(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" 2013 წლის 13 დეკემბრის ნომერში # 74 /3684/, და წარმოადგენს რეცენზიას მსახიობ მანანა სურმავას საავტორო სპექტაკლზე "ჩვენთვის უცნობი ქვეყანა")
დაკვირვებული გონების თვალი კარგა ხანია უკვე ხვდება, რომ თაობათა წინაშე სხვადასხვა ფორმით თითქმის ერთი და იგივე პრობლემები დგება და მათი ობიექტური დანახვა, შეფასება და სხვათათვის გადაცემა გამორჩეულ, გულმხურვალე მამულიშვილებს ხვდებათ ხოლმე წილად. როცა ნიკო ლორთქიფანიძის მხატვრულ, დრამატულ თუ პუბლიცისტურ ნაწერებს ვკითხულობთ, თვალწინ გვეშლება მის მიერ თავისებური ლაკონიურობით დანახული ჩვენი ქვეყნის ავ-კარგი, მისი გაჭირვება და სულიერი სიმაღლე, რაც შერჩენილია ხალხში ქრისტიანული ცხოვრების წესის მიდევნებით. მწერალი თავის მოკლე ფორმებით გამოხატულ სერიოზულ ნაწარმოებებში იშვიათ გონებამახვილობასა და მხატვრული აღქმის უნარს ამჟღავნებს, და ამ ორიოდ სიტყვით ნათქვამ მინიატურებსა თუ დიდრონ ნაწარმოებებში ზუსტ ცოდნას გვაძლევს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს მდგომარეობაზე, მის ისტორიულ წარსულზე. დღესდღეობით მის ლიტერატურულ საგანძურს ვინმე რომ შეეხებოდეს, ვფიქრობთ, ესეც ასეთივე გამორჩეული ნიჭისა და გამოცდილების ადამიანი უნდა იყოს. სხვათაშორის, ისეც არის, რომ ძვირფასეულობას მაინც და მაინც ხშირად არ მივეახლებით და სადღესასწაულო დღეებში უფრო ვიყენებთ ხოლმე.
ჩვენის აზრით, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის გემოვნებიანი მსახიობის მანანა სურმავას მიერ მოწონებული ნიკო ლორთქიფანიძის “შელოცვა რადიოთი”, იქცა მის საავტორო წარმოდგენად სახელწოდებით “ჩვენთვის უცნობი ქვეყანა”. ნამუშევარი შეიცავს დადგმის ელემენტებს, სპექტაკლში მიგნებულია დადგმის საფუძველი და მის მიერვეა იგი განსახიერებული, რაც ამ სასიხარულო შემთხვევას წარმოადგენს, რომელიც გამოხმაურებას იწვევს და ეს ამ მოვლენას სჭირდება კიდეც; აი, რას წერს თავად მწერალი: “როცა ევროპიელი მიდის თეატრში, მას მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, ესტეტიურად დატკბეს და ყოველდღიურ ჭირ-ვარამით დაქანცულმა რამდენიმე საათით მაინც დაისვენოს. სხვა რაიმე მიზნით თეატრში არ წავა ევროპიელი, რადგან სხვა მისწრაფებას სხვა დაწესებულებანი აკმაყოფილებენ.
რუსეთის შეხუთული ცხოვრება აიძულებს მსმენელს თეატრში გარდა მოსვენებისა, ესტეტური სიამოვნებისა, გონების განვითარებაც ეძიოს.
ჩვენში, საქართველოში, კი ამ თეატრის დანიშნულებებს კიდევ ემატება ერთი და შეიძლება უდიდესი მიზანი – ენის შენახვა, ენის დემონსტრაცია”. დღეს ჩვენ დავამატებთ – ქართული კულტურის გახსენებასა და დაცვას სნობიზმისა და არაფასეულობათა გავრცელება-დამკვიდრების ხანაში. და კვლავ პუბლიცისტი ნიკო ლორთქიფანიძე: “არტისტების განვითარებისათვის საჭირო იყო ყურადღება მიექცია არა მარტო რეჟისორებს და დრამატულ საზოგადოებას, არამედ ჟურნალ-გაზეთებსაც და ინტელიგენციას”.
ამ სპექტაკლიდან გაჟღერებული თემატიკა თითქმის დღესაც იგივეა: მის მკვიდრთა გაუსაძლისი ყოფა საქართველოში, მიგრაცია, უცხოური კულტურის მიღება, მაგრამ, ნურას უკაცრავად, მაინც ამაღლებული სული ქართველთა. სპექტაკლის მშვენიერი თავადის ქალია ტრაგიკული ქალბატონი ელი, უცხოს, არატრადიციულს ვერ იღებს მშობლიურის გარდა, მისთვის მის სხეულზე მოსრიალე იმ ორი გველივით, უცხოა და ცივი, სრიალაა და სლიკინა, ამერიკელი ბრომლეისა და გაამერიკელებული ინგლისელი ჰექსლეის სიმდიდრე და მოყირჭებული ფუფუნება, ის ამაღლებული ხელოვნებაც, ევროპელისთვის მიზანი რომ არის, და მისთვის რომ ხელმისაწვდომი და გასაგებიცაა: ძვირფასი პოეზია შელისა და გამოფენებზე სხვადასხვა ფერწერული ტილოების წვდომა; მისთვის იმ მონატრებასა და ჩაკირულ წუხილსა და დარდზე აღმატებული არაფერია, რასაც თავისი თბილი ბუდე, თბილისი ჰქვია და რაც “თვალწინ სინემატოგრაფიულად მიურბოდა: ბორანი მტკვარზე... ფიქრის გორა... პანსიონის კვიპაროზები... მამა... სიონი... ნარიყალას ნანგრევები... ოთახი სადღაც ჩიხში და, სულ ბოლოს, ტკბილი ძიძა”. მირაჟში ჩარჩენილი სამშობლოს მონატრება, იქ დაბრუნება და, ალბათ, მისადმი მოვალეობის ვერ აღუსრულებლობა და გადარჩენის სურვილი, იმედი – ფესვებს ჩაჭიდებისა, გადააწყვეტინებს ქართველ ქალს იმას, რომ პირისპირ ებრძოლოს მწარე ცხოვრებას, მხეცს, გველის ნაკბენს რისკისამებრ, ოღონდაც დაბრუნდეს, ბრომლეის ნააზრევით რომ ვთქვათ, თავის ქრისტიანიაში, რისთვისაც მსხვერპლს გაიღებს რეალურად. იგი ასრულებს ინდურ ცეკვას ორი შხამიანი გველით, ქალს მცირეოდენი ალკოჰოლის სუნიც კი არ უნდა ეგრძნობინებინა უხსენებლებისთვის. და აი, როდესაც მსახიობი – ელი სცენაზე ცეკვავს, უცებ ხელს მოაბრუნებს და ქართული ცეკვის პოზაში დადგება. მსახიობის მიერ შემოთავაზებული მიგნებით, ინდური ცეკვისათვის უცხო პლასტიკაში თავს იჩენს გენი. თავად პერსონაჟში კუნთი თავისთავად ამოძრავდება და მოცეკვავე მას მიჰყვება. შემზარავი აპოკალიფსური სურათი გადაიშლება, როცა იგი თავის თავს სჯის, მწარე განსაცდელში ჩავარდნილი.
აი, რას ამბობს ჰექსლეი ელისთან საუბარში ქართველებზე: “მე მგონია თქვენ, ქართველები, ყველაზე უფრო არსებობის შენარჩუნებაზე ფიქრობდით, და ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია, თუ როგორ გადიტანეთ ამდენი, მრავალგვარი უბედურება... მე შეიძლება ისე კარგად არ ვიცოდე თქვენი ისტორია, მაგრამ რაც ვიცი მაკვირვებს, როგორ გადარჩით ამდენს მტერს... მტერს უცხოს, შემოსეულს, მტერს შინაურს. და თქვენ გაკაჟებული იბრძოდით არსებობისთვის... – ეს არის პირველი. ყველა დანარჩენი – ევროპული გატაცება მეცნიერებით, პოლიტიკით, ხელოვნებით და ამერიკის დევიზი – სიმდიდრე დოვლათი, დოლარი – თქვენთვის მეორეხარისხოვანი მოთხოვნილება იყო თქვენი სულის. მე შევხვედრივარ საქართველოში ყველა მიმართულების, მდგომარეობისა და ასაკის პიროვნებებს, და განცვიფრებული დავრჩენილვარ... სადაც სრულიად მოულოდნელია იქაც კი იპოვიდით ამ მძაფრ, ავადმყოფურ მუდმივ ფიქრს ეროვნულ სხეულის შენარჩუნებისას”.
დღევანდელ ქართულ სცენაზე ნ. ლორთქიფანიძის ნაწარმოების ამორჩევა და მაყურებლამდე დიდი თავმდაბლობითა და აზრიანობით მიტანა სადღესასწაულო ამბავია, ერთი მსახიობის საოცარი შინაგანი ძალისხმევითა და ბუნებრივი სამსახიობო ნიჭის – სასურველი გამოვლენის წყალობით მიღწეული. სპექტაკლს ეგზომ ამდიდრებს მსახიობის პლასტიკა, მანერა, მიმიკა, ჩაცმულობა, გრიმი, რაც იმდენად თავისუფლადაა მის მიერ მორგებული, რომ ეს ყველაფერი ხელოვანის სულიერი სამყაროდან გადმოსული სიყვარულის შედეგია. იგი გვაგრძნობინებს მთელი იმდროინდელი ქვეყნის ატმოსფეროს: პერსონაჟებად გარდასახვის, საფორტეპიანო, სასულე და სიმებიანი საკრავების მუსიკის საშუალებით, მაცნე-მუსიკოსები სხვადასხვა მოვლენების მაუწყებელნი არიან. მთელი მუსიკა სპექტაკლში სრულდება კვალიაშვილების ოჯახისა და ოლეგ კაკალაშვილის მიერ.
ეს ამაღელვებელი სპექტაკლი დამადასტურებელი საბუთია იმისა, თუ რა დანიშნულება ენიჭება ხელოვანს საზოგადოების წინაშე – ნაწარმოების გაცოცხლებით მას სურს მაყურებელს კავშირი დაამყარებინოს დღევანდელობასთან – რამეთუ აღნიშნული სპექტაკლი რეალურობას არ არის მოწყვეტილი დღესაც, აქ მცხოვრებნი ღვთის სახელით და მისი შემწეობით იტანენ მძიმე ცხოვრებას, ხოლო ემიგრანტთა საყურადღებოდ, ამაღლებული სულის დაცვა და მათი დაბრუნებაა სამშობლოში საჭირო. ვინ დატოვა ელიმ აქ, თბილისში? ის მცირე ხალხი, ვინც იგი დაიტირა, მაგრამ ვაი, რომ ვერც დაიტირა:
მამა სულთმობრძავი, შვილი გაძიძავებული, შვინდაძე, ვერც რომ მიაგნეს მას, მივარდნილ სოფელში მოქვითინე მოხუცი მამიდა და მცირედი მომგონებელი. ყველას როგორ სჭირდებოდა იგი, არამც თუ მათ დაეტირათ, იყო კი ტირილის დრო?! ელის ეს არ დავიწყებია. ელი მას ემსხვერპლა, საუბედუროდ.
რამდენ პერიოდს გაივლის მსახიობი საფეხურებრივ:
ელის დაბადება. მამა გორდელიანი და დედა გერმანელი, მუსიკის მცოდნე. გრაფ ბორენკოვზე ჯვრის წერას ქალი ჩაშლის საქმროსგან უპატივცემულობის გამო, მას გადაარჩენს ოფიცერი იერონიმე შვინდაძე, შემდეგში ქმარი მისი, მაგრამ ვერ შეძლებს გაუძღვეს ოჯახს თავის ლაჩრობით. ჩნდება ვაჟი. სიდუხჭირე. წვალება და მარტოობა.
თბილისში ჩამოსული ინგლისელი ჰექსლეი იხიბლება ქალით და იგი თანხმდება მას, გაჰყვეს. თუმცა მამამისსა და ინგლისელს შორის დუელი უნდა გამართულიყო, მაგრამ მამამ ქალიშვილი ჩააბარა მას მოსავლელად და დასაცავად. ქალს ყველაფერი უსრულდება. რუსეთის თვალუწვდენელი ველები, პარიზი, ბერლინი, მიუნხენში ჩერდებიან. მამაკაცი ცდილობს ელის აჩრდილად არ დაჰყოლოდა ფიქრი წარსულზე. ჰექსლეის კინო-ქარხნის გახსნა სურს მიუნხენში და ამერიკელი მილიარდერის ბრომლეის დახმარების იმედიც ჰქონდა, რომელმაც ელის დაადგა თვალი.
ქალის ჩაღრმავება. იმედის გაწბილება ჰექსლეიზე, რომელმაც მისი პატივმცემელი ინდოელი – რამინო ბრომლეის მიჰყიდა დიდ ფასად. შეურაცხყოფილი მსახური გაქრა. ბრომლეი ჰექსლეის აქციებს ყიდულობს, რათა არ გაკოტრდეს ჰექსლეი.
“ოღონდ წამიყვანეთ თბილისში”…. . .
ელი ცეკვავს ინდურ ცეკვას ორ ასპიტ გველთან ერთად. მაგრამ ბოლომდე ისმევა შხამი ცხოვრებისა.
“უშველეთ მამას, შელოცვა... როსკანმა გამომიგზავნოს რადიოთი!”
შეულოცა როსკანმა, მაგრამ შელოცვამ ვეღარ გასჭრა.
დიდი სამგლოვიარო პროცესია – მათთვის უცნობ ქვეყანაში.
ქაშვეთში პანაშვიდი. დაფერფლილი სხეული. ჭირისუფალი მცირე, მაგრამ. მისი სული თბილისს დასტრიალებს, სხეულში იყო – თუ უსხეულოდ.
რატომ იქმნება დიდი ნაწარმოები? იგი გვეხმარება ავცდეთ და ავირიდოთ შეცდომები და განაწამები სიცოცხლე, რაც ეპიგრაფშიც მინიშნებულია. მსახიობი, ბრეხტისეული თეატრის სტილის შესაბამისად, მონათხრობს იმგვარად ასხამს ხორცს წარმოსახვასა და გადმოცემა-თამაშში, რომ მაყურებელი ეპოქის სულს გრძნობს და პერსონაჟებს ხედავს სულისშემძვრელად. თითქოს სცენა სავსეა და დატვირთულია ამბებითა და ადამიანებით. მსახიობი შთაგონებული მთხრობელია, სპექტაკლი მიჰყავს და თამაშობს ელის სიცოცხლისადმი სიყვარულის დიდი განცდით, იგი ელით ხარობს, ხოლო სხვა ყველაფერი, პერსონაჟები, მისი ახლობლები, მიმდინარე პროცესები თავადის ქალბატონშია უბრალოდ არეკლილი. ამიტომ მსახიობი განგვაწყობს ელისადმი ტრაგიზმისა და დიდი თანაგრძნობით. ხომ არ არის ეს ბრეხტისეული თეატრის პრინციპის ეპიკურ თეატრთან შერწყმის ბუნებრივი ნაზავი? მანანა სურმავა, მსახიობი, თანდათანობით დიდი მხატვრულობით აწარმოებს თხრობას, ისეთივე მოხდენილობით, როგორც თავდაპირველ წყაროშია. იგი ამართლებს ბრეხტის მიზანს – მაგნიტივით მოიზიდოს მაყურებელი და გაუჩინოს ფიქრები განსჯისა, თუმცაღა ეპიკური თეატრისათვის ჩვეული ცრემლიც გვეღვრება თვალთაგან, ქართველის ბედისა და მსახიობის კეთილშთაგონებული თამაშის გამო. მსახიობი და ელი, ესენი ერთნი არიან, სიფრთხილით რომ ეკიდებიან მშობლიურის განცდას ღვთის სიყვარულით; ხელოვანი სცენაზე ანთია, თავისი შინაარსიანი და სხივოსანი სახით, და ამაღლებულის განცდას ჰბადებს. და რაც მთავარია, ის თამაშობს უბრალოდ, სადად, არ ზედმეტი და მოგონილი აქსესუარებითა და ჟესტებით. ის მისეულია. ის დღესდღეობით წარმოადგენს საკუთარ თავს ამ სპექტაკლით; მშვენიერსა და საშინელ სანახაობას, სასიხარულოსა და ასატირებელს გვაზიარებს და გვმოძღვრავს, – ის სიცოცხლის ნაწილი, რაც ელის დააკლდა, ჩვენ ბევრს გვავალებს. “მე ვარ შენი ერთგული, სხვა მიგატოვებს ყველა”, – ისმის ყმაწვილის სიყვარულითა და იმედით აღსავსე ხმა.
ლიტერატორი მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი
No comments:
Post a Comment