Friday, February 14, 2020

ლევან თოიძე – როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი

(ქვემოთ შემოგთავაზებთ ტექსტს ლევან თოიძის წიგნისა – როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, თბილისი, „მეცნიერება“, 1991; ეს წიგნი მეტად საინტერესო, საყურადღებო და სასარგებლოა როგორც ამ თემით დაინტერესებული მკითხველებისთვის, ისე საქართველოს სამართლიანი ეროვნული ინტერესების დასაცავად)

 (ნაწილი II) 


თ ა ვ ი   მ ე ო რ ე 


სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა 

1921 წლის თებერვალ-მარტში, როცა საქართველოს ძალდატანებითი გასაბჭოება ხდებოდა, საქართველოდან ჩრდილო კავკასიაში 1920 წელს გადასული ოსთა შეიარაღებული რაზმები დაბრუნდნენ და წითელი არმიის ნაწილებთან ერთად (მათს შემადგენლობაში) აქტიურად იბრძოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. მათ შორის იყვნენ რევოლუციურ ლოზუნგებს ამოფარებული ექსტრემისტებიც, რომელნიც თავს სოციალიზმისათვის მებრძოლებად ასაღებდნენ, სინამდვილეში კი „რევანშისტულ“ მიზნებს ისახავდნენ და სოციალიზმს დროშად იყენებდნენ.

წითელი არმიის ნაწილებს საქართველოდან 1920 წელს გახიზნული ყველა ოსი არ შემოჰყოლია, ნაწილი ჩრდილო კავკასიაში დარჩა. გავეცნოთ ორ დოკუმენტს, რომლებითაც ირკვევა, თუ როგორ მოხდა მათი დაბრუნება. 1921 წლის 14 მარტს გ. კ. ორჯონიკიძემ ქ. ვლადიკავკავიდან მიიღო თერგის ოლქის ჯარების სარდლის სმირნოვისა და გენშტაბის უფროსის შავროვის შემდეგი დეპეშა:

«В связи с советизацией Грузии наблюдается стремление эмигрантов Южной Осетии вернуться домой, дабы не пропустить срока весенних работ. Южно-Осетинский окружной комитет РКП (б) просит предоставить ему право разрешения на проезд в Южную Осетию отдельным эмигрантам, особенно сохранившим инвентарь, дабы скорейшим образом восстановить хозяйственную жизнь Южной Осетии и переход этот разрешить безболезненно. Прошу разрешить этот вопрос» (სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ცენტრალური პარტიული არქივი /შემდგომში – მლი ცპა/, ფ. 85, აღწ. 15, საქ. 261, ფურც. 2).

აი, გ. ორჯონიკიძის საპასუხო დეპეშაც:

«Командвойск Теробласти т. Смирнову, копия т. Такоеву. Тифлис 17/III–21 г.

Абсолютнейшая свобода возвращения всех выселенных меньшевиками осетин само собой решается провозглашением Советской Грузии. Нет больше осетинского вопроса, осетины являются полными хозяевами своей судьбы. Грузсовправительством ассигновано миллиард рублей на помощь разоренных меньшевиками осетин Южной Осетии. Передайте пожалуйста всем осетинам Южной Осетии, что ничто решительно не мешает их возвращению к себе. Орджоникидзе» (მლი ცპა, ფ. 85, აღწ. 15, საქ. 261, ფურც. 1).

ოსების დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა ოსთა და ქართველთა ურთიერთობა. ოსები ეპატრონებოდნენ საქონელს, რომელიც, მათი აზრით, ქართველებს დარჩათ ოსთა 1920 წლის ივნისის აჯანყების ჩაქრობისა და აჯანყებულთა ჩრდილო კავკასიაში გახიზვნის შემდეგ. თუმცა საქართველოს სსრ საგანგებო კომისიაში მიაჩნდათ, რომ ამ დავაში არც ერთი მხარე არ იყო ბოლომდე მართალი (სუიცსა, ფ. 281, აღწ. 1, საქ. 92, ფურც. 123).

სათანადო ორგანოებმა ვერ გაითვალისწინეს ის სავალალო შედეგები, რაც საქართველოში ოსთა არაორგანიზებულად დაბრუნებას უნდა მოჰყოლოდა. დავიმოწმოთ ადგილები სოფლების: სვერის, ქემერტის, მინდიანის, ყაფლანის, კასრანის და მონასტრის მცხოვრებთა მიერ 1921 წლის 25 აპრილს დაწერილი ერთობლივი განცხადებიდან, რომელიც საქართველოს სსრ ოქტომბრის რევოლუციისა და სოციალისტური მშენებლობის ცენტრალური სახელმწიფო არქივის ფონდების მცველმა ნონა ხუციშვილმა გააცნო გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ მკითხველებს: „...გვაქვს ცუდი მდგომარეობა, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ლტოლვილებად, ვართ ჩვენს სახლებს მოწყვეტილნი. ოსების შემოსვლის შემდეგ გვიხდება 3 თვე (ასეა დედანში – ლ. თ.), რაც გამოქცეული ვართ სახლებიდან... ცხინვალში დაგვიწვეს 78–80 სახლი და რაც გადარჩა საქონელი და ავეჯი და ჭირნახული წაიღეს ჯავის რაიონისაკენ... როცა ვთხოვთ, ცემითა და მუქარით გვიპასუხებენ. ამ დროს ამოხოცეს 32 კაცი, მათში ზოგი დაწვეს და ზოგიც ცემით დახოცეს, გაუპატიურეს ქალები, დედები, პატარები... გთხოვთ უმორჩილესად მოგვცეთ იარაღი, რომ დავიცვათ ჩვენი თავი და მივიდეთ ჩვენს სახლებში ან მოგვცეთ ქართული ჯარი, რომელიც ჩადგება სამძღვარზედა, თორემ არ შეგვიძლიან ჩვენ იქ ცხოვრება, რადგანაც მუდამდღე ხდება დაცემა, იტაცებენ თუ რამე დარჩა ამ აოხრებულს სოფლებში, ანგრევენ სახლებს და მიაქვთ ოსებისაკენ... შეგვაწუხეს ჯარმა, რომელიც დგას დღეს ცხინვალში. მოდიან სახლებში და გვაწუხებენ. გვთხოვენ ჭირნახულევს, საკლავს და აფუჭებენ ჭირნახულს და ვენახებს და არ გვაქვს ღამე ძილი. მუდამ ღამე ხდება დაცემა. მასთან საქონელი გვყამს მუდამ სახლში, რადგანაც გვეშინიან მოტაცების. თუ წავიყვანთ საძოვრად, მოდიან და იტაცებენ, რადგანაც არ ეშინიათ“ (გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1990 წლის 20 იანვარი. სტატია „შიდა ქართლი – ისტორია და თანამედროვეობა. საარქივო დოკუმენტები გვამცნობენ“).

ასეთმა ძალადობამ კიდევ უფრო დაამძიმა ქართველი ხალხის გულისტკივილი, საქართველოს ოკუპაციით რომ იყო გამოწვეული. პირველ ხანებში უმართავი გახდა ოსთა და ქართველთა ურთიერთობა. საჭირო შეიქნა განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილების გაგზავნა დედაქალაქიდან.

საქმეს ისიც ართულებდა, რომ ზუსტად გამიჯნული არ იყო გორის მაზრის და ცხინვალის რევკომების სამოქმედო სფეროები. თვით ცხინვალში არსებობდა ორი რევკომი: სამხრეთ ოსეთისა და ცხინვალის. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურომ 1921 წლის 23 მაისს მიზანშეუწონლად ცნო ცხინვალში ორი რევკომის არსებობა (იხ. მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 11, ფურც. 26), მაგრამ საქმეს მაინც არა ეშველა რა. ხშირად ხდებოდა შეხლა-შემოხლა იმის თაობაზე, თუ ვისი მმართველობა უნდა გავრცელებულიყო ამა თუ იმ რაიონზე.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე დადგა სამხრეთ ოსეთისათვის ავტონომიის მინიჭების საკითხი, რაც ერთობ ძნელი გადასაწყვეტი შეიქმნა. ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ჯერ ერთი, გასარკვევი იყო რომელ ტერიტორიაზე და რა სახის ავტონომია უნდა მიენიჭებიათ სამხრეთ ოსეთისათვის. მეორე, რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და რევოლუციურ კომიტეტს, რომელთაც ვერაფრით ვერ დავწამებთ არაინტერნაციონალიზმს, გაუჭირდათ სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტისა და პარტიული კომიტეტის მიერ წამოყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება (სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტი, ზუსტად ამ სახელწოდებით, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე შეიქმნა, თუმცა, მაშინ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეული თავისი სტატუსითა და ტერიტორიით ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული).

და, აი, 1921 წლის 6–8 სექტემბერს გაიმართა სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტისა და პარტიული კომიტეტის გაერთიანებული სხდომა სამხრეთ ოსეთის პასუხისმგებელი პარტიული მუშაკების მონაწილეობით, რომელმაც განიხილა „სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევისა და პოლიტიკური მოწყობის საკითხი“. სხდომამ დაადგინა:

«1. Признать необходимым образование социалистической советской республики Юго-Осетии с центром в Цхинвали; 2) Социалистическая Советская Республика Юго-Осетии добровольно вступает в федеративную связь с социалистической Советской Республикой Грузии; 3) При выработке формы федеративной связи между обеими республиками гарантируется трудящимся Юго-Осетии максимум политических прав; 4) Социалистическая Советская республика Юго-Осетии образуется в границах, соответствующих наличным этнографическим, географическим и экономическим условиям, гарантировать свободное экономическое и культурное развитие трудящихся Юго-Осетии, согласно прилагаемому проекту; 5) Настоящее постановление представить объединенному заседанию Кавбюро Р. К. П., Ц. К. К. П. Грузии и Ревкома Юго-Осетии для окончательного разрешения данного вопроса» (სუიცსა, ფ. 281, აღწ. 2, საქ. 3, ფურც. 164).

ამ დადგენილებაში სამი ისეთი საკითხია დაყენებული, რომელთაც არ შეიძლებოდა ქართველი ხალხის გულისწყრომა არ გამოეწვია. ეს გახლავთ თვითგამორკვევის ფორმის (სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა), რესპუბლიკის დედაქალაქის (ცხინვალი) და ტერიტორიის საკითხები (სამხრეთ ოსეთის საზღვრებში, ამ დადგენილების დანართის მიხედვით, მრავალი ქართული სოფელი უნდა შესულიყო).

მაშასადამე, უნდა შექმნილიყო სამხრეთ ოსეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა. საქართველოში ამ დროს უკვე ჩამოყალიბებული იყო აფხაზეთისა და აჭარის რესპუბლიკები.

მოკლედ მათს შესახებ.

საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფად აღიქვა ჩვენმა საზოგადოებრიობამ არა მარტო ის, რომ ქართული მიწების ნაწილი მეზობელ საბჭოთა რესპუბლიკებსა და თურქეთს გადაეცა, ან კიდევ მათს მფლობელობაში იყო და დარჩა, არამედ ისიც, რომ საქართველოს ერთიან ტერიტორიაზე მაშინ რამდენიმე ავტონომიური ერთეული შეიქმნა. ავტონომიური ერთეული კი არა და აფხაზეთში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გამოაცხადეს (ყოველგვარი ავტონომიურის გარეშე). თითქოს უცნაურ ფაქტთან გვაქვს საქმე – საქართველოში ორი თანაბარუფლებიანი (სახელწოდებით ასე იყო) საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოყალიბდა.

ამ „უცნაურობის“ ახსნა გაგვიადვილდება, თუ გავიხსენებთ რა პირობებში აარსებდნენ რესპუბლიკებს ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ.

რევოლუციას მომხრეები სჭირდებოდა და ლოზუნგებიც ისეთი უნდა ჰქონოდა ფართო მასების მხარდაჭერას რომ უზრუნველყოფდა. იმპერიის არარუს მოსახლეობაში ერთ-ერთ ასეთ ლოზუნგად ერთა თვითგამორკვევის მოთხოვნა ითვლებოდა და ამიტომაც კომუნისტური პარტიის მიერ ამ ადრიდანვე აღიარებულმა ლოზუნგმა რევოლუციის პერიოდში წინა პლანზე წამოიწია. დამოუკიდებლობის იდეამ მოიცვა დიდი თუ მცირე ერები და ეროვნებები. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს იდეა ერთობ პოპულარული გახდა თვით რუსულ ოლქებშიც კი. 1918 წელს შეიქმნა დონის საბჭოთა მთავრობა, ყუბან-შავიზღვისპირეთის რესპუბლიკა და ა. შ. მოსკოველ მუშაკთა ჯგუფმა საბჭოების მესამე ყრილობის შემდეგ 14 გუბერნიის გაერთიანება მოიწადინა და 1918 წლის 20 მარტს ამ გაერთიანების სახკომსაბჭოც შეიქმნა. პეტროგრადში ფუნქციონირებდა ჩრდილოეთის ოლქის სახკომსაბჭო. მალე გაჩნდა მსგავსი გაერთიანება ურალის ოლქის სახალხო კომისართა საბჭოს სახით. მასში შედიოდა უფის, ვიატკის, ორენბურგისა და პერმის გუბერნიები. ასეთი ხელოვნური საოლქო „დამოუკიდებელი“ წარმონაქმნები 1918 წლის დამლევამდე რუსეთის სხვა რეგიონებშიც არსებობდა (იხ. კ. გ. ფედოროვი. სრულიად რუსეთის ცენტრალური აღამსრულებელი კომიტეტი საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში /1917–1920/ |რუს.|, მ., 1957, გვ. 88–89).

ბუნებრივია, დამოუკიდებლობის იდეამ დიდი გასაქანი ჰპოვა არარუს მოსახლეობაში, კერძოდ კავკასიის ხალხებში. ქართველმა ერმა თვით განახორციელა ეს იდეა – 1918 წლის მაისში დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა აღიდგინა. გაიშალა მუშაობა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის გარკვეული ავტონომიური მმართველობის დასაწესებლად. ცნობილია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და ეროვნულ უმცირესობებს შორის ცალკეული შეხლა-შემოხლაც ხდებოდა ამ ნიადაგზე. რთული იყო საკითხი. ყოველმხრივი შესწავლა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებაც აუცილებელი ჩანდა.

ზოგიერთ ეროვნულ უმცირესობასთან საქართველოს მთავრობის გართულებულ ურთიერთობას მოხერხებულად იყენებდნენ ქართველი ბოლშევიკები, რომლებიც ყოველგვარ დახმარებას აღუთქვამდნენ ეროვნულ უმცირესობებს მთავრობასთან ბრძოლაში, გამარჯვების შემთხვევაში ავტონომიასაც ჰპირდებოდნენ მათ. ხელისუფლებისათვის ბრძოლის პოლიტიკით იყო ეს განპირობებული. ეროვნული უმცირესობები მენშევიკების წინააღმდეგ მებრძოლ არმიაში ეგულებოდათ ბოლშევიკებს და ამიტომაც გულუხვ დაპირებებსაც არ აკლებდნენ მათ. დაპირებები გულწრფელი იყო. ხელისფლების სათავეში ქართველი ბოლშევიკების მოსვლისთანავე დაპირებები საქმედ იქცა. 1921 წლის მარტში, მაგალითად, აფხაზეთი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. მოსკოვის, ლენინგრადის, დონის, ყუბან-შავიზღვისპირეთისა და სხვა „დამოუკიდებელ“ გაერთიანებათა მაგალითის დამოწმებით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ „სამოსტიინური“ ხასიათის „უცნაურობები“ არცთუ ისე იშვიათი იყო თვით სუფთა რუსულ ოლქებშიც კი. რა გასაკვირია, რომ მას ადგილი ჰქონოდა აფხაზეთშიც.

არა, საკამათო ის როდია, ერგებოდა თუ არა აფხაზეთს ავტონომია. საუბარია იმაზე, რომ საბჭოთა სინამდვილეში იმ დროსაც ეროვნული სახელმწიფოებრიობის უმაღლესი ფორმა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო. შემდეგ მოდიოდა სამი ტიპის ავტონომიური ერთეული: ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ავტონომიური ოლქი და შრომითი კომუნა. რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე შეიქმნა ბაშკირეთის, თათრეთის, ყირგიზეთის, თურქესტანის, მთის, დაღესტნის, ყირიმის, იაკუტიის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები და ჩუვაშეთის, მარის, ყალმუხეთის, ვოტის, კომის, ყაბარდო-ბალყარეთის, ბურიატ-მონღოლეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ოირატის (ალტაის), ადიღეს (ჩერქეზეთის) ავტონომიური ოლქები, აგრეთვე კარელიისა და ვოლგისპირეთის გერმანელთა შრომით კომუნები. აქ ჩამოთვლილ ხალხთაგან ზოგიერთები მოსახლეობის რაოდენობითა და მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის მოცულობით ჭარბობდნენ აფხაზებსა და აფხაზეთს (ზოგიერთი, აფხაზეთის მსგავსად, საზღვრისპირა, ზღვისპირა მდებარეობითაც გამოირჩეოდა), მაგრამ მაშინ ვერც ერთი მათგანი ვერ ჩამოყალიბდა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. მხოლოდ აფხაზები და აფხაზეთი ჩათვალეს ასეთი სახელმწიფოებრივი სტატუსის ღირსად. არ არის აქ რაღაცნაირი საგანგებო ვითარება? რა თქმა უნდა არის. საკითხი ნაჩქარევად გადაწყდა. განა საკამათოა, რომ ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის იმ დროს მათდაუნებურად არსებული რთული ურთიერთობის მოწესრიგება აფხაზეთისათვის შედარებით უფრო დაბალი ტიპის ავტონომიის მინიჭებითაც შეიძლებოდა? მაგრამ მაშინ საქართველო ხომ ნაკლებად „დასჯილი“ იქნებოდა. საქართველოს „დასჯა“ კი აუცილებელი იყო, რადგან მან გაბედა და 1918 წელს თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა აღიდგინა, ამასთან საქმესაც არა უშავს რა უძღვებოდა. თავიდათავი ის იყო, რომ რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიურო და ქართველ კომუნისტთა საგრძნობი ნაწილი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მშენებლობაში მაშინ წინდახედულობას ვერ იჩენდნენ. მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის იდეებით გატაცებულნი და მის მოლოდინში ნაკლებმნიშვნელოვნად თვლიდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივი ტერიტორიის მთლიანობის დაცვას. ამ საკითხზე ზრუნვას დასაგმობ ნაციონალიზმად და კომუნისტისათვის შეუფერებელ საქციელად მიიჩნევდნენ. არა, სუბიექტურად ქართველი ხალხის მტრობა კი არ ჰქონდათ გულში ჩადებული, მაგრამ ეგონათ, რომ რევოლუციის ინტერესებთან შედარებით ეს ისეთი მეორეხარისხოვანი საქმეა, რომლისთვისაც არ ღირდა არაქართულ რეგიონთა „რევოლუციური მასების“ განაწყენება.

ამიტომაც მოხდა, რომ მთელი 10 წლის მანძილზე აფხაზეთი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად იწოდებოდა. ამიტომაც იყო, რომ ამ ხნის მანძილზე საქართველოს სსრ და აფხაზეთის სსრ სპეციალური ხელშეკრულებით (1921 წლის დეკემბრისა) იყვნენ დაკავშირებული (მსგავსი სახელშეკრულებო კავშირი რუსეთის სფს რესპუბლიკასაც ჰქონდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან).

საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკებს შორის სპეციალური ხელშეკრულების დადებაც აფხაზეთის მხრიდან გარკვეულ წინააღმდეგობას წააწყდა. საკითხი საბოლოოდ გადაწყვიტა რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიურომ, რომელმაც 1921 წლის 1 ნოემბერს ორჯონიკიძის, მიასნიკოვის, ნაზარეტიანის, ფიგატნერის, მავრინის, მრავიანისა და ეშბას მონაწილეობით იმსჯელა საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთდამოკიდებულებაზე და დაადგინა:

«1. Считать необходимым приступить к выработке проекта договора о взаимоотношениях между Грузией и Абхазией. 2. Для разработки проекта договора выбрать комиссию в составе тт. Эшба, Элиава, Леграна под председательстом тов. Леграна. 3. Разработанный проект договора представить на утверждение Президиума Кавбюро ЦК РКП. 4. Работа комиссии должна быть закончена к 10-му ноября» (მლი ცპა, ფ. 64, აღწ. 1, საქ. 2, ფურც. 85).

მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ იყო აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის სხვა, კიდევ უფრო მიუღებელი ვარიანტიც. 1921 წლის 16 ნოემბერს რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიურო, რომლის სხდომას ესწრებოდნენ ორჯონიკიძე, ფიგატნერი, ნაზარეტიანი, ელიავა, მდივანი, მარკოვი, მირონოვი, ეგოროვი, ადნო, ეშბა და ღოღობერიძე, იძულებული გახდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება:

«1. Считать экономически и политически нецелесообразным существование независимой Абхазии; 2. Предложить тов. Эшба представить свое окончательное заключение о вхождении Абхазии в состав федерации Грузии на договорных началах или на началах автономной области в РСФСР» (იქვე, ფურც. 89).

ქართველ ხალხს ახლაც არაფერს ეკითხებოდნენ. რაც შეეხება საქართველოს „ფედერაციაში“ აფხაზეთის დარჩენას, ეს, საფიქრებელია, საბოლოოდ იმან გადაწყვიტა, რომ თუ აფხაზეთი რუსეთის სფს რესპუბლიკაში შესვლას მოისურვებდა, მას, როგორც ვნახეთ, მხოლოდ ავტონომიური ოლქის უფლებებს ანიჭებდნენ.

მცირე მნიშვნელობა როდი ჰქონდა რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს 1921 წლის 24 ნოემბრის დადგენილებასაც, რომელიც საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს – ორგბიუროს ურთიერთდამოკიდებულებას ეხებოდა. ამ დღეს კავბიურომ დაადგინა:

«1. Оргбюро Абхазии организационно связывается с ЦК КПГ, сохраняя название РКП; 2. Тов. Эшба вводится в ЦК КПГ на правах полноправного члена» (მლი ცპა, ფ. 64, აღწ. 1, საქ. 2, ფურც. 105).

კავბიუროს ამ სხდომას ესწრებოდნენ: ორჯონიკიძე, ელიავა და ნაზარეტიანი. გამოკითხვის წესით ეს დადგენილება მიზანშეწონილად ცნეს კიროვმა, მდივანმა და ფიგატნერმა (იქვე).

ერთი კია, აფხაზეთის სახელშეკრულებო რესპუბლიკას საკავშირო, ცენტრალური ხელისუფლება ფაქტობრივად ავტონომიური რესპუბლიკების მწკრივში განიხილავდა (ათავსებდა) და ეს აისახა სსრ კავშირის 1924 წლის კონსტიტუციაშიც, სადაც აფხაზეთი ავტონომიურ რესპუბლიკად არის მოხსენიებული. „აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები, – აღნიშნულია კონსტიტუციაში, – და სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბახისა და ნახიჩევანის ავტონომიური ოლქები ეროვნებათა საბჭოში გზავნიან თითო წარმომადგენელს“ (სსრ კავშირის 1924 წლის კონსტიტუცია – საბჭოთა კონსტიტუციის ისტორია /1917–1956 წწ./, 1957, /რუს. ენაზე/, გვ. 463).

აფხაზეთი ფაქტობრივად ავტონომიურ რესპუბლიკად არის ნაგულისხმევი ზოგიერთ იმდროინდელ პარტიულ დოკუმენტშიც. 1922 წლის 27 თებერვალს, მაგალითად, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა განიხილა საკითხი:

«О числе мест в ЦИК, представляемом Центру, автономным республикам, Армии...»

და დაადგინა «Предоставить: Центру 35, автономным республикам Абхазии, Аджаристана и Южно-Осетии по 3 места» (მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 192, ფურც. 215).

როგორც ვხედავთ, აქ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ავტონომიურ რესპუბლიკებად არიან დასახელებული. და აქ ოქმის შემდგენლის დაუდევრობასთან კი არ უნდა გვქონდეს საქმე მხოლოდ, არამედ საერთო ტენდენციასთან – აფხაზეთს, აჭარასა და სამხრეთ ოსეთს ამ შემთხვევაში ერთი ტიპის ავტონომიურ (!!) ერთეულებად განიხილავენ.

აჭარის ავტონომიაც განსაკუთრებულ ვითარებაში შეიქმნა. მას ფაუძვლად ეროვნული ნიშანი არ დასდებია. საბჭოთა სინამდვილეში ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როცა მთელ ერს და მის შემადგენელ ნაწილს ცალ-ცალკე რესპუბლიკები შეუქმნეს. ცხადია, აჭარის ავტონომიის შექმნა ქართველი ხალხის ინტერესებიდან არ გამომდინარეობდა. იგი რელიგიური და საგარეო-პოლიტიკური ფაქტორებით იყო განპირობებული. საქმე ისაა, რომ აჭარა – საქართველოს განუყოფელი ნაწილი – ისტორიული ბედუკუღმართობის შედეგად თურქეთის სამსაუკუნოვან მფლობელობაში მოექცა და მხოლოდ რუსეთ-თურქეთის 1977–78 წლების ომში რუსეთის გამარჯვების შედეგად დაუბრუნდა სამშობლოს (ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს რუსეთის ამ ამაგს, თუმცა ისიც ცხადია, რომ რუსეთი მაშინ საკუთარი იმპერიის გაფართოებისათვის ზრუნავდა და არა საქართველოსათვის). თურქეთის ბატონობამ თავისი დაღი დაასვა აჭარელთა ყოფასა და კულტურას. მუსლიმანური რელიგიის მიღების შემდეგ აჭარა თურქეთისა და, საერთოდ, მუსლიმანური აღმოსავლეთის ძლიერ იდეოლოგიურ ზემოქმედებას განიცდიდა.

აჭარამ ბოლომდე ვერ დააღწია თავი ამ გავლენას რუსეთის იმპერიაში შესვლისა და საქართველოსთან შეერთების შემდეგაც. თურქეთმა 1918 წელსაც სცადა აჭარის ხელმეორედ მიტაცება. მან აქ შექმნა თურქოფილური ორგანიზაცია, რომელიც აჭარის კვლავ თურქეთის მფლობელობაში გადასვლას მოითხოვდა. თურქოფილურ ძალებს დაუპირისპირდა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი, რომელმაც საქართველოს ფარგლებში აჭარის ავტონომიის ჩამოყალიბების საკითხი დააყენა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ძირითადად შესაძლებლად მიიჩნია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება და კონსტიტუციითაც დაადასტურა ეს, მაგრამ მისი რეალური განხორციელება ვერ მოასწრო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს სსრ რევკომის 1921 წლის 16 ივლისის დადგენილებით შეიქმნა. აჭარაში ავტონომიური მმართველობის დაწესება წინასწარ იყო გადაწყვეტილი რუსეთის სფს რესპუბლიკისა და თურქეთის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულებით (ესეც საქართველოს ფიქტიური დამოუკიდებლობის მაჩვენებელი), თუმცა ამ ხელშეკრულებაში არ იყო დაკონკრეტებული აჭარის ავტონომიის ფორმა და ამდენად, შეიძლებოდა არჩევანიც გაკეთებულიყო, უფრო დაბალი ტიპის ავტონომია დაარსებულიყო (ი. ფუტკარაძე), ავტონომიური მმართველობის შემოღება კი გარდაუვალი ჩანდა, რადგან ამ იდეას მაშინ აჭარლებიც თანაუგრძნობდნენ.

აჭარის ავტონომიის ბედი დღეს მთელმა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ცხადია, თვით აჭარლების სურვილისა და მოსალოდნელი შედეგების მაქსიმალური გათვალისწინებით. აქ დიდი წინდახედულება და სიბრძნე გვმართებს. პირველი და გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის აჭარლებს, რომელთა ეროვნული თვითშეგნების მაღალი დონე არასოდეს ეჭვს არ იწვევდა.

ამრიგად, საქართველოს სს რესპუბლიკაში, მის კუთვნილ ტერიტორიაზე გასაბჭოების პირველ წელსვე შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (რომელიც იმავე წლის დეკემბერში გახდა სახელშეკრულებო, ხოლო მოგვიანებით ავტონომიური რესპუბლიკა), აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და აყენებდნენ საკითხს სამხრეთ ოსეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის შექმნის შესახებ. იმისდა მიუხედავად, სამართლიანი იყო თუ არა საკითხის ასეთი გადაწყვეტა, უდავოა, ეს მომენტი კიდევ უფრო ართულებდა საქართველოს კომუნისტების მდგომარეობას, რომელიც წითელი არმიის მიერ საქართველოს ძალდატანებითი გასაბჭოების (ოკუპაციის) პირობებში, ბუნებრივია, ისედაც უაღრესად მძიმე იყო. მკითხველმა იცის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკს დამფუძნებელმა კრებამ „საქართველოს ხალხის მოღალატეებად“ გამოაცხადა საქართველოს რევკომის წევრები, რომლებიც მოუძღოდნენ „რუსეთის საბჭოთა ლაშქართ საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ“ (გაზ. „ერთობა“, 1921 წლის 23 თებერვალი), საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად.

შექმნილ ვითარებაში ქართველ ბოლშევიკებს საქმით უნდა დაემტკიცებინათ, რომ მათთვის უცხო არაა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ გამონახავდნენ საერთო ენას ქართველ ხალხთან, განსაკუთრებით მის ინტელიგენციასთან. მით უფრო რომ ზოგიერთი ქართული პოლიტიკური პარტია ქართველ ხალხს საბჭოთა ხელისუფლებასთან შეურიგებლობისაკენ მოუწოდებდა, ხოლო კომუნისტურ პარტიას, არცთუ უსაფუძვლოდ, საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას საყვედურობდა. დამახასიათებელია ამ მხრივ გრიგოლ ლორთქიფანიძის გამონათქვამი, რომელსაც აქვე უცვლელად დავიმოწმებთ: „ჩამოჭრილი ტერეტორიების გარეშე დარჩენილი საქართველო ფორმალურად გამოცხადებულ იქნა საქართველოს საბჭოთა დამოუკიდებელ რესპუბლიკათ. მაგრამ თვით ეს საქართველოც ძლიერ დასერა და დასჭრა რუსეთმა პოლიტიკურათ და ტერიტორიულათ. ამ მიზნით, მან გამოაცხადა აფხაზეთის ჯერ დამოუკიდებელი, შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკა, ასეთივე რესპუბლიკა აჭარაში და ავტონომიური ოლქი სამხრეთ ოსეთისა. ყველა ამ ე. წ. რესპუბლიკების შექმნა და მათი საქართველოსადმი დაპირდაპირება და მისგან მაქსიმალურათ გამოთიშვა ძველი რუსიფიკატორული პოლიტიკის ახალ ფორმაში გაგრძელებაა. აფხაზეთის რესპუბლიკა რუსეთს სჭირია, როგორც საქართველოში შემოსავალი ჭიშკარი და საკოლონიზაციო პოლიტიკისათვის დასაყრდნობი პლაცდარმი. ასეთსავე პოლიტიკურსა და სტრატეგიულ როლს აკისრებს მოსკოვის იმპერიალზმი ე. წ. სამხრეთ ოსეთს. ნამდვილი ოსეთი კავკასიონის ქედს გადაღმაა კასრის ხეობის იქით, მაგრამ იქ რუსეთმა სრულიადაც არ დაინახა საჭიროთ შეექმნა წმინდა ოსური სახელმწიფოებრივი ორგანიზმი ჩრდილო ოსეთისა ან სხვა რამ ამგვარი სახელწოდებისა. იქ ოსები, ინგუშები და სხვები ერთ ავტონომიურ მთის რესპუბლიკაში დასტოვა, ხოლო საქართველოში, სადაც ოსობა წარმოადგენს ხიზნებსა და კოლონისტებს, მათთვის ოთხი მაზრიდან (გორის, დუშეთის, შორაპნისა და რაჭის) ხელოვნურათ გამოსჭრა ოსური ავტონომია მრავალ წმინდა ქართული სოფლების შიგ ჩართვით. ეს ზომაც მიმართული იყო, რასაკვირველია, იქითკენ რომ ოსურ-ქართული შური გაეღვივებია და საქართველოში შემოსასვლელი ჭიშკრები მოსკოვის ხელში ყოფილიყო სავსებით და ამ მიზნისათვის, ასე წარმოიდგინეთ იმდენათ აწამეს და აჭახრაკეს ავტონომიური ოსეთის საზღვარი, რომ მის ფარგლებში მამისონის გადასავალიც კი მოაქციეს რაჭის მხრიდან“ (გრ.  ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე,  ფიქრები საქართვლოზე /ხელნაწერი/, გვ. 270–271).

ამ ნაწყვეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე სიმართლეს ამბობს. ქართველი ხალხის გულისტკივილს იგი ძირითადად სწორად გადმოსცემს. ეს პრობლემა მაშინ ნამდვილად იდგა. თვით კომუნისტების დამოკიდებულება აფხაზეთის, აჭარისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი მოწყობის სხვადასხვა ასპექტისადმი არაერთგვაროვანი იყო. თუმცა ძირითადად კომუნისტთაგან თითქმის არავინ უარყოფდა ამ რეგიონებისათვის სხვადასხვა ფორმით ავტონომიური უფლებების მინიჭებას. კამათი მხოლოდ ფორმებსა და საზღვრებზე ჰქონდათ.

აქვე უნდა ითქვას, რომ აფხაზეთისა და აჭარისათვის, აგრეთვე ზოგიერთი სხვა რეგიონისათვის ავტონომიური მმართველობის უფლების მინიჭების წინააღმდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაც არ გამოდიოდა. ეს ნათლად ჩანს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომელიც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს დაამტკიცა. მასში ცალკე თავად (მეთერთმეტე) არის გამოყოფილი „ავტონომიური მმართველობა“, სადაც ვკითხულობთ: „მუხლი 107. საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალას ოლქი) ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა. მუხლი 108. წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმართველობათა დებულებანი შემუშავებულ იქნება ცალკე კანონით“ (საქართველოს კონსტიტუცია, მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის თებერვლის 21, ბათუმი, გვ. 31).

მივუბრუნდეთ სამხრეთ ოსეთის რევკომისა და პარტკომის 1921 წლის 6–8 სექტემბრის დადგენილებას. საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის შექმნის მოთხოვნა კიდევ უფრო მიუღებელი და შეუსაბამო იყო, ვიდრე აფხაზეთისა, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ. ასეთი რესპუბლიკა ჩრდილო კავკასიაში მდებარე ნამდვილ ოსეთშიც არ შექმნილა (მაშინ, სხვათა შორის, ჩრდილო ოსეთში არც ავტონომიური რესპუბლიკა და არც ცალკე ოლქი არსებობდა). ნამდვილად კურიოზული იყო ეს მოთხოვნა, იმდენად კურიოზული, რომ, როგორც შემდეგ ვნახავთ, რკპ (ბ) ცნტრალური კომიტეტის კავბიუროც კი ვერ დააკმაყოფილებს მას.

სამხრეთ ოსეთის რევკომისა და პარტკომის გადაწყვეტილებით 6–8 სექტემბრის დადგენილებას თან დაურთეს „მოკლე განმარტებითი ბარათი“, რომელშიც მოცემული იყო ცდა დაესაბუთებინათ სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის აუცილებლობა.

მოხსენებითი ბარათი შედგებოდა შემდეგი განყოფილებებისაგან: სამხრეთ ოსეთის გეოგრაფიული მდებარეობა და მოსახლეობის რაოდენობა, სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური მდგომარეობა და მისი მოსახლეობის კულტურული განვითარების დონე, ისტორიულ-სოციალური განვითარება, სამხრეთ ოსეთის ღარიბ გლეხთა რევოლუციური ბრძოლის ისტორია, დასკვნა. დავიმოწმოთ ორიოდე ადგილი ამ მოხსენებითი ბარათიდან:

«Общность интересов и усилившееся культурно-политическое развитие масс объединяет осетинских крестьян с грузинскими, и в дальнейшем их деятельность протекает в тесном единении вплоть до разгрома Юго-Осетии. С начала февральской революции до октябрьского переворота внутри Осетии боролись только две мелкобуржуазные группы: С. Д. (меньшевиков) и С. Р. О глубоком общественно-классовом расслоении не было и речи потому, что движение носило характер национального освобождения, и кулацкий элемент играл некоторую роль. Беспартийная интеллигенция группировалась в большинстве вокруг С. Р. Большевистская организация, зародившаяся в октябре 1917 года в Тифлисе, работала в то время исключительно среди осетинских рабочих и не имела никакого влияния на крестьян. В процессе борьбы меньшевики, куда входили главным образом рабочие, побеждают, и временно крестьянские массы идут за ними. К началу октябрьского переворота их изменническая политика начинает проявляться, и массы с наиболее честными рабочими отходят от них... После ликвидации восстаний с июля 1918 года в Юго-Осетии зарождаются правильные парторганизации большевиков под руководством Тифлисской секции, перенесшей центр тяжести своей деятельности в деревню. К октябрю 1919 года Юго-Осетия покрывается сетью правильно организованных ячеек, районных организаций (17 райкомов) с числом членов и сочувствующих до 2.000 человек, объединенных уже в Юго-Осетинский партком... Происходвшие в этот период народные съезды выдвигают на повестку дня вопрос о политическом самоопределении Юго-Осетии с ориентацией на Терскую, в то время, Советскую республику. Вопрос был поставлен настолько серьезно, что на пять съездов приезжают столпы меньшевиков: И. Церетели, И. Рамишвили и др. Большевики побеждают, и правительство Жордания разрешает вопрос с помощью германских солдат. Окончательно же вопрос о самоопределении снимается с повестки дня во: 1. Нашествием карательной экспедиции генерала Каралова и Горийского уездначальника Карцивадзе, разгромивших Народный Совет в Цхинвале. 2. Нашествием экспедиционных войск меньшевистского правительства под командованием полк. Химшиева, после неудачного октябрьского выступления. Поход сопровождался расстрелами, поджогами, насилием и тому подобными бесчинствами. Партия уходит в подполье, наиболее видные товарищи изгоняются в Терскую область. С этого времени по июнь 1920 года меньшевистское правительство держит в разных частях Юго-Осетии значительные войсковые силы. Бесчинства и административный произвол делает гнет невыносимым. В июле 1920 года по всей Осетии вспыхивает всеобщее восстание, в результате чего в Цхинвале объявляется Советская власть на всей территории Юго-Осетии. Ряд неблагоприятных обстоятельств для повстанцев дают меньшевикам возможность ликвидировать революционное движение с небывалой жестокостью и зверством. К великому несчастью бессознательная часть грузинских крестьян, под влиянием шовинистической агитации меньшевиков, приняли участие в гнусных деяниях правительства. До февраля 1921 года оставшаяся часть населения Юго-Осетии остается под гнетом правительства, подвергаясь жестоким гонениям. Вот почему главным образом с момента прихода Советской власти трудовые массы Юго-Осетии резко выставляют принцип самоопределения (ხაზგასმა ყველგან ჩვენია – ლ. თ.). ბარათის ავტორები შემდეგ დასკვნებს აკეთებდნენ:

«1. Так как географически Юго-Осетия составляет одно сплошное целое в пределах вышеуказанных границ (ამ საზღვრებში ქართული სოფლებიც იყო მოქცეული – ლ. თ.), население ея этнографически однородно с особым национально-бытовым укладом жизни и хозяйственный быт ее обладает специфическими чертами – необходимо образовать из нее С.С.Р.

2. Степень классового расслоения и самосознания трудовых масс Юго-Осетии (необходимых для нормального развития республики) настолько высока, что обеспечивает республике нормальное развитие культурно-экономических сил ее.

3. Образование такой политической единицы, при данных объективных условиях, создает благоприятную почву для приобщения трудящихся Юго-Осетии к Советской власти (школа, суд и другие учреждения на родном языке) и скорейшего изживания чувства национального угнетения, которое появилось, главным образом, в период меньшевистского господства.

4. Свободное и успешное развитие культурно-экономических сил Юго-Осетии возможно только в том случае, если включить в состав ее те районы со смешанным населением, которые являются единственным культурно-экономическим центром Юго-Осетии и органически связаны с нею» (სუიცსა, ფ. 281, აღწ. 2, საქ. 3, ფურც. 165–166).

მაშასადამე, სამხრეთ ოსეთის რევკომი და პარტიული კომიტეტი ადასტურებდნენ, რომ: 1) სამხრეთ ოსეთის გლეხთა მოძრაობა კლასობრივ ნიადაგზე კი არ იყო აღმოცენებული, არამედ იგი ეროვნულ ხასიათს ატარებდა; 2) ბოლშევიკური ორგანიზაციები სამხრეთ ოსეთში მხოლოდ 1918 წლის ივლისის შემდეგ იქმნება, მანამდე თბილისის ბოლშევიკურ ორგანიზაციას სამხრეთ ოსეთის გლეხობაზე არავითარი გავლენა არ ჰქონია. ე. ი. 1918 წლის მარტის შეიარაღებული გამოსვლა ადგილობრივი ბოლშევიკური ორგანიზაციის მიერ მომზადებული არ იყო, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ბარათის ავტორთა აზრით, ამ გამოსვლას ეროვნული ხასიათი ჰქონდა; 3) 1919 წლის ოქტომბრის შემდგომ პერიოდში სამხრეთ ოსეთში გამართული სახალხო ყრილობები აყენებდნენ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური თვითგამორკვევისა და თერგის რესპუბლიკასთან მისი შეერთების საკითხს.

ყოველივე ამის შემდეგ აღარ უნდა უკვირდეთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა სასტიკად ილაშქრებდნენ ოსი ექსტრემისტების წინააღმდეგ. ბარათის ავტორები მხოლოდ იმ რეპრესიებზე ლაპარაკობენ, რომლებსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ახორციელებდნენ ოსთა აჯანყებების ჩასაქრობად, ხოლო კრინტსაც არ ძრავდნენ იმაზე, თუ რა ვანდალურ აქციებს მიმართავდნენ ოსი ექსტრემისტები სამაჩაბლოს ძირძველი მოსახლეობის წინააღმდეგ.

მოხსენებითი ბარათის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ოსეთის საკითხი საბოლოოდ გერმანელ ჯარისკაცთა დახმარებით გადაწყვიტა. ეს არ არის სწორი, რადგანაც ლაპარაკია 1919 წლის ოქტომბრის შემდგომ პერიოდზე, როცა საქართველოში გერმანელთა ჯარი უკვე აღარ იყო.

ავტორებს ისე გამოუდით, თითქოს ოსთა 1920 წლის ივნისის აჯანყება ოსი მოსახლეობისადმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარის ნაწილების უდიერმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. ჩვენ უკვე ვნახეთ რამ გამოიწვია ეს აჯანყება და ვინ იყო მისი სულისჩამდგმელი.

ავტორები სინანულით აღნიშნავენ, რომ „ქართველი გლეხობის შეუგნებელი ნაწილი მენშევიკთა შოვინისტური აგიტაციის გავლენით“ მთავრობის ღონისძიებებში მონაწილეობდა. გულისხმობენ ოსთა აჯანყების ჩაქრობაში ქართველი გლეხობის მონაწილეობას. ჩვენ ის გვიკვირს, ნამდვილად გვიკვირს, რომ ექსტრემისტების წაქეზებით ოსი გლეხობის, მართლაც, „შეუგნებელმა ნაწილმა“ ხელი აღმართა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, თორემ ის რა გასაკვირია, რომ ქართველმა გლეხობამ (მისმა შეგნებულმა თუ „შეუგნებელმა“ ნაწილმა) მონაწილეობა მიიღო საკუთარ სახლში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვაში.

ისიც გაუგებარია, თუ სამხრეთ ოსეთის რევკომი და პარტკომი რატომ მოითხოვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის მაინცდამაინც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნას. განა რა ობიექტური პირობები იყო, ან რა ფაქტები მოიყვანეს ისეთი (თუნდაც ყველა მათგანი მართალი ყოფილიყო), რომლებიც აუცილებელს ხდიდნენ სწორედ ასეთი რესპუბლიკის შექმნას. თანაც თავიდანვე ჰქონდათ გამიზნული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ქართული სოფლების გაერთიანებაც.

მოხსენებით ბარათში ნახსენებია „გენერალ კარალოვის დამსჯელი ექსპედიცია“. ამასთან დაკავშირებით ერთი დოკუმენტი გვინდა გავაცნოთ მკითხველს. 1922 წლის 11 ივლისს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა სპეციალურად იმსჯელა ამ საკითხზე და საჭიროდ მიიჩნია, რომ სამხრეთ ოსეთის პარტკომის დახმარებით მოეძიათ მასალები მოხსენებისათვის, რომელშიც გაშუქებული იქნებოდა გენერალ კარალოვის დამსჯელი რაზმის საქმიანობა სამხრეთ ოსეთში 1919 წლის მაისში (იხ. მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 192, ფურც. 683).

ცენტრალურ კომიტეტში ამ საკითხის განხილვის საბაბი გახდა ცალკე კავკასიის არმიის განსაკუთრებული [თუ: საგანგებო – ი. ხ.] განყოფილებიდან 1922 წლის ივნისში შემოსული შემდეგი წერილი:

«В секретариат Ц.К.П. Грузии.

Прошу поручить одному из компетентных членов К.П. Грузии составить доклад о действиях карательного отряда генерала Каралова в Южной Осетии в мае 19-го года и направить таковой по возможности не позднее 20-го июня в особотдел ОКА.

В докладе желательно осветить, главным образом следующие пункты:

1) Сколько было выступлений в Южной Осетии за все время меньшевистского правления; 2) Какой характер (белогвардейский /ხაზგასმა ჩვენია – ლ. თ./, или коммунистический) носили выступления в мае 1919 года; 3) Кто отличался наибольшей активностью из лиц командования в экспедиции генерала Каралова» (იხ. მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 192, ფურც. 700).

მკითხველის ყურადღება გვინდა მივაპყროთ დოკუმენტის იმ ადგილს, სადაც ლაპარაკია იმაზე, თუ რა ხასიათისა იყო გამოსვლები სამხრეთ ოსეთში 1919 წლის მაისში. ეს საკითხი დღესაც აქტუალურია. ყოველ შემთხვევაში დენიკინთან ამ გამოსვლების კავშირი რომ გამოსარიცხავი არ არის, ეს უეჭველია.

სამხრეთ ოსეთის რევკომისა და პარტკომის 1921 წლის 6–8 სექტემბრის გაერთიანებულმა სხდომამ დაამტკიცა აგრეთვე „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტი“ და „სამხრეთ ოსეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრების პროექტი“. საზღვრების პროექტში სათითაოდაა ჩამოთვლილი სოფლები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში უნდა გაეერთიანებინათ. მათ შორის მოჰყვა ბევრი ქართული სოფელიც (ქართული და შერეული მოსახლეობით) გორის, დუშეთის, რაჭისა და შორაპნის მაზრებიდან. სამხრეთ ოსეთის საზღვრების პროექტში დასახელებული სოფლები საინტერესოა ქართული ტოპონიმიკის თვალსაზრისით. თვალში გეცემათ სოფელთა სახელწოდებების ქართული წარმომავლობა (იხ. სუიცსა, ფ. 281, აღწ. 2, საქ. 3, ფურც. 168–169).

„სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტი“ სულ 15 მუხლისაგან შედგებოდა. მასში ჩამოთვლილი იყო სახალხო კომისარიატები, რომლებიც რესპუბლიკაში უნდა შექმნილიყო, განსაზღვრული იყო მათი კომპეტენციის სფეროები (მათან ზოგი საქართველოს სსრ სათანადო სახალხო კომისარიატებს ექვემდებარებოდა, ზოგიც დამოუკიდებელი რჩებოდა) და სხვა. კონსტიტუციის პროექტში მაგალითად, ნათქვამი იყო:

«Столицей С.С.Р. Юго-Осетии является г. Цхинвали»;

«С.С.Р. Юго-Осетия состоит в федеративной связи с С.С.Р. Грузией»;

«Для борьбы с контрреволюцией организуется особая Юго-Осетинская конная воинская часть с командованием на русском языке»;

«Всеми финансовыми и техническими средствами С.С.Р. Юго-Осетия снабжается из средств С.С.Р. Грузии»;

«Языком сношения между С.С.Р. Юго-Осетией и С.С.Р. Грузией служит русский язык» (სუიცსა, ფ. 281, აღწ. 2, საქ. 3, ფურც. 167).

როგორც ვნახეთ, კონსტიტუციის პროექტიდან დამოწმებულ ამონაწერებში რუსული ენის გამოყენების საკითხზე ორჯერ არის ყურადღება გამახვილებული. ეს უმთავრესად აიხსნება ცარიზმის დროს სამხრეთ ოსეთში შექმნილი ენობრივი სიტუაციით, რომლის გამოსწორებას არც ახალი რუსეთი ცდილობდა. გარდა ამისა, აქ აშკარად იგრძნობა ქართული ენის უპატივცემულობაც (შდრ. ნ. ხუცუშვილი, „შიდა ქართლი – ისტორია და თანამედროვეობა“, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1990 ელის 20 იანვარი).

გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს ურთიერთობიდან. 1919 წლის 4 მარტს სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სწერდა:

«Южно-Осетинский Национальный Совет просит Вас не отказать сделать распоряжение подведомственным учреждениям и должностным лицам о том, чтобы переписку с Осетинским национальным Советом и Осетинскими Обществами велась на русском языке, так как знающих грузинский язык в учреждениях Осетии почти нет, а о содержании переводчиков за отсутствием средств не приходится и говорить» (სუიცსა, ფ. 1861, აღწ. 1, საქ. 355, ფურც. 3).

სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს ამ თხოვნასთან დაკავშირებით სამთავრობო დაწესებულებებში რამდენიმე დოკუმენტი შეიქმნა. გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს.

1919 წლის 7 მარტს საქართველოს რესპუბლიკის საქმეთა მმართველი კ. ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის დირექტორს სწერდა (ასლი სხვა უწყებებსაც დაეგზავნა): „გაახლებთ რა სამხრეთ-ოსეთის ეროვნული საბჭოს შუამდგომლობის პირს, მიწერ-მოწერის წარმოების შეასხებ რუსულ ენაზე, გთხოვთ რათა ხსენებული შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნას“ (იქვე).

1919 წლის 11 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის დირექტორი რესპუბლიკის საქმეთა მმართველობას აცნობებდა: „დამატებით თქვენის ა/წ. მარტის 7-ის # 605 მომართვისა და თანახმათ ბ-ნ მინისტრის განკარგულებისა, იუსტიციის სამინისტროს კანცელარია გთხოვთ გვაცნობოთ ვისის განკარგულებით გამოიგზავნა იუსტიციის სამინისტროში საქართველოს ოსთა ეროვნულ საბჭოს შუამდგომლობა მასთან ყველა მიწერ-მოწერის რუსულ ენაზე წარმოების შესახებ და გაქვთ თუ არა ამ საგნის შესახებ რესპუბლიკის მთავრობის ბრძანება, ვინაიდან სამინისტროს კანცელარია აწარმოებს მთელ მიწერ-მოწერას ქართულ ენაზე“ (სუიცსა, ფ. 1861, აღწ.1, საქ. 355, ფურც. 6).

ამ მიმართვაზე საქართველოს მთავრობის საქმეთა მმართველის პასუხი, რომელიც 1919 წლის 17 მარტით არის დათარიღებული, ასეთ იყო: „პასუხათ თქვენი ა. წ. მარტის 11 # 1144 მომართვისა მთავრობის საქმეთა მმართველობა გაცნობებთ, რომ განკარგულება ოსთა ეროვნულ საბჭოს შუამდგომლობის შეწყნარების შესახებ, რომ მიწერ-მოწერა ჩვენ დაწესებულებათა და მათ შორის ხდებოდეს რუსულ ენაზე – მოახდინა მთავრობის საქმეთა მმართველმა. მთავრობის დადგენილება ამის შესახებ არ ყოფილა და არც უნდა ყოფილიყო, რადგანაც თავისთავად ცხადია, რომ სხვა ერებთან მიწერ-მოწერა უნდა სწარმოებდეს მათ ენაზე ან იმ ენაზე, რომელზედაც მათ სურთ რომ მიწერ-მოწერა იწარმოოს. სხვანაირად მოქცევა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაწესებულებებს არ შეუძლიათ, რადგანაც ეს იქნებოდა ღალატი იმ პრინციპებისა, რომელზედაც არის აგებული ჩვენი რესპუბლიკა. და თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ ოსურ ეროვნულ საბჭოს თხოვნა ადვილი დასაკმაყოფილებელია, ამ თხოვნის შეუსრულებლობა უსამართლოც იქნებოდა“ (იქვე, ფურც. 4).

იუსტიციის სამინისტრო არ დააკმაყოფილა მთავრობის საქმეთა მმართველის ამ პასუხმა და 1919 წლის 20 მარტს კვლავ გზავნის ოფიციალურ წერილს მთავრობის საქმეთა მმართველობაში: „პასუხად თქვენის ა. წ. მარტის 7-ის # 605 მომართვისა ოსთა ეროვნულ საბჭოს შუამდგომლობის შეწყნარების შესახებ, რომ მიწერ-მოწერა სამინისტროსი მასთან სწარმოებდეს რუსულ ენაზე, იუსტიციის სამინისტროს კანცელარია გაცნობებთ, რომ მას არ შეუძლიან დაიცვას თქვენს მომართვაში აღნიშნული წესი მიწერ-მოწერისა, ვინაიდან კანცელარიას აქვს ბ-ნ მინისტრის კატეგორიული განკარგულება, რომლის მიხედვით სახელმწიფო ტერიტორიის ფარგებში იუსტიციის სამინისტროს კანცელარია როგორც სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო ენაზე უნდა აწარმოებდეს მიწერ-მოწერას, თუნდაც ქვეშევრდომი არაქართველ ტომს ეკუთვნოდეს. ხსენებული განკარგულების გაუქმება ან შეცვლა შეადგენს მხოლოდ მინისტრის ან რესპუბლიკის მთავრობის კომპეტენციას“ (იქვე, ფურც. 1–2).

და კიდევ ერთი დოკუმენტი. 1919 წლის 24 მარტს საქართველოს მთავრობის საქმეთა მმართველი კ. ჯაფარიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ე. გეგეჭკორს სწერდა: „6 ამა მარტს მთავრობის თავმჯდომარის სახელზე, ჩემდამი რწმუნებულ მმართველობაში შემოვიდა სამხრეთ-ოსეთის ეროვნული საბჭოს თხოვნა, რომელშიც ხსენებული საბჭო შუამდგომლობს, რომ ჩვენი რესპუბლიკის დაწესებულებათა და მათ შორის მიწერ-მოწერა სწარმოებდეს რუსულ ენაზე, რადგანაც ქართული ენის მცოდნენი მათ თითქმის არ მოეპოვებათ, ხოლო თარჯიმანთა შენახვა, უსახსრობის გამო, არ შეუძლიათ.

ვიხელმძღვანელე რა ამა წლის 1 ოქტომბრის (ასეა დედანში – ლ. თ.) პარლამენტის დადგენილებით, საიდანაც ნათლად სჩანს, რომ პარლამენტს არა თუ არ უფიქრია ეროვნულ უმცირესობათა თავის ენაზე მიწერ-მოწერის წარმოების უფლების შეზღუდვა, არამედ ამის შესახებ ცალკე კანონის გამოცემაც კი საჭიროდ დაინახა და აგრეთვე იმ მოსაზრებით, რომ სხვა ერებთან მიწერ-მოწერა, თანახმად იმ პრინციპებისა, რომელზედაც არის აგებული ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა, უნდა წარმოებდეს იმ ენაზე, რომელზედაც მათ სურთ, მე შევატყობინე ყველა სამინისტროებს, რომ ეს სამართლიანი თხოვნა ოსთა ეროვნული საბჭოსი დაეკმაყოფილებინათ. პასუხად ჩემი მიმართვისა (ა. წ. 7 მარტის, # 605), იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის დირექტორი შემეკითხა რა უფლების ძალით გავუგზავნე მას ზემოთ აღნიშნული ჩემი მიმართვა.

ყოველივე გაუგებრობის თავიდან ასაცდენათ ამა თვის 10 მარტს ამ საქმის შესახებ მე თქვენ გაგიკეთეთ მოხსენება და თქვენც, გაიზიარეთ რა ზემოთ მოყვანილი ჩემი მოსაზრება, დამავალეთ მიმეწერა იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის დირექტორისათვის, რომ თხოვნა ოსთა ეროვნული საბჭოსი დაეკმაყოფილებიათ. პასუხად აღნიშნული მიმართვისა, ხსენებული დირექტორი მწერს, რომ მას: „არ შეუძლიან დაიცვას“ ჩემს „მომართვაში აღნიშნული წესი მიწერ-მოწერისა“. ესე იგი, ის, დირექტორი არ ემორჩილება ჩემს, მთავრობის საქმეთა მმართველის განკარგულებას.

მიმაჩნია რა პირდაპირ დაუშვებლათ ამნაირი საქციელი იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის დირექტორისა, საჭიროდ დავინახე მომეხსენებია ზემოთ აღნიშნული თქვენთვის შესაფერისი ზომების მისაღებათ“ (სუიცსა, ფ. 1861, აღწ. 1, საქ. 355, ფურც. 12–13).

ამ დავაში მტყუანისა და მართლის გარჩევისაგან ამჯერად თავს შევიკავებთ. დავიხსომოთ, მხოლოდ თუ როგორ ზრუნავდნენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეროვნულ უმცირესობათა დაცვისა და საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართული ენის ფუნქციის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე განვრცობისათვის. დავიხსომოთ ისიც, რომ ე. გეგეჭკორიცა და კ. ჯაფარიძეც იმ მთავრობის წარმომადგენლები არიან, რომელიც ჩვენს ისტორიოგრაფიას ეროვნულ უმცირესობათა მჩაგვრელის როლში გამოჰყავდა. მკითხველი იუსტიუციის სამინისტროს პოზიციასაც გაგებით მოეკიდება, ცხადია.

ამ მიმოწერიდან ისიც კარგად ჩანს, რომ სამხრეთ ოსეთის მესვეურები იმ დროიდანვე უწყობდნენ ხელს სამხრეთ ოსეთში (გორის მაზრის ოსებით დასახლებულ ტერიტორიაზე) რუსული ენის პოზიციების გაძლიერებას ქართული ენის ხარჯზე.

ახლა ვნახოთ რა ბედი ეწია სამხრეთ ოსეთის რევკომისა და პარტიული კომიტეტის 1921 წლის 6–8 სექტემბრის გაერთიანებულ სხდომაზე მიღებულ დადგენილებას სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის თაობაზე. ცხადია, საკითხი უნდა გადაეწყვიტათ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, საქართველოს სსრ რევოლუციურ კომიტეტსა და რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს. ამ უკანასკნელის სიტყვა გადამწყვეტი იყო.

გაერთიანებული სხდომის დადგენილებისა და მასთან დაკავშირებული სხვა მასალები საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა 1921 წლის 27 სექტემბერს გაუგზავნა საქართველოს სსრ რევოლუციურ კომიტეტს. ამ უკანასკნელმა 1921 წლის 10 ოქტომბერს „სამხრეთ ოსეთის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის საკითხი“ განსახილველად გადასცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს. რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ რესპუბლიკის ხელმძღვანელი ორგანოები. მათ უნდა გადაეწყვიტათ სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის ფორმის, მისი დედაქალაქისა და საზღვრების საკითხები. საქმეს რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიურომ მოაბა თავი. 1921 წლის 31 ოქტომბერს მან მოისმინა შ. ელიავას მოხსენება ამ საკითხზე და დაადგინა:

«1. Предоставить Южной Осетии права Автономной Области; 2. Предложить Ревкому Грузии совместно с Южно-Осетинским Исполкомом определить границы Южной Осетинской Автономной области» (მლი ცპა, ფ. 64, აღწ. 1, საქ. 2, ფურც. 80).

კავბიუროს დადგენილებაში ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის შესახებ არაფერია ნათქვამი. ეს საკითხი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა გადაწყვიტა 1921 წლის 17 ნოემბერს, როცა ა. ჯატიევისა და მ. ორახელაშვილის მოხსენების საფუძველზე დაადგინა:

«Принципиально признать гор. Цхинвали входящим в Южно-Осетинскую автономную область как административный центр последней» (მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 8, ფურც. 7).

1921 წლის 23 ნოემბერს კი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა დაამტკიცა შემადგენლობა კომისიისა, რომელსაც უნდა დაედგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქოს საზღვრები, და საქართველოს რევკომს წინადადება მისცა ამ კომისიაში შეეყვანა კაკაბაძე, შოტი, ჯატიევი და გაგლოევი (მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 8, ფურც. 31).

კომისიის პირველი სხდომა 1921 წლის 5 დეკემბერს გაიმართა. კომისიის თავმჯდომარედ კირილე კაკაბაძე აირჩიეს, მდივნად – სერგო გაგლოევი. იმსჯელეს კომისიის მუშაობის გეგმებსა და მეთოდებზე. დააგინეს, რომ:

«При нанесении границ Автономной области Юго-Осетии руководствоваться соображениями целесообразности, удобствами административного управления, экономическим и культурно-национальным тяготением населенных пунктов к тому или иному центру. Причем для практического проведения в жизнь постановления ЦК, о признании Цхинвали административным центром последней, комиссия по ознакомлении на месте считает достаточным ограничиться пропагандой и разъяснением истинного положения, дабы рассеять распускаемые среди населения слухи» (სუიცსა, ფ. 281, აღწ. 2, საქ. 3, ფურც. 172).

მაშ ასე, გადაწყდა რომ იქმნება სამხრეთ ოსეთის არა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და არც ავტონომიური რესპუბლიკა, არამედ ავტონომიური ოლქი. ამ საკითხს რაიმე გართულება არ გამოუწვევია. უთანხმოება მოჰყვა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ცენტრად ცხინვალის გამოცხადებასა და ოლქისათვის ქართული სოფლების გადაცემას. თუმცა ცხინვალის რაიონის ქართული სოფლების კომუნისტურ უჯრედთა კრებამ 1921 წლის 5 დეკემბერსვე დაადგინა:

«Выслушав доклад т. Какабадзе об образовании Автономной области Юго-Осетии с центром в гор. Цхинвале собрание комячеек признает правильным постановление ЦК Компартии Грузии об образовании А.О.Ю.О. с центром в Цхинвале и приветствует это постановление» (იქვე, ფ. 281, აღწ. 2, საქ. 3, ფურც. 173).

ცხინვალის რაიონის კომუნისტებმა, რომელნიც პარტიული დისციპლინის ერთგულნი იყვნენ, მხარი დაუჭირეს ზემდგომი ორგანოების დადგენილებას. კ. კაკაბაძეს აქ დიდი შრომა არ დასჭირდებოდა. სულ სხვა მდგომარეობა შეიქმნა ქართულ უპარტიო მოსახლეობაში. 1921 წლის 5 დეკემბერს ცხინვალში ორი კრება ჩატარდა. ერთზე უკვე ვთქვით. მეორე კრება ცხინვალის რაიონისა და ქ. ცხინვალის ქართველმა მოქალაქეებმა ჩაატარეს. ელერდოვის მოხსენების შემდეგ საერთო კრებამ დაადგინა:

«Собрание граждан представителей груз. сел большинством голосов высказалось против включения Цхинвали в состав Ав.О.Ю.О. Собрание в большинстве своем состояло из кулацко-меньшевистских элементов. Настроение в селах таково, что местные коммунисты не в состоянии выступать против них по слабости организации» (სუიცსა, ფ. 281, აღწ. 2, საქ. 3, ფურც. 174).

კრების მესვეურებმა ვერ შეასრულეს პარტიული დავალება – კრებას ვერ მიაღებინეს მონაწილეთა ნების საწინააღმდეგო დადგენილება. ყველაფერი თურმე „კულაკურ-მენშევიკურმა უმრავლესობამ“ გადაწყვიტა, ყოველ შემთხვევისათვის ოქმში ასე ჩაწერეს.

230 კაცი აწერდა ხელს სოფლების დვანის, ნულისა და ავნევის მცხოვრებთა ერთობლივ განცხადებას, რომელიც 1921 წლის 26 დეკემბერს დაიწერა: „ჩვენ, ქვემორე ამისი ხელისმომწერელნი გორის მაზრის ცხინვალის რაიონის ს. ს. დვანის, ნულისა და ავნევის მცხოვრებელნი, ამა რიცხვში შევიკრიბენით ს. დვანში საერთო კრებაზე და ვიქონიეთ მსჯელობა ქ. ცხინვალის და მის რაიონის ოსეთის ადმინისტრაციულ მართვა-გამგეობაში მოსალოდნელი გადასვლის შესახებ. ამ მეტად მძიმე და საყურადღებო საკითხის გამოსარკვევად, რათა ხალხს თავიდან აცილებოდა ის პროვოკაცია, რაიც იწვევდა ამ ორ მოძმე ერთა შორის მტრობასა და შუღლსა, სსრ მთავრობის მიერ იყო დანიშნული და გამოგზავნილი კომისია ამხ. კაკაბაძის თავმჯდომარეობით, რომელსაც, როგორც გავიგეთ, ჰქონდა დავალება, რომ შეჰკითხვოდა ქ. ცხინვალისა და მისი რაიონის მოსახლეობას, რომლებიც შესდგება, სულ ქართველებისაგან, სულ მცირედი გამონაკლისით, თუ რა აზრისანი იყვნენ ქ. ცხინვალის სამხრეთ-ოსეთის მართვა-გამგეობაში გადაცემის შესახებ. ამაზეც ყველა სოფლებსა გვყვანდა ქ. ცხინვალში გაგზავნილი ხუთ-ხუთი კაცი, სოფლის ნდობით აღჭურვილი. კრება მოხდა ქ. ცხინვალში, დაახლოებით ამ სამი კვირის წინათ. დაესწრნენ ყველა სოფლის წარმომადგენელნი (45 სოფელი). მოისმინა რა კრებამ კომისიის მოხსენება ცხინვალის ბედ-იღბალზე, რომელმაც თავის მოხსენებას მისცა განმარტება, რომ ქ. ცხინვალის გადაცემა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ცენტრად, არავითარი საწინააღმდეგო არ უნდა იყოს ქართველობისათვის და ამასთანავე, შეეკითხა კრებას გამოეთქვა აზრი ამ საკითხის შესახებ. კრებამ ერთხმად, კატეგორიულად პროტესტი განაცხადა ქ. ცხინვალის და მისი რაიონის სამხრეთ ოსეთზე გადაცემის შესახებ. ...გარდა ამისა, კრებამ სურვილი გამოსთქვა და დიდი აღფრთოვანებით შეხვდა ოსეთის ეროვნულ თვითგამორკვევას და გაუსვა ხაზი, რომ ეს თვითგამორკვევა მოხდეს თავიანთივე ეროვნულ ფარგლებში. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ქ. ცხინვალი და მისი რაიონი გადაეცეს სამხრეთ ოსეთს, სცნო რა კრებამ ოსეთის ასეთი მოთხოვნილება მიზანშეუწონლად და უკანონოდ, რაც გამოიწვევს ჩვენი ერის პოლიტიკურ და ზნე-ჩვეულებრივ დაჩაგვრა-დამონავებას, ერთხმად დიდი პროტესტი განუცხადა ქ. ცხინვალისა და მისი რაიონის სამხრეთ ოსეთის მართვა-გამგეობაში გადაცემის შესახებ.

დიდი ხნის ბჭობის შემდეგ ერთხმად დავადგინეთ შემდეგი: რადგანაც დღევანდლამდის ჩვენ ხალხს ამ კომისიის დადგენილების შინაარსი არაფერი არ გაგვიგია, თუ რამდენად ანგარიში გაუწია კომისიამ ხალხის პროტესტს, ან რანაირი რეზოლუცია გამოუტანეს, არის დამაკმაყოფილებელი ხალხის სურვილისა თუ არა. ამაზედ მოვმართავთ სსრ მთავრობას, რათა ჩვენ მიერ ამორჩეული დელეგატის პირით გვამცნოს ვითარება ამ ფრიად საჭირო საკითხის შესახებ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ვინაიდან ქ. ცხინვალი და მისი რაიონი არის ფართედ დასახლებული ქართველებით, რომელთა რიცხვიც მინიმალურად უდრის ხუთი ათას მეკომურსა და გარდა ამისა, ქ. ცხინვალი ითვლებოდა და ითვლება კიდეც, როგორც გეოგრაფიული მდებარეობით, აგრეთვე მის გარშემორტყმულ ქართველებით დასახლებული სოფლებით, ქართლის შუაგულ კუთხედ. ამისათვის განმეორებით დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ მუშურ-გლეხური მთავრობა ანგარიშს გაუწევს ხალხის სამართლიან მოთხოვნილებას და მოსალოდნელ ჩვენ და ოსებს შორის ეროვნული შუღლის თავიდან ასაცილებლად ქ. ცხინვალი თავისი რაიონით დასტოვოს სს რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ფარგლებში...“ (გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1990 წლის 20 იანვარი, ნ. ხუციშვილის დასახ. პუბლიკაცია).

კიდევ რამდენიმე ამონაწერი ქართული სოფლების მცხოვრებთა საერთო კრებების ოქმებიდან:

„...რისთვის უნდა ვიყოთ მოქცეულნი ოსეთის ფარგლებში ეროვნებათა თვითგამორკვევის აღსასრულებლად. მით უმეტეს, რომ მათი ენა ჩვენთვის სრულიად გაუგებარია და უცხო, მხოლოდ რაც შეეხება ეროვნებათა უმრავლესობას, მთელი ეს ჩრდილოეთი მხარე რაიონისა, მცირე გამონაკლისით, დასახლებულია ქართულ ენაზედ მოსაუბრე, მემკვიდრე ქართველებით“ (სოფ. ძარწემი, 1921 წლის 25 დეკემბერი).

თუ ჩვენს მოთხოვნაზე უარს გვეტყვით „...მთავრობამ მაშინ მოგვცეს ბინა და გადაგვასახლოს შორს სადმე, რომ ჩვენს თვალსა და ყურს ვერ მოსწვდებოდეს ჩვენი ადგილების კვნესა და არ ატირებდნენ ჩვენ ძველად განთქმულ გულგმირულ ჩვეულებას“ (სოფ. ქორდი, 1921 წლის 25 დეკემბერი).

„...ჩვენ მუდამჟამს გვქონდა და ახლაც გავქვს ოსებთან ძმური, მეგობრული, ნათესაური კავშირგანწყობილება. ეხლაც გულახდილად ვაცხადებთ, რომ მათთან, ოსებთან, ჩვენ მტრობა-ქიშპობას არ გავწევთ. ქართველებმა იცხოვრონ თავიანთ ფარგლებში, ჰქონდეთ განსაზღვრული მიჯნები, ჰყავდეთ თავიანთი მოსამსახურე, მოსამართლე. ოსებმა კიდევ თავიანთ ფარგლებში განაგონ თავიანთი საქმე ისე, როგორც თვითონა სურთ. ეს ორი ეროვნება თავიანთ საზღვრებს ნუ გადავლენ“ (სოფ. ტირძნისი, 1921 წლის 26 დეკემბერი).

„...ვატანთ რა ამ დადგენილებას ჩვენს წარმომადგენლებს, იმედს გამოვთქვამთ, მთავრობა ჩვენს სამართლიან მოთხოვნილებას შეიწყნარებს და თავზე არ მოგვახვევს იმას, რაც ხალხს არ სურს“ (სოფლები ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ხვითი. 1921 წლის 27 დეკემბერი) (კრებათა ოქმები იხ. სუიცსა, ფ. 600, აღწ. 2, საქ. 5. გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1990 წლის 20 იანვარი).

ასეთი იყო ქართული მოსახლეობის აზრი. ახლა ვნახოთ რას ფიქრობდა ამ საკითხზე საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი, რომელიც უშუალოდ სწავლობდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობას (უწყებრივად ევალებოდა) და რომელსაც პრაქტიკულად უნდა განეხორციელებინა ზემდგომი პარტიული ინსტანციების გადაწყვეტილება.

საარქივო ფონდებში დაცულია საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ბესო კვირკველიას მოხსენებითი ბარათი სამხრეთ ოსეთის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ 1921 წლის 27 სექტემბერს განსახილველად გაეგზავნა საქართველოს სსრ რევოლუციურ კომიტეტს. იგი ასე იწყება: „სამხრეთ ოსეთის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფა სამაზრო ერთეულის უფლებებით გეოგრაფიულ და ეკონომიური მოსაზრებით, საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს შეუძლებლად მიაჩნია.

სამხრეთ ოსეთი როგორც მთლიანი გეოგრაფიული ერთეული არ არსებობს. არის მხოლოდ ოსობით დასახლებული ცალკე რაიონები, რომელთაც ურთიერთშორის არავითარი დამოკიდებულება არა აქვთ არც გეოგრაფიულად და არც ეკონომიურათ. თვითეული ამ რაიონთაგანი წარმოადგენს განუყოფელ ორგანულ ნაწილს სხვა და სხვა გეოგრაფიულ და სამეურნეო პროვინციებისას. ეს რაიონები ერთმანეთისაგან დაშორებულნი არიან გადაუვალი მთებით და ამასთანავე თვითეულს მათგანს აქვს სრულიად თავისუფალი გამოსავალი მხოლოდ ბარში. იგინი ერთი მეორეს მოწყვეტილნი არიან წლის განმავლობაში რამდენიმე თვით და თვითეული მათგანი ეკონომიურათ დამოკიდებულია იმ ველთან, რომელთანაც დაკავშირებულია გეოგრაფიულად“ (მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 10, ფურც. 121).

მოხსენებითი ბარათი იწერება იმ პერიოდში, როცა სამხრეთ ოსეთის რევკომი და პარტკომი აყენებდნენ საკითხს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს კი შეუძლებლად მიაჩნია არათუ სამხრეთ ოსეთის სს რესპუბლიკის, ან ავტონომიური რესპუბლიკის, ან თუნდაც ავტონომიური ოლქის შექმნა, არამედ საერთოდ ამ რეგიონის ცალკე სამაზრო ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფაც.

სამხრეთ ოსეთის ცალკე სამაზრო ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის მიზანშეუწონლობას (თუ კი მის ფარგლებში ქართული სოფლებიც მოექცეოდა) შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი უმთავრესად გეოგრაფიული, დემოგრაფიული, და ეკონომიკური თვალსაზრისით განიხილავდა.

ოსთა კომპაქტური დასახლება ყველაზე მეტად შესამჩნევი იყო გორის, დუშეთის, რაჭისა და შორაპნის მაზრებში. გორის მაზრაში ოსური დასახლებით გამოირჩეოდა მდ. ფრონის სათავეები, ყორნისისა და წუნარის რაიონები, სადაც, სახალხო კომისარიატის მონაცემებით, ოსთა მოსახლეობა მცხოვრებთა 88 პროცენტს უდრიდა. დიდი ლიახვის ხეობაში ოსები ცხოვრობდნენ სოფ. კეხვამდე. ამ სოფლის სამხრეთით მხოლოდ ქართველებით დასახლებული სოფლები იყო, სადაც ოსთა რიცხვი მცხოვრებთა 15 პროცენტს არ აღემატებოდა. ასევე იყო პატარა ლიახვის ხეობაშიც, სადაც ოსები სოფ. ვანათამდე ცხოვრობდნენ. ვანათის ჩრდილოეთით განლაგებულია ქართული სოფლები: ბელოთი, ორი ხოწურა, საცხენე, აწრისხევი და სხვა. დუშეთის მაზრაში ოსები ცხოვრობენ არაგვისა და ქსნის სათავეებთან, რაჭის მაზრაში – ჯოჯურას სათავეებთან, ჩასავალის რაიონში.

გორისა და რაჭის მაზრებს ერთმანეთისაგან ყოფს გადაუვალი მთა, რომლის სიმაღლე 9000 ფუტამდე აღწევს. ყველაზე უფრო დაბალი ადგილი ამ მთისა 6440 ფუტია. ასე რომ ჩასავალში მცხოვრები ოსების ეკონომიკური და ადმინისტრაციული დაკავშირება გორის მაზრის ოსობასთან, მით უმეტეს ზამთარში, ტექნიკურად დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშრებული, მაშინ როცა რაჭის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი – ონი სულ რაღაც 7–10 ვერსით იყო დაშორებული ჩასავალის რაიონთან. „ამგვარათ ჩასავალის რაიონის მიწებება გორის მაზრის ოსობასთან იქნება სრულიად ხელოვნური, ბუნების და ეკონომიური ურთიერთობების საწინააღმდეგო კავშირი“, ნათქვამია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მოხსენებით ბარათში.

ამავე მოსაზრებებს ეყრდნობოდა ბ. კვირკველია, როცა გორისა და დუშეთის მაზრათა ოსობის ადმინისტრაციული და ეკონომიკური გაერთიანების შეუძლებლობას ამტკიცებდა. გორისა და დუშეთის მაზრებს, აღნიშნავდა იგი, „ყოფს თოვლიანი მთები, რომელთა სიმაღლე 11.332 ფუტამდის ადის და არსად 7.500 ფუტზე დაბლა არ არის და ეს მთები წლის განმავლობაში 7–8 თვე სრულიად გარდაუვალია. ამავე ბუნებრივ გეოგრაფიულ მიზეზების გამო არავითარი სამეურნეო კავშირი ამ ორ რაიონს შორის არ არსებობს. კობის რაიონი ე. ი. დუშეთის მაზრის ზემოთაღნიშნული ჩრდილო დასავლეთის სექტორი, სადაც ოსების მოსახლეობა 60 % არ აღემატება, დაკავშირებულია ეკონომიურათ დუშეთთან სამხედრო გზით, რომელიც 30–40 ვერსით დაშორებულია ამ რაიონს. გორის მაზრის ოსობასთან კავშირისათვის კობის რაიონის ოსობა იძულებული იქმნება იაროს წელიწადში რვა თვე მაინც დუშეთზე–მცხეთაზე–გორზე–ცხინვალზე და შემდეგ ოსეთში – რისთვისაც დაახლოვებით 150 ვერსის გავლა დასჭირდებათ. ამ რაიონის ერთათ ერთი გამოსავალი მთელი წლის განმავლობაში არის მხოლოდ სამხედრო გზა, რომელიც მას როგორც გეოგრაფიულად, ისე ეკონომიურათ აკავშირებს მხოლოდ დუშეთთან, მაშასადამე, ამ რაიონის მიწებება გორის მაზრასთან ბუნების და ეკონომიკის საწინააღმდეგო კავშირი იქნება“.

რჩებოდა მხოლოდ გორის მაზრა, სადაც, როგორც ითქვა, ოსები სახლობდნენ დიდი ლიახვის, პატარა ლიახვისა და ფრონის ხეობებში (სულ 32.000 სული). მაგრამ, ბ. კვირკველიას აზრით, ამ ხეობებში განლაგებული სოფლების ბაზაზეც არ შეიძლებოდა ცალკე სამაზრო აპარატის შექმნა, რადგან ამის საშუალებას ადგილობრივი პირობები არ იძლევაო. ყორნის – წუნარის რაიონი მდ. ფრონის ხეობით ქართლის ველს უკავშირდებოდა და მას „დიდი ლიახვის ხეობისაგან ყოფს რუსთავ-ზარიკოჯახის ქედი, რომლის სიმაღლე 6.230–5.684 ფუტზე დაბალი არ არის და წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს მთასა და ველს შორის. გზების სრული უქონლობა და ბუნებრივი საზღვარი რუსთავ-ზარიკოჯახის ქედი, მეურნეობის მხრივ ყორნის – წუნარის რაიონს აკავშირებს ქართლის ველთან – ტირიფონასთან და საერთო მას არაფერი აქვს ლიახვის ხეობის ოსობასთან. ამ რაიონის ერთათ ერთი გამოსავალი არის მხოლოდ თიღვა–ოქონა–ფცა–გომი და არავითარ შემთხვევაში ლიახვის ხეობის ოსობასთან მას კავშირი არა აქვს“.

გეოგრაფიული პირობები შეუძლებელს ხდის დიდი და პატარა ლიახვის ხეობების დაკავშირებასაც. „აქაც მთელი ხეობის სიგრძეზე გადაჭიმულია მთების გრეხილი, რომელთა სიმაღლე 11.000–6.000 ფუტზე დაბლა არ არის და ზამთრის თვეებში გადაუვალი სიმაღლენი არიან“.

საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მოხსენებით ბარათში გაკეთებული იყო ასეთი დასკვნა: „...ოსების მიერ დასახლებული რაიონები მოკლებული არიან გეოგრაფიულ მთლიანობას და შეადგენენ გეოგრაფიულად და ეკონომიურად სრულიად სხვა და სხვა პროვინციების ნაწილებს, ასეთ ჩამონაჭრებიდან ხელოვნურად შემდგარ ადმინისტრაციულ ერთეულის შექმნა განუხორციელებლად უნდა ჩაითვალოს ტოპოგრაფიული პირობების გამო...“

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა თავისი აზრი გამოთქვა იმის თაობაზეც, თუ როგორ უნდა გადაჭრილიყო ეს პრობლემა. მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ: „ზემოთ ნათქვამიდან ცხადია, რომ ხელოვნური გამოკვეთა სამაზრო ერთეულის ოსეთისათვის გორის, დუშეთის და რაჭის მაზრებიდან შეუძლებელია, მაშასადამე, ოსების მოსახლეობა თვითეულ ამ მაზრისა უნდა დარჩეს იმ მაზრაში, რომელშიც იყო აქნობამდისაც. ამასთანავე თვითეულ ამ რაიონში გარდა წვრილ ადმინისტრაციულ ერთეულისა – თემისა, უნდა შეიქმნას სარაიონო ერთეული. ასეთები იქნება ჩასავალის – რაჭის მაზრაში, კობისა – დუშეთის მაზრაში, ყორნისის, წუნარისა, დიდი ლიახვის ხეობისა და პატარა ლიახვის ხეობის – გორის მაზრაში. ამავე დროს თვითეულ ამ მაზრის რევკომში ოსურ მოსახლეობას ეყოლება წარმომადგენელი, რომელიც დაიცავს ოსთა ინტერესებს მთელ მაზრის მასშტაბში. ამ უკანასკნელს, ე. ი. ოსურ მოსახლეობის წარმომადგენელს სამაზრო რევკომში უფლება უნდა მიეცეს რევკომის დადგენილება, თუ ის ეწინააღმდეგება ოსურ მოსახლეობის ინტერესებს, განასაჩივროს საქართველოს რევკომში, რომელიც სადავო საკითხის შესახებ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამგვარად საკითხის გადაწყვეტას გვიკარნახებს ოსური მოსახლეობის ადგილობრივი გეოგრაფიული პირობები და მათი ეკონომიური ინტერესი“ (მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 10, ფურც. 121–122).

ჩვენ უკვე ვიცით სამხრეთ ოსეთის პრობლემაზე გორის მაზრის ქართული მოსახლეობისა და რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის აზრები. ახლა ვნახოთ როგორ წყდებოდა ეს საკითხი ზემდგომ ინსტანციებში. ცხადია, საკითხის სირთულეს ყველა გრძნობდა. ცდილობდნენ ორივე მხარისათვის მისაღები გამოსავალი მოეძებნათ. ვერ ახერხებდნენ. ესეც გასაგებია. კომუნისტი ხელმძღვანელები, როგორც წესი, საკითხის პოლიტიკურ მხარესაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ოსთა თვითგამორკვევას ისინი აუცილებლად მიიჩნევდნენ. პოლემიკა მხოლოდ თვითგამორკვევის ფორმასა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულის საზღვრებს ეხებოდა.

სავსებით დასაშვებია, რომ რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს 1921 წლის 31 ოქტომბრის, ჩვენთვის უკვე ცნობილ, გადაწყვეტილებაზე ერთგვარი გავლენა იქონია საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ზემოაღნიშნულმა პოზიციამაც. ამ დღეს ხომ კავბიურომ გარკვეულწილად კომპრომისული დადგენილება მიიღო – სამხრეთ ოსეთს მიენიჭა სტატუსი არა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა (რასაც სამხრეთ ოსეთის რევკომი და პარტკომი მოითხოვდნენ), არამედ ავტონომიური ოლქისა.

გარკვეული „კომპრომისი“ შეიძლება დავინახოთ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის 1921 წლის 12 დეკემბრის შემდეგ დადგენილებაშიც, რომელიც კ. კაკაბაძის, გ. გაგლოევის (სასაზღვრო კომისია) და ბ. კვირკველიას მოხსენების საფუძველზე იქნა მიღებული (პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ: მ. ორახელაშვილი, მ. ოკუჯავა, ს. ქავთარაძე, ბ. მდივანი, ლ. დუმბაძე, მ. ტოროშელიძე, ლ. ღოღობერიძე და სხვანი):

«1. Местопребыванием административного центра Автономной области Осетии признать г. Цхинвали с распространением автономной власти на территории, населенные осетинами, исключая Часавальское общество, которое остается в составе Рачинского уезда и Кобийского района, остающегося в составе Душетского уезда.

2) Детально границы автономной Осетии будут определены особой комиссией, уже работающей на этом направлении.

3) Впредь до перелома настроения населения Цхинвальского района в пользу включения этого района в Автономную Осетию, власть над городом и окружающими его грузинскими селами, оставить в руках районного ревкома, входящего в состав Горийского уезда» (მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 8, ფურც. 44).

ეს დადგენილება მოწმობს, რომ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გარკვეულწილად ანგარიში გაუწია ქართული მოსახლეობის პროტესტებს. კერძოდ, მან ჩასავალის საზოგადოება და კობის რაიონი შესაბამისად რაჭისა და დუშეთის მაზრათა შემადგენლობაში დატოვა. თუმცა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრად მაინც ქ. ცხინვალი მიიჩნია. რთული მდგომარეობიდან გამოსავალს ცენტრალური კომიტეტი მაშინ იმაში ხედავდა, რომ ქ. ცხინვალისა და მიმდებარე ქართული სოფლების მმართველობა დროებით გორის მაზრას დაქვემდებარებულ რაიონულ რევკომს მიანდო. ეს ასე უნდა ყოფილიყო, მანამ, სანამ ქართული მოსახლეობის განწყობილება სამხრეთ ოსეთისათვის ქ. ცხინვალის გადაცემის სასარგებლოდ არ შეიცვლებოდა. წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იყო. სასაზღვრო კომისიას საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ წარმოედგინა. კომისია დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. ქართული მოსახლეობის განწყობილება სამხრეთ ოსეთისათვის ქ. ცხინვალისა და მიმდებარე ქართული სოფლების გადაცემის სასარგებლოდ, ცხადია, არ იცვლებოდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტთა ერთ წყებას ჩვენ უკვე ვიცნობთ, ინტერესს მოკლებული არ იქნება სხვა მასალებიც. სპეციალური კომისიის მოხსენებით ბარათში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს რომ წარედგინა, ნათქვამია: 1921 წლის „ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში, როდესაც ხმები გავრცლდა, რომ ცხინვალის რაიონი ქალაქითურთ უნდა გადავიდეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაზე, მთელმა ქართველმა მოსახლეობამ ცხინვალის რაიონისა, სახელდობრ, სოფლებმა: კეხვამ, ქვემო აჩაბეთმა, ზემო აჩაბეთმა, არბომ, დიცმა, კორდმა, ქვემო ნიქოზმა, ავნევმა, ძარწემმა, დაგვრისმა, ნულმა, ზემო ხვითმა, ქვემო ხვითმა, ზემო ნიქოზმა, ყელქცეულმა, ქემერტმა, ქურთამ, თამარაშენმა, ვანათმა და თვით ცხინვალმა, ესე იყო, 20 სოფელმა წარმოგზავნა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში თავისი წერილობითი დადგენილებანი, რომლებითაც ისინი თხოულობენ ძველ ადმინისტრაციულ ე. ი. გორის მაზრის ფარგლებში დარჩენას. შუამდგომლობა ამათი იმდენათ კატეგორიული ფორმით იყო გამოთქმული, რომ არავის ეჭვი ვერ დაებადა მათი ასეთი ნებასურვილის სინამდვილესა და გულწრფელობაში. ბევრი ამ სოფელთაგანი ამასაც კი ამბობდა – სჯობს ცოცხლად დაგვხოცოთ, სადმე აქედან გადაგვასახლოთ, ვიდრე ოსეთის ხელისუფლების ქვეშ დაგვტოვოთო“ (სუიცსა, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 62, ფურც. 81).

ასეთივე პოზიცია ეკავა თვით ცხინვალის რევკომს, რომელიც საქართველოს სსრ შინსახკომს აცნობებდა, რომ ცხინვალისა და რამდენიმე ქართული სოფლის გლეხობა „აცხადებს, თუ მთავრობა ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ჩვენს მდგომარეობას არ გაეცნობა, ამ შემთხვევაში სჯობს ყველანი დავიხოცოთო“ (იქვე). ცხინვალის რევკომი სთხოვდა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის ცხინვალისა და ქართული სოფლების გადაცემის საკითხს ჯერჯერობით მაინც დადებითად ნუ გადაწყვეტდა, „თორემ, ვიმეორებთ, ჩვენ ნამდვილი ცნობები გვაქვს მიღებული და ღრმათ ვართ დარწმუნებული, რომ სისხლის ღვრა აუცილებელიაო“ (იქვე). სწორედ ასეთ ვითარებას ითვალისწინებდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი, როცა 1921 წლის ნოემბერში საქართველოს სსრ რევკომს სთხოვდა „სამხრეთ ოსეთისათვის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის საკითხის რევოლუციონურ კომიტეტის მსჯელობიდან დროებით მოხსნას, ვიდრე მოწესრიგდებოდეს ურთიერთობა ქართველთა და ოსთა შორის...“ (იქვე).

1922 წლის იანვარში საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს გადასცეს ქ. ცხინვალში მცხოვრებ ქართველთა, სომეხთა და ებრაელთა საერთო კრების დადგენილება, „რომლითაც ისინი მოითხოვდნენ ცხინვალისა და მისი რაიონის კვლავ ისტორიულ საზღვრებში დარჩენას“ (იქვე).

გავეცნოთ კიდევ რამდენიმე ქართული სოფლის მცხოვრებთა კრებების დადგენილებებს, რომლებიც გაანალიზებულია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალური კომისიის ზემოხსენებულ მოხსენებით ბარათში:

„1) სოფ. ნედლათიდან. ოქმში, რომელიც დაწერილია 26 თებერვლის (1922 წლისა – ლ. თ.) თარიღით, ნათქვამია, რომ ნედლათის მცხოვრებნი მიწერილი ვიყავით ოქონას. დღეს ოქონა სამხრეთ-ოსეთს დაექვემდებარა და ჩვენც მძიმე პირობებში ჩავცვივდით, სხვათა შორის იმიტომაც, რომ წარმოება რუსულათ და ოსურათააო, რაიც ჩვენთვის გაუგებარიაო. თხოულობენ გორის მაზრის, გომის რაიონის ავლევის თემზე მიწერას, სადაც აქამდე ვიყავით მიწერილიო.

2) სოფ. ხუნდისუბნიდან: ამ სოფლის მცხოვრებნი, ოქონაზე მიწერილნი იგივეს ამბობენ და იმასვე თხოულობენ, რასაც ნედლათის მცხოვრებნი.

3) სოფ. ბინდარადან. ამ თემის მცხოვრებნი (ავლევის თემისა გომის რაიონისა) 9 მარტის დადგენილებით ამბობენ: ჩვენ არ გვემხრობა (?! – ლ. თ.) მორჩილება სამხრეთ-ოსეთისა (შორს არის, გლახა სასიარულო გზები გვაქვს) და ამიტომ გთხოვთ გორის მაზრაზე გადაგვრიცხოთ.

4) სოფ. თიღვიდან. ამ სოფლის მცხოვრებნი ამბობენ: გადაგვრიცხეს ცხინვალზე, ე. ი. ოსეთის ხელისუფლების ქვეშ დაგვაყენესო, წინად კი ვიყავით ავლევის თემში (გორის რაიონი), ეხლაც გვსურს ვიყოთ გორზე მიწერილიო.

5) სოფ. ალაბარიდან. ოქმში, რომელიც ა. წ. 15 თებერვლის თარიღითაა შედგენილი, ნათქვამია: ვართ ოქონის რაიონისა, გვეწევიან ცხინვალისაკენ, ჩვენ – კი გვსურს ვიყოთ მიწერილი გორზედ...

6) სოფ. საცხენეთიდან. იანვრის 20-ის დადგენილებაში ამ სოფლის მცხოვრებნი ამბობენ: სოფელი ქართველებითაა დასახლებული. ოსების ხელ-ქვეშ ყოფნას მეტს ვეღარ შევიძლებთ, ლამის არის ავიყარნოთ და გადავსახლდეთ სადმე, რადგან ოსები დაზარალებულნი არიან, ყველა ხარჯებს მთავრობისა თუ თავის სასარგებლოთ, ჩვენს კისრიდან იღებენო...

7) სოფ. ზემო და ქვემო ოქონიდან. ამ სოფლების მცხოვრებნი ა/წ 22 თებერვლის დადგენილებით თხოულობენ – ზემო და ქვემო ოქონა დარჩეს გორის მმართველობის ქვეშ, როგორც დღემდის იყო, ახლა კი რატომღაც სამხრეთ-ოსეთი გვიერთებსო“ (სუიცსა, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 62, ფურც. 81).

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს დადგენილებები მიღებულია მაშინ, როცა დეკრეტი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული. ქართული მოსახლეობის პროტესტები მიმართულია მათთვის მიუღებელი მოსალოდნელი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ (პროტესტები, როგორც ქვემოთ ვნახავთ, დეკრეტის გამოქვეყნების შემდეგაც არ შეწყდება).

საგულისხმოა, რომ ქართული მოსახლეობის ამ აზრს ოსური მოსახლეობის ნაწილიც იზიარებდა. გორის სამაზრო აღმასკომის შინაგან საქმეთა სამმართველოს განყოფილება 1922 წლის 21 მარტს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს აცნობებდა:

„ბევრია იმისთანა მაგალითები, რომ სხვადასხვა რაიონებში ოსები აცხადებენ სურვილს, რათა ისინი ჩამოვაშოროთ ოსეთის რევკომს, რადგან მათ სურთ ქართველებთან ერთად ცხოვრება, რადგან მათ, ოსებს, ქართველებთან გასაყოფი არა აქვთ და თუ ვინმე ამას მოითხოვს ე. ი. ოსების ცალკე ყოფნას, ყოველივე ეს სიცრუეა ან რაიმე მოსაზრებით დაინტერესებულიაო“. აღნიშნავს რა ამას, განყოფილების გამგეს საჭიროთ მიაჩნია საგანგებო კომისიის დანიშვნა შექმნილი მდგომარეობის გამოსაძიებლად. თან ამ მიმართვას დართული აქვს დადგენილება ს. ხურვალეთში ა/წ 12 მარტს – შემდეგი შინაარსისა: ჩვენ ქვემო-ჭალის რაიონის სოფლების 1) ზემო-ბაღების, 2) ქვემო, 3) გუდიანთ-კარის, 4) საღორეთის, 5) ჩაჩანაანთ კარის, 6) მეტესმანის და 7) ღვდულეთის წარმომადგენლებმა დავადგინეთ: რადგანაც არწევის – მე-3 რაიონის აღმასკომი ძალით მოითხოვს ამ სოფლების მცხოვრებთაგან მათთან შეერთებას ადმინისტრაციულათ და ახდენს ჩვენს მიმართ სხვა და სხვა განკარგულებებს, ჩვენ კი მათთან კავშირი არა გვსურს, ვუგზავნით დადგენილებას უმაღლეს მთავრობას, რათა მან წინადადება მისცეს მე-3 რაიონის სოფ. არწევის აღმასკომს (ოსური აღმასკომია), რომ იგი ჩამოგვეხსნას, რადგან ჩვენი ღრმა სურვილია ვექვემდებარებოდეთ ქვემო-ჭალის რაიონის აღმასკომს (ქართველი აღმასკომია), როგორც ეს მთავრობისაგან არის დაწესებული. ამ დადგენილებას ხელს აწერს 14 წარმომადგენელი ყველა ზემოთ დასახელებული სოფლებისა, რომელთა ხელმოწერას ადასტურებს ქვემოჭალის აღმასკომის თავმჯდომარე საკუთარი ხელმოწერით და ბეჭდის დასმით.

ამ დადგენილებას მეორე გვერდზე ერთვის ასეთი დამატება: „1922 წლის 13 მარტს – ქვემო-ჭალა. ჩვენ, ხურვალეთის თემის სოფ. წინაგარის მცხოვრებთა წარმომადგენელნი, ხუბულური და ქიჩინაშვილი (ოსებია) ჩვენი სოფლის მცხოვრებთა დავალებით, ვაცხადებთ სურვილს ზემოხსენებულ დადგენილებაში აღნიშნულ სოფლებთან ერთად შევუერთდეთ ქვემო-ჭალის რაიონს, როგორც ვყოფილვართ მამაპაპურათ, რადგან უფრო ახლო და მოხერხებულია ჩვენთვისო“. ამათ ხელის მოწერასაც ადასტურებს იგივე თავმჯდომარე ქვემო-ჭალის აღმასკომისა.

რას გვიჩვენებს ეს საინტერესო დოკუმენტი? ა) რვა სოფლის ოსობა თხოულობს – ქართველთაგან ნუ გამოგვთიშავთ და ქვემო-ჭალის ხელისუფლების ქვეშ დაგვტოვეთო; ბ) ეს რვა სოფელი ეკუთვნის ისეთ უდავო წმინდა ქართულ ტერიტორიას, როგორიც არის ხურვალეთის თემი; გ) პრეტენზიას ძალაუფლების გავრცელებისას, ამ რვა ქართულ სოფლებზე აცხადებს, როგორც სჩანს, არწევის უფრო ჩრდილოეთით მდებარე სოფლის აღმასკომი, სადაც ავტონომიური ოსეთის ხელისუფლებაა.

ორივე უკანასკნელი დოკუმენტები კი, – ნათქვამია შემდეგ მოხსენებით ბარათში, – ე. ი. ის, რაც გომის რაიონის ავლევის თემს ეხება და ის, რაც ქვემო-ჭალის რაიონის ხურვალეთის თემს, ნათელყოფს ერთს გარემოებას – ავტონომიური ხელისუფლება სამხრეთ-ოსეთისა ვრცელდება ისეთ რაიონებსა და თემებზე, რომელნიც სრულიად უდავო ქართული ტერიტორიაა. ეს გარემოება, რომლის დასაბუთებას ჩვენ ამ მოხსენების დიდი ნაწილი მოვანდომეთ, იმდენად უდავო და აშკარა იყო თვით მმართველ წრეებისათვის, რომ, როგორც ვსთქვით, მთავრობამ და კომ. პარტიის ცენტრალურმა ხელმძღვანელმა ორგანომ შესაძლებლათ ვერ დაინახეს თავიანთ დადგენილებებში ოსეთის ავტონ. ოლქის შესახებ შეეტანათ დუშეთის მაზრის კობის რაიონი და რაჭის მაზრის ჩასავალის საზოგადოება, გარდა იმისა, რომ თვით ქალ. ცხინვალი სამხ. ოსეთის ადმინისტრ. ცენტრათ გამოაცხადეს მხოლოდ პირობით: იგი ასეთ ცენტრათ უნდა მას შემდეგ გამხდარიყო, თუ ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა გამოსთქვამდა სურვილს ავტონომიურ ოსეთში შესვლისას, მანამდი კი ქალ. ცხინვალში და მის რაიონში გორის მაზრის ხელისუფლება რჩება“ (სიუცსა, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 62, ფურც. 84–85).

დიახ, ასეთ პირობას, როგორც ვნახეთ, მართლაც შეიცავდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის 1921 წლის 12 დეკემბრის დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრად ქ. ცხინვალის გამოცხადების თაობაზე. ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ ქართული მოსახლეობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ შეცვლილა. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამაც არ შეცვალა ამ საკითხზე თავისი ადრინდელი დამოკიდებულება. 1922 წლის 15 იანვარს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა, რომელსაც ესწრებოდნენ ორახელაშვილი, მდივანი, დუმბაძე, ცინცაძე, ნაზარეტიანი, ეშბა, ღოღობერიძე, ბოლქვაძე, მურდალეიშვილი (ცენტრალური კომიტეტის წვრები), სვანიძე, კაკაბაძე, კახიანი, რუდაკოვი, დევდარიანი, კანდელაკი (მოწვეულნი) და ტექნიკური მდივანი ზირაქაშვილი, მოისმინა კ. კაკაბაძის მოხსენება სამხრეთ ოსეთში გამართული პოლიტიკური კამპანიის შესახებ და დაადგინა:

«1. Подтвердить прежнее постановление о включении г. Цхинвали в Авт. Юго-Осетинскую область (за 7, пр. 3);

2) Вопрос о клине с 12 грузинс. дерев., лежавшими севернее Цхинвали, оставить открытым до съезда Советов Грузии» (მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 189, ფურც. 2).

აქედანაც ჩანს, რომ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს უჭირს ქართული სოფლების ბედის გადაწყვეტა. ეს ურთულესი საკითხი მან საქართველოს საბჭოების ყრილობას მიანდო.

ქართული და ოსური მოსახლეობის ურთიერთობა თანდათან იძაბებოდა, რასაც, შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება მოჰყოლოდა. ვერც ერთი მხარის ბოლომდე განიარაღება ვერ მოხერხდა. საზღვრების დაუზუსტებლობა კიდევ უფრო ამძაფრებდა მდგომარეობას. 1922 წლის 30 მარტს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა მახარაძის, კაკაბაძის, ორახელაშვილის, საბაშვილის, მამულიას, გასვიანის, ამასის, კანდელაკისა და ზირაქაშვილის (ტექნიკური მდივანი) მონაწილეობით განიხილა საკითხი «Об определении границ Юго-Осетинской автономной области» და დაადგინა:

«Автономию Юго-Осетии в определенных комиссией границах декретировать ВЦИКу. Обязать всех т.т. Горийского уезда проводить это постановление всеми мерами и ответственность возложить на них» (მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 192, ფურც. 366).

სამხრეთ ოსეთის პარტიული და საბჭოთა ხელმძღვანელობა, ცხადია, ყველა ღონეს ხმარობდა, რომ რესპუბლიკის ცენტრალურ ორგანოებს რაც შეიძლება მალე გამოეცათ დეკრეტი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ. 1922 წლის 19 აპრილს ამ საკითხზე სპეციალურად იმსჯელა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა (ასეთი ორგანო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის იურიდიულ გაფორმებემდეც არსებობდა) და საოლქო პარტიული კომიტეტის გაერთიანებულმა სხდომამ, რომელმაც დაადგინა, რომ დეპეშა გაეგზავნათ საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისათვის და ეთხოვათ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის იურიდიულად გაფორმების დაჩქარება (მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 263, ფურც. 9).

მდგომარეობა უთუოდ რთული იყო. ყურადღებას ის იპყრობს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ, მიუხედავად ქართული მოსახლეობის წინააღმდეგობისა, საბოლოოდ მაინც სამხრეთ ოსეთის მესვეურთა მოთხოვნის დაკმაყოფილება ამჯობინა – მიზანშეწონილად მიიჩნია ქართული სოფლების მიერთება სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან. ქართველ კომუნისტთა იმდროინდელი წარმოდგენებით ეს იყო ეროვნული საკითხის გადაჭრა პროლეტარული ინტერნაციონალიზმის საფუძველზე. ძვირად, ერთობ ძვირად დაგვიჯდა ეროვნული საკითხისადმი ასეთი მიდგომა. ცხადია, საკითხი, შეთანხმებული იყო (თუ მეტი არა!) რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროსთან.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის ოფიციალური თარიღია 1922 წლის 20 აპრილი. საქართველოს სსრ ცენტრალურმა აღამასრულებელმა კომიტეტმა და სახალხო კომისართა საბჭომ ამ დღეს მიიღეს დეკრეტი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის თაობაზე. გავითვალისწინოთ ჩვენი საზოგადოებრიობის დიდი ინტერესი ამ დოკუმენტისადმი და მთლიანად დავიმოწმოთ იგი:

დ  ე  კ  რ  ე  ტ  ი    #  2

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოსი 

სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ 

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი და სახალხო კომისართა საბჭო ადგენენ:

1. მოეწყოს სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი, როგორც საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი; აღნიშნული ოლქის ცენტრად იქნეს ქ. ცხინვალი.

2. სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში მოთავსდეს ტერიტორია, რომელიც უჭირავს სამხრეთ-ოსეთის ხალხს შემდეგ საზღვრებში:

ა) ჩრდილოეთით სანაპირო ხაზი გაივლის კავკასიონის მთავარ ქედზე მთიულთა ავტონომიური რესპუბლიკის სამხრეთ სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ;

ბ) დასავლეთით – სანაპირო ხაზი იწყება მთიელთა სოც. საბჭ. ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებიდან მდინარე ჩანჩახის სათავესა და მის შენაკადებთან, გადასჭრის სიმაღლეს 8.872, მიემართება წითელტის ქედის გასწვრივ, გადასჭრის მდინარე ჩანჩახს, შენაკადი გესკეს შესართავში გაგრძელდება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გესკეს მთის კალთებზე ამა მდინარის დასავლეთით; გადსჭრის გესკეს მთას, ძვარის მთას, სიმაღლეს 6.062, მდინარე ღარულას სოფ. დაბლა-კვაჟას ქვევით, მდინარე ქვედრულას, სოფ. ქვედის აღმოსავლეთით; დაეშვება ველუანტის მთის კალთებზე, გადასჭრის სიმაღლეს 7.616; გადასვლის (თუ: გადაივლის? – ი. ხ.) ქუდევის მთას, 2.932 სიმაღლის ცოტა დასავლეთით; გაგრძელდება აღმოსავლეთ-სამხრეთის მიმართულებით, 6.013 სიმაღლის ძირის გასწვრივ; გადასჭრის მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადს სოფ. პერევის ჩრდილო-აღმოსავლეთით; გადასჭრის მდინარე ყვირილის 2.170 სიმაღლეს აღმოსავლეთით, მიებჯინება პერანგის მთას 5.201 სიმაღლეზე; მიემართება სამხრეთით ამა მთის კალთებზე ძირულის მთის დასავლეთით; გადასჭრის უკანასკნელს და გაივლის კაპრების – სერის ქედს, 4.172 სიმაღლემდე; გაგრძელდება მდინარე ჭარათ-ხევის ზემო მიმდინარეობით და შემდეგ კაპრების – სერის ქედის კალთების იქით, მდინარე ლოპანის დასავლეთით.

გ) სამხრეთით: სანაპირო ხაზი გაგრძელდება ჭორჭან-წნელისის გზით, გადასჭრის მდინარე ლოპანს, წნელისის ქვევით, მოუხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთით; გაივლის სოფ. ატოცის ზევით, გადასჭრის მდინარე ფრონას სოფ. ოქონის ქვევით, მიიმართება სამხრეთით, მდინარე ფრონის აღმოსავლეთით, გადასჭრის მდინარე ფრონის მარცხენა შენაკადს, სოფ. ქვათეთრის ქვევით; შემდეგ გადასჭრის მდინარე ფრონას (ყორნისისა) და სოფ. დვანას ზევით; გაივლის დვანი-გუჯაბაურის გზის პარალელურად ჩრდილო-დასავლეთის მხრით; გადასჭრის მდინარე დიდ ლიახვს ქალაქ ცხინვალის ქვევით და სოფელ ერგნეთის ზევით; მიებჯინება სოფ. ერედვას; გადასჭრის მდინარე პატარა-ლიახვს სოფ. არბოს ზევით, მდინარე ჭარებულას, სოფელ მერეთისა და კოშკის ზევით; მოუხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით, გადასჭრის მდინარე ოთრევას სოფ. ფლავისმანის ზევით და მდ. აძურას და მეჯუდას, სოფ. აძურას და მეჯვრისხევის ცოტა ზევით; გრძელდება სოფ. ყირბალისა და ბერშუეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით; გადასჭრის მდინარე ტარტლას სოფ. წინაკარის ქვევით, მდინარე ლეხურის მარჯვენა შენაკადს სოფ. ხურვალეთის ზევით, შემოუვლის სოფელთა ჯგუფს: ორჭოშანს, აბრევსა და სხვა., გადასჭრის მდინარე ლეხურს სოფ. საკორინთლოსა და ოძისის ჩრდილოეთით; გადასჭრის მდინარე ქსანს სოფ. ოძისის ზევით და მიებჯინება იფნიანის ქედის მთას;

დ) აღმოსავლეთით: სანაპირო ხაზი იფნიანის ქედის მთიდან მოუხვევს ჩრდილოეთით და გადასჭრის ხნარცვსა, გაივლის სოფ. მიქელაანთკარის, ირმის სოფლის და სხვა სოფლების ხაზის დასავლეთით; შემოუვლის ჩრდილოეთით 6.409 სიმაღლის შუა კალთებს, გადასჭრის უკანასკნელს ეკლესიის ნანგრევების ცოტა აღმოსავლეთით; შემდეგ გაგრძელდება ჩრდილოეთისაკენ ქედით მდ. ალევის მიმდინარეობის გასწვრივ ამა მდინარის აღმოსავლეთით; გადასჭრის ჭარტალას მთას 8.238 სიმაღლეზე, საფერშეთს და ტახტის მთებს, გაგრძელდება მდინარე არაგვისა და ქსნის შენაკადების შუა წყალთა გამყოფი ქედის ხაზით; გადასჭრის სიმაღლეებს: ყურყუტსა, მუნჯუხსა და ლომისის უღელტეხილს მონასტრის ნანგრევებთან და მიემართება ჯამურის უღელტეხილამდე; გადასჭრის მდ. არაგვის მარჯვენა შენაკადებს – განისისა, ერეთისა და სხვა სოფლების დასავლეთით; გაგრძელდება ჩრდილო-დასავლეთით მდ. არაგვის ზემო-მიმდინარეობით; მოუხვევს ჩრდილო-დასავლეთით, გადასჭრის ლაზგ-წითის მთას და მიემართება წყალთა გამყოფი ქედის ხაზით მდინარე თერგისა და დიდი ლიახვის შენაკადების შუა, გადასჭრის 12.117, 11.333 და 12.572 სიმაღლეებს და მიებჯინება ვაილკ-პარსის მთას.

3. სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის მმართველი ორგანოებია ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი და ადგილობრივი საბჭოები.

4. სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის საქმეთა მმართველობისათვის დაარსდება სახალხო კომისარიატები: ა) შინაგან საქმეთა, ბ) იუსტიციისა, გ) განათლებისა, დ) ჯანმრთელობისა, ე) შრომისა და სოც. უზრუნველყოფისა, ვ) მიწათმოქმედებისა, ზ) სასურსათო, თ) ფინანსთა, ი) სახალხო მეურნეობის საბჭო და გლეხთა ინსპექცია.

შენიშვნა: 1: სამხრეთ-ოსეთის განსაკუთრებული სახალხო კომისართა საბჭო არ დაარსდება და სახალხო კომისარიატები მოქმედებენ, როგორც ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის განყოფილებანი.

შენიშვნა 2: გარეშე საქმენი და საგარეო ვაჭრობა რჩება საქ. სოც. საბჭ. რესპუბლიკის ცენტრალური ორგანოების გამგებლობაში.

სამხედრო საქმეს განაგებს სამხედრო კომისარიატი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს სამხედრო და საზღვაო საქმეთა კომისარიატს და მოწყობილ იქნება უკანასკნელის მიერ სამხრეთ ოსეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით.

კონტრ-რევოლუციასთან ბრძოლა დარჩება საქართველოს საგანგებო კომისიის ორგანოთა გამგებლობაში, რომელიც მოწყობილ იქნება უკანასკნელის მიერ სამხრეთ-ოსეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით.

5. რათა საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაცულ იქნეს და მოეწყოს ერთანი საფინანსო და სამეურნეო მოქმედება, სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო კომისარიატები: სასურსათო, საფინანსო, შრომისა, სახალხო მეურნეობის საბჭო და გლეხთა ინსპექცია დარჩებიან საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სათანადო სახალხო კომისარიატების ქვემდებარეობაში, ამასთანავე უკანასკნელთა ყოველი განკარგულება და ღონისძიება განხორციელებულ უნდა იქნეს სამხრეთ-ოსეთის სახალხო კომისარიატების მიერ სამხრეთ-ოსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მეშვეობით.

შენიშვნა: მეხუთე მუხლში დასახელებული სახალხო კომისრები დანიშნულ იქნებიან საქ. სოც. საბჭ. რესპუბლიკის სათანადო სახალხო კომისარიატების მიერ, სამხრეთ ოსეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით და დამტკიცებულ იქნებიან უკანასკნელის მიერ.

6. სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო კომისარიატები: შინაგან საქმეთა, იუსტიციისა, განათლებისა, ჯანმრთელობისა, მიწათმოქმედებისა და სოციალურ უზრუნველყოფისა ავტონომიური არიან თავის მოქმედებაში და პასუხისმგებელნი საქ. სოც. საბჭ. რესპუბლიკის ცენტრალური ორგანოების წინაშე, სამხრეთ-ოსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მეშვეობით.

7. სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი ყველა საჭირო საფინანსო და ტექნიკური საშუალებებით მომარაგებულ იქნება საქ. სოც. საბჭ. რესპუბლიკის საერთო სახსრიდან საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს უშუალო განკარგულებისამებრ სამხრეთ-ოსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მეშვეობით.

8. იმ ადმინისტრაციული ერთეულების ფაქტიურ გადაცემას, რომლებიც მიეთვისება სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქს, აწარმოებს შერეული კომისია, შემდგარი სამხრეთ-ოსეთის ცენრალური აღმასრულებელი კომიტეტისა, მოსაზღვრე დაინტერესებული მაზრის აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთაგან.

აღნიშნულ კომისიას დაევალება თავისი მუშაობა დაამთავროს არა უგვიანეს ამა 1922 წ. მაისის 1-სა.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური
აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფ. მახარაძე,
საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სახ. კომისართა
საბჭოს თავმჯდომარე ს. ქავთარაძე.

აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი თ. კალანდაძე.

1922 წ. აპრილის 20.
 ტფილისი-სასახლე (სუიცსა, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 26, ფურც. 5–6).

დეკრეტის გამოქვეყნების შემდეგ გორისა და სხვა მაზრების ქართული მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაცხოველდა. მოსახლეობა იმ ქართული სოფლებისა, რომლებიც დეკრეტის ძალით სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს მიაკუთვნეს, კვლავ უგზავნიდა საჩივრებს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს. ეს საჩივრები (კრებათა დადგენილებები, განაჩენები) გაანალიზებულია სპეციალური კომისიის ზემოაღნიშნულ მოხსენებით ბარათში, რომელიც 1922 წლის 16 დეკემბერს გაეგზავნა სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ა. გეგეჭკორის ხელმოწერით. გავეცნოთ ამ დოკუმენტსაც:

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმს

ვარდგენ რა ამასთანავე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებულ სპეციალურ კომისიის მოხსენებას, ფაქტიურ მასალით დასაბუთებულს, და მიმაჩნია რა საჭიროთ, რომ ორ მეზობელ ერთა შორის ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო ყოველივე უთანხმოება-კონფლიქტებს, ტერიტორიალურ ნიადაგზე აღმოცენებულს, და დამყარდეს მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა, ვშუამდგომლობ სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წინაშე, რათა მიღებულ იქმნას ჯერჯერობით მხოლოდ პრინციპიალური გადაწყვეტილება – გადასინჯულ იქნას დეკრეტი ნომერი მე-2. რაც შეეხება იმ საკითხის დეტალურ გარკვევას, თუ რა ცვლილებანი იქმნას შეტანილი ამ დოკუმენტში, ეს მიენდოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს, რომელსაც დაევალოს საკითხის განხილვა სპეციალურ კომისიაში სამხრეთ-ოსეთის წარმომადგენლის მონაწილეობით.

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი – ა. გეგეჭკორი (სუიცსა, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 62, ფურც. 79).

ახლა დავიმოწმოთ მოხსენებითი ბარათის ის ადგილები, რომლებიც ქართული მოსახლეობის უკმაყოფილებას ეხება:

„1. ოქმი, ა. წ. მკათათვის 11-ს შემდგარი, საერთო კრებისა ქვემოდ დასახელებულ 1 0 | ს ო ფ ლ ი ს ა: თიღვისა, ოქონისა, სუნისისა, ნაბაკევისა, ტყის უბნისა, შინდარისა, ნედლათისა, ალი-ბარისა, ახალშენისა და ხუნდისუბნისა. ოქმში ვკითხულობთ: „სამხრეთ ოსეთის ხაზის გავლების დროს მოვყევით მის ფარგლებში, რაც წარმოადგენს ეკონომიური თვალსაზრისით დიდ უხერხულობას – ა) ცხინვალში სიარული არ გვეხერხება, ძველთაგან ჩვეულნი ვართ გომში, სურამში ან გორში სიარულს, რომელთა ბაზრითაც ვსარგებლობდით მუდამ და სადაც საღდება ყოველი ჩვენი ნაწარმოები; ბ) ცხინვალის გზები იმდენად ძნელი სასიარულოა, რომ ყოვლად აუტანელია ჩვენთვის და ჩვენი საქონლისათვის და გ) დაწესებულებებში სიარულის დროს, ჩვენი საქმეებისა გამო, მიგვაქვს იმავე დროს გასასყიდლად ყოველი ჩვენი ნაწარმოები და ამით ვიმატებდით სამუშაო დღეებსო... დავადგინეთ: ვინაიდან სამხრეთ ოსეთის ოლქზე მიწერა გამოიწვევს ჩვენს დაღუპვას, კატეგორიულად | მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ, | რ ა თ ა | ჩ ვ ე ნ ი | ს ო ფ ლ ე ბ ი | დ ა რ ჩ ე ს | გ ო რ ი ს მაზრის ფარგლებში და მიეწეროს მახლობელ საციხურის თემს.

2. ს ო ფ. | ჭ ა რ ე ბ ი ს | მ ც ხ ო ვ რ ე ბ ნ ი ა. წ. 23 აგვისტოს განაჩენით თხოულობენ: ჭარები გადადის ოსების, სახელდობრ: ცხინვალის აღმასკომზე, რომელიც დაშორებულია ჩვენგან 30 ვერსით; ჩამოდის მდ. პატარა ლიახვი, რომელმაც მოდიდება იცის 1 თებერვლიდან სექტემბრის გასვლამდი, ასე რომ ამ მიზეზით კაცი ვერ გადის... გარდა ამისა, ჩვენ ქართველები ვართ და არ ვიცით ოსური ენა... ამ მოსაზრებათა გამო, გვინდა ა რ ა | ო ს ე ბ ი ს, | ა რ ა მ ე დ | ტ ყ ვ ი ა ვ ი ს | რ ა ი ო ნ ი ს | ა ღ მ ა ს კ ო მ ზ ე | ვ ი ყ ვ ე თ მიწერილნი, რომელიც ჩვენზე ახლოა.

3. ტ ყ ვ ი ა ვ ი ს | თ ე მ ი ს | ს ო ფ ე ლ | დ ი ს ე ვ ი ს | დ ა | კ უ ლ ბ ი თ ი ს მცხოვრებნი ა/წ 26 აგვისტოს განაჩენით აცხადებენ: „სამხრეთ-ოსეთზე ჩვენი მიწერა არც ისტორიულად, არც გეოგრაფიულად, არც ეთნოგრაფიულად და არც ეკონომიურად მიზანშეწონილათ და სამართლიანად არ მიგვაჩნია, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ჩ ვ ე ნ | ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ს | გ ვ ა რ ტ ო მ ო ბ ი თ, უცხო ტომის ხელში არ გადაგვცემს, რომელთანაც ჩვენ არ გვაკავშირებს როგორც ზემოხსენებული გარეუბანი (თუ გარემოებანი ? – ი. ხ.), ისე არც ენა და არც ზნე-ჩვეულებანიო“.

4. რაჭის მაზრის აღმასკომი ა/წ 20 აგვისტოს თარიღით ატყობინემდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს: „რაჭის მაზრის ქართველ გლეხობის საბუთებით შეძენილი უძრავი ქონება, სახნავი, საძოვარი მიწები და ტყეები მოჰყვა სამხრეთ-ოსეთის ოლქში და დღეს თითქმის სადაოთ ხდება ეს მათი საკუთრება, რადგან ამ ადგილებს ოსები თავიანთ საკუთრებათ სთვლიან... გლეხობისათვის ტყით სარგებლობა ამ მხრითაც უხერხული ხდება, რომ ნებართვის ასაღებათ მათ ცხინვალში უნდა წავიდნენ, რომელიც 70 ვერსის მანძილზეა... აღმ. კ ო მ ი ტ ე ტ ი | თ ხ ო უ ლ ო ბ ს | შ ე ჩ ე რ ე ბ უ ლ | ი ქ მ ნ ა ს | ო ს ე თ ი ს | ფ ა რ გ ლ ე ბ შ ი | შ ე ტ ა ნ ა | ი მ | ტ ყ ე ე ბ ი ს ა, | რ ო მ ე ლ ნ ი ც | ქ ა რ თ ვ ე ლ | გ ლ ე ხ ო ბ ი ს | ს ა კ უ თ რ ე ბ ა ს | შ ე ა დ გ ე ნ ს, წინააღმდეგ შემთხვევაშიკონფლიქტი ოსებსა და ქართველებს შორის მოსალოდნელიაო“.

5. ამასვე ადასტურებენ რაჭის მაზრის წედისის თემის სოფ. წ ე დ ი ს ი ს, | ქ ე დ ი ს... მცხოვრებთა რწმუნებულნი, რომელნიც თავიანთ განცხადებაში ა/წ 6 სექტემბერს დაწერილში, ამბობენ: „ოსების საზღვრებში მოხვდა ზემო-რაჭის თითქმის ყველა სატყეო აგარაკები, სათიბები და სახნავი ყანები, რომელთა შორის უფრო საყურადღებოა წედისის თემის სატყეო აგარაკი, სახნავი და სათიბი ადგილები, რაიც ზემოაღნიშნულ სოფლების საკუთრებას შეადგენს; ეხლა კი ოსეთის განკარგულებაში გადავიდა. უნდა მოვახსენოთ ცენტრ. აღმასკომს (განცხადება ცენტრ. აღმ. სახელზეა), რომ თუ ის არ მიაქცევს ყურადღებას ასეთს მნიშვნელოვან საკითხს, იძულებული გავხდებით ყველამ თავები დავიხოცოთ და ჩვენი ოჯახები წყალში ჩავყაროთ, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, ჩ ვ ე ნ ს | ა გ ა რ ა კ ს, | ს ა თ ი ბ ე ბ ს, | ს ა ხ ნ ა ვ | მ ი წ ე ბ ს | ი ს ე ვ | ჩ ვ ე ნ | დ ა გ ვ ი ბ რ უ ნ ე ბ თ | ე. ი. | მ ო ა ქ ც ე ვ თ | ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს | რ ე ს პ უ ბ ლ ი კ ი ს | ტ ე რ ი ტ ო რ ი ა შ ი“. ალბათ უნდოდათ ეთქვათ „რაჭის მაზრის ფარგლებშიო“, თორემ საქართველოს ტერიტორიაში ხომ ახლაც არის – ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია საქართველოს (ამ განმარტებას თვით შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი იძლევა – ლ. თ.).

6. ს ო ფ. | ძ ვ ი ლ ე თ ი ს მცხოვრებლებმა შემდეგი თხოვნით მიმართეს შენაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს (თხოვნას ა/წ 5 მკათათვის თარიღი აქვს): „სოფ. ძვილეთი აღმოსავ. დასავლეთით და სამხრეთით გარს შემორტყმულია ქართულ სოფლებით და ეს სოფლები და თვით ძვილეთი ეკუთვნიან ზემო ქართლს. წინად ვიყავით მიწერილი დირბის საზოგადოებაზე ანუ შემდეგ დირბის თემზე, ახლა მიგვაწერეს სამხრეთ-ოსეთის ოლქზე. ჩვენ პიტალო ქართველები ვართ, ოსური ენა სრულიად არ ვიცით. დირბის სასამართლო ჩვენგან სამ ვერსზეა, ხოლო თუ სამხრეთ-ოსეთის ფარგალში დავრჩით, მაშინ წუნარში 15 ვერსზე მოგვიხდება სიარული. ამასთანავე მდ. დვანის ფრონე დიდია და ჩვენთვის ძალიან ძნელია იქ სიარული, ამიტომ გ თ ხ ო ვ თ | მ ი გ ვ ა წ ე რ ო თ | ი ს ე ვ | დ ი რ ბ ი ს | თ ე მ ზ ე, | გ ო რ ი ს | მ ა ზ რ ა ზ ე ო და

7. ქსნის თემი (დუშ. მაზ.) შუამდგომლობს (დადგენილებით ა/წ 21 ოქტ. მიღებულით):

„გამოგვეცხადა რა, რომ ქსნის თემი გადადის სამხრეთ-ოსეთზე, ჩვენ ეს ყოვლათ შეუძლებლათ მიგვაჩნია: ა) ცხინვალი დაშორებულია ჩვენს თემზე 50 ვერსით და ამ სიშორეზე სიარული საჩივრებისა თუ სხვადასხვა საქმისა გამო შეუძლებელია, რადგან მოითხოვს მუშა-კაცისაგან მოცდენას, წასვლა-წამოსვლაში არანაკლებ 3–4 დღისა, რაიც დამღუპველი იქნება იქ სიარული, მაშინ, როდესაც დუშეთი ჩვენზეა 18 ვერსის მანძილზე... რაც უნდა გაგვიჭირდეს ჩვენ ცხინვალში ვერ ვივლით და ბევრი უსამართლობა და ჩვენი გაჭირვება დარჩება მთავრობას გაუგებარი. ძლიერ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეზობელ სოფლებთან, რომლებიც მდებარეობენ დუშეთისაკენ, გვაქვს ახლო დამოკიდებულება მამულის და სხვა საქმეებისა გამო და ამათთან საქმის მოსაგვარებლათ უნდა ვიაროთ დუშეთს და ისინი კი თუ ჩვენზე საჩივარი ექნებათ – ცხინვალს. ამნაირად სულ აგვეწეწება საქმე, ამიტომ, ვთხოვთ მთავრობას მიგვაწეროს ისევ დუშეთს და აგვაცდინოს მრავალი გაჭირვება და უსიამოვნება... ამგვარად, ქართველი მოსახლეობა გორის მაზრისა დაჟინებით და კატეგორიულათ ერთსა და იმავეს ითხოვს, არაერთხელ, – სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახით (წერილობით თუ პირადად დეპუტაციის საშუალებით). ერთსა და იმავე სურვილს გამოსთქვამს ოთხჯერ – არ დაუმორჩილონ იგი ოსთა ხელისუფლებას“ (სუიცსა, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 62, ფურც. 82–84).

მაშასადამე, ქართული მოსახლეობა ვერ ურიგდებოდა იმ აზრს, რომ მრავალი ქართული სოფელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს უნდა შეერთებოდა. როგორც ვნახეთ, ქართული მოსახლეობის უკმაყოფილება არ ჩაცხრა მას შემდეგაც, რაც გამოქვეყნდა საქართვლოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ.

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმისათვის 1922 წლის 16 დეკემბერს წარდგენილ ზემოაღნიშნულ მოხსენებით ბარათში ამასთან დაკავშირებით ნათქვამია: „...ქართველი მოსახლეობა დღემდი განაგრძობს ამ გარემოებით გამოწვეულ უკმაყოფილების გამოთქმას, დრტვინვას და ასეთ უკმაყოფილების მიზეზზე ჩვენ უკვე მივუთითეთ, სახელდობრ: ა) სამხ. ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეტანილია დეკრეტით # 2 დასავლეთით რაჭის და შორაპნის მაზრების ნაწილები; ბ) აღმოსავლეთით დიდი ნაწილი დუშეთის მაზრისა და გ) სამხრეთით მთელი წყება სოფლებისა, რომელნიც თანახმად მთავრობისა და პარტიის ზემოდ აღნიშნულ დადგენილებათა (მუხ. მე-3) შეტანილ უნდა ყოფილიყვნენ ამ ტერიტორიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გორის მაზრის ქართველი მოსახლეობა, ოსთა მეზობლათ თუ ოსთა შორის მცხოვრები, თავის კატეგორიულ სურვილს გამოსთქვამდა დაემორჩილოს ოსეთის ავტონომიურ ხელისუფლებას, მანამდი კი ეს ქართველი მოსახლეობა გორის მაზრის ხელისუფლების ქვეშ უნდა დარჩენილიყო“ (სუიცსა, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 62, ფურც. 85).

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ გამოთქმული ეს საყვედური საფუძველს მოკლებული არ არის. როგორც ზემოციტირებული დოკუმენტები მოწმობენ, ქართული მოსახლეობის აზრი უცვლელი დარჩა, იგი ბოლომდე წინააღმდეგი იყო სამხრეთ ოსეთისათვის ქართული სოფლების გადაცემისა. დეკრეტის გამოცემისას კი ეს მომენტი უგულებელყვეს.

აქვე გვინდა მკითხველს შევთავაზოთ სია იმ ქართული სოფლებისა, რომლებიც საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის დეკრეტით (# 2) სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გადაეცა. ამ სიაში, რომელიც საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალურმა კომისიამ (თავმჯდომარე გრ. გველესიანი, წევრები: დ. კარიჭაშვილი და ს. გიორგაძე) შადგინა, ნაჩვენებია ქართულ სოფელთა ეროვნული შემადენლობაც. მთლიანად დავიმოწმოთ სპეციალური კომისიის მოხსენებითი ბარათის სათანადო ადგილი (სოფელთა დასახელებაში მოსალოდნელი უზუსტობისათვის მკითხველს წინასწარ ვუხდით ბოდიშს – ლ. თ.):

„აქაც ჩვენი აზრის გასაშუქებლათ ფაქტიურ მასალას მივმართავთ. ჩამოვთვლით იმ ქართულ სოფლებსა, თუ ქალაქს, რომელნიც ოსეთის სამხრეთით მდებარეობენ და დეკრეტით (# 2) სამხრეთ-ოსეთზე გადავიდენ.

(წიგნში ქვემოთ მოყვანილი მონაცემები ცხრილის სახითაა დაბეჭდილი, მაგრამ ბლოგში ასეთი ცხრილის გაკეთების შეუძლებლობის გამო, იგივე ინფორმაცია აქ ტექსტური სახით წარმოვადგინეთ – ი. ხ.)

1. თ ა მ ა რ ა შ ე ნ ი ს | ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ი ს ა:

12 ქართული სოფელი*, სახელდობრ:
ზემო აჩაბეთი
ქვემო აჩაბეთი
თამარაშენი
პატარა ძარწემი
დიდი ძარწემი
საბაწმინდა
ქემერტი
ხეითი
დგვრისა
ქურთა
კეხვი
სვერი

(*ქართულ სოფლებათ ვსთვლით ისეთ სოფლებს, სადაც ოსები 50 % ნაკლებია).

მთლიანობაში: ქართველები – 4119 ადამიანი, ოსები – 525, სხვა ეროვნებისა – 6; სულ – 4650 ადამიანი.

2. ც ხ ი ნ ვ ა ლ ი ს | ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ა:

1. ქალაქი

ქ. ცხინვალი: ქართველები – 1185 ადამიანი, ოსები – 0, სხვა ეროვნებისა – 2697; სულ 3832** ადამიანი.

ს. გუჯაბაური: ქართველები – 186, ოსები – 40, სხვა ეროვნებისა – 0; სულ – 226 ადამიანი.

(** 1917 წლის სამეურნეო აღწერაში ცხინვლის მოსახლეობის სტატისტიკა არ მოიპოვება. 1886 წლის საოჯახო სიებიდან შედგენილ სტატისტიკურ ნუსხით სულ 3832 მცოხვრებია, 1915 წლისათვის კი ადმინისტრაციის მიერ შეკრებილ ცნობების მიხედვით – სულ 4618. დღეისათვის ესა ციფრი უნდა გაორკეცდეს).

3. წ უ ნ ა რ ი ს | ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ი ს ა:

1. სოფელი, ნული: ქართველები – 413 ადამიანი, ოსები – 24, სხვა ეროვნებისა – 0; სულ – 437 ადამიანი.

4. დ ი რ ბ ი ს | ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ი ს ა:

1. სოფელი, ძველთი: ქართველები – 324 ადამიანი, ოსები – 10, სხვა ეროვნებისა – 10; სულ – 344 ადამიანი.

5. ა ვ ლ ე ვ ი ს | ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ი ს ა:

11 სოფელი, სახელდობრ:
    ხუნდის უბანი
    შინდარა
    თიღვა
    ძალეთი
    ზემო ოქონა
    ქვემო ოქონა
    ნედლათი
    სუფნისი
    ნაბაკევი
    ჯვრისისი
    ბზისხევი

სულ ამ სოფლებში: ქართველები – 1526 ადამიანი, ოსები – 344, სხვა ეროვნებისა – 0; მთლიანობაში – 1860 ადამიანი.

6. მ ე რ ე თ ი ს | ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ი ს ა:

6 სოფელი, სახელდობრ:
    სნეკვი
    ზარდიანთ-კარი
    ქსუისი
    ჭარები
    კუბითი
    დისევი

 სულ ამ სოფლებში: ქართველები – 1536 ადამიანი, ოსები – 119, სხვა ეროვნებისა – 0; მთლიანობაში – 1655 ადამიანი.

7. ო რ ტ ე ვ ი ს | ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ი ს ა:

1 სოფელი, სახელდობრ

ვანათი: ქართველები – 432 ადამიანი, ოსები – 48, სხვა ეროვნებისა – 0; სულ – 480 ადამიანი.

8. ბ ო ლ ო თ ი ს | ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ი ს ა:

8 სოფელი, სახელდობრ:

აწვსრიხევი: ქართველები – 299 ადამიანი, ოსები – 0, სხვა ეროვნებისა – 0; სულ – 299 ადამიანი;

საცხენეთი: ქართველები – 289 ადამიანი, ოსები – 0, სხვა ეროვნებისა – 0; სულ – 289 ადამიანი;

ხაშურა: ქართველები – 135 ადამიანი, ოსები – 0, სხვა ეროვნებისა – 0; სულ – 135 ადამიანი;

ხადურიანთ-კარი*: ქართველები – 22 ადამიანი, ოსები – 0, სხვა ეროვნებისა – 0; სულ – 22 ადამიანი;

ბელოთი: ქართველები – 220 ადამიანი, ოსები – 0, სხვა ეროვნებისა – 0; სულ – 220 ადამიანი;

ზემო ავნევი*: ქართველები – 287 ადამიანი, ოსები – 0, სხვა ეროვნებისა – 0; სულ – 287 ადამიანი;

ქვემო ავნევი*: ქართველები – 127 ადამიანი, ოსები – 0, სხვა ეროვნებისა – 0; სულ – 127 ადამიანი.

(* 1917 წლის სამეურნეო აღწერაში ამ სამი სოფლის მცხოვრებთა რაოდენობა აღნიშნული არ არის, ამიტომ ჩვენ აქაც 1886 წლის საოჯახო სიებიდან ამოღებულ ცნობებით ვსარგებლობთ და დღეისათვის ვაორკეცებთ).

ს უ ლ | გ ა დ ა ს უ ლ ი ა | 4 0 | ქ ა რ თ უ ლ ი | ს ო ფ ე ლ ი | დ ა | 1 | ქ ა ლ ა ქ ი, | ს ა დ ა ც | ო ც | ა თ ა ს ა მ დ ე | ქ ა რ თ ვ ე ლ ი ა, | ხ ო ლ ო | ო ს თ ა | რ ა ო დ ე ნ ო ბ ა | უ დ რ ი ს – 1 1 0 0 | ს უ ლ ს“ (სუიცსა, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 2 /თუ: 62 ? – ი. ხ./, ფურც. 85–86).

აი, ასე შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მასში მრავალი ქართული სოფლის გაერთიანებით. დეკრეტის გამოცემას, ბუნებრივია, ქართული მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი იძულებული გახდა სულ მალე შეეტანა ზოგიერთი კორექტივი 20 აპრილის დეკრეტში. 25 აპრილსვე მან დაადგინა: „ქართულ სოფლებში ადმინისტრაცია და მილიცია დარჩეს ქართული“ და „კობის რაიონი ადმინისტრაციულად მიეწეროს დუშეთის მაზრას“ (იქვე, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 62, ფურც. 87). ამ შესწორებებმა შექმნილი მდგომარეობა, ცხადია, საბოლოოდ ვერ განმუხტეს. შეიარაღებული შეხლა-შემოხლის საშიშროება კვლავ რჩებოდა. გახშირდა ექსცესები ორივე მხრიდან სამეურნეო თუ სხვა ყოფითს საკითხებზე. ამიტომ იღებდნენ ზომებს მოსახლეობის განიარაღებისათვის. 1922 წლის 26 მაისს სამხრეთ ოსეთის საოლქო პარტიულმა კომიტეტმა დაადგინა:

«Произвести разоружение по всей области беспартийных элементов. Для разоружения и подавления бандитизма в некоторые районы послать отряды с представителями обл. парткома, ЧОН и Политбюро. Одновременно обратиться Ц.К.К.П. Грузии, ЧОН, Наркомвоенмор и Грузчека о немедленном разоружении беспартийных в смежных с областью районах, где масса настроена контрреволюционно.

Особое мнение тов. Завадина: создать смешанную комиссию из представителей А.О.Ю.О. и смежных уездов для совместного разоружения районов не только входящих в А.О.Ю.О., но и в смежных, входящих уезды. Председатель Вл. Санакоев. Секретарь А. Чочиев» (მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 192, ფურც. 583).

მკითხველი მიხვდება, რომ აქ ჩვეულებრივი ბანდიტების განიარაღებაზე როდია საუბარი. სიტყვა „ბანდიტიზმის“ მოშველიებით დადგენილების ავტორები ცდილობენ გაიოლებულად წარმოაჩინონ საქმე. „კონტრრევოლუციურად განწყობილ მასაში“ კი უმთავრესად სამხრეთ ოსეთისათვის ქართული სოფლების გადაცემით უკმაყოფილონი იგულისხმებიან. აქვე ნახსენები „პოლიტბიურო“ საგანგებო კომისიის ადგილობრივი ორგანოს იმდროინდელი სახელწოდებაა.

სამხრეთ ოსეთის საოლქო პარტიული კომიტეტის ამ დადგენილებაზე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის რეაგირება ასეთი იყო: 1922 წლის 12 ივნისს მან მახარაძის, ოკუჯავას, ქავთარაძის, ცინცაძის, საბაშვილის, კანდელაკის, ბიბინეიშვილის, თუმანოვისა და ზირაქიშვილის მონაწილეობით განიხილა:

«Постановление Юго-Осетинского парткома с просьбой разоружить беспартийное население Юго-Осетии» და დაადგინა:

«а) Предложить парткому постановление это в жизнь не проводить,

б) Предложить парткому дать сведения в ЦК, в каких местностях население должно быть разоружено и по каким мотивам,

в) Поручить ЧК выяснить вопрос о необходимости и возможности разоружения. Материалы представить в ЦК на рассмотрение» (მლისფპა, ფ. 14, აღწ. 1, საქ. 192, ფურც. 559).

როგორც ვხედავთ, მოსახლეობის განიარაღება ადვილ საქმედ არ ჰქონდათ წარმოდგენილი. მას, შეიძლება, ახალი გართულება მოჰყოლოდა. ამიტომაც ფრთხილობდნენ...

(დასასრული იხ. ნაწილი III)

No comments:

Post a Comment