(ნაწილი II)
კ ა რ ი | მ ე ა თ ე
274
მეფემ შესთვალა: «რაც გითქვამს, სრულ მართალია ყოველი,
მაშინვე გითხარ ფიცითა, როს მოგეგზავნა მროველი,
არც არას სისხლსა გადევებ, არც რას ავს შენგან მოველი,
თავდებათ მოგცე, არ მოგკლა, უცილოდ ძელი ცხოველი!»
275
აღარად მოჰხდა, არ იქნა შეწება, ცუდად რიგება,
გაყრა შეექნათ, ვეღარ ქნეს ერთად სიტყვისა მიგება;
რა მოიშალა, ვინ იცის, რა წყობა, რა გარიგება?
ვინ მოაშორვა, მის გულსა ლახვარიმც ადრე იგება!
276
ბძანება არის, ბატონზე ყმასა არ გამარჯვებია,
ბატონი რომე ტყუოდეს, ისრევ ყმას დამარცხებია,
თვარ უხლმოდ როგორ დავდგები, რომ ვიყო სრულ ნარცხებია,
ბევრთა მებრძოლთა თავები მიწათა მინარცხებია!
277
რაცა დაწერეს პირველად, იქნების, არ ასცილდების;
პატრონის შებმა არა ხამს, ყმას ხმალი გაუცვილდების;
რაგინდ ყმას ბევრი ჯარი ჰყვეს, ცრემლი იმასვე სდინდების,
ესე მსმენია, ამისთვის ცეცხლი წვად გამიხშირდების!
278
გამარჯვება ხომ მას ხვდების, ეს სიტყვა მწვე მართალია,
მამაცი არის, უებრო, არვინ არს ნაათალია;
ეგებ მაბეზღარს კაცს შევხვდე, ხმალმა ქნას სამართალია,
ბატონისას კი არ ვღირსვარ, სხვა მტერთ ვაჩვენო ძალია!
279
ზოგთ ბაგრატოვანთ ასრე სჭირს, არ ახსონთ სამსახურია;
რაგინდ რომ ბევრი აამო, ბოლოს არ გიგდონ ყურია,
მაბეზღარს სიტყვას უსმენენ, ვის ვისთვის რომ აქვს შურია!
ვის რა გაოდა, ქართლშია მეც რომ მეჭამა პურია?!
280
როს ყმა გარდაჰყვეს პატრონსა, მსახუროს ღარიბობასა,
პატრონისათვის კვდებოდეს, იქმოდეს სისხლის თმობასა,
მამულს და ალაგს განშორდეს, თვისა ტომსა და ძმობასა,
მასზედან მისი პატრონი რად არ იქს იაფობასა?!
281
რა მეფე სვიმონ შეიპყრეს, კაცი მხნე, სახელ დიდითა,
ქართლს ხმალი იმან შეარტყა, მტერნი გახადა კიდითა,
სხვანი მებრძოლნი ყველანი თავს მდაბლად მოუხრიდითა,
მას აქათ თათარხნამდისი ომით სისხლს არვინ ვღვრიდითა!
282
კაცი რომ ავად გახდების, აქიმს უქადებს მრავალსა,
უთუოდ მოგცემ, დამჯერდი, როს ფეხზედა მყოფ მავალსა,
მუდმად თავს შენთვის ვამყოფებ, მეც რასმე დაგდებ კვლავ ვალსა,
დამიხსენ სალმობისაგან, ნუ მყოფ სულ ამომავალსა!
283
აგრევ კიდევე, ვის სადმე რომ ჰქონდეს დაჭირებანი,
რგებას გაჰპირებ მაშინვე, დაგიწყოს შესხმა, ქებანი,
გეტყვის: «ვირემდის ვსცოცხალვარ, ვჰქნა შენი სიამებანი,
ბოლოჟამს დაავიწყდების საქმისა გარიგებანი».
284
აბა, რა ვჰქენი, მეფეო, რა დავსდევ თქვენზე ვალები?
თქვენისა ერდგულობისთვის ნება ვჰქენ, ზოგი ძალები,
რა შენ პატრონად შეგმზერდი, გამხიარულდის თვალები,
სადაც მიბრძანი გასევა, გული მიმქონდის სალები!
285
ესეცა თქმულა, რომელიც კაცი თუ მართლა კაცდება,
ხდალი, უღონო, რომელიც მიიწევს, მას ვერ ასცდება,
იარაღმოშლილ ჯაბანი რას ესვრის, ყველა დასცდება,
მამაცს და პურადს უძრახავს, იტყვის: «შალურებ გაცვდება!»
286
ამხანაგთ მისთვის მაბეზღეს, იტყოდეს: «კაცი ვარგია!»
ქართლ-კახეთისა მამრჩენი, მიკვირს, რად დავიკარგია?
პატრონის შემმატებელი, ამხანაგთათვის მარგია,
გვერც გისხდენ მაბეზღარები, ჩემთვის ეს როგორ კარგია?
287
ზურაბს შევსთვალე: «რაც იცი, სრულ ჩემი ნასწავლებია,
ოსტატის არ ჰხამს ჭიდება, ვისაც შეგირდი ხლებია,
როდესაც მე დავიკარგო, გაჩნდების, ვით დასდგებია!
ორთავე სწადდათ სიკვდილი, აწ მარტო გარდაჰხდებია.
288
მოყვარე ხარ გულითადი, რა მიქნია შენზედ ავი,
მამათქვენმა რა ქნა ჩემზედ, ვით გარდადვა საკვდად თავი!
მიკვირს, შენ რად გამიმეტე, რამ მოშალა ჩვენში ზავი?
მეც დამკარგავ, საქმეც ჰქენი შენის დღისაც გასათავი!
289
ვირ ცოცხალ ვიყო, შენც გქონდეს იმედი სიცოცხლისაო,
ესე სიტყვანი გახსონდეს, სიძის მონახულ ბრძნისაო,
ვირემ სული მითქს, სიკვდილი შენი სხვამ ვერ იგრძნისაო,
შენი სადავე საკვდავად ჩემზედა ნუმც იძვრისაო!
290
რა მე მამკვლენ, ან დამკარგვენ, დაგიწყებენ მიზეზებსა,
სიტყვით თავსა ვერ აუხვალ, პასუხისას შეჰკვრენ გზებსა.
ახლა მგონი მუხრანს გაძლევს, შეიშურვებს მთას და ზეგსა,
როდესა რომ გიხელთებენ, აბნელებენ შენთვის მზესა!»
291
ზურაბს ეთქვა: «მოყვარეც ხარ, მერმე კარგი ამხანაგი,
ჩვენსა შუა არ ყოფილა წყენა რამე ერთი დანგი,
მაგრა ბატონს მოვდგომივარ, რაც რომ ძალ-მიც, მე ვარ მარგი.
მზის მამას რომ არ უშველო, მე რას მეტყვის პირი მანგი?»
292
ზურაბს რაღას შეუთვლიდი, ის მიუდგა მაგრა, ბურჯად,
ცოტა ხნისა სიძე არის, შეიტყობთ, თუ იქნას ურჯად,
დაუწყებენ ბეზღობასა, სისხლს წითლად ჰქმენ, ხორცსა ლურჯად;
ავსა კაცსა ავი სიტყვა და ბეზღობა უჩანს უნჯად!
293
სპარსთ ვეღარ ვნახავ, მათზედა, იცით, ვარ დამნაშავია.
როდეს ლუარსაბ დამმოყვრდა, ისიმც დღე არის შავია!
კეისრის ტახტსა მივმართო, კარგი მექნას თუ ავია,
შუა ნუღარვინ ჩამოვა, აღარ მოჰხდების ზავია!
კ ა რ ი | მ ე თ ე რ თ მ ე ტ ე
294
თაო ჩემო, ვით გასრულო, სევდიანო, როგორ წყლულო,
საქართველოს რჯულისათვის ათასფერად წამებულო,
მეფეთათვის რა ნასაჯო, ნამსახურო, რა ერთგულო,
აღარ შეგრჩა ნოსტეს ლხინი, ალაბ-სტამბოლს დაკარგულო!
295
ვა, დაგაგდებ სახლ-სამყოფო, სად კარგო და სად ავებო?
შორგვარ დავრჩი მეზობელთა, ვისთანც ვიყავ სადავებო:
ავჟანდათა სიმაგრენო, მე სად გძრევდი სადავებო?
რამდენს მოვრჩი ძნელს ბადესა, ახლა კიდევ სა დავებო?
296
ვინ იცის, თუ შენ რამდენჯერ მტერი შენი განაბია,
რომელიც რომ იწადინი, აღარ მოჰკლი, გან აბია;
ლხინობდი და იხარებდი, ხელთ გეჭირის განა ბია,
თუ გავარდი სამყოფთაგან, ქვეყნის სიგრძეს განაბია!
297
თაო ჩემო, სად მოჰკვდები, ანუ ვისსა სამარებსა?
რას დალახავ ქვეყანასა, იარები სამ არებსა?
მოშორდები მოყვარეთა, შენ ხარ ვისსა სამარებსა!
სამყოფთაგან გააბეზრდი, კარსა გავლის გასარებსა!
298
ეს სოფელი ისეთია, არ დაინდობს კაცსა აროს,
ვინც იყვენით, ძნელი საქმე მაშინ უყავ იცით აროს;
აწ მეფეთა გაწყრომილმან თავმან ჩემმან საით აროს?
მე წავიდე, დავიკარგო, მტერმან ამით გაიხაროს!
299
ვინ მაბეზღებს ენა ყბედი, მოაგონდა იმას ის რით,
რა მე მეფეს მომაშორვებს, მას დაამცრობს იმას ის რით?
ჩემნო მტერნო, თქვენი გადის, რაც რომ გინდა, იმას ისრით,
თუ ჩემიც რამ გავიდოდეს, სცნობთ, რას უზამს იმას ისრით!
300
ქართლს მოვავლე გალავანი, აწ ვინ აქცევს ზღუდეებსა,
ჩემად ნაცვლად ჩემს სამკვიდროს ვინ დაიგამს ბუდეებსა;
ვერ მიფერებს ვერას საქმეს, თავსა გაიცუდაებსა,
მეფეს ტყუილს მოახსენებს, უმგზავსოს და მრუდაებსა!
301
აქ სხვა სიტყვა შემოვიღო, ნუ გამკიცხავთ, მიგდეთ ყური:
კაცობასა მოვდგომოდი, გულში მქონდა არვის შური.
თუ ქორი ზედ აღარა ზის, კაცს რას არგებს მარტო თური,
ვერ დავსწყვიტე ცრემლთა მილი, თვალთა ჩემთა მონაწური.
302
რაც დავსწერე, მომიგონდეთ, განა თუ ვსთქვი საკვეხელად,
რად მოვიკლა ცუდათ თავი, ანუ სისხლი იქცეს ველად,
რაღას მარგებს, მოყვარეთა ღაწვი შექნან ცრემლით სველად,
რა ღალატით სიკვდილს ვესწრა, ვინ იქმნების ჩემად მშველად?
303
ნაბოთე მოკლეს უბრალოდ, ექმნეს სისხლისა მხვრეტადო,
იოსებ ძმათა გაყიდეს, თორმეტ ჰქმენ მეთერთმეტადო,
რაქაელ შვილსა სტიროდა, რომ ვეღარ არის მჭვრეტადო,
აგრევ დედაჩემს მოუვა ტირილი მეტისმეტადო!
304
ყოვლთ ხელმწიფეთა უდიდე, ვინ რომ არს კეისარადო,
მაკედონელის ტახტსა ზის, ციხენი აქვან სარადო;
მებრძოლნი იცით, ვერ გავლის ახლო ან იმის არადო,
თუ წყენა ვინმე გაბედა, იტყვიან – იასარადო!
305
ჯაზაირ, ვლახი, ბუღდანი – უჭირავს – იამანია,
ურუმელი და მისრეთი, შავი და თეთრი ზღვანია,
ბასრა, ბაღდადი, მადინა, მაქა, არზრუმ და ვანია,
ვერ ავნებს რომე დაცოცხლდენ ამირან ძმობილ-ძმანია!
306
დასავლეთი და სამხრეთი არს სრულად იმის ხელადო;
ყაენიც, დიდი ხემწიფე, მაგრამ ეს უფრო ძველადო,
ინდთა საზღვრამდი ის იპყრობს, სად მზეა ამომსვლელადო,
მათი პატრონი, მეგონა, არსო ბაქაჯარ ქველადო!
307
სულთან მურად და შააბაზ ერთჟამად იყვნეს მჯდომია,
ორთავ ვიახელ, გარდამხდა მათთან ლხინი და ომია,
მიპატივებდეს, მაძლევდეს, რისაც რომ ვიყავ მდომია;
რიცხვს ვინ იქს, რაც რომ ომშია მე კაცი შემომკდომია?!
308
ესენი მისთვის ვახსენე, გასინჯოთ ჩემი თქმულები,
სიტყვის მალამა მიძებნოთ და გამიმთელოთ წყლულები;
კაცი ვინ იყოს, მიბძანეთ, ორისავ შესწავლულები,
ორთავ პატივსმცეს უღირსად, მათ გამიერთეს გულები!
309
ორთავ ახლდეს დიდი კაცნი: კახები თუ ქართველები;
ვინ გამოჩნდეს ჩემად სწორად, სიტყვით დამდვან იმათ ლები,
რა შააბაზს მე ვიახელ, არ გამიყვის ნატალები,
რა მიბოძის, რა მიბძანის ტკბილის სიტყვის სათქმელები!
310
მათი დავსთმე სიტკბოება, შენთვის დავდე თავი სულა,
შვილი პირმშო საყვარელი, სიცოცხლე და ჩემი სულა:
ბედმან მიყო, რაღა გკადრო, აწ თქმის ჟამი გარდასულა.
სადაური სად მოჰვკვდები, ეტლი ჩემი სად წასულა?
311
რა უკუღმა ჩარხი გადრკა, წაღმა აღარ დაბრუნდების,
რა დოვლათი კაცს მიადგა, აღარსაით გაბრუნდების!
მე რომ მესმის, თქვენი გული ჩემზე აღარ მობრუნდების,
გზა კაპნად მაქვს, ჩემი ფეხი დაღმა ვეღარ ჩაბრუნდების.
312
უჩემობით მებრალები, ვამე, ქართლო, სუსტობისთვის:
გალავანი დაგექცევა, გადგებიან ზოგნი თვისთვის;
ეგზომ ჩემი ჭირნახული აწ დავაგდო როგორ სხვისთვის?
ოდეს მტერი წამოგატყდეს, მომიგონდეთ ამა თქმისთვის!
313
ბრძოლა, ომი, ჯაჭვი, ზუჩი, შუბი, ლახტი, ხმალი მკვეთი,
მით მიყვარდა, ბევრჯელ შევჰქმენ მტერი შუა განაკვეთი,
ამხანაგს და მიღმა მბრძოლსა ბევრჯლ სადმე მე ვეკვეთი,
გავამდიდრე სულა ქართლი, უღონო ვჰქმენ განაკვეთი!
314
სად მიუხდი, სად ვებრძოდი, რას მთებს ვიქმნი გარდასული,
გაცემა და ლხინთა ნახვა აწ რა იქმნა გარდასული;
არ მინდოდა წასახდენად ხორცსა კიდევ გარდა სული;
სისხლს დავღვრიდი, ანგელოზნი რომ მომრტყმოდა გარ დასული!
315
თავს ვეტყოდი, ქართლისათვის მოკვდი, წინ გიც ა, წამება,
ვინ სჯულს რყვნიდენ, გვისუსტებდენ, მათთვის მშვილდი აწ ამება,
მათგან ბევრი დავასუსტე, ავხსნი ზოგი აწ ამება,
ბოლოს ნახეთ ჩემი ბედი, თუ რა მამხვდა აწ ამება?!
316
მე არ მაკლდა ორღანონი, ბობღანი და წინწილები;
ახლა მაბამს ეს სოფელი, უწინ დამდვა წინ წილები,
კაცობის და სახელისა კარგად მამხვდა წინ წილები,
აწ აეშვით, ჩემნო მტერნო, ვინ რომ ჩემგან წინ წილ ები!
317
რაც რომ მრუდი ვსთქვი სიტყვანი, გამკიცხეთ, ნურვინ მაქებსა.
მწადდა წამება, სისხლთა ღვრა, არ თაყვანება მაქებსა;
ბატონს რა ვჰკადრო, თვარ მტერთა ადრე მოუშლი მაქებსა!
გამოვსცდი მათსა ძალ-გულსა და თავსა კარგად საქებსა!
318
ვის რას ვაბრალებ, ეს ყველა ჩემი წერა და ბედია;
უღთოთ არავის არ ძალუც გასწყვიტოს სუსტი მკედია,
დავსცადო, კიდევ გამაგრდეს ჩემი ავჟანდის ღვედია,
ბატონზე ხმალი არ გაჰკვეთს, ამით ვარ უიმედია!
319
როდეს დასჭირდეს, საქმისა კაცი ხამს გამაბედავად,
საქმეს მოახდენს კეთილად, თუ სულ არ არის ბედავად;
არც ნამეტნავად ის ვარგა, მირბოდეს დაუხედავად,
ლაღობით წახდეს ბოლო ჟამ, მტერს ვეღარ ექმნეს მედავად.
320
კაცი რომ იყოს სიმაღლით გოლიათ, დიდად გორებით,
მრავალთ მებრძოლთა თავები მას ექმნას განაგორებით;
კიდევ მაშინც სჯობს საქმენი ჭკუით და მოსაგონებით,
თქმულა: მოცდა ხამს ჟამისა, არათუ განაგორებით.
321
თუ კაცი იტყვის გულშია: «მტერს რომ შევება ომებად,
ვაი თუ იმან მაჯობოს, მე ვიყო ცუდად მშრომებად,
ის არის სპითა მრავლითა, მე ცოტა გვარ და ტომებად»,
ვერ ვემოწმები, იცოდეთ, არ არის ომის მდომებად!
322
მას ვემოწმები, რომელიც იტყვის: «გავსწირო თავი-და!
დღეს უომარი არ დავდგე, კარგი მოჰხდეს თუ ავი-და;
ანუ მტერს ვძლიო, შევმუსრო, ან ვიქმნე გასათავი-და!
კარგს კაცს ვეძებდე საომრად, რომელმაც მთხოოს დავი-და!»
323
კაცობა გწადს, მზასა გქონდეს მიწყივ შენი საომარი,
რა ხმა გესმას რაზმთ წყობისა, მით არ იქმნა შესაზარი!
სიკვდილს ვერვინ ასცილდები, რომ არ ექმნას მოთქმა, ზარი,
ავს სიცოცხლეს სახელი სჯობს, გინდა ეპყრას რომ ხაზარი!
324
ზოგი კაცი დაღონდების, ვერ გაბედავს ვერას ვერა,
ვირემ მტერი არ წაახდენს, კაცთა რჩევას არა ჯერა.
რა რომ მტერი კარს მოგადგეს, ნუღარა გაქვს გულის ძგერა,
მას კაცობა ხელთ შერჩების, ვის აქვს მტრისა მალ შეძგერა!
325
გული ჩემი სევდით სავსე შეჭირვებას გავს ებასა,
მთვარე ბადრად აღარა ზის, აღარც ელის გავსებასა,
დაშრტა სანთელთ სინათლები, მიეწურა გავს ებასა,
ქართლის ბაღი მიკრეფია, აღარ ვეჭობ გავს, ებასა!
326
უჩემობა დააჩნდების, ბაღი იქმნას აბაღება,
ცრემლმან ჩემმან ღაწვი ჩემი ჩამოღარა, აბა, ღება;
მძლავრს მტერზედა გაგიჩნდების, ვის გაქვს ხმლისა აბა, ღება;
მარხვა მწადდა ვედრებითა, ლხინით მექმნა აბაღება!
327
მე მეფეთა გაწყრომამან, ნეტარ ვითარ დამასულა,
ბედმა მიყო უკუღმართმა, მერმე ჩემა დამა სულა;
ეტლი წაღმა აღარ წადგა, დახვანჯულა, დამასულა;
ქართლს შენახვა როგორც უნდა, გაგიჩნდებისთ დამა სულა!
328
აქანამდი სად მკვიდრობდი, თაო, აწ სად ილალები,
გახსონს, თავზედ ჯიღა გქონდის, ალმასი და ი ლალები,
შენ და შენი ამხანაგნი, ზოგ-ზოგები ილალები,
დაიჩაგვრი დანასული, დაილევი, ილალები!
329
სულ ქართველთა კარგად იცით, ქვეყნისათვის რა მიქნია:
ოთხგნით მტერი შევაშინე, ზოგი ფეხით გამიქნია;
დუშმანთ გული გაუტეხე, ხლმის ქნევითა ამიქნია,
ვერ დაუდეგ მეფის წყრომას, რადგან თავი დამიქნია!
330
აქამდის მტერთა ვერ მჯაბნეს, იგინი ჩემგან სულ ება;
ზოგთ გაქცეულთა მივსდევდი, ზოგთ ამოვართვი სულება,
მტერს როდეს რიხით შევსძახი, მენ მე ვერ მითხრის სულება,
პატრონსა ვსჭვრეტდი ერდგულად, მაზედა მქონდა სულება!
331
გული არ მაძლევს უთქმელად, თვარ მწადს დუმილი ბაგისა,
მუდამ სახმილი მედების, ალი მეხვევის დაგისა,
მას უხარიან, რომელმაც ჩემი დაკარგვა აგისა,
წავალ, მივმრთო სადგურდ, სად თემი ათაბაგისა!
332
მას უნდა დიდად გარდაჰხდეს, ვინც ჩემი თავი წაგვარა,
არ მოაგონოს გარჯანი, მე მემსახურა რა გვარა,
ვეჭობ, დავაკლდე ბოლოჟამ, ვინ მე ჯარიდამ გამგვარა,
რადგან მათ დამთმეს, მოყვასნო, თქვენ ჩემი ნურა გაგვა რა!
333
მშვიდობით, თვისნო, მოყვრებო, გამოგესალმო სალამით,
მეგობარნო და შემცნენო, ცრემლი დავსთხიოთ სალამით,
თქვენ ნუ დაიჩნევთ გაყრასა, გული შემქნია სალა მით,
ვინ გაირჯების სიმხნითა, მან შეიდაროს სალა მით.
334
ყველას რამ გარგე, თქვენც იცით, ვირ ვიყავ თქვენი მჭვრეტია,
კარკაცობა და ნამუსი, ვისაც გიქნიათ მეტია,
იგი შემოგზღავს, ვინ მოსეს უძღვნა ნათლისა სვეტია,
გული მწვე ღონობს გაყრასა და თვალნი განარეტია!
335
თქვენსა ვერ ვიტყვი, მოყვასნო, ძვირსა და ძრახვას ამ ენით,
რადგან მე დავრჩი შორ გვარად, თქვენ ხემწიფესა ამენით,
თუ ჩემთვის კარგი ვინმე თქვას, თქვენცა იყვენით ამენით,
ლხინსა ნახევდით, ღვინოსა, თქვენ მიიღებდით ა მენით.
336
გაგიჩნდებისთ ქვეყანისა გაწყობა და გარიგება,
თქვენცა იცით, ჩემის გარჯის ანგარიში არ იგება,
რაცა დამრჩა უშენონი, ჩემგან ახლა არ იგება,
თუ კაცი კაცს აღარა სჭვრეტს, მტრისგან იში არ იგება!
337
რად, სოფელო, სამუდამოთ ჩემზედა იქ ას ავსავით?
არ დააცხრო ცთომის გველმან, კიდევ ენა ასავსავით,
ჭირნი ჭირსა დამისართა კვლავ ამიწყო, ასავსა ვით.
დამიშრიტა ბრწყინვალება და ნათელი ა სავსავით!
338
დამემოწმე, თუ მართლა ვჰთქვა, თქვენცა ბძანე, ეგ არია,
შინ რომ კაცი გამოარჩევს, არ მოჰხდების ე გარია,
რადგან უკვდად არვის გინდი, დაუტეო ეგ არია!
ვარდი დაჭკნეს, ჩამოცვივდეს, რაც დაგრჩების – ეგ არია!
339
ერთს ალაგს რომ ერთი კაცი გამოვიდეს ჭირთა მხდელი,
რა გაგვათ, რომ მტერს შეაკლათ, ან ჰყოთ მისი სულთა მხდელი?
ინაპიროს, გარ გიაროს, ველთა იყოს ჩამომხდელი,
თავს ეხუროს მუზარადი, ძვირად იყოს პირამხდელი.
340
უმტრო კაცი არ იქმნების, რომ არ ჰყვანდეს არა სითმე,
მემუქარეს ხამფოლადად მიპყრა ხამს და არა სითმე,
ჯაბანს კაცსა გულოვანი გაჰხდის, გვანდეს არა სითმე!
გულსა სევდით შეპყრობილსა აწ დამიჭრის დანა სითმე!
341
არ მომიგონებთ, რას იტყვით, როს მუზარადი ელევდეს,
რაზმი გასწორდეს დროშებით, ორგნითვე ჯარი ღელევდეს,
ცემა და საყვირთ ხმა იყოს, ცხენნი კაცთ ფეხით ქელევდეს,
მაშინ რას აქნევთ გიორგის, თუ მისებრ მოგეშველევდეს?
342
ჩემს ჭირნახულსა ქართლზედა მიკვირს, ვერავინ ხედავსა,
რაც საქმე შევსძელ ქვეყნისთვის, თქვით, თუ ვის გაუბედავსა?
ქართველნი დავხსენ მოსპოლვას, მით მიზმენ ზედიზედ ავსა,
რაგინდ რომ თავი ვაწამო, მეტყვიან კიდევ ბედავსა!
343
გული მქონდა მტერთ უშიში, გეგონა თუ მიდგა ისო,
სამსალასა, საწდეველსა, პირი ჩემი მით გაისო,
გულმან ხელმან, სევდიანმან, აწ ლახვარი მიდგა ისო,
თქვენ უჩემოდ რასაც შესძლებთ, მეცა ვნახავ მიდ გაისო!
344
ლხინი, ზმა, სიტყვის გაგონა, მქონდა მუდამად პურობა,
ამხანაგთ კარგ მეგობრობა, მიცემა, დაუშურობა;
კარგ კაცთა წყობა, ალერსი, მდიდართა მე უშურობა,
ვეჭვ, ზოგს თავადსაც მოსწადდეს ჩემებრივ აზნაურობა!
345
რა ცისკრის ლოცვა გარდასწყდის, ვნახი მფრინველი ცხენია,
შევჯდი, მფრინვლით და ძაღლითა შევექცი, ვირ სიცხენია;
მოვიდა, წირვა ვისმინი, ან ლოცვით ცრემლთა მრცხენია,
დავჯდი და ლხინსა ვემოყვსი, არ მქონდა სიმარცხენია!
346
როს მოვიცალი მტერთაგან, მიყვარდა ნადირობანი.
ვის სამართალს ქვეშ დაუჯდი, მჭირს უთვალღებო ბჭობანი,
ადრე ვიცოდი შეტყობა, კარგის კაცისა ცნობანი;
დაბალს კაცს ბევრი შევმატი, არ უყვი დიაღ მცრობანი;
347
ვის რომ რამ კარგი შევატყვი, კაცობის მქონდის ხალისი,
ცხენ-იარაღით შევამკვი, ძველი ქნის მან ახალ ისი,
დღეს ერთი გამოვაჩინი, მოვჰკაზმი, მერმე ხვალ ისი,
კაცობის სწავლას ევლტოდეს, ვით ოქრო დავახალისი!
348
ვისაც სიჯაბნე შევატყვი, მასცა შევმატი გულია,
მემკვიდრე მკვიდრზედ მოვიდეს, ვინ იყვნეს დაკარგულია,
სიხარულისა დღე გვქონდის, ვით წყლისპირს ალვა რგულია,
ამ დღეებისა შემსწრობი სევდით ვარ დადაგულია!
349
ჩემს სახლში იყვის მუდამად: წირვა, ლოცვა და გალობა,
უღონოთ ღონე, იმედი, გლახაკთ მიცემა, წყალობა,
ყმის სამსახური სიმართლით, არავის სჭირდა ძალობა,
აწყა დამიგზო სახმილი, სოფელმან შექმნა ალობა!
350
სტუმართა სუფრა წინ ედგის, მის მის დროს აუღებელი,
ვინ დამეთხოვოს, წავიდის, არ დარჩის წაუღებელი,
მომღერალთ ლხინი, თამაში იყვის სულ დაუღებელი,
აწ რასთვის ვჰკვდები, ამისი მე ვარ კვალგაუღებელი!
351
ქართლში უფროსნი ვინც იყვნეს, ითქმევდეს თავადობასა,
ყველა მოყვრად მყვეს, ბძანებდეს ჩემს მეგობრობა-ცნობასა,
მეცა მივდევდი, მომდევდეს, ვიქმოდით კარგსა ძმობასა,
ბედსა ვემდურვი და მერმე, ვა, ჩემის დისა შობასა!
352
ყველამ იცით, რომე ქართლი ჩემის ხლმითა დახსნილია,
თვარ შეიტყობთ ამას უკან, მტერი ისევ ახსნილია;
ჩემის ხლმისას ნაშოვრისას გუდის პირი წახსნილია;
ქვეყნის გზას ხომ ვერ შემიკრავთ, ჩემთვის მაშინც გახსნილია!
353
ერთი სიტყვა მომაგონდა, არ ვსთქვამ ამას საკვეხელად;
სად რომ საქმე გაგვიჭირდის, ამხანგთა ვიყავ მშველად;
მე იმათთან ვერ მივაწევ, რომ მასმია კაცნი ძველად,
ერთის კაცის მემუქარის თავს სისხლის ვარ გარდამსხმელად!
354
ბაზალეთის ომსა შიგან მე მამეპყრა ედიშ ავით,
ამაყობდა იგ თამამად, შემომძახა: «მოდი, შავით!»
მას გაუპე თავი შუა, გინებით არს დამნაშავით,
მის ცოლს უთხრას დედამთილმან: «აწ მიბძანდი, შედი შავით!»
355
სხვაგან წერა დამწერელმან ხვანთქართანა წასვლა მისი,
სოხტაების ამოწყვეტა, სისხლთა დენა, ყათლა ვისი,
ბევრი ბრძოლა, ციხის რთმევა, ნებად, არა წართმევისი,
ან მოყვრების გამოჩენა, შესწავლილი ზოგან თვისი.
356
ხვანთქრისაგან როგორ ცნობა, ანუ დიდად პატივცემა,
მტერთ გავლენის დამადლება, წყალობა და კვლავ მიცემა,
მის დუშმანთა ამოწყვეტა, მისხის მისხად, რა მიცემა,
იტყოდა თუ: «სად მოჰვკვდები, ლახვრისა მაქვს სად მიცემა?»
357
ვით გაუძლებ კაეშანსა, გულო, ლახვრის აბა სმითა,
ყოფა ჩემი ჩრდილად იქცა, იგ შეიქნა ა ბასმითა,
გახსონს, ოდეს ნოსტეს იყავ, ცაცხვს ქვეშ იჯდი აბა, სმითა!
უხვად გასცი საბოძვარი, წაიღებდენ აბაზს მითა!
358
ვინც იცის, თუ სოფლისაგან რა ლახვარი დამეშენა;
მიჯობდა, თუ სულისათვის გლახ სამყოფი დამეშენა,
ვინ მიმადლის ქვეყნისათვის, თუ რა მტერი დამეშენა,
ვინ რომ ჩემთან ვერ შეიბა, ნურას მეტყვი და მე შენა!
359
თუ რამდენნი ჭირი შევსძლო, სოფლის მახე ამედგა რით,
სახლ-სამყოფნი სავანენი ჩემნი იყვნეს ამედგა რით.
ლხინში, გულო, მეფეთ მონე და მსახურე, ამედგარით,
კიდევ ხმალი მოიგონე, უშიშ, გულსრულ ა მედგარით!
360
ოდეს ლხინსა დავემოყვსი, აწ ეს სევდა მასა რევდა,
ჭმუნვა მრჯის და სევდა მაწვევს, მუშაკობს და მასარევდა,
ბოროტი და ავი ენა წყალს მღვრევს წმინდას, მას არევდა,
რაც სოფელმან ეტლად მამცა, ჩემთვის კიდევ მას არევდა!
361
უბრალოდ ჭირსა რა მიმცეს, მე ეტლსა ამას ველია,
თვალთა ნაკადი მომადლოს, ღაწვნი მით ამასველია,
მკლავნი რომ ცუდათ არ დაშვრეს, ფეხს ჰქონდეს ამას ველია,
მართალი ვიყო, ნუ დამსჯი, მუხლს არ ხვდეს, ამას ველია!
362
ჩემთა სასჯელთა აღრიცხვა ენას ვით ძალუც აგება,
ცუდათ შვრებიან მშენენი, ხელოვანთ ვისრ აქვს აგება,
მარტო რას ვმდურობ სოფლისგან, ვეჭვ სხვანიც ვინმე აგება,
რამდენს კაცს მიხვდა, ვერ ვრიცხავ, ჩემის შუბისა აგება?!
363
ვინც მიცნობთ, ბძანეთ, თუ ვიყავ ერთის კაცისა დარული?
ლხინი და შვება უღრუბლო მქონდა, მის შუქი დარული,
განსვენება და სიამე, სმა, ჭამა, ძილი და რული,
აწ ცრემლთა რად მდის ნაკადი, ღვარნი არ გასწყდა დარული.
364
ბრწყინვალება და ნათელი, თვალნო, სევდითა დაგევსა;
შენთვის სახმილი აღტყინდა, გულსა სამუდმოდ დაგევსა;
სიტკბო გამწარდა სოფლისა, სამსალა სასმლად დაგევსა,
გულო, ვით გასძლებ სევადასა, ან ჭირსა ნიადაგევსა?!
365
თავსა ვეტყოდი, სამუდმოდ ვის გვერც ახლავხარ, მას ამე!
ერთი არ მამეც, სოფელო, ჭირნი, მიორე, მასამე,
სევდა მიმატე წყენისა, აღარ მალხინე, მასამე,
ვერსით გაგისწარ, დამაბი, გარ შემომხვიე მასა მე!
366
ხანდახან მამცა სოფელმან, საწუთრო მიქმნა დარადა,
ზოგჯერ მიმუხთლა, მიხვია, იქით და აქათ დარადა,
ზოგნი მე მჯობდეს, ზოგ-ზოგნი იტყოდეს: «ვექმნათ დარადა»,
ბედსა ვეტყოდი: «სოფელმან ნეტარ შენ მოგცა და რადა?!»
367
ეტლმა მამცა ბედკრულობა, ნეტარ ყურსა ესმას ვისა,
ლხინი დამრჩეს განშორებით, აწ უყურებ ესმას ვისა?
არა მქონდა გარიდება მე ლახვრისა, ესმას ვისა,
რამინისებრ შევებრალდე, ჭირნი ჩემნი ესმას ვისა!
368
თუ გსმენოდესთ, მე ლახვარი თუ რამდენი დამეცა რა!
ბედი წაღმა წაგრეხილი აწ უკუღმა დამეცარა.
ვა, სოფელო, უხანოო, დრონი აღარ დამეც, არა,
ჩემთვის იქმენ გამომცდელი, ვით ბელიარ დამე ცა რა!
369
ამდენს ხანს ხომ ვეღრ გავსძლებ, რაც ხანი მაქვს განასული,
არ დავზოგე ქართლისათვის ძმა, ძენი და გან ასული,
თავი დავდევ საწამებლად, ხორცი საკვდად, განა სული?
თუ უბრალოდ სისხლს დამიღვრით, ვიქმნა ზეცად გან ასული!
370
თუ ამ სასჯლებს მოველოდი, მიმძიმს ჩემი დაბადება,
გლახ, უბრალოდ განსაცდელი, სოფლისაგან ცეცხლთა დება,
რაები ვჰქენ ქვეყნისათვის, საკვდად თავის გარდადება;
თავი არვის მოვაკვლიო, არც ვჰქმნა ხმლისა ჯერ დადება!
371
მეფეთ წინა სამსახური მე მინდოდის ყოვლთვის დიდად,
ამხანაგთა ვსათნოობდი, ვიყვი კრძალვით, მომარიდად;
მიღმა წყენა არვის ვჰკადრი, ვმთვდაბლობდი მყუდროდ, მშვიდად,
მე ეს მიყო ამ სოფელმან, თქვენცა გექმნას ბარგის მზიდად!
372
ჩემნი ჭირნი სხვათა საქმეს, არ ვეჭვ, ვისმეს გან არევდეს,
სად დავჰთესე კარკაცობა, ახლა ისიც განარევდეს,
ვიცი, რომე სხვათა ძალი დღეს ჩემს მკლავსა განა რევდეს,
გახსონთ, ოდეს ჩემნი ხმანი, თუ ჯარს როგორ განარევდეს?
373
წახდა ჩემი კარკაცობა, დაისწავლა არვის არა,
როგორ დავგმო ამასწინათ მეფეთათვის ვინც მამკვდარა,
მოწმად მყვანან ბევრი სული, ჩემს თავს თუ რა გარდამხდარა,
წაღმა სხენან ჟამნი დღეთა, მზე ჯერ სრულად არ დამხდარა!
374
ვერსით მოვრჩები სიკვდილსა, დღეს მოვა, ხვალე ისევ და;
უბრალოდ უნდა გარდაჰვხდე, ამით მაწუხებს ი სევდა,
თაო, ღალატად ვინ მოგკლავს, ცუდს კაცებს რასთვის ისევდა!
მან წამახდინა თავიდგან, აწ მომაგონდა ისევ-და!
375
სოფელს სჭირს პირველ სიამე, საწუთროს პყრობა, შვებანი,
რასაც ინებებ, განებებს, იტყვი თუ: «მიყო ნებანი»,
მაგრა არა ქნეს მიყოლა, ვის ჰქონდა ჭკვა და ცნებანი!
მივჰყევ სოფელს და სახელსა, კარგთ კაცთა მქონდა ხლებანი.
376
ხედავთ კაცთა დაბადებულს, არვისა აქვს ერთი სახე,
მე სოფელმან ოთხის კუთხით დამაბა და მიდგა მახე,
არ გავიდა სამსახური, რაგინდ ბევრი ჭირი ვნახე,
ცუდად წახდა გარჯილობა, ბედი ამად გავიჩმახე!
377
მეც შემეძლო ამხანაგთა მაბეზღართა მტერობანი,
მაგრამ დავსთმი, ყველას უყვი მიცემა და ფერობანი,
ამისთვის ვჰქენ, მე მინდოდა აოხრებულთ შენობანი,
მაგრა ყველამ მოიჭირვა ჩემი გაჭრა, ხელობანი!
378
ერდგულობა – მე მგონია პატრონზედა სამსახური,
რომ ინდომო ამხანაგი, არა გქონდეს კარგთ კაცთ შური,
არ დაჰკარგო მეგობარი, არ ჰყო მეფის მოსამდური,
ჩემი იცით, ყველას გახსონსთ, რას ოფლით ვარ მონაწური!
379
თუ გინდოდეს თავი შენი, შენც ინდომე ამხანაგი,
ცეცხლი მისთვის მოდებული აგრევ იყოს შენთვის დაგი,
ამოსწოდო მისთვის ხმალი, ართუ ქარქაშს ადრე აგი,
თუ გაიჭრას სამყოფთაგან, თავი მისთვის გარდააგი!
380
რაც თვისთვის სწადდეს, მოყვსისთვის კვლავე მას აჯობინევდეს,
ცრემლთანა ცრემლი დაღვაროს, მოხრულთანა ლხინევდეს,
სწყუროდეს, მანცა იწყუროს, თუ დათვრეს – ისიც ღვინევდეს,
ჭირთანა ჭირნი იტვირთოს, სევდასთან მოიწყინევდეს!
381
კაცმა კაცს გული მიანდოს ერთპირად დასანდობელად,
მას მისთვის ცრემლი სდიოდეს უწყვეტლად, გაუშრობელად,
მისთვის ხმალს ხელი ანებოს მტერზედა დასაშრობელად,
თავი გასწიროს საკვდავად, სანთლურებ დასადნობელად!
382
მე ქვეყნისათვის რამდენჯერ ვჰქენ თავის გაწირვანია,
მოწამედ მყვანან მრავალნი, არათუ შვიდი, რვანია,
არა მაქვს ჟამი სიტყვისა, საჩივრის ცუდი თქმანია,
მაგრა მართლისა სიტყვის თქმა ჩემგან რა უკუთქმანია?
383
ბატონს ჰყვანდეს ერდგული ყმა, სიამოვნით თავს უდებდეს,
მტერს ებრძოდეს, დავსებულსა ცეცხლსა კიდევ აუნთებდეს,
რაც უჯობდეს იმას ბჭობდეს, მებრძოლს მიღმა გაუგდებდეს,
საჭურჭლესა წარმოცლილსა სალაროსა დაუდებდეს!
384
რაცა სწადდეს, ის აამოს, დაერიდოს საწყინარსა,
ძმას და შვილსა თვით ხედვიდეს, მისთვის სთმობდეს ორსავ მკვდარსა,
მებრძოლს მიღმა მიეგებოს, იგ ჰხმარობდეს ხმალს და ფარსა,
დაფანტულსა წინ უძღოდეს, უგროებდეს კარგსა ჯარსა;
385
პატრონის წყენა წყენად სჩნდეს, ლხინისთვის გაიხარევდეს,
სახელსა გამოაჩენდეს, უკადრის საქმეს ჰფარევდეს,
საკვდავად თავი გარდადვას, როდეს რაზმშიგან გარევდეს,
რაგინდ სხვა რამ თქვან, მაშინცა მისსა ქებასა წარევდეს!
386
ცოტა მიცემა დიდად სჩნდეს, მწვედ იყოს მადრიელადო,
თუ საწყენი რამ შეატყოს, თვალნი ქნას ცრემლით სველადო,
გასჭირდეს – ადრე ინაღვლოს, მსწრაფლ იქმნას მისაშველადო,
ასრე მასმია პატრონის მე სამსხური ძველადო!
387
არ დაიშურო რაც გქონდეს, შენ იყო მის მიმრთმეველი,
ცოტაც გიბოძოს – ხარობდი, მით იყავ გამომრთმეველი,
უსამართლოთ და ურიგოთ არვისი არ წამრთმეველი,
საწყენის წყენის რიდება, არრა ჰქნა უმართეველი!
388
პატრონყმობა განა ჩვენგან, იცით, ზეით დასახულა,
სოლომონ და დავით – ორნივ თვალით მეფედ კვლავ ნახულა,
როგორც ყმისა სამსახური, ყმა პატრონთგან შენახულა,
უბრალოს ყმის წახდენანი პატრონზედაც მწვე ძრახულა!
389
ეს ყველა მჭირდა, ისმინეთ, მეფეთა ერდგულობანი,
დიდად შევმატი, ვარგებდი, ვისიც რომ მქონდა ყმობანი,
ადრე მივმართი ბძანებას, სადაც მიყვიან ხმობანი,
ან მეფე ცუდად გამიწყრა, ან მე აღარ მაქვს ცნობანი!
390
სად წავიდე, სად დავლახო აწ ქვეყნისა კიდით კიდე,
დედაწულნი, საუნჯენი წავიღო და რას ავჰკიდე,
მეფის მტერსა მე რამდენჯერ გულმესისხლედ წავეკიდე,
ვადა რყეულს ხმალს ნუ აგდებ, თაო, ხელი კიდევ ჰკიდე!
391
რადგან წახდა გარჯილობა, რადღა მმართებს თავის ტკენა,
რად ვიუბნა ძველი საქმე, ვით დავაშრო თქმადღა ენა,
აღარ მმართებს საჩივარი, ანუ ცუდად ცრემლთა დენა,
ვით მიქნია ერდგულობით მტერთა სისხლის გარდადენა!
392
რომ წამიხდა სამსახური, ცრემლი თვალთა მისთვის მდინდა,
ან სოფელმან ჩემი კერძი შუქი რასთვის დააბინდა,
გახსონთ, უწინ მტერნი თქვენნი ჩემს ხმალს როგორ შეუშინდა?!
გაყრა მიმძიმს, თვარემ დავრჩე, მე რომ ვიყო, სადა გინდა!
393
არა მშურდა სასიკვდილოდ მე გარდმედვა თქვენთვის თავი,
აწ რად იქმენ ხემწიფეო, დღეთა ჩემთა გასათავი?
რა გერგების, ეს არ ვიცი, მომიშალოთ რომ სათავი?
ეტლმან ჩემმან მე მამგვარა ბედკრულობა ასათავი!
394
რომ მასმია, ასრე თქმულა პატრონისა კვლავ სიამე,
რაც უბრძანოს – აღასრულოს, არ იკვნესოს, არც თქვას: «ვამე!»
მოახსენოს: «ხემწიფეო, შენთვის დღენი გავიწამე,
რაც მიბძანო სამსახური, წავაკვდე და წავე წამე!»
395
გვმართებს, რომე მეფეთათვის სიმხნითა ვჰქნათ კვერთხის რგვანი,
სად გვიბძანოს, მივესივნეთ, სიგრძის გზა ვვლოთ, ანუ განი,
თავს საზღვარი ეს დაუდვა, ვერვინ იყოს ჩემი მგვანი,
არ ავმაღლდეთ თავმდაბალნი, სიტყვა არ ვთქვათ შეუგვანი!
396
რაც გვიბრძანოს, თავს შევიდვათ, ადრე გვმართებს დაჯერება,
მას ვმონებდეთ, არ გარდვიგდოთ პირიდამე მისი ქება,
წაუწყმედლად ყოვლის გზითა გავათაოთ პატრონთ ნება,
მეფის მტერთ რომ მე დავმართე, ნეტამც თქვენგანც ისრე ება!
397
სოფლის ჩარხთ ბრუნვა, ეტლთ ქცევა ხანდახან მოვა, ხან არა,
ხან ხელი ვარდით ავავსი სოფელმან, ზოგჯერ ხან არა,
დაყმუნდა, აღარ მომართა, ჩემზე განაგრძო, ხანა რა,
მტერმან იშები მამიგეს გულისა მოსაფხანარა!
398
ახლა მარყევს ეს სოფელი, უწინ მამცა, მაშინება,
მძლავრმან მტერმან ვერსად მიყო, იცით, გსმია მა შინება?
მეფის, ქვეყნის უვნებელი ავხსნი, ზოგი მაშინ ება!
სჭვრეტდეს თვალნი უდუხჭიროდ, კამკამებით მაშინ ება!
399
მიმძიმს ამხანაგთ მოშორვა, გულსა მუდამ მაქვს ზრუნვანი,
შეჭირვება და ოხრანი, მწუხარება და ურვანი;
სამკვიდროს გაცლა ძნელია, ვინც დადგეს შესაშურვანი,
თუ რამდენრიგად მამიხდა სისხლის ცრემლისა წურვანი!
400
ვინ რომ ფეხსქვეშ მელახოდეს, აწ მათ მე მქნეს დაცემული;
მაბეზღარნი უწინ მე მყვეს დატუქსული, დაცემული,
ზოგი იყვნეს განაკვეთი, ზოგნი ბევრის მიცემული,
შენვე მიგაქვს, ეტლო ჩემო, რაც შენგნით მაქვს მოცემული!
401
სად მეგონა დამკვიდრება, აწ სადით ვარ განაჭერით,
მეფეს ტკბილად ვეღარ ვნახავ, თვარ არ ვრიდობ განა ჭერით,
ვის მომწევენ, შეიქმნების გაკვეთილ და განაჭერით,
ბედო, კრულო, უკუღმართო, თავი ჩემი განაჭე რით?
402
ზოგს კაცს რომე გაუჭირდეს, უსუსურად დაღონდების,
ვინც რა ეტყვის, არას ჯერა, კარგს რჩევასა გარდაჰხდების;
ვირემ კაცი ცოცხალიყოს, ადვილ მტრისგან ნუ წახდების,
ბედი, სვე და გამარჯვება იქნას, კაცზე რაც მოჰხდების!
403
გაჭირვების დროს კაცს უნდა, რომ შერჩეს ჭკვა და გონება,
ვისაც რომ ახლდეს უტყუვრად სიამე, ტკბილად მონება,
რომ მოშლით იყოს, ცუდია, რას არგებს მწვე დაღონება?
აღარ დაზოგოს მის დროსა სალარო, ანუ ქონება!
404
კაცი გაბედავს საქმესა, თუ კარგს კაცთან აქვს ზრდილობა,
მეც მქონდა დარბაზს წინ დგომა და ამხანაგთა წილობა,
მე არა მჭირდა ტყუილი, არც ცუდი სიტყვის ცილობა,
აწყა სოფელმან ნაკადი და მამცა ცრემლთა მილობა!
405
ზოგჯერ მეც მითქვმს თავისა, თუ რასთვის დავიბადეო,
ანუ მტერები გარშემო ვიხვიე, რად ვიბადეო,
მაშ ხომე ცუდათ გაქრების, მაქვს რამე ან ვიბადეო,
გულმკრთალნი მტერნი, ჯაბანნი, რასათვის აიბადეო?
406
ყველამ გასინჯეთ შეტყობით, თქვენ ჩემნი სამართლობანი,
როგორ ვჰქენ თავის დადება, მეფის ტახტისა მკობანი,
აწ ვისღა უთხრა ლიქნითა, ფერობით სიტყვის ლმობანი,
ზოგნი შევფრფინავთ სოფელსა, ზოგთა დავსწყივეთ შობანი!
407
რომე კაცმა ბევრი რამ თქვას, ხოტბა გრძელი, სიტყვის თხრობა,
თვისტომს თავსა მოაძაგებს, მას მიხვდების ცუდი შრობა,
არც ის ვარგა, არვინა თქვას კარგის კაცის გარჯილობა,
გოდოლშიგან დაფარულსა, დაგულვას სჯობს გახსნილობა!
408
ვჰთქვა, არა ვჰთქვა ერთი საქმე, ორსავ ვღონობ დიაღ ძნელად,
პატრონის ხამს გამარჯვება, პირველვე ვჰთვი სიტყვა ძველად;
ბევრი კაცი მოვიხმარე მწედ, იმედად, ჩემად მშველად;
მაგრა მევე დამიმარცხდა, მით შევიქმენ ცრემლით სველად!
409
ლაშქრად მამყვეს იმერელნი, მამეხმარნეს ზოგნი სამცხით,
ზოგს ქართველთაც გვერც ვიახელ, კაის ჯარის აღსარაცხით,
მაგრა ეტლმან არ გვიბედა, მით ვიქმენით იმ დღეს მარცხით,
გამარჯვება მეფეს მიხვდა, ზოგი ჩვენც ვჰქნით მიწას ნარცხით!
410
შეწეულთა ლაშქართ მიყვეს, ვერ უჭერდი იმა თავსა,
სტუმართა და თვით მოსრულთა, რას ვეტყოდი იმათ ავსა,
დგომასა და გაძლებასა მე ვჰკადრებდი თუ მეთავსა,
ზოგმა მეც მწვე დამიმარცხა, მათი სახლი ავა თავსა!
411
ეგრე მითხრეს: «ან შეგვაბი, ან გაგვიშვი ჩვენსა, შინა!»
მე მათ დაბლა მოველოდი, მას ვზრახევდი გულსა შინა;
ვჰკადრე: «ომსა გაპოვნინებ, თქვენთან არც მე შემეშინა»,
შუბი გატყდა, ედიშასა, იცით, ხმალი ვით ეშინა?
412
ბაზალეთის ომი მოჰხდა, მეფეს მიხვდა გამარჯვება,
იმათ დიდი გახარება, ჩვენ ჭმუნვა და ბევრი ვება;
ბატონიშვილს გვერც ვიახელ, ერისთვისაც მქონდა ხლება,
უღონობას ღონევე სჯობს, ცდა საქმისა ბევრ შეძლება!
413
რაცა მოჰხდა სრულ ვიცოდი, არ მინდოდა ესე ომი,
ყმა არ უნდა პატრონისა ბრძოლისა და შებმის მდომი!
თავს მოღალავს, ან მოკვდების, ცუდათ არის მკლავის მშრომი;
ქვეითი ხომ მუხლს დაღალავს, ვერც იქნების ცხენს შემჯდომი!
414
სამცხეს წაველ, წამოვიდნენ ესე კარგნი დიდებულნი,
ყველაკასა მრავლად მივეც, რაცა მქონდა მუნ დებულნი,
საქონელნი, ბარგნი ჩემნი, არ დავჰკარგენ კიდებულნი,
გაეხარდათ მაბეზღართა, ვინც მყვეს გარდაკიდებულნი!
415
ცოლ-შვილი სამცხეს დავაგდე, მოყვრები მიიბარევდეს,
ბატონიშვილსა მე ვახლდი, იესე ჩემი მარევდეს,
ხვანთქრის კარზედან წავედით, გზად ჩვენთვის დარნი დარევდეს,
ყაზახ მეკობრე ჯალალი, ჩვენს ვერას მოიპარევდეს!
416
ადრევ ვაცნობეთ ვეზირსა ხემწიფის ტახტს წინ რებანი,
ყაფუჩიბაში ებოძა, მით ექო ჩვენნი ცნებანი,
გვითხრა ხემწიფემ: «იცოდეთ, თქვენ გიყოს გულის ნებანი»;
მე უთხარ: «მის ხმალს მივენდევ, მით ვჰქენ შორის გზით რებანი!»
417
ჩვენ მიგვიყვანეს, ებძანათ: «მოჰფინეთ კარგა სახლები»;
ასრე გვსმენია, ეგენი არიან კარგნი სახლები!
ჩვენთან მოვიდეს ფაშები, აქვსთ ფართოდ ტყავის სახლები,
ძველით ვერავის ვნახევდით, ტანს ეცვა ყველას ახლები!
418
ულუფა მრავლად გვიბოძეს, სიუხვე ჰქონდა ზღვებისა,
ურჩისგან ხმლით და ძალითა, მას არა არ ეზღვებისა,
არვის არ ძლუც ძალითა გარდავლა იმის მზღვრებისა,
მასწინ არ ძალუც მთქმელებსა, ამხანაგთ დაბეზღებისა.
419
მეორეს დღსა მიგვასხეს, შეგვავლეს კარნი სრისანი,
გავჰკვირდით მორთულობასა – ნეტარ ქნილია რისანი?
ხემწიფეს მუხლსა ვაკოცე, სიტყვა მიბძანა თქმისანი,
ვჰკადრე: «თქვენს ხმალსა მოვენდევ, ყმობა ვერა ვჰქენ სხვისანი!»
420
მიბძანა: «ჩემი წყალობა შენზედა უშურველია,
სამცხეს რაც ციხე აიღე, მთქმია, არც ხანი ძველია,
რაცა გწადს, იმას დაგმართებ, მე ვით ვარ შენი მშველია,
მოგცე ციხე და ქალაქნი, ქვეყანა არზრუმელია!»
421
რაც ხანი დავჰყავ, მამაპყრა პატივი დიდ საფერია,
ცხენსა შებძანდის გვიბძანის, შევსხდით, ჩვენც ვნახით ერია;
მიბრძანის: «ნუ შეგწყინდებათ, აქ არვინა გყავსთ მტერია»,
ვკადრი: «რომ გიჭვრეტთ, ის გვალხენს, ვართ თქვენი ფეხთა მტვერია!»
422
ენგიჩარ აღას უბძანა, აჩვენე თოფხანანია!
წაგვიძღვა, ყველა დაგვავლო, რა უცხო, რა ხანანია!
გვითხრა: «ხემწიფე გაგიშვებს, გამოვა რა ხანანია»,
აწ ვისღა ახსონს, რა ვნახეთ, ბეგლარბეგ, რა ხანანია?
423
თიქმატაშ, აისოფიო, გვიჩვენა ზღვისა ზღუდები,
ზღვის პირს ალაგი არსად ჩნდა ზარბაზნებისგან უდები,
მათ კაცთ ყაუხი ეხურა ბერძენთა, ჩვენებრ ქუდები,
მისსა მებრძოლსა შიშითა, როგორ არ ჰქონდეს რიდები?
424
ბევრი რამ უცხო გვიჩვენეს, ლომ-ვეფხთა სადგურიაო,
გასინჯეთ, ვისცა გენახოს, სად ისი, სად გურიაო?
სრულ მარმარილოთ ნაშენი, არსად ჩნდის აგურიაო,
ზოგს კარგს სახლებსა მივადგით, გვეტყოდეს აგურიაო!
425
პატრიაქთანა მივიდით, ვისმენდით წირვა-ლოცვასა,
ერი მოვიდის ურიცხვი, ალაგს ჰყოფდიან მოცვასა;
იქ ღირსნი კაცნი დაგვხვდიან, იქმოდენ ცრემლთა ხოცასა,
მიტროპოლიტნი გვერც უდგნენ, ხან უფრო, ხან ვჰთქვამ ოცასა.
426
ხანი დავჰყავით ზამთრისა, ზაფხული იქცა ჟამებად,
ხემწიფემ ბძანა: «თქვენ თავი არა გშურსთ ჩემთვის წამებად,
ერთი ქვეყანა სოხტათა აქვს, არ არიან ამებად,
მაზედ გაგისევ, შარბათი თქვენ შეუქმენით შხამებად!
427
კარგად უნდა მოაგვაროთ, ნურც ადვილ გჩანსთ მათი ბრძოლა:
ქვეყანა აქვთ მწვე მაგარი და მეომართ კარგთა ყოლა;
მწვე ფთხილობენ ღამე თევით, სრულ არა აქვთ მუდმად წოლა,
გუშაგები იძახიან, როგორც მწუხრს და ცისკარს მოლა!
428
თემს თქვენ მოგცემ ოჯახობით, გარეშემოც თქვენი იყოს,
მათი განძი, საქონელი, არა მშურს რა ვინც გაიყოს;
ჩემი ყმა რომ გამიმაგრდეს, ნეტარ რა ვჰქნა, ეს რა იყოს?»
აწ გიორგიმ ძველ ნაქნევსა კიდევ ხმალსა ხელი მიჰყოს!
429
სხვაც გვიბოძა მამულები, სარჩო კარგი სანჯახები,
საქონელი აურაცხი, ხმალ, ლახტ, აფთ და ნაჯახები,
მაგრა ვისაც მიგვისივა, იგ არიან ანჯახები,
მტრისა ადვილ წინ მიმგები, შემძგერი და დამჯახები!
430
წამოვედით, ყაფუჯები ჩვენ თან მოგვდევს მთად და ბარათ;
სადაც მოგვცეს მამულები, ჩვენად საყმოდ, მოსახმარათ,
რადგან კაცი თან გვიახლა, შენ რას გაქნევ წიგნობარათ,
ვის სამძღვარზედ ბრძოლა შევჰქენ, გამისინჯეთ თქვენ აბა, რათ?
431
მოვედით სოხტას, გვითხრობდეს თუ: «კვამლი შვიდ ათასია,
სახლი ასეთი არ არის, არ ჰქონდეს სურა, თასია;
მათ ყარაულად გარ უვლის სამუდმოდ კაცი ასია»;
ზოგთ მითხრეს: «რომ დავიხოცნეთ რა ვჰპოოთ თავის ფასია?»
432
ვჰთქვი, ჭკუით საქმე მოგვარდეს, სარდლობა ამას ჰქვიანო,
დავდგეთ აქ, ყური მიუგდოთ, რაც რომ იმათა თქვიანო,
ფრთხილობას გარდაიგდებენ, უფრო და უფრო გვიანო,
თვარემ თუ ახლავ შეუტევთ მებრძოლნი დადაგვიანო!
433
ბოლოს დავდექით, დავიწყეთ ჩვენ მათში ვაჭრობანია,
ზოგნი მეგობრათ ვიჩემეთ, ზოგთ ძმობილ, ვითა ძმანია,
დაწყნარდეს, იარებოდეს მათში სულ ჩვენი ყმანია,
მიხდომის აზრი გარდაგდეს, არ დავიყარეთ ხმანია.
434
ხესა ფურცელი გასცვივდა, მთაზე თოვლმან ქნა დებანი,
ხემწიფეს წიგნი ებოძა: «მაქვს შენგან იმედებანი,
ნუღარა ჰყოვნი, მიუხე, ქენ თავის გარდადებანი!
ჯავრს ნუ შემარჩენ მაგათსა, ცეცხლურებ უყავ დებანი!»
435
იგი კაცი გავისტუმრე, მე ესენი დავამაშე,
პირველს ღამეს შევეკაზმე, მშვილდს აუბი, თოფი ვმაშე.
დავის სიტყვა გაუთავე, გულსა ჩემსა «ვაშა, ვაშე!»
მე დავიპყარ, დავიმონე, იქ აღარვინ გავაფაშე!
436
შეუხედით დანდობილთა, ოთხგნით გზანი შეუკარით,
გარდუედით სიმაგრესა გალავნისა ციხის კარით,
მხრით თეძოსა ხმალი ვასვით, ვინ ფეხ დადგმივ შემოვჰკარით,
ვირემდისი არ გავსწყვიტეთ, განძს არვინ ვჰყავ მინაკარით!
437
შიგ დავდეგით, იქ ვიზამთრეთ, საქონლითა ავივსენით.
ხემწიფესა მოვახსენეთ წიგნითა და კაის ენით:
სიტყვა თქვენი გავათავეთ, რაც გვიბრძანეთ, ისე ვჰქენით,
განდგომილნი ამოვსწყვიტეთ, ჩვენ შევჰქენით სისხლთა დენით!
438
ოცს არაბაზე დავაწყევ იქ თოფი ნაშოვრია,
ხემწიფეს წინა გავგზავნე: «ამათი მჭერი მკვდარია!
ქვეყანა გაუტიალე, აღარ აქვთ მოსაფარია,
დავჰხოცე, ზოგი დავჰფანტე, ვეღარ შეგროვდენ ჯარია!»
439
წყალობის წიგნი ებოძა მწვე დიდად გახარებისა:
არ გავაკეთო დიდებით – ჩემგან ეგ არ იქნებისა!
ხალათი კარგი ებოძა, ტკბილ სიტყვა, ენა ქებისა:
«ჩემნი მტერნი და ორგულნი ყველანიმც აგრე კვდებისა!
440
შენ ყოფილხარ მამაცურად, მოგხდომია გამარჯვება,
ეგრე თქმულა, ზეცასა რბის, მეფეთათვის ვინცა კვდება;
რასაც კაცი პატრონზედ იქს, სადაც წავა, წინ დახვდება,
კარგსა კარგი არ ასცილდეს, ავსა ავად გარდაჰხდება!»
441
დავისადგურეთ იმ ზამთარ, ჩვენ ლხინი გვქონდეს ამონი,
ვლხინობდით გამარჯვებულნი, რომ გვეპყრა ალაბ-შამონი:
მებრძოლთ გაუხდა შარბათი სასმელად მწარე შხამონი,
შეიტყვეს ჩვენთა მებრძოლთა, არა ვართ უთამამონი.
442
თქვენცა იცით, სამუდამოდ არ მინდოდა აქა ყოფა,
მამული და სამყოფელი რა კაცს შუა გაეყოფა,
კაცის გული ვერ გაძღება, ბევრი ვის აქვს, არ ეყოფა,
ცოტას ქონა მწვე მერჩივნა, რაც რომ მქონდა უწინ ყოფა!
443
თუ კაცი დასჯერდებოდეს იგ მისსა საყოფინარსა,
მას უმადლობდეს რაც მისცეს პირველ ქვეყანა ვინ არსა,
იგია მიმცემ-წამრთმევი, სხვა იმას გარე ვინ არსა,
ვინ ცხოველად ყოფს მოკვდავსა, ანუ ვინ შეიქს მძინარსა?!
444
რანი მამიხდეს, ვინ იცის სოფლისა საცთურებია,
რამდენჯერ გახდის დალებით ჯაჭვისგან ბეჭი, მხრებია,
ხან მარტო დვრჩი სადა გინდ, ხან მყვანდეს მე მომხრებია,
სამყოფინარი გამიხდეს ვერანად, ნაოხრებია!
445
რაცა გარდამხდეს სოფლისგან, ყველას ვერ ვიტყვი მა სულა!
მას ვმონებ, ვაქებ, ვადიდებ, ვინ რომე მიწა მასულა,
სრულ განსაცდელმან შემიპყრა, მახე მამხვია, მასულა,
მიწითგან ცხოვლად შემზილა, ისრევე იმან მა სულა!
446
შურითა მოჰხდა, ცთომისთვის სამოთხეს შევა გველია,
პირველმან მამამ უსმინა, ჩვენ შვება ამად გველია,
მან ძველმან მტერმან მიუთხრო: «არ მოგცე მე ეგ ველია!»
ცეცხლი აანთო სასარჯლო ხორცისა დამდაგველია!
447
იმავ შურმა გამოჰხადა სამოთხიდამ მამა ჩვენი,
სარჯლად მოგვცა ეს სოფელი, სარკის მსგავსად მააჩვენი,
კაცთა ბოლოს არ გამთავი, დასაგმობ და შესაჩვენი,
სწრაფლ წაგვართვა ფეროვნება და ნათელი თვალთა მჩენი!
448
ეს სიტყვები რად მოვიღე, გასინჯეთ და ყურად იღეთ,
კარგნო კაცნო, საანდაზოდ ჩემი საქმე გარდაიღეთ!
ჩემგან ქნილი რაცა სჯობდეს, ზოგნი დევით, ხან აიღეთ,
ავი შორად განუტევეთ, კარგნი თქვენკენ წამოიღეთ!
449
აწ გიამბო ჩემზე შურით, თუ რა მოჰხდა გულის ზრახვა,
რაც სახელი მე სადმე ვჰქენ, შექნეს კვნესა, ზოგთა ახვა,
ზოგთა კარგა შეიწყნარეს, ზოგთა შექნეს ჩმახვით ძრახვა,
ვჰთქვი, დავჰკარგე სამკვიდრონი, აღარ მამხვდა თვისთა ნახვა!
450
ვეზირ აზამი ხემწიფის თავს დაიწერდის სიძობით,
სულთან მურადის და ედგა, არ მეყვისობდა ბიძობით,
ქალთან ქებინის დალოცვით, ართუ მრუშობა მსიძობით,
ვეზირსა ცოლმან მოსწერა: «მეფეთგან თქვენ გაიძობით!»
451
ცოლს მოეწერა ვეზირთან: «სად არის შენი სახელი?
აქ მოურავის ქება არს, თქვენნი არიან მძრახველნი!
ხემწიფე ბრძანებს: «ყმა არ მყავს უკეთეს, ან მის მსახველი»,
მაგას რამ საქმე უგვარე, თუ თვალნი გქონდეს სახელი!»
452
ის იაზაბელ შეიქნა, ნაბოთეს ბაღის წამღები,
ან იროდიას ემსგავსა, სისხლთ ნათლისმცემლის დამღები,
ევდუქსიასა ტახტს იჯდა, ეროდეს კარის გამღები,
რჯულისა შემარყეველი, მრავლის ცოდვისა წამღები!
453
ვეზირმან თქვა: «სხვათ აქებდენ, მე სახელი გამიქარდეს,
ჩემი საქმე არ გამოჩნდეს, სხვის სახელზე მეფე ხარდეს!
სიკვდილი და ხმლის გაბედვა მისი მეცა დაღი მზარდეს,
თუ ეს ბედი წაღმა მესხნეს, ვჰთქვი: მიწათა რად გამზარდეს?»
454
კაცი ვნახე, რომ მოვიდა ჩემთან წიგნით ვეზირისა,
ებრძანა თუ: «შეგვეყარე, აქ ჰაერი კარგი ქრისა!
ტკბილად ვნახოთ ერთმანეთი, არ სიტყვა ვჰთქვათ მუქარისა!»
ხმობა, შეყრა, ალერსობა, ვერ შევიტყვე, იყო რისა?
455
მე შევჰთვალე: «უხემწიფოდ ვერა გნახავ, არ იქნება!
ხემწიფე თუ წიგნს მიბოძებს, ძალია თუ ან იქ ნება,
მაშინ გვერცა გიახლები, მტერი ფეხქვეშ გაიქნება,
ხემწიფეზე დამნაშავე ასო-ასოდ აიქნება!»
456
რა არ ვნახე, მწვე ეწყინა, გულში იქნა ნაღვლიანად,
შემოსტუქსა მოციქული პირქუშად და ჯავრიანად:
«ჩემს ხმას მონებს საკეისრო, სიგრძე სად აქვს განიანად!
მე არ მნახა მოურავმა, ესე იყოს, თქვა, ჯერხანად!»
457
ხემწიფესთან ჩაფრად კაცი მან გაგზავნა მეტად ჩქარად,
ცოლს მისწერა: «შენ მაცნობე აწ ამბები დასაფარად»;
მან მოსწერა: «ეს ხემწიფე შენზედ არის გულში მწარად,
მოურავის გამარჯვება მწვედ იამა გასახარად!»
458
მოსწერა თუ: «ორისაგან ერთი წინ გიც, იყავ მქნელი!
მოურავის ხმლით სიკვდილი, გვესმის, არის დიაღ ძნელი,
ან შეაკვდი, თავი დადევ, შენს ლაშქართა იყავ მსვრელი,
ან მოკალ და მოერიე, მისის სისხლით იყავ მსვრელი!
459
შენს ხელთ იყოს მისრ-ბაღდადი, ალაბ-შამი ბასრამდისა,
ისპა უღლანს, რაც უბრძანო, ენგიჩარნიც იქ მიდისა,
ნილოსს მყოფნი შენ გიძრწიან ანუ შადი სადა დისა,
შენს ხელთ არის ვეზირობა და ქმარი ხარ მეფის დისა!»
460
ვეზირმან თქვა: «მოურავთან მე არა მაქვს მტერობანი,
მაგრა რა ვჰქნა, ხემწიფის დის მმართებს სიტყვის ჯერობანი,
რაცა ბძანოს, მე ისი ვჰქნა, მას დაუწყო ფერობანი,
მაგრა მიკვეთს, ბორცვ-გორათა შენ ქენიო ძგერობანი!»
461
კიდევ წიგნი გუგზავნა, შიკრიკს მისცა, მალე ვლიდე!
მიეწერა: «ხემწიფისას წყალობასა ვერ დავსთვლიდე,
მაგრა ძნელსა საქმეს მიკვეთ, თავი ამად გავაფლიდე,
რა ღონე მაქვს, ამა სოფლით ან ის გავა, ან გავლიდე?
462
ეს გასინჯე, ყური უპყარ, იყავ კარგი მამსმენელი,
მტერნი მყვანან, ხემწიფესთან იქნებიან დამსმენელი,
ხმა გამოვა მოურავის სიკვდილისა გამსმენელი,
რა ხემწიფე გაიწყრომოს, რაღა უთხრა მასმენელი?
463
ხემწიფესა დიდადა სჩანს, მისთვის არის დიდად კარგი,
ხაზინადარ სიძეთა ჰყავს, ხემწიფისა დიდად მარგი,
რომ შევაკვდე, ანუ მოვჰკლა, ვის მივართვა მისი ბარგი?
ბძანეთ, რომე ჩამოვეხსნა, მშვიდობისა ნორჩი დარგი!»
464
მან მოსწერა: «სიჯაბნითა ვერ აპირებ მორევასა,
მაგით უფრო ჩავარდები, სიღრმის უფსკრულს, მორევასა,
ერიდები ქვეყნისასა აშლასა და მორევასა,
მე გვერც აღარ მოგეწურვი, მალმალ გეტყვი მორევასა!»
465
ხემწიფის დობით თამადობს, თვარ როგორ სტუქსოს ქმარია?
ცოლმა ქმარს: «მოკვდი!» ეს უთხრას, იგ მიწას დასანთქმარია!
ვეჭობ, რომ სძულდეს ვეზირი, თვარე ვჰთქვათ, რა საქმარია?
ამ რჩევა-ვეზირობისთვის საკვდავი ასაქმარია!
466
ცოლმან კვლავ კიდევ მოსწერა სიტყვა ცხარი და მწარია:
«ერთის ქართველის კაცისა სახელი დიდათ არია!
შენი ხსენება დადუმდა, თქვეს: ცოცხლივ ანუ მკვდარია?»
მწვე გაუჭირდა ვეზირსა, საქმე აქვს შესაზარია!
467
ვეზირის გულსა დამკვიდრდა რჩევითა ღალატობანი,
თუ მათი საქმე სადმე სჯობს, არა აქვს კაცთა ნდობანი,
ერთს კაცსა არვის შეეძლო საქმენი ჩემოდნობანი,
მე უყვი მტერთა მრავალჯერ დაწვა და ჩამოდნობანი!
468
რა მოვა კაცზედ განგება, ეტლი არ ბრუნავს ბედადო,
შუქურ მასკვლავი დახვდების პირდაპირ შემომხედადო!
ჩარხებსა ფრთანი დასცვივის, ზე მყოფი იქნას ქვედადო,
დღე მოეწურვის სვისაგან, გახდების უიმედადო!
469
ამა სოფელმან მაბრძოლა აღმოსვლით დასავლეთამდი,
ბაბილოვანს და სამხრეთსა ბრძოლილ მყო ხლმისა კვეთამდი;
ჩრდილოთ ლეკთა და ოსეთსა, კიდით სრულ ჩერქეზეთამდი;
ლხინიც მამცა და წუხილი, ურვა და სევდა კვნესამდი!
470
კაცსა გასცდის და აღორებს სოფლისა ნივთთა წესია;
ხან იშვებს, იტყვის, «რა მიშავს», ხან ტირის ცრემლთა მთესია;
ხან ეს გონია «უკვდავ ვარ», ხან სნეულ არს და მკვნესია,
თუ სულსა რამე უღვაწოთ, ყველას ეს უკეთესია!
471
რაც მე გარდამხდა სოფლისგან, წერით ვინ გაათავებსა?
ანაზდათ კაცთა გვიმუხთლებს, მოშლის კარგს ტანს და თავებსა,
არ შეგვიწყალებს სიკვდილი, ძოწეულს შეიქს შავებსა,
არ მოგვცემს დროსა ჟამამდი, არცა გვთხოვს დასაზავებსა.
472
ბევრი მსაჯა, სად მამავლო, მამიყვანა სადამდისა;
სად მმართებდა მე ტირილი, აწყა ცრემლი სადა მდისა?
ცეცხლმან კვამლი შემომხვია, აწ უყურეთ, სად ამდისა,
მეფემან და სიძემ მკარგა, მდურვა მქონდეს სად ამ დისა?
473
ყანდაარს ბრძოლა და ბაღდადს, მე ვინ მიწურვა მისრისა,
სტამბოლს ხანისა დაყოფა, ნახვა, გასინჯვა მისრისა;
არაბისტნისა ჭაბუკნი მაჯამან ჩემმან მისრისა,
აწყა სევდისა ლახვარი გულსა მიწყლულებს, მისრისა!
474
გავათავე ჩემი სიტყვა, წავალ თქვენგან სალამითა,
ვისცა გესმას ჩემი გავლა, ცრემლი ქენით, სალა მითა;
უკანასკნელს ანდერძს მოგცემ, საქმეს იმას ალამითა,
აწ საფლავად თან მიმყევით, მამაყარეთ სალა მითა!»
ე პ ი ლ ო გ ი
475
ნათესავ-მოდგამ-გვარ-ტომმან მისმან ეს ვიწყე წერებად,
ამად მეშინის მოშურნე პირველივე მყავს მტერებად,
რომ უქმი სიტყვა მამხადოს, არ იყოს ჩემზე ფერებად,
ვინ არს ცოდვილთა შემწყნარე, ვედრივარ, მექმნას ტერებად!
476
ქართლის ცხოვრება სხვათა თქვეს, მე ამას ვიქმენ ბრალევად,
რომ დამეკარგა ამბავი, ქმნილიყო შესაბრალევად!
წყარო ტკბილი და ამონი ქმნილიყო გასამშრალევად;
ეგებ ვერ მეთქვას გაწყობით, მაშინც ნურვინ ხართ მწყრალევად!
477
სიკვდილი ამად არ ვსწერე, არ ვაჯობინე ხოცანი,
ვის გესმას მისი დაკარგვა, იქნებით ცრემლთა მხოცანი,
ნაქნარსა მისსა გასინჯავთ, ჰთქვათ, ცხადია თუ ოცანი,
რაც ექნა, ვეჭვ ძლივ დავსწერე, ათისთავად ვჰთქვა ოცანი!
478
თქვენ გევედრები, ვინცა ხართ სიტყვისა გამსინჯავია,
სიტყვა ყბედ ძრახვა არა ხამს, რაგინდ რომ მეთქვას ავია,
სოფლის ზღაპრისა წერისთვის შევიქმენ დამნაშავია!
მას დარჩა ჭკუის საუნჯე, ვინც ცრემლით ავსო ნავია!
479
უქმი სიტყვა ცუდსა ჰქვიან, მეც ვარ მუდმად უქმის მთქმელი,
კაცი რომე უქმს ამბობდეს, ვით მორჩების დაუნთქმელი?
ჭკვა მათ ჰპოვეს, საღთოს წიგნის ვინცა იყვნეს გარდამთქმელი,
მე შევიქმენ ენაყბედი, სოფლის სიტყვის სამ წამთქმელი!
480
ესეთი სიტყვა არა ხამს, თუ ბერი წესზე ბერევდეს,
სინანულისა სვიფონსა საკუთრად მისთვის ბერევდეს,
ჭაბუკნი მხეცთა ერთოდეს, მხცე გასრულებით ბერევდეს,
ვინ სწვრთიდეს, ყურსა უპყრობდეს, არათუ გულსა ბერევდეს!
481
მე სოფლისა საქმეს მივჰყევ, მე ვინა და ამის წერა?
ის მიჯობდა, მოციქულთა რაც თქვეს, ყველა დამეჯერა,
სულის ღვწით და სინანულით ანგელოზნი შემეჯერა,
თაო ჩემო, შენთვის რა ჰქენ, ანუ კარგად გასინჯე რა?!
მ ე ფ ი ს | ა რ ჩ ი ლ ი ს ა დ მ ი
482
ეს არის ლექსად ნათქვამი, მნატრე ვინ თქვენის ხლებისა,
ზოგი რა საღმთოც დავსწერე, სიტყვა ვჰთქვი წმინდათ ქებისა,
საღთოს ქებისა მთარგმნელი სული რჯას აღარ ებისა,
მე ამის წერით მეშინის, ვათუ ხმა მესმას ვებისა!

No comments:
Post a Comment