დღევანდელ დღეს, ცნობადი სახეების გარდა, საზოგადოება ძნელად არჩევს იმ ადამიანებს, ვინც გავლილ გზაზე შთამბეჭდავ ნაკვალევს ტოვებს. თუმცა გარკვეულმა პროფესიულმა ჯგუფებმა იციან მათ შესახებ. გადამფასებლებიც გამოსაჩენია, რადგან, სწორედ იმ ყბადაღებული სახელების გარდა, არიან სპეტაკი და წრფელი, მაღალი იდეალებით შთაგონებული შემოქმედნი, რომლებიც ნამდვილად პოეზიის ანკარა წყაროს დაწაფებულან და მათთვის ბუნებრივია ქვეყნის ტკივილთან და ლხინთან შეზიარება.
ამჯერად ამ შესავალს ვახტანგ გოგიჩაიშვილის პოეზია და პროზაული ნაწერები მათქმევინებს. იგი უთუოდ გამოირჩევა მოვლენათა პათეტიური გადმოცემის უნარით, მიმდინარე დროს თავის წილ სათქმელს რომ გამოსტაცებს და ფაქიზი, ნატიფი ემოციით გვაწვდის. მისი ლექსების რიტმში ხან ქარიშხალი გრგვინავს, ხან გარდასული ადამიანების სახეები იკვეთება თავისებური ხელწერით. მისი ბუნებიდან გამომდინარეობს ფხიზელი თვალი, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითქმის არანაირ შემთხვევას არ ტოვებს შეუმჩნეველად. მისთვის ჩვეულია აღქმა და სიტყვად თქმა, რაც უფრო მეტად შეიგრძნობა მისი დეკლამაციური ნიჭის წყალობით. მან გაიარა, როგორც ჩვენმა ქვეყანამ, უმძიმესი გზა; კომუნისტური რეჟიმის ნგრევისა და მის ნაცვლად ე. წ. „თავისუფალი“ აზროვნების გზა. ჩვენთვის, ქართველებისთვის, თავისუფალი აზროვნება პირდაპირ უფალთან მიმართებას ნიშნავს ისტორიულად და პრეისტორიულად. უძველესი იბერიელ-კავკასიელი ხალხი, დიახაც, დღესაც შემოქმედი ადამიანების წყალობით ცოცხლობს. მათ ნააზრევში ჩანს ერის კულტურა და მისი ფასეულობანი.
ვახტანგ გოგიჩაიშვილის პოეზიისათვის უცხოა შერყვნილი, ყალბთვლებიანი სამკაულები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი მსოფლიო, სხვა კულტურებს არ იღებდეს, პირიქით, მათი მცოდნე და დამფასებელია, როგორც ყოველი ინტელექტუალური მოაზროვნე. მას უყვარს კლასიკური მუსიკა და შესანიშნავი შემსრულებელიც გახლავთ. იგი ფლობს გერმანულ ენას და ორიგინალში კითხულობს გერმანულ ლიტერატურას, რასაც ბავშვობიდანვე აზიარეს მისმა მშობლებმა.
მისი პოეზია ჩვენი ქვეყნის სუნთქვაა მის ბაგეთაგან წარმოთქმული და ეს უკანასკნელი შეფასება, ცხადია, სხვა შემოქმედ ადამიანებზეც ვრცელდება. ამიტომ დიდი საქმეა ბუნებრივ, ნიჭიერ ხელოვანთა გამორჩევა. მეც ჩემი ხედვა გადმოვეცი მასზე და მის შემოქმედებაზე.
მისი პოეზია ნედლ რტოსა ჰგავს მუდამ მოყვავილესა და ნაყოფიერს. ეს რტო ჩვენს მიწა-წყალზე მზარდი ხის შტოა.
* * *
მისთვის დამახასიათებელია ცხოვრების სურათების აღწერა, ადამიანის სულის მოძრაობის ურთულეს მომენტებზე ყურადღების გამახვილება, გარდასულ ახლობელთა და საზოგადო მოღვაწეთა დაფასების უნარი და ეს ყველაფერი მისთვის ჩვეული რითმებით გამჭვირვალე ლექსებად ეწყობა.
მრავალი სიხარული ვუსურვოთ მას.
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი
ნიმუშები ვახტანგ გოგიჩაიშვილის პოეზიიდან
რუსთველის გამზირზე
მე საზეიმოდ გადავშლი წარსულს,
როს დავინახავ ნაცნობ ფილაქანს,
ისევ მოვძებნი მშვენიერ ასულს
და აღარ მივცემ არსად გასაქანს.
მე კვლავ დავივლი შენს ამაყ სივრცეს,
სადაც თვალები ეტრფიან ფერებს,
ეს სილამაზე ათასებს მისცეს
და ათასებმა ეს შეიფერეს.
მე გადავლახავ ატალღულ გამზირს,
გულს გამიხსნიან წარბთა მშვილდები,
ისევ იფეთქებს ოცნება ნაზი
და ათრთოლებას ვერ ავცილდები.
მე მიხარია, ჩვილი ყრმა ჩრდილში
მოსიყვარულედ როცა ტიტინებს
და ყვავილოვან შტოთა ღიმილში
მივულაციცებ ტურფა ბილილებს.
საუკუნეთა სუნთქვას ჩვეული
ჩუმად იღვიძებს ოპერის ბაღი
და ყველასაგან გამორჩეული
სხივებს ირეკლავს ქაშვეთის თაღი.
ჭადრებს და ბუჩქებს ვეჩურჩულები
და რომც არ ვამცნო, მათაც იციან,
რომ შენს გამზირზე მარად ულევი
გრძნობით უვლიათ ლადოს, ტიციანს.
და როს გავხედავ წვით მამადავითს,
სულს ჩაეღვრება კვლავ ალიონი, –
აქ აყოვნებდა არეულ ნაბიჯს
ღამენათევი გალაკტიონი.
ნუ მომაგონებ წარსულის ნაღველს,
ნუ გამახსენებ ტანჯვა-წამებას,
მე ვადღეგრძელებ ყველა იმ ქართველს,
ვინც დაიმკვიდრა აქ უკვდავება.
გული სიახლით დაიწყებს ძგერას,
როცა შევიგრძნობ ნაცნობ ფილაქანს,
მე გამოვიჭერ შენს ბავშვურ მზერას
და აღარ მოგცემ არსად გასაქანს!
1977
მამაჩემი
ის ახლაც მიდგას ყოველდღე მხარში,
ჩუმად მკარნახობს და ჩუმად მზვერავს
და უკურნებელ სევდასაც დაშლის
ეს გამჭრიახი, ნათელი მზერა.
ის ახლაც ხელში განუყრელ ტომით
კვლავ შემხვდება და სიმხნეს მანიჭებს
და დაქანცული დღიური შრომით
სადარბაზოსკენ ითვლის ნაბიჯებს.
და თუ სიწმინდეს სიმუხთლე ფარავს,
რამ დაავიწყოს მებრძოლის წვლილი –
უხმოდ დატოვებს კრიალა დარბაზს
და ქარში ივლის თმააწეწილი;
მაშინ იფეთქებს კვლავ უთავბოლოდ
აზრი სიწმინდის და მხურვალების
და მოგონებად დარჩება მხოლოდ
გაოცებული, ცივი თვალები...
ის ახლაც მიდგას ყოველდღე მხარში,
ისევ მკარნახობს და ისევ მზვერავს
და იმ წარსულსაც, ვედრებით დაშლილს,
კვლავ დაუტოვებს შუქსავსე მზერას.
1977
ქაშვეთის ზარები
ჰე, ქართველებო, ისმინეთ, რეკავენ ძველი ზარები!
ამ უწმინდესი ჰანგებით გაიღო სევდის კარები,
მოაწყდნენ ტაძარს ზღვასაებრ მამულიშვილნი სანდონი,
ამ გზაზე გამოატარეს დღეს კონსტანტინე ბატონი.
მზე იყო თვალებჩამქრალი, ზარებმა იწყეს გოდება,
ამ შეუწყვეტელ ფეხის ხმას ერწყმოდა მძლე მოწოდება,
წარსულით განახელებმა იმძლავრა ხალხის მორევმა
და ზეასწია სათუთად არსაკიძე და შორენა.
ოხრავდნენ წმინდა მამები, ოხრავდნენ მძიმედ, თავისთვის,
ეზმანებოდათ ლომგული, მეფეთა-მეფე დავითი,
კუბო მიჰქონდათ არწივებს, იჩრდილებოდა ცარგვალი...
ო, არასოდეს ნახულა დასაფლავება ამგვარი.
მიჰქონდათ კუბო სათუთად, ყველას ერჩოდა ძალ-ღონე,
იძურწებოდა დუშმანი, ზარების რეკვის გამგონე,
მიაცილებდა ბუმბერაზს ვარდების ზღვა მეწამული,
და შეძახილი: ქართველნო, საქმით გიყვარდეთ მამული!
საუკუნოვან გმირების მუდმივ ალაგთა მთოველი
შფოთავდა მცხეთა-ქალაქის ჭაღარა სვეტიცხოველი,
მუხლმოყრით იდგა ქაშვეთი, ზარების რეკვით დამწვარი
და რუსთაველის გამზირზე ელავდა წმინდა ლამპარი.
წარსულზე ჩემმა ზმანებამ ზეცაში შეკრა კამარა,
ფრთაგამოსხმულმა ჭაბუკმა წრფელი ცრემლები დაღვარა.
დიოდნენ ულევ ნაკადად მამულიშვილნი სანდონი,
ამ გზაზე გამოატარეს დღეს კონსტანტინე ბატონი...
ისევ რეკავდნენ ქაშვეთის მაღალხმიანი ზარები,
ზარები – დიად წარსულზე მარადჟამს მგლოვიარენი.
1978
ვით დავივიწყო
მიხეილ მესხს
ვით დავივიწყო მქუხარე ტაში,
როცა მინდორზე პირველად გნახე,
გულს იტაცებდა შენს მიმოხვრაში
ვირტუოზობა და სიამაყე.
ცაგადასერილ მეტეორს ჰგავდი,
გვევლინებოდი მირაჟად იქნებ,
იმ თვალშეუვლებ ფინტთა ლაზათით
რომ მოცელავდი დამცველთა რიგებს.
დანავარდობდი ხუჭუჭა ბიჭი,
ქშინავდა მცველი თმააწეწილი,
ჰყვაოდა შენი ხალასი ნიჭი,
როგორც ველებზე მწვანე ჯეჯილი.
ასახელებდი სამშობლოს ყველგან, –
ათობით გრინთან და შაფრანეკთან,
მაგრამ ფანდების დაქსელვა ბედმა
ვაგლახ, ბოლომდე არ დაგანება.
გაცილებისას იარის მქონე
კვლავ ივსებოდი ჭაბუკურ ცეცხლით
და გუგუნებდა კვლავ სტადიონი:
მიხეილ მესხი, მიხეილ მესხი...
1978
ღამით გალაკტიონთან
მამადავითზე კამკამა ღამით
მწველმა ზრახვებმა დაიდეს ბინა,
ქროდნენ აჩრდილნი ნანატრ სიამით,
გულსაც ნუგეში კვლავ მოევლინა.
დიდხანს ვიყავი ჩაფიქრებული,
მესხურებოდა ციდან მირონი
და ჩურჩულებდა ვარსკვლავთ კრებული:
გალაკტიონი, გალაკტიონი.
ზეცით მოფენილ გასხივოსნებით
დაბინდულ მხარეს დაესხა რეტი,
უეცრად შეკრთა ამო ოცნებით
დამძიმებული მაღალი სვეტი.
შორით აღიძრა ბედით ნაფერი
ლურჯა ცხენების გამოქროლება,
როგორც ნიადაგ მიუსაფარი
შფოთვა, სიწრფელე, გამოგლოვება.
ნელა აღზევდა მიძინებული,
ქალწულებრივი, მხურვალე ლოცვა
და კაეშნიან პოეტის სული
თეთროვან გუმბათს გადაელოცა.
იმოსებოდა ამ სასოებით
მეფურ ლანდების ეს არემარე
და სიდიადით ნასაზრდოები
ვერცხლებს ჰფანტავდა მთაწმინდის მთვარე.
სულმა, ვედრებით ცაში აჭრილმა,
ჰპოვა ბილიკი გადანათელი...
ნაზად იწოდა მბორგავ აჩრდილთან
ერთადერთი გზის შორი სანთელი.
შემოიქარგა გზა უკვდავების
აფერადებულ სხივთა მძივებით
და შრიალებდნენ დემონის ფრთები
დაუფარავი შურისძიებით.
ოჰ, რა იხსნიდა ამ სითამამეს!
მდუმარე სვეტებს გაუკრთათ ძილი,
ახმიანებდა მოთენთილ ღამეს
მთიებს მინდობილ სულის ყივილი.
დიდხანს ვიდექი გულდაყურსული,
ტანს ეფრქვეოდა ციდან მირონი
და მომესმოდა ვარსკვლავთ ჩურჩული:
გალაკტიონი, გალაკტიონი...
1978
1937
მამულის თავზე ბრუნავდნენ წლები
სისხლის რუებით, კბილების ღრჭენით,
ერი, მრავალის მთმენი და მძლევი,
ბედს პასუხობდა თვის გადარჩენით.
მეოცეშიაც თუმცაღა ბევრი
წელი სეტყვავდა სიწრფელეს, მაისს,
ცაც შეიღება მეწამულ ფერით,
ოცდაჩვიდმეტო, შენ სხვა ხარ მაინც.
დღმდე არ ცხრება წარსულზე დარდი,
ვინ განგვიმარტოს შენზევე უკეთ,
ანაზდეულად რად ახანძარდი
და ყვავილები რად გადაბუგე;
რად დააღამე მგოსნური მზერა,
სივრცედგაშლილი ამაყი ხელი,
რად გააცივე ქართული კერა,
რად იყავ ყოვლის უარმყოფელი?!
რად მოაზღვავე ცრემლი ულევი?
/არგუნე თალხი შენ თვით ცხოვრებას/
ო, რად იყავი ლანგ-თემურების
და მაჰმად-ხანის განმეორება?!
რად დაგვიტოვე მარადი წყლული?
ვინ განგვიმარტოს შენზევე უკეთ...
ყრმა, შენს აკვანში დაბადებული,
ორმოცდაათი წლისაა უკვე.
მამულის თავზე ბრუნავდნენ წლები
სისხლის რუებით, კბილების ღრჭენით,
ერი, მრავალის მთმენი და მძლევი,
ბედს პასუხობდა თვის გადარჩენით.
მეოცეშიაც თუმცაღა ბევრი
წელი სეტყვავდა სიწრფელეს, მაისს,
ცაც შეიღება მეწამულ ფერით,
ოცდჩვიდმეტო, შენ სხვა ხარ მაინც.
1987
ფიქრები შორ პლანეტაზე,
ანუ ტერენტი გრანელის ერთი ღამე
შლეგი ოცნება სივრცეში მიქრის,
მინაზე ჟინჟღლავს წვიმა წყვეტილი
და ასანთლდები ღამეულ ფიქრით
და უძილობით ქანცგაწყვეტილი.
აღარ გშორდება ფიქრები ავი
და ამაოა ამ ცეცხლის ქრობა,
ვის განუცდია ნეტავ შენსავით
ეს სიმარტოვე და პატიმრობა!
წმინდა გარემოც შენებრ ნაზია,
ბებერ საყდართან ბუტბუტებს ქარი,
შენი თვალები ზეცით სავსეა
და გსურს გაქროლა მოუსვენარი.
შენ გეცოტავა, შენთვის დაბინდდა
ეს სინამდვილე ყოველდღიური
და აცრემლებულს უფრორე გინდა
გაფრთიანებდეს ჟინი ციური.
მოუწყენიათ სამრეკლოს ზარებს,
ჩათვლემილია ნისლში მთა-ველი,
ვინ მოგიშუშებს სულის იარებს?
არსაიდან ჩანს მწე და მფარველი;
და მიილევა ეს ღამეც ასე,
გულში გრძნეული ჰანგი იღვრება,
შენ ჟრჟოლვით ფიქრობ შორ პლანეტაზე
„და სიკვდილს უდრის ეს დაფიქრება“.
ფიქრობ, ეს ფიქრი ცხოვრებას იცავს,
მას მიაქანებს ხომალდი მალი
და ჭვრეტს ბურთივით დღეს დედამიწას
ადამის შვილი ფრთადაუმცხრალი.
1987
ენავ ქართულო
ეს მერამდენედ შენით ჩაიცვა
რვალის ბეგთარი მთლად საქართველომ,
შენ ასწლეულთა სუნთქვამ დაგიცვა
ენავ ღვთიურო,
ენავ ნათელო.
შენთან შეხებით ბნელეთს მიეცეს
ყველა ორპირი, ყველა უმართლო,
შენი მზეობით ვძლევდეთ სიბეცეს,
თვით მონურ უღელს
ენავ გულქართლო.
ზოგჯერ გბილწავენ ძეგლზე, აბრებზე,
ზოგი ვაგლახად მეტსაც კადრულობს,
ისევ აგეშვას ცისკენ აფრები
ენავ ქართულო,
სულდგმავ ქართულო.
ათი წლის წინათ იყავ ზვარაკი...
ერის სიმტკიცე ისევ გეჭედოს
ილიას ენავ, ენავ აკაკის,
ჩვენო ხატებავ,
ჩვენო სვე-ბედო.
1988
გამოთხოვება
ვუძღვნი მერაბ კოსტავას ხსოვნას
ირყევა გოდოლი და თრთიან მინები,
დევგმირულ სხეულით მნათობებს მინებდი,
ვით გვეგრძნო, აგრერიგ მსწრაფლ მიიძინებდი,
მერაბ, უდრეკო სულო.
იბარებს მთაწმინდა ზეციურ ლოცვებით
შენს ცხელ გულს, აბაზმულს მერმისზე ოცნებით,
მიდიხარ გოლგოთურ გზის გასხივოსნებით,
მერაბ, ბედისგან კრულო.
გადმოსდით გვირგვინებს ფოშფოში ცრემლებად,
ვაზის ჯვრის ხატება კუბოს თავს ევლება,
ო, წმინდა მიწაშიც ვით მოგესვენება,
მერაბ, ერისა წყლულო.
გვჯეროდეს, ქარბუქით ხელახლა აავსებ
შენი ხმის ბუბუნში მღვიძარე ათასებს,
დღეს მთლად საქართველო წესისებრ გაფასებს,
მერაბ, ლეგენდად თქმულო.
1989
არ დაცხრა გული
ვუძღვნი დედის დაბადების 70-ე წლისთავს
ო, არ კმაროდა თითქოსდა ცრემლი
ანდა ღამეთა ფიქრებში თევა,
ამ შავი ბედით, ფრთადაუხრელით
მავანთა გესლმა დაიწყო ნთხევა.
გიორკეცებდნენ ნაღველს და ურვას,
/ვაი, ერთხელაც ვერ მოვუსწარი!/
როს ავისმქმნელად რეკავდა თურმე
სატელეფონო, მაცდური ზარი.
დედავ, ძვირფასო და საყვარელო!
უკვე არ ჩანდა არსაით შველა,
უნდა უღმერთო საფლავზე გევლო
და დღენიადაგ დნებოდი ნელა...
ერთ წყნარ საღამოს დამადექ თავზე
შენ, ამქვეყნიურ სიმუხთლის მცნობი,
უკანასკნელად, ეკლებით სავსემ
მომიალერსე დედური გრძნობით.
გაფრინდნენ წლები... არ დაცხრა გული,
ჭირს ძველებურად მარტოკა ყოფნა,
რამეთუ დროა კვლავ მოჟამული,
რამეთუ რბიან ჭინკები სოფლად.
1992
ნანატრი სახე
ნანა ესაკიას ხსოვნას
პირისპირ დგომა, ლოდინის წუთი,
ანგელოზური ნაკვთები სახის,
გრძნობებით ყელში გაჩრილი ბურთი,
მკაცრი ტრიალი სვე-ბედის ჩარხის;
წინ – შენი სული, როგორც შუქურა,
უკან – ქვის კიბე, ნახევრად ბნელი,
როგორ მცოდნოდა! ეს იყო თურმე
ჩვენი შეხვედრა უკანასკნელი...
აღარ მეღირსა აღსავსეს წვითა
თქმა სამიჯნურო, თქმა გადამწყვეტი,
ისე დაგვშორდი, ამ ღვართქაფიდან
არ შეგხებია არც ერთი წვეთი.
დაღველფდა ვნება განვლილი წლებით,
ორთავ მივყევით საკუთარ შარას,
სანამდე მრავალჭირგანაძლები
გული ხელახლა არ შეგეყარა.
ეკრანზე გაჩნდა შავარშიანი
ნანატრი სახე, ნანატრი მზერა
და შემკობილმა ფაქიზი ჰანგით
ებანმა კვნესით კვლავ გაიჟღერა...
ხსენებას ცრემლი ისევ თან ახლავს,
ღამეულ ფიქრში თეთრდება თმები,
მზრუნველი დედა – სად წევხარ ახლა,
უბიწო მსხვერპლი ბოროტი ნების?!
პირისპირ დგომა, ლოდინის წუთი,
ანგელოზური ნაკვთები სახის,
გრძნობებით ყელში გაჩრილი ბურთი,
უღვთო ტრიალი სვე-ბედის ჩარხის...
1993
30 აგვისტო
მთაზე დაკლაკნილ ბილიკით მავალს
მამაკაცთ გუნდის მოგესმის მღერა,
მამადავითის გიზიდავს ჰავა,
გულიც ჭაბუკურ ხალისით ღელავს.
მიეახლები დიდებულ აჩრდილს,
აქ შეკრებილებს გაარჩევ ნათლად,
მიჰყავხარ ჰანგებს, ზეცისკენ აჭრილს,
გადადნობილი ელვარე სანთლად.
ისევ აგავსებს ღვთიური შუქი
ილია მართლის საფლავთან მისვლით,
ოთხმოცდაათი წელია უკვე,
რაც დაიღვარა მოწამის სისხლი.
ოთხმოცდაათი წელია, რაც კი
აღარ კიაფობს ორბული მზერა...
ვაი, მამულო! დიდ შვილთა ფარცხვით
ვერრა გვასწავლოს ამა დღემ ჯერაც.
1997
სტუმრობა
გივი ტაბახმელაშვილს
დღე მოგონებებს ტალღებად არწევს,
სხვა არის მაინც წარსულის განცდა,
შეხვედრა მძაფრი ზოდებად მაწევს
თმაშეთხელებულ, ძარღვიან კაცთან.
„დარეკვისათვის მადლობა დიდი,
მობრძანდით, გელით ბატონო გივი“,
წყვილს ხელებგაშლილს, მწყურვალ თვალს ვკიდებ,
ფოტოებს ადგას ტკბილ დროის სხივი.
ჰა, გახდილია ქათიბი, ჩოხა,
ანთებდით ქარ-ცეცხლს სცენაზე ორნი,
ლაღ „ქისტაურსაც“ ვარდები მოჰყვა,
მოისმის სადღაც ტაშისხმა შორი.
გაიფანტება შავ წლების ბოლი,
დიდდება უფრო არდილი დედის,
ქუხს ალბერტ-ჰოლი... ეს მონაყოლი
მხურვალე ტანში შარბათად შედის.
ამ წუთებს ნეტა რა გადასწონის...
მორჩა სატანურ თვალების ზვრევაც,
მომელის ისევ მოკრებილ გონით
გულიდან დაძრულ სტრიქონთა წერა.
2004
სულმნათი
იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების
100 წლისთავის გამო
მოვძებნე წიგნი ყდაგაცრეცილი,
გახუნებული, თხელი ფურცლებით,
როგორ ვაკადრო წარსულს წერტილი,
აჩქროლებულა გული უძღები.
შენით შევიცან ჩვენო სულმნათო
დიდი გმირების წმინდა სახელი,
გზა ნაღდ ქართველებს მათ გაუნათონ,
გზა – ბნელ ღამეთა ბევრჯერ მნახველი.
მამულის ტრფობით ვიყოთ დაჭრილი,
მათ სახელს ლოცვით გავიმეორებთ,
შორით ჩნდებიან მკრთალნი აჩრდილნი:
ცოტნე, იოთამ, ბერი თევდორე.
ლხენად უჩანდეთ ფრთალაღ არწივთა
ღვიძლი ერისთვის თავის გაწირვა,
საქართველოზე ფიქრში დაფერფვლაც
მათგან გადმოდის შემწე-მფარველად.
ხრმალსაც ირაკლის უჭკნობ დიდებით
აქვს არაერთი მხარე მოვლილი...
ეს „დედაენა“ – ალმოკიდებით
ყრმათა სულშია ღრმდ ჩაქსოვილი.
მწმენდს თხრობა მწუხრში, დილაარდიან,
ოხვრა, ვაება ახლად იწყება...
ბრძენო იაკობ! საქმეს მადლიანს
ნუმც მიეკაროს მტვრით დავიწყება.
15 ივლისი 2012 წელი
ფილმი
ვუძღვნი მიხეილ გოგიჩაიშვილის ხსოვნას
ფრესკებს და ტაძრებს, ძველ საგალობლებს
თქვენს ლამაზ ფილმში მოაფენთ უხვად,
ადიდებთ მისით ქვეყანას მშობელს,
გულს ის წარსულში მძლედ შემოუძღვა.
ზოგთა სახეზე ალმური ჩნდება,
მნახველთა შორის მოისმის ღრენა,
კადრებში სცნობენ ღვთის მობრუნებას,
უნდათ აკრძალვა... დუმდება ენა.
თვალებსაც ლიბრი ვით გადაეკრას,
ჩარევა უწევს კულტურის თავკაცს*,
ექვსიოდ კაცი კვლავ უმზერს ეკრანს,
გაიმართება მსჯელობა აქაც.
ბატონო ვახტანგ, ბატონო ოთარ**
ფილმს ორივენი შედევრდ ნათლავთ,
თავკაციც განა სხვათაებრ სცოდავს,
სიტყვები მისი მოისმის მართლად:
„ო, თუკი ვუვლით ჯვარს, სვეტიცხოველს,
საგალობლებსაც სჭირდება დაცვა“...
არ უშინდება ნათელ აზრს ყოველს,
თუნდ „ძლიერებმა“ ჯვარზედაც აცვან.
„გვმართებს უთუოდ მონახვა ფორმის,
დანარჩენს ვიღებ საკუთარ თვზე“,
საქმის ბოლომდე მიყვანის მნდომი
არის ეროვნულ ღირსებით სავსე.
ეს თქვენი ხსნაა, სოსო და ანზორ***,
ნიჭიერება ვით დაიჩრდილოს,
ვარდები სუსხმა როდი დააზროს,
ქმნილება თქვენი ბევრს ელის ჯილდოს.
ორმოცზე მეტი წელია უკვე,
რაც იგი ათბობს სულიერ ყოფას,
ძველებურ ხიბლით კვლავ აჩუქურთმებს
აღდგომა დღესა და გიორგობას.
24-26 მაისი 2013 წელი
* ცეკას მდივანი მიხეილ გოგიჩაიშვილი
** აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე, კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი
*** ფილმ „ძველი ქართული საგალობლების“ (1970 წ.) ავტორები: სოსო ჩხაიძე, ანზორ ერქომაიშვილი
გამკობ სტროფებით
თაკოს
ქუჩიდან გჭვრეტდი, ეკრანთან მყოფი
სერავდი სივრცეს ელვარე ღიმით,
ვით ვიფიქრებდი, სილაღის ხმობით
თუ იხუვლებდა მდუმარე სიმი.
დღეს ახლოს გნახე, ფერებით სავსე,
ო, ამ დანახვით გაშტერდა თვალი,
გამოჩენილი ჩემს ვიწრო გზაზე
ხარ ცისიერი, ხარ დედოფალი.
ჟამმა ვერ შეძლო მეობის მართვა,
სტროფებით გამკობ შენ – ჩრდილუკარებს,
გონამღვრეული ხელახლა მზად ვარ,
მძაფრ მიჯნურობის მივენდო ქარებს.
მინდება შენს წინ დავემხო ფერხთით,
შემოგღაღადო უტურფეს ასულს...
ხიწვებშემოცლილ ამ გულის ფეთქვით
მყის უკუვაგდებ სევდიან წარსულს.
ფესვებმაგარი, ამაყი მოდგმა
კვლავ მიწილადებს სიმტკიცეს რვალის,
ჩვენს დაწყვილებით, ვუწყ, შევძლებ რომ ვთქვა:
გადახდილია მთავარი ვალი.
2014
ამჯერად ამ შესავალს ვახტანგ გოგიჩაიშვილის პოეზია და პროზაული ნაწერები მათქმევინებს. იგი უთუოდ გამოირჩევა მოვლენათა პათეტიური გადმოცემის უნარით, მიმდინარე დროს თავის წილ სათქმელს რომ გამოსტაცებს და ფაქიზი, ნატიფი ემოციით გვაწვდის. მისი ლექსების რიტმში ხან ქარიშხალი გრგვინავს, ხან გარდასული ადამიანების სახეები იკვეთება თავისებური ხელწერით. მისი ბუნებიდან გამომდინარეობს ფხიზელი თვალი, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითქმის არანაირ შემთხვევას არ ტოვებს შეუმჩნეველად. მისთვის ჩვეულია აღქმა და სიტყვად თქმა, რაც უფრო მეტად შეიგრძნობა მისი დეკლამაციური ნიჭის წყალობით. მან გაიარა, როგორც ჩვენმა ქვეყანამ, უმძიმესი გზა; კომუნისტური რეჟიმის ნგრევისა და მის ნაცვლად ე. წ. „თავისუფალი“ აზროვნების გზა. ჩვენთვის, ქართველებისთვის, თავისუფალი აზროვნება პირდაპირ უფალთან მიმართებას ნიშნავს ისტორიულად და პრეისტორიულად. უძველესი იბერიელ-კავკასიელი ხალხი, დიახაც, დღესაც შემოქმედი ადამიანების წყალობით ცოცხლობს. მათ ნააზრევში ჩანს ერის კულტურა და მისი ფასეულობანი.
ვახტანგ გოგიჩაიშვილის პოეზიისათვის უცხოა შერყვნილი, ყალბთვლებიანი სამკაულები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი მსოფლიო, სხვა კულტურებს არ იღებდეს, პირიქით, მათი მცოდნე და დამფასებელია, როგორც ყოველი ინტელექტუალური მოაზროვნე. მას უყვარს კლასიკური მუსიკა და შესანიშნავი შემსრულებელიც გახლავთ. იგი ფლობს გერმანულ ენას და ორიგინალში კითხულობს გერმანულ ლიტერატურას, რასაც ბავშვობიდანვე აზიარეს მისმა მშობლებმა.
მისი პოეზია ჩვენი ქვეყნის სუნთქვაა მის ბაგეთაგან წარმოთქმული და ეს უკანასკნელი შეფასება, ცხადია, სხვა შემოქმედ ადამიანებზეც ვრცელდება. ამიტომ დიდი საქმეა ბუნებრივ, ნიჭიერ ხელოვანთა გამორჩევა. მეც ჩემი ხედვა გადმოვეცი მასზე და მის შემოქმედებაზე.
მისი პოეზია ნედლ რტოსა ჰგავს მუდამ მოყვავილესა და ნაყოფიერს. ეს რტო ჩვენს მიწა-წყალზე მზარდი ხის შტოა.
* * *
მისთვის დამახასიათებელია ცხოვრების სურათების აღწერა, ადამიანის სულის მოძრაობის ურთულეს მომენტებზე ყურადღების გამახვილება, გარდასულ ახლობელთა და საზოგადო მოღვაწეთა დაფასების უნარი და ეს ყველაფერი მისთვის ჩვეული რითმებით გამჭვირვალე ლექსებად ეწყობა.
მრავალი სიხარული ვუსურვოთ მას.
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი
ნიმუშები ვახტანგ გოგიჩაიშვილის პოეზიიდან
რუსთველის გამზირზე
მე საზეიმოდ გადავშლი წარსულს,
როს დავინახავ ნაცნობ ფილაქანს,
ისევ მოვძებნი მშვენიერ ასულს
და აღარ მივცემ არსად გასაქანს.
მე კვლავ დავივლი შენს ამაყ სივრცეს,
სადაც თვალები ეტრფიან ფერებს,
ეს სილამაზე ათასებს მისცეს
და ათასებმა ეს შეიფერეს.
მე გადავლახავ ატალღულ გამზირს,
გულს გამიხსნიან წარბთა მშვილდები,
ისევ იფეთქებს ოცნება ნაზი
და ათრთოლებას ვერ ავცილდები.
მე მიხარია, ჩვილი ყრმა ჩრდილში
მოსიყვარულედ როცა ტიტინებს
და ყვავილოვან შტოთა ღიმილში
მივულაციცებ ტურფა ბილილებს.
საუკუნეთა სუნთქვას ჩვეული
ჩუმად იღვიძებს ოპერის ბაღი
და ყველასაგან გამორჩეული
სხივებს ირეკლავს ქაშვეთის თაღი.
ჭადრებს და ბუჩქებს ვეჩურჩულები
და რომც არ ვამცნო, მათაც იციან,
რომ შენს გამზირზე მარად ულევი
გრძნობით უვლიათ ლადოს, ტიციანს.
და როს გავხედავ წვით მამადავითს,
სულს ჩაეღვრება კვლავ ალიონი, –
აქ აყოვნებდა არეულ ნაბიჯს
ღამენათევი გალაკტიონი.
ნუ მომაგონებ წარსულის ნაღველს,
ნუ გამახსენებ ტანჯვა-წამებას,
მე ვადღეგრძელებ ყველა იმ ქართველს,
ვინც დაიმკვიდრა აქ უკვდავება.
გული სიახლით დაიწყებს ძგერას,
როცა შევიგრძნობ ნაცნობ ფილაქანს,
მე გამოვიჭერ შენს ბავშვურ მზერას
და აღარ მოგცემ არსად გასაქანს!
1977
მამაჩემი
ის ახლაც მიდგას ყოველდღე მხარში,
ჩუმად მკარნახობს და ჩუმად მზვერავს
და უკურნებელ სევდასაც დაშლის
ეს გამჭრიახი, ნათელი მზერა.
ის ახლაც ხელში განუყრელ ტომით
კვლავ შემხვდება და სიმხნეს მანიჭებს
და დაქანცული დღიური შრომით
სადარბაზოსკენ ითვლის ნაბიჯებს.
და თუ სიწმინდეს სიმუხთლე ფარავს,
რამ დაავიწყოს მებრძოლის წვლილი –
უხმოდ დატოვებს კრიალა დარბაზს
და ქარში ივლის თმააწეწილი;
მაშინ იფეთქებს კვლავ უთავბოლოდ
აზრი სიწმინდის და მხურვალების
და მოგონებად დარჩება მხოლოდ
გაოცებული, ცივი თვალები...
ის ახლაც მიდგას ყოველდღე მხარში,
ისევ მკარნახობს და ისევ მზვერავს
და იმ წარსულსაც, ვედრებით დაშლილს,
კვლავ დაუტოვებს შუქსავსე მზერას.
1977
ქაშვეთის ზარები
ჰე, ქართველებო, ისმინეთ, რეკავენ ძველი ზარები!
ამ უწმინდესი ჰანგებით გაიღო სევდის კარები,
მოაწყდნენ ტაძარს ზღვასაებრ მამულიშვილნი სანდონი,
ამ გზაზე გამოატარეს დღეს კონსტანტინე ბატონი.
მზე იყო თვალებჩამქრალი, ზარებმა იწყეს გოდება,
ამ შეუწყვეტელ ფეხის ხმას ერწყმოდა მძლე მოწოდება,
წარსულით განახელებმა იმძლავრა ხალხის მორევმა
და ზეასწია სათუთად არსაკიძე და შორენა.
ოხრავდნენ წმინდა მამები, ოხრავდნენ მძიმედ, თავისთვის,
ეზმანებოდათ ლომგული, მეფეთა-მეფე დავითი,
კუბო მიჰქონდათ არწივებს, იჩრდილებოდა ცარგვალი...
ო, არასოდეს ნახულა დასაფლავება ამგვარი.
მიჰქონდათ კუბო სათუთად, ყველას ერჩოდა ძალ-ღონე,
იძურწებოდა დუშმანი, ზარების რეკვის გამგონე,
მიაცილებდა ბუმბერაზს ვარდების ზღვა მეწამული,
და შეძახილი: ქართველნო, საქმით გიყვარდეთ მამული!
საუკუნოვან გმირების მუდმივ ალაგთა მთოველი
შფოთავდა მცხეთა-ქალაქის ჭაღარა სვეტიცხოველი,
მუხლმოყრით იდგა ქაშვეთი, ზარების რეკვით დამწვარი
და რუსთაველის გამზირზე ელავდა წმინდა ლამპარი.
წარსულზე ჩემმა ზმანებამ ზეცაში შეკრა კამარა,
ფრთაგამოსხმულმა ჭაბუკმა წრფელი ცრემლები დაღვარა.
დიოდნენ ულევ ნაკადად მამულიშვილნი სანდონი,
ამ გზაზე გამოატარეს დღეს კონსტანტინე ბატონი...
ისევ რეკავდნენ ქაშვეთის მაღალხმიანი ზარები,
ზარები – დიად წარსულზე მარადჟამს მგლოვიარენი.
1978
ვით დავივიწყო
მიხეილ მესხს
ვით დავივიწყო მქუხარე ტაში,
როცა მინდორზე პირველად გნახე,
გულს იტაცებდა შენს მიმოხვრაში
ვირტუოზობა და სიამაყე.
ცაგადასერილ მეტეორს ჰგავდი,
გვევლინებოდი მირაჟად იქნებ,
იმ თვალშეუვლებ ფინტთა ლაზათით
რომ მოცელავდი დამცველთა რიგებს.
დანავარდობდი ხუჭუჭა ბიჭი,
ქშინავდა მცველი თმააწეწილი,
ჰყვაოდა შენი ხალასი ნიჭი,
როგორც ველებზე მწვანე ჯეჯილი.
ასახელებდი სამშობლოს ყველგან, –
ათობით გრინთან და შაფრანეკთან,
მაგრამ ფანდების დაქსელვა ბედმა
ვაგლახ, ბოლომდე არ დაგანება.
გაცილებისას იარის მქონე
კვლავ ივსებოდი ჭაბუკურ ცეცხლით
და გუგუნებდა კვლავ სტადიონი:
მიხეილ მესხი, მიხეილ მესხი...
1978
ღამით გალაკტიონთან
მამადავითზე კამკამა ღამით
მწველმა ზრახვებმა დაიდეს ბინა,
ქროდნენ აჩრდილნი ნანატრ სიამით,
გულსაც ნუგეში კვლავ მოევლინა.
დიდხანს ვიყავი ჩაფიქრებული,
მესხურებოდა ციდან მირონი
და ჩურჩულებდა ვარსკვლავთ კრებული:
გალაკტიონი, გალაკტიონი.
ზეცით მოფენილ გასხივოსნებით
დაბინდულ მხარეს დაესხა რეტი,
უეცრად შეკრთა ამო ოცნებით
დამძიმებული მაღალი სვეტი.
შორით აღიძრა ბედით ნაფერი
ლურჯა ცხენების გამოქროლება,
როგორც ნიადაგ მიუსაფარი
შფოთვა, სიწრფელე, გამოგლოვება.
ნელა აღზევდა მიძინებული,
ქალწულებრივი, მხურვალე ლოცვა
და კაეშნიან პოეტის სული
თეთროვან გუმბათს გადაელოცა.
იმოსებოდა ამ სასოებით
მეფურ ლანდების ეს არემარე
და სიდიადით ნასაზრდოები
ვერცხლებს ჰფანტავდა მთაწმინდის მთვარე.
სულმა, ვედრებით ცაში აჭრილმა,
ჰპოვა ბილიკი გადანათელი...
ნაზად იწოდა მბორგავ აჩრდილთან
ერთადერთი გზის შორი სანთელი.
შემოიქარგა გზა უკვდავების
აფერადებულ სხივთა მძივებით
და შრიალებდნენ დემონის ფრთები
დაუფარავი შურისძიებით.
ოჰ, რა იხსნიდა ამ სითამამეს!
მდუმარე სვეტებს გაუკრთათ ძილი,
ახმიანებდა მოთენთილ ღამეს
მთიებს მინდობილ სულის ყივილი.
დიდხანს ვიდექი გულდაყურსული,
ტანს ეფრქვეოდა ციდან მირონი
და მომესმოდა ვარსკვლავთ ჩურჩული:
გალაკტიონი, გალაკტიონი...
1978
1937
მამულის თავზე ბრუნავდნენ წლები
სისხლის რუებით, კბილების ღრჭენით,
ერი, მრავალის მთმენი და მძლევი,
ბედს პასუხობდა თვის გადარჩენით.
მეოცეშიაც თუმცაღა ბევრი
წელი სეტყვავდა სიწრფელეს, მაისს,
ცაც შეიღება მეწამულ ფერით,
ოცდაჩვიდმეტო, შენ სხვა ხარ მაინც.
დღმდე არ ცხრება წარსულზე დარდი,
ვინ განგვიმარტოს შენზევე უკეთ,
ანაზდეულად რად ახანძარდი
და ყვავილები რად გადაბუგე;
რად დააღამე მგოსნური მზერა,
სივრცედგაშლილი ამაყი ხელი,
რად გააცივე ქართული კერა,
რად იყავ ყოვლის უარმყოფელი?!
რად მოაზღვავე ცრემლი ულევი?
/არგუნე თალხი შენ თვით ცხოვრებას/
ო, რად იყავი ლანგ-თემურების
და მაჰმად-ხანის განმეორება?!
რად დაგვიტოვე მარადი წყლული?
ვინ განგვიმარტოს შენზევე უკეთ...
ყრმა, შენს აკვანში დაბადებული,
ორმოცდაათი წლისაა უკვე.
მამულის თავზე ბრუნავდნენ წლები
სისხლის რუებით, კბილების ღრჭენით,
ერი, მრავალის მთმენი და მძლევი,
ბედს პასუხობდა თვის გადარჩენით.
მეოცეშიაც თუმცაღა ბევრი
წელი სეტყვავდა სიწრფელეს, მაისს,
ცაც შეიღება მეწამულ ფერით,
ოცდჩვიდმეტო, შენ სხვა ხარ მაინც.
1987
ფიქრები შორ პლანეტაზე,
ანუ ტერენტი გრანელის ერთი ღამე
შლეგი ოცნება სივრცეში მიქრის,
მინაზე ჟინჟღლავს წვიმა წყვეტილი
და ასანთლდები ღამეულ ფიქრით
და უძილობით ქანცგაწყვეტილი.
აღარ გშორდება ფიქრები ავი
და ამაოა ამ ცეცხლის ქრობა,
ვის განუცდია ნეტავ შენსავით
ეს სიმარტოვე და პატიმრობა!
წმინდა გარემოც შენებრ ნაზია,
ბებერ საყდართან ბუტბუტებს ქარი,
შენი თვალები ზეცით სავსეა
და გსურს გაქროლა მოუსვენარი.
შენ გეცოტავა, შენთვის დაბინდდა
ეს სინამდვილე ყოველდღიური
და აცრემლებულს უფრორე გინდა
გაფრთიანებდეს ჟინი ციური.
მოუწყენიათ სამრეკლოს ზარებს,
ჩათვლემილია ნისლში მთა-ველი,
ვინ მოგიშუშებს სულის იარებს?
არსაიდან ჩანს მწე და მფარველი;
და მიილევა ეს ღამეც ასე,
გულში გრძნეული ჰანგი იღვრება,
შენ ჟრჟოლვით ფიქრობ შორ პლანეტაზე
„და სიკვდილს უდრის ეს დაფიქრება“.
ფიქრობ, ეს ფიქრი ცხოვრებას იცავს,
მას მიაქანებს ხომალდი მალი
და ჭვრეტს ბურთივით დღეს დედამიწას
ადამის შვილი ფრთადაუმცხრალი.
1987
ენავ ქართულო
ეს მერამდენედ შენით ჩაიცვა
რვალის ბეგთარი მთლად საქართველომ,
შენ ასწლეულთა სუნთქვამ დაგიცვა
ენავ ღვთიურო,
ენავ ნათელო.
შენთან შეხებით ბნელეთს მიეცეს
ყველა ორპირი, ყველა უმართლო,
შენი მზეობით ვძლევდეთ სიბეცეს,
თვით მონურ უღელს
ენავ გულქართლო.
ზოგჯერ გბილწავენ ძეგლზე, აბრებზე,
ზოგი ვაგლახად მეტსაც კადრულობს,
ისევ აგეშვას ცისკენ აფრები
ენავ ქართულო,
სულდგმავ ქართულო.
ათი წლის წინათ იყავ ზვარაკი...
ერის სიმტკიცე ისევ გეჭედოს
ილიას ენავ, ენავ აკაკის,
ჩვენო ხატებავ,
ჩვენო სვე-ბედო.
1988
გამოთხოვება
ვუძღვნი მერაბ კოსტავას ხსოვნას
ირყევა გოდოლი და თრთიან მინები,
დევგმირულ სხეულით მნათობებს მინებდი,
ვით გვეგრძნო, აგრერიგ მსწრაფლ მიიძინებდი,
მერაბ, უდრეკო სულო.
იბარებს მთაწმინდა ზეციურ ლოცვებით
შენს ცხელ გულს, აბაზმულს მერმისზე ოცნებით,
მიდიხარ გოლგოთურ გზის გასხივოსნებით,
მერაბ, ბედისგან კრულო.
გადმოსდით გვირგვინებს ფოშფოში ცრემლებად,
ვაზის ჯვრის ხატება კუბოს თავს ევლება,
ო, წმინდა მიწაშიც ვით მოგესვენება,
მერაბ, ერისა წყლულო.
გვჯეროდეს, ქარბუქით ხელახლა აავსებ
შენი ხმის ბუბუნში მღვიძარე ათასებს,
დღეს მთლად საქართველო წესისებრ გაფასებს,
მერაბ, ლეგენდად თქმულო.
1989
არ დაცხრა გული
ვუძღვნი დედის დაბადების 70-ე წლისთავს
ო, არ კმაროდა თითქოსდა ცრემლი
ანდა ღამეთა ფიქრებში თევა,
ამ შავი ბედით, ფრთადაუხრელით
მავანთა გესლმა დაიწყო ნთხევა.
გიორკეცებდნენ ნაღველს და ურვას,
/ვაი, ერთხელაც ვერ მოვუსწარი!/
როს ავისმქმნელად რეკავდა თურმე
სატელეფონო, მაცდური ზარი.
დედავ, ძვირფასო და საყვარელო!
უკვე არ ჩანდა არსაით შველა,
უნდა უღმერთო საფლავზე გევლო
და დღენიადაგ დნებოდი ნელა...
ერთ წყნარ საღამოს დამადექ თავზე
შენ, ამქვეყნიურ სიმუხთლის მცნობი,
უკანასკნელად, ეკლებით სავსემ
მომიალერსე დედური გრძნობით.
გაფრინდნენ წლები... არ დაცხრა გული,
ჭირს ძველებურად მარტოკა ყოფნა,
რამეთუ დროა კვლავ მოჟამული,
რამეთუ რბიან ჭინკები სოფლად.
1992
ნანატრი სახე
ნანა ესაკიას ხსოვნას
პირისპირ დგომა, ლოდინის წუთი,
ანგელოზური ნაკვთები სახის,
გრძნობებით ყელში გაჩრილი ბურთი,
მკაცრი ტრიალი სვე-ბედის ჩარხის;
წინ – შენი სული, როგორც შუქურა,
უკან – ქვის კიბე, ნახევრად ბნელი,
როგორ მცოდნოდა! ეს იყო თურმე
ჩვენი შეხვედრა უკანასკნელი...
აღარ მეღირსა აღსავსეს წვითა
თქმა სამიჯნურო, თქმა გადამწყვეტი,
ისე დაგვშორდი, ამ ღვართქაფიდან
არ შეგხებია არც ერთი წვეთი.
დაღველფდა ვნება განვლილი წლებით,
ორთავ მივყევით საკუთარ შარას,
სანამდე მრავალჭირგანაძლები
გული ხელახლა არ შეგეყარა.
ეკრანზე გაჩნდა შავარშიანი
ნანატრი სახე, ნანატრი მზერა
და შემკობილმა ფაქიზი ჰანგით
ებანმა კვნესით კვლავ გაიჟღერა...
ხსენებას ცრემლი ისევ თან ახლავს,
ღამეულ ფიქრში თეთრდება თმები,
მზრუნველი დედა – სად წევხარ ახლა,
უბიწო მსხვერპლი ბოროტი ნების?!
პირისპირ დგომა, ლოდინის წუთი,
ანგელოზური ნაკვთები სახის,
გრძნობებით ყელში გაჩრილი ბურთი,
უღვთო ტრიალი სვე-ბედის ჩარხის...
1993
30 აგვისტო
მთაზე დაკლაკნილ ბილიკით მავალს
მამაკაცთ გუნდის მოგესმის მღერა,
მამადავითის გიზიდავს ჰავა,
გულიც ჭაბუკურ ხალისით ღელავს.
მიეახლები დიდებულ აჩრდილს,
აქ შეკრებილებს გაარჩევ ნათლად,
მიჰყავხარ ჰანგებს, ზეცისკენ აჭრილს,
გადადნობილი ელვარე სანთლად.
ისევ აგავსებს ღვთიური შუქი
ილია მართლის საფლავთან მისვლით,
ოთხმოცდაათი წელია უკვე,
რაც დაიღვარა მოწამის სისხლი.
ოთხმოცდაათი წელია, რაც კი
აღარ კიაფობს ორბული მზერა...
ვაი, მამულო! დიდ შვილთა ფარცხვით
ვერრა გვასწავლოს ამა დღემ ჯერაც.
1997
სტუმრობა
გივი ტაბახმელაშვილს
დღე მოგონებებს ტალღებად არწევს,
სხვა არის მაინც წარსულის განცდა,
შეხვედრა მძაფრი ზოდებად მაწევს
თმაშეთხელებულ, ძარღვიან კაცთან.
„დარეკვისათვის მადლობა დიდი,
მობრძანდით, გელით ბატონო გივი“,
წყვილს ხელებგაშლილს, მწყურვალ თვალს ვკიდებ,
ფოტოებს ადგას ტკბილ დროის სხივი.
ჰა, გახდილია ქათიბი, ჩოხა,
ანთებდით ქარ-ცეცხლს სცენაზე ორნი,
ლაღ „ქისტაურსაც“ ვარდები მოჰყვა,
მოისმის სადღაც ტაშისხმა შორი.
გაიფანტება შავ წლების ბოლი,
დიდდება უფრო არდილი დედის,
ქუხს ალბერტ-ჰოლი... ეს მონაყოლი
მხურვალე ტანში შარბათად შედის.
ამ წუთებს ნეტა რა გადასწონის...
მორჩა სატანურ თვალების ზვრევაც,
მომელის ისევ მოკრებილ გონით
გულიდან დაძრულ სტრიქონთა წერა.
2004
სულმნათი
იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების
100 წლისთავის გამო
მოვძებნე წიგნი ყდაგაცრეცილი,
გახუნებული, თხელი ფურცლებით,
როგორ ვაკადრო წარსულს წერტილი,
აჩქროლებულა გული უძღები.
შენით შევიცან ჩვენო სულმნათო
დიდი გმირების წმინდა სახელი,
გზა ნაღდ ქართველებს მათ გაუნათონ,
გზა – ბნელ ღამეთა ბევრჯერ მნახველი.
მამულის ტრფობით ვიყოთ დაჭრილი,
მათ სახელს ლოცვით გავიმეორებთ,
შორით ჩნდებიან მკრთალნი აჩრდილნი:
ცოტნე, იოთამ, ბერი თევდორე.
ლხენად უჩანდეთ ფრთალაღ არწივთა
ღვიძლი ერისთვის თავის გაწირვა,
საქართველოზე ფიქრში დაფერფვლაც
მათგან გადმოდის შემწე-მფარველად.
ხრმალსაც ირაკლის უჭკნობ დიდებით
აქვს არაერთი მხარე მოვლილი...
ეს „დედაენა“ – ალმოკიდებით
ყრმათა სულშია ღრმდ ჩაქსოვილი.
მწმენდს თხრობა მწუხრში, დილაარდიან,
ოხვრა, ვაება ახლად იწყება...
ბრძენო იაკობ! საქმეს მადლიანს
ნუმც მიეკაროს მტვრით დავიწყება.
15 ივლისი 2012 წელი
ფილმი
ვუძღვნი მიხეილ გოგიჩაიშვილის ხსოვნას
ფრესკებს და ტაძრებს, ძველ საგალობლებს
თქვენს ლამაზ ფილმში მოაფენთ უხვად,
ადიდებთ მისით ქვეყანას მშობელს,
გულს ის წარსულში მძლედ შემოუძღვა.
ზოგთა სახეზე ალმური ჩნდება,
მნახველთა შორის მოისმის ღრენა,
კადრებში სცნობენ ღვთის მობრუნებას,
უნდათ აკრძალვა... დუმდება ენა.
თვალებსაც ლიბრი ვით გადაეკრას,
ჩარევა უწევს კულტურის თავკაცს*,
ექვსიოდ კაცი კვლავ უმზერს ეკრანს,
გაიმართება მსჯელობა აქაც.
ბატონო ვახტანგ, ბატონო ოთარ**
ფილმს ორივენი შედევრდ ნათლავთ,
თავკაციც განა სხვათაებრ სცოდავს,
სიტყვები მისი მოისმის მართლად:
„ო, თუკი ვუვლით ჯვარს, სვეტიცხოველს,
საგალობლებსაც სჭირდება დაცვა“...
არ უშინდება ნათელ აზრს ყოველს,
თუნდ „ძლიერებმა“ ჯვარზედაც აცვან.
„გვმართებს უთუოდ მონახვა ფორმის,
დანარჩენს ვიღებ საკუთარ თვზე“,
საქმის ბოლომდე მიყვანის მნდომი
არის ეროვნულ ღირსებით სავსე.
ეს თქვენი ხსნაა, სოსო და ანზორ***,
ნიჭიერება ვით დაიჩრდილოს,
ვარდები სუსხმა როდი დააზროს,
ქმნილება თქვენი ბევრს ელის ჯილდოს.
ორმოცზე მეტი წელია უკვე,
რაც იგი ათბობს სულიერ ყოფას,
ძველებურ ხიბლით კვლავ აჩუქურთმებს
აღდგომა დღესა და გიორგობას.
24-26 მაისი 2013 წელი
* ცეკას მდივანი მიხეილ გოგიჩაიშვილი
** აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე, კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი
*** ფილმ „ძველი ქართული საგალობლების“ (1970 წ.) ავტორები: სოსო ჩხაიძე, ანზორ ერქომაიშვილი
გამკობ სტროფებით
თაკოს
ქუჩიდან გჭვრეტდი, ეკრანთან მყოფი
სერავდი სივრცეს ელვარე ღიმით,
ვით ვიფიქრებდი, სილაღის ხმობით
თუ იხუვლებდა მდუმარე სიმი.
დღეს ახლოს გნახე, ფერებით სავსე,
ო, ამ დანახვით გაშტერდა თვალი,
გამოჩენილი ჩემს ვიწრო გზაზე
ხარ ცისიერი, ხარ დედოფალი.
ჟამმა ვერ შეძლო მეობის მართვა,
სტროფებით გამკობ შენ – ჩრდილუკარებს,
გონამღვრეული ხელახლა მზად ვარ,
მძაფრ მიჯნურობის მივენდო ქარებს.
მინდება შენს წინ დავემხო ფერხთით,
შემოგღაღადო უტურფეს ასულს...
ხიწვებშემოცლილ ამ გულის ფეთქვით
მყის უკუვაგდებ სევდიან წარსულს.
ფესვებმაგარი, ამაყი მოდგმა
კვლავ მიწილადებს სიმტკიცეს რვალის,
ჩვენს დაწყვილებით, ვუწყ, შევძლებ რომ ვთქვა:
გადახდილია მთავარი ვალი.
2014
No comments:
Post a Comment