(წერილი მომზადებული ბროქჰაუზ–ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ–პეტერბურგი/ მასალებიდან; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხმობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილების დამატებით გაცნობას)
შ ი ნ ა ა რ ს ი
VI. მოვლენები 1848-დან 1871 წლამდე
VII. გერმანიის იმპერიის უახლესი ისტორია
გერმანული ტომები, რომლებიც სახლობენ ახლანდელ გერმანიაში რაინიდან ვისლამდე, გერმანული (ჩრდილოეთის) და ბალტიის ზღვებიდან დუნაიმდე, ცნობილი იყვნენ რომაელებისთვის გერმანელების სახელწოდებით (იხ.). ე. წ. ხალხთა დიდი გადასახლების დროს (იხ.), თავიანთი თავდაპირველი საცხოვრებელი ადგილებიდან გამოდევნილები, ისინი გამოემართნენ სამხრეთისკენ, მაშინ როდესაც აღმოსავლეთიდან მოწოლილმა სლავებმა დაიკავეს მიწები ელბამდე, ზაალემდე, ზემო მაინამდე და ბოჰემიის მთებამდე.
სალიელმა ფრანკებმა, შეუერთდნენ რა დანარჩენ დასავლელ და აღმოსავლელ ფრანკებს, ხლოდვიგის დროს საფუძველი დაუდეს ფრანკების სახელმწიფოს (იხ.). თუმცა კი მეროვინგული დინასტიის მმრთველობის ქვეშ ეს სახელმწიფო არაერთხელ განიცდიდა დაქუცმაცებას, მაგრამ ცოტ-ცოტად მან თავისი ძალაუფლების წრეში ჩართო მთელი გერმანული ხალხები. IX საუკუნის დასაწყისში კარლოს დიდის ბატონობა, რომელმაც ფორმითა და სახელწოდებით აღადგინა რომის იმპერია, ვრცელდებოდა ჩრდილოეთში გერმანიის ზღვიდან სამხრეთში გარილიანომდე, დასავლეთში პირინეის სამხრეთ ფერდობებიდან აღმოსავლეთში ლაითემდე და ელბამდე. მისსავე ძალაუფლებას დაემორჩილნენ სლავური ტომებიც ქვემო ოდერსა და ელბას შორის.
მაგრამ უკვე კარლოს დიდის ვაჟიშვილის, ლუდოვიკ I-ის ანუ ღვთისმოსავის სიკვდილის შემდეგ რომის იმპერია ვერდენის ხელშეკრულების (843 წ.) მიხედვით, გაყოფილ იქნა მის სამ ვაჟიშვილს შორის. კარლოს მელოტს ერგო მიწები რაინის დასავლეთით, ე. ი. ახლანდელი საფრანგეთის უმეტესი ნაწილი; ლოტარმა, იმპერატორის ტიტულთან ერთად, მიიღო იტალია, ბურგუნდია და მიწები რაინსა და მაასს შორის (რომელმაც შემდგომში მიიღო ლოტარინგიის სახელწოდება), ლუდვიგ გერმანელმა _ გერმანია ანუ მიწები რაინის აღმოსავლეთით მაინცთან, ვორმსთან და შპაიერთან ერთად.
I. ვერდენის ხელშეკრულებიდან რუდოლფ ჰაბსბურგელამდე (843 _ 1273 წწ.)
ლუდვიგ გერმანელის (843-876) სამფლობელოები, რომელიც მოთავსებული იყო რაინს, ელბას, ზაალესა და ბოჰემიის ტყეს შორის, თავის საზღვრებში ითავსებდა კარლოს დიდის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი გერმანული მიწების უმეტეს ნაწილს, და იქცა იმ ბირთვად, რომლისგანაც შემდგომში განვითარდა გერმანიის იმპერია. ლოტარის სიკვდილის შემდეგ, რომელსაც არ ჰყავდა კანონიერი შვილები, ლუდვიგმა, მერზეფონის ხელშეკრულების (870) მიხედვით, მიიღო ლოტარინგიის აღმოსავლეთ ნაწილი, ბაზელთან, სტრასბურგთან, მეცთან, ტრირთან, კიოლნთან, აახენთან, უტრეხტთან ერთად. იგი ყველაზე უფრო ქმედითი იყო კარლოს დიდიდს შვილიშვილებს შორის და წარმატებით იცავდა თავისი სახელმწიფოს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვრებს ნორმანებისა და სლავების თავდასხმებისგან (თარეშისგან).
კარლოს მელოტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ესარგებლა ლუდვიგ გერმანელის სიკვდილით მისი სახელმწიფოს დასასუსტებლად, უკანასკნელის ვაჟიშვილებმა ლუდვიგმა, კარლომანმა და კარლოსმა, ურთიერთშორის გაიყვეს მამის მემკვიდრეობა, ამასთან პირველმა მიიღო ფრანკონია, საქსონია და ტიურინგია, მეორემ _ ბავარია, ხოლო მესამემ _ ალამანია. ორივე უფროსი ძმის ადრეულმა სიკვდილმა (880 და 882) კარლოს მსუქანს არგუნა არა მხოლოდ მამის მთელი სამფლობელოები, არამედ საფრანგეთიც, იმპერატორის გვირგვინთან ერთად და იტალიაც, რადგანაც კარლოს მელოტის ერთადერთ მცირეწლოვან ნაშიერს არ გააჩნდა ძალები ნორმანების წინააღმდეგ თავისი ქვეყნის დასაცავად და ფრანგმა დიდებულებმა თავიანთ მეფედ კარლოსი აირჩიეს. მაგრამ კარლოს დიდის დერჟავის ეს შემთხვევითი აღდგენა ხანგრძლივი არ ყოფილა. კარლოს მსუქნის ფიზიკურმა და გონებრივმა ნაკლოვანებებმა, რომლებმაც მას წაართვეს გავლენა ქვეყნის შიგნით, აგრეთვე მისმა უუნარობამ სათანადო წინააღმდეგობა გაეწია ნორმანებისთვის, გამოწვია მისი დამხობა (887) და კაროლინგების მონარქიის ახალი, უფრო მყარი გაყოფა.
საფრანგეთმა თავისთვის აირჩია ცალკე მეფე, ბურგუნდია დაიშალა ორ ნაწილად მდ. იურეს აქეთ და იქით მხარეს, იტალია აღმოჩნდა სხვადასხვა დინასტიების ძალაუფლების ქვეშ, ხოლო გერმანიამ კი თავის მეფედ გამოაცხადა კარლომანის უკანონო ვაჟიშვილი არნულფი (887-899), კარინტიის ჰერცოგი (იხ. II, 154). მისი მცდელობა აღედგინა კარლოს დიდის იმპერია საფრანგეთსა და იტალიაზე უწინდელ ბატონობასთან ერთად, დაგვირგვინდა მხოლოდ დროებითი წარმატებით. მისი არასრულწლოვანი შვილისა და მენაცვალის ლუდვიგ დიტიატის დროს (900-911), სამეფო ხელისუფლებამ ყოველგვარი ავტორიტეტი დაკარგა ქვეყნის შიგნით და სახელმწიფო განიცდიდა მადიარების ველური ურდოების გამაჩანაგებელ თავდასხმებს. დიდებულები ყოვლისშემძლეები შეიქმნენ; წარმოიქმნა დამოუკიდებელი, მემკვიდრეობითი საჰერცოგოები. საქსონელებმა შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო და მოკლე დროში შეიძინეს პრველობა ყველა გერმანულ ტომს შორის. კაროლინგების მეფობა დასასრულს მიუახლოვდა და მათი უკანასკნელი ნაშიერის სიკვდილის შემდეგ მოუწევდათ ახალი მეფის არჩევა, რომელსაც არ ექნებოდა მემკვიდრეობითი ავტორიტეტი. საქმეთა ასეთი მდგომარეობისას მეფის კონრად I-თვის (911-918), რომელიც მიეკუთვნებოდა ფრანკონელთა საგვარეულოს და ნათესაური კავშირებით იყო დაკავშირებული კაროლინგებთან, ძალზედ ძნელი იყო თავისი ხელისუფლების განმტკიცება. მას მხარს უჭერდნენ მხოლოდ ფრანკული ელემენტები, ხოლო მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ დიდგვაროვნები და აგრეთვე ადგილობრივი პარტიკულარისტული მისწრაფებები საქსონიაში, ბავარიასა და შვაბიაში; იგი ამასთანავე გარშემორტყმული იყო გარეშე მტრებით, და ამიტომ, მთელი მისი პირადი ენერგიის მიუხედავად, არ გააჩნდა ძალები წინ აღდგომოდა ქვეყნის დაშლას შიგნით და მის დასუსტებას გარედან. მაგრამ იმ საშიშროებათა შეგნება, რომლებიც ემუქრებოდა სახელმწიფოს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან დანიელების, სლავებისა და მადიარების მხრიდან, და დასავლეთიდან ფრანგების მხრიდან, ჯერ კიდევ იმდენად ცოცხალი იყო, რომ კონრადის სიკვდილის შემდეგ ორივე მთავარმა ტომმა, ფრანკებმა და საქსებმა, ერთხმად აირჩიეს მეფედ ძლიერი საქსონელი ჰერცოგი ჰაინრიხი (იხ. VIII, 345).
ჰაინრიხ I-მა (919-936) განამტკიცა სამეფო ხელისუფლება, აიძულა რა დაუმორჩილებელი ჰერცოგები მორჩილებისკენ; გერმანიას მიუერთა მთელი ლოტარინგია (923); აღიდგინა უწინდელი ბატონობა დანიელებსა და სლავებზე და საგრძნობი დამარცხება მიაყენა მადიარებს (933). სახელმწიფოს შიგნით მისი მშვიდობიანი და აღმშენებლობითი მოღვაწეობა იყო უმაღლეს ხარისხად ნაყოფიერი. მისმა ვაჟმა, ოტონ I დიდმა (936-973) ბედნიერად სძლია მის წინააღმდეგ აღმართული მემკვიდრეობითი ჰერცოგების მტრობას, მათი სამფლობელოები დაურიგა თავის ნათესავებსა და მეგობრებს, გუმოდგინედ ზრუნავდა წარმართი სლავების ქრისტიანობაში მოსაქცევად, გერმანიის იმპერიას მიუერთა ლომბარდიის გვირგვინი (951) და მასთან ერთად იტალიაში ბატონობაც; ლეხთან დამარცხებით (955) მან აიძულა მადიარები დიდი ხნით შეეკავებინათ თავი ახალი თავდასხმებისგან. დაიდგა რა თავზე კარლოს დიდის საიმპერატორო გვირგვინი, მან შეძლო ჩაეყენებინა რომის ეკლესია უწინდელ დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. მისი მემკვიდრის ქორწინებას ბიზანტიის პრინცესაზე უნდა მიეცა მისი სახლისთვის გავლენა სამხრეთ იტალიაზე. საგარეო ძლიერების გარდა, იგი ბევრს ზრუნავდა ქვეყნის შინაგან გნვითარებაზეც. იტალიურმა და ბიზანტიურმა გავლენებმა შეღწევა დაიწყო გერმანიაში და აისახა როგორც მის სასულიერო ლიტერატურაზე, ისე ხელოვნების სფეროშიც.
ოტონ II-ის დროს (973-983), რომელმაც სასტიკი დამარცხება განიცადა სამხრეთ იტალიაში სარაცინებთან (არაბებთან _ ი. ხ.) ომში, და ოტონ III-ისა (983-1002), რომელმაც თავისი ბატონობის სიმძიმის ცენტრი გადაიტანა იტალიაში, სახელმწიფოს სიმტკიცე და მისი საგარეო ძლიერება დაქვეითებისკენ გადაიხარა. ჰაინრიხ II წმინდამ (1002-1024), ოტონ I-ის ძმის, ჰაინრიხის შვილიშვილმა, უკანასკნელმა იმპერატორმა საქსონელთა სახლიდან, კვლავ უფრო მაღლა ასწია საიმპერატორო გვირგვინის მნიშვნელობა, ენერგიულად მოიგერია აღმოსავლეთიდან მოწოლილი სლავები და აღადგინა გერმანიის მფლობელობა იტალიაში (იხ. VIII, 346).
ასეთნაირად ჩადებულ ფუნდამენტზე კონრად II-თვის (1024-1039), რომელიც წარმოდგებოდა გრაფების ძველი საგვარეულოდან რაინის ფრანკონიაში, და რომელიც ნათესაურ კავშირებში იმყოფებოდა კაროლინგებთან და საქსონელ მეფეებთან, უკვე ძნელი არ იყო მნიშვნელოვანი საქმიანობის გაშლა. იგი წარმატებით იბრძოდა ვასალების დაუმორჩილებლობისა და თვითნებობის წინააღმდეგ, ცდილებდა თავი მოეყარა საჰერცოგოების მფლობელობისთვის თავის საკუთარ საგვარეულოში, აეძულებინა პატივი ეცათ მისი უმაღლესი ძალაუფლებისთვის ზემო იტალიაში და იმპერიისთვის მიეერთებინა ბურგუნდიის სამეფო, რომლის მფლობელი გვარიც გაქრა 1032 წ. მისმა ვაჟიშვილმა ჰაინრიხ III-მ (1039-1056), რომელიც მეფედ აირჩიეს და გვირგვინი დაადგეს ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში, აიძულა პოლონეთი, ბოჰემია და უნგრეთი ეღიარებინათ თავიანთი ვასალური დამოკიდებულება იმპერატორზე და სახელმწიფოს შიგნით შემოჰქონდა მკაცრი და სამართლიანი მმართველობა. დაუღალავი და მამაცი, გარეშე და შიდა მტრებისთვის საშიში, ამავე დროს იგი იყო შუამავალი და მშვიდობისმყოფელი მაშინ ეკლესიაში განხეთქილებების შემომტან არეულობებთან მიმართებით, რის გამოც, ჰაინრიხი, როგორც ჩანს, უკვე ახლოს იყო თავისი სახლის მთავარ მიზანთან _ მემკვიდრეობითი და ერთიანი მონარქიის შექმნასთან, როდესაც მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა დასასრული დაუდო მთელ ამ მოლოდინს (იხ. VIII, 346).
მისი მცირეწლოვანი ვაჟიშვილის, ჰაინრიხ IV-ის (1056-1106) მცირეწლოვანების დროს, ძალაუფლებას დაეუფლა სასულიერო და საერო არისტოკრატია, რომელმაც ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა აენაზღაურებინა თავისთვის ის დანაკარგები, რომლებიც მან განიცადა მისი მამის დროს. მიაღწია რა სრულწლოვანებას, ჰაინრიხი თავშეუკავებლად და ჟინიანად გადაეშვა ბრძოლაში ვასალურ მფლობელებთან და ტომობრივ პარტიკულარიზმთან, რომელსაც ემყარებოდა დიდგვაროვანთა წოდება; უკანასკნელმა, თავის მხრივ, ისარგებლა საეკლესიო იერარქიის მიერ შეძენილი ახალი ძლიერებით რომის პაპის გრიგოლ VII-ის სახით, რათა დაესუსტებია მეფის ხელისუფლება. ჰაინრიხ IV-ის მთელი ცხოვრება აღსავსეა ამ ბრძოლით ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ვასალურ მთავრებსა და სამეფო ხელისუფლებას შორის, ფეოდალიზმსა და საქალაქო წოდებებს შორის (იხ. VIII, 347). მისი ვაჟიშვილი, ჰაინრიხ V (1106-1125), რომელიც ამბოხდა თავისი მამის წინააღმდეგ ეკლესიის ჩაგონებით, ტახტზე ასვლის შემდეგ აღმოჩნდა თავისი სახლის მემკვიდრეობითი პოლიტიკის უპირობო დამცველი. თავდაპირველად მას წარმატებები ჰქონდა გერმანელ მთავრებთან და რომთან ბრძოლაში, მაგრამ საბოლოოდ მოუხდა დაეთმო მტრების შეერთებული ძალებისთვის, და უარი ეთქვა ინვესტიტურაზე, ე. ი. ეპისკოპოსების დანიშვნის უფლებაზე (იხ. VIII, 348). თუმცა კი ვორმსის კონკორდატის (1122) მიხედვით, მან ეპისკპოსების დანიშვნისას იმაზე გაცილებით უფრო მეტი უფლებები შეინარჩუნა, ვიდრე ეს შედიოდა გრიგოლ VII-ის გეგმებში. ჰინრიხ V-თან ერთად გაქრა გაქრა ფრანკონელთა (სალიელთა) საგვარეულო; მაგრამ ამ სახლის პოლიტიკამ ჰპოვა თავისი ბუნებრივი წარმომადგენლები ჰოჰენშტაუფენებში, რომლებიც დედის მხრიდან წარმოსდგებოდნენ ჰაინრიხ IV –გან.
ფრანკონელთა დინასტიამ ვერ მოახერხა მთავრების დამოუკიდებლობის გატეხვა; ისინი განმტკიცდნენ და გაერთიანდნენ. მრავალწლიან ბრძოლაში ფეოდალების ძლიერება და სამფლობელოები გაიზარდა სამეფო ძალაუფლების ხარჯზე; ეკლესიამაც ასევე აღურაცხელი სარგებელი ნახა მონარქიის გაძნელებული მდგომარეობიდან. მეორეს მხრივ, იმავე ბრძოლამ გააძლიერა ქალაქების პოლიტიკური გავლენა, რომლებიც გადაიქცნენ მეფეების ბუნებრივ მოკავშირეებად. საერთოდ, მშვიდობიანი ხელობებისა და ხელოვნებათა დაქვეითების მიუხედავად, მეფეების ბრძოლამ ფეოდალებთან წამახალისებლად და აღმგზნებად იმოქმედა ერის ძალებზე. მეფედ არჩეული ლოტარ II (1125-1137), საქსონიის ჰერცოგი, დამთმობლურ პოლიტიკას ამჯობინებდა მთავრებთან და რომის ეკლესიასთან მიმართებით. მისმა ქალიშვილმა, რომელიც გათხოვილი იყო ჰაინრიხ ამაყზე ბავარიელზე (იხ. VIII, 358), თავის ქმარს მოუტანა მდიდარი მემკვიდრეობა ჩრდილოეთ გერმანიაში, რისი წყალობითაც ველფები იქცნენ გერმანიის ყველაზე უფრო ძლიერ მთავრებად. ლოტარის სიკვდილის შემდეგ მთავრების არჩევანი შეჩერდა ჰოჰენშტაუფენზე, კონრად III-ზე (1138-1152). იმ არეულობების შედეგად, რომლებიც გამოწვეული იყო სამეფო ხელისუფლების ერთი საგვარეულოდან მეორეზე გადასვლის გამოისობით, კონრადმა ვერ შეძლო გამოსულიყო დამოუკიდებელი მონარქის ქმედით როლში, ხოლო მისმა მონაწილეობამ უიღბლო ჯვაროსნულ ლაშქრობაში 1147 წელს, კიდევ უფრო გააძლიერა შინაგანი არეულობები. მისმა ბიძაშვილმა, ფრიდრიხ I ბარბარუსამ (1152-1190), ბავარია დაუბრუნა ჰაინრიხ ლომს, ჰაინრიხ ამაყის ვაჟიშვილს (VIII, 358). ლომბარდიის ქალაქების აჯანყება პირველ ხანებში მან დააწყნარა, მაგრამ საეკლესიო დავებმა კიდევ უფრო ჩახლართა იგი ახალ სიძნელეებში, რომელთა შედეგადაც, ლენიანოსთან მარცხიანი ბრძოლის შემდეგ, იგი იძულებული შეიქმნა დაედო ზავი ლომბარდიელებთან და რომის პაპად ეღიარებინა თავისი უბოროტესი მტერი ალექსანდრე III. სამაგიეროდ მან დასაჯა ურჩი და მეამბოხე ჰაინრიხ ლომი, რომელმაც მას უარი უთხრა დახმარებაზე ლომბარდიელთა წინააღმდეგ, და კონსტანცის ზავის მიხედვით (1183), განიმტკიცა თავისი უმაღლესი უფლებები ლომბარდიაზე. მისი მენაცვალის ქორწილმა ნეაპოლსა და სიცილიაში ნორმანელი მეფეების მემკვიდრეზე მას გაუღვიძა იმედი იტალიაში ბატონობის მიღწევაზე განსხვავებული გზის გამოყენებით იმისგან, რომელიც მანამდე ჰქონდა ნაცადი.
როდესაც ფრიდრიხ I დაიღუპა ჯვაროსნულ ლაშქრობაში (1190), მმართველობა იყო უკვე მისი ქმედითი და ნიჭიერი ვაჟიშვილის ჰაინრიხ VI-ის ხელში (1190-1197; იხ. VIII, 348). მისი გეგმები ხელშეკრულების მეშვეობით შეეერთებინა გერმანიისა და სიცილიის გვირგვინები ერთ მემკვიდრეობით მონარქიად, სრულიად დაექვემდებარებინა თავისი ძალაუფლებისადმი ეკლესია და გაეფართოვებინა იმპერიის ძლიერება აღმოსავლეთში, მიუთითებდა მხოლოდ მგზნებარე ფანტაზიაზე და იმყოფებოდა მკვეთრ დაპირისპირებაში იმასთან, რაც მოხდა მისი სიკვდილის შემდეგ. მისი ვაჟიშვილის ფრიდრიხ II-ის არასრულწლოვანება, ორმაგი არჩევნები გერმანიაში, სადაც ერთმა პარტიამ მეფედ გამოაცხადა ჰაინრიხის ძმა, ფილიპ შვაბელი, ხოლო მეორემ _ ჰაინრიხ ლომის შვილი, ოტონ ბრაუნშვაიგელი, რომის ისეთი პაპის გონებრივმა აღმატებამ, როგორიც იყო ინოკენტი III _ ყოველივე ამან სასტიკი ზარალი მიაყენა იმპერატორის ხელისუფლებას. მას შემდეგ, რაც ფილიპი, რომელმაც უდიდესი მსხვერპლებით მიაღწია, ბოლოს და ბოლოს გამარჯვებას, დაეცა პფალცგრაფის ოტონ ვიტელსბახელის ხელით (1208), მისი მოწინააღმდეგე, ოტონ IV აღიარებულ იქნა იმპერატორად ყველა პარტიის მიერ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იგი ტახტის მიღებისთვის დავალებული იყო პაპის მომხრეებისგან, ახალი იმპერატორი იძულებული გახდა აღმდგარიყო სასულიერო წოდების პრეტენზიების წინააღმდეგ, რის შედეგადაც უკვე 1212 წ., მისი უწინდელი მფარველის ინოკენტის თანხმობით, მთავრებმა მას დაუპირისპირეს სხვა მეფე, ახალგაზრდა ფრიდრიხ სიცილიელის, ჰაინრიხ VI-ის ვაჟიშვილის სახით, რომელიც, ჯერ კიდევ როცა ბავშვი იყო, მიჩნეული ჰყავდათ გერმანიის გვირგვინის მემკვიდრედ.
ფრიდრიხ II-ემ (1212-1250) მტკიცე და უნარიანი ხელით განამტკიცა თავისი ხელისუფლება გერმანიაში. დაიდგა რა თავზე გვირგვინი 1220 წ., იგი წავიდა თავის სამემკვიდრო სამეფოში _ სიცილიაში და აქ აღნიშნა თავისი მმართველობა მაღალი სახელმწიფოებრივი სიბრძნით. გერმანიაში, სადაც მის წინააღმდეგ აღსდგა მისი საკუთარი ვაჟიშვილი ჰაინიხი (VIII, 349), წარმოიქმნა ახალი შინაგანი არეულობანი, რომლებიც მომგებიანი იყო მხოლოდ მთავრებისა და თავადების ძალაუფლების მოყვარული ჩანაფიქრებისთვის. გერმანული ორდენის საქმიანობა პრუსიაში და ჩრდილო-გერმანელი მთავრებისა და ჰოლშტინელების გამარჯვება დანიელებზე ბორნჰევედთან (1227), ისევე როგორც ვენდების უწინდელი ქვეყნის გერმანიზაცია, ჯერ კიდევ მოწმობდა ხალხში მდუღარე ძალების სისავსის შესახებ, მაგრამ თავად სახელმწიფო მორყეული იყო: ძმათა შორის შიდა ომები, სისხლიანი ანგარიშსწორებები ერეტიკოსებზე, გამანადგურებელი ომები შტედინგების წინააღმდეგ (იხ.) შეადგენდა დროის ნიშნებს. ფრიდრიხის პირადმა ყოფნამ (1235), რომელიც ჩავიდა თავისი ვაჟიშვილის დასაწყნარებლად, ვერაფერი ვერ შეცვალა საქმის ვითარებაში: მას უნდა დაემტკიცებინა მთავრებისა და თავადებისთვის ჰაინრიხის მიერ ნამოძები ყველა შეღავათი. ფრიდრიხის დასუსტებას არც თუ მცირედ შეუწყო ხელი ასევე ლომბარდიის ქალაქების მუდმივმა ამბოხებებმა და პაპების მტრობამ, რომლებიც მთელი ძალებით ეწინააღმდეგებოდნენ მის ბატონობას მთელს იტალიაზე. გრიგორი IX (გარდ. 1241 წ.) და ინოკენტი IV ბრძოლას აწარმოებდნენ მეფის წინააღმდეგ მთელი ნებადართული და ნებადაურთველი საშუალებებით და მძლე მოკავშირეებს პოულობდნენ თავიანთი დროის ცრურწმენებში, რომელსაც გენიალური ფრიდრიხი მისი ფართო თვალსაწიერით, მწვალებლად (ერეტიკოსად) და უღმერთოდ უნდა მოსჩვენებოდა. გერმანიაში მისი ვაჟიშვილი კონრად IV ძლივს-ძლივობით ინარჩუნებდა ხელისუფლებას. არეულობებმა მიაღწია უმაღლეს ხარისხს, როდესაც ფრიდრიხი მოკვდა. პაპის პარტიამ კონრად IV-ის წინააღმდეგ წამოაყენა (1246) ლანდგრაფი ჰაინრიხ ტიურინგელი (VIII, 360), ხოლო შემდეგ კი გრაფი ვილჰელმ ჰოლანდიელი (VI, 352), მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ სარგებლობდა ავტორიტეტით. კონრად IV წავიდა თავის სამემკვიდრო სამეფოში, რომელიც მას შეუნარჩუნა მისმა ძმამ მანფრედმა, ფრიდრიხ II-ის უკანონო და ყველაზე უფრო ნიჭიერმა ვაჟიშვილმა. კონრად IV-ის სიკვდილის შემდეგ (1254) თავად მანფრედმა ჩაიბარა მმართველობის სადავეები, მაგრამ დამარცხებულ იქნა ფრანგებისგან (1266) კარლ ანჟუელის წინამძღოლობით, რომელსაც მის წინააღმდეგ მოუწოდა რომის პაპმა. ჰოჰენშტაუფენების უკანასკნელი ნაშიერი, კონრადინი, კონრად IV-ის მცირეწლოვანი ვაჟიშვილი, ამაოდ ცდილობდა მამისეული მემკვიდრეობის, სიცილიის დაბრუნებას (1268); იგი დაამარცხეს, ტყვედ აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს ნეაპოლში.
გერმანიისთვის ახლა დადგა არეული და შფოთიანი დრო, რომელიც ცნობილია დიდი მეფობისშორისის (interregnum) სახელით, როდესაც მისი გამწეწავი პარტიების მიერ წამოყენებულ არც ერთ მეფეს _ არც კონრადს, არც ვილჰელმს, არც ალფონს X კასტილიელს, არც რიჩარდ კორნვალიელს (1257-1272) _ არ შეეძლო თავისთვის სამეფო ავტორიტეტის განმტკიცება. სახელმწიფოს მონარქიული წყობილება საბოლოოდ დაიშალა; გერმანია დაქუცმაცდა თითქმის დამოუკიდებელი სამფლობელოების სიმრავლედ, რომლებიც ურთიერთ შორის მუდმივ მტრობაში იმყოფებოდნენ. არისტიკრატულმა ელემენტმა საბოლოოდ იზეიმა გვირგვინზე, მფლობელი მთავრების სახით, ხვდებოდა რა წინააღმდეგობა მხოლოდ ქალაქების მხრიდან. ქალაქებმა, საერთო არეულობაში, ასევე შეიძინეს ძალა და დამოუკიდებლობა, გამდიდრდნენ ვაჭრობითა და ხელოსნობით, და მჭიდროდ შეიკვრენ კავშირებად. ამ კავშირებს შორის საქვეყნო მნიშვნელობა შეიძინა ჰანზას კავშირმა (იხ. ჰანზა, VIII, 83). დაიშალა საერთო წესრიგისა და მართლმსაჯულების მთელი კავშირები; ქვეყანაში შეუზღუდავად ბატონობდა ძლიერის უფლება ანუ ე. წ. მუშტის სამართალი. საიმპერატორო ხელისუფლების დაცემამ მძიმე დარტყმა მიაყენა რაინდობას, რომელსაც ძალზედ ცოტად თუ შველოდა ყაჩაღური თავდასხმები მთავრებსა (თავადებსა) და ქალაქებზე. მხოლოდ იქ, სადაც იგი გამოდიოდა მჭიდროდ შეკრული კორპორაციის სახით, გერმნული ორდენის მაგვარი კორპორაციებისა, მან თავი არიდა თავის გარდაუვალ ბედს და არ იქნა დაკაბალებული მთავრების (თავადების) ძალაუფლების მიერ.
II. რუდოლფ ჰაბსბურგელიდან რეფორმაციამდე (1273-1517 წწ.)
ახლად არჩეულმა იმპერატორმა რუდოლფ I-მა (1273-1291), ჰაბსბურგის გრაფმა, თუმცა კი დაუდო დასასრული მეფობათშორის არეულობებს, მაგრამ ფრანკონელი და ჰოჰენშტაუფენელი მეფეების უწინდელი ძლიერების აღდგენის შესახებ ჯერჯერობით ლაპარაკი არც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. უმაღლესი არისტოკრატია, როგორც საერო, ისე სასულიეროც, საქალაქო წოდებები, ასევე საიმპერიო თავადაზნაურობაც ძალზედ ძლიერები იყვნენ თავიანთი ტერიტორიული და ადგილობრივი ძალაუფლებით, რათა გერმანიაში კვლავ გაემარჯვა მონარქიული ხელისუფლებისა და ერთიანობის იმ სახეობას, რომელიც თითქმის უკვე დასრულებული იყო სხვა სახელმწიფოებში, განსაკუთრებით საფრანგეთში. რუდოლფი ცდილობდა მხოლოდ იმის მიღწევას, რაც შესაძლებელი იყო მოცემულ პირობებში. მან იტალიისა და ეკლესიის საქმეები თავიანთ თავს მიანდო, არ ზრუნავდა არც რომისა და ჯვაროსნულ ლაშქრობებზე და მთელი თავისი ყურადღება მიაქცია კანონიერებისა და წესრიგის დამყარებას ქვეყნის შიგნით, შინაგანი მშვიდობისა და იმპერიის მთლიანობის დაცვასა და მოზღუდვას. მისი მნიშვნელობა და ავტორიტეტი გაიზარდა ჩეხეთის მეფის ოტოკარის წინააღმდეგ წარმატებული ომის წყალობით (1276 და 1278), რომელიც, სარგებლობდა რა უკანასკნელი დროის არეულობებით, დაეუფლა ავსტრიის მიწებს და უარი თქვა ეღიარებინა თავისი ლენური დამოკიდებულება იმპერატორზე. ოტოკარზე გამარჯვებამ რუდოლფს მოუტანა ავსტრია, კარინტია და კრაინა, რომლებიც იქცა ჰაბსბურგრბის სახლის სამემკვიდრო მონაპოვრად.
მაგრამ, რუდოლფმა ვერ შეძლო მიეღწია კურფიურსტებისგან, რომლებმაც მეფობათშორისის პერიოდში მიისაკუთრეს იმპერატორის არჩევის განსაკუთრებული უფლება, იმისთვის, რომ მათ საიმპერატორო გვირგვინის მემკვიდრედ აერჩიათ მისი ვაჟიშვილი ალბრეხტი. მეფის ავტორიტეტისა და მემკვიფრეობითი მონარქიის აღდგენისადმი მტრულად განწყობილმა კურფიურსტებმა მეფედ აირჩიეს ღარიბი გრაფი ადოლფ ნასაუელი (1292-1298) და მხოლოდ შემდეგ, როდესაც ადოლფმა დაკარგა მათი წყალობა, მათ მიმართეს ალბრეხტ I-ს (1298-1308). არცთუ განსაკუთრებით ბედნიერი (წარმატებული) თავის მცდელობებში იმპერატორის ძალაუფლებების გაფართოებისკენ, ალბრეხტი მაინც წარმატებით მოქმედებდა რაინის კურფიურსტების წინააღმდეგ, მაგრამ დაეცა საკუთარი ბიძაშვილის იოჰანის დანით განგმირული. იმპერატორად აირჩიეს ჰაინრიხ VII ლუქსემბურგელი (1308-1313; იხ. VIII, 349). თავისი ხელისუფლების განმტკიცების იმედით, საკუთარ თავზე რომის იმპერატორის გვირგვინის დადგმის მეშვეობით, მან მიმართა ლაშქრობას იტალიაში, მაგრამ ვერც იქ მყარი მდგომარეობის დაკავება მოახერხა, და ვერც რომის პაპთან დავების თავიდან აცილება. ახალი არჩევნებისას კურფიურსტების ოლიგარქია გაიყო ორ პარტიად, ლუქსემბურგულად და ჰაბსბურგულად. პირველმა აირჩია ჰერცოგი ლუდვიგ ბავარიელი, ხოლო მეორემ _ ფრიდრიხ ავსტრიელი, ალბრეხტ I-ის ვაჟიშვილი. გაჩაღებულ ომში ავსტრიელმა პრეტენდენტმა მისდამი თავგამოდებული მოკავშირეები ჰპოვა მთავრებისა (თავადებისა) და რაინდული არისტოკრატიის სახით, ხოლო ბავარიელმა _ საქალაქო და ხელოსნების წოდებებში. ლუდვიგის გამარჯვებამ ამპერინგთან (1322) ხელში ჩაუგდო მას თავისი მოწინააღმდეგე; მან ისარგებლა ამით მასთან რაინდული შერიგებისთვის, და ორივე პრეტენდენტი ერთობლივად მართავდა ქვეყანას. ეს მტრობები იქცა საბაბად ერთერთი ყველაზე უფრო უმნიშვნელოვანესი შეჯახებისთვის რომის ეკლესიასთან. ჰოჰენშტაუფენების დაცემის შემდეგ პაპობა იხრებოდა დაქვეითებისკენ. XIV საუკუნის დასაწყისიდან იგი იმყოფებოდა ფრანგულ ტყვეობაში ავინიონში. პაპი იოანე XXII გამოვიდა პრეტენზიებით მომრიგებელი მოსამართლის როლზე გერმანიის საკითხებში _ პრეტენზიებით, რომლებიც ასეთი მოცულობითა და ასეთი ქედმაღლობით არ გამოუთქვამთ მანამდე ეკლესიის თვით ყველაზე უფრო მძლე მეთაურებსაც კი.
თუმცა კი ამ დავაში ლუდვიგ IV-ს თავის მხარეზე ჰყავდა მთელი ერი, მეცნიერი იურისტები და სასულიერო წოდებაც, მან მაინც ვერ გამოიჩინა ვერც ვაჟკაცობა და ვერც თანამიმდევრულობა, არამედ მორჩილად ევედრებოდა პაპს ეკლესიისგან განკვეთის მოხსნის შესახებ. ბოლოს თავად კუფიურსტებმა გამოიღეს ხელი ეროვნული საქმისთვის და ყრილობაზე რენზში (1338) განაცხადეს, რომ ყოველი კანონიერად არჩეული მეფე თავის ძალაუფლებას ღებულობს მხოლოდ ღმერთისგან და არ საჭიროებს პაპის მიერ დამტკიცებას. მიუხედავად ამისა ლუდვიგი, შემდგომში, ისევ იქცა რომის პაპის კლიმენტ VI-ის მორჩილ იარაღად და იმავე დროს გამოავლინა ისეთი თვითნებობა და დაუზოგავი სისასტიკე, რომ მის წინააღმდეგ შეიქმნა ახალი პოლიტიკური კავშირი. საფრანგეთთან და პაპთან შეთანხმებით მოკავშირეებმა მეფედ აირჩიეს მარკგრაფი კარლოს მორავიელი, იმპერატორ ჰაინრიხ VII-ის შვილიშვილი, რომლისთვისაც, თუმცა კი ადვილი არ იქნებოდა ძალაუფლების დაუფლება, მომდევნო წელსვე რომ არ მომკვდარიყო ლუდვიგი (1347). უკანასკნელის მომხრეებმა აირჩიეს გრაფი გიუნტერ შვარცენბურგელი, მაგრამ, კარლოსის მიერ მოსყიდულებმა, მიატოვეს იგი, და თავად გიუნტერმა (გარდ. 1349), გრძნობდა რა სიკვდილის მოახლოებას, ნებაყოფლობით თქვა უარი ტახტზე. კარლ IV (1349-1378) ნაკლებად ერეოდა გერმანიის საშინაო საქმეებში და თითქმის მთელი თავისი საქმიანობა მიმართა თავისი სამემკვიდრეო სამფლობელოების მოწყობისა და გაფართოებისკენ. მისმა ჩეხეთის სახელმწიფომ, რომელსაც ეკუთვნოდა ასევე მორავია, სილეზია, ლუზაცია, ხოლო მოგვიანებით კი ბრანდენბურგი და ზემო პფალცის მნიშვნელოვანი ნაწილიც, თავის თავზე გამოსცადა მდგრადი და მზრუნველი მმართველობის ყველა სიკეთე, მაშინ როდესაც იმპერიის საქმეებს იგი მცირე ყურადღებას უთმობდა. თვით მისი მეფობის სახელგანთქმული აქტი, ოქროს ბულა 1356 წლისა, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც, გამომდინარეობდა მისი მისწრაფებიდან მიეცა თავისი სახლისა და ჩეხეთის გვირგვინის საარჩევნო ხმისთვის მტკიცე და უპირატესი გავლენა.
ოქროს ბულა 7 კურფიურსტს (მაინცის, ტრირის, კიოლნის, ბოჰემიის, პფალცის, საქსონიის და ბრანდენბურგისა) უბოძებდა მეფეთა არჩევის განსაკუთრებულ უფლებას (იხ. ოქროს ბულა). ამ დროიდან დაწყებული, კურფიურსტებმა შექმნეს მჭიდროდ ჩაკეტილი ოლიგარქია, რომელიც მაღლდებოდა ყველა დანარჩენ მთავარზე (თავადზე) და ადგილი ეკავა თითქმის იმპერატორის თანაბრად. კარლ IV-ის სიკვდილის წინ გერმანია ახლოს იყო იმასთან, რომ დაშლილიყო დამოუკიდებელ სამთავროებად, სარაინდო და საქალაქო ფედერაციებად. კარლის ტახტზე ავიდა მისი ვაჟიშვილი ვენცესლავი (1378-1400). თვით უფრო ნაკლებად დუნე ნატურაც კი, ვიდრე იყო ახალი მეფე, ვერ შეძლებდა შინაგანი მშვიდობის შენარჩუნებას ამ საერთო არეულობაში და პარტიების მტრობათა დაწყნარებას. ვენცესლავმა ამჯობინა სავსებით წასულიყო თავის ჩეხეთის სამეფოში, ავლენდა რა უდიდეს გულგრილობას გერმანიის საქმეებისადმი (VI, 1). ამასობაში სწორედ ამ დროს გერმანიაში მიმდინარეობდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა თავადურ არისტოკრატიასა და ქალაქებს შორის, რომლებმაც, მჭიდროდ შეიკვრენ რა პოლიტიკურ კავშირებად (შვაბურ და რაინულ კავშირებად), მოინდომეს ფეოდალთა უღლის გადაგდება და ისეთივე მდგომარეობის დაკავება, როგორიც ეკავა ზემო-ალამანიის (შვეიცარიის) კავშირის ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას. მაგრამ იმ დროს რაც უკანასკნელებმა, ზემბახთან და ნეფელსთან გამარჯვებების შედეგად მიაღწიეს სრულ დამოუკიდებლობას, შვაბურმა ქალაქებმა განიცადეს სასტიკი დამარცხება დიოფინგენთან (1388) და უნდა ეღიარებინათ თავიანთ თავზე მთავრების (თავადების) ძალაუფლება. მხოლოდ ქვემო გერმანიაში ქალაქის მოსახლეობა, ჰანზას წყალობით, სულ უფრო და უფრო მეტად იძენდა პოლიტიკურ ძლიერებას. ბოლოს, როდესაც ვენცესლავმა გამოავლინა განზრახვა შეერთებოდა საფრანგეთს საეკლესიო განხეთქილების თავიდან ასაცილებლად, იგი ჩამოგდებულ იქნა რაინის კურფიურსტების მიერ, რომის პაპის ბონიფაციუს IX-ის ხრიკების შედეგად. მის მენაცვალედ აირჩიეს ამ ჩამოგდების მთავარი დამცველი, პფალცის კურფიურსტი რუპრეხტი (1400-1410). საქმიანი მმართველი თავის პატარა სამთავროში, რუპრეხტი გამოდგა მეტად სუსტი იმპერატორი და წარუმატებლობა განიცადა ლაშქრობაში მილანელი ვისკონტების წინააღმდეგ.
რუპრეხტის სიკვდილის შემდეგ ზოგიერთმა მთავარმა მეფედ აირჩია ვენცესლავის ძმა, სიგიზმუნდ უნგრელი, სხვებმა _ იოსტა მორავიელი; იოსტას მალევე გარდაცვალებამ ძალაუფლება მოუტანა სიგიზმუნდს (1410-1437). ამავე დროს პირველ პლანზე გადმოინაცვლა უწესრიგობებმა რომის ეკლესიის წიაღში. საეკლესიო განხეთქილება, ისევე როგორც ავინიონის დატყვევების დროიდან სულ უფრუ და უფრო მზარდი გადაგვარება კათოლიციზმისა, ღაღადებდნენ „ეკლესიის რეფორმაციის“ აუცილებლობის შესახებ „მის თავსა და წევრებში“. სიგიზმუნდმა ამ მიმართულებით გამოავლინა განსაკუთრებული საქმიანობა (ქმედითობა), და მან მოახერხა ცნობილი კრების მოწვევა კონსტანცაში (1414). მიუხედავად იმისა, რომ კრების უმრავლესობა გულწრფელად იყო განმსჭვალული რეფორმების აუცილებლობის შეგნებით, მისი საქმიანობა, ამ მიმართებით, უნაყოფოდ დარჩა; ახალი პაპი (მარტინ V) იმაზე უფრო ადრე იქნა არჩეული, ვიდრე გაატარებდნენ აუცილებელ რეფორმებს ეკლესიის მოწყობაში. გერმანელები, რომლებმაც თავიანთი საჩივრები გადმოსცეს „Avisamenta nationis Germanicae“-ში, ცოტ-ცოტად აღმოჩნდნენ იზოლირებულ მდგომარეობაში; პაპმა მოახერხა ერების დაცალცალკევება და მათთან ცალკეული კონკორდატების დადება. ასეთივე ხელშეკრულება დადებულ იქნა გერმანიასთან (1418), მაგრამ არც ერთხელ არ ყოფილა გამოყენებული სრული მოცულობით. კრების მწარე ნაყოფი იყო სისხლიანი განადგურება ჩეხეთში _ ე. წ. გუსიტური ომი რომელიც თავისი დამანგრეველი ძალით თავს დაატყდა გერმანიას. იმპერიის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, უძლურება ნათლად (კაშკაშად) აისახა ჩეხების საშინელ თავდასხმებში, რომელთა წინააღმდეგაც გერმანია უმწეო რჩებოდა. სიგიზმუნდი ამაოდ ცდილობდა სახალხო ლაშქრის შექმნას, საერთო დაბეგვრის მეშვეობით. თავად ის მუდმივად ფულის ნაკლებობის გამო წარმოქმნილ სიძნელეებს განიცდიდა, რაც აიძულებდა მას მნიშვნელოვანი სამთავროების გაუცხოებას, როგორც, მაგალითად, ბრანდებურგის საკურფიურსტოსი, რომელიც მან მიჰყიდა ჰოჰენცოლერნებს. მაშ მშვიდად უნდა ემზირა იმისთვის, თუ იმპერიის დასავლეთ საზღვარზე როგორ წარმოიქმნებოდა ძლიერი და მძლე ახალბურგუნდიული დერჟავა.
ამასობაში ბაზელში მოწვეული კრება (1431 წ.-დან, II, 691) კვლავ შეუდგა ეკლესიის საქმეების გამოსწორებას და, რომის წინააღმდეგობის მიუხედავად, გამოვიდა მთელი რიგი გაუმჯობესებებით, რომლებიც შესაძლოა სასარგებლო ყოფილიყო გერმანიისთვისაც. სიგიზმუნდის სიკვდილის შემდეგ მეფედ არჩეული ალბრეხტ II (1438-1439), ჰაბსბურგების ავსტრიული შტოდან, როგორც ჩანს, აპირებდა ამ რეფორმების განხორციელების თავის თავზე აღებას, მაგრამ ალბრეხტის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, გარდაქმნებისკენ მიმართული საქმიანობა წააწყდა გადამწყვეტ მოწინააღმდეგეს ფრიდრიხ III-ის სახით (1440-1493), ჰაბსბურგების სახლის შტირის ხაზიდან (იხ. ჰაბსბურგები, VII, 754). ახალმა მეფემ რეფორმებს ამჯობინა რომთან შეთანხმება, ნაბიჯ-ნაბიჯ უკან იხევდა და, რომის ინტრიგებითა და დაპირებებით მიძინებულმა, ბოლოს და ბოლოს, საქმე მიიყვანა იქამდე, რომ ე. წ. აშაფენბურგის კონკორდატის (1448) მიხედვით ქვეყანამ დაკარგა რომის მიერ დაპირებული დათმობების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი. ნაკლებად ქმედითი და თავის სამემკვიდრო მიწებზე საშიშროებებით გარშემორტყმული ფრიდრიხი ცოტად თუ გამოდგებოდა იმისთვის, რომ საიმპერატორო გვირგვინისთვის მისი უწინდელი ბრწყინვალება დაებრუნებინა. მან მთავრებს (თავადებს), ქალაქებსა და რაინდობას მისცა მოქმედებების სრული თავისუფლება. იმყოფებოდა რა მუქარის ქვეშ დასავლეთიდან საფრანგეთის მზარდი ძლიერების, ხოლო აღმოსავლეთიდან _ თურქების თანდათანობით მოახლოებული მოწოლის გამო, გერმანია დაბეჯითებით საჭიროებდა თავისი მთლიანობის დაცვას. ფრიდრიხის ვაჟიშვილის მაქსიმილიანის რომის მეფედ არჩევას (1486) თან მოჰყვა გახანგრძლივებული, მაგრამ უნაყოფო თათბირები საერთო საერო მშვიდობისა და საიმპერატორო სასამართლოს შესახებ, და დააჩქარა შვაბური კავშირის წარმოქმნა, რომელიც იქცა საერო მშვიდობის საყრდენად. დაწყებული 1487 წ.-დან, საიმპერიო სეიმი თავის კრებებზე გულმოდგინედ იყო დაკავებული პოლიტიკური რეფორმებით, რომლებსაც მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ფრიდრიხ III.
მაქსიმილიან I-ის გამეფებასთან (1493-1519) ერთად რეფორმის საქმე განახლდა დიდი იმედებით წარმატებაზე, რადგანაც ახალი იმპერატორი თავად იყო შინაგანი გაუმჯობესებების მომხრე. და მართლაც, რაიხსტაგზე ვორმსში (1495) სასურველი რეფორმების უმეტესი ნაწილი აღსრულებაში იქნა მოყვანილი. მუშტის სამართალი უპირობოდ იქნა მოსპობილი, დაადგინეს სამუდამო მშვიდობა და დააარსეს უმაღლესი სიმპერიო სასამართლო (Reichkammergericht). იგი განიხილავდა ყველა „უშუალო“ მფლობელის (ე. ი. უშუალოდ და მხოლოდ იმპერატორის მიმართ დაქვემდებარებულთა) ურთიერთ დავებს და წარმოადგენდა უმაღლეს ინსტანციას დანარჩენებისთვის. იმპერატორს მიცემული ჰქონდა საერთო გადასახადების დაწესების უფლება ე. წ. „საერთო გროში“. საიმპერიო სეიმი უნდა შეკრებილიყო ერთხელ წელიწადში, ერთი თვით, რათა განეხორციელებინა მეთვალყურეობა შინაგანი მშვიდობის დაცვაზე, საიმპერიო სასამართლოს განაჩენებსა და შეკრებილი გადასახადების ხარჯვაზე. ტერიტორიული მფლობელების ძლიერებამ მიაღწია ისეთ უპირატესობას საიმპერატორო ხელისუფლებასთან შედარებით, რომ საიმპერიო სეიმს, რომლის შემადგენლობაშიც ახლა შედიოდა სამი კოლეგია: კურფიურსტების, მთავრებისა (თავადებისა) და ქალაქების (იხ. საღვთო რომის იმპერია), შეეძლო უკვე ღიად ეფიქრა სამთავრობო ხელისუფლების მნიშვნელოვანი წილის მითვისებაზეც. მაქსიმილიანმა ბრძოლა დაუწყო ამ მისწრაფებებს, რომელიც გრძელდებოდა მისი მეფობის მთელი დროის მანძილზე. მისი საგარეო ღონისძიებების უიღბლო დასასრულმა, განსაკუთრებით კი ე. წ. შვაბური ომისა შვეიცარელების წინააღმდეგ (1799), და ამით განპირობებულმა საჭიროებამ უფრო ქმედით საიმპერიო დახმარებაში, აიძულეს იგი, საიმპერიო სეიმზე აუგსბურგში (1500), დათანხმებოდა მუდმივი საიმპერიო მთავრობის დაარსებაზე. მაგრამ უკანასკნელი დარჩა მკვდრადშობილად, რადგანაც სულ უფრო და უფრო მეტად მტრული დამოკიდებულების გამოხატვა დაიწყო ახალი დაწესებულებების მიმართ.
იმ მომენტში, როდესაც დავამ მასსა და საიმპერიო ჩინებს შორის მიაღწია დაძაბულობის უმაღლეს ხარისხს, ომმა ბავარიულ-პფალცური მემკვიდრეობისთვის (1503-1504) მისცა მას შემთხვევა კვლავ დაებრუნებინა უფრო გადამჭრელი გავლენა იმპერიის საშინაო საქმეებზე. საკითხი საიმპერიო კონსტიტუციის შესახებ ისევე გადაუწყვეტელი დარჩა. კიოლნის სეიმზე (1512) მთელი ქვეყანა ადმინისტრაციული მიმართებით დაყოფილ იქნა 10 ოლქად, რომელთაც ერთგვარი ცემენტის როლი უნდა შეესრულებინათ იმპერიის განცალკევებულ ნაწილებს შორის, და საპირწონედ უნდა ყოფილიყვნენ მისი დანაწევრების წინააღმდეგ დაუსრულებელი რიცხვის დამოუკიდებელ სამფლობელოებად. თუ კი ომებში, რომლებიც ავსებდა მაქსიმილიანის მეფობის უკანასკნელ წლებს, იმპერატორს არ შეეძლო თავი მოეწონებია განსაკუთრებული წარმატებით, იგი მით უფრო იღბლიანი გამოდგა თავისი სახლის ძლიერების მშვიდობიანად გაფართოების საქმეში. მისი ვაჟიშვილის ფილიპის ქორწინებამ იოანა კასტილიელთან მის შვილიშვილს კარლს მოუტანა ესპანური სამფლობელოები, ხოლო თავისი მეორე შვილიშვილის, ფერდინანდის, სახელით მაქსიმილიანის მიერ ბოჰემიისა და უნგრეთის სამეფო სახლთან დადებულმა საქორწინო ხელშეკრულებამ, ჰაბსბურგების სახლს გაუღვივა იმედი ამ მიწების შეძენაზე. ამრიგად, ჩადებულ იქნა საფუძველი ჰაბსბურგების სახლის უპირატესობისთვის.
III. რეფორმაციიდან ვესტფალიის ზავამდე (1517-1648 წწ.)
XVI საუკუნის პირველი ათწლეულები აღინიშნა ღრმა უკმაყოფილებით (მღელვარებით) გერმანული ცხოვრების ყველა სფეროში. ტეცელის მიერ ინდულგენციების სკანდალურმა გაყიდვამ საბაბი მისცა ლუთერს (1517 წ. 31 ოქტომბერს) გამოსულიყო თავისი 95 თეზისით, რომის ეკლესიასთან საბრძოლველად, ხოლო ლაიფციგში დისპუტის (1519) შემდეგ ლუთერი უკვე ღიად აჯანყდა რომის ეკლერსიის ავტორიტეტის წინააღმდეგ. გონებათა ამ საერთო მღელვარებაში იმპერატორად არჩეულ იქნა (1519 წ. 28 ივნისს) კარლ ესპანელი, მაქსიმილიანის შვილიშვილი. კარლ V (1519-1556), რომლისგანაც ხალხის უმეტესობა მოელოდა საეკლესიო საქმეების ეროვნული სულისკვეთებით მოგვარებას, ძალზედ იყო გართული თავისი საგარეო ინტერესებით, რომლებიც უცხო იყო გერმანიისთვის, რათა ეს მოლოდინები გაემართლებინა. საფრანგეთთან მოსალოდნელ ომში პაპის მხარდაჭერის მიღების იმედით, მან ვორმსის სეიმზე (1521) შერისხა ლუთერი და შემდეგ მიმართა თავისი საქმიანობა საფრანგეთთან ომისკენ, დაუთმო რა თავის ძმას ფერდინანდს გერმანულ-ავსტრიული სამფლობელოები. იმპერიის მმართველობა გადაეცა საიმპერიო მთავრობას, რომელიც არ ავიწროვებდა ახალ მოძღვრებას. მეორეს მხრივ, რაინდობისა და გლეხების მცდელობებმა ესარგებლათ რელიგიური დავებით სრული სოციალურ-პოლიტიკური გადატრიალებისთვის, განიცადეს სრული მარცხი. სეიმზე შპაიერში (1526) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საყოველთაო (მსოფლიო) კრების მიერ რელიგიური საკითხის მოგვარებამდე „თითოეულს უფლება ჰქონდა ეცხოვრა და ემოქმედა ისე, როგორც აძლევდა მას უფლებას თავისი პასუხისმგებლობის შეგნება ღმერთისა და იმპერატორებითი უდიდებულესობის წინაშე“. ახალ სეიმზე შპაიერში (1529) კათოლიკებმა მოახერხეს მიეღწიათ უწინდელი დათმობების გაუქმებისთვის. ახალი მოძღვრების მომხრეებმა ამის წინააღმდეგ გამოაცხადეს პროტესტი და მიიღეს „პროტესტანტების“ სახელწოდება.
იმპერატორმა იფიქრა, რომ დადგა დრო, რომთან შეთანხმებით, ჩაეხშო ახალი აღმსარებლობა; მაგრამ აუგსბურგის სეიმმა (1530), რომელზეც პროტესტანტებმა გადმოსცეს თავიანთი რწმენის სიმბოლო, პირველად დაანახა თვალსაჩინოდ კარლს მის მიმართ მოსალოდნელი წინააღმდეგობის მთელი უზარმაზარობა, ხოლო მისი ურთიერთობები საფრანგეთთან და თურქებთან ისეთი იყო, რომ მან არაკეთილგონივრულად ჩათვალა სახელმწიფოს შიგნით მტრობის კიდევ უფრო გადიდება. როდესაც პროტესტანტულმა ჩინებმა, შეადგინეს რა შმალკალდენის კავშირი, ბავარიასთან ერთად გამოაცხადეს პროტესტი რომის მეფედ ფერდინანდის არჩევის წინააღმდეგ და დაიწყეს დაახლოების გზების გამონახვა საფრანგეთთან, უნგრეთთან და დანიასთან, კარლი იძულებული შეიქნა მიეცა მათთვის ნიურნბერგში (1532) პირველი რელიგიური ზავი, რომელმაც მათთვის უზრუნველყო აღმსარებლობის თავისუფლება მომავალ კრებამდე. ამასობაში, რადგანაც იმპერატორი მთლიანად იყო ჩაფლული საგარეო საქმეებში, შმალკალდენის კავშირმა შეიძინა გადამწყვეტი უპირატესობა ქვეყნის შიგნით. მასზე დაყრდნობით ფილიპ ჰესენელმა კვლავ აღადგინა ტახტზე განდევნილი ჰერცოგი ულრიხ ვიურტემბერგელი (იხ. ვიურტემბერგი, VII, 709). კათოლიკური კონტრ-ლიგის შექმნის მცდელობას (ნიურნბერგის კავშირის სახით), არ ჰქონია წარმატება იმპერატორისა და პაპის თანადგომის მიუხედავად. თავისი ფრანგული და თურქული ლაშქრობებით დაკავებულ კარლს მშვიდად უნდა ემზირა იმისთვის, თუ როგორ ზრდიდნენ სულ უფრო და უფრო მეტად თავიანთი მომხრეების წრეს შმალკალდენელები და როგორ განდევნეს მათ იმპერატორის ყველაზე უფრო ერთგული მთავარი, ჰაინრიხ ბრაუნშვაიგელი.
პროტესტანტობას დიდი წარმატებები ჰქონდა თვით იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც მანამდე რჩებოდნენ კავშირის გარეთ _ ბრანდენბურგში, ალბერტის საქსონიაში, კიოლნის სამთავარეპისკოპოსოში და ა. შ. თუმცა კი იმპერატორის დამთმობლობამ მას მოუტანა გერმანელი პროტესტანტების დახმარება საფრანგეთის წინააღმდეგ ომში. როდესაც ეს ომი გამარჯვებით დასრულდა ზავის დადებით კრეპიში (1544), კარლმა იჩქარა დაედო რომთან შეტევითი კავშირი ახალი სარწმუნოების ძალადობრივად აღმოსაფხვრელად. 1546 წ. მან მოახერხა ზემო გერმანიის დამორჩილება; 1547 წ. მან მიულბერგთან დაამარცხა საქსონიის კურფიურსტი და მზაკვრული მოლაპარაკებებით განაიარაღა ლანდგრაფი ფილიპ ჰესენელი, შეიპყრო რა ტყვედ ორივე თავადი. ახლა კარლის მიერ გერმანიაში შეძენილმა მრისხანე ძლიერებამ შიშები აღუძრა მის მოკავშირეებს, მორიც საქსონელსა და რომის პაპს, ხოლო მის მიერ პროტესტანტებისთვის ძალადობრივად თავს მოხვეულმა აუგსბურგის ინტერიმმა (იხ.) მის წინააღმდეგ აღადგინა გერმანიის მთელი პროტესტანტობა. ეკლესიის გარდაქმნის მის საკუთარ პროექტებს უძლიერესი წინააღმდეგობა შეხვდა არა მხოლოდ პარტიების მხრიდან, არამედ ტრიდენტის კრებაზეც, რომელიც სხდომებს ატარებდა 1545 წ. კარლის მიმართვამ მის მიერ ტყვედ შეპყრობილი მთავრებისადმი საბაბი მისცა მორიც საქსონელს, გერმანელ პროტესტანტებთან და საფრანგეთთან კავშირში, თავს დასხმოდა იმპერატორს და აეძულებინა მისი ძმა ფერდინანდი პასაუს სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად (1552). კარლის მთელი მცდელობები კვლავ წაერთვა ფრანგებისთვის მათ მიერ ამ კრიზისის დროს დაპყრობილი ლოტარინგიის სამი საეპისკოპოსო, დასრულდა წარუმატებლად. გრძნობდა რა თავის უძლურებას, მან იმპერიის საქმეების მმართველობა გადააბარა თავის ძმას, რომელმაც 1555 წ. დადო ე. წ. აუგსბურგის რელიგიური ზავი.
კარლ V-ის ნებაყოფლობით გადადგომის (1556) შემდეგ, საიმპერატორო ღირსება გადავიდა მის ამ ძმაზე, რომელიც მეფობდა ფერდინანდ I-ის (1556-1564) სახელით. აუგსბურგის რელიგიურმა ზავმა უზრუნველყო პროტესტანტებისთვის მათი რელიგიის თავისუფლად აღსრულება, კათოლიკების თანაბრად. მაგრამ მუხლი „სასულიერო დათქმის“ შესახებ (Reservatum ecclesiasticum), რომელიც თანამდებობებსა და შემოსავლებს ართმევდა იმ სასულიერო მთავრებს, რომლებიც ამის შემდეგ შეუერთდებოდნენ ახალ სარწმუნოებას, თავის თავში შეიცავდა ახალი მტრობის ჩანასახს. იმპერიის მოწყობამ, რომელიც უკვე რეფორმაციამდე წარმოადგენდა მრავალთავიანი ტერიტორიული ხელისუფლების გამოხატულებას, ახლა მიიღო წმინდად არისტოკრატიული ხასიათი. თითოეული მფლობელი განაგებდა რელიგიურ საქმეებს, ისევე როგორც ყველა სხვას, თავის პირად და ადგილობრივ ინტერესებში. აღმოსავლეთში მრისხანე ძალად წამოიმართნენ თურქები, რომლებისთვისაც ფერდინანდი იძულებული შეიქმნა დაეთმო მთელი მათი დაპყრობები უნგრეთში, ხოლო დასავლეთში ამაღლდა საფრანგეთი. ვაჭრობაზე მიყენებულ იქნა საგრძნობი დარტყმა იმ გადატრიალებით, რომელიც მოახდინა ამერიკის აღმოჩენამ; ჰანზას ქალაქებს თავიანთი პირველობა უნდა დაეთმოთ სკანდინავიის სამეფოებისთვის. ნიდერლანდები პირველად ერგო ესპანეთს, შემდეგ მათ შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც უცხო იყო გერმანიის ინტერესებისთვის. ბალტიის პროვინციები დაემორჩილნენ სლავურ გავლენას.
მაქსიმილიან II (1564-1576), რომელმაც იმპერატორის ტახტზე მემკვიდრეობით შეცვალა თავისი მამა, ცდილობდა მშვიდობის შენარჩუნებას პარტიებს შორის; მაგრამ ამის გამო შინაგანი მტრობა კიდევ უფრო გაძლიერდა. მის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას, რომელმაც ბევრად შეუწყო ხელი ავსტრიასა და ბოჰემიაში პროტესტანტიზმის გავრცელებას, დასასრული დაედო მისი ვაჟიშვილის რუდოლფ II-ის მეფობისას (1576-1612). ახალი იმპერატორი, რომელიც იმყოფებოდა იეზუიტების ძალაუფლების ქვეშ იოტისოდენადაც არ მალავდა თავის განზრახვას გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინა რეფორმაციისთვის და იპოვნა თავისი ერთგული მოკავშირეები გერმანიის ორი ძლიერი ახალგაზრდა მთავრის _ ფერდინანდ შტირიელისა და მაქსიმილიან ბავარიელის სახით. უკანასკნელის სისასტიკე იმპერიული ქალაქის დონაუვერტის წინააღმდეგ იქცა სიგნალად უნიის (კავშირის) წარმოქმნისთვის, რომელშიც შევიდა ბევრმი პროტესტანტი მთავარი (1608). ამას მომდევნო წელს შედეგად მოჰყვა კათოლიკური ლიგის დაარსება, რომელსაც უკვე დიდი ხანია ამზადებდნენ. მაგრამ რუდოლფის მდგომარეობა მის საკუთარ სამემკვიდრეო მიწებში წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა; იგი იძულებული იყო ე. წ. „უდიდებულესობის სიგელით“ ჩეხებისთვის ებოძებინა რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება, და მხოლოდ სიკვდილმა იხსნა იგი ყველა მისი გვირგვინის დაკარგვისგან. მის ძმასა და მენაცვალეს მატვეის (მათეუსს) (1612-1619), რომელიც მანამდე იმპერატორის მიმართ ოპოზიციაში იმყოფებოდა, არ ჰქონდა პარტიების ურთიერთ გასასტიკების ალაგმვის, ან თუნდაც ერთერთ მათგანზე გავლენის შეძენის უნარი. „უდიდებულესობის სიგელის“ დარღვევამ ბოჰემიაში (1618 წ. გაზაფხულზე) გამოიწვია რევოლუცია, რომელიც იქცა გარეგნულ საბაბად 30-წლიანი ომისთვის (იხ.). მალევე ამის შემდეგ მატვეი მოკვდა, დატოვა რა თავის მენაცვალედ სამემკვიდრო მიწებში იეზუიტების მეგობარი ფერდინანდ შტირიელი.
ფერდინანდ II-მ (1619-1637), რომელიც ჩეხებმა ცნეს ტახტიდან ჩამოგდებულად, შეძლო, მაინც, ყველაზე უფრო მძიმე გარემოებებში, არა მხოლოდ დამკვიდრებულიყო ავსტრიაში, არამედ გამხდარიყო კიდეც გერმანიის იმპერატორი. ლიგის მხარდაჭერით მან დააწყნარა ჩეხების აჯანყება, დაამარცხა მათ მიერ არჩეული მეფე ფრიდრიხი (პფალცის კურფიურსტი) და მიაღწია უნიის დაშლას. ამის კვალდაკვალ, როგორც ბოჰემიასა და ავსტრიაში, ისე გერმანიის ბევრ სხვა ნაწილშიც, დაიწყო რეფორმციის დაუნდობელი ამოძირკვა, რამაც უცხოურ სახელმწიფოებს _ თავიდან დანიას (1625-1629), შემდეგ შვედეთსა და საფრანგეთს _ მისცა საბაბი გერმანიის საქმეებში ჩარევისთვის. ამასობაში ფერდინანდ II-მ შეძლო ლიგაზე დამოკიდებულებისგან გამოსვლა და ვალენშტაინის დახმარებით იმპერიაში დამოუკიდებელი სამხედრო ძალის შექმნა. მაგრამ მან გამოიჩინა არაკეთილგონიერება მიეტოვებინა ვალენშტაინი სწორედ იმ მომენტში, როდესაც იგი, ერთის მხრივ, წაეჩხუბა ლიგის წინამძღოლებს, ხოლო მეორეს მხრივ _ უმაღლეს ხარისხად არაპოლიტიკური აღდგენითი ედიქტის გამოცემით (1629) გამოიწვია თავის მიმართ პროტესტანტების ღრმა სიძულვილი. ეს დაეხმარა შვედეთის მეფეს გუსტავ ადოლფს მხარი დაეჭირა მომაკვდავი პროტესტანტიზმისთვის და ამასთან ერთად დაემტკიცებინა შვედური ბატონობა ბალტიის ზღვის გერმანულ სანაპიროზე.
უდიდესი სიძნელეებით გაიკაფა გზა გუსტავ ადოლფმა საქსონიისკენ, ბრაიტენფელდთან დაამარცხა ლიგისტების ძალები (1631), გამარჯვებული მივიდა რაინთან, შვაბიასა და ბავარიაში და ლუცენთან (1634) დაამარცხა იმპერატორის ჯარები ხელახლა დანიშნული ვალენშტაინის უფროსობით (ტ. V, 424). მხოლოდ შვედი გმირის სიკვდილმა გადაარჩინა ჰაბსბურგები. ნორდლინგენთან გამარჯვების შემდეგ (1634) იმპერატორმა, პრაღის სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით (1635), ის მაინც მოახერხა, რომ თავის მხარეზე გადაეყვანა პროტესტანტების ნაწილი; მაგრამ რადგანაც „აღდგენითი აქტის“ საფუძვლები არ იყო საბოლოოდ მოხსნილი, უცხოური დერჟავებისთვის ძნელი არ იყო ომის გახანგრძლივება. და მართლაც, ომი აგრძელებდა მძვინვარებას ფერდინანდის სიკვდილის შემდეგაც, მისი ვაჟიშვილის ფერდინანდ III-ის დროს (1637-1657). გერმანიის მნიშვნელოვანი ნაწილი საბოლოოდ იქნა გაჩანაგებული; ყველაზე უფრო აყვავებული ქვეყნები რაინზე, მაინსა და ნეკარზე გადაიქცა უდაბნოებად. დაბოლოს, მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში გახსნილი სამშვიდობო კონგრესი, მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბედნიერად დასრულდა ვესტფალიის ზავით (1648). პროტესტანტებს, მათ შორის რეფორმატორული აღმსარებლობის მომხრეებსაც უბოძეს რელიგიური თანასწორობა, განდევნილი მთავრები და თავადები აღადგინეს თავიანთ უფლებებში, _ მაგრამ ყოველივე ეს მიღწეულ იქნა იმპერიის სრული პოლიტიკური დაუძლურების ფასად. შუამავალმა დერჟავებმა, შვედეთმა და საფრანგეთმა, მიიღეს გულუხვი ანაზღაურება გერმანული მიწებით, ხოლო გერმანელმა მფლობელმა მთავრებმა შეიძინეს დამოუკიდებელ ხელმწიფეთა უფლებები.
IV. ვესტფალიის ზავიდან გერმანული კავშირის დაარსებამდე (1648-1815 წწ.)
ვესტფალიის ზავის დადების შემდეგ საიმპერატორო ხელისუფლების ავტორიტეტი არსებობდა მხოლოდ სახელად, იმპერია გადაიქცა სახელმწიფოთა კავშირად, რომლებიც ძლივსღა იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. მუდმივ სეიმზე რეგენსბურგში, რომელიც გაიხსნა 1663 წ., გერმანელი ხელმწიფეები მომაწილეობდნენ უკვე არა პირადად, არამედ თავიანთი რწმუნებულების მეშვეობით. სხდომებს ატარებდნენ ისეთი პედანტური გულმოდგინებით (ჩაკირკიტებით), რომ ერის გადაუდებელი საჭიროებებისთვის სეიმი სრულიად უსარგებლო იყო. იმპერატორი თითქმის გაუსვლელად ცხოვრობდა თავის სამემკვიდრეო მიწებში სულ უფრო და უფრო უცხო ხდებოდა იმპერიისთვის; ამის პარალელურად იზრდებოდა უცხოური დერჟავების გავლენა. ხალხის თავად განათლებულობა და სულიერი განვითარება დამოკიდებული ხდებოდა უცხოელებზე, განსაკუთრებით საფრანგეთზე. თურქების, ფრანგებისა და შვედების მიერ ყოველი მხრიდან შევიწროვებული იმპერია მალევე მომხდარ მოვლენებში თამაშობდა წმინდად პასიურ როლს. ბევრ დასავლეთ გერმანელ ხელმწიფეს პირდაპირ ეკავა საფრანგეთის მხარე, ასე რომ ფერდინანდ III-ის სიკვდილის შემდეგ არც თუ მცირე შრომად დაუჯდათ მისი ვაჟიშვილის ლეოპოლდ I-ის (1658-1705) არჩევის ჩატარება.
თვით ლუდოვიკო XIV-ის დამპყრობლურ პოლიტიკასაც კი არ შეეძლო გერმანელი ხალხის აღფრთოვანება ერთიანი მოგერიებისთვის. პირველ ხანებში გერმანიის ინტერესებისთვის ხელი გამოიღო ბრანდენბურგის დიდმა კურფიურსტმა და ფერბელინთან (1675) საგრძნობი დამარცხება აგემა საფრანგეთის მოკავშირეებს, შვედებს. როდესაც, ბოლოს, იმპერატორმა და იმპერიამ გაბედეს და გადაწყვიტეს მიეღოთ მონაწილეობა ომში, ცალკეული გერმანული დერჟავების მეტოქეობა ყოველ ნაბიჯზე ხელს უშლიდა საომარი მოქმედებების წარმატებას. სჭირდებოდა რა ჯარები უნგრელი აჯანყებულებისა და თურქების წინააღმდეგ, იმპერატორმა მიიღო ნიმვეგენის ზავი (1678) და აიძულა ფრიდრიხ-ვილჰელმი დაებრუნებინა შვედებითვის მათთვის ომით უკან წართმეული ბალტიის პროვინციები. სარგებლობდა რა ერთიანობის ასეთი სრული არარსებობით, ლუდოვიკო XIV, თავისი „შემოერთებითი პალატების“ (Chambres de Reunion) მეშვეობით, ასუსტებდა იმპერიას დასავლეთში და საფრანგეთს მიუერთა სტრასბურგი (1681). დაბოლოს, მისმა პრეტენზიებმა პფალცის მემკვიდრეობაზე აიძულა გერმნული დერჟავები შეერთებოდნენ ახალ კოალიციას საფრანგეთის წინააღმდეგ. მაგრამ, რისვიკის ზავით (1697), გერმანიამ ვერ მიიღო უკან წართმეული პროვინციები. ლუდოვიკომ დააბრუნა მხოლოდ ფრაიბურგი და ბრაიზახი.
ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ომს თეატრად ჰქონდა ისევ უპირატესად გერმანია, რომლის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვრები იმავე დროს ჩანაგდებოდა ჩრდილოეთის დიდი ომით. ერთ დროს ეგონათ, რომ ახალი იმპერატორი იოსებ (იოზეფ) I (1705-1711) შეძლებდა გერმანიისთვის მთელი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. მაგრამ როდესაც, იოზეფ I-ის სიკვდილის შემდეგ იმპერატორად შეიქმნა სწორედ ის პრინცი კარლ VI (1711-1740), რომლის ესპანეთზე უფლებების დასაცავადაც შედგა კიდეც კოალიცია, ინგლისმა, რომელსაც არ სურდა ჰაბსბურგების ზედმეტად გაძლიერება, დადო უტრეხტის ზავი და გერმანიის იმპერია, რაშტადის ხელშეკრულების მიხედვით, იძულებული შეიქმნა უარი ეთქვა იმედზე დაკარგულის დასაბრუნებლად. იმავე დროს ჩრდილოეთის ომმა თუმცა კი გატეხა შვედეთის ძლიერება, მაგრამ სამაგიეროდ ევროპული პოლიტიკის თეატრზე წინ წამოსწია რუსეთი. დროის შუალედი ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ომის დასრულებასა და კარლ VI-ის სიკვდილს შორის გერმანიისთვის ნიშანდობლივია იმით, რომ ამ დროს ბრანდენბურგ-პრუსიის სახელმწიფომ, რომელიც 1701 წ. აყვანილ იქნა სამეფოს ხარისხში, მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ I-გან მიიღო ის სამხედრო და ადმინისტრაციული ორგანიზაცია, რომლის საფუძვლებზეც ფრიდრიხ II-მ შემდეგში შექმნა პრუსიის დიდი სახელმწიფო.
საფრანგეთთან ომში, 1733-1735 წწ., გერმანია კვლავ აღმოჩნდა წაგებული, თუმცა კი მოწინააღმდეგე უკვე აღარ იყო ისეთი მრისხანე, როგორც უწინ. იმპერიის შიგნით ტონს იძლეოდა ლუდოვიკო XIV-ისა და მის მენაცვალეთა სამთავრობო სისტემა. ფავორიტებისა და მეტრესების გავლენამ შეაღწია გერმანული სამეფო და მთავრების სასახლის კარების უმეტესობაში; საზოგადოების გაბატონებული კლასების განათლებულობა, ზნე-ჩვეულებანი და მოდა ბაძავდა ფრანგულ ნიმუშებს. მთელი გერმანული სახელმწიფოებიდან მხოლოდ ახალგაზრდა პრუსია გაურბოდა ამ მადემორალიზებელ გავლენას და სამხედრო-დესპოტური ფორმის ქვეშ წარმოადგენდა მეურვე და მომჭირნე მთავრობის ნიმუშს, რომელიც აღვიძებდა ხალხის მძინარე ძალებს და შეძლო მცირე სახელმწიფოსთვის მიეცა ის ზნეობრივი აღმატებულება, რომელიც სულაც არ იყო მისი ტერიტორიული ფართობის თანაზომადი. უკვე ამ დროს ერის განათლებულ ფენებში, განსაკუთრებით მესამე წოდებაში, იძვროდა რეაქცია სასახლის კართა ფრანგული განათლებულობის ბატონობის წინააღმდეგ _ რეაქცია, რომელიც მალევე გაძლიერდა და განმტკიცდა „ლიტერატურის ოქროს საუკუნეში“, კლოპშტოკის, ლესინგისა და ჰერდერის ხელმძღვანელობით.
იმპერატორი კარლ VI გარდაიცვალა 1740 წ. და მასთან ერთად ჩაქრა ჰაბსბურგების მამრობითი შტოც. თავისი ქალიშვილის, მარია-ტერეზიასთვის ჰაბსბურგების სახლის მემკვიდრეობის უზრუნველსაყოფად მან გამოსცა პრაგმატიკული სანქცია, მაგრამ იგი საკმარისი არ აღმოჩნდა მეზობლებისა და პრეტენდენტების პატივმოყვარეობისგან თავისი ინტერესების დასაცავად. ფრიდრიხ II-მ, რომელიც იმ ხანებში იყო ასული პრუსიის ტახტზე, მიზნად დაისახა თავისი ახალგაზრდა სამეფოსთვის გარეგნული ძლიერების მოპოვება. ბავარიამ და საქსონიამ ასევე გამოხატეს პრეტენზიები მემკვიდრეობის ნაწილზე. ამით ისარგებლა ფრანგულმა პოლიტიკამ, რათა დაესუსტებინა ავსტრია. ფრანგული გავლენის წყალობით კარლ ალბერტ ბავარიელი არჩეულ იქნა იმპერატორად კარლ VII-ის სახელით (გარდ. 1745), მაშინ, როდესაც ფრიდრიხ II-მ დაიკავა სილეზია. დაწყებულ ომში, რომელიც, მცირე შესვენებებით გრძელდებოდა თვით ახენის ზავამდე (1748), გაიმარჯვა, არსებითად, მხოლოდ პრუსიამ. მთელი რიგი სისხლისმღვრელი ბრძოლებით მან უზრუნველყო თავისთვის სილეზიის დაუფლება.
დანარჩენ მტრებს მარია ტერეზია ადვილად გაუმკლავდა, და იმასაც კი მიაღწია, რომ მისი მეუღლე ფრანც ლოტარინგელი არჩეულ იქნა იმპერატორად ფრანც I-ის სახელით. ურთიერთ შორის მეტოქეობისას პრუსიის მეფე და მარია ტერეზია ცდილობდნენ თავიანთი სახელმწიფოების შინაგანი ძალების აღმართვასა და წინ წამოწევას; მაგრამ მარია ტერეზიასთვის ეს იყო მხოლოდ საშუალება მისი მთავარი მიზნის მიღწევისთვის _ სილეზიის დაბრუნებისა და პრუსიის დამცირებისთვის. შვიდწლიან ომში (1756-1763) პრუსიას, რომელსაც მხარდაჭერა ჰქონდა მხოლოდ ინგლისისგან, უნდა გაეძლო ერთდროულად ბრძოლისთვის რუსეთთან, საფრანგეთთან, ავსტრიასთან, შვედეთთან და გერმანიის იმპერიასთან. ამ ბრძოლაში იმპერიის ძველმა ფორმებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უძლურება. მაგრამ ავსტრიას უარი არ უთქვამს იმაზე, რომ დაებრუნებინა უწინდელი მდგომარეობა იმპერიაში და იოსებ (იოზეფ) II-ის სახით (1765-1790), რომელმაც იმპერატორის ტიტული მიიღო თავისი მამის ფრანც I-ის შემდეგ, მიმართა მცდელობას ამ მიმართულებით; მაგრამ იმპერიის მაშინდელი მოწყობისას და პრუსიის მხრიდან წინააღმდეგობის პირობებში, იგი აღმოჩნდა აღუსრულებადი.
გერმანიაში უპირატესი გავლენის მოსაპოვებლად იოზეფმა ჩაიფიქრა თავისი სამფლობელოების გაფართოება ბავარიის ხარჯზე. ამ მიზნით ვიტელსბახური ხაზის შეწყვეტის შემდეგ (1777), მან დაიპყრო მისი ნაწილი მემკვიდრის სახით; მაგრამ წააწყდა რა ფრიდრიხის მხრიდან შეიარაღებულ წინააღმდეგობას, შეჩერდა კარლ-თეოდორთან მიწების გაცვლის აზრზე. ავსტრიის ჩანაფიქრებზე საპასუხოდ ფრიდრიხმა დააარსა (1785) მთავართა კავშირი (Fürstenbund), რომლის მიხედვითაც მცირე გერმანელი მთავრების უმეტესობა მიემხრო პრუსიას. მრავალი სიძნელეებით გარშემორტყმული და თურქეთთან ომში ჩაბმული იოზეფ II გარდაიცვალა სწორედ იმ მომენტში, როდესაც საფრანგეთის რევოლუცია იმუქრებოდა ევროპის მთელი მაშინდელი წყობილების შერყევით. მან გამოიწვია პრუსიასა და ავსტრიას შორის დაახლოება სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი მზად იყვნენ ერთმანეთთან ომის გასაჩაღებლად პოლონეთის საკითხის გამო (1790 წ. 28 ივლისის რაიხენბახის კონვენცია, და 1791 წ. 27 აგვისტოს პილნიცის კონვენცია). ეს სიახლოვე გადაიქცა შეტევით კავშირად საფრანგეთის წინააღმდეგ, როდესაც მან ომი გამოუცხადა ორივე დერჟავას.
იმპერატორი ლეოპოლდ II (1790-1792) ვერ მოესწრო საომარი მოქმედებების დაწყებას; ტახტზე იგი შეცვალა 1792 წელს მისმა ვაჟმა ფრანც II-მ. გერმანული ჯარების რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, საფრნგეთთან ომს ისინი აწარმოებდნენ წარუმატებლად, არც თუ მცირედ, ორივე მოკავშირეს შორის ძველი ანგარიშების წყალობით. პრუსია, რომელსაც მუქარები ექმნებოდა პოლონეთში ავსტრიის ხრიკების გამო, შეურიგდა საფრანგეთის რესპუბლიკას (1795), და მსხვერპლად გაიღო რა რაინის მარცხენა ნაპირი, გამოითხოვა ცნობილი სარგებლები პირადად თავისთვის. მის მაგალითს თავიდან მიჰყვა ბევრი წვრილი თავადი და მთავარი, ხოლო შემდეგ კი, იტალიასა და გერმანიაში დამარცხების მერე, ავსტრიაც (1797). რაშტადის სამშვიდობო კინგრესმა გამოავლინა გერმანიის შინაგანი გახლეჩილობა, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდებოდა გარეშე გავლენებით. ახალი წარუმატებელი ომი, რომელსაც ავსტრია აწარმოებდა რუსეთთან, ინგლისთან და ნეაპოლთან კავშირში საფრანგეთის წინააღმდეგ (1798-1801), დასრულდა ლუნევილის ზავით.
გერმანიის იმპერიის მოჩვენებითობა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა თავის ძველ ფორმებს, დაუყოვნებლივ გამოვლინდა ახალ ძალადობებში საფრანგეთის მხრიდან, როგორიც იყო, მაგალითად, ჰანოვერის დაკავება (1803). გერმანული ოლქების ახალ განაწილებაში, რომელიც დასრულდა 1803 წ., სეიმის დადგენილებით, გაბატონებულ როლს თამაშობდნენ საფრანგეთი და რუსეთი. სასულიერო მთავრების (თავადების) საკუთრებაში არსებული მრავალი მცირე სამფლობელო მედიატიზირებულ იქნა, ე. ი. ჩართული უფრო მსხვილი სახელმწიფოების შემადგენლობაში, ანაზღაურების სახით იმ დანაკარგებისთვის, რომლებიც მათ განიცადეს რაინის მარცხენა ნაპირზე (საფრანგეთთან მისი მიერთების გამო). ნაპოლეონის იმპერიის დაარსებამ, ახალი იმპერატორის დაპყრობებმა შვეიცარიაში, იტალიასა და ჰოლანდიაში, დაბოლოს, ფრანგების ქცევებმა სამხრეთ და დასავლეთ გერმანიაში, რომელსაც ისინი განკარგავდნენ როგორც თავიანთ საკუთრებას, გამოიწვიეს ახალი კოალიციური ომი (1805), რომელშიც ავსტრია იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ, ხოლო სამხრეთ-გერმანელი ხელმწიფეები საფრანგეთის იმპერატორთან კავშირში. ამ ომის ავსტრიისთვის უბედურმა შედეგმა, რომელიც დასრულდა პრესბურგის ზავით (1805), გააძლიერა ბავარია, ვიურტემბერგი და ბადენი და შექმნა მათგან, საფრანგეთის სასარგებლოდ, ავსტრიისა და პრუსიის საპირწონე. ამ ახალი ურთიერთობების გარეგნულ გამოხატულებად იქცა რაინის კავშირი (იხ.), რომელმაც გერმანიის ტერიტორიის მთელი მესამედი ჩააყენა ვასალურ დამოკიდებულებაში საფრანგეთთან. ფრანც II-მ, რომელმაც უკვე 1804 წ. მიიღო ავსტრიის იმპერატორის ტიტული ფრანც I-ის სახელით, ახლა ფორმალურად მოიხსნა გერმანიის იმპერატორის ღირსება (1806 წ. აგვისტო), იმიტომ რომ იმპერიამ ფაქტიურად შეწყვიტა არსებობა.
ამის შემდეგ მალევე გაჩაღებულ ომში საფრანგეთსა და პრუსიას შორის, ნაპოლეონის ორმაგ გამარჯვებას იენასთან და აუერშტეტთან (1806 წ. 14 ოქტომბერს), ისევე როგორც ბრძოლებს ფრიდლანდთან და პროისიშ-აილაუსთან, შედეგად ჰქონდა პრუსიის სამეფოს დანაწევრება, რომელმაც ტილზიტის ზავით (1807) დაკარგა თავისი პროვინციების ნახევარი. უბედურებამ თვალები აუხილა მთავრობებსა და ხალხებს, მოწმობდა რა სხვა, უკეთესი წესრიგის აუცილებლობაზე: პრუსიისთვის და ნაწილობრივ ავსტრიისთვისაც კი დადგა გარდაქმნების პერიოდი. მართალია, 1809 წლის ომმა სულაც ვერ გატეხა ნაპოლეონის მფლობელობა; პირიქით, ვენის ზავმა მხოლოდ გააძლიერა საფრანგეთის გერმანელი ვასალების ძლიერება და ხელი ვერ შეუშალა იმას, რომ იმპერატორის უბრალო ბრძანებულებით გერმანიის მთელი ჩრდილოეთ ნაპირი მიერთებულ იქნა საფრანგეთთან; მაგრამ სახალხო აჯანყებები ტიროლსა და ჩრდილოეთ გერმანიაში უკვე ნათლად მოწმობდა გადატრიალების შესახებ საზოგადოებრივ განწყობილებაში. საერთო აჯანყებისთვის სიგნალად იქცა ფრანგული არმიის დაღუპვა რუსეთში, 1812 წ. რუსული ჯარების გერმანიის ფარგლებში გადასვლასთან ერთად ეროვნულმა აღფრთოვანებამ გაიტაცა თავიდან პრუსია, ხოლო შემდეგ კი დანარჩენი გერმანიაც. დამარცხებული საფრანგეთი იძულებული იყო პარიზის ორივე სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით, დაებრუნებინა 1792 წ.-დან დაპყრობილი მთელი გერმანული სამფლობელოები, ხოლო ნაპოლეონის მიერ განდევნილი მთავრები (თავადები) კვლავ აღდგენილ იქნენ თავიანთ ტახტებზე. ვენის კონგრესმა (იხ. VII, 632) შექმნა გერმანიაში საგანთა ახალი წესრიგი, შემოიღო რა ე. წ. საკავშირო კონსტიტუცია (იხ. გერმანიის კავშირი).
V. გერმანიის კავშირის დაარსებიდან 1848 წლის რევოლუციურ მოძრაობამდე
ახალი გერმანიის კავშირის მოწყობამ ვერ გაამართლა ის იმედები, რომლებიც ხალხში იყო აღძრული განთავისუფლებისთვის ომით. ახალი საკავშირო კონსტიტუცია თავის თავში შეიცავდა ხალხის უფლებებისა და შინაგანი თავისუფლების განვითარების ძალზედ ცოტა გარანტიებს. გერმანული მთავრობები კიდევაც რომ გულწრფელად შესდგომოდნენ მათ მიერ დანაპირები გაუმჯობესებების განხორციელებას, მაშინაც კი საგანთა ეს წესრიგი არ იქნებოდა დიდი ნაბიჯი წინ. მაგრამ ძველი წესების აღდგენასთან ერთად აღდგა ძველი ბოროტად გამოყენებანიც, მთავრობები კი ან საერთოდ თავს იკავებდნენ დაპირებული შეღავათების მიცემისგან, ან კიდევ თავიანთ დანაპირებებს ასრულებდნენ ძუნწად და უხალისოდ. მართალია, ნასაუში (1814), საქსენ-ვაიმარში (1816), ბავარიაში, ბადენსა (1818) და ვიურთემბერგში (1819) საქვეყნოდ იქნა გამოცხადებული კონსტიტუციები, მაგრამ პრუსია არ მიჰყვა ამ მაგალითს. რეაქციულმა პარტიამ არ დააყოვნა არსებული უკმაყოფილებების გაღვივება თავისი დასმენებითა და ყველანაირ თავისუფალ აზრსა და ეროვნულ მისწრაფებაში იჭვების შეტანით. მოსწავლე ახალგაზრდობის ზოგიერთმა გამოხტომამ _ მაგალითის ვართბურგის დღესასწაულმა (V, 551) _ სასურველი საბაბი მისცათ იმისთვის, რათა გადაჭარბებული სახით გამოეხატათ გერმანიის მომცველი რევოლუციური სულისკვეთების საშიშროება. ზანდის მიერ კოცებუს მოკვლა (1819 წ. 23 მარტს) იქცა თითქოს და ამ შეხედულების დადასტურებად. 1819 წ. 20 სექტემბრის კარლსბადის დადგენილებებით უნივერსიტეტები გადასცეს პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, ხელახლა შემოიღეს ცენზურა და დანიშნეს ცენტრალური საგამოძიებო კომისია მაინცში, საიდუმლო საზოგადოებებისა (იგულისხმება მასონური ლოჟები და სხვა _ ი. ხ.) და დემაგოგიური ჩანაფიქრების ძიებისთვის.
საკავშირო კონსტიტუციას დაუმატეს 1820 წ. 8 ივნისის ვენის დასკვნითი აქტი, რომელიც მიმართული იყო უპირატესად წოდებრივი წარმომადგენლობის წინააღმდეგ; მის გვირგვინს წარმოადგენდა მუხლი, რომელიც მოკავშირე ხელმწიფეებს აძლევდა უფლებას არ შეზღუდულიყვნენ არანაირი კონსტიტუციებით თავიანთი სამოკავშირეო მოვალეობების შესრულებისას. საკავშირო სეიმში კიდევ გარკვეულ დროს გრძელდებოდა ბრძოლა დაპირისპირებულ მიმართულებებს შორის; მაგრამ თავადმა მეტერნიხმა, რომელიც მიისწრაფოდა სეიმის მეშვეობით საშუალო და მცირე სახელმწიფოების მართვისკენ, ბოლოს და ბოლოს მოახერხა მისგან (სეიმისგან) უფრო მეტად ლიბერალური ელემენტების ჩამოცილება და მისი გადაქცევა ავსტრიის ანტიეროვნული და ანტილიბერალური გულისთქმების უპირობო იარაღად. პრუსია დაექვემდებარა ამ პოლიტიკის გავლენას, მაშინ როდესაც საშუალო და მცირე სახელმწიფოებში ჯერ კიდევ ბჟუტავდა, თუმცა კი თანდათან სუსტდებოდა, კონსტიტუციური ცხოვრება.
1830 წ. ივლისის რევოლუციამ გერმანიაზე იმოქმედა გამაოგნებლად და გამომაფხიზლებლად, შთაბერა რა ახალი სიმხნევე ლიბერალიზმის წარმომადგენლებს. ოპოზიციურმა სულმა გაიღვიძა უნახავი ძალით; სად _ მგზნებარე აგიტაციით, ხოლო სად _ ღია აღშფოთებითაც მცირე გერმანული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული შეიქმნენ დათმობებზე წასულიყვნენ, მაშინ როდესაც დიდ დერჟავებს ხელები შეკრული ჰქონდათ პოლონეთის ამბოხებით. კურჰესენმა, ბრაუნშვაიგმა, ჰანოვერმა და საქსონიამ მიიღეს წარმომადგენლობითი კრებები (საკრებულოები); სხვა სახელმწიფოებში შემოღებულ იქნა ბეჭდური სიტყვის თავისუფლება. მაგრამ ზოგიერთი გადაჭარბებანი _ მაგალითად, ჰამბახის დღესასწაული (იხ. VIII, 56) _ იქცა საბაბად მთავრობებისთვის ენერგიული ჩარევისა და ფრანკფურტის სეიმის მეშვეობით (1832), ადრე გაკეთებული დათმობების გაუქმებისთვის. ამ მოვლენის შემდგომმა პროცესებმა, მაგალითად, ფრანკფურტის ამბოხებამ (1833), კიდევ უფრო დაამძიმა საკავშირო სეიმის პოლიციური საქმიანობა. 1834 წ. ვენის კონფერენციებზე გამომუშავებული დადგენილებები პირდაპირ იყო მიმართული ცალკეული კონსტიტუციების წინააღმდეგ.
ჰანოვერის კონსტიტუციის გაუქმებამ მეფის ერნსტ ავგუსტის მიერ (1837) გამოიწვია საერთო აღშფოთება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის დაცვის მიზნით მოწვეულმა საკავშირო სეიმმა თავისი თავი არაკომპეტენტურად გამოაცხადა. ნდობა საკავშირო სეიმის მიმართ ამით საბოლოოდ იქნა შერყეული; ხალხის თვალში იგი წარმოადგენდა მხოლოდ საპოლიციო ინსტიტუტს. დაახლოებით იმავე დროს გაჩაღებულმა ბრძოლამ კიოლნის მთავარეპისკოპოსსა და პრუსიის მთავრობას შორის, თავის მხრივ არც თუ მცირედ შეუწყო ხელი საერთო მღელვარების გძლიერებას, გამოავლინა რა ის უზარმაზარი გავლენა, რომლის შეძენაც მოესწრო რომის იერარქიას. ამ არეულობებს შორის მოხდა ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენათაგანი, რომლებითაც აღინიშნა მშვიდობიანი პერიოდი 1815-დან 1848 წ.-მდე, სახელდობრ გერმანიის საბაჟო კავშირის დაარსება (იხ.), რომელსაც შეუერთდა შუა და სამხრეთ გერმანიის ყველა სახელმწიფო, ავსტრიის გარდა. ახალი იმედები აღიძრა პრუსიის ტახტზე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის ასვლასთან ერთად (1840). პოლიტიკური სული კვლავ გამოცოცხლდა; ახალი იდეები ფრენდა ჰაერში. მაგრამ ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა. თუმცა კი ახალი მეფის მიერ დაშვებული თავისუფლების საზომი სცდებოდა იმ საზღვრებს, რომლებსაც მკაცრად იცავდა უწინდელი მთავრობა, მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი იმისთვის, რათა შეძლერბოდა ახალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ბიუროკრატიის ყოვლისშემძლეობა, მისი ჩარევა სამოქალაქო და საეკლესიო ცხოვრების ყველა სფეროში, ახალი საცენზურო სიმკაცრეები, საეჭვო პირებთან მკაცრი მოქცევა ეკლესიაში, სკოლასა და სასამართლო უწყებაშიც კი, გამაღიზიანებელი ტონი ზოგიერთი პროვინციული სეიმის მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამოცოცხლებას იწყებდნენ 1843 წ., ზემოდან მხარდაჭერილი მიკერძოება სამხედროებისადმი _ ყოველივე ეს კვებავდა საერთო უკმაყოფილებას.
შეერთებული ლანდტაგის მოწვევა (1847) აბსოლუტიზმის მომხრეებს ეჩვენებოდათ სახიფათო დათმობად დროის სულისკვეთებისთვის, მაშინ როდესაც ლიბერალური პარტია ხედავდა მასში 1815 და 1820 წწ. ედიქტებით მიცემული დაპირებების დარღვევას. არც თუ უკეთეს მდგომარეობაში იყო საქმეები სხვა გერმანულ სახელმწიფოებშიც. ისეთი მინისტრების საქმიანობა, როგორებიც იყვნენ აბელი ბავარიაში, ბლითერსდორფი ბადენში, ჰასენპფლუგა და დიუ-ტილი ორივე ჰესენში განამტკიცებდა ოპოზიციას და ზრდიდა მტრობას მთავრობებსა და ხალხებს შორის. პოლიტიკურმა მოძრაობამ უხვი საკვები მიიღო საეკლესიო დავებით. პროტესტანტიზმის შიგნით განხეთქილების გარდა, რომელიც გამოწვეული იყო „ქრისტიანული სახელმწიფოს“ სისტემით პრუსიაში, საზოგადოებრივ აზრს მუდმივ დაძაბულობაში ინარჩუნებდნენ ულტრამონტანური პარტიის ხრიკებით, რომელიც განსაკუთრებით ძლიერი იყო ბავარიაში. გერმანიის ბევრ ადგილას, ამასთან ერთად, არსებობდა დიდი მატერიალური გასაჭირი, რაც აისახებოდა ემიგრაციის მუდმივ ზრდაში და მუქარის ზომები მიიღო ხშირი მოუსავლიანობისა და სასიცოცხლო მარაგებზე ფასების ზრდის შედეგად. ეკონომიკური კრიზისის ეს წლები (1845 და 1846) დაემთხვა პოლიტიკურ მღელვარებას და ბევრად შეუწყო ხელი მის გავრცელებას ისეთ წრეებში, რომლებიც იმ დრომდე რჩებოდნენ განზე ყოველგვარი პოლიტიკისგან.
ავსტრია, მასში გაბატონებული ჩაკეტილობის პოლიტიკის წყალობით, მთელ ამ მოძრაობებში ღებულობდა მხოლოდ ირიბ მონაწილეობას. მაგრამ მასში დაგროვდა სხვაგვარი მასალა დუღილისა და მღელვარებისთვის. ძველი სამთავრობო მანქანა კიდევ უფრო მოუხეშავი გახდა თავისი მოუქნელობით; უსულო მექანიზმი უუნარო აღმოჩნდა იმპერიის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის. ფინანსური მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდებოდა. ცენზურის გაშმაგებისა და სწავლების (განათლების სისტემის) შევიწროვების მიუხედავად, აკრძალული იდეები მაინც აღწევდა ხალხში. მშვიდობის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ავსტრიის იმპერიის შემადგენლობა კი არ განმტკიცდა, არამედ მოირყა. მადიარები, სლავები, იტალიელები დრტვინავდნენ კაბინეტური მმართველობის მანიველირებელი მისწრაფებებისა და პრაქტიკის გამო; ბრძნულმა წესმა: ერთი ეროვნების მორჩილებაში ყოლამ მეორის მეშვეობით _ მოატყუა მაშინდელი ბრძენები. თვით პროვინციულ სეიმებშიც კი, მათი ძველი ფეოდალური წყობილებით, ცოტ-ცოტად თავი წამოჰყო ოპოზიციის სულმა.
მღელვარებას გერმანიაში ბევრად უწყობდა ხელს საქმეთა საერთო მდგომარეობა ევროპაში. შვეიცარია გამარჯველული გამოვიდა თავისი საშინაო კრიზისიდან, ყველა დიდი დერჟავის შეგონების მიუხედავად. საფრანგეთში უთანხმოებანი გვირგვინსა და საპარლამენტო პარტიებს შორის უკვე იმუქრებოდა ძალადობრივი გადატრიალებით. იტალიის ნახევარკუნძული წარმატებით აღსდგა ძველი სისტემის წინააღმდეგ და შეშინებული მთავრობები აიძულა საგანგებო დათმობებზე წასულიყვნენ. დანიაში ქრისტიან VIII-ის სიკვდილს (1848 წ. 20 იანვარი) უნდა დაეჩქარებინა შეჯახება დანიურ და გერმანულ ინტერესებს შორის. მოვლენები მიუნჰენში, რომლებიც დაიწყო სტუდენტური ამბოხებით 1848 წ. 7 თებერვალს, მჭერმეტყველურად მოწმობდა იმის შესახებ, თუ სადამდე მივიდა მღელვარება გერმანიის თვით ყველაზე უფრო მშვიდ ნაწილშიც.
VI. მოვლენები 1848-დან 1871 წლამდე
ცნობებმა დასავლეთიდან, რომლებიც სწრაფი თანამიმდევრობით იტყობინებოდნენ გიზოს, ლუდოვიკო ფილიპისა და ივლისის მონარქიის დაცემების შესახებ, გერმანიაში იმოქმედეს ელექტრული დარტყმის მსგავსად. მთელი ქვეყანა აღელდა; ხალხმა ყველგან მოითხოვა ბეჭდური სიტყვის თავისუფლება, შეკრებებისა და ასოციაციების თავისუფლება, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, საერთო საარჩევნო უფლება, საკავშირო სეიმში წარმომადგენლობითობა და ა. შ. ყველა საშუალო და მცირე საკავშირო სახელმწიფოში მთავრობები ნებსით თუ უნებლიედ უნდა დათანხმებოდნენ ამ მოთხოვნების შესრულებასა და ხალხისთვის არასასურველი მინისტრების ლიბერალური ადამიანებით შეცვლაზე. ბავარიაში მღელვარებანი დასრულდა მეფე ლუდვიგის მიერ ტახტზე ნებაყოფლობით უარის თქმით. ორივე დიდ გერმანულ დერჟავაში მოძრაობამ მიიღო რევოლუციის ხასიათი. ავსტრიაში შიში მომაკვდავი სისტემის წინაშე უკვალოდ გაქრა. იტალია, უნგრეთი, ბოჰემია იმყოფებოდნენ ღია აჟანყებაში და თავად დედაქალაქიც გადაიქცა იმ დრომდე გაუგონარი მღელვარებების თეატრად, რომლებიც დასრულდა მეტერნიხისა და მისი სისტემის დაცემით. ე. წ. მარტის რევოლუციას შედეგად მოჰყვა ბეჭდური სიტყვის თავისუფლების გამოცხადება, ეროვნული გვარდიის დაარსება, დეპუტატების მოწვევა ახალი კონსტიტუციის შესადგენად. პრუსიაში, სადაც თავის დროზე მოასწრეს ქარიშხლის დაწყნარება, აგიტაციამ კონსტიტუციური მოთხოვნების სასარგებლოდ მოიცვა მთელი ქვეყანა და დედაქალაქი. დაწყებული 17 მარტიდან ბერლინის მოსახლეობაში გაბატონებული იყო განგაშის განწყობილება, რომელიც ქმნიდა სერიოზული შეჯახების მუქარას.
18 მარტის პატენტებში მეფემ დაუთმო ხალხის სურვილებს; მაგრამ გაუგებრობის შედეგად, თუ ბოროტი ნების გამო, საყოველთაო ზეიმის (მხიარულების) დროს, რომელიც გამოწვეული იყო მეფის გადაწყვეტილებით, მოხდა სისხლიანი შეტაკება ჯარსა და ხალხს შორის, რომელიც გადაიზარდა შეუპოვარ ქუჩის ბრძოლაში. ეს უკანასკნელი გრძელდებოდა მანამდე, სანამ ჯარებს არ უბრძანეს უკანდახევა და არ დანიშნეს ლიბერალური სამინისტრო. ორი დღის შემდეგ, მეფემ გერმანული დროშით ხელში, მოახდინა ბერლინის ქუჩების საზეიმო შემოვლა, თანაც ჰპირდებოდა ჩამდგარიყო გერმანული მოძრაობის სათავეში. საკავშირო სეიმი არა თუ არ ცდილობდა ძველი სისტემის დაცვას, არამედ დაუყოვნებლივ აღიარა მომხდარი ფაქტები და მიმართა გერმანულ მთავრობებს წინადადებით გაეგზავნათ რწმუნებულები ფრანკფურტში საკავშირო კონსტიტუციის გადახედვისა და შეცვლისთვის. რამდენიმე დღის შემდეგ სეიმის დარბაზის თავზე აფრიალდა შავ-წითელ-ყვითელი ფერის დროშა.
ამასობაში მთელს გერმანიაში ხდებოდა არჩევნები ე. წ. „წინასწარ პარლამენტში“, რომელიც გაიხსნა 31 მარტს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორის მიტერმაიერის თავმჯდომარეობით. უარყო რა სტრუვეს რესპუბლიკური პროგრამა და აღიარა რა შლეზვიგი, აღმოსავლეთ და დასავლეთ პრუსია გერმანიის კავშირის შემადგენელ ნაწილებად, კრებამ თავისი უფლებამოსილებანი გადასცა მის მიერ არჩეულ ორმოცდაათთა კომიტეტს, რომელმაც, საკავშირო სეიმთან ერთად, თავის თავზე აიღო საერთო გერმანული პარლამენტის არჩევნების ხელმძღვანელობა. კომიტეტში შეტანილი ე. წ. ჩვიდმეტთა პროექტი სთავაზობდა მემკვიდრეობითი საიმპერატორო ღირსებისა და ორი პალატის დაარსებას: ზედასი, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შესულიყვნენ მეფე ხელმწიფენი, ცალკეულ სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან ერთად, ხოლო ქვედაში კი, ხალხის წარმომადგენლები, რომლებსაც აირჩევდნენ საყოველთაო ხმის მიცემით. რესპუბლიკური აჯანყება ზემო ბადენში, რომელიც იმ დროს ააგორეს ჰეკერმა და სტრუვემ, დასრულდა სრული წარუმატებლობით (იხ. ჰეკერი, VIII, 263). პარლამენტმა, რომლის სხდომებიც გაიხსნა 18 მაისს მაინის ფრანკფურტში, გერმანია ჰპოვა ღრმა დუღილისა და მღელვარების მდგომარეობაში. ვენაში საჯაროდ გამოცხადებულმა კონსტიტუციამ მისცა საბაბი ახალი უწესრიგობებისთვის. ბერლინში პრინცის ვილჰელმის (მომავალი იმპერატორის ვილჰელმ I-ის) დაბრუნებამ, რომელიც მაშინ არ უყვარდა ხალხს, გააძლიერა მღელვარება, რომელიც ვერ დაწყნარდა პრუსიის დამფუძნებელი კრების გახსნის შემდეგაც კი.
ფრანკფურტის პარლამენტის პირველი საქმე იყო აღმასრულებელი ხელისუფლების (Reichsverweser) დროებითი მეთაურის დანიშვნა. არჩევანი ხვდა ავსტრიის ერცჰერცოგს იოჰანს, რომელიც ფრანკფურტში ჩავიდა 11 ივლის; საკავშირო სეიმმა გადასცა მას თავისი ძალაუფლება და დაიშალა. მოთხოვნაზე, რათა საკავშირო ჯარებს ფიცი მიეცათ იოჰანისთვის, როგორც თავიანთი უმაღლესი მეთაურისთვის, ავსტრიამ და პრუსიამ გადამჭრელი უარით უპასუხეს, ხოლო ბავარიამ მისცა მხოლოდ პირობითი თანხმობა. ამასობაში პარლამენტი შეუდგა თავის მთავარ ამოცანას: კონსტიტუციისა და გერმანელი ხალხის ძირითადი უფლებების განხილვას. მაგრამ ბრძოლამ კონსტიტუციონალისტებსა და რესპუბლიკელებს შორის, რომელიც დუღდა პარლამენტის კედლების გარეთ, შეაღწია საკრებულოს წიაღშიც და ამუხრუჭებდა მის საქმიანობას. მასში მალევე წინ გამოვიდა სამი მთავარი პარტია: უკიდურესი მემარცხენე, რომელიც ისწრაფვოდა რესპუბლიკის დაარსებისკენ და ემყარებოდა ხალხის მასებს; „მცირე-გერმანელთა“ პარტია, საკრებულოს პრეზიდენტის ჰაგერნის მეთაურობით, რომელსაც სურდა გერმანიის გაერთიანება ავსტრიის გარეშე, და „დიდ-გერმანელთა“ პარტია (V, 825), რომელიც ეწინააღმდეგებოდა ავსტრიის გასვლას კავშირიდან.
სანამ პარლამენტი დროს ხარჯავდა უნაყოფო დავებზე, ჩრდილოეთში იფეთქა ომმა დანიასთან. მეფის ფრიდრიხ VII-ის სურვილი უფრო მჭიდროდ დაეკავშირებინა შლეზვიგ-ჰონშტინია დანიასთან, წააწყდა მტკიცე წინააღმდეგობას საჰერცოგოების გერმანული მოსახლეობის მხრიდან, რომელმაც აირჩია რა დროებითი მთავრობა, დახმარების შესახებ თხოვნით მიმართა საკავშირო სეიმს. პრუსიამ, საკავშირო სეიმის დავალებით, დაიკავა საჰერცოგოები, მაგრამ 26 აგვისტოს, საიმპერიო მთავრობის ნებართვის გარეშე, მალმიოში, დადო ზავი დანიასთან. ამის შესახებ შეტყობინებამ გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა ქვეყანაში. რადიკალურმა პარტიამ გადაწყვიტა ესარგებლა ამ მღელვარებით, რათა დარტყმა მიეყენებინა პარლამენტის ზომიერი უმრავლესობისთვის, რომელმაც მოიწონა პრუსიის მთავრობის მოქმედებები. 18 სექტემბერს ფრანკფურტში გაჩაღებულ იქნა ქუჩის ბრძოლა, რომლის დროსაც გამძვინვარებულმა ხალხმა ცოცხლად დაგლიჯა პარლამენტის ორი წევრი, თავადი ლიხნოვსკი და გენერალი აუერსვალდი. ფრანკფურტის აჯანყებასთან კავშირში იმყოფებოდა სტრუვეს ახალი მცდელობა, რომელიც ერთი მუჭა შვეიცარიელებითა და გერმანელებით 21 სექტემბერს შეიჭრა ბადენში, დაეუფლა ქალაქ ლერახს და აღმართა რესპუბლიკის დროშა, მაგრამ უკვე 24 სექტემბერს დამარცხებულ იქნა ბადენის ჯარების მიერ. რაუს მიერ ვიურთემბერგში აგორებული მეორე აჯანყება დააწყნარეს სისხლისღვრის გარეშე.
ფრანკფურტში მომხდარმა მოვლენებმა კიდევ უფრო გააღვივა პარტიების ურთიერთ სიძულვილი და ძირი გამოუთხარა პარლამენტისადმი ნდობას, მით უმეტეს, რომ ამავე დროს ძველი წესრიგი ავსტრიასა და პრუსიაში ზეიმობდა თავის პირველ წარმატებებს. ვენის აჯანყება დაწყნარებულ იქნა ღია ძალით; მისი ბევრი ხელმძღვანელი დახვრიტეს სამხედრო სასამართლოს განაჩენით, მათ რიცხვში გერმანიის პარლამენტის წევრი რობერტ ბლუმი, რომელიც ვენაში გაემგზავრა მემარცხენე პარტიის დავალებით. ახალ რესტავრირებულ სამინისტროს სათავეში ჩაუდგა გრაფი ფელიქს შვარცენბერგი. რაიხსტაგი მოწვეულ იქნა კრემზირში 22 ნოემბრისთვის. იმავე დროს იმპერატორმა ფერდინანდმა უარი თქვა ტახტზე თავისი ბიძაშვილის ფრანც-იოზეფის სასარგებლოდ. პრუსიაში 2 ნოემბერს შეადგინეს გრაფ ბრანდენბურგის ახალი სამინისტრო, რომელმაც ეროვნული კრების სხდომები გადაიტანა ბრანდენბურგში, ჯარები მიიყვანა ბერლინთან და გამოაცხადა საალყო მდგომარეობა. ეროვნულმა კრებამ მთავრობის მოქმედებები გამოაცხადა უკანონოდ, მაგრამ უნდა დაეთმო ძალისთვის და დაშლილ იქნა (5 დეკემბერს). ყოველივე ეს საგრძნობლად აისახა გერმანიის პარლამენტის მდგომარეობაზე. მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა პრუსიასა და ავსტრიაში კრიზისებთან მიმართებით ვერ დააკმაყოფილა ვერც ერთი მტრულად განწყობილ პარტიათაგან, ხოლო საიმპერიო კომისრების მეშვეობით შუამავლობის მცდელობამ გამოავლინა მხოლოდ მისი ფაქტიური უძლურება.
1849 წ. იანვარში მან მიიღო იმპერიის სამინისტროს მეთაურის გაგერნის წინადადება უფრო მეტად მჭიდრო საკავშირო სახელმწიფოს დაარსების შესახებ ავსტრიის მონაწილეობის გარეშე და იმპერიის მეთაურის ღირსების ერთერთი გერმანელი ხელმწიფისთვის გადაცემის შესახებაც, მისთვის იმპერატორის ტიტულის მინიჭებით. ავსტრიამ განაცხადა პროტესტი თავისი გარიცხვის წინააღმდეგ, მაგრამ მის მიერ ამის კვალდაკვალ გამოქვეყნებულმა საერთო კონსტიტუციამ მთელი ავსტრიული მიწებისთვის ნათლად უჩვენა ყველას გერმანიის ავსტრიასთან გაერთიანების შეუძლებლობა. იმპერატორის ღირსების მემკვიდრეობითობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ გერმანიის იმპერატორად გამოაცხადეს პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV, რომელმაც თუმცა კი უარი თქვა მისთვის მიტანილ გვირგვინზე და განუცხადა ეროვნული კრების დეპუტაციას, რომ იგი შეძლებდა გვირგვინის მიღებას მხოლოდ გერმანული მთავრობების თანხმობით. მაშინ პარლამენტმა გადაწყვიტა კონსტიტუციის განხორციელების საქმე აეღო თავის საკუთარ ხელში, იმშვიდებდა რა თავის თავს იმედებით, რომ მას ეყოფოდა ძალა მთავრობების იძულებისთვის ამ კონსტიტუციის მისაღებად. ამის საპასუხოდ ავსტრიამ გაიწვია თავისი დეპუტატები ფრანკფურტიდან; ბავარიამაც ასევე უარყო კონსტიტუცია, ხოლო ვიურთემბერგის მეფემ თავისი პალატების დეპუტაციას განუცხადა, რომ არასდოს არ აღიარებს თავის თავზე ჰოჰენცოლერნების ხელისუფლებას. ჰანოვერი და საქსონია თუმცა კი დუმდნენ, მაგრამ აშკარა იყო, რომ ისინი მიჰყვებიან სხვათა მაგალითს. მცირე სახელმწიფოებმა გარკვეულ დრომდე აღიარეს კონსტიტუცია.
პრუსიამ ასევე შეწყვიტა ურთიერთობები ფრანკფურტის პარლამენტთან და ბერლინში მოიწვია გერმანელი ხელმწიფეების კონგრესი, ჰპირდებოდა რა მათ თავის დახმარებას იმ შემთხვევაში, თუკი ფრანკფურტის პარლამენტის გაჯიუტების შედეგად წარმოიქმნებოდა რაიმენაირი ახალი არეულობანი. ამისთვის საბაბი მალევე გამოჩნდა კიდეც. საქსონიაში, რაინის ბავარიასა და ბადენში ხალხი იარაღით ხელში მოითხოვდა საერთო საიმპერიო კონსტიტუციის მიღებას. დრეზდენში 3 მაისს აფეთქებული აჯანყება ჩახშობილ იქნა სამდღიანი ქუჩის ბრძოლების შემდეგ პრუსიული ჯარების დახმარებით; ისინი მონაწილეობდნენ რევოლუციური მოძრაობის დაწყნარებაში რაინის ბავარიაშიც. უფრო მეტად შეუპოვარი ხასიათი მიიღო რევოლუციამ ბადენში. მან იფეთქა მაისში და სწრაფად გავრცელდა მთელს ქვეყანაში; ინსურგენტები დაეუფლნენ აგრეთვე ციხესიმაგრე რაშტადტს. დიდმა ჰერცოგმა დატოვა ქვეყანა; ოფენბურგში არჩეული რევოლუციური კომიტეტი შევიდა კარლსრუეში და დანიშნა დროებითი მთავრობა. მაგრამ პრუსიის ჯარებმა, პრინც ვილჰელმის უფროსობით, დაამარცხეს ინსურგენტები, აიძულეს რევოლუციური ხელისუფლება დაეტოვებინა კარლსრუე და კვლავ დაეუფლნენ რაშტადტს. ამასობაში ეროვნული კრება სულ უფრო და უფრო მეტად დნებოდა: ყველა ზომიერმა წვრმა ცოტ-ცოტად დატოვა იგი და მასში დარჩნენ მხოლოდ ერთი მუჭა მემარცხენეები და რადიკალები. ამ „პარლამენტ-სხეულმა“ (Rumpfparlament) თავისი სხდომები გადაიტანა შტუტგარდტში და აირჩია მთავრობა ხუთი წევრისგან, მაგრამ მალევე გაყრილ იქნა შეიარაღებული ძალით.
იმავე დროს ბერლინში გაიხსნა კონფერენციები, რომელთაც შედეგად მოჰყვა ე. წ. სამი მეფის კავშირის დადება (პრუსიის, საქსონიისა და ჰანოვერის) და გერმანიის მოწყობის ახალი პროექტი. მას უნდა მოეცვა ყველა გერმანული სახელმწიფო ავსტრიის გამოკლებით, რომელთანაც ვარაუდობდნენ განსაკუთრებული კავშირის დადებას. თავმჯდომარეობას კავშირში (ე. წ. პრუსიის უნიაში), სამხედრო და დიპლომატიური საქმეების გამგებლობასთან ერთად, აძლევდნენ პრუსიას. მცირე სახელმწიფოების უმეტესობა მზად იყო შეერთებოდა ამ პროექტს, ხოლო ფრანკფურტის ეროვნული კრების მცირეგერმანულმა პარტიამ, რომელიც ჩავიდა ე. წ. „Nachparlament“-ზე გოტში (გოტის პარტია), დაადგინა გამოეყენებინა მთელი თავისი გავლენა უნიის იდეის განხორციელებისთვის და მიეღო ქმედითი მონაწილეობა არჩევნებში იმპერიის მომავალ პარლამენტში. მაგრამ უნიას წარმატება არ ჰქონია; როდესაც პრუსიამ მოიწვია პარლამენტი ერფრუტში, მას ჩამოშორდნენ ჰანოვერი და საქსონია. ერფრუტის პარლამენტი თუმცა კი შედგა 1850 წ. მარტში, მაგრამ, კონსტიტუციის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ დახურულ იქნა. ამით დასრულდა გერმანელი ხალხის მონაწილეობა პოლიტიკურ საქმეებში; იმ დროიდან გერმანიის ბედის მართვა გადავიდა მხოლოდ დიპლომატიის ხელში.
ჰეგემონიისკენ პრუსიის მისწრაფებების მოგერიებისთვის ავსტრიამ მიმართა ყველა მოკავშირე სახელმწიფოს წინადადებით გაეგზავნათ სრულუფლებიანი წარმომადგენლები საკავშირო სეიმში მისაღები ზომების განსახილველად ახალი დროებითი ცენტრალური ორგანოს დაარსებისა და კონსტიტუციის გადახედვისთვის. ამ წინადადებას გამოეხმაურა პრუსიის უნიის ბევრი წევრი სახელმწიფოც; პრუსია კვლავ აღმოჩნდა იზოლირებულ მდგომარეობაში. შუამდგომლობისთვის რუსეთისადმი მის მიმართვას წარმატება არ ჰქონია. პრუსიის პრინცთან პაემანზე ვარშავაში, რომელშიც მონაწილეობდა ასევე ავსტრიული სამინისტროს მეთაური თავადი შვარცენბერგი, იმპერატორმა ნიკოლოზმა ყველაზე უფრო განსაზღვრული სახით გამოთქვა თავისი სურვილი 1815 წლის ტრაქტატების შენარჩუნების სასარგებლოდ და დაიჭირა ავსტრიის მხარე. ამასობაში მოულოდნელად წამოჭრილი კურჰესენის საკითხი იმუქრებოდა ომის დაწყებით ავსტრიასა და პრუსიას შორის (იხ, ჰესენ-კასელი). ავსტრიისა და ბავარიის საეგზეკუციო ჯარები შევიდნენ ჰესენში. ამაზე საპასუხოდ პრუსიამ დაიკავა კასელი, მაგრამ მალევე გადავიდა უფრო მეტად ფრთხილ პოლიტიკაზე.
ოლმიუცის ხელშეკრულებით მან უარი თქვა უნიასა და კურჰესენელთა მფარველობაზე და მისცა თანხმობა კონფერენციის მოწვევაზე დრეზდენში გერმანიის საქმეების მოსაწყობად. დრეზდენის თათბირებმა, რომლებიც მთელი ნახევარი წელიწადი გრძელდებოდა, ნათლად დაამტკიცა იმდროინდელ პირობებში გერმანიის გარდაქმნის ყველა ფართო გეგმების შეუსრულებლობა. რჩებოდათ მხოლოდ დაბრუნებოდნენ უწინდელ სეიმიან მოწყობას. აღორძინებულმა საკავშირო სეიმმა თავისი საქმიანობა დაიწყო ცალკეული სახელმწიფოების კონსტიტუციების დაკავშირებით ძველი გერმანული კავშირის პრინციპებთან. რეაქციამ კვლავ წამოსწია თავი. ორივე დიდი გერმანული დერჟავის მაგალითის მიხედვით, ყველგან დაიწყეს გაძლიერებული მოსპობა ყოველივესი, რაც მოაგონებდათ ქარიშხლიან ეპოქას. გაქრა გერმანული ფლოტიც, რომელიც ნაწილობრივ გაიყიდა აუქციონზე, ნაწილობრივ კი გაყიდა პრუსიამ. პრუსიის მხარეზე გამარჯვება დარჩა მხოლოდ სავაჭრო პოლიტიკის სფეროში. ავსტრიამ გამოხატა სურვილი შესულიყო გერმნულ საბაჟო კავშირში მთელი თავისი შემადგენლობით; მაგრამ ამას წინ აღუდგა პრუსია, და საბაჟო კავშირი 12 წლით განახლებულ იქნა თავისი უწინდელი სახით. ამავდროულად პრუსიამ კავშირის სახელით დადო სავაჭრო და საბაჟო ხელშეკრულება ავსტრიასთან, რომელიც მომგებიანი იყო ორივე მხარისთვის.
ამის შემდეგ მალევე დამდგარ ევროპულ გართულებებში გერმანული კავშირი რჩებოდა განზე და პოლიტიკურ სცენაზე მოქმედებდნენ მხოლოდ დიდი გერმანული დერჟავები. მოახლოებულ ყირიმის ომში რუსეთი თვლიდა, რომ უფლება ჰქონდა დაემყარებინა იმედი ავსტრიისა და პრუსიის მხარდაჭერაზე; მაგრამ პირველმა იჩქარა განეცხადებინა თავისი განზრახვის შესახებ დაეცვა მკაცრი ნეიტრალიტეტი, ხოლო მეორემ შეინარჩუნა მოქმედების თავისუფლება. როდესაც ომი ფაქტიურად დაიწყო, ორივე დერჟავამ მოითხოვა რუსეთისგან, რათა ამ უკანასკნელს დაეცალა დუნაის სამთავროები, ხოლო რუსეთის მიერ ამ სამთავროების მიერთების ან ბალკანეთის მთების გავლით გადასვლის შემთხვევაში, იმუქრებოდნენ ომის გამოცხადებით. საშუალო სახელმწიფოების მცდელობას გამოსულიყვნენ დამოუკიდებელი მესამე დერჟავის სახით, ავსტრიისა და პრუსიის გვერდით, არ ჰქონია წარმატება. თუმცა კი თანხმობა ავსტრიასა და პრუსიას შორის დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ავსტრიამ დაიკავა დუნაის სამთავროები და საფრანგეთსა და ინგლისთან დადო ფორმალური თავდაცვითი და შეტევითი კავშირი. ღიად თავდასხმა რუსეთზე მან ვერ გაბედა პრუსიისადმი შიშის გამო, რომელიც არ თანხმდებოდა ეომა რუსეთის იმპერატორის წინააღმდეგ, აგრეთვე საშუალო სახელმწიფოთა გაუბედავი მოქმედებების გამო, რომლებიც დაპირებების იქით არ მიდიოდნენ. ევროპული დერჟავების კონგრესზე, რომელზედაც დადებულ იქნა პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულება, გერმანიის კავშირს არ ჰყოლია თავისი წარმომადგენელი.
პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის განუკურნებელი სულიერი დაავადების შედეგად, სამთავრობო ხელისუფლება ამ ქვეყანაში 1858 წ. ოქტომბერში გადავიდა მის ძმაზე პრინც ვილჰელმ პრუსიელზე. გერმანიაში დიდ იმედებს ამყარებდნენ „ახალ ერაზე“, რომელიც იწყებოდა პრუსიაში. რეაქციის მრავალი წლით დაქანცული გერმანელები იმედოვნებდნენ, რომ პრუსია ჩაუდგებოდა ლიბერალურ მოძრაობას სათავეში და აიღებდა თავის თავზე გერმანული საქმეების ხელმძღვანელობას. ზომიერად ლიბერალური სამინისტროს დანიშვნა პრუსიაში უწინარეს ყოვლისა აისახა ბავარიაზე, სადაც პფორტენის სამინისტროს ადგილი უნდა დაეთმო ლიბერალური კაბინეტისთვის. სხვა სახელმწიფოებში გამოცოცხლდა წარმომადგენლობითი საკრებულოების ოპოზიცია, ხოლო ბეჭდური სიტყვა ალაპარაკდა ისეთი ტონით, რომლისგანაც სრულებით გადაჩვეული იყო 50-იანი წლების დასაწყისიდან.
ავსტრიის ომში საფრანგეთთან და სარდინიასთან ბევრი ლიბერალი, განსაკუთრებით სამხრეთ გერმანიაში, ღიად თანაუგრძნობდა ავსტრიას; საკავშირო სეიმში წარმოებდა ძლიერი აგიტაცია გერმანიის ჩარევის სასარგებლოდ. პრუსიასთან მეტოქეობამ ხელი შეუშალა ავსტრიას ესარგებლა ამ განწყობილებით. მაჯენტასა და სოლფერინოსთან დამარცხებების შემდეგ ავსტრიის იმპერატორმა, ეშინოდა რა, რომ პრუსიის მიერ გამოქომაგება ამ უკანასკნელს უპირატესობას მისცემდა გერმანიაში, იჩქარა ზავის დადება ნაპოლეონ III-თან ვილაფრანკაში, ხოლო შემდეგ კი ციურიხის სამშვიდობო ხელშეკრულებისაც. ავსტრიის მოულოდნელი დამარცხება და მოკავშირე სახელმწიფოების მოქმედებების ხასიათი ნათლად მოწმობდა, რომ საკავშირო კონსტიტუცია სავსებით უძლურია საგანგებო შემთხვევებში და საჭიროებს რადიკალურ ცვლილებებს. აიზენახში შეკრებილმა ყოფილი საპარლამენტო მოღვაწეების ყრილობამ გამოიმუშავა გერმანული საკავშირო სახელმწიფოს მოწყობის პროგრამა, პრუსიის მეთაურობით (უმაღლესობით), პარლამენტარიზმის საწყისებზე. ყრილობის შედეგად იქცა ე. წ. „ეროვნული საზოგადოების“ (Nationalverein) შექმნა. ბადენში საქმეების მმართველობა გადავიდა ლიბერალების ხელში. მნიშვნელოვან წარმატებებს ლიბერალიზმმა მიაღწია ასევე ბავარიასა და ვიურტემბერგშიც. ჰესენ-კასელში მოხდა ახალი შეჯახება მთავრობასა და სეიმს შორის, და მხოლოდ პრუსიის ენერგიული ჩარევის წყალობით, მთავრობამ დაუთმო და ძველი კონსტიტუცია საბოლოოდ იქნა აღდგენილი. ჰესენის დიდ საჰერცოგოში დალვიგის სამინისტრომ თავის წინააღმდეგ აამბოხა ხალხი „ეროვნული საზოგადოების“ დევნით. ნასაუში მთავრობის მოქმედებების ხასიათმა სახელმწიფო ქონების შესახებ საკითხში, გამოიწვია სეიმის მკვეთრი ოპოზიცია.
გერმანიის ერთიანობის იდეის გაღვიძებაზე ძლიერად და შთაგმაგონებლად იმოქმედა შილერის 100-წლიანი იუბილის ზეიმმა (1859 წ. 10 ნოემბერს), აგრეთვე სამეცნიერო და სხვა საზოგადოებების ყოველწლიურმა ყრილობებმა, მომღერლების, მსროლელების ზეიმებმა და ა. შ. მართალია, ეს იდეა ერთნაირად სულაც არ ესმოდათ: „ეროვნული საზოგადოება“ ოცნებობდა გერმანიაზე პრუსიის ჰეგემონიის ქვეშ, ავსტრიის გამორიცხვით, ხოლო 1852 წ. დაარსებული „Reformverein“-ი მოითხოვდა გერმანიის გაერთიანებას მკაცრ ფედერალისტურ საფუძვლებზე ე. წ. „70-მილიონიანი იმპერიისა“. 1861 წ. საქსონიის მინისტრი ბაისტი გამოვიდა კავშირის გარდაქმნის პროექტით, რომლის მიხედვითაც თავმჯდომარეობა საკავშირო სეიმში მონაცვლეობით უნდა მიკუთვნებოდა ავტრიასა და პრუსიას და მასთან, სათათბირო ორგანოს სახით უნდა ყოფილიყო ადგილობრივი პარლამენტების მიერ არჩეული წარმომადგენლების საბჭო. ამ პროექტმა გამოიწვია მასა შეკამათებებისა. ლიბერალები დაჟინებით მოითხოვდნენ პარლამენტს და გაგონებაც კი არ სურდათ დელეგატების საკრებულოს შესახებ; ავსტრია უხალისოდ თანხმდებოდა თავმჯდომარეობის გაყოფაზე პრუსიასთან, ხოლო უკანასკნელმა კი განაცხადა, რომ გერმანული საკითხის გადაჭრას შესაძლებლად თვლის მხოლოდ უფრო მჭიდრო საკავშირო სახელმწიფოს მოწყობის შემთხვევაში. პირველ ნაბიჯად მისი განხორციელებისკენ იქცა პრუსიის სამხედრო კონვენციები მისი გავლენის სფეროში მყოფ პატარა სახელმწიფოებთან. 1863 წ. აგვისტოში ფრანკფურტში შეიკრიბა გერმანელ ხელმწიფეთა კონგრესი იმპერატორ ფრანც იოზეფის პირადი თავმჯდომარეობით, რომელზედაც ავსტრიამ შემოიტანა კავშირის გარდაქმნის თავისი საკუთარი პროექტი. შეთავაზებული იყო დაეარსებინათ დირექტორია ხუთი ხელმწიფისგან, რომლის ხელშიც თავმოყრილი იქნებოდა კავშირის საქმეების უმაღლესი მმართველობა; ეროვნული საბჭო 21 წევრის შემადგენლობით, რომლებსაც დანიშნავდნენ ცალკეული მთავრობები, და 300 დელეგატისგან შემდგარი საკრებულო, რომელიც ფრანკფურტში შეიკრიბებოდა ყოველ სამ წელიწადში. კონგრესმა მიიღო ეს პროექტი მის მთავარ დებულებებში, მაგრამ იგი მაინც მკვდრად შობილი აღმოჩნდა პრუსიის მიერ კონგრესში მონაწილეობაზე უარის თქმის შედეგად.
კონგრესთან ერთდროულად სხდომებს მართავდა სახალხო წარმომადგენელთა ყრილობაც, რომელმაც გამოთქვა თავისი შეხედულება იმ აზრით, რომ გერმანელი ხალხის სურვილები შესაძლებელია დაკმაყოფილებულ იქნას მხოლოდ პარლამენტის მიერ, რომელიც არჩეული იქნება უშუალოდ ხალხის ნებით; იგივე აზრი გამოხატა პრუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მეფისადმი წარდგენილ მის მოხსენებით ბარათში ავსტრიული პროექტის გამო. მაგრამ პრუსიას იმ დროს ხელები შეკრული ჰქონდა შინაგანი სიძნელეების გამო. პრუსიის მთავრობასა და დეპუტატების პალატას შორის მოხდა შეჯახება არმიის რეორგანიზაციის შესახებ საკითხის თაობაზე. ლიბერალებმა, რომლებსაც გააჩნდათ უმრავლესობა პალატაში, უარყვეს არმიის გარდაქმნის პროექტი, რომელიც შეადგენდა თავად მეფის პირად საქმეს (იხ. ვილჰელმ I, VI, 353). პალატა დათხოვნილ იქნა, ხოლო ლიბერალური სამინისტრო შეცვალეს კონსერვატულით. ბრძოლა გაძლიერდა, როდესაც სამინისტროს სათავეში ჩააყენეს ბისმარკი (იხ. III, 931 და შემდეგი). ვერ მიაღწია რა ახალი პალატისგან სამხედრო კანონის მიღებას, ბისმარკმა განაცხადა, რომ მთავრობა საკუთარ თავს ხედავს იძულებულად მართავდეს პარლამენტის თანადგომის გარეშე. უკმაყოფილება ხალხში იზრდებოდა, რადგანაც მთავრობა განაგრძობდა გადასახადებიას აკრეფას პარლამენტის მიერ დამტკიცების გარეშე, დაიწყო დევნა ლიბერალურად განწყობილი მოხელეების წინააღმდეგ, შეიზღუდა ბეჭდური სიტყვის თავისუფლება და ა. შ.
ამასობაში სცენაზე გამოვიდა შლეზვიგ-ჰოლშტინიის საკითხი, ხოლო მასთან ერთად კი ახალი გართულებებიც, რომლებმაც საფუძველი დაუდეს გერმანიის სრულიად ხელახლა მოწყობას. ახალი მეფის ქრისტიან IX-ის მიერ 1863 წ. ნოემბერში ხელმოწერილმა საერთო კონსტიტუციამ შლეზვიგისა და დანიისთვის გამოიწვია გერმანიაში მხურვალე სიმპათიები შლეზვიგ-ჰოლშტინელთა მიმართ. საკავშირო სეიმის დადგენილებით, საქსონიისა და ჰანოვერის ჯარები შევიდნენ ჰოლშტინიაში. დანიელებმა უკან დაიხიეს და მოსახლეობამ თავის ჰერცოგად გამოაცხადა ფრიდრიხ ავგუსტენბურგელი. დანიის უარის შემდეგ გაეუქმებინა დანია-შლეზვიგის კონსტიტუცია, ავსტრია და პერუსია შევიდნენ სეიმში განცხადებით, რომ თავიანთ ხელში იღებენ გერმანიის უფლებების დაცვას (იხ. გერმანულ-დანიური ომი). განიცადა რა დამარცხება, დანია იძულებული შეიქმნა დათანხმებოდა ვენის ზავის პირობებს (1864 წ. ოქტომბერი), რომლის მიხედვითაც მან უარი თქვა შლეზვიგზე, ჰოლშტინიასა და ლაუენბურგზე ავსტრიისა და პრუსიის სასარგებლოდ. გერმანელების იმედები საჰერცოგოების დამოუკიდებელ ორგანიზებაზე არ გამართლდა: ავსტრიის წინადადება გადაეცათ საჰერცოგოები ავგუსტენბურგის პრინცისთვის უარყოფილ იქნა პრუსიის მიერ. როდესაც ბავარია, საქსონია და ჰესენ-დარმშტადტი შევიდნენ საკავშირო სეიმში წინადადებით მიეცათ საჰერცოგოების წარმომადგენლებისთვის შესაძლებლობა ეთქვათ თავიანთი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ორივე დიდმა დერჟავამ 1865 წ. აგვისტოში ურთიერთშორის დადო ჰაშტაინის კონვენცია (იხ. VIII, 190), რომელმაც მხოლოდ ცოტა ხნით გადადო შეჯახება.
ავსტრია ცდილობდა თავის მხარეზე საშუალო გერმანული სახელმწიფოების დაყოლიებას, პრუსიამ კი თავდაცვითი და შეტევითი კავშირი დაუდო იტალიას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში დაპირდა მას ვენეციის მიცემას. 9 აპრილს პრუსიამ საკავშირო სეიმში შეიტანა წინადადება, მოეწვიათ გერმანიის პარლამენტი, რომელიც არჩეული იქნებოდა ხმების პირდაპირ და ზოგადად მიცემით, საკავშირო კონსტიტუციის გარდაქმნის პროექტის განსახილველად. ავსტრიის წინადადებაზე ურთიერთ განიარაღების შესახებ პრუსიამ გამოთქვა თანხმობა, თუკი ავსტრია შეწყვეტს თავის შეაიარაღებას იტალიის წინააღმდეგ. ნეიტრალური დერჟავების მიერ შეთავაზებული სამშვიდობო კონგრესი პარიზში ვერ შედგა, და 1866 წ. ივნისში დაიწყო ომი, რომელიც შესაძლოა ითვლებოდეს გამყოფ საზღვრად ძველ და ახალ გერმანიას შორის: პრუსიული იარაღის გამარჯვებებმა მოამზადა გერმანული გაერთიანება. ომის დაწყებამდე გამოქვეყნებულ მანიფესტში მეფე ვილჰელმი საზეიმოდ აცხადებდა, რომ იძულებულია გადაწყვიტოს ომზე წასვლა „გერმანიის ეროვნული განვითარებისთვის“, „გერმანული ერთიანობის იდეისთვის“. ამ ერთიანობისკენ მოუწოდებდა ის მოთხოვნებიც, რომლებითაც მაშინ პრუსიამ მიმართა ჰანოვერს, საქსონიასა და ჰესენ-კასელს. მაგრამ, სამივე სახელმწიფომ უარით უპასუხა _ და 20 ივნისს პრუსიის ჯარები შევიდნენ მათი ტერიტორიების ფარგლებში.
საომარი მოქმედებების მსვლელობა სულ თავიდანვე ხელსაყრელი იყო კარგად ორგანიზებული პრუსიული არმიისთვის. ლანგენზალცთან ჰანოვერის ჯარების კაპიტულაციის შემდეგ სწრაფად მოხდა პრუსიისთვის მთელი რიგი იღბლიანი მცირე შეტაკებებისა, ხოლო 3 ივლისს, სადოვაიასთან (კიონიგგრეცთან) ბრძოლაში, პრუსიელებმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს შეერთებულ ავსტრიულ და საქსონურ ჯარებზე. ავსტრია იძულებული შეიქმნა 26 ივლისს დაედო ზავი ნიკოლსბურგში და მიეღო პრუსიის მიერ წამოყენებული პრაღის სამშვიდობო ხელშეკრულების (11/23 აგვისტო) პირობები: ავსტრიის გარიცხვა გერმანული კავშირის შემადგენლობიდან, მისი თანხმობა ჩრდილო-გერმანული კავშირის შექმნაზე, პრუსიის მეთაურობით, და პრუსიისთვის ჰანოვერის, ნასაუს, ჰესენ-კასელის, ფრანკფურტის, შლეზვიგისა და ჰოლშტინიის შეერთებაზე. სამხრეთგერმანული სახელმწიფოები, ამ ხელშეკრულების მიხედვით, რჩებოდნენ დამოუკიდებლები და შეეძლოთ მხოლოდ შესულიყვნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში პრუსიასთან და ჩრდილო-გერმანიის კავშირთან. ბისმარკის (იხ.) ოსტატური პოლიტიკის წყალობით, რომელმაც მოახერხა მეზობელი სახელმწიფოების ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა და ნაპოლეონ III-თვის სავსებით გვერდიდან შემოვლა, პრუსიამ შეძლო ამ ბრწყინვალე წარმატებების მიღწევა ისე, რომ იოტისოდენადაც კი არ დაუთმია გერმანიის ინტერესები. ქვეყნის შიგნით შედგა სრული შერიგება მთავრობასა და ხალხს შორის. დეპუტატების გარემოდან გამოეყო ნაციონალ-ლიბერალების განსაკუთრებული პარტია, რომელმაც მიზნად დაისახა მთელი გერმანული სახელმწიფოების სრული გაერთიანება პრუსიის მეფის მეთაურობით. ეს პარტია ცოტ-ცოტად ავრცელებდა თავის გავლენას და იძენდა ადეპტებს პრუსიის გარეთ. მის პროპაგანდასთან ერთდროულად, ჩრდილო-გერმანული სეიმის დაარსების წყალობით, მიმდინარეობდა გერმანული სახელმწიფოების დაახლოებაც.
აღნიშნული სეიმის სხდომების გახსნა შედგა 1867 წ. 10 სექტემბერს. თავისი ხანმოკლე არსებობის განმავლობაში ამ წარმომადგენლობითმა დაწესებულებამ მოასწრო რიგი მნიშვნელოვანი და მსხვილი ზომების გატარება: ახალი საფოსტო კანონი, ახალი სისხლის სამართლის დებულება, საერთო სავექსელო წესდება, საერთო სახელოსნო წესდება, ზომებისა და წონების საერთო სისტემა, ლაიფციგში უმაღლესი სავაჭრო სასამართლოს დაარსება, რომელიც 1877 წ. გარდაქმნილ იქმნა უმაღლეს საიმპერიო სასამართლოდ, კანონი იძულებით გასხვისების (ჩამორთმევის) შესახებ, აღმსარებლობების თანასწორუფლებიანობის შესახებ და ა. შ. ზოგად-გერმანული ინტერესების სფეროში თანდათანობით ითრევდნენ კავშირის გარეთ დარჩენილ სამხრეთ-გერმანულ სახელმწიფოებსაც: პრუსიამ მოასწრო დაედო მათთან საიდუმლო თავდაცვითი და შეტევითი სამოკავშირეო ხელშეკრულებები ომის შემთხვევისთვის და მიეზიდა ისინი გერმანიის ორივე ნაწილისთვის საერთო საბაჟო პარლამენტში მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ სეპარატისტული მისწრაფებები სწორედ სამხრეთ გერმანიაში ჯერ კიდევ ძალზედ ძლიერი იყო: თუ კი ბადენსა და ჰესენში მოსახლეობა და მთავრობა უკვე იხრებოდნენ აზრისკენ საბოლოო კავშირის დამყარების თაობაზე პრუსიასთან, ვიურთემბერგში ამას მთელი ძალებით ეწინააღმდეგებოდა იქ გაბატონებული დემოკრატიული პარტია, ხოლო ბავარიაში კი ადგილობრივმა კლერიკალურმა პარტიამ დაამხო კიდეც არსებული სამინისტრო იმის გამო, რომ ამ სამინისტროს მეთაური (ჰოჰენლოე) კეთილად იყო განწყობილი საკითხისადმი გაერთიანების შესახებ. მთელი ეს მტრობა მიჩუმდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი გერმანიის ბედი სასწორზე იქნა დადებული _ ანუ როდესაც დაიწყო 1870-1871 წწ. საფრანგეთ-გერმანიის ომი (იხ.).
მტრული ურთიერთობები საფრანგეთსა და პრუსიას შორის არსებობდა უკვე მანამდე დიდი ხნით ადრე. 1867 წ. საქმე მათ შორის თითქმის სერიოზულ შეჯახებამდეც კი მივიდა ლუქსემბურგის საჰერცოგოს გამო, რომლის მიერთებაც საფრანგეთს სურდა თავისი სამფლობელოებისთვის; დავა მოგვარებულ იქნა სხვა ევროპული დერჟავების ჩარევის წყალობით, რომლებმაც ამ მიზნით მოწვეულ ლონდონის კონფერენციაზე (1867) გადაწყვიტეს ეღიარებინათ საჰერცოგო ნეიტრალურად და ხელუხლებლად დაეტოვებინათ მისი ერთიანობა ჰოლანდიასთან, ასევე გამოეყვანათ იქიდან პრუსიული გარნიზონი. საფრანგეთთან ომისთვის პრუსიას მზადება არ შეუწყვეტია და პალატებისგან მოითხოვდა მნიშვნელოვან კრედიტებს არმიის გაძლიერებისთვის; უკვე 1868 წ. პრუსიის გენერალური შტაბის უფროსმა მოლტკემ შეადგინა ამ ომის გეგმა; მოკავშირეთა ჯარებიც ასევე ცოტ-ცოტად გროვდებოდნენ ცნობილ პუნქტებში და მზად იყვნენ, პირველივე სიგნალზე, დაძრულიყვნენ დასავლეთ საზღვრისკენ. მაგრამ ბერლინის ფრთხილი მთავრობა თვითონ თავს არიდებდა გამოწვევას, დაუთმო რა ეს მაშინდელი საფრანგეთის თავქარიან მმართველებს, რომლებმაც, ისე რომ არც კი ჰქონდათ ზუსტი ცნობები თავიანთი ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შესახებ, გაბედეს საბედისწერო ნაბიჯის გადადგმა ნაკლებად მნიშვნელოვანი საბაბის გამო.
1870 წ. შუა ივლისში ომი გამოცხადებულ იქნა. დადებული ტრაქტატების თანახმად სამხრეთ-გერმანულმა სახელმწიფოებმა არ დააყოვნეს თავიანთი ჯარების გამოყვანა და საფრანგეთს საქმის დაჭერა მოუხდა მთელი გერმანიის არმიასთან, რომელიც ძლიერი იყო თავისი ერთიანობით, დისციპლინითა და გენერლების ხელოვნებით. გერმანელებისთვის უმაღლეს ხარისხად იღბლიანი რიგი შეტევების და ბრძოლებისა, მეცის ალყა, გერმანული არმიის გამარჯვებული წინსვლა ქვეყნის სიღრმეში _ ყოველივე ეს სწრაფად ხდებოდა ერთი მეორის მიყოლებით. სედანთან სამდღიანი ბრძოლის შემდეგ, მრავალრიცხოვანი არმია, მარშალ მაკ-მაგონის უფროსობით, უნდა დანებებულიყო, ამასთან ტყვედ იქნა აყვანილი თავად ნაპოლეონ III-ც; ამის შემდეგ მალევე იძულებული შეიქმნა დანებებულიყო მარშალი ბაზენიც, რომელიც მეცში იყო ჩაკეტილი. თუმცა კი ფრანგები გაორმაგებული ენერგიითა და გასაოცარი სიმამაცით აგრძელებდნენ ბრძოლას, მაგრამ დროებითი მთავრობა მალევე იძულებული აღმოჩნდა დაეწყო მოლაპარაკებები ზავის თაობაზე, რომელიც დადებულ იქნა მაინის ფრანკფურტში და რომლის მიხედვითაც საფრანგეთმა გერმანიას დაუთმო ელზასი და ლოტარინგია და გადაუხადა 5 მილიარდი სამხედრო კონტრიბუცია.
VII. გერმანიის იმპერიის უახლესი ისტორია
ჯერ კიდევ საფრანგეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებამდე გერმანული სახელმწიფოების წარმომადგენლებს შორის, თავად ვილჰელმისა და მისი დაახლოებული წრის მხარდაჭერით, მიდიოდა აგიტაცია ჩრდილო-გერმანულ კავშირთან სამხრეთ-გერმანული ქვეყნების შეერთებისა და შემდეგ მთელი გერმანიის იმპერიად გამოცხადების თაობაზე. 1870 წ. ბოლოსთვის ჩრდილო-გერმანული კავშირი გარდაიქმნა უკვე გერმანიის კავშირად, ხოლო იმავე წლის 4 დეკემბერს ბავარიის მეფემ ლუდვიგმა წერილობით მიმართა ყველა გერმანულ მთავრობას წინადადებით გამოეცხადებინათ პრუსიის მეფე გერმანიის იმპერატორად; 1871 წ. 18 იანვარს ვერსალში შედგა თავად ამ გამოცხადების საზეიმო ცერემონიალიც. შემდეგი ნაბიჯები გერმანიის გაერთიანების გზაზე იყო საერთოგერმანული სისხლის სამართლის დებულების შემოღება (1872 წ. 1 იანვრიდან), მთელი იმპერიისთვის საერთო სასამართლო წესდებების გამოცემა (1877), სააქციო საზოგადოებათა შესახებ კანონის გამოცემა (1788) და მრავალი სხვა.
მაგრამ, მალევე, საგარეო ბრძოლის შეწყვეტის შემდეგ, გერმანიის იმპერიის პარლამენტი შეიქმნა შინაგანი (საშინაო) ბრძოლის არენად, რომლიდანაც მოხუცებული იმპერატორი ვილჰელმი და მისი მთავარი მრჩეველი ყოველთვის სულაც ვერ გამოდიოდნენ გამარჯვებულნი. პარლამენტის განუწყვეტელი შეჯახებების ზოგადი მიზეზი მთავრობასთან საერთოდ და კანცლერთან (თავად ბისმარკთან) განსაკუთრებით, მდგომარეობდა, ერთის მხრივ, „რკინის კანცლერის“ თავად ბუნებასა და მსოფლმხედველობაში, რომელიც სარგებლობდა უსაზღვრო გავლენით იმპერატორ ვილჰელმზე და არ სურდა შერიგებოდა მთავრობის ძალასუფლების შეზღუდვებს; მეორეს მხრივ _ არც თუ მცირე როლს ამ შეჯახებებში თამაშობდნენ მოსახლეობის იმ ელემენტების წარმომადგენლები (პოლონელების, ჰანოვერელების, ელზასელების, ნაწილობრივ ბავარიელებისა და სხვების), რომლებიც უკმაყოფილოდ უყურებდნენ იმ ჰეგემონიას, რომელიც წილად ხვდა პრუსიას და ეშინოდათ გერმანიის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში პრუსიული გავლენების გადამეტებისა (უპირატესობისა). დიდ სიძნელეებს წარმოადგენდა რაიხსტაგის თავად შემადგენლობა, რომელიც ქუცმაცდებოდა და მრავალ პარტიად და იშვიათად შეიცავდა თავის თავში მტკიცე უმრავლესობას, რომელზედაც დარწმუნებით დაყრდნობა შეეძლებოდა მთავრობას. თავიდან მის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ ნაციონალ-ლიბერალები, რომლებიც პირველ სამ რაიხსტაგში შეადგენდნენ ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან პარტიას (116-დან 150 ადამიანამდე); მაგრამ 1878 წლიდან მათ დაკარგეს უწინდელი მნიშვნელობა, და მათი რიცხვი აღარასოდეს აღემატებოდა ასს, ზოგჯერ კი ეცემოდა გცილებით უფრო დაბლა (ახლანდელ რაიხსტაგში /ანუ 1890-იანი წლების დასაწყისში _ ი. ხ./ ისინი მხოლოდ 41 არიან).
სხვადასხვანაირი შეფერილობის კონსერვატიულ პარტიებს არასდროს არ გააჩნდათ დიდი ძალა. როდესაც 1887 წლის არჩევნებში გერმანულ-კონსერვატიულმა, საიმპერიო და ნაციონალ-ლიბერალურმა პარტიებმა ურთიერთშორის დადეს ე. წ. კარტელი (იხ.), მათ მოახერხეს უმრავლესობის მიღება 215 ხმით, მაგრამ 1890 წ. მათ მიიღეს მხოლოდ 135 ხმა და კარტელიც დაიშალა; ახლა გერმანულ-კონსერვატიული პარტია იმპერიულთან ერთად მოითვლის არაუმეტეს 91 ხმისა. პროგრესისტები, რომლებსაც 1884 წ.-დან ეწოდებათ გერმანული თავისუფლად მოაზროვნე პარტია, საკმარისად მრავალრიცხოვანი არიან ოპოზიციისთვის (ისინი ზოგჯერ იყვნენ დაახლოებით 100, ახლა არიან 64), მაგრამ უმრავლესობის შედგენა მათ შეუძლიათ მხოლოდ სხვა პარტიების დახმარებით. სოციალ-დემოკრატები პირველ საიმპერიო სეიმში იყვნენ მხოლოდ ორნი; შემდეგ მათი რიცხვი დიდ ხანს ირყეოდა 9-სა და 13-ს შორის, 1884 წ. მიაღწია 24-ს, ისევ დაეცა 10-მდე, მაგრამ უკნასკნელ არჩევნებზე (1890) ავიდა 35-მდე. ხმების ასეთი განაწილებისას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა და აქვს ცენტრის პარტიას, ე. ი. კლერიკალურ-კათოლიკურს, რომელიც პირცელ საიმპერიო სეიმში მოითვლიდა მხოლოდ 57 წევრს, ხოლო უკვე 1874 წლიდან ფლობდა დაახლოებით 100 ხმას (ახლა ე. წ. ველფების. ე. ი. ჰანოვერელი პარტიკულარისტების ჩათვლით _ 113-ს). მისი მტრული განწყობა იმპერიისადმი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რომის პაპის პიიუს IX-ის მიერ პაპის უცოდველობის დოგმატის გამოცხადების გამო (1870), გერმანიის კათოლიკურ მოსახლეობაში შესამჩნევი ხდებოდა განხეთქილება და გამოჩნდა ძველკათოლიკური პარტია.
ამ ძველკათოლიკური მოძრაობის მხარდაჭერისთვის მთავრობამ უწინარეს ყოვლისა განიცადა კიდეც თავდასხმები საპარლამენტო ცენტრის კათოლიკთა მხრიდან. აქედან მოდის ე. წ. კულტურული ბრძოლა (Kulturkampf), რომელსაც მიმართა ბისმარკმა. მის შემადგენლობაში შემავალი ზომების რიცხვიდან მთავარი ზომები მიღებულ იქნა სპეციალურ-პრუსიულ ნიადაგზე; მაგრამ იმავე სულით არის განმსჭვალული საიმპერიო სეიმის ზოგიერთი დადგენილებაც. უკვე 1871 წ. 28 ნოემბერს შედგა კანონი, რომელიც მიმართული იყო კათოლიკი მქადაგებლების წინააღმდეგ (ე. წ. Kanzelparagraph), ხოლო 1872 წ. 4 ივლისს _ კანონი, რომელმაც მოსპო იეზუიტთა ორდენის ყველა დაწესებულება გერმანიაში და აუკრძალა მის წევრებს ყოფნა იმპერიის ფარგლებში. კათოლიკების უძლიერესი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1874 წ. გერმანიაში ყველგან შემოიღეს სამოქალაქო ქორწინება და სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაცია გადასცეს საერო მოხელეთა (ჩინოვნიკების) ხელში. ყოველივე ამით ბისმარკმა თავის წინააღმდეგ უკიდურესად გააბოროტა პარლამენტის კლერიკალური პარტია, რომელიც დაირაზმა ვინდჰორსტის გარშემო და სისტემატიურად ოპონირებდა მთავრობასთან; სამაგიეროდ ამ ბრძოლაში კანცლერის მხარეზე იდგნენ მისი შეურიგებელი მტრები _ პროგრესისტები. როდესაც თავისი ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, სამინისტრო ხვდებოდა ოპოზიციას ლიბერალების რიგებშიც, ბისმარკმა დაიწყო მხარდაჭერის ძიება ცენტრის პარტიაშიც, რომელთან დაახლოებისთვისაც იგი არ გაჩერდა იმის წინაშეც, რომ აღედგინა ყოველივე ის, რასაც მანამდე ასე თავგამოდებულად ანგრევდა. მაგრამ, მთავრობის შერიგება კათოლიკებთან არ ყოფილა არც სრული, არც ხანგრძლივი, და უკანასკნელ ხანს ცენტრის პარტია ხშირად უერთდებოდა მთავრობის მოწინააღმდეგეთა რიცხვს.
რამდენადმე განსხვავებულ ხასიათს ატარებდა ბრძოლა სოციალური და ეკონომიკური საკითხების ნიადაგზე. რათა დაემარცხებინა სოციალ-დემოკრატია, რომელმაც თავი გამოაცხადა როგორც ყველაზე უფრო გაბედულმა და შეურიგებელმა მოწინააღმდეგემ გერმანიაში არსებული წყობილებისა საერთოდ და ბისმარკის პოლიტიკისა კერძოდ, მთავრობამ ჩაიფიქრა რიგი რეპრესიული ზომებისა, ამ პარტიის შეკრებების, მისი ბეჭდური გამოცემების აკრძალვის მსგავსი და ა. შ. ჰედელის მხრიდან იმპერატორის სიცოცხლეზე თავდასხმის (1878) მიუხედავად, რომელსაც აკავშირებდნენ სოციალ-დემოკრატების ხრიკებთან (თუმცა კი უკანასკნელნი ამას კატეგორიულად უარყოფდნენ), სამთავრობო კანონპროექტი თავიდან ვერ გავიდა და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ განმეორებული თავდასხმის (ნობილინგისა) მერე, როდესაც რაიხსტაგი დათხოვნილ იქნა და დაინიშნა ახალი არჩევნები, სოციალისტების შესახებ კანონი ვოტირებულ იქნა პალატის მიერ, თუმცა კი უმნიშვნელო დათქმებით (შენიშვნებით, განმარტებებით), 2,5 წლის ვადით.
შემდგომში მას არაერთხელ აახლებდნენ, რაც იწვევდა ყოველთვის პარტიების გაცხოველებულ კამათსა და უკმაყოფილებას, როგორც ზომას, რომელიც ზღუდავდა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს და სულაც ვერ აღწევდა მიზანს. ამ პარტიასთან ბრძოლის სხვა საშუალების პოვნას კანცლერი ვარაუდობდა მის მიერ ჩაფიქრებულ საკანონმდებლო ზომების სისტემაში, რომელიც მიმართული იყო მუშათა წოდების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ. ამომდინარე „სახელმწიფო სოციალიზმის“ საწყისებიდან, რომელსაც ქადაგებდა ზოგიერთი გერმანელი ეკონომისტი (განსაკუთრებით _ კანცლერთან დაახლოებული ბერლინელი პროფესორი ადოლფ ვაგნერი), მთვრობამ გაატარა პარლამენტში კანონი სალაროების შესახებ მუშების უზრუნველსაყოფად ავადმყოფობის დროს და უბედური შემთხვევებისას (1884), რომელიც მალე გავრცელებულ იქნა სასოფლო-სამეურნეო მუშებზეცა (1886) და საზღვაო გემებზე მომსახურეებზეც (1887), _ შემდეგ კანონი უზრუნველყოფის შესახებ მოხუცებულობის შემთხვევაში და სალაროს შესახებ შრომის ინვალიდებისთვის (1889). მაგრამ ყველა ამ ზომამ ვერ მიიყვანა საქმე სასურველ მიზნამდე (იხ. III, 940).
წმინდა ეკონომიკურ სფეროში იმპერიის მთავრობა ისწრაფვოდა თავიდან რაიხსტაგის ნებისგან დამოუკიდებელი საიმპერიო ფინანსების შექმნისკენ, თამბაქოსა და არაყზე მონოპოლიის დაწესების გზით, მაგრამ ეს წინადადება უარყოფილ იქნა რაიხსტაგის მიერ. უწინ ფრიტრედერობასთან ახლოს მდგარმა სამთავრობო სისტემამ გადახრა დაიწყო საპირისპირო მხარეზე უკვე 1876 წ., როდესაც თადარიგში იქნა განთავისუფლებული დელბრიუკი (იხ.). 1879 წელს პროტექციონიზმი ზეიმობდა პირველ გადამწყვეტ გამარჯვებას; ახალი ტარიფი განმსჭვალული იყო მფარველობის სულისკვეთებით. ამ პოლიტიკის შემდგომ გამწვავებას წარმოადგენდა მიწათმფლობელთა კლასის სასარგებლოდ შემოღებული პურის ბაჟი (1887). ისევე როგორც საერთოდ რიგი „საბრძოლო“ ბაჟებისა, რომლებიც მთავრობამ შესთავაზა ჯერ კიდევ 1885 წ. არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით, არამედ როგორც საერთაშორისო ბრძოლის იარაღი მეზობელ სახელმწიფოებთან (განსაკუთრებით რუსეთთან).
ახალი გადასახადების შემოღება და ძველების გაზრდა საჭირო იყო უზარმაზარი სამხედრო ხარჯების დასაფარავად, რომელიც იწვევდა სამართლიან დრტვინვას პარლამენტის წევრებს შორის. მუქარებისა და დაშინების მთელი სისტემის, პარლამენტის დათხოვნის, თავად იმპერატორის ჩარევის გზით მთავრობა მხოლოდ დიდი შრომით აღწევდა თავისას: 1871 წ. არმიის რიცხოვნება მშვიდობიანობის დროს სამი წლით განსაზღვრულ იქნა 401659 ადამიანით, ხოლო 1874-ში იგივე რიცხვი დაამტკიცეს კიდევ შვიდი წლით (სეპტენატი), 1880 წ. აამაღლეს 427 ათასამდე, ხოლო 1887 წ., გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, 468 ათასამდეც, კრედიტების შესაბამისი გაზრდით. 1888 წ., ამაზე ზევით, აღადგინეს მეორე გაწვევის ლანდვერი. 1870-1871 წწ. ომის დროიდან გერმანია განუწყვეტლივ ზრუნავდა თავისი არმიის უკეთესი შეიარაღების, საბრძოლო მზადყოფნისა და რიცხობრივი გაზრდის თაობაზე და წარმოადგენს მთავარ დამნაშავეს მილიტარიზმის იმ გაძლიერებაში, რომლის ტვირთის ქვეშაც ცხოვრობენ თანამედროვე ევროპელი ხალხები.
გერმანიის სწორი ეკონომიკური და სულიერი განვითარებისთვის მავნე მილიტარიზმმა მას სამსახური გაუწია მხოლოდ მისი საგარეო ძლიერების ამაღლების სახით ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რასაც არც თუ მცირედ უწყობდა ხელს მისი კანცლერის ოსტატური პოლიტიკაც. მისი ჩანაფიქრით, 1872 წ. დადებულ იქნა სამი იმპერატორის კავშირი, მათი ბერლინში შეხვედრისას. 1878 წ. მოიწვიეს ბერლინის კონგრესი, რომელზედაც თავმჯდომარეობდა თავად ბისმარკი; შეამჩნია რა ამის შემდეგ რუსეთის გაგრილება, მან იჩქარა 1879 წ. დაედო თავდაცვითი კავშირი ავსტრია-უნგრეთთან, რომელსაც მალევე შეუერთდა იტალიაც; ეს „სამთა კავშირი“ განახლდა 1887 და 1891 წწ.
1880-იანი წლების შუახანებიდან, გერმანია, რომელსაც მანამდე კოლონიები არა ჰყოლია, თვისი კომერსანტების გერგილიანობის წყალობით, ხდება მრავალი მიწის მფლობელი დედამიწის სხვა ნაწილებში (იხ. გერმანული სამფლობელოები აფრიკასა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში). ამ დროიდანვე იწყება მისი მონაწილეობა სხვადასხვანაირ კონფერენციებში კოლონიურ საკითხებში (კონგოსთან, სამოასთან და სხვებთან მიმართებით), შეთანხმებები ინგლისთან „გავლენის სფეროს“ გამიჯვნის საბაბით და ა. შ.
1888 წ. 9 მარტს აღესრულა გერმანიის იმპერიის შემოქმედი, ვილჰელმ I, და მისი ადგილი დაიკავა უკვე მძიმედ დაავადებულმა მისმა ვაჟიშვილმა ფრიდრიხ III-მ (იხ.), რომელიც ამავე დროს საყოველთაო იმედებს უღვივებდა გერმანიის მოსახლეობას. მისი მეფობა გრძელდებოდა სულ 99 დღეს. მის მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტებსა და რესკრიფტებში მან თავი გამოიჩინა როგორც მშვიდობის, ქვეყნის შინაგანი განვითარების, შემწყნარებლობისა და ძმობის იდეების, აგრეთვე მკაცრი კონსტიტუციონალიზმის მომხრედ. 15 ივნისს იგი ტახტზე შეცვალა ახალგაზრდა, ენერგიითა და ძალებით სავსე მისმა ვაჟიშვილმა ვილჰელმ II-მ (იხ. VI, 355). მისი მეფობის ყველაზე უფრო მსხვილ მოვლენას წარმოადგენს თავად ბისმარკის გადადგომა (1890 წ. 20 მარტს), რომლის მენაცვალედაც გამოჩნდა გენერალი კაპრივი, რომელიც ძალზედ ჩამორჩებოდა თავის წინამორბედს ნიჭიერებითა და დაჟინებულობით, მაგრამ უფრო კარგად ერკვეოდა საშუალებებში დასახული მიზნების მისაღწევად.
ბისმარკის წასვლით რამდენადმე გაფერმკრთალდა გერმანიის საგარეო პოლიტიკური გავლენა და მოესწრო ასევე აღნიშნულიყო აშკარა შემობრუნება საშინაო პოლიტიკაში („ახალი კურსი“), რომელიც გამოიხატა, უწინარეს ყოვლისა უწინდელი დროის რიგი რეპრესიული ზომების მოსპობაში: სოციალისტების შესახებ კანონის გაუქმებაში, ჰანოვერის ყოფილი მეფის ქონებაზე სეკვესტრის მოხსნაში, ელზას-ლოტარინგიაში საპასპორტო შევიწროვებების გაუქმებაში, პოზნანის სახალხო სასწავლებლებში პოლონურ ენაზე სწავლების ნებადართვაში და სხვა. ეკონომიკურ პოლიტიკაში ჩანს პროტექციონიზმის უკიდურესობებისგან თავის არიდება; დადებულია სავაჭრო ტრაქტატები (1891) ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, იტალიასთან და ბელგიასთან, აწარმოებენ მოლაპარაკებებს ასეთივე ტრაქტატის თაობაზე რუსეთთან.
დაბოლოს, სოციალურ საკითხში ვილჰელმ II-ის მთავრობა, უარი თქვა რა გაძლიერებულ რეპრესიაზე, აგრძელებს ფაბრიკული შრომის დარეგულირებასა და დაცვის მსაჭიროებელი მუშების მფარველობას; 1890 წ. იმპერატორის ინიციატივით მოწვეული იყო ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია მუშათა საკითხში, რომლის მეცადინეობებიც ნაწილობრივ გამოდგა წყაროდ შემდგომში საიმპერიო მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი კანონებისთვის აუცილებელი საკვირაო დასვენების დაწესების, საფაბრიკო-საქარხნო სამუშაოებისგან 13 წელზე ახალგაზრდა ბავშვების სრულიად ჩამოშორებისა და ქალებისთვის ღამით მუშაობის აკრძალვის შესახებ. მილიტარიზმისკენ მიდრეკილებაში კაპრივი მიდის, როგორც ჩანს, თავისი წინამორბედის ნაკვალევზე, თუმცა კი საპარლამენტო უმრავლესობამ, და თვით ახალი კანცლერის მიმართ კეთილმოსურნე ცენტრმაც ნათლად გამოთქვეს თავიანთი შეხედულება მძმიმე სამხედრო ხარჯებით სახელმწიფოს შემდგომი დატვირთვის წინააღმდეგ (1892 წ. დეკემბერი).
(ქვემოთ მოყვანილია თემაზე იმ დროისთვის არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი).
ლ. ბ. (ლეონტი /ლეონ/ მოსეს ძე ბრამსონი)
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
[1] იხ. გერმანიის ისტორიული რუკები.
შ ი ნ ა ა რ ს ი
II. რუდოლფ ჰაბსბურგელიდან რეფორმაციამდე (1273 - 1517 წწ.)
III. რეფორმაციიდან ვესტფალიის ზავამდე (1517 - 1648 წწ.)
IV. ვესტფალიის ზავიდან გერმანული კავშირის დაარსებამდე (1648 - 1815 წწ.)
V. გერმანიის კავშირის დაარსებიდან 1848 წლის რევოლუციურ მოძრაობამდეVI. მოვლენები 1848-დან 1871 წლამდე

No comments:
Post a Comment