Wednesday, August 16, 2017

მეფის თეიმურაზ პირველის პოეზიიდან



სოფლის სამდურავი 

ღმერთო, რომელი შენ ჰსუფევ ჰაერთა თანა ცაშიგან,
შენ ხარ სავსება ყოველთა, რაც არის ქვეყანაშიგან,
ეშმაკთა გუნდსა დასთრგუნავ, წარვლენ ცეცხლისა ალშიგან,
ისრაილთაცა ლტოლვილთა შენვე გაუძეღ ზღვაშიგან.

2
არსებით მპყრობო, შენ გაქებს, რაცა სად მონა შენია,
შენგან იზრდების სულდგმული, ყოველი მონაშენია.
ვინ სულისათვის იღვწიდეს, დააგდოს მონაშენია!
მას აღარ მიხვდეს უწყალოდ კვერთხითა მონაშენია.

3
ღმერთო, ხსნისათვის ჩვენისა ქვეყანაზედან მოსულო,
ვინ მიწა კაცად შეგზილა, იმას შეუვრდი, მო სულო!
როს ანგელოსნი უწაყლოდ გქენჯნიდენ, აწ ამო სულო,
ან ცოდვა ცრემლით შეინდევ, ან თავი აწამო სულო.

4
ჩვენ ღმერთი ქებით ვადიდოთ, ცრემლითა შევსძრათ მორევად,
ის უხილავი ეშმაკი ჩვენზედ არ იყოს მორევად,
ჯოჯოხეთს შიგან არ აღძრას კუპრი მან ჩვენთვის მორევად,
ცთომასა არსად წავადგეთ, თავი არ შევქნათ მორევად.

5
მე მეშინის რისხვისაგან, ვა თუ, მეხი დამეცესა,
ღმერთსა ამას სულთქმით ვჰხადი, ამცილდეს და არ მეცესა,
მიჯობდა, თუ სულისათვის სინანული დამეწესა,
მემუშაკა, მეწაღმართა, ცრემლი ველად დამეთესა.

6
ჩემს ცოდვას ვით ღა შევინდობ, ცრემლიც რომ შევქმნა მე ღვარად?
ნაკადად მდინდეს თვალთაგან, ღაწვი გამიხდეს მე ღარად,
აწ მიწა რად არ ჩადრკების, ზედან მიყენებს მე ღა რად?
ჩემი ამ სოფლის სიცრუვე აქ მოვიხმარო მე ღარად.

7
სულო, ნიადაგ წვლილდები, ლხინი აროდეს მოგეცა,
ტანჯვისა მზა არს ლახვარი, საკრავად გულსა მო გეცა.
გიჯობდა ეკლესიისა კარი ნიადაგ მოგეცა,
ცრემლითა მოლი მოგერწყო, ტანს მუდამ ძაძა მოგეცა.

8
სულო წყლულო, დაკოდილხარ, ჭირნი რაღათ მოანელი?
რთვილი გაზრობს, მზე გაცხუნებს, ზოგჯერ ქარი მოვა ნელი,
ხელი რატომ არ გაჭრილხარ, ნეტარ რასღა მოანელი?!
ვერა ჰკურნებს ჭირსა შენსა, რომ შემოკრბეს მოანელი.

9
შენ, ცოდვილო სულო ჩემო, სიკვდილს რად არ მოელოდი?
ჯოჯოხეთში ქვა დაგკრიბონ, არ დაგრიდონ, მოელოდი,
შენთვის ყოვლგან ღრუბელია, მზემანც დაგკრას, – მოელოდი,
კერპთ-მსახურთა განვეშორნეთ, არსად გვხადოს მოელოდი.

10
შემაშთო სოფლის ზრუნვამა, ვამე, რაღა ვჰყო აწა მე?!
– განაგდე შვება სოფლისა, თავი ღვთისათვის აწამე!
უფალსა შენსა ჰმსახურე, გულითა მასცა აწ ამე, –
მიგელის მძაფრი სასჯელი, მაშინ რაღა ვჰყო, აწამე!

11
უწყის უფალმან, სოფელი არავის გაუთავდების,
პირველად ამო შეიტკბობს, საყვარლად დაუამდების,
აღარ გაჰყვების, ბოლოს ჟამ უმუხთლებს, გაუავდების,
მე მას ვჰგმობ, ვინცა მიენდოს, ანუ მინმც დაუზავდების.

12
გასინჯეთ საქმე სოფლისა, ნეტარ ვის გასთავებია?
ვის ჰონდა მუდამ სრა-ტახტი, მოშლია მას თავებია,
ვინ რომ დაიპყრა ქვეყანა, დღე მასცა ასთავებია,
სულო, მოშორდი სოფლსა, მუდამ მას რად დაებია?!

13
სოფელს მყოფნო, სოფლის საქმე გასინჯეთ და გაიგონეთ,
ეს სოფელი მუხთალია, ნუ მიჰყვებით, შეიგონეთ!
აწ სად არის ხელმწიფენი, პირველნიცა მოიგონეთ,
აწ განაგდეთ სოფლის შვება, სინანული მოიქონეთ.

14
ვერ მოვურჩებით სოფელსა, სრასა სამყოფსა, დაბასა,
სულმან იწადა ვედრება და ხორცმან იგი დაბასა,
სოფელმან ჭირი ჩვენზედა ოთხმოც-და-ათი აბასა,
განვაგდოთ ქრთამის მიღება, სული მან არ დააბასა.

15
სოფლის მპყობელნო, სოფელი მე ამად არა მიქია,
მსაჯულად დაჯდეს მესია, პირველ ქადაგა მიქია,
ცოდვანი ჩვენნი გვემხილნენ, მაშინ რაღა ვჰყოთ იქია!
კაცს არ მიინდობს ბოლოს ჟამს, ამისთვის გამიქიქია.

16
სოფელმან თავის სიმუხთლე ჩემზედა არა დალია,
მაკვდინებელი წამალი მე მასვა, მან არ დალია,
ჯურღმულსა შიგან შთამაგდო, შიგან დამიხვდა და ლია,
ტყავისა ნაცვლად სუდარი მომცა, არ მიკლავს დალია.

17
თუცა კაცი დარჩებოდეს სოფლისაგან გარდუვალად,
მუნ სასჯელი აღარ მიხვდეს, არცა სწვიდეს ცეცხლი ალად,
ვინ დარჩების სოფელს მყოფი, არ მომდურდეს სოფელს მალად,
ბოლოს არვის გაუთავებს, შეექმნების მას სამსალად.

18
ნეტაი ყველამ იცოდეთ, სოფელი როგორ მქნელია,
კაცსა მიინდობს ღალატად, მცბიერი – ვითა მელია,
ანასდად გარდუბრუნდების, მით გული გარდამელია,
«მას არვინ უნდა მიენდოს», – ესე ნათქვამი ძველია.

19
ჩემმა ცოდვამ სინანულად დრო არ მომცა დანაცალი,
კაეშნისა ტვირთი მკიდავს, იგ შემქნია დანაცალი,
მუნ მეშინის, ოდეს შექმნას სულმან ხორცის დანაცალი,
ჯოჯოხეთად ჩვენთვის მზა ჰყოს სახმილი და დანაც, ალი.

20
კრულმან სოფელმან ჩემი დღე სრულად სიმწარით მანანა,
ძილი არ მომცა მართალთა, არც სადა მითხრა მან ნანა,
როს ისრაელთა უწვიმა ღმერთმან მწყერი და მანანა,
მოხუცებულსა იოკიმს ასული უშო მან ანა.

21
მე აჯად ვითხოვ ღვთისაგან, – არ წამიწყმიდოს სულია,
მუნ გამომიხსნას ტანჯვისგან, აღარ დამაჩნდეს წყლულია,
ზოგნი ღამეთა ათევენ, – თვალთ არ მოუვათ რულია,
ზოგთა გვაქვს შვება სოფლისა, – ამისთვის დაგვიძს გულია.

22
უნდა, რომ კაცმან იხმაროს მისი ჭკუა და გონება,
ევა ურჩ-ქმნილი ცთომითა ჯოჯოხეთს შიგან, მგონ, ება,
სამოთხეს ყოფა ვის სურის, სმენა იქ გაიგონება,
ვის სწადის შვება მას შიგან, ადვილად მოიგონება.

23
სამებით ერთსა ვაქებდეთ, ხსნად ადამისთვის მოსულსა,
ვის ჰკიდავს ცა და ქვეყანა, – ქებას ვერ ვიტყვით მოსულსა,
ნუ ვემგზავსებით ფარაოსს, მისის რისხვითა მოსულსა,
სულსა რას არგებს შვენება ხორცთაგან არ ამოსულსა?

24
შენ, ღვთისმშობელო, კაცთათვის მანათობელი მზე ხარა,
პირველ ბჭედ საშუალ გცნობდეს, – ანგელოზისგან გეხარა,
ღმერთი წიაღთა იტვირთე, სხვა კაცი არსად გეხარა,
ქრისტიანეთა ნუ წარსწყმედ, შენ გისმენს, – ვისთან სდგეხარა.


გრემის სასახლეზე 

ღმერთი არს თავი ყოველთა, იგ ვაქოთ, განვადიდოთო,
სამნი ნათელნი ერთად ვთქვათ – მამა, ძე, სული წმინდოთო,
მისი ცნობითა განვნათლდეთ, გონება განვიწმინდოთო,
განვაგდოთ უსჯულოება, ნუ ვემსგავსებით დიდოთო.

2
აქ არის აშტი, გუმბაზი ბაღჩას დგას შუა-გულოსა,
შიგ ათასფერნი ყვავილნი, ვარდი გაშლილი გულოსა,
ცნობილთა კაცთა საჯდომლად ადრითგან გამეგულოსა,
ჩემიმც ცოდვა აქვს, ავს კაცსა კარი არ დაუგულოსა.

3
აქ არის ბაზმის სოჰბათი, სუფრისა შემკობილობა,
დრო ახალ ნერგთა ყვავილთა, ტურფა ვარდისა შლილობა,
ბულბულთა ბგერა, ყივილი, ხმა-მჭევრად შეწყობილობა,
მუტრიბთა რასტი მუღამი, სასმენელთათვის ტკბილობა.

4
თვითან შვენის და აშვენებს წალკოტსა, ბაღჩა-ბაღასა,
თუ ლხინი გინდათ, თქვენც ნახავთ სხვას უკეთესსა რაღასა?
გიაჯ, ჩემს უკან ვინც დარჩეთ: პატრონსა, ყმასა, აღასა,
ვინც უპატიოდ მიეპყრას, ცოლიც მისი ჰგავს ბაღასა.

5
სახლი შევმზადე სალხინოდ მე მეფემ თეიმურასო,
შევამკევ კედელ-ყურენი, ვეჭვ, თავსაც კარგად ბურავსო,
დავხატე ფერად-ფერადად, ჰგავს, რამე იყოს მურასო,
ტალახიანის ფერხითა ნურავინ გამიმურავსო.

6
რომ თქვენი სხივნი არ მისწვთა, არ მორჩა შუკა-დაბანი,
შენ შემოგჭვრეტენ მყურენი, სად სარკმელია და ბანი,
რაზომც ჯერ ვერ თქვენ გიახლოს, თვალნო, მინა და დაბანი,
ვფიცავ, რომ ყველა გახდების თქმა ტკბილად, ანუ და ბანი.

7
შენებრ ვინ ვპოვოთ მნახავთა, პირველვე ვიცით, რაც არის,
რომ ზღუდეც მოვლოთ ქვეყნისა, ანუ მიდამო რაცა რის,
წაღმავე მოვა თქვენს წინა, ვინცა უკუღმა რაც არის,
ვარსკვლავთა დასნი გემონენ, ერთმანერთს მსწრობნი რა ცა რის.

8
მსგავსად საკადრად ხელ-ყოფნა, ნეტარ, ვით ძალ აქვს ენას მით!
სხვანი ყოფილნი ხტომით თქვეს, მაგრა თქვენს შუქსა ენასმით,
შორს მყოფნი ამად ნატრობენ, მოგახლდენ, – იყვნეთ ენასმით,
თქვენს სიყვარულსა ზავებენ, იგ ტკბილად რასმე ე ნასმით.

9
მწერალიც დაშვრა ცოტადრე, გარჯა ხვდა, რა ეს აწერა,
ცოდნა და ხელოვანება ხამს, თვარ უქმად ყოფა აწე რა?
მოდით, იკითხეთ, ტრფიალნო, შემოკრებილ აქა წერა,
გულო, ვერ მოსხლტი ქებითა, წიგნის პატრონზედ ა წერა!


თამარის სახე დავით გარეჯას 

მეფენი მოვლენ სურვილით, შენსა სახესა ჰმონებენ,
შეურაცხყოფენ მნათობთა, ნათლად არ მოიგონებენ,
სხივ-მოსიერად გიმზერენ, უკვდავ-მყოფელად გგონებენ,
იშვებენ, მათთა პატიჟთა მათ ლხინთა შეუწონებენ. 

შენ სამებაო, ერთ-არსებაო, სამ-გვამოვნებით ერთო, განუწვალებელო,
ერთ ბუნებაო, უშობელო და ძეო შობილო, სულო მამისაგან გამომავალო,
მოსავსა შენსა მეფესა, პატრონს თეიმურაზს, მეოხ მეყავ.
ოდეს მოხვიდე განკითხვად, ქრისტე, და გამოჩნდეს მადლი, დიდება
შენი და დასჯდე ცხოველთა და მკვდართა მსაჯულად, და განარჩევდე
ცხოვართა თიკანთაგან, ნუ წარმავლენ მარცხენით კერძო,
შეცოდებულსა ამას მონასა შენსა, არამედ მომეც შენდობა ბრალეულსა.
დედაო უსხეულოსა ნათლისაო და მშობელო სიტყვისა ღვთისაო,
საყდარო, ეტლო, ღრუბელო ნათლისაო, მე დაბნელებულსა ამას
ცოდვათაგან, მითხოვე ძისა შენისაგან შენდობა ბრალთაგან.
რომელნი მიემთხვივნეთ ჩემსა ამას მცირესა ნაღვაწსა – აღსარებასა
წმინდისა სამებისასა, გაფუცებთ ცხოველსა მას ღმერთსა ყოველთასა,
შენდობას ჰყოფდეთ ჩემ ცოდვილსა ამის მეფისა თეიმურაზისათვის,
რათა ქრისტემან თქვენცა მოგცეს მისისა სასუფეველის მკვიდრობა
და კურთხევისა ხმისა მისისა სმენა. ამინ!

No comments:

Post a Comment