(წერილი მომზადებულია ბროქჰაუზ–ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ–პეტერბურგი/ მასალებიდან; კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხმობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილების დამატებით გაცნობას)
IV. აბსოლუტური მონარქიის ეპოქა
I. საფრანგეთის ტერიტორიის ისტორია
ახლანდელი საფრანგეთის ტერიტორია ძველ დროში შედიოდა ალპებისმიღმა გალიის შემადგენლობაში (იხ. VII, 937), როგორც უწოდებდნენ რომაელები იმ ქვეყანას, რომელიც შემოსაზღვრული იყო ხმელთაშუა ზღვით, პირენეებით, ატლანტის ოკეანით, ლა-მანშით, რაინითა და ალპებით. რომაელები თავიდან დამკვიდრდნენ ამ ვრცელი ტერიტორიის სამხრეთ, სანაპირო ზოლში იტალიის შეერთებისთვის ესპანეთთან და დაპყრობილ მხარეს მისცეს ნარბონული გალიის სახელწოდება (დაახლოებით 120 წ. ქრისტეს შობამდე). აქედან 58-50 წწ. ქრისტეს შობამდე იულიუს კეისარმა მოახდინა დანარჩენი სამი ნაწილის დაპყრობაც, რომლებსაც ერქვათ აკვიტანია (გარონის გაყოლებით), კელტური გალია (ლუარისა და სენას გაყოლებით) და ბელგიური გალია (სენადან რაინამდე; იხ. რუკა I). ავგუსტუსის დროს გალიის ოთხივე ნაწილის საზღვრები გატარებულ იქნა ახლებურად, ამასთან უწინდელი კელტური გალია მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული აკვიტანიისა და ბელგიკის სასარგებლოდ და მიიღო ლუგდუნის (ე. ი. ლიონის) გალიის სახელწოდება. თავისი მეფობის ბოლოს ავგუსტუსმა კიდევ ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო მხარე (რუს. окраина) გამოყო ორ „გერმანიად“: ზემო და ქვემო გერმანიებად (იხ. რუკა II).
როდესაც დიოკლეტიანესა და კონსტანტინე დიდის დროს იმპერია დაყოფილ იქნა ოთხ პრეფექტურად (XXV, 336), რომლებიც თავის მხრივ დაყვეს დიოცეზებად და პროვინციებად, გალიამ თავისი მხრიდან წარმოქმნა გალიის პრეფექტურის სამი დიოცეზიდან ერთერთი და გაყოფილ იქნა 17 პროვინციად. მისი ეს მოწყობა შენარჩუნებულ იქნა ხალხების დიდ გადასახლებამდე. V საუკუნეში გალიის ნიადაგზე დაესახლნენ (იხ. რუკა III): a) რაინის მარცხენა ნაპირზე _ ფრანკები და ალემანები, რომელთაგან პირველებმა სწრაფად დაიპყრეს მთელი ჩერდილოეთ გალია და დაიქვემდებარეს ალემანებიც (496); b) რონასა და სონას გაყოლებაზე _ ბურგუნდები, რომელთა სახელმწიფოც VI ს. შუახანებში ასევე დაიპყრეს ფრანკებმა; c) გალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში _ ვესტგოთები, რომლებიც იქიდან ფრანკებმა გამოდევნეს VI ს. დასაწყისში. ასეთნაირად, V_VI სს.-ში გალია შევიდა ფრანკთა ვრცელი მონარქიის შემადგენლობაში (იხ. რუკები IV და V), რომლისგანაც IX ს. შუახანებში გამოეყო შუასაუკუნეების საფრანგეთი. 843 წ.-ის ვერდენის ხელშეკრულებამ, რომელმაც შექმნა საფრანგეთი, უწინდელი გალიის ტერიტორიისგან გამოყო მთელი აღმოსავლეთ ნაწილი რაინის შესართავიდან რონის შესართავამდე, რომელმაც შეადგინა ვიწრო ზოლი საფრანგეთსა და გერმანიას შორის, მაგრამ მნიშვნელოვანი ზომით დასახლებული იყო რომანული ტომის ადამიანებით. აქ მალევე წარმოიქმნა ორი სამეფო: ლოტარინგია ჩრდილოეთში და ბურგუნდია სამხრეთში (იხ. რუკა VI), რომლებიც დიდ ხანს შეერთებული იყვნენ გერმანიასთან (გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიასთან).
საფრანგეთს ჰქონდა კიდევ ერთი ოლქი გალიის გარეთ _ პირენეებისგან სამხრეთით (კარლოს დიდის ესპანური მარკა). უკანასკნელი კაროლინგებისას საფრანგეთმა დაიწყო დაქუცმაცება ფეოდალურ სამფლობელოებად და ტახტზე კაპეტინგების დინასტიის ასვლისას (987 წ.-ს; იხ. რუკა VI) სამეფოში მოითვლებოდა ცხრა მთავარი სამფლობელო: 1) საგრაფო ფლანდრია, 2) საჰერცოგო ნორმანდია, 3) საჰერცოგო საფრანგეთი, 4) საჰერცოგო ბურგუნდია, 5) საჰერცოგო აკვიტანია (გიენი), 6) საჰერცოგო გასკონი, 7) ტულუზის საგრაფო, 8) გოთიის მარკიზატი და 9) ბარსელონის საგრაფო (ესპანეთის მარკა). დროთა განმავლობაში დაქუცმაცება უფრო შორს წავიდა; დასახელებულ სამფლობელოებს გამოეყო ახლები, რომელთაგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანები იყო საგრაფოები ბრეტანი, ბლუა, ანჟუ, ტრუა, ნევერი, ბურბონი (იხ. XXXV, 517). კაპეტინგების დინასტიიდან პირველი მეფეების უშუალო სამფლობელოებს წარმოადგენდა ვიწრო ტერიტორია, რომელიც გადაჭიმული იყო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ პარიზიდან ქვევით და ძალზედ ნელა ფართოვდებოდა ორივე მხარეზე; პირველი ორი საუკუნის განმავლობაში (987-1180) იგი გაიზარდა მხოლოდ ორჯერ (იხ. რუკები VI და VII).
სწორედ იმ დროს ინგლისის მეფეების ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა იმდროინდელი საფრანგეთის ნახევარზე მეტი. 1066 წ. ნორმანდიის ჰერცოგმა ვილჰელმმა დაიპყრო ინგლისი, რის შედეგადაც ნორმანდია და ინგლისი შეერთდნენ ურთიერთ შორის. აქედან ერთი ასწლეულის შემდეგ (1154) ინგლისის მეფეები და ნორმანდიის ჰერცოგები გხდნენ ანჟუელი გრაფები (პლანტაგენეტები; იხ. XXIII, 805), და პირველივე მეფემ ამ დინასტიიდან, ჰაინრიხ II-მ, აკვიტანიის ტახტის მემკვიდრეზე ელეონორაზე ქორწინების წყალობით, შეიძინა საფრანგეთის მთელი სამხრეთ-დასავლეთი (იხ. რუკა VII). საფრანგეთის „შეკრებას“ დასაწყისი დაუდო ფილიპ II ავგუსტმა (1180-1223), რომელმაც სხვათა შორის შეიძინა ვერმანდუა, არტუას ნაწილი, ნორმანდია, ბრეტანი, ანჟუ, მენი, ტურენი, ოვერნი და სხვა უფრო მეტად წვრილი მიწები. ფილიპ II-ის შვილიშვილმა ლუდოვიკ წმინდამ (1227-1270) მოახდინა მნიშვნელოვანი შენაძენები საფრანგეთის სამხრეთში; ტულუზის გრაფებს უნდა ეღიარებინათ თავიანთ თავზე საფრანგეთის მეფის ძალაუფლება და დაეთმოთ მისთვის თავიანთი სამფლობელოების მნიშვნელოვანი ნაწილი, სანამ 1272 წ. ტულუზის სახლის მფლობელობის შეწყვეტას შედეგად არ მოჰყვა, ფილიპ III-ის დროს, ამ სამფლობელოების დანარჩენი ნაწილების სამეფო მიწებთან შეერთება. ფილიპ IV ლამაზმა (1285-1314) 1312 წ. შეიძინა ქ. ლიონი და მისი ოლქი, ხოლო იოანა ნავარელთან ქორწინებით შექმნა საფუძველი სამეფო სახლის შემდგომი პრეტენზიებისთვის მის მემკვიდრეობაზე (შამპანი და სხვა), რომელიც შემდგომში (1361) იოანე კეთილის დროს, საბოლოოდ იქნა კიდეც შემოერთებული.
1328 წ. ტახტზე ვალუას დინასტიის ასვლა აღნიშნულ იქნა სამეფო სამფლობელოების შემადგენლობაში მისი სამემკვიდრეო საჰერცოგოს ჩართვით. 1349 წ. შეიერთეს დოფინე, ადგილობრივი დინასტიის შეწყვეტასთან დაკავშირებით. საერთოდ სამეფო ხელისუფლების წარმატებები საფრანგეთში ერთნახევარი ასწლეულის მანძილზე, რომლებიც მიმდინარეობდა ფილიპ II ავგუსტის ტახტზე ასვლიდან (1180) კაპეტინგების დინასტიის შეწყვეტამდე (1328), იყო მეტად მნიშვნელოვანი: სამეფო დომენები ძალზედ გაფართოვდა (მაგრამ, ამასთან ბევრი მიწა აღმოჩნდა სამეფო საგვარეულოს სხვა წევრების ხელში), მაშინ როდესაც ფეოდალური სენიორებისა და ინგლისის მეფის სამფლობელოები შემცირდა (იხ. რუკა VIII). მაგრამ ახალი დინასტიის პირველივე მეფის დროს დაიწყო ასწლიანი ომი ინგლისელებთან, რომლის პირველ პერიოდშიც საფრანგეთის მეფეს, 1360 წ. ბრეტინიში დადებული ხელშეკრულებით, უარი უნდა ეთქვა ინგლისის მეფის სასარგებლოდ რიგ მიწებზე (იხ. რუკა IX). XV ს. პირველ მესამედში საფრანგეთის საქმეები წავიდა კიდევ უფრო უარესად; ინგლისელებმა დაიპყრეს უზარმაზარი ტერიტორია თვით ლუარამდეც. ამ ომის მიერ შეჩერებული საფრანგეთის შემოკრების პროცესი განახლდა კარლ VII-ის დროს (1422-1461), რომელმაც მოახერხა ინგლისელების განდევნა.
ლუდოვიკო წმინდის შთამომავლების ფეოდალურ სამფლობელოებს შორის ამ ეპოქაში ამაღლდა ბურგუნდია, რომლის ტერიტორიაც თავისი დასავლეთ ნაწილით შედიოდა საფრანგეთში (იხ. რუკა IX), აღმოსავლეთ ნაწილი კი _ გერმანიაში. ლუდოვიკო XI-მ (1461-1483) ფრანგული ნაწილი (ბურგუნდიის საჰერცოგო) შეუერთა თავის სამფლობელოებს. გარდა ამისა, ამ მეფემ მემკვიდრეობის უფლებით უკანასკნელი ანჟუელი გრაფისგან შეიძინა პროვანსი (1481), დაიპყრო ბულონე (1477) და დაიმორჩილა პიკარდია. კარლ VIII-ის დროს (1483-1498) შეწყდა ბრეტანის მფლობელი სახლის მამრობითი ხაზი (1488); მისი უფლებების მემკვიდრე იყო კარლ VIII-ის ცოლი, რომელიც მისი სკვდილის შემდეგ მისთხოვდა ლუდოვიკო XII-ს (1498-1515), რითაც მომზადებულ იქნა კიდეც საფრანგეთთან ბრეტანის შეერთება. ამრიგად, ახალ ისტორიაში საფრანგეთმა შეაბიჯა თითქმის გაერთიანებულმა, და მას დარჩა გაფართოების შესაძლებლობა და სურვილი უმთავრესად აღმოსავლეთისკენ, საღვთო რომის იმპერიის ხარჯზე. პირველი ასეთი შენაძენი (სამი საეპისკოპოსო: მეცის, ტულისა და ვერდიონის) გააკეთა ჰაინრიხ II-მ, მაგრამ იგი საბოლოოდ დამტკიცებულ იქნა ასწლეულის შემდეგ. ახალი შენაძენები უმთავრესად მიეკუთვნება უკვე ბურბონთა დინასტიის მეფობის ხანას (იხ. რუკა X). საფრანგეთის ტახტზე ჰაინრიხ IV-ის ასვლას 1589 წ. თან ახლდა ნავარის სამეფოს ჩრდილოეთ ნაწილის საფრანგეთისთვის შეერთება (სამხრეთ ნაწილი უფრო ადრე დაპყრობილი ჰქონდა ესპანეთს), ასევე ბეარნის, ფუას საგრაფოსი და სხვა. 1601 წ. სავოიას წაართვეს ოლქი რონას ზემო დინებასა და სონას ქვემო დინებას შორის.
საფრანგეთის ტერიტორიის მატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ლუდოვიკო XIV-ის დროს (1643-1715), რომელმაც საფრანგეთს განუმტკიცა „სამი საეპისკოპოსო“ ლოტარინგიაში (იხ. ზემოთ) და თავისი მამის ზოგიერთი შენაძენი და, გარდა ამისა, სხვადასხვა დროს (იხ. ქვემოთ) შემოიერთა არტუა, ფრანგული ფლანდრია, ელზასი, ფრანშ-კონტე, შაროლე, ორანჟი, რუსილიონი და სხვა უფრო მცირე ტერიტორიები (ერთერთი უკანასკნელთაგანი პიემონტის მხრიდან მას უნდა დაებრუნებინა). ლუდოვიკო XV-ის დროს (1715-1774) საფრანგეთმა შეიძინა ლოტარინგია (1766) და კორსიკა (1768). ამრიგად, რევოლუციის დასაწყისისთვის საფრანგეთმა მიაღწია თითქმის სწორედ იმ საზღვრებს, რომლებშიც არსებობდა XIX ს. უმეტესი ნაწილის განმავლობაში. რევოლუციის ეპოქაში (იხ. რუკა X) შემოერთებულ იქნა რომის პაპის კუთვნილებაში მყოფი ავინიონი და ვენესენის საგრაფო, ავსტრიის ნიდერლანდები (ბელგია) და გერმანიის ნაწილი (რაინის მარცხენა ნაპირი და ტერიტორია ელზასის სამხრეთით). ნაპოლეონ I-ის დროს (იხ. რუკა XI) საფრანგეთის ტერიტორია კიდევ უფრო გაფართოვდა: მის შემადგენლობაში კიდევ შევიდნენ ჰოლანდია, გერმანიის ჩრდილოეთი, პიემონტი, ტოსკანა, პაპის ოლქი და დალმაცია, თუ არ ჩავთვლით იტალიის სამეფოს, რომლის ხელმწიფეც იყო საფრანგეთის იმპერატორი: ლუდოვიკო XIV-ის დროს საფრანგეთის ტერიტორია მოიცავდა 522.830 კვ. კმ-ს, ნაპოლეონ I-ის დროს _ დაახლოებით 770.000-ს, ე. ი. ერთნახევარჯერ უფრო მეტს. 1814 წ. პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებამ საფრანგეთი დააბრუნა 1792 წ. საზღვრებში; 1815 წ. პარიზის მეორე სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით საფრანგეთი უნდა დაბრუნებულიყო 1790 წ. საზღვრებში, დაკარგა რა რამდენიმე მცირე ტერიტორია და მათ შორის სავოიის ნაწილი, რომელიც საფრანგეთს დაუტოვეს 1814 წ. საფრანგეთის საზღვრების შემდგომი ცვლილებები იყო XIX ს.-ში 1860 წ. სავოიისა და ნიცის შეძენა (15.142 კვ. კმ) და 1871 წ. ელზას-ლოტარინგიის დაკარგვა (14.492 კვ. კმ). საფრანგეთის ევროპისგარეთა სამფლობელოების შესახებ _ იხ. გეოგრაფიულ მიმოხილვაში.
საფრანგეთის მმართველების სია 843 წ.-დან.
კაროლინგები:
843 _ 877 კარლოს II მელოტი.
877 _ 879 ლუდოვიკო II.
879 _ 882 ლუდოვიკო III.
882 _ 884 კარლომანი.
884 _ 887 კარლოს მსუქანი.
887 _ 898 გრაფი ევდი.
898 _ 923 კარლოს III მოსულელო.
936 _ 954 ლუდოვიკო IV.
954 _ 986 ლოტარი.
986 _ 987 ლუდოვიკო V ზარმაცი.
კაპეტინგები:
987 _ 996 ჰუგონ კაპეტი.
996 _ 1031 რობერტი.
1031 _ 1060 ჰაინრიხ I.
1060 _ 1108 ფილიპ I.
1108 _ 1137 ლუდოვიკო VI.
1137 _ 1180 ლუდოვიკო VII.
1180 _ 1223 ფილიპ II ავგუსტი.
1223 _ 1226 ლუდოვიკო VIII.
1226 _ 1270 ლუდოვიკო IX წმინდა.
1270 _ 1285 ფილიპ III.
1285 _ 1314 ფილიპ IV ლამაზი.
1314 _ 1316 ლუდოვიკო X.
1316 _ 1322 ფილიპ V.
1322 _ 1328 კარლოს IV.
ვალუა:
1328 _ 1350 ფილიპ VI.
1350 _ 1364 იოანე კეთილი.
1364 _ 1380 კარლოს V ბრძენი.
1380 _ 1422 კარლოს VI.
1422 _ 1461 კარლოს VII.
1461 _ 1483 ლუდოვიკო XI.
1483 _ 1498 კარლოს VIII.
1498 _ 1515 ლუდოვიკო XII.
1515 _ 1547 ფრანცისკ I.
1547 _ 1559 ჰაინრიხ II.
1559 _ 1560 ფრანცისკ II.
1560 _ 1574 კარლოს IX.
1574 _ 1589 ჰაინრიხ III.
ბურბონები:
1589 _ 1610 ჰაინრიხ IV.
1610 _ 1643 ლუდოვიკო XIII.
1643 _ 1715 ლუდოვიკო XIV.
1715 _ 1774 ლუდოვიკო XV.
1774 _ 1792 ლუდოვიკო XVI.
პირველი რესპუბლიკა:
1792 _ 1795 კონვენტი.
1795 _ 1799 დირექტორია.
1799 _ 1804 საკონსულო.
1804 _ 1814 ნაპოლეონ I (და ასი დღის დროს 1815 წ.-ში).
1814 _ 1824 ლუდოვიკო XVIII.
1824 _ 1830 კარლოს X.
1830 _ 1848 ლუდოვიკ-ფილიპი.
1848 _ 1852 მეორე რესპუბლიკა.
1852 _ 1870 ნაპოლეონ III.
მე-3 რესპუბლიკის პრეზიდენტები:
1871 _ 1873 ტიერი.
1873 _ 1879 მაკ მაგონი.
1879 _ 1887 გრევი.
1887 _ 1894 კარნო.
1894 _ 1895 კაზიმირ პერიე.
1895 _ 1899 ფორი.
1899 წ.-დან _ ლუბე.
II. ფეოდალური ეპოქა
სიტყვა საფრანგეთი წარმოშობილია გერმანელი ხალხის ფრანკების სახელიდან, რომლებიც დაესახლნენ გალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. თავდაპირველად სახელწოდებით Francia გულისხმობდნენ ქვეყანას სენასა და რაინს შორის, რომლის მხოლოდ დასავლეთ ნაწილიც შევიდა საფრანგეთის შემადგენლობაში, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ-დასავლეთ კუთხემ, აღმოსავლეთისკენ მდებარე მეზობელ ოლქთან ერთად (მაინის გაყოლებით) მიიღო ფრანკონიის სახელწოდება, რომელიც ასევე ნაწარმოები იყო ფრანკების სახელიდან. უკანასკნელი კაროლინგების დროს წარმოქმნილი საფრანგეთის სახელწოდებას დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტად იყენებდნენ მხოლოდ დასავლეთ ნაწილის აღსანიშნავად, ხოლო მასში _ უპირატესად დიდი საჰერცოგოსი, რომელმაც შემდგომში შემოიკრიბა კიდეც თავის ახლო-მახლო ქვეყანა (duche de France, მოგვიანებით პროვინცია ილ-დე-ფრანსი). კარლოს დიდის მონარქიის დაშლის ეპოქაში სავსებით გამოიკვეთა განსხვავება ენაში აღმოსავლელ და დასავლელ „ფრანკებს“ შორის. როდესაც ლუდოვიკო ღვთისმოსავის ვაჟიშვილებმა, ლუდოვიკო გერმანელმა და კარლოს მელოტმა ურთიერთ შორის სტრასბურგში დადეს კავშირი (842), იძულებული იყვნენ შეეფიცათ ერთმანეთისთვის თავიანთი მეომრების წინაშე ორ სხვადასხვა ენაზე: რომანულსა და გერმანულზე. მის მომდევნო წელს მოხდა საფრანგეთის გამოყოფა ცალკე სამეფოდ (843). ამ დროიდან იწყება კიდეც საკუთრივ საფრანგეთის ისტორია. უკანასკნელი კაროლინგებისას, რომლებიც საუკუნენახევარს მეფობდნენ (843-987), საფრანგეთი ძალზედ ბევრ განსაცდელს იტანდა გარეშე მტრებისგან, რომლებიც მასში იჭრებოდნენ სხვადასხვა მხრიდან: ჩრდილოეთიდან თავს ესხმოდნენ ნორმანები, სამხრეთიდან სარაცინები (არაბები), ხოლო შიგნით კი ქვეყანა სულ უფრო და უფრო მეტად იშლებოდა. სწორედ ამ დროში ხდებოდა კიდეც ფეოდალიზაციის პროცესი, რომელმაც საფრანგეთი მიიყვანა დაშლამდე მთელ რიგ უფრო მცირე სამფლობელოებად (იხ. XXXV, 517, 525, 529 და საერთოდ ფეოდალიზმი).
IX ს. ნეორე ნახევარში დაიწყეს სახელმწიფო თანამდებობების, მათ შორის მეფის ნაცვლების (რუს. королевских наместников _ გრაფების) თანამდებობებისა, გადაქცევა კერძო საკუთრებად, და მასთან ერთად _ იმ სამეფო მამულებისაც (დომენებისა), რომლებით სარგებლობითაც უნდა დაესაჩუქრებინათ შესაბამისი თანამდებობის პირები მათი სამსახურისთვის. საერთოდ თითოეული მსხვილი მიწათმფლობელი იძენდა წმინდა სახელმწიფოებრივ უფლებებს თავისი მამულის მაცხოვრებლებზე. სახელმწიფოს ამ დაშლით სარგებლობდნენ გარეშე მტრები და დაუბრკოლებლად იჭრებოდნენ ქვეყნის შიგნით, სანამ ზოგიერთ ადგილობრივ ცენტრში არ დაიწყეს, თავდაცვის მიზნით, მემამულე-ხელმწიფეთა კავშირების შექმნა, მათგან ყველაზე უფრო ძლიერების ჰეგემონიის ქვეშ. ამის წყალობით X ს. ბოლოსთვის საფრანგეთში წარმოიქმნა რამდენიმე უფრო მსხვილი სამთავრო, რომლებიც ჩამოთვლილი გვაქვს ზემოთ. უკამასკნელად კარლოს მსუქანმა IX ს. ბოლოს თავისი ძალაუფლების ქვეშ გააერთიანა გერმანია და საფრანგეთი, რაზედაც ფრანგი დიდებულები წავიდნენ ნორმანებთან ბრძოლის ინტერესებში; მაგრამ კარლოსის სიკვდილის შემდეგ (887) ცენტრიდანულმა ძალებმა გაიმარჯვეს. კარლოს მსუქნის მენაცვალე საფრანგეთის ტახტზე იყო ერთერთი ყველაზე უფრო მსხვილ სენიორთაგანი, პარიზის გრაფი ევდი, რომლისგანაც წარმოიშვა კაპეტინგების დინასტია (XIV, 365). თუმცა კი მისი სიკვდილის შემდეგ სამეფო ღირსება დაბრუნდა კაროლინგების ოჯახში, მაგრამ, მათ მუდმივად უხდებოდათ ანგარიშის გაწევა პარიზის გრაფის პატივმოყვარე შთამომავლებისთვის.
ევდის მენაცვალე (преемник), კარლოს მოსულელო (893-929), იძულებული იყო კიდეც საყრდენი ეძებნა ნორმანდიელებთან, რომელთა ბელადს, როლონს, მან სამემკვიდრეო საჰერცოგოდ დაუთმო მთელი ზღვისპირა ოლქი, რომელმაც მიიღო სახელწოდება ნორმანდია (912). პარიზის გრაფის რობერტის გარდა, რომელიც კარლოს მოსულელოს ედავებოდა გვირგვინს, ასეთივე პრეტენზიები მასზე კარლოსის ვაჟიშვილის, ლუდოვიკო ზღვისმიღმელის წინააღმდეგ განაცხადა ბურგუნდიის ჰერცოგმა რუდოლფმა, რომელმაც მოახერხა კიდეც დროებით ტახტის დაკავება. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ კანონიერმა მემკვიდრემ, პარიზის გრაფის ჰუგონ დიდისა და ნორმანდიის ჰერცოგის ვილჰელმის დახმარებით, დაიკავა ტახტი, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ (954) ჰუგონ დიდი გახდა მისი ვაჟიშვილის ლოტარის მეურვე, უკანასკნელს ხელში რჩებოდა მხოლოდ ერთი ლაონი, არც თუ დიდი ოლქით: ყველა დანარჩენი წავიდა და განაწილდა ფეოდალური ბატონების ხელებში. მიუხედავად ამისა, ლოტარმა გაბედა მოეხდინა თავდასხმა იმპერატორ ოტონ II-ზე, მაგრამ უკანასკნელი შეიჭრა საფრანგეთში და მივიდა თვით პარიზამდე, სადაც შეხვდა ჰუგონ დიდის ვაჟიშვილის, ჰუგონ კაპეტის მიერ ორგანიზებულ ძლიერ წინააღმდეგობას. ლუდოვიკო ზღვისმიღმელის შემდეგ ერთ წელიწადს მეფობდა მისი ვაჟიშვილი ლუდოვიკო V ზარმაცი. ამ გვარიდან გამოსულმა მეფეებმა ვერ შეძლეს იმ დროს არსებული პირობებისა და თავიანთი პირადი თვისებების გამო, შეენარჩუნებინათ საფრანგეთის შემადგენლობაში მისი აღმოსავლეთ განაპირა მხარეები (რუს. восточные окраины), სადაც წარმოიქმნენ საფრანგეთთან კავშირს მოწყვეტილი ლოტარინგია და ბურგუნდია (იხ. ტერიტორიის ისტორია).
თავად საფრანგეთში ამ დროს სულ უფრო და უფრო მკვეთრად გამოიკვეთა განსხვავებანი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის: ჩრდილოეთში გაძლიერდა გერმანული ელემენტი აქ ნორმანების დასახლების შედეგად, სამხრეთში კი უფრო სუფთად იქნა შენარჩუნებული რომანული სტიქიები. საფრანგეთის ჩრდილოეთი იქცა ფეოდალიზმის კლასიკურ ქვეყანად, მაგრამ აქვე ჩაისახა ცენტრისკენული მიმართულება, რომელმაც გამოიწვია საფრანგეთის შემოკრების პროცესი. არა მხოლოდ უფრო წვრილ სენიორებს, არამედ უფრო მსხვილ მთავრებსა და თავადებსაც ჰქონდათ არც თუ ცოტა ინტერესები, რომლებიც აიძულებდა მათ ჩასჭიდებოდნენ საერთო კავშირს, რომლის განსახიერებასაც წარმოადგენდა ძველი მონარქია. უკანასკნელი კაროლინგები, რომლებმაც საკუთარი თავი დაასუსტეს ბენეფიციების დარიგებით, უუნარონი აღმოჩნდნენ იმისთვის, რათა ეთამაშათ ცენტრალური ხელისუფლების როლი და 987 წ. მთავრებმა გვირგვინი გადასცეს მთავართა ერთერთ საგვარეულოს, რომელმაც შეძლო თავისთვის შეექმნა ძლიერი სამფლობელო („საფრანგეთი“) ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ამ საგვარეულომ, პირველი მეფის სახელის მიხედვით ახალი დინასტიიდან (ანუ „რასიდან“, როგორც ამბობენ ფრანგები), ჰუგონ კაპეტისა, მიიღო კაპეტინგების სახელწოდება (ვალუასა და ბურბონების შემდგომი დინასტიები იყვნენ ამ საგვარეულოს მხოლოდ შთამომავალნი). X ს. ბოლოს მეფე საფრანგეთში იყო მხოლოდ პირველი თანასწორთა შორის (primus inter pares), და მისი ძალაუფლება სულაც არ ვრცელდებოდა ვრცელი ქვეყნის ყველა მხარეზე, და თავის საკუთარ საჰერცოგოშიც მას მუდმივად უნდა გაეწია ანგარიში ურჩი ვასალებისთვის.
თუმცა კი მთავრების მიერ არჩევით, რომლებმაც თავიანთი არჩევანი გააკეთეს ჰუგონ კაპეტზე, დარღვეულ იქნა კიდეც კაროლინგების მემკვიდრეობითი უფლება (მომკვდარი მეფის ბიძის, კარლოს ლოტარინგელისა), მიუხედავად ამისა საფრანგეთში არ ყოფილა შემოღებული არჩევითი მონარქია, რადგანაც ჯერ კიდევ მეფის სიცოცხლის დროს მას მენაცვალედ აურჩიეს მისი ვაჟიშვილი (რაც შემდეგშიც მეორდებოდა). მაგრამ პირველ კაპეტინგებს ძალზედ ბევრი საქმე ჰქონდათ სახლში, ე. ი. თავიანთ საჰერცოგოში („საფრანგეთში“) და საგრაფოშიც კი (პარიზისა), იმისთვის, რათა ეფიქრათ თავიანთი ძალაუფლების დამკვიდრებაზე მთელ იმ ტერიტორიაზე, რომელიც ირიცხებოდა მათ სამეფოში. ეგეც ცოტაა: მათ სულაც არ ჰქონდათ შეგნებული მისწრაფება ფეოდალური ურთიერთობების სხვებით შეცვლისკენ. იძენდნენ რა ახალ მიწებს, ისინი იმავე დროს ფეოდებს ურიგებდნენ თავიანთ ძმებს, ვაჟიშვილებს, ნათესავებს (XXXV, 529). პირველი კაპეტინგების უმნიშვნელობის საუკეთესო დახასიათებად შესაძლოა გამოდგეს ის გარემოება, რომ მეოთხე მათგანის, ფილიპ I-ის (1060-1108) დროს, მისმა ვასალმა, ნორმანდიის ჰერცოგმა ვილჰელმმა დაიპყრო ინგლისი (1066), ხოლო მისმა სხვა ვასალებმა მიიღეს მონაწილეობა პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში, მაშინ როდესაც მეფე იჯდა სახლში და არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ქმედითად ჩარეულიყო ეპოქის მოვლენებში. XI ს.-ში მდგომარეობა ისეთი იყო, რომ საფრანგეთის გამაერთიანებელთა როლში ერთნაირად შესაძლო იყო გამოსულიყვნენ ჰუგონ კაპეტის მემკვიდრეებიცა და ნორმადიის დამაარსებლის, როლონის მემკვიდრეებიც. და მაინც გვირგვინის შენარჩუნებას კაპეტინგების საგვარეულოში ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, იმის გამო, რომ მეფე ითვლებოდა ფეოდალური კიბის მეთაურადაც და ღვთის ცხებულადაც: ეს იყო ზედმეტი (დამატებითი) შანსები იმ ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობდა საფრანგეთის ფეოდალურ სამყაროში.
პირველი მეფეები კაპეტინგების დინასტიიდან, რომლებიც გამოვიდნენ პასიური მდგომარეობიდან, იყვნენ ლუდოვიკო VI მსუქანი და ლუდოვიკო VII უმცროსი, რომელთა მეფობასაც უჭირავს XII ს. უმეტესი ნაწილი. ისინი ჩაებნენ ქმედით ბრძოლაში თავიანთ ვასალებთან, უწინარეს ყოვლისა თავად ილ-დე-ფრანსში, ხოლო შემდეგ კი ჩრდილოეთ და ცენტრალური საფრანგეთის სხვა ნაწილებშიც. მათ მხარს უჭერდა სასულიერო წოდება, რომელიც, იყო რა უფრო ნაკლებად ფეოდალიზებული, ვიდრე გერმანიაში, საერთოდ ინარჩუნებდა მონარქიული ხელისუფლების ტრადიციებს და სურდა მშვიდობისა და წესრიგის დამყარება. განსაკუთრებით დიდი სამსახური ორივე ლუდოვიკოს გაუწია აბატმა სუგერიუსმა (XXXI, 900). თუმცა ერთერთ მნიშვნელოვან საქმეში ლუდოვიკო VII-მ არ დაუგდო ყური სუგერიუსს, გაემზავრა რა მისი რჩევის საწინააღმდეგოდ მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. მეფის არყოფნის დროს მოხდა ისეთი მოვლენები, რომლებმაც აიძულეს იგი, დაბრუნების შემდეგ, გაყროდა თავის ცოლს ელეონორას, აკვიტანიის მემკვიდრეს. მან არ დააყოვნა და მისთხოვდა ნორმანდიისა და ანჟუს მფლობელს ჰაინრიხ პლანტაგენეტს, რომელიც მალევე ინგლისის მეფე გახდა. ამრიგად, ლუდოვიკო VII-მ თავად თქვა უარი თავისი სამფლობელოებისთვის აკვიტანიის მიერთებისა და საფრანგეთში ძლიერი სამფლობელოს წარმოქმნისთვის ხელშეწყობის შესაძლებლობაზე, რომელიც აღმოჩნდა ინგლისის ხელში (იხ. ტერიტორიის ისტორია).
სასულიერო წოდების გარდა, ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქის კაპეტინგებს ბევრად ეხმარებოდნენ ქალაქებიც. სწორედ ამ დროს საფრანგეთში მიმდინარეობდა კომუნალური მოძრაობა, ე. ი. ბევრი ქალაქის განთავისუფლება ფეოდალების ძალაუფლებისგან და მათი გადაქცევა დამოუკიდებელ კომუნებად (XV, 887). ძალზედ ხშირად ეს ხდებოდა მოქალაქეთა აჯანყების შედეგად სენიორების წინააღმდეგ; თვით ნამდვილი ომებიც კი წარმოებდა მათ შორის. მოქალაქენი ამ დროს არც თუ იშვიათად ეძიებდნენ მხარდაჭერას მეფეთაგან და თავადაც აღმოუჩენდნენ მათ დახმარებას მათ ბრძოლაში ფეოდალებთან. მეფეები თავიდან ხან ერთ მხარეზე დგებოდნენ, ხანაც მეორეზე, მაგრამ შემდეგ შეგნებულად დაიწყეს მოქალაქეთა მხარდაჭერა, უბოძებდნენ რა მათ მათი უფლებების დამადასტურებელ ქარტიებს. თავიან მიწებზე მეფეები არ იძლეოდნენ კომუნების შემოღების უფლებას, მაგრამ სამაგიეროდ მოქალაქეებს აძლევდნენ ბევრ სხვა შეღავათს. საფრანგეთში წარმოიქმნა კიდეც განსაკუთრებული საზოგადოებრივი კლასი ბურჟუაზია, რომელშიც მეფეები პოულობდნენ თავიანთი ანტიფეოდალური პოლიტიკის ქმედით მომხრეებს. თუმცა კი, როდესაც სამეფო ხელისუფლება გაძლიერდა, მან დაიწყო უფლებების ჩამორთმევა კომუნებისთვისაც. ფილიპ II ავგუსტის დროს (1180-1223), რომელიც მონაწილეობდა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში, სამეფო ხელისუფლებამ საფრანგეთში ახალ წარმატებებს მიაღწია. ფილიპმა წაართვა ინგლისის მეფეს, იოანე (ჯონ) უმიწაწყლოს, ნორმანდია, როდესაც მას, როგორც საფრანგეთის მეფის ვასალს, არ სურდა გამოცხადებულიყო პერების სასამართლოზე თავისი ბიძაშვილის მოკვლის ბრალდებით. ნორმანდიის დაპყრობა გახდა საჭირო, მაგრამ ფილიპმა წარმატებით დაასრულა ეს საქმე და შეიძინა სხვა ინგლისური სამფლობელოებიც.
ამავე მეფის დროს მოხდა ჯვაროსნული ლაშქრობა სამხრეთ საფრანგეთის ალბიგოელებისა (I, 504) და ვალდენსების (V, 452) წინააღმდეგ, რომელიც დასრულდა ამ მხარის დაპყრობითა და ჩრდილოეთ ფრანგებისადმი დაქვემდებარებით. ტულუზის გრაფის სამფლობელოების უმეტესი ნაწილი შემდგომში იმ რაინდებმა, რომლებმაც ისინი დაიპყრეს, მაგრამ ვერ შეძლეს მათში გამაგრება, გადასცეს ფილიპ-ავგუსტის ვაჟიშვილს ლუდოვიკო VIII-ს (1223-1226). დაბოლოს, ფილიპ II ავგუსტი იყო სამეფო ადმინისტრაციის პირველი მომწყობიც, ბალიებისა და პრევოტების სახით, რომლებსაც ევალებოდათ ცალკეული ოლქების მართვა და ემორჩილებოდნენ სამეფო საბჭოსა და პარიზში არსებულ საანგარიშო პალატას (სამხრეთში მეფის ნაცვლებად იქცნენ შემდომში სენეშალები). კიდევ უფრო ამაღლდა სამეფო ხელისუფლება საფრანგეთში ლუდოვიკო IX წმინდას დროს (1226-1270), რომელიც იყო შუა საუკუნეების რაინდული იდეალის ნამდვილი ხორცშესხმა და ძლიერად აამაღლა სამეფო ხელისუფლების ზნეობრივი ავტორიტეტი. ლუდოვიკო IX-მ ასევე შესძლო თავისი სამფლობელოების გაფართოება ანჟუსა და პუატუს შემოერთებით, რომლებიც მან წაართვა ინგლისის მეფეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი საშინაო მმართველობა. ამ დროს საფრანგეთში იტალიიდან გავრცელდა იუსტინიანეს კანონების კრებულის შესწავლა და დაიწყო რომაული სამართლის რეცეფცია (XXX, 679). გამოჩნდა კანონების მცოდნეთა ანუ ლეგისტების ახალი კლასი (XVII, 456), რომლებიც, შედიოდნენ რა მეფის სამსახურში, ცდილობდნენ რომაული სამართლებრივი შეხედულებების ცხოვრებაში გატარებას („იმას, რასაც კეთილინებებს მეფე, აქვს კანონის ძალა“). ლეგისტების მეშვეობით ლუდოვიკო IX-მ სასამართლო ორთაბრძოლა შეცვალა სწორი გამოძიებით, დაადგინა აპელაცია სამეფო მოსამართლეებისადმი ფეოდალური სენიორების განაჩენებზე და ა. შ.
ახალ სასამართლოებს სათავეში ჩაუყენეს პარიზში პარლამენტი (XXII, 826) _ სასამართლო პალატა, რომელიც შეიქმნა მეფის უწინდელი ფეოდალური კურიისგან, ლეგისტების შეერთებით (ამის მსგავსი პარლამენტები მოწყობილ იქნა შემდგომში, უმთავრესად XV ს.-ში, სხვა პროვინციებშიც). დასახელებული მეფეებისა და მათი მენაცვალეების საქმიანობის წყალობით თანდათანობით აღესრულებოდა საფრანგეთის გაერთიანება. იარაღით, ფულით, საქორწინო კავშირებით ისინი ცოტ-ცოტად იგდებენ თავიანთ ხელში ცალკეულ სამფლობელოებს, რითაც ზრდიან თავიანთ დომენებს, და იმავე დროს სულ უფრო და უფრო მეტად უმორჩილებენ თავიანთ ხელისუფლებას ვასალებს, ახალი დაწესებულებების მეშვეობით. ამის შედეგად ფეოდალური მონარქია უკანასკნელი კაპეტინგებისას გადაიქცევა შემდგომი დინასტიის _ ვალუას დროების წოდებრივ მონარქიად. განხილული ეპოქის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით დაწყებული XII ს.-დან, საფრანგეთი თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ევროპაში. იგი იდგა ჯვაროსნული ლაშქრობების სათავეში; მისი რაინდობა იყო მისაბაძი ნიმუში სხვა ქვეყნებისთვის. ფრანგები ავრცელებდნენ თავიანთ წესებსა და ზნე-ჩვეულებებს სხვა ქვეყნებში; ამ მიმართებით განსაკუთრებით თვალსაჩინო როლს თამაშობდნენ რაინდები ნორმანდიიდან (XI-XII სს.-ში ინგლისის, ნეაპოლისა და სიცილიის, ედესისა და იერუსალიმის, ხოლო XIII ს. დასაწყისში _ ბიზანტიის იმპერიის დაპყრობა). ეს ხელს უწყობდა ფრანგული ვაჭრობის განვითარებასაც. ფრანგული მონასტრიდან კლიუნიდან გამოვიდა ეკლესიის ცნობილი რეფორმა XI ს.-ში. XII ს.-ში ხდებოდა მნიშვნელოვანი გონებრივი მოძრაობაც (აბელიარი).
III. წოდებრივი მონარქიის ეპოქა
XIV-XVI სს.-ში საფრანგეთში განხორციელდა პოლიტიკური ფეოდალიზმიდან აბსოლუტიზმში გადასვლა წოდებრივი მონარქიის (XXX, 913) გავლით, რომელშიც მეფეებს, გადაიქცნენ რა ქვეყნის ერთადერთ ხელმწიფეებად, ძალაუფლება უნდა გაეყოთ წოდებათა წარმომადგენლებთან, რომლებიც იკრიბებოდნენ (დიდი შესვენებებით) სამი საუკუნის განმავლობაში (1302-1614). ლუდოვიკო IX-ის შემდეგ განსაკუთრებით დიდ წარმატებებს მიაღწია სამეფო ხელისუფლებამ ფილიპ IV ლამაზის დროს (1285-1314). ეშმაკი, ხარბი და მზაკვარი (ვერაგი), იგი აგრძელებდა თავისი წინამორბედების საქმეს, იკრებდა რა თავისი ძალაუფლების ქვეშ ცალკეულ დიდ ფეოდებს და აფართოებდა რა თავად ძალაუფლებას. მისი მთავარი საზრუნავი მიმართული იყო ფულების მოპოვებაზე, რომლებიც მას სჭირდებოდა, სხვათა შორის, ინგლისთან ომისთვის გიენისა და ფლანდრიის გამო, სადაც იგი დაეუფლა ბევრ ქალაქს. ძველი სამეფო შემოსავლები დომენებიდან და ფეოდალური გადასახადები მას არ ჰყოფნიდა პროვინციებში მოხელეთა და მოსამართლეთა შესანახად, და იგი ყველა სწორი და არასწორი გზით ზრდიდა თავის შემოსავლებს, მაგალითად კარგი ხარისხის ოქროს მონეტებს ცვლიდა დაბალი ხარისხის მონეტებით. იმავე მიზნით მან მოაწყო პროცესი ტამპლიერების ორდენის (XXXII,861) წინააღმდეგ, რომელიც ფლობდა საფრანგეთში ბევრ მამულს. ასევე ფულადი საკითხის გამო ფილიპ IV წაეჩხუბა რომის პაპს ბონიფაციუს VIII-ს, რომელმაც საგანგებო ბულით აკრძალა სასულიერო წოდებისთვის გადასახადების დაკისრება ამაზე პაპის თანხმობის გარეშე. ფილიპ IV-მ უპასუხა საფრანგეთიდან ფულების გატანის აკრძალვით. დავა დასრულდა მეფის გამარჯვებით. ბონიფაციუს VIII-ის მენაცვალემ, ფრანგმა კლემენტ V-მ, თავისი რეზიდენცია რომიდან გადაიტანა ავინიონში, სადაც პაპები ცხოვრობდნენ დაახლოებით 70 წელიწადს.
ფილიპ IV-სა და პაპობას შორის დავასთან კავშირში იმყოფება საფრანგეთის სახელმწიფო ჩინების პირველი კრებაც (IX, 401), რომლებიც ცნობილი იყვნენ გენერალური შტატების სახელწოდებით (etats generaux). XIV ს. დასაწყისში საფრანგეთის მეფე მაინც ჯერ კიდევ იყო სხვა ფეოდალური ხელმწიფეებისა და მუნიციპალური რესპუბლიკების (კომუნების) მეთაური. იმისთვის, რათა გამოეცა მთელი საფრანგეთისთვის საერთო რაიმენაირი დადგენილება, მას უნდა ეთხოვა თანხმობა სასულიერო და საერო სენიორებისა და კომუნებისგან, ხოლო ამისთვის კი ისინი ერთად უნდა შეეკრიბა ხოლმე. ფილიპ IV-მ მიმართა სახელმწოფო ჩინების ყრილობებს, სხვათა შორის, საერთო გადასახადების დასადგენად; მათვე დაუჭირეს მხარი ფილიპს მის დავაში რომის პაპთანაც. შემდგომში შტატები ასევე მიმართავდნენ მცდელობებს მეფის უფლებების შეზღუდვისთვის თავიანთ სასარგებლოდ, მაგრამ ამას წარმატება არ მოჰყოლია, რადგანაც სასულიერო წოდება, თავადაზნაურები და მოქალაქენი, რომლებიც სხდომებს ცალცალკე მართავდნენ, მუდმივად დაობდნენ ურთიერთშორის. ფილიპ IV-ის მეფობის შემდეგ არც თუ დიდი ხნით (1314-1328) მეფობდა მისი სამი ვაჟიშვილი: ლუდოვიკო X, ფილიპ V და კარლოს IV; უკანასკნელის სიკვდილთან ერთად შეწყდა კაპეტინგების უფროსი ხაზი.
უკვე ფილიპ IV-ის მეფობის დასასრულს ფეოდალურმა სენიორებმა დაიწყეს ურთიერთშორის კავშირების შექმნა, რათა საერთო ძალებით ებრძოლათ სამეფო ხელისუფლების მიტაცებებთან; ეს მოძრაობა გაძლიერდა ფილიპ IV-ის ვაჟიშვილების მეფობის დროს. თავიდან სენიორებმა კიდევაც ჰპოვეს მხარდაჭერა ხალხში, რომელიც უკმაყოფილო იყო მეფის მოხელეებითა და ახალი გადასახადებით; მაგრამ როდესაც ხალხმა დაინახა, რომ სენიორები ზრუნავენ მხოლოდ თავიანთთვის და თავიანთი უფლებისთვის ეომებოდნენ ერთმანეთს, უწინდელი კავშირი სამეფო ხელისუფლებისა ქალაქებთან განახლებულ იქნა, ფეოდალების თვითნებობის ალაგმვის მიზნით (ფილიპ IV-ის ერთერთმა ვაჟიშვილმა, ლუდოვიკო X-მ, გაანთავისუფლა ყმები თავის დომენებში). 1328 წ. საფრანგეთის გვირგვინი გადავიდა გრაფების ვალუების საგვარეულოში (V, 436), კაპეტინგების უმცროსი ხაზისა. ახალი დინასტიის პირველმა ორმა მეფემ თავი გამოიჩინა ნამდვილი ფეოდალური სენიორების სახით, რომელთაც არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ სამეფო ხელისუფლების ახალი ამოცანების შესახებ საფრანგეთში. ამასთან გაძლიერდა ფეოდალური რეაქციაც, რომელმაც XIV ს. შუახანებში მიიყვანა გლეხები ე. წ. ჟაკერიამდე (XI, 708) _ საშინელ აჯანყებამდე, რომლის დროსაც დაიღუპა ბევრი თავადაზნაური და დაიწვა არც თუ ცოტა ციხე-სასახლე. ფეოდალური რეაქცია გართულდა ომით ინგლისთან, რომელიც გაჭიანურდა ას წელიწადზე მეტ ხანს (ასწლიანი ომი, 1337-დან 1453 წ.-მდე; იხ. XXX, 687). ფილიპ IV-ის ვაჟიშვილების სიკვდილის შემდეგ ინგლისის მეფემ ედუარდ III-მ, როგორც მისი ქალიშვილის ვაჟმა, წამოაყენა თავისი ნათესაობა მასთან როგორც უფლება საფრანგეთის ტახტზე; მაგრამ ფრანგებმა დაუპირისპირეს მას ე. წ. სალიური კანონი, რომელიც გამორიცხავდა ქალებს ტახტის მემკვიდრეობიდან.
როდესაც საფრანგეთში გამეფდა ფილიპ VI ვალუა (1328-1350), ედუარდ III-მ გამოუცხადა მას ომი. კრესისთან ბრძოლაში (1346) ფრანგებმა განიცადეს სრული დამარცხება, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ (1356), ვალუას დინასტიის მეორე მეფის, იოანე კეთილის (1350-1364) დროს, მოჰყვა მეორე დმარცხებაც _ პუატიესთან. თავად იოანე კეთილი ტყვედ იქნა აყვანილი; სამეფოს რეგენტი გახდა მისი ვაჟიშვილი, დოფინი (ასე უწოდებდნენ საფრანგეთის მემკვიდრე უფლისწულებს დოფინეს საგრაფოს მიხედვით), კარლოსი. იმისთვის, რათა მიეღო ფულები ტყვე მეფის გამოსასყიდად და ომის გასაგრძელებლად, მან შეკრიბა პარიზში გენერალური შტატები (1357), რომლებმაც არ დააყოვნეს თავს დასხმოდნენ მეფის მრჩევლების მიერ საქმეების უუნარო წარმოებას. მთავარ როლს ამ ოპოზიციაში თამაშობდნენ ქალაქების წარმომადგენლები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ეტიენ მარსელი (XVIII, 683). შტატები მოითხოვდნენ, რათა ამიერიდან ისინი შეეკრიბათ ყოველწლიურად ორ-ორჯერ, და რომ ხაზინაში ფულების შეგროვება ყოფილიყო შტატების მიერ არჩეული კომისრების განმგებლობაში. მაგრამ ამ პროგრამამ ვერ ჰპოვა მხარდაჭერა ქვეყანაში. სასულიერო წოდება და თავადაზნაურობა არ ენდობოდა მოქალაქეებს, და არც თავად მოქალაქეთა შორის ყოფილა ერთსულოვნება, რადგანაც თითოეული ქალაქი ცხოვრობდა და მოქმედებდა განცალკევებულად.
ე. მარსელმა მიმართა მაშინ მოქმედებების რევოლუციურ ხერხს _ ვაჭრებისა და ხელოსნებისგან შექმნა სამხედრო ძალა და ისიც კი ჩაიფიქრა, რომ თავის მხარეზე მიემხრო იმავე დროს აჯანყებული გლეხებიც. პარიზში მოხდა სახალხო ამბოხება, რომელშიც თვალსაჩინო როლს თამაშობდა ლაონის ეპისკოპოსი რობერტ ლეკოკი (XVII, 511). დოფინმა ამბოხებული დედაქალაქიდან გაქცევით უშველა თავს. მის მიერ სხვა ადგილას შეკრებილი გენერალური შტატები დადგნენ უწინდელი წესრიგის მხარეზე. იმავე დროს ჟაკერია ჩახშობილ იქნა, ხოლო ეტიენ მარსელი მოკლეს ერთერთ ქუჩის შეტაკებაში. მალევე მოკვდა იოანე; დოფინი იქცა მეფედ კარლოს V-ის სახელით (1364-1380) და დაიმსახურა ბრძენის თიკუნი (მეტსახელი). იგი ცდილობდა ქვეყნის შინაგანი წესრიგის გაუმჯობესებასა და ინგლისელებთან ომს აგრძელებდა დიდი წინდახედულებით. მისი ვაჟიშვილის, კარლოს XI-ის დროს, რომელიც სრულიად უუნარო იყო ქვეყნის მართვაში და მალევე დაჰკარგა გონება, საქმეები ისევ ცუდად წავიდა; ისევ მოხდა შინაგანი არეულობები, რომელთა დროსაც ინგლისის მეფემ ჰაინრიხ V-მ კიდევ ერთხელ მიაყენა ფრანგებს დამარცხება აზენკურთან (1415). ინგლისელებმა დაიპყრეს ნორმანდია და პარიზიც კი დაიკავეს; ინგლისის მეფე გამოცხადებულ იქნა კარლოს VI-ის მემკვიდრედ. ორივე მეფის სიკვდილის შემდეგ საფრანგეთის ტახტისთვის დაიწყო ბრძოლა ინგლისის მეფეს ჰაინრიხ VI-სა და დოფინს შორის, რომელმაც მიიღო სახელი კარლოს VII (1422-1461).
მთელი ჩრდილოეთ საფრანგეთი ამ დროს იყო ინგლისელების ხელში, და მათ უკვე ალყაში ჰყავდათ მოქცეული ორლეანი, რომელიც წარმოადგენდა მთავარ სტრატეგიულ პუნქტს კანონიერი მეფის ხელში. მთელი ეს უბედურებები წარმოადგენდა არისტოკრატიული ურთიერთბრძოლებისა და უმაღლესი კლასების ხალხისგან განცალკევების შედეგს, რომელიც ბევრ ადგილას ინგლისელების მხარეზეც კი გადადიოდა, იმედოვნებდა რა, რომ მათ ხელში ცხოვრება უკეთესი ექნებოდა. მაგრამ მალევე საფრანგეთში გამოიღვიძა ეროვნულმა პატრიოტიზმმა, როდესაც ლოტარინგიის პატარა სოფელში სახელწოდებით დომრემი გამოჩნდა ჟანა დ’არკი, რომელმაც გამოიწვია ენთუზიაზმი ჯარისკაცებს შორის და ხალხის მასაში. ორლეანთან მოხდა ბრძოლა ინგლისელებთან, რომელშიც ჟანა პირადი მაგალითით აღაფრთოვანებდა ჯარს. ინგლისელები შევიწროვებულ იქნენ; კარლოს VII გატარებულ იქნა რეიმსში, სადაც მასზე აღასრულეს გვირგვინის დადგმის წესი. ომი ამის შემდეგ გრძელდებოდა კიდევ რამდენიმე წელიწადს, და მხოლოდ თანდათანობით დაეუფლა კარლოს VII მთელ საფრანგეთს (სხვათა შორის _ პარიზსაც); ინგლისელების ხელში კი დარჩება მხოლოდ ერთი ქალაქი კალე (1453).
ფეოდალურმა რეაქციამ XIV ს. პირველ ნახევარში და ასწლიანმა ინგლისურ-ფრანგულმა ომმა ერთნახევარი საუკუნით შეაჩერეს სამეფო ხელისუფლების განვითარება საფრანგეთში. თუმცა კი ამ დროს ბევრი მსხვილი ფეოდი იმყოფებოდა ისევ სამეფო საგვარეულოს წევრების ხელში (იხ. რუკა VIII), მაგრამ არსებითად ეს მაინც ასუსტებდა მონარქიას. კარლოს VI-ისა და კარლოს VII-ის მტრებს შორის იყვნენ ბურგუნდიის ჰერცოგები, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ იმავე დინასტიას, მაგრამ იმყოფებოდნენ კავშირში ინგლისელებთან. ეროვნული ერთიანობის შეგნების გარადა, რომელიც პირველად გამოვლინდა ჟანა დ’არკის დროს, საფრანგეთს ახალი დაქუცმაცებისგან იხსნიდნენ გენერალური შტატები, რომელთა საუკეთესო დროც იყო XIV ს. და XV ს.-ის პირველი ნახევარი. მაგრამ, შტატების მცდელობა, გადაექციათ საკუთარი თავი მთავარ და მუდმივ ძალად ქვეყანაში არ გამოვიდა; შტატები მაინც წარმოადგენდნენ ფეოდალურ საზოგადოებას, თავისი წოდებრივი ანტაგონიზმითა და საოლქო (სამხარეო) განცალკევებულობით. როდესაც ომი დასრულდა და დამყარდა შინაგანი წესრიგი, სამეფო ხელისუფლება კვლავ ჩადგა საფრანგეთის ეროვნული გაერთიანებისა და სახელმწიფოებრივი მოწესრიგების სათავეში. კარლოს VII მოევლინა უკანასკნელი კაპეტინგების საქმის გამგრძელებლად. მან შემოიღო პირველი მუდმივი ჯარი, რომლის შესანახადაც შემოღებულ იქნა მუდმივი გადასახადიც _ ტალია (თალია; XXXII, 536). ამ ახალშემოღებამ სამეფო ხელისუფლება ჩააყენა სრულ დამოკიდებულებაში ვასალებსა და ქალაქებზე, მათი დრუჟინებითა და მილიციებით, და საშუალება მისცა მას აეღო გადასახადები ისე, რომ არ მიემართა გენერალური შტატების მოწვევისთვის. კარლ VII-ს მუდმივი ჯარი სჭირდებოდა უმთავრესად ყაჩაღების ხროვებთან საბრძოლველად, რომლებიც ძარცვავდნენ ქვეყანას და ქალაქებსაც კი ესხმოდნენ თავზე.
1439 წ. ორლეანში შეკრებილი შტატები დაეთანხმენ მუდმივ გადასახადზე სამეფო ჯარის შესანახად, რითაც ხელი მოაწერეს თავიანთ სასიკვდილო განაჩენს: XV ს. შუახანებიდან მეფეები მათ უკვე ძალზედ იშვიათად იწვევდნენ, რადგანაც ფულის მისაღებად გენერალური შტატების თანადგომა უკვე იმდენად აღარ სჭირდებოდათ. სამეფო ხელისუფლების სხვა წარმატებას კარლ VII-ის დროს წარმოადგენდა ბურჟეში საეკლესიო კრების მიერ (1438) ბაზელის მუდმივი კრების შემოღება (II, 691), რომელიც ხელსაყრელი იყო სამეფო ხელისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის. ამ აზრით კარლ VII-მ გამოსცა პრაგმატული სანქცია (XXVIII, 347), რომელიც ზღუდავდა პაპის ჩარევას გალიკანური ეკლესიის საქმეებში (VII, 935). კარლ VII ვაჟიშვილი, ლუდოვიკო XI (1461-1483), დოფინად ყოფნისას, მონაწილებდა ფეოდალურ აჯანყებაში მეფის სამხედრო გარდაქმნების წინააღმდეგ და საერთოდ უახლოვდებოდა მის მტრებს, მაგრამ, გახდა რა მეფე, ჩაება გადამწყვეტ ბრძოლაში ძველი დროების ნარჩენებთან. მან მოახერხა თითქმის დაესრულებინა ფრანგული სამთავროებისა და სათავადოების შემოკრება მეფის ერთიანი ძალაუფლების ქვეშ (ბრეტანისა და ნავარას გარდა) და პოლიტიკური ფეოდალიზმის უკან მოუბრუნებლად დამარცხება. მეფით უკმაყოფილოებმა მის წინააღმდეგ ურთიერთშორის შეკრეს საზოგადოებრივი სიკეთის ლიგა, რომელსაც მხარს უჭერდა კარლოს მამაცი, ბურგუნდიის ჰერცოგი. ლიგასთან ბრძოლაში ლუდოვიკო XI-მ თავიდან განიცადა დამარცხება, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა გამოასწორა და დაიწყო თავის მტრებზე ცალ-ცალკე თავდასხმები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი გამარჯვება კარლოს მამაცზე. ამ ჰერცოგის სამფლობელოების შემადგენლობაში, ბურგუნდიის გარდა, შედიოდნენ ფრანშ-კონტე და ნიდერლანდები (იხ. რუკა IX); იგი ოცნებობდა ახალი დაპყრობებისა და თავისი მიწების დამოუკიდებელ სამეფოდ გადაქცევის შესახებ.
ლუდოვიკო XI-მ ჩაშალა მისი გეგმები, მხარი დაუჭირა რა მისი საკუთარი ქვეშევრდომების აჯანყებებს და შეუერთდა რა მის წინააღმდეგ შვეიცარიელებს. კარლოს მამაცმა დამარცხება განიცადა სამ ბრძოლაში და უკანასკნელ მათგანში (ნანსისთან) თავადაც მოკლულ იქნა. ლუდოვიკო XI დაეუფლა ბურგუნდიას (კარლოს მამაცის სხვა მიწები დარჩა მის ქალიშვილს). ქვეყნის შიგნით იგი აგრძელებდა უწინდელი მეფეების პოლიტიკას, ანუ მხარს უჭერდა საქალაქო წოდებას და ავიწროვებდა თავადაზნაურობას. გვერდს უვლიდა რა გენერალურტი შტატების უფლებებს, ლუდოვიკო XI აძლიერებდა ძველ გადასახადებს და ახლებიც კი შემოჰქონდა. ახლად შეძენილ პროვინციებში იგი მხარს უჭერდა ადგილობრივ შტატებს, რათა ეს ოლქები შეეგუებინა (შეერიგებინა) დამოუკიდებლობის დაკარგვასთან, მაგრამ იმავე დროს აწესებდა მათში განსაკუთრებულ პარლამენტებს სენიორების სასამართლო ხელისუფლების დასასუსტებლად. ლუდოვიკო XI-ის მენაცვალეები (შემდგომი მეფეები) იყვნენ კარლოს VIII (1483-1498) და ლუდოვიკო XII (1498-1515). მათ ორივეს ცოლებად ჰყავდათ ბრეტანის მემკვიდრეები, რის შედეგადაც ეს საჰერცოგოც შეუერთდა საფრანგეთის გვირგვინის კუთვნილ მიწებს. ორივე მათგანი მიმართავდა იტალიის დაპყრობის მცდელობებს (იხ. იტალიური ომები, XIII, 588; იტალია, XIII, 552-553), რითაც მიმართულება მისცეს საფრანგეთის თავადაზნაურობის რაინდულ მისწრაფებებს და გააერთიანეს იგი საერთო მიზნისკენ მისწრაფებით. კარლოსს ჰქონდა განზრახვა დაეპყრო იტალია, განედევნა თურქები ევროპიდან და გაენთავისუფლებინა იერუსალიმი ურწმუნოთა ხელიდან. ემყარებოდა რა კავშირზე მილანის ჰერცოგთან, იგი შევიდა იტალიაში, გაიარა იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე და ნეაპოლის სამეფოც კი დაიკავა; მაგრამ იტალიის სახელმწიფოებმა მხარდაჭერა ჰპოვეს იმპერატორ მაქსიმილიან I-ისა და ესპანეთის მეფის ფერდინანდ კათოლიკის სახით, რის შემდეგაც ფრანგებს უნდა დაეცალათ ნახევარკუნძული.
ლუდოვიკო XII-მ მიმართა ახალ ლაშქრობას და ასევე დაეუფლა მილანსა და ნეაპოლს, მაგრამ ამ ჯერადაც ფრანგები წააწყდნენ წინააღმდეგობას დიდი საერთაშორისო კავშირის მხრიდან (წმინდა ლიგა, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ რომის პაპი იულიუს II, ვენეცია, შვეიცარია, იმპერატორი მაქსიმილიანი, ესპანეთი და ინგლისი) და ისევ განდევნილ იქნენ იტალიიდან. მესამედ საფრანგეთმა ომი დაიწყო ახალი მეფის ფრანცისკ I-ის (1515-1547) მეფობის პირველსავე წელს. ისარგებლა რა წმინდა ლიგის არამყარობით, იგი შევიდა იტალიაში და მარინიანოსთან ბრძოლაში დაამარცხა მილანის ჰერცოგის მიერ დაქირავებული შვეიცარული სახალხო ლაშქარი. მაგრამ ფრანცისკ I-ს გამოუჩნდა საშიში მტერი იმპერატორ კარლ V-ის სახით. ომები ამ ხელმწიფეებს შორის, რომლებიც ავსებდა XVI ს. მეორე მეოთხედს (1521-1544), წარმოადგენდა მეტოქეობის დასაწყისს საფრანგეთსა და ჰაბსბურგების დინასტიას შორის, რომელიც მეფობდა ესპანეთსა და გერმანიაში. ფრანცისკ I-ის მიერ ახლახანს დაპყრობილი მილანი ითვლებოდა იმპერიის ლენად, და კარლოს V საკუთარ თავს მიიჩნევდა უფლებამოსილად დაებრუნებინა იმპერიისთვის მისი მონაპოვარი; როგორც კარლოს მამაცის შვილთაშვილს, მას სურდა შემდგომში დაებრუნებინა თავისი სახლისთვის ბურგუნდია, რომელიც წაართვა ლუდოვიკო XI-მ. და ბოლოს, განხეთქილიების ვაშლად იქცა პატარა სამეფო ნავარა, რომელიც მდებარეობდა საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ფრანცისკ I, რომლის სახელმწიფოც მთელი თავისი სახმელეთო საზღვრებით ებჯინებოდა კარლ V-ის სამფლობელოებს, სიძულვილითა და შიშით უყურებდა მის მახლობლად ამოზრდილ პოლიტიკურ ძალას. დაიწყო თავზე ხელაღებული ბრძოლა. კარლოს V-სა და საფრანგეთს შორის სულ მოითვლება ოთხი ომი (იხ. ფრანცისკ I).
ამ შეჯახებაში მონაწილეობას ღებულობდნენ რომის პაპი, ინგლისის მეფე, ვენეცია და შვეიცარია. თავიდან ისინი იყვნენ კარლ V-ის მხარეზე, როდესაც საქმე მიდიოდა იტლიიდან ფრანგების განდევნის თაობაზე, მაგრამ შემდეგ, კარლის გამარჯვებებით შეშინებულები, ისინი ეხმაფებოდნენ უკვე ფრანცისკ I-ს, რათა შეენარჩუნებინათ დარღვეული პოლიტიკური წონასწორობა. 1525 წ. პავიასთან საფრანგეთის მეფემ განიცადა საშინელი დამარცხება და, ტყვედ აყვანილი, გაგზავნილ იქნა მადრიდში, სადაც დათანხმდა მისთვის შეთავაზებულ ყველა პირობაზე (უარის თქმა მილანზე და ბურგუნდიის დაბრუნება). მაგრამ მშვიდობა არ ყოფილა ხანგრძლივი. ბოლოს და ბოლოს ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა იმპერატორი, თუმცა კი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა ბურგუნდია თავისი მეტოქის ხელში. ფრანცისკ I-ს გამოუჩნდა ახალი მოკავშირე თურქეთის სულთნის სულეიმანის სახით. ფრანცისკ I-ის ვაჟიშვილი, ჰაინრიხ II (1547-1559), აგრძელებდა მამის მიერ დაწყებულ ბრძოლას. მან ისარგებლა გერმანიაში გაჩარებული ბრძოლით იმპერატორსა და მთავრებს შორის და, შევიდა რა ამ მთავრებთან კავშირში, გამოცხადდა მათ დასახმარებლად გადამწყვეტ წუთში. ამ დახმარებისთვის ანაზღაურების სახით საფრანგეთმა 1550-იანი წლების დასაწყისში იმპერიისგან მიიღო (მაგრამ „მისი /იმპერიის/ უფლებებისთვის ზარალის გარეშე“) მეცი, ტული და ვერდიონი.
სწორედ ამ დროს გერმანიიდან და შვეიცარიიდან საფრანგეთში შეაღწია რელიგიურმა რეფორმაციამ. მან თავისი მიმდევრების პოვნა ამ ქვეყანაში დაიწყო ჯერ კიდევ ფრანცისკ I-ის დროს, და უკვე მაშინ დაიწყეს პროტესტანტების სასტიკი დევნა. პირველი ფრანგი პროტესტანტები იყვნენ ლუთერის მომხრეები, მაგრამ შემდგომში აქ გავრცელდა კალვინიზმი, რომელიც თავისი წარმოშობის მიხედვით იყო პროტესტანტიზმის ფრანგული ფორმა. საფრანგეთსა და ჟენევას, კალვინიზმის ცენტრს შორის არსებობდა ყველაზე უფრო მჭიდრო კავშირები, და თავად ჟენევაში გამოიკვეთა კიდეც პარტია (Eidgenossenschaft), რომელსაც სურდა უფრო მჭიდრო ერთიანობა შვეიცარიის კავშირთან. ამის შედეგად საფრანგეთში დაიწყეს პროტესტანტებისთვის ჰუგენოტების დარქმევა (huguenots), რაც წარმოადგენდა დამახინჯებულ ფორმას სიტყვიდან Eidgenossenschaft. საფრანგეთში კალვინიზმის ყველაზე უფრო სწრაფად გავრცელების დროს შეადგენდა 1550-იანი წლების მეორე ნახევარი, ე. ი. ჰაინრიხ II-ის მეფობის ბოლო, რომელიც ასევე სდევნიდა პროტესტანტებს. ფრანგული რეფორმაციის განსაკუთრებულობა მდგომარეობდა იმაში, რომ პროტესტანტიზმს აქ უმთავრესად ღებულობდნენ თავადაზნაურობა და მოქალაქენი (უკანასკნელები _ უპირატესად ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში), ხალხის მასას კი კალვინიზმი შეეხო შედარებით მცირედ: ერის უმრავლესობა დარჩა კათოლიციზმის ერთგული. ორივე დასახელებულმა წოდებამ, პროტესტანტიზმის იდეის დროშით, დაიწყო ბრძოლა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც XV ს. შუახანებიდან თითქმის აბსოლუტური იყო.
ფრანცისკ I-მა ბოლონიის კონკორდატის მიხედვით მიიღო უფლება თავისი შეხედულებისდა მიხედვით ჩაენაცვლებინა ყველა უმაღლესი საკლესიო თანამდებობა და დროებით განეკარგა ვაკანტური თანამდებობების ქონება. ამის წყალობით საფრანგეთის მეფეებმა ჯერ კიდევ რეფორმაციის დაწყებამდე დაიქვემდებარეს ეროვნული სასულიერო წოდება, რისი მიღწევაც ბევრმა სხვა ხელმწიფემ შეძლო შემდგომში მხოლოდ რეფორმაციის გზით. პროტესტანტებში ფრანცისკ I-ცა და ჰაინრიხ II-ც ხედავდნენ სამეფო ხელისუფლებისადმი ურჩებსა და მეამბოხეებს, მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს ორივე მეფეს დახმარებოდნენ გერმანელ პროტესტანტებს, როგორც თავიანთ მოკავშირეებს კარლ V-თან ბრძოლაში. ჰაინრიხ II-ის სიკვდილის შემდეგ საფრანგეთში მოხდა სამეფო ხელისუფლების დროებით დასუსტება: ამ ხელმწიფის სამი ვაჟიშვილი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მეფობდნენ ქვეყანაში, იყვნენ სრულიად არარაობანი. ამ გარემოებითა და კარლოს IX-ის მცირეწლოვანებით ისარგებლეს თავადაზნაურობამ და ქალაქებმა, რათა დაებრუნებინათ თავიანთთვის უწინდელი ფეოდალური და მუნიციპალური თავისუფლებები; კალვინიზმი თავისი პოლიტიკური თავისუფლების მოყვარულობით, ზედგამოჭრილი შეიქნა სწორედ თავადაზნაურობისა და მოლაქეთა ამ განწყობილებისთვის. ფრანცისკ II-ის (1559-1560), კარლოს IX-ისა (1560-1574) და ჰაინრიხ III-ის (1574-1589) მეფობისას დიდ როლს თამაშობდა ეშმაკი და ძალაუფლების მოყვარე დედა-დედოფალი ეკატერინე მედიჩი (XI, 577), რომელიც ფიქრობდა მხოლოდ თავის თავზე, და ამის გამო კავშირში შედიოდა ხან ერთ, და ხან კი მეორე მხარესთან. კათოლიკებს სათავეში ჩაუდგნენ ჰერცოგი გიზები (VIII, 665), რომლებიც მხარდაჭერას ეძიებდნენ ესპანეთისგან, ჰუგენოტებს _ ბურბონები (V, 10), რომლებიც თავიანთ საგვარეულოს იწყებდნენ ლუდოვიკო წმინდისგან და სამხრეთში ფლობდნენ ნავარის სამეფოს (რომლის უმეტესი ნაწილიც, თუმცა კი, შეერთებული იყო ესპანეთთან).
თავიდან ეკატერინე მედიჩი ზოგიერთ დათმობაზე წავიდა პროტესტანტებთან, მაგრამ ეს არ მოეწონათ კათოლიკებს. უიარაღო ჰუგენოტების დახოცვა ვასიში იქცა მთელი რიგი რელიგიური ომების დასაწყისად (იხ. ჰუგენოტები, IX, 852). მტრულ მხარეებს შორის რამდენჯერმე დადებულ იქნა სამშვიდობო ხელშეკრულებები, მაგრამ ისინი მუდმივად ირღვეოდა, და საერთო ჯამში რელიგიური ომების პერიოდი მოიცავს დაახლოებით 35 წელიწადს (1562-1598). მათ ყველაზე უფრო აღსანიშნავ ეპიზოდს წარმოადგენს ბართლომეს ღამე ანუ „პარიზის სისხლიანი ქორწილი“ (V, 574) კარლოს IX-ის მეფობის მიწურულს. სამთავრობო პოლიტიკის მუდმივმა რყევებმა აიძულეს ყველაზე უფრო მგზნებარე კათოლიკები თავიანთ თავზე აეღოთ ბრძოლის წარმოება ჰუგენოტებთან, შეეკრათ ლიგა (XVII, 659), რომელსაც სათავეში ჩაუდგა ჰაინრიხ გიზი. ამ ორგანიზაციის მთელი ძალა იყო ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქებში, რომლებიც უერთდებოდნენ პარიზის ფანატიკურ მოსახლეობას. ლიგისტებმა დასახმარებლად მოუწოდეს ფილიპ II ესპანელს, და მან გამოუგზავნა მათ სამხედრო რაზმები. ჰაინრიხ III უკმაყოფილო იყო მისგან დამოუკიდებელი ასეთი ძალის წარმოქმნით, და ბრძოლა დაუწყო ჰაინრიხ გიზს; დედაქალაქში იფეთქა აჯანყებამ, ქუჩები დაიფარა ბარიკადებით, და ჰაინრიხ III-ს მოუწია გაქცევით ეშველა თავისთვის. ვერ ხედავდა რა ვერსაიდან დახმარებას, მან გადაწყვიტა მოეკლა გიზი, მაგრამ მისმა სიკვდილმა კიდევ უფრო გააღვივა ვნებათაღელვა.
ლიგის ფანატიკურმა მქადაგებლებმა ღიად დაიწყეს იმაზე ლაპარაკი და წერა, რომ მეფეები, რომლებსაც არ სურთ სავსებით ემორჩილებოდნენ ეკლესიას, მოკლულ უნდა იქნან. ამ სწავლებას საერთოდ ანვითარებდნენ იეზუიტები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ დგებოდნენ ხალხის ძალაუფლების (ხელისუფლების) თვალსაზრისზე (იხ. მონარქომახები, XIX, 702). ჰაინრიხ III-ის ბანაკში შეიპარა კათოლიკური ფანატიკოსი (ჟაკ კლემანი) და მოაკვდინა მეფე (1589). ჰაინრიხ III-ის სიკვდილთან ერთად შეწყდა ვალუების დინასტია და ტახტი უნდა გადასულიყო კალვინისტების ბელადზე ჰაინრიხ ბურბონზე. ლიგას არ სურდა თავის მეფედ ეღიარებინა „ერეტიკოსი“; მის წინააღმდეგობას თავისი ჯარებით ქმედითად ეხმარებოდა ფილიპ II, რომელიც ისწრაფვოდა საფრანგეთის ტახტის მიღებისკენ თავისი ქალიშვილისთვის. გიზებიც არ იყვნენ წინააღმდეგი იმისა, რომ ტახტზე დაესვათ ერთერთი თავისიანი. ცალკეული პროვინციების გუბერნატორები ოცნებობდნენ თავიანთი პროვინციების თავისთვის დამტკიცებაზე სამემკვიდრეო მმართველობაში, ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვანი თავადაზნაურობა _ ფეოდალური ანარქიის დროში დაბრუნებაზე. ქალაქებშიც ასევე ისწრაფვოდნენ თავიანთთვის უწინდელი დამოუკიდებლობის დაბრუნებისკენ. ახალ მეფეს ჰაინრიხ IV-ს (1589-1610) მოუწია პირდაპირ დაეპყრო თავისი სამეფო. უფრო ადრე საფრანგეთში შეიქმნა პოლიტიკოსების პარტია (XXIV, 303), როგორც უწოდებდნენ იმ კათოლიკებს, რომლებსაც არ სურდათ დევნა სარწმუნოების გამო. მათში ჰაინრიხ IV-მ ჰპოვა ქმედითი მხარდაჭერა.
დაამარცხა რა ლიგისტები, ჰაინრიხ IV-მ ალყა შემოარტყა პარიზს, რომელსაც ეხმარებოდნენ ესპანური ჯარები ნიდერლანდებიდან. რადგანაც დედაქალაქი დიდხანს არ ნებდებოდა, ამიტომ ჰაინრიხ IV-მ, ფიქრობდა რა, რომ „პარიზისთვის ღირს წირვით გადახდა“, კვლავ მიიღო კათოლიციზმი, რათა ერთი რწმენისა ყოფილიყო ქვეშევრდომთა უმრავლესობასთან (1593). ამის შემდეგ პარიზმა გუხსნა მას თავისი ჭიშკარი და ლიგაც დაემორჩილა. მეამბოხე გუბერნატორები ასევე დამარცხებულ იქნენ, ან კიდევ ფულის საზღაურად უარი თქვეს თავიანთ პრეტენზიებზე. ჰაინრიხ IV-ის გადასვლამ კათოლიციზმში შეაშფოთა ჰუგენოტები, ერომელთაც ჰქონდათ სრულიად რესპუბლიკური ორგანიზაცია, და იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ ინგლისის დედოფლის მფარველობის ქვეშ შესულიყვნენ. მეფემ მათთან მოლაპარაკებები დაიწყო და 1598 წ. გამოსცა ცნობილი ნანტის ედიქტი, რომელმაც საფრანგეთში დაამყარა რჯულშემწყნარებლობა. კალვინისტები ყველა უფლებით გათანაბრებული იყვნენ კათოლიკებთან, მაგრამ პროტესტანტული ღვთისმსახურების აღსრულება ნებადართული იყო მხოლოდ უფრო მნიშვნელოვანი თავადაზნაურობის ციხე-სასახლეებში _ თავად მათთვის, მათი მოსამსახურეებისა და ყველა ადამიანისთვის, ვინც დამოკიდებული იყო მათ სასამართლო ხელისუფლებაზე, ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვანი აზნურების ციხე-სასახლეებში _ მხოლოდ მათი შინაურებისთვის; დანარჩენი პროტესტანტებისთვის ღვთისმსახურება შესაძლო იყო აღესრულებინათ თითოეული სასამართლო ოლქის მხოლოდ ორ ქალაქში (პარიზში იგი აკრძალული იყო). ასეთნაირად, სარწმუნოების საქმეებში ნანტის ედიქტი აღიარებდა წოდებრივ პრივილეგიებს _ და ეს სავსებით შეესაბამებოდა ფრანგული პროტესტანტიზმის უფრო მეტად წოდებრივ ხასიათს. კალვინისტების საეკლესიო ორგანიზაცია შენარჩუნებულ იქნა და მათ უფლება მისცეს მოეწვიათ პოლიტიკური კრებები. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ედიქტი შესრულდებოდა, ჰაინრიხ IV-მ პროტესტანტების განკარგულებაში დატოვა რამდენიმე ციხესიმაგრე (ლა-როშელი და სხვ.), დაუმორჩილა რა მათი გარნიზონები პროტესტანტ უფროსებს.
თავისი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა ჰაინრიხ IV-მ დააბრუნა იმ მიმართულებაზე, რომელიც მოცემული იყო ფრანცისკ I-ისა ჰაინრიხ II-ის მიერ. ამ პოლიტიკის მთავარ ლოზუნგს წარმოადგენდა ბრძოლა ჰაბსბურგებთან. მეფის თანამოაზრე და მინისტრი, გენერალი სიული, იმასაც გვატყობინებს, რომ ჰაინრიხ IV-მ შეადგინა დასავლეთ ევროპის პოლიტიკური გადანაწილების (გადაკეთების) მთელი გეგმა, ცალკეული სახელმწიფოების ახალი საზღვრებითა და მათ შორის ახალი ურთიერთობების დამყარებით. ამასთან ყველაზე უფრო მეტად უნდა მოეგო საფრანგეთს, და ყველაზე უფრო მეტად უნდა წაეგოთ _ ჰაბსბურგებს. უეჭველია, რომ ჰაინრიხ IV აპირებდა ჩარეულიყო გერმანიის
საქმეებში, რომლებიც მაშინ ქმნიდნენ ომის დაწყების მუქრას. XVII ს. დასაწყისში გერმანია დაიყო პროტესტანტულ უნიად და კათოლიკურ ლიგად; უკანასკნელმა თავის პროტექტორად აღიარა ესპანეთის მეფე, ხოლო პროტესტანტები გაერთიანდნენ ჰაინრიხ IV-თან, რომელიც უკვე ემზადებოდა სალაშქროდ, რათა დახმარებოდა თავის გერმანელ მოკავშირეებს, როდესაც მოკლულ იქნა ფანატიკური კათოლიკის რავალიაკის მიერ. ჰაინრიხ IV-ის ვაჟიშვილის, ლუდოვიკო XIII-ის (1610-1643), მცირეწლოვანების გამო, საფრანგეთს, რეგენტის სახით, მართავდა მეფის დედა, მარია მედიჩი, რომელმაც სავსებით უღალატა ქმრის გეგმებს და თავისი პოლიტიკა დაუქვემდებარა ესპანეთის ინტერესებს. გადამწყვეტი შემობრუნება ანტი-ჰაბსბურგული მიმართულებით მოხდა მხოლოდ რიშელიეს ხელისუფლებაში მოსვლით, რომელიც ჩაერია 30-წლიან ომში პროტესტნტებისთვის დახმარების აღმოჩენისა და ჰბსბურგების დასუსტების მიზნით. როდესაც რიშელიესა (1642) და ლუდოვიკო XIII-ის სიკვდილის შემდეგ, ლუდოვიკო XIV-ის მცირეწლოვანებისას, საფრანგეთში მოხდა არეულობები, მათით გამოყენება ჩაიფიქრა ესპანეთმა და დაიწყო ომი საფრანგეთთან; მაგრამ რიშელიეს მენაცვალემ მინისტრის პოსტზე, მაზარინიმ, ეს ომი მიიყვანა ბედნიერ დასასრულამდე. 1648 წ. ვესტფალის ზავის მიხედვით, საკუთარ მფლობელობაში განიმტკიცა „სამი საეპისკოპოსო“ და შეიძინა ელზასის უმეტესი ნაწილი, 1659 წ. პირენეის ზავის მიხედვით კი _ ლუქსემბურგის ნაწილი, რუსილიონი, არტუა და გენეგაუ. ამის შემდეგ საფრანგეთი დიდი ხნით გადაიქცა ევროპის მოწინავე სახელმწიფოდ. ამასთან ერთდროულად იგი საბოლოოდ გადაიქცა აბსოლუტურ მონარქიად.
IV. აბსოლუტური მონარქიის ეპოქა
რელიგიური ომების ეპოქაში გენერალური შტატების მცდელობა შეეზღუდათ სამეფო ხელისუფლება ვერ მოხერხდა. ამას ხელი შეუშალეს დიდგვაროვანთა მისწრაფებებმა ფეოდალურ დაქუცმაცებულობაში დაბრუნებისკენ და ქალაქების სურვილმა აღედგინათ თავიანთი ყოფილი დამოუკიდებლობა, მაშინ როდესაც გენერალურ შტატებს მაინც შეეძლოთ ყოფილიყვნენ მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება. მეორეს მხრივ, უმაღლესი წოდება და მოქალაქენი დაობდნენ ურთიერთ შორის; ხალხს ემძიმებოდა თავადაზნაურების თვითნებობა და შინაომები და მზად იყო მხარი დაეჭირა იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც იხსნიდა მას ანარქიისგან. ჰაინრიხ IV-ს სულაც არ მოუწვევია გენერალური შტატები; მის შემდეგ ისინი შეკრიბეს მხოლოდ ერთხელ. თავის მთავრობას მან ამოცანად დაუსვა ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისა და სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობის გაუმჯობესება. მას ეხმარებოდა მინისტრი სიული, მკაცერი და პატიოსანი ჰუგენოტი. ისინი ზრუნავდნენ მიწათმოქმედებისა და მრეწველობის წამოწევისთვის, გადასახადების სიმძიმის შემსუბუქებისთვის, ფინანსურ მმართველობაში უფრო მეტი წესრიგის შეტანისთვის, მაგრამ ვერ მოასწრეს რაიმე არსებითის გაკეთება. ლუდოვიკო XIII-ის მცირეწლოვანების დროს, 1614 წ., მმართველობაში უწესრიგობების შესაწყვეტად, მოწვეულ იქნა გენერალური შტატები. მესამე წოდება გამოვიდა გარდაქმნების მთელი პროგრამით; მას სურდა, რომ სახელმწიფო ჩინები მოწვეული ყოფილიყვნენ განსაზღვრულ ვადებში, რომ სასულიერო წოდებისა და თავადაზნაურობის პრივილეგიები გაეუქმებინათ და გადასახადები ყველას უფრო მეტად თანაზომიერად დაკისრებოდა, რომ მთავრობას შეეწყვიტა დიდებულთა მორჩილების ყიდვა ფულების დარიგებით, რომ შეეწყვიტათ თვითნებური დაპატიმრებები და ა. შ.
უმაღლესი სასულიერო წოდება და თავადაზნაურობა უკიდურესად უკმაყოფილონი იყვნენ ასეთი განცხადებებით და პროტესტს აცხადებდნენ მესამე წოდების ორატორის სიტყვების წინააღმდეგ, რომელმაც სამი წოდება შეადარა ერთი მამის სამ ვაჟიშვილს; პრივილეგირებულები ამბობდნენ, რომ არ სურთ აღიარებდნენ თავიანთ ძმებად იმ ადამიანებს, რომლებსაც უფრო მეტად შეიძლება ეწოდოთ მათი მსახურები. ვერ გააკეთეს რა ვერაფერი, შტატები დათხოვნილ იქნენ და ამის შემდეგ ისინი არ მოუწვევიათ 175 წლის მანძილზე. ამ შეკრებაზე, სასულიერო წოდებისგან დეპუტატის სახით, წინ წამოვიდა (გამოჩნდა) ლიუსონის ეპისკოპოსი (შემდგომში კარდინალი) რიშელიე. რამდენიმე წლის შემდეგ იგი გახდა ლუდოვიკო XIII-ის მთავარი მრჩეველი და ყოვლისშემძლე მინისტრი, და რადგანაც მეფე გამოირჩეოდა ნებისყოფის სისუსტითა და სიზარმაცით, ამიტომ რიშელიე თითქმის ოცი წლის განმავლობაში მართავდა საფრანგეთს შეუზღუდავი ძალაუფლებით. რიშელიემ საბოლოოდ დაამკვიდრა აბსოლუტიზმის სისტემა საფრანგეთის მონარქიაში. მისი მთელი ფიქრებისა და მისწრაფებების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფოს ძალა და ძლიერება; ამ მიზნისათვის იგი მზად იყო მსხვერპლად შეეწირა ყოველივე დანარჩენი. იგი არ უშვებდა რომის კურიის ჩარევას საფრანგეთის საშინაო საქმეებში და საფრანგეთის მონარქიის ინტერესების გულისთვის მონაწილეობა მიიღო 30-წლიან ომში, რომელშიც იდგა პროტესტანტების მხარეზე. მის საშინაო პოლიტიკას ასევე არ ჰქონია სარწმუნოებრივი ხასიათი; პროტესტანტები მის დროს სარგებლობდნენ არა მხოლოდ რჯულშემწყნარებლობით, არამედ მნიშვნელოვან ადგილებსაც კი ღებულობდნენ სახელმწიფო სამსახურში.
წარმოშობის მიხედვით რიშელიე იყო დიდგვაროვანიი, მაგრამ მის სანუკვარ ოცნებას შეადგენდა აეძულებინა თავადაზნაურები ემსახურათ სახელმწიფოსთვის იმ პრივილეგიებისა და მიწების სანაცვლოდ, რომლებსაც ისინი ფლობდნენ. მან ვერ შეძლო ამის მიღწევა, მაგრამ იგი ყოველმხრივ ამცირებდა თავადაზნაურობის პოლიტიკურ მნიშვნელობასა და აწყნარებდა ამ წოდების ცალკეული წევრების თვითნებობებს. დიდებული გუბერნატორები მიეჩვივნენ ისე ეყურებინათ საკუთარი თავისთვის, როგორც ფეოდალური ჰერცოგებისა და გრაფების თავისებური მემკვიდრეებისთვის; მათ მოქმედებებზე თვალყურის სადევნელად რიშელიე გზავნიდა პროვინციებში განსაკუთრებულ სამეფო კომისრებს, რომლებსაც ირჩევდა წვრილი აზნაურებისა და მოქალაქეებისგან; ამ თანამდებობისგან თანდათანობით წარმოიქმნა ინტენდანტების მუდმივი თანამდებობა (XIII, 260). თავადაზნაურობის გამაგრებული ციხესიმაგრეები პროვინციებში დანგრეულ იქნა; დუელები, რომლებიც ძალზედ იყო გავრცელებული დიდგვაროვნებს შორის, აიკრძალა სიკვდილით დასჯის სასჯელით. ასეთი ზომები ხალხს განაწყობდა კარდინალის მომხრედ, მაგრამ თავადაზნაურებს იგი სძულდათ, ეწეოდნენ მის წინააღმდეგ სასახლის კარის ინტრიგებს, ადგენდნენ შეთქმულებებს, წინააღმდეგობასაც კი უწევდნენ იარაღით ხელში. რამდენიმე ჰერცოგმა და გრაფმა ჯალათის კუნძზეც კი დასდო თავი. მაგრამ რიშელიე არ ართმევდა თავადაზნაურობას იმ ძალაუფლებას, რომელიც მათ ხალხზე გააჩნდათ: თავადაზნაურობის პრივილეგიები მესამე წოდებასთან მიმართებით და მისი უფლებები გლეხებზე ხელუხლებელი დარჩა. რიშელიე უყურებდა ხალხს, როგორც გადასახადების (ღალის) გადამხდელ მასას, და ფიქრობდა, რომ ხალხს სულაც არ სჭირდება კეთილდღეობა _ სხვანაირად იგი, ალბათ, გამოვიდოდა მორჩილებებიდან.
არ შეეძლო რიშელიეს შეგუებოდა (შერიგებოდა) ჰუგენოტურ ორგანიზაციას, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფოს სახელმწიფოში. ფრანგი პროტესტანტები თავიანთ საოლქო კრებებსა და რეფორმატული ეკლესიის ეროვნულ სინოდზე არც თუ იშვიათად ღებულობდნენ წმინდად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მოლაპარაკებებსაც კი იწყებდნენ უცხოურ მთავრობებთან, ჰქონდათ თავიანთი ხაზინა, განკარგავდნენ ბევრ ციხესიმაგრეს და არც თუ ყოველთვის აღმოჩნდებოდნენ ხოლმე მთავრობის მორჩილები. რიშელიემ თავისი მმართველობის სულ დასაწყისშივე გადაწყვიტა ამის გაუქმება. ამას მოჰყვა ომი ჰუგენოტებთან, რომელშიც მათ მიიღეს დახმარება ინგლისის მეფის კარლ I-ის მხრიდან. გასაოცარი ძალისხმევის შედეგად რიშელიემ აიღო მათი მთავარი ციხესიმაგრე ლა-როშელი, ხოლო შემდეგ კი დაამარცხა ისინი სხვა პუნქტებშიც. მან ჰუგენოტებს დაუტოვა მთელი მათი რელიგიური უფლებები, და ჩამოართვა მხოლოდ ციხესიმაგრეები და პოლიტიკური შეკრებების უფლება (1629). აშენებდა რა ახალი დროის სახელმწიფოს წოდებრივი მონარქიის ძველი შუასაუკუნეობრივი შენობის ნანგრევებზე, რიშელიე ყველაზე უფრო მეტად ზრუნავდა მთელი მმართველობის დედაქალაქში თავმოყრის შესახებ. მან დააარსა სავსებით მთავრობაზე დამოკიდებული სახელმწიფო საბჭო ყველა მნიშვნელოვანი საქმის გადასაწყვეტად. ზოგიერთ პროვინციაში მან მოსპო ადგილობრივი შტატები, რომლებიც შედგებოდა სასულიერო წოდების, თავადაზნაურობისა და ქალაქების მოსახლეობის წარმომადგენლებისგან, და ყველგან, ინტენდანტების მეშვეობით შეჰქონდა პროვინციების ცენტრისადმი მკაცრი დაქვემდებარება. ძველი კანონები და ადათები მას სულაც არ ადარდებდა: საერთოდ იგი თავისი ძალაუფლებით სარგებლობდა უდიდესი თვითნებობით. სასამართლოებმა მის დროს დაკარგეს დამოუკიდებლობა; იგი ხშირად იღებდა სხვადასხვანაირ საქმეებს მათი წარმოებიდან, რათა განეხილათ საგანგებო კომისიებში, ან სულაც თავად მას გამოეტანა გადაწყვეტილება. რიშელიეს სურდა სახელმწიფოსადმი ლიტერატურის დამორჩილებაც კი და შექმნა ფრანგული აკადემია, რომელსაც პოეზია და კრიტიკა უნდა მიემართა მთავრობისთვის სასურველი მიმართულებით.
ლუდოვიკო XIII-მ თავის მინისტრთან შედარებით მხოლოდ რამდენიმე თვით უფრო მეტ ხანს იცოცხლა და ტახტი გადავიდა მის ვაჟიშვილზე ლუდოვიკო XIV-ზე (1643-1715), რომლის მცირეწლოვანების დროსაც ქვეყანას მართავდნენ მისი დედა ანა ავსტრიელი, და კარდინალი მაზარინი, რომელიც აგრძელებდა რიშელიეს პოლიტიკას. ეს დრო აღნიშნული იყო არეულობებით, რომლებიც დაემთხვა ინგლისის პირველ რევოლუციას, მარგამ საფრანგეთში ამ არეულობებს არ ჰქონიათ ინგლისური რევოლუციის მსგავსი სერიოზული ხასიათი; მათ მიიღეს ფრონდას სახელწოდება (იხ.) ერთი საბავშვო თამაშის სახელის მიხედვით. ამ მოძრობაში მონაწილეობდნენ პარიზის პარლამენტი, უმაღლესი დიდგვაროვნები და ხალხი, მაგრამ მათ შორის არა თუ არ ყოფილა ერთსულოვნება _ ისინი მრტობდნენ ერთმანეთს და გადადიოდნენ ერთი მხრიდან მეორეზე. პარიზის პარლამენტმა, რომელიც არსებითად წარმოადგენდა მხოლოდ უმაღლეს სასამართლოს და შედგებოდა მემკვიდრეობითი წევრებისგან (თანამდებობების გაყიდვადობის შედეგად), წამოაყენა რამდენიმე საერთო მოთხოვნა, რომლებიც შეეხებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ქვეშევრდომთა პირად ხელშეუხებლობას და სურდა მიეთვისებინა ახალი გადასახადების დამტკიცების უფლებაც, ე. ი. მიეღო სახელმწიფო ჩინების უფლებები. მაზარინიმ უბრძანა დაეპატიმრებინათ პარლამენტის ყველაზე უფრო ცნობილი წევრები; პარიზის მოსახლეობამ ააგო ბარიკადები და დაიწყო აჯანყება.¸ამ ძმათაშორის ომში ჩაერივნენ პრინცები და დიდგვაროვნები, რომელთაც სურდათ მაზარინის ჩამოშორება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება ან, სულ მცირე, მთავრობისგან ფულის დარიგების გამოძალვა. ფრონდას მეთაური, პრინცი კონდე, რომელიც დამარცხებულ იქნა სამეფო ჯარის მიერ ტიურენის უფროსობით, ესპანეთში გაიქცა და აგრძელებდა ომის წარმოებას მასთან კავშირში.
საქმე დასრულდა მაზარინის გამარჯვებით, მაგრამ ახალგაზრდა მეფემ ამ ბრძოლიდან გამოიტანა მეტად სამწუხარო მოგონებები. მაზარინის სიკვდილის შემდეგ (1661) ლუდოვიკო XIV-მ პირადად დაიწყო სახელმწიფოს მართვა. ფრონდას არეულობებმა და ინგლისის რევოლუციამ ჩააგონეს მას სიძულვილი საზოგადოებრივი თვითმოქმედების ნებისმიერი გამოვლინებების მიმართ, და იგი მთელი ცხოვრება ისწრაფვოდა სამეფო ხელისუფლების სულ უფრო და უფრო მეტად განმტკიცებისკენ. მას მიაწერენ სიტყვებს: „სახელმწიფო _ ეს მე ვარ“, და საქმითაც იგი მოქმედებდა ამ გამონათქვამის სავსებით შესაბამისად. სასულიერო წოდება საფრანგეთში ჯერ კიდევ 1516 წ. კონკორდატის დროიდან მთლიანად იყო დამოკიდებული მეფეზე, თავადაზნაურობა კი დაწყნარებულ იქნა რიშელიესა და მაზარინის ძალისხმევით. ლუდოვიკო XIV-ის დროს ფეოდალური არისტოკრატია სავსებით გადაიქცა სასახლის კარის დიდებულებად. მეფემ დაუტოვა თავადაზნაურობას მთელი მისი პრივილეგიები, რომლებიც ასე ემძიმებოდა ხალხს, მაგრამ სრულებით დაუმორჩილა იგი თავის ძალაუფლებას, მიიზიდა რა იგი სასახლის კარის ცხოვრებისკენ კარგად ანაზღაურებადი თანამდებობებით, ფულადი საჩუქრებითა და პენსიებით, გარეგნული პატივით, ვითარების ფუფუნებით, სასახლის კარის გასართობების (დროსტარების) მხიარულებით. არ უყვარდა რა პარიზი, რომელთანაც დაკავშირებული იყო ბავშვობის მძიმე მოგონებანი, ლუდოვიკო XIV-მ მისგან არცთუ შორს თავისთვის შექმნა განსაკუთრებული რეზიდენცია, წმინდად სასახლის კარის ქალაქი _ ვერსალი, ააგო მასში უზარმაზარი სასახლე, მოაწყო ბაღები და პარკები, ხელოვნური წყალსაცავები და შადრევნები. ვერსალში მიდიოდა ხმაურიანი და მხიარული ცხოვრება, რომელსაც ტონს აძლევდნენ მეფის ფავორიტი ქალები ლა-ვალიერი და მონტესპანი. მხოლოდ მეფის სიბერეში, როდესაც მასზე ყველაზე უფრო მეტ გავლენას ახდენდა ქ-ნი მენტენონი, ვერსალი თანდათანობით დაემსგავსა მონასტერს. ვერსალის სასახლის კარის მიბაძვა დაიწყეს სხვა დედაქალაქებშიც; ფრანგული ენა, ფრანგული მოდები, ფრანგული მანერები ვრცელდებოდა მთელი ევროპის უმაღლეს საზოგადოებაში.
ლუდოვიკო XIV-ის მეფობაში ევროპაში გაბატონდა ასევე ფრანგული ლიტერატურა, რომელმაც მიიღო წმინდად სასახლის კარის ლიტერატურის ხასიათი. უფრო ადრეც საფრანგეთში არისტოკრატიას შორის არსებობდნენ მწერლებისა და მხატვრების მფარველები, მაგრამ XVII ს. შუახანებიდან მთავარ და თვით ერთადერთ მეცენატადაც იქცა თავად მეფე. თავისი მმართველობის პირველ წლებში ლუდოვიკო XIV-მ სახელმწიფო პენსიები დაუნიშნა ძალზედ ბევრ ფრანგ და ზოგიერთ უცხოელ მწერალს და დააარსა ახალი აკადემიები („ზედაწერილებისა და მედლების“, ფერწერის, ქანდაკებისა და მეცნიერებათა), მაგრამ ამასთან ერთად მოითხოვდა, რომ მწერლებსა და მხატვრებს განედიდებინათ მისი მეფობა და არ გადასულიყვნენ განზე მიღებული აზრებიდან (იხ. ფრანგული ლიტერატურა). ლუდოვიკო XIV-ის მეფობა მდიდარი იყო შესანიშნავი სახელმწიფო მოღვაწეებითა და მხედართმთავრებით. მის პირველ ნახევარში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კოლბერის საქმიანობას, რომელიც იყო გენერალური კონტროლიორი, ე. ი. ფინანსთა მინისტრი. კოლბერმა თავის ამოცანად დაისახა სახალხო კეთილდღეობის ამაღლება; მაგრამ სიულის საპირისპიროდ, რომელიც ვარაუდობდა, რომ საფრანგეთი უწინარეს ყოვლისა უნდა ყოფილიყო მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის ქვეყანა, კოლბერი იყო
დამამუშავებელი მრეწველობისა და ვაჭრობის მომხრე. არავის კოლბერამდე არ მოუყვანია მერკანტელიზმი (იხ.) ისეთ მკაცრ, თანამიმდევრულ სისტემაში, როგორიც ბატონობდა მის დროს საფრანგეთში.
დამამუშავებელი მრეწველობა სარგებლობდა ყოველგვარი წახალისებებით. მაღალი ბაჟების შედეგად, საქონელი საზღვარგარეთიდან თითქმის ვეღარ აღწევდა საფრანგეთში. კოლბერი აარსებდა სახაზინო ფაბრიკებს, საზღვარგარეთიდან იწერდა სხვადასხვანაირ ოსტატებს, მეწარმეებს აძლევდა სახაზინო სუბსიდიებს ან სესხებს, აშენებდა გზებსა და არხებს, ახალისებდა სავაჭრო კომპანიებსა და კერძო მეწარმეობას კოლონიებში, შრომობდა კომერციული და სამხედრო ფლოტის შესაქმნელად. ფინანსების მართვაში იგი ცდილობდა უფრო მეტი წესრიგის შეტანას და პირველმა დაიწყო ყოველი წლისთვის სწორი ბიუჯეტის შედგენა. მან გადადგა გარკვეული ნაბიჯები ხალხისთვის საგადასახადო სიმძიმეების შესამსუბუქებლად; ამასთანავე მთავარი ყურადღება მიაქცია ირიბი გადასახადების განვითარებას ხაზინის სახსრების გასაზრდელად. მაგრამ ლუდოვიკო XIV-ს არც თუ განსაკუთრებით უყვარდა კოლბერი მისი ეკონომიურობის გამო. მისი გაცილებით უფრო მეტი თანაგრძნობით სარგებლობდა სამხედრო მინისტრი ლუვუა, რომელიც ხარჯავდა კოლბერის მიერ მოგროვებულ სახსრებს. ლუვუამ ფრანგული არმია გაზარდა თითქმის ნახევარ მილიონამდე; და გადააქცია იგი საუკეთესოდ ევროპაში შეიარაღების, ფორმის ტანსაცმლისა და განსწავლულობის მიხედვით. მანვე შემოიღო ყაზარმები და საპროვიანტო მაღაზიები და სათავე დაუდო სპეციალურ სამხედრო განათლებას. არმიის სათავეში იდგა რამდენიმე პირველი კლასის მხედართმთავარი (კონდე, ტიურენი და სხვები). მარშალმა ვობანმა, სახელგანთქმულმა ინჟენერმა, საფრანგეთის საზღვრებზე ააშენა რიგი მშვენიერი ციხესიმაგრეებისა. დიპლომატიის სფეროში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ლიონი.
ლუდოვიკო XIV-ის მეფობის გარეგნულმა ბრწყინვალებამ საშინლად გამოფიტა მოსახლეობის ძალები, რომელიც დროდადრო ძალზედ დიდ სიღარიბეში ვარდებოდა, განსაკუთრებით მეფობის მეორე ნახევარში, როდესაც ლუდოვიკო XIV-ს გარს ეხვეოდნენ უმეტესწილად უნიჭო ან საშუალო შესაძლებლობების მქონე ადამიანები. მეფეს სურდა, რომ ყველა მინისტრი ყოფილიყო მისი უბრალო მოურავი, და უპირატესობას აძლევდა მლიქვნელებს რამდენადმე დამოუკიდებელი მრჩევლების წინაშე. კოლბერმა მისი გულისწყრომა დაიმსახურა, ისევე როგორც ვობანმა, რომელმაც გაბედა ხმის ამოღება ხალხის უბედური მდგომარეობის შესახებ. თავს უყრიდა რა მთელი საქმეების მართვას თავის ხელში ან თავისი მინისტრების ხელში, ლუდოვიკო XIV-მ საბოლოოდ დაამკვიდრა საფრანგეთში ბიუროკრატული ცენტრალიზაციის სისტემა. მიდიოდა რა რიშელიესა და მაზარინის ნაკვალევზე, მან რამდენიმე ოლქში მოსპო პროვინციული შტატები და ქალაქებში გააუქმა თვითმმართველობის ნარჩენები; მთელ ადგილობრივ საქმეებს წყვეტდნენ ახლა ან დედაქალაქში ან მეფის მოხელეები (ჩინოსნები), რომლებიც მოქმედებდნენ მთავრობის ინსტრუქციებითა და მისი კონტროლის ქვეშ. პროვინციებს მართავდნენ ინტენდანტები, რომლებსაც XVIII ს.-ში ხშირად ადარებდნენ სპარსელ სატრაპებსა და თურქ ფაშებს. ინტენდანტი დაკავებული იყო ყველაფრით და ერეოდა ყველაფერში: მის გამგებლობაში იმყოფებოდნენ პოლიცია და სასამართლო, ჯარის შეკრება და გადასახადების აკრეფა, მიწათმოქმედება და მრეწველობა ვაჭრობასთან ერთად, სასწავლო დაწესებულებები და ჰუგენოტებისა და ებრაელების რელიგიური საქმეები.
ქვეყნის მმართველობაში ყველაფერი დაჰყავდათ ერთი საზომის ქვეშ, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იყო ცენტრალური მთავრობის გაძლიერებისთვის; მთელ დანარჩენ პროვინციულ ყოფაცხოვრებაში მეფობდა ფეოდალური დაქუცმაცებულობის ეპოქისგან მემკვიდრეობით მიღებული მოძველებული კანონებისა და პრივილეგიების წმინდად ქაოსური მრავალფეროვნება, რომლებიც არცთუ იშვიათად ავიწროვებდნენ ხალხის ცხოვრების განვითარებას. ყურადღება მიქცეულ იქნა კეთილმოწყობაზეც. პოლიციამ მიიღო ვრცელი უფლებები. მის განმგებლობას განეკუთვნებოდა წიგნებზე ცენზურა, პროტესტანტებზე მეთვალყურეობა და ა. შ.; ბევრ შემთხვევაში იგი იკავებდა სწორი სასამართლოს ადგილს. ამ დროს საფრანგეთში გამოჩნდა ე. წ. lettres de cachet _ ბრძანებების ბლანკები მეფის ხელმოწერით ციხეში დაჭერის შესახებ და გამოტოვებული ადგილით ამა თუ იმ სახელის ჩასაწერად. ავიწროვებდა რა ეკლესიის უფლებებს სამეფო ხელისუფლებასთან მიმართებით და აფართოებდა რა მათ ერთან მიმართებით, ლუდოვიკო XIV წაეკიდა რომის პაპს (ინოკენტი XI-ს) საეპისკოპოსო თანამდებობებზე დანიშვნების გამო და პარიზში შეკრიბა ეროვნული კრება (1682), რომელზედაც ბოსუეტმა გაატარა ოთხი დებულება გალიკანური ეკლესიის თავისუფლებათა შესახებ (პაპს არ გააჩნია ძალაუფლება საერო საქმეებში; მსოფლიო კრება პაპზე უფრო მაღლა დგას; საფრანგეთის ეკლესიას აქვს თავისი კანონები; პაპის დადგენილებები სარწმუნოების საკითხებში ძალას ღებულობს მხოლოდ ეკლესიის მოწონებით). გალიკანიზმი (იხ.) საფრანგეთის სასულიერო წოდებას აყენებდა საკმარისად დამოუკიდებელ მდგომარეობაში რომის პაპთან მიმართებით, მაგრამ სამაგიეროდ აძლიერებდა სასულიერო წოდებაზე თავად მეფის ძალაუფლებას. საერთოდ ლუდოვიკო XIV იყო მართლმორწმუნე კათოლიკი, მეგობრობდა იეზუიტებთან და სურდა, რომ მისი ყველა ქვეშევრდომი ყოფილიყო კათოლიკი, უკან იხევდა რა ამ მიმართებით რიშელიეს რჯულშემწყნარებლობიდან. თავად კათოლიკებს შორის ბევრი იყო უკმაყოფილო იეზუიტიზმის უზნეო სწავლებებით; შეიქმნა კიდეც მათდამი მტრულად განწყობილი იანსენისტების პარტია (იხ.), რომელმაც გარკვეულ წილად შეითვისა პროტესტანტების შეხედულება ღვთის მადლის მნიშვნელობაზე. ლუდოვიკო XIV-მ ამ მიმართულების წინააღმდეგ დაიწყო ნამდვილი დევნა, მოქმედებდა რა ამ დროს სრული თანამოაზრეობით პაპობასთან. განსაკუთრებით გამოავლინა მან თავისი რელიგიური განსაკუთრებულობა პროტესტანტებთან მიმართებით.
თავისი მეფობის სულ დასაწყისიდანვე ლუდოვიკო XIV პროტესტანტებს ავიწროვებდა სხვადასხვანაირი ხერხებით, რითაც აიძულა თითქმის მთელი ჰუგენოტური არისტოკრატია დაბრუნებულიყო კათოლიკური ეკლესიის წიაღში. 1685 წ. მან სავსებით გააუქმა ნანტის ედიქტი. ჰუგენოტების ძალადობრივად მოქცევისთვის მეფემ მსვლელობა მისცა სამხედროების ჩაყენებას მათ საცხოვრებელ სახლებში (დრაგონადები), ხოლო როდესაც სარწმუნოებისთვის დევნილებმა დაიწყეს ემიგრაციაში წასვლა, მათ იჭერდნენ და ჩამოხრჩობით სჯიდნენ. სევენებში მოხდა კიდეც აჯანყება, მაგრამ ის მალე ჩაახშეს უსასტიკესი სახით. ბევრმა ჰუგენოტმა მაინც მოახერხა გაქცევით თავის შველა ჰოლანდიაში, შვეიცარიასა და გერმანიაში, სადაც მათ თან მიიტანეს თავიანთი კაპიტალები და თავიანთი ხელოვნება ხელობებსა და მრეწველობაში, ასე რომ ნანტის ედიქტის გაუქმება მატერიალური მიმართებითაც არ იყო მომგებიანი საფრანგეთისთვის. ჰუგენოტმა ემიგრანტებმა, რომლებმაც თავშესაფარი ჰპოვეს ჰოლანდიაში, დაიწყეს თხზულებების წერა და გამოცემა, რომლებშიც თავს ესხმოდნენ ლუდოვიკო XIV-ის მთელ სისტემას. საგარეო პოლიტიკაში საფრანგეთი ლუდოვიკო XIV-ის დროს აგრძელებდა იმ როლის თამაშს, რომელიც მას შეუქმნეს რიშელიემ და მაზარინიმ. ორივე ჰაბსბურგული დერჟავის დასუსტება _ ავსტრიისა და ესპანეთის _ 30-წლიანი ომის შემდეგ ლუდოვიკოს უხსნიდა თავისი სახელმწიფოს საზღვრების გაფართოების შესაძლებლობას, რომელიც იმხანად გაკეთებული შენაძენების გამო, ხასიათდებოდა ტერიტორიის წყვეტილობით. პირენეის ზავი განმტკიცებულ იქნა ახლგაზრდა ფრანგი მეფის ქორწინებით ესპანეთის მეფის ფილიპ IV-ის ქალიშვილთან, რამაც შემდგომში საბაბი მისცა ლუდოვიკო XIV-ს წამოეყენებინა პრეტენზიები ესპანეთის სამფლობელოებზე, როგორც თავისი ცოლის მემკვიდრეობაზე. მისი დიპლომატია მონდომებით მუშაობდა იმაზე, რათა ყველა მიმართებით დაემკვიდრებინა საფრანგეთის პირველობა. ლუდოვიკო XIV სულაც არ იწუხებდა თავს ცერემონიებით მცირე სახელმწიფოებთან, როდესაც ჰქონდა საფუძველი მათით უკმაყოფილო ყოფილიყო.
XVII ს. 50-იან წლებში, როდესაც ინგლისს მართავდა კრომველი, საფრანგეთს კიდევ უხდებოდა გაეწია ანგარიში მისი გამორჩეული საერთაშორისო მდგომარეობისთვის; მაგრამ 1660 წ. მოხდა სტიუარტების რესტავრაცია, ხოლო მათში ლუდოვიკო XIV-მ ნახა ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ ფულადი სუბსიდიების სანაცვლოდ სავსებით მიჰყოლოდნენ მის გეგმებს. ლუდოვიკო XIV-ის პრეტენზიები, რომლებიც ემუქრებოდა პოლიტიკურ წონასწორობასა და სხვა ხალხების დამოუკიდებლობას, ხვდებოდა მუდმივ წინააღმდეგობას სახელმწიფოებს შორის კოალიციების მხრიდან, რომელთაც არ შეეძლოთ თითო-თითოდ ებრძოლათ საფრანგეთთან. მთავარ როლს ამ კოალიციებში თამაშობდა ჰოლანდია. კოლბერმა გამოაქვეყნა ტარიფი, რომელიც ჰოლანდიური საქონლის საფრანგეთში შეტანას ბეგრავდა მეტად მაღალი ბაჟებით. ამ ზომაზე რესპუბლიკამ უპასუხა ფრანგული საქონლის ამორიცხვით თავისი ბაზრებიდან. მეორეს მხრივ, დაახლოებით იმავე დროს ლუდოვიკო XIV-მ ჩაიფიქრა დაუფლებოდა ესპანეთის ნიდერლანდებს (ბელგიას), ეს კი ემუქრებოდა ჰოლანდიის პოლიტიკურ ინტერესებს: მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო ეცხოვრა მეზობლობაში შორეული და სუსტი ესპანეთის პროვინციასთან, ვიდრე უშუალო შეხებაში ძლიერ და პატივმოყვარე საფრანგეთთან. მალევე პირველი ომის შემდეგ, რომლის წარმოებაც ჰოლანდიას მოუხდა ლუდოვიკო XIV-ის წინააღმდეგ, რესპუბლიკის შტატჰალტერად გახდა ენერგიული ვილჰელმ III ორანელი, რომლისგანაც უპირატესად დავალებულები იყვნენ თავისი წარმოქმნით კოალიციები ლუდოვიკო XIV-ის წინააღმდეგ.
ლუდოვიკო XIV-ის პირველი ომი, რომელიც ცნობილია დევოლუციური ომის სახელწოდებით (X, 249), გამოწვეული იყო მისი განზრახვით დაუფლებოდა ბელგიას. ამას წინ აღუდგა ჰოლანდია, რომელმაც საფრანგეთის წინააღმდეგ შეკრა სამთა კავშირი ინგლისთან და შვედეთთან ერთად. ომი დიდ ხანს არ გაგრძელებულა (1667-1668) და დასრულდა ახენის ზავით; ლუდოვიკო XIV იძულებული იყო შემოზღუდულიყო რამდენიმე სასაზღვრო ციხესიმაგრის შემოერთებით ბელგიის მხრიდან (ლილი და სხვა). შემდგომ წლებში ფრანგულმა დიპლომატიამ მოახერხა შვედეთის ჩამოშორება სამთა კავშირისგან და ინგლისის მეფის კარლ II-ის სრულებით თავის მხარეზე გადაყვანა. მაშინ ლუდოვიკო XIV-მ დაიწყო თავისი მეორე ომი (1672-1679), მოახდინა რა შეჭრა ჰოლანდიაში დიდი არმიით და ჰყავდა რა თავის დაქვემდებარებაში ტიურენი და კონდე. ფრანგულმა ჯარმა ოსტატურად აუარა გვერდი ჰოლანდიურ ციხესიმაგრეებს და კინაღამ აიღო ამსტერდამი. ჰოლანდიელებმა გაანგრიეს ჯებირები და დატბორეს ქვეყნის დაბლობი ნაწილები; მათმა ხომალდებმა დამარცხება მიაყენეს შეერთებულ ინგლისურ-ფრანგულ ფლოტს. ჰოლანდიის დასახმარებლად აჩქარდა ბრანდენბურგის კურფიურსტი ფრიდრიხ-ვილჰელმი, რომელსაც ეშინოდა თავისი რაინისპირა სამფლობელოებისა და გერმანიაში პროტესტანტიზმის ბედის გამო. ფრიდრიხ-ვილჰელმმა საფრანგეთთან ომზე დაიყოლია იმპერატორი ლეოპოლდ I-ც; უფრო მოგვიანებით ლუდოვიკო XIV-ის მოწინააღმდეგეებს შეუერთდნენ ესპანეთი და მთელი იმპერია. ომის მთავარ თეატრად იქცა რაინის შუაწელის მხარეები, სადაც ფრანგებმა ბარბაროსულად გააჩანაგეს პფალცი. მალევე ინგლისმა მიატოვა თავისი მოკავშირე: პარლამენტმა აიძულა მეფე და მისი სამინისტრო შეეწყვიტათ ომი. ლუდოვიკო XIV-მ წაახალისა შვედები პომერანიიდან თავს დასხმოდნენ ბრანდენბურგს, მაგრამ ისინი დამარცხებულ იქნენ ფერბელინთან.
ომი დასრულდა ნიმვეგენის ზავით (1679). ჰოლანდიას დაუბრუნდა ყველაფერი, რაც მანამდე დაიპყრეს ფრანგებმა; ლუდოვიკო XIV-მ ანაზღაურება მიიღო ესპანეთისგან, რომელმაც მას მისცა ფრანშ-კონტე და რამდენიმე სასაზღვრო ქალაქი ბელგიაში. ახლა მეფე იყო ძლიერებისა და დიდების თხემზე. სარგებლობდა რა გერმანიის სრული დაშლით, მან თვითნებურად დაიწყო საფრანგეთის ტერიტორიისთვის სასაზღვრო ადგილების მიერთება, რომლებსაც სხვადასხვანაირი საბაბებით თავისად აღიარებდა. განსკუთრებული შემოსაერთებელი პალატებიც (chambres des reunions) კი დააარსა საფრანგეთის უფლებების შესახებ საკითხის გამოკვლევისთვის ამა თუ იმ ადგილზე, რომლებიც ეკუთვნოდა გერმანიას ან ესპანეთს (ლუქსემბურგი). სხვათა შორის ღრმა მშვიდობიანობის დროს ლუდოვიკო XIV-მ თვითნებურად დაიკავა საიმპერიო ქალაქი სტრასბურგი და შეუერთა იგი თავის სამფლობელოებს (1681). ასეთი დაპყრობების დაუსჯელობას საუკეთესოდ უწყობდა ხელს იმპერიის მაშინდელი მდგომარეობა. ესპანეთისა და გერმანიის უძლურება ლუდოვიკო XIV-ის წინაშე გამოიხატა იმ ფორმალურ ხელშეკრულებაშიც, რომელიც საფრანგეთთან დადეს რეგენსბურგში (1684): იგი ამყარებდა ზავს ოცი წლით და საფრანგეთის კუთვნილებად აღიარებდა მის მიერ ჩატარებულ ყველა დაპყრობას, ოღონდ კი მას ახლები არ ეწარმოებინა. 1686 წ. ვილჰელმ ორანელმა მოახერხა ლუდოვიკო XIV-ის წინააღმდეგ საიდუმლო თავდაცვითი კავშირის ჩამოყალიბება („აუგსბურგის ლიგა“), რომელმაც მოიცვა თითქმის მთელი დასავლეთ ევროპა. ამ კოალიციაში მონაწილეობა მიიღეს იმპერატორმა, ესპანეთმა, შვედეთმა, ჰოლანდიამ, სავოიამ, ზოგიერთმა გერმანელმა კურფიურსტმა და იტალიელმა ხელმწიფემ. რომის პაპი ინოკენტი XI-ც კი მხარს უჭერდა კავშირის შეხედულებებს. არ კმაროდა მასში მხოლოდ ინგლისი, მაგრამ მეორე ინგლისურმა რევოლუციამ (1689), რომელიც დასრულდა ვილჰელმ ორანელის ტახტზე აყვანით, ეს სახელმწიფოც ჩამოაშორა საფრანგეთთან კავშირს.
ამასობაში ლუდოვიკო XIV-მ სხვადასხვა საბაბით მოახდინა ახალი თავდასხმა რაინისპირა მიწებზე და დაეუფლა თითქმის მთელ ქვეყანას ბაზელიდან ჰოლანდიამდე. ეს იყო მესამე ომის დასაწყისი, რომელიც გრძელდებოდა ათ წელიწადს (1688-1697) და საშინლად გამოფიტა ორივე მხარე. იგი დასრულდა 1697 წ. რისვიკის ზავით რომლის მიხედვითაც საფრანგეთმა შეინარჩუნა სტრასბურგი და ზოგიერთი სხვა „შემოერთებანი“. ლუდოვიკო XIV-ის მეოთხე და უკანასკნელი ომი (1700-1714) ატარებს სახელწოდებას ომისა ესპანეთის მემკვიდრეობისთვის (XIII, 434). ესპანეთის მეფის კარლ II-ის სიკვდილის შემდეგ უნდა შემწყდარიყო ჰაბსბურგების ესპანური ხაზი. აქედან წარმოიქმნა ესპანეთის სამფლობელოების გაყოფის გეგმები სხვადასხვა პრეტენდენტს შორის, რის შესახებაც ლუდოვიკო XIV აწარმოებდა მოლაპარაკებებს ინგლისთან და ჰოლანდიასთან. მაგრამ, ბოლოსა და ბოლოს მან ამჯობინა დაუფლებოდა ესპანეთის მთელ მონარქიას, და ამ მიზნით მიაღწია კარლ II-გან ისეთი ანდერძის მიღებას, რომელიც ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ აცხადებდა ლუდოვიკო XIV-ის ერთერთ შვილიშვილს ფილიპ ანჟუელს, იმ პირობით, რომ არასოდეს არ შეერთდებოდნენ საფრანგეთისა და ესპანეთის გვირგვინები ერთსა და იმავე პიროვნებაზე. ესპანეთის ტახტზე გამოჩნდა მეორე პრეტენდენტიც, იმპერატორ ლეოპოლდ I-ის მეორე ვაჟიშვილის, ერცჰერცოგ კარლის სახით. როგორც კი მოკვდა კარლ II (1700), ლუდოვიკო XIV-მ შეიყვანა თავისი ჯარები ესპანეთში, თავისი შვილიშვილის, ფილიპ V-ის უფლებების მხარდასაჭერად, მაგრამ წააწყდა წინააღმდეგობას ახალი ევროპული კოალიციის მხრიდან, რომელიც შედგებოდა ინგლისის, ჰოლანდიის, ავსტრიის, ბრანდენბურგისა და გერმანელი მთავრების უმეტესობის მხრიდან. ლუდოვიკო XIV-ის მხარეზე თავიდან იმყოფებოდნენ სავოია და პორტუგალია, მაგრამ მალევე ისინი გადავიდნენ მისი მტრების ბანაკში; გერმანიაში მისი მოკავშირეები იყვნენ მხოლოდ ბავარიის კურფიურსტი, რომელსაც ლუდოვიკო XIV დაჰპირდა ესპანეთის ნიდერლანდებსა და პფალცს, და კიოლნის მთავარეპისკოპოსი.
ომი ესპანეთის მემკვიდრეობისთვის წარმოებდა ცვალებადი ბედნიერებით; მისი მთავარი თეატრი იყო ნიდერლანდები, საფრანგეთისა და გერმანიის მიმდებარე ნაწილებით. იტალიასა და ესპანეთში უპირატესობა იყო ხან ერთ მხარეზე, ხანაც მეორეზე; გერმანიასა და ნიდერლანდებში ფრანგები განიცდიდნენ ერთ დამარცხებას მეორეზე, და ომის დასასრულისთვის ლუდოვიკო XIV-ის მდგომარეობა გახდა მეტად შევიწროვებული. ქვეყანა გაღატაკებული იყო, ხალხი შიმშილობდა, ხაზინა ცარიელი იყო; ერთხელ მოწინააღმდეგის ცხენოსანი ჯარის რაზმი ვერსალის სიახლოვეშიც კი გამოჩნდა. მოხუცებულმა მეფემ ზავის თხოვნა დაიწყო. 1713 წ. საფრანგეთმა და ინგლისმა დადეს ურთიერთშორის ზავი უტრეხტში; ჰოლანდია, პრუსია, სავოია და პორტუგალია მალევე შეუერთდნენ ამ ხელშეკრულებას. კარლ VI და საიმპერიო მთავრების დიდი ნაწილი, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ომში, კიდევ დაახლოებით ერთ წელიწადს აგრძელებდნენ მის წარმოებას, მაგრამ ფრანგები გადავიდნენ შეტევაში და აიძულეს იმპერატორი რაშტატის ხელშეკრულებაში ეღიარებინა უტრეხტის ზავის პირობები (1714). შემდეგ წელს ლუდოვიკო XIV მოკვდა. XVIII ს. სამი მეოთხედი, რომელმაც გაიარა ლუდოვიკო XIV-ის სიკვდილიდან რევოლუციის დაწყებამდე (1715-1789), დაკავებული იყო ორი მეფობით: ლუდოვიკო XV-ისა (1715-1774) და ლუდოვიკო XVI-ის (1774-1792). ეს იყო საფრანგეთის საგანმანათლებლო ლიტერატურის განვითარების დრო (იხ. განმანათლებლობა, XXV, 469), მაგრამ ამასთან ერთად, საფრანგეთის მიერ საერთაშორისო პოლიტიკის საქმეებში უწინდელი მნიშვნელობის დაკარგვის, მისი სრული შინაგანი გახრწნისა და დაცემის ეპოქაც. ლუდოვიკო XIV-ის სისტემამ ქვეყანა მიიყვანა სრულ გაღატაკებამდე (გაკოტრებამდე), მძიმე გადასახადების, უზარმაზარი სახელმწიფო ვალისა და მუდმივი დეფიციტების ტვირთის ქვეშ.
რეაქციული კათოლიციზმი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება პროტესტანტიზმზე ნანტის ედიქტის გაუქმების შემდეგ, და სამეფო აბსოლუტიზმი, რომელმაც მოსპო ყველა დამოუკიდებელი დაწესებულება, მაგრამ დაექვემდებარა სასახლის კარის დიდებულთა გავლენას, აგრძელებდნენ ბატონობას საფრანგეთში XVIII ს.-შიც, ე. ი. სწორედ იმ დროს, როდესაც ეს ქვეყანა წარმოადგენდა ახალი იდეების მთავარ კერას, ხოლო მის საზღვრებს გარეთ ხელმწიფეები და მინისტრები მოქმედებდნენ განათლებული აბსოლუტიზმის სულისკვეთებით. ლუდოვიკო XV-ცა და ლუდოვიკო XVI-ც იყვნენ უზრუნველი ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ სხვა ცხოვრება, გარდა სასახლის კარის ცხოვრებისა; მათ არაფერი არ გააკეთეს საქმეთა საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. XVIII ს. შუახანებამდე ყველა ის ფრანგი, რომელთაც სურდათ გარდაქმნები და ნათლად ესმოდათ მათი აუცილებლობა, თავიანთ იმედებს ამყარებდა სამეფო ხელისუფლებაზე, როგორც იმ ერთადერთ ძალაზე, რომელიც შეძლებდა რეფორმების გატარებას; ასე ფიქრობდნენ ვოლტერიცა და ფიზიოკრატებიც (იხ.). მაგრამ როდესაც საზოგადოებამ დაინახა, რომ მისი მოლოდინი ამაო იყო, მან ამ ხელისუფლებისადმი დაიწყო უარყოფითად მოკიდება; გავრცელდა პოლიტიკური თავისუფლების იდეები, რომელთა გამომხატველებიც იყვნენ მონტესკიე და რუსო. ამან კიდევ უფრო ძნელი გახადა საფრანგეთის მთავრობის ამოცანა. ლუდოვიკო XV-ის მეფობის დასაწყისში, რომელიც იყო ლუდოვიკო XIV-ის შვილთაშვილი, მეფის მცირეწლოვანების გამო ქვეყანას მართავდა ორლეანის ჰერცოგი ფილიპი. რეგენტობის ეპოქა (1715-1723) აღნიშნულია ხელისუფლებისა და უმაღლესი საზოგადოების წარმომადგენელთა თავქარიანობითა და გარყვნილებით. ამ დროს საფრანგეთმა გადაიტანა ძლიერი ეკონომიკური რყევა, რამაც კიდევ უფრო მეტად არივ დარია საქმეები, რომლებიც უმისოდაც სატირალ მდგომარეობაში იყო (იხ. ლო, XVII, 881).
როდესაც ლუდოვიკო XV სრულწლოვანების ასაკში მოვიდა, იგი თავად ცოტად თუ ინტერესდებოდა და დაკავდებოდა საქმეებით. მას უყვარდა მხოლოდ მაღალი საზოგადოების გართობები და განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა მხოლოდ სასახლის კარის ინტრიგებს, სამეფოს საქმეებს კი ავალებდა მინისტრებს, ხოლო მათი დანიშვნისა და გადაყენებისას იგი ხელმძღვანელობდა თავისი ფავორიტი ქალების კაპრიზებით. უკანასკნელთაგან თავისი გავლენით მეფეზე და თავისი ფულების უაზრო ხარჯვით განსაკუთრებით გამოირჩეოდა მარკიზა პომპადური, რომელიც ერეოდა უმაღლეს პოლიტიკაში. საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა ამ მეფობაში არ გამოირჩეოდა თანამიმდევრულობით და ავლენდა ფრანგული დიპლომატიისა და სამხედრო ხელოვნების დაცემას (დაქვეითებას). საფრანგეთის ძველი მოკავშირე, პოლონეთი, მიტოვებულ იქნა ბედის ანაბარად; პოლონეთის მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში (1733-1738 წწ.; იხ. XXIV, 444) ლუდოვიკო XV-მ არ აღმოუჩინა საკმარისი მხარდაჭერა თავის სიმამრს სტანისლავ ლეშინსკის, ხოლო 1773 წ. წინ არ აღუდგა რჟეჩ პოსპოლიტას პირველ გაყოფას. ავსტრიის მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში (I, 96) საფრანგეთი მოქმედებდა მარია-ტერეზიას წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ ლუდოვიკო XV დადგა მის მხარეზე და იცავდა მის ინტერესებს შვიდწლიან ომში (XXIX, 441). ამ ევროპულ ომებს თან ახლდა საფრანგეთისა და ინგლისის მეტოქეობა კოლონიებში; ინგლისელებმა გამოდევნეს ფრანგებო ოსტინდოეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ევროპაში საფრანგეთმა გააფართოვა თავისი ტერიტორია ლოტარინგიისა და კორსიკის შემოერთებით. ლუდოვიკო XV-ის საშინაო პოლიტიკა აღნიშნულია საფრანგეთში შუაზელის მინისტრობის დროს იეზუიტთა ორდენის განადგურებით. მეფობის დასასრული აღსავსე იყო ბრძოლით პარლამენტებთან (XXII, 829). ლუდოვიკო XIV-ს პარლამენტები ჰყავდა სრულ მორჩილებაში, მაგრამ დაწყებული ჰერცოგ ორლეანელის რეგენტობიდან, მათ კვლავ დაიწყეს მოქმედება დამოუკიდებლად და დავებშიც კი შედიოდნენ მთავრობასთან და აკრიტიკებდნენ მის მოქმედებებს. არსებითად ეს დაწესებულებები იყვნენ სიძველის მგზნებარე დმცველები და ახალი იდეების მტრები, დაამტკიცეს რა ეს XVIII ს. მრავალი ლიტერატურული ნაწარმოების დაწვით; მაგრამ პარლამენტების დამოუკიდებლობა და გაბედულება მთავრობასთან მიმართებით მათ მეტად პოპულარულს ხდიდა ერში.
მხოლოდ 70-იანი წლების დასაწყისში მთავრობა პარლამენტებთან ბრძოლაში წავიდა ყველაზე უფრო უკიდურეს ზომაზე, მაგრამ ამითვის აირჩია მეტად უიღბლო საბაბი. ერთერთმა პროვინციულმა პარლამენტმა აღძრა საქმე სხვადასხვანაირ უკანონობებში ადგილობრივი გუბერნატორის (ჰერცოგ ეგილიონის) ბრალდებით, რომელიც იყო საფრანგეთის პერი და ამიტომ მისი გასამართლება შეეძლო მხოლოდ პარიზის პარლამენტს. ბრალდებული სარგებლობდა სასახლის კარის კეთილგანწყობით; მეფემ ბრძანა შეეწყვიტათ საქმე, მაგრამ დედაქალაქის პარლამენტმა, რომლის მხარე დაიჭირეს მთელმა პროვინციულმა პარლამენტებმაც, ასეთი განკარგულება გამოაცხადა კანონების საწინააღმდეგოდ, აღიარა რა ამასთან ერთად მართლმსაჯულების აღსრულების შეუძლებლობა, თუკი სასამართლოებს წართმეული ექნებათ თავისუფლება. კანცლერმა მოპუმ გადაასახლა დაუმორჩილებელი მოსამართლეები და შეცვალა პარლამენტები ახალი სასამართლოებით, რომლებსაც ხალხში დაარქვეს „მოპუს პარლამენტები“. საზოგადოებრივი გაღიზიანება ისეთი ძლიერი იყო, რომ როდესაც ლუდოვიკო XV მოკვდა, მისმა შვილიშვილმა და მენაცვალემ ლუდოვიკო XVI-მ იჩქარა აღედგინა ძველი პარლამენტები. ახალი მეფე ბუნებით კეთილმოსურნე ადამიანი გახლდათ, და არც იმის უარზე იყო, რომ თავისი ძალები სამშობლოს სამსახურისთვის მიეძღვნა, მაგრამ სრულებით არ გააჩნდა ნებისყოფის ძალა და შრომის უნარი. ტახტზე ასვლის შემდეგ მალევე ფინანსთა მინისტრად (გენერალურ კონტროლიორად) მან დანიშნა ძალზედ ცნობილი ფიზიოკრატი, საგანმანათლებლო ლიტერატურის ერთერთი გამოჩენილი მოღვაწე და შესანიშნავი ადმინისტრატორი ტიურგო, რომელმაც მინისტრის პოსტზე თან მოიტანა ფართო რეფორმატორული გეგმები განათლებული აბსოლუტიზმის სულისკვეთებით. მას არ სურდა სამეფო ხელისუფლების სულ მცირე დაკნინებაც კი და ამ თვალსაზრისით არ იწონებდა პარლამენტების აღდგენას, მით უმეტეს, რომ მათი მხრიდან მოელოდა მხოლოდ ხელშეშლებს თავისი საქმისთვის.
განათლებული აბსოლუტიზმის ეპოქის სხვა მოღვაწეებისგან განსხვავებით, ტიურგო იყო ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე და შექმნა სასოფლო, საქალაქო და პროვინციული თვითმმართველობის მთელი გეგმა, რომელიც დაფუძნებული იყო არაწოდებრივ (უწოდებო) და საარჩევნო საწყისზე. ამით ტიურგოს სურდა ადგილობრივი საქმეების მართვის გაუმჯობესება, დააინტერესებდა რა მათში საზოგადოებას და ამასთან ერთად ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი სულისკვეთების განვითარებას. როგორც XVIII ს. ფილისოფიის წარმომადგენელი, ტიურგო იყო წოდებრივი პრივილებიების მოწინააღმდეგე; მას სურდა თავადაზნაურობა და სასულიერო წოდება გაეხადა გადასახადების გადამხდელად და ასევე გაეუქმებინა მთელი ფეოდალური უფლებები. მან აგრეთვე ჩაიფიქრა მოესპო საამქროები და ვაჭრობის შემავიწროვებელი სხვა ფაქტორები (მონოპოლიები, შიდა საბაჟოები). დაბოლოს, იგი ოცნებობდა პროტესტანტებისთვის თანასწორუფლებიანობის დაბრუნებისა და სახალხო განათლების განვითარების შესახებ. რეფორმატორმა მინისტრმა თავის წინააღმდეგ შეაიარაღა სიძველის ყველა დამცველი, დაწყებული დედოფალ მარია-ანტუანეტადან და სასახლის კარიდან, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ მის მიერ შემოღებული ეკონომიით. მის წინააღმდეგ იყვნენ სასულიერო წოდებაცა და თავადაზნაურობაც, გადასახადების გამომსყიდველებიცა და პურის გადამყიდველებიც, პარლამენტებიც; უკანასკნელებმა წინააღმდეგობის გაწევა დაუწყეს მის რეფორმებს, და ამით გამოიწვიეს იგი ბრძოლაში. საძულველი მინისტრის წინააღმდეგ სხვადასხვანაირი უაზრო და შეუსაბამო ჭორებით აღიზიანებდნენ ხალხს და ამით აღაგზნებდნენ უწესრიგობებს, რომელთა დაწყნარებაც მოუწიათ შეიარაღებული ძალით.
საქმეების მართვის არასრული ორი წლის შემდეგ (1774-1776) ტიურგო გადადგა, ხოლო ის არცთუ ბევრი, რისი გაკეთებაც მან მოასწრო, გაუქმებულ იქნა. ამის შემდეგ ლუდოვიკო XVI-ის მთავრობა დაემორჩილა იმ მიმართულებას, რომელიც ბატონობდა პრივილეგირებული კლასების გარემოში, თუმცა კი რეფორმების აუცილებლობა და საზოგადოებრივი აზრის ძალა მუდმივად აგრძნობინებდათ თავს და ტიურგოს ზოგიერთი მენაცვალე მიმართავდა გარდაქმნების ახალ მცდელობებს: მხოლოდ მათ არ ჰყოფნიდათ ამ მინისტრის ფართო გონება და მისი გულწრფელობა, მათი გარდაქმნის გეგმებში არ ყოფილა არც ტიურგოსეული ორიგინალურობა, არც მთლიანობა, არც კიდევ გაბედული თანამიმდევრულობა. ახალი მინისტრებიდან ყველაზე უფრო გამოჩენილი იყო ნეკერი (XX, 855), დახელოვნებული ფინანსისტი, რომელიც დიდად აფასებდა პოპულარობას, მაგრამ მას არ გააჩნდა ფართო შეხედულებები და მტკიცე ხასიათი. თავისი პირველი მინისტრობის ოთხი წლის მანძილზე (1777-1781) მან განახორციელა ტიურგოს ზოგიერთი განზრახვა, მაგრამ ძლიერად შეკვეცილად და დამახინჯებულად; მაგალითად, ორ ოლქში შემოიღო პროვინციული თვითმმართველობა, მაგარმ საქალაქო და სასოფლო თვითმმართველობების გარეშე, ამასთან წოდებრივი ხასიათითა და ნაკლები უფლებებით, ვიდრე ვარაუდობდა ტიურგო (იხ. პროვინციული კრებები, XXX, 653). ნეკერი თანამდებობიდან გადააყენეს იმისთვის, რადგანაც გამოაქვეყნა სახელმწიფო ბიუჯეტი და არ დამალა სასახლის კარის უზარმაზარი ხარჯები. ამ დროს საფრანგეთმა კიდევ უფრო მეტად გაიუარესა თავისი ფინანსები ჩრდილო-ამერიკული კოლონიების ინგლისისგან თავისუფლებისთვის ომში ჩარევით. მეორეს მხრივ, საფრანგეთის მონაწილეობამ ახალი რესპუბლიკის დაარსებაში მხოლოდ გააძლიერა ფრანგების მისწრაფება პოლიტიკური თავისუფლებისკენ. ნეკერის მენაცვალეების დროს მთავრობა კვლავ უბრუნდებოდა აზრს ფინანსური და ადმინისტრაციული რეფორმების შესახებ და, სურდა რა ჰქონოდა ერის მხარდაჭერა, ორჯერ მოიწვია ნოტაბლების კრება (XXI, 390), ე. ი. სამივე წოდების წარმომადგენლებისა მეფის არჩევანის მიხედვით.
თვით ასეთნაირად შედგენილი კრებებიც კი მკვეთრად აკრიტიკებდნენ მინისტრების მიერ საქმეების უუნაროდ წარმოებას. ისევ წამოყვეს თავი პარლამენტებმაც, რომლებსაც არ სურდათ არანაირი რეფორმები, მაგრამ პროტესტს აცხადებდნენ მთავრობის თვითნებობის წინააღმდეგ, განაწყობდნენ რა თავიანთ სასარგებლოდ, ერთის მხრივ, პრივილეგირებულებს, ხოლო მეორეს მხრივ _ დანარჩენ ერსაც. მთავრობა ჩაება მათთან ბრძოლაში და კვლავ გადაწყვიტა შეეცვალა ისინი ახალი სასამართლოებით, მაგრამ შემდეგ ისინი კვლავ აღადგინა. ამ დროს (1787) საზოგადოებაში ალაპარაკდნენ გენერალური შტატების მოწვევის აუცილებლობის შესახებ; ხელისუფლებაში ხელმეორედ მოწვეულ ნეკერს არ სურდა თავის თავზე ფინანსების გამგებლობის აღება სხვანაირად, თუ არა წოდებრივი წარმომადგენლობითობის მოწვევის პირობით. ლუდოვიკო XVI იძულებული იყო ამაზეც დათანხმებოდა. სახელმწიფო ჩინების შეკრება 1789 წ. იყო საფრანგეთის დიდი რევოლუციის დასაწყისი, რომელიც გაგრძელდა ათ წელიწადს და სრულებით გარდაქმნა საფრანგეთის სოციალური და პოლიტიკური წყობილება (იხ. საფრანგეთის რევოლუცია, §§ III და VI). 1789 წ. 17 ივნისს საფრნგეთის ძველი წოდებრივი წარმომადგენლობა იქცა საერთო სახალხო წარმომადგენლობად: გენერალური შტატები გადაიქცა ეროვნულ კრებად, რომელმაც 9 ივლისს საკუთარი თავი გამოაცხადა დამფუძნებელ კრებად, 4 აგვისტოს გააუქმა მთელი წოდებრივი და პროვინციალური პრივილეგიები და ფეოდალური უფლებები, ხოლო შემდეგ გამოიმუშავა 1791 წ. მონარქისტული კონსტიტუცია. მაგრამ, საფრანგეთი, დიდ ხანს არ დარჩენილა კონსტიტუციურ მონარქიად; 1792 წ. 21 სექტემბერს გამოცხადებულ იქნა რესპუბლიკა. ეს იყო შინაგანი არეულობებისა და საგარეო ომების ეპოქა, რომლებმაც შექმნეს რევოლუციური მთავრობის დიქტატურა. მხოლოდ 1795 წ. ქვეყანა გადავიდა სწორ სახელმწიფოებრივ მოწყობაზე, მაგრამ III წლის კონსტიტუციამ დიდ ხანს ვერ გაძლო: იგი 1799 წ. დამხობილ იქნა გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ, რომლის ეპოქა ხსნის კიდევაც საფრანგეთში XIX ს. ისტორიას. რევოლუციის ეპოქაში საფრანგეთმა დაიპყრო ბელგია, რაინის მარცხენა ნაპირი და სავოია (იხ. რუკა X) და დაიწყო რესპუბლიკური პროპაგანდა მეზობელ ქვეყნებში. რევოლუციური ომები იყო მხოლოდ საკონსულოსა და იმპერიის ომების დასაწყისი, რომლებიც ავსებდა XIX ს. პირველ 15 წელიწადს.
ნიკოლოზ ივანეს ძე კარეევი
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
I. საფრანგეთის ტერიტორიის ისტორია
II. ფეოდალური ეპოქა
III. წოდებრივი მონარქიის ეპოქაIV. აბსოლუტური მონარქიის ეპოქა

No comments:
Post a Comment