(წერილი სრულად ბლოგზე გამოქვეყნდა 2012 წლის 9 მაისს /09.05.2012/. მისი პირველი ნაწილი, ნახევარზე ცოტათი ნაკლები, დათმობილი აქვს რელიგიურ და ზნეობრივ თემებს, ხოლო მეორე ნაწილი კი – მთლიანად სამხედრო თემატიკას, ანუ საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და მისდამი დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა დამოკიდებულებას. ქვემოთ სწორედ ეს მეორე ნაწილი მინდა ხელმეორედ შევთავაზო მკითხველის ყურადღებას)
ახლა მინდა უკვე საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის კუთხითაც შევეხო ჩვენი ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის საკითხს. როგორც ადრეც მითქვამს, 1999 წლის გაზაფხულამდე მეც, ისევე როგორც ბევრი სხვაც საქარველოში, გახლდით პროდასავლური ორიენტაციისა და დასავლეთისადმი ჩემი გულწრფელი სიმპათიების საფუძველზე და ამ განწყობის ხელშეწყობით, ვიკვლევდი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, უპირატესად კი მის სახმელეთო ჯარებს, ვკითხულობდი რუსულად თარგმნილ დასავლურ მემუარულ და კვლევით ლიტერატურას მეორე მსოფლიო ომზე, ვუყურებდი მხატვრულ, სატელევიზიო და დოკუმენტურ ფილმებს, საიდანაც ასევე ვიღებდი ცოდნას თანამედროვე სამხედრო საქმეში, მის ისტორიაში და სხვა.
1999 წლის იანვრის მიწურულს თუ თებერვალში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, შედგა საჯარო სხდომა რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ურთიერთობათა შესახებ, სადაც ძირითადი მომხსენებელი გახლდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე საგარეო ურთიერთობებში, გრიგოლ ქათამაძე. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო ხელმძღვანელობა არ მოდის გულწრფელ და კონსტრუქციულ ურთიერთობებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, არც თანამშრომლობაზეო. ისინი ხან უარს გვეუბნებიან ასეთ თანამშრომლობაზე, ხანაც დაგვთანხმდებიან, მაგრამ შემდეგ თავიანთ პირობას არღვევენ ისევ უარი გამოდისო. ამიტომ ასკვნიდა, რომ არ ღირდა რუსეთთან ასეთ თანამშრომლობაზე იმედების დამყარება და საჭირო იყო დასავლეთთან, სახელდობრ აშშ-თან ამ ურთიერთობების უფრო მეტად განვითარება. იმხანად ასეთ შეხედულებას მეც ვიზიარებდი და ამ მხრივ არ მქონია წინააღმდეგობა მომხსენებელთან. მაგრამ მე მაწუხებდა ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ისევე ალბათ როგორც სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებში, ძალზედ დიდი იყო პირადი გამორჩენის მიზნით, ჩაწყობით მისულ ადამიანების ხვედრითი წილი სხვადასხვა საკვანძო თუ მეორეხარისხოვან თანამდებობებზე, რაც განაპირობებდა ცოდნისა და საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულების სერიოზულ დეფიციტს, მეტი რომ არ ვთქვათ. და იმ სხდომაზეც ეს აშკარად გამოიკვეთა.
როდესაც გრიგოლ ქათამაძე შეეხო, სახელდობრ, აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილის საკითხს, მან თქვა, რომ რუსებს გუდაუთასთან, ბომბორას აეროდრომზე, “რაღაც საჰაერო” აქვთო. მაგრამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თუნდაც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, მის უშუალო საჭიროებაში შემავალ ტერმინოლოგიას ასე უდიერად და უმეცრად არ უნდა მოჰკიდებოდა, არამედ თავი უნდა შეეწუხებინა იმის შესწავლისთვის, რომ ეს სამხედრო ნაწილი “რაღაც საჰაერო” კი არ იყო, არამედ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი. მაგრამ ეს არ იყო მთავარი ამ საკითხზე მის მოხსენებაში. შემდეგ მან განაცხადა, რომ ჩვენ რამდენჯერმე შევთავაზეთ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს, რათა მას ებრძანა ამ საპარაშუტო-სადესანტო პოლკისთვის, რომ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გაშლილიყო და შეექმნა პირობები იქ ქართული მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნებისთვისო. აღნიშნული გენერალი (ამ სამხედრო ოლქის სარდალი) კი გვპასუხობდა: მე მესმის თქვენი გულის ტკივილი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს პოლკი მე მექვემდებარება მხოლოდ ოპერატიულად და ამიტომ მისთვის ასეთი ბრძანების მიცემის უფლება მე არ გამაჩნიაო. და იქ შეკრებილი მთელი საზოგადოება, საპარლამეტო კომიტეტის თავჯდომარის, რევაზ ადამიას ჩათვლით, ამას საქმიანად და გულდასმით უსმენდა; და სწორედ ამაშია მთელი უბედურება.
საქმე ის არის, რომ მანამდე მე, რუსული სამხედრო პერიოდიკის გაცნობისა და პარლამენტისთვის ჯერ კიდევ 1994 წელს ნაშრომის “აშშ შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოები” მომზადებისას (ეს უკვე გამოვაქვეყნე ბლოგზეც) ვიცოდი, და ვწერდი კიდევაც, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში არის დაქვედებარების ორი ხაზი – ადმინისტრაციული და ოპერატიული. ადმინისტრაციული დაქვემდებარება ითვალისწინებს შემდეგ სფეროებს: შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, შეიარაღება, საბრძოლო მომზადება, შეიარაღებათა ახალი სისტემების შემუშავება და სხვა მისთანანი; ოპერატიული დაქვემდებარება კი გულისხმობს შეიარაღებული ძალების საბრძოლო გამოყენების სავარაუდო გეგმების შემუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში მათ განხორციელებას. ამიტომ შეიარაღებული ძალების ადმინისტრაციული დაქვემდებარების სტრუქტურაში აშშ-ში ჩართული არიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ისე სამოქალაქო პირებიც, ხოლო ოპერატიული დაქვემდებარების სტრუქტურაში, რომელსაც თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტი ახორციელებენ, ჩართული არიან მხოლოდ სხვადასხვა რანგის შტაბები და მათში მომსახურე ოფიცრები, მხოლოდ სამხედრო პირები. მეტ-ნაკლებად ანალოგიური სისტემა მოქმედებს სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების მართვაშიც, ასევე რუსეთისა.
ამრიგად, როდესაც ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი იმით ირიდებდა თავიდან 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკისთვის ბრძანების მიცემას აფხაზეთში დევნილების უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის ხელის შეწყობაზე, რომ ეს პოლკი მას მხოლოდ ოპერატიულად ექვემდებარებოდა, იგი იტყუებოდა იმ იმედით, რომ მისი ქართველი ოპონენტების (დავით თევზაძის, გრიგოლ ქათამაძის, რევაზ ადამიასა და ძმათა მათთა) უმეცრების გამო ეს ტყუილი გაუვიდოდა და შერჩებოდა. და ეს ასეც ხდებოდა. რაც ასევე მეტად საყურადღებოა, მე მანამდეც მქონდა საქმიანი ურთიერთობები უფრო მეტად გრიგოლ ქათამაძესთან, რომელსაც დროებით მივეცი მანამდე პარლამენტისთვის ჩემს მიერ მომზადებული ნაშრომები გასაცნობად, და რამდენიმე თვის განმავლობაში, ამ სხდომამდე, ეს ნაშრომები ჰქონდათ თავდაცვის სამინისტროში და უნდა შეესწავლათ ისინი. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი საკითხია. გარდა ამისა, ყველა ეს თანამდებობის პირი, როგორც ვიცით, ახლოს იყო დაკავშირებული სამხედრო სტრუქტურების მთელ რიგ თანამშრომლებთან, მაღალი რანგის ოფიცრებთან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, პენტაგონსა და ნატო-ს ბლოკის ევროპულ სარდლობაში, გარდა ამისა, მათ უახლოესი თანამშრომლობა ჰქონდათ ჩრდილოატლანტიკური კავშირის წამყვანი ქვეყნების ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან საქართველოში. და რატომ მოხდა ის, რომ ამდენი კომპეტენტური და თავისი საქმის მცოდნე სამხედრო პირისგან, პოლკოვნიკებისა და გენერლებისგან ვერც ერთმა ვერ მოიფიქრა, რომ სამხედრო საქმისა და შეიარაღებული ძალების მართვის ეს ანა-ბანა აეხსნა და გაეგებინებინა მათი ქართველი “მეგობრებისთვის”? ანუ არ ყოფილან ისინი ჩვენი მეგობრები, არამედ “ცხვრის ტყავში გახვეული მგლები” ყოფილან, რაც ჩემთვის იმხანად მეტად გულსატკენი აღმოჩენა გახლდათ. ამ დასკვნას ადასტურებს ისიც, რომ დავით თევზაძე, თავდაცვის მინისტრად მის დანიშვნამდე, წელიწადნახევრის განმავლობაში სწავლობდა ამერიკულ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში; წავიდა აქედან პოლკოვნიკის წოდებით და ღებულობდა განათლებას საგენერლო თანამდებობის დასაკავებლად. და ასეთი კურსის გავლის შემდეგაც მან არ იცოდა ის, თუ რას ნიშნავს ადმინისტრაციული და ოპერატიული დაქვემდებარება შეიარაღებულ ძალებში. კი მაგრამ, რას ასწავლიდნენ მას ამ შემთხვევაში ამერიკელები? ხოლო თუ ეს საკითხი გამორჩათ, ან მოსწავლემ კარგად ვერ გაიგო, მოგვიანებით, უკვე მისი მინისტრობის დროს, რაღატომ არ უწევდნენ სათანადო კონსულტაციებს? თანაც ბევრს ალბათ ემახსოვრება, რომ სწორედ ამ დროს საქართველოში საქმიანობდა ნატო-ს ბლოკიდან სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი, ბრიტანელი გენერლის სერ ჰარი ჯონსონის ხელმძღვანელობით. განა მათ კი არ შეეძლოთ, რომ ასეთი საკითხები აეხსნათ თავიანთი ქართველი კოლეგებისთვის, თუ კი ისინი მართლა მათი კოლეგები და ჩვენი ქვეყნის გულწრფელი მეგობრები იყვნენ? შეეძლოთ, და მეგობრობის წეს-ადათი ავალებდათ კიდეც, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, რაც სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.
მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მეტი უბედურება გამოვლინდა იმ სხდომაზე. სახელდობრ, მთელი 1998 წლის განმავლობაში მე ვსწავლობდი საქართველოს გარშემო რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯარების განლაგებას, ვხაზავდი შესაბამის რუკებს საველე არმიებისა და საარმიო კორპუსების შტაბების, დივიზიების, ბრიგადების, პოლკებისა და ცალკეული ბატალიონების, ბომბდამშენი და მოიერიშე საავიაციო პოლკების განლაგების აღნიშვნით, საიდანაც შეიძლებოდა ამ სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სავარუდო მიზნებისა და გეგმების თაობაზე გარკვეული დასკვნების გაკეთება. სახელდობრ, რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების განლაგების რუკიდან აშკარად იკვეთებოდა შემდეგი სურათი: 1998 წლის დასაწყისში აღნიშნული სამხედრო ოლქის ჯარების ყველაზე უფრო მსხვილ ოპერატიულ გაერთიანებას წარმოადგენდა 58-ე საველე არმია, რომლის შტაბიც განლაგებული იყო ქ. ვლადიკავკაზში, საქართველოს საზღვართან მახლობლობაში. გარდა ამისა, სამხედრო ოლქის ჯარების ორი ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთიდან, 67-ე ცალკეული საარმიო კორპუსის შტაბი ნაჩვენები იყო ქ. კრასნოდარში, ხოლო მე-8 ცალკეული კორპუსისა – ქ. ვოლგოგრადში. თავისთავად ერთი საველე არმიისა და ორი ცალკეული საარმიო კორპუსის არსებობა რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების შემადგენლობაში სულაც არ იყო გასაკვირი ან საგანგაშო, მაგრამ 58-ე არმიის შტაბის განლაგება ქ. ვლადიკავკაზში, საქართველოს საზღვართან ასე ახლოს, უკვე, ჩემი აზრით, შემაშფოთებელი იყო. იმხანად აღნიშნული საველე არმიის შემადგენლობაში შედიოდა 19-ე მოტომსროლელი დივიზია (ქ. ვლადიკავკაზში) და ორი ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ბუდიონოვსკსა და ბუინაკსკში). მაგრამ, როგორც სამხედრო საქმის სხვა ქართველ მკვლევართაგან ვიცოდი, ომიანობის დროის შტატებით, ტიპიურ რუსულ საველე არმიაში უნდა შედიოდეს ექვსი საბრძოლო დივიზია (მოტომსროლელი და სატანკო), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები. რაკი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ინარჩუნებდა არმიის შტაბს, ამიტომ იგი, ბუნებრივია, საჭიროების შემთხვევაში ვარაუდობდა მის სრულად გაშლასაც; მაგრამ არმიის შტაბი წარმოადგენს არმიის ტვინს და ამიტომ მას ჩვეულებრივ განალაგებენ ხოლმე უფრო სიღრმეში, საიდანაც იგი ხელმძღვანელობს საბრძოლო შენაერთებისა და ცალკეული ნაწლების მოქმედებებს. ვინაიდან ამ შემთხვევაში არმიის შტაბი რუსულ სარდლობას განლაგებული ჰყავდა თითქმის თავის საზღვართან, ამიტომ გონივრული იყო გვევარაუდა, რომ აღნიშნული ექვსი დივიზიის გაშლასა და მოქმედებებს რუსული სარდლობა გეგმავდა უკვე ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოშიც.
ასეთ შემთხვევაში უკვე გასაგები იყო, თუ რატომ იქცეოდნენ რუსი სამხედროები ისე უცნაურად და არამეგობრულად ჩვენდამი, როგორც აღწერა გრიგოლ ქათამაძემ. თუკი ისინი აქ ომს ვარაუდობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, და საქართველოს ამ ომში თავიანთ მოკავშირედ ვერ აღიქვამდნენ, მაშინ რატომღა უნდა ყოფილიყვნენ ისინი ჩვენდამი სამეგობროდ და სათანამშრომლოდ განწყობილები? იმხანად ჩემთვის რუსეთი იყო ტრადიციულად დამპყრობელი და აგრესიული სახელმწიფო და იმ სხდომაზე, ასევე რუსული (საბჭოთა) სამხედრო პერიოდიკის ტერმინოლოგიის მოშველიებით განვაცხადე, რომ 58-ე არმია არის დამრტყმელი მუშტი, მომართული სამხრეთისკენ, ხოლო 67-ე და მე-8 ცალკეული კორპუსები კი იფარავენ ამ მუშტის ზურგსო (შემომაწიეს სიტყვა – ფლანგებსაცო). მართალია, ასეთ შეფასებაში ეჭვს ბადებდა ის გარემოება, რომ აღნიშნული სამხედრო ოლქის ჯარების შემადგენლობა არ იყო ისეთი ძლიერი, რათა მის სარდლობას შეტევით მოქმედებებზე ეფიქრა და ეზრუნა, მაგრამ 58-ე არმიის შტაბის ასეთი მდებარეობა აშკარად იწვევდა შეშფოთებას. ამავე დროს მე ვნახე, რომ ასეთი შეფასება მოულოდნელი და ახალი იყო როგორც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელობისთვის, ისე თავდაცვის მინისტრის მოადგილისთვისაც. და აქ შეგვიძლია ისევ მივუბრუნდეთ ზემოთ მოყვანილ მსჯელობას იმის თაობაზე, თუ რატომ არ ასწავლეს ამერიკულ და სხვა დასავლურ სახედრო-სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა რანგის ქართველ ოფიცრებს ის ელემენტარული, რაც ასე აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობისთვის, ან შემდეგ რატომღა არ უწევდნენ მათ სათანადო კონსულტაციებს? და ეს ფიქრები მოდიოდა აღნიშნული სხდომის შემდგომ დღეებში, თუმცა კი მათ არ შეეძლოთ ჩემი მაშინდელი პროდასავლური და პროამერიკული ორიენტაციის სერიოზულად შერყევა, და ამავე დროს უფრო მეტი სასაყვედურო მქონდა იმ ქართველი მოხელეების, გენერლებისა და ოფიცრებისადმი, რომელთაც საკუთარი სამშობლოს თავდაცვის საქმე უბრალოდ “კარმუშკად” ანუ “სახრავად” ჰქონდათ გადაქცეული და მხოლოდ საკუთარ ანგარებიან სარგებელზე თუ ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ.
ამავე დროს, თუკი მანამდე საქართველოს გარშემო არსებულ სამხედრო-სტრატეგიულ ვითარებას ვსწავლობდი მხოლოდ 1997-1998 წლების მონაცემების მიხედვით, შემდგომ ეტაპზე დადგა უკვე 1990-1991 წლებთან მათი შედარებისა და პროცესების დინამიკაში დანახვის საჭიროება. საამისოდ ხელთ გამაჩნდა სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოცემა The Military Balance 1991-92. სწორედ მისი ინფორმაციის შედარებით ამავე ინსტიტუტის უფრო გვიანდელ გამოცემებთან ან სულაც უკანასკნელ The Military Balance 1998-99-თან, იძლეოდა იმის საშუალებას, რომ თვალი მიგვედევნებია დინამიკაში საქართველოს გარშემო ამ წლებში მიმდინარე სამხედრო-სტრატეგიული ცვლილებებისთვის (ეს გამოცემები ყოველწლიურად მოდიოდა ლონდონიდან “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში”, რომელთანაც იმხანად კარგი საქმიანი ურთიერთობები მქონდა, ვინაიდან მე თავადაც პროდასავლური განწყობისა გახლდით). ამ შედარების შედეგად გამოირკვა, რომ ნატო-ს ბლოკის ქვეყნების დიდმა უმრავლესობამ, ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დაიწყო თავისი სამხედრო ხარჯების, შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების შემცირება, თურქეთი კი განაგრძობდა თავისი სამხედრო ხარჯების ზრდას და მისმა ამ მაჩვენებელმა, 1990 წლის 5 მლრდ. ამერიკული დოლარის ნაცვლად 1997 წელს უკვე 8 მლრდ. დოლარს გადააჭარბა, როცა ვნახე, თუ რა ცვლილებები მოხდა ამ გაწეული ხარჯების სანაცვლოდ თურქეთის შეიარაღებაში, აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, უკვე გვარიანად მოძველებული M-47 ტიპის 523 საბრძოლო ტანკის ნაცვლად, რომლებიც მოხსნილ იქნენ შეიარაღებიდან, თურქეთის სახმელეთო ჯარებმა მიიღო 1179 შედარებით უფრო ახალი და უკეთესი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების მქონე ტანკი, მათ შორის 932 ამერიკული M-60A1/A3 და 247 გერმანული “ლეოპარდ-1A1/A3”, ხოლო შეიარაღებაში არსებული ასევე მოძველებული ამერიკული M-48A1/A2 ტიპის 1130 ტანკიდან 896 თურქებმა განაახლეს M-48A5 მოდიფიკაციამდე, ხოლო დანარჩენები კი ასევე მოხსნეს შეიარაღებიდან; ამ ღონისძიებების შედეგად, თუკი 1991 წელს თურქეთის შეიარაღებაში არსებული 3783 საბრძოლო ტანკიდან მხოლოდ 2130 იყო შედარებით უფრო თანამედროვე (1980 M-48A5 და 150 “ლეოპარდ-1A3”), ხოლო 1653 კი მოძველებული (523 M-47 და 1130 M-48A1/A2 ტიპების), 1998 წელს უკვე ყველა 4205 საბრძოლო ტანკი ამ შედარებით უფრო თანამედროვე ტიპებისა გახლდათ: 2876 M-48A5, 932 M-60 (658 A3 და 274 A1), 397 “ლეოპარდ-1” (170 A1 და 227 A3).
ამრიგად, სახეზე იყო საბრძოლო ტანკების ფარეხის არა მხოლოდ ხარისხობრივი გაუმჯობესება, არამედ ამ უმჯობესი ნიმუშების მნიშვნელოვანი რაოდენობრივი ზრდაც – 2130 ერთეულიდან 4205 ერთეულამდე, და ეს იმ ფონზე, როდესაც ამიერკავკასიაში უწინდელი 10 საბჭოთა დივიზიისა და 12 ცალკეული ბრიგადა/პოლკის ნაცვლად იდგა მხოლოდ ოთხი სამხედრო ბაზა (თბილისში, ბათუმში, ახალქალაქსა და გიუმრიში /ყოფილი ლენინაკანი, სომხეთი/), ხოლო შავი ზღვის სრუტეების ზონაში კი ბულგარეთი და რუმინეთი უკვე აღარ მოიაზრებოდნენ მოსკოვისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოებად და თურქეთს სამხედრო მუქარას აღარ უქმნიდნენ. ასევე მოხდა თურქეთის მოჯავშნული საბრძოლო მანქანების ხარისხობრივი და რაოდენობრივი განახლება YPR-765 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და YPR-765 და M113A1/A2 ტიპების ჯავშანტრანსპორტერების ხარჯზე; თვითმავალი საარტილერიო დანადგარების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განსაკუთრებით 203,2 მმ ყალიბის ჰაუბიცების M-110A2 ხარჯზე; 227 მმ ყალიბის ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების MLRS გამოჩენა, რომელთა მოდერნიზაციაც 2000 წელში მოახდინეს ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვებად (სროლის სიშორე 190 კმ-მდე, მიზანში მორტყმის მაღალი სიზუსტე); AH-1W/P “ქინგ-კობრას” ტიპის დამრტყმელი (საცეცხლე მხარდაჭერისა და ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენების გამოჩენა, რომლებიც მანამდე სრულებით არ ყოფილა თურქული არმიის შეიარაღებაში; თურქებმა ასევე მოახდინეს გამანადგურებელ-ბომბდამშენი და გამანადგურებელი ავიაციის ფარეხის განახლება ამერიკული F-4D და F-16 C/D ტიპის თვითმფრინავების ხარჯზე (შეიარაღებიდან მთლიანად მოხსნეს F-104 სერიის მანქანები, რომლებსაც მანამდე დასავლეთგერმანელი პილოტები, მათი ხშირი ავარიულობის გამო, “მფრინავ კუბოებს” უწოდებდნენ და მკვეთრად შეამცირეს F-5A გამანადგურებლების რაოდენობა), და სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახომალდო შემადგენლობის ძირფესვიანად გადახალისება დასავლეთგერმანული 209 ტიპის წყალქვეშა ნავებისა და MEKO 200 ტიპის მრი ფრეგატების, აგრეთვე ამერიკული “ნოქსისა” და “ოლივერ ჰ. პერის” ტიპის მრი ფრეგატების ხარჯზე (მრი ნიშნავს იმას, რომ ხომალდი აღჭურვილია ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარებით, ამ შემთხვევაში ამერიკული “ჰარპუნებით”).
ყოველივე ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც რუსეთი განიცდიდა სერიოზულ საფინანსო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძნელეებს და უბრალოდ არ შეეძლო უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება, რაც გამორიცხავს მინიშნებას თურქეთის თავდაცვით აუცილებლობაზე მისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მილიარდობით დოლარის შესაბამისი სახსრების დახარჯვის გამო საკუთარი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით. თანაც თურქეთი უკანასკნელ ადგილზე იმყოფებოდა ნატო-ს ბლოკის სახელმწიფოებს შორის ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ მოსული მთლიანი შიდა პროდუქტის წილის მაჩვენებლით, რაც 1997 წელს შეადგენდა სულ 6000 ამერიკულ დოლარს, საბერძნეთსა და პორტუგალიაში ეს თანხა აჭარბებდა 12 და 13 ათას დოლარს, სხვა ქვეყნებში კი, 20 და 25 ათასსაც. და ამ ფონზე თურქეთის ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ ესარგებლა მის სიახლოვეში სამხედრო დაპირისპირების მკვეთრად შემცირებით, თავადაც შეემცირებინა თავისი სამხედრო ხარჯები და გამოთავისუფლებული თანხები ეკონომიკურ ან სოციალურ პროგრამებზე მიემართა, მეთოდურად განაგრძობდა სწორედ სამხედრო ხარჯების ზრდას და თავისი შეიარაღებული ძალების გეგმაზომიერ გაძლიერებას. ამის ახსნა შეიძლებოდა იმ არგუმენტით, რომელიც სამხედრო საქმის მკვლევარი ერთი ქართველი სპეციალისტისგან მქონდა გაგებული. სახელდობრ, დაახლოებით 1985 წელს, როდესაც თურგუთ ოზალი გახლდათ თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, მან ერთერთ დასავლურ ბეჭდურ გამოცემას მისცა ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა, რომ “ჩვენ არა გვაქვს დიდი პრეტენზია, ვინაიდან თურქეთი მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა – ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდეო”. როდესაც აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, სამხედრო მუქარების მკვეთრად შემცირების ფონზე, ასე არაადექვატურად აძლიერებდა თურქეთის სამხედრო მანქანას 1990-იან წლებში, მას უნდა სცოდნოდა, რომ თურქული პრეტენზიები ტერიტორიებზე “ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე”, სხვას რომ, თავი დავანებოთ, უშუალოდ შეეხება ისეთ სახელმწიფოთა არა მხოლოდ საგარეოპოლიტიკურ ინტერესებს, არამედ ტერიტორიულ მთლიანობასაც, როგორებიცაა რუსეთი, ირანი და ჩინეთი, რომელთა გარკვეული თანხმობა და თანამშრომლობა სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში გამოიკვეთა და ჩამოყალიბება დაიწყო სწორედ დასავლეთის მმართველი წრეების მიერ თურქული სამხედრო მანქანის გაძლიერებისა და სხვა ღონისძიებების გატარების პარალელურად, რომლებსაც ეწოდებოდა “ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოება”, “უსფრთხოების ახალი მსოფლიო სისტემის ჩამოყალიბება”, “ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება” და ა. შ.
სწორედ ამ დროს დაიწყო, რამდენადაც ვიცი, რუსეთისა და ირანის თანამშრომლობაც ბირთვული ენერგეტიკის სფეროშიც, რაც დღესდღეობით ასეთ აქტუალურ მსოფლიო პრობლემად არის გადაქცეული. და განა პენტაგონისა და აშშ ცენტრალური დაზვერვის მაღალჩინოსნებმა არ იცოდნენ 90-იანი წლების დასაწყისში, რომ მათი საქმიანობა ასეთ საპასუხო რეაქციას გამოიწვევდა, ალბათ იცოდნენ, ვინაიდან ისინი საკმარისად კვალიფიციური სპეციალისტები გახლდნენ, იცოდნენ და მაინც აქეთკენ მიჰყავდათ საქმე. ბევრს ეხსომება ალბათ ის კადრები ტელევიზიიდან, როდესაც 1999 წლის მიწურულს ჩინეთში ვიზიტად მყოფი რუსეთის პრეზიდენტი პეკინიდან დაემუქრა აშშ-ის ხელმძღვანელობას, რომ თუ ეს უკანასკნელი ხელს არ აიღებდა ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა მეთოდებით ზეწოლაზე რუსეთსა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებზე, მაშინ მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ რუსეთის ფედერაციას გააჩნია მძლავრი ბირთვული შეიარაღება, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა მოეყვანათ მოქმედებაშიც, თუკი ამის აუცილებლობა შეიქმნებოდა. ეს ყველასთვის მოულოდნელი განცხადება იყო, და კონკრეტულად რამ აიძულა რუსეთის პრეზიდენტი მის გასაკეთებლად, პირადად ჩემთვის უცნობია, მაგრამ პეკინიდან ასეთი განცხადების გაკეთება რომ შეუძლებელი იქნებოდა ჩინეთის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ეს კი ალბათ გასაგები უნდა იყოს. არც ჩინეთის ხელმძღვანელობაში სხედან გუშინდელი ბავშვები, და მათაც კარგად ჰქონდათ გააზრებული, თუ რაზე აძლევდნენ რუსეთის პრეზიდენტს თანხმობას. ამრიგად, ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან ჩანს, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დღევანდელი დაპირისპირება სათავეს იღებს 1990-იანი წლების დასაწყისიდანვე, ცენტრალურ ევროპაში სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მკვეთრად შემცირებისა და მსოფლიოში აქტიური სამშვიდობო რიტორიკის ფონზე, და ამ დაპირისპირების წარმოშობასა და ესკალაციაში ლომის წილი უდევთ სწორედ აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის სხვა სახელმწიფოთა მმართველ წრეებს, აგრეთვე მათ უკან მდგარ დასავლურ საფინანსო და სხვა გავლენიან ძალებს, რომლებსაც თანამედროვე რუსი მართლადიდებელი ავტორები უწოდებენ “მსოფლიო კულისებსმიღმა ძალებს” (мировая закулиса).
გარდა ამისა, ჩემთვის, როგორც სამხედრო საქმით დაინტერესებული ქართველი ადამიანისთვის, მეტად შემაშფოთებელი უნდა ყოფილიყო მეორე გარემოებაც. სახელდობრ, ეს გახლდათ 1992 წელს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ-ის, ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით ტაშკენტის მოლაპარაკებებზე საქართველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების რაოდენობა. ტაშკენტის შეთანხმების თანახმად, საქართველოს (ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს) თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს მუდმივად შეუძლია განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის (100 მმ და მეტი ყალიბისა), 100 საბრძოლო თვითმფრინვის და 50 დამრტყმელი (საცეცხლე მხარდაჭერის და ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენისა. საბრძოლო ავიაციას რომ ამჯერად თავი დავანებოთ, ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის აღნიშნული კვოტები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს თანაზომადი ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნებს, თავდაცვით საკმარისობაზე რომ არაფერი ვთქვათ. მართლაც, იმავე ნეიტრალურ შვეიცარიას, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული თავდაცვითი სამხედრო დოქტრინა გააჩნია, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს შეიარაღებაში ჰყავდა 556 საბრძოლო ტანკი (მათ შორის 370 გერმანული “ლეოპარდ-2”), 1240-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (მათ შორის 435 ქვეითთა საბრძოლო მანქანა /M113 ამერიკული მუხლუხიანი ჯავშანტრანსპორტერები 20-მმ ავტომატური ქვემეხებით/, 800-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი /M113 და “პირანა”/), 1092 საველე საარტილერიო სისტემა (მათ შორის 558 155-მმ ამერიკული თვითმავალი ჰაუბიცა M-109U და 534 120-მმ ნაღმსატყორცნი /მათ შორის 132 თვითმავალი, M113 ჯავშანტრანსპორტერების ბაზაზე/), პლიუს 1470-მდე 81-მმ ნაღმსატყორცნი, 3315 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (მათ შორის 3012 მსუბუქი /“დრაკონი”/ და 303 მძიმე /“თოუ”/), 13485-მდე ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, დიდი რაოდენობით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი “სტინგერი” და სხვა შეიარაღება. შვეიცარიის მსგავსად ნეიტრალური ფინური არმიის შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო: 230 საბრძოლო ტანკი (მათ შორის 160 რუსული T-72), დაახლოებით 900 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (მათგან 230-ზე მეტი ქვეითთა საბრძოლო მანქანა /BMP-1PS და BMP-2/ და 650-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი /BTR-60, “სისუ” და MT-LBV/), საველე და სანაპირო არტილერიის 1920-მდე ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (მათ შორის 980-მდე ბუქსირებადი და 90 თვითმავალი ქვემეხი, 60 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 790-მდე 120-მმ ნაღმსატყორცნი), პლიუს 800 81-მმ ნაღმსატყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, უუკუცემო ქვემეხები და ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები, საზენიტო ქვემეხები, საზენიტო სარკეტო კომპლექსები და სხვა შეიარაღება.
და განა მთელი ეს ჯავშანსატანკო ტექნიკა და საარტილერიო შეიარაღება არა სჭირდებათ ევროპის ამ მცირე სახელმწიფოებს საკუთარი თავდაცვისთვის? რა თქმა უნდა სჭირდებათ, და სწორედ მათ საფუძველზე აყალიბებენ ისინი თავიანთ ჯავშანსატანკო, მექანიზებულ ქვეით (მოტოქვეით), ქვეით და სამთოქვეით ნაწილებსა და შენაერეთებს, რომლებშიც თანამედროვე სამხედრო საქმისა და სამხედრო ხელოვნების საფუძველზე არის განსაზღვრული საბრძოლო შემადგენლობა, საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა, პირადი შემადგენლობა, საშტატო საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება. სახელდობრ, ფინეთის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში იმავე 2000 წელს ნაჩვენები იყო 26 საბრძოლო და სასწავლო-საბრძოლო ბრიგადა, მათ შორის ორი ჯავშანსატანკო, 10 ეგერთა (მექანიზებული ქვეითი) და 14 ქვეითი; სამი საზენიტო საარტილერიო პოლკი და ოთხი ცალკეული საინჟინრო ბატალიონი, აგრეთვე ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 150 ცალკეული ბატალიონი და ასეული. შვეიცარიის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში – ექვსი საველე (ქვეითი), სამი სამთოქვეითი და ოთხიც ტერიტორიული თავდაცვის დივიზია, სულ 13 დივიზია (თითოეული მათგანი სამი საბრძოლო ბრიგადის ექვივალენტურია, რაც ჯამში 39 ბრიგადას გვაძლევს), ხუთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა, სხვადასხვა ტიპის (ქვეითი, სამთოქვეითი, სიმაგრეთა თავდაცვის, საარტილერიო, საინჟინრო, ველოსიპედისტთა, აეროდრომების დაცვის) ცალკეული ბრიგადებისა და პოლკების მნიშვნელოვანი რაოდენობა. “ცივი ომის” დასრულებისა და ევროპაში შეიარაღებული დაპირისპირების მკვეთრად შემცირების შემდეგ ფინეთმაც და შვეიცარიამაც რამდენადმე შეამცირეს ომიანობის დროს გასაწვევად დაგეგმილი რეზერვისტების რიცხვი, მაგრამ 1991 წელს, იმავე ლონდონური წყაროს მიხედვით, 5-მილიონიანი ფინეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ომიანობის დროს გეგმავდა შეიარაღებულ ძალებში 700 000 ადამიანის მობილიზაციას, მათგან 500 ათასისა – იარაღით ხელში და 200 ათასისა – იარაღის გარეშე, სხვადასხვა სამსახურებში. იარაღით ხელში გაწვეული 500 000 რეზერვისტიდან 300 000 უნდა გაეწვიათ საველე ანუ საბრძოლო ჯარებში (შედარებით ახალგაზრდები, დაახლოებით 35 წლამდე), 200 000 კი ტერიტორიული და ადგილობრივი თავდაცვის ჯარებში (35 წელზე უფროსი ასაკისა; იგულისხმება რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობა). მათგან 460 ათასს ვარაუდობდნენ სახმელეთო ჯარებში, 30 ათასს – სამხედრო-საჰაერო ძალებში და 12 ათასს – სამხედრო-საზღვაო ძალებში. 6,5-მილიონიანი შვეიცარიის სარდლობა ომიანობის დროს გეგმავდა 625 000-იანი შეიარაღებული ძალების მობილიზაციას, მათგან 565 ათასისა სახელეთო ჯარებში და 60 ათასისა სამხედრო-საჰაერო ძალებში. აი ასეთი მაჩვენებლები გააჩნიათ იმ მცირე ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც მართლაც ზრუნავენ თავიანთი თავდაცვისთვის, და განა ჰგავს კი საქართველოს რეალობა არა მხოლოდ დღეს, არამედ თუნდაც 1998 წლიდან, როდესაც ამერიკელებმა აქტიურად დაიწყეს ვითომდა საქართველოს დახმარება სამხედრო სფეროში, ფინეთისა და შვეიცარიის, აგრეთვე შვედეთის, ნორვეგიის, საბერძნეთისა და ისრაელის სამხედრო მშენებლობის გამოცდილებას? თუ ჩვენ სადღაც ნიდერლანდებისა და ბელგიის, ან კიდევ პურტუგალიის მეზობლად ვართ, არასტაბილური და ცხელი წერტილებისგან მოშორებით და ამდენი ზრუნვაც არ გვჭირდება ჩვენი თავდაცვის უზრუნველსაყოფად? დაკვირვებული მკითხველი მიხვდება, რომ 2003 წლიდან ახალი ხელისუფლების მოსვლით ბევრი არაფერი შეცვლილა ამ სფეროში და დღევანდელი ვითარება უწინდელის მანკიერ ნიშნებს უცვლელად ინარჩუნებს. მაგრამ ჩვენ ისევ 1999 წელს დავუბრუნდეთ.
როგორც ზემოთაც აღვნიშნე, დასავლეთის წამყვან სახელმწიფოთა მმართველი წრეების მიერ ჩვენდამი მეგობრულ დამოკიდებულებაში გულწრფელად დარწმუნებულს და უფრო მეტად ამის მთელი გულით მოსურნეს სწორედ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის იმ საჯარო სხდომაზე გამიჩნდა ეჭვები ჩემი ასეთი დამოკიდებულებისა და სურვილების სისწორეში, თუმცა კი იმხანად მაინც უფრო მეტი საყვედურები მქონდა იმ მანკიერი პრაქტიკის მიმართ, რომელიც ინერგებოდა საქართველოს თავდაცვის სისტემაში, როდესაც სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნა ხდებოდა არა ცოდნის, უნარისა და გამოცდილების მიხედვით, არამედ ნაცნობ-მეგობრობის, ნათესაობისა და სხვა ამგვარი ნიშნებით, ხოლო იქ დანიშნულთა უმრავლესობა ფიქრობდა და ზრუნავდა არა ქვეყნის სასიკეთოდ, არამედ პირადი ანგარებიანი სურვილებისა და მიზნების აღსრულებისთვის. ასეთ პირობებში ცხადია, რომ ამ სტრუქტურებში გაბატონებული იქნებოდა უმეცრება, არაკომპეტენტურობა და კარიერიზმი. მეც სწორედ ამაზე ვაკეთებდი მაშინ მთავარ აქცენტს, და არა ამერიკელთა და სხვა ნატო-ელთა საქართველოსადმი არაკეთილმსურნე დამოკიდებულებაზე. როგორც ასევე ვთქვი უკვე, საპარლამენტო კომიტეტის იმ სხდომის შთაბეჭდილებებს დაემატა 1990/91 წლის შემდეგ აშშ-ისა და გერმანიის მიერ თურქული სამხედრო მანქანის არაადექვატურად გაძლიერების დინამიკისა და იმდროინდელი ბოლო მონაცემების გაცნობა ზემოაღნიშნული ბრიტანული გამოცემის საფუძველზე. ამავე დროს იყო მესამე მოვლენაც, რომელმაც ასევე დიდი როლი ითამაშა ჩემი შემდგომი შეხედულებების განვითარებაში, და ეს გახლდათ ნატო-ს საბრძოლო ავიაციის მიერ სერბეთის ქალაქებისა და სხვა ობიექტების დაბომბვები კოსოვო-მეტოხიაში მიმდინარე კონფლიქტის გამო.
მე 1992 წლის მაისში მოვინათლე და შევუდექი ეკლესიურ ცხოვრებას. მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ჩემი შემოსვლის გამო არ მითქვამს უარი ჩემს სიმპათიებზე დასავლეთის მიმართ და ისევე მთელი მონდომებით ვაგრძელებდი ამერიკული შეიარაღებული ძალების შესწვლას, როგორც ამას მანამდე ვაკეთებდი, მეორე მსოფლიო ომის შესახებ რუსულ ენაზე თარგმნილი გერმანული, ბრიტანული და ამერიკული მემუარული ლიტერატურისა და ისტორიული ნაშრომების კითხვას და სხვა. მაგრამ ამერიკული და სხვა ნატო-ური ავიაციის მიერ მართლმადიდებლური სერბეთის დაბომბვების გამო, ცხადია, ქართული ეკლესიის მრევლშიც გაჩნდებოდა კითხვები და მათზე პასუხის მიღების სურვილი. ამ დღეებში ვესაუბრე ერთერთ ქართველ მოძღვარს, დეკანოზ ნიკოლოზ მინდიაშვილს, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია, ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული, რომელმაც ამიხსნა, რომ დასავლეთის მმართველი წრეები ნიადაგს ამზადებენ ანტიქრისტეს გაბტონებისთვის, ხოლო ნატო კი მათი მთავარი დამრტყმელი ძალააო. და ეს სრულებით არ იყო კლიშეებითა და ლოზუნგებით ლაპარაკი, არამედ ჩვენ ვსაუბრობდით იმ ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც გაგვაჩნდა და რომელსაც ვაფასებდით. მე ვლაპარაკობდი დაახლოებით ყოველივე იმაზე, რაც ზემოთაც დავწერე, მამა ნიკოლოზმა კი დამისახელა ნიკოლაი დობროლბოვის (თუ ბოგოლიუბოვის) წიგნი «Тайные общества XX века», რომლის პირველი ნახევარიც წარმოადგენს გერმანელი ავტორის იან ვან-ჰელზინგის წიგნის “საიდუმლო საზოგადოებანი და მათი ძლიერება XX საუკუნეში” რუსულ თარგმანს, ხოლო მეორე ნახევარში მოთხრობილია თავად რუსული გამოცდილების შესახებ ამ საიდუმლო ლოჟების ძირგამომთხრელი საქმიანობიდან. ეს წიგნი შემდგომში, 2000-იანი წლების დასაწყისში, ითარგმნა ქართულადაც და გამოიცა, თუ არ ვცდები, სახელწოდებით “XX საუკუნის ფარული ორგანიზაციები”. გარდა ამისა, მამა ნიკოლოზი მეუბნებოდა საქართველოს ტელევიზიასა და პრესაში გაბატონებული გარყვნილების დემონსტრირებაზე, სისასტიკისა და ძალადობის დემონსტრირებაზე და სხვა ასეთ საკითხებზე, რის გამოც განგაშს ტეხენ არა მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირები, არამედ სხვა კონფესიებისაც, და ასე შემდეგ.
ამ საუბარმა დიდი გავლენა ჩემზე და არა იმიტომ, რომ მართლმადიდებელი მღვდლის სიტყვებს ბრმად ვენდობოდი და ვემორჩილებოდი, არამედ ყოველგვარი სიბრმავის გარეშე ჩვენ ვსაუბრობდით ისეთ საკითხებზე, რომლებიც სავსებით თვალნათელი და თვალსაჩინო იყო და დღესაც არის, თუკი ადამიანს მათი დანახვის სურვილი ექნება. ამ საუბარმა უბრალოდ ჩემს გონებასა და შეგნებაში შესაბამის თაროებზე დაალაგა მთელი ის საკითხები და პრობლემები, რომლებიც მანამდეც არსებობდა ჩემს ფიქრებში, და ამაში კიდევ უფრო მეტად დამეხმარა გერმანელი ავტორის იან ვან-ჰელზინგის მიერ თავის წიგნში გადმოცემული მსჯელობა ამ სიდუმლო ლოჟების საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე, რომლებიც ადამიანთა მოდგმის მტრის სამსახურში არიან ჩამდგარნი და მის ინტერესებს ემსხურებიან. მათ აქვთ დიდძალი ქონება, გავლენა, ძალა, დიდი პრაქტიკული გამოცდილება, მაგრამ ყოველივე ეს მიმართულია, სამწუხაროდ, იქითკენ, რომ ადამიანები დააშორონ უფალს, დაავიწყონ, რომ მოკვდავი სხეულის გარდა მათ აქვთ ასევე უკვდავი სულიც, რომელიც პირველ რიგში არის გასაფრთხილებელი, მოსავლელი და გასაძლიერებელი, რათა მარადისობაში ღმერთმა თავისთან დაგვამკვიდროს, ცათა სასუფეველში, და არ მოვხვდეთ ეშმაკთან ჯოჯოხეთის სატანჯველებში. ამისთვის კი საჭიროა, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენ ვაფასებდეთ სიმართლეს, სიმშვიდეს, თავმდაბლობას, სიწმინდეს, გულწრფელობას, ურთიერთშორის მამა-შვილურ და და-ძმურ ურთიერთობებს, გვიყვარდეს უფალი ღმერთი ჩვენი და მოყვასი ჩვენი, გვიყვარდეს ჩვენი პირადი მტრები, ვებრძოდეთ სამშობლოს მტრებს და გვძულდეს ქრისტეს მტრები, როგორც გვასწავლის XIX საუკუნის წმინდა რუსი მღვდელმთავარი ფილარეტ მოსკოველი.
ამ საუბრის შემდეგ, რომელიც შედგა 1999 წლის მარტის მიწურულს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ასევე მოაწყო საჯარო სხდომა, რომელიც შეეხებოდა “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების” (რომელიც დაიდო 1990 წლის ნოემბერში, პარიზში, და რომლითაც განისაზღვრა ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები მისი მონაწილე სახელმწიფოებისთვის) შესრულების მიმდინარეობისა და ახალ პოლიტიკურ გარემოებებში მის ადაპტაციის საკითხებს, ხოლო მომხსენებელი გახლდათ საქართველოს ელჩი ავსტრიასა და ეუთო-ში, სახელი და გვარი სამწუხაროდ აღარ მახსენდება. მოხსენების შემდეგ, როდესაც ისმებოდა შეკითხვები და გამოითქმებოდა იქ დამსწრეთა მოსაზრებანი, მე გამოვედი და ვთქვი დაახლოებით შემდეგი, რომ ბატონი ელჩის მიერ გაწეულია დიდ სამუშაო, მაგრამ სამწუხაროდ არა იმ მიმართულებით, რომელიც არის საჭირო. და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ საელჩოს თანამშრომლები ვენაში ვერ ღებულობენ იმ უზრუნველყოფას აუცილებელი სამხედრო ცოდნითა და ინფორმაციით, რომელსაც უნდა ღებულობდნენ თავდაცვის სამინისტროსგან. ეს ცოდნა და ინფორმაცია კი მდგომარეობს შემდეგში, რომ 90-იან წლებში ამერიკა და გერმანია მიზანმიმართულად აძლიერებდნენ თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო თურქეთის მთავრობა კი საამისოდ გამოჰყოფდა მილიარდობით დოლარს, და ცხადია, რომ იგი ამას ტყუილა-უბრალოდ არ გააკეთებდა. ჩვენი მეზობელი თურქული სახელმწიფოს ასე არაადექვატურად გაძლიერება დიდად სავარუდოა, რომ ნიშნავდეს მისთვის შეტევითი შესაძლებლობების მიცემას და ახალი ომის მზადებას ამიერკავკასიაში, შემდგომში თურქების ცენრტალურ აზიაში გასვლის მიზნით. თუკი ასეთი გეგმები დასვლეთში არა აქვთ, მაშინ საჭიროა იმ საკითხის პრინციპულად დაყენება, რომ თურქული სამხედრო მანქანის ასე არაადექვატურად გაძლიერება უკვე საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვიოს, როგორც მისი მეზობელი მცირე სახელმწიფოსთვის, და საჭიროა ამ საფრთხის განეიტრალება პოლიტიკური და სხვა საშუალებებით. გარდა ამისა, ვთქვი ისიც, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 1992 წელს საქართველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები სრულებით არ არის საკმარისი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, და საჭიროა ეუთო-ში მიზანმიმართული მუშაობა ქართული დელეგაციისა, რათა მოხდეს ამ კვოტების გადასინჯვა.
ეს სხდომა ჩატარდა, თუ არ ვცდები, 1999 წლის აპრილის ან მაისის თვეში. კომიტეტის თავმჯდომარემ რეზო ადამიამ მკვეთრად უარყოფითად მიიღო ასეთი შეფასება, უარყო ჩემი მოსაზრებანი და განაცხადა, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენი შეიარაღება ექნება საქართველოს, რადენი ჯარები ეყოლება, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა იქმნება უსაფრთხოების ისეთი საერთაშორისო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს დაცვას გარეშე აგრესიისგანო. შემგომშიც, როდესაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარტის თანამშრომლებს დაწვრილებით ვესაუბრებოდი ამ საკითხებზე, მე ვხედავდი სურვილის არქონას მათი მხრიდან, რომ საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ეს საკითხები გულდასმით შეესწავლათ, შესაბამისი მუშაობა დაეწყოთ და ეუთო-სა და ნატო-ს ხელმძღვანელობის წინაშე დაეყნებინათ ისინი. რეზო ადამიამ მიპასუხა, რომ მართალია აშშ-მა და გერმანიამ გააძლიერეს თურქეთის შეიარაღებული ძალები, და ეს მოხდა იმ ფონზე, რომ ამიერკავკასიისა და შავი ზღვის სრუტეების მხრიდან მას მუქარები მკვეთრად შეუმცირდა, მაგრამ სამაგიეროდ გაძლიერდა მუქარები ირან-ერაყ-სირიის მხრიდან და ამისთვის სჭირდება მას ეს შეიარაღებაო. მაშინ უბრალოდ დავითვალე, თუ რამდენი ჯარები ჰყავდა განლაგებული თურქულ სრდლობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში, და აღმოჩნდა, რომ ამ ყველაზე უფრო საფრთხის შემცველ რეგიონში იდგა თურქეთის სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის სულ 15%, რაც ძირშივე გამორიცხავდა რეზო ადამიას არგუმენტს, რომელიც მას უთხრეს ალბათ ამერიკელმა “მეგობრებმა”. მისი კომიტეტის აპატარის თანამშრომლებმა კი ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ თურქეთი ნატო-ს ბლოკის საფლანგო სახელმწიფოა და შესაძლოა ესეც იყოს მიზეზი მისი გაძლიერებისთვისო. ეს არგუმენტიც შევისწავლე და შევადრე თურქეთში განხორციელებული ცვლილებები, ნატო-ს სხვა საფლანგო სახელმწიფოს, რუსეთის უშუალო მეზობლის, ნორვეგიის ანალოგიურ მაჩვენებლებს, და აღმოჩნდა, რომ ნორვეგიასა და დანიაში არაფერი ამის მსგავსი არ ხდებოდა. ამის შემდეგ დამთავრდა მათი მხრიდან სამხედრო ხასიათის არგუმენტების მოყვანა და დაიწყო შემდეგი: “აბა სხვები რატომ არაფერს ლაპარაკობენ ამის თაობაზე?”, “რატომ შენ ერთი ლაპარაკობ?”, “შენ რა, სხვებზე მეტი იცი?” და ასე შემდეგ.
საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია რეზო ადამიას მიერ აღნიშნულ სხდომაზე გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენი შეიარაღება ექნება საქართველოს, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ ყალიბდება უსაფრთხოების ისეთი საერთაშორისო სისტემა რომელიც დაგვიცავს საგარეო აგრესიისგანო. თუ როგორა ვართ დაცულები, ეს 2008 წლის აგვისტოშიც კარგად გამოჩნდა, მაგრამ ეს ერთი საკითხია. უფრო მთავარი არის შემდეგი – ებრაელთა ბიბლიური მეფის დავითის ფსალმუნებში, რომელიც ქრისტეს განკაცებამდე დაახლოებით ათასი წლით ადრე იწერებოდა, და რომელიც შედის წმინდა წერლში, 145-ე ფსალმუნში პირდაპირ არის ნათქვამი, “...ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრება. გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა, ზღუა და ყოველი, რა არს მას შინა; რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ჰყვის სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰხსნნის კრულნი, უფლმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღჰმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი; უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზა ცოდვილთა წარწყმიდოს. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლამდე”.
აქ ყველაფერი ზედმიწევნით არის ნათქვამი, რომ არ არის საჭირო რომელიმე შეძლებულ ან გამოჩენილ ადამიანზე სასოების დამყარება (ანუ ზადმეტად დიდად დაიმედება), ეს ადამიანი ხვალ შესაძლოა გარდაიცვალოს და მასზე დამყარებული იმედებიც განქარდეს. არამედ ჩვენს იმედებსა და სასოებას უნდა ვამყარებდეთ უფალზე, ვინც მარადიულია და მუდმივად სწყალობს მის გზაზე მავალ ადამიანებს. მაგრამ უფალზე დაიმედება და სასოება გულზე ხელების დაკრეფას კი არ ნიშნავს, არამედ აქტიურად საქმიანობას, მხოლოდ ქრისტიანული მცნებების დაცვით, ღმერთისა და მოყვასის სიყვარულით, და არა მტაცებლობით, სიხარბით, გაიძვერობით, ქვემძრომობით, ორპირობითა სხვა მსგავსი მანკიერებებით, რითაც სამწუხაროდ სავსეა დღევანდელი ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება; და უფლის ეს შეგონება, ცხადია, შეეხება არა მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობათა სფეროს, არამედ ხალხებს, ქვეყნებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისაც. დაკვირვებული მკითხველი კი ალბათ შეამჩნევდა, რომ რეზო ადამიას სიტყვები იმაზე, რომ არ არის მნიშვნელოვანი საქართველოს შეიარაღებული ძალების რადიკალურად გაძლიერებისთვის ზრუნვა და ჯაფა, არამედ ახლა დასავლეთი ისეთ უსაფრთხოების სისტემას აშენებს მსოფლიო მასშტაბით, რომ ჩვენ მისი დახმარებითა და წყალობით დაცული ვიქნებით, ოღონდ კი, მთავარია, დასავლეთის მოკავშირედ ვიყოთო, პირდაპირ ეწინააღმდეგება წმინდა წერილში გამოხატულ სწავლებას: გქონდეს უფლის იმედი, დაიცავი მისი მცნებები, იცხოვრე უფლისათვის სათნო ცხოვრებით და, უწინარეს ყოვლისა, თავად იზრუნე საკუთარი ძლიერებისა და საკუთარი კეთილდღეობისთვისო. სწორედ საქართველოს ხელისუფლების, და არა მხოლოდ მისი ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან წმინდა წერილის სწავლებისადმი ასეთი უგულისყურო დამოკიდებულება, და ღმერთისათვის ზურგის შექცევა აშშ-ის ინტერესების სამსახურში ჩადგომის გამოისობით, გახლდათ იმ ხანად ის მთავარი მიზეზი და საფუძველი, რამაც მომცა ხალისი და ძალა არ დავთანხმებოდი საქართველოს ხელისუფალთა საგარეოპოლიტიკურ მისწრაფებებს და შეძლებისდა გვარად მემხილებინა მათი მცდარობა, აგრეთვე მეჩვენებინა საგაზეთო პუბლიკაციებსა თუ პარლამენტისთვის მომზადებულ ნაშრომებში ის გზა ჩვენი ქვეყნის სამხედრო მშენებლობაში, რომელიც ემყარებოდა დასავლეთის მცირე და დიდი სახელმწიფოების სამხედრო მშენებლობის გამოცდილებას და ამიტომ იგი მე სწორად მიმაჩნდა და დღესაც ასე მიმაჩნია.
გარდა ამისა, არის სხვა მიზეზიც, რომელიც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომელიც იმხანად მე ასე კარგად არ მქონდა ჩამოყალიბებული, მაგრამ დღეს კი მინდა ქართველ მკითხველს ეს ფიქრებიც გავუზიარო. თითოეული ადამიანის ცხოვრების დანიშნულება ამ ქვეყანაზე, ქრისტისნული სწავლებით, არის ის, რომ მან ისე იცხოვროს, რათა გარდაცვალების შემდეგ, საუკუნოდ, ანუ სამარადისოდ მისი სული უფლის ანგელოზებმა აიყვანონ უფალთან ცათა სასუფეველში, სადაც იგი იქნება ნეტარებასა და უფლის დიდებაში. ანუ როგორც გვასწავლიან ეკლესიის მამები, ადამიანის სულმა მისი ამქვეყნიური ცხოვრებისა და განვითარების განმავლობაში, უნდა შეიძინოს და გაიძლიეროს ის თვისებები, რომლებიც სჭირდება მას ღმერთის სამეფოში, ცათა სასუფეველში ცხოვრებისთვის უკუნითი-უკუნისამდე. ხოლო ეს თვისებები კი გახლავთ სიწმინდე, სიმდაბლე, უანგარობა, მოყვასის სიყვარული, ოჯახის, სანათესაოს, სამეგობროს, სამშობლოს სიყვარული და მათთვის თავდადება, რომლის გვირგვინსაც წარმოადგენს უფლისადმი სიყვარული მთელი გულით, მთელი გონებითა და მთელი არსებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, ადამიანის სულს სამარადისოდ, უკუნითი-უკუნისამდე ელოდება ეშმაკის საბრძანებელში ყოფნა, ჯოჯოხეთში, ტანჯვაში, წამებასა და უიმედობაში, სადაც მატლი მისი არ კვდება და ცეცხლი მისი არ ნელდება. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. და ვინც აქ “მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით” ცდილობენ ცხოვრებასა და განცხრომაში ყოფნას, ისინი ხომ ღმერთის სამეფოში მარადიულად დამკვიდრებისთვის სულაც არ ზრუნავენ და აქ, დედამიწაზე, თავიანთთვის იშენებენ მიწიერ სამოთხეს – ადამიანის სამეფოს, მაგრამ ეს ხომ დროებითია, ათი, ოცი, ოცდაათი ან ორმოცდაათი წლით, მარადისობაში კი მათ არაფერი ექნებათ დაუნჯებული უფალთან, არამედ მათი საუნჯე იქნება იქ, სადაც ფასობს ანგარება, სიხარბე, სიცრუე, ცილისმწამებლობა, სიძვა-მრუშება, ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, მაგრამ სადაც არის მარადიული ტანჯვა-წამება, უნუგეშობა, ტირილი და კბილთა ღრჭენა. ნუთუ ასეთი გზით მავალ ადამიანებს თუნდაც გონიერად მიაჩნიათ საკუთარი თავი? ნუთუ გონიერებაა ის, რომ მცირე ხნით განცხრომის სანაცვლოდ სამარადისოდ სატანჯველისთვის გასწიროს თავისი უკვდავი სული? ერთმა მეუდაბნოე მამა, როდესაც ნახა, რომ მოულოდნელად ღამის გასათევად მასთან მოსული ქალი სინამდვილეში მეძავი ყოფილა და მისი შეცდენა სურდა, თავისი სენაკიდან გარეთ გამოვიდა, დაანთო ცეცხლი და უთხრა, მოდი აქ ცეცხლში ჩადექი, თუკი ორ წუთს მაინც გაძლებ ამ მიწიერ ცეცხლში მდგომარე და მოგეწონება, მაშინ შეგიძლია ეგ შენი საქმიანობა განგრძო, ხოლო თუკი ვერ გაძლებ, მაშინ უნდა იცოდე, რომ ეს წვა ცეცხლში შენს სულს საუკუნოდ მოელისო. როგორც თქმულება გვასწვლის, ამ მეძავ ქალს ეყო გონიერება და სულის სიმხნევე, რომ შეენანა თავისი ცოდვილი მისწრაფებანი, ხელი აეღო მათზე და იმ დღიდან ღვთივსათნო ცხოვრებას შედგომოდა.
განა ქრისტიანობაში გამორჩეული ადამიანები, რომელთაც უფლისგან წმინდანის გვირგვინები მიიღეს, ბევრ რამეზე უარს არ ამბობდნენ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, განა ბევრმა მათგანმა ტანჯვა-წამების ტკივილები არ დაითმინა, ღვთის შეწევნით, როგორც თავად უფალმაც? და მათ დაიმკვიდრეს ღვთის სამეფო – ცათა სასუფეველი. საზოგადოებისა და სახელმწიფოს ცხოვრებაც, ქრისტიანული სწავლებით, ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ხელს უწყობდეს მის წიაღში მყოფი ადამიანების ამქვეყნიური ცხოვრებისა და საქმიანობის უფლისთვის სათნო კალაპოტში წარმართვას, მისი მცნებების დაცვისთვის ზრუნვითა და ღვაწლით, ღმერთისა და მოყვასის სიყვარულით. სწორედ ეს გახლავთ სახელმწიფოს დანიშნულება იდეალში, და ეს იდეა უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის საშინაო ცხოვრების მოწყობისა და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ საფუძველს, მაგრამ არის კი ასე ჩვენს სახელმწიფოში?
რაც შეეხება საქართველოს სამხედრო მშენებლობის პრობლემებს, აქ ისევ 1999 წელს უნდა დავუბრუნდეთ. იმ წლის ბოლოსკენ საქართველოში გახლდათ ჩამოსული ნატო-ს ბლოკის მაშინდელი გენერალური მდივნის ჰავიერ სოლანას თანაშემწე კრის დონელი, რომელსაც საჯარო გამოსვლაც ჰქონდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. მისი გამოსვლის შემდეგ იყო მოსაზრებების გამოთქმა და შეკითხვების დასმა მსმენელთა მხრიდან, რასაც, ბუნებრივია, მოსდევდა მომხსენებლის პასუხებიც. მე მომეცა საშუალება და დავსვი ორი შეკითხვა: 1) როდესაც 1990 წლის ნოემბერში პარიზში დადებულ იქნა ევროპაში ჩვულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ძალითაც განესაზღვრათ ევროპულ სახელმწიფოებს, და მათ შორის თურქეთსაც ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედებდა “ცივი ომის” პერიოდის მექანიზმები და განწყობები. დღესდღეობით ეს მექანიზმები უკვე ვეღარ მოქმედებს, ამირკავკასიიდან ფაქრობრივად გასული არიან რუსული ჯარები, სამი შედარებით სუსტი სამხედრო ბაზის გარდა, ხოლო ბულგარეთი და რუმინეთი კი უკვე აღარ უქმნიან მუქარს თურქეთს შავი ზღვის სრუტეების ზონაში. ასევე მიდის ახალ პოლიტიკურ სიტუაციაში აღნიშნული ხელშეკრულების ადაპტაციის პროცესი, რაც მოსალოდნელი იყო რომ გამოხატულიყო თურქეთისთვის ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტების შემცირებით, მაგრამ ეს არ ხდება, რაც მისი მეზობელი საქართველოსთვის უკვე პოტენციურ მუქარას შეიძლება წარმოადგენდეს; 2) იმავე პარიზის ხელშეკრულების საფუძველზე, 1992 წელს ტაშკენტში მიმდინარე მოლაპარაკებებზე დადებულ იქნა შე-თანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველოს დაუდგინეს კვოტები – მშვიდობიანობის დროს მას შეუძლია თავის ტერიტორიაზე მუდმივად განლაგებული ჰყავდეს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის, 100 საბრძოლო თვითმფრინავის და 50 დამრტყმელი ვერტმფრენისა. ეს კვოტები, რაც შეეხება ჯავშანსატანკო ტექნიკასა და საველე არტილერიას, ძალზედ ცოტაა იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს ქვეყნის თავდაცვის უნარის მქონე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება, რაზედაც მეტყველებს ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საბერძნეთისა და ისრაელის შეიარაღების რაოდენობა. ეს ორივე პრობლემა მნიშვნელოვანია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია მათი საქმიანად და პატიოსნად გადაწყვეტა.
ამაზე კრის დონელმა გვიპასუხა, რომ აქ დასმული საკითხები საყურადღებოა, თავად ეს ხელშეკრულება არ არის სრულყოფილი, სწორედ ამიტომ მიდის მისი ახალ პირობებში ადაპტაციის პროცესები და მომავალში ეს უდაოდ გათვალისწინებული უნდა იქნასო. ცხადია, რომ არაფერი საწინააღმდეგო ასეთი პასუხის მიმართ არ მექნებოდა და სიამოვნებით დავეთანხმებოდი მას, თუმცა კი იყო ეჭვი, თუ ასე უყურებს ამ საკითხს ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე, მაშინ ამერიკასა და ნატო-ზე ორიენტირებული ქართველი სახელმწიფო მოხელეები რაღატომ ეწინააღმდეგებიან ამ საკითხის შესწავლასა და გადაწყვეტას მეთქი? მაგრამ მალევე ნატო-ში არჩეულ იქნა ახალი გენერალური მდივანი, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს გახლდათ ჯორჯ რობერტსონი, და, მომდევნო 2000 წლის დასაწყისში, უკვე მისი თანაშემწე ჩამო-ვიდა საქართველოში. მასაც ჰქონდა საჯარო მოხსენება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში; ამ სხდომასაც ჩვეულებრივ დავესწარი, მაგრამ ამჯერად უკვე კომიტეტის თავჯდომარემ, რეზო ადამიამ, მისთვის სეკითხვის დასმის ნება არ მომცა, რაზედაც შემდეგ ცალკე მიპასუხა: შენ ჩემს ნატო-ელ სტუმრებს შენი შეკითხვებით უხერხულ მდგომარეობაში აგდებო. აბა რა არის ეს პასუხი, თუ არა საკუთარი სამშობლოს თავდაცვის ინტერესების ღალატი დასავლეთის მმართველი წრეების სასარგებლოდ? და ეს, ცხადია, არ გახლდათ მარტო რეზო ადამიას დამოკიდებულება არამედ საქართველოს ხელისუფლებისა მთლიანობაში, ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით. რეზო ადამიას შემდეგ ამ თანამდებობაზე იგივეს აგრძელებდნენ გიორგი ბარამიძეცა და ირაკლი ბათიაშვილიც, რომ აღარაფერი ვთქვათ სააკაშვილის ხელისუფლებაზე. საყურადღებოა ასევე ის, რომ 2000 წლის დასაწყისშივე, მე მივედი “მოქალაქეთა კავშირის” საპარლამენტო ფრაქციის მაშინდელი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის მისაღებში და იქ განვაცხადე მათი ფრაქციის წევრის, რეზო ადამიას, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შესახებ, თითქოს გაიოცეს, შეწუხდნენ, მისმა მოადგილემ ფრაქციის ხელმძღვანელობაში, თუ სწორად მახსოვს, პარლამენტის წევრმა მაია სიმონიძემ, ითავა კიდეც ამ საკითხის გარკვევა, მაგრამ ფაქტიურად ეს საქმე იქ ჩაიჩქმალა და ჩაიფარცხა. სწორედ იმავე წლის ზაფხულში იყო, რომ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, როდესაც განიხილებოდა დავით თევზაძის ახალი ვადით თავდაცვის მინისტრად დამტკიცების საკითხი, მიხეილ სააკაშვილი ხმაურიანად გამოვიდა და თავდაცვის მინისტრს სამართლიანად უსაყვედურა, რატომ გყავს ამდენი ძვირადღირებული ჯიპები, როცა ქვეყნის მოსახლეობა ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობსო. ეს კი მართალი იყო, მაგრამ განა მისსავე აპარატში არ იქნა მიჩქმალული ის საკითხები, რომლებიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობისთვის, ვიდრე თევზაძის ესკორტის ჯიპები? და განა საქართველოს ხელისუფლებამ და სახელისუფლებო საპარლამენტო ფრაქციამ თავიანთი საქმიანობით არ ჩააგდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმ ეკონომიკურ და ფინანსურ გაჭირვებაში, რითაც ასე სპეკულირებდა უკვე სწორედ ამ ფრაქციის ხელმძღვანელი?
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჟვანია-სააკაშვილისა და ბურჯანაძის გუნდი სხვებს საყვედურობდა, რომ უკანასკნელ წლებში თქვენ შევარდნაძესთან დაიწყეთ კავშირების გაბმაო, როდესაც ისინი პირიქით ახსენებდნენ მათ მრავალწლიან “პროშევადრნაძისტობას”, ესენი წარბშეუხრელად აცხადებდნენ, რომ სანამ შევარდნაძე ქვეყნის მშენებლობას ეწეოდა, მაშინ ჩვენ მის გვერდით ვიდექით, ხოლო როდესაც ქვეყნის ნგრევა დაიწყო, მაშინ კი დავუპირისპირდითო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ როდესაც ზურაბ ჟვანიამ, უკვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოიტანა სახელმწიფო ბიუჯეტი დასამტკიცებლად, მაში ბევრი პარლამენტარი საყვედურობდა, მე ესა და ეს საკითხი შემოვიტანე ბიუჯეტში გასათვალისწინებლად, და რატომ არ გაითვალისწინეთო, მაშინ ზ. ჟვანიამ უპასუხა, ხალხო რაც თორმეტ წელიწადს ინგრეოდა, იმას ახლა ერთ წელიწადში როგორ ავაშენებდითო? და ეს ხდებოდა 2004 ან 2005 წელს; ანუ ფაქტობრივად ზურაბ ჟვანიამ აღიარა, რომ 1992 უკვე წლიდან ინგრეოდა ჩვენი ქვეყანა, როცა ჩვენ ათეული წლის მანძილზე უმრავლესობას შევადგენდით მის პარლამენტში, ხოლო როდესაც მაშინდელი ოპოზიციური ფრაქციებისა და ცალკეული დეპუტატების მხრიდან ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკის კრიტიკა გაისმოდა და ხშირად მეტად მწვავეც, მაშინ სწორედ ჩვენ ვიცავდით ყველაზე უფრო მეტი თავგამოდებით მის კურსსა და მის ცალკეულ ნაბიჯებსაცო (რომლებიც თურმე ქვეყნის დანგრევაზე ყოფილა მიმართული). ანუ ზურაბ ჟვანიამ ფაქტობრივად განაცხადა, რომ ჩვენც ვართ დამნაშავენი საქართველოს მოსახლეობის იმ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნის გამო, რასაც სწორედ 2000 წლის ზაფხულში იშველიებდა მ. სააკაშვილი, როდესაც დ. თევზაძეს საყვედურობდა მისი ჯიპების მიზეზით, თანაც საკუთარი თავი გაჭირვებული მოსახლეობის ინტერესების დამცველად გამოჰყავდა.
მაგრამ ისევ ჩვენს თხრობას დავუბრუნდეთ. როგორც ვთქვი, 2000 წლის დასაწყისში საქართველოში იყო ჩამოსული ნატო-ს ახლად არჩეული გენერალური მდივნის თანაშემწე, რომლისთვისაც შეკითხვის დასმის ნება რეზო ადამიამ არ მომცა. მაგრამ იმ სხდომაზე, სხვებმა დაუსვეს შეკითხვები, და მათ შორის ერთერთმა დეპუტატმა რომელიღაც ოპოზიციური ფრაქციიდან დასვა ასეთი შეკითხვა: რატომ არ აკეთებს ნატო დღესდღეობით ჩეჩნეთშიც იმას, რასაც აკეთებდა იგი კოსოვოშიო? ანუ რატომ არ დაიწყებენ ამერიკული და დასავლეთევროპული საბრძოლო თვითმფრინავები რუსული ჯარების პოზიციების დაბომბვას ჩეჩნეთში, რუსეთის ფედერაციის ქალაქებისა სხვა სამხრეთ რაიონებში და კიდევ მის მთელ ტერიტორიაზე, სადაც მოქმედებს სამხედრო პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები და ფაბრიკებიო. კი მაგრამ, თუნდაც ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობას გადაეწყვიდა რუსეთის ტერიტორიაზე დაბომბვების დაწყება, რა პასუხი მოჰყვებოდა ამას რუსეთისგან? განა არ დაიწყებოდა ბირთვული ომი ევროპის კონტინენტზე ან საყოველთაო სარაკეტო-ბირთვული ომი, რისი თავიდან აცილებისთვისაც ამდენს ზრუნავდნენ ორივე დაპირისპირებულ სამხედრო ბლოკში 70-იანი და 80-იანი წლების მანძილზე? და აი, საქართველოს ოპოზიციურ პარლამენტარს მოუვიდა თავში ასეთი შეკითხვის დასმა. ამაზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ განაცხადა, რომ საქართველოში ტრადიციულად რთულ შეკითხვებს მისვამენო, და შემდეგ კი დაახლოებით ხუთ წუთს ილაპარაკა ისე, რომ ვერც თავსა და ვერც ბოლოს ვერ გაიგებდა კაცი. პასუხი კი ძალიან მარტივი გახლდათ, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კაცობრიობის შემდგომ არსებობასო. როდესაც შემდეგ სამხედრო საქმის მცოდნე ერთ ჩემს მეგობარს ვუყვებოდი ამ სხდომის შესახებ და ვუთხარი, რომ ნატო-ელმა მაღალჩინოსანმა ოპოზიციონერი დეპუტატის ამ გამოსვლაზე თქვა, “საქართველოში ტრადიციულად რთულ შეკითხვებს მისვამენო”, მან მიპასუხა “გამო . . . . . ებული რატომ არა სთქვაო?” და ეს გახლდათ ბუნებრივი რეაქცია სამხედრო საქმის მცოდნე ქართველი ადამიანისა, რომელიც თავისი ინტერესებისა და ცოდნის მიუხედავად, ამ სფეროში მოფუსფუსე კარიერისტებისგან არის განზე გარიყული და თავისი შესაბმისი დამოკიდებულება გააჩნია მთელი ამ ვაკხანალიისადმი. ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, უფრო რბილი ტერმინი რომ ვიხმაროთ, შეიძლება ვივარუდოთ, რომ როდესაც რეზო ადამიას ნატო-ელი სტუმარი თავის ხუთწუთიან პასუხს სცემდა ქართველ პარლამენტარს, და აღნიშნავდა, რომ “რთული შეკითხვა დამისვითო”, გულში ალბათ ფიქრობდა, “ეს რა იდიოტებში მაქვს საქმეო”.
ეს ეპიზოდი იმიტომ გავიხსენე, რომ ნატო-ს ბლოკის გენერალური მდივნის თანაშემწის ხუთწუთიანი, რაღაც ტერმინოლოგიით დატვირთული და თავბოლო მოუბმელი პასუხი ნათლად გვიჩვენებს მის არაგულწრფელობას, ანუ ეს გახლდათ პასუხი პასუხისთვის, და არა პასუხი ნამდვილი ვითარების გარკვევისთვის. და როდესაც ნატო-ელი და სხვა დასავლელი ან აღმოსავლელი თანამოსაუბრეები, მით უმეტეს სხვადასხვანაირ ოფიციალურ ღონისძიებებზე რამეს გვეუბნებიან, ისინი ხშირად არ არიან გულწრფელნი და შესაძლოა გულში სულ სხვა რაიმე ედოთ, რაც მათივე საქმეებით მჟღავნდება ხოლმე. ჩვენში ბევრს ეხსომება, რომ როდესაც დაიწყო კონფლიქტის განვითარება პრეზიდენტ შევარდნაძესა მის ძველ თანამებრძოლებს შორის მოქალაქეთა კავშირის ფრაქციიდან, მაშინ შევარდნაძე ამბობდა, რომ პატარა ბიჭებს თავში აუვარდათ და რას აკეთებენ ვერ აფასებენო, ხოლო ზ. ჟვანია კი პასუხობდა, რომ მე დასავლელი პოლიტიკოსები პატივისცემით მექცევიან, და არ მინდა, რომ ჩვენი პრეზიდენტი პატარა ბიჭს მეძახდესო. “პატარა ბიჭთან” დაკავშირებით უნდა დავეთანხმო აწ გარდაცვლილ ზ. ჟვანიას, ხოლო რაც შეეხება დასავლეთის მმართველი წრეებისგან პატივისცემის გამოხატვას, ეს შესაძლოა სულაც არ იყოს გულწრფელი, და ამის მაგალითიც ზემოთ იქნა მოყვანილი.
სანამ შემდეგ მოვლენებზე საუბარს გავაგრძელებდე, მეტად საინტერესო იქნებოდა წინა, 1998 წლის რამდენიმე ეპიზოდის გახსენება. მის დასაწყისში ჩემს მაშინდელ სამსახურში, საქართველოს პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში, თანამშრომელმა მითხრა, რომ ინტერნეტისთვის ამზადებდა მასალას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ და მთხოვა მომემზადებინა წერილი მისი ჩამოყალიბების ისტორიისა და თანამედროვე მდგომარეობის ჩვენებით, მაგრამ მე მანამდე ვიკვლევდი ძირითადად აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, იმ ხანებში კი მხოლოდ ახლად მქონდა დაწყებული საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების შესწავლა, ასევე მცირე ევროპული სახელმწიფოების სამხედრო მშენებლობის მასალების გაცნობა, და შემოთავაზებული წერილის დაწერა უბრალოდ არ შემეძლო. გარდა ამისა, ვიცოდი, რომ 80-იანი წლების მიწურულიდან საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების წარმოქმნისა და ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების ისტორიას სწავლობდა “კავკასიურ ინსტიტუტში” დავით დარჩიაშვილი, რაზედაც მას ნატო-დან გრანტი ჰქონდა მიღებული, და ამიტომ მას ვთხოვე ინტერნეტისთვის მოემზადებინა შესაბამისი მასალა და დავაკავშირე ჩემს თანამშრომელთან, მე კი უკვე იმ ხანად ვიცოდი, რომ 1992 წელს ტაშკენტის შეთანხმების საფუძველზე საქართველოსთვის დადგენილი 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 285 საველე საარტილერიო სისტემის კვოტები სრულებით არ იყო საკმარისი ქვეყნის თავდაცვის უნარის მქონე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისთვის, და შევთავაზე შესაბამისი ნაწილის მომზადება ამ წერილისთვის. მაგრამ სანამდე ამას გავაკეთებდი, ჯერ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, რევაზ ადამიას ვუთხარი, რომ ჩემი ინფორმაციით საქართველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები არ არის საკმარისი თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შესაქმნელად, რომ საჭიროა მათი გაზრდა, და მივცე ასეთი ინფორმაცია ინტერნეტისთვის, თუ თავი შევიკაო მეთქი. რეზო ადამიამ მაშინ მითხრა, რომ კვოტების არასკმარისობის შესახებ შეგიძლია დაწერო, მაგრამ მათ გაზრდაზე კი ნურაფერს იტყვი, ვინაიდან ჩვენ ისედაც გვაწვებიან, ეგ კვორები თქვენთვის ბევრია და ჯობია შეამციროთო, და თუ შენ ახლა გაზრდაზე დაიწყებ ლაპარაკს, შესაძლოა რაც გვაქვს, ისიც ვერ შევინარჩუნოთო. მე გავითვალისწინე მისი თხოვნა და დავწერე დაახლოებით შემდეგი: ჩვენი ქვეყნის მეზობელი დიდი სამხედრო ტრადიციების მქონე რუსეთიცა და თურქეთიც ამიერკავკასიის რეგიონში უპირატესობას ანიჭებენ მექანიზებული და მოტომსროლელი ჯარების გამოყენებას, და თავიანთ შეიარაღებაში გააჩნიათ შესაბამისი რაოდენობის საბრძოლო ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერები, აგრეთვე საველე არტილერიის ქვეეხები და ნაღმსატყორცნები, რაზედაც საქართველოს ძალზედ მოკრძალებული კვოტები გააჩნია. ამიტომ თუკი ჩვენს ქვეყანას რომელიმე მათგანთან მოუწევს შეიარაღებული კონფლიქტის გადატანა, თუნდაც სრულად შევსებული შეიარაღების კვოტების პირობებში, მაშინ შედეგი უკვე წინასწარ ცნობილი და ჩვენთვის მეტად სამწუხარო იქნება მეთქი.
შემდეგ მალევე მიწვევა მივიღეთ გერმანიაში არსებულ ამერიკულ სამხედრო დაწესებულებაში ე. წ. “მარშალის ცენტრში”, სადაც მარტის ბოლო დეკადაში ტარდებოდა ერთკვირიანი სემინარი სამხედრო საქმეში კომპიუტერული მოდელირების საკითხებში. იქ გახლდით მიწვეული რეზო ადამიას მოადგილე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჰამლეტ გეგენავა და მე. მე მაშინ პროამერიკულად ვიყავი განწყობილი, ამ მიწვევითაც კმაყოფილი ვიყავი, და სემინარის მუშაობაშიც შეძლებისდაგვარად აქტურად და ხალისით ვმონაწილეობდი. მასპინძლების მიმართაც და ჩვენსავით სემინარზე ჩასული სტუმრების მიმართაც მხოლოდ კეთილგანწყობას გამოვხატავდი. სემინარის ბოლოში ცენტრის თანამშრომლებმა ჩვენ გვითხრეს, რომ “მარშალის ცენტრს” ასეთი კოლექტიური თანამშრომლობის გარდა გააჩნია აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამებიც, ამიტომ გვინდა, რომ რაც თქვენი ქვეყნისთვის საჭიროდ მიგაჩიათ, იმის შესახებ დაგვიწეროთო. მეც დავწერე შესაბამისად, რამდენადაც მახსოვს, კვალიფიციური კადრების უკმარისობის, აგრეთვე სხვა პრობლემების შესახებ, და ბოლოში კი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტების არასაკმარისობისა, და იქაც დაახლოებით იმავე სიტყვებით, რაც დავწერე მანამდე ინტერნეტში გამოსაქვეყნებლად განკუთვნილ წერილში, რომ თუკი შეიარაღებული კონფლიქტი მოგვიწევს რუსეთთან ან თურქეთთან, მაშინ …результат будет очевиден и печален (იქ რუსულად ვწერდით ამ სურვილებს).
იმავე 1998 წლის გაზაფხულზე საქართველოს ტელევიზიით შევიტყვე, რომ თავდაცვის ახალმა მინისტრმა, დავით თევზაძემ, სამინისტროში ჩამოაყალიბა სტრატეგიული კვლევების სამმართველო (დახლოებით ასეთი სახელწოდება ჰქონდა), რომლის უფროსადაც დანიშნულ იქნა პოლკოვნიკი შალვა კუპატაძე. ვიცოდი, რომ დ. თევზაძე მანამდე წელიწადნახევრის განმავლობაში სწავლობდა სწორედ “მარშალის ცენტრში” და მის დანიშვნას მეც უკეთესის მოლოდინის იმედით ვუყურებდი, დავუკავშირდი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და ვთხოვე მეც პარლამენტის აპარატიდან ზემოაღნიშნულ სამმართველოში გადავეყვანეთ. ამ შემთხვევაში ჩემი ვარუდი იყო შემდეგი, რომ პარლამენტის აპარატში ჩემი კვლევითი საქმიანობა დაკავშირებული იყო იმ თემებთან, რაზედაც ახლო მომავალში პარლამენტს უნდა განეხილა კანონპროექტები და გამოეტანა გადაწყვეტილებანი. ამიტომ ეს კვლევები უნდა მეწარმოებინა წყვეტილად, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, და არცთუ ყოველთვის სამხედრო სფეროში, არამედ ასევე სამოქალაქო თავდაცვის, სპეცსამსახურებისა და სხვა. თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კვლევებით დაკავებულ სტრუქტურაში კი იმედი მქონდა, რომ მეთოდურად და მიზანმიმართულად, ერთი საკითხიდან მეორეზე უწყვეტად გადასვლით, შესაძლებელი იქნებოდა უფრო საფუძვლიანი და ამომწურავი კვლევითი მუშაობის წარმოება, შესაბამისი საინფორმაციო და კვლევითი ბაზის შექმნა და შემდგომში მრავალთა მიერ მისი გამოყენება. თანაც აქ იქნებოდა საერთო ინტერესითა და საქმით დაკავშირებული კოლექტივი, რომლიც მუშაობაც ერთი ადამიანის მუშაობასთან შედარებით, ცხადია, გაცილებით უმფრო ნაყოფიერი უნდა ყოფილიყო. უშუალო ურთიერთობა მქონდა თავდაცვის მინისტრის მოადგილეებთან, ბოლოს კი გრიგოლ ქათამაძესთან, რომელიც განაგებდა სამინისტროს საგარეო ურთიერთობების სფეროს და რომლის შესახებაც ზემოთ უკვე მქონდა საუბარი.
ამავე წლის ზაფხულში ან ადრეულ შემოდგომაზე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ამერიკელებმა ჩაატარეს რამდენიმე დღიანი სემინარი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლები, თავდაცვის სამნისტროდან, უშიშროებიდან, მესაზღვრეებიდან, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან და სხვა, თუმცა კი უფრო მეტად ეს შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს საკითხების სფეროს. მისი ერთერთი სხდომის დროს ამერიკელმა სპეციალისტებმა შემოგვთავაზეს, რომ ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი შეხედულებანი რამდენიმე საკითხის შესახებ, მათ შორის იმისა, თუ რა სჭირდებოდა საქართველოს საჰაერო თავდაცვის სფეროში. ამ საკითხებზე გამოითქვა მოსაზრებანი, და მეც გამოვთქვი მათ შორის. რაც შეეხებოდა საჰაერო თავდაცვას, აქ მე ვთქვი, რომ თანამედროვე საზენიტო საშუალებები არის სამი კატეგორიისა: დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლის, საშუალო სიმაღლეებზე მფრენ საჰაერო მიზნებთან და დიდ სიმაღლეებზე მფრენ მიზნებთან ბრძოლისა. სახელდობრ, 80-იან წლებში აშშ არმიის შეიარაღებაში არსებული საზენიტო ავტომატური ქვემეხით “ვულკანი” შესაძლებელი გახლდათ საფრენი აპარატების დაზიანება 1500 მ-მდე სიმაღლეებზე, მობილური საზენიტო სარაკეტო კომპლექსით (ზრკ) “ჩაპარელი” – 15-დან 2500 მ-მდე სიმაღლეებზე, გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსით (გზრკ) “სტინგერი” – 30-დან 3500 მ-მდე, მობილური ზრკ-ით “გაუმჯობესებული ჰოქი” საჰაერო მიზნების დაზიანება შესაძლებელი იყო 30 მ-დან 18 კმ-მდე სიმაღლეებზე (საშუალო სიმაღლეები), ხოლო მობილური ზრკ-ით “პეტრიოტი” – 24 კმ-მდე სიმაღლეებზე (დიდი სიმაღლეები). შესაბამისად დიდი იყო ორი უკანასკნელი ტიპის ზრკ-ების მიერ მოწინააღმდეგის საჰაერო მიზნების დაზიანების სიშორეც, სახელდობრ “გაუმჯობესებული ჰოქისთვის” ეს მანძილი შეადგენდა 1,8-დან 40 კმ-მდე, ხოლო “პეტრიოტისთვის” – 70 კმ-მდე. მაგრამ, შესაბამისად იზრდებოდა როგორც თავად მართვადი საზენიტო რაკეტების, ისეთი მათი გასაშვები დანადგარებისა და საჰაერო მიზნების აღმომჩენი რადიოსალოკაციო სადგურების ღირებულება, რომელთა შეძენის უნარი საქართველოს მსგავს მცირე სახელმწიფოებს ნაკლებად გააჩნიათ. კერძოდ, “პეტრიოტის” ტიპის მარტო ერთი რაკეტის ფასი ერთ მილიონ დოლარამდე ადიოდა, რომ არაფერი ვთქვათ მთლიანად ამ კომპლექსზე. ამიტომ მე იქ გამოვთქვი მოსაზრება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რამდენად გვჭირდება ჩვენ “გაუმჯობესებული ჰოქისა” და “პეტრიოტის” მსგავსი სისტემები, ანუ უფრო სწორად, რამდენად გავწვდებით იმას, რომ შევიძინოთ ეს კომპლექსები იმ რაოდენობით, რათა შესაძლებელი იყოს მათგან საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებისა და ნაწილების ჩამოყალიბება, თუ უფრო იაფი საზენიტო არტილერიითა და მცირე სიშორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით უნდა შემოვიფარგლოთ, და რა უნდა ვქნათ ასეთ პირობებში საშუალო და დიდი სიმაღლეებიდან ჩვენზე მოტანილი საჰაერო დარტყმების წინააღმდეგ? ასეთი პასუხი ერთერთ ამერიკელ სტუმარს, დოქტორ იანგს, აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კოლეჯიდან, ისე ძალიან მოეწონა, რომ იქვე განაცხადა: ჩვენ აქ ჩამოსულნი ვართ იმისთვისაც, რომ შევისწავლოთ აქაური მდგომარეობა, და მივცეთ შემდეგ რეკომენდაციები პენტაგონში, თუ რა სამუშაოების განვითარება შეიძლება თქვენს პირობებშიო. თქვენთან დაკავშირებით მე მივცემ რეკომენდცია, რომ სამხედრო საქმე იცით და გაინტერესებთ, რომ ასეთ კვლევით მუშაობაში სარგებელს მოიტანთ და შესაბამის საქმიანობაში ჩაგრთონო. მეც, ცხადია, ძალზედ კმაყოფილი ვიყავი ასეთი შედეგით, ასევე მთელი ამ სემინარის მიმდინარეობით, და დღესაც მის ცალკეულ ეპიზოდებს სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე. მაგრამ შემდგომი მოვლენები სხვანაირად წარიმართა.
იმავე 1998 წლის ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში ჩვენთან დეპარტამენტში მოვიდნენ თავდაცვის სამინისტროს ზემოთ აღნიშნული სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკი კუპატაძე და მისი ოფიცერი მაიორი ლაზარიშვილი და შემომთავაზეს დავრჩენილიყავი ჩემს სამუშაო ადგილზე და მათთვისაც მეკეთებინა სამუშაოები. მაგრამ ჩემს სამსახურში მე მქონდა ჩემი ძირითადი საქმეები, რომელთა შესრულებაც ასევე მნიშვნელოვან დროს მოითხოვდა, და ასეთ პირობებში უბრალოდ არც კი იქნებოდა შესაძლებლობა მათთვის კიდევ დამატებითი თემების მომზადებისა. მეორეს მხრივ ჩანდა, რომ მათ იმედი ჰქონდათ გარკვეულ არცთუ დიდ დროში შეძლებდნენ ცოდნის მიღებას სამხედრო საქმეში და მერე თვითონაც გააგრძელებდნენ ამ თემატიკაში მუშაობას. მე და ჩემნაირები კი მათთვის ალბათ ვიქნებოდით ის ლიმონი, რომელიც უნდა გამოწურო და მერე გადააგდო, რაც ხშირად ხდება ხოლმე კიდეც, სამწუხაროდ, დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში, და იმიტომაც ვართ ასე “კარგად”. მე, ცხადია, ასეთი პერსპექტივა სრულებით არ მხიბლავდა და ამიტომ მათ უარი ვუთხარი. მაგრამ დოქტორ იანგის სიტყვებისამებრ, თუკი პენტაგონიდან მიიღებდნენ ჩვენს თავდაცვის სამინისტროში რეკომენდაციას ამ საქმიანობაში ჩემი ჩართვის შესახებ, განა კი ასე უგულისყუროდ მოეკიდებოდნენ მას, ალბათ ვერა; როგორც ჩანს, ასეთი რეკომენდაცია იქიდან არ წამოსულა. მე ეჭვი არ მეპარება, რომ დოქტორი იანგი შეასრულებდა თავის პირობას და თავის ანგარიშში დაწერდა იმას, რაც მაშინ მითხრა, მაგრამ უფრო ზევით, როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობდნენ, როგორც ჩანს სამხედრო საქმეში აქ საქმით დაინტერესებული და მცოდნე სპეციალსტების ჩართვა არ სჭირდებოდათ, რაც მთელმა შემდგომმა ჩვენმა ცხოვრებამ ნათლად დაანახა ყველას, ვისაც კი თავისი სამშობლო გულით უყვარს და თავისი პირადი ინტერესები მისი ინტერესების სამსახურში ჩაუყენებია, ხოლო ვისთანაც ეს პირიქითაა, იმათზე კი რა მოგახსენოთ. ყოველ შემთხვევაში აქ მიზეზად ჩემი ანტიამერიკულობა მაშინ ვერ იქნებოდა, ვინაიდან იმხანად ძალიან პროამერიკული გახლდით და აშშ-ის სამხედრო მშენებლობის საკითხებსაც ამ ქვეყნისადმი სიყვარულის, პატივისცემისა და კეთილმოსურნეობის განწყობით ვსწავლობდი. მხოლოდ ჩემი პროამერიკულობა და პროდასავლურობა გულისხმობდა იმას, რომ შეგვესწავლა აშშ-ისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის გამოცდილება, გაგვეანალიზებინა მისი ცალკეული მხარეები და მიგვეღო ისინი, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის სასარგებლო და საჭირო იქნებოდა, ხოლო დანარჩენზე კი უარი გვეთქვა. ასეთი რამ წაკითხული მქონდა ჯერ კიდევ 1983 წლის მეორე ნახევარში, როცა შეძლებისდაგვარად საფუძვლიანად გავეცანი ილია ჭავჭავაძის (წმ. ილია მართლის) პუბლიცისტიკას. იქ ილია სწორედ ასეთ მიდგომას უჭერდა მხარს, როდესაც ეკამათებოდა ნიკო ნიკოლაძეს ან ნოე ჟორდანიას. პირველ მათგანს საფუძვლიანად შეესწავლა ევროპაში სამეურნეო საქმე და, როგორც ჩანს, უნდოდა მისი პირდაპირ გადმოტანა საქართველოში, რაზედაც ილია აცხადებდა, რომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის გამოცდილება ჯერ უნდა საკუთარი ეროვნული ცნობიერების ქარ-ცეცხლში გავატაროთ, გავიგოთ იქიდან რა გამოგვადგება და რა არა, და მხოლოდ ჩვენთვის სასარგებლო მივიღოთ, დანარჩენზე კი უარი ვთქვათო. იგივეს წერდა წმ. ილია მართალი ნოე ჟორდანიას სოციალ-დემოკრატიულ ევროპულ იდეოლოგიასთან დაკავშირებითაც. და სწორედ ილიას ეს დამოკიდებულება გახლდათ განმსაზღვრელი ჩემს პროდასავლურობაშიც. მაგრამ საქართველოში იყო და არის სხვა ტიპის პროდასავლურობაც, როდესაც მავანნი და მავანნი ჩამდგარან დასავლეთის მმართველი წრეების სამსახურში, მიუღიათ მათი დახმარებით ფულები, თანამდებობები და მათივე ინტერესებისთვის, მათივე კარნახით ატარებენ ჩვენს სამშობლოში მისთვის უცხო და ძირგამომთხრელ პოლიტიკას. იგივე უნდა ითქვას პრორუსულობაზეც.
როგორც შემდეგ გავიგე, თავად პოლკოვნიკი კუპატაძე ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცერი გახლდათ და თავისი სამმართველოც ძირითადად ამ უწყების ძველი თანამშრომლებით დაუკომპლექტებია. ბევრ მათგანს მართლაც ექნებოდა ანალიტიკური მუშაობის უნარი და გამოცდილება, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ მათ არ იცოდნენ სათანადო დონეზე თანამედროვე სამხედრო საქმე და ისევე გაუჭირდებოდათ ამ სფეროში კვლევითი მუშაობის წარმოება, პირველ წლებში მაინც, როგორც მე, მაგალითად, გამიჭირდებოდა ასეთივე მუშაობის წარმოება საოპერო ხელოვნებაში, ან მედიცინაში, კულინარიაში და ა. შ. ჩვენ, მეგობრების ჯგუფმა, ჯერ კიდევ 1990 წლის მიწურულში დავაარსეთ სამხედრო-ისტორიული ჟურნალი “მხედარი”, რომლისთვისაც მომდევნო წლიდან დავიწყე მე აშშ შეიარაღებული ძალების შესწავლა, ამავე დროს ჩვენ დაგვიკავშირდნენ ის ქართველი ადამანები, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ასევე დაინტერესებული იყვნენ სამხედრო ხელოვნების ისტორიითა და თანამედროვე სამხედრო საქმით, და თუკი მართლაც იქნებოდა ამ სფეროში ხელისუფლების მხრიდან დაინტერესება, ამ ჯგუფსაც მიეცემოდა მაშინ სრულფასოვანი და ნაყოფიერი მუშაობის საშუალება, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. სამაგიეროდ იყო ხელის შეწყობა “თავისიანებისთვის”, რათა მათ კარიერა ეკეთებინათ თავდაცვის სფეროში, და ამან განსაკუთრებით თავი იჩინა 1998 წლის შემდეგ, როცა ამერიკელები უფრო ქმედითად დაინტერესდნენ საქართველოს სამხედრო მშენებლობით და ამ ქართველმა “თავისიანებმაც” ასეთი კარიერის კეთების პერსპექტივა დაინახეს.
მაიორმა ლაზარიშვილმა იმ საუბრისას გვიამბო ერთი შეხვედრის შესახებ. იყო რაღაც ღონისძიება თავდაცვის სამინისტროში, უფრო სწორად, მათ სამმართველოში, – როდესაც ერთერთმა უცხოელმა სტუმარმა ახსენა ტერმინი “ლოგიკურობა”, ხოლო მე კი იმავე საკითხზე უმჯობესად მივიჩნიე ტერმინ “მიზანშეწონილობის” გამოყენება, და შემდეგ ნახევარი დღე ჩვენი სემინარის მუშაობისა დაეთმო იმის გარკვევას, თუ ამ შემთხვევაში რომელი ტერმინი უფრო შესაფერისი იქნებოდაო. – და მაიორ ლაზარიშვილის ამ მონაყოლმა მე სულ სხვა მსგავსი ღონისძიება გამახსენა. ეს გახლდათ მანამდე ორწელიწადნახევრით ადრე, 1996 წლის აპრილის დასაწყისში, როდესაც თბილისში ჩატარებულ იქნა ნატო-ს ბლოკის პირველი ასეთი წარმომადგენლობითი კონფერენცია თემაზე “მცირე სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება” (ცხადია, იგულისხმებოდა საქართველო). ღონისძიებას აწყობდა “ნატო-ს ინფორმაციის ოფისი” “ფრიდრიხ ებერტის ფონდის” მხარდაჭერით, ხოლო საქართველოში კი მას მასპინძლობას უწევდა “კავკასიური ინსტიტუტი” გია ნოდიას ხელმძღვანელობით. ამ კონფერენციის მუშაობის მსვლელობისას, საერთო მოხსენებების გარდა, იქმნებოდა მცირე სამუშაო ჯგუფებიც, რომლებშიც ცალ-ცალკე გრძელდებოდა კონკრეტული საკითხების განხილვა. ჩვენს ჯგუფს, რომელშიც შევდიოდით ჟურნალ “მხედარის” რედკოლეგიის სხვა წევრებიც, ხელმძღვანელობდნენ გერმანელი სპეციალისტები, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, დოქტორი ჰანს გეორგ ვიკი და სამხედრო ატაშე, ვიცეპოლკოვნიკი იურგენ ბაიხე. საუბარში დოქტორმა ვიკმა ახსენა, რომ მსოფლიოს ქვეყნებში არის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების ორი პრინციპი: ტერიტორიული და ცენტრალიზებული. პირველი გულისხმობს ქვეყნის ცალკეულ მხარეებში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების დაკომპლექტებას იმავე მხარის მოსახლეობისგან, მეორე კი ითვალისწინებს გაწვეული პირადი შემადგენლობის ცენტრალიზებულ განაწილებას სამხედრო ნაწილებში მათი საცხოვრებელი ადგილის და მიუხედავად. იგი გვთავაზობდა, რომ საქართველოში გამოგვეყენებინა შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ტერიტორიული პრინციპი, რაც მოხსნიდა უკმაყოფილებას არაქართული რეგიონების მოსახლეობაში, ვინაიდან ამ შემთხვევაში ისინი იმსახურებდნენ ისევ თავიანთ რეგიონებში.
შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების აღნიშნული ორი პრინციპი ჩემთვისაც ცნობილი გახლდათ, მხოლოდ სახელწოდებებით: ტერიტორიული და ექსტერიტორიული. და მეც, ჩვეულებისამებრ, პასუხის გაცემისას, გამოვიყენე ტერმინი “ექსტერიტორიული პრინციპი”, ცენტრალიზებულის ნაცვლად. დოქტორმა ვიკმა მკითხა, იმასვე ვგულისხმობდი თუ არა მე ტერმინში ექსტერიტორიული, რასაც იგი გულისხმობდა ტერმინში ცენტრალიზებული, მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და საუბარი შემდეგ უკვე მისი წინადადების შეფასებაზე გადავიტანე. ვუთხარი, რომ აღნიშნული რეგიონების არაქართული მოსახლეობით დასახლების გამო, აგრეთვე იქ არსებული გარკვეული განკერძოებულობის გათვალისწინებით, თუკი იქვე განლაგებული იქნება საბრძოლო ბრიგადები, რომელთაც ექნებათ საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება, მაშინ შესაძლოა ამ მხარეებში წარმოიშვას დაპირისპირების მუხტი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომელიც გადაიზარდოს შეიარაღებულ დაპირისპირებაში, ხოლო ამას კიდევ შესაძლოა მოჰყვეს სამხედრო დახმარება ამ რეგიონებისთვის შესაბამისად ჩვენი მეზობელი ქვეყნების მხრიდანაც, რაზედაც ცხადია, ვერ დავეთანხმებოდით. მე მათ გავახსენე ის გარემოება, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1950-იან წლებში დასავლეთ გერმანიაში გამოქვეყნებულ მემუარულ ლიტერატურაში ომის მონაწილე გერმანელი გენერლები საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ სტალინგრადში გერმანული ჯარების ცენტრში იდგნენ საკუთრივ გერმანული ჯარები, სახელდობრ პაულიუსის მე-6 არმია, ხოლო ფლანგებზე კი – იტალიური და რუმინული არმიები. გერმანელმა გენერლებმა იცო-დნენ, რომ იტალიური და რუმინული ჯარები ჩამოუვარდებოდნენ გერმანულ ჯარებს შეიარაღებასა და ბრძოლისუნარიანობაში, რომ შესაძლებელი იქნებოდა საბჭოთა ჯარების მსხვილი შენაერთებით მათი პოზიციების ოპერატიული გარღვევა და შემდეგ ორივე მხრიდან პაულიუსის არმიისთვის ალყის შემორტყმა. ამიტომ ისინი სთავაზობდნენ ჰიტლერს, რომ იტალიური და რუმინული დივიზიები გაენაწილებინა გერმანულ დავიზიებს შორის, რის შედეგადაც ფრონტის ხაზი მთელ მის სიგრძეზე ერთგვაროვანი გახდებოდა და თავდაცვაშიც უფრო მტკიცე იქნებოდა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა საბჭოთა ჯარების მხრიდან დიდი ძალებით გერმანული პოზიციების ოპერატიული გარღვევის შესაძლებლობას, ხოლო უფრო მცირე ტაქტიკურ გარღვევებს კი რეზერვების გამოყენებით აღმოფხვრიდნენ.
მაგრამ, გერმანელი გენერლები წერდნენ, რომ ჰიტლერი წინააღმდეგი იყო ამისა, ვინაიდან იგი დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდა თავის მოკავშირეებს და არ უნდოდა მათთვის ეწყენინებინა. საბოლოოდ კი მოხდა ის, რის შესახებ წერდნენ გერმანელი გენერლები თავიანთ ფიურერს: მართლაც სწორედ იტალიური და რუმინული არმიების მოქმედების ზოლში გაარღვიეს საბჭოთა ჯარებმა მოწინააღმდეგის პოზიციები, ალყაში მოაქციეს გერმანული მე-6 არმია და გაანადგურეს. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს გერმანელ თანამოსაუბრეებს, რომ ამ კუთხიდანაც შეეხედათ მათ მიერ შემოთავაზებული წინადადებისთვის. ისინი დაგვეთანხმენ და ამის შემდეგ უკვე სხვა საკითხებზე გადავედით. ამ ეპიზოდში საყურადღებოა ორი რამ: ჯერ ერთი, ჩვენ არ დაგვიწყია მსჯელობა და კამათი იმაზე, თუ რომელი ტერმინი იქნებოდა უფრო სწორი და მისაღები, შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ცენტრალიზებული პრინციპი, თუ ექსტერიტორიული. არსობრივად ისინი ერთსა და იმავე რამეს გამოხატავდნენ, ჩვენ ეს ვიცოდით და მსჯელობა წარვმართეთ სწორედ შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებს ამ პრინციპის ავ-კარგიანობაზე; გარდა ამისა, ისევ სამხედრო საქმისა და სამხედრო ისტორიის გარკვეულ ცოდნაზე დაყრდნობით შევეცადეთ დაგვენახვებინა ჩვენი გერმანელი მრჩევლებისთვის, რომ ამ პრინციპით ჩვენი ჯარების დაკომპლექტება სასურველად არ გვეჩვენებოდა. და ამ მხრივ იმ საუბარში გარკვეული წარმატებაც გვქონდა. მაგრამ ამ ღონისძიებიდან ორნახევარი წლის გავლის შემდეგ უკვე თავდაცვის სამინისტროში, სტრატეგიული კვლევების სამართველოში, სხვა ღონისძიების მსვლელობისას, მთელი ნახევარი დღის განმავლობაში ქართველი ოფიცრები და უცხოელი სპეციალისტები მთელი მონდომებით კამათობდნენ იმაზე, თუ რომელი ტერმინის გამოყენება სჯობდა – “ლოგიკურობის” თუ “მიზანშეწონილობისა”. და ამ კამათის მიზეზი და შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ სახედრო საქმეში სათანადო დონეზე ჩაუხედავი ქართველი ოფიცრები, ყოფილი КГБ-შნიკები, რადგანაც არ შეეძლოთ საკუთრივ სამხედრო საკითხებზე სერიოზულად მსჯელობა, ამით ეუბნებოდნენ დასავლელ სტუმრებს, რომ მთლად უვიცები და რეგვენები არც ჩვენ ვართ, ჩვენც შეგვიძლია აზროვნება და მსჯელობა, ცალკეული ტერმინების ავ-კარგიანობის შეფასება და სხვა. მაგრამ ამ ადამიანებს არ სურდათ ჩაეხედათ იმაში, რომ აზროვნებისა და მსჯელობის უნარი კი არ სჭირდებოდა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კვლევების სამმართველოში სამსახურს, არამედ, უწინარეს ყოვლისა, სამხედრო საქმის ცოდნა და მასზე მუშაობის გამოცდილება. ალბათ მკითხველს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ამ წერილის ავტორს ასევე გააჩნია აზროვნებისა და მსჯელობის უნარი, მაგრამ მე რომ ხვალ ქირურგად გამოვაცხადო თავი, საჭირო ხალხთან ჩავაწყო კიდეც ეს საქმე, ჩავიცვა თეთრი ხალათი და სკალპელიც მოვიმარჯვო ხელში, ალბათ ეს ვაჟბატონები საოპერაციო მაგიდაზე არ დამიწვებიან და არც თავიანთ ახლობლებს მომიყვანენ “სამკურნალოდ”. და თუკი თავიანთთვის ან თავიანთი ახლობლების ჯანმრთელობის მისახედად მათ მხოლოდ კარგი სპეციალისტები უნდათ და მათ ენდობიან, მათ დაუწყებენ ძებნას, მაშინ რაღატომ თვლიან, რომ შეიძლება უვიცობითა და “ჩალიჩით” საქმიანობდნენ თავდაცვის სამინისტროში, სადაც მათი ეს “ჩალიჩი” არა ერთი და ორი, არამედ ასეულობით და ათასეულობით ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს შეიძლება დაემუქროს? როგორც მოყვანილი მაგალითიდან აშკარად ჩანს, 1996 წლის აპრილში ჩატარებულ ნატო-ს ბლოკის ღონისძიებაზე გაცილებით უფრო შინაარსიანად და ქმედითად მიდოდა საუბარი და უფრო კარგად იქნა წარმოჩენილი საქართველოს ინტერესები, ვიდრე 1998 წლის ნოემბერში თავდაცვის სამინისტროს ასეთი მნიშვნელოვანი სამმართველოს ოფიცრის მიერ მოთხრობილ ეპიზოდში. ანუ მოხდა უკან დახევა ქართული ინტერესების დაცვიდან ცალკეული ქართველი მოხელეების სამსახურეობრივი (სკამის, ფულისა და კარიერის) ინტერესების დაცვისკენ. და ეს არ გახლავთ გამონაკლისი ეპიზოდი, არამედ ეს არის ჩვეულებრივი მაგალითი “საქმის კეთებისა ქართულად”.
1996 წელს ჩატარებულ ნატო-ს კონფერენციაში მონაწილეობდა და ერთერთი წამყვანი ფიგურა გახლდათ სამხედრო საქმის ამერიკელი სამოქალაქო ექსპერტი ქენეთ ბრაუერი, რომლის შესახებაც კონფერენციის მოგვიანებით გამოქვეყნებულ მასალებში საგანგებოდ იყო აღნიშნული, რომ მასში სამუშაოდ სპეციალურად მოიწვიეს ამერიკელი სამხედრო ექსპერტი ქენეთ ბრაუერი, რაზედაც თანხები გაიღო ფრიდრიხ ებერტის ფონდმა. კონფერენციის მასალებში გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, ბ-ნმა ბრაუერმა ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა: „ნატო-ს ქვეყნებში თავდაცვას არ უყურებენ სერიოზულად, რადგან აქვთ გარანტია ამერიკული ბირთვული იარაღის სახით... ნატო-ს წევრ ქვეყნებში სამხედრო სამსახურში იყენებენ 18-38 წლის მამაკაცთა მხოლოდ 2-10%-ს, (იგულისხმება ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები – ი. ხ.). ეს იმიტომ, რომ ისინი დიდი ქვეყნებია. ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, სინგაპური და ისრაელი საგანგებო ვითარებაში იყენებენ იმავე ასაკის მამაკაცების 100%-ს. რას ნიშნავს ეს? თუ ქვეყანაში ხუთმილიონიანი მოსახლეობაა, ნატო-ს პრაქტიკის თანახმად, ომის შემთხვევაში მხოლოდ 60 ათასი ადამიანი უნდა გაიწვიონ, მაგრამ რეალურად 5 მილიონ ადამიანზე შეიძლება 550-ათასიანი არმიის მობილიზებაც. ეს დიდი ძალაა... პატარა ქვეყნებში არმია მოსამზადებელი სკოლაა. ნამდვილი ძალა რეზერვია. ყველა გაწვეული კარგად უნდა მომზადდეს. მაგრამ თითოეული ქვეყნის პრეზიდენტს სჭირდება სწრაფი რეაგირების ძალაც. ამისთვის საკმარისია 18-თვიანი გაწვევა. ამ ვადის პირველი მესამედის მანძილზე ჯარისკაცი გადის ინდივიდუალურ წვრთნას, მეორე მესამედი ეთმობა მომზადებას სამხდრო ნაწილში, ბოლო მესამედს კი ჯარისკაცი პრეზიდენტის ხელქვეით მსახურობს. შემდეგ ჯარისკაცი გადადის რეზერვში და მას ახალი შეცვლის... ამის შედეგად მოხდება შეკავშირებული, შეკრული სამხედრო ნაწილების შექმნა, რომელთა წევრებიც ერთ სარეზერვო ნაწილში იმსახურებენ შემდგომი 20 წლის მნძილზე. ესაა უწყვეტი ჯაჭვი და ხუთ-ექვს წელიწადში იარსებებს მაღალკვალიფიციური არმია. იწყებთ პატარა ბირთვით და 20 წელიწადში გეყოლბათ 500-ათას კაციანი რეზერვი. იმედია ამ დროისთვის ფულიც გექნებათ (სათანადო შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად)“.
როგორც ვხედავთ, ამერიკელი ექსპერტის ეს რეკომენდაციები რადიკალურად ეწინააღმდეგება იმ რჩევებს მცირერიცხოვანი, მობილური და პროფესიული შეიარაღებული ძალების შექმნაზე, რასაც შემდეგ, 2000-იანების დასაწყისში აჟღერებდნენ საქართველოს ტელევიზიასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში. დასავლურ რეკომენდაციებში ასეთი რადიკალური განსხვავების მიზეზად ჯერ კიდევ მაშინ მე ვასახელებდი იმას, რომ 1996 წელს ნატო ახალი შემოსული გახლდათ საქართველოში, მისმა წარმოგზავნილებმა არ იცოდნენ კარგად აქ არსებული ვითარება, უნდოდათ ჩვენი ნდობის მოპოვება და ამიტომ უფრო მეტ სიმართლესაც ლაპარაკობდნენ. მაგრამ შედეგ, როდესაც მათ აქ იყიდეს ის ადამიანები და სტრუქტურები, რომლებიც სჭირდებოდათ საკუთარი ინტერესების გატარებისთვის, მაშინ კი უკვე აღარ იწუხებდნენ თავს გულწრფელობით და აღარც სიმართლე არაფერში სჭირდებოდათ. ეს არის და ეს. ამაზე საპასუხოდ ეს ქართველი მოხელეები მეუბნებოდნენ, რომ, შენ მარტო ქენეთ ბრაუერს მოუსმინე, ჩვენ კი სხვა უცხოელ სპეციალისტებთანაც გვილაპარაკიაო. მაგრამ განა ლაპარაკით ხდება რაიმე საგნის შესწავლა, და განა 1996 წლის ღონისძიებაზე მოსმენილი მოხსენებებითა და საუბრებით ვსწავლობდით ჩვენ სამხედრო საქმეს? სრულებითაც არა, ასეთ ღონისძიებებზე მივდიოდით უკვე შესწავლილი გარკვეული საკითხებითა და ჩამოყალიბებული ცოდნით, და იქ მხოლოდ ვამოწმებდით ჩვენს ცოდნას, ან კიდევ გარკვეულ დეტალებსა და ნიუანსებს ვამატებდით მასზე. მაგრამ არც ეს მოხელენი ტყუოდნენ, ისინი მართლაც არ იწუხებდნენ თავს ზედმეტი კითხვითა და ფიქრით, არამედ ისინი მხოლოდ თავიანთ უცხოელ მეგობრებთან “საუბრებით” ითვისებდნენ გარკვეულ ცოდნა-განათლებას და შემდეგ საკვანძო თანამდებობებზე ჯდებოდნენ, ხოლო ეს უცხოელი “მეგობრები” უკვე პატრონებად და ბოსებად ჰყავდათ თავზე წამოსმული.
ქვემოთ მოვიყვან მათი ასეთი “თანამშრომლობის” ერთ დამახასიათებელ მაგალითს. 2000 წლის პირველ ნახევარში, როდესაც მე უკვე გამოქვეყნებული მქონდა გაზეთ “საქართველოში” (საქართველოს სახალხო ფრონტის ორგანო) ათამდე წერილი საერთო სათაურით “იცნობ მეზობელს, ჩასწვდომიხარ ღირსებას მისას?!” საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების შესახებ, და ასევე პირად საუბრებშიც აქტიურად ვაჟღერებდი ინფორმაციას 90-იან წლებში ამერიკელებისა და გერმანელების მიერ თურქეთის სამხედრო მანქანის არაადექვატურად გაძლიერების, თურქეთის ხელისუფლების სავარაუდო მიზნებისა და დასავლეთის მმართველი წრეების სავარუდო გეგმების შესახებაც, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი (დავით სიხარულიძე) და კავკასიური ინსტიტუტი (დავით დარჩიაშვილი) ამერიკელებთან ერთობლივად ატარებდნენ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში. მასში მონაწილეობდნენ ძირითადად სტუდენტები. მე დავესწარი ერთ სხდომას, რომელზედაც ამერიკელმა სტურებმა შესთავაზეს აუდიტორიას დაახლოებით შემდეგი სახის ამოცანის გადაწყვეტა: რომელიღაც ქვეყანამ, სადაც ადრე ტოტალიტარული რეჟიმი მართავდა, მიიღო დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს ქვეყანა დაიყო ორ თუ სამ ნაწლად. მათგან ერთ ნაწილში ხელისუფლებაში დარჩნენ ტოტალიტარისტულად განწყობილი ადამიანები, სხვაგან დემოკრატები, მაგრამ ამერიკელებმა ახსენეს არა უბრალოდ დემოკრატები, არამედ კოსმოპოლიტ-დემოკრატები, თითოსდა დემოკრატია არ შეიძლებოდა ეროვნული ყოფილიყო. მაგრამ ამის თაობაზე მე მაშინ არ დამიწყია უკმაყოფილების გამოხატვა, ვინაიდან სხვა საკითხები უფრო აქტუალური და ხელშესახები გახლდათ. სახელდობრ, ამერიკულ სცენარში იყო ასეთი დეტალები, რომ ყოფილ ტოტალიტარულ სახელმწიფოს გააჩნდა ბირთვული იარაღი, რომ ახლა ამ იარაღის უმეტესი ნაწილი აღმოჩნდა ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს ხელში და ამიტომ მისი მეზობელი ტოტალიტარული ქვეყნის მესვეურები შეეცდებიან ამ იარაღის ხელში ჩაგდებას და საჭირო იქნება ახალგაზრდა დემოკრატიის მიერ ამის წინააღმდე გარკვეული ზომების მიღება და ბირთვული იარაღს თავის გამგებლობაში შენარჩუნებაო. ამერიკელების სთავაზობდნენ მსმენელებს, რომ გაეთამაშებინათ ასეთი სიტუაცია, თავიანთ შორის აერჩიათ ამ ორი ქვეყნის ხელისუფანლი საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოებიდან, ჟურნალისტები, საზოგადოებათა წარმომადგენლები და გაეთამაშებინათ ურთიერთობათა შესაძლო მიმდნარეობანი მათ შორის.
მკითხველი ალბათ მიხვდებოდა, რომ ასეთი სირთულის ამოცანა ვერ შეიძლებოდა ყოფილიყო სტუდენტების გადასწყვეტი. ასეთ საკითხებზე მსჯელობა შეუძლიათ ისეთ სპეციალისტებს, რომელთაც სტუდენტობის ასაკი სულ მცირე 25-30 წლის წინ გაიარეს, მას შემდეგ მუშაობენ შესაბამის სახელმწიფო და საზოგადოებრივ სტრუქტურებში და აქვთ სათანადო ცოდნა და გამოცდილება ასეთი ამოცანების გადაწყვეტისთვის. მე მანამდე სამი-ოთხი წლით ადრე საქართველოს პარლამენტისთვის მომზადებული მქონდა ვრცელი ნაშრომი ამერიკის სახმელეთო ჯარების ოფიცერთა კადრების მომზადების შესახებ, სადაც გარკვევით და მკაფიოდ ეწერა, რომ როდესაც ვესტ-პოინტის აკადემიაში თუ უნივერსიტეტებში ამზადებენ ახალგაზრდებს ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისაღებად, მათ ასწავლიან სამხედრო ხელოვნების ისტორიას, აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და სახმელეთო ჯარების ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობას, შემდეგ კი აძლევენ იმ ცოდნას, რაც სჭირდება მეთაურს რგოლში “ოცეული-ასეული”. უფრო მეტ ცოდნას, რაც საჭიროა მეთაურისა და შტაბის ოფიცრისთვის რგოლში “ბატალიონი-პოლკი-ბრიგადა”, მას არ აძლევენ, ვინაიდან სანამ იგი ამ ასაკამდე მიაღწევს, მანამდე რვა-ათი წლის წინ მიღებული ცოდნა უკვე დავიწყებული ექნება. ამისთვის, კაპიტნის წოდებით ასეულის მეთაურად, ან მაიორის წოდებით ბატალიონის შტაბში უკვე ნამსახურებ ოფიცრებს, რომლებიც იმსახურებენ შემდგომ დაწინაურებას, უშვებენ შესაბამის კოლეჯებში (მაგალითად, არმიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში) სათანადო განათლების მისაღებად. და ამ მომზადების მიღების შემდეგ ისინი ინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე ჯარებსა და შტაბებში “ბატალიონი-პოლკი-ბრიგადა” რგოლში. ამ თანამდებობებზე გარკვეული წლების ნამსახურებისა და თავის კარგად გამოჩენის პირობებში, უკვე პოლკოვნიკის წოდებაში მყოფ უფროს ოფიცრებს სასწავლებლად უშვებენ საგენერლო თანამდებობებისთვის მოსამზადებლად რგოლში “დივიზია – საარმიო კორპუსი – არმიების ჯგუფი”. სწორედ ასეთი მომზადების მქონე უმფროსი ოფიცრებისა და აგრეთვე მათივე რანგის სამოქალაქო ხელმძღვანელების გადასაწყვეტია ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც ამერიკელი სტუმრები სთავაზობდნენ ქართველ სტუდენტებს. მათ კარგად იცოდნენ, რომ ეს ამ ახალგაზრდებისთვის იქნებოდა ძნელად გასაკეთებელი, მათ ბუნებრივია, დასჭირდებოდათ რჩევა-დარიგებანი და ასეთ მრჩეველ-დამრიგებლებად უნდა ყოფილიყვნენ ისევ ეს ამერიკელი ხელმძღვანელები. ანუ ჩვენს ახალგაზრდებს აჩვევდნენ იმას, რომ ამერიკელები მათ მუდმივად ჩართავენ რაღაც რთულ და მრავალწახნგოვან ამოცანებში და იქ მათ უნდა იმუშაონ ისევ ამერიკელებისავე მითითებებითა და კარნახით. მე როდესაც ამის შესახებ განვაცხადე, ამან გამოიწვია უკმაყოფილება როგორც ამერიკელებში, ისე მათ ქართველ მასპინძლებშიც, დარჩიაშვილსა და სიხარულიძეში. მათ გამომიცხადეს, რომ ისინი ატარებენ ღონისძიებას და მე კი მინდა ამ ღონისძიების ჩაშლა, ამიტომ ეს რომ არ მომხდარიყო, მე უნდა დამეტოვებინა დარბაზი, ან კიდევ ჩავრთულიყავი ამერიკელების მიერ შემოთავაზებულ თამაშის სცენარში და მიმეღო მასში მონაწილეობა. მე, რა თქმა უნდა, გაცლა ვამჯობინე, ვინაიდან ჩემი სათქმელი იქ დამსწრე საზოგადოებას ვუთხარი და გამგებიც გაიგებდა, თუ მაშინვე ვერა, შემდგომში მაინც, ხოლო იმ ღონისძიების ჩაშლაზე მხოლოდ მე ჩემი ძალებით, ბუნებრივია, ვერც კი ვიფიქრებდი.
გარდა ამისა, ამერიკელმა სტუმრებმა (სინამდვილეში კი ხელმძღვანელებმა), ჯერ კიდევ შესავალ სიტყვაში ცოტა აგდებით მოიხსენიეს საბჭოთა კავშირი და მისი ტოტალიტარული რეჟიმი, რასაც მეც ვეთანხმებოდი; მაგრამ მე მაშინ უკვე წაკითხული მქონდა ზემოთ ნახსენები წიგნი “XX საუკუნის საიდუმლო საზოგადოებანი” და მასზე დაყრდნობით ვკითხე ამერიკელებს, რომ კონკრეტულ ლიტერატურულ წყაროებში ღიად არის გამოქვეყნებული, რომ რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების ერთერთმა მეთაურმა ლევ ტროცკიმ 20 მლნ. ოქროს მანეთი მიიღო ამერიკის გარკვეული წრეებისგან ამ გადატრიალების მოსახდენად, ხოლო მისი “ბოევიკები” კი ზამთრის სასახლის ასაღებად წინასწარ მომზადებასა და წვრთნებს გადიოდნენ ნიუ-იორკის მახლობლად როკფელერისეული “სტანდარტ ოილ კომპანის” კუთვნილ ერთერთ მამულში; ამიტომ ცოტა უხერხული ხომ არ არის, რომ იმავე აშშ-ის წარმომადგენლები ახლა ჩვენ გვეუბნებიან საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული რეჟიმის სიავეზე-მეთქი. ამან კიდევ უფრო მეტად გააცეცხლა როგორც ამერიკელები, ისე მათგან თავიანთი კარიერის მომლოდინე ქართველი მასპინძლებიც. დარჩიაშვილმაც და სიხარულიძემაც მართლაც გაიკეთეს კარიერა ამერიკელების სამსხურში, მაგრამ განა კი მათი და მათნაირების პირადი გალაღება სასიკეთოდ შემოუბრუნდა საქართველოსა და ქართველ ხალხს? რაღაც არ მგონია.
შემდეგ მალევე ბ-ნი დარჩიაშვილი პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსად მოგვევლინა, მას შემდეგ, რაც ეს ადგილი დატოვა გიგი თევზაძემ. ეს სწორედ ის დეპარტამენტი გახლავთ, სადაც მე 1993 წლის მიწურულიდან ვმსახურობდი. მუხედავად ასეთი ცალკეული ინციდენტებისა, ჯერ კიდევ მოქმედებდა ძველი კარგი და კოლეგიალური ურთიერთობების ნარჩენები, აგრეთვე ჩემი გულწრფელი სურვილი და იმედები, რომ ეს ადამიანები ბოლოს და ბოლოს თავიანთ პირად ინტერესებზე უფრო მაღლა სამშობლოს ინტერესებს დააყენებდნენ, და ამიტომ მის ამ დანიშვნას ცუდად არ შევხვედრივარ, თანაც იგი გარკვეულ წილად ჩახედული უნდა ყოფილიყო სამხედრო საკითხებში, რაც შემდგომ უფრო ახლო და სისტემატიურ ურთიერთობებში საქართველოს სამხედრო მშენებლობაში ჯანსაღი და მისაღები ცოდნისა და რეკომენდაციების გამომუშავების საწინდარი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. მაგრამ ასე არ მოხდა; უფრო მეტიც, ტარდებოდა თბილისში რაღაც ღონისძიებანი სამხედრო საქმეში უცხოელების მონაწილეობით, სადაც მეც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მოვუსმენდი სხვებს, ვიტყოდი ჩემს სათქმელს და შევეცდებოდი, რომ სწორი პოზიციები და შეხედულებები დამეცვა. მაგრამ ასეთი ღონისძიებების შესახებ მე მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ ვგებულობდი. როდესაც ამის გამო ვუსაყვედურე ჩემს უფროსს სამსახურში, დავით დარჩიაშვილს, რომელსაც თავის სამსახურეობრივ მოვალეობებში ეწერა თავის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ზრუნვა, მიპასუხა შემდეგი: შენ შენი სიტყვებისა და საქციელის გამო რეზო ადამიასთან ურთიერთობები გაქვს გაფუჭებული და ახლა ჩემი დახმარებით გინდა მათი დალაგებაო; მიდი შენ თვითონ დაელაპარაკე რეზო ადამიას, მოიწესრიგე მასთან ურთიერთობები და მაშინ ასეთ ღონისძიებებში შენც მიიღებ მონაწილეობასო. დარჩიაშვილის ეს წინადადება ჩემთვის სავსებით მისაღები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ჩემი თვითმიზანი იქნებოდა ამ ღონისძიებებში მონაწილეობა ჩემ პირადი გამოჩენისა და კარიერისთვის, თუკი საამისოდ მე დავთმობდი იმ პრინციპებსა და პოზიციებს, რომლებსაც მანამდე დაბეჯითებით ვიცავდი და შემდგომ ჩემს საქმიანობას გავაგრძელებდი რეზო ადამიას მხრიდან უფრო მჭიდრო კონტროლის ქვეშ. მაგრამ ასეთი რამ მე სულაც არ მინდოდა, ვინაიდან ის კურსი, რომელსაც ატარებდა რეზო ადამია და მისი კომიტეტი ქვეყნის ინტერესების ღალატად მიმაჩნდა და იგივე კურსი, რომელიც დღესაც გრძელდება, ასეთივე მოღალატურად მიმაჩნია, თუმცა კი მას უკვე სხვა ჩინოვნიკები ატარებენ, მაგრამ იმავე პირადი ანგარებიანი ინტერესებითა და იმავე ამერიკული სტრუქტურების კარნახით.
ჩემი აზრით, ამ კარნახის შედეგი გახლდათ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც, მაგრამ ამაზე უფრო ქვემოთ მექნება საუბარი, ახლა კი ისევ 2000-იანი წლების დასაწყისს დავუბრუნდეთ. მე თავიდან არ მინდოდა, რომ საქართველოს გარშემო არსებული პოტენციურად მეტად საშიში სამხედრო-სტრატეგიული ვითარებისა და ეუთო-ს ეგიდით საქართველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტების უკიდურესი სიმცირის შესახებ საკითხები, ანუ ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის ეს ორი ძირეული პრობლემა საპარლამენტო ფრაქციებს შორის დავისა და ხშირად მათ შორის ანგარებიანი ურთიერთობების საგნად ქცეულიყო და ამიტომ ერთ წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპატარის ხელმძღვანელობასთან და თანამშრომლებთან მქონდა საუბრები, რათა ისინი საქმით შემობრუნებულიყვნენ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, და არა აშშ-ის სამსახურში ფულების საშოვნელად და კარიერის საკეთებლად. მაგრამ ყოველივე ეს ამაო გამოდგა. ასე, 2000 წლის პირველ ნახევარში ტელევიზიით შევიტყვე, რომ საქართველოში ჩამოფრინდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯორჯ ტენეტი, და მეორე დღეს შევედი რეზო ადამიას კაბინეტის წინ მისაღებში, სადაც მანამდეც ხშირად მივდიოდი სწორედ ამ საკითხებზე სალაპარაკოდ, და იქ დამხვდა მისი აპარატის ერთერთი წამყვანი თანამშრომელი, რომელსაც უკვე გაღიზიანებით ვუთხარი, რომ მარიონეტები ხართ და ვინც თქვენ გმართავთ, უკვე აქაც ჩამოგივიდათ მეთქი. პასუხად კი, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ სიმართლის დიდი დოზით, მივიღე: მთავარი ის კი არ არის, გმართავენ თუ არა, მთავარია რამდენს გიხდიანო. და იქვე ისიც დაუმატა, ეგრე ამერიკელები მთელ დედამიწაზე ექვს მილიარდ ადამიანს მართავენო. როგორც იტყვიან კომენტარები ზედმეტია.
ამ ამბიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ საქართველოში გახმაურდა ერთი სკანდალი, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს საბაჟოსთან. სახელდობრ, ეს საქმე მაშინ ჩაბარებული ჰქონდა ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიას, რომელმაც საბოლოო ჯამში ცუდად წაიყვანა სამუშაო და საქართველოდან უსახელოდ იქნა გასტუმრებული. მაგრამ მანამდე შვეიცარულმა კომპანიამ, რომელიც ასევე მონაწილეობდა ტენდერში საქართველოს საბაჟოზე მუშაობის უფლების მისაღებად, ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ბრიტანელებთან შედარებით უკეთესი პირობები ჰქონდა წარდგენილი სატენდერო კომისიაში და თავიდან ეს კომისიაც მის სასარგებლოდ იხრებოდა. მაგრამ შემდეგ კომისიას დაემატნენ ახალი წევრები, რომლებმაც ხელოვნურად არასწორი მიართულებით წაიყვანეს მისი საქმიანობა, აიღეს ქრთამები ბრიტანელებისგან და, საბოლოო ჯამში, მათ მიანიჭეს უპირატესობაო. და სწორედ ქართულ ტელეარხზე გამოვიდნენ ეს ახალი წევრები ამ სატენდერო კომისიისა, რომლებიც დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ არანაირი ანგარებიანი ინტერესები მათ არ ჰქონიათ, რომ შვეიცარიელთა მტკიცების მიუხედავად, ბრიტანული ფირმისგან მათ არანაირი ქრთამები არ მიუღიათ, და საქართველოს საბაჟოს ამ ბრიტანული კომპანიისთვის მართვაში გადაცემის საკითხი გადაწყვეტილ იქნა ობიექტურად და პატიოსნად ბრიტანელთა უკეთესი სატენდერო პირობების გათვალისწინებითო. და იმ დღეს ტელევიზით გამოსულ ქართველ მოხელეთა შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა სწორედ რეზო ადამია. სწორედ იგი ლაპარაკობდა იმ საღამოს თითქმის ყველას მაგიერ, რომ ჩვენ ასეთი პატიოსნები და უანგარონი ვართ, რომ არანაირი ქრთამები ბრიტანული კომპანიისგან არ აგვიღია და ტენდერში მისი გამარჯვების საკითხიც პატიოსნად გადავწყვიტეთო და სხვა. იყო თუ არა ეს კომბინაციაც იმ “კარგად გადახდის” ერთი ეპიზოდთაგანი, თუ ამჯერად ქართველ ჩინოსანთა პირადი ინიციატივა გახლდათ, ეს ჩემთვის უცნობია, მაგრამ მაინც სრული საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ მთელ ამ ურთიერთკავშირებში სავსებით ხელშესახები კანონზომიერებანი დავინახოთ.
ქვემოთ მოვიყვან საქართველოს სამხედრო მშენებლობაში ამერიკელი სპეციალისტების საქმიანობის ერთერთ მაგალითს. უკვე “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მოქმედების დროს თავდაცვის სამინისტროს შენობის მახლობლად ქუჩაში შემხვდა ერთერთი ქართველი ოფიცერი, მაიორი, რომელსაც სტუდენტობის წლებიდან ვიცნობდი და დავიწყეთ საუბარი. როდესაც მე მას ვუთხარი, რასაც ამერიკელთა სამხედრო დახმარების შესახებ ვფიქრობდი და რაც ვიცოდი, მან ასევე მითხრა შემდეგი: – ამერიკელები ხელმძღვანელობენ თავდაცვის სამინისტროში იმ ჯგუფს, რომელიც უნდა აწარმოებდეს გარკვეულ კვლევებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ინტერესებშიო, და მართლაც ამუშავებენ ამ ოფიცრებსო. მაგრამ ეს მუშაობა გრძელდება ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ ამერიკელები ამ ოფიცერთა ერთ ნაწილს გზავნიან სასწავლებლად საზღვაგარეთ, სხვებს კი გადაიყვანენ სხვადასხვა ადგილებზე, და ქმნიან ახალ ჯგუფს შემდგომი მუშაობისთვისო. მაგრამ ეს ახალი ჯგუფი უკვე წინა ჯგუფების მიერ გაწეული სამუშაოს შედეგებს კი არ სწავლობს და არ იყენებს, არამედ იმავე ამერიკელთა ხელმძღვანელობით, ყველაფერს ისევ თავიდან იწყებსო. მე შარშან ვიყავი ამ ჯგუფის შემადგენლობაში და მოხდა ისე, რომ რაღაც შემთხვევის გამო, წელსაც იმავე ჯგუფში აღმოვჩნდი, და როდესაც ამერიკელებმა შესწავლისთვის მოგვცეს ისევ ის თემა, რომელიც გასულ წელს უკვე გაკეთებული გვქონდა, მაშინ მე ამის თაობაზე ვთქვი, შემდეგ ვნახეთ კომპიუტერში და მართლაც აღმოვაჩინეთ ეს საკითხი უკვე დამუშავებული და შესწავლილი წინა ნაკადის მიერო. – ქართველი ოფიცრის ეს მონათხრობიც ნათლად გვიჩვენებს ამერიკული სამხედრო “დახმარების” ნამდვილ სახესა და ხასიათს – შეიქმნას გარეგნული შესახედაობა დახმარების და მუშაობისა, ხოლო თავისი შინაარსით კი ეს იყოს მხოლოდ ზედაპირული, რაც არ მისცემს ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე სამხედრო საქმეს ფესვების გადგმისა და მყარ საფუძველზე განვითარების შესაძლებლობას. ხოლო თუ თანამედროვე სამხედრო საქმის შესახებ ცოდნამ საქართველოში ფესვები ვერ გაიდგა, მაშინ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და ქართული ჯარები დარჩებიან მხოლოდ სხვისი ნების აღმსრულებელ ინსტრუმენტებად, მათი ნებისა, ვისაც თავად ეს ფესვები გააჩნიათ და არა მხოლოდ ბრძოლის ველზე გარკვეული მოქმედებები იციან, ან კიდევ ქუჩებში პატრულირების ესა თუ ის წესები და ხერხები, არამედ ის ისტორიული, სამეცნიერო თუ იდეოლოგიური საფუძვლებიც, რომლებიც ასე აუცილებელია ნებისმიერ ქვეყანაში სამხედრო მეცნიერებათა თუ სამხედრო ხელოვნების ჯანსაღ ნიადაგზე განვითარებისთვის.
ამავე საკითხს ეხმიანება შემდეგი ეპიზოდიც: ჯერ კიდევ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის დაწყებამდე, 2000 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილებოდა დავით თევზაძის თავდაცვის მინისტრად მორიგი ვადით დამტკიცების საკითხი, მინისტრობის კანდიდატმა თავის სიტყვაში სხვათა შორის განაცხადა: ვინაიდან ჩვენ არა გვყავს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში ოთხწლიანი ცოდნის მისაცემად კვალიფიციურ მასწავლებელთა საჭირო კადრები, ამიტომ უცხოელი მრჩევლების რეკომენდაციით გადავწყვიტეთ შემოვიღოთ ლეიტენენტების მომზადების ერთწლიანი კურსებიო. ამიტომ ჩვენ ამის შემდეგ სამხედრო აკადემიაში მივიღებთ უკვე სამოქალაქო უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, რომელთაც უკვე ექნებათ მიღებული რაიმე სამოქალაქო სპეციალობა და შესაბამისი დიპლომი, ხოლო ჩვენ კი მივცემთ საჭირო სამხედრო ცოდნას ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე შემდგომი სამსახურის გასაწევადო. კეთილი და პატიოსანი. მაგრამ სხვა ქვეყნების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში როცა ლეიტენანტების მოსამზადებლად ოთხწლიანი სასწავლო კურსები გააჩნიათ, განა იქ მხოლოდ რაიმე სამოქალაქო სპეციალობას ასწავლიან, რომელიც აუცილებელია ახალგაზრდა ოფიცრის მიერ ზოგადი განათლების მიღებისა და შემდგომში თადარიგში გასვლს შემდეგ სამოქალაქო ცხოვრების პირობებთან შეგუებისთვის, არამედ ასწავლიან სამხედრო საქმისა და სამხედრო ხელოვნების ზოგად ისტორიას, საკუთარი ქვეყნის სამხედრო ისტორიას, თანამედროვე შეიარაღებული ძალების მდგომარეობის ძირითად საკითხებს, შეიარაღებული ძალების იმ სახეობის (სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ძალების) ძირეულ საკითხებს, რომლისთვისაც ამზადებენ კონკრეტულად ახალგაზრდა ლეიტენანტებს, ხოლო შემდეგ კი აძლევენ ოცეულის მეთაურობისთვის აუცილებელ ცოდნასა და საწყის გამოცდილებას. და ეს ყოველივე საჭიროა იმისთვის, რათა საფუძვლიანად შეისწავლონ სამხედრო საქმე ახალგაზრდა კურსანტებმა, კადეტებმა ან სტუდენტებმა, რათა მათ “ფესვები გაიდგან” ამ სფეროში. მაგრამ განა კი საკმარისია საამისოდ ერთი წელიწადი? სრულებითაც არა. და საქართველოს თავადაცვის სამინისტროსთვის ასეთი რეკომენდაციების მიცემა ხდებოდა ბრიტანელი გენერლის სერ ჰარი ჯონსონის ხელმძღვანელობით საქართველოში მომუშავე ნატო-ელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის მიერ.
მოგვიანებით, 2006-2007 წლებში მე გარკვეული თანამშრომლობა მქონდა საზოგადოებრივ მოძრაობასთან “ქართული გზა”, რომელშიც წამყვანი ადგილი ეკავა მამუკა გიორგაძესა და მის სახალხო პარტიას. მამუკა გიორგაძემ ერთერთ საერთო საუბარში მოყვა შემდეგი: როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში ამერიკელები პირველად შემოვიდნენ საქართველოში და დაიწყეს ურთიერთობანი ქართულ პარტიებთან, მაშინ ყველაზე უფრო ორგანიზებული და ძლიერი იყო ჩვენი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაო. სწორედ ამიტომ ამერიკელები თავიდან ჩვენთან მოვიდნენ და თანაშრომლობა შემგვთავაზეს, რაზედაც ჩვენც ხალისით დავთანხმდითო. მაგრამ შემდეგ საუბრების პროცესში მათ გვითხრეს, რომ ამერიკულ ინტერესებში შედის საქართველოში ეროვნულ და სქესობრივ უმცირესობათა ინტერესების დაცვა, და ამაში შემოგვთავაზეს საქმიანობის გაშლა, რაზედაც ჩვენ უარი ვუთხარითო. მათ გვითხრეს, რომ მაშინ სხვა პარტიებთან დაიჭერდნენ საქმეს, ჩვენც ცხადია საწინააღმდეგო არაფერი გვექნებოდა; მაშინ ამერიკელები მივიდნენ ზურაბ ჟვანიასთან, რომელიც მათ დაეთანხმა ასეთ წინადადებაზე და მას შემდეგ მათაც სწორედ ზ. ჟვანიასთან და საქართველოს მოქალაქეთა კავშირთან ააწყვეს უფრო მჭიდრო თანამშრომლობაო. ის, რომ აშშ-ის მხარდაჭერა დიდად დაეხმარებოდა ჟვანიასა და მის პარტიას, ან მის აქტიურ ჯგუფს ამ პარტიაში, რომ წამყვანი ადგილი დაეკავებინათ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვგონებ ეჭვს არ იწვევს, მაგრამ საზღაური ამისთვის გახლდათ პირობის მიცემა ზ. ჟვანიას მიერ საქართველოში სქესობრივ უმცირესობათა ინტერესების დაცვაში. შესაძლოა შემდგომში უკვე პრემიერ-მინისტრმა ზ. ჟვანიამ აღარ მოისურვა ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ამერიკელთა “გადაგდება” მოინდომა და ამას შეეწირა კიდეც. ასეთი ვარაუდის საფუძველს მაძლევს ის, რომ საკუთარი თვალებით ვუყურებდი, თუ ზ. ჟვანიას დაღუპვის შემდეგ მოსკოვში საქართველოს საელჩოს შენობაში სამძიმრის გამოსახატავად მისული დიმიტრი როგოზინი როგორ განიცდიდა ამ ამბავს და ლამის იყო ტირილით ჰვებოდა იმის შესახებ, რომ ჟვანიას რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და მომავალში მეგობრობის განვითარება უნდოდაო. პირადად ჩემთვის მისი ეს განწყობა მაშინ სრულებით მოულოდნელი იყო. ნუთუ დღეს კი შეიცვალეს ამერიკის მმართველმა წრეებმა თავიანთი ინტერესები საქართველოში, რაღაც არა მგონია; და თუ ასეა, მაშინ დიდად დაფიქრება მართებთ იმ ქართველებს, რომელთაც პოლიტიკური აქტიურობის ჟინი არ ასვენებთ, თუ რა ხაფანგში დგამენ ფეხს და როგორი საზღაურის გაღება მოუწევთ შემდეგ.
რაც შეეხება 2000-იანი წლების დასაწყისის ამბებს, მას შემდეგ, რაც პარლამენტისთვის მოვამზადე ნაშრომი “კანონპროექტისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შესახებ” (რომელიც ახლა ბლოგზეც მაქვს დადებული) და ეს ნაშრომი ორგანიზებული წესით ფრაქციებადე არ მიუტანიათ, როდესაც ამ ფრაქციებს აღნიშნული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განეხილათ და კანონიც მიეღოთ, მაშინ მე თავად ამოვბეჭდე იგი სხვა ნაშრომთან “საქათველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზთან” ერთად, აგრეთვე გასულ წლებში პარლამენტისთვის და ჟურნალ “მხედარში” გამოქვეყნებულ მასალების თანდართვით მივიტანე საპარლამენტო ფრაქციებში (2001 წლის ზაფხულში), მაგრამ არც იმათ შეუწუხებიათ ყოველივე ამის გამო თავი. და ესენი გახლდნენ უმთავრესად ამ საპარლამენტო ფრაქციებიდან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მივლინებული პირები, ან მათი ხელმძღვანელები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები: გია ყარყარაშვილი, ჯემალ გამახარია (ფრაქცია “XXI საუკუნე”), აკაკი ასათიანი, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი მელაშვილი (“ტრადიციონალისტთა კავშირი”), დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე (“ახალი მემარჯვენეები”), ირაკლი ბათიაშვილი (“მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”), ვახტანგ რჩეულიშვილი (“სოციალიტური პარტია”), ჯემალ გოგიტიძე (“აღორძინება”); ასევე მამუკა არეშიძე, რომელიც მაშინ პარლამენტის შენობაში საქმიანობდა როგორც ექსპერტი კავკასიის საქმეთა საკითხებში. მე მათ ვთავაზობდი, რომ, როგორც პარლამენტის წევრებს გაეჟღერებინათ ეს საჭირბოროტო საკითხები, ხოლო მე კი სათანადი ცოდნითა და ინფორმაციით ვუზრუნველყოფდი მათ ამ საქმიანობას, მაგრამ ერთი მაო-ძე-დუნს არ ამოუღია ამის გამო ხმა, და მეორე ამათ. ერთი გია ყარყარაშვილმა მითხრა, რომ ქვეყნის პოლიტიკა სხვა მხარეს მიდისო, რაზედაც ჩემი პასუხი გახლდათ: თქვენ თვითონ ხართ იმ ორგანოს, ანუ საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელმაც ეს პოლიტიკა უნდა განსაზღვროს მეთქი, თანაც სამხედრო საქმის სპეციალისტი, ვის სიტყვასაც მნიშვნელოვანი წონა უნდა ჰქონდეს, ამიტომ დაიწყეთ ამ თემაზე ლაპარაკი და მეც გვერდში დაგიდგებით მეთქი; იმ წუთას დამეთანხმა და დამპირდა კიდევ შევხვდეთ სალაპარაკოდო, მაგრამ როცა უნდა შევხვედროდით, მაშინ კი აღარ გამოჩნდა. აკაკი ასათიანსა და ვახტანგ რჩეულიშვილს, სალაპარაკოდ რომ მივედი, “იმ წუთას” არ ეცალათ, შემდეგში რომ მივედი – მაშინაც არ ეცალათ და ა. შ. ამის გამო ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, “როგორც ჩანს მაგ პარლამენტში შემთხვევით არავინ არ არის მოხვედრილიო”. რას იზამთ, ასეთია ცხოვრება, “სე ლა ვი” – როგორც ფრანგები იტყვიან.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმ ხანად ძირითადად გაზეთ “საქართველოში” ვბეჭდავდი წერილებს ჩვენი ქვეყნის გარშემო უცხო ჯარების განლაგების, დაკომპლექტებულობისა და ამის საფუძველზე მათი მთავრობების სავარაუდო მიზნების შესახებ. ეს გაზეთი გახლდათ საქართველოს სახალხო ფრონტის ორგანო, რომლის თავმჯდომარესთანაც, ბ-ნ ნოდარ ნათაძესთან, 1989 წლიდან მოყოლებული, კარგი დამოკიდებულება, თანამოაზრეობა და გარკვეული თანამშრომლობის გამოცდილებაც მქონდა, გარდა ამისა იგი გახლდათ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე 90-იანი წლების შუახანებამდე და ამ მხრივაც მქონდა მასთან მანამდე საქმიანი ურთიერთობები. გაზეთ “საქართველოში” ვაქვენებდი წერილების ციკლს საერთო სათაურით “იცნობ მეზობელს, ჩაწვდომიხარ ღირსებას მისას?!”, სადაც განზრახული მქონდა მკითხველისთვის გამეცნო საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების მდგომარეობა, მათი ჯარების ჩვენი საზღვრების მახლობელ რაიონებში განლაგება და დაკომპლექტებულობის ხარისხი, რაც ნათლად დაანახებდა მას ამ ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სავარაუდო მიზნებს საქართველოსთან მიმართებაში. ბ-ნი ნოდარიც ამაზე თანახმა გახლდათ და, საერთო ჯამში, 1999 წლის ივნისიდან 2000 წლის აპრილის შუა რიცხვების ჩათვლით, გამოქვეყნებულ იქნა რვა საგაზეთო წერილი, მათგან ხუთი თურქეთის შეიარაღებული ძალების შესახებ, სამი კი რუსეთისა. ამ წერილებში იწყებოდა მიმოხილვა “ცივი ომის” პერიოდიდან და შემდეგ გადმოდიოდა იმდრონდელ ვითარებამდე. როდესაც რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური სამხედრო-საჰაერო ძალების შენაერთებისა და ნაწილების განლაგებისა და დაკომპლექტებულობის მაჩვენებლები ნათლად მიანიშნებდა იმაზე, რომ ამ ქვეყნის სარდლობა მოელოდა სავარაუდო მოწინააღმდეგის მხრიდან შემოტევას სამხრეთიდან, ანუ ამიერკავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით, ანუ პოტენციური აგრესორის როლში გვევლინებოდნენ დასავლეთის მმართველი წრეები და მათი ფორპოსტი სამხრეთ ფლანგზე, თურქეთი, მაშინ კი ამ სტატიების ბეჭდვა, ჩემთვის სრულებით მოულოდნელად, შეწყვეტილ იქნა. და როცა ველოდებოდი რედაქციაში მიტანილი მორიგი წერილის გამოქვეყნებას რუსეთის ევროპულ ნაწილში განლაგებული სახმელეთო ჯარების დივიზიებისა და ტაქტიკური ბომბდამშენი და მოიერიშე საავიაციო პოლკების მონაცემების ჩვენებითა და მათზე მსჯელობით, დაახლოებით იმ გვერდზე გაზეთის ნომერში, სადაც იწყებოდა ხოლმე ჩემი წერილი, ახლა ვნახე ასევე ვრცელი სხვა წერილი სათაურით “სტალინი და სექსი”. სულ მალევე ნ. ნათაძემ საერთოდ შეაჩერა გაზეთის გამოშვება სათანადო სახსრების არქონის გამო და წერილების ეს ციკლი მაშინ დაუმთავრებელი აღმოჩნდა. შედგომში მე ვცადე სტატიების ბეჭდვა სხვა გაზეთებშიც, მაგრამ უშედეგოდ, თუმცა კი ძალიან დიდი მონდომება ამ საქმეში იმხანად არ გამომიჩენია, მაგრამ რამდენიმე გაზეთში ნამდვილად უარი მივიღე ამის თაობაზე.
2001 წლის ზაფხულში ბ-ნმა ნოდარმა კვლავ განაახლა გაზეთ “საქართველოს” გამოცემა და ივლისის დასაწყისიდან ისევ შევუდექით მასში ჩემი სტატიების ბეჭდვას, თავიდან უკვე მოკლედ საქართველოს გარშემო არსებული ვითარების ჩვენებით, ხოლო შემდეგ კი საკუთრივ საქართველოს შეიარარებული ძალების მშენებლობის საკითხების განხილვით დასავლეთის სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის გამოცდილების საფუძველზე. თავიდან საქმე კარგად მიდიოდა, საქართველოს გარშემო არსებული მდგომარეობის გარდა შევეხეთ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებასა და მის საფუძველზე საქართველოსთვის დადგენილ კვოტებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სავარაუდო რიცხოვნებასა და ძირითად შეიარაღებას დასავლეთის მცირე სახელმწიფოთა გამოცდილების საფუძველზე, თანამედროვე ჯავშანსატანკო ჯარებს, საიდანაც უკვე თანამედროვე დასავლური სატანკო ბატალიონებისა და ჯავშანსატანკო ბრიგადების განხილვის საფუძვლზეც თვალნათლივ ჩანდა, რომ 220 საბრძოლო ტანკის კვოტა სრულებით არ არის საკმარისი ბრძოლისუნარიანი ჯავშანსატანკო ჯარების ჩამოყალიბებისთვის საქართველოს სახმელეთო ჯარებში. ეს უკანასკნელი წერილი გამოქვეყნდა 2002 წლის თებერვლის ნომერში, ხოლო მარტის თვეში გამოქვეყნებისთვის მივიტანე წერილი თანამედროვე მექანიზებული ქვეითი ჯარების შესახებ, სადაც იგივე აზრი იყო გატარებული თანამედროვე მოტოქვეითი ბატალიონებისა და მექანიზებული ქვეითი (მოტოქვეითი, მოტომსროლელი) ბრიგადების საბრძოლო შემადგენლობისა და საშტატო შეიარაღების განხილვის საფუძველზე. მაგრამ ეს წერილი მაშინ ვერ იქნა გამოქვეყნებული. საქმე იმაშია, რომ სწორედ მაშინ დაიწყეს ამერიკელებმა საქართველოში “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” განხორციელება და, იცოდა რა ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება ამერიკელებისადმი, ნ. ნათაძემ ისევ შეაჩერა ამ სტატიების ბეჭდვა, მე კი რა უნდა მექნა, დაველოდე მოვლენების განვითარებას. იმავე წლის ზაფხულში ბ-ნი ნოდარი შემთხვევით ქუჩაში შემხვდა და, როდესაც ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, მითხრა, რომ ეჭვი ეპარება ამერიკელთა გულწრფელ დამოკიდებულებაში ჩვენს მიმართ და მთხოვა, რომ კვლავ გამეგრძელებინა გაზეთ “საქართველოში” წერილების გამოქვეყნება. მე ვუპასუხე, რომ ჩემი წერილი უკვე დევს მათთან რედაქციაში თანამედროვე მექანიზებული ქვეითი ჯარების შესახებ, რომელიც პირდაპირ აგრძელებს თემატურად მანამდე გამოქვეყნებულ მასალებს, ჯერ ის დაებეჭდათ და შემდე სხვა წერილებსაც მივაწვდიდი. მართლაც, 2002 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ იქნა ეს წერილი, მას შემდეგ მივაყოლეთ წერილები თანამედროვე ქვეითი ჯარებისა და სამთოქვეითი ჯარების შესახებ, ასევე ამერიკული სამხედრო დახმარების ნამდვილ შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე, “ნატო-ს სტანდარტების” შესახებ, რომელიც ჩვენში ძალზედ მცდარად და ყალბად იყო და არის გაგებული, ასევე წერილების ციკლი “აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო”, სადაც ძირითადად მიმოხილურლი გახლდათ ამერიკული შეიარაღებული ძალები, ძირითადად მაინც სახმელეთო ჯარები, და მის საფუძველზე კი ნათლად ჩანდა, თუ რაში გვატყუებენ ამერიკელები და რა რჩევებს გვაძლევენ იმის საწინააღმდეგოს, რაც თავად მათ გააჩნიათ და როგორც ისინი თავად აკეთებენ.
მაგალითად, ცნობილია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხდება არა სავალდებულო გაწვევის, არამედ ნებაყოფლობით საფუძველზე, რაც დადებითად აისახა მის ხარისხოვან მხარეზე. ეს ერთი საკითხია, მაგრამ სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წელს აშშ-ის მოსახლეობა შეადგებდა დაახლოებით 250 მლნ. ადამიანს, საბჭოთა კავშირისა კი 290 მლნ.-ს; აშშ შეიარაღებულ ძალებში რეგულარული ჯარებისა და მზადმყოფი რეზერვის ჩათვლით, მოითვლებოდა 4 მლნ. ადამიანამდე და მათი გამოყვანა იყო ნავარაუდევი მოსალოდნელი ომის საწყის ეტაპზე ამ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ; სსრკ-ში მოქმედი საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე კი რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნებას ემატებოდა იმ რეზერვისტთა რიცხვიც, რომლებიც გასული ხუთი წლის განმავლობაში იქნენ დემობილიზებულნი ჯარებიდან და შეადგენდნენ პირველი რიგის რეზერვს, და მათი საერთო რიცხოვნება ადიოდა 8,5 მლნ. ადამიანამდე, რომელთა გამოყვანასაც გეგმავდა საბჭოთა ხელმძღვანელობა სავარაუდო დიდი ომის შემთხვევაში. ანუ თითქმის ერთნაირი მოსახლეობის პირობებში სსრკ-ს გამოჰყავდა აშშ-თან შედარებით ორჯერ მეტი რიცხოვნების შეიარაღებული ძალები, რაც მას აშკარა უპირატესობას მისცემდა. მაგრამ ამერიკელები ამ ჩამორჩენის კომპენსაციას ახდენდნენ ნატო-ს ბლოკში მოკავშირე დასავლეთევროპულ სახელმწიფოებში საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის მოქმედებისა (დიდი ბრიტანეთის გარდა) და შეიარაღებული ძალების გაწვეული პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების შედეგად, რაც ასევე ქმნიდა სამხედრო სწავლებაგავლილი რეზერვისტების დიდ რიცხვს, რომელთა გაწვევაც ომის საწყის ეტაპზე იყო შესაძლებელი. ჩვენში ყურადღებას აქცევდნენ მხოლოდ იმას, რომ ამერიკულ ჯარებში სამსახური ნებაყოფლობითია და შესაბამისად მოხალისეთაგან დაკომპლექტებული ჯარები ხასიათდებიან უფრო მაღალი საბრძოლო თვისებებით და საქართველოშიც ამის დანერგვას ცდილობდნენ, რა თქმა უნდა, იმავე ამერიკელთა რჩევებით. და ამ დროს სრულებით არ ითვალისწინებდნენ იმავე ნატო-ს წევრი დასავლეთ გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, ბელგიის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, ნეიტრალური შვედეთის, შვეიცარიისა და ფინეთის, ასევე ისრაელის გამოცდილებას, სადაც მოქმედებდა კანონი საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ და მის საფუძველზე ხდებოდა სამხედროვალდებული ახალგაზრდობის აუცილებელი გაწვვევა შეიარაღებულ ძალებში დადგენილი ვადით.
შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, სადაც “ცივი ომის” წლებში მოქმედებდა შეიარაღებული ძალების ნებაყოფლობით საფუძველზე, კუნძულოვანი სახელმწიფოებია, რომელთაც მათ თანაზომად სხვა ძლიერ სახელმწიფოებთან საერთო სახმელეთო საზღვრები არ გააჩნიათ, ხოლო მათი მსხვილი ძალების სავარაუდო შემოტევისგან დაცული არიან ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტებითა და ვრცელი ოკეანეებით (აშშ-ის შემთხვევაში). ამიტომ მათ გააჩნიათ იმის დრო, რომ სადმე სხვაგან საომარი კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში გაიწვიონ შეიარაღებულ ძალებში სულაც განუსწავლელი რეზერვისტები, ჩაუტარონ მათ შესაბამისი საბრძოლო მომზადება და ისე გაუშვან ომში თავიანთი მთავრობის ინტერესების დასაცავად. აშშ გეოგრაფიულად რომ ყოფილიყო ვთქვათ ციმბირში, სადაც ერთის მხრივ მას მეზობლად ეყოლებოდა რუსეთი, ხოლო მეორეს მხრივ კი ჩინეთი და იქვე ახლო რეგიონში იაპონიაც, მაშინ ცხადია, რომ მისი ხელისუფლება ვერც კი იფიქრებდა თავისი შეიარაღებული ძალების მოხალისეთაგან დაკომპლექტებას, არამედ შეეცდებოდა საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე არსებული პრაქტიკისა და მექანიზმების გამოყენებით უკვე ომის საწყის ეტაპზევე გამოეყვანა რაც შეიძლებოდა მრავალრიცხოვანი, კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი შენაერთები და ნაწილები საკუთარი ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დასაცავად. საქართველოსაც ასევე ჰყავს უშუალო მეზობლები, თავისივე თანაზომადი ან გაცილებით უფრო დიდი და ძლიერები, რომლებთანაც შესაძლო კონფლიქტების შემთვევაში მცირერიცხოვანი პროფესიული ჯარებით ვერაფერს ვერ გახდება, ისევე როგორც ვერაფერს გახდება პროფესიონალ ფერხბურთელთაგან დაკომპლექტებული ხუთკაციანი გუნდი 11-კაციან კარგ სამოყვარულო გუნდთან თამაშში 100-მეტრიან მოედანზე, ვინაიდან საამისოდ მას ძალები არ ეყოფა. წაგებული საფეხბურთო მატჩი კი არაფერია წაგებულ ომთან შედარებით, რაც ჩვენ უკვე არაერთხელ გვინახავს 1992 წლის შემდეგ და მწარედაც გვიწვნევია საკუთარ თავზე.
მეორე, მაგალითად, 1970-იანი წლების მიწურულს აშშ სახმელეთო ჯარების ჯავშანსატანკო დივიზიაში შტატებით ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 16 411 ადამიანი, 324 საბრძოლო (საშუალო) ტანკი, 27 მსუბუქი ტანკი, 678 ჯავშანტრანსპორტერი, 54 155-მმ და 12 203,2-მმ ჰაუბიცა (სულ 66 ქვემეხი), 9 115-მმ 45-ლულიანი რექტიული დანადგარი (ჩვენში ცნობილი “გრადების” ანალოგიური), 45 81-მმ და 53 106,7-მმ ნაღმსატყორცნი, 90 მძიმე (“თოუს” ტიპისა) და 135 მსუბუქი (“დრაკონის” ტიპის) ტსრკ, 85 66-მმ ყუმბარსატყორცნი, 8 90-მმ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, 24 თვითმავალი ზრკ “ჩაპარელი”, 24 20-მმ ექვსლულიანი თვითმავალი საზენიტო დანადგარი (თზდ) “ვულკანი”, 72 გზრკ “რედ აი” (თანამედროვე “სტინგერების” ანალოგიური), 64 ვერტმფრენი, 2382 ავტომობილი, 3140 რადიოსადგური და სხვა შეიარაღება; მექანიზებულ ქვეით დივიზიაში შედიოდა პირადი შემადგენლობის 16 175 ადამიანი, 216 საბრძოლო ტანკი, 27 მსუბუქი ტანკი, 702 ჯავშანტრასპორტერი, დანარჩენი შეიარაღება ძირითადად ჯავშანსატანკო დივიზიის ანალოგიურად; ქვეით დივიზიაში ნაჩვენები იყო 16 436 ადამიანი, 54 საბრძოლო ტანკი, 9 მსუბუქი ტანკი, 133 ჯავშანტრანსპორტერი, 54 105-მმ, 18 155-მმ და 4 203,2-მმ ჰაუბიცა (სულ 76 ქვემეხი), 9 115-მმ 45-ლულიანი რეაქტიული დანადგარი, 81 81-მმ და 43 106,7-მმ ნაღმსატყორცნი, 92 66-მმ ყუმბარსატყორცნი, 8 90-მმ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, 162 მძიმე ტსრკ “თოუ”, 243 მსუბუქი ტსრკ “დრაკონი”, 24 თვითმავალი ზრკ “ჩაპარელი”, 24 20-მმ ექვსლულიანი თზდ “ვულკანი”, 68 გზრკ “რედ აი”, 155 ვერტმფრენი, 2470 ავტომობილი, 2809 რადიოსადგური და სხვა შეიარაღება; საჰაერო-სადესანტო დივიზიის პირადი შემადგენლობა გახლდათ 14 895 ადამიანი, ხოლო შეიარაღებაში კი მათ გააჩნდათ 54 მსუბუქი ტანკი, 54 105-მმ ჰაუბიცა, 84 81-მმ და 36 106,7-მმ ნაღმსატყოცნი, 114 მძიმე ტსრკ “თოუ”, 243 მსუბუქი ტსრკ “დრაკონი”, 65 66-მმ ყუმბარსატყორცნი, 8 90-მმ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, 48 20-მმ ექვსლულიანი თზდ “ვულკანი”, 64 გზრკ “რედ აი”, 160 ვერტმფრენი, 2037 ავტომობილი, 2749 რადიოსადგური და სხვა შეიარაღება.
როგორც ვხედავთ, აღნიშნული ტიპის შენაერთებში, აგრეთვე მათ ნაწილებსა და ქვედანაყოფებში პირადი შემადგენლობის რიცხოვნება მჭიდროდ არის დაკავშირებული საშტატო საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებასთან და ყველაფერი ეს დაბალანსებულია და შემოწმებული საჯარისო სწავლებებისა და მანევრების მსვლელობისას. აშშ არმიის თითოეული დივიზია შედგება სამი საბრძოლო ბრიგადისგან და მთელი მისი შეიარაღება წარმოადგენს სამი ბრიგადის აუცილებელ საშტატო შეიარაღებას. და ამ მონაცემების საფუძველზეც ნათლად შეიძლება დავინახოთ, რომ ეუთო-ს ეგიდით საქართველოსთვის დადგენილი 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 285 საველე საარტილერიო სისტემის კვოტები ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს 5-მილიონიანი ქვეყნის თავდაცვისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. ასეთ პირობებში გინდა ამერიკელები წვრთინდენ ქართული ჯარების გარკვეულ კონტინგენტებს, გინდა გერმანელები და გინდაც ჩინელები, ასეთი მწირი შეიარაღების მქონე ჯარები საკუთარ ქვეყანას ვერ დაიცავენ, თეორიულად რომ ვთქვათ, შვეიცარული სახმელეთო ჯარების მსგავსი არმიის შემოტევისგან, რომელსაც 2000 წლის მონაცემებით შეიარაღებაში გააჩნია 556 საბრძოლო ტანკი, 1500-ზე მეტი მოჯავშნული მანქანა (საბრძოლო და უზრუნველყოფისა), 1100 ერთეულამდე 100 მმ-ზე მეტი ყალიბის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი და სხვა შეიარაღება, თუმცა კი შვეიცარიაში ამერიკელებს არ ჩაუტარებიათ “წვრთნისა და აღჭურვის” მსგავსი პროგრამები. იგივე შეიძლება ითქვას ფინეთსა და შვედეთზეც.
ამერიკელ მრჩევლებს ხშირად უთქვამთ ხოლმე ამ წლებში, რომ თქვენ თავდაცვითი შეიარაღება გჭირდებათ – ტანკსაწინაარმდეგო, საზენიტო და მაშინ საკუთარი ქვეყნის დაცვას შეძლებთო. მათი მიმყოლი ქართველი მოხელეებიც იმეორებენ მსგავს სენტენციებს, მაგრამ რამდენად მართალია ეს? მე ადრეც დამიწერია, რომ ვთქვათ ქართულ ჯარებში საკმარისი რაოდენობით არის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარები, რომლებიც არ იზღუდება რაოდენობრივად (მათზე კვოტები არ არის დადგენილი). კეთილი და პატიოსანი, მაგრამ თუკი რომელიმე მეზობელთან, ვთქვათ თურქეთთან, მოგვივიდა საომარი კონფლიქტი და მისი ჯარები გადმოვიდნენ შეტევაში, და წინ წამოვიდნენ ტანკები; ვთქვათ ქართველმა მებრძოლებმა თავიანთი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით დააზიანეს და მწყობრიდან გამოიყვანეს მოწინააღმდეგის რამდენიმე საბრძოლო ტანკი. მაშინ დანარჩენი მანქანების ეკიპაჟები, როდესაც დაინახავენ, რომ ქართველების თავდაცვაში ბლომად არის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, უკან დაიხევენ, გაერიდებიან მათ ცეცხლს, მოითხოვენ თავიანთი არტილერიის საცეცხელე მხარდაჭერას, მიაწვდიან ქართული ჯარების განლაგების კოორდინატებს და უსაფრთხო ადგილას დაელოდებიან საარტილერიო მომზადების დასრულებას. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების სროლის სიშორეა 3-4 კმ, 155-მმ და 203,2-მმ ჰაუბიცებისა კი 24-30 კმ-მდე; 155-მმ მსხვრევად-ფუგასური ჭურვის წონაა დაახლოებით 43 კგ, 203,2-მმ ჭურვისა 90 კგ. და აი ასეთი “საჩუქრები” ათეულობით და ასეულობით წამოვა ქართული ჯარების პოზიციებზე. საარტილერიო მომზადების შემდეგ შეტევაში გადმოვლენ უკვე ქვეითი ქვედანაყოფები, რომლებიც ბოლომდე გაანადგურებენ ან ჩაახშობენ გადარჩენილ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს და მხოლოდ ამის მერე წამოვლენ წინ ტანკები. ასე რომ, მოწინააღმდეგის არტილერიის ჩასახშობად საჭიროა ასეთივე არტილერია და კონტრბატარეული ბრძოლის უნარიანად და ოსტატურად წარმოება. არტილერია კი ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით საქართველოში შეზღუდვას ექვემდებარება და მასზე 285 ერთეულის კვოტაა დაწესებული. ხოლო იმავე თურქეთს 2000 წელს თავისი სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში გააჩნდა 4268 საველე საარტილერიო სისტემა, მათგან 105, 155, 175 და 203,2 მმ ყალიბების 1319 ბუქსირებადი და 868 ქვემეხი (სულ 2187 ქვემეხი), 107 და 227 მმ ყალიბების 60 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (რუსული “გრადისა” და “ურაგანის” ანალოგიური), 106,7 მმ და 120 მმ ყალიბების 2021 ნაღმსატყორცნი (მათგან ერთი ნაწილი თვითმავალ შასიზე დამონტაჟებული), პლიუს ამას 3792 81-მმ ნაღმსატყორცნი, რომელთა რაოდენობაც არ არის შეზღუდული CFE-ხელშეკრულებით, მაგრამ რომლებიც რამდენადმე ჩამოუვარდებიან 106,7-მმ და 120-მმ ნაღმსატყორცნებს სროლის სიშორითა და საბრძოლო მუხტის სიმძლავრით.
რაც შეეხება საზენიტო საშუალებებს, ზემოთ უკვე ვთქვი, რომ არის დაბლამფრენ საჰაერო მოწინააღმდეგესთან ბრძოლის საშუალებები (საზენიტო არტილერია და ახლო მოქმედების მართვადი საზენიტო რაკეტების გასაშვები დანადგარები), საშუალო სიმაღლეებზე და დიდ სიმაღლეებზე მფრენი თვითმფრინავებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ გამოსაყენებელი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები. მაგრამ ეს უკანასკნელები საკმაოდ ან სულაც ძალზედ ძვირი სიამოვნებაა, მაგალითად, 80-იან წლებში ზრკ “პეტრიოტის” მხოლოდ ერთი რაკეტა ჯდებოდა 1 მლნ. დოლარამდე, რომ არაფერი ვთქვათ დანარჩენ რაკეტებზე, გასაშვებ დანადგარსა და რადიოსალოკაციო სადგურზე, რაც მთლიანად შედის ერთი კომპლექსის შემადგენლობაში. ამიტომ პატარა ქვეყნებში შეიარაღებაში გააჩნიათ უფრო მეტად დაბლამფრენ მიზნებთან ბრძოლის საზენიტო საშუალებები, ხოლო საშუალო და დიდ სიმაღლეებზე მფრენ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის ამოცანების გადაწყვეტა კი ეკისრებათ საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელ თვითმფრინავებს. მაგრამ ეს შეიარაღებაც ჩვენში შეზღუდვას ექვემდებარება 100 საბრძოლო მანქანამდე. საბრძოლო თვითმფრინავებიც ძვირადღირებული სიამოვნებაა. ხოლო თუკი ეს სისტემები არ გვექნება, არამედ მხოლოდ დაბლამფრენ საჰაერო მიზნებთან ბრძოლის შედარებით იაფი საშუალებები (საზენიტო არტილერია და ახლო ქმედების საზენიტო მართვადი რაკეტები), მაშინ სავარაუდო მოწინააღმდეგის პილოტები, ეცოდინებათ რა ჩვენი საზენიტო შეიარაღების შესახებ, დაბალ სიმაღლეებზე კი არ დაიწყებენ ფრენებს და იქიდან ჩვენი ობიექტების დამომბვებს, არამედ ვთქვათ 7-10 კმ სიმაღლეებიდან. ასეთ შემთხვევაში თუმცა კი დაბომბვების სიზუსტე შემცირდება და ბომბების ხარჯვის მაჩვენებელი გაიზრდება, მაგრამ ამავე დროს გაიზრდება მიწაზე დაზიანებისა და ნგრევის ფართობებიც და სხვა. გარდა ამისა, თუკი მოწინააღმდეგეს ეცოდინება, რომ ჩვენს ჯარებს დიდი რაოდენობით საზენიტო საშუალებები გააჩნიათ, ხოლო საველე არტილერია კი ნაკლებად, მაშინ იგი უფრო მეტად აამუშავებს თავის ქვემეხებსა და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, აგრეთვე 120-მმ და უფრო მეტი ყალიბის ნაღმსატყორცნებს, რომელთაც სროლის დიდ სიშირე გააჩნიათ 10-დან 45კმ-მდე და მეტიც, ასევე ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებს 120-190 კმ. თავის საბრძოლო ავიაციას კი გაუფრთხილდება და ა. შ.
გარდა ამისა, ახლახანს ინტერნეტის ქართულ მასალებში წავიკითხე ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციას რომელიღაც ქვეყნისთვის მიუწოდებია ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარები მისი სანაპირო თავდაცვის შეიარაღებისთვის. ამ ინფორმაციაზე რომელიღაც ქართველ მკითხველს გაეკეთებინა კომენტარი, რომ რუსებმა ასეთი ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპექსები ჯობია ჩვენ მოგვცენ, და მაშინ ნახავდით – “მაგ დამპალი რუსების ვერც ერთი ხომალდი სევასტოპოლიდან ცხვირს ვეღარ გამოყოფდა”-ო. კი მაგრამ, თუ რუსები დამპლები არიან, ან ჩვენ ასეთებად მიგვაჩნია, მაშინ რატომ უნდა მოგვცენ ასეთი იარაღი? მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა საკითხისა. მნიშვნელოვანია კიდევ სხვა რამ. ხომალდსწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, ან გნებავთ, ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარები შეიქმნა, უწინარეს ყოვლისა, გაშლილ ზღვაში მოწინააღმდეგის ხომალდებთან საბრძოლველად და ასეთი კომპლექსებით აღჭურვილი არიან თანამედროვე მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები: ფრეგატები, საესკადრო ნაღმოსნები, კრეისერები და სახაზო ხომალდები. თუ სწორად მახსოვს, ამერიკული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა “ჰარპუნის” სროლის სიშორეა 135 კმ-მდე. ასეთივე სარაკეტო კომპლექსები დაყენებულია სარაკეტო კატარღებზეც, ოღონდ მათი სროლის მაქსიმალური სიშორე რამდენმე ათეულ კმ-ს არ აღემატება. ასე რომ, გინდაც ორივე დაპირისპირებულ მხარეს გააჩნდეს მსგავსი შეიარაღება, ამ შეთხვევაში უკვე რეალური შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქმე მიდის მაზე, თუ რომელმა მათგანმა უფრო უკეთესად იცის აღნიშნული იარაღის გამოყენება, ან რომელ მათგანს კიდევ რა სისტმები გააჩნია ამ რაკეტებისთვის მხარდასაჭერად, სად უკეთესად არის ორგანიზებული დაზვერვა, მიზანჩვენება და კონკრეტულ მიზნებზე მართვადი რაკეტების დამიზნება, სად უკეთესად არის დაყენებული საბრძოლო და ოპერატიული მომზადება და სხვა. ამ მხრივ ჩვენ მგონი სატრაბახო არაფერი გვაქვს. გარდა ამისა, ხომალდსწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების გარდა, თანამედროვე მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები და ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავები აღჭურვილი არიან ფრთოსანი რაკეტების გასაშვები დანადგარებითაც, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების მიყენება. და ასეთი რაკეტების ფრენის სიშორე 15-ჯერ და მეტად აღემატება ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების ფრენის სიშორეს. სახელდობრ, საზღვაო ბაზირების ამერიკული ფრთოსანი რაკეტა “ტომაჰოქის” ფრენის სიშორეა 2500 კმ-მდე, ხოლო რუსული ფრთოსანი რაკეტებისა – 400-550 კმ-მდე, თუმცა კი 1987 წელს საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის შეიარაღებაში გამოჩნდა საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა, ფრენის მაქსიმალური სიშორით 3000 კმ-მდე, და დასავლეთში მას მისცეს აღნიშვნა SS-N-21 “Sampson” (გვიანდელი ჩანართი: ეს ალბათ უნდა ყოფილიყო სარაკეტო სისტემა “კალიბრი”, რომლითაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ცოტა ხნის წინ კასპიის ზღვიდან სირიაში თვითგამოცხადებული “ისლამური რესპუბლიკის” სამხედრო ობიექტები გაანადგურეს). მთელი ეს მსჯელობა ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად არის ფეხმოკიდებული უმეცრება სამხედრო სფეროში თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში და რამდენად კომიკურ სიტუაციებში გვაგდებს ხოლმე ეს ჩვენ, ისე რომ ხშირად ეს არც კი გვესმის და არც გაგვეგება. მაგრამ ზოგჯერ ჩვენი ეს უმეცრება და უპასუხისმგებლობა დიდი ტრაგედიითაც შემოგვიბრუნდება ხოლმე.
ახლა შევეხოთ ამერიკულ სამხედრო დახმარებას, რომელიც ხორციელდებოდა “წვრთნისა და აღჭურვის” ცნობილი პროგრამის ფარგლებში და შემდეგ ჰპოვა სხვა განვითარებაც. ამაზე ჩემი აზრი ზემოთ უკვე გამოვხატე ძირითად საკითხში, რომ სანამ არ იქნება გადასინჯული, სულ მცირე, ეუთო-ს ეგიდით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები, და ისინი არ მიუახლოვდება ფინეთისა და შვეიცარის შეიარაღებაში არსებულ რაოდენობებს, მანამდე ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხებმა გააკეთეს ყველაფერი, რათა უზრუნველყონ მათ განკარგულებაში არსებულ შესაძლებლობათა მაქსიმუმის მობილიზაცია, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად. მაგრამ ამ კვოტების გადასინჯვა და გაზრდა არ არის კიდევ ყველაფერი, საჭიროა შესაბამისი საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების თანამედროვე ნიმუშების რეალურად შეძენა, მათ საფუძველზე სასწავლო და სარეზერვო ბატალიონების, პოლკების, ბრიგადების, დივიზიების (საარმიო კორპუსების) ჩამოყალიბება, შტაბებისა და ჯარების ოპერატული და საბრძოლო მომზადების სისტემატიურად ჩატარება სახმელეთო ჯარების საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის საჭირო დონეზე ასაყვანად. იგივე ითქმის სამხედრო-საჰაერო ძალებსა და სამხედრო-საზღვაო ძალებზეც. მაგრამ ყოველივე ამისთვის აუცილებელია შესაბამისი ეკონომიკის განვითარებაც ქვეყანაში – სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარება, მათ შორის სამხედრო და სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების სამრეწველო წარმოებისა, აგრეთვე ვაჭრობისა და მეცნიერებათა განვითარება, როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული დარგებისაც, როგორც ფუნდამენტურ სფეროებში, ისე გამოყენებითი თვალსაზრისითაც. სახელდობრ, თუნდაც 1990 წელს, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ფინეთის მთლიანი შიდა პროქუტი შეადგენდა 137,78 მლრდ. ამერიკულ დოლარს, შვედეთისა 219,36 მლრდ.-ს, შვეიცარიისა 227,972 მლრდ.-ს, ნორვეგიისა 106,82 მლრდ.-ს, ისრაელისა 51,22 მლრდ. ამერიკულ დოლარს. ყველა ამ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვარაუდობდა ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში თავიანთი მოსახლეობს 10%-სა და მეტის მობილიზაციას, რითაც განსხვავდებოდნენ ისინი იმავე დანიის, ბელგიის, ნიდერლანდების, საბერძნეთისა და პორტუგალიისგან, სადაც ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უფრო დაბალი გახლდათ – 2,5-5,5%. ამის მიზეზიც ზემოთ უკვე აღვნიშნე: ნორვეგია უშუალოდ ემეზობლებოდა საბჭოთა კავშირს და ამდენად ე. წ. “ცხელ რაიონში” იმყოფებოდა, მაშინ როდესაც იგივე ბელგია, ნიდერლანდები და დანიაც ვარშავის ბლოკის ქვეყნებისგან იზოლირებული იყვნენ დასავლეთ გერმანიის ტეარიტორიით, რომელშიც აღმოსავლეთ გერმანიასა და ჩეხოსლოვაკიასთან სასაზღვრო რაიონებში უკვე მშვიდობიანობის დროს განლაგებული იყო ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარების ბრიტანული რეინის არმია, ორი ამერიკული, სამი დასავლეთგერმანული და თითო-თითო ჰოლანდიური და ბელგიური საარმიო კორპუსები, დასავლეთგერანული დივიზია, ამერიკული და კანადური ცალკეული ბრიგადები, სამოკავშირეო სამხედრო-საჰაერო ძალების ოთხი საჰაერო არმია და სამოკავშირეო ფლოტის ძალები, რაც აძლევდა მათ იმედს, რომ არ დასჭირდებოდათ თავიანთი მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილის მობილიზაცია შეიარაღებულ ძალებში.
იმავე თანამიმდევრობით, ფინეთის სამხედრო ხარჯები 1990 წელს შეადგენდა 1,57 მლრდ. ამერიკულ დოლარს, შვედეთისა 5,51 მლრდ.-ს, შვეიცარიისა 4,1 მლრდ.-ს, 3,5 მლრდ.-ს და ისრაელისა 6,16 მლრდ. ამერიკულ დოლარს. გარდა ამისა, იმავე 1990 წელს ისრაელმა აშშ-გან მიიღო 1,792 მლრდ. დოლარის ამერიკული სამხედრო დახმარებაც. თუკი მარტივ გამოთვლებს ჩავატარებთ, მაშინ ვნახავთ, რომ ფინეთში 1990 წელს გაწეული სამხედრო ხარჯები შეადგენდა ამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1,4%-ს, შვედეთში – 2,5%-ს, შვეიცარიაში – 1,8%, ნორვეგიაში – 3,35%-ს, ისრაელში კი – 12,0%-ს. მაგრამ ისრაელს თუკი აშშ უწევდა იმავე 1990 წელს 1,8 მლრდ. დოლარამდე სამხედრო დახმარებას, მთელ მსოფლიოში არსებული სიონისტური ორგანიზაციები ასევე ეხმარებოდნენ და ეხმარებიან მას ფინანსებით ეკონომიკისა და სხვა დარგების განვითარებაში. ისე კი მიღებულია, რომ თუ ქვეყანა ხარჯავს სამხედრო მიზნებით ყოველწლიურად თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 5-6%-ს, ეს ხელს არ უშლის მისი ეკონომიკისა და სოციალური სფეროს ჯანსაღად განვითარებას. სახელდობრ, იმავე 1990 წელს აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 5 423,4 მლრდ. დოლარს, ხოლო სამხედრო ხარჯები კი 304,09 მლრდ.-ს, რაც წარმოადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 5,61%-ს. ამრიგად, თუკი საქართველოს ეყოლება ისეთი შეიარაღებული ძალები და ექნება ისეთი თავდაცვის სისტემა, რომლის შენახვაც წელიწადში დაჯდება 2-2,5 მლრდ. დოლარი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს ეკონომიკა (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა), რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომას 35-45 აშშ დოლარის ფარგლებში. ვფიქრობ, რომ საქართველოს სამეურნეო და ეკონომიკური ცხვრების სწორად წარმართვის შემთხვევაში ამ მაჩვენებლებზე გასვლა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ აშშ-ზე დამოკიდებული საქართველოს “დამოუკიდებლობის” პირობებში რომ ეს ასე არ ხდება, ქართველი მკითხველისთვის ვგონებ საეჭვო არ უნდა იყოს. ესეც კიდევ ერთი მანკიერი მხარე საქართველოს პროდასავლური ორიენტაციისა.
ახლა უკვე ურიგო არ იქნებოდა ევროპის მცირე სახელმწიფოების ეკონომიკური და სამეურნეო ცხოვრების გარკვეული მაჩვენებლების გაცნობა, რათა გაგვერკვია, თუ საიდან აქვთ მათ ასეთი სტაბილური და მყარი შემოსავლები. ჟურნალი Зарубежное Военное Обозрение, განსაკუთრებით 1970-იან წლებში აქვეყნებდა სტატიებს დასავლეთის ცალკეულ სახელმწიფოთა სამხედრო-გეოგრაფიული აღწერით, სადაც ჩადებული იყო გარკვეული სამეურნეო და ეკონომიკური მონაცემებიც. სახელდობრ, აღნიშნული ჟურნალის 1975 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული იყო თადარიგის პოლკოვნიკის ი. აფანასიევის წერილი, “შვედეთი (სამხედრო-გეოგრაფიული მიმოხილვა)”, რომლის პარაგრაფშიც სახელწოდებით “ბუნებრივი რესურსები, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა”, ვკითხულობთ: “შვედეთი – მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა ინტენსიური სოფლის მეურნეობით. მისი ეკონომიკა ხასიათდება წარმოებისა და კაპიტალის მაღალი კონცენტრაციით.
ქვეყანა მდიდარია ტყით, რომელსაც უჭირავს ტერიტორიის 55%, რკინისა და სპილენძს მადნით, აგრეთვე ჰიდრორესურსებით, რის საფუძველზეც განვითარებულ იქნა ხისდამამუშავებელი, მომპოვებელი და ლითონდამამუშავებელი მრეწველობა. შვედური ეკონომიკის სუსტ ადგილს, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში წერენ, წარმოადგენს ნავთობის არარსებობა (უკანასკნელ წლებში აწარმოებენ მის ინტენსიურ ძიებას ბალტიის ზღვაში) და ქვანახშირის მეტად შეზღუდული მარაგები (სკონაში). სატყეო (60%-მდე) და მომპოვებელი მრეწველობის, აგრეთვე ელექტროენერგიის წარმოების ძირითადი ნაწილი მოდის ზემო და ქვემო ნორლანდზე.
მაღალი ხარისხის რკინის მადნის საერთო მარაგები (ძირითადი რაიონებია კირუნა, ელივარე, ვიტანგი) შეადგენს დაახლოებით 3,5 მლრდ. ტ, ხოლო ყოველწლიური მოპოვება კი აღემატება 36 მლნ. ტ-ს. მოპოვებული მადნის უმეტესი ნაწილის ექსპორტირებას ახდენენ გფრ-სა და დიდ ბრიტანეთში პორტების ლულეოსა და ნარვიკის (ნორვეგია) გავლით. ქვეყნის ცენტრალური ნაწილის სამთამადნო საწარმოები თავმოყრილია ქალაქების კოპარბერგის, გრენგესბერგისა (15 კმ ლუდვიკას სამხრეთ-დასავლეთით) და ბურლენგეს რაიონებში. წამყვანი მეტალურგიული ქარხნები განთავსებულია ქალაქებში ლულეო, სანდევიკენი, დომნარვეტი (ვურლენგე), ავესტა და ფაგერსტა. ამ ქარხნებში 1973 წელს გამოდნობილ იქნა 5,7 მლნ. ტ ფოლადი და 2,6 მლნ. ტ თუჯი. სპილენძის მადნის საერთო მარაგები (ქალაქები ბულიდენი და ფალუნი) აღწევს 1,2 მლნ. ტ სპილენძის საშუალო შემცველობით მადანში 0,5%. რაფინირებული სპილენძის წარმოებამ 1973 წელს შეადგინა 55 ათასი ტ, ტყვიისა – 45 ათასი ტ.
ელექტროენერგიის წლიური წარმოება აღწევს 77 მლრდ. კვტ.სთ-ს, მათ შორის 53,6 კვტ.სთ – ჰეს-ებში (1972 წელს). ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტრო სადგურებია: ჰარსპრონგეტი (პორიუსი), სტურნორფორსენი, ჩილფორსენი, ტროლჰეტანი და კრონგედე. ჰიდროენერგიის მარაგები აღემატება 10 მლნ. კვტ-ს. არის აგრეთვე სამი ატომური ელექტროსადგური.
მანქანათმშენებლობაში წამყვანი ადგილი ეკუთვნის ბურთულსაკისრების (გიოტებერგი), ელექტრომოწყობილობის (ქალაქები სტოქჰოლმი, ვესტეროსი, ლუდვიკა) წარმოებას, გემთმშენებლობასა და ავტომობილმშენებლობას. საავტომობილო მრეწველობა (ქარხნები “სკანია-ვაბისი”, “ვოლვო”) ყოველწლიურად უშვებს დაახლოებით 350 ათას ავტომობილს, მათ შორის დაახლოებით 30 ათას სატვირთო ავტომობილსა და ავტობუსს.
სამხედრო მრეწველობის უმნიშვნელოვანესი საწარმოები თავმოყრილია ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში: ქალაქები კარლსკუგა ჰუსკვარნა (ფირმა “ბოფორსის” საარტილერიო შეიარაღება, საბრძოლო მასალები და ასაფეთქებელი ნივთიერებები), ლანდსკრუნა (სატანკო ქარხნები), სტოქჰოლმი (ელ-ექტრონული და რადიოაპარატურა, ზუსტი ხელსაწყოთმშენებლობა), ლინჩიოპინგი (საავიაციო ქარხნები), ტროლჰეტანი (საავიაციო ძრავები), გიოტებერგი, მალმიო და კარლსკრუნა (ხომალდმშენებლობა, სამხედრო გემთმშენებლობა) და სხვა. შვედეთისთვის ტრადიციული საარტილერიო-სასროლი შეიარაღების წარმოების გარდა, უკანასკნელი 15-20 წლის მანძილზე ააწყვეს ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტერების, თანამედროვე მრავალმიზნობრივი თვითმფრინავების, რეაქტიული ძრავებისა და რადიოსალოკაციო დანადგარების საკუთარი წარმოებაც.
სოფლის მეურნეობაში დაკავებულია თვითმოქმედი (самодеятельное) მოსახლეობის 8%, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანას საკუთარი კვების პროდუქტებით 95-98%-ით. საკუთარი კვების პროდუქტების დანაკლისს შვედეთი ინაზღაურებს იმპორტის ხარჯზე, უპირატესად დანიიდან”.
ამავე ჟურნალის 1975 წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია ისევ თადარიგის პოლკოვნიკ ი. აფანასიევის სტატია, “ნორვეგია (გეოგრაფია, სახელმწიფო წყობილება, ინფრასტრუქტურა)”, რომლის პარაგრაფში “ბუნებრივი რესურსები, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა” ვკითხულობთ: “ნორვეგია – ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, განვითარებული მრეწველობითა და სოფლის მეურნეობით. მას გააჩნია ასევე ფართო საგარეოეკონომიკური კავშირები. საკვანძო პოზიციები ეკონომიკაში ეკუთვნის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გფრ-ისა და საფრანგეთის მონოპოლიებს. ამერიკული კაპიტალი აკონტროლებს ფერადშენადნობების, ალუმინისა და ნიკელის წარმოებას; ინგლისური კაპიტალი ბატონობს სამთამადნო და ელე-ქტრომეტალურგიულ მრეწველობაში, დასავლეთგერმანული კი – ქიმიურ მრეწველობაში.
სასარგებლო წიაღისეულის საბადოებიდან ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს რკინის მადნის მარაგებს – დაახლოებით 1,5 მლრდ. ტ (რკინის შემცველობით 30-35%, კირკენესის რაიონი), აგრეთვე პირიტების (სულიტელმა, რიორუსი), ფერადი და იშვიათი ლითონების, მათ შორის ურანის მარაგებს. კუნძულ შპიცბერგენზე არის ქვანახშირის მარაგები. 1971 წლიდან ნორვეგიის ნაპირებთან ჩრდილოეთის ზღვაში მოიპოვებენ ნავთობს (საბადო “ეკოფიქსი”), რომლის დაზვერილი მარაგებიც აღწევს 550 მლნ. ტ, ხოლო გაზისა – 651 კუბ. მ-ს. როგორც ნორვეგიულ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებიან, ნავთობის მოპოვებამ 1973 წელს შეადგინა 2 მლნ. ტ, ხოლო 1975 წელს იგი მიაღწევს 9-10 მლნ. ტ-ს, რაც პრაქტიკულად დაფარავს ქვეყნის შედა მოთხოვნილებებს ნავთობზე. ნორვეგია მდიდარია ტყითა (მისი ტერიტორიის დაახლოებით მეოთხედი დაფარულია წიწვოვანი ტყეებით) და ჰიდრორესურსებით, რომელთა მარაგებიც აღწევს 16 მლნ. კვტ-ს. 1 მლნ. კვტ-ზე მეტი მოდის მდ. შინსელვაზე, დაახლოებით 1 მლნ. კვტ – მდ. დრამსელვაზე.
აღნიშნული ნედლეულისა და ენერგეტიკული რესურსების საფუძველზე ქვეყანაში მაღალი განვითარება ჰპოვეს ელექტრომეტალურგიამ, ლითონების დამუშავებამ, მანქანათმშენებლობამ, ცელულოზა-ქაღალდის წარმოებამ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში გაძლიერებული ტემპებით ვითარდება ქიმიური მრეწველობა, გემთმშენებლობა და, განსაკუთრებით, რადიომრეწველობა. სამხედრო მრეწველობა აწარმოებს მსუბუქ სასროლ-საარტილერიო შეიარაღებას, საბრძოლო მასალებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს. მძიმე იარაღს ნორვეგია ყიდულობს აშშ-გან, დიდი ბრიტანეთისგან, გფრ-ისა და შვედეთისგან.
ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების მიხედვით ნორვეგიას პირველი ადგილი უჭირავს კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის, ალუმინის წარმოების მიხედვით – მესამე (აშშ-ისა და კანადის შემდეგ), საქაღალდე ცელულოზის წარმოებისა და გემთმშენებლობის მიხედვით – მეოთხე.
ნორვეგიის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითად დარგს წარმოადგენს ხორც-სარძევე მეცხოველეობა, რომელიც შეადგენს მთელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულების დაახლოებით 80%-ს. დამუშავებული ფართობი (სახნავ-სათესი და მინდვრები) შეადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორიის დაახლოებით 3%-ს. ფერმერულ მეურნეობებსა და დარგობრივ კოოპერატივებში არის 114 ათასზე მეტი ტრაქტორი. მარცვლოვანი კულტურის (უპირატესად ქერი და შვრია) მოსავალი მერყეობს 800-900 ათასი ტ-ის ფარგლებში. ყოველწლიურად ნორვეგიას საზღვარგარეთიდან (კანადიდან, აშშ-დან და დანიიდან) შემოაქვს 500 ათას ტ-მდე ხორბალი და ჭვავი. თევზის ჭერის მიხედვით (3 მლნ. ტ-მდე წელიწადში) ქვეყანას უჭირავს პირველი ადგილი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის და მეხუთე ადგილი მსოფლიოში”.
ჟურნალის 1976 წლის აგვისტოს ნომერში დაბეჭდილ იქნა იმავე ავტორის სტატია “დანია (ფიზიკურ-გეოგრაფიული აღწერილობა, სახელმწიფო წყობილება, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა)”, რომლის შესაბამის ნაწილში ვკითხულობთ: “დანია – ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მას უჭირავს მეხუთე-მეექვსე ადგილი კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის.
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მიმართებით გამოყოფენ ხუთ ძირითად რაიონს: კუნძული ზელანდია – მთავარი ინდუსტრიულ-აგრარული რაიონი (ქვეყნის საერთო ტერიტორიის დაახლოებით 1/5), სადაც თავმოყრილია მოსახლეობის 2/5-ზე მეტი და სამრეწველო წარმოების 1/2, მათ შორის მთელი მეტალურგია და ლითონდამუშავებისა და მანქანათმშებნებლობის დაახლოებით 3/5; აღმოსავლეთ იუტლანდია და კ. ფიუნი – ქვეყნის მეორე რაიონია ეკონომიკური მნიშვნელობის მიხედვით; დასავლეთ იუტლანდია და კუნძულები ლოლანი, ფალსტერი და მიონი – ძირითადი აგრარული რაიონებია; ფარერის კ-ები – თევზჭერისა და თევზდამამუშავებელი მრეწველობის რაიონია; გრენლანდია – თევზჭერისა და კრიოლიტის მოპოვების რაიონი (უკანასკნელი ივიგტუტის რაიონში).
დანია ღარიბია სასარგებლო წიაღისეულით. შეზღუდულ ზომებში არის რუხი ნახშირი, ქვამარილი, კაოლინი, ტორფი. ზღვის ფსკერიდან დასავლეთ სანაპიროს მახლობლად მოიპოვეა ნავთობი (100-135 ათასი ტ წელიწადში). გრენლანდიაზე ნაპოვნია ურანი, ნავთობი, მოლიბდენი, ვერცხლი, ქრომიტები.
საწვავაზე მოთხოვნილებას ფარავენ უპირატესად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ხარჯზე. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წლიური სიმძლავრე (ქალაქებში კილენდბორგი, ფრედერისია) აღწევს 10-12 მლნ. ტ-ს. ელექტროენერგიის წარმოება ხორციელდება უმთავრესად თბოელექტროსადგურებში (თეს). მათგან უსხვილესი, 500 მგვტ სიმძლავრით, აგებულია ანსესვერჰეტში, კალენდბორგის მახლობლად. მდინარე გუდენოზე აშენებულია ჰიდროელექტროსადგური (ჰეს).
მრეწველობაში წამყვანი ადგილი ეკუთვნის მანქანათმშენებლობას. წარმოების მასშტაბების მიხედვით მანქანათმშენებლობისა და ლითონდამუშავების დარგების ჯგუფში გამოიყოფა გემთმშენებლობა, მათ შორის სამხედრო. გემების ექსპორტმა 1970 წელს შეადგინა 487 ათასი რეგ.ტ (მსოფლიო ექსპორტის 4,8%, 1960 წელს 153 ათასი რეგ.ტ). უმსხვილესი გემთსაშენი ვერფები იმყოფება კოპენჰაგენში, ოდენსში, ჰელსინგიორში, ნაკსკოვში.
დანიას შეუძლია აწარმოებდეს სამხედრო ხომალდებსა და მსუბუქ შეიარაღებას. განვითარებულია ელექტრომანქანათმშენებლობა და ხელსაწყოთმშენებლობა, ხორც-სარძევე მრეწველობისთვის აღჭურვილობის წარმოება, გამომთვლელი და ასლგადამღები მანქანების წარმოება. ქიმიური მრეწველობა სპეციალიზებულია ფოსფატური (კოპენჰაგენი) და აზოტური (გრენო) სასუქების, სინთეტიური ფისების, პლასტმასების, პარფიუმერიული და ფარმაცევტული საქონლის წარმოებაზე.
სოფლის მეურნეობა გამოირჩევა პროდუქტიულობის, მექანიზაციისა და ქიმიზაციის მაღალი ხარისხით. ტრაქტორების ფარეხი 1974 წელს მოითვლიდა 179 ათასს, მარცვლეულის ასაღები კომბაინებისა – 45 ათასს. მეცხოველეობის წილი სოფლის მეურნეობის ზოგად სასაქონლო პროდუქციაში შეადგენს დაახლოებით 90%-ს.
ერთ სულ მოსახლეზე რძის, კარაქისა და ხორცის წარმოების მიხედვით დანიას უჭირავს მეორე ადგილი მსოფლიოს კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის, ახალი ზელანდიის შემდეგ”.
აღნიშნული ჟურნალის 1978 წლის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ იქნა პოლკოვნიკ ა. ალექსეევის წერილი “ბელგია (ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები, სახელმწიფო წყობილება, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა)”, სადაც ავტორი წერს: “ბელგია – მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა საკმარისად ინტენსიური სოფლის მეურნეობით. კაპიტალისტური სამყაროს სამრეწველო წარმოებაში მის წილად მოდის დაახლოებით 1%, ხოლო ფოლადის გამოდნობაში კი ბელგიას უჭირავს მეშვიდე ადგილი.
ეკონომიკაში ბატონობენ მსხვილი მონოპოლისტური გაერთიანებები. საავტომობილო, ელექტრონულ და ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობაში სახსრების მნიშვნელოვანი რაოდენობა ეკუთვნის უცხოურ კაპიტალს, უმთავრესად ამერიკულსა და ინგლისურს.
ძირითად დარგებს წარმოადგენს შავი და ფერადი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა და ელექტროტექნიკური მრეწველობა. მსხვილი მეტალურგიული ქარხნები იმყოფება ქალაქებში: შარლერუა, ლიჟაკი, სერენი და მონსი.
საავტომობილო მრეწველობაში დაკავებულია 50 ათასამდე ადამიანი. ავტომობილების აწყობას აწარმოებენ ქარხნებში ბრიუსელსა და გენკეტში. მძიმე ელექტროაღჭურვილობას, ტურბინებს, ტრანსფორმატორებსა და ძალურ კაბელებს უშვებენ საწარმოები ბრიუსელში, ანტვერპენში, ლიჟაკსა და შარლერუაში. უკანასკნელი წლების მანძილზე ფართო გავრცელება ჰპოვა ქიმიურმა მრეწველობ
ამ, რომელიც სპეციალიზდება აზოტისა და ფოსფატური სასუქების, გოგირდისა და აზოტის მჟავების, ორგანული ნაერთების წარმოებაში.
მრეწველობის სამხედრო დარგები აწარმოებენ საარტილერიო და სასროლ შეიარაღებას, საბრძოლო მასალებს, ჯავშანსატანკო და ავტოსატრანსპორტო ტექნიკას, რადიოელექტრონულ აპარატურას. სამხედრო მრეწველობის ცენტრებია – ბრიუსელი, ლიჟაკი, მონსი და შარლერუა. სამეცნიერო-კვლევითი ატომური ცენტრი და ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქ. მოლში.
ბელგია საექსპორტოდ ჰყიდის შავ და ფერად ლითონებს, სამრეწველო აღჭურვილობას, ნავთობპროდუქტებს, საფეიქრო და ქიმიურ საქონელს. ქვეყანაში შეაქვთ ფერადი ლითონების კონცენტრატები, რკინის მადანი, კაუჩუკი, დაზგები, ალმასები, ნედლი ნავთობი, ხე-ტყის მასალები, ბამბა, მატყლი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორებია – გფრ, საფრანგეთი, ნიდერლანდები და აშშ.
სოფლის მეურნეობა გამოირჩევა მესაქონლეობის მაღალი პროდუქტიულობითა და მარცვლოვან კულტურათა მრავალფეროვნებით. მის ძირითად დარგს წარმოადგენს მესაქონლეობა, რომელიც აწვდის მთელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულების 70%-მდე. მემინდვრეობას უჭირავს მეორეხარისხოვანი ადგილი. მთლიანობაში სოფლის მეურნეობა, დასავლელი ექსპერტების შეფასებით, ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის მოთხოვნილებებს სასურსათო საქონლისა და ნედლეულის ბევრ სახეობაში”.
ბოლოს შევეხებით თადარიგის პოლკოვნიკის ვ. პარამოშინისა და მაიორ ა. კონსტანტინოვის წერილს “საბერძნეთი (ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები, სახელმწიფო წყობილება, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურის ელემენტები, შეიარაღებული ძალები)”, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს 1979 წლის თებერვლის ნომერში. მასში ვკითხულობთ: “საბერძნეთი აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა კაპიტალიზმის განვითარების საშუალო დონით. მისი სამრეწველო წარმოების წილი კაპიტალისტურ სამყაროში, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, შეადგენს 0,4%-ს, ხოლო ექსპორტის წილი კი – 0,2%-ს.
ბერძნული ეკონომიკისთვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანი დამოკიდებულება უცხოურ კაპიტალზე და საგარეო სავაჭრო ბალანსის ქრონიკული დეფიციტი. მის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და მომსახურების სფერო. ეროვნული შემოსავლის მნიშვნელოვან წილს შეადგენს ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები.
ქვეყანაში არის პირიტის, ბოქსიტების, ქვანახშირის (ლიგნიტის), აზბესტის, ნიკელის, მაგნეზიტის, თუთიის, რკინისა და მარგანეცის მადნების მსხვილი საბადოები. სასარგებლო წიაღისეულის უმეტესი ნაწილის ექსპორტირებას ახდენენ მადნებისა და კონცენტრატების სახით.
მრეწველობის წამყვან დარგებს მიეკუთვნება: სამთომომპოვებელი, ქიმიური, საფეიქრო და სასურსათო მრეწველობა. უკანასკნელ წლებში გარკვეული განვითარება ჰპოვეს მძიმე მრეწველობამ (მეტალურგია, ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა), აგრეთვე ნავთობგადამუშავებამ. საბერძნეთში ყოველწლიურად ადნობენ 1 მლნ. ტ-ზე მეტ ფოლადს.
მანქანათსამშენებლო ქარხნები თავმოყრილია ძირითადად “დიდი ათენის” რაიონში და უშვებენ უმთავრესად მანქანებს სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობისთვის, აგრეთვე სხვადასხვანაირ სათადარიგო ნაწილებს. მნიშვნელოვანი რაოდენობით აწარმოებენ ცემენტს. ყველაზე უფრო მეტი განვითარება ჰპოვა საფეიქრო მრეწველობამ, განსაკუთრებით ბამბეულის ქსოვილების წარმოებამ.
სახელმწიფო ენერგოკორპორაციის მონაცემებით, ქვეყნის ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე შეადგენს 4900 ათას კვტ-ს. ამასთან სიმძლავრეების თითქმის 35% გაერთიანებულია ერთიან ენერგოსისტემაში.
სოფლის მეურნეობაში წვრილი გლეხური მიწათმოქმედება შეხამებულია მსხვილ მიწათმფლობელურ მეურნეობებთან, რომლებსაც უჭირავთ ყველაზე უფრო ნაყოფიერი მიწები თესალიასა და მაკედონიაში. ბერძნული სოფლის მეურნეობა ტრადიციულად სპეციალიზდება შრომატევადი კულტურების: თამბაქოს, ზეთისხილის, ყურძნის, ციტრუსებისა და ბამბის წარმოებაზე. მესაქონლეობა თამაშობს უმნიშვნელო როლს. სანაპიროსა და კუნძულებზე განვითარებულია თევზჭერა.
ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საზღვაო ტრანსპორტს. უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ 1977 წლის დასაწყისისთვის საბერძნეთში მოითვლებოდა 1800-ზე მეტი გემი 1000 ტ-ზე მეტი წყალწყვით, მათგან 345 ტანკერი. საზღვაო ფლოტის საერთო ტონაჟი, რომელიც ერთერთი უმსხვილესთაგანია კაპიტალისტურ სამყაროში, შეადგენს 22,6 მლნ. ტ-ს.
საჰაერო გადაზიდვებს ახორციელებს სახელმწიფო კომპანია “ოლიმპიკ ეარვეიზი”. მისი თვითმფრინავების ფარეხი მოიცავს 30-ზე მეტ თვითმფრინავს, მათ შორის ორ ბოინგ 747-ს, რვა ბოინგ 707-ს, შვიდ ბოინგ 720-ს, ექვს ბოინგ 727-ს, დაახლოებით 20 ვერტმფრენს. ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო კავშირი აქვს ევროპის, ამერიკის, აფრიკის, ახლო და შუა აღმოსავლეთის, ავსტრალიის 24 ქალაქთან. გარდა ამისა, საბერძნეთის ქალაქებისა და კუნძულების უმეტესობა ურთიერთშორის დაკავშირებულია შიდა საჰაერო ხაზებით. სულ ქვეყანაში საჰაერო ტრანსპორტის წილად მოდის სამგზავრო გადაყვანების საერთო მოცულობის სულ მხოლოდ 3%”.
ზემოთ მოყვანილი ამონარიდებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ იქმნება დასავლეთის სახელმწიფოთა ეკონომიკის სიძლიერე, მოსახლეობის ცხოვრების მაღალი დონე შთამბეჭდავი თავდაცვითი სისტემის ჩამოყალიბების მატერიალური საფუძვლები, აგრეთვე იდეოლოგიურიც, ვინაიდან ასეთი ცხოვრების აწყობის შემდეგ ამ ქვეყნების მოქალაქეებს ნამდვილად უღირთ მისი შენარჩუნებისა და დაცვისთვის იარაღით ხელში ბრძოლაც. ჩვენში კი, რატომღაც, იმავე დასავლური მმართველი წრეებისა და ორგანიზაციების კარნახით, უმთავრეს აქცენტებს აკეთებენ დასავლურ დემოკრატიაზე, სხვადასხვანაირი, მათ შორის სქესობრივი უმცირესობების “უფლებების” (სინამდვილეში კი, ინტერესების) დაცვაზე, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაზე და ა. შ. როგორც ცნობილია, მაგალითად, ინგლისური სახელმწიფოს დაწინაურება მოხდა დედოფალ ელისაბედის მმართველობის ხანაში, რომელსაც, როგორც მახსოვს, ერთხელაც კი არ მოუწვევია პარლამენტის სხდომა, ისე განაგებდა ქვეყანას. ან კიდევ, განა ლუდოვიკო XIV-ის საფრანგეთი კი ხელწამოსაკრავი სახელმწიფო გახლდათ იმის გამო, რომ იქ არა დემოკრატია, არამედ აბსოლუტური მონარქია იყო გაბატონებული? ეს რაც შეეხება დემოკრატიას. მაგრამ დემოკრატია ხომ ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს “ხალხის მმართველობას”? კეთილი და პატიოსანი. მაგრამ ხალხმა რომ თავისი ქვეყნის მმართველობა განახორციელოს, ანუ სწორი არჩვანი გააკეთოს ამა თუ იმ ძალის ხელისუფლებაში მოყვანისას, მას ხომ ამისთვის სჭირდება გარკვეული ცოდნა და გამოცდილება ეკონომიკაში, სამხედრო საქმეში, დიპლომატიაში, სპეცსასახურების საქმიანობაში, მეცნიერებებში, კულტურაში, განათლებაში, ბუნების მოფრთხილებასა და დაცვაში, ჯანმრთელობის დაცვაში და სხვა. ხოლო ამის ნაცვლად კი ჩვენში, რატომღაც, აქცენტის გაკეთებას ცდილობენ სწორედ სქესობრივი გარყვნილების, სქესობრივ დამახინჯებათა და სხვა მანკიერებების პროპაგანდაზე, და ამას უწოდებენ დასავლურ ფასეულობებს, თუმცა კი დასავლური სამყარო ძლიერ სისტემად ჩამოაყალიბეს სულაც არა სქესობრივმა ვაკხანალიებმა, არამედ იმ მეთოდურმა და შრომისმოყვარე მზრუნველობამ ეკონომიკის – სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებაზე, რომელთა შესახებაც ზემოთ გვქონდა საუბარი.
მაგრამ თუნდაც საქართველოში სწორედ ისე წარიმართოს სახელმწიფო და სამხედრო მშენებლობა, როგორც ზემოთ მქონდა გამოთქმული, როგორც სწორ მიმართულებაზე, და მან თავისი შედეგები მოგვცეს, ანუ საქართველო ორი-სამი ათეული წლის შემდეგ ჩამოყალიბდეს ისეთ სახელმწიფოდ სამხედრო თვალსაზრისით, როგორიც გახლავთ ფინეთი ან შვეიცარია. მაშინ კი გარანტირებული იქნება საქართველოს მოსახლეობა იმისგან, რომ მისი შეიარაღებული ძალები შეძლებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას? აქ უკვე მნიშვნელოვანია საქართველოს სავარაუდო მოწინააღმდეგის სამხედრო-პოლიტიკური მიზნები და მისი შესაძლებლობები. ერთი რამ კი უდაოა, რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო საძნელო იქნება ნებისმიერი პოტენციური აგრესორისთვის ჩვენს წინააღმდეგ თავისი გეგმების განხორციელება, ვინაიდან იგი უნდა მოელოდეს დიდძალ მსხვერპლს თავისი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, დიდძალ ზარალს თავისი ეკონომიკისთვის, და უნდა დაფიქრდეს წინასწარ, უღირს კი მას მთელი ამ მსხვერპლის გაღება და ამ ზარალის გადატანა, თუ აჯობებდა გამოენახა სადაო საკითხებში საქართველოსთან შეთანხმების გზები და ასეთ დაპირისპირებამდე აღარ მიეყვანა საქმე. მაგრამ ასეთ სავარუდო მოწინააღმდეგესთან ურთიერთობებში თავის მხრივ საქართველოს ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც მართებთ საქმის ისე წარმართვა, რომ ასეთ სერიოზულ დაპირისპირებამდე არ მიიყვანონ არსებული უთანხმოებანი და გაუგებრობანი.
თუმცა კი, როგორც ალბათ ვხვდებით, არც ერაყს უნდოდა 1990-91 წლებში აშშ-თან და მის მოკავშირეებთან ომამდე საქმის მიყვანა, არც სერბებს 1999 წელს, არც ისევ ერაყს 2003-ში, მაგრამ აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სხვადასხვანაირი საბაბებით ყველა ამ შემთხვევაში რეალურ სამხედრო აქციებამდე მიიყვანა საქმის ვითარება. აშშ-სა და მის მოკავშირეებს ამ დროს გააჩნდათ დიდი ხარისხობრივი და რაოდენობრივი უპირატესობა. სახელდობრ, იმავე ლონდონური წყაროს მონაცემებით, 1991 წელს აშშ სამხედრო-საჰაერო ძალებს თავის შემადგენლობაში, მარაგების გათვალისწნების გარეშე, ჰყავდა 277 სტრატეგიული ბომბდამშენი (B-52G/H და B-1B), 3129 გამანადგურებელ-ბომბდამშენი და საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი (F-4, F-15, F-16, F-111 და F-117), 652 მოიერიშე თვითმფრინავი (A-7 და A-10A). აშშ სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციაში შედიოდა საავიამზიდო ავიაციის 1242 და საზღვაო ქვეითი ჯარის ავიაციის 523 საბრძოლო თვითმფრინავი (გამანადგურებელი, გამანადგურებელ-ბომბდამშენი, მოიერიშე; ასევე მარაგების გაუთვალისწინებლად). ანუ საერთო ჯამში პენტაგონის ხელმძღვანელობის განკარგულებაში გახლდათ 277 მძიმე ბობდამშენი და 5546 ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავი, თანაც B-52 სერიის თითოეული თვითმფრინავის საბრძოლო დატვირვა გახლდათ 30 ტ-მდე, ხოლო B-1B თვითმფრინავისა – 61 ტ. ამის საპირისიროდ ერაყს გააჩნდა სულ შორეული ავიაციის ექვსი საშუალო ბომბდამშენი (H-6D, Ту-16, Ту-22, საბრძოლო დატვირთვით 15 ტ-მდე), ტაქტიკური ავიაციის 130 გამანადგურებელ-ბომბდამშენი და 125 გამანადგურებელი თვითმფრინავი (სულ 255 ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავი). აშშ-ის საბრძოლო ავიაციის უზარმაზარი რაოდენობრივი უპირატესობის გარდა, ანტიერაყულ კოალიციაში მონაწილეობდნენ ნატო-ს ბლოკის რიგი ევროპული სახელმწიფოები, არაბული სამყაროს ქვეყნები, რომელთა საბრძოლო ავიაციასაც თავისი წვლილი შეჰქონდა 1991 წლის დასაწყისში ერაყის სასტიკ დაბომბვებში. იგივე განმეორებულ იქნა 1999 წლის დასაწყისში სერბეთის წინააღმდეგაც. რაც შეეხება ხარისხობრივ უპირატესობას, ამის თაობაზე ზემოთ ძირითადში უკვე მქონდა საუბარი, როცა ამერიკული ფრთოსანი რაკეტა “ტომაჰოქების” სროლის სიშორეა 2500 კმ და მათი გაშვება ამერიკული ხომალდებიდან შეიძლებოდა უკვე ნეიტრალური წყლებიდან, ერაყის სანაპირო თავდაცვის საცეცხლე საშუალებათა მიღწევადობის არეში შეუსვლელად, ხოლო საჰაერო ბაზირების ფრთოსანი და სხვა მართვადი რაკეტების, მათ შორის რადიოლოკაცია-საწინააღმდეგო რაკეტების, აგრეთვე მართვადი საავიაციო ბომბების დაშენა ჰაერიდან კი შესაძლებელი იყო ერაყის საზენიტო საშუალებათა ცეცხლის არეში შესვლის გარეშე, რასაც აკეთებდნენ კიდეც ანტიერაყული კოალიციის საბრძოლო თვითმფრინავები.
მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შორსმსროლელი და მაღალი სიზუსტის იარაღი ძალზედ ძვირი სიამოვნებაა, რომლის შეძენის, ჯარების მიერ მისი ათვისებისა და საბრძოლო გამოყენების შესაძლებლობა მცირე სახელმწიფოებს ნაკლებად გააჩნიათ. ამიტომ სავსებით პრაგმატულად დგება საკითხი მცირე სახელმწიფოთა მიერ გარკვეული დიდი სახელმწიფოების მფარველობის ძიების ან ამ დიდ სახელმწიფოთა გარშემო ჩამოყალიბებულ სამხდრო-პოლიტიკურ კოალიციებში შესვლისა. ასეთი მიზნით შეიქნა თავის დროზე ნატო, სადაც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა ამჯობინეს აშშ-ის მფარველობაში შესვლა, თუმცა კი მათაც საკუთრ თავზე აიღეს პასუხისგებლობის შესაბამისი წილი კოლექტური უსაფრთხოების უზრუნველაყოფად. და ამ ორგანიზაციამ დღემდე მოაღწია. იმავე “ცივი ომის” პერიოდში ამერიკელებმა გააკეთეს ნატო-ს მსგავსი ორგანიზაციები სენტო (CENTO) და სეატო (SEATO), რომელთაგან პირველი აერთიანებდა ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის რიგ სახელმწიფოებს, მათ შორის ერაყსა და ირანს, ხოლო მეორე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებს, მაგრამ ორივე ეს ორგანიზაცია დაიშალა; ამის მაგივრად სამხრეთ-აღოსავლეთ აზიაში უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე ჩამოყალიბებული ორგანიზაციები ანზუს-ი (ANZUS) და ანზუკ-ი, (ANZUK) აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით. საქართველო საუკუნეების მანძილზე ამჯობინებდა უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებას ქრისტიანულ სამყაროსთან, თავიდან ბიზანტიის იმპერიასთან, ხოლო მისი დამარცხების შემდეგ კათოლიკურ ევროპასთანაც. მაგრამ უფრო ხანგრძლივი და ურთიერთ სასარგებლო კავშირის დამყარება საქართველოს დანაწევრებულმა სამეფო-სამთავროებმა შეძლეს მხოლოდ რუსეთთან, რის შედეგადაც XIX საუკუნიდან საქართველოში აღიკვეთა ოსმალთა და ყიზილბაშთა ძალმომრეობა, ლეკთა და სხვა ჩრდილოკავკასიელთა გამაჩანაგებელი თარეშები, ტყვეთა სყიდვა და ქვეყანა დაადგა მშვიდობიანი განვითარების გზას. რუსეთის სამეფო ხელისუფლებამ ტფილისის გუბერნიას შემოუერთა ჭარ-ბელაქანი (საინგილო), სადაც მოსახლეობის უმრავლესობას იმ დროისთვის უკვე ლეკები შეადგენდნენ, სამცხე-ჯავახეთი, ხოლო ქუთაისის გუბერნიას კი ბათუმისა და ართვინის ოლქები, რომლებიც 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომისა და 1878 წლის ბერლინის კონგრესის შედეგად იქნა შემოერთებული რუსეთისადმი. გარდა ამისა, ყარსის გუბერნიაში შევიდა აგრეთვე ფოცხოვის, ართვინის, არტაანისა და სხვა ოლქები, რომლებიც იმავე ომში იქნა მოპვებული რუსული იარაღის ძალითა და რუსული სისხლით, რა თქმა უნდა ქართული მილიციის (მოხალისე ლაშქრის) საარაკო თავდადებითაც. თუ კი რუსეთის იმპერიასთან შეერთების ხანაში საქართველოს სამეფო-სამთავროთა მოსახლეობა მცირედ თუ აღემატებოდა ნახევარ მილიონ ადამიანს, უკვე 1890-იანი წლების მიწურულს გამოცემული ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლპედიური ლექსიკონის მიხედვით, ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიათა მოსახლეობა შეადგენდა 2 089 883 ადამიანს, მათგან ტფილისის გუბერნიაში 1 040 943-სა და ქუთაისის გუბერნიაში კი 1 048 940 ადამიანს.
რუსეთის მთავრობამ საქართველოში მოშალა ადგილობრივ მეფე-მთავართა ტერიტორიულ-ავტონომიური უფლებები და ჩვენი ქვეყანა ჩართო იმპერიაში არსებული მმართველობის ცენტრალიზებულ სისტემაში, მაგრამ მას ხელი არ შეუშლია ჩვენში კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის დამკვიდრებისა და განვითარებისთვის, პირიქით, იგი შეძლებისდაგვარად ახალისებდა XIX საუკუნის დასაწყისში კეთილშობილთა სასწავლებლებისა და სასულიერო სასწავლებლების დაარსებასა და საქმიანობას, გარკვეულ თანხასაც კი უხდიდა ქართველ დიდგვაროვნებს, რომ საკუთარი ვაჟები ამ სასწავლებლებში მიებარებინათ, შემდგომში კი გიმნაზიებისა და სხვა სასწავლებლების. დაარსებულ იქნა ქართული გაზეთები, ჟურნალი “ცისკარი”, ქართული თეატრი, რასაც შემდეგ მოჰყვა ილია ჭავჭავაძისა (წმ. ილია მართლისა) და 60-იანელთა მთელი დასის უდიდესად ნაყოფიერი მოღვაწეობა სწორედ კულტურულ-ნაციონალურ ასპარეზზე. ჩვენში ხშირად გაისმის იმდროინდელი რუსული სახელმწიფოსა და რუსული მმართველობის კრიტიკა, მაგრამ განა კი ყველაფერი ისე იყო, როგორც ამას ჩვენი დღევანდელი “მოღვაწეები” წარმოგვიდგენენ? მაგალითად გაისმის ხოლმე, რომ რუსული მმართველობა თავისთავად საშინელი იყო, მაგრამ 1880-იან წლებში იგი კიდევ უფრო მეტად გამძვინვარდა, დაიწყო ქართული ენის სწავლების შევიწროვება საერო და სასულიერო სასწავლო დაწესებულებებში, რეპრესიები, გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლა და იქ მკვლელები მიუგზავნაო და სხვა. შევეხოთ ამ ბრალდებებს უფრო დაწვრილებით: პირველი, თუკი რუსული მმართველობა ასეთი საშინელი იყო 1880-იან წლებამდეც, მაშინ როგორღა შეძლო ილია ჭავჭავაძემ ლიტერატურული და პუბლიცისტური მოღვაწეობა 1870-იან წლებში, როდესაც მას მეგობრებმა და თანამოაზრეებმა მოუწოდეს დუშეთის მაზრიდან ტფილისში ჩამოსვლისა და საზოგდოებრივი ცხოვრების სათავეში ჩადგომისკენ? როგორღა მოახერხეს დიმიტრი ყიფიანმა, ილიამ და ვანო მაჩაბელმა საადგილმამულო ბანკის დაარსებისთვის ამხელა ამაგის გაწევა? როგორ გამოსცემდა სერგეი მესხი გაზეთ “დროებას”, როგორ დააარსა ილიამ გაზეთი “ივერია”, თუკი ხელისუფლება ამის ნებას არ მისცემდა? რა თქმა უნდა, იყო საცენზურო შეზღუდვები და ადმინისტრაციული ზეწოლაც, მაგრამ არცთუ ისეთი უსაშველო და საშინელი, როგორც ამას წარმოგვიდგენენ ხოლმე ერთი-ორი მკვახე სიტყვითა და მსუბუქი კალმით, შესაბამისი ცოდნის ან სინდისის დეფიციტით.
მეორე, 1880-იანი წლების საშინელებათა შესახებ ლაპარაკისას რატომღაც ავიწყდებათ ხოლმე, ან სადღაც მიაფუჩეჩებენ იმ სამწუხარო და მეტად მნიშვნელოვან ფაქტს, რომ 1881 წელს რევოლუციონერ-ტერორისტთა მიერ პეტერბურგში მოკლულ იქნა სრულიად რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II. და განა ეს პოლიტიკური მკვლელობა თავისთავად იმპერიაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენებისგან იზოლირებული და განკერძოებული აქტი გახლდათ, განა ამას ფონს არ უქმნიდა მთელი ეს მოვლენები? თანაც ალექსანდრე II გახლდათ სწორედ ის ხელმწიფე, რომელმაც ყველაზე უფრო ლიბერალური რეფორმები გაატარა რუსეთის იმპერიაში, მათ შორის ბატონ-ყმობის გაუქმება 1861 და მომდევნო წლებში, საერო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და სხვა. რამდენადაც ვიცი, სწორედ მისი რეფორმების შედეგად შეიქმნა საქართველოშიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობები, რის გამოც მოუწოდეს ილიას მისმა თანამოაზრეებმა დუშეთიდან თბილისში დაბრუნებისკენ, სადაც იგი მომრიგებელ მოსამართლედ მსახურობდა. და განა მადლიერნი იყვნენ ღვთისა და ხელმწიფისა “თავისუფლად მოზროვნე” ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის ნანატრი უფლებების ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ გამოყენებით კი არ იყვნენ დაკავებულნი, არამედ ახლა სხვა სტუდენტურ მღელვარებებსა და ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ კიდევ სხვა უფლებების მისაღებად, ანუ უკვე მიღებულის ათვისება და შერგება კი არ უნდოდათ, რათა შემდეგ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების განვითარების შემდგომი მიმართულებები უფრო რეალურად და ხელშესახებად გამოჩენილყო, არამედ მათ ახალი უფლებები და თავისუფლებები იზიდავდა, ახალი რევოლუციური შემართება და ქარიშხლიანი ცხოვრება. და აი ასეთი ადაიანების მიერ 1881 წელს მოკლულ იქნა ხელმწიფე იმპერატორი ალექსანდრე II. და რა უნდა მოჰყლოდა ამას – რეპრესიები? აკი მოჰყვა კიდეც. და ამ რეპრესიების საერთო მიმართულებაში ჩაჯდა, როგორც ჩანს, ეროვნულ ენებზე სწავლების შეზღუდვებიც რუსეთის განაპირა ხალხებში. კარგი იყო ეს? რა თქმა უნდა არა. მაგრამ განა კი კარგი იყო სტუდენტი ახალგაზრდობის მღელვარებანი პეტერბურგსა და სხვა საუნივერსიტეტო ქალაქებში, განა კი კარგი იყო რევოლუციური ლიტერატურისა და იდეოლოგიის გავრცელება საქართველოს საერო და სასულიერო სასწავლებლებში? პატიოსანმა ისტორიკოსებმა ყოველივე ეს გულდასმითა და ყურადღებით უნდა შეისწავლონ და მხოლოდ ამის მერე უნდა გააკეთონ დასკვნები და შეფასებები, რათა მომავლის გზა დაანახონ ქართულ საზოგადოებას, და არა ვინმეს საამებლად ან მხოლოდ ლამაზ-ლამაზი სადღეგრძელოებისთვის ამოკენკონ საიდანმე ნაწყვეტ-ნაწყვეტი ცნობები და იმით ჰკვებონ მათზე დაიმედებული თანამემაულენი, შეაგულიანონ ახალ-ახალი დაპირისპირებებისთვის, ხოლო როცა ეს დაპირისპირებები რეალურ სისხლიან კონფლიქტებში გადაიზრდება, მაშინ კი ეს ვაჟბატონები და ქალბატონები თბილისში შედარებით თბილად გადაიტანენ ყოველივე ამას, და მერე რას იზამენ, ალბათ როგორი შეკვეთა ან მითითება ექნებათ “ზემოდან”, და არა სინდისისგან, ხოლო თუ სადღაც წალენჯიხაში, ზუგდიდში, გორში ან ახალციხეში საქართველოს მოსახლეობას ახალ-ახალი უბედურებანი დაატყდება თავზე, რა ვქნათ, თბილისში ხომ არ ყოფილაო, იტყვიან ალბათ. მე ვიცი ერთი ჭეშმარიტად ინტელიგენტი და ყველასათვის საყვარელი ქალბატონი როგორ იყო გაოგნებული და როგორი გულისტკივილით ჰყვებოდა ახლობელთა წრეში იმის შესახებ, რომ ე. წ. ქართული ელიტის ერთერთ ნაწილში სწორედ ასე ლაპარაკობდნენ 2008 წლის აგვისტოს სისხლიანი, უბედური და სამარცხვინო მოვლენების შემდეგ, “რა ვქნათ, თბილისში ხომ არ ყოფილაო” (ახლა ეს ქალბატონი უკვე წასულია ამ ქვეყნიდან და ამიტომ ღიად ვიტყვი მის სახელსაც – იგი გახლდათ კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე, მხატვრული ფილმის “იმერული ესკიზების” რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი).
რაც შეეხება დიმიტრი ყიფიანის სასჯელის სახით სტავროპოლში გადასახლებას, ეს რა თქმა უნდა, არც ერთ ქართველს არ მოეწონება, და ეს მოხდა 1886 წელს, სწორედ თავისი მამისა და ხელმწიფის მკვლელების წინააღმდეგ ალექსანდრე III-ის მიერ დაწყებული რეპრესიების წლებში. სხვათა შორის, მაშინ ციხეში აღმოჩნდა რევოლუციონერთა შორის მყოფი და მათი გამოცემის რედაქციაში მომუშავე ლევ ალექსანდრეს-ძე ტიხომიროვიც. როდესაც გარკვეული დროის შემდეგ ალექსანდრე III-მ მოისურვა მისი მამის მკვლელობაში მსჯავრდებული პატიმრების მონახულება და მათთან საუბარი, ყველანი ცდილობდნენ საკუთარი თავის გამართლებას, დანაშაულის სხვებისთვის გადაბრალებას, მხოლოდ ტიხომიროვი აღიარებდა, რომ რევოლუციონერთა შორის იყო და საქმიანობდა ხელმწიფის მოსაშორებლად. მაშინ იმპერატორმა ბრძანა, რომ უსამართლობაა, როცა ამდენი უდანაშაულოს გვერდით ზის ციხეში ერთი დამნაშავეო და გასცა განკარგულება, რომ ტიხომიროვი პატიმრობიდან გაეთავისფლებინათ. მანაც ჯეროვნად დააფასა როგორც მონარქის დიდსულოვნება და სამართლიანობა, ისე მონარქიული წყობილების სიკეთენი, და ყოფილი რევოლუციონერი ამის შემდეგ მონარქისტული იდეების გულმხურვალე მხარდამჭერი და მქადაგებელი გახდა. ხოლო რაც შეეხება წმინდა დიმიტრი ყიფიანს, საქართველოსთვის წამებულს, იგი მანამდე წლების მანძილზე გახლდათ საქართველოს მთავარმართებლის კანცელარიის უფროსი, ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი (действительный статский советник), რაც რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელეთა იერარქიაში სამხედრო სამსახურის გენერალ-მაიორის წოდებას შეესაბამებოდა. და მას ეს არ უშლიდა ხელს იმაში, რომ ყველა კარგი ქართული წამოწყების გულმხურვალე მხარდამჭერი და ქომაგი ყოფილიყო.
სახელდობრ, წმ. დიმიტრი ყიფიანის მემუარებში ვკითხულობთ, რომ 1864 წლის 16 თებერვალს ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრების მიერ თავიანთ წინამძღოლად დიმიტრი ყიფიანის არჩევის შემდეგ, ამ უკანასკნელმა სამადლობელ სიტყვაში აღნიშნა: „... თქვენ ღირსი გამხადეთ მაღალი პატივისა – ჩავუდგე სათავეში ქართველ თავად-აზნაურობას, რომელიც უძველესია მსოფლიოში, საჭიროა, რომ არც მომავალში ჰქონდეს ადგილი ჩვენს შორის რაიმე გაუგებრობას. უფლება და მოვალეობანი თავად-აზნაურთა წინამძღოლისა გარკვეულნი არიან: მთავრობის წინ ის არის წარმომადგენელი თავისი წოდებისა და შუამავალი მის სასარგებლოდ; წოდების წინ ის მთავრობის ნაკარნახევის აღმასრულებელია. როგორც ერთი, ისე მეორე სახის მოღვაწეობისათვის დაწვრილებით ცნობებს იძლევიან კანონები. რაც შეეხება კანონებს, თქვენ იცით, ბატონებო, რომ მათს პატივისცმასა და იმ წესიერებას, რომელსაც ისინი ამყარებენ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადავუხვევ. ამაში არის, მგონი, მთლი ჩემი დამსახურებაც თქვენს წინაშე. ჩემის მხრით მე ვიცი, რომ თქვენც არას დროს არ მომთხოვთ ასეთს გადახვევას. სხვა ფრივ თქვენ მე არ ამირჩევდით.
მაგრამ გარდა დაწერილი წესებისა, ყველა ჩვენთაგანი ემორჩილება საკუთარი სინდისის შეგონებას. აი ამაზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა.
„ერთგულება ჩვენი ხელმწიფე იმპერატორისა და მისის უმაღლესი ტახტისა აუცილებელია. ჩემი სინიდისისა და ძალისა და ღონის მიხედვით ერთგული მსახური ვიქნები ამ გრძნობისა; პირდაპირ ვამბობ, მე არ მესმის არავითარი ინტერესები, გარეშე ამ წესისა, გარეშე – ასე ვთქვათ – ჩვენი მოვალეობისა და ღირსების ბუნებრივი შეგნებისა. თავად-აზნაურთა ღირსებას კი ტახტისადმი უმძრახველი ერთგულება შეადგენს.
ამ შეხედულებით თქვენ შეგიძლიათ მოელოდეთ და მოითხოვდეთ ჩემგან თქვენი კანონიერი და წესიერი წინმსვლელობისათვის დაუცხრომელ მოქმედებას...“ აი ასეთი შეგნებისა იყო ის ადამიანი, რომელიც მუდმივად იმაღლებდა ხმას რაიმე მიზეზის გამო რუსეთის იმპერიაში ქართველი ხალხის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა-შევიწროვების წინააღმდეგ, და რომელმაც თავისი მოღვაწეობისთვის წმინდა მოწამის გვირგვინი მიიღო უფლისგან. მაგრამ განა კი გვაქვს იმის უფლება, რომ საბუთის გარეშე ვაცხადებდეთ, რომ სწორედ მთავობამ მიუგზავნა მკვლელები დიმიტრი ყიფიანსო, განა თავისი სამოქალაქო სამსახურის გენერალ-მაიორს ასე ადვილად გაიმეტებდა მოსაკლავად ხელისუფლება? დიმიტრი ყიფიანი პატიოსანი და პრინციპული ადამიანი გახლდათ და შესაძლოა გადასახლებაში ვინმე ნაძირალასთან მოუხდა დაპირისპირება, რაც არაერთხელ ყოფილა ადრეც მის ცხოვრებაში, და შესაძლოა ამ ნაძირალამ გაიმეტა კიდეც სასიკვდილოდ, ჩვენში კი ზოგჯერ ადვილად გადაწყვეტენ ხოლმე საკითხს, თითს გაიშვერენ მეფის მთავრობისკენ და იწყებენ ცილისწამებას. სახელდობრ, როდესაც 1990 წელს საქართველოში გამოიცა დიმიტრი ყიფიანის მემუარები, მაშინ ამ გამოცემისთვის წინასიტყვაობა დაწერა აკაკი ბაქრაძემ, სადაც იგი აღნიშნულ საკითხზე ასე წერდა: “სტავროპოლში ყოფნა დიდხანს არ მოსწევია დიმიტრი ყიფიანს. 1887 წლის 24 ოქტომბერს, ღამით, მის საცხოვრებელში ჯალათი შეიპარა, თავში ურო ჩაარტყა და ქურდულად მოკლა. “ის ტვინი, რომელიც საქარველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს” (აკაკი წერეთელი)”. და ეს წერილი აკაკი ბაქრაძემ გამოაქვეყნა 1990 წელს, როცა მას არ შეიძლებოდა ჰქონოდა ცენზურის მორიდება ან საბჭოთა ხელისუფლებისგან დევნის შიში. და მაინც არ ჩაწერა, რომ დმიტრი ყიფიანი მოკლულ იქნა მთავრობის დავალებით, ვინაიდან მას საამისოდ სათანადო მტკიცებულობანი ან საბუთები არ გააჩნდა. მაგრამ ამ უკანასკნელ ხანებში კი ასეთი კატეგორიული განცხადებები ამის თაობაზე მე მინახავს თუნდაც იმავე საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ლიტერატურაში. და რა საბუთები გააჩნიათ საქართველოს საპატრიარქოში იმის თაობაზე, რომ დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა რუსეთის სამპერიო მთავრობის მიერ იყო შეკვეთილი, ხოლო თუ კი არ გააჩნიათ, მაშინ რატომ აძლევენ საკუთარ თავს ცილისმწამებლობის უფლებას, რატომ ღალატობენ უფალს აქ ვიღაც-ვიღაცეების წინაშე ქულებს ჩაწერის სანაცვლოდ? რატომ აყენებენ შეურაცხყოფას იმ ადამიანის ნათელ ხსოვნას, ვინც არა მარტო ქართველი საზოგადო მოღვაწე გახლდათ, უანგარო და თავდადებული მოღვაწე, არამედ რუსეთის იმპერიის ერთგული, პატიოსანი და პრინციპული მოხელეც, ასევე სათანადოდ დაფასებული მთავრობის მიერ?
მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემა გახლავთ, რომელიც საკუთრივ რუსეთ-საქართველოს ისტორიულ და თანამედროვე ურთიერთობებს უნდა ეხებოდეს. ამჯერად კი მკითხველი ალბათ მიხვდებოდა, რომ იმ საკითხში, თუ რომელი გეოპოლიტიკური ძალის, დასავლეთისა თუ რუსეთის ორბიტაში ვისურვებდი ჩემი სამშობლოს ყოფნას, პირადად ჩემი დამოკიდებულება მკაფიოდ იხრება რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს მხარეზე. მაგრამ აქ წამოიჭრება თუნდაც 2008 წლის აგვისტოს სისხლიანი კონფლიქტის სიმწარე და ამასაც პასუხი უნდა გაეცეს. ახლა რისი თქმაც მინდა დასაწყისში, ამ მოსაზრებას პირად საუბრებში გამოვთქვამდი 2008 წლამდეც. საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ 2005 წელში საქართველოს ტელეარხებზე მიმდინარე პოლიტიკურ გადაცემებში გამოითქმებოდა მოსაზრებაც, რომ თუკი ჩვენი ქვეყანა გააგრძელებდა დასავლური სტრუქტურებისა და ნატო-კენ სიარულს, მაშინ იგი დაიშლებოდა და დაკარგავდა აფხაზეთსა და შიდა ქართლს, შესაძლოა სხვა მხარეებსაც. როცა ეს ადამიანები ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, ალბათ მათ საამისოდ რაღაც ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ. ვინაიდან მე თავად ასეთი ცოდნა და ინფორმაცია მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ ურთიერთობებში არ გამაჩნდა, ამიტომ შევეცადე საკუთრივ სამხედრო საქმის ცოდნიდან ამოვსულიყავი ასეთი განვცხადებების გააზრებისა და შეფასებისას. და აი რა გამოვიდა ასეთი მსჯელობიდან. როგორც ვიცით, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაიწყო გარკვეული დაახლოება რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის, და მათ ერთგვარი სამხედრო-პოლიტიკური კავშირიც კი გააფორმეს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შემდეგ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ვ. პუტინი და ჯ. ბუში (უმცროსი) ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და გარკვეულ საკითხებზე მსჯელობდნენ. ამ მსჯელობების დროს კი იქნებოდა, ალბათ, ინტერესთა დაპირისპირებაცა და შეჯერებაც, ვინაიდან ასეთი დიდი სამხედრო ძლიერების მქონე სახელმწიფოები ასე ადვილად ვერ დაუწყებენ ერთმანეთს ომებს ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. ალბათ ამ საუბრების დროს პუტინი ჰკითხავდა ბუშს: რატომ მოდიხართ ჩვენი საზღვრების მახლობლად, ომი გინდათ ჩვენთან, გინდათ რომ ჩვენი ქვეყანა დაიპყროთ და დაანაწევროთ, ხოლო მისი სასარგებლო წიაღისეული კი მიითვისოთ? ასეთ სავარაუდო შეკითხვაზე ალბათ აშშ-ის პრეზიდენტი ვერ უპასუხებდა დადებითად, თუნდაც მის ადმინისტრაციას ასეთი სურვილები მართლაც ჰქონოდა. იგი უპასუხებდა, რომ მის ქვეყანას არ გააჩნია აგრესიული და დამპყობლური გეგმები, მაგრამ საქართველოს სურს გახდეს დასავლური სამყაროს ნაწილი, მოსწონს დასავლურ ფასეულობები და დასავლეთიც მის ასეთ სურვილს ყურადღების გარეშე ვერ დატოვებსო. კეთილი და პატიოსანი. მაშინ რუსეთის ფედერაციის უსაფრთოების ინტერესებიდან ამომდინარე, მის პრეზიდენტს შეეძლო დაესვა ასეთი პირობა: თუკი ქართველებს ასე მოსწონთ დასავლური ფასეულობები, და დასალეთთან ინტეგრაცია მათი სუვერენული სურვილია, რა გაეწყობა; მაგრამ იმავე აფხაზებსა და სამხრეთელ ოსებს კი რუსეთის ფედერაციასთან სურთ ყოფნა და ცხოვრება.
გარდა ამისა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოების ინტერესებისთვის მეტად მნიშვნელოვანი და პრინციპულია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იყვნენ რუსეთის ორბიტაში, ვინაიდან ეს ორივე ოლქი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამრეთით და ამასთანავე უშუალოდ უკავშირდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას, სადაც ჩვენს სარდლობას შეეძლება სამხედრო ბაზების განლაგება და მათთან უწყვეტი საგზაო შეტყობინების უზრუნველყოფა. თუკი საქართველოში თავისი სამხედრო ყოფნით ფეხმოკიდებული აშშ დააპირებს რუსეთისკენ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას, მაშინ ჩვენ ამ საბრძოლო მოქმედებებს მივიღებთ უკვე საქართველოს ტერიტორიაზე, და ეს დიდად შეუწყობს ხელს თავად რუსეთს ფედერაციის თავდაცვას, ხოლო თუკი თქვენ ასეთი მოქმედებების დაწყებას არ აპირებთ, მაშინ არც არაფრის შიში არ უნდა გქონდეთ, ვინაიდან აფხაზეთსა და ცხინვალში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები ვერ შეიძლება იყოს ისეთი ძლიერი, თავად ამ ოლქების მცირე ტერიტორიების გამო, რომ რაიმე საფრთხე შეუქმნას დანარჩენ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ყოფნის ინტერესებს, მით უმეტეს, რომ იქვე მეზობლად მდებარეობს აშშ-ის ახლო მოკავშირე თურქეთი თავისი ტერიტორიით, სამხედრო შესაძლებლობით, ამიერკავკასიაში ისტორიული გამოცდილებითა და პრეტენზიებით. ასეთი არგუმენტაცია სავსებით რეალური შეიძლება იყოს დასავლეთის სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური ისტორიის გამოცდილების, ან თუნდაც პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც დიდი სახელმწიფოების სამხედრო ინტერესებიდან ამომდინარე, ფეხით იქნა გათელილი იმავე ბელგიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ნეიტრალიტეტი, როგორც გერმანიის, ისე ინგლის-საფრანგეთის მიერაც. თუმცა კი მანამდე ამ დიდ სახელმწიფოებს მათი ნეიტრალიტეტი თავადაც ჰქონდათ ფორმალურად აღიარებული.
თუკი ასეთი გარიგება აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მეთაურებს შორის თავის დროზე მართლაც შედგა, მაშინ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ამ გარიგების რეალურად ხოცშესხმა. რა თქმა უნდა, გარეგნული შესახედაობის ინტერესებიდან ამომდინარე, აშშ-ის მხრიდან ამას მოჰყვებოდა აღშფოთების გამოხატვა, დიპლომატიური რაღაც ქმედებანი და სხვა, მაგრამ საქმე უკვე გაკეთებულია ორივე დიდი დერჟავის სასარგებლოდ: აშშ ანვითარებს თავის სამხედრო ყოფნას საქართველოში, ხოლო რუსეთის ფედერაციას კი გააჩნია თავისი სამხედრო ბაზები, თავდაცვის მეწინავე პოსტები აფხაზეთსა და შიდა ქართლში. გარდა ამისა, არ უნდა გვავიწყდებოდეს ისიც, რომ ამერიკელი სენატორის მაკკეინის საქართველოში ყოფნისას მ. სააკაშვილი ამბობდა შემდეგს: მე მახსენდება დრო, როდესაც მე, ზურაბ ჟვანია, მიხეილ მაჭავარიანი და გია ბარამიძე აშშ კონგრესის დერეფნებში დავდიოდით ევრაზიის რუკებითა და კავკასიის რუკებით, მაგრამ ბევრი კონგრესმენი თავისი კაბინეტის კარებს არ გვიღებდა, ხოლო ვისი კაბინეტის კარიც ჩვენთვის სულ მუდამ ღია იყო, ეს გახლდათ სენატორი მაკკეინიო. კი მაგრამ, რატომ დადიოდნენ ეს ვაჟბატონები აშშ საკანონმდებლო ორგანოს დერეფნებში ევრაზიისა და კავკასიის რუკებით? რა საკითხებზე უნდოდათ ამერიკელ პარლამენტარებთან საუბარი ასეთი “აღჭურვილობის” მოშველიებით? თუ ტურიზმის განვითარებას ეხებოდა საქმე საქართველოში, მაშინ ნუთუ მხოლოდ საქართველოს ან, სულ დიდი, ამიერკავკასიის რუკები არ ეყოფოდათ, თანაც, რა კონგრესის საქმეა ტურისტული საკითხების ასე დეტალურად მიხედვა? მას ხომ ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ჩამოყალიბება, ომის გამოცხადება და სხვა მსგავსი ძირეული სფეროების მიხედვა ევალება და ხელეწიფება? თანაც თუკი ტურიზმის განვითარებაზე ან ეკონომიკურ და სხვა სამშვიდობო თემებზე სალაპარაკოდ დააბიჯებდნენ აშშ კონგრესის დერეფნებში “ახალგაზრდა ქართველი რეფორმატორები”, მაშინ რატომ არიდებდნენ თავს მათთან შეხვედრას ამერიკელი კანონმდებლები? იქნებ ამათი წინადადებები სულაც არ იყო მშვიდობიანი, იქნებ მათ ევრაზიაში ომის სუნი ასდიოდა, რომელშიც გადამწყვეტი როლი აშშ-ს უნდა ეთამაშა? და რომელი სახელმწიფოა ევრაზიის სივრცეებზე გადაჭიმული და კავკასიაში დამკვიდრებული, ვის წინააღმდეგაც, სავარაუდოდ, ომისთვის აქეზებდნენ აშშ-ის ხელისუფალთ ეს ქართველი “რეფორმატორები”? რუსეთის წინააღმდეგ ხომ არა? თანაც ეს ხომ ზურაბ ჟვანიას სიცოცხლეში ხდებოდა, ანუ 2008 წლის აგვისტომდე გაცილებით უფრო ადრე? და განა რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის ორგანოებში, ან სულაც პირდაპირ კრემლის კაბინეტებში არ მივიდოდა სიგნალები ან დასაბუთებული ინფორმაცია ამ არამკითხე პროვოკატორების საქმიანობის შესახებ? მივიდოდა და მერე როგორ.
თანაც, მე ერთერთ ჩემს წერილში, რომელიც 2006 წლის მოვლენებთან დაკავშირებით (რუსი სამხედრო მზვერავების დაკავება) იყო დაწერილი და შემდეგ გამოქვენებულიც ჩემს ბლოგზე, ვიხსენებდი ერთი ტელეხიდის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრ ნიკა გვარამიასა და ვლადიმირ ჟირინოვსკის შორის, სადაც ცნობილი რუსი პარლამენტარი თავის ქართველ კოლეგას სთავაზობდა, თავი დაანებეთ თქვენს პროამერიკულ პოლიტიკას, ფინეთივით იყავით, ნეიტრალიტეტი დაიცავით დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში და მაშინ რუსეთ-საქართველოს შორისაც ურთიერთობები უკეთესად განვითარდება და ბევრი პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებითო. იგივეს აცხადებდნენ სულ უკანასკნელ ხანებამდე რუსეთის მმართველი და პოლიტიკური წრეების სხვა წარმომადგენლებიც (მაგალითად დიმიტრი როგოზინის ასეთი წინადადების შესახებ პირად საუბარში მითხრა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ერთერთმა ხელმძღვანელმა, კახა ძაგანიამ), ამის შესახებ იწერებოდა პრესაშიც. ამაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთი პასუხი ჰქონდათ მაშინ: ჩვენ არ გვაინტერესებს რუსების მიერ შემოთავაზებული ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარება, ვინაიდან ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანია ნატო-სა და სხვა დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებაო. და სწორედ ის მოხელეები და ხელისუფლებასთან დაკავშირებული სხვა წრეები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე გადაჭრით აყენებდნენ პირველ პლანზე არა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ახლა უკვე სხვებს ამუნათებენ, თქვენ არ გინდათ საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება და იმიტომ დაიარებით რუსეთშიო. სწორედ ამას ჰქვია: “ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო”. თუმცა კი თავად ჩააგდეს უბედურებასა და დევნილებაში კოდორის ხეობისა და შიდა ქართლის მოსახლეობა, მაინც სხვებისკენ იშვერენ ხელს: თქვენ რომ ჩვენი პოლიტიკა არ მოგწონთ, ამ გაუბედურებულ ადამიანებს რა პასუხს აძლევთო? ეს იმის მსავსია, როცა მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში ჰიტლერის პოლიტიკაში დაეჭვებულ ან მასზე სულაც გულაყრილ გერმანელებს რომ საყვედურობდნენ ან სულაც არბევდნენ თავიანთი ფიურერის ერთგული ნაციონალ-სოციალისტები, ესესელები და სხვანი: ახლა როცა ომში ვართ ჩართული, თქვენი ეჭვები გერმანიის მტრებს ეხმარებაო, იმის დანახვა კი არ უნდოდათ, რომ გერმანიისთვის მთავარი მტერი და სასიკვდილო განსაცდელი თავად ადოლფ ჰიტლერი და მისი პოლიტიკა გახლდათ. მე აქ ერთი-ერთზე პარალელის გატარება სულაც არ მინდა, მაგრამ სახელისუფლებო წრეების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისთვის მზრუნველი ცალკეული ადამიანებისა და პარტიების წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიები თავისთავად ახალისებს და იწვევს მსგავსი შედარებების წარმოშობას. მით უმეტეს, რომ დღესდღეობით საქართველოს ხელისუფლებაც ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ მაშინდელი გერმანიის მთავარი მტერი გახლდათ არა ანტიჰიტლერული კოალიცია, არამედ თავად ჰიტლერის პოლიტიკა და მისი მოუთოკავი ტერიტორიული პრეტენზიები, და რომ, თუ არ ვცდები, 1944 წლის ზაფხულში, ფიურერისთვის ბომბის დამდები და მის რეჟიმის დამხობის მოსურნე გერმანელი გენერლები და ოფიცრები სწორედ თავიანთი სამშობლოსთვის მზრუნველი ადამიანები გახლდნენ. ამერიკულ მხატვრულ ფილმსაც უჩვენებენ ხოლმე ჩვენს სატელევიზო არხებზე სახელწოდებით “ოპერაცია “ვალკირია”.
ახლა რაც შეეხება თავად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტს. მე მაშინვე მკაფიოდ ვაცხადებდი, რომ რომ ეს იყო არა რუსულ-ქართული კონფლიქტი, არამედ რუსულ-ამერიკული, ვინაიდან მტკიცედ მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება გავლენიანი ამერიკული წრეების მხრიდან წაქეზებისა და დაიმედების გარეშე ასეთ უგუნურებას არ ჩაიდენდა და თავიდავე დამარხცებისთვის განწირულ ომს არ დაიწყებდა. იმ დღეებში ამერიკულ ინტერესებზე ღიად ლაპარაკობდნენ გერმანული რადიოსადგურის “დოიჩე ველეს” რუსული გადაცემების ჟურნალისტები და იქ მიწვეული სტუმრები. შემდგომში საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ომი რუსებმა დაიწყეს, ხოლო ქართულმა ჯარებმა კი თბილისისკენ დაძრული რუსული ჯარები გააჩერეს და უკან დაახევინეს, რის გამოც რუსებმა თბილისის აღება ვეღარ შეძლესო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ თუკი ასეა, თუკი საქართველოს სახმელეთო ჯარებში ისეთი ჯარისკაცები და ოფიცრები მსახურობენ, რომელთაც შეუძლიათ რიცხობრივად აღმატებული რუსული ჯარების გაჩერება და უკან დახევინება, მაშინ რატომ არ გამოიჩინეს იმავე შეერთებული შტატების, დასავლეთ ევროპის ან თურქეთის სარდლობებმა ასეთი გამორჩეული სამხედრო მოსამსახურეების გადაბირებისთვის სურვილი და მონდმება? თუკი ასეთი გამორჩეული სპორცმენები მიჰყავთ, ასევე მუსიკოსები, კინორეჟისორები, მხატვრები, ფიზიკოსები და სხვა, სამხედრო მოსამსახურეებმა რაღა დააშავეს? ან ამ ქვეყნების სარდლობები გაგიჟებულან, ან კიდევ სულაც არ არის საქმე ისე, როგორც საქართველოს მმართველი წრეები აცხადებენ. რაც შეიძლება შეეხებოდეს აშშ-ის გარკვეული გავლენიანი წრეების მხრიდან დაინტერესებას ამ კონფლიქტში, აქ საქმე უნდა იყოს შემდეგნაირად: მათ შესაძლოა უნდოდათ კბილების მოსინჯვა რუსეთის ხელისუფლებისთვის, თუ რამდენად გამოიღებდა იგი ხელს შეიარაღებული ძალით საკუთარი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, ხოლო თუკი ამჯერად გაჩუმდებოდა და გადაყლაპავდა ამ მწარე აბს, მაშინ აშშ-ის “ქორებს” შეეძლებოდათ მზადება დაეწყოთ უკვე საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე შეტევითი ომების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის. აქაც არ არის არაფერი ახალი და ევროპის ისტორია, ასევე მსოფლიო ისტორიაც, უამრავ ასეთ მაგალითს იცნობს. თანამედროვე სამხედრო ხელოვნებაში ცნობილია მოწინააღმდეგის პოზიციების დაზვერვის წარმოება მეთვალყურეობითა და სადაზვერვო რაზმებით და დაზვერვა ბრძოლით (разведка наблюдением и дозорами и разведка боем); უკანასკნელს მიმართავენ იმ შემთხვევაში, როცა თვალყურის დევნებითა და სადაზვერვო რაზმებისგან მიღებული ინფორმაცია არ არის საკმარისი მოწინააღმდეგის ნამდვილი ძალებისა და საშუალებების შესახებ, რაც არ იძლევა სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ეს არის და ეს. თუ ეს მსჯელობა სწორია, მაშინ მკითხველს შეუძლია თავად გააკეთოს დასკვნა, თუ რა განსაცდელებისთვის გაიმეტეს ამერიკელებმა ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, როგორ ცივსისხლანად და ანგარიშიანად.
დასასრულს მინდა შევეხო კიდევ ერთ საკითხს, რომელიც სულაც არ უკავშირდება დასავლეთის მმართველი წრეების ჩვენი ქვეყნისადმი სამტრო მიზნებს, და მათი სტრუქტურებისა და ორგანიზაციების საქართველოში ანტიქართულ საქმიანობას. პირიქით, მინდა ვისაუბრო დასავლეთსა და საერთოდ მსოფლიოში არსებული შეიარაღებული ძალების რეგულარული და სარეზერვო კომპონენტების შესახებ, ანუ შეიარაღებული ძალების მშენებლობის იმ ჯანსაღი გამოცდილებისა, რომელიც, ჩემი აზრით, საქართველოშიც უნდა იქნას გამოყენებული. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, 5-მილიონიან ქვეყანას უნდა შეეძლოს ომიანობის დროს 550-ათასიანი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია (ამერიკელი ექსპერტის ქენეთ ბრაუერის სიტყვებით). მაგრამ, მშვიდობიანობის დროს ასეთი რიცხოვნების შეიარაღებული ძალების შენახვა უბრალოდ გააჩანაგებს ეკონომიკას და, ალბათ, ომის გარეშეც დაანგრევს სახელმწიფოს. ამიტომ შექმნილია რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და რეზერვების სისტემა. რეზერვისტები მშვიდობიანობის დროს, ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ, აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში, არამედ ცხოვრობენ და საქმიანობენ სამოქალაქო სექტორში, სადაც ქმნიან მატერიალურ დოვლათს ან ეწევიან საზოგადოების გარკვეულ მომსახურებას (მეცნიერება, კულტურა, მედიცინა, განათლება და ა. შ.); ვადიანი სამსახურის გავლის დროს მათ უკვე მიიღეს გარკვეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობები, უნარ-ჩვევები და დემობილიზაციის შემდეგ გარკვეული პერიოდულობით გადიან საბანაკო და სხვა შეკრებებს. სახელდობრ, იმავე 1991 წელს, როდესაც ჯერ კიდევ მოქმედებდა “ცივი ომის” წესები და ევროპაში მსხვილმასშტაბიანი სავარაუდო ომისთვის მზადების მექანიზმები, ე. წ. “ცხელ რაიონში” მყოფი ნატო-ს ბლოკის წევრი მცირე სკანდინავიური სახელმწიფოს, ნორვეგიის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 4 207 800 ადამიანს; ამ ქვეყნის მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები მოითვლიდა დაახლოებით 32 700 ადამიანს (მათგან 22 800 სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულს); აქედან სახმელეთო ჯარების რიცხოვნება გახლდათ 15 900 ადამიანი (მათგან 13 000 გაწვეული), სამხედრო-საჰაერო ძალებისა – 9500 (5300 გაწვეული) და სამხედრო-საზღვაო ძალებისა – 7300 (4500 გაწვეული). სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა სახმელეთო ჯარებსა და სამხედრო-საჰაერო ძალებში შეადგენდა 12 თვეს, სამხედრო-საზღვაო ძალებში კი – 15 თვეს. რეზერვების საერთო რიცხოვნება შეადგენდა 358 000 ადამიანს, მათგან 213 000 საველე ანუ საბრძოლო ჯარების რეზერვი, 85 000 ტერიტორიული თავდაცვის ჯარების და 60 000 მეორე რიგის რეზერვი.
აქ საჭირო ხდება რეზერვის ამ კატეგორიების უფრო დაწვრილებით განხილვა. საველე ანუ საბრძოლო ჯარები ომიანობის დროს ან სწავლებების პერიოდში კომპლექტდებოდა რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობის შედარებით ახალგაზრდა რეზერვისტებით – 35 წლამდე, ოფიცერთა შემადგენლობისა – 55 წლამდე. მათგან ყალიბდებოდა ძირითადი საბრძოლო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებსაც უნდა ეწარმოებინათ მთავარი საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის მიზნით. ამ ჯარების 213 000 რეზერვისტიდან 159 000 მოდიოდა სახმელეთო ჯარებზე, 28 000 სამხედრო-საჰაერო ძალებსა და 26 000 სამხედრო-საზღვაო ძალებზე. ტერიტორიული (ადგილობრივი) თავდაცვის ჯარებს, რომლის რიცხოვნებაც 85 000 ადამიანამდე ადიოდა, აკომპლექტებდნენ რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობის შედარებით უფროსი ასაკის რეზერვისტებით, სავარაუდოდ 45 წლამდე. მათგან თითოეულ რაიონში ყალიბდებოდა ცალკეული ქვედანაყოფები (ბატალიონები, ასეულები), ძირითადად ქვეითი ჯარისა, რომელთაც ეკისრებოდათ საკუთარი რიონების თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტა: მნიშვნელოვანი სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების დაცვა და დარაჯობა, გზებზე ტრანსპორტის თავისუფლად და შეუფერხებლად მოძრაობის უზრუნველყოფა, მოწინააღმდეგის დესანტებთან და სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლა, საზოგადოებრივი წესრიგისა და შინაგანი უსაფრთხოების დაცვა (პოლიციასთან ერთად), უწესრიგობებთან ბრძოლა; ხოლო თუკი გარკვეული რაიონები აღმოჩნდებოდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში, მაშინ ამ რაიონების ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები უნდა გადასულიყვნენ საველე ჯარების სარდლობის განკარგულებაში და ემოქმედათ მისი მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში. მაგრამ თუკი ცალკეული რაიონები აღმოჩნდებოდა დროებით ოკუპირებული მოწინააღმდეგის მიერ, მაშინ ამ რაიონების ტერიტორიული თავდაცვის ჯარებს უნდა დაეწყოთ პარტიზანული მოქმედებები და ასეთნაირად დახმარებოდნენ საკუთარ სარდლობას ომის წარმატების დასრულებაში. მათ აძლევდნენ შედარებით მოძველებულ იარაღს, საკუთარი ასაკის გამო, ტერიტორიული ჯარების რეზერვისტები ამტანობითაც ჩამოუვარდებოდნენ საველე ჯარების პირად შემადგენლობას, მაგრამ საკუთარი რაიონის კარგად ცოდნა და მის კლიმატურ და სხვა პირობებთან შეგუება ეხმარებოდა მათ თავიანთი ამოცანების გადაწვეტაში. სამხედრო-საჰაერო ძალებში ტერიტორიული თავდაცვის ჯარები მონაწილობდნენ თავიანთი რაიონების საჰაერო თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტაში (საზენიტო საარტილერიო ქვედანაყოფებში), ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალებში კი – სანაპირო თავდაცვის ამოცანების შესრულებაში (სანაპირო არტილერია). საველე და ტერიტორიული თავდაცვის ჯარების რეზერვისტების გასაწვევ პუნქტებში გამოცხადების ვადები შეადგენდა 24-72 საათს. საჭიროების შეთვევაში ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასევე ვარაუდობდა მეორე რიგის რეზერვების გაწვევასაც, რომელთა ყველა სამსახურის პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება ადიოდა 60 000 ადამიანამდე.
ამრიგად, ნორვეგიის შეიარაღებული ძალების რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენდა 213 000-იანი საველე ანუ საბრძოლო ჯარები, რომელთა შეიარაღებაშიც ამ ქვეყნის სარდლობას 1991 წელს გააჩნდა 211 საბრძოლო ტანკი, 203 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (53 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 150 ჯავშანტრანსპორტერი), 527 საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 228 ბუქსირებადი 105-მმ ჰაუბიცა, 48 ბუქსირებადი და 126 თვითმავალი 155-მმ ჰაუბიცა /სულ 402 ქვემეხი/, და 125 106,7-მმ ნაღმსატყორცნი /მათ შორის 28 თვითმავალი/), პლიუს 81-მმ ნაღმსატყორცნები, “თოუს” ტიპის მძიმე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები, 106-მმ უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, 20- და 40-მმ საზენიტო ავტომატური ქვემეხები, 108 ერთეული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 94 საბრძოლო თვითმფრინავი, 11 დიზელური წყალქვეშა ნავი, სამი ფრეგატი, 35 სარაკეტო კატარღა, ზღვაში სანაღმო ომის წარმოების რვა ხომალდი (მათგან ორი ნაღმგადამღობი და ექვსი ტრალერი), სადესანტო ამფიბიური კატარღები და სხვა შეიარაღება.
ანალოგიური სურათი იხატებოდა ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების – ფინეთის, შვეიცარიისა და შვედეთის შეიარაღებულ ძალებში, რომელთა შესახებაც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ უკვე მერამდენედ ასე ფართოდ რეკლამირებული 100 ათასიანი რეზერვის პროგრამა სულაც არ არის გათვალისწინებული გარეშე აგრესიის შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისთვის, ვინაიდან სათანადო რაოდენობის ჯავშანსატანკო ტექნიკის, საველე არტილერიის, საარმიო და ტაქტიკური ავიაციის, სარაკეტო, სატორპედო და საარტილერიო კატარღების, ზღვაში სანაღმო ომის წარმოების მცირე ხომალდების, ტანკსაწინააღმდეგო, ხომალდაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღების გარეშე, მხოლოდ სასროლი იარაღით შეიარაღებული 100 000 რეზერვისტი ვერ შეძლებს სავარაუდო მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებთან განმკლავებას და მათი შემოტევის მოგერიებას. სულ სხვა მდგომარეობაა ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო და ქუჩაში გამოსული ხალხის მასებთან განმკლავების მხრივ, აქ უკვე სასროლი იარაღიც გამოდგება. ჩვენი აზრით, სწორედ აქ უნდა იყოს ჩადებული 100-ათასიანი რეზერვის პროგრამის დანიშნულებაც, რაც მეტად სამწუხაროა. მართალია დასავლეთის სახელმწიფოებშიც აქვთ ტერიტორიული თავდაცვის ჯარებს საზოგადოებრივ უწესრიგობებთან და არეულობებთან ბრძოლის ამოცანები, მაგრამ იქ, იმისთვის, რათა ასეთ უწესრიგობებამდე არ მივიდეს საქმე, მკაფიოდ და მკაცრად მოქმედებს კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობის პრინციპები და მექანიზმები, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი და სხვა ბერკეტები, რაც ჩვენში მეტად სავალალო მდგომარეობაშია. და ასეთი “რეზერვისტებიც” იმთავითვე დგებიან იმ ძალების სამსახურში, რომლებიც, სამწუხაროდ, საკუთარ სამშობლოს კი არ ემსახურებიან, არამედ საკუთარი ჯიბის გასქელებისა და საკუთარი სავარძლების შენარჩუნების ინტერესებს, “მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით”.
ირაკლი ხართიშვილი

No comments:
Post a Comment