს ამაზე ადრე უცდია ვენაშიც მოეძებნა დახმარება ქართლ-კახეთისათვის. ამითაც უნდა აიხსნებოდეს ის, რომ 1794 წლის ჩათვლით რუსეთის ხელმძღვანელებიც ერთგვარი უნდობლობით ექცეოდნენ ერეკლეს. უკვე კრწანისის კატსტროფის შემდეგ, 1795 წ. 27 ნოემბერს, რუსეთის სომხების მთავარეპისკოპოსი იოსებ არღუთაშვილი (წარმოშობით საქართველოდან, ქართულის მცოდნე, გრიგორიოპოლიდან – უნდა იგულისხმებოდეს ოსმალეთის სომხების მიერ 1792 წელს დაარსებული ქალაქი) ერეკლეს სწერდა: „სანამ თქვენ ეს უბედურება გეწეოდათ, ბევრს პირს ვწერდი და ვეუბნებოდი (თქვენს სასარგებლოდ), მაგრამ მათ არ ჯეროდათ საქართველოს სამეფო სახლის გულწრფელობა. ეხლა კი მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქრისტიანულად თქვენი ფიცის ერთგული ხართ, რადგანაც თვით თქვენი სამეფოს დაღუპვამდის შერჩით ამ ფიცს. ამიტომ ღმერთი და რუსეთის იმპერატრიცა თქვენს წმიდა გულწრფელობას უყურადღებოდ არ დასტოვებენ“.
ასეთი იყო ერეკლე II-ის დიპლომატიური ნაბიჯები აღა-მაჰმად-ხანის ნეიტრალიზების მიზნით, მაგრამ ამაოდ...
მაშინ ერეკლემ სცადა თავის დასაცავად ისევ რუსეთი გამოეყენებინა.
ამ დროს თბილისში ჩამოსული იყო კავკასიის ხაზზე გენ. გუდოვიჩთან თარჯიმნად მყოფი თავადი გარსევან ამილახვრისშვილი, რომელიც 1795 წლის თებერვალში ერეკლემ უკანვე დააბრუნა იმავე ხაზზე და თხოვნა გაატანა რუსებთან – დახმარებოდნენ მას სპარსელთა თავდასხმის მოგერიებაში. პლატონ ზუბოვი, რომელიც ამ დროს 66 წლის ეკატერინე II-ის ფავორიტი იყო და ფაქტიურად რუსეთის იმპერიის საქმეებს განაგებდა (ის ამ დროს 28 წლის იყო, მაგრამ მას უკვე ჰქონდა უგანათლებულესი თავადის ტიტული და იმპერიის უმაღლესი ორდენები), გადმოგვცემს, რომ თავის მიმართვაში გენ. გუდოვიჩისადმი ერეკლე თხოულობდა მხოლოდ დახმარებას. ზუბოვი ამ დროს დაინტერესებული იყო საქართველოს და კავკასიის საკითხებით. ამილახვრისშვილი გენ. გუდოვიჩის დამატებითი ქაღალდით წავიდა პეტერბურგს. ამიტომ კავკასიის ხაზიდან წასული ამილახვრისშვილი პლ. ზუბოვმა პეტერბურგში მიიღო მაშინვე და მანაც ერეკლეს მიმართვა გაიგო, როგორც საზოგადოდ დახმარების თხოვნა. შემდეგში ამილახვრისშვილი ეკატერინე II-მაც მიიღო, რომელმაც გასცა მხოლოდ ასეთი განკარგულება, რომ შეეგროვებინათ რუსის ჯარი ყიზლარსა და მის მიდამოებში, რათა პირველი საჭიროებისთანავე შესაძლებელი ყოფილიყო მისი დაძვრა თბილისისაკენ. გენერალ ქიშმიშევის აზრით, ეკატერინეს ბრძანებას საფუძვლად დაედო თარჯიმნის შეცდომა. მიწერ-მოწერაში ერეკლეს შუამდგომლობა გაგებულ იქნა, როგორც საერთოდ დახმარების თხოვნა, ამიტომაც თბილისისაკენ ჯარის გაგზავნის ბრძანება ეკატერინეს არ მიუცია, ამას კი საბედისწერო შედეგი მოჰყვა ქართლ-კახეთისათვის.
ამ აქციის წარუმატებლობა იმანაც განაპირობა, რომ ერეკლეს მიერ გაგზავნილი ამილახვრისშვილი რთული დიპლომატიური საქმიანობისათვის შეუფერებელი პიროვნება იყო და პეტერბურგში სატრფიალო საქმეებში უფრო გამოიჩინა თავი.
ხელიდან იქნა გაშვებული რუსეთიდან კონკრეტული და ურთულეს საგარეო-პოლიტიკურ ვითარებაში აუცილებლად მისაღები დახმარების შანსი, მით უმეტეს, რომ პლ. ზუბოვი საქართველოს კარგი თვალით უყურებდა.
ამრიგად, ქართველები ფაქტიურად მარტოდმარტონი რჩებოდნენ ირანის კარსმომდგარი აგრესიის პირისპირ.
როგორი იყო ამ დროს ქართლ-კახეთისა და ირანის სამხედრო პოტენციალი? შევეხოთ ამ საკითხს.
* * *
კრწანისის ომის სრულყოფილი გადმოცემა შეუძლებელია, თუ სათანადო წარმოდგენა არ გვექნება მაშინდელი ქართლ-კახეთისა და სპარსეთის შეიარაღებულ ძალებზე, მათ, ასე ვთქვათ, სამხედრო პოტენციალზე.
ქართლისა და კახეთის სამხედრო ძალა XVIII საუკუნის მთელ სიგრძეზე ცვლილებებს და წინსვლასაც განიცდიდა, თუმცა საქმე ევროპული წესის რეგულარული ჯარის შემოღებამდის არ მისულა.
მოლაშქრეთა გაწვევა, როგორც ეს ირკვევა ვახტანგ VI-ის დროიდან საკათალიკოზო, უკეთ, საეკლესიო გლეხების მაგალითით, შემდეგნაირად ხდებოდა: სრულ და კარგ საგლეხო კომლზე, რომელიც ადგილის მიხედვით 30–100 დღიურ მიწას მოიცავდა, უნდა გამოსულიყო ერთი ცხენოსანი მეომარი თოფით შეიარაღებული და საკუთარი ნუზლით. ნაკლები ღირსების და ღირებულების საკომლოს მქონე გლეხი კი უნდა გამოსულიყო ცხენით და შუბით, მცირემიწიანი ბოგანოები გამოდიოდნენ ქვეითად და ფარხმალით, ხოლო უფრო ნაკლები მიწის მქონენი – მშვილდისრით. მცირემიწიანი ბოგანოები იწოდებოდნენ ბოგანო-მოლაშქრეებად, უმიწონი კი – მარტივად ბოგანოებად.
ბრძოლისუნარიანი ყველა თავადი და აზნაური ლაშქარვალდებული იყო ცხენით და თოფით.
ზემოთ მოხსენიებული წყაროს მიხედვით, სულ ქართლის სამეფოში იყო საკათალიკოზო (მცხეთის საეკლესიო) გლეხების 616 საკომლო. თითო საკომლოზე, სხვა მაგალითების მიხედვით, ორთაშუა რიცხვით, იყო 2 კომლი. 616 საკომლოზე, მასასადამე იჯდა 1232 კომლი, პლუს 250 კომლი ბოგანოები, სულ დაახლოებით 1480 კომლი. ამას უნდა მივუმატოთ საკათალიკოზო თავადიშვილები (გედევანიშვილები) და აზნაურები, მოსახლეობის დაახლოებით 3 % და, სამღვდელოებაც. ყველაფერი ეს გვიჩვენებს, რომ საკათალიკოზო 1558 კომლზე მოლაშქრეთა რაოდენობა შეადგენდა 976 კაცს, რომელთაგან მეთოფე, ცხენოსანი იყო 53,40 % (ამათგან 11,3 % თავადი და აზნაური, დანარჩენები გლეხთაგან), შუბოსანი ცხენოსანი 21 % და ქვეითნი მეომრები 25,6 % (ნახევარი ფარხმლით და ნახევარი მშვილდისრით).
ვახტანგის მმართვლობის უკანასკნელ ხანაში, 1720 წლისათვის, ქართლის სამეფოს მოსახლეობა, სავარაუდებელია, დაახლ. 18 ათასი კომლი იყო. ამათგან ქალაქებში (თბილისი, გორი და მცირე ქალაქები) ცხოვრობდა დაახლ. 3500 კომლი; ამას უნდა მიემატონ მთის ოსებიც 2 ათასი კომლი. ისინი ყველა არ გაჰყავდათ ომში. ჯარი გამოჰყავდა დაახლ. 14 ათას კომლს 9 ათასი კაცის რაოდენობით, ამათგან დაახლ. 11,3 % იყვნენ თავადები, აზნაურები და გლეხები: მეთოფე ცხენოსნები 42 %, ცხენოსან-შუბოსნები 21 % და 25,6 % ქვეითნი (თანასწორად ფარხმლით და მშვილდისრით).
ვახტანგის შემდეგ ქართლის (და კახეთისაც) შეიარაღებულ ძალებში დიდი ცვლილებები მოხდა გაუმჯობესების მხრივ.
XVIII ს-ის პირველ ნახევარში ქართველების საომარი ტაქტიკა აღწერილი აქვს კახ-ბატონს თეიმურაზს 1736 წელს. მისი თქმით, ჯარი უნდა გამოყვანილი იქნას ოთხ რიგად, ანუ ოთხ სადროშოდ, რომელთაგანაც ყველას ჰყავს თავისი სარდალი დროშიანად. თითოეულ ასეთ რაზმში უნდა იყოს თორმეტი ათასი კაცი, რაც, რასაკვირველია, თეორიული ვარაუდია, თორემ ამოდენა ჯარის გამოყვანა XVIII ს-ში არა თუ ცალკეულ ქართულ სამეფოებს, მთელ საქართველოსაც არ შეეძლო. ბრძოლისას წინ იდგა მეწინავე რაზმი, უკან კი სამი სადროშო – მემარჯვენე, მემარცხენე და შუა – თვით მეფის სადროშო.
ამის შესახებ თეიმურაზ II წერს:
რაზმსა თვითოს წინ მეთოფე ქვეითი, ცხენიანია.
ქვეითს, ცხენიანს თავ-თავად ჰყავს მიჩენილი თავნია,
მეშუბარი დგას უკანა, შეკაზმული აქვსთ ტანია,
საომრად დამზადებული მოსაწონია ყმანია.
რა შეიქნას მტერი მტერზე ერთმანეთზე მიწეული,
ჯერ დასცლიან ზარბაზანსა, ხმა აქვსთ ზეცას აწეული,
მერმე ესვრის ქვეითობა, ჩახმახი აქვსთ მოწეული,
მასთან დასცლის ცხენიანიც მეთოფეცა გულად სრული.
ერთმანეთზე რა დასცლიან თოფს, შეუტევს მეშუბარი,
მეწინავეს სხვა დროშები ზურგს მოაბამს, ვით კლდე მყარი.
ვინცა ვარგა ვაჟი-კაცი, წინ მივიდეს, არ დამდგარი.
„თორმეტს შუბზე გარდაწყვეტა“ – უთქვამსთ, დიდებული არი.
გამარჯვებული შუბები თორმეტი გასტეხს მტერსაო,
რაკი გაიქცეს თვით მტერი, ვინ შეუნახავს ხელსაო.
(„სარკე თქმულთა“, სტრ. 705–708).
შემდეგში, 1735 წლის ახლო ხანებიდან, ეტყობა ოსმალთა ჯარის მიბაძვით, ქართველებსაც კახეთში, სადაც მაშინ ამისი მეტი შესაძლებლობა იყო, საჭიროდ უცვნიათ სამხედრო შეიარაღებასა და საბრძოლო ტაქტიკაშიც ცვლილებები შეეტანათ. ცხენოსნები იყვნენ თოფით, მაგრამ ქვეითებსაც თოფი ჰქონდათ.
ქუთათელი მიტროპოლიტი მაქსიმე 1769 წელს წერდა რუსეთის მთავრობას, რომ „იმერლები“ ხმარობენ ომში თოფსა, ხმალსა და შუბსა, იმ რიგათ, როგორც ოსმალნი შეიბმიან და ქვეითიცა და უფრო ცხენოსანიცა. ხალხი იქაური მამაცი, მეომარი და მორჩილი იქნება. მის დროს ომის რიგი ასე ისწავლოს, როგორც ევროპიაში. თოფსა, ხმალსა და ტყვიას შოობენ ოსმალოს ქვეყნიდამ, ყიზილბაშიდამ და ტფილისის ქალაქიდამ, თოფის წამალს თუმცა იმერეთშიაც აკეთებენ, მაგრამ უფროსი ერთი ამ ზემოაწერილის ქალაქებიდამ შოობენ“.
ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ ერეკლე II ფიქრობდა შეექმნა რეგულარული ჯარი. ეს აზრი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 1769–1771 წლებში, როდესაც რუსეთის ჯარი გენ. ტოტლებენის, შემდეგ კი სუხოტინის მეთაურობით საქართველოში იმყოფებოდა. ერეკლემ მაშინ შეკრიბა ათასამდე კაცი და მათ ერთნაირი ტანისამოსი ჩააცვა, მაგრამ მათი შესაფერისი გაწვრთნა განსწავლული ოფიცრების უყოლობის გამო შეუძლებელი შეიქნა და საქმე ჩაიშალა. ამის შემდეგ მუდმივი ჯარის მაგივრად შეიქმნა ეგრეთ წოდებული მორიგე ჯარი.
მორიგე ჯარი ნაწილობრივ შემოღებულ იქნა 1772 წელს, საბოლოოდ კი ის ჩამოყალიბდა 1774 წლის 1 იანვრიდან. სამეფოს მთელი სამხედრო ვალდებულნი გაყოფილ იქნენ, წელიწადის თვეების მიხედვით, 12 ნაწილად. მათგან ყოველ თვე თავისი რიგის მიხედვით გამოდიოდნენ საკუთარი ნუზლით და სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად დანიშნულ ადგილებში ცხადდებოდნენ. ჯარს ხელმძღვანელობდნენ მუდმივ ულუფასა და ჯამაგირზე მყოფი იუზბაშები (თურქულად ასისთავი), პენდსედები (სპარსულდ ხუთასის თავნი) და მინბაშები (თურქულად ათასის თავები).
მორიგე ჯარმა დიდი სარგებლობა მოიტანა. ის ეფექტურად ებრძოდა ლეკთა თარეშს და ასე თუ ისე საშინაო ცხოვრებაში უშიშროების დამყარებას უწყობდა ხელს. ამ მხრივ დიდად ნაყოფიერი იყო ერეკლეს შვილის ლევან ბატონიშვილის მოღვაწეობა – ის დიდი უნარით უძღვებოდა მორიგე ჯარის ოპერაციებს, განსაკუთრებით ლეკთა თარეშების წინააღმდეგ. მაგრამ 1781 წელს 5 თებერვალს, ლევანის სიკვდილის შემდეგ, მორიგე ჯარი მალე დაიშალა და 1786 წელს, ბურნაშოვის ცნობით, ის ფაქტიურად არ არსებობდა.
1791 წელს ერეკლემ ბრძანა კვლავ აღედგინათ მორიგე ჯარი. ყოფილი სარდლის თავ. ივანე ორბელიანის 1803 წ. ცნობით, ერეკლე II-ის დროს (1791–1795 წლებში) ყოველ თვე გამოდიოდა 1500-მდე მორიგე, ზოგჯერ კი იწვევდნენ ორი ან მეტი თვის მორიგესაც, ვიდრე 7 ათას კაცამდეც, სხვა დროს კი ამაზე მეტ ცხენოსანს და ქვეითს, სულ, მაშადასამე, 1723–1795 წწ. (ალბათ უნდა იყოს 1793–1795 წწ. – ი. ხ.) აღრიცხული მეომრების რაოდენობა ქართლ-კახეთის სამეფოში უნდა ყოფილიყო 18 ათასზე ოდნავ ნაკლები, 16–17 ათასი კაცი.
პოლკოვნიკ ბურნაშოვის (1778 წ. /თუ 1787 წ. ? – ი. ხ./) სიტყვით (ქართლ-კახეთის სამეფოში), ყველა კეთილშობილი და შეძლებული ჯარში გადის ცხენოსნადო. ჩემი იქ ყოფნისას ყველა სახის მეომრები იკრიბებოდნენ 6 ათას კაცამდე. მაჰმადიანებს, ყაზახელებსა და შამშადილებს, რომელნიც საუკეთესო მეომრები არიან, რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ მეფე, მათი გამოსვლების გამო, არ ენდობოდა, ამიტომ მათ ჯარში არ იწვევდა. ყაბარდოელები და ოსები (ერეკლეს) ჯარში ქირით ემსახურებიან, ასევე ლეკების ზოგიერთი გვარიც, რომელთაგან მეფეს მათი ერთგულების მიზნით მძევლები ჰყავს. შეიარაღებული არიან (ქართველები) უმეტესწილად თოფებით, დამბაჩებით, რომლებიც წელზე უკან აქვთ, მხრებზე მოგდებული აქვთ ჩანთა (იგულისხმება – სურსათისათვის – ს. კ.), აქვთ აგრეთვე ხანჯალი და ხმალი. თვითონ მეფეც ასეა შეიარაღებული. უღარიბესნი გლეხთაგან, როდესაც ისინი ომში გაჰყავთ, კომბლებით არიან შეიარაღებულნი, კომბლებით იყო შეიარაღებული კახელი ქვეითი მეომრების ნაწილი ნიახურის ომშიც 1800 წ.
კომბალმა, ეტყობა, მოსახლეობის უღარიბეს ნაწილში შეცვალა მშვილდისარი. საომარ კომბალს ჩვეულებრივ ბოლო რკინით ჰქონდა შემაგრებული. ასეთი კომბალი ღონიერი და ცქვიტი მეომრის ხელში საშიში იარაღი იყო. 1939 წელს ვახანში ჩემს მიერ ჩაწერილი გადმოცემის მიხედვით, დაახლოებით 1770-იან წლებში შემდეგი ამბავი მოხდა: სამცხის ერთ-ერთი სოფლიდან წამოვიდნენ მამა-შვილები, სულ ექვსნი, რათა ხალხი დაეტყვევებინათ და შემდეგ გაეყიდათ. დედა არ უშვებდა 16 წლის მეხუთე ვაჟს, მაგრამ მან დაიჟინა და ისიც წაიყვანეს. მოხერხებულ ადგილას, სოფ. ვახანთან, ისინი ჩასაფრდნენ. უცებ გზაზე გამოჩნდა მხრებზე კომბალმოგდებული ახალგაზრდა, მხიარულად მოღუღუნე იმერელი. მის შესაპყრობად ჯერ გადაეშვა უფროსი ვაჟი, რომელმაც შესაშინებლად იმერელს ფეხებთან დაახალა დამბაჩა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მსწრაფლ მოუქნია მომხვდურს თავისი კომბალი, თავში დასცხო და იქვე გააგორა. ასევე ეძგერა იგი დანარჩენ მოთარეშე ქართველი მაჰმადიანის ხუთივე ვაჟს. ამის შემხედვარე მამა საფარიდან გამოვიდა და თავისით დანებდა იმერელს. აწი მე შინ ვეღარ დავბრუნდებიო, – მაგრამ იმერელმა უარი სთქვა მის წაყვანაზე – საჭმელი მე ჩემთვისაც არ მაქვს და შენ როგორ შეგინახოო. ამიტომ ცოცხლად დარჩენილ მამას ორივე ყური დააჭრა და გაუშვა. რუსების დროს ეს ყურებდაჭრილი მოხუცი დადიოდა დასავლეთ ქართლში, ყვებოდა თავის ამბავს, რის გამოც ამ ამბავმა ჩვენამდისაც მოაღწია გადმოცემის სახით.
როგორც მოხსენიებული იყო 1793–1795 წლებში მორიგედ აღრიცხული იყო დაახლ. 17 ათასი მეომარი. ამავე წლებში ქართლ-კახეთის სამეფოს მოსახლეობა შეადგენდა დაახლ. 42 ათას კომლს. ამას უნდა გამოაკლდეს თბილისის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, რომელიც ჯარში არ გაჰყავდათ (კერძოდ მოქალაქენი, სამაგიეროდ ისინი იხდიდნენ ფულად გადასახადს „მახტას“), თბილისშივე მცხოვრებნი „გარეშენი“ და „ლუთები“, ყველა ესენი (მოქალაქენი, გარეშენი და ლუთები, ანუ ლოთები) იყო ოთხი ათას კომლამდის. ლაშქარვალდებულნი თბილისში მხოლოდ ათასამდის კომლი იყო. სალაშქროდ არ გაჰყავდათ სხვა ქალაქების მცხოვრებნიც, დაახლ. ათას კომლამდე. ასევე ბორჩალოს და ბამბაკის თათრები, ბამბაკის სომხები და მთიელი ოსები. ყველა ესენი შეადგენდნენ დაახლ. 20 ათას კომლს. რჩებოდა, მაშასადამე, ლაშქარვალდებული დაახლ. 22 ათასი კომლი. ამათ უნდა გამოვაკლოთ აგრეთვე თარხან-მსახურთა მუდმივი ჯარი დაახლოებით ათასამდის, თოფჩები 600-მდე და აზატი მეომრები, რომლებიც განთავისუფლებული იყვნენ მორიგედან. მაშასადამე, ლაშქარვალდებული მეკომურნი სულ უნდა ყოფილიყვნენ დაახლ. 21 ათასი, სინამდვილეში კი იყვნენ 17 ათასამდე, რადგანაც სალაშქრო ვალდებულებისაგან განთავისუფლებული იყვნენ დაჭრილ-ინვალიდები, უმიწო ღარიბები და სხვ. სულ დაახლ. 30 ათასი კაცი.
თავადიშვილნი და აზნაურნი ომში ყველანი ცხენით და თოფით გადიოდნენ. ისინი შეადგენდნენ მთელი მოსახლეობის დაახლ. 1,5 %-ს.
კრწანისის იმის აღმწერის ალექსანდრე ორბელიანის სიტყვით, „მაშინდელს დროში საქართველოს ხალხნი სულ ჩინებული მეომრები იყვნენ, რადგან სულ ომში იყვნენ და ამის გამო ყუჱლას კარგი იარაღი ჰქონდათ. თათრის სამოურაო სოფლები კარგი ცხენიანი მეომრები გამოვიდოდნენ და ქართუჱლი სამი წილიდან ორი წილი ცხენიანი გამოვიდოდა და სხვა ქუჱვითი. ქიზიყიდგან და საგარეჯოს მხრიდგან სულერთიან ცხენიანი ჯარი გამოდიოდა. საქართუჱლოს ამ ცხენიანს ხალხსა, ყველას საუცხოვო ცხენები ჰყუანდათ“.
მასასადამე, ქიზიყისა და საგარეჯოს მხარის გარდა ქართლ-კახეთში 2/3 ჯარში გადიოდნენ ცხენით და ამ დროს (ვახტანგ VI-ის დროისაგან განსხვავებულად, როდესაც ცხენოსნების ნაწილი შუბებით იყვნენ) ყველას იარაღად ჰქონდა თოფი, დანარჩენი 1/3 კი იყვნენ ქვეითნი და, საგულისხმებელია, ფარ-ხმლით და შუბებით, ხოლო მცირედნი კომბლებითაც. ხოლო რადგანაც ქიზიყელები და საგარეჯოელები მთლიანად გამოდიოდნენ ცხენით (ისინი იყვნენ დაახლ. 3,5 ათასი კომლი), ამიტომ 17 ათას მორიგეთა შორის 12 500 საგულისხმებელი არიან ცხენოსნები და თოფით, ხოლო 4500 კაცი ქვეითნი ფარხმალით და შუბებით (მცირედნი მათ შორის კომბლებითაც). ამ რიცხვს უნდა მიემატონ თავადიშვილები და აზნაურები, რომლებიც, როგორც მოვიხსენიეთ, ყველანი ვალდებული იყვნენ ჯარში გამოსულიყვნენ. კომლეულად ისინი იქნებოდნენ (პროცენტულად გადაანგარიშების დროს თბილისის და სხვა ქალაქების მოსახლეობაც უნდა ჩათვლილ იქნას, ე. ი. დაანგარიშება საჭიროა 27 ათასი კომლიდან) 400 კომლი და ცოტა მეტიც, რომელთაც შეეძლოთ 800 თოფიანი მეომრის გამოყვანა. ამას უნდა მიემატოს მაშინდელი მსახურ-თარხანთა დაახლოებით ათასკაციანი ნახევრად-მუდმივი ჯარი და 600 თოფჩი. ამგვარად, ამ დროს ქართლ-კახეთს, თათრების და ოსების გარდა, რომელთა გამოყვანა ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ შეიძლებოდა, ჰყავდა 600 თოფჩი, 13,5 ათასი ცხენოსანი თოფით, 4,5 ათასი ქვეითი, სულ 19 ათას კაცამდე. მთლიანად ამ რაოდენობის ჯარის გამოყვანა გაძნელდებოდა, მაგრამ დაახლ. 14–15 ათასი კაცის ფეხზე დაყენება სავსებით შესაძლებელი იყო. ამიტომ გასაგებია, უკვე აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ, როცა ერეკლემ კრწანისის ომში 2 ათასამდე კაცი დაკარგა, 1796 წელს რუსთა სარდლობის შეკითხვაზე, თუ რამდენი ჯარის გამოყვანა შეუძლია კიდევ მას, იგი 12 ათას კაცს ასახელებს.
ჯერ კიდევ თეიმურაზ II, როგორც ზემოთ ვაჩვენებდით, ომში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა არტილერიას. ერთი მისი დროინდელი, როგორც ეტყობა, თბილისში მისი სახელის წარწერით ჩამოსხმული ზარბაზანი ჩვენამდეცაა მოღწეული. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა არტილერიას ერეკლე II-ც. 1771 წელს მას ციხეების საალყო ზარბაზნების გარდა ჰქონდა 48 საველე ზარბაზანიც.
ამ ეპოქის ქართლ-კახეთის სამეფო სამხედრო ძალებზე საყურადღებო ცნობა აქვს კაპიტან იაზიკოვს, რომელიც წერდა: „ქართველთა ლაშქარი იმ მხარეში განთქმულია როგორც მამაცი, უფრო კი მათი მეფეა ცნობილი ვითარცა მხედარი და წინამძღოლი. მას შეუძლია ველზე გამოიყვანოს თხუთმეტი ათასი ქვეითი და მხედარი, ნაწილი კი დატოვოს თავისი მიწა-წყლის ლეკებისაგან დაცვის, თუ უფრო მეტი საჭიროების მიზნით. ოთხი ზარბაზანი დააქვს თან ლაშქარში. სროლა იქ ყველამ იცის, თოფიც ყველას აქვს და ომისათვის მუდამ მზად არიან. მეფე არასოდეს მიემგზავრება უდამბაჩოდ. დამბაჩა მას სარტყლის უკან აქვს, ხოლო როცა მტერი ახლოსაა, თოფი ჰკიდია მხარზე. თუ მტრისათვის დასარტყმელად წავა, იგი ხმალამოღებული მიაჭენებს ცხენს, ვინაიდან უმისოდ მებრძოლები ასეთი აღტკინებით ვერ მიდიან“.
ქართული არტილერიის შესახებ საინტერესოა აგრეთვე 1786 წ. ცნობა პოლკ. ბურნაშოვისა, რომელიც წერდა: „ქართველების არტილერია მოძრაობს ხარებით და თუმცა ის არც თუ მთლად სწორად არის მოწყობილი და არც მთლად წესრიგშია, მაგრამ ის მაინც შიშის ზარს გვრის მეზობელ მტრებს, რადგანაც ამათ არა აქვთ საველე არტილერია. ახლა მეფეს 12 საკუთარი ზარბაზანი აქვს, ჩამოსხმული ტფილისში. თოფის წამალს თვითონვე ამზადებენ, მაგრამ პროპორციის უცოდინარობის გამო, ძალიან ცუდი ხარისხისაა“.
ქართლ-კახეთის ჯარის შინაგანი განრიგის შესახებ იგივე პოლკ. ბურნაშოვი წერდა: ქართველებს ჰყავთ ქართლ-კახეთში სამი სარდალი (2 ქართლისა და ერთი კახეთისათვის), კათალიკოზს ჰყავს თავისი სარდალი, არიან მარჯვენა და მარცხება ფრთის გენერლები (იგულისხმებიან ქართლის ზემოთ დასახელებული სარდლები), არის არტილერიის უფროსი თოფჩიბაში, მეფის უფროსი და უმცროსი ადიუტანტები მინბაშები, ანუ ათასისთავები, ხუთასისთავები, ასისთავები, იასაულები და მედროშეები. თუმცა ისინი ყველა თანამდებობის პირნი არიან, მაგრამ არასოდეს იმყოფებიან თავის ადგილზე და ლაშქრობისას ყოველთვის მეფესთან ჯგუფდებიან. მათი ხელქვეითები ლაშქრობის დროს თავის ნებაზე დაეხეტებიან და ყოველგვარი წესრიგის გარეშე დგებიან. ამ უკანასკნელთა ბანაკი ჰგავს სავაჭროდ შეკრებილ გლეხთა შეყრილობას. არ გააჩნიათ არც მეწინავე რაზმები, არც ცალკე ყარაულები, ამიტომ ღამე არ იქნება, რომ ბანაკიდან ცხენებს და ზოგჯერ ადამიანებსაც არ იტაცებდნენ. თვითონაც ასე იქცევიან საკუთარი მტრის ბანაკის მიმართ. სურსათს წინასწარ არ იმზადებენ. ლაშქრობისას ყველას თან მიაქვს სურსათი შეძლებისდაგვარად, რის გამოც ხშირად შიმშილობენ, ზოგჯერ კი, თუმცა იშვიათად, (ბანაკში) სურსათი თბილისიდან მიაქვთ. ამიტომ ლაშქრობის დროს პურს და სხვა საკვებს სოფლებში კრებენ განურჩევლად და განრიგის გარეშე. სურსათის ნაკლებობაც იმის მთავარი მიზეზია, რომ მეფეს არ შეუძლია თავისი ჯარი დიდხანს გააჩეროს ველზე. სამხედრო სიმკაცრე და მორჩილება სრულებით არაა და ამიტომაც ჯარების ყოფნას და ლაშქრობას თავხედურ მოქმედებათა გამო, საკუთარი ქვეყნების აოხრებაც კი მოსდევს. ერთადერთი გასამრჯელო იმათთვის, ვინც ჯარში იმყოფება, დავლა და ნაძარცვია“.
ასეთი იყო ქართლ-კახეთის სამხედრო ძალები 1780-იან წლებში. ისინი ბევრად არ განსხვავდებოდნენ მეზობელი ქვეყნების (ოსმალეთის გარდა) სამხედრო ძალებისაგან.
სულ სხვა სურათს ვხედავთ იმავე ქართლ-კახეთში უკვე 1790-იან წლებში, როდესაც თეიმურაზ ბატონიშვილი (ცხადია, უმთავრესად დავით ბატონიშვილის გადმოცემის მიედვით) 11 სექტემბრის დილისათვის კრწანისის ველზე ქართველების დისპოზიციაზე მოგვითხრობს და დასძენს: „ყოველთა მხედრობათა მეფისათა (ისინი განყოფილ იყვნენ ექვს გუნდად) იყვნეს ქვეითნიცა და ცხენოსანნიცა, დაწესებულ კანონიერად თვის-თვისთა მძღვანთა ჴელსაქვეშე“. ცალკე მდგარან საველე არტილერია და მსუბუქნი ზარბაზანნი“ (ე. ი. ზამბურაკნი) „ყოველთა იყვნენ მხედრობათა მეფისათა. მასასადამე, კრწანისის ველზე ქართველთა ჯარი დაწყობილი იყო გუნდებად, რომლებიც შესდგებოდნენ „კანონიერად დაწესებულ“ „ქვეით და ცხენოსანთაგან“, იყო, მაშასადამე, მწყობრები, რომლებსაც რაღაც წესით განლაგებული ჰქონდათ ზამბურაკებიც.
თბილისის კატასტროფიდან ხუთი თვის შემდეგ, 1796 წ. თებერვალში, ალექსანდრე და დავით ბატონიშვილები 3 ათასი კახელით და თათრებით გაგზავნილი იქნენ განჯის ასაღებად და იქიდან თბილისიდან წასხმული ტყვეების გასათავისუფლებლად. მარტში განჯას სამი ათასი კაცით მიადგა ყარაბაღის ხანი იბრაიმი, რომელსაც არ სურდა, რომ განჯაში მარტო ქართველები შესულიყვნენ. ამიტომ ქართველთა ჯარი თითქმის დაიშალა და უკანვე იქნა გამოშვებული.
იმავე წლის მაისში განჯას ახლა ერეკლე მეფე გაემართა 7 ათასი კაცით. თეიმურაზ ბატონიშვილი ერეკლეს ამ ლაშქრობის გადმოცემისას წერს: „ოდეს მოიწია გაზაფხული, მეფემან ირაკლი უბრძანა და წარავლინა ძის ძეი თვისი დავით მეწინავეთა მხედართა განჯას ზედა და შეუდგნა მას კუალად სხვათა მხედრობითა ძე თვისი ალექსანდრე, და მივიდნენ ასე მეფის ძენი განჯას და აიღეს ქალაქი განჯაი. წელსა 1796-სა, აპრილის 3-სა, დღესა ხუთშაბათსა.
მაშინ იბრეიმხან ყარაბაღისა მისრულიყო მახლობელად განჯისა და დასდგა ქურაქჩაისა მდინარესა ზედა, რომელი შორავს განჯასა ორისა მილითა, ე. ი. ათოთხმეტი ვერსითა. ხოლო ჯავადხან, ვინაიდგან სასახლეცა თვისი აქვნდა ციხესა შინა და ყოველნი სახლეულობანი მისნი ჰყვეს მისთანა, განამაგრნა მან ციხეჲ. ჰყვეს მას მეციხოვნენი გამოცდილნი და გულოვანნი და აქვნდა საჭმელთა სიმრავლე და სახმართა ყოველთავე ციხისათა ადრიდგანვე მზადებულნი. გარე შემოუზღუდნეს ციხეი მხედრობამან მეფისძეთამან. ხოლო იხილა – რა ხანმან ყარაბაღისმან იბრაიმ ესე, მოვიდა და დასდგა ერთ კერძო გარე ქალაქის განჯისა, ადგილისა, რომელსა ეწოდების იმაზადა. და არა მოვიდეს ესენი ბრძოლასა ზედა ციხისასა, ვინაიდგან იყვნენ ყარაბაღელნი ყოველნივე ცხენოსანნი მხედარნი და არა მკვირცხლნი და არცა აქვნდათ მათ ზარბაზანნი“...
„ამის შინა მოვიდა ყოვლითა მხედრობითა თვისითა მეფე ირაკლი და ჰყვეს თანა ძენი თვისნი, პირმშო და მემკვიდრე გიორგი და მისი ძენი იოანე და ბაგრატ. აქვნდეს კახთა მხედრობასა ურემნი მრავალნი საზრდოჲთა აღსავსენი და კაცნი მებრძოლნი ფრიად რჩეულნი და აქვნდა სახილველობა მხედრობასა მას და ურემთა მათთა ფრიად ზარის საცემელი მტერთა. ურემნი მათნი იყვნეს დიდ (ვითარცა არის ჩვეულებისამებრ) და ყოველსა ურემსა ებნეს თვითოეულსა ოთხ-ოთხნი ხარნი და კამბეჩნი. თვითოეულსა ურემსა ზედა იყვნეს კაცნი ოროლნი თოფოსანი და სრულიად ყოვლითა საჭურველითა მკვირცხლითათა შეჭურვილნი. ხოლო ურემნი იგი იყვნეს ვიდრე რვა ათასამდე (8000) და აქვნდათ ურემთა ზედა ყოველნივე საჭურველნი მოსახმარებელნი ციხისა აღებისათვის და იარაღნი. და გარდა ამისა, ჰყვეს მეფესა სხვანიცა კვალად უმეტესნი მხედარნი ქვეითაგან და რჩეულთა მხედრობათა ცხენოსანთაგანი მრავალნი.
ურემთა მათ აქვნდათ გაწესებაჲ თვისი, თუ ვითარ და სადა, რომელსა კერძოსა შემთხვევისამებრ წინააღმდეგობისა და ადგილისა, დასდგებოდეს იგინი ბრძოლისა ჟამსა და თვითეული კაცი ურმისა მის წარვიდოდეს ბრძოლად პირისპირ მტერთა. ხოლო თვითეულ დადგრებოდა ურემსა თვისსა და ოდესცა დაშვრებოდეს ბრძოლისაგან ბრძანებისამებრ მხედართ-მძღვანთა თჳსთათა მოიქცეოდეს ურემთა მიმართ და სხვა შესვენებულნი ურემთა მყოფნთ მოვიდოდეს ბრძოლად.
გარნა არცა ერთსა მებრძოლთაგანსა ძალ-ედვა თავით თვისით მიქცევა ანუ უკუნ-ქცევაჲ თვინიერ ბრძანებისა უფროსთა თვისთა. მაშინ ოდესცა უბრძანებდეს მათ მხედართ-მძღვანი. ხოლო ბანაკთა შინა აქვნდათ იგი გარემო ბანაკსა – გარემო მოხვეულნი, ვითარცა ზღუდე რაჲმე და ზედა-დასხმისაგან მტერთასა არა რაჲმე აქვნდათ შიშნი.
ვითარცა მიეახლა მეფე განჯას, მოეგება მეფესა იბრეიმ-ხან და მიიღო იგი მეფემან შესაბამითა პატივისცმითა და შეიტკბო იგი ფრიად. ხოლო ვითარცა იხილა იბრეიმ-ხანმა ესოდენი ძლიერება და დიდებული მისვლა მეფისა, დაუკვირდა ფრიად, და ვითარცა მძრწოლარე ეგრე იქნა ხილვასა მას ზედა მეფისა და მხედრობათა მისთასა“.
ამ ცნობაში რიცხვი „სხვა ათასი ურემი“ აშკარად გაზვიადებულია. ამ ამბების დეტალური მცოდნის, რუსი პრემიერ-მაიორის ვერდერევსკის სტყვით, ერეკლეს განჯასთან მიყვანილი ჰყავდა 7 ათასი კაცი, თეიმურაზის მიხედვით კი ისე გამოდის, რომ ქართველთა ჯარში უნდა ყოფილიყო მარტო ქვეითი (8 ათ. × 2) 16 ათასი, რაც, რასაკვირველია, გაზვიადებულია. შესაძლებელია თეიმურაზს მისმა ინფორმატორებმა მისცეს ცნობა, რომ ერეკლეს ჯარში იყო 8 ათასი კაცი, მან კი, შეცდომით ეს რიცხვი ურმების რაოდენობის მაჩვენებლად მიიღო. ვერდერევსკის მიერ დასახელებული ჯარის რიცხვი (7 ათასი კაცი) უფრო რეალური ჩანს.
ჩვენი მსჯელობისათვის ზემოხსენებულ რიცხვითს მონაცემებს და ინფორმაციას ტაქტიკურ ერთეულთა შესახებ გარკვეული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან გვიჩვენებს, რომ 1788–1794 წწ. ერეკლეს სამხედრო სფეროში თვალსაჩინო ცვლილებები ჩაუტარებია.
ამასთანავე შექმნილა კარგად შეიარაღებულ და გაწვრთნილ თარხან-მსახურთა მუდმივი კონტინგენტი, დანარჩენ ჯარში კი ნაწილობრივ მაინც დამყარებულა სამხედრო დისციპლინა, რომელსაც ამყარებდნენ მინბაშები (ათასისთავები), ხუთასისთავები და იუზბაშები (ასისთავები). შეუქმნიათ, აგრეთვე, კარგი აღალი ურემ-საბარგულებით, სურსათის და იარაღ-საჭურვლის მარაგი და სხვ.
ჩანს, აღა-მაჰმად-ხანის დასახვედრად ქართლ-კახეთის ხელმძღვანელობა ემზადებოდა ყოველი ღონით, რისი გაკეთებაც კი მოკლე დროში და მისი სამხედრო პოტენციალის შესაბამისად იყო შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ქართლ-კახეთს მესვეურები სამხედრო ძალების რეორგანიზაციისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ საარტილერიო საქმის გაუმჯობესებას. ეს თვით ერეკლე II-ის ინიციატივა იყო; თუ ამ საქმეში თავისი წილი მიუძღოდა მეწინავე (პირველ) სარდალს დავით ორბელიანს, არა ჩანს.
XVIII საუკუნისათვის არტილერიის თავისებური მასწავლებლები წინა აზიისა და კავკასიისათვის იყვნენ ამ დროის ორი მაშინდელი მთავარი სახელმწიფო მსოფლიო ასპარეზზე – ინგლისი და საფრანგეთი. ასე მაგალითად, ლუთფ-ხან ზენდს არტილერიის ინსტრუქტორებად ინგლისელები ჰყავდა, აღა-მაჰმად-ხანს კი ფრანგი სპეციალისტები. ერეკლე II-ს კი ამ დროს ჰქონდა ჯერ ათი, შემდეგ კი თხუთმეტ ზარბაზნიანი არტილერია. ჩვენში ზარბაზნები, ისე როგორც სპარსეთში, ხარებით დაჰქონდათ. არტილერიის მომწყობი იყო რუსეთში საარტილერიო საქმეში განსწავლული თავ. პაატა ანდრონიკაშვილი, რომელიც აქ არტილერიის უფროსი (თოფჩიბაში) იყო. ეს არტილერია თავდაპირველად რუსულ წესზე იყო მოწყობილი. თოფჩიბაში იწოდებოდა მაიორად, შემოვიდა აგრეთვე წოდებულებანი აფიცერი, შარჟანტი. იმ ხანებში არტილერიაში ორასამდე კაცი მსახურობდა, რომელთა შორის ქართველების გარდა იყო რუსი დეზერტირების, ანდა ტყვეობიდან გამოსყიდული რუსების ნაწილი. სულ ასეთი რუსები 1795 წელს ქართლ-კახეთში 375 კაცს შეადგენდნენ.
ასეთი იყო არტილერიის ოდენობა ქართლ-კახეთში 1792 წლამდე, მაგრამ როდესაც ამ წელს რუსეთმა უარი თქვა ერეკლესთან თავისი ჯარის გამოგზავნაზე, ამ უკანასკნელმა, ეტყობა, ახალი ღონისძიებები გაატარა არტილერიის გასაუმჯობესებლად. ეს იქიდან ჩანს, რომ კრწანისის ველზე საველე ბატარეა უკვე 19 ევროპულ სარბაზანს ითვლიდა. თანაც თბილისის ციხის არტილერისტებიც ინგლისური წესით ყოფილან გაწვრთნილნი (სერობის ცნობა).
ზემოთ მითითებულიდან ჩანს, რომ ჩვენში სამხედრო საქმეში შემოსულა ინგლისური გავლენა. ეს გარემოებაც, რომ ერეკლეს, ეტყობა, თავისი არტილერიის გარდაქმნაში ინგლისელები უნდა გამოეყენებინა, თავის მხრივ დიდად აღაშფოთებდა აღა-მჰმად-ხანს, რომელიც ფრანგებთან იყო დაკავშირებული, და რუსეთსაც, რომელიც უკმაყოფილო იქნებოდა იმით, რომ მისმა ხელდებულმა ერეკლემ ინგლისელები გამოიყენა. როგორც ეტყობა, რუსეთიდან დახმარების შესახებ უარის მიღების შემდეგ ერეკლეს ურთიერთობა დაუმყარებია ირანის გამგებელ ლუთფ-ალი-ხანსა და მის მმართველობასთან, რასაც შედეგად მოჰყვა ევროპულ წესზე არტილერიის გაწყობა და ინგლისელი ინსტრუქტორის ჩამოყვანა თბილისში. მართალია, თბილისში ადრეც ჰქონდათ ზარბაზნების ჩამოსახმელი ქარხანა, მაგრამ ახლა მათი დამზადება ევროპული ქვემეხების მსგავსად დაუწყიათ. უკვე ამ დროს ქართველი თოფჩიბაში პაატა ანდრონიკაშვილი ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ ერთი მაიორის ნაცვლად ახლა უკვე იხსენიება ორი – პრემიერ-მაიორი, ე. ი. პირველი მაიორი (ფრანგულად) და სეკუნდ-მაიორი, ანუ მეორე მაიორი (ფრანგულადვე). პრემიერ-მაიორი იყო გაბრიელ არეშიშვილი, რომელიც წინათ რუსეთში ნამყოფი იყო და იქ სწავლობდა საარტილერიო საქმეს, მაგრამ, ეტყობა, არტილერიის ინგლისურ წესებსაც იცნობდა. ამავე ხანებში სეკუნდ-მაიორად იყო თავ. გიორგი გურამიშვილი. მასაც არტილერიის საქმე რუსეთში ჰქონდა ათვისებული და იგი ქართული საველე არტილერიის მესვეურებისთვისაც უნდა ესწავლებინა. ინგლისურ წესზე განსწავლა კი უფრო 1790–1794 წლებში უნდა მომხდარიყო. ქართული არტილერიის ევროპულად მოწყობის საქმეში მონაწილეობდა, აგრეთვე ავსტრიელი გერმანელი ოსიპ გეტინგი, რომელიც 1784 წელს 17 წლის დავით ბატონიშვილის მასწავლებლად იქნა მოწვეული. მან იკისრა ქართული არტილერიის რეორგანიზაციაში მონაწილეობაც. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს გეტინგი დაჭრეს, იგი ტყვედ ჩავარდა და წაყვანილ იქნა თეირანში. აღა-მაჰმად-ხანმა მას წინადადება მისცა სპარსეთის სამსახურში შესულიყო, მაგრამ მან უარი განაცხადა. იგი უკანვე დააბრუნეს საქართველოში, სადაც 1796 წელს ერეკლემ იგი დანიშნა არტილერიის კაპიტნად. ქართლ-კახეთში რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ გეტინგი ერთხანს მესაათეობას ეწეოდა, შემდეგ კი დავით ბატონიშვილის მიწვევით პეტერბურგში გადასახლდა.
ოსიპ გეტინგი ამასთანავე იყო შესანიშნავი მხატვარი. მას ეკუთვნის ერეკლე II-ის, დარეჯან დედოფლის და ზოგი სხვა პირის, კერძოდ, გიორგი XIII-ის საუკეთესო სურათები.
საარტილერიო საქმის რეორგანიზაციაში გეტინგის გარდა სხვა პირიც ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ მისი ვინაობა არ ვიცით.
როგორც აღვნიშნავდით, 1780-იან წლებში ქართლ-კახეთის არტილერიის ხელმძღვანელი (თოფჩიბაში) იყო რუსეთში სწავლამიღებული თავ. პაატა ანდრონიკაშვილი.
ს. ქიშმიშევი 1795 წლისათვის ქართული არტილერიის უფროსად რუსეთშივე ნასწავლ თავ. ამატუნს ასახელებს. მართალია, ეს ამატუნი სხვაგან არ იხსენიება, მაგრამ მისი თოფჩიბაშობა გამორიცხული არაა. გიორგი XIII-ის დროს თოფჩიბაშს უკვე ეწოდებოდა რუსეთის გზით შეთისებული გერმანული სახელწოდება – ფელდცეიხმეისტერი. ამ თანამდებობაზე მაშინ (ალბათ ამათუნის შემდეგ) იოანე ბატონიშვილი იყო.
როგორც მივუთითებდით, ერეკლე არტილერიას ბრძოლის ველზე გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. მის ამ აზრს კარგად გადმოსცემს მეფის მიერ 1795 წ. ქეშიკჩიბაშის იოანე აბაშიძესთან გაგზავნილი წერილი: „შენ ხომ იცი, ჩვენ ჯარში ყოფნა როგორ გვინდა. ჩვენი სარქარდობა აქედან ამას ში[ნ]ჯავს, თუ ისინი გამოვიდნენ და ომი მოუხდესთ, თქვენ მინდორზე შებმას ეცადენით. კინკლაობასა და იმათსავით თოფების მიშველებასა და ისე შებმას დაეხსენით. თქვენ ერთიანათ თქვენის ძალით, ღვთით, მიაწექით და ზარბაზნები წინ მიიძღვანეთ. ქვეითი კაცი იბრეიმ-ხანსაც ბევრი ეყოლება. ცხენოსანიც რომ დააქვეითოთ და ისე მიხვიდეთ, ზარბაზნებიც წინ მიიძღვაროთ და ომი ზარბაზნებს დააცალოთ. ჩვენი გონება ამას უმჯობესათ ხედავს. რომ, ღვთით, ამ გზით შეებათ. ჩვენ ეს სიტყვა მირზა-გურგინასაც დავაბარეთ, რომ იბრაიმ-ხანს მოახსენოს და ეხლა შენთვისაც ეს მოგვიწერია, თქვენ რომ არ აუჩქარდეთ, დააცალოთ, ისინი თქვენზე მოიყვანოთ და თქვენ იმათზე არ მიხვიდეთ ისი სჯობს, რომ ისინი თქვენზე მოსვლით დაღალოთ და ღვთით თქვენ იმ დაღალულს ერთიანათ შეებათ. ისინი აქეთ-იქიდან ტანებას დაგიწყებენ, თქვენ ზარბაზნის სროლის მეტს ნურას იქთ. ისინი ამაში რომ დაიღლებიან, მასუკან ერთიანათ მიაწევით და, ღვთით, თან გავიტანთ“.
ამ ტაქტიკას ადგა, როგორც ვნახავთ, ერეკლე კრწანისის ომშიც.
ქართლ-კახეთის საბრძოლო აქციებში ხშირად დაქირავებული ჯარები და მეზობელი ქართული სამეფოების ლაშქარიც მონაწილეობდა ხოლმე.
ასე, მაგალითად, ყარყუთა-კრწანისის ომში იმერლებიც მონაწილეობდნენ. იმ ხანებში იმერეთს კომლზე ერთი კაცის გაწვევით სალაშქროდ შეეძლო გამოეყვანა 15 ათასი მეომარი, ოდიშის მთავარს – 10 ათასი, გურიისას – 3 ათასი.
იმერეთის ჯარი, მებრძოლთა პირადი მამაცობის მიუხედავად, ტაქტიკური მომზადებითა და ორგანიზებულობით ქართლ-კახეთის მხედრობის საუკეთესო ნაწილებს ერთობ ჩამოუვარდებოდნენ.
* * *
ჯერ კიდევ მაშინ, როცა აღა-მაჰმად-ხანი ებრძოდა ტახტის კანონიერ პრეტენდენტს ლუთფ-ალი-ხანს, ყაჯართა ბელადთან მყოფი კონფიდენტის (აგენტის) ცნობით (ცნობა ეკუთვნის 1791 წელს), აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარი ითვლიდა 45 ათასამდე კაცს, რომელთაგან 25 ათასამდი ჯამაგირს იღებდა, დანარჩენები კი უჯამაგიროდ იყვნენ და სამხედროებს არ ეკუთვნოდნენ. ქვეითებს ჰქონდათ მეტწილად პატრუქიანი თოფები, ცხენოსანი ჯარი კი ჩახმახიანი თოფებით იყო შეიარაღებული. დიდი ზომის თუჯის ზარბაზანი გააჩნდათ შვიდი, მათ სამბორბლიანი ლაფეტები ჰქონდათ და ბორბლები ღერძთან ერთად ტრიალებდნენ. თითო ზარბაზანს უბამდნენ ოთხ წყვილ ხარს, ორ ზარბაზანზე ჰქონდათ ერთი ყუთი ყუმბარები. ჰყვდათ, აგრეთვე, 50 აქლემი, ისე რომ, თითო მათგანზე იდგა ორ-ორი ზამბურაკი (ე. ი. მცირე ზარბაზანი, ფალკონეტი), რომელთაც სათითაოდ ჰყავდათ მსროლელები. სურსათის მუდმივი მარაგი არ გააჩნდათ, გაგზავნილნი პირნი სოფელ-სოფელ კრებდნენ პურს და აწვდიდნენ მას ლაშქარს.
ერთ-ერთ ბრძოლაში აღა-მაჰმად-ხანი სასტიკად დამარცხდა და მთელი თავისი შეიარაღებაც დაკარგა. დაახლოებით ასეთივე ძალით იყო აღჭურვილი ჯარი აღა-მაჰმად-ხანისა 1795 წლისათვის, როცა ის უკვე მთელი ირანის მბრძანებელი იყო.
მალკოლმის სიტყვით, აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარი მისი შაჰობის დროს შედგებოდა არარეგულარული ცხენოსანი და ამგვარივე ქვეითი ჯარისაგან. მას ჰქონდა რამდენიმე მძიმე ზარბაზანი და ზამბურაკი, ანუ მცირე ზარბაზანი, რომლებიც აქლემებით დაჰქონდათ.
სამხედრო ორგანიზაციის მხრივ იმდროინდელი სპარსეთი აშკარად ჩამოუვარდებოდა ქართლ-კახეთს. გარდა ამისა, სერობის ცნობით, აღა-მაჰმად-ხანის ჯარში, როდესაც ის თბილისზე მოდიოდა, იყვნენ მშვილდ-ისრით შეიარაღებულნიც, ქართველები კი ამ დროს მშვილდ-ისარს აღარ ხმარობდნენ. ამასთანავე ქართველებს ჰყავდათ მუდმივი ჯარის მაგვარი მსახურ-თარხანთა ლაშქარი და ჰქონდათ ძლიერი სავალე და საციხო არტილერია. აქედან ჩანს, რომ იმჟამინდელი ქართლ-კახეთის სამხედრო ორგანიზაცია გაცილებით უფრო მაღალ დონეზე იდგა, ვიდრე სპარსეთისა, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ ქართლ-კახეთის სამეფო მცირე ქვეყანა იყო, რომლის დაცვა თავის ზურგზე გადაჰქონდა სულ რაღაც 22 ათას კომლს, ე. ი. დაახლოებით 150 ათას ორივე სქესის ქართველს.
III. ომი
1. ქართლ-კახეთის სამეფო ემზადება ირანის აგრესიისგან თავის დასაცავად
შეიტყვეს თუ არა ქართლ-კახეთში, რომ აღა-მაჰმად-ხანი სალაშქროდ უკვე დაძრულიყო, ერეკლე II-მ ჯარების შეკრება გადაწყვიტა. ანგარიშობდნენ, რომ ქართლ-კახეთიდან მოგროვდებოდა 36 ათასი მოლაშქრე (თუ 16 ათასი ? – ი. ხ.), ყაზახ-ბორჩალოდან და შამშადილიდან 10 ათასი, ამდენივე იმერეთიდან. ამასთანავე აპირებდნენ დაქირავებული ჯარის მოყვანას დაღესტნიდან, რომლის თავკაცებთანაც საამისოდ წინდაწინვე მოლაპარაკება იყო გამართული.
სამწუხაროდ, რეალურად, ჯარი ძალზე ცუდად იკრიბებოდა: ისე რომ, აგვისტოს ბოლოს თბილისში თავი მოიყარა სულ რაღაც ორი ათასმა მეომარმა. მხოლოდ იმერეთის მეფემ სოლომონმა მოიყვანა ნაწილ-ნაწილ 4 ათასი კაცი.
იმერთა მიერ თანამოძმეებისადმი დახმარების საკითხი იმთავითვე დაისვა სოლომონ II-ის კარზე მოწვეულ თათბირზე, სადაც ზურაბ წერეთლის გარდა ყველა იმ აზრისა იყო, რომ დაუყოვნებლივ მიშველებოდნენ ერეკლეს.
ზოგიერთი მერყევი პიროვნების გასანეიტრალებლად სარდალმა ქაიხოსრო წერეთელმა იმერთა თათბირს წარუდგინა ზაქარია ანდრონიკაშვილის შემდეგი შინაარსის წერილი: მეფე ერეკლეს მოღალატეები გამოუჩნდნენ, აქ ხელს უშლიან, გააფრთხილეთ სოლომონ მეფე, რომ ამ პირთ მანდაც ხელი არ მიაწვდინონ და საქართველო არ დაიღუპოსო. ამ ხელის შემშლელთა ბრალი იყო, რომ სოლომონ მეფემ მარტო 2 ათასი იმერელი წაიყვანა, რის შემდეგაც მას ახალი ჯარი იმერეთიდან აღარ მისვლიაო („კვალი“, 1895 წ. # 40).
ეს ცნობა ზუსტი არ უნდა იყოს. დოკუმენტური მასალით დასტურდება, რომ იმერლების ჯარი ქართლში ნაწილ-ნაწილ შემოდიოდა და სულ 4 ათასზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. თბილისის მელიქის შვილის (შემდეგში მელიქის) დარჩია ბებუთოვის (ბებუთაშვილის) მიერ 1795 წლის 30 ივნისს თბილისიდან გაგზავნილ ერთ კერძო წერილში ვკითხულობთ: „ბატონიშვილი ალექსანდრე [ჯარით] ხომ დიდი ხანია გოგჩაზე ბრძანდება და ახლაც მისი უგანათებულესობა ბატონიშვილი იულონ და მუხრანის-ბატონი, ამილახვერი – ეს სარდლები უმაღლესობამ გამოისტუმრა. არტილერიაც სრულის ძალით გამოდგა. ღვთით და უმაღლესობის დოვლათით ვნახოთ, რას იმოქმედებს. გუშინ განჯიდამ კაცი მოვიდა ჯავათ-ხანისა, რომ აღა-მაჰმად-ხან ყარაბაღში მოვიდაო. ეს საეჭვო არის, სარდალი კი იქნება, რომ მოსულიყოს. აქ დიდრონი ჯარები იყრება. პირიქით ლეკის ჯარი სულ ხვალ ან ზეგ შემოვა და იმერელიც ახლა ქართლს მოსული იქნება“.
ლეკები სინამდვილეში არ მოსულან, რადგანაც, ჩანს, მათთან მოლაპარაკებები ჩაიშალა და თან აღა-მაჰმად-ხანიც ცდილობდა მათ გადმობირებას და ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას (თითო კაცზე ჰპირდებოდა ათ თუმანს).
1795 წლის 18 ივლისს, ერთი საბუთის მიხედვით, ერეკლე გახარებული იყო, რომ ალექსანდრე ბატონიშვილმა მოახერხა და ელი ჩამოიყვანა. ამით მისი მდგომარეობა ერთგვარად უმჯობესდებოდა, რამდენადაც ყაზახის და ყარაბაღის ხალხი შიმშილს უჩიოდა და საჭირო იყო მათი მდგომარეობის ერთგვარი შემსუბუქება.
ამ დროს იმერეთის მეფე სოლომონიც გორს უნდა ჩამოსულიყო. მან ერთგვარად შეიგვიანა, იმიტომ, რომ მას უნდა წამოჰყოლოდა დადიანიც, მაგრამ იგი წყალდიდობამ შეაჩერაო.
იმერეთის სარდალი ქაიხოსრო წერეთელიც ათას ხუთასი კაცით უკვე ფცასთან იყო ჩამოსული.
რამდენიმე სიტყვით, სოლომონ II-ის დამოკიდებულებაზე ლიხთიქითა მთავრებთან.
წინა წელს სოლომონ II-მ გადააგდო ოდიშის მთავარი გრიგოლ დადიანი (ერეკლეს ძის გიორგი ბატონიშვილის სიძე), რომლის მაგივრადაც დადიანად დასვა ძმა მისი მანუჩარი. გრიგოლ დადიანმა მოიყვანა აფხაზები და სვანების ჯარი და მათი დახმარებით კვლავ დაიბრუნა მთავრობა. მაშინ სოლომონი თავისი ჯარით ჩავიდა ოდიშში და დაამარცხა გრიგოლი, რომელიც ოჯახიდან (თუ ოჯახიანად ? – ი. ხ.) მაშინ ოსმალთა ხელთ მყოფ ფოთში გაიქცა. მანუჩარი კვლავ გადადიანდა.
იმავე 1794 წელს სოლომონ II-მ გურიის მთავარი ვახტანგიც გადააყენა და მის მაგივრად მთავრად გამოაცხადა მცირეწლოვანი მამია, რომელსაც აღმზრდელად და მეურვედ ქაიხოსრო გურიელის ძე მიუჩინა.
ამგვარად, იმერეთში მდგომარეობა დაწყნარებული არ იყო. ყოველ დღე შეიძლებოდა რაიმე ახალი მტრული გამოსვლები. ამიტომ ქუთაისის ქვემოთ მდებარე იმერეთიდან ჯარის ერეკლესთან წამოყვანა არ მოხერხდა.
იმერეთის ჯარი, როგორც ეტყობა, ივნისის ბოლოდან ქართლში ნაწილ-ნაწილ შემოდიოდა, ივლისის ბოლოს კი თბილისში სოლომონ მეფე ორი ათასი კაცით მოვიდა. ამ რიცხვს ასახელებს იმერთა ჩამოსვლისა და მათთან შეხვედრის მოწმე არტემ არარატელიც, რომლის ცნობითაც, იმერლები ორი ათასიც არ იყვნენ. თბილისელები კი, მისივე სიტყვით, ამბობდნენ: იმერლები რვა ათას კაცამდე მოვიდნენო. აქ იგულისხმება იმერთა მთელი ჯარი, ისინიც, ვინც ადრეც ჩამოვიდნენ.
ერეკლე თავის შვილიშვილს ქალაქგარეთ შეეგება, ცხენიდან ჩამოხტა და ისე მოეხვია სოლომონს. ციხიდან იმერლების მოსვლის აღსანიშნავად ზარბაზნები ისროლეს, საღამოს კი ქალაქი გაჩირაღდნებული იქნა.
სერობის სიტყვით, ერეკლე თავის შვილიშვილს შეხვდა ქალაქგარეთ დიდი ამბით; მთელი მისი ჯარით, მდივანბეგებით და მდივნებით, ქალაქის მოურავ-მელიქით, მოურავებით და, საერთოდ, ყველა თავისი წარჩინებულით. იმავე სერობის ცნობით, ჩამოსული იმერლებიდან მალე ბევრი წავიდა და დარჩა მხოლოდ ათასი კაცი.
დავით თუმანიშვილის მიხედვით კი (რაც უფრო სწორი უნდა იყოს) იმერლებს მუცლის სახადი დარევია, რაც ივლისში, მართლაც, ადვილი მოსალოდნელი იყო. სხვა ცნობით, იმერლებს მუცლის სენი იმიტომ შეეყარათ, რომ პურის ჭამას არ იყვნენ მიჩვეული. ჩვეულებრივ ჭადისჭადს და ღომს ხმარობდნენ, რის გამო ბევრი იმერელი დაიხოცა, ბევრიც ისე დასუსტდა, რომ მეომრად ვეღარ გამოდგებოდა. ცხადია, დაავადებულებსა და დასუსტებულებს უკან, იმერეთშივე, აბრუნებდნენ. სოლომონმა, სერობის სიტყვით, თბილისში 12 ათასი მეომარი მოიყვანა; რუს პრემიერ-მაიორის ვერდერევსკისათვის 1796 წელს ქართველების მიერ მიწოდებული ცნობით კი – 8 ათასი, მაგრამ უფრო სწორი უნდა იყოს დავით თუმანიშვილის ცნობა, რომ იმერლები 4 ათასი კაცი მოვიდნენ.
ცხადია, თბილისში ყველა იმერელი არ ჩამოუყვანიათ და მათგან დაახლოებით ორი ათასი ქართლში იქნა დატოვებული. ეს მოხდებოდა ამ ჯარის სურსათით უკეთ მომარაგების მიზნით.
ერთი ცნობით, იმერლები (ე. ი. მათი ნაწილი) მოთავსებულ იყვნენ კრწანისში და კოჯორშიც, რაც სავსებით შესაძლებელია, რადგან კოჯრის მიდამოებს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. თბილისზე სამხრეთიდან მოვლით ის იცავდა გადასასვლელს სოლოლაკის მიმართულებით.
კრწანისშივე, იქ, სადაც იმერთა ლაშქრის ნაწილი ჩააყენეს, დაბანაკებული იყო ქართლ-კახეთის მხედრობის 2 ათასამდე კონტინგენტი.
სამწუხაროდ, მათში იმთავითვე სუსტი იყო დისციპლინა, რასაც განსაკუთრებით ამძიმებდა ღვინის სმა. ეს მეომრები იდგნენ, გადმოგვცემს არტ. არარატელი, „კრწანისში, სადაც იშვიათი იყო უდავიდარაბო დღე. ვინც მათ ბანაკთან გაივლიდა, მას ამა თუ იმ სახით კლავდნენ, ხოლო თათრულ ან სპარსულ ტანისამოსში ჩაცმულს ჯაშუშად აცხადებდნენ. მიაბამდნენ სვეტსა, ან ზარბაზანზე და უწყალოდ სცემდნენ, ხოლო რაც ჰონდა, იმას კი ართმევდნენ. ცარცვავდნენ აგრეთვე მოსახლეობის ბინებს, საიდანაც ისინი შეწერით ღებულობდნენ პურს და ღვინოს. წესრიგით ვერ დაიკვეხნიდნენ იმერელი მხედრებიც. ღვინის სიჭარბე იყო ყველა არევ-დარევათა მიზეზი, როგორც ქართველები (ქართლ-კახელები), ისე იმერლები დილიდან საღამომდის მთვრალები იყვნენ“.
2. ლაშქრობა ყაზახზე
სწორედ იმ ხანებში, როცა ერეკლე ენერგიულად ემზადებოდა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისაგან თავდაცვისათვის და საამისოდ ჯარებს კრებდა, ქართლ-კახეთს უღალატა და განუდგა განჯის გამგებელი ჯავად-ხანი, რომელიც ერეკლეს მოხარკედ ითვლებოდა. ჯავად-ხანი საქართველოსაკენ გამოლაშქრებულ აღა-მაჰმად-ხანს მდ. არეზზე შეხვდა და ეს უკანასკნელი ყარაბაღში მიცილა. ჯავად-ხანის უკუდგომის მიზეზი ის იყო, რომ იგი უკმაყოფილებას იჩენდა ერეკლესა და ყარაბაღის მმართველის იბრეიმ-ხანის ურთიერთობისადმი, რაშიც მათ გაძლიერებას და თავისი თავისთვის საფრთხეს ხედავდა.
ჯავად-ხანი და მისი დიდკაცობა განაწყენებული იყვნენ იმის გამო, რომ ქართველებმა თავისად გამოაცხადეს შამშადილის მხარე. შემდეგშიაც, როდესაც ქართლ-კახეთში რუსული მმართველობა დამყარდა, განჯის სახანოს მმართველები პროტესტს აცხადებდნენ შამშადილის გამო და სწერდნენ, რომ ისინი არასოდეს დათანხმდებიან შამშადილის დათმობაზე. ამ მიზეზით განჯის ხანი იოლად გადაუდგა ერეკლე II-ს და აღა-მაჰმად-ხანს მიემხრო, მით უმეტეს, რომ მას სპარსელების დიდი ჯარისათვის წინააღმდეგობის გასაწევად არც ჰქონდა ძალა. ამას ემატებოდა ის გარემოებაც, რომ ყარაბაღის ხანი იბრეიმი მტრულად იყო განწყობილი განთავისუფლების მოტრფიალე ყარაბაღელი სომეხი მელიქების მიმართ, ერეკლე კი იბრეიმთან კარგად იყო. სხვანაირად ერეკლეს არც შეეძლო, ვინაიდან ეს კარგად ყოფნა მისთვის აუცილებელი იყო განჯისა და ერთგვარად ერევნის სახანოს შემოსამტკიცებლად, წონასწორობის დასამყარებლად აზერბაიჯანის ხანებს შორის.
ასეთ ვითარებაში სახანოების სომეხთა ერთ ნაწილში ერეკლესადმი მტრული ხმები ვრცელდებოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ერეკლე მომხრეა სომხები რუსეთშიაც კი იქნენო გადასახლებული. განსაკუთრებით აქტიურობდა ამ მხრივ მელიქი მეჯნუმი, რომელიც გაუთავებლად აქეზებდა ჯავად-ხანს და ჩააგონებდა: ერეკლესაგან ხიფათი მოგელისო.
სხვათა შორის, ყარაბაღელი მელიქებისა და აზერბაიჯანის სომხობის ამ პოზიციამ ერთგვარი გავლენა იქონია თბილისის სომეხთა დიდკაცობაზეც. ერთი მხრივ, ეს უკანასკნელები ერთობ დიდ იმედებს ამყარებდნენ რუსეთზე, მეორე მხრივ კი, ანგარიშს უწევდნენ აზერბაიჯანელი სომხების უკმაყოფილებას ერეკლესადმი, ამით აიხსნება, რომ თბილისის სომხობის გავლენიანი წრეები გულგრილად შეხვდნენ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევას და ზოგი მათგანი თბილისის დაცვის ინტერესების წინააღმდეგაც კი მოქმედებდა.
ასეთ ვითარებაში, იმ დროს, როცა აღა-მაჰმად-ხანი და მასთან მისული აზერბაიჯანის ხანები ყარაბაღის, შუშის კედლებთან იდგნენ, ერეკლემ გადაწყვიტა განჯის ხანი ჯავადი დაესაჯა და მისი სახანო მოერბია, რისთვისაც მეფის ძენი იულონი და ალექსანდრე იქნენ გაგზავნილები.
* * *
მიუხედავად ჯარის მცირე რაოდენობით შეკრებისა, ერეკლე მაინც იმ იმედს არ კარგავდა, რომ თბილისში ახალი ძალებიც მოვიდოდნენ, მაგრამ ამაოდ.
ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი, რომელიც გადამეტებული სიმსუქნით იყო ავად, სიღნაღში იმყოფებოდა და თუმცა ჯარის შეკრებას და თბილისში გაგზავნას ბრძანებდა, მაგრამ ჯარი არ იკრიბებოდა, ხოლო ვინც ცხადდებოდა, ისიც შემდეგ გზიდან იპარებოდა.
სახელმწიფო აპარატი სრულ დეზორგანიზაციას განიცდიდა.
ბატონიშვილთაგან თბილისში იმყოფებოდნენ მხოლოდ არაგვის ხეობის მფლობელი ვახტანგი, 300 კაცით, და ახალგაზრდა დავით და იოანე გიორგის ძეები.
ასეთ ვითარებაში ერეკლე დაადგა აქტიური თავდაცვის ტაქტიკას, რისთვისაც ვარაუდობდა არ დაეშვა სპარსელების მისვლა გოგჩის ტბის ჩრდილოეთით და განჯის სახანის მიმართულებით.
ყარაბაღში იბრეიმ-ხანის წინააღმდეგ შესულმა აღა-მაჰმად-ხანმა, რომელსაც 40 000 მებრძოლო ახლდა, ალყა შემოარტყა შუშას, მაგრამ ეს უკანასკნელი იმდენად გამაგრებული აღმოჩნდა, რომ ორი თვის იქ დგომის მიუხედავად ვერ აიღო.
აღა-მაჰმად-ხანი თავისი მხედრობიანად ყარაბაღში თითქმის ორ თვეს ჩარჩა. აქედან მან მოლაპარაკება განაახლა ერეკლესთან და, ბაგრატ ბატონიშვილის ცნობით, შესთავაზა მეფეს ჩამოშორებოდა რუსეთს და სანაცვლოდ სპარსეთის მორჩილება მიეღო, რისთვისაც მას ჰპირდებოდა უზენაესობას ამიერკავკასიის სახანოებზე, მათ შორის ყარაბაღზე, შაქზე და შირვანზე, გარდა ბაქოსა და თალიშის სახანოებისა, ე. ი. კასპიის ზღვის სანაპირო ნაწილისა. ერეკლემ მერყეობა დაიწყო, რადგანაც წინადადება ძალზე სარფიანი იყო, მაგრამ ბოლოს იგი მაინც ვერ ენდო აღა-მაჰმად-ხანს და მასთან შემდგომ მოლაპარაკებაზე უარი თქვა.
იმისთვის, რომ აღა-მაჰმად-ხანისთვის საქართველოში შემოსვლა შეეფერხებინა, ერეკლე მეფე ქართლ-კახეთისა და იმერეთის სულ 5-ათასიანი ლაშქრით სასწრაფოდ გაეშურა ყაზახისაკენ, სხვათა შორის ამ ლაშქარში, მისი გამხნევების მიზნით, თან წაიყვანეს თვით კათალიკოსი ანტონ II.
ერეკლემ ბრძანა ყაზახის მომთაბარეები (ელები), რომლებიც აქაური მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ, თავიანთი ლაშქრიანად აეყარათ და მის სამეფოში გადმოეყვანათ.
9 სექტემბერს, როგორც ქვევითაც ვნახავთ, ყაზახიდან ქართლ-კახეთისაკენ წამოყვანილ ელებს თავს დაესხნენ ქიზიყელთ მოლაშქრეები რევაზ ანდრონიკაშვილის მეთაურობით, მიტაცებული საქონელი ერთმანეთში გაიყვეს და ქიზიყისაკენ გარეკეს. ამგვარი უწესრიგობა, რომელიც ქვეყნის შინაური საქმეების აწეწილობაზე მიუთითებდა, არაფერ სიკეთეს არ უქადდა მას. ამით დამწუხრებულმა ერეკლემ ვეღარ გაბედა ბრძოლა ყაზახში სპარსელთა მთავარ ძალებთან და თბილისისაკენ გამობრუნდა.
მომთაბარე თათრების ევაკუაციამ ძალზე განარისხა აღა-მაჰმად-ხანი რომელსაც, როგორც ჩანს, სათანადო ცნობები ჰქონდა თბილისში მყოფი ქართველთა ჯარის სიმცირის შესახებ. ამით აიხსნება ის, რომ მან თავისი ბანაკი და ჯარის უმეტესობა შუშასთან დატოვა და რჩეული ცხენოსანი ჯარით უარტილერიოდ (მას თან ჰქონდა მხოლოდ აქლემებით გადასატანი წვრილი ზამბურაკები), განჯისკენ გამოემართა. „მოუვიდა ამბავი მეფეს ირაკლის მოსვლა ყაჯარი მამად-ხანისა განჯას – გადმოგვცემს ამ ამბების თანამედროვე უცნობი ქართველი ავტორი, – მეფე ირაკლი და მეფე სოლომონი ჯარებით ჩამობრძანდნენ ყაზახს და მეფეს ირაკლისთან ბრძანდებოდა ძეცა თვისი პატრიარქი ანტონი და საქართველოს ელები სრულიად აყარეს და ქართლის მხარეს დახიზნეს და თვით მეფენიც მობრძანდნენ თბილისს ხალხის დასაბინავებლად (სექტემბრის 8) შაბათსა და რა ესე სცნა ურჯულომან (აღა-მაჰმად-ხან), ვითარმედ ელები აჰყარესო, აჩქარდა და ჩაფაულსაით (ჩქარი მარშით) მოვიდა სოღანლუღსა სექტემბრის 9-ს კვირას“.
ზემოხსენებული ლაშქრობის მონაწილე იაკუბ-ბეგ ბებუთაშვილიც ამ ამბებზე წერს: „ავიყარენით განჯის მხრიდამ, სადაც ორისა ანუ სამის დღის მეტი არ დავსდექით, შემოდგომის დასაწყისი წვიმიანი იყო, როდესაც ბანაკი განჯიდამ დაიძრა და რაოდენ დროსაც ჯავათხანის მიწაში ვიყავით, საჭმელი უხვად იყო, და როდესაც შევედით საქართველოს მიწაში, არა თუ მხოლოდ სოფლის მცხოვრებნი აყრილიყვნენ, არამედ ყანები და ბალახიც დამწვარი იყო, სადაც რომ დიდს შეწუხებას სწევდა ჯარი“.
და აი, სპარსელები მდ. ხრამს მოადგნენ, სადაც აღა-მჰმად-ხანის მეწინავე რაზმებს წითელ (გატეხილ) ხიდთან ქართველების რამდენიმე ასი ცხენოსნისაგან შემდგარი რაზმი გადაეღობა. ქართველებმა დიდი ვაჟკაცობით მოიგერიეს სპარსელთა მეწინავეების შემოტევა, მაგრამ როდესაც სპარსელების მთავარი ჯარი გამოჩნდა, მათ თავისი 50-მდე მკვდარი და დაჭრილი დატოვეს და საჩქაროდ გაიქცნენო, გადმოგვცემს იგივე იაკუბ-ბეგი (ეს იყო 7 სექტემბერს). თავდაპირველად სპარსელების ჯარს ძლიერ უხაროდა საქართველოზე ლაშქრობა, მაგრამ „როდესაც შევედით მათს მიწაში, – სწერს იგივე იაკუბ-ბეგი, – შიში დღედადღე ასუსტებდა ჩვენს გულსა. და სხვადასხვა ჯაშუშების ამბავისაგან გვესმოდა, რომ ერეკლე ხანს ორმოცი ანუ ორმოცდაათი ათასი კავკასიის მცხოვრებნი შეუკრებიაო და ყოველი სიმაგრეები უჭირავსო და აქვს განზრახვა, რომ ჩვენ უკან მოგვექცესო (ანუ უკან გვდიოსო) და ზედ დაგვესხასო. და მთის მცხოვრებთ სახელსა სასტიკი შიში ჩაეგდო სპარსეთის ჯარში, რომელიც მრავალჯერ იყვნენ ჩავარდნილნი განსაცდელში მათგან, არ იყო დავიწყებული ნადირ-შაჰის დათრგუნვა და უკუ-ქცევა კავკასიის ჯართაგან. შაჰმა სამრიგად განჰყო თავისი ბანაკი. საშუალო თვით მიიღო, პირველი და მეორე სხვა მხედართ მთავრებს მიანდო“.
შევჩერდეთ ახლა იმ ამბების ქრონოლოგიაზე, რომელიც წინ უსწრებს კრწანისის ბრძოლას. 1795 წ. 29 აგვისტოს ერეკლე II ყაზახიდან გარსევან ჭავჭავაძეს პეტერბურგში ატყობინებს: მე და სოლომონ მეფე ჯარით ყაზახში ვდგევართ და აღა-მაჰმად-ხანს თავისი ლაშქრით ორი დღის შემდეგ (მაშასადამე უფრო 31 აგვისტოს) მოელიანო. იაკუბ-ბეგ ბებუთაშვილის სიტყვითაც ყიზილბაშებმა განჯაში 2–3 დღე დაყვეს (31 აგვ.–2 სექტ.). აქედან, ს. ქიშმიშევის სიტყვით, აქსტაფაში (რომელიც ყაზახთან ახლოს იყო) მისასვლელი 90 კმ მანძილი ჯარმა გაიარა ერთ დღეში (3 სექტ.). ასეთი სწრაფი გადაადგილება, ცხადია, აუცილებლად საჭიროებდა შემდეგ დღეს (4 სექტ.) სრულ დასვენებას. აქსტაფიდან გატეხილ ხიდამდე მდ. ხრამზე 30 კმ-ის მანძილს მსუბუქი ქვეითი ჯარი გაივლიდა ერთ დღეში (5 სექტემბერს). რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო სპარსელების ქართველების რაზმთან ხიდთან შეტაკება. მეორე დღეს, იაკუბ-ბეგ ბებუთაშვილის სიტყვით, ე. ი. 5 სექტემბერს, ჯარი დაიძრა ჩრდილოეთისაკენ და მძიმე სვლით გატეხილი ხიდით სოღანლუღთან (მანძილი 55 კმ) მივიდა მეოთხე დღეს, ე. ი. 9 სექტემბერს.
როგორც მივუთითებდით, ერეკლე სოლომონთან ერთად 29 აგვისტოს ჯერ კიდევ ყაზახში იყო და უკვე იცოდა, რომ აღა-მაჰმად-ხანი ორი დღის შემდეგ დიდი ლაშქრით განჯაში შემოვიდოდა. ცხადია, ამ ვითარებაში ერეკლე ყაზახში აღარ დარჩებოდა და მეორე დღესვე თბილისისაკენ გამობრუნდებოდა. ქართველების ჯარი სწრაფად ვერ იმოძრავებდა, რადგანაც მას მოჰქონდა არტილერია, რომელიც ხარებით გადაჰქონდათ და, აგრეთვე, დიდი აღალი ურმებითვე. ყველაფერ აქედან სავარაუდოა, რომ ყაზახიდან 31 აგვისტოს წამოსვლის შემდეგ ქართველები გატეხილ ხიდთან იქნებოდნენ 2 ან 3 სექტემბერს, ხოლო 55 კმ-იანი მანძილის გავლას გატეხილი ხიდიდან სოღანლუღამდე ქართველები თავიანთი არტილერიით და აღალით გაივლიდნენ 4–6 სექტემბერს, 7 სექტემბერს დილიდან კი ერეკლე ჯარით უკვე თბილისში უნდა ყოფილიყო.
უკვე წითელ ხიდთან სპარსელების ჯარი ორ ნაწილად გაიყო. პირველი ნაწილი 20 ათასი კაცი, რომელიც საუკეთესო მებრძოლებისა და ცხენოსნებისაგან შესდგებოდა, აღა-მაჰმად-ხანისავე სარდლობით გიაურ-არხისკენ დაიძრა და 7 სექტემბერს ამ ადგილს მიაღწია კიდევაც, ე. ი. განვლო 18 კმ. აქედან სპარსელთა ზემოხსენებული შენაერთი თითქმის პირდაპირი გზით, რომელიც იაღლუჯის მთას დასავლეთით უვლიდა და ნაწილობრივ ამ მთის დასავლეთ ნაწილსაც ხვდებოდა, გაემართა თბილისისაკენ. შემდეგ კი ეს ნაწილი კოდაზე გავლით კუმისზე გაემართა, აქედან იგი უნდა წასულიყო შავნაბადასაკენ, რომლის გავლითაც ზურგში მოექცეოდა ყარყუთის (სოღანლუღის) პოზიციებს. ეს ჯარი შავნაბადას მხოლოდ 10 სექტემბრის საღამოს მიუახლოვდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღა-მამად-ხანს ყარყუთის პოზიციით ზურგში მოსავლელად აღარ დასჭირდებოდა მტკვრის გადალახვა სამი ათასი კაცით.
9 სექტემბერს, დაახლ. ნაშუადღევს, აღა-მაჰმად-ხანი ყარყუთას, ანუ სოღანლუღს მიუახლოვდა და აქ დაბანაკდა. იაკუბ-ბეგის სიტყვით, ეს იყო მაშინდელი თბილისიდან (ანუ ეხლანდელი ორთაჭალჰესის არედან) ერთნახევარ ფარსანგზე (ე. ი. 1–4 კმ-ზე), თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვით კი, სპარსელების ბანაკი მაშინდელ თბილისს დაშორებული იყო ერთ ფარსანგზე, ანუ მისივე ანგარიშით, 7 ვერსზე (უნდა იყოს 6–7 კმ). მაშინვე ჯარმა გაამაგრა ბანაკი. „გარშემო ბანაკისა აქვნდათ თხრილნი და ბურჯნი მიწისანი, რათა, უკეთუ უეცარი ზედა-დასხმაჲ შაამთხვას მოხდომისა მიერ მეფისა, ბანაკსა შინა ძალ-ედვასთ გამაგრება“. ეს სიმაგრე უნდა გაეკეთებინათ 9 სექტემბრის მეორე ნახევარში და შესაძლებელია მისი კეთება 10 სექტემბერსაც გრძელდებოდა.
ყარყუთის (სოღანლუღუის) ვიწრობის სამხრეთით, დაახლოებით ოთხნახევარ კმ-ის მანძილზე, ახლაც არის სანგრის-გორა, რომელსაც შესაძლებელია თავისი სახელი მიღებული აქვს სწორედ ხსენებული დიდი სანგრისაგან. სანგრის-გორადან აღმოსავლეთით მტკვრამდე სამი კმ-ია. ზემოხსენებული სანგარი ამ გორასა და მტკვარს უნდა ყოფილიყო დამზადებული ორ წყებად – ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაც დასაცავად. ოცი ათასი ცხენოსნის და მათი საბარგულების თუნდაც ნაწილობრივ მოსათავსებლად სწორედ ასეთი დიდი სანგარი იყო საჭირო.
სპარსელების ჯარის მეორე, შედარებით მდარე ბრძოლის უნარის მქონე ნაწილი (მასში საგულისხმებელია ქვეითები და მშვილდ-ისრით შეიარაღებულნიც), გიაურ-არხში უფრო გვიან (ალბათ 9 სექტემბრის შუადღეზე) ამოვიდა.
3. 7 და 8 სექტემბრის ვითარება
მობრუნდა თუ არა ყაზახიდან, ერეკლემ თბილისში მოიწვია სამხედრო თათბირი, რომლის დეტალებიც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ცნობილია ის, რომ თათბირი დაეთანხმა დარეჯან დედოფლის იმ აზრს, რომ სამეფო ოჯახი და ათი წარჩინებულთა სახლეულობა თბილისიდან დასახიზნავად წასულიყო. ეს გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა ყოფილიყო 7 სექტემბერს საღამოს, დილას 8 სექტემბერს კი იგი უკვე ცნობილი გახდა მოქალაქეთათვის.
ა. გოლოვინის მიერ ჩაწერილი ცნობით, თბილისის მოქალაქეები, რომლებმაც ზემოხსენებული გადაწყვეტილება შეიტყვეს, სასახლის მოედანზე შეიყარნენ და სთხოვეს მეფეს, არ მიეტოვებინა ქალაქი სპარსელების პირისპირ. თავის მხრივ ისინი პირობას დებდნენ, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდნენ. ერეკლე დაჰპირდა მოქალაქეებს, რომ თავის ხალხთან დარჩებოდა და ბრძანა ქალაქის ყველა კარებთან დაეყენებინათ მცველები, რათა გარეთ არავინ გაეშვათ.
ამ ვითარებაში თბილისელებმა ქალაქის დასაცავად 1500-კაციანი რაზმი შეადგინეს და ქალაქის ყველა კარი ჩაკეტეს. დამცველთა შეკრება, ალბათ, წინა დღეებშიც ხდებოდა, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიურად ხდებოდა ეს საქმიანობა 7 სექტებერს, 8-ში კი ქალაქის დაცვა უკვე ორგანიზებული იყო.

თბილისის დასაცავად გამაგრებული წინა პოზიცია იყო სოღანლუღის ვიწრობის დასაწყისში, საიდანაც კრწანისის ველამდე ოთხი კილომეტრის სიგრძეზე აღმა ვიწრო გზა მიდიოდა მდ. მტკვრის ნაპირას. ბუნებრივად ეს ვიწრობი მეტად მაგარი იყო და რადგანაც შავნაბადას მთაზე გადმოვლა სპარსელების ცხენოსან ჯარს უგზოობის გამო მეტად გაუჭირდებოდა, თანაც მტკვარიც მოდიდებული იყო, ამიტომ სოღანლუღის პოზიციას ქართველები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
მდ. ხრამზე სპარსელების გამოჩენამ ქართველებში პანიკა გამოიწვია. 8 სექტემბერს სასახლეში მოეწყო თათბირი, რომელზედაც, გენ. ქიშმიშევის დამოწმებული ცნობით, მონაწილეობდა დარეჯან დედოფალიც, რაც საქმისათვის დიდი უბედურება იყო. თათბირზე უმეტესობა მოითხოვდა, რომ ჯარი და არტილერია გადმოეყვანათ თვით ქალაქში, რომელსაც ირგვლივ გალავანი ერტყა, და შიგ გამაგრებულიყვნენ. სამწუხაროდ, თათბირს ვერ ესწრებოდა სარდალთაგან ყველაზე ჭკვიანი – დავით ორბელიანი, რომელიც სიდამბლის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი და თბილისში არც იმყოფებოდა. სხვა სარდლები კი (ოთარ ამილახვარი, ივანე მუხრან-ბატონი და გ. ციციშვილი) გვარიშვილობით იყვნენ თავიანთ თანამდებობებზე და შეუფერებელი ჩანდნენ ამ საქმისათვის. ეს უკანასკნელები არ დაეთანხმნენ უმეტესობას და მოითხოვდნენ, ბრძოლა დაეწყოთ ჯერ ქალაქგარეთ, უკიდურეს შემთხვევაში კი ქალაქში გამაგრებულიყვნენ. მოხუცებული ერეკლეც ამავე აზრისა იყო, დედოფალი დარეჯანი კი პანიკურად იყო განწყობილი და თავისი შვილებითურთ (მათ შორის ცოლ-შვილიანი იულონით) თბილისიდან წასასვლელად ემზადებოდა.
ამგვარად, გავლენიანმა უმცირესობამ, მათ შორის მეფემ, საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ერეკლეს განკარგულებაში მყოფი ძალებით ღია ველზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვან სპარსელებთან ომის მოგების გარანტია არ ჰქონია. დამარცხების შემთხვევაში კი ქალაქის გალავნის შიგნით გამაგრება უკვე შეუძლებელი გახდებოდა და თბილისიც სპარსელების ხელში დარჩებოდა.
ც ნ ო ბ ი ს ა თ ვ ი ს: 1829 წ. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, როცა ახალციხე უკვე რუსებს ჰქონდათ დაკავებული, მოულოდნელად ახალციხეზე წამოვიდა 10 ათასკაციანი აჭარლების და სხვების ჯარი. ახალხიხეში კი რუსებს მცირე, 1000-კაციანი, რაზმი ჰყავდათ. სამხედრო თათბირზე, რომელიც მხედართმთავარმა გენერალმა ბებუთაშვილმა შეკრიბა, ყველა საჭიროდ თვლიდა ციხიდან გასვლას და აჭარლებთან შებრძოლებას, მაგრამ კაპიტანი გონიაჩკო ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა: ჩვენ ცოტანი ვართ, ამიტომ საჭიროა გავმაგრდეთ ციხეში და დავუცადოთ მაშველი ჯარის მოსვლას. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ სულ ცოტა 200–300 კაცს და ძლიერ დავსუსტდებით, ხოლო თუ გაშლილ ველზე ბრძოლაში დავმარცხდებით, ან ვერ შევალთ ციხეში, ან მტერი ფეხდაფეხ შემოგვყვება და ახალციხე დაგვეკარგებაო. თათბირის ზოგი მონაწილე ამ აზრს მიემხრო. ბებუთაშვილმაც ყოყმანი დაიწყო, ამიტომ რუსები ციხეში ჩაიკეტნენ და თუმცა აჭარლებმა ქალაქი დიკავეს და ციხის შეთხრაც დაიწყეს, მაგრამ ამასობაში მაშველი ჯარიც მოვიდა და აჭარლები გაიქცნენ. კაპიტანმა გონიაჩკომ მარტო ამ რჩევის მიცემისათვის შემდეგ მაღალი ჯილდო – მეოთხე ხარისხის წმ. გიორგის ჯვარი მიიღო.
სპარსელების ჯარი მდ. ხრამიდან მოემართებოდა ორი მთავარი მიმართულებით: ყარყუთისაკენ (სოღანლუღისაკენ) მტკვრის აღმა პირდაპირი გზით, იაღლუჯის გორებისთვის გვერდის ავლით, ხოლო მეორე გზა ის იყო, რომელიც კუმისზე გავლით მიდიოდა შავნაბადას მთის დასავლეთი ნაწილისაკენ, საიდანაც სპარსელების ჯარს შეეძლო პირდაპირ მომდგარიყო თბილისის ციხის მისასვლელზე აბანოების ზემოთ.
სპარსელების საუკეთესო მხოლოდ ცხენოსანი ჯარი (20 ათასი კაცის რაოდენობით) მოდიოდა პირველი გზით ყარყუთა-სუღანლუღის მიმართულებით და 9 სექტემბერს უკვე მიუახლოვდა კიდეც სოღანლუღის არეს და დაბანაკდა მის სამხრეთით რამდენიმე კმ-ის მოშორებით.
სპარსეთის ჯარის მეორე ნაწილში, რომელსაც შავნაბადის მთის დასავლეთ კიდურისაკენ ეჭირა გზა, ცხენოსანი ნაწილების გარდა იყვნენ მშვილდოსანი ქვეითებიც, ამიტომ ისინი ნელა მოდიოდნენ. ამ ნაწილმა შავნაბადას მთის მისასვლელს მხოლოდ 10 სექტემბერს და ისიც ამ დღის მეორე ნახევარში მიაღწია. ჩანს, აღა-მაჰმად-ხანი ამ ჯარის ნაწილით სოლოლაკის მხრიდან თბილისზე გარშემოვლის ოპერაციის ჩატარებას აპირებდა. მეორე მხრივ, არც ის იყო გამორიცხული, რომ სპარსელები შავნაბადას მთიდან ეცდებოდნენ პირდაპირ თაბორისაკენ გაჭრილიყვნენ და იქიდან აბანოებისაკენ ძირს დაშვებით ზურგში მოქცეოდნენ ქართველების პოზიციებს, კრწანისის ველის ამოსავალში. ასეთი პოზიცია კი, ისიც არტილერიით გამაგრებული, ქართველებს აქ უკვე აგვისტოში ჰქონდათ დაკავებული, რის შესახებაც სპარსელების სარდლობას ჯაშუშების, ან სხვათა მეშვეობით, კარგად ეცოდინებოდა.
უეჭველია, ამასთანავე ერეკლესაც ექნებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ სპარსელების ჯარის ნაწილი კუმისის მიმართულებით მიემართებოდა.
ამიტომ 8 სექტემბერს თბილისში გამართულ სამხედრო თათბირზე ვახტანგ ბატონიშვილი მოითხოვდა, რომ სასწრაფოდ დაეკავებინათ შავნაბადას მთა და იქ არტილერიაც (4 ზარბაზანი) აეტანათ, რაც, მისი აზრით, გააქარწყლებდა სპარსელების შემოვლითი ოპერაციის მნიშვნელობას. ამავე აზრს ემხრობოდა არტილერიის მაიორი გაბრიელ არეშიშვილი, რომელსაც სწავლა რუსეთში ჰქონდა მიღებული. თუმცა ვახტანგის და მაიორ გაბრიელის შეხედულება სტრატეგიული თვალსაზრისით სწორი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი ჯარები მეტად მცირე ჩანდა, სხვები ამ აზრის წინააღმდეგ წავიდნენ და ჯარის მთლიანობის დაცვა მოითხოვეს. ერეკლე ამ აზრს დაეთანხმა, თუმცა თბილისისაკენ მიმავალი გზის ტაბახმელის მხრიდან დასაცავად გამოყოფილ იქნა 400-კაციანი რჩეული რაზმი ოთხი ზარბაზნით, რომელიც დავით ბატონიშვილის მეთაურობით გაგზავნილ იქნა პოზიციების დასაკავებლად თაბორის მთასთან, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

სწორედ იმ დროს, 8 სექტემბერს, როცა თბილისში ქვეყნის თავდაცვის მიზნით სამხედრო თათბირი ტარდებოდა, მეფე ერეკლეს სოღანლუღისკენ დაზვერვაზე გაგზავნილი ჰყავდა ვაჟკაცობით ცნობილი აზნაური გორჯასპი ნათიშვილი, 12 ცხენოსნით. დაახლოებით სოღანლუღიდან 16 კილომეტრზე იაღლუჯის ჩრდილო კალთებზე გორჯასპი შეეჩეხა სპარსელების წინ გამოჭრილ რაზმს, რომელიც აგრეთვე დაზვერვაზე იყო გამოსული. მიუხედავად იმისა, რომ სპარსელები მეტი იყვნენ, ან მორიდება ვერც შესძლო, გორჯასპიმ გმირულად შეუტია მტერს. ქართველი მზვერავები ერთიანად გაწყდნენ, მათ შორის სიმამაცით განთქმული მხედარი დავით თარაშვილი, რომელიც ერეკლეს გამუდმებით ახლდა ხოლმე ლაშქრობებში. გადარჩა მხოლოდ გორჯასპი ნათიშვილი, რომელმაც, თუმცა მას ცხენი მოუკლეს, მაგრამ მოახერხა და მოახტა მის მიერვე მოკლული თურქმენის ცხენს და სპარსელებს გამოასწრო.
ცხადია, გორჯასპი ნათიშვილმა ქართველთა თავკაცობას შეატყობინა, რომ სპარსელები უკვე იაღლუჯასთან, ე. ი. თბილისთან ახლო იყვნენ.
ამ ამბავმა პირველ რიგში სამეფო ხელისუფლება და დიდკაცობა საშინელ პანიკაში ჩააგდო. სამეფო სახლი სასწრაფოდ შეუდგა აყრას, ძვირფასეულობის და ფულის ჩალაგებას: პანიკა იმდენად დიდი იყო, რომ სამეფო სახლის წევრებმა სასახლიდან თითქმის ვერაფრის წაღება ვერ მოახერხეს, თვით ოქროს გვირგვინები და სხვა ძვირფასეულობაც კი დარჩათ. ზოგმა კი თავისი ბარგის მცირე ნაწილის წაღებაღა შესძლო.
ამ პანიკის ატეხას თბილისელები აბრალებდნენ დარეჯან დედოფალს (არტემ არარატელის და ტერ ოჰანეს ვოსკრეჩიანცის ცნობა), რომელსაც თბილისის დაღუპვის მთავარ მიზეზად თვლიდნენ, რაც სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს.
სამეფო სახლს თან მიჰყვებოდა მთელი რიგი სხვა ოჯახებისა.
პანიკა თანდათან გავრცელდა ქალაქი, მაგრამ ის ღამე წვიმიანი იყო და უცბად ბევრი ვერ ახერხებდა ქონების დამალვას და გაქცევას, მით უმეტეს, ყველამ იცოდა, რომ ქართველებს ყარყუთში ძლიერი, არტილერიით გამაგრებული პოზიციები ჰქონდათ. იმასაც ფიქრობდნენ, რომ ამ ავდრიან და ატალახებულ ღამეში ყიზილბაშების ჯარი თბილისში ვერსაიდან შემოვიდოდა. ამიტომაც ქალაქის მცხოვრებთ, ძალაუნებურად, დილისათვის უნდა მოეცადათ.
პ. ბუტკოვი ამის შესახებ წერს: „თბილისის მცხოვრებლებს მტკიცედ სურდათ თავდაცვა ქალაქში, რამდენადაც იგი საკმაოდ გამაგრებული იყო ქვის კედლით, მაგრამ მეფე ერეკლე თხოულობდა, რომ მისი ცოლი დარეჯანი მთებში ყოფილიყო გაგზავნილი. ამაზე თბილისელები დათანხმდნენ, მაგრამ როცა დედოფალმა მოისურვა, თან წაეყვანა მრავალი ოჯახი და ყაზბეგისაკენ გაემართა, აქ დაიწყო დრტვინვა, რომ არ სურდათ თავდაცვა. მეფე ერეკლემ, უკმაყოფილომ, სთქვა, რომ ყველას, საითაც უნდა, იქით წავიდეს, რის გამოც გაიქცნენ, ზოგი მთებში, მაგრამ უმეტესობა მთიულეთში, სხვები გადიოდნენ მოზდოკისაკენ.
დედოფალმა თავი შეაფარა მთებს, ყაზბეგის მხარეში. ბატონიშვილებიც, აგრეთვე, ყველა წავიდ-წამოვიდნენ. თბილისის მცხოვრებლები გარბოდნენ ტყეებსა და მთებში, დუშეთისა და ანანურის იქით, მთიულეთში, სტეფანწმინდისა და ყაზბეგისაკენ“.
მღვდელი იოანე ქართველიშვილი, რომელიც, ვითარცა მეფის ძის იულონის შვილების მასწავლებელი, სამეფო ოჯახს თან ახლდა, თბილისიდან აყრა-ლტოლვის შესახებ მოგვითხრობს: „რიცხვსა 8-სა (სექტემბერსა) მოვიდა აღა-მაჰმად-ხან იაღლუას ზედა. ღამესა ამას აიყარნენ სამეფო ფამილია და წარჩინებულნი ვინცა მყოფ იყვნენ მას ჟამსა ტფილისს შინა და წარვიდნენ სახიზნად მთიულეთს. ეჰა, საკვირველი და საგლოველი, რომელ წარჩინებულთა ტოლნიცა მრავალნი ვიდოდეს ქვეითად, – ვინაიდგან ვერ შოვობდეს ცხენსა – ავდარსა, წვიმასა და ტალახსა შინა მძაფრსა, ვინაიდან შვიდეულისა უმეტესსაცა ჟამსა იყო წვიმა გარდუღებელი და ესრეთ გავყევ მეცა მაშინ მათ მეფის-ძის იულონის შეწევნით. ვიარეთ ღამე იგი და დღე მეორე კვირიაკე. დღესა მესამესა, ორშაბათს, ძლივ შეუძელ მიწევნად დუშეთს“ (იოანე ქართველიშვილს თავისი ბარგი ურმით მიჰქონდა).
ალექსანდრე ორბელიანის სიტყვით, თბილისის მცხოვრებლებმა აყრა დაიწყეს პარასკევს დილას, მაშასადამე 7 სექტემბერს. „პარასკევს დილაზევე თითქმის ნახევარი ქალაქი აიყარა და ნახევარი ქალაქიც მეორეს დილაზედ აპირებდა აყრას“.
გამოდის, რომ ყაზახიდან გამობრუნებული ქართველების ჯარი ჯერ თბილისში არც კი იყო შემოსული, რომ ქალაქში უკვე პანიკა იყო ატეხილი. მაგრამ ეს ძნელი დასაჯერებელია, რადგანაც სამეფო კარი აიყარა შაბათს, 8 სექტემბერს გვიან საღამოს. ამიტომ ალ. ორბელიანს აქ თარიღში აქვს შეცდომა, 7 და 8 სექტემბრის ნაცვლად უნდა იყოს 9 და 10 სექტემბერი.
სამეფო სახლის და წარჩინებულების აყრამ და გაქცევამ 8 სექტემბერსავე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა თბილისელებზე. 9 სექტემბერს დილიდანვე თბილისიდან სხვაც ბევრი იყრებოდა, ვისაც კი ამის შესაძლებლობა ჰქონდა.
იმ დღესვე (9 სექტემბერს), გადმოგვცემს სერობი, ქალაქში ისმოდა ვაებისა და გოდების ხმა – ტიროდნენ თავისიანების გაურკვეველ ბედზე და ქონებას ღიად ტოვებდნენ. ვისაც ურემი ან ცხენი გააჩნდა, ქალაქის გარეთ ჩრდილოეთისაკენ მიისწრაფოდა და სწრაფად გარბოდა კავკასიის მთებისაკენ. სხვანი კი ქვეითად მიდიოდნენ, ხოლო ვისაც არც ფეხით შეეძლო სიარული და სახედარსაც ვერ შოულობდა, თანაც სუსტიც იყო, ის გზის სისასტიკის, შიმშილის და ავაზაკების შიშით უგზოუკვლოდ ხეტიალს თავისი სურსათით შინ დარჩენას ამჯობინებდა.
6. ორი ათასი ქიზიყელის ღალატით წაყვანა (უფრო 9 სექტემბერს დილით ადრე)
ომის დაწყებისთანავე ქიზიყის ჯარის შეკრება მინდობილი ჰქონდა მეფის ძეს გიორგის, რომელიც საამისოდ სიღნაღს ჩავიდა. დაავადებულმა და იმ დროს უკვე ყოველგვარ ინიციატივას მოკლებულმა გიორგიმ თავის მხრივ ეს საქმე მიანდო საკუთარ ცოლის ძმას (მეორე ცოლიდან) რევაზ ანდრონიკაშვილს. ეს უკანასკნელი, წინათ ქიზიყის მოურავად ნამყოფი, ცნობილი იყო როგორც იშვიათად მამაცი და სხვა მხრივაც ღირსეული ადამიანი. ამ უკანასკნელს თავის დროს ჩამოართვეს ქიზიყის მოურავობა იმ დროიდან, რაც მეფე ერეკლეს ქალი ელენე, იმერეთის ბატონიშვილის არჩილის ქვრივი, მიათხოვეს ზაქარია ანდრონიკაშვილს. დარეჯან დედოფალმა თავისი ახალი სიძისათვის ერეკლეს ქიზიყის მოურავობაც მიაცემინა. ამ გარემოებამ ადრიდანვე ჩამოაგდო შუღლი რევაზ და ზაქარია ანდრონიკაშვილებს შორის. მით უმეტეს, რომ თუმცა ზაქარიაც თავისთავად მამაცი ადამიანი იყო, მაგრამ მაინც ყველაფერში ჩამოუვარდებოდა რევაზს. ამიტომაც იყო, რომ გადამწყვეტ მომენტში ქიზიყის ჯარის შეკრება და წინამძღოლობა ისევ რევაზს დაეკისრა, მაშინ როცა ზაქარიას მარტოოდენ ქიზიყიდან მარტყოფამდე შესაკრები ჯარის მეთაურობა მიანდეს. მაგრამ სამეფო კარზე განაწყენებული რევაზისათვის ასეთი საქმის მინდობა ამ ვითარებაში უთუოდ დიდი შეცდომა იყო, რადგან მას აღარ სურდა თბილისის დასაცავად წასვლა. „უშველოს ქვეყანას ზაქარია მოურავმან, – ამბობდა რევაზი, – როცა გაუჭირდათ, მაშინ მომიგონეს“.
შეგროვილი ჯარით რევაზ ანდრონიკაშვილი მივიდა სოღანლუღს, მაგრამ მალე ფონით გავიდა მდ. მტკვარს, სადაც გზად დაუხვდა ყარაბაღისა და შამშადილის ცხვრის სამი ფარა, რომელიც მიჰყავდათ დასახიზნად ქართლისაკენ და კახეთისაკენ, მოიტაცა ისინი, გაუყო ქიზიყელებს, როგორც ნადავლი, და თავისი ჯარით უკანვე გაბრუნდა. ერეკლეს მეტად საწყენად დაურჩა ეს ამბავი, მაგრამ საქმის გამოძიების დრო აღარ ჰქონდა, რადგან ამასობაში სპარსელების ლაშქარი უკვე თბილისისაკენ დაძრულიყო. ზაქარია მოურავი კი მის მიერ შეგროვებული 600 კაცით თბილისს მოვიდა, რაც შეეხება მეფის ძეს გიორგის და რევაზ ანდრონიკაშვილს, ისინი ქიზიყს დარჩნენ.
პლატონ იოსელიანის მიხედვით, მეფის ძეს გიორგის თითქოსდა ბრძანება არ ჰქონდა – კახეთის ჯარი შეეყარაო, მაგრამ საკითხის ამგვარი წარმოჩენა ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ სწორედ გიორგის განკარგულებით იყო ქიზიყის ჯარი გაგზავნილი თბილისისაკენ. პლატონ იოსელიანის სიტყვით, „ეგონათ რომ იმრეთისა ჯარი და ქართლისა უკმაოდა სპარსთა დასამარცხებლად. ისევე იყო მიზეზით, – განაგრძობს ის, – რომ დღეინდელად დღემდე ქიზიყელნი ვერ მოიხსენებენ კეთილად მეფესა გიორგის, რომელსაცა სწამობენ მტრობით ვითომც მამისა ესრეთ სუსტად მოქცევასა გაჭირვებისა დღეში“.
7. ქართლის ჯარის რაოდენობა 9–10 სექტემბერს
რა რაოდენობის ჯარი ჰყავდათ ქართველებს თბილისში და თბილისთან 9 სექტემბერს, როდესაც სპარსელების ჯარი ყარყუთას (სოღანლუღს) დაუახლოვდა?
დავით ბატონიშვილის ცნობით, 11 სექტემბერს „არღარა უვიდოდა ორთავე მეფეთა მჴედრობაჲ უმეტეს ათას ხუთასისა კაცისა“. მაგრამ აქ იგულისხმება უკანასკნელ მომენტში კრწანისის პოზიციებზე მყოფ ქართველთა რაოდენობა.
ბაგრატ ბატონიშვილის სიტყვით, 11 სექტემბერს მეფებს ირაკლის და სოლომონს კრწანისის ველზე არ ჰყავდათ „უფროს ორი ათასი კაცისა“. იმავე ავტორის თხზულების ვრცელ ვარიანტში, ორი ათასის ნაცვლად დასახელებულია 2500 კაცი. ეს რიცხვები ასახავენ მხოლოდ კრწანისის ველზე 11 სექტემბრის ბრძოლების უკანასკნელ მომენტში მონაწილე ქართველების რაოდენობას.
10 და 11 სექტემბერზე შედარებით რეალისტურ ცნობას გადმოგვცემს თეიმურაზ ბატონიშვილი. იგი წერს, რომ „ჰყვეს მეფესა სოლომონსა თანა მხედრობანი იმერთანი კაცნი ვითარ ორი ათასიოდენ (ესენი სულ ცხენოსნები უნდა ყოფილიყვნენ – ს. კ.) და მეფე ირაკლის თანა იყვნეს მაშინ ორი ათას შვიდასადმდე მხედრობა თვისი ცხენოსანნი და ქვეითნი“. ალ. ორბელიანის სიტყვით, ერეკლეს ჯარში 2/3 ცხენოსნები იყვნენ და 1/3 ქვეითნი. მეორეგან, იქვე თეიმურაზი წერს, რომ აღა-მაჰმად-ხანს სულ 70 ათასი კაცი ჰყავდაო, რაც გადაჭარბებულია – თბილისთან მას ამოდენა ჯარი არ ჰყავდა. ალბათ, თეიმურაზის სპარსელი ინფორმატორები აქ გულისხმობდნენ აღა-მაჰმად-ხანის მიერ სპარსეთში ფეხზე დაყენებული ჯარის სრულ რაოდენობას; სპარსელების ჯარი იდგა ყარაბაღში (სადაც ალყა ჰქონდათ შემორტყმული ციხე-ქალაქ შუშისათვის), ერევნის სახანოში, განჯასა და სხვა ადგილებშიც, თეირანთან კომუნიკაციების უზრუნველსაყოფად. სპარსელების ჯარის წინააღმდეგ, თეიმურაზისავე სიტყვით, „ებრძოდეს მხედრობანი მეფისანი მხოლოდ ხუთი-ათასამდე კაცი ოდენ“. განსხვავება თითქმის სამას კაცშია. შესაძლებელია, რომ ამ სამას კაცში იგულისხმებიან კრწანისის ველის მისადგომების ბატარეებზე მყოფი არტილერისტები თავიანთი ზარბაზნებით. სერობიც აქ 300 კაცს უჩვენებს.
გენ. ქიშმიშევი გადმოგვცემს, რომ ერეკლემ თბილისის მოქალაქეთაგან შეკრიბა 1500 კაცი. ალბათ, ეს ცნობა ს. ქიშმიშევს აღებული აქვს თბილისის მოქალაქეებში მის დროს დარჩენილი ზეპირგადმოცემიდან. ამიტომ ზეპირგადმოცემათა ჩვეულებისამებრ რიცხვი 1500 გადაჭარბებული უნდა იყოს. თეიმურაზის ცნობიდან ჩანს, რომ მარცხენა ფლანგზე ფშავ-ხევსურთა, არაგველთა და ქიზიყელთა გარდა კრწანისის ველზე შემტევ ჯარებში მონაწილეობდნენ რჩეული მოქალაქენი დავით მაჩაბლის წინამძღოლობით. იაკუბ-ბეგის სიტყვით, მთელი ეს შემტევი რაზმი 11 სექტემბერს ათასი კაცისაგან შედგებოდა, ამ რაზმში საგულისხმებელი არიან სამასი არაგველნიც. ამიტომ რჩეულ მოქალაქეთა რაოდენობა დაახლ. 300 კაცია სავარაუდებელი.
ს. ქიშმიშევის სიტყვით, ხსენებულ 1500 მოქალაქისაგან 1200 კაცი დაყენებულ იქნა სეიდაბადის ბაღების დასაცავად, 300 კაცი კი გაგზავნეს ყორჩა-ყალაზე (ე. ი. თაბორის მთაზე) იულონ (უნდა იყოს დავით) ბატონიშვილის რაზმის გასაძლიერებლად. ეს რიცხვი შეიძლება ასე იქნას გაგებული. ამ მოქალაქეებიდან რჩეულნი დაახლ. 300 კაცი 11 სექტემბერს დაყენებულ იქნა დავით ბატონიშვილთან, დანარჩენი 800–900 კაცი კი კოჯრის გზაზე.
ყოველივე ზემონათქვამიდნ ჩანს, რომ ქართველებს 10 სექტემბერს თბილისის დასაცავად უნდა ჰყოლოდათ ექვსი ათასზე მეტი კაცი (მათ შორის ორი ათასი იმერელი). მთელი ამ რიცხვიდან ათასი კაცი, არტილერისტების ჩათვლით, რჩეული მეომრები იყვნენ, დანარჩენები კი გამოუცდელები და სუსტები.

9 სექტემბერს დილითვე შაჰმა ცხენოსნები გააგზავნა გზების დასაზვერად და ბრძანა წინსვლა დაეწყოთ.
9 სექტემბერსავე შუადღეს აღა-მაჰმად-ხანის მთავარი ბანაკიდან მისი ჯარის მეწინავე მცირერიცხოვანი რაზმი მოუახლოვდა სოღანლურს, რომლის მისადგომშიც ბაღ-ვენახები დაკავებული ჰქონდა დავით ბატონიშვილის რაზმს (ეს ჩანს ს. ქიშმიშევის ცნობიდან).
დავითი დაუყოვნებლივ თავს დაესხა სპარსელებს თოფის სროლით, დაამარცხა ისინი და განდევნა. ს. ქიშმიშევის ცნობით, დამარცხებულნი სასწრაფოდ დაბრუნდნენ თავიანთ ბანაკში და თავისი სიმხდალე რომ დაეფარათ, ამბავი მიიტანეს – ქართველებს დიდი ძალები ჰყავთო სოღანლუღის არეში. ასეთი იყო პირველი შებრძოლება სპარსელებთან.
მაგრამ ეს იყო მაინც შედარებით მცირე შეტაკება მზვერავ რაზმებს შორის (თითოეულ მხარეზე, ალბათ, ორასი-სამასიოდე კაცის მონაწილეობით).
სოღანლუღთან 9 სექტემბერს მომხდარ ამ მცირე შეტაკებას გულისხმობს ნიკოლოზ ბარათაშვილი, როდესაც ის ყარყუთა-კრწანისის ეპოპეას სამი დღის ფარგლებში შლის.
ც ნ ო ბ ი ს ა თ ვ ი ს: აღა-მაჰმად-ხანის შემოსევას ნიკოლოზ ბარათაშვილი აღწერს თავის პოემაში „ბედი ქართლისა“, მაგრამ აქ ეს ფაქტი შეზავებულია პოეტური ფანტაზიით, ამიტომ ისტორიული სინამდვილის წარმოსადგენად მას მცირე მნიშვნელობა აქვს. ნიკ. ბარათაშვილს სავსებით მცდარად აქვს წარმოდგენილი სპარსელების ჯარის თბილისზე პირველ დღეს მოწყობილი ლაშქრობის არსი. პოემის თანახმად, პირველივე (უნდა იგულისხმებოდეს 10 სეტემბრის) ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს და ისინი ზეიმით დაბრუნდნენ ქალაქში.
ქალაქს მოიქცნენ იმავე ღამეს
და მსწრაფლ ზღუდენი ნარიყალისა
ექმნათ საჭურედ ჯართა ქართლისა!
გათენდა დილა მზისა აღმოსვლად
მაგრამ მნათობმან შუქისა ნაცვლად
ბნელი მოჰფინა ტფილისის არეს;
აღა-მაჰმად-ხან მოადგა ციხეს!
ნიკ. ბარათაშვილის პოემაში „ბედი ქართლისა“ აღა-მაჰმად-ხანის შესახებ ნათქვამია:
სამი დღე და ღამ ადგა მას [ერეკლეს] ჯარით,
მაგრამ ვერარა ავნო ვერსაით.
დაღონდა სპარსთა მეფე ბორგვნილი,
და თურმე ყოვლით იმედმიხდილი
ქართლიდან წასვლას დააპირებდა;
მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა!...
ნ. ბარათაშვილს თბილისის დაცვის ფაქტიური სურათი ზოგადი პოეტური ფერებით აქვს წარმოდგენილი, რადგანაც, ჩანს, რომ ერეკლემ უარყო თბილისის ციხეში გამაგრების იდეა და არსებითად მანევრული ომი ამჯობინა. ნ. ბარათაშვილის ცნობა იმის შესახებ, თითქოს, სპარსელები სამი დღე და ღამე ადგნენ თბილისის ციხეს, ასევე პოეტურად წარმოდგენილი ამბავია. მაგრამ თავისთავად, ნ. ბარათაშვილის ცნობა იმის შესახებ, რომ თბილისის მისადგიმებთან ბრძოლა სამი დღე გაგრძელდა, მართალია იმ მხრივ, რომ პირველ დღეს (9 სექტემბერს), როდესაც ყარყუთას მიუახლოვდა სპარსელების მცირე მზვერავი რაზმი, ქართველების მზვერავმავე, მაგრამ უფრო ძლიერმა რაზმმა, დაამარცხა და განდევნა ის. მეორე დღეს (10 სექტემბერს) კი ქართველებს ებრძოდა სპარსელების მხოლოდ ერთი ნაწილი – ასე გამოდის სერობის ცნობიდან. მთავარი ბრძოლა მოხდა 11 სექტმბერს.
ნ. ბარათაშვილს იქვე აქვს ასეთი ადგილიც:
აჰა მან იგი წინ მოიხელთა
და მუხთალისა ანგართა ხელთა
აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენი!
მან მტერთ უმსხვერპლა თვისნი მოძმენი!
აქ ლაპარაკია რომელიღაც გამცემზე, რომელმაც მტერს საიდუმლოდ მიაწვდინა თბილისის დაცვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და 10 სექტემბერს ღამით დაარწმუნა აღა-მაჰმად-ხანი, ომი გაეგრძელებინა. არ ჩანს, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეს ჯაშუში ქართველი, რომლის ვინაობაც, ალბათ, ნიკ. ბარათაშვილისათის ცნობილი იქნებოდა. შესაძლებელია, ეს გამცემი იყო ოსეფა ყორღანაშვილის შვილი ივანე, რომელსაც შემდეგ, „რუსების დროს“, ვანკა-კაინს ეძახდნენ.
ქართველების ეს პირველი, ძლიერი სანგრებით ორ რიგად გაწყობილი პოზიცია იყო სოღანლუღში. მათ მარჯვენა ფრთაზეც მთებზე ჯარი იდგა. აქედან თბილისის მიმართულებით 4 კმ სიგრძეზე კი იწყებოდა მეტად ძნელად სავალი ვიწრობი. ერთი მხრივ, მიემართებოდა უგზო-უკვლო სოღანლუღ-შავნაბადის მთები, მეორე მხრივ კი მდ. მტკვარი, რომლის კბოდეზეც მოემართებოდა განჯიდან მომავალი საქარავნო გზა. ეს ადგილები გამორიცხავდნენ აქ რაიმე რთული მანევრირებისა, თუ გადაჯგუფების შესაძლებლობას, ამიტომაც ჩასაფრებულ და საწყის პოზიციებზე მდგომ ქართველებს სრული იმედი უნდა ჰქონოდათ იმისა, რომ აქ მცირე ძალებითაც შესძლებდნენ მრავალრიცხოვანი მტრის მოგერიებას.
9. ბრძოლა ყარყუთის ვიწრობთან 10 სექტემბრის დილით
სერობის გადმოცემით, 9 სექტემბერს დილას, სოღანლუღთან მოსვლის შემდეგ, შაჰმა ბრძანა, რომ მეორე დღეს უთენია 4 ათასი ცხენოსნით დაეწყოთ შეტევა.
ამ ამბის მონაწილე იაკუბ-ბეგ ბებუთაშვილი სპარსელთა მთავარი ბანაკის ამ მეწინავე ნაწილის წინსვლის თაობაზე შემდეგს მოგვითხრობს: „როდესაც ბანაკმა დაიწყო აყრა თბილისისაკენ, ჩვენს მარცხნის მხრით იყო მაღალი და გრძელი მთა ვიდრე თბილისამდინ (ვგონებ, თელეთის მთა ანუ იაღლუჯა) სამსე ხევებით (აქ იგულისხმება ახლანდელი სანგრის გორა, უფრო კი – შავნაბადას მთა. – ს. კ.), რომელშიაც გვესმოდა, რომ ბევრი ლეკისა და ქართველთ ჯარი არის დამალულიო, და მტკვარი დგვრჩა მარჯვნივ, მდინარის იქითა პირი იყო თანასწორი მინდორი. თუმც ტაროსი იყო ღრუბლიანი, მგრამ ჩვენს თვალში კიდევაც კარგად ჩანდა და გრძელდებოდა თბილისამდინ, სადაც ადვილად შეიძლებოდა ბანაკის მიყვანა, უკეთუ მტკვარი დიდი არ ყოფილიყო; და ესრედ ვიწრო გზებში, რომლებზედაც უნდა გაგვევლო ერთის მხრით იყო მაღალი მთები, და მრავლის სანგრებით და ჯარებით გამაგრებული, და მეორეს მხრით – მტკვარი ადიდებული და ჩვენ ვგონებდით, რომ შეუძლებელია თბილისის აღებაო. შაჰმა იმავე დილით რამდენიმე ცხენოსანნი გაგზავნა, რომელთაც გზები უნდა გაეშინჯათ და ბრძანა მისვლა ქალაქზედ.
ჩვენის ბანაკის ადგილიდამ ნახევარ საათის ანუ მეტის (ცხენოსანი ჯარის – ს. კ.) სიარულის შემდგომ მივეხწიენით ვიწროსა გზასა და კლდიან ადგილსა სადაც მარჯვნივ იყო მტკვარი და მარცხნივ იქ მაღალს მთებზე ქართველთ ჯარი სანგარში გამაგრებული იყო (ეს იყო სოღანლუღის ვიწრობი – ს. კ.), ამაზედ საკმაო ძალი მივიტანეთ, მაგრამ ადგილიდან არ დაიძრნენ“.
თავდაპირველად ქართველებს განზრახული ჰქონდათ სოღანლუღის სანგრებთან შეეჩერებინათ სპარსელები, რათა დრო მოეგოთ, ვიდრე თბილისში ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დაბარებული ჯარები შეიკრიბებოდნენ.
აი სწორედ აქ გაიმართა პირველი დიდი ბრძოლა. პირველი სანგრის წინააღმდგ სპარსელებმა ზამბურაკებიდან ცეცხლი გახსნეს და როცა ქართველებმა მთებზე იწყეს ასვლა, ახლა უკვე მეორე იერიშიც დაიწყეს. იაკუბ-ბეგს, რომელიც თვითონ მონაწილეობდა ამ ბრძოლებში, ეს ამბები ასე დამახსოვრებია. ქართველები შევიდნენ მეორე სანგარში, „რომლის გასატარებელი გზა უფრო ვიწრო იყო და მაგარის კლდით შეკრული და ამის წინად პატარა მინდორი იყო, სადაც ჩვენი ბანაკის მეათედი დაეტეოდა მხოლოდ სანგარზე საომრად, ძლივ თუღა ორი ათასსა მხედრობასა შეეძლო თავიანთის იარაღის ხმარება. ვითარცა ვთქვი, ერთს მხარეს მტკვარი იყო და მეორე მხარეს მიუსვლელი კლდეები, სადაც ბევრი ჯარი იყო თოფებით ხელში განმზადებულნი, რომელნიც დიდად აბრკოლებდნენ ჩვენს ჯარს სანგარზედ მისვლისათვის, ერთს საათამდინ ვეცადენით და ვერ შევიძელით მიახლოება იმათს სანგარზედ და ჩვენგანნი ვგონებ ასასობით დაეცნენ. შაჰი სცდილობდა, რომ ახალი ღონისძიება მოეპოვნა.
შაჰმა ნახა თავისი ჯარის განსაცდელი და მიუსვლელი ეგონა სანგარი. ამბობენ, იმისთანა სანგრებში წინ ბევრი არისო. მოუწოდა წინ წამსვლელთ ჯარის მხედართ მთავარსა და უბრძანა, რომ შეუნძრევლად ის ადგილი დაიცვას და გაფრთხილდეს მთების წვერზედ განფენილის ქართველთ ჯარისაგან, რომ არ დაესხან თავიანთ ჯარსა და თვით თავის ცხენი მოაბრუნა მტკვრისაკენ და ხმა-ჰყო: ვისაც შაჰის თავი უყვარს და ვაჟ-კაცია, მოვიდეს შაჰის ახლო და თუ მტკვარმა მე წამიღოს, ეცადენით ჩემი გვამი შეიპყრათ, წაიღოთ და დაფლათ. სთქვა და თავის თურქმნის ცხენს ჰკრა მათრახი და შეაგდო მტკვარში. ჩვენი მხრივ მტკვრის პირი ვაკე იყო და გაღმავ კი დაკლდევებული, ასვლა არ შეიძლებოდა. მოულოდნელად ახლოთვე სამი ათასი ცხენოსანი ჯარი გაჰყვა შაჰსა (მათში მეც ვიყავ რამდენიმე ასი ცხენოსნით). შაჰი რომ მიახლოვდა იქით ნაპირსაც, ვგონებ ახლად შეენიშნა, რომ ცხენი იმ კლდეზე ვერ ავიდოდა; ამისთვის ცხენი მოაბრუნა და ცოტა ქვემოთ დავაკებულ კლდეზე გავიდა გაღმა მშრალზედ. როგორც პირველი შევიდა მტკვარში, ისე პირველი გავიდა გაღმა. და სამასამდის ცხენოსანნი მდინარეში დაიხრჩვნენ რადგან ვერ შეიძლეს მეორეთ გასვლა გამოღმიდამ გაღმა.
მშრალზედ გასული შაჰი ერთ პატარა გორაზე ავიდა, დადგა და უყურა გამსვლელთ ჯართა, რომელნიც სრულიად რო გავიდნენ, ხმა ჰყო ამილახორს (მეჯინიბეთ მთავარს), რომ ორი ათასი ცხენი გამამიყვანეო. მხედრობა პატარა ხანს დაასვენა. შემდეგ მძიმედ დაუწყო გაღმიდამ სინჯვა ქართველთ სანგრებსა, რომელთაც ცხადად ვხედავდით. აგრეთვე თბილისის ერთი ნაწილის სახლებს ადვილად ვამჩნევდით. ქართველთ მესანგრე ჯარი ნახეს შავსა გაღმა და ცოტ-ცოტა ცხენოსანი ჯარის მიმატება და დაინახეს რომ შაჰი წინ წავიდა იქით პირსა ზემოდ მხარესა, და შაჰმა ხელით ანიშნა მხედართ მთავარსა, რომ ყოვლის ძლიერებით სანგარზედ მისულიყო. ქართველებს კი ეგონათ – უკანიდამ გზა უნდა გადაგვიჭრას შაჰმაო. ამისთვის მაშინვე თავი დაანებეს იმ სანგარს და, თბილისისაკენ წასულნი, მესამე სანგარში მყოფ ჯართან შეერთდნენ.
შაჰმა რომ ნახა მათი გაქცევა, – მოგვითხრობს იგივე ავტორი, – მოინდომა უკანვე დაბრუნება და თავის ჯართან გაღმა გასვლა, ამ დროს რამდენიმე სარწმუნოება გამოცვლილი ქართველნი, რომელნიც ჩვენს ბანაკში იყვნენ, წინ წამოდგნენ და თავი დაუკრეს შაჰსა და მოახსენეს – ამ ახლო ადგილის ზემოთ ბაღებში (ორთაჭალა) რომ ჩანს, იქ უფრო უკეთესი ფონი არის, რადგან მტკვარი ორად იყოფება და იქ საპალნე აკიდებული ჯორიც ადვილად გავაო. შაჰმა აქო ისინი და მათი ერთგულება და ვაჟ-კაცობა და გაგვიძღვნენ ის სარწმუნოების მგმობელი ქართველნი და ძლიერ ადვილად გავედით იმ ფონსა და რამდენიმე წამი მოვიცადეთ“.
სპარსელების ბანაკში მყოფ ქართველ მაჰმადიანებს, რომელთაც აღა-მაჰმად-ხანს ფონი უჩვენეს იაკუბ-ბეგ ბებუთაშვილი თავიანთი ქვეყნის და სარწმუნოების მოღალატეთ უწოდებს (თავის თავს კი ის რატომღაც ასეთად არ თვლის, ალბათ იმიტომ, რომ ქრისტიანად იყო დარჩენილი, თუმცა სპარსეთის სამხედრო სამსახურში იმყფებოდა).
ფონი, რომელიც აღა-მაჰმად-ხანს რენეგატმა ქართველებმა უჩვენეს, იყო დაახლოებით ყარყუთას და კრწანისის ველის შუა, იქ, სადაც მტკვარს დიდი კუნძული ახლაც თითქმის ორ თანაბარ ტოტად ყოფს. ამ ადგილას აღა-მაჰმად-ხანმა თავისი რაზმი ამჟამად თითქმის უვნებლად გადაიყვანა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე.
ორთაჭალაზე სპარსელებს მოსვლა არ შეეძლოთ, ვინაიდან, ისინი მოხვდებოდნენ ყარყუთა-სოღანლუღიდან მიმავალ და კრწანისის ველზე მდგომ ქართველების ორ ცეცხლს შუა და უსათუოდ განადგურდებოდნენ, ამიტომაც ამჯერად სპარსელების სარდლობა იმით დაკმაყოფილდა, რომ აიძულა ქართველები ყარყუთა-სოღანლუღის პოზიციები დაეცალათ და უკან დაეხიათ.
ყარყუთას პოზიციებზე მდგომი ქართველების ჯარის რაოდენობის შესახებ ალ. ორბელიანი გადმოგვცემს, რომ იქ იყვნენ ორივე მეფენი – ერეკლე და სოლომონი 4 ათასი კაცით. თუ ეს რიცხვი მიახლოებით მაინც სწორია, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ აქ სანგარსა და აგრეთვე ფერდობებზე იმ ჯარის გარდა, რომელიც იმავე დღეს კრწანისის ველზე 2500 კაცის რაოდენობით იბრძოდა, ქართველებს უნდა გამოყვანილი ჰყოლოდათ კიდევ მოქალაქეთა რაზმების უმეტესობაც, სულ ცოტა ათასი კაცი მაინც. ამ ბრძოლას შეიძლებოდა მეტნაკლებად პოზიციური ხასიათი ჰქონოდა. ამიტომაც მასში ომებში გამოუცდელი მოქალაქეები სავსებით გამოდგებოდნენ. კრწანისის ამბების თანამედროვე ტერ-ოჰან ვოსკრეჩიანცი გვამცნობს: „დაინახა ერეკლემ, რომ მის შვილებს შორის უთანხმოების გამო არ მოვიდნენ ტფილისში მოლოდინებული ჯარები და რომ ქალაქში მყოფი იმერლების ჯარი ცარცვავდა ქალაქს (უნდა ვიგულისხმოთ, თავისთვის სურსათს კრებდა – ს. კ.), ის სასოწარკვეთილი გავიდა და რაც ძალები ჰყავდა, იმით შეება სპარსელებს სოღანლუღში, რომელიც ქალაქის ახლოს მდებარეობდა. ამ პირველ დღეს მან აქ მოიპოვა მცირე გამარჯვება და დაბრუნდა ქალაქში“.

მას შემდეგ, რაც მტკვარი გადალახეს, იმის გამო, რომ ქართველებს ხევებზე გადებული ბოგირები აეყარათ, ყიზილბაშებს ჩველებრივზე მეტი დრო მოუნდათ, ვიდრე თავისი სამი ათასი ცხენოსანი ვიწრო საურმე გზით კრწანისის ველზე რომ გამოეყვანათ და აქ სათანადო გეგმით განელაგებინათ. ამასთანავე სპარსელების ზემოხსენებულ მხედრობას კიდევ შავნაბადის მთის ფერდობებზე კრწანისის ველისაკენ გადმოსული ჯარიც მოემატათ.
ალ. ორბელიანის მიხედვით, ქართველების ჯარი სწრაფად იხევდა უკან კრწანისის ველისაკენ. სისწრაფე არა მარტო იმით აიხსნება, რომ მტკვრის მარცხენა ნაპირზე გასული აღა-მაჰმად-ხანი ემუქრებოდა ქართველებს – მტკვარზე უკანვე მოსვლით ზურგში მოქცეოდა მათ, არამედ იმითაც, რომ ქართულ სარდრობას (სარდლობას) მზვერავებისგან უკვე მიღებული ექნებოდა ცნობა, რომ სპარსელების ერთი ნაწილი თელეთის გზიდან, მაშასადამე, დასავლეთიდან ადიოდა შავნაბადაზე, რათა იქიდან კრწანისის ველზე ჩამოსულიყო. საჭირო იყო სასწრაფოდ უკან დახევა და კრწანისის ველის ჩრდილოეთიდან კარგად მისადგომი და გამაგრებული პოზიციების დაკავება.
უკან დახეულმა ქართველებმა გავლეს ვიწრობი, შემდეგ კრწანისის ველიც და მოთავსდნენ ამ ველის თავში გორებთან, წინასწარ დამზადებულ პოზიციაზე. აქ მცირე გორაზე, როგორც ეს სერობის ცნობიდანაა საგულისხმებელი, იდგა ბატარეა თერთმეტი რუსული და რვა ევროპული ზარბაზნით, რომლებსაც ემსახურებოდნენ საუკეთესოდ გაწვრთნილი არტილერისტები.
როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ამ დღისთვის სპარსელების რაოდენობა? იაკუბ-ბეგის თანახმად, აღა-მაჰმად-ხანს 10 სექტემბერს მტკვრის მეორე ნაპირას გაჰყვა სამი ათასი რჩეული ცხენოსანი. იმათგან ორასი-სამასი კაცი მტკვარში დაიხრჩო. გარდა ამისა, უსახელო ქართველი ავტორის სიტყვით, კიდევ უფრო მეტი ჯარი გადმოვიდა იმ დღეს კრწანისის ველზე შავნაბადას მთიდან („ურიცხვი ჯარი“-ო). ამიტომ შესაძლებელია კრწანისის ველზე იმ დღეს სპარსელების მებრძოლი ჯარი ვიგულისხმოთ ცხრა-ათი ათასამდის კაცი, მეტწილად ცხენოსნები. როგორ იყვნენ ისინი შეიარაღებულნი? რასაკვირველია, მათ შორის იქნებოდნენ მეთოფეებიც. ეს ჩანს დავით ბატონიშვილის ასეთი სიტყვებიდან: „1795 [წელს] მოვიდა აღა-მაჰმად-ხან და შემუსრა ტფილისი და სძლო მეფესა, თუმცა წინას დღეს ვსძლეთ იმისს ჩარხაჩს ჩინებულად“. ეს „წინა დღე“ არის 10 სექტემბერი, ხოლო ჩარხაჩი ნიშნავს ისრის მტყორცნელს. მაშასადამე, სპარსელების ჯარის შემტევი ნაწილის უმეტესობა იყო ისრის მტყორცნელი (გაუმჯობესებული, მცირედ მექანიზებული მშვილდი, რომელიც იხმარებოდა ძველი რომის სახელმწიფოში, სპარსეთში შემორჩა ამ დროისთვისაც. ევროპაში მას ეძახდნენ ფრანგულ სახელს – არბალეტი).
რამდენი ჯარი ჰყავდათ ამავე რიცხვში დღის მეორე ნახევარში ქართველებს კრწანისის ველზე?
1795 წელს 15 სექტემბერს ერეკლე თავის შვილს მირიანს და ელჩს გარს. ჭავჭავაძეს პეტერბურგში მთიულეთიდან სწერდა: „ათ სექტემბერს აღა-მაჰმად-ხანი მოადგა ტფილისს. ამ პირველი მისი მოსვლისას მე შევხვდი მას შეკრებილი მცირერიცხოვანი ჯარით და იმერეთის მეფესაც ჰყავდა თან აგრეთვე დაახლოებით ათასი კაცი. ჩვენ დავამარცხეთ აღა-მაჰმად-ხანის მეწინავე ჯარები და უკან დავბრუნდით“.
ამ ცნობის მიხედვით, 10 სექტემბერს ერეკლეს ჯარი კრწანისის ველზე ბევრად არ აღემატებოდა სოლომონის მხედრობას, ორივე ერთად კი უნდა ყოფილიყო დაახლოებით ორი ათას ხუთასი კაცი. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობა, რომ 11 სექტემბერს დილით იმერლები ორი ათასამდე იყვნენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ იმერლებს ზარალი მოუვიდათ 10-შიც და მაინც 11-ში ისინი 2000-მდე იყვნენ, გამოდის, რომ 10 სექტემბერს ათასზე მეტი იმერელი რეზერვში იდგა და ბრძოლაში არ მონაწილეობდა. ამდენად, 11 სექტემბერს ბრძოლებში მონაწილე 2000 იმერელი და 10-ში ნაგულისხმები დაღუპული იმერლები, ერთად აღებული, უნდა ყოფილიყვნენ 2,5 ათასი კაცი. ეს იყო, მაშასადამე, იმერელთა საერთო რაოდენობა 10 სექტემბრის დამდეგს. ამათ ემატებოდნენ ქალაქში რეზერვში მყოფი მოქალაქეთა რაზმები და სხვ.
ერეკლეს ზემოთ ციტირებული სიტყვებიდან ჩანს, რომ მას ამ დღეს კრწანისის ველზე თითქოს მთლად გაუყვანია თავისი ჯარები.

ყარყუთის ვიწრობთან და მის შემდეგ კრწანისის ველზე მომხდარი ბრძოლების ამბები სერობს ერთმანეთზე აქვს გადაბმული და მათ მოკლედ გადმოგვცემს. ეტყობა, სერობის ინფორმატორები 10 სექტემბრის ბრძოლას თვითონ არ დასწრებიან, რის გამოც ერთმანეთზე მიყოლებით ამ დღის ამბების გადაცემა დალაგებით ვერ შესძლეს. ამიტომ სერობი ჯერ გადმოგვცემს, რომ 10 სექტემბერს დილიდანვე სპარსელების 4-ათასიანმა ცხენოსანმა ჯარმა შეტევა დაიწყოო (იგულისხმება ბრძოლა ყარყუთა-სოღანლუღიდან), შემდეგ კი იგივე ავტორი განაგრძობს, რომ ამ ჯარმა მიაღწია ვენახების დასაწყისს (ე. ი. კრწანისის ველიც გაუვლია) და აქ 4 საათის განმავლობაში გაბედულად უტევდა ჩვენს ზარბაზნებს, რომლებიც ხშირ ყუმბარებს უშენდნენ მტერს, ამიტომაც მტერმა ვერ მოახერხა გამარჯვება.
ზემოთ მითითებული ცნობიდან ჩანს, რომ დასაწყისშივე ერეკლემ სპარსელების წინ წამოწეულ ჯარს არტილერია დაუშინა, რამაც დიდი ზარალი მიაყენა ამ უკანასკნელებს. სპარსელებმა ვერ მოახერხეს არტილერიის საფარქველს მყოფი ქართველების ჯართან მიახლოებაც კი. მეზარბაზნეები სპარსელების ახალ-ახალ დასტებს აჩერებდნენ და მათ დიდად დაზარალებულთ უკუაგდებდნენ. ერეკლე აქაც იყენებდა მის დროს მიღებულ ტაქტიკას, რომლის მიზანიც ის იყო, რომ არტილერიის ცეცხლით მოეღალა და მოექანცა მტერი, დაეზარალებინა იგი, რის შემდეგაც მას თავისი დასვენებული რჩეული მეომრებით დაჰკრავდა. მართლაც, როგორც ეტყობა, ქართველებმა სპარსელების მეწინავე ზარბაზნების ყუმბარის სასროლ მანძილზე (500–600 მეტრზე) მიუშვეს, შემდეგ სასტიკი ცეცხლის დაშენით დიდი ზარალი მიაყენეს მას და გატეხეს კიდევაც. ასევე დაუპირისპირდა ერეკლე სპარსელების შემდგომ დარტყმებს, როცა ისინი შავნაბადას ქედიდან გადმოსულნი ცდილობდნენ თავისიანთა დახმარებას.
ამგვარად, კრწანისის ველის ჩრდილოეთ მონაკვეთში, ვენახებთან, ზარბაზნები სპარსელებს ოთხი საათის განმავლობაში აჩერებდნენ.
ამის შემდეგ მოღლილი და მოტეხილი სპარსელების წინააღმდეგ ქართველებმა იერიშით დაიწყეს შეტევა. ამ ოპერაციას მეთაურობდა დავით ბატონიშვილი, რომელიც მეწინავეთა რაზმის სათავეში იდგა. მის ხელქვეით იყვნენ სარდლები: ოთარ ამილახვარი, ივანე მუხრან-ბატონი, ზაქარია ანდრონიკაშვილი (ქიზიყის მოურავი) თავიანთი რაზმებით და იმერეთის სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი იმერლების რაზმით.
უცნობი ქართველი ავტორის ცნობით, ამ დღეს კრწანისის ბრძოლის ველზე იყვნენ ორივე მეფენი, ბატონიშვილი დავით და იოანე, ამასთან იმერლების ჯარიც. „გამოჩნდა მათი (სპარსელების) ჯარი ურიცხვი მთასა ზედა შავ-ნაბადისასა და შეიქნა ომი ფიცხელი და მოსცა ღმერთმან ძლევა მეფეს ირაკლის მრავალგზის გამარჯვებულსა და მრავალგზის ღვთისგან დაცულსა ბრძოლასა შინა და იმ დღეს მრავალი ყიზილბაში დახოცეს და მრავალი თავიც მოართვეს. ვიდრე მწუხრამდე იყო ბრძოლა და სიღამემან განყარნა“.
უსახელო ავტორის ცნობაში საყურადღებოა ის მითითება, რომ ამ ბრძოლაში იყვნენ ერეკლე და სოლომონ მეფეებიცაო. დავით ბატონიშვილის ცნობით კი, ამ ბრძოლას ის თვითონ ხელმღვანელობდა, რაც მართალი უნდა იყოს. ერეკლე და სოლომონი იქვე რეზერვში იდგნენ, მაგრამ ბრძოლაში არ ჩაბმულან.
დავით ბატონიშვილმა ისე კარგად ჩაატარა ეს შეტევა, რომ საჭირო არ გახდა რეზერვის გამოყვანა.
დავით ბატონიშვილის (1757–1819) ეპიტაფიაში, სადაც ჩამოთვლილია მისი მთავარი დამსახურებანი სხვადასხვა დარგში, აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი ღვაწლი ასეა გამოთქმული:
მეწინავენი სპარსთაი წარვაქციენ
ჟამსა მოსვლისა ხოჯასასა ტფილისს.
დღესა მეორესა, ოდეს სძლიეს სპარს-ქართველებმა
მშვიდობით დავსცევ დას-მწყობრი რწმუნებული
ცეცხლ-სასროლელით, რომელიც განვარინენ.
ამგვარად, უეჭველია, რომ არტილერიის ცეცხლით მოტეხილი და დეზორგანიზებული სპარსელების ჯარის წინააღმდეგ შეტევას ხელმძღვანელობდა 26 წლის დავით ბატონიშვილი, რომელიც სერთოდ ცნობილი იყო თავისი განსაკუთრებული სიმამაცითა და ჭკუით.
როგორც აღვნიშნავდით, 10 სექტემბრის ცნობილ ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა იმერეთის მეფის სოლომონ II-ის ლაშქარიც. ამ ამბებს უნდა გულისხმობდეს იმრეთის მეღვინეთუხუცესის სვიმონ წერეთლის მოგონებაც, რომელიც მას მოუყოლია აკაკი წერეთლისათვის, ამ უკანასკნელმა კი იგი გმოაქვეყნა კიდევაც. სვიმონ წერეთლის თქმით, „გამოღმით (კრწანისის ველიდან) ჩვენ ვიდექით მაღლობზე და გაღმით ყიზილბაშები: ჩვენ ვიყავით ორი ათასამდე იმერელი, აქედან ერთი ნაწილიც (არტილერიის უფროსს) ქუმელა გურამიშვილს გაუგზავნეს. იქავე ჩვენთან იყო ორასამდე თათარი და სხვა კანტი-კუნტად ქართლ-კახელები... მტერმა რომ გვიცოტავა, მოგვმართა, მაგრამ ჩვენ ბრძანება გვქონდა და ადგილიდან არ დავძრულვართ. ჯერ თოფები მივახალეთ და მერე ხმლით დავიწყეთ მოგერიება. შვიდჯერ გავაბრუნეთ. იმათ ახალ-ახალი ჯარი ენაცვლებოდათ, ჩვენ კი ჯერ არ გვეჭირვებოდა გამონაცვლება. საოცარი გულდამშვიდებით იბრძოდნენ ჩვენი თათრები და ქართლ-კახელები, ჩვენები კი ჯიქივით ხტოდნენ და საფარში აღარ დგებოდნენ. ორჯერ-სამჯერ კიდეც გაჰყვნენ და მისდიეს უკუქცეულ მტერს. რაჭველი გოცირიძე გაიტაცა ბრძოლის სიმთვრალემ და მარტოდმარტო სერამდის აჰყვა გაქცეულ სპარსელებს... ისინიც მოუბრუნდნენ და შემოჰკრეს ირგვლივ. საოცარი სანახვი იყო მისი თავგმოდება – შემოატრიალა ხმალი და ირგვლივ კალო გაიკეთა. ეს რომ დაინახეს მისმა ამხანაგებმა, ახალგაზრდა იმერლებმა გულმა აღარ მოუთმინათ და შეუტიეს – ერთი ასს ებრძოდა. მოკლეს გოცირიძე, ზედ სამასამდის ჩვენებიც დააკვდა, მაგრამ ზედ ყიზილბაშების ხორაც დადგეს. მაშინ ბრძანა მეფე ირაკლიმ – აჩქარდნენ, საქმეს გამიფუჭებენო. მოავლო ბაირაღს ხელი (შეად. ზემოთ ალ. ორბელიანის ცნობა) და თითონ წაუძღვა ერთიანად ჯარს. ახალგაზრდა შვილიშვილი (სოლომონ II) ადგილზე დატოვა და მიბრძანა – მეც არ მოვშორებოდი, მაგრამ ჩვენს მეფესაც გულმა აღარ მოუთმინა, მიაშურა ხმალ და ხმალ და ჩვენც მივყევით. ბევრს ომში ვყოფილვარ, მაგრამ ამისთანა ბრძოლა არსად მინახავს. თუ წინ ბნელი არ გადაგვღობებოდა, შორს გავრეკდით მტრებს. გამარჯვება მაინც, რასაკვირველია, ჩვენი იყო“.
სვ. წერეთლის გადმოცემას მთლიანად ემოწმება ალ. ორბელიანიც, რომელიც წერს: „მეფე სოლომონის დის, ბატონიშვილის მარიამისგან გამიგონია: ასე ვაჟკაცად იყვნენ იმერლებიო, რომ მარტო ორასი მეტი თავად-აზნაური დააკლდათ აღა-მაჰმად-ხანის ორი დღის (ე. ი. 10–11 სექტემბერს) ომში. მეც ვიცი მართლა ისეთი ხელი გამოუღიათ იმერლებს, რომ ქართველები გაუკვირებიათ, თვით მაშინდელი ქართველებისაგან გამიგონია“.
დღის რომელ ნაწილში უნდა დაწყებულიყო 10 სექტემბრის ბრძოლა კრწანისის ველზე?
სერობის მიხედვით, სპარსელების შეტევები დაიწყო 10 სექტემბერს დილითვე ყარყუთას მისასვლელზე, ამ დროს იაკუბ-ბეგის მოწმობით, სპარსელებმა რამდენიმე ასეული მეომარი დაკარგეს. ამ ცნობის საფუძველზე საფიქრებელია, რომ აღა-მაჰმად-ხანი მტკვარს გაცურავდა დაახლოებით 11 საათზე. შემდეგ, როგორც ვნახეთ, სპარსელები უკან, მტკვრის მეორე ნაპირზე, დაბრუნდნენ. ისინი ისე მიდიოდნენ შავნაბადის ფერდობებზე, ყარყუთას ვიწრობზე, რომ ამ ვიწრობში უკანდახეულ ქართველებს ხიდები და ბოგირები განადგურებული ექნებოდათ. ასეთ ვითარებაში სპარსელების მოძრაობას დასჭირდებოდა არანაკლებ 2 საათისა. მაშასადამე, სპარსელების 8–9 ათასიანი ჯარი კრწანისის ველზე გადმოვიდოდა დაახლოებით 12 საათისათვის. ამის შემდეგ საჭირო იქნებოდა დრო ჯარის განლაგებისა და შეტევის მოსამზადებლადაც. მაშასადამე, კრწანისის ველის ჩრდილოეთ გამოსავალთან შეტევების დაწყებას სპარსელები შეძლებდნენ მხოლოდ ორის ნახევარზე. ზარბაზნებმა სპარსელები 4 საათი გააჩერეს, დაახლოებით ექვსის ნახევარზე კი ქართველებმა დავით ბატონიშვილის ხელმძღვანელობით იერიშიც დაიწყეს უკვე მოღლილ-მოტეხილი სპარსელების წინააღმდეგ, დაამარცხეს ისინი და მთლიანად განდევნეს კრწანისის ველიდან.
ზემოაღნიშნული ბრძოლის წარმოსადგენად გარკვეული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ თოფი ამ დროს ისროდა 300 ნაბიჯის (დაახლ. 200 მეტრის), ზარბაზანი კი 700–800 მეტრის სიგრძეზე. მაშასადმე, ქართველების არტილერიას შეეძლო ნახევარი კილომეტრის იქით, თავისიანებზე გადავლით, ყუმბარები დაეშინა მოწინააღმდეგისათვის. ხოლო რადგანაც სპარსელებს ასეთი არტილერია არ ჰქონდათ, ქართველებს ბრძოლის ველზე დიდი ტაქტიკური უპირატესობა ეძლეოდათ.
მოახლოებული ღამის სიბნელემ მებრძოლნი გაყარა. შაჰი ავიდა შავნაბადაზე, სადაც მისთვის კარავი იყო დადგმული, მან აქ თავის სარდლებთან ერთად გამართა თათბირი იმის შესახებ, თუ როგორ ემოქმედათ შემდგომ დღეს. სპარსელების ჯარის დიდი ნაწილი დარჩა ყარყუთა-სოღანლუღის ბანაკში, ნაწილი იყო შავნაბადაზე, უფრო მცირე ნაწილი კი, წინა დღეს კრწანისის ველზე რომ იბრძოდა, იქვე, ამ ველის ამოსავალთან დარჩა.
ამგვარად, 10 სექტემბერს სპარსელებმა დიდი ზარალი ნახეს და სერიოზული დამარცხება განიცადეს, რაც ქართველების დიდი გამარჯვება იყო. შემდეგში ქართველებში გავრცელებული იყო აზრი, რომ აღა-მაჰმად-ხანი და მისი სარდლობა უკვე დაეჭვებული იყვნენ ქართველებზე გამარჯვებაში, რის გამოც აღა-მაჰმად-ხანი ყოყმანობდა და უკან წასვლასაც აპირებდა, მაგრამ გამოჩნდა შინაგამცემი, იუდა, როგორც მას ნიკ. ბარათაშვილი უწოდებს. მან, ნ. ბარათაშვილოისავე სიტყვით, „მტერთ უმსხვერპლა თვისი მოძმენი“ და გააგებინა სპარსელებს ქართველების მცირერიცხოვნობა. ცნობას ღალატის შესახებ გვაწვდის ალ. ორბელიანიც. თუ ეს ცნობა მართალია, მაშინ ერთად-ერთი პირი, რომელსაც თითქოს ღალატი შეიძლებოდა ჩაედინა, როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, უნდა ყოფილიყო ოსეფა ყორღანაშვილის შვილი ივანე, რომელსაც რუსები 1825–1830-იან წლებში ვანკა-კაინს ეძახდნენ. კაენი „ბიბლიით“ ცნობილია, როგორც თავისი მის – აბელის მკვლელი. ოსეფა და მისი ოჯახი დიდად განაწყენებული იყვნენ მეფე ერეკლესა და ზოგ მის ახლობელზე, თუმცა პირდაპირი საბუთი ზემოხსენებული ღალატის შესახებ არ არსებობს, ოსეფას აბრალებდნენ დარეჯან დედოფალთან სიახლოვეს, მის საქმიანობაში ხელის შეწყობას. ამის გამო სარდალმა დავით ორბელიანმა, ერეკლეს სიძემ, ოსეფა თავის აზნაურებს საჯაროდ გაალახვინა. ორბელიანს ამისთვის არაფერი უყვეს, რის გამოც ო. ყორღანაშვილი, ალ. ორბელიანის სიტყვით, შემდეგ ერეკლეს გაუორგულდა.
10 სექტემბერს ღამე ერეკლე და სოლომონი თავიანთი სარდლებითურთ ქალაქის შიგნით დაბრუნდნენ. კრწანისის ველის გასასვლელსა და არტილერიასთან კი დარჩნენ მცველი რაზმები.
როგორც კი ერეკლე სასახლეში მივიდა, მაშინვე დაიწყო სამხედრო თათბირი. აქ დაგეგმეს ახალი დისპოზიცია, რომლის მიხედვითაც დილით ადრე ჯარი მზად უნდა ყოფილიყო მისი ნაწილებისათვის მიჩენილ ადგილებზე.
სამწუხაროდ, ამ თათბირს სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად არავითარი თვისებრივად ახალი გეგმა არ შემოუთავაზებია. ძირითადი იდეა, რომ ბრძოლა კვლავ ქალაქის გარეთ უნდა გაგრძელებულიყო, უცვლელი დარჩა. მაგრამ თუ 8 სექტემბრის გადაწყვეტილებას ბრძოლის თბილისის გარეთ მიცემის შესახებ ერთგვარი მიმართულება ჰქონდა (რადგანაც ქართველებს ჯერ კიდევ ჰყავდათ ჯარიც და არც სპარსელების რაოდენობა იყო გარკვეული), 10 სექტემბრის ღამით, როცა გახიზვნის დაწყებისა და ქიზიყელების გაბრუნების გამო ქართველთა რიგები მეტად შეთხელებული იყო და სპარსელების რაოდენობაც მიახლოებით მაინც ცხადი იქნებოდა, თავდაცვის წინანდელი გეგმის უცვლელად დატოვება შეიძლება აიხსნას მოხუცებული ერეკლეს დაბნეულობით და სარდლობის უნიჭობით. 11 სექტემბერს მდგომარეობის გამოსწორება შეეძლო მხოლოდ ქართველების ახალი მაშველი ჯარის მოსვლას (შეიძლება ერეკლეს ამისი იმედიც ჰქონდა), მაგრამ ამ დღეს ქართველებს ერთი კაციც არ მოჰმატებია.

10 სექტემბრის თათბირის შემდეგ, 11 სექტემბერს, დილითვე ქართველებმა თავისი ჯარის ახლებური გაწყობა დაიწყეს, არტილერია იქვე დარჩა, სადაც წინა დღეს იყო, ე. ი. კრწანისის ველის ჩრდილოეთ ბოლოში მდებარე კლდოვან მაღლობზე, ორხევის პირას, მტკვართან ახლოს. არტილერია იცავდა მტკვრის ნაპირზე არსებულ გასასვლელს და ყუმბარებით ფარავდა წინ კრწანისის ველს 2/3 კილომეტრის (დაახლ. 700 მ – ი. ხ.) მანძილზე. აქვე, მარცხენა ფრთაზე, არტილერიის დასაცავად მტკვართნ ახლოს მაღლობზე იდგა იოანე მუხრან-ბატონის სარდლობაში მყოფი გუნდი (რაზმი). მემარჯვენედ (მარჯვენა ფრთაზე) მაღლობზე იდგა იმერლების ათასკაციანი გუნდი ზურაბ წერეთლის წინამძღოლობით. ცენტრი (მემარცხენე და მემარჯვენე ფრთებს შორის) ეკავა თვით ერეკლეს, რომელიც მთავარსარდლობდა. აქ იდგა ორი გუნდი, ერთი ვახტანგ ბატონიშვილის, მეორე კი სარდლის ოთარ ამილახვრის მეთაურობით. სულ კრწანისის პოზიციებზე განლაგებული იყო ხუთი გუნდი 3, 1/3 ათასი (3350-მდე – ი. ხ.) კაცის ოდენობით. ამ ადგილებში დამზადებული იყო ოთხწყება სანგრები.
გარდა ამისა, კრწანისის ველის ზემოთ, მაღლა, თაბორის მთის ფერდობზე, ტაბახმელა-შინდისიდან თბილისის ციხისკენ მიმვალ გზას იცავდა ბატონიშვილი დავითი ოთხასი კაცით, ოთხი ზარბაზნით და ორი ზამბურაკით.
ქალაქის პირას, აბანოს ხიდის მიდამოებში, იდგა სოლომონ მეფე იმერლებით, რომლებსაც ალ. ორბელიანი ათასი კაცის რაოდენობით ითვლის, მაგრამ სინამდვილეში ისინი უფრო ცოტა უნდა ყოფილიყვნენ. სოლომონს და მისიანებს ევალებოდათ წავკისის-წყლის (დაბახანის წყლის) ხეობის დაცვა იმ შემთხვევისათვის, თუ სპარსელები შესძლებდნენ გვერდიდან (თაბორის მთიდან, ან მაჰმადიანთა სასაფლაოს ვაკიდან) აქ გამოჭრას.
როგორი იყო ძალთა თანაფარდობა მომავალი ბრძოლისათვის?
თეიმურაზ ბატონიშვილს კრწანისის ომის წინა დღისათვის ქართველების ჯარის რაოდენობა არ აქვს აღნიშნული: იმერლები „ორი ათასი ოდენ“, ე. ი. მიახლოებით, და ქართლ-კახელთა „ორი ათას შვიდასამდე“. ამ რიცხვში არ შედის არტილერია, რომელშიც, სერობის სიტყვით, უფროსების გარდა სამასი კაცი იყო. ამით უნდა აიხსნებოდეს, რომ იქვე, რამდენიმე სტრიქონის შემდეგ ქართველების ჯარის რაოდენობას კრწანისის ბრძოლის წინ თეიმურაზი უჩვენებს: „ხუთი ათასამდე კაცს“. ეს იყო 10 სექტემბერს.
ქართლ-კახეთის ჯარის რიცხვი 10 სექტემბრისათვის შედგებოდა შემდეგი შეანაერთებისაგან: მეფის მსახურნი (მუდმივი ჯარი) 600 კაცი, გარე კახელები ზაქარია ანდრონიკაშვილის წინამძღოლობით 600 კაცი, არაგვიდან სულ 300 კაცი, 150 თათარი, 300-ზე მეტი არტილერისტი, რჩეული მოქალაქენი, ვარაუდით 300 კაცი, ხევსურნი და თუშნიც ვარაუდით 500 კაცი, სარდლების ოთარ ამილახვრის და მუხრან-ბატონი მებრძოლები, ვარაუდით ორასამდე კაცი, სულ დაახლ. – 2950 კაცი. ყველა ესენი ბრძოლის ხაზზე იდგნენ.
გარდა ამისა, თბილისის ციხეს ჰქონდა 16 ზარბაზანი, რომელთა მომსახურეობას ორას-სამასი კაცი მაინც მოუნდებოდა. თბილისის ზედაციხეს (და მეტეხსაც) დასჭირდებოდა მცირეოდენი მცველი რაზმი, სულ ცოტა ორასი კაცი მაინც, რაც ერთად აღებული იქნებოდა 3500 კაცი.
კოჯრის გზაზე, სოლოლაკის ქედის მისადგომთან, ახლოს უნდა მდგარიყო ის რაზმი, რომელიც შემდეგ შეებრძოლა მუსტაფა-ხანის და მელიქ-მეჯნუნის სამ-ოთხათასიან ცხენოსან შენაერთს. ზემოხსენებულ რაზმში სჭარბობდნენ ცუდად შეიარაღებული და გამოუცდელი ქალაქელები (სერობის ცნობა) და ცოტაოდენი იმერლებიც. აქ ქალაქელთაგან რვაას-ცხრაასი კაცი წვრილი მოქალაქე და სამასიც იმერელი არიან საგულისხმებელნი.
სულ კი ერეკლეს ხელქვეით მყოფი სამხედრო ძალის რაოდენობა 10 სექტემბრისათვის აღწევდა 6200 კაცს, რომლისგანაც 10 სექტემბერს მწყობრიდან იყო გამოსული 200 კაცი, მაშასადამე დარჩებოდა 6 ათასამდე კაცი.
11 სექტემბერს დილისათვის, წინ დღის მსგავსად, ერეკლეს ჯარი გაყოფილი ჰყავდა ხუთ გუნდად იმერლების გარდა. ზემოხსენებულთაგან ორი გუნდის შესახებ იაკუბ-ბეგი გადმოგვცემს, რომ ისინი 11 სექტემბერს შეტევაზე გადასვლის წინ ათას-ათასი კაცისაგან შედგებოდნენ. დავით ბატონიშვილის თაბორზე (ყორჩი-ყალაზე) მყოფი გუნდი, სტ. ქიშმიშევის ცნობით, 11 სექტემბერს შედგებოდა ათას კაცისაგან სამასი მოქალაქის მიმატებით. სულ, მაშასადამე, ათას სამასი კაცისაგან. ასეთ პირობებში ძნელი დასაჯერებელია, რომ სარდლების ივანე მუხრან-ბატონის და ოთარ ამილახვრის გუნდები ათას-ათას კაცზე ნაკლები ყოფილიყო. იმერლებიც ზურაბ წერეთლის წინამძღოლობით ათასზე ნაკლები, ანუ 800 კაცი უნდა ყოფილიყო, რვაასი იმერელიც რეზერვში იდგა. კოჯრის გზაზეც დაახლოებით ათასამდის კაცი იდგა, მათ შორის ორასამდე იმერელი. ზემონათქვამიდან სულ, მასასადამე, არტილერისტების და ციხეთა მცველი რაზმების მიმატებით გამოდის 8–8 1/3 ათასი კაცი. თუ ეს ზუსტად ასეა, გამოდის, რომ ერეკლეს ჯარს 10 სექტემბრის გვიან საღამოს მიჰმატებია 2–2 1/3 ათასი კაცი, ალბათ, უმთავრესად ამილახვრის და მუხრან-ბატონის სამფლობელოებიდან ქსნის ხეობის ჩათვლით. ალექსანდრე ორბელიანი გადმოგვცემს, რომ ეს სარდლები და თვით იოანე ბატონიშვილიც, რომელსაც ქსნის ხეობა ეკავა, თითოეული მათგანი, რამდენიმე ათეული კაცით გამოცხადდნენ, მაგრამ 10 სექტემბერს საღამოს და ღამე, ეტყობა, ქართლიდან მეომრები საკმაოდ ბლომად მოსულან.
ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ დაახლ. 1830-იან წლებში ერეკლე II-ზე რუსულად დაწერილი მონოგრაფიის უსახელო ავტორი, რომელიც მალკოლმის სპარსეთის ისტორიასაც იცნობს, მალკოლმივით მიუთითებს, რომ სპარსელებს 1795 წელს თბილისთან კრწანისის ომში 40 ათასი კაცი ჰყავდათ, ხოლო ერეკლეს ჯარის რიცხვი 8 ათასი კაციც არ იყოო. პირველი რიცხვი მთლად ზუსტი არაა, თუმცა ერთგვარდ სიმართლესთან ახლოა. მეორე რიცხვი კი, რომელიც ავტორს, ეტყობა, სათანადო შესწავლის შედეგად აქვს მოცემული, მართლაც, ახლოსაა სინამდვილესთან.
ქართველთა ჯარის რაოდენობის განსზღვრისათვის საყურადღებოა, აგრეთვე, მალკოლმის მიერ სპარსეთში XIX ს. დამდეგს მოპოვებული ცნობა, რომლის თანახმადაც თბილისის აღების ჟამს, იგულისხმება უკანასკნელ დღეს, ქართველების ძალები სპარსელების ჯარის ერთ მეათედსაც არ შეადგენდნენ. ვინაიდან მალკოლმი სპარსელების ჯარის რიცხვს თბილისთან 40 ათასს ანგარიშობს, გამოდის, რომ ქართვლების ჯარი 11 სექტემბერს 10 ათასზე მცირერიცხოვანი იყო (აქ ს. კაკაბაძე სწორად ვერ ანგარიშობს – 40 ათასის მეათედი არა 10, არამედ 4 ათასია – ი. ხ.). ამავე საკითხზე საყურადღებოა ისიც, რომ, როდესაც 4 ოქტომბერს არზრუმის ფაშა თავის მთავრობას სტამბოლში ატყობინებდა სპარსელების მიერ თბილისის აღებას, ერეკლეს ძალთა რაოდენობას 8–10 ათასი კაცით აღნიშნავდა.
ყოველივე ნათქვამიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ერეკლეს განკარგულებაში მყოფი ყველა სახეობის ჯარის რაოდენობა 11 სექტემბერს უნდა ყოფილიყო 8 ათასი, ან ოდნავ მეტი მოლაშქრე.
როგორი იყო სპასელთა ლაშქრის რაოდენობა? თანახმად მალკოლმისა, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა ამის შესახებ თეირანში სანდო ცნობები შეეკრიბა, 1795 წლის აპრილში აღა-მაჰმად-ხანს ამიერკავკასიაში სალაშქროდ შეგროვილი ჰყავდა 60 ათასამდე კაცი. მას შემდეგ კი, რაც შუშასა და ერევნის გარემოცვისათვის, თუ სხვაგანაც საკომუნიკაციოდ, სათანადო ნაწილები დატოვა, აღა-მაჰმად-ხანის მხედრობა შეადგენდა უკვე 40 ათას კაცს, რომლითაც ის თბილისზე წამოვიდა კიდეც.
ამ ამბების მომსწრის სერობის სიტყვითაც, აღა-მაჰმად-ხანის ჯარი თბილისთან უდრიდა 80 ათას კაცს. ეს რიცხვი განმეორებულია მისი თხზულების მოკლე ვერსიაშიც. ჩანს, ამ რიცხვში იგულისხმება მშვილდ-ისრით შეიარაღებული ისეთი ჯარიც, რომელიც თოფის და ზარბაზნის ხანაში სერიოზული სამხედრო ოპერაციებისათვის ერთობ მცირედ გამოსაყენებელი იყო.
თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობითაც, აღა-მაჰმად-ხანმა თბილისზე მოიყვანა 70 ათასი კაცი, ბაგრატ ბატონიშვილის მითითებით კი, აღა-მაჰმად-ხანმა 1795 წ. 9 სექტემბერს სოღანლუღში 30 ათასი კაცით დაიბანაკა. იაკუბ-ბეგ ბებუთაშვილის თანახმად, აღა-მაჰმად-ხანი თბილისზე მოემართებოდა სპარსელების 20 ათასიანი ცხენოსანი ჯარით. ოცი ათასს ასახელებს იოს. შახღუბათაშვილიც. ცხადია, ამ ცნობებში იგულისხმება მხოლოდ ის კორპუსი, რომელსაც პირადად აღა-მაჰმად-ხანი მოუძღოდა. ალი-ყული-ხანის და ჯაფარ-ყული-ხანის სახელზე აღა-მაჰმად-ხანის გაგზავნილი წერილებიდანაც ჩანს, რომ ის საქართველოზე მოდიოდა 20 ათასი ცხენოსნით, მაგრამ შემდეგ მას უნდა შეერთებოდა ერევნის გარემოცვაში დაბანდებული ჯარის ნაწილი. მასვე თავის ლაშქარში მოჰყავდა ყარაბაღელი მეჯნუმი-მელიქის ორი ათასი მებრძოლი. განჯაში მას შეუერთდა განჯის ჯავად-ხანის ჯარი არანაკლებ ორი ათასი კაცითვე. ეს ძალები ერთად აღებული, დაახლ. 28–30 ათასი კაცი, 9–10 სექტემბერს თბილისთან იდგა. აღა-მაჰმად-ხანს ჰყავდა, აგრეთვე, ქვეითი ჯარიც, რომელიც 10 სექტემბერს სოღანლუღში ჩავიდა. სულ, მაშასადამე, თუ აღა-მაჰმად-ხანს 9 სექტემბერს თბილისთან ჰყავდა 30-ათასიანი ჯარი (ეს რიცხვი მოყავს კიდევაც ბაგრატ ბატონიშვილს), 10 სექტემბერს საღამოს სპარსელები უკვე 37 ათასი კაცი იქნებოდნენ. მაშასადამე, ყველაზე სწორი უნდა იყოს ის რიცხვი, რომელიც თბილისთან მყოფი სპარსელების რაოდენობის აღსანიშნავად 1828 წელს მოცემული აქვს კრწანისის ომის მომსწრეს, მემადნეთა უსტაბაშს ათანასის (37 ათასი კაცი).
თეიმურაზ ბატონიშვილი სპარსელების ჯარის დისპოზიციის შესახებ 11 სექტემბრისათვის ასე გადმოგვცემს: აღა-მაჰმად-ხანმა თბილისზე უკან მოსავლელად უკვე გაგზავნილი რაზმის გარდა თავისი ჯარი გაჰყო 14 დიდ მწყობრად, რომლებსაც თავისი ზარბაზნები და ზამბურაკები ჰქონდათ. აღა-მაჰმად-ხანმა ცალკე გამოყო თურქმენების ჯარი, თითქოს, 6 ათასი კაცის რაოდენობით. თეიმურაზისივე ცნობით, ეს თურქმენები „არა ეგრეთ მოყვარე არიან სპარსთა და არცა სპარსნი მათნი არიან მოყვარენი, არამედ სძულთ მათ ფრიად ურთიერთი“... აი ეს თურქმენები დაყენებულ იქნენ სპარსეთის მთავარი ძალების უკან იმ დავალებით, რომ თუ ბრძოლის ველიდან სპარსელები გაიქცეოდნენ, ისინი მაშინვე დაეხოცათ. თეიმურაზის თქმით, „აღასრულეს მათ სიხარულით ბრძანებული იგი და, რომელნიცა ივლტოდიან ბრძოლისაკენ სპარსნი, მყისვე უწყალოდ მოიკვლოდიან მათ მიერ“.
11 სექტემბერს დილიდანვე სპარსელების მოიერიშე ძალები (მათი რაოდენობა უნდა ყოფილიყო დაახლ. 26–28 ათასი კაცი) განლაგებული იყვნენ სოღანლუღის, შავნაბადის, თელეთის და კრწანისის გორებზე. ეს ზემოაღნიშნული ნაწილები მოიერიშე ძალები იყვნენ, ათასამდე კაცი კი დატოვებული იქნებოდა სოღანლუღის ბანაკის მცველად და, საერთოდ, ზურგის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე ოთხი-ხუთიოდე ათასი კაცი, როგორც აღნიშნული იყო, ტაბახმელის გზით მიდიოდა თბილისზე უკან მოსავლელად. ორი ათასამდე კაცი კი სპარსელებმა დაკარგეს პირველსავე დღეს (10 სექტემბერს). მაშასადამე, სულ 11 სექტემბრის დილისათვის სპარსელების ლაშქრის რაოდენობა, მართლაც, უნდა ყოფილიყო დაახლოებით 37 ათასი კაცი.
(დასასრული იხ. ნაწილი III)

No comments:
Post a Comment