(ნაწილი I)
მეფესა ქართლის ცხოვრება ებძანა გალექსულობით,
ზოგი რუსთვლისა ბაასი, კახთ მეფის საქმე სრულობით,
ხან ლხინი, შვება, სიამე, ხან ვარდი დანასრულობით:
სიბრძნე, ხმალი და ომები, სიკვდიდმდე აღსასრულობით.
მ ე ფ ი ს | ა რ ჩ ი ლ ი ს ა დ მ ი
მეფევ, სიბრძნით აღსავსეო, ხელმწიფეთა პირმშოვ შვილო,
ღრმის სიტყვისა ამომცნობო და ძნელისა გამადვილო;
«ცოტა სიტყვა განმიმარტე» – გებრძანა თუ: «ჩემო ჩრდილო,
შენ, სიბრძნისა ვერ მომწთომო, მაგრა რიტორთ კაცთა ზრდილო!»
3
ამ ამბისა განმარტებით არა გქონდა მოხსენება;
ვით გაუწყრა მოურავსა, მეფეს ანუ ვით ენება;
საქართველოს დასუსტებას მით ბელიარ ექანება;
ამ ქვეყნისა შიგნით რევა ზოგს ოცნებით ეჩვენება!
კ ა რ ი | პ ი რ ვ ე ლ ი
4
ქრცხილვანს იდგა მეფე შვებით, მას გვერც ახლდა მოურავი,
იშვებენ და იხარებენ, ქარი უქრის მათ არავი,
მტერი ყველგნით შეაშინა, ომის იყვნენ არ მზარავი,
ავი ენა ამათ გაჰყრის, ქვეყნისათის ეს არ ავი.
5
სამნი კაცნი მოურვთან მოვლენ სიტყვის მოხსენებად,
პირველ ჰკადრეს: «სახელისა ჩვენ შენისა ვართო ქებად,
გაგიცხადებთ ხვაშიადსა, ჭირთა ჭირზე მოსავსებად,
მაგრა ფიცს გთხოვთ, არვის უთხრა, არ შევიქმნათ გაცხადებად».
6
მან მიუგო: «რას ფიცსა მთხოვთ, ან რისა ხართ ნეტარ მთქმელი?
გამიცხადეთ, თუ რა მოჰხდა, ახლა რამ თუ ანუ ძველი,
კარგს მეტყვით თუ საზიანოს, ლხინით ვარ თუ ცრემლთა მღვრელი,
გულში არა გამაჩნია, მეფის მტრის ვარ მე მომსვრელი!»
7
მათ უთხრეს, თუ: «ვერ გიამბობთ, თუ არ მოგვცე მართლა ფიცი,
წიგნი მოგვეც საფიცრისა, დაბეჭდე და დაამტკიცი,
თვარემ გითხრათ, მიგვცე ხელთა: «ამან მითხრა, მე ეს ვიცი!»
ჩვენ დაგვხოცონ, თუ გარდავრჩეთ, ვერ ვიშოვოთ ანამტკიცი!»
8
დაღონდა, გულში ესე თქვა: «ნეტარ შევჰფიცო რისათვი,
წიგნი მიმეცეს ფიცისა ცუდის სიტყვისა თქმისათვი,
მეფე ხომ არას მიწყრება, არც მოყვრის, არცა ძმისათვი,
ეგება მე სულ შორს ვიყო, მეუბნებოდენ სხვისათვი».
9
ბევრი ეუბნა, არ უთხრეს, ვირემ არ მისცა ფიცია,
მაშინღა ჰკადრეს: «სიკვდილი შენი ხვალ დანამტკიცია!»
ერთმან თქვა: «მოღალატენი უთუოდ მართლა ვიცია!»
რა მესმა, იქივ შევსწუხდი, მე თავსა ხელი მიცია!
10
ჰკითხა: «ნეტარ რასთვის მამკვლენ, ანუ ჩემგან რა მომხდარა,
კაცს თუ ბევრი კარგი უყო, ჭირნახული ქვე წამხდარა,
რომ არ აგყვე, სიზმრის ნახვა ბევრჯელ სადმე კვლავ ამხდარა,
მზეჭაბუკ და გმირი როსტომ ღალატითა გარდამხდარა!»
11
ზოგს ყმას გაენდო, ზოგ-ზოგთან კაცი გაგზავნა მალები,
ქაიხოსროს და იესეს უთხრა: «გული გაქვთ სალები,
რასათვის მამკლავს, გასინჯეთ, თქვენგნით მქონია ძალები,
კარგისთვის კარგი ეს არის, იცით, რა დავსდევ ვალები?»
12
მათ უთხრეს: «ნუ დაიჯერებ, არა გავს სიტყვის მსგავსება,
ზოგთ უნდა გარდაკიდება, ქართლის ჩხუბითა ავსება;
შენ რომ არ იყო, დღეს ქართლსა მიხვდება სანთლის დავსება,
მთვარე დაცხრების ჩვენ კერძი, აღარ ყოს პირის გავსება!»
13
კვლავა ნახა ისივ კაცნი, იმავ სიტყვას მეტყველებდეს,
მოახსენეს: «დაიჯერე, ვირ შენს შუქსა დაავსებდეს,
მოგკვლენ, სისხლსა დაგიღვრიან, ზოგნი თასსა აავსებდეს,
რაკი მოგკვლენ, სოფელს გავლი, სიკვდილს შენსას ვინ ეძებდეს?»
14
თქვა: «ვერ ვხედავ ამ საქმესა ჩემთვის რასმე კარგა მხედად,
სამსახურის საპასუხოდ მე ეს მამცა ეტლმან ბედად,
შვილიშვილის დასადგინად, სანატრელად ან იმედად,
აწ რაცა ხამს, მე იმას ვიქ, თქვენ რა გითხრა სიტყვა ყბედად!»
15
ჰკითხა კიდევ: «რა სიტყვა თქვეს, რად სწრაფობენ ჩემად მკვლელად?»
მათ უთხრეს თუ: «ის შეიქნა ლუარსაბის სისხლთა მღვრელად»;
კვლავ: «მან ჯარი დაიხვია, არ ეტევის მინდორს ველად;
თავს არ გვიდებს საპატრონყმოდ, წყალობისა არმადლმხდელად».
16
თქვა: «მამაცისგან ცუდია, თუ მუდამ რაცხავს შიშებსა,
ვინც რომე უწინ მირჩივა, ვიცი, მამიგებს იშებსა,
მითხრეს, გონიას რა ეძებ, შერთვია ზღვათა ქვიშებსა,
კაცს განუცდელსა სოფელი, იცით, რომ არ გაუშვებსა?»
17
მეფემ შეგვიტყო ჩურჩული, გაყენ და გამოყენება;
ებძანა: «რა გაქვთ საქმენი, სიტყვას არ უნდა ყენება!»
ვჰკადრე: «ამჟამად არვისგან მკვდარი არ აეყენება,
თავს ღალატითა ვერ მოვჰკლავ, ამისი ნუ გაქვს წყენება!
18
მეფევ, თქვენ იცით, ტარიელს რამაზის სიტყვის თქმანია,
მან მოარჩინა სიკვდილსა, თვარ იყო დასანთქმანია,
რა წიგნი მისცა მას კაცსა, პირობა, რა აღთქმანია,
მეც მითხრეს ჩემი სიკვდილი, აწ რაღა უკუთქმანია?»
19
ავალიშვილი დომენტი, ჭკვიანი კაცი, მროველი,
მას ვჰკადრე: «თქვენ დაისაჯე, მეფესთან ამას მოველი,
ეს ჰკადრე: რა დავაშავე, ვიყავ ხლმით ბევრის მშოველი,
თქვენც კარგა მაპატივებდი – ცა წყალობითა მთოველი!»
20
მივიდა, მეფეს შეჰკადრა: «ნუ გაქვს სიტყვისა წყინება,
მეფეო, ის ვჰქენ საქმენი, რაც თქვენმან გულმან ინება,
რისთვის გამხადე მტერთ გულად, რად მეც ცრემლისა დინება?
შენთვის რამდენჯერ ხლმის ვადა გლახ ჩემმან ხელმან ინება!»
21
მეფემ ბძანა: «ეგე საქმე არ გავლია ჩემსა გულსა,
ვინ მოგკვლევდა, რასა ჰქვიან მომდგომსა და ჩემს ერდგულსა,
ნამსახურსა თავგანწირვით, კვიპაროზსა სწორად რგულსა,
ვინც რომ გითხრა ეგ ტყუილად, შევიქ დამწვარ-დადაგულსა!
22
მაგის მთქმელი არ იქნების, იგი კაცი თუ არ მამცე,
მამული და სამყოფელი სრულ უკლებლივ ახლავ გავსცე,
იავარვჰყო სამყოფთაგან, თავსა ზარი მაშინ დავსცე,
შენით მინდა მე ლაშქრობა, ნაღარას და საყვირსა ვსცე!»
23
ესე სიტყვა მოუტანა, მეფე მართლობს მეტად თავსა!
«დამიჯერე, ასრე შორს არს, ვით არ შევა სპილო ნავსა!»
ერთხან ჩავჰყევ, არ დავჰკარგავ, ჩემს ჭირნახულს შევიქ ზავსა,
იგი კაცნი კვლავ მოვიდეს, მე მეტყოდეს სხვას იგავსა.
24
მითხრეს: «ერთხელ კიდევ მორჩი სიკვდილსა და ღალატობას,
ჩვენ ნუ გაგვცემ, თვარ დაგვხოცენ, შენ მიხვდები ფიცის გმობას,
დაგვიჯერე, ნუ მოელი მეფისაგან ხვალ დანდობას,
ლუარსაბის სიკვდილს გადებს, სულ ამას იქს სიტყვის თხრობას».
25
კიდევ გავგზავნე მროველი, ვაახელ მოციქულები:
«მე მთქმელთა კაცთა ვერ მოგცემ, გინდა რომ შემქნა წყლულები,
ლუარსაბ მეფის სისხლს მადებთ, გაქვთ სადმე სიტყვა თქმულები,
მაგრა თავიდამ შეგკადრო, თუ თქმადღა შემრჩეს სულები!»
26
მეფეს ებძანა: «აწ გითხრა სიტყვა უცთურად მთელია,
ქვეყანამ იცის, შენ იყავ მისის სისხლისა მღვრელია,
მაგრა მას მიხვდა სუფევა, ანგელოზნი ჰყავს მცველია;
ამჟამად ისრე არვინ არს წამების გარდამხდელია!
27
მაგრა მე მის სისხლს არ ვეძებ, შენ იყავ შენთვის მჯდომარე!»
რა ესე მესმა, შევიგენ, ვჰთქვი: «არის ჩემზედ მწყრომარე»,
მოციქულთ უთხარ: «ვყოფილვარ მე სადმე ცუდად მშრომარე,
მეფეთ ტახტისა მაქცევი, არათუ შემამკობარე!»
კ ა რ ი | მ ე ო რ ე
28
შევსთვალე: «მეფევ, ისმინე ეს სიტყვა გათავებამდი,
მეფეს ლუარსაბს როს ვახლდი, ვით ვიყავ მისად ქებამდი;
ოცის წლის მამამ მიმართვა, ის იყო ცამეტებამდი,
უწინაც მაპატივებდა სამუდმოდ გვერცა ხლებამდი.
29
ხანი რამ გაჰხდა, მოვიდა ამბავი ლაშქართ ყრისანი,
თათარხნის შემოგროვება, თრიალეთს გარდმოსვლისანი,
მან იარალის უბძანა: «შენ იცი შეყრა გზისანი,
თან ზაქარია წამოგყვეს, ყმანი არ გინდა სხვისანი!
30
გზანი დაცევით, თქვენ ქენით კარგრიგად ყარაულობა,
თუ ჯარი ნახოთ, გვაცნობეთ, ნუმცა ჰქმნათ თავის წყლულობა!»
მათ ვერა უგრძნეს ლაშქართა, ქნეს სხვას გზას გაპარულობა,
ბოლოს მათგანვე მოიკლნეს, ქრისტეს შესწირეს სულობა!
31
მათ თრიალეთი გარდმოვლეს, თან აჰყვნენ მანგლისელები,
ზოგნი ნამგლითა მოსდევდეს, ზოგთ ხელთა ჰქონდა ცელები;
კველთა, ოძისი დადაგეს, არა ჰყვა შემნახ-მცველები,
მეფის სვიმონის ხლმის ქნევა, თურმე, არ ახსონთ ძველები!
32
კველთას თევდორე შეიპყრეს, მცოდნე და კარგი მღდელია,
ლახტითა სცემეს: «წაგვიძეხ, გზა რომელ გარდამსვლელია?»
ერიქალზედან ავიდნენ, ხუცესი წინწინ მვლელია;
აწ ნახეთ, როგორ მოუა, რის ჭირის გარდამხდელია!
33
გოსთიბის თავს რომ მოვიდეს, ჯერ არ ჩაევლოთ სულებით,
უთხრეს: «მეფეზე მიგვიძეხ, უკან მოგყვებით სულებით».
ორს კაცს ეჭირა მხარ შეკვრით, ხელი ხელზედან სულ ებით,
მღდელმან გულში თქვა: «მე მამკლან, არ დავიკარგვი სულებით!»
34
ეს განიზრახა: «მეფეზე მიუძღვე ჩემის შიშითა,
თან დავიდევნო ლაშქარი, უმრავლე ზღვისა ქვიშითა;
ესენი ფაფარუჭობდენ გახარებით და იშითა,
არვინ დავრჩებით უკვდავათ, ვინც რომ დედითგან ვიშვითა!»
35
ერთაწმინდაზე ჩაუძღვა, გზა ჩავლო ქვენადრისანი,
ცხირეთზედ დიაღ შორს დარჩა, მხარი ვლო სხვის სამძღვრისანი,
მღდელს თავი გააგდებინეს, წამებით სისხლთა ღვრისანი,
მაშინ ერთ კაცად კმარიყო, რაც ვნახე ჩემის ძმისანი!
36
მეფე ცხირეთს ბძანდებოდა უგრძნაულად, მოსვენებით.
მეც გვერც ვახლდი, იგ მწყალობდა სიკეთით და თავის ნებით.
გარდმოვხედე, სულ მოიცვეს დაბლა მხარი, ვიქმენ ვებით,
გულსა უთხარ: «მე ქართველნი მათ შევაბა კაის ცნებით!»
37
მეფეს ვჰკადრე: «ნუ დაიძვრი, დამაცადე შვიდს ჟამს ჯერე,
რაცა გკადრო, ის ისმინე, სიტყვა ჩემი დაიჯერე,
შენს წინ მოვჰკვდე უსაცილოდ, ფიცი ჩემი ეს იჯერე,
სარდრობით და კაის საქმით, ნახავთ, ვითა შევაჯერე!»
38
დამიჯერა, მეფე დადგა, მე კავთისხევს ვიწყე რბენა,
ბარათიანთ ვის შეეტყოთ, მათ დაიწყეს კვლავ მოდენა,
ვინც ვიპოვე, შევაგროვე, ოთხასი ვჰთქვა, ან რამდენა?
ღვთით მოხდომა დავანანო, მათ ცოლთა ქნან ცრემლთ მოდენა.
39
დელუმაჰმადხანს ვაცნობე: «წამოდი, მალე ირები,
მალ მოგვეშველე, შეგვექმნა დღე რამე გასაჭირები,
ნუ გაგვიდრკები, აქამდი ჩვენ ერთად გვქონდა პირები!
არვინ დავაგდე, საომრად მოდიან ჯოხით გზირები.
40
მეშვიდეს საათს მეფესთან მოველ, მოვხვიე ჯარია,
აწ ნახავთ, როგორ შევიქმენ თავისა გამსაჯარია,
ზაზა ციციშვილს იცნობდით, როგორ გულსრული არია,
მას გვერც ვიახელ, მრავალი კაცი შევჰქმენით მკვდარია!
41
ნიაბთ ბოლოს სხერტა ჰქვიან, არის რამე მცირე ჭალა,
ზაზას ვახლდი, იქ წინ დავხვდით, გული გვაქვს და მცირე ძალა,
ზაქარიას იარალი მასთან მოსდევს, მოვლენ მალა,
მორწყულს ხნულში შემოცვივდეს, სისხლი მათი აქ გამშრალა!
42
ისინი ორნივ დახოცეს, ჩვენ დავრჩით, იყო ველია;
შუბებსა ხელი ვამაგრეთ, მოგვქონდა საქმე ძველია;
ჯიღოსანთ კაცთა უტყებეთ, წინ იყვნენ, არ ჰყვა მშველია,
ზაზასი მიკვირს იმ დღესა, თუ რას საქმისა მქნელია!
43
ფაშები იყვნეს, რომ ვჰხოცეთ, გარდახლტა, მოსჭრა თავია,
სისხლით შეღება დოლბანდი, კაბა მწვანე თუ მავია,
მათ მოგვატანეს რაზმითა, არ ჰქონდა ჩვენზე ზავია,
წვერით კბილს თავი მიიცა, ცხენსა მოახლტა «ჰაია!»
44
მაშინ მტკვარი მდიდროობდა, ჟამი იყო თიბათვისა,
მუხრანთ მპყრობს და ერისთვებსა ვჰკადრეთ: «გვინდით ამისთვისა!
ამილახორს მოახსენეთ, მტერი ცეცხლზედ დაერთვისა!»
მალ ავლევით ზემო ქართლი, სად ფრონენი მტკვარს ერთვისა.
45
დელუმაჰმადხან მოვიდა, შვიდასი კაცი ხლებოდა,
გულსრულობასა ჩემობდა, მამაცად რასმე დგებოდა,
მგლისტყაოსანთა შევებნეთ, ომი მწვე შეგვეძლებოდა;
ვიცი, რომ ხმალთა ჩვენთაგან მათ გული დალებებოდა!
46
აიყარნენ წასასვლელად, მათ პირი ქნეს ყარაღაჯით,
კაცი კარგად მოაგვარებს დიდს ლაშქარზე კარგის გარჯით!
მეფეს ვჰკდრე: «აწ ქართველნი მე ავავსო მათის ხარჯით,
ბძანება ქენ, ნურვინ არჩენს შეხვეწნით და ნურას აჯით».
47
წყნარა მიდიან რაზმ-წყობით, ჩვენ უკან მივსდევთ ნელაო,
მათი შებმა და შეტევა არავინ გაიძნელაო,
მე სადავენი შევტაცი, ვინ შუბი წაიგრძელაო,
სამოციათას კაცზედა როგორ არ გვინდა შველაო?
48
ერთი ტერტერა გორიდამ მოვა უგრძნულად გზაზედა;
დოესის ბოლოს წინ დახვდეს, გულს ელდა ეცა მაზედა;
გაფრინდა, ხიდის ფიცრები მან გარდაყარა წყლზედა,
თუ არ ენახა ტერტერას, ხიდს გაივლიდენ მზაზედა!
49
გმირთ ზღაპრულს წიგნში სწერია ჯეონის გავლა ადვილად,
მდევრისა ვეღარ მიწევა, ვერც ჯავრთ ამოყრა ადვილად,
გივისგან ქაიხოსროსი მორჩენა კარგა წადილად;
მათ დავაშხამებ ხვალ დილას, რაც რომ მომზადონ სადილად!
50
იმ ღამეს მართლმორწმუნენი იყვნეს სულ ღამე თევითა,
ზოგნი ხშირ-ხშირად ვდგებოდით, ზოგნი აქა-იქ თევითა,
ღირსნი კაცები გვიახლნეს, ვესევდით ჩვენ მათევითა,
არ იყო მათში ცთუნება გველისგან იმათ ევითა.
51
დილა გათენდა, ვახსენეთ ღმერთი და წმინდა ყოველი:
მარიამ, დედა ქალწული და მერმე ძელი ცხოველი,
კვართი და მკლავი მარჯვენა, ღვთივ ქმნული სვეტიცხოველი:
თქვენ დაგვიფარეთ, დაგვცევით, რა წყალში ვიქმნეთ სოველი!
52
გაღმა მტრის შიში არა გვაქვს, წყალს ხმალი არსით ეკვრისა,
ტანსა ჩავიცვით ჯაჭვები, ტალიკით აღარ ეკრისა.
ჩვენი სიკვდილი აღარ გვჩნდა იოტად, ანუ კეკრისა,
გზები შეუკარ კორტანეთს, შალვა უფროსი მეკრისა!
53
შევედით, წყალსა გავედით, გვეგონა თავი მცურავი,
ცხენები წყალში ფრტვინვიდა, უკუღმა აღარ მბრუნავი,
იმიერ ნაპირს გავედით უბე და კალთა მწურავი,
აწ თათარხნისას გაცნობებ, ვით შევჰქნა მოსამდურავი!
54
წყალს უზიანოდ გავედით, ეს დიდი სასწაულობა!
ივნისში მტკვარს ვინ გასულა, არ მიხდომოდეს რჩულობა?
არ მოგვრჩომია ერთიცა, იმდენი ერთა სულობა,
ცხენთ ცურვა გაუადვილდა, გასვლა თუ გამოსულობა.
55
სურამის ბოლოს მოვიდნენ, ქართველნი შევიყარენით,
იმათაც დიდად იამა, ჩვენ ხომ მწვედ გავიხარენით,
ომსა ბედევდეს ყველანი, არვინ არ დავიზარენით,
ღმერთო, მოგვხედე, თათარხნის რომ სისხლი ხარბად ვღვარენით!
კ ა რ ი | მ ე ს ა მ ე
56
რჩევა შეგვექნა ომისა: რას დროს შევებნეთ, რაგვარა,
დაშურება სჯობს, სიჩქარე, ვირემდის აიბარგარა,
ხანძრად მოვედვნეთ, როგორაც ბალახი ცეცხლმან დაგარა,
ქართველთ ხმალს ქვეშე, ღვთის ძალით, თათრებმან ვერ იმაგარა.
57
ზოგმან თქვა: «ახლავ მიუხდეთ, თავს გარდვადინოთ მტვერია!
რაღას უდგევართ უომრად, რა ახლო ვნახოთ მტერია?»
ზოგმან თქვა: «ზეით მოუხდეთ, შეიქნან გასაშტერია,
მათ დავანანოთ აქ მოსვლა, არ ჰყვანდეს პატრონ-ტერია!»
58
ნუგზარ თქვა: «ღამით დავესხნეთ, მთის კაცთ ეს მიყვეს რჩევანი;
მრავალჯერ გაგვმარჯვებია, ასრე გვაქვს ომის ჩვევანი!»
სხვათა თქვეს: «დილას მიუხდეთ, შევქნათ ბედისა წყევანი,
ერთს წარექციოს ასი და ასს ათასისა ძლევანი!»
59
მე ვჰთქვი: «ძმანო, დამიჯერეთ, ესე ომი მე დამდევით,
ჩემი საქმე დღეის უკან ანდაზად და ხიდად დევით;
გული მტკიცედ დაიმყოვრეთ, მართლა თავი გარდადევით,
თვალი მიგდეთ ზოგ-ზოგებმან, მათში ვიქმნე, როგორ დევით!
60
დილაზედა რაზმი ვაწყოთ, მათკენ ვიქმნეთ ჩვენ წახრილი,
სადაც დგანან, აქეთ ნაპირს წაუვლია იმათ თხრილი,
იმას ასრე გარდავიდეთ, არვინ იქმნას გან გახრილი,
გარ მოვიგზნათ დახოცილი, როგორც დოლაბს ედვას ხრილი!»
61
ერთი კაცი წამოსვლოდათ, ნიაბის თავს დაეჭირა,
მოსვლა მისი, გამოპარვა, ჩვენთვის ლხინი, მათთვის ჭირ ა!
ვჰკითხე: «ომსა როგორ ბედვენ, შებმისა აქვს საეჭვი რა?»
მითხრა: «უმძიმს მათ გარდმოსვლა, გზა და წასვლა გაეჭირა!»
62
ესე თქვა თუ: «გროვდებიან, ქვიშას რასმე პარკს ჩაჰყრიან,
ხან ისრებსა შესჭიდებენ, ხან ქურუმნი რამლსა ჰყრიან,
მესტროლაბე სტროლაბსა შლის, მიმსვლელს უკან უკუჰყრიან,
მოსწყენიათ უცხოთ რასმე, ვეჭობ, ყურებს ჩამოჰყრიან!»
63
ეს გავიგონე მათგანვე, თქვეს: «საქმე მოგვდის მარცხისა,
რაცა ნიშნები ვიცოდით, აღარ დგას, წყალი გარცხისა,
სრულ ჩამოცვივდა ბურჯები, ეტლებმან ქვე დანარცხისა,
თილისმთ ნაქნარი დაშალეს, რკინა ჰქონდათ თუ რაც ხისა!»
კ ა რ ი | მ ე ო თ ხ ე
64
ესე ამბავიც გვიამა, ღმერთი უწყრების თუ რევდა,
იმ კაცსა ვჰკითხეთ, საბრძოლო მათში რა უფრო ურევდა?
გვითხრა თუ: «მშვილდით იბრძვიან, ფოლადი ისრის პირევდა,
თოფი და შუბი არა აქვთ, საყალნო მწვე ქვითკირევდა».
65
თხრილის პირს ჩვენ მიუყენეთ მეთოფე, ქამანდარები,
ესროლეთ, თოფის კომლითა ვერ დაინახონ დარები!
აქათ ესენი ესროდეს, ზეით გზა განაკარები,
რა თოფის სროლა გათავდა, შუბთა ქნეს ჯაჭვზე ჩხარები!
66
რომე ვიწონეთ ჩვენზედა უფროსნი ექვსის ზომითა,
ვთქვით: «გამარჯვება ჩვენია, გავძღებით მათის ომითა!»
რაზმი გავაწყევ, მივმართე მკლავითა დაუშრომითა,
სისქეს ჯარს პირველ მიუხე, სისწრაფე, დიდის ნდომითა.
67
მეფე გულსრულად მობძანდა, შექნა შუბისა ძგერება,
ვისაც მიუხდის თამამად, იგ მისგან გაიმტვერება!
ფიცხად იბრძოდეს ქართველნი, რაღაა უფრო მტერება,
ხნაშა-ხნუშისა ხმა არის, იმათ ვინ მიეფერება!
68
ომი გახშირდა, შეუქმნეს ცხენ-კაცთა თოფის სროლანი,
ზოგი ბორდღევდა ცხენს ქვეშე, ზოგთა აქვს მკვდართან წოლანი;
დარბაისელნი იბრძვიან, მეფისა კაამყოლანი,
ომში ისინიც მოგვესწრნეს, ვის ექმნა უკან ყოლანი.
69
ჩემი რა ვჰთქვა, დიდად მძულდა ტრაბახი და ცუდი კვეხა,
ვეღარ დადგის უნაგირზედ, ვისაც ჩემი შუბი ეხა!
სად მივმართი შევაძრწუნი, ლახტის თქვიან, არის ჭეხა!
სული მეც ხომ ამოვართვი, რას უზმიდა მეტსა მეხა?
70
ვჰხოცდით გულმყოვრად, ვიბრძოდი, სწორად რაზმს შუა ვბრუნევდი,
რომელსაც სისქეს ჯარს მოვხვდი, ერთმანერთს შიგ აურევდი,
რომელიც ჯიღით წამოდგის, იმის სისხლს უფრო ვსურევდი,
სიცხემან ძალი დამმართა, ოფლსა არ მოვიწურევდი!
71
ფიცით შეგკადრო, მეფეო, სამი გავსტეხე შუბია;
მასუკან ლახტით ვიბრძოდი, სისხლით ავავსი უბია,
ლახტიც რომ გატყდა, ხმალს ხელი მივჰყავ, ვაყენე გუბია!
პატრონსა ჩემსა სხვა მტერი ნიადაგმც ასრე უბია!
72
იბრძვიან ერთპირ ქართველნი, ხმა ისმის ჩახა-ჩუხისა,
თათარხნის ჯარი გაწყვიტეს, მებრძოლნი შეაწუხისა,
მეფისთვის თავს ვინ დაზოგავს, ტანსარო გულად უხვისა?
მრავალთ აბჯრისა ცემისგან თქვეს თუ: «ხმა არის ქუხისა!»
73
ჩვენი ბრძოლა შუბით არის, მათი ფარ-ხმალ ისარია;
სითაც მეფემ ცხენი იგდის, დააშვენის ის არია;
ვისაც თავსა ლახტი დაჰკრის, არ ეგონის ი სარია,
ღმერთო, მიეც გამარჯვება, ვინ რომ რაზმი ის არია!
74
დილას შებმულთა ცხრას ჟმამდი ჰქონდათ სისხლისა დენანი,
მაშინდელს გამარჯვებასა მართლად ვერ მოსთვლის ენანი,
კვრისა და ცემის ხმა იყო, სხვისა არ გვქონდა სმენანი,
მწარეს გვესროდეს ისარსა საყალნო ან სარჩენანი!
75
ზოგს მოკლე შუბი ეჭირის, მარჯვედ ხმარობდეს სროლითა,
ვის დაგვაცდენდენ, მაშინღა მიუხდით ჩვენ ოროლითა,
ავს ჯაჭოსანსა ვის ჰკრიან, შექმნიან ცხენს ქვეშ წოლითა;
თორმეტი მარტო მე მამხვდა, ვერა მქნეს ჩამოყოლითა.
76
ისრის სიხშირე რა გკადრო, თუ რამდენი რამ მამესო,
ჯაჭვშიგან მამხვდის ნამტვრევი, სადაც რომ ხელი მამესო,
ომი მწყუროდა მას დღესა, მწადს მათი სისხლი მამესო,
ამ ჭირნახულის მოქმედსა ბოლოდ აღარა მამესო!
77
გაგვემარჯვა, ამოვსწყვიტეთ, დავიპყრენით, დავჰხოცენით!
რაც მეფეს და ქართლს უჯობდა, ყველაკაი ასრე ვჰქენით,
თავი მოდის მეფეს წინა, თუ რამდენი, ვით ვჰთქვა ენით,
სხვა მისებრივ გამარჯვება არ მინახავს, არც ვარ სმენით!
78
მეფემ ბძანა: «დღეს, ქართველნო, ვით გმართებდა ჰქენით ბრძოლა,
ვჰფიცავ, რომე ჩემისთანა არვისა ჰყავს ყმისა ყოლა,
თავნი ყაენს გაუგზავნოთ, გარასპიმ ქნას თან მიყოლა,
ძმათ და შვილად მიმაჩნიხართ, უფროსი ხართ კაამყოლა!»
79
ვინ რომ ტყეში შემძვრალიყო, მესამეს დღეს მოჰყავთ კრული,
რახტ-უნაგირ ვერცხლოსანი, ზოგი ოქრო გარდაკრული,
მე არ გავჰყვი საშოვარსა, ვინ ვჰქნი ხმლისა შემოკრული,
ვინც გამყარა მე მეფესა, არსმცა წყეულ, დასაკრული!
80
ომი გარდასწყდა, ვამოყვსეთ ხელი და გული ლხინებსა,
კვირით კვირამდი სმა იყო, ნეტარ ვინ მოიწყინებსა?
ყირმიზს ღვინოსა სურები თასზედან მოადინებსა,
რა ზარხოშობა შეგვექმნის, ხან ხელი მივჰყვით მინებსა.
კ ა რ ი | მ ე ხ უ თ ე
81
ხანი გარდაჰხდეს, ამაში მე დავჰპატიჟე მეფესა,
იგ მხიარულად მეწვია, დარბაზსა, კარგსა სეფესა,
უხვსა, გულტკბილსა, ჯომარდსა, ნიადაგ ვარდთა მკრეფესა,
ბოლოს გესმოდესთ, რას უზმენ ამა ამბისა მყეფესა!
82
მესამეს წელსა გავმართე მე ლხინი, ერთა ჭამება,
და მყვანდა – ტურფა, შვენებით მჭვრეტელთა გულის ამება,
მეფემ თურ თვალი მიაპყრა, შექმნა იმისთვის წამება!
გამარჯვება და ლხინთ ნახვა ყველა შემექმნა შხამება!
83
არს გარიგება კარგვარი მის მის ალაგსა დასხმანი,
ვის ღვინომ თავი მოსტაცა, შეექნა გარეთ გასხმანი.
მეფემან ბძანა ჩემის დის, მწადს მისგან ღვინის დასხმანი!
მე უთხარ: «ღვინო დაუსხი, ვეჭობ, ქნა არ გარდასხმანი!»
84
მეფემ თურ თვალი შემსჭვალა, მან მოინდომა მრუშება,
დედაჩემს თურმე აცნობეს, შექნა ვაი და უშება,
მეფემ შინ კაცი შეგზავნა, დაუწყო ქალს დაშუშება,
რასაც ეს საქმე გარდამხდევს, ვის ძალუც წყლულ დაშუშება!
85
რა შევიგენ, მე ესე ვჰთქვი: «არ მყოლოდა ნეტამც მე და!
რომე მეფემ ესე მიყოს, გამოვდგებით ისი მე და?
წყალობას რომ მპირდებოდა, თურმე იყო ეს იმედა?
შერცხვენა და ხლმის შემოხსნა ნეტარ როგორ გამიბედა?»
86
მეფეს კაცი მიუგზავნე: «ეს არ იყო თქვენგან ქნანი!
რომ ჩემი და გავაბოზო, სიტყვა ნუ გაქვს ამის თქმანი,
ნუ მიჰყვები ბოროტს საქმეს, ნუ გაქვსთ ცუდი გულის თქმანი,
თვარემ თავი მოგაკვლიო, არ მაქვს სიტყვის უკუთქმანი!
87
ეს მინდოდა, შვილისათვის მე დაგეგდო ხმლის სახელი,
აწ ესე თქვან: «მოურავის სახლი გახდა საბოზველი?»
ამ საქმესა ჩამომეხსნა, მე წყალობად ამას ველი,
რად დაგვიწყდა, აღარ გახსონს ომი შარშანწინანდელი?»
88
მეფემ ფიცი შეუთვალა: «მაგას მე შენ არ გკადრებდი,
მაგრა ცოლად იგ შევირთო, მხიარული ვიხარებდი,
ქართლს დაგიჯდეს და დედოფლად, გაიხარე, მით იშვებდი»,
შევსთვალე თუ: «ნუ დამკარგავ, აგრე ადვილ ნურც დამთმობდი!
89
როდეს გნახვენ დიდნი კაცნი, შეგიკვეთენ დაგდებასა,
ჩემსა ცუდად დაჭერასა და სუბუქად აგდებასა,
შადიმან არს ჩემი ქიშპი, გეტყვის სიკვდილს, გაგდებასა,
ახლავ მიჯობს ჩამომეხსნა, ბოლოს ჭირში ჩაგდებასა!
90
შადიმან ამად დამქიშპდა, აქვს მამაცობის ძრახვანი,
ერთხელ ეს უთხარ: «შენს ხმალსა, არა აქვს კვეთა, ახვანი!»
თურმე შეექმნა გულშია სევდა, კვნესა და ახვანი,
სხვას რას დამაკლებს ენითა, არამც მომიდგას მახვანი!
91
იმავ სიტყვას მოგახსენებ, ხელმწიფესა ზესთა ზესა,
ჭკვიანსა და გონიერსა, სხვათ ძალგულთა უფრო მხნესა,
სვიმონ მეფის შვილისშვილსა – ნუ მიჰყვები ნდომის ზნესა!
თქვენც ის ქენით, მამა-პაპით, რომ მოყრობა სითაც ქნესა!
92
კახთ მეფისა, ეს მეც ვიცი, არ გხვდების რა შესართავათ,
სხვა ბატონი ვინც არიან, თავმამწონე გვარათ, თავათ,
სიხარულით ქალს მოგცემენ, ტკბილის სიტყვის დასაზავათ,
ჩამომეხსენ, დას ვერ მოგცემ, სულ ნუ შემიქ გასათავათ!»
93
ებძანა თუ: «არას საქმით არ დავიშლი მაგის შერთვას,
ნეტარ რისთვის მიზარდები მოცემას და ნების შერთვას?
თუ ბოროტი მე რამ ვსძრახე, ახლა ხედავ წაღმა შერთვას?
ნუ უპირებ ცრემლთა ჩემთა ზღვათა შიგან სადმე შერთვას!»
94
მეფის დედას, დედოფალსა, შევეხვეწე მუდარებით:
«თქვენი შვილი ჩემს დასა მთხოვს, მე არ ვაძლევს ჩემის ნებით;
არა ვღირსვარ, დაუშალე გამორჩევის კაის ცნებით,
ძმა, შვილი და თავი ჩემი იმსახურე გვერცა ხლებით!»
95
ებძანა თუ: «არას მიჯერს, თვარ ვმოყრობდი დადიანსა;
შენ ხომ მაშინც ერდგული ხარ, ჩვენთვის დასდებ თავს და ჯანსა,
რომელიც სწადს, მაგან იცის, ნუ შემამთხვევთ ცუდს გარჯანსა,
ვეფხსა ადვილ ვინ შეიპყრობს, ან ვინ შესწვდა ცას მარჯანსა!»
96
კვლავ მოვახსენე: «მოყვრობა თქვენგან დიდთ კაცთა წესია,
თქვენი ყმა არვინ არ არის სხვა ჩემგან უმრწემესია,
ჩემი და გაუთხოვებლად არ დამირჩების, ესია;
გაგემარჯვების, დამეხსენ, ნუ შემქმენ სევდით მკვნესია!»
97
გაჯავრდა, ესე ებძანა: «შეხოცა გინდა, ვიცია!»
მერმეღა ვკადრე: «მეფეო, მიბოძე მართლა ფიცია,
რომ არ დამიგდო მას უკან, ეს სიტყვა დაამტკიცია»;
მან საფიცარი მიბოძა: «არ მოვშლი, თუ ცა ვიცია!»
98
აღარ აგრძელა, მაშინვე იმან გაპირა ქორწილი,
სიხარულისა დღისაგან სევდა მაქვს უფრო ორწილი,
ზრუნვა და ფიქრი ბედისა ჩემი შეიქნა მოწილი,
ქალი პირბროლი შვენებით, ბაგე-კბილ ტურფა ძოწილი.
99
მეფე ქვათახევს წაბძანდა, ნოსტიდამ ახლო არია,
ჩემი დაც თან წაიყვანა, დღე ჰქონდა გასახარია;
წინ მოეგება მაზარით ნასიძე წინამძღვარია,
მან თქვა: «ქვათახევს ქორწილი მეფეთა გასაკმარია!»
100
მღდელი იქ დახვდა მცოდინე, იოსებ კანდელაკია,
მისგან იკურთხა გვირგვინი, არ ვთქვა თუ დღე რამ ნაკია!
სრულ შინაყმანი მირბიან, აღმართია თუ ვაკია.
ვინ იცის, დილა რასა შობს, თქმულა, თუ ღამე მაკია?
101
ხანი გამოჰხდა, შეიქნა თვები ხუთად თუ ექვსადო,
კავთისხევს დადგნენ, რაცა ქნეს, სრულ ვერ გაუველ ლექსადო,
შემოკრბეს, უთხრეს მეფესა: «საცოლედ შენ ვინ, ეგ სადო?
არ გიზამთ, ეგ არ იქნების, ნუ შეგვიქ ქართველთ მკვნესადო!»
102
ჩემს მოყვრებს მწვე უხაროდათ, სხვანი ჩურჩულით მჩხუბევდეს,
მაშინღა უთხრის სუფრაჯმა, როდესაც მეფე სუბევდეს;
მე საფიცარი ხელთ მქონდა, შენახვით კარგა უბევდეს,
თუ მე უცილოდ შემეტყო, სუფრაჯის სისხლი გუბევდეს!
კ ა რ ი | მ ე ე ქ ვ ს ე
103
წავკისის თავს მეფე იდგა, რომ მაისი გახდა ოცათ,
მეფეს წიგნით დავებარე: «მოდი, ვიქმნეთ ნადირთ მხოცათ,
ყარაია ვინადიროთ, მშვილდი ჩვენ ვყოთ ხელთა მოცათ!»
შიგნით ღალატს მიპირებდეს, გზანი ექმნა გარეთ მოცვათ!
104
მეფე სიტყვით მოეტყუათ, მათ რჩევაზედ ჩაეყოლა,
ერთხელ ეთქვა: «ამის მეტად ნუღარ მეტყვით მაგას ყოლა,
ნეტარ ყმაღა ამისთანა სხვას მეფესა ვის ეყოლა?
დიდს ომსა და გაჭირებას, ნეტარ ვინღა წამეყოლა?»
105
მეფემ უბძანა: «ამ სიტყვას არავის გეტყვით ფერობით,
მან მამარჩინა სიკვდილსა, მძლავრს ლაშქარს გასაშტერობით,
მე რომ იმისი და მედგას, თვენ რა გრჯისთ იმის მტერობით?
თუ მცოდებს, დასაც დაუგდებ, მას გავჰხდი მიწა-მტვერობით!»
106
დაუჟინეს თუ: «რას გარგებს, აბა გყვანდეს მარტო ისი,
გვერცა არვინ მოგიდგებით, შემოგძარცოთ ძმა და თვისი!
თქმულა: სიტყვა სასარგებლო უკეთ იცის სხვამან სხვისი,
ერთი კაცი ქვეყნისათვის წახდეს კარგი, თუნდა მქისი!»
107
ბოლოს ეთქვა: «იმის დასა მე გაუშვებ, გავირიდებ»,
იმათ ეთქვა: «არ იქნების, თუ არ მოჰკლავ, თავს არიდებ,
იმას ცოცხალს დას დაუგდებ, ჩვენსა დღესა ხომ აბინდებ,
არ იქნების, თუ არ მოჰკლავ, მართლა გულს არ გაიწმინდებ!»
108
დაესკვათ ჩემი სიკვდილი, რა დილამ შექნას თენება;
ბააკა ხერხეულიძის მაქვს ფარეშთხუცის ხსენება,
მან გაიგონა: «ხვალ მოვჰკლათ», – ეს თურე ღმერთსა ენება;
გამომიარა, მან მითხრა: «აჩქარდი, გიჯობს ცხენება!»
109
ფიცით მითხრა: «უსაცილოდ ასერ მოვლენ ჯარი მკვლელად!»
ახალუხზე ხმალი ვირტყი, ცხენისაკენ ვიქმენ მვლელად,
სახურვიანს ცხენს მოვახლტი, უძოსაკენ ვიქმენ მსვლელად,
უგრძნეს, მიმძიმს, ფარეშთხუცესს მას ცხვირისა ექმნეს მჭრელად.
110
სამადლო გარდმოვირბინე, გამოველ კლდესა ნეგოსა,
ლაშქარი უკან მომდევდა, ხელი ხმალს მაგრა ეგოსა.
შადიმან მოდგა კლდეს გაღმა, შემძახა: «მართებს, ეგოსა!»
დავბრუნდი, უთხარ: «მობძანდი, ვნახოთ ვინ დაიბეგოსა?»
111
რბევით მოველ იმა კლდესა, სად რომ ჰქვიან გელიყარა,
იქ ქვეითი კაცი დამხვდა, თავი დაბლა დაეყარა,
ჩამოვხე და გამოვართვი, მშვილდ-ისარი აეყარა,
ჩახჩურს ვაძლევ ფეხიდამე, ქალმან წინდა წაეყარა.
112
სახურვიანს ცხენსა ვიჯე, მაგრამ იყო დიაღ კარგი,
მშვილდ-ისარმაც გული მამცა, ვჰთქვი: «ეგებ არ დავიკარგი?
თუ ცოლ-შვილი გარდავხვეწე, მე არ მინდა სხვა რამ ბარგი.
ნოსტეს ლეღვი აღმოვსთხარე, თაო ჩემო, სხვაგან დარგი!»
113
დიდგორი გარდმოვიარე, გზა ჩავლე გოსთიბისანი,
ცოლ-შვილი ტყეში ავასწარ, მე არ ვინაღვლე სხვისანი,
ცოტა რამ ყმათ წამოეღო ოქრო, თვალ-მურასისანი,
ასრე მომიხდა ქორწილი, მეფის რთვა ჩემის დისანი!
114
მთიდამ დავხედე, დაიწყო ქვეშედამ ჯარმა დინება,
სასახლეს ცეცხლი შეუდვეს, მით უფრო მამეწყინება;
ვინ ქიშფათ იყო ჩემზედა, გულსა მიეცა ლხინება,
აიფორაქეს ქონება, გარეთ იყო თუ შინ ება!
115
მამის განძიც ბევრი მქონდა, უფრო ჩემი ნაშოვარი,
ყველამ ერთ დღეს ჩაიარა, მას მოუხდა გრიგალ ქარი!
მაშინ დავგმე ეს სოფლი, ვჰთქვი თუ: «რა მწვე ცუდი არი,
გუშინ მქონდა სიხარული, დღეს ტირილი შესაზარი!»
116
მძებნიდეს მთასა, მაღნარსა, ჰქონდათ ყოველგან ჩხრეკანი,
დამაგდებინეს საყდრები, ვეღარ მესმოდა რეკანი,
კლდეებში ბორდღვა-სლვისაგან ფერხთ აღარ შემრჩა მე კანი,
გულსა ვეტყოდი: «გამაგრდი, ამ დღეს არ უნდა დრეკანი!»
117
ექვსი ყმა შემომეყარა, მარჯვე და ჩემი ზრდილია,
მითხრეს თუ: «სითაც აპირებ, გზის წასვლა სიადვილია,
კაცი ხარ მწვე ჭირნახული, ბევრს ომში გამოცდილია;
ზოგჯერ მზის შუქი მოგხედავს, ზოგჯერ დაგფარავს ჩრდილია!»
118
გზები შემიკრეს ყოველგან სამცხის მთისა და ბარისა,
კაცნი ჩავგზავნე შუაღამ, თქვენ ნუ გაქვთ შიში ჯარისა,
მათ შვიდი ცხენი დაჰპარეს, ჩვენთვის სასხდომად კმარისა,
უნაგრიანად მამისხეს, ვჰთქვი თუ: «ეს კარგი არისა».
119
წავკისს რომ ვიდექ, პაპუნა ჩივაძე თანა მხლებოდა,
ჯაჭვი და შუბი ეტაცა, ერთი თვით იმას სცმებოდა,
მომძებნა, მპოვა, მამართვა, მას სწადდა, მეცა მნებოდა,
იმხელი კაცი სიმარჯვით მართ უკეთ არ იქნებოდა!
120
გოსთიბეს იყო სხვა ჩემი ძოვნად ულაყი ცხენია,
ზოგ-ზოგი თოხარიკები, ზოგსა აქვს სიფიცხენია,
გულსა მდაღევდა სახმილი, ალისა მე სიცხენია,
ვაი სიკვდილი, დაკარგვა და საქმე შესარცხვენია!
121
ყმათ მითხრეს: «სითკენ წავიდეთ, ერთი გვხამს გასაბედია!»
მე უთხარ: «ყველგნით მაღონებს ჩემი წერა და ბედია,
გზები დავსჩხრიკო, სით მიჯობს, არა მყავს მოაბედია;
წავალ, ვინც დამხვდეს შევაკვდე, დავიწვა, ვით აბედია!»
122
მე არსით აღარ მეგონა უკვდავად გავლა გზებისა;
ცეცხლი მამიდვეს გარშემო ყოველგნით ანაგზებისა!
ყმათ უთხარ: «დიდგორს მივმართოთ, ვირ მოსვლა იყო მზებისა».
თავს ვეტყვი: «ნეტარ რა მოჰხდა გაწყრომა მიზეზებისა?!»
123
ქალი და კაცნი ვინცა ვართ, შევკრბით, დღემ რომ ქნა ბინდება.
რასათვის წავჰხე უბრალო? ცრემლი ამისთვის მდინდება!
მთის თავს ვჰთქვი: «ჩემთან მყოფელსა გული ნუ შეუშინდება,
ჩემთ მკვიდრთა ჩემთან სიკვდილი დასთმეთ, ნურავინ ჭმუნდება!»
124
იმ ღამეს წავლეთ დიდგორი, უგზოთ მთათ ბალახიანთა,
კოშკის თავს გზა გარდვუქცივეთ, ჩავედით მაღნარს მთიანთა,
შენობას თავს წავადექით, ვერ გვიგრძნეს თელავნიანთა,
ტყეში შევბრუნდით, სულდგმული ვერავინ გვნახავს ხმიანთა.
125
თელავნის თავსა ხშირს ტყეში მცირე დგას ტბისა გუბენი,
იქ გაგვითენდა, დავდექით, ვჰთქვით: ვართო მცირე სუბენი,
ცოტა რაც გვქონდა, თან გვახლავს, ყველას სავსე აქვს უბენი,
გულს უთხარ: «ნეტარ აქ რა ვჰქნა, არ მოიხმარვის შუბენი!»
126
ფეხის მიწყნარვის დრო მოჰხდა, ღამეა მგონ ძილპირისა;
ჩემს სიკვდილს მსწრაფლ მოელიან, ცოლ-შვილი ამად ტირისა.
უთხარ: «ნუგეშისთ, ღმერთია მამალხენელი ჭირისა,
კიდევ წყალობით მამხედავს, კვერთხი იესეს ძირისა!»
127
უთხარ: «წავიდეთ, ახლავ სჯობს, საქმენი მინაშურია»,
კარსანის თავი წავლევით, სად ახალქალაქურია,
ჩაველ, იქ საყდარს ჩამოვჰხე, ჩემთან მყოლთ ლოცვა სურია;
იქ მყოფნი არვინ დაგვიხვდა, მონათა ჭამეს პურია.
128
საყდარსა ღვთისმშობლისასა ჩვენ შევეხვეწეთ მუდარათ:
«ამ შეჭირვების მგზავრობას შენ ნუ გვიქ გასაცუდარათ,
გზა მოგვეც იორდანისა, ვინც რომ ხართ ნავთ საყუდარათ,
დამხსენ რყევას და სარჯელსა, ვიქმნე სამ დასაყუდარათ!»
129
იქიდამ კაცი ჩავგზავნე ხიდის გზის შემტყობარია:
«დავედრე ხიდის მცველები, ნახე, არ არის – არია?
მართლად გასინჯე, შეიტყევ, გზის მცველი ბევრჯელ მცდარია,
ეგების ძილსა შეეპყრან, მით თავსა დავსცეთ ზარია!»
130
ხიდზე ჩავიდა, გასინჯა, სამოცი კაცი ფთხილობდა;
მითხრა თუ: «დგანან ფეხზედა, ერთიცა არა ძილობდა;
ერთი ეშუღლის მეორეს, სხვა თქვენს დაჭირვას ცდილობდა;
«რომ არ შევიპყრა, არ მოჰხდეს», ამას ის უსაცილობდა».
131
რა ეს მესმა, «ამისთანა, ვჰთქვი, მიქნია ონარები?!
ამათ დავჰხოც უსაცილოდ, აღარ მინდა ფონარები!
გავლოთ ხიდი, იარაღთა მათთა ვექმნეთ მშონარები,
მომყევით და ნუ გადრკებით, ნუ შექნილვართ მცონარები!»
132
ყმათ მითხრეს თუ: «ზოგთა დაჰხოც, ზოგთ გარდიგდონ ფიცარია!
იმათ რა ქნან, ბძანება აქვთ, მეფის დანაფიცარია;
ხმას დაჰყრიან ძახილითა, გარეშემო ვინც არია;
ვეჭვ, არ შერჩეს მეზობელთა, სახლი შენი, ვინც არია!»
133
ერთი თასი სქლად მოდიდო ვჰქმენ სვეტს ცხოველს შესაწირად,
არც მწვე ბევრის ფასის იყო, სამოც მარჩილ იგ საღირად, –
შევეხვეწე სვეტს ცხოველსა: «გამიყვანე შენ ნაპირად,
ცოლ-შვილთ ცოდვას ნუ მაჩვენებ, დღე შემქმნია გასაჭირად!»
134
რა შევსხედით წყნარა-წყნარა, ხიდის ბოლოს ჩაველ ნელა,
მტკვარი ნახეს, მდედრებრ შეკრთეს, ქალთა გასვლა გაეძნელა.
უთხარ: «გულსა შიში ნუ გაქვს, ღმერთი არის ჩვენი მშველა!»
ცხენს მივეცით სადავენი, უბე-კალთა დაგვესველა!
135
ცხენნი ცურვით წყალს გავიდეს, მე ჩავიგდე სასწაულად;
ხიდის მცველთა ვერა იგრძნეს, ვერც შეიტყვეს ვერცა სულად,
ქალთ ღმერთს დიდი მადლი მისცეს, რა რომ იქნენ წყალს გასულად!
შენ დაგვიხსენ, შემოქმედო, მიწურვილნი აღსასრულად!
136
წავედით ნელა, მივედით მცხეთის სამრეკლოს ძირამდის,
გარდავჰხე, თასი ავიღე, მე შევაწივე შინამდის;
პირჯვარი გამოვისახე, აღარ ვარ მოსაწყინამდის,
ცრემლი დავსთხივე ვედრებით, საყელოს ჩამომდინამდის!
137
კარიბჭეშიგან ვილოცე, საყდარი დაკლიტულია,
თასი კარს წინა დაუდგი, მას შევავედრე სულია:
«გმონო, გმსახურო, მუნამდი ვიქმნე სულ ამოსულია!»
არავინ მაცალა მის მკობად, სხვაგნით მქნეს მე წასულია!
138
გამოველ, შევჯე, წავედით, მივედით მისაქციელსა,
ნუგზარ მოვიდა, კარგ სიტყვით, უყურეთ მისაქციელსა,
მითხრა თუ: «ჩემს თავს რას ვაქნევ, ქვეყანა მისაქციელსა,
ჩემის ქვეყნიდამ ნუ მეტყვი, აღარ გყოფ მისაქციელსა!»
139
დილაზე თვითან წაბძანდა, მივიდა ახალუბანსა;
იმ დღეს იქ დავშრით, ქალებსა ვერვის ვნახევდით უბანსა.
მე ისევ გაღმა მეძებდეს, მაღნართა უბან-უბანსა.
ლხინი შემექმნა ტირილად, ზარსა სოფელი უბანსა!
140
წავედით, დუშეთს მივედით, ვიჩივლე ჩემი ჭირები,
ნუგზარ ერისთავს უამბე, როგორც მითავეს პირები,
მან მისი ქალი რა ნახა ცრემლითა ანატირები,
მითხრა თუ: «საქმე გავხადო მეც შენთან გასაჭირები!»
141
მითხრა თუ: «ყმისგან პატრონის მოყვრობა არის ავები,
ბეზღობას ვერ ასცილდება, საქმე არს გასათავები,
შენ ხომ ზედ უნდა წააკვდე, მისთვის მოიჭრა თავები,
ან აგრე მოვა გულისა სევდითა დასაწვავები!
142
თვარე მეც შენთან მოვჰკვდები, რასაც იქ, მეც ვარ მქნელია,
«სჯობს საყვარელსა მოყვარე» – ესე ნათქვამად ძველია.
დასდგები აქა – გახლავარ, წახვალ – ვარ წამომსვლელია,
შენთან სიკვდილს და გვერც ხლებას არვინ მყავს მე დამშლელია!»
143
ვჰკადრე თუ: «დავსდგე, რას ხელს მყრი, სადამდი შემინახევდე?
ყმათ ხომე არც თქვენ მიახლებ, მუდმად სევდითა ვახევდე.
ჩემსა სახლსა და მამულსა თვალით ვერ დავინახევდე,
ჩემსა ბედსა და წერასა ვგმობდე და ავად ვძრახევდე!»
144
მოვახსენე: «ერანისა ხელმწიფესთან მე ვარ წამსვლელ,
სიკვდილს მაშინც გადავრჩები, შევეხვეწო, ვიქმნე ჩამსვლელ,
უსმართლოდ მაბეზღართა ვეღარ ვექმენ თავის ამსვლელ,
აქანამდის შუქით ვიყავ, აწ, მზევ, იქმენ ჩემთვის ჩამსვლელ!»
145
წასასვლელად მოვემზადე, აღარა ვარ დასაღონად,
მითხრეს: «ჩახვალ შენ იმათგან, შეიქნები მოსაწონად,
რაღას გარგებს სიმძიმილი, რომ გაჰხადო ცრემლი ფონად?»
წავალ, რაღაც მომევლინოს, მოვიჭირვებ მე ამდონად.
146
ნუგზარ მითხრა ერისთავმან: «თქვი, თუ ჩემსას რასა ბძანებ?
მეც წამოგყვე უსაცილოდ, წავიდეთ და ნუ ახანებ;
მეფესა და სულ ქართველთა არას ვაწყენ, არას ვავნებ,
დიდს ხელმწიფეს შევისწავლი, ჯავრსა არას გავათავნებ!»
147
მე უთხარ: «მე წაუიდე, აწ სხვაცა დამებრალევდეს!»
მან მითხრა: «შენ წაგახდინეს, მე ვინღა შემიბრალევდეს?
იქიდამ დავრჩეთ ორნივე, ნება იყოს თუ ძალევდეს,
ისრევ გაწითლდეს სპილენძი, რაგინდ რომ ხშირად ჰკალევდეს!»
კ ა რ ი | მ ე შ ვ ი დ ე
148
რაღას ვაგრძელებ, წავედით, მე ცოლ-შვილითა ვიარე;
გზა წავლეთ საგურამოსი და არე მათი ვიარე,
ლილოს პირს ჩავლე, ლოჭინის ხევები დაუტიარე,
ყურყუთას ფონი თხლად იყო, ჩვენ დაგვხვდა დასათქმიარე!
149
ესენი ღამე ჩავლევით, გათენდა იაღლუჯასა;
შეკაზმული ვარ, მივდივართ, თავი მოსწონდა ლურჯასა,
იტყოდეს ჩვენნი მნახავნი: «გვანანო მაგარს ბურჯასა!»
მე ეს დამმართა სოფელმან, ნეტარ ვის უშვებს ურჯასა?
150
ეს რა ვიცოდი, ცუდმუდი მე კაცი შემომბედევდა;
კოლოტაური წინ დამხვდა, თურმე ფონს გასვლას მხედევდა,
ადვილ შეპყრობა ინება, დავ გამოთხოვით მედევდა,
მან არ იცოდა სრულობით, ძალ გული როგორ მედევდა!
151
მან შემომძახა: «არ იქნა, ვეღარ ხარ ჩემგნით წასული!»
უკან მამდევდა წყალს აქეთ, არ ვიქმენ ფონსა გასული,
მითხრა: «არ იქნა, ვერ წახვალ, მზე იქმნა შენთვის დასული».
ვჰთქვი: «ეტლსა მოსძაგებია, სოფლით არს გაღმა გასული!»
152
გავჰკვირდი, უთხარ: «რას მამდევ, შენ რა გაქვს ჩემთან დავია?
ბატონიშვილმა გიბრძანა, ვინ არის მუხრანთ თავია.
იგი არ მმტერობს, არ მამდევს, ჩვენ მოყვრობით გვაქვს ზავია,
ეს ჰკადრე, იცი, პატრონზე არა ვარ დამნაშავია!
153
როგორ? მე და შენებრ კაცი დასაჭერლად უკან მდევდეს,
ჩემსა ბჭობდეს დაჭერასა, ახლოს მოსვლას გაბედევდეს,
ჩემთვის ისარს მომახევდეს და სასროლად მშვილდსა ზევდეს?
მე რომ ხელიც არ შევახო, ცხენზე როგორ გარდამზევდეს?!»
154
დავბრუნდი, ცხენი შევჰქუსლე, არა ვჰკარ შუბის პირია!
იგი დიბლიგით გარდვაგდე, ვარქვი: «თავს უყავ ჭირია!»
მას მამის სული უხსენე: «მორბოდი, აწ რას სტირია?»
ორგნით გვერდები დაემტვრა, გათხარა ძეძვის ძირია!
155
ვჰთქვი: «მოვჰკლავდი, მაგრა ეს სჯობს, დამიგდია დაბნედილი,
ამაღამე აქა ეგდოს, გაუთენდეს თუ რა დილი!
გავს, ტარიელ სად ტიროდა, წყაროსთან დგა ხისა ჩრდილი,
წავა, მიმწევთ გზაზე დაჰხოცს, ვეღარ მისწვდა ავთანდილი!
156
ჩემგან სიკვდილს და დაბნედას ნურც ცახედ ნურას ჰკვირაო,
შენს ცოლთან დაგიკვეხნია, მოურავს დავიჭირაო!
წადი და სახლი მომზადე, როგორაც გაგიპირაო,
ვეჭვ, რომ თავბედი იტირო, დღენი გაქვს გასაჭირაო!»
157
ამისთანანი კაცები საჭერლად დამდევნებიან!
ბატონის წყრომა ძნელია, თვარ მამწევს უფრო ვნებიან.
გაძლების მეტი რაღა ხამს, რაც ჭირნი გარდამხდებიან!
მეც დავაკლდები ქვეყანას ბოლოჟამ, თვარ მიხვდებიან!
158
ჩვენ არჯაყალას მივედით, სხვა არვინ დაგვხვდა გზაზედა,
რაც ნივთი იყო სარჩოსი, ჩვენ დაგვაყენეს მზაზედა;
ორს კვირას იქ მოვიცადეთ, იყვნენ ჩვენს სიტყვის თქმაზედა,
ჩვენს მერიქიფეს უბძანით: «წამოწექ ღვინის სმაზედა!»
159
ასრე მოგვეპყრნენ, გვმსახურეს, როგორაც ჩვენნი მონები,
რაცა ვინებით, გვანებეს, ძალი არ გვიყვეს ჩვენები,
ზოგი გრძნებითც რამ ივარგეს, უცხო რამ მოსაჩვენები,
ჩვენ ჩვენის ქვეყნით დაგვკარგეს, დასუსტდა გამომდევნები!
160
მათ მივაბარე ცოლ-შვილი, დადგნენ კარგ გარიგებითა,
წავედით, გზაზე მივდივართ ამოდ და ჩვენის ნებითა,
ესე მეც ვიცი, იქ წასვლა ვერა ვჰქენ კაის ცნებითა;
დგომა და წასვლა ორივე შემქნია ბოლოს ვსებითა!
161
თურმე შაჰ-აბაზ ხემწიფე იყო მისვლისა მდომელი.
მიველ, დამიხვდა კეთილად, არა გუნებით მწყრომელი,
ხანი რომ დავჰყავ, მიბოძის, რისაც არ ვიყავ მდომელი;
მაგრამ სევდა მწვავს სახლისა, მით ვიყავ ცრემლთა მშრომელი!
კ ა რ ი | მ ე რ ვ ე
162
მერმე ყანდაარს წაბძანდა, მტრად გამოუჩნდა ინდია;
თან წავჰყევ, კარგა ვიბრძოლე, მათ დღენი დაუბინდია!
გამარჯვებული დავბრუნდი, აწ ცრემლო, ნუღარ მდინდია;
მაშინც მოვჰკვდები, ბოლოჟამ, ნეტარ რას შეუშინდია?!
163
ბაღდადს წაბძანდა, თან ვახლდი, აღება ბძანა ციხისა,
ძმა მყავდა გულსრულ, მამაცი, ხმის ამომღები, რიხისა,
მან ერთი კაცი საბრძოლად ადვილად არ შეიხისა,
ის იქ მომიკლეს ომშიგან, კაცება შექმნეს თიხისა!
164
დაბრუნდა, ტახტზე მიბძანდა, რა ხანმა გავლო მცირენი,
მერმე ბძანება გამოჰხდა ქართლს წასვლის დასაპირენი,
წამობძანდა და წამოვჰყევ, ჯარნი შეექმნეს ხშირენი;
არ დამიჯერებთ, მოსვლისთვის გული მაქვს ასატირენი!
165
უწინ კახეთსა მობძანდა, იცით, რომ იქმნა რაები?
მეორედ ქართლსა მოვიდა, არვინ ჰყო შესაძრავები,
ორნივ მეფენი იქმენით სამკვიდროთ დასაძრავები,
თქვენ გადაბძანდით იმერეთს, მე რა ვჰქენ დასაშავები?!
166
მოციქულები გაახლათ მოსვლის და შერიგებისა;
თქვენ არ მობძანდი, იცოდით მათი წყენა და რგებისა!
მეფე ლუარსაბ მობძანდა, აწ სიტყვა არ ეგებისა,
ვინც მოიყვანა, ამოდ ზის, ლახვარი არ ეგებისა!
167
შადიმან გარდმოიყვანა ტკბილის სიტყვით და ენითა,
მან საჯილდოო იშოვა, თქვა თუ: «ეს კარგა ვჰქენითა!»
იგ თავის უფალ შეიქნა, მე ვარ აწ ცრემლთა დენითა,
მის წილ მე ვჰკვდები, შევქნილვარ ლახვართა დასაშენითა!
168
თუ სჯობდა, თქვენც რად არ მოხველ, არა ჰქენ შემოყრილობა,
თუ ის წყალობას ელოდა, თქვენც რად არ იდევ წილობა?
ის ერანელთა შეიპყრეს, თქვენ ჰქენით მოსვლის შლილობა,
თან წაიყვანა ხემწიფემ, ქართლში მოჰფინა ჩრდილობა!
169
მეც ისევ თან წამიყვანეს, ძალი იყო თუ განება,
გულსა ვეტყოდი: «სოფელმან თავი აროდეს განება!
სრულად მომავლეს ერანი, სიგრძე სად იყო, განება!
ვეღარ დავეხსენ ადვილად, თავი მახესა განება!»
170
დღეს ერთს ლხინად ჯდა ხემწიფე, უხვს თავი ჰქონდა ლაღება,
მიბძანა: «გამხიარულდი, გულს ცეცხლი ნუ გწვავს, დაღება,
თეთრს მოგცემ ამდენს, კარამდი ვერ შესძლო მიტან-წაღება,
სხვის წყალობითაც დაგმართო სევდათა კარის გაღება!»
171
მოატანინა, დააწყვეს ტახტის პირს თეთრის გუდები,
მიბძანა: «ადეგ, აიღე, ნუ ხარ მცონარად, უდები».
ტახტის პირს მიველ, თეთრს ჰქონდა სულ ახალ-ახალ ბუდები;
წინ დამაჩოქეს, არ ითქმის აწ ტყუილი და მრუდები!
172
გულს უთხარ, ცოტას ავიღებ - დამძრახვენ, არ აქვს ძალები;
ბევრი ავიღო, არამც თქვან: «ხარბად შემსჭვალა თვალები!»
ვჰთქვი თუ: «მიძრახონ სიხარბე, გული მაქვს კლდეებ სალები»;
ბევრის აღებას ვეცადე, მით გავიმაგრე ძვალები!
173
თვითო მხარზედან გარდვიგდე, ერთი თავზე ვჰქენ დებული,
თვითო ღლიასა შევიგდე, ორი ვჰქენ ხელკიდებული,
ერთი კბილშიგან მივიეც, მით ვიქენ აზიდებული,
ავდეგ, კარამდის წავიღე, არვისგან არ რიდებული!
174
ბძანა: «ნუ მოჰკლავთ ჯამუშსა, მის კაცთა მიუბარეთა!»
მე ჩემნი ყმანი დამიხვდეს კართან რომ მიველ, გარეთა,
ოთხასის თუმნის წამღებთა ვერ ვხედავ დამაზარეთა;
გვერცავ დამისვა ხემწიფემ, ბძანა თუ: «გაიხარეთა!»
175
ხოსრო მირზა მე გავჰხადე ხემწიფესთან გამოჩენით;
მოვახსენე: «შეიწყალე, თქვენ სიუხვე მაზედ ქენით!»
ვეხმაროდი, ბევრს ვაძლევდი, შევიტკბობდი ტკბილის ენით;
გავამდიდრე, მე ჩამოვხსენ ღარიბობას ცრემლთა დენით!
176
ამად ვჰქენი, მამით იყო ბაგრატოვანთ თესლი, გვარი,
დედას ვინღა იკითხევდა, გლეხი იყო თუ რა გვარი?
მე ხემწიფე ყურს მიპყრობდა, სიტყვა მქონდა მით მაგარი.
ყველგან წახდა ჭირნახული, ჭკუა მექმნა წასაგვარი!
177
ჩემთვის დარმა მოიღრუბლა, აღარ არის მზიანია,
ვიზედაც რომ კარგი ვჰქენი, მე შემექმნა ზიანია!
კლდე, კაპანი მტრით შეკრული მე გავჰხადი გზიანია!
ვერვინ ვერ ქნის ჩემზე მეტი თავის გასაზვიანია!
კ ა რ ი | მ ე ც ხ რ ე
178
ბევრი რამ საქმე გამოჰხდა, ყველას აქ ვინ იქს წერასა?!
მას უკან ბრძანა ქართლზედა: «მართლად ვერა ვიქ მზერასა!
ყარჩიხანს წინ გაგიძღვანებ, სინჯე, თუ იქსო მზე რასა?»
რაც მაშინ მოჰხდა, ამბითაც გული შეიქსო ძგერასა!
179
მოვიდა, ეს ვთქვი, ქვეყნისას ეს აოხრებას ბედავსა?!
ზურაბს გავენდევ, ერისთავს, უთხარ თუ ვერვინ ხედავსა,
ჩემის ხელითა ეკალსა მოგლეჯს, მიძახდენ; ბედავსა!
ვირემ დაგვხოცდენ, მე დავჰხოც, ვიტვირთებ სისხლსა ქედავსა!
180
ისიც დამპირდა მოსვლასა, ჩვენ პაემანი დავდევით,
ქვეყანა იმ დღეს დადგინდა, ეს კაი ხიდი გავდევით!
მე ჯარში დავდეგ, ჯაჭვები არ ამოვიღეთ, ჩავდევით,
ქართლი ჩვენის ხლმით დამაგრდა, ჩვენ ესე დავიქადევით!
181
ქართლისათვის რა ძე დავსთმე, როგორ ტურფა, სასურველი,
ჩემთვის ვარდი მაისია, აღარვინ ჰყავს მას იქ მშველი,
წასვლის ღონე არსით ჰქონდა, ბევრი ჰყვანდა ჯაშუშ-მცველი,
იქ პაატა დამიკარგავს, აქ არა მყავს გამკითხველი!
182
მაშინ ზურაბ ბევრი მიმხრო, კაცი არის გამბედავი,
კაის ჯარით მამეშველა მტერთ მემუქრე და მედავი,
ომის დღესა წინ წამდგომი, დამშლელთ უთხრის: «დამე დავი!»
მოყვარე და ჩემთვის მკვდარი, ის ეტლსრული, მე ბედავი!
183
მან ცოლი დასთმო, ჩაიგდო სირცხვილად სრულად არათა!
ვჰკადრე: «უკეთესს შეირთავ შენთვის მწვე გასახარათა,
ხმალსა და სახელს იქ ჰპოებ, კვლავ მზე მოგფინო დარათა,
ლუარსაბ მეფის დის შერთვა, შენთვის არს ეს საკმარათა!»
184
ლოჭინის ბოლოს ქორითა დავიწყე ნადირობანი.
ერთი შათირი მორბოდა, «აქ მოდი», – უყავ ხმობანი;
არ მამეწურა, ესე თქვა: «არა მაქვს თქვენი ცნობანი».
ძალად შევიპყარ, იმ დღესა დასწყივა მისი შობანი!
185
დავჩხრიკეთ, თავდაბეჭდული წიგნი უპოვეთ უბითა,
ეწერა: «ქართლი აჰყარეთ, კაცთაგან დაასუბითა!
ერთპირად გამომიგზავნე, მკლავებს საბელი უბითა,
მოურავს თავი მოჰკვეთეთ, ვეღარა ქნას რა შუბითა!»
186
შათირი მოვჰკალ, ის წიგნი იქავე შევჰქენ ხეულად,
დავბრუნდი გაჯავრებული, ნახავთ რასა ვიქ წლეულად?
ლაშქარი ვიხმე, მოვიდეს, ჯარი გავხადე სნეულად;
სამკვიდროსაგან უმკვიდროდ ვიქმენ დაკარგულ, ეულად!
187
მარტო მე რაც ვჰქენ იმ დღესა, თუ ის შეეძლოს გმირებსა?
ჩემის შუბის წვერს ყარჩიხან გაწონით გულს იგმირებსა;
იმან ვერდიბეგ, მისი ძე აეგო შუბის პირებსა!
სისქეს რაზმს შიგან ვბრუნევდი, არათუ განაპირებსა!
188
ქართველნი გვიან მოვიდეს, რა გინდ რომ ფიცხლად ვლიდიან,
რა შემოვიდეს ჯარშია, სისხლსა უწყალოდ ღვრიდიან;
ქონებას ძვირფასს იღებენ, ცუდმუდსა გადაჰყრიდიან,
მაშინ ვინც მნახის, სასალმოდ ყველანი თავსა ხრიდიან!
189
ის გამარჯვება გარდასწყდა, ვჰქენ ქალაქს ციხის აღება.
საშოვარი და ქონება მრავალი სხვაგნით წაღება;
ვინ გაგვიმაგრდა, მას მიხვდა საყელოს სისხლთა დაღება,
მაღლა ვინც მზერდეს ზვაობით, ასრე ხამს თავის დაღება!
190
მე ოთხი საქმე ერთს დღეს ვჰქენ, რა გესმას, ბძანოთ «იშია!»
ყარჩიხანს რომე შევები, მის ჯარს რა დავსდევ შიშია,
იქ ახალციხე ავიღე, ქალაქს ვჰქენ იერიშია;
კახეთს რა ჯარი დავჰხოცე, სიმრავლით ვითა ქვიშია!
191
კაცს ამისთანა ყმა ჰყვანდეს, პატრონს რა უყოს მეტია!
მას აბეზღებდენ ცუდმუდი, კაცი შმაგი და რეტია,
იგ მუდამ შენთვის კვდებოდეს შენის მტრის სისხლის მხვრეტია,
პატრონისაგან საკვდავად, ვით ადვილ გასამეტია?!
192
ეს ყველა მისთვის გავბედე, რომ მწადდა თქვენი დიდება,
კრძალვა და სათნო მწვე მჭირდა მე პატრონ-ყმობის რიდება;
თქვენს გარდაისად ავად ჰქნეს სხვათ ჩემი გარდაკიდება,
თუ ჩემს უკეთესს ყმას ჰპოვებთ, თქვენც გმართებსთ ხელის კიდება!
193
თქვენ ყველა იცით, რად მართებს ამბისა წვრილად ხსენება,
სად ბძანდებოდი, რა საქმით, ან გქონდა რა მოსვენება,
ვით მოგიყვანე, ხემწიფევ, ან გკადრე რამ მოხსენება;
ერთპირად კახნი მის ალაგს მივასხი, როგორც ენება!
194
რა ყორჩიბაში მოვიდა, თქვენ იყავ მეფედ მჯდომია;
შებმა დავშალე მე მათი, არ სჯობდა მაშინ ომია,
არ დაიშალეთ, ომისა წილი მეც რამე მხდომია:
ცხენი მამიკლეს თოფითა, შევიქენ გარდამხდომია!
195
ცხენით გარდახლტა, მამართვა ლომან ჩრდილევნის ძემან და
მითხრა თუ: «მე ეს მიქნია, ეგ შენი ცხენი ძე მანდა»;
შევჯე, მეთოფეს გაუდეგ, უთხარ: «მიცადე მე მანდა!»
მივეწივე და გარდვაგდე, ვერ მიდგა, როგორც ბზე მანდა!
196
მე მისი ცხენი მოვგვარე, მაზე ლომი ვქენ შესმული,
იმა ცხენისა პატრონი შეიქნა შუბის შესმული;
მას ვეღარ არგებს მუმია, ანუ წამალი შესმული,
ცუდად დარჩების მოკვდავსა გარედამ ცხება შესმული!
197
იარაღს თავსა დავადევ, მე ზარად პირაკეცილი,
შევხსენ, ავაჭერ რახტითურთ, არათუ კარგ დაკეცილი,
მტერს არ დავარჩენ, არიან ჩემგან დაჭრილი, კვეცილი,
სისქეს რაზმს სადაც მივმართე, შეიქნენ მუხლჩაკეცილი!
198
ტყუილს არ ვიტყვი, თქვენებრივ ვერვისი ვნახე ბრძოლება,
ხან მამაშორვის ცემამან, ხან ახლოს გიყვი ყოლება,
შუბის და ხმლისა გატეხა, ლახტის ტარ ხელთა ქონება,
გავბაადურდი იმ დღესა, სიტყვა ეს იყო ხსონება.
199
რა მარცხი მოვა კაცზედა, ვის შეუძლია ბრუნება?
ძლევა მათ მიხვდა, უფალმან ჩვენზედ ივიწყა ბუნება,
აღარ მოგვშორდა ის ცოდვა, რომ თან გვდევს გველის ცთუნება,
ჭმუნვა და სევდა გარდგვერთხა, გული მით შემეძრწუნება!
200
წამოვედით, გამოვრიდეთ, ავკეთის თავს დავივანეთ,
ოღონ ძლევა იმათ დარჩა, თვარემ ჩვენცა ბევრი ვავნეთ;
ავთანდილ და დავით ორნივ იმა დღესა ჩვენ ვიპოვნეთ,
რაღას ვაქნევ საქონელსა, პირველს ომში რაც ვიშოვნეთ!
201
მეორეს დღესა მოვიდეს, გაევლოთ იქით რაზმია,
ზურაბს ძმა შემოეყარა, მე შვილი მონაკაზმია;
მე გკადრე: «გახსონს, მეფეო, თქვენ აქ ხანი რამ დაზმია?
ჩემსა ჭკუას და ძალ-გულსა, გაცნობებ მონახაზმია».
202
სამოცის კაცით წამოველ, არ ვერიდები ღამებსა,
თხილოვანს მოველ, ვაცნობე გაბაანთ შვილს და ძმანებსა.
ქალაქით ჯარი გამოდგა, ვეჭვ შოვნას დაიშხამებსა,
აწ მოურავი გასინჯეთ, აწყენს თუ რას აამებსა?!
203
დათხარეს ლის, წოდორეთი, დაწვეს, ცეცხლს უყვეს კიდება.
რა მინდვრათ ჩამოვიცადე, მეც უყავ განაკიდება,
ფიცხელსა ომსა შევასწარ, ვეჭვ, უმძიმთ გარდაკიდება,
მათ ნაშოვარი მოსძაგდათ, გაყარეს ანაკიდება.
204
შვიდას კაცს თავი მოვჰკვეთე, გავსწყვიტე მე სამოცითა,
მკლავი დაგვიშვრა ხლმის ქნევით, გარდაყრითა და ხოცითა,
ხან შევიბმოდი ოცდათით, ხან ცოტას ჯარით, ოცითა,
ათს დღეს ლაშქარი დაგუბდა, ქართლი ვეღარ ყვეს მოცვითა!
205
ყველგნით წავიდა ხიზანი, რადგან ჩვენ გვექნა მარცხია,
რა ლისის ომი მიესმათ, საქმე ქნეს აღსარაცხია;
ქვა არსად არის ქართლშია, რომ ჩემი სისხლი არ სცხია,
სხვას კაცს კი არ შევიდარებ, თქვენი არა ვარ ნარცხია!
206
ცოლ-შვილსა კაცი უჩინე, სამცხის გზას უყავ კეთება,
ვჰთქვი: ერთხელ კიდევ დავხვდები, ხმალმა ეგებ ქნას მკვეთება?
ღართის-კარს დავხვდი, სახმილი ჩემგან მათ წაეკეთება,
კარგიც რომ კაცმა ბევრი ქნას, მტერს მაშინც არ ეკეთება!
207
წიწამურის თავს დავხერგე, შეუკარ ღართის-კარია,
თხრილი უწინვე წამევლო და გზები განაკარია,
სადაც ვიწონი, ვიბრძოდი, მათ აჩნდა დანაკარია,
ავჭალით ახალციხემდი შეკრეს არაგვი, მტკვარია.
208
სიმრავლითა მოგვერივნეს, რადგან მიხვდა პირველ ძლევა,
შუბი გატყდის, ხელი მივჰყვით, მაშინ შევჰქმნით ხლმისა ქნევა,
იმ დღეს თავი ვინ დაზოგოს, ისიმც კაცი დაიწყევა,
რა გასჭირდის, უკეთ შევსძლი, ასრე მქონდა ომის ჩვევა!
209
რა იარაღი დავლიეთ, მაშვრალთ მიგვჭირდა ომია,
წეროვნისაკენ უკუვდეგ მოღალულ-დანაშრომია,
კარგად მიგდებდა პატრონი, მეფე არ იყო მწყრომია,
მუხრანში დადგა ლაშქარი, სიმრავლით უსაზომია!
210
ავკეთს მიველ, იქივ დამხვდა მამაცი და მეფე ბრძენი.
მიბრძანა თუ: «როგორ მოჰხდა, ვინღა შეგრჩა, ან რა ჰქენი?»
«ზოგნი ცოლ-შვილთ მიეშველნეს, ზოგნი მახლავს კიდევ მხნენი,
მაგრა თქვენი წასვლის დროა». ეს სიტყვანი მე ვით ვთქვენი!
211
მე დავდეგ, ხალხი გავგზავნე, შევიქენ ჯართგან სუბანი;
სამოცი კაცი კიდევ მყვა, გვეცვა შალისა ჯუბანი,
ზოგი მშვილდ-ისარ-თოფითა, ოცსა აქვს ცხენზე შუბანი,
კიდევ გიამბობ, ქსანზედა ვადინე სისხლის გუბანი!
212
სპარსთ ზურაბს სიტყვა აჰკიდეს: «მოგვეც მართალი პირია,
არშიდამ ქალს გამოვიყვანთ, მოგვცე, არ გვიყო ჭირია;
ხემწიფის შვილი, თვის ტომი, ძვირად და დიდ საღირია,
თვალად ტურფა და კეკლუცი, თმა მოგრძე, ამბარ ხშირია!»
213
ერისთავმა თქვა ფიცითა: «აქვს ჩემგან დაუშავება!»
ჯარი გაგზავნეს მრავალი, ზურაბ თქვა: «არა შავება!»
გიორგი გულში ამბობდა: «ხვალ ბევრი მე მეშოვება».
მეორეს დღესა ლაშქარმან, იცით, თუ რა იშოვება?!
214
მთიულნი ავლეს, არშასა მივიდნენ შიშნეულობით;
მათ ქალი გამოიყვანეს, წამოვლენ, ვით სნეულობით.
ქსნის გზაზე გამოემართნეს, შეიქნეს არეულობით.
რაც მოჰხდეს, ახლა ისმინეთ, დღეითგან აწ წასულობით!
215
მათ ქალი მოჰყავს, გარდმოვლეს უწყინრად ხევი ხადანი,
უკან გიორგი მოსდევდა, – ვალს უნდა გარდახადანი, –
მეც მიველ, წინ გარდაუდეგ, ვიყავ იასეს ხადანი,
რომელსაც მოვხვდი, გუდურებ უყვი ტყავისა ხადანი!
216
მე ხუთი ქეში ისარი დავლიე მათზე სროლითა,
გზის ასაქცევი არ ჰქონდათ, ქარჩოხით, არც ისროლითა,
ამოვსწყვიტეთ და დავჰხოცეთ, ქსანს სისხლი შევასწორითა.
ალაგს და უალაგოსა კაცი ეყარის გორითა!
217
სისხლი რუდ მოდის კაცისა, ქსნის წყლისა არის მღებელი.
როდეს ისარი დავლიე, ხლმისა ვარ ამომღებელი;
რაც რომე იმათ დათესეს, თავს ექმნა გამომღებელი,
კარგს იარაღთ და ცხენების ვიქმენით წამომღებელი!
218
ქსანი შეიქნა ორს კვირას სრულად სისხლისა ფერადო.
ხევები მძორით აივსო, კაცი ვერ მორჩა ვერადო,
რომელიც მორჩა ცოტა რამ, შეიქნენ გასაშტერადო:
უკვირდათ ჩემი საქმენი, ვის თვალნი ჰქონდა მზერადო!
219
ყაზახის ხანი შევიპყარ, არ მოვჰკალ, იქ დავაბია,
სამი სულთანი მასთანა ერთმანერთს გარდავაბია,
მათად სასროლად გსმენია, მშვილდსა თუ სად ავაბია,
ოქრო-შეკაზმულს ცხენს შევჯე, მაგარი სადავაბია.
220
აბა მიბძანეთ, სხვის კაცის ეს სამსახური მეფეთა,
ხლმის განაკვეთსა სინჯევდით, თუ ხორცი როგორ მეფეთა!
გზას დამიგდებდეს მებრძოლნი, პირისპირ ვერვინ მეფეთა,
ლხინს და გაცემას, ალერსსა, მიქებდეს სიიეფეთა!
221
უხვი მით მქვიან, ერთს დღესა ვარ ქართლ-კახეთის გამცემი,
საქონლის დაუშურვალი, მტერთა ლახვრისა გამცემი;
ძალს იგი მაძლევს, ვინ არის ყოველთა უხვად მამცემი,
ერთის ათასად გამხდელი და ბევრეულთა მამცემი!
222
სრულად ერანი მოვიდა, ქართლის ქვეყანა აივსო,
კაცს და ტყეს ვერა ავნეს-რა, გლეხთ სარჩო დიდად დაივსო;
მეც ავიყარე, გაბრუნდნენ, ნახავთ რა უყო ჩაისო,
წლეულად ესე მივნია, ზოგი მიყურეთ გაისო!
223
მე სამძიმარი რაც მქონდა, ვსდებ თიკნაბერას ციხესა,
კაი მცველები დაუგდე, ხელი ვერავინ მიხესა,
იქ მდგომნი ყველა მიძრწოდა, მონებდა ჩემსა რიხესა,
ვერვინ შეუა მებრძოლი, კარები ჩაიმიხესა.
224
ალ, სურამი გავამაგრე, არ არს ადვილ ასაღები,
ფრთხილობდეს და გუშაგობდეს, არ არიან სულ დამღები,
ადვილ ძალად ვერ წაართმენ, ვერ არიან ბარგთ წამღები;
უთხარ: «ადრე მოელოდეთ, მალ გეწევა სისხლთა მღები!»
225
ქართლიდამ წაველ, ცოლ-შვილი მივასხი ახალციხესა,
მესხთ ბძანეს: «იმა ლაშქართა შენგან ლახვარი იხესა,
ჩვენს მოდგომასა გაცნობებთ, ბაქსა, ძალსა და რიხესა,
ამხანაგს, ვისც არ უნდოდე, მეფენიმც გაირისხესა!»
226
ზოგ-ზოგი ბარათიანი თან წამყვეს ცოლ-შვილიანად,
გიორგი ქავთარიშვილი, გერმანოზ მსახურ-ყმიანად,
სხვა მსახურ მარჯვე კაცები, მსვლელნი არათუ გვიანად,
იმ თემის აზნაურშვილნი მოვლენ თამამად, ხმიანად!
227
ახალციხე და აწყვერი, ხერთვის და ფარავანია,
ყიზილბაშთ ჰქონდათ ციხენი, შიგ ჭანი ან საკანია;
ზოგი მე ძალად წავართვი, ვიხმარე კარგ რაკანია,
ზოგი იმათვე გაუშვეს, გასცვივდა თეთრ, დრაჰკანია.
228
გიორგი ქავთარიშვილი სიტყვა-პასუხის მთქმელია,
ხვანთქართან ამად გავგზავნე: «თქვენ იყავ ჩვენი მშველია!
ეს ციხეები ავიღე, თქვენ გამოგზავნეთ მცველია»;
ხემწიფემ ბძანა: «საქმენი უქნია კარგ საქნელია!»
229
ბძანა თუ: «ვერვინ წამართმევს, ჩემია სრულ სამცხენია!»
ხალათი გამოეგზავნა, კარგ ბედაური ცხენია!
ემბრი ებოძა: «გამაგრდი, არ გქონდეს სიმარცხენია».
გიორგის ბევრი ეშოვა ქონება ურაცხენია.
230
მეფემან პირად არ ბძანა, გულშიგან შექმნა წყენანი:
«როდესაც არის, იქნების ამის სისხლისა დენანი;
მე – მეფე, ამას – სახელი, ხვანთქართან თავის ჩენანი,
ქართველთა ასრე დახვევა, ზოგთ ზავთით შესაშენანი!»
231
როსიტა გედევანის ძე – ერთგული, თავდადებული,
დემეტრე საგინაშვილი – იყო ჩემთანა ხლებული,
მათარსი შიხაიდრის ძე – ჭკუისა მქონე, ცნებული,
პაპუნა ვაშაყაშვილი – ჩემთვის მკვდარ, თავწამებული!
232
სხვანიც ხომ ბევრნი მიახლნეს, ესენი გაუყრელია.
საათაბაგოს მივედით, მესხნი კარგ შესაყრელია,
მათი სიტკბო და სიამე სევდისა უკუმყრელია,
რომელიც გაწვევს სალხინოდ, ხელის ხელ ჩასაყრელია!
233
დაუთ-ბეგ გოგორიშვილსა მკვიდრად აქვს ციხისჯვარია,
მითხრა: «ხელთ მოგცემ ციხესა», მან დაიფიცა ჯვარია.
აფიეთს დავდეგ, მე მახლდა კიდევ კარგი რამ ჯარია;
მესხნი ყოფილან მოყვრისთვის თავისა გამსაჯარია!
234
ფარად ფაშა ხომ სიძედ მყვა, თავდადებ, ჩემთვის მკვდარია,
თანუნა დიასამიძე, კაცი ბრძენი და წყნარია;
მან მითხრა: «თრიალეთისკენ ასპინძა ახლო არია,
ყმა და ამბავი მოგწვდების, ავი თუ გასახარია!»
235
ხალხი ციხეში ავასხი, მე დაბლა – ძირსა ვდგებოდი;
რა იქ სადგურად დავდგინდი, მწადდა რომ მეფეს ვხლებოდი!
ვნადირობდი და ვიშვებდი, ხან მთაზე ვიარებოდი,
სევდასა მოვიქარვებდი, კაეშანს გავეცლებოდი!
236
სრულ მესხნი ტკბილად მომეპყრნეს, ჩემთანა სადგურობდიან,
უფროსნი მიალერსებდენ, უმცროსნი კარგა მძღნობდიან;
რა ამბავს თავი ახსნიან, ხან ჩემს ქებასაც ჰხმობდიან,
მათაც წყალობა უყვიან, ერდგულნი ვინც მე მყმობდიან!
237
შალიკაშვილი როსტომ და ელისბარ თაქთირიძეო,
ყაენთან სწორად ვიყავით, ერთი ძმა, სხვა კი ვიძეო;
როსტომ თქვა: «იცი, აჭარას კარგა მამული მიძეო;
იქ დადეგ, რადგან ქართლითგან ჯერხანად გამოიძეო!»
238
მე ვჰკადრე: «იმერეთს ჩავალ, გიორგი მეფეს ვნახაო!
მათსა საქმესა ყველასა გულშიგან გამოვსახაო,
მას უკან იქით გარდმოვალ, ლხინი მაქვან თუ ვახაო!
ცდას არ დავაკლებ საქმისას, ქართლს კიდევ დავინახაო!»
239
მე ყიზილბაშნი მეგონა, გავლიდეს ჩვენსა ზღუდებსა,
რიდი არ მქონდა მტერისა, თავს მოვიხდიდი ქუდებსა,
ხან ზარზმამდისი ავიდი, ხან ჩამოვიდი უდებსა,
ამაში ჯარი მოგვიხდა, ვნახავთ, თუ ცეცხლს ვინ უდებსა?!
240
მე მთაზე ვიყავ სათოფეთ, ციხეს ვთქვი ასვლა ძისანი,
დავხედე, არე მოიცვეს საფარა-ასპინძისანი,
დიასამიძის დახდომა, ომი თქვეს ორთავ ძმისანი,
გავჰკვირდი, ნეტარ რა უნდათ კაცისა განაძისანი!
241
რა მოვიდეს, კარგა დავხვდით, ვეღარ გვიყვეს იმათ ბრძოლა,
დავჰხოცეთ და ამოვსწყვიტეთ, მათ შეექმნა ცხრო და თრთოლა,
ვინც ითავა, მანც ავად ქნა, ან ვის ექმნა წამოყოლა,
გზის ბელადი, ასრე გვესმა, მთას გარდვიდეს, ჩაექოლა!
242
ასპინძამდი ასრე ვდივეთ, მათ ეგონათ ხევი ვაკეთ,
ნაშოვრისა დანაცვივნით ჩემს ყმას კიდევ კარგა ვაკეთ;
ჩვენს სევდასა უკუ ვიყრით, მათთვის ცეცხლსა უგზნებ, ვაკეთ;
იმ თვის ჩვენთვის მათი მოსვლა არ შეიქნა მოკლე, ნაკეთ.
243
ბეჟან მითხრა, თაქთირიძემ: «იმერეთს ვარ ბევრჯელ მსვლელი,
მეცა თანა წამოგყვები, მეფესთან ხარ თუ მიმსვლელი!»
მიველ, მეფის სიკეთისა ვერ ვარ თავის მე ამსვლელი;
რაც მიბძანის, იმას ვჰყოფდი, ვინ არს მცნების გარდამსვლელი?
244
დამხვდა კარგა, თავდაბლურებ, მან შემიწყო ტკბილად ხელი,
პურადად და გულკეთილად მწვე გასლოდა მას სახელი;
დადიანსაც ეს ებძანა: «მეც ვარ მკვიდრად კაცი ძველი,
მიმცემი და მოალერსე, დაჭირვებულთ კაცთ მიმშველი».
245
მეფემ მიბოძა დასტური, ვლე არე ოდიშისანი,
იგიცა კარგა დამიხვდა, ქება არ ძალმიც თქმისანი;
ყმათ ორთავ მომიპრიანეს, ვეღარ ვჰქენ ყმობა სხვისანი,
ისევ მეფესა ვიახელ, დამხვდა, არ თქმულა ძმისანი!
246
სულ იმერელნი მომაკრფეს მეგობარ-ამხანაგებად,
მომგონდა ჯერნის სროლანი, როდეს ჩავიდი ნაგებად;
ცეცხლი მამედვის წყენისა, შემექნის გულსა დაგებად,
რაც რომ სახლები დამექცა როდისღა შევსძლო აგებად?!
247
მეფესა ვსთხოვე დასტური, გარდმოვლე მთანი ოცხეო,
მთას აქათ წყალი გაუდის, დიაღ ცხელი და მოცხეო;
გულს უთხარ: «ისრევ გამაგრდი, ხმალს კიდევ სისხლი მოსცხეო,
გამოძებული რას ვარგხარ, ან იცხე, ან შემოსცხეო!»
248
ინაშვილი მყვა მსახური, მის დროს მტრის კარგა მცემელი;
ნახშირის გორით მოვიდა ციხისა გამომცემელი,
მიამა, შევჯე, წამოველ, არ ნაღარათა მცემელი.
სხალნარში მოველ დაფარვით, არ მაღლა გარდამცემელი.
249
ქალაქს ჯაშუში ჩავგზავნე, მწადდა ციხისა აღება,
შიგ მყოფთა ყველას დახოცა და საქონლისა გაღება;
გუშაგთა გვიგრძნეს, შეგვიტყვეს, ვეღარა ვჰქენ რა წაღება,
წაველ იმ ზამთარ სამცხესვე, იქ დავჰყავ მარხვა, აღება!
250
გაზაფხულ ქართლში ჩამოველ, მეფევ, თქვენც ჩამობრძანდია,
როგორ გმსახურე, გაამე, ტახტზედა რა დაბძანდია,
თუ მაშინ ყმადა გყოლოდი, ხვანთქართან არ წაბძანდია!
მზას დაგახვედრე ქვეყანა, გკადრე, თუ: მალ მობძანდია!
251
რაც ქართლისათვის მე ვჰქენი, ცოტა რამ გკადრო მცრობილი,
ტყუილს ვერ ვიტყვი, ამისთვის არს ბევრი კაცი სწრობილი;
მეც მემკვიდრე ვარ ამ ალაგს, არ შემოსწრებით ხმობილი,
ზოგჯერ უქნელი საქმე ვჰქნი, გავჰტეხი რაზმი წყობილი!
252
ეს ასრე იქნა, რაც მოჰხდა, თქვენ ყველა იცით სრულებით;
ვისცა ვხლებივარ პატივით, გვერცა ვსჯდომივარ სრულებით;
ჩემნო მებრძოლნო, შეგიპყრობ, აღარ აგიშვებ, სრულ ებით,
მე თუ გარადვჰხდე, პატრონო, თქვენმცა ნუ დაესრულებით!
253
თქვენთვის ვსძრევდი მე, მეფეო, თავსა, ხელსა, გულსა, ტანსა,
შამხალამდი მივაწივე, მე მიუხე დაღისტანსა,
მოვარბევდი ქვეყანასა, მოვიღებდი მოსატანსა,
უშიშარად მტერს ვებრძოდი, მაგრა უდეგ მე სატანსა!
254
ხმლითა გავჰტეხე ოსეთი, ავიღე მაგარ ციხები,
უფროსნი კაცნი დავბეგრე, გაუშვი ზავთი, რიხები,
ჩემის შიშითა შეწუხდეს, დაისვეს გულსა მიხები;
მტერნო, თქვენ იცით, ჩემის ხლმით მრავალჯერ დაიწნიხები!
255
მე შევაშინე, შეშინდეს სულა ქვეყანა ოსისა,
ვახტანგ რომ მოკლა თარაყან, ბაღათარ ორნივ დროსისა.
ვინ მომივიდნენ, ხალათით აივსნენ სრულად მოსისა,
ვით ისრაელთა არ შერჩა გარდაკიდება მოსისა.
256
პაპუნა ვაშაყაშვილი, თამაზ, ვინ ქარციძეობდა,
წინა მიმიძღვეს მამაცად, არ ვიც, რომელი ზეობდა,
კაცები დარჩა დიდგვარი, ესენი მათზე მძლეობდა,
თამაზს მაჩაბელს ისარი მიკრეს, ვინ მშვილდსა ზეობდა!
257
მელიქ ათაბეგ მჩხუბევდა, ენას ჰხმარობდა გველადო,
ლორის სიმაგრეს შემიდგნენ, ვერ მოვიხელე ველადო,
მელიქს და ზაქუმს ჯაშუში მე დავაყენე მცველადო,
მიუხე, ვეღარ გამაგრდა, კლდეს ექმნა შიგ გამძვრელადო.
258
საქონელი და ცოლ-შვილი ყველა ხელთ დამრჩა სულობით,
იგი გარდმეჭრა, წავიდა, იარებოდა სულობით,
ვეჭვ, მათი ხმალი დაჟანგდეს, პირი წაუხდეს სულ ობით,
შევსთვალე: «ძებნე ცოლ-შვილი, როდეს მოხვიდე სულობით!»
259
ქაიხოსროს ჰყვა მოყვარედ როსტომხან სპასალარია,
მრავალჯერ გამოუგზავნა ოქრო, ვერცხლი და ლარია,
მაგრა იმათგან შოვება ბოლოჟამ ერთობ მწარია,
არ დაადგრების სამკვიდროდ, აღუტყდეს სითმე ქარია!
260
ხუთასი კაცი მეთოფე მან გამოგზავნა ბირთვისსა,
ამან ციხეში შეუშვა, თვითან გარ კაზმით ირთვისა;
იმათგან ამან ფეშქაში თავთავად კვლავ მიირთვისა,
გარ მოდგომილის მტრისაგან ადვილად არ წაირთვისა!
261
შემოუთვალე: «ნუ გვიზამ, ქართლს ნუ მოსტეხე ზურგია!»
ეს თქვა: «მათ მეტს სხვას ჩემთვისა ნეტარ თუ ვის რა ურგია?»
ვჰთქვი: «სასახლეში მოვნახავ, სად რომე ცაცხვი ურგია,
რად გვიშვებს ამხანაგებსა, სამანი გარდაურგია?»
262
გორიდამ წაველ საღამოს, ტბისს მიველ, რომე ინათა;
სასახლეს გარ შემოვერტყი, გალავანს გარ და შინათა,
გარ გამოვიდა დილაზე ულვაშღებული ინათა;
შევსძახე: «კარგა დაგვიხვდი, ღვინო დაგვისხი მინათა!»
263
კვლავ უთხრა: «რაღას უშველის ხელისა გამოღებანი?
მოდი, შევრიგდეთ, ერთადვე ვჰქნათ ხმისა ამოღებანი;
ციხე კარგგვარად ამართვი, ვჰქნა იქ მდგომთ სისხლთა ღებანი,
იგინი მამეც, საქონლის შენვე ქენ კვლავ წაღებანი!»
264
რა ღონე ჰქონდა, არ ექნა იმ დღესა ჩემი ნებანი?
გამოიტყუა ერთპირად, იხმარა კარგი ცნებანი;
თოფები ყველას წავართვი, უყავ ერთს ადგილს დებანი!
მათ მოუვიდა იმ დღესა დღე აღსასრულის, ვებანი!
265
სულ გამოვასხი ერთპირად, სიმაგრე დავაგდებინე.
ხუთასსა კაცსა იმ დღესა მე თავი გავაგდებინე,
ციხეს მეთოფე შევუშვი, მათ კარი მოვაგდებინე,
მძორები ხევში ჩავჰყარე, თავები გარდვაგდებინე!
266
იქ დავიჭირე ხოსია, არ უყავ ტკბილი ხმობანი,
თიკნაბერასა დავაბი: «იყავ ვირ მოვლენ ცნობანი!»
მეფიცებოდეს ყოველნი: «აწყა ვჰქნათ მწვე დანდობანი,
აღარ გავიტეხთ ნამუსსა, თუ გვწამს აღდგომა, შობანი!»
267
სისხლის და ცოდვის – ორისავ მწვე დიდად ვიყავ კრძალული,
მაგრა, ქართლისა მინდოდა რგება და მწვე სიხარული!
მათ მოჰფენოდა კეთილად, მზეს ემზო დარი დარული,
მათთან სიკვდილსა ვჯერვიყავ, როს ვიყავ გაუმწარული.
268
ქველს წერეთელსა ებძანა ადვილად ჩემი მუქარა;
მიუხე, დავსწვი, დავდაგე, ადვილ წაუხდა რუქა რა.
წამოველ, უკან მამდივა, ნიავმან ვეღარ უქარა,
შევსძახე: «ცუდათ გაგიცვდა გლახ შენი ბაქი-ბუქარა!»
269
ახლოს მომმართა საბრძოლად, იყო კარგისა ბედისა,
ორი ისარი გულსა ვჰკარ, ხსენება შექნა დედისა,
მამაცი იყო, გულსრული, საომრად შემომხედისა,
ისივ გაბრუნდა, შეტყორცნა რა ნახა ზედი-ზედისა!
270
სად მოვსთვალო ჩემი ბრძოლა, ანუ ომთა ჭირნახული?!
მე, მეფეო, შენთვის დავდე თავგანწირვით ტკბილი სული,
რაღას მარგებს ცრემლთა დენა, ანუ საქმე გარდასული,
რას არგებდა მაბიზღართა ჩემი მოკვლა, აღსასრული?!
271
არვის მივსცემ თავს საკვდავად, რაცა გწადდა, იგი ქენით,
ამ საქმეთა გამბედავი როგორ მოვჰკვდე ცუდის ენით,
ერთს აზნაურს ვის უქნია ჩემოდენი ხლმისა შენით!
რად გამხადე ვალდებული მუდამ სისხლის ცრემლის დენით?
272
მე მეფეთა ორგულობა არა მთქმია არვისაგან,
რაცა შევსძლი, ერთს არ ძალუც, არ გამოვა არვისაგან;
ლომთა ვიყავ მე მებრძოლი, არა გვარი არვისაგან,
შუბის წვერთა რკინა ექმნის, გული ჩემი არვისაგან!
273
თუ სიკვდილი ჩემი გწადდა, რასთვის მტერსა არ მისივე,
მათ მოვეკალ, ხემწიფეო, იქნებოდი თქვენ ისივე,
ლაპარაკი, ცუდი ენა, ჭორის სიტყვა ამისივე,
გამიცუდე ნამსახური, ჯავრით გული გამისივე!»
(დასასრული იხ. ნაწილი II)

No comments:
Post a Comment