შეგონება
კაცმან უნდა თავის საქმე ყველა ღვთითა მოივარგოს,
ამ სოფელსა ხელი ჰყაროს, იქაც ბარგი დაიბარგოს,
მოყვარეთ და ამხანაგთა თავის რიგით რამე არგოს,
სახელის ხე საჩრდილებლად წყლისა პირსა სამე დარგოს.
* * * * * *
რანი და, მოვაკანი და, სახლი და, კარი, ბანი, და,
გათავდა ყოვლი წერილი, ანი, ბანი და, განი, და...
ვიარე ყოვლი ქვეყანა, სიგძე და სივრცე, განი, და,
ვერა ვპოვე რა მის მეტი, დავყარე ძმა და დანი, და...
ხორცსა მრავალი დავაკლე, სულს მივეც იგი რჯანი, და,
ვაი-ვაჲ, მსაჯეს უბრალოდ, არ მომცეს მე აჯანი, და!
ვაი, სიკვდილო
რა დავიბადე, სოფლით ვიბადე, ვაი, სიკვდილო, მწარე სიკვდილო!
მეგონა რამე, სოფლისა რა მე, ვაი...
მივჰყევ სოფელსა, ავის მყოფელსა, ვაი...
განვცხერ, ვიშვებდი, ვერ გავიშვებდი, ვაი...
მატკბო, მაგემა, არად სარგემა, ვაი...
შენ ვერ გიცნობდი, თუცა მიხმობდი, ვაი...
მოხველ ანასდად, მტრად, და არ ჩემ დად, ვაი...
მომკვეთე მსწრაფლად, მიწას მეც ღაფლად, ვაი...
მოვშორდი ცოლსა, შვილს, თანამყოლსა, ვაი...
მოვშორდი ძმასა, გამყარე დასა, ვაი...
მეგობარს, სულთა, საყვარელთ ტკბილთა, ვაი...
მომკალ, მომკვეთე სოფლის მოკეთე, ვაი...
სხვაგან გამგზავნე, დამხვდენ მე მავნე, ვაი...
მუნ განმიკითხეს, დამცეს, დამწიხნეს, ვაი...
რად ენდევ სოფელს, ანასდის მყოფელს? ვაი...
თუ იქ იხარე, აქ კი იხარე, ვაი...
დამხვდნენ მტარვალნი, მწარედ მტანჯველნი, ვაი...
ულხენი მიმყვა, მითხრეს ეს სიტყვა, ვაი...
ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა
1
შურით აღივსნენ უგბილნი, წესი ქმნეს მათის მამისა,
სიკვდილს ზრახვიდენ უწესოდ, თუ დრო დაიცენ ჟამისა,
უსჯულო მისი მოწაფე მიცემას ჰპირავს ამისა,
ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა!
2
მტილში მიუძღვა კრებულთა საწუხი ყოვლის გვამისა,
მღვდელთ-მოძღვრის პალატს მივიდენ გასატანჯველად, ვა, მისა,
ბრალი ვერ პოვეს მის ზედა, კვლავ სცემდენ წამდაწამისა,
ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა!
ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა
1
მე შევამკე ცა, ქვეყანა, ზღვა, მთა, ველი, ნაყოფთ გვარი,
აბრამს უხმე საყვარელად, ძედ აღგითქვი თემთა მზღვარი,
განვამდიდრე, განვამრავლე, ზეცით მოვეც ნაყოფთ ცვარი,
ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი.
2
შევაძრწუნე მეგვიპტენი, რისხვით მივეც დანამწვარი,
აღვაშფოთე სასწაულით, მოუვლინე მკალი, მყვარი,
განვიყვანე ხელთა მათგან უჭირველად დანაგვარი,
ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი.
3
ღამე უძღვი ნათლის სვეტით, დღე ღრუბლით ვჰყავ იგ მოარი,
ზღვა განუპე, განვიყვანე, მწყურვალთ მივეც კლდისგან ღვარი,
არ განუცვდათ სამოსელი, მანანით ვქმენ გამაძღარი,
ნაცვლად...
4
შევიყვანე აღთქმის თემსა, დაუმკვიდრე მთა და ბარი,
სულ აღვხოცე მტერნი მათნი და დავადევ მათი ზარი,
მეფენი და წინამთქმელნი მივეც მათი გამაზარი,
ნაცვლად...
5
ხორცი ვისხენ ქალწულთაგან, ვიქმენ მათი შენამყვარი,
ბრმათა თვალი აღუხილე, მკელობელი მათი ვარი,
სნეულთ მივეც განკურნება, აღვადგინე მათი მკვდარი,
ნაცვლად...
ლექს-ამბავი
საწუთროს ბაღი რა ჰქონდა, სცან, ალექსანდრეს, მეფეო,
იდგა ყვავილი მრავალი, სახელის სუნი, მეფეო,
მის ფშვას აღევსო ქვეყანა სხვადასხვა რიგთა, მეფეო,
შვება ვარდისა მრავალფრად გაშლილი შიგან, მეფეო,
სხვანი ლხინისა შროშანნი ჰგიან ფერადნი, მეფეო,
ზამბახის მსგავსად განეღო სიუხვის პირი, მეფეო,
სიმდიდრის იასამანსა სუნით აღევსო, მეფეო,
ჯარ-მრავლობისა ყაყაჩო, ლალა, ხაშხაში, მეფეო,
მიხაკის სუნის ფერისებრ შინაყმა ბევრი, მეფეო,
მღვიძრობის თვალის ნარგიზის სიხშირე იყო, მეფეო,
სიფერადენი ზარდახშნის ინის ყვავილებრ, მეფეო,
სვე-სვიანობის სასახლე შიგ იდგა ცამდის, მეფეო,
დოვლათის შადრევანები მაღლა ისროდნენ, მეფეო,
თავმაღლობისა ალვანი ღრუბლადმდე იდგნენ, მეფეო,
სიხარულისა არღავანს მრავლად ჰპოვნებდი, მეფეო,
მტერთ გულის ფერსა სუმბულსა სიმრავლე ჰქონდა, მეფეო,
კარგთ გულ ფერისა შაბუნი იდგა მრავალი, მეფეო,
გოვარის თასთა ამბარ-ბუ შიგ გაშლილიყო, მეფეო,
ეს ასე შეჰქმნა სოფელმან, ახლა რომ ვიტყვი, მეფეო,
ანასდად ცამან მოჰღრუბლა, ნეფხვრა, გამოსჩნდა, მეფეო,
დააზრო, ზოგი გაახმო, დასცვივდა სრულად, მეფეო,
სახლთ წვიმა-სეტყვით მიეცა ნოტიო დიდი, მეფეო,
გრიგალმან ქარმან იქროლა, შეჰმუსრა სრულად, მეფეო,
შადრევანები ნამსხვრევით აღივსო, დასქდა, მეფეო,
ალვა ძირითურთ აღმოჰფხვრა ქარის სიმძაფრემ, მეფეო,
სჩანს უნაყოფოს მინდორად აწ ახლა იგი, მეფეო,
სოფლის სიმუხთლე ასეა, რად ვინ სდევს, მიკვირს, მეფეო!
აწ შენ ამისთვის რად სწუხარ, უცხოდ მჩანს, ვახტანგ მეფეო!
კაეშანი
1
დავემონე კაეშანსა, სევდა მომხვდა მისთვის წამლად,
მელნად ნაღველს მოვიხმარებ, აღმოვაწებ გულსა კალმად;
ლხინის ბაღის მოსარწყავად ცრემლი მიმდის გასალამად,
ველი, სადმე გამომიჩნდეს გამომყვანი დასამალმად.
2
სწავლა გავს წყალსა წმიდასა რუულად მომდინარესა.
რა მიხვდეს კარგსა სათესსა დროსა, ჟამსა და არესა,
აღმოაცენებს ნაყოფსა ასწილად შესაწყნარესა.
მორწყული ქვიშა ანასდად გაიდენს, გაიტარესა.
3
მიაგავს ჩვენი სიცოცხლე რუსთა წალკოტის წესებსა,
რა გამოჩნდება ნაყოფი, ჭია სჭამს ბევრ ათასებსა,
სისრულეშია სიცივე დაჟრის და დააკვნესებსა,
დანამწიფარსა ყინული ფოლადებრ დააკვესებსა.
4
მიხედე, ჟამმა რა მიყო ცრუმა და ანასდეულმა,
დასწყნარდი, ბოლო მოუღე სიჩქარით ანასდეულმა,
სიგლისპისაგან სიმკვახე ამწიფე ანასდეულმა,
აწ სვიანობა მოიღე, სიავის ა ნას დეულმა.
5
რადგან სჩქარობ, დავსწყნარდები, მოგითმენ და მოგიჭირვებ,
რაცა, მოგყავს მოსავალი, არა რადმე გავიკვირვებ,
დამადლებით დაგიმადლებ, რასაც რასმე მომიძვირებ,
სხვა ადგილი მოსახმარი მიმაჩნია, მივაშურებ.
6
ყრმათა ატყუებ უგბილთა, ვაჟთა სილაღით დარევ და,
შუაკაცს გამოუცდელსა ხელსა სიჯაბნით დარევ და,
მიკვირს, ბერ-კაცსა რაღა სწადს, ისიც იმათვე დარევდა!
ქვე დავრჩებით და გაცვდები, თუ იქღა ჩვენთვის დარევდა.
7
ცუდ უბადობით ვაშრომებ დღესა, დროსა და ჟამებსა,
რუსთა ზაფხულებრ გაივლით მოსოფლიოსა წამებსა,
რა გამყვეს, ანუ რა დამრჩეს, ვით რამე დამიამებსა?
უნაყოფოსა ვემსგავსე ხისა რისამე გვამებსა.
8
რა არის ზრუნვა კაცისა, დროთასა ვხედავ ქცევასა,
მიწყივ ბორბლისა ბრუნვასა, სხვადასხვარიგა ზევასა,
ეგებ მობრუნდეს შენთვის ცა, მორჩე ჟამისა რევასა,
მზეს შეხვდეს დია ხუთკუთხად, მოგცემსა მტერზედ ძლევასა.
9
წყალმან არა ქნას სისველე, რითღა ეწოდოს წყალია?
ცეცხლმან არ დასწვას ნივთები, სად გამოჩნდება ალია?
აგრევ სოფელმან ცქაფობა, მითხარ, რა მოსაკრძალია?
ბუნების საქმეს იქმონენ უცვლელად, დაუმალია.
10
სიბრძნით აღაგო ყოველი, საქმით ა განასრულითა,
წესიერებით შეამკო, საზომი განა სრულითა,
არვინ დააგდო წყალობის კარითა განასრულითა,
უსხეულონი მსახურად ზოგნი ყო, განა სრულითა!
სალბუნად გულისა
1
მრწამს, მისის სარჯლით აშკმული ჯოჯოხეთს პირი იცოდა,
მას ვევედრები, რომელმან არარა ცოდვა იცოდა;
მას შემწედ ვხადი, მის წინა ვინ სულის წმინდით იცოდა,
შემინდოს ყოვლი რეგვნობით, რაც ჩემგან რამე იცოდა.
2
გამსაჯა მიწყივ სოფელმან, უფრო ყველასგან აჯამა,
არ შემიწყალა არათი, არ გამომართვა აჯა-მა,
ამავსებინა ცრემლითა კალთა, ფიალა, ა ჯამა,
მწვე მომაწყინა სოფლისა ასე უბრალოდ გარჯამა.
3
დაუტევე სახლ-სამყოფი, თვისნი ტომნი, მონაძები,
დავკარგულვარ უცხოს თემსა, ვარ არვისგან მონაძები.
ვინ დამბადე, შემიწყალე ყველასაგან მონაძები!
შემომძარცვე, რაც მაცვია, ჭირი, ჭმუნვა, საძაძები.
4
დამეკლიტა ლხინთა ბანი, მორჩომილა განა კარი,
ცხრა მწვერვალი სახმილისა გულშიგან მაქვს განაყარი;
დამილტვია უბე, კალთა, წინც ბევრი მაქვს განაყარი.
რა ბრალია, შენი მჭვრეტი ექმნას სულსა განაყარი.
5
ჩემთა ნათქვამთა მოწმობა კვლავ ლექსმა მიყოს „მაჯამა“,
ცრემლთა ნაკადმან აავსო, ნახეთ გაცნობის მაჯამა,
დამწვა სოფლისა საცთურმა, ვეღარა სცემოს მაჯამა.
უკეთ არ მწამდე ამისგან, მკითხოს მეტიჩმა, მაჯამა.
6
მომინდა საწყალთ ტრფიალთა ცეცხლი მოუდვა, ალები,
ვადინო დაუწყვეტელად თვალთა ცრემლისა წყალები,
საყვარელისა შორ ყოფნით გავხადო შესაწყალები;
სოფლის მიმყოლთა ყოველთა სცნან, როგორა სჭირს ძალები.
< . . . . . . . . . . . . . . . . >
30
ცაცხვი დგას ტურფად ნაზარდი, შტომსხვილი, შუა ვაკესა,
ყვავილი ფერად-ფერადი გარ უდგას მისა ბაკესა,
მუნ ფარაღათად მსხდომელთა ლხინი რათ გაინაკესა?
სმენ უცხოფერსა ღვინოსა, კულები არაკრაკესა.
31
გაზაფხულზე დიდგორს ჩირთი არა ჰქონდეს განაშალი,
მუნ მივიდენ სანადიროდ, ვაჟკაცთ იწყონ: „კარ, გაშალი“.
ჯერგა მაღლა მოიძახდეს, ნადირთ მისცენ რბენას ძალი,
აქ დასცენ და იქ ისროდენ, გააწითლონ სისხლით წყალი.
32
ლილოს ტბაზე წეროობას, ნეტარ, რამცა შეედარა!
შავარდნისა ნადირობით ვისმცა თავი შეეზარა!
ჩირგვის მწყერს და ღალღას ხოცდენ, სეფქით გორად დაეყარა,
მუნ მწვანეზედ კარვად დასხდენ, ლხინსა ხელი წაეყარა.
33
ზარს ჩასაგდებსა ქორებსა აშურებდიან სატევად,
მოვიდენ, შექნან ნადიმი, სახლსა ზარობდენ სატევად,
რა ბრალი არის, ეს ჟამი კაცსა შეჰქონდეს სატევად!
სისხლისა ცრემლსა გაეწნას, გუგა საბრალოდ სატევად!
34
რა ივნისში წყლებმა შტონი გაამრავლოს გარდადენით,
მის წყვეტისა შექცევისთვის მოარობდენ გარდადენით;
ბელტსა ჰყრიდენ, იძახოდენ: „ძელი ძელსა გარდადენით!“
თევზსა ჰყრიდენ ნაპირზედა, არ ეტევის გარდადენით.
35
კოჟორიც ითქმის ერთ რათმე, თუ ჰავამ არ იაოსა,
ყვითლად ყვაოდეს ბაია, ნარგიზი ვერ ედაოსა;
მუნ ბულბულისა ზახილმა კაცს სევდა მოაქაროსა,
ხოხბის და კაკბის ლაპობით, ვეჭვ, თავი შეგაზაროსა.
36
შუას ივლისში თრიალეთს სხვა თემი რამც ედარაო,
ჯერ მწყერაობით შექცევა, თუ ცამცა მოიდარაო,
მერმე ქციისა დასაგვლა, ორაგულს ჰყრიდენ გარაო,
ჯერით, ზიდვით და აკიდვით ყოვლთ თავი შეაზარაო.
37
წყალსა ნაწყვეტსა მწვანეზედ მჭვრეტელნი მზერდენ ას ერით,
იჭერდენ მაშიგ კალმახსა: „დაჭერ“ – იძახდენ – „ასერით!“
კვლავ მოდიოდეს მინდორად არჩვი, ირემი ა სერით.
მისმან მნახავმან ეს მითხრას, ეს ისე ვაქო ასე რით?
38
მაშინ შამბიანს მთა-ვაკე მრავალფრად აყვავდებოდეს,
ბროლისა მსგავსნი წყარონი ციმციმით მოსდინდებოდეს,
სამოთხის მსგავსის ჰაერით გულს ჭირი მოლხინდებოდეს,
ცუდი ცდა არის, გაყრილსა სხვით გული დაედებოდეს.
39
რა მიმართონ მისა მზღვარსა, მხიარულთა დაიბარგონ,
მას ღამესა რაც მართებდესთ, იარაღი მოივარგონ,
დილას ჯელგა შემოხვიონ, თავის მკვრელსა კარგად არგონ.
სწყვეტდენ, ჰხოცდენ, სისხლის მათით სევდა სულა დაიკარგონ.
40
ჯერგის მფთხალსა მონარბოლსა ხარსა შამბი ედებოდეს;
დამაშვრალსა წყაროთათვის გულსა ცეცხლი ედებოდეს,
ჩამოვიდენ, კარვად დასხდენ, წინა რქანი ედებოდეს,
უგზავნიდენ დანიშნულთა თვისსა, გინდა ედებოდეს.
41
როჭოს ლაპი მომავალთა შექნან ბევრი საგალია,
გნოლი წითლის დევნებითა ქვე მიწაზე საგალია,
კალმახისა გასაწყვეტლად დაუნაყონ საგალია,
ვაჲ, სოფელმან დღენი ჩემნი აწე ცუდათ სა გალია!
42
ამას უკან მხიარულნი გაემართნენ შავნაბადით,
ფარავანზე შექცეულნი თევზსა სწვევდენ მუნა ბადით,
არჩვსა ხოცდენ, სხვას ნადირსა, თუ რამ ჰქონდეს მთას ნაბადით.
მნახთ არ აქონ, ვით იქნების, თუ ქვეყნად არს იგ ნაბადით.
43
ნუ გიკვირს, რომ ტბის-ყურისა ქება ვერ ვთქვათ ახლა სრული,
გაიხსნების უცხოთ რათმე მუნ შეკრული მწარედ გული;
ხენი ზრდილინი ტურფად რათმე ნაპირს უგავს შემორგული,
სხვა კალმახი მის კალმახთან დიაღ არი დაკარგული.
44
ხევ-ღრმა რისათვის დავაგდოთ, ან ფილტვიანის არები,
მინდვრად მოსული მანძილო რქამაღლად ზრდილი ხარები,
კვლავ ნიამორი უცხონი, დომბისა შესადარები.
გაამოს ერჯევანმაცა, თუ დაგხვდეს კაი დარები.
45
რა გათავდეს ეს შექცევა, კვლავ მოვიდენ ისევ ტფილისს,
აბანოსა განისვენონ, ქებაც ითქმის მცირე ძილის;
სანუკარი მრავალფერი სიმრავლეა უცხო ხილის,
იშვებდენ და იხარებდენ, ვის რა ჰქონდეს, თავის წილის.
46
თუ გაკითხვა სოფელს ჰქონდეს, კაცი ძაძოს იქ რათ წეროს,
მუნებური შექცევანი ვინ აღრაცხოს, ან ვინ წეროს?
აიყვანონ გავაზები, მხარ-ბარკალსა სწყვეტდენ წეროს,
შავარდნითა შექცევასა, ვაჲ, სოფელო, მიმაწევ როს?
47
შემოდგომაზე სომხითმა, ვეჭვ, თავი მოგაწონოსა,
ახალს გამოსულს ქორებსა ფრთა კარგად დაესწოროსა,
ხოხობი მაღლა ფრინევდეს, კაკაბი დაეღონოსა,
ტაბლით ნამაღლი იხვები კამარით ქვეშ ეგოროსა.
48
ძოვნია არის საქები, ვაჟკაცთა გამჭიმავია,
ფიცხლად დახტოდეს ყურდგელი, სროლაზე ჰქონდეს დავია,
იქცევდენ ბევრგან მწევარნი, ზოგისა დამჭირავია;
ბევრიც ამგზავსოს ყმაწვილსა, ეს, მითხარ, როგორ ავია!
49
ხუნანამდი დღივ და დღივე მიწყივ ჰქონდეს ესე ყოფა,
დებედას და ქციაზედა გულს არ უყონ ლახვარს ყოფა,
ოყარს გავაზს ადევნებდენ, ისა ჰყვაო კარგა ყოფა,
აწ ტფილისივ მოიგონონ, კვლავ არ უყონ იმას ყოფა.
50
ცოტას ხანსა მოისვენონ ყარაისთვის განახელთა,
დროთ მისწერონ ყოვლთა წიგნი ამ საქმეზედ მათ მხმობელთა,
მოკრფეს ჯარი სატურფალი, „ვახი“ ჰქონდეს მუნ მჭვრეტელთა.
გაემართნენ მხიარულნი, მიგრაგნიდენ მთა და ველთა.
51
ლოჭინს შეექცენ კაკაბსა, სად ჩადის მცირე წყალია,
საჯოგის ჭალას მივიდნენ, ცეცხლს ჰქონდეს მაღლად ალია,
მეორეს დღესა ხოხობსა დამართონ დიდი ძალია,
ტყე მოირეკონ, ნადირთა გაავლონ ერთპირ ხალია.
52
ნაგებით დაგვხვდეს ყორული, ტახი ლომებრივ მბრძოლია,
ირემი, შველი სახუნდარს ფირცხლად რამ შემომსვლელია;
მაშინ ხამს თვალის სიმარჯვე, ხელი ფიცხობის მქნელია,
მიართვან მეფეს მოკლულნი, კვლავ მიჰყონ ლხინსა ხელია.
53
ჯელგა ნახონ, გარდასთვალონ, სულ მოსულა, ანუ არა,
გარდამკვრელი გააჩინონ, გააყენონ მათგან გარა,
მათ ასწერონ, ვითა ხამდეს, ვინ ვისთანა დაეკარა.
შუაღამეს გაემართნენ, რად ვისმემცა დაეზარა.
54
შემოარტყან მინდორს ჯელგა ცხენფიცხელი, მუხლად მალი,
დაეკარნენ, ნელა მიჰყვნენ, მათგან იყვნენ დაუმალი;
მუნ ქურციკი შიშისაგან შექმნილიყოს მწვე საწყალი,
ლიკლიკისა მონაბერსა ზოგმან მოჰკრას ვერცა თვალი.
55
რა გითხრა მაშინ მუნ მყოფთა კეკლუცად მოვანებანი,
ბედაურთ ცხენთა სიმსუქნე, ან უცხო რიგით მკობანი,
იარაღთ ტურფად გაწყობა, არათუ ცუდად დებანი,
მტერთა საჭიროდ სანახნი მოყვასთა იმედებანი.
56
ცხენი ჰყვანან ბედაურნი, კაცი ლომთა შესადარი,
მათ ქარქაშნი გაუწყვია მტერთა მათთა შესაზარი;
მწვე ხმარობენ სადავესა, არც მკლავი აქვსთ მოუხმარი,
თრთოლა მოსდის მოსვლისათვის, დგას ჯერნისა ბევრგან ჯარი.
57
რა მოსვლა შექნას ნადირმა, გაუხდეს მათის თავითა,
მათრახი მის დროს იხმაროს, მშვილდსა დაზიდონ დავითა,
წინ გარდამხტალს და მართალს მხარს გაეწყვნენ კარგ-სა დავითა,
ზოგი იქ დასცენ, ზოგს დაჭრილს მისდევდენ მისად ავითა.
58
მათთა ცხენთა სირბილითა მიწა თრთოდეს, ვითა წყალი,
ცას ღრუბელად მტვერი ჰქონდეს, სისხლი ველზე განაშალი,
ზედ ეყაროს მუნ მოკლული მათგან სულა შეუწყალი.
სხვა მისებრივ ნუ გენახოს, მე გამკიცხე, ან მომკალი.
59
რა აშალეს, კარი მოდის დაფანტული, დანაწყვეტი,
მხცოვანი და ბერიკაცი მუნ შექმნილა განარეტი,
ერთმანერთსა ვინც წაუსწრებს, რბევა არი მეტის-მეტი,
ჩოხოსანთაც აუღია მათად სამტროდ ხელთა კეტი.
60
რა გაათაონ, ზოგს ჰქონდეს მოწყენა მიუთხრობელი,
თავსა მართლობდენ მიზეზით, გამოჩნდეს მათიც მთხრობელი,
ზოგი თქართქარით იხარებს მათი გულისა მდებელი,
ზოგნი ცილობენ: „მე მოვკალ, შენ ძალისა ხარ მქებელი“.
61
მოდიოდეს აწ მოკლული, ბატონს წინა იდგეს ხორა,
ზოგს უბოძოს, შინ გაგზავნოს, სხვა რა იყოს მისი სწორა?
მოკვლისათვის ცილებაა, ვინ კარგათ ჰკრა, ან ვინ შორა.
ამ ლაღობით ლხინად სხედან, ამის უკეთ იამო რა?
62
არ გაძღენ სისხლთა მათთაგან, არ შეიცოდეს მკვდარია,
მაღლიანს ჯელგა მოასხეს, შექნეს ზეიმი, ზარია;
ფრანგთ ომს ამსგავსეს, რაც მათგან მუნ თოფი განაყარია.
ჰყრია მოკლული მრავალი კაცთაგან მოუხმარია.
63
მათ მიმართეს აღრინტალსა, კიდევ ჰყარეს მასცა ხელი,
ქორს და ძაღლსა ადევნებდენ, ხერხსა ცდილობს მისებრ მგელი;
იქაც შეხვდენ ნაფრთხალს ჯერანს, რა გაფანჩვით იყვნენ მსვლელი,
ცარიელად გამოსულთა დევნა უყვეს დიაღ ძნელი.
64
ამას უკან სულისათვის უდაბნონი მოილოცე,
წმინდას დავითს თაყვანი-ეც, ერთი მადლი გაიოცე,
ბერთუბანო, ჩიჩხიტურით, ცოდვა ჩემი ამიხოცე!
ნათლისმცემლით წამებულო, დოდოვ, მტერი დამიხოცე!
65
მიუნდობო საწუთროო, მოყვსისთვისც ხარ მიწყივ კრული,
ჩალხისებრივ ბოლოს თავსა, თავს ბოლოს ჰყო მოარული;
თვით ეს ყოფა კაცსა ჰქონდეს და შეჰქონდეს დაკარგული,
როგორ გასძლოს მან სიცოცხლე, თუ არ ჰქონდეს სალებრ გული?!
66
პირველ მალხინა სოფელმა შანბიანთ არე-მარებსა,
ყარაიას და სომხითში, დიდგორის გასახარებსა,
სხვას რას შექცევას, რას შვებას, არ კაცთა დასაზარებსა,
აწ დამსვა მარტო, გასჭვრიტეთ, ქუჩუქას სახლსა, სარებსა!
67
რას ვარგა კარგი საჭმელი მარილზე მოუწონია?
ვისამცა მძივი ალმასად ყირათით მოუწონია?
აწ ვხედავ კარგსა ნასეტყვად, ავია, მოუწონია,
შალგსაც ყვავილი დარქვეს, მას თავი მოუწონია.
68
აწ გავათავე ლხინი და ვთქვა ჭირი, შეუწონარი,
სიყრმითგან ჩემი მწირობა კაცთაგან მოუგონარი,
რა სიგლახაკე, შიმშილი, სიშიშვლე დასაღონარი,
მამაძებნინეს წერაქვი, აწ გამიჩნდების ონარი.
69
მზეს ღრუბელი მოეფაროს, დააბინდებს, დაცაჰფარავს,
ვარდი მზის შუქს რა ვერ ნახავს, ფერს წაართმევს, დაცაჰქარავს,
აწ მეც შევხვდი ამგვარ დღესა, შესაწუხარს, შესაზარავს,
ვერ ვეწიო საწადელსა, ვაჲ, სოფელი დღესა მპარავს.
70
ვიყავ მოყვსისა სიმაღლე, მტერთა დამცემი, მხარავი,
ყმათ პატივისა მდებელი, მიმცემი, მიწყივ მხარავი,
სამღთოც ვიცოდი, საეროც, მექმენ აწ ზურგი მხარ-ავი,
დაუნაშავლად შემექნენ უწყალოდ ძვლისა მხარავი.
71
შეკრბენ ჩემზედა თვისტომნი, საყოლთაც მომიძულესა,
ვინც მხევალთაგან შიშობდენ, მანც ჩემზე კბილი ილესა;
გამომიმეტეს საკვდავად, რაც მქონდა, განიწილესა.
ვის ვიმედობდი, მათ უფრო გამკიცხეს, გაცამკილესა.
72
ორბს ვინმე სტყორცა ისარი, ეცა, ქვე იქნა მდებარე,
განკვირდა: „ჰაერთ სიმაღლე რა მომწვდა გულსა მგებარე?“
გასინჯა, იცნა მისივ ფრთა ისარსა ზედა მწებარე,
თქვა: „ჩემთგანავე მომედვა ცეცხლი უშრეტი, მგზებარე“.
73
მათ უგბილთ და უმეცართა რათ მომიდვეს ცეცხლის ალი,
რა ვაწყინე ასე ძნელი, რა მიადგათ ვისგან ძალი?
ყველა ფიცით მპირდებოდენ, არვინ მყვანდა შემომწყრალი,
ეს არ ვიცი, რა შევცოდე, შემქნეს ასე შეუწყალი!
74
თავი დავაბი ჭირსა და ვზივარ უხსნელსა კარებსა,
წამდაწამ ვისმენ ამბავს სამსალის უფრო მწარებსა;
ავს მექადიან სიკვდილსა, მტერთაცა შესაზარებსა.
მაინც მოველი ღვთისაგან დროს რასმე გასახარებსა.
75
არ ისმინეს მოციქულთა, თორმეტი ხმობს, გინა ათი,
ვისცა ძმა სძულს, სიყვარული ღვთისა მწამდეს მათგან რათი?
მოყვარე ვართ, რჯულით ძმანი, ერთხელ ვიყავ მეფეც მათი,
არცა ერთსა არ მიხედეს, გამიკეთეს უცხო ხლათი.
76
არ ვიშიშვი, რადგან რომე თაყვანსა ვსცემ ღვთისა კრავსა,
უსამართლოდ მტერთა ჩემთა საკვრელითა ისი კრავსა;
კიდევ ეტყვის წმიდას მერკვირს, ივლიანებრ მასცა კრავსა,
აყარყუმებს ტყავსა ჩემსა, აწ ბოხოხსა რომე კრავსა.
77
ყმაზე წამიხდა წყალობა, ცუდ რაცა სამსახურები,
ამხანაგთზედა სიკეთე, სხვათაგან შესაშურები,
ძმათა და თვისთა მოყვრობა, რა ჩემგან მოსასურები.
განმაძეს ასე უბრალოდ თვალთ ცრემლთა მომაწურები.
78
მტილი ყვავილით აღვსილი მე ნებით ჩემით ვინარე,
ჭირნი ეგზომნი ურიცხვი ჩემკენ, არ ვიცი, ვინ არე,
სულ გამიმტერდენ მოყვასნი, აწ, მითხართ, კარგი ვინ არ ე?
ძნელსა დავები, თუ შენვე არ მიხსნი, შექენ ვინ არე.
79
ცრუმან სოფელმან სიმუხთლით, მწვე მიკვირს, ჩემთვის აგო რა!
მან კაეშანი უხსნელი შეყრით შეჰყარა, აგორა.
ვერ მომიძვრია, არ ვიცი, გულსა ასეთი აგო რა.
დღე ჩემი წინათ წარსრული ყრმათ ჩიკორისებრ აგორა.
80
რას ვაბრალებ საწუთოსა, ვამბობ, მიგო ამან ესო,
რაც მე შევსვი შესასმელი, ესე ხელსა ვისცა ესო?
ვარდი მედგა ბაღსა ჩემსა, ართუ სამე ნარი ესო,
მე აღმოვფხვარ, სხვას ვის ეძლო მისთვის რამე ძირსა ესო?
81
საწუთროსა ცხენსა ვიჯექ, ლურსმანი ვქენ მონაწევი,
მრავლად იდგა ბაღსა ჩემსა ხილი მწიფე, მონაწევი,
რაცა მწადდა, მას ვიხმევდი ხელით მქონდა მონაწევი,
ახლა ვქნილვარ მტერთ სახრალად იქით-აქათ მონაწევი.
82
აღმემართა კაეშანი, ეს არ ვიცი, როს იხაროს,
ვინც ა ღვთისა მიუნდობლად, რამც იკეთოს, რამც იხაროს?
ესეგვარმან თავი თვისი იპირუტყოს, ხამს იხაროს.
კაცი ცრუ და უგუნური მომერიდე, ნუ ი ხარ ოს!
83
განმიფრინდა სვისა ქორი, ართუ არი განახადად,
ბედი, სვე და სპა და ჯარი ყველა მექმნა განახადად;
ცრემლი მიმდის უფრო მისგან, რა სელი ქნან განახადად,
მწვე მიჯობდა სხვაგან მევლო, განა დვალად განა ხადად!
84
ჰე, თაო, პირველ შვებულო, აწ უცხო ჭირსა ვარდია,
საკვრელსა ძნელად სახსნელსა, მთხრებლსა მოღრმოსა ვარდია;
მკვიდრი უმკვიდროდ შევიქენ, სამყოფთგან გარე ვარდია;
ღაწვი შემქნია ზაფრანად, ვის ვერა მდრიდა ვარდია.
85
ვერ მივეც, რაცა მემართა, ხარკი სოფლისა მე ცადა,
მოვიდა ქარი ხორშაკი, ანაზდად სამე მეცა-და,
ვერ მოვიფარე საფარი, დამწვა სხვებთანა მეცა და,
რა მწვე მიჯობდა სიბრძნითა თავი სხვარიგად მეცადა!
86
ის მოსავალი პირველი დასეტყვა, ასე მეხა რა,
ზეაღმართული სვე-ბედი ანაზდად ვნახე მეხარა,
სამსალის უფრო გამწარდა, რაც ამას წინათ მეხარა,
არ გიკვირსთ, სოფლის სიმუხთლე, დემად შემქნია მე ხარა?
87
მაღლად მყოფო, სოფლისაგან ბოლოდ მიწად დაწყვეტილო,
სოფლის ნასთა მსხვილად სთულთა უცხოდ რათმე დაწყვეტილო,
რუო, ხარბად მომდინარო, მლაშისამებრ დაწყვეტილო,
სახელოვან ბიძა-ძმათა, მამით უწყლად დაწყვეტილო!
88
მეფეს არჩილსა სძრახევდენ, სხვას თემს რომ იყო მვლელია,
იგ ანთებულსა სახლ-კარსა შეექნა დამანელია;
მეც მასვე მძრახვენ, აქ მოველ, მაშ, რა ვქნათ, რა საქნელია?
მას ლომსა, ვეფხებრ კისკასსა, ჭკუა ჰქონია მთელია.
89
იადონისა მოწყენა ხმას ვარდსაც დაეზაროსა,
დაჭკნეს სამოთხის ყვავილნი, რაღათი გაეხაროსა?
მათთვის ყაყაჩო-ზამბახმან ქვე თავი დაიხაროსა,
ნარგიზმან, ია-სუმბულმან სატირლად მათკენ აროსა.
90
თუცა უთქვამთ, დარამ არი ეტლნი, სვენი და ბედია,
მაგრამ ამათი მიყოლა ბრძენთაგან გაუბედია;
იგია ყოვლის მპყრობელი, ყოველთა ზედა მხედია,
სოფელი – ჩვენი მესისხლე – ზღაპარი არის, ყბედია.
91
სოფლის ხლათის დაფაცვრითა ჭირს დავები გაუგებსა,
უცხო რამ სჭირს, ზოგს ლხინს მისცემს, ზოგს ლახვარსა გაუგებსა;
ზოგს აგორებს ეკალზედა, ზოგსა ვარდსა გაუგებსა,
ზოგს ძირამდის სახლს დაუქცევს, ზოგს ქორედად გაუგებსა.
92
მე სანთელი მრავლად მნთები მეყსა შინა მექრალება,
არ დავარდი, მეცა მომხვდა სხვის დამწვრისამებრ ალება.
ვჩივი, თუცა არვინ მისმენს, რა ვქნა, თავი მებრალება.
ვერრა ვირგე, მომეწყინა ესოდენი მე ბრალება.
93
ერთა ღმერთი არ იწამეს, ბევრთა რჯული შეურაცხყვეს,
არას კერპსა არ უქნია, ჩემ საქმეზე იმათ რაც ყვეს.
მოლა ღმერთსა მახვეწებდა, ჩემთა მკვლელთა ბერნი დაყვეს,
ჩემს ცოლ-შვილთა ტყვედ ეძებდენ, საქონელი იავარყვეს.
94
თუცა ვიყავ ამათს რჯულზე, მაშ, ესენი რას მტერობდენ?
თუ ქრისტესთვის თავი დავსდევ, მაშ, ისინი რათ მაქრობდენ?
უცხო არის ჩემი საქმე, საარაკო, თუ ფიქრობდენ.
მილთონთა ვსჩან მეფედ მათად, თვის ტომსა სწადს, რომ მაქრობდენ.
95
მაწვიეს თანამხლებელთა: „საქმის არა ხარ მქონელი,
ლექსი თქვი, ნუთუ ჯავრისა არ იყო განამყოლელი“.
მეც დაუჯერე, თქვენც ნახავთ, რისაც საქმის ვარ მდომელი.
ამითი გავლე ცოტას ხანს სოფელი დაუდგრომელი.
96
კაცს ვისმე სახლი-სამყოფი, ზღუდე უყვარდეს ამბარით,
იგ ტყვიას როდის იქონებს, ამას უსუნებ ამბარით.
ვზარდო ფერადი ყვავილნი, მოვიღო მთით და ამ ბარით,
მას ვინ გაუშვებს, გამკილვენ: „ამან მისთანა ამბა რით“.
97
მაგრამ ვნახე, რომ ურევდენ ყვავილებში ამ რეანსა,
ბევრი ვინმე მას უბნობდა: ყველაზედა ამრეანსა.
მისა მსგავსად ეგებ ვინმე იკითხევდეს ამრე ან სა,
არ სურნელით სულ უკლებსა, მცირედ რამე ამბრეანსა.
98
ლექსები რამ ვთქვი საბრალო მტერთაცა შესაწყალია,
ვინც წაიკითხავთ, ამაზე ცრემლით აგევსოს თვალია,
ხარბად ადინეთ, სოფლისგან არის რამ დასავალია.
ნუ მიენდობით უნდოსა, ბოლოს არ გიყოსთ ძალია!
99
კაცს შევხვდი ბრძენსა, ეს წიგნი მაზადაც უგემებია.
ვარქვი: ამ ზღვაში ჩავარდნილს რა ხილი უგემებია?
„რადგან გწადს სიტყბო – მან მითხრა – ჯერ ნახე უგემებია,
ქვენარის თაფლი უეკლოდ არავის უეგმებია“.
100
რა ვქნა, რასათვის გავეწყევ კაცსა უზრდელსა, ვირასა?
ვინც გაიგონებს, მევე მგმობს: „ემოყვსა კაცსა ვი რასა“.
გავრიდო აწვე, ის მიჯობს, გამიხდებოდეს ვირ ასა,
ვგმობ საწუთროსა მუხთალსა, უცხოსა, გასაკვირასა.
101
კაცს სოფლის ზრუნვა ესე სჭირს, აროდეს გაახარებსა,
თავმომწონს სულსა გვამშია დასდრეკს და გაახარებსა,
გონია სიბრძნე ისწავლოს და უფრო გაახარებსა,
განგებით ნაცვეთს კაბებსა ამით ვერ გაახარებსა.
102
მწვე სჯობს უენო ენიანს ამ საქმის მიწყივ მქონესა,
უკაცურს სახლსა მჯდომელსა, ვერა-რის ვერ გამგონესა,
რა მართებს, საქმის შემძლებსა, ჭკუაზე თავმომწონესა,
ჭაში მჯდომელსა ხელ-შეკვრით მტერთ ასე დამამონესა.
103
მაინცა ვწერ, თუცა სევდით ვარცა მწარედ შეგვარლული,
ხან მოვილხენ სოფლისაგან, ხან ჯავრით მაქვს თვალთა ლული.
ეს მიკვირს, თუ როგორა სძლებს, არ ეყრების გვამსა სული?
მადლი მასვე, ვინცა მომცა ასე შემძლე ჭირთა გული!
104
უცხო რამ სჭირს ცრუ სოფელსა, ვისაც სვენი მიადგების,
ანწლით მისის წალკოტისა რა მიწათა დაეგების,
ყოვლს ყვავილთა უკეთა სჩანთ, მას აქებდენ, არ ეგების.
რა გაბრუნდა, ვარდი მისცე, მოყვასთ ლახვრად დაეგების.
105
ვინც მთხრებლსა სთხრის, ამას ცდილობს, თვით იქნების ჩავარდნილი,
ვით მორჩება გაუსვრელად, ვინც აკეთოს მიწყივ მილი?
არ დახუჭო, ეს იცოდე, არ მოგივა თვალთა ძილი.
რაც ვინმე ქნას, მისა მსგავსად გაიტანოს მისი წილი.
სატრფიალონი
< . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . >
ა თ ი | მ ც ნ ე ბ ა
45
ცხოველი რასაც მოქმედობს, მოელის მოსავარგოსა,
მოქმედს ჩვენ გამო რა ერგოს, ქმნულისგან დაენერგოსა;
გიყვარდეს, მისა სახელზე უქმად ნუ შესძრავ ბაგოსა,
არ გეჯობინოს პირუტყვი საქმესა დასადაგოსა.
46
მიწაც იხარებს უსულო, რა დღე მოუვა ზმნისანი,
მფშოვნობით ყვავის, მწვანობით, რა სითბო ნახოს მზისანი;
შენცა იხარე მეტყველმა დღესასწაული ღვთისანი,
ყვავილის მსგავსად აჩვენე ღვაწობა კეთილისანი.
47
ჭია რა ბოჟსა შემზადებს, მოიცავს მისა გვარებსა,
ქარი არ ეცეს საწყენი, არ მიხვდეს გასამწარებსა,
თუ ის მოქმედზე ამას იქმს, რა ვხედავთ შეუგვარებსა,
მისთა მშობელთა პატივის-ცემას რად დაიზარებსა?
48
ბრძენი მხეცისებრ რადა ხარ მესისხლე, კაცის მკვლელია,
მამულად მრუში მუდამად, სხვისა სხვაზედა მვლელია,
თაგვებრ მპარაობ, დასძვრები სადა გზა გაუვლელია?
ცილსა ნურავის დასწამებ, კაცობაშია ძნელია.
49
გული ნუ გითქვამს ირმულად საამოდ ცოლსა სხვისასა,
ნუ მონაგებსა ჯიხვისებრ მოყვასთა სანახვისასა;
სხვასაცა გამცნებ ახალსა თავისა შენახვისასა,
სასძლოს ტრფიალი არ დასცდე გზასა მას დანახვისასა.
შ ვ ი დ ი | ს ა ი დ უ მ ლ ო
50
რაცა იშვების შობილი, მშობელსა შეემსგავსებით,
უმართებს, იშვნენ სულისგან, სულითა მოისავსებით,
დაიბეჭდენით ბეჭდითა, გიცნან ვისი ხარ დასებით,
ვეღარ გიპოოს მპარავმან მოცული ზეშთა ზესებით.
51
ვინ ზიარდების ზიარსა, საქმეა განა ერთია!
ზიარებისა მიღებით კაცი შეიქენ ღმერთია,
მღვდელს აღუარე ნაქნარი, სწავლანი შეიერთია,
მორჩილებითა მოარე, ნაბურდით გამოერთია.
52
წყლისგან მიეცეს ფერები, ნაყოფნი იქნას მთელია,
ზეთის კურთხევა აგრევე ავისა დამანელია;
წერომაც იცის წინმძღოლი, როს უსხენ გზანი გრძელია,
მღვდლის კურთხევისა პატივმან გაგიადვილოს ძნელია.
53
ყოვლმან იცის მისი ჯუფთი, რომ მოშენდეს გვარისგვარად,
ჩვენცა გვმართებს ვიყოლებდეთ, სოფელს ვიყოთ მრავალ ჯარად,
არ პირუტყვებრ უქორწინო კაცთა წესთა დასაზარად,
მღვდლის კურთხევის შენდობითა შევიერთნეთ გასახარად.
ს ა ს ი კ ვ დ ი ნ ე ნ ი
54
შვიდნი მოგითხარ სჯულისგან საიდუმლოსა რიგები,
მან მოგცეს გზანი კეთილნი, ვის სიბრძნის სახლად იგები,
აწ შვიდთა გეტყვი ცოდვათა, სწავლა სწავლასა მიგები,
საზარო მომაკვდინენი, მის გამო ლახვარ იგები.
55
ფარშამანგი ბოლოს გაშლის, გაიფურჩქვნის გადიდდების,
ეგონების, ჩემგან კიდე ქვეყნად ვინღა იდიდების!
კატას თვალსა გარდაავლებს, მოდრკების და შეშინდების.
ამპარტავნად ნასაქმარი ამის მსგავსად არ იქების.
56
ციცინათელა მაღლოინ უნდო შუქისა კრთომითა,
არვის იდარებს მის ტოლად, მის გულში მისაზომითა;
ფრინველნი დახვდენ საწყალსა, ვერ გაესწოროს ომითა.
აგრევ მოგვივა ჩვენ, კაცთა, ამპარტავნება ნდომითა.
57
არაწმიდება ძაღლსა გავს, ნაყროვანება ღორისა,
გასინჯე მათი საქმენი, ვინმე რად მოიხმარისა?
შენ მცონარება მატლთაებრ ცოტას მწვირესა არისა,
უჟამოდ მრისხანებანი ყაპუზინათ ა გვარისა.
58
მეშურნე ბუზსა მიაგავს ყინვისგან ღონე-კლებითა,
ანუ შიმშილით მომყმარსა, მივარდნით, მირულებითა,
სახლსა გაუთბობ, შაქარსა რას უზამ მიახლებითა,
მაშინ დაგასხამს ისარსა სამწაროდ დაწყლულებითა.
59
ანთრისთვის კაკალს გახვრეტენ, ხელ-შეჰყოფს ნახა ზე სადა,
არ დასჯერდება ცოტასა, მჯიღვსა აღივსებს ძესადა;
ვეღარ დააძრობს, ამრიგად მტრისაგან გახდეს კვნესადა,
ანგარსა ბევრჯელ მოუვა ეს საქმე ამა წესადა.
ნ ე ტ ა რ ე ბ ა
60
ცხრას ნეტარებას მოვიღებ, მაღლის საქმესა დიდებით,
სასძლოს ხილვისა ტრფიალმან ქმნას ესე მონაზიდებით,
მისნი მოქმედნი ამაღლდენ სოფლისგან განაკიდებით,
გაცუდდეს ეშმა მოყვსითა ანგელოზთ მონაზიდებით.
61
ვნატრი გლახაკთა სულითა მე, მგლოვარესა გულითა,
მშვიდსა, მშიერსა, მწყურვალსა სიმართლის განაგულითა,
მოწყალეს, წმიდას გულითა, მშვიდობის მყოფთა სულითა,
დევნულსა სიმართლისათვის, ყვედრებით გულსა წყლულითა.
62
მიკვირს, სოფელს რასთვის დავშვერ, რომ ვიცოდი მისი ზნენი?
ვაგემოვნე გული ჩემი, სულს არ ახლდა კეთილთ მნენი,
ხორცი მწადდა უკვდავ მყოფად, ზრქელად უჩნდა მოსასმენი,
ახლა დარჩა საკიცხელად, სულისათვის გაუმხნენი.
63
სულს ეტყვის ხორცი: „ვერ ვნახე ფრინველნი განაჯარები,
ანუ პირუტყვთა სიმრავლე, ხეთა, მდელოთა არები,
ქვედამძრომელთა მიწათა სულ წარმავალი ნარები,
რად მიმე ჭირსა უხსნელსა ბოლომდი გაუხარელი?
64
მწადს ხანი დავყო მოკვდავმან, ვარ ამის მონამჭირნენი,
ვიხარებ რასმე წამსვლელი ნივთისა შენამზირენი.
ბრძენო, უკვდავად შექნილო, მეფე ხარ ჩემზე ვინენი,
რასთვის მიმიშვი საწადსა, შემექენ მოსაწყინენი!“
65
უთხრა სულმან: „რადგანა ვარ პატრონი და შენი მეფე,
ჩემი ხარო ჭური რამე, სამყოფელი, გასასეფე,
მოვდევ შენსა სანდომელსა, რაცა გწადდეს, გიიეფე,
ნივთთა შენთა შეეერთვი, მე გავხდები მტერთ საყეფე“.
66
ძაღლსა ძვალთა მოხვრისაგან კბილსა სისხლი ედინება,
ემლაშება, მეჭველეობს, გაუსრულდა მისი ნება;
ძვალი დარჩა უვნებელი, გაუმრვლდა კბილთა ვნება,
სოფლისაგან შემსჭვლულთა ასე მიხვდა შენანება.
67
რა მოუტევ ავაზასა, ვერ შეიპყრობს, ითაკილებს,
მოამშვიდებს მეპატრონე, იგ დაიგდებს მისა კილებს;
ავად რამე მოგიტივე, შენ გწამობენ ცუდსა ცილებს,
ჰგავს ქებისა მოყვარულნი თავისთავის გამაწბილებს.
68
ბღუნძველა ყაჯსა აკეთებს, ვერა-რად მოიხმარებსა,
ცუდად ყოფნისა სანაცვლოდ დასაქსელავად არებსა.
დავრჩი მისებრივ უსაქმო, მოვშორდი სპათა ჯარებსა,
ხან იმასა ვიქ, ხან იმას, ვატარებ სოფლის არებსა.
69
სჭირს სოფელსა, რა კარგს მოგცემს, ჭირიც თანვე მოაბეროს,
ავსა კარგსა მოადევნებს, თუ გასინჯავ, დაგაჯეროს,
შემოველი ავზე კარგსა, ღმერთმან ეგებ ამამღეროს,
ვა, თუ წუთმან საწუთომან დღენაკლული მოაბეროს!
70
წყალი შეღმართსა ადგილსა რა შეხვდეს, დაწყნარდებისა,
ნელ-ნელა მოსდევს უკმორე, შედგომით გადიდდებისა,
შეიკრებს ძალსა, ან გახეთქს, ან თავსა გარდვარდებისა,
ასე ხამს, კაცმა სიწყნარით საქმე ქნას გულსადებისა.
ტ ა ე პ ი
71 თუ შემოუცდი ისრიმსა სიტკბოსა მომცემელია.
ლ ე ქ ს ი
72 რადგანა ხარ ორი სოფლის საშოვარად მონამჭირი,
ვით იქნება ორი ნესვი ერთის ხელით დანამჭირი?!
73
სვავი ძვალსა გამოიზომს, ჩაინთქმების, ანუ არა,
რა გასინჯა, შეუძლია, აღარარად დაეზარა,
გაისინჯე შენი საქმე, სამეტოა ან საკმარა,
შესაძლისსა აღმოსწიე, ნუ ეძიებ გარის-გარა.
74
ნახე ფუტკარი ზამთრისთვის რამთონს შრომასა ნახავსა!
სადა აქვს მისი სამყოფი, მრავალსა შეინახავსა;
ვინ ამ სოფელსა დაშვრების, ზაფხულად გამოსახავსა,
შეიკრებს უტკივრებასა, მუნ სხვასა რაღად ჩმახავსა?
75
ზამთარი ამად უქია, მიწას მიეცეს წყალია,
ზაფხულის სიცხე დაადგეს, ამწვანდეს შესაწყალია,
მლაშეს ქვიშასა არა აქვს სანაყოფონი ძალია,
მას მიებაძე, არ იქნა ის უნაყოფო მშრალია.
76
მიწისგან გამომავალი მიწადვე მიმქცეველია,
ვერას ვერ იტყვის უარსა, სატკბოა დასაწველია,
რაცა ვისგანვე გამოვა, მისდავე შემთხვეველია.
ნუვის აბრალებ, შენვე ხარ თავისა გამრეველია.
77
მოწყალება კალატოზს გავს, თავის საქმეს მუშაობდეს,
აგურს დასდებს ხელისაგან, სხვისაგანვე ევსებოდეს,
რაც დახარჯო სიუხვითა, კვლავ უფროსი მოგხვდებოდეს.
რადღა ზოგავ სხვისა შენთვის, ცეცხლი აღარ გეგზებოდეს.
78
ძაფსა სჭირს, რაშიც დააგდებ, მის ფერს დაიჭერს ახავი,
ილეკრო მისთვის მათა სჯობს, არის ამისი მსახავი;
ფერისგან ფერი იცვალოს, არავინ არის მნახავი,
სასიკეთონი სისრულე პირია მართლის მზრახავი.
79
ნახე, ნარინჯის ფოთოლი თუ ფერით როგორ მწვანობსა!
სიცხეში მიგავს, სიცივე სუნ-ფერსა გაუვანობსა;
აგრევ ყრმა გამოუცდელი სოფლად ამასვე ჰგვანობსა,
რა დაიცდება, ფერად და სურნელად შესაგვანობსა.
80
რაცა ვინ ქნა ამ სოფელსა, მასვე მიხვდა მისი წილი.
ამაზე ბრუნავს მბრუნავი, სხვა რა აქვს რამცა გებული,
შექმნასცა ორი მოყვასი გაყრილი განთვისებული.
81
რაცა რამე ცარიელი ადვილია ასაღებლად,
მძიმე რამე გაჭირდება აწევითა გასაღებლად,
დაიმძიმე თავი შენი სიბრძნის ფერის გასაღებლად,
საალქატო გაგიხადოს მტრობის კლიტემ გასაღებლად.
82
მერცხალი სჯობს იადონსა, ის უფროა ნაქებარი.
შინ გვიზის და დაგვჭიკჭიკობს იგ ძვირად რამ სახლებარი,
ხმოვანების უსულოთა ვინ თქვა რითმე ნაკლებ არი?
უსმენი და ბევრის მთქმელი შედარებით დამლებ არი.
83
მოინდომო, ოქრო იყო ურიოშო, ფეროვანი,
გამრავლებით გარდაადნევ, წიდა ნახო დანაწვანი;
მას კაცი სჯობს რამდენ რიგად, რამთონი აქვს შესაგვანი,
არ გადადნეს მრავალრიგად, არ იქნება კაცთა მგვანი.
84
ვაშლსა ხედავ, უნდო ხილსა, რა გვარი აქვს შვენებანი!
თვალს ალხინებს, საყნოსელსა, პირის არის ა ნებანი.
თვითონ კაცსა გონიერსა გჭირდეს რითმე ნაკლებანი,
ავი არის გასაგონად სამწუხარო, სავსებანი.
85
მიეგვანენით ეკალსა ყრმა ახალ-ნორჩნი რგულებსა,
ბერი – ბანბასა გაჰქონდეს, გამოითბობდნენ გულებსა,
ნუ სატაცურსა გველსა გავს, იჩემებს მის უსულებსა,
ვერც ხუთოს მოგცემს, ვერც შხამსა, სარგოსა დასაწყლულებსა.
86
ნუ ჰბაძავ კაცსა უმღთოსა, განადიდარსა მთა ვითა,
უმეცრებისა სისრულეს გონებს ყოვლისა დავითა,
მიუშვებს ღმერთი, გასინჯოს სიკეთით, განათ ავითა,
გაუცუდდების ბოლოჟამ ნაქნარი დასანთქმავითა.
87
დასჯერდი, რაცა მოგეცეს ღვთისაგან მონანიჭარსა,
მოთმინებითა დაუთმე მაღალსა გასაბიჭარსა,
რა დაანახვებ უფალსა თვალითა დაუხუჭარსა,
დაგაგვირგვინებს საამოდ, შეგმოსავს გამოუჭარსა.
88
რა არის, თაგვებრ მსუნაგობ, დასძვრები კარის კარადო?
ამას თაყვანსცემ და იმას შესტირი სულთქმით, მწარადო.
ძაღლებრ ლაქუცობ, მელისებრ ატყუებ შეუგვარადო,
მომცემი სხვა გყავს, ცუდია, დარჩები გარის-გარადო.
89
დამაკვირებს, სოფლისათვის კაცი ასე რად იჭირვის?
ანუ ვინცა მოსახმარად, გამაფიქრებს, ვით იჭირვის!
უხამსთ მისცემს სიმდიდრესა, ზოგნი ხამსნი მწვე იჭირვის,
საუკუნოდ შეიგვარლის დახვანჯული, დაიჭირვის.
90
რადგან კაცია მოკვდავი, უნდა დაურჩეს რამე-და,
სახელისაგან უმჯობე რამცა ჰქენ, რამც იამე-და?
მოგიგონებენ ყოველნი ამითი ჟამით-ჟამედა,
მოლექსობაცა ინება ამის რამ შესაწამედა.
91
ტოლსა შინა გამოჩენით არა სადა დამედარა,
მტერთა ზედა რას მარგებდა, თუცა სადმე დამედარა!
თუ დამაკლეს, რა დამაკლეს, საქმეშია დამედა რა?
მაგრამ ბოლოს ყველა ვინმე, რა გავსინჯე, დამედ არა.
92
ზღვაში ვნახე ღელვის მთები მომავალი თავს დაცემად,
ერთსა წამსა ხუთჯერ უფრო სულს ველოდი გასაცემად,
იგ ანაზდად გარდაჰქარდა, ლხინს მივეცით ბუკსა ცემად,
რაღას ვსწუხვარ ჭირთა ჩემთა, სოფელია ასე მცემად!
93
ჩემებრ ცოდვილთა საქმენი პეპელიკისსა მიჰგავსა,
რა გაანათებს სანთელი, ის მწუხარებას იგავსა,
იშვებს, იხარებს, განსცხრების, ვერ ხედავს მისსა იგავსა,
ბოლოდ დაიწვის ამისგან და ჩავარდების იგ ავსა.
94
თუ თივა ცეცხლით გაზარდო, ცხვარს მისცე საჭმლად მგელია,
დათვი მაედანს აბურთო, ვირი ქნა კაი მზმელია,
ტვირთი პეპელას აჰკიდო, ჭრელი ფრთით გამფრენელია,
აღგისრულდების მაშინღა, რაცა გაქვს საწადელია.
95
აბრამ შვილს კლავს, იეფთაცა მას უქეს და მას უგინეს,
უადგილოდ კარგიც რამე არად ვარგა, გიძეს წინ ეს.
არ იცი, თაფლი არა ღირს ფუტკრის კბენად და წყინებად!
< . . . . . . . . . . . . . . . . . . . >
100
ვაჲ, სიყრმისა ყვავილი რა ტურფა მოსახმარია,
თვალი ბრწყინვალედ მხედველი, ყური სმინებად მხარია,
სხვადასხვა-რიგი ვარჯიში, რა შვება, გასახარია,
არც მკვდარი, არცა ცოცხლი, ვაი სიბერე მწარია!
101
წადილი და ძალი, სიბრძნე მჭედლობად გაქვს შესადარი,
მზე ალმასად, მთვარე ლალად, იაგუნდად ვარსკვლავთ ჯარი,
ცა ოქროდ და მინანქარად ქვეყანაა მრავალგვარი,
ამით გიცნობთ, ამით გაქებთ, მექმენ სულის გამახარი.
102
ქალწულებისა ვარდი ხარ, სიწმინდის ბაღსა რგულია,
ფერად გაქვს უმანკოება, უბიწოება სულ ია,
რტოდ გამოიღე მოკვდავთა იგ უკვდავება სრულია,
ფოთლად გასხია წყალობა, განჰკურნე ჩემი წყლულია!
103
ხეო უფოთლოვ, მოისხი შენ ფოთლად ქრისტეს წამება,
მათ ცოდვის სიცხით მაშვრალთა იმ ჩრდილით მიეც ამება,
მკურნალად ხილად სამსჭვალი, მიხარის, მტერი დამება,
პირველისებრივ დასთრგუნე, რომე მწამს წმიდა სამება.
104
სახლად გქონდა უდაბნო და სანოაგედ მკალი, თაფლი,
ჩვილ-სამოსლად ტყავი მძაფრი, სარტყლად გერტყა არა მსწრაფლი.
შესაქცევად ქადაგება, ვინც გისმენდა, წყალში დაფლი,
სულსა ჩემსა შეეწიე, გაუხადე მტერი ღაფლი!
105
ბადედ სცვალე ენა შენი, კლდეზედ დადეგ ფეხუძრავად,
ზღვას ესროდი მღელვარესა, თევზთ იპყრობდი არა ავად,
იმაზედა აღეშენა ეკლესია მტერთ სადავად.
მწყემსო, მიხსენ, პირმეტყველთა არ შევიქნა დასაწვავად!
106
მის ნათლისა დანახვითა გული მისი გაუხურდა,
სამხრეთისა ბეებნისგან მას იმისთვის უფრო სწყურდა,
ტრფიალების შავარდენმა გული უპყრა, მას მოსურდა,
შევიდა და ნათელს იღო, ანანიას მიაშურდა.
107
იგ გვრიტი ქალწულებისა ეცა შენს გულის ბადესა,
სიწმიდის ტრედნი შენს გარე მახეს ხვდენ, არ იცადესა,
სიკეთის ორბმა სრულ მოვლო ქვეყანა. ცად იცადესა.
პავლე ჭირთ მთმენო, სისხლმდენო, მტერთ ბრძოლით არ მაცადესა.
108
მამწყლეს საკვდავად, მცირე მიდგს სული საწყალად მდებარსა,
წყლულის შემხვევი არვინ მყავს, არც სალბუნთ მდები მნებარსა,
უფრო სწადს, რომე მამსგავსონ უმწარე ლახვრის მგებარსა.
მიშველე, სრულად არ მამკლან შენის ქრისტესა მგებარსა.
109
თევზთ ნადირობით მიგზიდა უდაბნოს გვრიტმა მხლებელად,
შეუდეგ კრავსა, გასწავა, იზრდების, მე ვარ მკლებელად,
ზაფხულის მზეებრ აღმოჰხდი, ჩრდილოს მთბობ მანათებელად.
მეწიე მეცა, ანდრია, არ ვიქნა საბნელებელად!
110
რა გიწოდა, დაუტევე ნავსა შინა ბადის მსმელი,
მამისა წილ მამა პოვე სულისა და ხორცის მზდელი,
მისთვის იყავ დღედაღამე სისხლ-დაქცევის მიწყივ მცდელი.
მიოხე რა, მიძაბუნა მტერმა, რომ ვარ დაუცდელი.
111
ქორწინება დაუტევე, მკერდს მიეყრდენ, საყვარელო,
უნაყოფოვ, ხეო ტკბილო, ნაყოფისა მრავალ-მქნელო,
ყვავილად გაქვს სახარება, კაცთა სულის დატკბობელო.
მიშველე რა, იოანე საყვარელო, სამბობელო!
112
მამის კითხვით გამოისხი შენ ყვავილი სუნთა მყნოსი,
მის სუნისგან შენ შეექმენ მხეცებრ გულთა ყრმათ უმხნოსი,
პირმეტყველად გარდამცვლელი უსწავლის და მიუმგნოსი.
ჩემს სულს მიეც ჰე, ფილიპე, სმენა ტკბილთა სასმინოსი!
113
გული გექნა ანდამატის უმაგრე და გასადარი,
უკვდავ ძალმა შენ შეგმოსა იგი სიმხნე შეუდარი,
ბნელის ნისლით დაფარულთა გაუნათლე, მოუდარი.
შენ, ბართლომე, მიშველე რა, ვარ ამისი მემუდარი!
114
ურწმუნოებით განჰფინე სარწმუნოება სრულია,
ინდოთა სიცხით დამწვართა შენ მოუგრილე გულია.
უკვდავის სახლის შეიქენ ხურობის განმაგულია.
გვედრივარ, თომა, მიშველე, რომ არ წამიწყდეს სულია!
115
უცხო რამ ზვერი აღიღე, აროდეს შემწიკვლდებისა,
იგი ნათელი უსაზღვრო რაღათღა მოგაკლდებისა?
განუყავ სულსა მრავალსა, მსმენელი განახლდებისა.
მათევ, მეც წილი დამიდევ, რომ სული მინათლდებისა!
116
წმიდავ იაკობ, ალფესი, შენ ჰპოე გულის ნებანი,
ვისთვის გსუროდა სიკვდილი, ჭირი, ტანჯვა და ვნებანი,
თავს იდევ, აწ გაქვს მათებრივ პატივის დაუკლებანი,
მსწრაფლად მოიღებ, რასაც სთხოვ, მეც მომეც ცეცხლის ვსებანი!
117
ლებეოზ, მერმე გეწოდა თადეოზ მოციქულია,
გახრწნადსა პირი აქციე, უხრწნელსა მიეც გულია,
ისარი გესო ასეთი, ვერა სცან ისრის წლულია,
აღმოფხვარ ჩემში, რაც იყოს ცოდვანი დანერგულია.
118
ორის ხითა ზეცად აღხედ, წმიდავ სვიმონ კანანელო,
ჯვარმა გიხსნა, ჯვარმა მოგწყლა, შენ ნათელო დაუნელო,
გაანათლე ბევრი თემი, მათთვის იქმენ გამომხსნელო,
მამარჩინე, არა ვნახო სატანჯველი იქ საბნელო.
119
სიმყრალისთვის მოკვეთილზე შენ აღმოხველ გია სხმული,
მის გიისა სურნელებით გაუმთელე კაცთა წყლული,
ქრისტეს იქმენ მეტრაპეზე, აღასრულე მისი თქმული.
მიშველე რა, არ შევიქნა მტერის მახით მე დანთქმული!
120
გემოვანთა სასმელთა წინ ცრემლის იყავ გამომხდელი,
მარხვა უფრო გემოდ გიჩნდა, არა შჭამე ცხოვლად მზდელი,
სამურკვნელო გზად შეგექმნა, რისაც იყავ მიწყივ მცდელი.
ძმას უფლისას გევედრები, ცოდვათ ჩემთა მექმნა მხდელი!
121
მას მიჯნურად რად ჩააგდებ, ვის არ ჰქონდეს ესე გულად:
მოყვსისათვის თავი თვისი არ დაედვას მონაკლულად,
არ დაეთმოს სოფლის შვება და დიდება მისი სრულად,
ვისცა რასმე ეკრძალოდეს და არ ექნას მონაძულად?
< . . . . . . . . . . . . . . . . . . . . >
129
უგუნურსა სჭირს ფიქრითა სვე-სვიანობა, დიდება,
მრავლის თემისა დაპყრობა და საუნჯისა მიდება,
ჩაიტკბოს გულსა, ახარებს, არ აქვს ხელისა კიდება,
განიფრთხობს ხახა მწყურვალი, მუცელი გაუცივდება.
130
კარგს მოლაშქრეს მონაზონზე ნუ ჰგონია თავი მცირად,
თუ ის სჯულსა აღასრულებს, შენ სჯულსა სცავ მონამჭირად;
ცეცხლს თუ შეშა თან არ ახლავს, დაშრტების და იქმნას მწირად,
თუ ერთმანერთს არ უმწობენ, ორნივ იქმნას კარგზე ძვირად.
131
ოქრო მიწაა მანამდინ, სანამ ცეცხლს არა ნახავსა,
პატივს, შუქს, ფერსა მიიღებს, ვეღარა ჰპოებ ნახავსა;
აგრევ სიკვდილი კაცთთვის წყალობით ამას სახავსა,
უგუნურნი და უსწავლნი ამაზე ავსა ზრახავსა.
132
ნურც იმძიმებ, ნურც იხარებ, ან იშოო, ან დაჰკარგო,
რაცა მოვა მოსავალი, სასიავო თუ საკარგო,
ბევრის ცდით და მოჭირვებით, დაიჯერე, ვერა არგო.
ჩემი ყველა გააცუდა, ბარგი იყო რაც საბარგო.
133
რა მოვა საქმე საზეო, ნახეთ, მის გამო ელისა,
ბევრსა ეცადა, იჭირვა, ვის ქართლში გამოელისა;
რაღა ვიუბნა სოფლისა, ქალაქით გამო ელი სა?
თუ კარგი თვითან არ არის, სხვისგან რას გამოელისა?
< . . . . . . . . . . . . . . . . . . . . >
135
დამრგველმა მისმა მოიმკოს დარგულთა მისთა ნაყოფი,
არცა წაუხდეს იმისგან, არც ექნას მისგან ნაყოფი,
კარგი ზეცამდე ამაღლდეს, ავმა სახლში ქნას ნაყოფი,
რაც რბილად ჰგონოს, უმაგრდეს, ვით ბასრი წყალსა ნაყოფი.
136
იოსებისთვის განეგო ეგვიპტეს განმთავრებანი,
ძმათ სასიკვდილოთ იწადეს, მას დასცდეს ეს განგებანი,
მას მიხვდა ამით ის საქმე, ართუ მიეცა ვნებანი,
რად ვწუხვართ, რადგან არ არის განგების მოცაკლებანი.
137
ნუ გიკვირს მკვდართა აღდგომა, მკურნალნიც იქმან სახესა,
ცეცხლსა-წყალ-მიწა-ჰაერსა განყოფს ბალახსა და ხესა,
მღვრივით აწ წმინდას შერევენ, კვლავ ჰყოფენ მასვე სახესა.
ღმერთიც ასე იქმს, რას სცთებით, რად ებმით უხსნელს მახესა?
138
ეს სოფელი ჰგავს ყვავილსა ტურფა კეკლუცად ქმნულებსა,
სიცხე წვით, ყინვა დაზრობით, სცემს მზე-ღრუბელი წყლულებსა,
წყალი წაახდენს და გვალვა მოუშლის მას უსულებსა,
მოთმენის მეტი წამალი რა ვპოოთ ამ საკრულებსა?
139
ყვავილთა ტურფა ბიბინი, სანდომი არემარენი,
მწადს გაზაფხული, ტოლთ უთხრა: აღვიძრნეთ არე მარენი.
ვინც გაიკმარებს, რა არი, ვეჭვ იყოს ა რემა რენი,
ჩემი ნახული თუ ნახო, გაკვირვოს არემარ ენი.
140
ვნახე ბერი ყრმათა უყრმე და ყმაწვილი ბერთ უბერე,
ბერი ცუდათ მწვე აჩქარდა, ყრმა დაწყნარდა, რაც უბერე,
უხუცესი არას ნაღლობს, უმცირე სწუხს: ვარ უბერე.
ის უფროსი იბერება, ეს უმცროსი არს უბერე.
141
თუ შენს ტვირთს შენ კი არა ზევ, ნუ ჰკიდებ სხვას, ვერ აზევსა.
142
თუ სიტყვას კარგა არ კრძალავ, მზირნი სხედს, მოიტაცებენ.
143
ისარსა გავს, პირით სიტყვა რა გასტყორცო, არ მობრუნდეს.
144
ბუზს მწვე მიჰგავს, ამპარტავნად, ურიდობით მოარული,
არ იციან ფთა თხელი აქვს, ვერას უზამს საქმე მტრული.
145
კაცს გულს აურევს, თვარა და ბუზი არ არის ფინთია.
თუცა შენ ავი არა ხარ, არც კარგი გამოგინთია.
146
ცუდად ვიყავ სოფლისაგან, ესე რამე გავაუბნენ,
ვერა ვირგე ნაღველთაგან, სევდა უფრო გავაუბნენ,
დამცა ცოდვამ საკურველად, როს ხელთ ვიგდე, გავაუბნენ,
ბრძენთა თქმულსა არ მივხედე, ზურგი მივეც, გავა უბნენ.
კვლავ მიხმეს ისევ ისპაანს
1
კვლავ მიხმეს ისევ ისპაანს, დამრჩა ეს შეუსრულები.
მამცეს პატივი მრავალი, ვა, თუ დავაბი სულები!
მან თავის ტოლად მადიდა, რა შემქნა უფლისწულები,
წარმავალია ყველაი, ჟამი მიც გარდასულები.
2
არ დამცალდა სხვას ლექსთა თქმა, მიხმეს ისევ კიდევ კარად,
ხორცისათვის საპატიოდ, სხვას ბევრრიგად დასაზარად.
რა ვქნა, არვინ არ გამოჩნდა არასფერში მოსახმარად?
მოუძლურდა ხორცი სუსტი, რაღა მეთქვა მსმენთვის მწარად?
3
არ იცოდით, არ გმართებდათ ჩემი ასე გარდაგდება?
სამთავსა და კვერსა შუა ჭიქა როგორ გამაგრდება?
ტალსა კვესსა რა ჩამოჰკრავ, აბედს ცეცხლი მოედება,
ცეცხლსა მძაფრსა ნავთს დაასხამ, მითხარ, როგორ დანელდება?
4
თვითვე ნანობენ უგბილნი, თუცა ბევრს ჭირსა მახესა,
ლომი დაბმული აეხსნას, ვაცსა გააბამს მახესა;
რაღასღა ვეძებ სახვეწრად კლდესა, ტყესა და მა ხესა,
რაც ერგოთ ჩემის ამ საქმით, აწა თვითანცა ნახესა.
5
ჩემნო გულის სატკივარნო, იწუხეთ და ჩემთვის ახეთ,
ჭირნი ჩემნი სხვათა ჭირთა მიამსგავსეთ, მიასახეთ;
სოფლის საქმეს ყური უგდეთ, ან იტირეთ, ნუ ვახეთ.
აბედინას-შვილის ამარ დავრჩომილვარ, აწ ეს ნახეთ!
* * * * * *
ჯუფთ არს არა ვის, ეთქვა არავის, თუ ვინ აწ ბრძანებს, ვეჭვ, არს შემდგომი.
ვმონე ქრისტესა, მას ჩემსა მწესა, უნდო, არ კეთილ ფრიად შემდგომი.
ამის ლექსვაში ვიყავ მწვე ვაში, ნუ ეჭვთ მყოლოდეს შემწე, შემდგომი,
ბრძენთ დავაბრალო, უცებთ ვერ მრავლო, ხომ ხარ რიტორთა გზაზე შემდგომი.
სულხან-საბა ორბელიანზედ
1 რადგან დაშვრა ასე საბა, ქება მმართებს აწყა მეცა,
შეუყრია მრავლად სიტყვა, რა ვიხილე, სიბრძნე მეცა;
სად ვნახევდი ასრე კრებით, ქვეყნად მევლო, გინდა მე ცა,
საქმით სცანით, თუ ვისწავლი, ვით ვინაღვლი, კიდეც მეცა.
2
სიყრმითგან იყო მუდამად სიბრძნის სწავლისა მსახველი,
სამოცდაექვს წელს იკითხა, სთქვა: ვერასი ვარ მმარხველი.
იარა ბევრი ქვეყანა, ბევრისაც იყო მნახველი,
ორბელიანმა საბამან სახელითა ქნა სახელი.
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment