Wednesday, August 23, 2017

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის კიდევ ერთი ახალი წიგნის შესახებ

გამოვიდა მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის ახალი წიგნი – ჰერმან ჰესეს რომანის „რიოში მარგალიტებით თამაშის“ ქართული თარგმანი, რომელიც ბაკურ სულაკაური გამომცემლობამ ამ ხანებში გამოაქვეყნა. მადლობას მოვახსენებთ ამ გამომცემლობის მესვეურებსა და თანამშრომლებს, რომლებმაც ამ წიგნის გამოცემას ამაგი დასდეს. აგრეთვე დიდი მადლიერებით გვინდა მოვიხსენიოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ამა თუ იმ სახით დაგვეხმარა და ხელი გაგვიმართა, ვინც მხარში გვედგა და გვამხნევებდა იმ წინააღმდეგობათა და სიძნელეების დაძლევაში, რომლებიც ამ თარგმანის გამოცემის გზაზე წამოიჭრა.


წიგნების ერთი ნაწილი ჰონორარის სახით მთარგმნელს გადმოეცა, რომლებიც ჩვენი მხრიდან გასაყიდად შევიტანეთ რუსთაველი # 16-ში მდებარე წიგნების მაღაზიაში (რუსთაველის თეატრის მთავარი შესასვლელის პირდაპირ). ძირითად ტირაჟს კი თვითონ გამომცემლობა შეიტანს მაღაზიების ქსელში.

ქვემოთ დავდებთ რამდენიმე ფოტოს წიგნთან და მის ავტორთან დაკავშირებით, აგრეთვე თარგმანის ტექსტის დასაწყის ნაწილს (დაახლოებით 15 გვერდს), რათა მკითხველმა უფრო უკეთ შეძლოს მისი გაცნობა და შეფასება, აგრეთვე შესაბამისი აზრი შეიქმნას მთელ ტექსტზე და წიგნის შეძენის სურვილიც გაუჩნდეს.



ჰერმან ჰესე 


რიოში მარგალიტებით თამაში 


რიოში მარგალიტებით თამაში 

Ludi Magister იოზეფ კნეხტის ცხოვრების აღწერის მცდელობა, მის დატოვებულ ნაწერებთან ერთად

გამოცემული ჰერმან ჰესეს მიერ

აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთ



რიოში მარგალიტებით თამაში 

ცდა მისი ისტორიის საზოგადოდ გასაგები შესავლისათვის 

…non entia enim licet quodammodo levibusque hominibus facilius atque incuriosius verbis reddere quam entia, verumtamen pio diligentique rerum scriptori plane aliter res se habet: nihil tantum repugnat ne verbis illustretur, at nihil adeo necesse est ante hominum oculos proponere ut certas quasdam res, quas esse neque demonstrari neque probari potest, quae contra eo ipso, quod pii diligentesque viri illas quasi ut entia tractant, enti nascendique facultati paululum appropinquant.

ALBERTUS SECUNDUS

tract. de cristall. spirit. ed. Clangor et Collof. lib. I, cap. 28* (*ალბერტ მეორე. ტრაქტ. კრისტალ. სულის შესახებ, გამომც. კლანგორი და კოლოფი, წიგ. I, განყ. 28)

იოზეფ კნეხტის ხელნაწერი თარგმანი:

...თუმცა კი, გარკვეულწილად, მარტივი ადამიანები უფრო ზერელედ და იოლად გამოხატავენ სიტყვებით არარსებულ საგნებს არსებულზე მეტად, მაგრამ ღვთისმოსავი და კეთილსინდისიერი ისტორიკოსისთვის სწორედ რომ პირიქითაა: მას სიტყვიერი ასახვისას ისე სწრაფად არაფერი უსხლტება ხელიდან და, თანაც, მისთვის არაფერი შეიქნება ისე საჭირო, რომ ადამიანებს ცხადად აჩვენოს ისეთი საგნები, რომელთა არსებობის დამტკიცება ან სარწმუნოდ მიჩნევა შეუძლებელია; მაგრამ ის საგნები, სწორედ იმის წყალობით, რომ ღვთისმოსავი და კეთილსინდისიერი ადამიანები აღიქვამენ მათ, როგორც რაღაც ნამდვილად არსებულებს, ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან შესაძლებლობას, რომ არსებობდნენ და იბადებოდნენ.


ამ წიგნში იმ მცირედის ასახვა განგვიზრახავს, რაც იოზეფ კნეხტის ბიოგრაფიული მასალებიდან მოვიძიეთ, Ludi Magister Josephus III-ისა, როგორც მას რიოში მარგალიტებით თამაშის არქივებში მოიხსენებენ. ამ საქმეს ბრმად არ შევდგომივართ, თუმცა კი ეს მცდელობა, ერთგვარად, სულიერ ცხოვრებაში გაბატონებულ კანონებსა და წეს-ჩვეულებებს ეწინააღმდეგება. ჩვენი სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ უმაღლეს პრინციპს ხომ ინდივიდუალობის წაშლა, ცალკეული პირის აღმზრდელობითი უწყებისა და მეცნიერებათა იერარქიისადმი, შეძლებისდაგვარად, სრული დაქვემდებარება წარმოადგენს. ეს პრინციპი დიდი ხანია ისე ძლიერ ტრადიციად დამკვიდრდა, რომ დღეს მეტად ძნელია, და ხშირ შემთხვევებში შეუძლებელიც კი, იმ ცალკეულ პირთა შესახებ დაწვრილებით რაიმე ბიოგრაფიული და ფსიქოლოგიური ამბები მოიძიო, რომელთაც ამ იერარქიაში თავი განსაკუთრებით გამოუჩენიათ. უმეტესად მათი სახელებიც კი მივიწყებულია, რაც ჩვენი პროვინციის სულიერი ცხოვრებისთვის დამახასიათებელია, და ეს იმის შედეგი გახლავთ, რომ ანონიმურობა – ამ იერარქიული ორგანიზაციის იდეალს წარმოადგენს და ის იდეალის გახორციელებასთან ძალზედ ახლოსაა.

თუ არჩეული გზიდან არ გადავუხვევთ და შევეცდებით Ludi Magister Josephus III-ის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ დავადგინოთ და მისი პიროვნების პორტრეტიც ზოგადი ნიშნებით დავხატოთ, ამას ვაკეთებთ არა პიროვნების კულტის გულისათვის, და არც, როგორც შეიძლება ვინმეს ეგონოს, წეს-ჩვეულებათა გაუთვალისწინებლობის გამო, არამედ, პირიქით, მარტოდენ ჭეშმარიტებისა და მეცნიერებისადმი მსახურებისათვის. არსებობს ძველი გამოთქმა: რაც უფრო მწვავედ და ულმობლად ვაყალიბებთ თეზისს, მით უფრო უცილობლად ჩნდება ანტითეზისი. მოგვწონს და პატივს ვცემთ იმ აზრს, რომელიც ჩვენი უწყების ხელისუფალთა ანონიმურობისა და ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძველშია ჩადებული; მაგრამ სწორედ ამ სულიერი ცხოვრების წინაისტორიის გადახედვა, კერძოდ კი, რიოში მარგალიტებით თამაშის განვითარებისა, უდავოდ გვიჩვენებს, რომ მისი თითოეული ფაზა, ყოველი სიახლე, ცვლილება და არსებითი ძვრა, მიუხედავად იმისა, პროგრესულად ჩავთვლით მას თუ კონსერვატიულად, უეჭველია, თავის ერთადერთ და ნამდვილ ინიციატორს კი არ გვიჩვენებს, არამედ საკუთარ მკაფიო ხატებას იმ პიროვნებაში პოულობს, რომელმაც ცვლილება შემოიტანა, და ეს ცვლილება განახლებისა და სრულყოფის ინსტრუმენტად აქცია.


რასაც დღეს ჩვენ პიროვნულობაში მოვიაზრებთ, მართლაც, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, ადრეული დროის ბიოგრაფები და ისტორიკოსები ამაზე რომ ფიქრობდნენ. მათთვის, და სახელდობრ, იმ ეპოქების ავტორებისათვის, რომლებსაც ბიოგრაფიული აღწერის ნიჭი ჰქონდათ, ამა თუ იმ პიროვნებაში ნორმიდან გადახრა, ნორმისადმი მტრობა, უნიკალურობა, ხშირად პათოლოგიაც კი ყველაზე უფრო არსებითი გახლდათ. ხოლო ჩვენ, დღევანდელები, მნიშვნელოვან პიროვნებებზე, საერთოდ, მაშინ ვლაპარაკობთ, როცა ისეთ ადამიანებს ვხვდებით, რომელთაც, უმთავრესად, ორიგინალურობისა და განსაკუთრებულობის მიუხედავად, შეძლეს სრულყოფილად შერწყმოდნენ საყოველთაოს, და შეძლებისდაგვარად, ზეპიროვნულისადმი სრულყოფილი სამსახურიც გაწიეს. თუ ამას უფრო დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს იდეალი ძველი კულტურისთვისაც ცნობილი გახლდათ. „ბრძენის“ ანდა „სრულყოფილის“ სახე ძველ ჩინელებთან, მაგალითად, ანდა სოკრატესეული მოძღვრების იდეალი სათნოების შესახებ ჩვენი დღევანდელი იდეალისაგან ნაკლებად განსხვავდება. ზოგიერთმა დიდმა სასულიერო ორგანიზაციამ, როგორიც, მაგალითად, რომის ეკლესიაა თავისი ძლიერი ეპოქებით, მსგავსი საფუძვლები იცოდა და მისი ზოგიერთი უდიდესი ფიგურა, კერძოდ, წმინდა თომა აქვინელი, ძველ ბერძენ მოქანდაკეთა მსგავსად, უფრო მეტად გარკვეული ტიპის კლასიკის წარმომადგენლად გვევლინება, და არა ცალკეულ პირად. მაგრამ სულიერი ცხოვრების იმ რეფორმაციის წინა პერიოდებში, რომელიც XX საუკუნეში დაიწყო და რომლის მემკვიდრენიც ჩვენ ვართ, ის ნამდვილი ძველი იდეალი, პირდაპირ რომ ვთქვათ, თანდათან მთლიანად დაიკარგა. გაოცებულნი ვრჩებით, როცა იმ დროის ბიოგრაფიებში სადღაც ვრცელ მონათხრობს ვნახულობთ იმის თაობაზე, თუ გმირს რამდენი და-ძმა ჰყავდა ან ბავშვობაში რა სულიერი ჭრილობები მიიღო, მოწიფულობის ხანა როგორ გაიარა, აღიარებამდე რა ბრძოლა გადაიტანა, სიყვარული როგორ ეწვია; დღევანდელ ადამიანს კი გმირის არც პათოლოგიური, არც ოჯახური ამბები, არც მისი სასიყვარულო განცდები, საჭმლის გადამუშავება თუ ძილი არ აინტერესებს; არც მისი სულიერი წინაპერიოდი, მისი აღზრდა, საყვარელი სამეცადინო საგანი, საკითხავი წიგნები იზიდავს და ასე შემდეგ; ეს ჩვენთვის არც თუ ისე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მხოლოდ ის არის გმირი და განსაკუთრებული ინტერესის ღირსი, ვინც ბუნებითა და აღზრდით ისეთ მდგომარეობაში ექცევა, რომ მისი პიროვნება სრულყოფილებას იერარქიული ფუნქციის შესრულებაში აღწევს, თან ისე, რომ მას გასაოცრად ძლიერი, ახალი მისწრაფება არ ეკარგება, რაც ინდივიდის სურნელსა და ფასეულობას ამშვენებს; და როცა პიროვნებასა და იერარქიას შორის კონფლიქტები წარმოიშვება, სწორედ აქ ვხედავთ კონფლიქტებს, საჯილდაო ქვასავით, პიროვნების სიდიდეს რომ გამოარკვევს. რაც უფრო ნაკლებ ვეთანხმებით მეამბოხეს, რომელსაც თავისი მისწრაფებები და ვნებანი წესრიგის რღვევამდე მიიყვანს, მით უფრო პატივისცემით ვიხსენებთ მის მიერ მსხვერპლის გაღებას, რაც კიდეც ნამდვილად ტრაგიკულ პიროვნებას ქმნის.

აქ კი, გმირებთან, ამ, მართლაც, სამაგალითო ადამიანებთან დამოკიდებულებაში მათი პიროვნებისადმი, სახელისადმი, თუნდაც სახის გამომეტყველებისა და ქცევისადმი ინტერესი გვიჩნდება; და ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან მათ ყველაზე უფრო სრულყოფილ იერარქიაში, წუნდაუდებელ ორგანიზაციაში ვხედავთ, სადაც, არავითარ შემთხვევაში, საქმე იმ მექანიზმთან კი არ გვაქვს, მკვდარი და ერთფეროვანი ნაწილებისაგან რომ შემდგარა, არამედ ცოცხალ სხეულთან, სიცოცხლისუნარიანი ნაწილებისა და ორგანოებისაგან რომ ქმნილა, და რომლის შემადგენელ ნაწილებს თავიანთი სახე გააჩნიათ, თავისუფლება აქვთ მინიჭებული და თითოეული მათგანი ცხოვრების საოცრებასთანაც წილნაყარია. ამგვარად, შევეცდებით, რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრის იოზეფ კნეხტის ცხოვრების ამბები მოგაწოდოთ და, კერძოდ კი, ყველაფერი მის შესახებ თავისივე ნაწერებიდან გადმოგცეთ, რამეთუ რამდენიმე ხელნაწერი კიდეც მოვიპოვეთ, რასაც წაკითხვის ღირსად მივიჩნევთ. რასაც კნეხტის პიროვნებასა და მის ცხოვრებაზე მოგიყვებით, ზოგი რამ იქიდან, მთლიანად თუ ნაწილობრივ, ცხადია, ორდენის წევრებს შორის და, კერძოდ კი, რიოში მარგალიტებით მოთამაშეთა გარემოში, უკვე კარგადაა ცნობილი; აქედან გამომდინარე, ჩვენი წიგნი მხოლოდ ამ წრისთვის არაა განკუთვნილი, იმედია, მას გასცდება და ორდენის გარეთ მყოფ შეგნებულ მკითხველებამდეც მიაღწევს.

ჩვენს წიგნს ამ ვიწრო წრისათვის შესავალი და კომენტარები არ ესაჭიროება. და რაკი მაინც ამ ნაშრომს, აგრეთვე ჩვენი გმირის ცხოვრებასა და ნაწერებს ორდენის გარდა სხვა მკითხველსაც ვთავაზობთ, ერთგვარად, ძნელი ამოცანის წინაშე ვდგებით, და გვსურს, არც თუ ისე გათვითცნობიერებული მკითხველისათვის პატარა, პოპულარული შესავალი მოვიყვანოთ, რაც რიოში მარგალიტებით თამაშის აზრსა და დანიშნულებას, და მის ისტორიასაც გაგვაცნობს. აღვნიშნავთ, რომ ეს შესავალი პოპულარულია და ასეც უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში, არ გააჩნია პრეტენზია, რომ ორდენის შიგნით თამაშის პრობლემები და მისი ისტორიის სადავო საკითხები განმარტოს. ამ თემის ობიექტურად ასახვისათვის დრო ჯერ არ დამდგარა.


მაშასადამე, ჩვენგან რიოში მარგალიტებით თამაშის სრული ისტორიისა და თეორიის მოლოდინი ნუ ექნებათ. ეს იმაზე ღირსეული და გამოცდილი ავტორების საქმეა, ვიდრე ჩვენ დღეს გახლავართ. მისი გადაწყვეტა მომავალი დროისათვის მიგვინდვია, იმ შემთხვევაში, თუ წყაროები, და ასევე სულიერი წინაპირობები, მანამდე არ დაიკარგება. ეს თხზულება რიოში მარგალიტებით თამაშის სახელმძღვანელოდაც ნაკლებად იქნება გამოსადეგი, და ასეთი სახელმძღვანელო არც არასოდეს დაიწერება. ამ თამაშის, თამაშთა თამაშის წესებს ვერავინ შეისწავლის სხვაგვარად, თუ არა ჩვეულებრივ მიღებული, წინასწარ განსაზღვრული გზით, რაც რამდენიმე წელს მოითხოვს და თამაშის არც ერთი მონაწილე, განდობილი, არ მოისურვებს, რომ თამაშის ეს წესები უფრო იოლი შესასწავლი გახადოს.

თამაშის ეს წესები, ნიშანთა ეს ენა და გრამატიკა მაღალგანვითარებული საიდუმლო ენის ერთგვარ სახეობას წარმოადგენს, რომელშიც განსხვავებული მეცნიერებები და ხელოვნებანი, განსაკუთრებით კი, მათემატიკა და მუსიკა (შესაბამისად მუსიკათმცოდნეობა) მონაწილეობენ და რომელიც თითქმის ყველა მეცნიერების შინაარსსა და შედეგებს გამოხატავს. ამრიგად, რიოში მარგალიტებით თამაში, გახლავთ თამაში ჩვენი კულტურის მთელი შინაარსითა და ფასეულობებით; და ამ თამაშში ეს ფასეულობები ისე მონაწილეობენ, როგორც, მაგალითად, ხელოვნების აყვავების ხანაში მხატვარი მოლბერტზე საღებავებით თამაშობდა. ყოველივე, რაც კაცობრიობამ ცოდნით, ამაღლებული აზრებითა და ხელოვნების ნაწარმოებებით შემოქმედებით ეპოქებში შექმნა, რაც სწავლულთა დაკვირვების მომდევნო პერიოდებმა ცნებებზე დაიყვანა და ინტელექტუალურ მონაპოვრად აქცია, სულიერ ფასეულობათა მთელი ამ უზარმაზარი მასალით რიოში მარგალიტებით მოთამაშე ისე თამაშობს, ორღანისტი რომ უკრავს ორღანზე და ეს ინსტრუმენტი თავისი სრულქმნილებით, კლავიშებითა და პედლებით მთელ სულიერ კოსმოსს ეხება; მისი რეგისტრები უთვალავია, მასზე დაკვრაში თეორიულად მთელი სამყაროს სულიერი შინაარსი აისახება. ეს კლავიშები, პედლები და რეგისტრები მყარადაა დადგენილი, მათი რიცხვისა და წესრიგის ცვლილება სრულყოფის მიზნით ჯერ მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი: თამაშში ახალ მნიშვნელობათა შემოყვანით თამაშის ენის გამდიდრება, თამაშის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან, გააზრებულ და უმკაცრეს კონტროლს ექვემდებარება. მაგრამ, სამაგიეროდ, ამ მკაცრად დადგენილი სისტემის შიგნით, თუ ისევ ჩვენს მეტაფორას გამოვიყენებთ, ამ გოლიათური ორღანის რთული მექანიკის ფარგლებში ცალკეულ მოთამაშეს, ცალკეულ შემსრულებელს, შესაძლებლობებისა და კომბინაციების მთელი სამყარო ეძლევა. ათასობით მკაცრად ჩატარებულ თამაშში, თუნდაც ორიც კი, ერთმანეთთან ზედაპირულად მსგავსი, თითქმის არ მოიძებნება. თუ ერთხელ ეს მაინც მოხდება, და შემთხვევით, ორი მოთამაშე თამაშის შინაარსისათვის ზუსტად რაღაც ერთსა და იმავე პატარა თემას აირჩევს, ეს ორივე თამაში მოთამაშეთა აზროვნებიდან, ხასიათიდან, განწყობიდან და ვირტუოზულობიდან გამომდინარე, ალბათ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული იქნება და განსხვავებულადაც შესრულდება.


არსებითად, მხოლოდ ისტორიკოსის სურვილზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ხნით გადასწევს წარსულში რიოში მარგალიტებით თამაშის დასაწყისისა და წინაისტორიის აღწერას. მართლაც, არც ერთ დიად იდეას დასაბამი არა აქვს, იგი მუდამ, სწორედ იდეის სახით, აქ არსებობდა. ჩვენ ამას იდეად, წინასწარხედვად და სასურველ სურათად მივიჩნევთ, რასაც უკვე ზოგან უფრო ადრეულ საუკუნეებშიც ვხვდებით, მაგალითად, პითაგორასთან, მოგვიანებით ანტიკური კულტურის გვიანდელ ხანაში, ელინისტურ-გნოსტიკურ წრეში, ამდენადვე მას ძველ ჩინელებთანაც ვნახულობთ, შემდეგ ისევ არაბულ-მავრიტანული სულიერი ცხოვრების მწვერვალებზე, მერე კი მისი წინაისტორიის კვალი სქოლასტიკისა და ჰუმანიზმის გავლით მოდის და XVII და XVIII საუკუნეების მათემატიკოსთა აკადემიებამდე აღწევს, შემდეგ რომანტიკოს ფილოსოფოსებთან გრძელდება და ნოვალისის მაგიური ოცნებების რუნებთან ჩერდება. Universitas Litterarum*-ის (*მეცნიერებათა ერთობლიობა /ლათ./) იდეალური მიზნისაკენ სულის თითოეულ მოძრაობას, ყველა პლატონურ აკადემიას, სულიერი ელიტის ყოველ გაერთიანებას, ზუსტ და თავისუფალ მეცნიერებათა შორის დაახლოების თითოეულ მცდელობას, მეცნიერებასა და ხელოვნებას, ან მეცნიერებასა და რელიგიას შორის შერიგებისკენ ყოველ გადადგმულ ნაბიჯს ის მარადიული იდეა ედო საფუძვლად, რომელმაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სახე რიოში მარგალიტებით თამაშში შეიძინა. ისეთი დიდი სულიერი ადამიანები, როგორებიც აბელიარი, ლაიბნიცი, ჰეგელი იყვნენ, ეჭვის ქვეშ აღარ აყენებდნენ იმ ოცნებას, რომ სულიერი უნივერსუმი კონცენტრული სისტემით გამოეხატათ და სულიერებისა და ხელოვნების ცოცხალი სილამაზე ზუსტ დისციპლინათა ფორმულირებების მაგიურ ძალასთან შეეერთებინათ. იმ დროს, როდესაც მუსიკა და მათემატიკა კლასიკურ პერიოდს თითქმის ერთდროულად განიცდიდნენ, ეს ორი დისციპლინა ერთმანეთს ხშირად უახლოვდებოდა, რასაც თან ნაყოფიერი შედეგიც მოჰყვებოდა. ორი საუკუნით ადრე ნიკოლაუს კუზანელთან ისეთივე სულისკვეთების დებულებებს ვხვდებით, როგორც, მაგალითად: „სული პოტენციურობის ფორმას გადაიღებს, რათა ყველაფერი პოტენციურობის მდგომარეობაში გაზომოს, და აბსოლუტური აუცილებლობის ფორმას, რათა ყველაფერი ერთიანობისა და უბრალოების მდგომარეობაში გაზომოს, ვითარცა ამას იქმს უფალი, და შეკავშირების აუცილებლობის ფორმას, რათა ყველაფერი საკუთარი თავისებურების თვალთახედვით გაზომოს; ბოლოს იგი გადაიღებს დეტერმინებული პოტენციურობის ფორმას, რათა ყველაფერი მის არსებობასთან მიმართებაში გაზომოს. შემდეგ უკვე სული ზომავს სიმბოლურადაც, შედარების გზით, როგორც მაშინ, როცა იგი რიცხვითა და გეომეტრიული ფიგურებით სარგებლობს და მათზე, როგორც მსგავსებებზე, მიუთითებს“. სხვათა შორის, კუზანელის არა მხოლოდ ეს აზრი გვაგონებს თითქმის პირდაპირ რიოში მარგალიტებით თამაშს. არა მხოლოდ ეს ერთი გამონათქვამი შეესაბამება ფანტაზიის იმ მიმართულებას, რომელიც თამაშისთვის დამახასიათებელ გონებრივ სვლებს ასე ემსგავსება. კუზანელთან კიდევ ბევრი სხვა მსგავსი აზრიც შეიძლება მოინახოს. მათემატიკით გამოწვეული მისი სიხარული, მისი მისწრაფება თეოლოგიურ-ფილოსოფიური ცნებების ევკლიდეს გეომეტრიის ფიგურებისა და აქსიომების მაგალითზე განმარტებისკენ, თამაშის მენტალიტეტთან მეტად ახლოს გვეჩვენება; ის კი არადა, ხანდახან მისი ლათინურიც (როცა იგი ხშირად სიტყვებს თვითნებურად ისე იგონებს, რომ ამ ენის მცოდნეს მათი გაგება არ გაუჭირდება), თავისუფალი მიდგომით, თამაშის ენის პლასტიურობას მოგვაგონებს.


ჩვენი ნაშრომის დევიზიდან გამომდინარე, რიოში მარგალიტებით თამაშის წინამორბედთა შორის, არცთუ უმნიშვნელო ადგილს, ალბერტუს სეკუნდუსს მივაკუთვნებთ. ჩვენი ვარაუდით, თუმცა კი შესაბამისი ციტატის მოყვანა არ შეგვიძლია, თამაშის აზრი უკვე XVI, XVII, XVIII საუკუნეების იმ სწავლულ მუსიკოსთა შორის ბატონობდა, რომლებიც თავიანთ მუსიკალურ კომპოზიციებს საფუძვლად მათემატიკურ სპეკულაციებს უდებდნენ. უძველეს ლიტერატურაში დროდადრო ვხვდებით ლეგენდებს ბრძნული და მაგიური თამაშების შესახებ, რომლებსაც სწავლულები, ბერ-მონაზვნები ანდა მთავართა კარის დიდებულნი და მათი სტუმართმოყვარეობით მოსარგებლე გონებამახვილი ადამიანები იგონებდნენ და თამაშობდნენ; მაგალითად, ჭადრაკის თამაში, რომლის ფიგურებსა და დაფებს ჩვეულებრივის გარდა საიდუმლო მნიშვნელობაც ჰქონდა. და საერთოდ, ხომ ცნობილია, რომ ძველი კულტურების ადრეული ხანებიდანვე მოთხრობები, ზღაპრები და თქმულებები მუსიკას, მხოლოდ წმინდა მხატვრულობის გარდა, სულებისა და ხალხების დამპყრობ ძალასაც მიაწერენ; მუსიკა ქმნის საიდუმლო მმართველს, ან ადამიანების კანონთა წიგნებსა და მათ სახელმწიფოებს. უძველესი ჩინეთიდან ბერძნულ თქმულებებამდე დიდ როლს თამაშობს ადამიანთა იდეალური, ზეციური ცხოვრების აზრი მუსიკის ჰეგემონიის ქვეშ. მუსიკის ამ კულტთან („მარადიულ გარდასახვებში საიდუმლო ძალა გალობისა მოგვესალმება ზეციდან“ – ნოვალისი) რიოში მარგალიტებით თამაში მთელი თავისი შინაგანი არსითაა დაკავშირებული.

თუ თამაშის იდეას ისე შევიცნობთ, როგორც ერთ-ერთ მარადიულს და ამდენად მის განხორციელებამდე დიდი ხნის წინ უკვე მარად არსებულსა და ქმედითს, მაშინ მის განხორციელებას ჩვენთვის ნაცნობ ფორმაში ხომ უკვე გარკვეული ისტორია ექნება, რომლის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებაც მოკლედ მოგითხრობთ.

სულიერ მოძრაობას, რომლის ნაყოფიც, სხვათა შორის, ორდენის მიმართულება და რიოში მარგალიტებით თამაშია, თავისი საწყისები გარკვეულ ისტორიულ პერიოდში აქვს, რომელსაც ლიტერატურის მკვლევრის პლინიუს ციგენჰალსის საფუძვლიანი შრომებიდან მოყოლებული, მის მიერ მიგნებული „ფელეტონური ეპოქა“ ეწოდება. ასეთი სახელწოდებები მოხდენილი, მაგრამ საშიშია, ვინაიდან მაცდუნებელია და გვიბიძგებს, რომ წარსულში ადამიანთა ცხოვრების რომელიმე გარემოებას უსამართლოდ მივიჩნევდეთ, და ასეც არის. „ფელეტონური ეპოქა,“ არავითარ შემთხვევაში, სულიერებას მოკლებული არ გახლავთ, და სულიერად ღარიბიც არასოდეს ყოფილა. მაგრამ ციგენჰალსთან ასე ჩანს, რომ იმ ეპოქამ არ იცოდა, თუ თავისი სულიერებისთვის რა უნდა ექნა, ან უფრო მეტიც, არ შეეძლო ცხოვრებისა და სახელმწიფოს სისტემაში სულისათვის შესაბამისი ადგილი და ფუნქცია მიენიჭებია; გულახდილად რომ ვაღიაროთ, ფელეტონურ ეპოქას ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ, თუმცა კი ეს სწორედ ის ნიადაგია, საიდანაც ამოიზარდა თითქმის ყველაფერი, რაც დღეს ჩვენი სულიერი ცხოვრების ნიშან-თვისებას შეადგენს. ციგენჰალსის მიხედვით, ეს გარკვეული მასშტაბით „ბიურგერულ“ და ღრმა ინდივიდუალიზმის მიმყოლ ეპოქას წარმოადგენდა; ხოლო თუ ამ ატმოსფეროს წარმოვაჩენთ და ციგენჰალსის აღწერიდან რამდენიმე საკითხსაც მოვიყვანთ, მაშინ ის მაინც გვეცოდინება, რომ ეს საკითხები გამოგონილი, არსებითად გაზვიადებული და გაყალბებული არ არის, მათ დიდმა მკვლევარმა უთვალავი რაოდენობის ლიტერატურული და სხვა დოკუმენტის სახით მოუყარა თავი. ჩვენც ამ სწავლულს მივყვებით, რომელიც აქამდე „ფელეტონური“ ეპოქის ერთადერთი სერიოზული გამოკვლევის ავტორია. და თანაც არ უნდა გვავიწყდებოდეს – არაფერია იმაზე სულელური და ადვილი, რომ შორეულ დროთა დაბნეულობასა და არაგონივრულ ჩვევებს ქედმაღლობითა და ცხვირის აბზუებით უყურებდე.

ჩანს, რომ ევროპაში შუა საუკუნეების მიწურულიდან სულიერი ცხოვრების განვითარების ორი დიდი ტენდენცია არსებობდა: აზროვნებისა და რწმენის იმდროინდელი ავტორიტეტული გავლენისაგან განთავისუფლება, ე. ი. სუვერენული და საკუთარი სიმწიფის შემგრძნები გონების ბრძოლა რომის ეკლესიის ბატონობის წინააღმდეგ, და, მეორე მხრივ კი _ ამ თავისუფლების ლეგიტიმურობის ფარული, მაგრამ გატაცებებით აღსავსე ძიება ახალი, თავად მისგანვე გამომდინარე და მისი ადეკვატური ავტორიტეტისა. მთლიანობაში სულმა, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად წარმოებული ეს ბრძოლა, რომელიც ხშირად საოცარი წინააღმდეგობებით იყო აღსავსე, შეიძლება ითქვას, მოიგო. გადაწონის თუ არა მოგება ურიცხვ მსხვერპლს, არის თუ არა საკმარისად სრულყოფილი სულიერი ცხოვრების ახლანდელი წესრიგი და გაგრძელდება თუ არა ის კიდევ დიდხანს, რათა მთელი ტანჯვა, ტკივილიანი კრუნჩხვები და უზომო განსაცდელები მრავალი „გენიოსის“ ბედში, რომლებმაც ცხოვრება შეშლილობით ან თვითმკვლელობით დაასრულეს, გააზრებულ მსხვერპლად გამოჩნდეს; ჩვენ ასეთი შეკითხვის დასმის უფლება არა გვაქვს. ამბავი მოხდა _ კარგია თუ არა ის, უმჯობესი იქნებოდა თუ არა მის გარეშე ცხოვრება, ჩვენ ვცნობთ თუ არა მასში „აზრს“, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ის ბრძოლები სულის „თავისუფლებისათვის“ ასე წარიმართა და სწორედ იმ გვიანდელ, ფელეტონურ ეპოქაში იქამდე მივიდა, რომ სინამდვილეში სულმა გაუგონარი და თავად მისთვის აუტანელი თავისუფლება შეიძინა, როცა მან ეკლესიის მეურვეობას სრულად სძლია, ხოლო სახელმწიფოს მეურვეობას კი – ნაწილობრივ; თუმცა კი ნამდვილი კანონი, რომელსაც თავადვე ჩამოაყალიბებდა და პატივსაც მიაგებდა, ნამდვილი ახალი ავტორიტეტი და კანონ-წესრიგი მას ჯერ კიდევ მაინც მიგნებული არ ჰქონდა. ნაწილობრივ მართლაც გამაოგნებელია სულის უღირსობის, ანგარების, ნებაყოფლობითი კაპიტულაციის მაშინდელი მაგალითები, რაზედაც ციგენჰალსი მოგვითხრობს.

უნდა ვაღიაროთ, რომ იმ ნაწარმოებებს ერთმნიშვნელოვნად ვერ განვმარტავთ, რომელთა მიხედვითაც ჩვენ იმ ხანას, კერძოდ, ,,ფელეტონურს“ ვუწოდებთ. როგორც ჩანს, ფელეტონები, ყოველდღიური პრესის მასალის განსაკუთრებით პოპულარული ნაწილი გახლდათ და მილიონობით იბეჭდებოდა; ისინი განათლების მოსურნე მკითხველისათვის მთავარ საკვებს წარმოადგენდნენ, ცოდნის ათასნაირ საგანზე აუწყებდნენ ანდა, უფრო მეტიც, „ლაყბობდნენ“ და, როგორც ჩანს, მათი ავტორებიდან უფრო გონიერნი თავიანთ ასეთ საქმიანობას აგდებითაც ეკიდებოდნენ; ყოველ შემთხვევაში, ციგენჰალსი აღიარებს, რომ მას ხელში მრავალი ისეთი ნაშრომი უვარდებოდა, რომლებსაც მათი ავტორების თვითგამასხრებად მიიჩნევს, ვინაიდან სხვაგვარად ეს თხზულებები გაუგებარი იქნებოდა. სავსებით შესაძლებელია, რომ სტამბური წესით გამოშვებულ ამ სტატიებში ირონიისა და საკუთარი თავის გაკიცხვის გარკვეული წილიც იყოს ჩადებული, რომლის გასაგებად ჯერ გასაღები უნდა მოიძებნოს. – ამ სისულელეთა შემთხზველები, ნაწილობრივ, გაზეთების რედაქციებს მიეკუთვნებოდნენ, ნაწილობრივ კი, ისინი „თავისუფალი“ მწერლები იყვნენ, ხშირად პოეტებადაც იწოდებოდნენ; ბევრი მათგანი სწავლულთა რიგებშიც შედიოდა, და ასე ეტყობოდა, ისინი უმაღლესი სკოლის მასწავლებლებიც კი უნდა ყოფილიყვნენ. ასეთი თხზულებების პოპულარულ შინაარსს გამოჩენილ პიროვნებათა ცხოვრებიდან ანეკდოტები და მათი მიმოწერა წარმოადგენდა. მათი სათაურები, მაგალითად, იყო: „ფრიდრიხ ნიცშე და ქალთა მოდა 1870 წლისათვის“, ანდა „კომპოზიტორ როსინის საყვარელი საჭმელები“, ან „ფინია ძაღლის როლი დიდ კურტიზან ქალთა ცხოვრებაში“ და მისთანანი. მოგვიანებით უყვარდათ ისტორიული მსჯელობები ისეთ აქტუალურ თემებზე, რომლებზეც მდიდარი ადამიანები საუბრობდნენ, როგორიცაა, „საუკუნეთა მანძილზე ოქროს ხელოვნურ წარმოებაზე ოცნება“, ან „მცდელობანი ამინდზე ფიზიკურ-ქიმიური გავლენის მოსახდენად“ და მსგავსი საკითხები. როცა ციგენჰალსის მიერ მოყვანილ ამგვარ ყბედობათა სათაურებს ვკითხულობთ, ჩვენ იმდენად ის გარემოება კი არ გვაოცებს, რომ ყოველდღიურ საკითხავად ამის მშთანთქმელი ადამიანები მოიძებნებოდნენ, არამედ უფრო მეტად ის, რომ კარგი სახელის, მდგომარეობისა და განათლების მქონე ავტორები უმნიშვნელო თავშესაქცევზე ამ უზარმაზარი მოთხოვნილების „მომსახურებაში“ მონაწილეობდნენ. ისინი იმ ხანისთვის დამახასიათებელი სიტყვით – „მომსახურება“ სარგებლობდნენ, რომელიც, ამასთანავე, მანქანისადმი ადამიანის მაშინდელ დამოკიდებულებასაც აღნიშნავდა. დროდადრო ყოველდღიურ საკითხებზე განსაკუთრებით ცნობილ პიროვნებათა გამოკითხვასაც აწარმოებდნენ, რასაც ციგენჰალსმა ერთი კერძო თავი მიუძღვნა; იქ, მაგალითად, სახელგანთქმული ქიმიკოსები თუ ვირტუოზი პიანისტები პოლიტიკაზე თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, ცნობილი მსახიობები, მოცეკვავეები, სპორტსმენები, მფრინავები ან ზოგჯერ პოეტებიც მარტოხელა ცხოვრების უპირატესობასა და ნაკლზე, ფინანსური კრიზისების სავარაუდო მიზეზებზე ჰყვებოდნენ და ასე შემდეგ. აქ მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ რომელიმე ცნობილი პიროვნება სწორედ იმ წამს აქტუალურ თემასთან დაეკავშირებინათ: ციგენჰალსთან ხანდახან საოცარ მაგალითებს ვაწყდებით, მას ასეთები ასობით მოჰყავს. სავარაუდოდ რომ ვთქვათ, მთელ ამ საქმიანობაში ირონია იყო დიდ წილად ჩადებული, იქნებ ეს დემონური, სასოწარკვეთილების ირონიაც გახლდათ, რის შესახებ ფიქრი და მსჯელობა ჩვენთვის საკმაოდ ძნელია. მაგრამ ფელეტონებში გამოთქმული თემების უმეტესობას, რომლებიც მკითხველთათვის თვალშისაცემი და სამხიარულო იყო, მთელ ამ გროტესკულ საკითხებს, ეჭვის გარეშე, ნდობითა და სერიოზულობით ღებულობდნენ. როცა სახელგანთქმული მხატვრული ტილო მფლობელს გამოიცვლიდა, ან ძვირფასი ხელნაწერი აუქციონზე გაიყიდებოდა, ან ძველი ციხე-სასახლე დაიწვებოდა, ან კიდევ ძველი საგვარეულოს შთამომავალი რაიმე სკანდალში გაეხვეოდა, – მკითხველები იმ მრავალი ათასი ფელეტონით უმალვე არა მხოლოდ ამ ფაქტებს შეიტყობდნენ, არამედ უკვე იმავე, ანდა მომდევნო დღეს კიდევ რაღაც სხვა ანეკდოტურ, ისტორიულ, ფსიქოლოგიურ, ეროტიულ და მათ მსგავს მასალებსაც. ყოველ ასეთ მოვლენაზე ბეჯითი ნაწერების უხვი ნაკადები იღვრებოდა, და მთელი ამ ცნობების მიწოდება, დახარისხება და გადმოცემა საჩქაროდ და უპასუხისმგებლოდ მომზადებული ფართო მოხმარების საქონლის ბეჭედს ატარებდა. ისე ჩანს, რომ ფელეტონს გარკვეული თამაშებიც მიეკუთვნებოდა, რომელთა მიმართ მკითხველებს ინტერესი თავად უჩნდებოდათ და მათი წყალობით სტატიებისა და ლექციებისგან მოყირჭებული მკითხველი საზოგადოება ახალი ცოდნის მიღებაში უფრო მეტი ხალისით ერთვებოდა; ამის შესახებ ციგენჰალსის მიერ გაკეთებული ის ვრცელი შენიშვნაც მოგვითხრობს, რომელიც „კროსვორდის“ საოცარ თემას ეხება. მაშინ ათასობით ადამიანი, რომლებიც საკმაოდ მძიმე შრომას ეწეოდნენ და მძიმე ცხოვრებაც ჰქონდათ, მოცალეობისას შესაბამისად შედგენილ კვადრატებსა და ჯვრებს მიუსხდებოდნენ და მათ ცარიელ უჯრებს თამაშის გარკვეული წესის მიხედვით ავსებდნენ. ჩვენ გვინდა თავი მოვიზღუდოთ იმისგან, რომ ამაში მხოლოდ სასაცილოსა და სულელურს ვხედავდეთ და მასზე ქირქილსაც მოვერიდოთ; ის ადამიანები თავიანთი ბავშვური გამოცანა-თამაშობებითა და საგანმანათლებლო თხზულებებით უბრალო ბავშვები ანდა მოთამაშე ფეაკები სულაც არ ყოფილან, უფრო მეტიც, ისინი პოლიტიკური, სამეურნეო და მორალური მღელვარებებისა და რყევათა შუაგულში მოქცეულიყვნენ და დიდ შიშსაც განიცდიდნენ; მათ მთელი რიგი საშინელი ომები გადაიტანეს, მათ შორის სამოქალაქო ომებიც; და მათი საგანმანათლებლო პატარა თამაშები მხოლოდ მშვენიერი და უდარდელი ბავშვურობა კი არ იყო, არამედ იმის ღრმა მოთხოვნილება გახლდათ, რომ თვალები დაეხუჭათ და გადაუჭრელ პრობლემებს, დაღუპვის საშინელ წინათგრძნობებს უფრო უვნებელ, მოჩვენებით სამყაროში გაჰქცეოდნენ. ისინი ავტომობილების მართვასა და ბანქოს რთულ თამაშებს დაჟინებით სწავლობდნენ, კროსვორდებსაც გატაცებით ხსნიდნენ – რამეთუ სიკვდილის, შიშის, ტკივილის, შიმშილის პირისპირ თავს დაუცველად გრძნობდნენ; აღარც ეკლესიისგან იყვნენ ნუგეშინისცემულნი, და სულიერი დარიგების გარეშეც რჩებოდნენ. ისინი, ბევრ ასეთ თხზულებას რომ კითხულობდნენ და მოხსენებას ისმენდნენ, დროსა და ენერგიას არ იშურებდნენ, რათა შიში დაეძლიათ, საკუთარ თავში სიკვდილის შიშს მორეოდნენ, ძრწოლით იყვნენ შეპყრობილნი და არც ხვალინდელი დღის იმედი ჰქონდათ. 

მოხსენებებიც ტარდებოდა, და ჩვენ ფელეტონის ამ უფრო მისაღებ ნაირსახეობას მოკლედ შევეხებით. როგორც სპეციალისტები, ასევე სულიერი ყაჩაღებიც იმ დროის მოქალაქეებს, რომლებიც განათლების სახეცვლილი ცნების თავდაპირველ მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ მიჯაჭვულნი იყვნენ, თხზულებების გარდა უამრავ მოხსენებასაც სთავაზობდნენ; და არა მხოლოდ იმ აზრით, რომ განსაკუთრებული საბაბით დაუჯერებელი რაოდენობის სადღესასწაულო ლექციები ტარდებოდა, არამედ იმიტომაც, რომ მათ შორის ველური კონკურენცია იყო გაჩაღებული. იმხანად შეიძლებოდა საშუალო სიდიდის ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეს ან მის მეუღლეს კვირაში ერთხელ, ხოლო დიდ ქალაქებში კი თითქმის ყოველ საღამოს, მოხსენებები მოესმინა, სადაც იგი რომელიღაც თემას თეორიულად გაეცნობოდა: სახელდობრ, ხელოვნების ნაწარმოებთა, პოეტების, სწავლულების, მკვლევართა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურთა შესახებ წაკითხულ მოხსენებებს, სადაც თავად მსმენელი პასიური რჩებოდა, თუმცა კი შინაარსისადმი მისი გარკვეული დამოკიდებულება, განათლება, მისი მომზადება და აღქმის უნარი მაინც წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინათ; ხანდახან ეს დამოკიდებულება არც კი არსებობდა. ეს აუდიტორიასთან დიალოგით მიმდინარე, ტემპერამენტით აღსავსე ან მსუბუქი სახის მოხსენებები გახლდათ, მაგალითად, გოეთეზე, როცა იგი ცისფერ ფრაკში გამოწყობილი საფოსტო ეტლიდან გადმოდის და შტრასბურგელ თუ ვეტცლარელ ქალიშვილს აცდუნებს ან კიდევ არაბულ კულტურაზე, სადაც სათამაშო ჭიქაში დიდი რაოდენობით ინტელექტუალური, მოდური სიტყვა კამათლებივით იყო ჩაყრილი და თითოეული გახარებული რჩებოდა, როცა ის ერთ სიტყვას მიახლოებით მაინც გამოიცნობდა. ისმენდნენ მოხსენებებს იმ პოეტებზე, რომელთა თხზულებებიც მათ არასოდეს წაეკითხათ, ან მათი წაკითხვა აზრადაც არ მოუვიდოდათ; სურათებსაც უყურებდნენ, გზადაგზა საპროექციო აპარატით რომ უჩვენებდნენ, და ისევე, როგორც საგაზეთო ფელეტონის კითხვისას, წინ იმ უზარმაზარი რაოდენობის ცალკეული ცნობების გაცნობით მიიწევდნენ, რომელთაც, თავიანთი წყვეტილობისა და განცალკევებულობის გამო, აზრი დაკარგული ჰქონდათ. მოკლედ რომ ვთქვათ, უკვე სიტყვის საშინელი გაუფასურების დრო ახლოვდებოდა, რაც თავდაპირველად ძალზე საიდუმლო და გარკვეულ წრეებში იმ ჰეროიკულ-ასკეტური წინააღმდეგობის სახით გამოვლინდა, რომელიც მალე შესამჩნევი გახდა, ძალა მოიკრიბა და შემდეგ სულის ახალი თვითდისციპლინისა და მისი ღირსების საფუძველიც შეიქნა. 

ამ დროის სულიერი ცხოვრების დაურწმუნებლობასა და არანამდვილობას, რომელიც ბევრ სხვა რამეში ენერგიითა და სიდიადით აღინიშნებოდა, ჩვენ, ახლანდელები, იმ საშინელების სიმპტომად მოვიაზრებთ, რომელმაც მაშინ მოიცვა სული, როცა ის თითქოსდა გამარჯვებებისა და აყვავების ეპოქის მიწურულში უეცრად სიცარიელის წინაშე აღმოჩნდა: დიდი მატერიალური გაჭირვების, პოლიტიკურ და საომარ მეხთა ტეხის პერიოდის, საკუთარი თავის, ძალისა და ღირსებისადმი, უფრო მეტიც – საკუთარი არსებობისადმი უეცრად გაჩენილი უნდობლობის წინაშე. ამავე დროს, დაღუპვის შეგრძნების ამ პერიოდს სულის კიდევ მრავალი დიდი მიღწევაც ემთხვევა, რომელთა შორისაც იმ მუსიკათმცოდნეობას ჩაეყარა საფუძველი, რომლის მადლიერი მემკვიდრენიც ჩვენ გახლავართ. თუმცა კი ადვილია, რომ წარსულის ნებისმიერ მონაკვეთს მსოფლიო ისტორიაში კუთვნილი ადგილი ლაზათიანად და აზრიანად მიუჩინო, თუმცა კი ახლანდელ დროს ისტორიაში თავისი ადგილის განსაზღვრის უნარი არ გააჩნია და მაშინ, როცა სულიერი მოთხოვნილებები და წარმატებანი, მეტად მოკრძალებულ დონემდე, სწრაფად დაბლა ეშვებოდა, სწორედ სულიერებით გამორჩეული ადამიანები საშინელმა დაურწმუნებლობამ და სასოწარკვეთილებამ მოიცვა. სულ ახლახან აღმოაჩინეს (ნიცშეს დროიდან ამას უკვე ბევრგან ხვდებოდნენ), რომ ჩვენი კულტურის ახალგაზრდობა და შემოქმედებითი პერიოდი დასრულდა, რომ ის ასაკში შევიდა და უკვე მწუხრის ბინდიც დაუდგა; და ამ უეცარი, ყველას მიერ ნაგრძნობი და მრავალთაგან მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებებიდან გამომდინარე, დროის ამდენ შემაძრწუნებელ ნიშანს – ცხოვრების უბადრუკ მექანიზაციას, მორალის ძლიერ დაცემას, ადამიანთა ურწმუნოებას, ხელოვნების არაბუნებრიობას – შეძლებისდაგვარად, განმარტავდნენ. ეს ერთი შესანიშნავი ჩინური ზღაპრის მსგავსად ხდებოდა, სადაც „მზის ჩასვენების მუსიკა“ აჟღერდა, ის ათეულობით წელს ხანგრძლივად მგრგვინავი საორღანო ბასის მსგავსად ირხეოდა, სკოლებში, ჟურნალებსა და აკადემიებში გახრწნილებით, ხოლო უმეტესად ჯერ კიდევ სერიოზულად მიღებულ ხელოვანთა და კრიტიკოსთა შორის კი მელანქოლიითა და სულიერი ავადმყოფობით შედიოდა; ხელოვნების ყველა დარგში ველური და დილეტანტური ჭარბწარმოებით ბობოქრობდა. ამ შემოჭრილი მტრისგან, რომელსაც უკვე ვერანაირი ჯადოქრობით ვერ მოიშორებდი, თავის დაცვის სხვადასხვაგვარი ხერხი არსებობდა. საუკეთესოთა შორის ცალკეულებს მწარე სინამდვილე დუმილით შეეძლოთ გამოეცნოთ და სტოიკურად გადაეტანათ, რასაც იქმოდნენ კიდეც. შეიძლებოდა მისი სიცრუით უარყოფაც, რისთვისაც ცალკეული ლიტერატორები თავიანთ ნაწერებში კულტურის ჩასვენების მოძღვრებას ადგილ-ადგილ მოხერხებულად თავს ესხმოდნენ; გარდა ამისა, მათ, ვინც ამ მუქარით აღსავსე წინასწარმეტყველების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდნენ, მოქალაქეებზე ზეგავლენის მოხდენისა და დარწმუნების უნარიც ჰქონდათ, ვინაიდან კულტურას, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ ფლობდნენ, და რაშიც თითქოს დარწმუნებული იყვნენ და კიდეც ამაყობდნენ, ახლა სიცოცხლის ნიშან-წყალი სულ აღარ გააჩნდა. ასეთი მოქალაქის მიერ შეყვარებულ განათლებას, მის მიერ შეყვარებულ ხელოვნებას მართლა ნამდვილი განათლება და ნამდვილი ხელოვნება უკვე ვეღარ შეცვლიდა, და ეს მისთვის ფულის უეცარ ინფლაციასა და საკუთარი კაპიტალის საფრთხეში ჩავარდნის შესაძლებლობაზე, რაც რევოლუციებისთვისაა დამახასიათებელი, არანაკლებ უხეში და აუტანელი იქნებოდა. გარდა ამისა, „დიდი ჩასვენების“ განწყობის წინააღმდეგ კიდევ ცინიკური დამოკიდებულებაც არსებობდა, საცეკვაოდ დადიოდნენ და მომავალზე ნებისმიერ ზრუნვას წინაპართა დროინდელ სისულელედ მიიჩნევდნენ; ხელოვნების, მეცნიერების, ენის მოახლოებული აღსასრულის განწყობით გაჟღენთილ ფელეტონებს მღეროდნენ; ამასთანავე მათ მიერვე ქაღალდისგან აგებულ ფელეტონურ სამყაროში თვითმკვლელობისკენ ბიძგის მიმცემი ავხორცობით სულის სრული დემორალიზაციისა და ცნებათა ინფლაციის სურათს ჰქმნიდნენ, ისეთ სახეს ღებულობდნენ, თითქოს არა მხოლოდ ხელოვნების, სულის, ზნეობის, პატიოსნების, არამედ თვით ევროპისა და საერთოდ, „მსოფლიოს“ დაღუპვის სურათსაც ცინიკური გულგრილობით ან ვაკჰანალიური აღტაცებით უყურებდნენ. კეთილ ადამიანთა შორის წყნარი და დაღვრემილი ცხოვრება მეფობდა, ავზნიანთა შორის კი – გესლიანი პესიმიზმი, და ჯერ გადატანილის დავიწყება, სამყაროსა და მორალის გარკვეული წესრიგის პოლიტიკითა და ომით რაღაცნაირად გარდაქმნა იყო საჭირო, ვიდრე ნამდვილი თვითდაკვირვებისა და ახალი წესრიგის კულტურა წარმოიშვებოდა.

ამასობაში გარდამავალი პერიოდის ათწლეულებში ეს კულტურა ძილს არ მისცემია, სწორედ ხელოვანთა, პროფესორებისა და ფელეტონისტების ბრალეულობით დამდგარ მისი დაცემისა და მოჩვენებითი კაპიტულაციის პერიოდში ცალკეულ ადამიანთა შეგნებაში ამ კულტურამ ფხიზელ მღვიძარებას მიაღწია და გულმოდგინე თვითკონტროლის უნარიც შეიძინა. ფელეტონის აღზევების ხანაში უკვე ყველგან ცალ-ცალკე პატარა ჯგუფები არსებობდა, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ სულიერების ერთგულნი დარჩენილიყვნენ და ამ წლებში კარგი ტრადიციის, აღზრდის, მეთოდურობისა და ინტელექტუალური კეთილსინდისიერების მარცვალი დიდი ძალისხმევით შეენარჩუნებინათ. რამდენადაც ეს მოვლენები დღეს გარკვეულია, თვითკონტროლის, ჭკუაში ჩავარდნის, ზნეობისა და კულტურის დაცემის გამო შეგნებული წინააღმდეგობის პროცესი, როგორც ჩანს, ძირითადად ორი მიმართულებით ყალიბდებოდა. სწავლულთა სინდისმა თავშესაფარი მუსიკის ისტორიის კვლევებსა და სწავლების მეთოდებში პოვა, რადგანაც ეს მეცნიერება სწორედ მაშინ აღმავლობას განიცდიდა; ამასთანავე, ფელეტონური სამყაროს აყვავების ხანაში სახელი განსაკუთრებით გაითქვა ორმა სემინარმა, რომლებმაც სანიმუშოდ სუფთა და კეთილსინდისიერი სამუშაო მეთოდიკის შემუშავებას ხელი შეუწყო. და თითქოს ბედს ისე სურდა, რომ ამ პატარა, მამაცი კოჰორტის მცდელობა ენუგეშებინა და წაეხალისებინა, რომ ამ მწუხარე, სევდიან ხანაში სრულიად შემთხვევით ის დიდებული საოცრება მოხდა, ღვთაებრივი დასტურივით: იოჰან სებასტიან ბახის თერთმეტი ხელნაწერი ხელახლა იპოვეს, რომლებიც უწინ მის ვაჟს, ფრიდემანს, ეკუთვნოდა. დაცემისა და გადაგვარების მიმართ წინააღმდეგობის მეორე მხარეს აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთა კავშირი წარმოადგენდა, რომლის ძმობის წევრებიც ინტელექტუალურზე უფრო მეტად სულიერ აღზრდას მისდევდნენ, ღვთისმოსაობაზე ზრუნვასა და მისდამი პატივისცემას ამჟღავნებდნენ. აქედან მოყოლებული სულზე ზრუნვისა და რიოში მარგალიტებით თამაშის ჩვენმა დღევანდელმა ფორმამ, მჭვრეტელობის მხრივ, მნიშვნელოვანი იმპულსები შეიძინა. ჩვენი კულტურის არსისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობათა ახალ გაგებაში აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველებს თავიანთი წვლილი მიუძღვით, არა იმდენად სამეცნიერო-ანალიტიკური მიღწევების წყალობით, რამდენადაც შორეულ დროებსა და კულტურებში მაგიური შეღწევის უძველეს და საიდუმლო ვარჯიშებზე დაფუძნებული უნარის გამოყენებით. მათ შორის იყვნენ, მაგალითად, მუსიკოსები და მომღერლები, რომლებმაც დაგვარწმუნეს, რომ მათ უფრო ადრეული ეპოქების მუსიკის სრულყოფილად, ძველი სიწმინდით შესრულების უნარი გააჩნდათ, მაგალითად, შეეძლოთ 1600-იანი წლების დასაწყისისსა და შუა ხანებში შექმნილი მუსიკა ზუსტად ისე დაეკრათ და ემღერათ, თითქოს აქ ყველაფერი, მოგვიანებით წარმოშობილი მიმდინარეობები, დახვეწილობანი, ვირტუოზული მიღწევები, ჯერ კიდევ უცნობი ყოფილიყოს. ეს იმ დროს ხდებოდა, როცა მუსიკალურ ცხოვრებაში დინამიკისა და ყველაფრის მუსიკად ქცევისაკენ სწრაფვა ბატონობდა და როცა დირიჟორის შესრულებისა და „გააზრების“ მიღმა თავად მუსიკა თითქმის ავიწყებოდათ, სწორედ მაშინ აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთა მიერ შემოტანილი სიახლეები რაღაც გაუგონარი რამ გახლდათ. გადმოცემით ცნობილია, როცა აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთა ერთმა ორკესტრმა ჰენდელის წინა პერიოდის ერთი სუიტა სრულყოფილად, ყოველგვარი გაძლიერებისა და დაყრუების გარეშე, სხვა დროისა და სამყაროს სიწრფელითა და უბრალოებით ოფიციალურად პირველად შეასრულა, ის მსმენელთა ნაწილისათვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა; ნაწილი კი ფრთხილი მოლოდინით შეხვდა და ეჩვენებოდა, რომ ცხოვრებაში მუსიკას პირველად ისმენდა. კავშირის ერთ-ერთმა წევრმა ბრემგარტენსა და მორბიოს შორის არსებულ მის დარბაზში ბახის ისეთი სრულყოფილი ორღანი ააგო, როგორსაც იოჰან სებასტიან ბახი თავისთვის ააგებდა, საამისოდ სახსრები და შესაძლებლობა რომ მისცემოდა. კავშირში უკვე მაშინ მიღებული კანონის თანახმად, ორღანის შემქმნელმა თავისი სახელი არ გამოამჟღავნა და, XVIII საუკუნეში მცხოვრები თავისი წინამორბედის პატივსაცემად, ზილბერმანი დაირქვა.

ასეთი მსჯელობით ჩვენ იმ წყაროებს მივუახლოვდით, საიდანაც ჩვენი დღევანდელი კულტურის ცნება წარმოდგება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერება, მუსიკის ისტორია და მუსიკალური ესთეტიკა გახლდათ, შემდეგ მას სწრაფადვე მათემატიკის აღმავლობა მოჰყვა, აქვე აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთა სიბრძნიდან ბალზამის ერთი წვეთიც დაემატა; აქვე დაერთო მუსიკის ახლებურად აღქმასა და მის განმარტებასთან მჭიდროდ დაკავშირებული, გამბედავი, მხიარული და ბედს შეგუებული თვალსაზრისიც კულტურის ასაკის პრობლემის შესახებ. აქ ამის თაობაზე ფუჭია ლაპარაკი, ეს საკითხები ხომ ყველასთვის ცნობილია. ამ ახალი დამოკიდებულების, უფრო მეტად კულტურის პროცესის ასეთი მოწესრიგების უმნიშვნელოვანეს შედეგს ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნაზე შორსმჭვრეტელურად უარის თქმა, მაღალი სულიერების მქონე ადამიანების ამქვეყნიური საქმეებისგან თანდათანობითი განთავისუფლება წარმოადგენდა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყოველივე ამის გვირგვინი – რიოში მარგალიტებით თამაში გახლავთ.



No comments:

Post a Comment