Monday, September 17, 2018

ვალერიან მაჭარაძე 1760–1762 წლებში რუსეთში თეიმურაზ II ელჩობის შესახებ – (ნაწილი I)

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს დასაწყის ნაწილს პროფ. ვალ. მაჭარაძის წიგნისა „მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის“ /ნაწილი II; „თეიმურაზ მეორის ელჩობა რუსეთში“/, თბილისი, 1968)


I ნაწილის შინაარსი 

წინასიტყვაობა
Предисловие
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XVIII საუკუნის 40–50-იანი წლების მიჯნაზე
შ ე ს ა ვ ა ლ ი
თ ა ვ ი I. საქართველო XVIII საუკუნის 50-იან წლებში
თ ა ვ ი II. რუსეთის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრობლემები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XVIII საუკუნის 50-იან წლებში


წინასიტყვაობა 

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია ჩვენი ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომლის კვლევას საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ვიდრე ჩვენ ამ პრობლემის შესწავლას შევუდგებოდით, გამოქვეყნებული იყო სოლიდური ნაშრომები და პუბლიკაციები (ს. ბელოკუროვის, პ. ბუტკოვის, ა. ცაგარელის, ზ. ავალიშვილის, მ. პოლიევქტოვის, ნ. ბერძენიშვილის, ი. ცინცაძისა და სხვათა), რომლებიც შუქს ჰფენენ რუსეთ-საქართველოს X–XIX საუკუნეების უთიერთობის ისტორიის მრავალ საკითხს. რაც შეეხება ჩვენს მიერ კვლევის ობიექტად არჩეულ მონაკვეთს (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი), მას მიეძღვნა აკად. პ. ბუტკოვის, პროფ. ა. ცაგარელის, ზ. ავალიშვილის, პროფ. ი. ცინცაძის ნარკვევები და პუბლიკაციები.

(П. Г. Бутков, Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 год, ч. I–III, СПб., 1869. 

Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся к Грузии, под редакцией А. А. Цагарели, т. I, СПб., 1891 г.; т. II, вып. I, СПБ., 1896 г.; т. II, вып. II, СПб, 1902 г. 

З. А в а л о в, Присоединение Грузии к России, изд. второе, СПб., 1906 г. 

ი. ც ი ნ ც ა ძ ე, ორი საბუთი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან 1768–1774 წწ. რუსეთ-თურქეთის ომში /იხ. ენიმკის მოამბე, V–VI, თბილისი, 1940/; მისივე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები საქართველოდან 1754–1756 /იხ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის შრომები, XXVII–B, 1946/; მისივე რამდენიმე ცნობა რუსეთის თვითმპყრობელობის დაზვერვისა და მისი აგენტების საქმიანობის შესახებ მე-18 საუკ. მეორე ნახევრის საქართველოში /იხ. ქუთაისის პედ. ინსტიტუტის შრომები, ტ. II, 1941/) 

ასეთი მემკვიდრეობა დაგვხვდა ჩვენ ამ ორი ათეული წლის წინათ, როდესაც ხელი მოვკიდეთ საკითხის შესწავლას (XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხების შესწავლაზე ამ უკანასკნელ წლებში ჩვენს გარდა სხვებიც მუშაობდნენ. ამ მხრივ საგანგებო ყურადღებას იმსახურებს პროფ. ი. ცინცაძის, დოც. მ. ალექსიშვილის, პროფ. ლ. ალექსიძის, პროფ. ო. მარკოვას და ზ. ცქიტიშვილის მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგები, რომლებიც სათანადო ადგილას აღნიშნული იქნება)

თავისთავად ცხადია, რომ ამ მემკვიდრეობას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ არქივებში მუშაობამ იმთავითვე ცხადყო მისი ნაკლიც. ბუნებრივია, აქ ვერ შევუდგებით რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიის დარგში არსებული შრომების ავკარგიანობის მიმოხილვას, რადგან იგი წინამდებარე შრომის ფარგლებს სცილდება. საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ არქივებში მუშაობამ ჩვენთვის ნათელი გახადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის დარგში 1950 წლამდე გამოქვეყნებულ ნარკვევებსა და პუბლიკაციებს ცალმხრივობა ახასიათებდა. ამ ცალმხრივობაში ვგულისხმობთ არა მარტო იმას, რომ მკვლევარები ერთი რომელიმე კუთხით (რუსეთის ან საქართველოს) უდგებოდნენ საკითხის შესწავლას, რაზედაც სამართლიანად მიუთითა აკად. ნ. ბერძენიშვილმა (ნ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII საუკ. მიჯნაზე. იხ. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1944, ნაკ. I, გვ. 5), არამედ იმასაც (და ეს მთავარია), რომ ნარკვევების ავტორები და მასალათა პუბლიკატორები არსებითად იფარგლებოდნენ ერთი უწყების (რუსეთის საგარეო უწყების – საელჩო პრიკაზი, საგარეო საქმეთა კოლეგია) ერთი ფონდით, რომელიც «Грузинские дела»-ს სახელწოდებითაა ცნობილი. დანარჩენ საარქივო ფონდებს სრულიად უყურადღებოდ ტოვებდნენ. ამ საერთო ნაკლს თავი ვერ დააღწია ამ დარგში შექმნილმა ისეთმა ყველაზე სოლიდურმა პუბლიკაციებმაც კი, როგორიც მ. პოლიევქტოვის პუბლიკაციებია (შდრ. Материалы по истории грузино-русских взаимоотношений 1615–1640, Тбилиси, 1926 г.; Посольство стольника Толочанова и дьяка Иевлева в Имеретию 1650–52 гг., Тбилиси, 1926 г.), რომ არაფერი ვთქვათ მ. ბროსეს, ს. ბელოკუროვისა და სხვათა პუბლიკაციებზე. ამიტომ ჩვენ დღემდე არ გაგვაჩნია სრული პუბლიკაციები რუსეთ-საქართველოს ურთოერთობის არც ერთი მონაკვეთის შესახებ (X-დან XIX საუკუნემდე). მასალის ცალმხრივობამ დაღი დაასვა ნარკვევებსა და მონოგრაფიებს.

ზემოხსენებული ტრადიციიდან (ვგულისხმობთ «Грузинские дела»-ს ფონდით შემოფარგვლას) არსებითი გადახვევის პირველ ცდას წარმოადგენდა 1952 წელს დასრულებული ჩვენი სადისერტაციო შრომა «რუსეთ-თურქეთის ომი 1768–1774 წლებში და საქართველო» (ვ. მ ა ჭ ა რ ა ძ ე, რუსეთ-თურქეთის ომი 1768–1774 წლებში და საქართველო, თბილისი, 1952 /დისერტაცია/), სადაც გამოყენებული იყო ძველი აქტების არქივისა (ЦГАДА) და სამხედრო-ისტორიული არქივის (ЦГВИА) ფონდები (ხსენებული შრომის გადამუშავებული ვარიანტი გამოქვეყნდა 1957 წ. იხ. ვ. მ ა ჭ ა რ ა ძ ე, ასპინძის ბრძოლა, თბილისი, სახელგამი, 1957 წ.).

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ ამჯერად საკვლევად აღებული საკითხი ყამირს არ წარმოადგენდა. მას ეხებოდა ა. ცაგარელის ორტომიანი პუბლიკაციის მეტი ნაწილი (ა. ა. ცაგარელის პუბლიკაციის ზუსტი დასახელება იხ. ზემოთ სქოლიოში), პროფ. ი. ცინცაძის ნარკვევი «ორი საბუთი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან 1768–1774 წ.წ. რუსეთ-თურქეთის ომში» (ენიმკის მოამბე, V–VI, 1940 წ.), და ზ. ავალიშვილის განმაზოგადებელი ნაშრომი (З. А в а л о в, დას. ნაშრომი), მაგრამ მიუხედავად ამისა, ახალი ფონდების შესწავლამ მრავალ ბუნდოვან საკითხს მოჰფინა ნათელი.

XVIII საუკუნის II ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დანარჩენი მონაკვეთი ჩვენ ყამირად მიგვაჩნდა, ამიტომ მისი შესწავლისას ჩვენ ფართოდ ვიძიებდით სათანადო მასალებს (აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ხსენებული ტრადიცია /«Грузинские дела»-ს ფონდით შემოფარგვლა/ შემდგომში ორგზის დაირღვა. 1960 წელს გამოქვეყნდა გ. პაიჭაძის წიგნი «რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის. XVIII ს. პირველი მეოთხედი», სადაც საყურადღებო მასალებია სხვა ფონდებიდან გამოყენებული და მრავალი საკითხი ახლებურადაა გაშუქებული /წიგნი წარმოადგენს იმავე ავტორის მიერ 1955 წელს დაცული საკანდიდატო დისერტაციის «Поход русских войск на побережье Каспийского моря в 1722–1723 гг. и Грузия» გადამუშავებულ ვარიანტს/. იმავე 1960 წელს გამოქვეყნდა პროფ. ი. ცინცაძის წიგნი «1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი», სადაც ნაწილობრივაა დარღვეული ხსენებული ტრადიცია და ნაშრომში მოტანილია საინტერესო მასალები სამხედრო-ისტორიული არქივის /ЦГВИА/ პოტიომკინის ფონდიდან /იხ. ი. ც ი ნ ც ა ძ ე, 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი, თბილისი, 1963/)

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის შესწავლისას ძირითადი ფონდის («Грузинские дела») ფარგლებს გარეთ არსებითი გასვლა აუცილებელი გახადა შემდეგმა გარემოებებმა: ჯერ ერთი, ახალი საარქივო ფონდების, განსაკუთრებით რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-ირანის ურთიერთობის ფონდების, შესწავლა აუცილებელი იყო, რადგან XVIII საუკუნის II ნახევარში (და საერთოდ XVI–XIX საუკუნეებში) თურქეთსა და ირანს საქართველოს მიმართ თავისი ინტერესები გააჩნდა, ხოლო საქართველოს მეზობელი ქვეყნების პოზიცია თავისებურ გავლენას ახდენდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. ამიტომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესწავლა, დანარჩენ ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ, რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-ირანის ურთიერთობის საარქივო მასალების საფუძვლიანი შესწავლის გარეშე შეუძლებელი იყო. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-ირანის ურთიერთობის ამსახველი მთელი მასალა იქნებოდა გამოქვეყნებული. სამწუხაროდ, ასეთი მასალა გამოქვეყნებული არ იყო (ამჯერადაც არაა) და მას ჩვენს ისტორიოგრაფიაში სათანადო ანგარიში არ ეწეოდა (XVIII საუკუნის I ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესწავლის დარგში უკვე სერიოზული ნაბიჯია გადადგმული. ამის უტყუარი საბუთია გ. პაიჭაძის ახლახან გამოსული წიგნი «Русско-грузинские отношения в 1725–1735 гг.», Изд. АН ГССР, Тбилиси, 1965 г. ავტორისაგან მოველით მასალის პუბლიკაციასაც). მეორე, საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ქართული დიპლომატიის ისტორიის შემსწავლელი განსაკუთრებული სიძნელეების წინაშე დგას, რადგანაც ქართული სამეფოების სახელმწიფო არქივები განადგურებულია ჟამთა სიავის გამო. ჩვენ არ გაგვაჩნია ქართველი ელჩებისათვის მიცემული სამოქმედო ინსტრუქციები, არც ქართველი დიპლომატების საიდუმლო ანგარიშ-მოხსენებები (ამ მხრივ რუსული დიპლომატიის ისტორიის შესასწავლად იდეალური პირობებია). შემოგვრჩა მხოლოდ მეორე მხარისათვის გაგზავნილი წერილები და ქართველ დიპლომატთა ოფიციალური განცხადებები, რომლითაც სრული სურათის აღგენა, ცხადია, არ შეიძლება. გარდა ამისა, თუ ზემოხენებულს იმასაც დავუმატებთ, რომ რუსეთთან მეგობრობის მიუხედავად ქართულ სამეფოებს თავისი საიდუმლო ჰქონდათ (როგორც ამას ნათლად მოწმობს ამ წიგნში წარმოდგენილი მასალა, პროფ. ი. ცინცაძის ნარკვევი /ი. ც ი ნ ც ა ძ ე, რამდენიმე ცნობა რუსეთის თვითმპყრობელობის დაზვერვისა და მისი აგენტების საქმიანობის შესახებ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში, ქუთაისის პედ. ინსტიტუტის შრომები, ტ. II, 1941, გვ. 83–96/ და ჩვენს ხელთ არსებული მდიდარი მასალები), ცხადი გახდება ამ მასალების ხასიათი. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ზემოაღნიშნული გარემოება ქმნიდა სრულ შეუსაბამობასაც: რუსეთის დიპლომატიის ყველა ნაბიჯი ჩვენთვის ცნობილია, საქართველოსი – არა. მასალების დაღუპვის გამო თითქმის არაფერი ვიცით ქართველი დიპლომატების მიერ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას გადადგმული ნაბიჯების შესახებ და ძნელია იმისი განსჯა, თუ როგორი დასკვნები გამოიტანეს ქართველმა დიპლომატებმა რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკებიდან.

ამ დიდი ხარვეზის შევსება მომიჯნავე ფონდების ყოველმხრივი გათვალისწინებით თუ მოხერხდება ნაწილობრივ მაინც. აი რატომ იყო აუცილებელი მომიჯნავე ფონდებზე საგანგებო მუშაობის ჩატარება.

გარდა ამისა, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის ე. წ. «Грузинские дела»-ს ფონდს ერთი დიდი ხარვეზიც აქვს: იქ არ არის XVIII საუკუნის 80-იანი წლების რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ძირითადი მასალებიც კი, რადგან იმ პერიოდში საქარველოსთან ურთიერთობა უშუალოდ მინდობილი ჰქონდა თავად პოტიომკინს, რომელიც, როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა კოლეგიას ანგარიშს არ აბარებდა. ამიტომ მასალა მიმოფანტული აღმოჩნდა პირად ფონდებსა (პოტიომკინისა და სხვათა) და რუსეთის სხვა სახელმწიფო დაწესებულებების სხვა უწყებათა საქმეებში. 

სწორედ მასალის ნაკლებობაა ერთი მასაზრდოებელი ქართული ბურჟუაზიული ისტორიოგრაფიის წარმომადგენელთა (მაგ. ავალოვისა და სხვ.) ანტირუსული ტერნდენციისა, რომლითაც რუსეთის მთავრობა ყოველთვის თვალთმაქცის როლშია წარმოდგენილი, ხოლო ქართველი სახელმწიფო მოღვაწეები გულუბრყვილო, წინდაუხედავ, დასავლურ დიპლომატიაში «გაუწვრთნელად» და «ჩაუხედავად» გამოიყურებიან (ზ. ავალოვი /ავალიშვილი/ წერდა: «...катастрофа Вахтанга не послужила грузинам уроком. Остальную часть XVIII века они продолжали вращаться в том же кругу идей, и воззрения их на Россию не изменились. Интересы и культура оставались те же и политика поражает неизменностью своих исходных точек и ошибок» /З. А в а л о в, Присоединение Грузии к России, 1906 г., стр. 77/. ქვემოთ ავალოვი განაგრძობს: «Являясь по отношению к персиянам и туркам нередко ловкими, вероломными политиками восточной школы, в свое отношение к России они /грузины – В. М./, повторяем, вносили всю наивность, всю легковерность и непосредственность средних веков, из пеленок которых никогда не вышли» /იქვე, 78–79/) (ეს უკანასკნელი მოსაზრება შემდეგაც იქნა გამეორებული) (შეიძლება ითქვას, რომ ასეთი გამეორების საფუძველს ერთგვარად ქმნიდა ის ძვირფასი მასალა, რომელიც შემდგომში პროფ. ი. ცინცაძის მიერ იქნა გამოვლინებული რუსეთის თვითმპყრობელობის აგენტების დაზვერვითი საქმიანობის შესახებ /იხ. ი. ც ი ნ ც ა ძ ე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები საქართველოდან, დასახელებული გამოცემა/, მაგრამ რაკი ამჯერად ჩვენს წიგნში წარმოდგენილი მასალის მიხედვით სადავო არ უნდა იყოს, რომ ქართველებს რუსეთში უკეთ ორგანიზებული დაზვერვა ჰქონდათ, ქართველი პოლიტიკოსების გულუბრყვილობაზე მსჯელობას საფუძველი ეცლება). ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ შევალამაზოთ რუსეთის თვითმპყრობელობის პოლიტიკა საქართველოში, მაგრამ ახალი მასალების მოტანით შევეცდებით ვაჩვენოთ ისიც, თუ რამდენ სიძნელეს აწყდებოდა რუსეთის მთავრობა საქართველოს საკითხში როგორც თურქეთისა და ირანის, ისე დასავლეთ ევროპის ქვეყნების მხრივ. ამასთან, შეძლებისდაგვარად იმასაც ვაჩვენებთ, XVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი სახელმწიფო მოღვაწეები (თეიმურაზ II, ერეკლე II, სოლომონ I, გარსევან ჭავჭავაძე, დავით კვინიხიძე, მაქსიმე აბაშიძე და სხვები) იყვნენ დასავლურ დიპლომატიაში «გაუწვრთნელნი» და «ჩაუხედავნი», თუ მკვლევრები არ იყვნენ საარქივო საქმეებში სათანადოდ ჩახედულნი.

ამ წიგნში წარმოდგენილი მასალაც კი ცხადყოფს, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის შესწავლის გარეშე გაუგებარი იქნებოდა, თუ რატომ გააჩერეს თეიმურაზ II ყიზლარსა და ასტრახანში. «Грузинские дела»-ს ფონდის მასალაში დაცული მცირე განმარტება, – თურქებს ვერ გავანაწყენებთ, რაკი პრუსიასთან ომი გვაქვსო, – საქმეს ვერ შველის. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ფონდების შესწავლით ცხადი ხდება, რომ პრუსიის დიპლომატია ყოველ ღონეს ხმარობდა აემხედრებინა თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ, ომი დღე-დღეზე იყო მოსალოდნელი და ასეთ ვითარებაში თეიმურაზის დაუყოვნებლივ მიღება, ვიდრე შვიდწლიან ომში გარდატეხა არ მოხდებოდა, ან სათანადო დიპლომატიური სამზადისი არ ჩატარდებოდა, ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნებოდა.

ან კიდევ, რუსეთ-სპარსეთის ურთიერთობის ამსახველი ფონდების შესწავლის გარეშე ხომ უცნობი დარჩებოდა, თუ როგორ შეხვდა ერეკლე II ელჩობის შედეგებს; ისიც უცნობი დარჩებოდა, ქართველები ბრმად ენდობოდნენ რუსეთის მთავრობას (როგორც ამას ზოგიერთი ფიქრობდა), თუ კარგად ორგანიზებული დაზვერვა ჰქონდათ და კარგადაც იცოდნენ რუსეთის აგენტების დაზვერვითი საქმიანობა საქართველოში და ა. შ. სწორედ ეს მასალები იძლევა ერეკლეს პოლიტიკის გასაღებს 60-იან წლებში.

ამიტომაც ჩვენ შევისწავლეთ არა მარტო რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის «Грузинские дела»-ს საქმები (მე-18 საუკ. II ნახევრის ყველა საქმე. ასეთი მუშაობა კი აქამდე არ ჩატარებულა), არამედ აგრეთვე რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივის (АВПР) რუსეთ-თურქეთის, რუსეთ-ირანის, რუსეთ-სომხეთის, რუსეთ-ოსეთის ურთიერთობის ფონდები; მოსკოვის სამხედრო-ისტორიული არქივის (ЦГВИА) ყველა ძირითადი ფონდი და კარტოგრაფიული მასალა; ძველი აქტების არქივის (ЦГАДА) ყველა ძირითადი ფონდი; გარდა მოსკოვისა, საგანგებო მუშაობა ჩავატარეთ საბჭოთა კავშირის 30 ქალაქის არქივებსა და მუზეუმებში (შემოვიარეთ საბჭოთა კავშირის მთელი ევროპული ნაწილი და კავკასია; არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ საოლქო არქივები და მუზეუმები, ცალკეულ შემთხვევებში სარაიონო მუზეუმებიც კი) (ჩვენი ცდის მიუხედავად, ვერ მოვახერხეთ ყიზლარის კომენდანტის ფონდის შესწავლა /რომელიც ახლა მახაჩყალაშია/ მისი მოუწესრიგებლობის გამო, თუმცა ამ მასალების ნაწილს სხვა გზით ვიცნობთ). საოლქო არქივებში საყურადღებო მასალებს მივაკვლიეთ. მაგალითად, ბევრი საყურადღებო მასალა შემოგვინახა ასტრახანის არქივმა (უნდა ითქვას, რომ დღემდე მთლიანად მივიწყებულია ასტრახანის საოლქო არქივი, რომელიც უმდიდრეს მასალას შეიცავს არა მარტო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, არამედ თვით საქართველოს ისტორიის მთელი რიგი საკითხების შესახებაც, რადგან ასტრახანის გუბერნატორს, როგორც სასაზღვრო რაიონის უფროსს, უშუალო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან და ამ ურთიერთობისას ადგილზევე წყდებოდა არაერთი საკითხი)

მასალის გადაღებას ვაწარმოებდით ფართო გეგმით; პარალელურად ვაჯერებდით ა. ცაგარელის მიერ გამოცემულ დოკუმენტებს (რაკი ცხადი გახდა ამ პუბლიკაციის ნაკლი). 

ჩატარებული მუშაობის შედეგად დაგვიგროვდა მდიდარი მასალა (ფოტოპირების, მიკროფილმების, მანქანაზე ნაბეჭდი ასლებისა და საკუთარი ხელით გადაწერილი დოკუმენტების სახით) XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, რომელიც რამდენიმე ათეულ ტომს შეადგენს. ეს მასალა ძვირფასია არა მარტო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის შესასწავლად, იგი გარკვეულ ცნობებს შეიცავს საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობისა და ქართული კულტურის ისტორიისათვისაც. მთელი ამ მასალის დამუშავებას და გამოსაცემად მომზადებას (რა თქმა უნდა, ყველაფერი არ გამოიცემა) ალბათ წლები დასჭირდება. აქ მკითხველს ვთავაზობთ მასალას მხოლოდ ერთი პატარა მონაკვეთის (XVIII ს. 50–60 წლების მიჯნა) შესახებ, რომელიც ყველაზე შეუსწავლელი იყო XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან. 

მართალია, წიგნი ქართულად გამოდის, მაგრამ ჩვენ ზედმეტად მივიჩნიეთ XVIII საუკუნის II ნახევრის რუსული დოკუმენტების თარგმნა, ასევე, რუსული დოკუმენტებისათვის მეორე (ქართული) სათაურისა და ტექსტოლოგიური შენიშვნების ქართულად გაკეთება. რაც შეეხება ქართული დოკუმენტების დედნების პარალელურად მათი იმდროინდელი რუსული თარგმანების გამოქვეყნებას, ეს განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: 1) დაბეჭდილი ქართული დოკუმენტების რუსული თარგმანები საქმის წარმოების მაშინდელი ოფიციალური დოკუმენტებია, რომელთა მიხედვით მსჯელობდნენ და საქმეს წყვეტდნენ რუსი მოხელეები; 2) რუსულმა თარგმანებმა შემოგვინახა ზოგიერთი დამატებითი ცნობა და ქართული სამოხელეო ტერმინოლოგიის რუსული შესატყვისები, რაც უმნიშვნელო როდია; 3) რუსი სპეციალისტებისათვის ეს დოკუმენტები საინტერესოა და ამ სახით გამოქვეყნება ხელმისაწვდომს ხდის მათ.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ გაწეული შრომის მიუხედავად, წიგნი უნაკლო იქნება, ამიტომ დიდის მადლობით მივიღებთ ყოველ საქმიან შენიშვნას.


ПРЕДИСЛОВИЕ 

История русско-грузинских взаимоотношений – одна из наиболее важных проблем отечественной историографии. В области изучения этой проблемы уже сложилась вековая традиция. Мы располагаем солидными трудами и публикациями как дореволюционных исследователей (С. Белокурова, П. Буткова, Н. Дубровина, С. Бурнашева, М. Броссе, А. Цагарели, З. Авалова), так и советских историков (М. Полиевктова, Н. Бердзенишвили, Я. Цинцадзе и др.), посвященными разным вопросам русско-грузинских отношений с Х по ХIХ век.

Что касается истории русско-грузинских взаимоотношении исследуемого нами периода, – II половины XVIII века, – то ей посвящены очерки и публикации П. Буткова, Н. Дубровина, А. Цагарели, С. Бурнашева, З. Авалова, Я. Цинцадзе и других авторов (П. Б у т к о в, Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 год, ч. I–III, СПб, 1869; Н. Д у б р о в и н, История войны и владычества русских на Кавказе, т. II–III, СПб, 1886; Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся к Грузии, под ред. А. А. Ц а г а р е л и, т. I, СПб, 1891; т. II, вып. I, СПб, 1898; т. II, вып. II, СПб, 1902 г.; С. Б у р н а ш е в, Картина Грузии, Тифлис, 1896 г.; З. А в а л о в, Присоединение Грузии к России, изд. второе, СПб, 1906; ი. ც ი ნ ც ა ძ ე, ორი საბუთი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან 1768–1774 წწ. რუსეთ-თურქეთის ომში /ენიმკის მოამბე, V–VI, თბილისი, 1940/; его же, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები საქართველოდან 1754–1756 წლებში /თსუ შრომები, XXVII–B, 1946; его же, რამდენიმე ცნობა რუსეთის თვითმპყრობელობის დაზვერვისა და მისი აგენტების საქმიანობის შესახებ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. II, 1941 წ.).

Вышеуказанное наследие, безусловно, имело для нас большое значение, однако, материалы архивов, с которыми нам довелось ознакомиться с начала 1950 года, показали и все недостатки проделанной работы. На наш взгляд, недостатки этих работ в основном заключаются в следующем.

При изучении истории русско-грузинских отношений исследователи обычно ограничивались лишь одним фондом, носящим название «Грузинские дела». Остальные же фонды совершенно игнорировались: упускалось из виду, что кроме Посольского приказа и Коллегии иностранных дел (причем, к сожалению, материалы фондов даже этих учреждений не были полностью изучены) в России существовали и другие учреждения, имевшие непосредственное отношение к грузинскому вопросу; кроме того, при изучении данного вопроса недостаточно учитывалось также то, что русско-турецкие и русско-персидские отношения, имеющие непосредственную связь с русско-грузинскими отношениями и оказывающие на них весьма важное влияние, еще не изучены и материалы не опубликованы, а без всестороннего привлечения этих материалов нельзя восстановить полную картину русско-грузинских отношений.

Наконец, недостаточно учитывалось также, что материалы фонда «Грузинские дела» не могут с достаточной полнотой отразить всю картину русско-грузинских взаимоотношений, ибо в этом фонде представлены материалы только о деятельности русского правительства (полностью сохранились инструкции и тайные поручения послам, секретные отчеты послов и т. д.), что же касается политики грузинских государственных деятелей, то сохранились только официальные письма и заявления. Восполнить этот пробел не представляется делом легким: государственные архивы грузинских царств, в результате нашествий в конце XVIII века, не уцелели; нам неизвестны ни тайные поручения и инструкции грузинским послам, ни их секретные доклады своему правительству (за исключением случайно перехваченных писем Г. Чавчавадзе). Само собой разумеется, что нельзя судить о грузинской дипломатии второй половины XVIII века только по заявлениям грузинских послов и официальным письмам грузинских царей. Нельзя также судить и о взаимоотношениях двух сторон, когда с одной стороны (со стороны России) картина совершенно ясна, а с другой – сохранились только официальные заявления. (Недостатки материалов дали повод грузинским буржуазным историкам видеть в русской политике только коварство и обман, а выдающихся грузинских государственных деятелей II половины XVIII века упрекать в наивности* и неискушенности в европейской дипломатии).

(*З. Авалов /Авалишвили/ писал: «И Вахтанг и Ираклий, искушенные в тонкостях восточной политики и умевшие отлично лавировать между ея подводными камнями – в отношение России оказались наивно-доверчивы» /З. А в а л о в, Присоединение Грузии к России, 1906, стр. 77/. Ниже З. Авалов продолжает: «...Катастрофа Вахтанга не послужила грузинам уроком. Остальную часть XVIII века они продолжали вращаться в том же кругу идей, и воззрения их на Россию не изменились. Интересы и культура оставались те же и политика поражает неизменностью своих исходных точек и ошибок» /стр. 77/. И наконец: «являясь по отношению к персиянам и туркам нередко ловкими, вероломными политиками восточной школы, в свое отношение к России они /грузины – В. М./, повторяем, вносили всю наивность, всю легковерность и непосредственность средних веков, из пеленок которых никогда не вышли» /там же, стр. 78–89/. 

Вышеуказанное мнение не раз повторялось в грузинской историографии. И, возможно, повторению такого мнения в последнее время частично способствовал опубликованный проф. Я. З. Цинцадзе материал относительно деятельности в Грузии разведчиков русского двора /см. ი. ც ი ნ ც ა ძ ე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები საქართველოდან, указан. издание/. Однако из материалов нашего труда явствует, что и грузинское правительство имело своих осведомителей в России, которые работали не плохо, и Ираклий и Теймураз не слепо доверяли заявлениям русского двора.)

Вышеуказанные обстоятельства требовали от исследователя широкого охвата исторического материала, но, к сожалению, на полноту не могут претендовать даже лучшие публикации по истории грузинско-русских взаимоотношений М. А. Полиевктова, не говоря уже о публикациях М. Броссе, А. Цагарели и др.; мы пока не имеем полных публикаций ни по одному периоду из истории русско-грузинских отношений (начиная с Х века и кончая ХIХ столетием). Недостатки публикаций, разумеется, наложили свой отпечаток на исследования. 

Эти обстоятельства, и особенно отсутствие государственных архивов грузинских царств, побудили нас* ознакомиться не только со всеми делами фонда «Сношения России с Грузией» Коллегии иностранных дел II половины XVIII века (такая работа никем не была проделана) и с материалами других государственных учреждений России, но и специально изучить следующие фонды: «Сношения России с Персией», «Сношения России с Турцией», «Сношения России с Арменией», «Осетинские дела» и т. д. (*За последние годы над разными вопросами русско-грузинских отношений II половины XVIII века работают, кроме нас, и другие исследователи. В этом отношении особенного внимания заслуживают труды проф. Я. З. Цинцадзе, доц. М. М. Алексишвили, проф. А. А. Алексидзе, проф. О. П. Марковой и канд. ист. наук З. Цкитишвили).

При разыскании материалов мы не ограничились фондами центральных архивов, музеев и библиотек Тбилиси, Москвы и Ленинграда, а специально объехали всю европейскую часть СССР и Кавказ.

В результате нами собран богатый материал (в виде фотокопий, микрофильмов, машинописных и рукописных копий), значение которого не ограничивается историей русско-грузинских отношений. Он помогает уяснить ряд вопросов из истории грузинско-персидских, грузинско-турецких, грузинско-армянских, грузинско-осетинских, грузинско-кабардинских, грузинско-дагестанских, грузинско-египетских отношений, а также внутриполитической борьбы в стране и культуры Грузии второй половины XVIII века.

Привлечение нового материала особенно из фондов «Сношения России с Турцией» и «Сношения России с Персией» позволяет более подробно осветить историю русско-грузинских взаимоотношений и пересмотреть ряд положений.

При подготовке документов к изданию, учитывая существующие правила и традицию советской историографии, мы постарались максимально сохранить язык документов, поэтому археографическая обработка заключалась только в следующем: 1) сокращения раскрыты, 2) надстрочные буквы введены в строку, 3) ь и ъ знаки употреблены по правилам современной орфографии, 4) знаки препинания расставлены (по возможности) по правилам современной орфографии, 5) описки (только явные) исправлены, 6) разделен слитно написанный текст, а раздельный текст соединен в слова в соответствии с современными правилами. Что касается издания грузинских документов, то они печатаются без всякого изменения, только знаки препинания расставлены нами.

Автор считает своим приятным долгом выразить искреннюю благодарность руководителям и сотрудникам АВПР (В. И. Мазаеву, В. И. Потаповой, В. И. Жиленко), ЦГВИА (Н. Шляпникову, И. С. Назину, Н. П. Жуковской), ЦГАДА (В. И. Шумилову, Т. С. Ивановой, М. А. Васиной), ГААО (Ф. П. Орлову, В. Н. Миловой, Л. С. Логачевой) и других архивов и музеев за помощь и внимание, оказанные во время работы над материалами, а также С. Б. Серебрякову и Г. И. Цибахашвили за ценные советы.

Несмотря на проделанную работу мы не думаем, что книга будет лишена недостатков. Все деловые замечания с благодарностью будут приняты и учтены нами.


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XVIII საუკუნის 50–60-იანი წლების მიჯნაზე 


შ ე ს ა ვ ა ლ ი 

XVIII საუკუნის 40–50-იან წლებში აღმოსავლეთ საქართველომ, რომელმაც ვახტანგ VI მარცხის შემდეგ «ოსმალობა» და «ყიზილბაშობა» გადაიტანა, ერეკლე II და თეიმურაზ II მეთაურობით კვლავ წელში გასწორება იწყო. ერეკლე მეფემ მარჯვედ ისარგებლა ნადირ-შაჰის მოკვლის (1747 წ.) შემდეგ ირანში შექმნილი ვითარებით, ირანელთა გარნიზონები თბილისიდან განდევნა, ქართლსა და კახეთს ფაქტიური დამოუკიდებლობა მოუპოვა, ხოლო მეზობელი სახანოები ქართლ-კახეთის ხელდებული გახადა. ამ გამარჯვების დამკვიდრებისა და ირანის ბატონობისაგან ქვეყნისათვის საბოლოო და სრული დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით მეფეებმა ელჩობა მიავლინეს რუსეთს ათანასე თბილელისა და სვიმონ მაყაშვილის მეთაურობით, ხოლო ხსენებული ელჩობის უშედეგოდ დამთავრების შემდეგ, 1760 წელს, ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანებული დიდი ელჩობა კვლავ გაგზავნეს რუსეთს. ელჩობას სათავეში თვით ქართლის მეფე თეიმურაზ II ჩაუდგა. ელჩობამ რუსეთში ორ წელზე მეტი დაჰყო.

ამ უკანასკნელი ელჩობის ამოცანას, როგორც XIX ს. მიწურულში პროფ. ა. ცაგარელის მიერ გამოქვეყნებულ ერთ გვიანდელ საბუთშია ნათქვამი, შეადგენდა: რუსეთიდან დამხმარე ჯარის, ან ჯარის დასაქირავებლად ფულის სესხად მიღება, ქართლ-კახეთისა და დამხმარე ჯარით ლეკთა თარეშის ალაგმვა, ირანში შეჭრა, იქ შინაბრძოლებისათვის ბოლოს მოღება, ირანის შაჰის ტახტზე ქართველ პოლიტიკოსთა კანდიდატის, რუსეთისათვისაც მისაღები პირის დასმა* და აღმოსავლეთ საქართველოს სამშვიდობოს გამოყვანა (*Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся к Грузии, под ред. А. А. Цагарели, т. I, СПб., 1891 г., стр. 11–12 /ქვემოთ: Грамоты, I/).

როგორც ვხედავთ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XVIII საუკუნის 50–60-იანი წლების მიჯნაზე მეტად საყურადღებო საკითხია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი დღემდე არც ქართულ და არც რუსულ ისტორიოგრაფიაში სპეციალური კვლევის საგნად არავის გაუხდია. 

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ XVIII საუკუნის II ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურიერთობის ისტორიის მრავალი საკითხი მეტ-ნაკლებად გაშუქებულია პ. ბუტკოვის, ნ. დუბროვინის, ვ. პოტოს, ა. ცაგარელის, ზ. ავალიშვილის, ი. ცინცაძის, მ. ალექსიშვილის, შ. ბურჯანაძისა და ამ სტრიქონების ავტორის შრომებში. მაგრამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XVIII საუკუნის 50–60-იანი წლების მიჯნაზე და, კერძოდ, ხსენებული ელჩობის ისტორია, იმდენად შეუსწავლელი იყო, რომ ქართულ ნარატიულ ძეგლებში დაცულ ძუნწ ცნობებს* ანგარიში არ ეწეოდა და სამეცნიერო ლიტერატურაში, ს. ბურნაშოვზე დაყრდნობით**, ელჩობის მეთაურის თეიმურაზ II გარდაცვალების ადგილი და თარიღიც კი უკანასკნელ დრომდე მცდარად იყო წარმოდგენილი (რაზედაც სამართლიანად მიუთითებდა გ. ჯაკობია 1939 წელს***) (*შდრ. საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, თბილისი, 1913, გვ. 262; მასალები საქართველოს ისტორიისათვის, შეკრებილი ბატონიშვილის დავით გიორგის ძისა და მისი ძმებისა, მ. ჯანაშვილის გამოცემა, 1905 წ., გვ. 11–12; დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, თამარ ლომოურის ამოცემა, 1941, გვ. 8; ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თამარ ლომოურის გამოცემა, 1941, გვ. 51 // **შდრ. С. Б у р н а ш е в, Картина Грузии, стр. 12 // ***თ ე ი მ უ რ ა ზ | მ ე ო რ ე, თხზულებათა სრული კრებული, გიორგი ჯაკობიას წინასიტყვაობით, რედაქციით, ლექსიკონით და შენიშვნებით, 1939, გვ. IX).

ს. ბურნაშოვის მცდარი ცნობის გაზიარება მოწმობდა, რომ არავინ იყო ჩახედული რუსეთის საგარეო კოლეგიის არქივის საქმეები, სადაც მთელი ტომია დაცული მეფის პეტერბურგში გარდაცვალების, შემდეგ მისი გამოსვენებისა და ასტრახანში დაკრძალვის შესახებ.

ხსენებული ელჩობის შესახებ რუსეთის არქივებში დაცულ მასალებს პირველად მკვლევარი ი. ლორთქიფანიძე გაეცნო. მან 1936 წელს შეისწავლა ორიოდე საქმე და საბუთების ნაწილის პირიც გადაიღო, როგორც ამას იგი თავისი მივლინების ანგარიშში გვაუწყებს (იხ. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1940, ნაკ. II, თბილისი, 1941). მაგრამ ი. ლორთქიფანიძემ მხოლოდ მასალების აღწერილობა გამოაქვეყნა, სადაც დაცულია ცალკეული ცნობები; რაც შეეხება მის მიერ გადმოღებული დოკუმენტების პირებს, იგი გამოუქვეყნებელი დარჩა.

ჩვენ ჯერ კიდევ 1950 წელს მოსკოვში გავეცანით ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანებული ელჩობის მასალებს (იხ. ვ. მ ა ჭ ა რ ა ძ ე, რუსეთ-თურქეთის ომი 1768–1774 წლებში და საქართველო. საკანდიდატო დისერტაცია, თბილისი, 1952), ხოლო 1957 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში გაკვრით მივუთითეთ კიდეც მასზე (იხ. ვ. მ ა ჭ ა რ ა ძ ე, ასპინძის ბრძოლა, სახელგამი, თბილისი, 1957, გვ. 11). მაგრამ 1950 წელს სხვა საკითხებს ვიკვლევდით და ხსენებული ელჩობის მასალების გამოვლინებაზე საგანგებო მუშაობის ჩასატარებლად დრო არ დაგვრჩა. ი. ლორთქიფანიძის მიერ გამოქვეყნებული აღწერილობა კი არასაკმარისად გვეჩვენებოდა. მომდევნო წლებში ჩატარებულმა მუშაობამ დაადასტურა ჩვენი ადრინდელი ვარაუდი.

ჩვენს მიერ გამოვლინებული საარქივო საქმეებიდან ძირითად საკვლევ საკითხს (ხსენებული ელჩობის ისტორიას) უშუალოდ ეხება:

1) АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. I;
2) АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1761 г., д. I, ч. I–II;
3) АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–64 гг., д. I;
4) АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–63 гг., д. 3;
5) АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1759 г., д. 2;
6) АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1759 г., д. 4;
7) АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1760 г., д. 2;
8) АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1760 г., д. 4;
9) АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1761 г., д. I;
10) АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1761 г., д. 2;
11) АВПР, ф. Сн. России с Турцией, 1761 г., д. 3;
12) АВПР, ф. Сн. России с Персией, 1763 г., д. I;
13) ЦГАДА, ф. 178, оп. 1, 1760 г., д. 17;
14) ЦГАДА, ф. 178, оп. 1, 1760 г., д. 18;
15) ЦГАДА, ф. 178, оп. 1, 1760 г., д. 40;
16) ЦГАДА, ф. 178, оп. 1, 1760 г., д. 41;
17) ЦГАДА, ф. 178, оп. 1, 1761 г., д. 22;
18) ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 10, 1760 г., д. 7;
19) ЛОИНА, С. 44 (Н 13);
20) ГААО, ф. 394, оп. 1, д. 2203;
21) ГААО, ф. 394, оп. 1, д. 2347;
22) Матенадаран, Архив католикоса, папка 243, док. № 18 (ეს საბუთი მოგვაწოდა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკმა ვაჰრამ მარტიროსიანმა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ).

ალბათ მკითხველი დაინახავს, თუ რამდენად განსხვავდება ჩვენი სია ი. ლორთქიფანიძის სიისაგან (ი. ლორთქიფანიძე ხსენებულ ელჩობასთან დაკავშირებით მხოლოდ ორ საქმეს გაეცნო). ამასთან აქ ჩვენ არაფერს ვლაპარაკობთ დანარჩენ საქმეებზე, რომლებიც არაპირდაპირ გვეხმარებიან როგორც ხსენებული ელჩობის, ისე რუსეთის ქართული კოლონიის ისტორიის საკითხების შესწავლის საქმეში.

ჩამოთვლილი საარქივო საქმეების შინაარსისა და მნიშვნელობის დაწვრილებით მიმოხილვას აღარ გამოვუდგები, ამას მკითხველი შრომიდან დაინახავს, მაგრამ საჭიროდ ვთვლი ზოგიერთი შენიშვნა მაინც გავაკეთო.

ჯერ ერთი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ჩვენ არ დავკმაყოფილებულვართ რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივში (АВПР) რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის უმთავრესი ფონდის ე. წ. «Грузинские дела»-ს შესწავლით (აქ მხოლოდ ძირითადი მასალის ნაწილი აღმოჩნდა), არამედ იმავე არქივში შევისწავლეთ სხვა ფონდებიც, რამაც ცხადყო ის გავლენა, რომელიც მოახდინა საქართველოს მეზობელი (თურქეთი) და ევროპის ქვეყნების პოზიციამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე XVIII საუკ. 60-იანი წლების დასაწყისში.

მეორე, გარდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივისა, საგანგებოდ შევისწავლეთ აგრეთვე სხვა არქივებიც, რომელთაგან რუსეთის სამხედრო ისტორიულმა არქივმა (ЦГВИА) შემოგვინახა საყურადღებო დოკუმენტები რუსეთის სახელმწიფო აპარატის მეორე დიდი უწყების – სამხედრო კოლეგიის საქმიანობის შესახებ ქართლისა და კახეთის გაერთიანებული ელჩობის მიღებასთან დაკავშირებით; მოსკოვის ძველი აქტების არქივში (ЦГАДА) შევისწავლეთ რუსეთის იმპერიის დროებითი უმაღლესი დაწესებულების – მისი უდიდებულესობის კარის კონფერენციის ოქმები, რომლებიც უშუალოდ ხსენებულ ქართულ ელჩობას ეხებოდა, და რესკრიპტების დედნები, რომელთა არასრული შავებიღაა დაცული საგარეო პოლიტიკის არქივში; აზიის ხალხების ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილების (ЛОИНА) ხელნაწერთა განყოფილებაში აღმოჩნდა თანამედროვის ჩანაწერი თეიმურაზ II სიკვდილის შესახებ, ხოლო ასტრახანის ოლქის სახელმწიფო არქივში (ГААО) მივაკვლიეთ ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანებულ ელჩობასთან დაკავშირებული საქმიანი მიმოწერის პირველხარისხოვანი დოკუმენტების დედნებს, რომელთა მხოლოდ არასრული «შავი» პირები და ე. წ. «ოტპუსკებია» დაცული რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივში. გარდა ამისა, ასტრახანის არქივში აღმოჩნდა უნიკალური მასალა ქართველი ტყვეების შესახებ. ასეთია ხსენებულ არქივებში მოპოვებული მასალების შინაარსი. ჩვენ ვიმუშავეთ სხვა არქივებშიც, მაგრამ ამ წიგნში განხილულ საკითხზე ვერაფერს მივაკვლიეთ.

ჩატარებული მუშაობის შედეგად შეგროვილმა მასალებმა გადაგვიშალა აღნიშნულ პერიოდში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკმაოდ ნათელი სურათი, რომელიც მეტად საინტერესო აღმოჩნდა. საინტერესო აღმოჩნდა იგი არა მარტო იმით, რომ ნათლად ჩანს ქართველი პოლიტიკოსების გეგმები, მათი მტკიცე რუსული ორიენტაცია, არამედ იმათაც, რომ რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეთა უმაღლეს დონეზე შეხვედრებში ნათლად გამოჩნდა ძირითად საკითხებზე ორივე მხარის გულახდილობა (რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარეებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, ერთმანეთთან საიდუმლო არაფერი ჰქონდათ, ეს აქ მოტანილი მასალებითაც ცხადი ხდება), საგარეო პოლიტიკის პრობლემებზე ერთნაირი შეხედულება (ოღონდ პრუსიასთან ომი ამჯერად მისი განხორციელებისაგან თავშეკავებას ითხოვდა რუსეთის მხრით); დოკუმენტებმა ცხადყო, რომ ერეკლე და თეიმურაზი საკმაოდ გამოცდილი და წინდახედული დიპლომატები იყვნენ და არა წინდაუხედავნი, დიპლომატიაში გაუწვრთნელნი, როგორც ეს ზოგიერთ მკვლევარს ეჩვენებოდა და დღესაც ეჩვენება; გაირკვა, რომ ერეკლესა და თეიმურაზს ბრწყინვალე დაზვერვა ჰქონიათ.

საჭიროდ მიგვაჩნია შევჩერდეთ საკითხის ირგვლივ არსებულ ლიტერატურაზეც. ამ ბოლო დროს ქ. ასტრახანის შესახებ გამოქვეყნებულ სამეცნიერო თუ პოპულარული ხასიათის შრომებსა და ცნობარებში თეიმურაზ II გვერდს ვერ უვლიან, რადგან იგი ასტრახანის მთავარ კათედრალურ ტაძარშია დასაფლავებული (და იხსენიებენ მას ვახტანგ VI-თან ერთად). ზოგი ავტორი ქართველ მეფეთა ასტრახანში დასაფლავების მიზეზის ახსნას გვერდს უვლის, უბრალოდ აღნიშნავს მხოლოდ ფაქტს (А. В. В о р о б ь е в, Астраханская кремль, Астрахань, 1960, стр. 18). მაგრამ, როგორც ჩანს, საბჭოთა და უცხოელი ექსკურსანტებისა და ტურისტების ცნობისმოყვარეობამ აიძულა ასტრახანელები ქალაქის 400 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საცნობარო კრებულში (რომელიც დოც. ვ. ფ. ფილგუსის რედაქციით დაიბეჭდა) ჩაეწერათ: 

«Успенский собор двухэтажный. Верхний этаж храма высок, полон света. Нижний – мрачен и низок. В нем погребены астраханские иерархи и грузинские цари Вахтанг VI и Теймураз II. Последние выступали за сближение и союз с Россией, приезжали для ведения переговоров о совместной борьбе против Персии, часто совершавшей разорительные набеги и походы на Грузию. Вахтанг VI, вынужденный эмигрировать из Грузии, несколько лет жил в Астрахани и умер в 1737 г. Теймураз II умер в 1760 г. в Петербурге во время переговоров с правительством России. Тело покойного везли в Грузию, но ее территорию захватили турки, и Теймураза похоронили в Астрахани» (По Астрахани и области. Путеводитель для экскурсантов и туристов, Астрахань, 1958 г., стр. 37 /ხაზი ჩვენია – ვ. მ./).

ასე აცნობენ ასტრახანელები იქ ჩასულ ათასობით საბჭოთა თუ უცხოელ სტუმარს ქართველ მეფეთა ასტრახანში დასაფლავების ისტორიას.

როგორც ვხედავთ, მონათხრობი ვახტანგ VI შესახებ შეიძლება მეტისმეტად ძუნწი იყოს, მაგრამ შეცდომებისაგან მაინც დაზღვეულია. რაც შეეხება ცნობის იმ ნაწილს, რომელიც თეიმურაზ II ეხება, იქ არც თარიღია სწორი (თეიმურაზი გარდაიცვალა არა 1760 წელს, არამედ 1762 წლის 8 იანვარს პეტერბურგში) და არც მეფის ასტრახანში დასაფლავების მიზეზია სწორად ახსნილი.

საქმის ნამდვილი ვითარება ასეთი იყო: თეიმურაზს მოასვენებდნენ სამშობლოში, მაგრამ დიდი ამალის მგზავრობა გაჭიანურდა. ამასობაში, მოსკოვიდან გასვლის წინ, ქართველებმა შეიტყვეს, რომ ყაზანიდან სამდინარო გზით უნდა გამგზავრებულიყვნენ, რაც გამოზაფხულბამდე ვერ მოხერხდებოდა. ამიტომ ქართველმა თავადებმა საგანგებო ნებართვა სთხოვეს რუსეთის მთავრობას, რომ, თუ მეფის ცხედრის სამშობლოში წასვენება შეუძლებელი იქნებოდა, ნება დაერთოთ დაესაფლავებინათ იგი ასტრახანში, მისი სიმამრის – ვახტანგ VI გვერდით, რაზედაც თანხმობა მიიღეს (ამაზე ქვემოთ საგანგებოდ შევჩერდებით).

1762 წელს, როდესაც თეიმურაზის ცხედარს პეტერბურგიდან თბილისისაკენ მოასვენებდნენ, აღმოსავლეთ საქართველოს საქმეებს უკეთესი პირი უჩანდა: ქვეყანას განაგებდა სახელმოხვეჭილი სარდალი ერეკლე II, რომელსაც აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სახანოები ემორჩილებოდნენ. ირანის ტახტის მაძიებელი, ცნობილი სარდალი აზატ-ხანი, მეფეს შეპყრობილი ჰყავდა, ხოლო ირანის მმართველი ქერიმ-ხანი ერეკლეს მგობრობას სთავაზობდა; თურქები იმ დროს დასავლეთ საქართველოში გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ და აღმოსავლეთ საქართველოს საქმეებში აშკარა ჩარევისაგან ამჯერად თავს იკავებდნენ (საერთოდ XVIII საუკუნის II ნახევარში თურქებს აღმოსავლეთ საქართველოში არ უბატონიათ). ასე რომ, თეიმურაზის გადმოსვენების შემაფერხებელი მიზეზი საქართველოში თურქთა ბატონობა არ ყოფილა. 

მართალია, წინამდებარე ნაშრომში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სხვა საკითხებიცაა აღძრული, მაგრამ ავტორის ძირითადი მიზანია რუსეთში ქართლისა და კახეთის სამეფოების 1760–62 წლების გაერთიანებული ელჩობის ისტორიის გაშუქება. 

შრომას დართული აქვს დოკუმენტები. მათი მნიშვნელობა რუსეთ-საქარათველოს პოლიტიკური ურთიერთობის საკითხების გაშუქებით როდი იფარგლება, ისინი შუქს ჰფენენ აგრეთვე საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან (ირანთან, თურქეთთან, ოსეთთან და სხვ.) ურთიერთობისა და რუსეთში ქართული კოლონიის ისტორიის საკითხებს. 

დასასრულ, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი წიგნი გამომცემლობისათვის გადაცემული გვქონდა, როცა შესაძლებლობა მოგვეცა გავცნობოდით პროფ. ი. ცინცაძის ნაშრომს «რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან. ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩობა რუსეთში», რომელიც დაიბეჭდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური არქივის «საისტორიო მოამბეში». ნაშრომი წარმოადგენს თეიმურაზ II ელჩობის ისტორიის მოკლე მიმოხილვას (12 გვერდი), რომელსაც დართული აქვს დოკუმენტები (იხ. «საისტორიო მოამბე», 1964. ტ. 18, გვ. 152–265). მართალია, «საისტორიო მოამბის» მე-18 ტომს გამოცემის თარიღად 1964 წელი უზის, მაგრამ ეს ტომი ხელმოწერილ იქნა დასაბეჭდად 1965 წელს (გამოვიდა 1965 წლის შუახანებში), ამიტომ ჩვენი წიგნის ძირითად ტექტსში პროფ. ი. ცინცაძის ზემოთ ნახსენები ნაშრომის გამოყენება ვერ შევძელით და იძულებული ვართ აქ გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრება ამ შრომის შესახებ.

პროფ. ი. ცინცაძის ხსენებულ ნაშრომს ბევრი სიახლე ახასიათებს. აქ მოცემულია ქართულ ნარატიულ ძეგლებში დაცული ძუნწი ცნობების კრიტიკა (გვ. 153), პაპუნა გაბაშვილის წერილის დანიშნულების სწორი ახსნა (გვ. 158), ქართული დოკუმენტების პარალელურად მათი რუსული თარგმანების დაბეჭდვის აუცილებლობაზე მართებული (თუმცა არასრული) მითითება; რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში თურქეთის როლის სწორად (თუმცა არასრულად) წარმოდგენა; რაც შეეხება დოკუმენტების პუბლიკაციას, აქ მკითხველი ბევრ ახალსა და საინტერესო მასალას ეცნობა.

მაგრამ პროფ. ი. ცინცაძის ხსენებულ ნაშრომს აქვს ნაკლიც, რომელთაგან საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ შემდეგი:

1. შესავალი წერილი მეტისმეტად სქემატურია. იქ არც ელჩობის მთლიანი ისტორიაა (თუნდაც მოკლედ) გადმოცემული და არც თანდართული დოკუმენტების საფუძვლიანი შეფასებაა მოცემული თანამედროვე ისტორიოგრაფიის შუქზე (შდრ. გვ. 152–164).

2. ნაშრომი გვერდს უვლის უახლეს საისტორიო ლიტერატურას. მაგალითად, პროფ. ი. ცინცაძე არაფერს ამბობს ი. ლორთქიფანიძის მივლინების ვრცელ ანგარიშზე, რომელიც 1940 წელს დაიბეჭდა (იხ. მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, 1940, ნაკ. II), სადაც აღნიშნულ საკითხზე საყურადღებო ცნობებია მოტანილი და მოცემულია საქმეებისა და საბუთების აღწერილობა. ამის მოუხსენებლობა მით უფრო გაუმართლებლად მიგვაჩნია, რომ პროფ. ი. ცინცაძის ნაშრომი არსებითად არ სცილდება ი. ლორთქიფანიძის მიერ აღწერილ მასალებს (ი. ცინცაძის მიერ გამოყენებული 3 საქმიდან 2 საქმე აღწერილი აქვს ი. ლორთქიფანიძეს). არაფერს ამბობს ავტორი აგრეთვე ასტრახანის შესახებ არსებულ სანობარო ლიტერატურაში დაშვებულ შეცდომებზე.

3. შესავალ წერილში გვხვდება ფაქტიული ხასიათის შეცდომები:

ა) პროფ. ი. ცინცაძე წერს: «თ ე ი მ უ რ ა ზ | მ ე ფ ი ს | რ უ ს ე თ შ ი | გ ა მ გ ზ ა ვ რ ე ბ ა აღმოსავლეთ საქართველოს მმართველ წრეებში 1760 წ ე ლ ზ ე | ა დ რ ე | დ ა გ ე გ მ ი ლ ი | წ ა მ ო წ ყ ე ბ ა | ყ ო ფ ი ლ ა, | მ ა გ რ ა მ | ე რ ე კ ლ ე | მ ე ფ ი ს | პ ი რ მ შ ო | ვ ა ჟ ი შ ვ ი ლ ი ს | გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა ს | ს ა ქ მ ე | ე რ თ ი | წ ლ ი თ | დ ა უ ბ რ კ ო ლ ე ბ ი ა» (გვ. 153). უფრო ქვემოთ: «განა 1759 წელი ან 1760 წელი რუსეთში გასამგზავრებლად ხელსაყრელი წლები იყო?» (გვ. 161) ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებს რომ თავი დავანებოთ, თვით პროფ. ი. ცინცაძის მიერ დაბეჭდილი ორი დოკუმენტი (# 1 და # 19) ცხადყოფს, რომ 1760 წლის 15 იანვარს ცხინვალში ერთმანეთს შეხვდნენ ქართველი მეფეები და გადაწყდა იმავე წლის დიდმარხვის შუა პერიოდში («в половине сего- ე. ი. 1760 წლის – великого поста) თეიმურაზ II გაემგზავრება რუსეთში, მაგრამ ამას მოჰყოლია ერეკლეს ვაჟიშვილის სიკვდილი და საქმე გადადებულა (იქვე, 165). ხოლო 1760 წლის აპრილის შუა რიცხვებში თეიმურაზ II გამგზავრებულა. თვით თეიმურაზ მეფე ასტრახანის ვიცე-გუბერნატორთან საუბარში 1760 წლის 1 ნოემბერს აცხადებდა: «... из Грузии еще в марте месяце отправиться был намерен, но, по случаю смерти внука своего... преставления оспою (коему от роду было 17 лет и был женат), отправлением остановился, после чего уже, в апреле месяце, путь восприял» (იქვე, 188). ასე რომ, თეიმურაზის გამგზავრება შვილიშვილის სიკვდილს მთელი წლით, 1759 წლიდან 1760 წლამდე კი არ გადაუდვია, არამედ 1760 წლის დიდმარხვის შუა პერიოდიდან (მარტიდან) – იმავე წლის აპრილამდე;

ბ) პროფ. ი. ცინცაძე წერს: «თეიმურაზს თორმეტი «ბოჭკა» მაჭარი წამოეღო სამშობლოდან გზაზე სახმარადო». ამასვე იმეორებს ავტორი ქვემოთაც (გვ. 161). როგორც აღინიშნა, თეიმურაზი სამშობლოდან აპრილში გაემგზავრა, ამ დროს კი საქართველოში მაჭარი არ მზადდება. მეფეს 1760 წლის ოქტომბერში ასტრახანში მართლაც ჩაუტანია მაჭარი, მაგრამ იგი საქართველოდან წაღებული არ ყოფილა;

გ) პროფ. ი. ცინცაძე წერს: «უ ყ ო ყ მ ა ნ ო დ | 12 | ა თ ა ს | მ ა ნ ე თ ა მ დ ე | მ ე ფ ი ს (თეიმურაზ II – ვ. მ.) ვ ა ლ ი | გ ა დ ა ი ხ ა დ ა | მ თ ა ვ რ ო ბ ა მ (რუსეთის მთავრობამ – ვ. მ.), ხოლო სათანადო პირებს ქართველი მეფის ამალის სამშობლოში გასტუმრების დაჩქარება ებრძანა» (გვ. 162). სინამდვილეში რუსეთის მთავრობამ თეიმურაზ მეფის ვალების დაფარვაზე კატეგორიული უარი განაცხადა და იგი (ვალი), როგორც მკითხველი ჩვენი წიგნიდან დაინახავს, ქართველებმა ერეკლე მეფისათვის რუსეთიდან საჩუქრად გამოგზავნილი ფულითა და ნივთებით დაფარეს, მეფეს მხოლოდ საჩუქრების სია ჩამოუტანეს.

4. ნაშრომში გვხვდება სადავო დებულებები: ა) პროფ. ი. ცინცაძე წერს: «განა 1759 წელი ან 1760 წელი რუსეთში გასამგზავრებლად ხელსაყრელი წლები იყო? იცოდნენ განა ქართველებმა, რომ ამ წლებში ევროპის ომი მიმდინარეობა?... და თუ ეს ამბები იცოდნენ, გვიკვირს მაშინ ქართველი დიპლომატების გულუბრყვილობა, მეფე თავისი ამალით 12 «ბოჭკა» მაჭრის ამარა უნდა მიდგომოდა იმპერიის სამხრეთი ზღუდის ალაყაფის კარებს და მისი გაღება, მოსაკითხად მისულ სტუმარს, ასე დაჟინებით უნდა მოეთხოვა?» (გვ. 161). ჩვენ ვერ გავიზიარებთ დებულებას XVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი დიპლომატების გულუბრყვილობის შესახებ. ეს შეხედულება ახალი არაა, იგი XX საუკუნის დასაწყისში ზ. ავალიშვილმა გამოთქვა და შემდეგ სხვებმაც გაიმეორეს.

ზ. ავალიშვილი ა. ცაგარელის მიერ განმოქვეყნებულ დოკუმენტებს ემყარებოდა, მაგრამ თვით ა. ცაგარელს სიტყვაც არ დასცდენია ქართველი სახელმწიფო მოღვაწეების გულუბრყვილობაზე. ა. ცაგარელი მოკრძალებით წერდა: «... сведения, сообщаемыя в издаваемых ныне памятниках, могут быть весьма ценными материалами для истории Грузии при условии строгой проверки их современными им известиями, почерпнутыми из грузинских и иностранных источников» (Грамоты, I, стр. XL–XLI). ამას აცხადებდა მკვლევარი, რომელმაც წლების განმავლობაში იმუშავა რუსეთის არქივებში. ჩვენ არ გვინდა დავამციროთ იმ ერთეული, შემთხვევით გამოვლინებული დოკუმენტების მნიშვნელობა, რომლებიც ა. ცაგარელის შემდეგ გამოქვეყნდა (XVIII საუკ. მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ). მაგრამ მათი გადაფასებაც დანაშაული ინებოდა. ა. ცაგარელის შემდეგ ამ საკითხის შესწავლას არქივებში არავინ ჩაჯდომია და მისი მოკრძალებული დასკვნიდან წინ წასვლა ნაადრევად გვეჩვენება.

შეხედულება იმდროინდელ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა გულუბრყვილობის შესახებ, როგორც ზემოთ აღინიშნა, დასაბუთებული ვერ არის და დოკუმენტები, რომლებიც აქ ქვეყნდება, სხვა დიდძალ მასალასთან ერთად, ცხადყოფს, რომ ქართველი მეფეები და დიპლომატები საკმაოდ იყვნენ გარკვეული იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებაში და კარგადაც იცოდნენ, რა ხდებოდა რუსეთში.

ბ) ჩვენ ვერ გავიზიარებთ აგრეთვე პროფ. ი. ცინცაძის იმ დებულებას, თითქოს მ. ვორონცოვთან საუბრის «შემდეგაც ვერ მიხვდა თეიმურაზი, რას ეუბნებოდა კანცლერი» (გვ. 161). თეიმურაზმა და ერეკლემაც კარგად გაიგეს, რაც უთხრა მათ რუსეთის კანცლერმა და სათანადო დასკვნებიც გამოიტანეს, რასაც ცხადყოფს ერეკლეს პოლიტიკა 60-იან წლებში. ამას მკითხველი თვალნათლივ ჩვენი წიგნიდან დაინახავს.

რაც შეეხება დოკუმენტების პუბლიკაციას, მიუხედავად გამოქვეყნებული მასალის დიდი მნიშვნელობისა, მას სერიოზული ნაკლიც ახლავს:

1. პუბლიკაცია სრული არაა, რაც მარტო შრომის მოცულობით კი არაა გაპირობებული (ბუნებრივია, საჟურნალო წერილის დანართში ავტორი ყველაფერს ვერ დაბეჭდავდა), არამედ იმით, რომ პუბლიკაციის ავტორი, ტრადიციის თანახმად, «Грузинские дела»-ს ფონდით შემოფარგლულა და მკითხველისათვის არსებითად უცნობი რჩება თურქეთის პოზიცია საქართველოს საკითხში (ამაზე მხოლოდ არაპირდაპირი მასალით – რუსი დიპლომატების ცალკეული განცხადებით შეიძლება მსჯელობა); ასევე ვერ გაიგებს მკითხველი, დაბრუნდნენ თუ არა ელჩები საქართველოში, როგორ მიიღო ერეკლემ დაბრუნებული ელჩობა; იციან თუ არა ქართველებმა, რომ მათ მზვერავიც თან მოჰყვებათ; რა დასკვნები გამოიტანეს ქართველებმა ელჩობის შედეგებიდან და სხვა მრავალი.

2. პუბლიკაცია ანგარიშს არ უწევს დოკუმენტების გამოცემის «წესებს», ვერ უპასუხებს თანამედროვე ისტორიოგრაფიის მოთხოვნებს.

ა) პუბლიკაციაში დარღვეულია წყაროზე მითითების წესი. თუმცა ავტორისათვის ცნობილია, რომ «ამჟამად ეს ფონდი საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ჩაბარებული და ახალი სახელწოდებით არს აღრიცხული: «Сношения России с Грузией» (გვ. 162), მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქმიდან ყოველი პირველი საბუთის ბოლოში მითითებულია: «Грузинские дела, К–55, № 1», «Грузинские дела, К–56а, 1761 г., № 1», «საქმე _ К–56, № 1»; ხოლო ყოველი საქმიდან მეორე და მომდევნო საბუთი ასეა მითითებული: «იგივე საქმე, ფურცელი». გაუგებარია, რად დასჭირდა გამომცემელს ძველი სახელით მითითება, ან შემდეგ ასეთი უსაფუძვლო შემოკლებანი, რომლებიც დოკუმენტის მოძებნა-შეჯერებას აძნელებს;

ბ) სრულად გამოქვეყნების პრეტენზიით დაბეჭდილ საბუთებს მოჭრილი აქვს თავი (დედნისეული სათაური) და ბოლო (ავტორის ხელრთვა, შედგენის ადგილი და თარიღი) და ეს დედნისეული ძირითადი, მისი კუთვნილი ნაწილები ჩატანილია სქოლიოში, რაც გაუმართლებელია. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა დედნისეული განმარტებანი სქოლიოშია ჩატანილი (იხ. დოკ. # 41), რაც ჩვენ უმართებულოდ მიგვაჩნია.

გ) საბუთების წყაროზე მითითებისას დედნისეული პაგინაცია ზუსტად არაა დაცული. მაგალითად, # 42 დოკუმენტის ბოლოში წყარო ასეა მითითებული: «იგივე საქმე, ფურც. 412». იმ საქმეში (შდრ. АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1762–1764 гг., д. I) სულ 298 ფურცელია დანომრილი (საქმის ნომერი და სახელი შეიცვალა, მაგრამ პაგინაცია არ შეცვლილა) და, ცხადია, ხსენებული დოკუმენტი 412-ე ფურცელი ვერ იქნება, ნამდვილად უნდა იყოს ფურცელი 297;

დ) შეცდომებია დაშვებული დოკუმენტების დასათაურებაში. მაგალითად, # 41 დოკუმენტს სათაური აქვს: «1761 წელი, – თეიმურაზ II-ეს ამალის შემადგენლობა პეტერბურგში ჩასვლის შემდეგ» (გვ. 237) და ბოლოს მითითებული წყარო: «საქმე К–66(8), № 1, ფურც. 43–46. პირი. 1762–1764» (გვ. 240). დავინტერესდით. აღმოჩნდა, რომ გამომცემელს ტექსტისეული (დედნისეული) განმარტებები ყველგან სქოლიოში გაეტანა, ხოლო ბოლოს სქოლიოში წერს: «თეიმურაზ II-ის ამალის ეს სია, პირველი ფურცლის ზემო აშიაზე ასეა დასათაურებული: «Роспись выехавшим из Грузии с покойным грузинским владетелем Теимуразом» (გვ. 240). ე. ი. სია «გარდაცვლილი ქართველი მფლობელის» მხლებლების ნუსხაა. მაშასადამე დოკუმენტი 1762 წლის 8 იანვრის (თეიმურაზის გარდაცვალების) შემდეგ არსებული ვითარების ამსახველია და არა 1761 წლისა, როგორც მას ი. ცინცაძე ასათაურებს (აღსანიშნავია, რომ ის «ზემო აშია» 8 სტრიქონიანი სათაურია, რომელსაც გვერდის 1/3 უჭირავს).

ასევე შეცდომითაა დასათაურებული # 15 დოკუმენტი (გვ. 178), სადაც ყიზლარს მყოფი მეფე ასტრახანში დაბინავებულადაა წარმოდგენილი, რასაც იგივე (# 15) და იქვე დაბეჭდილი სხვა დოკუმენტები (# 18, # 19 და ა. შ.) ცხადყოფს.

3. დოკუმენტების შერჩევას პუბლიკაციაში ნაჩქარევობის კვალი ატყვია. ასე მაგალითად, # 8 დოკუმენტს ი. ცინცაძე ასე ასათაურებს: «1760 წლის მაისი, – საიმპერატორო კართან არსებული «კონფერენციისათვის» წარდგენილი რელაცია თეიმურაზ II და ბესარიონ კათალიკოსის მოსკოვსა და პეტერბურგში საკუთარი ხარჯით გასამგზავრებლად ნებართვის გაცემის შესახებ» (გვ. 172–173). ნამდვილად კი იგი წარმოადგენს პირვანდელ, თვით შემდგენელთა მიერ დაწუნებულ პროექტს, რომელიც ა რ ა ვ ი ს თ ვ ი ს | წ ა რ უ დ გ ე ნ ი ა თ. დოკუმენტის მინაწერში ნათქვამია: «с е и \ р е л я ц и и \ н е \ с о с т о я л а \ и \ в м е с т о \ т о г о \ с о ч и н е н а \ д р у г о е» (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. 1, л. 37). ამ დოკუმენტის დაბეჭდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ მისი საბოლოო რედაქციაც დაიბეჭდებოდა. პუბლიკაციაში არ არის საბოლოოდ დაზუსტებული 1760 წლის 16 ივნისით დათარიღებული ტექსტი (АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1760 г., д. 1, лл. 40–43), რომლიც მოხსენდა «კონფერენციას» 23 ივნისს და მის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. ამ უკანასკნელის საჭიროებაზე გამომცემლისათვის უნდა ებიძგებინა თვით მის მიერვე დაბეჭდილ # 11 დოკუმენტს (გვ. 175), საიდანაც ჩანს, რომ 23 ივნისს იმპერატორი განკარგულებას იძლევა საგარეო საქმეთა კოლეგიის მიერ 16 ივნისს წარდგენილი მოხსენების საფუძველზე.

4. მოიკოჭლებს პუბლიკაციის კორექტურა. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ სიძნელეს, რომელსაც მკვლევარი XVIII საუკუნის ტექსტის გამოცემისას აწყდება და ამიტომ მასზე არ ვჩერდებით, მაგრამ პუბლიკაციაში გვხვდება ისეთი შეცდომებიც, რომლებიც შინაარსს ამახინჯებს. ასე მაგ., # 1 დოკუმენტში დაბეჭდილია: «Сего марта 12 дня Осетинской коллегии архимандрит Пахомии, определенной к той же коллегии...» (გვ. 164). უნდა იყოს «комиссии» (ასეა დედანში) და არა «коллегии». ცნობილია, რომ XVIII საუკუნეში არსებობდა ოსეთის კომისია და არა კოლეგია. იქვეა დაბეჭდილი: «прибывшего в Осетии к Червленскому форпосту» (გვ. 164). დედანშია: «прибывшему из Осетии к Червленскому форпосту». ჩერვლენის ფორპოსტი ყიზლარის ახლოს იყო და არა ოსეთში.


თავი I 

საქართველო XVIII საუკუნის 50-იან წლებში 

VIII საუკუნის შუა ხანებში სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებული საქართველო მტრებით იყო გარემოცული. დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან საქართველოს თურქები უტევდნენ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – ირანელები, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – ლეკები. მაჰმადიანური ქვეყნების ჭარბი ძალებით გარშემორტყმული ქვეყანა ფიზიკური განადგურებისა და ეროვნული თვითმყოფობის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა.

თურქებმა XVI ს. მესხეთი მიიტაცეს, შემდეგ აჭარა, ხოლო XVIII საუკუნეში გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის სამთავროებისა და იმერეთის სამეფოს დაპყრობას შეუდგნენ. 

«...წარმოემართნენ საბრძანებელნი ხონთქრისანი, – სწერდა იმერეთის მეფე ალექსანდრე V რუსეთის იმპერატორს 1732 წელს, – ფაშანი და მთავარნი მათნი და ჩვენი სამზღვრები ზღვით პონტოთ კერძო პირები ციხითა და გოდლებითა აღავსეს და მოუთმენელს ჴარჯს და ტყვეობას ქვეშე დაგვამწყვდიეს...» (Переписка грузинских царей с российскими государями, под ред. Броссе, СПб., стр. 196). იქვე აღნიშნავდა მეფე: «...წარიწირა ცოდვათა ჩვენთათვის და ერისა უმეცრებისათვის ქრისტიანობა ყოველსა საქართველოსა და მივეცენით ქრისტეს სისხლითა მოსყიდულნი ერნი ხარკსა და ზვერსა აგარიანთასა... მონასტერნი არინ სადგურ აგარიანთა და ეკლესიანი იქმნენ ქვაბ ავაზაკთა გვირგვინ-შემოსილნი. კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი არიან ტყვეობასა შინა» (იქვე, 195–196).

XVIII საუკ. 50-იან წლებში დასავლეთ საქართველოს ციხეებში (გონიის, ბათუმის, ფოთის, ანაკლიის, რუხის, სუხუმის, შორაპნის, ბაღდადის, ცუცხვათის, ქუთაისისა) თურქები იდგნენ. ამ ციხეებზე დაყრდნობით თურქები აიძულებდნენ დასავლეთ საქართველოს, როგორც ვასალს, ხარკად ქალ-ვაჟები ეძლია, ან – ფული და ტილო. გარდა ამისა, ქვეყანა ვალდებული იყო თურქებთან ადამიანებით (ტყვეებით) ევაჭრა. «ოსმალთა ხელში ეს ციხეები ტყვის მსყიდველთა ბუნაგებად იქცნენ. ციხისა და მის გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობა თანდათან მაჰმადიანდებოდა. ოსმალები ამ ციხეებიდან ადვილად ერეოდნენ ფეოდალების ურთიერთობაში და ქვეყნის საბოლოოდ დასაპყრობად თანდათან გზას იკვლევდნენ» (ნ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი II, თბილისი, 1965, გვ. 213).

ასეთ რთულ ვითარებაში მთავრები (დადიანი და გურიელი) მეფისაგან დამოუკიდებელნი იყვნენ, ხოლო იმერეთის ძლიერი თავადები – როსტომ რაჭის ერისთავი და ლევან აბაშიძე «მთავრობას იჩემებდნენ» (ნ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი II, თბილისი, 1965, გვ. 213). ამ ფეოდალური არევ-დარევის დროს «წესიერების წარმომადგენელი»* – «მეფის ხელიუფლება უკიდურესად დაცემული იყო»** (*К. Маркс и Ф. Энгельс, Соч., т. XVI, ч. I, стр. 445; **ნ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი, ი. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი, ს. ჯ ა ნ ა შ ი ა, საქართველოს ისტორია, ნაწ. I, 1950, გვ. 393–394).

ასეთი მემკვიდრეობა მიიღო სოლომონ I, როცა იგი მამის (ალექსანდრე V) გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა (1752 წ.).

ტყვის სყიდვის აკრძალვისა და მაჰმადიანობის გავრცელების წინააღმდეგ ენერგიული ბრძოლის გარეშე ქვეყანას დაღუპვა ელოდა; პირველი მას მოსახლეობიდან ცლიდა, მეორე ეროვნული თვითმყოფობის დაკარგვას უქადდა. ახლადგამეფებულ სოლომონ I ეს ორი ამოცანა უნდა გადაეჭრა. მაგრამ სოლომონ I ხელისუფლება 1752 წელსვე აჯანყების მსხვერპლი გახდა. აჯანყებას მეთაურობდნენ მეფის ბიძები, მამუკა და გიორგი ბაგრატიონები, და მეფის დედა (შ. ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე, სოლომონ I მეფობის პირველი პერიოდი /1752–1768/, თსუ შრომები, 1950, ტ. 41, გვ. 73–74). აჯანყებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როსტომ რაჭის ერისთავი და ლევან აბაშიძე.

«რაჭის ერისთავი და ლევან აბაშიძე, – წერდა იმდროინდელი ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი, – დიდის ჯარით იმერელ მეფეზე წამოვიდნენ, სოლომონ მეფეც წამოვიდა ჯარით, შეიყარნენ, შეიბნენ, დაიხოცა ორგნითვე ურიცხვი, ბოლოს რაჭის ერისთავსა და ლევან აბაშიძეს გაემარჯვათ: მეფე სოლომონ გაიქცა, ახალციხის ფაშას შეეხვეწა» (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, იხ. წიგნი საქ. ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1913, გვ. 195 /ქვემოთ: პ. ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი/). ახალციხის ფაშის დახმარებით სოლომონ მეფემ «დაიპყრა კვალად იმერეთი» (ვ ა ხ უ შ ტ ი, საქ. ცხოვრება, II, გვ. 392 /ზ. ჭიჭინაძის 1913 წ. გამოცემა/).

სოლომონ I აჯანყების მეთაურები დასაჯა: მამუკა ბაგრატიონი «გარდმოაგდეს», მამია გურიელი გააძევეს და გურიელობა მამიას უმცროს ძმას – გიორგის უბოძეს (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 208, 232). სოლომონ მეფემ არ დაინდო საკუთარი დედაც კი, რომელიც, როგორც კაპ. ლვოვის ცნობიდან ჩანს, 1770 წელსაც, იმერეთიდნ გაძევებული, სამეგრელოში ცხოვრობდა (Грамоты, I, 362). გარდა ამისა, მეფემ «დაამდაბლა სახლი აბაშიძეთა», მაგრამ «შეიწყნარა ერისთავი როსტომ და დაადგინა ერისთავად» (ს. კ ა კ ა ბ ა ძ ე, წერილები და მასალები საქ. ისტორიისათვის, წ. I, გვ. 91)

ტახტის დაბრუნების შემდეგ მეფემ თავისი მოღვაწეობა «მაჰმადიანობის გავრცელებისა და ტყვის სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო», რითაც თავის მოღვაწეობას «მტკიცე იდეური საყრდენი მოუპოვა: ის ქართველობისათის ბრძოლის მეთაურად გამოდიოდა» (ნ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. II, გვ. 214).

ტყვის სყიდვის – დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ამ საშინელი სენის – შესახებ გვიანდელმა რუსულმა წყაროებმა მეტად საყურადღებო ცნობები შემოგვინახა: «Главный доход как владетельнаго князя, так и всех князей и дворян, – წერდა კაპიტანი იაზიკოვი 1770 წელს, – состоит в продаже обоего пола людей туркам (რა თქმა უნდა, აქ გაზვიადებაა. მაგრამ ასეთი აქცენტირებაც თავისთავად ბევრის მთქმელია), которая и по сие время продолжалась, за что султан князя Мингрельскаго ласкал, даже и жену ево царицею именовал. Простой народ промышляет также оною продажею: ежели мингрелец поймает земляка своего, живущаго в другой деревне, то продает туркам, а ежели имеретинца поймают, то абазинцам и туркам продают же; и для того, кто имеет ружье, тот ни на шаг от своего двора без него не выдет...» (Грамоты, I, 262). იაზიკოვი წერს აგრეთვე: «В Имеретии обычай был продавать и менять на разныя надобности (იაზიკოვი «საჭიროებაში» გულისხმობს ყველაფერს, დაწყებული ცხენითა და გათავებული ხიზილალით) мужеск и женск пол туркам, а как он (სოლომონ I – ვ. მ.) вступил в правление, то продажу и мену оную запретил, от чего зделался им явным неприятелем, а у своих почти у всех князей не любимым, ибо они чрез то лишены стали своих доходов» (Грамоты, I, 191–192).

სოლომონ მეფის პოლიტიკა შეუთავსებელი იყო თურქეთის მთავრობის პროგრამასთან, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის საბოლოოდ დაპყრობას. იგი მიუღებელი იყო აგრეთვე თავადებისათვისაც, რადგან ასეთი პოლიტიკა ამაღლებდა მეფის ავტორიტეტს, ხელს უწყობდა ცენტრალური ხელისუფლების ზრდას; გარდა ამისა, ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვით შემოსავალი აკლდებოდა გადაგვარებულ თავადაზნაურობას. ამიტომ ეს ორი რეაქციული ძალა – შინაური და გარეშე – გაერთიანდა მეფის წინააღმდეგ.

ახალციხის ფაშა, რომელიც ადრე დაეხმარა მეფეს ტახტის დაბრუნებაში, ამჯერად სოლომონ I მოწინააღმდეგეთა მხარეზე დადგა: «... წარვიდა ლეონ აბაშიძე ახალციხეს და მოიცა ძალი ოსმალთაგან და მივიდა აბაშიძე იმერეთს დიდითა სერესკლებითა...» (ს. კ ა კ ა ბ ა ძ ე, წერილები და მასალები..., I, 85). აბაშიძესთან ერთად ფაშის ჯარებთან ყოფილა რაჭის ერისთავიც (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, გვ. 239).

მტრის ჯარი იმერეთში შეიჭრა და ხრესილის მინდორზე დაბანაკდა. სოლომონ მეფემ გაიმარჯვა: «დაუმარცხა იმერეთის მეფემ სოლომონ ურუმის ჯარს, რომ ლევან აბაშიძეს და რაჭის ერისთავს მოეყვანათ მის წასახდენათ, – წერს პ. ორბელიანი, – მოკლეს ლევან, ამოწყვიტეს ჯარი მისი და ურუმნი სულ ხელთ დარჩათ, სამი ფაშები ცოხალნი დაიჭირეს...» (იქვე).

ხრესილის ომი, როგორც შ. ბურჯანაძემ დაადგინა, 1756 წელს მოხდა (შ. ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე, დასახ. ნაშრომი, გვ. 85). იგი «დასაწყისი იყო დასავლეთ საქართველოს გამათავისუფლებელი ომისა» თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ (იქვე).

ხრესილის ომის შემდეგ დიდად ამაღლდა სოლომონ მეფის ავტორიტეტი. 1758 წელს იმერეთის, ქართლისა და კახეთის მეფეებმა თავდაცვითი კავშირი დადეს. პირობაში ნათქვმი ყოფილა: «რომელსაც ქვეყენაში მტერი შემოვიდესო, ერთმანეთს მივეშველნეთო» (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, გვ. 240).

სოლომონ მეფეს კარგად ესმოდა, რომ ეკლესიის დასუსტება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას სცემდა. თურქები გამაჰმადიანების გზით ცდილობდნენ ქვეყნის საბოლოო დაპყრობას. ეკლესია, ბუნებრივია, თურქეთის პოლიტიკას ვერ შეურიგდებოდა, რადგან მრევლის შემცირებით მას შემოსავალი აკლდებოდა. მაგრამ თურქებისა და თავადაზნაურობის მძლავრობის შედეგად ეკონომიურად დაცემულ, პოლიტიკურად შესუსტებულ ეკლესიას ძალა არ ჰქონდა. საჭირო იყო ეკლესიის გაძლიერება, რათა ეს უკანასკნელი აქტიურად ამოსდგომოდა მხარში ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ მეფეს.

ეკლესიის ეკონომიური და პოლიტიკური გაძლიერების მიზნით სოლომონ I 1759 წლის 7 დეკემბერს მოიწვია დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრება, რომელმაც საქუთათლო აღადგინა, მამული და მიმობნეული მრევლი დაუბრუნა და ქუთათლად მაქსიმე აბაშიძე დასვა. საეკლესიო კრების დადგენილებაში ნათქვამი იყო: «... ჟამთა ვითარებისაგან გარცვნილის ეკლესიების განახლება ვინებეთ, რ~ ცოდვათა ჩვენთაგან ქუთათისის ეკლესია ყოვლად წმიდის ტაძარი ჴელთ ეგდო მძვინარეს აგარიანს და მიზეზითა ამით საქუთათლო მამული და სამრევლო მიმობნეულიყო... და ქუთათელი აღარ იჯდა. ახლა ჩვენ ვინებეთ განახლება... დავაჯდინეთ ქუთათელი ისე და ვაკურთხებინეთ ქუთათლად აბაშიძე მაქსიმე და აწ გაწესებთ, რათა... საქუთათლო სახასო მამული სადაც იყოს და ვისაც ჰქონდეს ყველა უკლისად საქუთათლოდ ეგოს... ვინც ამის შემდგომად ქუთათლად დაჯდეს, ყოვლის კაცისაგან შეუცილებელად ჰქონდეს, ამას და შემდგომსა ამისსა უცილებელად, ასე რომ რაც ხელმწიფის სამართალი იყოს, ლაშქრობა, ნადირობა... თორემ სხვა არა ეთხოვებოდეს რა, თვინიერ ქუთათლის უდასტუროდ. არც ძალი და უსამართლობა დაემართოს, არცა ვინ მოურავი და უფროსი დაუდგეს მას მამულშიდა» (ს. კ ა კ ა ბ ა ძ ე, საეკლესიო რეფორმებისათვის სოლომონ I დროს, ტფილისი, 1913, გვ. 4–5)

ამას მოჰყვა სხვა ანალოგიური დადგენილებანიც. კერძოდ, აღადგინეს ხონის ტაძარი, მოაწესრიგეს საგადასახადო სისტემა მრევლში; მეფემ საეკლესიო ყმებს ვალდებულებანი შეუმცირა (იქვე, 7–12).

ბუნებრივია, ეკონომიურად და პოლიტიკურად მომძლავრებულ ეკლესიას მეტი შესაძლებლობა ექნებოდა მხარში ამოსდგომოდა ცენტრალურ ხელისუფლებას, რადგან ეკლესიის მტრები იყვნენ თურქები და საეკლესიო ყმა-მამულის მიმტაცებელი ფეოდალები, რომელთა წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა სოლომონ I; ხოლო სოლომონ I საეკლესიო პოლიტიკა, რამდენადაც იგი ხელს უწყობდა ცენტრალური ხელისუფლებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებას, პროგრესული იყო.

1759 წლის 30 დეკემბერს სოლომონ მეფემ მოიწვია დასავლეთ საქართველოს საეკლესიო და საერო ფეოდალების კრება, რომელსაც ახალციხის ფაშის «სასმენლად საზარო სიტყვის» («ტყვეს თუ არ გაყიდით, არ იქნებაო») პასუხად დაუდგენია: «სანამდის სული გვედგას, ეს საქმე (ტყვის სყიდვა – ვ. მ.) ჩუჱნგან არ იქნეს, არც ამაშიდ ერთმანეთს უსუსტოთ, კიდეც ერთმანეთს მიუდგეთ, კიდეც მეფე სოლომონის მორჩილი და ბძანების აღმასრულებელი ვიქნეთ... ამ საქმეზედ ჩუჱნი თავი არ დავიშუროთ და ამ საქმეშიდ ჩუჱნს ხელმწიფეს მეფე სოლომონს არ გისუსტოთ და არც ამისთანა საშინელი ცოდვა ჩუჱნგან იქნეს...» (Акты КАК, т. I, стр. 56–58).

ტყვის გაყიდვის აკრძალვის ზემოხსენებული დადგენილება, სადაც ეკლესია შეჩვენებით ემუქრებოდა მის დამრღვევს, საინტერესოა იმითაც, რომ სოლომონ მეფეს, როგორც დასავლეთ საქართველოს ხელმწიფეს, მის შესრულებაზე პირობას აძლევდნენ არა მარტო იმერეთის თავადები, არამედ სამეგრელოსა და გურიის მთავრები და თავადებიც, რაც ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მომასწავებელი იყო. იმერეთის მეფე დასავლეთ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლის როლში გამოდიოდა და ქვეყნისათვის ყველაზე მტკივნეული საკითხის გადაჭრას კისრულობდა.

ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ დადგენილება მიღებული იყო ახალციხის ფაშის მოთხოვნის წინააღმდეგ, რაც თურქების გამოწვევასაც ნიშნავდა.

ამ ნაბიჯის უმალვე სოლომონ მეფე ქართლისა და კახეთის მეფეებს შეხვდა ცხინვალში (1760 წლის 15 იანვარს) და რუსეთში ბესარიონ კათალიკოსის გაგზავნა გადაწყვიტა, რათა, ვიდრე თურქეთის პროტესტს მიიღებდა, რუსეთიდან დახმარება მიეღო (ქართლ-კახეთის დახმარება საკმარისი არ იყო თურქების შესაკავებლად); მაგრამ ბესარიონ კათალიკოსის რუსეთში გამგზავრების საკითხი მოიხსნა (საფიქრებელია, რომ რუსეთში ელჩის გაგზავნაზე ხელის აღება მოხდა თურქების შემდგომი გაღიზიანების შიშით და რუსეთის ვითარების გათვალისწინებით; ეს საკითხი საგანგებო შესწავლას მოითხოვს). თურქეთის მთავრობამ ზემოხსენებული კრების დადგენილების გაუქმება და ტყვის ყიდვა-გაყიდვის დაშვება მოითხოვა და, რადგან სოლომონ მეფისაგან უარი მიიღო, უმლვე (1760 წელს) დიდი ჯარი დაძრა დასავლეთ საქართველოს ასაოხრებლად მოლა აბდულა ფაშას სარდლობით.

* * * 

ვახტანგ VI მარცხის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველო თურქთა ბატონობის (1723–1735) მძიმე უღელქვეშ აღმოჩნდა («ოსმალობა»), რომელიც შემდეგ ირანელთა არანაკლებ აუტანელი ბატონობით («ყიზილბაშობა») შეიცვალა. მაგრამ დამპყრობლებმა ვერ შეძლეს თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის წელში გატეხა. ქართველების გმირულმა ბრძოლამ და კახი ბაგრატიონების (თეიმურაზ II, ერეკლე II) მოხერხებულმა პოლიტიკამ აიძულა ნადირ-შაჰი დათმობაზე წასულიყო: 1744 წელს ნადირ-შაჰმა კახეთის მეფე თეიმურაზ II ქართლის მეფედ დანიშნა, ხოლო მისი შვილი ერეკლე II – კახეთის მეფედ; ამასთან, ირანის მბრძანებელმა ხელი აიღო ქართლის გამაჰმადიანების პოლიტიკაზე (1745 წელს თეიმურაზ II ნება დართო ქრისტიანული წესით ასულიყო ტახტზე) და ქართლს დაუბრუნა შაჰ-აბასის მიერ მიტაცებული ლორე, ბორჩალო და ბაიდარი. ცხადია, «... ეს ნადირ-შაჰის წყალობა როდი იყო. ე ს | ი ყ ო | ქ ა რ თ ვ ე ლ თ ა | ა ს ო რ მ ო ც დ ა ა თ წ ლ ო ვ ა ნ ი მედგარი ბრძოლით მონაპოვარი უფლება»*, – წერდა აკად. ნ. ბერძენიშვილი (ნ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი, XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიიდან, მასალები საქ. და კავკასიის ისტორიისათვის, თბილისი, 1944, ნაკ. I, გვ. 210).

1747 წელს ნადირ-შაჰმა მთელ ირანსა და აღმოსავლეთ საქართველოსაც, როგორც საყმო ქვეყანას, დიდი გადასახადი შეაწერა. «ქართლსა და კახეთზე , – წერს იმდროინდელი ისტორიკოსი პ. ორბელიანი, – ორასი ათასი თუმანი დააწერა» (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, დას. გამ., გვ. 127), რაც უცხოელთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგად გაპარტახებული ქვეყნისათვის მეტად მძიმე იყო.

ქართველმა პოლიტიკოსებმა აჯანყება გადაწყვიტეს. მოსახლეობა დახიზნეს და ციხესიმაგრეებში ჯარების თავმოყრას შეუდგნენ; ქართველები ბრძოლისათვის ემზადებოდნენ. პ. ორბელიანის სიტყვით, «ყოველნი მყოფნი ქართლისა და კახეთისანი იყვნენ მზადებაში საომრად და მოელოდენ ჯარსა ყიზილბაშისასა» (იქვე, 129)

განრისხებულმა შაჰმა აჯანყებული ქართველების დასჯა გივი ამილახვარს დაავალა, და 34 ათასიანი ჯარიც ჩააბარა (П. Г. Б у т к о в, Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 год, т. I, СПб, 1869, стр. 231 /ქვემოთ, П. Б у т к о в, Материалы, I/), მაგრამ იგრძნო, რომ გაერთიანებულ ქართლ-კახეთთან ბრძოლა ადვილი საქმე არ იყო, ამიტომ დამსჯელი ჯარი უკან დააბრუნა და ქვეყანას საგადასახადო ტვირთი შეუმსუბუქა, ხოლო მეფეებს «სიტკბოებისა და წყალობის» რაყამი მოსწერა (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, 129–130); გარდა ამისა, შაჰმა ერეკლე მეფე თავისთან დაიბარა. თეიმურაზ მეფემ იცოდა, რომ «სიამტკბილობით» ირანს დაბარებული ქართველი პოლიტიკოსი შეიძლებოდა შაჰის რისხვის მსხვერპლი გამხდარიყო, ამიტომ შვილის მაგივრად თვითონ წავიდა. მაგრამ მეფე ჯერ კიდევ გზაში იყო, როდესაც ნადირ-შაჰი შეთქმულებმა მოკლეს (1747 წლის მაისი). ირანის შაჰის ტახტს შეთქმულების მეთაური, ნადირის ძმისშვილი ალი-ყული-ხანი დაეუფლა ადილ-შაჰის (სამართლიანის) სახელწოდებით (П. Б у т к о в, Материалы, I, 231, 234).

ირანში დაიწყო ბრძოლა ტახტის მაძიებელთა შორის.

აბდულა-ბეგი (გამაჰმადიანებული არჩილ იესეს ძე), რომელიც თეიმურაზ II ირანს გამგზავრების წინ საბარათიანოს გამგედ დატოვა, შეეცადა ირანში შექმნილი მდგომარეობა და იქ თეიმურაზ მეფის გამგზავრება თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. აბდულა-ბეგმა ყიზილბაშ სარდლებთან კავშირი გააბა და ქართლის დაჭერა გადაწყვიტა. ამ მიზნით ჯერ საბარათიანოს თავადები შემოიფიცა, სამშვილდის ციხეს ორი დიდი ბურჯი მიაშენა, ციხეში წყლის აუზი მოაწყო, ორი წლის მარაგიც დააგროვა და ერეკლეს მოსწერა: «მეფე არჩილობით ქართლი ჩემიაო, დამანებეო და შენ კახეთს მიეპატრონეო» (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, 134). ამასობაში აზერბაიჯანში მყოფი ირანელი სარდლებისაგანაც ჯარი მიიღო და თბილისის ციხის ყიზილბაშური გარნიზონის დახმარების იმედით თბილისს მოადგა. აბდულა-ბეგმა ერეკლეს წინადადება მისცა დაეცალა თბილისი.

«განვიდა მეფე ირაკლი მცირედითა მჴედრობითა, ვინაჲთგან მაშინ მცირე ჰყვა მჴედრობაჲ. განვიდნენ ერთისა უკუჱ მჴრითაცა მოქალაქენიცა, რომელთაცა ბრძოლეს ფრიად მჴნედ. იძლივნენ მჴედრობანი სპარსთა და ბარათიანთანი... და უკუნ იქცნენ სირცხვილეულნი» (დ. ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი, ახალი ისტორია, თბ. 1941, გვ. 3). დამარცხებულმა აბდულა-ბეგმა სამშვილდეს შეაფარა თავი.

ერეკლე მეფის მდგომარეობას ის ართულებდა, რომ თბილისის ციხეების ყიზილბაშთა გარნიზონი აბდულა-ბეგს უჭერდა მხარს. ამიტომ აბდულა-ბეგის წინააღმდეგ ბრძოლა თბილისის ციხეებიდან უნდა დაწყებულიყო. ერეკლე მეფე ციხეების გათავისუფლებას შეუდგა. თაბორის კოშკის წინასწარ დაკავების შემდეგ «დიდის ცდით ტფილისის ციხე აიღო მეფე ერეკლემ 436 (1748 წ.) ივლისს 22» (იესე ბარათაშვილის ცხოვრება–ანდერძი, თბილისი, 1959, გვ. 11).

თბილისის ციხეების ყიზილბაშური გარნიზონი ქართველმა მეციხოვნეებმა შეცვალეს. დედაქალაქის ციხეები ქართველობის სამსახურში ჩადგა. აბდულა-ბეგმა ერთი მოკავშირე დაკარგა თბილისის ციხეების გარნიზონის სახით. მალე ხელიდან გამოეცალა მეორე მოკავშირეც – ირანელი სარდალი ამირ-ასლან-ხანი (იგი 1748 წელს იბრეიმ-ხანთან /ადილ-შაჰის ძმა/ ერთად ებრძოდა ადილ-შაჰს; ადილ-შაჰი დაღუპეს, მაგრამ იბრეიმ-ხანმა თავისი მოკავშირეც არ დაინდო, ამირ-ასლან-ხანი გზიდან ჩამოიცილა და თავი შაჰად გამოაცხადა) (П. Б у т к о в, Материалы, I, 234–235). მოკავშირის გარეშე დარჩენილმა აბდულა-ბეგმა ფარ-ხმალი დაყარა. ერეკლე სამშვილდესაც დაეუფლა.

1749 წელს ირანიდან დაბრუნებულ თეიმურაზ II ქართლი და კახეთი ერეკლეს გარჯით ირანელთა ბატონობისაგან ფაქტიურად გათავისუფლებული დახვდა.

ირანში კვლავ გრძელდებოდა ტახტის მაძიებელთა შორის ბრძოლა. 1749 წ. იბრეიმ-შაჰი ნადირის შვილიშვილმა შაჰ-როჰმა შეცვალა (იქვე, 235, 237). ირანის პროვინციების მმართველებმა და სარდლებმა მარჯვე დრო ნახეს თავისი სამფლობელოების გასაფართოებლად. ერთი მათგანი, მაჰმად-ხანი, ერევანს მოადგა. ერევნელებმა ქართველ მეფეებს მოსწერეს: «მაჰმად-ხანი ამ ქვეყანას აოხრებს, თქვენ მოგვეშველენით, ამას მოგვარჩინეთ და თქვენ გმსახურებთო» (ო. ხ ე რ ხ ე უ ლ ი ძ ე, მეფობა ირაკლი მეორისა, იხ. საქ. ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1913, გვ. 251 /ქვემოთ: ო. ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა/).

ყველაფერი ეს საქართველოს საზღვარზე ხდებოდა. ქართველი პოლიტიკოსები მაყურებლის როლში ვერ დარჩებოდნენ. ქართლ-კახეთის ჯარი ერევნისაკენ დაიძრა, მაჰმად-ხანი დამარცხდა. მეფეებმა, დახმარების პირობის თანახმად, ერევნის სახანოს, როგორც საყმო ქვეყანას, ხარკი დაადეს. ჯერ კიდევ ერევნისაკენ მიმავალმა ქართველმა მეფეებმა გზაში განჯის ხანისაგან ცნობა მიიღეს, რომ ფანა-ხანს «შეეყარა ჯარი და გლეჯდა განჯა-ყარაბაღის ქვეყნებსა» (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, 164). განჯელებიც დახმარებას ითხოვდნენ. ამიტომ ერევნიდან ქართველთა ჯარი განჯისაკენ წავიდა. ფანა-ხანი განჯას გაეცალა და განჯის სახანოც საქართველოს საყმო გახდა (1749). ამ ხანებში ნახჭევნის ხანსაც უჭირდა და ქართველი მეფეებისაგან მაშველი ჯარი ითხოვა; ამის გამო ქართლისა და კახეთის გავლენა ნახჭევნის სახანოზეც გავრცელდა (იქვე, 167)

ფანა-ხანმა ზავი მალე დაარღვია და 1750 წელს განჯას მოადგა. მეფეებმა ჩრდილო კავკასიიდან ოსები და ჩერქეზები გადმოიყვანეს, რათა საბოლოოდ შეემუსრათ ფანა-ხანი. მეფეების სერიოზული სამზადისის მიზეზი პ. ორბელიანს ასე აქვს ახსნილი: «... ჯერ პირი მოეცა ფანა-ხანს: «ჩემსა ელს დავჯერდეო და არას ქვეყნას არა უმტრო რაო». ეს პირი გაუტეხა, მერე თუ განჯას ძალით დაიჭერდა, ყაზახ-ბორჩალუსაც მოინდომებდა: ყაენი აღარსად იჯდა მას ჟამში და ამით ბევრს შფოთებს აშლიდა, მერე ქართველნი ყიზილბაშთა საომრად დიდად აღლესილ-იყვნეს...» (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, 168). აქ საკმაოდ მკვეთრადაა ხაზგასმული ის საშიშროება, რაც მოსალოდნელი იყო ფანა-ხანის გაძლიერების შემთხვევაში; მაგრამ ისტორიკოსი არ ივიწყებს იმასაც, რომ პირველი გამარჯვებით წახალისებულ ქართველთა საბრძოლო განწყობილება მაღალი იყო და რომ ქართველი პოლიტიკოსებიც ამიერიდან აღარ ფიქრობდნენ ვინმესთვის დაეთმოთ უპირატესობა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. ასე იბადებოდა ის პირველობა, რაც ქართლ-კახეთმა XVIII საუკუნის 50-იან წლებში მოიპოვა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში და რომელსაც 80-იან წლებამდე წარმატებით ინარჩუნებდა.

1750 წლის თებერვალში მეფეები განჯისაკენ გაეშურნენ. ფანა-ხანმა განჯას ალყა მოხსნა და ყარაბაღისკენ წავიდა. ქართველი მეფეები მისკენ დაიძრნენ. მათ ფანა-ხანი დაამარცხეს, განჯის სახანოს, ფანა-ხანის წინააღმდეგ გაწეული დახმარების გამო, ხარკი გაუდიდეს (ხანმა ხარკის ანგარიშში დათმო შამშადილი, რომელიც ქართლს შემოუერთდა) და გამარჯვებული მეფეები 16 აპრილს თბილისს დაბრუნდნენ (იქვე, 168–174).

ქართლისა და კახეთის სამეფოები ირანისაგან ფაქტიურად დამოუკიდებელნი გახდნენ, ხოლო ირანის ყოფილი პროვინციების ნაწილი ქართლის მორჩილი და მოხარკე გახდა.

იმ დროს, როცა ქართველი მეფეები აღმოსავლეთ ამიერკავკასიის საქმეებს აწესრიგებდნენ და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევდნენ, საკუთარი ქვეყნის მეტად მტკივნეული საკითხი გადაუჭრელი რჩებოდათ.

ის-ის იყო ქართველი მეფეები განჯიდან დაბრუნდნენ, რომ ქვეყანაში ლეკთა შემოჭრის ამბავი შეიტყვეს. ქართველმა პოლიტიკოსებმა იცოდნენ, რომ ლეკთა თარეშის ალაგმვა შეუძლებელი იყო ჭარ-ბელაქნის დაპყრობის გარეშე. ამიტომ «მოინდომეს ქართველთა და კახთა ჩინებულთა კაცთა ჭარზე მისლვა, მეფემან თეიმურაზ და ძემან მისმან ერეკლემ დაამტკიცეს რჩევა ესე...» (იქვე, 181).

მეფეებმა ქართლ-კახეთისა და ყაზახ-ბორჩალუს ჯარები შემოყარეს, განჯის ხანიც დაიბარეს, შაქი-შირვანის ხანი აჯი-ჩალაბიც ჰპირდებოდა ქართველ მეფეებს მეგობრობას, მაგრამ ამ უკანასკნელმა მეფეებს უღალატა (რადგან მისთვის ძლიერი ქრისტიანი მეზობელი სასურველი არ იყო). 1751 წლის 11 თებერვალს ქართველებმა აჯი-ჩალაბთან ომი წააგეს (იესე ბარათაშვილის ცხოვრება–ანდერძი, გვ. 15). ლეკთა საკითხი რთული გადასაჭრელი გამოდგა.

ამასობაში საქართველოს კვლავ ახალი საშიში მტერი მოევლინა – სარდალი აზატ-ხან ავღანი, რომელიც ავღანელთა და უზბეკთა ჯარით თავრიზს დაეუფლა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის დაპყრობას შეუდგა. მან ერევნის დასაპყრობად დიდი ჯარი გაგზავნა. ერეკლე ქართველა ლაშქრით ერევნისაკენ დაიძრა. აზატ-ხანის სარდალმა ერევნის ციხეს ალყა მოხსნა და უკან დაიხია. ერეკლეს ლაშქარი ყირხბულახთან (ერევნიდან 12 ვერსზე) დაბანაკდა. აზატ-ხანი დიდი ჯარით (18–40 ათასი კაცით) მისკენ დაიძრა.

ქართველთა ლაშქრის მცირერიცხოვნობით შეშინებულ დიდებულებს ერეკლე მეორისათვის ურჩევიათ გასცლოდნენ მრავალრიცხოვან მტერს, მაგრამ მეფეს მათთვის ასეთი პასუხი მიუცია: «იცოდეთ მე აზატ-ხანის შეუბმელი არ დავსდგები, ამაღამ რომ გავიქცეთ, ხვალ გზაზედ მოგვეწევიან და უნამუსოდ სიკვდილს ნამუსიანად სიკვდილი სჯობსო...» (ო. ხ ე რ ხ ე უ ლ ი ძ ე, მეფობა ირაკლი მეორისა, 255). მტრის უზარმაზარი არმია ქართველთა ჯარის ირგვლივ რკალს ავიწროვებდა. ერეკლე მეფემ თავის ჯარს ჩამოქვეითება უბრძანა და მტრის ძლიერი რაზმისაკენ წაიყვანა, თან წინადადება მისცა ბრძანების გარეშე თოფი არ გაესროლათ და ცხენებზე არავინ შემჯდარიყო. როცა მტერი ახლოს მოვიდა, ქართველებმა მეფის ნიშანზე მათ ტყვია დაუშინეს, შემდეგ კი ცხენებზე შესხდნენ და მტრის კაფვა დაიწყეს. სამარცხვინოდ დამარცხებული მტერი გაიქცა, ხოლო გამარჯვებულ ქართველებს დარჩათ «24 ზარბაზანი, 200 ზამბულაკი თავისის ასის აქლემით და დროშა მრავალი და ორი ათას ხუთასი კარავი...» (იქვე, 255–257). ეს ბრძოლა მოხდა 1751 წლის ივლისში (საქ. მუზეუმი, ფ. Hd, საბ. II, 508).

ირანის ტახტის მაძიებელმა აზატ-ხანმა თავს გაქცევით უშველა, ხოლო გამარჯვებულ ერეკლეს «დაუდგეს აზატ-ხანის კარავი, დაბრძანდა მეფე ერეკლე მას შინა». ქართველ მეფეს აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ხანები გამარჯვებას ულოცავდნენ (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, 187).

საქართველომ შეინარჩუნა თავისი უპირატესობა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. ერეკლეს სახელი დიდებით შეიმოსა.

აზატ-ხანის დამარცხების შემდეგ ქართველ მეფეებს ისევ ლეკთა საკითხისათვის უნდა მიეხედათ, მაგრამ გამოცდილებით იცოდნენ, რომ ეს საქმე აჯი-ჩალაბიდან უნდა დაეწყოთ (ნ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. II, გვ. 202)

1752 წლის იანვარში ერეკლე და თეიმურაზი განჯას წავიდნენ. შაქი-შირვანის ხანს აჯი-ჩალაბს ერთმორწმუნე ხანები გადაებირებინა. მეფეებმა შეიტყვეს ეს და მოღალატეები დააპატიმრეს, მაგრამ თვით ღალატის ფაქტმა ქართველთა ჯარში დისციპლინა და ბრძოლის უნარი დააქვეითა, რის გამო ქართველები დამარცხდნენ.

აჯი-ჩალაბმა განჯა აიღო, თავისი ერთგული ხანები გაათავისუფლა და ყაზახ-ბორჩალუს თათრებთანაც კავშირი დაამყარა. 

აჯი-ჩალაბის შვილმა აღა-ქიშმა შაქი-შირვანის, განჯა-ყარაბაღის, ერევნისა და ლეკთა ჯარები შემოიკრიბა და 1752 წლის მაისში დადგა ბაიდარში, რომელიც ავაზაკთა ბრბოების სადგურად იქცა. ბაიდარიდან გამოგზავნილი რაზმები აოხრებდნენ სომხით-საბარათიანოს, ხოლო ქართლ-კახეთის სოფლებში ლეკთა ბრბოები დათარეშობდნენ. 

მეფეები მოზღვავებულ მტერთან შესაბმელად მზადებას შეუდგნენ: რევაზ სარდალს სამშვილდეს გამაგრება ებრძანა, თბილისს მოსალოდნელი თავდასხმისაგან მოქალაქეთა სამათასიანი რაზმი იცავდა, ზედგენიძე ჩერქეზეთს გაიგზავნა ჯარის დასაქირავებლად, მეფემ საკუთარი სალაროდან განძეული გამოიტანა და ზარაფხანას გადასცა ფულის მოსაჭრელად, რათა ამით მეტი ჯარის დაქირავების საშუალება ჰქონოდა; ათანასე თბილელი რუსეთს გაიგზავნა (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, 194–196)

ერეკლე თვით მიეგება ჩრდილოეთ კავკასიიდან მომავალ ჩერქეზთა რაზმს, მას სათავეში ჯიმშერ ერისთავი და გივი ამილახვარი ჩაუყენა და თიღვის (ქართლშია) მისაშველებლად გაგზავნა (თიღვს ლეკები შემოსდგომოდნენ), თვითონ ერეკლერ კი კახეთს წავიდა ჯარის გამოსაყვანად. ერისთავმა და ამილახვარმა ლეკები დაამარცხეს და ჩერქეზთა რაზმით თბილისს ჩამოვიდნენ. ერეკლე მეფეც კახეთის ჯარით თბილისს მოვიდა (ო. ხ ე რ ხ ე უ ლ ი ძ ე, მეფობა ირაკლი მეორისა, 258).

1752 წლის 1 სექტემბერს თეიმურაზი და ერეკლე ქართლ-კახეთის ჯარითა და დაქირავებული რაზმებით აღა-ქიშის წინააღმდეგ დაიძრნენ (П. Б у т к о в, Материалы, I, 240). მტერმა გაცლა ამჯობინა, მაგრამ ქართველები მათ ყაზახ-შამშადილის საზღვარზე დაეწიენ და სასტიკად დაამარცხეს (აღა-ქიში შაქს გაიქცა, განჯის ხანი – განჯას), მეფეები ყაზახ-ბორჩალუს საქმეების მოწესრიგებას შეუდგნენ (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, 200–201).

შაქის ხანზე გამარჯვებას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა: საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანებულ მაჰმადიან სახანოთა კავშირი დაიშალა, ხანები ქართველი მეფეების მიმართ მორჩილების გზას დაადგნენ, აზატ-ხანმაც ზავი ითხოვა. «ხუთი წლის განუწყვეტელი ბრძოლის შედეგად ქართლ-კახეთმა უკუაგდო აზატ-ხანი, წარმატებით მოიგერია მეზობელი ხანების გაერთიანებული შემოტევა და უდავოდ ცხადყო თავისი უპირატესობა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში» (ნ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. II, 203).

ამ გამარჯვების შემდეგ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე კარგა ხნით მშვიდობიანობა დამყარდა (ირანში ჯერ კიდევ გრძელდებოდა ტახტისათვის ბრძოლა, ამიტომ გართულებას კვლავაც ელოდნენ), მაგრამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვარი დაცული არ იყო: ლეკთა საკითხი, იმ დროის ურთულესი საკითხი, კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა.

კახეთის მეზობლად მცხოვრები დაღესტნის მთიელი ტომები ყაჩაღური თავდასხმებით ქვეყანას განადგურებას უქადდნენ. ლეკი აბრაგების რაზმები ქურდულად იჭრებოდნენ სოფლებში, იტაცებდნენ ადამიანებს, საქონელს, ნივთებს და კვლავ მთებს აფარებდნენ თავს. უცხოელთა ბატონობის შედეგად გაძვალტყავებული და ქანცგამოცლილი მშრომელი მოსახლეობისათვის, რომელსაც ფეოდალური ექსპლოატაციის მძიმე უღელი ედგა კისერზე, ეს დამღუპველი იყო.

ლეკთა თარეშის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული ოთარ თუმანოვის მიერ 1754–1756 წლებში საქართველოდან გაგზავნილ მოხსენებით ბარათებში (ი. ც ი ნ ც ა ძ ე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები საქართველოდან /1754–1756/, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 1946, ტ. XXVII-B, გვ. 11–30 /ქვემოთ: ი. ც ი ნ ც ა ძ ე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები/). მაგრამ ლეკთა თარეშების მძიმე შედეგები უფრო რელიეფურადაა წარმოდგენილი რუსი ოფიცრის მიერ მოგვიანებით (1770 წელს) გაკეთებულ ჩანაწერებში: «Земля везде хлебородная, – წერდა კაპ. იაზიკოვი 1770 წ., – ...пахать далеко от жилищ их или деревень не могут, боясь нападения лезгин или дагестанцов, кои разбойническим образом на пашнях и полях берут их в полон и продают туркам, кабардинцам и кубанцам... жители в дровах великую нужду претерпевают, ибо за страхом от лезгин не только боятся в лес ездить, но и отойтить от своей деревни на версту, – в таком великом страхе живут, что ни для пашни, ни для другой такой бы то ни было нужды от землянки своей на 50 сажен без ружья не поидет, кажется, что они в младенчестве с молоком страху напились...» (Грамоты, I, стр. 185–186)

მუდმივი თარეშისა და ძარცვა-ტყვევნის პირობებში ნორმალური მეურნეობის წარმოება შეუძლებელი იყო.

მთიელ ყაჩაღთა თარეშის შედეგად მარტო ინტენსიური მეურნეობა კი არ ირღვეოდა, ქართველობას გადაშენება ელოდა. ავაზაკებს ამ მხრივ ხელს უწყობდა სამხედრო-ფეოდალური თურქეთი, რომელიც მონათა ბაზარს წარმოადგენდა. ავაზაკები თურქეთის მონათა ბაზრებს ორი გზით უკავშირდებოდნენ: ჩრდილო-კავკასიიდან – ყირიმის, ხოლო სამხრეთით – ახალციხის საფაშოს გზით. ყირიმის სახანო და ახალციხის საფაშო, თურქეთის აგრესიის ბაზები, წარმოადგენდნენ მონათა ბაზრებსაც და ძირითად კომუნიკაციებსაც შიდა თურქეთის მონათა ბაზრებისაკენ. სანამ თურქეთი ზემოხსენებულ «სავაჭრო» კომუნიკაციებს ინარჩუნებდა და მონათა ბაზრად რჩებოდა, ტყვეების მტაცებლობა, ბუნებრივია, ძნელი ასალაგმავი იყო (მხედველობაში გვაქვს ის ფაქტი, რომ ლეკებისათვის ტყვე ძირითადად გაცვლა-გამოცვლის საგანი იყო). 

მართალია, სახელდახელოდ შეყრილი ქართული ფოდალური ლაშქარი ამარცხებდა ავაზაკებს, მაგრამ ყაჩაღთა თარეშის საბოლოოდ ალაგმვა ვერ ხერხდებოდა. ავაზაკთა რაზმები ღრმა რეიდებს აწყობდნენ ქვეყანაში, სერავდნენ მას ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრიდან სამხრეთ-დასავლეთ საზღვრამდე. წყაროები და თანამედროვენი (პ. ორბელიანი, ო. თუმანოვი) მოწმობენ, რომ XVIII ს. 50-იან წლებში ქვეყანამ არ იცოდა არც ერთი მშვიდობიანი წელი.

ქვეყნის საგარეო მდგომარეობის გართულების პირობებში მათი თარეში ჩვეულებრივ ძლიერდებოდა. მართალია, ლეკებს დაპატიჟება არ სჭირდებოდათ, მაგრამ საქართველოს მტრები თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის მარჯვედ იყენებდნენ მათ (XVIII ს. II ნახევარში: ახალციხის ფაშა, აჯი-ჩალაბი). უცხოელთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგად ერკონომიურად დასუსტებულ ქვეყანას რომელსაც მუდმივი ჯარისა და კორდნების შექმნის შესაძლებლობა არ ჰქონდა, საკითხის მოგვარება არ შეეძლო.

გარდა წვრილი ყაჩაღური თარეშებისა, ლეკებმა მე-18 საუკუნის 50-იან წლებში მოაწყვეს მსხვილი ლაშქრობებიც, რომლებიც, – აკად. ნ. ბერძენიშვილის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, – «ლეკიანობის» «ჩვეულებრივი» ხასიათისაგან განსხვავდებიან.

1754 წელს ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი ლეკთა დიდი ჯარით შილდის თავს მოვიდა, თან «მუქარა მოეთხოვა ქართლსა და კახეთს დავიჭერო» (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, 211). მეფეებმა მოსახლეობა ციხესიმაგრეებში დახიზნეს. ერეკლემ კახეთის ჯარი შემოიკრიბა და თელავის ციხეში დადგა. ნურსალ-ბეგი კახეთში შეიჭრა, «გამოიარა ქუნძახის ბატონმა გაღმა-მხარზე, დაწვა ზოგიერთი ალაგები, გამოვიდა ალაზანს, მოვიდა, დაწვა რუის-პირი, აიყარა, ავიდა, დაწვა ახმეტა, გაიარა, ავიდა გაგნაკორას (ალბათ, ძაგნაკორა). ქართველი ბატონი ჯერ არ მიბძანებულიყო და მარტო კახეთის ჯარით კახი ბატონი ვერ შეება» (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, 212). მტერმა გადალახა არაგვი, «შემოუშვა ჯარი არაგვის ერისთვის მამულში, დაწვეს, აიკლეს, ააოხრეს, ანანურს აქეთ აღარსად-რა გაუშვეს-რა წაუხდენელი: მივიდნენ დუშეთს, დაწვეს სასახლე ერისთვისა, შებილწეს მონასტერი, ჩამოხდენ იქ დიდი ნაშოვრით... აიყარა ხუნძახის ბატონი დუშეთიდამ თვესა აგვისტოსა ი (10), გარდმოვიდა, შემოაყენა ჯარი ციხესა მჭადიჯვრისასა...» (იქვე, გვ. 212). ქართული წყაროები ნურსალ-ბეგის ჯარის რიცხვს არ ასახელებენ. მიუთითებენ მხოლოდ, რომ «ხუნძახის ბატონი კაის დიდებით წამოსულიყო, რაც ლეკობას გაეწყობოდაო» (იქვე, გვ. 213).

ყიზლარის მცხოვრები ქართველი (?) თამაზოვი, რომელიც გარემოცვის დროს მჭადიჯვრის ციხეში ყოფილა, იუწყებოდა, რომ ლეკებს 6 ათასი კაცი ჰყავდათ და ციხე 8 დღეს ჰქონდათ გარემოცული; მათ სცადეს ციხის კედლების აფეთქება, რათა ციხეში შეჭრილიყვნენ, ორ ადგილას საამისო ცდა კიდეც ჩაატარეს, მაგრამ მეციხოვნეებმა რამდენჯერმე გამოხდომა მოაწყვეს და 200-მდე კაცი მოუკლეს. ამასობაში ერეკლე და თეიმურაზი 5 ათასიანი ჯარით მოეშველნენ ციხესო (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 240, д. 22, л. 12).

კაპიტან ოთარ თუმანოვის ცნობით, ხუნძახის ბატონი, რომელსაც «სამი ათასამდე ლეკი ჰყვანდა», 12 აგვისტოს დუშეთსა და ბაზალეთს მიხდომია, შემდეგ მჭადიჯვრის ციხეს შემოდგომია; 16 აგვისტოს ერეკლე კახეთიდან 2000 კაცით მოსულა და თეიმურაზ მეფესთან ერთად 19 აგვისტოს შებმია ხუნძახელებს. 460-მდე კაცი მოუკლავთ ლეკებისა (ი. ც ი ნ ც ა ძ ე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები, გვ. 18).

პ. ორბელიანის ცნობით, ერეკლემ ჯარჯით დატვირთული ურმები გაუშვა წინ, ამ საფარით მტერს მიუახლოვდა და სასტიკად დაამარცხა (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, 214).

რუსული წყაროების ჩვენებით, ლეკებმა ბრძოლაში 500-ზე მეტი კაცი დაკარგეს, ხოლო ქართველების დანაკარგი უმნიშვნელო ყოფილა (ЦГВИА, ф. 20, оп. 47, св. 240, д. 22, л. 12). მოტანილი ცნობები ძირითადა ემთხვევა და ავსებს ერთმანეთს.

დამარცხებულ ნურსალ-ბეგს გზადაგზა კახელებიც დაესხნენ თავს და სარდალი შერცხვენილი დააბრუნეს დაღესტანს.

ამ დიდ გამარჯვებას ლეკთა თარეში არ აულაგმავს. «გარნა არა დასცხრნენ ლეკნი კვალად ქურდულად რბევად ქართლისა და კახეთისაო», – წერს ო. ხერხეულიძე (ო. ხ ე რ ხ ე უ ლ ი ძ ე, მეფობა ირაკლი მეორისა, 259). ოთარ თუმანოვიც ამასვე გვაუწყებს (ი. ც ი ნ ც ა ძ ე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები, 16–30).

1755 წელს ნურსალ-ბეგი კვლავ დიდი ჯარით მოადგა საქართველოს, ყვარლის მთაზე დადგა და ამიერკავკასიის ხანებსა და ჭარელებს დახმარება სთხოვა. აჯი-ჩალაბის შვილი და კაკის სულთანი თავიანთი ჯარებით მოვიდნენ, ჭარელებიც იყვნენ, განჯის ხანმაც ჯარი გამოუგზავნა და ეს უზარმაზარი ჯარი ყვარლის ციხისაკენ დაიძრა (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, 222; ი. ც ი ნ ც ა ძ ე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები, გვ. 22–23). ო ხერხეულიძე გვაუწყებს, რომ ყვარლის ციხესთან მტერმა 23 ათასი კაცი მოიყვანაო (ო. ხ ე რ ხ ე უ ლ ი ძ ე, მეფობა ირაკლი მეორისა, 260). ო. თუმანოვის ცნობით კი ყვარლის ციხეს ლეკები 18 ათასი კაცით შემოდგომიან 30 აგვისტოს (ი. ც ი ნ ც ა ძ ე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები, გვ. 23). სანამ ნურსალ-ბეგს მოკავშირეები შეუერთდებოდნენ, მეფეებს სამზადისი ჩაუტარებიათ. მოსახლეობა ციხეებში დაუხიზნავთ ოთხი თვის მარაგით. ერეკლეს კახეთის ჯარი თელავს მოუყვანია. თეიმურაზი კი, როგორც წყაროები მოწმობს, ზემო ქართლში წასულა, იქ «შემოიყარა ჯარი ქართველთა, რომ იარაღის ამღები აღარავინ დააგდო შინა»; მივიდა ახალგორს, სადაც ქსნის ერისთავი და ბარათაშვილი შეუერთდნენ, და წავიდა ანანურისაკენ, სადაც ერეკლეს ცნობას უნდა დალოდებოდა (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, 222)

მეფეები ჩერქეზებისაგან დამხმარე ჯარს ელოდნენ, მაგრამ ჯარი ვერ მიიღეს, ამიტომ მრავალრიცხოვან მტერთან პირისპირ შებმა მიზანშეუწონლად ჩათვალეს. ამავე დროს ლეკებმა ყვარლის ციხეს ისეთი «მაღალი საფრები შეუკრეს გარედან, რომ შიგ ციხეში თოფს ჩაისროდნენ». მეციხოვნე ჯარს უჭირდა, ამიტომ აუცილებელი იყო მათი სურსათითა და საჭურვლით მომარაგება და გამხნევება, რომ წინააღმდეგობა გაეგრძელებინათ, რადგან ყვარლის ციხის დაკარგვით ხომ ქვეყანას «გაღმა-მხარი» ეკარგებოდა, რაც მთელ კახეთს საფრთხეს უქმნიდა (იქვე, 223–224).

ერეკლე მეფემ წინადადებით მიმართა ჯარს: «რომელიც ინებებს და თავისის გულოვნებით მინდობით წარვალს და შევალს ციხესა ყვარლისასა... თავის გარჯასა და თავს არ დაზოგავს, ჩვენც სამუფქმოდ ამ წყალობას უზომოდ (უზამთო). თავადის შვილს თავის შესაფერს სახელოს და რომელსაც თავის მუნასიბსა და სამსახურსა მამულსა შემოგვიკვეთს, წყალობას უზამთო და აგრეთვე აზნაურ-შვილს და გლეხს კაცს, კაცზე ოთხს თუმანს, ორს საკომლო მამულსა და სითარხნეს მივსცემთო» (იქვე, 224). გამოვიდნენ ვაჟკაცები და მეფის დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს – მაშველი ჯარი ალყაშემორტყმულ ციხეში შევიდა (მეფემ შემდეგ დაპირება შეასრულა და გმირები დააჯილდოვა. შდრ. საქ. სიძველენი, ტ. I, ე. თაყაიშვილის რედაქციით, საბ. # 189). გარდა ამისა, მეფემ ქიზიყში მარჯვე ცხენოსნები შეარჩია და ჭარს შეუსია. ამის გამო ნურსალ-ბეგს ჭარელები ჩამოსცილდნენ. ქართველთა შიშით კაკის სულთანიც მათ გაჰყვა. მალე თვით ლეკებს შორის ჩამოვარდა უთანხმოება და ყვარლის ალყაც მოიშალა (ყვარლის ალყის საინტერესო ცნობები შემოგვინახა კაპიტანმა ოთარ თუმანოვმა, იხ. ი. ც ი ნ ც ა ძ ე, დას. ნაშრ., გვ. 23). ნურსალ-ბეგმა ომი წააგო და ისევ ძველ ნაცად გზას დაადგა – სოფლებს საძარცვავად ავაზაკთა რაზმები შეუსია.

ლეკთა თარეშები მომდევნო წლებშიც ინტენსიური ჩანს (პ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი, ამბავნი ქართლისანი, 223–240).

მართალია, ლეკებს «საქართველოს ერთი დაკვრით გაოხრება» არ შეეძლოთ, მაგრამ «ლეკიანობა მისი ჩვეულებრივი სახით მართლაც რომ მოთხრას უქადდა ქვეყანას» (ნ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. II, გვ. 207).

აქ მოტანილი ცნობები ნათლად მეტყველებს, თუ როგორი დაძაბული ვითარება იყო საქართველოში XVIII საუკუნის 50-იან წლებში, რამდენი მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა ქართველ ხალხს. ცხადია, უცხო მოძალადეთა წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის მთელ ძალებს ნთქავდა და შეუძლებელს ხდიდა საშინაო პოლიტიკის დარგში დიდი ღონისძებების გატარებას ქვეყნის ეკონომიური და კულტურული აღორძინების ხაზით. ძალაუნებურად საშინაო პრობლემები უკანა პლანზე დგებოდა. მიუხედავად ამისა, კულტურული საქმიანობა ქვეყანაში ამ ძნელ პირობებშიც არ წყდებოდა. ამის უტყუარი საბუთია 1756 წელს თბილისის სემინარიის დაარსება.

ქართველმა სახელმწიფო მოღვაწეებმა კარგად იცოდნენ, რომ ქვეყნის «აღდგომისა და გამოხსნისათვის» საჭირო იყო მისი გაერთიანება, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება და ეკონომიური ხასიათის ფართო ღონისძიებანი. მაგრამ საგარეო ფაქტორი პირუკუ მოქმედებდა: ჯერ ერთი, წარმოების განვითარებისა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის ასათვისებლად XVIII საუკუნის 50-იან წლებში არც კადრები იყო, არც მატერიალური რესურსები და არც ხელსაყრელი საგარეო პირობები (60–80-იანი წლების ამბები მოწმობს, თუ რა სიძნელეს ქმნიდა საგარეო პირობები ქვეყნის ეკონომიური აღორძინების გზაზე).

მეორე, ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ძალების დასაყრდენს უცხო ქვეყნები წარმოადგენდა (ამაზე მეტყველებს მთელი გვიანფეოდალური ხანის საქართველოს ისტორია).

მესამე, საქართველოს გაერთიანება, სოციალ-ეკონომიკურ ფაქტორებს თავი რომ დავანებოთ, საგარეო პირობების მიზეზითაც შეუძლებელი იყო: აღმოსავლეთი საქართველო ირანის გავლენის სფეროს ეკუთვნოდა, დასავლეთი საქართველო კი თურქეთის სავასალო ქვეყანა იყო.

დასასრულ, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს გაერთიანების შემთხვევეშიც კი მისი მოსახლეობა, 1770 წლის მონაცემებით, ½ მილიონზე ნაკლები იყო (XIX ს. დასაწყისშიც ასეთივე სურათი გვაქვს), მაშინ როცა ამავე პერიოდში თურქეთი ახერხებდა ½ მილიონიანი არმიის გამოყვანას. ლეკები ხომ თურქეთისათვის დიდ რეზერვს შეადგენდნენ. გარდა ამისა, შინაპოლიტიკური ბრძოლის მიუხედავად, ირანსაც დიდი რეზერვები გააჩნდა. ამიტომ საქართველოს ძლიერი მოკავშირე და მფარველი ესაჭიროებოდა.


თავი II 

რუსეთის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრობლემები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XVIII საუკუნის 50-იან წლებში 

XVIII საუკუნის 50–60-იან წლებში რუსეთი მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი მძლავრი სახელმწიფო იყო. პეტრე I დროს გატარებულმა რეფორმებმა და ბალტიის ზღვით ევროპასთან დაკავშირებამ ისეთი ბიძგი მისცა რუსეთის შემდგომ დაწინაურებას, რომ XVIII საუკუნის 50–60-იანი წლების რუსეთში მანუფაქტურული წარმოება საკმაოდ წინ წავიდა. ასე მაგალითად, თუ 1725 წელს რუსეთში 140 მანუფაქტურა იყო (Очерки истории СССР, XVIII век, вторая четверть, Москва, 1957, стр. 100), XVIII საუკუნის 60-იან წლებში მსხვილი საწარმოების რიცხვმა 663-ს მიაღწია (მათ შორის: საფეიქრო წარმოების ხაზით – 231, მეტალურგიული – 182, დანარჩენი – 250); 1767 წელს რუსეთის მსხვილი საფეიქრო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 2774,3 ათას მანეთს შეადგენდა, ხოლო მსხვილი მეტალურგიული საწარმოებისა – 2875,9 მანეთს (Очерки истории СССР, XVIII в., вторая половина, Москва, 1956 г., стр. 109). განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთის წარმატებანი მეტალურგიის დარგში (რკინისა და თუჯის წარმოება), რომელზედაც დიდად იყო დამოკიდებული ქვეყნის სამხედრო პოტენციალი. თუჯის გამოდნობის მხრივ ფეოდალურმა რუსეთმა XVIII ს. მეორე ნახევარში ინგლისსაც კი გაუსწრო (1700 წელს რუსეთი ადნობდა 2459 ტონა თუჯს, ინგლისი – 12 000 ტონას; 1720 წელს რუსეთი – 10 000 ტონას, ინგლისი – 17 000 ტონას; 1750 წელს რუსეთი – 32 000 ტონას, ინგლისი – 22 000 ტონას; 1760 წელს რუსეთი – 60 050 ტონას, ინგლისი – 27 000 ტონას) (Там же, стр. 101; С. Г. С т р у м и л и н, История черной металлургии в СССР, т. I, М., 1954, стр. 204). საერთოდ, XVIII საუკ. მეორე ნახევარში რუსეთი თუჯის გამოდნობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.

ქალაქების ზრდამ და საგარეო ბაზართან დაკავშირებამ შემდგომში ბიძგი მისცა რუსეთის სოფლის მეურნეობის განვითარებას. გაიზარდა სასაქონლო წარმოებაც.

XVIII საუკ. მეორე ნახევარში რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა საკმაოდ დიდი იყო. მაგალითად, 1762 წელს რუსეთმა გაიტანა 12 762 ათასი მანეთის საქონელი, შემოიტანა – 8162 ათასი მანეთისა (Очерки истории СССР, XVIII век, вторая половина, стр. 127). როგორც ვხედავთ, რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 20 მლნ მანეთს გადააჭარბა. ბალანსიც აქტიურია (ასეთი თანაფარდობა XVIII საუკუნის II ნახევარში საერთოდ არ დარღვეულა). ამასთან, რუსეთი მარტო სოფლის მეურნეობის ნაწარმის გამტანი როდია: საგარეო ვაჭრობაში სამრეწველო ნაწარმის ხვედრითი წონა 45 %-მდე აღწევდა. მაგალითად, 1750 წელს გატანილ იქნა 1236 ათასი ფუთი რკინა, 1760 წელს – 1118 ათასი ფუთი. რუსეთი იყო ინგლისის გემთმშენებლობისათვის რკინის, ტილოსა და ხე-ტყის ძირითადი მიმწოდებელი. XVIII საუკუნის 50–60-იან წლების მიჯნაზე რუსეთიდან ინგლისში ყოველწლიურად გაჰქონდათ დაახლოებით 846 ათასი ფუთი რკინა, 809 ათასი ფუთი კანაფი, 84 ათასი ფუთი სელი (იქვე, 126–127).

რუსეთს ჰყავდა კარგად შეიარაღებული რეგულარული არმია, რომელიც შიშის ზარს ჰგვრიდა ევროპის დიდ სახელმწიფოებს, რაც ნათლად გამოჩნდა შვიდწლიან ომში.

XVII საუკუნის II ნახევარში რუსეთთან უკრაინის შეერთების შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო საზღვარი შავი ზღვის სანაპიროებს მიუახლოვდა, მაგრამ რუსეთი შავ ზღვას მოწყვეტილი იყო, რადგან უშუალოდ შავი და აზოვის ზღვების სანაპირო ზოლი თურქეთსა და მის სავასალო ყირიმის სახანოს ეჭირა, რომლებიც რუსეთს შავ ზღვაზე გასასვლელს არ აძლევდნენ. გარდა ამისა, რუსეთის სამხრეთი საზღვარი ღია ველზე გადიოდა, ბუნებრივი პირობებით დაუცველი იყო, ამიტომ რუსეთსა და უკრაინაზე თათართა ყაჩაღური თავდასხმები არ წყდებოდა. რუსეთის უზარმაზარ სახელმწიფოს არ შეეძლო თავისი მდინარეების შესართავებსა და ზღვაზე გასასვლელს მოწყვეტილი დარჩენილიყო, დაეტოვებინა იგი მომთაბარე თათართა ხელში. მარქსი წერდა: «Россия не могла оставлять... устья Дона, Днепра и Буга и Керченский пролив в руках кочевых татарских разбойников» (კ. მარქსის ციტატა ამოღებული გვაქვს წიგნიდან: История СССР, т. I, М., 1947, стр. 542). ეს დიდი ამოცანა ჯერ კიდევ XVII საუკუნის ბოლოს დასვა რუსეთმა თავისი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში, მაგრამ რთული საერთაშორისო ვითარების გამო მისი გადაჭრა შეუძლებელი გახდა. მართალია, პეტრე I 1696 წელს აზოვის სიმაგრის დაკავებით გარკვეულ წარმატებებს მიაღწია (შდრ. Договоры России с Востоком, политические и торговые, собрал и издал Т. Юзефович, СПб, 1869 г., стр. 1–11), მაგრამ პრუტის მარცხიანმა ლაშქრობამ (1711 წ.) ეს წარმატებანი არარად აქცია (შდრ. იქვე, გვ. 11–15).

XVIII საუკუნის 30-იან წლებში თურქეთთან ომში წარმატებებმაც ვერ უზრუნველყო რუსეთის გასვლა შავ ზღვაზე. ბელგრადის ზავმა მხოლოდ ნაწილობრივ წასწია რუსეთის სახელმწიფო საზღვარი სამხრეთით (შდრ. იქვე, გვ. 15–24). ასე რომ, შავ ზღვაზე გასვლის პრობლემა XVII ს. ბოლოსა და XVIII ს. I ნახევარში ვერ გადაწყდა. იგი XVIII ს. II ნახევრის რუსეთის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრობლემად რჩებოდა.

რა თქმა უნდა, შავი ზღვის პრობლემის დღის წესრიგში დასმა ნაკარნახევი იყო არა მარტო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ნორმალური ეკონომიური განვითარების ამოცანებით, არამედ, აგრეთვე, გაბატონებული კლასის მისწრაფებითაც – ხელში ჩაეგდო ახალი მიწები.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო რუსეთისათვის კასპიის ზღვის პრობლემა. მართალია, XVI საუკუნის II ნახევარში რუსეთმა შეძლო კასპიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დამკვიდრება, რაც რუსეთს ირანთან და ინდოეთთან ურთიერთობისათვის გზას უხსნიდა, მაგრამ ირანში მიმდინარე გაუთავებელი შინა ფეოდალური ომები საგრძნობლად აფერხებდა რუსეთის ვაჭრობას როგორც ირანთან და კავკასიის ქვეყნებთან, ისე ინდოეთთან; ამიტომ რუსეთი მიისწრაფოდა კასპიის ზღვის დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე დასამკვიდრებლად.

კასპიისა და შავი ზღვის სანაპიროებზე დამკვიდრებისათვის რუსეთს კავკასიაში სტრატეგიული პლაცდარმი და ერთგული მოკავშირე ესაჭიროებოდა, ასეთს კი იგი ქრისტიანულ საქართველოში ხედავდა. ამიტომ იყო, რომ XVI საუკუნიდან მოყოლებული, თვით რუსეთი არაერთგზის გამოსულა ქართულ სახელმწიფოებთან კავშირის დამყარების ინიციატორად.

ქართველი სახელმწიფო მოღვაწეებისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში მძლავრ და იმ დროის კვალობაზე კულტურულად დაწინაურებულ რუსეთს კავკასიაში თავისი პოლიტიკური ინტერსები გააჩნდა, ამიტომ მათ ორიენტაცია კვლავ რუსეთზე აიღეს. კახი ბაგრატიონებისათვის (ერეკლე, თეიმურაზი) ისიც კარგად იყო ცნობილი, რომ ქართველ პოლიტიკოსთა რუსულ ორიენტაციას (XVI საუკუნიდან დაწყებული) არაერთგზის მოჰყოლია მძიმე შედეგები (ალექსანდრე კახთა მეფის ტრაგედიას რომ თავი დავანებოთ, თეიმურაზ II ქართლის ტახტზე ხომ ვახტანგ VI რუსული ორიენტაციის მარცხის წყალობით აღმოჩნდა). მაგრამ მტრული ძალებით გარშემორტყმულ ქვეყანას ხსნის სხვა გზა არ ჰქონდა, როგორი სახიფათოც არ უნდა ყოფილიყო იგი. ამიტომ, როგორც კი ნადირ-შაჰის მოკვლის შემდეგ საქართველოდან ირანელები განდევნეს და მეზობლები დააწყნარეს, ერეკლე II და თეიმურაზ II 1752 წელს საგანგებო ელჩობა გაგზავნეს რუსეთს ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის მეთაურობით (ი. ც ი ნ ც ა ძ ე, ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში, საქ. სსრ შსს საარქივო სამმართველოს «საისტორიო მოამბე», 1952, ტ. 6, გვ. 85–175).

პროფ. ი. ცინცაძის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით ცნობილია, რომ 1752 წლის 27 მაისით დათარიღებული წერილით თეიმურაზ II და ერეკლე II ასტრახანის გუბერნატორს აუწყებდნენ: ათანასე თბილელი და სიმონ მაყაშვილი გამოვგზავნეთ ხელმწიფესთან «მოციქულად და ჩვენი საიდუმლო სიტყვა ვარწმუნეთ», შენგან «კეთილის ყოფას მოველით», რომ სამეფო კარზე ადრე წარავლინოო (იქვე, 141).

1752 წლის 25 დეკემბერს ქართველი ელჩები ვიცე-კანცლერ მ. ვორონცოვს წარუდგნენ და იმპერატორისადმი მისართმევი თხოვნა გადასცეს (იქვე, 147). ხოლო 1753 წლის 17 აპრილს სიმონ მაყაშვილმა მოხსენებითი ბარათი წარუდგინა კანცლერ ა. პ. ბესტუჟევ-რიუმინს (იქვე, 148).

მეფეების წერილსა და მაყაშვილის მოხსენებით ბარათში მოკლედ არის გაშუქებული საქართველოს მაშინდელი მდგომარეობა და ჩამოყალიბებულია ქართველი მეფეების თხოვნა რუსეთის მთავრობისადმი.

კერძოდ, ქართველი მეფეები აუწყებენ რუსეთის მთავრობას, რომ «ამას ჟამსა არღარავინ არს უსჯულოთა მეფეთაგანი უფალი ჩვენზედა» (ე. ი. საქართველო დამოუკიდებელიაო) და დადგა «ჟამი გამოხსნისა ჩვენისა და დღე აღდგომისა ჩვენისაო», «დასდევ ჴელი შენი ძლიერი და მაღალი ჩვენზედაო» (იქვე, 140). მეფეები საქართველოს მძიმე ვითარებას აცნობებდნენ რუსეთის მთავრობას და, როგორც ოდითგანვე საქართველოს მფარველს, დასასრულს აუწყებდნენ: ჩვენს ვედრებას ათანასე მიტროპოლიტი და თავადი სვიმონი მოგახსენებენო (იქვე, 140, 141). სიმონ მაყაშვილის მოხსენებით ბარათში ქართველ მეფეთა თხოვნა ასეა ჩამოყალიბებული:

1. ქართველი მეფეები რუსეთისაგან ითხოვენ დამხმარე ჯარს, რათა ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და სპარსეთის ქალაქები დაიჭირონ;

2. მეფეები ითხოვენ ფულს საკუთარი ჯარის შესანახად, ან – საჭირო შემთხვევაში ჯარის დასაქირავებლად;

3. ქართველი მეფეები რუსეთის მთავრობას სთხოვენ გააფრთხილოს ლეკები, არ დაესხნენ თავს საქართველოს (იქვე, 148, 149).

როგორც ვხედავთ, ქართველ მეფეებს გადაწყვეტილი ჰქონიათ ესარგებლათ ირანში შექმნილი ვითარებით და რუსეთის დახმარებით «გამოეხსნათ» და «აღედგინათ» საქართველო. მაგრამ მაშინ რუსეთის მთავრობის ყურადღების ცენტრში დასავლეთის პრობლემა იდგა. ცენტრალურ ევროპაში გაძლიერებული პრუსიის მეფე ფრიდრიხ II ფართო მტაცებლური გეგმით გამოდიოდა, რუსეთის დასავლეთ საზღვარზე საშიში ვითარება იქმნებოდა. რუსეთის კანცლერი ა. პ. ბესტუჟევ-რიუმინი პრუსიაში რუსეთისათვის ყველაზე საშიშ ძალას ხედავდა და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ფრთები შეეკვეცა პრუსიის მტაცებლური გეგმებისათვის (Очерки истории СССР, XVIII век, вторая половина, стр. 324). ასეთ ვითარებაში ქართველი მეფეების თხოვნას ვერ გამოეხმაურნენ, რადგან კავკასიაში წარმატებისათვის სპარსეთის სისუსტე საკმარისი არ იყო, რუსეთის გამოსვლას (როგორც გამოცდილებამ ეს ცხადყო) თურქეთი გულგრილად ვერ შეხვდებოდა, ხოლო თურქეთთან დაპირისპირების დრო, რუსეთის მთავრობის აზრით, ჯერ არ დამდგარიყო.

ელჩობა უშედეგოდ დამთავრდა. ქართველ მეფეებს მცირე საჩუქრები გამოუგზავნეს და მომავალში დახმარებით დააიმედეს.

მართალია, ქართველ მეფეებს თხოვნაზე უარს უთვლიდნენ, მაგრამ ეს როდი ნიშნავდა, რომ რუსეთის ინტერესი საქართველოსადმი შენელებული იყო. პირიქით, იმის გასაგებად, თუ როგორ შეხვდებოდნენ ქართველი მეფეები ელჩობის შედეგებს, ან როგორი იქნებოდა მათი ორიენტაცია, 1754 წელს საგანგებო მზვერავი მოავლინეს საქართველოში კაპიტან ოთარ თუმანოვის სახით, რომელსაც ავალებდნენ:

1. როდესაც ელჩობა საქართველოში დაბრუნდებოდა, შეეტყო: ... «удовольствуются ли они (ქართველი მეფეები – ვ. მ.) здешним ответом и останутся ли к здешней стороне преклонными? или не станут ли себе помощи и протекции искать у турков? И так, точно о том поведав, при надежном случае, в Коллегию иностранных дел обстоятельно доносить. 2. Особливо же надлежит вам доставать частые и верные ведомости о персидских происхождениях и не будут ли иногда какия движения от турков к границам или внутрь Персии в таком намерении, чтоб настоящими тамо замешательствами, когда шахом никто еще совершенно не утвердился, пользоваться и некоторыми землями завладеть» (ი. ც ი ნ ც ა ძ ე, კაპიტან ოთარ თუმანოვის მოხსენებითი ბარათები, გვ. 13).

როგორც ვხედავთ, რუსეთს საქართველოს დაკარგვა და თურქეთის გაძლიერება აშინებდა, მაგრამ დასავლეთის ამბები წინა პლანზე წამოიწია და ამიტომ რუსეთს საქართველოსათვის დროებით არ ეცალა.

ო. თუმანოვის მისია, რომლის წყალობითაც რუსეთის მთავრობა 2 წლის განმავლობაში (1754–56 წ.წ.) მუდამ ინფორმირებული იყო საქართველოში რუსეთის ორიენტაციის ურყეობის შესახებ, იმასაც ცხადყოფდა, თუ რაოდენ დიდი იყო რუსეთის დაინტერესება საქართველოს საკითხით. მეორე მხრივ, ეს მისია, რაც (ჩვენს ხელთ არსებული არაპირდაპირი მასალებით) ქართველებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, თავისებური იმედი იყო ქართველებისათვის, რომ რუსეთი საქართველოს უყურადღებოდ არ დატოვებდა. ამიტომ 1760 წლის იანვარში რუსეთში ახალი ელჩობის გაგზავნის გადაწყვეტა ქართველი პოლიტიკოსებისათვის უსაფუძვლო არ უნდა ყოფილიყო (რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე 50-იან წლებში «მასალების» I წიგნში საგანგებოდ მოგვიხდება შეჩერება, ამიტომ აქ ამ სქემატური მონახაზით ვკმაყოფილდებით).

(გაგრძელება იხ. ნაწილი II)

ბლოგისთვის მასალა მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment