(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს შუა ნაწილს პროფ. ვალ. მაჭარაძის წიგნისა „მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის“ /ნაწილი II; „თეიმურაზ მეორის ელჩობა რუსეთში“/, თბილისი, 1968)
II ნაწილის შინაარსი
თ ა ვ ი III. ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანებული ელჩობა რუსეთში თეიმურაზ II მეთაურობით 1760–1762 წლებში
§ 1. ელჩობის შემადგენლობა და მისი საქართველოდან გამგზავრება
§ 2. ელჩობის შეჩერება ყიზლარსა და ასტრახანში. მოლაპარაკება რუსეთის მთავრობასთან
§ 3. ელჩობის ჩასვლა მოსკოვს და წინასწარი მოლაპარაკება
თავი III ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანებული ელჩობა რუსეთში თეიმურაზ II მეთაურობით 1760–1762 წლებში

საქართველოდან ხსენებული ელჩობის გამგზავრების ზუსტი თარიღი დღემდე გამოურკვეველია. თუმცა ბაგრატ ბატონიშვილი წერს: «წელსა 1760, აპრილის 1 წავიდა მეფეო» (ბ ა გ რ ა ტ | ბ ა ტ ო ნ ი შ ვ ი ლ ი, ახალი მოთხრობა, დას. გამ., გვ. 51), მაგრამ მისი გაზიარება არ შეიძლება, როგორც ამას ქვემოთ დავინახავთ. რაც შეეხება ელჩობის შემადგენლობას, ი. ლორთქიფანიძე წერდა: «საქართველოდან თეიმურაზს გაყოლია 69 კაციო» (მასალები საქ. და კავკასიის ისტორიისათვის, 1940, ნაკ. II, გვ. 9). მაგრამ ესეც სარწმუნოდ იმთავითვე არ შეიძლებოდა მიგვეჩნია, რადგან იგი ემყარებოდა პროფ. ა. ცაგარელის მიერ გამოქვეყნებულ გვიანდელ საბუთში დაცულ ცნობას, რომელიც უჩვენებს ელჩობის შემადგენლობას ასტრახანში (შდრ. Грамоты, I, стр. 371) და არა – მისი საქართველოდან გამგზავრებისას.
ელჩობის საქართველოდან გამგზავრების ზუსტი თარიღის დადგენა პიდაპირი დოკუმენტებით არ ხერხდება, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული მასალებით, 1760 წლის აპრილის შუა რიცხვებში უნდა მომხდარიყო. ამის სასარგებლოდ მიუთითებს შემდეგი გარემოებანი: ყიზლარის კომენდანტი გენერალ-მაიორი ფონ ფრაუენდორფი 1760 წლის 21 მარტით დათარიღებული პატაკით რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას მოახსენებდა:
ოსეთის კომისიის არქიმანდრიტი პახომი და იმავე კომისიის მრჩეველი ბენიამინ აშხარუმოვი 12 მარტს წარმოდგენილი მოხსენებით გაცნობებენ, რომ ჩერვლენის ფორპოსტში ოსეთიდან მოვიდა ბერი გრიგოლი, რომელიც ქრისტიანობის საქადაგებლად იყო ქისტების სოფელ ტარშში. 4 მარტს ს. ტარშში გრიგოლთან მისულა აზნაური მარტია ღუდუშაური და განუცხადებია, რომ იგი (ღუდუშაური) ამა წლის იანვრის პირველ რიცხვებში იყო საქართველოში, სადაც გაუგონია, რომ სპარსელი ხანები შეთანხმებულან ტახტზე აიყვანონ ყოფილი შაჰის შვილი მირზა ელპარდა (რომელიც ადრე ქართლის მეფესთან იყო, ხოლო ახლა თურქეთშია) და სულთანს დახმარებას სთხოვენ; ეს ამბავი რომ შეიტყვეს, საქართველოსა (ქართლისა და კახეთის) და იმერეთის მეფეები 1760 წლის 15 იანვარს ცხინვალს შეიკრიბნენ, თურქებისა და სპარსელების მხრით მოსალოდნელი საფრთხის გამო ერთმანეთთან თავდაცვითი კავშირი დადეს და ეს კავშირი ნათესაობითაც გაამაგრეს: კახეთის მეფე ერეკლემ თავისი ქალი ცოლად მისცა იმერეთს მეფის ღვიძლ ძმას – არჩილსო; ამასთან, გადაწყდაო, რომ ქართლის მეფე თეიმურაზი და იმერეთის კათალიკოსი ბესარიონი დიდ მარხვაში რუსეთს უნდა გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ ერეკლეს შვილის გარდაცვალებამ მათი გამგზავრება გადადო, დღესასწაულის (აღდგომის) შემდეგ კი უეჭველად წამოვლენო (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, лл. 14–15).
ზემოთ მოტანილ ცნობას ადასტურებს და აზუსტებს თვით თეიმურაზ II. იგი ასტრახანის ვიცე-გუბერნატორთან საუბარში 1760 წლის 1 ნოემბერს აცხადებდა: «... из Грузии еще в марте месяце отправиться был намерен, точию по случаю внука своего... преставления оспою... отправлением остановился, после чего уже, в апреле месяце, путь восприял» (იქვე, 160–167).
კიდევ მეტი, ელჩებმა რუსეთში ჩაიტანეს ერეკლე მეფის წერილები თავად ამილახვრის (დათარიღებული 1760 წლის 1 აპრილით), ალექსანდრე ბაქარის ძისა (დათარიღებული 1760 წლის 9 აპრილით) და ლევან ბაქარის ძისადმი (დათარიღებული 1760 წლის 10 აპრილით) (იქვე, 94–95, 113, 100), რაც ცხადყოფს, რომ ელჩობის გამგზავრება 1760 წლის 10 აპრილის შემდეგ უნდა მომხდარიყო. 1760 წლის 28 აპრილს კი ელჩობა თეიმურაზ II მეთაურობით თერგის ხაზთან იყო. «დღეს რომ აპრილის ოცდარვა არის, – სწერდა თეიმურაზ II ყიზლარის კომენდანტს, – აქ ყაზახის ყარაულებთან გიახელით, ხვალ ორუზღალას გიახლებით, თქვენი ხლება დიაღ გვეშურებაო» (იქვე, 25). ეს «ორუზღალა» დოკუმენტის რუსულ თარგმანში «ჩერვლენადაა» მოხსენიებული (იქვე, 20). ამრიგად, 1760 წელს 29 აპრილს, როგორც სხვა დოკუმენტებიდან ცხადი ხდება, თეიმურაზი ამალითურთ ჩერვლენს ჩასულა (შდრ. იქვე, 24, 10–11).
თუ გავითვალისწინებთ მანძილს (თბილისიდან ჩერვლენამდე დაახლოებით 300 კმ), გზის თავისებურებასა და იმასაც, რომ თეიმურაზ II საკმაოდ მრავალრიცხოვანი ამალა ახლდა, ელჩობა თბილისიდან უნდა გამგზავრებულიყო არა უგვიანეს 15 აპრილისა. ასე რომ, ელჩობის გამგზავრება თბილისიდნ მომხდარა არა უადრეს 1760 წლის 10 აპრილისა (რაკი 10 აპილით დათარირებული წერილი მიჰქონდათ) და არა უგვიანეს 15 აპრილისა (ორ კვირაზე ნაკლებ დროში ამ მანძილის გავლა შეუძლებელი იყო).
რაც შეეხება ელჩობის შემადგენლობას, ჩვენს ხელთ რამდენიმე სიაა, რომელთაგან ყველაზე ადრინდელი შედგენილია ჩერვლენში 1760 წლის 29 აპრილს (იქვე, 21–24), საიდანაც ჩანს, რომ საქართველოდან თეიმურაზ მეფეს გაჰყოლია არა 69 კაცი, როგორც ამას წერდა ი. ლორთქიფანიძე (იხ. მასალები საქ. და კავკასიის ისტორიისათვის, 1940, ნაკ. II, თბ., 1940, გვ. 9), არამედ 72 კაცი, ხოლო მეფითურთ ელჩობა 73 კაცს ითვლიდა: მეფე, თავადი – 13, აზნაური – 10, სასულიერო პირი – 7, თბილისელი ქეთხუდა – 3, მსახური – 39 (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, л. 21) (აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ელჩობას, რომელიც საქართველოდან 2–3 კვირის გასული იყო, ჩერვლენს ჩასვლამდე დიდი ცვლილებები არ შეიძლებოდა განეცადა, ამიტომ ამ სიით ნაჩვენები შემადგენლობა შეიძლება თავდაპირველ შემადგენლობად მივიჩნიოთ) (ზემოთ მოტანილი სიის რუსული თარგმანი ზუსტად შეუსრულებიათ, მაგრამ მთარგმნელს შეჯამებისას შეცდომა დაუშვია: «всего всех 74 человек» /შდრ. იქვე, 22/. რაც სინამდვილეს არ შეეფერება).
ყიზლარის კომენდანტ ფონ ფრაუენდორფის საიდუმლო მოხსენებაში, რომელიც 1760 წლის 30 აპრილს გაუგზავნია ასტრახანის გუბერნატორისათვის, ნათქვამია, რომ რომ თეიმურაზი ასამდე კაცით მოდის და ასამდე ყაბარდოელი მოაცილებსო: «... едучей сюда означенной грузинской царь Теймураз со свитою, которой числом до ста человек, да при нем для препровождения малой Кабарды князя Батоки Алиева при сыне кабардинцов до ста же человек...» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, л. 10). რა თქმა უნდა, ამ ცნობის პირველი ნაწილი სინამდვილეს არ შეეფერება, რაც შეეხება ცნობის მეორე ნაწილს, გამცილებელ ყაბარდოელებს რომ ეხება, იგი სადავო არ შეიძლება იყოს. თეიმურაზის ამალა თუ ელჩობა ასი კაცისაგან არ შედგებოდა. ასეთი გაუგებრობის მიზეზი ის არის, რომ საქმეს იქვე ერთვის მეორე სიაც, რუსული თარგმანითურთ, სადაც ნაჩვენებია 40 კაცი (იქვე, 23–24). მეორე სიის რუსულ თარგმანს სათაურად აქვს: «По второму показано» და ქვემოთ ჩამოთვლილია – ვინ მიდის და მოცემულია ჯამი «Итого по сему 40 человек» (იქვე, 23). მთარგმნელს რატომღაც არ უთარგმნია მეორე სიის ბოლო ნაწილი, სადაც ნათქვამია: «ქ. ეს ამალა ვინცა-ვინ ბატონს ახლავს, იმას გარდა არის: ზოგი მოსკოვს, ზოგი პეტრებუხს, ზოგი აშტარხანს მიდიან. ესენი თავიანთ საქმეზე მიდიან. ბატონის მახლობელი კაცი სხვა არის» (იქვე, 24). ასე რომ, ეს 40 კაცი თავის საქმეზე მიემგზავრებოდა რუსეთს, ისინი ელჩობას შეუერთდნენ გზაზე უშიშროების მიზნით. აი რას გამოუწვევია შეცდომა ყიზლარის კომენდანტის მოხსენებასა და ზოგიერთ სხვა რუსულ დოკუმენტში, სადაც ნათქვამია, თითქოს თეიმურაზის მეთაურობით რუსეთში 100 კაცისაგან შემდგარი ელჩობა მიდიოდა.
მართალია, შემდგომში ელჩობის შემადგენლობამ ნაწილობრივ ცვლილებები განიცადა (იგი შეივსო საქართველოდან წერილებით წარგზავნილ დიპლომატურ შიკრიკთა თუ ერეკლეს მიერ საგანგებოდ მივლინებულ ამბის მიმტანთა ჩასვლით; ზოგიც, ადრე წასულთაგანი, პეტერბურგამდე ვერ ჩაჰყვა თეიმურაზ მეფეს), მაგრამ ელჩობის ძირითადი შემადგენლობა მაინც ის 73 კაცია, რომლებიც გაემგზავრნენ საქართველოდან 1760 წლის აპრილის შუა რიცხვებში.
მართალია, ჩვენ ზემოთ ელჩობის შემადგენლობა მათი სოციალური მდგომარეობის მიხდვით წარმოვადგინეთ, მაგრამ ამით დაკმაყოფილება საკმარისად არ მიგვაჩნია. როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ საქართველოში მაშინ ორი პოლიტიკური ერთეული – ქართლისა და კახეთის სამეფოები – არსებობდა და თეიმურაზ მეფე, როგორც თავის წერილობით მოხსენებებში, ისე ზეპირი განცხადებებისას, ყოველთვის თავისი (ქართლის მეფის) და თავისი შვილის (კახეთის მეფის) სახელით გამოდიოდა. ასე მაგალითად, თეიმურაზ II რუსეთის იმპერატორისათვის წარსადგენ ბარათში, რომელიც 1761 წლის 28 აპრილს გადასცა მ. ვორონცოვს, წერდა: «მოწყალეო ჴელმწიფეო! მე ჩემის შვილით ირაკლითი ვიცნობები...» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, лл. 398–399). ასეთი ფორმით გაუკეთებია განცხადება მოსკოვში თეიმურაზ მეფეს რუსეთის წარმომადგენელ ამილახვართან. ეს უკანასკნელი კანცლერ მ. ვორონცოვს 1761 წლის 27 თებერვალს მოსკოვიდან სწერდა: «Он грузинской владетель и с сыном своим Ираклием на мысле имеют...» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. I, лл. 146–147). ეს შემთხვევითი როდია, იგი საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებას ასახავდა.
ამ მდგომარეობამ თავისი ასახვა ჰპოვა აგრეთვე ელჩობის შემადგენლობის შესახებ რუსეთის მთავრობისათვის წარდგენილ სიებშიც. კერძოდ, პირველი სიით, რომელიც 1760 წლის 29 აპრილს წარუდგინეს ყიზლარის კომენდანტს, ჯერ ქართლის მეფე და ქართლის თავადაზნაურობაა მოხსენიებული (თავიანთი მსახურებითურთ), ხოლო იმვე სიის მეორე ნაწილში საგანგებოდაა გამოყოფილი ელჩობის ის ნაწილი, რომელიც კახეთიდან იყო წარმოდგენილი. სიაში პირველად მოხსენიებულია «ცარი ქართლისა თეიმურაზი», მას მოჰყვებიან ქართლის თავადები: სარდალი ალექსანდრე ციციშვილი, იესე მაჩაბელი, ნაზირი გიორგი ციციშვილი, მეითარი ზაალ ავალიშვილი, მდივანი სულხან ბეგთაბეგიშვილი, გიორგი ფალავანდიშვილი, ბეჟან ხერხეულიძე, ივანე ბარათაშვილი, ზურაბ გოსტაშაბიშვილი; ქართლის აზნაურები: სუფრაჯი დავით გაბაშვილი, გრიგოლ საგინაშვილი, მუშრიბი დავით ყორღანაშვილი, მოლარე მელქო არეშიშვილი, მოლარე სულხან ყორღანაშვილი და სხვ. ქვემოთ მოხსენიებული არიან თბილისელი ქეხუდები და მსახურნი (მეფისა და თავადებისა). რაც შეეხება კახეთის სამეფოს წარმომადგენლებს, აქ გამოყოფილია: «კახეთის არქიერი რუსთველი იოვანე», «კახეთის კნიაზი ელისეთ მოურავი დავით (ჯორჯაძე)», «კნიაზი ჩერქეზოვი ქაიხოსრო» (მარტყოფის მოურავი), «კნიაზი მოლარეთუხუცესი შიოშ ტუსიშვილი», «კნიაზი გიჟიმყრელი იოსებ». ქვემოთ დასახელებული არიან სასულიერო პირნი და მსახურნი (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, лл. 21–21а).
გვიანდელ სიებში ასეთი განცალკევება კიდევ უფრო რელიეფურია: როცა თეიმურაზს რუსეთის სამეფო კართან ოფიციალური მოლაპარაკება აქვს ან ადგილისა და რანგის მიხედვითაა წარსადგენი ელჩობის შემადგენლობა, მეფე ყოველთვის გამოყოფს ორ უპირველეს თავადს ქართლიდან (სარდალ ალექსანდრე ციციშვილსა და იესე მაჩაბელს) და ორ უპირველეს თავადს კახეთიდან (ელისეთ მოურავს დავით ჯორჯაძესა და მარტყოფის მოურავს ქაიხოსრო ჩერქეზიშვილს). ასე მაგალითად, ე. ამილახვარი რუსეთის მთავრობისადმი 1761 წლის 11 მარტს გაგზავნილ მოხსენებაში (რა თქმა უნდა, თეიმურაზ II მითითებით) ელჩობის შემადგენლობიდან საგანგებოდ გამოყოფს ორ თავადს ქართლიდან (ალ. ციციშვილსა და იესე მაჩაბელს) და ორს – კახეთიდან (მარტყოფის მოურავს ქაიხოსრო ჩერქეზიშვილსა და ელისეთ მოურავს დავით ჯორჯაძეს) (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. I, лл. 184–185). რუსეთის მთავრობა ელჩობის დასაჩუქრებისას ანგარიშს უწევს მეფის განცხადებებს: ეს 4 უპირველესი თავადი ასევეა გამოყოფილი დანარჩენი თავადებისაგან (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I, лл. 297, 43–46).
ასეთი ზუსტი გამიჯვნა სიებსა და მეფის მოხსენებებში, თავისი და შვილის – ერეკლეს სახელით ლაპარაკი აშკარად მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს ორი სამეფოს (ქართლისა და კახეთის) გაერთიანებულ ელჩობასთან, რომელსაც მეთაურობს ქართლის მეფე თეიმურაზ II.
დასასრულ, ელჩობის სიების რუსულმა თარგმანებმა შემოგვინახა ზოგიერთი დამატებითი ცნობა ელჩობის წევრთა შესახებ (მაგ., ქართულ სიაში არაა ნახსენები ელისეთ მოურავის დავითის გვარი – ჯორჯაძე, არც ისაა აღნიშნული, რომ ქაიხოსრო ჩერქეზიშვილი მარტყოფის მოურავია და არც მსახურთა სახელებია მოტანილი) (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, лл. 21–21-а; ч. I, 32 об. –33), მაგრამ როგორც ქართული, ისე რუსული სიები სიძუნწეს იჩენენ ელჩობის რიგითი შემადგენლობის ვინაობის აღნიშვნისას, რაც ეპოქის თავისებურებითაა გაპირობებული.

თეიმურაზ II რუსეთში გამგზავრების განზრახვა ყიზლარის კომენდანტმა გენერალ-მაიორმა ფრაუენდორფმა ადრევე შეიტყო. მან 1760 წლის 21 მარტით დათარიღებული მოხსენებით, როგორც ზემოთ დავინახეთ, რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას აცნობა: ოსეთის კომისიის არქიმანდრიტმა პახომიმ და იმავე კომისიის ტიტულარულმა მრჩეველმა ბენიამინ აშხარუმოვმა 12 მარტს წარმოდგენილი მოხსენებით მაცნობეს, რომ ქისტების სოფელ ტარშში ქრისტიანობის საქადაგებლად მყოფი ბერი გრიგორი 4 მარტს შეხვდა იქ სტუმრად მყოფ ქართველ აზნაურ მარტია ღუდუშაურს, რომლისაგან გრიგორის შეუტყვია, რომ 1760 წლის 15 იანვარს ქართველი მეფეები (თეიმურაზ II, ერეკლე II და სოლომონ I) ცხინვალში შეიკრიბნენ, ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადეს და გადაწყვიტეს შუა მარხვაში ქართლის მეფის თეიმურაზ II და იმერეთის კათალიკოსის – ბესარიონის რუსეთს გამგზავრება; ერეკლეს შვილის სახადით სიკვდილის გამო ელჩობის გამგზავრება გადაიდო, მაგრამ დღესასწაულის (ალბათ, აღდგომა) შემდეგ ისინი აუცილებლად წამოვლენო; დასასრულ, ყიზლარის კომენდანტი აუწყებდა საგარეო საქმეთა კოლეგიას: კიდევ შევეცდები დავაზუსტო, რამდენად მართალია ზემოაღნიშნული და მოგახსენებთო, მაგრამ «...есть ли подлинно показанной грузинской царь Теймураз и меретинской католикос Бесарион сюда ехать намерены, то по прибытии их каким образом в принятии их поступить и когда желание возымеют ехать в Санктпетербург, то повелено ль будет их отпустить с каким довольствием и в коликой свите, о том меня указом е. и. в. заблаговременно снабдить» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, лл. 14–15).
ყიზლარის კომენდანტმა იმავე რიცხვით დათარიღებული ანალოგიური მოხსენებები გაუგზავნა სამხედრო კოლეგიასა (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 10, д. 7, л. 1) და ასტრახანის გუბერნატორს (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, л. 4).
ასტრახანის გუბერნატორი ჟილინი 1760 წლის 10 აპრილით დათარიღებული მოხსენებით საგარეო საქმეთა კოლეგიას აცნობებდა, რომ მან 2 აპრილს მიიღო ყიზლარის კომენდანტის მიერ 21 და 23 მარტს გამოგზავნილი მოხსენებები, იქვე გადმოსცემდა ამ მოხსენებების მოკლე შინაარსს და სთხოვდა: «... Когда и реченной грузинской царь и католикос из Грузии в Кизляр прибудут ... в пропуске их каким образом поступать повелено будет, о том всепокорнейше прошу определить меня е. и. в. указом» (იქვე, 1–2).
ზემოხსენებული მოხსენებები (დანართებითურთ) საგარეო საქმეთა კოლეგიაში, როგორც მინაწერებიდან ჩანს, 1760 წლის 16 მაისს წარუდგენია ასტრახანიდან საგანგებოდ გაგზავნილ შიკრიკს, ასტრახანის გარნიზონის თერგის პოლკის ჯარისკაცს მიხეილ საველიევს (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, лл. 1–2), მაგრამ რუსეთის მთავრობა პასუხის გაგზავნას არ ჩქარობდა.
ამასობაში ყიზლარის კომენდანტმა ახალი ცობები მიიღო ოსეთის კომისიისაგან და 1760 წლის 24 აპრილით დათარიღებული მოხსენებით საგარეო საქმეთა კოლეგიას აცნობებდა: როგორც იუწყებიან «... грузинской царь Теймураз и меретинской католикос подлинно уже из Грузии по своему желанию сюда следуют и к Осети намерены прибыть конечно сего месяца в половине, что и по посторонним слухам разглашается буттобы оные следуют в немалой свите, о том государственной Коллегии иностранных дел через сие донеся покорнейше прошу в случае прибытия сюда означенных яко особливых персон каким образом в принятии их поступить и по желанию их к высочайшему е. и. в. двору повеленоль будет отпустить и каким довольствием и в коликом числе свиты, о том меня указом е. и. в. снабдить» (იქვე, 16).
ყიზლარის კომენდანტმა იმავე 24 აპრილს ანალოგიური შინაარსის მოხსენებები გაუგზავნა სამხედრო კოლეგიასა (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 10, д. 7, л. 4) და ასტრახანის გუბერნატორს (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, л. 7). ამ უკანასკნელს ყიზლარის კომენდანტი (როგორც ჩანს, პეტერბურგიდან პასუხის დაგვიანების შიშით) სწერდა: «... сие во известие сообща, требую вашего совета, каким образом и в случай прибытия означенных яко особливых персон в принятии их поступить и можно ли их по их желанию в Астрахань отправить и каким довольствием и в коликой свите – о том меня со обстоятельством непродолжительно уведомить, ибо уповательно при астраханской губернской канцелярии такие подобные сему случаи бывали» (იქვე).
ვიდრე ყიზლარის კომენდანტის 1760 წლის 24 აპრილით დათარიღებული მოხსენებები ასტრახანს ჩავიდოდა, ფრაუენდორფს სარწმუნოდ შეუტყვია, რომ თეიმურაზ II დიდი ამალით (100 კაცით) და ყაბარდოელთა გამცილებელი რაზმით 28 აპრილს ჩერვლენის ფორპოსტზე მივიდოდა, ამიტომ გადაწყვეტილება მიუღია: «... егда показанной грузинской царь Теймураз со свитою к Червленскому форпосту прибудет, то ему со всяким почтением и учтивостию объявить, чтоб он по здешним обыкновениям к предосторожности опаснаго морового поветрия яко из заграницы едущей в силе е. и. в. указов при том форпосте для выдерживания указного карантина остановился» (იქვე, 10–11) და ასტრახანის გუბერნატორს სთხოვდა: «... требую вашего совета каким образом в принятии его поступить и при въезде сюда такую ль селитацию, как по воинскому уставу главы 57 по 3-му пункту при входе в город или крепость какова монарха повелено или с иною какою отменою, также и по приезде сюда до ожидания об нем от государственной Коллегии иностранных дел резолюции на казенном ли довольствии содержать и по скольку какой провизии производить, как при Астрахане таковые в бытность подобнаго ж сему покойнаго грузинскаго царя Вахтанга примеры бывали о всем том имею от вашего превосходительства ожидать чрез нарочно посланных с сим казаков непродолжительнаго изъяснения, а до того он может продержен быть в карантине» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, лл. 10–11).
ერთი სიტყვით, ყიზლარის კომენდანტს გადაწყვეტილი ჰქონდა, ვიდრე ასტრახანიდან პასუხს მიიღებდა, თეიმურაზ მეფე კარანტინის საბაბით საზღვართან შეეჩერებინა.
ყიზლარის კომენდანტის 1760 წლის 24 აპრილით დათარიღებული მოხსენება ასტრახანის გუბერნატორს 30 აპრილს მიუღია და საგარეო საქმეთა კოლეგიისათვის 2 მაისს შედგენილი მოხსენებით უთხოვია სათანადო ინსტრუქცია, ხოლო ყიზლარის კომენდანტისათვის ურჩევია: ინსტრუქციის მიღებამდე თეიმურაზ II ყიზლარში შეაჩერეო (იქვე, 6). მაგრამ ვიდრე ამ მოხსენებას მთავრობას გაუგზავნიდა, ასტრახანის გუბერნატორს მიუღია ყიზლარის კომენდანტის მეორე მოხსენებაც, რომელიც 30 აპრილითაა დათარიღებული და 1760 წლის 5 მაისს გუბერნატორ ჟილინს მეორე მოხსენება დაუწერია საგარეო საქმეთა ოლეგიაში წარსადგენად, სადაც აღნიშნულია: ძველი საქმეებიდან ჩანს, რომ 1738 წელს ქართველ უფლისწულს საგუბერნიო კანცელარიის გადაწყვეტილებით ხაზინიდან ეძლეოდა საზრდო ძველებურად, «но токмо пушечных селютацей для них делано не было» (იქვე, 9); მე ძველი საქმეებიდან ამონაწერები გავუგზავნე ყიზლარის კომენდანტს და ვაუწყე, რომ მეფეს მოსთხოვოს ამალის სია, შემოსავლიდან გამოყოს თანხა, ამ თანხით შეიძინოს საკვები პროდუქტები და გაუგზავნოს მეფეს კარანტინში, რათა იქ (კარანტინში) «никакой нужды не претерпели»; გარდა ამისა, ვურჩიე, რომ «показывать к нему (მეფეს – ვ. მ.) всякую ласковость и учтивость и ко вступлении в крепость (ყიზლარში – ვ. მ.) удовольствовать его со свитою потребною квартирою, но при всем том пристойным образом от него уведать, по какой причине он в Россию выехал...» (იქვე, 9).
ყიზლარის კომენდანტის 24 და 30 აპრილითა და ასტრახანის გუბერნატორის 2 და 5 მაისით დათარიღებული მოხსენებები საგარეო საქმეთა კოლეგიაში წარუდგენია ცარიცინის პოლკის კაპტერნარმუსს იგორ ზოევს 1760 წლის 4 ივნისს და ამავე დღეს უცნობებიათ კანცლერისათვის, როგორც ეს მინაწერებიდან ჩანს (იქვე, 9, 13), მაგრამ რუსეთის მთავრობა პასუხს ამჯერადაც აგვიანებდა.
ამასობაში ყიზლარის კომენდანტმა მიიღო თეიმურაზ მეფის წერილი რუსეთის საზღვართან მოსვლის შესახებ. 1760 წლის 28 აპრილს თეიმურაზ II ყიზლარის კომენდანტს გენერალ ფრაუენდორფს სწერდა: «... ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის თაყვანის საცემლად მოვალთ. დღეს რომ აპრილის ოცდარვა არის, აქ ყაზახის ყარაულებთან გიახელით. ხვალ ორუზღალას* გიახლებით (*ორუზღალა თეიმურაზის წერილის რუსულ თარგმანში ჩერვლენადაა მოხსენიებული /შდრ. АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, л. 20/). თქვენი ხლება დიაღ გვეშურება. ამას მოველით თქვენის ბრწყინვალის თავისაგან, რომ თქვენი შეყრა არ დაგვიგვიანოთ, ამის ამბავი მალე გვაცნობოთ» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, л. 25).
ყიზლარის კომენდანტი საგონებელში ჩავარდა. გვირგვინოსანი სტუმარი კარს მოადგა, მთავრობა და ასტრახანის გუბერნატორი კი არაფერს აცნობებდნენ, თუ როგორ მოქცეულიყო. ამიტომ საგარეო საქმეთა კოლეგიის, სამხედრო კოლეგიისა და ასტრახანის გუბერნატორის პასუხს აღარ დაელოდა – ისევ მოხსენებები გაუგზავნა. საგარეო საქმეთა კოლეგიისადმი 1760 წლის 5 მაისს გაგზავნილ მოხსენებაში ფრაუენდორფი წერდა: 30 აპრილს გამოგზავნილ მოხსენებაში გაცნობებდით თეიმურაზ მეფის ჩერვლენთან მოახლოებასა და კაპიტან გოლოვაჩევისათვის გაგზავნილ განკარგულებას კარანტინის საბაბით მეფის ჩერვლენში შეჩერების თაობაზე; კოლეგიისაგან ვითხოვდი ინსტრუქციას, თუ როგორ მიმეღო მეფე, ხოლო გუბერნატორ ჟილინს ვთხოვდი რჩევას, ეცნობებინა, როგორ იღებდნენ წინათ საქართველოდან ჩამოსულ ასეთივე რანგის პირებს, ან სამხედრო წესდების თანახმად სალუტი მიმეცა თუ არა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე; ამასობაში, 30 აპრილს, მივიღე თეიმურაზ მეფის ქართულად დაწერილი და 28 აპრილით დათარიღებული წერილი, რომლითაც იგი მაცნობებს, რომ მიდის იმპერატორთან თაყვანის საცემად; 29 აპრილს იგი უკვე ჩერვლენის ფორპოსტში მოვიდა; კაპიტანმა გოლოვაჩევმა მაცნობა, რომ მეფე კარანტინის შესახებ განკარგულებას უსიტყოვოდ დამორჩილებია; მეფის ამალაში 113 კაცია (აქ გაუგებრობა გამოწვეულია მეორე სიის ბოლო ნაწილის გადაუთარგმნელობით, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მეფის ამალაში არ შედიან, თავიანთ საქმეზე მიდიან რუსეთის ქალაქებში /იხ. ზემოთ/). 1 მაისს ჩერვლენში გავგზავნე სამარის პოლკის პოლკოვნიკი დე ბოგსბერხი და ტიტულარული მრჩეველი აშხარუმოვი, დავავალე მიულოცონ მეფეს მშვიდობით მობრძანება, თავაზიანად აუხსნან კარანტინში შეჩერების მიზეზი; შემდეგ დე ბოგსბერხი თავის რაზმში უნდა დაბრუნდეს, ხოლო აშხარუმოვი ჩერვლენში დარჩეს, სადაც კაპიტან გოლოვაჩევთან ერთად უნდა იზრუნოს მეფის ამალის სურსათით მომარაგებაზეო. დასასრულ ფრაუენდორფი საგარეო საქმეთა კოლეგიას სწერდა: «... покорно прошу, повелено ль будет показаннаго грузинскаго царя Теймураза в коликой свите отсюда к высочайшему е. и. в. двору отпустить и с каким довольствием и при отъезде отсюда какую селютацию учинить, так же и пока он во ожидании о том указа здесь пробудет, на казенном ли довольствии его со свитою содержать и с какою провизиею, о всем том меня указом е. и. в. снабдить» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, лл. 18–19 /მოხსენებას დართული ჰქონდა თეიმურაზ მეფის წერილი და ამალის სიები თარგმანითურთ. იხ. იქვე, 20–25/).
გენერალმა ფრაუენდორფმა 1760 წლის 5 მაისს ანალოგიური მოხსენებები გაუგზავნა აგრეთვე სამხედრო კოლეგიასა (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 10, д. 7, лл. 9–10, 11–13) და ასტრახანის გუბერნატორ ჟილინს.
1760 წლის 12 მაისს გენერალ ფრაუენდორფს ჟილინისაგან მიუღია თავისი წინა წერილის პასუხი, რომელსაც ვერ დაუკმაყოფილებია და იმავე დღეს გუბერნატორ ჟილინისათვის მიუწერია: «... я тем моим сообщением требовал от вашего превосходительства яснаго уведомления и совету, каким бы образом в принятии означеннаго царя поступить и при въезде сюда такую ль селютацию как по воинскому уставу главы 57 по 3-му пункту при входе в город или крепость какова монарха чинить повелено или с иною какою отменною... на казенном ли довольствии содержать и поскольку какой провизии производить, как при Астрахане таковые в бытность подобного же сему покойнаго грузинскаго царя Вахтанга примеры бывали, а ваше превосходительство во оном своем сообщении о том ничего не изъяснили, а только приложили о производстве бывшему прежде сего в Астрахане в 1738-ом году грузинскому царевичу со свитою кормовых денег реэстра, которой в пример оного его царя со свитою ныне прибытия едва ли служит...» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, лл. 31–32).
ერთი სიტყვით, ყიზლარის კომენდანტი ასტრახანიდან გამოგზავნილ სანიმუშო მასალას იწუნებდა და ქვემოთ განმარტავდა:
«Архимандрит Пахомий и письменно засвидетельствовал, что означенной прибывшей сюда и при Червленском форпосте в карантине состоящей грузинской царь по обычаю царскому коронованной и миропомазанной и по нынешнему в Персии состоянию в Грузии и Кахети самовластное правление имеет, почему естьли ему со свитою против онаго регистру кормовые деньги производить и без всякой селютации прибытие его остановить, то опасно не было бы от него каких жалоб и через то здешней стороне предосуждения, а мне напрасного ответа... каким бы образом при въезде ево сюда встречу ему учинить: с какою селютациею, как при Астрахане в бытность вышепомянутаго грузинскаго царя Вахтанга таковыя примеры бывали, и точно ли против приложеннаго от вас регистра кормовыя деньги ему со свитою производить, или еще какую прибавку учинить, – о всем том меня обстоятельно чрез нарочного посланнаго с сим симбирскаго полку капрала Григорья Михайлова непродолжительно уведомить» (იქვე).
გენერალ ფრაუენდორფის მოხსენება გუბერნატორ ჟილინს 18 მაისს მიუღია, 1760 წლის 22 მაისს საგარეო საქმეთა კოლეგიას აცნობებდა: თეიმურაზის საქართველოდან გამომგზავრების თაობაზე სამგზის მოვახსენე საგარეო საქმეთა კოლეგიას და განკარგულება ვთხოვე, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიმიღია; ამასობაში ფრაუენდორფისაგან ორი ცნობაც მივიღე თეიმურაზ მეფის ჩერვლენში მოსვლისა და კომენდანტის მიერ მიღებული ზომების შესახებ; კომენდანტს გავუგზავნე მასალები 1738 წელს ქართველი უფლისწულის მიღების თაობაზე, რაც მას არ აკმაყოფილებს, რადგან თეიმურაზი გვირგვინოსანი და მირონცხებული მეფეა და მთხოვს ვახტანგ მეფის მიღების მაგალითი ვაუწყო, მაგრამ ასტრახანში ასეთი მასალები არ აღმოჩნდა, გარდა იმისა, რომ ვახტანგის ამალა ათასზე მეტ კაცს ითვლიდა და და სენატმა 20 ათასი მანეთი გამოყო მისი ამალისათვის, მაგრამ ვის რამდენი მიეცა საზრდო, ცნობილი არაა; ამიტომ ფრაუენდორფს ვურჩიე საზრდოს მიცემისას თავისი შეხედულებით იმოქმედოს. რაც შეეხება სალუტის მიცემასა და რუსეთში გამოშვებას – დაელოდოს საგარეო საქმეთა კოლეგიის ბრძანებას; ამასთან, მეფეს ახლავს სასულიერო პირებიც და რადგან სინოდის ამა წლის 21–22 თებერვლის ბრძანებით ასტრახანის არქიელის ნებართვის გარეშე რუსეთში მათი გამოშვება არ შეიძლებოდა, ამიტომ ასტრახანის სასულიერო დიკასტერიას ვაცნობეო (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, лл. 26, 34).
ყიზლარის კომენდანტის 1760 წლის 5 მაისის მოხსენება საგარეო საქმეთა კოლეგიას 18 ივნისს (იქვე, 19) ფოსტით მიუღია, ხოლო ასტრახანის გუბერნატორის 22 მაისის მოხსენება – ასტრახანიდან საგანგებოდ გაგზავნილი სალდათის – ანდრია ნიკოლაევის ხელით (იქვე, 34) (როგორც ამას მინაწერები მოწმობს).
როგორც ზემოთ აღინიშნა, ფრაუენდორფმა მოხსენებები გაუგზავნა აგრეთვე სამხედრო კოლეგიას. უკანასკნელს უმსჯელია საკითხზე და, რაკი თვითონ საკითხის გადაწყვეტა არ შეეძლო, საგანგებო მიწერილობა გაუგზავნია საგარეო საქმეთა კოლეგიისათვის – ეცნობებინათ, მიზანშეწონილი იყო თუ არა თეიმურაზის მიღება (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 10, д. 7, лл. 5–8).
1760 წლის 16 ივნისს კანცლერ მ. ვორონცოვს თეიმურაზის რუსეთში მიღების თაობაზე მისი უმაღლესობის (უნდა იყოს უდიდებულესობა – ი. ხ.) კარის კონფერენციისათვის მოსახსენებლად შეუდგენია რელაცია, რომლითაც იგი ხარჯების გამო ზედმეტად მიიჩნევდა ქართველი მეფის მიღებას (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, лл. 40–43). კონფერენციას 1760 წლის 23 ივნისს განუხილავს აღნიშნული რელაცია და დაუდგენია: «ему (თეიმურაზს – ვ. მ.) учинить объявление, что ежели он похочет в Астрахань или в Москву и сюда только на житье, а не для каких дел ехать, и пребывание в сих городах иметь на собственном своем иждевении, то ему ехать позволяется, а буде они того не имеют, то б лутче уже ни в Астрахань, ниже далее не ездили, а возвратились бы в свое отечество, буде же он какия важныя представления имеет, то б прислал оныя сюда чрез Кизлярскаго коменданта, а сам бы ожидал резолюции в Кизляре...» (ЦГАДА, ф. 178, оп. I, 1760 г., д. 17, л. 183).
კონფერენციის მიერ მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილება 1760 წლის 23 ივნისს რესკრიპტით ეცნობა საგარეო საქმეთა კოლეგიას (ЦГАДА, ф. 178, оп. I, 1760 г., д. 40, л. 132). 1760 წლის 24 ივნისს ხსენებული რესკრიპტი მიუღიათ საგარეო საქმეთა კოლეგიაში (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, л. 44) და 30 ივნისს შეუდგენიათ ბრძანება ფრაუენდორფისადმი, სადაც ნათქვამია: «учтивым образом точно выведать, по каким причинам он (თეიმურაზ II – ვ. მ.) из своего отечества выехал и в каком намерении сюда в Россию ехать хочет, а притом в разговорах внушить ему, что ежели он похочет с свитою своей в Астрахань или в Москву и сюда в Санктпетербург только на житье, а не для каких дел ехать, и пребывание в сих городах иметь на собственном иждевении, то им ехать позволяется, а буде они своего иждевения на то не имеют тоб лутче уже ни в Астрахань, ниже далее в Москву и сюда не ездили и возвратились бы в свое отечество. Буде же он Теймураз какие важныя представления имеет, то б прислал оныя сюда чрез Вас (ფრაუენდორფის მეშვეობით – ვ. მ.), а сам бы ожидал резолюции в Кизляре» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I, лл. 65–66). გარდა ამისა, კომენდანტს ურჩევდნენ: «Таким же образом имеете вы поступать и в случае прибытия имеретинского католикоса Бесариона» (იქვე). რაც შეეხება ულუფას, კომენდანტს აუწყებენ – იმოქმედე ასტრახანის გუბერნატორის მიერ მოწოდებული მასალით და შენი შეხედულებით: «наблюдая однако ж пропорцию, чтоб с одной стороны лишняго давано, а с другой к огорчению причины подано не было» (იქვე). დასასრულ, კომენდანტს ურჩევდნენ: «в протчем всякую ласковость показывать, (но никакой для приезда и отъезда его Теймураза пушечной пальбы и других больших церемоний не делать, токмо снабдить его и свиту его по возможности квартирами и в нужных потребностях способствовать)» (იქვე).
* * *
როგორც დავინახეთ, თეიმურაზის გამოჩენას თერგის ხაზზე რუსეთის მთავრობა გულგრილად შეხვდა. მ. ვორონცოვის მოხსენება, ერთი შეხედვით, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს საქმე ხარჯებს ეხებოდა, მაგრამ, სინამდვილეში, ხარჯები მთავარი როდი იყო. რუსეთის მთავროპის პოზიცია საერთაშორისო ვითარებამ განსაზღვრა.
ქართლ-კახეთის ელჩობა რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე რუსეთისათვის არასასურველ ვითარებაში გამოჩნდა. როგორც ცნობილია, რუსეთი 1756 წლიდან შვიდწლიან ომში იყო ჩაბმული. მართალია, რუსეთის ჯარებმა 1757–1759 წლებში რამდენიმე ბრწყინვალე ბრძოლა გადაიხადეს (1757 წლის 19 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა სასტიკად დაამარცხეს პრუსიელები გროს-ეგერსდორფთან, 1758 წლის 14 აგვისტოს – ცორნდორფთან, 1759 წლის 12 ივლისს – პალციგთან, 1759 წლის 1 აგვისტოს – კუნერსდორფთან), მაგრამ რუსეთის მოკავშირეების (ავსტრიისა და საფრანგეთის) უღიმღამო მოქმედების, მოკავშირეთა შორის ინტერესთა წინააღმდეგობისა (ავსტრიას ეშინოდა რუსეთის მეტისმეტი გაძლიერებისა) და ინგლისის სუბსიდიების წყალობით, ფრიდრიხ II კვლავ ახერხებდა გაეგრძელებინა აქტიური წინააღმდეგობა.
გარდა ამისა, ძლიერი მოწინააღმდეგის – რუსეთის ჩამოშორების მიზნით ფრიდრიხ II, ერთის მხრივ, სეპარატიული ზავი შესთავაზა რუსეთს, ხოლო მეორეს მხრივ, თავისი ემისრები გაგზავნა თურქეთს, რათა თურქები აემხედრებინა რუსეთის წინააღმდეგ.
ელისაბედ პეტრეს ასულის მთავრობამ, რაკი მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი საბოლოოდ შეემუსრა მტაცებელი პრუსია, უარყო ფრიდრიხ II წინადადება სეპარატიული ზავის დადების თაობაზე ისე, რომ მსჯელობის საგნადაც კი არ გაუხდია (Очерки истории СССР, XVIII век, вторая половина, стр. 340). ხოლო თურქეთში პრუსიის ემისრების საქმიანობის ჩაშლის მიზნით იგი ყოველ ღონეს ხმარობდა ეჩვენებინა თურქეთის მთავრობისათვის, რომ რუსეთი თურქეთთან დადებულ ხელშეკრულებას მტკიცედ იცავდა. თავისთავად ცხადია, პრუსიის წინააღმდეგ აქტიური მოქმედების გაგრძელება სამხრეთ საზღვარზე – თურქეთთან (სპარსეთში მაშინ არეულობა გრძელდებოდა) მშვიდობის შენარჩუნების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ყირიმელი თათრების პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში და მათი მტრული დამოკიდებულება კაზაკებთან რუსეთ-თურქეთის კონფლიქტისათვის ისედაც საკმაო საფუძველს ქმნიდა.
რუსეთის მთარობა განსაკუთრებით ადევნებდა თვალყურს პრუსიის ემისრების საქმიანობას თურქეთში. 1759 წლის 24 მარტს რუსეთის რეზიდენტი ა. ობრესკოვი კონსტანტინოპოლიდან იუწყებოდა პრუსიის მეფის ემისრების გამოჩენას თურქეთში და ყირიმის ხანის განზრახვას, ჩარეულიყო ყაბარდო-ჩერქეზეთის საქმეებში, რაც ართულებდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას; ობრესკოვი მთელ იმედებს ამყარებდა დიდ ვეზირზე და დასძენდა: «пока сей умный министр в настоящем достоинстве пребудет, Порта ни против которой христианской державы войны не предпримет» (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1759 г., д. 3, лл. 186–192).
1759 წლის 4 აპრილს ა. ობრესკოვი აცნობებდა რუსეთის მთავრობას, რომ პრუსიის მეფეს თურქეთთან ურთიერთობის მოგვარებაში ეხმარება ინგლისის ელჩი, მაგრამ თურქეთს არ სურს პრუსიასთან კავშირიო (იქვე, 198–206). 1759 წლის 1 მაისს ობრესკოვი ისევ პრუსიის მეფის აგენტების თურქეთში საქმიანობას იუწყებოდა (იქვე, 222–224). 1759 წლის 2 ივნისს ობრესკოვი მოახსენებდა რუსეთის მთავრობას, რომ ყირიმის ხანი სულთანს სთხოვს ყუბანში შეჭრის ნებართვას, მაგრამ თურქეთის მთავრობას განზრახული აქვს რუსეთთან მეგობრობა შეინარჩუნოსო (იქვე, 276–282). 1759 წლის 2 სექტემბრის მოხსენებით ობრესკოვი კვლავ იტყობინება, რომ პრუსიის ემისრები თურქეთის მიმხრობას ცდილობენო (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1759 г., д. 4, лл. 92–100). ხოლო 1759 წლის 1 ოქტომბერს იგი აუწყებდა მთავრობას: მოკავშირეთა (იგულისმება რუსეთის მოკავშირეები შვიდწლიან ომში) მინისტრების თხოვნის მიუხედავად, პორტა არ ფიქრობს პრუსიის მეფის ემისრების გაძევებასო (იქვე, 136–141). 1759 წლის 4 დეკემბერს ობრესკოვი იუწყებოდა: ინგლისის ელჩი ურჩევს თურქებს დადონ სამოკავშირეო ხელშეკრულება პრუსიასთან, თურქები უპასუხებენ – თანახმა ვართ, მაგრამ არ არის «გარანტი»; არც ერთი ქვეყანა, გარდა ინგლისისა, ამის მომხრე არააო (იქვე, 234–239).
1760 წლის 7 თებერვლის მოხსენებით ობრესკოვი ისევ პრუსიის ემისრებისა და ინგლისის ელჩის საქმიანობას იტყობინებოდა (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1760 г., д. 3, лл. 63–68), ხოლო იმავე წლის 7 ივნისს რუსეთის მთავრობას სწერდა: «Прусские эмиссары по ныне здесь находятся и сколько примечается с некоторою предпрежним вольностью жить начинают, из чего здешняя публика думает, что негоцяция их совсем окончена, или при самом окончании находится, а по приезде к ним 27 мая и 3 июня курьеров, сомненния сии толь наиболее утверждаются» (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1760 г., д. 3, лл. 230–231). ობრესკოვს არ სჯეროდა, რომ თურქეთი ომს წამოიწყებდა, მაგრამ ესმოდა, რომ ზაპოროჟიელ კაზაკებთან ყირიმელი თათრების უთანხმოება (რაც ამ პერიოდში გამწვავებული იყო) და საზღვრისპირა სიმაგრეებზე დავა არასასურველ ვითარებას ქმნიდა.
რუსეთის მთავრობა პრუსიის ემისრების საქმიანობას თურქეთში დიდ მნიშვნელობას აძლევდა და ჯერ კიდევ 1759 წლის 23 იანვრის რესკრიპტით ა. ობრესკოვს საგანგებო ზომების მიღებას ავალებდა (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1759 г., д. 2, лл. 8, 10, 13). 1759 წლის 28 სექტემბრის რესკრიპტით რუსეთის მთავრობა ობრესკოვს უბრძანებდა: წინადადება მიეცა თურქეთისათვის გაეწყვიტა ურთიერთობა პრუსიის მეფესთან (იქვე, 225–228). 1760 წლის 19 თებერვლის რესკრიპტით, რომელსაც ხელს მ. ვორონცოვი აწერდა, ობრესკოვს აცნობებდნენ: «... Вероятно, что Порта, получая частыя ведомости о успехах нашего и союзников наших оружия над королем прусским, должна одуматься прежде нежели поступить на содружество с сим государем (იგულისხმება ფრიდრიხ II – ვ. მ.), а когда она (თურქეთი – ვ. მ.) сведает о нынешнем ослаблении сил его (პრუსიისა – ვ. მ.), состояния и, что уже принужден он искать мира, то надобно чаять, что она (თურქეთი – ვ. მ.) и вовсе предложения его (ფრიდრიხ II – ვ. მ.) отвергнет» (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1760 г., д. 2, л. 6). იქვე, ქვემოთ, ნათქვამია: შესაძლებელია ინგლისის ელჩმა იცოდეს კიდეც, რომ მოლაპარაკებიდან არაფერი გამოდის, მაგრამ შიკრიკების მიმოსვლითა და ხმების გავრცელებით სურდეთ «нас и союзников наших в некотором с той стороны опасении и безпокойстве солержать» (იქვე, 6–7), მაგრამ იცოდეთ, «сколь нужно нам при нынешнем военном времени знать о прямых намерениях Порты в рассуждении нашей империи... ибо потому должны мы принимать меры по другим делам» (იქვე, 9). ბოლოს, რესკრიპტში იყო ასეთი დასკვნაც: «Взаимно такому дружескому Порты поведению, також желая всегда ея в добрых к нам намерениях содержать и отвратить все, что хотя б малую могло произвесть между ею и нами холодность» (იქვე).
როგორც ვხედავთ, რუსეთის მთავრობა არიგებს თავის ელჩს, ზუსტად გაიგოს თურქეთის განზრახვა, რადგან მას ამჯერად მშვიდობა სჭირდება, და ეცადოს გულისყურით მოეპყრას ყოველ უმნიშვნელო წვრილმანსაც კი, რასაც შეუძლია თურქეთთან ურთიერთობის გაუარესება.
არანაკლებ საუნტერესოა 1760 წლის 8 ივნისის რესკრიპტი ობრესკოვისადმი, სადაც ნათქვამია: ყირიმის ხანი ცდილობს წაგვაჩხუბოს თურქეთთან; თათრების საქციელი იძულებულს გვხდის გავგზავნოთ იქ დამატებითი ჯარები, ჩვენი საზღვრები გავაძლიეროთ. თურქეთის მთავრობა რომ არ დააეჭვოს ჩვენი ჯარების მოძრაობამ, საჭიროა სულთანმა წინასწარ იცოდეს ჩვენი ნამდვილი განზრახვა: უნდა ეცნობოს თურქეთის მთავრობას, რომ, როგორც კი ხანი ყირიმში დაბრუნდება, ჩვენი ჯარები საზღვრიდან უკანვე დაბრუნდებიანო (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1760 г., д. 2, лл. 76–83).
ზემოთ მოტანილი მასალების შუქზე უნდა იქნეს გაგებული აღნიშნულ პერიოდში (1759–1760 წლებში) რუსეთის პოზიცია საქართველოს საკითხისადმი და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა.
თეიმურაზ II რუსეთის საზღვარზე გამოჩენა რომ არ ესიამოვნათ, ეს შემთხვევითი როდი იყო: რუსეთს, პრუსიის მეფის გეგმები რომ ჩაეშალა, ადრევე ჰქონდა მიცემული «ვექსილი» თურქეთის მთავრობისათვის, რომ იგი საქართვლოს საქმეებში არ ერეოდა და არც ჩაერეოდა.
საქმე ისაა, რომ 1759 წლის 19 ივნისს, როგორც ეს ა. ობრესკოვის 1759 წლის 1 ივლისის რელაციიდან ჩანს, რუსეთის რეზიდენტთან მიუგზავნიათ თურქეთის მთავრობის თარჯიმანი. «Причиною присылки ко мне переводчика Порты, – სწერდა ობრესკოვი რუსეთის იმპერატორს, – было полученное Портою от грузинских границ известие, якобы продолжающимся тамо некоторым непорядкам подвигом есть некоторые особы подданные вашего императорского величества, находящиеся при одном грузинском хане Соломоне Ачик-баш называемом, живущем в нижней Грузии... верховный визир похотел мнение мое спознать. На это я по требованию переводчика Порты письменно ответствовал» (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1759 г., д. 4, лл. 1–3).
საქმეში დაცულია ა. ობრესკოვის მიერ 1759 წლის 19 ივნისს თურქეთის მთავრობისათვის წარდგენილი წერილობითი პასუხის პირიც, სადაც ნათქვამია: «Касательно мнимых русских людей при Ачик-баш-хане грузинском, нижеподписавшийся (ა. ობრესკოვი – ვ. მ.) имеет честь ответствовать, что Грузия будучи от Российской империи Кубанью, черкесами, абазынцами, дагестанцами и неприступными горами отделена, то с оною страною никакого сообщения нет; следовательно, весьма невероятным делом есть, чтобы в той стране могли быть русские люди; однакож резидент не преминет надлежащее уведомление испросить и во свое время блистательной Порте оное сообщить» (იქვე, 14).
ა. ობრესკოვი ხსენებულ რელაციაში დაასკვნიდა: ასეთი წერილობითი პასუხი მივეცი, რათა დიდი ვეზირი ჩვენს უშუალობაში დარწმუნებულიყო («совершенно уверенным остался»), მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, მოწყალეო ხელმწიფევ, «повелеть справится, нет ли по малой мере каких из империи нашей возвратившихся туда грузинцов, которые б под имянем подданных ваших слыли и в тамошние дела мешались, дабы и при нужде должное объяснение подать и тем всякое нарекание истребить мог» (იქვე, 2–3).
ა. ობრესკოვის ხსენებულ (1759 წლის 1 ივლისის) რელაციას რუსეთის მთავრობამ 1759 წლის 14 აგვისტოს რეასკრიპტით უპასუხა: ჩვენ ვიწონებთ შენს პასუხს და გიბრძანებთ ისევ დაარწმუნოთ თურქეთის მთავრობა, რომ ჩვენ საქართველოს საქმეებში არასოდეს ჩავრეულვართ და არც ჩავერევით: «Учиненной вами Порте Оттоманской ответ... мы опробуем и повелеваем вам именем нашим Порту вновь уверить, что мы никогда в грузинские дела как посторонния и по немалому жителей тамошних от областей наших отдалению, отнюдь не вступаем и следовательно тамо и подданных наших никого нет...» (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1759 г., д. 2, лл. 193, 200).
თურქეთის მთავრობისათვის რომ საბოლოოდ გაეფანტათ ეჭვები, ა. ობრესკოვს იმავე რესკრიპტით აუწყებდნენ ეცნობებინა თურეთის მთავრობისათვის, რომ შესაძლებელია საქართველოში თავს რუსად ასაღებდეს ვახტანგ VI ბუში – პაატა: «Разве такие непорядки там чинится бывшим на пред сего здесь и бежавшим отсюда по причине великих долгов побочным грузинского царя Вахтанга сыном Паатою, которой, как вам из сообщенной пред сим... уже известно, мешается и в Персицкие междуусобия и которой может быть по знанию Российского языка по каким нибудь собственным видам своим называется нашим подданным, или же от других подобных ему здесь бывалых грузинцов таковыми признан...» (იქვე). ამასთან, ობრესკოვს ისიც უნდა ეცნობებინა თურქეთის მთავრობისათვის, რომ, რაკი რუსეთი არ ერეოდა საქართველოს საქმეებში, იმედოვნებდა, არც თურქეთი ჩაერეოდა: «а при сем можете вы Порте дать знать, что мы уповаем, что и она (Порта – ვ. მ.) ведая о сем в рассуждении Грузии намерении (нашем), сама также в их дела вступаться не будет» (იქვე).
მიიღო რა რუსეთის მთავრობისაგან ზემოხსენებული პასუხი, 1759 წლის 17 სექტემბერს ა. ობრესკოვმა თურქეთის მთავრობას წერილობით აუწყა, რომ, თუმცა სრულებით არ მეეჭვებოდა 19 ივნისს თქვენთვის გადმოცემული ცნობის სისწორე, მაგრამ მაინც მივმართე ჩვენს მთავრობას, რომელმაც «повелел блистательную Порту уведомить, что, по предъявленным в вышеупомянутой его записке резонам, из государства е. и. в. с Грузиею ни малейшего нет сообщения и никого тамо из подданных ея не находитца; но может быть к каким разговорам причину подал некоторый Паата пасынок князя Вахтанга, человек жизни безпорядочной, который тамо будет около двенадцати лет, в Российской империи был, откуда по причине долгов в Германию бежал, а из оной в здешнюю столицу (კონსტანტინოპოლში – ვ. მ.) прибыл и потом в Грузию пробрался; и может быть в тамошние дела мешается. А как Российской язык знает, то станетца для каких либо своих видов и русским быть называетца, с коим высочайший е. и. в. двор никакого дела не имеет и никаким образом ни в Грузинские, ни в Персидские дела не мешаетца» (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1759 г., д. 4, л. 158 об.).
როგორც ზემოთ ვნახეთ, რუსეთის მთავრობა 1759 წლის 14 აგვისტოს რესკრიპტით ობრესკოვს იმასაც ავალებდა, განეცხადებინა თურქეთის მთავრობისათვის, რომ რუსეთის მთავრობა იმედოვნებდა არც თურქეთი ჩაერეოდა საქართველოს საქმეებში (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1759 г., д. 2, лл. 193, 200). მაგრამ აღსანიშნავია, რომ იბრესკოვს ეს უკანასკნელი თურქეთის მთავრობისათვის 1759 წლის 17 სექტემბერს წარდგენილ განცხადებაში აღნიშნული არა აქვს (შდრ. АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1759 г., д. 4, л. 158 об.).
თუ რატომ არ იქნა შეტანილი რუსეთის ზემოხსენებული კონტრმოთხოვნა ობრესკოვის მიერ გაკეთებულ წარდგინებაში, ამაზე პასუხს იძლევა ობრესკოვის მიერ რუსეთის იმპერატორისათვის 1759 წლის 1 ოქტომბერს გაგზავნილი რელაცია, სადაც ნათქვამია: «Изображенное в оном высочайшем в. и. в. рескрипте, что высочайший вашего императорского величества двор уповает, что Порта ведая о сем, в рассуждении Грузии в намерении вашем, сама також в их дела вступатца не будет, в оную записку не внес, в рассуждении, что Соломон хан Ачик-баш называемый, при котором непорядки случились и к сим отзывам повод подали, жительство имеет в нижней Грузии, обще Мингрелиею называемой, которая провинция почти вся зависит от Порты, потому оное требование Портою могло бы принято быть с неприятством» (იქვე, 153).
იმდენად ნათელია საქმის ვითარება, რომ მოტანილი ამონაწერი კომენტარს არ საჭიროებს.
რაც შეეხება სპარსეთის საკითხს (რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს საკითხსაც მოიცავდა), აქაც ობრესკოვს თავი შეუკავებია, რაკი, ამჯერად, სპარსეთის საქმეებში თურქეთის ჩარევა ვერ შეუმჩნევია. ობრესკოვი ზემოხსენებულ რელაციაში წერს: «Что же всемилостивейшая государыня принадлежит до предостережения моего, поведения Порты в рассуждении Персии, то ведая, что наименьшее вмешание ея Порты в дела онаго государства по интересу соседства, для вашего императорского величества индиферентно быть не может; не упущая употреблять наиприлежнейшее к тому рачение; но со всем тем и ныне всеподданнейше удостоверить вольность приемлю, что нимало не приметно, чтоб помянутая Порта прямо или под рукою в Персицкие дела мешалась, авганцу Азад хану помогала, или же при границах находящимся пашам оному помогать повелела» (იქვე, 153, 156). ქვემოთ ობრესკოვი განაგრძობს: მიღებული ცნობები მოწმობს, რომ თურქები აზატ-ხანს თავშესაფარს აძლევდნენ; თუ ვინმე თურქეთის აღმოსავლეთი პროვინციებიდან ეხმარება აზატ-ხანს ნადავლის შოვნის წყურვილით, თურქეთის მთავრობას მათი შეკავება, იქაური ხალხის თავისებურებებისა და სიშორის გამო, უბრალოდ არ შეუძლია და რომ აზატ-ხანი თურქეთის დახმარებაზე განგებ ხმაურობს თავისი მომხრეების გასამხნევებლადო («Азат хан умышленно помощию Порты для ободрения партизанов его похваляется») (იქვე, 156, 154).
საინტრესოა ერთი მომენტიც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობიდან საქართველოს საკითხში. 1759 წლის 4 დეკემბერს ა. ობრესკოვი რუსეთის მთავრობას რელაციით აცნობებს, რომ მას რწმუნების სიგელი დაუბრუნეს და მოსთხოვეს (მასში) რუსეთის მეფის ტიტულიდან ამოეგდოთ სიტყვები: «и государя Иверския земли, карталинских и грузинских царей и кабардинския земли черкасских и горских князей» (შდრ. АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1759 г., д. 4, лл. 217–222); როცა ასეთ პრეტენზიას აყენებდა თურქეთის მთავრობა, მიუთითებდა ტრაქტატზე, სადაც ნათქვამია, რომ «кабардам быть вольным и ни от кого независящим, следственно де и ни которой державе государями и владетелями их именоваться не должно» (იქვე); თუმცა ობრესკოვის პროტესტის გამო თურქები გაჩუმდნენ, მაგრამ საინტერესია თვით ობრესკოვის მიერ თურქეთის მთავრობისათის მიცემული განმარტების ფორმაც: «... Титулатура существа дела не переменяет... английской король имянуется французским, хотя во оном государстве ни одного вершка земли не имеет, французской наварским, которая провинция почти вся во владении гишпанских королей состоит» (იქვე).
ამ ამბების შემდეგ მიიღეს ცნობა – იმერეთის კათალიკოსი ბესარიონი და ქართლის მეფე თეიმურაზ II მოდიანო რუსეთს – და რა გასაკვირია, თუ არ ესიამოვნებოდათ. მართალია, იმერეთის კათალიკოსის რუსეთში გამგზავრების შესახებ ხმები არ გამართლდა, მაგრამ ქართლის მეფის რუსეთის საზღვარზე გამოჩენაც ნაკლებ საშიში როდი იყო, რაკი წინასწარ მისცეს «ვექსილი» თურქებს საქართველოს საქმეებში ჩაურევლობის თაობაზე. ცხადია, კანცლერ ვორონცოვსა და მისი უდიდებულესობის კარის კონფერენციას (საბჭოს) 1760 წლის ივნისში სხვა არაფერი რჩებოდათ, თუ არა ის, რომ წინადადება მიეცათ საგარეო საქმეთა კოლეგიისათვის, რათა ამ უკანასკნელს ებრძანებინა ყიზლარის კომენდანტისათვის: თეიმურაზ მეფე იმ შემთხვევაში გაეტარებინათ, თუ იგი საცხოვრებლად მოდიოდა რუსეთში და თანაც თავისი ხარჯით შეინახავდა თავს; ასევე უნდა მოქცეოდნენ სხვებსაც, ვინც საქართველოდან წამოვიდოდა.
ამასთან, თეიმურაზის რუსეთის საზღვარზე გამოჩენით რომ თურქეთის მთავრობა არ დაეჭვებულიყო, 1760 წლის 14 ივლისს საგანგებო რესკრიპტი გაუგზავნეს ა. ობრესკოვს, რომლითაც რეზიდენტს აცნობებდნენ: თეიმურაზ მეფე 113 კაცით საზღვარზე მოვიდა და ჩერვლენის ფორპოსტშია. თუმცა იგი ფრაუენდორფისადმი გაგზავნილ წერილში აცხადებს თაყვანისსაცემად მოვდივარო და «... Мы по единоверию ему Теймуразу в допуске его сюда ко двору нашему совсем отказать не за благо рассуждаем, дабы не подать ему чрез то случаю к безвремянному огорчению и отнятию вовсе надежды в их по единоверию и усердию к нашей империи прибежище, которое в прежния времена им дозволяемо было; а как на предь сего здесь известие было, что помянутой Теймураз по причине произшедшаго между им и сыном его кахетинским владетелем Ираклием несогласия от владения своего в Грузии отрекся и оное означенному сыну своему уступил, а сам отбыл в грузинский город Гори, следовательно чаять должно, что он Теймураз, конечно, по случаю того несогласия и чинимого иногда ему утеснения в Россию приехал в намерении сыскать себе здесь прибежище, как то на предь сего некоторыя знатныя грузинцы от чинимых им в их отечеству утеснения сюда выезжали, ища нашей протекции» (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1760 г., д. 2, лл. 116–117).
ჩვენ არ ვიცით, საიდან მომდინარეობს ცნობა ერეკლესა და თეიმურაზს შორის უთანხმოების თაობაზე, რაც სინამდვილეს არ შეეფერებოდა. შესაძლოა ასეთი ჭორი თვით ქართველებს გაევრცელებინათ, რათა დაეფარათ თეიმურაზის რუსეთში გამგზავრების ნამდვილი მიზანი. ერთი კი ცხადია, ასეთი ვერსია ამჯერად ხელსაყრელი იყო რუსეთისათვისაც, რომ თურქები დაემშვიდებინათ.
ქვემოთ, იმავე რესკრიპტით, იმპერატორი აცნობებდა ობრესკოვს, რომ ჩვენ ფრაუენდორფს ვუბრძანეთ ზუსტად გაიგოს თეიმურაზის გამომგზავრების მიზეზი და განუცხადოს, თუ მეფეს სურს და შეუძლია ასტრახანში, მოსკოვსა ან პეტერბურგში საკუთარი ხარჯით ცხოვრება, ჩამოსვლის ნება ეძლევა, თუ არა, სჯობს უკან დაბრუნდეს; თუ საქმე აქვს, შემოთვალოს ყიზლარის კომენდანტის მეშვეობით, თვით კი იქვე (ყიზლარში) დაელოდოს პასუხსო (იქვე).
დასასრულ, იმავე რესკრიპტით იმპერატორი ურჩევს ობრესკოვს: «Мы запотребно разсудили вам о сем знать дать как во известие, так и для того, дабы вы лутче в состоянии быть могли при случае чинимых иногда к вам о том отзывов пристойным оьразом изъясниться, или же для отнятия при Порте всякого сумнительства и нескладных толкований, кому надлежит при удобном случае и сами собою предварительно внушать, что грузинския знатныя персоны обыкновенно издревле выезжают в нашу империю по единоверию и для избежания от чинимых им утеснений, и что мы никогда отнюдь не намерены в их домашния, а толь меньше в Персицкие дела вмешиваться» (იქვე).
ზემოთ მოტანილი დარიგება კომენტარს არ საჭიროებს.
1760 წ. 17 ივლისს საგარეო საქმეთა კოლეგიამ, ზემოგანხილულ რესკრიპტთან ერთად, ობრესკოვს გაუგზავნა მიმართვაც, სადაც აღნიშნულია: ივნისის დასაწყისში ასტრახანიდან მივიღეთ ცნობა, რომ ყოფილი შაჰის შვილი, მირზა ელიპარდა, რომელიც ადრე ქართველ მეფესთან იყო, ახლა თურქეთშია და სპარსელი ხანები სთხოვენ სულთანს ჯარს , რათა იგი ტახტზე აიყვანონო; თითქოს თურქეთიც თანახმაა; არ ვფიქრობთ, რომ თურქეთი ახლა სპარსეთის საქმეებში ჩაერიოს, მაგრამ იცოდე, რომ სპარსეთის საქმე უპირველესია დღეს ჩვენთვის თურქეთის კარზე და ყველაფერი ზუსტად გვაცნობეო (იქვე, 122).
ასეთი დამოკიდებულება იყო საქართველოს საკითხში რუსეთსა და თურქეთს შორის შვიდწლიანი ომის დროს.
* * *
ვიდრე პეტერბურგიდან 1760 წლის 30 ივნისის ბრძანებას (რომლითაც თეიმურაზ II რუსეთში მხოლოს საცხოვრებლად წასვლის ნებას რთავდნენ – თავისი ხარჯით) ყიზლარში მიიღებდნენ, თეიმურაზ II დიდი ხნით ადრე (1760 წლის 2 ივნისს) ამალითურთ უკვე ჩავიდა იქ. იგი ყიზლარამე მიაცილეს კომენდანტის ბრძანებით მის შესახვედრად გაგზავნილმა პოლკ. დე ბოგსბერხმა, ტიტულარულმა მრჩეველმა აშხარუმოვმა და თერგის კაზაკთა ატამანებმა კაზაკებითურთ (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 82–84). მეფემ თვეზე მეტს დაყო კარანტინში (1760 წლის 29 აპრილიდან 30 მაისამდე) (იქვე). კარანტინის საბაბით საზღვარზე მეტი დაკავება წინასწარი განცხადების გამო აღარ შეიძლებოდა.
რაკი მთავრობისაგან პაუხი არ ჰქონდა მიღებული და არც ასტრახანის გუბერნატორისაგან ელოდა მხარდაჭერას, ყიზლარის კომენდანტმა ვერ გაბედა სამხედრო წესდების შესაბამისად სალუტი მიეცა მეფისათვის. მეფეს დოლის ცემით მიესალმა, ბინა მისცა, მცველად ასეული გამოუყო; მეფის მომსახურებაზე ხელმძღვანელობისათვის სომეხთა ესკადრონის პოდპოლკოვნიკი პეტრე კასპარპვი მიამაგრა, დღიური ულუფა 30 მანეთით განსაზღვრა, ხოლო 11 ივნისიდან მთელს ამალას თვიურ საზრდოდ 420 მანეთი დაუნიშნა (იქვე).
აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ მეფეს ყიზლარის კომენდანტისათვის წინასწარ თავადი ციციშვილი გაუგზავნია, რომელსაც მოუთხოვია: «естьли ему (მეფეს – ვ. მ.) против прежних бывших в здешнею империю в приезды подобных же ему грузинских царей при встрече пушечной пальбы учинено не будет, то он намерен остаться во ожидании указа при казачьем котором либо городе» (იქვე). მაგრამ კომენდანტს პოლკოვნიკი დე ბოგსბერხი გაუგზავნია, რომელსაც მეფე დაუთანხმებია იმის განცხადებით, რომ წინასწარ არ შემოგითვლია, თორემ აქამდე ბრძანება მიღებული გვექნებოდა და ყველაფერი თავის რიგზე შესრულდებოდაო (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 82–84).
აუწყებდა რა თეიმურაზის ყიზლარში მიღების ამბავს, ყიზლარის კომენდანტი 1760 წლის 19 ივნისის მოხსენებით რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას აცნობებდა: თეიმურაზის მოსვლის მიზეზი ისაა, რომ მას რაღაც სათხოვარი აქვს იმპერატორთან, მაგრამ კონკრეტულად რა, არ ამბობსო; დასასრულ კომენდანტი ითხოვდა, გვაცნობეთ: გამოვუშვათ თუ არა მეფე, რამდენი კაცით. სახარჯოდ რამდენი მივცეთ, წამოსვლის შემთხვევაში სალუტი საჭიროა თუ არაო (იქვე).
ეს მოხსენება პეტერბურგში 1760 წლის 29 ივლისს მიუღიათ. მინაწერები მოწმობს, თუ როგორი რეაგირება მოუხდენია მას. პირველ მინაწერში აღნიშნულია, რომ კონფერენციის რესკრიპტის საფუძველზე ბრძანება 30 ივნისს გაიგზავნაო; მეორე მინაწერში, რომელიც ფანქრითაა შესრულებული, შიშიც კია გამოთქმული: თეიმურაზისათვის ახლანდელ ვითარებაში დოლის ცემით მისალმება, და ისიც ზედ საზღვარზე, ზედმეტი იყოო (იქვე).
თეიმურაზ მეფეს უგრძვნია, რომ რუსეთში მას გულღიად ვერ ხვდებოდნენ, მოსალოდნელი იყო მისი გამგზავრების დაყოვნება. ამასთან, როგორც ჩანს, შეფერხების მიზეზად ვახტანგის მემკვიდრეთა პოზიციაც მიუჩნევია (ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობის ისტორია ასეთი ეჭვის საფუძველს ქმნიდა) (იხ. ი. ც ი ნ ც ა ძ ე, ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა, დას. გამოცემა) და გადაუწყვეტია თავისი კაცი გაეგზავნა წინასწარ პეტერბურგს, რათა ქართლის ტახტის პრეტენდენტთა ინტრიგები ჩაეშალა და პეტერბურგში ჩასვლის ნებართვა მიეღო. ამიტომ, ყიზლარს ჩასულა თუ არა, მეფეს თავადი შ. ტუსიშვილი, ნათესავების ნახვის საბაბით, წინასწარ გაუგზავნია პეტერბურგს, მაგრამ ისე, რომ რუსეთის მთავრობისათვის ტუსიშვილის მისიის ნამდვილი მიზეზი წინასწარ ცნობილი არ უნდა ყოფილიყო.
1760 წლის 19 ივნისით დათარიღებული მოხსენებით ასტრახანის გუბერნატორი ა. ჟილინი რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას აცნობებდა: წინა მოხსენებით საგარეო საქმეთა კოლეგიას თეიმურაზ მეფის ასტრახანსა და პეტერბურგში გაშვების თაობაზე ვთხოვდი ბრძანებას, რასაც დღესაც ველოდები; ამასობაში, 17 ივნისს, ყიზლარის კომენდანტისაგან მივიღე უწყება, რომლითაც აცხადებს, რომ «вышеописанной грузинской царь просил ево, чтоб для нужд ко родственникам ево пропустить в Санктпетербург из свиты его князя Шио Тусиева с двумя при нем служителями по некоторому ево прошению в показание со здешней стороны приласкания и удовольствия оной князь с двумя служителями на данных ему за указные прогоны подводах при том сообщении в Астрахань и прислал, но во отправлении его в Санктпетенрбург предал он на разсуждение мое...» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 35). როგორც ვხედავთ, ყიზლარის კომენდანტს თეიმურაზ მეფისათვის შ. ტუსიშვილის პეტერბურგში ნათესავებთან გაგზავნაზე უარი ვეღარ უთქვამს და ასტრახანამდე გაუშვია, ხოლო ასტრახანიდან ტუსიშვილის გაგზავნის საქმე ჟილინისათვის მიუნდვია. რაც შეეხება ასტრახანის გუბერნატორ ჟილინს, რაკი მეფეს მისთვისაც საგანგებოდ მიუწერია, ასტრახანის გუბერნატორსაც («по оному грузинского царя прошению в показание ему с Российской стороны благоугодности и удовольствия») ხსენებული თავადი შიო ტუსიშვილი მსახურებითურთ ასტრახანში ვეღარ შეუკავებია («Из Астрахани в Санктпетербург на собственном ево коште пропущен») (იქვე).
თავადი შიო ტუსიშვილი პეტერბურგში ხელცარიელი როდი მიდიოდა. მას მიჰქონდა თეიმურაზ მეფის წერილები ბაქარის ქვრივთან – დედოფალ ანასთან, ბაქარის ვაჟებთან – ლევანთან და ალექსანდრესთან, აგრეთვე, რუსეთის სამსახურში მყოფ თავად ამილახვრებთან. ამ წერილების გაცნობით ნათელი ხდება, რომ თეიმურაზ მეფე ცდილობს თვალი აუხვიოს ვახტანგის მემკვიდრეებს, რომ ხელი არ შეუშალონ მას პეტერბურგში ჩასვლისა და რუსეთთან ურთიერთობის საქმეში. საყურადღებია ერთი გარემოებაც. როგორც ჩანს, ვახტანგის მემკვიდრეების მხრით ხელშეშლისა ადრევე შინებიათ და სათანადო თადარიგიც დაუჭერიათ; თეიმურაზს ერეკლე მეფის წერილიც კი ჰქონია თან წამოღებული ვახტანგის მემკვიდრეებთან (რომელიც ტუსიშვილისათვის გაუტანებია პეტერბურგში).
1760 წლის ივლისში თავ. ტუსიშვილი უკვე პეტერბურგს იყო. მას შემდეგი წერილები ჩაუტანია: 1) ერეკლე მეფის წერილი თავ. ეგორ (გიორგი) ამილახვრისადმი, დათარიღებული 1760 წლის 1 აპრილით, რომლითაც ერეკლე მეფე აუწყებდა ადრესატს, რომ მტრების მიერ ჩვენი ქვეყანა ოდითგან შეწუხებულია. რაკი სხვა მფარველი არა გვყავს, ამის გამო მამაჩვენი წამოვიდა იმპერატორთან; ძველთაგანვე ცნობილია თქვენი გვარის ერთგულება, «будьте ему для отечества и любви моей словом и делом во всем помощником...»; თუმცაო, – განაგრძობს ერეკლე, – «я за всегдашнее ваше к нам усердие никакого воздаяния еще не зделал, то сего не уважая, вспомошествуйте сколько силы имеете душам христианства, за что получите воздаяние от бога» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 94–95 /წერილის ქართული დედანი საქმეში არ არის, რადგან ამილახვარს თავისთვის დაუტოვებია, ხოლო თარგმანი, როგორც მინაწერები მოწმობს, 1760 წ. 22 ივლისს კანცელარიისათის გადაუცია/). 2) ერეკლე მეფის წერილი ალექსანდრე ბაქარის ძისადმი (ქართლის ტახტის პირდაპირი მემკვიდრე-პრეტენდენტისადმი), დათარიღებული 1760 წლის 9 აპრილით, სადაც მეფე იუწყება მტრების მიერ ქვეყნის შევიწროებას და წერს: «მამაჩემი წამოვიდა მისის იმპერატორობის დიდებულების წინაშე ამ ქვეყნებისა უსჯულოთაგან შეიწროების მიზეზისათვის სავედრებელადო» და იქვე განაგრძობს: «ამას მოველი თქვენის კეთილ მეცნიერებისაგან, რათა შეეწიო და წარმართებულყო ამის და ამ ქვეყნების საქმე, რომლისაც შემძლებელობა გაქვნდეს, რომელიც დიდი ღ~თის მსახურება და საქებელია, რაც შეწევნა იქნებოდეს, შეეწიოთო»; დასასრულ, ერეკლე წერს: «დაღათუ უმსახურო და უამებელი ვარ, ეგრეცა თქვენი ძმა ვარ, რომელიც სამსახური ჩვენგან გენებებოდესთ, თანამდები ვართო» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 113 /ეს წერილი, სხვა წერილებთან ერთად ალექსანდრე ბაქარის ძეს 11 აგვისტოს გაუგზავნია საგარეო საქმეთა კოლეგიაში სათარგმნელად. იმავე დღეს გადაუციათ კანცელარიისათვის. იგი 23 აგვისტოს დაუბრუნდა კოლეგიას, როგორც მინაწერები მოწმობს/); 3) ერეკლე მეფის წერილი ლევან ბაქარის ძისადმი, დათარიღებული 1760 წლის 11 აპრილით, სადაც მეფე ერეკლე ისევ ქვეყნის გაჭირვებას უჩივის და წერს: «ამხანათ ბატონი მამაჩვენი მანდეთ წამოვიდა ამ ქვეყნის საქმეზედა და ვიცით თქვენს ბრწყინვალებას ჩვენი მოხსენება და თავის წყენაც არ გინდათ, მაგრამ კიდევ ამას მოგახსენებთ, თქვენ იცით რასაც შეძლებისაებრ თქვენისა ამისის საქმისა და ამ ქვეყნის საქმის შემწეობას ეცდებით. ამ ქვეყნის სარგებელი და შესამატი არც თქვენი უსარგებლო იქნების და ღ~თიცა და კაციც კარგად ჩამოგართმევსთო» (იქვე, 100 /როგორც წერილის რუსული თარგმანის სათაურიდან ჩანს, წერილი საგარეო საქმეთა კოლეგიისათვის წარუდგენია დედოფალ ანას. იხ. იქვე, 98/); 4) თეიმურაზ II წერილი დედოფალ ანასადმი, დათარიღებული 1760 წლის 11 ივნისით, სადაც მეფე მოკითხვის შემდეგ წერს: «ყ~დ მოწყალის მაღლის ჴელმწიფის თაყვანისსაცემლად წამოვედით და აქ ყიზლარს ორს ივნისს შემოვედით, თქვენი და მაგ ქვეყნის ხილვაცა გვსურს. ახლა ამჟამად ჩვენი კნიაზი მოლარეთუხუცესი შიოშ გამოგვიგზავნია, ვინცავინ დიდებულნი ქართველნი ბძანდებიან მანდა და წიგნი გვიახლებია ყველასათვის. ამას მოველით თქვენის დიდებულობისაგან, მაგ ქვეყნის უცნობო არის და რომელიმე საქმით შეეწივნეთ თქვენ და თქვენი ძენი და ძმანი და საყვარელნი ჩემნი ღ~თით ყ~დ მოწყალის მაღლის ჴელმწიფის ხილვა და თაყვანისცემა ადრე მეღირსოს, თქვენც ამას გევედრებით, ამ ჩვენს მოხსენებაზე თქვენმა დიდებულებამ თავს იდვას, რომ მის სიმაღლის ხილვად და თაყვანის ცემად ღირს მყოს მისმან მოწყალებამ» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 102). 5) თეიმურაზ მეფის წერილი ლევან და ალექსანდრე ბაქარის ძეთ, დათარიღებული 1760 წლის 11 ივნისით, სადაც მეფე, მოკითხვისა და ყიზლარში ჩასვლის უწყების შემდეგ, წერს: «ყოვლად მოწყალის მაღლის ჴელმწიფის თაყვანისსაცემლად წამოვედით... სხვას ჩვენ სიტყვას ჩვენი მოლარეთუხუცესი კნიაზი შიოშ მოგახსენებთო» და სთხოვს «ამას მოველით თქვენის ბრწყინვალებისაგან ჩვენს საქმეზე ბეჯითი ბრძანდებოდეთ, რომ ყოვლად მოწყალის ხელმწიფის თაყვანის ცემა არ დაგვიგვიანდესო» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 101). 6) თეიმურაზ მეფის წერილი თავ. ეგორ (გიორგი) ამილახვრისადმი, დათარიღებული 1760 წლის 11 ივნისით, სადაც თეიმურაზ მეფე აუწყებს თავ. ამილახვარს: «что мы с помощью божиею отправясь для поклонения великой государыне сюда в Кизляр 2-го июня прибыли, о чем хотя и надлежало нам прежде вас уведомить, но препятствовало в том, что мы 30 дней в карантине были. Мы надеемся, что вы по вашему благоразумию всяких успехов в делах нам пожелаете, хотя мы вам незнакомы...» ქვემოთ მეფე წერს: თავ. შიოშ გამოვგზავნეთ, იგი მანდაურობას არ იცნობს, მაგრამ ვიმედოვნებ: «благосклонно примете и во всех ему порученных делах вспомошествовать не отречетесь... от вас более помощи ожидаем» (იქვე, 93 /წერილის დედანი საქმეში არაა, იგი თარგმნის შემდეგ ამილახვრისათვის დაუბრუნებიათ. მინაწერში ნათქვამია: «Подлинное письмо сообщено его сиятельству канцлеру вышепомянутым князем Амилахоровым для известия в 22 июля, которое по переводе отослано обратно к князю Амилахорову 29-го тогож июля 1760 г. А такой же перевод послан к его сиятельству канцлеру тогож 29 июля». იქვე, 93/). 7) თეიმურაზ მეფის წერილი ელენე ამილახვრისადმი, დათარიღებული 1760 წლის 11 ივნისით, სადაც მეფე წერს: დარწმუნებული ვარ, რომ მთელი თქვენი სახლი ჩვენი ერთგულია ისევე, როგორც მამაქვენი იყო, თქვენ გიყურებთ როგორც დას, ხოლო თქვენი შვილები ისევე მიყვარს, როგორც საკუთარი შვილები და «вы на против должны во исправлении дел моих стараться и поспешествовать»; მეფე იქვე განაგრძობს: «В сем надеянии отправили мы нарочнаго нашего обер казначея князя Шиошу с письмом ко всем находящимся в вашем месте грузинцам. А сверх того ссылаемся на изустное объявление помянутого Шиоши... надеемся, что вы ему в порученном деле вспомошествовать будете» (იქვე, 92 /საქმეში წერილის დედანი არ აღმოჩნდა, იგი, როგორც გვერდზე მინაწერი მოწმობს, უკანვე დაუბრუნებიათ ამილახვრისათვის: «Подлинное письмо сообщено его сиятельству канцлеру советником князем Амилахоровым для известия в 22-го июля, которое по переводе отослано обратно к князю Амилахорову 29 того ж июля1760 г. А такой же перевод подан к его сиятельству канцлеру 29 июля». იხ. იქვე/).
როგორც წარმოდგენილი დოკუმენტები მოწმობს, თეიმურაზს თავისი მისიის წარმატების მიზნით გაუგზავნია თავ. შ. ტუსიშვილი პეტერბურგს და არა ნათესავების სანახავად, როგორც ყიზლარის კომენდანტსა და ასტრახანის გუბერნატორს სწერდა.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ, რაკი თეიმურაზის პეტერბურგში ჩასვლამდე არ იყო ნავარაუდევი მათი გახმაურება, ერეკლეს წერილებში არის პირდაპირი მითითება, რომ თეიმურაზი საქვეყნო საქმეზე მიდის რუსეთს და არა იმპერატორის თაყვანისსაცემად; რაც შეეხება თეიმურაზის წერილებს, ისინი სხვა ფორმითაა შედგენილი, რაკი თეიმურაზს საზღვარზევე უგრძვნია, რომ რუსეთში მისი მიღება არ სურდათ; იგი თავის წერილებში საგანგებოდ გახაზავს: იმპერატორის თაყვანისსაცემად მივდივარო. ცხადია, ერეკლეს წერილები გარკვეულ დრომდე რუსეთის სამეფო კარზე გამოსაჩენი არ იყო, რაკი თეიმურაზი თავის მისიას საიდუმლოდ ინახავდა (თუმცა თეიმურაზს არ შეეძლო ევარაუდა, რომ ერეკლეს წერილებს უეჭველად კანცლერს გადასცემდნენ), მაგრამ, რადგან საქმე ფერხდებოდა, თეიმურაზ მეფე იძულებული გამხდარა მისი პეტერბურგში გამგზავრების დაჩქარების მიზნით ერეკლეს წერილები გამოეყენებინა: ისინი მას ტუსიშვილისათვის გაუტანებია, როგორც თავისებური «გარანტია» ვახტანგის ოჯახის წევრებისა და მასთან დაახლოებული პირების დასამშვიდებლად.
შიო ტუსიშვილს პეტერბურგში მიჰქონდა კიდევ ერთი მეტად საყურადღები დოკუმენტი – პაპუნა გაბაშვილის წერილი ალექსანდრე ბაქარის ძე ბატონიშვილისადმი, რომელიც დათარიღებულია 1760 წლის 9 ივნისით.
პაპუნა გაბაშვილი ალექსანდრე ბატონიშვილს სწერს: «ქ. ღმერთმა ჩემის ხემწიფის ძის ჭირი და სატკივარი მათ ფეხთა მიწამტვერს მუდამ თქვენს მლოცველს მისცეს. მერე ეს მოგახსენოთ ჩვენს მოწყალეს ხელმწიფესა: ყიზლარის ყაზახში მეფე თეიმურაზ მობძანდა, იქ ვიახელ და აღარ გამიშო, თან მიახლა. მეფეს თეიმურაზს და მეფეს ერეკლეს ასე ურჩევიათ: თუ ღ~თის ნებაო, ან ალექსანდრესიო, ან ხემწიფიდამ ხელს მოუმართავსო, ან დასტურს იშოვნისო, ხელი მოკიდეო და წამოიყვანეო, თვისი ქართლს ხელი მოკიდოს და უბატონოსო იქვ წიგნი მოუწერიათ და დაუბეჭდავსთ და თან მოაქს. სარწმუნო იყავით. ახლა თქვენ იცით თქვენი მანდა. ცოდვილი მონა პაპუნა გაბაშვილი ბედნიერს კალთას კოცნას მოვახსენებთ და თავს გიკრავთ, ჩემო ხელმწიფე» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 111).
არავითარი დოკუმენტით არ დასტურდება ის, რასაც წერს პაპუნა გაბაშვილი; თეიმურაზს, არც ადრე, არც პეტერბურგში ჩასვლის შემდეგ ამის მსგავსი ზეპირი განცხადებაც კი არ გაუკეთებია. ასეთ გადაწყვეტილებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. როგორც ჩანს, თეიმურაზ მეფეს საზღვარზევე უგრძვნია, რომ შეიძლებოდა მისი გამგზავრება შეფერხებულიყო და უხმარია თავისებური ხერხი ვახტანგის მემკვიდრეების გასაცურებლად, რათა მისი პეტერბურგს ჩასვლის საქმე არ შეეფერხებინათ. ქართლის ტახტის პრეტენდენტის – ალექსანდრე ბატონიშვლის ერთგული მსახური პაპუნა გაბაშვილი იარაღად გამოუყენებია თეიმურაზს. აქედან ნათლად ჩანს, თუ რამდენად ჭკვიანი უნდა ყოფილიყო თეიმურაზ მეფე როგორც დიპლომატი.
ზემოხსენებული წერილებით თავ. შიო ტუსიშვილი 1760 წლის 11 ივნისს ყიზლარიდან გამგზავრებულა*, 17 ივნისს ასტრახანში იყო**, ხოლო 22 ივლისისათვის უკვე პეტერბურგს ყოფილა ჩასული*** (*ამაზე ადრე გამგზავრება გამორიცხულია, რაკი 11 ივნისით დათარიღებული წერილები მიჰქონდა; მაგრამ გვიან გამგზავრებაც საეჭვოა, რადგან 1760 წლის 17 ივნისს, როგორც ასტრახანის გუბერნატორის მოხსენებიდან დავინახეთ, იგი ასტრახანს ჩასულა. **შდრ. АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 25. ***როგორც ზემოთ დავინახეთ, შ. ტუსიშვილის მიერ წაღებული წერილები 22 ივლისს ამილახვარმა კანცლერს გადასცა).
ჩვენ არ ვიცით, რა განუცხადა შ. ტუსიშვილმა ვახტანგის შთამომავლებს, არც ვახტანგის მემკვიდრეთა თავგამოდება ჩანს თეიმურაზის მიღების სასარგებლოდ, მაგრამ შ. ტუსიშვილს რომ მათი განეიტრალება მოუხდენია, ეს სადავო არ უნდა იყოს. რაც შეეხება თავ. ამილახვარს, არც მისი აქტიურობა ჩანს, მაგრამ არაპირდაპირი მასალები გვაფიქრებინებს, რომ თავ. ტუსიშვილი მისი ხელშეწყობით მოქმედებდა.
1760 წლის 11 აგვისტოს თავ. შიო ტუსიშვილმა კანცლერ მ. ვორონცოვს წარუდგინა ბარათი, სადაც წერს: ჩვენს მეფეს «მათის იმპერატორობის დიდებულობის კარზედ მოსვლა და თაყვანისცემა მათის იმპერატორობის დიდებულობისა ეღირსოს»; ამას თქვენს გრაფობის ბრწყინვალებას «ვედრებით მოგახსენებ და თქვენს ბრძანებას ველი» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 105).
შ. ტუსიშვილის ბარათი კანცლერს ყოველგვარი რეზოლუციის გარეშე იმავე დღეს (11 აგვისტოს) დაუბრუნებია საგარეო საქმეთა კოლეგიაში (იქვე, 106). 1760 წლის 5 ოქტომბერს შ. ტუსიშვილი გაისტუმრეს ასტრახანისაკენ (ГААО, ф. 394, оп. 1, д. 2203, л. 51). რა თქმა უნდა, ტუსიშვილის მისია უშედეგოდ არ დამთავრებულა. იგი იმედმოცემული გაემგზავრა, მაგრამ ამაზე ქვემოთ.
* * *
რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის 1760 წლის 30 ივნისის ბრძანება ყიზლარის კომენდანტ გენ. ფრაუენდორფისადმი 1760 წლის 30 ივლისს მიუღია ფრაუენდორფის შემცვლელს (ფრაუენდორფი გარდაცვლილა), პოლკოვნიკ დე ბოგსბერგს (როგორც ამ უკანასკნელის 1760 წლის 8 აგვისტოს პატაკიდან ჩანს) (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 117–118).
პოლკოვნიკი დე ბოგსბერგი შედგომია ბრძანების შესრულებას: საპატიო ყარაული, რომელიც მთელ ასეულს შეადგენდა («яко излишней церемонии») ამ მხარეში ჯარისკაცების საჭიროების მობოდიშებით შეუმცირებია; მეფის ამალისათვის განსაზღვრული სარჩო (420 მანეთი თვეში), რომელიც ფრაუენდორფს განუწესებია, ზედმეტად ვერ მიუჩნევია და დაუტოვებია; 7 აგვისტოს მეფეს შეხვედრია და, თანახმად ბრძანებისა, გამოუკითხავს რუსეთში წასვლის მიზეზი, თანაც უცნობებია, რომ, თუ საცხოვრებლად მოდიოდა რუსეთს და შეძლებდა (თავისი სახსრებით) ამალის შენახვას, გაუშვებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკან დაბრუნებას ურჩევდა. პოლკოვნიკს უთქვამს: თუ რამ მოსახსენებელი გაქვს იმპერატორთან, მე მაცნობე და თვით კი პასუხს აქ დაელოდეო (იქვე).
თეიმურაზ II პასუხად ასე მოუხსენებია: «პირველყოფილნი ნათესავნი ჩვენნი, სრულიად რუსეთისა მპყრობელთა, ვ~ა ქრისტიანეთა, მპყრობელად, მბძანებელად და უფლებელად თვისათ ჰყურობდენ და მიაჩნდათ და ამისთვის თაყვანის საცემად თავის ქვეყნიდამ რუსეთს მოვიდოდნენ, ხოლო მე... აღვძარ წადილი ჩემი, რომ ღირს ვიქმნა ხილვისა ყოვლად განათლებულისა სახისა მისის იმპერატორობის დიდებულობისა და მივსცეთ წესისაებრ ყოვლად ქებულისა ქრისტიანობისა ვ~ა ჭეშმარიტად ჩვენს მბრძანებელს და უფლებელს თაყვანისცემა და ესე არს ჩემი პირველი მიზეზი მოსვლისა ჩვენის ქვეყნიდგან და არცა გვწადს აქ რუსეთს ცხოვრება და როგორც მსწრაფლ ღირს ვიქმნებით მისის იმპერატორობის დიდებისა და მაღლისა მისის დიდებულობის ფამილიის თაყვანის ცემასა, ეგრეთ მსწრაფლ გამოვბრუნდები ჩვენს ქვეყანასა და ამისათვის, როგორც მისვლა, აგრეთვე ჩემის ქვეყნისაკენ გამობრუნება არ დამიგვიანდეს, მცირე კრებული გვახლავს თან» (იქვე, 120).
თეიმურაზის პასუხის ერთი ნაწილი (რომ იგი რუსეთში საცხოვრებლად არ მიდიოდა და რომ მას სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი) სადავო არაა, რაც შეხება მეფის პასუხის მეორე ნაწილს (რომ თითქოს იგი რუსეთის იმპერატორთან მხოლოდ თაყვანისსაცემად მიდიოდა), სინამდვილეს არ შეეფერება. დე ბოგსბერგისათვის ასეთი პასუხის მიცემა შემდეგი გარემოებით იყო განპირობებული: ჯერ ერთი, თეიმურაზის ჩასვლის ნამდვილი მიზნის (რომელიც ფართო საგარეო პოლიტიკურ გეგმებს მოიცავდა) წინასწარ გამხელას შეიძლებოდა ვახტანგის მემკვიდრეთა რეაქცია გამოეწვია; მეორე, ეს გეგმა აგენტების მეშვეობით შეიძლებოდა თურქეთსა და ირანის სახანოებშიც შეეტყოთ, რასაც, ალბათ, საწინააღმდეგო ღონისძიებები მოჰყვებოდა; მესამე, თეიმურაზ მეფეს ადრევე უგრძვნია*, ხოლო დე ბოგსბერგის განცხადებით საბოლოოდ დარწმუნებულა, რომ არახელსაყრელი პირობების გამო მისი ჩასვლა რუსეთში არ სურდათ, ამიტომ ჩასვლის მიზნის წინასწარ გამხელას კატეგორიული უარი მოჰყვებოდა (*შიო ტუსიშვილისათვის გატანებული წერილების გაცნობა, რაზედაც ჩვენ ზემოთ გვქონდა საუბარი, ცხადყოფს, რომ ერეკლეს მიერ საქართველოდან გამოტანებული ბარათებისაგან საგრძნობლად განსხვავდება თეიმურაზ II მიერ ყიზლარში დაწერილი წერილები: თეიმურაზი საგანგებოდ გაურბის მისი საქართველოდან წამოსვლის მიზეზის ხსენებას, მაშინ როცა ერეკლე, რაკი მისი წერილები თვით თეიმურაზს უნდა ჩაეტანა პეტერბურგს, მეფის წამოსვლის მიზანს არსებითად არც კი მალავს).
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ თეიმურაზ მეფემ ელჩობის მიზანი მხოლოდ ერთადერთ სანდო კაცს – ამილახვარს გაანდო, ისიც მოსკოვში, როცა დარწმუნდა, რომ მისი პეტერბურგში ჩასვლა გადაწყვეტილი იყო და მას ვეღარაფერი შეაფერხებდა.
თეიმურაზ მეფე მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩაუყენებია დე ბოგსბერგის პასუხს, – თუ საცხოვრებლად არ მოდიხარ რუსეთში, სჯობს უკან გაბრუნდეო. ასეთი პასუხი მარტო დამამცირებელი როდი იყო, იგი მეზობლების თვალშიც სახელს გაუტეხდა მეფეს, ამიტომ თეიმურაზ მეფეს უპასუხია: «რომელიც თქვენ გამოგვიცხადეთ ჩვენი უკან გაბრუნება და საქართველოს წასვლა, ამისთვის ამას განგიწესებთ, და თ ქ ვ ე ნ ც | თ ა ვ ს | ი დ ე ვ ი თ | გ ო ნ ე ბ ა დ, | ო დ ე ს | ჩ ვ ე ნ | ს უ რ ვ ი ლ ი ს ა ე ბ რ | ჩ ვ ე ნ ი ს ა | ა ღ ს რ უ ლ ე ბ ა ს ა | ღ ი რ ს | ვ ე რ | ვ ი ქ მ ნ ე ბ ი თ, ესე არს ჩვენს ბრძანებელს და უფლებელს თაყვანისცემა ვერ მოვახსენო დ ა | გ ა ვ ბ რ უ ნ დ ე | ტ ა ხ ტ ს ა ვ ე | ჩ ვ ე ნ ს ა | ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს, | ვ ი თ ა რ ი | ფ ი ქ რ ი | შ ე ე დ ე ბ ა თ | ჩ ვ ე ნ ს | მ ე ზ ო ბ ლ ე ბ ს, | თ ქ ვ ე ნ | გ ა ს ი ნ ჯ ე თ | დ ა | ვ ი თ ა რ ს ა | უ დ ი დ ე ს | უ ბ ა დ რ უ კ ე ბ ა ს ა | დ ა | ზ რ უ ნ ვ ა ს ა | ჩ ვ ე ნ | მ ი ვ ი ღ ე ბ თ ო» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 120 /ხაზი ჩვენია – ვ. მ./).
დიპლომატი მეფე ჩასჭიდებია დე ბოგსბერგის განცხადების იმ ნაწილს, რომლითაც თეიმურაზს უფლება ეძლეოდა თავისი ხარჯით რუსეთს საცხოვრებლად წასვლისა და განუცხადებია: «თუმც ბძანება იქნება წასვლისა ჩვენისა პეტრებლუხს, თუ საცა რუსეთის საჴელმწიფო ტახტი არის როგორც მისვლით, აგრეთვე წამოსვლითაც ჩვენის ხარჯით წამოვალთო» (იქვე). ხოლო პოლკოვნიკის რჩევას – პასუხს აქ დაელოდეთო – მეფემ ასე უპასუხა: «ასე შორიდგან შრომა და სასჯელი ჩვენი ცუდ იქმნება და თუმცა სიშორისათვის ამის მეტს მის იმპერატორობის დიდებულებას ვერას მოვახსენებთ, მაგრამ საცა თქვენ მაღალმა თქვენზედა კომანდმა გიბძანათ, ამ ძალით თქვენმა კეთილშობილებამ მოხსენებით არ დააგდოსო» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 120).
აცნობებდა რა თეიმურაზის ზემოხსენებულ პასუხს, პოლკოვნიკი დე ბოგსბერგი საგარეო საქმეთა კოლეგიას 1760 წლის 8 აგვისტოს პატაკით სათანადო განკარგულებას სთხოვდა. როგორც მინაწერიდან ჩანს, აღნიშნული პატაკი პეტერბურგს 29 სექტემბერს მიუღიათ (იქვე, 117–118) და პასუხიც 3 ოქტომბრის ბრძანებით გაუციათ, მაგრამ ვიდრე რუსეთიდან პასუხი მოვიდოდა, თეიმურაზი მოსვენებას არ აძლევდა ყიზლარის კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელ დე ბოგსბერგსა და ასტრხანის გუბერნატორ ჟილინს.
1760 წლის 5 სექტემბერს პოლკ. დე ბოგსბერგმა მიიღო საგარეო საქმეთა კოლეგიის 1760 წლის 2 აგვისტოთი (იქვე, 150) დათარიღებული ბრძანება, ხოლო 20 სექტემბერს – ასტრახანის გუბერნატორის 1760 წლის 28 აგვისტოთი (იქვე, 132–133) დათარიღებული ბრძანება. პირველი დოკუმენტი (საგარეო საქმეთა კოლეგიის 2 აგვისტოს ბრძანება) წარმოადგენდა 30 ივნისის ბრძანების დამატებას (30 ივნისს ბრძანება გამოგზავნეს ყიზლარის კომენდანტის 19 ივნისის პატაკის მიღებამდე. ამ უკანასკნელით რუსეთის მთავრობამ შეიტყო თეიმურაზის ყიზლარში მიღების ამბავი. ამასობაში რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიისათვის ცნობილი გახდა შიო ტუსიშვილის ჩასვლა პეტერბურგს და ერეკლე მეფის წერილი თავად ამილახვრისადმი, რომლითაც ნაწილობრივ ნათელი მოეფინა თეიმურაზის გამგზავრების ნამდვილ მიზეზს), სადაც ნათქვამია: «что при въезде помянутаго грузинскаго владетеля Теймураза в Кизляр, баталион солдат для него собран был и с барабанным боем честь отдана, да и на квартиру его рота с знаменем поставлена, сие зделано излишне и казисто, наипаче в пограничном месте, откуда о том без сомнения везде разгласится, а и без того приезд сего грузинскаго владетеля с немалою свитою в Россию, чаятельно неминуемо подаст некоторое сумнительство и тревогу при оттоманской Порте, к чему оную при нынешних обстоятельствах доводить ненадобно, и так гораздо б лутче вы зделали, ежели б ему Теймуразу при случае учиненнаго от него требования излишних почестей (как о том в вашем доношении означено) отдали ему на волю остаться где нибудь в ожидании указа – не въезжая в Кизляр, а теперь иного уже не остается кроме того, что ежели он Теймураз поедет в Астрахань на собственном своем иждевении как вышеозначенным от 30 минувшаго июня указом позволено, то при отъезде его отнюдь не делать такого, как при въезде, собрания в строй солдат и барабанного боя, на квартире же его хотя и довольно было б караула умереннаго с одним офицером, но когда уже поставлены рота со знаменем, то для не огорчения его Теймураза не сводить оной до отъезду его из кизляра; вышеописанное имеете содержать в единственном вашем сведении и чтоб оной Теймураз о здешнем предписании не знал, а в даче ему кормовых денег и в прочем поступать по вышепомянутому ж от 30 июня указу и не уменьшая определенную вами дачу по 420 руб. на месяц» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 86–87).
ბრძანების ბოლოს ნათქვამია, რომ მისი ასლი გაეგზავნა ასტრახანის გუბერნატორს და მიეთითა, რომ თუ თეიმურაზი უკვე ჩავიდა ასტრახანს და თავისი ხარჯით მოსკოვისკენ წასვლას მოისურვებს, გუბერნატორმა დაუყოვნებლივ გვაცნობოს, ხოლო «до получения новаго указу присоветовал бы ему удержаться в Астрахани» (იქვე).
როგორც ჩანს, რუსეთის დიპლომატიას უგრძვნია, რომ თეიმურაზს შეეძლო ესარგებლა 30 ივნისის ბრძანებით და პეტერბურგს წასულიყო, ყიზლარის კომენდანტი მას ვეღარ შეაკავებდა; ამიტომ შეცდომის გამოსწორების მიზნით უბრძანებია: ახალი ბრძანების მიღებამდე თეიმურაზ II სხვადასხვა საბაბით როგორმე ასტრახანში მაინც შეაკავეთო (აღსანიშნავია, რომ ასტრახანის გუბერნატორს მარტო ამ ბრძანების ასლი კი არ გაუგზავნეს, არამედ იმავე რიცხვით – 1760 წლის 2 აგვისტოთი დათარიღებული ცალკე ბრძანებითაც მიუთითეს): «до получения новаго отсюда указа учтивым образом присоветовать ему удержаться в Астрахани; между тем же содержание его Теймураза в Астрахани под приличным претекстом распорядить весьма умеренно, дабы чинимыми ему при нынешних обстоятельствах излишними почестями, не навлечь на здешнюю сторону от Порты Оттоманской какого напрснаго подозрения» (იქვე, 88–89).
მეორე დოკუმენტი, რომელიც დე ბოგსბერგს 20 სექტემბერს მიუღია, წარმოადგენდა ასტრახანის გუბერნატორის ბრძანებას, რომელიც გამომდინარეობდა საგარეო საქმეთა კოლეგიის 2 აგვისტოს ბრძანებიდან და თავისებურ რჩევას აძლევდა ყიზლარის კომენდანტს.
ამ უკანასკნელი ბრძანების მიღებამდე პოლკოვნიკი დე ბოგსბერგი შეხვედრია თეიმურაზ მეფეს. ამ შეხვედრის შედეგები მან დაუყოვნებლივ, 1760 წლის 20 სექტემბრის პატაკით მოახსენა ასტრახანის გუბერნატორს: 1) მეფეს ავუხსენი ამ მხარეში ჯარის საჭიროება და ყარაული ისე შევამცირე, რომ მეფის უკმაყოფილება არ გამოუწვევია, შევეცდები კიდევ შევამცირო; 2) მეფემ, წინა ბრძანების (იგულისხმება 30 ივნისის ბრძანება) საფუძველზე, რომელიც მას ეცნობა, გამოთქვა ასტრახანსა და მოსკოვში თავისი ხარჯით გამგზავრების სურვილი. ახლაც, საუბრისას, განმიცხადა თავისი ნება – გაემგზავროს ასტრახანამდე, ციციშვილის ხელით წარმომიდგინა თავისი ამალის სია და მოითხოვა «подвод татарских шездесят, под коляску лошадей шесть, заводных лошадей же по семь и немедленного ему отправления, в чем я обещание ему учинил» (იქვე, 132–133). დასასრულ, დე ბოგსბერგი აცნობებდა ჟილინს: შეეცადეთ მოამზადოთ ბინები მეფის ამალის მისაღებად, თქვენი ბრძანების მოლოდინში მე განკარგულება გავეცი აქ ტრანსპორტის მოსაგვარებლადო (იქვე).
დე ბოგსბერგის 20 სექტემბრით დათარიღებული პატაკი ასტრახანში 28 სექტემბერს მიუღიათ და სათანადო განკარგულებაც გაუციათ (შდრ. იქვე, 130), მაგრამ ვიდრე ასტრახანიდან აღნიშნულ პატაკზე ყიზლარში პასუხს მიიღებდნენ, 1760 წლის 6 ოქტომბერს თეიმურაზ II ამალითურთ ასტრახანისკენ გამგზავრებულა. 1760 წლის 7 ოტომბრის პატაკით პოლკოვნიკი დე ბოგსბერგი რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას მოახსენებდა: «Грузинской владетель Теймураз по желанию ево сего октября 7 дня* в Астрахань со имеющегося при нем свитою на своем собственном иждевении** с надлежащим конвоем без всякой воинской церемонии отправился, которому на текущей октябрь месяц на покупку провизии от здешней гражданской канцелярии прежде определенная сумма четыреста двадцать рублев выдана, о чем астраханскому губернатору заблаговременно знать дано»*** (*თეიმურაზი ყიზლარიდან გავიდა 6 ოქტომბერს ღამით. შდრ. კოპიტოვსკის ჩანაწერები, АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 130; **თუმცა პატაკში აღნიშნულია, თეიმურაზი თავისი ხარჯით გაემგზავრაო, მაგრამ ყიზლარის სამოქალაქო კანცელარიის მოხსენებიდან ჩანს, რომ კარანტინში ყოფნისას /ჩერვლენში/ თეიმურაზს 1760 წლის 16 მაისიდან 1 ივნისამდე მიუღია 24 მან. 44 კაპ. ხოლო ყიზლარში /ასტრახანში ჩასვლამდე, 1760 წლის 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე/ – 2260 მანეთი /იხ. ГААО, ф. 394, оп. 1, д. 2203, л. 11/. *** АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 2, л. 150).
ასტრახანის გუბერნატორისათვის იმავე რიცხვით (1760 წლის 7 ოქტომბერი) გაგზავნილ პატაკში დე ბოგსბერგი იმეორებდა ზემოთ მოტანილი მოხსენების შინაარსს და უმატებდა: «а в конвое при нем для препровождения отправлен подполковник Володимер Копытовской, о котором он, грузинской владетель, для наилутчего в пути распорядка... усильно просил, чего я, дабы его не огорчить, исполнением оставить не мог, а команде онаго самарского полку ундерофицер один, капрал один, цирюльник один, да плотник и кузнец и сверх того... сибирскаго полку солдат двое, астраханского гумрискаго полку драгун двенадцать человек, ... да гребенскаго и семеинаго войск старшин два, хорунжей один, казаков доброконных и оруженных пятьдесят человек» (ГААО, ф. 394, оп. 1, д. 2203, л. 9).
როგორც ვხედავთ, 4 თვეზე მეტი დაყო თეიმურაზმა ყიზლარს (1760 წლის 2 ივნისიდან 6 ოქტომბრამდე). მას დიდი დიპლომატიური ბრძოლა დასჭირდა, რომ ასტრახანში წასვლა მოეხერხებინა.
1760 წლის 16 ოქტომბერს თეიმურაზ II ამალითურთ ასტრახანის მისადგომებთან ბანგუშევსკის ფორპოსტთან მივიდა. 17 ოქტომბერს ფორპოსტში მიიღეს საგუბერნიო კანცელარიის ბრძანება – სათანადო განკარგულების მიღებამდე ელჩობა ადგილზე შეეჩერებინათ. მეფე შეუწუხებია ამ ამბავს და ქართველი თარჯიმნის, ვინმე ივანე პეტროვის (?) მეშვეობით პოდპოლკოვნიკ კოპიტოვსკისათვის განუცხადებია: ჩვენ კარანტინის მიზეზით ყიზლარშიც საკმაოდ გვალოდინეს, აქ, როგორც ამბობენ, კიდევ 40 დღეს გვიპირებენ შეჩერებას, ვაჭრები კი შეუფერხებლად გაატარესო; კოპიტოვსკის სათქმელი არაფერი ჰქონია და ისღა განუცხადებია, რომ ფორპოსტიდან გამოგზავნილ კაპრალს ყველა არ გაუსინჯავსო (იქვე, 37). აუწყებდა რა ამ ამბავს 19 ოქტომბრის პატაკით, გუბერნატორ ჟილინს პოდპოლკოვნიკი კოპიტოვსკი სწერდა: «перевотчик грузинец Иван Петров мне секретно сказал, что означенной владетель с своими двумя князьями, которые по близости его ехали, говорил, ежели б де он владетель приехал в Персию куда нибудь тоб де нигде его так не задержали, как здесь, и когда б де такое себе затруднение знал, то б и из Кизляру не ездил и знатно де лутче возвратится обратно» (ГААО, ф. 394, оп. 1, д. 2203, л. 37). იმავე დღეს, 19 ოქტომბერს, კოპიტოვსკის აცნობეს, რომ მეფის ამალა კარანტინში მხოლოდ 8 დღეს დარჩებოდა, 23 ოქტომბერს შეეძლო შესულიყო ასტრახანში და მისთვის გამოყოფილ ბინებში დაბინავებულიყო. თეიმურაზი უკმაყოფილო დარჩენილა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა (იქვე, 38).
1760 წლის 23 ოქტომბერს თეიმურაზ II წინასწარ გაუგზავნია ასტრახანს ნაზირი გიორგი ციციშვილი, რათა ასტრახანის გუბერნატორი მოეკითხა და ამალისათვის განკუთვნილი ბინები შეემოწმებინა. ნაზირი შეხვედრია გუბერნტორ ჟილინს, ვიცე-გუბერნატორ ბეკლემიშევსა და ასტრახანის ეპისკოპოსს მეთოდეს, შემდეგ დაუთვალიერებია ელჩობისათვის განკუთვნილი ბინები და კმაყოფილი უკანვე დაბრუნებულა მეფის ბანაკში ვოლგის მეორე მხარეს. იმავე დღეს მეფე ვოლგას მიდგომია; წინა დღით გამოყოფილი ნავებით მეფის ამალა ვოლგაზე გადაუყვანიათ. მართალია, ქალაქში შესვლისას სალუტი არ მიუციათ, მაგრამ ნავმისადგომთან მეფეს უფროსი ოფიცრები დახვედრიან ვიცე-გუბერნატორის მეთაურობით და მეფე თავისი ამალით ბინამდე მიუცილებიათ. ასტრახანში მეფეს დიდი პატივით ეკიდებოდნენ: გუბერნატორმა მეფეს საჩუქრები მიართვა; მას გაუმასპინძლდნენ გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და ასტრახანის ეპისკოპოსი; 24 ოქტომბერს საკრებულო ტაძარში მეფის მისვლისას წირვა თვითონ ეპისკოპოსმა მეთოდემ გადაიხადა; 30 ოქტომბერს მეფე არტილერიის პოლიგონზე წაიყვანეს. თეიმურაზი რუსი არტილერისტების ოსტატობით განცვიფრებულა (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 160–167). აღსანიშნავია, რომ მეფესა და მის ამალას ასტრახანში საცხოვრებლად მიუჩინეს სომხებით დასახლებული უბანი (სულ 27 სახლი გამოუყვიათ); ასეთი არჩევანი იმას განუპირობებია, რომ მეზობელი ხალხებია და ერთმანეთს უკეთ გაუგებენო (იქვე, 154–156). ასტრახანის საოლქო არქივებში შემონახულია იმ სახლების მფლობელთა სია, სადაც მეფესა და ელჩებს უხდებოდათ ცხოვრება.
1760 წლის 28 ოქტომბერს პეტერბურგიდან დაბრუნდა შიო ტუსიშვილი, ხოლო 30 ოქტომბრიდან მეფემ საქმიანი მოლაპარაკება დაიწყო ასტრახანის ვიცე-გუბერნატორ ბეკლემიშევთან პეტერბურგს გაშვების თაობაზე, რამაც თითქმის 3 თვეს გასტანა, მაგრამ ამაზე ქვემოთ.
* * *
საქართველოდან გამგზავრების შემდეგ ერეკლე მეფე სისტემატურად აწვდიდა ცნობებს თეიმურაზ II, თუ რა ხსებოდა ქვეყანაში. ჯერ კიდევ ყიზლარში ყოფნისას თეიმურაზ მეფეს ორჯერ მიუღია საქართველოდან წერილი. ასე მაგალითად, ვიცე-გუბერნატორ ბეკლემიშევის კითხვაზე: «давно ль он владетель из Грузии письма получал»? თეიმურაზ მეფეს უპასუხია: «в бытность в Кизляре двоекратно, оттуда пишут все тамо в состоянии находятся» (იქვე, 165–166) (თეიმურაზი მტკიცედ უარყოფდა ლეკების წინააღმდეგ ქართველთა დასახმარებლად თურქების ჯარის საქართველოში ყოფნას, რასაც მას მიღებული ცნობების* საფუძველზე ბეკლემიშევი აცნობებდა)** (*ბეკლემიშევი, ალბათ, ეყრდნობა ყიზლარიდან 30 ოქტომბერს მიღებულ ცნობას, რომელიც ყაბარდოში შეუტყვია კაზაკ აკიმ ივანოვს /შდრ. АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. 1, л. 8/; ** АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 166).
1760 წლის 8 ოქტომბერს, თეიმურაზის ყიზლარიდან გამგზავრების შემდეგ, როგორც დე ბოგსბერგის 14 ოქტომბრის პატაკიდან ჩანს, ყიზლარს მისულა მიტროპოლიტი ქრისტეფორე წილკნელი, რომელსაც მოსახსენებელი ჰქონია თეიმურაზ მეფესთან და, რაკი თეიმურაზი წასული დახვედრია, ასტრახანამდე გაშვება უთხოვია იმ პირობით, რომ, როგორც კი მეფეს შეხვდებოდა და ქვეშევრდომთა საქმეზე სათანადო განკარგულებას მიიღებდა, უკანვე უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში (ГААО, ф. 394, оп. 1, д. 2203, лл. 90–91); მიტროპოლიტისათვის პირობა ჩამოურთმევიათ, რომ ასტრახანის ეპისკოპოს მეთოდესთან გამოცხადდებოდა და მისი ნების გარეშე არსად წავიდოდა (სინოდის მიერ 22 თებერვალს გაცემული განკარგულებით, საქართველოდან წასული სასულიერო პირების რუსეთში შეშვება ასტრახანის ეპისკოპოსის ნებართვით ხდებოდა). ქრისტეფორეს თან ხლებიან: არქიმანდრიტი ფილიპე ბოდორმელი (ბოჭომელი?), აზნაური გიორგი ელიოზოვი (ელიოზიშვილი?), 3 სასულიერო პირი, 2 მსახური (იქვე, 90–91, 81), რომელთაც ასტრახანამდე სათანადო საშვი მიეცათ 1760 წლის 14 ოქტომბერს (იქვე, 81). ჩვენ არ ვიცით, რა მოახსენა ქრისტეფორე წილკნელმა თეიმურაზს, ან რა განკარგულება მიიღო მეფისაგან, მაგრამ იგი რომ ერეკლეს გადაწყვეტილებით ელჩობასთან ურთიერთობის დამყარების მიზნით იყო გამოგზავნილი და არა ქვეშევრდომების თაობაზე განკარგულების მისაღებად, ეს საეჭვო არ უნდა იყოს.
1760 წლის ოქტომბერში ყიზლარში საგანგებო დავალებით საქართველოდან ჩასულა თავადი ნიკოლოზ ანთაროვი (?), რომელიც «из Грузии отправлен грузинскому владетелю Теймуразу с нужнейшими письмами». თავადს დე ბოგსბერგისათვის უთხოვია: «для персонального вручения тех писем отпустить до Астрахани к показанному их владетелю»; ეს უკანასკნელიც, «по той просьбе... отпущен» (იქვე, 92), – იუწყებოდა ყიზლარის კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელი.
როგორც ვხედავთ, ერეკლეს მუდმივი კონტაქტი ჰქონია დამყარებული ელჩობასთან 1760 წლის ნოემბრამდე, რაც შემდგომაც გრძელდებოდა, როგორც ქვემოთ დავინახავთ.
ამ მასალების ფონზე საყურადღებო ჩანს მატენადარანში დაცული ერთი დოკუმენტი – სომხეთის მღვდელმთავრის, ეჩმიაძინის კათალიკოს აკოპ შამახეცის წერილი რუსეთის მთავრობისადმი (დათარიღებული 1760 წლის 26 ივნისით) (Матенадаран, Архив католикоса, папка 243, док. № 18), რომელიც ჩვენ ვაჰრამ მარტიროსიანმა მოგვაწოდა. რამდენადაც წერილის დედანი მატენადარანშია დაცული, ვ. მარტიროსიანი ფიქრობს, რომ იგი არ გაგზავნილაო. ანალოგიური მოსაზრება აქვს ა. იოანესიანსაც (А. И о а н е с я н, Иосиф Эмин, Ереван, 1945, გვ. 74). მიუხედავად ამისა, წერილი საინტერესოა, რადგანაც იქ მოცემულია გარეშე მტრების მიერ შევიწროებული საქართველოსა და სომხეთის მძიმე მდგომარეობა, რომლის «გამოთქმა სიტყვებით არ შემიძლიაო», – წერს სომეხთა კათალიკოსი. თეიმურაზი და ერეკლე დღედაღამ ებრძვიან მტერს, მაგრამ ქრისტიანობას მაინც ვერ შველიან, ამიტომ წამოვიდა თეიმურაზი თქვენს ქვეყანაში, რომ შემწეობა გთხოვოთ, ღვთის გულისათვის, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ მის თხოვნას, გთხოვთ იზრუნოთ ჩვენს საწყალ ერზე და ქართველ ერზეო (Матенадаран, Архив католикоса, папка 243, док. № 18).
ეს დოკუმენტი, რომელიც ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთნდობასა და მეგობრობაზე მეტყველებს, შედგენილია იმ დროს, როცა თეიმურაზი ყიზლარში გაურკვეველი დროით იყო შეჩერებული. ალბათ, ერეკლემ მისცა წინადადება სომხეთის მღვდელმთავარს (ა. იოანესიანიც, რომელიც სომეხი კათალიკოსის წერილის ასლით სარგებლობდა /თუმცა დედანსაც იცნობს/ და დოკუმენტს 27 /28/ ივნისით ათარიღებს /რაც საეჭვოა/, წერს, რომ «вряд ли было написано Яковом по собственной инициативе» /შდრ. А. И о а н е с я н, დას. შრომა, გვ. 73/, მაგრამ არ მიუთითებს, ვინ შეიძლება ყოფილიყო ჩამგონებელი) მასაც ხელი შეეწყო თეიმურაზის პეტერბურგში გაშვების საქმისათვის. როგორც ჩანს, წერილის გაგზავნა დაყოვნებულა, ხოლო თეიმურაზის ყიზლარიდან გამგზავრების შემდეგ მისი გაგზავნა ზედმეტად მიუჩნევიათ (თუმცა ა. იოანესიანი ფიქრობს, წერილი იმიტომ არ გაუგზავნიათ, რომ «как раз в это время католикос вынужден был по требованию хана перебраться в Ереван. Из Ереванской же крепости, где он жил под непосредственным надзором иранских властей, отправлять подобное послание было, очевидно, слишком рисковано» /А. И о а н е с я н, დას. შრომა, გვ. 74/, მაგრამ ჩვენ ეს მოსაზრება საეჭვოდ გვეჩვენება).
* * *
ზემოთ აღნიშნული გვქონდა, რომ შ. ტუსიშვილი 1760 წლის 5 ოქტომბერს (პეტერბურგში დაახლოებით 3 თვის ყოფნის შემდეგ) ასტრახანისკენ გამოისტუმრეს და ისიც, რომ შ. ტუსიშვილის მისია უშედეგოდ არ დამთავრებულა.
როგორც დავინახეთ, რაკი რუსეთის მთავრობამ იცოდა, რომ 30 ივნისის ბრძანებულების შინაარსის გაცნობის შემდეგ თეიმურაზის ყიზლარში შეკავება შეუძლებელი იყო, 1760 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით იგი ასტრახანის გუბერნატორს ავალებდა ახალი ბრძანების მიღებამდე (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 88–89) მეფე როგორმე ასტრახანში მაინც შეეჩერებინათ. 1760 წლის სექტემბრის ბოლოს პეტერბურგს ხმა ჩასულა: თეიმურაზმა ამალა და ბარგი ყიზლარს დატოვა და მცირე ამალით ასტრახანს ჩავიდაო (იქვე, 122–123). საგარეო საქმეთა კოლეგია ამ ამბავს შეუწუხებია და 3 ოქტომბერს ბრძანებები გაუგზავნია ყიზლარის კომენდანტისა და ასტრახანის გუბერნატორისათვის (იქვე, 121–122, 122–123). ასტრახანის გუბერნატორისათვის 3 ოქტომბერს გაგზავნილ ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერდა მ. ვორონცოვი, ნათქვამი იყო: «А буде помянутой грузинской владетель Теймураз приехал уже в Астрахань, то о сем и что он тамо еще о себе и о своем намерении объявлял, также по какой причине он (ежели то правда), оставя свои тягости и свиту в Кизляре, с малою в Астрахань приехал и не побужден ли он к тому чем нибудь; прислать сюда в Коллегию иностранных дел доношение с нарочным в самой скорости, а притом донесть и о других к здешнему сведению потребных обстоятельствах, особливо ж о произшествиях в Персии, буде в получении есть об них новейшее известие» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 122–123). დასასრულ, გუბერნატორს ავალებდნენ: იმოქმედე 1760 წლის 30 ივნისისა და 2 აგვისტოს ბრძანებებით, მეფე კი შეაკავე ასტრახანში, «пока здесь точная об нем резолюция принята и об оной астраханской губернской канцелярии знать дано будет» (იქვე, 123).
მართალია, აღნიშნული ბრძანება გაგზავნეს ასტრახანს, მაგრამ დრო იყო წინასწარ სათანადო გადაწყვეტილებაც მიეღოთ. საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრებს 1760 წლის 5 ოქტომბერს კანცელარიისათვის წარუდგენიათ მოხსენებითი ბარათი. კოლეგიის წევრები ურჩევდნენ კანცლერს, რომ თეიმურაზის მიღება ახლანდელ ვითარებაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო. ამას ისინი შემდეგნაირად ასაბუთებდნენ: «хотя резиденту Обрескову отсюда и предписано, каким образом надобно ему чинимые иногда при Порте о выезде Теймуразовом из Грузии в Россию противные толкования опровергать, но оная Порта едва будет успокоена, потому что Грузия и Кахетия близ турецкой границы, а Имеретия во владении турецком находится и что сии три владения между собою смежны и единаго христианскаго исповедания суть с Российскою империею, как о том и Порте не без известно, которая без сумнения поступки предявленных трех царей с Россиею, особливо при настоящих в Персии замешательствах, прилежно наблюдает; и тако буде Теймуразу позволение дать сюда в Санкт Петербург приехать, то не можно будет обойтись без показания ему, по примеру прежде бывших здесь таких же грузинских владетелей, знаков высочайшей е. и. в. милости чрез отличныя и публичныя почести, которые от Порты утаиться не могут, и конечно побудят оную выезд ево Теймуразов в Россию признавать своему интересу предосудительным, да и король прусской чрез своих тамо находящихся емисаров с подкреплением и помощию союзника своего короля англинскаго, без сумнения не оставит при нынешних обстоятельствах сим случаем воспользоваться и Порту под ущениями своими с Россиею до холодности довести, и как из сих подущений легко могут для здешних интересов произойти крайне предосудительные следствии, которые тогда отвратить весьма трудно, или совсем невозможно было б, а дабы все то достаточно заранее предупреждено быть могло, то по сим обстоятельствам их превосходительства господа члены такого мнения находятся, что по тем резонам Теймуразу на приезд сюда ныне дозволить никак не можно» (იქვე, 124–125).
მაგრამ საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრებს ისიც აწუხებდათ, რომ თეიმურაზისათვის მიღებაზე უარის თქმას შეეძლო გაენაწყენებინა მეფე, რაც რუსეთს მეგობარ საქართველოს დაუკარგავდა. ამიტომ კოლეგიის წევრები იქვე განაგრძობდნენ: «а чтоб его не огорчить совершенным отказом в его прошении, то можно ему под приличным претекстом присоветовать, чтоб он на некоторе время остался в Астрахани и под тем видом от внемяни до времяни его тамо удерживать до тех пор, пока нынешние обстоятельства и настоящия сомнения минуются» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 124–125).
ერთი სიტყვით, საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრების აზრით, თეიმურაზ მეფე ასტრახანში ვითარების შეცვლამდე (პრუსიასთან ომის დამთავრებამდე, ან პრუსია–თურქეთის მოლაპარაკების ჩაშლამდე მაინც) უნდა შეეჩერებინათ.
კანცლერი მ. ვორონცოვი აღნიშნულ მოხსენებით ბარათს იმავე დღესვე გასცნობია და საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიუღია. მეორე დღეს, 1760 წლის 6 ოქტომბერს კოლეგიისათვის უკანვე დაუბრუნებია მოხსენებითი ბარათი, რომელსაც ასეთი მინაწერი აქვს: «По разным политическим причинам, конечно, желательно было бы, когда грузинской царь Теймурас и совсем сюда не ездил; но как он путь свой возприял единственно только для отдания е. и. в. поклона своего, то уже кажется и не прилично ему в приезде сюда отказать. Порте же не может его здесь пребывание никакой причинить тревоги, ибо он обещал ни в какие дела не вступать; притом же его сиятельство канцлер рассуждать изволит, что нет нужды чинить здесь ему Теймурасу какие нибудь излишние почести, которые к примечаниям и толкованиям повод дать могли б» (იქვე).
მ. ვორონცოვის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული საფუძველიც ჰქონდა: 1) რუსეთის მთავრობას პირობა ჰქონდა მიცემული თურქეთისათვის, რომ იგი საქართველოსა და სპარსეთის საქმეებში არ ჩაერეოდა; 2) თურქეთის საშინაო ვითარება არ იყო ხელსაყრელი ომის წამოსაწყებად; 1760 წლის 7 ივნისს ობრესკოვი რუსეთის მთავრობას აცნობებდა: «Военных приуготовлений никаких не делается, да и быть иным не можно, по притчине внутренних сей империи (თურქეთის – ვ. მ.) непорядков...» (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1760 г., д. 3, л. 230 об.); 3) რუსეთის არმიას გარკვეული წარმატებები ჰქონდა, ხოლო პრუსია და ინგლისი საზავო კონფერენციის მოწვევას ითხოვდნენ, რის გამოც 19 აგვისტოს რესკრიპტით ობრესკოვს აცნობებდნენ: ინგლისისა და პრუსიის წინადადებაზე ჩვენ თანახმა ვართ, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა მოიყვანოთო (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1760 г., д. 2, лл. 133–136).
ცხადია, ასეთ ვითარებაში თურქეთი ომის წამოწყებას ადვილად ვერ გადაწყვეტდა.
რაკი გადაწყვეტილება მიიღო, მ. ვორონცოვს აღარ დაუყოვნებია, იმავე დღეს, 1760 წლის 5 ოქტომბერს, ხელი მოუწერია შიო ტუსიშვილისა და მისი მხლებლების: აზნაურ რევაზ «ჩემარღიზოვისა» (ჯომარჯიძის?) და ქართველი სოლომონ «სეკინაევის» (საგინაშვილი?) ასტრახანამდე გასატარებელ საშვზე (ГААО, ф. 394, оп. 1, д. 2203, л. 51) და მეფის მოციქულები სიტყვიერი დაპირებით დაიმედებული უკანვე გამოუსტუმრებია.
1760 წლის 28 ოქტომბერს შიო ტუსიშვილი ასტრახანს ჩავიდა და მეფეს მოახსენა, რომ კანცლერი შემპირდა, როგორც კი ზამთრის გზა გაიხსნება (წყლები გაიყინება), მეფეს დაუყოვნებლივ გამოისტუმრებენ ასტრახანიდან. ასტრახანის საგუბერნიო კანცელარიის ჟურნალში წერია: «28 числа после полуден приехал в Астрахань возвратившейся из Санктпетербурга посланной от владетеля к свойственникам его казначей князь Шио Тусиев, котораго по приезде чрез прапорщика Назарова вице губернатору объявлено, что оной казначей владетелю доносил, в бытность де ево в Санктпетербурге объявил ему его сиятельство государственной канцлер... граф Михаил Ларионович Воронцов, яко ему владетелю велено ехать в Санктпетербург первым зимним путем, о чем де и указы с нарочным курьером отправлены и тот де куриер отправился из Царицына прежде ево казначея за два дни» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 163).
ჩვენ არ ვიცით, როგორი დაპირება მისცა მ. ვორონცოვმა შ. ტუსიშვილს, მაგრამ შ. ტუსიშვილის პეტერბურგიდან გამომგზავრების დღეს, 5 ოქტომბერს, მ. ვორონცოვი, როგორც ზემოთ დავინახეთ, თანახმა იყო თეიმურაზის პეტერბურგში მიღებისა და მან საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრების მოხსენებითი ბარათი კოლეგიაში საწინააღმდეგო პასუხით დააბრუნა; რაც შეეხება ბრძანებას თეიმურაზის პეტერბურგში გაშვების თაობაზე, ასეთი რამ საგარეო საქმეთა კოლეგიას ჯერ არ ჰქონდა ასტრახანს გაგზავნილი. პირიქით, როგორც ზემოთ დავინახეთ, 1760 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით (რომელიც, მართლაც, შ. ტუსიშვილის პეტერბურგიდან წამოსვლამდე – 5 დეკემბრამდე – 2 დღით ადრე გამოგზავნეს) საგანგებოდ აფრთხილებდნენ ასტრახანის გუბერნატორს: თეიმურაზი ასტრახანში შეაკავეთ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ გეცნობებათო.
* * *
თეიმურაზ მეფემ, რაკი პეტერბურგიდან შ. ტუსიშვილისაგან სასურველი ამბავი შეიტყო, 1760 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო მოლაპარაკება ვიცე-გუბერნატორ ბეკლემიშევთან პეტერბურგს გაშვების თაობაზე. 1760 წლის 30 ოქტომბერს მეფეს ბეკლემიშევისათვის უთხოვია ხელი შეეწყო მისი გამგზავრებისათვის. ბეკლემიშევს უპასუხია: «его отправлению не инако быть способно как по установлении зимнего пути» (იქვე, 164). 1760 წლის 31 ოქტომბერს თეიმურაზ II ბეკლემიშევისათვის ხელმეორედ დაუსვამს საკითხი და უთქვამს: «Как ему слышно, что из Санктпетербурга приехал курьер, с которым нет ли о нем владетеле указа» (იქვე, 165); ბეკლემიშევს უპასუხია: «Указ пущен в подтверждение прежнего, о чем еще в бытность в Кизляре ему владетелю от тамошнего коменданта объявлено, яко отъезд его отдан на волю его» (იქვე, 165). მართლაც, 3 ოქტომბრის ბრძანებით, რომელიც ზოტ სკობელევსა და მიხეილ ლებეზნის გამოატანეს იმავე დღეს (იქვე, 121–123), საგარეო საქმეთა კოლეგია ასტრახანის გუბერნატორს ავალებდა ემოქმედა 30 ივნისისა და 2 აგვისტოს ბრძანებებით. ამასთან უბრძანებდა, როგორმე შეეკავებინა თეიმურაზი ასტრახანს საბოლოო ბრძანების მიღებამდე (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 122–123). აღნიშნული ბრძანება ასტრახანში მიიღეს 30 ოქტომბერს ზოტ სკობელევის ხელით (იქვე, 163). რაც შეეხება მ. ვორონცოვის განცხადებას შ. ტუსიშვილთან, იგი ასტრახანის საგუბერნიო კანცელარიისათვის რუსეთის მთავრობას არ უცნობებია.
1760 წლის 1 ნოემბერს ვიცე-გუბერნატორი ყოფილა მეფესთან და ხანგრძლივი საუბარი ჰქონია მასთან. საუბრის დროს მეფეს განუცხადებია: საქართველოდან მარტში უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ შვილიშვილის გარდაცვალების გამო ჩემი გამგზავრება გადაიდო. მხოლოდ აპრილში მოვახერხე წამოსვლა, გზაში საკმაო ხანს დავყოვნდიო და უთხოვია: «ему неудержное в Санктпетербург отправление учинить... чтоб ему долговременно в пути не продлитца» (იქვე, 166).
თუმცა ბეკლემიშევმა ნამდვილად არ იცოდა, რას შეპირდა მ. ვორონცოვი შ. ტუსიშვილს, მაგრამ (რაკი პეტერბურგიდან უთვლიდნენ – სხვადასხვა საბაბით შეიქციეთ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ გეცნობებათო, და თან ტუსიშვილის მოტანილი ამბავიც იცოდა – ვორონცოვი ზამთრის გზით გაშვებას დაპირებიაო) მეფის წინაშე რომ მის პასუხს მეტი დამაჯერებლობა ჰქონოდა, ტუსიშვილის მიერ მოტანილი ამბავი (რომლის ნამდვილობაში შეიძლება ბეკლემიშევსაც ეჭვი ეპარებოდა) ვიცე-გუბერნატორს გამოუყენებია მეფის ასტრახანში შექცევის საბაბად და თავისი წინანდელი პასუხისათვის უფრო დამაჯერებელი ფორმა მიუცია: «Нынешним осенним временем никак ехать невозможно, по притчине обыкновенно бываемого переменного воздуха: когда ехать калясками, а в пути выпадает снег, то каляски надлежит оставить и надобно саньми, по случаю ж оттепления паки потребны каляски, и так бывает, что раз пять переменить сани с калясками надобно и когда сие вне жилищ и по удаленности от оных на пустых местах быть может, то такою переменою чрез немалое время исправиться да и сыскать потребнаго к съезду будет трудно, паче же всего и по наступлении зимнего времени сначала когда реки, чрез кои переезжать надлежит, льдом покроются и еще лед не утвердится, то по льду за неукреплением оного переехать опасно, а порому навесть или мосту зделать за льдом будет неможно, то затем и в одном месте принуждено будет жить да еще паче чаяния и в нежилья на пустом месте долговремянно, что всякому беспокойству и опасностям многим подвергается, а за лутчее и всем способнее и спокойнее отправиться ему, когда путь установится» (იქვე, 166–167).
თეიმურაზმა შემდეგშიც არაერთხელ დასვა გამგზავრების საკითხი, მაგრამ ასტრახანის ხელისუფლება ასეთივე პასუხით ისტუმრებდა.
ასტრახანის გუბერნატორს, როგორც დავინახეთ, მთავრობა ავალებდა ზუსტად გაეგო, რა მიზნით მიდიოდა თეიმურაზი რუსეთს, ამიტომ ბეკლემიშევი მეფესთან შეხვედრებისას ოსტატურად აყენებდა ამ საკითხს, რაზედაც მეფე ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს აძლევდა – მხოლოდ იმპერატორისათვის თაყვანისსაცემად მივდივარ (ჩემი წინაპრების მაგალითისამებრ). როგორც კი ვინახულებ იმპერატორს და თაყვანს ვცემ, უმალ უკანვე გამოვბრუნდები, სხვა საქმე არა მაქვსო. მაგალითად, 30 ოქტომბერს მეფე ვიცე-გუბერნატორ ბეკლემიშევს უცხადებდა: «он из отечества своего выехать намерение восприял по согласию с сыном своим, кахетинским владетелем же Ираклием, только для поклонения е. и. в. всероссийской, потому что и предки их грузинские владетели для сего в Российскую империю езживали почасту, и он владетель намерен то исполня возвратитца во отечество свое беспродолжения, а других никаких дел и представленей не имеет» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 164). მეფეს იგივე გაუმერობია 31 ოქტომბერსაც: «он крепкое положил намерение отдать должное свое поклонение е. и. в. всероссийской, для чего единаго из отечества своего и выехал» (იქვე, 165). აღნიშნულისათვის რომ მეტი დამაჯერებლობა მიეცა, მეფეს დაუმატებია: ჩემი წინაპრები ასევე ჩამოდიოდნენ რუსეთის ხელმწიფეებთან თაყვანისსაცემად, ხოლო რუსეთის ხელმწიფეები წყალობის სიგელს აძლევდნენო და ვიცე-გუბერნატორისათვის უჩვენებია ალექსი მიხეილის ძის მიერ თავისი მამის, ნიკოლოზისათვის (იგივე ერეკლე I) ნაბოძები სიგელი (იქვე). სიგელს დაუინტერესებია ბეკლემიშევი და ამ უკანასკნელს 1 ნოემბერს საგანგებოდ უთხოვია მეფისათვის – პირი გადამაღებინეო, მაგრამ მეფეს უარი უთქვამს და დაპირებია: პეტერბურგიდან რომ დავბრუნდები, მაშინო (იქვე, 165–166).
თეიმურაზ მეფე მოსვენებას არ აძლევდა ასტრახანის ხელისუფალთ, დაეჩქარებინათ მისი პეტერბურგს გამგზავრება, ხოლო ასტრახანის ხელისუფალნი, თანახმად მთავრობის დავალებისა, გზის უვარგისობის მომიზეზებით ცდილობდნენ მეფე შეეჩერებინათ და თანაც შეეტყოთ თეიმურაზ მეფის რუსეთში გამგზავრების ნამდვილი მიზანი.
დიპლომატი მეფე ყოველ წვრილმანს აქცევდა ყურადღებას და რუსეთის ხელისუფალთგან სათანადო პატივს ითხოვდა. ასე მაგალითად, 2 ნოემბერს მეფეს ვიცე-გუბერნატორთან თავადები გაუგზავნია, რომელთაც განუცხადებიათ, რომ «в Кисляре даваны из казны деньги, так же и караул при трех офицерах с знаменем, а здесь тот караул уменьшен» (იქვე, 175–176). ვიცე-გუბერნატორს მოუმიზეზებია: «караул поставлен умеренной по недостатку за расходами военных людей» (იქვე). ვიცე-გუბერნატორი სახარჯო ფულზე გაჩუმებულა, მაგრამ, როცა 6 ნოემბერს მეფეს ოფიციალურად, წერილობით მოუთხოვია სახარჯო ფული, მიცემას შეპირებია (იქვე).
1760 წლის 6 ნოემბერს ასტრახანს ჩავიდა ახალი გუბერნატორი ნერონოვი, რომელმაც 10 ნოემბერს მეფესთან შეხვედრისას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გზის სიძნელეს. თეიმურაზმა თავისი გამგზავრების მიზეზის შესახებ კვლავინდებურად განაცხადა: «едет из своего отечества для поклонения е. и. в. по примеру предков своих, а других дел никаких не имеет» (იქვე).
მეფის ასეთი მტკიცე პასუხი, სხვა მიზეზებთან ერთად, რაც ზემოთაც აღინიშნა, იმითაც გვგონია გაპირობებული, რომ მეფე უთუოდ დარწმუნდა: საქმეზე ლაპარაკი ახლა რუსეთის მთავრობას არ სურდა, ამ საბაბით კი იგი პეტერბურგს ჩასვლას მაინც მოახერხებდა. საინტერესოა ერთი მომენტიც: მეფემ საგანგებოდ დაავალა კოპიტოვსკის ეუწყებინა გუბერნატორისათვის, რომ საქართველოდან მიიღო წერილები, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ ქართლსა და კახეთში სრული სიმშვიდეა, ერეკლემ დაამარცხა ლეკები, ხოლო თურქეთის პოლიტიკაში ცვლილებები არ არის, რომ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა და საშიშროებას არ უნდა ველოდეთო (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 175–176).
საფიქრებელია, რომ თეიმურაზის დაზვერვამ, ალბათ, შეიტყო, რომ რუსეთი თურქეთს ერიდებოდა და ამ ნაბიჯის გადადგმაც ამიტომ დასჭირდა. თეიმურაზ მეფეს რომ ზოგი რამ სხვაც უნდა სცოდნოდა, ამის საფუძველს გვაძლევს მისი დამოკიდებულება რუსეთის დაზვერვის აგენტის ოთარ თუმანოვისადმი, რაზედაც ქვემოთ გვექნება ლაპარაკი.
თეიმურაზ მეფეს კიდევ უფრო ენერგიულად დაუწყია მოთხოვნა ასტრახანის ახალ გუბერნატორ ვ. ნერონოვისათვის – პეტერბურგს გამიშვითო. რაკი დაუნახავს, რომ ტალახი და გზის სიძნელე არ ჭრიდა, ნერონოვს ახალი «მოტივები» გამოუნახავს: ამ უვარგის გზაზე შეიძლება ახლა ხიფათი გადაგეყაროსო, მაგრამ მეფეს განუცხადებია: «Он несмотря ни на какие могущие быть в пути бедствия и опасности всемерно положил свое намерение в нынешнее время из Астрахани в Санктпетербург ехать, а здесь более продолжаться напрасно не будет» და პრისტავის პირით მოუთხოვია, მარხილები და ეტლები მომიმზადეთ, თუ ჩემი გაშვების ნებართვა გაქვთო (იქვე, 181–182, /შდრ. იქვე, 271/). ასტრახანის გუბერნატორი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილა: მეფეს ხომ ვერ ეტყოდა, რომ მისი აქ შეკავების ბრძანება ჰქონდა მიღებული და, როგორც ნერონოვის მიერ საგარეო საქმეთა კოლეგიისადმი 1760 წლის 17 ნოემბერს გაგზავნილი მოხსენებიდან ჩანს, გუბერნატორი იძულებული გამხდარა შეეთვალა: ბრძანება არის, რომ თქვენი გამგზავრება თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ თქვენი ღირსების შესაბამისი პატივი გჭირდებათ, ამ საშიშ ველებში სათანადო გამცილებელი რაზმისა და ქალაქებში თქვენს მისაღებად ბრძანებას ველოდები, რომ გზაში ხიფათი არ შეგემთხვეთ, საგუბერნიო კანცელარია თქვენს გაგზავნას ისე ვერ ბედავსო (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. 1, ч. II, лл. 269–274).
აღსანიშნავია, რომ გუბერნატორის ზემოხსენებული პასუხი კოპიტოვსკის მეფისათვის 19 ნოემბერს შეუტყობინებია, რაზედაც მეფეს უკმაყოფილება გამოუთქვამს: რაღას მიმალავდა გუბერნატორი, «ему де надлежало точно сказать, что без указу не велено пропускать; я ж де ни конвоя, ни встреч, ни провожатиев не желаю, а поеду на своем коште, и так де я не мало продолжаюсь с Кизлярским уже шесть месяцев» (იქვე, 271 об.).
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ 1760 წლის 19 ნოემბრის შემდეგ, რაკი თეიმურაზ მეფემ შეიტყო, რომ ბრძანების მიღებამდე ასტრახანიდან მას ვერ გაგზავნიდნენ, წინანდებურად აღარ აწუხებს ასტრახანის გუბერნატორს ამ საკითხზე (როგორც ეს პოდპოლკოვნიკ კოპიტოვსკის ჩანაწერებიდან ჩანს) (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, ч. II, лл. 269–274), ოღონდ მეფე ასტრახანის ხელისუფალთაგან პატივსა და ყურადღებას ითხოვს.
ასტრახანის საგუბერნიო კანცელარიას, გარდა თეიმურაზის ასტრახანს შეკავებისა, ნაბრძანები ჰქონდა ზუსტად გაეგო, რა მიზნით მიდიოდა თეიმურაზი პეტერბურგს. რაკი პირდაპირი მოლაპარაკების გზით ვრაფერს გახდნენ, მეფისათვის მზვერავი მაიორი ოთარ თუმანოვი მიუგზავნიათ. ო. თუმანოვი, როგორც ზემოთ დავინახეთ, ვახტანგ VI ერთად რუსეთს გადასახლებულ და რუსეთის სამსახურში მყოფ თავადთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელსაც საქართველოში მამულები ჰქონდა. 1754–56 წლებში კაპიტანი ო. თუმანოვი თავისივე სურვილით რუსეთის მთავრობამ საქართველოში მზვერავად გამოგზავნა (იხ. ი. ც ი ნ ც ა ძ ე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები, დას. გამ., გვ. 11–30). ამჯერად მაიორი თუმანოვი ასტრახანის საგუბერნიო კანცელარიის საიდუმლო დაზვერვას ხელმძღვანელობდა და უცხოეთიდან ჩამოსულ პირებს უთვალთვალებდა. იგი შეხვედრია თეიმურაზ მეფესა და ქართველ თავადებს.
1760 წლის 21 ნოემბერს ო. თუმანოვმა ასტრახანის გუბერნატორ ვ. ნერონოვს წარუდგინა მოხსენება, რომელიც ზოგადი შესავლისა და 7 მუხლისაგან შედგება. ელჩობის ისტორიისათვის მეტად საყურადღებოა 1–3 მუხლი (არც 4–7 მუხლია ინტერესმოკლებული, რადგან იქ საყურადღებო ცნობებია დაცული საქართველოში ლეკთა თავდასხმებისა და მეზობელ ქვეყნებთან ერეკლეს ურთიერთობის შესახებ), სადაც ლაპარაკია თეიმურაზსა და ერეკლეს შორის უთანხმოებაზე და ამ მიზეზით თეიმურაზ მეფის რუსეთში საცხოვრებლად გამგზავრებაზე (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 184–187).
კერძოდ, პირველ მუხლში ო. თუმანოვი წერს: «оного владетеля сын Ираклий с мачихою своею, а его Теймураза женою, как то прежде от меня рапортовано было, подлинно имеет несогласие и якобы он Ираклий и того отца своего неоднократно просил и всячески склонял, чтоб он по своей старости, оставя государственное правление ему Ираклию, сам принял на себя монашеский чин и жил в одном монастыре, или бы если сего воспринять на себя не желает, отказавшись от правления дел... жил где в Грузии в одном угодном ему месте» (იქვე). თეიმურაზმა არც ერთი არ ისურვა და მმართველობაში დარჩა, მაგრამ მისი წამოსვლის შემდეგ საქართველოს მხოლოდ ერეკლე მართავსო. ქვემოთ თუმანოვი განაგრძობს: ირწმუნებიან, თეიმურაზი ერეკლეს რჩევით წამოვიდაო და შესაძლებელია მშვიდი ცხოვრებისათვის გადაწყვიტოს კიდეც აქ დარჩენა, თუ იმპერატორი წყალობით შეხედავს. შემდეგ კი შეუძლია თავისი ცოლიც გამოიძახოს, რაც ერეკლესათვის ხელსაყრელი იქნებაო (იქვე).
მოხსენების მეორე მუხლში ნათქვამია: მეორეს მხრივ, თეიმურაზის გამომგზავრების მიზეზად აცხადებენ იმას, რომ საქართველო მთიელების მიერ არის შევიწროებული, ხოლო სპარსეთი – შინა ომებით განადგურებული, «и егда о выезде ево владетеля в Россию услышано будет в турецкой области и в Персии, то тамо не оставят помышлять о каком либо его владетеля и от России к Грузии предприятии, отчего несколько приходить могут в страх в таком случае персидские ханы, которые состоят по междоусобию их в безсилии пристанут к его Ираклиевой стороне, да и турки по то время, когда отец его пробудет в России никакого утеснения и помешательства ему в его предприятиях не учинят, почему он Ираклий может пользоватца свободным временем изыскать случай с своими другими неприятели, а паче с горскими татарами управитца, ибо в тамошних местах подлинно с страхом чаять могут по выезде его владетеля о таком либо способе подающем от России грузинцам, как тамошние места от Российской стороны всегда состоят в боязни...» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 184–187).
ო. თუმანოვი მოხსენების მესამე მუხლში ამბობს: მე საგანგებოდ შევეცადე თვით თეიმურაზისაგან გამეგო მისი გამომგზავრების ნამდვილი მიზეზი. მეფემ მკითხა, როგორ მიიღეს რუსეთში მისი სიმამრი ვახტანგი, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ დიდის პატივით-მეთქი; შემდეგ, სასაუბროდ რომ გამომეწვია და რამე დამეცდინა, განგებ ვკითხე: ამბობენ, თითქოს ვახტანგ მეფე იმიტომ წამოვიდა რუსეთს, რომ უთანხმოება ჰქონდა თავის შვილთან, ბაქართან; ეს რომ გაიგონა, მეფემ მოინდომა ჩემთან თავის შვილსა და რუსეთში გამომგზავრებაზე ესაუბრა, მაგრამ ამას წინ აღუდგა მისი ამალის წევრი, მარტყოფის მოურავი თავადი ქაიხოსრო ასეთი სიტყვებით: «что с каким намерением он владетель в Россию едет того никто не знает, а ведает только он владетель сам и его сын, а в третьих по объявлению его могут знать и при дворе е. и. в. всем в освящении, он владетель разговаривать со мною прекратил и совсем умолчал и тот князь, выговаря оное, сам от него вышел...» (იქვე). ქვემოთ თუმანოვი განაგრძობს: მასზე (მოურავზე) ამბობენ, რომ 20 წლის წინათ, როცა საქართველოში თურქების ჯარები იდგნენ, იგი გაგზავნილი ყოფილა თურქეთსა და სპარსეთში, ხოლო ახლა, მეფის რუსეთს გამგზავრებისას, მისმა შვილმა ერეკლემ «как его Каихосро, так и другаго елисского воеводу князь Давида нарочно ему владетелю придал от себя, по совету которых он владетель и поступает во всяких случаях и без них ничего один делать не может...» (იქვე). და იქვე განაგრძობს თუმანოვი: რაკი მეფეს პეტერბურგს ჩასვლა უნდა, ამ თავადებმა ყველაფერი იციან, მაგრამ ჩანს, განგებ მალავენ, რომ ადრე არ გახდეს ცნობილიო.
როგორც ზემოთ მოტანილი ამონაწერებიდან ჩანს, ო. თუმანოვს თეიმურაზის რუსეთს გამგზავრების მიზეზად ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული, მოტივი მოაქვს: 1) მეფეებს შორის უთანხმოება (1-ლი და მე-3 მუხლი) და 2) დახმარების მიღება (თეიმურაზის რუსეთს წამოსვლით ერეკლეს სურს ისარგებლოსო).
რა შეიძლება ვთქვათ პირველზე? ჩვენ ჯერჯერობით არავითარი საბუთი არა გვაქვს პირველის სასარგებლოდ, ელჩობის ისტორიის მთელი მასალა ცნობას მამა-შვილს შორის უთანხმოების თაობაზე უსაფუძვლოს ხდის. ეს ვერსია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უთუოდ ქართველებს უნდა გაევრცელებინათ, რომ მეზობლები არ შეშფოთებულიყვნენ თეიმურაზის რუსეთს გამგზავრებით. რაც შეეხება თეიმურაზ მეფეს, იგი ოფიციალურად ყველგან აცხადებდა, რომ რუსეთში დარჩენა არ სურდა. თავ. ო. თუმანოვთან საუბარში მეფეს დაუპირებია განცხადება შვილთან უთანხმოების თაობაზე. მეფეს, ალბათ, სურდა გამოეყენებინა ეს მოტივი პეტერბურგს ჩასვლის ნებართვის მისაღებად, მაგრამ საუბარში თავ. ქაიხოსრო ჩერქეზიშვილი იმიტომ ჩარეულა ოსტატურად, რომ ქართველებს უკვე შეტყობილი ჰქონიათ, რომ ო. თუმანოვი აგენტი იყო (ქვემოთ დავინახავთ, რომ თეიმურაზი არა თუ არ ენდობოდა ო. თუმანოვს, საერთოდ ვერ იტანდა მას, რაც უთუოდ იმის დამადასტურებელია, რომ ქართველებმა შეიტყვეს თუმანოვის «მოღვაწეობის» შესახებ) და მასთან კერძო საუბარი რუსეთის მთავრობისათვის ცნობილი გახდებოდა, როგორც მეფის ოფიციალური განაცხადი, რაც შემდეგ უხერხულობაში ჩააგდებდა დიპლომატ მეფეს. სხვაგვარი ახსნა თუმანოვის მიერ პირველსა და მესამე პუნქტში მოცემულ ცნობას არ მოეპოვება. რაც შეეხება ო. თუმანოვის განცხადებას, რომ თავადები ქაიხოსრო და დავითი მეფის მრჩევლები არიან, მათ გარეშე მეფე ნაბიჯს არ დგამსო, ეს საეჭვო არ შეიძლება იყოს, თუმცა ეს ისე როდი უნდა გავიგოთ, თითქოს მეფე მრჩევლებზე ყოფილიყოს მთლიანად დამოკიდებული. პირიქით, თავადი ე. ამილახვარი მ. ვორონცოვს მოახსებებდა: «что же касается до свиты ево, то оная в должном послушании своему властелину...» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. 1, ч. I, лл. 146–147).
რაც შეეხება თუმანოვის მოხსენების მეორე მუხლს, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ თეიმურაზის რუსეთში გამგზავრებით ერეკლეს სურს მეზობლებზე გავლენა მოახდინოსო, იგი სინამდვილესთან უფრო ახლოა, მაგრამ სიზუსტესაა მოკლებული. ჩვენ ელჩობის ამოცანაზე ქვემოთ შევჩერდებით და მაშინ გაირკვევა ეს საკითხიც. ამჯერად მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ რუსეთის მზვერავი ო. თუმანოვი ქართველმა დიპლომატებმა ისე დააბნიეს, რომ ვერაფერი გაარკვია და იძულებული გახდა ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნობები მიეწოდებინა რუსეთის მთავრობისათვის.
თუმანოვის აღნიშნული მოხსენება ნერონოვმა საგარეო საქმეთა კოლეგიას გაუგზავნა 1760 წლის 30 ნოემბერს (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 183).
* * *
პირველი ცნობები თეიმურაზის ასტრახანს ჩასვლის შესახებ პეტერბურგში მიიღეს 1760 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში. კერძოდ, 1760 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული პატაკი, რომელშიც დამოწმებულია პეტერბურგიდან 2 ოქტომბრით დათარიღებული ბრძანების მიღება და რომელიც რუსეთის მთავრობას აუწყებს თეიმურაზის ასტრახანში ჩასვლის ამბავს, საგარეო საქმეთა კოლეგიაში მიუღიათ 1760 წლის 14 ნოემბერს (იქვე, 154–156). აღნიშნულ პატაკს დართული ჰქონია (იქვე) თეიმურაზ მეფის ასტრახანში მიღებისა და მასთან მოლაპარაკების ჩანაწერები, რომლითაც რუსეთის მთავრობას შეეძლო მოლაპარაკების სრული სურათი წარმოედგინა (იქვე, 160–167).
1760 წლის 4 ნოემბერს ასტრახანის საგუბერნიო კანცელარიამ ივანე ბეკლემიშევის ხელმოწერით რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას გაუგზავნა მეორე პატაკი, რომლითაც დაადასტურა წინათ მოხსენებული (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 170–171).
ეს პატაკი პეტერბურგში მიხეილ საველიევის ხელით მიუღიათ 1760 წლის 28 ნოემბერს (იქვე).
როგორც ზემოთ დავინახეთ, თეიმურაზ I სამეფო კარზე მიღების საქმეს პრუსიასთან ომის დროს თურქეთის პოზიცია აფერხებდა. 1760 წ. სექტემბრის ბოლოს რუსეთის ჯარებს გარკვეული წარმატება ჰქონდათ: აღებულ იქნა ბერლინი. 1760 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის მთავრობამ საგანგებოდ გაუგზავნა რუსეთის რეზიდენტ ა. ობრესკოვს გენერალ ფერმორის 28 სექტემბრის რელაცია ბერლინის აღების შესახებ (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1760 г., д. 2, л. 176), რათა იგი კონსტანტინოპოლში გაეხმაურებინა და თურქეთის მთავრობა ჩაეფიქრებინა. 30 ოქტომბრის რესკრიპტით ობრესკოვს საგანგებოდ ავალებდნენ: მოკავშირე მინისტრების დახმარებით ეცადე დაითანხმო თურქეთის მთავრობა, რომ პრუსიის ემისარი გაუდენი თურქეთიდან გააძევოსო (იქვე, 193–194). მართალია, ობრესკოვის მიერ 1760 წელს გამოგზავნილ მოხსენებებში აღნიშნულია, რომ პრუსიის მეფის ემისრები ცდილობენ აამხედრონ თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ, რომ ყირიმის ხანი ყველაფერს აკეთებს, რათა თურქეთი რუსეთს დაუპირისპიროსო და სხვა, მაგრამ იმავე მოხსენებებში საკმაოდ ნათლადაა წარმოდგენილი თურქეთის რთული საშინაო ვითარებაც, რაც რუსეთის მთავრობისათვის ცნობილი იყო. კერძოდ, 1760 წლის 8 ნოემბერს რუსეთის მთავრობამ მიიღო ობრესკოვის მიერ 4 ოქტომბერს გამოგზავნილი მოხსენება, რომელშიც ნათქვამია: «Министерства Порты по сие время в превеликих затруднениях находятся... Порта никакого сильнаго морского предприятия зделать совершенно не в состоянии» (АВПР, ф. Сн. России с Турцией. 1760 г., д. 4, лл. 81–82). თუმცა ა. ობრესკოვი იქვე იმასაც იუწყებოდა, რომ «Прусский эмисар по ныне здесь находится, которой порядочно ежемесячно курьеров отправляет и получает» (იქვე).
1760 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, როცა პეტერბურგში თეიმურაზის მიღების საკითხი საბოლოოდ წყდებოდა, რუსეთის მთავრობას საკმაო ცნობები ჰქონდა მიღებული ასტრახანიდან (1 და 4 ნოემბრის პატაკი ჟურნალითურთ), ბერლინიდან (რელაცია ბერლინის აღების შესახებ) და კონსტანტინოპოლიდან (ობრესკოვის 4 ოქტომბრის რელაცია თურქეთის სამხედრო უძლურების შესახებ).
1760 წლის 2 დეკემბერს კანცლერმა მ. ვორონცოვმა მისი იპერატორობითი უდიდებულესობის კარის კონფერენციას მოახსენა იმპერატორის გადაწყვეტილება თეიმურაზ მეფის სამეფო კარზე მიღებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა სათანადო გადაწყვეტილებანი საგარეო საქმეთა კოლეგიასა და სენატში გასაგზავნად (ЦГАДА, ф. 178, 1760 г., оп. I, д. 18, лл. 226–227).
1760 წლის 3 დეკემბერს საგარეო საქმეთა კოლეგიას გაეგზავნა ბრძანება, სადაც ნათქვამია: «Всемилостивейше соизволяя, чтоб выехавший в Астрахань грузинской владетель Теймураз со всею его свитою ко двору нашему приехал» (ЦГАДА, ф. 178, 1760 г., оп. I, д. 40, л. 201).
როგორც ვხედავთ, თეიმურაზის პეტერბურგს გაშვების საკითხი საბოლოოდ გადაწყდა. აღნიშნული ბრძანებულება აღსანიშნავია იმითაც, რომ იგი წყვეტდა კონკრეტულ საკითხებსაც. კერძოდ, იმავე ბრძანებულებაში ნათქვამი იყო, რომ თეიმურაზსა და მის ამალას საზრდოდ თვეში ენიშნებოდა 500 მანეთი; რომ მოსკოვსა და პეტერბურგში თეიმურაზის მისაღებად ღირსეულად უნდა მომზადებულიყვნენ; მოსკოვს მყოფი კარის მრჩეველი თავადი ე. ამილახვარი ბოქაულად დანიშნეს (მისთვის ინსტრუქციები საგარეო საქმეთა კოლეგიას უნდა გაეგზავნა); სენატს საგარეო საქმეთა კოლეგიისათვის საჭირო დახმარება უნდა აღმოეჩინა და თეიმურაზისათვის მომზადებული სახლიც საგარეო საქმეთა კოლეგიის განკარგულებაში უნდა გადაცემულიყო (იქვე).
1760 წლის 3 დეკემბერს სენატს გაეგზავნა მიწერილობა, სადაც ნათქვამი იყო, რომ იმპერატორმა თეიმურაზს თავისი ამალით სამეფო კარზე ჩამოსვლის ნება დართო და სარჩოდ თვეში 500 მანეთი დაუნიშნა. ამიტომ: საგარეო საქმეთა კოლეგიის მოთხოვნისას ეს თანხა დაუყოვნებლივ დაუშვით; პეტერბურგში უნდა შეირჩეს ბინად რიგიანი ქვის სახლი (ან ორი სახლი) და გადაეცეს საგარეო საქმეთა კოლეგიას თავის განკარგულებაში; თუმცა მეფე ცოტა ხანს დარჩება მოსკოვს, მაგრამ საჭიროა ბინა იქაც წინასწარ მომზადდეს და სხვ. სენატისათვის გაგზავნილი მიწერილობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 2 მუხლი: მე-4 და მე-6. მეოთხე მუხლში ნათქვამია: «При приезде его туда (მოსკოვს – ვ. მ.) никаких особливых церемониалов делано не будет (როგორც ზემოთ დავინახეთ, ცერემონიებს ერიდებოდნენ თურქების გაღიზიანების შიშით), однако честь сего столичного города требует показать ему некоторыя учтивости, и потому предписать надлежит присудствующему в сенатской конторе, чтоб, в случающихся требованиях возможныя снисхождения и другия ласковости оказуемы были, тако ж внушить магистрату, чтобы он почтил сего владетеля трактованием или посылкою к нему в подарок пристойнаго числа съестных и питейных вещей, да чтоб равномерно и фабрики некоторой небольшой, но пристойной подарок зделали» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, л. 192). მეექვსე მუხლში ვკითხულობთ: «Ежели сверх сего будут какия либо от Коллегии иностранных дел до него ж принадлежащия представления, то правительствующий сенат конечно собою не оставит приводить оную в состояние исполнить высочайшее е. и. в. соизволение, дабы сей принц принят был сходно как с его знатностию, так паче с достоинством здешняго двора» (იქვე).
მოტანილი ციტატებით მკითხველს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, თითქოს თეიმურაზისათვის პატივისცემის აღმოჩენისას რუსეთის მთავრობა სატახტო ქალაქ მოსკოვისა და იმპერიის ღირსებას უფრთხილდებოდეს და ამიტომ აყენებდეს თეიმურაზისათვის პატივისცემის საკითხს. ასეთი განმარტების მიცემა მთავრობას სენატის მოხელეებისათის სჭირდებოდა. საგარეო საქმეთა კოლეგიას კი სხვა რამ აწუხებდა: თეიმურაზ II თვითონ ითხოვდა მეფური ღირსებით მოპყრობოდნენ, მისი შეუსრულებლობა კი ქართველ სახელმწიფო მოღვაწეს რუსეთზე გულს აუცრუებდა, რუსეთის ერთგულ მოკავშირეს კავკასიაში გაანაწყენებდა, რაც სასურველი არ იყო, მაგრამ თეიმურაზისათვის მთავრობის სახელით გულუხვ მასპინძლობასა და საჭირო პატივის აღმოჩენას, რაც თურქეთისათვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, შეიძლებოდა არასასურველი შედეგები მოჰყოლოდა. საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრები კანცლერისათვის 1760 წლის 5 ოქტომბერს წარდგენილ მოხსენებით ბარათში წერდნენ: «буде Теймуразу позволение дать сюда в Санктпетербург приехать, то не можно будет обойтись без показания ему... знаков высочайшей е. и. в. милости чрез отличныя и публичныя почести, которые от Порты утаиться не могут и конечно побудят оную въезд ево Теймуразов в Россию признавать своему интересу предосудительным, да и король Прусский чрез своих тамо находящихся эмисаров, с подкреплением и помощию союзника своего короля английского, без сумнения не оставит при нынешних обстоятельствах сим случаем воспользоваться и Порту подущениями своими с Россиею до холодности довести, и как из подущений легко могут для здешних интересов призойти крайне предосудительные следствия, которые тогда отвратить весьма трудно, или и совсем невозможно было б...» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 124–125). ამიტომ იყო, რომ საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრები იქვე დაასკვნიდნენ: «по тем резонам Теймуразу на приезд сюда ныне дозволить никак не можно» (იქვე). როგორც ზემოთ დავინახეთ, კანცლერმა თუმცა აღიარა, რომ ახლანდელ ვითარებაში «желательно было бы, когда грузинской царь Теймурас совсем сюда не ездил», მაგრამ, რაკი იგი უკვე გზაშია, მიუღებლობა ღირსეული საქციელი არ იქნებოდაო. ამ მოტივით კოლეგიის წევრების წინადადება უარყო და ნაწილობრივი გამოსავალი ასეთი იპოვა: «нет нужды чинить здесь ему Теймурасу какие нибудь излишние почести, которые к примечаниям и толкованиям повод подать могли б» (იქვე). მთავრობა ერთდროულად ორ საქმეს აკეთებდა: მთლიანად არც თეიმურაზს გაანაწყენებდა და არც თურქეთის მთავრობას გამოიყვანდა მოთმინებიდან.
იმპერატორის 1760 წლის 3 დეკემბრის ბრძანების შესასრულებლად მთელი რიგი ბრძანებები დაეგზავნა სათანადო უწყებებს მოსკოვსა და პეტერბურგში, რომ თეიმურაზ მეფის შესახვედრად მომზადებულიყვნენ, მაგრამ ამაზე ქვემოთ შევჩერდებით.
1760 წლის 5 დეკემბერს საგარეო საქმეთა კოლეგიამ ანდრიან პლოტნიკოვისა და მიხეილ საველიევის ხელით ბრძანება გამოგზავნა ასტრახანის საგუბერნიო კანცელარიაში, რომლითაც იტყობინებოდა, რომ მთავრობა იწონებდა თეიმურაზის ასტრახანში მიღებისას ზომიერების გამოჩენას; ამასთან, იუწყებოდა: იმპერატორმა თეიმურაზს გამომგზავრების ნება უკვე დართო და ნუღარ შეაჩერებთ; მოამარაგეთ სათანადო ტრანსპორტით; მიეცით სამი თვის სახარჯო იმ ოდენობით, რასაც ყიზლარში აძლევდნენ; ბოქაულად, თუ მეფე მოისურვებს, გამოაყოლეთ მოსკოვამდე კოპიტოვსკი ან სხვა რომელიმე უნარიანი ოფიცერი; რაკი ენის მცოდნეც იქნება საჭირო, მზვერავი მაიორი ო. თუმანოვი აახლეთ; ასტრახანიდან გამოცილებისას და სხვა ქალაქებში შესვლისას ქვემეხებით სალუტი არ მისცეთ; მეფის გამომგზავრება დაუყოვნებლივ მოგვახსენეთო (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 197–198).
1761 წლის 1 იანვარს, როგორც კოპიტოვსკის ჩანაწერებიდან ჩანს, ასტრახანში მიუღიათ 1760 წლის 5 დეკემბრის ბრძანება, რომლითაც საგარეო საქმეთა კოლეგია ასტრახანის საგუბერნიო კანცელარიას აცნობებდა: იმპერატორმა ნება დართო თეიმურაზს პეტერბურგში ჩამოვიდესო. კოპიტოვსკის ეს ამბავი მეფისათვის იმავე დღეს უცნობებია (შდრ. АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. 1, ч. II, л. 272).
რაკი საქმის გადაწყვეტის ამბავი შეიტყო, მეფეს გახარებია, მაგრამ ამდენი დაბრკოლებით დაშინებულს მაინც უკითხავს გუბერნატორისათვის: კიდევ ხომ არ იქნება რაიმე დაბრკოლებაო. როცა მეფის გასამგზავრებლად საჭირო ტრანსპორტის მოგვარება გართულდა და საქმე მხოლოდ ამ მიზეზით შეფერხდა, 1760 წლის 11 იანვარს მეფეს გუბერნატორისათვის თარჯიმანი მიუგზავნია, რომელსაც განუცხადებია, რომ «владетель де весьма сумнителен, чего ради так отправлением его в Петербурге время немалое продолжается»; 12 იანვარსაც გამოუთქვამს მეფეს კოპიტოვსკისთან საყვედური გამგზავრების შეფერხების გამო (იქვე, 272–274).
1761 წლის 19 იანვარს მეფის გამცილებელ კოპიტოვსკის ტრანსპორტის დასაქირავებლად (139 ცხენი იქირავეს) 1251 მანეთი ჩააბარეს, ხოლო საგანგებო ხარჯებისათვის – 50 მანეთი; იმავე დღეს კოპიტოვსკის მისცეს სათანადო ინსტრუქცია; ელჩობას წინდაწინ გადასცეს 3 თვის სარჩო – თვეში 420 მანეთი (სულ 1260 მანეთი); წინასწარ გაგზავნეს შიკრიკი, რომ გზაში მეფის შესახვედრად ბინები მოემზადებინათ. 23 იანვარს, ნაშუადღევს, ქართლ-კახეთის ელჩობა ასტრახანიდან მოსკოვისაკენ დაიძრა (იქვე, 274–275; АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. 1, ч. I, лл. 39–43).

ასტრახანში ბრძანების გამოგზავნის (1760 წლის 5 დეკემბერი) შემდეგ რუსეთის მთავრობამ საგანგებო განკარგულებები დაგზავნა, რათა მოსკოვსა და პეტერბურგში ელჩობის მისაღებად მომზადებულიყვნენ. კერძოდ, 1760 წლის 13 დეკემბერს საგარეო საქმეთა კოლეგიამ საგანგებო მიწერილობა გაუგზავნა სინოდს თეიმურაზის ამალაში მყოფი სასულიერო პირების მიღების თაობაზე (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 216–218). 1760 წლის 16 დეკემბერს საგარეო საქმეთა კოლეგიამ ბრძანება გაუგზავნა იმავე კოლეგიის მოსკოვის კანტორის უფროსს მ. სობაკინს, რომელსაც აცნობებდნენ იმპერატორის განკარგულებას თეიმურაზ II პეტერბურგში დაშვების შესახებ და ავალებდნენ მომზადებულიყვნენ ქართველი მეფის მოსკოვში მისაღებად (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. 1, лл. 235–238). ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ «высочайшее е. и. в. соизволение есть, чтоб он принят был сходно как с его знатностию, так паче с достоинством здешняго императорскаго двора» (იქვე). მ. სობაკინს სენატის მოსკოვის კანტორისაგან ფული უნდა მიეღო და თავად ევგენი ამილახვართან ერთად (რომელიც მეფის გამცილებლად – ბოქაულად იყო დანიშნული) ბინისა და, საერთოდ, ელჩობის მოსკოვში მიღების საქმე უნდა მოეგვარებინა. როგორც კი მეფე მოსკოვიდან პეტერბურგს გამგზავრებას ინებებდა, დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველეყო იგი საჭირო ტრანსპორტით, გამცილებელი რაზმითა და პეტერბურგისაკენ გაესტუმრებინა (იქვე).
1760 წლის 17 დეკემბერს საგარეო საქმეთა კოლეგიამ ბრძანება გაუგზავნა მოსკოვში მყოფ კარის მრჩეველს თავ. ე. ამილახვარს, რომელსაც აცნობებდა მეფის გამცილებლად მის დანიშვნას (იქვე, 240). ბრძანებას თან ახლდა იმავე რიცხვით დათარიღებული ვრცელი ინსტრუქცია, რომელიც 18 მუხლისაგან შედგებოდა. ინსტრუქციაში ნათქვამი იყო: «е. и. в. соизволение есть, чтоб сей грузинской владелец, поелику нынешния обстоятельства дозволяют, принят был сходственно как с знатностию его персоны, так паче с достоинством здешняго императорскаго двора»; ქვემოთ თავად ამილახვარს განუმარტავდნენ: «Но притом однако ж в приезд из Астрахани до Москвы, по городам и при приезде в Москву пушечной пальбы и других больших церемоний делано не будет, дабы таковыми излишними почестями соседственным здешней империи народам не подать случая к примечаниям и вредительным толкованиям о приезде его в Россию»; და იქვე ასკვნიდნენ – ეს ყველაფერი საჭირო შემთხვევაში მეფეს თავაზიანად უნდა განვუმარტოთო (იქვე, 241–249). ასეთია ინსტრუქციის უმნიშვნელოვანესი მუხლების შინაარსი. რაც შეხება ინსტრუქციის დანარჩენ მუხლებს, ისინი ეხება მეფის მიღებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებს. ასე მაგალითად, თავად ამილახვარს ავალებენ: წინასწარ გაგზვნე კაცი კოლომნაში, რომ მეფის მოახლოება დროზე გაცნობონ, რათა მეფეს შეხვდე მოსკოვიდან რამდენიმე ვერსზე, იქ გუბერნატორის სახელით მიულოცო მოსკოვს მშვიდობით მობრძანება და აცნობო, რომ გუბერნატორის ბრძანებით დავალებული გაქვს პეტერბურგამდე მისი გაცილება; მოსკოვის ახლოს მეფეს შეახვედრებ სასახლის ეტლს, ოთხ მარხილს და მიაცილებ ბინამდე, სადაც ყარაული პატივს სცემს თოფის სროლით, მაგრამ ნაღარას არ დაკრავენ; მოსკოვის მაგისტრატი და ფაბრიკები მეფეს თავისი სახელით საჩუქრებს მიართმევენ; მოსკოვიდან პეტერბურგისაკენ გამომგზავრების წინ გზაში ცნობა გაგზავნე, რომ ბინები წინასწარ მოამზადონ, მეფესა და მის ამალას მოეპყარ თავაზიანად, ეცადე სხვებმაც არ აწყენინონ რაიმე; პეტერბურგთან მოახლოება საგარეო საქმეთა კოლეგიას წინასწარ აცნობეო (იქვე) და სხვ.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა კოლეგიას, როგორც სობაკინის მოხსენებიდან ჩანს, საგანგებო ბრძანება გაუგზავნია, რათა მოსკოვის არქივში შეეგროვებინათ მასალები წარსულში ქართველი მეფეების რუსეთის სამეფო კარზე მიღების თაობაზე (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. 1, л. 284).
თეიმურაზ მეფის მოსკოვსა და პეტერბურგში მიღებას საგარეო გართულებები რომ არ მოჰყოლოდა, რუსეთის მთავრობას სათანადო ზომები მიუღია. კერძოდ, 1760 წლის 22 დეკემბერს რუსეთის მთავრობას საგანგებო რესკრიპტი გაუგზავნია კონსტანტინოპოლში რეზიდენტ ა. ობრესკოვისათვის, რათა ამ უკანასკნელს, საჭირო შემთხვევაში, განეცხადებინა თურქეთის მთავრობისათვის, რომ თეიმურაზ მეფეს პეტერბურგში ჩასვლის ნება დართეს, რადგან იგი, წინაპრების მაგალითისამებრ, ერთმორწმუნე იმპერატორს მხოლოდ თაყვანისსაცემად ეახლა და არა სხვა მიზნითო (АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1760 г., д. 2, лл. 239–241). გარდა ამისა, ა. ობრესკოვს აცნობებდნენ, რომ ზედმეტ პატივს მეფეს არ აღმოუჩენდნენ, «дабы излишними почестьми не причинить при Порте Оттоманском сумнительства и тревоги» (იქვე). დასასრულ, აუწყებდნენ რა ობრესკოვს ზემოაღნიშნულს, იმედს გამოთქვამდნენ, რომ «вы в состоянии находитесь чинимыя иногда при Порте, или между народом противныя о выезде Теймуразовом разсуждении и нескладныя толковании... самою истинною опровергать» (იქვე).
ასე რომ, თეიმურაზის მიღების სამზადისის ხაზით ეს ნაბიჯიც გადაიდგა.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ რუსეთის მთავრობას, აღნიშნული რესკრიპტის გაგზავნამდე, 1760 წლის 9 დეკემბერს, კონსტანტინოპოლიდან მიუღია ობრესკოვის მოხსენება, დათარიღებული 1760 წლის 3 ნოემბრით, რომელსაც დართული ჰქონდა ცნობა საქართველოს შესახებაც. ეს ცნობა მაინცადამაინც საგანგაშო არ ყოფილა, თუმცა მასში ლაპარაკია საქართველოს საზღვართან თურქების სამზადისსა და ლეკების წინააღმდეგ ქართველებისათვის დახმარების აღმოჩენაზე (АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1760 г., д. 4, лл. 146–147). ამ მოხსენების პასუხი ობრესკოვს მხოლოდ 25 ნოემბრით დათარიღებული მოხსენების (რომელიც აზატ-ხანს შეეხებოდა) (იქვე, 177) მიღების შემდეგ გაუგზავნეს (1761 წლის 9 თებერვალს) (АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1761 г., д. 1, лл. 6–7). აღსანიშნავია, რომ ცნობები თურქეთის მთავრობის მიერ ლეკების წინააღმდეგ ერეკლესათვის დახმარების აღმოჩენისა და საქართველოში თურქების ჯარის ყოფნის შესახებ რუსეთის მთავრობას ასტრახანიდანაც მიუღია, რის შესაძლებლობასაც, როგორც ზემოთ დავინახეთ, თეიმურაზ მეფე კატეგორიულად უარყოფდა. ჩვენ არ ვიცით, ვის სჭირდებოდა იმ ყალბი ცნობის გავრცელება (იქნებ ეს ერეკლეს აძლევდა ხელს, რათა ზემოქმედება მოეხდინა რუსეთის მთავრობაზე). ამ ცნობამ შეაშფოთა რუსეთის მთავრობა. მის ეჭვს აძლიერებდა ის, რომ მიღებული ცნობებით, თურქეთის მთავრობა აღმოსავლეთ საზღვარზე ფაშებს სამხედრო ხასიათის განკარგულებებს აძლევდა; ამიტომ 1761 წლის 9 თებერვალს ობრესკოვს სწერდნენ: «такое Портою принятое о грузинском благосостоянии излишнее попечение не можно оставить без особливого примечания» და ავალებდნენ, დააზუსტე, თურქეთის საკუთარი თავდაცვისათვის «столь сильно за грузинцов вступается и им вспомогает» (აქვე უნდა შევნიშნო, რომ ა. ობრესკოვი 1761 წლის 3 აპრილს რუსეთის მთავრობას აცნობებდა: თურქების მხრივ ქართველებისათვის ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების აღმოჩენისა და საქართველოს დაცვაზე ზრუნვის შესახებ ცნობა სინამდვილეს არ შეეფერებაო /АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1761 г., д. 2, лл. 147–148/), თუ «имеет она под тем, також и под защитою упомянутого Азад хана, потаенныя виды»; და თუ «сие последнее намерение подлинно окажется, в таком случае не надобно вам оставаться в молчании, но по крайней мере стороною по лутчему искусству и усмотрению вашему дать ей уразумевать, что естьли она в персидских замешательствах без нашего сведения примет участие, мы на сие по натуральным интересам своим спокойно взирать и допустить не можем, чтоб какая нибудь посторонняя держава нынешнее того государства междуусобие вознамерилась употребить себе на пользу и на приобретение» (АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1761 г., д. I, лл. 6–7). (ზედმეტი არ იქნება, თუ შევნიშნავთ, რომ 50–60-იან წლებში ერეკლეს წარმატების საქმეში რუსეთის პოზიციას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა).
ასეთი იყო რუსეთის მთავრობის განკარგულებანი ელჩობის მისაღებად მზადებასთან დაკავშირებით.
1760 წლის 20 დეკემბერს მოსკოვში მიიღეს 17 დეკემბრის ბრძანება (ე. ამილახვრის გამცილებლად დანიშვნის შესახებ და მისი სამოქმედო ვრცელი ინსტრუქცია) (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1760 г., д. I, лл. 293, 291) და დაუყოვნებლივ შეუდგნენ სათანადო სამზადისს. ბინის საკითხი შემდეგნაირად მოუგვარებიათ: არჩევანი შეაჩერეს ბაქარ მეფის ქვის სახლზე (რომლიც «ოხოტნი რიადის» ახლოს იდგა და 50 საცხოვრებელი ოთახი და 4 სამზარეულო ჰქონდა); 1761 წლის 9 იანვარს სახლის ზედამხედველს, ასესორ დიმიტრი ციციშვილს მოურიგდნენ თვეში 140 მანეთად და სათანადო ხელშეკრულებაც გააფორმეს (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. I, ч. I, лл. 12–16, 11). რაც შეეხება საჭირო თანხებს, სენატმა 3000 მანეთამდე გადაურიცხა მოკოვის კანტორას, რათა სახლის ქირა წინასწარ გადაეხადათ (რომ იგი ციციშვილს წესრიგში მოეყვანა) და სხვა ხარჯებიც დაეფარათ.
თეიმურაზ მეფე ამალითურთ 1761 წლის 23 იანვარს ნაშუადღევს გავიდა ასტრახანიდან. იმავე წლის 1 თებერვალს მეფე ცარიცინს მივიდა, 4 თებერვალს – სტანიცა კალაჩონსკში (მდ. დონზე, გრაჩევის სიმაგრიდან 30 ვერსზე), 5თებერვალს – სტანიცა ნოვოგრიგორიევოში, 10 თებერვალს – ნოვოხოპერის სიმაგრეში, 14 თებერვალს – ქ. ტამბოვში, 16 თებერვალს – ქ. კოზლოვში, 21 თებერვალს – ქ. პერეიასლავ-რიაზანსკში, 22 თებერვალს – ქ. კოლომნაში, 24 თებერვალს კი იგი უკვე ს. კარაჩაევოში იყო (მოსკოვის ახლო), სადაც 25 თებერვალს მოსკოვიდან ჩავიდა თავადი ე. ამილახვარი (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. I, ч. II, лл. 275–279).
როგორც გამცილებელ ვ. კოპიტოვსკის ჩანაწერები მოწმობს, ხანდაზმული მეფე არც ამინდს, არც გზის სიძნელეს არ ერიდებოდა და ცდილობდა რაც შეიძლება ჩქარა ჩასულიყო მოსკოვს. მას ვ. კოპიტოვსკისათვის არაერთგზის მიუცია წინადადება სტანიცებზე გამავალი გზისათვის გვერდი აეხვიათ და პირდაპირ საფოსტო სადგურებზე გავლით, უმოკლესი გზით ევლოთ, მიუხედავად იმისა, რომ კოპიტოვსკი უმტკიცებდა მეფეს, რომ საფოსტო გზებზე ვერც სურსათს იშოვნიდნენ და ვერც ღამის გასათევ ბინებს (იქვე). კოპიტოვსკის ჩანაწერებიდან ისიც ჩანს, რომ ხშირად მეფესა და მის ამალას მიწურებში უხდებოდათ ღამის გათევა. ხოლო ქ. პერეიასლავში ვოევოდა – პოდპოლკოვნიკი ი. ლარიონოვი – მეფეს უპატივცემულოდ მოქცევია: მეფესთან არ გამოცხადებულა და ბინაზეც უარი უთქვამს (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. I, ч. II, лл. 275–279). როდესაც მთავრობის რომელიღაც წევრი კოპიტოვსკის ჩანაწერებს გასცნობია, საგანგებოდ გაუხაზავს ასეთი ადგილები: მეფე და მისი ამალა ღამეს ათევდნენ «в покой в вырытую в земле», მეფისათვის ღამის გასათევს წარმოადგენდა «деревянная изба небольшая»; ან კიდევ ასეთი ადგილები: «на почтах одна изба и та черная», «и владетель в покой едва мог взайти за низостию дверей и совсем негодностию покоя», «и владетель с крайней нуждой в покой взошел, потому что все сгнило строение» (იქვე).
აღსანიშნავია, რომ ეს ამბავი რუსეთის მთავრობას უყურადღებოდ არ დაუტოვებია. 1761 წლის 13 ივნისს ბრძანებით გადაწყდა: ასტრახანიდან მოსკოვამდე საფოსტო სადგურებში ღამის გასათევად შენობები აეგოთ, რომლებიც ასტრახანის გუბერნატორის ზედამხედველობისათვის დაუქვემდებარებიათ; ხოლო «Переярославскому воеводе подполковнику Ивану Ларионову и тамошнему полицмейстеру Федору Изволову за оказанныя от них в проезде означеннаго грузинскаго владетеля чтез тот город неучтивости, а паче за недачу в городе квартир, учинить выговор воеводе от московской губернской концелярии, а полицмейстеру от главной полицмейстерской канцелярии, дабы при обратном того владетеля отсюда проезде подобного оному от них учинено не было» (იქვე, 121).
1761 წლის 14 თებერვალს ქ. ტამბოვში ვ. კოპიტოვსკისათვის გადაუციათ საგარეო საქმეთა კოლეგიის მოსკოვის კანტორის ბრძანება – ეცნობებინა რამდენ დღეში იქნებოდა ელჩობა მოსკოვში. ვ. კოპიტოვსკის მეფისათვის შეუტყობინებია, რომ იგი საგანგებო შიკრიკს გზავნიდა მოსკოვს (მეფესაც სურვილი გამოუთქვამს ნაზირი თავ. გ. ციციშვილი გაეგზავნა მოსკოვს), ხოლო ტამბოვის სავოევოდოს კანცელარიისათვის გამცილებელი უთხოვია. 19 თებერვალს მოსკოვს ცნობა მიუღიათ ტამბოვიდან (ტამბოვიდან 15 თებერვალს გაგზავნილი), რომ მეფე 8 დღეში იქნებოდა მოსკოვში და მეორე დღეს (ე. ი. 20 თებერვალს) შიკრიკი გაუგზავნიათ კოლომნას, რომელიც 23 თებერვალს მოსკოვს დაბრუნებულა და განუცხადებია: მეფე კოლომნიდან გამოვიდა და 25 თებერვალს მოსკოვში იქნებაო. მოსკოვიდან ს. კარაჩაევოში (მოსკოვიდან 5 ვერსით იყო დაშორებული) ბრძანება გაუგზავნიათ, რომ მეფე და მისი ამალა ღამის გასათევად იქვე შეეჩერებინათ, რათა მოსკოვში მათ მისაღებად მომზადებულიყვნენ. 24 თებერვალს კოპიტოვსკის ს. კარაჩაევოდან სერჟანტი გაუგზავნია მოსკოვს მათი იქ ჩასვლის საცნობებლად. 25 თერბერვალს დილის 10 საათზე თავადი ე. ამილახვარი მოსკოვიდან ს. კარაჩაევოში წასულა. სასახლის ეტლი, 4 მარხილი და ცხენები მეფისათვის მოსკოვის მისასვლელთან მდებარე ვაჭარ ზემსკოვის სახლთან უნდა დაეხვერდებინათ. 11 საათზე თავ. ე. ამილახვარი ს. კარაჩაევოში მეფეს შეხვედრია, ვიცე-გუბერნატორის სახელით მშვიდობით ჩასვლა მიულოცავს და უცნობებია: იმპერატორის ბრძანებით თქვენს გამცილებლად (ბოქაულად) ვარ დანიშნული, სასახლის ეტლი, 4 მარხილი და ცხენები ზემსკოვის სახლთან გელოდებათო. ზემსკოვის სახლში მეფეს ჩაით და ტკბილეულობით გამასპინძლებიან, შემდეგ მეფე და თავადი ამილახვარი სასახლის ეტლში ჩამსხდარან; მათ ცხენებზე ამხედრებული 16 ქართველი აზნაური მიყვებოდათ უკან, ამათ შემდეგ მარხილებში უპირველესი ქართველი თავადები ისხდნენ, დანარჩენები მათ მოსდევდნენ. ბაქარის სახლთან დაყენებული ყარაულები მეფეს თავმდაბლად ესალმებოდნენ. ასე შევიდა მეფე მისთვის გამოყოფილ ბინაში – ბაქარ ვახტანგის ძის სახლში (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. I, ч. I, лл. 134, 139–140; ч. II, лл. 275–279, 333).
1761 წლის 25 თებერვლიდან 8 მარტამდე თეიმურაზ მეფე მოსკოვს დარჩა. იქ ჩასვლის პირველსავე დღეს (25 თებერვალს) თეიმურაზ II-თან მისულა შტაბს-ოფიცერი, რომელსაც ვიცე-გუბერნატორის სახელით მეფისათის მიულოცავს მოსკოვს მშვიდობით ჩასვლა. იმავე დღეს მეფესთან მისულან გენერალ-ლეიტენანტი გიორგი ბატონიშვილი (ვახტანგ VI ძე) და მოსკოვს მყოფი სხვა ქართველები, რომლებიც მეფეს კმაყოფილებით მიუღია. 26 თებერვალს მეფესთან მისულა მოსკოვის კომენდანტი, გენერალ-მაიორი ათანასე ბატონიშვილი თავისი პოლკების ოფიცრების თანხლებით და მშვიდობით მობრძანება მიულოცავს; 3 მარტს მეფე ინახულა მოსკოვის ვიცე-გუბერნატორმა ჟერეპცოვმა, რომელსაც ახლდნენ: პოლკოვნიკი კისელევი, რევიზიის კოლეგიის პროკურორი ტუტოლმინი, იუსტიციის კოლეგიის წევრი პოხვინები, ჰერალდმაისტერი ოგარევი. მათაც მეფისათვის მშვიდობით მობრძანება მიულოცავთ. მეფეც, თავის მხრივ, თავაზიანად და თბილად მისალმებია და გამასპინძლებია. საუბრისას მეფეს განუცხადებია, რომ სურდა ჩქარა გამგზავრებულიყო პეტერბურგს. 4 მარტს, 7 საათზე, მეფესთან ყოფილან მოსკოვის მანუფაქტურების წარმომადგენლები და საჩუქარი მიურთმევიათ (10 არშინი ძვირფასი მატერია – ოქროქსოვილი). 8 საათზე მეფეს 4 ეტლით ხლებიან და ვიცე-გუბერნატორისა და საგარეო საქმეთა კოლეგიის მოსკოვის კანტორის უფროსის სახელმწიფო მრჩეველ სობაკინის თხოვნით იგი მიძინების («Успенский собор») ტაძარში მიუწვევიათ. შემდეგ მეფე ჩუდოვოს მონასტერშიც ყოფილა, იქიდან ტიმოთე მიტროპოლიტს (გაბაშვილს?) მიუწვევია და გამასპინძლებია; იმავე დღის 5 საათზე მეფე ბინაზე მიუწვევია ვიცე-გუბერნატორს და მისთვის პატივი უცია. შემდეგ მეფე სტუმრად ყოფილა გენერალ-ლეიტენანტ გიორგი ბატონიშვილთან, სადაც მეფეს გულთბილად გამასპინძლებიან. მეფის საპატივცემულოდ გამართულ დარბაზობაზე ბევრი ხალხი ყოფილა (მათ შორის გენერალ-პორუჩიკი, იმპერატორის ობერ ჰოფმარშალი ანდრია მიხეილის ძე ეფიმოვსკი). 5 მარტს მეფესთან გამოცხადებულა საგარეო საქმეთა კოლეგიის მოსკოვის კანტორის უფროსი სახელმწიფო მრჩეველი სობაკინი, რომელსაც მეფისათვის ჩამოსვლა მიულოცავს; შემდეგ მოსკოვის მაგისტრატიდან ვაჭრები მოსულან და საჩუქრები მიურთმევიათ. 6 მარტს მეფე სადილად მიუწვევია გენერალ-ლეიტენანტ გიორგი ბატონიშვილს (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. I, ч. II, лл. 333–336).
ჩვენ ვიზიტების ნუსხის წარმოდგენით მეფის გართობა-ქეიფის აღწერა კი არ გვქონდა მიზნად, არამედ ის, რომ გვეჩვენებინა, თუ ვისთან ჰქონდა მეფეს ურთიერთობა და როგორ ხვდებოდნენ მას. თავად ე. ამილახვრის ჩანაწერების ჟურნალი მოწმობს, რომ მეფეს გულთბილად იღებდა და უმასპინძლდებოდა მოსკოვს მყოფი ყველა უმაღლესი მოხელე. ამასთან, მეფეს კარგი ურთიერთობა დაუმყარებია ვახტანგის შთამომავლობასთან (თავისი ცოლის ძმებთან) დ სხვა ქართველ თავადებთან. იგრძნობა, რომ მეფეს მათთან საერთო ენა გამოუნახავს (აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ქართლის ტახტის უშუალო პრეტენდენტი ალექსანდრე ბაქარის ძე იმ დროს მოსკოვში არ ყოფილა და მეფეს არ შეხვედრია). ერთი სიტყვით, მეფე ყურადღების გარეშე არც ერთ დღეს არ ყოფილა. 26 თებერვლიდან 2 მარტამდე (ჩათვლით) ვიზიტები არ ჩანს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ დიდი მარხვის პირველი კვირა ყოფილა და, როგორც თავადი ე. ამილახვარი წერს: «владетель с свитою по благочестию христианской должности постился» (იქვე).
თეიმურაზ მეფეს მოსკოვში საქმიანი მოლაპარაკებაც ჰქონია კარის მრჩეველ თავად ე. ამილახვართან. რაკი მეფემ იცოდა, რომ პეტერბურგში მის ჩასვლას არაფერი აბრკოლებდა, თანაც ე. ამილახვარი სანდო კაცად მიუჩნევია, აღარ დაუმალავს რუსეთში გამგზავრების ნამდვილი მიზეზი. თავ. ევგენი ამილახვარი 1761 წლის 27 თებერვალს კანცლერ ვორონცოვისათვის გაგზავნილ ბარათში ჯერ თეიმურაზ მეფეს ახასიათებს: «он кротостию одарен, нрава тихаго, простосердечен, благоразсудителен и в православном христианстве непоколебим и весьма набожен» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. I, ч. I, л. 146), შემდეგ კი თეიმურაზ მეფის რუსეთში გამგზავრების მიზეზის თაობაზე წერს: «он мне на сих днях за откровенность объявил, что при преусердном ево желании отдать всеподданнейшее е. и. в. Поклонение причиняемые от лезгинцов Грузии и Кахетии тяжкие раззорении пон(удили) ево в Россию отправиться; для испрошения у великия и всемилостивейш(ей) государыни непобедимейшия православнаго христианства покровите(льницы) вспоможения войсками или, ежели недозволят обстоятельства (оны...) против соседних Грузии лезгинцов отправить, знатною бы денежною суммою чрез некоторые годы снабдевать ево соизволено было, даб(ы) оными деньгами потребное число военных людей грузинцов содержа(ть) и к тому прибавок и с кабардинцов нанимать; и от неприятеля обор(онять) и безопасность Грузии доставить мог» (იქვე). მაგრამ ქართველმა მეფეებმა კარგად იცოდნენ, რომ უანგაროდ არავინ დაეხმარებოდა მათ, ამიტომ რუსეთის მთავრობას მეფე აღუთქვამდა: «по усмирении же окрестных супостатов он грузинской владетеь и с сыном своим Ираклием на мысле имеют, – წერდა ე. ამილახვარი, – с высочайшей е. и. в. апробации вооруженною рукою в Персию войти и приведя знатные пер(сидские) партии в свое согласие стараться будут о постановлении такого Ш(аха), которой бы Российским интересам поспешествовал» (იქვე).
მოტანილი ამონაწერები საინტერესოა არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ მეფის განცხადების საფუძველზე წარმოდგენილია ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა საგარეო პოლიტიკური გეგმები და თეიმურაზის რუსეთში გამგზავრების მიზეზი; იგი საინტერესოა იმითაც, რომ გვანიშნებს, თუ რამდენად იცნობდნენ ქართველი მეფეები რუსეთის მიზნებსა და ვითარებას. ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთათვის ცნობილი იყო, რომ რუსეთს ირანში თავისი ინტერესები გააჩნდა და დახმარებას სთხოვდა არა შეწყალებისათვის, არამედ თვით რუსეთის სასარგებლოდაც. ქართველმა სახელმწიფო მოღვაწეებმა ისიც იცოდნენ (და ეს თეიმურაზს მხოლოდ რუსეთში არ უნდა შეეტყო), რომ შეიძლება რუსეთს ჯარით დახმარება ვერ გაებედა. ამიტომ აცხადებდა იგი, რომ, თუ სხვადასხვა ვითარების გამო ჯარით შემწეობა ვერ მოხერხდება, უკიდურეს შემთხვევაში ფულით მაინც დაგვეხმარეო («знатною бы денежною суммою чрез некоторые годы снабдевать его соизволено было»). გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ქართველი მეფეები ადრევე იყვნენ გარკვეული შექმნილ ვითარებაში და ვარაუდობდნენ: თუ რუსეთი ჯარით დახმარებას ვერ გაბედავს, ფულით მაინც დაგვეხმარებაო და თეიმურაზი ამიტომ წამოსულა რუსეთში. სხვაგვარად აზრი ეკარგება მეფის მოთხოვნაში ხაზგასმულ პირობითობას. მეფისათვის ჯარით დახმარებაზე უარი ჯერ ხომ არავის ჰქონდა ნათქვამი და რატომ სჭირდებოდა მეფეს ასეთი განცხადების წინასწარი გაკეთება რუსეთის მოხელესთან?
მეფის განცხადებიდან ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი მომენტიც. ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს განზრახული აქვთ ჯარით ირანში შეჭრა და იქ ტახტზე თავისი კაცის (რუსეთისათვის მისაღები კანდიდატის) დასმა, ამიტომ სჭირდებათ რუსეთის მთავრობის სათანადო დასტური («е. и. в. апробации»). ასეთ დიდ ნაბიჯს რუსეთთან წინასწარი შეთანხმებისა და დასტურის გარეშე ვერ გადადგამდნენ.
რაკი ჩვენთვის უცნობია ქართველი მეფეებისა და მათი მრჩევლების წინასწარი ბჭობის მასალები, ამ მომენტების გათვალისწინების გარეშე ელჩობის ისტორიის სრული სურათი არ იქნება, ხოლო ქართველ დიპლომატებზე მსჯელობა კი ცალმხრივი აღმოჩნდება.
თავად ე. ამილახვრის ხსენებული ბარათიდან ჩვენი ყურადღება მიიქცია სხვა ადგილმაც. კერძოდ, ე. ამილახვარი წერს: «определенной по указу Коллегии иностранных дел из Астрахани для препровождения владетеля до Санктпетербурга майор Туманов за старостию и дряхлостию ни к какому д(елу) не способен, а пожелал сею оказиею воспользоваться единственно ради сви(да)ния со своею роднею» და ითხოვს: ნება მომეცით მოსკოვში დავტოვო, ან საქმიდან ჩამოაცილეთო (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. I, ч. I, л. 147). რატომ დასჭირდა ე. ამილახვარს ასე დაეხატა ო. თუმანოვის პორტრეტი? განა ქვეყანა დაიქცეოდა, თუ დიდი ხნის ნამსახური მზვერავი სენატის სახსრებით პეტერბურგს ჩავიდოდა ნათესავების სანახავად? ე. ამილახვრის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ მას, როგორც იგი მ. ვორონცოვს სწერდა: «упоминаемой владетель (თეიმურაზ II – ვ. მ.) чрез ближ(них) своих мне внушал, что ево Туманова за такою слабостию и что он несостоятельством своим только на огорчение приводит, здесь в Москве оставить или бы от оного владетеля отлучить, чего я собою учинить (...) но паче всенижайше прежде в соизволение вашего высокографского (сиятель)ства буду о том повеления ожидать» (იქვე).
როგორც ვხედავთ, მეფეს თავისი კაცების მეშვეობით ჩაუგონებია ე. ამილახვრისათვის, რომ ო. თუმანოვი მოეცილებინა თავიდან. ვფიქრობ, უთუოდ ქართველებს უნდა ჰქონოდათ შეტყობილი თუმანოვის საქმიანობა, თორემ პირადი ანტიპათიის ასეთი აშკარა გამოხატვა რუსეთის მოხელისადმი, სხვა რომ არ იყოს, უტაქტობაც იქნებოდა სტუმარი მეფის მხრივ. რა უნდა ჰქონოდა იმის საწინააღმდეგო თეიმურაზს, რომ ო. თუმანოვს შემთხვევით ესარგებლა და რუსეთის მთავრობის ხარჯით ნათესავების სანახავად პეტერბურგს წასულიყო? ო. თუმნოვის როგორც მზვერავის საქმიანობაში (საქართველოს საკითხებში) რუსეთის მთავრობას ადვილად შეეძლო დარწმუნებულიყო მისი ინფორმაციების ე. ამილახვრის ხსენებულ ბარათთან შედარებისას (რითაც ცხადი გახდა თეიმურაზის რუსეთში გამგზავრების ნამდვილი მიზანი).
ო. თუმანოვის მზვერავობის შესახებ ქართველებს რომ უნდა სცოდნოდათ, ამაზე მეტყველებს ერთი გარემოებაც: თეიმურაზ II არ უსაყვედურია ქაიხოსრო ჩერქეზიშვილისათვის, როცა ეს უკანასკნელი ასტრახანში ყოფნისას უხეშად ჩაერია მეფისა და ო. თუმანოვის საუბარში. პირიქით, მეფე გაჩუმდა, რითაც, უთუოდ, ქართველებმა აგრძნობინეს ო. თუმანოვს: «ვიცით, ვინცა ბრძანდებიო». მაგრამ ამ ამბავს თუმანოვი შეცდომაში შეუყვანია, და, როგორც ზემოთ დავინახეთ, საწინააღმდეგო დასკვნები გაუკეთებია: კახელი თავადების (ქაიხოსროსა და დავითის) უკითხავად მეფე ნაბიჯს ვერ დგამს, მათზეა დამოკიდებულიო. ჩვენ არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, თითქოს ქართველი მეფეები თავიანთ მრჩევლებს ანგარიშს არ უწევდნენ, მაგრამ ე. ამილახვრის ზემოთ დასახელებულ ბარათში მ. ვორონცოვისადმი ნათქვამია: «что же касается до свиты его, то оная в должном послушании своему властелину обращается и никаких между оной раздоров не присмотрено» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. I, ч. I, лл. 146–147) (შესაძლებელია, ჩვენ მიერ აქ წარმოდგენილი მოსაზრებიდან ზოგი რამ სადავოც იყოს, მაგრამ საქართველოს სამეფო არქივის დაღუპვის გამო პირდაპირი მასალები არ გაგვაჩნია და თუ ასეთი დეტალები არ შევისწავლეთ და მათ სათანადო ანგარიში არ გავუწიეთ, ჩვენი მსჯელობა ქართულ დიპლომატიაზე ცალმხრივი იქნება).
მოსკოვში წარმოებული მოლაპარაკებებიდან ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი გარემოება: მეფის დაზვერვას შეუტყვია, რომ რუსულ მიმოწერაში თეიმურაზი «მფლობელად» («владетель») იხსენიება და არა მეფედ («царь»), როცა ქართველ ხელმწიფეებს, ტახტწართმეულთაც კი, მეფის ტიტულით იხსენიებდნენ: «Третьяго дня грузинской владетель, – სწერდა თავადი ე. ამილახვარი მ. ვორონცოვს 1761 წლის 1 მარტს, – между протчими посторонними разговорами изъяснился мне наедине, коим образом он в бытность свою в Кизляре и Астрахане уведомился, что во всех письменных делах, касающихся до ево персоны, именуют ево владетелем, а не царем, а прежде выезжавшим в Россию подобным ему некоторым соуменьшением пред ним грузинским державцам и от своего владения отрешенным титулование царя придавали» (იქვე, 153).
მეფეს თავისი განცხადების საილუსტრაციოდ განუცხადებია, რომ ეს ტიტული «Вахтанг не токмо сам во всю жизнь свою в России навсегда неотменно имел, но... того именования на детях его сталось» (АВПР, ф. Сн. России с Грузией. 1761 г., д. I, ч. I, л. 153).
ამასთან, მეფეს საჭიროდ მიუჩნევია განეცხადებინა, რომ «Он, Теймураз, пред помянутым Вахтангом сие преймущество предъявляет, что по утверждению державы своей над Грузиею по древнему благочестивому христианскому узаконению елеем святым помазан и коронован и как из Персии так от турков ни в чем независит и грузинским престолом поныне владеет» (იქვე). მეფეს დიპლომატიურად მოუბოდიშებია კიდეც: ალბათ, «о форме правления ево над Грузиею высокому Российскому министерству неизвестно» (იქვე), და იმედიც გამოუთქვამს: «когда вашему графскому сиятельству о сем ево изъяснении от меня донесено будет, – სწერდა ე. ამილახვარი მ. ვორონცოვს, – то не сумнительно уповает, что оное в разсуждение принято быть имеет» (იქვე).
მეფის გადაკრულ სიტყვებზე პასუხის გაცემის უფლება ე. ამილახვარს არ ჰქონდა, რაკი ინსტრუქცია მასალას არ აძლევდა, და კანცლერს სწერდა:
«Я против того ево отзыва молчание употребил и токмо что оныя на доношение принял» (იქვე).
როგორც ჩანს, ასეთი გადაკრული საუბრით თეიმურაზ II სურდა ნიადაგი მოემზადებინა, რათა იგი პეტერბურგში მეფური ღირსებით მიეღოთ.
მ. სობაკინის მოხსენებიდან ვიგებთ, რომ მეფე მოსკოვში მიღებით კმაყოფილი დარჩენილა (იქვე, 217), მაგრამ რუსეთის მოხელეებთან მოლაპარაკებისას პეტერბურგს დაუყოვნებლივ გამგზავრების სურვილი გამოუთქვამს (იქვე, 144, 217). როგორც ჩანს, მეფეს ყიზლარისა და ასტრახანის გაკვეთილები აშინებდა, მაგრამ საშიში არაფერი იყო. პირიქით, რუსეთს მთავრობა ცდილობდა დაეჩქარებინა თეიმურაზის მოსკოვიდან გამგზავრება, რადგან მარტი დადგა და გზის გაფუჭებისა ეშინოდა. მ. ვორონცოვი საგანგებოდ ავალებდა სობაკინსა და ამილახვარს: ზრდილობიანი ფორმით ჩააგონეთ თეიმურაზს, რომ წამოსვლა დააჩქაროსო (იქვე, 177–177, 217).
1761 წლის 8 მარტს ქართლ-კახეთის ელჩობამ მოსკოვი დატოვა და პეტერბურგისაკენ გაემგზავრა. ოფიციალურ გამცილებელთა (რუსეთის მოხელეები, სამხედრო რაზმი) გარდა, თეიმურაზ მეფე სოფელ ვსესვიატსკოემდე გენერალ-პორუჩიკ გიორგი ბატონიშვილსა (ვახტანგის ძეს) და მოსკოვს მყოფ ქართველ თავადაზნაურობას გაუცილებია (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. II, л. 336).
(დასასრული იხ. ნაწილი III)
ბლოგისთვის მასალა მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment