Monday, May 20, 2013

დიდმპყრობელი რუსეთიდან დიდმპყრობელ დასავლეთამდე

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალი 7 დღის” 2005 წლის 25-31 მარტის ნომერში) 

უმაღლესი რანგის მოხელეთა განცხადებებში, ექსპერტ-ანალიტიკოსთა ნაშრომებში ხშირად შევხვდებით მოსაზრებებს, რომ ახლო და შუა აღმოსავლეთის, თუ მსოფლიოს სხვა რეგიონების სახელმწიფოებში აშშ ნებისმიერი ხერხით ცდილობს თავისთვის სასურველი ვითარების შექმნას. ამისთვის იგი არ ერიდება ძალის დემონსტრირებას და ამ სახელმწიფოებში შეჭრასაც კი. 1980-იანი წლების დასაწყისში, შეერთებულ შატებში ე. წ. “სწრაფი გაშლის ძალების” ჩამოყალიბებისას, ვაშინგტონის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი კლერი წერდა, რომ “დამრტყმელი ძალები განკუთვნილია უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიებზე შესაჭრელად ან მათი ოკუპირებისთვის იქ პოლიტიკური პოზიციის შეცვლის შემთხვევაში. მას შესაძლოა იყენებდნენ ძალის დემონსტრირებისთვისაც მტრული სახელმწიფოების დაშინების მიზნით”.

ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-მა შეამცირა ვარშავის ბლოკის ქვეყნების ჯარების წინააღმდეგ საბრძლველად განკუთვნილი სახმელეთო და საჰაერო ძალები, აგრეთვე მსოფლიო ოკეანეში საბჭოთა საბრძოლო ხომალდებთან ბრძოლისთვის საჭირო წყალქვეშა ნავებისა და წყალზედა ხომალდების რაოდენობა, რამდენადმე შეამცირა “სწრაფი გაშლის ძალების” 300-ათასიანი კონტინგენტიც, მაგრამ აშშ შეიარაღებული ძალების შესაძლებლობათა 1991 და 2000 წლების მაჩვენებლების შედარებით ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება ამ ქვეყნის ხისტად აგრესიული პოლიტიკის შესახებ ე. წ. “მესამე მსოფლიოს” სახელმწიფოთა მიმართ.

აშშ-ის ასეთი პოლიტიკა იმ ქვეყნებს, რომელთაც არ სურთ მიჰყვებოდნენ ვაშინგტონის თეთრი სახლის მიერ მითითებულ კურსს, აიძულებს მიიღონ სხვა დიდი სახელმწიფოს, მაგალითად, რუსეთის ან ჩინეთის მფარველობა, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელნი ისე უხეშად არ შეეხებიან მათ ისტორიულად ჩამოყალიბებულ შიდასახელმწიფოებრივ მოწყობას, რელიგიურ, კულტურულ, ზნეობრივ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა ფასეულობებსა და ტრადიციებს. თუკი მფარველად მოძიებული სახელწიფოების მიერ ეს პირობები არ შესრულდა, მაშინ ეს ქვეყნები შესაძლოა წავიდნენ არა ალტერნატიული კავშირების დამყარების გზით უკვე სხვა მფარველებთან, არამედ, საამისო გარემოებათა არსებობის შემთხვევაში, ირჩევდნენ დამოუკიდებელი განვითრების კურსსაც – საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

გაზეთ “კვირის პალიტრის” 2001 წლის 2-8 ივლისის ნომერში ბ-ნი კახა კაციტაძე, მაგალითად, ამბობს: “თუ ბალკანეთის კვალდაკვალ ისრაელის კონფლიქტებიც ჩაცხრა, მაშინ მთელი ძალისხმევა კავკასიაზე გადმოვა... იუგოსლავიის მოვლენებით იწყება თვისობრივად ახალი, ქარიშხლიანი ეპოქა – დგება სამხრეთ კავკასიის რიგი!.. ერთხელ მაინც ნუ გავუშვებთ შანსს ხელიდან... მერე გვიან იქნება” და ა. შ.

კი მაგრამ, რა სიკეთე მოუტანა ახლო აღოსავლეთს ან იუგოსლავიას იქ არსებული კონფლიქტების ხელოვნურად დაძაბვამ, გამწვავებამ, სისხლიან ქარიშხლებში გადაზრდამ დიდ სახელმწიფოთა თუ “მსოფლიო კულისებსმიღმა ძალების” ინტერესების შესაბამისად? სახეზე გვაქვს დანგრეული და გადამწვარ-გაძარცვული ეკლესიები, დარბეული ქალაქები და სოფლები, დახოცილი და დასახიჩრებული ადამიანები, გაუპატიურებული ქალები და ბავშვები, ამოთხრილი და შებილწული საფლავები, დევნილთა კოლონები, რომლებსაც დუხჭირი ცხოვრების გადატანა უხდებათ ახალ ადგილებში. ეს ყოველივე ჩვენც ვიწვნიეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ყოველივე ამის განვრცობას მთელი საქართველოსა და ამიერკავკასიის მასშტაბით ჭკუათმყოფელი ადამიანი არ უნდა ნატრობდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უნდა ატლანტიკურ დასავლეთს.

დღეს საქართველოში მავანნი ამტკიცებენ, რომ, უწინდელი სახელმწიფოებრივი ერთობის მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს ისეთი სულიერი და მსოფლმხედველობრივი სიახლოვე, რომელიც ამ ორი ერის ერთობის საწინდარი შეიძლება გამხდარიყო, და რომ ასეთი სიახლოვე უფრო მეტად ერთნაირი ისტორიული ბედის მქონე მართლმადიდებელი სარწმუნოების მატარებელ მცირე ერებს – ბერძნებს, სერბებს, ბულგარელებს, რუმინელებს, მაკედონელებსა და ქართველებს შორის იკვეთება. ერთი შეხედვით, ამ ერებს მართლლაც უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე თითოეულ მათგანს დიდმპყრობელურ რუსეთთან, მაგრამ არსებული განსხვავება, ჩვენი აზრით, არ უნდა უშლიდეს ხელს ჩვენს პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ და სხვა სახის კავშირებს სწორედ ჩვენს უშუალო მეზობელ რუსულ სახელმწიფოსთან (თავის დროზე ბელგიელები, ჰოლანდიელები, დანიელები და ნორვეგიელები ასევე დიდ ზეწოლას განიცდიდნენ გერმანელების, ფრანგების, ანგლოსაქსებისა და ესპანელებისგან, მაგრამ დღესდღეობით ისინი ნატო-ს ბლოკში არიან გაერთიანებულნი).

რაც შეეხება რუსეთსა და რუსებს, დღეისთვის ეს ქვეყანა და ეს ერი არიან მართლმადიდებლური სამყაროს რეალურად მატერიალიზებული, ანუ განივთებული, ყველაზე უფრო დიდი და შთამბეჭდავი ძალა, რომელიც მოწოდებულია, რომ თავისი სულიერი და მატერიალური შესაძლებლობებით იცავდეს მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესს, ფასეულობებს, ქვეყნებს, ერებსა და ხალხებს, მიუხდავად თავისი სისუსტეების, შეცდომების და, ზოგჯერ კი, შეგნებული დანაშაულებისაც. პირადად ჩვენ არ გახლავართ პროამერიკელი, მაგრამ არც პრორუსულობაზე ვდებთ თავს, რადგანაც კარგად ვიცით, რომ ჩვენ, ქართველებს, ჩვენი ისტორიული ანგარიშები გვაქვს რუსულ დიდმპყრობელობასთან; რუსეთის მიმართ ჩვენი უნდობლობისა და მტრობის ისტორიული საფუძველი ხშირად სამართლიანია, მაგრამ განა გამოგვიცდია ანგლოსაქსონური ან გერმანული დიდმპყროველობა? განა პოლონელებს კი ნაკლები ჩაგვრა და ტანჯვა განუცდიათ ტევტონებისგან? ან ჩეხებს, სლოვაკებს, უნგრელებს, სერბებსა და მაკედონელებს ნაკლები უწვნევიათ გერმანიის, ავსტრიის, უნგრეთის ან ოსმალეთის დიდმპყრობელობისგან? ან იქნებ ამერიკის კონტინენტის, ცენტრალური თუ აღმოსავლეთ აზიის, აფრიკის ხალხები კი ნაკლებ ჩაგვრას განიცდიდნენ ანგლოსაქსების, ესპანელების, ფრანგებისა იაპონელებისგან? 

ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის, დასალეთ ევროპისა და შეერთებული შტატების სპეციალისტის, რუსეთის სახელწიფო სათათბიროს დეპუტატის (ფრაქცია “როდინა”) ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილებში მეტად საინტერესო მოსაზრებებია გამოთქმული რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობათა შესახებ. მათ შეგვიძლა გავეცნოთ “ინტერნეტში” ამ ქალბატონის ვებ-გვერდზე. რუსი მეცნიერი და პოლიტიკოსი თავის ნაშრომებში აღნიშნავს, რომ ერთიანი დედა-ეკლესისგან “კათოლიკური” ანუ “მსოფლიო”, “საყოველთაო” ეკლესიის სახელწოდებით რომის ლათინური ეკლესის ჩამოშორების შემდეგ, ახალი მიმდინარეობის სულიერი და ფიზიკური აგრესიის მახვილი თითქმის თანაბრად იყო მიმართული როგორც წმინდა მიწაზე, მაცხოვრის საფლავზე, მოკალათებული მუსლიმანების, ისე მართლმადიდებელი ქრისტიანების წინააღმდეგაც. 1054 წელს ჯვაროსნებმა აიღეს და დაარბიეს კონსტანტინოპოლი – მართლმადიდებლური ქრისტიანობის ცენტრი, დაარბიეს ათონის წმინდა მთაზე აგებული მონასტრები, მათ შორის ივერიელთა მონასტერიც, ტანჯვა-წამების გზით აიძულებდნენ ბერ-მონაზვნებს, რომ კათოლიკურ აღმსარებლობაზე გადასულიყვნენ, იტაცებდნენ სიწმინდეებს და თავიანთ ქვეყნებში მიჰქონდათ.

ვატიკანის მესვეურნი და ჯვაროსანთა მეთაურები პრეტენზიას აცხადებდნენ წინა აზიაში თურქ-ოსმალების გაბატონების შემდეგ პოსტბიზანტიურ სივცესა და ბიზანტიის მემკვიდრეობაზე. ცდილობდნენ იარაღის ძალით დაემორჩილებინათ მონღოლებისგან დარბეული და შევიწროვებული რუსები. ამის შედეგად გაკათოლიკდნენ ჩეხები, უნგრელები, სლოვაკები და პოლონელები. ბალტიის ზღვის სანაპიროზე არსდება ლივონიის ორდენი, ხოლო ტევტონთა ორდენი კი რომის პაპმა გადმოიყვანა აქეთ პალესტინიდან. გერმანელთა მიერ გაკათოლიკებულმა უნგრელებმა XIV საუკუნეში დაიპყრეს სერბეთი და ძალით გაავრცელეს იქ კათოლიკური სარწმუნოება, მწვალებლობა. ამის შედგად წარმოიშვნენ ხორვატები, და ახალ პატრონთა მეცადინეობით მათსა და სერბებს შორის ისეთი მტრობა და სიძულვილი ჩაითესა და განვითარდა, რომ ამ ერთმანეთის უახლოესად მონათესავე ხალხებს ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლოდ აღუმართავთ ერთიმეორეზე ხელი. განა თურქების მიერ გამაჰმადიანებულ ქართველებსა და ქრისტიან ქართველებს შორის კი იყო ისტორილად ისეთი მტრობა, როგორიც “ცივილიზებულმა” ევროპელებმა დათესეს ხორვატებსა და სერბებს შორის?

რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ ხელთ გვაქვს 2003 წელს მ. სანაძის, თ. ბერაძისა და ქ. თოფურიას ავტორობით გამოქვენებული “საქართველოს ისტორიული ატლასი”, რომლის ერთერთი რეცენზენტიც გახლავთ პროფესორი გიული ალასანია, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, მ. სააკაშვილის დედა. მასში შეტანილია აგრეთვე ევრაზიის კონტინენტის დასავლეთ და ცენტრალური ნაწლის რუკებიც XIII, XIV, XV და XVII ასწლეულების მდგომარეობით. მათი მიხედვით, XIII საუკუნის დასაწყისში, მონღოლების შემოსევამდე, რუსეთის სახელმწიფოს დასავლეთ საზღვარი გადიოდა დაახლოებით იქ, სადაც დღესღეობით გადის ბელორუსიისა და უკრაინის დასავლეთ საზღვრები. ...მონღოლთა დაპყრობებს გადარჩენილი ნოვგოროდის სამთავროს წინააღმდეგ კი წამოვიდა კათოლიკური დასავლეთი. ნოვგოროდის მთავარმა ალექსანდრემ ჯერ 1240 წელს შვედები დაამარცხა მდინარე ნევას ნაპირებზე, რის გამოც იგი ნეველად იწოდა, ხოლო შემდეგ კი, 1242 წლის ზამთარში, გერმანელი რაინდების შემოტევა უკუაგდო და სასტიკად დაამარცხა ისინი გაყინულ ჩუდის ტბაზე. მაგრამ რუსი მთავრების ერთი ნაწილი, მონღოლთა უღლისგან განთავისუფლების მიზნით, თავიანთი მამულებით შევიდა ლიტვის დიდი მთავრების დაქვემდებარებაში, რის შედეგადაც, სახელდობრ კიევი, მინსკი და სმოლენსკი ჩამოსცილდნენ რუსეთის სახელმწიფოს, ხოლო დანარჩენი რუსული სამთავროების გაერთიანება კი თანდათანობით ხდებოდა მოსკოვის დიდი სამთავროს გარშემო. ამასობაში წარმართულ ლიტვაზე კათოლიკური პოლონეთი გაბატონდა, რასაც შედეგად მოჰყვა მართლმადიდებელი რუსების დევნა პოლონელთა მიერ. XVII საუკუნის პირველ ნახევარშიც კი ზემოაღნიშნული სამი რუსული ქალაქი პოლონეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო საზღვარი მასა და მოსკოვის დიდ სამთავროს შორის სმოლენსკსა და მოსკოვს შორის დაახლოებით შუაში გადიოდა, სადღაც ბოროდინოს ველის მახლობლად. ნატალია ნაროჩნიცკაია დასკვნის სახით განმარტავს: “რასაც არ უნდა წერდნენ რუსული იმპერიალიზმის შესახებ, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის უკანასკნელი ათი ასწლეულის საერთო შედეგად რჩება უდაო ფაქტი, რომ X საუკუნიდან XX საუკუნის შუახანებამდე სწორედ დასავლეთი, აღმოსავლეთევროპელი კათოლიკების წინამბრძოლობით, მუდმივად მოიწევდა აღმოსავლეთისკენ, ხოლო რუსული სახელმწიფოებრიობის დასავლეთ საზღვრებს კი ძლივსღა ვინარჩუნებდით გარდამავალი წარმატებით. მხოლოდ იალტამ და პოტსდამმა შეცვალეს მდგომარეობა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის მთელი ტერიტორია 50 წლით სსრკ-ის გავლენის სფეროდ იქნა გადაქცეული. ბრიტანული ისტორიული აზრის პატრიარქი აროლდ ტოინბი აღნიშნავდა: “დასავლეთმა ათასი წლის მანძილზე პირველად იგრძნო საკუთარ თავზე რუსეთის ზეწოლა, რომელსაც ეს უკანასკნელი დასავლეთის მხრიდან განიცდიდა ყველა დროში”.

ქართველ ხალხს საკუთარი დამოკიდებულება აქვს რუსულ იმპერიალიზმთან დაკავშირებით, და ბევრი რამ, რასაც რუსი ნაციონალისტები დასავლეთს სავედურობენ, ქათველებსაც შეგვიძლია სწორედ რუსეთს ვუსაყვედუროთ ჩვენი ისტორული გამოცდილებიდან გამომდინარე. თუმცა კი დასავლეთში საჩივლელად გაქცევამდე ხომ უნდა დავფიქრდეთ, ვისთან მვდივართ, ვის უნდა გადავუშალოთ გული და ვისგან ველოდებით შველას? იქნებ დასავლეთმა დაიწყო ამჯერად ჩვენი ეროვნული, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემების გამოყენება თავისი არანაკლებ დიდმპყრობელური მიზნებისთვის რუსეთისა და სხვა “არასასურველ” სახელმწიფოთა წინააღმდეგ? იქნებ მცირე სახელმწიფოდან “პატარა ჯაშუშად” და “პროვოკატორად” გადავიქეცით დიდმპყრობელური დასავლეთის ხელში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თავად მკითხველისთვის მიგვინდია.

მოგვიანებით, 1917 წელს, რუსეთმა უკვე თავად განიცადა ის უზნეობა და ვერაგობა, რასად იგი მანამდე საქართველოსა და ქართველების მიმართ ახორციელებდა. სამაგიეროდ XX საუკუნეში თავად დაკარგა სამეფოცა და დამოუკიდებლობაც, და თავად აღმოჩნდა მსოფლიო რევოლუციური ცენტრის მიერ მართული კოსმოპოლიტური მთავრობის ხელში, რომლის შემადგენლობაშიც, სხვათა შორის, თავად ველიკოსროსები ძალზედ ცოტანი იყვნენ. რამდენადაც ვიცით, ტროცკი, სვერდლოვი, ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი ეროვნებით ებრაელები იყვნენ, ლენინი – დედით ებრაელი და მამით ყალმუხი, სტალინი და ორჯონკიძე – ქართველები, ძერჟინსკი და მენჟინსკი – პოლონელები. არც ის არის საიდუმლო, რომ პირველ ხანებში ამ ბანდის დასაყრდენ ძირითად სამხედრო ძალას წარმოადგენდა ლატვიელ მსროლელთა დივიზია, რომელიც გასნაკუთრებული აქტიურობითა და სისასტიკით გამოირჩეოდა.

ნატალია ნაროჩნიცკაია აღნიშნავს, რომ დიდი სამამულო ომის დაწყებამდე საბჭოთა ხელისუფლება (სტალინი) თავის პოლიტიკაში უპირატესობას ისევ მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის მზადებას ანიჭებდა, ხოლო სსრკ-ს კი განიხილავდა ბაზისად რევოლუციის შემდგომი განვრცობისთვის. მაგრამ 1945 წლის მაისის შემდეგ საბჭოთა კავშირმა სულ უფრო მეტად დაიწყო ისტორიული რუსული სახელმწიფოს სახის მიღება ტრადიციული გეოპოლიტიკისთვის დამახასიათებელი ნიშნების შეძენით. დღესდღეობით რუსული საზოგადოების მართლმადიდებლურ-პატრიოტულ ნაწილს კარგად აქვს შეგნებული საშიშროება, რომელიც მას მოელის ევროატლანტიკური დასავლეთისგან. დასავლეთი კი ამას გააკეთებს პირველი და მეორე მსოფლიო ომების წლებში მეომარი ევროპული სახელმწიფოების ხარჯზე გაძლიერებული აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენებით. რუსული საზოგადოების ეს ნაწილი და აგრეთვე ტრადიციულ რუსულ კულტურაზე აღზრდილი უდიდესი ნაწილი მოსახლეობისა აპირებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გამართვას დასავლელ მოძალადესთან, თუკი ამის აუცილებლობა დადგება. ატლანტიკური დასავლეთიდან მობერილ სისხლიან ქარიშხლებში გახვევის ნაცვლად, იქნებ სჯობდეს, რომ საერთო ენის გამონახვა ვცადოთ მართლმადიდებლურ რუსეთთან, რომელმაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მართლაც ბევრი რამ დააშავა ისტორიულად საქართველოს წინაშე. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით შეთანხმებულ მეტ-ნაკლებად ურთიერთხელსაყრელ მეგობრობასა და თანამშრომლობას (სტრატეგიულ პარტნიორობას) მან ჩვენი ქვეყნის სრული ოკუპაცია და ანექსია ამჯობინა, თუმცა მას შემდეგ მან თავადაც ბლომად იწვნია განსაცდელები და სისხლის ნთხევა, სირცხვილი და დამცირება. დღეს კი მორიგი განსაცდელის წინაშე მდგარი რუსი ხალხი უფრო თვითკრიტიკული, სხვათა აზრისა და ინტერესების მიმართ უფრო შემწყნარებლური უნდა იყოს. რუსული საზოგადოების მართლმადიდებლურ-პატრიოტულ ნაწილთან საერთო ენის გამონახვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ორივე ხალხისთვის სასარგებლო ტენდენციების განვითარება. აშშ-სა და დასავლეთთან ფულად სარგებელზე დამყარებული ურთიერთობა, ვფიქრობთ, მეტად დამამცირებელი და უზნეოა. ჯერ ერთი, ფულის ყადრი მათაც კარგად იციან და, როგორც ნათლად ჩანს, ამ ფულს ისინი ცალკეული მოხელეების, ორგანიზაციების თუ მათთვის სასურველი სტრუქტურების მოსყიდვაზე ხარჯავენ; მეორე – გაღებული ფულის საზღაურად ისინი ამ ადამიანთა მეშვეობით მთელი ქვეყნისგან თავიანთთვის სასურველი სამსახურის გაწევას მოითხოვენ. ასეთი სამსახურის შედეგად კი თუ როგორი უზნეობის, უპასუხისმგებლობის, თავაშვებულობის, გახრწნილობისა და ქვეყნისადმი გულგრილობის ტენდენციები ვითარდება ჩვენს საზოგადოებაში, ამის თვითმხილველები თავად ვართ.

რაც შეეხება ბალკანეთის მართლმადიდებელი მცირე ერების – ბერძნების, სერბების, ბულგარელებისა და მაკედონელების, ასევე რუმინელების ქართველებთან მსგავსებას: ერთის მხრივ ანალოგიები უდავოა, მაგრამ ამის გამო საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანებისკენ მოწოდება მხოლოდ ზედაპირული, საკითხის ზერელე დანახვისა და პირადი ანგარებიანი დამოკიდებულების შედეგი უნდა იყოს. არადა რამდენადმე დაკვირვებული მიდგომის შემთხვევაში ნათელი გახდებოდა, რომ ბალკანეთისა და, საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებელ ხალხებს რეგიონის ბუნებრივად, თავისთავად განვითარების პირობებში, უფრო მეტი საერთო, მეტი კავშირი ექნებოდათ ერთმანეთთანაც და ერთმორწმუნე რუსეთთანაც, ვიდრე რომანულ-გერმანულ დასავლეთთან /ჰაბსბურგების იმპერია/, მუსლიმანურ ოსმალეთთან ან კალვინისტურ-პურიტანულ ბრიტანეთსა და აშშ-თან.

XIX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც რუსეთის იმპერიამ ოსმალეთთან დადო ხელშეკრულება ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში რუსული სამხედრო ხომალდების თავისუფლად გატარების შესახებ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მკაცრი პროტესტი გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ არ ცნობენ ამ ხელშეკრულებას, ნიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვა მათ ტერიტორიბთან რაიმე შეხებაში არ ყოფილა. მათ დაიწყეს მიზანმიმართული დიპლომატიური და სხვა სახის საქმიანობა, რუსეთის წინააღმდეგ, ქრისტიანობის გამოისობით მათთან მსოფლმხედველობრივად უფრო ახლოს მდგომი ქვეყნისა, და ამისთვის არც მუსლიმანურ ოსმალეთთან კავშირის შეკვრაზე თქვეს უარი; თურქეთს “ცივილიზებულის” წოდება არგუნეს, რუსეთს კი – “ბარბაროსულისა”. ამას 1850-იან წლებში შედეგად მოჰყვა ცნობილი ყირიმის ომი, რომელშიც რუსეთის იმპერია დამარცხდა ბრიტანულ-ფრანგულ-თურქულ კოალიციასთან და იძულებული შეიქნა თავისთვის მძიმე საზავო პირობებს დათანხმებოდა. თუმცა კი შემდგომი 12-15 წლის განმავლობაში კვლავ აღიდგინა უფლება შავ ზღვაზე, რომელიც მას ამ ზავის მიხედვით ჰქონდა ჩამორთმეული.

გვინდა მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ კიდევ ერთ მეტად საყურადღებო ფაქტზეც: ნატალა ნაროჩნიაცკაიას ერთერთ წერილში მოყვანილი ცნობის მიხედვით, რუსი მეზღვაურები ქრისტიანული სამყაროდან პირველები გამოჩნდნენ იაპონიის ნაპირებთან, მაგრამ ამ სახელმწიფოსთან სერიოზული სავაჭრო ურთიერთობების დამყარება კი ვერ შეძლეს, რადგანაც იაპონელებმა მათ ამის სანაცვლოდ ქრისტიანობის დაგმობა მოთხოვეს, მართლმადიდებელ რუსებს, ცხადია, ამაზე წასვლა არ შეეძლოთ. სამაგიეროდ მათ შემდეგ მოსულ ჰოლანდიელებს არ უთქვამთ უარი ქტისტეს უარყოფაზე და, სანაცვლოდ, 150 წლის მანძილზე მონოპოლიზებული ჰქონდათ სავაჭრო ურთიერთობები იაპონიასთან.

ან მეორე მაგალითიც: შეგახსენებთ პერიოდს, როდესაც ბულგარეთს, სერბეთსა და საბერძნეთს შორის სამ ნაწილად გაყოფილი მაკედონელები გაერთიანებისკენ თავიანთი ეროვნული მისწრაფების მიღწვას იმედოვნებდნენ. მათ ბევრჯერ ჰქონიათ დასავლეთის იმედი, მაგრამ ყოველთვის გაცრუებიათ იგი. ისინი ისტორულად ყოველთვის მხოლოდ გასაცვლელ ხურდა ფულს წარმოადგენდნენ “დიდი ძიების” ხელში, თანაც დასავლეთი ადვილად ახერხებდა მათ გამოყენებას თანამოძმე სერბების, ბულგარელებისა და ბერძნების წინააღმდეგ, როცა ამის საჭიროება დაუდგებოდა.

დღეს ყველამ ვიცით, თუ როგორი მძიმე მდგომარეობა შეიქმნა სერბეთის პროვინცია კოსოვო-მეტოხიაში. აქ ალბანელთა მოზიდვის მიზნით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იოსებ ბროს ტიტომ ჰიტლერული ჯარებისა და მათი მოკავშირე ალბანელების სადამსჯელო მოქმედებების შედეგად გერმანიაში გაყვანილ სერბებს უკან, მშობლიურ ადგილებში დაბრუნება და დასახლება აუკრძალა და ისინი იუგოსლავიის სხვა ადგილებში გაანაწილა. მათ ნაცვლად, ყველანაირად ახალისებდა კოსოვოში ალბანელთა გადმოსახლებას, რათა ამის სანაცვლოდ ეს ქვეყანა და ბალკანეთის სხვა სახელმწიფოები მის მიერ ევროპაში ძალთა მესამე ცენტრად ჩაფიქრებულ სოციალისტურ ბალკანურ ფედერაციაში მიეზიდა. ამის შედეგად, თუკი მსოფლიო ომის დასასრულს კოსოვოში ალბანელები მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს შეადგენდნენ, ომისშემდგომ წლებში მკვეთრად შეიცვალა აქ დემოგრაფიული სურათი მაჰმადიან ალბანელთა სასარგებლოდ. 

ეს მოვლენები ბუნებრივად გვაგონებს ყოფილი სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში და, განსაკუთრებით, ცხინვალში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ განვითარებულ პროცესებს, სადაც 1921 წელს ავტონომიური ოლქის შექმნამდე ოსები მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენდნენ, შემდგომ ათწლეულებში კი უმცირესობაში ქართველები აღმოჩნდნენ.

კოსოვოს პროვინციაში, ანუ ვარდარო-მორავას დაბლობზე საუკუნეებისა და, განსაკუთრებით, უკანასკნელი 5-6 ათწლეულის განმავლობაში ხელოვნურად შექმნილ მახინჯ დემოგრაფიულ სურათსა და ეროვნებათა შორის დაძაბულობას ანგლოსაქსები და ატლანტიკური დასავლეთი საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებდნენ. საქმე ის არის, რომ ეს დაბლობი ბალკანეთის მთიან რეგიონში წარმოადგენს ერთადერთ დაბლობ და ტანკმისადგომ (танкодоступный) ადგილს, რომელიც დასავლეთ ევროპიდან მოდის საბერძნეთის ქალაქ სალონიკამდე და ეგეოსის ზღვის სანაპირომდე. სწორედ ეს გახლავთ რეალური საფუძველი იმისა, რომ რომანულ-გერმანული ევროპა და ამჟამად უკვე ატლანტიკური დასავლეთიც ასეთი გამეტებით, დაუნდობლობით, მზაკვრობითა და ვერაგობით, საერთაშორისო სამართლს ნორმების უხეში დარღვევით ებრძვის ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებელი ერების ბუნებრივ, თავისთავად განვითარებას, აქუცმაცებს და ასუსტებს მათ ეროვნულ პოტენციალს და ამისთვის არც თურქეთის მოკავშირეობას თაკილობს, წინასწარ აკრავს რა მას “ცივილიზებულობის” იარლიყს. ჩვენ კი, ქართველებს, გვიჩნდება ასოციაცია ძველ იეზუიტურ დევიზთან – “მიზანი ამართლეს საშუალებას”. და თუკი იეზუიტების კათოლიკური ორდენისთვის ამ დევიზს შესაძლოა ჰქონოდა სულიერი (რელიგიური) მოვაწეობის ხიბლი, თუმცა კი არასწორი და დანაშაულებრივი, დღევანდელი ატლანტიკური დასავლეთის შემყურე ქართველი მოხელეების, არასამთავრობოების, პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაციებისა და მასმედიის ერთ ნაწილისთვის, ფულისა და პირადი კეთილდღეობის მოხვეჭის მიზნით, ყოვლად უზნეო საშუალებების გამართლება, სიცრუესა და ძალადობაზე დათანხმება დაუშვებელი და პერსპექტივაში ქვეყნისთვის დამღუპველია.

ირაკლი ხართიშვილი 

(როგორც წინა მასალებში უკვე აღვნიშნე, უწინდელი სამხედრო შინაარსის წერილების გარდა, ამ დროისთვის უკვე მინდოდა მეწერა იმის შესახებაც, თუ როგორ განიხილავებ და აფასებენ მიმდინარე პოლიტკურ პროცესებს რუსი მართლმადიდებელი ავტორები. და ვინაიდან გაზეთ “საქართველოში” ასეთი ხასიათის წერილების გამოქვეყნება არ უმდოდათ, ამიტომ შეწყდა ჩემი თანამშრომლობაც აღნიშნულ გაზეთთან. გაზეთ “ახალ 7 დღესთან” ჩემი დაკავშირება მოხდა ისევ ბ-ნ ნოდარ ნათაძის ინიციატივით, ვინაიდან მან ამ გაზეთისთვის ერთერთი ინტერვიუს მიცემისას ჟურნალისტს ურჩია, რომ ჩემთვოსაც ეკითხათ აღნიშნულ საკითხებზე აზრი. და ასეც მოხდა, რისთვისაც ბ-ნ ნოდარს მინდა ისევ მადლობა გადავუხადო. ეს გახლდათ ვრცელი ინტერვიუ, სადაც გაზეთის შეკითხვებზე პასუხობდა ოთხი რესპონდენტი. მინდოდა “ახალ 7 დღეში” 2005-2006 წლებში გამოქვეყნებული ჩემი წერილების ამ ბლოგზეც ხელმეორედ გამქვეყნება სწორედ იმ ინტერვიუთი დამეწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ჩემს ქაღალდებში მისი მოძებნა ვერ შევძელი; თუმცა კი მომავალში, იმედია, ესეც მოხერხდება. მინდა ასევე აღვნიშნო ერთი მნიშვნელვანი გარემოებაც: აქ გამოქვეყნებულ წერილში მე რამდენჯერმე ვთქვი ისტორიულ წარსულში რუსეთის მიერ საქართველოს მეფე-მთავართა მოტუებისა და დაღალატების შესახებ. მაშინ მე ასეც ვფიქრობდი. მაგრამ შემდგომ წლებში გეორგიევსკის ტრაქტატის ტექსტის, აგრეთვე პროფესორების: იასე ცინცაძის, ვალერიან მაჭარაძისა და გიორგი პაიჭაძის მონოგრაფიების, კაპიტან დე გრაი დე ფუას მოხსენების /რელაციის/, ფრანგი კომერსანტისა და დიპლომატის ჟაკ ფრანსუა გამბას “საქართველოში მოგზაურობის”, საქართველოს შესახებ კარლ კოხისა და ედმონ სპენსერის ცნობების, ასევე ქართველ ავტორთა /ბაგრატ ბატონიშვილი – გიორგი XII-ის ძე, პლატონ იოსელიანი, ილია ჭავჭავაძე – სახელდობრ მისი წერილები “ქვათა ღაღადი” და “ასის წლის წინათ”/ ნაშრომების წაკითხვის შემდეგ თვალნათლივ დავრწმუნდი, რომ ქართული საზოგადოების ფართო ფენებში გავრცელებული ცოდნა რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობათა შესახებ სინამდვილეს არ შეესებამება და ძლიერად არის სპეციალურად დამახინჯებული მავანთა და მავანთა მიერ ქართულ საზოგადოებაში ანტირუსეთული და ანტირუსული განწყობების სპეციალურად დანერგვის მიზნით, რაზედაც აღიზარდა ჩემი, და არა მხოლოდ ჩემი თაობა, და რისი შედეგებიც უკანასკნელ ათწლეულებში უხვად და მწარედ ვიწვნიეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ გაზეთის რედაქციაც ახდენდა ხელნაწერი ტექსტის გარკვეულად გადაკეთება-შერბილებას, რასაც დაკვირვებული მკითხველი ალბათ შეამჩნევდა. ამიტომ მეც ამჯერად მიხდება წერილის გარკვეულ ადგილებში მცირედ რედაქტირება, რათა ტექსტი უფრო ნათელი და გასაგები იყოს.)

Tuesday, May 14, 2013

ნიკოლოზ დუბროვინი 1786-87 წლებში რუსეთ-ირანის ურთიერთობათა შესახებ


(მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ II. С-Петербургъ, 1886/ X თავის თარგმანს)

თავი X 

საქმეთა მდგომარეობა სპარსეთში. – გედაეთ-ხანის რეშთიდან განდევნა. – ჩვენი საკონსულოს საქმიანობა. – ტუმანოვსკის ენზელიში მოსვლა. – მისი მოლაპარაკებები გედაეთ-ხანთან. – გილანის ხანის ბრძოლა აღა-მაჰმად-ხანთან. – რეშთის იერიში. – გედაეთის მოღალატური მკვლელობა. – ჩვენი ვაჭრობისა და რუს ვაჭართა შევიწროვება. – აღა-მაჰმად-ხანის დესპანის რუსეთში მოსვლა და მისი გაძევება უღირსი ქცევისა და საქციელების გამო. 

შეურიგებელი მტრობა, რომელიც წარმოიშვა გედაეთ-ხანსა და ჩვენს კონსულ სკილიჩის შორის, იქამდე მივიდა, რომ უკანასკნელმა, არ ჰქონდა რა არანაირი უფლებამოსილებანი ჩვენი მთავრობის მხრიდან, გადაწყვიტა მიეღო ზომები გილანის პროვინციიდან ხანის განსადევნად. 1786 წლის იანვარში სკილიჩიმ გაუგზავნა აღა-მაჰმად-ხანს წერილი, რომელშიც მას გილანში მოუწოდებდა. – “რაც შეეხება პროვინციის უფროსს, წერდა ჩვენი კონსული (Письмо Скиличiя Аге-Магометъ-хану отъ 24-го января 1786 года. Арх. Кабинета, связка 380, ч. II), მთელ ხალხს სურს მისი დამხობა, ხოლო თქვენი სახელი კი უყვართ და პატივს ცემენ დიდნი და მცირენი. ხალხი მხოლოდ თქვენი დახმარების მეშვეობით იმედოვნებს მის მიერ დამყარებულ არაადამიანურ ტანჯვა-წვალებათაგან თავის დახსნას. მე ბევრი მიზეზი მაქვს რათა უკმაყოფილო ვიყო მისი უხეშობითა და მზაკვრობით, და წარუმატებლობის შემთხვევაში მას არაფერში არ დავეხმარები, რათა შეინარჩუნოს თავისი მმართველობა პროვინციაში, არც იმაში, რომ ზღვით გაიქცეს. ერთი სიტყვით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მე არაფერი იმდენად არ მსურს, როგორც თქვენი ძალმოსილებისა და დიდების გაზრდა, და ყოველთვის მზადა ვარ თქვენდამი სამსახურის გასაწევად”.

აღა-მაჰმად-ხანმა ისარგებლა ასეთი წინადადებით, დაეუფლა რეშთს და განდევნა იქიდან გედაეთ-ხანი, რომელიც ენზელიში გაიქცა. გამარჯვებულმა მაშინვე გამოგზავნა თავისი დესპანი გენერალ პოტიომკინთან წერილით, რომელშიც გამოთქვამდა რუსეთთან დაახლოებისა და ყველაფერში ტრაქტატების მკაცრად დაცვით მოქცევის სურვილს. აღა-მაჰმად-ხანმა რუს ვაჭრებს მისცა ვაჭრობის სრული თავისუფლება, მათ სარგებლობაში დატოვა ის ადგილები, რომლებსაც ისინი ფლობდნენ და აკრძალა აბრეშუმზე საბაჟო გადასახდის აღება.

მეორეს მხრივ, გედაეთ-ხანიც ასევე ითხოვდა ჩვენს დახმარებას და წერდა, რომ “უკვე განვაწყვე საკუთარი თავი, რათა ვიყო ჩემი პროვინციებით სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტზე დამოკიდებული”.

მიიღო რა შეტყობინება გედაეთ-ხანის რეშტიდან განდევნის შესახებ, გენერალმა პოტიომკინმა გასცა განკარგულება ენზელის ნაპირებთან ერთი ფრეგატის დაუყოვნებლივ გაგზავნის შესახებ ფრეგატ “ასტრახანის” დასახმარებლად, რომელიც იქ ჩვენი ვაჭრობის მფარველობისთვის იმყოფებოდა. ფრეგატის მეთაურს ებრძანა არ ჩარეულიყო კონსულის საქმეებში, მაგრამ მისი მოთხოვნის მიხედვით აღმოეჩინა შესაძლო დახმარება, “რუსეთის ვაჭართა წოდების გადასარჩენად თავხედობათაგან, რომლებიც ჩვეულებრივ შესაძლოა იყოს ქალაქ ენზელის ალყის დროს ან მისი დაუფლებისას” (Ордера капитану 1-го ранга Шишкину 25-го марта 1786 года, №№ 96 и 99. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, папка 51).

ამ ფრეგატით გაგზავნილ იქნა ყოფილი კონსული ტუმანოვსკიც, რომელსაც ებრძანა აეხსნა გედაეთ-ხანისთვის და ესაუბრა მასთან და, “მისცემდა რა ჩემს წერილს, წერდა პოტიომკინი, ეჩვენებინა მის მდგომარეობაში ჩემს მიერ მიღებული მონაწილეობის გულწრფელობა” (Предписанiе Тумановскому 25-го марта, № 100. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, папка 51). ტუმანოვსკის არჩევა და გაგზავნა უკიდურესად უიღბლო გამოდგა. ისიც ასევე გედაეთ-ხანის პირადი მტერი გახლდათ, და აქედან ამომდინარე, ასეთი ადამიანის გაგზავნა მაშინ, როდესაც სურდათ ხანისთვის კეთილგანწყობის გამოხატვა და დახმარების აღმოჩენა, სრულებით უადგილო იყო.

ტუმანოვსკის დავალებული ჰქონდა, გაეცნობოდა რა საქმეთა ნამდვილ ვითარებას, და როგორც აღა-მაჰმად-ხანის, ისე გედაეთ-ხანის განზრახვებსაც, დაპირებოდა თანადგომას იმას, რომელიც დაიწყებდა რუსეთის მფარველობის ძიებას. ასეთ პირთან უნდა ეცადა წერილობითი პირობის დადება ვაჭრობის თავისუფლების შესახებ, საბაჟო გადასახადების გაუქმებისა და ენზელიში მიწის ნაწილის დათმობის შესახებ იქ ჩვენთვის აუცილებელი შენობების ასაშენებლად. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს კონსულს დაევალა მფარველობა გაეწია გედაეთ-ხანისთვის. იმ შემთხვევაში კი, თუ მას არ აღმოაჩნდებოდა არანაირი საშუალებანი დასაცავად, ყოველმხრივ ეცადათ, წერდა პოტიომკინი ტუმანოვსკის, “რათა იგი არ გაეშვათ ხელიდან და დაეყოლიებინათ გამომგზავრებულიყო ასტრახანში, რუსეთის დაცვის ქვეშ”.

 ტუმანოვსკის გადაეცა სამი წერილი: მურთაზა-ყული-ხანის, გედაეთ-ხანისა და აღა-მაჰმად-ხანისადმი. გენერალი პოტიომკინი აიმედებდა პირველ ორს მათდამი ტავრიდელი თავადის კეთილი განწყობით, ჰპირდებოდა მფარველობას და სთავაზობდა ტუმანოვსკისთან თავიანთ საჭიროებებზე მოლაპარაკებას (Письма П. С. Потёмкина къ ханамъ отъ 30-го марта 1786 г.); აღა-მაჰმად-ხანს კი სთავაზობდა მეგობრობასა და რუსეთთან კავშირს.

“თქვენთა საქმეთა დიდება, წერდა მას პავლე სერგის ძე პოტიომკინი (Ага-Магометъ-хану въ письме отъ 29-го марта, № 116), რომელიც აღწევს ჩემი მმართველობისადმი რწმუნებულ ფარგლებს, სიამოვნებას მანიჭებს მე და მაძლევს საბაბს რათა მოგილოცოთ თქვენს მიერ მოპოვებული და შეძენილი ყველა გამარჯვება და დაპყრობა.

“სპარსეთი, რომელიც ამ დრომდე იძიძგნება ურთიერთშორის ომებით, ირწყვება თავისი საკუთარი შვილების სისხლით, თქვენი მმართველობის ქვეშ შეიძენს სიმშვიდეს და განიმრთელებს თავის ჭრილობებს კეთილმოწყობით, შეწყვეტს თქვენთა ქვეშევრდომთა მწუხარებას და შეუშრობს მათ ცრემლებს. თქვენი კეთილგონიერი მთავრობა (მმართველობა) მიანიჭებს თქვენს დერჟავას ბრწყინვალებას, როცა ყურადღებას მიაქცევთ თქვენი მიწების შიდა საქმეების განკარგვასაც, და ჩემი უავგუსტესი თვითმპყრობელის იმპერიასთან უწინდელ ურთიერთობათა განახლებასაც. ამის სარგებელი საგრძნობია; მისი დიდებულება და ძალა ცნობილია, დიდი ეკატერინეს სიბრძნე განთქმულია და მისი სიკეთე უსასრულოა. ვინც მიმართავს მის საფარველს-კავშირს, ყოველთვის ჰპოვებს მის სკიპტრას საიმედო სიმაგრედ.

ღმერთმა, რომელიც აარსებს სახელმწიფოებს, შესაძლოა განგამწესოთ თქვენ ისპაჰანის მფლობელად მისი კეთილდღეობის განახლებისთვის... დრო და გარემოებანი წინ გვიშლიან ხელსაყრელ ველს ორივე მოსაზღვრე სახელმწიფოს შორის კავშირის განახლებისთვის. მე მოველი თქვენს წერილებს, რათა გამოგიხატოთ თქვენ ის მეგობრობა, მთელი ის გულმოდგინება, რომელიც თქვენი პიროვნების მიმართ გამაჩნია”. 

არ იცოდა რა, თუ ვის ხელში იმყოფება სპარსეთის ტახტი და ვის ემორჩილება ხალხის უმეტესი ნაწილი, პოტიომკინმა წერილი გაუგზავნა ჯაფარ-ხანსაც, რომელიც, მოღწეული ცნობების მიხედვით, დაეუფლა ისპაჰანს და რომლის წარმოგზავნილიც კავკასიის ხაზზე გამოცხადდა.

“ჩემთან წარმოგზავნილი მაჰმად-ბეი, წერდა პოტიომკინი ჯაფარ-ხანს (Отъ 10-го апреля 1786 года), მიცხადებდა თქვენი სახელის ქებას, ხოლო ეს კი საბაბს მაძლევს მე, რათა მივიღე რა ცნობა თქვენს მიერ შესანიშნავი ქალაქის ისპაჰანის სვეკეთილად დაუფლების შესახებ, მოგილოცოთ. სპარსეთი, რომელიც ამდენი ხანია უკვე იწეწება შინაომებით, დაასრულებს, რა თქმა უნდა, მთელ თავის ტანჯვას თქვენი მმართველობის ქვეშ, შეწყვეტს სისხლის დენას და მტკივნეულ ჭრილობებს განიკურნავს. თქვენი კეთილგონიერება ამ უძველეს დერჟავას მოუტანს სიმშვიდეს და დაუბრუნებს მას უწინდელ დიდებას, როცა თქვენ თქვენს ყურადღებას მიაპყრობთ სპარსეთის საშინაო მოწყობას, და სრულიად რუსეთის იმპერიასთან უწინდელ ურთიერთობათა განახლებას”.

მალევე მიღებულ იქნა ცნობა, რომ ჯაფარი ალი-ხანის მიერ განდევნილია ისპაჰანიდან და მაშინ გენერალმა პოტიომკინმა ზუსტად ასეთივე წერილი გაუგზავნა ალი-ხანსაც. 

ამასობაში გედაეთი, რომელსაც ეშინოდა აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმისა, ამაგრებდა ენზელის, გარეშემოავლებდა მას ქვის კედელს, რომელიც თავის შიგნით აქცევდა იქ არსებულ რუსულ კოლონიას, ეკლესიასა და კონსულის სახლსაც. პოტიომკინი მოითხოვდა, რათა გედაეთს ხელი აეღო თავის განზრახვაზე და არ დაევიწყებინა, რომ ენზელიში მცხოვრები კონსული და სავაჭრო წოდება რუსეთის იმპერატრიცის ქვეშევრდომები არიან და რომ ხანს არა აქვს უფლება რუსეთის ქვეშევრდომთა კედლებს შიგნით მოქცევისა. “და ის ადგილი, უმატებდა პ. ს. პოტიომკინი (Въ письме отъ 18-го апреля 1786 года, Государствен. Архивъ, XXIII, № 13, папка 57), სადაც რუსეთის კონსული და ვაჭრები ცხოვრობენ, არ არის თქვენდამი კუთვნილი და საქმეებშიც არის საკუთრივ თქვენგან წერილი, რომელშიც ჩვენი კონსულის ენზელიში დაბრუნებისას უმტკიცებთ თქვენ ენზელის პორტს რუსეთს. გატყობინებთ რა ამის შესახებ, მოვითხოვ, რათა რუსების საცხოვრებელი დატოვოთ თქვენ ისე, რომ ოდნავადაც კი არ შეეხოთ მას”. 

გედაეთი პასუხობდა, რომ იგი ყოველთვის აღმოუჩენდა მფარველობას რუს ვაჭრებს. და “და ვინ გათავხედდებოდა, კითხულობდა იგი, რომ აქ მყოფი რუსეთის ქვეშევრდომებისთვის რაიმენაირი წყენა ან შევიწროვება მიეყენებინა”?

 ეს სიტყვები არ ემთხვეოდა გილანის ხანის ნამდვილ საქციელს, რომელიც აგრძელებდა სიმაგრის მშენებლობას, რომელიც სამი მხრიდან გარშემორტყმული იყო წლით, ხოლო მეოთხე მხრიდან კი – დაცული გახლდათ დაბურული ტყით, რომლის გამოვლაც მხოლოდ დიდი სიძნელეებით თუ შეიძლებოდა.

 ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა გედაეთ-ხანი, როდესაც 20 მაისს ენზელის პორტს მიადგა ჩვენი ფრეგატი “ასტრახანი”, რომელზედაც მყოფებოდა კარის მრჩეველი ტუმანოვსკი. უკანასკნელი, ატყობინებდა რა თავისი მოსვლის შესახებ კონსულ სკილიჩის, ეკითხებოდა მას: შეუძლია თუ არა ჩამოვიდეს ნაპირზე და ხომ არ არის რაიმე საშიშროება? მიიღო რა დამაკმაყოფილებელი პასუხი, ტუმანოვსკი ჩამოვიდა ფრეგატიდან და ჰქონდა პაემანი კონსულთან. სკილიჩი არწმუნებდა ჩამოსულს გედაეთ-ხანის ჩვენდამი ცუდ განწყობაში და ურჩევდა არ დაყრდნობოდა მის სიტყვებს და მეტად ფრთხილად ყოფილიყო. იცოდა რა ხანის ფიცხი და ამაყი ხასიათი, სკილიჩის მიაჩნდა, რომ შემწყნარებლობით ყველაზე უფრო უკეთ იქნებოდა შესაძლებელი მისი ჩვენს მხარეზე დაყოლიება, მაგრამ ტუმანოვსკი საწინააღმდეგო აზრია გახლდათ.

– მე ვიცი, თუ როგორ უნდა მოვექცეთ მას, შენიშნა მან თავდაჯერებულად; – ეს ჩიტი ჩვენგან ვერ გაფრინდება.

ტუმანოვსკი დაჟნებით მოითხოვდა, რათა მისი მოსვლის შესახებ გედაეთის შეტყობინებამდე, სკილიჩის გაეგზავნა ხანისთვის გენერალ პოტიომკინის უკანასკნელი წერილი ჩვენი კოლონიის სიმაგრეთა ხაზის გარეთ დატოვების შესახებ (Следственное дело. Архивъ Кабинета, св. 380).

– ამ წერილის შინაარსი გესლიანია, შენიშნა სკილიჩიმ, – და არაკეთილგონივრული იქნებოდა, რომ ხანში უნდობლობა აღგვეძრა და მისთვის უკმაყოფილება მიგვეყენებინა ასეთ დროს, როცა მას უფრო უნდა ვამხნევებდეთ და არა ვაღიზიანებდეთ.

– პირიქით, პასუხობდა ტუმანოვსკი, იგი თავიდან უნდა შევაშინოთ ამ წერილით, ხოლო შემდეგ კი შეატყობინოთ ჩემი ჩამოსვლის შესახებ.

ეს მოთხოვნა აღსრულებულ იქნა და გენერალ პოტიომკინის წერილი ხანს გაეგზავნა. მომდევნო დღეს გედაეთმა შეკრიბა თავისთან დაახლოებული პირები და მათ დაავალა წერილის წაკითხვა. გილანში დაირხა ხმა, რომ ტუმანოვსკი გამოგზავნილია იმისთვის, რათა დაეუფლოს ენზელის და ხანის უფროსი ვაჟი კი რუსეთში წაიყვანოს. რამდენიმე დღის შემდეგ ფრეგატ “კავკაზის” მოსვლა აძლიერებდა ეჭვს და არწმუნებდა სპარსელებს გავრცელებული ხმების სამართლიანობაში.

 – თქვენ ხედავთ, უთხრა ხანმა შეკრებილებს, – რომ ჩვენი ეჭვები უსაფუძვლო არ ყოფილა; ჩვენ უნდა ვეცადოთ დავასწროთ ასეთ შემთხვევას. და გედაეთს განზრახული ჰქონდა ტუმანოვსკის საკუთარ ხელში ჩაგდება.

ზოგიერთნი დაახლოებულთაგან ცდილობდნენ ხანის გადარწმუნებას, არწმუნებდნენ რა, რომ ეს ცრუ ხმებია, ცდილობდნენ წარმოედგინათ მსგავსი საქციელით გამოწვეული მთელი საშიშროება, მაგრამ ხანი არ ისმენდა რჩევებს და თავისი ჰქონდა დაჟინებული (Письмо Скиличiя Потёмкину 3-го апреля 1787 г., Арх. Кабинета, св. 380).

– რუსეთს რომ ჩემთვის კეთილი სურდეს, ამბობდა იგი – და ნამდვილად უნდოდეს დახმარების აღმოჩენა – იგი არ გამომიგზავნიდა აქ ორ ფრეგატსა და ტუმანოვსკის, ჩემს შეურიგებელ მტერს.

ატყობინებდა რა გენერალ პოტიომკინის წერილის მიღების შესახებ და ულოცავდა რა ტუმანოვსკის ჩამოსვლას, გედაეთი წერდა, რომ სურს მასთან პირადი პაემანის ქონა. იმ დროს აღა-მაჰმად-ხანმა, რომელსაც ყურადღების გადატანა მოუხდა უფრო ძლიერ მტერზე სპარსეთის შიგნით, რეშთი დატოვა, და გედაეთ-ხანი კვლავ დაემკვიდრა მასში. მას თავისთან ჰყავდა 10.000-მდე ჯარი და, როგორც ქედმაღალი ადამიანი, ფიქრობდა, რომ მომავალში შეუძლია არა მხოლოდ წინ აღუდგეს აღა-მაჰმად-ხანის პრეტენზიებს, არამედ გარკვეული დაპყრობებიც კი განახორციელოს. ერთი წუთის გავლენის ქვეშ მყოფი, იგი არ თვლიდა საჭიროდ ეპირფერა რუსეთის წარმოგზავნილის წინაშე, არამედ განზრახული ჰქონდა ხელში ჩაეგდო იგი და, ეყოლებოდა რა მძევლად, ზოგიერთი სარგებელიც მიეღო აქედან.

მაგრამ, 29 მაისს, ერთმა სპარსელმა გააფრთხილა კონსული, რათა იგი ფრთხილად ყიფილიყო, ვინაიდან ხანს განზრახული აქვს არა მხოლოდ ტუმანოვსკის შეპყრობა, არამედ მისიც, კონსულისაც და ფრეგატების ორივე მეთაურისაც. სპარსელი ირწმუნებოდა, რომ ამ მიზნით ხანმა გამოგზავნა ენზელიში 300 შეიარაღებული ადამიანი, რომლებიც მიმალულები არიან სასახლეში და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდებიან, რათა თავს დაესხან რუსებს, როდესაც ისინი შეიკრიბებიან, და ხელში ჩაიგდონ ისინი მანამდე, სანამ თავის დაცვას შეძლებდნენ. არ გამოხატავდნენ რა გარეგნულად, რომ ხანის განზრახვა იციან, ტუმანოვსკიმ და სკილიჩიმ შეატყობინეს ამის შესახებ ფრეგატების მეთაურებს და მიიღეს ზომები იმისთვის, რათა მოულოდნელი თავდასხმა არ მომხდარიყო მათზე და იმავე დროს ჰქონოდათ რუსული კოლონიის დაცვის შესაძლებლობაც. ამ მიზნით დაყენებულ იქნა ქვემეხები, დაწესდა ყარაულები და ღამის შემოვლა. ენზელიში მყოფი ხანის ვაჟი კითხულობდა, თუ რატომ მიმართავენ რუსები ასეთ სიფრთხილეს. თუკი გააჩნიათ, ამბობდა იგი, რაიმენაირი ეჭვი, ეს უსამართლოა.

– ჩვენ ამას ვაკეთებთ, პასუხობდა სკილიჩი, – არა ჩვენი თქვენდამი უნდობლობის გამო, არამედ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, როგორც ჩვეულებრივ ვიქცევით ხოლმე ყოველგვარი არეულობის დროს.

ასეთი პასუხით დაკმაყოფილებულმა, ხანის ვაჟიშვილმა, 2 ივნისს, თავისთან სადილზე მიიწვია კონსული, ტუმანოვსკი და ფრეგატების მეთაურები, მაგრამ მათ უარი უთხრეს, და მათი ხელში ჩაგდების გეგმა ვერ გამოვიდა. მაშინ რამდენიმე დღის შემდეგ ენზელიში მოვიდა ხანის ექიმი წერილით, რომელშიც გედაეთი მადლობას უხდიდა გამოგზავნილი საჩუქრებისთვის.

– ხომ არ გაქვთ რაიმე საგანგებო დავალებები ხანთან? ჰკითხა ექიმმა ტუმანოვსკის.

– არანაირი საგანგებო დავალებები არ გამაჩნია, პასუხობდა იგი კითხვაზე, – გარდა განცხადებისა იმ გულწრფელი მონაწილეობის შესახებ, რომელსაც ღებულობს რუსეთი ხანის ამამინდელ მდგომარეობაში.

– ხომ არ მიგაჩნიათ აუცილებლად, რომ ხანი ინახულოთ?

– თუკი ხანს სურს ჩემი ნახვა, პასუხობდა ტუმანოვსკი, – მე მზად ვარ მივიღო იგი როცა მოისურვებს.

– ხანს სურდა ეთხოვა რუსეთის მთავრობისთვის ათასი ჯარისკაცი, თუკი არ შეუძლია ქვეყნის დასაცავად უფრო მეტის მიღება.

– თუკი ხანი ითხოვს რუსეთის მფარველობაში მისი მიღების შესახებ და მისცემს საკუთარ თავს რუსეთის იმპერატრიცის ძალაუფლების ქვეშ, მაშინ, რა თქმა უნდა, მასთან გამოგზავნილი იქნება არა მხოლოდ თხოვნილი რიცხვის ჯარი, არამედ გაცილებით უფრო მეტიც, მხოლოდ ერთი პირობით, რომ რუსეთის მთავრობა უკვე თავად განკარგავს და იზრუნებს მისი სამფლობელოების შენარჩუნებისთვის. 

ტუმანოვსკიმ გადაკვრით უთხრა ამ დროს ექიმს, რომ თუკი გედაეთს დაეუქრება რაიმენაირი საფრთხე, მას ყოველთვის შეუძლია დაჯდეს ერთერთ ჩვენს ფრეგატზე და გაემგზავროს ასტრახანში. ასეთი წინადადება არ ეთანხმებოდა ხანის გეგმებს, და მას არ გააჩნდა არანაირი სურვილი რუსეთის მფარველობის ძიებისა. შინაური უთანხმოებები დასუსტებული სპარსეთი წარმოადგენდა ვრცელ ველს ყოველგვარი ძალადობისა და თვითნებობისთვის. თითოეული მეტ-ნაკლებად ძლიერი ხანი იმედოვნებდა თავის სასარგებლოდ ტერიტორის მნიშვნელოვანი ნაწილის მიტაცებასა და ოლქის დამოუკიდებელ მმართველად გადაქცევას. ასეთი მიზნის მისაღწევად სპარსეთში იმ ხანებში არ თაკილობდნენ არანაირ საშუალებებს: დანა, ყულფი და ღალატი – ყველაფერი საქმეში მიდიოდა და ერთნაირად კანონიერი იყო, თუკი აკმაყოფილებდა ძალაუფლის მაძიებლის ინტერესებს. შემთხვევით ჰყავდა რა განკარგულებაში საკმარისად მნიშვნელოვანი ჯარი, გედაეთი ბევრი რამის შესახებ ოცნებობდა, მაგრამ არა საკუთარ თავზე რუსეთის უმაღლესი ძალაუფლების აღიარების შესახებ. იგი ფიქრობდა თავის ძალაუფლების გაფართოებაზე, აგროვებდა ჯარებს და ახალი საბაჟო გადასახადებიც დააწესა საქონელზე. ჩვენი ვაჭრებისა და კონსულის პროტესტზე გედაეთი დუმილს ამჯობინებდა და არ პასუხობდა ტუმანოვსკის წერილებზე. უკანასკნელმა, არ იყო რა კეთილად განწყობილი ხანისადმი, შუაკაცი მიუგზავნა მურთაზა-ყული-ხანს და თვითნებურად შესთავაზა მას გილანის ხანობა. მურთაზამ უარით უპასუხა, და მაშინ ტუმანოვსკი წერდა გედაეთს, რომ განზრახული აქვს თავად გაემგზავროს მაზანდერანში აღა-მაჰმად-ხანთან, გენერალ პოტიომკინის წერილის მასთან მისატანად. არ მიაქცია რა ყურადღება ამ მუქარას, გედაეთმა ბედნიერი მგზავრობა უსურვა მას, მაგრამ მალე სანანებელი გაუხდა თავისი საქციელი: აღა-მაჰმადი უკვე მოდიოდა გილანზე სამი კოლონით, ამასთან ყველაზე უფრო მთავარი მათგან დაძრული იყო რეშთზე – გედაეთის ადგილ-სამყოფელზე.

გილანის ხანმა, როგორც კი შეიტყო ამის შესახებ, ენზელიში გაგზავნა ყველა თავისი ცოლი და შვილი და მთელი ქონება. იგი წერდა ტუმანოვსკისა და სკილიჩის, რომ, თვლის რა საკუთარ თავს რუსეთის მფარველობის ქვეშ, ანდობს მათ თავის ოჯახსა და ქონებას, თანაც დარწმუნებულია, რომ მეგობრობის მოვალეობის მიხედვით, ისინი იზრუნებენ მის ცოლებსა და შვილებზე. ჩვენმა კონსულმა ნება მისცა ხანის რწმუნებულს, რომ აერჩია ერთერთი რუსული სავაჭრო გემი და ფასზე მოლაპარაკებოდა მის პატრონს. გედაეთ-ხანმა უბრძანა რეშთის მცხოვრებთ, რომ დაეცალათ ქალაქი და გარეშემო სოფლების მოსახლეობასთან ერთად ეჩქარათ ენზელიში, სადაც მოკლე ხანში შეიკრიბა 8-დან 10 ათასამდე ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ადგილებიდან იყვნენ მოსულნი, არ გააჩნდათ ჭერი და ღია ცის ქვეშ იყვნენ განთავსებულნი; გილანის პროვინციის მთელმა დანარჩენმა მოსახლეობამ კი ტყეებს შეაფარა თავი.

ქალაქი რეშთი სამ დღეში დაცარიელდა და თავად გედაეთ-ხანიც მსუბუქად დარჩა, ჰქონდა რა თავისთან ყველაზე უფრო აუცილებელი ნივთები და ჰყავდა რა ამალა ნათესავთა და რწმუნებულ პირთაგან, რომელთა ერთგულებაზე დამყარებაც მას სავსებით შეეძლო. არ შემოფარგლულა რა ამით, 19 ივლისს მან გამოგზავნა თავისი მოხელენი თხოვნით, რომ მიეღოთ იგი რუსეთის მფარველობის ქვეშ. პირობების პროექტის შედგენისას ეს მოხელეები უკანვე გაემართნენ, რათა წარედგილათ ისინი ხანისთვის დასამტკიცებლად, მაგრამ ენზელიში მეტად აღარ დაბრუნებულან, რადგანაც მოვლენები მეტად სწრაფად მიდიოდა.

23 ივლისს აღა-მაჰმად-ხანი თავისი ჯარებით რეშთიდან ორმოც ვერსზე გაჩერდა. მის დასახვედრად გაგზავნილი გედაეთ-ხანის ჯარები, ჯერ კიდევ მოწინააღმდეგესთან შეხვედრამდე, სახლებში წავიდ-წამოვიდნენ, ხოლო ისინი კი, რომლებიც დარჩნენ და ბრძოლაში ჩაერთვნენ, დამარცხებულ იქნენ და გადარჩენილებმა გაქცევით უშველეს თავს. მომდევნო დღეს აღა-მაჰმად-ხანმა შეუტია სიმაგრეებს და ქალაქსაც დაეუფლა. 

სუფრასთან მჯდომმა გედაეთმა, ისე რომ სადილიც არ დაუსრულებია, სამი ვერსი ფეხით ირბინა, შემდეგ მისთვის მიგვრილ ცხენზე შეჯდა და პერი-ბაზრისკენ გააჭენა, სადაც მოწყობილი იყო სიმაგრეები და სადაც მას განზრახული ჰქონდა რომ უკიდურეს შესაძლებლობამდე გამაგრებულიყო.

ამასობაში, დაიკავა რა რეშთი, აღა-მაჰმად-ხანმა მკაცრად აუკრძალა ჯარებს რომ წყენა მიეყენებინათ მოსახლეობისთვის, ბრძანა არ მოეხდინათ ძარცვა-რბევა და აღებული სურსათისთვის ფული გადაეხადათ. მან დააგზავნა პროკლამაცია, რომელშიც მოითხოვდა, რათა ყველა მცხოვრები დაბრუნებულიყო თავის სოფლებსა და ქალაქ რეშთში და არ ჰქონოდა დევნის შიში; ხოლო ისინი კი, რომლებიც არ აღასრულებენ ამ ბრძანებას და ტყეებში იქნებიან ნაპოვნი, დაექვემდებარებიან დევნას და სასტიკად იქნებიან დასჯინლი. გილანელებმა ხალისით შეასრულეს გამარჯვენულის მოთხოვნა და სახლებში დაბრუნდნენ. გედაეთ-ხანის სისასტიკე და ტირანობა გახლდათ იმის მიზეზი, რომ მცირედთა გამოკლებით, თითქმის მთელ მოსახლეობას სძულდა თავისი ხანი. ახალი სისასტიკეებით გედაეთს სურდა მცხოვრებთა მისდამი მორჩილების დაბრუნება, მაგრამ მისი ძალისხმევა ამაო იყო; ამაოდ ჭრიდა იგი ცხვირებსა და ყურებს თავიანთ სახლებში დაბრუნებულებს, მოსახლეობა მაინც ხალისით ემორჩილებოდა გამარჯვებულს. აღა-მაჰმად-ხანის დასახვედრად პერი-ბაზარიდან გაგზავნილ გედაეთის ჯარებს არ სურდათ ბრძოლა და სხვადასხვა მხარეს იფანტებიდნენ. ხედავდა რა ყველგან უიღბლობას, გილანის ხანმა ბრძანა, რომ მთელი მისი ქონება დაეტვირთათ ენზელის ნავსადგურში მდგომ გემებში და იქვე გადაეყვანათ მისი ოჯახიც. ტუმანოვსკიმ, კონსულმა სკილიჩიმ და ზოგიერთმა ჩვენმა ვაჭარმაც ასევე დატოვეს ნაპირი და გადავიდნენ ფლოტილიაზე, იმის შიშით, რომ არ განეცადათ იერიშის დროს შესაძლებელი ყოველგვარი შემთხვევითობა, როდესაც ძნელი შეიქნებოდა იმის გარკვევა, თუ ვინ არის რუსი, ვინ სპარსელი, ვინ გედაეთ-ხანის მომხრე. თხელწყლიანობის გამო ჩვენს ფრეგატებს არ შეეძლოთ ნაპირთან ახლოს მისვლა და ამიტომ ყველა რუსი შეიკრიბა ოთხ სავაჭრო გემზე, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ფრეგატებიდან აღებული ოთხი ქვემეხითა და საკონსულოდან წამოღებული ექვსი ფალკონეტით. 

ივლისის ბოლოს აღა-მაჰმად-ხანის მეწინავე ჯარები გამოჩნდნენ ენზელის მახლობლობაში და გადაწვეს ახლოს მდებარე სოფელი. თხოვნის საბაბით, რათა არ დაეწვათ გარეშემო მდებარე სოფლები, ტუმანოვსკიმ სპასრული ჯარების უფროსს გაუგზავნა სომეხი ხასტატოვი, რომლის მეშვეობით შევიდა კიდეც ურთიერთობებში აღა-მაჰმად-ხანთან. უკანასკნელი არწმუნებდა წარგზავნილს, რომ გულწრფელად არის განწყობილი რუსეთს მიმართ და შეინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენს მთავრობასთან. ტუმანოვსკი დაპირდა არ მიეცა დახმარება გედაეთ-ხანისთვის და იწვევდა აღა-მაჰმად-ხანს, რათა აჩქარებულიყო ენზელიში მოსასვლელად. სპარსული ჯარები თავს იყრიდნენ ქალაქის გარშემო და თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებულმა გედაეთ-ხანმა გამოუგზავნა ტუმანოვსკის თავისი დესპანი ბაჰირი თხოვნით, რათა რუსულ ფლოტილიას მხარი დაეჭირა მისთვის და წინააღმდეგობა გაეწია აღა-მაჰმად-ხანისთვის. ბაჰირი სთხოვდა ტუმანოვსკის დაედო ფიცი, რომ ხანის თხოვნა შესრულებული იქნებოდა და გედაეთის სახელით კი ფიცს დებდა იმაში, რომ ხანი რუსეთის ერთგული იქნებოდა.

– თუკი თქვენ არ შემოგვფიცებთ, ეუბნებოდა ბაჰირი ტუმანოვსკის, – მაშინ ხანი იძულებული იქნება რომ სხვა ზომები მიიღოს.

– მე არასოდეს ვყოფილვარ გედაეთ-ხანის არაკეთილმოსურნე, თავის არიდებით პასუხობდა ტუმანოვსკი.

– თუ თქვენ მისი კეთილმოსურნე ხართ, მაშინ რატომ არ ესროდით აღა-მაჰმად-ხანის ჯარებს, როცა ისინი ენზელისთან მოვიდნენ და სოფელი გადაწვეს? თქვენი გასროლებით თქვენ დაგვანახებდით, რომ მზად ხართ დაიცვათ გედაეთ-ხანი და რომ რუსების დახმარებით აღა-მაჰმად-ხანი შესაძლოა განდევნილ იქნას გილანიდან.

– მე აქ ვიმყოფები სამი თვეა, პასუხობდა ტუმანოვსკი, და არაერხელ მივუთითებდი გედაეთ-ხანს იმ ზომებზე, რომლებიც მას უნდა მიეღო, რადგანაც ჯერ კიდევ ჩემს ჩამოსვლამდე იყო ხმები, რომ აღა-მაჰმადს განზრახული აქვს გილანში მოსვლა. პ. ს. პოტიომკინიც ასევე წერდა ხანს, რომ თუკი მას გააჩნია რაიმენაირი საჭიროება, ამაზე შეეტყობინებინა მისთვის, მაგრამ ხანმა, თავისი სიამაყის გამო, ამ დრომდე არანაირი პასუხი არ გასცა მის წერილებზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ უარს არ ვამბობთ მის დახმარებაზე. აღა-მაჰმად-ხანის ჯარებს ჩვენ იმიტომ არ ვესროლეთ, რომ მათ არა მარტო არ გამოუჩენიათ ჩვენს მიმართ რაიმენაირი მტრული დამოკიდებულება, არამედ ყურად იღეს ჩემი მოთხოვნა რომ არ გადაეწვათ სოფლები და, მოასწრეს რა მხოლოდ სამი სახლის დაწვა, ხელი აიღეს ამ საქმეზე და სოფლიდან წავიდნენ.

ასეთი პასუხის შემდეგ ბაჰირი გაემართა გედაეთისკენ და 21 აგვისტომდე ტუმანოვსკის ხანის შესახებ არნაირი ცნობები არ ჰქონია. ამ დღეს მან აცნობა ხანს, რომ ერთერთი ჩვენი ფრეგატი მიემართება ასტრახანისკენ და თუკი ხანს აქვს რაიმე მისაწერი კავკასიის ხაზზე სარდლისადმი, მაშინ შეატყობინოს მას. გედაეთმა გამოგზავნა თავისი რწმუნებული მაჰმად-ჰუსეინი ასტრახანში გამოსაგზავნად დავალებით, რათა ეთხოვა გენერალ პოტიომკინისთვის დასახმარებლად 2.000 კაციანი რუსული ჯარის გამოგზავნა არტილერიით. გედაეთი ამის სანაცვლოდ დაპირდა თავისი ვაჟის ამანათად გაგზანასა და ყოველწლიურად ათასი ფუთი აბრეშუმის გადახდას (Письмо Магометъ-Хуссейна Потёмкину 2-го октября 1786 года. Госуд. Арх., XXIII, № 13, папка 51).

ამ თხოვნამ და დაპირებებმა პოტიომკინამდე მოაღწიეს უკვე მაშინ, როცა გედაეთის ბედი სამუდამოდ იყო გადაწყვეტილი. 23 აგვისტოს აღა-მაჰმად-ხანი წერდა ტუმანოვსკის, რომ, დაეუფლა რა სპარსეთის უდიდეს ნაწილს, მას განზრახული აქვს დასაჯოს ხალხის მძარცველი და გამჩანაგებელი და იხსნას გილანი მძიმე უღლისგან. აღა-მამად-ხანი ამატებდა, რომ თუკი ტუმანოვსკის სურს, რომ არსებობდეს თავისუფალი და მშვიდი ვაჭრობა, მაშინ იგი არა თუ მხოლოდ არ უნდა დაეხმაროს გედაეთს, არამედ ეცადოს მისთვის გზის მოჭრასაც, თუკი ეს უკანასკნელი განიზრახავს სადმე ზღვით წასვლას. თითქოს და იმ განზრახვით, რათა ესარგებლა შემთხვევით და მიეღო ხელსაყრელი პირობები ჩვენი ვაჭრობისთვის, ტუმანოვსკიმ მეორედ გააგზავნა აღა-მაჰმად-ხანთან თავისი რწმუნებული სომეხი ხასტატოვი და დაავალა მას რათა აღა-მაჰმადთან უფრო ახლო ურთიერთობებში შესულიყო. ვერაგობაში გამოცდილმა და თავის მტრებზე ღალატით ხშირად გამარჯვების მომპოვებელმა აღა-მაჰმად-ხანმა ხასტატოვის მეშვეობით შესთავაზა ტუმანოვსკის 70.000 მანეთი, თუკი იგი აღმოუჩენდა მას თანადგომას, და მიაღწია კიდეც თავის მიზანს. 28 აგვისტოს წარგზავნილმა მოუტანა ტუმანოვსკის მოკლე წერილი, რომელშიც აღა-მაჰმად-ხანი სთხოვდა “მის დავალებათა შესრულების შესახებ და მის სარგებელთან დაკავშირებული ინტერესების დაცვას”, რის შესრულებას თავის მხრივაც დაჰპირდა (Следственное дело).

ამასობაში გედაეთ-ხანმა, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმული იყო მოწინააღმდეგის ჯარებით და ვერ თვლიდა შესაძლებლად პერი-ბაზარის შენარჩუნებას, თავისი ძმა ასკერი გამოგზავნა ტუმანოვსკისთან თხოვნით, რათა მას აეღო საკუთარ თავზე ენზელის დაცვა, ხოლო იგი, გედაეთ-ხანი კი, ოჯახითა და ნათესავებით ერთერთი ფრეგატით რუსეთში გაეგზავნა (Государств. Арх., XXIII, № 13, папка 51).

– მთავარი უფროსის ნებართვის გარეშე, პასუხობდა ტუმანოვსკი, – მე არ შემიძლია ფრეგატზე გედაეთ-ხანისა და მისი შვილების მიღება. ამის შესახებ რომ წინდაწინ ყოფილიყო განცხადებული, მაშინ მე ვითხოვდი ნებართვას და შევასრულებდი ბრძანებას. რაც შეეხება ენზელის დაცვას, ჩვენ მას შევუდგებით, თუკი წავაწყდებით აღა-მაჰმად-ხანისგან ჩვენდამი მტრულ მოქმედებებს.

ასეთმა პასუხმა აიძულა ასკერი სხვა გზისთვის მიემართა. გამოუგზავნა რა ტუმანოვსკის საჩუქრად 250 მანეთის ორი სპარსული კაბა, ერთი ქალის კაბა, ძვირფასი თვლებით შემკული ქამარ-ხანჯალი, იგი სთხოვდა, რათა იგი გედაეთის შვილებთან და ქონებასთან ერთად მაინც გაეგზავნათ ასტრახანში, მაგრამ ტუმანოვსკი, მიიღო რა საჩუქრები, მაინც პასუხობდა, რომ ამას გააკეთებს, თუკი მიიღებს 50.000 მანეთს. ასკერი ვერ თვლიდა შესაძლებლად მოთხოვნილი თანხის მიცემას და დიდხანს ელაპარაკებოდა ტუმანოვსკის როგორც პირადად, ისე გედაეთ-ხანის ექიმის მეშვეობითაც. სკილიჩი ჩამოცილებული იყო ამ თათბირებისგან და ეკითხებოდა ტუმანოვსკის, თუ რის შესახებ ელაპარაკებიან ისინი ერთმანეთს.

– ერთადერთი იმის შესახებ, პასუხობდა ტუმანოვსკი, რომ იგი ხანის შვილებთან ერთად ფრეგატით გაემგზავროს ასტრახანში.

– და რა უპასუხეთ თქვენ მას ამაზე? ჰკითხა სკილიჩიმ.

– და თქვენ როგორ ისურვებდით რომ მეპასუხა? – მე მას მოკლედ უარი ვუთხარი.

– მშვენიერია; თქვენ ზუსტად მიჰყვებით ბრძანებებს. ნუთუ ამაში შედგება თქვენდამი მოცემული დავალებები? – მე არ მესმის თქვენი საქციელისა, მაგრამ ვიცი, რომ თქვენ ხელიდან გაუშვით შემთხვევა, რომელიც აღარასოდეს განმეორდება.

– ეს თქვენი საქმე არ არის, გულმოსულად უთხრა მას ტუმანოვსკიმ, – მე ვიცი რასაც ვაკეთებ.

– მაგრამ გაქვთ კი თქვენ სხვა ბრძანებები, იმათ გარდა, რომლებიც მე მაქვს მოცემული?

– რა თქმა უნდა, მაქვს.

– თუ გაქვთ მაშინ მაჩვენეთ და მე თქვენ მეტად უკვე აღარ შეგაწუხებთ ყველაფერ იმაზე მსჯელობით, რასაც თქვენ მომავალში მოიმოქმედებთ.

– ეს ბრძანებები თქვენ არ გეხებათ, და მხოლოდ მე ვაგებ პასუხს ჩემი საქმეების მიხედვით კარგ ან ცუდ შედეგებზე.

სკილიჩი დაჟინებით მოითხოვდა იმის აუცილებლობას, რათა ესარგებლათ შემთხვევით, დათანხმებოდნენ გედაეთ-ხანის თხოვნას და მისი ოჯახი გამოეგზავნათ რუსეთში, მაგრამ ტუმანოვსკი პასუხობდა, რომ ახლა ადრეა და იგი თავად ხელიდან არ გაუშვებს მოსახერხებელ დროს. დრო კი მიდიოდა. ასკერ-ხანი აგრძელებდა თავის მოლაპარაკებებს ტუმანოვსკისთან და სთავაზობდა მას 200 ბათმან (72,5 ფუთ) აბრეშუმს, მაგრამ მან არ მიიღო ასეთი საჩუქარი, როგორც ნაკლებმნიშვნელოვანი, და უფრო მეტს ითხოვდა. გედაეთ-ხანის ექიმი დღეში ოთხჯერ მოდიოდა მოსალაპარაკებლად ნაღდი ფულით ანაზღაურების ხარისხის თაიბაზე, მაგრამ მისი ხანგრძლივი სიარული ვერ დაგვირგვინდა წარმატებით. ტუმანოვსკის დაუთმობლობითა და ანგარებისმოყვარეობით სასოწარკვეთილებამდე მიყვანილმა ასკერ-ხანმა გადაწყვიტა მოლაპარაკებების შეწყვეტა.

– უმჯობესია, თქვა მან, – დაიღუპო მოწინააღმდეგის ხელით, ვიდრე ცოცხლად დარჩენისთვის დავალებული იყო ტუმანოვსკისგან, რომელსაც დამატებით, მიიღებს რა ფულებს, შეუძლია ჩვენ გვიღალატოს.

ასკერ-ხანი გაემგზავრა პერი-ბაზარში, ტუმანოვსკიმ კი მოახერხა სკილიჩის დარწმუნება იმ მოთხოვნის აუცილებლობაში, რომ გდაეთ-ხანს ებრძანა ორი სანაპირო ბატარეის განადგურება, იმ საბაბით, რომ მათი მოქმედებისგან შესაძლოა ზარალი მიადგეს ჩვენს გემებს, სინამდვილეში კი, რათა წაერთვა ხანისთვის დაცვის უკანასკნელი შესაძლებლობა (Показанiе капитана Калмыкова. Следственное дело). გადაწყვიტა რა გედაეთის დაღუპვა, ტუმანოვსკიმ, საკუთარი დაცვისა და ვითომდა რუსული კოლონიის თავდაცვის მიზეზით, მოითხოვა მე-2 რანგის კაპიტან აკლეჩეევისგან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები და საიდუმლოდ გადასცა ისინი გილანის ხანის მტრებს.

პერი-ბაზარიდან გამოდევნილმა გედაეთმა 1-ელ სექტემბერს უკან დაიხია ენზელისკენ. სამი დღის შემდეგ, 4 რიცხვში, აღა-მამად-ხანის ჯარები მოადგნენ ქალაქს და, გაჩერდნენ რა ორ ვერსზე, დაიწყეს ჩასანგრება. 30 სექტემბრამდე არც ერთი მხარე არ ღებულობდა გადამჭრელ ზომებს, თუმცა კი მუდმივად ნარჩუნდებოდა სროლა ორივე მხრიდან. გედაეთი მეტად შეუპოვრად იცავდა თავს, ისე რომ აღა-მაჰმად-ხანის ჯარების უფროსს სასოც კი წარეკვეთებოდა ენზელის აღების შესაძლებლობაში იმედის დაკარგვისგან. მას უკვე მოუვიდა ბრძანება, რომ თუკი ბევრ სიძნელეს წააწყდებოდა ქალაქის დამორჩილებაში, ეცადა დაედო მომგებიანი ხელშეკრულება გედაეთ-ხანთან და უკან დაეხია. როგორც კი ტუმანოვსკიმ შეიტყო ამის შესახებ, იგი შეუდგა ყველა ზომის მიღებას შემომტევთა გასამხნევებლად; გზავნიდა მათთან შიკრიკებს და დახმარებასაც ჰპირდებოდა. მისი მოკავშირეები მოითხოვდნენ, რათა რუსებს პირველებს მოეხდინათ ენზელიზე გასროლა. ტუმანოვსკის, რა თქმა უნდა, ამაზე დათანხმება არ შეეძლო და აღა-თოფჩი-სალმანელმა ამაოდ გაატარა მასთან რამდენიმე ღამე. საბოლოოდ ტუმანოვსკიმ დაარწმუნა იგი მათი მოთხოვნების უაზრობასა და შეუძლებლობაში, მაგრამ დაპირდა დახმარების აღმოჩენას იერიშის დროს (Рапортъ Скиличiя генералу Потёмкину, 3-го апреля 1787 года. Арх. Кабинета, св. 380).

30 სექტემბრის გათენების ღამეს აღა-მაჰმად-ხანის ჯარებმა შემოუტიეს ენზელის, და გედაეთი იქ თავს იცავდა იმ დრომდე, სანამ ცეცხლი არ წაეკიდა მის სასახლეს. ხედავდა რა, რომ უფრო მეტი ხნით აქ გამაგრების შესაძლებლობა არ არის, იგი თავის ერთერთ ვაჟთან ერთად ჩაჯდა ნავში და გამოემართა რუსული ფლოტილიისკენ, იმედოვნებდა რა მასში თავშესაფრის პოვნას. უწინარეს ყოვლისა იგი მიადგა იმ გემს, რომელზედაც უნდა ყოფილიყო კონსული სკილიჩი, მაგრამ შეიყო რა, რომ იგი ტუმანოვსკისთანაა, ხანი მათკენ გაემართა. მიცურდა რა გემის ძირთან და თან გარეშე პირთაც ემალებოდა, გედაეთმა მიაგზავნა თავისი მდივანი, რათა თავისთან გამოეძახა საკონსულოში მყოფი კაპიტანი კალმიკოვი და მას მოლაპარაკებოდა. კაპიტანი იდგა სკილიჩის ახლოს, რომელმაც უბრძანა კიდეც მას წასულიყო და ენახა, თუ ვინ იმყოფება ნავში. იხილა რა გედაეთ-ხანი, რომელიც ითხოვდა ფრეგატზე აშვებას, კალმიკოვმა უთხრა სკილიჩის და მიიღო ბრძანება რომ არ ამოეშვა იგი.

– ჯვარი ჩამომკიდეთ (Наденьте на меня крестъ), ყვიროდა გედაეთი, – სადაც გინდათ გამაგზავნეთ რუსეთში, ოღონდ კი მიმიღეთ თქვენთან ჩემი შვილებითა და ქონებით. 

კალმიკოვი მეორედ მივიდა სკილიჩისთან, რომელიც, ტუმანოვსკისთან შეთანხმებით, თავად გამოვიდა გემბანზე და, ხედავდა რა, რომ გედაეთ-ხანმა ხელი სტაცა ზღვაში ჩაშვებული ბაგირის ბოლოს, და გემზე მოცოცავდა, ბრძანა გამოეგლიჯათ თოკი და არ ამოეშვათ. იმავე დროს მან გაგზავნა კალმიკოვი, რათა მას მოეძებნა თალიშის ხანი ალა-ვერდი-ბეგი, გედაეთ-ხანის შეურიგებელი მტერი, და უკანასკნელი მოწინააღმდეგის ხელში მიეცა.

კალმიკოვი ჩავიდა გედაეთ-ხანის კირჟიმზე და იქიდან ნავში გადაჯდა.

– სად მიდიხართ? ჰკითხა ხანმა კალმიკოვს.

– კონსულ სკილიჩის გემზე, სიცრიუთ უპასუხა მან. ნახევარ გზაზე კალმიკოვი შეხვდა ალა-ვერდი-ბეგს, რომელიც უკვე ეძებდა გედაეთ-ხანს, და, გადაჯდა რა თალიშის ხანის კირჟიმზე, უთხრა მას, რომ გედაეთ-ხანი იმყოფება ტუმანოვსკის გემთან.

მოღალატე და მდევრები მოადგნენ გემს.

– სად არის გედაეთი? ხმამაღლა იკითხა კალმიკოვმა.

– მე აქ ვარ, უპასუხა ხანმა, რომელსაც ეჭვი არ ჰქონდა, რომ უღალატებდნენ.

მოჰყვა დამბაჩიდან გასროლა და ტყვია პირდაპირ მკერდში მოხვდა უბედურ ხანს. იგი დაეცა; ალა-ვერდი-ბეგმა ხელმეორედ გაისროლა და, მოაჭრა რა გედაეთ-ხანს ყური, როგორც დანაშაულის ჩადენილი გმირობის დამამტკიცებელი (как доказательство совершенного подвига преступленiя), თავად სხეული კირჟიმიდან ზღვაში გადააგდო. 

ენზელი გაძარცვულ იქნა, ასევე ხანის სასახლეც, სპარსელები სახლებში დადიოდნენ და ძარცვავდნენ; მათ ურთიერთ შორის დაინაწილეს ხანის ცოლები და მათი ჩვენებით ეძებდნენ ფულსა და ძვირფას ნივთებს, რომლებიც გედაეთ-ხანს ეკუთვნოდა და ნაწილობრივ მიწაში იყო დამარხული. ქალაქის ძარცვა მთელ დღეს გრძელდებოდა და საღამოსკენ ყველა სახლს ცეცხლი ჰქონდა წაკიდებული.

უბედური შვილები, რომლებიც მამის მკვლელებს ემალებოდნენ, ძალით ამოვიდნენ გემზე და ემუდარებოდნენ სკილიჩის მათი სიცოცხლის გადარჩენასა და რუსეთში გამოგზავნას, მაგრამ მესამე დღეს ისინი გადასცეს აღა-მაჰმად-ხანის ჯარების უფროსს, მუსტაფა-ხანს, ხოლო ერთი დღის შემდეგ კი მასვე გადაეცა ჩვენს გემებზე დატვირთული უბედური ხანის ქონებაც* (*გემებზე მომსახურეთა სიტყვებით, ჩვენს გემებზე გედაეთ-ხანის მიერ დატვირთულ იქნა: ძვირფასი თვლები და მარგალიტები – 5 ფუთი და 10 გირვანქა, ოქროს ზოდები – 262,5 ფუთი, თუმნიანები – 300.000, ბრილიანტის რამდენიმე ფრთა, 4.000 ძვირფასი ცხენის აღკაზმულობა, ხანჯლები, ხმლები, ხალიჩები, ძვირფასი ქსოვილები და სხვა. ამ ნივთების საერთო ღირებულება ადიოდა 10 მილიონამდე /Дополнительное показанiе генерал-маiора Шишкина. Госуд. Архивъ, XXIII, № 14/).

გედაეთის სხეული დაახლოებით სამ დღეს იყო წყლის სიღრმეში, ხოლო შემდეგ კი ზედაპირზე ამოვიდა...

“ღმერთმა, რომელსაც ადამიანის ბედს აამაღლებს, წერდა აღა-მაჰმად-ხანს გენერალი პოტიომკინი (Въ письме отъ 22-го декабря, № 1.152), რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი პირველი ცრუ მოხსენებებით გედაეთ-ხანის სიკვდილის შესახებ – გიბოძათ თქვენ, სახელგანთქმულო ხანო, სასურველი წარმატებანი. პროვინციისა და ენზელის თქვენს მიერ უკანასკნელი დაპყრობისას თქვენ ნათლად ნახეთ, თუ რამდენად შეუწყეს ხელი რუსმა უფროსებმა და ენზელის პორტში მყოფმა ხომალდებმა თქვენს წარმატებებს. აქედან შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ რუსეთის იმპერია თქვენდამი კეთილად არის განწყობილი, და მე იმედი მაქვს, რომ სპარსეთში თქვენი ძალაუფლების დასამყარებლად თქვენი ახლანდელი საქმიანობისას რუსეთის კეთილგანწყობა და ბრძენი და დიდებით გაბრწყინებული იმპერატრიცის ეკატერინე ალექსის ასულის კეთილმოწყალება საჭირო იქნება”.

ჩაიგდო რა საკუთარ ხელში გილანის პროვინცია, აღა-მაჰმად-ხანი, როგორც ვნახავთ, ზედმეტად თვლიდა რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებში შემოსვლას.

გამარჯვების მილოცვის საბაბით ტუმანოვსკიმ აღა-მაჰმად-ხანთან დაპირებული ფულების მისაღებად გააგზავნა სომეხი ხასტატოვი, გაატანა რა მას ორი ათასი მანეთის საჩუქრები* (*ხასტატოვმა აღა-მაჰმად-ხანს წაუღო: მაგიდის საათი 350 მანეთისა, 5 თუ 6 ასხმა სიასამურის ბეწვი, 30-30 არშინი ხავერდი და ატლასი, რამდენიმე არშინი მაუდი, შაქარი, ჩაი, ყავა და ყუთით ტკბილი არაყი 50 შტოფი); მაგრამ დაკარგა რა ეს ნივთებიც, ტუმანოვსკიმ ვერ მიიღო ვერც ერთი კაპიკი დაპირებული თანხიდან. მიიღო რა საჩუქრები, აღა-მაჰმად-ხანმა განაცხადა პრეტენზია, რომ მას გედაეთ-ხანის მთელი ქონება კი არ მიეცა, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი, ხოლო დანარჩენი კი დამალულია კონსულისა და ტუმანოვსკის მიერ. ეს განცხადება გაკეთებულ იქნა, რა თქმა უნდა, იმ მიზნით, რათა არ გადაეხადა დაპირებული ფული და არ მიეცა ძალზედ დიდი მნიშვნელობა იმ ქმედითი დახმარებისთვის, რომელიც მას აღმოუჩინა ტუმანოვსკიმ მის ბრძოლაში გილანის ხანთან. დატაცებული ნივთებისთვის აღა-მაჰმადი მოითხოვდა სკილიჩისგან 2 მილიონ მანეთს ვერცხლით და რადგანაც კონსულმა უარი განაცხადა გადახდაზე და უარყოფდა მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებას, ამიტომ აღა-მაჰმადმა ბრძანა რუსეთიდან მოსულ ყველა საქონელზე საბაჟო გადასახადის აკრეფა 25 კაპიკისა მანეთიდან.

ტუმანოვსკი სასტიკად იყო მოტყუებული და მალევე ენზელიში დაბრუნების შემდეგ ციებ-ცხელებით დაავადდა, ხოლო 17 ნოემბერს კი გარდაიცვალა* (*ტუმანოვსკისა და ჩვენი საკონსულოს საქციელი გამოუკვლეველი რჩებოდა 1795 წლამდე, როცა ადმირალ ჩიჩაგოვის სახელზე 14 ნოემბრის ბრძანებით მას უზენაესად დაევალა კომისიის შედგენა თავისი თავმჯდომარეობით და იმ გარემოებათა გამოკვლევა, რომლებიც თან ახლდა გედაეთ-ხანის გარდაცვალებას. კომისიის 1796 წლის 24 დეკემბრის მოხსენების მიხედვით, გაცემულ იქნა უზენაესი ბრძანება, რომლის თანახმადაც კარის მრჩეველი სკილიჩი, კაპიტანი კალმიკოვი, პრაპორშჩიკი ხასტატოვი, ჩინებისა და აზნაურის წოდების ჩამორთმევის შემდეგ, გადასახლებულ იქნენ ციმბირში საკატორღო სამუშაოებზე).

– გემიდან დაბრუნების შემდეგ, ამბობდა სკილიჩი თავის ჩვენებებში, – ტუმანოვსკი გამოდიოდა მეტად იშვიათად და დიდი სიძნელეებით. სირცხვილმა და გულის დაწყვეტამ, რომ იგი მოტყუებულ იქნა და ვერ მიიღო დაპირებული ფული, თავისი საქციელის გამო სინდისის ქენჯნამ და სასჯელის შიშმა აიძულეს იგი რომ სიკვდილის სურვილი ჰქონოდა. ორი თვის განმავლობაში იგი არ დგებოდა ლოგინიდან, არ ღებულობდა არც წამლებს, არც საკვებს, მხოლოდ საკუთარ თითებს იკბენდა.

გედაეთ-ხანის სამწუხარო ბედმა და მისმა აღსასრულმა ვერ აღაგზნეს სინანული რუსეთში. “გედაეთ-ხანისგან რუსი ვაჭრების მიერ განცდილი მთელი შევიწროვებები და მისი ტყუილები, წერდა ტავრიდის თავადი (Генералъ-поручику Потёмкину отъ 25-го декабря 1786 года, № 232), ვერ ხდიან მის დაკარგვას საგრძნობს. ისპაჰანელი მაჰმად-ხანის საქციელი კი, რასაც აქამდე დავკვირვებივართ, გვაძლევს საბაბს იმისა, რომ მოველოდეთ მასთან კეთილი თანხმობის დამყარებას”.

ასე ფიქრობდა თავადი პოტიომკინი პირველ ხანებში აღა-მაჰმად-ხანის მიერ გილანის პროვინციის დაუფლების შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, მაგრამ როდესაც მან შეიტყო ახალი საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ ხანის საქციელის თაობაზე, და, ბოლოს, როცა მასთან მიაღწია ხმებმა ჩვენი საკონსულოს საძრახისი საქციელის შესახებაც, მას უნდა შეეცვალა თავისი აზრი და მიეღო სხვა ზომები ჩვენი ვაჭართა წოდების უზრუნველსაყოფად. ისპაჰანელი ხანის მზარდმა ძალმოსილებამ და სპარსეთში ერთმმართველობისკენ მისმა წარუმატებელმა მისწრაფებამ, აიძულეს რუსეთის მთავრობა რომ დაენიშნა საქმეებში თავისი რწმუნებული სპარსეთში. ასეთ პირად არჩეულ იქნა კანცელარიის მრჩეველი სერგეი ლოშქარიოვი (Архивъ Кабинета, св. 442). მომარაგებულ იქნა რა ღია სიგელით, აუცილებელ დარიგებებითა და “საგანგებო რწმუნების ფურცლებით იქაური სხვადასხვა მმართველისადმი, ლოშქარიოვმა მიიღო ბრძანება გაგზავრებულიყო სპარსეთში კონსტანტინოპოლის გავლით, რათა უფრო სწორად შეეტყოთ იქაური საქმეების ნამდვილი კავშირის შესახებ პორტასთან” (Письмо князя Потёмкина Булгакову, 13-го декабря, № 222).

ამისგან დამოუკიდებლად თავადმა პოტიომკინმა ისპაჰანში გააგზავნა კაპიტანი ლამპრო-კანჩონი წერილით აღა-მაჰმად-ხანთან, რომელშიც უგანათლებულესი წერდა, რომ მან არ დაახანა იმპერატრიცასთვის მოეხსენებინა “თქვენი გულმოდგინე სურვილის შესახებ, რათა დააწესოთ კომერცია რუსეთსა და სპარსეთს შორის და მისმა უდიდებულესობამ ამაზე თავისი წყალობის მოღება ისურვა. თქვენი უგანათლებულესობის ასეთი განზრახვანი, რომლებიც ორივე სახელმწიფოს სარგებელს ემსახურება, არანაკლები პატივისცემის ღირსია, როგორც თქვენს მიერ მოპოვებული გამარჯვებანიც. მე, რომელსაც გამაჩნია ტრაქტატების დადების სრული უფლება ყველა მეზობელ въ полуденном краю ხალხთან, თავს არ დავანებებ ჩემი მონდომების გამოყენებას ორ სახელმწიფოს შორის დაურღვეველი კავშირის დამყარებისთვის, მათში მცხოვრებთა ურთიერთ სარგებლის მატებისა და თქვენი კეთილგანწყობის შეძენისთვის”.

ამ წერილს ჯერ კიდევ ვერ მიეღწია დანიშნულების მიხედვით, როდესაც გენერალმა პოტიომკინმა მიიღო მოხსენება, რომ აღა-მაჰმად-ხანი ახალ საბაჟო გადასახადებს აწესებს საქონელზე, იტაცებს ჩვენს ვაჭრებს, პყრობილობაში ამყოფებს მათ და ჩვენი კონსულის ხელში ჩაგდებასაც კი ცდილობს. სკილიჩი მოახსენებდა, რომ ვაჭრობა უკიდურესობამდეა შევიწროვებული და ვაჭართა წოდება არაფრით არ არის უზრუნველყოფილი აღა-მაჰმად-ხანის თვითნებობისგან. ჩაიგდო რა ხელში ბევრი გილანელი თავკაცი, აღა-მაჰმად-ხანმა გამოუშვა ისინი თეირანიდან ფულების ისეთი თანხის გადახდის მოთხოვნით, რომელიც მათ ძალებს აღემატება: ერთს დაეკისრა ოცდაათი ათასი მანეთის გადახდა, სხვას კი ორმოცი ან სულაც ორმოცდაათი ათასი მანეთისა. მან დაადგინა ყველგან ახალი მმართველები, რომელთა გამომძალველობაც ისე შორს წავიდა, რომ, კონსულის სიტყვებით, ყველა თავკაცი და მდიდარი ადამიანი “ჩაცვენილნი არიან ერთნაირ უბედურებაში და იტანჯებიან უსასტიკესი სახით”. გუბერნატორები ხარკს ორმაგად კრეფდნენ, ხოლო ამის კვალდაკვალ კი მოვიდნენ საგანგებო კომისრები, რომელთაც ნაბრძანები ჰქონდათ გედაეთ-ხანის მთელი გაძარცვული ნივთების მოძებნა და ჩამორთმევა. კომისრები მხოლოდ ეჭვის გამო სტაცებდნენ ხელს ადამიანებს და არ ინდობდნენ არავის, რუსების ჩათვლითაც კი. ჩვენს ვაჭრებს დაეკისრათ ახალი საბაჟო გადასახადები. გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა აუცილებლად მიიჩნია ჩვენი ვაჭართა წოდების დასაცავად გაეძლიერებინა ესკადრა და რამდენიმე სამხედრო გემს უბრძანა მუდმივად ყოფილიყვნენ ენზელის მახლობლობაში. სასახლე და ციხესიმაგრე ენზელიში დანგრეულ იქნა იმ შიშის გამო, რომ თუ ისინი ჩავარდებიან რუსების ხელში, მაშინ ეს უკანასკნელნი ადვილად შეძლებენ მთელი გილანის დაუფლებასა და სპარსეთისთვის კანონების კარნახს (Рапортъ Скиличiя Потёмкину 3-го апреля 1787 года. Архивъ Кабинета, св. 380, часть II).

საქმეების არეულ-დარეულობა, ამბობდა პოტიომკინი, რომელშიც ჩაგვაგდო გარდაცვლილმა კარის მრჩეველმა ტუმანოვსკიმ, ადვილი გამოსასწორებელი არ არის. მე არ მაქვს იმედი, რომ აღა-მაჰმად-ხანი იგრძნობს მადლიერებას: ვინაიდან თუკი ტუმანოვსკის სიგიჟის ან გამყიდველობის გამო ენზელის დაუფლებისას მისდამი აღმოჩენილ დახმარებას, გედაეთ-ხანის ოჯახისა და მთელი ქონების მიცემას არ შეეძლოთ მასში მადლიერების გრძნობის აღძვრა, მაშინ უმადურობისგან საქმის შემობრუნების იმედის მოლოდინი საეჭვოა.

მიუხედავად ამისა, კავკასიის კორპუსის სარდალმა გადაწყვიტა მიექცია აღა-მაჰმად-ხანის ყურადღება იმ სარგებელზე, რომელიც მას შეეძლო გამოეტანა რუსეთთან კავშირისგან.

“სწორედ იმ დროს, წერდა პ. ს. პოტიომკინი (Ага-Магометъ-хану 30-го апреля 1787 года, Государствен. Архивъ, № 13, папка 62), – როცა მე მოველოდი, პატივცემულო ხანო, თქვენგან პასუხს მისი უგანათლებულესობის გენერალ-ფელდმარშალ გ. ა. პოტიომკინის წერილზე, როცა ვსასოებდი, რომ თქვენს მიერ რეშთის პროვინციის დაუფლება და მისი მფლობელის გედაეთ-ხანის დამარცხება თქვენ არცთუ მცირედ დაგავალდებულებდათ რუსი ვაჭრებისა და რუსეთის ტახტისადმი კეთილგანწყობის გაძლიერებაში, ენზელიში მყოფი კონსულის, კარის მრჩევლის სკილიჩისგან მივიღე მოხსენებები, რომლებიც მიხსნიან ჩემი მოლოდინის სრულიად საწინააღმდეგოს, იმ დასკვნის საწინააღმდეგოსაც, რომელიც ჰქონდა მის უგანათლებულესობას თავად გ. ა. პოტიომკინს თქვენი კეთილგანწყობის შესახებ. ჯერ კიდევ არ შემიძლია ზუსტად დავიჯერო, რომ თქვენ, რომელიც დაჯილდოებული ხართ გონიერებითა და მრვალი ნიჭით, იცით რა რუსეთის სიდიადე, მისი თვითმპყრობელი დედოფლის სიბრძნე, შესანიშნაობა და დიდება, მოინდომეთ რომ მისთვის მიგეყენებინათ უსიამოვნება და შეგევიწროვებინათ მისი ქვეშევრდომები.

ვკითხულობ რა ჩვენი კონსულის მოხსენებებს, ვხედავ, თქვენი უკმაყოფილება შედგება იმაში, რომ ენზელის გაძარცვის დროს, ორი თუ სამი სომეხი იყო მონაწილე გედაეთ-ხანის სახლის ძარცვისა. არ ვდაობ, რომ კონსულს თქვენს მიერ წაყენებულ პირველსავე საჩივარზე უნდა მოეხდინა თქვენი დაკმაყოფილება, მოეძებნა ნაძარცვი და დაუყოვნებლივ თქვენთვის დაებრუბებინა; მაგრამ, მეორეს მხრივ, მეჩვენება, რომ ამ მცირე მიზეზს არ შეეძლო თქვენი წახალისება რუსი ვაჭრების მიმართ მკაცრად მოქცევისა და კიდევ უფრო ნაკლებად კონსულის ხელში ჩაგდების ძიებისთვის.

თქვენ წერთ კონსულს, რომ რუს ვაჭრებს შეუძლიათ ვაჭრობა, და არა ძარცვა. თქვენი ეს ნათქვამი სწორია. მაგრამ რა უფლება გაქვთ, რომ რუს ვაჭრებს იჭერდეთ და ყარაულის ქვეშ გყავდეთ? თუკი ისინი რაიმეში მოიქცნენ დადგენილი კანონებისა და წესრიგის საწინააღმდეგოდ, მაშინ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უმცირესი საჩივრის დროსაც კი, თქვენ ყველანაირ დაკმაყოფილებას აღმოგიჩენენ, მაგრამ თვითნებურად მოქცევა რუსების წინააღმდეგ – ეს არის რუსეთისთვის შეურაცხყოფის მოყენება.

თქვენს მდგომარეობაში მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობა თქვენ მეტად გჭირდებათ. დაე დაამარცხეთ თქვენ გედაეთ-ხანი, დაეუფლეთ მის ოლქსა და მთელ ქონებას, თქვენს სინდისს მივანდობ იმის შეგრძნებას, რასაც თქვენ ვერ შეძლებდით, რა თქმა უნდა, ტუმანოვსკისა და კონსულს ამაში თქვენთვის ხელის შეშლა რომ დაეწყოთ.

აგიხსენით რა გარემოებები, გთხოვთ რომ რუსი ვაჭრები გაათავისუფლოთ და ვაჭართა წოდებას არ დაუწყოთ შევიწროვებანი. მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ, პატივცემულო ხანო, ჩემს სამართლიან მოთხოვნას შეასრულებთ”.

ამ წერილმა ლამპრო-კანჩონის ახსნა-განმარტებასთან ერთად იქონია თავისი მოქმედება. მაინც ჰყავდა რა ჯერ კიდევ შინაური მტრები, აღა-მაჰმად-ხანი ცდილობდა არ შეეწყვიტა საბოლოოდ ურთიერთობები რუსეთთან. მისი ვეზირი, მაჰმად-შეფი, წერდა გენერალ პოტიომკინს, რათა მას არ დაეგდო ყური “უსამართლოთა სიტყვებისთვის, ვინაიდან რუსეთსა და სპარსეთს შორის არანაირი უთანხმოებანი არ ყოფილა და არც იქნება” (Письмо Магометъ-Шефи отъ 14-го iюня. Государственный Архивъ, XXIII, папка 58). კონსულ სკილიჩისთან პაემნის დროს, მაჰმად-ალი არწმუნებდა მას, რომ იგი უფლებამოსილია დაპირდეს მას ყვალაფერ იმას, რასაც რუსეთის კარი მოითხოვს, და განსაკუთრებით ვაჭრობასა და (სავაჭრო) დაწესებულებებთან მიმართებაში, როგორც კასპიის ზღვის ნაპირებზე, ისე სპარსეთის შიგნითაც, თუმცა კი იმ პირობით, რომ რუსეთი არ აშენებდეს ციხესიმაგრეებსა და სიმაგრეებს (крепости и укрепленiя) (Рапортъ Скиличiя Потёмкину 17-го апреля 1787 года. Арх. Кабинета, св. 380, ч. II).

ასეთ ფართო უფლებამოსილებას თითქოსდა უნდა განემტკიცებინა ჩვენი მეგობრული ურთიერთობები სპარსეთთან, მაგრამ საქმით კი აღმოჩნდა საწინააღმდეგო. ელისაბედგრადში თავად პოტიომკინ-ტავრიდელთან გამოგზავნილმა მაჰმად-ალიმ მალევე თავისი საქციელით აღძრა უგანათლებულესის არაკეთილგანწყობა. ჭირვეულმა და სასტიკმა ადამიანმა, მან ერთხელ სცემა თავის მსახურს და დაპირდა რომ მოკლავდა მას. მსახური გაიქცა ელისაბედგრადში მყოფ დარუბანდის ხანის მიერ წარმოგზავნილთან და სთხოვა მის სახლში დაემალა.

– თუკი თქვენ არ დამმალავთ, ამბობდა მსახური, – მაშინ მე სიკვდილისგან თავის დასახსნელად იძულებული ვიქნები, რომ ქრისტიანობა მივიღო.

დარუბანდელის წარმოგზავნილმა, სადიკ მირზამ, დამალა დევნილი და სურდა ამის შესახებ მოეხსენებინა თავად პოტიომკინისთვის, მაგრამ მაჰმად-ალი, თავისი ამალის თანხლებით, შეიჭრა მის სახლში, მოძებნა დამალული და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას ხანჯლით. ასეთმა საქციელმა გამოიწვია საერთო აღშფოთება და აიძულა უგანათლებულესი, რომ გამოეთქვა მაჰმად-ალისთვის მისი საქციელის მთელი უმსგავსოების შესახებ. ამის საპასუხოდ თავხედმა სპარსელმა დაიწყო თავადისა და ჩვენი მთავრობის ლანძღვა-გინება, რისთვისაც დაპატიმრებულ იქნა კიდეც.

“თან წაიყვანთ რა დონის კაზაკთა დენისოვის პოლკის 24 ადამიანს, ერთი უფროსით, წერდა უგანათლებულესი კარის მრჩეველ პეტკოვიჩს (Предписанiе надворному советнику Петковичу отъ 17-го августа 1787 года, № 2.081), თქვენ უნდა გაემგზავროთ ელისაბედგრადში. იქ ჩასვლის შემდეგ, თქვენ უნდა მიხვიდეთ ისპაჰანელი აღა-მაჰმად-ხანის მიერ გამოგზავნილი მოხელის მირზა მაჰმად-ალის ბინაში და ჰკითხოთ მას: მართალია თუ არა რომ მან გაბედა წარმოეთქვა ის ლანძღვა-გინება, რომლის თაობაზეც იგი დაასმინა თარჯიმანმა ვართან პეტროვმა, და თუკი იგი თარჯიმნის მიერ ამაში მხილებული იქნება, მაშინ მას დაუყოვნებლივ დაუყენეთ ყარაული, რომელსაც უბრძანებთ რომ არც ბინიდან გამოუშვან იგი და მასთან სხვების შესვლაც აღკვეთონ”. 

მალევე ამის შემდეგ მაჰმად-ალი გაძევებულ იქნა რუსეთიდან და ურთიერთობები აღა-მაჰმად-ხანთან კი შეწყვეტილი.

“რადგანაც აღა-მაჰმად-ხანისა და მისი წარმოგზავნილის საქციელი ნაკლებ სიკეთეს გვპირდება, წერდა უგანათლებულესი გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინს (Въ предписанiи отъ 19-го августа 1787 года, № 2093. Исход. журн.), ამიტომ უფრო მეტად უნდა მოვეფეროთ მურთაზა-ყული-ხანს, მის ძმას, რომელიც რუსეთისადმი გულმოდგინებითა და სიყვარულით (привязанность) გამოირჩევა. ფრეგატებს უბრძანეთ იყვნენ დარუბნდის ნაპირებთან ახლოს, მურთაზა-ყული-ხანის სარგებლისა და დახმარებისთვის, თუკი საჭირო შეიქნება. ეგერთა ბატალიონები საქართველოში საჭიროებენ პროვიანტს; სიმშვიდის დარღვევის შემთხვევაში კი ისინი იქაური მიწის დასაცავად საკმარისი არ არიან. პურით მომარაგებაში სიძნელეების მიზეზით უბრძანეთ მათი იქიდან თქვენთან გამოყვანა, ხოლო მეფეს კი ჩვენი ჯარების გარეშე ნაკლები არაკეთილმოსურნენი ეყოლება” (а царь безъ нашихъ войскъ меньше будетъ иметь къ себе прицепокъ).

 თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

ზოგიერთი რამ საქართველოს თავდაცვის შესახებ

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ "საქართველოს" 2004 წლის 28 მაისის ნომერში) 

საქართველოს თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება მეტად რთული და შრომატევადი პროცესია, რომელიც მოიცავს ქვეყნის შეიარაღებული ძალების, ეკონომიკის, სამხედრო მრეწველობისა და სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ერთიანი მიზნით შეთანხმებულ და კოორდინირებულ მშენებლობას, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების (სამოქალაქო-სამხედრო) ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტერიტორის ოპერატიულ აღჭურვას. ამ პროცესში აუცილებელია ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების გულმოდგინე, შეთანხმებული და მიზანმიმართული მუშაობა, აუცილებელი დაფინანსება, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს უწინარეს ყოვლისა ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

საქართველოს თავდაცვის სისტემის მშენებლობის შემდეგი საფუძველი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისადმი არსებული რეალური და პოტენციური (შესაძლო) სამხედრო მუქარების შესწავლა, გაანალიზება და შესაბამისი საორგანიზაციო ღონისძიებების გატარება. ამ მხრვ მეტად საგულისხმო უნდა იყოს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების სამხედრო ხარჯების დინამიკის, შეიარაღებული ძალების რიცხოვნების, ძირითადი შეიარაღების, შენაერთებისა და ნაწილების განლაგების, დაკომპლექტებულობისა და სხვა მონაცემების გულდასმით ცოდნა და მათგან მოსალოდნელი შესაძლო მუქარების განეიტრალებისთვის ზრუნვა.

 ამ მიმართულებით საქმეს გვიადვილებს თუნდაც რუსეთის (ყოფილი საბჭოთა კავშირის) თავდაცვის სამინისტროს ყოველთვიურ ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ში 1974 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული მასალების შესწავლით თანამედროე სამხედრო საქმის საფუძვლების გაცნობა, აგრეთვე სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემით Military Balance ჩვენთვის სანტერესო სახელმწიფოების მთლიანი შიდა პროდუქტის, სამხედრო ხარჯების, მოსახლეობის (განსაკუთრები 18-დან 38 წლამდე ასაკისა), რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და რეზერვების, სახმელეთო ჯარების, საზღვაო ძალებისა და საჰაერო ძალების პირადი და საბრძოლო შემადგენლობის, ძირითადი შეიარაღების რაოდენობის, კლასებისა და ტიპების მიხედვით ამ სახელმწიფოთა სამხედრო შესაძლებლობების გულდასმით შესწავლა, აგრეთვე ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშროლობის თათბირის (ევროთათბირის) ეგიდით 1990 წლის ნოებერში პარიზში დადებული “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების” (Treate on Conventional Armed Forces in Europe – CFE) XII მუხლის თანახმად მის მონაწილე ყველა სახელმწიფოს შორის ევროპის ტერიტორიაზე განლაგებული მათი შეიარაღებული ძალებისა და ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების შესახებ ინფორმაცის ყოველწლიური გაცვლის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების მახლობლობაში განლაგებული მეზობელი სახელმწიფოების სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო ძალების შენაერთებისა და ნაწილების განლაგებისა და დაკომპლექტებულობის (სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნის) განსაზღვრა.

საგანგებოდ შევჩერდებით მესამე ფაქტორზე. CFE-ხელშეკრულების XII მუხლის საფუძველზე მისი მონაწილე თითოეული სახელმწიფო ყოველი წლის დასწყისში ეუთო-ს შტაბ-ბინაში ვენაში აგზავნის საკმარისად დეტალურ ინფორმაციას ევროპის ტერიტორიაზე განლაგებული მისი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების შესახებ. მათ მიეკუთვნება საბრძოლო ტანკები, მოჯავშნული საბრძოლო მანქანები (ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტერები, საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები, საბრძოლო მანქანები მძიმე შეიარაღებით /მათ შორის მსუბუქი ტანკებიც/). 100 მმ და მეტი ყალიბის საველე საარტლერიო ქვემეხები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ნაღმსატყორცნები, რეგულარულ საჯარისო ნაწილებში განლაგებული სატანკო ხიდგამყვანები, აგრეთვე დამრტყმელი (მოიერიშე) ვერტმფრენები და საბრძოლო თვითმფრინავები (სადაზვერვოს ჩათვლით). გარდა ამისა, თურქეთის ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი და რუსეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ურალის ქედის აღმოსავლეთით, აშშ-ისა და კანადის ტერიტორიები არ მიეკუთვნებიან ევროპის კონტინენტს და ამიტომ იქ განლაგებული ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღება CFE-ხელშეკრულების კონტროლს არ ექვემდებარება. 

ხელშეკრულების მონაწილე 35 სახელმწიფოს მიერ ვენაში მიწოდებულ ინფორმაციას სწავლობენ, საეჭვოს გადაამოწმებენ, შემდეგ კი გადაამრავლებენ და თითო ეგზემპლარს უგზავნიან ყველა მონაწილე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა ან თავდაცვის სამინისტროს. საქართველოს ხელისუფლება 1998 წლის ჩათვლით ამ დოკუმენტებთან მეტ-ნაკლებად თავისუფლად უშვებდა დაინტერესებულ პირებს, მაგრამ შემდეგ კი მიიღეს კანონი, რომლითაც ეუთო-ს შტაბ-ბინიდან მოწოდებულ ინფორმაციას დაადეს “კონფიდენციალური ინფორმაციის” გრიფი და მკვეთრად შეზღუდეს მასთან დაშვების მქონე პირთა რიცხვი. ანუ სიტუაცია ისეთია, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფალნი სისტემატიურად გვაწვდიან საკმარისად დეტალურ ინფორმაციას საკუთარი ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ, და იგივეს ღებულობენ საქართველოს ხელისუფლებისგანაც, მაგრამ ეს უკანასკნელი ამასთანავე საკუთარ მოსახლეობას უმალავს ამ ინფორმაციას, ანუ მასთან უზღუდავს დაშვებას სამხედრო თემატიკაში მომუშავე ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დანტერესებულ მკვლევარებს, რომლებმაც შემდეგ ქართული საზოგადოების ფართო მასებს უნდა მიაწოდონ მათი მუშაობისა და კვლევის შედეგები, აამაღლონ საქართველოს მოსახლეობის ჩახედულობის ხარისხი მთელ ამ საკითხებში. თავისი წარმოშობითა და დანიშნულებით ეს ყოვლად ღია ინფორმაცია, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა სამხედრო სფეროში ქართული საზოგადოების გათვითცნობიერებაში, შეგნებულად იმალება და ამრიგად ჩვენს ხალხს ქვეყნის მართვაში, ანუ სახელმწიფოს მმართველობის დემოკრატიულ სისტემაში ჭეშმარიტი მონაწილეობისკენ გზა ეღობება.

დემოკრატია ბერძნულიდან სიტყვა-სიტყვით “ხალხის მმართველობას” ნიშნავს. ხალხმა კი არჩევნების გზით თავისი მმართველობა რომ განახორციელოს, მას შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია უნდა გააჩნდეს ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის თანამედროვე სამხედრო საქმეშიც. ექიმი არის არა ის, ვისაც თეთრი ხალათი აცვია, არამედ ის, ვისაც გააჩნია სათანადო ცოდნა და გამოცდილება ავადმყოფთა განსაკურნებლად. შესაბამისად ამომრჩეველი არის არა ის, ვისაც ხელში საარჩევნო ბიულეტენი უჭირავს, არამედ ის, ვისაც სათანადო ცოდნა და ინფორმაცია გააჩნია რომელიმე კანდიდატის ან პარტიის მხარდაჭერისთვის კვალიფიციური და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთი წინაპირობების შესრულების, ანუ ქარული საზოგადოებს სათანადოდ გაცნობიერების გარეშე, თუნდაც საარჩევნო პროცესები ყოველგვარი დარღვევებისა და გაყალბებათა გარშე წარიმართოს, არჩევნები მაინც გაყალბებული იქნება, ვინაიდან გაყალბებულია თავად საზოგადოების ცხოვრება, საქმიანობა და შეგნება. მრავალტირაჟიანი გაზეთები და სატელევიზიო კომპანიები გვერდს უვლიან საქართველოს სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების საჭირბოროტო საკითხების სათავეებში ჩახედვას, მეხუთე და მეათეხარისხოვან პრობლემებზე დაობენ, აღტაცებულ დითირამბებს უმღერიან ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების მიერ ოთხი ქართული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ჩამოყალიბებას და ამ ძალას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გარანტად მიიჩნევენ.

და ეს ხდება მაშინ, როდესაც 5-მილიონიან ნეიტრალურ ფინეთს თავისი სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში ჰყავს 26 საბრძოლო ბრიგადა, ანუ 100-ზე მეტი საბრძოლო ბატალიონი (ოთხი სატანკო, ორი ან ოთხი მოტოქვეითი, 40 ეგერთა ქვეითი /მსუბუქი მექანიზებული/ და 56 ქვეითი), ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 150 ცალკეული ბატალიონი და ასეული, შესაბამისი არტილერიითა და სხვა საშუალებებით, აგრეთვე სხვა ჯარები. 7-მილიონიან ასევე ნეიტრალურ შვეიცარიას კი გააჩნია 13 დივიზია (ექვსი საველე /მექანიზებული ქვითი/, სამი სამთოქვეითი და ოთხიც ტერიტორიული თავდაცვისა; სულ მათში 40-მდე საბრძოლო ბრიგადა/პოლკით), ათი ცალკეული ბრიგადა (ხუთი ჯავშანსატანკო, სამი სიმაგრეთა თავდაცვისა და ორიც ტერიტორიული თავდაცვის), სხვადასხვა ტიპის 20 ცალკეული პოლკი. ფინეთისა და შვეიცარიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობანი ამდენი ძალებისა და საშუალებათა შესანახად რატომ სწევენ სათანადო ხარჯებს (დაახლოებით 1,5-დან 4 მლრდ. ამერიკულ დოლარამდე წელიწადში), თუკი მათი საჭიროება არ არსებობს?

ცივი ომის პერიოდში მსოფლიოში არსებული მსხვილმასშტაბიანი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ლაპარაკი იყო სამხედრო მუქარების შესახებ. ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-სა და ნატო-ში სამხედრო მუქარების ნაცვლად ალაპარაკდნენ უკვე, უფრო მსუბუქი, სამხედრო რისკებისა და გამოწვევათა შესახებ. ეს ტერმინები ჩვენშიც ფართოდაა გავრცელებული ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებში დაფრთიანებული ქართველი სახელმწიფო მოხელეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეცადინეობით. ვნახოთ თუ რამდენად შეესაბამება ამ ტერმინის გამოყენება ჩვენს რეალობას.

1998 წლის დასაწყისში თურქულ სარდლობას ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში, ამიერკავკასიის მახლობლად, განლაგებული ჰყავდა სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის 87 ათასამდე ადამიანი, 540 საბრძოლო ტანკი, 625-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 640-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ათი დამრტყმელი ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება. რუსულ სარდლობას ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში (ამიერკავკასიაში სამხედრო ბაზების ჩათვლით) სახმელეთო და საჰაერო-სადესანტო ჯარების შემადგენლობაში ჰყავდა 77 ათასამდე პირადი შემადგენლობა, 630-მდე საბრძოლო ტანკი, 1795-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 810-მდე საველე საარტილერიო სისტემა, 80-ზე მეტი დამრტყმელი ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება. აღნიშნული სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე ნაჩვენები იყო საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის 340-მდე საბრძოლო თვითმფრინავი, აგრეთვე საჰაერო თავდაცვის ჯარების 90-მდე საბრძოლო და 235-მდე სასწავლო-საბრძოლო (შედარებით უფრო მოძველებული ტიპების) თვითმფრინავი (სულ 425-ზე მეტი საბრძოლო და 235-მდე სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი).

განა საქართველოს საზღვრებთან ისტორიულად დაპირისპირებული ამ ორი სახელმწიფოს მიერ ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების ასეთი მსხვილი კონცენტრაციის ფონზე მხოლოდ რაღაც რისკებსა და გამოწვევებზე უნდა ვლაპარაკობდეთ? მაშინ სამხედრო მუქარები რაღაა? თუ რისკებისა და გამოწვევების ტერმინებით მეტყველ და მოაზროვნე ქართველებს თავი აშშ-ის მოქალაქეებად წარმოუდგენიათ და უკვე დაავიწყდათ, რომ მათი საკუთარი სამშობლო საქართველო თავად მდებარეობს ევროატლანტიკური დასავლეთისა და რუსეთის სტრატეგიული დაპირისპირების ცენტრში (პირაპირზე, გნებავთ შეხების რაიონში) და მისი სახელმწიფო ინტერესები არა რისკებისა და გამოწვევების, არამედ სერიოზული მუქარების ქვეშაა. ჩვენი სიტყვების განსამტკიცებლად მოვიყვანთ 1996 წლის აპრილში საქართველოში ნატო-ს ბლოკის ეგიდით ჩატარებულ კონფერენციაზე ამერიკელი ექსპერტის ქენეთ ბრაუერის სიტყვებს: “ნატო-ს ქვეყნებში თავდაცვას არ უყურებენ სერიოზულად, რადგან აქვთ გარანტია ამერიკული ბირთვული იარაღის სახით. ნატო-ს ქვეყნები თავდაცვაზე ხარჯავენ საერთო ეროვნული პროდუქტის 2-2,5 %-ს, აშშ კი ხარჯავს 5-6 %-ს... მრავალ სხვა ქვეყანაში თავდაცვაზე ხაეჯავენ საერთო ეროვნული პროდუქტის 5 %-ზე მეტს და მაინც კარგი ეკონომიკური შედეგები აქვთ...

ნატო-ს ბევრ ქვეყანაში სამხედრო სამსახურში იყენებენ 18-38 წლის მამაკაცთა 2-10 %-ს, იმიტომ, რომ ისინი დიდი ქვეყნებია. ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, სინგაპური და ისრაელი საგანგებო ვითარებაში იყენებენ იმავე ასაკის მამაკაცების 100 %-ს. რას ნიშნავს ეს? თუ ქვეყანაში ხუთმილიონიანი მოსახლეობაა, ნატო-ს პრაქტიკის თანახმად, ომის შემთხვევაში მხოლოდ 60 ათასი ადამიანი უნდა გაიწვიონ, მაგრამ რეალურად 5 მილიონ კაცზე შესაძლებელია 550-ათასიანი არმიის მობილიზებაც. ეს დიდი ძალაა...

პატარა ქვეყანაში არმია (იგულისხმება მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები – ი. ხ.) მოსამზადებელი სკოლაა. ნამდვილი ძალა რეზერვია. ყველა გაწვეული კარგად უნდა მომზადდეს, მაგრამ თითოეული ქვეყნის პრეზიდენტს სჭირდება სწრაფი რეაგირების ძალაც. ამისთვის საკმარისია 18 თვიანი გაწვევა. ამ ვადის პირველი მესამედის მანძილზე ჯარისკაცი გადის ინდივიდუალურ წვრთნას, მეორე მესამედი ეთმობა მომზადებას ნაწილში, ბოლო მესამედს კი ჯარისკაცი პრეზიდენტის ხელქვეით მსახურობს. შემდეგ ჯარისკაცი გადავა რეზერვში, მაგრამ მას ახალი შეცვლის. ესაა უწყვეტი ჯაჭვი და 5-6 წელიწადში იარსებებს კვალიფიციური არმია.

...გაწვევას უნდა დაექვემდებაროს ყველა. მაგრამ მიზანი არა დიდი ჯარია (იგულისხეა რეგულარული ჯარები), არამედ არამედ ინდივიდთა გაწვრთნა, შეკავშირებული, შეკრული ნაწილების შექმნა, რომელთა წევრებიც ერთ სარეზერვო ნაწილებში იმსახურებენ შედგომი 20 წლის მანძილზე. ამის შდეგად მივიღებთ ფენოვანი ნამცხვრის მაგვარ სტრუქტურას. ზედა შრე იქნება დაუქორწინებელი ახალგაზრდობა – კომანდოსები. შემდეგი შრე ასევე ახალგაზრდებია, მაგრამ ოჯახიანები. მათგან შედგება ბრძოლისუნარიანი სახაზო ნაწილები. და ბოლოს, ასაკოვნები, რომელთაც შეუძლიათ შენობების დაცვა. როგორც ადამიანები დავყავით, ასევე შეგვიძლია დავყოთ მათი აღჭურვილობის ტიპებიც. ყველაზე კარგი იარაღი საუკეთესოებს უნდა მივცეთ. ასეა ფნეთში... იწყებთ პატარა ბირთვით და 20 წელიწადში გეყოლებათ 500 ათას კაციანი რეზერვი. იმედია ამ დროისთვის ფულიც გექნებათ” (სათანადო შეიარაღების შესაძენად – ი. ხ.).

ასეთია ბატონ ქენეთ ბრაუერის რეკომენდაციები და ისინი ყველა ჭკუათმყოფელი ადამიანისთვის მისაღები უნდა იყოს, მაგრამ აქვე არის ერთი შეუსაბამობაც. საქმე იმაში, რომ ფინეთისა და შვეიცარიის სახმელეთო ჯარების შეიარაღება მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოსთვის ევროთათბირის ეგიდით 1992 წელს ტაშკენტში დადგენილ კვოტებს: არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 285 საველე საარტილერიო სისტემის. ამის სანაცვლოდ, ზემოაღნიშნული ლონდონური წყაროს მიხედვით, 2000 წელს შვეიცარიის შეიარაღებაში შედგებოდა 560-მდე საბრძოლო ტანკი (მათგან 370 გერმანული “ლეოპარდ-2”), 1000-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, აგრეთვე საველე არტილერიის 1100-მდე ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. ფინეთის შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო 230 საბრძოლო ტანკი, 800-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და საველე და სანაპირო არტილერიის 1900-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (მათ შორის 1070-მდე ქვეეხი, 60 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა /სახელდობრ, რუსული “გრადები”/ და 790-მდე ნაღმსატყორცნი). შესაბამისად, შვეიცარული სარდლობა ძირითად აქცენტს აკეთებს ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი და სამთოქვეითი ჯარების მშენებლობასა და გამოყენებაზე, ფინური კი – მსუბუქი მექანიზებული (“ეგერთა”) და ქვეითი ჯარებისა.

ასეთი რაოდენობისა და ხარისხის შეიარაღების შეძენას, შენახვასა და ექსპლუატაციას სჭირდება შესაბამისი ფინანსური სახსრებიც. 1999 წელს ფინეთის სამხედრი ხარჯები შეადგენდა 1,7 მლრდ. ამერიკულ დოლარს, შვეიცარიისა 3,1 მლრდ.-ს; ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოებიდან კი: ბელგიისა – 3,43 მლრდ. დოლარს, დანიისა – 2,7 მლრდ.-ს, ნორვეგიისა – 3,3 მლრდ.-ს და პორტუგალიისა კი – 2,3 მლრდ. ამერიკულ დოლარს. შესანამისად, სანამ საქართველოს ყოველწლიური სამხედრო ხარჯები არ გავა 1,5-2 მლრდ. დოლარის ექვივალენტურ თანხებზე, მანამ ჩვენ ვერ შევძლებთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას. ხოლო ამისთვის კი საჭიროა, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ყოვეწლიურად შეადგენდეს 30-40 მლრდ. ამერიკული დოლარის ექვივალენტურ თანხას, რათა შესრულდეს ბ-ნ ქენეთ ბრაუერის რეკომენდაცია და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ხარჯები უტოლდებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 5-6 %-ს. შედარებისთვის, იმავე 1999 წელს ფინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 123 მლრდ. დოლარს, ხოლო შვეიცარიისა კი 246 მლრდ.-ს, და მათი თავდაცვის ხარჯები შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 1,4 და 1,2 %-ს.

ასეთია თანამედროვე მცირე ევროპული სახელმწიფოების შესაძლებლობები და ზოგადი პარამეტრები (სამხედრო-ეკონომიკური, ფინანსური, შეიარაღებული ძალების რიცხოვნების, ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე საარტილერიო შეიარაღების) ქვეყნის თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შესაქმნელად. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. ცივი ომის პერიოდში ფინეთი იმყოფებოდა ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ბლოკების ურთიერთშეხების უკიდურეს ჩრდილოეთ რაიონში, სადაც ორივე დაპირისპირებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის მხრიდან მსხვილმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების წარმოება მეტად გაძნელებული იქნებოდა. შვეიცარია კი იმყოფებოდა უფრო ნატო-ს ბლოკის სივრცულ არეალში, დასავლეთ გერმანიასა და საფრანგეთს შორის, და მეტნაკლებად განზე იყო დასავლურ და აღმოსავლურ სამხედრო ბლოკებს შორის დაპირისპირების პირდაპირი ხაზიდან; ამას ვერ ვიტყვით ასევე ნეიტრალურ ავსტრიაზე, რომელიც მდებარეობს შვეიცარიის აღმოსავლეთით და უშუალოდ ამ დაპირისპირების გზაზე იმყოფებოდა. შესაბამისად, ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიისთვის აზრი გააჩნდა ომიანობის დროს გამოსაყვანად დაგეგმილი მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღების შენახვას, ავსტრიისთვის კი ძალზედ ძნელი იქნებოდა ევროპაში მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღების შემთხვევაში მის ტერიტორიაზე დიდი ძალებით შეჭრილი მოწინააღმდეგისგან საკუთარი ტერიტორიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა და ამიტომ მისი ხელისუფლება საკუთარ შეიარაღებულ ძალებში ინახავდა შედარებით უფრო მოკრძალებული რაოდენობის ჯავშანსატანკო ტექნიკასა და საველე არტილერიას. სახელდობრ, იმავე 2000 წელს ავსტრიის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 283 საბრძოლო ტანკი, 818 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (მათგან 533 ჯავშანტრანსპორტერი და 285 მსუბუქტი ტანკი), საველე არტილერიის 535 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი და სხვა შეიარაღება, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება შვეიცარიას საბრძოლო ტანკებისა და საველე არტილერიის ნაწილში, ფინეთს კი კიდევ უფრო მეტად – საველე არტილერიის რაოდენობის მხრივ.

დღევანდელი საქართველო ასევე მდებარეობს ერთის მხრივ აშშ-ისა და რუსეთის სტრატეგიული დაპირისპირების საკვანძო რაიონში, ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები დგანან ტრაპიზონისა და სარიყამიშ-არტაანის მხრიდან სრულად დაკომპლექტებული და მაღალ მზადყოფნაში მყოფი 48-ე ქვეითი და 25-ე მექანიზებული ქვეითი თურქული ბრიგადების, აგრეთვე მე-9 ქვეითი დივიზიის საქართველოში სავარაუდო შემოსვლის გზებზე. ამიტომ განა ენდომებათ დაპირისპირებულ დიდ სახელმწიფოებს (აშშ-ს, რუსეთსა და თურქეთს) საქართველოს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება? რატომ გვაიმედებენ, რომ თურმე ერთი ან ორი საბრძოლო ბრიგადით შევძლებთ ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფას, მაშინ როდესაც ფინეთს ამისთვის სახელეთო ჯარებში 26 საბრძოლო ბრიგადა ჰყავს, შვეიცარიას 13 დივიზია და სხვა ჯარები, აღარაფერს ვამბობთ ისრაელზე, რომელსაც არაბული გარემოცვის გამო ოფიციალურად შეტევითი სამხედრო დოქტრინა აქვს მიღებული და მის საფუძველზე აშენებს თავის შეიარაღებულ ძალებს (2000 წელს თავისი სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში, სახელდობრ, მას გააჩნდა 3900 საბრძოლო ტანკი, 9900 ჯავშანტრანსპორტერი, 2345-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი). ან თურქები კი მოინდომებენ საქართველოს ისეთნაირად გაძლიერებას, რომ მას შეეძლოს ომიანობის დროს 500-ათასიანი ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების გამოყვანა და რეგიონში საკუთარი ინტერესებიდან ამომდინარე პოლიტიკის წარმოების უნარიც გააჩნდეს? ან დასავლური საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები კი საქმიანობენ ჩვენში იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ და მრეწველობამ სწრაფი აღმავლობა დაიწყონ? ყველაფრიდან ჩანს, რომ არა. ასევე ნებისმიერ სფეროში ჩახედული ადამიანისთვის აშკარად ნათელია, რომ ქვეყნის განვითარება და გაძლიერება ისევ ჩვენივე საკუთარი ძალებით, ნებითა და მონდომებით უნდა შევძლოთ. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ამ აღმავლობის პროცესის საკვანძო ადგილებში (მიმართულებებზე, თანამდებობებზე) იყვნენ თავიანთი ქვეყნის გულშემატკივარი და საქმის მცოდნე ადამიანები.

ირაკლი ხართიშვილი

საქართველოს სამხედრო მშენებლობის საჭირბოროტო საკითხები თანამედროვე ეტაპზე

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს” 2004 წლის 25 მარტის ნომერში)

როგორც ვიცით, 2003 წლის ნოემბრის ბოლოს დაემხო არსებული ხელისუფლება. რამდენად გულწრფელნი და რეალისტები არიან პრეზიდენტი სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე, როდესაც გასული ათწლეულის მანძილზე დატრიალებულ ყველა უსამართლობასა და უბედურებას მხოლოდ ედუარდ შევარდნაძესა და მასთან მყოფ ძალებს აბრალებენ, და რამდენად შესწევთ მათ უნარი, თავიანთი დღევანდელი დაპირებების შესრულებისა, ამ კითხვაზე ჩვენ ყოველმხრივ და ამომწურავ პასუხს ვერ გავცემთ, მაგრამ შევეცდებით საქართველოს სამხედრო მშენებლობის მაგალითზე, არა პიროვნული დამოკიდებულებიდან, არამედ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვძებნოთ შეძლებისდავარად ობიექტური, კომპეტენტური და სასარგებლო პასუხი ჩვენს შეკითხვებზე.

გაზეთ “საქართველოში” ჩვენი ქვეყნის სამხედრო მშენებლობის აქტუალური და ძირეული საკითხების შესახებ წერილების გამოქვეყნება, ღვთის წყალობით, დავიწყეთ 1999 წლის გაზაფხულ-ზაფხულიდან. იმ დროიდან დღემდე ჩვენს მკითხველს ვუმარტავდით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეს ხელს უშლის ორი ძირითადი ფაქტორი:

1. საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხედრო საქმეში ჩახედული ქართველი სპეციალისტებისა და მკვლევარების უგულვებელყოფა და შესაბამის თანამდებობებზე მხოლოდ იმ ადამიანების დანიშვნა, რომელთაც უკვე აქვთ ცოტა ცალმხრივი დასავლური სწავლება ამ სფეროში.

2. საქართველოს სამხედრო მშენებლობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრისა და შესაბამისი დოკუმენტების შექმნის მთლიანად უცხოელი მრჩევლების ხელში გადაცემა. 

ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ძალებს თვალნათლივ შეეძლოთ დაენახათ დასავლელი სამხედრო მრჩევლების ჩვენდამი არაბოლომდე გულწრფელი დამოკიდებულება, ჩვენთვის მოცემული რჩევების აშკარა მავნებლობა. ამ მხრივ პირადად ჩვენთვის მეტად ნიშანდობლივი იყო სწორედ 1999 წელი. მანამდე ჩვენ 1991 წლიდან ვსწავლობდით ძირითადად აშშ შეიარაღებულ ძალებს (უმთავრესად კი სახმელეთო ჯარებს). შემდეგ, 1997 წლის მიწურულს ამ კონტექსტში დადგა საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების შესწავლისა და თავად საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძირითადი მიმართულებებისა და პარამეტრების განსაზღვრის ამოცანა. უკანასკნელ წლებში გაზეთ “საქართველოში” ჩვენს მიერ გამოქვეყნებული წერილების საფუძველს წარმოადგენს სწორედ 1991 წლიდან დღემდე სისტემატიურად წარმოებული კვლევები და ამ პროცესში, ღვთის წყალობით, დაგროვილი ცოდნა.

1999 წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ რეზო ადამიამ მოაწყო კომიტეტის საჯარო სხდომა თემაზე “საქართველო-რუსეთის სამხედრო ურთიერთობათა შესახებ”, რომლის ერთერთი ძირითადი მომხსენებელიც გახლდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გრიგოლ ქათამაძე. მან სხვათა შორის განაცხადა, რომ რუსები უარს გვეუბნებიან სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე, ან გვპირდებიან, ხოლო შემდეგ კი პირობას არ ასრულებენ, ამიტომ მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას აზრი არა აქვსო. მეორეც, გუდაუთაში დისლოცირებულია რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების პოლკი. ჩვენ ვთხოვეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალს, რომ ამ პოლკის ქვედანაყოფები განლაგებულ იქნას აფხაზეთის მთელი ტერიტორიის საკვანძო ადგილებში და შექმნას პირობები იქ დევნილების უსაფრთხო დაბრუნებისთვისო. რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა გვიპასუხა, რომ მე მესმის თქვენი გულისტკივილი და გითანაგრძნობთ, მაგრამ გუდაუთაში განლაგებული 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი უშუალოდ მოსკოვს ექვემდებარება, მე კი მხოლოდ ოპერატიულად მემორჩილება და ამიტომ მისთვის ასეთი ბრძანების მიცემის უფლება არა მაქვსო.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ამ სიტყვებიდან აშკარად გამოჩნდა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის არასაკმარისი კომპეტენტურობა, აგრეთვე დასავლეთის სახელმწიფოთა მმართველი წრეების ჩვენდამი არაგულწრფელი დამოკიდებულებაც. საქმე იმაშია, რომ 1998 წლის მონაცემებით, რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში განლაგებული იყო ერთი საველე არმია (58-ე) და ორი ცალკეული საარმიო კორპუსი (მე-8 და 67-ე). საველე არმიის შტაბი დისლოცირებული იყო ქ. ვლადიკავკაზში, ცალკეული კორპუსებისა კი – კრასნოდარსა და ვოლგოგრადში (ვლადიკავკაზიდან ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით). 58-ე არმიის შემადგენლობაში შედიოდა ერთი მოტომსროლელი დივიზია (19-ე, ვლადიკავკაზი) და ორი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ბუინაკსკი და ბუდიონოვსკი, კავკასიონის ქედის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რიონებში). კიდევ ერთი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (67-ე კორპუსი) დისლოცირებული გახლდათ ქ. მაიკოპში (კავკასიონის ქედის დასავლეთ რაიონში), ხოლო 20-ე მოტომსროლელი დივიზია კი (მე-8 კორპუსი) – ქ. ვოლგოგრადში (მთლიანობაში ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჩრდილოეთ /ზურგის/ რაიონში, კავკასიონის ქედისგან რამდენადმე მოშორებით). ანუ ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკების ტერიტორიაზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ განლაგებული სამი ცალკეული ბრიგადის ამოცანა უნდა ყოფილიყო ამ რესპუბლიკებში არსებული ვითარების კონტროლის განხორციელება. კავკასიონის ქედის ცენტრალურ რაიონში კი, ქ. ვლადიკავკაზში, აგრეთვე უფრო ჩრდილოეთით ქ. ვოლგოგრადში რუსულ სარდლობას განლაგებული ჰყავდა პირადი შემადგენლობითა და ძირითადი შეიარაღებით კარგად დაკომპლექტებული საბრძოლო დივიზიები, რომლებიც მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ მათზე დაკისრებადი ამოცანების გადასაწყვეტად.

მშვიდობიანობის დროს, როგორც ვთქვით, 58-ე არმიაში შედიოდნენ მოტომსროლელი დივიზია, ორი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადე, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები. მაგრამ ომიანობის დროის შტატებით სრულად დაკომპლექტებულ რუსულ საველე არმიაში უნდა შედიოდნენ ექვსი საბრძოლო დივიზია, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები. ვინაიდან რუსული სარდლობა აღნიშნული საველე არმიის შტაბს ინარჩუნებს, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში მის სრულად დაკომპლექტებასაც უნდა გეგმავდეს და აქ გასაკვირიც არაფერია; მაგრამ არმიის შტაბი წარმოადგენს არმიაში შემავალი საბრძოლო დივიზიების, ცალკეული ბრიგადების, პოლკებისა და ბატალიონების (საარტილერიო და საზენიტო დივიზიონების) მართვის ორგანოს და ჩვეულებრივ მას განალაგებენ ხოლმე არა საბრძოლო მოქმედებათა, არამედ ზურგის რაიონში. ამიტომ ამ ორგანოს ვლადიკავკაზში, ანუ რუსეთ-საქარველოს სახელმწიფო საზღვართან უშუალო მახლობლობაში განთავსება მხოლოდ იმას უნდა მიგვანიშნებდეს, რომ რუსული სარდლობა 58-ე არმიის დივიზიების გაშლასა და გამოყენებას ამ შემთხვევაში უნდა გეგმავდეს ამიერკავკასიის ტერიტორიაზე.

მაშინ თავისთავად გასაგებია, რომ თუკი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვარაუდობს ამიერკავკასიაში საბრძოლო მოქმედებების წარმოებას, მაშინ რატომ უნდა თანამშრომლობდეს იგი საქართველოსთან, როდესაც მათ შორის არ არის უფრო მაღალ, სტრატეგიულ დონეზე ურთიერთ გაგება და ინტერესთა თანხმობა? ჩვენს მიერ გაკეთებული ასეთი ანალიზის საპასუხოდ რუსეთის სამხედრო ატაშემ კერძო საუბარში განგვიცხადა, რომ ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში ჯარებისა და შტაბების ასეთი განლაგება უწინარეს ყოვლისა მიმართულია თურქეთის წინააღმდეგო. მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით 90-იან წლებში ნატო-ს ბლოკის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით თუქეთის ხელისუფლების მიერ თავის სამხედრო ხარჯების უწინდებურად გაზრდისა (1990 წლის 5 მლრდ. ამერიკული დოლარიდან 2000 წლის 10,8 მლრდ.-მდე) და აშშ-ისა და გერმანიის მიერ მისთვის უფრო თანამედროვე და უკეთესი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიაღებლების მქონე შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის მიყიდვის შესახებ (ხოლო YPR-765 სერიის ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტერებს, F-16C/D ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს, 209 ტიპის წყალქვეშა ნავებსა და MEKO-200 ტიპის ფრეგატებს თავად თურქები აწარმოებენ თავიანთ ქარხნებში ამერიკული და გერმანული ლიცენზიებით). აღნიშნული გადაიარაღების შედეგად თურქეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა და ბრძოლისუნარიანობა დაახლოებით სამ-ოთხჯერ უნდა ამაღლებულიყო, მის სახმელეთო ჯარებში ქვეითი ჯარების შემცირების პარალელურად გაიზარდა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ჯარების, აგრეთვე მათი მხარდამჭერი თვითმავალი ლულიანი არტილერიის რაოდენობა, რის შედეგადაც თურქულ არმიას უნდა შეეძინა უფრო აქტიური შტევითი მოქმედებების წარმოების უნარი და შესაძლებლობები.

ასეთ პირობებში ადვილად აიხსნება რუსეთის სამხედერო ატაშის მიერ ჩვენთვის ნათქვამი სიტყვების სისწორე, მაგრამ იმხანად პირადად ჩვენ უბრალოდ ჯერ კიდევ არ ვიცოდით 90-იან წლებში თურქეთის შეიარაღებაში გატარებული ამ ცვლილებების შესახებ. ასეთი მარტივი ანალიზი მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის.

ყველასთვის ცნობილია, რომ როგორც რეზო ადამია, ისე დავით თევზაძე და მისი მოადგილეები ხშირად ჩადიოდნენ აშშ-სა და ნატო-ს ბლოკის სხვა სახელმწიფოებში, ხვდებოდნენ იქ თავიანთ კოლეგებსა და სხვა პირებს, ჰქონდათ კონსულტაციები როგორც იქ, ისევე საქართველოში აკრედიტებულ ნატო-ს წამყვანი სახელმწიფოების სამხედრო ატაშეებთან, საელჩოების თანამშრომელ სხვა სპეციალისტებთან. ნებისმიერი ანალიტიკოსი სამხედრო ოფიცერი თუნდაც რადენიმე წლის წინ სულ ხუთ წუთში განუმარტავდა მათ იმას, რაც იმ სხდომაზე ჩვენგან მოისმინეს, მაგრამ ნატო-ელმა გენერლებმა, ადმირალებმა ან ოფიცრებმა არ უთხრეს რეზო ადამიას, დავით თევზაძეს ან მათ ხელქვეით მოხელეებს რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში ჯარებისა და მაღალი რანგის შტაბების განლაგებისა და დაკომპლექტებულობის მონაცემებიდან გამომდინარე 58-ე არმიის ნამდვილი დანიშნულებისა და რუსული სარდლობის სავარაუდო გეგმების შესახებ. აშშ და ნატო-ს ბლოკის სხვა წამყვანმა სახელმწიფოებმა, ამგვარად, არ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება იმის თაობაზე, რომ რუსული სარდლობა უნდა გეგმავდეს საჭიროების შემთხვევაში ამიერკავკასიაში ომის წარმოებას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში 1990-იან წლებში მათ მიერვე თურქეთის შეიარაღებული ძალების არაადექვატურად გაძლიერების შესახებ კითხვებზეც მოუწევდათ პასუხის გაცემა და მათივე სავარაუდო გეგმებიც ასევე საცნაური გახდებოდა.

რაც შეეხება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის აღნიშნულ სხდომაზე ბ-ნ ქათამაძის მიერ აფხაზეთში ქ. გუდაუთაში დისლოცირებული რუსული 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ქართველ დევნილთა უსაფრთხოდ დაბრუნების ინტერესებში გამოყენების საკითხს, რაზედაც ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა მას განუცხადა, რომ ეს პოლკი მხოლოდ ოპერატიულად მექვემდებარება და ამიტომ მისთვის ასეთი ბრძანების მიცემის უფლება არა მაქვსო, უნდა ვთქვათ, რომ ყველა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემაში არსებობს დაქვემდებარების ორი ხაზი – ადმინისტრაციული და ოპერატიული. ადმინისტრაციული დაქვემდებარება ითვალისწინებს ჯარების პირადი შემადგენლობითა და შეიარაღებით დაკომპლექტებას, საბრძოლო მომზადებას, მატერიალურ-ტექნიკურ, სამედიცინო და სახის უზრუნველყოფას, იარაღის ახალი ნიმუშების შესაქმნელად სამხედრო გამოკვლევების წარმოებას და ა. შ. ოპერატიული დაქვემდებარება კი გულისხმობს ჯარებისა და ძალების საბრძოლო გამოყენების დაგეგმვასა და უშუალოდ გამოყენებას.

ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალს სთხოვდა გუდაუთაში დისლოცირებული 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გაშლასა და იქ ქართველი დევნილების უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის ხელის შეწყობას, ეს ნიშნავს, რომ თხოვნა შეეხებოდა სწორედ ჯარების საბრძოლო გამოყენების სფეროს. შესაბამისად, აღნიშნული სამხედრო ოლქის სარდალს მისდამი ამ პოლკის ოპერატიულად დაქვემდებარების გამო ნამხვილად ჰქონდა სამხედრო და იურიდიული უფლება, რომ ასეთი ბრძანება გაეცა, მაგრამ არ ჰქონდა ამის სურვილი, რადგანაც იგი არ გააჩნდათ არც მოსკოვში, რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლობაში. ოპერატიული დაქვემდებარების მომიზეზებით მან უბრალოდ შეიარაღებული ძალების მართვის სტრუქტურის არმცოდნე საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები თავიდან მოიშორა.

 თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე დავით თევზაძე წელიწადნახევრს სწავლობდა აშშ უმაღლეს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში, მაგრამ ზემოთქმული მას იქ, როგორც ჩანს, არ ასწავლეს. აქაც დავუშვათ, რომ რაღაც გამორჩათ, ან თავად მოსწავლემ ვერ დაიმახსოვრა. მაგრამ ასეთი მოსაზრების გაჩენისა და რუს სარდალთან მოლაპარაკებების პერიოდში ხომ ექნებოდათ ამ ქართველ მოხელეებს საუბრები და კონსულტაციები საქართველოში მყოფ აშშ, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან და საელჩოების სხვა თანამშრომლებთან, ან კიდევ ნატო-ს ქვეყნებში ან აშშ-ში ყოფნის დროს – იქაურ სპეციალისტებთან? რატომ თუნდაც ერთმა მათგანმა არ განუმარტა საქართველოს თავდაცვის მესვეურებს შეიარაღებული ძალების ადმინისტრაციული და ოპერატიული დაქვემდებარების შინაარსი და მნიშვნელობა? შემთხვევითია ეს? ვგონებთ რომ არა. და აქედანაც კარგად ჩანს დასავლეთის მმართველი წრეების საქართველოსადმი არაგულწრფელი დამოკიდებულება.

დასასრულს გვინდა შევჩერდეთ კიდევ ერთ უზუსტო აზრზე, რომელიც საქართველოში ისევ ევრო-ატლანტიკური სივრციდან შემოვიდა. საქმე შეეხება ნატო-ს ბლოკის სტანდარტების შესაბამისად საქართველოში მცირერიცხოვანი მობილური და პროფესიული შეიარაღებული ძალების მშენებლობას, რომელსაც თურმე ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა შეეძლება. ჩვენ ქვემოთ მოგვყავს სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მინაცემები ცივი ომის მიწურულს, ნატო-ს ბლოკის მცირე ევროპული სახელმწიფოებისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის აღმოსავლეთევროპული ქვეყნების მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების რიცხოვნების მაჩვენებლებით.

ცხრილი

ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ზოგიერთი სახელმწიფოს მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები 1991 წელს (ადამიანი)

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერის მიზნით გამოყენებული აღნიშვნები: A – მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები /მოსახლების რიცხოვნების %-ული წილი/; B – რეზერვები და ტერიტორიული თავდაცვის ჯარები /მოსახლეობის რიცხოვნების %-ული წილი/; C – ომიანობის დროის ნავარაუდევი შეიარაღებული ძალები /მოსახლეობის რიცხოვნების %-ული წილი/)

. . . ქვეყანა . . . . . მოსახლეობა . . . . A . . . . . . .B . . . . . . C . . . .

ნატო-ს ბლოკი 

ბელგია . . . . . . . . . . . 9860800 . . . . . 85450 . . . 234000 . . 319450 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,87) . . . . (2,37) . . . (3,24) . .
ნიდერლანდები . . .14810800 . . . . 101400 . . . 154400 . . 253800 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,68) . . . . (1,09) . . . (1,71) . .
დანია . . . . . . . . . . . . 5081800 . . . . . .29400 . . . 142700 . . 172500 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,58) . . . . (2,81) . . . (3,38) . .
ნორვეგია . . . . . . . . . .4207800 . . . . .32700 . . . 430000 . . 462700 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,78) . . . .(10,22) . . (11,00) . .
საბერძნეთი . . . . . . .10174400 . . . .158500 . . . 406000 . . 564500 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (1,56) . . . . (3,99) . . . .(5,55) . .

 ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია 

პოლონეთი . . . . . . . . 38038000 . . . 305000 . . 507000 . . 812000 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,80) . . . .(1,33) . . . (2,13) . .
ჩეხოსლოვაკია . . . . . . 5740400 . . . 154000 . . 495000 . . 649000 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,98) . . . (3,14) . . . (4,12) . .
უნგრეთი . . . . . . . . . . 10555400 . . . . 86500 . . 210000 . . 296500 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (0,82) . . . .(0,98) . . . .(2,81) . .
ბულგარეთი . . . . . . . . 9080000 . . . 107000 . . 472500 . . 579500 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1,18) . . . (5,20) . . . (6,38) . .
რუმინეთი . . . . . . . . . 23404600 . . . 200800 . . 626000 . . 826800 . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(0,86) . . . .(2,67) . . . .(3,53) . .

როგორც ცხრილიდან ჩანს, ნატო-ს ბლოკში შეიარაღებული ძალების რიცხოვნებასთან დაკავშირებული რაიმე სტანდარტი უბრალოდ არ არსებობს. იქ დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად კი ე. წ. “ცხელი რაიონიდან” მოშორებული მცირე სახელმწიფოთა (ბელგიისა და ნიდერლანდების) სარდლობები ისეთ შეიარაღებულ ძალებს აშენებენ, რომ ომიანობის დროს შესაძლებელი იყოს მოსახლეობის 1,7-3,2 %-ის მობილიზაცია. ვარშავის ბლოკის საზღვრებთან შედარებით ახლოს მყოფი დანიის სამხედრო ხელმძღვანელბა გეგმავდა ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში თავისი მოსახლეობის 3,4 %-ის გამოყვანას; ბულგარეთის უშუალო მეზობელი საბერძნეთი, რომელსაც ნატო-ში თავის მოკავშირე თურქეთთანაც გააჩნია კონფლიქტი კვიპროსის გამო, – მოსახლეობის 5,6 %-ის მობილიზაციას, ხოლო საბჭოთა კავშირის უშუალო მეზობელი ნორვეგიის სარდლობა კი – თავისი მოსახლეობის 11,0 %-ისა.

ამის საწინააღმდეგოდ, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, განსაკუთრებული ადგილი ეკავა საბჭოთა კავშირს, და თუმცა კი ტერიტორიულად იგი დაშორებული იყო ნატო-ს ბლოკის წამყვანი სახელმწიფოებისგან, მაინც აღმოსავლეთ ევროპაში თავისი მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე უკვე მშვიდობიანობის დროს 80-იანი წლების მიწურულს განლაგებული ჰყავდა 30-ზე მეტი დივიზია (როგორც ამ საქმეში უფრო ჩახედული პირებისგან ვიცით /ეს გახლდათ კახა კაციტაძე/: სამი საბრძოლო დივიზია იდგა პოლონეთში, ხუთ-ხუთი ჩეხოსლოვაკიასა და უნგრეთში, და 20-მდე დივიზიაც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში). ხოლო აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები თუმცა კი ტერიტორიულად უფრო ახლოს იყვნენ ნატო-ს ბლოკის ქვეყნებთან (განსაკუთრებით გდრ, ჩეხოსლოვაკია და უნგრეთი), მაინც ამ ორი უკანასკნელის სარდლობებს ისეთი შეიარაღებული ძალების მშნენებლობის უფლება ჰქონდათ, რომელიც მოითვლიდა ქვეყნის მოსახლეობის სულ 2,8-4,1 %-ს; საბერძნეთისა და თურქეთის მეზობელი ბულგარეთის სარდლობა კი, ვარშავის პაქტის ხელმძღვანელობის თანხმობით, გეგავდა ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში თავისი მოსახლეობის 6,4 %-ის გამოყვანას, მეორე ეშელონში მყოფი პოლონეთისა და რუინეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელები კი, შესაბამისად, სულ 2,1 და 3,5 %-ისა.

საქართველოში წლების განმავლობაში მომუშავე ნატო-ელი სახედრო მრჩევლების უკვე კარგად ცნობილი რეკომენდაციებისა და ჩვენი ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებების თანახმად, დღევანდელი მსოფლიოს ე. წ. “ცხელ რაიონში” მდებარე საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე, რომელსაც, ალბათ, ომიანობის დროს შეეძლება თავისი მოსახლეობის სულ 2-3 %-ის მობილიზება, რაც შეადგენს 90-130 ათას ადამიანს. აშკარად ჩანს, რომ აშშ ხელმძღვანელობის მხრიდან წამოსული რეკომენდაციებით (დირექტივებით) მოქმედი საქართველოს ხელისუფლების ასეთი გეგმები კარგად შეესაბამება არა “ნატო-ს სტანდარტებს”, არამედ სწორედ ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ დანერგილ პრაქტიკას.

სწორედ ამაში მდგომარეობს ევროატლანტიკური სივრციდან საქართველოში შემოტანილი არასწორი პოზიცია, რაც აშკარად მიგვანიშნეს იმაზე, თუ რა არ უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ამ მინიშნებას სჭირდება დანახვა, არა აშშ-ის, არამედ საკუთარი ქვეყნის სამსახურის სურვილი და მისი ინტერესების კარგად გარჩევა. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ასეთ სურვილს ვერც ხელისუფლებაში ვხედავთ და ვერც ჩვენი საზოგადოების უმეტეს ნაწილში. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ დავდგეთ სწორ გზაზე და ვიაროთ საკუთარი ქვეყნის გადარჩენის გზით.

ირაკლი ხართიშვილი 

(მკითხველი ალბათ შეამჩნევდა, რომ ამ წერილში, განსაკუთრებით მის დასაწყისში, და შემდეგაც, შეფასებით მსჯელობებში ხშირად არის ხელისუფლების მიმართ მოფერებისა და პირფერობის ნოტები. ეს ყველაფერი ბ-ნ ნოდარ ნათაძის მითითებით გაზეთის რედაქციის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგია. თავად ჩემს მიერ გაკეთებული შესავალი და ჩემი შეფასებები კი ისეთი იყო, როგორც სხვა დროსაც, მაგრამ 2004 წლის დასაწყისში რატომღაც საქართველოს სახალხო ფრონტის ხელმძღვანელობამ, რომლის ორგანოსაც წარმოადგენდა გაზეთი “საქართველო”, გადაწყვიტა უფრო მეტად და ასე “ვაზელინგარეულად” ჩარეულიყო ამ წერილს გამოქვეყნებაში. მე პროტესტი ამის გამო არ განმიცხადებია, ვინაიდან იმითაც მადლობელი ვიყავი, რომ ეს გაზეთი ბეჭდავდა იმ ფაქტობრივ ნაწილს ევროპის მცირე სახელმწიფოთა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის თაობაზე, რაც საშუალებას იძლეოდა რომ დაკვირვებულ და დაინტერესებულ მკითხველს ნათლად დაენახა საქართველოს სამხედრო მშენებლობის ძირეული და საჭირბოროტო პრობლემები, რომლებიც წერილში იყო გაშუქებული. – ი. ხ.)