მუშურ-გლეხური წითელი არმიის ისტორია, წითელი არმიის ისტორია, მგწა-ის ისტორია – რუსეთისა და სსრ კავშირის მუშათა და გლეხთა სახელმწიფოს სახმელეთო სამხედრო ორგანიზაციის სამხედრო მშენებლობის ისტორია.
ძირითადი წერილი: მუშურ-გლეხური წითელი არმია
სამოქალაქო ომი
ძირითადი წერილი: სამოქალაქო ომი რუსეთში
წითელი არმიის შექმნა
თავისი განვითარების პროცესში წითელმა არმიამ გაიარა გზა მოხალისეობის პერიოდის გავლით საერთო-სავალდებულო სამხედრო სამსახურის საწყისებზე ორგანიზაციისაკენ, და ორივე შემთხვევაში შეინარჩუნა თავისი კლასობრივი ხასიათი.
1917 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბოლშევიკები თავდაპირველად მომავალ არმიას ხედავდნენ როგორც ნებაყოფლობით საწყისებზე შექმნილს, ადგილობრივ საბჭოებთან, მობილიზაციის გარეშე, მეთაურების ქვემოდან არჩევითობით და ჯარისკაცების მიერ მათთვის მიცემული ბრძანებების განხილვებით. ლენინის მიერ 1917 წელს დაწერილი ფუნდამენტური ნაშრომი „სახელმწიფო და რევოლუცია“ იცავდა, მათ შორის, რეგულარული არმიის შეცვლის პრინციპს „ხალხის საყოველთაო შეიარაღებით“. მალევე ხელისუფლებაში თავიანთი მოსვლის შემდეგ ბოლშევიკებმა 1917 წლის 16 დეკემბერს მიიღეს დეკრეტი ძველ არმიაში ყველა ჩინისა და წოდების გაუქმების შესახებ, „დაწყებული საეფრეიტორო და დამთავრებული საგენერლო ჩინებით“, და ასევე ყველა დონის მეთაურთა არჩევითობის პრინციპის შემოღების შესახებაც.
საბჭოთა ხელისუფლების შეიარაღებული საყრდენი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პირველ თვეებში იყო წითელი გვარდია, შექმნილი ოქტომბრის შეიარაღებული აჯანყების მომზადებისას, აგრეთვე „რევოლუციური“ ჯარისკაცებისა და მატროსების რაზმები.
მაგრამ, როცა სამოქალაქო ომი რეალობად იქცა, ბოლშევიკებმა შეიგნეს ამ ძალების უკმარისობა, მათი სუსტი სამხედრო მომზადება და ცენტრალიზებული მართვის არარსებობა, რამაც შესაბამისი შეიარაღებული ძალის ჩამოყალიბების აუცილებლობა გამოიწვია: „ახალი სოციალისტური არმია არ უნდა აწარმოებდეს ომს საგარეო ფრონტზე მოწინააღმდეგის არმიის წინააღმდეგ... იგი იდგება საბჭოთა ხელისუფლების სადარაჯოზე, როგორც მისი არსებობის საფუძველი, და, მასთან ერთად, არმიის უმთავრესი ამოცანა კიდევ იმაში იქნება, რომ გასრისოს ბურჟუაზია“. როგორც მიუთითებდა ნ. ე. კაკურინი თავის ნაშრომში „სამოქალაქო ომის სტრატეგიული ნარკვევი“ (1926), ახალ არმიას „არ შეეძლო გამოეყენებია სრულად არც ძველი სამხედრო აპარატი ახალი პირობებისადმი მისი მცირე შეგუებულობის ძალით, არც ძველი არმია მისი დაშლისა და ამის მომყოლი დემობილიზაციის ძალით; უკანასკნელის მხოლოდ ცალკეულმა ნაწლებმა მიიღეს გარკვეული მონაწილეობა ომის საწყისი პერიოდის ოპერაციებში. ამიტომ რევოლუციის შეიარაღებული ძალების შემოქმედებას თავისი თავით უნდა მოეცვა არა მარტო ცოცხალი შეიარაღებული ძალის შექმნა, არამედ მისი მართვის აპარატისაც“.
1918 წლის 15 (28) იანვარს რსფსრ სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დეკრეტი მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) შექმნის შესახებ, 29 იანვარს (11 თებერვალს) კი – მუშურ-გლეხური წითელი ფლოტის (მგწფ) ორგანიზაციის შესახებ.
1918 წლის 18 (31) იანვარს ჩამოყალიბებულ იქნა მგწა-ის პირველი კორპუსი, რომლის საფუძვლადაც შეიქნა საგანგებო დანიშნულების რაზმი (3 ასეული 200-200 ადამიანით), რომელიც შედგებოდა პეტროგრადის მუშებისა და რევოლუციურად განწყობილი ჯარისკაცებისაგან. ჩამოყალიბების პირველი 2 კვირის მანძილზე კორპუსის რიცხოვნება 15 ათას ადამიანამდე იქნა აყვანილი, რომელთაგან მოამზადეს და ფსკოვთან, ნარვასთან, ვიტებსკსა და ორშაში ფრონტზე გაუშვეს არანაკლებ 10 ათასი ადამიანისა.
რეგულარული არმიის ხალხის საყოველთაო შეიარაღებით შეცვლის შესახებ კ. მარქსის თეზისის შესაბამისად, დაარსებულ იქნა ვსევობუჩი – მშრომელთა საყოველთაო სამხედრო სწავლების სისტემა. გადაწყვეტილება მისი შექმნის თაობაზე მიღებულ იქნა 1918 წლის მარტში რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკბისა) (რკპ/ბ/) VII ყრილობისა და საბჭოების IV საგანგებო ყრილობის მიერ, ხოლო იურიდიულ გაფორმებად კი იქცა სრულიად რუსეთის ცენტრალური ააღმასრულებელი კომიტეტის (სცაკ) 1918 წლის 22 აპრილის დეკრეტი „სამხედრო ხელოვნების აუცილებელი სწავლების შესახებ“.
წითელი არმიის პირველი რაზმების ჩამოყალიბებით ადგილობრივი საბჭოები და რევოლუციური კომიტეტები (რევკომები) იყვნენ დაკავებული, რომელთაც ამ სფეროში ფართო დამოუკიდებლობა ჰქონდათ მიცემული. მათი საქმიანობის შედეგად იქცა სხვადასხვაგვარი ტიპის საჯარისო შენაერთების შექმნა, რომლებიც, შეერეოდნენ რა დაშლილი ძველი არმიის ნარჩენებს, წარმოქმნიდნენ „ფარდებს“ («завесы»), რომლებმაც უზრუნველყვეს წითელი არმიის პირველი რეგულარული ნაწილების ჩამოყალიბება.
აი რას ამბობდა 1919 წლის მარტში ამ „პარტიზანული პერიოდის“ შესახებ წითელი არმიის ისტორიაში რკპ(ბ) VIII ყრილობის დელეგატი სოკოლნიკოვი:
უკეთესი ელემენტები ეთიშებოდნენ, კვდებოდნენ, ტყვედ ვარდებოდნენ, და ასეთნაირად იქმნებოდა უარესი ელემენტების ნარჩევი. ამ უარეს ელემენტებს უერთდებოდნენ ისინიც, რომლებიც მოხალისეობით არმიაში მიდიოდნენ არა იმისთვის, რათა ებრძოლათ და დაღუპულიყვნენ, არამედ იმიტომ მიდიოდნენ, რომ ისინი საქმიანობის გარეშე დარჩნენ, იმიტომ, რომ ქუჩაში იყვნენ გამოყრილნი მთელი საზოგადოებრივი მოწყობის კატასტროფული მტვრევის შედეგად. დასასრულს, იქ მიდიოდნენ ძველი არმიის უბრალოდ ნახევრად დამპალი ნარჩენები... ბოლოს და ბოლოს მიღებულ იქნა დამოუკიდებელი პატარა რაზმების სისტემა, რომლებიც ცალკეული წინამძღოლების გარშემო ჯგუფდებოდნენ. ეს რაზმები საბოლოოდ თავიანთ ამოცანად ისახავდნენ არა იმდენად ბრძოლასა და საბჭოთა ხელისუფლების, რევოლუციის მონაპოვართა დაცვას, რამდენადაც ბანდიტობას, მაროდიორობას. ისინი გადაიქცნენ პარტიზანულ რაზმებად, რომლებიც ავანტიურიზმის საყრდენს წარმოადგენდნენ. თქვენ გახსოვთ მურავიოვის ისტორია, და შეიძლებოდა ჩამოგვეთვალა მურავიოვისეული ეპოპეის ბევრი კანდიდატი სწორედ აი ასეთი ავანტიურისტული ელემენტების გარემოდან, რომლებიც პარტიზანულ ომში წინ გამოვიდნენ და რომლებიც თავიანთ ამოცანად სულაც არ ისახავდნენ ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელობით, არამედ ან თავხედური ბანდიტიზმისა და მაროდიორობის, ან კიდევ ბონაპარტიზმის მხარეს იხრებოდნენ.
მოხალისეობითი წითელი არმიის საბრძოლო თვისებები დაბალი იყო, რამდენადაც ყალიბდებოდა ის სრულიად სხვადასხვაგვარი ელემენტებისგან – ძველი არმიის ნაწილების, წითელგვარდიელთა და მატროსების რაზმების, გლეხური სახალხო ლაშქებისგან – და მასში მეფობდა უარესი სახის პარტიზანშჩინა (მეთაურების არჩევითობა, კოლექტიური მეთაურობა და მიტინგური მმართველობა). მიუხედავად ამისა წითელი არმიის პირველმა ნაწილებმა მოსახლეობის მხარდაჭერის, დიდი რიცხობრივი უპირატესობისა და ძველი არმიის საწყობებიდან საბრძოლო მასალებით კარგი მომარაგების ხარჯზე მოახერხეს ჩაეხშოთ ანტიბოლშევიკური წინააღმდეგობის პირველი კერები, კერძოდ, დაემყარებიათ საბჭოთა ხელისუფლება დონსა და ყუბანზე და შეენარჩუნებიათ ეკატერინოდარი, რომლის დაპყრობასაც ცდილობდა მოხალისეთა არმია.
1918 წლის 4 მარტს საგარეო ფრონტზე შემომტევი გერმანული ჯარების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებისა და წითელი არმიის ორგანიზაციის საერთო ხელმძღვანელობისთვის შეიქმნა უმაღლესი სამხედრო საბჭო. მან პირველ რიგში მოაწესრიგა „ფარდების“ ორგანიზაცია, არსებულ რაზმებში შეიტანა საშტატო ორგანიზაცია და შეუდგა ადგილობრივი სამხედრო მმართველობის რეფორმას – საოლქო (საოკრუგო), საგუბერნიო და სხვა სამხედრო კომისარიატების შექმნას.
1918 წლის 22 აპრილს სცაკ-ის დეკრეტით „მუშურ-გლეხურ წითელ არმიაში თანამდებობათა დაკავების შესახებ“ გაუქმდა მეთაურთა შემადგენლობის არჩევითობა. ცალკეული ნაწილების, ბრიგადების, დივიზიების მეთაურთა დანიშვნა დაიწყო სამხედრო საკითხებში სახალხო კომისარიატის მიერ, ხოლო ბატალიონების, ასეულებისა და ოცეულების მეთაურთა თანამდებობების დასაკავებლად კი რეკომენდაციას ადგილობრივი სამხედრო კომისარიატები იძლეოდნენ.
შექმნის პროცესში მყოფი წითელი არმიის დამახასიათებელ თავისებურებად იქცა სამეთაურო შემადგენლობით მხოლოდ კლასობრივი ნიშნის მიხედვით დაკომპლექტების შეუძლებლობა, რამაც მოითხოვა მის რიგებში ძველი არმიის ოფიცრების – სამხედრო სპეციალისტების „სამხსპეცების“ ჩართვა. ეს მასა არ იყო ერთგვაროვანი პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მიმართებაში. შესაბამისად, წითელ არმიაში პოლიტიკური კონტროლის განხორციელებისთვის 1918 წლის მარტ-აპრილში სამხედრო კომისრების ინსტიტუტი იქნა დაარსებული. კომისრები მოწოდებული იყვნენ არა მარტო ეკონტროლებიათ სამხსპეცების საქმიანობა, არამედ ასევე ჯარებში პარტიის პოლიტიკაც გაეტარებიათ: უზრუნველეყოთ კლასობრივი შეკვრა-შეკავშირება, კომუნისტური სულისკვეთებით გაენათლებიათ და აღეზარდათ პირადი შემადგენლობა და სხვა. ასე მგწა-ის ორგანიზაციის სისტემაში შემოღებულ იქნა ორუფროსობის პრინციპი. ნაწილების მეთაურთა (სამხსპეცების) უფლებები შეზღუდული იყო – „სამხედრო კომისარიატებისა და კომისრების შესახებ დებულებაში“, რომელიც კომისრების I ყრილობაზე 1918 წლის ივნისში იქნა მიღებული, აღინიშნებოდა: „სამოქალაქო ომში მოქმედებებისას სამხედრო კომისარი ჯარებს მეთაურობს ერთპიროვნულად“. ამასთან ერთად იმავე დებულებაში ჩაწერილია, რომ „უმაღლესი საჯარისო შენაერთების ჩამოყალიბება, მართვა და მეთაურობა არანაკლებ დივიზიისა ეკუთვნის სამხედრო საბჭოს სამი პირის შემადგენლობით: ორი სამხედრო კომისრის და ერთი სამხედრო ხელმძღვანელისა“.
1918 წლის 8 მაისს შეიქმნა სრულიად რუსეთის მთავარი შტაბი (ვსეროგლავშტაბი), რომელმაც შეცვალა წითელი არმიის ჩამოყალიბებაში სრულიად რუსეთის კოლეგია. ვსეროგლავშაბს ეკისრებოდა სამხედროვალდებულთა აღრიცხვა, მშრომელთა სამხედრო სწავლების ორგანიზაცია, წითელი არმიის ნაწილების ჩამოყალიბება და მოწყობა, რესპუბლიკის თავდაცვის ღონისძიებათა შემუშავება, რისთვისაც ვსეროგლავშტაბის შემადგენლობაში იყო შესაბამისი სამმართველოები. ვსეროგლავშტაბი თავიდან ექვემდებარებოდა ნარკომვოენის (სმხედრო და სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარიატის) კოლეგიას, ხოლო 1918 წლის 6 სექტემბრიდან კი – რესპუბლიკის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს (რესპრევსამხსაბჭო).
მცდელობებმა ჩამოეყალიბებიათ მგწა მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე ლოზუნგით „სოციალისტური სამშობლო საფრთხეშია!“ ვერ უზრუნველყო მასობრივი რეგულარული არმიის შექმნა, რომლის ჩამოყალიბებაც ნელ-ნელა და არათანაბარზომიერად მიმდინარეობდა. მოხალისეთა ნაწილების მყარი საორგანიზაციო ფარგლებისა და სამხედრო მომზადების არარსებობა დისციპლინასა და საბრძოლო მზადყოფნაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა; მოხალისეთა სახით წითელ არმიაში მნიშვნელოვანი რაოდენობით შედიოდნენ დეკლასირებული ელემენტები, რომლებიც ომს განიხილავდნენ როგორც პირადი სარგებლის წყაროს. რიჩარდ პაიფსი მიუთითებს, რომ პირველ ხანებში მოხალისეთა ლომის წილს უმუშევრები შეადგენდნენ, რომლებსაც ულუფის მიღების შესაძლებლობა ხიბლავდა. 1918 წლის აპრილის ბოლოსათვის არმიის რიცხოვნების მხოლოდ 196 ათას ადამიანამდე აყვანა მოხერხდა, რის შემდეგაც მოხალისეთა ნაკადმა იწყო შემცირება.
რიჩარდ პაიფსი თვლის, რომ თვით 1918 წლის ბოლომდეც წითელი არმია ფაქტიურად მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა. ბიძგად, რომელმაც აიძულა ბოლშევიკები აქტიურ მოქმედებებზე გადასულიყვნენ, შეიქნა ჩეხოსლოვაკური კორპუსის აჯანყება, რომელმაც 1918 წლის მაისში იფეთქა. ჩეხოსლოვაკური კორპუსის რიცხოვნება 40 ათად ადამიანამდე ადიოდა; რუსეთისათვის, რომლის განკარგულებაშიც სულ ახლახანს მრავალმილიონიანი არმია იყო, ასეთი ძალები შედარებით მცირე გახლდათ, მაგრამ იმ მომენტში ჩეხოსლოვაკები ქვეყანაში საბრძოლველად მზადმყოფი თითქმის ერთადერთი ძალა აღმოჩნდნენ.
სცაკ-ის 1918 წლის 29 მაისის დეკრეტით „მუშურ-გლეხურ წითელ არმიაში იძულებითი შეკრების შესახებ“ გამოცხადებულ იქნა ვოლგისპირეთის, ურალისა და დასავლეთ-ციმბირის სამხედრო ოლქების (ოკრუგების) 51 მაზრაში მუშებისა და უღარიბესი გლეხების, აგრეთვე პეტროგრადისა და მოსკოვის მუშების საყოველთაო მობილიზაცია. „სამხედრო კომუნიზმის“ რეჟიმის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენდა რეგულარული პარტიული მობილიზაციები, უმთავრესად – კომუნისტების ფრონტზე მობილიზაციები. სამოქალაქო ომის ბოლოსათვის პარტიის მთელი წევრების დაახლოებით ნახევარი არმიაში იმყოფებოდა. პირველმა პარტიულმა მობილიზაციამ უკვე 1918 წლის ივლისში ჩაიარა. 2 ათასზე მეტი კომუნისტი აღმოსავლეთის ფრონტზე იქნა კომისრებად და პოლიტმუშაკებად გაგზავნილი.
სამხედრო საკითხებში სახალხო კომისარიატის (სახკომატი) განმგებლობაში გადაიცა ასევე სხვა უწყებათა სამხედრო ფორმირებები (სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის /ვჩკ/ ჯარები, სასურსათო არმია /პროდარმია/, სასაზღვრო დაცვა და სხვა).
1918 წლის 26 ივნისს სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარმა ტროცკიმ სახკომსაბჭოში გაგზავნა წარდგინება მშრომელთა საყოველთაო სამხედრო ვალდებულების დადგენისა და ბურჟუაზიული კლასების შესაბამისი ასაკების ზურგის სახალხო ლაშქარში ჩართვის შესახებ. 1918 წლის 29 ივლისის დეკრეტით ქვეყნის მთელი სამხედროვალდებული მოსახლეობა 18-დან 40 წლამდე აყვანილ იქნა აღრიცხვაზე და დადგენილ იქნა სამხედრო-საცხენოსნო ვალდებულებაც. სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებამ საშუალება მისცა სწრაფად გაეზარდათ შეიარაღებული ძალების რიცხოვნება. 1918 წლის 15 სექტემბრისათვის არსებული მონაცემებით, წითელ არმიაში ირიცხებოდა უკვე 450 ათასზე მეტი ადამიანი, ზურგის ჯარებისა და დამხმარე ჯარების ჩაუთვლელად, რომლებიც დაახლოებით 95 ათას ადამიანს შეადგენდნენ.
ტროცკიმ აიღო არმიის მშენებლობის კურსი ტრადიციულ პრინციპებზე: ერთუფროსობა, სიკვდილით დასჯის აღდგენა, მობილიზაციის, განსხვავების ნიშნების, ერთიანი ფორმის ტანსაცმლის და თვით სამხედრო პარადების აღდგენაც. მგწა-ის პირველი პარადი შედგა 1918 წლის 1 მაისს მოსკოვში, ხოდინის ველზე. მკვლევარის რიჩარდ პაიფსის აზრით, ეს პარადი ჯერ კიდევ არცთუ ძალიან იღბლიანი იყო; მაგრამ ვსევობუჩის პარადზე, რომელმაც 1919 წლის 25 მაისს წითელ მოედანზე ჩაიარა, უკვე „განსწავლა-გაწვრთნილობის სასწაულები“ იქნა დემონსტრირებული.
1918 წლის 6 სექტემბერს ქვეყნის სამხედრო ბანაკად გამოცხადებასთან ერთდროულად უმაღლესი სამხედრო საბჭოს ნაცვლად შეიქმნა რესპუბლიკის რევოლუციური სამხედრო საბჭო – ქვეყანაში სამხედრო ხელისუფლების უმაღლესი კოლეგიალური ორგანო, რომელიც მოქმედი არმიის ხელმძღვანელობას რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მეშვეობით ახორციელებდა. რესპრევსამხსაბჭოს სათავეში ჩაუდგა ტროცკი. მის უშუალო ხელქვეითად შეიქნა მეფის ყოფილი პოლკოვნიკი, ლატვიელი იოაკიმ ვაცეტისი, რომელმაც მიიღო პირველი საბჭოთა მთავარსარდლის თანამდებობა. მთავარსარდალს ექვემდებარებოდა შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის ორგანო – რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს შტაბი (1918 წლის 8 ნოემბრიდან – საველე შტაბი). 1918 წლის 5 სექტემბერს შეიქმნა აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფრონტები თავ-თავიანთი შტაბებით.
ქვეყნის მთელი რესურსების სამხედრო საჭიროებებზე მობილიზებისათვის 1918 წლის 30 ნოემბერს შეიქმნა მუშური და გლეხური თავდაცვის საბჭო, რომელმაც გააერთიანა ყველა უწყების მუშაობა სასურსათო, სატრანსპორტო და სამხედრო-სამრეწველო სფეროში (1920 წლის აპრილიდან – სრულიად რუსეთის შრომისა და თავდაცვის საბჭო).
1918 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე დაიწყეს მოქმედი არმიის შენაერთებისა და ნაწილების საარმიო და საფრონტო გაერთიანებებში შეყვანა. ერთი წლის შემდეგ მგწა-ში იყო უკვე შვიდი ფრონტი, რომელთაგან თითოეული მოითვლიდა 2-5 არმიას. 1919 და 1920 წწ. განმავლობაში წითელი არმიის რიცხოვნება განუწყვეტლივ იზრდებოდა. 1919 წლის ბოლოსათვის იგი 3 მლნ ადამიანს მოითვლიდა, ხოლო 1920 წლის შემოდგომისთვის კი უკვე 5,5 მლნ ადამინს მიაღწია.
1918 წლის დეკემბერში რსფსრ სახკომსაბჭომ მიიღო დადგენილება „რესპუბლიკის მთელი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შესახებ“, რომლითაც მთავარსარდალს მიეცა „სრული დამოუკიდებლობა სტრატეგიულ-ოპერატიული ხასიათის ყველა საკითხში, აგრეთვე რესპუბლიკის ჯარების, სამხედრო სამმართველოებისა და დაწესებულებათა სამეთაურო შემადგენლობის თანამდებობებზე დანიშვნის, გადაადგილებისა და მათგან ჩამოშორების უფლება, რომლებიც შედიან მოქმედი არმიის შემადგენლობაში“. მაშინვე მსგავსი უფლებები მიეცათ ფრონტის არმიების სარდლებს, უფრო გვიან კი – დივიზიების უფროსებსაც.
მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცა ბრძოლა „სამხედრო ანარქიზმთან“, რომელიც მგწა-ის არსებობის პირველი თვეებში იყო გავრცელებული. არმიაში შემოიღეს მეთაურთა ბრძანებების აღსრულების აუცილებლობა, აღდგენილ იქნა დახვრეტები დეზერტირობისთვის. 1918 წლის ბოლოსათვის საჯარისო კომიტეტების ძალაუფლება არმიაში ნულამდე იქნა დაყვანილი. იგივე ეხებოდა ნაწილებში პარტიულ უჯრედებსაც. 1918 წლის 25 ოქტომბრის დადგენილებით რკპ(ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა (ცკ) მათ მეთაურთა სამსახურეობრივ საქმიანობაში ჩარევა აუკრძალა.
სახალხო კომისარმა (სახკომმა) ტროცკიმ პირადად და თვალსაჩინოდ მოახდინა სამხედრო დისციპლინის აღდგენის მეთოდების დემონსტრირება, როცა 1918 წლის 10 აგვისტოს პირადად ჩავიდა სვიაჟსკში ყაზანისათვის ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად. როცა პეტროგრადის მე-2 პოლკი თვითნებურად გაიქცა ბრძოლის ველიდან, ტროცკიმ დეზერტირებთან მიმართებით დეციმაციის ძველრომაული რიტუალი გამოიყენა (ყოველი მეათის სიკვდილით დასჯა წილისყრის მიხედვით). 31 აგვისტოს ტროცკიმ დახვრიტა 20 ადამიანი მე-5 არმიის თვითნებურად უკანდახეული ნაწილების რიცხვიდან, ამასთან დეზერტირებთან ერთად ასევე გამოაშკარავებული სიმულიანტებიც იქნენ დახვრეტილი. 1918 წლის ზაფხულში წითელ არმიაში თვითნებურ უკანდახევასთან ბრძოლის მიზნით პირველად იქნენ გამოყენებული გადამღობი რაზმები. როგორც რიჩარდ პაიფსი წერს:
დრაკონული ზომები წითელ არმიაში სისასტიკის მიხედვით აღემატებოდა ყველაფერს, რაც იყო ოდესმე ცნობილი ბატონყმობის ხანის მეფის არმიაში. არაფერი მსგავსი არ გამოიყენებოდა პრაქტიკაში თეთრ არმიებშიც: ჯარისკაცებს, რომლებიც დეზერტირებად წავიდნენ წითელი არმიიდან და თეთრების ტყვეობაში აღმოჩნდნენ, აოცებდათ იქ დისციპლინის არარსებობა.
1918 წლის დეკემბრის ბოლოს დეზერტირობასთან ბრძოლის ზომების უშუალო განხორციელებისათვის მუშური და გლეხური თავდაცვის საბჭომ დააარსა ცენტრალური დროებითი კომისია სულიად რუსეთის მთავარი შტაბის, სამხედრო კომისრების სრულიად რუსეთის ბიუროსა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენელთა შემადგენლობით. საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებებში „დეზერტირობის შესახებ“, „დეზერტირობასთან ბრძოლის ზომების შესახებ“ და „დეზერტორობის ამოძირკვისათვის ზომების შესახებ“, დეზერტირობა ღალატთან იყო გაიგივებული და მისი კვალიფიცირება ხდებოდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე და სამარცხვინო დანაშაულისა.
მგწა-ის სხვა თავისებურებად იქცა მისი ზემოდან სულ დაბალ ფენებამდე პოლიტიზაცია. მნიშვნელოვანი ადგილი არმიაში მისი დაარსების მომენტიდანვე ეკავა უწყვეტ პოლიტიკურ აგიტაციას, რომლის წარმოებისთვისაც ოგანიზებულ იქნა მძლავრი მანქანა წითელი არმიის პოლიტიკური სამმართველო. გარდა ამისა, არმიის მშენებლობისას კომუნისტები აქტიურად იყენებდნენ კლასობრივ მიდგომას; თავიანთ ძირითად სოციალურ ბაზად ისინი ტრადიციულად მიიჩნევდნენ, პირველ რიგში, ქარხნის მუშებს. და პირიქით, ძველი არმიის ოფიცრობა ითვლებოდა „კონტრრევოლუციურ“ ძალად, რომელზე კონტროლისთვისაც არმიაში დაარსებული იყო კომისრების სისტემა.
რადგანაც რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას იმ ხანებში გლეხები შეადგენდნენ, 1918 წლის ზაფხულში მასობრივ მობილიზაციაზე გადასვლა ნიშნავდა, რომ მგწა თავისი შემადგენლობით ასევე უპირატესად გლეხური გახდებოდა. გლეხების ბოლშევიზმისადმი ლოიალობაში დაურწმუნებლობამ გამოიწვია კომუნისტთა გარკვეული მერყეობანი გაწვევაზე გადასვლის დროს.
იმავე კლასობრივმა მიდგომამ გამოიწვია ახალი სირთულეები ჯართა ისეთი გვარეობის მშენებლობაში, როგორიც იყო კავალერია. გლეხებისგან განსხვავებით, რომლებიც ცხენებს თავიანთ მეურნეობაში იყენებდნენ, მუშები, როგორც წესი, ცხენებს ნაკლებად იცნობდნენ. გარდა ამისა, ის რაიონები, რომლებიც არმიას ტრადიციულად აწვდიდნენ ცხენებს, როგორც წესი, თეთრგვარდიელთა და კაზაკების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.
პირველ ხანებში ტროცკი ცხენოსანი ჯარის მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი, თვლიდა რა მას ჯარების „არისტოკრატიულ“ სახეობად. მის მოსაზრებებში არცთუ უკანასკნელ ადგილს იჭერდა ის ფაქტი, რომ 1917 წელს ძველი არმიის საკაველერიო ნაწილები ერთ-ერთ ყველაზე უფრო ნაკლებად გახრწნილ კომპონენტად რჩებოდნენ და ხშირად ბოლშევიზაციასაც უფრო ძნელად ექვემდებარებოდნენ. მაგრამ ტროცკი იძულებული იყო შეეცვალა თავისი თვალსაზრისი 1919 წლის შუახანებში მამონტოვის რეიდის წარმატების შედეგად. ჯერ ისევ კლასობრივი მიდგომის შესაბამისად, 1919 წლის 20 სექტემბერს ტროცკიმ წამოაყენა ლოზუნგი „პროლეტარებო, ცხენებზე!“, ხოლო ნოემბერში კი გასცა სანქცია ბუდიონის პირველი ცხენიოსანი არმიის შესაქმნელად.
არმიის მშენებლობის ტრადიციულ საწყისებზე თანდათანობითმა გადასვლამ გამოიწვია აგრეთვე ცვლილებები წითელარმიელთა გარეგნულ შესახედაობაში. 1919 წლის იანვარში რევსამხსაბჭომ დაამტკიცა სახელოზე სატარებელი განსხვავების ნიშნები მეთაურთა შემადგენლობისთვის, 1919 წლის 16 იანვრის ბრძანებით შემოიღეს თავსაბურავი, რომელიც ცნობილია როგორც „ბუდიონურა“.
1919 წლამდე მგწა-ში არ იყო ფორმის ერთიანი ტანსაცმელი; მებრძოლებს შეეძლოთ ძველი არმიის ფორმის ტანსაცმელი ეტარებინათ, ჩექმების მაგივრად კი ფეხზე ქალამნები სცმოდათ. 1919 წლის იანვარ – აპრილში თანდათანობით ტანსაცმლის ერთიანი ფორმა შემოდის. წითელარმიელთა გარეგნულმა შესახედაობამ თანდათახობით დამახასიათბელი სახე მიიღო: ფერადი (მაგალითად, ჟოლოსფერი) სარქველები გიმნასტურებსა და მაზარებზე, ბუდიონურები, დაკერებული წითელი ვარსკვლავი.
ტროცკის მიერ აღებულმა კურსმა მსობრივი რეგულარული არმიის მშენებლობაზე ხისტი ერთუფროსობისა და ოფიცერთა მასობრივი ჩართვის საფუძველზე გამოიწვია მრავალი უკმაყოფილო ადამიანის გამოჩენა. მაშინ სოციალისტებს შორის გავრცელებული აზრის თანახმად, ოფიცრობა თავისთავად წარმოადგენს „კონტრრევოლუციურ“ ძალას. „სამხსპეცებისადმი“ უნდბლობა იმითაც ღრმავდებოდა, რომ ბევრი მათგანი, მართლაც, თეთრგვარდიელებთან გაიქცა ან ამბოხებებს აწყობდა. ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ შემთხვევად იქცა ძველი არმიის ყოფილი პოდპოლკოვნიკის, აღმოსავლეთ ფრონტის სარდლის მემარცხენე ესერის მ. ა. მურავიოვის ამბოხება, და ფორტ „კრასნაია გორკას“ აჯანყება. გარდა ამისა, რიგი ბოლშევიკების უკმაყოფილებას იწვევდა აგრეთვე ძველი არმიის ისეთი ელემენტების აღდგენა, როგორიცაა განსხვავების ნიშნები და სამხედრო მისალმებანი, რასაც ბევრი აღიქვამდა როგორც უკანდახევას „საყოველთაო თანასწორობის“ დეკლარირებული პრინციპიდან. კრიტიკა განიცადა ასევე ტროცკის მიერ აღდგენილმა საარმიო წესდებამ, რომელიც ოპოზიციონერებმა ზომაზე მეტად „წვრილმან რეგლამენტირებაში“, თვით „წითელარმიელთათვის თევზის ჭერის აკრძალვაშიც“ კი დაადანაშაულეს.
1918 წლის ბოლოსათვის მსგავსი შეხედულებების გამომხატველად თანდათანობით გაფორმებული სამხედრო ოპოზიცია გადაიქცა. 1919 წლის მარტში რკპ(ბ) VIII ყრილობაზე ტროცკის მოუხდა შეუპოვარი ბრძოლა გადაეტანა ოპოზიციონერებთან. ოპოზიციონერთა წინააღმდეგ პირადად ლენინი გამოვიდა, რომელმაც მხარი რეგულარული არმიის ჩამოყალიბების აუცილებლობას დაუჭირა.
სრულიად რუსეთის ცაკ-ის (სცაკ) 1919 წლის 1 ივნისის დეკრეტის საფუძველზე „რუსეთის, უკრაინის, ლატვიის, ლიტვის, ბელორუსიის საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანების შესახებ მსოფლიო იმპერიალიზმთან საბრძოლველად“, რეგულარული გაერთიანებული მუშურ-გლეხური წითელი არმიის შემადგენლობაში 1919 წლის ივნის-აგვისტოში შევიდნენ 188-ათასიანი ჯარები უკრაინის საბჭოთა არმიისა.
სამოქალაქო ომის დასაწყისი
წითელ არმიაში მუშათა და გლეხთა გაწვევის კომისია (1918).
სამოქალაქო ომის გაჩაღება მოხდა რევოლუციისა და კონტრრევოლუციის მამოძრავებელი ძალების სამ ადგილობრივ შეჯახებაზე, რომლებიც ოქტომბრის გადატრიალების შედეგად იქცნენ ორივე დედაქალაქსა და თითქმის ყველა სამრეწველო ცენტრში. ორივე მხარის ძალების ტერიტორიული გამიჯვნა, და მასთან ერთად ფრონტების ხაზებიც წარმოიშვა გაცილებით უფრო გვიან, მანამდე კი საომარ მოქმედებათა მთელი თეატრი წარმოადგენდა მხოლოდ რიგს ბრძოლის ცალკეული კერებისა, რომლებიც სივრცეში ერთმანეთისაგან იყვნენ განცალკევებული.
გამჭოლი სარკინიგზო მაგისტრალები წარმოადგენდა დამაკავშირებელ ძაფებს ამ კერებს შორის და იმ მიმმართველ კალაპოტებს, რომლის გაყოლებითაც გაემართა რევოლუციური ძალების პირველი ტალღა გამარჯვებული ცენტრებიდან განაპირა მხარეებში რევოლუციის ზეიმისათვის მებრძოლების დასახმარებლად. ორგანიზებული შეიარაღებული ძალების შეზღუდული რაოდენობა და საველე მოქმედებებისათვის მათი შეუგუებლობა, თავის მხრივ, ასევე ახდენდა გავლენას მათ მიბმულობაზე რკინიგზებთან. აქედან წარმოიშვა სამოქალაქო ომის ამ პერიოდის სახელწოდება – „ეშელონური ომისა“. სტრატეგიის როლი ეშელონური ომის პერიოდში არსებითად უნდა დასულიყო და დავიდა კიდეც მასების სტიქიური გამოვლენებისთვის დახმარების აღმოჩენასა და მათი მოძრაობების მისთვის სასურველ კალაპოტებში მიმართვაზე. უფრო მეტი იმედის ქონა ძნელი იყო, რადგანაც თავად მასები ჯერ კიდევ არ იყვნენ ორგანიზებულნი სამხედრო მიმართებით და ამიტომ არ შეეძლოთ აღექვათ ისეთი სამხედრო ხელმძღვანელობა, რომელიც სულ ქვედა ფენებამდე იქნებოდა გატარებული.
ეშელონური ომის პერიოდის წითელი სტრატეგიის ძირითადი ამოცანა რევოლუციის მონაპოვართა სივრცეში გაფართოებასა და განმტკიცებაში მდგომარეობდა.
ტრადიციულ კაზაკურ მიწებზე კაზაკებსა და „სხვაქალაქელებს“ შორის კონფლიქტებში ბოლშევიკები „სხვაქალაქელთა“ მხარეზე დადგნენ. დონზე ძალაუფლებისთვის ბრძოლამ დონელი კაზაკების ატამანად მეფის გენერლის ა. მ. კალედინის არჩევა გამოიწვია; უმაღლესი ოფიცრების ჯგუფის (გენერლები მ. ვ. ალექსეევი, ლ. გ. კორნილოვი, ა. ი. დენიკინი, ს. ლ. მარკოვი) მიერ დონზე დაიწყო თეთრგვარდიული მოხალისეთა არმიის ჩამოყალიბება. ბოლშევიკური ხელმძღვანელბის მიერ ტროცკისა და ა. ა. იოფეს მეთაურობით ბრესტ-ლიტოვსკის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ შედეგად მოიტანა გერმანული ოკუპაციის მკვეთრი გაფართოება (1918 წლის ზაფხულისათვის გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ფსკოვისა და პეტროგრადის გუბერნიათა რიგი მაზრები, ბელორუსიის უმეტესი ნაწილი, უკრაინა, ყირიმი, დონის ოლქი, ნაწილობრივ ტამანის ნახევარკუნძული, ვორონეჟისა და კურსკის გუბერნიები).
1918 წლის მარტში ინგლისური ჯარები ახდენენ არხანგელსკის ოკუპაციას, ივლისში – მურმანსკის, 5 აპრილს იაპონური ჯარები ახდენენ ვლადივოსტოკის ოკუპაციას. ანტანტის ჯარების საფარველქვეშ ჩრდილოეთში ყალიბდება თეთრგვარდიული მთავრობა, რომელიც შეუდგა „სლავურ-ბრიტანული ლეგიონისა“ და 4500-კაციანი „მურმანსკის მოხალისეთა არმიის“ ჩამოყალიბებას (უმთავრესად ყოფილი მეფის ოფიცრებისაგან).
საბჭოთა პერიოდში მიღებული იყო სამოქალაქო ომის დასაწყისად ჩაეთვალათ ჩეხოსლოვაკური კორპუსის ამბოხება, რომელმაც 1918 წლის მაისში იფეთქა. ჩეხოსლოვაკური კორპუსი – მოხალისეთა სამხედრო შენაერთი, ჩამოყალიბებული 1917 წლის შემოდგომაზე რუსეთის არმიის შემადგენლობაში, ძირითადად ტყვე ჩეხებისა და სლოვაკებისაგან – ავსტრია-უნგრეთის არმიის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთაგან, რომელთაც გამოთქვეს სურვილი მიეღოთ მონაწილეობა ომში გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის წინააღმდეგ. პეტროგრადში მომხდარმა (თებერვლის) რევოლუციამ ეს გეგმები ჩაშალა. კორპუსის სარდლობამ მოახერხა მიეღწია შეთანხმებისათვის ბოლშევიკებთან საფრანგეთში გაგზავნაზე ვლადივოსტოკის გავლით. აჯანყების მომენტისათვის კორპუსი ძლიერად რკინიგზის გაყოლებით იყო გაწელილი. ამ ეტაპზე კორპუსი ფაქტიურად ერთადერთ ბრძოლისუნარიან სამხედრო ძალას წარმოადგენდა ქვეყანაში: მეფის არმია დაიშალა, მგწა და თეთრი არმიები ჯერ ჩამოყალიბების სტადიაში იმყოფებოდნენ. ჩეხოსლოვაკური სარდლობის შეჯახებანი ბოლშევიკ აგიტატორებთან იქცა კორპუსის მსვლელობის მთელ გზაზე ერთდროული ამბოხების ერთ-ერთ მიზეზად. სამარაში ჩეხოსლოვაკებმა დაამხეს ბოლშევიკები და მხარი დაუჭირეს ესერულ-მენშევიკური კომუჩ-ის (დამფუძნებელი კრების წევრთა კომიტეტის) ჩამოყალიბებას. ამ მოვლენამ ვრცელ ტერიტოროებზე საბჭოთა ხელისუფლების დამხობა გამოიწვია. ციმბირში უფის დირექტორიის სუსტი მთავრობა შეიქმნა. 1918 წლის 18 ნოემბერს რუსეთში ადმირალ ა. ვ. კოლჩაკის დაბრუნების შემდეგ მოხდა მოვლენები, რომლებმაც იგი ხელისუფლებაში მოიყვანეს.
რიგი ისტორიკოსების აზრით, ჩეხოსლოვაკური ამბოხების დაწყების მომენტისათვის უკვე მოასწრო დასრულება თეთრი წინააღმდეგობის პირველმა შეიარაღებულმა ეტაპმა – ბრძოლამ რუსეთის სამხრეთში – მოხალისეთა ახალგაზრდა არმიის პირველი ყუბანური ლაშქრობა (9 /22/ თებერვალი – 13 მაისი 1918 წ.)
ომის მსვლელობა
რუსეთში სამოქალაქო ომის შემდეგ ეტაპად იქცა „თეთრი წარღვნა“; ჩამოყალიბებულ იქნა სამი ძირითადი თეთრი არმია – მოხალისეთა არმია დონზე (პირველი სარდალი გენერალი ლ. გ. კორნილოვი, 1918 წლის 13 აპრილს მისი დაღუპვის შემდეგ – გენერალი ა. ი. დენიკინი), ციმბირში – ა. ვ. კოლჩაკის არმია (გამოცხადებულისა რუსეთის უმაღლეს მმართველად დედაქალაქით ომსკში), ჩრდილო-დასავლეთში – გენერალ ნ. ნ. იუდენიჩის არმია. უკვე 1918 წლის სექტემბერში კომუჩის მთავრობა დაემხო ორი მხრიდან მიყენებული დარტყმებისგან – თეთრებისა და წითლების მხრიდან. კოლჩაკის ჯარები ურალამდე მივიდნენ, დენიკინისა – კიევამდე, და 1919 წლის 13 ოქტომბერს ასევე ორიოლიც დაიკავეს. იუდენიჩის ჯარები 1919 წლის სექტემბერში უშუალოდ პეტროგრადს ემუქრებოდნენ.
თეთრი არმიების მძლავრი შემოტევა მგწა-ის მიერ 1919 წლის ბოლოს იქნა გაჩერებული. 1920 წელი იქცა „წითელი წარღვნის“ ხანად: წითელარმიელთა შეტევას ყველა ფრონტზე მხარს უჭერდა იმ ხანებში ჩამოყალიბებული მ. ს. ბუდიონის ცხენოსანი არმია. გენერალმა იუდენიჩმა „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის“ ლოზუნგით ვერ მიიღო ფინეთისა და ესტონეთის მხარდაჭერა, მისი ჯარები 1919 წლის ბოლოს იძულებული იყვნენ ესტონეთის ტერიტორიაზე დაეხიათ, სადაც შემდგომში ინტერნირებულ იქნენ. 1920 წლის იანვარში ადმირალი კოლჩაკი დაპატიმრებულ იქნა ირკუცკში მენშევიკურ-ესერული პოლიტცენტრის ხელისუფალთა მიერ, მათ მიერვე ბოლშევიკებისთვის გადაცემული, და 1920 წლის 7 თებერვალს დახვრეტილი. გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიას დავა-კამათები ჰქონდა კაზაკებთან, უკრაინაშიც მას უხდებოდა ეომა, მგწა-ის გარდა, ასევე პეტლიურელებთან, და მახნოს ჯარებთან. 1920 წლის 10 იანვარს მგწა-მ დაიკავა დონის-როსტოვი, 1920 წელს დაიწყო მოხალისეთა არმიის მასობრივი უკანდახევა სამხრეთისაკენ; 1920 წლის 8 თებრვალს წითელმა არმიამ დაიკავა ოდესა, 27 მარტს – ნოვოროსიისკი.
ჩრდილოეთის ოლქიდან ანტანტის ჯარების წასვლის შემდეგ (1919 წლის სექტემბერი – ინტერვენტების ევაკუაცია არხანგელსკიდან, 1920 წლის თებერვალი – მურმანსკიდან) დაიწყო ადგილობრივი თეთრგვარდიული მთავრობის დაშლა. 1920 წლის 20 თებერვალს ჩრდილოეთ ოლქის დროებითი მთავრობა და მისი არმია ფინეთსა და ნორვეგიაში გაიქცნენ, 1920 წლის 21 თებერვალს ჩრდილოეთ ოლქში მგწა შევიდა.
1919–1921 წწ. მგწა ასევე მონაწილეობდა საბჭოთა-პოლონეთის ომში. მოაწერა რა ხელი ბრესტ-ლიტოვსკის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რუსეთმა დე-იურედ აღიარა პოლონეთის დამოუკიდებლობა, რომელიც დე-ფაქტოდ იყო დამოუკიდებელი 1915 წლის ზაფხულის გერმანული ოკუპაციის დასაწყისიდან (გერმანიამ მოახდინა პოლონეთის, ლიტვის, ბელორუსიის ნაწილის /დვინსკ-სვენციანი-პინსკის ხაზის დასავლეთით/, მოონზუნდის კუნძულების, ლატვიის ნაწილის /რიგისა და რიგის მაზრის ჩათვლით/, უკრაინის ნაწილის ოკუპაცია). ხელისუფლებაში პილსუდსკის მოსვლის შემდეგ პოლონეთმა დაიწყო „ზღვიდან ზღვამდე“ დიდი რეჩ პოსპოლიტას აღდგენის გეგმების წამოყენება. 1920 წლის 6 მაისს პოლონურმა ჯარებმა კიევი დაიკავეს, მაგრამ 1920 წლის ივლისის შუახანებისთვის პოლონეთის საზღვრებისკენ იქნენ განდევნილნი. წითელი არმიის მცდელობა უფრო იქითაც შეეტია მისთვის კატასტროფით დასრულდა; ბოლშევიკების მიერ ნავარაუდევი და სასურველი პოლონური პროლეტარიატის აჯანყების ნაცვლად ადგილობრივმა მოსახლეობამ წითელარმიელები აღიქვა როგორც რუსი ოკუპანტები. 1921 წლის მარტში ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელმაც პოლონეთს დასავლეთ ბელორუსია და დასავლეთ უკრაინა გადასცა.
1920 წლის 28 ოქტომბერს წითელმა არმიამ მოახდინა სივაშის ფორსირება და გაარღვია ყირიმში „თეთრების“ თავდაცვა, რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალებისა ბარონ პ. ნ. ვრანგელის სარდლობით. 1920 წლის 14–16 ნოემბერს თეთრგვარდიელთა ნაწილები ყირიმიდან ევაკუაციით წავიდნენ.
ომის დასრულება
1920 წლის დასაწყისში ბოლშევიკებმა სცნეს შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკა (შარ), რომელსაც მათსა და იაპონელ ოკუპანტებს შორის ბუფერის სამსახური უნდა გაეწია. რეგიონის ძირითადი ძალები, ბოლშევიკების, შარ-ის ჯარებისა და იაპონელთა გარდა, იყვნენ ასევე ატამან სემიონოვის იმიერბაიკალელი კაზაკები. ბოლშევიკების, ასევე ანტანტის ქვეყნების ზეწოლით, რომელთაც იაპონიის გაძლიერებისა ეშინოდათ, შარ-ის ჯარები გაყვანილ იქნენ იმიერბაიკალეთიდან.
შარ-ი სწრაფად ჩავარდა საბჭოთა რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ; შარ-ის დამფუძნებელ კრებაში უმრავლესობა ბოლშევიკებმა აიღეს ხელში, ხოლო შარ-ის სახალხო-რევოლუციური არმია (სრა) კი რსფსრ-ის მიერ წითელი არმიის ნაწილად განიხილებოდა. ამ გარემოებამ გამოიწვია ადგილობრივ თეთრგვარდიელთა მიერ 1921 წლის 26 მაისს იაპონელთა მხარდაჭერით გადატრიალების ორგანიზაცია. ხელისუფლება ვლადივოსტოკში ძმების მერკულოვების ხელში გადავიდა. 1922 წლის ივნისში ხელისუფლება თეთრმა გენერალმა მ. კ. დიტერიხსმა ჩაიგდო ხელში, რომელმაც საკუთარი თავი საერობო ვოევოდად (სარდლად) გამოაცხადა, და საერობო მხედრობაც ჩამოაყალიბა. იგი განადგურებულიქნა სრა-ის ჯარების მიერ ვ. კ. ბლიუხერის სარდლობით, პარტიზანების მხარდაჭერით. 1922 წლის 24 ოქტომბერს სრა ვლადივოსტოკში შევიდა. თეთრი ჯარების ნარჩენები შორეულ აღმოსავლეთში 1923 წლის ივლისისათვის იქნენ განადგურებულნი.
1920–1921 წწ. პერიოდი იქცა „მწვანე წარღვნის“ ხანად. სასურსათო გაწერით (продразверстка) გლეხური მოსახლეობის მასობრივ უკმაყოფილებას ცეცხლი შეუნთეს წითელი არმიიდან დემობილიზებულებმაც. „მწვანე“ გლეხ მოჯანყეთა ცალკეულმა აჯანყებებმა მოიცვეს მთელი ქვეყანა; მათგან ყველაზე უფრო მსხვილი შეიქნა ა. ს. ანტონოვის „მწვანე არმიის“ აჯანყება ტამბოვშჩინაზე (ტამბოვის მხარეში). ამ აჯანყებათა ჩახშობაზე ასევე იქნენ გადასროლილი მგწა-ის ნაწილები. აჯანყებები არაერთხელ გადაეცემოდა ასევე თვითონ წითელი არმიის ნაწილებსაც, რომლებიც ძირითადად გლეხებისაგან იყო შეკრებილი. ასე, 1919 წლის 13 ივნისს, იუდენიჩის შემოტევის დროს, მოხდა ამბოხებები ფორტებზე კრასნაია გორკა და სერაია ლოშადც პეტროგრადთან; 1919 წლის 7–9 მაისს უკრაინაში ყოფილი მეფის ოფიცერი ა. ი. გრიგორიევი, რომელიც 1918 წლის თებერვალში პეტლიურელებისგან ბოლშევიკებთან გადავიდა, უარს ამბობს თავისი დივიზია გაგზავნოს რუმინეთის ფრონტზე უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის მხარდასაჭერად, და იწყებს ამბოხებას, რომელიც უმთავრესად სასურსათო გაწერით უკმაყოფილო გლეხებს ემყარებოდა.
სამოქალაქო ომის შედეგები
„მწვანე წარღვნას“ წერტილი ე. წ. კრონშტადტის ამბოხებამ დაუსვა 1921 წლის თებერვალ–მარტში. 1920-21 წლის ზამთრისათვის ბოლშევიკების მიერ გატარებულმა „სამხედრო კომუნიზმის“ პოლიტიკამ პეტროგრადის მომარაგება კრახამდე მიიყვანა და მასში ახალი შიმშილი გამოიწვია. უკმაყოფილებას შედეგად მოჰყვა კრონშტადტის სამხედრო-საზღვაო ბაზის აჯანყება ლოზუნგებით „საბჭოებისათვის კომუნისტების გარეშე“, ასევე სასურსათო გაწერის გაუქმების, ვაჭრობის თავისუფლებისა აღდგენისა და სხვა.
აჯანყებამ საქმე კინაღამ სკპ(ბ)-ის შიგნით განხეთქილებამდეც კი მიიყვანა; მდგომარეობა იმით რთულდებოდა, რომ რევოლუციური კრონშტადტელი მატროსების მხარდაჭერამ ძლიერად შეუწყო ხელი 1917 წელს თავად ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლას. მიუხედავად ამისა, აჯანყება თეთრგვარდიულ ამბოხებად იქნა გამოცხადებული, რომლის პროვოცირებაც მოახდინეს სამხედრო სპეციალისტებმა ყოფილი მეფის ოფიცერთა წრიდან უცხოური დაზვერვების მხარდაჭერით, და იგი ჩახშობილ იქნა კიდეც. წითელი არმიის მზარდმა არასაიმედობამ აიძულა ბოლშევიკები „სამხედრო კომუნიზმის“ გაუქმებაზე წასულიყვნენ და ახალი ეკონომიკური პოლიტიკა (ნეპ-ი) შემოეღოთ. სასურსათო გაწერის უფრო მეტად ჰუმანური სასურსათო გადასახადით შეცვლას შედეგად მოჰყვა გლეხების მხრიდან „მწვანე“ აჯანყებულთა მხარდაჭერის შემცირება.
სამოქალაქო ომის დროს მუშურ-გლეხურმა წითელმა არმიამ სამხედრო დამარცხება მიაყენა მის წინააღმდეგ გამოსულ არმიებს, რომლებიც წარმოიშვნენ დამხობილი რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე:
– თეთრგვარდიულ არმიებს (რუსეთის უმაღლესი მმართველის ადმირალ ა. ვ. კოლჩაკის ჯარები, გენერალ ა. ი. დენიკინის მოხალისეთა არმია, გენერალ ნ. ნ. იუდენიჩის ჩრდილო-დასავლეთის არმია, ჩრდილოეთის არმია და ნაკლებად მნიშვნელოვანნი, მათ რიცხვში ბარონ უნგერნის აზიური დივიზია);
– დონის (ატამანი ა. მ. კალედინი, პ. ნ. კრასნოვი), ორენბურგის (ატამანი ა. ი. დუტოვი), იმიერბაიკალეთის (ატამანი გ. მ. სემიონოვი) და სხვა კაზაკთა შეიარაღებულ ფორმირებებს;
– რიგ გლეხთა და ეროვნულ მეამბოხე არმიებს – ა. ს. ანტონოვის „მწვანე“ აჯანყებულებს, ნ. ი. მახნოს „შავ“ ანარქისტ-აჯანყებულებს, ნ. ა. გრიგორიევის, იუ. ო. ტიუტიუნნიკის, დ. ი. ტერპილოს და სხვა უკრაინელ აჯანყებულებს;
– სხვადასხვა ეროვნული მთავრობების არმიებს, მათ შორის უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჯარებს („პეტლიურელებს“);
– მცირე ხნით არსებული ესერულ-მენშევიკური მთავრობების ჯარებს (კომუჩის სახალხო არმია, იჟევსკის სახალხო არმია).
– ადგილი ჰქონდა ასევე საბრძოლო შეტაკებებს რიგ უცხოურ არმიებთან (გერმანელებთან, ჩეხოსლოვაკებთან და სხვა) და მუშურ-გლეხური წითელი არმიის გამანადგურებელ დამარცხებას ომში პოლონელებთან 1920 წელს.
ყველაზე უფრო მეტი სიჭრელით პოლიტიკური სურათი უკრაინაში გამოირჩეოდა, რომლის სხვადასხვა ნაწილების კონტროლი ხელიდან ხელში გადადიოდა: თეთრი გენერლების დენიკინისა და ვრანგელის, ნესტორ მახნოს აჯანყებულ-ანარქისტების, გეტმან პ. პ. სკოროპადსკის მარიონეტული პროგერმანული მთავრობის, ადგილობრივი ნაციონალისტების ჯარების (ცენტრალური რადის, ს. ვ. პეტლიურას მთავრობის, დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის), სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკების, საწყის პერიოდში მცირე ხნით არსებულის, ატამან გრიგორიევის აჯანყებულთა, პოლონური ჯარებს (1920), ფრანგი და ბერძენი ინტერვენტების (ოდესა, 1919) და სხვა.
1920-იანი წლების დემობილიზაცია და სამილიციო სისტემაზე გადასვლა
1920 წლის ბოლოსათვის მგწა-ის რიცხოვნება 5,5 მლნ ადამიანამდე გაიზარდა. ეს რაოდენობა ბერჯერ აღემატებოდა ყველა თეთრი არმიის, ერთად აღებულის ჯამურ რიცხოვნებას. ასე, დენიკინისეული რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალები თავისი რიცხოვნების პიკში (1919 წლის ოქტომბერი) მხოლოდ 270 ათას ადაიანამდე გაიზარდა, ადმირალმა კოლჩაკმა აღმოსავლეთის ფრონტზე 500 ათას ადამიანამდე ძალებს მოუყარა თავი (1919 წლის მაისი).
მაგრამ ამ დროისათვის რკპ(ბ)-ის ხელმძღვანელობა მივიდა იმის გაგებამდე, რომ გაჭიანურებული ომით გამოფიტულ მოსახლეობას მეტად აღარ შეუძლია გაზრდილი სამხედრო მანქანის შენახვა. 1920 წლის დეკემბერში ვ. ი. ლენინმა გასცა სანქცია მგწა-ის თანდათანობით დემობილიზაციაზე. ის საბოლოოდ მხოლოდ 1924 იქნა დასრულებული; არმიის რიცხოვნება ამასთან 500 ათას ადამიანამდე დავიდა, ე. ი. დაახლოებით 10-ჯერ იყო შემცირებული.
დემობილიზაციას თან რიგი სირთულეები ახლდა. ომის წლების მანძილზე დაქვეითებაში მოსულ რკინიგზებს არ შეეძლოთ ადამიანთა ასეთი მასები ერთდროულად გადაეყვანათ, და ამასთანავე მასობრივმა დემობილიზაციამ გააძლიერა უმუშევრობაც. გარდა ამისა, დაბრუნდნენ რა თავიანთ სოფლებში და ნახეს, თუ როგორ მდგომარეობაში მოვიდნენ ისინი, ბევრი წითელარმიელი ტყეებში გადიოდა და „მწვანე“ აჯანყებულთა რიგებს ავსებდა. რკპ(ბ) X ყრილობაზე 1921 წლის მარტში ვ. ი. ლენინი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ „დემობილიზაციამ მისცათ აჯანყებული ელემენტი დაუჯერებელი რაოდენობით“.
1922 წელს გასაწვევი ასაკი 18-დან 20 წლამდე იქნა გაზრდილი, 1925 წელს – 21 წლამდე.
მსხვილმა საბჭოთა მხედართუფროსმა მ. ვ. ფრუნზემ, სულ მცირე, 1921 წლიდან დაიწყო წითელი არმიის ტერიტორიულ-სამილიციო პრინციპზე გადაყვანის საკითხის წამოყენება და დაცვა. 1924–1925 წლებში ლ. დ. ტროცკიმ სერიოზული მარცხი განიცადა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში; თანდათანობით კარგავდა რა კონტროლს არმიაზე, 1925 წლის იანვარში იგი მოხსნილ იქნა სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისრისა და რევსამხსაბჭოს თავმჯდომარის საკვანძო თანამდებობებიდან. დაიკავა რა მის ნაცვლად ეს თანამდებობები, ფრუნზემ დაიწყო არმიის რეორგანიზაცია რიცხოვნების შემცირების, ტერიტორიულ-სამილიციო პრინციპის დანერგვის, ჯარებში კომისრების ინსტიტუტზე უარის თქმის, პოლიტგანყოფილებებსა და კომუნისტურ უჯრედებზე ფართო დაყრდნობის საფუძველზე.
მგწა-ის მსროლელი ნაწილების 58 % დაკომპლექტების ტერიტორიულ-სამილიციო პრინციპზე იქნა გადაყვანილი; შედარებით მცირე (16–20 %) მუდმივი, ანუ რეგულარული კადრის შენარჩუნებით, სამხედრო მოსამსახურეთა მნიშვნელოვან წილს შეადგენდა ცვალებადი შემადგენლობა, რომელიც 5 წლის განმავლობაში შეკრებებზე გაიწვეოდა, რომელთა ხანგრძლივობაც 12 თვემდე ადიოდა.
სამოქალაქო ომის ერთ-ერთ დასკვნად იქცა მგწა-ში ბოლშევიზმისადმი ლოიალური კვალიფიციური სამეთაურო შემადგენლობის აშკარა უკმარისობა, თეთრ არმიებთან შედარებით. დაწყებული 1924 წლიდან, რკპ(ბ) სამხედრო სასწავლო დაწესებულებათა ფართო ქსელის ორგანიზებაზე გადავიდა, რომლებმაც მანამდე არსებული წითელ მეთაურთა მოკლევადიანი კურსები შეცვალეს.
ახალი ომისათვის მზადება. 1930-იანი წლების სამხედრო რეფორმები
1923–1928 წლების სამხედრო რეფორმა ომისშემდგომი ძნელი პერიოდის ამოცანებს პასუხობდა (არმიის შენახვაზე ხარჯების შემცირება, მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი ფენებისთვის სამხედრო საქმის სწავლების ჩატარება), თუმცა კი, 1930-იან წლებში მისი მინუსები აშკარა შეიქნა. ტერიტორიული ნაწილების საბრძოლო მზადყოფნა მთლიანობაში გაცილებით უფრო ცუდი იყო, ვიდრე რეგულარული ნაწილებისა. გაწვევა, როგორც წესი, მოკლევადიან შეკრებებზე რამდენიმე თვის ხანგრძლივობით ხორციელდებოდა, რაც რთული ტექნიკის დაუფლების შესაძლებლობას ვერ იძლეოდა. ნაწილების მათი დაკომპლექების ადგილებში განლაგება აძნელებდა მოწინააღმდეგის სავარაუდო დარტყმის გზებზე მათ პერედისლოცირებას (გადაყვანას).
ბელორუსიის სამხედრო ოლქში (ოკრუგში) ტერიტორიულ დაკომპლექტებაზე გადავიდნენ 2 ტულის, 27-ე ომსკის, 29-ე ვიატკის, 33-ე სამარის და 64-ე მსროლელი დივიზიები. 2 ტულის დივიზიას დაერქვა 2 ბელორუსიის მსროლელი დივიზია.
1935 წელს სკპ(ბ) პოლიტბიურომ გასცა ტერიტორიულ პრინციპზე უარის თქმის სანქცია. 1937 წელს კადრის შემადგენლობით დაკომპლექტებაზე მსროლელი დივიზიების 60 % იყო გადაყვანილი. ხალხინ-გოლზე ბრძოლის შედეგების მიხედვით ტერიტორიული ნაწილების საბრძოლო მზადყოფნა საბოლოოდ არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს, და წლის ბოლოსათვის ისინი მთლიანად გააუქმეს (მოახდინეს მათი განფორმირება).
ამ ზომების გარდა, 1934 წელს გაუქმებულ იქნა რევსამხსაბჭო, სამხედრო და სამხედრო-საზღვაო საქმეთა სამხედრო კომისარიატის ნაცვლად ჩამოყალიბდა თავდაცვის სახალხო კომისარიატი, რევსამხსაბჭოს შტაბს დაერქვა გენერალური შტაბი. 1939 წელს გასაწვევი ასაკი 21-დან 19 წლამდე შემცირდა, დაიწყო მგწა-ის მკვეთრი ზრდა, რომელიც 1941 წლის ივნისისათვის ავიდა 5,4 მლნ ადამიანამდე.
რიცხოვნების ზრდისა და ტერიტორიულ-სამილიციო პრინციპზე უარის თქმის გარდა, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა, მოხდა ასევე მგწა-ის მნიშვნელოვანი ტექნიკური გადაიარაღებაც. პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებამ უჩვენა „ახლადშობილი“ ტანკებისა და სამხედრო ავიაციის პერსპექტივა. ომის საწყის პერიოდში მეფის არმიის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად იქცა ეგრეთ წოდებული „ჭურვებით შიმშილი“ – საარტილერიო ჭურვების მნიშვნელოვანი უკმარისობა საბრძოლო მოქმედებათა მასშტაბების ძლიერი დაუფასებლობის გამო. სსრკ-ის ინდუსტრიალიზაციამ საშუალება მისცათ ასევე შედგომოდნენ ჯართა მთელი ახალი გვარეობების (ავიაცია, ჯავშანსატანკო ჯარები, ქიმიური ჯარები) დაარსებას, არტილერიის მნიშვნელოვან გაძლიერებას, თანდათანობით ქვეითი ჯარის მოტორიზაციაზე გადასვლას. 1932 წელს დაარსებულ იქნა საჰაერო-სადესანტო ჯარები, ჩაიდო წყალქვეშა ფლოტის საფუძვლები.
ავიაციის სფეროში მგწა-ის განვითარების გეგმებით დასახულ იქნა მძიმე ბომბდამშენების ფორსირებული (დაჩქარებული) განვითარება; არტილერიის სფეროში – ცხეოსანი გაწევიდან მექანიზებულ გაწევაზე გადასვლა, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა განვითარება. ჯავშანსატანკო ჯარების სფეროში – საშუალო და მძიმე ტანკების წილის ამაღლება.
უკვე 1931 წლიდან ჯარებში დაიწყო ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო ზარბაზნების მიწოდება, პირველი ხუთწლედის მანძილზე დაზგის ტყვიამფრქვევების რაოდენობა ორჯერ და მეტად გაიზარდა. 1934 წლისათვის შეიარაღებაში 6 ათასზე მეტი ტანკი შედგებოდა, 1935 წლისათვის – 10 ათასამდე, მეორე ხუთწლედის დასასრულისათვის – 15 ათასამდე. არტილერიის რაოდენობა 1939 წელს 7-ჯერ გაიზარდა 1930 წელთან შედარებით, თვითმფრინავებისა – 6,5-ჯერ. თუ 1920 წლის ბოლოსათვის თვითმფრინავების 82 % მხოლოდ სადაზვერვო ფუნქციებს ასრულებდა, 1930-იანი წლების მიწურულს ავიაციის ძირითად მასას უკვე ბომბდამშენები, მოიერიშეები და გამანადგურებლები შეადგენდნენ.
პირველი მსოფლიო ომისა და სამოქალაქო ომის გამოცდილების ანალიზის გარდა, სკპ(ბ)-მ ასევე გააკეთა დასკვნები ახალი შეიარაღებული კონფლიქტებიდანაც. ხალხინ-გოლზე ბრძოლების გამოცდილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ჯავშანსატანკო ჯარების ეფექტურობა, რომლებმაც იაპონელთა შემოვლასა და ალყაში მოქცევაში მთავარი როლი ითამაშეს. საბჭოთა-ფინეთის ომმა უჩვენა სნაიპერთა მნიშვნელობა მოწინააღმდეგის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიზნების განადგურების გზით, მეავტომატეთა ეფექტურობა, ტანკების, ქვეითი ჯარისა და ატილერიის ერთობლივი მოქმედებების ფართო კოორდინაციის აუცილებლობა.
გარკვეული დისკუსიები გამოიწვია კავალერიის ბედმა. პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებამ ფრონტის უწყვეტი (მთლიანი) ხაზების გამოჩენით, რომლებიც ათასობით კილომეტრის სიგრძეზე იყო გადაჭიმული, მკვეთრად შეამცირა ცხენოსანი ჯარის როლი, რომელიც კიდევ უფრო დაეცა შემდგომში მექანიზაციის განვითარებით. მაგრამ, მეორეს მხრივ, სამოქალაქო ომში მაღალმობილური საკავალერიო ნაწილები ეფექტურები აღმოჩნდა.
(ამის შემდეგ მოდის განყოფილება „მეორე მსოფლიო ომი“, რომელიც ამჯერად არ მითარგმნია, რადგანაც ამ ტაპზე უფრო სამოქალაქო ომისა და მისი ახლო პერიოდები მაინტერესებდა)
II. საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალები
საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალები – რსფსრ-ის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები, 1918 – 1923 წლების პერიოდში.
შედგებოდა სამხედრო მმართველობის ორგანოებისაგან, მუშურ-გლეხური წითელი არმიისა (მგწა) და მუშურ-გლეხურის წითელი ფლოტისაგან (მგწფ). 1923 წელს გარდაიქმნა სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებად.
ისტორია
იხ. ასევე: წითელი არმიის ისტორია
1917 წლის 26 ოქტომბერს საბჭოების სრულიად რუსეთის II ყრილობის დეკრეტით „სახალხო კომისართა საბჭოს დაარსების შესახებ“ შეიქმნა სამხედრო და საზღვაო საქმეთა კომიტეტი, 27 ოქტომბერს მას დაერქვა სახახლო კომისართა საბჭო სამხედრო და საზღვაო საქმეებში. მის საფუძველზე 1917 წლის 23 ნოემბერს შეიქმნა რსფსრ-ის სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარიატი, ხოლო 1918 წლის თებერვალში კი რსფსრ საზღვაო საქმეთა სამხედრო კომისარიატიც.
თავდაპირველად საბჭოთა მთავრობა ატარებდა ძველი არმიის დემოკრატიზაციისა და დემობილიზაციის პოლიტიკას და იმედოვნებდა შეეცვალა იგი არმიით, რომელიც სამილიციო სისტემაზე იქნებოდა აგებული და რომელსაც არჩეული სამეთაურო შემადგენლობა ეყოლებოდა. სახალხო კომისართა საბჭომ 1918 წლის 15 (28) იანვრის დეკრეტით დაარსა მუშურ-გლეხური წითელი არმია, ხოლო 29 იანვარს (11 თებერვალს) კი მიიღო დეკრეტი მუშურ-გლეხური წითელი ფლოტის შექმნის შესახებ, ნებაყოფლობით საწყისებზე. წითელი არმიის ჩამოყალიბების უშუალო ხელმძღვანელობისათვის შეიქმნა სრულიად რუსეთის კოლეგია. მაგრამ 1918 წლის თებერვალში გერმანული და ავსტრია-უნგრული არმიების შემოტევის ფაქტმა საბოლოოდ დაარწმუნა ბოლშევიკების ხელმძღვანელობა, რომ აუცილებელი იყო სასწრაფოდ შეექმნათ თავიანთი რეგულარული არმია.
1918 წლის 4 მარტს საომარი მოქმედებების ხელმძღვანელობისა და არმიის ორგანიზებისთვის შეიქმნა უმაღლესი სამხედრო საბჭო. 8 აპრილს მიღებულ იქნა სახკომსაბჭოს დეკრეტი სამხედრო საქმეებში სავოლოსტო (სამხარეო), სამაზრო, საგუბერნიო და საოკრუგო კომისარიატების შექმნის შესახებ, 8 მაისს წითელი არმიის ჩამოყალიბების სრულიად რუსეთის კოლეგიის ნაცვლად შეიქმნა სრულიად რუსეთის მთავარი შტაბი (სრულრუსმთავშტაბი), რომელიც იქცა უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოდ, რომელიც განაგებდა მობილიზაციას, ჯარების ფორმირებას (ჩამოყალიბებას), მოწყობასა და სწავლებას. სცაკ-ის 22 აპრილის დეკრეტით შემოღებულ იქნა მშომელთა საყოველთაო სამხედრო სწავლება (всевобуч), გაუქმდა სამეთაურო შემადგენლობის არჩევითობის სისტემა. სამეთაურო თანამდებობებზე არმიასა და ფლოტში დაიწყეს ყოფილი ოფიცრებისა და გენერლების (სამხსპეცების) მიწვევა, იმავდროულად შეიქმნა სამხედრო კომისრების ინსტიტუტიც.
1918 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით წითელი არმია და წითელი ფლოტი კომპლექტდებოდნენ მოხალისეებით, შექმნილი ნაწილების რიცხოვნება იყო უმნიშვნელო, 1918 წლის 20 აპრილს წითელ არმიაში იყო სულ 196 ათასი ადამიანი. მასობრივი რეგულარული არმიის შექმნის მიზნით, რომელიც აუცილებელი გახლდათ სამოქალაქო ომის მასშტაბების გადიდების პირობებში, 1918 წლის 10 ივლისს საბჭოების სრულიად რუსეთის V ყრილობამ მიიღო დადგენილება „წითელი არმიის ორგანიზაციის შესახებ“ 18-დან 40 წლამდე ასაკის მშრომელთა საყოველთაო სამხედრო ვალდებულების საფუძველზე. აუცილებელ სამხედრო სამსახურზე გადასვლამ შესაძლებლობა მისცათ სწრაფად გაეზაერდათ წითელი არმიის რიცხოვნება. 1918 წლის სექტემბრის დასაწყისისათვის მის რიგებში უკვე 550 ათასი ადამიანი მოითვლებოდა.
1918 წლის 6 სექტემბერს საბჭოთა რესპუბლიკის სამხედრო ბანაკად გამოცხადების ერთდროულად შეიქმნა რესპუბლიკის რევსამხსაბჭო (რესპრევსამხსაბჭო), რომელიც სამხედრო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა. მის ფუნქციებში შედიოდა ჯარების ოპერატიული და საორგანიზაციო მართვა. იმავდროულად არსდებოდა რესპუბლიკის მთელი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაც, რომელიც მოქმედ არმიას ხელმძღვანელობდა და რესპრევსამხსაბჭოს წევრიც გახლდათ. 1918 წლის სექტემბერში რესპრევსამხსაბჭოს გადაეცა სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარიატის ფუნქციები და პირადი შემადგენლობა, ხოლო 1918 წლის დეკემბერში კი – საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარიატისაც, რომლის აპარატიც რესპრევსამხსაბჭოს შემადგენლობაში შევიდა საზღვაო განყოფილების სახით. ნოემბერში შეიქმნა რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს საველე შტაბი, რომელიც ექვემდებარებოდა მთავარსარდალს და დაკავებული იყო ჯარების მომზადებითა და საომარი მოქმედებების ხელმძღვანელობით. 1918 წლის ბოლოსათვის ძირითადად დასრულებული გახლდათ ცენტრალური სამხედრო აპარატის შექმნა, რომელიც საკმარისად ეფექტურად მართავდა შეიარაღებულ ძალებს სამოქალაქო ომის დასასრულამდე.
1919 წლის 1 ივნისს სცაკ-მა მიიღო დეკრეტი „საბჭოთა რესპუბლიკების: რუსეთის, უკრაინის, ლატვიის, ლიტვისა და ბელორუსიის შეიარაღებული ძალების გაერთიანების შესახებ“. შეიქმნა სამხედრო-სამეურნეო კავშირი სამხედრო ორგანიზაციისა და სამხედრო სარდლობის ერთიან ცენტრში გაერთიანების მიზნით. წითელი არმიისა და წითელი ფლოტის რიცხოვნება 1919 წლის მაისში 1,6 მლნ ადამიანიდან 1920 წლის მარტისათვის 2,6 მლნ-მდე გაიზარდა. 1921 წლის 10 თებერვალს სრულიად რუსეთის მთავარი შტაბისა და რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს საველე შტაბის გაერთიანებით მგწა-ის შტაბი შეიქმნა.
1919 წლის ივნისში გაუქმდა რესპუბლიკის რევოლუციური სამხედრო საბჭოს საზღვაო განყოფილება. დაარსებულ იქნა რესპუბლიკის მთელი საზღვაო ძალების სარდლის თანამდებობა (კომორსი), რომელსაც დაექვემდებარა რესპუბლიკის მთელი საზღვაო ძალები, სარდალთან შეიქმნა შტაბიც. სარდლის შტაბს 1920 წლის ივლისში დაერქვა რესპუბლიკის მთელი საზღვაო ძალების შტაბი, შემდეგ 1922 წელს კი – რესპუბლიკის საზღვაო შტაბი.
1920 წლის 1 ნოემბერს წითელ არმიაში 5,5 მლნ ადამიანი მოითვლებოდა. ოფიცერთა კორპუსიდან, რომელიც 1917 წლის ოქტომბრისათვის 200 ათასს მოითვლიდა, წითელ არმიაში და ფლოტზე სამოქალაქო ომის წლებში, სხვადასხვა შეფასებებით, 43-დან 75 ათასამდე ადამიანი მსახურობდა. სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ გატარებულ იქნა დემობილიზაცია, და 1923 წლის დასაწყისისათვის რიცხოვნება 600 ათას ადამიანამდე შემცირდა.
მართვის ორგანოები
1922 წლისათვის ჩამოყალიბდა სამხედრო ხელმძვანელობისა და ცენტრალური სამხედრო მმართველობის შემდეგი სისტემა. ქვეყნის თავდაცვის, შეიარაღებული ძალების მშენებლობის ხელმძღვანელობა ეკუთვნოდა რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს. ხელისუფლების საგანგებო (განსაკუთრებული) ორგანო – მუშური და გლეხური თავდაცვის საბჭო (1920 წლის აპრილიდან – შრომისა და თავდაცვის საბჭო) ასრულებდა ყველა დაწესებულებისა და ორგანიზაციის საქმიანობათა გაერთიანების, რესპუბლიკის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების განმტკიცებისათვის რესურსების მობილიზაციის ამოცანებს.
რესპუბლიკის რევსამხსაბჭო ახორციელებდა შეიარაღებული ძალების, აგრეთვე სამხედრო და საზღვაო უწყებათა დაწესებულებების უშუალო ხელმძღვანელობას. მოქმედი არმიის ოპერატიულ-სტრატეგიული ხელმძღვანელობა ეკისრებოდა მთავარსარდალს, რაზედაც იგი პასუხს აგებდა რესპრევსამხსაბჭოს თავმჯდომარის წინაშე.
რესპრევსამხსაბჭოს განმგებლობაში იმყოფებოდნენ: მგწა-ის შტაბი; პოლიტიკური სამმართველო; საქმეთა სამმართველო; საფინანსო განყოფილება; მთავარი სამმართველოები: საარტილერიო, სამხედრო-საინჟინრო; წითელი საჰაერო ფლოტის, სანიტარული, მომარაგების ცენტრალური სამმართველო; სამხედრო-საკანონმდებლო საბჭო; უმაღლესი სამხედრო ინსპექცია; სამხედრო-საზღვაო ინსპექცია; რესპუბლიკის რევოლუციური სამხედრო ტრიბუნალი.
სამხედრო-საზღვაო ფლოტის მართვის სტრუქტურა გახლდათ შემდეგი. საზღვაო ძალებს მეთაურობდა სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი (კომორსი), რომელიც 1921 წლის აგვისტოდან გახდა მთავარსარდლის თანაშემწე საზღვაო საკითხებში და ექვემდებარებოდა უშუალოდ რესპრევსამხსაბჭოს, ხოლო ოპერატიულ-სამწყობრო საკითხებში კი – მთავარსარდალს. კომორსის განმგებლობაში იმყოფებოდნენ: საზღვაო უწყების საქმეთა სამმართველო, საზღვაო შტაბი, მთავარი საზღვაო ტექნიკურ-სამეურნეო სამმართველო, სამხედრო-საზღვაო სასწავლო დაწესებულებათა სამმართველო, მთავრი ჰიდროგრაფიული სამმართველო, საზღვაო ძალების უფროსები, ფლოტილიების სარდლები, სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილება, სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი. ფლოტში პარტიულ-პოლიტიკურ მუშაობას ხელმძღვანელობდა ПУР-ის (რესპუბლიკის პოლიტიკური სამმართველო /?/) საზღვაო განყოფილება (შეიქმნა 1922 წლის 1 მარტს).
ხელმძღვანელობა
სამხედრო და საზღვაო საქმეთა კომიტეტი (საბჭო), (26 ოქტომბერი 1917 – 23 ნოემბერი 1917), შემადგენლობით:
ვ. ა. ანტონოვ-ოვსეენკო;
ნ. ვ. კრილენკო;
პ. ე. დიბენკო.
რუსეთის რესპუბლიკის არმიისა და ფლოტის უმაღლესი მთავარსარდალი
ნ. ვ. კრილენკო (9 ნოემბერი 1917 – 9 მარტი 1918)
რსფსრ-ის სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარი
ნ. ი. პოდვოისკი – (23 ნოემბერი 1917 – 13 მარტი 1918)
ლ. დ. ტროცკი – (14 მარტი 1918 – 12 ნოემბერი 1923)
რსფსრ-ის საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი
პ. ე. დიბენკო (14 ნოემბერი 1917 – 13 მარტი 1918) (თავდაპირველად – უმაღლესი საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარე)
ტროცკი, ლევ დავითის ძე (14 მარტი 1918 – 12 ნოემბერი 1923)
რესპრევსამხსაბჭოს თავმჯდომარე
ტროცკი, ლევ დავითის ძე (6 სექტემბერი 1918 – 26 იანვარი 1925), 1923 წლის 28 აგვისტოდან სსრკ რევსამსხაბჭოს თავმჯდომარე
რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი
ი. ი. ვაცეტისი (1 სექტემბერი 1918 – 9 ივლისი 1919 წ.)
ს. ს. კამენევი (9 ივლისი 1919 – 28 აპრილი 1924 წ.), 1923 წლის 28 აგვისტოდან – სსრკ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
რესპუბლიკის საზღვაო ძალების მთავარსარდალი
ვ. მ. ალტფატერი (12 ოქტომბერი 1918 – 22 აპრილი 1919)
ე. ა. ბერენსი (24 აპრილი 1919 – 5 თებერვალი 1920)
ა. ვ. ნემიტცი (5 თებერვალი 1920 – 22 ნოემბერი 1924), 1923 წლიდან სსრკ საზღვაო ძალების სარდალი.
სტრუქტურა
მუშურ-გლეხური წითელი არმია
ძირითადი წერილი: მუშურ-გლეხური წითელი არმია
მსროლელი ჯარები
მგწა სახმელეთო ჯარების ძირითადი გვარეობა. ძირითად ტაქტიკურ შენაერთს წარმოადგენდა მსროლელი დივიზია, დივიზიის შემადგენელი ნაწილი გახლდნენ ბრიგადები, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც ზოგადსაჯარისო ტაქტიკური შენაერეთები, მათ შემადგენლობაში შედიოდა მსროლელი პოლკი, რომელიც იყო დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-სამეურნეო და ტაქტიკური ერთეული. არმიის შექმნის საწყის პერიოდში შეიარაღებული ბრძოლის კერების წარმოქმნის შემდეგ ცალკეულ საოპერაციო მიმართულებებზე იქმნებოდა ფორმირებები, რომლებსაც ეწოდებოდათ ფრონტები და არმიები. სამოქალაქო ომის მსვლელობისას საბრძოლო მოქმედებათა დასრულების ან მათი რაიონის შემცირების, აგრეთვე მგწა-ის რიცხოვნების შენცირების და მიხედვით, ფრონტები და არმიები უქმდებოდა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ უმაღლეს ზოგადსაჯარისო ტაქტიკურ შენაერთად იქცა მსროლელი კორპუსი.
კავალერია
როგორც სახმელეთო ჯარების გვარეობა, კავალერია (ცხენოსანი ჯარი) შესრულებადი ამოცანების და მიხედვით, იყოფოდა საჯარისო (სადივიზიო) და სტრატეგიულ (საფრონტო, საარმიო) კავალერიებად. საჯარისო კავალერია განკუთვნილი იყო ტაქტიკური ამოცანების შესასრულებლად თავიანთი დივიზიების ინტერესებში. სტრატეგიული განკუთვნილი გახლდათ ფრონტის (არმიის) ოპერატიული ამოცანების შესასრულებლად, იგი იყო გარღვევის განვითარების ძირითადი საშუალება, შეტევით ოპერაციებს აძლევდა დიდ გაქანებას, ასრულებდა ღრმა რეიდებს მოწინააღმდეგის ზურგში, ფართოდ იყენებდა სწრაფი მანევრის უნარს. სტრატეგიულ კავალერიაში ძირითადი ტაქტიკური შენაერთი გახლდათ საკავალერიო დივიზია, უმაღლეს ოპერატიულ-ტაქტიკურ შენაერთს წარმოადგენდა საკავალერიო (ცხენოსანი) კორპუსი. ტაქტიკური შენაერთის სახით მოქმედებდნენ ცალკეული საკავალერიო ბრიგადები. სამოქალაქო ომის დროს შეიქმნა 1-ლი და მე-2 ცხენოსანი არმიები. სამოქალაქო ომის ბოლოსათვის სტრატეგიული კავალერიის შემადგენლობაში მოქმედებდნენ 4 ცხენოსანი კორპუსი, 27 კავდივიზია (88 192 მებრძოლი) და 7 ცალკეული კავბრიგადა (13 525 მებრძოლი). 1921 წლის ბოლოსათვის საკავალერიო დივიზიების რიცხოვნება და რაოდენობა 11-მდე იქნა შემცირებული, ცალკეული კავბრიგადებისა 4-მდე, დივიზიების ნაწილი 1 და მე-2 ცხენოსან კორპუსებში გააერთიანეს, აგრეთვე 1 ცხენოსან არმიაში.
არტილერია
როგორც სახმელეთო ჯარების გვარეობა, არტლერია შედგებოდა შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან, რომლებიც ორგანიზაციულად შედიოდნენ შესაბამისად გაერთიანებების, შენაერთების, ნაწილების ან მთავარი სარდლობის რეზერვის შემადგენლობაში. არტილერია საბრძოლო დანიშნულების ან ქვემეხთა ტიპების მიხედვით იყოფოდა საველე, სასანგრე, საგანგებო დანიშნულების მძიმე, საზენიტო (თვითმფრინავსაწინააღმდეგო) არტილერიებად. საველე არტილერია შედიოდა მსროლელი და საკავალერიო დივიზიების შემადგენლობაში და იყოფოდა საველე მსუბუქ, ცხენოსან, სამთო და საველე მძიმე არტილერიებად. საგანგებო დანიშნულების მძიმე არტილერია (სდმა) იმყოფებოდა მთავარსარდლის დაქვემდებარებაში, მისი დანიშნულება გახლდათ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებებზე მოქმედი ფრონტების ან არმიების გაძლიერება. სასანგრე არტილერია შედიოდა მსროლელი პოლკების შემადგენლობაში, საზენიტო შედიოდა საველე და სდმა-ის შემადგენლობაში. სამოქალაქო ომის პერიოდში მგწა-ში 1918 წლის ბოლოს მოითვლებოდა 1700, 1919 წლის შუახანებში – 2292, ხოლო 1920 წლის ბოლოს კი – 2964 ქვემეხი.
მუშურ-გლეხური წითელი საჰაერო ფლოტი
ძირითადი წერილი: მუშურ-გლეხური წითელი საჰაერო ფლოტი
წითელი არმიის შემადგენლობაში ითვლებოდა დამხმარე ჯართა გვარეობად. მუშურ-გლეხური წითელი საჰაერო ფლოტი (მგწჰფ) იყოფოდა ავიაციად და ჰაერში ცურვად. მათ მართავდა 1918 წლის 24 მაისს შექმნილი მგწჰფ-ის მთავარი სამმართველო, ხოლო ფრონტებზე ხელმძღვანელობა კი იმავე წლის სექტემბრიდან ხორციელდებოდა მოქმედი არმიის ავიაციისა და ჰაერში ცურვის საველე სამმართველოს მიერ. მგწჰფ-ის ძირითადი საორგანიზაციო ერთეულების სახით მიღებული იყო 6 თვითმფრინავისაგან შემდგარი რაზმი და ერთსადგურიანი საჰაერო ცურვის რაზმი. 3–4 ავიარაზმი ერთიანდებოდა საავიაციო დივიზიონებად. სახმელეთო ჯარების მოქმედებათა გადამწყვეტ მიმართულებაზე ავიარაზმებს ხშირად აერთიანებდნენ ავიაჯგუფებად. არსებობდა ასევე საზღვაო ავიაციაც, რომელიც 1920 წლის მარტიდან მგწჰფ-ის მთავარ სამმართველოს ექვემდებარებოდა.
ჯავშნოსანი ძალები
როგორც სახმელეთო ჯარების გვარეობა ჯავშნოსანი ძალები შექმნას იწყებდა ძველი არმიის ჯავშნოსანი ტექნიკის საუძველზე. თავდაპირველად ისინი შედგებოდნენ ავტოჯავშნოსანი რაზმებისა და ჯავშანმატარებლებისგან. მოქმედებდნენ მსროლელი და საკავალერიო დივიზიების შემადგენლობაში ან კიდევ ცალკეული ნაწილის უფლებებით მიეცემოდნენ ფრონტებისა და არმიების სარდლობის დაქვემდებარებაში. სამოქალაქო ომის დროს ავტოჯავშნოსან ჯარებს ჰქონდა ორმაგი დაქვემდებარება. საორგანიზაციო, ტექნიკური და სამეურნეო მიმართებით ხელმძღვანელობას ახორციელებდნენ: ცენტრობრონი (1918 წლის აგვისტომდე), შემდეგ ცენტრალური (1919 წლის იანვრიდან მთავარი) საჯავშნე სამმართველო, 1919 წლის ოქტომბრიდან მთავარი სამხედრო-საინჟინრო სამმართველოს (ГВИУ) საჯავშნე განყოფილება, 1921 წლის მაისში შეიქმნა მგწა-ის ჯავშნოსანი ძალების უფროსის სამმართველო, ადგილებზე კი – ოკრუგებში შესაბამისი განყოფილებები. საბრძოლო და ოპერატიულ ხელმძღვანელობას ახორციელებდნენ რესპრევსამხსაბჭოს საველე შტაბის, ფრონტების, არმიებისა და შენაერთების შტაბების ჯავშანნაწილების ინსპექტორები. 1920 წლის ბოლოსათვის წითელ არმიაში იყო შემდეგი ჯავშნოსანი ძალები: 49 ავტოჯავშანრაზმი, 122 ჯავშანმატარებელი, 8 ჯავშანლეტუჩკა, 10 სატანკო რაზმი, 13 სადესანტო რაზმი, 5 ჯავშანდრეზინა, ერთი სარემონტო ბრიგადა.
საინჟინრო ჯარები
საინჟინრო ჯარები წარმოადგენდა დამხმარე ჯართა გვარეობას. განკუთვნილი იყო გამაგრებული რაიონების, თავდაცვითი მიჯნების მშენებლობისთვის, გზების, ხიდებისა და გადასვლის საშუალებების მომზადებისა და შენახვისთვის. მთავარი სამხედრო-საინჟინრო სამმართველო და მისი ორგანოები – ოკრუგების სამხედრო-საინჟინრო სამმართველოები შეიქმნა 1918 წლის თებერვალში. სამმართველოს ეკისრებოდა ქვეყნის ტერიტორიის თავდაცვისათვის საინჟინრო მომზადების ხელმძღვანელობა, აგრეთვე საინჟინრო ნაწილების ორგანიზაცია და შეიარაღება. მგწა-ში 1919 წლის 1 დეკემბრიდან არსებობდა 33 საინჟინრო ბატალიონი, 135 ცალკეული მესანგრეთა ასეული, 21 ცალკეული საგზაო-სახიდო ასეული, 5 საინჟინრო ფარეხი, 30 საოცეულო საინჟინრო ფარეხი, 4 საპონტონო ბატალიონი, სამი სანაღმო-ამფეთქებელი დივიზიონი, სამოტორო-საპონტონო ბატალიონი, ორი შემნიღბავი ასეული.
მუშურ-გლეხური წითელი ფლოტი
ძირითადი წერილი: მუშურ-გლეხური წითელი ფლოტი
იხ. ასევე: მგწფ-ის ბალტიის ფლოტი სამოქალაქო ომის დროს და ბალტიის ფლოტის ხომალდების მოქმედი რაზმი
ბალტიის ფლოტი სამოქალაქო ომის დროს იყო საბჭოთა რუსეთის ერთადერთი ფლოტი. ამ პერიოდში ბევრი ხომალდი რემონტს საჭიროებდა, მოუხდა ხომალდების ნაწილის დაკონსერვება სპეციალსტების არარსებობის, აგრეთვე საწვავისა და საბრძოლო მასალების უკმარისობის გამო. გამართული ხომალდებისგან ჩამოყალიბებულ იქნა ხომალდების მოქმედი რაზმი. ასევე სამოქალაქო ომის წლებში შეიქმნა 30 საზღვაო, სატბო და სამდინარო ფლოტილია. მათგან ყველაზე უფრო მსხვილები იყვნენ ვოლგის, კასპიის, დნეპრის, ჩრდილო-დვინის, ონეგისა და აზოვის სამხედრო ფლოტილიები.
საომარი მოქმედებები
სამოქალაქო ომი რუსეთში
საბჭოთა-პოლონეთის ომი
იხ. ასევე
სამოქალაქო ომი ბალტიის ზღვაში
ლიტერატურა
Гражданская война и военная интервенция в СССР. Энциклопедия. М.: Советская энциклопедия, 1983.
Ганин А.В. «Помнят псы-атаманы, помнят польские паны...» Почему побеждала Красная армия? // «Родина» № 2 2011
Центральный государственный архив Советской армии. В двух томах. Том 1. Путеводитель. 1991
Центральный государственный архив Советской армии (с июня 1992 г. Российский государственный военный архив). В двух томах. Том 2. Путеводитель. 1993
Борисов В. А. Высшие органы военного руководства СССР, 1923—1991 гг. // Правоведение. —1996. — № 2. — С. 100—115
Войтиков С. С. Развитие взглядов высшего руководства Советской России на военное строительство в ноябре 1917 — марте 1918 г. // «Вопросы истории». 2007. № 10. С.3—12.
Молодцыгин М. А. Член комитета по военным и морским делам Н. И. Подвойский // Первое Советское правительство. М.: Политиздат, 1991. С. 448—459
Ю. Кораблев. Защита Республики. Как создавалась Рабоче-Крестьянская Красная армия. // Переписка на исторические темы: диалог ведет читатель. М.: Политиздат, 1989 С. 129—179
Военная история. Учебник для высших военно-учебных заведений Министерства обороны Российской Федерации М.: Воениздат, 2006. — 469 с.
III. მუშურ-გლეხური წითელი არმია
მუშურ-გლეხური წითელი არმია (შემოკ. მგწა, РККА) – შეიარაღებული ძალების ფორმირება, რსფსრ-ის სახმელეთო ჯარები 1918–1922 წლებში და სსრკ შეიარაღებული ძალების სახმელეთო შემადგენელი 1922–1946 წლებში (1917-დან 1918 წლის თებერვლამდე – წითელი გვარდია, ხოლო 1946-დან – საბჭოთა არმია).
წითელი არმია – შეიარაღებული ძალების სახეობათა: სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ფლოტის ოფიციალური სახელწოდება.
მგწა-ის შექმნის დღედ მიღებულია ითვლებოდეს 1918 წლის 23 თებერვალი (იხ. სამშობლოს დამცველის დღე). სწორედ ამ დღეს დაიწყო მოხალისეთა მასობრივი ჩაწერა მგწა-ის რაზმებში, რომლებიც იქმნებოდა „მუშურ-გლეხური წითელი არმიის შესახებ“ რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტის თანახმად, რომელსაც 1918 წლის 15 (28) ინვარს მოეწერა ხელი. 1918 წლის 13 აპრილს ლატვიელი მსროლელებისგან ჩამოყალიბებულ იქნა ლატვიელ მსროლელთა დივიზია, რომელიც იქცა მგწა-ის პირველ დივიზიად.
წითელი არმიის ისტორია
ძირითადი წერილი: წითელი არმიის ისტორია
ვიკიტეკ-ში არის სრული ტექსტი: დეკრეტი მუშურ-გლეხური წითელი არმიის შესახებ
1918 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებულ იქნა რსფსრ სახკომსაბჭოს (სახალხო კომისართა საბჭოს, დღევანდელი გაგებით მინისტრთა საბჭოს /კაბინეტის/) დეკრეტი „მუშურ-გლეხური წითელი არმიის შესახებ“. მასში ნათქვამი იყო:
...სახალხო კომისართა საბჭო ადგენს: ორგანიზებულ იქნას ახალი არმია „მუშურ-გლეხური წითელი არმიის სახელწოდებით“, შემდეგ საფუძვლებზე:
1) მუშურ-გლეხური წითელი არმია იქმნება მშრომელი კლასების ყველაზე უფრო შეგნებული და ორგანიზებული ელემენტებისგან.
2) დაშვება მის რიგებში ღიაა რუსეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქისათვის არანაკლებ 18 წლისა. წითელ არმიაში შედის ყველა, ვინც მზად არის მისცეს თავისი ძალები, თავისი სიცოცხლე ოქტომბრის რევოლუციის მონაპოვართა, საბჭოების ხელისუფლებისა და სოციალიზმის დასაცავად.
1918 წლის 10 იანვარს ხარკოვში ხელი მოეწერა დოკუმენტს წითელი კაზაკობის ფორმირების შესახებ ვ. მ. პრიმაკოვის მეთაურობით, რომელიც მალევე შევიდა წითელი არმიის შემადგენლობაში.
1918 წლის 23 თებერვალს (ახალი სტილით) გამოქვეყნებულ იქნა სახკომსაბჭოს 21 თებერვლის მოწოდება „სოციალისტური სამშობლო საფრთხეშია!“, აგრეთვე „მოწოდება სამხედრო მთავარსარდლისა“ ნ. ვ. კრილენკოსი, რომელიც მთავრდებოდა სიტყვებით:
< . . . > ყველამ იარაღს მოჰკიდოს ხელი. ყველანი რევოლუციის დასაცავად. საყოველთაო მობილიზაცია სანგრების გასათხრელად და სასანგრო რაზმების გაგზავნა ევალებათ საბჭოებს შეუზღუდავი უფლებამოსილების მქონე პასუხისმგებელი კომისრების დანიშვნით თითოეული რაზმისათვის. აღნიშნული ბრძანება ინსტრუქციის სახით ეგზავნება ყველა საბჭოს ყველა ქალაქში.
მართვის ორგანოები
მუშურ-გლეხური წითელი არმიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო გახლდათ რსფსრ სახალხო კომისართა საბჭო (სსრკ-ის წარმოქმნის მომენტიდან კი – სსრკ სახალხო კომისართა საბჭო). არმიის ხელმძღვანელობა და მართვა თავმოყრილი იყო სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარიატში, მასთან შექმნილ სრულიად რუსეთის საგანგებო კოლეგიაში, 1923 წლიდან სსრკ შრომისა და თავდაცვის საბჭო, 1937 წლიდან სსრკ სახკომსაბჭოსთან არსებული თავდაცვის კომიტეტი. 1919–1934 წლებში ჯარების უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებდა რევოლუციური სამხედრო საბჭო (რევსამხსაბჭო). 1934 წელს მის ნაცვლად შეიქმნა სსრკ თავდაცვის სახალხო კომისარიატი (გვიანდელი გაგებით, სსრკ თავდაცვის სამინისტრო).
დიდი სამამულო ომის დაწყების პირობებში 1941 წლის 23 ივნისს შეიქმნა უმაღლესი სადლობის ბანაკი /სადგომი, ставка/ (1941 წლის 10 ივლისიდან – უმაღლესი მთავარი სარდლობის ბანაკი, ხოლო 1941 წლის 8 აგვისტოდან კი – უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკი). 1946 წლის 25 თებერვლიდან სსრკ-ის დაშლამდე შეიარაღებული ძალების მართვას ახორციელებდა სსრკ თავდაცვის სამინისტრო (ცენტრალური აპარატის რეორგანიზაცია მოხდა 1992 წლის 14 თებერვალს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროდ).
სამხედრო მმართველობის ორგანოები
მგწა-ის უშუალო ხელმძღვანელობას ატარებს რსფსრ-ის (კავშირის) რევოლუციური სამხედრო საბჭო (რევსამხსაბჭო) (შეიქმნა 1918 წლის 6 სექტემბერს), რომლის სათავეშიც იდგა სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი და რევსამხსაბჭოს თავმჯდომარე.
სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარიატი – კომიტეტი, შემადგენლობით:
26.10.1917 – ? – ანტონოვ-ოვსეენკო, ვლადიმერ ალექსანდრეს ძე (სახკომსაბჭოს შექმნის შესახებ დეკრეტის ტექსტში – ავსეენკო)
26.10.1917 – ? – კრილენკო, ნიკოლოზ ვასილის ძე
26.10.1917 – 18.03.1918 – დიბენკო, პავლე ექვთიმეს ძე
სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისრები:
ნოემბერი 1917 – მარტი 1918 – პოდვოისკი, ნიკოლოზ ილიას ძე
08.04.1918 – 26.01.1925 – ტროცკი, ლევ დავითის ძე
მგწა-ის ცენტრალური აპარატი შედგებოდა შემდეგი ძირითადი ორგანოებისგან:
მგწა-ის შტაბი, 1921 წლიდან მგწა-ის გენერალური შტაბი.
მგწა-ის მთავარი სამმართველო.
მგწა-ის შეიარაღებათა უფროსისადმი დაქვემდებარებული სამმართველოები.
– საარტილერიო (1921 წლიდან მთავარი საარტილერიო სამმართველო)
– სამხედრო საინჟინრო (1921 წლიდან მთავარი სამხედრო-საინჟინრო სამმართველო)
1925 წლის 15 აგვისტოს წითელი არმიის მომარაგების უფროსთან შეიქმნა სამხედრო-ქიმიური სამმართველო („მგწა-ის ქიმიური დაცვის სამმართველოს“ 1941 წლის აგვისტოში გადაერქვა „წითელი არმიის მთავარ სამხედრო-ქიმიურ სამმართველოდ“). 1918 წლის იანვარში შეიქმნა ჯავშნოსანი ნაწილების საბჭო („ცენტრობრონი“), ხოლო 1918 წლის აგვისტოში – ცენტრალური, შემდეგი კი მთავარი საჯავშნო სამმართველო. 1929 წელს შეიქმნა მგწა-ის მექანიზაციისა და მოტორიზაციის მთავარი სამმართველო, 1937 წელს მას გადაერქვა სახელი წითელი არმიის ავტოჯავშანტექნიკის სამმართველოდ, ხოლო 1942 წლის დეკემბერში კი შეიქმნა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების სარდლის სამმართველო.
სამხედრო-საზღვაო ძალების სამმართველო.
სამხედრო-სანიტარული სამმართველო.
სამხედრო-ვეტერინარული სამმართველო.
ორგანოს, რომელიც ახორციელებდა მგწა-ის პარტიულ-პოლიტიკური და პოლიტიკურ-საგანმანათლებლო მუშაობის ხელმძღვანელობას, წარმოადგენს მგწა-ის პოლიტიკური სამმართველო.
ადგილობრივი სამხედრო ხელმძღვანელობა ხორციელდება სამხედრო ოლქების (არმიების) რევოლუციური სამხედრო საბჭოების, სარდლობებისა და შტაბების მეშვეობით, რომლებსაც ექვემდებარებიან მოცემული ოლქის ტერიტორიაზე მყოფი მთელი ჯარები, აგრეთვე რაიონული სამხედრო კომისარიატები. უკანასკნელები წარმოადგენენ სამხედროვალდებული მოსახლეობის აღრიცხვის ორგანოებს. მართვის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მთელი მუშაობა მგწა-ში ტარდება მჭიდრო კავშირში პარტიულ, საბჭოთა და პროფესიულ ორგანიზაციებთან. მგწა-ის ყველა ნაწილსა და ქვედანაყოფში არის რკპ(ბ) (სკკპ) და კომკავშირის (ВЛКСМ) ორგანიზაციები.
სახალხო კომისართა საბჭოს 1918 წლის 4 მაისის დეკრეტით რესპუბლიკის ტერიტორია დაყოფილ იქნა 11 სამხედრო ოლქად (ოკრუგად). იაროსლავის, მოსკოვის, ორიოლის, ბელომორის, ურალისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქები შეიქმნა 1918 წლის მაისში სამოქალაქო ომის პერიოდში. სამხედრო ოლქების ტერიტორიაზე განლაგებულ ჯარებს სათავეში ედგა ოლქის სამხედრო საბჭო, რომლის თავმჯდომარეც გახლდათ მოცემული ოლქის ჯარების სარდალი. ჯარების, აგრეთვე სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელობა სამხედრო ოლქებში ხორციელდებოდა ოლქის შტაბის, პოლიტიკური სამმართველოსა და ჯართა გვარეობებისა და სამსახურების სამმართველოთა უფროსების მეშვეობით. დროთა განმავლობაში სამხედრო ოლქების (ოკრუგების) რაოდენობა იცვლებოდა.
საორგანიზაციო სტრუქტურა
წითელი გვარდიის რაზმები და დრუჟინები – მატროსების, ჯარისკაცებისა და მუშათა შეიარაღებული რაზმები და დრუჟინები, 1917 წლის რუსეთში – მემარცხენე პარტიების – სოციალ-დემოკრატების (ბოლშევიკების, მენშევიკების და „რაიონებშორისების“), ესერების და ანარქისტების მომხრეებისა (არა აუცილებლად წევრების), ისევე როგორც წითელ პარტიზანთა რაზმებიც შეიქნენ საფუძველი მგწა-ის რაზმებისა.
თავდაპირველად მგწა-ის ფორმირების ძირითად საფუძველს, ნებაყოფლობით საწყისებზე, წარმოადგენდა ცალკეული რაზმი, რომელიც გახლდათ სამხედრო ნაწილი დამოუკიდებელი მეურნეობით. რაზმის სათავეში იმყოფებოდა საბჭო სამხედრო ხელმძღვანელისა და ორი სამხედრო კომისრის შემადგენლობით. მასთან შედგებოდა (არსებობდა) არცთუ დიდი შტაბი და ინსპექტორატი.
გამოცდილების დაგროვებასთან ერთად და მგწა-ის რიგებში სამხედრო სპეციალისტების (სამხსპეცების) ჩართვის შემდეგ, დაიწყო სრულფასოვანი ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთების (ბრიგადა, დივიზია, კორპუსი), დაწესებულებათა (учреждения и заведения) ჩამოყალიბება (ფორმირება).
მგწა-ის ორგანიზაცია შესაბამისობაში იმყოფებოდა მის კლასობრივ ხასიათთან და XX საუკუნის დასაწყისის სამხედრო მოთხოვნებთან. მგწა-ის ზოგადსაჯარისო შენაერთები აგებული გახლდათ შემდეგნაირად:
მსროლელი კორპუსი შედგებოდა ორი–ოთხი დივიზიისაგან;
დივიზია – სამი მსროლელი პოლკის, საარტილერიო პოლკისა (არტპოლკი) და ტექნიკური ნაწილებისაგან;
პოლკი – სამი ბატალიონის, საარტილერიო დივიზიონისა და ტექნიკური ქვედანაყოფებისაგან;
საკავალერიო კორპუსი – ორი საკავალერიო დივიზიისაგან;
საკავალერიო დივიზია – ოთხი–ექვსი პოლკის, არტილერიის, ჯავშნოსანი ნაწილების (ჯავშანნაწილები), ტექნიკური ქვედანაყოფებისაგან.
მგწა-ის საჯარისო შენაერთების ტექნიკური აღჭურვილობა საცეცხლე საშუალებებითა (ტყვიამფრქვევებით, ქვემეხებით, ქვეითი ჯარის არტილერიით) და საბრძოლო ტექნიკით ძირითადად იმ დროის თანამედროვე მოწინავე შეიარაღებული ძალების დონეზე იმყოფებოდა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ტექნიკის დანერგვამ მგწა-ის ორგანიზაციაში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც გამოიხატა ტექნიკური ნაწილების ზრდაში, სპეციალური მოტორიზებული და მექანიზებული ნაწილების გამოჩენაში, აგრეთვე მსროლელ ჯარებსა და ცხენოსან ჯარში ტექნიკური უჯრედების (ячейки) გაძლიერებაში. მგწა-ის ორგანიზაციის განსაკუთრებულობას (თავისებურებას) წარმოადგენდა ის, რომ მასში გამოიხატებოდა ამ ორგანიზაციის ღიად კლასობრივი ხასიათი. მგწა-ის საჯარისო ორგანიზმებში (ქვედანაყოფებში, ნაწილებსა და შენაერთებში) იყო პოლიტიკური ორგანოები (პოლიტიკური განყოფილებები /პოლიტგანყოფილებები/, პოლიტიკური ნაწილები /პოლიტნაწილები/), რომლებიც მეთაურობასთან მჭიდრო თანამშრომლობით (ნაწილის მეთაური და კომისარი) აწარმოებდნენ პოლიტიკურ-აღმზრდელობით მუშაობას და უზრუნველყოფდნენ წითელარმიელთა მასის პოლიტიკურ ზრდასა და საბრძოლო მომზადებაში მის აქტიურობას.
ომის დროს მოქმედი არმია (ესე იგი მგწა-ის ის ჯარები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ, ან მათ უზრუნველყოფენ) იყოფა ფრონტებად. ფრონტები იყოფა არმიებად, რომლებშიც შედიან საჯარისო შენაერთები: მსროლელი და საკავალერიო კორპუსები, მსროლელი და საკავალერიო დივიზიები, სატანკო, საავიაციო ბრიგადები და ცალკეული ნაწილები (საარტილერიო, საავიაციო, საინჟინრო და სხვა).
სსრკ-ის კანონით „სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ“, რომელიც სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა (ცაკ) და სახკომსაბჭოს მიერ იქნა მიღებული 1925 წლის 18 სექტემბერს, განისაზღვრებოდა შეიარაღებული ძალების საორგანიზაციო სტრუქტურა, რომელშიც შედიოდნენ სსრკ-ის მსროლელი ჯარები, კავალერია, არტილერია, ჯავშნოსანი ძალები, საინჟინრო ჯარები, კავშირგაბმულობის ჯარები, საჰაერო და საზღვაო ძალები, გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ОГПУ) ჯარები და საბადრაგო დაცვა. მათი რიცხოვნება 1927 წელს შეადგენდა პირადი შემადგენლობის 586 000 ადამიანს.
მშრომელთა შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია არის სსრ კავშირის მუშურ-გლეხური წითელი არმია.
მუშურ-გლეხური წითელი არმია იყოფა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებად.
მუშურ-გლეხური წითელი არმიის შემადგენლობაში შედიან ასევე სპეციალური დანიშნულების ჯარები: გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ჯარები და საბადრაგო ჯარები.
– მუხლი 2, განყოფილება 1., სსრ კავშირის კანონისა „სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ“, დამტკიცებული სსრ კავშირის ცაკ-ის მიერ, სსრ კავშირის სახკომსაბჭოს მიერ, 1930 წლის 13 აგვისტოს, # 42/253б
შემადგენლობა (ჯართა გვარეობანი და სპეცსამსახურები)
ქვეითი ჯარი
იხ. ასევე საგანგებო დანიშნულების ნაწილები
ქვეითი ჯარი – მთავარი ჯართა გვარეობაა, რომელიც მგწა-ის ძირითად ბირთვს შეადგენს.
...ქვეითი ჯარი, წარმოადგენს რა ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან ჯართა გვარეობას, ყველაზე უფრო მძიმე და საპასუხისმგებლო საბრძოლო სამუშაოს ასრულებს...
– მგწა-ის ქვეითი ჯარის 1927 წლის საბრძოლო წესდება
ყველაზე უფრო დიდ საბრძოლო ერთეულს 1920-იან წლებში წარმოადგენდა მსროლელი პოლკი. მსროლელი პოლკი შედგებოდა მსროლელი ბატალიონების, საპოლკო არტილერიის, მცირე ქვედანაყოფების – კავშირგაბმულობის, მესანგრეთა და სხვა, – და პოლკის შტაბისაგან. მსროლელი ბატალიონი შედგებოდა მსროლელი ასეულების, სატყვიამფრქვევო ასეულის, საბატალიონო არტილერიისა და ბატალიონის შტაბისაგან. მსროლელი ასეული – მსროლელი ოცეულებისა და სატყვიამფრქვევო ოცეულისაგან. მსროლელი ოცეული – ათეულებისაგან. ათეული – მსროლელი ჯარების უმცირესი საორგანიზაციო ერთეულია. იგი შეიარაღებული იყო შაშხანებით, ხელის ტყვიამფრქვევებით, ხელყუმბარებითა და ყუმბარსატყორცნით.
არტილერია
არტილერიის ყველაზე უფრო დიდ ერთეულს წარმოადგენდა საარტილერიო პოლკი. იგი შედგებოდა საარტილერიო დივიზიონებისა და პოლკის შტაბისაგან. საარტილერიო დივიზიონი შედგებოდა ბატარეებისა და დივიზიონის მართვისაგან. ბატარეა – ოცეულებისაგან. ოცეულში – 2 ქვემეხი.
გარღვევის საარტილერიო კორპუსი (1943–1945 წლებისა) – მგწა-ის არტილერიის შენაერთი (კორპუსი) სსრკ შეიარაღებულ ძალებში დიდი სამამულო ომის დროს. გარღვევის საარტილერიო კორპუსები შედიოდა უმაღლესი მთავრსარდლობის საარტილერიო რეზერვის შემადგენლობაში.
იხ. ასევე: მგწა-ის გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო არტილერია
ცხენოსანი ჯარი
საბჭოთა ცხენოსანი ჯარი ანუ კავალერია დასაწყისში მცირერიცხოვანი გახლდათ. 1918 წლის ბოლოსათვის სამოქალაქო ომის საომარ მოქმედებათა თეატრებზე სულ დაახლოებით 40 000 ხმალი მოითვლებოდა, რაც მოქმედი წითელი არმიის მთელი შემადგენლობის 10 %-ს შეადგენდა. საკავალერიო ფორმირებები თავიანთი უმრავლესობით შედიოდნენ მსროლელი დივიზიების შემადგენლობაში. საბჭოთა კავალერიის ჩამოყალიბება დაიწყო 1918 წელს წითელი არმიის შექმნის ერთდროულად. დაშლილი ძველი რუსული არმიიდან მხოლოდ სამი საკავალერიო პოლკი შევიდა მგწა-ის შემადგენლობაში. წითელი არმიისათვის კავალერიის ჩამოყალიბება წააწყდა რიგ სიძნელეებს: ძირითადი რაიონები, რომლებიც არმიას კავალერისტებსა და საჯდომ ცხენებს აწვდიდნენ (უკრაინა, რუსეთის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი), თეთრგვარდიელების მიერ იყო დაკავებული და უცხო სახელმწიფოთა არმიების მიერ ოკუპირებული; არ იყვნენ საკმარისად გამოცდილი მეთაურები, არ კმაროდა იარაღი და აღკაზმულობა. ამიტომ ძირითადი საორგანიზაციო ერთეულები კავალერიაში თავდაპირველად იყვნენ ასეულები, ესკადრონები, რაზმები და პოლკები. ცალკეული საკავალერიო პოლკებისა და ცხენოსანი რაზმებისაგან მალევე დაიწყო გადასვლა ბრიგადების, ხოლო შემდეგ კი დივიზიების ჩამოყალიბებაზე. ასე, ს. მ. ბუდიონის არცთუ დიდი პარტიზანული ცხენოსანი რაზმისაგან, რომელიც 1918 წლის თებერვალში იყო შექმნილი, ამავე წლის შემოდგომაზე ცარიცინისათვის ბრძოლების მსვლელობისას ჩამოყალიებულ იქნა 1-ლი დონის საკავალერიო ბრიგადა, ხოლო შემდეგ კი ცარიცინის ფრონტის შეერთებული საკავალერიო დივიზია.
კავალერიის შესაქმნელად განსაკუთრებით ენერგიულ ზომებს მიმართეს 1919 წლის ზაფხულში დენიკინის არმიასთან დაპირისპირების მიზნით. რათა უკანასნელისთვის კავალერიაში უპირატესობა წაერთმიათ, საჭირო იყო დივიზიაზე უფრო მსხვილი საკავალერიო შენაერთების ჩამოყალიბება.
ძირითადი წერილი: ცხენოსანი არმია
1919 წლის ივნის – სექტემბერში შეიქმნა ორი ცხენოსანი კორპუსი: 1919 წლის ბოლოსათვის საბჭოთა და მისი მოწინააღმდეგე მხარის კავალერიათა რიცხოვნება გათანაბრდა. 1918–1919 წლების საბრძოლო მოქმედებებმა აჩვენა, რომ საბჭოთა კავალერიის შენაერთები მძლავრ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდნენ, რომლებსაც შეეძლოთ მნიშვნელოვანი ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა როგორც დამოუკიდებლად, ისე მსროლელ შენაერთებთან ურთიერთმოქმედებით. საბჭოთა კავალერიის მშენებლობაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი გახლდათ 1919 წლის ნოემბერში პირველი ცხენოსანი არმიის შექმნა, ხოლო 1920 წლის ივლისში კი – მეორე ცხენოსანი არმიისაც. კავალერიის შენაერთებმა და გაერთიანებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ოპერაციებში დენიკინისა და კოლჩაკის არმიების წინააღმდეგ 1919 წლის ბოლოს – 1920 წლის დასაწყისში, ასევე ვრანგელისა და პოლონეთის წინააღმდეგ 1920 წელს.
სამოქალაქო ომის წლებში ცალკეულ ოპერაციებში კავალერია ქვეითი ჯარის რიცხოვნების 50 %-მდე შეადგენდა. კავალერიის ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების მოქმედებათა ძირითადი ხერხი გახლდათ ცხენოსანი მწყობრით შეტევა (ცხენოსანი შეტევა), რომელსაც მხარს უჭერდნენ ტყვიამფრქვევების მძლავრი ცეცხლით საზიდრებიდან. როცა ადგილმდებარეობის პირობები და მოწინააღმდეგის შეუპოვარი წინააღმდეგობა ზღუდავდა კავალერიის ცხენოსან მწყობრში მოქმედებებს, იგი ბრძოლებს ჩამოქვეითებულ საბრძოლო რიგებში აწარმოებდა. საბჭოთა სარდლობამ სამოქალაქო ომის წლებში შესძლო წარმატებით გადაეწყვიტა კავალერიის მსხვილი მასების გამოყენების საკითხები ოპერატიული ამოცანების შესასრულებლად. მსოფლიოში პირველი მოძრავი გაერთიანებების – ცხენოსანი არმიების შექმნა იქცა სამხედრო ხელოვნების გამოჩენილ მიღწევად. ცხენოსანი არმიები გახლდნენ სტრატეგიული მანევრისა და წარმატების განვითარების ძირითადი საშუალება, გამოიყენებოდნენ მასირებულად გადამწყვეტ მიმართულებებზე მოწინააღმდეგის იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც მოცემულ ეტაპზე ყველაზე უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდნენ.
სამოქალაქო ომში საბჭოთა კავალერიის საბრძოლო მოქმედებების წარმატებას ხელს უწყობდა საომარ მოქმედებათა თეატრების სივრცელე, მტრული არმიების ფართო ფრონტებზე გაწელილობა, სუსტად დაფარული ან ჯარებით სრულიად დაუკავებელი შუალედების არსებობა, რომლებსაც საკავალერიო შენაერთები იყენებდნენ მოწინააღმდეგის ფლანგებზე გასვლისა და მის ზურგში ღრმა რეიდების შესრულებისათვის. ამ პირობებში კავალერიას შეეძლო მთლიანად მოეხდინა თავისი საბრძოლო თვისებებისა და შესაძლებლობების – ძვრადობის, დარტყმების მოულოდნელობის, მოქმედებათა სისწრაფისა და გადამჭრელობის – რეალიზაცია.
სამოქალაქო ომის შემდეგ კავალერია წითელ არმიაში უწინდებურად რჩებოდა ჯარების საკმარისად მრავალრიცხოვან გვარეობად. 1920-იან წლებში იგი იყოფოდა სტრატეგიულ (საკავალერიო დივიზიები და კორპუსები) და საჯარისო (ქვედანაყოფები და ნაწილები, რომლებიც მსროლელი შენაერთების შემადგენლობაში შედიოდნენ) კავალერიებად.
როგორც მოძრავი ჯართა გვარეობა სტრატეგიული კავალერია განკუთვნილი იყო გარღვევის გასავითარებლად და შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო ფრონტის სარდლობის გადაწყვეტილებით.
მოგვიანებით, დემობილიზაციის პერიოდში, ცხენოსანი ჯარის ძირითად ერთეულია – საკავალერიო პოლკი. პოლკი შედგება ხმლებისა და ტყვიამფრქვევების ესკადრონების, საპოლკო არტილერიის, ტექნიკური ქვედანაყოფებისა და შტაბისაგან. ხმლებისა და ტყვიამფრქვევების ესკადრონები შედგებიან ოცეულებისგან. ოცეული იყოფა ათეულებად. 1930-იან წლებში საკავალერიო დივიზიების შემადგენლობაში შეყვანილ იქნა მექანიზებული (მოგვიანებით სატანკო) და საარტილერიო პოლკები, საზენიტო საშუალებანი (შემდგომში ეს ცდა უიღბლოდ იქნა მიჩნეული); კავალერიისათვის ახალი საბრძოლო წესდებები იქნა შემუშავებული.
საკავალერიო ნაწილები და ქვედანაყოფები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ დიდი სამამულო ომის საწყისი პერიოდის საბრძოლო მოქმედებებში. კერძოდ, მოსკოვისათვის ბრძოლაში ვაჟკაცურად გამოიჩინა თავი საკავალერიო კორპუსმა ლ. მ. დოვატორის მეთაურობით. თუმცა კი ომის მსვლელობისას სულ უფრო მეტად აშკარა ხდებოდა, რომ მომავალი ახალ თანამედროვე ჯარების (ძალების) გვარეობებს ეკუთნის, ამიტომ ომის ბოლოსათვის საკავალერიო ნაწილების უმრავლესობა გაუქმებულ (განფორმირებულ) იქნა. დიდი სამამულო ომის დასრულების შემდეგ, 1945 წელს, კავალერიამ როგორც ჯართა გვარეობამ პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა.
ავტოჯავშანსატანკო ჯარები
ძირითადი წერილი: სსრკ-ის სატანკო ჯარები
1920 წელს სსრკ-ში დაიწყო საკუთარი ტანკების წარმოება, და მასთან ერთად ჩადებულ იქნა ჯარების საბრძოლო გამოყენების კონცეფციის საფუძვლებიც. 1927 წელს „ქვეითი ჯარის საბრძოლო წესდება“-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ტანკების საბრძოლო გამოყენებასა და ქვეით ქვედანაყოფებთან მათ ურთიერთმოქმედებას. ასე, მაგალითად, ამ დოკუმენტის მეორე ნაწილში წერია, რომ წარმატების უმნიშვნელოვანეს პირობებს წარმოადგენს:
შემტევი ქვეითი ჯარის შემადგენლობაში ტანკების მოულოდნელი გამოჩენა, მათი ერთდროული და მასობრივი გამოყენება ფართო უბანზე მოწინააღმდეგის საარტილერიო და სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების განწერტვის მიზნით;
ტანკების სიღრმეში დაეშელონება (ეშელონირება) და ამავდროულად მათგან რეზრვის შექმნა, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს შეტევის დიდ სიღრმეზე განვითარება;
ტანკების მჭიდრო ურთიერთმოქმედება ქვეით ჯართან, რომელიც დაკავებულ პუნქტებს შემტევთა ხელში დაამკვიდრებს.
გამოყენების საკითხები ყველაზე უფრო სრულად „ტანკების საბრძოლო გამოყენების დროებით ინსტრუქციაში“ იხსნებოდა, რომელიც 1928 წელს იქნა გამოშვებული. მასში სატანკო ქვედანაყოფების ბრძოლაში მონაწილეობის ორი ფორმა იყო გათვალისწინებული:
ქვეითი ჯარის უშუალო მხარდაჭერისათვის და მეწინავე ეშელონის სახით, რომელიც მასთან საცეცხლე და ხედვითი კავშირის ფარგლებს გარეთ მოქმედებს.
ავტოჯავშანსატანკო ჯარები შედგებოდა სატანკო ნაწილებისა და ქვედანაყოფების, აგრეთვე ჯავშანავტომობილებით შეიარაღებული ნაწილებისაგან. ძირითად ტაქტიკურ ერთეულს წარმოადგენდა ცალკეული სატანკო ბატალიონი. იგი შედგებოდა სატანკო ასეულებისგან. სატანკო ასეული შედგება სატანკო ოცეულებისგან. სატანკო ოცეულის შემადგენლობაა – 5 ტანკამდე. ჯავშანავტომობილების ასეული შედგებოდა ოცეულებისაგან; ოცეული – 3-5 ჯავშანავტომობილისგან.
პირველად 1935 წელს დაიწყეს სატანკო ბრიგადების შექმნა როგორც მთავარი სარდლობის რეზერვის ცალკეული სატანკო ბრიგადებისა. 1940 წელს მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა სატანკო დივიზიები, რომლებიც შევიდნენ მექანიზებული კორპუსების შემადგენლობაში. მაგრამ ტანკებში უზარმაზარი დანაკარგების გამო, რომლებიც მგწა-მ ომის დასაწყისში განიცადა, და ტანკების არასაკმარისად გამოშვების გამოც სსრკ თავდაცვის სახალხო კომისარიატმა (НКО СССР) მიიღო გადაწყვეტილება შეეტანათ არსებითი კორექტივები ჯავშანსატანკო ჯარების საორგანიზაციო სტრუქტურაში. უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკის 1941 წლის 15 ივლისის დირექტიული წერილის შესაბამისად დაიწყო მექანიზებული კორპუსების გაუქმება, რომელიც 1941 წლის სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდებოდა. მათ გაუქმებასთან დაკავშირებით სატანკო დივიზიები გადაეცემოდა არმიების სარდალთა დაქვემდებარებაში, ხოლო მოტორიზებული დივიზიები კი მსროლელ დივიზიებად გადაკეთდებოდა (პერეფორმირდებოდა). ამ მიზეზების გამო მოუხდათ ჯავშანსატანკო ჯარების სადივიზიო ორგანიზაციიდან საბრიგადო ორგანიზაციაზე გადასულიყვნენ, რომელიც სსრკ თავდსახკომ-ის # 0063 ბრძანებით იქნა დადგენილი, ხოლო 1941 წლის სექტემბერში კი – სხვადასხვანაირი საშტატო რიცხოვნების ცალკეული სატანკო ბატალიონების შექმნაზეც (29-დან 36 ტანკამდე ბატალიონში). სატანკო ბრიგადები და ცალკეული სატანკო ბატალიონები შეიქნა ძირითადი საორგანიზაციო ფორმები საბჭოთა ჯავშანსატანკო ჯარებში. 1941 წლის 1 დეკემბრისათვის მგწა-ში 68 ცალკეული სატანკო ბრიგადა და 37 ცალკეული სატანკო ბატალიონი იყო, რომლებიც უმთავრესად მსროლელი ჯარების უშუალო მხარდაჭერისათვის გამოიყენებოდა. ასეთი ორგანიზაცია 1941 წლის პირობებში იძულებითი გახლდათ. 1942 წელს სატანკო კორპუსების აღდგენასთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ კი მექანიზებული კორპუსებისაც, ჩამოყალიბებულ იქნა სატანკო ბრიგადები, რომლებიც შევიდნენ მათ შემადგენლობაში. ბრიგადა მოიცავდა 2 სატანკო და 1 მოტომსროლელ-სატყვიამფრქვევო ბატალიონებს, აგრეთვე რიგ ცალკეულ ქვედანაყოფებსაც (სულ 53 ტანკი). შემდგომში სატანკო ბატალიონების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა განიცდიდა სრულყოფას მისი დამოუკიდებლობის, დამრტყმელი და საცეცხლე ძლიერების ამაღლების მიზნით. 1943 წლის ნოემბრიდან ბრიგადას ჰყავდა სამი სატანკო ბატალიონი, მეავტომატეთა მოტორიზებული ბატალიონი, საზენიტო სატყვიამფრქვევო ასეული და სხვა ქვედანაყოფები (სულ 65 ტანკი Т-34). საბრძოლო დამსახურებათათვის 68 სატანკო ბრიგადამ მიიღო გვარდიული ბრიგადის წოდება, 112-ს მიენიჭა საპატიო სახელწოდება, 114 ორდენებით იქნა დაჯილდოვებული. 1945–1946 წლებში სატანკო ბრიგადები სატანკო პოლკებად იქნა გადაკეთებული (პერეფორმირებული). 1942–1954 წლებში ამ ჯარებს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარები ეწოდებოდათ. ისინი შედგებოდა სატანკო (1946 წლიდან – მექანიზებული) არმიებისაგან, სატანკო, მძიმე სატანკო, მექანიზებული, თვითმავალ-საარტილერიო, მოტომსროლელი ბრიგადებისაგან (1946 წლიდან – პოლკებისაგან). 1954 წლიდან ეწოდათ ჯავშანსატანკო ჯარები; მათ შემადგენლობაში შედიოდნენ სატანკო და მექანიზებული ნაწილები.
მექანიზებული ჯარები, რომელიც შედგებოდა მექანიზებული (სატანკო), მოტორიზებული მსროლელი, საარტილერიო და სხვა ნაწილებისა და ქვედანაყოფებისაგან. ცნება „მექანიზებული ჯარები“ სხვადასხვა არმიებში 1930-იანი წლების დასაწყისისათვის გამოჩნდა. 1929 წელს სსრკ-ში შეიქმნა მგწა-ის მექანიზაციისა და მოტორიზაციის ცენტრალური სამმართველო და ჩამოყალიბებულ იქნა პირველი საცდელი მექანიზებული პოლკი, რომელიც 1930 წელს პირველ მექანიზებულ ბრიგადად გაიშალა სატანკო, საარტილერიო, სადაზვერვო პოლკებისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფების შემადგენლობით. ბრიგადას ჰყავდა 110 ტანკი МС-1 და 27 ქვემეხი და განკუთვნილი იყო მექანიზებული შენაერთების ოპერატიულ-ტაქტიკური გამოყენების საკითხებისა და ყველაზე უფრო მომგებიანი საორგანიზაციო ფორმების კვლევისთვის. 1932 წელს ამ ბრიგადის ბაზაზე შეიქმნა მსოფლიოში პირველი მექანიზებული კორპუსი – დამოუკიდებელი ოპერატიული შენაერთი, რომელიც შეიცავდა ორ მექანიზებულ და ერთ მსროლელ-სატყვიამფრქვევო ბრიგადებს, ცალკეულ საზენიტო-საარტილერიო დივიზიონს და 500-ზე მეტ ტანკსა და 200 ავტომობილს. სახელწოდება „მექანიზებული ჯარები“ 1932 წელს იქნა დამკვიდრებული მგწა-ის მექანიზებული ჯარების დროებით დარიგებაში (наставление), რომელსაც ეწოდება „დამოუკიდებელი მექანიზებული შენაერთების ტარება და ბრძოლა“. 1936 წლის დასაწყისისათვის არსებობდა 4 მექანიზებული კორპუსი, 6 ცალკეული ბრიგადა და 15 პოლკი საკავალერიო დივიზიებში. 1937 წელს მგწა-ის მექანიზაციისა და მოტორიზაციის ცენტრალურ სამმრთველოს სახელი შეეცვალა და დაერქვა წითელი არმიის ავტოჯავშანსატანკო სამმართველო, ხოლო 1942 წლის დეკემბერში შეიქმნა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარების სარდლის სამმართველო. 1941–1945 წლების დიდი სამამულო ომის დროს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ჯარები შეიქნა მგწა-ის ძირითად დამრტყმელ ძალად.
სამხედრო-საჰაერო ძალები
ძირითადი წერილები: მუშურ-გლეხური წითელი საჰაერო ფლოტი და სსრკ სამხედრო-საჰაერო ძალები
ავიაციის ჩამოყალიბება საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში დაიწყო 1918 წელს. ორგანიზაციულად შედგებოდა ცალკეული საავიაციო რაზმებისაგან, რომლებიც შედიოდნენ საჰაერო ფლოტის საოლქო სამმართველოებში, ხოლო ეს უკანასკნელები კი 1918 წლის სექტემბერში გარდაიქმნენ ავიაციისა და ჰაერში ცურვის საფრონტო და საარმიო საველე სამმართველოებად ფრონტებისა და ზოგადსაჯარისო არმიების შტაბებთან. 1920 წლის ივნისში მოხდა საველე სამმართველოების რეორგანიზაცია საჰაერო ფლოტების შტაბებად ფრონტებისა და არმიების სარდლებისადმი უშუალო დაქვემდებარებით. 1917–1923 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ ფრონტების სამხედრო-საჰაერო ძალები (სჰძ) გადავიდნენ სამხედრო ოლქების შემადგენლობაში. 1924 წელს სამხედრო ოლქების სჰძ-ის საავიაციო რაზმები შეყვანილ იქნენ ერთგვაროვან ესკადრილიებში (თითოეულში 18-43 თვითმფრინავით), რომლებიც 20-იანი წლების ბოლოს გარდაიქმნენ საავიაციო ბრიგადებად. 1938–1939 წლებში სამხედრო ოლქების ავიაცია საბრიგადოდან საპოლკო და სადივიზიო ორგანიზაციაზე იქნა გადაყვანილი. ძირითადი ტაქტიკური ერთეული გახდა საავიაციო პოლკი (60–63 თვითმფრინავი). მგწა-ის ავიაცია ემყარებოდა ავიაციის ძირითად თვისებას – მოწინააღმდეგისთვის ჰაერიდან დიდ სიშორეებზე სწრაფი და მძლავრი დარტყმების მიყენების უნარს, რაზეც ვერ მიუწვდებათ ხელი ჯარების სხვა გვარეობებს. ავიაციის საბრძოლო საშუალებებს წარმოადგენდნენ თვითმფრინავები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ფუგასური, მსხვრევადი და ცეცხლგამჩენი მოქმედების ბომბებით, ზარბაზნებითა და ტყვიამფრქვევებით. ავიაციას იმ დროისათვის გააჩნდა ფრენის დიდი სიჩქარე (400–500 და მეტი კმ/სთ), მოწინააღმდეგის საბრძოლო ფრონტის ადვილად გადალახვისა და მის ზურგში ღრმად შეღწევის უნარი. საბრძოლო ავიაცია გამოიყენებოდა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკურ საშუალებათა დაზიანებისთვის; მისი ავიაციის განადგურებისა და მნიშვნელოვანი ობიექტების: სარკინიგზო კვანძების, სამხედრო მრეწველობის საწარმოთა, კავშირგაბმულობის კვანძების, გზებისა და ა. შ. დანგრევისათვის. სადაზვერვო ავიაციას თავის დანიშნულებად ჰქონდა მოწინააღმდეგის ზურგში საჰაერო დაზვერვის წარმოება. დამხმარე დანიშნულების ავიაცია გამოიყენებოდა არტლერიის ცეცხლის კორექტირებისთვის, კავშრგაბმულობისა და ბრძოლის ველზე მეთვალყურეობისთვის, ავადმყოფებისა და დაჭრილების, რომლებიც სასწრაფო საექიმო დახმარებას საჭიროებდნენ, ზურგში გადაყვანისთვის (სანიტარული ავიაცია), და სამხედრო ტვირთების სწრაფი გადატანისთვის (სატრანსპორტო ავიაცია). გარდა ამისა, ავიაცია გამოიყენებოდა ჯარების, იარაღისა და ბრძოლის სხვა საშუალებათა დიდ მანძილებზე გადასროლისათვის. ავიაციის ძირითად ერთეულს წარმოადგენდა საავიაციო პოლკი (ავიაპოლკი). პოლკი შედგებოდა საავიაციო ესკადრილიებისგან (ავიაესკადრილიები). ავიაესკადრილია – რგოლებისგან.
1941–1945 წლების დიდი სამამულო ომის დასაწყისისათვის სამხედრო ოლქების ავიაცია შედგებოდა ცალკეული ბომბდამშენი, გამანადგურებელი, შერეული (მოიერიშე) საავიაციო დივიზიებისა და ცალკეული სადაზვერვო საავიაციო პოლკებისაგან. 1942 წლის შემოდგომაზე ავიაციის ყველა გვარეობის საავიაციო პოლკებს ჰყავდათ 32-32 თვითმფრინავი, 1940 წლის ზაფხულში მოიერიშე და გამანადგურებელ ავიაციაში თვითმფრინავების რაოდენობა პოლკებში 40 მანქანამდე იქნა გაზრდილი.
საინჟინრო ჯარები
ძირითადი წერილი: სსრკ საინჟინრო ჯარები
დივიზიებში გათვალისწინებული იყო საინჟინრო ბატალიონის ყოლა, მსროლელ ბრიგადებში – მესანგრეთა ასეულისა. 1919 წელს ჩამოყალიბდა სპეციალური საინჟინრო ნაწილები. საინჟინრო ჯარების ხელმძღვანელობას ახორციელებდნენ რესპუბლიკის საველე შტაბთან არსებული საინჟინრო ინსპექტორი (1918–1921 წლებში – ა. პ. შოშინი), ფრონტების, არმიებისა და დივიზიების საინჟინრო უფროსები. 1921 წელს ჯარების ხელმძღვანელობა დაეკისრა მთავარ სამხედრო-საინჟინრო სამმართველოს. 1929 წლისათვის საშტატო საინჟინრო ნაწილები იყო ჯარების ყველა გვარეობაში. დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ 1941 წლის ოქტომბერში დაარსებულ იქნა საინჟინრო ჯარების უფროსის თანამდებობა. ომის მსვლელობისას საინჟინრო ჯარები აგებდნენ სიმაგრეებს, ჰქმნიდნენ ღობურებს, ნაღმავდნენ ადგილმდებარეობას, უზრუნველყოფდნენ ჯარების მანევრის ჩატარებას, აკეთებდნენ გასასვლელებს მოწინააღმდეგის დანაღმულ ველებში, უზრუნველყოფდნენ მისი საინჟინრო ღობურების გადალახვას, წყლის დაბრკოლებათა ფორსირებას, მონაწილეობდნენ სიმაგრეების, ქალაქების იერიშში და ა. შ.
ქიმიური ჯარები
ძირითადი წერილი: სსრკ ქიმიური ჯარები
1918 წლის 13 ნოემბერს რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს ბრძანებით # 220 შეიქმნა მგწა-ის ქიმიური სამსახური.
1923 წელს მსროლელი პოლკების შტატში შეიყვანეს აირსაწინააღმდეგო (გაზსაწინააღმდეგო) რაზმები.
1924–1925 წლებში, სამხედრო რეფორმის მსვლელობისას, საფუძველი დაედო თანამედროვე ჯარებსა და სამსახურებს, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მათი ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის შესაქმნელად, დაიწყო ნაწილებში გეგმიური სამხედრო-ქიმიური მომზადება.
1920-იანი წლების ბოლოსათვის ქიმიური ქვედანაყოფები იყო ყველა მსროლელ და საკავალერიო დივიზიასა და ბრიგადაში. დიდ სამამულო ომში ქიმიური ჯარების შემადგენლობაში იყო: ტექნიკური ბრიგადები (კვამლების დაყენებისა და მსხვილი ობიექტების შენიღბვისათვის), ქიმიასაწინააღმდეგო დაცვის ბრიგადები, ბატალიონები და ასეულები, ცეცხლსატყორცნი ბატალიონები და ასეულები, ბაზები, საწყობები და ა. შ. საომარი მოქმედებების დროს ინარჩუნებდნენ ნაწილებისა და შენაერთების ქიმიასაწინააღმდეგო დაცვის მაღალ მზადყოფნას მოწინააღმდეგის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ანადგურებდნენ მტერს ცეცხლსატყორცნების გამოყენებით და ახორციელებდნენ ჯარების კვამლით შენიღბვას, უწყვეტად აწარმოებდნენ დაზვერვას ქიმიური თავდასხმისათვის მოწინააღმდეგის მზადების გამოვლენისა და თავიანთი ჯარების დროულად გაფრთხილების მიზნით, მონაწილეობდნენ სამხედრო ნაწილების, შენაერთებისა და გაერთიანებათა მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფაში საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად მოწინააღმდეგის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების პირობებში, ანადგურებდნენ მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას ცეცხლსატყორცნ-ცეცხლგამჩენი საშუალებებით, ახორციელებდნენ თავიანთი ჯარებისა და ზურგის ობიექტების კვამლებით შენიღბვას.
კავშირგაბმულობის ჯარები
კავშირგაბმულობის პირველი ქვედანაყოფები მგწა-ში 1918 წელს იქნა ჩამოყალიბებული. 1919 წლის 20 ოქტომბერს კავშირგაბმულობის ჯარები შეიქმნა როგორც დამოუკიდებელი სპეციალური ჯარები. 1941 წელს შემოიღეს კავშირგაბმულობის ჯარების უფროსის თანამდებობა.
საავტომობილო ჯარები
სსრკ შეიარაღებული ძალების ზურგის შემადგენლობაში. საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში გამოჩნდა სამოქალაქო ომის პერიოდში. 1941–1945 წლების დიდი სამამულო ომის დასაწყისისათვის შედგებოდა ქვედანაყოფებისა და ნაწილებისაგან.
ავღანეთის რესპუბლიკაში სამხედრო ავტომობილისტებს გადამწყვეტი როლი ეთმობოდათ ავღანეთში საქბჭოთა ჯარების შეზღუდული კონტინგენტის ყველა სახეობის მატერიალური საშუალებებით უზურველყოფაში. საავტომობილო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მიერ ხორცილდებოდა ტვირთების გადაზიდვა არა მარტო ჯარებისთვის, არამედ ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობისთვისაც.
მატერიალური უზრუნველყოფის 59 ცალკეული ბრიგადა
სარკინიგზო ჯარები
ძირითადი წერილი: სსრკ სარკინიგზო ჯარები
1926 წელს მგწა-ის სარკინიგზო ჯარების ცალკეული კორპუსის სამხედრო მოსამსახურეებმა დაიწყეს ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მომავალი ტრასის ტოპოგრაფიული დაზვერვის წარმოება.
წითელდროშოვანი ბალტიის ფლოტის (წბფ) 1-ლი გვარდიული საზღვაო საარტილერიო სარკინიგზო ბრიგადა (შეიქმნა 101-ე საზღვაო საარტილერიო სარკინიგზო ბრიგადისაგან). „გვარდიულის“ წოდება მიენიჭა 1944 წლის 22 იანვარს.
წბფ-ის 11-ე გვარდიული ცალკეული სარკინიგზო საარტილერიო ბატარეა. „გვარდიულის“ წოდება მიენიჭა 1945 წლის 15 სექტემბერს. იყო ოთხი სარკინიგზო კორპუსი: ორი აგებდა ბაიკალ-ამურის მაგისტრალს და ორიც ტიუმენში (აგებდნენ ხიდებს, გაჰყავდათ გზები თითოეული ანძისაკენ).
საგზაო ჯარები
სსრკ შეიარაღებული ძალების (შძ) ზურგის შემადგენლობაში. საბჭოთა შძ-ში გამოჩნდა სამოქალაქო ომის პერიოდში. 1941–1945 წლების დიდი სამამულო ომის დაწყებისათვის შედგებოდა ქვედანაყოფებისა და ნაწილებისაგან.
1943 წლის შუახანებისთვის საგზაო ჯარებში შედგებოდა: 294 ცალკეული საგზაო ბატალიონი, სამხედრო-საავტომობილო გზების 22 სამმართველო 110 საგზაო-საკომენდანტო უბნით, 7 სამხედრო-საგზაო სამმართველო 40 საგზაო რაზმით, 194 გუჟესატრანსპორტო ასეული, სარემონტო ბაზები, ხიდებისა და გზათა კონსტრუქციების წარმოების ბაზები, სასწავლო და სხვა დაწესებულებანი.
შრომითი არმია
შრომითი არმია (შრომარმია, ტრუდარმია) – სამხედრო ფორმირებები (გაერთიანებები) საბჭოთა რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში 1920–1922 წლებში, რომლებიც დროებით გამოიყენებოდნენ სამოქალაქო ომის დროს სახალხო მეურნეობის აღდგენის სამუშაოებზე. თითოეული შრომითი არმია შედგებოდა ჩვეულებრივი მსროლელი შენაერთებისგან, საკავალერიო, საარტილერიო და სხვა ნაწილებისგან, რომლებიც შრომითი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი და იმავდროულად ინარჩუნებდნენ საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში სწრაფად გადასვლის უნარსაც. სულ შეიქმნა 8 შრომით არმია; სამხედრო-ადმინისტრაციული მიმართებით ისინი რესპრევსამხსაბჭოს ექვემდებარებოდნენ, სამეურნეო-შრომითი მიმართებით კი – შრომისა და თავდაცვის საბჭოს. სამხდრო-სამშენებლო ნაწილების (სამხედრო-სამშენებლო რაზმების) წინამორბედი.
პირადი შემადგენლობა
ბოლშევიკები წითელი არმიის თითოეულ ქვედანაყოფში ნიშნავდნენ პოლიტიკურ კომისარს, ან პოლიტხელს, ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებათა გაუქმების უფლებამოსილებით, თუ ისინი კომუნისტური პარტიის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. თუმცა კი ეს ამცირებდა მეთაურობის ეფექტურობას. პარტია გრძნობდა არასაიმედო „სამხედრო სპეციალისტებზე“ კონტროლის მწვავე მოთხოვნილებას, რომლებიც ყოფილი მეფის ოფიცრების რიგებიდან იყვნენ გამოსულნი და რომლებზედაც არმია ძლიერად გახლდათ დამოკიდებული. კონტროლი 1925 წელს იქნა შესუსტებული, რადგანაც ამ დროისათვის მეთაურთა ახალი კადრები უკვე საკმარისად იყვნენ გამოზრდილნი.
წოდებები
ძირითადი წერილები: მგწა-ის სამხედრო კატეგორიები და განსხვავების ნიშნები 1918–1935, მგწა-ის სამხედრო წოდებები და განსხვავების ნიშნები 1935–1940 და მგწა-ის სამხედრო წოდებები და განსხვავების ნიშნები 1940–1943
იხ. ასევე: სამხედრო წოდებები და განსხვავების ნიშნები სსრკ არმიაში 1943–1955
ადრეულმა წითელმა არმიამ უარყო ოფიცრობა როგორც მოვლენა, გამოაცხადა რა იგი „ცარიზმის გადმონაშთად“. თავად სიტყვა „ოფიცერი“ შეიცვალა სიტყვით „მეთაური“. გაუქმებულ იქნა სამხრეები, ასევე სამხედრო წოდებანი, რომელთა ნაცვლად თანამდებობების დასახელებებს იყენებდნენ, მაგალითად, „კომდივი“ (დივიზიის მეთაური /командир дивизии/), ან „კომკორი“ (კორპუსის მეთაური /командир корпуса/). 1924 წლის 30 ივლისს შედგა სსრკ რევსამხსაბჭოს ბრძანება # 989 მგწა-ის მთელი სამეთაურო შემადგენლობისათვის წოდების – მუშურ-გლეხური წითელი არმიის მეთაური – მინიჭების შესახებ. ასევე იმავე წელს შემოიღეს „სამსახურეობრივი კატეგორიები“, К-1 (უმდაბლესიდან) К-14 (უმაღლესამდე), რომელიც შეესაბამებოდა მეთაურის გამოცდილებასა და კვალიფიკაციას. მეთაურისადმი მიმართვის დროს, რომლის თანამდებობაც ცნობილი არ იყო, კატეგორიის შესაბამისი თანამდებობა უნდა დაესახელებიათ, მაგალითად, „ამხანაგო პოლკის მეთაურო“ К-9-თვის. განსხვავების ნიშნების სახით გამოიყენებოდა სამკუთხედები (უმცროს მეთაურთა შემადგენლობისთვის К 1 და 2), კვადრატები (საშუალო მეთაურთა შემადგენლობისთვის К 3-6), მართკუთხედები (უფროს მეთაურთა შემადგენლობისთვის К 7-9) და რომბები (უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობისთვის К-10 და ზევით). ჯართა გვარეობები ფორმის ტანსაცმელზე დანაკერების (петлицы) ფერის მიხედვით განირჩეოდა.
1935 წლის 22 სექტემბერს სამსახურეობრივი კატეგორიები გაუქმებულ იქნა და შემოიღეს პერსონალური წოდებები. ისინი წარმოადგენდა თანამდებობების დასახელებისა და ტრადიციული წოდებების ნარევს, მაგალითად, „კომდივი“. ცალკეული წოდებები იქნა შემოღებული პოლიტმუშაკებისთვის („ბრიგადის კომისარი“, „არმიის 2 რანგის კომისარი“), ტექნიკური სამსახურებისთვის („3 რანგის ინჟინერი“, „დივიზიის ინჟინერი“), სამედიცინო მუშაკებისთვის და ასე შემდეგ.
1940 წლის 7 მაისს შემოიღეს პერსონალური წოდებები „გენერალი“, „ადმირალი“, რომლებმაც შეცვალეს უწინდელი „კომდივი“, „კომანდარმი“ და სხვა. 1940 წლის 2 ნოემბერს გაუქმებულ იქნა თანამდებობრივი რანგები უმცროს მეთაურთა შემადგენლობისთვის, და შემოიღეს წოდება პოდპოლკოვნიკი.
1942 წლის დასაწყისში ტექნიკური და ზურგის სამსახურების წოდებები მოყვანილ იქნა შესაბამისობაში ტრადიციულ წოდებებთან („ინჟინერ-მაიორი“, „ინჟინერ-პოლკოვნიკი“ და სხვა). 1942 წლის 9 ოტომბერს გაუქმდა პოლიტიკური კომისრების სისტემა, საგანგებო წოდებებთან ერთად. თანამდებობრივი წოდებები დარჩა მხოლოდ სამედიცინო, ვეტერინარული და იურიდიული სამსახურებისთვის.
1943 წლის დასაწყისში გატარებულ იქნა მანამდე შენარჩუნებული თანამდებობრივი წოდებების უნიფიკაცია. ოფიციალურ ლექსიკონში ისევ დაბრუნდა სიტყვა „ოფიცერი“, სამხრეებთან და განსხვავების უწინდელ ნიშნებთან ერთად. სამხედრო წოდებებისა და განსხვავების ნიშნების სისტემა პრაქტიკულად სსრკ-ის დაშლამდე არ შეცვლილა; თანამედროვე რუსეთის შეიარაღებული ძალები ფაქტიურად აგრძელებს იმავე სისტემის გამოყენებას. ძველი თანამდებობრივი წოდებები „კომბატი“ (ბატალიონის მეთაური), „კომბრიგი“ (ბრიგადის მეთაური), „კომდივი“ (დივიზიის, ან დივიზიონის მეთაური) ამ დრომდეა შენარჩუნებული არაოფიციალურ გამოყენებაში (ჟარგონი).
უნდა აღინიშნოს – მიუხედავად იმისა, რომ მგწა-ის 1943 წლის ნიმუშის სამხედრო წოდებები რუსეთის საიმპერატორო არმიის წოდებათა საფუძველზე მუშავდებოდა, ისინი, ამის-და მიუხედავად, მათ ზუსტ ასლებს არ წარმოადგენენ. პირველ რიგში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი განსხვავებანი:
არ ყოფილა აღდგენილი უნტერ-ოფიცრული ჩინები ფელდფებელი, ვახმისტრი (საკავალერიო წოდება).
არ ყოფილა აღდგენილი ობერ-ოფიცრული ჩინები პოდპორუჩიკი, პორუჩიკი, შტაბს-კაპიტანი.
პრაპორშჩიკის წოდება (ძველ სლავურში – „მედროშე“, სიტყვიდან „პრაპორი“– დროშა), რომელიც მეფის არმიაში საოფიცრო ჩინებს მიეკუთვნებოდა, საბჭოთა არმიაში მხოლოდ 1972 წელს იქნა დაწესებული. წოდებები „პრაპორშჩიკი“, „უფროსი პრაპორშჩიკი“ ცალკე კატეგორიადაა გამოყოფილი, და საოფიცრო წოდებებს არ მიეკუთვნება.
არ ყოფილა აღდგენილი ჩინები, რომლებიც არსებობდა მარტო კავალერიაში – კორნეტი (შეესაბამებოდა პოდპორუჩიკს), შტაბს-როტმისტრი (შეესაბ. შტაბს-კაპიტანს), როტმისტრი (შეესაბ. კაპიტანს).
ამასთან ერთად დაწესებულ იქნა მაიორის წოდება, რომელიც რუსულ არმიაში 1881 წელს გააუქმეს.
რიგი ცვლილებებისა მოხდა უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის წოდებებში, მაგალითად, არ აღუდგენიათ წოდება გენერალ-ფელდცოიხმაისტერი, და სხვები.
უფრო დაწვრილებით იხ. ტაბელი რანგების შესახებ.
მთლიანობაში, წითელი არმიის უმცროს მეთაურთა შემადგენლობის სამხედრო წოდებები (სერჟანტები და ზემდეგები) შეესაბამება მეფის (რუსულ) უნტერ-ოფიცერთა ჩინებს, უმცროს ოფიცერთა წოდებები – ობერ-ოფიცერთა წოდებებს (საწესდებო მიმართვა რუსულ არმიაში – „თქვენო კეთილშობილებავ“), უფროსი ოფიცრებისა, მაიორიდან პოლკოვნიკამდე – შტაბ-ოფიცერთა წოდებებს (საწესდებო მიმართვა რუსულ არმიაში – „თქვენო მაღალკეთილშობილებავ“), უმაღლესი ოფიცრებისა, გენერალ-მაიორიდან მარშლამდე – საგენერლო წოდებებისა („თქვენო აღმატებულებავ“).
ჩინების უფრო დაწვრილებითი შესაბამისობა შეიძლება მხოლოდ მიახლოებით იქნას დადგენილი, იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ სამხედრო წოდებათა რაოდენობა განსხვავდება. ასე, პოდპორუჩიკის ჩინი დაახლოებით ლეიტენენტის სამხედრო წოდებას შეესაბამება, ხოლო კაპიტნის სამეფო ჩინი კი – დაახლოებით საბჭოთა სამხედრო წოდებას მაიორი.
ისიც უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ 1943 წლის ნიმუშის მგწა-ის სამხედრო წოდებათა განსხვავების ნიშნები ასევე არ წარმოადგენდა სამეფო ნიშნების ზუსტ ასლს, თუმცა კი მათ საფუძველზე იქმნებოდა. ასე, პოლკოვნიკის ჩინი საიმპერატორო არმიაში ორი გასწვრივი ზოლის მქონე სამხრეებით აღინიშნებოდა, ვარსკვლავების გარეშე; წითელ არმიაში, სამხედრო წოდებას ჰქონდა განსხვავების ნიშნები სამხრეებზე – ორი გასწვრივი ზოლი, და საშუალო ზომის სამი ვარსკვლავი, სამკუთხედის სახით განლაგებული.
სამეთაურო შემადგენლობა
მგწა-ის მეთაურთა შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი 1930-იანი წლების დასაწყისამდე – იყო ის ხალხი, რომლებმაც საოფიცრო ჩინები საიმპერატორო და ნაწილობრივ თეთრ არმიებში მიიღეს. მათი შეცვლა მეთაურებით, რომლებმაც საბჭოთა დაწესებულებებში გაიარეს მომზადება, გაჭიანურდა. ია. ბ. გამარნიკის მოხსენებითი წერილის თანახმად (1931 წლის მაისი) „ყოფილი“ ოფიცრები სამეთაურო შემადგენლობაში იყვნენ 5195 ადამიანი, მათ შორის 770 სახმელეთო ჯარების უმაღლეს საუფროსო შემადგენლობაში (სახმელეთო ჯარების უმაღლესი საუფროსო შემადგენლობის 67,6 %), 51 ადამიანი საზღვაო ძალებში (სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი საუფროსო შემადგენლობის 53,4 %), 133 ადამიანი – სამხედრო-საჰაერო ძალებში (31,1 %).
1937–1938 წლების რეპრესიები
ძირითადი წერილები: ტუხაჩევსკის საქმე და რეპრესიები მგწა-ში 1937–1938
1937–1938 წლების დიდი ტერორის ნაწილად, ზოგიერთის აზრით, იქცა ეგრეთ წოდებული „კადრების წმენდა წითელ არმიაში“. მისი მიზანი გახლდათ „არასაიმედო ელემენტებისგან“ გაწმენდა, უპირატესად უმაღლეს ჩინებს შორის. მათი არცთუ დიდი ნაწილი უკანვე იქნა დაბრუნებული ნაცისტური გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმის შემდეგ. ზოგიერთი მონაცემით, წითელი არმიის „სტალინური წმენდა“ იქცა ერთ-ერთ ფაქტორად, რომელმაც ჰიტლერს მისცა დაჯერებულობა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის წარმატებაში. სადისკუსიო საკითხი გახლავთ ის, გამოიწვია თუ არა წმენდამ წითელი არმიის დასუსტება. საწინააღმდეგო თვალსაზრისის მომხრენი იმაზე მიუთითებენ, რომ წმენდის პიკის დროს მგწა-ის რიცხოვნება გაიზარდა. 1937 წელს იგი 1,5 მილიონ ადამიანს შეადგენდა, რომელიც 1941 წლის ივნისისათვის სამჯერ და მეტად გაიზარდა. განსაიდუმლოებული მონაცემები გვიჩვენებენ, რომ 1937 წელს წითელი არმია 114 300 ოფიცერს მოითვლიდა, რომელთაგან 11 034 რეპრესირებულ იქნა, და არ ყოფილა რეაბილიტირებული 1940 წლამდე. 1937 წლის 2 მარტს სსრკ თავდაცვის სახალხო კომისარმა ვოროშილოვმა სკპ(ბ) ცკ-ის მარტის პლენუმზე თავის მოხსენებაში შემდეგი ციფრები გააჟღერა – 206 000 სამეთაურო-საუფროსო შემადგენლობისა, მათ რიცხვში 107 000 მეთაური, 1000 პოლიტმუშაკი, 25 000 ადმინისტრაციულ-სამეურნეო შემადგენლობისა, 2715 ვეტერინარული შემადგენლობის და დანარჩენიც ტექნიკიური და სამედიცინო შემადგენლობისა. http://istmat.info/node/30226
ჩატარებული მუშაობის შედეგად არმია მნიშვნელოვან წილად გაიწმინდა ჯაშუშებისგან, დივერსანტებისგან, ნდობის ვერ გამომწვევი უცხოელებისგან, ლოთებისგან, სახალხო მონაპოვრის გამფლანგველებისგან.
– მგწა-ის საუფროსო შემადგენლობის სამმართველოს 1940 წლის 5 მაისის ანგარიშიდან, რომელიც გაეგზავნა სსრკ თავდაცვის სახკომს კ. ე. ვოროშილოვს.
მგწა-ის უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობის რეპრესირებულ წარმომადგენელთა რაოდენობა ო. თ. სუვენიროვის დაანგარიშებათა საფუძველზე:
[ცხრილი]
რიცხოვნება
1918 წლის აპრილის ბოლოსათვის – 196 000 ადამიანი.
1918 წლის სექტემბრის დასაწყისისათვის – 550 000 ადამიანი.
1918 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის – თითქმის 800 000 ადამიანი.
1919 წლის ბოლოსათვის – 3 000 000 ადამიანი.
1920 წლის შემოდგომისათვის – 5 500 000 ადამიანი.
1925 წლის იანვრისათვის – 562 000 ადამიანი.
1927 წელს – 586 000 ადამიანი.
1932 წლის მარტი – 604 300 ადამიანი (მთელი მგწა /სახმელეთო წითელი არმიის, წითელი საჰაერო ფლოტის და წითელი საზღვაო ფლოტისა/).
1937 წლის 1 იანვარს – 1 518 090 ადამიანი.
1938 წლის 1 იანვარს – 1 582 057 ადამიანი [1 605 520 ადამიანი].
1939 წლის 21 თებერვალს – 1 910 477 ადამიანი.
1939 წლის 1 დეკემბერს – 3 273 400 ადამიანი.
1940 წლის 1 იანვარს – 3 851 700 ადამიანი.
1940 წლის 1 თებერვალს – 4 229 954 ადამიანი.
1940 წლის 1 აპრილს – 4 416 600 ადამიანი.
1940 წლის 1 მაისს – 3 990 993 ადამიანი.
1940 წლის 1 ივნისს – 4 055 479 ადამიანი.
1940 წლის 1 სექტემბერს – 3 423 499 ადამიანი.
1940 წლის 1ოქტომბერს – 3 446 309 ადამიანი.
1941 წლის იანვრისათვის – 4 200 000 ადამიანი.
1941 წლის 22 ივნისს – 5 080 977 ადამიანი.
1941 წლის 1 ივლისისათვის – 10 380 000 ადამიანი.
1942 წლის გაზაფხულისათვის – 5 500 000 ადამიანი (მოქმედი არმია და ფლოტი).
1942 წლის გაზაფხულიდან – 5 600 000 ადამიანი (მოქმედი არმია და ფლოტი).
1942 წლის ზაფხულისათვის – დაახლოებით 11 000 000 ადამიანი.
1945 წლის დასაწყისისათვის – 11 365 000 ადამიანი.
1945 წლის გაზაფხულისათვის – 11 300 000 ადამიანი.
1946 წლის თებერვლისათვის – 5 300 000 ადამიანი.
სამხედრო ვალდებულება და სამხედრო სამსახური
1918 წლიდან სამსახური იყო ნებაყოფლობითი (აგებული ნებაყოფლობით საწყისებზე). მაგრამ მოხალისეობას არ შეეძლო შეიარაღებული ძალებისათვის საჭირო მომენტში მიეცა მებრძოლთა აუცილებელი რაოდენობა. 1918 წლის 12 ივნისს სახკომსაბჭომ გამოსცა პირველი დეკრეტი ვოლგისპირეთის, ურალისპირეთისა და დასავლეთ ციმბირის სამხედრო ოლქების მუშებისა და გლეხების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ. ამ დეკრეტის შემდეგ გამოიცა მთელი რიგი დამატებითი დეკრეტები და ბრძანებები შეიარაღებულ ძალებში გაწვევების თაობაზე. 1918 წლის 27 აგვისტოს სახკომსაბჭოს მიერ გამოცემულ იქნა პირველი დეკრეტი წითელ ფლოტში სამხედრო მეზღვაურთა გაწვევის შესახებ. მგწა იყო მილიციური (ლათ. militia – მხედრობა), რომელიც ტერიტორიულ-სამილიციო სისტემის საფუძველზე იქმნებოდა. სამხედრო ნაწილები მშვიდობიანობის დროს შედგებოდა სააღრიცხვო აპარატისა და მცირე რაოდენობით მეთაურთა შემადგენლობისაგან; მათი უმეტესი ნაწილი და რიგითი შემადგენლობა კი, რომელიც სამხედრო ნაწილებზე ტერიტორიული ნიშნის მიხედვით იყო მიწერილი, სამხედრო სწავლებას ჯარსგარეშე მომზადების მეთოდით და მოკლევადიან სასწავლო შეკრებებზე გადიოდნენ. მგწა-ის მშენებლობა 1923 წლიდან 30-იანი წლების ბოლომდე ტერიტორიულ-სამილიციო და საკადრო ფორმირებების შეხამების საფუძველზე ხორციელდებოდა. თანამედროვე პირობებში შეიარაღებული ძალების ტექნიკური აღჭურვილობის ზრდასა და სამხედრო საქმის გართულებასთან ერთად მილიციურმა შეიარაღებულმა ძალებმა პრაქტიკულად საკუთარი თავი (შესაძლებლობები) ამოწურა. სისტემა ემყარებოდა სამხედრო კომისარიატებს, რომლებიც მთელ საბჭოთა კავშირში იყო განლაგებული. გაწვევის კამპანიის დროს ახალგაზრდა ადამიანები ჯართა გვარეობებსა და სამსახურებში ნაწილდებოდნენ გენერალური შტაბის კვოტების საფუძველზე. განაწილების შემდეგ ახალწვეულები სამხედრო ნაწილების ოფიცრებს მიჰყავდათ და მათ ახალგაზრდა მებრძოლის კურსზე აგზავნიდნენ. არსებობდა პროფესიონალი სერჟანტების ძალიან მცირე ფენა; სერჟანტების უმრავლესობა იყვნენ გაწვეულები, რომლებსაც გავლილი ჰქონდათ მომზადების სასწავლო კურსი უმცროს მეთაურთა თანამდებობებზე მათი შემდგომი სამსახურისათვის.
სამოქალაქო ომის შემდეგ წითელ არმიაში არ გაიწვეოდნენ „ექსპლუატატორული კლასების“ წარმომადგენლები – ვაჭრების, მღვდელმსახურების, თავადაზნაურთა, კაზაკების შვილები და სხვა. 1935 წელს დაირთო ნება კაზაკების გასაწვევად, 1939 წელს გაუქმდა გაწვევის შეზღუდვები კლასობრივი პრინციპის მიხედვით, თუმცა კი ნარჩუნდება შეზღუდვები სამხედრო სასწავლებლებში შესვლისას.
არმიაში სამსახურის ვადა ქვეითი ჯარისა და არტილერიისათვის – 1 წელია, კავალერიის, ცხენოსანი არტილერიისა და ტექნიკური ჯარებისთვის – 2 წელი, საჰაერო ფლოტისათვის – 3 წელი, საზღვაო ფლოტისათვის – 4 წელი.
სამხედრო სწავლება
1918 წლის პირველ ნახევარში всевобуч-მა თავისი განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა. 1918 წლის 15 იანვარს გამოიცა დეკრეტი მუშურ-გლეხური წითელი არმიის ორგანიზაციის შესახებ და სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარიატთან შეიქმნა მგწა-ის ჩამოყალიბების სრულიად რუსეთის კოლეგია. მან გაშალა აქტიური მუშაობა ცენტრში და ადგილებზე. კერძოდ, აღრიცხვაზე იქნა აყვანილი ყველა სამხედრო სპეციალისტი და კადრის ოფიცერი. 1918 წლის მარტში რკპ(ბ) VII ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო საქმის მოსახლეობისთვის საყოველთაო სწავლების შესახებ. მის წინა დღეს „სცაკ-ის უწყებებმა“ დაბეჭდა მოწოდება: „თითოეულ მუშას, თითოეულ მუშა ქალს, თითოეულ გლეხს, თითოეულ გლეხ ქალს უნდა შეეძლოთ სროლა შაშხანიდან, რევოლვერიდან ან ტყვიამფრქვევიდან!“ მათი სწავლების ხელმძღვანელობა, რომელიც პრაქტიკულად უკვე დაიწყო გუბერნიებში, მაზრებსა და ვოლოსტებში, უნდა გაეწიათ სამხედრო კომისარიატებს, რომლებიც შეიქმნა რსფსრ სახკომსაბჭოს 8 აპრილის დეკრეტის თანახმად. სრულიად რუსეთის მთავარ შტაბთან 7 მაისს დაარსდა საყოველთაო სამხედრო სწვალების (ვსევობუჩ-ის) ცენტრალური განყოფილება ლ. ე. მარიასინის მეთაურობით, ადგილობრივო განყოფილებები კი იქმნებოდა სამხედრო კომისარიატებთან. 29 მაისს სცაკ-მა გამოსცა პირველი დადგენილება არმიის მოხალისეებით დაკომპლექტებიდან მუშებისა და უღარიბესი გლეხების მობილიზაციაზე გადასვლის შესახებ.
1918 წლის ივნისში შედგა ვსევობუჩის მუშაკთა I ყრილობა, რომელმაც მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მათ შესაბამისად იგებოდა ადგილებზე ვსევობუჩის ორგანოების საქმიანობაც. ჯერ კიდევ ინვარში კოსტრომაში წარმოიქმნა საგუბერნიო სამხედრო განყოფილება სააღრიცხვო ქვეგანყოფილებით. სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარიატმა გამოაქვეყნა ინსტრუქცია ასეთი ორგანოების მუშაობის წესისა და რიგის შესახებ, გაიხსა შემგროვებელი პუნქტები მგწა-ში მოხალისეების ჩასაწერად, და პირველად გაიშალა სამხედრო საქმის ფართო სწავლებაც. თებერბალ – მარტში კოსტრომელები და კინეშემელები, უპირატესად მუშები, ეწერებიან პროლეტარულ წითელარმიულ რაზმებში. სამხედრო განყოფილებები მათი სწავლებით იყვნენ დაკავებულნი. 21 მარტს, სწორედ იმ დღეს, როცა გაუქმებულ იქნა საარჩევნო საწყისი წითელ არმიაში (რსფსრ-ის უმაღლესი სამხედრო საბჭოს ბრძანებით), სრულიად რუსეთის კოლეგიამ მიმართა სამხედრო საქმის სპეციალისტებს, ძველი არმიის ყველა ოფიცერს მოწოდებით შესულიყვნენ წითელ არმიაში სამეთაურო თანამდებობებზე.
– ვასილევსკი ა. მ. „მთელი ცხოვრების საქმე“
სამხედრო განათლების სისტემა წითელ არმიაში ტრადიციულად სამ დონედ იყოფა. ძირითადი – უმაღლესი სამხედრო განათლების სისტემა, რომელიც უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების განვითარებულ ქსელს წარმოადგენს. მათ მოსწავლეებს ტრადიციულად ეწოდებათ წითელი არმიის კურსანტები, რაც დაახლობით შეესაბამება რევოლუციამდელ წოდებას „იუნკერი“. სწავლების ვადა 4–5 წელს შეადგენს, გამოშვებულნი ღებულობენ „ლეიტენენტის“ წოდებას, რაც „ოცეულის მეთაურის“ თანამდებობის შესაბამისია.
თუ მშვიდობიანობის დროს სასწავლებლებში სწავლების პროგრამა უმაღლესი განათლების მიღებას შეესაბამება, ომიანობის დროს ის საშუალო სპეციალურ განათლებამდე მოკლდება, სწავლების ვადები მკვეთრად მცირდება, და ხდება ნახევარი წლის ხანგრძლივობის მოკლევადიანი სამეთაურო კურსების ორგანიზაცია.
რუსეთის ტრადიციულ განსაკუთრებულობას წარმოადგენს საშუალო სამხედრო განათლების სისტემა, რომელიც შედგება კადეტთა სასწავლებლებისა და კორპუსებისაგან. რუსეთის იმპერიის შეიარაღებული ძალების დაშლის შემდეგ (რუსეთის საიმპერატორო არმიის და ფლოტისა) 1917–1918 წლებში მთელმა ამ სისტემამ შეწყვიტა თავისი არსებობა. მაგრამ 40-იან წლებში იგი ფაქტიურად აღდგენილ იქნა სსრკ-ის რევოლუციამდელი რუსეთის ტრადიციებისკენ საერთო მიბრუნების ფარგლებში, რაც დიდი სამამულო ომით იყო გამოწვეული. კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობამ სანქცია მისცა სუვოროვის სახელობის ხუთი სამხედრო სასწავლებლისა და ნახიმოვის სახელობის ერთი სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის დაარსებას; მათ საფუძვლად რევოლუციამდელი კადეტთა კორპუსები იქნა აღებული. სწავლების პროგრამა ასეთ სასწავლებლებში შეესაბამება სრული საშუალო განათლების მიღებას; სუვოროველები და ნახიმოველები, ჩვეულებრივ, შემდეგ უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში შედიან.
1991 წელს სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შეიქმნა რიგი ახალის სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც პირდაპირ ეწოდათ „კადეტთა კორპუსები“. აღდგა რევოლუციამდელი სამხდერო წოდება „კადეტი“ და შესაბამისი განსხვავების ნიშნებიც.
რუსეთის სხვა ტრადიციულ განსხვავებულობას წარმოადგენს სამხედრო აკადემიების სისტემა. მათში მოსწავლენი ღებულობენ უმაღლეს სამხედრო განათლებას. ამაში შედგება განსხვავება დასავლეთის ქვეყნებისგან, სადაც აკადემიები ჩვეულებრივ უმცროს ოფიცრებს ამზადებენ (რუსული სამხედრო აკადემიების მგავსად აშშ-ში, მაგალითად, მოქმედებს შესაბამისი სამხედრო კოლეჯები – ი. ხ.).
წითელი არმიის სამხედრო აკადემიებმა პერეფორმირებათა და პერედისლოკაციების მთელი რიგი გადაიტანეს, და ჯარების სხვადასხვა გვარეობათა მიხედვით იყოფიან (ზურგისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემია, სამხედრო-სამედიცინო აკადემია, კავშირგაბმულობის სამხედრო აკადემია, პეტრე დიდის სახელობის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების აკადემია, და სხვა). 1991 წლის შემდეგ პროპაგანდა ეწევა თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ რიგი სამხედრო აკადემიები პირდაპირ მემკვიდრეობით მიიღო მგწა-მ მეფის არმიისაგან. კერძოდ, მ. ვ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია წარმოდგება ნიკოლოზისეული გენერალური შტაბის აკადემიისაგან, ხოლო საარტილერიო აკადემია კი – მიხეილის საარტილერიო აკადემიისაგან, რომელიც დიდმა მთავარმა მიხეილმა 1820 წელს დააარსა. ეს თვალსაზრისი არ იყო გაზიარებული საბჭოთა პერიოდში, ვინაიდან მგწა-ის ისტორიას აწარმოებდნენ 1918 წლიდან. ამასთანავე ნიკოლოზისეული გენერალური შტაბის აკადემიის პირდაპირ მემკვიდრედ ითვლებოდა უმაღლესი სამხედრო-სამეცნიერო კურსები, რომელიც თეთრ ემიგრაციაში იქნა შექმნილი რუსეთის არმიის ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის დიდი მთავრის ნიკოლოზ ნიკოლოზის ძის უმცროსის ინიციატივით, როგორც მონაცვალე (преемник) და გამგრძელებელი გენშტაბის აკადემიის ტრადიციებისა.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ზოგად ნიშნებში შეინარჩუნა სამხედრო განათლების საბჭოთა სისტემა, დაშალა რა ამასთან რიგი სასწავლებლებისა XX საუკუნის 90-იან წლებში შეიარაღებული ძალების საერთო შემცირების ფარგლებში. მაგრამ უდიდეს დანაკარგად სამხედრო განათლების სისტემისთვის სსრკ-ის დაშლა იქცა. რადგანაც საბჭოთა არმია სსრკ-თვის წარმოადგენდა ერთიან სისტემას, სამხედრო სასწავლებლების ორგანიზება მოკავშირე რესპუბლიკებად დაყოფის გათვალისწინების გარეშე ხდებოდა. ამის შედეგად, მაგალითად, სსრკ შეიარაღებული ძალების 6 საარტილერიო სასწავლებლიდან (ლენინგრადის, კოლომნის, თბილისის, სუმის, ოდესის, ხმელნიცკის) 3 დარჩა უკრაინაში, იმ დროს, როცა უკრაინის არმიას არტილერის ოფიცერთა ასეთი რაოდენობა არ სჭირდებოდა.
თადარიგის ოფიცრები
წითელ არმიაში მსოფლიოში პირველად იქნა ორგანიზებული თადარიგის მეთაურთა და უფროსების მომზადების სისტემა, მოგვიანებით კი ოფიცრებისა (1943 წლიდან). მისი ძირითადი მიზანია – მეთაურებისა და უფროსების დიდი რეზერვის შექმნა საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევისათვის ომიანობის დროს. მსოფლიოს მთელი არმიების, ფლოტებისა და ავიაციების საერთო ტენდენციად XX საუკუნის განმავლობაში იქცა ოფიცერთა შორის უმაღლესი განათლების მქონე ადამიანთა პროცენტის განუხრელი ზრდა. ომისშემდგომ საბჭოთა არმიაში ეს ციფრი ფაქტიურად 100 %-მდე იყო აყვანილი.
ამ ტენდენციის შესაბამისად, საბჭოთა არმია უმაღლესი განათლების მქონე პრაქტიკულად ნებისმიერ სამოქალაქო პირს განიხილავს როგორც ომიანობის დროს პოტენციურ თადარიგის ოფიცერს. მათი სწავლებისთვის გაშლილია სამხედრო კათედრების ქსელი სამოქალაქო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, სწავლების პროგრამა მათში უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის პროგრამას შეესაბამება.
მსგავსი სისტემა, მსოფლიოში პირველად საბჭოთა კავშირში გამოყენებული, შეიარაღებაზე მიიღო შეერთებულმა შტატებმა, სადაც ოფიცრების მნიშვნელოვანი ნაწილი რეზერვის ოფიცერთა მომზადების ჯარსგარეშე კურსებზე და საოფიცრო საკანდიდატო სკოლებში მზადდება. უმეღლესი სამხედრო სასწავლებლების განვითარებული ქსელი ასევე მეტად ძვირადღირებული რამაა; ერთი სასწავლებლის შენახვა სახელმწიფოს დაახლოებით იმდენი უჯდება, რამდენიც საომარი დროის შტატებით სრულად გაშლილი დივიზიის შენახვა. რეზერვის ოფიცერთა მომზადების კურსები გაცილებით უფრო იაფია, და შეერთებული შტატები მასზე დიდ საყრდენს აკეთებს.
შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა
წითელი არმიის განვითარებაში მსოფლიოში სამხედრო ტექნიკის განვითარების ზოგადი ტენდენციები აისახა. მათ რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, სატანკო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ჩამოყალიბება, ასევე მექანიზებული ქვეითი ჯარისაც და მისი გარდაქმნა მოტომსროლელ ჯარებად, კავალერიის დაშლა, სცენაზე ბირთვული იარაღის გამოჩენა.
კავალერიის როლი
პირველი მსოფლიო ომი, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთმა, მკვეთრად განსხვავდებოდა ხასიათისა და მასშტაბების მიხედვით ყველა წინამორბედი ომისაგან. უწყვეტმა მრავალკილომეტრიანმა ფრონტის ხაზმა, და გაჭიანურებულმა „სასანგრო ომმა“ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადეს კავალერიის ფართო გამოყენება. თუმცა კი სამოქალაქო ომი თავისი ხასიათის მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა პირველი მსოფლიო ომისაგან.
მის განსაკუთრებულობებს მიეკუთვნებოდა ფრონტის ხაზების ზომაზე მეტად გაჭიმულობა და მკაფიოდ გამოხატულობის არარსებობა, რამაც შესაძლებლად აქცია ცხენოსანი ჯარის ფართო საბრძოლო გამოყენება. სამოქალაქო ომის სპეციფიკას მიეკუთვნება „საზიდრების“ საბრძოლო გამოყენება, რომლებსაც ყველაზე უფრო აქტიურად ნესტორ მახნოს ჯარები იყენებდნენ.
ომებსშორის პერიოდის საერთო ტენდენციად იქცა ჯარების მექანიზაცია და ავტომობილებით გაწევის სასარგებლოდ, ცხენებით გაწევაზე უარის თქმა, სატანკო ჯარების განვითარება. მიუხედავად ამისა, კავალერიის სრული დაშლის აუცილებლობა მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობისთვის აშკარა სრულაც არ ყოფილა. სსრკ-ში კავალერიის შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარების მომხრედ რამდენიმე მხედართმთავარი გამოდიოდა, რომლებიც წინა პლანზე სამოქალაქო ომის დროს გამოვიდნენ.
მიუხედავად ამისა, აქტიურად ეწეოდნენ კავალერიის განფორმირებას (გაუქმებას), თუ 1937 წელს არმიაში 32 საკავალერიო დივიზია იყო, 1941 წლისათვის წითელი არმია მოითვლიდა 13 საკავალერიო დივიზიას, რომლებიც მოგვიანებით, ომის დასაწყისში „მსუბუქი ტიპის“ 34-მდე დივიზიად იქნენ გაშლილი. უფრო გვიან, 1943 წელს საკავალერიო კორპუსები თანამედროვე ცხენოსან-მექანიზებულ ჯგუფებად გადააქციეს. კავალერიის საბოლოო გაუქმება 50-იანი წლების შუახანებში მოხდა. აშშ არმიის სარდლობამ კავალერიის მექანიზაციის შესახებ ბრძანება 1942 წელს გამოსცა, კავალერიის არსებობა გერმანიაში 1945 წელს მის განადგურებასთან ერთად შეწყდა.
ჯავშანმატარებლები
ჯავშანმატარებლები ფართოდ გამოიყენებოდა ბევრ ომში რუსეთში სამოქალაქო ომამდე გაცილებით უფრო ადრეც. კერძოდ, მათ გამოიყენებდნენ ინგლისური ჯარები ინგლის-ბურების ომების დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარკინიგზო კომუნიკაციების დარაჯობისთვის და დასაცვად. გამოიყენებოდნენ აშშ-ში სამოქალაქო ომის დროს და სხვა. რუსეთში „ჯავშანმატარებლების ბუმი“ მოვიდა სამოქალაქო ომზე. ეს გამოწვეული გახლდათ მისი სპეციფიკით, ისეთით, როგორიცაა ფრონტის მკაფიო ხაზების ფაქტიური არარსებობა, რკინიგზებისათვის, როგორც ჯარების, საბრძოლო მასალების, პურის გადასასროლი ძირითადი საშუალებისათვის გაჩაღებული მწვავე ბრძოლა.
ჯავშანმატარებლების ნაწილი მგწა-ს მეფის არმიისაგან მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული, იმ დროს როცა გაიშალა ახლების სერიული წარმოებაც. გარდა ამისა, 1919 წლამდე ნარჩუნდებოდა „სუროგატული“ ჯავშანმატარებლების მასობრივი დამზადება, რომლებსაც ჩვეულებრივი სამგზავრო ვაგონებისაგან აწყობდნენ ხელთ არსებული მასალების გამოყენებით ყოველგვარი ნახაზების გარეშე; ასეთი „ჯავშანმატარებელი“ შეიძლებოდა ერთ დღე-ღამეშიც კი აეწყოთ.
სამოქალაქო ომის დასასრულისათვის ჯავშნოსანი ნაწილების ცენტრალური საბჭოს (ცენტრობრონი) გამგებლობაში 122 სრულფასოვანი ჯავშანმატარებელი იმყოფებოდა, რომელთა რაოდენობაც 1928 წლისთვის 34-მდე იქნა შემცირებული.
წითელი არმიის ჯავშანმატარებლების გარდა („ლენინი“, „ამხ. ურიცკის ხსოვნა“, „სიკვდილი პარაზიტებს“ და სხვა) ჯავშანმატარებელთა ნაწილები ასევე იმყოფებოდა ბევრი სხვა მეომარი მხარის შემადგენლობაშიც – გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიის („ოფიცერი“, „გენერალი კორნილოვი“, „ერთიანი რუსეთი“), ჩეხოსლოვაკური კორპუსის (“Orlik”), უკრაინელი ნაციონალისტების („დიდება უკრაინას“, „სეჩევიკი“) და სხვა.
ჯავშანმატარებლების ფართო საბრძოლო გამოყენებამ სამოქალაქო ომის დროს თვალსაჩინოდ გამოაჩინა მათი მთავარი სისუსტე. ჯავშანმატარებელი წარმოადგენდა დიდ, ძოძროხა სამიზნეს, რომელიც მოწყვლადი გახლდათ საარტილერიო (მოგვიანებით – ასევე საავიაციო) დარტყმისაგან. გარდა ამისა, იგი სარკინიგზო ხაზზე იყო დამოკიდებული. მისი გაუვნებელყოფისთვის საკმარისი იყო მატარებლის წინ და უკან ლიანდაგის დარღვევა.
მიუხედავად ამისა, მგწა-ს ომებსშორის პერიოდში უარი არ უთქვამს ჯავშანმატარებელთა შემდგომი ტექნიკური განვითარების გეგმებზე. დიდი სამამულო ომის დროს სარკინიგზო არტილერია შეიარაღებაში რჩებოდა. აგებულ იქნა რიგი ახალი ჯავშანმატარებლები, გაიშალა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარკინიგზო ბატარეები. ჯავშანმატარებლების ნაწილებმა გარკვეული როლი ითამაშეს დიდ სამამულო ომში, პირველ რიგში, ოპერატიული ზურგის სარკინიგზო კომუნიკაციების დაცვაში.
ამასთან ერთად სატანკო ჯარებისა და სამხედრო ავიაციის სწრაფმა განვითარებამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, მკვეთრად შეამცირა ჯავშანმატარებლების მნიშვნელობა. სსრკ მინისტრთა საბჭოს 1958 წლის 4 თებერვლის დადგენილებით სარკინიგზო საარტილერიო სისტემების შემდგომი შემუშავება სრულიად შეწყდა.
მდიდარმა გამოცდილებამ, რომელიც რუსეთს ჯავშანმატარებლების სფეროში ჰქონდა დაგროვილი, შესაძლებლობა მისცა სსრკ-ს თავისი ბირთვული ტრიადისათვის ასევე სარკინიგზო ბაზირების ბირთვული ძალებიც დაემატებია – საბრძოლო სარკინიგზო სარაკეტო კომპლექსები (ბრრკ), რომელიც აღჭურვილი იყო რაკეტებით РС-22 (ნატო-ს ტერმინოლოგიით SS-24 „სკალპელი“). მათ უპირატესობებს მიეკუთვნება რკინიგზების განვითარებული ქსელის გამოყენების ხარჯზე დარტყმისაგან გარიდების შესაძლებლობა, ასევე თანამგზავრებიდან მათზე თვალთვალის უკიდურესი სიძნელე. 80-იან წლებში აშშ-ის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად იქცა ბირთვულ შეიარაღებათა საერთო შემცირების ფარგლებში ბრრკ-ის სრული გაუქმება (განფორმირება). თვითონ შეერთებულ შტატებს ბრრკ-ების ანალოგი არ გააჩნია.
სამხედრო რიტუალები
მათ დანიშნულებას წარმოადგენს საბრძოლო სულისკვეთების შენარჩუნება და სამხედრო ტრადიციების შესახებ შეხსენება, რომლებიც ხშირად ჯერ კიდევ შუა საუკუნეებამდე მიდიან. სამხედრო რიტუალის მაგალითს წარმოადგენს სამხედრო სალმის მიცემა.
სამხედრო ფიცი
სამხედრო მისალმება
(ეს ორივე თემა თარგმანში გამოვტოვე)
მგწა-ის ნაწილები ეროვნული უმცირესობებისგან
(ეროვნული ფორმირებანი)
იხ. ასევე: მგწა-ის ეროვნული სამხედრო ქვედანაყოფები და კორენიზაცია
სამოქალაქო ომის პერიოდში წარმოიქმნებოდა პარტიზანული ნაწილები, რომლებიც ეროვნული ნიშნის მიხედვით იყო ჩამოყალიბებული. 1920 წლის 10 მაისს გამოვიდა შრომისა და თავდაცვის საბჭოს დადგენილება ვ. ი. ლენინის ხელმოწერით „ციმბირის, თურქესტანისა და სხვა განაპირა მხარეების მოქალაქეთა წითელი არმიის რიგებში გაწვევის შესახებ“. ეს დადგენილება ითვალისწინებდა, რომ ადგილობრივი ხალხების წარმომადგენლები ექვემდებარებოდნენ მგწა-ში გაწვევას რუსების თანაბრად, მაგრამ ამასთანავე უშვებდა ზოგიერთ ეროვნებათა წარმომადგენლების გაწვევისაგან განთავისუფლების შესაძლებლობასაც. ფაქტიურად გარკვეულ პერიოდში შენარჩუნებული იყო ზოგიერთ ეროვნებათა წარმომადგენლების არგაწვევის პრაქტიკა, რომელიც ჯერ კიდევ რევოლუციამდელ ხანაში გახლდათ ჩამოყალიბებული. სახკომსაბჭოს 1922 წლის 6 სექტემბრის დადგენილებაში, 1901 წელს დაბადებულ მოქალაქეთა გაწვევის შესახებ, აღინიშნებოდა:
მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი ეროვნული, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური პირობების გამო ადრე მომხდარ გაწვევებში არმიის რიგებში არ გაიწვეოდნენ, ამ დადგენილების თანახმად, გაწვევისგან განთავისუფლებულ იქნან.
კორენიზაცია მგწა-ში გამოიხატა ეროვნული ნაწილების შექმნაში, რომლებიც ეროვნული ნიშნის მიხედვით იყვნენ დაკომპლექტებული, სამხედრო სამსახურში ეროვნული ენების გამოყენებაში, ეროვნული სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების შექმნასა და სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში გარკვეულ ეროვნებათა პირებისთვის ადგილების კვოტირებაში. იდეოლოგად გამოვიდა მ. ვ. ფრუნზე, რომლებიც არარუსულ კონტინგენტებს წითელი არმიის „დამატებითი ძლიერების წყაროდ“ მიიჩნევდა. უკვე 1924 წლის ბოლოსათვის ეროვნული ნაწილები და შენაერთები არსებობდნენ ზოგიერთ რესპუბლიკაში – საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ბუხარისა და უკრაინის სსრ-ებში, ყირიმის, იაკუტიისა და დაღესტნის ასსრ-ებში.
ეროვნული ნაწილების შექმნისათვის გამოიყენებოდა ასევე ე. წ. „კონცენტრაცია“ – ერთი ეთნოსის წარმომადგენლებს თავს უყრიდნენ ერთ ტერიტორიულ სამხედრო ნაწილში, რომელიც ფორმალურად ეროვნულ ნაწილად არ ითვლებოდა. უკვე 1926 წლის გაწვევისას ახალწვეულთა 75 % „ნაციონალების“ რიცხვიდან „კონცენტრაციაში“ გახლდათ ჩართული.
ეროვნული სამხედრო ნაწილების გაუქმება დაიწყო 1934 წელს. მის მეორე ნახევარში უკრაინული და ბელორუსული ნაწილები გადაქცეულ იქნენ ჩვეულებრივ ფორმირებებად. ასევე გატარებულ იქნა ეროვნულ ფორმირებათა გამსხვილება. 1938 წლის დასაწყისში ყოფილი სსრკ-ის ეროვნულ ნაწილებში მხოლოდ 27 239 ადამიანი იყო, რომელთა 69 % (18 695 ადამიანი) „ტიტულარულ“ ეროვნებათა წარმომადგენელი გახლდათ. ეს მგწა-ის რიცხოვნების 2 %-ზე ნაკლებს შეადგენდა. 1938 წელს მგწა-ში იყო 1 448 000 ადამიანი. სკპ(ბ) ცკ-ისა და სსრკ სახკომსაბჭო-ს 1938 წლის 7 მარტის ერთობლივი დადგენილება „მგწა-ის ეროვნული ნაწილებისა და ფორმირებათა შესახებ“ ავალებდა:
გარდაიქმნას მგწა-ის ყველა ეროვნული ნაწილი „საერთო-საკავშირო ნაწილებად ექსტერიტორიული დაკომპლექტებით, შეიცვლება რა შესაბამისად ნაწილებისა და შენაერთების დისლოკაცია“;
„ეროვნული რესპუბლიკებისა და ოლქების მოქალაქეები“ გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში სსრკ-ის სხვა მოქალაქეებთან საერთო საფუძვლებზე.
1938 წლის ზაფხულისათვის მგწა-ის ყველა ეროვნული ფორმირება გაუქმებულ იქნა (როგორც წამიკითხავს, მგონი, 1943 წელს ქერჩის სადესანტო ოპერაციაში მონაწილეობდა და დიდი ზარალიც განიცადა, ორმა ქართულმა დივიზიამ; თუ სწორად მახსოვს, 214-ე და 242-ე მსროლელი დივიზიები. ასე რომ, ზემოთ მოყვანილი თხრობა დასრულებული არ უნდა იყოს – ი. ხ.).
მგწა-ის ეროვნული შემადგენლობა
მგწა-ის პირადი შემადგენლობის ეროვნებათა მიხედვით განაწილება 1931–1945 წლებში (წილი პირად შემადგენლობაში):
1931 წლის 1 იანვარს: რუსები – 64,55 %, უკრაინელები – 18,43 %, ბელორუსები – 4,9 %, შუა აზიის ხალხები – 0,74 %, სომხები – 1,14 %, აზერბაიჯანლები – 0,45 %, ქართველები – 1,23 %;
1936 წლის 1 იანვარს: რუსები – 66,16 %, უკრაინელები – 19,39 %, ბელორუსები – 3,69 %, შუა აზიის ხალხები – 0,79 %, სომხები – 0,78 %, აზერბაიჯანლები – 0,52 %, ქართველები 0,63 %;
1937 წლის 6 იანვარს (სამხედრო აღწერის მიხედვით): რუსები – 66,22 %, უკრაინელები – 19,53 %, ბელორუსები – 3,76 %, შუა აზიის ხალხები – 0,66 %, სომხები – 0,79 %, აზერბაიჯანლები – 0,29 %, ქართველები – 0,8 %;
1938 წლის 1 თებერვალს: რუსები – 66,14 %, უკრაინელები – 18,94 %, ბელორუსები – 3,41 %, შუა აზიის ხალხები – 0,87 %, სომხები – 0,8 %, აზერბაიჯანლები – 0,29 %, ქართველები – 0,8 %;
1939 წლის 17 იანვარს (სამხედრო აღწერის მიხედვით): რუსები – 65,73 %, უკრაინელები – 19,31 %, ბელორუსები – 3,64 %, შუა აზიის ხალხები – 1,39 %, სომხები – 0,78 %, აზერბაიჯანლები – 0,36 %, ქართველები – 0,8 %;
1940 წლის 1 იანვარს: რუსები – 63,98 %, უკრაინელები – 18,79 %, ბელორუსები – 3,67 %, შუა აზიის ხალხები – 2,63 %, სომხები – 0,93 %, აზერბაიჯანლები – 0,54 %, ქართველები – 1,07 %;
1940 წლის 1 ივლისს: რუსები – 60,97 %, უკრაინელები – 19,58 %, ბელორუსები – 4,13 %, შუა აზიის ხალხები – 4,22 %, სომხები – 0,92 %, აზერბაიჯანლები – 0,9 %, ქართველები – 1,2 %;
1941 წლის 1 იანვარს: რუსები – 56,39 %, უკრაინელები – 20,24 %, ბელორუსები – 4,35 %, შუა აზიის ხალხები – 5,32 %, სომხები – 1,18 %, აზერბაიჯანლები – 1,09 %, ქართველები – 1,37 %, თათრები – 1,99 %, ებრაელები – 1,84 %.
1926–1938 წლებში
1931 წლის 1 იანვრიდან 1939 წლის 17 იანვრის ჩათვლით წითელ არმიაში აბსოლუტურად სჭარბობდნენ სლავები, რომლებიც შეადგენდნენ მგწა-ის პირადი შემადგენლობის 88–90 %-ს.
1939–1945 წლებში
1939–1940 წლებში მგწა-ის ეროვნული შემადგენლობა არსებითად შეიცვალა:
3-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა შუა აზიის ხალხთა წარმომადგენლების წილი – 1,39 %-დან (1939 წლის 17 იანვარს) 5,32 %-მდე (1941 წლის 1 იანვარს);
3-ჯერ და მეტად გაიზარდა აზერბაიჯანლების წილი – 0,36 %-დან 1,09 %-მდე;
არსებითად შემცირდა რუსების წილი – 65,73 %-დან (1939 წლის 17 იანვარს) 56,39 %-მდე (1941 წლის 1 იანვარს) უკრაინელთა და ბელორუსების წილის რამდენადმე გადიდებით.
1941–1944 წლებში წითელ არმიაში ჩამოყალიბდა მრავალრიცხოვანი ოფიცერთა შემადგენლობა შუა აზიის ხალხთა წარმომადგენლებისაგან, მაშინ როცა 1941 წელს ოფიცრები ამ ხალხებისაგან ბევრნი არ ყოფილან. წითელი არმიის ოფიცრებად იყვნენ (პოლიტშემადგენლობისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაუთვალისწინებლად):
1941 წლის 1 ივლისს – 293 უზბეკი, 93 თურქმენი და 437 ყაზახი;
1945 წლის 1 მაისს – 4441 უზბეკი, 3344 თურქმენი, 8028 ყაზახი, 9052 ყირგიზი და 1366 ტაჯიკი.
ძირითადი ნაწილი ოფიცრებისა შუა აზიის ხალხებიდან მსახურობდა ქვეით ჯარში. თუ 1941 წლის 1 ივნისს (პოლიტშემადგენლობისა და სჰძ-ის გაუთვალისწინებლად) 293 უზბეკი ოფიცრიდან ქვეით ჯარში მსახურობდა 107 ადამიანი, და 437 ყაზახი ოფიცრიდან ქვეით ჯარში მსახურობდა 200 ადამიანი, 1945 წლის 1 მაისს (პოლიტშემადგენლობისა და სჰძ-ის გაუთვალისწინებლად) 4441 უზბეკი ოფიცრიდან ქვეით ჯარში მსახურობდა 2931 ადამიანი, ხოლო 8028 ყაზახი ოფიცრიდან ქვეით ჯარში მსახურობდა 5662 ადამიანი.
მგწა-ის ოფიცერთა შემადგენლობაში 1941–1945 წლებში (პოლიტშემადგენლობისა და სჰძ-ის გაუთვალისწინებლად) მოხდა არსებითი ცვლილებები:
გაიზარდა რუს ოფიცერთა შემადგენლობის წილი და მისი რიცხოვნება. 1941 წლის 1 ივნისს იყო 229 897 რუსი ოფიცერი (ოფიცერთა შემადგენლობის 61,5 %), ხოლო 1945 წლის 1 მაისს კი იყო 923 024 რუსი ოფიცერი (ოფიცერთა შემადგენლობის 66,8 %);
შემცირდა უკრაინელების წილი ოფიცერთა შორის, თუმცა კი უკრაინელი ოფიცრების რიცხოვნება გაიზარდა. 1941 წლის 1 ივნისს იყო 86 353 უკრაინელი ოფიცერი (ოფიცერთა შემადგენლობის 23,1 %), ხოლო 1945 წლის 1 მაისს – 227 324 უკრაინელი ოფიცერი (ოფიცერთა შემადგენლობის 16,4 %);
შემცირდა ოფიცრების წილი ბალტიისპირეთის ხალხებიდან (და ლიტველთა შემთხვევაში ასევე რიცხოვნებაც). 1941 წელს ოფიცერთა შორის იყო 1510 ესტონელი, 1556 ლიტველი და 1432 ლატვიელი, ხოლო 1945 წლის 1 მაისს კი – 2493 ესტონელი, 982 ლიტველი და 2029 ლატვიელი;
გაიზარდა ებრაელი ოფიცრების რიცხოვნება და წილი. 1941 წლის 1 ივნისს იყო 15 469 ებრაელი ოფიცერი (ოფიცერთა შემადგენლობის საერთო რიცხოვნების 4,1 %), ხოლო 1945 წლის 1 მაისს კი – 63 845 ებრაელი ოფიცერი (ოფიცერთა შემადგენლობის საერთო რიცხოვნების 4,6 %);
გაიზარდა კარელო-ფინელების წილიც ოფიცერთა შორის. 1941 წლის 1 ივნისს ისინი იყვნენ 207 ადამიანი, 1945 წლის 1 მაისს კი – 1113 ადამიანი.
უფროსი ოფიცრები (მაიორები, პოდპოლკოვნიკები და პოლკოვნიკები) მგწა-ში 1944 წლის 1 მაისს (თავდაცვის სახალხო კომისარიატის ცენტრალური სამმართველოების გარეშე) მოითვლებოდნენ (ფრჩხილებში მოცემულია ამ კატეგორიის ოფიცერთა წილი):
რუსები – 73 992 ადამიანი (67,59 %);
უკრაინელები – 16 631 ადამ. (15,23 %);
ებრაელები – 8595 ადამ. (7,87 %);
ბელორუსები – 4431 ადამ. (4,05 %);
სომხები – 1122 ადამ. (1.02 %);
ქართველები – 860 ადამ. (0,78 %);
თათრები – 721 ადამ. (0,66 %);
აზერბაიჯანლები – 280 ადამ. (0,25 %);
ჩუვაშები – 270 ადამ. (0,24 %);
მორდოვები – 268 ადამ. (0,24 %);
ესტონელები – 268 ადამ. (0,24 %);
ლატვიელები – 224 ადამ. (0,21 %).
სახელწოდებებში
წითელი არმიის სახელობის ყუბანის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ფილატელიაში
მგწა-ის თემას ეძღვნება სსრ კავშირში გამოშვებული ბევრი საფოსტო მარკა.
ქვემოთ წარმოდგენილია მარკების საიუბილეო გამოშვებანი:
სერია სსრკ-ის საფოსტო მარკები, 1928 წელი: მგწა-ის 10 წელი
სსრკ საფოსტო მარკების სერია, 1938 წელი: მგწა-ის 20 წელი
ლიტერატურა
Доклад наркома обороны СССР и начальника Генштаба РККА в ЦК ВКП(б) — И. И. Сталину — о плане развития и реорганизации РККА в 1938—1942 гг.
Троцкий Л. Д. Как вооружалась революция: (на военной работе). — М. : Высш. воен. ред. совет, 1923—1925. — в 3-х томах (Материалы и документы по истории Красной армии)
Антонов-Овсеенко В. А. Строительство Красной Армии в революции. — М.: Красная новь, 1923. — 59 с.
Carrere D'Encausse, Helene (1992), The End of the Soviet Empire: The Triumph of the Nations, Basic Books, ISBN 0-465-09818-5.
Chamberlain, William Henry (1957), The Russian Revolution: 1917–1921, New York: Macmillan, ISBN 978-0-6910-0814-1.
Erickson, John (1962), The Soviet High Command 1918–41 – A Military-Political History, London: MacMillan, OCLC 569056.
Glantz, David M (1998), Stumbling Colossus: The Red Army on the Eve of World War, University Press of Kansas, ISBN 978-0-7006-0879-9.
Glantz, David M (2005), Colossus Reborn, University Press of Kansas, ISBN 978-0-7006-1353-3.
Harrison, Richard W. (2001), The Russian Way of War: Operational Art, 1904–1940, University Press of Kansas.
Hill, Alexander (2017), The Red Army and the Second World War, Cambridge University Press, ISBN 978-1-1070-2079-5.
House, Jonathan M (1984), Toward Combined Arms Warfare: A Survey of 20th Century Tactics, Doctrine, and Organization, Fort Leavenworth, KS: US Army Command and General Staff College, 66027–6900, OCLC 11650157 Архивная копия от 1 января 2007 на Wayback Machine.
Isby, David C. (1988), Weapons and Tactics of the Soviet Army, ISBN 978-0-7106-0352-4.
Merridale, Catherine (2007), Ivan's War: Life and Death in the Red Army, 1939–1945, New York: Macmillan, ISBN 978-0-312-42652-1.
Moynahan, Brian (1989), Claws of the Bear: The History of the Red Army from the Revolution to the Present.
Odom, William E. (1998), The Collapse of the Soviet Military, New Haven and London: Yale University Press, ISBN 978-0-300-07469-7.
Overy, RJ (2004), The Dictators: Hitler's Germany and Stalin's Russia, WW Norton, ISBN 978-0-393-02030-4.
Overmans, Rüdiger (2000), Deutsche militärische Verluste im Zweiten Weltkrieg, Oldenbourg, ISBN 3-486-56531-1.
Reese, Roger R. (2011), Why Stalin's Soldiers Fought: The Red Army's Military Effectiveness in World War II, University Press of Kansas.
Reese, Roger R. (2005), Red Commanders: A Social History of the Soviet Army Officer Corps, 1918–1991.
Reese, Roger R. (1996), Stalin's Reluctant Soldiers: A Social History of the Red Army, 1925–1941.
Reese, Roger R. (2000), The Soviet Military Experience: A History of the Soviet Army, 1917–1991.
Schofield, Carey (1991), Inside the Soviet Army, London: Headline, ISBN 978-0-7472-0418-3.
Scott, Harriet Fast & Scott, William F (1984), The Armed Forces of the USSR (3rd ed.), Boulder, CO: Westview, ISBN 0-86531-792-5.
Shaw, John (1979), Red Army Resurgent, Alexandria, VA: Time-Life, ISBN 0-8094-2520-3.
Tolstoy, Nikolai (1981), Stalin's Secret War, New York: Holt, Rinehart & Winston, ISBN 0-03-047266-0.
Williams, Beryl (1987), The Russian Revolution 1917–1921, Blackwell, ISBN 978-0-631-15083-1.
Zaloga, Steven & Grandsen, James (1984), Soviet Tanks and Combat Vehicles of World War Two, London: Arms & Armour.
Каторин Ю. Ф., Волковский Н. Л., Тарнавский В. В. Уникальная и парадоксальная военная техника. — СПб.: Полигон, 2003. — 686 с. — (Военно-историческая библиотека). — ISBN 5-59173-238-6, УДК 623.4, ББК 68.8 К 29.
Молло Эндрю. Вооружённые Силы Второй мировой. Структура. Униформа. Знаки различия. — ISBN 5-699-04127-3.
მითითებანი
Медиафайлы на Викискладе
მგწა-დმი მიძღვნილი საიტი
Бронетанковые и механизированные войска Великой Отечественной войны
История и реконструкция Рабоче-Крестьянской Красной Армии
Создание РККА
Широкорад А. Б. Большой блеф Тухачевского. Как перевооружалась Красная армия. — М.: «Вече», 2014.
«Если завтра война, если завтра в поход…» Красная армия и флот в фотографиях. 1923–1941 гг.: Альбом: В 2 т. Т. 2 / отв. сост. А. Р. Ефименко; сост. В. А. Арцыбашев, И. В. Успенский. — М.: Фонд «Связь Эпох», 2019. — 304 с.: ил. ISBN 978-5-6042329-6-5
Нормы продснабжения, питания и доппитания РККА
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment