Tuesday, December 19, 2017

ბესარიონ გაბაშვილის (ბესიკის) და გოდერძი ფირალიშვილის პოეზიიდან

მცირე შესავალი 

ქვემოთ შემოთავაზებული მასალები ეხება ქართლ-კახეთში ერეკლე II-ის მეფობის ხანას. ბესიკ გაბაშვილის პოეტურ თხზულებებში, რომლებიც დავით სარდალს (ორბელიან-ყაფლანიშვილს) ეხება, მოჩანს პოეტის თანაგრძნობა დავითის თავზე დატეხილი განსაცდელებისა და უბედურებათა გამო, რომლების შესახებ უფრო სრულად აქვს დაწერილი XIX საუკუნის ცნობილ ქართველ ისტორიკოსს პლატონ იოსელიანს თავის წიგნში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“, საიდანაც მკითხველს შესაბამის ამონარიდებს შევთავაზებთ. გარდა ამისა, ბესიკის პოემებისა და ლექსების უფრო კარგად გაგებისთვის უნდა ითქვას ისიც, რომ ის და მამამისი (სასულიერო პირი ზაქარია გაბაშვილი) განდევნილი იყვნენ ქართლ-კახეთის სამეფოდან (ერთის მხრივ, კათალიკოს ანტონ I-თან დაპირისპირებისა და, მეორეს მხრივ, თავად ბესიკის მიერ მეფის დის ანასადმი ზედმეტად სამიჯნურო ლექსების დაწერის გამო /„ტანო ტატანო“/ და სხვა) და იმერეთში ჰქონდათ თავი შეფარებული. გარდა ამისა, როგორც ერეკლეს კარზე რუსეთის მინისტრი პოლკოვნიკი ს. დ. ბურნაშოვი წერს თავის მცირე თხზულებაში Картина Грузии (საქართველოს სურათი), იმერეთში თავშეფარებული ბესიკ გაბაშვილი და ქსნის ერისთავთა ერთერთი შთამომავალიც, ბევრს ცდილობდნენ ერეკლე II-სა და იმერეთის მეფეებს – სოლომონ I-სა და მის შემდგომ დავით გიორგის ძეს შორის უნდობლობისა და მტრობის შენარჩუნება-გაძლიერებისთვის. ამიტომ ქვემოთ შესაბამის ამონარიდებსაც მოვიყვანთ პოლკონიკ ბურნაშოვის ხსენებული წიგნიდან.


პლატონ იოსელიანი ერეკლე II-ის სამეფო სახლში განვითარებული დაპირისპირებულობისა და მტრობის შესახებ 


(ამონარიდები მისი წიგნიდან „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ /ან როგორც თითონ უწერია: „ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა“/; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პლატონ იოსელიანი კათალიკოს ანტონ I-ის მიერ ქართულ დიდგვაროვან საზოგადოებაში დამკვიდრებული მაღალი /დარბაისლური/ სტილით წერდა, რის გამოც თანამედროვე მკითხველისთვის მისი ენა შეიძლება გარკვეულწილად მძიმედ და რთულად გასაგებიც იყოს, მაგრამ მის წიგნში არსებული ცოდნა და ინფორმაცია, ჩვენი აზრით, იმსახურებს იმას, რომ ამ სირთულეს მოვერიოთ და ავტორის მიერ მოთხრობილი ამბები გულდასმით წავიკითხოთ)

სიმრავლე ძეთა და ასულთა მეფისა ძისა გიორგისა და ესრეთივე სიმრავლე სამთა ცოლთაგან ძეთა და ასულთა ირაკლისა, იყო მიზეზი სამეფოჲსა სახლისათვის კეთილისა და ბოროტისა. ნაყოფი კეთილი ესრეთისა შვილთა სიმრავლისა იყო ესე, რომელ დაშორებული ძველად ქართლი და კახეთი შეერთდა უფრო მტკიცედ. სასახლემან მეფისამან მოითხოვა ქართლიდამ, რომელიცა უწოდებდა აქამდე მეფესა ირაკლის კ ა ხ თ - ბ ა ტ ო ნ ს ა, და ა რ ა | მ ე ფ ე ს ა, სასძლონი და მეფისა ასულნი მოიძიებდენ თვისთა საქმროთა ქართლისა თავადთა სახლთაგან. დაჲ მეფისა ირაკლისა ანნა, იყო ცოლი დიმიტრისა ყაფლანიშვილისა; მეფის ასული, დაჲ გიორგისა თამარ, მიათხოვეს სარდარსა დავით ორბელიანსა; ქეთევან მეფის ირაკლის ასული მუხრანის ბატონსა იოანეს, მეფის ირაკლის ასული მარიამ დავით ციციშვილსა; მეფის ძის გიორგის ასული სოფიო თარხნიშვილსა ლუარსაბს; მისივე ქალი რიფსიმე ჩოლაყაშვილსა დიმიტრის. ესრეთვე მიიყვანეს მეფის ძეთა ცოლად: თეიმურაზმან ოთარ ამილახვრისა ქალი ელენე; ფარნაოზმან ელიზბარ ერისთავის ასული ანნა.

ესრეთ დაკავშირდა ქართლი და კახეთი ერთობითა თავადთა და სამეფოჲსა სახლისა მძახლობითა და მოყვრობითა. ამან კავშირმან დაავიწყა ქართლისა მეფისა გვარი, დაშთენილი რუსეთსა 1724 წლიდამ; ამან ერთობამან ნათესაობითმან მოსპო თქმულობა ქართლისა ერისა: ი რ ა კ ლ ი | მ ა მ ა | კ ა ხ ე თ ი ს ა | დ ა | მ ა მ ი ნ ა ც ვ ა ლ ი | ქ ა რ თ ლ ი ს ა. მეორის მხრითა სიმრავლემან ძეთა და ასულთა დაბადეს ურჩება და მედიდურება სახლისა მწევრთა შორის, სადაცა იყოფოდა მეფის ასული რძლად და ანუ რომლისაგანცა წარიყვანდნენ მეფის ძენი ქალთა სასძლოდ თვისად. თავადნი ესენი, დამოკიდებულნი მოყვრობითა მეფეთა თანა, არღა ემორჩილებოდენ მეფისა მოხელეთა, რომელნიცა იყვნენ მდივან-ბეგად, მდივნად, მოურავად, ციხეთა მცველად და სხვად სამეფოჲსა საქმეთა განმგედ. დასუსტდა ჰაზრი და მნიშვნელობა პირმშოობისა; ეცინოდენ მემკვიდრეობასა; არა პატივსცემდენ პირველობასა და თვითეული წევრი სამეფოჲსა სახლისა გონებდა თავსა თვისსა მეფობისათვის განმზადებულად. სჯული არღა სჯულობდა სამეფოში, სადაცა უფლებდენ მეფის ძენი და კარისკაცნი მათნი.

განმრავლებულთა ძეთა თვისთა (ერეკლე II-მ) დაუნიშნა საცხოვრებელად და განსაგებელად ადგილნი და თემნი: მეფის ძეს გიორგის ბორჩალო და ყაზახის ნაწილი; იულონსა ქსნის ადგილები (რადგანაც ერისთავიანთ მიეღოთ ქსანი); ვახტანგსა ანუ ალმასხანსა არაგვი და სხვათა სხვანი ადგილნი. თვით მიზეზი მეფის ძისა ალექსანდრესი ლტოლვისა სპარსეთად, ჯერეთ პირველად მამისავე თვისისა დროს, იყო ესე, რომელ არა უბოძა მამამან ირაკლი საკმაო საცხოვრებელად საუფლისწულო.

ესრეთსა უსწოროსა განწილვსა შეუდგნენ უწესოებანი, შფოთნი, და დიდნი აღრეულობანი. მეფის ძე გიორგი, ვითარცა მემკვიდრე, მორიდებული შფოთთა, მიენდობოდა მამისა ნებასა და შორით ხედვიდა ძმათა სისუსტესა მიტაცებისათვის მემკვიდრეობისა და აღრეულობათა მათ, რომელნიცა ამწარებდნენ მოხუცსა მამასა; თვით ირაკლი მოხუცებისა გამო და დედოფლისა გამო დედინაცვლისა პირმშოჲსა გიორგისათვის იყოფებოდა მერყეობასა და აგრილებდენ გულსა მისსა გიორგისადმი. ესრეთსა მდგომარეობასა მყოფი მეფის ძე გიორგი, დაშორებული ძმათა, ცხოვრობდა ცალკედ და მყუდროდ. შთაგონებითა დედოფლისა და ძეთა მისთა, მეფეცა ირაკლი მიიყვანეს მას მდგომარეობასა, რომელ სიძესა მისსა სარდალსა და სალთხუცესსა დავით ყაფლანიშვილსა, თამარისა მეუღლესა, მოუღო მეფემან სალთხუცობა და მიუბოძა ესე სიძესა თვისსა მუხრანის ბატონსა იოანეს. ესრეთმან მეფის მოქცევამან მოსწყლო გული მეფის ასულისა თამარისა, რომელიცა მწუხარებისა ელდითა გარდაიცვალა 1786 წელსა. – (თავი X – ხსენებული წიგნიდან).

ტრაკტატისა ძალითა შორის იმპერატრიცისა ეკატერინა II და ირაკლისა, მეფის ძე გიორგი დამტკიცდა მემკვიდრედ საქართველოჲსა; მიიღოცა ორდენი ალექსანდრე ნეველისა. ამან ტრაკტატმან სრულიად აღამღვრია გული ძმათა, დედოფლისა და კარისკაცთა, მეფისა ირაკლის მხლებელთა. მტერნი გაძლიერდნენ; ირაკლი ღელავდა; დედოფალი სძულობდა. თვით გიორგი იშვიათად ხედავდა მამასა თვისსა. 1789 წელსა მოვიდა იმერეთით მეფის ძე არჩილი. გიორგი თვით მივიდა და ნახა. არა იამა ესე მეფესა და ეძიებდენ მიზეზსა, რომელმანცა განაღვიძა იგი მასთან სამეგობროდ. – არჩილმან სასახლიდამ სცა თოფი მოლასა, რომელიცა დაჰკიოდა მეჩეთიდამ მოედანსა სამეფოსა. შესწუხნა მეფე დიდად; ხოლო გიორგი არა, და იტყოდა სიტყვათა არჩილისადმი სანუგეშოთა. ამანცა უფრო განარისხა მეფე, და ბრძანებდა სიტყვათა მკვახეთა გიორგისათვის. – (თავი XI).


1783 წელსა ოდესცა იწყეს საეკკლესიოთა წიგნთა ბეჭდვა ქ. თფილისს, მაშინ მოახსენეს მეფესა, რათა რუსთა წესითა შემდგომად სიტყვათა: „დროსა კეთილმორწმუნისა მეფისა ირაკლი მეორისა და დედოფლისა დარეჯანისა“ დაემატოს ესეცა „და მემკვიდრისა მათისა მეფისა ძისა გიორგისა“, სურვილისამებრ თვით მეფის ძისა და განსასვენებელად ძმათა, რომელნიცა მარადის განიზრახვიდენ მეფობისა მიტაცებასა, იწყინა ესე მეფემან და უბრძანა სტამბისა ზედამხედველსა... არღა მოახსენებდეს მას ესრეთსა უშვერსა მოხსენებასა. კათოლიკოსმან ანტონი სტუქსა კეჟერაშვილი მღვდელი და აბრამ ურიათ-ყოფილი და... მღვდელივე... მბეჭდავნი წიგნთა. დაბეჭდილნი რავდენნიმე დაწყებითნი ფურცელნი, მოითხოვა და ბრძანა მისცენ ცეცხლსა და არღა იქმნეს ესე. ტრიფილე არქიდიაკონსა ებრძანა კათოლიკოსისა პირითა საყვედური დიდი და მოძღვარმან მეფისა ზაქარია სულხანიშვილმან მბეჭდავმანვე გამოუცხადა მას ტრიფილეს ბრალისა მიტევება გაბედვისათვის ბეჭდვისა და დასტამბვისა რისამე. – არ ნებართულისა მეფისაგან და თვით კათოლიკოსისა. ერთი ესრეთი ფურცელი ვნახე დავით რექტორისა წიგნებში; მომსყიდავი რავდენთამე მისთა წიგნთა. – არა ვიცი სადა მიეფარა ეს ფურცელი დასამტკიცებელად ესრეთისა ჩემისა მოთხრობისა. – (თავი LIV).

შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა სოლომონ პირველისა, ოდეს გამეფდა იმერეთს დავით, მოვიდნენ იმერეთით ევთიმი გენათელი, დოსითეოს ქუთათელი, სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, პაატა მიქელაძე, სალთხუცესი ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიაშვილი, ქაიხოსრო ჩიჯავაზე და ფიცისკაცნი ლორთქიფანიძე, იოსელიანი, ავალიანი და სხვანი. ესენი ითხოვდენ, რადგანაც არა სურს მეფესა ირაკლის მეფე დავით, მიმტაცებელი ტახტისა, ინებოს და შეიერთოს თვისდა სამეფოდ იმერეთი, ვითარცა იყო ერთ მთავრობისა დროთა. დესპანნი იმერთა არწმუნებდენ მეფესა, რომელ ყოვლადი სამეფო იმერეთისა მოელის სიქადულით და მხიარულებით საქმისა ამის დასასრულსა; თვით მთავართა გურიისას და ოდიშისას სურთ და სწყურიანთ ესე. მცხოვრებთა გლეხთაცა იციან ესე და უხარისთ ბატონობა თქვენი იმერეთსა, მტერთაგან... გაოხრებულსა. მეფემან უგდო ყური და ნაცვლად პასუხისა პირად ბრძანა იქმნას რჩევა საქმისა. დანიშნულსა დღესა კათოლიკოსი, მღვდელმთავარნი, თავადნი, სარდალნი, სალთხუცესნი, მდივანბეგნი ქართლ-კახეთისა, შეიკრიბნენ სამეფოსა პალატაში და შევიდნენ განსჯასა. პირველი და ძლიერი ხმა ერთობისათვის იყო ჭაბუა ორბელიანისა. მას შეუდგნენ კათოლიკოსი ანტონი, სარდალი დავით ყაფლანიშვილი, სოლომონ ლიონიძე, ზაქარია მოურავი ქიზიყისა, ანდრონიკაშვილი, ჯარდან ჩოლაყაშვილი, იოსებ ბარათაშვილი და სხვანი. მეფე სდუმებდა და ბრძენი ჭაბუა ასმენდა ქუხილისა სიტყვებითა დიდსა საქვეყნოსა სარგებლობასა; აკურთხევდა ჰაზრთა ამათ, ზეგარდამო შთაგონებულთა დესპანთადმი და იმერთა ერის. „ნუ ჰყოვნი, მეფეო! – იტყოდა ჭაბუა, – მეფე ერისათვის და არა ერი მეფისათვის, ერი იმერთა ითხოვს ერთობასა და კავშირსა. ვითარ ეტყვის მეფე უარსა? ვიცი და მესმის ჰაზრი თქვენი, მეფეო: ვითარ მოუღო მეფობა შვილისშვილსა ჩემსა? ესრეთი ჰაზრი უეჭველად არის უბედურებითი იმერთათვის, უსარგებლო ქვეყნისათვის, დამღუპავი ქვეყანისა. – ვითარ მოეღო მეფობა ქართლისა, ქართლისა მეფეთა და რაჲ დაკარგა საქართველომან დაკავშირებითა ქართლისა და კახეთისა? ვითარ მოეღო მეამბოხეთა არაგვისა ერისთავთა საერისთავო არაგვი? ვითარ მოეღო საუკუნოდ ქსანი ქსნისა ერისთავთა? ბედნიერება ერისა ითხოვს ერთობასა, ძლიერება მეფობისა არის ერთა დაკავშირება“. – „ბატონო მეფევ, – მოახსენა ქაიხოსრო წერეთელმან, – უკეთუ ვერ დამტკიცდება ერთობა და შეუდგება უწესობა, სავნო ქართლისათვის და მეფობისა თქვენისათვის, – მაშინ დაუტევეთ იმერეთისა მეფობა, მაშინ თქვენც უბოძეთ იმერთა ნება, იყოლიონ თვისდა მეფე თვისი. ამითი არა დაშავდება რა. სცადეთ რა შეუდგება, მიიღეთ გვირგვინი ჩვენიცა, განძლიერდით ჩვენით და განგვაძლიერეთ თქვენით. – ირწმუნეთ, მეფევ ბატონო, რომ სცნობს ამას მტერი და მიეცემა შიშსა და მორიდებასა“. შემდეგ დუმილისა მეფისაგან, მუხრანის ბატონმან იოანე მოახსენა კრებასა: „დაკავშირება იმერეთისა დიახ ძნელია. ჩვენ ქართველთა ვერ მოგვივლია ჩვენთვის, ვითარ მოვუაროთ იმერეთსა? რათ ვექმნეთ პატრონად ქვეყანასა, რომელსაცა ჰყავს საკუთარი პატრონი, შვილისშვილი მეფისა?“ – სარდალმან დავით, განრისხებულმან წარმოსთქვა სიტყვა: „მართლად აღიარებს მუხრან-ბატონი, რომ ვერ მოუვლის იგი დღეს ქვეყანასა თავისისა ხრმლითა და ბაირაღითა. მოვა დრო და მოსცემს ღმერთი სხვასა მუხრანის-ბატონსა, რომლისა ხრმალი უფრო მჭრელი იქმნება“. – სიტყვამან ამან დაბადა ამბოხი, აწყინა მეფესა და წყინებული მეფე წამოდგა და შევიდა სხვასა ოთახსა. დაიშალა შეკრებილება პირველი.

სცნო დედოფალმან დარეჯან საუბარი ესე ყოველი, განრისხნა და მიაწერა ჰაზრი ესე მეფის ძეს გიორგის, რადგანაც სარდალი დავით იყო დისწული მისი საყვარელი და მეტოქი მუხრანის ბატონისა. დაიბარა ჭაბუა და მრისხანედ უბრძანებდა ყვედრებითთა სიტყვათა.


„არა, ბატონო დედოფალო, ვერ შევიქმნები ორგული, – იტყოდა ჭაბუა, – მეფისა და სამეფოჲსა. ჰაზრი ჩემი დაჰშთება უცვალებელად, მტკიცედ და უკეთუ არ აღსრულდება, შთავიტან თან საფლავსა. რად მიბრძანებთ, არ ვიყო ერთგული მეფისა. ვიცი, რასაცა ვიტყვი. არ ვხედავ კეთილად საქმესა და ასე ვარჩევ? ვიყო და მერქვას მრჩეველი მეფისა და ვურჩევდე რასმე ბოროტსა? – ვჰგონებ იქმნება საქმე ეშმაკისა, ბოროტისა კაცისა და ქვეყნის მტერისა. ამისთვის გაბედვით ვიტყვი და უშიშრად მოვახსენებ მეფესა ჩემსა და თქვენ ბატონსა ჩემსა დედოფალსა, სიტყვათა ამათ“.

მეფის ძე გიორგი, მორიდებული მამისა და დედინაცვლისა, არ ინახვინებდა არცა დესპანთა და არცა კარისკაცთა, რათა არა წარმოსთქვან რაიმე სიტყვა და არ მივიდეს ჰაზრი რაიმე ახალი მეფისადმი მასზედ გაიჭვიანებულისა.

ქუთათელი და გაენათელი, აბაშიძე და სხვანი დესპანნი მიუთხრობდეს დედოფალსა იმერეთისა მდგომარეობასა და სრულიად დაღუპვასა, უკეთუ არ მოხდება ერთობა ქართველთა თანა. დედოფალი ბრძანებდა უარსა და იტყოდა ვერ გამოწირვასა იმერეთისა გვირგვინისა შვილისშვილისა ხელთაგან.

დღესა მესამესა, შემდეგ პირველისა, იყო შეკრებილობა მეორე. ჭაბუა კვალად იტყოდა მასვე; კათოლიკოსი ანტონი ამტკიცებდა მათსა ჰაზრსა. მაშინ მეფემან უბრძანა მეფის ძეს გიორგის: „რას იტყვი, გიორგი, შენ? – „ხელმწიფეო ჩემო! სიტყვა ჩემი, ვითარცა ჰხედავ, იქმნება მრავალთათვის წინააღმდეგი და მაინც გავბედავ მოგახსენო: შეერთება იმერეთისა ქართლისადმი არის სიმტკიცე მეფობისა; თუ გნებავსთ უძლეველობა ქვეყანისა ჩვენისა მტერთაგან, უნდა იქმნას ერთობა. რა არის უკეთილეს, რა არის მშვენიერ, ვითარ ერთობა ძმათა, – იტყვის წინასწარმეტყველი დავით. სამეფო ისრაილთა დაეცა მაშინ, როდესაც განსქდა ორად მეფობა სოლომონისა. დაეცა საბერძნეთი, ოდეს განიყო ორად და სამად. მეფობა განყოფილი არა დაადგრეს, – ბრძანებს მაცხოვარი“. – სიტყვანი ესენი მოიწონეს შეკრებულთა მსაჯულთა. ჭაბუამ კვალად აღამაღლა ხმა და მოსთხოვა მდაბლად, რათა თანახმა იქმნეს მეფე ერთობისა ჰაზრისათვის და აღასრულოს თხოვა იმერეთისა დესპანთა. მაშინ მეფე აღსდგა და ბრძანა: „თხოვასა ამას ვერ მივიღებ; მტერი მადგას კარსა; ვერ გავიხდი ახალსა მტერსა, რომელიცა უნდა იყოს შვილისშვილი ჩემი იმერთა ტახტისათვის განმზადებული. – დესპანნო! წარვედით და იმერთა ერსა გამოუცხადეთ, რომ დავსვამ იმერეთისა ტახტზედ შვილისშვილსა ჩემსა და ესრეთისა კავშირითა თავით თვისით იქმნება ერთობა იმერეთისა ქართლისა თანა“. ესრეთ დაბოლოვდა დესპანობა იმერთა და ჰაზრი ერთობისა.

მასვე წელსა 1790 წარავლინეს ჯარი ქართველთა 4000 და თანაჰყვა სარდლად მუხრანის ბატონი იოანე, ქიზიყის მოურავი ზაქარია ანდრონიკაშვილი, ჯარდან ეშიკაღას-ბაში ჩოლაყაშვილი; ანდრონიკაშვილი რევაზ (ცოლისძმა მეფის ძისა გიორგისა), და მეფის ძე იულონ; გარდააგდეს მეფე დავით და განამეფეს სოლომონ მეორე ქუთაისს. – (თავი XII). 


პოლკოვნიკი ბურნაშოვი მისი დროის იმერეთის სამეფოს შესახებ 


აწ გარდაცვლილ მეფე სოლომონს, თავისი გამორჩეული სიმამაცისა და საკუთარი ხალხის მართვაში განსაკუთრებული უნარის წყალობით, იყო რა იშვიათი ხელმწიფე თავის მიწაზე, ჰქონდა მხურვალე სურვილი შემოსულიყო სრულიად რუსეთის ტახტის მფარველობის ქვეშ, რუსეთის შესახებ თუნდაც ერთი სიტყვის გაგონება ახდენდა მასში რაღაც განსაკუთრებული გრძნობის აღძვრას, და იმერეთში ჩამოსულ ჩვენს ყველაზე უფრო დაბალი ხარისხის მოხელეებსაც გამოუხატავდა იგი უზომო პატივისცემას. თუმცა კი ყოველთვის ოტომანის პორტას მოწინააღმდეგე გახლდათ, მაგრამ სულეიმან-ფაშასთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი, და მის მიერ ძველი ჩვეულების მიხედვით ნაშვილები იყო. მისმა უკანასკნელმა წარუმატებელმა ექსპედიციამ აჭარლების წინააღმდეგ (წერია – против Очаровъ), რაც მოახდინა სულეიმან-ფაშას თანხმობით, დააჩქარა მისი აღსასრული, და მას შემდეგ ხელი ეწყობოდა ყოველგვარ შინააშლილობასა და შინამტრობას იმერეთში.

უთანხმოება მისი მეფე ირაკლისთან მოხდა თავისი ურჩი ვაჟიშვილის მეფისწულ ალექსანდრეს გამო, რომელსაც მხეცური ზნე-ხასიათი ჰქონდა, და თავისი ღვიძლი ძმის არჩილის გამოც, მეფე ირაკლის სიძისა, რომელიც ასეთივე ზნე-ხასიათის პატრონი გახლდათ. ისინი წავიდნენ იმერეთიდან და მიღებულ იქნენ ტფილისში ისე, როგორც საერთოდ ორივენი მიჩვეული არიან ღებულობდნენ თავიანთი დაცვის ქვეშ მეორე სამეფოს მეაბოხე თავადებს, ისევე როგორც ახლანდელი მეფეც დავითიც წავიდა აქედან და თავშესაფარი ჰპოვა ტფილისში; სოლომონ მეფემ ამის თანაბრად მიიღო თავისთან საქართველოდან გაქცეული თავად ერისთავის ვაჟიშვილი, რომელსაც ბრალს სდებდნენ ამბოხებაში მეფე ირაკლის წინააღმდეგ (ალბათ ლაპარაკია ქსნის ერისთავებზე, რომელთაც ერეკლემ მამულები ჩამოართვა 1770-იან წლებში – ი. ხ.) და ცოლად შერთო თავისი ასული, და მეფისადმი არაკეთილად განწყობილი ბევრი სხვა თავადიც. აქედან მომდინარეობდა ორივე მხრიდან სხვადასხვანაირი უკმაყოფილებანი, და თუმცა კი თავისი ვაჟიშვილისა და ძმის სიკვდილის შემდეგ იგი, როგორც ვთქვით, შეურიგდა მეფე ირაკლის, შინაგნი უთანხმოება მაინც არსებობდა 1783 წლამდე. ახლანდელი მეფე დავითი (გიორგის ძე – ი. ხ.) სოლომონ მეფის ბიძაშვილი ცხოვრობდა სიღარიბეში და სოლომონ მეფის ღვიძლი ძმის არჩილის ვაჟიც – რომლის დედაც გახლავთ მეფე ირაკლის ქალიშვილი. დავითს (არჩილის ძეს – ი. ხ.) თავის დედასთან მეფის ასულთან ერთად ჩამოართვეს სამემკვიდრეო სოფლები იმერეთში, მაგრამ ჩემს მიმართ არსებული ნდობის გამო ბოლოს და ბოლოს მიღწეულ იქნა შეთანხმება ორივე მხრიდან; მეფე ირაკლის შვილიშვილი ახალგაზრდა თავადი დავითი (არჩილის ძე – ი. ხ.) მიღებულ იქნა შვილად და მემკვიდრედ, ბიძაშვილი ახლანდელი მეფე დავითი (გიორგის ძე – ი. ხ.) დაბრუნებულ იქნა იმერეთში, და მიეცა სოფლები; მეფე ირაკლის მხრიდან მიეცა რამდენიმე სოფელი თავად ერისთავს, რომელსაც წართმული ჰქონდა საქართველოში სახელგანთქმული მთელი მისი მამული.

სოლომონ მეფის სწრაფმა გარდაცვალებამ მწუხარებასა და გაურკვევლობაში (недоуменіе) ჩააგდო უპირველესი ადამიანები ახალი მეფის არჩევის საკითხში. თავადმა წერეთელმა, ახლა მფლობელი მეფის სიძემ, რომელსაც პატივს სცემენ თავისიანებს შორის, იმედი ჰქონდა რა ნათესაობითი სიახლოვის წყალობით მომავალში უპირატესობების მიღებისა, და სარგებლობდა რა სხვების მწუხარებითა და დათრგუნულობით (уныніе) გარდაცვლილი მეფის აღსასრულის გამო, მეფედ გამოაცხადა თავისი ცოლისძმა თავადი დავითი (გიორგის ძე – ი. ხ.) კანონიერი მემკვიდრისა და სოლომონ მეფის ღვიძლი ძმიშვილის საზარალოდ, და ამით მტრობისა და შინააშლილობის თესლი ჩათესა, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს ერთ-ერთის სიკვდილით. თავადი წერეთელი შეცდა თავის ვარაუდებში; მეფე ირკლისგან გამოქცეული თავადი ერისთავი, სოლომონ მეფის სიძე, ღვიძლი ძმა დედოფლისა, მეფე დავითის მეუღლისა, გამოქცეული ქართველთან, მღვდლის შვილთან, ბესარიონთან ერთად (იგულისხმება ცნობილი ქართველი პოეტი ბესიკი – ბესარიონ გაბაშვილი – ი. ხ.), დაეუფლნენ მეფის ნებისყოფას; ვინაიდან დავით მეფე ახალგაზრდა კაცია, სათანადო აღზრდისა და განათლების გარეშე, თუმცა კი განწყობითა და გულით მეტად კეთილია და პირადად ჩინებულად მამაციც. თავადმა ერისთავმა, რომელიც მარტავს მის ნებას, ირაკლი მეფისთვის სამგიეროს გადახდის მიზნით, მისი მამისთვის სოფლებისა და მთელი მამულების ჩამორთმევის გამო, არ მისცა საშუალება დავით მეფეს, რათა დაეკმაყოფილებინა ირაკლის შვილიშვილი დავითი მამისეული სოფლებით (იგულისხმება დავით არჩილის ძე, შემდგომში იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II, აწ ჩვენი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული – ი. ხ.) და დაესაჩუქრებინა თავადი წერეთელი მისთვის სასურველი ციხესიმაგრეებითა და სოფლებით, თავისთვის გაწეული სამსახურის გამო მეფედ არჩევის დროს პირდაპირი მემკვიდრის წინშე უპირატესობის მიცემით: ამ საქციელმა აიძულა ახალგაზრდა თავადი გარეთ ეძია დახმარება; მეფე ირკალიმ მისმა პაპამ ჩემი წარდგინების მიხედვით არ მიიღო სხვა მონაწილეობა ამ საქმეში, თუ არა თხოვნისა და რჩევების მიცმისა დავით მეფისთვის, უარი უთხრა რა თავის შვილიშვილს ყველანაირ პირდაპირ და გარეშე დახმარებაზე, რომელსაც შეეძლო ძმათაშორისი ომის გაჩაღება; თავადი წერეთელი, მოტყუვდა რა თავის იმედებში, მიეწება ახალგაზრდა თავადს დავითს, პატივცემულ და ხალხით ძლიერ თავად წულუკიძეებთან ერთად, რომელთაც ასევე წართმეული ჰქონდათ თვიანთი ღირსებები და ძალაუფლება; მათ მეფე ირაკლის დარიგებისა და ჩემი ძლიერი დარწმუნების მიუხედავად, მოახდინეს ძლიერი შინაომები, წავიდნენ სულემან-ფაშასთან, რომლის მიერ გამოგზავნილი ლეკები და თურქები დავით მეფისგან სასტიკად იქნენ დამარცხებული, ხოლო ამბოხებულ თავადებს მთელი სოფლები ჩამოართვეს გამონაკლისების გარეშე; დარჩნენ ისინი ალყაშემორტყმულები მიუვალ ციხესიმაგრეში, საიდანაც თავადი დავითი საიდუმლოდ წავიდა ახალციხეში და იქ იმყოფებოდა ახლანდელ დრომდე, საქართველოდან ჩემი გამომგზავრების წინ გაუშვა იგი სულეიმან-ფაშამ იმერეთში, თუ რა განზრახვით, ჩემთვის უცნობია დროის სიმცირის გამო, თუმცა კი იმედი უნდ გვქონდეს, რომ ისინი მშვიდად შეეწყობიან ერთმანეთს.

სამეგრელოს დადიანი არც თუ ძალზედ დიდად განთქმული თავადების ჩიქოვანების (წერია – Чекуани) საგვარეულოდან, ფეოდალური მფლობელია, ისვე როგორც თავადი გურიელიც, რომელიც მოვალეა აღიარებდეს იმერეთის მეფის ძალაუფლებას, ადამიანი ეშმაკი და ვერაგი, რომელმაც ხელიდნ არ გაუშვა შემთხვევა იმერეთში არსებულ ახლანდელ ამღვრეულ მდგომარეობაში თვითმპყრობელ ხელმწიფედ დამკვიდრებულიყო, რისი გაკეთებაც სოლომონ მეფის დროს არ შეეძლო; დავით მეფეს სჭირდებოდა მისი დახმარება; მან დაუთმო მას თავისი სამფლობელოს ბევრი მიწა, ხოლო დადიანმა მიიღო რა ისინი, ზურგი შეაქცია დავით მეფეს, და თუკი დავით მეფე დამკვიდრდება მფლობელობაში მის წინააღმდეგ მებრძოლ თავადებზე გამარჯვებით ან მათთან შერიგებით, მათი ძველი ჩვეულებების მიხედვით, ირაკლი მეფესთან მათ არასდროს არ ექნებათ ურთიერთშორის ჭეშმარიტი თანხმობა, სანამ არ დაუბრუნებენ სოფლებს თავად ერისთავს, იმერეთის დედოფლის ღვიძლ პაპას, რისი გაკეთებაც ირაკლი მეფეს არ შეუძლია, ვინაიდან ის მიწები დანაწილებული აქვთ ბატონიშვილებს, მის ვაჟებს. – (ამონარიდების დასასრული)


 ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ალბათ უფრო გასაგები გახდება მკითხველისთვის ის განწყობები, რაც აშკარად ჩანს ბესარიონ გაბაშვილის (ბესიკის) ქვემოთ მოყვანილ პოემებსა და ლექსებში.




ა ს პ ი ნ ძ ი ს ა თ ვ ი ს 

დ ა ვ ი თ | ს ა რ დ ა ლ ზ ე დ

ასპინძის მიწა გიწამებს, ურგებ არს ჩემგან თმულები:
რუს-ქართველ-კახნი მოადგნენ აწყურსა დარაზმულები,
მუნით წყალს – ლეკნი რჩეულნი, დაღისტანს ბიჭად თნულები,
და ოსმალთ რაზმნი ურიცხვად, მათთანვე შენართულები.

2
იქეთი პირი მტკვარისა და ველნი მეწამულობდეს,
ოსმალთა დელმა ბინიში წითელ-ყვითლითა მკულობდეს;
აბჯართა ოქრო და ვეცხლი ხვანთქრის ხაზინას სძულობდეს,
კვლავ ლეკთა ყაწიმ-შაშხანნი მცირედრე ხვარაზმულობდეს.

3
რუსნიცა წითელ-მწვანითა და ლურჯით შეხამებოდენ,
თითბრის ჩანთანი ბრწყინვიდენ, ვარსკვლავთა ეგვანებოდენ;
ზარბაზნის გრგვინვა და თოფის ცის კიდეთ ეუბნებოდენ,
თვით მეფე, ქართველ და კახნი ომის ხალისით ხლდებოდენ.

4
ვაი, მას დღის მომხსენემან ვითარ ვინ რით განვაქიქო?!
ცილი დასდვეს მეფეს რუსთა: „ჩვენთვის კეთილს არა იქო!“
ღრაფი ჯარით გამობრუნდა, – მით სახელი ვერა იქო, –
სხვა პასუხი არვის მისცა: „სითაც მოველ, წავალ იქო!“

5
რა ნახეს ლეკთა და ოსმალთ რუსისა გამგზავრებანი,
წელმაგრად შეხვდათ ნიშანი, აუხდათ დანატრებანი,
დაფ-ზურნა-საყვირს უხშირეს, შეიქნა საოცრებანი:
ვის ჰქონდის მკლავთა იმედი, სრულად დაჰკარგნეს მცნებანი.

6
უიჭოდ ჰგონეს ლეკ-ოსმანთ თქვენიცა გაბრუნებანი,
დას-დასად დროსა გაიყვეს, მცირე ხანს ჰქონდათ ბჭობანი;
ანაზდი ელდა დაეცათ, ქართლ-კახელთ ექნათ გმობანი:
ვინ ვის უსწრობდა, მორბოდეს... ვითა ვთქვა მათი მკობანი!

7
გამოვლეს წყალი ოსმალთა და აგრევ ლეკთა კიჟინით,
დელიბაშ, აღა, ლევანდი სრულ ზედ დაესხნეს მიჟინით:
„დაბრუნდით, ნუღარ დასდგებით! – ხმა ისმა: – რას დაგვიჟინით?“
ერთის ხმა ასად ეგონისთ, შაშხანა მოწვიმს ჟიჟინით.

8
მაშინ გულს დაჰკარ მჯიღითა, მიწანი შესძრენ რყევითა,
ცხენმან შეგატყო შექშენა, შემზადა ტანი ნძრევითა;
თვალნი ნაკვერცხლად შეგექმნეს, აშეთდი სისხლმორევითა,
ცხვირისა ნესტვთა მოჰქროდენ ქარნი ქვეყნისა ნგრევითა.

9
მედგრად გაქუსლე მიდამო, თეთრი გეაჯდა რბევასა,
სისხლისა შვილნი იხელთენ, ვინ იყვნენ შენთან ჩვევასა,
ათნი სამ, გინა თუ ოცნი გისმენდნენ ომსა რჩევასა...
შავ გულო, სად ხარ, შენ გეტყვი, ვინ იყვი ჯილდო ძლევასა!

10
პირველ მიმართე წინმბრძოლთა დელებთა შუბოსანათა,
ხან გთქვიან კაცად, ხან ფრინვლად, ხან გმირად პილოს ტანათა.
დაჰფრიწენ მათნი წყობანი ანაზდად, მოკლე ხანათა,
კვლავ ლევანდთ გარდაელანგე, მისცემდი სისხლის ბანათა.

11
დელი ლევანდს ჰკრი, ლევანდი ბაშ-აღას მიაბრუნებდა,
ხრმალს განერკვია, მაშალა, ძღარბივით ქურქში ბრუნევდა;
მწყურვალე ხრმალი დაგეთროთ, ცათაცა შეაძრწუნებდა,
თეთრი ტაიჭი სისხლითა შეღებას არა ზრუნევდა.

12
კვლავ იქით ლეკთა ჩაუხდი, დამართნი ცისა გრეხანი,
წინა ჩაგისხდნენ დარჩევით ოსოქოლ და კატეხანი,
ერთად გამოსქდის ფინდიხი, ვითა რა მეხის ტეხანი,
გარდაუბრუნენ საფარი, მიეცათ მართ გატეხანი.

13
მოღმართ უყივლეთ გაქცეულთ, იცნეს ხმა შედგეს შენითა,
ყველაი შენთვის დაბრუნდა, თუ ვინ სად ჰრბოდა ქშენითა;
გაქცეულთ თათართ ვეღარსით გაგასწრეს წყალსა ცხენითა,
ხიდის ისარსა მისჯარენ სუნ-თათარ-ლეკნი რბენითა.

14
ზოგმან შემართა შიშითა წყალს გასვლა უფონობითა,
ზოგნი ერთმანერთს ხოცდიან, სრულად მიხდილნი ცნობითა,
არ იცოდიან, რამცა ქნან, ვერ იყვნენ ჭკუაბრძნობითა;
მი და მო ჰკაფდი უწყალოდ, მჭვრეტნი გაქებდეს მხნობითა.

15
არ მიეც გზანი სავალად, ოდენ ისარი საცოცად,
ერთი რა შედგის, უკანა წყალს გარდააგდის სახოცად,
ძვირად შეექნათ თავაზი, მუხლს გეხვეოდენ საკოცად,
ერთისა უიმედოთა ქართველთ აშოვე ას ოცად.

16
ხრმალი ჩააგენ მაძღარი, უბრძანეთ ალაფობანი,
გახდა ზრიალი, იპყრობდნენ, ვით ცხოვართ სადმე ჩობანი,
მეურდოეთა მოჰყვანდეს მათნი გმირებთა მჯობანი,
მოულოცვიდენ მეფესა, იეფდა კაცნის ძღნობანი.

17
ასრე გახშირდა ბინიში, ვით რიყე წითლად მსხდომია,
საათსა ჰყრიდნენ ყურუშად, ფოში რა მოსანდომია?!
რახტები ოქროს ცურვილი ცხენს ედვათ მოსახდომია,
ტოლომა, ქურქი, კაუხი ვერ რიცხვით მისახდომია.

18
ცხენნი მოჰყვანდეს ძვირფასნი, მისრის ნასყიდი ფრურებით,
წყლის მინაქონთა ვინ რიცხვდა, მომშთვართა თავმოძულებით,
თოფნი და ხრმალნი რჩეულნი ყაწიმ-ძეწკვებით კრულებით,
მაშინ დაგთქმიდნენ შაირსა სიბრძნით შემწყობნი მკულებით.

19
აწ მაშინდლისა ჟამისა რამცა ვითა ვთქვა ფერია,
მახსოვ შესრული ქალაქად, მით ცრემლი თვალთა მერია:
მიჯრით გამოკრფეს მნახავნი, სწყუროდათ შენი მზერია,
იგიცა დაგინატრიდენ, თუ ვინმცა გყვანდა მტერია.

20
ცოტაი ესე ნიშანი და საქმე მით მიყბედიან,
რომემცა მიცნა, ვის ვინა შორად გყავ მოამბედია,
ოდიდგან მახსოვს მე თქვენი: იყვენით ყრმად სახედია,
მუნითგან მოღმართ აქამდის შეგრტფოდის ყოვლთა ბედია.

21
სახლი გულებთა სავაჭრო გედგნეს გმირსავე ტანია,
ნარდიონს ვარჯნი ღვლარჭნილნი ღულამბრებ ანატანია,
მუნ შუბლის შარავანდობა მზის დისკოთ ნაჭვრეტანია,
ირისე ცასა ჰფერობდა, ცით კრთოდეს ამარტანია.

22
ორთავე ტოლთა ნარგისთა შორის ვარსკვლავნი თემობით,
ტოპაზის ღილთა მწყურნებთა ყორანნი სცვიდეს ჩემობით,
შაბარდუხს შური ეპოვნა, მონებდა გუგის მრწემობით,
მით თვალთა ჩემთა ღარიბთა ცრემლნი დაფარვენ მდენობით.

23
მზის სვეტის პინჩთა ნიავი ტკბილ ბერვით პალასინობდის,
მუნ გარე ბროწეულისა წყნარ ზღვებთა ზედან გჩინობდის,
ბარაინს მანგნი მოეცვნეს, ბალახშის ღელვით ლხინობდის,
მას გარე აშკი გიშრისა სისუფთეს გულმოდგინობდის.

24
სადაფთა გარე მსხდომელთა აებნეს თეთრნი ალამნი,
ყაფრად შედგმულსა მარმარსა ზე ედგნეს წყლულთა მალამნი,
ალვასა რტონი შეფრობდენ, როსტომის განასალამნი,
სამსონის ძალო ხელთაო, ხელსავე ცრემლი მალამნი.

25
ლომსა გულითა მკერდიცა ცის ლომის დაგეცაოდა,
ზურგსა მაღნიტნი აღკროდა, ფოლადთა გაეხმაოდა,
მკერდთა სიმტკიცე ანდამატს თვისებრვე დაეხაოდა,
ბეჭთა და წელთა ნაკვეთი ინდთ კალამთ შენაზაოდა.

26
მათ ქვეშე წვივთა ნაკვეთნი და მუხლთა ახილეობა,
სიმტკიცე ფერხთა ირმისებრ, ბროლთლილად თითთა წვრთილობა,
ფრჩხილთა არწივნი ნატრიდეს, აჯითა ჰქონდის ყრილობა,
სულდიდსა სული გფარფიდა, შვენოდის შენთან ზრდილობა.

27
ზრდილობად კმარდის შეხედვა უსაქმოდ ოდენ სახისა,
სახისა დაუსახისა, ვერვისგან დანაზრახისა,
დანაზრახისა თუ სადმე, ბრძენთა საქებად ახისა,
ახისა მუფარახისა, ვაი, აწ განალახისა!

28
ამას სურინ, ამად სწყურინ, აგერ სულსა განაკიდეს,
აგონდები, აღონდები, ერთსა ორად განაკიდეს,
ვაი, ვით არ, გხედავ სით არ, განატყორცი, განაკიდეს,
ესრეთ თურე აქვსყე ყურე სოფლის კვალთა განაკიდეს.


ცრემლთა მდინარე 

                                                                                სარდარო!
                                                                   რუსეთით ყარიბი
      ნაღვლისა მელნით აღმწები შავფრთოვანისა კალმისა
შევაწყვდევ გულსა სახმილისა კელიად და მუნით გამო
ხმამიწურვილი, აჰა, სადაით სად, სიხარულო, შენ გიყეფ
სიყვარული შენი, შენგან კიდეგან ქმნილი.

თ ქ მ უ ლ ი: | ს პ ა რ ს თ ა | ხ მ ი ს | რ ა ს ტ ი ს | გ უ შ ა ზ ე დ:
კ ი ლ ო | გ ლ ო ვ ი ს ა

1
ცრემლთა მდინარე, სისხლმჩინარე,
        მიპყრობს ხედვასა:
               ვითღა გიხილო?
სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიგალმან,
                     ჩემსა ბედასა
                             უსწორა კილო.
დრო მზის ფერები, ბნელ მთენები,
                     სად დაედასა,
                     ედემად ზრდილო!
ნუთუმცა გველმან, ენით მკვლელმან,
                     გმირსა ქედასა
                     დაგდვა საცილო?!
ვამე, თუ ხმითა შენცა მითა
                         შეგრთო სევდასა,
                         სცნა საწადილო!

2
ვარ ვაით მგონე, შენაღონე,
                         მომხსენი ახის,
                         აჰა, მანდა ვით!
ტანპილო ზრდილო, მე უძილო
                         ხსოვნა მაქვს სახის,
                         ყაჰრამან დავით!
მე სოფლის მდურვის, შენგან ურვის,
                         ხმა მესმა ზახის
                         არა მანდა ვით.
ამინთვნა გული, ხმელნარგული,
                         შენს გულთა მნახის
                         შესახედავით.
დამკრიბნა ზარნი საკუთარნი
                         სიცოცხლე ჭმახის,
                         გნატრი, სიკვდილო!

3
დას-დასად ყვარვა, სოფლის ფარვა
                         და ეტლი ტკბილი
                         ვინა მიგპარნა?
სწორ ვლა მთენათა ნაზენათა,
                         შენთვის ბედქმნილი
                         სად გარდედარნა?
ეს ვითა ვითნო? ჰე, ციითნო,
                         რად გრულავსთ ძილი,
                         რამან დაგფარნა?
სიტყვითი ლომი, უქმად მდგომი,
                         ვერ მზის შეყრილი
                         ვინ შეაზარნა?
ლესული ხრმალი, სისხლდამშრალი,
                         ქარქაშს ძევს ყრილი,
                         ვაჲ, უადგილო!

4
მზის დროშის ტოლნო, სოფლის მსტროლნო,
                         მოაკრბით გარედ,
                         მოიჯარენით!
თანზრდილნო გმირნო, ჩვენებრ მტირნო,
                         ვლეთ ლომის არედ,
                         ვკადროთ ბარ ენით:
ომის და ლხინის, გულმოდგინის,
                         დღე გვიხსენ მწარედ,
                         რამც ვიხარენით!
თუ არ შენითა მოთმენითა
                          გვყოფ სულის ჩარედ –
                          მტრით ვიზარენით!
თავდაყრით, ქენვით, სულთა ტკენვით
                          წარვალთ სამარედ,
                          ხელდაკრებილო!


რაც მიირეწა სოფელმან 

ოდეს რა ვიყავ სიახლედ, მასვე ვიახლებ თვალთა ღარიბთა
წინაშე დამდები და შორიშორ უცხოთა თემთა მავალი,
მას განიახლებ სისხლის ცრემლთა პატრონი.
                                                                         სარდარო!
                                                                                      ყარიბი

1
რაც მიირეწა სოფელმან, ვერღა დავსთვალე ჰამრითა,
ოდეს ვიტყოდე ენითა, სისხლი შეკუმშლის დამრითა;
მისი სიმწარე ყოველი გულს გარდამრთხმიან კამრითა,
მხოლოდ უშორეს ვლა მომცა, ვხედავცა წამიწამრითა.

2
სისხლისა ცრემლთა დაწთობა საახლოდ მომსურვებია,
ხილულთა დროთა ნიშატნი საბავთოდ მომწყურვებია,
ოდესნი ჟამნი დაგვემენ, მით თავი მომძულვებია;
ვაი, ღარიბსა ღარიბი ცრემლითა შეგეწებია!

3
გითხრაღა, გმირო, ხსენებით, ოდენ თუ ვიძლო ენითა:
ოდეს ავლაბრად მოვიდა აქალო თარეშ-ფრენითა,
ავარდი ვეფხვი სამდევროდ, გაჰყევ თეთრითა ცხენითა,
მინდორთა პირნი დაჰფარენ ლეკთა მძოვრების ფენითა.

4
მისძახდი, გმირო ბელადო: „ვინ ხარ?“ მან ხმა ჰყო: „აქალო!“
ცეცხლსა გითხოვდა, ვით თივა: „გამოვედ ჩემ კერძ აქ, ალო!“
გულმედგრად ლომმან შეჰყვირნე: „აჰა, ლომიო, ა, ქალო!“
მყის შეიხვეწა რაზმს შიგან: „სჯობსო – თქვა – თავი ვაქალო!“

5
თქვენ ოდენ შვიდნი თან გახლდენ კაცნი, სხვა არვინ მეტანი,
შვიდასთა ლეკთა დაუდგით მახენი გასაცეტანი,
მწუხრისა ჟამმან გაკმარნათ თქვენ მათი ცემა-ჟლეტანი,
მობრუნდი გამარჯვებული თეთრსავე მჯდომი მზეტანი.

6
მას აქეთ ვსთქვა თუ ყველაი, სად ვით იყავ, სადა ვით, –
ვა, თუ შეექმნას მსმენელთა უსმენნი ძნელნი სადავით,
მისთვის დავადგენ მრავალნი, მცირედსა ვიტყვი სადავით:
ვიცი, არ გიყვარს ქებანი, ჩვეულ ვარ მე თქვენსა, დავით!


ქება სოლომონ მეფისა 



1
ვსთხოვე ზენასა, მადლის მფენასა,
შენი შემკობა, მეფეთმეფეო!
მომცა მე სიტყვა, ვინც ქრისტედ ითქვა,
ვიპყარ კალამი, მელანს ვაწეო.
ჰკრთებიან ხელნი, კალმის შემხენი,
მიირთვი ესე მცირე მწვლილეო!
სწორედ არა ვთხზა, რისხვა არ მითხზა,
მვედრებელი ვარ, დიდ ხელმწიფეო!

2
მიხმს შენი ქება, თუ შემეძლება,
კეთილ თხემთაგან წარმონორჩვილო,
დავითის სქესო, მეფედ ნაწესო,
შვენიერებით აღმობუტკვილო,
სიბრძნითა ბრძენო, დავითის ძენო,
ტანად საროსებრ აღყვავებულო!
გაბრწყინვებს ღმერთი, მტერს დაჰკარ კვერთხი,
ხრმალბასრლესულო, აღზევებულო!

3
იესიანო, დავით სვიანო,
მეფევ, ღვთისაგან ამაღლებულო,
ამაღლებულო, გაბრწყინვებულო,
ღვთისაგან მეფედ დიდად ცხებულო,
გვირგვინოსანო, სკიპტრა-ხრლმოსანო,
ზესთა კურთხევით გამორჩეულო,
გონებით მდაბალ, დიდებით მაღალ,
ზესთა მადლთაგან აღცენებულო!

4
დღეს მოგცა ღმერთმან, სამებით ერთმან,
ნიში ხელმწიფის ყოვლად მოწყალის;
ხელი აღგიხვა, მტერი დაგიმხვა,
ქრისტიანები ესრეთ ეწყალვის.
აწ ამ ნიშითა მოსწყდენ შიშითა,
ვინცა ვინ იქმნეს ფრიად დიდ ძალის.
აწ მოგცეს ხრმალი, მტერთ სალახვარი,
მაჰმადის მოსავთ ი ამან დაღის.

5
დიდმან ხელმწიფემ, მტერთა განმკვეთემ,
კავალერია იღვაწა შენთვის;
გარდგკიდნა მარჯვნით, მისვადნა მარცხნით,
რათა იღვაწო ამა ერთათვის.
მარჯვენ-მარცხენით, არსიმარცხენით,
სრულიად გიცვა ამა შენთათვის,
ანდრია ხატის, ყოველთა მატის,
დასაცველი არს მარჯვ-მარცხენთათვის.

6
ხელმწიფევ დიდო, ყოველთ სადიდო,
მომლოცველი ვარ ამა ნიშნისა!
გადიდოს ღმერთმან, სამებით ერთმან,
მვედრებელი ვარ სულის წმიდისა!
სიცოცხლე მოგცეს, მტერი დაგიცეს,
მხიარულ იქმენ დღეს ამ ნიჭისა!
ამაღლდეს ტახტი, ვით არარატი,
ვერვინ შეიქმნეს მზრახე იშისა!

7
ვარსკვლავი იპყრეს, მტერი გაიპეს
პირველ მოგვებთა, ოდეს მგზავრობდენ,
ქრისტე მათ იცნეს, ეროდე ჰკიცხეს,
წინაძღომითა ადგილს სწავლობდენ.
ეგრეთვე დღესცა მტერი დაგეცა,
ოდეს ვარსკვლავი გულზე გხატობდენ.
ხატი ვარსკვლავი, შენი დამცავი,
სიხარულითა შენთან გალობდენ.


სოლომონ მეფის ეპიტაფია 

1
ადამის ძილთმან მიწა თქმისა სმენამან
მომატყვა ხმაი ურჩებით შოვებული,
მომსხლა უწყალომან სამოთხით დავითისით
ვაზი, მწდეველი ქრისტე ჩემისდა სისხლით,
ვითნე ბრძანება მეუფისა მეფემან.

2
სოლომონითმან სოლომონ მორჩ წარმომან,
მეფეთ წინ მეთქვა სვეტმან და ძემან მათმან,
აღვსთქვენ და აღვფხვრენ აგარიეთ ოსმანნი,
ჩემსა ზე მყოფნი, შენ ძლით, ღვთისა დედაო!
ვინაი აწ ვარ მიწა, მოქენე ბრალთა!

3
ოდეს ვხედვიდი, თვალ ურულოდცა ვგებდი
განხდად მდევნელთა აგარიანთა დევნით;
ვეფხფრთოვნად ბრძარვით ჭანგმახულ განფხვრა-სხლვითა
განძთა მიღებით შევმწირველობდი ძღვენთა,
აწ უტყვი სიტყვით გლოცავთ, ძმანო, შენდობად!


მზეჭაბუკ ორბელიანს 

1
დამპალო ლეშო, თვალხენეშო, გულღადარაო,
ეშმაკთ ბუდეო, ბეჭმრუდეო, კერპთ სადარაო,
არუზიანო, კუზიანო, მაწუნწარაო,
ხილვად საშიშო, გულმავიშო, გარსაგარაო,
მე შენი ქება მომენება, არ დავფარაო!

2
ბეჭ-მკერდი, კუზი და კურტუმი გაქვს უკუღმართი,
გვერდი, კისერი, პირის ფერი გონჯად დანართი,
უთლელის კუნძის შესაგვანი, ვერგასამართი,
სჯობს დაიკარგო, იმალვოდე, მოგესხას ღართი!
ეს მიკვირს: სახლში რად გიშვებენ, მეტიჩარაო?!

3
სამართალია, არღირს იყო მაგ სახელისა,
რადგან გიწვრთნია სიცრუე და ქცევა მელისა;
შენნი მიჯნურნი ველად რბიან ბროლის ყელისა:
შენმა გახეთქამ, ეშხი მოჰკლავთ შენის წელისა!
რა იქნება, რომ შენის პირით მზეს უდარაო?

4
ვინც დაგინახავს, ესრეთ იტყვის: „აი ჭაბუაო!“
ვინც კარგად გიცნობს, გაიღიმებს: „დიდი ცრუაო!“
ღამით ეშმაკსა შეგადრიან, დღისით: „ბუაო“.
კარგი რამ დაბადებულხარ, მაგ პირს: „ფუაო!“
მაგ შენმა სახემ სიცოცხლე ხომ დაგამწარაო!
მე შენი ქება მომენება, არ დავფარაო!


მირიან ბატონიშვილს 


1
კრემენჩუკს გრიგოლ უწოდა სახელად: „სახლო უკარო“,
მენიშნა, დავრთე ნებანი, თანხმობით თავი უკარო.
ყოვლის სოფლისა დესპანნი აქ ყრია განაფხუკარო,
დაბმულთა ღორთა გვამსგავსებთ, რომ გვნახოთ განატრუკარო.

2
„აიოს თეოს, აიოს“ – ამას ხშირად ხმობს გაიოს,
სტეფანა უტირაცუებს, შეაწყობს ტაღის ხმაიოს;
მაიორს ზილი წილად ხვდა, უსულით სულის დგმაიოს;
ბასისტად მანუჩარ გრგვინავს ყვავის ხმით: „ვალალ-ვაიოს“.

3
ერანით ელჩი ამაყი აწ თუ არ იცით ვითაო,
მიმოდაწრწინით იბღუნძვის ქურთუკის კუდის გვითაო.
დარბანდით მირზა სადუხი მალ-მალ ვლის ალთაფითაო,
მარცხენა წვივი გაუსქდა ამ მყრალსა სიმსივნითაო.

4
ყაზი-ყუმუხის პოსლანიკთ, ორთავე ბედთი ალიად,
შუღლი შეექმნათ იეფათ ამ უბადრუკებს მყრალიად;
ყველა შეიქნა უეჭვად თავისად დამაბრალიად,
ხინკალი შაქრად ეგონისთ, ქუმელი ხოხბის ყალიად.

5
მე ჩემი რაღა მოგითხრა: ვზი და მოგელის გულია,
თუმცა ვეღირსე ხილვასა, თაყვანსა შეგზღვნის სულია,
პაატავ, გებრალებოდე: ხსნილდება, მანდ არს გულია,
რამდენჯერ დამი აიღოს, გახსოვდე დაკარგულია!

6
ესე ასეთი მით გკადრეთ, თქვენც გტყორცოსთ ელისაბედით,
ამის მეტს რაღას დავკვესდით, ვიყვენით ძველის აბედით,
ვთქვით: თავი აღარ ვაწყინოთ, მეტი რამცა ვინ გავბედით?
კრულმცაა ამა ქალაქსა მომსვლელი თავით და ბედით!

ტაეპნი 

გიორგი, გრიგოლ, ერთად თაფლი გოლ,
გლახა, თამაზა, ერთ-ორ ლამაზა,
გოგი და ციბა, სხვას არ დავეძებ.


ასევე მეტად საყურადღებოა გოდერძი ფირალიშვილის ქვემოთ მოყვანილი ლექსი.


თუშთა, ფშავთა და ხევსურთაგან გლოვა ირაკლი მეორისა 


აღსდეგ გმირთ-გმირო, ნუ გძინავს, მტერთა ისმიან ხმანია,
გრძლად ძილის ჩვეულ როდის ხარ, მიგვიხმე უნჯნი ყმანია,
არ გნახოს მტერმან ძაბუნად, ვჰსდევნოთ, ვაკვეცნეთ თმანია,
ვართ ბრძოლად მათდა მოსრულნი, ზოგთაგან ოთხნი ძმანია.

2
გაშალე დროშა მძლეველი, წვერმახვი, მტერთა ზარია,
მოყმეთა ნახონ ფრიალი, მუნ მოსქდეს მთა და ბარია,
ქუხდეს მაჟარი, შაშხანა, ვით ზეცით მეხის გვარია,
განვჰფანტოთ მტერნი ჩვეულად, ვასვათ სასმელი მწარია.

3
განიფრთხე ძილი, ზე აღსდეგ, შთაიცვ წვრილთვალა რკინისა,
აღიღე ხელთა მაჟარი, მტერთა განმბნევი ტვინისა,
წინ მივალთ შენნი მეჭვრენი, ვითა მეგონნი ლხინისა,
შევჰსვამთ სისხლსაცა მტერთასა, უტკბეს კახეთის ღვინისა.

4
მტერს წინ წარვიქცევთ დიაცებრ, უკან იხედდენ ვეღარა,
ყოვლთვის ყოფილა ეს ესრეთ, ვინ შენზედ დაიკვეხა რა?
წარუღებთ სრულად საუნჯეთ, მთად ვჰგზავნით, დიაცთ ეხარა,
არ განიღვიძებ ბატონო, მოყმეთა რამცა გვეხარა!

5
აღვიღოთ, ძმანო, ფარ-ხმალი, ვასმინოთ ჩაჩქანთ ჩხერანი,
დავსხდეთ, დავიწყოთ ღრეობა, უყვარდის ჩვენნი მღერანი,
ცხენი მზად უდგას გმირთ-გმირსა, კაზმული ტურფად მერანი,
არ განიღვიძებს, მოსრულ არს ბედისა ჩვენის წერანი.

6
მეფე ერეკლე ჰსცოცხლობდინ აწცა და უკუნისამდე,
მტერთა თავმტეხი მეხისა, მოყმეთა მცველი აქამდე,
აწ სძინავს ბრძოლით მაშვრალსა და განიღვიძებს დილამდე,
თუ სადმე წარვალს, წარგვიყვანს, არღა გაგვიშვებს შინამდე.

7
გათენდა დილა, ბატონო, დრო არის მტერთა დასხმისა,
აღკაზმა ცხენთა და ჯორთა და მათი აღვირ ასხმისა,
კვეთა თავ-მკლავთა მტერთასა და სისხლის ველად დასხმისა,
უბრძანე ბუკთა ტკრციალი, ბანაკით ჯართა განსხმისა.

8
მზეცა აღმოხდა ქვეყანად, მაგრა ჩვენთვის კი ბნელია,
თუ შენ არ გნახავთ კაზმულსა, ჩვენი შინ წარსლვა ძნელია,
არ ჩვენ ვჰსცრემლეობთ მარტონი, ჰსტირს შენთვის მთა და ველია,
დავლეწნეთ, ძმანო, ფარ-ხმალნი რადღა გვეყრების ხელია.

9
ვიგლიჯნეთ თმა და ულვაშნი, თავშიგან ვიცეთ ლოდებით,
მიჰრულებია ნეტარსა, წარსულ არს ღვთისა წოდებით,
შევბღავლოთ ცრემლთა ფრქვევითა, თუმცა ისმინოს გოდებით,
აწ წარხდა ჩვენი ცხოვრება, გულითაც დავიკოდებით.

10
რაღადმე გვკიდავ ფარ-ხმალნი, უმისოდ ცუდი ბარგია,
დამიწდნენ თოფნი და შუბნი, მიწათ შეჰსჭამნეს კარგია,
იგი არა გვყავს საჭვრეტლად, სხვა ვიღა ვსძებნეთ ვარგია?
ჰოი, წარხდი ჩვენო ნუგეშო, დიდებავ დაგვეკარგია.

11
წარვიდეთ პირთა ხოკითა, სახლთა მიუთხრათ გლოვანი,
ვაგლოვნეთ მთანი და კლდენი, დავობლდით ჩაღმა-წოვანი,
ჩვენთანა ფშავნი-ხევსურნი, ყრმანი, ჭაბუკნი, მხცოვანნი,
ნუ შეგვშრინ ცრემლნი თვალთაგან და გულთა მისი ხსოვანი.

12
დაშთნენ მას ძენი, ძის ძენი, მათსა ვიტყოდეთ ქებასა,
გმირნი მამაცად აღზრდილნი, ჰყოფენ კეთილსა ძმობასა,
მტერთა მისცემენ პასუხსა, მოყმეთა თანხმაობასა,
აწღა გამოვჰსცნათ, მოძმენო, ვინმცა იქმს ერეკლობასა.


მოამზადა, შესავალი და ერთგვარი წანამძღვრების სახით
ამონარიდები ისტორიული თხზულებებიდან დაურთო

                                ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment