Saturday, July 11, 2020

სამხედრო თვალსაზრისით დღევანდელი საქართველოს მეტად არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ

რათა თავიდანვე განვუმარტოთ მკითხველს წერილის სათაურის ტონი და შინაარსი, ამიტომ დასაწყისში მოვიყვანთ ცხრილს, რომელიც ინტერნეტის ღია მასალების საფუძველზეა შედგენილი.

ცხრილი 1

ამიერკავკასიის სახელმწიფოთა თანამედროვე შეიარაღებულ ძალებში არსებული ძირითადი შეიარაღება 
(სომხეთის შეიარაღება ნაჩვენებია მთიან ყარაბაღში არსებულ შეიარაღებასთან ერთად) 

შეიარაღების კატეგორია . . . . . . . . აზერბაიჯანი . . . სომხეთი . . . საქართველო

ძირითადი საბრძოლო (სა-
შუალო) ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 765 . . . . . . . . 430 . . . . . . . . . 143
მოჯავშნული საბრძოლო
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1414 . . . . . . . . 621 . . . . . . . . . 187
. . . მათ შორის:
. . . . . ქვეითთა საბრძოლო
. . . . . მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .433 . . . . . . . . 271 . . . . . . . . . . 76
. . . . . ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . 981 . . . . . . . . 350 . . . . . . . . . 111
ოპერატიულ-ტაქტიკური
სარაკეტო კომპლექსები . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . 16 . . . . . . . . . . –
საველე საარტილერიო სისტემები . . . . 1129+ . . . . . . . 632+ . . . . . . . . .336+
. . . მათ შორის:
. . . . . ზალპური ცეცხლის რეაქ-
. . . . . ტიული სისტემები . . . . . . . . . . . . . .448 . . . . . . . .100+ . . . . . . . . 45+
. . . . . თვითმავალი ქვემეხები . . . . . . . . . .394 . . . . . . . . . 62 . . . . . . . . . 71
. . . . . ბუქსირებადი ქვემეხები . . . . . . . . . 207 . . . . . . . . 370 . . . . . . . . 120+
. . . . . ნაღმსატყორცნები . . . . . . . . . . . . . . .80+ . . . . . . . .100+ . . . . . . . 100+
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . .59 . . . . . . . . . 21 . . . . . . . . . 12
. . . მათ შორის:
. . . . . მოიერიშე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .19 . . . . . . . . . 16 . . . . . . . . . 12
. . . . . გამანადგურებელი . . . . . . . . . . . . . . 40 . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . –
საბრძოლო უპილოტო საფრენი
აპარატები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .86+ . . . . . . . . . . * . . . . . . . . . –
. . . მათ შორის:
. . . . . სადაზვერვო . . . . . . . . . . . . . . . . . . .70+ . . . . . . . . . . * . . . . . . . . . –
. . . . . სადაზვერვო-დამრტყმელი . . . . . . . 16 . . . . . . . . . . . * . . . . . . . . . –
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . . 38 . . . . . . . . . . .16 . . . . . . . . . 8

აღნიშნული ცხრილიდან ნათლად მოჩანს, რომ საქართველო სერიოზულად ჩამოუვარდება თავის უშუალო მეზობლებს, ტერიტორიითა და მოსახლეობის რიცხოვნებით მის თანაზომად სახელმწიფოებს სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ძირითად შეიარაღებაში. ამ ზოგადი ცხრილის გარდა შევეხოთ უფრო კონკრეტულად, ცალკეულ კატეგორიათა მიხედვით, შეიარაღებაში არსებულ ნიმუშებს. დავიწყოთ საბრძოლო ტანკებით.

ცხრილი 2

ძირითადი საბრძოლო (საშუალო) ტანკები

მანქანების სერიები . . . აზერბაიჯანი . . . სომხეთი . . . საქართველო

Т-90 . . . . . . . . . . . . . . . . . . 200 . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . – . . . . .
Т-80 . . . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 20 . . . . . . . . . . . . – . . . . .
Т-72 . . . . . . . . . . . . . . . . . . 470 . . . . . . . . . 400+ . . . . . . . . . . 120 . . . .
Т-55/Т54 . . . . . . . . . . . . . . . 95 . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . . . . 23+ . . . .

როგორც ვხედავთ, აზერბაიჯანი და სომხეთი არა მარტო რაოდენობრივად აღემატებიან საქართველოს თუნდაც იმავე შედარებით მოძველებული Т-72 ტიპის ტანკებში (აზერბაიჯანი თითქმის 4-ჯერაც კი აღემატება), არამედ მათ ჰყავთ უფრო თანამედროვე და უკეთესი მახასიათებლების მქონე ტანკები Т-90 და Т-80, რომელთა ანალოგებიც, ან რუსული, ან დასავლური, საქართველოს სახმელეთო ჯარებს უბრალოდ არ გააჩნია. არადა, ჯავშანსატანკო ჯარები სახმელეთო ჯარების ძირითადი დამრტყმელი ძალაა, და ამ ძალაში ჩვენი ქვეყანა სეიოზულად ჩამოუვარდება თავის მეზობლებს.

აქვე დავაზუსტებთ იმას, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებულ საქართველოს შეიარაღებაში არსებულ ჯავშანტრანსპორტერებში შეყვანილი იყო ისეთი მოჯავშნული მანქანებიც, რომლებიც ვერანაირად ვერ შეიძლება მივაკუთვნოთ ამ კატეგორიის ტექნიკას: იქვე გამოქვეყნებული სურათების მიხედვით აშკარად ჩანს, რომ ისინი ბრძოლის ველზე ვერანაირად ვერ შეძლებენ ჯავშანტრანსპორტერის, ანუ ქვეითი ჯარის სატრანსპორტო-საბრძოლო საშუალების ფუნქციების შესრულებას; და მართლაც, იგივე ტიპის მანქანები, რომლებიც ასევე შედგება აზერბაიჯანის შეიარაღებაშიც, იქ მოხსენიებულია მსუბუქი ჯავშანავტომობილების კატეგორიაში, რომლებიც გამოსადეგია საპოლიციო-საჟანდარმო ძალების (შინაგანი ჯარების) შემადგენლობაში – მეამბოხე და ირეგულარული ძალებისგან შემდგარი მოპირდაპირის წინააღმდეგ, და არა თანამედროვე ზოგადსაჯარისო ბრძოლაში, სადაც სწორედ საბრძოლო ტანკებთან ერთ რიგებში, მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, უნდა მოქმედებდნენ ქვეითი ჯარის ქვედანაყოფები ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტერებში, ან კიდევ ჩამოქვეითებულად – ქვეით საბრძოლო რიგებში.

ზემოთ სწორედ ასეთი ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერების ჯამური რაოდენობებია მოყვანილი ამ სახელმწიფოებისთვის, კერძოდ კი БМП-3, БМП-2, БМП-1 და БМД-1 სერიების ქვეითთა საბრძოლო მანქანები, БТР-82, БТР-80, БТР-70 და БТР-60 სერიების ჯავშანტრანსპორტერები; ამ უკანასკნელ კატეგორიაში შეყვანილია ასევე МТ-ЛБ ტიპის მანქანებიც (მსუბუქად მოჯავშნული მცირე გამწევები), რომლებიც თავიანთი შესაძლებლობებით სერიოზულად ჩამოვარდებიან კლასიკურ ჯავშანტრანსპორტერებს, თუმცა კი რიგ ქვეყნებში მათ ასეთი დანიშნულებითაც იყენებენ. როგორც ზოგადად უკვე აღვნიშნე, საქართველოს შეიარაღებაში ნაჩვენებია „დიდგორის“, „ნუროლ ეჯდერის“, Wolf Armoured Vehicle, ATF Dingo, Cougar HE, International MaxPro, Humvee, VBL, Otokar Cobra, Otokar Akrep, DELGA-1 ტიპის მოჯავშნული მანქანები, საერთო რაოდენობით 915-ზე მეტი, რომლებიც ზოგადსაჯარისო ბრძოლაში ვერანაირად ვერ შეძლებენ ჯავშანტრანსპორტერის დანიშნულების შესრულებას.

ახლა უფრო თვალსაჩინოდაც ვნახოთ ამიერკავკასიის სახელმწიფოთა მოჯავშნული საბრძოლო მანქანების მაჩვენებლები.

ცხრილი 3

ამიერკავკასიის ქვეყნების მოჯავშნული საბრძოლო მანქანები

ტექნიკის ტიპები . . . აზერბაიჯანი . . . სომხეთი . . . საქართველო

ქვეითთა საბრძოლო მანქანები

БМП-3 . . . . . . . . . . . . . . . 120 . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .– . . . . . .
БМП-2 . . . . . . . . . . . . . . . 250 . . . . . . . . . . 153 . . . . . . . . . . . 45 . . . . . .
БМП-1 . . . . . . . . . . . . . . . . 43 . . . . . . . . . . 103 . . . . . . . . . . . 31 . . . . . .
БМД-1 . . . . . . . . . . . . . . . . 20 . . . . . . . . . . . 10 . . . . . . . . . . . – . . . . . . . 

ჯავშანტრანსპორტერები

БТР-80/82 . . . . . . . . . . . . .500 . . . . . . . . . . 300 . . . . . . . . . . . . 20 . . . . . .
БТР-70 . . . . . . . . . . . . . . . 132 . . . . . . . . . . . 27 . . . . . . . . . . . . 25 . . . . . .
БТР-60 . . . . . . . . . . . . . . . . 10 . . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . . . . – . . . . . . .
БТР-3 . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . .
МТ-ЛБ . . . . . . . . . . . . . . . 336 . . . . . . . . . . . 40 . . . . . . . . . . . . 66 . . . . . .

მე ჯერ კიდევ 1994 წელს სამხედრო-ისტორიულ ჟურნალ „მხედარში“, ხოლო 2012 წლის 17 მაისს ბლოგზეც გამოვაქვეყნე წერილი „საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)“ კონცეფციის რეალიზაციის პირობები“, რომელიც აშშ სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებებს შეეხება და სადაც სხვათა შორის ნათქვამია:

„ტანკები წარმოადგენენ სახმელეთო ჯარების ძირითად დამრტყმელ ძალას როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული იარაღის გამოყენებით წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. მძლავრი შეიარაღების, საიმედო დაცვისა და მაღალი ძვრადობის გამო ისინი განკუთვნილია ამოცანათა ფართო დიაპაზონის გადაწყვეტისთვის. ტანკებს შეუძლიათ ყველაზე უფრო სრულად იყენებდნენ ბირთვული და საცეცხლე დარტყმების შედეგებს და მოკლე დროში აღწევდნენ ბრძოლისა და ოპერაციის საბოლოო მიზანს. მათ შეუძლიათ აწარმოებდნენ აქტიურ შეტევით მოქმედებებს დღისითა და ღამით, სხვა ჯარებისგან მნიშვნელოვანი მოწყვეტით, სვლის დროს, მოკლე შეჩერებებით ან ადგილიდან ცეცხლით ანადგურებდნენ მოწინააღმდეგის ტანკებსა და სხვა მოჯავშნულ მიზნებს, ცოცხალ ძალას, ანგრევდნენ მის თავდაცვით ნაგებობებს, ებრძოდნენ დაბალ სიმაღლეზე მფრენ საჰაერო მიზნებს, სვლით გადალახავდნენ რადიოაქტიური დასნებოვნების ვრცელ ზონებსა და წყლის დაბრკოლებებს, საჭიროების შემთხვევაში კი სწრაფად ქმნიდნენ მტკიცე თავდაცვას და წინ აღუდგებოდნენ მოწინააღმდეგის აღმატებული ძალების შემოტევას.

თანამედროვე ტანკების პირდაპირი სროლის დიდი სიშორე, დამიზნების ხაზისა და შეიარაღების სტაბილიზატორების, აგრეთვე სხვადასხვანაირი მანძილმზომების გამოყენება, სროლის ამოსავალი მითითებების ბალისტიკური გამომთვლელებით ავტომატურად მომზადება მკვეთრად ამაღლებს ტანკიდან პირველივე გასროლით მიზნში მორტყმის ალბათობას.

სატანკო ზარბაზნების ყალიბურ (კალიბრულ) ჭურვებს შეუძლიათ 1000 მ-მდე დაშორებაზე თავიანთ ყალიბზე 1,2-1,3-ჯერ მეტი სისქის ჯავშნის გატანა, ქვეყალიბურ ჯავშანგამტან ჭურვებს – 2-3-ჯერ მეტის სისქისა (ქვეყალიბური ჭურვების მოჯავშნულ მიზნებში სროლა ეფექტურია უფრო შორ მანძილებზეც – 1500-დან 2000 მ-მდე). კუმულატიურ ჭურვებს სროლის სიშორის მიუხედავად გააქვთ თავის ყალიბზე 3,5-4-ჯერ მეტი სისქის ჯავშანი. ჯავშანგამტან-ფუგასური ჭურვები მეტად ეფექტურია როგორც მოჯავშნული, ისე მოუჯავშნავი მიზნების წინააღმდეგ მოქმედებისას“.

აშშ სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში „ცივი ომის“ მიწურულს შედგებოდა M-60A3, M-1 და M-1A1 „აბრამსი“ ტიპის საბრძოლო ტანკები, დასავლეთ გერმანიის შეიარაღებაში – „ლეოპარდ-1A1“, საფრანგეთის – AMX-30, დიდი ბრიტანეთის – „ჩიფტენის“ ტიპის ტანკები. M-1 და M-1A1 „აბრამსის“ ტიპის საბრძოლო ტანკების გარდა, დანარჩენი მოდელები თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობებით საბჭოთა წარმოების Т-72 ტიპის ტანკების თანაზომადნი გახლდნენ. შემდეგ, 1970-იანი წლების ბოლოდან დაიწყო ახალი თაობის ტანკების გამოშვება: დასავლეთგერმანული „ლეოპარდ-2“, ამერიკული M-1 „აბრამსი“, ფრანგული „ლეკლერკი“, ბრიტანული „ჩელენჯერ-2“, იტალიური „არიეტე“ სერიის ტანკებისა, რომელთა თანამედროვე და ანალოგიურია დღვანდელი რუსული Т-80 და Т-90 სერიების საბრძოლო ტანკები, რომლებიც, როგორც ცხრილიდან ჩანს, იმყოფებიან აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებაში, საქართველო კი ამ მხრივ თამაშგარე მდგომარეობაშია დატოვებული.

რაც შეეხება ქვეითთა საბრძოლო მანქანებს (ქსმ), მათ შესახებ ზოგადად იქვე ვწერდი,უფრო სწორედ ვთარგმნიდი მაშინდელი საბჭოთა (რუსული) სამხედრო ჟურნალიდან და ვაწვდიდი ამ საქმით დაინტერესებულ ქართველ მკითხველს:

„ქვეითთა საბრძოლო მანქანები წარმოადგენს ქვეითი (ფეხოსანთა) ათეულების საბრძოლო და სატრანსპორტო საშუალებას, რომელთა გამოჩენამაც სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში მნიშვნელოვნად აამაღლა ქვეითი ჯარის საცეცხლე შესაძლებლობები, ძვრადობა და მანევრულობა, აგრეთვე მოწინააღმდეგის სასროლი იარაღისგან, ჭურვებისა და ნაღმების ნამსხვრევებისგან დაცულობა. ქსმ-ები ახორციელებენ მჭიდრო უწყვეტ ურთიერთმოქმედებას სახმელეთო ჯარების სხვა საბრძოლო საშუალებებთან და, უწინარეს ყოვლისა, ტანკებთან, ნებისმიერი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებებში, შერეული სატანკო-ქვეითი ჯგუფების შემადგენლობაში. ტანკებთან ერთობლივად საბრძოლო რგებში მოქმედებისას ქსმ-ები ეხმარებიან მათ მოწინააღმდეგის ტაკების, მსუბუქად მოჯავშნული მანქანების, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების, ვერტმფრენებისა და ცოცხალი ძალის აღმოჩენასა და განადგურებაში, ქვეითი ჯარის ტანკებისგან მოწყვეტაში, დაბრკოლებების გადალახვასა და შემოვლაში. შეტევის დროს ქვეითი ჯარი ქსმ-ებზე თავისი იარაღის მანევრულობის, დაცვისა და ცეცხლის, აგრეთვე არტილერიის საცეცხლე მხარდაჭერის გამოყენებით მიდის წინა ხაზთან რაც შეიძლება ახლოს. ფეხოსანთა ჩამოქვეითება და ბრძოლის ქვეით მწყობრში გაგრძელება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა შემდგომი წინსვლა მანქანებზე უკვე შეუძლებელია, ან როცა ამას მოითხოვს შექნილი ვითარების პირობები. ქსმ-ების კონსტრუქციები უზრუნველყოფს დესანტის მოხერხებული და ფარული ჩამოქვეითებისა და ჩასხდომის შესაძლებლობებს. ქვეითად მოქმედ ფეხოსნებს ქსმ-ები აღმოუჩენენ საცეცხლე მხარდაჭერას“.

თითქმის იგივე ითქმის ჯავშანტრანსპორტერებზეც (ჯტრ), რომლებიც რამდენადმე ჩამოუვარდებიან ქვეითთა საბრძოლო მანქანებს საცეცხლე სიძლიერითა და ჯავშანდაცულობით, მაგრამ მაინც საკმარისი შესაძლებლობები გააჩნიათ, რათა ქვეითი ქვედანაყოფები რაც შეიძლება ახლოს მიიყვანონ მოწინააღმდეგის პოზიციებთან, ფარულად ჩამოაქვეითონ და ქვეით მწყობრში შემტევ ფეხოსნებს თავიანთი ტყვიამფრქვევების ცეცხლით მხარდაჭერა აღმოუჩინონ.

ამაზე უფრო სრულად ამ საკითხზე ვმსჯელობდი გაზეთ „საქართველოს“ 2002 წლის სექტემბრის ნომერში წერილში „თანამედროვე მექანიზებული ქვეითი ჯარების შესახებ“, რომელიც 2013 წლის 12 იანვარს ბლოგზეც გამოვაქვეყნე. იქ წერია:

„მექანიზებული ქვეითი (მოტოქვეითი, მოტომსროლელი) ჯარები შეიქმნა ქვეითი (მსროლელი) შენაერთებისა და ნაწილების საფუძველზე, ხოლო მისი მშენებლობისა და გამოყენების აუცილებლობა სახმელეთო ჯარების სპეციალისტებმა დაინახეს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომში. აი რას წერს ამის შესახებ გერმანული ვერმახტის ოფიცერი, აიკე მიდელდორფი, 50-იან წლებში გამოცემულ წიგნში „ტაქტიკა რუსეთის კამპანიაში“: „მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას დიდი მნიშვნელობა შეიძინეს სამხედრო-საჰაერო ძალებმა და კავალერიიდან ამოზრდილმა ჯავშანსატანკო ჯარებმა. ხოლო ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებებით არასაკმარისად აღჭურვილი ქვეითი ჯარი კი, მისი საბარგულებითა და 3-4 კმ/სთ გადაადგილების სიჩქარით, ტექნიკური პროგრესის – ავიაციისა და ტანკების მსხვერპლი შეიქნა... წინა ხაზზე ფეხოსნის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენდა ორთვენახევარს. ძნელად თუ მოიძებნება თუნდაც ერთი სატანკო, საავიაციო ან საარტილერიო ქვედანაყოფი, ამასთან რამდენადმე მიახლოებული დანაკარგები რომ განეცადოს“.

შემდეგ ავტორი აღნიშნავს, რომ გერმანულ სატანკო დივიზიაში მოჯავშნული მანქანები შეადგენდნენ სულ უმნიშვნელო ნაწილს. სახელდობრ, 1940 წელს, 300 ტანკზე მოდიოდა დაახლოებით 3000 მოჯავნული თვლიანი მანქანა, რომლებსაც გზების გარეშე სიარული არ შეეძლოთ. ამიტომ ხშირად შეტევის მსვლელობისას მეწინავე სატანკო ნაწილები იძულებული ხდებოდნენ წინსვლა შეეჩერებინათ და ტალახში ჩაფლული მანქანებით მომავალ მეორე ეშელონებსა და ზურგის სამსახურებს დალოდებოდნენ. სიჩქარისა და ტაქტიკური შესაძლებლობების მიხედვით ისეთი განსხვავებული საშუალებების არსებობა, როგორებიცაა ტანკები და თვლიანი მანქანები, გამუდმებით იწვევდა დივიზიის რამდენიმე ნაწილად წყვეტას.

ამას ემატებოდა ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში საბჭოთა ჯარებმა იმდენად სრულჰყვეს ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სწრაფად ორგანიზების მეთოდები, რომ მისი გადალახვა მხოლოდ ტანკებისთვის, მოტოქვეით ჯარებთან ერთობლივი მოქმედებების გარეშე, შეუძლებელი შეიქნა. მაგრამ ბრძოლის ველზე ტანკების კვალდაკვალ მოტოქვეითი ქვედანაყოფების გადასაყვანად აუცილებელი ჯავშანტრანსპორტერები გერმანელებს საკმარისი რაოდენობით არ გააჩნდათ, რასაც ხელს უშლიდა ფოლადის უკმარისობა და გერმანიის სამხედრო მრეწველობის სხვა სუსტი მხარეები.

60-70-იანი წლებიდან, განსაკუთრებით კი არაბული სახელმწიფოებისა და ისრაელის ომების გამოცდილების გათვალისწინებით, დასავლეთის სახელმწიფოთა და საბჭოთა სარდლობები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ მოტოქვეითი (მექანიზებული ქვეითი, მოტომსროლელი) ჯარების განვითარებას. ისინი სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებდნენ მოტოქვეითი ჯარების მობილურობაზე, ჯავშანდაცულობაზე, საცეცხლე ძლიერებასა და სატანკო ნაწილებთან მჭიდრო ურთიერთმოქმედებაზე.

ვინაიდან ჯავშანტრანსპორტერის ჯავშანი იფარავს პირად შემადგენლობას, აგრეთვე თავად მანქანის მნიშვნელოვან კვანძებსა და აგრეგატებს ტყვიებისა და ჭურვების ნამსხვრევებისგან, ამიტომ ასეთი მანქანები იქცნენ მოტოქვეითი ჯარების ძირითად სატრანსპორტო საშუალებად. ისინი უზრუნველყოფენ საბრძოლო ტანკების კვალდაკვალ მიყოლას, ფეხოსნების მოწინააღმდეგის პოზიციებთან რაც შეიძლება ახლოს მიყვანას, შეტევისთვის მათ ფარულ ჩამოქვეითებას, ხოლო ქვეითად მებრძოლ ქვედანაყოფებს კი თავიანთი მსხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევების ცეცხლით აღმოუჩენენ მხარდაჭერას. ამასთანავე, ისინი ებრძვიან დაბლამფრენ საჰაერო მიზნებს, ანადგურებენ გამოვლენილ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს. უმეტეს სახელმწიფოთა ჯავშანტრანსპორტერებს ბორტებსა და კიჩოში გაკეთებული აქვთ ამბრაზურები, საიდანაც ფეხოსნებს ჩამოქვეითებამდეც შეუძლიათ ავტომატური და ერთეული ცეცხლის წარმოება“.

„ცივი ომის“ მიწურულს აშშ სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში იყო M-2 „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და მათ ბაზაზე შექმნილი M-3 „ბრედლის“ ტიპის საბრძოლო სადაზვერვო მანქანები, გფრ არმიის შეიარაღებაში – „მარდერის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საბჭოთა სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში კი – БМП-1 და БМП-2 ტიპის ანალოგიური მანქანები. ჯავშანტრანსპორტერების სახით აშშ-ისა და გფრ-ის არმიებში გამოიყენებოდა M-113 სერიის მუხლუხიანი მანქანები, საბჭოთა კავშირში კი – БТР-80, БТР-70 და БТР-60 ტიპების თვლიანი მანქანები. უნდა ითქვას, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთის სახმელეთო ჯარებში შედგებოდა M-113 სერიის ჯავშანტრანსპორტერები, ხოლო საბჭოთა წარმოების თვლიან ანალოგიურ მანქანებს კი იქ მხოლოდ საჟანდარმო (ანუ შინაგან) ჯარებში იყენებდნენ.

და სახმელეთო ჯარების ასეთი სერიოზული დანიშნულებისა და მნიშვნელობის შეიარაღებაში საქართველო სერიოზულად ჩამოუვარდება, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც, აზერბაიჯანსა და სომხეთს.

ახლა შევეხოთ საველე არტილერიას. ზემოხსენებულ წერილში „საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)“ კონცეფციის რეალიზაციის პირობები“ ვწერდი: „დივიზიის საბრძოლო ზემოქმედების ზონაში მოწინააღმდეგის საცეცხლე (ბირთვული) დაზიანების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს საველე არტილერია. მას შეუძლია მოსპოს ან ჩაახშოს მოწინააღმდეგის ბირვული თავდასხმის საშუალებები, ჯავშანსატანკო ტექნიკა, არტილერია, ნაღმსატყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ცოცხალი ძალა, მართვის პუნქტები, კავშირგაბმულობის კვანძები, მატერიალურ-ტექნიკური და ზურგის უზრუნველყოფის ორგანოები; განახორციელოს საკვამლე ფარდების დაყენება, ადგილმდებარეობის დისტანციური დანაღმვა და განათება. ამისთვის არტილერიას გააჩნია მაღალი საცეცხლე სიმძლავრე და სიზუსტე, ამოცანის შესრულებისთვის მომზადების მაღალი სისწრაფე და მნიშვნელოვან ობიექტებზე ცეცხლის სწრაფად თავმოყრის უნარი. ამით აიხსნება ის შეუსუსტებელი ყურადღება, რომელსაც აშშ არმიის სარდლობა იჩენს საველე არტილერიისადმი თანამედროვე ზოგადსაჯარისო ბრძოლაში მისი ყველაზე უფრო ეფექტური გამოყენების თვალსაზრისით“.

დასავლეთის ქვეყნების შეიარაღებაში შედიოდა 105, 155, 175 და 203,2 მმ ყალიბის (კალიბრის) ბუქსირებადი და თვითმავალი ქვემეხები (ჰაუბიცები და ზარბაზნები), ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (მათგან ჩვენში უფრო ფართოდ 122-მმ „გრადებია“ ცნობილი), 81-მმ და 120-მმ ნაღმსატყორცნები. საბჭოთა სახმელეთო ჯარებში 105-მმ ქვემეხების ნაცვლად შეიარაღებაში იყო 122-მმ ბუქსირებადი და თვითმავალი ქვემეხები. როგორც მახსოვს, 155- და 203,2-მმ ჰაუბიცების სროლის სიშორე შეადგენდა 24 კმ-ს ჩვეულებრივი მხსვრევად-ფუგასური ჭურვებით და 30 კმ-ს – აქტიურ-რეაქტიულით; 155-მმ მსხვრევად-ფუგასური ჭურვის წონა გახლდათ 43 კგ, 203,2-მმ ჭურვისა კი – 90 კგ. და ამ კატეგორიის შეიარაღებაშიც აზერბაიჯანი დღესდღეობით 3-ჯერ და მეტად აღემატება საქართველოს, სომხეთი კი – თითქმის 2-ჯერ.

რაც შეეხება საბრძოლო ავიაციას – საბრძოლო თვითმფრინავებსა და დამრტყმელ ვერტმფრენებს, ამ მხრივაც საქართველო სერიოზულად ჩამოუვარდება თავის მეზობელ ამიერკავკასიურ სახელმწიფოებს.

საბრძოლო თვითმფრინავები დანიშნულების მიხედვით შეადგენენ სადაზვერვო, მოიერიშე, გამანადგურებელ-ბომბდამშენ და გამანადგურებელ ავიაციას. სადაზვერვო თვითმფრინავები ჩვეულებრივი გამანადგურებელ-ბომბდემშენი თვითმფრინავებია, სადაც დაყენებულია სპეციალური საჰაერო-სადაზვერვო აპარატურა და ეკიპაჟებიც გადიან შესაბამის მომზადებას. მოიერიშე თვითმფრინავების ძირითადი დანიშნულებაა ბრძოლის ველის თავზე და ახლო ოპერატიულ-ტაქტიკურ სივრცეში ფრენა და მიწაზე მოქმედი თავიანთი ჯარებისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა, მოწინააღმდეგის მიწისზედა მიზნების დაზიანება და განადგურება, მისი მეორე ეშელონებიდან ან ზურგის რაიონებიდან პირველი ეშელონის დასახმარებლად მომავალი ძალების დაძიანება ან ჩახშობა და ბრძოლის ველის იზოლაცია. ამ მიზნებიდან ამომდინარე, მოიერიშე თვითმფრინავებს აქვთ ფრენის ნაკლები სიჩქარე, გამანადგურებლებთან შედარებით, უფრო მაღალი სიცოცხლისუნარიანობა, რაც მიიღწევა თვითმფრინავის შესაბამისი კვანძების უფრო მეტი მოჯავშნით, ორი ძრავის დაყენებით – ერთის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ფრენის გასაგრძელებლად, საწვავის ავზების შიდა კედლების პოლიურეთანის ბლანტი ნივთიერებით დაფარვით, რათა ავზის დაზიანების შემთხვევაში არ მოხდეს იქიდან საწვავის გადმოღვრა და სხვა.

გამანადგურებელ-ბომბდამშენ (სხვანაირად ტაქტიკურ გამანადგურებელ, მრავალმიზნობრვ გამანადგურებელ) თვითმფრინავებს კი პირიქით, აქვთ ერთი ძრავი, ფრენის უფრო მაღალი სიჩქარე, მოწინააღმდეგის რადიოსალოკაციო სადგურების ჩახშორის აპარატურა, რას შესაძლებლობას აძლევს მათ მის პოზიციებს თავზე გადაუფრინონ და სარაკეტო და საბომბე დარტყმები მას უფრო მეტ სიღრმეში მიაყენონ, ან სულაც მისი ქვეყნის მნიშვნელოვანი სამხედრო-სამეურნეო, სამხედრო და სახელმწიფო მართვის და სხვა ობიექტები დამომბონ. გამანადგურებელი ავიაცია აწარმოებს საჰაერო ბრძოლებს მოწინააღმდეგის თვითმფრინავებთან, რათა არ დაუშვას მათ მიერ ამოცანების წარმატებით შესრულება, ანუ იბრძვის საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვისა და ჰაერში გაბატონებისთვის.

როგორც 1-ლ ცხრილში ვხედავთ, გამანადგურებელ-ბომბდამშენი და გამანადგურებელი თვითმფრინავები ჰყავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, საქართველოს კი ისინი სრულიად არ გააჩნია. მოიერიშე თვითმფრინავები კი, რომელთა რაოდენობაშიც საქართველო ასევე ჩამორჩება თავის მეზობლებს, რეალური საომარი მოქმედებების დაწყებისას სულ ადვილად შეიძლება მოწინააღმდეგის გამანადგურებელი ავიაციის იოლი ლუკმა შეიქნან. და მორჩება ზღაპარიც...

რაც შეეხება დამრტყმელ (იგივე ტანკსაწინააღმდეგო ან საცეცხლე მხარდაჭერის) ვერტმფრენებს, ისინი „განკუთვნილია ტანკებისა და სხვა მოჯავშნული მიზნების გასანადგურებლად, აგრეთვე ბრძოლის ველზე ქვედანაყოფებისთვის უშუალო მხარდაჭერის აღმოსაჩენად, სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენების გასაცილებლად და მხარდაჭერის აღმოსაჩენად, მოწინააღმდეგის საბრძოლო რიგებზე, სხვადასხვანაირ ფართობულ და მცირეზომიან მიზნებზე დარტყმების მისაყენებლად, საჰაერო მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად“ (ზემოთ ბევრჯერ ციტირებული წერილიდან). ამ მხრივაც საქართველო თითქმის 8-ჯერ ჩამოუვარდება აზერბაიჯანს და 2-ჯერ სომხეთს. ასეთია ჩვენი მართლაც რომ „მეტად არასახარბიელო“ მდგომარეობა.

1996 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოში ნატო-ს ბლოკის მიერ ჩატარდა პირველი საჯარო კონფერენცია თემაზე „მცირე საელმწიფოს თავდაცვის კონცეფციის შემუშავება“, რომლის ერთ-ერთი აქტიური და წამყვანი ფიგურაც გახლდათ ამერიკელი სამოქალაქო ექსპერტი სამხედრო საკითხებში ქენეთ ბრაუერი. ამ კონფერენციის მასალები გამოქვენებულია „კავკასიური ინსტიტუტის“ მიერ და ამ ბროშურიდან მოგვყავს ბ-ნ ბრაუერის სიტყვები: „ნატო-ს ქვეყნებში თავდაცვას არ უყურებენ სერიოზულად, რადგან აქვთ გარანტია ამერიკული ბირთვული იარაღის სახით. ნატო-ს ქვეყნები თავდაცვაზე ხარჯავენ საერთო ეროვნული პროდუქტის 2-2,5 %-ს, აშშ კი ხარჯავს 5-6 %-ს... მრავალ სხვა ქვეყანაში თავდაცვაზე ხაეჯავენ საერთო ეროვნული პროდუქტის 5 %-ზე მეტს და მაინც კარგი ეკონომიკური შედეგები აქვთ...

ნატო-ს ბევრ ქვეყანაში სამხედრო სამსახურში იყენებენ 18-38 წლის მამაკაცთა 2-10 %-ს, იმიტომ, რომ ისინი დიდი ქვეყნებია. ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, სინგაპური და ისრაელი საგანგებო ვითარებაში იყენებენ იმავე ასაკის მამაკაცების 100 %-ს. რას ნიშნავს ეს? თუ ქვეყანაში ხუთმილიონიანი მოსახლეობაა, ნატო-ს პრაქტიკის თანახმად, ომის შემთხვევაში მხოლოდ 60 ათასი ადამიანი უნდა გაიწვიონ, მაგრამ რეალურად 5 მილიონ კაცზე შესაძლებელია 550-ათასიანი არმიის მობილიზებაც. ეს დიდი ძალაა...

პატარა ქვეყანაში არმია (იგულისხმება მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები – ი. ხ.) მოსამზადებელი სკოლაა. ნამდვილი ძალა რეზერვია. ყველა გაწვეული კარგად უნდა მომზადდეს, მაგრამ თითოეული ქვეყნის პრეზიდენტს სჭირდება სწრაფი რეაგირების ძალაც. ამისთვის საკმარისია 18 თვიანი გაწვევა. ამ ვადის პირველი მესამედის მანძილზე ჯარისკაცი გადის ინდივიდუალურ წვრთნას, მეორე მესამედი ეთმობა მომზადებას ნაწილში, ბოლო მესამედს კი ჯარისკაცი პრეზიდენტის ხელქვეით მსახურობს. შემდეგ ჯარისკაცი გადავა რეზერვში, მაგრამ მას ახალი შეცვლის. ესაა უწყვეტი ჯაჭვი და 5-6 წელიწადში იარსებებს კვალიფიციური არმია.

...გაწვევას უნდა დაექვემდებაროს ყველა. მაგრამ მიზანი არა დიდი ჯარია (იგულისხება რეგულარული ჯარები), არამედ არამედ ინდივიდთა გაწვრთნა, შეკავშირებული, შეკრული ნაწილების შექმნა, რომელთა წევრებიც ერთ სარეზერვო ნაწილებში იმსახურებენ შედგომი 20 წლის მანძილზე. ამის შდეგად მივიღებთ ფენოვანი ნამცხვრის მაგვარ სტრუქტურას. ზედა შრე იქნება დაუქორწინებელი ახალგაზრდობა – კომანდოსები. შემდეგი შრე ასევე ახალგაზრდებია, მაგრამ ოჯახიანები. მათგან შედგება ბრძოლისუნარიანი სახაზო ნაწილები. და ბოლოს, ასაკოვნები, რომელთაც შეუძლიათ შენობების დაცვა. როგორც ადამიანები დავყავით, ასევე შეგვიძლია დავყოთ მათი აღჭურვილობის ტიპებიც. ყველაზე კარგი იარაღი საუკეთესოებს უნდა მივცეთ. ასეა ფინეთში... იწყებთ პატარა ბირთვით და 20 წელიწადში გეყოლებათ 500 ათას კაციანი რეზერვი. იმედია ამ დროისთვის ფულიც გექნებათ“ (სათანადო შეიარაღების შესაძენად – ი. ხ.).

როგორც ვხედავთ, აღნიშნული კონფერენციის შემდეგ უკვე 24 წელი გავიდა, მაგრამ ქენეთ ბრაუერის, ამ რეკომენდაციებიდან არაფერია გაკეთებული – არც 400-ათასიანი რეზერვი ჰყავს მომზადებული 4-მილიონიან დღვანდელ საქართველოს და არც სათანადო რაოდენობისა და ხარისხის საბრძოლო ტექნიკა და სხვა ძირითადი შეიარაღება გააჩნია საჭიროების შემთხვევაში ქვეყნისა და ხალხის დასაცავად. სამაგიეროდ ასეთი რამ ხელშესახებად და ქმედითად აქვთ გაკეთებული და შექმნილი აზერბაიჯანსა და სომხეთს. და ჩვენც გავიმეორებთ ცნობილ სიტყვებს „კავკასიური ცარცის წრიდან“: „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო“!.. (ან კიდევ ქართულ-ხალხურად: რა გიყოთ შვილოსა, რაც გითესიათ იმას იმკით კიდეც...)

ირაკლი ხართიშვილი 

P. S. ამ წერილში მხოლოდ დღევანდელი რაოდენობრივი მონაცემებია ახალი, მთელი დანარჩენი მსჯელობა კი გასული 20-15 წლის წინანდელი წერილებიდანაა ან პირდაპირ ამოღებული და ციტირებული, ან კიდევ ერთხელაც გამეორებული. და ეს ფაქტიც დამაფიქრებელი უნდა იყოს თავისი ქვეყნის გულშემატკივარი ქართველებისთვის – ერთა და ბერთა, მაღალთა და მდაბალთა, და სხვა, და სხვა, და სხვა...

No comments:

Post a Comment