(მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ II. С-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)
თავი XV
ზომები კავკასიის ხაზის თავდაცვის გაძლიერებისთვის. – დონელი კაზაკების გადასახლება ყუბანზე. – კაზაკთა გაქცევები დონზე. – მღელვარება ჩერკასკში. – იმპერატრიცის განკარგულებანი. – შავი ზღვის მხედრობის ყუბანზე გადმოსახლება. – ყაბარდოელთა ყოფა-ცხოვრების მოწყობა. – პორტას ინტრიგები.
მეორე თურქული ომის დამთავრების შემდეგ გამოჩნდა ჯარების გამოყენების შესაძლებლობა მთიელთა შემოჭრებისგან კავკასის ხაზის უფრო უკეთესად უზრუნველყოფისთვის, და გუდოვიჩმა მიიღო უზენაესი ბრძანება რათა წარედგინა თავისი მოსაზრებანი ამ საგანზე. მან აუცილებლად სცნო სიმაგრეთა რიცხვის გაზრდა და მათი განლაგება ისეთ ადგილებში, სადაც ყველაზე უფრო მოსახერხებელი იყო მთიელთათვის ჩვენს საზღვრებში შემოღწევა. ამ საფუძველზე 1792 და 1793 წლების განმავლობაში აგებულ იქნა ციხესიმაგრეები: შელკოზავოდსკაია – მდინარე სუნჯის თერგთან შეერთებისას; კავკაზსკაია – ტემიშბეგის სანახებთან, მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე; უსტ-ლაბინსკაია – ორი ვერსით ქვემოთ ყუბანში მდინარე ლაბას შესართავიდან. ორი უკანასკნელი ციხესიმაგრის დასაკავშირებლად აგებულ იქნა რედუტები კავკასიის, ტფილისის და ლადოგისა. კონსტანტინოგორსკის არსებული ციხესიმაგრე შეკეთებულ და გაძლიერებულ იქნა, მდნარე კუმზე აიგო კუმის შტერნშანეცი, და ბოლოს, ბათალ-ფაშის გადასასვლელის ადგილზე აგებულ იქნა ვოროვსკოლესსკის რედუტი. ამასთან ერთად, კავკასიის ხაზის კიდევ უფრო უკეთესად უზრუნველყოფისთვის, გუდოვიჩი ვარაუდობდა ვოლგისა და ხოპერის კაზაკების წინ წამოწევასა და ციხესიმაგრეთა და სიმაგრეთა მახლობლობაში მათ განსახლებას; უსტ-ლაბინსკაიას ციხესიმაგრის მახლობლად კი დონელი კაზაკების დასახლებას, რისთვისაც გამოიყენებდნენ სამ პოლკს.
მოიწონა რა ზოგად ხაზებში გუდოვიჩის ვარაუდები, იმპერატრიცამ ვერ სცნო შესაძლებლად ვოლგისა და ხოპერის კაზაკების გადმოსახლება, და ბრძანა ამისთვის დონელ კაზაკთა 3 ათასი ოჯახის გამოყენება. ამ მიზნით ნაბრძანებ იქნა კავკასიის ხაზზე მყოფ დონელთა ექვსი პოლკის გაყოფა 12 სტანიცად და ციხესიმაგრეთა მახლობლობაში მათი დასახლება* (*ამ სტანიცების დასახლება ივარაუდებოდა ციხესიმაგრეებთან: კონსტანტინოგორსკისა, კუმის შტერნშანეცისა, ვოროვსკოლესის რედუტისა, ნევინნომისსკის რედუტისა, ტემნოლესკის რეტანშემენტისა, ნედრემანნი რედუტის, პროჩნო-ოკოპის ციხესიმაგრისა, გრიგორიოპოლისის ციხესიმაგრისა, კავკასიის ციხესიმაგრისა, ტფილისის რედუტისა, უსტ-ლაბის ციხესიმაგრისა და სოლიანი ბროდსა და თეთრ მეჩეთს შორის ნავარაუდევი ციხესიმაგრისა); გადმოსახლებულთათვის დასახმარებლად მიეცათ 20 მანეთი ოჯახზე და 500 მანეთი თითოეული სტანიცისთვის ეკლესიების ასაშენებლად. სტანიცები გადაწყდა აეშენებინათ არაუახლოეს 250 საჟენისა ციხესიმაგრის ან სიმაგრისგან, და აუცილებლად გარეშემოევლოთ მათთვის თხრილები, რომელთა შიდა კედლებთან დაერგოთ ეკლნარი ცოცხალი ღობის წარმოსაქმნელად. თითოეული სტანიცა შემგარი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 200 ოჯახისგან, ხოლო უსტ-ლაბის სტანიცა კი ოთხასისა. გადმოსასახლებელ კაზაკებს, მათ მიერ საამისოდ სურვილი არქონის შემთხვევაში, ნება მიეცათ მოეძებნათ მოხალისენი თავიანთ შესაცვლელად.
ჰქონდა რა მხედველობაში, რომ კავკასიის ხაზზე მყოფ ექვს პოლკში იყო დიდი დაუკომპლექტებლობა, გუდოვიჩი სთხოვდა საჯარისო ატამან ილოვაისკის პოლკების დაკომპლექტებას ხუთასეულიან შემადგენლობამდე და უცოლშვილო კაზაკების დაოჯახებულებით შეცვლას. გადმოსახლებულთა მატერიალური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, გადაწყვეტილ იქნა მათთვის ქოხები აეგოთ ჯარების დახმარებით და უზრუნველეყოთ ისინი ყოველივე აუცილებლით. “მე ყველა ზომით შევეცდები შესრულებას, წერდა გუდოვიჩი გრაფ სალტიკოვს (Въ собственноручномъ письме отъ 24-го марта 1792 г. Москов. Арх. Главн. Штаба. Дела графа Салтыкова), მაგრამ ვითვალისწინებ, რომ იმ ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ციხესიმაგრეები, გაზაფხულიდან სტანიცების მშენებლობის დაწყება არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ახალმოსახლენი, არ იქნებიან რა დაფარულნი, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან მტაცებელ მეზობელთაგან.
ყველაზე უფრო მეტად საჭიროა ციხესიმაგრეთა მშენებლობის დაწყება, მაგრამ მათიც ყველასი ერთ წელს დაწყება არ შეიძლება, ვინაიდან მათი მოსწრება შემოდგომამდე ჯარების აქაური რიცხვით ვერ მოხერხდება, და ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია, რომ შემდეგ წელიწადს ვეცადოთ შემდეგის გაკეთებას: უსტ-ლაბისა, რომელსაც უფრო მეტი სიმაგრეები უნდა ჰქონდეს, ვიდრე საველეს; კავკასიისა, რომელიც ტემიშბეგის სანახების ახლოსაა, და იმისა, ყაბარდოს მოპირდაპირედ რომ არის, მდინარე მალკაზე. ამ ციხესიმაგრეთა მშენებლობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება უფრო ადრეული გაზაფხულიდან, რათა შესაძლებელი იყოს მათი დასრულება ღრმა შემოდგომაზე უფრო ადრე და ჯარებს იქ გამოზამთრება შეეძლოთ, მოამზადებენ რა ადგილზე ყოველივე საჭიროს. ამიტომ აუცილებელია, რათა რაც შესაძლოა უფრო მალე იქნენ აქ გამოგზავნილი ინჟინრები, ერთი ან ორი შტაბ-ოფიცერი და სულ მცირე 4 ობერ-ოფიცერი მათდამი კუთვნილი ჩინებითა და საჭირო საინჟინრო ინსტრუმენტებით, რომლებიც აქ არ არის. მესანგრეთა და სხვა ინსტრუმენტების აქ შოვნა ამ ციხესიმაგრეთა და ყაზარმების ასაშენებლად შეუძლებელია, ასევე მათი სწრაფად დამზადებაც”.
ციხესმაგრეთა აგებასთან ერთდროულად გუდოვიჩი ვარაუდობდა გადმოსახლებულთათვის სტანიცების აშენების დაწყებასაც. “ამ ახალგადმოსახლებულთა ცოლებისა და შვილების აქ გადმოყვანა, წერდა იგი პ. ა. ზუბოვს (Тамъ же), მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება მომავალ შემოდგომაზე, როგორც იმიტომ, რომ ვერ მოასწრებენ მეურნეობის აწყობას, პურის დათესვას, ისე იმიტომაც, რომ თუკი მანამდე მოიყვანენ ცოლებსა და შვილებს, მაშინ მათი კვება საჭირო შეიქნება სახაზინო პროვიანტით, რომელიც ასეთ რიცხვზე ამ წელს არ დაგვიმზადებია, ხოლო ახლა კი მისი დამზადება ხაზინისთვის რაიმე ზარალის მიყენების გარეშე უკვე შეუძლებელია, იმიტომ რომ შესყიდვა ხდება ზამთრის დასაწყისიდან.
ჩემთვის ცნობილია თუ რამდენადაა დაკავებული ყოვლადმოწყალე ხელმწიფა (государыня) თავის ერთგულ ქვეშევრდომთა კეთილდღეობაზე ზრუნვით და ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ყველა ხერხი, რათა ამ ახალმოსახლეებმა არ განიცადონ არათუ დაქანცვა, არამედ არც მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება, როცა დაემშვიდობებიან თავიანთ უწინდელ საცხოვრებლებს. გენერალ-მაიორი საველიევი ამ გადმოსახლების საქმისთვის მეტად უნარიანი ადამიანია”.
წარმოდგებოდა რა თავად ვოლგის მხედრობის ზემდეგებისგან, საველიევმა 1770 წელს კავკასიის ხაზზე გადმოასახლა მოზდოკის კაზაკთა პოლკი და მისი მეთაურიც გახლდათ. მას, როგორც ამ საქმეში უკვე გამოცდილ ადამიანს, გუდოვიჩმა დაავალა ახალი სტანიცების მოწყობა, მაგრამ დონელთა გადმოსახლება ხაზზე სიძნელეების გარეშე მაინც არ მომხდარა.
1792 წლის გაზაფხულზე კავკასიის ხაზის მარჯვენა ფლანგზე ციხესიმაგრეებსა და სიმაგრეებში განლაგებული იყვნენ დონელთა პოლკები: სალაშქრო ატამან პოზდეევისა და პოლკოვნიკების ლუკოვკინის და კოშკინისა. უკვე მესამე წელიწადი იყო, რაც ეს პოლკები ხაზზე იმყოფებოდნენ, მაშინ როდესაც, დონის მხედრობაში შემოღებული წესრიგის მიხედვით, ისინი ორი წლის შემდეგ უნდა შეცვლილიყვნენ. კაზაკები მოუთმენლად ელოდნენ შეცვლას, მაგრამ ამის ნაცვლად პოზდეევის პოლკი გაგზავნილ იქნა გრიგორიოპოლის ციხესიმაგრეში სახლების აშენებისა და დასახლებისთვის. ამის კვალდაკვალ სხვა პოლკებმაც მიიღეს ასეთივე ბრძანება და გენერალმა გუდოვიჩმა თავისთან მოითხოვა მიმღები პირნი ახალი მეურნეობის მოწყობისთვის დანიშნული ფულების მისაღებად. კაზაკებმა უარი თქვეს მუშაობაზე და არ სურდათ დასახლება. ისინი ამბობდნენ, რომ თითოეული მათგანი წილისყრისა და რიგის მიხედვით, ვისაც ერგება რომ დაესახლოს, ვალდებულია ეს აღასრულოს, მაგრამ თუკი ისინი დაიწყებენ მუშაობას ამაზე მხედრობის თანხმობის გარეშე, მაშინ წილისყრა და რიგი მათ უკვე აღარ ექნებათ და ყველას კავკასიის ხაზზე დატოვებენ (Въ собственноручномъ письме отъ 15-го мая 1792 г. Московск. Арх. Главн. Штаба. Дела графа Салтыкова).
გუდოვიჩმა ბრძანა, რომ ძალა გამოეყენებინათ და ისინი მუშაობისთვის აეძულებინათ.
მაშინ კაზაკებმა დაიწყეს თავიანთი პოსტების მიტოვება და დონზე მიდიოდნენ. საჯარისო ატამანმა გენერალ-პორუჩიკმა ილოვაისკიმ, შეიტყო რა კაზაკთა გაქცევის შესახებ, გამოგზავნა პოლკებში ბრძანება, არწმუნებდა რა კაზაკებს რომ სამსახური უწინდებურად გაეგრძელებინათ, უფროსობის ყველა ბრძანება აღესრულებინათ და ამით დონის მხედრობის ყველასთვის ცნობილი დიდება უვნებლად დაეცვათ. ატამანი არწმუნებდა კაზაკებს, რომ იმდენად მნიშვნელოვან საგანზე, როგორიცაა კაზაკების ხაზზე დასახლება, იგი საკუთარ თავზე იღებს მზრუნველობას, ელოდება ნებართვას პეტერბურგში გამგზავრებისთვის და იმედოვნებს მიიღოს იმპერატრიცისგან თანხმობა საჯარისო პრივილეგიების მოწყალედ შენარჩუნების შესახებ (и надеется испросить у Императрицы о милостивомъ сохраненiи войсковыхъ привилегiй). კაზაკებს არ სჯეროდათ ატამანისა და გაქცევები გრძელდებოდა. 14 ივნისისთვის პოზდეევის პოლკიდან გაიქცა 330 ადამიანი, ლუკოვკინის პოლკიდან 241 და კოშკინის პოლკიდან კი 213 ადამიანი. ამაზე ზევით, ბევრი პარტია დაკავებულ იქნა პოსტებზე რეგულარული ჯარების მიერ და გზიდან დრაგუნების მიერ დაბრუნებული. პოზდეევმა მოახსენა ხაზის მარჯვენა ფლანგის უფროსს, გენერალ ბულგაკოვს, რომ ყველა დანარჩენი კაზაკიც მერყეობს და მათზე დაყრდნობა მას არ შეუძლია. ეშინოდა რა, რომ გაქცეული კაზაკების დონზე მოსვლას შეუძლია მეტად ძლიერი გავლენის მოხდენა მთელ ხალხმოსახლეობაზე და მღელვარების გამოწვევაც, გუდოვიჩმა დაავალა გენერალ-მაიორ საველიევს მოემზადებინა არცთუ დიდი რაზმი მოსახლეობის დამშვიდების აუცილებლობის შემთხვევისთვის, ხოლო ყუბანის კორპუსის ჯარების სარდალს, ბრიგადირ თავად შჩერბატოვს კი უბრძანა დაეკავებინა გაქცეული კაზაკები მისი კორპუსის განლაგების ადგილებში: როსტოვში, ტაგანროგსა და ბაჰმუტში. ამ მიზნით თავად შჩერბატოვისთვის ნაბრძანებ იქნა, რომ ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ექვსი ესკადრონით დაეწყო დარაჯობა დონის დინების მთელ გაყოლებაზე, ხოლო ყუბანის ეგერთა კორპუსის ბატალიონები კი რაც შეიძლებოდა უფრო სწრაფად წასულიყვნენ ჩერკასკში და ეუწყებინათ ატამან ილოვაისკისთვის, რომ არ გაეშვა გაქცეულები მდინარე დონის მარჯვენა მხარეზე.
ამასობაში კაზაკთა გაქცევები კავკასიის ხაზიდან გრძელდებოდა, და მაისის ბოლოს პოდპოლნოეში შეიკრიბა 400 კაზაკამდე 15 მიტაცებული დროშით. “კვირას, მოახსენებდა თავადი შჩერბატოვი (Генералу Гудовичу отъ 1-го iюня), როცა დონელთა სამი პოლკის მეამბოხენი მოვიდნენ პოდპოლნოეში 15 დროშით, შეკრიბეს წრე (собрали кругъ). მათგან ერთერთმა ეკატერინოვსკაიას სტანიცის არჩეულმა უხუცესმა, მაგრამ თუ რა ჰქვია, ცნობილი არ არის* (*შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს გახლდათ ნიკიტა ივანეს ძე ბელოგოროხოვი ეკატერინინსკაიას სტანიციდან), იკითხა: იცით თუ არა, რითი წამოვედით ჩვენ ხაზიდან და რისთვის მოვედით აქ? ამაზე ყველამ უპასუხა: ვიცით. ამის შემდეგ ყველას უთხრა, რათა დამსხდარიყვნენ, შემდეგ კი უბრძანა (велелъ) ამდგარიყვნენ და ღმერთის წინაშე ელოცათ ფიცით, რომ მათ მიერ ცნობილ საქმეში ერთი-მეორისთვის დახოცილიყვნენ, და, დახარეს რა დროშები, მათ ემთხვეოდნენ. ფიცის დადების შემდეგ, იმავე დღეს დაიწყეს ნავების წართმევა სხვადასხვა ხალხისთვის და ქალებისა, რომლებიც იმ მხარეს იყვნენ წასულნი, რომელთა შეპყრობის შემდეგ ღამით რამდენიმე ადამიანი ჩუმად მოცურდა ნავსადგურთან და იქიდან რამდენიც საჭირო იყო ნავები წაიყვანა და, გადაიყვანეს რა თავიანთ მხარეზე, გუშინდელ დღეს დილიდანვე (31 მაისს) უეცრად ჩასხდნენ მათში და შევიდნენ ქალაქ ჩერკასკში მეტად ხმამაღალი ყვირილით, მიცვივდნენ ატამანის კარზე და მოითხოვდნენ ატამანს, რათა მათთან გამოსულიყო”.
როდესაც ილოვაისკი გამოვიდა შეკრებილებთან, მაშინ კაზაკებმა დაიწყეს ჩივილი, რომ იგი მათ ღუპავს, და არ იცავს.
– რატომ გვიშვებთ ჩვენ დასახლებაზე? გაისმოდა ხმები ბრბოდან: – ეს არ იქნება, ჩვენ არ წავალთ!
ილოვაისკი პასუხობდა, რომ ამაზე არის უზენაესი ბრძანება (высочайшее повеленiе).
– გვიჩვენე! ყვიროდნენ კაზაკები.
ილოვაისკიმ უბრძანა დიაკონ მელენტიევს წაეკითხა, მაგრამ კაზაკები არ უსმენდნენ და ყვიროდნენ: “ჩვენ ჯერ არ გვიჭამია, როცა შევჭამთ ისევ მოვალთ შენთან. და მაშინვე წავიდნენ ბაზარში, არ დაუწყიათ რა არანაირი თვითნებობანი (озорничества), არამედ თავიანთთვის საჭიროს ყველაფერს ფულით ყიდულობდნენ”. ბაზრიდან ბრბო ისევ გამოცხადდა ატამანის სახლთან. ილოვაისკიმ მათთან გამოგზავნა დიაკონი, რომელმაც წაიკითხა კიდეც უზენაესი ბრძანება. როგორც კი დაასრულა კითხვა და წარმოთქვა: “ნამდვილად დაწერილია ასე: ეკატერინე” («на подлинномъ написано тако: Екатерина»), რომ კაზაკები ყვირილით: თქვენ გვატყუებთ! ეცნენ დიაკონს, ძირს დასცეს იგი, რამდენიმე დარტყმა მიაყენეს და მთელი ქაღალდები წაართვეს. ბობოქრობდა რა და ყვიროდა, ბრბო დაეხეტებოდა ქალაქში და საღამოს პირზე ისევ მოვიდა ატამანის სახლთან.
ილოვაისკი ელაპარაკებოდა მათ და არწმუნებდა, რომ გაემგზავრება პეტერბურგში რათა ითხოვოს მათთვის მოწყალება.
– უაზროდ ნუ გაემგზავრები! ყვიროდნენ კაზაკები: – და ჩვენც არ გაგიშვებთ, უკან დაბრუნება კი არ გვსურს, თუნდაც ახლავე ბრძანე რომ დაგვხოცონ.
– თქვენ სახლში წასვლა გინდათ? იკითხა ატამანმა.
– გვინდა; გვიბრძანე რომ წავიდეთ და მოგვეცი ბილეთები, რათა სტანიცებში მიგვიღონ, და გაქცევის გულისთვის გაკიცხვა არ დაგვიწყონ და ლაშქრობაში ახლანდელი ყოფნაც სამსახურში ჩაგვითვალონ.
– წადით, სტანიცებში კი მე თქვენს შესახებ ბრძანებას გამოვაგზავნი, პასუხობდა ილოვაისკი.
კაზაკები რამდენადმე დამშვიდდნენ და დაშლა დაიწყეს.
ამ შემთხვევის გამო ილოვაისკი წერდა გენერალ-ანშეფ გუდოვიჩს: “სამი პოლკის ცნობილი გამოქცეულები, მაისის 31-ე დღეს ჩერკასკში მოსვლის შემდეგ, მათი მღელვარებით, რომელიც მთელ დღეს გრძელდებოდა, ყველა აქაურ მოქალაქეში საშინელ შიშს თესდნენ და ეძიებდნენ საკუთრივ ჩემს თავს, მარტო მე მთვლიდნენ რა დანიშნული გადასახლების მიზეზად. აქ რომ მათ წინააღმდეგ სიმკაცრე გამომეყენებინა, მაშინ, რა თქმა უნდა, მეცა და აქაური თანამოქალაქეებიც დაღუპვასა და უდანაშაულო სისხლისღვრას ვერ ავცდებოდით. მაგრამ გაბოროტების ჩასაქრობად მე მივმართე არა იარაღს, არამედ მხოლოდ მოფერებასა და დარწმუნებას და დავაწყნარე, საბოლოოდ, იმით, რომ გადავიხარე მათი მოთხოვნისკენ სახლებში გაშვებაზე, დავაიმედე ჩემი შუამდგომლობით მათთვის მონარქის წინაშე მათი დანაშაულის პატიებისა და ახალ დასახლებაზე გაშვებისგან მათი დახსნის თაობაზე”.
ზრუნავდა რა უფრო მეტად მხედრობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის, ილოვაისკი გამოემგზავრა პეტერბურგში. განმკარგავ ატამანად დარჩენილი გენერალ-მაიორი მარტინოვი აგრძელებდა კავკასიის ხაზიდან გამოქცეული კაზაკების მიღებას და აგზავნიდა მათ სტანიცებში. გუდოვიჩის მოთხოვნებზე, რომ ისინი პოლკებში დაებრუნებინა, მარტინოვი უარით პასუხობდა, ამბობდა რა, რომ მსგავს დაბრუნებას შეუძლია მთელი მხედრობის აღელვება, რომლის შორისაც უკვე შეიმჩნევა გარკვეული დუღილი. “სტანიცა მიხაილოვსკაიასა და მის მახლობლად ზოგიერთ სხვებშიც, მოახსენება თავადი შჩერბატოვი (Генералъ-маiору Мартынову въ рапорте отъ 19-го iюня), ძველი უმეცრები და ჩვენი ეკლესიისგან გამდგარი საზიზღარი უღმერთონი კითხულობენ რაღაც წიგნებს, რომელთაგან ერთს უწოდებენ წმ. კირილესას, და რომელთა მიხედვითაც თავიანთ მსგავს უაზრო ხალხს განუმარტავენ, რომ მერვე ათასეულის შუახანებში (მაგრამ რომელია ეს წელთაღრიცხვა, თქმა არ შეუძლიათ) შვიდი წლით დაცარიელდება დონი, და მაშინ იქნება საუკუნის აღსასრული. ხოლო კავკასიის ხაზზე კაზაკების შესახებ ახლახანს მომხდარი ბრძანებების გამო კი ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს დროა დამდგარი”.
ამასობაში, პეტერბურგიდან გამოგზავნილ იქნა ბრძანება, რათა გამოეცხადებინათ კაზაკებისთვის, რომ მათი გამოქცევა პატიებულ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ პოლკებს. გენერალ-მაიორი მარტინოვი და ბრიგადირი მ. ი. პლატოვი იყენებდნენ დარწმუნების ყველა საშუალებას, მაგრამ პოლკებს დაუბრუნდა არაუმეტეს 50 ადამიანისა; დანარჩენებმა გამოაცხადეს, რომ მათი სამსახური ხაზზე დასრულდა. სამხედრო კოლეგიამ ბრძანა, რომ ხაზზე მყოფი პოლკები ახლებით შეეცვალათ, ხოლო იმპერატრიცა ეკატერინე II-მ კი დაავალა ატამან ილოვაისკის, რათა თავისი შეხედულების და მიხედვით, გაეგზავნა 3.000 ადამიანი კავკასიის ხაზზე დასახლებისთვის.
“დონელ კაზაკთა გაქცევა, წერდა იმპერატრიცა ილოვაისკის (Въ рескрипте отъ 18-го августа 1792 г. Арх. Кабинета Его Императ. Величества, св. 451), პოზდეევის, ლუკოვკინისა და კოშკინის პოლკებიდან, გასაკიცხ სამსახურს უწევს დონის მხედრობას, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენი სამსახურისადმი თავისი ერთგულებითა და გულმოდგინებით. თუ როგორ ზომებს მიიღებს მხედრობის მთავრობა ამ ლაქის წასაშლელად ამ ბოროტმოქმედებთან მიმართებაში, და განსაკუთრებით კი მათი მოთავეებისა, ამის შესახებ გიბრძანებთ დაუყოვნებლივ ჩვენ მოგვახსენოთ. ხოლო რათა ჩვენს მიერ გაცემული განკარგულება ყუბანის გაყოლებაზე კაზაკთა სტანიცების დასახლების შესახებ ზუსტად სათანადო სარგებლით იქნას სისრულეში მოყვანილი, ახლა თქვენ გეძლევათ, რომ მხედრობის მმართველობის განკარგულებითა და უკეთესად მიჩნევით მოახდინოთ განწესი დონის მხედრობიდან ყუბანზე ჩვენგან დადგენილი სამი ათასი კაზაკის დასასახლებლად, და თქვენზე დაკისრებული ამ საქმის წარმატების შესახებ ჩვენ მოგვახსენებდეთ, შეატყობინებთ რა ამის თაობაზე გენერალ გუდოვიჩსაც”.
კაზაკების გასახლება წარმოებდა დიდი სიძნელით და ამისთვის ძალის გამოყენებაც გახდა საჭირო. მხოლოდ 1794 წლის აგვისტოში მოვიდა დონიდან ათასი ოჯახი, რომელთაც წარმოქმნეს კაზაკთა ყუბანის პოლკი და დასახლებულ იქნენ ექვს სტანიცაში: უსტ-ლაბის ციხესიმაგრესთან (300 ოჯახი), კავკასიის ციხესიმაგრესთან (150 ოჯახი), გრიგორიოპოლის სიმაგრესთან (150 ოჯახი), პროჩნი ოკოპთან (150 ოჯახი), ტემნოლესის რეტრანშემენტთან (150 ოჯახი) და ვოროვსკოლესის რედუტთან (100 ოჯახი). მალე დონზე შეიტყვეს გადმოსახლებულთა შეძლების შესახებ, ბუნების სიმდიდრისა და თავისუფალი ცხოვრების შესახებ. მაშინ, ნათესაობის საბაბითა და კიდევ სხვადასხვა მიზეზებით კაზაკებმა დაიწყეს დონიდან მთელი ოჯახებით წამოსვლა და ყუბანზე დასახლება. მოხალისენი იმდენად ბევრნი გამოჩნდნენ, რომ მოუხდათ ზომების მიღება მსგავსი გადმოსახლების შესაწყვეტად.
დონელი კაზაკების გადმოსახლებასთან ერთდროულად გადაწყვეტილ იქნა მიწის მთელი სივრცის დასახლება ქვემოთკენ ყუბანის გაყოლებით უსტ-ლაბის ციხესიმაგრიდან აზოვისა და შავი ზღვების ნაპირებამდე. ამისთვის განკუთვნილი იყო ერთგული შავი ზღვის კაზაკთა მხედრობა. სენატისადმი 1792 წლის 30 ივნისის ბრძანებულებით, უკანასკნელ თურქულ ომში გამოჩენილი გმირობებისთვის, როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზეც, შავი ზღვის კაზაკთა მხედრობას ეწყალობა ფანაგორიის ნახევარკუნძული და მიწა შემდეგ ამ ნახევარკუნძულიდან აზოვის ზღვის გაყოლებაზე ეისკის ქალაქამდე და ზემოთ ყუბანის გაყოლებით მასში მდინარე ლაბის შესართავამდე. მხედრობისთვის ბოძებული მიწების დიდი ნაწილი შედიოდა ტავრიდის ოლქის შემადგენლობაში, და ამიტომ შავი ზღვის კაზაკებიც შევიდნენ ტავრიდის გენერალ-გუბერნატორის გამგებლობაში.
გადასახლების თაობაზე ბრძანებულების მიღების შემდეგ შავი ზღვის მხედრობის ყოშის ატამანმა (кошевой атаманъ) ჩეპეგამ, 1793 წლის გაზაფხულზე, ტამანში გამოგზავნა საჯარისო ესაული გულიკი მხედრობისთვის უზენაესად ბოძებული მიწების დათვალიერებისთვის. მას მიეცა შავი ზღვის მხედრობის სხვადასხვა ჩინის 40 ადამიანი. გულიკისადმი ბრძანებაში ნათქვამი იყო, რათა იგი არა თავის საქმეებში არ ჩარეულიყო, არამედ ეცადა გულმოდგინებით აღესრულებინა მასზე დაკისრებული “დიდი საქმე”.
გულიკმა დაწვრილებით დაათვალიერა ტამანის ნახევარკუნძული და ყუბანის მხარე და შემდეგ მოვიდა გეორგიევსკში, სადაც გამოცხადდა კიდეც გენერალ-ანშეფ გუდოვიჩთან. მთავარსარდლისგან გულიკმა შეიტყო, რომ ივარაუდება შავი ზღვის მხედრობისთვის ნაწყალობევი მიწის ისედაც შეზღუდული სივრცის შემცირება. გუდოვიჩი წერდა ტავრიდის გუბერნატორს ჟეგულინს, რომ თუმცა კი ბრძანებულებით არის ნაწყალობევი შავი ზღვის მხედრობისთვის მდინარე ყუბანის ზემოთკენ გამოყოლებით უსტ-ლაბამდე, მაგრამ რადგანაც კავკასიის ხაზის მოწყობის შესახებ უზენაესად დამტკიცებული პროექტის მიხედვით დავარაუდევია სწორედ ლაბის შესართავთან ციხესიმაგრის აგება, ხოლო შემდეგ მისგან კი ყუბანის გაყოლებაზე ქვემოთ ვორონეჟის რედუტისა, ამიტომ შავი ზღვის მხედრობის მიწის საზღვარიც უნდა იყოს ამ უკანასკნელი რედუტიდან ოთხ ვერსზე. ამ ცნობამ უკიდურესად დაამწუხრა გულიკი და მან ძალზედ დაწვრილებით მოახსენა ყოველივეს თაობაზე მხედრობას.
ამასობაში, ყუბანზე გულიკის გამოგზავნასთან თითქმის ერთდროულად, ს.-პეტერბურგში გამოგზავნილ იქნა მხედრობის ზემდეგი გოლოვატი, რომელსაც მეგობრული კავშირები ჰქონდა ბევრ გავლენიან პირთან. მას ჰქონდა დავალება მხედრობისგან, რათა იმპერატრიცისთვის ეთხოვა უფლება მხედრობისთვის ნაწყალობევი მიწის მუდმივ მფლობელობაზე.
“მივმართავთ რა თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობას, წერდა მხედრობა (Во всеподд. прошенiи отъ 29-го февраля 1792 года), ყოვლადუქვეშევრდომილესად მონებრივ გევედრებით: ჩვენ, მხედრობა, დედობრივად მიგვიღეთ რა თქვენს ყოვლადუქვეშევრდომილეს წყალობაში, ტამანზე და მის შემოგარენში დასახლებისთვის, მოწყალედ ბრძანოთ გამოგვეყოს ხელსაყრელი მიწები, ისე საკმარისად, რათა ამ მხედრობის გამრავლებისას გაჭირვების გარეშე განთავსება შეიძლებოდეს, და მუდმივად მშვიდობით შთამომავლობით მის მფლობელობაზე ჩვენგან არჩეულ საჯარისო მსაჯულს, არმიის პოლკოვნიკსა და კავალერს ანტონ გოლოვატის, ზემდეგებთან ერთად ამისთვის გამოგზავნილს, თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაესი წყალობის სიგელი მიეცეს”.
ამაზე ზევით, კაზაკები ითხოვდნენ ბრძანებას, რომ ეძლიათ მათთვის პური ორი წლის განმავლობაში, ეწარმოებინათ თავისუფალი ვაჭრობა თავიანთ მიწაზე საბაჟო და გამოსასყიდი გადასახადების გარეშე (безъ пошлины и откуповъ), ჰქონოდათ თავისუფლად გადაზიდვების უფლება ყუბანიდან ყირიმის ნახევარკუნძულზე და, ბოლოს, მხედრობის დაარსების წესრიგის განსაზღვრას, “როგორი მდგომარეობით უნდა იყოს იგი” («на какомъ положенiи ему быть»).
გოლოვატი დედაქალაქში გულთბილად იქნა მიღებული და 1 აპრილს მიიღო იგი იმპერატრიცამ.
– ყოვლადუგანათლებულესო მონარქო, ყოვლადუმოწყალესო ხელმწიფავ! თქვა მან (Государств. Арх. XVI, д. № 965. ეს სიტყვა განსხვავდება კოროლენკოს წიგნში «Черноморцы» დაბეჭდილისგან, მაგრამ ჩვენ საჭიროდ ვთვლიდით მივყოლოდით ტექსტს, რომელიც შენარჩუნებულია სახელმწიფო არქივში). შენი დიდებულების სიცოცხლისმომცემი სიტყვით არარსებობიდან ხელახლა დაბადებული ერთგული შავი ზღვის ყოში ახლა გათავხედდება და გაბედავს, რომ ჩემს მიერ აღიმაღლოს თავისი მადლიერი ხმა შენი უგანათლებულესი დიდებულების წინაშე და ერთობლივად შეჰღაღადოს მის გულთა უღრმესი ერთგულება. მიიღე იგი როგორც მსხვერპლი მხოლოდ შენთვის ჩვენს მიერ შენახული, მიიღე და მღაღადებელთ შენი ფრთის ჩრდილქვეშ გვიბოძე ნავსაყუდელი, საფარველი და სიხარული.
1792 წლის 30 ივნისის უზენაესი სიგელით შავი ზღვის მხედრობას ეწყალობა კუნძული ფანაგორია მთელი მიწით, რომელიც ძევს ყუბანის მარჯვენა ნაპირზე მისი შესართავიდან უსტ-ლაბის რედუტამდე, “ისე რათა ერთის მხრივ მდინარე ყუბანი, მეორე მხრივ კი აზოვის ზღვა ეისკის ქალაქამდე შეადგენდნენ საზღვარს მხედრობის მიწისა”. სხვა მხარეებიდან საზღვრის დადება კი ებრძანათ კავკასიისა და ტავრიდის გუბერნატორებს შავი ზღვის მხედრობის დეპუტატებთან ერთად.
შავზღველებს მოვალეობად ეკისრებოდათ საზღვრის დაცვა იმიერყუბანელ მტაცებელთა თარეშებისგან, და ამისთვის მათ მიეცათ ბევრი სარგებელი. ისინი მდგომარეობდა: მხედრობისთვის ყოველწლიურად 20.000 მანეთის ჯამაგირის წყალობაში, “თავისუფალი შიდა ვაჭრობითა და მხედრობის მიწებზე ღვინის თავისუფალი გაყიდვით” სარგებლობაში; ღარიბ გადმოსახლებულთა დასახმარებლად 30.000 მანეთის ერთდროულ მიცემასა და 1793 წლის სექტემბრის ჩათვლით ყველასთვის პროვიანტის მიცემაში (Высочайшая грамота отъ 1-го iюля 1792 года).
მხედრობის საერო მმართველობა თანხმობაში უნდა ყოფილიყო გუბერნიათა მმართველობის შესახებ დაწესებულებებთან.
მიიღო რა ორი უზენაესი სიგელი, მხედრობის (საჯარისო) მსაჯულს გოლოვატის 13 ივლისს გამოსამშვიდობებელი აუდიენცია ჰქონდა იმპერატრიცასთან.
– ყოვლადუავგუსტესო მონარქო! თქვა მან. ჩვენ შენ შემოგივრდით, შენ, მონარქო, მართლმორწმუნევ, – შენ ჩვენ მიგვიღე როგორც დედამ. ტამანი ჩვენზე შენი მოწყალების საბოძვარი მასში მცხოვრებთათვის იქნება შენთა წყალობათა მარადიული საწინდარი. ჩვენ აღვმართავთ ქალაქებს, დავასახლებთ სოფლებს და შევინარჩუნებთ საზღვრების უსაფრთხოებას. ჩვენი ერთგულება და გულმოდგინება შენდამი, მონარქო, და სიყვარული სამშობლოსადმი მარადიული იქნება, ხოლო ამის მოწმეა ყოვლისშემძლე ღმერთი. უშვებდა რა გოლოვატის, იმპერატრიცამ უწყალობა ყოშის ატამანს ოქროს ხმალი, ხოლო მხედრობას კი მომზადებული პური და მარილი ოქროს სინზე ასეთივე სამარილით (Черноморцы. Соч. Короленко, стр. 33).
ამაზე ზევით ეკატერინე II-მ უწყალობა მხედრობას თეთრი დროშა, ვერცხლის საყვირები და ბეჭედი წარწერით: “მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ბეჭედი ერთგული შავი ზღვის მხედრობის ყოშისა”.
გოლოვატის პეტერბურგიდან დაბრუნების შესახებ ცნობის მიღებისთანავე, ყოშის ატამანმა მოუწყო მას საპარადო შეხვედრა. ჩეპეგამ მიავლინა “ოცდაათ ვერსზე ხუთასეულიანი პოლკი, მხედრობის რეზიდენციაში მოიწვია ჯარის ყველა ზემდეგი, ხერსონის მთავარეპისკოპოსი და დანარჩენი სასულიერო წოდება. მოწყობილ მშვენიერ ადგილზე ყოშის ატამანმა ჩეპეგამ კაზაკების შეკრებისა და მრავალრიცხოვნი ხალხის მოდინებისას, ამალით გარშემორტყმულმა, მოისმინა გოლოვატის მისალმება და და ღირსებით მიიღო მხედრობის სახელოვანი მართვისთვის უზენაესად მისდამი ნაწყალობევი ალმასებით მორთული ხმალი. წელზე შემოირტყა რა ძვირფასი საჩუქარი, ჩეპეგამ ღრმა გულაჩუყების გრძნობით მიიღო საჯარისო მსაჯულისგან შავი ზღვის მხედრობისადმი მონარქის მოწყალების ძვირფასი ნიშნები, გამოუცხადა ხალხს უზენაესი სიგელები და, სათანადო ცერემონით მადლობა შესწირა რა ღმერთს მხედრობის ეკლესიაში, სადიდებელად გაუმასპინძლდა მხედრობას სამეფო პურითა და მარილით” (*სინზე იყო წარწერა: “ეკატერინე დიდის მიერ ერთგული შავი ზღვის მხედრობისადმი ბოძებული 1792 წლის 13 ივლისს ცარსკოე სელოში, საჯარისო მსაჯულისა და კავალრის ანტონ გოლოვატის მეშვეობით”. აღსანიშნავია, რომ ეს სულაც არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა იმპერატრიცის სიცოცხლეში მის სახელზე დამატებულია ტიტული “დიდისა”).
ზეიმების შემდეგ მხედრობამ დაიწყო გადმოსახლებისთვის მზადება, და ჯერ კიდევ გოლოვატის დაბრუნებამდე შავი ზღვის კაზაკები, 3.847 ადამიანის რიცხვით, საჯარისო პოლკოვნიკის საბა ბელის მეთაურობით, ზღვით გამოემართნენ ტამანისკენ, სადაც მოვიდნენ კიდეც 25 აგვისტოს. ამის შემდეგ კვალდაკვალ, 2 და 5 სექტემბერს, მშრალი გზით ბუგიდან გამოვიდა ყოშის ატამანი ჩეპეგაც მთელი დანარჩენი მხედრობით, და ოქტომბრის ბოლოს შავზღველები, შორეული ლაშქრობით მოქანცულები, გამოზამთრებისთვის გაჩერდნენ ეისკის კოსასთან (при Ейской косе) ხანის ქალაქში. 1793 წლის 10 მაისს ატამანი ჩეპეგა თავისი კაზაკებით დაიძრა ყუბანისკენ მასში მდინარე ლაბას შესართავამდე და მაშინვე დაფარა საზღვარი კორდონებითა და პიკეტებით. აქედან ჩეპეგა გაემართა გუდოვიჩთან.
– ზაქარია ალექის ძევ, ეუბნებოდა მას გუდოვიჩი, შენ ასეთი დიდი რაზმით რატომ დადიხარ საზღვრის გაყოლებაზე; ჩერქეზებს თქვენი დანახვა აშინებთ და უკვე დაიწყეს თავიანთი სოფლებიდან მთებისკენ წასვლა.
– ღმერთმა მისცეთ მათ შიში, პასუხობდა ჩეპეგა, რათა მათ ჩვენი ყოველთვის ეშინოდეთ.
დაბრუნდა რა მხედრობასთან და აირჩია რა ადგილი მთავარი დასახლებისთვის მდინარე ყუბანზე ყარასუგის კუტში (въ Карасугскомъ куте), ჩეპეგა დანარჩენი პიკეტებზე არდაყენებული კაზაკებითა და მხედრობის მთავრობით მოვიდა აქ 10 ივნისს და ბანაკად განლაგდა. – ერთი თვის შემდეგ, 15 ივლისს მოვიდა მხედრობის მსაჯული გოლოვატიც დნესტრზე დროებით დატოვებული კაზაკებით.
15 აგვისტოს მხედრობის მმართველობაში შეიკრიბნენ ყოშის ატამანი, მხედრობის ზემდეგები, პოლკოვნიკები, თუღის ამხანაგობა (бунчуковое товарищество), პოლკთა ზემდეგები და ატამანები. – “მათ დაადგინეს, რომ კარასუგის კუტში, მუხნარის პირდაპირ, რომელსაც კრუგლიკი ეწოდებოდა, სიცოცხლისმომცემის ჩვენი დიადი ხელმწიფას ეკატერინე ალექსის ასულის სახელის ღირსსახსოვარი მოხსენიებისთვის, აიგოს მთავარი ქალაქი ეკატერინოდარი, აშენებულ იქნას მასში მხედრობის მთავრობა და ორმოცი კურენი (ისტ. ზაპოროჟიეში კაზაკთა ჯარის ნაწილი. – ი. ხ.). საზღვრის გაყოლებაზე კი იმიერყუბანელ ხალხებთან მოყვარულ-მეზობლური მეგობრობის უსწრაფესად დამყარებისთვის, ბოროტად მავნე ადამიანების გამორიცხვით, გზები და მდინარე ყუბანზე არსებული გადასასვლელები დაიფაროს სამხედრო კურენული სოფლებით მათი კურენების სახელწოდებათა მიხედვით”.
ამრიგად, დასახლებულ იქნა კორდონებთან
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . კომლების . . . . ს უ ლ ე ბ ი ს . . . რ ი ც ხ ვ ი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .რიცხვი. . . . . მამრობითი . . მდედრობითი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სქესისა . . . . . . . სქესისა
1) ვორონეჟისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . 250 . . . . . . . . . . . 685 . . . . . . . . . . 546
2) კონსტანტინოვსკისა . . . . . . . . . . . .195 . . . . . . . . . . . 480 . . . . . . . . . . 406
3) ალექსანდრესი . . . . . . . . . . . . . . . . .107 . . . . . . . . . . . 316 . . . . . . . . . . 269
4) პავლოვსკისა . . . . . . . . . . . . . . . . . . 109 . . . . . . . . . . . 320 . . . . . . . . . . 275
5) ველიკო-მარიინისა . . . . . . . . . . . . . 289 . . . . . . . . . . . 768 . . . . . . . . . .646
6) ქალაქ ეკატერინოდარში . . . . . . . . 365 . . . . . . . . . . . 916 . . . . . . . . . . 769
7) ალექსანდროვსკისა . . . . . . . . . . . . . .50 . . . . . . . . . . .132 . . . . . . . . . . 116
8) ელისაბედისა . . . . . . . . . . . . . . . . . . 250 . . . . . . . . . . .726 . . . . . . . . . . 617
9) ელინისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .47 . . . . . . . . . . .116 . . . . . . . . . . . 91
10) მარიინისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 125 . . . . . . . . . . .306 . . . . . . . . . . 221
11) ნოვო-ეკატერინისა . . . . . . . . . . . . .226 . . . . . . . . . . .630 . . . . . . . . . .597
12) ოლგასი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 39 . . . . . . . . . . . . 93 . . . . . . . . . . .62
13) სლავიანსკისა . . . . . . . . . . . . . . . . . . 54 . . . . . . . . . . .129 . . . . . . . . . . .98
14) პროტოკსისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . 43 . . . . . . . . . . . .97 . . . . . . . . . . .81
15) კოპილში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 76 . . . . . . . . . . .211 . . . . . . . . . .173
16) პეტროვსკისა . . . . . . . . . . . . . . . . . . .63 . . . . . . . . . . .173 . . . . . . . . . .116
17) ანდრეევსკისა . . . . . . . . . . . . . . . . . . 77 . . . . . . . . . . .184 . . . . . . . . . 110
18) გრიგორიევსკისა . . . . . . . . . . . . . . 112 . . . . . . . . . . . 313 . . . . . . . . . 269
19) პლატონოგორსკისა . . . . . . . . . . . .119 . . . . . . . . . . . 320 . . . . . . . . . 283
20) ფანაგორიისკისა . . . . . . . . . . . . . . . 34 . . . . . . . . . . . . 91 . . . . . . . . . . 59
სულ ყუბანის გაყოლებაზე . . . . . . . 2630 . . . . . . . . . . 7006 . . . . . . . . .5804
სულ ორივე სქესისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12810 . . . . . .
მდინარე ეიზე დასახლებული კომლები:
21) ტკბილ ლიმანთან . . . . . . . . . . . . . . .95 . . . . . . . . . . 311 . . . . . . . . . .259
22) ბურლაკების შავ ფონთან . . . . . . . 115 . . . . . . . . . . .362 . . . . . . . . . 271
23) სასიკ ეის შესართავის ზემოთ
კრინიცებთან . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 39 . . . . . . . . . . . 20 . . . . . . . . . . .87
24) კუგაი-ეიკის შესართავთან . . . . . . . 57. . . . . . . . . . . 161 . . . . . . . . . 102
სულ მდინარე ეის გაყოლებაზე . . . . . 306 . . . . . . . . . . 854 . . . . . . . . . 710
1794 წლის 6 იანვარს, ღმერთის გამოცხადების დღეს, ქალაქ ეკატერინოდარში, ათ საათზე, მდინარე ყუბანში წყლის კურთხევის დროს წარმოებულ იქნა ზარბაზნებიდან და თოფებიდან სროლა. – წინასწარ გაცემული განკარგულების მიხედვით სწორედ ამავე საათში წარმოებულ იქნა სროლა ყველა სასაზღვრო სოფელში და კორდონზე. – 8 რიცხვის დილას ეკატერინოდარის კორდონის შემადგენლობაში მყოფ ზემდეგ სემიონ შჩერბინასთან მოვიდა სამი ჩერქეზი.
– ჩვენ თავადებმა გამოგვგზავნეს იმის გასაგებად, ამბობდნენ ისინი, თუ რა მიზეზით გრძელდებოდა თქვენთან ასე დიდხანს სროლა? ჩვენი ჩერქეზები, ასეთი საშინელი სროლა რომ არასოდეს არ გაუგონიათ, იმდენად შეშინდნენ, რომ თავიანთ ქონებასა და საცხოვრებელს ტოვებენ და მთებში მიდიან.
– იმ დღეს, პასუხობდა შჩერბინა, ჩვენი კანონის მიხედვით, იყო ისეთი დღესასწაული, რომ საჭირო იყო სროლა. ხოლო რადგანაც ჩვენს იმპერატრიცას სამეფო საგვარეულოს მაღალი პირები ბევრი ჰყავს, ამიტომ სამადლობელი ლოცვის აღსრულებისას, ასეთი სროლა წლის განმავლობაში ხშირად იქნება წარმოებული. და ასე უთხარით თქვენს თავადებსა და ჩერქეზებს, რათა მათ მომავალში ასეთი სროლისა აღარ ეშინოდეთ (Русскiй инвалидъ 1829 г., №№ 97 и 98).
ყველაფერი ეს ხდებოდა მაშინ, როცა შავი ზღვის კაზაკები საბოლოოდ არ იყვნენ შეყვანილნი მათთვის ნაწყალობევი მიწის მფლობელობაში.
უზენაესი სიგელის საფუძველზე, 1793 წლის აგვისტოში, შავი ზღვის მხედრობის დეპუტატები გამიჯვნისთვის მოვიდნენ ეისკის სიმაგრეში, მაგრამ სამუშაოები მალევე შეწყდა საზღვრების გატარებაში უთანხმოებათა გამო. მიუთითებდნენ რა ბრძანებულებაზე, შავზღველები მოითხოვდნენ გამიჯვნის მიმართვას პირდაპირ მდინარე ლაბას შესართავზე, და არა მის ქვემოთ 20 ვერსზე, როგორც სთავაზობდა გუდოვიჩი. მთავარსარდალი თავის სიტყვაზე იდგა, და მაშინ ყოშის ატამანი ითხოვდა, რათა საზღვარი ეისკის სიმაგრიდან გატარებული ყოფილიყო არა ლაბას შესართავისკენ, არამედ ზემოთ პატარა მდინარე კუგაი-ეიკის გაყოლებით მის სათავეებამდე, ხოლო იქიდან კი უკვე პირდაპირ ყუბანზე. “სხვანაირად, ამბობდა ჩეპეგა, მხედრობას, სურს რა დასახლება მდინარე ყუბანის გაყოლებით 40 კურენის რიცხვით, არ ექნება თავის უკან მიწა, მოსახერხებელი ხვნა-თესვისა და მესაქონლეობისთვის, იმიტომ რომ ამ მიწების უმეტესი ნაწილი შედგება მწარეწყლიანი ჭაობებისგან”.
გრაფი ზუბოვი ეკითხებოდა გუდოვიჩს (Письмомъ отъ 4-го мая 1794 года), ხომ ვერ ჰპოვებს იგი მოსახერხებლად, რომ შავზღველებისთვის გამოჰყოს მიწა მათი თხოვნის თანახმად. გუდოვიჩი ამტკიცებდა, რომ მდინარე კუგაი-ეიკის სათავეებიდან არ შეიძლება საზღვრის გატარება პირდაპირი ხაზით ყუბანზე, ვინაიდან უსტ-ლაბის ციხესიმაგრესა და ვორონეჟის რედუტს, სადაც ნავარაუდევია სტანიცების დასახლება, არ ექნებათ მაშინ თავიანთ უკან დამუშავებისთვის აუცილებელი მიწა. ამრიგად საკითხმა საზღვრის გატარების შესახებ წარმოშვა კამათები და დავები, რომლებიც დასრულდა მხოლოდ 1795 წელს ურთიერთ დათმობების შემდეგ. ამ წლის მარტისათვის შავზღველთათვის ნაწყალობევ მიწაზე დასახლებული იყო უკვე 17.000 სული. მათ წილად ერგოთ შეუპოვარი და ხანგრძლივი ბრძოლა მთიელებთან და სახელოვანი მონაწილეობა, რომელსაც შავი ზღვის კაზაკები ღებულობდნენ რუსეთის ყველა ომში გარეშე მტრებთან ევროპულ და აზიურ თეატრებზე (*გახურებული გადმოსახლების დროს კაზაკები მოწოდებულ იქნენ საბრძოლო საქმიანობისთვის, და 1794 წლის აპრილში ორი ცხენოსანი პოლკი გაგზავნილ იქნა პოლონეთში. “დედაქალაქში თქვენი ყოფნის დროს, წერდა 1794 წ. 25 აპრილს გრაფი პ. ა. ზუბოვი გოლოვატის, თქვენ მე ზოგჯერ მეუბნებოდით, რომ სტუმრად სწვეოდით პოლონელებს. ახლა ჩვენი ყოვლადმოწყალე დედა თქვენგან გზავნის იქ ორ ცხენოსან პოლკს, ამის შესახებ ჩემგან მიეწერა ზაქარია ალექსის ძესაც /ჩეპეგას/. ერთგული კაზაკები ამ დანიშვნაში დაინახავენ მათი ქველმოქმედის მათდამი მოწყალების ახალ მაგალითს და შეეცდებიან ამ შემთხვევის გამოყენებას რამდენადაც მის სამსახურში, იმდენადვე საკუთარი სარგებლისთვისაც”).
ყუბანის მიწის ნაწილის შავი ზღვის მხედრობის მფლობელობაში გადაცემასთან ერთად, წარმოიშვა ამ მიწებზე მომთაბარე ნოღაელი თათრების მოშორების აუცილებლობაც, და ამ მიზნით მათი ნაწილი გადაყვანილ იქნა на Молочныя воды, ხოლო მეორე ნაწილი კი მდინარე კუმაზე, სადაც შეერთებულ იქნა კიდეც თურქმენებთან.
დაბოლოს, კავკასიის ხაზზე სიმშვიდის უფრო მტკიცედ უზრუნველყოფისთვის, იმპერატრიცამ დაავალა გუდოვიჩს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცია ყაბარდოელებისთვის. “უფროსობის არარსებობა, რომელიც ნერგავს უწესრიგობებს, წერდა იგი (Въ рескрипте Гудовичу отъ 28-го февраля 1792 г. Адх. Кабинета Его Императорскаго Величества. Св. 445), თავხედობასა და მტაცებლობას როგორც დიდ, ისე მცირე ყაბარდოშიც, არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ქვეშევრდომი ეს ხალხი ამ დრომდე ვერ იქნა მოქცეული იმპერიისთვის რაიმე სარგებლის მოსატანად, არამედ თავისი შფოთიანობით მხოლოდ შეშფოთებასა და საზრუნავებს გვმატებდა. მაგრამ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი მძვინვარე ზნე-ჩვეულებების მოთვინიერება შესაძლებელია, თუკი მივყვებით ჩვენი ცნობილი კაცთმოყვარეობისთვისა და თითოეულის სიკეთეზე ზრუნვისთვის დამახასიათებელ წესებს.
არა მხოლოდ იარაღის ძალით არის ჯეროვანი ხალხების დამარცხება, რომლებიც ცხვრობენ მიუდგომელ მთებში და მათში გააჩნიათ ჩვენი ჯარებისგან საიმედო თავშესაფრები, არამედ უფრო მეტად მართლმსაჯულებითა და სამართლიანობით არის საჭირო მათი ჩვენდამი ნდობის მოპოვება, სიმშვიდით (თვინიერებით) მათი ზნე-ჩვეულებების შერბილება, გულის მოგება და იმის სწავლება, რომ უფრო მეტი ურთიერთობები ჰქონდეთ რუსებთან, რისთვისაც საჭიროა: 1) ყველანაირად ეალერსებოდეთ და თქვენსკენ მოიზიდავდეთ ამ ხალხის საუკეთესო ადამიანებს; იმათ შესახებ კი, რომლებიც უფრო მეტად იჩენენ ჩვენდამი და ჩვენი იმპერიისადმი ერთგულებას, ნებას გაძლევთ თქვენ, რომ გვიკეთებდეთ წარდგენებს, რომელთა შედეგადაც არ დავაყოვნებთ მათ წყალობას ჩინებით, ფულითა და წარჩინების სხვა ჯილდოებით ჩვენი შეხედულების და მიხედვით; ხოლო ყველაზე უფრო მეტად კი ჩვენი მონარქიული გულუხვობა და წყალობა გადმოიღვრება იმათზე, რომლებიც ნებაყოფლობით მიიღებენ ქრისტიანულ სარწმუნოებას. და ასეთი გულუხვობანი კი, რა თქმა უნდა, სხვებისთვის გამამხნევებელი იქნება იმათ მისაბაძად, რომლებიც ჩვენდამი ერთგულებას გამოიჩენენ. 2) მტკიცედ ადევნეთ თვალყური, რათა არც ჩვენი ჯარებისგან, არც ხაზზე მოსახლე კაზაკებისგან არ იქნას მიყენებული ჩვენს ციხესიმაგრეებში მოსული მთიელებისთვის თუნდაც უმცირესი შევიწროვება და წყენა, უმკაცრესად გიდასტურებთ რა, რათა სამხედრო, საველე და გარნიზონთა უფროსები არ მიუშვებდნენ თავიანთ ხელქვეითებს არანაირ თვითნებობებზე ყაბარდოელთა და სხვა მთიელი ხალხების წინააღმდეგ, ცხენთა რემების გამორეკვით, მტაცებლობითა და ამის მსგავსი სახით, მისცემთ რა სამართალში და უსასტიკესად დასჯით ყველას, ვინც ამის საწინააღმდეგოდ მოიქცევა, როგორც დამნაშავეს, რომელიც თავისი საქციელით იძლევა საბაბს ჩვენ ქვეშევრდომთა სიმშვიდის დარღვევისთვის, და მათიც, ვისაც ჩვენს მიერ აქვთ დარწმუნებულობა და სიმშვიდე ბოძებული; ვინაიდან არ არის ეჭვი, რომ ჩვენი მხრიდან ასეთი მიშვება (попущенiе) თავს დაგვატეხდა ამ ველური ხალხებისგან შურისძიების გამო ქურდობასა და ძარცვას. 3) პირველ ხანებში ჩვენ სასარგებლოდ მივიჩნევთ მათ შორის საგვარეულოთა რიცხვის მიხედვით სასამართლოების დაარსებას, მფლობელთათვის შემდეგი სახელით ყაბარდოს ამა და ამ საგვარეულოს სასამართლო (кабардинскiй такого-то рода судъ), ხოლო უზდენებისთვის კი საგვარეულო სადამსჯელოები (родовые расправы), შევადგენთ რა ერთთაც და მეორეთაც თავად მათ მიერვე არჩეული საუკეთესო ადამიანებისგან, არ შევურევთ რა მათ არავის ჩვენი ოფიცრებისგან იმის მაგალითით, როგორც სარგებლით არის მოწყობილი ორენბურგში ყირგიზებს შორის სადამსჯელოები. ასეთ საგვარეულო სასამართლოებსა და სადამსჯელოებში არჩეული ადამიანებისთვის არ დავაყოვნებთ შესაფერისი ჯამაგირის განსაზღვრას თქვენგან სამაგალითო დებულების მიღების შემდეგ. ამ სარგებელზე ზევით მათ უნდა მიეცეთ პატივისცემაც, რათა შეეძლოთ თავიანთი გადაწყვეტილებებისადმი მორჩილების დამკვიდრება. არცთუ ზედმეტად მივიჩნევთ აგრეთვე უმაღლესი სასაზღვრო სასამართლოს დაარსებას მოზდოკში ან ეკატერინოგრადში, რომელშიც იქნებოდნენ ასევე მათი საგვარეულოებისგან არჩეული უპირველესი ადამიანები და იქ ჩამოსული ხალხთა დეპუტატები, ჩვენს მიერ განსაზღვრულ მოხელეებთან ერთად. ზოგადად ყაბარდოულ საგვარეულო სასამართლოებსა და სადამსჯელოებს შეუძლიათ მათი სადაო საქმეებისა და მცირე დანაშაულთა განსჯა მათი წეს-ჩვეულებების მიხედვით; მაგრამ მნიშვნელოვანი დანაშაულებანი, როგორიცაა ღალატი, მკვლელობა და ყაჩაღობა, განხილულ უნდა იქნას სასაზღვრო სასამართლოში ჩვენი კანონების მიხედვით და მისი მოსაზრების თანდართვით უნდა წარედგინოს გენერალ-გუბერნატორს. მაგრამ თუკი მოხდება, რომ საგვარეულო სასამართლოებსა და სადამსჯელოებში საქმის მქონენი მათი გარჩევით უკმაყოფილო იქნებიან, ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ სამართალი ითხოვონ სასაზღვრო სასამართლოში, რომელიც ამიტომ ვალდებული იქნება რომ განიხილავდეს ასეთ საქმეებს და მოდავეთ აძლევდეს სამართლიან და გაუჭიანურებელ დაკმაყოფილებას. ამის შექმნას ვაკისრებთ თქვენს კეთილგონიერებასა და გამოცდილებას და მოვითხოვთ, რათა თქვენ, დაემყარებით რა ჩვენს მიერ მოხაზულ ამ ზოგად წესებს, ეცადოთ ამის საუკეთესო ხერხით მოქმედებაში მოყვანას მხოლოდ დარწმუნებით და არა სხვანაირად, თუ არა ყაბარდოელთა სურვილისა და კეთილი ნების მსგავსად, რისთვისაც გეძლევათ კიდეც თქვენ, რომ მაგ მხარის ადგილობრივი ცნობების, გარემოებათა და ამ ხალხების ადათ-წესების გათვალისწინებით გამოთქვათ დასაბუთებული ვარაუდი იმისა, თუ სად უნდა იქნას დაარსებული საგვარეულო სასამართლოები და სადამსჯელოები და უმაღლესი სასაზღვრო სასამართლო და როგორ იქნება უფრო მოსახერხებელი ამის აღსრულებისადმი შედგომა; ჩვენს მიმართ თქვენი მოხსენებების და მიხედვით არ დავაყოვნებთ შემდგომშიც ჩვენი დარიგებების მოცემას. წესრიგისა და დაქვემდებარებულობის მსგავსი დაწესებულებების მისაღებად ყველაზე უფრო უკეთესი და მოსახერხებელი დარწმუნებისა და წახალისებისთვის სიკეთედ მივიჩნევთ, რათა თქვენ ამ დაწესებულებებს აწყობდეთ და თქვენს შეგონებებს ახდენდეთ მათი თანამემამულის გენერალ-მაიორ გორიჩის ან სხვა ვინმეს მეშვეობით, ვისაც თქვენი შეხედულების და მიხედვით ამისი უნარი ექნება; და რათა მათი სარწმუნოებაც ამავე საგნისკენ მომართოთ, საჭირო იქნება მას დასახმარებლად მისცეთ რამდენიმე მოლა ჩვენი ყაზანელი თათრებიდან, რომელთაც ჩვენ დიდ და მცირე ყაბარდოში მეჩეთების მოწყობის ნებართვაზე უარს არ ვეტყოდით. მთიელ ხალხებზე უფრო ძლიერი შთაბეჭდილების მოსახდენად და ჩვენდამი მათი მომხრობის განსამტკიცებლად ხომ არ ჩათვლით საჭიროდ, რათა გარკვეული დროით თქვენთან გამოგზავნილ იქნას ორენბურგში მყოფი მუფტი, რომელიც სარგებლით იქნებოდა გამოყენებული მაგ მხარის სიმშვიდისა და ველურ ყირგიზულ (?) ხალხებს შორის ახალი წყობილების შემოღებისთვის. სხვა მხრივ, ზოგადად თქვენ გევალებათ, რომ ცდილობდეთ კავკასიის ყველა ხალხის ჩვენდამი მომხრობას, ჩვენი უზენაესი ტახტისადმი გარკვეული სახით მათ დამოკიდებულებაში მოყვანას, იმპერიისა და მათი საკუთარი სარგებლისადმი მათ შემობრუნებას და დარწმუნებით ავრცელებდეთ ჩვენს კეთილმოწყობასა და კანონებს, რომელთა მათთვის მისაცემადაც ჩვენ მზად გახლავართ მათი საკუთარი სიმშვიდის, სიწყნარისა და კეთილდღეობისთვის”.
ითხოვდა რა მასთან მუფტის გამოგზავნას, გუდოვიჩი გენერალ-მაიორ გორიჩს არ მიიჩნევდა ყაბარდოელებს შორის სიმშვიდის დასამკვიდრებლად უნარის მქონედ. მათ იგი არ უყვარდათ და მისდამი არანაირი ნდობა არ გააჩნდათ. თუმცა კი გორიჩი თავად ყაბარდოელი იყო, მაგრამ იგი არ ყოფილა მფლობელთა საგვარეულოდან, რომლებიც თავიანთი წარმოშობით ამაყობდნენ. “ამ ხალხის გამოსწორება, წერდა გუდოვიჩი, საჭიროა რბილად, და თანაც ზაფხულში, რათა მათ თვალსაწიერში იდგეს ჯარი” (Письмо Гудовича П. А. Зубову 24-го марта 1792 г.). შეგონებების, რჩევებისა და დარიგებების დახმარებით გუდოვიჩმა მოახერხა იმის მიღწევა, რომ ყაბარდოელები თავად ითხოვდნენ მათთან საგვარეულო სასამართლოებისა და სადამსჯელოების დაარსებას.
1793 წლის 19 აპრილს უზენაესად იქნა დამტკიცებული საგვარეულო სასამართლოები მფლობელთათვის: ორი დიდ და ერთიც მცირე ყაბარდოში და სავარეულო სადამსჯელოები უზდენებისთვის: ორი დიდ ყაბარდოში და ერთიც მცირეში. სისხლის სამართლის საქმეებისთვის მოზდოკში დაარსებულ იქნა უმაღლესი სასაზღვრო სასამართლო მოზდოკის კომენდანტის თავმჯდომარეობით. ამ სასამართლოებს, გუდოვიჩის რამდენადმე აჩქარებული დასკვნით, ვითომდა დიდი გავლენა ჰქონდათ ყაბარდოელთა მკაცრი ზნე-ხასიათისა და ადათების შერბილებაზე და “მათში შემეცნებათა და (რუსული ხელისუფლებისადმი) მორჩილების დამკვიდრებაზე”. ის, რაც უწინ მიიღწეოდა იმ მხარეში ჩვენი ჯარების მნიშვნელოვანი რაზმის (отрядъ) შენახვით, ახლა საკმარისი იყო მცირე სამხედრო რაზმითაც (команда), “რომელიც მეტად იშვიათად იგზავნებოდა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში”.
ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილობრივ იყო სამართლიანი; სინამდვილეში კი ყაბარდოელები მას შემდეგაც დიდხანს რჩებოდნენ ისეთივე მტაცებლებად, როგორებიც იყვნენ სასამართლოების დაარსებამდე. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. სასამართლოების დაარსებასთან ერთად ყაბარდოელებმა იგრძნეს ყველაფერში თავიანთი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შევიწროვება (Съ учрежденiемъ судовъ кабардинцы почувствовали во всёмъ стесненiе своей вольности и независимости). მათ აეკრძალათ საზღვარგარეთ წასვლა უფროსობის ნებართვის გარეშე, მკვლელისთვის თავიანთი ნების მიხედვით სამაგიეროს გადახდა, ყონაღობისა და სტუმართმოყვარეობის წეს-ჩვეულებით დამნაშავეთა შეფარება, მხედრების (ჯიგიტების) შეკრება და მეზობელ ტომებში ან კავკასიის ხაზზე ძარცვა-თარეშის მოწყობა.
ამდენად მკვეთრმა შემობრუნებამ ყაბარდოელთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აიძულა ისინი რომ ეზრუნათ დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის, და მათ პორტასთან დაიწყეს დაცვის ძიება.
არ ჰქონდა რა ყაბარდოელთა საქმებში აშკარად ჩარევის შესაძლებლობა, თურქეთის მთავრობა მთელი ძალებით ცდილობდა მათში რუსეთისადმი არაკეთილგანწყობის მხარდაჭერასა და შენარჩუნებას. თურქები აღადგენდნენ ანაპის დანგრეულ სიმაგრეებს, სადაც მოელოდნენ ახალი ჯარების მოსვლას იმიერყუბანელთათვის ლაგამის ამოდების საბაბით, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ ანაპის ფასას. 1794 წლის თებერვალში დიდ ყაბარდოში დაჭერილ იქნა (былъ перехваченъ) სულთანის ფირმანი და მურად-გირეი-სულთანის წერილი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებდა ყველა იმიერყუბანელი ხალხის უფროსს, და ირწმუნებოდა, რომ სულთანმა მას დაავალა ყაბარდოელებზე მზრუნველობა. გზავნიდა რა სულთანის ფირმანს, მურად-გირეი სთხოვდა რომ ყურადღებით წაეკითხათ ის და მზად ყოფილიყვნენ ურჯულოთა წინააღმდეგ მოქმედებისთვის (Письмо Муратъ-Гирей-султана и фирманъ султана. Московск. Арх. Главн. Штаба, дела графа Салтыкова). სულთანი სელიმი სთხოვდა ყაბარდოელებს სცოდნოდათ, რომ “ჩვენს მიერ რუსეთთან დადებული მშვიდობა უფრო მეტ წილად გვჭირდებიდა ჩვენ ყაბარდოსა და ყირიმისთვის. ამრიგად, თუკი შეეცდებით თქვენ რომ გადახვიდეთ ყუბანს იქით, მაშინ რუსეთისგან თქვენი თავდასხნის თაობაზე ეჭვი არ უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ პორტა თქვენ არ მიგატოვებთ.
ხოლო რაც შეეხება იმას, რაც ჩვენსა და რუსეთს შორის ხდება, ამაზე გატყობინებთ, რუსეთის კარიდან ჩვენთან წარმოგზავნილი დესპანის მეშვეობით მოითხოვდა რუსეთი თავისი ქვეშევრდომებისთვის იერუსალიმში სათაყვანებლად ჩამოსვლის ნებართვას; მაგრამ ის წარმოგზავნილი რუსეთში თითქმის პასუხის გარეშე იქნა გაგზავნილი. ამიტომ, თუკი რუსეთს ძალა შესწევს, მაშინ ამაზე გაბრაზებული ჩვენს წინააღმდეგ მტრობით წამოსვლას არ დააყოვნებს, და ჩვენც ასევე განზრახული გვაქვს მასთან მტრობა. და როცა ასე მოხდება, მაშინ როგორც ყაბარდო, ისე ყირიმიც, რუსეთისგან თქვენი გამოხსნის აზრით, ჩვენგან მიტოვებული არ იქნებით. მანამდე კი ეცადეთ, რომ თქვენი ძალაუფლების ქვეშ მყოფებთან ერთად არ გადაიხაროთ რუსეთისკენ, არამედ გადადით მთებში და თქვენი განლაგებისა (განწყობისა) და მდგომარეობის თაობაზე ურთიერთობანი გქონდეთ ანაპის სერასკერ მურად-გირეი-სულთანთან, რომელსაც შეგიძლიათ უგზავნიდეთ თქვენგან, საჭიროებისდა მიხედვით, წარგზავნილებსაც, არ გექნებათ რა ამაში სულ მცირე ეჭვიც რუსეთისგან... იზრუნეთ მხოლოდ რათა იყოთ თქვენს მხარეში მცხოვრებ მაჰმადიანებთან თანხმობაში, და როგორი განზრახვა და განწყობა გექნებათ თქვენ ყველას საერთოდ, ამის შესახებ გამოგზავნეთ თქვენი საგანგებო წარმოგზავნილი თურქეთის კარზე წერილით მოხსენებისთვის. თქვენს სურვილში სავსებით დარწმუნებული იყავით და ახლა რუსეთისგან არაფრის არ უნდა გეშინოდეთ, იმიტომ რომ რუსეთთან ჩვენს სამშვიდობო დადგენილებაში ყველა მაჰმადიანისთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი, დათქმული გვაქვს წყენის მიყენებისა და დაჩაგვრის გარეშე ყოფნა.
ხოლო რაც შეეხება მაჰმადიანურ ჯარს, ის ისე სწავლობს საომარ მოქმედებებს, როგორც გერმანული ჯარი. თქვენ კი ეცადეთ რაც შეიძლება უფრო მეტად მიიღოთ ზომები მუსლიმანების რუსეთისგან დასახსნელად, რისთვისაც თქვენ ეს მოწერილობა ჩვენგან წარმოგზავნილი ჩოლოქ დერვიშის ხელით გეგზავნებათ”.
ამასთან ერთად, იმით შეწუხებულმა სულთანმა, რომ ტარკის შამხალი შემოვიდა რუსეთის ქვეშევრდომობაში, ხოლო დარუბანდის ხანი კი იმავე საკითხზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, გამოგზავნა ფირმანი დაღესტანსა და სპარსეთში მფლობელების რუსეთთან კავშირისგან არიდების მიზნით.
“გიბრძანებთ რა ამ უზენაესი ჩემი ფირმანით, – წერდა იგი* (*დაღესტნელებს, აკუშის ყადისა /кадiю акушенскому/ და ალი-სულთან-ბეგს), – გიცხადებთ, რომ ახლა ზავი რუსეთთან დადებულია უფრო მეტად იმიტომ, რომ მაჰმადიანური აღმსარებლობის ხალხები არიან დაშლილნი და სხვადასხვა ადგილას გაფანტულნი, თუმცა კი ახლაც სხვა ხელმწიფეები რუსეთს ეომებიან და რუსეთში სიმშვიდე არ არის. მაგრამ ამ შემთხვევაში, რომ რუსეთს სხვებთან ომი აქვს, ბოროტად რომ ვიმოქმედოთ ჩვენ მის წინააღმდეგ, უჯერო და სამარცხვინო იქნებოდა, არამედ ვცდილობთ მხოლოდ იმისთვის, რათა მართლმორწმუნე ხალხები ყველანი თანხმობაში იყვნენ, რადგანაც ამის თაობაზე ჩემგან წერილები გაეგზავნათ მექაში, ინდოეთსა და დასავლეთის ქვეყნებში ხელმწიფეებს, რაზედაც, რა თქმა უნდა, მუსლიმანები თანახმანი იქნებიან. და ამაზე ზევით კი ჩვენი ჯარიც დახელოვნებულ ადამიანთაგან რაც შეიძლება სწავლობს და ეჩვევა სამხედრო ეკზერციციას (წვრთნებს – ი. ხ.), ხოლო ქალაქები კი ჩვენში მაგრდება, ამიტომ ეცადეთ რაც შესაძლებელია იყოთ ურთიერთშორის თანხმობაში და ხელი არ აიღოთ აქ ჩვენთან თქვენი წარმომადგენლების გამოგზავნასა და ყველა თქვენი საჭიროების შესახებ შეტყობინებებზე. მე კი ჩემის მხრივ რამდენადაც შესაძლებელია შევეცდები ყირიმის, ყაბარდოსა და სხვა მუსლიმანური ოლქებისა და სოფლების რუსეთისგან განთავისუფლებას, იმიტომ რომ ეს მე უკიდურესად მაშფოთებს.
ამაზე ზევით კი მომახსენებენ ყაბარდოელი ჰაჯიები, რომ ყაბარდოელებს ურთიერთშორის აქვთ უთანხმოებანი და ყაბარდოში დაარსებულია მმართველობა. ამაზე მათ აქ ეთქვათ, რომ ახალი სამმართველოების დაარსება მოხდა აუცილებლობის გამო; სხვები ამბობდნენ, რომ მმართველობა მათთან აუცილებლობის გამო არ არის შექმნილი და ამ კამათის დროს ჩემთან დაბრუნდა აქედან გაგზავნილი ჯაშუში ჩოლაქ დერვიში. მან აქ დაწვრილებით გამოგვიცხადა ყოველივეს შესახებ, როგორც ყაბარდოელთა, ისე დაღესტნელების თაობაზეც, რომ თავად ისინი ღალატით არიან რუსეთის ხელში ჩავარდნილი და ბევრია მათ შორის მაცდური და მძვინვარე ადამიანი, რომელთაგან მხოლოდ შამხალმა, მიეყიდა რა რუსეთს, დარუბანდიც კი დაიყოლია რუსეთისადმი ჩასაბარებლად და ამისთვის ყოველწლიურად არცთუ ცოტა ჯამაგირს ღებულობს რუსეთისგან. რისთვისაც გიბრძანებთ კიდეც თქვენ ფირმანით, რათა ეცადოთ ისეთი მაცდური და მძვინვარე ადამიანების მოსპობას, როგორიც შამხალია, ან კიდევ შამხალის ადგილზე აირჩიოთ სხვა უფრო ღირსეული მისი საგვარეულოდან. ხოლო თუ ვინმე არ მოიქცევა ამ ჩემი ფირმანის ძალის მიხედვით, ასეთი გაშორებული იქნება ცოლისგან და დარჩება ისე როგორც კანონის გარეშე მყოფი და ურჯულო.
ამაზე ზევით კი ეცადეთ თქვენ იმის შესახებაც, რომ ყაბარდოელებს რუსეთისგან არ მიადგეთ შევიწროვება, ხოლო თუკი თქვენი ძალები არ იქნება საკმარისი, მაშინ შეგიძლიათ თავს უშველოთ მთებში და მე მომახსენოთ ამის თაობაზე, ამიტომაც თავს არ დავანებებ მე თქვენზე მზურველობასა და თვენს დახმარებას, და მაშინ უკვე მშვიდობის დარღვევის მიზეზი მე კი არ ვიქნები, არამედ რუსეთი. სხვა მხრივ, როგორადაც ჩვეულებრივ გასაჩუქრებდით თქვენ სამსახურისა და ჩემი ბრძანებების აღსრულებისთვის ხაზინით (ფულებით), ახლაც თქვენგან აქ წარმოგზავნილთა მოვლინებისას დაჯილდოვების გამო ეჭვი ნუ გექნებათ. თუმცა კი, თუ რუსეთისგან წყენები არ მოგადგებათ, თქვენც მისი საწინააღმდეგო არაფერი აკეთოთ და ჩემი ეს ბრძანება რუსეთისგან საიდუმლოდ შეინახეთ; მუსლიმანებს კი შეეცადეთ რამდენადაც შესაძლებელია ეს შეატყობინოთ”.
სულთანი სთხოვდა ყაბარდოელებსა და დაღესტნის მფლობელებს, რომ ურთიერთობებში შესულიყვნენ ახტა-ხანთან* (*აღა-მაჰმად-ხანთან. ახტა ნიშნავს საჭურისს) და მზად ყოფილიყვნენ მოქმედებებისთვის. მართლაც, ამ ხანებში პორტა მზად იყო ესარგებლა რუსეთის პოლიტიკური მდგომარეობით და მასთან მშვიდობა გაეწყვიტა. პოლონეთის მეორე გაყოფამ აღაგზნო ბევრი დერჟავის უკმაყოფილება და განსაკუთრებით კი საფრანგეთისა, რომელიც ცდილობდა თურქეთის განწყობას რუსეთის წინააღმდეგ. იმპერატრიცა ეკატერინე II-მ დაავალა გუდოვიჩს, რომ განსაკუთრებით ედევნებინა თვალყური იმ ხალხებზე, რომლებიც ცხოვრობენ ყუბანის იქითა მხარეს, და გამორჩეულად კი ყაბარდოელებზე, მით უმეტეს, რომ მამთ შორის უკვე შესამჩნევი ხდებოდა გარკვეული მღელვარება. 1794 წლის თებერვალში დიდ ყაბარდოში წარმოიქმნა უწესრიგობები და საგვარეულო სასამართლოებისა და სადამსჯელოებისადმი დაუმორჩილებლობა, ასე რომ მოუხდათ ძალის გამოყენება. გენერალ-მაიორი საველიევი რაზმით ცხრა თვის განმავლობაში დადიოდა ყაბარდოში და წესრიგს ამყარებდა (Всеподд. рапортъ Гудовича 9-го декабря 1794 г. Московск. Арх. Глав. Штаба, дела графа Салтыкова). აღშფოთების მთავარი მოთავეები, პოდპოლკოვნიკი ატაჟუკო ხამურზინი, იზმაილ ატაჟუკინი და მისი ძმა პრემიერ-მაიორი ადილ-გირეი ატაჟუკინი, საცხოვრებლად გასახლებულ იქნენ ეკატერინოსლავში (Отношенiе гр. Зубова екатеринославскому губернатору 10-го января 1795 г. Московск. Арх. Главн. Штаба, дела графа Салтыкова).
წესრიგის დამყარების შემდეგ, ყველაზე უფრო დიდგვაროვანმა მფლობელებმა წერილობითი ხელშეკრულებით ვალად იკისრეს რომ არ შეევიწროვებინათ თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფნი და მიეცათ მათთვის ანაზღაურება სამართლიან პრეტენზიებში. ამასთან ყველა წოდებამ დაადგინა, რომ თუკი მფლობელთაგან რომელიმე წავა მთებში, იგი დაკარგავს ყოველგვარ უფლებას მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფ ხალხზე, რომელიც გადავა კიდეც რუსეთის მთავრობის უშუალო მმართველობაში.
ხედავდა რა, რომ ყაბარდოელები უძლურნი არიან რაიმენაირი წინააღმდეგობის გასაწევად, პორტა ინტრიგებს აბავდა სპარსეთში, რათა ერთობლივი ძალებით წინ აღდგომოდნენ რუსეთის პოლიტიკურ გეგმებს.
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment