Wednesday, December 22, 2010

ივანე ჯავახიშვილი აფხაზებისა და სხვა ქართული (ქართველური) ტომების თაობაზე ძველ ბერძნულ წყაროებში არსებული ცნობების შესახებ

ივანე ჯავახიშვილი წერილში “ქართველთა სხვადასხვა სატომო სახელები, სამშობლო და უძველესი ბინადრობა” (“ქართველი ერის ისტორია”, წიგნი პირველი, II ა) დამატება, თბ., 1960, გვ. 401-441) წერს, რომ ასურელთა შემდეგ ქართული ტომების შესახებ ცნობები მოგვეპოვება ძველ ბერძენ ისტორიკოსებთან. ამ მხრივ იგი გამოჰყოფს ჰ ე რ ო დ ო ტ ე ს (484-425 წ. ქრ. წ.), რომლის “ისტორიაშიც” სამწუხაროდ “ქართველი ტომების ბინადრობის საზღვრები გარკვეულად არა აქვს აღწერილი. ჰეროდოტე ამბობს: სპარსნი ცხოვრობდნენ ვიდრე სამხრეთის ზღვამდე, მეწამულს რომ ეძახიანო; ხოლო მათ ზევით ჩრდილოეთით მიდიელნი ბინადრობენ, მიდიელებს ზევით სასპირები, სასპირებს ზევით კიდე კოლხები იმ ჩრდილოეთ ზღვამდე, რომელსაც მდინარე ფაზისი ერთვის. ეს ოთხი ხალხი ამ ორ ზღვას შუა ბინადრობსო (ლ ა ტ ი შ ე ვ ი, I, 20). ჰეროდოტეს სიტყვიდან ჩანს, რომ კოლხებს შავი ზღვის ნაპირას უცხოვრიათ, იმ ადგილის მიდამოებში, საცა მას ფაზისი ერთვის; კოლხეთის სამხრეთით სასპირები ბინადრობდნენ; კოლხების გვერდითვე უნდა მაკრონებს ანუ მეგრელებს ეცხოვრათ, იმიტომ, რომ ჰეროდოტე მაკრონებს კოლხების მეზობლებადა სთვლის (ჰ ე რ ო დ ო ტ ე, Historia, II, 104, ლ ა ტ ი შ ე ვ ი, 8-9). უეჭველია მაკრონების მახლობლადვე უნდა ჰქონოდათ ბინადრობა მოსხებს, ტიბარენებს და მოსსინიკებს, იმიტომ, რომ მაკრონები და ყველა ის ტომები, ჰეროდოტეს თქმით სპარსეთის ერთს (მეცხრამეტე) საგანმგეო ოლქს ეკუთვნოდნენ. ამასთანავე განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რომ ჰეროდოტეს თქმით კოლხებსა და მიდიელებს შუა სასპეირების გარდა არავინ იყო (იქვე, I, 104 და ლ ა ტ ი შ ე ვ ი, I, 4-5). ჰეროდოტეს ცნობების დახმარებით მხოლოდ ასე დაახლოებით ბუნდოვნად შეიძლება განისაზღვროს ქართველი ტომების ბინადრობის ალაგი; მაგრამ ამ ბუნდოვან ცნობებსაც მეცნიერებისათვის დიდი ნიშვნელობა აქვს; ჰეროდოტეს აღწერიდან ცხადად ჩანს, რომ V საუკუნეში ქრ. წ. მოსხები, ტიბარენები, კოლხები და დანარჩენი ქართველი ტომები შავი ზღვის ნაპირას და ზღვის მახლობლად ბინადრობდნენ”.

ივ. ჯავახიშვილის სიტყვებით, “ჰეროდოტეს შემდეგ ქართველი ტომების მოსახლეობის ვრცელი აღწერილობა ბერძნების ისტორიკოსმა ქ ს ე ნ ო ფ ო ნ ტ ე მ დაგვიტოვა. 401 წელს ქრ. წ. მან 10.000 ბერძენ ჯარისკაცითურთ სწორედ იმ ქვეყნებზე გამოიარა, სადაც ქართველების სხვადასხვა ტომები ცხოვრობდნენ. მართალია, ქსენოფონტე მხოლოდ იმ ტომებზე ლაპარაკობს, რომელთა ქვეყანაც გავლილი ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ იგი ვრცელსა და ძვირფასს ცნობებს გვაწვდის.

ყველაზე სამხრეთით კარდუხები ცხოვრობდნენ; იმათ ქვეყანაში დიოდა მდ. კინტრიტი, რომელიც კარდუხების ქვეყანას სომხებისაგან საზღვრავდა (Anabasis, III, V, 15; ბერძნული კინტრიტი უეჭველია ქართულ “კინტრიშს” უდრის). სხვა ქართველ ტომებს ამ დროს განსაკუთრებით შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაპირები და მისი მოსაზღვრე ადგილები სჭერიათ; ზოგს ზღვის კიდეები ეკუთვნოდა, ზოგს კიდევ მთა-ადგილები. ყველაზე დასავლეთით ტიბარენნი ცხოვრობდნენ; იმათ ის ქვეყანა ეჭირათ, სადაც ქ. კოტიორა იყო. ამ ქალაქის აღმოსავლეთით ორი დღის სავალზე ხალიბები ბინადრობდნენ (იქვე, V, 5, § 3). ხალიბების აღმოსავლეთით მოსსინიკები ბინადრობდნენ; მოსსინიკების ქვეყნის აღმოსავლეთი საზღვარი ქ. კოტიორის აღმოსავლეთით 7 დღისა და 8 გადასავალის მანძილზე იდო. დასავლეთის საზღვარი აღმოსავლეთის საზღვარს 7 გადასვალით ჰშორავდა (?); ამგვარად, სიგანით მთელი ეს ქვეყანა 8 გადასავალზე მეტი არ ყოფილა (როგორც ჩანს, ივ. ჯავახიშვილმა სწორად ვერ გაიგო ბერძნულ ტექსტში ტერმინ “გადასასვლელის” მნიშვნელობა. საინტერესოა დღეში რამდენი გადასასვლელი შედიოდა? _ ი. ხ.). თუმცა ქსენოფონტე სამხრეთის საზღვარზე არაფერს ამბობს, მაგრამ სიგრძით იგი უფრო ვრცელი უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ იგი ორი ნაწილისაგან შესდგებოდა _ ერთი ზღვის პირას იდო, მეორეს კიდევ მთიანი ადგილები ეჭირა. მოსსინიკების აღმოსავლეთით კოლხები ცხოვრობდნენ. მათს დასავლეთს საზღვარს, რასაკვირველია, მოსსინიკების ქვეყანა შეადგენდა. კოლხების ქვეყნის აღმოსავლეთის საზღვარი ქსენოფონტეს მოხსენებული არა აქვს. ქალაქები ტრაპიზონი და ფარნაკია კოლხების ქვეყანაში იყო. კოლხების სამხრეთით დრილები ცხოვრობდნენ; საზღვარი ქ. ტრაპიზონისაგან ერთი დღის სავალზე ცოტა მეტზე მდებარეობდა, სამხრეთ-აღმოსავლეთით კიდევ მაკრონები ცხოვრობდნენ; საზღვარი იმავე ქალაქიდან 2 გადასავალისა და 7 პარასანგის მანძილზე ჰშორავდა. მაკრონებს დაბურული ტყით შემოსილი მთიანი ადგილები ეჭირათ. ამ ქვეყნის სამხრეთის საზღვრად ის მთა ტეხოსი იყო, საიდანაც ბერძნებმა პირველად ზღვა დაინახეს; იგი ჩრდილოეთ საზღვრიდან სამი დღისა, 3 გადასავლისა და 10 პარასანგის მანძილზე იყო. მაკრონების აღმოსავლეთით სკჳთინები ბინადრობდნენ; საზღვრად ერთი რომელიღაც მდინარე იყო. ქსენოფონტეს ცნობები გვიჩვენებენ, რომ ყველა ქართველი ტომები IV ს. გაცილებით უფრო ჩრდილოეთით ბინადრობდნენ, ვიდრე XI-VIII საუკუნეების განმავლობაში; ტიბარენნი, მაგალითად, რომელთაც ტაბალის სახელით კილიკიის ჩრდილოეთითა ჰქონდათ ბინა და მცირე აზიის შუაგული ადგილი ეკავათ, IV საუკ. შავი ზღვის ნაპირას ცხოვრობდნენ; მესხები კიდევ, რომელთაც მუსკების სახელით ასურელი მეფეების დროს ის ადგილები ეჭირათ, შემდეგ რომ პონტოს სამეფოს ეკუთვნოდა, პირველ საუკუნეს ქრ. წ. კოლხიდასა, იბერიასა და სომხეთს შორის მდებარეობდა (S t r a b o, Geographica, XI, cap. II, 18), დაახლოებით იმ ადგილას, საცა შემდეგდროინდელი სამცხე-საათაბაგო იყო. მართალია, ასურული წყაროები არავითარ ცნობას არ გვაძლევენ იმის შესახებ, თუ ვინა ცხოვრობდა შავი ზღვის ნაპირას, იქაც ქართული ტომები ბინადრობდნენ თუ არა, მაგრამ მაინც ცხადად ჩანს, რომ ქართველებს თავიანთი ბინადრობის ადგილი მოუცვლიათ; იმ ქვეყნებში, რომლებიც წინათ ტაბალებსა და მუსკებს ეჭირათ, IV საუკ. უკვე სხვა ეროვნების წარმომადგენელნი ცხოვრობდნენ. ტაბალების ერთი ნაწილი ასურბანიპალის (668-625 ქრ. წ.) და ციცერონის დროს მხოლოდ კილიკიის მახლობლად იყო შერჩენილი. განსაკუთრებით საგულისხმო და საყურადღებო ჰეროდოტეს ცნობაა, რომელიც ამტკიცებს, (რომ) კილიკიის მოსაზღვრედ არმენნი ცხოვრობენო (ჰ ე რ ო დ ო ტ ე, Historia, წ. V, თ. 49 და წ. VII, თ. 52); მაშასადამე, ის მიწა-წყალი, რომელიც IX-VII საუკ. ქართველ ტომს ტაბალს ეჭირა, ჰეროდოტეს დროს უკვე არმენებს ანუ გაარიებულ სომხებსა სჭერიათ. თუ არ იძულებით, უმიზეზოდ ერი თავის მიწა-წყალსა და ბინადრობას არასდროს არ მოჰშორდებოდა და მამა-პაპეულ მოსახლეობის მოშლა, უეჭველია, რაიმე გარეშე მიზეზის გამო უნდა მომხდარიყო. მართლაც, საისტორიო წყაროებიდან ჩანს, რომ ასარჰადონ მეფის დროიდან მოყოლებული მცირე აზია თანდათან კიმმერიელებით აივსო და წალეკილი იყო. ჩრდილოეთიდან მოსული კიმმერიელნი, ანუ ასურელების გამოთქმით “გიმმირაჲ”, ჯერ ლიდიელებს მიადგნენ და საქმე გაუჭირეს (ასარჰადონის მატიანე KB, II, 174-5, სტრიქ. 95-111), მერე ტაბალებსა და დანარჩენ ქართველ ტომებს; მთელი ის ადგილი, რომელიც ტაბალებსა, მუსკებსა და კასკებს ეჭირათ, დაიპყრეს; ქართველი ტომების უმეტესი ნაწილი, როგორც ეტყობა, იძულებული იყო ან დამორჩილებოდა და გადაგვარებულიყო, ან არადა ჩრდილოეთისაკენ გაეწია და შავი ზღვის ნაპირას დასახლებულიყო. ამ მიზეზის გამო აღმოიფხვრა ქართველი ტომების სახელი კაპადუკიასა და პონტოში. ეს აზრი პირველად ჰ. გ ე ლ ც ე რ მ ა გამოსთქვა და საისტორიო საბუთებითაც დაამტკიცა, მერე ე. შ რ ა დ ე რ მ ა ც მხარი დაუჭირა. შეიძლება ქართველ ტომებს შავი ზღვის სამხრეთ ნაპირას წინათაც ეცხოვრათ, მაგრამ ქართველების მოსახლეობა კიმმერიელთა შემოსევის შემდეგ შავი ზღვის ნაპირას კაპადუკიითა და პონტოთ დაძრულ ქართველებს უნდა გაეძლიერებინათ. საზოგადოდ კი კიმმერიელთა შემოსევამ ქართველ ტომებს საშინელი ზარალი მისცა და შესამჩნევად შეამცირა. “დაბადების” პირველი წიგნისა და ასურული წყაროების მოწმობით ტაბალსა და მუსკს (თუბალსა და მეშეხს) ორი ძლიერი ერის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, ეზეკიელ წინასწარმეტყველის დროს კი ისინი გოგისა და მაგოგის ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ, ხოლო ჰეროდოტესა და განსაკუთრებით ქსენოფონტეს დროს _ პატარა და უმნიშვნელო ტომებად იყვნენ. ასეთი საშინელი გავლენა ჰქონდა კიმმერიელთა და სხვა ინდოევროპელი ტომების შემოსევას მცირე აზიაში ქართველების ძლიერებასა და ბედიღბალზე.

ის მიწები, რომლებიც წინათ ქართველ ტომებს ეკუთვნოდათ, მერე სხვადასხვა ინდოევროპელი მოდგმის ტომებმა დაიჭირეს და დაისაკუთრეს. ამგვარად, კაპპადუკიისა და პონტოს, ლიდიისა და ფრიგიის ბერძნების დროინდელი და ეხლანდელი მცხოვრებნი სამ-ოთხ სხვადასხვა ერის აღრევისაგან არიან წარმომდგარნი; მათი ენა, რამდენადაც ბერძნული წყაროებიდან ჩანს, ნარევი ენაა და მეცნიერს იქ შეუძლია ბევრი ისეთი სიტყვა იპოვოს, რომელიც არც ინდოევროპულს, არც სემურ ენათა ჯგუფს არ ეკუთვნის; ეს ჩინებულადა აქვს გამოკვლეული ბერძნული ენის ისტორიის ცნობილ მკვლევარს პ. კ რ ე ჩ მ ე რ ს (Einleitung in die Geschichte der griechischen Sorache, 1896, Kapitel X). მის საინტერსო წიგნში ბევრი საგულისხმიერო ცნობებია შეკრებილი ამ ენების შესახებ. რასაკვირველია იმ საკითხის გადაწყვეტა, თუ რომელ ენათა ჯგუფს ეკუთვნოდა ამ ენების ძირითადი ნიადაგი, მეტად ძნელია და მხოლოდ დიდის ხნის დაკვირვებისა და შესწავლის შემდეგ შეიძლება”.

შემდეგ ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს ის საკუთარი სახელები, რომლებიც ჟღერადობით ქართულ სახელებს ჰგავს, მაგალითად: “ბაბა” (ფრიგიაში), “ბაბოა” (ლაოდიკიაში), “მამა”, “მამია” (ლიკინიაში, ლაოდიკიასა და ისავრიაში), “ხახნო” (კილიკიაში), “ნონნე” (ფრიგიასა და ლაოდიკიაში), “ნინნი” და “ნინნიო” (ისავრიაში), “კაკა”, “კი-აკ-კი” (ტაბალში), “ლალლა” (ლიკიაში), “სუსუ” (ფრიგიასა და ლიკაონიაში), “სოსო”, “ტატტე”, “ტატე” (ლიკიაში), “გჳგე”, “გჳგუ” (ლიდიაში) და სხვა (იხ. P. K r e t s c h m e r, Einleitung...). ყოველივე ამის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი ასკვნის: “რასაკვირველია, მარტო ეს მასალა არა კმარა, მაგრამ მაინც საყურადღებო მსავსებაა ქართულსა და იქაურ სახელებს შორის და შესაძლებელია ეს ტაბალ-მუსკების ანუ ქართული ენის კვალს ეკუთვნოდეს“. შემდეგ ივ. ჯავახიშვილი განაგრძობს:

„ქსენოფონტეს შემდგომ სამი საუკუნის განმავლობაში ბერძნების მწერლობაში ქართველი ტომების შესახებ არავითარი ცნობები არ მოიპოვება. მხოლოდ პირველ საუკუნის დამდეგს ქრისტეს შემდეგ ს ტ რ ა ბ ო ნ მ ა აღწერა სხვათა შორის ის ქვეყნებიც, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ. ამ აღწერილობის დახმარებით მკვლევარს შეუძლია მიხვდეს, რა უნდა მომხდარიყო იმ სამი საუკუნის განავლობაში. სტრაბონი ძვირფასს და ვრცელს ცნობებს გვაწვდის, საზოგადოდ კავკასიისას; იბერიისა და ალბანიის აღწერა ხომ პირველად მის თხზულებაში გვხვდება და ეს ქვეყნები იმაზე წინათ არავის აღუწერია. ეს კი უნდა სთქვას კაცმა, რომ სტრაბონს თხზულებაში შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაპირები და ამიერკავკასია გაცილებით უფრო უკეთესად არის აღწერილი, ვიდრე შავი ზღვის სამხრეთი ნაპირები; ალბათ, ეს ადგილები თითონ სტრაბონს ნანახი არ უნდა ჰქონდეს.

ეხლანდელ ხალდებს ძველად ხალჳბებს ეძახდნენო, ამბობს სტრაბონი, სწორედ იმათ ქვეყანაში ძევს ფარნაკია, რომელსაც ხმელეთზე მადანის მაღაროები აქვს და ზღვაც მათს კეთილდეობას ხელს უწყობსო (ს ტ რ ა ბ ო ნ ი, Geographica lib. XII, cap. 3, 19). ტრაპიზონისა და ფარნაკიის ზევით ტიბარენნი, ხალდები და ზანები ცხოვრობენო, რომელთაც წინათ მაკრონებს ეძახდნენო, ხოლო შემდეგ მცირე სომხეთი მდებარეობსო, სწერს იგივე ავტორი. მაშასადამე, ტრაპიზონისა და ფარნაკიის დასავლეთით ჯერ ტიბარენნი ბინადრობდნენ, მერე ხალდები ანუ ხალიბები და მაკრონები, რომელთაც სტრაბონის დროს ზანებს (ან ჭანებს) ეძახდნენ. აღმოსავლეთით ქართველი ტომების მიწებს მცირე სომხეთი საზღვრავდა; სტრაბონი ამბობს: ფარნაკიისა და ტრაპიზონის მიდამოებს ზევით ვიდრე მცირე სომხეთამდე ტიბარენნი და ხალდები ბინადრობდნენო (იქვე, lib. XII, cap. 3, 28). მაგრამ სტრაბონის თხზულების ერთი სხვა ადგილიდან ჩანს, რომ მცირე სომხეთი ქართველი ტომების მოსახლეობის მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვრად უნდა ჩაითვალოს. ტიბარენებისა და ხალდებისა, ფარნაკიისა და ტრაპიზონის მფლობელად ვიდრე კოლხიდამდე პჳთოდორა იყოო. ჩვენ ვიცით, რომ კოლხიდა მცირე სომხეთის ჩრდილოეთით მდებარეობდა; ამიტომ კოლხიდა ხალიბების ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის საზღვრად, ხოლო მცირე სომხეთი აღმოსავლეთის საზღვრად უნდა ჩაითვალოს. ჩრდილოეთით ხალდების ქვეყანას შავი ზღვა საზღვრავდა. ამ ადგილას ნაპირი მეტად ვიწროა, ტყით შემოსილი და მადანით სავსე მთები იქვე ზღვას დაჰყურებს, ხოლო სახნავი მიწა ძალია ცოტააო (ს ტ რ ა ბ ო ნ ი, lib., XII, cap. 3, 19). ხალიბების ქვეყნის სამხრეთის საზღვრად ერთი მეტად ციცაბო მთა სკჳდისი ითვლებოდა, რომელიც მესხეთის მთებს უერთდება... და მწვერვალზე ჰეპტაკომეტები სახლობენო; მერე მიდის პარიადრი სიდენისა და თემისკირიდან მოყოლებული ვიდრე სომხეთამდე. ყველა ამ ადგილების მკვდირნი მეტად ველურები არიანო, ამბობს სტრაბონი, განსაკუთრებით კი ჰეპტაკომეტებიო. ზოგი მათგანი ხის კოშკებში ცხოვრობს; ამის გამო ძველად მათ მოსსჳნიკებს ეძახდნენ, რადგან ამგვარ კოშკებს მოსსჳნე ერქვაო; ზოგიერთნი ამ ველურებს ვეზირებსაც ეძახიან (იქვე, lib. XII, cap. 3, 18). მაშასადამე ამ ტომებს სახელად მოსსინიკე რქმევიათ. ხოლო იმათ, რომელნიც სკჳდისის მთის მწვერვალზე ბინადრობდნენ, თურმე ჰეპტაკომეტებს ეძახდნენ. ცხადია, ეს სიტყვა ხალხის სახელი არ უნდა ყოფილიყო. ბერძნულად იგი „შვიდ სოფლის მცხოვრებლებსა“ ნიშნავს. არსებობდა მართლა ასეთი სახელწოდება თუ არა? უეჭველია არსებობდა“, _ ასკვნის ივ. ჯავახიშვილი და ამ მოსაზრებას ამაგრებს იმით, რომ XX საუკუნეშიც ოსმალეთის იმპერიის ტრაპიზონის სანჯაყის (ოლქის) მეორე მაზრაში (ნაჰია) არსებობდა სოფელი „კურასება“, რომელიც არაბულად „შვიდ სოფელს“ ნიშნავსო. იგი რიზეს მახლობლად შუაგულ მთებში მდებარეობდა. ბერძნულად მას „ჰეპტა კომე“-თი გამოთქვამდნენ, ადგილობრივ ენაზე კი იმ მთისა და სოფლის სახელიც ბერძნული მართლწერით ზემოთ ჰქონდა მოცემული სტრაბონს _ სკჳდისი, ანუ უფრო სწორად _ „შკჳდიში“, ვინაიდან სიტყვა შკჳთი მეგრულად შვიდს ნიშნავს. შემდეგ ივ. ჯავახიშვილი ასკვნის: „ამ ადგილს „შვიდსოფელი“-ს სახელი იმიტომ დაერქმეოდა, რომ მოსახლეობა იქ ალბათ შვიდ სოფლად ყოფილა დანაწილებული. ეს ჰეპტაკომეტები, ანუ შვიდსოფლელები მოსსინიკები, ანუ მეგრულ-ჭანურ შტოს წარმომადგენელ ტომის ხალხი ყოფილა“.

„ქართველების პოლიტიკური და ეროვნული მდგომარეობა შავი ზღვის სამხრეთის ნაპირას სამი საუკუნის განმავლობაში ქრისტეს დაბადებამდე შესამჩნევად შეცვლილა. ის ადგილები, რომელიც წინათ კოლხებსა და მოსსინიკებს ეჭირათ, სტრაბონის დროს ხალდების ხელში ყოფილა; მაშასადამე, სამი საუკუნის განმავლობაში კოლხები მათ აღმოსავლეთისაკენ, მოსსინიკები კიდევ სამხრეთისაკენ მთებში გაურეკიათ.

ქსენოფონტეს დროსთან შედარებით ქართველების ბინადრობის სივრცე შესამჩნევად შემცირებულა. სტრაბონი მოგვითხრობს: ამბობენ, რომ სომხეთი, რომელიც თავდაპირველად პატარა სამფლობელო იყო, არტაქსიმ და ზარიადრმა გაადიდესო... პირველი რომ სოფენში, აკილისენში და ოდომანტში გამეფდა, ხოლო მეორე არტაშატის (არტაქსატის) მახლობლად, მათ სომხეთი გაფართოვეს და ის მიწები მიუმატეს, რომელიც მეზობელ ერებს ჩამოაჭრესო... ხალიბებსა და მოსსინიკებს _ მცირე სომხეთის მოსაზღვრე კარინი და ქსერქსინი, ეხლა ყველა ეს ხალხები ერთ ენას ლაპარაკობენო (ს ტ რ ა ბ ო ნ ი, Geographica, lib., XI, cap. XIV, 5). სტრაბონის სიტყვით, არტაქსიცა და ზარიადრიც ანტიოქოზ დიდის (227-187) სარდლებად ყოფილან და მხოლოდ იმათი ბატონის დამარცხების შემდგომ 191 ანუ 190 წ. შემდგომ ქრ. წ. ანუ მეორე საუკუნის დასაწყისს ქრ. წ. წაურთმევიათ მიწები; ისინი, ალბათ, მცირე სომხეთის მხრით შემოესეოდნენ ხალიბებს და ამ შემოსევის დროს ორი მაზრა ჩამოუცლიათ კიდეც; მაგრამ პოლიტიკური დაპყრობის გარდა ახალ შემოერთებულ ქვეყნებში სომხეთიდან, როგორც ჩანს, ხალხიც გადასახლებულა: სტრაბონის სიტყვით იმის დროს კარინსა და ქსერქსინში ხალხი უკვე სომხურსა ლაპარაკობდა; ეტყობა ერთი საუკუნის განმავლობაში ქართული ენა დაჩაგრულა და სომხური გაბატონებულა: მაშასადამე ამ ორი მაზრის მცხოვრებნი სომეხნარევი ხალიბები უნდა ყოფილიყვნენ; მართლაც პლინიუს სეკუნდუსი ამბობს, რომ იქ „gens Armenochalybes“ _ სომეხ-ხალიბების ტომი მოსახლეობდაო (პ ლ ი ნ ი უ ს ი, Naturalis Historia, VI, § 12, ლ ა ტ ი შ ე ვ ი, II, 178), ე. ი. გასომხებული ჭანები ყოფილან. მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა არტაქსიმ და ზარიდრმა ხალიბებს მიწები ჩამოაჭრეს, გადარჩენილი ხალხის ერთი ნაწილი დასავლეთისაკენ გაიხიზნა და, ერთი მხრით კოლხებს მიაწვა და ჩდილოეთ-დასავლეთისაკენ მისწია, მეორე მხრით მოსსინიკებს და ისინიც სამხრეთისაკენ მთებში მიაგდეს. სტრაბონის ცნობიდან მაინც ცხადადა ჩანს, რომ შავი ზღვის სამხრეთის ნაპირებზე ქართველი ტომების მოსახლეობა თანდათან შესამჩნევად მცირდებოდა.

ა რ რ ი ა ნ ე ს მოწმობით მეორე საუკუნეში ქრ. შ. მთელი ეს ქვეყანა რომის ხელმწიფის ან მფარველობას, ან არა და ბატონობას ემორჩილებოდა. წვრილ-წვრილ სამთავროებად დაქუცმაცებული ქართველი ტომები ზოგი შინაურ საქმეებში დამოუკიდებელი იყვნენ, ზოგს კიდევ იმპერატორის დანიშნული მოხელე განაგებდა (ლ ა ტ ი შ ე ვ ი, I, 219-222). ტრაპიზონის მახლობლად მიუვალ ადგილებში მცხოვრები ჭანები ტრაპიზონელების დაუძინებლი მტრები ყოფილან და თუმცა კეისრისათვის აღუთქვამთ, ხარკს მოგცემთ ხოლმეო, მაგრამ თურმე თავის დროზე არ იხდიდნენ. ამ დროს ჭანებს საკუთარი მეფეები არა ჰყოლიათ.

რაც შეეხება ამიერკავკასიაში ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში მცხოვრები ხალხების განლაგებას, ამის შესახებ ივ. ჯავახიშვილი წერს:

“შავი ზღვის აღმოსავლეთის მხარე და კავკასია, როგორც ზემოთ აღნიშნული იყო, სტრაბონზე ადრე არავის არ აღუწერია. ურარტუს სამეფოს გარდა, მთელი ამ ქვეყნისა და მცხოვრებთა ვრცელი, დალაგებული აღწერილობა ქრისტეს წინათ სრულებით არ მოიპოვებოდა. მაშინდელი ამიერკავკასია ოთხ უმთავრეს ნაწილად იყო დაყოფილი. შავი ზღვის პირას კოლხეთი მდებარეობდა, მერე იბერია იყო, რომელსაც ალბანია მისდევდა კასპიის ზღვამდე, სამხრეთი სომხეთს ეჭირა. ზემოთ გამორკვეული იყო, თუ სად ცხოვრობდნენ კოლხები IX-VII ს. და V-IV ს. ქრ. წ.; ს ტ რ ა ბ ო ნ ი ს დროსაც კი, ე. ი. პირველი საუკუნის დამდეგს ქრ. შ., კოლხეთი დიდ სამეფოდ ითვლებოდა და შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაპირები ეპყრა. სტრაბონის თხზულების სხვადასხვა ცნობების საშუალებით შეიძლება გამოვარკვიოთ, რა საზღვრები ჰქონდა მაშინ კოლხეთს. “ჰენიოხების იქით, კავკასიისა და მესხეთის მთებს შორის, ამბობს შესანიშნავი გეოგრაფი, კოლხიდა მდებარეობსო” (ს ტ რ ა ბ ო ნ ი, Geographica, lib. XI, cap. II, I). მაშასადამე კოლხიდის ჩრდილოეთ საზღვრად კავკასიონის უღელტეხილი ყოფილა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით მესხეთის მთები. ეს დასკვნა სტრაბონის მეორე ცნობითაც მტკიცდება. “ზღვის ნაპირი, _ ამბობს იგი, _ პიტიუნტსა და დიოსკურიადასთან თავდება; კოლხიდის ეს ადგილიც ხომ იმავე ზღვის ნაპირს ეკუთვნის. დიოსკურიადას მისდევს ზღვის პირას დანარჩენი კოლხიდის მიწები და მისი მოსაზღვრე ტრაპიზონიო” (იქვე, lib. XI, cap. 2, 14). ქ. ბიჭვინთა და დიოსკურიადა კოლხიდაში ყოფილა მაშასადამე, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით მეზობლად ტრაპიზონი ჰქონია; ცხადია ეს ქალაქი კოლხიდას არ ჰკუთვნებია. აღმოსავლეთით კოლხიდას იბერია საზღვრავდა, მიჯნად კოლხეთის ციხე შორაპანი იყო (იქვე, lib. XI, cap. III, 4). დასავლეთით ხომ შავი ზღვა ერტყა.

ა რ რ ი ა ნ ე, რომელმაც მთელი შავი ზღვის ნაპირი მოიხილა და თავისი მოგზაურობის შესახებ კეისარს მოხსენება წარუდგინა, მოგვითხრობს, რომ ტრაპიზონის მახლობლად მცხოვრები ჭანები ხვედრს ხარკს თავის დროზე არ იხდიანო. ჭანების გვერდით მაკრონები და ჰენიოხები ცხოვრობენ, მათ მეფედ ანხილაი ჰყავთ, რომლის სასახლეც მდ. პრიტანეს პირსა დგას. მაკრონებისა და ჰენიოხების მეზობლად ზიდრიტები არიან და ფარსმანს ემორჩილებიან. მათ მოსაზღვრედ კი ლაზები მოსახლეობენ. ლაზებს მეფედ მალასი ჰყავთ, რომის კეისრის მიერ დამტკიცებული. ლაზებს შემდგომ ჩრდილოეთით აფშილები ბინადრობენ, რომელთა მეფე იულიანე კეისრის მიერ იყო დამტკიცებული; აფშილების მოსაზღვრედ აბასხები არიან; მათი მეფეც რისმაგი კეისრის დამტკიცებული ყოფილა. აბასხებს გვერდით სანიგები (თუ ჭანიგები?) არიან, სწორედ მათ ქვეყანაშია ქ. სებასტოპოლისი, ანუ დიოსკურია; სანიგების მეფე სპადაგიც კეისრის დადგენილი იყო (ლ ა ტ ი შ ე ვ ი, I, 219, 222). ეს მოხსენება ამტკიცებს, რომ კოლხეთი მრავალი პატარა სამეფოსაგან ყოფილა შემდგარი, თითოეულს თავისი საკუთარი მეფე ჰყოლია, რომელიც პოლიტიკურად რომის კეისარს ექვემდებარებოდა, კეისრის დამტკიცებული იყო. ყურადღების ღირსია, რომ აქ საკმაოდ გარკვევით არის აღნიშნული ლაზების, აფშილების, აბასხებისა და სანიგების ბინადრობა”.

აქ მთავრდება ივ. ჯავახიშვილის თხრობა შავი ზღვის პირას მცხოვრები ხალხებისა და ტომების შესახებ, რომლის წყაროდაც ქართველ ისტორიკოსს გამოყენებული აქვს ძირითადად ბერძენ ავტორების თხზულებები ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის II ასწლეულის ჩათვლით. ამის შედეგ იგი აგრძელებს თხრობას უკვე შემდგომი ასწლეულების ბიზანტიელი ავტორების ნაშრომთა საფუძველზე, რომელთაც შემდგომ წერილებში გავეცნობით.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

ივ. ჯავახიშვილი აფხაზებისა და სხვა ქართული (ქართველური) ტომების თაობაზე უძველეს ასურულ წყაროებში არსებულის ცნობების შესახებ

აფხაზების, ასევე სხვა ქართული, გნებავთ ქართველური ან წინაქართული (პრაქართული, პროტოქართული) ტომების უძველესი წარმოშობის შესახებ ივანე ჯავახიშვლის შეხედულებები გადმოცემულია მისი ქართველი ერის ისტორიის პირველი ტომის II დამატებაში სახელწოდებით “ქართველთა სხვადასხვა სატომო სახელები, სამშობლო და უძველესი ბინადრობა”. სახელდობრ იგი წერს:

“რაკი ქართველი ტომების შესახები უძველესი ცნობები მხოლოდ უცხო მწერლობაში მოიპოვება, ხოლო ყოველი ერი განსაკუთრებით თავის მოსაზღვრე და მხლობელ ტომს იცნობს ხოლმე, ამიტომ ზოგი ქართველი ტომების სახელები, როლებიც ასურეთზე უფრო მახლობლად ცხოვრობდნენ, უკვე უუძველეს დროინდელ ასურულ წყაროებშია მოხსენებული, ზოგი ტომების სახელები კი, _ განსაკუთრებით შავი ზღვის ნაპირას მოსახლე ტომების სახელები, _ მხოლოდ ბერძნების მწერლების თხზულებებში გვხვდება, VI-V საუკ. (ქრ. წ.) მოყოლებული.

ყველაზე პირველად ასურულ წყაროებში მესხები, ანუ როგორც მათ ასურელები ეძახდნენ ხოლმე, “მუშკები” ანუ “მუსკები” არიან მოხსენებულნი. თავის შესანიშნავ წარწერაში 1100 წ. ქრ. წ. ტიგლატ-პილესარ I გვიამბობს: “ჩემი მეფობის დროს თავის ძლიერებით მოქადული 20.000 მუსკი და მათი ხუთი მეფე, რომელნიც ბრძოლის ველზე ჯერ ვერც ერთ მეფეს ვერ დაემარცხებინა, კუმმუხში ჩამოვიდნენ და ქვეყანა დაიპყრესო”.

ამ ძველის-ძველსა და ამასთანავე მეტად გავრცელებულს ქართულს სატომო სახელს “მუსკი” ანუ “მოს-ხი-ს” თავისი ისტორია აქვს. “მოს-ხი” ამ სატომო სიტყვის მეგრულ-ჭანური გამოთქმაა; ხოლო ამავე სიტყვის სვანურ გამოთქმას უნდა გვიხატავდეს “მეს-ხი”; ქართების გამოთქმა კი უნდა, რასაკვირველია “ო”-ნისა და “ე”-ნის მაგიერ ხოვანი “ა”-ნი ჰქონოდა, ესე იგი “მას-ხი” ყოფილიყო. პრ. ნ. მარრი მართალი უნდა იყოს, როდესაც აფხაზების ძველს სახელწოდებას: “აბას-ხის” ამ “მას-ხი”-ს უკავშირებს, მხოლოდ მას თავში ჩვეულებრივი აფხაზური თავსართი “ა” უზის (მ ა რ რ ი, История термина «абхаз»; ИАН, 1912 წ., გვ. 697-704, მეტადრე 703). ეს სახელი შენახულია უამაფხაზურ თავსართავოდაც, უ-„ა“-ნოდ ასურელი ისტორიკოსის ზაქარია რიტორის თხზულებაში, სადაც იგი აფხაზეთს, როგორც სამართლიანად ფიქრობს ი. მ ა რ კ ვ ა რ ტ ი, „ბაზ-გ-ონ“-თა ქვეყანას ეძახის (Osturopaische u. ostasiat. Streifzuge 174); ეს „ბაზ-გ-ონ“ უდრის „ბაზ-გ-ი“-ს ბერძენ ისტორიკოსთა „ა-ბაზ-გ-ოჲ“-ს. სამართლიანი უნდა იყოს ნ. მარრისვე აზრი, რომ ამ „მას-ხი“-სა და „ბას-ხი“-საგან არის წარმომდგარი საგეოგრაფიო სახელები „ბას-იანი“, „ფაზ-იან-ოჲ“, „ფაზ-ისი“ და მთა „მას-ისი“ (მ ა რ რ ი, იქვე, გვ. 702).

ამგვარად, აფხაზებსა და მესხებს ერთი და იგივე ტომობრივი სახელი აქვთ, მაგრამ მარტო ამით, რასაკვირველია, ტომობრივი იგივეობა ვერ დამტკიცდება, მეტადრე სანამ ამ სიტყვის „მას“, „მოს“, „მეს“-ხის ძირითადი მნიშვნელობა გამორკვეული არ არის. პირიქით, შესაძლებელია იგი საზოგადო სახელი იყოს. მაინცადამაინც საგულისხმოა, რომ ეს სახელი მარტო ამ ორს ტომს აფხაზებს და მესხებს კი არა რქმევიათ, არამედ ლეკები თუშებს ეხლაც „მოსექ“-ებს, ესე იგი „მოსოხებს“ ეძახიან“.

შემდეგ ივ. ჯავახიშვილი წერს, რომ “მეორე ქართველი ტომი “ტაბალი” პირველად სალმანასარ II-ის (860-825 წ.) წარწერაშია მოხსენებული; “ქრონიკონსა მეფობისა ჩვენისასა ოცდამეორეს მეოცდაერთჯერ ევფრატი გადავიარე, ჩავედი ტაბალად და ტაბალის 24 მეფისაგან საჩუქრები მივიღეო”, მოგვითხრობს ძლიერი ასურეთის ბატონი”.

ასურულ წყროებში ტაბალისა და მუსკის ტომების ერთად მოხსენიების გარდა, ივ. ჯავახიშვილი ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ ძველი აღთქმის დაბადების (შესაქმის) წიგნში მეშეხი და თუბალი ტყუპად არიან დასახელებული, ხოლო ჰ ე რ ო დ ო ტ ე ს თხზულებიდან კი ჩანს, რომ მოსხები და ტიბარელნი მეზობლები ყოფილან. შემდეგ ივ. ჯავახიშვილი განაგრძობს:

“ზემოგანხილულ სახელებს გარდა ბერძნულ მწერლობაში კიდევ ერთი საყურადღებო სახელი გვხვდება “მოსსჳნოჲკოჲ _ მოსსვინიკი”. ბერძნების სწავლულნი ამ ტომის სახელის მნიშვნელობას თავიანთი დედაენის საშუალებით ხსნიდნენ: პირველი ნახევარი “მოსსჳნე” კოშკსა ნიშნავსო, ხოლო მეორე (ოჲკოჲ) მოსახლეს, ვითომც ხის კოშკებში მოსახლე ხალხიო. მაგრამ ბერძნების მეცნიერები ცდებოდნენ, მოსსჳნიკი ბერძნების გადაკეთებული უნდა იყოს და ადგილობრივ იქნებოდა “მასსანიკი”; “მოსსჳნიკიცა” და “მასსანიკიც” ნამდვილი ქართული აგებულების სიტყვაა: თავსართად ჩვეულებრივი თავსართი “მო” ანუ “მა” უზის... ძირითად ფორმად უნდა “სსანიკი” ჩაითვალოს. ამ სიტყვის ბერძნული მართლწერა გვიჩვენებს რომ აქ არაჩვეულებრივი “ს”-ანი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ერთი “ს”-ანის მაგიერ ორია _ “სსჳნიკი”. მართლაც, ე ვ ს ტ ა თ ი თ ე ს ა ლ ო ნ ი კ ე ლ ი ამბობს: “მაკრონები (მეგრელები)... მათ ჩვენ ეხლაც სანნებს, ანუ მდაბიურად ტძანებს ვეძახით... ქვეყანასაც ტძანნიკეს უძახიანო” (ლ ა ტ ი შ ე ვ ი, I, 208). უკვე პროფ. დ ე ს ტ უ ნ ი ს მ ა აღნიშნა, რომ ყოველთვის, როცა ბერძნები “ტძ”-ს ერთადა ხმარობენ, მათ უცხოელების თანხმოვნების “ც”, “ჩ”, “ჯ” გამოსახვა სურთო (П р о к о п и й К е с а р и й с к и й, История войн римлян с персами, I, 197): ამ შემთხვევაში “ტძ” ქართულ ბგერას “ჭ”-არს უდრის, _ მაშასადამე ბერძნული ტძანიკი ქართულს “ჭანიკ”-ს, ჭანეთს უდრის. ეს ფორმა ოსმალეთშიაც შენახულია: ტრაპიზონის ოლქის მესამე მაზრას ეხლაც “ჯანიკ”-ს ეძახიან... მაშასადამე, “მოსსჳნიკი”-ს სახელში ჭანების სახელის უძველესი ფორმა ყოფილა შენახული, მაგრამ “სანი” ანუ “ზანი”-ც არის ჩვენ დრომდი შერჩენილი. სვანები ეხლაც კი მეგრელებს “ზანარს” ეძახიან; “არ” სვანური მრავლობითი რიცხვის ნიშანი და საკვეცი არის; მაშასადამე წინათ მხოლოობითი რიცხვი უნდა ყოფილიყო “ზან”; ეხლა ამ ფორმას მხოლოდ ქვეყნის მნიშვნელობა აქვს მითვისებული, მაგრამ ძველად სიტყვა “ზანი” უეჭველია მეგრელსა ნიუშნავდა. ეს ს ტ რ ა ბ ო ნ ი ს სიტყვითაც მტკიცდება: იგი ამბობს, რომ ხალდებს და სანებს (ანუ ზანებს) წინათ მაკრონებს (ე. ი. მეგრელებს) ეძახდნენო (S t r a b o, Geographica, lib. XII, cap. III, 18), ხოლო ეს იმას ნიშნავს, რომ მეგრელებს “სანი” ანუ “ზანი” ჰრქმევია. თვით სახელი ლაზიკა ლაზნიკას მაგიერ (სრული ფორმა იქნებოდა ლა-ზან-იკა) სწორედ “ზანი”-სა ანუ “ზანიკი”-საგან უნდა იყოს ნაწარმოები; ხოლოდ თავში სვანური ქვეყნიერების აღმნიშვნელი თავსართი “ლა” უზის; მაშასადამე, ლაზიკა “საზანოს” ანუ სამეგრლოსა ნიშნავს; თვით ტომობრივი სახელწოდება “ლაზი” აქედანვე უნდა იყოს წარმომდგარი. ამგვარად, ბერძნული “მოსსჳნიკი” ადგილობრივი ქართველი ტომის სახელი ყოფილა; ეს ტომი მეგრელ-ლაზთა შტოს ეკუთვნოდა”.

შემდეგ ივ. ჯავახიშვილი თხრობას აგრძელებს: ასურულ ლურსმულ წარწერებში ტაბალების მეზობლებად დასახელებული არიან “კასკი”, აგრეთვე “კასკაჲა”-დ წოდებულნი, რომელნიც, როგორც დიდიხანია გამორკვეულია, ბერძენ ისტორიკოსთა “კოლხოჲ”-ს უდრიან. ჩვენა გვაქვს, მაშასადამე, ამ სატომო სახელის ორი გამოთქმა “კას-კი” ანუ “კას-ხი” და “კოლ-ხი”. ჰ ე კ ა ტ ა ჲ ო ს ს აგრეთვე კოლხთა ერთერთი ტომის სახელად მოხსენებული აქვს „კორა-ქსოჲ“, ესე იგი „კორახი“, იმიტომ რომ „ქს“ უდრის „ხ“-ს და ზოგიერთს ენაკილოკავებში „ხ“-ის მაგიერ „ქ“ ისმის. ამგვარად, ჩვენა გვაქვს „კორა“ და „კოლ“, მეორე უეჭველია უნდა „კორ“-ისაგან წარმომდგარიყო: „რ“-ეს „ლ“-ად ქცევა ქართულში ჩვეულებრივი მოვლენაა. მაშასადამე, შენახულია ამ სიტყვის ორი სახე „კას-ხი“ და „კორ-ხი“, „კოლ-ხი“, _ პირველი არის ამ სახელის ქართული გამოთქმა, მეორე მეგრული გამოთქმა...

თავდაპირველად მაინცადამაინც უნდა „კორ-ხი“-ს მაგიერ “კოს-ხი” ყოფილიყო და ცვლილება შემდეგში მოხდებოდა. დასასრულ, იმავ „კას-ხი“-სა და „კოს-ხი“-საგან უნდა იყოს წარმომდგარი სატომო სახელი „კახი“ და „კოხი“ და საგეოგრაფიო _ კახეთი და „კოხეთი“, ანუ, როგორც ჩვენ ძველ მწერლობაში სწერია ხოლმე, „კუხეთი“... საყურადღებოა რომ წოვა-თუშები ამ სახელს _ „კოხ-ივ“-ს ქართველებს უწოდებენ“.

შემდეგ ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს ვრცელი შედარებანი ძველ აღთქმაში, დაბადების წიგნში მოხსენიებულ პიროვნებათა სახელებსა _ კაინ, ჰაბელ, ჲაბალ, ტუბალ-კაინ _ და ქართველთა სატომო სახელებს შორის, მაგრამ ჩვენ ასეთი შედარებების გადმოცემისგან, ამ საკითხებში ჩვენი მცირე ცოდნის გამო, თავს შევიკავებთ. შემდეგ ქართველი ისტორიკოსი აგრძელებს:

„ჩვენის ეროვნების სხვადასხვა ტომთა სახელებში ჩვენი ერის უუძველესი ბინადრობისა და სამშობლოს სახელია შენახული. ავიღოთ, მაგალითად, სიტყვა „ქართველი“; „ელი“ სადაურობის ანუ ჩამომავლობის აღმნიშვნელი საკვეცია, როგორც, მაგ., გორელი, თელაველი, ჯიხაიშელი, ოკრიბელი და სხვა; ყველა ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ საკვეცი „ელი“ ქვეყნის ანუ ადგილის სახელს ემატება ხოლმე (გორი, თელავი, ჯიხაიში, ოკრიბა); მაშასადამე, სიტყვა „ქართველის“ პირველი ნაწილიც „ქართუ“ ქვეყნის სახელი უნდა იყოს. განვიხილოთ ეხლა კარდუხების სახელი, რომელთა ქვეყანაშიაც მდ. კინტრიტი (კინტრიშის მოსახელეა) დიოდა. სიტყვა „კარდუხი“-ც ჩვეულებრივ ეროვნების აღმნიშვნელ საკვეც „ხი“-თ ბოლოვდება; ამ სიტყვის პირველი ნაწილიც უნდა ქვეყანასა ნიშნავდეს; ავიღოთ, მაგალითად, სახელი ტაოხი, კოლხი; ორივეს რომ საკვეცი მოვაშოროთ, რჩება ტაო _ იმ ქვეყნის სახელი, რომელსაც სომხები „ტაიქს“ ეძახდნენ და ჭოროხსა და თორთუმის წყალს შორის მდებარეობდა. მაშასადამე ტაოხი უდრის ტაოელ ტომს. სიტყვა „კოლხი“-საც რომ საკვეცი მოვაცილოთ, დაგვრჩება „კოლ“, იგივე კოლა, იმ ქვეყნის სახელი, საცა მტკვრის სათავეა. მაშასადამე, ზემომოყვანილი მაგალითები გვიჩვენებენ, რომ სიტყვა „კარდუ“-ც ქვეყანას უნდა ნიშნავდეს და „ქართუ“-ს უდრის.. კარდუხი, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მეგრულ-ჭანური შტოის ტომის სახელია.

ამგვარად, დაკვირვებამ დაგვარწმუნა, რომ ქართ-მეგრული შტოს ტომების საკუთარ სახელებში (ქართუელი, კარდუხი) ერთი და იგივე ქვეყნის სახელი გვხვდება: იგი არის ქართუ ანუ კარდუ. რაკი ამ ქვეყნის სახელი ორივე შტოის ტომების სახელწოდებაში მოიპოვება, უეჭველია იგი ქართველების თავდაპირველი სერთო სამშობლო უნდა ყოფილიყო.

ამ სამშობლოს ხსოვნა ქართველების მესამე შტოს წარმომადგენელს სვანებსაცა აქვთ შერჩენილი. სვანეთში ეხლაც მოიპოვება რამდენიმე სოფლის საზოგადოება, რომელსაც „ჴალდე“ ანუ ხალდე ჰქვია. ერთი სიტყვით, ხალდე, ანუ ქართუ ჩვენი ეროვნების თავდაპირველ სამშობლოდ უნდა ჩაითვალოს. ეს კართუ ანუ ქართუ განთქმული ქვეყანა ქალდეა არის; ტუკლატ-ადარ I-ის 1275 წლის (ქრ. წ.) წარწერაში იგი „ქვეყანა კარდუ“-დ იწოდება სწორედ ისე, როგორც ამ ქვეყნის სახელი კარდუხების საკუთარ სახელწოდებაშია შენახული (Keilinschriftliche Bibliothek (KB) I, II).

რასაკვირველია, ქართველებს ქალდეაში უუძველეს დროს უნდა ეცხოვრათ. ჯერჯერობით დაახლოებითაც კი ვერ ვიტყვით, როდის ჰქონდათ იქ ქართველებს მოსახლეობა და რა დროს აყრილან იქიდან. ქართველი ტომების სხვადასხვა დროინდელი ბინადრობის ადგილის გამორკვევა შეიძლება ჯერჯერობით მხოლოდ XI საუკ. (ქრ. წ.) მოყოლებული; ისიც იმიტომ, რომ ასურული წყაროები ამ მხრივ ძვირფასს და უხვს ცნობებს გვაძლევენ; ამ მასალების საშუალებით მკვლევარს ადვილად შეუძლია განსაზღვროს, თუ სადა ცხოვრობდნენ ძველად უმთავრესი ქართველი ტომები. გერმანელმა მეცნიერებმა ჰ. გ ე ლ ც ე რ მ ა და ე. შ რ ა დ ე რ მ ა ქართულ ისტორიას დიდი სამსახური გაუწიეს მით, რომ ასურული წყაროებიდან ტაბალის და მუსკების შესახებ ცნობები ამოჰკრიბეს და შეისწავლეს.

ტაბალი და მუსკი, ანუ ტიბარენნი და მოსხები, XII-XI საუკ. ქრ. წ. გაცილებით უფრო სამხრეთით ბინადრობდნენ, ვიდრე IV საუკ. ქრ. წინათ. სალმანასარ II თავის 860-825 წ. (ქრ. წ.) წარწერაში ამბობს, „ტაბალის ქვეყანაში მიმავალმა ევფრატი გავიარეო“ (KB, I, 143); მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ევფრატის იქითა ნაპირას კუმმუხი მდებარეობდა; რაკი ტაბალის სამფლობელო იმავე მდინარის იქითა ნაპირას იდო, ამიტომ უეჭველია იგი კუმმუხის ცოტა ჩრდილოეთით უნდა ყოფილიყო; ამ დასკვნას ჩინებულად სარგონ მეფის სიტყვებიც ამტკიცებს; ტაბალელებმა რომ ტაბალელი ამრი თავისი მამის ჰჳლის ტახტზე დასვეს, მეც იმას ჩემი ქალი მივათხოვე და (მზითვად) გავაყოლე კილიკია, რომელიც იმის მამას არას დროს არა სჭერია, და ამით საბრძანებელი გავუდიდეო (KB, II, 57). ცხადია, რაკი შესაძლებელი ყოფილა, რომ კილიკია ტაბლის სამფლობელოსათვის მიემატებინათ, ალბათ კილიკია და ტაბალის ქვეყანა ერთმანეთის მოსაზღვრენი ყოფილან; მართლაც, მეფე ასარჰადონიც ტაბალელებს კილიკიელების მეზობლადა სთვლის. ამის გამო კილიკია ტაბალელების ქვეყნის სამხრეთ საზღვრად უნდა ჩაითვალოს.

ამგვარად, ტაბალის სამფლობელოს აღმოსავლეთით ევფრატი საზღვრავდა, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრით _ კუმმუხი, ხოლო სახრეთით კილიკია, ანუ როგორც მას ასურელები ეძახდნენ ჰილლაკუ; ერთი სიტყვით, ტაბალებს სწორედ ის მიწები ეჭირათ, რომელსაც შემდეგ დიდ კაპპადუკიას ეძახდნენ ხოლმე.

ტაბალის ქვეყანა დიდი უნდა ყოფილიყო: მეფე სალმანასარის სიტყვით მას 25 ტაბალელი მეფე აძლევდა ხარკსა; ამის გამო უეჭველია, რომ ზემოხსენებულ მეფე ამრის სამფლობელო მთელი ქვეყნის მხოლოდ ერთი ნაწილი იქნებოდა; იგი სახელდობრ ბიტ-ბურუტას მფლობელი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ, თუმცა მატიანეებში მეფე ამბარისი ტაბალის მეფედ იწოდება, მაგრამ სარგონის ცილინდრის წარწერაში მას ბიტ-ბურუტს მეფედ სთვლიან (KB, II, 43). ალბათ ბიტ-ბურუტა ტაბალის ერთ-ერთი მთავარი სამფლობელო იყო. ბიტ-ბურუტას გარდა ასურულ წყაროებში კიდევ ერთი ტაბალის სამთავროს სახელია მოხსენებული. ამ სამთავროს „მილიდდუ“-ს ეძახდნენ და მის დედაქალაქსაც მილიდდუ, ბერძნულად მელიტენე ერქვა. ამ სამთავროს მეორე დედაქალაქს ტულგარიმმი ეწოდებოდა. რომ იგი ტაბალს ეკუთვნოდა, ეს სანჰერიბის წარწერიდანა ჩანს; იგი თითონვე ამბობს: „ტაბალის ქვეყნის ქალაქი ტულგარიმმი ავიღე და მიწასთან გავასწორეო“.

ტაბალის ქვეყნის გარდა უძველეს ასურულ წარწერებში მოგვეპოვება ცნობები მოსხებისა და კოლხების, ანუ „კასკების“ შესახებ. ამის თაობაზე ივ. ჯავახიშვილი ჰყვება:

„ტიგლატ-პილესარ I-ის 1100 წ. (ქრ. წ.) წარწერიდან ვიცით, რომ მუსკებს (მესხებს) ბინადრობა კუმმუხის მახლობლად უნდა ჰქონოდათ. მეფე მოგვითხრობს, მუსკები ჩამოვიდნენ და კუმმუხი დაიპყრესო (KB, I, 19); ხოლო ჩვენ ვიცით, რომ კუმმუხის დასავლეთით, ანუ ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთისაკენ, ტაბალის ქვეყანა მდებარეობდა, სამხრეთ-დასავლეთით კი ჰილლაკუ, ანუ კილიკია. მაშასადამე, მუსკების ქვეყანა ტაბალის ჩრდილოეთით უნდა ყოფილიყო, ალბათ სამთავრო მილიდდუს ზევით. ტიგლატ-პილესარ I-ის სიტყვებიდანა ჩანს, რომ მუსკები ძლიერი ხალხი ყოფილა და ვერც ერთ წინანდელ ასურეთის მეფეს მათი დამარცხება ვერ მოუხერხებია, პირიქით, თურმე, მესხები იპყრობდნენ ასურეთის მოხარკე ქვეყნებს. ალბათ მუსკებს დიდი ადგილი სჭერიათ; მარტო კუმმუხის ასაღებად ხუთი მეფე წამოსულა და თითოეულ მეფეს, რასაკვირველია, თავისი საბრძანებელი ექნებოდა. ზოგიერთ მათგანს რამდენიმე ქვეყანა სჭერია. სარგონ მეფის (723-705) ხორსადაბადის დიდი წარწერიდანა ჩანს, რომ მარტო ერთს მუსკების მეფეს მიტას სამი ქვეყანა ჰქონია სამფლობელოდ (KB, II, 75). ამ მიტას ბერძნების მწერლები ფრიგიის მეფეს მიდასს ეძახდნენ, ხოლო ეს გარემოება ამტკიცებს, რომ ერთ დროს ფრიგიის მიწა-წყალიც მუსკებს უნდა ჰკუთვნებოდათ. თუ მესხებს ამაზე დასავლეთით არ უცხოვრიათ, მაშინ მუსკების მონაპირე დასავლეთის სამფლობელოდ ფრიგია უნდა ჩაითვალოს.

კოლხები, ანუ „კასკები“ (კასკი, კასკაჲა), როგორც მათ ასურელები ეძახდნენ ხოლმე, პირველად ტიგლატ-პილესარ I-ის 1100 წ. წარწერაში არიან მოხსენებული; მაგრამ მათი ბინადრობის ადგილის გამორკვევა მხოლოდ დაახლოებით შეიძლება. ტიგლატ-პილესარ III-ის (745-727) მატიანიდანა ჩანს, რომ კასკებს ტაბალის მახლობლად უცხოვრიათ, სახელდობრ მილიდუს მეზობლად (KB, II, 31); სარგონ მეფის (722-705) ცილინდრის წარწერაში კი „კასკუ“ ურარტუსა და ტაბალის შუაა აღნიშნული (KB, II, 41). ამიტომ კასკების ქვეყანა მუსკების ქვეყანა მუსკების და მილიდუს ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ უნდა დებულიყო; აღმოსავლეთით კი ურატრუს ანუ ვანის სამეფო იქნებოდა საზღვრად, ხოლო სამხრეთით შუაგულ ადგილას ნაირის ქვეყანა იქნებოდა“.

ასეთია, ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, უძველეს ასურულ წყაროებში დაცული ცნობები ქართული (შესაძლოა უფრო სწორი იყო გვეთქვა ქართველური, ან წინაქართული /პრაქართული, პროტოქართული/) ტომებისა და ხალხების ვინაობის, მდგომარეობისა და განსახლების შესახებ. და ამ ცნობებს უდიდესი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეთ ამ სფეროს მკვლევართათვის, ვინაიდან ისინი აღნიშნული პერიოდის თანამედროვე მოღვაწეთა მიერ გაკეთებულ წარწერებს წარმოადგენს; და არა საუკუნეებისა და ათეული საუკუნეების შემდეგ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით დაწერილ კონცეფტუალურ ნაშრომებს, როგორიცაა, მაგალითად, ქრისტეს შობიდან X ასწლეულში შექმნილი ლეონტი მროველის მატიანე, თუმცა არც ეს უკანასკნელი უნდა იყოს, და არც არის კიდეც, სათანადო ყურადღების გარშე დატოვებული.

თავად ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა ასევე ძველი ბერძენი ავტორების მიერ დატოვებული ცნობების უდიდეს მნიშვნელობას მათი თანამედროვე ქართული ტომებისა და ხალხების შესახებ, რასაც ჩვენს მკითხველს შემდეგ წერილებში გავაცნობთ ან კიდევ ერთხელ შევახსენებთ.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

ივ. ჯავახიშვილის ცნობები აფხაზების ვინაობის, განსახლებისა და ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიების შესახებ

ჩვენ არა ვართ საკმარისად ჩახედული აფხაზთა და ქართველთა ეთნოგენეზისის საკითხებში, და ამიტომ ამ სფეროში ბევრს ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე. მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ გასაოცარ ტენდენციურობას საქართველოში დღესდღეობით გაჩაღებულ იდეოლოგიურ კამპანიაში. და ეს გამოიხატება ჩვენში საყოველთაოდ აღიარებული ისტორიულ წყაროების მიჩუმათებასა და ასევე საყოველთაოდ აღიარებული ისტორიკოსის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის შეხედულების უგულვებელყოფაში. სახელდობრ, ჩვენ არ ვიცნობთ პავლე ინგოროყვას ნაშრომს, რომელშიც, როგორც ამბობენ კონკრეტულადაა გადმოცემული ცნობები XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდილო-კავკასიიდან აფხზეთში მთიელი ხალხების გადმოსახლების შესახებ, რასაც მნიშვნელოვნდ უნდა შეეცვალა დემოგრაფიული სურათი აფხაზეთში მისი ძირძველი მოსახლეობის საზიანოდ. მაგრამ დანამდვილებით გვაქვს წაკითხული XVII საუკუნის 30-40-იან წლებში საქართველოში მოღვაწე კათოლიკი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის წიგნში „სამეგრელოს აღწერა“, ცნობა იმის თაობაზე, რომ იმ ხანადაც კი, სანამდე პავლე ინგოროყვას მიხედვით ჩრდილოკავკასიელთა ჩამოსახლება დაიწყებოდა, აფხაზების სამეტყველო ენა იმდენად განსხვავდებოდა მეგრელების, სვანების, იმერელ-გურულების, ყარაჩაელების, ალანებისა და სხვა მეზობელი ხალხების ენებისგან, რომ ისინი ერთმანეთს თავ-თავიანთ ენებზე ვერაფერს აგებინებდნენ, თუკი რაიმე საჭიროების გამო ერთიმეორის სალაპარაკო ენას არ შეისწავლიდნენ. და ეს წლები, როგორც ვთქვით, წინ უსწრებდა პავლე ინგოროყვას მიერ აღწერილ კავკასიის მთიელთა აფხაზეთში გადმოსახლების მოვლენებს; ანუ მანამდეც აფხაზების ენა თავისი ლექსიკური აპარატით განსხვავდებოდა ყველა მეზობელი ხალხის ენებისგან, მათ შორის ქართების, ეგრებისა და სვანების ენებისგანაც, გნებავთ კილო-კავებისგან. არქანჯელო ლამბერტის ცნობები აფხაზების შესახებ ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ დღევანდელი მკითხველისთვის ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2009 წლის # 2 და 3-ში.

გარდა ამისა, აკად. ივანე ჯავახიშვილი 1919 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „საქართველოს საზღვრები _ ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“, სავსებით მკაფიოდ და გარკვევით აღნიშნავს, რომ ისტორიული აფხაზები, რომლებიც სახლობდნენ დიოსკურიის (დღევანდელი სოხუმის) ჩრდილოეთით და ჯიქები, რომლებიც სახლობდნენ შავი ზღვის სანაპიროს გაყოლებით თითქის ყირიმის ნახევარკუნძულამდე ერთმანეთის უახლოესად მონათესავე ხალხები გახლდნენ, რაზედაც მკაფიოდ მეტყველებს მათი გეოგრაფიული ადგილების სახელები, და კერძოდ ტოპონიმი ტუაფსე _ ანუ აფსუების სოფელი. ამაზე უფრო მკაფიოდ და ვრცლად ივ. ჯავახიშვილი საუბრობს თავის ნაშრომში „ქართველი ერის ისტორია“ (წიგ. I, 1960), განსაკუთრებით კი ამ ნაშრომის II დამატებაში სახელწოდებით „ქართველთა სხვადასხვა სატომო სახლები, სამშობლო და უძველესი ბინადრობა“. მასში ივ. ჯავახიშვილი, ნ. მარის მსგავსად, ძველ ასურულ და ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ აფხაზები მოსოხთა (მესხთა) ტომების ერთი ნაწილის შთამომავლებს წარმოადგენენ, რომ აფხაზები და აფსუები (აფსარები) ერთიდაიგივე ხალხია, რომ ტოპონიმები „ბას-იანი“, „ფაზ-იან-ოჲ“, „ფაზ-ისი“ და მთა „მას-ისი“ ამავე წარმოშობისაა და სხვა.

„ქართველი ერის ისტორიის“ I და II წიგნებში ივ. ჯავახიშვილი დაწვრილებით გადმოგვცემს აფხაზებისა და აფხაზეთის შესახებ არსებულ ისტორიას უკვე I-II ასწლეულებიდან ქრ. შ., ანუ ამიერკავკასიაში რომაელთა ბატონობის ხანიდან, XI ასწლეულში საქართველოს ერთიანი სამეფოს ჩამოყალიბებამდე. საიდანაც ჩანს, რომ აფხაზეთის მეფეებმა ლაზიკის, ქართლის, კახეთისა და ტაო-კლარჯეთის მფლობელებთან ბრძოლაში, ხოლო ზოგჯერ კი მათთან კავშირშიც, გადამწყვეტი სიტყვა თქვეს ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებში. დაბოლოს, იმავე ნაშრომში „საქართველოს საზღვრები _ ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“, ივ. ჯავახიშვილი სავსებით გასაგებად ამბობს, რომ კოდორის ხეობის შუაწელის, ანუ ისტორიული წებელდის მოსახლეობა XIX სუკუნის პირველ ნახევარში შედგებოდა არა სვანებისგან, არამედ ძირითადად მაჰმადიანი აფხაზებისგან. რომ მათ ყველაზე უფრო მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსულ ჯარებს, ხოლო საბოლოდ დამარცხების შემდეგ კი მთლიანად ოსმალეთში გადასახლდნენ. ამის შესახებ უფრო მკაფიოდ და გამოკვეთილად არის ნთქვამი 1890-იანი წლების მიწურულსა და 1900-იების დასაწყისში ლაიფციგისა და სანკტ-პეტერბურგის ერთობლივი გამოცემის ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის შესაბამის ტომებში გამოქვეყნებულ თავად ვ. მასალსკის წერილებში „ქუთაისის გუბერნია“ და „სოხუმი და სოხუმის ოკრუგი“. იქვე მოყვანილია იმ აფხაზური თემის სახელიც, რომელიც სახლობდა აქ ოსმალეთში გადასახლებამდე _ ზ ა მ ბ ა ლ ი, ასევე ცნობილია, რომ ეს გახლდათ თავად მარშანიების სამფლობელო.

ყოველივე ის, რაც ზემოთ გადმოვეცით, სავსებით მკაფიოდ და გარკვევით არის გამოქვეყნებული რუსეთის იმპერიის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა საქართველოს არსებობის ხანაში. მაგრამ რატომღაც 1970-იან, 80-იან და 90-იან წლებში ხდებოდა ამ ნაშრომებისადმი წაყრუება. ეს მიჩუმათება ხდებოდა, სამწუხაროდ ქართველი ისტორიკოსების მხრიდან, და გაუგებარია უმეცრება და ზერელობა იყო ამის მიზეზი, თუ ცბიერობა და მღვრიე წყალში თევზის ჭერის სურვილი. ვინაიდან ქართველი ხალხისა და საერთოდ საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ეს ცოდნა სქელტანიანი და სპეციალური ისტორიული შრომებიდან შესაბამისი საკითხების სამეცნიერო-პოპულარულად გადამუშავების საფუძველზე ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის კვალიფიციურად უნდა მიეწოდებინათ სწორედ ქართველ ისტორიკოსებს, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ამ ამოცანას თავი ვერ გაართვეს, რასაც შედეგად მოჰყვა ამდენი სისხლი, სირცხვილი, ტანჯვა, ნგრევა და მსხვერპლი. არადა, საქართველოში დღესდღეობით ასე ომახიანად დეკლარირებულ მმართველობის სისტემაში ასევე ცალსახად და მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ ხელისუფლების წყაროს დღევანდელ საქართველოში წარმოადგენს მისი მოსახლეობა; რომ საქართველოს ამომრჩევლები ირჩევენ ქვეყნის ხელისუფლებაში იმ პარტიებსა და ადამიანებს, რომელთა მიზნები, გეგმები და სამოქმედო პროგრამები მათთვის (ამომრჩევლებისთვის) უფრო მისაღები და მოსაწონია. მაგრამ როგორ უნდა განსაზღვრონ ჩვენმა ამომრჩევლებმა მათთვის მოსაწონი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სხვა ხასიათის მიზნები და ამოცანები, თუკი მათ საკუთარ ისტორიასაც კი არ ასწავლიან საფუძვლიანად, პასტიოსნად და კომპეტენტურად?

სწორედ ამ ხარვეზის შევსებას ისახავს მიზნად დღევანდელი ქართველი მკითხველისთვის შემოთავაზებული ეს ნაშრომი, რომელსაც რამდენიმე საჟურნალო წერილად დავყოფთ და წარმოვადგენთ. აქეთკენ გვიბიძგებს სურვილი იმისა, რომ ჩვენს წერილებში ქვემოთ შედარებით ნაკლებად იყოს პირადად ჩვენი მოსაზრებები, ხოლო უფრო მეტი ადგილი დაეთმოს ამონარიდებს ზემოთ დასახელებული წყაროებიდან. ეს კი წერილების შესაბამის მოცულობას მოითხოვს, სამაგიეროდ მოიპოვებს მკითხველის ნდობასა და გაუჩენს საქმეში უფრო კარგად ჩახედვის სურვილს.


* * *

ივანე ჯავახიშვილი 1919 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „საქართველოს საზღვრები _ ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“, წერს: „სრულიად საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის სამზღვარზე აფხაზეთი იყო და ეხლაც იგივე კუთხე ჰსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკას. ისტორიული ცნობის მიხედვით XI საუკუნეში ეს მოსამზღვრე ხაზი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან ჩრდილოეთით მდებარეობდა, სახელდობრ, იმ ადგილას, სადაც კავკსიონის მთავარი ქედი იწყებოდა. მოსამზღვრე ხაზად მდ. ყუბანის შესართავი და კავკასიის ქედის წვერი ითვლებოდა (ლ. მროველი, იხ. ქართველი ერის ისტ. II, 311 და 266). ასე ჩრდილოეთით იმიტომ იყო სამზღვარი წაწეული, რომ მაშინ ჯიქეთი და ალანთა ქვეყანაც აფხაზეთს ეკუთვნოდა. თუ ჯიქნი აფხაზთა მოძმე ტომი იყო და მათი აფხაზეთთან ერთობა სრულებით ბუნებრივად უნდა მიჩნეულ იქმნას, ალანთა შესახებ ამის თქმა არ შეიძლება.

მაინცადამინც ცხადია, რომ დოაბზუ ანუ ტუაფსე აფხაზთა საკუთრება იყო იმიტომ, რომ თვით ეს საგეოგრაფიო სახელი სწორედ ამას ნიშნავს. მაგრამ საკუთრივ აფხაზების ჩრდილოეთის სამზღვარი ბიჭვინთის მონასტრის ჩრდილოეთით მდებარეობდა (იხ. ქართველი ერის ისტ. II, 315), ხოლო ამის შემდგომ უკვე აფხაზთა ტომის ჯიქების მიწა-წყალი იწყებოდა.

ვახუშტის სიტყვით მის დროინდელს, XVIII საუკუნის, აფხაზეთსა და ჯიქეთს შორის სამზღვრად ზღვა და კაპოეტის წყალი იყო (გეოგრაფია 406 და 408), ჯიქეთის ჩრდილოეთის სამზღვარი კი წინანდებურად კავკასიონის ქედი ყოფილა... 1732 წ. ალექსანდრე მეფის ბრძანებით შედგენილს დასავლეთ საქართვლოს რუკაზე და სრულიად საქართველოს მოსკოვში 1743 წ. გადახატულ რუკაზე ეს მდინარე ბიჭვინტის ჩრდილოეთით არის აღნიშნული. მაშასადამე კაპოეტი ეხლანდელი მდ. ბზიბის ძველი სახელი უნდა იყოს“.

შემდეგ ივ. ჯავახიშვილი აგრძელებს: „თუ 1743 წ. რუკას დავხედავთ, იქითგან სჩანს, რომ სამზღვარი მდ. კაპოეტის წყალზე ანუ ბზიბზე კი არა ყოფილა, არამედ ამ მდინარის ჩრდილოეთით მდებარე კავკასიონის ქედ-ქედ. ბურნაშოვის მიერ შედგენილს რუკაზედაც სამზღვარი კაპოეტის წყლის ანუ ბზიბის საკმაოდ მოშორებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და მიმდინარეობს. ყველა ამ საბუთების გამო უნდა დავასკვნათ, რომ მდ. ბზიბი მთლად თავის შემდინარეებით აფხაზეთის სამზღვრებში იყო, ამიტომ მოსამზღვრე ხაზი უეჭველია ამ მდინარის აუზის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მდებარე გამყოფელი ქედის-ქედ უნდა ყოფილიყო გავლებული.

ამ ადგილიდან მოყოლებული აფხაზეთის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადახრილი სამზღვრის ხაზი კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ქედ-ქედ მიდიოდა და ეხლაც მიდის სვანეთამდის“.

როგორც მოყვანილი ამონარიდიდან ვხედავთ, ივ. ჯავახიშვილს ტოპონიმი „დოაბზუ“ ანუ „ტუაფსე“ აფხაზური წარმოშობისად მიაჩნია, და მდ. ბზიფის აუზის ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან მოყოლებული მდ. ყუბანის აზოვის ზღვაში შესართავამდე, ტამანის ნახევარკუნძულის ჩათვლით დასახლებულ ჯიქებსაც აფხაზების ახლო ნათესავებად თვლის. მაშინ შეგვიძლია დავაზუსტოთ, რომ ივ. ჯავხიშვილისთვის აფხაზების ძველი ენა, ყოველ შემთხვევაში VIII-IX ასწლეულებშიც, როცა გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“ სწერდა, არის სწორედ ის ენა, რომელზედაც ისინი დღესდღეობითაც ლაპარაკობენ. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ ტოპონიმი „ტუაფსე“ სავსებით ორგანულად ეთვისება აფსუების (აფსარების) ენას.

ისტორიულ წყაროებში ამიერკვკასიაში აფხაზების პირველი მოხსენიებისა და საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ივ. ჯავახიშვილი საუბრობს თავისი ფუნდამენტური ნაშრომის „ქართველი ერის ისტორიის“ პირველ ტომში. და ეს მოხსენიება უკავშირდება რომაელთა დაპყრობებს, მათი ისტორიკოებისა და მოხელეების მიერ შედგენილ წერილობით ნაშრომებს. სახელდობრ იგი ამბობს, რომ რომის რესპუბლიკის ქვეშევრდომი ბერძენი ისტორიკოსის დ ი ო ნ კ ა ს ი ო ს ი ს მიხედვით: „პირველად რომაელებმა საქართველოში ფეხი შემოდგეს 65 წელს ქრ. წ.; თავის თანამოძმეებს გზა გაუკვლია სარდალმა პომპეიუსმა, რომელიც იმ დროს მითრიდატ მეფეს ეომებოდა... (მითრიდატე პონტოელის დამარცხების, სომხეთისა და იბერიის დამორჩილების შემდეგ) ძლევამოსილი პომპეიუსი... დაიძრა და კოლხეთში გადავიდა და იქ მეფედ არისტარხი დააყენა. ასე შემოდგეს ფეხი რომაელებმა საქართველოში: რაკი ერთხელ გზა გაკვალული ჰქონდათ, კავკასიას ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე. ამიერიდან საქართველო რომაელების მძლავრი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა“.

თუმცა კი ამ ძლიერი გავლენის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის პომპეუსის კვალდაკვალ წინა აზიასა და ამიერკავკასიაში ლაშქრობა მოუწიათ რომაულ ლეგიონებს იულიუს კეისრის, პუბლიუს კანიდიდუს კრასუსისა და რომის პირველი იმპერატორის გაიუს იულიუს ოქტავიანე ავგუსტუსის (29 წ. ქრ. წ. _ 14 წ. ქრ. შ.) სარდლობით. ამის კვალდაკვალ დაიწყო ირანისა და რომის მრავალსაუკუნოვანი მეტოქეობა ამიერკავკასიაში, რომელშიც უფრო აქტიურად იყო ჩართული იბერიის სამეფო, თუმცა კი დასავლეთ საქართველოც მონაწილეობდა ამ დაპირისპირებაში. მაგრამ ივ. ჯავახიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „თუ ქრ. წ. პირველი საუკუნის II ნახევარში კოლხეთი იბერიის მსგავსად ერთ სახელმწიფოს შეადგენდა და მთელი დასავლეთი საქართველოს მიწა-წყალს შეიცავდა, რომელსაც სათავეში ერთი მეფე ედგა, ქრ. შ. II საუკუნის პირველ ნახევარში მდგომარეობა ძირიანად შეცვლილი ყოფილა.

ფ ლ ა ბ ი ო ს ა რ რ ი ა ნ ე ს თავისს 134 წ. დაწერილსა და ადრიანეს კეისრისადმი მირთმეულ მოხსენებაში აღნიშნული აქვს, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჯერ ლაზთა სამეფო იყო, შემდეგ უფრო ჩრდილოეთით აფშილების სამეფო მისდევდა, რომელთაც უფრო ჩრდილოეთით აფხაზთა სამეფო და ამაზე უფრო ზევით სანიგების სამეფო მდებარეობდა. ამგვარად, თუ წინათ, მაგ. პომპეიუსის დროს, კოლხეთში ერთი მთლიანი სამეფო და მხოლოდ ერთი მეფე, არისტარხი, ჩანს, 134 წელს ქრ. შ. ამავე მიწა-წყალზე უკვე ოთხი სახელმწიფოებრივი ერთეულია და ოთხი მეფე ზის. არრიანეს მოხსენებიდან არა ჩანს, რომ რომელიმე ამ ოთხ მეფეთაგანი უფროსად და უზენაესობის მქონებელად ყოფილიყოს მიჩნეული. ამ მოხელეს არც ის აქვს აღნიშნული, რომ ამ ოთხ სამეფოს ურთიერთშორის რაიმე პოლიტიკური დამოკიდებულება ყოფილიყო. რაკი ამის შესახებ ა რ რ ი ა ნ ე სდუმს და თანაც ის კი აღნიშნული აქვს, რომ ლაზთა მაშინდელ მეფეს მალასს ხელისუფლება ადრიანე კისრისაგან ჰქონდა მიღებული, აფშილების მეფეს იულიანეს მეფობა ადრიანეს მამისაგან მიღებული ჰქონია, რომ აფხაზთა მეფე რისმაგსა და სანიგთა მეფეს სპადაგსაც ადრიანე კეისრისაგანვე მიუღიათ მეფობა, _ ყველა ეს გარემოებანი ცხად-ჰყოფენ, რომ ლაზთა მეფე წინანდელი კოლხეთის მეფის მსგავსად მთელი ქვეყნის, მთელი დასავლეთი საქართველოს უზენაესი მფლობელი აღარ ყოფილა. აფშილების, აფხაზებისა და სანიგების მეფეებს თავიანთი ხელისუფლება ლაზთა მეფისაგან კი არ ჰქონიათ მიღებული, არამედ რომის კეისრისაგან, რომლისგანაც თვით ლაზთა მეფეც ყოფილა დამტკიცებული. მაშასადამე, მათ შორის უფლებრივად თითქოს არავითარი განსხვავება არც უნდა ყოფილიყო, განსხვავება შეიძლება მნიშვნელობაზე ყოფილიყო უმთავრესად დამყარებული“.

შემდეგ ივ. ჯავახიშვილი აგრძელებს: „ფოთში, რომელსაც მაშინ ფაზისი ეწოდებოდა, და დიოსკურიაში, რომელსაც II ს-ში სებასტოპოლისს ეძახდნენ, რომის კეისარს მეციხოვნე ჯარი ჰყოლია. ფოთში 400 რჩეული მეომარი ყოფილა ჩაყენებული.

ამ ქალაქს წინათ თუ მიწის ზღუდე ჰქონია და ზედ ხის კოშკები მდგარა, რომაელებს შემდეგ ზღუდეცა და კოშკებიც მტკიცე საძირკველზე გამომწვარი აგურისგან ამოუყვანიათ. ციხის კედლებზე სამხედრო მანქანები და ყოველგვარი საბრძოლველი სახმარი დაუდგამთ. ციხის ზღუდეს გარშემო ორმაგი განიერი თხრილი ჰქონია შემოვლებული.

ფოთის ციხეში თუ მეციხოვნე ჯარი იდგა, ციხის გარეთ ნაჯარისკაცალი პირები და ვაჭრები ცხოვრობდნენ. არრიანეს ამ ციხის გარეთ მდებარე ქალაქის დასახლებული გარეთუბნისათვისაც თხრილი გაუვლია მდ. რიონამდე. ამგვარად ნავთსადგური და გარეუბანიც თხრილით იყო დაცული.

ფაზისის ანუ ფოთის ციხე ბუნებრივი პირობების გამოც მაგარ და შეიარაღებითაც კარგ ციხედ ყოფილა მიჩნეული, რომელსც ნაოსნობაც უნდა თავდასხმისაგან უზრუნველ-ეყო და ეს მნიშვნელოვნი ნავთსადგური და ქალაქი „ბარბაროსთა“ არამცთუ გარმოცვისაგან, თავდასხმის შესაძლებლობისგანაც კი დაეცვა (არრიანე, 12 და 14, და ლატიშევის S. C. I, 221-222).

დიოსკურიაშიც მეციხოვნე და ცხენოსანი ჯარი მდგარა და იქვე სურსათის ბეღლებიც ყოფილა მოწყობილი.

ყველა ამ ცნობიდან ჩანს, რომ რომს შავი ზღვის საქართველოს სანაპირო თავისთვის საუცხოოდ გაუმაგრებია და აქ ფეხი მტკიცედაც ჰქონია ჩამდგარი, თავისი გავლენისა და ბატონობის დასაცავად დიდი ღონისძიებც ჰქონია ნახმარი. მაგრამ ზემოაღნიშნულიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ის გარემოებაა, რომ მთლიანი დასავლეთი საქართველოს მაგიერ 134 წ. ქრ. შ. უკვე ქვეყანა ოთხ სამეფოდ დაქუცმაცებული ყოფილა. როგორც ჩანს, რომალებს თავინთი საყვარელი პოლიტიკური მცნება divide et impera („დაყავი და იბატონე“) აქაც განუხორციელებიათ და გაერთიანებული კოლხეთის მაგიერ ოთხი სამეფოს შექმნისათვის ხელი შეუწყვიათ. მომავალში უნდა გამოირკვეს, როდის და როგორ უნდა მომხდარიყო სახელდობრ ეს ამბავი.

ანტონინე კეისარს ლაზებისათვის მეფედ თურმე ბაკური (Pacorum) დაუნიშნავს”.

აქ უკვე შევწყვეტთ ამჯერად ივ. ჯავახიშვილის მიერ გადმოცემული აფხაზეთის ისტორიის შესახებ თხრობას. ჩვენი მკითხველის ყურადღებას კიდევ ერთხელ მივაპყრობთ იმაზე, რომ გამოჩენილ ქართველ ისტორიკოსს აფხაზები და აფსუები ერთიდაიგივე ხალხად მიაჩნია, ტოპონიმ „ტუაფსეს“ გამოისობითაც, ისტორიული ჯიქების ახლო ნათესავ ტომად. აფხაზების განსახლების ადგილად ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდანვე მიიჩნევს დაახლოებით მათ ახლანდელ სამოსახლოს. მაგრამ ივ. ჯავახიშვილს ყურადღება არ მიუქცევია ერთი გარემოებისთვის, რომ აფხაზების მეფედ ფლავიოს არრიანე ასახელებს რისმაგს, ხოლო ეს სახელი დღევანდელ საქართველოში არ უნდა იყოს გავრცელებული აფხაზეთში, არამედ სვანეთში. ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში იყო ასევე მეფე საურმაგი, სვანების მეფედ კი არრიანეს დასახელებული ჰყავს სპადაგი. სამაგიეროდ, სულ ახლახანს, საქართველოს ტელეეთერში უჯარმის ქალაქისა და ციხესიმაგრის ისტორიაზე მომზადებულ გადაცემაში მოხსენიებული იყო ქართლის სამეფო ოჯახის წევრი ასტამური, ხოლო ეს სახელი თანამედროვე ხანაში უფრო აფხაზეთშია გავრცელებული. ეს შესაძლოა მიგვანიშნებდეს უძველესი ქართველებისა და აფხაზების ეთნიკური ნათესაობის შესახებ, მაგრამ ეს უკვე შესაბამისი სპეციალისტების კვლევის საგანია და ღმერთმა ხელი მოუმართოთ მათ ამ საქმეში.

ასევე გვინდა მკითხველის ყურადღება მივაქციოთ იმაზე, რომ ნ. მარსაც და ივ. ჯავახიშვილსაც მოსხების უძველეს სახელწოდებასთან დაკავშირებულად მიაჩნიათ როგორც სახელი „აფხაზი“ შემდეგი განვითარების გავლით: „მოსხი“ _ „მესხი“ _ „მასხი“ _ „ბასხი“ _ „აბასხი“ _ „აბასგი“ _ „აფხაზი“, ასევე საგეოგრაფიო სახელები „ბასიანი“, „ფაზისი“, მთა „მასისი“; დავუმატებდით, შესაძლოა ასეთივე წარმოშობისა იყოს კოლხთა მითიური მეფის აიეტის ძის სახელიც _ აფსირტე, ასევე ტოპონიმი _ აფსაროსი. ყოველ შემთხვევაში, ქართველ ისტორიკოსებს რომ ბგერათა მსგავსი შეხამება ენახათ, რომელშიც იქნებოდა „ქარ“, „ქალ“, „კარ“ _ მაშინ არ დააყოვნებდნენ და ქართულ სამყაროსთან მის დაკავშირებაზე იფიქრებდნენ, ხშირად საფუძვლიანადაც; მაშინ რატომ უწყდებათ ხმა და უშეშდებათ ხელი, როდესაც „აფსირტესა“ და „აფსაროსის“ აფსუებთან (აფხაზებთან) დამაკავშირებელი ძაფების მოკვლევა არის საჭირო? რატომ მიაფუჩეჩეს და აფუჩეჩებენ ნ. მარისა და ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებას ტოპონიმების „ბასიანისა“ და „ფაზისის“ ნათესაობის შესახებ ეთნონიმ „მოსოხ“, „აბასხ“, „აფხაზთან“, და რატომ ახდენენ მის მიკუთვნებას მხოლოდ ქართული სამყაროსადმი (ქართულად „პრივატიზაციას“), აფსუებს (აფსარებს) კი ადიღეურ-ჩერქეზულ სამყაროში „ჩაწერას“ უმკვიდრებენ. თუკი თავად ჩვენ ვკრავთ ხელს აფხაზებს (აფსუებს) წინაქართული სამყაროდან ადიღეურ-ჩერქეზულისკენ, მაშინ რატომღა გვიკვირს შემდეგ ჩვენს შორის ჩამოწოლილი გაუცხოება და მტრობა? თუკი ჩვენ გვავიწყდება, რომ ისტორიკოსი არის „წარსულში გადასული წინასწარმეტყველი“ და ისტორია გვჭირდება მხოლოდ სუფრაზე ლამაზ-ლამაზი სადღეგრძელოებისთვის, სავსე სტომაქით გაბღენძვისა და ყანწით ხელში თვალების ბრიალისთვის, მაშინ რაღატომ გვიკვირს ჩვენი ზნეობის დაკნინება და დაცემა, ჩვენში მომრავლებული სიცრუე და ცილისმწამებლობა? ღმერთმა მოგვიყვანოს სწორ გზაზე და გვატაროს უფლისა და მოყვასის სიყვარულით.

შემდეგ წერილებში შევეცდებით ჩვენს მკითხველს გავაცნოთ ივ. ჯავახიშვილისეული ხედვა აფხაზთა და დანარჩენ ქართველთა წარმოშობისა და თავდაპირველი საცხოვრისის შესახებ.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

Monday, December 6, 2010

წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) აზრები

წერილიდან: „ოსმალოს საქართველო“.

ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვისი სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისი სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი _ აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის მყოფლს სავანესა და სინიდისის თავისუფლებას.

არ გვაშინებს... ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენს ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისსა, და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თვისს პატიოსანს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლმორეული ქართველი. და თუ ამისათვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს ჯერ ჩვენი სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუ-დრკება და თავს არ შესწირავს მას, რისთვისაც ორი ათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამა-პაპათა...

წერილიდან: „აი ისტორია“.

„ინტენსიური ცხოვრება“ ერთსა და იმავე დროს სათავეც არის და შედეგიც კულტურისა, რომელიც ათასის წლობით შენებულა, აგებულა, მართალია კაცობრიობის დაუღალავ და დაუძინებელ ჯაფით, გარჯითა და მხნეობით, მაგრამ იმისათვის კი არა, რომ ღონისგან დაიცალოს, არამედ იმისათვის, რომ უფრო გაღონიერდეს, გაძლიერდეს, გამოფოლადდეს, გამოჯიქდეს არსებობისათვის საჭიდაოდ. ამიტომაც კულტურა და მასთან განუყოფელი ინტენსიური ცხოვრება კაცობრიობის ღონისა და სიმკვიდრის დედაბოძია, ქვაკუთხედია.

ცივილიზაცია, ანუ წარმატებულობა ადამიანისა, მიზეზი კი არ არის, არამედ შედეგია ყოველ იმ ძალ-ღონისა, რომელნიც ერთად კრებულად მოქმედობენ კაცობრიობაში საზოგადოდ და თვითოეულ ერში ცალკე. ამგვარს ძალ-ღონეს სოციალურ ძალ-ღონეს ეძახიან. ცოდნა, გონებრივი და ზნეობრივი აღმატებულობა, მრეწველობის სიმდიდრის მეტნაკლბობა, რწმუნება იმ საგნების მიმართ, რომელიც ადამიანისთვის უდიდესად მისაჩნევია, მმართველობა, წეს-წყობილება ოჯახებური, საზოგადოებური, სამოქალაქო, კანონები, ჩვეულებანი, ზნე-ხასიათი და სხვა ამისთანა სულ ერთად და ერთს დროს მომქმედნი, ჰქმნიან იმას, რასაც რომელისამე დროის მდგომარეობას ერისას, თუ კაცობრიობისას, ეძახიან, ანუ ცივილიზაციას, თავისის მეტ-ნაკლებობით.

თითონ ენა ადამიანისა, მისი სიტყვიერება, მთელი ხელთუქმნელი ისტორიაა ერისა ცალკე და კაცობრივისა საზოგადოდ. ეთნოლოგიური აღწერა კაცთა ნათესავისა, ყოველის ცალკე თესლისა დედამიწის ზურგზედ, ბევრს რასმე მოგვითხრობს მასზედ, თუ ვინ და რა საიდამ წამოსულა, როგორ უვლია და სადამდე მისულა.

...ადამიანის გონებას ყველგან ერთისა და იმავე გზით უვლია თავის წარმატების გზაზედ, ერთნაირს შიშსა და საფრთხეს ერთნაირი წამალი მოჰყოლია და ერთნაირ მიზეზს ერთნაირად გადაუხრია, ერთნაირად გაუტაცნია გონება.

ნუ დაგვემდურებით, რომ ასე შორიდამ და გრძლად მოვუარეთ. ჩიტი ბრდღვნად არა ჰღირდა, უკან დევნა მეტი იყოო. მართალია ეს, მაგრამ ასე სასაცილოდ აგდება ყველაფრისა, ასეთი შელახვა და შებღალვა ლოღიკისა, ცოდნისა, მეცნიერებისა, ლიტერატურისა, ნამყოსი, აწმყოსი, მერმისისა, ასეთი „იყო და არა იყო რა“, მარტო იმისათვის, რომ კაცმა ბოლოს და ბოლოს გვითხრას, სრული ინტენსიური ცხოვრება ღონისაგან სცლის ერსა და არა-ინტენსიური კი ძალ-ღონეს უნახავს მერმისისათვისაო _ რაც გინდა სთქვით _ ბრდღვნადაცა ჰღირს და დევნადაც.

ყველაზე ძველი ლურსმული ნაწერი, რომელიც ჩვენ გვიხსენიებს, ეკუთვნის ასურელთა მეფეს თუგლათ-პალასარსა, (ქრისტეს შობამდე) მეთორმეტე საუკუნეში მცხოვრებელს. მას მერმედ ჩვენ გვიხსენიებს მეცხრე საუკუნეში ასურელთა მეფევე ასურ-ნაზირ-აბალი და აქედამ ჩვენი ხსენება არ შეწყვეტილა ასურ-ბან-აბალამდე, რომელიც ცხოვრობდა 668-625 წ. ქრისტეს შობამდე, და ამის შემდეგ ხომ მიდ-სპარსნი, ესე იგი ირანი გამოდის და ირანს ხომ ენაზედ აკერია ჩვენი ხსენება...

ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად პოლიტიკური ქვითკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილების გასაერთებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა. დრო იყო ამისთანა და სხვა არა-რა ელემენტი მაშინ შემძლებელ არ იყო ეს ჩვენის ისტორიის დასაბამიდამ სასურველი ერთობა დაედგინა. სხვათა შორის, ქართველი ერი ამისთვის უფრთხილდებოდა თავის რჯულს, რომელიც, თავის შინაგან ღირსების გარდა, დუღაბობას უწევდა ერთობასა.

ნუთუ ძველისძველ საქართველოს მეისტორიემ ეს ანბანი არ უნდა იცოდეს, რომ მას შემდეგ, რაკი სომხეთი შეიმუსრა, სამხრეთი ჩვენი ღია დარჩა მტერთათვის შემოსასევად. ამ მიზეზით, სომხეთის შემუსვრის შემდეგ, არც ერთი მეფე არ ყოფილა ღირსეული ამ სახელისა, რომ თვალი სამხრეთისაკენ არა სჭეროდეს და აქეთ საბრძოლველად არ გასულიყოს, რომ ან ჩვენი მიჯნა სამხრეთისა საქართველოზედ შორს გაედგა მოსვნებისა და უშიშროებისათვის, ან მტერთათვის ისეთი ზარი არ დაეცა, რომ დიდხანს აღარა შემოებედნა-რა საქართველოსათვის. ეს იყო პოლიტიკური საჭიროება, რომელიც ეთავდებებოდა ჩვენს მშვიდობით ყოფნასა და არსებობასა... განა სულელები იყვნენ დავით აღმაშენებელი და მისნი შემდგომნი თამარამდე და თამარის შემდეგ სხვა მეფენიც, რომ სულ აქეთ იწევდნენ საომრად?! ქართველებს ამ მხრით გამაგრება რომ მოესწროთ, _ ვინ იცის _ საქართვლოს ბედი როგორ დატრიალებულიყო.

ხოლო არის სხვა კრიტიკა, რომელსაც მეცნიერული კრიტიკა ჰქვიან. იგი „ჰოს“ სათქმელსაც და „არას“ სათქმელსაც ერთნაირის სიფრთხილით, ერთნაირის აწონ-დაწონვით ეპყრობა. იგი იმითაა ღირსეული, რომ „ჰოს“ საბუთსაც ისეთივ გულმოდგინებით ეძიებს, როგორც „არას“ საბუთსა, რადგანაც სახეში მარტო მართალი აქვს და სხვა არა-რა. ამისთანა კრიტიკა მართლმოყვარე გამომძიებელია და მართლგამკითხავი სასწორი: თუნდ რომ „ჰოს“ გზით შეუდგეს თავის საქმეს, თუნდ „არას“ გზით, ორმავე გზამ მართალთან უნდა მიიყვანოს. ამიტომაც კრიტიკა ერთს გზასაც ჰხმარობს და მეორესაც, მისდა მიხედვით, თუ რა საქმეში რომელი უფრო უტყუარად და ადვილად აპოვნინებს მართალს.

ერთგან ჩვენი ავტორი ამბობს, რომ მარტო ერთს ისტორიას ენისას შეეძლო აღედგინა ჩვენთა თვალთა წინ სრული სურათი ისტორიის წინათ-დროინდლ ქართველებისაო. დალოცვილს ის კი დავიწყებია, რომ თვითონ ენაა იგი სარკე, გადმომცემელი ცოტად თუ ბევრად მაგნაირ სურათისა... განა ამისთანა სიტყვები, რომელიც ჩვენს ენას დღევანდლამდე შერჩენია, არაფრის მთხრობელნი არიან, მაგალითებრ „წყალობა, მიწყალე, შემიწყალე, მოწყალება“. აქ ყველგან წყალი ისმის და ამისთანა ცხოცხალი მოწმე განა არ გვეუბნება, რომ პირვანდელი ბინა ქართველებისა ისეთი მშრალი ქვეყანა ყოფილა, რომ „წყლობა“ ნატვრისა და ვედრების საგნად გახდომია... ან სიტყვა „მიცვალება“, „მიცვალებული“, რომელიც მოკვდომასა და მკვდარს ნიშნავს, მაგრამ არა სრულიად გაარარაებას, არამედ „გარდაცვლას“, სხვა სახედ გადასვლას. ნუთუ ამაში გონების ხელმოსაჭიდებელი არა არის რა, რომ კაცმა უტყუარი აზრი შეადგინოს მასზედ, თუ როგორ სწამებია ქართველს ის დიდი მოქმედება ბუნებისა, რომელსაც სიკვდილი ჰქვიან. ან ქალის „გათხოვება“, „მითხოვება“ განა არას გვეუბნება, რომ უწინდელ ქარტველის ცოლის შერთვაში „თხოვებას“ რაღაც ადგილი სჭერია. განა ეს სიტყვა არ ასურათებს პირველყოფილ ქართველს ცოლ-ქმრობის შესახებ...

პირველდაწყებით რჯულად მეცნიერებაში ცნობილია თაყვანისცემა ცისა: რა თეორიაც არ უნდა წაიმძღვაროს კაცმა, თუნდ სპენსერისა, რომელსაც პირველდწყებითი რჯული ადამიანისა გამოჰყავს წინაპართა სულის თაყვანისცემისაგან, თუნდ ამისი წინააღმდეგი თეორია სხვებისა და, სხვათა შორის, კარიერისა, რომელსაც სათავედ პირველდაწყებითი სარწმუნოებისა მიღებული აქვს თვით გარემოხვეული ბუნება და მისი უშუამავლო, პირდაპირი ზემოქმედება პირველყოფილ ადამიანის გრძნობა-გონებაზედ, _ მაინც იქ მიხვალთ, რომ პირველდაწყებითი სარწმუნოება თაყვანისცემაა ცისა...

ეს ცის თაყვანისმცემლობა ერთ ღმერთს მოასწავებდა, არა იმისთანას, რომ ეპირისპიროს მრავალღმერთობას, რადგანაც მრავალღმერთობის აზრიც არ იყო ჯერ იმ ხანაში. ამ პირველყოფილ ერთ-ღმერთობას _ კარიერის სიტყვით _ მოჰყვა მრავალ ღმერთობა, სახელდობრ, თაყვანისცემა მნათობთა _ მზისა, მთვარისა და ვარსკვლავებისა. ეს მნათობთა გაღმერთება და თაყვანისცემა შეადგენს შემდეგს ხანას სარწმუნოებურ გრძნობის განვითარებისას.

უყურადღებოდ დასაგდები არ არის სამგვარი ცნობა ჩვენის მატიანისა ჩვენის უძველეს რჯულის შესახებ. ერთი ისაა, რომ თავდაპირველად ქართველები ერთს ღმერთსა სცემდნენ თაყვანსაო და ეს, როგორცა ვნახეთ, ესეც უნდა ყოფილიყო პირველ დასაწყისში, ვითარცა კარიერი გვემოწმება საზოგადოდ, როცა პირვლყოფილ სარწმუნოებაზედ ლაპარაკობს. მას მერმეთ ქართველებს, ჩვენის მატიანეს სიტყვით, მრავალ-ღმერთობა შემოუღიათ და ბოლოს ხომ კერპთმსახურება. არც ერთი ეს ცნობა არ ეწინააღმდეგება ისტორიულს დასკვნასა მასზედ, რომ ყველა ამ კიბით უვლია რჯულის განვითარებასა და წარმატებას. მესამე ცნობა, რომელსაც, ლენორმანის სიტყვით, ისტორიული საბუთი აქვს, _ ეგ სამეულობაა ღმერთებისა, და ჩვენი „ქართლის ცხოვრება“, როცა ბოლონდელ დროშიაც სამეულს ღმერთებს იხსენიებს, მხარ-და-მხარ უდგება ისტორიულს საბუთსა.

შესანიშნავი ამ სამეულ ღმერთების გამო ის არის, რომ ქართველებს არამც თუ ასურელთა ეპოქაში, მერეც, მცხეთის გაძლიერების დროს, ეს სამეულობა არ დაუკარგავთ. ამას ამტკიცებს ჩვენი „ქართლის ცხოვრება“, რომელიც ფარნავაზის დროსაც სამეულს ღმერთებს გვისახელებს: „არმაზს, გაიმს და გაცს“ და უმატებს, რომ ამასთანავე „ქართლოსის“ საფლავს ჰლოცულობდნენ და ჰფიცავდნენო.

ძალიან ჭკუას ახლოა და ადვილად საფიქრებელი, რომ ლურსმულ წარწერილში მოხსენიებული „ქალდი“, „ქალდისი“ იგი „ქართლისი“ იყოს, რომელიც მერე, ბიზანტიის ზედგავლენით, „ქართლოსად“ გადაკეთდა და რომელიც ქართულმა მითოლოგიამ დაგვისახელა ქართველ-ყოფილ წინაპრად, და რომელსაც ქართველნი მერეც თაყვანს სცემდნენ, როგორც ჩვენი მატიანე გვაუწყებს.

რაკი ასეა და ბუნების დიდნი მოვლენანი უმეცნო კაცისათვის გაუგებარნი არიან, მაშ რა ჰქმნას ახლად ფეხადგმულმა გონებამ კაცისამ, თუ მიზეზად ყოველ ამისთანა მოვლენისა არ იწამოს რაღაც ყოვლად-შემძლებელი, უხილავი არსება და იმას არ მიაწეროს შექმნა და მოვლინება ყოველ იმისა, რის მიზეზი და სათავეც თვითონ ვერ გამოუცვნია და ვერ მისწვდომია. აქედამ არის წარმომდგარი ის, რომ უწინდელ დროების ერნი, და ეხლაც ველურნი, ყველა ამისთანა მოვლნის ასახსნელად ცალკე ღმერთსა ჰქმნიან და ღმერთი ხომ ყოვლად შემძლებელია... სხვადასხვა რჯულთა, სხვადასხვა ერთა შედარება გვიმტკიცებს, რომ ადამიანის გონებას ყველგან ამ გზით უვლია და ყველა მოვლენასა თუ საგანში ცალკე მიუწვდომელი ძალი დაუგულვებია და ცალკე ღმერთი შეუქმნია ამ ძალის მომასწავებლად, მიზეზად და დასაბამად. აქ უნდა შვნიშნოთ, რომ ყოველ ამ შემთხვევაში ძალია საგნისა გაღმერთებული ხოლმე და არა თითონ საგანი. მაგალითებრ ძალი მზისა, რომელიც ნათელსა და სითბოს აფენინებს, და არა თითონ მზე.

რათ გასწირა „ნოვოე ობოზრენიე“-მ ასე უწყალოდ ქართველობა და ქართვლთა ინტელიგენცია? რათ მოექცა ასე უსამართლოდ, ასე უსაბუთოდ ერთსაცა და მეორესაც? რომელმა ქართველმა და რომელმა მონაწილემ ინტელიგენციისამ წამოროშა ამისთანა სულელობა, რასაც „ნოვოე ობოზრენის“ სწამებს? სად და როდის წამოროშა, არ შეიძლება გვიჩვენოს?! იქნება გვითხრან, ჩვენის ყურით გაგვიგია ბულვარის აკადემიკოსებისაგანო, და განა საკადრისია სალიტერატურო ორგანოსათვის ბულვარის სულელობა აიღოს და თავზე მოახვიოს მთელს ინტელიგენციას, მთელს ქართველთა საზოგადოებას და ამისათვის სამარცხვინო ბოძზე გააკრას ერთიცა და მეორეც?! თითონ „ნოვოე ობოზრენიე“ ჰგრძნობს, რომ აქ ინტლიგენცია და ქართვლთა საზოგადოებაც სამარცხვინო ბოძზეა მისგან გაკრული და ამიტომ თუ ამბობს გულითადის მწუხარებით:

„განა არ არის მტკივნეული ამის დანახვა?..“ (რუს. „ნე ბოლნო-ლი ვიდეტ ეტო?..“)

ვსთქვათ, რომ „მტკივნეულია“ (რუს. „ბოლნო“) და თქვე დალოცვილებო, რაზედ გაიჭირეთ საქმე? ხომ თქვენვე სჭრით და თქვენვე ჰკერავთ, ვისი რა ბრალია?!

წერილიდან: „ძველი საქართვლოს ეკონომიკური წყობის შესახებ“.

უეჭველია, რომ ჩვენს ხალხს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია თავისის ცხოვრებითა და თვითმოქმედებითა. უეჭველია, რომ ამ ორი ათას წელს იმისთანა ხანა ისტორიისა არ დასდგომია, რომ მტრისაგან მოსვენებული ყოფილიყოს ზედ მიყოლებით და განუწყვეტლივ ასი წელიწადი მაინც ერთად.

საქართვლო დღე-და-ღამ იარაღით ხელში იდგა, მტერი ყოველ მხრიდამ მოწოლილი იყო. ჩვნი ხალხი თითქმის ორი ათასი წელიწადი იბრძოდა, ომობდა, სისხლსა ღვრიდა, და ბოლოს მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს თვითმყოფობითი სული ისე დალია, რომ ჩვენს ქვეყნას არავისი ვალი და ვახში არ დასდებია.

ვთქვათ მკლავმა და გულმა შესძლო ეს გოლიათობა, საკვირველი ეს არის _ რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფასა? რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამისთანა ომებსა და სისხლის ღვრასა?..

ყოველს ამ საგანზედ უეჭველი და გულდადებითი პასუხი მეტად ძნელია... მხოლოდ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამის პასუხი ჩვენს ეკონომიკურს აგებულებასა და წყობაში უნდა მოინახებოდეს. უეჭველია, რომ უწინდელი ეკონიმიკური წყობა ისეთი ყოფილა, რომ ხალხს იქიდამ ჰქონია ის ქონებითი ძალ-ღონე, რომლითაც იგი გასძღოლია ამოდენა ვაი-ვაგლახსა და ომებს ამოდენა ხნის განმავლობაში. აი საგანი ღირს შესანიშნავი და მეტად საინტერესო გამოსაკვლევად. ეს საგანი რომ თვალწინ ჰქონდეს ჩვენს ეხლანდლ მეისტორიეს, ამ საგანზედ რომ უეჭველი პასუხი მოგვცს ვინმემ, ბვრს ნათელს მოჰფნდა აწმყოსა და მომავალსაც გზას გაუნათებდა. ჩვენგან დიდი კადნიერება იქნებოდა, რომ ამ მძიმე საქმის გამოკვლევას შევდგომოდით გაზეთის მოკლე წერილშია... ხოლო ფიქრად მოგვდის ორიოდე აზრი, ისიც ვარაუდობით ცნობილი, ვგონებთ მეტი არ უნდა იყოს ის ორიოდე აზრი მკითხველსაც განვუზიაროთ.

ჩვენა გვგონია, რომ სიკეთე ჩვენის ეკონომიურის აგებულებისა და წყობისა იმაში ყოფილა, რომ მიწა, ესე იგი მამულ-დედული, ცოტად თუ ბევრად უფრო სამართლიანად მორიგებული ყოფისა ჩვენს ხალხში, ვიდრე სადმე სხვაგან. საკვირველია, რომ დღეს-აქამომდე უმამულო, უბინაო კაცი ჩვენში თითქმის არსად არ მოიძევება. ამისთანა წყობამ მიჰმართა უსათუოდ ჩვენი ხალხი მიწათმოქმედებას, რომლიც უფრო დაუშრომელი და მკვიდრი წყაროა ხალხისა და ქვეყნის საზრდოებისათვის, ვიდრე სხვა რამ. ხსნა ჩვენის ქვეყნისა ამ წყობაში უნდა ყოფილიყო, და ვიდრე ამ წყობას უფრთხილდებოდნენ ჩვენი მეფეები, იმ დრომდე ქვეყანა ჩვენი ღონიერი ყოფილა და გასძღოლია მტერს ასე თუ ისე.

სიფრთხილე რაში უნდა აღმოჩენილიყო?

ჩვენს ეკონომიკურს წყობაში ორ-გვარი მდინარება იყო, როგორც ყოველგან სხვაგან: ერთი სამსოფლო და მეორე საკომლო. პირველი მიიზიდებოდა ისე, რომ სოფლის წრეში ყოფილი მამულები, მიწა, მინდორი, ტყე, _ საზოგადო, სამსოფლო ხმარებაში ყოფილიყო; მეორე ისე, რომ ყოველივე ეგენი განსაკუთრებულიყო. თუ საკომლო ფეხს გაიდგამდა და გავრცელდებოდა, მაშინ განსაკუთრებას მიწისას და, მასასადამე, უსწორ-მასწორობას მიწის მფლობლობაში ფართო გზა გაეხსნებოდა, და თუ სამსოფლო გაძლიერდებოდა _ მაშინ იმ უსწორ-მასწორობას გზა შეეკვრებოდა.

აქედამ ცხადია, ჩვენი მეფეები რას რას უნდა გაჰფრთხილებოდნენ. როგორც ეტყობა, უფრთხილდებოდნენ კიდეც, თუ არ მეფენი, თითონ ხალხი მაინცა. ეს იქიდამა სჩანს, რომ ჩვეულებამ ფრთა შეაკვეცა საკომლო განვითარებას, რადგანაც ყველგან საკომლო განსაზღვრული იყო ზოგან ოცის დღიურითა, ზოგან ორმოცის დღიურითა, მამულის ნაყოფიერებისა გვარად. ასე, რომ ერთს კომლს სოფელში ჩვეულებით დადგენილზედ მეტი არ შეეძლო მამული დაეჭირა. ტყისა და მინდვრის განსაკუთრება ხომ ყოვლად შეუძლებელი იყო და დღესაც აქამომდე ჩვენის ხალხის გონებაში ვერა თავსდება ის აზრი, რომ ტყე და მინდორი საკუთრება იყოს ვისიმე და არა სამსოფლო.

ბოლოს-და ბოლოს ამ უკეთეს მხარეს ჩვენის ეკონომიურის წყობისასა ყური აღარ ათხოვეს; გაიდგა ფეხი განსაკუთრებამ და კომლეურობამ, ჩამოვარდა უსწორ-მასწორობა მიწის მფლობელობაში, არამც თუ კომლთა შორისაც, არამედ სოფელთა შორისაც. არიან ეხლა იმისთანა კომლეულნი გლეხთა შორის, რომელთაც დაუპყრიათ სოფლის მამულები ასის, ორასის დრისა, და რომელთაც თავისი ხიზნები ჰყავთ, ყმებზედ უარესად შეწუხებულნი. არიან იმისთანა სოფლებიცა, ოთხი-ხუთი კომლია, და ხუთასი-ექვსასი დღის სამყოფი მამულები აქვთ, მაშინ როდესაც მათ გვერდით სხვა სოფელია, საცა მიწა ენატრებათ და არ იციან ვიწროობისა გამო, რა ქნან და საით წავიდნენ.

წერილიდან: „ლუარსაბ წამებული“.

შარიდანმა დაარწმუნა მეფე, რომ ყეენი ბოროტს არას შეგამთხვევსო და მეფე მოემზადა წასასვლელად. ბევრი ურჩიეს წარჩინებულთა და დიდებულთა, ნუ მიენდობი ყეენსა და ნუ წახვალო, მაგრამ მეფემ ასე უპასუხა: „უკეთუ არა წავიდე, ამიყრის ქვეყანასა და მოაოხრებს, რა მადლი არს ჩემდა“. მისული მეფე შაჰ-აბაზმა ჯერ ჩაიტყუა ტფილისს, მერე ყარაიაზედ, ვითომდა სანადიროდ, სანადიროდვე გაიწვია ყარაბაღს, ყარაბაღიდან მაზანდარანს, და აქ მაზანდარანში-კი გამოუცხადა, უნდა უარჰყო რჯული ქრისტესი და გამაჰმადიანდეო. თუ ამას იქმო „დიდითა პატივითა პატივ-გცე და მრავლითა დიდებითა განგიტეო ქვეყანად შენდაო“. ლუარსაბ მეფემ შორს დაუჭირა და უპასუხა: „უკეთუ ყოველი ქვეყანა ჩემდა იყოს, არა თავს ვიდვა სიტყვათა და ქადაგებათა შენთა მორჩილებაი, არამედ მეუფისა და ღვთისა მიერ ჩემისა ნათელ-მიღებიეს, და მის მიმართ დამიძს სასოება ჩემი და თვინიერ მისა სხვა ღმერთი არავინ ვიცი“.

ამის შემდეგ ხელ-ფეხ-შეკრული მეფე წაიყვანეს და დაამწყვდიეს ციხეში, შვიდი წელიწადი ჰყვანდათ ასე და ცდილობდნენ გაემაჰმადიანებინათ, მაგრამ მეფე „ესრეთ მტკიცედ და შეურყევლად ჰდგა, ვითარცა კლდე ანდამატი, და ესრეთ იხილვებოდა მშვენიერი და ბრწყინვალე პირი მისი _ ვითარცა ოქრო გამოდნობილი ბრძმედსა შინა, და გნკვირვებულ იყვნენ სიმხნისა და ახოვნებისა მისისათვის“. ბევრს ურჩევდნენ მეფეს შეებრალა თავისი მშვენიერება და სიჭაბუკე, და მწარითა სიკვდილითა არ მომკვდარიყო შაჰ-აბაზის უწყალო ხელითა, მაგრამ მეფემ არ უღალატა თავისის ქვეყნისა და ერის რჯულსა და არ შეუდრკა სიკვდილსა. „რა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავთ, _ ეუბნებოდა თურმე შაჰ-აბაზის მოციქულთა _ და აღასრულეთ ბრძანებაი მისიო“. რა ნახა შაჰ-აბაზმა ასეთი სიმტკიცე ლუარსაბ მეფისა და ვერა გააწყო-რა, ბრძანა სიკვდილი ლუარსაბისა. როცა მივიდნენ ჯალათნი ამის ასასრულებლად, მეფემ ითხოვა, მაცალეთ, სიკვდილის წინ ვილოცოო. ნება მისცეს. დაისვენა თურმე წინ ხატი ღვთისმშობლისა, რომელიცა თანა ჰქონდა, და ესე შეევედრა: „ჰოი დედოფალო ღვთის მშობელო, შენდამი დამიძს სასოება ჩემი, შენ ხარ ნუგეშინისმცემელი ჩემი. შენ მომეც შეწევნა წამებისა ჩემისა ამის, და შემრთე წმიდათა მოწამეთა შენთა თანა, რათა მეცა ვადიდებდე მამასა, ძესა და წმიდასა სულსა“.

ამის შემდეგ მოვიდნენ ჯალათნი და დაარჩვეს მშვილდის საბლითა. ეს იყო 1622 წელს, ივნისის 21-სა დღესა. გვამი ესრეთ ქვეყნისა და რჯულისათვის წამებულისა მეფისა ჰმარხია შირაზს.

მხოლოდ დიდ-ბუნებიანთა კაცთა თვისებაა ერთხელ რწმენილი და გაგონილი გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და მას ქვეშ დაუგონ თავისი ცხოვრება, და, თუ საჭიროება მოითხოვს, შესწირონ თავი თვისიცა ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირს, ვიდრე საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე. ამიტომაც მეტად არა ვსთვლით, რომ დღეს ერთი საქართველოს გმირთაგანი გავიხსენეთ, იგი გმირი, რომელმაც სთქვა: რა მადლია თავი გადავირჩინო და ჩემი ქვეყანა მტერს ავაოხრებინოო, _ წავიდა და წამებულის გვირგვინით შეიმოსა სახელოვანი თავი ქრისტსა და ქვეყნის სახელითა. და დღეს ჩვენ სხვა არა დაგვრჩენია რა გარდა იმისა, რომ ბესარიონ კათალიკოზთან ერთად ქება-დიდებით წარმოვსთქვათ:

„ყოფადთა მცნობი, ბრძენი და ახოვანი
მეფე ლუარსაბ დღეს იდიდებოდენ“.

წერილიდან: „ხალხის ჩვეულებათა შესწავლის შესახებ“.

ყველას, ვისაც კი უცხოვრია მდაბიო ხალხში, ეცოდინება, რომ ხალხს თავის საკუთარი ეკონომიური წესწყობილება და იურიდიული ჩვეულებანი აქვს, რომლითაც ხელმძღვანელობს, როცა საჭიროება ამას მოითხოვს. მამულის გაყიდვა და დაგირავება, საქონლის გაბარება მოსაშენებლად, ერთურთ შორის აღებ-მიცემობა, სხვადასხვა მცირე დანაშაულობის გასამართლება და ათასი ამგვარი მოვლენა, _ სულ ხალხის ჩვეულების ძალით სწარმოებს, ხალხის ადათზეა დაფუძნებული და ამ ადათს ემორჩილება... მართალიც არის, მდაბალი ხალხის ეკონომიური და იურიდიული ცხოვრება ჯერ-ჯერობით ისე ვიწროთ და მკვიდრად შემოფარგლული წრეა, რომელსაც მაგრე მალე და ადვილად დაწერილი კანონი ვერ დაარღვევს და ვერ შეუვა. ფრიად სასარგებლო უნდა იყოს ყველა შეგნებული ქართველისათვის იცოდეს, _ რაგვარ და რომელ ჩვეულებებს მისდევს მდაბიო ხალხი თავის ეკონომიურ და იურიდიულ ურთიერთობების შესახებ. ეს სფერა ცხოვრებისა მთელს სურათს გადაუშლის ჩვენს მოწინავე საზოგადოებას და ცხოვრების სურათი კიდევ დაგვანახებს ხალხის ავსა და კარგს, იმის შეხედულებას სამართალზედ. ერთურთის დამოკიდებულებაზედ და სხვა.

ჩვენმა ინტელიგენციამ ხელი მოჰკიდა მარტოდ-მარტო სახალხო პოეზიის შეკრებას. ეს საკმარისი არ არის... პოეზია, და მეტადრე სახალხო პოეზია, თქვენც მოგეხსენებათ, უფრო ფანტაზიის ნაყოფია და ფანტაზია კიდევ მაგრე რიგად არ ეწყობა და არ ემორჩილება ზნეობით კანონის მოთხოვნილებებს. ხშირად მდაბიო ხალხი, გატაცებული ფნტაზიის აღმაფრენით, დამღერის და დაჰხარის ისეთს საგანს და მოვლენას, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება ცხოვრების სიკეთესა და ცრუმორწმუნეობზედ არის აშენებული. რასაკვირველი, მარტო პოეზიის მიხედვით დასკვნა და მსჯელობა ხალხის ცხოვრების საჭიროებაზედ და მის მოთხოვნილებაზედ შეცდომა იქნება და ამ შეცდომას საზარალო შედეგი უნდა მოჰყვეს... ჩვენი დედააზრი ეს არის: ხალხის ცხოვრება ყოველმხრივ და ჰარმონიულად უნდა შევისწავლოთ; იმის ყოველგვარი გონებითი ნაწარმოები უნდა შევკრიბოთ.

წერილიდან: „ერი და ისტორია“.

ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყლება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისი ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან _ მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაცა. წარსული _ მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზე გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი, ერთის ბრძენისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი.

ბევრს ერს ქვეყნაზედ სულაც არა ჰქონია წარსული, სულაც არა ჰქონია ისტორია, ესე იგი იმისთანა ცნობიერი ცხოვრება, რომელიც გამოსახავს ხოლმე სულიერს და ხორციელს ვინაობას ერთიანის კრებულისას, მის მიზიდულებას, მის ზრს და საგანს არსებობისას, მის წმიდათა-წმიდას, და რომელიცა მკის თავის დროებისათვის და ამასთანავე სთესს მერმისისათვის. ამისთანა ხალხნი დღესაც ბევრნი არიან ქვეყნაზედ. ამისთანა ხალხი უბინაო კაცს ჰგავს, რომელმაც არ იცის _ ვინ არის, რისთვის არის, საიდამ მოდის და სად მიდის. ამიტომაც ესეთი ხალხი ბევრით არ გამოირჩევა პირუტყვთაგან და იქნება ბევრში უკანაც ჩამოუვარდება. ულმობელი კანონი ისტორიისა ამისთანა ხალხს ვერ დაინდობს ეხლანდელს დროში, და სხვა უფრო ძლიერის ისტორიის მქონე ერი დაეძგერება თუ არა, თანაც გაიტანს და შეიწირავს ხოლმე ამისთანა ხალხსა.

თუ ესეთი არა, ბევრი მეტი აღარ არის იგი ერი, რომელსაც ისტორია ჰქონია და იგი ისტორია დაუვიწყნია; აღარც ამისთანა ერსა აქვს მკვიდრად მოკიდებული ფეხი არსებობისათვის საჭიდაოდ, იმიტომ რომ, რა იყო _ ის დავიწყებული აქვს და, მაშასდამე, რა არის _ არც ის იცის. არ იცის რა გაიმაგროს, რისთვის გიწიროს თავი, რას გამოესარჩლოს და რას არა. ფეხ-ქვეშიდამ გამოცლილი აქვს ის მაგარი მიწა, იგი ტანი თავის ვინაობისა, რომელსაც ისტორია შეადუღებს ხოლმე მამა-პაპათა ნაღვაწ-ნამოქმედარისაგან საშვილიშვილოდ ფეხმოსკიდებელად და მოსამაგრებლად.

შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიაჩნდა კეთილად, და რა კეთილი _ ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.

ჩვენს ერს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია ისტორიული ცხოვრებით. ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუგდია იმ საძირკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ასაგებად...

რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, ამას ხსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია, და თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა _ რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი? არ არის არც ერთი მხარე ჩვენის ცხოვრებისა, როგორც სხვისაც, რომ რაიმე წარსულის ნაშთი ზედ არ შერჩენოდეს, ხოლო ამ ნაშთისა დღეს ჩვენ არა გაგვეგება რა, ვიმეორებთ იმიტომ, რომ დავიწყებული გვაქვს მისი ამხსნელი და განმმარტებელი ისტორია. ამიტომაც ჩვენ ბევრში უთავბოლობა გვეტყობა, არაფერი საქმე არ გვიხერხდება, აქეთ და იქით ვასკდებით თავს-ბრუ-დახვეულ კაცივით და ვერა გამოგვიტანია რა. ეს უქმად წარმავალი გარჯა ჩვენი, უქმად წარხდომილი მხნეობა და ცდა, ქანცს უწყვეტავს გამრჯელს და მის მაყურებელს ერს ხომ გული უტყდება, თავის თავზე სასოება და იმედი ეკარგება, და აქედამ განა დიდი მანძილიღაა სრულიად განადგურებამდე?!

ბევრჯერ გვითქვამს და ეხლაც განვიმეორებთ, რომ ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვნდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა, და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში.

დიდ-ბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის, და დიდებულნი საქმენი კიდევ გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, აქეზებენ, ამხნევებენ, თუ ნამეტნავად ის მაგალითები ერის საკუთარის ისტორიისანი არიან. ერი თავის გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა ჰსურს და ეგრეც არის, საცა ერი ერობს... კიდევ ვიტყვით, აღდგენა ისტორიისა _ ერის გამოცოცხლებაა, გამხნევებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმისის გამორკვევაა სიბნელისგან.

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

მონარქიისა და ხალხის მმართველობის შესახებ

მღვდელმსახური ალექსანდრე ზახაროვი

მოხსენება, გაკეთებული რეგიონულ ნევის საერო კრებაზე

სანკტ-პეტერბურგი, 1995 წელი

პერმისა და სოლიკამის მთავარეპისკოპოსის ათანასეს ლოცვა-კურთხევით

სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა!

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ვესწრებოდი რა კონფერენციას, რომელიც წინ უძღოდა ჩვენს კრებას, მე ყურადღებით ვუსმენდი მომხსენებლებს, რომელთაგან ერთნი მოგვიწოდებდნენ აწონ-დაწონისა და მოფიქრებულობისკენ ჩვენს მოქმედებებში, ხოლო სხვები, აშკარაა, ასეთ მოხსენებებს აფასებდნენ, როგორც გაუბედაობის გამოვლინებას და ამიტომ საპასუხოდ მოგვიწოდებდნენ სიმტკიცისა და ჩვენს მოქმედებებში ყოველგვარი მერყეობის დაუშვებლობისკენ. როდესაც ვუსმენდი ერთთაც და მეორეთაც, მე უეცრად მკაფიოდ გამახსენდა ორი ტექსტი წმინდა წერილიდან, და კიდევ დიდხანს კონფერენციის შემდეგ ღვთის ეს სიტყვები მქონდა შეგნებაში. ამიტომ დღევანდელი ჩემი მოხსენება მე მსურს დავიწყო ღვთის ამ სიტყვებით.

ერთხელ უფალმა სთქვა: „არა ვინ დაჰსდვის ხელი სახნველსა და ჰხედავნ იგი გარეშე უკუნ, და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა“ (ლუკა, 9. 62). ხოლო მეორედ სთქვა: „ვისმე უკუე თქუენგანსა უნდეს გოდოლი შენებად, არამეა პირველად დაჰსჯდეს და აღჰრიცხოს, რაოდენი წარაგოს, უკეთუ აქუს, რათა კმა ეყოს მას აღსასრულადმდე. ნუ უკუე დადუას საფუძველი და ვერ შეუძლოს აღსრულებად მის, და ყოველნი, რომელნი ჰხედვიდენ მას, იწყონ კიცხვად მისა, და ჰსთქუან: ვითარმედ კაცმან ამან იწყო შენებად, და ვერ შეუძლო აღსრულებად?“ (ლუკა, 14. 28-30).

ასე რომ, მნიშვნელოვან საქმეში წარმატებისთვის ერთნაირად საჭიროა ორი რამ: ერთის მხრივ _ გადაწყვეტილება ვიაროთ ბოლომდე, დარწმუნებულობა და მიზანსწარაფულობა, ხოლო მეორეს მხრივ _ გაწონასწორებულობა, წინდახედულება, მოფიქრებულობა და პასუხისმგებლობა. პირველი მათგანი _ რწმენა რუსეთში მონარქიული ხელისუფლების აღდგენის მნიშვნელობასა და საჭიროებაში _ ჩვენ გვქვს. ამ რწმენამ შეგვკრიბა კიდეც აქ. ამიტომ მე ჩემს თავს მივცემ უფლებას ჩვენი კრების ყურადღება შევაჩერო საკითხის მეორე მხარეზე: როგორ, როდის და როგორი საშუალებებით განვახორციელოთ ეს ჩვენი საერთო სურვილი ცხოვრებაში?

სრულიად აშკარაა, რომ როგორ მხურვალედაც არ უნდა სურდეს რომელიმე მშენებელს კოშკის აშენება, მაგრამ თუკი მას არ გააჩნია არც აგურები მშენებლობისთვის, არც ფული აგურების საყიდლად, _ კოშკზე მას, აუცილებელი საშაულებების მიღებამდე, მხოლოდ ოცნება-ღა რჩება.

ჩვენ კი რა გვქვს დღეს რუსეთში მართლმადიდებლური მონარქიის რესტავრირებისთვის? სმწუხროდ, ჩვენ დღეს ვგავართ ისეთ მშენებლებს, რომელთაც ჩაიფიქრეს გრანდიოზული შენობის აღდგენა, მაგრამ ამისთვის ხელთ გააჩნიათ მხოლოდ მციროდენი აგურები. ამის გამო შესაძლოა ვდარდობდეთ, ვწუხდეთ, გვსურდეს რომ საქმე სხვანაირად იყოს, აღშფოთებულიც ვიყოთ _ მაგრამ სრულიად დაუშვებელია იგნორირებას ვუკეთებდეთ მას. ეს თუმცა კი სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ფაქტია: აგურები ძალზედ ცოტაა.

ჩემო ძვირფასებო, რუსეთში მართლმადიდებლური მონარქიის რესტავრირებისთვის საჭიროა, უწინარეს ყოვლისა, მართლმადიდებელი, გაეკლესიურებული რუსეთი. დღევანდელი რუსეთი _ განეკლესიურებული რუსეთია. ეს სამწუხრო ფაქტია, მაგრამ ფაქტია. ასეთ რუსეთში მონარქიის რესტავრირება _ ეს ნიშნავს ორი რუსეთის შუბლებით დაჯახებას: ერთის მხრივ, ერთი მუჭა რუსი ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობენ ეკლესიურად და სურთ მონარქი, მეორეს მხრივ კი _ უზარმაზარი მასა ჩვენი თანამემამულეებისა, რომელთაც არ სურთ არც მონარქი, არც ეკლესიური ცხოვრება, არამედ სურთ ყველაფრის ნებადართულობა დ თავისუფლება ცოდვის ჩასადენად _ რაც დღესდღეობით გააჩნიათ კიდეც. შევეცადოთ ძალით წავართვათ მათ ეს _ მივიღებთ სამოქალაქო ომს. ესეც ფაქტია, რომლის იგნორირებაც კიდევ უფრო მეტად არ შეიძლება.

შესაძლებელია ვინმე სწორედ ამას ისახავდეს კიდეც მიზნად: კიდევ ერთხელ გაგვყოს ჩვენ „თეთრებად“ და „წითლებად“, გადაგვიშვას ძმათაშორის სასაკლაოში და ამის შედეგად მიიღოს გაუკაცრიელებული რუსეთი უკვე თავის სრულ განკარგულებაში. მაპატიეთ, ბატონებო! თქვენ მოგიწევთ იმედგაცრუება თქვენს მოლოდინში. ეს ჩვენ უკვე გავიარეთ და მეტად აღარ გავიმეორებთ.

ახლა უშუალოდ მოხსენების თემასთან, რომელიც აღნიშნულია სახელწოდებაში: „მონარქიისა და ხალხის მმართველობის შესახებ“.

ვიღაცამ სთქვა, რომ თუკი ყურადღებით დავაცქერდებით საზოგადოების მართვის სხვადასხვა ხერხებს, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ყველა ხერხს გააჩნია თავისი ღირსებები და თავისი ნაკლოვანებები. და ამიტომ ყველაზე უფრო გონივრულია _ დავკმაყოფილდეთ ცხოვრების იმ მოწყობით (იმ წყობილებით), რომელშიც დავიბადეთ.

ამ აზრს ყოველთვის უპირისპირდებოდა სხვა აზრი: საზოგადოებრივი მოწყობის სხვადასხვანაირი ფორმების არასრულყოფილებისას მაინც არის უფრო მეტად სრულყოფილი და ნაკლებად სრულყოფილი ფორმები. და ამიტომ ყველაზე უფრო გონივრულია _ გავერკვეთ, თუ მმართველობის რომელი ხერხი არის ყველზე უკეთესი და ვესწრაფოდეთ, რათა საზოგადოება იმართებოდეს სწორედ ასეთი ხერხით.

მეორე თვალსაზრისის მომხრეებს, მართალია, არანაირად არ შეუძლიათ ერთიან აზრზე მოსვლა, მაინც არსებითად მმართველობის რომელი ხერხია სუკეთესო? ერთმპყრობელობა თუ ხალხის მმართველობა? მონარქია თუ რესპუბლიკა? რამდენი წელიც არსებობს სახელმწიფოებრივი ცხოვრება ადამიანებს შორის, იმდენივე წელია გრძელდება ეს კამათი. რუსეთში ამ კამათს ძველი, ფესვგადგმული ხასიათი აქვს. თუკი რუსეთის ისტორიას მთლიანობაში შევხედავთ, მაშინ უპირატესობა ამ კამათში მონარქისტების მხარეზეა. მაგრამ უკვე ძველი დროიდანვე დარწმუნებულ (დაჯერებულ) მონარქისტებთან ერთად იყვნენ ხალხის მმართველობის მომხრეებიც. (ძველრუსული რესპუბლიკების მაგალითის სახით შეგვიძლია დავასახელოთ ნოვგოროდისა და ფსკოვის მმართველობა) ბევრი რუსი მოაზროვნე უფიქრდებოდა ამ საკითხს და ცდილობდა გაეგო, თუ რა შეესაბამება უფრო მეტად რუსი ადამიანის ხასიათს, მისი სულის მოთხოვნილებებს? ერთმპყრობელობა? რესპუბლიკა? მაგრამ საკითხი, მისი გადაწყვეტის არაერთჯერადი მცდლობების შემდეგაც, მოსაზრებათა თანხმობით მაინც არ არის გადაწყვეტილი. და დღესაც ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გამოდიან ერთი რუსი ადამიანები ხალხის მმართველობის მხურვალე მომხრეებად, მეორენი კი არანაკლებ მხურვალედ იბრძვიან რუსეთში მონარქიის რესტავრირებისთვის. ერთნიცა და მორენიც _ რუსები არიან. გულუბრყვილობა იქნებოდა აქ გვერკვია ის, თუ ვინ არის „უფრო მეტად რუსი“ _ მონარქისტი თუ რესპუბლიკელი? მოსკოველებიცა და ნოვგოროდელებიც ერთნაირად რუსები იყვნენ.

ვიღაც იტყვის: თუკი ეს საკითხი აქამდე არ არის გადაწყვეტილი _ მით უმეტეს, რომ ამდენი უჭკვიანესი ადამიანი იმტვრევდა ამაზე თავს _ მაშინ მამა ალექსანდრე რაღატომ წამოსწევს ამ საკითხს? ნუთუ მისი გადაწყვეტა სურს?

ღმერთო, მიხსენი საკუთარ თავზე ასეთი დიდი წარმოდგენისგან. მე ვერ ვიკისრებ ასეთი ძველი და ფესვგადგმული სკითხის გადაწყვეტას. უფრო მეტიც: გეტყვით, რომ ასეთი აბსტრაქტული სახით, როგორც მას ჩვეულბრივ აყენებენ, ეს საკითხი საერთოდ გადაუწყვეტადია. პრინციპულად გადაუწყვეტადი. გვეკითხებიან: „რა არის ადამიანებისთვის უკეთესი _ ერთმპყრობელობა თუ ხალხის მმართველობა?“, არანაირად არ შეიძლება მოცემულ საკითხზე პასუხის გაცემა თუკი მანამდე არ გავერკვევით: როგორი ადამიანები ჰყავთ მხედველობაში? ერთი ადამიანებისთვის უკეთესია ერთმპყრობელობა, სხვებისთვის კი ხალხის მმართველობა. „ადამიანის სამართალშეგნება წარმოიქმნება ირაციონალურად, _ წერს ი. ა. ილინი, _ იგი ვითარდება ისტორიულად, იგი ექვემდებარება ოჯახის, გვრის, რელიგიურობის, ქვეყნის, კლიმატის, ეროვნული ტემპერამენტის, ქონებრივი განაწილებისა და ყველა სხვა სოციალური, ფსიქოლოგიური, სულიერი და მატერიალური ფაქტორის გავლენას... ყოვლივე ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფობრივი ფორმა ახასიათებს თითოეულ ხალხს განსაკუთრებულად, და მხოლოდ პოლიტიკაზე ზერელედ შემყურეებს შეუძლიათ წარმოიდგინონ, ვითომ-და ხალხებს შესაძლებელია თავზე ახვევდე მათ სახელმწიფოებრივ მოწყობას, ვითომდა არსებობს ერთიანი სახელმწიფოებრივი ფორმა, სუკეთესო ყველა დროისა და ხალხისთვის...“ (1, გვ. 453).

ერთ რუს ადამიანებს სწამთ ღმერთი და თავიანთი ცხოვრების აზრს ხედვენ სულის ცხონებაში. ასეთი ადამიანები უმეტესი უმრავლესობით ხმას მისცემენ მონარქიის სასრგებლოდ, სხვა რუს ადამიანებს მოსმენაც არ უნდათ არანაირი უკვდავების შესახებ, მთთვის მთელი ინტერესი და აზრი არის აქ _ პოლიტიკაში, ხელისუფლებისთვის პარტიათა შორის ბრძოლაში, წინასაარჩევნო დებატებში. ისინი ამით ცხოვრობენ. გასაგები საქმეა, რომ თუკი მათ ამას წავართმევთ, ისინი ძალზედ გულნატკნი იქნებიან. რომელ ადამიანს მოეწონება, თუკი მას ცხოვრების აზრს წაართმევენ? მთთვის მაშინვე ხომ ცხოვრებაში მთავარი ინტერესი გაქრება, ცხოვრება უფერული გახდება. ასეთები კლდესავით დადგებიან ხალხის მმართველობის მომხრედ.

თუმცა კი ყოველივე ეს ეხება არა მხოლოდ რუს ადამიანებს. ეს ეხება ნებისმიერ ხალხსა და ნებისმიერ ისტორიულ დროს. ამის შესახებ კარგად წერს ანტონ ტუსკარევი (ამჟამად იერომონაზონი დიონისე): „რელიგიური ადამიანი ასრულებს ღმერთისთვის მსახურებას. ურელიგიო ადამიანი, რომელიც თუნდაც აღიარებდეს „ღმერთის ყოფიერებას“, მთლიანად ცხოვრობს მიწიერი კეთილდღეობის ინტერესებით, რელიგიას კი უთმობს თავისი დროის მინიმუმს, და ისიც როგორც მხოლოდ საშუალებას თავისი მიწიერი „წარმატების“ უზრუნველყოფისთვის. ამ სასიცოცხლო მითითებების შესაბამისად თავიანთ მასაში რელიგიური ხალხები კმაყოფილდებიან თვითმპყრობელობის პატრიარქალური ხელისუფლებით, რომელიც მათთვის უზრუნველყოფს მიწიერი ყოფიერების აუცილებელ წესრიგს, ხოლო სულის მთავარ ძალებს კი ისინი სდებენ რელიგიისა და ღვთის პტივისცემის სფეროში. პირიქით, მცირედ რელიგიური ხალხები კმაყოფილდებიან რაღაც მინიმუმით რელიგიური მოთხოვნილებების სფეროში, ხოლო სულის მთელ მხურვალებას კი აძლევენ „სამართლებრივი სახელმწიფოს“ მოწყობას, სახალხო წარმომადგენლობის აპარატის გამომუშავებას, განტოტვილი კანონმდებლობის შექმნას და ა. შ. ასე, წარმართულ რომის რესპუბლიკაში კალენდარული წელიწადის ზუსტად ნახევარი ეკავა მრავალრიცხოვან საარჩევნო კამპანიებს (მეორე ნახევარი კი სანახაობებს ცირკში); ქრისტიანულ კონსტნტინოპოლში (მეორე რომში) კი _ საეკლესიო დღესასწაულებს; რომის გული იყო კაპიტოლიუმი _ პოლიტიკური შერკინებების ადგილი, კონსტანტინოპოლის გული კი _ წმინდა სოფიოს ტაძარი“ (2, გვ. 8) [1].

არის ბრძნული გამონათქვამი: „თითოეულ ხალხს ჰყავს ის მთავრობა, რომელსაც ის იმსახურებს“. ეს გამონათქვამი თავის ჭეშმარიტიანობას ინარჩუნებს საზოგადოებრივი მოწყობის ნებისმიერ ფორმაში. თუკი ხალხის მმართველობა გადაიქცევა თვითნებობად, ანარქიად და უსაზღვრო არეულ-დარეულობად (რუს. „ბეზპრედელ“) _ ეს ნისნავს, რომ ამ „რესპუბლიკის“ მცხოვრებლებმა დაიმსახურეს „ბეზპრედელ“-ი. თუკი თვითმპყრობელობა გადაიქცევა შეუბრალებელ ტირანიად და „ხუშტურიანობად“ _ ეს ნიშნავს, რომ ხალხმა დაიმსახურა „ხუშტურიანი მონარქი“. და ყველაზე უფრო სულელურია აქ ხელისუფლების ლაძღვა-გინება, სულ ერთია რომლისა _ „დემოკრატიულის“ თუ „მეფისა“ _ ამისგან არც დემოკრატები და არც მეფე უკეთესი არ გახდებიან. არც ჭკუა მოემატებათ, არც სიკეთე, არც სინდისი _ შეიძლება უბრალოდ ან შეშინდნენ, ან გაბოროტდნენ, ან ერთიცა და მეორეც ერთად. და ხალხი კი უფრო მეტად აკვნესდება ასეთი გაბოროტებული და შეშინებული მმართველებისგან. და ისევ მათი საქმეების-და მიხედვით. ისევ დაიმსახურეს.

ეს, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც გვეხება თქვენთან ერთად. ჩვენთანაც საკმარისად არიან ხელისუფლების ლანძღვა-გინების მოყვარულები. რას მივაღწევთ ჩვენ ამ ლანძღვა-გინებით? ესენი _ ცუდები არიან?.. გამოვითხოვთ ღმერთისგან უფრო უარესებს... ხოლო იმისთვის, რათა გამოვითხოვოთ ღმერთისგან კარგი, გონიერი მმართველები, კი არ უნდა ვლანძღოთ ხელისუფლება, არამედ ვილოცოთ მისთვის. რასაც ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, ვაკეთებთ კიდეც თითოეული ღვთისმსახურების დროს. თქვენ ხომ გესმით, თუ როგორ აღავლენს დიაკონი: „ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის...“. მართალია ჩვენ ეს ხშირად ერთ ყურში შეგვდის ხოლო მეორიდან კი მაშინვე გამოდის. ვილოცეთ ტაძარში „მთავრობისათვის“, ხოლო გამოვედით რა ტაძრიდან _ დავუწყეტ ამ მთავრობას ლანძღვა-გინება ყოველი მხრიდან... ჩემო ძვირფასებო, რაც დავიმსახურეთ _ ის გვაქვს კიდეც. ხოლო თუკი გონს არ მოვეგებით, და სინანულისა და ლოცვის ნაცვლად გავაგრძელებთ ცოდვის ჩადენასა და ლანძღვა-გინებას _ კიდევ უფრო უარესს დავიმსახურებთ. ჩვენ, ეკლესიურ ადამიანებს, ეს სრულებით არ გვეპატიება. ერში მყოფთ რაღა ვუთხრათ? მათ სიმშვიდისა და თავმდაბლობის შესახებ გაგონებაც არ სურთ. ხოლო ჩვენ კი თქვენთან ერთად სადა გვაქვს ეს სათნოებები? ჩვენ მაგალითი უნდა ვუჩვენოთ სხვებს.

წმინდა მოციქულთა თავი პავლე თავის ეპისტოლეებში არაერთხელ გვახსენებს აუცილებლობის შესახებ „მთავრობათა და ხელმწიფეთა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად“ (ტიტეს, 3. 1); ამბობს: „მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი“ (საქმე, 23. 5). მეორე თავი მოციქულთა პეტრე ლაპარაკობს იგივეს შესახებ და როგორ შესანიშნავად ამბობს: „დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დიდებულსა, უფლისათვის... მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თვისთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა. რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან, უკეთუ გონებისაგან კეთილისა, ღმრთისათვის დაითმინეს ვინმე, მწუხარებანი ევნებიან თუ სიცრუით. რამეთუ რა უმჯობეს არს, უკეთუ ჰსცოდვიდეთ და დაიქენჯნებოდეთ და მოითმენდეთ? არამედ უკეთუ კეთილსა იქმოდეთ, და გევნებოდეს და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან. და იჩინენითცა მებრ ამისთვისვე; რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩვენ თვის, და თქვენ დაგიტევა ხელით წერილი, რათა შეუდგეთ კვლთა მისთა. რომელმან იგი ცოდუაი არა ჰქმნა, არცა იპოვა ზაკუა პირსა მისსა. რომელი იგი იგინებოდა, და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა, და არავის უთქმიდა; მიეცა მართალი იგი მსაჯულსა“ (1 პეტრე, 2. 13, 18-24).

აი, ჩვენ რომ გვეცხოვრა ასეთი მოციქულებრივი სულით, როგორ ცუდადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ყველაფრისთვის მადლობას შევწირავდით ღმერთს და არავიზე არ დავიწყებდით „ბოროტმეტყველებას საპასუხოდ“, ხოლო მთელ „სამსჯავროს“ ადამიანებზე (და მათ შორის მმართველებზეც) გადავცემდით მართალ მსაჯულს _ მაშინ მმართველებიც მართლები გვეყოლებოდა. ხოლო როდესაც ჩვენ თავად ცოდვილები ვართ, ასევე ცოდვილები მოგვცა ღმერთმაც მმართველებად. მაგრამ მის ხელთ არის რომ ცოდვილებიც ასევე მართლებად აქციოს; უფალს შეუძლია მმართველებიც გადააკეთოს, მისცეს მათ გონიერება და სიბრძნე. ხოლო ჩვენ თქვენთან ერთად ამისთვის გვჭირდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, არა მათი ლანძღვა-გინება, არამედ მათთვის ლოცვა. მაშინ ზვირფასებო, არა მხოლოდ ენით, არამედ გონებითა და გულით ვევედროთ უფალს „ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის...“. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიხილავთ ამ თხოვნის მეორე ნახევრის აღსრულებასაც: „დღე ყოვლი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად...“ (რუს. «... да тихое и безмолвное житие поживем во всяком благочестии и чистоте»).

დიახ, ჩემო საყვარლებო, ეს საკითხი, ადამიანთა მართვის ყველაზე უფრო საუკეთესო ხერხის შესახებ, არანაირად არ სეიძლება გადავწყვიტოთ „ადამიანებისთვის საერთოდ“. „ადამიანები საერთოდ (ზოგადად)“ ბუნებაში არ არსებობენ, არამედ არიან კონკრეტული ცოცხალი და მეტად განსხვავებული ადამიანები. და რამდენადაც ისინი განსხვავებულნი არიან, ასევე მათი მართვის საუკეთესო ხერხებიც შესაძლოა განსხვავებული იყოს. ერთი ადამიანებისთვის უკეთესია ერთი, სხვებისთვის სხვა. და, საბოლოო ანგარიშით, თითოეულ ხალხს ნამდვილად ჰყავს ის მთავრობა, როგორიც მას სურს და იმსახურებს თავისი უმეტესი უმრავლესობით.

თუკი ხალხის უპირატესი ინტერესები ძევს ცხოვრების მიწიერ, გარეგნულ-მატერიალურ სფეროში _ ასეთ ხალხს ჰყავს სახალხო მმართველობა. დიახ მათ ექნებათ გაუთავებელი პარტიათაშორისი კინკლაობები, დღისითა და ღამით იდავებენ ერთმანეთში და ინტრიგებს მოუწყობენ ერთიმეორეს _ მაგრამ მაინც უარს არ იტყვიან ამაზე და არ გაცვლიან ამას მონარქიაზე, ვინაიდან სურთ ეს მოუსვენრადაც და არაკეთილგონივრულადაც, მაგრამ მათ ეს უყვართ და ეს სურთ. ვინ სთქვა, რომ ადამიანს ახასიათებს მხოლოდ სიმშვიდისა და კეთილგონიერების სურვილი? გაიხსენეთ სასკოლო ლირიკა:

Белеет парус одинокий,
В тумане моря голубом!.
Что ищет он в стране далёкой?
Что кинул он в краю родном?..
Играют волны – ветер свищет,
И мачта гнётся и скрепит...
Увы! он счастия не ищет
И не от счастия бежит!
Под ним струя светлей лазури,
Над ним луч солнца золотой...
А он, мятежный, просит бури,
Как будто в бурях есть покой! [2]

ასეთი „მეამბოხე იალქნები“, ჩვეულებრივ, მხოლოდ მაშინ წაიშენენ ხოლმე თავში ხელებს, როდესაც „ქარიშხალი“ უკვე აღარ ხუმრობს და „ანძები“ იწყებს არა მხოლოდ „ღუნვასა და ჭრიალს“, არამედ ტკაცუნსა და ტყდომასაც. აი, როდესაც ტყვიები დაიწყებენ თავს ზემოთ სტვენას, მაშინ ისინი იხსენებენ და თანხმდებიან, რომ მაინც უმჯობესია „წყნარი და უშფოთველი ცხოვრება“.

სხვა საქმეა _ ხალხი, მისწრაფებული უმთავრესად ზეცისკენ, რომლისთვისაც უპირატესია სულიერი ინტერესები. ასეთი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, სულიერად უფრო ახლობელია მეფე _ მამა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო დედამიწაზე ყველაზე უფრო მძიმე მორჩილება: უზრუნველყოს თავისი ქვეშევრდომებისთვის „წყნარი და უშფოთველი ცხოვრება“, იდეალური პირობები სულირი ცხოვრებისთვის, ზნეობრივი სრულყოფისთვის. პოლიტიკა და პოლიტიკანობა ასეთი ადამიანებისთვის სრულიად უცხო და უინტერესოა. ამიტომ ისინი სიხარულით აძლევენ მთელ თავიანთ უფლებებსა და უპირატსობებს, რომლებიც შეეხება მათი მიწიერი ცხოვრების მოწყობას მამა-ხელმწიფის ხელში _ ოღონდ კი იგი მამობრივად ზრუნავდეს მათზე, იცავდეს, როდესაც არის მასში საჭიროება, გარეშე და შინაური მტრებისგან, საშუალებას აძლევდეს მათ, რათა შეძლების-და გვარად ნაკლებად მოცდებოდნენ დროებითისა და წარმავლის გამო, მთელი სულით ეძლეოდნენ მარადიულს: სულიერ, თვითჩაღრმავებულ, ლოცვით ცხოვრებას. მათ ეს უყვართ _ და არა „ქარიშხლები“.

თუკი ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ზემოთქმულს, მივიხედავთ უკან და თვალს მოვავლებთ რუსეთის ისტორიას, მაშინ დავინახავთ, რომ ყოველივე ზემოთქმული შესაძლებელია გამოვიყენოთ მისთვისაც. სანამდე რუსი ხალხი ცხოვრობდა ლოცვით, სულიერი ცხოვრებით, ჩვენი მთავარი ინტერესები იყო ზეცაში, და არა მიწაზე _ ჩვენ ვემსახურებოდით მეფეს და გვყავდა იგი. მაგრამ თანდათანობით ხალხის სულმა სულ უფრო და უფრო მეტად „გამიწიურება“ დაიწყო, გამოჩენა დაიწყეს „სახალხო მოღვაწეებმა“, შეყვარებულებმა „ქარიშხალზე“. ივანე ისაიას-ძე ბოლოტნიკოვი, ძმები სტეფანე ტიმოთეს-ძე და ფროლ ტიმოთეს-ძე რაზინები, ემელიანე ივანეს-ძე პუგაჩოვი, დეკაბრისტები... თესდნენ ქარს _ მოიმკეს ქარიშხალი. 1917 წელი არ დასცემია თავზე რუსეთს, როგორც „ქუხილი მოწმენდილ ცაზე“. „ცა“ უკვე დიდი ხანია დაფარული გახლდათ „მიწით“ („მიწიერი ინტერესებით“), გადაფარული იყო ჭექა-ქუხილის მომასწავებელი ტყვიისფერი ღრუბლებით. ოქტომბრის რევოლუციის გაჩაღება დიდი ხანია მზადდებოდა. 1917 წლის დასაწყისი უნდა ვეძებოთ XVII ასწლეულის დასაწყისში. უკვე მაშინ ბოლოტნიკოვის „გლეხთა არმიაში“ იყვნენ თავიანთი „დეკაბრისტები“ თავადაზნაურთა რაზმების სახით, ორ ასწლეულზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ თავადაზნაურები გამოვიდნენ სენატის მოედანზე _ თავიანთი და ხალხის ბედნიერების მოსაპოვებლად. ამის მერე კიდევ თითქმის ერთი ასწლეულის შემდეგ მათ და ხალხმაც მიაღწიეს ისეთ „ბედნიერებას“, რომელსაც მტერსც კი არ ვუსუსრვებდი.

ახლა ჩვენთვის, რუსი ადამიანებისთვის მეტად სასარგებლო იქნებოდა იმის შეგნება და სამუდამოდ დამახსოვრება, რომ როდესაც ჩვენ ცუდად ვართ, არ უნდა ვბრაზდებოდეთ არავიზე, და არც არავის არ უნდა ვლანძღავდეთ. არც ლენინს, არც ურიამასონებს არ უნდა ვლანძღავდეთ. უნდა ვლანძღავდეთ მხოლოდ საკუთარ თავს და გული მოგვდიოდეს მხოლოდ ჩვენს თავზე. არანაირი პარაზიტი, არანაირი მკბენარი არ გაჩნდება სუფთა სხეულზე. მხოლოდ ჭუჭყში. როდესაც ხალხის სხეული სუფთაა _ ასეთი ხალხისთვის საშიში არ არიან არანაირი ურიამასონები. ისინი თავიანთ ბინძურ საქმეებს აკეთებენ მხოლოდ ბინძურ, ზნეობრივად დაბინძურებულ ადამიანებზე დაყრდნობით. როდესაც ასეთი ადამიანები ბევრი არიან _ მათ ამ „ჭუჭყში“ თავისუფლებაც ეძლევათ და გასაქანიც. ხოლო იმისთვის კი, რათა განთავისუფლდეს ამ ბაღლინჯოებისა და სისხლისმწოველებისგან, ნებისმიერ ხალხს გააჩნია მხოლოდ ერთი საშუალება: ზნეობრივი ჰიგიენა, გონებისა და გულის სისუფთავე, კეთილსინდისიერი, სულიერი, ლოცვითი ცხოვრება. თუკი ეს არ გვექნება, მაშინ „ჩვენი ვანია სულ მუდამ რაღაც სისაძაგლეში იქნება“. სულ რომელიღაც „ლენინები“, „სტალინები“, „ხრუშჩოვები“, „ბრეჟნევები“ იქნებიან ჩვენს კბენა-გლეჯვაში...

ჩემო საყვარლებო, კიდევ ერთხელ გიმეორებთ: როგორ მთავრობასაც ჩვენ ვიმსახურებთ _ ისეთი გვყავს კიდეც. და მომავლშიც, როგორებსაც ღმერთისგან გამოვითხოვთ _ ისეთებს მოგვცემს ჩვენ უფალი. ხოლო თუ მათ ჩვენ კი არ „გამოვითხოვთ“, არამედ „გამოვიგონებთ“ _ ისევ ჩვენს საკუთარ თავზე (უბედურებათა დასატეხად). ასეთ ურჩ და ჭირვეულ ხალხს უფალი მისცემს მის მსგავს მმართველებს. ისინი ხომ საიდანღაც მოდიან, ჩვენი მმართველები? რა თქმა უნდა, ჩვენგანვე. ყველაფერში ჩვენი მსგავსნი არიან. თავიანთი ხალხის ხორცი-ხორცთაგანი და ძვალი-ძვალთაგანი. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, თუკი ჩვენ გვსურს გვყავდეს კარგი მმართველები: ბრძენი, ღვთისმოშიში, სინდისიერი _ მანამდე ჩვენ თავად უნდა გავხდეთ ასეთები: ღვთისმოშიშები, სინდისიერები. ნაკლები ვიგონოთ, მეტი ვილოცოთ. როდესაც მოგვიწევს, „უსამართლოდაც დავზარალდეთ“ _ და ეს მოთმინებითა და თავმდაბლობით ავიტანოთ, არა „სამაგიერო ბოროტსიტყვაობით“, არამედ „საქმის მართალი მსაჯულისთვის გადაცემით“, როგორც მოციქული გვასწავლის. და მართალი მსაჯული, დაინახავს რა ჩვენს მორჩილებასა და ღვთისმოსაობას, განსჯის დაგვიბრუნოს ჩვენ ღვთისმოსავი მეფე ამ ახლანდელი დორ-ის (რუს. ВОР-ის) ნაცვლად... არა-არა, მე აქ ელცინს კი არ ვუწოდებ „ქურდს“. ეს ასეთი აბრევიატურა მოიგონეს ჩვენში არსებული საქმის ვითარების აღსანიშნავად: დორ-ი იშიფრება როგორც „დროებითი საოკუპაციო რეჟიმი“ (რუს. ВОР _ «временный оккупационный режим»). მაგრამ ამ „ოკუპანტებისთვისაც“ უნდა ვილოცოთ, რათა უფალმა მათ ჩააგონოს და აღარ დაუწყონ სამშობლო მიწას ყურება ისე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიას, რომლიდანაც რაც შეიძლება ჩქარა უნდა „გამოსწურო მთელი წვენები“.

მაპატიეთ, რუსო ადამიანებო, მაგრამ მე მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით: აი თქვენ დაუზოგავად ლანძღავთ და აგინებთ ამ „ოკუპანტებს“, ხოლო თქვენ რომ დაგსვან მათ ადგილზე _ ბევრი თქვენგანი ზუსტად ასეთივე „ოკუპანტი“ გახდება, შესაძლოა უფრო უარესიც. ხელისუფლება ერთდროულად წმინდა საქმეცაა და საშიშიც. ხელისუფლებით (ძალაუფლებით) გამოცდა ერთერთი ყველაზე უფრო მძიმე გამოცდაა ადამიანისთვის. გახსოვთ, თუ როგორ სცდიდნენ ძველისძველ ზღაპრებში გულოვან ჭაბუკებს, გაჰყავდათ რა ისინი „ცეცხლში, წყალსა და სპილენძის მილებში“? „ცეცხლი და წყალი“ _ ეს არის მწუხარება, ჭმუნვა, ნაღველი: შიმშილამდე მისული სიღარიბე, ავადმყოფობა და ა. შ. „სპილენძის მილებია“ _ პატივი, ღირსება, ძალაუფლება და სიმდიდრე. ეს ტყუილად კი არ რჩებოდა ბოლოსთვის. ფული და ძალაუფლება _ ყველაზე უფრო საშიში გამოცდა და ცდუნებაა ადამიანის სულისთვის. განსაკუთრებით რწმენაში განუმტკიცებელი სულისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფული და ძალაუფლება რჩება მათ, ვინც „ჭუჭყიდან ამაღლდნენ თავადობამდე“. თუკი ამ ადამიანების თავს ზევით არ არის ღმერთი, ე. ი. არ არის ღვთის შიში მათ სულებში _ მერწმუნთ, რომ ასეთ ადამიანთაგან თვით ყველაზე უფრო სინდისიერებისა და გულკეთილების გადაქცევა შეუძლიათ ფულსა და ძალაუფლებას სასტიკ და უსინდისო ადმიანებად. ამიტომ ასეთი ადამიანებისთვის, რომელთა ხელშიც აღმოჩნდება დიდი ფული და დიდი ძალუფლება, საჭიროა განსაკუთრებული, გაძლიერებული ლოცვა _ რათა ღმერთი შეეწიოს მათ ამ საშინელი გამოცდის გავლაში. ხოლო ჩვენ კი, იმის ნაცვლად, რომ მათთვის გაძლიერებით ვლოცულობდეთ, მათ გაძლიერებით ვლანძღავთ. ვყვირივართ: „გავრეკოთ! ძირს!“ ჩვენვე ავირჩიეთ, ახლა კი _ გავრეკოთ. ერთნი უკვე გავრეკეთ _ ესენი ავირჩიეთ. ესენი კი უწინდელებზე უფრო სუფთები არ აღმოჩნდნენ. ახლა ამათ გავრეკავთ, და სხვებს ავირჩევთ _ ანგელოზებს, არა?..

ჩემო საყვარლებო, მანამდე სანამ დავანგრევდეთ არსებულ საზოგადოებრივ წყობილებას, უნდა გაგვაჩნდეს ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რით შევცვლით მას, რათა „ახალი, კარგი ცხოვრება“ არ შემოგვიბრუნდეს „ძველ ცუდზე“ ასჯერ უფრო უარესი სახით. 1917 წელს ჩვენ უკვე დავანგრიეთ „დამპალი ცარიზმი“, „ხალხთა საპყრობილე“. მის ნაცვლად მივიღეთ უკვე ნატურალური ქვეყანა-საპყრობილე. 80-იან წლებში შვუდექით ამ ჩვენი „საპყრობილე“ სოციალიზმისთვის „ადამიანური სახის“ მიცემას _ დღეს, „ადამიანური სახის მქონე სოციალიზმის“ ნაცვლად გვაქვს ВОР-ი. ვის ველოდოთ ხვალ? ვისაც დავიმსახურებთ _ იმას მოგვცემს კიდეც ღმერთი. თუ შევინანებთ და ვილოცებთ _ უფალი ჩვენ გამოგვიგზავნის კეთილ მეფე-მამას. გავაგრძელებთ ცოდვის ჩადენასა და ლნძღვა-გინებას _ ВОР-ისა და მის გარეშემო ხელის მომთბობთა ნაცვლად მოვლენ უფრო უარესები და კვლავ ცრემლითა და სისხლით მოირწყვება რუსული მიწა. მაშ მოდით ვითხოვდეთ უფლისგან მეფეს.

დიახ, სახელმწიფოებრიობის ყველა ფორმას, როგორც უკვე ვთქვი დასაწყისში, გააჩნია თავისი ღირსებები და თავისი ნაკლოვანებები. სავსებით სრულყოფილი საზოგადოებრივი მოწყობა (წყობილება) ჩვენ გვექნება მხოლოდ ზეცაში. მას ერქმევა არა „რესპუბლიკა“, არა „კონსტიტუციური მონარქია“, არა „თვითმპყრობელური სამეფო“ _ მას ერქმევა: ღვთის სამეფო, ზეციური სამეფო. უზენაესი ხელისუფლება ამ სამეფოში ექნება არა ხალხს, არა საუკეთესოებს ხალხიდან, არა ყველაზე უარესებს ხალხიდან, არა მიწიერ მეფეს _ არამედ ზეციურ მეფეს, ღმერთს.

ხოლო მიწიერ და არასრულყოფილ სინამდვილეში ჩვენ განწირულები ვართ საზოგადოებრივი წყობილების მხოლოდ მეტად და ნაკლებად არასრულყოფილ ფორმებს შორის. მართლმადიდებელი რუსეთისთვის, როგორიც იგი იყო ადრე, და როგორიც, მწამს, კვლვ გახდება მომავალში, სახელმწიფოებრიობის საუკეთესო ფორმას ყველა შესაძლოდან, წარმოადგენს, რა თქმა უნდა, მონარქიული სახელმწიფოებრიობა.

დასაწყისისთვის ყურად ვიღოთ თუნდაც წმინდა უტილიტარული მოსაზრებები. მონარქი არასოდეს არ დაუშვებს თავისი ქვეყნის შეგნებულ დასუსტებასა და გაძარცვას. ის ხომ „მედროვე“ არ არის, არამედ „თვითმპყრობელია“. მან უნდა დაუტოვოს ეს ქვეყანა „მემკვიდრეობით“ არა ვინმეს, არამედ თავის საკუთარ ვაჟივილს. ამიტომ იგი სისხლისმიერადაა დაინტერესებული იმაში, რათა გადასცეს ეს ქვეყანა თავისი ძის ხელში ყველაზე უფრო ძლიერი და აყვავებული სახით. ვაჟივილმა ასევე უკვე ადრეული ბავშვობიდნვე იცის, რომ მას მოუწვს ადრე თუ გვიან სამეფო ტახტის დაკავება. შესაბამისი სახით მას ამისთვის ამზადებენ და ზრდიან კიდეც. ეს არ არის „აღზევება ჭუჭყიდან თავადობამდე“ («из грязи да в князи»). ყურად იღეთ: თავისუფლების ისეთი დიდი მოყვარული, როგორიც ვოლტერია, საფრანგეთის რევოლუციის ერთერთი სულიერი შთამაგონებელი, და ისიც კი არცთუ იუმორისა და თვითკრიტიკულობის გარეშე აცხადებდა: „თუკი ასე აუცილებელია ვინმეს ვემორჩილებოდე და ამისგან ვერსად დავიმალები _ მაშინ მე, რა თქმა უნდა, ვამჯობინებდი ვემორჩილებოდე ერთ ლომს, ვიდრე ორას ჩემნაირ ვირთხას“-ო.

მაგრამ მონარქიის მთავარი უპირატესობა, რა თქმა უნდა, არა ამ უტილიტარულ საფუძვლებშია. არა იმდენად სჭირდება მეფე დიდ რუსეთს, რამდენადაც სჭირდება იგი წმინდა რუსეთს. პროფესორი მ. ზაზიკინი წერს: „მართლმადიდებელი თვითმპყრობელის ხელისუფლება არის ეკლესიიდან ამოზრდილი ხელისუფლება. საეკლესიო იდეალიდან, რომელიც ორგანულად არის დაკავირებული ეკლესიასთან იდეითაც და დადგენილობითაც (დაწესებითაც), და ამიტომ შეზღუდულია ეკლესიის სწავლებით, მისი კანონებითა და მართლმადიდებლური ხალხური ყოფიერებით... მართლმადიდებელი მეფის ხელისუფლება არ არის ფეოდლური პრივილეგია, არამედ საეკლესიო მოღვაწის ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელიც წარმოუდგენელია თავმდაბლობის, მორჩილების, ყოველგვარ სიკეთეზე უარის თქმისა და მთელი თავისი ცხოვრების მსხვერპლად შეწირვის ღვაწლის გარეშე... მართლმადიდებელი მონარქის ხელისუფლება წარმოუდგენელია მის მიერ ქრისტიანული მსოფლმხედველობის აღიარების გარეშე და შეუძლებელია ხალხის მიერ უმაღლესი ხელისუფლების ღვაწლის ზნეობრივ იდეალად აღიარების გარეშე. მართლმადიდებელი მეფე გამოხატავს არა ბრბოს ამწუთიერ ნებას, არამედ მართლმადიდებელი ხალხის მსოფლმხედველობას, და მისი ხელისუფლება წარმოადგენს ქრისტიანულ იდეალს, და აქედან გამომდინარე, იმ უზენაეს ძალას, რომელმაც ეს იდეალი შექმნა... მხოლოდ იმის მეშვეობით, რომ მეფის ხელისუფლება წარმოადგენს ღვთის ნებაზე დაფუძნებული მხვერპლად შეწირვის ქრისტიანული ღვაწლის გამოხატულებას, იგი იქცევა კიდეც თვითმპყრობელურ ხელისუფლებად, რომელიც ადამიანის ნებისგან დამოუკიდებელია. აქ უმაღლესი ხელისუფლება თავის თავს აღიქვამს და შეიგნებს არა ხალხის ნებაზე დაფუძნებულად, არამედ იმ უზენაეს ძალაზე, რომელმაც ხალხს მისცა მისი იდეალები... მართლმადიდებელი მეფის ხელისუფლება არის ზემოდან მოცემული მისია, რომელიც არსებობს არა თავად მისთვის, მეფისთვის, არამედ შეადგენს მის მსახურებას _ მის ჯვარს“.

თავისი „ჯვარი“ აქვს ყველა მართლმადიდებელ ადამიანს _ სამკერდე ჯვარიცა და ცხოვრების ჯვარიც. მართლმადიდებლურ სამეფოში ყველა მისი ქვეშევრდომი ცხოვრობს არა საკუთარი თავის სამსახურისთვის, არამედ ღმერთისადმი მსახურებისთვის. და თითოეული ამ მსახურებაში აღასრულებს თავის მორჩილებას, ატარებს თავის ჯვარს. მეფის ჯვარი _ ყველაზე უფრო მძიმე ჯვარია. ამისთვის მეფეს მიაგებენ განსაკუთრებულ პატივს, განსაკუთრებულ მადლიერებას, განსაკუთრებულ სიყვარულს. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ რუსმა ადამიანებმა სახელმწიფოში მხოლოდ ორი პირისთვის ჩათვალეს საჭიროდ მიემართათ სიყვარულის, ნდობისა და მოფერების გამომხატველი სიტყვით „მამილო“ (რუს. «батюшка») _ მეფისა და მღვდელმსახურისთვის. რუს ადამიანებს ესმოდათ სამეფო და სამღვდელო მსახურების მთელი სიდიადე, მაგრამ, ამავე დროს, მთელი სიმძიმეცა და მთელი პასუხისმგებლობაც. ამიტომ პატიებდნენ კიდეც ბევრ რამეს თავიანთ მამილო-მეფეებსა და თავიანთ მამილო-მღვდელმსახურებს _ ვინაიდან უყვარდათ ისინი.

ამასთან ეს მოკრძალებული დამოკიდებულება მეფისადმი შეინიშნება არა მხოლოდ რუს ადამიანებში. სრულიად სხვა კონტინენტი, სხვა ნახევარსფეროში: სამხრეთ ამერიკა, პერუ. XVI საუკუნის შუახანები. იმ დროს ამ ქვეყანას ჰქონდა ინდიელთა მელოდიური სახელწოდება ტაუანტინსუიუ. ამ სახელმწიფოს ფარგლებში შეიჭრა ფრანცისკო პისარო ოთხასი კაცისგან შემდგარი რაზმით. ინდიელებს შეეძლოთ მაშინ ამ ოთხი ასეული ესპანელის წინააღმდეგ გამოეყვანათ სამასათასიანი არმია. მაგრამ ვერაგმა პისარომ მოახერხა მძევლად აეყვანა მათი მონარქი საპა-ინკუ ატაუალპუ. ინდიელებმა მსხვერპლად გაიღეს თავიანთი დამოუკიდებლობა და სიმდიდრე (გამოსასყიდად მოაგროვეს დახლოებით ექვსი ტონა ოქრო), ოღონდ კი თავიანთი ხელმწიფისთვის შეენარჩუნებიათ სიცოცხლე. თავად საპა-ინკუს დატყვევება მოხდა იმ მომენტში, როდესაც იგი და მასთან დაახლოებული რამდენიმე ათასი ადამიანი სამშვიდობო დელეგაციის სახით მივიდნენ ესპანელთა ბანაკში. ი. ა. ილინი პრესკოტის წიგნზე „პერუს დაპყრობა“ დაყრდნობით ამ მოვლენის დაწვრილებით ამბებს გადმოგვცემს ასე: „პერუს მონარქზე პისაროსა და მისი ესპანელების მოღალატური თავდასხმის დროს მონარქის ერთგული დიდებულები ხშირი რკალის სახით გარს შემოერტყნენ თავიანთ ხელმწიფეს, ესპანელთა ცხენებს ხელს სტაცებდნენ ფეხებში და გმირულად იღუპებოდნენ ცხენების ფლოქვებისა და მხედართა მახვილებისგან; თითოეული მოკლულის ადგილს დაუყოვნებლივ იკავებდა ახალი მსხვერპლი... უნდა ვაღიაროთ, რომ მონარქიული სამართალშეგნების ეს ტრადიცია _ დასაცავი განძის გულისთვის თავის დადება _ ახასიათებს ყველანაირ პატიოსან არმიას, როგორც ასეთს. ამით აიხსნება კიდეც ის გარემოება, რომ რესპუბლიკიდან მონარქიაზე გადასვლას ისტორიაში აღასრულებდნენ არაერთხელ სწორედ ერთგული და გამარჯვებული არმიის დახმარებით. ფანატიკური რესპუბლიკელები არცთუ უსაფუძვლოდ თვალყურს ადევნებენ თავიანთ არმიას, თავიანთ გენერლებს, უფრთხიან რა მათ ღალატს“.

იგივე ი. ა. ილინი სხვა ადგილას წერს: „მონარქიული ერთგულება არის სულის ისეთი მდგომარეობა და მოქმედების ისეთი სახე, როდესაც ადამიანი თავის ნებას უერთებს თავისი ხელმწიფის ნებას, მის ღირსებას თავის ღირსებასთან, მის ბედს თავის ბედთან... იგი თითქოს და ეუბნება თავის ხელმწიფეს: „მწამს, რომ შენ ხარ ჩვენი საერთო სამშობლოსა და ჩვენი ხალხის ერთგული ორგანო; რომ შენ მთელი შენი პირადი ინტერესები ჩაძირე (დაფალი) ჩვენი საერთო სამშობლოს ერთიან ინტერესში, რომ ენ მისი ერთგული ხარ; რომ შენ ეძიებ ყველა შენი ქვეშევრდომისთვის, იგივე ჩემი ძმებისთვის სიკეთესა და სამართლიანობას; რომ შენ ღმერთის მიერ და ღმერთის მეშვეობით შეერთებული ხარ ჩვენს სამშობლოსა და ყველა ჩვენთაგანთან; და ამიტომ მე, გემსახურები რა შენ, ვემსახურები ჩემს სამშობლოსა და ჩემს ხალხს, და ამასთან საუკეთესო სახით“.

„მხოლოდ იქ, სადაც ზნეობის წმინდა კანონი ურყევადაა დამკვიდრებული ადამიანთა გულებში აღზრდით, რწმენით, ჯანსაღი სწავლებითა და წინაპრების პატივმიგებული მაგლითებით, _ გასული საუკუნის შუახანებში ამბობდა კანონიზებული მოსკოველი მიტროპოლიტი ფილარეტი (დროზდოვი), _ იქ ინარჩუნებენ ერთგულებას სამშობლოსადმი და თავს დებენ მისთვის სამაგიეროს მიღების ან დიდების მოხვეჭისადმი წამახალისებელი სურვილის გარეშე. იქ კვდებიან კანონებისთვის, მაშინ როდესაც არ ეშინიათ მოკვდნენ კანონებისგან. ხოლო თუკი გულებში ჩაბუდებულ კანონს დევნიან ცრუ განათლებითა და მოუთოკავი მგრძნობელობით _ არ არის ცხოვრება დაწერილი კანონების მიხედვით: ბრძანებებს არ გააჩნიათ პატივისცემა, აღსრულებას კი _ ნდობა. თვითნებობა იქ დააბიჯებს ჩაგვრის გვერდიგვერდ, და ორივე აახლოებს საზოგადოებას დაცემასთან“.

„ამ სიტყვების დღევნდელი საჭირბოროტობა მხოლოდ ადასტურებს ბრძენი ბერის სიმართლესა და გამჭრიახობას _ აგრძელებს ამ აზრს თანამედროვე ბერი მიტროპოლიტი იოანე (სნიჩევი). _ თანმედროვე ლექსიკონები განსაზღვრავენ სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების იარაღს აზოგადოებაში. რელიგიურ-ზნეობრივ საყრდენებს მოკლებული ასეთი ძალაუფლება გარდაუვალად მახინჯდება შიშველ ძალადობაში... ახორციელებენ თუ არა მას პარტნომენკლატურის ინტერესებში სისხლიანი რეპრესიების მეშვეობით, ან ტრანსნაციონალური საფინანსო ოლიგარქების ინტერესებში არასასურველთა ეკონომიკური მოგუდვის მეშვეობით _ საბოლოო ჯამში არც თუ ისე მნიშვნელოვანია. ორივე შემთხვევაში ზნეობრივი იდეალების ფასეულობას აღირებენ უმნიშვნელოდ, ხოლო უკონტროლო ძალაუფლების ტოტალიტარული მონსტრი კი იზენს თვითკმარ მნიშვნელობას.

პრინციპულად სხვა საფუძვლებზე არის აგებული საეკლესიო სწავლება სახელმწიფოებრივი მოწყობის ღვთივსათნო ფორმის შესახებ.

სახელმწიფოს იგი განიხილავს, როგორც დიდ ოჯახს. „საიდანაა ეს სიმრვლე ადამიანებისა, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებული არიან ენითა და ადათ-ჩვეულებებით, და რომელსაც უწოდებენ ხალხს? აშკარაა, რომ ეს სიმრავლე წარმოიშვა უფრო ნაკლები ტომისგან, ხოლო ის კი წარმოიშვა ოჯახისგან. ამრიგად, ოჯახში ძევს ყოველივეს თესლები, რაც შემდეგ გაიშალა გიზარდა სახელმწიფოში“ _ აცხადებს მიტროპოლიტი ფილარეტი (დროზდოვი).

აქედანაა საერთო სახალხო ერთიანობის გაგება როგორც სულიერი ნათესაობისა, როგორც უდიდესი ზვირფასეულობისა, რომელიც ასე დამახასიათებელია რუსეთის ისტორიისათვის. აქედანვეა რუსი ადამიანის მისწრაფება, სადაც კი ეს შესაძლებელია, უსულო სამართლებრივი ნორმები შეცვალოს ზნეობრივი ფასეულობებით, გულითადი ადამიანური ურთიერთობების სითბოთი. აქედანაა _ დამოკიდებულება რუსული დერჟავულობისადმი როგორც სიწმინდისადმი, ვინაიდან ოჯახი _ „მცირე ეკლესია“ _ კურთხევას ღებულობს მეუღლეთა ჯვრისწერის საიდუმლოში, ხოლო სახელმწიფო _ „დიდი ოჯახი“ _ მეფის მეფობაზე, „ღვთის სადიდებლად“ (მაგრამ არა რომელიმე კლასის ან წოდებრივი ჯგუფის ინტერესებში) თვითმპყრობელურ ხელისუფლებაზე კურთხევის საიდუმლოში.

თუკი სახელმწიფოსა და ოჯახის ამ შედარებას გადავიტანთ „სამართლებრივ სახელმწიფოზე“, მაშინ ეს ნაქები სახელმწიფო შეგვიძლია შევადაროთ მხოლოდ ისეთ ოჯახს, რომლის წევრებიც გაუთავებელი ურთიერთ შელაპარაკებებითა და ურთიერთ ჩხუბებით ისე დაიღალნენ, რომ ურთიერთნდობა და ურთიერთსიყვარული უკვე გვარიანად გაუნელდათ, და რათა როგორღაც ასატანი იყოს მათთვის შემდგომი თანაარსებობა, შეადგინეს „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“, მოახდინეს თავიანთი ქცევების რეგლამენტირება „უფლებებითა და მოვალეობებით“: შენ გევალება მაღაზიაში სიარული, შენ _ თეთრეულისა და ტანსაცმლის რეცხვა, მე _ ნარეცხი წყლის გატანა... თუკი არ შეასრულებ შენს „მოვალეობებს“ _ მაშინ „შეგელახება“ უფლებებიც. შენ მე არ მომიხარშავ სადილს _ მე შენ არ გაგირეცხავ პერანგს... თითოეული „ეწევა თავის ჭაპანს“.

გასაგებია, რომ ასეთი „ოჯახისთვის“ არ მოინდომებ თავის გაწირვას. ბუნებრივი და სასიხარულოა თავის დადება მამისთვის, დედისთვის, საყვარელი ძმებისა და დებისთვის, მაგრამ სწორედ საყვარელი ადამიანებისთვის. არა ისეთი თავის მომაბეზრებელი ადამიანებისთვის, რომლებიც სადილსაც კი არ გაჭმევენ, თუკი რაიმე მიზეზით ვერ შეზლებ მათი ტანსაცმლის ან თეთრეულის გარეცხვას. ხოლო თავის გაწირვა „უფლებებისა და მოვალეობებისთვის“, იმისთვის რათა მობეზრებულ და მოძულებულ დებსა და ძმებს შემდგომშიც შეეზლოთ ავად თუ კარგად „თავიანთი ჭაპანის გაწევა“... სულაც არ არის თავგანწირვისთვის შთამაგონებელი. და საიდან უნდა მოვიდეს შთაგონება, გულწრფელი პატრიოტიზმი დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ცხოვრების თავად ეს დემოკრტიული წყობა თავიდან ბოლომდე ყალბია: სითყვით ახდენენ ერთის დეკლარირებას _ საქმით კი ცხოვრებაში არსერბობს სულ სხვა რამ. ამის შესახებ კარგად წერდა პროფესორი მ. ზაზიკინი: „დემოკრტიული თეორია ჩამოაყალიბა რუსომ XVIII საუკუნეში და მას დღემდე ახორციელებენ დასავლეთის ქვეყნებში. მის მიხედვით უნდა ბატონობდეს ხალხის გონიერი უმრავლესობა, _ პრაქტიკაში კი, ერთიმეორის მონაცვლეობით, ბატონობს რამდენიმე პარტიული ხელმძღვანელი, რომლებსაც აფინანსებს მსოფლიო ფინანსური ოლიგარქია. თეორიის მიხედვით, გადაწყვეტილებებს ღებულობენ ყველაზე უფრო არგუმენტირებული მოსაზრებების მიხედვით საპარლმენტო დებატების დროს, _ პრქტიკაში ისინი არანაირად არ არის დამოკიდებული არც დებატებზე, არც არგუმენტებზე, არამედ წარიმართება პარტიების ხელმძღვანელობის ზურგს უკან მდგომი საიდუმლო ძალების ნებითა და, ნაწილობრივ, პარტიების მეთაურების პირადი ინტერესის მოსაზრებებით. თეორიის მიხედვით, ხალხის წარმომადგენლებს მხედველობაში აქვთ მხოლოდ ერთადერთი რამ, ხალხის სიკეთე _ პრაქტიკაში კი ხალხისთვის სიკეთის საბაბით და მის ხარჯზე იწყობენ სიკეთეს თავიანთი მფარველებისა და პირადად თავისთვის. თეორიის მიხედვით, ისინი უნდა იყვნენ ყველაზე უფრო უკეთესი, ხალხისთვის საყვარელი და პატივცემული მოქალაქეების რიცხვიდან, _ პრაქტიკაში კი ესენი ყველაზე უფრო პატივმოყვარე, თავხედი და უსინდისო ადამიანებია. თეორიის მიხედვით, ამომრჩეველი ხმას აძლევს იმას, ვისაც იცნობს და ვისაც ენდობა, _ პრაქტიკაში კი, იგი ხმას აძლევს იმას, ვისაც სრულებით არ იცნობს, არამედ მოისმინა პარტიული პროპაგანდის ყვირილი. თეორიის მიხედვით, პარლმენტში საქმეებს მართავს გამოცდილი გონება და უანგარო გრძნობა, _ პრაქტიკაში მთავარი მამოძრავებელი ძალებია _ საიდუმლო ძალების (მსოფლიო ფინანსური ოლიგარქიის) ნება, ეგოიზმი და დემაგოგია“.

ნაცნობი სურათია, ასეა არა? ახლა კი ეს ჩვენთვისაც ტკივილამდე ნაცნობი გახდა. გასაგები საქმეა, რომ თუკი თვით ასეთი ცხოვრების დროსაც კი რუსი ადამიანებიდან ჯერ კიდევ სავსებით არ გამოირეცხა პატზრიოტიზმი, ეს შეიძლება ავხსნათ მხოლოდ უწინდელი, უკეთესი დროის არა სავსებით გამქრალი მემკვიდრეობით. არა მხოლოდ წყვდიადი, ჩამორჩენილობა და უმეცრება იყო დამახასიათებელი რუსი ხალხისთვის უწინდელ დროში. იყო სხვაც, რასაც ბევრი ვერ ხედავდა მაშინ, და ეხლაც კი ვერ ხედავს.

„დიახ ჩვენ ღარიბები ვართ, დიახ ჩვენ საწყლები ვართ ბევრ რამეში“, _ წერდა 120 წლის წინათ თ. მ. დოსტოევსკი; _ დიახ, ნამდვილად ჩვენ იმდენი ცუდი რამ გვაქვს, რომ ბრძენს, და განსაკუთრებით თუკი ის ჩვენი „ბრძენია“, არ შეეზლო „ეღალატა“ საკუთარი თავისთვის და არ წამოეძახა: „მორჩა რუსეთი და დასანანიც არაფერია!“ (რუს. «капут России и жалеть нечего!»). აი სწორედ ჩვენთა ბრძენთა ამ მშობლიურმა აზრებმა მოიარეს კიდეც მთელი ევროპა, და განსაკუთრებით კი ევროპელი კორესპონდენტების მეშვეობით, რომლებიც შემოგვესიენ ომის წინ, რათა შევესწავლეთ ადგილზე, ვენახეთ თვიანთი ევროპული ხედვით, გაეზომათ ჩვენი ძალები თავიანთი ევროპული საზომებით. და, რა თქმა უნდა, ისინი უსმენდნენ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთა „ბრძენთა და გონიერთა“. ხალხის ძალა, ხალხის სული ყველას გამორჩა თვალთახედვიდან, და მოიარა მთელი ევროპა ამბავმა, რომ იღუპება რუსეთი, რომ არაფერია რუსეთი, არაფერი იყო და არაფერი არის კიდეც და არაფრად გადაიქცევა. აუტოკდათ გულები ჩვენს ძველთაძველ მტრებსა და მოძულეებს, რომლებთაც აგერ უკვე ორი საუკუნეა გულს ვუწვრილებთ ევროპაში, აუტოკდათ გულები მრავალ ათასობით ევროპელ ურიებსა და მილიონობით მათთან ერთად გაურიებულ „ქრისტიანებს“... მაგრამ ღმერთმა ჩვენ გადაგვარჩინა, მოუვლინა რა მათ ყველას სიბრმავე; მათ დიდად ირწმუნეს რუსეთის დაღუპვა და არარაობა, მთავარი კი ვერ დაინახეს. ვერ დაინახეს მთელი რუსი ხალხი, როგორც ცოცხალი ძალა, და ვერ დაინახეს კოლოსალური ფაქტი: მეფის კავშირი თავის ხალხთან! აი მხოლოდ ეს გამორჩათ კიდეც მათ მხედველობიდან!.. იმაში არის კიდეც ჩვენი მთავარი ძალა, რომ მათ სრულებით არ ესმით რუსეთის, არაფერი არ ესმით რუსეთში! მათ არ იციან, რომ მსოფლიოში ჩვენი დამარცხება არაფრით არ შეიძლება, რომ ჩვენ შესაძლოა ვაგებდეთ ბრძოლებს, მაგრამ მაინც დავრჩებით დაუმარცხებელნი სწორედ ჩვენი ხალხის სულის ერთიანობით ხალხის შეგნებასთან... მათ არ ესმით და არ იციან, რომ თუკი ჩვენ მოვინდომებთ, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ ვერც მთელი ევროპის ურიები ერთად, ვერც მათი ოქროს მილიონები, რომ თუკი ჩვენ მოვინდომებთ, არ შეიძლება გვაიძულონ იმის გაკეთება, რასაც ჩვენ თავად არ მოვისურვებთ, და რომ არ არის ასეთი ძალა დედამიწაზე... ალექსანდრე I-მა იცოდა ჩვენი ამ თავისებური ძალის შესახებ, როდესაც ამბობდა, რომ მოუშვებს წვერს და წავა ტყეში თავის ხალხთან ერთად, მაგრამ არ ჩააგებს მახვილს და არ დაემორჩილება ნაპოლეონის ნებას. და, რა თქმა უნდა, ამ ძალაზე დაიმსხვრეოდა მთელი ევროპა ერთად, იმიტომ რომ ასეთი ომისთვის მას არ ეყოფა არც ფული, არც ორგანიზაციის ერთიანობა“ (4, გვ. 113-114). „ჩვენ, რუსებს, გვაქვს ორი ძალა, რომლებიც ყველა დანარჩენის ტოლფასია მთელს მსოფლიოში, _ ეს არის ჩვენი ხალხის მილიონების ყოვლად მთლიანობა და სულიერი განუყოფელობა და მონარქთან მისი უმჭიდროესი ერთიანობა... ჩვენი ხალხი გონიერი და წყნარია, და მასთან ერთად სულაც არ სურს ომი, მაგრამ თუკი საჭირო გახდება, თუკი გაისმება მეფის დიადი სიტყვა, მაშინ მთლიანად დაიძრება, მთელი მისი ასმილიონიანი მასით, და გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც ეუძლია ასმილიონიან მასას, შთაგონებულსა და აღფრთოვანებულს ერთი აღტყინებით და თანხმობაში მყოფს, ერთი ადამიანის მსგავსად“ (4, გვ. 9). „ასეთი ხალხი შესაძლოა სავსებით იყოს ნდობის ღირსი. ვინაიდან ვის არ უნახავს იგი მეფის ახლოს, მეფის გარშემო, მეფესთან? ესენი მეფის შვილებია, პირწავარდნილი, ნამდვილი, ღვიძლი შვილები, მეფე კი მათი მამაა. ნუთუ ეს ჩვენში მხოლოდ სიტყვაა, მხოლოდ ბგერაა, მხოლოდ დასახელებაა, რომ „მეფე მათი მამაა“? ვინც ასე ფიქრობს, მას არაფერი არ ესმის რუსეთში! არა, აქ იდეა ღრმა და უორიგინალურესია, აქ ორგანიზმია, ცოცხალი და ძლიერი, თავის მეფესთან ერთიანობაში შერწყმული ხალხის ორგანიზმი. მეფე ხალხისთვის გარეგანი ძალა კი არ არის, არამედ თავად მისი ხორცშესხმაა, მისი მთელი იდეის, მისი იმედების და რწმენის ხორცშესხმა... და სწორედ ეს დამოკიდებულება ხალხისა მეფისადმი, როგორც მამისადმი, არის კიდეც ჩვენი ის ნამდვილი, ანდამატური საფუძველი, რაზედაც შეიძლება ემყარებოდეს ჩვენში ნებისმიერი რეფორმა და ემყარება კიდეც. თუკი გსურთ, ჩვენთან რუსეთში არ არის არავითარი სხვა ძალა, რომელსაც ჩვენ ვემყარებით, რომელიც ჩვენ გვიფარავს და რომელსაც ჩვენ მივყავრთ, თუ არა ეს ორგანული, ცოცხალი კავშირი ხალხისა თავის მეფესთან, და მისგან ჩვენში ყოველივე ამოდის კიდეც... ჩვენთან შესაძლოა ყველაზე უფრო სრული სამოქალაქო თავისუფლება, უფრო სრული, ვიდრე სადმე მსოფლიოშია, ევროპაში ან თუნდაც ჩრდილოეთ ამერიკაში, და სწორედ ამ ანდამატურ საფუძველზე ემყარება კიდეც იგი. არა ქაღალდზე დაწერილით დამკვიდრდება, არამედ დაემყარება მეფისადმი, როგორც მამისადმი, ხალხის ბავშვურ სიყვარულზე, ვინაიდან შვილებს შესაძლოა ბევრი რამ ისეთის ნება დართო, რაც წარმოუდგენელია სხვებთან, სახელშეკრულებო ხალხებთან, შვილებს შესაძლოა ისე ბევრი რამ ანდო და ბევრის ნება დართო, რაც მანამდე არსად არ უნახავთ, ვინაიდან შვილები არ უღალატებენ თავიანთ მამას, და როგორც ბავშვები, სიყვარულით მიიღებენ მისგან მათი ნებისმიერი შეცდომისა და ნებისმიერი გადაცდომის ყველანაირ შესწორებას“ (4, გვ. 523-527).

მეფე, როგორც მამა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოუსმენს თავის საყვარელ შვილებს და შეეცდება მათ გაგებას. მკაცრი ხასითის მქონე პეტრე დიდი ამბობდა: „სასარგებლო რამის მოსმენა მე მახრებს თვით უკანასკნელი ქვეშევრდომისგანაც კი. ჩემთან მოსვლა ყველას თავისუფლად შეუძლია, ოღონდ კი უსაგნოდ არ მართმევდნენ ხოლმე დროს“ (1, გვ. 515). ამასთან იგი ისმენდა არა მხოლოდ მისი ყურისთვის სასიამოვნო „სასარგებლოს“, არამედ შეეძლო უსიამოვნო სიმართლის მოსმენაც. თავად იკობ დოლგორუკოვს იგი ეუბნებოდა: „აი, შენ ყველაზე უფრო მეტად მლანძღავ მე და ისე ძალიან მტკენ გულს შენი კამათით, რომ ხშირად ძლივსღა ვინარჩუნებ ხოლმე მოთმინებს; ხოლო როდესაც ჩავუფიქრდები, მაშინ დავინახავ, რომ შენ გულწრფელად გიყვარვართ მე და სახელმწიფო, და სიმართლეს ამბობ, ამისთვის შინაგანად მე მადლიერი ვარ შენი...“ (1, გვ. 516).

მართლმდიდებლობა, თვითმპყრობელობა, ხლხურობა _ აი „სამი ვეშაპი“, რომლებზედც საუკუნეებით იდგა და მტკიცდებოდა რუსული სახელმწიფო. ეს, სამწუხროდ, გაიგეს _ შესაძლოა ჩვენზე უკეთესადაც კი გაიგეს _ ჩვენმა მტრებმაც. ტყუილად არ იყო, რომ ოქტომბრის რევოლუცია და მისი მომყოლი მოვლენები თავიანთ ყველაზე უფრო მთავარ და ძლიერ დარტყმებს აყენებდნენ სწორედ ამ „სამ ვეშაპს“:

_ აფეთქებენ და ანგრევენ ტაძრებს, ბატონობს სარწმენოებისა და ღმერთის თავხედური დაცინვა;

_ დახვრიტეს მეფე ოჯახთან ერთად;

_ ხოცავენ და საზოგადოებისგან იზოლაციაში აქცევენ ხალხის საუკეთესო წარმომადგენლებს.

იმ ხანებში, როდესაც ვლადიმირ ილიას ძე ულიანოვი (ლენინი) ჯერ კიდევ სამი წლისა „დაძვრებოდა მაგიდის ქვეშ“, რუსეთის მკითხველმა საზოგადოებამ გაიცნო თ. მ. დოსტოევსკის მორიგი რომანი „ეშმაკნი“. ამ რომანის ერთერთ გმირთაგანი, ვინმე შიგალევი აცხადებდა: „მივმართე რა ჩემი ენერგია მომავალი საზოგადოების სოციალური მოწყობის შესახებ საკითხის შესწავლაზე, რომლითაც შეიცვლება ახლანდელი, მე დავრწმუნდი, რომ სოციალური სისტემის ყველა მშენებელი უძველესი დროიდან ჩვენს დღეებამდე, იყო მეოცნებე, მეზღაპრე და სულელი, რომლებსაც სრულებით არაფერი ესმოდათ ბუნებრივ მეცნიერებასა და იმ უცნურ ცხოველში, რომელსაც ეწოდება ადამიანი. პლატონი, რუსო, ფურიე _ ყოველივე ეს მხოლოდ ბეღურებისთვის თუ გამოდგება, და არა ადამიანთა საზოგადოებისთვის. მაგრამ რადგანაც მომავალი საზოგადოებრივი ფორმა უცილებელია სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ ყველანი ბოლოს და ბოლოს ვაპირებთ ამოქმედებას, რათა ამის მერეც საფიქრალი არ გაგვიხდეს, ამიტომ გთავაზობთ კიდეც მსოფლიოს მოწყობის ჩემს საკუთარ სისტემას. აი ეს! _ ხელი დაარტყა მან რვეულს“ (5, გვ. 352).

აი ეს სისტემა რომანის სხვა გმირის პეტრე სტეფანეს ძე ვერხოვენსკის გადმოცემით: „შიგალევი გენიალური ადამიანია! მან მოიგონა „თანასწორობა“! მას კარგადა აქვს რვეულში _ მას აქვს ჯაშუშობა. მასთან საზოგდოების თითოეული წევრი თვალყურს ადევნებს სხვებს და ევალება დასმენა. თითოეული ეკუთვნის ყველას, ყველა კი თითოეულს. ყველა მონაა და მონობაში ყველა თანასწორია. უკიდურეს შემთხვევაში ცილისწამება და მკვლელობა, მთავრი კი არის _ თანასწორობა. პირველ რიგში მცირდება განათლების, მეცნიერებათა და ტალანტების დონე. მეცნიერებათა და ტალანტების მაღალი დონე ხელმისაწვდომია მხოლოდ მაღალი ნიჭისა და უნარებისთვის, არ გვინდა მაღალი ნიჭი და უნარები! მაღალი ნიჭი და მაღალი უნარები ყოველთვის რყვნიდა უფრო მეტად, ვიდრე სარგებელი მოჰქონდა; მათ განდევნიან ან სიკვდილით დასჯიან. ციცერონს ამოჰკვეთენ ენას, კოპერნიკს ამოთხრიან თვალებს, შექსპირს ქვებით განტვინავენ _ აი ესაა შიგალევის სწავლება! მონები უნდა იყვნენ თანასწორნი: დესპოტიზმის გარეშე ჯერ არ ყოფილა არც თავისუფლება, არც თანასწორობა, მაგრამ ჯოგში უნდა იყოს თანასწორობა... მთები გავათანასწოროთ _ კარგი აზრია, არა სასაცილო!.. ჩვენ გავუშვებთ ლოთობას, ჭორებს, დასმენას; ჩვენ გავუშვებთ მანამდე უნახავ გარყვნილებას; ჩვენ ყველანაირი გენიის ნაპერწკალს ჩვილობაშივე ჩავაქრობთ. ყველას ერთ მნიშვნელზე დავიყვანთ, სრული თანასწორობაა... მომისმინეთ, ჩვენ თავიდან გავუშვებთ არეულობს. მე უკვე გეუბნებოდით: ჩვენ შევაღწიეთ თავად ხალხში. იცით თუ არა, რომ ჩვენ უკვე ახლაც საშინლად ძლიერები ვართ? ჩვენები მხოლოდ ისინი კი არ არიან, ვინც ჭრიან და წვავენ... მომისმინეთ მე ისინი ყველანი დავითვალე: მასწავლებელი, რომელიც ბავშვებთან ერთად დასცინის მათ ღმერთსა და მათ აკვანს, უკვე ჩვენიანია. ადვოკატი, რომელიც იცავს განათლებულ მკვლელს იმით, რომ იგი თავის მსხვერპლზე უფრო მეტად განვითარებულია, და ფულის მოსაპოვებლად არ შეეძლო არ მოეკლა, უკვე ჩვენიანია. სკოლის მოწაფეები, რომლებიც კლავენ გლეხს, რათა ეს შეგრძნება განიცადონ, ჩვენიანები არიან. ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით ამართლებენ დამნაშავეებს, ჩვენიანები არიან. პროკურორი, რომელიც სასამართლოში თრთის (კანკალებს) იმის გამო, რომ იგი საკმარისად ლიბერლური არ არის, ჩვენიანია, ჩვენიანია. ადმინისტრატორები, ლიტერატორები, ოჰ, ჩვენიანები ბევრნი, ძალზედ ბევრნი არიან, და ეს თვითონაც კი არ იციან... ხალხი მთვრალია, დედები მთვრალები არიან, შვილები მთვრალები არიან, ეკლესიები ცარიელია... ოჰ, მიეცით თაობას გაზრდის საშუალება! დასანანია, მხოლოდ, რომ ლოდინის დრო არ არის, არადა ისინი რომ უფრო მეტად მთვრალები გამხდარიყვნენ! აჰ, როგორ საწყენია, რომ არა გვყავს პროლეტარები! მაგრამ გვეყოლება, გვეყოლება, აქეთკენ მიდის საქმე...“ (5, გვ. 364-367). და მოვიდა. და ახლა ჩვენ გვაქვს ის, რაც გვაქვს.

რომელიღაც ბრძენმა თქვა: „ხალხი, რომელმაც არ იცის თავისი წარსული, რისკავს კვლავ განიცადოს იგი“. ჩემო ხელმწიფენო, რუსო ადამიანებო, ნუთუ თქვენ ახლაც ჯერ კიდევ ვერაფერი ვერ გაიგეთ, ვერაფერი ვერ ისწავლეთ?!..

არა, ნაადრევად ხარობთ, ბატონებო, რომლებიც შეკრებილხართ რუსეთის დასამარხად. თქვენს მიერ რუსეთისთვის ასეთი მზრუნველობით ამოთხრილ საფლავზე ისევ მიწის მიყრა მოგიწვთ. ჩვენ კვლავ ცოცხლები ვართ! და ჩვენ ბევრი რამ გავიგეთ და ბევრი რამ ვისწვლეთ! რუსეთის დასამარხად შეკრებილებს საზეიმოდ ვუცხადებ: დაკრძალვა გუქმებულია, ჩვენ განზრახული გვაქვს კიდევ ვიცოცხლოთ! ჩვენი ხალხი კვლავ ცოცხალია. ჩვენი მართლმადიდებლობა კვლავ ცოცხლობს. და „მესამე ვეშაპს“, თვითმპყრობელობას მართლმადიდებელი ხალხი თავისთვის გამოსთხოვს უფალს. ჩვენ ჩუმად, ტკივილით, მაგრამ დაჯერებულად (მყარად) ავდგებით ამ საავადმყოფოს საწოლიდან, რომელზედაც ახლა ვწევართ, მხრებში გავიშლებით, ფართო მკერდით ამოვისუნთქავთ და ვეტყვით „მთელ მსოფლიოს, მთელ ევროპულ კაცობრიობასა და მის ცივილიზაციას ჩვენს ახალ ჯანსაღ და მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ გაუგონარ სიტყვას. ეს სიტყვა თქმული იქნება სასიკეთოდ და ჭეშმარიტად უკვე მთელი კაცობრიობის შეერთებისთვის ახალი, ძმური, სრულიად მსოფლიო კავშირით, რომლის საწყისიც ძევს სლავების გენიაში, უპირატესად კი დიდი რუსი ხალხის სულში, რომელიც ასე დიდხანს იტანჯებოდა, ამდენად ბევრი საუკუნის მანძილზე განწირული იყო მდუმარებისთვის, მაგრამ ყოველთვის გააჩნდა თავის თავში დიადი ძალები დასავლეთ-ევროპული ცივილიზაციის ბევრი მწარე და ყველაზე უფრო საბედისწერო გაუგებრობის მომავლი განმარტებისა და გადაწყვეტისთვის“ (4, გვ. 240). და აი, როდესაც ეს „მწარე და საბედისწერო გაუგებრობები“ „განმარტებული და გადაწყვეტილი“ იქნება, მაშინ ჩვენი მტრები სირცხვილით გაწითლდებიან და დაიწყებენ შეკითხვას: „რატომ ვცემდით ჩვენ მათ და კინაღამ არ მოვკალით?“ მაგრამ ჩვენ მათ მოვეხვევით, როგორც გვამცნო უფალმა და გვასწავლა მისმა წმიდა ეკლესიამ, და არ გავიხსენებთ ცუდს, არამედ ყველას შევუნდობთ და ყველს შევიყვარებთ, ვინაიდან ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებულნი. „დიახ, რუსი ადამიანის დანიშნულება არის უდაოდ სრულიად ევროპული და სრულიად მსოფლიო. გახდე ნამდვილი რუსი, გახდე სავსებით რუსი შესაძლებელი მოხდეს, და ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გახდე ყველა ადამიანის ძმა, ყოვლადადამინი (რუს. стать... всечеловеком), თუკი გსურთ. ჩვენი სლავოფილობა და მედასავლეთეობა არის ჩვენში არსებული მხოლოდ ერთი დიდი გაუგებრობა, თუმცა კი ისტორიულად აუცილებელიც. ნამდვილი რუსისთვის ევროპა და მთელი დიდი არიული ტომის სამკვდრებელი ისევე ძვირფასია, როგორც თავად რუსეთიც, იმიტომ რომ ჩვენი ხვედრი არის კიდეც სრულიადმსოფლიოობა, მაგრამ შეძენილი არა მახვილით, არამედ ძმობის გულითა და ადამიანთა შეერთებისკენ ძმური მისწრაფებით... გახდე ნამდვილი რუსი, ნიშნავს: ისწრაფო უკვე საბოლოოდ შერიგების ეშტანისკენ ევროპულ დაპირისპირებებში, მიუთითო ევროპულ სევდას დასასრულზე შენს რუსულ სულში, ყოვლად ადამიანურსა და ყოველივეს შემაერთებელში, დაიტიო მასში ყველა ჩვენი ძმის ძმური სიყვარული და გამოთქვა დიადი, საერთო ჰარმონიის, ყველა ტომის ძმური საბოლოო თანხმობის საბოლოო სიტყვა ქრისტეს სახარების კანონის მიხედვით! ვიცი, კარგად ვიცი, რომ ჩემი სიტყვები შესაძლოა მოგეჩვენოთ აღტაცებულად, გაზვიადებულად და ფანტასტიკურად... „ეს ვითომდა, ჩვენ, ჩვენს ღატაკ და უხეშ მიწას აქვს ასეთი ხვედრი? ეს ჩვენთვის არის განკუთვნილი კაცობრიობაში ახალი სიტყვის თქმა?“ რა ვთქვა, განა მე ეკონომიკურ დიდებაზე ვლაპრაკობ, მახვილის ან მეცნიერების დიდებაზე? მე ვლაპარკობ მხოლოდ ადამიანთა ძმობასა და იმაზე, რომ სრულიად მსოფლიო, სრულიად საკაცობრიო ძმური ერთიანობისთვის რუსული გული, შესაძლოა ყველა ხალხზე უფრო მეტად არის განკუთვნილი... დაე ჩვენი მიწა ყველაზე ღარიბი იყოს, მაგრამ ეს ღარიბი მიწა „მონის სახით მოიარა კურთხევით ქრისტემ“. რატომ ვერ უნდა დავიტიოთ ჩვენ მისი უკანასკნელი სიტყვა? განა თავად იგი ბაგაში არ იშვა?..“ (4, გვ. 469-470).

ეს თ. მ. დოსტოევსკის სიტყვებია მისი სახელგანთქმული „პუშკინისადმი მიძღვნილი მოხსენებიდან“, რომელიც წარმოსთქვა გარდაცვალებამდე ერთ წელიწადზე ნაკლები ხნით ადრე რუსული სიტვიერების მოყვარულთა საზოგადოების სხდომაზე. „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების“ სერიაში წიგნის „დოსტოევსკი“ ავტორი იუ. ი. სელეზნიოვი ასე აღწერს დარბაზის რეაქციას ამ მოხსენებაზე: „რამოდენიმე ხანს დარბაზი თითქოსდა გაოგნებული იყო, რომელმაც შემდეგ ისეთი მქუხარე ოვაციებით ამოხეთქა, რომ ძნელად თუ ნახავდა უწინ კეთილშობილი საკრებულო მსგავს რაიმეს.

წინასწარმეტყველია! წინასწრმეტყველია! _ ისმოდა შეძახილები. სლავოფილი ივანე აკსაკოვი და მედასავლეთე ტურგენევი დოსტოევსკის გადასაკოცნად მისცვივდნენ. დარბაზში წარმოუდგენელი რამ ხდებოდა _ ადამიანები ტიროდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ, ვიღაცა გრძნობამორეული წაიქცა, თითქოსდა, თუნდაც სულ ერთი წამით, ყოველივე ბოროტი, არაკეთილი, რაც ჰყოფდა ადამიანებს, უეცრად ნაჭუჭივით მოსცილდათ, და მათ გაიხარეს ამის გამო, ახლის, დავიწყებულის, მაგრამ რაც ყოველთვის ტანჯავდათ ამ წყეულ ნაჭუჭში, და ახლა კი ზეიმობდნენ იმის გამო, რომ ეეძლოთ თავის-თავადნი ყოფილიყვნენ. შემდგმომში ჰყვებოდნენ, რომ ამ წუთებში ურიგდებოდნენ ერთიმეორეს და კოცნით ეხვეოდნენ თვით ძველი მტრებიც კი: მოსკოვში ორი ცნობილი მოხუცი, რომლთა შესახებაც იცოდნენ, რომ უკვე ოცი წელია ერთმანეთზე უსიამოვნო კრთომის გარეშე ამბების მოსმენაც კი არ შეეძლოთ, _ უეცრად, წინასწარ შეუთანხმებლად, მისცვივდნენ ერთიმეორეს, გადაეხვივნენ, დადუმდნენ და ატირდნენ, როგორც პატარა ბავშვები, ჭაღარები, დაუცველები...“ (6, გვ. 552).

მცოდნე ადამიანები იტყვიან: „მერე და რა მოხდა? მეტად მალევე ხომ ამ მისთვის ტაშის დამკვრელმა, მასთან ჩახუტებულმა და ერთმანეთის გადამკოცნელმა ადმიანებმა მასვე პრესის მეშვეობით თავს დაატეხეს დაცინვის, ცილისწამებისა და ლანძღვა-გინების კორიანტელი. დოსტოევსკი „ღრუბლებში დაფრინავდაო“, ახლა კი მღვდელმსახური ალექსანდრე ზახაროვი აგრძელებს იმავე უმადურ საქმეს.

ვიცი, კარგად ვიცი, რომ ახლა მეც მერგება სრულად: ფურთხიც, ცილისწამებაცა და ლანძღვა-გინებაც. და მაინც საზეიმოდ ვაცხადებ: რუსეთი ცოცხლობდა, ცოცხლობს და კვლავაც იცოცხლებს! „სამი ვეშაპი“ კვლავ მოცურდება და თავიანთ ზურგებს შეუდგამს მას. მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა, ხალხურობა მოუვლენს მსოფლიოს რუსი ადამიანების ძმურ ოჯახს, რომლისაც თავიდან ყველას შეშურდება, ხოლო შემდეგ კი თავადაც მოისურვებენ ასევე ცხოვრებას. ყველა ჩვენი ახლანდელი სექტანტობა, სტადიონებზე სიარული დასავლელ მისიონერებთან, ინდური რელიგიისა და ფილოსოფიის უღრან ტყეებში სირული და სხვა „ტანჯვის გზებზე სიარულიც“ _ ყოველივე ეს ზემოდანაა დაფენილი, ზედაპირულია, ხალხის წიაღში არ არის ფესვგადგმული და საამისოდ უნარიც არ გააჩნია; არ არის რუსულ სულში შესაფერისი „ნიადაგი“ ასეთი „ნაზარდებისთვის“. ყოველივე ამას ფესვები ვერ გაუდგამს და ვერც გაიდგამს, ეს კი ნიშნავს, რომ უკვე უხლოეს თაობებში დაჭკნება და გახმება. გარწმუნებთ: ყველა ჩვენი ყველაზე უფრო თავგამოდებული ბაპტისტი და კრიშნაიტი დაასრულებს მართლმადიდებლური ტაძრით და ასეთივე მართლმადიდებელი იქნება, რომ ჩვენც კი მართლმადიდებელ მოხუცებსაც შორს ჩამოგვიტოვებს.

პრეზიდენტი, მერები, საკანონმდებლო საკრებულოები _ ასეთივე „ქაფია წყალზე“. დღეს არის, ხვალ აღარ იქნება. და აქ თქვენ გარწმუნებთ: ყველა გულწრფელი დემოკრატი, თუკი არ განაბნევს (გაფანტავს) თავის გულწრფელობს, აუცილებლად გაიზრდება დარწმუნებულ მონარქისტად. ასეთი რამ უკვე არაერთხელ ყოფილა. რუსეთის ისტორიას თითქოსდა სპეციალურად ყველაზე უფრო გამოჩენილი ჩვენი მონარქისტები გაუტარებია დემოკრატიითა და რესპუბლიკელობით გატაცების ნიადაგზე. ი. ა. ილინი, რომლის ციტატებიც ასე ხშირად მომყავდა, ახალგაზრდობაში იმდენად თავგადამკვდარი მებრძოლი იყო თვითმპყრობელობასთან, რომ თავისთან სახლში ინახავდა ბომბებს სოციალისტ-რევოლუციონერებისთვის. თ. მ. დოსტოევსკი კატორღაში იჯდა პეტრაშეველთა საქმეში მონაწილეობის გამო. ლ. ა. ტიხომიროვი, მონარქიის დასაცავად ყველაზე უფრო მონუმენტური შრომის „მონარქიული სახელწიფოებრიობა“ ავტორი, გახლდათ „ნაროდნაია ვოლიას“ პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, რომელმაც მოახდინა იმპერატორ ალექსანდრე II-ის მკვლელობის ორგანიზება, რედაქტირებას უკეთებდა პარტიულ გაზეთებს, დააპატიმრეს და ოთხ წელიწდზე მეტ ხანს იჯდა პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში. საინტერესოა მისი განთავისუფლების გარემოებები. იმპერატორმა ალექსანდრე III-მ (მოკვდინებული ალექსანდრე II-ის ძემ) ჩამოიარა პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის პოლიტპატიმრები და პირადად ისაუბრა თითოეულ მათგანთან. ყველა, როგორც შეეძლო, თავს იძვრენდა და არწმუნებდა იმპერატორს თავის უდანაშაულობაში. მხოლოდ ერთმა ტიხომიროვმა პატიოსნად აღიარა, რომ დამსახურებულად არის დასჯილი. მაშინ იმპერატორმა შენიშნა, რომ ვერ ხედვს შესაძლებლად ერთსა და იმავე პყრობილებში ჰყავდეს ამდენი „უდანაშაულო“ ადამიანი „დამნაშავესთან“ ერთად და ბრძანა ტიხომიროვის განთავისუფლება. მეფის კეთილშობილებისა და გულმოწყალების ამ ფაქტმა საფუძველი დაუდო აქტიური რევოლუციონერის ხელახლა დაბადებას დარწმუნებულ მონარქისტად.

ჩვენი ხალხი მთლიანია. ჩვენი მართლმადიდებლობა ცოცხალია. გვეყოლება ჩვენ მონარქიც. მაგრამ მონარქი ჩვენ, რუსმა ადამიანებმა, ისევ ვიმეორებ, ჯერ კიდევ უნდა დავიმსახუროთ და ღმერთს გამოთვთხოვოთ. ამ საკითხში საჭიროა მოფიქრებულობა, სიფხიზლე და აწონილ-დაწონილობა, ისე როგორც სხვაგან არსად. დოსტოევსკის ყველა „წინასწარმეტყველება“ ჯერ კიდევ არ აღსრულებულა. მან ხომ „ეშმაკნიში“ მჭერმეტყველურად აგვიწერა ჩვენ არა მხოლოდ სოციალიზმი, არამედ ისიც, რასაც გვიმზადებენ ეშმაკები სოცილიზმის შემდეგ. „ასე, რომ, დაიწყება კიდეც არეულობა! _ ეს კვლავ იგივე ვერხოვენსკი ამბობს სიტყვას. _ ისეთი რყევა იქნება, როგორიც ჯერ კიდევ მსოფლიოს არ უნახავს... ნისლით დაიბურება რუსეთი, ატირდება ძველ ღმერთებზე... და აი, ჩვენ აქ გამოვიყვანთ... ვის? ივანე-მეფისწულს! ჩვენ ვიტყვით, რომ იგი „იმალება“. იცით თუ არა თქვენ, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა (რუს. словцо): „იგი იმალება“? მაგრამ იგი გამოჩნდება, გამოჩნდება. იგი არის, მაგრამ იგი არავის უხილავს. ოჰ, როგორი ლეგენდის გაშვება შეიძლება! და რაც მთავრია _ ახალი ძალა მოდის! და სწორედ იგი არის საჭირო, სწორედ მის გამო ტირიან. რა არის სოციალიზმში: ძველი ძალები დაანგრია, ახლები კი ვერ შემოიყვანა. აქ კი ძალაა, და თანაც როგორი ძალა, გაუგონარი! ჩვენ ხომ მხოლოდ ერთხელ უნდა დავაწვეთ ბერკეტს, დედამიწა რომ ავწიოთ. ყველაფერი აიწევა!.. და კვნესით აკვნესდება დედამიწა: „ახალი მართალი კანონი მოდის, და აღელდება ზღვა, და დაინგრევა ბალაგანი, და მაშინ დავფიქრდებით, თუ როგორ დავდგათ ქვის ნაგებობა. პირველად! ჩვენ ავაშენებთ, ჩვენ, მხოლოდ ჩვენ!“ (5, გვ. 368-369).

გესმით თუ არა, რუსო ადამიანებო, ეს სამმაგი „ჩვენ, ჩვენ, მხოლოდ ჩვენ“? აი ეს დაიმახსოვრეთ, გულის სიღრმემდე დაიმახსოვრეთ: „მეფე უნდა დავიმსახუროთ, მეფემდე უნდა გავიზარდოთ, მეფემდე სულიერად უნდა მოვმწიფდეთ. ხოლო თუკი გაუზრდელად, მოუმწიფებლად მოისურვებთ რაც შეიძლება მალე, ახლავე და ხელის ერთი მოქნევით ყველა თქვენი პრობლემის „მეფით“ გადაწყვეტას _ მაშინ მეფის ნაცვლად მიიღებთ „დამალულ“ „ივნე-მეფისწულს“. გრძნობს ჩემი გული, რომ უკვე მომზადებულიც არის. ჯერ კიდევ „იმალება“. მაგრამ აი-აი, „მოვა“. არ ეცადეთ. თვალი არ აგეხვიოთ. არ იჩქაროთ. ნაჩქარევი „ივანე-მეფისწულის“ სახის მიღმა ისინი თავიანთ მშენებლობას გააგრძელებენ. მთავარი „მშენებლობა“ სწორედ მაშინ დაიწყება კიდეც. ყველაფერი, რაც აქამდე იყო _ მხოლოდ „ბალაგანია“. ხოლო დაპროექტებული კი აქვთ „ქვის ნაგებობა“. სქელი კედლებითა და მაგარი გისოსებით...

რომანს „ეშმაკნი“ აქვს ორი ეპიგრაფი. ერთი დოსტოევსკის საყვარელი პუშკინიდანაა. მეორე, რომელზედაც მინდა განსაკუთრებით შევაჩერო თქვენი ყურადღება _ სახარებისეული მოთხრობაა ქრისტეს მიერ ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების შესახებ (ლუკა, 8. 32-36). „ღადარინელი ეშმაკეული“ _ ეს არის დოსტოევსკის თანამედროვე რუსეთი, რომელშიც უკვე გაჩნდნენ და სწრაფად მრავლდებიან ეშმაკი-შიგალევები, ეშმაკი-ვერხოვენსკები და მათი მსგავსი უწმინდურება. ეშმაკეულობამ შეიძინა გაჭიანურებული ხასიათი. გრძელდება ამ დღემდეც. ბევრს კიდევ ახლაც არ მოსწყინებია ეშმაკობა. აბა ჩაიხედე რუსო ადამიანო საკუთარ სულში. წყვდიადია დიდი და პატარა ეშმაკებისგან შექმნილი. მაგრამ ღადარინელთა ქვეყანაში მივიდა ქრისტე და განდევნა ეშმაკები უბედური ტანჯულისგან. და რუსეთიც განკურნებული იქნება მაცხოვრის მიერ.

დავიტანჯეთ უკვე.

გვეყოფა.

მაგრამ აი ჩვენი „განკურნება“-კი, ჩემო მშობლიურო ადამიანებო, უნდა მოხდეს საჭირო თანამიმდევრობით: არა თავიდან ვეძიოთ მეფე, და შემდეგ კი მოვიშოროთ ეშმაკები _ არამედ პირიქით: თავიდან გავასახლოთ ჩვენგან ეშმაკები, ხოლო შემდეგ უკვე, ნათელი გონებით, სუფთა გულით, ვიფიქროთ მეფეზეც. დიახ, ეს უეცრად არ მოხდება. მათ ვინც ბოლომდე ჯერ არ მოყირჭებიათ ეშმაკობა უნდა მივცეთ შესაძლებლობა კვლავაც იეშმაკონ და ბოლომდე მოყირჭდეთ ეს. ვინც ბოლომდე ვერ დაიტანჯა _ დაიტანჯონ. მათ ვინც ეძიებს ბედნიერებას „ცივილიზაციის სიკეთეებში“, უნდა მიეცეთ ეს სიკეთეები, რათა გაძღნენ მათით მობეზრებამდე. „სამართლებრივი სახელმწიფოს“ გავლაც მოგვიწევს. კარგია ოჯახი, დაფუძნებული სიყვარულზე, მაგრამ სისულელეა სიყვარულის შესახებ ესაუბრებოდე ადამიანებს, რომლებიც ეჩხუბნენ ერთმანეთს და გაბოროტებული არიან ურთიერთზე. ისინი დასაწყისისთვის თუნდაც უნდა შერიგდნენ; რა „სიყვრული“, რის „სიყვარული“ _ კარგი იქნება თუკი არ ურტყამენ ერთმანეთს. „სიყვარულის სამეფოში“ შეუძლებელია გადახტომა პირდაპირ „სიძულვილისა და მტრობის სამეფოდან“, „უფლებებისა და მოვალეობების, ვალისა და კანონირების სამეფოს“ გვერდის ავლით. წმინდანებს არაფერში არ სჭირდებათ მოსეს ათი მცნება. წმინდანებს ატარებს ღვთის მადლი. მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით გვატარებენ ეშმაკები. ბევრი ჩვენგანისთვის მიღწევა იქნება არა მოსეს ათი მცნება, არამედ თუკი ისინი შეძლებენ დასაწყისისთვის თუნდაც სისხლის სამართლის კოდექსის პატივისცემასა და არდარღვევას. შემდეგ უკვე გაიზრდებიან ათ მცნებამდე, საეკლესიო დისციპლინის მოთხოვნებამდე, მარხვების შენახვამდე და ა. შ. ეს კი უცარიელესი საქმეა: წარმოიდგინოს ვინმემ თავისი თავი „მადლის ქვეშ“ და „მადლის ქვეშ“ მიდიოდეს ბაპტისტებისა და კრიშნაიტების საცემრად, ან „მადლის ქვეშ“ ნთქავდეს ხორცს დიდ მარხვაში... ეს არის ახირებულობა, და არა მადლი! ეშმაკეული ხიბლი, და არა ღვთის გზაზე სიარული!

ჩვენ რომ ახლა ვილაპარაკოთ მონარქიაზე _ ეს იგივეა, რომ სასკოლო, ან სულაც საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებმა მოინდომონ კოსმოსურ რაკეტაში შეძრომა და კოსმოსში გაფრენა. ოცნება ზეცაზე, რა თქმა უნდა, შეიძლება ნებისმიერ ასაკში. მაგრამ საბავშვო ბაღის კარებიდან კოსმოდრომისკენ გამგზავრება ჯერ კიდევ ადრეა. მონარქია ისეთი სულელი, ჯიუტი და მოხულიგნო ბიჭებისთვის, როგორებიც ჩვენ ახლა ვართ _ სწორედ ჩვენთვისვე იქცევა აუტანელ სიმძიმედ. და, „ივანე-მეფისწულის“ გარდა განა ვინ დათანხმდება ახლა ჩვენს მონარქად გახდომაზე? მინარქისთვის ხომ ჩვენ, გაუგონარები და ხულიგნები _ უფრო მეტი სიმძიმე ვიქნებით, ვიდრე იგი ჩვენთვის. მონარქი _ თუკი იგი იქნება თავისი მოწოდების ერთგული _ ასეთ ხალხში უნდა იქცეს აუცილებლად დიქტატორად და ტირანად, და არა მამად (განა საამო იქნება ეს მისი გულისთვის?). ხოლო თავად ხალხის დამოკიდებულება ამ ტირანისადმი იქნება როგორც აუტანელი ტვირთისა და უღლისადმი...

აი აქ არ უნდა ვიჩქროთ. ისინი, ვინც ლაპარაკობენ რუსეთში მონარქიის რესტავრაციის შესახებ უკვე ახლა, მოცემულ ისტორიულ მომენტში _ ლაპარაკობენ ამის შესახებ აშკარად დროზე უფრო ადრე. მეფის ღირსნი ჩვენ ჯერ კიდევ არა ვართ. „ივანე-მეფისწული“ კი არ გვსურს რომ გვყავდეს. მაშინ რა უნდა ვაკეთოთ? ჩვენ „გამოვწვავთ აგურებს“, შევმუსრავთ ჩვენში ცოდვილ და სულისთვის მავნე ვნებებს, ჩვენი სულებიდან განვდევნით ეშმაკებსა და ეშმაკუნებს; ჩვენ ვისწავლით ჩვენი „უფლებებისა და მოვლეობების“ კეთილსინდისიერად შესრულებას, ამისთვის გავივლით, თუკი საჭირო იქნება, სწავლებას ევროპისგან; ჩვენ ვილოცებთ ჩვენი ახლანდელი და შესაძლო მომავალი „ოკუპანტებისთვის“; მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად ჩვენ ვილოცებთ კიდევ ასეც:

უფალო, ღმერთო ჩვენო, მიითვალე ლოცვაი ჩვენი, შენი წმიდა ეკლესიისთვის აღვლენილი, ყოველი იმათგანისთვის, რომელნი გამოისყიდენ პატიოსნითა სისხლითა შენითა.

მიითვალე ვედრებაი ჩვენი კეთილმორწმუნე მეფეთა და დედოფალთათვის, მთავართა და მთავრისათათვის, ეპისკოპოსთა და მღვდელთათვის, ბერთა და მონაზონთათვის, მეომართა და ჩვილთათვის, რწმენისა და სამეფოს საკეთილდღეოდ მოღვაწეთათვის, უფრორე კი უღმრთო მთავრობათაგან გვემულთათვის და ლოცვითა მათითა მოგვმადლე ბოლო ჟამს ხელმწიფე მართლმადიდებელი და ქვეყანა თვითმპყრობელური, ფარად და დამცველად შენი წმიდა ეკლესიისა. მოგვიხსენე ჩვენ და ერი შენი, მამანი და ძმანი ჩვენნი, და თვითმპყრობელური სამეფოს აღდგენისათვის მოღვაწენი, განამტკიცე ძალითა სულისა წმიდისათა ბრძოლაში ბოლომდე გასაძლებად და გასამარჯვებლად, და ღირს ჰყავ გვირგვინთა ზეციურთა, რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძმისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ
. [3]

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

[1] აქ და შემდეგ ფრჩხილებში მოცემულია მითითებები ციტირებულ ლიტერატურაზე (იხ. ბოლოში). პირველი ციფრი აღნიშნავს წიგნის ნომერს ლიტერატურის ჩამონათვალში, მეორე _ გვერდის ნომერს წიგნში.

[2] მ. ი. ლერმონტოვის ლექსის, „იალქანი“, პროზაული თარგმანი ქართულ ენაზე, მისი შინაარსის ზედიწევნით გადმოცემისთვის, ასეთი იქნება:

“თეთრად ფრიალებს აფრა ეული,
ცისფერი ზღვის ნისლში!..
რას ეძიებს იგი შორეულ ქვეყანაში?
რა დააგდო (მიატოვა) მან მშობლიურ მხარეში?
ტალღები თამაშობს _ ქარი უსტვენს,
ანძა კი იღუნება და ჭრიალებს...
ვაი რომ! იგი ბედნიერებას არ ეძებს
და არც ბედნიერებისგან არ გარბის!
მის ქვეშ წყალია, ლაჟვარდზე უფრო ნათელი,
მის თავზე ოქროსფერი მზის სხივია...
იგი კი, მეამბოხე, ითხოვს ქარიშხალს,
თითქოს-და ქარიშხლებში არის სიმშვიდე!”

[3] თარგმანი ლოცვისა უფლისადმი მართლმადიდებელი ხელმწიფის ბოძებისათვის ამოღებულია ჟურნალიდან „ქვაკუთხედი“ 2007 #9.

ლიტერატურა:

1. И. А. Ильин. «Собрание сочинений в 10 томах», том 4, Москва, 1994 г.
2. Д. А. Хомяков, А. В. Карташов, М. Зазыкин, архим. Константин (Зайцев), «Церковь о государстве», составлено А. Тускаревым, г. Старица, 1993 г.
3. Высокопреосвященнейший Иоан, митрополит Санкт-Петербургский и Ладожский, «Самодержавие духа», С.-Петербург, 1994 г.
4. Ф. М. Достоевский. «Полное собрание сочинений», том 11, С.-Петербург, 1895.
5. Ф. М. Достоевский, «Бесы», Лениздат, 1990.
6. Ю. Селезнёв. «Достоевский», ЖЗЛ, 1981, Москва, 1981 г.