Saturday, September 9, 2017

იოსებ სააკაძე – დიდმოურავიანი

(ნაწილი I) 

მეფესა ქართლის ცხოვრება ებძანა გალექსულობით,
ზოგი რუსთვლისა ბაასი, კახთ მეფის საქმე სრულობით,
ხან ლხინი, შვება, სიამე, ხან ვარდი დანასრულობით:
სიბრძნე, ხმალი და ომები, სიკვდიდმდე აღსასრულობით. 

მ ე ფ ი ს | ა რ ჩ ი ლ ი ს ა დ მ ი

მეფევ, სიბრძნით აღსავსეო, ხელმწიფეთა პირმშოვ შვილო,
ღრმის სიტყვისა ამომცნობო და ძნელისა გამადვილო;
«ცოტა სიტყვა განმიმარტე» – გებრძანა თუ: «ჩემო ჩრდილო,
შენ, სიბრძნისა ვერ მომწთომო, მაგრა რიტორთ კაცთა ზრდილო!»

3
ამ ამბისა განმარტებით არა გქონდა მოხსენება;
ვით გაუწყრა მოურავსა, მეფეს ანუ ვით ენება;
საქართველოს დასუსტებას მით ბელიარ ექანება;
ამ ქვეყნისა შიგნით რევა ზოგს ოცნებით ეჩვენება!

კ ა რ ი | პ ი რ ვ ე ლ ი

4
ქრცხილვანს იდგა მეფე შვებით, მას გვერც ახლდა მოურავი,
იშვებენ და იხარებენ, ქარი უქრის მათ არავი,
მტერი ყველგნით შეაშინა, ომის იყვნენ არ მზარავი,
ავი ენა ამათ გაჰყრის, ქვეყნისათის ეს არ ავი.

5
სამნი კაცნი მოურვთან მოვლენ სიტყვის მოხსენებად,
პირველ ჰკადრეს: «სახელისა ჩვენ შენისა ვართო ქებად,
გაგიცხადებთ ხვაშიადსა, ჭირთა ჭირზე მოსავსებად,
მაგრა ფიცს გთხოვთ, არვის უთხრა, არ შევიქმნათ გაცხადებად».


6
მან მიუგო: «რას ფიცსა მთხოვთ, ან რისა ხართ ნეტარ მთქმელი?
გამიცხადეთ, თუ რა მოჰხდა, ახლა რამ თუ ანუ ძველი,
კარგს მეტყვით თუ საზიანოს, ლხინით ვარ თუ ცრემლთა მღვრელი,
გულში არა გამაჩნია, მეფის მტრის ვარ მე მომსვრელი!»

7
მათ უთხრეს, თუ: «ვერ გიამბობთ, თუ არ მოგვცე მართლა ფიცი,
წიგნი მოგვეც საფიცრისა, დაბეჭდე და დაამტკიცი,
თვარემ გითხრათ, მიგვცე ხელთა: «ამან მითხრა, მე ეს ვიცი!»
ჩვენ დაგვხოცონ, თუ გარდავრჩეთ, ვერ ვიშოვოთ ანამტკიცი!»

8
დაღონდა, გულში ესე თქვა: «ნეტარ შევჰფიცო რისათვი,
წიგნი მიმეცეს ფიცისა ცუდის სიტყვისა თქმისათვი,
მეფე ხომ არას მიწყრება, არც მოყვრის, არცა ძმისათვი,
ეგება მე სულ შორს ვიყო, მეუბნებოდენ სხვისათვი».

9
ბევრი ეუბნა, არ უთხრეს, ვირემ არ მისცა ფიცია,
მაშინღა ჰკადრეს: «სიკვდილი შენი ხვალ დანამტკიცია!»
ერთმან თქვა: «მოღალატენი უთუოდ მართლა ვიცია!»
რა მესმა, იქივ შევსწუხდი, მე თავსა ხელი მიცია!

10
ჰკითხა: «ნეტარ რასთვის მამკვლენ, ანუ ჩემგან რა მომხდარა,
კაცს თუ ბევრი კარგი უყო, ჭირნახული ქვე წამხდარა,
რომ არ აგყვე, სიზმრის ნახვა ბევრჯელ სადმე კვლავ ამხდარა,
მზეჭაბუკ და გმირი როსტომ ღალატითა გარდამხდარა!» 

11
ზოგს ყმას გაენდო, ზოგ-ზოგთან კაცი გაგზავნა მალები,
ქაიხოსროს და იესეს უთხრა: «გული გაქვთ სალები,
რასათვის მამკლავს, გასინჯეთ, თქვენგნით მქონია ძალები,
კარგისთვის კარგი ეს არის, იცით, რა დავსდევ ვალები?»

12
მათ უთხრეს: «ნუ დაიჯერებ, არა გავს სიტყვის მსგავსება,
ზოგთ უნდა გარდაკიდება, ქართლის ჩხუბითა ავსება;
შენ რომ არ იყო, დღეს ქართლსა მიხვდება სანთლის დავსება,
მთვარე დაცხრების ჩვენ კერძი, აღარ ყოს პირის გავსება!»

13
კვლავა ნახა ისივ კაცნი, იმავ სიტყვას მეტყველებდეს,
მოახსენეს: «დაიჯერე, ვირ შენს შუქსა დაავსებდეს,
მოგკვლენ, სისხლსა დაგიღვრიან, ზოგნი თასსა აავსებდეს,
რაკი მოგკვლენ, სოფელს გავლი, სიკვდილს შენსას ვინ ეძებდეს?»

14
თქვა: «ვერ ვხედავ ამ საქმესა ჩემთვის რასმე კარგა მხედად,
სამსახურის საპასუხოდ მე ეს მამცა ეტლმან ბედად,
შვილიშვილის დასადგინად, სანატრელად ან იმედად,
აწ რაცა ხამს, მე იმას ვიქ, თქვენ რა გითხრა სიტყვა ყბედად!»

15
ჰკითხა კიდევ: «რა სიტყვა თქვეს, რად სწრაფობენ ჩემად მკვლელად?»
მათ უთხრეს თუ: «ის შეიქნა ლუარსაბის სისხლთა მღვრელად»;
კვლავ: «მან ჯარი დაიხვია, არ ეტევის მინდორს ველად;
თავს არ გვიდებს საპატრონყმოდ, წყალობისა არმადლმხდელად».

16
თქვა: «მამაცისგან ცუდია, თუ მუდამ რაცხავს შიშებსა,
ვინც რომე უწინ მირჩივა, ვიცი, მამიგებს იშებსა,
მითხრეს, გონიას რა ეძებ, შერთვია ზღვათა ქვიშებსა,
კაცს განუცდელსა სოფელი, იცით, რომ არ გაუშვებსა?»

17
მეფემ შეგვიტყო ჩურჩული, გაყენ და გამოყენება;
ებძანა: «რა გაქვთ საქმენი, სიტყვას არ უნდა ყენება!»
ვჰკადრე: «ამჟამად არვისგან მკვდარი არ აეყენება,
თავს ღალატითა ვერ მოვჰკლავ, ამისი ნუ გაქვს წყენება!

18
მეფევ, თქვენ იცით, ტარიელს რამაზის სიტყვის თქმანია,
მან მოარჩინა სიკვდილსა, თვარ იყო დასანთქმანია,
რა წიგნი მისცა მას კაცსა, პირობა, რა აღთქმანია,
მეც მითხრეს ჩემი სიკვდილი, აწ რაღა უკუთქმანია?»

19
ავალიშვილი დომენტი, ჭკვიანი კაცი, მროველი,
მას ვჰკადრე: «თქვენ დაისაჯე, მეფესთან ამას მოველი,
ეს ჰკადრე: რა დავაშავე, ვიყავ ხლმით ბევრის მშოველი,
თქვენც კარგა მაპატივებდი – ცა წყალობითა მთოველი!»

20
მივიდა, მეფეს შეჰკადრა: «ნუ გაქვს სიტყვისა წყინება,
მეფეო, ის ვჰქენ საქმენი, რაც თქვენმან გულმან ინება,
რისთვის გამხადე მტერთ გულად, რად მეც ცრემლისა დინება?
შენთვის რამდენჯერ ხლმის ვადა გლახ ჩემმან ხელმან ინება!»

21
მეფემ ბძანა: «ეგე საქმე არ გავლია ჩემსა გულსა,
ვინ მოგკვლევდა, რასა ჰქვიან მომდგომსა და ჩემს ერდგულსა,
ნამსახურსა თავგანწირვით, კვიპაროზსა სწორად რგულსა,
ვინც რომ გითხრა ეგ ტყუილად, შევიქ დამწვარ-დადაგულსა!

22
მაგის მთქმელი არ იქნების, იგი კაცი თუ არ მამცე,
მამული და სამყოფელი სრულ უკლებლივ ახლავ გავსცე,
იავარვჰყო სამყოფთაგან, თავსა ზარი მაშინ დავსცე,
შენით მინდა მე ლაშქრობა, ნაღარას და საყვირსა ვსცე!»

23
ესე სიტყვა მოუტანა, მეფე მართლობს მეტად თავსა!
«დამიჯერე, ასრე შორს არს, ვით არ შევა სპილო ნავსა!»
ერთხან ჩავჰყევ, არ დავჰკარგავ, ჩემს ჭირნახულს შევიქ ზავსა,
იგი კაცნი კვლავ მოვიდეს, მე მეტყოდეს სხვას იგავსა.

24
მითხრეს: «ერთხელ კიდევ მორჩი სიკვდილსა და ღალატობას,
ჩვენ ნუ გაგვცემ, თვარ დაგვხოცენ, შენ მიხვდები ფიცის გმობას,
დაგვიჯერე, ნუ მოელი მეფისაგან ხვალ დანდობას,
ლუარსაბის სიკვდილს გადებს, სულ ამას იქს სიტყვის თხრობას».

25
კიდევ გავგზავნე მროველი, ვაახელ მოციქულები:
«მე მთქმელთა კაცთა ვერ მოგცემ, გინდა რომ შემქნა წყლულები,
ლუარსაბ მეფის სისხლს მადებთ, გაქვთ სადმე სიტყვა თქმულები,
მაგრა თავიდამ შეგკადრო, თუ თქმადღა შემრჩეს სულები!»

26
მეფეს ებძანა: «აწ გითხრა სიტყვა უცთურად მთელია,
ქვეყანამ იცის, შენ იყავ მისის სისხლისა მღვრელია,
მაგრა მას მიხვდა სუფევა, ანგელოზნი ჰყავს მცველია;
ამჟამად ისრე არვინ არს წამების გარდამხდელია!

27
მაგრა მე მის სისხლს არ ვეძებ, შენ იყავ შენთვის მჯდომარე!»
რა ესე მესმა, შევიგენ, ვჰთქვი: «არის ჩემზედ მწყრომარე»,
მოციქულთ უთხარ: «ვყოფილვარ მე სადმე ცუდად მშრომარე,
მეფეთ ტახტისა მაქცევი, არათუ შემამკობარე!»

კ ა რ ი | მ ე ო რ ე

28
შევსთვალე: «მეფევ, ისმინე ეს სიტყვა გათავებამდი,
მეფეს ლუარსაბს როს ვახლდი, ვით ვიყავ მისად ქებამდი;
ოცის წლის მამამ მიმართვა, ის იყო ცამეტებამდი,
უწინაც მაპატივებდა სამუდმოდ გვერცა ხლებამდი.

29
ხანი რამ გაჰხდა, მოვიდა ამბავი ლაშქართ ყრისანი,
თათარხნის შემოგროვება, თრიალეთს გარდმოსვლისანი,
მან იარალის უბძანა: «შენ იცი შეყრა გზისანი,
თან ზაქარია წამოგყვეს, ყმანი არ გინდა სხვისანი!

30
გზანი დაცევით, თქვენ ქენით კარგრიგად ყარაულობა,
თუ ჯარი ნახოთ, გვაცნობეთ, ნუმცა ჰქმნათ თავის წყლულობა!»
მათ ვერა უგრძნეს ლაშქართა, ქნეს სხვას გზას გაპარულობა,
ბოლოს მათგანვე მოიკლნეს, ქრისტეს შესწირეს სულობა!

31
მათ თრიალეთი გარდმოვლეს, თან აჰყვნენ მანგლისელები,
ზოგნი ნამგლითა მოსდევდეს, ზოგთ ხელთა ჰქონდა ცელები;
კველთა, ოძისი დადაგეს, არა ჰყვა შემნახ-მცველები,
მეფის სვიმონის ხლმის ქნევა, თურმე, არ ახსონთ ძველები!

32
კველთას თევდორე შეიპყრეს, მცოდნე და კარგი მღდელია,
ლახტითა სცემეს: «წაგვიძეხ, გზა რომელ გარდამსვლელია?»
ერიქალზედან ავიდნენ, ხუცესი წინწინ მვლელია;
აწ ნახეთ, როგორ მოუა, რის ჭირის გარდამხდელია!

33
გოსთიბის თავს რომ მოვიდეს, ჯერ არ ჩაევლოთ სულებით,
უთხრეს: «მეფეზე მიგვიძეხ, უკან მოგყვებით სულებით».
ორს კაცს ეჭირა მხარ შეკვრით, ხელი ხელზედან სულ ებით,
მღდელმან გულში თქვა: «მე მამკლან, არ დავიკარგვი სულებით!»

34
ეს განიზრახა: «მეფეზე მიუძღვე ჩემის შიშითა,
თან დავიდევნო ლაშქარი, უმრავლე ზღვისა ქვიშითა;
ესენი ფაფარუჭობდენ გახარებით და იშითა,
არვინ დავრჩებით უკვდავათ, ვინც რომ დედითგან ვიშვითა!»

35
ერთაწმინდაზე ჩაუძღვა, გზა ჩავლო ქვენადრისანი,
ცხირეთზედ დიაღ შორს დარჩა, მხარი ვლო სხვის სამძღვრისანი,
მღდელს თავი გააგდებინეს, წამებით სისხლთა ღვრისანი,
მაშინ ერთ კაცად კმარიყო, რაც ვნახე ჩემის ძმისანი!

36
მეფე ცხირეთს ბძანდებოდა უგრძნაულად, მოსვენებით.
მეც გვერც ვახლდი, იგ მწყალობდა სიკეთით და თავის ნებით.
გარდმოვხედე, სულ მოიცვეს დაბლა მხარი, ვიქმენ ვებით,
გულსა უთხარ: «მე ქართველნი მათ შევაბა კაის ცნებით!»

37
მეფეს ვჰკადრე: «ნუ დაიძვრი, დამაცადე შვიდს ჟამს ჯერე,
რაცა გკადრო, ის ისმინე, სიტყვა ჩემი დაიჯერე,
შენს წინ მოვჰკვდე უსაცილოდ, ფიცი ჩემი ეს იჯერე,
სარდრობით და კაის საქმით, ნახავთ, ვითა შევაჯერე!»

38
დამიჯერა, მეფე დადგა, მე კავთისხევს ვიწყე რბენა,
ბარათიანთ ვის შეეტყოთ, მათ დაიწყეს კვლავ მოდენა,
ვინც ვიპოვე, შევაგროვე, ოთხასი ვჰთქვა, ან რამდენა?
ღვთით მოხდომა დავანანო, მათ ცოლთა ქნან ცრემლთ მოდენა.

39
დელუმაჰმადხანს ვაცნობე: «წამოდი, მალე ირები,
მალ მოგვეშველე, შეგვექმნა დღე რამე გასაჭირები,
ნუ გაგვიდრკები, აქამდი ჩვენ ერთად გვქონდა პირები!
არვინ დავაგდე, საომრად მოდიან ჯოხით გზირები.

40
მეშვიდეს საათს მეფესთან მოველ, მოვხვიე ჯარია,
აწ ნახავთ, როგორ შევიქმენ თავისა გამსაჯარია,
ზაზა ციციშვილს იცნობდით, როგორ გულსრული არია,
მას გვერც ვიახელ, მრავალი კაცი შევჰქმენით მკვდარია!

41
ნიაბთ ბოლოს სხერტა ჰქვიან, არის რამე მცირე ჭალა,
ზაზას ვახლდი, იქ წინ დავხვდით, გული გვაქვს და მცირე ძალა,
ზაქარიას იარალი მასთან მოსდევს, მოვლენ მალა,
მორწყულს ხნულში შემოცვივდეს, სისხლი მათი აქ გამშრალა!

42
ისინი ორნივ დახოცეს, ჩვენ დავრჩით, იყო ველია;
შუბებსა ხელი ვამაგრეთ, მოგვქონდა საქმე ძველია;
ჯიღოსანთ კაცთა უტყებეთ, წინ იყვნენ, არ ჰყვა მშველია,
ზაზასი მიკვირს იმ დღესა, თუ რას საქმისა მქნელია!

43
ფაშები იყვნეს, რომ ვჰხოცეთ, გარდახლტა, მოსჭრა თავია,
სისხლით შეღება დოლბანდი, კაბა მწვანე თუ მავია,
მათ მოგვატანეს რაზმითა, არ ჰქონდა ჩვენზე ზავია,
წვერით კბილს თავი მიიცა, ცხენსა მოახლტა «ჰაია!»

44
მაშინ მტკვარი მდიდროობდა, ჟამი იყო თიბათვისა,
მუხრანთ მპყრობს და ერისთვებსა ვჰკადრეთ: «გვინდით ამისთვისა!
ამილახორს მოახსენეთ, მტერი ცეცხლზედ დაერთვისა!»
მალ ავლევით ზემო ქართლი, სად ფრონენი მტკვარს ერთვისა.

45
დელუმაჰმადხან მოვიდა, შვიდასი კაცი ხლებოდა,
გულსრულობასა ჩემობდა, მამაცად რასმე დგებოდა,
მგლისტყაოსანთა შევებნეთ, ომი მწვე შეგვეძლებოდა;
ვიცი, რომ ხმალთა ჩვენთაგან მათ გული დალებებოდა!

46
აიყარნენ წასასვლელად, მათ პირი ქნეს ყარაღაჯით,
კაცი კარგად მოაგვარებს დიდს ლაშქარზე კარგის გარჯით!
მეფეს ვჰკდრე: «აწ ქართველნი მე ავავსო მათის ხარჯით,
ბძანება ქენ, ნურვინ არჩენს შეხვეწნით და ნურას აჯით». 

47
წყნარა მიდიან რაზმ-წყობით, ჩვენ უკან მივსდევთ ნელაო,
მათი შებმა და შეტევა არავინ გაიძნელაო,
მე სადავენი შევტაცი, ვინ შუბი წაიგრძელაო,
სამოციათას კაცზედა როგორ არ გვინდა შველაო?

48
ერთი ტერტერა გორიდამ მოვა უგრძნულად გზაზედა;
დოესის ბოლოს წინ დახვდეს, გულს ელდა ეცა მაზედა;
გაფრინდა, ხიდის ფიცრები მან გარდაყარა წყლზედა,
თუ არ ენახა ტერტერას, ხიდს გაივლიდენ მზაზედა!

49
გმირთ ზღაპრულს წიგნში სწერია ჯეონის გავლა ადვილად,
მდევრისა ვეღარ მიწევა, ვერც ჯავრთ ამოყრა ადვილად,
გივისგან ქაიხოსროსი მორჩენა კარგა წადილად;
მათ დავაშხამებ ხვალ დილას, რაც რომ მომზადონ სადილად!

50
იმ ღამეს მართლმორწმუნენი იყვნეს სულ ღამე თევითა,
ზოგნი ხშირ-ხშირად ვდგებოდით, ზოგნი აქა-იქ თევითა,
ღირსნი კაცები გვიახლნეს, ვესევდით ჩვენ მათევითა,
არ იყო მათში ცთუნება გველისგან იმათ ევითა.

51
დილა გათენდა, ვახსენეთ ღმერთი და წმინდა ყოველი:
მარიამ, დედა ქალწული და მერმე ძელი ცხოველი,
კვართი და მკლავი მარჯვენა, ღვთივ ქმნული სვეტიცხოველი:
თქვენ დაგვიფარეთ, დაგვცევით, რა წყალში ვიქმნეთ სოველი!

52
გაღმა მტრის შიში არა გვაქვს, წყალს ხმალი არსით ეკვრისა,
ტანსა ჩავიცვით ჯაჭვები, ტალიკით აღარ ეკრისა.
ჩვენი სიკვდილი აღარ გვჩნდა იოტად, ანუ კეკრისა,
გზები შეუკარ კორტანეთს, შალვა უფროსი მეკრისა!

53
შევედით, წყალსა გავედით, გვეგონა თავი მცურავი,
ცხენები წყალში ფრტვინვიდა, უკუღმა აღარ მბრუნავი,
იმიერ ნაპირს გავედით უბე და კალთა მწურავი,
აწ თათარხნისას გაცნობებ, ვით შევჰქნა მოსამდურავი!

54
წყალს უზიანოდ გავედით, ეს დიდი სასწაულობა!
ივნისში მტკვარს ვინ გასულა, არ მიხდომოდეს რჩულობა?
არ მოგვრჩომია ერთიცა, იმდენი ერთა სულობა,
ცხენთ ცურვა გაუადვილდა, გასვლა თუ გამოსულობა.

55
სურამის ბოლოს მოვიდნენ, ქართველნი შევიყარენით,
იმათაც დიდად იამა, ჩვენ ხომ მწვედ გავიხარენით,
ომსა ბედევდეს ყველანი, არვინ არ დავიზარენით,
ღმერთო, მოგვხედე, თათარხნის რომ სისხლი ხარბად ვღვარენით!

კ ა რ ი | მ ე ს ა მ ე

56
რჩევა შეგვექნა ომისა: რას დროს შევებნეთ, რაგვარა,
დაშურება სჯობს, სიჩქარე, ვირემდის აიბარგარა,
ხანძრად მოვედვნეთ, როგორაც ბალახი ცეცხლმან დაგარა,
ქართველთ ხმალს ქვეშე, ღვთის ძალით, თათრებმან ვერ იმაგარა.

57
ზოგმან თქვა: «ახლავ მიუხდეთ, თავს გარდვადინოთ მტვერია!
რაღას უდგევართ უომრად, რა ახლო ვნახოთ მტერია?»
ზოგმან თქვა: «ზეით მოუხდეთ, შეიქნან გასაშტერია,
მათ დავანანოთ აქ მოსვლა, არ ჰყვანდეს პატრონ-ტერია!»

58
ნუგზარ თქვა: «ღამით დავესხნეთ, მთის კაცთ ეს მიყვეს რჩევანი;
მრავალჯერ გაგვმარჯვებია, ასრე გვაქვს ომის ჩვევანი!»
სხვათა თქვეს: «დილას მიუხდეთ, შევქნათ ბედისა წყევანი,
ერთს წარექციოს ასი და ასს ათასისა ძლევანი!»

59
მე ვჰთქვი: «ძმანო, დამიჯერეთ, ესე ომი მე დამდევით,
ჩემი საქმე დღეის უკან ანდაზად და ხიდად დევით;
გული მტკიცედ დაიმყოვრეთ, მართლა თავი გარდადევით,
თვალი მიგდეთ ზოგ-ზოგებმან, მათში ვიქმნე, როგორ დევით!

60
დილაზედა რაზმი ვაწყოთ, მათკენ ვიქმნეთ ჩვენ წახრილი,
სადაც დგანან, აქეთ ნაპირს წაუვლია იმათ თხრილი,
იმას ასრე გარდავიდეთ, არვინ იქმნას გან გახრილი,
გარ მოვიგზნათ დახოცილი, როგორც დოლაბს ედვას ხრილი!»

61
ერთი კაცი წამოსვლოდათ, ნიაბის თავს დაეჭირა,
მოსვლა მისი, გამოპარვა, ჩვენთვის ლხინი, მათთვის ჭირ ა!
ვჰკითხე: «ომსა როგორ ბედვენ, შებმისა აქვს საეჭვი რა?»
მითხრა: «უმძიმს მათ გარდმოსვლა, გზა და წასვლა გაეჭირა!»

62
ესე თქვა თუ: «გროვდებიან, ქვიშას რასმე პარკს ჩაჰყრიან,
ხან ისრებსა შესჭიდებენ, ხან ქურუმნი რამლსა ჰყრიან,
მესტროლაბე სტროლაბსა შლის, მიმსვლელს უკან უკუჰყრიან,
მოსწყენიათ უცხოთ რასმე, ვეჭობ, ყურებს ჩამოჰყრიან!»

63
ეს გავიგონე მათგანვე, თქვეს: «საქმე მოგვდის მარცხისა,
რაცა ნიშნები ვიცოდით, აღარ დგას, წყალი გარცხისა,
სრულ ჩამოცვივდა ბურჯები, ეტლებმან ქვე დანარცხისა,
თილისმთ ნაქნარი დაშალეს, რკინა ჰქონდათ თუ რაც ხისა!»

კ ა რ ი | მ ე ო თ ხ ე

64
ესე ამბავიც გვიამა, ღმერთი უწყრების თუ რევდა,
იმ კაცსა ვჰკითხეთ, საბრძოლო მათში რა უფრო ურევდა?
გვითხრა თუ: «მშვილდით იბრძვიან, ფოლადი ისრის პირევდა,
თოფი და შუბი არა აქვთ, საყალნო მწვე ქვითკირევდა».

65
თხრილის პირს ჩვენ მიუყენეთ მეთოფე, ქამანდარები,
ესროლეთ, თოფის კომლითა ვერ დაინახონ დარები!
აქათ ესენი ესროდეს, ზეით გზა განაკარები,
რა თოფის სროლა გათავდა, შუბთა ქნეს ჯაჭვზე ჩხარები!

66
რომე ვიწონეთ ჩვენზედა უფროსნი ექვსის ზომითა,
ვთქვით: «გამარჯვება ჩვენია, გავძღებით მათის ომითა!»
რაზმი გავაწყევ, მივმართე მკლავითა დაუშრომითა,
სისქეს ჯარს პირველ მიუხე, სისწრაფე, დიდის ნდომითა.

67
მეფე გულსრულად მობძანდა, შექნა შუბისა ძგერება,
ვისაც მიუხდის თამამად, იგ მისგან გაიმტვერება!
ფიცხად იბრძოდეს ქართველნი, რაღაა უფრო მტერება,
ხნაშა-ხნუშისა ხმა არის, იმათ ვინ მიეფერება!

68
ომი გახშირდა, შეუქმნეს ცხენ-კაცთა თოფის სროლანი,
ზოგი ბორდღევდა ცხენს ქვეშე, ზოგთა აქვს მკვდართან წოლანი;
დარბაისელნი იბრძვიან, მეფისა კაამყოლანი,
ომში ისინიც მოგვესწრნეს, ვის ექმნა უკან ყოლანი.

69
ჩემი რა ვჰთქვა, დიდად მძულდა ტრაბახი და ცუდი კვეხა,
ვეღარ დადგის უნაგირზედ, ვისაც ჩემი შუბი ეხა!
სად მივმართი შევაძრწუნი, ლახტის თქვიან, არის ჭეხა!
სული მეც ხომ ამოვართვი, რას უზმიდა მეტსა მეხა?

70
ვჰხოცდით გულმყოვრად, ვიბრძოდი, სწორად რაზმს შუა ვბრუნევდი,
რომელსაც სისქეს ჯარს მოვხვდი, ერთმანერთს შიგ აურევდი,
რომელიც ჯიღით წამოდგის, იმის სისხლს უფრო ვსურევდი,
სიცხემან ძალი დამმართა, ოფლსა არ მოვიწურევდი!

71
ფიცით შეგკადრო, მეფეო, სამი გავსტეხე შუბია;
მასუკან ლახტით ვიბრძოდი, სისხლით ავავსი უბია,
ლახტიც რომ გატყდა, ხმალს ხელი მივჰყავ, ვაყენე გუბია!
პატრონსა ჩემსა სხვა მტერი ნიადაგმც ასრე უბია!

72
იბრძვიან ერთპირ ქართველნი, ხმა ისმის ჩახა-ჩუხისა,
თათარხნის ჯარი გაწყვიტეს, მებრძოლნი შეაწუხისა,
მეფისთვის თავს ვინ დაზოგავს, ტანსარო გულად უხვისა?
მრავალთ აბჯრისა ცემისგან თქვეს თუ: «ხმა არის ქუხისა!»

73
ჩვენი ბრძოლა შუბით არის, მათი ფარ-ხმალ ისარია;
სითაც მეფემ ცხენი იგდის, დააშვენის ის არია;
ვისაც თავსა ლახტი დაჰკრის, არ ეგონის ი სარია,
ღმერთო, მიეც გამარჯვება, ვინ რომ რაზმი ის არია!

74
დილას შებმულთა ცხრას ჟმამდი ჰქონდათ სისხლისა დენანი,
მაშინდელს გამარჯვებასა მართლად ვერ მოსთვლის ენანი,
კვრისა და ცემის ხმა იყო, სხვისა არ გვქონდა სმენანი,
მწარეს გვესროდეს ისარსა საყალნო ან სარჩენანი!

75
ზოგს მოკლე შუბი ეჭირის, მარჯვედ ხმარობდეს სროლითა,
ვის დაგვაცდენდენ, მაშინღა მიუხდით ჩვენ ოროლითა,
ავს ჯაჭოსანსა ვის ჰკრიან, შექმნიან ცხენს ქვეშ წოლითა;
თორმეტი მარტო მე მამხვდა, ვერა მქნეს ჩამოყოლითა.

76
ისრის სიხშირე რა გკადრო, თუ რამდენი რამ მამესო,
ჯაჭვშიგან მამხვდის ნამტვრევი, სადაც რომ ხელი მამესო,
ომი მწყუროდა მას დღესა, მწადს მათი სისხლი მამესო,
ამ ჭირნახულის მოქმედსა ბოლოდ აღარა მამესო!

77
გაგვემარჯვა, ამოვსწყვიტეთ, დავიპყრენით, დავჰხოცენით!
რაც მეფეს და ქართლს უჯობდა, ყველაკაი ასრე ვჰქენით,
თავი მოდის მეფეს წინა, თუ რამდენი, ვით ვჰთქვა ენით,
სხვა მისებრივ გამარჯვება არ მინახავს, არც ვარ სმენით!

78
მეფემ ბძანა: «დღეს, ქართველნო, ვით გმართებდა ჰქენით ბრძოლა,
ვჰფიცავ, რომე ჩემისთანა არვისა ჰყავს ყმისა ყოლა,
თავნი ყაენს გაუგზავნოთ, გარასპიმ ქნას თან მიყოლა,
ძმათ და შვილად მიმაჩნიხართ, უფროსი ხართ კაამყოლა!»

79
ვინ რომ ტყეში შემძვრალიყო, მესამეს დღეს მოჰყავთ კრული,
რახტ-უნაგირ ვერცხლოსანი, ზოგი ოქრო გარდაკრული,
მე არ გავჰყვი საშოვარსა, ვინ ვჰქნი ხმლისა შემოკრული,
ვინც გამყარა მე მეფესა, არსმცა წყეულ, დასაკრული!

80
ომი გარდასწყდა, ვამოყვსეთ ხელი და გული ლხინებსა,
კვირით კვირამდი სმა იყო, ნეტარ ვინ მოიწყინებსა?
ყირმიზს ღვინოსა სურები თასზედან მოადინებსა,
რა ზარხოშობა შეგვექმნის, ხან ხელი მივჰყვით მინებსა.

კ ა რ ი | მ ე ხ უ თ ე

81
ხანი გარდაჰხდეს, ამაში მე დავჰპატიჟე მეფესა,
იგ მხიარულად მეწვია, დარბაზსა, კარგსა სეფესა,
უხვსა, გულტკბილსა, ჯომარდსა, ნიადაგ ვარდთა მკრეფესა,
ბოლოს გესმოდესთ, რას უზმენ ამა ამბისა მყეფესა!

82
მესამეს წელსა გავმართე მე ლხინი, ერთა ჭამება,
და მყვანდა – ტურფა, შვენებით მჭვრეტელთა გულის ამება,
მეფემ თურ თვალი მიაპყრა, შექმნა იმისთვის წამება!
გამარჯვება და ლხინთ ნახვა ყველა შემექმნა შხამება!

83
არს გარიგება კარგვარი მის მის ალაგსა დასხმანი,
ვის ღვინომ თავი მოსტაცა, შეექნა გარეთ გასხმანი.
მეფემან ბძანა ჩემის დის, მწადს მისგან ღვინის დასხმანი!
მე უთხარ: «ღვინო დაუსხი, ვეჭობ, ქნა არ გარდასხმანი!»

84
მეფემ თურ თვალი შემსჭვალა, მან მოინდომა მრუშება,
დედაჩემს თურმე აცნობეს, შექნა ვაი და უშება,
მეფემ შინ კაცი შეგზავნა, დაუწყო ქალს დაშუშება,
რასაც ეს საქმე გარდამხდევს, ვის ძალუც წყლულ დაშუშება!

85
რა შევიგენ, მე ესე ვჰთქვი: «არ მყოლოდა ნეტამც მე და!
რომე მეფემ ესე მიყოს, გამოვდგებით ისი მე და?
წყალობას რომ მპირდებოდა, თურმე იყო ეს იმედა?
შერცხვენა და ხლმის შემოხსნა ნეტარ როგორ გამიბედა?»

86
მეფეს კაცი მიუგზავნე: «ეს არ იყო თქვენგან ქნანი!
რომ ჩემი და გავაბოზო, სიტყვა ნუ გაქვს ამის თქმანი,
ნუ მიჰყვები ბოროტს საქმეს, ნუ გაქვსთ ცუდი გულის თქმანი,
თვარემ თავი მოგაკვლიო, არ მაქვს სიტყვის უკუთქმანი!

87
ეს მინდოდა, შვილისათვის მე დაგეგდო ხმლის სახელი,
აწ ესე თქვან: «მოურავის სახლი გახდა საბოზველი?»
ამ საქმესა ჩამომეხსნა, მე წყალობად ამას ველი,
რად დაგვიწყდა, აღარ გახსონს ომი შარშანწინანდელი?»

88
მეფემ ფიცი შეუთვალა: «მაგას მე შენ არ გკადრებდი,
მაგრა ცოლად იგ შევირთო, მხიარული ვიხარებდი,
ქართლს დაგიჯდეს და დედოფლად, გაიხარე, მით იშვებდი»,
შევსთვალე თუ: «ნუ დამკარგავ, აგრე ადვილ ნურც დამთმობდი!

89
როდეს გნახვენ დიდნი კაცნი, შეგიკვეთენ დაგდებასა,
ჩემსა ცუდად დაჭერასა და სუბუქად აგდებასა,
შადიმან არს ჩემი ქიშპი, გეტყვის სიკვდილს, გაგდებასა,
ახლავ მიჯობს ჩამომეხსნა, ბოლოს ჭირში ჩაგდებასა!

90
შადიმან ამად დამქიშპდა, აქვს მამაცობის ძრახვანი,
ერთხელ ეს უთხარ: «შენს ხმალსა, არა აქვს კვეთა, ახვანი!»
თურმე შეექმნა გულშია სევდა, კვნესა და ახვანი,
სხვას რას დამაკლებს ენითა, არამც მომიდგას მახვანი!

91
იმავ სიტყვას მოგახსენებ, ხელმწიფესა ზესთა ზესა,
ჭკვიანსა და გონიერსა, სხვათ ძალგულთა უფრო მხნესა,
სვიმონ მეფის შვილისშვილსა – ნუ მიჰყვები ნდომის ზნესა!
თქვენც ის ქენით, მამა-პაპით, რომ მოყრობა სითაც ქნესა!

92
კახთ მეფისა, ეს მეც ვიცი, არ გხვდების რა შესართავათ,
სხვა ბატონი ვინც არიან, თავმამწონე გვარათ, თავათ,
სიხარულით ქალს მოგცემენ, ტკბილის სიტყვის დასაზავათ,
ჩამომეხსენ, დას ვერ მოგცემ, სულ ნუ შემიქ გასათავათ!»

93
ებძანა თუ: «არას საქმით არ დავიშლი მაგის შერთვას,
ნეტარ რისთვის მიზარდები მოცემას და ნების შერთვას?
თუ ბოროტი მე რამ ვსძრახე, ახლა ხედავ წაღმა შერთვას?
ნუ უპირებ ცრემლთა ჩემთა ზღვათა შიგან სადმე შერთვას!»

94
მეფის დედას, დედოფალსა, შევეხვეწე მუდარებით:
«თქვენი შვილი ჩემს დასა მთხოვს, მე არ ვაძლევს ჩემის ნებით;
არა ვღირსვარ, დაუშალე გამორჩევის კაის ცნებით,
ძმა, შვილი და თავი ჩემი იმსახურე გვერცა ხლებით!»

95
ებძანა თუ: «არას მიჯერს, თვარ ვმოყრობდი დადიანსა;
შენ ხომ მაშინც ერდგული ხარ, ჩვენთვის დასდებ თავს და ჯანსა,
რომელიც სწადს, მაგან იცის, ნუ შემამთხვევთ ცუდს გარჯანსა,
ვეფხსა ადვილ ვინ შეიპყრობს, ან ვინ შესწვდა ცას მარჯანსა!»

96
კვლავ მოვახსენე: «მოყვრობა თქვენგან დიდთ კაცთა წესია,
თქვენი ყმა არვინ არ არის სხვა ჩემგან უმრწემესია,
ჩემი და გაუთხოვებლად არ დამირჩების, ესია;
გაგემარჯვების, დამეხსენ, ნუ შემქმენ სევდით მკვნესია!»

97
გაჯავრდა, ესე ებძანა: «შეხოცა გინდა, ვიცია!»
მერმეღა ვკადრე: «მეფეო, მიბოძე მართლა ფიცია,
რომ არ დამიგდო მას უკან, ეს სიტყვა დაამტკიცია»;
მან საფიცარი მიბოძა: «არ მოვშლი, თუ ცა ვიცია!»

98
აღარ აგრძელა, მაშინვე იმან გაპირა ქორწილი,
სიხარულისა დღისაგან სევდა მაქვს უფრო ორწილი,
ზრუნვა და ფიქრი ბედისა ჩემი შეიქნა მოწილი,
ქალი პირბროლი შვენებით, ბაგე-კბილ ტურფა ძოწილი.

99
მეფე ქვათახევს წაბძანდა, ნოსტიდამ ახლო არია,
ჩემი დაც თან წაიყვანა, დღე ჰქონდა გასახარია;
წინ მოეგება მაზარით ნასიძე წინამძღვარია,
მან თქვა: «ქვათახევს ქორწილი მეფეთა გასაკმარია!»

100
მღდელი იქ დახვდა მცოდინე, იოსებ კანდელაკია,
მისგან იკურთხა გვირგვინი, არ ვთქვა თუ დღე რამ ნაკია!
სრულ შინაყმანი მირბიან, აღმართია თუ ვაკია.
ვინ იცის, დილა რასა შობს, თქმულა, თუ ღამე მაკია?

101
ხანი გამოჰხდა, შეიქნა თვები ხუთად თუ ექვსადო,
კავთისხევს დადგნენ, რაცა ქნეს, სრულ ვერ გაუველ ლექსადო,
შემოკრბეს, უთხრეს მეფესა: «საცოლედ შენ ვინ, ეგ სადო?
არ გიზამთ, ეგ არ იქნების, ნუ შეგვიქ ქართველთ მკვნესადო!»

102
ჩემს მოყვრებს მწვე უხაროდათ, სხვანი ჩურჩულით მჩხუბევდეს,
მაშინღა უთხრის სუფრაჯმა, როდესაც მეფე სუბევდეს;
მე საფიცარი ხელთ მქონდა, შენახვით კარგა უბევდეს,
თუ მე უცილოდ შემეტყო, სუფრაჯის სისხლი გუბევდეს!

კ ა რ ი | მ ე ე ქ ვ ს ე

103
წავკისის თავს მეფე იდგა, რომ მაისი გახდა ოცათ,
მეფეს წიგნით დავებარე: «მოდი, ვიქმნეთ ნადირთ მხოცათ,
ყარაია ვინადიროთ, მშვილდი ჩვენ ვყოთ ხელთა მოცათ!»
შიგნით ღალატს მიპირებდეს, გზანი ექმნა გარეთ მოცვათ!

104
მეფე სიტყვით მოეტყუათ, მათ რჩევაზედ ჩაეყოლა,
ერთხელ ეთქვა: «ამის მეტად ნუღარ მეტყვით მაგას ყოლა,
ნეტარ ყმაღა ამისთანა სხვას მეფესა ვის ეყოლა?
დიდს ომსა და გაჭირებას, ნეტარ ვინღა წამეყოლა?»

105
მეფემ უბძანა: «ამ სიტყვას არავის გეტყვით ფერობით,
მან მამარჩინა სიკვდილსა, მძლავრს ლაშქარს გასაშტერობით,
მე რომ იმისი და მედგას, თვენ რა გრჯისთ იმის მტერობით?
თუ მცოდებს, დასაც დაუგდებ, მას გავჰხდი მიწა-მტვერობით!»

106
დაუჟინეს თუ: «რას გარგებს, აბა გყვანდეს მარტო ისი,
გვერცა არვინ მოგიდგებით, შემოგძარცოთ ძმა და თვისი!
თქმულა: სიტყვა სასარგებლო უკეთ იცის სხვამან სხვისი,
ერთი კაცი ქვეყნისათვის წახდეს კარგი, თუნდა მქისი!»

107
ბოლოს ეთქვა: «იმის დასა მე გაუშვებ, გავირიდებ»,
იმათ ეთქვა: «არ იქნების, თუ არ მოჰკლავ, თავს არიდებ,
იმას ცოცხალს დას დაუგდებ, ჩვენსა დღესა ხომ აბინდებ,
არ იქნების, თუ არ მოჰკლავ, მართლა გულს არ გაიწმინდებ!»

108
დაესკვათ ჩემი სიკვდილი, რა დილამ შექნას თენება;
ბააკა ხერხეულიძის მაქვს ფარეშთხუცის ხსენება,
მან გაიგონა: «ხვალ მოვჰკლათ», – ეს თურე ღმერთსა ენება;
გამომიარა, მან მითხრა: «აჩქარდი, გიჯობს ცხენება!»

109
ფიცით მითხრა: «უსაცილოდ ასერ მოვლენ ჯარი მკვლელად!»
ახალუხზე ხმალი ვირტყი, ცხენისაკენ ვიქმენ მვლელად,
სახურვიანს ცხენს მოვახლტი, უძოსაკენ ვიქმენ მსვლელად,
უგრძნეს, მიმძიმს, ფარეშთხუცესს მას ცხვირისა ექმნეს მჭრელად.

110
სამადლო გარდმოვირბინე, გამოველ კლდესა ნეგოსა,
ლაშქარი უკან მომდევდა, ხელი ხმალს მაგრა ეგოსა.
შადიმან მოდგა კლდეს გაღმა, შემძახა: «მართებს, ეგოსა!»
დავბრუნდი, უთხარ: «მობძანდი, ვნახოთ ვინ დაიბეგოსა?»

111
რბევით მოველ იმა კლდესა, სად რომ ჰქვიან გელიყარა,
იქ ქვეითი კაცი დამხვდა, თავი დაბლა დაეყარა,
ჩამოვხე და გამოვართვი, მშვილდ-ისარი აეყარა,
ჩახჩურს ვაძლევ ფეხიდამე, ქალმან წინდა წაეყარა.

112
სახურვიანს ცხენსა ვიჯე, მაგრამ იყო დიაღ კარგი,
მშვილდ-ისარმაც გული მამცა, ვჰთქვი: «ეგებ არ დავიკარგი?
თუ ცოლ-შვილი გარდავხვეწე, მე არ მინდა სხვა რამ ბარგი.
ნოსტეს ლეღვი აღმოვსთხარე, თაო ჩემო, სხვაგან დარგი!»

113
დიდგორი გარდმოვიარე, გზა ჩავლე გოსთიბისანი,
ცოლ-შვილი ტყეში ავასწარ, მე არ ვინაღვლე სხვისანი,
ცოტა რამ ყმათ წამოეღო ოქრო, თვალ-მურასისანი,
ასრე მომიხდა ქორწილი, მეფის რთვა ჩემის დისანი!

114
მთიდამ დავხედე, დაიწყო ქვეშედამ ჯარმა დინება,
სასახლეს ცეცხლი შეუდვეს, მით უფრო მამეწყინება;
ვინ ქიშფათ იყო ჩემზედა, გულსა მიეცა ლხინება,
აიფორაქეს ქონება, გარეთ იყო თუ შინ ება!

115
მამის განძიც ბევრი მქონდა, უფრო ჩემი ნაშოვარი,
ყველამ ერთ დღეს ჩაიარა, მას მოუხდა გრიგალ ქარი!
მაშინ დავგმე ეს სოფლი, ვჰთქვი თუ: «რა მწვე ცუდი არი,
გუშინ მქონდა სიხარული, დღეს ტირილი შესაზარი!»

116
მძებნიდეს მთასა, მაღნარსა, ჰქონდათ ყოველგან ჩხრეკანი,
დამაგდებინეს საყდრები, ვეღარ მესმოდა რეკანი,
კლდეებში ბორდღვა-სლვისაგან ფერხთ აღარ შემრჩა მე კანი,
გულსა ვეტყოდი: «გამაგრდი, ამ დღეს არ უნდა დრეკანი!»

117
ექვსი ყმა შემომეყარა, მარჯვე და ჩემი ზრდილია,
მითხრეს თუ: «სითაც აპირებ, გზის წასვლა სიადვილია,
კაცი ხარ მწვე ჭირნახული, ბევრს ომში გამოცდილია;
ზოგჯერ მზის შუქი მოგხედავს, ზოგჯერ დაგფარავს ჩრდილია!»

118
გზები შემიკრეს ყოველგან სამცხის მთისა და ბარისა,
კაცნი ჩავგზავნე შუაღამ, თქვენ ნუ გაქვთ შიში ჯარისა,
მათ შვიდი ცხენი დაჰპარეს, ჩვენთვის სასხდომად კმარისა,
უნაგრიანად მამისხეს, ვჰთქვი თუ: «ეს კარგი არისა».

119
წავკისს რომ ვიდექ, პაპუნა ჩივაძე თანა მხლებოდა,
ჯაჭვი და შუბი ეტაცა, ერთი თვით იმას სცმებოდა,
მომძებნა, მპოვა, მამართვა, მას სწადდა, მეცა მნებოდა,
იმხელი კაცი სიმარჯვით მართ უკეთ არ იქნებოდა!

120
გოსთიბეს იყო სხვა ჩემი ძოვნად ულაყი ცხენია,
ზოგ-ზოგი თოხარიკები, ზოგსა აქვს სიფიცხენია,
გულსა მდაღევდა სახმილი, ალისა მე სიცხენია,
ვაი სიკვდილი, დაკარგვა და საქმე შესარცხვენია!

121
ყმათ მითხრეს: «სითკენ წავიდეთ, ერთი გვხამს გასაბედია!»
მე უთხარ: «ყველგნით მაღონებს ჩემი წერა და ბედია,
გზები დავსჩხრიკო, სით მიჯობს, არა მყავს მოაბედია;
წავალ, ვინც დამხვდეს შევაკვდე, დავიწვა, ვით აბედია!»

122
მე არსით აღარ მეგონა უკვდავად გავლა გზებისა;
ცეცხლი მამიდვეს გარშემო ყოველგნით ანაგზებისა!
ყმათ უთხარ: «დიდგორს მივმართოთ, ვირ მოსვლა იყო მზებისა».
თავს ვეტყვი: «ნეტარ რა მოჰხდა გაწყრომა მიზეზებისა?!»

123
ქალი და კაცნი ვინცა ვართ, შევკრბით, დღემ რომ ქნა ბინდება.
რასათვის წავჰხე უბრალო? ცრემლი ამისთვის მდინდება!
მთის თავს ვჰთქვი: «ჩემთან მყოფელსა გული ნუ შეუშინდება,
ჩემთ მკვიდრთა ჩემთან სიკვდილი დასთმეთ, ნურავინ ჭმუნდება!»

124
იმ ღამეს წავლეთ დიდგორი, უგზოთ მთათ ბალახიანთა,
კოშკის თავს გზა გარდვუქცივეთ, ჩავედით მაღნარს მთიანთა,
შენობას თავს წავადექით, ვერ გვიგრძნეს თელავნიანთა,
ტყეში შევბრუნდით, სულდგმული ვერავინ გვნახავს ხმიანთა.

125
თელავნის თავსა ხშირს ტყეში მცირე დგას ტბისა გუბენი,
იქ გაგვითენდა, დავდექით, ვჰთქვით: ვართო მცირე სუბენი,
ცოტა რაც გვქონდა, თან გვახლავს, ყველას სავსე აქვს უბენი,
გულს უთხარ: «ნეტარ აქ რა ვჰქნა, არ მოიხმარვის შუბენი!»

126
ფეხის მიწყნარვის დრო მოჰხდა, ღამეა მგონ ძილპირისა;
ჩემს სიკვდილს მსწრაფლ მოელიან, ცოლ-შვილი ამად ტირისა.
უთხარ: «ნუგეშისთ, ღმერთია მამალხენელი ჭირისა,
კიდევ წყალობით მამხედავს, კვერთხი იესეს ძირისა!»

127
უთხარ: «წავიდეთ, ახლავ სჯობს, საქმენი მინაშურია»,
კარსანის თავი წავლევით, სად ახალქალაქურია,
ჩაველ, იქ საყდარს ჩამოვჰხე, ჩემთან მყოლთ ლოცვა სურია;
იქ მყოფნი არვინ დაგვიხვდა, მონათა ჭამეს პურია.

128
საყდარსა ღვთისმშობლისასა ჩვენ შევეხვეწეთ მუდარათ:
«ამ შეჭირვების მგზავრობას შენ ნუ გვიქ გასაცუდარათ,
გზა მოგვეც იორდანისა, ვინც რომ ხართ ნავთ საყუდარათ,
დამხსენ რყევას და სარჯელსა, ვიქმნე სამ დასაყუდარათ!»

129
იქიდამ კაცი ჩავგზავნე ხიდის გზის შემტყობარია:
«დავედრე ხიდის მცველები, ნახე, არ არის – არია?
მართლად გასინჯე, შეიტყევ, გზის მცველი ბევრჯელ მცდარია,
ეგების ძილსა შეეპყრან, მით თავსა დავსცეთ ზარია!»

130
ხიდზე ჩავიდა, გასინჯა, სამოცი კაცი ფთხილობდა;
მითხრა თუ: «დგანან ფეხზედა, ერთიცა არა ძილობდა;
ერთი ეშუღლის მეორეს, სხვა თქვენს დაჭირვას ცდილობდა;
«რომ არ შევიპყრა, არ მოჰხდეს», ამას ის უსაცილობდა».

131
რა ეს მესმა, «ამისთანა, ვჰთქვი, მიქნია ონარები?!
ამათ დავჰხოც უსაცილოდ, აღარ მინდა ფონარები!
გავლოთ ხიდი, იარაღთა მათთა ვექმნეთ მშონარები,
მომყევით და ნუ გადრკებით, ნუ შექნილვართ მცონარები!»

132
ყმათ მითხრეს თუ: «ზოგთა დაჰხოც, ზოგთ გარდიგდონ ფიცარია!
იმათ რა ქნან, ბძანება აქვთ, მეფის დანაფიცარია;
ხმას დაჰყრიან ძახილითა, გარეშემო ვინც არია;
ვეჭვ, არ შერჩეს მეზობელთა, სახლი შენი, ვინც არია!»

133
ერთი თასი სქლად მოდიდო ვჰქმენ სვეტს ცხოველს შესაწირად,
არც მწვე ბევრის ფასის იყო, სამოც მარჩილ იგ საღირად, –
შევეხვეწე სვეტს ცხოველსა: «გამიყვანე შენ ნაპირად,
ცოლ-შვილთ ცოდვას ნუ მაჩვენებ, დღე შემქმნია გასაჭირად!» 

134
რა შევსხედით წყნარა-წყნარა, ხიდის ბოლოს ჩაველ ნელა,
მტკვარი ნახეს, მდედრებრ შეკრთეს, ქალთა გასვლა გაეძნელა.
უთხარ: «გულსა შიში ნუ გაქვს, ღმერთი არის ჩვენი მშველა!»
ცხენს მივეცით სადავენი, უბე-კალთა დაგვესველა!

135
ცხენნი ცურვით წყალს გავიდეს, მე ჩავიგდე სასწაულად;
ხიდის მცველთა ვერა იგრძნეს, ვერც შეიტყვეს ვერცა სულად,
ქალთ ღმერთს დიდი მადლი მისცეს, რა რომ იქნენ წყალს გასულად!
შენ დაგვიხსენ, შემოქმედო, მიწურვილნი აღსასრულად!

136
წავედით ნელა, მივედით მცხეთის სამრეკლოს ძირამდის,
გარდავჰხე, თასი ავიღე, მე შევაწივე შინამდის;
პირჯვარი გამოვისახე, აღარ ვარ მოსაწყინამდის,
ცრემლი დავსთხივე ვედრებით, საყელოს ჩამომდინამდის!

137
კარიბჭეშიგან ვილოცე, საყდარი დაკლიტულია,
თასი კარს წინა დაუდგი, მას შევავედრე სულია:
«გმონო, გმსახურო, მუნამდი ვიქმნე სულ ამოსულია!»
არავინ მაცალა მის მკობად, სხვაგნით მქნეს მე წასულია!

138
გამოველ, შევჯე, წავედით, მივედით მისაქციელსა,
ნუგზარ მოვიდა, კარგ სიტყვით, უყურეთ მისაქციელსა,
მითხრა თუ: «ჩემს თავს რას ვაქნევ, ქვეყანა მისაქციელსა,
ჩემის ქვეყნიდამ ნუ მეტყვი, აღარ გყოფ მისაქციელსა!»

139
დილაზე თვითან წაბძანდა, მივიდა ახალუბანსა;
იმ დღეს იქ დავშრით, ქალებსა ვერვის ვნახევდით უბანსა.
მე ისევ გაღმა მეძებდეს, მაღნართა უბან-უბანსა.
ლხინი შემექმნა ტირილად, ზარსა სოფელი უბანსა!

140
წავედით, დუშეთს მივედით, ვიჩივლე ჩემი ჭირები,
ნუგზარ ერისთავს უამბე, როგორც მითავეს პირები,
მან მისი ქალი რა ნახა ცრემლითა ანატირები,
მითხრა თუ: «საქმე გავხადო მეც შენთან გასაჭირები!»

141
მითხრა თუ: «ყმისგან პატრონის მოყვრობა არის ავები,
ბეზღობას ვერ ასცილდება, საქმე არს გასათავები,
შენ ხომ ზედ უნდა წააკვდე, მისთვის მოიჭრა თავები,
ან აგრე მოვა გულისა სევდითა დასაწვავები!

142
თვარე მეც შენთან მოვჰკვდები, რასაც იქ, მეც ვარ მქნელია,
«სჯობს საყვარელსა მოყვარე» – ესე ნათქვამად ძველია.
დასდგები აქა – გახლავარ, წახვალ – ვარ წამომსვლელია,
შენთან სიკვდილს და გვერც ხლებას არვინ მყავს მე დამშლელია!»

143
ვჰკადრე თუ: «დავსდგე, რას ხელს მყრი, სადამდი შემინახევდე?
ყმათ ხომე არც თქვენ მიახლებ, მუდმად სევდითა ვახევდე.
ჩემსა სახლსა და მამულსა თვალით ვერ დავინახევდე,
ჩემსა ბედსა და წერასა ვგმობდე და ავად ვძრახევდე!»

144
მოვახსენე: «ერანისა ხელმწიფესთან მე ვარ წამსვლელ,
სიკვდილს მაშინც გადავრჩები, შევეხვეწო, ვიქმნე ჩამსვლელ,
უსმართლოდ მაბეზღართა ვეღარ ვექმენ თავის ამსვლელ,
აქანამდის შუქით ვიყავ, აწ, მზევ, იქმენ ჩემთვის ჩამსვლელ!»

145
წასასვლელად მოვემზადე, აღარა ვარ დასაღონად,
მითხრეს: «ჩახვალ შენ იმათგან, შეიქნები მოსაწონად,
რაღას გარგებს სიმძიმილი, რომ გაჰხადო ცრემლი ფონად?»
წავალ, რაღაც მომევლინოს, მოვიჭირვებ მე ამდონად.

146
ნუგზარ მითხრა ერისთავმან: «თქვი, თუ ჩემსას რასა ბძანებ?
მეც წამოგყვე უსაცილოდ, წავიდეთ და ნუ ახანებ;
მეფესა და სულ ქართველთა არას ვაწყენ, არას ვავნებ,
დიდს ხელმწიფეს შევისწავლი, ჯავრსა არას გავათავნებ!»

147
მე უთხარ: «მე წაუიდე, აწ სხვაცა დამებრალევდეს!»
მან მითხრა: «შენ წაგახდინეს, მე ვინღა შემიბრალევდეს?
იქიდამ დავრჩეთ ორნივე, ნება იყოს თუ ძალევდეს,
ისრევ გაწითლდეს სპილენძი, რაგინდ რომ ხშირად ჰკალევდეს!»

კ ა რ ი | მ ე შ ვ ი დ ე

148
რაღას ვაგრძელებ, წავედით, მე ცოლ-შვილითა ვიარე;
გზა წავლეთ საგურამოსი და არე მათი ვიარე,
ლილოს პირს ჩავლე, ლოჭინის ხევები დაუტიარე,
ყურყუთას ფონი თხლად იყო, ჩვენ დაგვხვდა დასათქმიარე!

149
ესენი ღამე ჩავლევით, გათენდა იაღლუჯასა;
შეკაზმული ვარ, მივდივართ, თავი მოსწონდა ლურჯასა,
იტყოდეს ჩვენნი მნახავნი: «გვანანო მაგარს ბურჯასა!»
მე ეს დამმართა სოფელმან, ნეტარ ვის უშვებს ურჯასა?

150
ეს რა ვიცოდი, ცუდმუდი მე კაცი შემომბედევდა;
კოლოტაური წინ დამხვდა, თურმე ფონს გასვლას მხედევდა,
ადვილ შეპყრობა ინება, დავ გამოთხოვით მედევდა,
მან არ იცოდა სრულობით, ძალ გული როგორ მედევდა!

151
მან შემომძახა: «არ იქნა, ვეღარ ხარ ჩემგნით წასული!»
უკან მამდევდა წყალს აქეთ, არ ვიქმენ ფონსა გასული,
მითხრა: «არ იქნა, ვერ წახვალ, მზე იქმნა შენთვის დასული».
ვჰთქვი: «ეტლსა მოსძაგებია, სოფლით არს გაღმა გასული!»

152
გავჰკვირდი, უთხარ: «რას მამდევ, შენ რა გაქვს ჩემთან დავია?
ბატონიშვილმა გიბრძანა, ვინ არის მუხრანთ თავია.
იგი არ მმტერობს, არ მამდევს, ჩვენ მოყვრობით გვაქვს ზავია,
ეს ჰკადრე, იცი, პატრონზე არა ვარ დამნაშავია!

153
როგორ? მე და შენებრ კაცი დასაჭერლად უკან მდევდეს,
ჩემსა ბჭობდეს დაჭერასა, ახლოს მოსვლას გაბედევდეს,
ჩემთვის ისარს მომახევდეს და სასროლად მშვილდსა ზევდეს?
მე რომ ხელიც არ შევახო, ცხენზე როგორ გარდამზევდეს?!»

154
დავბრუნდი, ცხენი შევჰქუსლე, არა ვჰკარ შუბის პირია!
იგი დიბლიგით გარდვაგდე, ვარქვი: «თავს უყავ ჭირია!»
მას მამის სული უხსენე: «მორბოდი, აწ რას სტირია?»
ორგნით გვერდები დაემტვრა, გათხარა ძეძვის ძირია!

155
ვჰთქვი: «მოვჰკლავდი, მაგრა ეს სჯობს, დამიგდია დაბნედილი,
ამაღამე აქა ეგდოს, გაუთენდეს თუ რა დილი!
გავს, ტარიელ სად ტიროდა, წყაროსთან დგა ხისა ჩრდილი,
წავა, მიმწევთ გზაზე დაჰხოცს, ვეღარ მისწვდა ავთანდილი!

156
ჩემგან სიკვდილს და დაბნედას ნურც ცახედ ნურას ჰკვირაო,
შენს ცოლთან დაგიკვეხნია, მოურავს დავიჭირაო!
წადი და სახლი მომზადე, როგორაც გაგიპირაო,
ვეჭვ, რომ თავბედი იტირო, დღენი გაქვს გასაჭირაო!»

157
ამისთანანი კაცები საჭერლად დამდევნებიან!
ბატონის წყრომა ძნელია, თვარ მამწევს უფრო ვნებიან.
გაძლების მეტი რაღა ხამს, რაც ჭირნი გარდამხდებიან!
მეც დავაკლდები ქვეყანას ბოლოჟამ, თვარ მიხვდებიან!

158
ჩვენ არჯაყალას მივედით, სხვა არვინ დაგვხვდა გზაზედა,
რაც ნივთი იყო სარჩოსი, ჩვენ დაგვაყენეს მზაზედა;
ორს კვირას იქ მოვიცადეთ, იყვნენ ჩვენს სიტყვის თქმაზედა,
ჩვენს მერიქიფეს უბძანით: «წამოწექ ღვინის სმაზედა!»

159
ასრე მოგვეპყრნენ, გვმსახურეს, როგორაც ჩვენნი მონები,
რაცა ვინებით, გვანებეს, ძალი არ გვიყვეს ჩვენები,
ზოგი გრძნებითც რამ ივარგეს, უცხო რამ მოსაჩვენები,
ჩვენ ჩვენის ქვეყნით დაგვკარგეს, დასუსტდა გამომდევნები! 

160
მათ მივაბარე ცოლ-შვილი, დადგნენ კარგ გარიგებითა,
წავედით, გზაზე მივდივართ ამოდ და ჩვენის ნებითა,
ესე მეც ვიცი, იქ წასვლა ვერა ვჰქენ კაის ცნებითა;
დგომა და წასვლა ორივე შემქნია ბოლოს ვსებითა!

161
თურმე შაჰ-აბაზ ხემწიფე იყო მისვლისა მდომელი.
მიველ, დამიხვდა კეთილად, არა გუნებით მწყრომელი,
ხანი რომ დავჰყავ, მიბოძის, რისაც არ ვიყავ მდომელი;
მაგრამ სევდა მწვავს სახლისა, მით ვიყავ ცრემლთა მშრომელი!

კ ა რ ი | მ ე რ ვ ე

162
მერმე ყანდაარს წაბძანდა, მტრად გამოუჩნდა ინდია;
თან წავჰყევ, კარგა ვიბრძოლე, მათ დღენი დაუბინდია!
გამარჯვებული დავბრუნდი, აწ ცრემლო, ნუღარ მდინდია;
მაშინც მოვჰკვდები, ბოლოჟამ, ნეტარ რას შეუშინდია?!

163
ბაღდადს წაბძანდა, თან ვახლდი, აღება ბძანა ციხისა,
ძმა მყავდა გულსრულ, მამაცი, ხმის ამომღები, რიხისა,
მან ერთი კაცი საბრძოლად ადვილად არ შეიხისა,
ის იქ მომიკლეს ომშიგან, კაცება შექმნეს თიხისა!

164
დაბრუნდა, ტახტზე მიბძანდა, რა ხანმა გავლო მცირენი,
მერმე ბძანება გამოჰხდა ქართლს წასვლის დასაპირენი,
წამობძანდა და წამოვჰყევ, ჯარნი შეექმნეს ხშირენი;
არ დამიჯერებთ, მოსვლისთვის გული მაქვს ასატირენი!

165
უწინ კახეთსა მობძანდა, იცით, რომ იქმნა რაები?
მეორედ ქართლსა მოვიდა, არვინ ჰყო შესაძრავები,
ორნივ მეფენი იქმენით სამკვიდროთ დასაძრავები,
თქვენ გადაბძანდით იმერეთს, მე რა ვჰქენ დასაშავები?!

166
მოციქულები გაახლათ მოსვლის და შერიგებისა;
თქვენ არ მობძანდი, იცოდით მათი წყენა და რგებისა!
მეფე ლუარსაბ მობძანდა, აწ სიტყვა არ ეგებისა,
ვინც მოიყვანა, ამოდ ზის, ლახვარი არ ეგებისა!

167
შადიმან გარდმოიყვანა ტკბილის სიტყვით და ენითა,
მან საჯილდოო იშოვა, თქვა თუ: «ეს კარგა ვჰქენითა!»
იგ თავის უფალ შეიქნა, მე ვარ აწ ცრემლთა დენითა,
მის წილ მე ვჰკვდები, შევქნილვარ ლახვართა დასაშენითა!

168
თუ სჯობდა, თქვენც რად არ მოხველ, არა ჰქენ შემოყრილობა,
თუ ის წყალობას ელოდა, თქვენც რად არ იდევ წილობა?
ის ერანელთა შეიპყრეს, თქვენ ჰქენით მოსვლის შლილობა,
თან წაიყვანა ხემწიფემ, ქართლში მოჰფინა ჩრდილობა!

169
მეც ისევ თან წამიყვანეს, ძალი იყო თუ განება,
გულსა ვეტყოდი: «სოფელმან თავი აროდეს განება!
სრულად მომავლეს ერანი, სიგრძე სად იყო, განება!
ვეღარ დავეხსენ ადვილად, თავი მახესა განება!»

170
დღეს ერთს ლხინად ჯდა ხემწიფე, უხვს თავი ჰქონდა ლაღება,
მიბძანა: «გამხიარულდი, გულს ცეცხლი ნუ გწვავს, დაღება,
თეთრს მოგცემ ამდენს, კარამდი ვერ შესძლო მიტან-წაღება,
სხვის წყალობითაც დაგმართო სევდათა კარის გაღება!»

171
მოატანინა, დააწყვეს ტახტის პირს თეთრის გუდები,
მიბძანა: «ადეგ, აიღე, ნუ ხარ მცონარად, უდები».
ტახტის პირს მიველ, თეთრს ჰქონდა სულ ახალ-ახალ ბუდები;
წინ დამაჩოქეს, არ ითქმის აწ ტყუილი და მრუდები!

172
გულს უთხარ, ცოტას ავიღებ - დამძრახვენ, არ აქვს ძალები;
ბევრი ავიღო, არამც თქვან: «ხარბად შემსჭვალა თვალები!»
ვჰთქვი თუ: «მიძრახონ სიხარბე, გული მაქვს კლდეებ სალები»;
ბევრის აღებას ვეცადე, მით გავიმაგრე ძვალები!

173
თვითო მხარზედან გარდვიგდე, ერთი თავზე ვჰქენ დებული,
თვითო ღლიასა შევიგდე, ორი ვჰქენ ხელკიდებული,
ერთი კბილშიგან მივიეც, მით ვიქენ აზიდებული,
ავდეგ, კარამდის წავიღე, არვისგან არ რიდებული!

174
ბძანა: «ნუ მოჰკლავთ ჯამუშსა, მის კაცთა მიუბარეთა!»
მე ჩემნი ყმანი დამიხვდეს კართან რომ მიველ, გარეთა,
ოთხასის თუმნის წამღებთა ვერ ვხედავ დამაზარეთა;
გვერცავ დამისვა ხემწიფემ, ბძანა თუ: «გაიხარეთა!»

175
ხოსრო მირზა მე გავჰხადე ხემწიფესთან გამოჩენით;
მოვახსენე: «შეიწყალე, თქვენ სიუხვე მაზედ ქენით!»
ვეხმაროდი, ბევრს ვაძლევდი, შევიტკბობდი ტკბილის ენით;
გავამდიდრე, მე ჩამოვხსენ ღარიბობას ცრემლთა დენით!

176
ამად ვჰქენი, მამით იყო ბაგრატოვანთ თესლი, გვარი,
დედას ვინღა იკითხევდა, გლეხი იყო თუ რა გვარი?
მე ხემწიფე ყურს მიპყრობდა, სიტყვა მქონდა მით მაგარი.
ყველგან წახდა ჭირნახული, ჭკუა მექმნა წასაგვარი!

177
ჩემთვის დარმა მოიღრუბლა, აღარ არის მზიანია,
ვიზედაც რომ კარგი ვჰქენი, მე შემექმნა ზიანია!
კლდე, კაპანი მტრით შეკრული მე გავჰხადი გზიანია!
ვერვინ ვერ ქნის ჩემზე მეტი თავის გასაზვიანია!

კ ა რ ი | მ ე ც ხ რ ე

178
ბევრი რამ საქმე გამოჰხდა, ყველას აქ ვინ იქს წერასა?!
მას უკან ბრძანა ქართლზედა: «მართლად ვერა ვიქ მზერასა!
ყარჩიხანს წინ გაგიძღვანებ, სინჯე, თუ იქსო მზე რასა?»
რაც მაშინ მოჰხდა, ამბითაც გული შეიქსო ძგერასა!

179
მოვიდა, ეს ვთქვი, ქვეყნისას ეს აოხრებას ბედავსა?!
ზურაბს გავენდევ, ერისთავს, უთხარ თუ ვერვინ ხედავსა,
ჩემის ხელითა ეკალსა მოგლეჯს, მიძახდენ; ბედავსა!
ვირემ დაგვხოცდენ, მე დავჰხოც, ვიტვირთებ სისხლსა ქედავსა!

180
ისიც დამპირდა მოსვლასა, ჩვენ პაემანი დავდევით,
ქვეყანა იმ დღეს დადგინდა, ეს კაი ხიდი გავდევით!
მე ჯარში დავდეგ, ჯაჭვები არ ამოვიღეთ, ჩავდევით,
ქართლი ჩვენის ხლმით დამაგრდა, ჩვენ ესე დავიქადევით!

181
ქართლისათვის რა ძე დავსთმე, როგორ ტურფა, სასურველი,
ჩემთვის ვარდი მაისია, აღარვინ ჰყავს მას იქ მშველი,
წასვლის ღონე არსით ჰქონდა, ბევრი ჰყვანდა ჯაშუშ-მცველი,
იქ პაატა დამიკარგავს, აქ არა მყავს გამკითხველი!

182
მაშინ ზურაბ ბევრი მიმხრო, კაცი არის გამბედავი,
კაის ჯარით მამეშველა მტერთ მემუქრე და მედავი,
ომის დღესა წინ წამდგომი, დამშლელთ უთხრის: «დამე დავი!»
მოყვარე და ჩემთვის მკვდარი, ის ეტლსრული, მე ბედავი!

183
მან ცოლი დასთმო, ჩაიგდო სირცხვილად სრულად არათა!
ვჰკადრე: «უკეთესს შეირთავ შენთვის მწვე გასახარათა,
ხმალსა და სახელს იქ ჰპოებ, კვლავ მზე მოგფინო დარათა,
ლუარსაბ მეფის დის შერთვა, შენთვის არს ეს საკმარათა!»

184
ლოჭინის ბოლოს ქორითა დავიწყე ნადირობანი.
ერთი შათირი მორბოდა, «აქ მოდი», – უყავ ხმობანი;
არ მამეწურა, ესე თქვა: «არა მაქვს თქვენი ცნობანი».
ძალად შევიპყარ, იმ დღესა დასწყივა მისი შობანი!

185
დავჩხრიკეთ, თავდაბეჭდული წიგნი უპოვეთ უბითა,
ეწერა: «ქართლი აჰყარეთ, კაცთაგან დაასუბითა!
ერთპირად გამომიგზავნე, მკლავებს საბელი უბითა,
მოურავს თავი მოჰკვეთეთ, ვეღარა ქნას რა შუბითა!»

186
შათირი მოვჰკალ, ის წიგნი იქავე შევჰქენ ხეულად,
დავბრუნდი გაჯავრებული, ნახავთ რასა ვიქ წლეულად?
ლაშქარი ვიხმე, მოვიდეს, ჯარი გავხადე სნეულად;
სამკვიდროსაგან უმკვიდროდ ვიქმენ დაკარგულ, ეულად!

187
მარტო მე რაც ვჰქენ იმ დღესა, თუ ის შეეძლოს გმირებსა?
ჩემის შუბის წვერს ყარჩიხან გაწონით გულს იგმირებსა;
იმან ვერდიბეგ, მისი ძე აეგო შუბის პირებსა!
სისქეს რაზმს შიგან ვბრუნევდი, არათუ განაპირებსა!

188
ქართველნი გვიან მოვიდეს, რა გინდ რომ ფიცხლად ვლიდიან,
რა შემოვიდეს ჯარშია, სისხლსა უწყალოდ ღვრიდიან;
ქონებას ძვირფასს იღებენ, ცუდმუდსა გადაჰყრიდიან,
მაშინ ვინც მნახის, სასალმოდ ყველანი თავსა ხრიდიან!

189
ის გამარჯვება გარდასწყდა, ვჰქენ ქალაქს ციხის აღება.
საშოვარი და ქონება მრავალი სხვაგნით წაღება;
ვინ გაგვიმაგრდა, მას მიხვდა საყელოს სისხლთა დაღება,
მაღლა ვინც მზერდეს ზვაობით, ასრე ხამს თავის დაღება!

190
მე ოთხი საქმე ერთს დღეს ვჰქენ, რა გესმას, ბძანოთ «იშია!»
ყარჩიხანს რომე შევები, მის ჯარს რა დავსდევ შიშია,
იქ ახალციხე ავიღე, ქალაქს ვჰქენ იერიშია;
კახეთს რა ჯარი დავჰხოცე, სიმრავლით ვითა ქვიშია!

191
კაცს ამისთანა ყმა ჰყვანდეს, პატრონს რა უყოს მეტია!
მას აბეზღებდენ ცუდმუდი, კაცი შმაგი და რეტია,
იგ მუდამ შენთვის კვდებოდეს შენის მტრის სისხლის მხვრეტია,
პატრონისაგან საკვდავად, ვით ადვილ გასამეტია?!

192
ეს ყველა მისთვის გავბედე, რომ მწადდა თქვენი დიდება,
კრძალვა და სათნო მწვე მჭირდა მე პატრონ-ყმობის რიდება;
თქვენს გარდაისად ავად ჰქნეს სხვათ ჩემი გარდაკიდება,
თუ ჩემს უკეთესს ყმას ჰპოვებთ, თქვენც გმართებსთ ხელის კიდება!

193
თქვენ ყველა იცით, რად მართებს ამბისა წვრილად ხსენება,
სად ბძანდებოდი, რა საქმით, ან გქონდა რა მოსვენება,
ვით მოგიყვანე, ხემწიფევ, ან გკადრე რამ მოხსენება;
ერთპირად კახნი მის ალაგს მივასხი, როგორც ენება!

194
რა ყორჩიბაში მოვიდა, თქვენ იყავ მეფედ მჯდომია;
შებმა დავშალე მე მათი, არ სჯობდა მაშინ ომია,
არ დაიშალეთ, ომისა წილი მეც რამე მხდომია:
ცხენი მამიკლეს თოფითა, შევიქენ გარდამხდომია!

195
ცხენით გარდახლტა, მამართვა ლომან ჩრდილევნის ძემან და
მითხრა თუ: «მე ეს მიქნია, ეგ შენი ცხენი ძე მანდა»;
შევჯე, მეთოფეს გაუდეგ, უთხარ: «მიცადე მე მანდა!»
მივეწივე და გარდვაგდე, ვერ მიდგა, როგორც ბზე მანდა!

196
მე მისი ცხენი მოვგვარე, მაზე ლომი ვქენ შესმული,
იმა ცხენისა პატრონი შეიქნა შუბის შესმული;
მას ვეღარ არგებს მუმია, ანუ წამალი შესმული,
ცუდად დარჩების მოკვდავსა გარედამ ცხება შესმული!

197
იარაღს თავსა დავადევ, მე ზარად პირაკეცილი,
შევხსენ, ავაჭერ რახტითურთ, არათუ კარგ დაკეცილი,
მტერს არ დავარჩენ, არიან ჩემგან დაჭრილი, კვეცილი,
სისქეს რაზმს სადაც მივმართე, შეიქნენ მუხლჩაკეცილი!

198
ტყუილს არ ვიტყვი, თქვენებრივ ვერვისი ვნახე ბრძოლება,
ხან მამაშორვის ცემამან, ხან ახლოს გიყვი ყოლება,
შუბის და ხმლისა გატეხა, ლახტის ტარ ხელთა ქონება,
გავბაადურდი იმ დღესა, სიტყვა ეს იყო ხსონება.

199
რა მარცხი მოვა კაცზედა, ვის შეუძლია ბრუნება?
ძლევა მათ მიხვდა, უფალმან ჩვენზედ ივიწყა ბუნება,
აღარ მოგვშორდა ის ცოდვა, რომ თან გვდევს გველის ცთუნება,
ჭმუნვა და სევდა გარდგვერთხა, გული მით შემეძრწუნება!

200
წამოვედით, გამოვრიდეთ, ავკეთის თავს დავივანეთ,
ოღონ ძლევა იმათ დარჩა, თვარემ ჩვენცა ბევრი ვავნეთ;
ავთანდილ და დავით ორნივ იმა დღესა ჩვენ ვიპოვნეთ,
რაღას ვაქნევ საქონელსა, პირველს ომში რაც ვიშოვნეთ!

201
მეორეს დღესა მოვიდეს, გაევლოთ იქით რაზმია,
ზურაბს ძმა შემოეყარა, მე შვილი მონაკაზმია;
მე გკადრე: «გახსონს, მეფეო, თქვენ აქ ხანი რამ დაზმია?
ჩემსა ჭკუას და ძალ-გულსა, გაცნობებ მონახაზმია».

202
სამოცის კაცით წამოველ, არ ვერიდები ღამებსა,
თხილოვანს მოველ, ვაცნობე გაბაანთ შვილს და ძმანებსა.
ქალაქით ჯარი გამოდგა, ვეჭვ შოვნას დაიშხამებსა,
აწ მოურავი გასინჯეთ, აწყენს თუ რას აამებსა?!

203
დათხარეს ლის, წოდორეთი, დაწვეს, ცეცხლს უყვეს კიდება.
რა მინდვრათ ჩამოვიცადე, მეც უყავ განაკიდება,
ფიცხელსა ომსა შევასწარ, ვეჭვ, უმძიმთ გარდაკიდება,
მათ ნაშოვარი მოსძაგდათ, გაყარეს ანაკიდება.

204
შვიდას კაცს თავი მოვჰკვეთე, გავსწყვიტე მე სამოცითა,
მკლავი დაგვიშვრა ხლმის ქნევით, გარდაყრითა და ხოცითა,
ხან შევიბმოდი ოცდათით, ხან ცოტას ჯარით, ოცითა,
ათს დღეს ლაშქარი დაგუბდა, ქართლი ვეღარ ყვეს მოცვითა!

205
ყველგნით წავიდა ხიზანი, რადგან ჩვენ გვექნა მარცხია,
რა ლისის ომი მიესმათ, საქმე ქნეს აღსარაცხია;
ქვა არსად არის ქართლშია, რომ ჩემი სისხლი არ სცხია,
სხვას კაცს კი არ შევიდარებ, თქვენი არა ვარ ნარცხია!

206
ცოლ-შვილსა კაცი უჩინე, სამცხის გზას უყავ კეთება,
ვჰთქვი: ერთხელ კიდევ დავხვდები, ხმალმა ეგებ ქნას მკვეთება?
ღართის-კარს დავხვდი, სახმილი ჩემგან მათ წაეკეთება,
კარგიც რომ კაცმა ბევრი ქნას, მტერს მაშინც არ ეკეთება!

207
წიწამურის თავს დავხერგე, შეუკარ ღართის-კარია,
თხრილი უწინვე წამევლო და გზები განაკარია,
სადაც ვიწონი, ვიბრძოდი, მათ აჩნდა დანაკარია,
ავჭალით ახალციხემდი შეკრეს არაგვი, მტკვარია.

208
სიმრავლითა მოგვერივნეს, რადგან მიხვდა პირველ ძლევა,
შუბი გატყდის, ხელი მივჰყვით, მაშინ შევჰქმნით ხლმისა ქნევა,
იმ დღეს თავი ვინ დაზოგოს, ისიმც კაცი დაიწყევა,
რა გასჭირდის, უკეთ შევსძლი, ასრე მქონდა ომის ჩვევა!

209
რა იარაღი დავლიეთ, მაშვრალთ მიგვჭირდა ომია,
წეროვნისაკენ უკუვდეგ მოღალულ-დანაშრომია,
კარგად მიგდებდა პატრონი, მეფე არ იყო მწყრომია,
მუხრანში დადგა ლაშქარი, სიმრავლით უსაზომია!

210
ავკეთს მიველ, იქივ დამხვდა მამაცი და მეფე ბრძენი.
მიბრძანა თუ: «როგორ მოჰხდა, ვინღა შეგრჩა, ან რა ჰქენი?»
«ზოგნი ცოლ-შვილთ მიეშველნეს, ზოგნი მახლავს კიდევ მხნენი,
მაგრა თქვენი წასვლის დროა». ეს სიტყვანი მე ვით ვთქვენი!

211
მე დავდეგ, ხალხი გავგზავნე, შევიქენ ჯართგან სუბანი;
სამოცი კაცი კიდევ მყვა, გვეცვა შალისა ჯუბანი,
ზოგი მშვილდ-ისარ-თოფითა, ოცსა აქვს ცხენზე შუბანი,
კიდევ გიამბობ, ქსანზედა ვადინე სისხლის გუბანი!

212
სპარსთ ზურაბს სიტყვა აჰკიდეს: «მოგვეც მართალი პირია,
არშიდამ ქალს გამოვიყვანთ, მოგვცე, არ გვიყო ჭირია;
ხემწიფის შვილი, თვის ტომი, ძვირად და დიდ საღირია,
თვალად ტურფა და კეკლუცი, თმა მოგრძე, ამბარ ხშირია!»

213
ერისთავმა თქვა ფიცითა: «აქვს ჩემგან დაუშავება!»
ჯარი გაგზავნეს მრავალი, ზურაბ თქვა: «არა შავება!»
გიორგი გულში ამბობდა: «ხვალ ბევრი მე მეშოვება».
მეორეს დღესა ლაშქარმან, იცით, თუ რა იშოვება?!

214
მთიულნი ავლეს, არშასა მივიდნენ შიშნეულობით;
მათ ქალი გამოიყვანეს, წამოვლენ, ვით სნეულობით.
ქსნის გზაზე გამოემართნეს, შეიქნეს არეულობით.
რაც მოჰხდეს, ახლა ისმინეთ, დღეითგან აწ წასულობით!

215
მათ ქალი მოჰყავს, გარდმოვლეს უწყინრად ხევი ხადანი,
უკან გიორგი მოსდევდა, – ვალს უნდა გარდახადანი, –
მეც მიველ, წინ გარდაუდეგ, ვიყავ იასეს ხადანი,
რომელსაც მოვხვდი, გუდურებ უყვი ტყავისა ხადანი!

216
მე ხუთი ქეში ისარი დავლიე მათზე სროლითა,
გზის ასაქცევი არ ჰქონდათ, ქარჩოხით, არც ისროლითა,
ამოვსწყვიტეთ და დავჰხოცეთ, ქსანს სისხლი შევასწორითა.
ალაგს და უალაგოსა კაცი ეყარის გორითა!

217
სისხლი რუდ მოდის კაცისა, ქსნის წყლისა არის მღებელი.
როდეს ისარი დავლიე, ხლმისა ვარ ამომღებელი;
რაც რომე იმათ დათესეს, თავს ექმნა გამომღებელი,
კარგს იარაღთ და ცხენების ვიქმენით წამომღებელი!

218
ქსანი შეიქნა ორს კვირას სრულად სისხლისა ფერადო.
ხევები მძორით აივსო, კაცი ვერ მორჩა ვერადო,
რომელიც მორჩა ცოტა რამ, შეიქნენ გასაშტერადო:
უკვირდათ ჩემი საქმენი, ვის თვალნი ჰქონდა მზერადო!

219
ყაზახის ხანი შევიპყარ, არ მოვჰკალ, იქ დავაბია,
სამი სულთანი მასთანა ერთმანერთს გარდავაბია,
მათად სასროლად გსმენია, მშვილდსა თუ სად ავაბია,
ოქრო-შეკაზმულს ცხენს შევჯე, მაგარი სადავაბია.

220
აბა მიბძანეთ, სხვის კაცის ეს სამსახური მეფეთა,
ხლმის განაკვეთსა სინჯევდით, თუ ხორცი როგორ მეფეთა!
გზას დამიგდებდეს მებრძოლნი, პირისპირ ვერვინ მეფეთა,
ლხინს და გაცემას, ალერსსა, მიქებდეს სიიეფეთა!

221
უხვი მით მქვიან, ერთს დღესა ვარ ქართლ-კახეთის გამცემი,
საქონლის დაუშურვალი, მტერთა ლახვრისა გამცემი;
ძალს იგი მაძლევს, ვინ არის ყოველთა უხვად მამცემი,
ერთის ათასად გამხდელი და ბევრეულთა მამცემი!

222
სრულად ერანი მოვიდა, ქართლის ქვეყანა აივსო,
კაცს და ტყეს ვერა ავნეს-რა, გლეხთ სარჩო დიდად დაივსო;
მეც ავიყარე, გაბრუნდნენ, ნახავთ რა უყო ჩაისო,
წლეულად ესე მივნია, ზოგი მიყურეთ გაისო!

223
მე სამძიმარი რაც მქონდა, ვსდებ თიკნაბერას ციხესა,
კაი მცველები დაუგდე, ხელი ვერავინ მიხესა,
იქ მდგომნი ყველა მიძრწოდა, მონებდა ჩემსა რიხესა,
ვერვინ შეუა მებრძოლი, კარები ჩაიმიხესა.

224
ალ, სურამი გავამაგრე, არ არს ადვილ ასაღები,
ფრთხილობდეს და გუშაგობდეს, არ არიან სულ დამღები,
ადვილ ძალად ვერ წაართმენ, ვერ არიან ბარგთ წამღები;
უთხარ: «ადრე მოელოდეთ, მალ გეწევა სისხლთა მღები!» 

225
ქართლიდამ წაველ, ცოლ-შვილი მივასხი ახალციხესა,
მესხთ ბძანეს: «იმა ლაშქართა შენგან ლახვარი იხესა,
ჩვენს მოდგომასა გაცნობებთ, ბაქსა, ძალსა და რიხესა,
ამხანაგს, ვისც არ უნდოდე, მეფენიმც გაირისხესა!»

226
ზოგ-ზოგი ბარათიანი თან წამყვეს ცოლ-შვილიანად,
გიორგი ქავთარიშვილი, გერმანოზ მსახურ-ყმიანად,
სხვა მსახურ მარჯვე კაცები, მსვლელნი არათუ გვიანად,
იმ თემის აზნაურშვილნი მოვლენ თამამად, ხმიანად!

227
ახალციხე და აწყვერი, ხერთვის და ფარავანია,
ყიზილბაშთ ჰქონდათ ციხენი, შიგ ჭანი ან საკანია;
ზოგი მე ძალად წავართვი, ვიხმარე კარგ რაკანია,
ზოგი იმათვე გაუშვეს, გასცვივდა თეთრ, დრაჰკანია.

228
გიორგი ქავთარიშვილი სიტყვა-პასუხის მთქმელია,
ხვანთქართან ამად გავგზავნე: «თქვენ იყავ ჩვენი მშველია!
ეს ციხეები ავიღე, თქვენ გამოგზავნეთ მცველია»;
ხემწიფემ ბძანა: «საქმენი უქნია კარგ საქნელია!»

229
ბძანა თუ: «ვერვინ წამართმევს, ჩემია სრულ სამცხენია!»
ხალათი გამოეგზავნა, კარგ ბედაური ცხენია!
ემბრი ებოძა: «გამაგრდი, არ გქონდეს სიმარცხენია».
გიორგის ბევრი ეშოვა ქონება ურაცხენია.

230
მეფემან პირად არ ბძანა, გულშიგან შექმნა წყენანი:
«როდესაც არის, იქნების ამის სისხლისა დენანი;
მე – მეფე, ამას – სახელი, ხვანთქართან თავის ჩენანი,
ქართველთა ასრე დახვევა, ზოგთ ზავთით შესაშენანი!»

231
როსიტა გედევანის ძე – ერთგული, თავდადებული,
დემეტრე საგინაშვილი – იყო ჩემთანა ხლებული,
მათარსი შიხაიდრის ძე – ჭკუისა მქონე, ცნებული,
პაპუნა ვაშაყაშვილი – ჩემთვის მკვდარ, თავწამებული!

232
სხვანიც ხომ ბევრნი მიახლნეს, ესენი გაუყრელია.
საათაბაგოს მივედით, მესხნი კარგ შესაყრელია,
მათი სიტკბო და სიამე სევდისა უკუმყრელია,
რომელიც გაწვევს სალხინოდ, ხელის ხელ ჩასაყრელია!

233
დაუთ-ბეგ გოგორიშვილსა მკვიდრად აქვს ციხისჯვარია,
მითხრა: «ხელთ მოგცემ ციხესა», მან დაიფიცა ჯვარია.
აფიეთს დავდეგ, მე მახლდა კიდევ კარგი რამ ჯარია;
მესხნი ყოფილან მოყვრისთვის თავისა გამსაჯარია!

234
ფარად ფაშა ხომ სიძედ მყვა, თავდადებ, ჩემთვის მკვდარია,
თანუნა დიასამიძე, კაცი ბრძენი და წყნარია;
მან მითხრა: «თრიალეთისკენ ასპინძა ახლო არია,
ყმა და ამბავი მოგწვდების, ავი თუ გასახარია!»

235
ხალხი ციხეში ავასხი, მე დაბლა – ძირსა ვდგებოდი;
რა იქ სადგურად დავდგინდი, მწადდა რომ მეფეს ვხლებოდი!
ვნადირობდი და ვიშვებდი, ხან მთაზე ვიარებოდი,
სევდასა მოვიქარვებდი, კაეშანს გავეცლებოდი!

236
სრულ მესხნი ტკბილად მომეპყრნეს, ჩემთანა სადგურობდიან,
უფროსნი მიალერსებდენ, უმცროსნი კარგა მძღნობდიან;
რა ამბავს თავი ახსნიან, ხან ჩემს ქებასაც ჰხმობდიან,
მათაც წყალობა უყვიან, ერდგულნი ვინც მე მყმობდიან!

237
შალიკაშვილი როსტომ და ელისბარ თაქთირიძეო,
ყაენთან სწორად ვიყავით, ერთი ძმა, სხვა კი ვიძეო;
როსტომ თქვა: «იცი, აჭარას კარგა მამული მიძეო;
იქ დადეგ, რადგან ქართლითგან ჯერხანად გამოიძეო!»

238
მე ვჰკადრე: «იმერეთს ჩავალ, გიორგი მეფეს ვნახაო!
მათსა საქმესა ყველასა გულშიგან გამოვსახაო,
მას უკან იქით გარდმოვალ, ლხინი მაქვან თუ ვახაო!
ცდას არ დავაკლებ საქმისას, ქართლს კიდევ დავინახაო!»

239
მე ყიზილბაშნი მეგონა, გავლიდეს ჩვენსა ზღუდებსა,
რიდი არ მქონდა მტერისა, თავს მოვიხდიდი ქუდებსა,
ხან ზარზმამდისი ავიდი, ხან ჩამოვიდი უდებსა,
ამაში ჯარი მოგვიხდა, ვნახავთ, თუ ცეცხლს ვინ უდებსა?!

240
მე მთაზე ვიყავ სათოფეთ, ციხეს ვთქვი ასვლა ძისანი,
დავხედე, არე მოიცვეს საფარა-ასპინძისანი,
დიასამიძის დახდომა, ომი თქვეს ორთავ ძმისანი,
გავჰკვირდი, ნეტარ რა უნდათ კაცისა განაძისანი!

241
რა მოვიდეს, კარგა დავხვდით, ვეღარ გვიყვეს იმათ ბრძოლა,
დავჰხოცეთ და ამოვსწყვიტეთ, მათ შეექმნა ცხრო და თრთოლა,
ვინც ითავა, მანც ავად ქნა, ან ვის ექმნა წამოყოლა,
გზის ბელადი, ასრე გვესმა, მთას გარდვიდეს, ჩაექოლა!

242
ასპინძამდი ასრე ვდივეთ, მათ ეგონათ ხევი ვაკეთ,
ნაშოვრისა დანაცვივნით ჩემს ყმას კიდევ კარგა ვაკეთ;
ჩვენს სევდასა უკუ ვიყრით, მათთვის ცეცხლსა უგზნებ, ვაკეთ;
იმ თვის ჩვენთვის მათი მოსვლა არ შეიქნა მოკლე, ნაკეთ.

243
ბეჟან მითხრა, თაქთირიძემ: «იმერეთს ვარ ბევრჯელ მსვლელი,
მეცა თანა წამოგყვები, მეფესთან ხარ თუ მიმსვლელი!»
მიველ, მეფის სიკეთისა ვერ ვარ თავის მე ამსვლელი;
რაც მიბძანის, იმას ვჰყოფდი, ვინ არს მცნების გარდამსვლელი?

244
დამხვდა კარგა, თავდაბლურებ, მან შემიწყო ტკბილად ხელი,
პურადად და გულკეთილად მწვე გასლოდა მას სახელი;
დადიანსაც ეს ებძანა: «მეც ვარ მკვიდრად კაცი ძველი,
მიმცემი და მოალერსე, დაჭირვებულთ კაცთ მიმშველი».

245
მეფემ მიბოძა დასტური, ვლე არე ოდიშისანი,
იგიცა კარგა დამიხვდა, ქება არ ძალმიც თქმისანი;
ყმათ ორთავ მომიპრიანეს, ვეღარ ვჰქენ ყმობა სხვისანი,
ისევ მეფესა ვიახელ, დამხვდა, არ თქმულა ძმისანი!

246
სულ იმერელნი მომაკრფეს მეგობარ-ამხანაგებად,
მომგონდა ჯერნის სროლანი, როდეს ჩავიდი ნაგებად;
ცეცხლი მამედვის წყენისა, შემექნის გულსა დაგებად,
რაც რომ სახლები დამექცა როდისღა შევსძლო აგებად?!

247
მეფესა ვსთხოვე დასტური, გარდმოვლე მთანი ოცხეო,
მთას აქათ წყალი გაუდის, დიაღ ცხელი და მოცხეო;
გულს უთხარ: «ისრევ გამაგრდი, ხმალს კიდევ სისხლი მოსცხეო,
გამოძებული რას ვარგხარ, ან იცხე, ან შემოსცხეო!»

248
ინაშვილი მყვა მსახური, მის დროს მტრის კარგა მცემელი;
ნახშირის გორით მოვიდა ციხისა გამომცემელი,
მიამა, შევჯე, წამოველ, არ ნაღარათა მცემელი.
სხალნარში მოველ დაფარვით, არ მაღლა გარდამცემელი.

249
ქალაქს ჯაშუში ჩავგზავნე, მწადდა ციხისა აღება,
შიგ მყოფთა ყველას დახოცა და საქონლისა გაღება;
გუშაგთა გვიგრძნეს, შეგვიტყვეს, ვეღარა ვჰქენ რა წაღება,
წაველ იმ ზამთარ სამცხესვე, იქ დავჰყავ მარხვა, აღება!

250
გაზაფხულ ქართლში ჩამოველ, მეფევ, თქვენც ჩამობრძანდია,
როგორ გმსახურე, გაამე, ტახტზედა რა დაბძანდია,
თუ მაშინ ყმადა გყოლოდი, ხვანთქართან არ წაბძანდია!
მზას დაგახვედრე ქვეყანა, გკადრე, თუ: მალ მობძანდია!

251
რაც ქართლისათვის მე ვჰქენი, ცოტა რამ გკადრო მცრობილი,
ტყუილს ვერ ვიტყვი, ამისთვის არს ბევრი კაცი სწრობილი;
მეც მემკვიდრე ვარ ამ ალაგს, არ შემოსწრებით ხმობილი,
ზოგჯერ უქნელი საქმე ვჰქნი, გავჰტეხი რაზმი წყობილი!

252
ეს ასრე იქნა, რაც მოჰხდა, თქვენ ყველა იცით სრულებით;
ვისცა ვხლებივარ პატივით, გვერცა ვსჯდომივარ სრულებით;
ჩემნო მებრძოლნო, შეგიპყრობ, აღარ აგიშვებ, სრულ ებით,
მე თუ გარადვჰხდე, პატრონო, თქვენმცა ნუ დაესრულებით!

253
თქვენთვის ვსძრევდი მე, მეფეო, თავსა, ხელსა, გულსა, ტანსა,
შამხალამდი მივაწივე, მე მიუხე დაღისტანსა,
მოვარბევდი ქვეყანასა, მოვიღებდი მოსატანსა,
უშიშარად მტერს ვებრძოდი, მაგრა უდეგ მე სატანსა!

254
ხმლითა გავჰტეხე ოსეთი, ავიღე მაგარ ციხები,
უფროსნი კაცნი დავბეგრე, გაუშვი ზავთი, რიხები,
ჩემის შიშითა შეწუხდეს, დაისვეს გულსა მიხები;
მტერნო, თქვენ იცით, ჩემის ხლმით მრავალჯერ დაიწნიხები!

255
მე შევაშინე, შეშინდეს სულა ქვეყანა ოსისა,
ვახტანგ რომ მოკლა თარაყან, ბაღათარ ორნივ დროსისა.
ვინ მომივიდნენ, ხალათით აივსნენ სრულად მოსისა,
ვით ისრაელთა არ შერჩა გარდაკიდება მოსისა.

256
პაპუნა ვაშაყაშვილი, თამაზ, ვინ ქარციძეობდა,
წინა მიმიძღვეს მამაცად, არ ვიც, რომელი ზეობდა,
კაცები დარჩა დიდგვარი, ესენი მათზე მძლეობდა,
თამაზს მაჩაბელს ისარი მიკრეს, ვინ მშვილდსა ზეობდა!

257
მელიქ ათაბეგ მჩხუბევდა, ენას ჰხმარობდა გველადო,
ლორის სიმაგრეს შემიდგნენ, ვერ მოვიხელე ველადო,
მელიქს და ზაქუმს ჯაშუში მე დავაყენე მცველადო,
მიუხე, ვეღარ გამაგრდა, კლდეს ექმნა შიგ გამძვრელადო.

258
საქონელი და ცოლ-შვილი ყველა ხელთ დამრჩა სულობით,
იგი გარდმეჭრა, წავიდა, იარებოდა სულობით,
ვეჭვ, მათი ხმალი დაჟანგდეს, პირი წაუხდეს სულ ობით,
შევსთვალე: «ძებნე ცოლ-შვილი, როდეს მოხვიდე სულობით!»

259
ქაიხოსროს ჰყვა მოყვარედ როსტომხან სპასალარია,
მრავალჯერ გამოუგზავნა ოქრო, ვერცხლი და ლარია,
მაგრა იმათგან შოვება ბოლოჟამ ერთობ მწარია,
არ დაადგრების სამკვიდროდ, აღუტყდეს სითმე ქარია!

260
ხუთასი კაცი მეთოფე მან გამოგზავნა ბირთვისსა,
ამან ციხეში შეუშვა, თვითან გარ კაზმით ირთვისა;
იმათგან ამან ფეშქაში თავთავად კვლავ მიირთვისა,
გარ მოდგომილის მტრისაგან ადვილად არ წაირთვისა!

261
შემოუთვალე: «ნუ გვიზამ, ქართლს ნუ მოსტეხე ზურგია!»
ეს თქვა: «მათ მეტს სხვას ჩემთვისა ნეტარ თუ ვის რა ურგია?»
ვჰთქვი: «სასახლეში მოვნახავ, სად რომე ცაცხვი ურგია,
რად გვიშვებს ამხანაგებსა, სამანი გარდაურგია?»

262
გორიდამ წაველ საღამოს, ტბისს მიველ, რომე ინათა;
სასახლეს გარ შემოვერტყი, გალავანს გარ და შინათა,
გარ გამოვიდა დილაზე ულვაშღებული ინათა;
შევსძახე: «კარგა დაგვიხვდი, ღვინო დაგვისხი მინათა!»

263
კვლავ უთხრა: «რაღას უშველის ხელისა გამოღებანი?
მოდი, შევრიგდეთ, ერთადვე ვჰქნათ ხმისა ამოღებანი;
ციხე კარგგვარად ამართვი, ვჰქნა იქ მდგომთ სისხლთა ღებანი,
იგინი მამეც, საქონლის შენვე ქენ კვლავ წაღებანი!»

264
რა ღონე ჰქონდა, არ ექნა იმ დღესა ჩემი ნებანი?
გამოიტყუა ერთპირად, იხმარა კარგი ცნებანი;
თოფები ყველას წავართვი, უყავ ერთს ადგილს დებანი!
მათ მოუვიდა იმ დღესა დღე აღსასრულის, ვებანი!

265
სულ გამოვასხი ერთპირად, სიმაგრე დავაგდებინე.
ხუთასსა კაცსა იმ დღესა მე თავი გავაგდებინე,
ციხეს მეთოფე შევუშვი, მათ კარი მოვაგდებინე,
მძორები ხევში ჩავჰყარე, თავები გარდვაგდებინე!

266
იქ დავიჭირე ხოსია, არ უყავ ტკბილი ხმობანი,
თიკნაბერასა დავაბი: «იყავ ვირ მოვლენ ცნობანი!»
მეფიცებოდეს ყოველნი: «აწყა ვჰქნათ მწვე დანდობანი,
აღარ გავიტეხთ ნამუსსა, თუ გვწამს აღდგომა, შობანი!»

267
სისხლის და ცოდვის – ორისავ მწვე დიდად ვიყავ კრძალული,
მაგრა, ქართლისა მინდოდა რგება და მწვე სიხარული!
მათ მოჰფენოდა კეთილად, მზეს ემზო დარი დარული,
მათთან სიკვდილსა ვჯერვიყავ, როს ვიყავ გაუმწარული.

268
ქველს წერეთელსა ებძანა ადვილად ჩემი მუქარა;
მიუხე, დავსწვი, დავდაგე, ადვილ წაუხდა რუქა რა.
წამოველ, უკან მამდივა, ნიავმან ვეღარ უქარა,
შევსძახე: «ცუდათ გაგიცვდა გლახ შენი ბაქი-ბუქარა!»

269
ახლოს მომმართა საბრძოლად, იყო კარგისა ბედისა,
ორი ისარი გულსა ვჰკარ, ხსენება შექნა დედისა,
მამაცი იყო, გულსრული, საომრად შემომხედისა,
ისივ გაბრუნდა, შეტყორცნა რა ნახა ზედი-ზედისა!

270
სად მოვსთვალო ჩემი ბრძოლა, ანუ ომთა ჭირნახული?!
მე, მეფეო, შენთვის დავდე თავგანწირვით ტკბილი სული,
რაღას მარგებს ცრემლთა დენა, ანუ საქმე გარდასული,
რას არგებდა მაბიზღართა ჩემი მოკვლა, აღსასრული?!

271
არვის მივსცემ თავს საკვდავად, რაცა გწადდა, იგი ქენით,
ამ საქმეთა გამბედავი როგორ მოვჰკვდე ცუდის ენით,
ერთს აზნაურს ვის უქნია ჩემოდენი ხლმისა შენით!
რად გამხადე ვალდებული მუდამ სისხლის ცრემლის დენით?

272
მე მეფეთა ორგულობა არა მთქმია არვისაგან,
რაცა შევსძლი, ერთს არ ძალუც, არ გამოვა არვისაგან;
ლომთა ვიყავ მე მებრძოლი, არა გვარი არვისაგან,
შუბის წვერთა რკინა ექმნის, გული ჩემი არვისაგან!

273
თუ სიკვდილი ჩემი გწადდა, რასთვის მტერსა არ მისივე,
მათ მოვეკალ, ხემწიფეო, იქნებოდი თქვენ ისივე,
ლაპარაკი, ცუდი ენა, ჭორის სიტყვა ამისივე,
გამიცუდე ნამსახური, ჯავრით გული გამისივე!»

(დასასრული იხ. ნაწილი II)

Wednesday, August 23, 2017

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის კიდევ ერთი ახალი წიგნის შესახებ

გამოვიდა მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის ახალი წიგნი – ჰერმან ჰესეს რომანის „რიოში მარგალიტებით თამაშის“ ქართული თარგმანი, რომელიც ბაკურ სულაკაური გამომცემლობამ ამ ხანებში გამოაქვეყნა. მადლობას მოვახსენებთ ამ გამომცემლობის მესვეურებსა და თანამშრომლებს, რომლებმაც ამ წიგნის გამოცემას ამაგი დასდეს. აგრეთვე დიდი მადლიერებით გვინდა მოვიხსენიოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ამა თუ იმ სახით დაგვეხმარა და ხელი გაგვიმართა, ვინც მხარში გვედგა და გვამხნევებდა იმ წინააღმდეგობათა და სიძნელეების დაძლევაში, რომლებიც ამ თარგმანის გამოცემის გზაზე წამოიჭრა.


წიგნების ერთი ნაწილი ჰონორარის სახით მთარგმნელს გადმოეცა, რომლებიც ჩვენი მხრიდან გასაყიდად შევიტანეთ რუსთაველი # 16-ში მდებარე წიგნების მაღაზიაში (რუსთაველის თეატრის მთავარი შესასვლელის პირდაპირ). ძირითად ტირაჟს კი თვითონ გამომცემლობა შეიტანს მაღაზიების ქსელში.

ქვემოთ დავდებთ რამდენიმე ფოტოს წიგნთან და მის ავტორთან დაკავშირებით, აგრეთვე თარგმანის ტექსტის დასაწყის ნაწილს (დაახლოებით 15 გვერდს), რათა მკითხველმა უფრო უკეთ შეძლოს მისი გაცნობა და შეფასება, აგრეთვე შესაბამისი აზრი შეიქმნას მთელ ტექსტზე და წიგნის შეძენის სურვილიც გაუჩნდეს.



ჰერმან ჰესე 


რიოში მარგალიტებით თამაში 


რიოში მარგალიტებით თამაში 

Ludi Magister იოზეფ კნეხტის ცხოვრების აღწერის მცდელობა, მის დატოვებულ ნაწერებთან ერთად

გამოცემული ჰერმან ჰესეს მიერ

აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთ



რიოში მარგალიტებით თამაში 

ცდა მისი ისტორიის საზოგადოდ გასაგები შესავლისათვის 

…non entia enim licet quodammodo levibusque hominibus facilius atque incuriosius verbis reddere quam entia, verumtamen pio diligentique rerum scriptori plane aliter res se habet: nihil tantum repugnat ne verbis illustretur, at nihil adeo necesse est ante hominum oculos proponere ut certas quasdam res, quas esse neque demonstrari neque probari potest, quae contra eo ipso, quod pii diligentesque viri illas quasi ut entia tractant, enti nascendique facultati paululum appropinquant.

ALBERTUS SECUNDUS

tract. de cristall. spirit. ed. Clangor et Collof. lib. I, cap. 28* (*ალბერტ მეორე. ტრაქტ. კრისტალ. სულის შესახებ, გამომც. კლანგორი და კოლოფი, წიგ. I, განყ. 28)

იოზეფ კნეხტის ხელნაწერი თარგმანი:

...თუმცა კი, გარკვეულწილად, მარტივი ადამიანები უფრო ზერელედ და იოლად გამოხატავენ სიტყვებით არარსებულ საგნებს არსებულზე მეტად, მაგრამ ღვთისმოსავი და კეთილსინდისიერი ისტორიკოსისთვის სწორედ რომ პირიქითაა: მას სიტყვიერი ასახვისას ისე სწრაფად არაფერი უსხლტება ხელიდან და, თანაც, მისთვის არაფერი შეიქნება ისე საჭირო, რომ ადამიანებს ცხადად აჩვენოს ისეთი საგნები, რომელთა არსებობის დამტკიცება ან სარწმუნოდ მიჩნევა შეუძლებელია; მაგრამ ის საგნები, სწორედ იმის წყალობით, რომ ღვთისმოსავი და კეთილსინდისიერი ადამიანები აღიქვამენ მათ, როგორც რაღაც ნამდვილად არსებულებს, ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან შესაძლებლობას, რომ არსებობდნენ და იბადებოდნენ.


ამ წიგნში იმ მცირედის ასახვა განგვიზრახავს, რაც იოზეფ კნეხტის ბიოგრაფიული მასალებიდან მოვიძიეთ, Ludi Magister Josephus III-ისა, როგორც მას რიოში მარგალიტებით თამაშის არქივებში მოიხსენებენ. ამ საქმეს ბრმად არ შევდგომივართ, თუმცა კი ეს მცდელობა, ერთგვარად, სულიერ ცხოვრებაში გაბატონებულ კანონებსა და წეს-ჩვეულებებს ეწინააღმდეგება. ჩვენი სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ უმაღლეს პრინციპს ხომ ინდივიდუალობის წაშლა, ცალკეული პირის აღმზრდელობითი უწყებისა და მეცნიერებათა იერარქიისადმი, შეძლებისდაგვარად, სრული დაქვემდებარება წარმოადგენს. ეს პრინციპი დიდი ხანია ისე ძლიერ ტრადიციად დამკვიდრდა, რომ დღეს მეტად ძნელია, და ხშირ შემთხვევებში შეუძლებელიც კი, იმ ცალკეულ პირთა შესახებ დაწვრილებით რაიმე ბიოგრაფიული და ფსიქოლოგიური ამბები მოიძიო, რომელთაც ამ იერარქიაში თავი განსაკუთრებით გამოუჩენიათ. უმეტესად მათი სახელებიც კი მივიწყებულია, რაც ჩვენი პროვინციის სულიერი ცხოვრებისთვის დამახასიათებელია, და ეს იმის შედეგი გახლავთ, რომ ანონიმურობა – ამ იერარქიული ორგანიზაციის იდეალს წარმოადგენს და ის იდეალის გახორციელებასთან ძალზედ ახლოსაა.

თუ არჩეული გზიდან არ გადავუხვევთ და შევეცდებით Ludi Magister Josephus III-ის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ დავადგინოთ და მისი პიროვნების პორტრეტიც ზოგადი ნიშნებით დავხატოთ, ამას ვაკეთებთ არა პიროვნების კულტის გულისათვის, და არც, როგორც შეიძლება ვინმეს ეგონოს, წეს-ჩვეულებათა გაუთვალისწინებლობის გამო, არამედ, პირიქით, მარტოდენ ჭეშმარიტებისა და მეცნიერებისადმი მსახურებისათვის. არსებობს ძველი გამოთქმა: რაც უფრო მწვავედ და ულმობლად ვაყალიბებთ თეზისს, მით უფრო უცილობლად ჩნდება ანტითეზისი. მოგვწონს და პატივს ვცემთ იმ აზრს, რომელიც ჩვენი უწყების ხელისუფალთა ანონიმურობისა და ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძველშია ჩადებული; მაგრამ სწორედ ამ სულიერი ცხოვრების წინაისტორიის გადახედვა, კერძოდ კი, რიოში მარგალიტებით თამაშის განვითარებისა, უდავოდ გვიჩვენებს, რომ მისი თითოეული ფაზა, ყოველი სიახლე, ცვლილება და არსებითი ძვრა, მიუხედავად იმისა, პროგრესულად ჩავთვლით მას თუ კონსერვატიულად, უეჭველია, თავის ერთადერთ და ნამდვილ ინიციატორს კი არ გვიჩვენებს, არამედ საკუთარ მკაფიო ხატებას იმ პიროვნებაში პოულობს, რომელმაც ცვლილება შემოიტანა, და ეს ცვლილება განახლებისა და სრულყოფის ინსტრუმენტად აქცია.


რასაც დღეს ჩვენ პიროვნულობაში მოვიაზრებთ, მართლაც, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, ადრეული დროის ბიოგრაფები და ისტორიკოსები ამაზე რომ ფიქრობდნენ. მათთვის, და სახელდობრ, იმ ეპოქების ავტორებისათვის, რომლებსაც ბიოგრაფიული აღწერის ნიჭი ჰქონდათ, ამა თუ იმ პიროვნებაში ნორმიდან გადახრა, ნორმისადმი მტრობა, უნიკალურობა, ხშირად პათოლოგიაც კი ყველაზე უფრო არსებითი გახლდათ. ხოლო ჩვენ, დღევანდელები, მნიშვნელოვან პიროვნებებზე, საერთოდ, მაშინ ვლაპარაკობთ, როცა ისეთ ადამიანებს ვხვდებით, რომელთაც, უმთავრესად, ორიგინალურობისა და განსაკუთრებულობის მიუხედავად, შეძლეს სრულყოფილად შერწყმოდნენ საყოველთაოს, და შეძლებისდაგვარად, ზეპიროვნულისადმი სრულყოფილი სამსახურიც გაწიეს. თუ ამას უფრო დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს იდეალი ძველი კულტურისთვისაც ცნობილი გახლდათ. „ბრძენის“ ანდა „სრულყოფილის“ სახე ძველ ჩინელებთან, მაგალითად, ანდა სოკრატესეული მოძღვრების იდეალი სათნოების შესახებ ჩვენი დღევანდელი იდეალისაგან ნაკლებად განსხვავდება. ზოგიერთმა დიდმა სასულიერო ორგანიზაციამ, როგორიც, მაგალითად, რომის ეკლესიაა თავისი ძლიერი ეპოქებით, მსგავსი საფუძვლები იცოდა და მისი ზოგიერთი უდიდესი ფიგურა, კერძოდ, წმინდა თომა აქვინელი, ძველ ბერძენ მოქანდაკეთა მსგავსად, უფრო მეტად გარკვეული ტიპის კლასიკის წარმომადგენლად გვევლინება, და არა ცალკეულ პირად. მაგრამ სულიერი ცხოვრების იმ რეფორმაციის წინა პერიოდებში, რომელიც XX საუკუნეში დაიწყო და რომლის მემკვიდრენიც ჩვენ ვართ, ის ნამდვილი ძველი იდეალი, პირდაპირ რომ ვთქვათ, თანდათან მთლიანად დაიკარგა. გაოცებულნი ვრჩებით, როცა იმ დროის ბიოგრაფიებში სადღაც ვრცელ მონათხრობს ვნახულობთ იმის თაობაზე, თუ გმირს რამდენი და-ძმა ჰყავდა ან ბავშვობაში რა სულიერი ჭრილობები მიიღო, მოწიფულობის ხანა როგორ გაიარა, აღიარებამდე რა ბრძოლა გადაიტანა, სიყვარული როგორ ეწვია; დღევანდელ ადამიანს კი გმირის არც პათოლოგიური, არც ოჯახური ამბები, არც მისი სასიყვარულო განცდები, საჭმლის გადამუშავება თუ ძილი არ აინტერესებს; არც მისი სულიერი წინაპერიოდი, მისი აღზრდა, საყვარელი სამეცადინო საგანი, საკითხავი წიგნები იზიდავს და ასე შემდეგ; ეს ჩვენთვის არც თუ ისე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მხოლოდ ის არის გმირი და განსაკუთრებული ინტერესის ღირსი, ვინც ბუნებითა და აღზრდით ისეთ მდგომარეობაში ექცევა, რომ მისი პიროვნება სრულყოფილებას იერარქიული ფუნქციის შესრულებაში აღწევს, თან ისე, რომ მას გასაოცრად ძლიერი, ახალი მისწრაფება არ ეკარგება, რაც ინდივიდის სურნელსა და ფასეულობას ამშვენებს; და როცა პიროვნებასა და იერარქიას შორის კონფლიქტები წარმოიშვება, სწორედ აქ ვხედავთ კონფლიქტებს, საჯილდაო ქვასავით, პიროვნების სიდიდეს რომ გამოარკვევს. რაც უფრო ნაკლებ ვეთანხმებით მეამბოხეს, რომელსაც თავისი მისწრაფებები და ვნებანი წესრიგის რღვევამდე მიიყვანს, მით უფრო პატივისცემით ვიხსენებთ მის მიერ მსხვერპლის გაღებას, რაც კიდეც ნამდვილად ტრაგიკულ პიროვნებას ქმნის.

აქ კი, გმირებთან, ამ, მართლაც, სამაგალითო ადამიანებთან დამოკიდებულებაში მათი პიროვნებისადმი, სახელისადმი, თუნდაც სახის გამომეტყველებისა და ქცევისადმი ინტერესი გვიჩნდება; და ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან მათ ყველაზე უფრო სრულყოფილ იერარქიაში, წუნდაუდებელ ორგანიზაციაში ვხედავთ, სადაც, არავითარ შემთხვევაში, საქმე იმ მექანიზმთან კი არ გვაქვს, მკვდარი და ერთფეროვანი ნაწილებისაგან რომ შემდგარა, არამედ ცოცხალ სხეულთან, სიცოცხლისუნარიანი ნაწილებისა და ორგანოებისაგან რომ ქმნილა, და რომლის შემადგენელ ნაწილებს თავიანთი სახე გააჩნიათ, თავისუფლება აქვთ მინიჭებული და თითოეული მათგანი ცხოვრების საოცრებასთანაც წილნაყარია. ამგვარად, შევეცდებით, რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრის იოზეფ კნეხტის ცხოვრების ამბები მოგაწოდოთ და, კერძოდ კი, ყველაფერი მის შესახებ თავისივე ნაწერებიდან გადმოგცეთ, რამეთუ რამდენიმე ხელნაწერი კიდეც მოვიპოვეთ, რასაც წაკითხვის ღირსად მივიჩნევთ. რასაც კნეხტის პიროვნებასა და მის ცხოვრებაზე მოგიყვებით, ზოგი რამ იქიდან, მთლიანად თუ ნაწილობრივ, ცხადია, ორდენის წევრებს შორის და, კერძოდ კი, რიოში მარგალიტებით მოთამაშეთა გარემოში, უკვე კარგადაა ცნობილი; აქედან გამომდინარე, ჩვენი წიგნი მხოლოდ ამ წრისთვის არაა განკუთვნილი, იმედია, მას გასცდება და ორდენის გარეთ მყოფ შეგნებულ მკითხველებამდეც მიაღწევს.

ჩვენს წიგნს ამ ვიწრო წრისათვის შესავალი და კომენტარები არ ესაჭიროება. და რაკი მაინც ამ ნაშრომს, აგრეთვე ჩვენი გმირის ცხოვრებასა და ნაწერებს ორდენის გარდა სხვა მკითხველსაც ვთავაზობთ, ერთგვარად, ძნელი ამოცანის წინაშე ვდგებით, და გვსურს, არც თუ ისე გათვითცნობიერებული მკითხველისათვის პატარა, პოპულარული შესავალი მოვიყვანოთ, რაც რიოში მარგალიტებით თამაშის აზრსა და დანიშნულებას, და მის ისტორიასაც გაგვაცნობს. აღვნიშნავთ, რომ ეს შესავალი პოპულარულია და ასეც უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში, არ გააჩნია პრეტენზია, რომ ორდენის შიგნით თამაშის პრობლემები და მისი ისტორიის სადავო საკითხები განმარტოს. ამ თემის ობიექტურად ასახვისათვის დრო ჯერ არ დამდგარა.


მაშასადამე, ჩვენგან რიოში მარგალიტებით თამაშის სრული ისტორიისა და თეორიის მოლოდინი ნუ ექნებათ. ეს იმაზე ღირსეული და გამოცდილი ავტორების საქმეა, ვიდრე ჩვენ დღეს გახლავართ. მისი გადაწყვეტა მომავალი დროისათვის მიგვინდვია, იმ შემთხვევაში, თუ წყაროები, და ასევე სულიერი წინაპირობები, მანამდე არ დაიკარგება. ეს თხზულება რიოში მარგალიტებით თამაშის სახელმძღვანელოდაც ნაკლებად იქნება გამოსადეგი, და ასეთი სახელმძღვანელო არც არასოდეს დაიწერება. ამ თამაშის, თამაშთა თამაშის წესებს ვერავინ შეისწავლის სხვაგვარად, თუ არა ჩვეულებრივ მიღებული, წინასწარ განსაზღვრული გზით, რაც რამდენიმე წელს მოითხოვს და თამაშის არც ერთი მონაწილე, განდობილი, არ მოისურვებს, რომ თამაშის ეს წესები უფრო იოლი შესასწავლი გახადოს.

თამაშის ეს წესები, ნიშანთა ეს ენა და გრამატიკა მაღალგანვითარებული საიდუმლო ენის ერთგვარ სახეობას წარმოადგენს, რომელშიც განსხვავებული მეცნიერებები და ხელოვნებანი, განსაკუთრებით კი, მათემატიკა და მუსიკა (შესაბამისად მუსიკათმცოდნეობა) მონაწილეობენ და რომელიც თითქმის ყველა მეცნიერების შინაარსსა და შედეგებს გამოხატავს. ამრიგად, რიოში მარგალიტებით თამაში, გახლავთ თამაში ჩვენი კულტურის მთელი შინაარსითა და ფასეულობებით; და ამ თამაშში ეს ფასეულობები ისე მონაწილეობენ, როგორც, მაგალითად, ხელოვნების აყვავების ხანაში მხატვარი მოლბერტზე საღებავებით თამაშობდა. ყოველივე, რაც კაცობრიობამ ცოდნით, ამაღლებული აზრებითა და ხელოვნების ნაწარმოებებით შემოქმედებით ეპოქებში შექმნა, რაც სწავლულთა დაკვირვების მომდევნო პერიოდებმა ცნებებზე დაიყვანა და ინტელექტუალურ მონაპოვრად აქცია, სულიერ ფასეულობათა მთელი ამ უზარმაზარი მასალით რიოში მარგალიტებით მოთამაშე ისე თამაშობს, ორღანისტი რომ უკრავს ორღანზე და ეს ინსტრუმენტი თავისი სრულქმნილებით, კლავიშებითა და პედლებით მთელ სულიერ კოსმოსს ეხება; მისი რეგისტრები უთვალავია, მასზე დაკვრაში თეორიულად მთელი სამყაროს სულიერი შინაარსი აისახება. ეს კლავიშები, პედლები და რეგისტრები მყარადაა დადგენილი, მათი რიცხვისა და წესრიგის ცვლილება სრულყოფის მიზნით ჯერ მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი: თამაშში ახალ მნიშვნელობათა შემოყვანით თამაშის ენის გამდიდრება, თამაშის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან, გააზრებულ და უმკაცრეს კონტროლს ექვემდებარება. მაგრამ, სამაგიეროდ, ამ მკაცრად დადგენილი სისტემის შიგნით, თუ ისევ ჩვენს მეტაფორას გამოვიყენებთ, ამ გოლიათური ორღანის რთული მექანიკის ფარგლებში ცალკეულ მოთამაშეს, ცალკეულ შემსრულებელს, შესაძლებლობებისა და კომბინაციების მთელი სამყარო ეძლევა. ათასობით მკაცრად ჩატარებულ თამაშში, თუნდაც ორიც კი, ერთმანეთთან ზედაპირულად მსგავსი, თითქმის არ მოიძებნება. თუ ერთხელ ეს მაინც მოხდება, და შემთხვევით, ორი მოთამაშე თამაშის შინაარსისათვის ზუსტად რაღაც ერთსა და იმავე პატარა თემას აირჩევს, ეს ორივე თამაში მოთამაშეთა აზროვნებიდან, ხასიათიდან, განწყობიდან და ვირტუოზულობიდან გამომდინარე, ალბათ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული იქნება და განსხვავებულადაც შესრულდება.


არსებითად, მხოლოდ ისტორიკოსის სურვილზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ხნით გადასწევს წარსულში რიოში მარგალიტებით თამაშის დასაწყისისა და წინაისტორიის აღწერას. მართლაც, არც ერთ დიად იდეას დასაბამი არა აქვს, იგი მუდამ, სწორედ იდეის სახით, აქ არსებობდა. ჩვენ ამას იდეად, წინასწარხედვად და სასურველ სურათად მივიჩნევთ, რასაც უკვე ზოგან უფრო ადრეულ საუკუნეებშიც ვხვდებით, მაგალითად, პითაგორასთან, მოგვიანებით ანტიკური კულტურის გვიანდელ ხანაში, ელინისტურ-გნოსტიკურ წრეში, ამდენადვე მას ძველ ჩინელებთანაც ვნახულობთ, შემდეგ ისევ არაბულ-მავრიტანული სულიერი ცხოვრების მწვერვალებზე, მერე კი მისი წინაისტორიის კვალი სქოლასტიკისა და ჰუმანიზმის გავლით მოდის და XVII და XVIII საუკუნეების მათემატიკოსთა აკადემიებამდე აღწევს, შემდეგ რომანტიკოს ფილოსოფოსებთან გრძელდება და ნოვალისის მაგიური ოცნებების რუნებთან ჩერდება. Universitas Litterarum*-ის (*მეცნიერებათა ერთობლიობა /ლათ./) იდეალური მიზნისაკენ სულის თითოეულ მოძრაობას, ყველა პლატონურ აკადემიას, სულიერი ელიტის ყოველ გაერთიანებას, ზუსტ და თავისუფალ მეცნიერებათა შორის დაახლოების თითოეულ მცდელობას, მეცნიერებასა და ხელოვნებას, ან მეცნიერებასა და რელიგიას შორის შერიგებისკენ ყოველ გადადგმულ ნაბიჯს ის მარადიული იდეა ედო საფუძვლად, რომელმაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სახე რიოში მარგალიტებით თამაშში შეიძინა. ისეთი დიდი სულიერი ადამიანები, როგორებიც აბელიარი, ლაიბნიცი, ჰეგელი იყვნენ, ეჭვის ქვეშ აღარ აყენებდნენ იმ ოცნებას, რომ სულიერი უნივერსუმი კონცენტრული სისტემით გამოეხატათ და სულიერებისა და ხელოვნების ცოცხალი სილამაზე ზუსტ დისციპლინათა ფორმულირებების მაგიურ ძალასთან შეეერთებინათ. იმ დროს, როდესაც მუსიკა და მათემატიკა კლასიკურ პერიოდს თითქმის ერთდროულად განიცდიდნენ, ეს ორი დისციპლინა ერთმანეთს ხშირად უახლოვდებოდა, რასაც თან ნაყოფიერი შედეგიც მოჰყვებოდა. ორი საუკუნით ადრე ნიკოლაუს კუზანელთან ისეთივე სულისკვეთების დებულებებს ვხვდებით, როგორც, მაგალითად: „სული პოტენციურობის ფორმას გადაიღებს, რათა ყველაფერი პოტენციურობის მდგომარეობაში გაზომოს, და აბსოლუტური აუცილებლობის ფორმას, რათა ყველაფერი ერთიანობისა და უბრალოების მდგომარეობაში გაზომოს, ვითარცა ამას იქმს უფალი, და შეკავშირების აუცილებლობის ფორმას, რათა ყველაფერი საკუთარი თავისებურების თვალთახედვით გაზომოს; ბოლოს იგი გადაიღებს დეტერმინებული პოტენციურობის ფორმას, რათა ყველაფერი მის არსებობასთან მიმართებაში გაზომოს. შემდეგ უკვე სული ზომავს სიმბოლურადაც, შედარების გზით, როგორც მაშინ, როცა იგი რიცხვითა და გეომეტრიული ფიგურებით სარგებლობს და მათზე, როგორც მსგავსებებზე, მიუთითებს“. სხვათა შორის, კუზანელის არა მხოლოდ ეს აზრი გვაგონებს თითქმის პირდაპირ რიოში მარგალიტებით თამაშს. არა მხოლოდ ეს ერთი გამონათქვამი შეესაბამება ფანტაზიის იმ მიმართულებას, რომელიც თამაშისთვის დამახასიათებელ გონებრივ სვლებს ასე ემსგავსება. კუზანელთან კიდევ ბევრი სხვა მსგავსი აზრიც შეიძლება მოინახოს. მათემატიკით გამოწვეული მისი სიხარული, მისი მისწრაფება თეოლოგიურ-ფილოსოფიური ცნებების ევკლიდეს გეომეტრიის ფიგურებისა და აქსიომების მაგალითზე განმარტებისკენ, თამაშის მენტალიტეტთან მეტად ახლოს გვეჩვენება; ის კი არადა, ხანდახან მისი ლათინურიც (როცა იგი ხშირად სიტყვებს თვითნებურად ისე იგონებს, რომ ამ ენის მცოდნეს მათი გაგება არ გაუჭირდება), თავისუფალი მიდგომით, თამაშის ენის პლასტიურობას მოგვაგონებს.


ჩვენი ნაშრომის დევიზიდან გამომდინარე, რიოში მარგალიტებით თამაშის წინამორბედთა შორის, არცთუ უმნიშვნელო ადგილს, ალბერტუს სეკუნდუსს მივაკუთვნებთ. ჩვენი ვარაუდით, თუმცა კი შესაბამისი ციტატის მოყვანა არ შეგვიძლია, თამაშის აზრი უკვე XVI, XVII, XVIII საუკუნეების იმ სწავლულ მუსიკოსთა შორის ბატონობდა, რომლებიც თავიანთ მუსიკალურ კომპოზიციებს საფუძვლად მათემატიკურ სპეკულაციებს უდებდნენ. უძველეს ლიტერატურაში დროდადრო ვხვდებით ლეგენდებს ბრძნული და მაგიური თამაშების შესახებ, რომლებსაც სწავლულები, ბერ-მონაზვნები ანდა მთავართა კარის დიდებულნი და მათი სტუმართმოყვარეობით მოსარგებლე გონებამახვილი ადამიანები იგონებდნენ და თამაშობდნენ; მაგალითად, ჭადრაკის თამაში, რომლის ფიგურებსა და დაფებს ჩვეულებრივის გარდა საიდუმლო მნიშვნელობაც ჰქონდა. და საერთოდ, ხომ ცნობილია, რომ ძველი კულტურების ადრეული ხანებიდანვე მოთხრობები, ზღაპრები და თქმულებები მუსიკას, მხოლოდ წმინდა მხატვრულობის გარდა, სულებისა და ხალხების დამპყრობ ძალასაც მიაწერენ; მუსიკა ქმნის საიდუმლო მმართველს, ან ადამიანების კანონთა წიგნებსა და მათ სახელმწიფოებს. უძველესი ჩინეთიდან ბერძნულ თქმულებებამდე დიდ როლს თამაშობს ადამიანთა იდეალური, ზეციური ცხოვრების აზრი მუსიკის ჰეგემონიის ქვეშ. მუსიკის ამ კულტთან („მარადიულ გარდასახვებში საიდუმლო ძალა გალობისა მოგვესალმება ზეციდან“ – ნოვალისი) რიოში მარგალიტებით თამაში მთელი თავისი შინაგანი არსითაა დაკავშირებული.

თუ თამაშის იდეას ისე შევიცნობთ, როგორც ერთ-ერთ მარადიულს და ამდენად მის განხორციელებამდე დიდი ხნის წინ უკვე მარად არსებულსა და ქმედითს, მაშინ მის განხორციელებას ჩვენთვის ნაცნობ ფორმაში ხომ უკვე გარკვეული ისტორია ექნება, რომლის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებაც მოკლედ მოგითხრობთ.

სულიერ მოძრაობას, რომლის ნაყოფიც, სხვათა შორის, ორდენის მიმართულება და რიოში მარგალიტებით თამაშია, თავისი საწყისები გარკვეულ ისტორიულ პერიოდში აქვს, რომელსაც ლიტერატურის მკვლევრის პლინიუს ციგენჰალსის საფუძვლიანი შრომებიდან მოყოლებული, მის მიერ მიგნებული „ფელეტონური ეპოქა“ ეწოდება. ასეთი სახელწოდებები მოხდენილი, მაგრამ საშიშია, ვინაიდან მაცდუნებელია და გვიბიძგებს, რომ წარსულში ადამიანთა ცხოვრების რომელიმე გარემოებას უსამართლოდ მივიჩნევდეთ, და ასეც არის. „ფელეტონური ეპოქა,“ არავითარ შემთხვევაში, სულიერებას მოკლებული არ გახლავთ, და სულიერად ღარიბიც არასოდეს ყოფილა. მაგრამ ციგენჰალსთან ასე ჩანს, რომ იმ ეპოქამ არ იცოდა, თუ თავისი სულიერებისთვის რა უნდა ექნა, ან უფრო მეტიც, არ შეეძლო ცხოვრებისა და სახელმწიფოს სისტემაში სულისათვის შესაბამისი ადგილი და ფუნქცია მიენიჭებია; გულახდილად რომ ვაღიაროთ, ფელეტონურ ეპოქას ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ, თუმცა კი ეს სწორედ ის ნიადაგია, საიდანაც ამოიზარდა თითქმის ყველაფერი, რაც დღეს ჩვენი სულიერი ცხოვრების ნიშან-თვისებას შეადგენს. ციგენჰალსის მიხედვით, ეს გარკვეული მასშტაბით „ბიურგერულ“ და ღრმა ინდივიდუალიზმის მიმყოლ ეპოქას წარმოადგენდა; ხოლო თუ ამ ატმოსფეროს წარმოვაჩენთ და ციგენჰალსის აღწერიდან რამდენიმე საკითხსაც მოვიყვანთ, მაშინ ის მაინც გვეცოდინება, რომ ეს საკითხები გამოგონილი, არსებითად გაზვიადებული და გაყალბებული არ არის, მათ დიდმა მკვლევარმა უთვალავი რაოდენობის ლიტერატურული და სხვა დოკუმენტის სახით მოუყარა თავი. ჩვენც ამ სწავლულს მივყვებით, რომელიც აქამდე „ფელეტონური“ ეპოქის ერთადერთი სერიოზული გამოკვლევის ავტორია. და თანაც არ უნდა გვავიწყდებოდეს – არაფერია იმაზე სულელური და ადვილი, რომ შორეულ დროთა დაბნეულობასა და არაგონივრულ ჩვევებს ქედმაღლობითა და ცხვირის აბზუებით უყურებდე.

ჩანს, რომ ევროპაში შუა საუკუნეების მიწურულიდან სულიერი ცხოვრების განვითარების ორი დიდი ტენდენცია არსებობდა: აზროვნებისა და რწმენის იმდროინდელი ავტორიტეტული გავლენისაგან განთავისუფლება, ე. ი. სუვერენული და საკუთარი სიმწიფის შემგრძნები გონების ბრძოლა რომის ეკლესიის ბატონობის წინააღმდეგ, და, მეორე მხრივ კი _ ამ თავისუფლების ლეგიტიმურობის ფარული, მაგრამ გატაცებებით აღსავსე ძიება ახალი, თავად მისგანვე გამომდინარე და მისი ადეკვატური ავტორიტეტისა. მთლიანობაში სულმა, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად წარმოებული ეს ბრძოლა, რომელიც ხშირად საოცარი წინააღმდეგობებით იყო აღსავსე, შეიძლება ითქვას, მოიგო. გადაწონის თუ არა მოგება ურიცხვ მსხვერპლს, არის თუ არა საკმარისად სრულყოფილი სულიერი ცხოვრების ახლანდელი წესრიგი და გაგრძელდება თუ არა ის კიდევ დიდხანს, რათა მთელი ტანჯვა, ტკივილიანი კრუნჩხვები და უზომო განსაცდელები მრავალი „გენიოსის“ ბედში, რომლებმაც ცხოვრება შეშლილობით ან თვითმკვლელობით დაასრულეს, გააზრებულ მსხვერპლად გამოჩნდეს; ჩვენ ასეთი შეკითხვის დასმის უფლება არა გვაქვს. ამბავი მოხდა _ კარგია თუ არა ის, უმჯობესი იქნებოდა თუ არა მის გარეშე ცხოვრება, ჩვენ ვცნობთ თუ არა მასში „აზრს“, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ის ბრძოლები სულის „თავისუფლებისათვის“ ასე წარიმართა და სწორედ იმ გვიანდელ, ფელეტონურ ეპოქაში იქამდე მივიდა, რომ სინამდვილეში სულმა გაუგონარი და თავად მისთვის აუტანელი თავისუფლება შეიძინა, როცა მან ეკლესიის მეურვეობას სრულად სძლია, ხოლო სახელმწიფოს მეურვეობას კი – ნაწილობრივ; თუმცა კი ნამდვილი კანონი, რომელსაც თავადვე ჩამოაყალიბებდა და პატივსაც მიაგებდა, ნამდვილი ახალი ავტორიტეტი და კანონ-წესრიგი მას ჯერ კიდევ მაინც მიგნებული არ ჰქონდა. ნაწილობრივ მართლაც გამაოგნებელია სულის უღირსობის, ანგარების, ნებაყოფლობითი კაპიტულაციის მაშინდელი მაგალითები, რაზედაც ციგენჰალსი მოგვითხრობს.

უნდა ვაღიაროთ, რომ იმ ნაწარმოებებს ერთმნიშვნელოვნად ვერ განვმარტავთ, რომელთა მიხედვითაც ჩვენ იმ ხანას, კერძოდ, ,,ფელეტონურს“ ვუწოდებთ. როგორც ჩანს, ფელეტონები, ყოველდღიური პრესის მასალის განსაკუთრებით პოპულარული ნაწილი გახლდათ და მილიონობით იბეჭდებოდა; ისინი განათლების მოსურნე მკითხველისათვის მთავარ საკვებს წარმოადგენდნენ, ცოდნის ათასნაირ საგანზე აუწყებდნენ ანდა, უფრო მეტიც, „ლაყბობდნენ“ და, როგორც ჩანს, მათი ავტორებიდან უფრო გონიერნი თავიანთ ასეთ საქმიანობას აგდებითაც ეკიდებოდნენ; ყოველ შემთხვევაში, ციგენჰალსი აღიარებს, რომ მას ხელში მრავალი ისეთი ნაშრომი უვარდებოდა, რომლებსაც მათი ავტორების თვითგამასხრებად მიიჩნევს, ვინაიდან სხვაგვარად ეს თხზულებები გაუგებარი იქნებოდა. სავსებით შესაძლებელია, რომ სტამბური წესით გამოშვებულ ამ სტატიებში ირონიისა და საკუთარი თავის გაკიცხვის გარკვეული წილიც იყოს ჩადებული, რომლის გასაგებად ჯერ გასაღები უნდა მოიძებნოს. – ამ სისულელეთა შემთხზველები, ნაწილობრივ, გაზეთების რედაქციებს მიეკუთვნებოდნენ, ნაწილობრივ კი, ისინი „თავისუფალი“ მწერლები იყვნენ, ხშირად პოეტებადაც იწოდებოდნენ; ბევრი მათგანი სწავლულთა რიგებშიც შედიოდა, და ასე ეტყობოდა, ისინი უმაღლესი სკოლის მასწავლებლებიც კი უნდა ყოფილიყვნენ. ასეთი თხზულებების პოპულარულ შინაარსს გამოჩენილ პიროვნებათა ცხოვრებიდან ანეკდოტები და მათი მიმოწერა წარმოადგენდა. მათი სათაურები, მაგალითად, იყო: „ფრიდრიხ ნიცშე და ქალთა მოდა 1870 წლისათვის“, ანდა „კომპოზიტორ როსინის საყვარელი საჭმელები“, ან „ფინია ძაღლის როლი დიდ კურტიზან ქალთა ცხოვრებაში“ და მისთანანი. მოგვიანებით უყვარდათ ისტორიული მსჯელობები ისეთ აქტუალურ თემებზე, რომლებზეც მდიდარი ადამიანები საუბრობდნენ, როგორიცაა, „საუკუნეთა მანძილზე ოქროს ხელოვნურ წარმოებაზე ოცნება“, ან „მცდელობანი ამინდზე ფიზიკურ-ქიმიური გავლენის მოსახდენად“ და მსგავსი საკითხები. როცა ციგენჰალსის მიერ მოყვანილ ამგვარ ყბედობათა სათაურებს ვკითხულობთ, ჩვენ იმდენად ის გარემოება კი არ გვაოცებს, რომ ყოველდღიურ საკითხავად ამის მშთანთქმელი ადამიანები მოიძებნებოდნენ, არამედ უფრო მეტად ის, რომ კარგი სახელის, მდგომარეობისა და განათლების მქონე ავტორები უმნიშვნელო თავშესაქცევზე ამ უზარმაზარი მოთხოვნილების „მომსახურებაში“ მონაწილეობდნენ. ისინი იმ ხანისთვის დამახასიათებელი სიტყვით – „მომსახურება“ სარგებლობდნენ, რომელიც, ამასთანავე, მანქანისადმი ადამიანის მაშინდელ დამოკიდებულებასაც აღნიშნავდა. დროდადრო ყოველდღიურ საკითხებზე განსაკუთრებით ცნობილ პიროვნებათა გამოკითხვასაც აწარმოებდნენ, რასაც ციგენჰალსმა ერთი კერძო თავი მიუძღვნა; იქ, მაგალითად, სახელგანთქმული ქიმიკოსები თუ ვირტუოზი პიანისტები პოლიტიკაზე თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, ცნობილი მსახიობები, მოცეკვავეები, სპორტსმენები, მფრინავები ან ზოგჯერ პოეტებიც მარტოხელა ცხოვრების უპირატესობასა და ნაკლზე, ფინანსური კრიზისების სავარაუდო მიზეზებზე ჰყვებოდნენ და ასე შემდეგ. აქ მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ რომელიმე ცნობილი პიროვნება სწორედ იმ წამს აქტუალურ თემასთან დაეკავშირებინათ: ციგენჰალსთან ხანდახან საოცარ მაგალითებს ვაწყდებით, მას ასეთები ასობით მოჰყავს. სავარაუდოდ რომ ვთქვათ, მთელ ამ საქმიანობაში ირონია იყო დიდ წილად ჩადებული, იქნებ ეს დემონური, სასოწარკვეთილების ირონიაც გახლდათ, რის შესახებ ფიქრი და მსჯელობა ჩვენთვის საკმაოდ ძნელია. მაგრამ ფელეტონებში გამოთქმული თემების უმეტესობას, რომლებიც მკითხველთათვის თვალშისაცემი და სამხიარულო იყო, მთელ ამ გროტესკულ საკითხებს, ეჭვის გარეშე, ნდობითა და სერიოზულობით ღებულობდნენ. როცა სახელგანთქმული მხატვრული ტილო მფლობელს გამოიცვლიდა, ან ძვირფასი ხელნაწერი აუქციონზე გაიყიდებოდა, ან ძველი ციხე-სასახლე დაიწვებოდა, ან კიდევ ძველი საგვარეულოს შთამომავალი რაიმე სკანდალში გაეხვეოდა, – მკითხველები იმ მრავალი ათასი ფელეტონით უმალვე არა მხოლოდ ამ ფაქტებს შეიტყობდნენ, არამედ უკვე იმავე, ანდა მომდევნო დღეს კიდევ რაღაც სხვა ანეკდოტურ, ისტორიულ, ფსიქოლოგიურ, ეროტიულ და მათ მსგავს მასალებსაც. ყოველ ასეთ მოვლენაზე ბეჯითი ნაწერების უხვი ნაკადები იღვრებოდა, და მთელი ამ ცნობების მიწოდება, დახარისხება და გადმოცემა საჩქაროდ და უპასუხისმგებლოდ მომზადებული ფართო მოხმარების საქონლის ბეჭედს ატარებდა. ისე ჩანს, რომ ფელეტონს გარკვეული თამაშებიც მიეკუთვნებოდა, რომელთა მიმართ მკითხველებს ინტერესი თავად უჩნდებოდათ და მათი წყალობით სტატიებისა და ლექციებისგან მოყირჭებული მკითხველი საზოგადოება ახალი ცოდნის მიღებაში უფრო მეტი ხალისით ერთვებოდა; ამის შესახებ ციგენჰალსის მიერ გაკეთებული ის ვრცელი შენიშვნაც მოგვითხრობს, რომელიც „კროსვორდის“ საოცარ თემას ეხება. მაშინ ათასობით ადამიანი, რომლებიც საკმაოდ მძიმე შრომას ეწეოდნენ და მძიმე ცხოვრებაც ჰქონდათ, მოცალეობისას შესაბამისად შედგენილ კვადრატებსა და ჯვრებს მიუსხდებოდნენ და მათ ცარიელ უჯრებს თამაშის გარკვეული წესის მიხედვით ავსებდნენ. ჩვენ გვინდა თავი მოვიზღუდოთ იმისგან, რომ ამაში მხოლოდ სასაცილოსა და სულელურს ვხედავდეთ და მასზე ქირქილსაც მოვერიდოთ; ის ადამიანები თავიანთი ბავშვური გამოცანა-თამაშობებითა და საგანმანათლებლო თხზულებებით უბრალო ბავშვები ანდა მოთამაშე ფეაკები სულაც არ ყოფილან, უფრო მეტიც, ისინი პოლიტიკური, სამეურნეო და მორალური მღელვარებებისა და რყევათა შუაგულში მოქცეულიყვნენ და დიდ შიშსაც განიცდიდნენ; მათ მთელი რიგი საშინელი ომები გადაიტანეს, მათ შორის სამოქალაქო ომებიც; და მათი საგანმანათლებლო პატარა თამაშები მხოლოდ მშვენიერი და უდარდელი ბავშვურობა კი არ იყო, არამედ იმის ღრმა მოთხოვნილება გახლდათ, რომ თვალები დაეხუჭათ და გადაუჭრელ პრობლემებს, დაღუპვის საშინელ წინათგრძნობებს უფრო უვნებელ, მოჩვენებით სამყაროში გაჰქცეოდნენ. ისინი ავტომობილების მართვასა და ბანქოს რთულ თამაშებს დაჟინებით სწავლობდნენ, კროსვორდებსაც გატაცებით ხსნიდნენ – რამეთუ სიკვდილის, შიშის, ტკივილის, შიმშილის პირისპირ თავს დაუცველად გრძნობდნენ; აღარც ეკლესიისგან იყვნენ ნუგეშინისცემულნი, და სულიერი დარიგების გარეშეც რჩებოდნენ. ისინი, ბევრ ასეთ თხზულებას რომ კითხულობდნენ და მოხსენებას ისმენდნენ, დროსა და ენერგიას არ იშურებდნენ, რათა შიში დაეძლიათ, საკუთარ თავში სიკვდილის შიშს მორეოდნენ, ძრწოლით იყვნენ შეპყრობილნი და არც ხვალინდელი დღის იმედი ჰქონდათ. 

მოხსენებებიც ტარდებოდა, და ჩვენ ფელეტონის ამ უფრო მისაღებ ნაირსახეობას მოკლედ შევეხებით. როგორც სპეციალისტები, ასევე სულიერი ყაჩაღებიც იმ დროის მოქალაქეებს, რომლებიც განათლების სახეცვლილი ცნების თავდაპირველ მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ მიჯაჭვულნი იყვნენ, თხზულებების გარდა უამრავ მოხსენებასაც სთავაზობდნენ; და არა მხოლოდ იმ აზრით, რომ განსაკუთრებული საბაბით დაუჯერებელი რაოდენობის სადღესასწაულო ლექციები ტარდებოდა, არამედ იმიტომაც, რომ მათ შორის ველური კონკურენცია იყო გაჩაღებული. იმხანად შეიძლებოდა საშუალო სიდიდის ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეს ან მის მეუღლეს კვირაში ერთხელ, ხოლო დიდ ქალაქებში კი თითქმის ყოველ საღამოს, მოხსენებები მოესმინა, სადაც იგი რომელიღაც თემას თეორიულად გაეცნობოდა: სახელდობრ, ხელოვნების ნაწარმოებთა, პოეტების, სწავლულების, მკვლევართა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურთა შესახებ წაკითხულ მოხსენებებს, სადაც თავად მსმენელი პასიური რჩებოდა, თუმცა კი შინაარსისადმი მისი გარკვეული დამოკიდებულება, განათლება, მისი მომზადება და აღქმის უნარი მაინც წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინათ; ხანდახან ეს დამოკიდებულება არც კი არსებობდა. ეს აუდიტორიასთან დიალოგით მიმდინარე, ტემპერამენტით აღსავსე ან მსუბუქი სახის მოხსენებები გახლდათ, მაგალითად, გოეთეზე, როცა იგი ცისფერ ფრაკში გამოწყობილი საფოსტო ეტლიდან გადმოდის და შტრასბურგელ თუ ვეტცლარელ ქალიშვილს აცდუნებს ან კიდევ არაბულ კულტურაზე, სადაც სათამაშო ჭიქაში დიდი რაოდენობით ინტელექტუალური, მოდური სიტყვა კამათლებივით იყო ჩაყრილი და თითოეული გახარებული რჩებოდა, როცა ის ერთ სიტყვას მიახლოებით მაინც გამოიცნობდა. ისმენდნენ მოხსენებებს იმ პოეტებზე, რომელთა თხზულებებიც მათ არასოდეს წაეკითხათ, ან მათი წაკითხვა აზრადაც არ მოუვიდოდათ; სურათებსაც უყურებდნენ, გზადაგზა საპროექციო აპარატით რომ უჩვენებდნენ, და ისევე, როგორც საგაზეთო ფელეტონის კითხვისას, წინ იმ უზარმაზარი რაოდენობის ცალკეული ცნობების გაცნობით მიიწევდნენ, რომელთაც, თავიანთი წყვეტილობისა და განცალკევებულობის გამო, აზრი დაკარგული ჰქონდათ. მოკლედ რომ ვთქვათ, უკვე სიტყვის საშინელი გაუფასურების დრო ახლოვდებოდა, რაც თავდაპირველად ძალზე საიდუმლო და გარკვეულ წრეებში იმ ჰეროიკულ-ასკეტური წინააღმდეგობის სახით გამოვლინდა, რომელიც მალე შესამჩნევი გახდა, ძალა მოიკრიბა და შემდეგ სულის ახალი თვითდისციპლინისა და მისი ღირსების საფუძველიც შეიქნა. 

ამ დროის სულიერი ცხოვრების დაურწმუნებლობასა და არანამდვილობას, რომელიც ბევრ სხვა რამეში ენერგიითა და სიდიადით აღინიშნებოდა, ჩვენ, ახლანდელები, იმ საშინელების სიმპტომად მოვიაზრებთ, რომელმაც მაშინ მოიცვა სული, როცა ის თითქოსდა გამარჯვებებისა და აყვავების ეპოქის მიწურულში უეცრად სიცარიელის წინაშე აღმოჩნდა: დიდი მატერიალური გაჭირვების, პოლიტიკურ და საომარ მეხთა ტეხის პერიოდის, საკუთარი თავის, ძალისა და ღირსებისადმი, უფრო მეტიც – საკუთარი არსებობისადმი უეცრად გაჩენილი უნდობლობის წინაშე. ამავე დროს, დაღუპვის შეგრძნების ამ პერიოდს სულის კიდევ მრავალი დიდი მიღწევაც ემთხვევა, რომელთა შორისაც იმ მუსიკათმცოდნეობას ჩაეყარა საფუძველი, რომლის მადლიერი მემკვიდრენიც ჩვენ გახლავართ. თუმცა კი ადვილია, რომ წარსულის ნებისმიერ მონაკვეთს მსოფლიო ისტორიაში კუთვნილი ადგილი ლაზათიანად და აზრიანად მიუჩინო, თუმცა კი ახლანდელ დროს ისტორიაში თავისი ადგილის განსაზღვრის უნარი არ გააჩნია და მაშინ, როცა სულიერი მოთხოვნილებები და წარმატებანი, მეტად მოკრძალებულ დონემდე, სწრაფად დაბლა ეშვებოდა, სწორედ სულიერებით გამორჩეული ადამიანები საშინელმა დაურწმუნებლობამ და სასოწარკვეთილებამ მოიცვა. სულ ახლახან აღმოაჩინეს (ნიცშეს დროიდან ამას უკვე ბევრგან ხვდებოდნენ), რომ ჩვენი კულტურის ახალგაზრდობა და შემოქმედებითი პერიოდი დასრულდა, რომ ის ასაკში შევიდა და უკვე მწუხრის ბინდიც დაუდგა; და ამ უეცარი, ყველას მიერ ნაგრძნობი და მრავალთაგან მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებებიდან გამომდინარე, დროის ამდენ შემაძრწუნებელ ნიშანს – ცხოვრების უბადრუკ მექანიზაციას, მორალის ძლიერ დაცემას, ადამიანთა ურწმუნოებას, ხელოვნების არაბუნებრიობას – შეძლებისდაგვარად, განმარტავდნენ. ეს ერთი შესანიშნავი ჩინური ზღაპრის მსგავსად ხდებოდა, სადაც „მზის ჩასვენების მუსიკა“ აჟღერდა, ის ათეულობით წელს ხანგრძლივად მგრგვინავი საორღანო ბასის მსგავსად ირხეოდა, სკოლებში, ჟურნალებსა და აკადემიებში გახრწნილებით, ხოლო უმეტესად ჯერ კიდევ სერიოზულად მიღებულ ხელოვანთა და კრიტიკოსთა შორის კი მელანქოლიითა და სულიერი ავადმყოფობით შედიოდა; ხელოვნების ყველა დარგში ველური და დილეტანტური ჭარბწარმოებით ბობოქრობდა. ამ შემოჭრილი მტრისგან, რომელსაც უკვე ვერანაირი ჯადოქრობით ვერ მოიშორებდი, თავის დაცვის სხვადასხვაგვარი ხერხი არსებობდა. საუკეთესოთა შორის ცალკეულებს მწარე სინამდვილე დუმილით შეეძლოთ გამოეცნოთ და სტოიკურად გადაეტანათ, რასაც იქმოდნენ კიდეც. შეიძლებოდა მისი სიცრუით უარყოფაც, რისთვისაც ცალკეული ლიტერატორები თავიანთ ნაწერებში კულტურის ჩასვენების მოძღვრებას ადგილ-ადგილ მოხერხებულად თავს ესხმოდნენ; გარდა ამისა, მათ, ვინც ამ მუქარით აღსავსე წინასწარმეტყველების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდნენ, მოქალაქეებზე ზეგავლენის მოხდენისა და დარწმუნების უნარიც ჰქონდათ, ვინაიდან კულტურას, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ ფლობდნენ, და რაშიც თითქოს დარწმუნებული იყვნენ და კიდეც ამაყობდნენ, ახლა სიცოცხლის ნიშან-წყალი სულ აღარ გააჩნდა. ასეთი მოქალაქის მიერ შეყვარებულ განათლებას, მის მიერ შეყვარებულ ხელოვნებას მართლა ნამდვილი განათლება და ნამდვილი ხელოვნება უკვე ვეღარ შეცვლიდა, და ეს მისთვის ფულის უეცარ ინფლაციასა და საკუთარი კაპიტალის საფრთხეში ჩავარდნის შესაძლებლობაზე, რაც რევოლუციებისთვისაა დამახასიათებელი, არანაკლებ უხეში და აუტანელი იქნებოდა. გარდა ამისა, „დიდი ჩასვენების“ განწყობის წინააღმდეგ კიდევ ცინიკური დამოკიდებულებაც არსებობდა, საცეკვაოდ დადიოდნენ და მომავალზე ნებისმიერ ზრუნვას წინაპართა დროინდელ სისულელედ მიიჩნევდნენ; ხელოვნების, მეცნიერების, ენის მოახლოებული აღსასრულის განწყობით გაჟღენთილ ფელეტონებს მღეროდნენ; ამასთანავე მათ მიერვე ქაღალდისგან აგებულ ფელეტონურ სამყაროში თვითმკვლელობისკენ ბიძგის მიმცემი ავხორცობით სულის სრული დემორალიზაციისა და ცნებათა ინფლაციის სურათს ჰქმნიდნენ, ისეთ სახეს ღებულობდნენ, თითქოს არა მხოლოდ ხელოვნების, სულის, ზნეობის, პატიოსნების, არამედ თვით ევროპისა და საერთოდ, „მსოფლიოს“ დაღუპვის სურათსაც ცინიკური გულგრილობით ან ვაკჰანალიური აღტაცებით უყურებდნენ. კეთილ ადამიანთა შორის წყნარი და დაღვრემილი ცხოვრება მეფობდა, ავზნიანთა შორის კი – გესლიანი პესიმიზმი, და ჯერ გადატანილის დავიწყება, სამყაროსა და მორალის გარკვეული წესრიგის პოლიტიკითა და ომით რაღაცნაირად გარდაქმნა იყო საჭირო, ვიდრე ნამდვილი თვითდაკვირვებისა და ახალი წესრიგის კულტურა წარმოიშვებოდა.

ამასობაში გარდამავალი პერიოდის ათწლეულებში ეს კულტურა ძილს არ მისცემია, სწორედ ხელოვანთა, პროფესორებისა და ფელეტონისტების ბრალეულობით დამდგარ მისი დაცემისა და მოჩვენებითი კაპიტულაციის პერიოდში ცალკეულ ადამიანთა შეგნებაში ამ კულტურამ ფხიზელ მღვიძარებას მიაღწია და გულმოდგინე თვითკონტროლის უნარიც შეიძინა. ფელეტონის აღზევების ხანაში უკვე ყველგან ცალ-ცალკე პატარა ჯგუფები არსებობდა, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ სულიერების ერთგულნი დარჩენილიყვნენ და ამ წლებში კარგი ტრადიციის, აღზრდის, მეთოდურობისა და ინტელექტუალური კეთილსინდისიერების მარცვალი დიდი ძალისხმევით შეენარჩუნებინათ. რამდენადაც ეს მოვლენები დღეს გარკვეულია, თვითკონტროლის, ჭკუაში ჩავარდნის, ზნეობისა და კულტურის დაცემის გამო შეგნებული წინააღმდეგობის პროცესი, როგორც ჩანს, ძირითადად ორი მიმართულებით ყალიბდებოდა. სწავლულთა სინდისმა თავშესაფარი მუსიკის ისტორიის კვლევებსა და სწავლების მეთოდებში პოვა, რადგანაც ეს მეცნიერება სწორედ მაშინ აღმავლობას განიცდიდა; ამასთანავე, ფელეტონური სამყაროს აყვავების ხანაში სახელი განსაკუთრებით გაითქვა ორმა სემინარმა, რომლებმაც სანიმუშოდ სუფთა და კეთილსინდისიერი სამუშაო მეთოდიკის შემუშავებას ხელი შეუწყო. და თითქოს ბედს ისე სურდა, რომ ამ პატარა, მამაცი კოჰორტის მცდელობა ენუგეშებინა და წაეხალისებინა, რომ ამ მწუხარე, სევდიან ხანაში სრულიად შემთხვევით ის დიდებული საოცრება მოხდა, ღვთაებრივი დასტურივით: იოჰან სებასტიან ბახის თერთმეტი ხელნაწერი ხელახლა იპოვეს, რომლებიც უწინ მის ვაჟს, ფრიდემანს, ეკუთვნოდა. დაცემისა და გადაგვარების მიმართ წინააღმდეგობის მეორე მხარეს აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთა კავშირი წარმოადგენდა, რომლის ძმობის წევრებიც ინტელექტუალურზე უფრო მეტად სულიერ აღზრდას მისდევდნენ, ღვთისმოსაობაზე ზრუნვასა და მისდამი პატივისცემას ამჟღავნებდნენ. აქედან მოყოლებული სულზე ზრუნვისა და რიოში მარგალიტებით თამაშის ჩვენმა დღევანდელმა ფორმამ, მჭვრეტელობის მხრივ, მნიშვნელოვანი იმპულსები შეიძინა. ჩვენი კულტურის არსისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობათა ახალ გაგებაში აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველებს თავიანთი წვლილი მიუძღვით, არა იმდენად სამეცნიერო-ანალიტიკური მიღწევების წყალობით, რამდენადაც შორეულ დროებსა და კულტურებში მაგიური შეღწევის უძველეს და საიდუმლო ვარჯიშებზე დაფუძნებული უნარის გამოყენებით. მათ შორის იყვნენ, მაგალითად, მუსიკოსები და მომღერლები, რომლებმაც დაგვარწმუნეს, რომ მათ უფრო ადრეული ეპოქების მუსიკის სრულყოფილად, ძველი სიწმინდით შესრულების უნარი გააჩნდათ, მაგალითად, შეეძლოთ 1600-იანი წლების დასაწყისისსა და შუა ხანებში შექმნილი მუსიკა ზუსტად ისე დაეკრათ და ემღერათ, თითქოს აქ ყველაფერი, მოგვიანებით წარმოშობილი მიმდინარეობები, დახვეწილობანი, ვირტუოზული მიღწევები, ჯერ კიდევ უცნობი ყოფილიყოს. ეს იმ დროს ხდებოდა, როცა მუსიკალურ ცხოვრებაში დინამიკისა და ყველაფრის მუსიკად ქცევისაკენ სწრაფვა ბატონობდა და როცა დირიჟორის შესრულებისა და „გააზრების“ მიღმა თავად მუსიკა თითქმის ავიწყებოდათ, სწორედ მაშინ აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთა მიერ შემოტანილი სიახლეები რაღაც გაუგონარი რამ გახლდათ. გადმოცემით ცნობილია, როცა აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთა ერთმა ორკესტრმა ჰენდელის წინა პერიოდის ერთი სუიტა სრულყოფილად, ყოველგვარი გაძლიერებისა და დაყრუების გარეშე, სხვა დროისა და სამყაროს სიწრფელითა და უბრალოებით ოფიციალურად პირველად შეასრულა, ის მსმენელთა ნაწილისათვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა; ნაწილი კი ფრთხილი მოლოდინით შეხვდა და ეჩვენებოდა, რომ ცხოვრებაში მუსიკას პირველად ისმენდა. კავშირის ერთ-ერთმა წევრმა ბრემგარტენსა და მორბიოს შორის არსებულ მის დარბაზში ბახის ისეთი სრულყოფილი ორღანი ააგო, როგორსაც იოჰან სებასტიან ბახი თავისთვის ააგებდა, საამისოდ სახსრები და შესაძლებლობა რომ მისცემოდა. კავშირში უკვე მაშინ მიღებული კანონის თანახმად, ორღანის შემქმნელმა თავისი სახელი არ გამოამჟღავნა და, XVIII საუკუნეში მცხოვრები თავისი წინამორბედის პატივსაცემად, ზილბერმანი დაირქვა.

ასეთი მსჯელობით ჩვენ იმ წყაროებს მივუახლოვდით, საიდანაც ჩვენი დღევანდელი კულტურის ცნება წარმოდგება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერება, მუსიკის ისტორია და მუსიკალური ესთეტიკა გახლდათ, შემდეგ მას სწრაფადვე მათემატიკის აღმავლობა მოჰყვა, აქვე აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთა სიბრძნიდან ბალზამის ერთი წვეთიც დაემატა; აქვე დაერთო მუსიკის ახლებურად აღქმასა და მის განმარტებასთან მჭიდროდ დაკავშირებული, გამბედავი, მხიარული და ბედს შეგუებული თვალსაზრისიც კულტურის ასაკის პრობლემის შესახებ. აქ ამის თაობაზე ფუჭია ლაპარაკი, ეს საკითხები ხომ ყველასთვის ცნობილია. ამ ახალი დამოკიდებულების, უფრო მეტად კულტურის პროცესის ასეთი მოწესრიგების უმნიშვნელოვანეს შედეგს ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნაზე შორსმჭვრეტელურად უარის თქმა, მაღალი სულიერების მქონე ადამიანების ამქვეყნიური საქმეებისგან თანდათანობითი განთავისუფლება წარმოადგენდა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყოველივე ამის გვირგვინი – რიოში მარგალიტებით თამაში გახლავთ.



Wednesday, August 16, 2017

მეფის თეიმურაზ პირველის პოეზიიდან



სოფლის სამდურავი 

ღმერთო, რომელი შენ ჰსუფევ ჰაერთა თანა ცაშიგან,
შენ ხარ სავსება ყოველთა, რაც არის ქვეყანაშიგან,
ეშმაკთა გუნდსა დასთრგუნავ, წარვლენ ცეცხლისა ალშიგან,
ისრაილთაცა ლტოლვილთა შენვე გაუძეღ ზღვაშიგან.

2
არსებით მპყრობო, შენ გაქებს, რაცა სად მონა შენია,
შენგან იზრდების სულდგმული, ყოველი მონაშენია.
ვინ სულისათვის იღვწიდეს, დააგდოს მონაშენია!
მას აღარ მიხვდეს უწყალოდ კვერთხითა მონაშენია.

3
ღმერთო, ხსნისათვის ჩვენისა ქვეყანაზედან მოსულო,
ვინ მიწა კაცად შეგზილა, იმას შეუვრდი, მო სულო!
როს ანგელოსნი უწაყლოდ გქენჯნიდენ, აწ ამო სულო,
ან ცოდვა ცრემლით შეინდევ, ან თავი აწამო სულო.

4
ჩვენ ღმერთი ქებით ვადიდოთ, ცრემლითა შევსძრათ მორევად,
ის უხილავი ეშმაკი ჩვენზედ არ იყოს მორევად,
ჯოჯოხეთს შიგან არ აღძრას კუპრი მან ჩვენთვის მორევად,
ცთომასა არსად წავადგეთ, თავი არ შევქნათ მორევად.

5
მე მეშინის რისხვისაგან, ვა თუ, მეხი დამეცესა,
ღმერთსა ამას სულთქმით ვჰხადი, ამცილდეს და არ მეცესა,
მიჯობდა, თუ სულისათვის სინანული დამეწესა,
მემუშაკა, მეწაღმართა, ცრემლი ველად დამეთესა.

6
ჩემს ცოდვას ვით ღა შევინდობ, ცრემლიც რომ შევქმნა მე ღვარად?
ნაკადად მდინდეს თვალთაგან, ღაწვი გამიხდეს მე ღარად,
აწ მიწა რად არ ჩადრკების, ზედან მიყენებს მე ღა რად?
ჩემი ამ სოფლის სიცრუვე აქ მოვიხმარო მე ღარად.

7
სულო, ნიადაგ წვლილდები, ლხინი აროდეს მოგეცა,
ტანჯვისა მზა არს ლახვარი, საკრავად გულსა მო გეცა.
გიჯობდა ეკლესიისა კარი ნიადაგ მოგეცა,
ცრემლითა მოლი მოგერწყო, ტანს მუდამ ძაძა მოგეცა.

8
სულო წყლულო, დაკოდილხარ, ჭირნი რაღათ მოანელი?
რთვილი გაზრობს, მზე გაცხუნებს, ზოგჯერ ქარი მოვა ნელი,
ხელი რატომ არ გაჭრილხარ, ნეტარ რასღა მოანელი?!
ვერა ჰკურნებს ჭირსა შენსა, რომ შემოკრბეს მოანელი.

9
შენ, ცოდვილო სულო ჩემო, სიკვდილს რად არ მოელოდი?
ჯოჯოხეთში ქვა დაგკრიბონ, არ დაგრიდონ, მოელოდი,
შენთვის ყოვლგან ღრუბელია, მზემანც დაგკრას, – მოელოდი,
კერპთ-მსახურთა განვეშორნეთ, არსად გვხადოს მოელოდი.

10
შემაშთო სოფლის ზრუნვამა, ვამე, რაღა ვჰყო აწა მე?!
– განაგდე შვება სოფლისა, თავი ღვთისათვის აწამე!
უფალსა შენსა ჰმსახურე, გულითა მასცა აწ ამე, –
მიგელის მძაფრი სასჯელი, მაშინ რაღა ვჰყო, აწამე!

11
უწყის უფალმან, სოფელი არავის გაუთავდების,
პირველად ამო შეიტკბობს, საყვარლად დაუამდების,
აღარ გაჰყვების, ბოლოს ჟამ უმუხთლებს, გაუავდების,
მე მას ვჰგმობ, ვინცა მიენდოს, ანუ მინმც დაუზავდების.

12
გასინჯეთ საქმე სოფლისა, ნეტარ ვის გასთავებია?
ვის ჰონდა მუდამ სრა-ტახტი, მოშლია მას თავებია,
ვინ რომ დაიპყრა ქვეყანა, დღე მასცა ასთავებია,
სულო, მოშორდი სოფლსა, მუდამ მას რად დაებია?!

13
სოფელს მყოფნო, სოფლის საქმე გასინჯეთ და გაიგონეთ,
ეს სოფელი მუხთალია, ნუ მიჰყვებით, შეიგონეთ!
აწ სად არის ხელმწიფენი, პირველნიცა მოიგონეთ,
აწ განაგდეთ სოფლის შვება, სინანული მოიქონეთ.

14
ვერ მოვურჩებით სოფელსა, სრასა სამყოფსა, დაბასა,
სულმან იწადა ვედრება და ხორცმან იგი დაბასა,
სოფელმან ჭირი ჩვენზედა ოთხმოც-და-ათი აბასა,
განვაგდოთ ქრთამის მიღება, სული მან არ დააბასა.

15
სოფლის მპყობელნო, სოფელი მე ამად არა მიქია,
მსაჯულად დაჯდეს მესია, პირველ ქადაგა მიქია,
ცოდვანი ჩვენნი გვემხილნენ, მაშინ რაღა ვჰყოთ იქია!
კაცს არ მიინდობს ბოლოს ჟამს, ამისთვის გამიქიქია.

16
სოფელმან თავის სიმუხთლე ჩემზედა არა დალია,
მაკვდინებელი წამალი მე მასვა, მან არ დალია,
ჯურღმულსა შიგან შთამაგდო, შიგან დამიხვდა და ლია,
ტყავისა ნაცვლად სუდარი მომცა, არ მიკლავს დალია.

17
თუცა კაცი დარჩებოდეს სოფლისაგან გარდუვალად,
მუნ სასჯელი აღარ მიხვდეს, არცა სწვიდეს ცეცხლი ალად,
ვინ დარჩების სოფელს მყოფი, არ მომდურდეს სოფელს მალად,
ბოლოს არვის გაუთავებს, შეექმნების მას სამსალად.

18
ნეტაი ყველამ იცოდეთ, სოფელი როგორ მქნელია,
კაცსა მიინდობს ღალატად, მცბიერი – ვითა მელია,
ანასდად გარდუბრუნდების, მით გული გარდამელია,
«მას არვინ უნდა მიენდოს», – ესე ნათქვამი ძველია.

19
ჩემმა ცოდვამ სინანულად დრო არ მომცა დანაცალი,
კაეშნისა ტვირთი მკიდავს, იგ შემქნია დანაცალი,
მუნ მეშინის, ოდეს შექმნას სულმან ხორცის დანაცალი,
ჯოჯოხეთად ჩვენთვის მზა ჰყოს სახმილი და დანაც, ალი.

20
კრულმან სოფელმან ჩემი დღე სრულად სიმწარით მანანა,
ძილი არ მომცა მართალთა, არც სადა მითხრა მან ნანა,
როს ისრაელთა უწვიმა ღმერთმან მწყერი და მანანა,
მოხუცებულსა იოკიმს ასული უშო მან ანა.

21
მე აჯად ვითხოვ ღვთისაგან, – არ წამიწყმიდოს სულია,
მუნ გამომიხსნას ტანჯვისგან, აღარ დამაჩნდეს წყლულია,
ზოგნი ღამეთა ათევენ, – თვალთ არ მოუვათ რულია,
ზოგთა გვაქვს შვება სოფლისა, – ამისთვის დაგვიძს გულია.

22
უნდა, რომ კაცმან იხმაროს მისი ჭკუა და გონება,
ევა ურჩ-ქმნილი ცთომითა ჯოჯოხეთს შიგან, მგონ, ება,
სამოთხეს ყოფა ვის სურის, სმენა იქ გაიგონება,
ვის სწადის შვება მას შიგან, ადვილად მოიგონება.

23
სამებით ერთსა ვაქებდეთ, ხსნად ადამისთვის მოსულსა,
ვის ჰკიდავს ცა და ქვეყანა, – ქებას ვერ ვიტყვით მოსულსა,
ნუ ვემგზავსებით ფარაოსს, მისის რისხვითა მოსულსა,
სულსა რას არგებს შვენება ხორცთაგან არ ამოსულსა?

24
შენ, ღვთისმშობელო, კაცთათვის მანათობელი მზე ხარა,
პირველ ბჭედ საშუალ გცნობდეს, – ანგელოზისგან გეხარა,
ღმერთი წიაღთა იტვირთე, სხვა კაცი არსად გეხარა,
ქრისტიანეთა ნუ წარსწყმედ, შენ გისმენს, – ვისთან სდგეხარა.


გრემის სასახლეზე 

ღმერთი არს თავი ყოველთა, იგ ვაქოთ, განვადიდოთო,
სამნი ნათელნი ერთად ვთქვათ – მამა, ძე, სული წმინდოთო,
მისი ცნობითა განვნათლდეთ, გონება განვიწმინდოთო,
განვაგდოთ უსჯულოება, ნუ ვემსგავსებით დიდოთო.

2
აქ არის აშტი, გუმბაზი ბაღჩას დგას შუა-გულოსა,
შიგ ათასფერნი ყვავილნი, ვარდი გაშლილი გულოსა,
ცნობილთა კაცთა საჯდომლად ადრითგან გამეგულოსა,
ჩემიმც ცოდვა აქვს, ავს კაცსა კარი არ დაუგულოსა.

3
აქ არის ბაზმის სოჰბათი, სუფრისა შემკობილობა,
დრო ახალ ნერგთა ყვავილთა, ტურფა ვარდისა შლილობა,
ბულბულთა ბგერა, ყივილი, ხმა-მჭევრად შეწყობილობა,
მუტრიბთა რასტი მუღამი, სასმენელთათვის ტკბილობა.

4
თვითან შვენის და აშვენებს წალკოტსა, ბაღჩა-ბაღასა,
თუ ლხინი გინდათ, თქვენც ნახავთ სხვას უკეთესსა რაღასა?
გიაჯ, ჩემს უკან ვინც დარჩეთ: პატრონსა, ყმასა, აღასა,
ვინც უპატიოდ მიეპყრას, ცოლიც მისი ჰგავს ბაღასა.

5
სახლი შევმზადე სალხინოდ მე მეფემ თეიმურასო,
შევამკევ კედელ-ყურენი, ვეჭვ, თავსაც კარგად ბურავსო,
დავხატე ფერად-ფერადად, ჰგავს, რამე იყოს მურასო,
ტალახიანის ფერხითა ნურავინ გამიმურავსო.

6
რომ თქვენი სხივნი არ მისწვთა, არ მორჩა შუკა-დაბანი,
შენ შემოგჭვრეტენ მყურენი, სად სარკმელია და ბანი,
რაზომც ჯერ ვერ თქვენ გიახლოს, თვალნო, მინა და დაბანი,
ვფიცავ, რომ ყველა გახდების თქმა ტკბილად, ანუ და ბანი.

7
შენებრ ვინ ვპოვოთ მნახავთა, პირველვე ვიცით, რაც არის,
რომ ზღუდეც მოვლოთ ქვეყნისა, ანუ მიდამო რაცა რის,
წაღმავე მოვა თქვენს წინა, ვინცა უკუღმა რაც არის,
ვარსკვლავთა დასნი გემონენ, ერთმანერთს მსწრობნი რა ცა რის.

8
მსგავსად საკადრად ხელ-ყოფნა, ნეტარ, ვით ძალ აქვს ენას მით!
სხვანი ყოფილნი ხტომით თქვეს, მაგრა თქვენს შუქსა ენასმით,
შორს მყოფნი ამად ნატრობენ, მოგახლდენ, – იყვნეთ ენასმით,
თქვენს სიყვარულსა ზავებენ, იგ ტკბილად რასმე ე ნასმით.

9
მწერალიც დაშვრა ცოტადრე, გარჯა ხვდა, რა ეს აწერა,
ცოდნა და ხელოვანება ხამს, თვარ უქმად ყოფა აწე რა?
მოდით, იკითხეთ, ტრფიალნო, შემოკრებილ აქა წერა,
გულო, ვერ მოსხლტი ქებითა, წიგნის პატრონზედ ა წერა!


თამარის სახე დავით გარეჯას 

მეფენი მოვლენ სურვილით, შენსა სახესა ჰმონებენ,
შეურაცხყოფენ მნათობთა, ნათლად არ მოიგონებენ,
სხივ-მოსიერად გიმზერენ, უკვდავ-მყოფელად გგონებენ,
იშვებენ, მათთა პატიჟთა მათ ლხინთა შეუწონებენ. 

შენ სამებაო, ერთ-არსებაო, სამ-გვამოვნებით ერთო, განუწვალებელო,
ერთ ბუნებაო, უშობელო და ძეო შობილო, სულო მამისაგან გამომავალო,
მოსავსა შენსა მეფესა, პატრონს თეიმურაზს, მეოხ მეყავ.
ოდეს მოხვიდე განკითხვად, ქრისტე, და გამოჩნდეს მადლი, დიდება
შენი და დასჯდე ცხოველთა და მკვდართა მსაჯულად, და განარჩევდე
ცხოვართა თიკანთაგან, ნუ წარმავლენ მარცხენით კერძო,
შეცოდებულსა ამას მონასა შენსა, არამედ მომეც შენდობა ბრალეულსა.
დედაო უსხეულოსა ნათლისაო და მშობელო სიტყვისა ღვთისაო,
საყდარო, ეტლო, ღრუბელო ნათლისაო, მე დაბნელებულსა ამას
ცოდვათაგან, მითხოვე ძისა შენისაგან შენდობა ბრალთაგან.
რომელნი მიემთხვივნეთ ჩემსა ამას მცირესა ნაღვაწსა – აღსარებასა
წმინდისა სამებისასა, გაფუცებთ ცხოველსა მას ღმერთსა ყოველთასა,
შენდობას ჰყოფდეთ ჩემ ცოდვილსა ამის მეფისა თეიმურაზისათვის,
რათა ქრისტემან თქვენცა მოგცეს მისისა სასუფეველის მკვიდრობა
და კურთხევისა ხმისა მისისა სმენა. ამინ!

Sunday, August 13, 2017

მეფე არჩილ მეორე – ლექსნი ასნი ორმუხლნი

ასნი ორმუხლნი შაირნი ვართ მეფის გამოთქმულია,
არჩილის, ვახტანგ მეფის ძის, ბრძენთა სანუკვრად თქმულია.


ჭირსა და ლხინსა მადლობა ღვთისა ჰხამს ყოვლის მპყრობლისა,
სარწმუნოებით ვადიდოთ, პირი დაიყოს მგმობლისა.

2
მეცნიერება ბრძენთანი ღვარისებრ განმდიდრდებიან,
ბრძენთ ზრახვა ცხოვრების წყაროდ ისმის და ედინებიან.

3
კაცი პირს ხედავს კაცისას, ღმერთი მწვლილს გულის-სიტყვებსა,
ვერ დაიფარავს საქმესა, ვინ იშვებს, ან ვინ იტყებსა.

4
კაცი ბრძენი სჯულდებულსა საქმეს არას მოიძულებს,
უმეცარი უსჯულოობს, სხვათაც მაზედ აიძულებს.

5
კაცი სრულარსთა მთავარი თავსა რად განინადირებს?
ძვირის მოქმედთა ძვირივე ბოროტად მოინადირებს.

6
ვინ მრწემსა სწყალობს, ავასხებს უხვად წყალობის მძლეველსა,
შემწყნარებელი ობოლთა მძლე ექმნეს თვისსა მძლეველსა.

7
თქვეს, ძღვენი ბრძენთა კაცის თვალს უჯეროდ დაარწმუნებსა,
უსამართლონი მსაჯულნი ქრთამს არვის დაამგუნებსა.

8
გრცხვენოდეს გინებისაგან, ევლტოდე სმენად ქებასა,
თავი ნუ მოგწონს, ერიდე ცრუ სიტყვა-დაქადებასა.

9
სხვის მომზირალი თავისას ავს ვერას დაინახავსა,
უცები კაცი ხვაშიადს ვერათ ვერ შეინახავსა.

10
ბრძენს ცოდვას თვისი გონება ამხილებს, შეანანებსა,
უგბილი უმეცრებითა ვერ ხედავს, თვის თავს ავნებსა.

11
დაღმართ არს ცოდვა მოქმედთა, სუბუქად ჩაიტანებსა,
მადლი მძიმეა ამღებთა და ზეცათ აღიტანებსა.

12
სიტყვა უცებთა ზღვა არის მღელვარე კლდისა მცემელი,
არა მდუმარე, წვიმისებრ ნაყოფის გამომცემელი.

13
თუ ძნელ არს ფიცი მართალიც, ცრუსი რაღადმე იქმნების?
აღთქმაც დიდია სათქმელად, გარდასვლა რა შეიქნების.

14
თუ შენ არ მისცე, ნუცა მას ელიღა რასმე მოცემას,
უჩინარისა მტრისასა ერიდე მუდამ დაცემას.

15
გული ნუ გითქვამს მეტს რასმე, რადგან უგუნურთ წესია,
იფქლსა ვეროდეს შეიკრებს, ვის ღვარძლი დაუთესია.

16
ეტლთა ბრუნვათა მსგზავსია ამ სოფლის ლხინი და შვება,
წამიერთ იცის ორივე, ამაღლება და დაშვება.

17
რაღაა ურჩეულესი მეგობრის საკუთარისა?
რა უბოროტეს მოყვსისა ქვე მკბენის, მოკუთარისა?

18
სჯობს აღსასრული კეთილი დიდად დასაბამ კეთილსა,
სჯობს ახალ ნორჩი ხე დიდსა, ნაყოფით ქვე მოკვეთილსა.

19
გატეხილს ჭურჭელს მიჰრონი არ ერწმუნების, იცითა?
ცრუს კაცსა საიდუმლონი არ ეთქმის, მითქვამს ფიცითა.

20
ხრდლის კაცის ყოლა გატეხილს მშვილდსა ჰგავს, ვინ ვერ მოიზევს,
ვიდრე მტერს ნახავს, კაცსა ჰგავს, მაშინ წინ ვეღარ წაიზევს.

21
მოშიშარს, ამპარტავანსა და მოსავს თავისა ძალისა
რაჟამს ხმა ესმის საზარო, ძრწოლით სამ დაემალისა.

22
სასიკვდინენი წყლულია მცირე ნაკბენი გველისა,
დიდს შფოთს აღადგენს ერთიცა სიტყვა ცრუ, ენა-გრძელისა.

23
ვინ ენას სძლევს და მუცელსა, დიდი ნიჭი აქვს მადლისა,
ვინ ბოროტსა სძლევს, ხელთა აქვს სრულყოფა მას საწადლისა.

24
მუშაკი დღეის საქმისა ხვალისა მდები სცდებისა,
მის-მის დღის საქმე მის დღეს სჯობს, რადგან სოფელი სცვდებისა.

25
ვინ ძრწის სამღვთოსა შიშითა, ვერა რა შეაშინებსა,
უშიში ღვთისა თვისისა ჩრდილისგან შეიშინებსა.

26
კაცს უყვარს ღვთისმოყვარესა ყოველი კაცი სრულებით,
ძმის მოძულარსა ღმერთი სძულს სიბოროტისა კრულებით.

27
სიტყვის სიმრავლე სასმენელს ავნებს და ვერ აამებსა,
მეტი საზრდელი სულს და ხორცს არც ერთს არ დააამებსა.

28
თუ კაცი თვისად ბოროტს ჰყოფს, სხვას ვისღა უზამს კეთილსა?
ნუ სთხოვ ნაყოფსა საშენოდ ხესა ფესვ-აღმოკვეთილსა.

29
გვიან საქნელ არს ბოროტი, კეთილი – მოსწრაფებითა,
ვინ ვშვრებით ავის საქმესა, სინანულს შევესწრებითა.

30
ბილწის სიტყვისა სასმენლად დახშვა ჯერა არს ყურისა,
ენით კიცხვა და ბასრობა ნურავისთვიმცა გსურისა.

31
სჯობს საქმე უხმო სიტყვასა, თქმულსა, არ გათავებულსა,
თქმა და არა ქმნა სარცხვენელ ჰყოფს კაცსა გათავებულსა.

32
თუ თავს ვინ განიკითხვიდეს, სხვასა აღარას აბრალებს,
თვისის ცოდვისა მხილველი ღმერთს სხვასაც ბევრს შეაბრალებს.

33
ამაღლებულნი დამდაბლდენ, ამაღლდენ დამდაბლებულნი,
მოღვაწე წარწყმდა სილაღით, ცხონდა სიმდაბლით ვნებულნი.

34
რისხვა ბრძნისა სჯობს ცრუთასა ალერსსა, სიტკბოებასა,
უგბილთან ლხინსა დია სჯობს, თუ კაცი ბრძნისას ებასა.

35
დიდი სიბრძნეა კაცისა ცნობა თავისა თვისისა,
სიბოროტეა ძვირის თქმა მეგობრისა და თვისისა.

36
წყლით დაივსება სახმილი, შერისხვა – დადუმებითა,
შური იძლევის ტკბილისა სიტყვისა დაამებითა.

37
მეგობარს გამოუცდელსა არ უნდა კაცი მიჰყვესა,
ჯერ შეზავებით ვკითხვიდეთ ჩვენს წინ მეგობრად ვინ ჰყვესა.

38
სარწმუნოს მოყვსის შერისხვა სჯობს მტრის პირისიპირ ქებასა,
ბრძენი სხვათაცა სწავლიდეს, დიდად სჯობ დადუმებასა.

39
მოციქულია მქებარი პირად სასმენელ ბნელისა,
შემასმენელი ლიქნითა მკვლელია შემასმენლისა.

40
კითხვა საღვთოთა წერილთა გონებას განანათლებსა,
რისხვას დაიდებს რისხვაზედ, ვინ ცრუდ თავს განიმართლებსა.

41
აღთქმას ღვთისასა ნუ ჰყოვნი, მიცემად მისაცემელსა,
სჯობს არ ქადება არასა, ქადებულს მიუცემელსა.

42
მამა შვილთ დაკლვის მიზეზსა ნებსით არ მიიწურავსა,
ღმერთი გლახაკთა მონახვეჭს მსხვერპლს არას შეიწირავსა.

43
უღვთო მწყევარი ეშმაკთა, არ იცის, თავს იწყევლისა,
ზაკვით მეტყველი მსგზავსია გველისა მის პირველისა.

44
უგბილი თვისსა სიცილზედ ხმას დიდად აღიმაღლებსა,
ბრძენი და მეცნიერენი ღიმილსაც დაიმდაბლებსა.

45
უგუნურთ ნიჭი ერთია, ერთის წილ ითხოვს მრავალსა,
მცირედ მისცემს და აყვედრებს დიდად კნინ მისა სავალსა.

46
კაცი ბრძენი დუმს ჟამამდე, სხვას უსმენს წადიერებით,
მრავლის-მეტყველი საძულელ იქმნეს მკლე გონიერებით.

47
უცხოსა თანა ნურას იქ საქმესა საიდუმლოსა,
ყოველს კაცს გულს წინ ნუ დაუდებ, უფროსღა ცრუ უმადლოსა.

48
ურცხვინო არის, ვინ სიტყვა მოყვსისა არ დაიმარხოს,
თვისი აუგი არად სჩნდეს და სხვისა მალ დაინახოს.

49
მსაჯულად ყოფა ცუდია, ვინ ვერ სცნობს ცრუ და მართალსა,
მოიკიცხება საჯაროდ, დააკლებს ვინ სამართალსა.

50
ნუ თვალს არიდებ გლახაკსა, ნუ სცემ ადგილსა წყევისას,
რიდე შესმენას ღვთისასა, სწრაფით ჰხამს, ისმენს ყე ვისას.

51
რაბამ დიდ იყოს, მაშინ ჰხამს, კაცი გულითა მდაბლობდეს,
კაცს სათნო ეყოს და ღმერთსა სამარადისოდ მადლობდეს.

52
მხედველი აღსასრულისა მტერობას რიდებს მოყვსისას,
დღისა დიდისა მომლოდნე, შურს აღარ ეძებს არვისას.

53
ბზიკი ვის უცემს, ვერ მოჰკლავს და თავსა მოიკვდინებსა,
კაცი მოყვსისა მოშურნე მისგან თავს უფრო ივნებსა.

54
თაგვი ჭურს ღვინით სავსესა მცირეცა შეაგინებსა,
ბევრს სიკეთესა კაცთასა სიცრუე მოაყივნებსა.

55
ძე ბრძენი მამის სწავლასა კვალად და კვალად ინებსა,
მონა ერთგული სამსახურს აროდეს მოიწყინებსა.

56
ათას წელთ სოფლის დაპყრობა ცუდია სულთა ვნებითა,
ბოლოდვე გავლით შიშველი სასიკვდინესა სნებითა.

57
ჭირშიგან გამოიცდება მეგობარ ყოფა მოყვსისა,
თუ დასდებს თავსა შენთანა, არას იქს საქმეს ავს ისა.

58
მეგობარი ბევრი უნდა, თანამზრახი ერთი ოდენ,
საქმეს კარგად გაიმართვენ, თუ ჭკვა ორთავ სწორად რბოდენ.

59
ბოროტი რამე სენია თვით-სჯულობისა ქადილი,
მავნებელია თვისისა ნების შედგომა, წადილი.

60
უცნობო კეთილს ბოროტად შეჰრაცხს, ბოროტსა კეთილად,
უნაყოფოს ზრდის სამისოდ, ნაყოფიანს ჰყოფს კვეთილად.

61
ბრძენი არც იშვებს ფრიადა, არც დია შეწუხდებისა,
უცები ლხინსა და ჭირსა მის-მის დროს ვერ მიხვდებისა.

62
კაცი კაცს საქმით შევჯერდეთ და ნუ ამოსა სიტყვითა,
ადვილად კაცის ცნობასა ვიტყვით, თუ ვინმე ვიტყვითა.

63
სჯობს მონა ბრძენი უგუნურს მეფესა მოხუცებულსა,
არ ეთხოება კეთილი კაცსა ცრუ, ცნობა-ვნებულსა.

64
მტირალთან გლოვა დაგვიდვეს, მოხარულთანა შვებანი,
ნუ აღგიტაცებს დიდება, ნუცა პირისპირ ქებანი.

65
ცეცხლს წყალი დაშრეტს და განსწმენდს მოწყალებანი ცოდვასა,
ადვილად შეიწყალება, ვის ცოდვა თავს დაედვასა.

66
სხვის სიკვდილს რად განიხარებ, რადგან რომ შენც მოკვდავი ხარ?
ცოდვილი ცოდვილს რად ჰკიცხავ, ზრახავ და ან თავს რად იხარ?

67 ბერს კაცს ნუ გიობ, ჭაბუკო, ნუთუ შენც სადმე დაბერდე,
დამწვარსა კვალად ნუ დასწვავ, დასაშუშებლად დაბერდე.

68
სძულს ამპარტავანს მდაბალი, მდიდარს ზოგს გლახა მთხოველი,
ღმერთი მართალი გვითმობსა, თვარ ცრუ ვართ კაცი ყოველი.

69
კაცი სიცოფის მფარველი, სჯობს ბრძენსა სიბრძნის მფარველსა,
ლაღს მონას არჩევს პატრონი სამსახურისა მკრძალველსა.

70
მოშიში ღვთისა თუ ძვირსა შთავარდეს, იგივ იხსნისა,
ცოდვილი ტვირთსა მძიმესა უნანლად ვერ მოიხსნისა.

71
დრკუთ კაცთა გული ნიადაგ ეძებს მოყვასთა ძვირებსა,
გული მშვიდი და მდაბალი ძრახვას არ გაიკვირვებსა.

72
გულსა გამწყრალსა კეთილი განზრახვა არ ეპოება,
უსამართლოსა ვერას იქს, ვინ მეფეს შეეპოება.

73
როგორც არ არის უცოდო კაცი, აგრევე უმადლო,
დიდად ბოროტის მყოფელსაც სჯობს ცოტაც რომ დაუმადლო.

74
ვინ ძმასა სძულობს, სჯულსა და განეშორება მცნებასა,
ვინ საბრხე უგოს მოყვასსა, შთავარდეს დიდსა ვნებასა.

75
გვალვის ჟამს წვიმა ქვეყანას შემატს და გაახარებსა,
წყალობა ჟამსა ჭირისას სჯობს, ვინც ხელთ მიაბარებსა.

76
სიტყვათა შენთა საზომი დაუდევ კეთილის თქმისა,
ეკრძალე ფიცხსა სათქმელად, ნუ ხარ მეტყველი აღთქმისა.

77
ბევრი რამ არის სოფლისა უფროსი ამოებანი,
ცუდს კაცსა მწვე ააზავებს მორჭმა, ტყუილი ქებანი.

78
კაცია ნათელს ბნელად და ბნელს ხედავს ნათელსავითა,
თვისსა სიკეთეს არ ეძებს, თავს იქებს ნათესავითა.

79
ავი და კარგი მრჩობლივე ჩვეულობასა მმოსია,
არ დაეკარგვის უფასოდ, ვის გლახა შეუმოსია.

80
სიცოცხლე, აგრევ სიკვდილი ხელთა უპყრია ენასა,
სისხლს დაღვრის უბრალოთასა, აჰყვება ვინ შესმენასა.

81
მართალიც მოინადირა მტერმან, ცრუ სადღა განერ სა?
თავსა ჩემსა ვწვრთნი უფრორე, ბოროტად გხედავ გან ერსა?

82
თუ მეჭურჭლესა ჭურჭელი ვერ ეტყვის ავად შემქენო,
კაცმან ვით ჰკადროს შემოქმედს, ესე რად ესრეთ მიქმენო:

83
უშვილოთა სჯობს სიკვდილი უკეთურთ შვილთა ყოლასა,
სჯობს მარტოთ ყოფა კაცისა ბოროტთა თან აყოლასა.

84
სჯობს სიგლახაკე სიმართლით, ცრუს დიდსა გამდიდრებასა,
მტერობავე სჯობს მოყვრისას ცრუდ სიტყვით მიფერებასა.

85
სჯობს სნეულობა, ბოროტსა სიმრთელე ფერხზედ რებასა,
ცოდვილთ თავსდება ცოდვისა, სიწმიდის შეფერებასა.

86
უჟამოს მწუხარებისა სიბერე არის ნაყოფი,
გაადუხჭირებს კეკლუცთაც ჭმუნვა და ავი სამყოფი.

87
ღვთისმოყვარება ეს არის, კაცს ყოვლი კაცი უყვარდეს,
მოყვასი უნდა მოყვასსა, ვით თავსა შემოუარდეს.

88
ცული თვინიერ მცემლისა ვერ მოჰკვეთს ხეთა ძირებსა,
თუ კარგად ვერვინ ვერას იქმს, ღმერთსა მწვედ დაიძვირებსა.

89
კაცი ასეთს კარგს არას იქმს, ან ავსა, სხვასაც არ ექმნას,
მაშინ გამოჩნდეს ორივე, რა ორთავ ბჭობა შეექმნას.

90
უფროსი ერთი კაცთ იჭვი ვით საზვრენ, არ იქნებიან,
მცირე გულისთქმა ბოროტი დიდ ცოდვად შეიქნებიან.

91
რაცა არა მაქვს, ის მინდა, რაცა მაქვს, ვერ დამიცავსა,
იმას ვერ ვშოებ და ამას დავკარგავ, წინ ეს მიცავსა.

92
თავს ვაბრალებდე ნუ სხვასა, ნუ ვაკლებთ ღვთის სამართლებსა,
რისხვას შესძინებს რისხვაზედ, ვინ ცრუთ თავს განიმართლებსა.

93
რაზომცა დიდად ბრძენ იყო, ნუ ეჭობ სიბრძნე-სრულებას,
რაზომ სვამ წყლისგან წყაროსა, შეატყობ ვერ ნაკლულობას.

94
მრავალგზის ნავი დაინთქმის ნავთსაყუდელად შესული,
მრავალჯერ ვისმე უნახავს ღელვისგან გაღმა გასული.

95
შიში არ უნდა ხორციელს, სიკვდილს სად დავემალებით?
ვერვინ ვიკადრებთ გაქცევას, ვინ მეფეს შევეპოვებით.

96
ვინა სთხრის მთხრებლსა, არ იცის, ვისთან ამოჰკვეთს სიღრმესა,
ვინცა აღმოჰკვეთს, უწყოდეს შთაიგდებს თვისსა სიყრმესა.

97
შვილისა სიკეთისაგან იხარებს მამა ძლეული,
კაცს უნდა სძულდეს საფასე სხვის ქრთამად შემოძლეული.

98
სოფელი ესე მსგავსია სავაჭრო შესაკრებელსა,
აქ თუ ვერ ვიღვწით, ვერ ვპოებთ სხვას კეთილთ მოსაკრებელსა.

99 სხვა არა სჯობს რა კაცთათვინ სასმენლად ბრძენთა ზრახვასა,
სჯობს მონაგებთა წარგება კარგად ყე ქვე შენახვასა.

100
სოფელს ვაგინებ, მაგრამე მიყვარს და ვერ ვეხსნებია,
ყოფაც მძულს ცრუსთან, ჯერ ხანად გაყრა რა სახსენებია!

Friday, August 11, 2017

მაინც როგორები ვართ ეს ადამიანები?

(ქვემოთ შემოთავაზებული წერილი პირველად საზგადოებრივ ჟურნალ “ომეგას” 2000 წლის აპრილის ნომერში /# 4/ იქნა გამოქვეყნებული. ეს გახლავთ მარინე რევიშვილის რეცენზია XVIII-XIX სს. გამოჩენილი გერმანელი პოეტისა და მწერლის ფრიდრიჰ ჰოლდერლინის პირადი წერილების ერთი ნაწილის თარგმანების კრებულზე, რომლებიც ქართულად თარგმნა მარიამ ქსოვრელმა, ხოლო 1999 წელს ისინი გივი ალხაზიშვილისა და როსტომ ჩხეიძის რედაქციით “რჩეულთა ბიბლიოთეკის” სერიაში გამომცემლობა “ლომისმა” პატარა წიგნის სახით გამოსცა. ქვემოთ მოყვანილი სურათები კი სწორედ ამ წიგნის გარეკანი და თავფურცელი გახლავთ. ასევე დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ მარინეს ასეთი თბილი და საქმიანი რეცენზიისთვის)




“მაინც როგორები ვართ ეს ადამიანები, საყვარელო! ასე მგონია, შენთან ყოფნის დროს ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ენით გამოუთქმელი ნეტარება მეუფლებოდა, როცა ზევით, მთას მივუყვებოდი და ჯერ კიდევ ვგრძნობდი ჩემს ბაგეზე შენს ამბორს – გავყურებდი მიდამოს და მთელი ქვეყნიერების გულში ჩაკვრა მსურდა – ახლაც ასეა!

ნეტავ როდემდე გასტანს ეს სიხარული? დიახ, მიყვარხარ. გაქრა უსიამოვნო გრძნობანი და მხნეობა მომეცა. ხშირად იფიქრე ჩემზე, შენ იცი, რომ მე შენი განუყრელი მეგობარი ვიქნები” – ვკითხულობთ ფრიდრიხ ჰოლდერლინის, გერმანელი რომანტიკოსის ამ ლირიკულ აღსარებას საყვარელი ქალისადმი და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანთა ამაღლებულ გრძნობათა ენა ყველა დროსა და ეპოქაში ერთნაირია. არც ადამიანი იცვლება თავისი ბუნებითა და არსით, მიუხედავად იმისა, უბრალო მოკვდავია თუ გენიოსი მოაზროვნე და ლირიკოსი.

წერილის ფორმა განსაკუთრებით ცხოველმყოფელად გადმოსცემს ადამიანის პირადულსა და სათუთ განწყობილებებს, ინახავს იმწუთიერობის განცდას, ინახავს დროის და გარემოს კოლორიტს, ყოველდღიურობის შთამბეჭდავ ეპიზოდებს თავისებურ სინედლეს უნარჩუნებს, მითუმეტეს, თუ ავტორი უბრალო და გულღია მთხრობელია, ამიტომ ყოველთვის ინტერესს იწვევს ამგვარ თხზულებებთან შეხვედრა.

“მაინც როგორები ვართ ეს ადამიანები?” – კითხულობს დიდი გერმანელი, მართლაც, როგორც პორტრეტი იხატება ამ გამორჩეული პიროვნებისა პატარა კრებულში თავმოყრილ იმ წერილებში, რჩეულთა ბიბლიოთეკის სერიით “ფიქრები” რომ გამოცემულა – ფრიდრიხ ჰოლდერლინი, იმედი მომავალ საუკუნეთა, გერმანულიდან თარგმნა მარიამ ქსოვრელმა (“ლომისი”, 1999 წ.).

ჰოლდერლინის პოეზია გერმანული ენის, კულტურისა და სულიერების ერთ-ერთი მშვენიერი გამოვლინებაა. იოჰან ბეხერი გერმანულ პარნასზე მას გოეთეს, შილერის და ჰაინეს გვერდით მიუჩენდა ადგილს.


XVIII საუკუნის მიწურულს კი პოეტს მეგობართა ძალზე მცირე წრე იცნობდა და აფასებდა.

ბარათების ადრესატები ჰოლდერლინის ოჯახის წევრები – დედა, და-ძმა და მისი უახლოესი მეგობრები არიან: შტოიდლინი, ნოიფერი, ჰეგელი, ნიტჰამერი, შილერი, სიუზეტე გონტარდი – ადამიანები, რომელთა მიმართ იგი განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვეს გრძნობდა.

ეს ყოფითი ბარათები ფილოსოფიური ლირიკის შესანიშნავ ნიმუშებად შეიძლება აღვიქვათ. ჰოლდერლინის უაღრესად ფაქიზი და მოსიყვარულე ბუნების გარდა მათში გამოკვეთილია საზოგადოდ ადამიანის და, კერძოდ, გერმანული ხასიათის საუკეთესო თვისებები. ჰოლდერლინი ნამდვილი გერმანელია თავისი რომანტიზმით, ფილოსოფიური ხედვითა და პედანტური ხასიათით.

იგი თავისი ცხოვრების ცალკეულ ეპიზოდებს აღწერს, უშუალოდ მოგვითხრობს თავის თავზე, ცხოვრებაზე, მოგზაურობაზე, თავის ძიებებსა და გულისტკივილზე და ამ შესანიშნავი პიროვნების ცხოვრების მიღმა ცხადლივ ვხედავთ XVIII საუკუნის გერმანიას თავისი დიდი კულტურითა და პიროვნებებით, სულიერებით. ჰოლდერლინი დაუღალავი მოგზაური ყოფილა. ყოველთვის, როცა შესაძლებლობა ეძლეოდა, ეტლით, ცხენით თუ ფეხით ათვალიერებდა, ეცნობოდა და აკვირდებოდა თავის ქვეყანას და მის ბარათებში აღწერილი გერმანიის სანახები და პეიზაჟები ექსპრესიულ, ფერწერულ ტილოებად შეიძლება აღვიქვათ.

“საღამო ხანს მივადექი ე. წ. გრანს, სადაც გემებს ტვირთავენ; ამ სანახაობამ ისე მომაჯადოვა, მეგონა ხელახლა დავიბადე-მეთქი. დავიძაბე, გული ამიძგერდა, სული უსაზღვროებაში გაფრინდა, თვალი გამიშტერდა... ქანდაკებასავით გაშეშებული ვიდექი. 

წარმოიდგინე შორეულ სივრცეში მდებარე მშვიდი რაინი, რომელსაც ისეთი ფართო კალაპოტი აქვს, რომ ხომალდებს ძლივს ამჩნევს თვალი. აქედან ისე შორსაა იგი, რომ ცისფერი კედელი გეგონება. მეორე ნაპირას ხშირსა და გაუვალ ტყეებს სწვდება თვალი. ტყეების მიღმა ჩანისლულია ჰაიდელბერგის მთიანეთი და ქვევით, ერთ მხარეს თვალუწვდენელი ვაკეა – ეს ყველაფერი უფლისგანაა კურთხეული – გემებს ტვირთავენ, ზღვაში შედიან, ქარი უბერავს, აფრას მოაფრიალებს, საღამოა – აღფრთოვანებული შინ დავბრუნდი. მადლობას ვწირავდი უფალს, ეს ყველაფერი რომ განმაცდევინა, რომ ათასობით ადამიანივით გულგრილად არ ჩამივლია მისთვის. შესაძლოა ისინი ამას მიჩვეულნი არიან, ანდა მათ გულის ნაცვლად ქვა უდევთ”. – ამგვარად აღწერს ჰოლდერლინი ჰპაიერის სანახებს.

ჰოლდერლინი ჰარმონიასა და სილამაზეს პოეზიასა და ხილულ ქვეყანაში ხედავს. მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ჰარმონიულობა ჩვეულებრივ პიროვნულ ურთიერთობებშიც დაინახოს. ძმისადმი და დისადმი ბარათებში იგი განსაკუთრებული სიფაქიზით საუბრობს ამაღლებულ დამოკიდებულებათა მნიშვნელობაზე. ესაუბრება სიყვარულზე, მეგობრობაზე, სათნოებაზე, პიროვნებად ქცევის რთულ პროცესზე, ზნეობაზე. უფროსი ძმის შეგონებანი ყოველთვის სევდანარევი ლირიზმითაა გამთბარი. “ძალასა და ენერგიას არ დავიშურებდი ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, სადაც თითოეული ადამიანის მთელი ძალისხმევა მიმართული იქნებოდა იქითკენ, რომ თავის თავს დამსგავსებოდა და ეს კანონი უპირველესი იქნებოდა სხვა კანონთა შორის. ადამიანები კი ერთს ამბობენ და მეორეს სჩადიან, სხვა რამ აქვთ გულში და სინამდვილეში ინიღბებიან. ჩემს ქვეყანაში კი შენ ვერ შეხვდები პირმოთნეებს... აქ ჭეშმარიტი კეთილშობილება და სიკეთე იმეფებს, რადგან არავის ენდომება მოჩვენებითობა და სიყალბე... ჩემო დაიკო, ვმადლობდეთ უფალს ჭეშმარიტად, რომ ჩვენს დაძმობაში სათნოება სუფევს, რაც ჩვენ ძვირფასი დედისგან გადმოგვეცა”.

ნიურტინგენში – დედის ოჯახში ჰოლდერლინის გარემოცვა განსაკუთრებით სადა და მოკრძალებული იყო. მოკრძალება, სათნოება მსჭვალავს მის ყოველ წერილს დედისადმი; “თქვენი დამჯერი შვილი” – ასე აწერს ხელს ჰოლდერლინი ბარათებს. ოჯახის ტრადიციისადმი პასუხისმგებლობამ აიძულა იგი, სწავლა ტუბინგენის სასულიერო სასწავლებელში გაეგრძელებინა, თუმცა პასტორობა მისი მოწოდება არ ყოფილა. რეიფუსი, პოეტის ერთ-ერთი თანამედროვე, ჰოლდერლინის სწორედ სასწავლებელში ყოფნის დროს: ხელმოკლე და გონებაშეზღუდულ თეოლოგებს შორის მუდამ პეწიანად ჩაცმული, წარმოსადეგი, დახვეწილი იერითა და მანერებით ჰოლდერლინი ისე გამოირჩეოდა, თითქოს ბერძენთა ღმერთი აპოლონი დაშვებულიყო მიწაზე. ჰოლდერლინი სულიერ დამოუკიდებლობასაც ინარჩუნებდა სასწავლებლის მწირ გარემოში.

იგი დამოუკიდებლად სწავლობდა ანტიკურ ავტორებს, კითხულობდა ფილოსოფიურ ლიტერატურას – ფრანგულს, გერმანულს. ტუბინგენში სწავლის პერიოდს ემთხვევა საფრანგეთის რევოლუციის დასაწყისი. ჰოლდერლინი ბოლომდე დარჩა მისი მიმდევარი. ფრანგული რევოლუცია მთელი სკოლა აღმოჩნდა ჰოლდერლინისა და მისი მეგობრებისათვის. ტუბინგენის სასწავლებლიდან მას ორი არაორდინალური მეგობარი შემორჩა: ჰეგელი და შელინგი. ჰეგელთან მას საუკეთესო თანამოაზრეობა აკავშირებდა. მათ ერთნაირად უხდებოდათ ბრძოლა ცხოვრებასთან, ჭიდილი თვითდამკვიდრებისთვის. შელინგს, მათგან განსხვავებით, ნაკლებად იზიდავდა პოლიტიკური და მოქალაქეობრივი პრობლემები, გულგრილად უცქერდა ანტიკურობას. შელინგის კარიერა – აკადემიურიც და ლიტერატურულიც – უფრო მალე გამოიკვეთა. მას თაყვანს სცემდნენ. იგი ბედის ნებიერი იყო.

ჰოლდერლინის ბარათში ასეთ მონოლოგს წავაწყდებით: “ჩვენ ერთმანეთს დავცილდით ღვთის საუფლოსკენ! – დარწმუნებული ვარ, ღვთის ნებით შენ იმას მიაღწევ, დრო შენში ამ გზას არასოდეს წაშლის... ეს ხომ უმნიშვნელოვანესია, რითაც ჩვენ ერთმანერთი გვიყვარს. იგი ჩემეულიც არის, ამიტომ ჩვენი მეგობრობა მარადიულია... ხშირად მინდა შენთან ახლოს ვიყო. შენ ხშირად იყავი ჩემი გენია... მინდა ზოგიერთი რამ მასწავლო და მეც გიამბობდე ჩემს ამბებს”.

ტუბინგენის შემდეგ ჰოლდერლინისთვის დაიწყო ხეტიალის წლები – გუვერნიორობა შეძლებულ ოჯახებში, ცოდნის სრულყოფა და დაძაბული ლიტერატურული შრომა. 

ერთ-ერთი ზამთარი ჰოლდერლინმა იენაში, სიცივესა და ნახევრად შიმშილში გაატარა. აქ ისმენდა ფიხტეს ლექციებს და, რაც მთავარია, იყო ვაიმარის ახლოს – ეს გარემო თავისი კულტურითა და ადამიანებით განსაკუთრებულ სულიერ საზრდოს აძლევდა მის მაძიებელ სულს. და, აგრეთვე, უნერგავდა რწმენას, რომელსაც ნოიფერისადმი წერილში გამოთქვამს: “... საკუთარი გზით უნდა იარო და თუ ქვას ფეხს წამოკრავ, ამან არ უნდა შეგაშინოს, არ უნდა დაბრკოლდე. ვიცი არსებობს დიდი მიზანი, დიდი ღვაწლი, დიდი რუდუნება და დიდი გამარჯვება, მაგრამ ამ დიდ საქმეებისთვის ცოტანი ირჯებიან”.

მართალია, შილერი კეთილგანწყობილი იყო ჰოლდერლინისადმი, მფარველობდა კიდეც მას (თავის ჟურნალ “თალიაში” “ჰიპერიონის” ფრაგმენტი და ლექსებიც დაბეჭდა), მიუხედავად ამისა, ვაიმარელი კლასიკოსები ნაკლებად იცნობდნენ ჰოლდერლინის პოეზიას, დიდად არც აინერესებდათ. თავიანთ მიმოწერაში გოეთე და შილერი მას გულგრილად ახსენებენ.

ჰოლდერლინის საკუთარი ბარათები შილერისადმი კი ტკივილითა და ტანჯვითაა აღსავსე. მათში კდემა და აღტაცება გამოსჭვივის. ამავე დროს, მის უზომო თავმოდრეკაში, კორიფეების მიმართ სულიერი თანასწორობის ტკივილიანი გაცნობიერებაც იკითხება.

ერთხელ შილერთან სტუმრად მისულმა ჰოლდერლინმა ოთახის სიღრმეში უცნობი კაცი შენიშნა. შილერმა ისინი ერთმანეთს წარუდგინა, მაგრამ ჰოლდერლინმა სახელი ვერ გაიგონა. მაგიდაზე “თალია” იდო. “უცნობმა მაგიდიდან ჟურნალი აიღო, მე იქვე ვიდექი. ჩემს სიახლოვეს გადაფურცლა ფრაგმენტი. არაფერი უთქვამს. ვგრძნობდი, როგორ ვწითლდებოდი. ის რომ მცოდნოდა, რაც ახლა ვიცი მის შესახებ, ალბათ სამარისფერი დამედებოდა”. მოგვიანებით შეიტყობს ჰოლდერლინი, ადამიანი, რომელიც ასე ცივად საუბრობდა, გოეთე იყო. ჰოლდერლინის ბარათში გოეთესთან შეხვედრის ეს ეპიზოდი თავისი მოულოდნელი ფინალით პატარა ნოველის სიუჟეტად გამოდგებოდა. განსაკუთრებით ცოცხლადაა გამოკვეთილი გოეთეს პიროვნება, მისი, როგორც თავდაჯერებული არისტოკრატის, პორტრეტი.

ჰოლდერლინის ცხოვრების უმშვენიერეს მოვლენად იქცა სიუზეტე გონტარდთან დამეგობრება და სულიერი სიახლოვე. სიუზეტე მაინის ფრანკფურტის ერთ-ერთი კომერსანტის მეუღლე და ოთხი შვილის დედა გახლდათ. ჰოლდერლინი მათთან გუვერნიორად მსახურობდა.

სიუზეტე იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლისთვისაც სულიერი სწრაფვა უფრო გონივრული და ამაღლებული ყოფისკენ იყო მიმართული, ვიდრე ამას მისი ქმრის სიმდიდრე და საზოგადოიებრივი მდგომარეობა სთავაზობდა, მას ჰქონდა უნარი, ჩვეულებრივი ყოფის მიღმა უფრო ღრმა მოვლენები შეეცნო.

ჰოლდერლინის ბიოგრაფები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს იყო ამაღლებული და შეუმღვრეველი მეგობრობა. ჰოლდერლინი უკითხავდა სიუზეტეს თავის ლექსებს, წერდა მისთვის, ხმამაღლა ფიქრობდა მის გვერდით და სიუზეტეც ყოველთვის მზად იყო, გაემხნევებინა იგი.

ჰოლდერლინი “ჰიპერიონის” მთავარ გმირსა და სიუზეტეს აიგივებდა და ორივეს დიოტიმას ეძახდა (ეს სახელი პლატონის “ნადიმიდანაა” გადმოღებული). სიუზეტეს შემყურეს, ჰოლდერლინს საოცრად სჯეროდა თავისი ლიტერატურული გმირისა და თავის თავშიც უფრო მეტ რწმენას გრძნობდა, როცა დიოტიმა მის გვერდით იმყოფებოდა.

ჰოლდერლინი იძულებული იყო, გონტარდების ოჯახი დაეტოვებინა. მისი წასვლის შემდეგ მისი და სიუზეტეს საიდუმლო მიმოწერა გაგრძელდა. სიუზეტესადმი მიწერილი ბარათი ლირიკული აღსარების ბრწყინვალე ნიმუშია, ტანჯული სულის ღაღადისია და სიყვარულის ამაღლებულ ოდად ჟღერს: “...რა აჯობებს, მითხარი, დავიუნჯოთ ის, რაც ჩვენს გულშია, თუ ჩვენს თავს გამოვუტყდეთ ხოლმე!.. უძვირფასესო სიცოცხლე! ჩემს უსაყვარლეს სიყვარულს, შენზე ფიქრებს თავად ნაზად და შეძლებისდაგვარად ხშირად ვუთხარი უარი და უარვყავი მხოლოდ შენი გულისთვის, რათა ამ ბედს შეეგუო. შენც ამისთვის იბრძოდი, ჩემო მშვიდობიანო! სიმშვიდის შესანარჩუნებლად შენ გმირულად დაითმინე, ჩვენ ვერაფერს შევცვლიდით და შენი გულის მარადიული არჩევანი შენში დაფარე და დაასამარე...”

სიუზეტეს ბარათებიც ასევე გამოხატავს ამაღლებულ გრძნობას თავისი თავის უარმყოფელი სიყვარულისა, როცა ქალს არაფერი ეიმედება, არაფერს ელის და, მიუხედავად ამისა, ღრმად განიცდის მისი რჩეულის ბედს – რა ელოდება ადამიანს, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს თავისუფლება და რომელიც მისდამი სიყვარულს შეუპყრია? – სიუზეტე გონტარდი სხვებზე უკეთ გრძნობდა ჰოლდერლინის პიროვნულ გამორჩეულობას, მის ტალანტსა და ფაქიზ სულს.

ჰოლდერლინი ხშირად მსჯელობს პიროვნების ჩამოყალიბების, “კაცად ქცევის” თემაზე. ადამიანს უნდა შეეძლოს, ანუ მას პიროვნებად აქცევს, სურვილთა უარყოფა, ამაო ვნებათა დათმობა. სისუსტის დაძლევა საკუთარ თავში, ადამიანს სიმყუდროვესა და ნეტარებას ანიჭებს. “არც გაამაყება ეგების და არც ფუჭი სიდიადე, არც მოჩვენებითმა სიმდაბლემ უნდა ჩაგაგდოს შფოთში. გონიერი და სამართლიანი განსჯა კაცს ავტორიტეტს ვერ შეუქმნის, იგი თავად უნდა გამოიწრთოს, არ უნდა უღალატოს წმინდა და ურყევ პრინციპებს, მისი სინდისი უნდა ამაღლდეს საკუთარსა თუ ფსევდოფილოსოფიაზე, უნდა უფრთხილდეს ცრუგანათლებასა და ქედმაღლობით გამოწვეულ უაზრობას”.

და ბოლოს ძმას ერთ შეგონებას სთავაზობს:

“სინდისი ჭკვიანებს არ შესწირო, მაგრამ ჭკვიანი უნდა იყო. არის საამისოდ ოქროს სიტყვები ნათქვამი: ღორებს მარგალიტებს ნუ დაუყრით”.

ჰოლდერლინი იმ ყაიდის პოეტებს ეკუთვნის, რომელნიც თავის თავს არ ახვევენ მკითხველს. ამავე დროს, მისი პიროვნულობა შეფარვით, მაგრამ მთელი ძალმოსილებით იხსნება პოეზიაში. იგი ჰეროიკულია, ამაღლებული. ამ თვისებებს ერწყმის ლირიზმი და სინაზე. ეს მებრძოლი სულისკვეთება განსაზღვრავს მის არა მარტო პოეტურ, არამედ ყოფით პიროვნულობასაც.

ჰოლდერლინი მთელი სიცოცხლე ასწავლიდა, მოძღვრავდა საშუალო ნიჭის ბავშვებს. ეს პროცესი ამძიმებდა, ხშირდ ეუფლებოდა ტანჯვა ამაოდ დაკარგული დროის გამო, მელანქოლია მისი ხშირი სტუმარი გახლდათ. “გამოსავალს ვეძებ და შვებას ვპოულობ, როცა ფანჯარაში მზეს ვხედავ” – წერსა ერთგან. იგი ჯიუტად ერთგულებდა თავის პოეტურ მისიას და ბედისწერას – ყოფილიყო ერთ-ერთი სულიერი წინამძღოლი გერმანიისა.

“ჩემი სიყვარული ახლა ადამიანთა სიყვარულია, და არა ყალბი, არა მიწიერი, არა ინერტული, როგორც ჩვენ ხშირად ვხვდებით... მე ცუდ ადამიანებშიც მიყვარს დიდი და მშვენიერი ძალა. მე მიყვარს მომავალ საუკუნეთა თაობები, რადგან ესაა ჩემი იმედი, რაც ძალას მმატებს და საქმისკენ მიბიძგებს. ჩვენი შვილიშვილები ჩვენზე უკეთესები იქნებიან...”

ჰოლდერლინი ორჯერ აღესრულა – ეთხელ სულიერად, როცა სულით დაავადებამ დარია ხელი და “თავისი თავიც გადაავიწყა და მთელი სამყაროც” (ცვაიგი), მეორედ 37 წლის შემდეგ – ფიზიკურად.

დაბადებითაც ორჯერ დაიბადა – მეორედ ამ ქვეყანას მაშინ მოევლინა, როცა მოგვიანებით გენიოსი პოეტისა და მოაზროვნის სახელი დაიმკვიდრა.

საუბრები ფილოსოფიაზე და ფილოსოფიური საუბრები სიცოცხლეზე, რელიგიასა და ზნეობაზე, ბავშვის აღზრდაზე, პიორვნებად ქცევაზე, ჭეშმარიტების ძიებაზე და ისევ ადამიანურ ურთიერთობებზე – მარადიულ ღირებულებათა უღრმეს შრეებს წვდება ბრძენი პოეტი ჰოლდერლინი.

და მისი ფილოსოფიური და ლირიკული ბარათები ქართულ ენაზეც ექსპრესიულად და შთამბეჭდავდაა ამეტყველებული. ამ თვალსაზრისით ეს კრებული გამონაკლისი არ არის რჩეულთა ბიბლიოთეკის სერიით გამოცემულ წიგნაკებში, სადაც მრავალფეროვანი და დიდძალი მასალაა დაუნჯებული, ყოველთვის მაღალი დონის თარგმანებს ვხვდებით. ამ სერიის გამოცემებში არაერთი პიროვნება ჩანს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, თუ რაოდენ საინტერესო და ფასეულია ჩვენთვის დიდი შემოქმედის დანახვა პიროვნულ პლანში, მისი სულიერი ბიოგრაფიის გააზრება.

ჩვენ შეგნებულად ავუარეთ გვერდი ჰოლდერლინის ბიოგრაფიის ძირითად თარიღებს, რადგან კრებულში ისინი თან ერთვის ბარათებს.

მარინე რევიშვილი