Thursday, January 16, 2014

გამომცემლობა “სიესტას” უჩივიან

დალი ფანჯიკიძე მთარგმნელობით საქმეებს ბლოკავს? 

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „პრემიერის“ 2014 წლის 9-15 იანვრის ნომერში /# 1/) 

გამომცმელობა “სიესტას” წინააღმდეგ სარჩელი მზადდება. მის ხელმძღვანელ ქეთევან კიღურაძეს, სავარუდოდ, ყველა იმ შეკითხვაზე პასუხის გაცემა სასამართლოში მოუწევს, რომლის მიღებასაც 600 გვერდიანი წიგნის ავტორი, გერმანისტი და მთარგმნელი მარიამ ქსოვრელი დაუღალავი შრომის პარალელურად, თითქმის ორი წელია, მოკრძალებით და დაბეჯითებით ითხოვს. საქმე ეხება, ცნობილი გერმანელი კლასიკოსის ჰერმან ჰესეს რომანის “რიოში მარგალიტებით თამაშის” ქართულ თარგმანს, რომლის გამოცემაც “სიესტამ” ხელშეკრულების საფუძველზე 2011 წლის 8 მარტს იკისრა. გამოსაცემად საჭირო პროცედურების უგულვებელყოფასთან ერთად, დღემდე წიგნი არათუ არ დაბეჭდილა, გერმანისტების წრეში ნაშრომის ავტორს უკვე ღიად მიანიშნებენ, რომ მის მიერ გაწეულ ტიტანურ შრომას “ახალი პატრონი” ყავს. 

საკითხის დეტალებში გასარკვევად, თავად “რიოში მარგალიტებით თამაში”-ს ქართული თარგმანის ავტორი, მარიამ ქსოვრელი გვესაუბრა: 

- ჰერმან ჰესესადემი ჩემი ინეტერესი ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობიდან გამოიკვეთა, როცა დიდი ჰესოლოგი რეზო ყარალაშვილი ლექციებს გვიკითხავდა. ღამდენილმე წლის შემდეგ, “ნარცისი და გოლდმუნდი” ვთარგმნე, რომელიც 2001 წელში გამოსცა ჩემი პედაგოგის ვაჟმა, ოთარ ყარალაშვილმა, იგივე წიგნი გამომცემლობა “სიესტამ” 2011 წელს ხელმეორედ გამოსცა. კრიტიკოსმა მალხაზ ხარბედიამ რადიო “თავისუფლების” გადაცემაში თქვა, რომ რეზო ყარალაშვილისა და რუსუდან ქებულაძის და კიდევ სხვა მსხვილი თარგმანებიდან, რაც ქართულად წამიკითხავს, ჰესეს სურნელი მხოლოდ “ნარცისი და გოლდმუნდ”-შია, რომლის მთარგმნელი უკვე მუშაობს “რიოში მარგალიტებით თამაშზე” და როცა ეს წიგნი გამოვა, ეს მოვლენა იქნება ქართულ ლიტერატურაშიო. მართლაც, წლების განმავლობაში ვმუშაობდი ნაწარმოებზე და 2011 წლის 8 მარტს მე და გამომცემლობა “სიესტას” ხელმძღვანელმა ქეთევან კიღურაძემ გავაფორმეთ ხელშეკრულება, რის თანახმადაც, ჰონორარის სახით, სულ 2 ათასი დოლარი მეძლეოდა. ამ თანხის პირველი ნაწილი ხელშეკრულების დადებისთანავე უნდა მიმეღო, მეორე ნაწილი უნდა გადანაწილებულიყო 5 წელზე, თუმცა, პირველი ნაწილი დღემდე არ მიმიღია. ამასთან, ჩვენ მივმართეთ თარგმანის მხარდამჭერ გერმანულ საზოგადოებას “იუბერზეცუნგ ფორდერუნგი,” საქმეში ჩერია გოეთეს ინსტიტუტი, რადგან ამგვარი პროექტების დაფინანსებას სწორედ ეს ინსტიტუტი აფორმებს. იქიდან ჩამოგვივიდა დადებითი პასუხი და 2012 წელს გავაფორმეთ მეორე ხელშეკრულება, ამჯერად გერმანულ მხარესთან. მოგვიანებით, გოეთეს ინსტიტუტში მითხრეს, რომ ჩემს სახელზე ჩამოსულია 3 ათასი ევრო, მაგრამ მას მივიღებ წიგნის გამოცემის შემდეგ, რისთვისაც ორი წელი მაქვს განსაზღვრული. 2012 წლის ივნისის ბოლოს, წიგნი ჩავაბარე, ზუსტად 600 გვერდი და ვთხოვე კიღურძეს, რომ ნაწილ-ნაწილ, თავებად რედაქტორის მიერ გასწორებული ტექსტი ჩემთვის მოეწოდებინათ. ურთულესი და მოცულობით დიდი ნაწარმოებია და მინდოდა რედაქტორთან კონტაქტი აქტიურად მქონოდა. თვენახევარში გამომცმელმა მითხრა, რომ ჩემი რედაქტორი იქნებოდა ცნობილი გერმანისტი მანანა პაიჭაძე, რის შემდეგაც 7 თვის განმავლობაში, ჩემემდე არაფერს მოუღწევია. ვიფიქრე, რომ ალბათ, პაიჭაძე გერმანულ ტექტს წაიკითხავდა და ქართულის რედაქტორი ცალკე დამჭირდებოდა.

- როგორც ვხვდები, თქვენ წიგნის დაბლოკვაში გამომცმელთან ერთად მანანა პაიჭაძესაც ადანაშაულებთ, რადგან ის ამ საკითხში გამომცემლის მხარეს წარმოადგენს... 

- მანანა პაიჭაძე გოეთეს ლიტერატურუილი საზოგადოების პრეზიდენტია, რომლის წევრი მეც ვარ და ამ დროის განმავლობაში გოეთეს ინსტიტუტში არაერთხელ შემხვდა. არც მისგან და არც სხვებისგან, სიტყვითაც არ მსმენია, რომ ჩემს წიგნს რაიმე სერიოზული ხარვეზები ქონდა. მანანა პაიჭაძე მაქებდა და მეუბნებოდა, რომ ძალიან კარგი ნაშრომი შემისრულებია. იმ პერიოდში გოეთეს დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა და ამ წიგნიდან ნაწყვეტები წავიკითხე. მთარგმნელ-კლასიკოსად აღიარებული დალი ფანჯიკიძე ჩემთან გაღიმებული მოვიდა და მითხრა, შენს ტექსტს ერთი გადახედვა კიდევ უნდა, თუმცა, ძალიან კარგი ნაშრომი გაქვსო. თავად მანანა პაიჭაძე და სხვები კი, ისე ცივად შემხვდნენ, სხდომის დამთავრებამდეც არ მოიცადეს. ზუსტად ორი დღის შემდეგ, მიბარებს ქეთევან კიღურაძე და მეუბნება, რომ მე და პაიჭაძე უნდა შევხვდეთ. კიღურაძეს თითქმის უსასყიდელოდ ჩემი სამი სერიოზული თარგმანი აქვს გამოცემული. მე ჩემს მეგობრად მივიჩნევდი, მათ კი ჩაკეტეს კარები და მითხრეს, რომ წიგნი კარგი არ არის, სამუშაოდ დამრჩა სამი თვე და პროექტი რომ არ ჩავარდეს, თანაავტორი უნდა ავიყვანო. თითქმის ერთწლიანი ქების შემდეგ, ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, ძალიან დავინბენი. თან პაიჭაძისგან მე შესწორებულ ტექსტს ველოდებოდი და ამ დროს მაჩვენებს ტექსტს, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ საერთოდ არ იყო გასწორებული. პირდაპირ ვუთხარი, რომ ამას ხელოვნურად აკეთებდნენ და ჩემი შეცდომაში შეყვანა სურდათ. კიღურაძემ და პაიჭაძემ ერთმანეთს შეხედეს, წამოხტნენ, ჩემი 600 გვერდიანი წიგნის ერთი აბზაცი იქვე, მდივან გოგონებს წააკითხეს, შემოიტანეს და მითხრეს, ეს წინადადება სწორია, მაგრამ იცით, ასე გასწორებული უფრო გასაგებიაო. ასეთ სამარცხვინო დონეზე მოხდა “რიოში მარგალიტებით თამაშის” შეფასება. ამ წიგნზე წესით პროფესიული ჯგუფები უნდა მუშაობდეს და ტექსტში ხარვეზები რომც აღმოჩენილიყო, არც არაფერი იქნებოდა გასაკვირი.

- თქვენი აზრით რა მოტივაცია უნდა ქონდეს ამხელა ინტელექტუალური სამუშაოს ასე გაშარჟებას? 

- ქეთევან კიღურაძე თავიდანვე მეუბნებოდა, რომ მთარგმნელის ჰონორარი გამომცემლისაც არისო. მე დავრეკე გოეთეს ინსტიტუტში და მითხრეს, რომ ეს თანხა ეკუთვნის მხოლოდ მთარგმნელს. ამის შესახებ ვუთხარი გამომცმელს, რის შემდეგაც ჩემს ზურგს უკან გადადგმული ნაბიჯები უკვე პროცესში გამოვლინდა. ამასთანავე, მიმეორებდა, რომ მე უნდა დავეხმარო გამომცემელს და არ უნდა დამერღვია სუბორდინაცია.

- რას ნიშნავს სუბორდინაციის დარღვევა, როცა ხელშეკრულება რეალურად არსებობს? 

- მისი სიტყვებით, სუბორდინაციის დაღვევა ის არის, რომ მე ჩემი უფლებების შესახებ გოეთეს ინსტიტუტში გავიგე. სამართლის წესები არსებობს, მაგრამ მას თვითონ კი არ ემორჩილებიან, არამედ ძალიან დაბალ დონეზე, გარკვეული პირები შეიკვრებიან და ძალიან სამარცხვინო სიტუაცია იქმნება.

- ანუ კიღურაძე და პაიჭაძე ამ შემთხვევაში თქვენი ჰონორარის მისათვისებლად არიან შეკრული? 

- ისინი შეკრული იყვნენ. უკვე ისიც გავიგე, რომ მთარგმნელი ჩემგან მალულად სწორედ კიღურაძემ შეცვალა. რაც მე დამემართა, ტრაგედიაა, რადგან ძნელია 600 გვერდიან წიგნზე იმუშაო, ბოლოს შეურაცხყოფა მოგაყენონ და ამხელა ნაშრომი უკან გადმოგიგდონ. წამოვიღე წიგნი და ისე დავამუშავე, რომ მასში რაიმე მნიშვნელოვანი აზრობრივი შეცდომა აღარ არ არის. წიგნმა რა ხანია გერმანისტების მხრიდან მაღალი შეფასებები მიიღო. იმის გამო, რომ ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული, ისევ მივმართე “სიესტას”, მაგრამ გამომცმელმა პირდაპირ მითხრა, შენი თარგმანი არ მოგვწონსო. ვუთხარი, პაიჭაძე თქვენზეა დამოკიდებული და რა არ მოგწონთ, კონკრეტულად ხომ უნდა მაჩვენოთ მეთქი. ასე მიპასუხა, რედაქტორი სხვა საქმეებით არის დაკავებული და ერთი თვის შემდეგ გამოიარეო, თან მირჩია ნანა გოგოლაშვილს კითხეო.

- რა კავშირშია ამ საქმესთან ნანა გოგოლაშვილი? 

- ქეთი კიღურაძემ თავის დროზე მითხრა, შენი წიგნის შემმოწმებელი თბილისში მხოლოდ სამი ადამიანია: ნანა გოგოლაშვილი, მანანა პაიჭაძე, ლევან ბრეგაძე და მე მხოლოდ ამ სამი ადამიანის დასკვნას ვენდობიო. რადგან ასეთ გაუგებრობაში მოვხვდი, მივმართე ოთარ ყარალაშვილს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სხვა სერიოზული გერმანისტებისთვის წაგვეკითხებინა. ესენი არიან: ანა კორძაია-სამადაშვილი და ალექსანდე კარტოზია. პარალელურად, ზურაბ აბაშიძეს წავაკითხეთ, რომელმაც მითხრა, რომ სიტყვა-სიტყვაში ზის და შესანიშნავი თარგმანია. მეგონა, ასეთი მხარდაჭერა გამომცმელთან გაჭრიდა, მაგრამ ერთერთმა გერმანისტმა დამირეკა და მითხრა, ასე რომ წვალობ, შენს წიგნს იმიტომ არ იღებენ, რომ ნანა გოგოლაშვილს უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მაგ წიგნზე და მთელმა ქალაქმა რომ იცის, შენ რატომ არ იციო.

- როდის გაიგეთ ამის შესახებ და არის თუ არა შესაძლებელი გერმანულ მხარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წიგნის მთარგმნელის გვარის შეცვლა? 

- გოგოლაშვილის ხელშეკრულების ამბავი ახლახანს გავიგე. მეორე დღესვე წავედი გოეთეს ინსტიტუტში, მის ერთერთ ხელმძღვანელ ნათია მიქელაძესთან, მისი გერმანელი უფროსიც იქ იყო, რომელმაც ამგვარი პროექტების კოორდინატორს, ბარბარა ვატენდორფს დაურეკა. გერმანული მხარე ძალიან შეშფოთდა, თქვენ უკვე მეოთხე ხართ, ვინც “სიესტასთან” დაკავშირებით საჩივრით მოხვედით, ან ამხელა ნაშრომში ავტორისთვის თანხა რატომ გადახდილი არ არის, ჩვენ ამ გამომცმელთან საქმეს აღარ დავიჭერთო. აღმოჩნდა, რომ ამ დღეში მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ერთი ახალგაზრდა, რომელიც ფინურიდან თარგმნიდა, ჩემსავით გოეთეს ინსტიტუტში მისულა. სულ ახლახანს ახლოებლმა მკითხა, “სიესტაში” რომ დადიხარ, რა ხდება, გუშინ ორი ბიჭი მოვარდა, ჩაამტვრიეს კარ-ფანჯრები, თანამშრომლები შიგნით იყვნენ და კარი არ გააღეს, ერთ საათი გაგრძელდა ეს აყალმაყალი, არც პოლიცია გამოიძახა არავინ და ვინ არიან ასეთებიო. კონკრეტულად რას აკეთებენ და რა ხერხებით ამწარებენ ადამიანებს, არ ვიცი, მაგრამ ფულის წართმევას ვინ ჩივის, ჩემი ამხელა შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რომ ვინმემ წიგნი არ მომპაროს.

- ამდენი ინფორმაციის და ფაქტის მომსწრე გახდით და ვიდრე წიგნის წართმევის საფრთხის წინ არ აღმოჩნდით, მანამდე რატომ არ იფიქრეთ, სასამართლოს გზით გეცადათ საკუთარი უფლებების დაცვა? 

- გოეთეს ინსტიტუტში ხმამაღლა ვთქვი, რომ ჩივილს ვაპირებდი, მაგრამ მითხრეს, იქნებ სხავანაირად გავარკვიოთო. ჩემი ნაშრომის საბოლოო ვარიანტზე დღეს უკვე ყველა ცნობილი გერმანისტის დასკვნები დევს, მოწონებულია სწორედ ის სტილი, რომელიც პაიჭაძე-კიღურაძემ დაიწუნეს. წიგნის გამოცემაზე გამომცემელს და მთარგმნელს ერთად გვაქვს აღებული ვალდებულება გერმანული მხარის წინაშე. ვინც დაარვევს პირობას, რომ თავისი უფლებასმოსილების ფარგლებში თავი გაართვას საქმეს, ის იქნება პასუხისმგებელი გერმანული მხარის წინაშე. როდესაც გერმანიაში იგზავნება შეკვეთა, ან მოთხოვნა დაფინანსებაზე, ხდება თარგმანის წარდგენაც. ჩემი თარგმანის ნაწილი წარდგენილი იქნა და მის საფუძველზე მოვიდა თანხმობა გერმანიიდან, რომ ისინი ენდობიან გამომცემელს აღნიშნულ საქმეში. ახლა, როდესაც გამომცემელი ამბობს, რომ არ აკმაყოფილებს თარგმანი და სურს, სხვას გადასცეს სამუშაოს შესრულება, იგი ვალდებულია დაასაბუთოს, რა და რატომ არ მოსწონს. არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული წესი, როგორ ხდება ეს. იურიდიული საფუძველი, რომ გამომცმელმა წიგნის გამოცემაზე უარი თქვას, არ არსებობს. ვაპირებ, გერმანულ მხარეს მივწერო, როგორ და ვინ უშლიდა ხელს მთელ პროცესს. მე მაინც ვფიქრობ, რომ გამომცმელს აქ ვიღაცის მომადლიერება უნდა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ მთელი ამ გაუგებრობის უკან დგას ვიღაც, ვისგანაც შეიძლება იმართებოდს ამგვარი პროცესები, მითუმეტეს, რომ საქართველოში “კრიშის” ფენომენი უცხო არ არის? 

- მე ამ ყველაფერს დანაშაულს ვეძახი და ჩემი ნაშრომის გადასარჩენად, იურისტს უკვე მივმართე. ბოლოს, უკვე აღელვებული რომ ვიყავი, ძალიან გამიკვირდა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტის ერთერთმა თანამშრომელმა, მკითხა, შენ არ გიფიქრია მესამე ძალაზეო? ეს კითხვა ორჯერ გამიმეორა და ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა. როდესაც გერმანისტებში აქტიურად დავიწყე საუბარი ამ თემაზე, ისევ მიმანიშნეს, ვინ მეგობრობს ქეთევან კიღურაძესთან, ვინ მეგობრობს ნანა გოგოლაშვილთან, ვინ არიან გოეთეს ლიტერატურულ საზოგადოებაში, ვინ დადიან იქ აქტიურად, ასეთი შეიძლება იყოსო. წარმოიდგინეთ, ვინ შეიძლება იყოს ისეთი, ვისაც შეუძლია აიძულოს გამომცემელი, გოეთეს ინსტიტუტი, დაარღვიოს კანონი და არ ეშინოდეს.

- არ დასახელებულა გვარი და სახელი, ვიზეც აკადემიური საზოგადოება მიგანიშნებდათ? 

- დალი ფანჯიკიძის სახელმა გაიჟღერა, მაგრამ მე ასე გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან არ ვიცი. შემიძლია, ვთქვა, დღეს, გერმანისტებიდან არავის აქვს საიმისო ბერკეტები და საშუალებები, რომ გამომცემელი დააინტერესოს ასეთი უსულგულო, არაკანონიერი ქმედებით და თან დაიფაროს ისე, რომ პასუხისმგებლობა არ შეეხოს. თავისი ინიციატივით ასეთ რამეს, ვერავინ გაბედავს.

- გეგულებათ თუ არა, აკადემიურ წრეებში ისეთი ადამიანები, ვინც ასეთი უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღების შემთხვევაში მხარს დაგიჭერთ?

- ფილოლოგების და მწერალთა ეროვნული აკადემიის იმედი მაქვს. გერმანისტებზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან რეალურად ჩემს წინააღმდეგ მხოლოდ პაიჭაძე-გოგოლაშვილი და მისი მეგობრები დგანან, დანარჩენები ალბათ, თვითონ განსჯიან. საქმე ის არის, რომ აქ მხოლოდ ფულის ინტერესი არ არის, არამედ სახელსაც უკავშირდება. თავისი მნიშვნელობით “რიოში მარგალიტებით თამაში” დიდი წიგნია, რომელსაც თავად ევროპაში რომანთა რომანს ეძახიან. ჰერმან ჰესე ლიტერატურის ნობელის პრემიის ლაურეატია, მისი ეს წიგნი 1943 წელში გამოიცა, სადაც მთელი ევროპა დადებითი კუთხით არის ნაჩვენები და ალბათ, არ უნდათ, რომ ჩემი სახელი გამოჩნდეს. არასდროს მითარგმნია იაფფასიანი ლიტერატურა და ჩემთვის ეს საქმე ბუნებრივია. ვფიქრობ, ამდენხნიანი ხელის შეშლა სწორედ ამას ისახავდა მიზანდ, რომ პირველი არ ვყოფილიყავი. არის საშიშროება, რომ ჩემი ნაშრომი გამოიყენონ. ადამიანებზე ცუდად ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ დამალვის დრო უკვე აღარ არის, გამომცემლობა “წიგნიერის” ხელმძღვანელმა მზია რაზმაძემ მითხრა, ერთი თემატური წიგნის დაბეჭდვა მინდოდა, გამოვაცხადე ამის შესახებ და მსურველებს თავიანთი წიგნების მოტანა ვთხოვე, მოხდა ისე, რომ სამმა ადამიანმა აბსოლუტურად ერთი და იგივე ტექსტი მოიტანა სხვადასხვა გვარითო. არადა, სამივე ცნობილი პროფესორია და როგორ გავარკვიო, ამ სამიდან რომელია ფალსიფიცირებული და რომელი - ნამდვილიო. საერთოდ, ლიტერატურაში ფალსიფიკაცია ძალიან საინტერესო მოვლენაა და ჩვენს სინამდვილეშიც ძლიერ აქვს ფესვი გადგმული. როდესაც ადამიანი რაღაცას აკეთებს კარგს, მას წინ არანამდვილი ორეული უდგება. თურმე, მსგავსი რამ სოკოებშიც ხდება. სასარგებლო სოკოს გვერდით ჩნდება ზუსტად ისეთივე, შხამიანი სოკო და ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან, თუ სოკოს კარგად ცნობა არ იცი. დღეს ჩვენ სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ჩემს წიგნს თავისი მნიშვნელობით დიდი მომავალი, კონკურსებზე გასვლა და გერმანიაში განხილვები ელის. ბევრმა სპეციალიტსმა მითხრა, რომ შესაშური თარგმანია და ამიტომაც მალავენ. მე კი მგონია, რომ ჩემმა წიგნმა უკვე გაიმარჯვა.

ჰერმან ჰესეს მთარგმნელის არგუმენტების საპასუხოდ, “ქრონიკა” გამომცემლობა “სიესტას”ხელმძღვანელს, ქეთევან კიღურაძეს დაუკავშირდა. მისი განაცხადებით, შექმნილი პრობლემის მიზეზი თავად მარიამ ქსოვრელია, რომელმაც თარგმანი უხარისხოდ შეასრულა: “თარგმანს რედაქტორმა მანანა პაიჭაძემ უარყოფითი შეფასება მისცა და მუშაობის ხელახლა დაწყება შესათავაზა, მაგრამ მგონი, ვერ გასწორდა. ნაშრომს გადახედა გერმანისტმა ნანა გოგოლაშვილმაც, ასევე ანა კორძაია-სამადაშვილმა, ალექსანდრე კარტოზიამ. დასკვნები, რომელსაც მთარგმნელი თავად დადებითად მიიჩნევს, ჩვენი სტანდარტების მიხედვით, უარყოფითს ნიშნავს. ჩვენი საგამომცემლო პოლიტიკა ისეთია, რომ ფინანსურად რაც არ უნდა კარგი ფონდი გვიჭერდეს მხარს, წიგნის უხარისხო თარგმანს მკითხველს ვერ შევთავაზებთ”.

გამომცმელი ასევე ამტკიცებს, რომ მარიამ ქსოვრელის მიმართ არანაირ პირობას არ აღვევს, რადგან ხელშეკრულებაში წერია, რომ მთარგმნელმა გამომცემლს უნდა მიაწოდოს მაღალი ხარისიხით თარგმნილი ტექსტი ორიგინალი ენიდან და დიდი ხნის ნაცნობობის ხათრით, გამომცემელი საკუთარ სტანდარტებს ვერ დაარღვევს.

ქეთევან კიღურაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ მარიამ ქსოვრელსა და მას შორის დადებულ ხელშეკრულებაში მთარგმნელი შეიცვალა. მისი თქმით, გამომცემლობას ამ წიგნის გამოცემის დიდი სურვილი აქვს, ამის თაობაზე აღნიშნული ნაშრომის ერთერთ დამწუნებელ ნანა გოგოლაშვილთან კონსულტაციებიც გამართა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის: “რადგან საავტორო უფლება გამომცემელს აქვს, მარტივად შეგვიძლია მთარგმნელის შეცვლა. ეს ძალიან უსიამოვნო პროცესია, მაგრამ ხდება ისეც, რომ მთარგმნელს შეიძლება თარგმანი არ გამოუვიდეს. თუ მარიამ ქსოვრელი ნაშრომს დარჩენილ დროში გააკეთილშობილებს, შესაძლოა, წიგნი გამოვცეთ. ეს წიგნი დალი ფანიჯიძის გარდა, ყველა გერმანისტს აქვს წაკითხული, ხოლო რედაქტორები, ვისაც გამომცემელობა ენდობა, ნანა გოგოლაშვილი და მანანა პაიჭაძე არიან. წიგნის გამოცემა მხოლოდ მარიამ ქსოვრელის მიზეზით გვიანდება.”

როგორც ჩანს საქმის გარჩევა სასამართლოში გაგარძელდება, რადგან მარიამ ქსოვრელის მტკიცებით, მისი წიგნის საბოლოო ვარიანტის რედაქტირებაზე “სიესტა” უარს თავად ამბობს.

ხათუნა ხატიაშვილი

P. S. მე ჩემი მხრივ დავუმატებდი, რომ ზემოხსენებულ ანგარ ადამიანთა და მათი მსგავსების ასეთი საქმიანობა არის არა მარტო ცალკეულ თანამემამულეთა, არამედ მთელი ქვეყნის მტრობაც. ვინაიდან, თუ არად აგდებ წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) სიტყვებს - "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო", და თუ არ ზრუნავ შენს შემდეგ ღირსეული და წელგამართული მომავალი შემოქმედი თაობის დატოვებაზე, მაშინ შენც თავად შენსავე სიკვდილთან ერთად კვდები და მომხსენებელს აღარ იტოვებ, და, ამასთანავე, ქვეყანასაც ხელს უშლი ჯანსაღად განვითარებაში, რაც თავისთავად გადააქცევს მას სხვათა ხელებში შემყურე მათხოვრად, რასაც ჩვენს რეალობაში, სამხუხაროდ, უკვე ათეული წლებია ვუყურებთ.

ირაკლი ხართიშვილი

No comments:

Post a Comment