Thursday, March 28, 2013

აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო

ნ ა წ ი ლ ი I 

 (წერილების ციკლი ამ საერთო სათაურით, შვიდი წერილისგან შემდგარი, გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს” 2003 წლის ნომრებში 6 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. შესავალი ნაწილი და პირველი წერილი გამოქვეყნდა 6 – 19 მაისის ნომერში. ქვემოთ შევიტანეთ მცირე სარედაქციო შესწორებანი და ზოგიერთი ტერმინის ამერიკული დასახელება)

 უკანასკნელ წლებში საქართველოს სამხედრო მშენებლობის სფეროში შედარებით გააქტიურდა აშშ და მისი თავდაცვის სამინისტრო. მაგრამ პენტაგონის გააქტიურება, ჩვენი აზრით, მაშინ შესაძლოა ყოფილიყო სასარგებლო, თუკი თავად ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები და მათში ამინდის შემქმნელი თანამდებობის პირები დაინტერესებული იქნებოდნენ თანამედროვე სამხედრო საქმის, მისი ისტორიის, სამხედრო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, სამხედრო მრეწველობისა და სამოქალაქო თავდაცვის ფუნდამენტური და აქტუალური საკითხების საფუძვლიან შესწავლაში, წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) თქმით – უცხოური გამოცდილების ჩვენი ეროვნული ცნობიერების ქარცეცხლში გატარებასა და მისი ჩვენთვის სასარგებლო პრაქტიკის ქართულ ნიადაგზე გადმოტანაში. მაშინ უსათუოდ დაგვებადებოდა შეკითხვა – თუკი 5-მილიონიან ფინეთს საკუთარი სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში ჰყავს ასზე მეტი საბრძოლო ბატალიონი (ოთხი სატანკო, ოთხი მოტოქვეითი, 40 ეგერთა ქვეითი /მსუბუქი მექანიზებული/ და 56 ქვეითი), საველე არტილერიის 60-80 დივიზიონი, 35-40 საზენიტო დივიზიონი, ოთხი ცალკეული საინჟინრო ბატალიონი, ადგილობრივი (ტერიტორიული) თავდაცვის ჯარების 150 ცალკეული ასეული და ოცეული, მაშინ ტერიტორიითა და მოსახლეობით ფინეთის თანაზომადი საქართველო როგორღა შეძლებს ამერიკელების მიერ აღჭურვილი და გაწვრთნილი ოთხი მსუბუქი ქვეითი ბატალიონით საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფას? თუკი ფინელებს სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში გააჩნიათ 230 საბრძოლო ტანკი, 1060-ზე მეტი მოჯავშნული მანქანა (საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფისა), 1940-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, მაშინ საქართველო ეუთო-ს ეგიდით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით მისთვის დადგენილი 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანისა და 285 საველე საარტილერიო სისტემის კვოტების თუნდაც სრულად ათვისების შემთხვევაშიც კი როგორ შეძლებს ქვეყნის თავდაცვის უნარიანი სახმელეთო ჯარების ჩამოყალიბებას?

ან კიდევ, როდესაც საზღვარგარეთის ქვეყნებში სპეციალური დანიშნულების ჯარებს – მსუბუქ ქვეით სადაზვერვო-დამრტყმელ და სადაზვერვო-დივერსიულ ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, მათი ვიწრო ფუნქციებისა და დანიშნულების გამო, შედარებით მოკრძალებული რიცხოვნება გააჩნიათ (სახელდობრ აშშ არმიაში სხვადასხვა ტიპის 18 საბრძოლო დივიზიის, 24 ცალკეული საბრძოლო ბრიგადის, 22 ცაკეული საარტილერიო ბრიგადის, საარმიო ავიაციის ცხრა ცალკეული ბრიგადის, 18 ცალკეული საზენიტო დივიზიონისა და სხვა საჯარისო ერთეულების ფონზე არის სპეციალური დანიშნულების ჯარების სულ ცხრა სადაზვერვო-დამრტყმელი ჯგუფი /ე. წ. “მწვანე ბერეტები”, თითოეული ბრიგადის შემადგენლობისა/, და სადაზვერვო-დივერსიული დანიშნულების მხოლოდ ერთი პოლკი /“რეინჯერები”/; თურქეთის სახმელეთი ჯარებში კი, ორი საბრძოლო დივიზიისა და 40 ცალკეული საბრძოლო ბრიგადის ფონზე /ჯავშანსატანკოსი, მექამიზებული ქვეითისა და ქვეითის/, არის სპეციალური დანიშნულების ჯარების სულ ოთხი ბრიგადა), რატომ არის საქართველოში ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი სპეციალური დანიშნულების ჯარების თავიდან ბატალიონის, ხოლო ახლა კი ბრიგადის ჩამოყალიბებაზე მაშინ, როდესაც ქვეყანას არ გააჩნია სათანადო რიცხოვნებისა და ხარისხის ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი, ქვეითი, სამთოქვეითი, აერომობილური, საარმიო ავიაციის, საარტილერიო, საზენიტო, ტანკსაწინააღმდეგო, სადაზვერვო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის, მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვისა და სხვა ჯარები?

მაგრამ ზედმეტ ბელეტრისტიკას რომ მოვერიდოთ, ისევ ამერიკული სამხედრო მშენებლობის გამოცდილების გადმოცემით შევეცდებით ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის როგორც საკუთრივ აშშ შეიარაღებული ძალების მშენებლობის, ისე თანამედროვე სამხედრო საქმის ზოგიერთი აქტუალური საკითხის გაშუქებას. ქვემოთ შემოგთავაზებთ წერილების ციკლს საერთო სათაურით “აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო”, რომელშიც შეძლებისდაგვარად შევეცდებით პარალელურად ამერიკული სამხედრო მშენებლობის გამოცდილების ფონზე საქართველოსთვის სასარგებლო რეკომენდაციების წამოყენებასაც.

წერილი I. აშშ სამხედრო მშენებლობის ისტორიული და პოლიტიკური საკითხები 

1993 წლის აპრილში “აშშ საინფორმაციო სააგენტომ” ვენაში რუსულ ენაზე გამოსცა მწერლისა და სამხედრო ისტორიკოსის დევიდ ფ. თრექის ნაშრომი «Демократия и оборона – гражданский контроль над армией в Соединённых Штатах», რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ ისტორიულად სამხედრო სამსახური აშშ-ში არ ყოფილა პატისვაცემი და პრესტიჟული. იქ გაცილებით უფრო მეტად ფასობდა ფერმერული და სხვა სამოქალქო საქმიანობა. მართლაც, ევროპულ ომებსა და კრომველის დიქტატურას გარიდებული ბრიტანელი, ირლანდიელი, ფრანგი და გერმანელი კოლონისტები ამრეზით უყურებდნენ ქვეყანაში მუდმივი არმიის ჩამოყალიბებას, ხოლო შტატების თავდაცვისა და შიდა უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტას კი ცდილობდნენ ყოველ კონკრეტულ შემხვევაში შეკრებილი მოხალისეთა ლაშქრის (მილიციის, შტატების ეროვნული გვარდიის) საფუძველზე. გარდა ამისა, მუდმვი ჯარის მცირერიცხოვანი გარნიზონები განლაგებული იყო ინდიელთა მიწების, კანადისა და მექსიკის მახლობელ გარნიზონებში (ფორტებში). ამავე დროს ევროპული ომებისა და კონფლიქტებისგან აშშ განზე დგომისა და იზოლაციონალიზმის პოლიტიკის გატარებას ამჯობინებდა.

ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი 1799 წელს წერდა: “შიდა თავდაცვის თვალსაზრისით მე გამოვდივარ მხოლოდ ჩვენს სახალხო ლაშქარზე დაყრდნობის მომხრედ მანამდე, სანამ გარედან არ შემოგვეჭრებიან, და მხოლოდ ისეთ საზღვაო ძალებზე, რომელიც საკმარის იქნება მარბიელი მოქმედებებისგან ჩვენი სანაპიროსა და ნავსადგურების დასაცავად, და არა მშვიდობიანობის დროის მუდმივ არმიაზე, რომელსაც შიშის დანერგვა შეეძლება მოსახლებაში, და საზღვაო ძალებზე, რომელიც თავისი საკუთარი ხარჯებითა და გაუთავებელი ომებით, თანაც ამ ომებში ქვეყნის ჩათრევით, თავისი სიმძიმით დაგვაწვება, და ჩვენვე დაგვასამარებს”.

მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია აშშ-ში დასჭირდათ 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის, აგრეთვე პირველი და მეორე მსოფლიო ომების მსვლელობისას, მაგრამ შემდეგ მალევე ისევ მკვეთრად ამცირებდნენ მათ რიცხოვნებას. 

პირველი მსოფლიო ომის დასრულების კვალდაკვალ ერთა ლიგის შექმნის ფონზე აშშ პრეზიდენტს ვუდრო ვილსონს სურდა ქვეყანა შეეყვანა ამ ორგანიზაციაში, რაც საშუალებას მისცემდა ამერიკას უფრო აქტიური როლი ეთამაშა მსოფლიო პროცესებში და ერთა ლიგის მეშვეობით გაეტარებინა “კოლექტიური უსაფრხოების ახალი საგარეო პოლიტიკა”. ამას დასჭირდებოდა მრავალრიცხოვანი, ძლიერი და მაღალ მზადყოფნაში მყოფი შეიარაღებული ძალები, რომელსაც სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთობლივად გამოიყენებდნენ ერთა ლიგის გადაწყვეტილებათა შესრულების უზრუნველსაყოფად. მაგრამ აშშ სენატმა (და, შესაბამისად, ამომრჩეველმა) უარყო პრეზიდეტის ეს პროექტი და უწინდებურად იზოლაციონალიზმის პოლიტიკას დაუბრუნდა. დევიდ თრექის აზრით, მაშინ “ამერიკელები ჯერ კიდევ არ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ აშშ დიდ მონაწილებას უნდა ღებულობდეს ძველი კონტინენტის საქმეებში საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მათ არც მაღალ მზადყოფნაში მყოფი მსხვილი შეიარაღებული ძალების შენახვა სურდათ აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებისთვის”.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც, ერთი შეხედვით, მსგავსი სურათი განმეორდა – 1945-1950 წლებში აშშ შეიარაღებულ ძალების რიცხოვნება შემცირებულ იქნა 8 მლნ.-ზე მეტი ადამიანიდან 600 ათასამდე (ანუ 13-ჯერ და მეტად), მაგრამ ამავე პერიოდში ყოფილ საბჭოთა კავშირთან “ინტერესთა კონფლიქტის” ფონზე აშშ პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის ადმინისტრაციამ შეძლო დაერწმუნებინა კონგრესი იმაში, რომ გამოეცხადებინათ მსოფლიო საქმეებში მონაწლეობაზე მიმართული აქტიური საგარეო პოლიტიკა. 1947 წელს ამან მიიღო “საბჭოთა ბლოკის გაფართოების შეკავების” პოლიტიკის ფორმა, რაც ითვალისწინებდა ამ მიმართულებით რიგი ღონისძიებების გატარებას. იმავე 1947 წელს მიღებულ იქნა ახალი “კანონი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ”, რომლის მიხედვითაც ჩამოაყალიბეს “აშშ სადაზვერვო საზოგადოებრიობა” (გაერთიანება, US Intelligence Community) და მისი უმსხვილესი რგოლი “ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო” (Central Intelligence Agency /CIA/). შემდგომში ამერიკის “ცენტრალურ დაზვერვაში” გააერთიანეს პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური დასხვა დაზვერვის სტრუქტურები, მიყურადების სამსახური (ეროვნული უშიშროების სააგენტო, National Security Agency /NSA/), კონტრდაზვერვა (გამოძიებათა ფედერალური ბიურო, Federal Bureau for Investigation /FBI/).

1947 წელს აშშ-მა სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება დადო თურქეთან, ხოლო 1949-ში კი ჩამოყალიბებულ იქნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი (ნატო, North Atlantic Treaty Organization /NATO/ ), რომელშიც ამერიკას ევალებოდა ევროპელი მოკავშირეებისთვის “ბირთვული ფარის” უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდო ომში კი ევროპის ტერიტორიაზე თავად ამ ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს უნდა გამოეღოთ ხელი. იმ ეტაპზე ამერიკული სამხედრო სტრატეგია ემყარებოდა შესაძლო საბჭოთა დარტყმებზე “მასირებული ბირთვული ნაცვალგების” კონცეფციას. 1960-იანი წლების შუახანებში აშშ-ში შემუშავებულ და შემდეგ ნატო-ს ბლოკშიც გატარებულ იქნა ევროპის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალებით “მოქნილი რეაგირების” სამხედრო სტრატეგია, რამაც ერთის მხრივ გაამწვავა ურთიერთობები აშშ-სა და საფრანგეთს შორის (საფრანგეთი გავიდა ბლოკის სამხედრო ორგანიზაციიდან), ხოლო მეორეს მხრივ კი, ფედერაციულმა გერმანიამ მოითხოვა ვარშავის ბლოკის ქვეყნების ჯარებთან უკვე სასაზღვრო რაიონში (გფრ-ის აღმოსავლეთ რაიონებში) მეწინავე მიჯნებზე აქტიური თავდაცვითი მოქმედებების წარმოება და ქვეყნის შიგნით მოწინააღმდეგის ღრმად შემოჭრის არდაშვება.

 ბუნდესვერის “მეწინავე მიჯნებზე თავდაცვის” კონცეფციას კარგად მოერგო საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ბლოკის საზღვრების მახლობლად ამერიკული შეიარაღებული ძალების დაჯგუფების “მეწინავე ბაზირების” სტრატეგიული კონცეფციაც. სწორედ აღნიშნული სტრატეგიის საფუძველზე 1980-იანი წლების მიწურულისთვის ევროპულ ომის თეატრზე განლაგებული იყო აშშ შეიარაღებული ძალების ნახევარმილიონიანი დაჯგუფება, რომლის საბრძოლო შემადგენლობაშიც შედიოდა სახმელეთო ჯარების ოთხი დივიზია (ორი ჯავშანსატანკო და ორი მექანიზებული ქვეითი), ერთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა, ორი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, ხუთი საარტილერიო ბრიგადა, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა (ოტრ) “ლანსების” ხუთი დივიზიონი, სამი ცალკეული საინჟინრო ბრიგადა, საარმიო ავიაციის ორი ბრიგადა და სხვა ჯარები. ამაზე დამატებით, გფრ-ის, ბელგიისა და ნიდერლანდების ტერიტორიაზე შექმნილი იყო სპეციალური საწყობები კიდევ ექვსი ამერიკული დივიზიის (ორი ჯავშანსატანკო, სამი მექანიზებული ქვეითი და ერთი ქვეითი) საშტატო საბრძოლო ტექნიკითა და მძიმე შეიარაღებით, რათა კრიზისულ სიტუაციებში ამ დივიზიების პირადი შემადგენლობის თვითმფრინავებით გადმოსროლის გზით უკვე ათ დღეღამეში ჩაებათ საბრძოლო მოქმედებებში გაძლიერების ეს შენაერთები.

დასაწყობებული შეიარაღების გათვალისწინებით, 1980-იანი წლების ბოლოს აშშ შეიარაღებულ ძალებს ევროპაში გააჩნდა დაახლოებით 5000 საბრძოლო ტანკი, 2200 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 3100-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ოტრ “ლანსების” 40-ზე მეტი გასაშვები დანადგარი, საარმიო ავიაციის 1600 თვითმფრინავი და ვერტმფრენი (მათ შორის 280-ზე მეტი დამრტყმელი ვერტმფრენი), 700-ზე მეტი ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავი. გარდა ამისა, ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეში ამერიკულ სარდლობას განლაგებული ჰყავდა 200-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი, მათგან ცხრა მრავალმიზნობრივი ავიამზიდი, 70 მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავი და ავიამზიდებზე ბაზირებული 900 საბრძოლო თვითმფრინავი.

ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების სიდიდით მეორე დაჯგუფება აშშ სარდლობას განლაგებული ჰყავდა წყნარი ოკეანის ზონაში. იგი მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 600 ათას ადამიანს, 1800-ზე მეტ საბრძოლო თვითმფრინავსა და 200-ზე მეტ საბრძოლო ხომალდს. ამ ძალებისა და საშუალებათა მნიშვნელოვანი ნაწილი გაშლილი იყო წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში იაპონიისა და სამხრეთ კორეის ტერიტორიების ჩათვლით. სახელდობრ, 1990-იანი წლების დასაწყისში სამხრეთ კორეაში განლაგებული იყო 42 ათას კაცამდე რიცხოვნების ამერიკული დაჯგუფება – სახმელეთო ჯარების ერთი ქვეითი დივიზია, ერთი საავიაციო დივიზია, ოტრ “ლანსების” ბატარეა, ოთხი საარტილერიო და ერთი საზენიტო დივიზიონი. ჰავაის კუნძულებზე კი მათი გაძლიერებისთვის დისლოცირებული იყო მსუბუქი ქვეითი დივიზია და სხვა ძალები.

იაპონიაში ამერიკულ სარდლობას განლაგებული ჰყავდა 45-ათასიანი კონტინგენტი, რომლის შემადგენლობაშიც აღსანიშნავია საავიაციო დივიზია (120 საბრძოლო თვითმფრინავი) და კ. ოკინავაზე დისლოცირებული საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო დივიზია 22 ათასი ადამიანის შემადგენლობით.

აშშ შეიარაღებული ძალების ძირითადი დაჯგუფება განლაგებული იყო ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში. მასში შედიოდა სტრატეგიული შეტევითი ძალების თითქმის მთელი შემადგენლობა, სახმელეთო ჯარების 19 დივიზია (სამი ჯავშანსატანკო, ექვსი მექანიზებული ქვეითი, ხუთი ქვეითი, სამი მსუბუქი ქვეითი, თითო-თითო საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო), 30-მდე ცალკეული ბრიგადა და სხვა ჯარები, საჰაერო თავდაცვისა და ტაქტიკური ავიაციის 87 საბრძოლო ესკადრილია და ა. შ.

ცივი ომის დასრულების შემდგომ ათწლეულში პენტაგონმა მკვეთრად შეამცირა თავისი ჯარების დაჯგუფება ევროპაში – ნახევარი მილიონიდან 100 ათას ადამიანამდე, ასევე საბრძოლო ტექნიკისა და მძიმე შეიარაღების რაოდენობაც. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს აქ მოითვლებოდა სულ 785 ამერიკული საბრძოლო ტანკი, 1570-მდე მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 510-ზე მეტი საველე საარტილერიო სისტემა, 140-მდე დამრტყმელი ვერტმფრენი, 100-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და სხვა შეიარაღება.

მაგრამ როგორც უწინაც ვწერდით, ცენტრალურ ევროპაში სამხედრო დაპირისპირების მკვეთრად შემცირების ფონზე, მთელი 90-იანი წლების განმავლობაში აშშ და, ნაწილობრივ, გერმანიაც მიზანმიმართულად აძლიერებდნენ თურქეთის შეიარაღებულ ძალებს. მათი დახმარებით თურქულმა სარდლობამ მნიშვნელოვნად განაახლა და გაზარდა თავისი ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი ჯარები, თვითმავალი არტილერია, საბრძოლო ავიაციისა და საბრძოლო ხომალდების შესაძლებლობები, გაიჩინა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღება და დამრტყმელი ვერტმფრენები. ამ გადაიარაღების შედეგად თურქეთმა აშკარად გადააჭარბა თავისი თავაცვითი საკმარისობის მოთხოვნილებებს და გარკვეულ ფარგლებში აშკარად შეტევითი შესაძლებლობებიც შეიძინა. თანაც ამისთვის თურქულმა სარდლობამ, ნატო-ს ბლოკის სხვა ქვენებისგან განსხვავებით, თავისი სამხედრო ხარჯები 90-იან წლებში გააორმაგა – 1990 წლის 5,0 მლრდ. ამერიკული დოლარიდან 2000 წელს გაზარდა 10,8 მლრდ. დოლარამდე.

ამასვე მოჰყვა თურქეთის მახლობელ რეგიონებში – ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში – ამერიკული ჯარების შეყვანა. რაც შეეხება სამხრეთ კორეასა და იაპონიას, აქ პენტაგონმა უმნიშვნელოდ შეამცირა გასულ ათწლეულებში თავისი ჯარების დაჯგუფებები და 2000 წელს ისინი მოითვლიდნენ შესაბამისად 36,5 და 39,7 ათას ადამიანს (უწინდელი 42 და 45 ათასის ნაცვლად).

 ირაკლი ხართიშვილი 


წერილი II. აშშ შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოები 

 (წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს” 2003 წლის 20 მაისი – 2 ივნისის ნომერში; ამჯერად მცირე სარედაქციო დამატებების სახით ჩავურთეთ აშშ თავდაცვის სისტემის ზოგიერთი სტრუქტურის ამერიკული დასახელება)

 აშშ შეიარაღებული ძალები ადმინისტრაციული ორგანიზაციის მიხედვით იყოფა სამ სახეობად – სახმელეთო ჯარებად (არმია), საჰაერო ძალებად და საზღვაო ძალებად. ამ უკანასკნელში შედის საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსიც, თუმცა კი მას ზოგჯერ შეიარაღებული ძალების ცალკე სახეობადაც მოიხსენიებენ ხოლმე.

აშშ შეიარაღებული ძალების მართვაში არის დაქვემდებარების ორი ხაზი – ადმინისტრაციული და ოპერატიული. ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში შედის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, შეიარაღების, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა უზრუნველყოფის, საბრძოლო მომზადების, ზურგის, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ჩატარების საკითხები. ამ ხაზით, როგორც თავდაცვის სამინისტროს აპარატში, ისე მისდამი დაქვემდებარებულ ორგანოებშიც მსახურობენ როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ისე სამოქალაქო პირებიც. ოპერატიული დაქვემდებარება კი გულისხმობს ჯარებისა და ძალების საბრძოლო გამოყენების დაგეგმვისა და უშუალოდ ამ გამოყენების სფეროს. ამ ხაზით მსახურობენ მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები: გენერლები (ადმირალები), ოფიცრები და სერჟანტები, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა რანგის საშტაბო და სამეთაურო თანამდებობებზე. ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ამის შესახებ (იხილეთ ნახატი).

 [ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა “აშშ შეიარაღებული ძალების მართვის ორგანიზაცია ცივი ომის მიწურულს”, სათავეში ნაჩვენებია აშშ პრეზიდენტი (ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი), აგრეთვე მისი საკონსულტაციო ორგანო, ეროვნული უშიშროების საბჭო; პრეზიდენტს ექვემდებარება თავდაცვის მინისტრი, ხოლო ამ უკანასკნელის საკონსულტაციო ორგანოა საბჭო შეიარაღებული ძალების მშენებლობის საკითხებში; თავდაცვის მინისტრის დაქვემდებარებაშია შტაბების უფროსთა კომიტეტი და გაერთიანებული შტაბი, არმიის მინისტრი, საჰაერო ძალების მინისტრი და საზღვაო ძალების მინისტრი; არმიის მინისტრის დაქვემდებარებაში ნაჩვენებია არმიის შტაბის უფროსი, ხოლო მათ დაქვემდებარებაში კი: სახმელეთო ჯარების 16 ძირითადი სარდლობა, არმიის ეროვნული გვარდიის შენაერთები და ნაწილები, არმიის რეზერვის ნაწილები და ქვედანაყოფები, სახმელეთო ჯარების სარდლობა აშშ კონტინენტურ ნაწილში; საჰაერო ძალების მინისტრის დაქვემდებარებაში ნაჩვენებია საჰაერო ძალების შტაბის უფროსი, ხოლო მათ დაქვემდებარებაში კი: საჰაერო ძალების 12 ძირითადი სარდლობა, სტრატეგიული საავიაციო სარდლობა, სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობა, საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის სარდლობა, საჰაერო ძალების რეზერვის სარდლობა; საზღვაო ძალების მინისტრის დაქვემდებარებაში ნაჩვენებია საზღვაო ძალების შტაბის უფროსი და საზღვაო ქვეითი ჯარის კომენდანტი, ხოლო საზღვაო ძალების შტაბის უფროსის დაქვემდებარევაში კი: ატლანტიკური ფლოტი, წყნარი ოკეანის ფლოტი, ცენტრალური დაქვემდებარების სანაპირო სარდლობები, ხუთი ფლოტთაშორისი სარდლობა და საზღვაო ძალების მზადმყოფი რეზერვის შენაერთები და ნაწილები; გარდა ამისა, არმიის (სახმელეთო ჯარების), საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში შედიან მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განლაგებული გაერთიანებული სარდლობების შემადგენლობაში შემავალი შენაერთები და ნაწილები, შესაბამისად, სახმელეთო ჯარებიდან, საჰაერო ძალებიდან და საზღვაო ძალებიდან, ხოლო ეს გაერთიანებული სარდლობები კი შემდეგია: აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობები ევროპულ ზონაში, ატლანტის ოკეანის ზონაში, წყნარი ოკეანის ზონაში, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ზონაში, გაერთიანებული ცენტრალური სარდლობა, სტრატეგიული გადასროლების სარდლობა, კოსმოსური სარდლობა, სპეციალურ ოპერაციათა სარდლობა. ადმინისტრაციული დაქვემდებარების გარდა, შტაბების უფროსთა კომიტეტსა და გერთიანებულ შტაბს ოპერატიულად ექვემდებარებიან ჩრდილოამერიკული კონტინენტის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობა NORAD, სახმელეთო ჯარების სარდლობა აშშ კონტინენტურ ნაწილში, საჰაერო ძალების სტრატეგიული საავიაციო სარდლობა და სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობა და ზემოთ ჩამოთვლილი აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში]

აშშ კონსტიტუციის თანახმად, ომის გამოცხადების უფლება აქვს მხოლოდ კონგრესს. მასვე ევალება მშვიდობიანობის დროს ფინანსური ასიგნებების გამოყოფა.

აშშ პრეზიდენტს კონგრესის მიერ ომის გამოცხადების შემთხვევაში აქვს მისი წარმოების უფლება. ომის გამოცხადების გარეშე მას შეუძლია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეიყვანოს ჯარები და იქ აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები 60 დღეღამის განმავლობაში. თუკი ამ პერიოდში კონგრესი არ მისცემს ომის შემდგომ გაგრძელებაზე სათანადო სანქციას, მაშინ მან უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და ამერიკული ჯარები გამოიყვანოს უცხო ქვეყნიდან. ჯარების მაქსიმალურად უდანაკარგოდ გამოყვანისთვის მას კიდევ ეძლევა არაუმეტეს 30 დღეღამისა. ყველაზე მეტი, 90 დღეღამის შემდეგ იქ აღარ უნდა რჩებოდეს არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი.

რომელიმე შტატში აჯანყების ან უწესრიგობათა დაწყნარებისთვის პრეზიდენტს შეუძლია შტატის საკანონმდებლო საკრებულოს ან გუბერნატორის თხოვნით გამოიყენოს ეროვნული გვარდია ან რეგულარული ჯარები “ისეთი რიცხოვნებისა და ისეთ ფარგლებში, რომლებიც მას საჭიროდ მიაჩნია აჯანყების ჩასაქრობად”, ან “უკანონო წინააღმდეგობათა” აღსაკვეთად.

მშვიდობიანობის დროის შეიარაღებული ძალების მშენებლობის სფეროში პრეზიდენტი კონგრესს წარუდგენს დასამტკიცებლად სამხედრო ასიგნებათა წინადადებებს (ქვეყნის ბიუჯეტის ფარგლებში), განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების მშენებლობის გზებსა და მიმართულებებს, სენატის თანხმობით ნიშნავს თავდაცვის მინისტრს (სამოქალქო პირს), არმიის, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების მინისტრებს (ასევე სამოქალაქო პირებს), შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების უფროსებს, შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს (ყველა სრული გენერალი ან ადმირალი). სენატის თანხმობის გარეშე აშშ პრეზიდენტი ნიშნავს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მთავარსარდლებს (ვთქვათ ამერიკული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ატლანტის ოკეანის ზონაში ან ევროპულ ზონაში, გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის მთავარსარდალს, რომლის ჯარებიც განკუთვნილია სამოქმედოდ ძირითადად ახლო აღმოსავლეთში და უკანსკნელ თვეებში იპყრობდნენ ერაყის ტერიტორიას და სხვა). აშშ პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული უფლება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ბრძანების გასაცემად. 

სამხედრო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში აშშ პრეზიდენტის მთავარი საკონსულტაციო ორგანოა ეროვნული უშიშროების საბჭო (National Security Council). ამავე დროს იგი კოორდინაციას უწევს ყველა სამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციის, უწყებისა და დაწესებულების საქმიანობას სამხედრო მშენებლობის სფეროში. მის შემადგენლობაში მუდმივი წევრის უფლებით შედიან: აშშ პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი. საბჭოს მუდმივი მრჩევლებია შტატაბის უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე (სამხედრო საკითხებში) და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი (დაზვერვის საკითხებში). მუდმივი წვრებისა და მრჩევლების გარდა, პრეზიდენტის შეხედულებით, შესაძლოა საბჭოში შეიყვანონ სხვა პირებიც, ხოლო მის ცალკეულ სხდომებზე კი მიიწვიონ განსახილველი საკითხების შესაბამისად, საჭირო სამინისტროებისა და უწყებათა წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში (ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატის მუშაობას), მისი მოადგილე და აღმასრულებელი მდივანი.

თავდაცვის მინისტრი (Secretary of Defense, სამოქალაქო პირი, დანიშნული ოთხი წლის ვადით) ხელმძღვანელობს აშშ შეიარაღებულ ძალებს და პასუხს აგებს მის მშენებლობაზე, სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაზე, გამოყენებაზე, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, სამხედრო კვლევებისა და შემუშავებათა წარმოებაზე. შეიარაღებული ძალების ადმინისტრაციულ მართვას იგი ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროების, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მთავარსარდალთა მეშვეობით, ოპერატიულ მართვას კი – შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარის, აგრეთვე გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მთავარსარდალთა მეშვეობით.

შტაბების უფროსთა კომიტეტი (შუკ – Joint Chiefs of Staff) არის ქვეყნის უმაღლესი სამხედრო-აღმასრულებელი ორგანო შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის სისტემაში. მასში შედიან არმიის, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების შტაბების უფროსები, საზღვაო ქვეითი ჯარის კომენდანტი, შუკ-ის თავმჯდომარე და მისი მოადგილე. მათ გააჩნიათ თავიანთ სახეობებში უმაღლესი სამხედრო წოდებები (სრული გენერალი, ადმირალი, საზღვაო ქვეითი ჯარის კომენდანტი კი გენერალ-ლეიტენანტია), შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. შუკ-ის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომიტეტის მუშაობის წესს, სხდომების ჩატარების წესრიგს, თავდაცვის მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციებს შეიარაღებული ძალების გამოყენების საკითხებში. ამავე დროს ცივი ომის პერიოდში შუკ-ის თავმჯდომარეს არ გააჩნდა ჯარების ოპერატიული მართვის უფლება და ყველა დირექტივას ან ბრძანებას იგი გასცემდა თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით და მისი სახელით.

აშშ შუკ-ს ევალება სტრატეგიული გეგმების შემუშავება, შეიარაღებული ძალების მართვის უზრუნველყოფა გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების (unified and specified comands) მიერ წარმოებული ოპერაციების ჩათვლით, სამობილიზაციო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გეგმების შედგენა, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების საორგანიზაციო სტრუქტურის შესახებ თავდაცვის მინისტრისთვის რეკომენდაციების გამომუშავება, პირად შემადგენლობასა და მატერიალურ საშუალებებში შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებათა განსაზღვრა, ჯარებისა და ძალების ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ორგანიზაციის ძირითადი დებულებების გამომუშავება, სამხედრო ხარჯების დაგეგმისთვის ოპერატიულ-სტრატეგიული ხასიათის მონაცემების მომზადება და სხვა.

შუკ-ის სამუშაო ორგანოა და მის საქმიანობას უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბი (Joint Staff), რომელშიც ოფიცრები და გენერლები (ადმირალები) შედიან თანაბარი რიცხვით შეიარაღებული ძალების ყველა სახეობიდან და საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსიდან, რათა გამოირიცხოს რომელიმე სახეობისადმი მიკერძოება. აქ ისინი მსახურობენ ორი-ოთხი წლის მანძილზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში მეტითაც), შემდეგ კი უბრუნდებიან თავიანთ საჯარისო ნაწილებსა და ხომალდებს. გაერთიანებულ შტაბში ოფიცერთა შემადგენლობის ასეთი მოკლევადიანი მივლინებებით სამსახურის პრაქტიკა, ამერიკული სარდლობის აზრით, უზრუნველყოფს ოფიცრების, გენერლებისა და ადმირალების მიერ ცოდნისა და კვალიფიკაციის საჭირო დონეზე შენარჩუნებას, რაც აუცილებელი პირობაა მათი შემდგომი სამსახურისა და დაწინაურებისვის. ეს პრაქტიკა ძირეულად განსხვავდება ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებისგან “თბილი სკამებისა” და “თანამდებობების” შესახებ, ხოლო დაწინაურების აუცილებელ პირობას კი ჩვენში, სამწუხაროდ, წარმოადგენს არა შესაბამისი ცოდნა, კვალიფიკაცია და ქვეყნისადმი სამსახური, არამედ ზემდგომი უფროსებისა და თანამდებობის პირებისადმი ერთგულება და მორჩილება. შედეგიც შესაფერისია.

შუკ-ის გაერთიანებული შტაბის ამოცანებში შედის კომიტეტის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის მითითებების თანახმად სხდომებისთვის მასალების მომზადება, შეიარაღებული ძალების გამოყენების სამობილიზაციო, სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების, ასევე ზურგის უზრუნველყოფის გეგმების შემუშავება და დაზუსტება. 

შტაბების უფროსთა კომიტეტი და მისი გაერთიანებული შტაბი შეადგენენ სტრატეგიული დაგეგმარების გაერთიანებული სისტემის მთავარ რგოლს, რომლის საქმიანობის მარეგულირებელ წესსა და პროცედურას ადგენს შუკ-ის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის ძირითადი მგეგმავი დოკუმენტები მოიცავენ 20-წლიან პერიოდს, რომელიც სამ დროით მონაკვეთად იყოფა: ორი წელი (მიმდინარე წლის გათვალისწინებით) – დაგეგმარების მოკლევადიანი პერიოდი, შემდეგი რვა წელი – საშუალოვადიანი პერიოდი და კიდევ ათი წელიც – დაგეგმარების გრძელვადიანი პერიოდი. ამ დოკუმენტებს შუკ-ის გაერთიანებული შტაბი შეიმუშავებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოსთან (Defense Intelligence Agency - DIA) ერთობლივად, რომელიც წარმოადგენს აშშ სამხედრო დაზვერვის უმაღლეს ორგანოს და აშშ “ცენტრალური დაზვერვის” (Central Intelligence) ერთ-ერთ მთავარ კომპონენტთაგანს. 

ზემოაღიშნული მემორანდუმის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო ყოველწლიურად ამზადებს უახლოესი პერსტექტივის შეფასების დაწვრილებით მონაცემებს, სადაც ძირითადი ყურადღება ეთმობა დედამიწის სხვადასხვა რაიონში მდგომარეობის განვითარების შესაძლო სიტუაციებისა და ვარიანტების ანალიზს მოკლე და საშუალო პერიოდში – 2-10 წლის ფარგლებში.

იგივე სამმართველო ასევე ყოველწლიურად გამოიმუშავებს სტრატეგიული დაგეგმვის სადაზვერვო პრიორიტეტებს, რომლებშიც განისაზღვრება აშშ სამხედრო დაზვერვის წინაშე მდგარი მიმდინარე და პერსპექტიული არსებითი ამოცანები და მათი გადაწყვეტის მიმართულებები.

ოთხ წელიწადში ერთხელ შეიმუშავებენ გრძელვადიან (20 წელიწადზე) კომპლექსურ სტრატეგიულ შეფასებას, ყოველ ორ წელიწადში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით. მთლიანად მსოფლიოსა და მის ცალკეულ რაიონებში მდგომარეობის განვითარების ვარიანტებს და ამის შესაბამისად აშშ ინტერესების უზრუნველყოფისთვის შესაძლო მოქმედებებს. ეს დოკუმენტი წარმოადგენს უახლოეს და ხანგრძლივ პერსტექტივაში აშშ შეიარაღებული ძალების სტრუქტურის განსაზღვრისა და დაზუსტების, აგრეთვე მისი მშენებლობის გეგმებისა და პროგრამების საფუძველს. 

ყოველწლიურად ამზადებენ სტრატეგიული დაგეგმვის განზოგადებულ წინადადებებს, სადაც გადმოცემულია აშშ პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის მინისტრისთვის რეკომენდაციები შეიარაღებული ძალების მშენებლბისა და სამხედრო სტრატეგიის გამომუშავების საკითხებში, გამომდინარე ამერიკის ინტერესებისადმი მუქარების კომპლექსური სამხედრო შეფასებიდან.

ასევე ყოველწლიურად ამზადებენ საშუალო პერიოდისთვის (ათ წლამდე) პროგრამების შეფასებათა გაერთიანებულ მემორანდუმს, რომელშიც გადმოცემულია აშშ შეიარაღებული ძალების დაგეგმადი შემადგენლობის საკმარისობის, მისი შესაძლებლობებისა და ამასთან დაკავშირებული რისკის ხარისხის შეფასება.

გარდა ამისა, ყოველწლიურად ამზადებენ საშუალო პერიოდში სხვა ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის მემორანდუმს, ხოლო სტრატეგიულ შესაძლებლობათა გაერთიანებულ გეგმას კი შეიმუშავებენ ყოველწლიურად მხოლოდ მორიგი წლისთვის. იგი შეიცავს შეიარაღებული ძალების გამოყენების კონცეფციებს გლობალური მასშტაბითა და მსოფლიოს ძირითად რეგიონებში, რომლებიც ფაქტობრივად შეესაბამება აშშ გაერთიანებული სარდლობების პასუხისმგებლობის ზონებს, აგრეთვე არსებული ძალებისა და საშუალებათა შეფასებას. იგი შედგება ორი ნაწილისგან – “დაგეგმვის კონცეფციები, ამოცანები და მითითებანი” და “ძალები და საშუალებები”, და რიგი დამატებებისგან, რომლებშიც შეფასებულია შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და დამუშავებულია მითითებები დაზვერვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ბირთვული იარაღის გამოყენებისა და სხვა საკითხებში.

აშშ სტრატეგიული დაგეგმარების გაერთიანებული სისტემის ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს სახელმძღვანელოსა და საფუძველს შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროგრამების, მისი გამოყენების ოპერატიული გეგმების შემუშავების, დაფინანსების ასიგნებებისთვის.

ამ დოკუმენტების თუნდაც ზედაპირული გაცნობა გვიჩვენებს, რომ აშშ სამხედრო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება არა მხოლოდ რომელიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონცეფტუალური შეხედულებებითა და პროგრამებით, არამედ თვით ამ კონცეფციებსა და პროგრამულ შეხედულებებს ხშირ შემთხვევებში განსაზღვრავენ სწორედ აშშ სამხედრო სპეციალისტებისა და ორგანოებისგან შემდგარი სტრატეგიული დაგეგმარების გაერთიანებული სისტემის მიერ გამომუშავებული და დასაბუთებული საშუალო- და გრძელვადიანი საგეგმო დოკუმენტები. ხოლო ამ დოკუმენტების შინაარსს კი სხვათა შორის განსაზღვრავენ აშშ შეიარაღებულ ძალების ძირითადი შეიარაღების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, ჯარებისა და ძალების სტრატეგიული გადასროლების საჰაერო და საზღვაო საშუალებათა რაოდენობა, აქედან გამომდინარე, ჯარების საბრძოლო შესაძლებლობები და სხვა, რომელთა ცვლილებაც ხდება არა მყისიერად, რომელიმე მორიგი პრეზდენტის შეხედულებისდა მიხედვით, არამედ თანდათანობით და გარკვეულ ვადებში გაჭიმულად.

გარდა ამისა, ჩვენ ხშირად მოწმენი ვხდებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სპონტანურად წამოჭრილი დესტაბილიზაციის და შეიარაღებული დაპირისპირებებისა, რომელთა ჩახშობისა და დარეგულირების პროცესში აშშ, ნატო და სხვა დასავლური ორგანიზაციები, დასავლეთის მმართველი წრეები სულ მყარად იკიდებენ ფეხს ისეთ რეგიონებში, სადაც მანამდე მათი გავლენა შედარებით მოკრძალებული იყო. ბუნებრივად ისმის კითხვა, ეს რეგიონული დესტაბილიზაციები და ლოკალური ომები მართლა სპონტანურად წამოიჭრება ხოლმე, თუ მათი წინასწარ დაგეგმვა და შემზადება ხორციელდება აშშ და დასავლეთის სხვა წამყვანი ქვეყნების, აგრეთვე მათი სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ორგანიზაციების შესაბამისი სტრუქტურებისა და ორგანოების მიერ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმარებისა და განხორციელების სათანადო ღონისძიებათა საფუძველზე. მით უმეტეს, რომ 1990-იან წლებში რუსულ და ქართულ ენებზეც მნიშვნელოვანი ლიტერატურა გამოჩნდა სწორედ უკანასკნელი მოსაზრების დასადასტურებლად. მაგალითად მოვიყვანთ თუნდაც 2001 წელს ქართულად თარგმნილ ნ. დობროლიუბოვის წიგნს “XX საუკუნის ფარული ორგანიზაციები”, რომლის პირველწყაროსაც წარმოადგენს 1993 წელს გერმანიაში გამოსული იან ვან ჰელზინგის ნაშრომი “საიდუმლო საზოგადოებები და მათი ძლიერება XX საუკუნეში” (Jan van Helsing, “Geheim Gesellschaften und ihre Macht im 20. Jahrhundert”, Ewertverlag, 1993).

 ირაკლი ხართიშვილი 


 წერილი III. აშშ შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია 

(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “საქართველოს” 2003 წლის 7 – 30 ივნისის ნომერში) 

მიზნობრივი დანიშნულებისა და გადასაწყვეტიო ამოცანების ხასიათის მიხედვით, აშშ შეიარაღებული ძალები იყოფა სტრატეგიულ (შეტევით და თავდაცვით) ძალებად, ზოგადი დანიშნულების ძალებად, ჯარების სტრატეგიული გადასროლების ძალებად და საშუალებებად და რეზერვებად.

სტრატეგიულ შეტევით ძალებში შედიან საჰაერო ძალების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები (სკბრ) და სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავები, აგრეთვე საზღვაო ძალების ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები. გარდა ამისა, სტრატეგიულ შეტევით ძალებში საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანებს წყვეტენ სტრატეგიული სადაზვერვო და ჰაერში საწვავით გამწყობი თვითმფრინავები და მათ საფუძველზე ჩამოყალიბებული საავიაციო ესკადრილიები, ფრთები, დივიზიები. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წლის შუახანებში აშშ შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 550 სკბრ (500 “მინითმენ-3” და 50 MX “ფისქიფერი”), 208 მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავი (B-1B, B-52H, B-2A), 83 სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი (U-2, SR-71, RC-135), მართვისა და კონტროლის თვითმფრინავი (E-2, E-4, EC-135) და 615-მდე ჰაერში საწვავით გამწყობი თვითმფრინავი (KC-135, KC-10), აგრეთვე “ოჰაიოს” ტიპის 18 ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი მათ ბორტზე განთავსებული 430-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტით (“თრაიდენთ D-5” და “თრაიდენთ C-4”), პლიუს ერთი შედარებით მოძველებული ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავიც 32 ბალისტიკური რაკეტით “პოსეიდონ C-3” (უფრო კვლევითი მიზნებისთვის).

ზოგადი დანიშნულების ძალებში შედიან მთლიანად სახმელეთო ჯარები, აგრეთვე ტაქტიკური საჰაერო ძალები და საზღვაო ძალების უდიდესი ნაწილი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების გამოკლებით. 2000 წლის შუახანებში სახმელეთო ჯარებს საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა 20 საბრძოლო და 12 სასწავლო დივიზია, 17 ცალკეული საბრძოლო ბრიგადა, ოთხი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, საარმიო ავიაციის ხუთი ცალკეული ბრიგადა, 32 ცალკეული საარტილერიო ბრიგადა (ლულიანი არტილერის 42 და რეაქტიული არტილერიის 11 დივიზიონი), შორი მოქმედების საზენიტო სარაკეტო კომპლექსების (ზრკ) “პეტრიოტი” ათი დივიზიონი, ახლო მოქმედების ზრკ-ების “ავენჯერი” ათი დივიზიონი, საარმიო ავიაციის 19 ცალკეული სავერტმფრენო ბატალიონი, 37 ცალკეული საინჟინრო ბატალიონი და სხვა ძალები. 

ტაქტიკური საჰაერო ძალების შემადგენლობაში იმავე 2000 წელს ნაჩვენები იყო დაახლოებით 30-მდე გამანადგურებელი, 70-მდე გამანადგურებელ-ბომბდამშენი, 15-ზე მეტი მოიერიშე, სამი სადაზვერვო, ორი რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ), შვიდი შორეული რადიოსალოკაციო აღმოჩენის, 50 სატრანსპორტო, 60-მდე ჰაერში საწვავით გამწყობი თვითმფრინავების ესკადრილია და სხვა ერთეულები. ისინი შეყვანილია საავიაციო ფრთებში, ავიადივიზიებსა და საჰაერო არმიებში.

ზოგადი დანიშნულების ძალების საზღვაო კომპონენტში შედიან ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავები, ავიამზიდები, კრეისერები, საესკადრო ნაღმოსნები, ფრეგატები, ზღვაში სანაღმო ომის წარმოებისა და სადესანტო-ამფიბიური ხომალდები, კატარღები, დამხმარე გემები, 11 საავიამზიდო საგემბანო საავიაციო ფრთა (12 გამანადგურებელი, 24 გამანადგურებელ-ბომბდამშენი, 14 რებ-ის, 12 საზღვაო სადაზვერვო, ათი ნავსაწინააღმდეგო ბრძოლის და სხვა ავიაესკადრილიები), საზღვაო ქვეითი ჯარის ოთხი საექსპედიციო დივიზია, 23 გამანადგურებელ-მოიერიშე, შვიდი გამანადგურებელი, ოთხი რებ-ის, შვიდი გამწყობი ავიაესკადრილიები, დამრტყმელი, ზოგადი დანიშნულებისა და სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენების ნაწილები და ქვედანაყოფები, და ა. შ.

მათ შეიარაღებაში 2000 წელს შედიოდა 8300-ზე მეტი საბრძოლო ტანკი M-1A1/A2 “აბრამსი”, 7110 ქვეითთა საბრძოლო მანქანა M-2/3 “ბრედლი”, LAV, AAV-7A1, 7000-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (მათგან 2430-მდე ბუქსირებადი და 2500-ზე მეტი თვითმავალი ჰაუბიცა, 1375 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა MLRS, 900-ზე მეტი 120-მ ნაღმსატყორცნი; ყველა MLRS დანადგარი აღჭურვილია ATACMS ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები მოწყობილობებით), პლიუს 930-ზე მეტი 81-მმ ნაღმსატყორცნი, 10 ათასამდე მძიმე და 21 ათასზე მეტი მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი (ტსრკ), 6785 ვერტმფრენი (მათ შორის 2045 შეიარაღებული AH-1S/T, AH-64A/D, AH-6/MH-6, OH-58D), 4990-მდე ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავი, 1600-ზე მეტი მობილური ზრკ (“პეტრიოტი”, “ავენჯერი”, “ლაინბეიქერი”) და დიდი რაოდენობით გადასატანი ზრკ “სტინგერი”, 55 მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავი, 135 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი (მათ შორის 13 ავიამზიდი, 27 კრეისერი, 52 საესკადრო ნაღმოსანი, 42 ფრეგატი), 42 ტრალერი (გამნნაღმავი ხომალდი), 45 მსხვილი სადესანტო-ამფიბიური ხომალდი, 220-ზე მეტი საპატრულო და სადესანტო კატარღა და სხვა შეიარაღება. 

სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნის მიხედვით აშშ შეიარაღებული ძალები იყოფა რეგულარულ ძალებად და მზადმყოფ რეზერვად, ხოლო ეს უკანასკნელი კი შედგება ორგანიზებული რეზერვისა და ინდივიდუალური რეზერვისგან. ორგანიზებული რეზერვი წარმოადგენს რეგულარული ჯარების მსგავსად ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების სახით ორგანიზებულ სარეზერვოი ჯარებსა და ძალებს, ხოლო ინდივიდუალური რეზერვი კი განკუთვნილია ბრძოლებში განცდილი დანაკარგების შესავსებად. ორგანიზებულ რეზერვში შედიან ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებულ ძალთა სახეობების რეზერვების საჯარისო შენაერთები და ნაწილები, ამათგან ეროვნული გვარდია არის მხოლოდ სახმელეთო ჯარებსა და საჰაერო ძალებში, რეზერვები კი შეიარაღებული ძალების სამივე სახეობაში. 2000 წელს აშშ რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში შედიოდა პირადი შემადგენლობის 1365800 ადამიანი, მზადმყოფ რეზერვში – 1181700, ამათგან ეროვნულ გვარდიაში – 456600 და რეზერვში კი – 725100 ადამიანი. მათი განაწილება შეიარაღებული ძალების სახეობათა მიხედვით ნაჩვენებია ცხრილში.

ცხრილი

აშშ შეიარაღებული ძალების რიცხოვნება 2000 წელს 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სახმელ- . . საჰაერო . . საზღვაო . . საზღვაო . . სულ შეია- 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ეთო . . . . .ძალები . . . ძალები . . . . ქვეითი . . რაღებული 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჯარები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჯარი . . . . . ძალები 

რეგულარული ჯარები 
(ძალები) . . . . . . . . . . . . . . . . . . 471000 . . . . . 353600 . . .. . . 370700 . . . . . . 169800 . . . . . . 1365800 
მზადმყოფი რეზერვი . . . . . .728200 . . . . . 180300 . . . . . .178200 . . . . . . . 95000 . . . . . . 1181700 
მათგან: 
ეროვნულ გვარდიაში . . . . . 350000 . . . . . 106600 . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . .456600 
რეზერვში . . . . . . . . . . . . . . . . .378200 . . . . . . 73700 . . . . . . 178200 . . . . . . .95000 . . . . . . . .725100 

თავად სახელიდანაც ჩანს, რომ რეგულარული შეიარაღებული ძალები ხასიათდება უფრო მაღალი მზადყოფნითა და ბრძოლისუნარიანობით მზადმყოფ რეზერვთან შედარებით. ამიტომ რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში თავმოყრილია სახმელეთო ჯარების, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების ის შენაერთები და ნაწილები, რომელთა გამოყენებასაც ამერიკულ სარდლობა ვარაუდობს თითქმის დაუყოვნებლივ კრიზისული სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში, ან რომელთა პირადი შემადგენლობის თავის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობაში დაოსტატებისა და რთული სამხედრო ტექნიკის ათვისებისთვის საჭიროა უფრო ინტენსიური მომზადება და ვარჯიშები (რეგულარულ ჯარებში საბრძოლო მომზადება წარმოებს კვირაში ხუთ დღეს, შაბათ-კვირის გარდა, მზადმყოფ რეზერვში კი კვირაში მხოლოდ ოთხ საათს, ძირითადად შაბათ დღეს, მთელ დანარჩენ დროს კი მზადმყოფი რეზერვისტები სამოქალაქო სექტორში არიან დაკავებულნი). შესაბამისად, დღესდღეობით მზადმყოფი რეზერვის ყველაზე დიდი წილი მოდის სახმელეთო ჯარებზე, სადაც იგი რიცხობრივად აღემატება კიდეც რეგულარულ კომპონენტს. ეს აიხსნება იმით, რომ ცივი ომის დასრულების, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპაში მსხვილმასშტაბიანი ომის წარმოქმნის საშიშროება მკვეთრად იქნა შემცირებული. ამიტომ უწინდელი რეგულარული დივიზიების ნაწილი ან გააუქმეს, ან კიდევ არმიის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში გადაიყვანეს. საჰაერო ძალებსა და სამხედრო-საზღვაო ფლოტში რთული ტექნიკის მომსახურების პირობებიდან გამომდინარე, რეგულარული ძალები რიცხოვნებით დაახლოებით ორჯერ აღემატება მზადმყოფ რეზერვს. საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსი აშშ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძვანელობისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ მსხვილმასშტაბიან ომში, არამედ ე. წ. “მესამე მსოფლიოს” ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის მნიშვნელოვან იარაღსაც, ამიტომ ცივი ომის დასრულების შემდეგ მას თითქმის არ შეხებია შემცირების პროცესი – უწინდებურად ოთხი საექსპედიციო დივიზიაა, სამი რეგულარულ ძალებსა და ერთიც რეზერვში, ხოლო რეგულარულ ძალებსა და რეზერვში პირადი შემადგენლობის საერთო რიცხვოვნებაა 264800 ადამიანი ცივი ომის მიწურულის 282200 ადამიანის ნაცვლად. თავისთავად ცხადია, რომ საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსშიც რეგულარული ძალები რიცხოვნებით თითქმის ორჯერ აღემატება მზადმყოფ რეზერვს.

რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში, როგორც ზემოთაც ვთქვით, საბრძოლო მომზადება წარმოებს კვირაში ხუთი დღის განმავლობაში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; შაბათს ნახევარი დღე ეთმობა სპორტულ ღონისძიებებს ან შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის მომსახურებას, ხოლო შემდეგი დღენახევარი სამხედრო მოსამსახურეთათვის თავისუფალი დროა. ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების სახეობათა რეზერვების სამხედრო მოსამსახურენი კი კვირის განმავლობაში ცხოვრობენ თავიანთ სახლებში და დაკავებული არიან სამსახურით სამოქალაქო სექტორში. ისინი, საწყისი სამხედრო მომზადების რვაკვირიანი კურსის გავლის შემდეგ, კვირაში მხოლოდ ერთ დღეს გადიან საბრძოლო მომზადებას, ძირითადად შაბათობით, ოთხი საათის განმავლობაში. გარდა ამისა, ზაფხულობით, ორგანიზებული რეზერვის პირადი შემადგენლობა გადის ორკვირიან საბანაკო შეკრებებს. საბრძოლო მომზადების ასეთი სისტემის გამო ეროვნული გვარდიის დივიზიები რომელიმე ერთ პუნქტში კი არ არიან დისლოცირებულნი, არამედ წვრილი ქვედანაყოფების – ასეულებისა და ოცეულების სახით გაშლილი არიან ერთი ან რამდენიმე შტატის ტერიტორიაზე. შესაბამისად, შაბათობით ოთხსაათიანი მომზადება წარმოებს სწორედ წვრილი ქვედანაყოფების შემადგენლობაში, საზაფხულო საბანაკო შეკრებების დროს კი წარმოებს საბრძოლო მომზადება ეროვნული გვარდიის ბატალიონების (დივიზიონების), ბრიგადებისა და დივიზიების საბრძოლო შეთანხმებულობის (боевое слаживание) ამოცანების დამუშავების მიზნით. მაგრამ ყველა ამ მაჩვენებლით, თავისთავად ცხადია, რომ რეგულარული შეიარაღებული ძალების შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები აღემატებიან ორგანიზებული რეზერვის საჯარისო ერთეულებს.

ცივი ომის პირველ ნახევარში, “მეწინავე ბაზირების” სტრატეგიული კონცეფციიდან ამომდინარე, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში განლაგებული ამერიკული ჯარები შეადგენდნენ საბჭოთა კავშირის “შეკავების” (“დაშინების”) პირველ სტრატეგიულ ეშელონს, აშშ კონტინენტურ ნაწილში დისლოცირებული რეგულარული შეიარაღებული ძალების შენაერთები და ნაწილები – გაძლიერების ჯარების პირველ სტრატეგიულ ეშელონს, ხოლო ორგანიზებული რეზერვის ჯარები კი – გაძლიერების მეორე სტრატეგიულ ეშელონს.

1973 წლიდან აშშ შეიარაღებული ძალები გადავიდა პირადი შემადგენლობით მოხალისეთაგან ნებაყოფლობით კონტრაქტის საფუძველზე დაკომპლექტების პრინციპზე. ამის პარალელურად, ორგანიზებული რეზერვის შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და რეგულარულ ჯარებთან მათი დაახლოების მიზნით შემოღებულ იქნა “ერთიანი ძალების” კონცეფცია (Total force policy). მის თანახმად, სახელდობრ, არმიის ეროვნულ გვარდიაში ამუშავდა პროგრამა “ქეფსთოუნი”, რომლის ფარგლებშიც ზოგიერთი ბრიგადა გადაყვანილ იქნა “რაუნდ-აუთ” და “რაუნდ-აფ” კატეგორიებში და გადიოდა შესაბამის მომზადებას. კერძოდ, რეგულარული ჯარების რომელიმე დივიზიაში მშვიდობიანობის დროს შედიოდა არა სამი საბრძოლო ბრიგადა, არამედ ორი. კრიზისულ სიტუაციაში იგი საჩქაროდ უნდა ბოლომდე დაეკომპლექტებინათ ეროვნული გვარდიის “რაუნდ-აუთ” კატეგორიის ბრიგადით და გადაესროლათ ოპერატიული დანიშნულების რაიონში.

აშშ სახმელეთო ჯარებში, რეგულარულ და სარეზერვო კომპონენტებში, 1991 წელს შედიოდა 26 საბრძოლო დივიზია (ხუთი ჯავშანსატანკო, რვა მექანიზებული ქვეითი, ექვსი ქვეითი, ხუთი მსუბუქი ქვეითი, თითო-თითო საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო), 29 ცალკეული საბრძოლო ბრიგადა (შვიდი ჯავშანსატანკო, ცხრა მექანიზებული ქვეითი, ერთი მოტორიზებული ქვეითი, რვა ქვეითი, ოთხი მსუბუქი ქვეითი), საარმიო ავიაციის ცხრა ცალკეული ბრიგადა, 27 ცალკეული საარტილერიო ბრიგადა, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა “ლანსების” შვიდი ცალკეული დივიზიონი (დასავლური ტერმინოლოგიით, ბატალიონი), 34 ცალკეული საზენიტო დივიზიონი (საარტილერიო და სარაკეტო), 14 ცალკეული საარტილერიო დივიზიონი და 120-მდე ცალკეული საინჟინრო ბატალიონი.

ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი დივიზიები მიეკუთვნებიან ე. წ. “მძიმე” დივიზიებს და ბრძოლის ველზე წარმოადგენენ სახმელეთო ჯარების ძირითად დამრტყმელ ძალას. 13 მძიმე დივიზიიდან ცხრა 1990-იანი წლების დასაწყისში შედიოდა რეგულარული ჯარების შემადგენლობაში, ოთხი კი – ეროვნული გვარდიისა, ხუთი მსუბუქი ქვეითი დივიზიიდან ოთხი ასევე შედიოდა რეგულარული ჯარების შემადგენლობაში, აგრეთვე საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო დივიზიები. სამაგიეროდ ეროვნულ გვარდიაში იყო ქვეითი დივიზიების დიდი რაოდენობა – ექვსიდან ხუთი, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეით ჯარებში პირადი შემადგენლობის მიერ პროფესიონალიზმის საჭირო დონის დაუფლებას არ სჭირდება ისეთი ინტნსიური სწავლებები და იმდენი დრო, რამდენიც სხვა ტიპის დივიზიებში.

ამერიკული გამოცდილების საპირისპიროდ, როდესაც საქართველოში უპირატესად ქვეითი ჯარების მშენებლობაზე ლაპარაკობენ, აქვე საჭიროდ მიიჩნევენ კონტრაქტით მომსახურე მოხალისე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ნაწილების შექმნას, როდესაც აშშ არმიის ორგანიზებულ რეზერვში ამისთვის ცივი ომის პერიოდში კვირაში ოთხსაათიან საბრძოლო მომზადებას ჯერდებოდნენ. ესეც საკმარისი არ იყო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ 18 თვით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა და ამის ხარჯზე ჯარების რიცხოვნების გაზრდა ჩვენთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა.

1990-იან წლების დასაწყისში, ორგანიზებული რეზერვის 23 ცალკეული საბრძოლო ბრიგადიდან ექვსი იყო “რაუნდ-აუთ” კატეგორიისა (რეგულარული ჯარების ორბრიგადიანი დივიზიების ბოლომდე დაკომპლექტებისთვის; ერთი ჯავშანსატანკო, სამი მექანიზებული ქვეითი და ორიც მსუბუქი ქვეითი).

საჰაერო ძალების მთელი სტრატეგიული კომპონენტი ცივი ომის პერიოდში შედიოდა რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში. ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის 24 საავიაციო ფრთა (94 ავიაესკადრილია) შედიოდა რეგულარულ ძალებში, 23 საავიაციო ფრთა (92 ავიაესკადრილია) – ეროვნულ გვარდიაში, ხოლო 21 ფრთა (57 ავიაესკადრილია) – საჰაერო ძალების რეზერვში. საერთო ჯამში აშშ ტაქტიკურ საჰაერო ძალებში 1991 წელს მოითვლებოდა 13 გამანადგურებელი, 66 გამანადგურებელ-ბომბდამშენი, 34 მოიერიშე, რვა სადაზვერვო და სხვა ტიპის საავიაციო ესკადრილიები.

რეგულარული საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედიოდა 34 სტრატეგიული და 86 ტაქტიკური ატომური წყალქვეშა ნავი, 207 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი (ავიამზიდები, კრეისერები, საესკადრო ნაღმოსნები და ფრეგატები), 28 ტრალერი (გამნნაღმავი ხომალდი), 65 მსხვილი სადესანტო ხომალდი, 13 საგემბანო საავიაციო ფრთა; ფლოტის რეზერვში კი – 18 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი, 16 ტრალერი, სამი მსხვილი სადესანტო ხომალდი, ხუთი საავიაციო ფრთა: ორი მოიერიშე, ორი საზღვაო სადაზვერვო და ერთიც სავერტმფრენო.

საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსში შედიოდა რეგულარული ჯარების სამი და რეზერვის ერთი დივიზიები, აგრეთვე ოთხი საავიაციო ფრთა (სამი რეგულარულ ძალებსა და ერთიც რეზერვში).

ცივი ომის დასრულების შემდეგ ჯარებისა და შეიარაღებათა შემცირების პარალელურად დაიწყეს ორგანიზებულ რეზერვში რეგულარული ჯარების (ძალების) ნაწილის გადაყვანა. 2000 წლის მონაცემებით, სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაციის 14 ესკადრილიიდან სამი შედის ორგანიზებულ რეზერვში, სახმელეთო ჯარების ეროვნულ გვარდიაში კი გაზარდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიების რაოდენობა (ხუთი მძიმე დივიზია 11-დან), საზღვაო ძალებში ერთი ავიამზიდი გადაყვანილია ფლოტის რეზერვში. . . . . . . ტაქტიკური ავიაესკადრილია, საჰაერო ძალებში რეგულარულ კომპონენტში ნაჩვენები იყო 57 საბრძოლო ავიაესკადრილია, ორგანიზებულ რეზერვში კი – 58. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცვლილებები ნაკლებად შეეხო საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსს, რომელსაც აშშ სარდლობა აქტიურად იყენებს “მესამე მსოფლიოს” ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევისთვის და იქ უწინდებურად დატოვებულ იქნა ოთხი საექსპედიციო დივიზია, სამი რეგულარულ ძალებში და ერთიც რეზერვში, და ოთხი საავიციო ფრთა.

ირაკლი ხართიშვილი 

(ტექსტში ბევრია რიცხობრივი მონაცემები. ამჯერად ისინი შემყავდა საგაზეთო პუბლიკაციიდან, წყაროებთან შედარების გარეშე, რის გამოც შესაძლებელია, რომ გარკვეული უზუსტობანი გაპარულიყო, მაგრამ, მთლიანობაში სტატიაში საკმარისად ზუსტად არის ასახული აშშ შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები ცივი ომის მიწურულს და მის შემდგომ მახლობელ ხანებში)


წერილი IV. აშშ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება 

(წერილი გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ “საქრთველოს” 2003 წლის 1 – 13 ივლისის, აგრეთვე 10 სექტემბრის ნომრებში)

ისტორიულად აშშ შეიარაღებული ძალები მშვიდობიანობის დროს ყოველთვის მცირერიცხოვანი იყო და მას აკომპლექტებდნენ მოხალისეებით. მაგრამ ქვეყანაში სამოქალაქო ომის (1861-1865), აგრეთვე პირველი და მეორე მსოფლიო ომების მსვლელობისას დღის წესრიგში დგებოდა მრავალრიცხოვანი ჯარების ჩამოყალიბებისა და, შესაბამისად, სამხედრო სამსახურუისთვის ვარგისის მამაკაცების სავალდებულო წესით გაწვევის პრტინციპი.

კორეის ომის (1951-1951) დასრულების შემდეგ აშშ კონგრესმა დაუთმო პრეზიდენტ ტრუმენის ადმინისტრაციის მოთხოვნას, უარი თქვა ამერიკის ტრადიციულ იზოლაციონალისტურ პოლიტიკაზე და გადაწყვიტა აქტიურად ჩარეულიყო მსოფლიოს საქმეებში. შესაბამისად, ქვეყანას დასჭირდა უკვე მშვიდობიანობის დროს მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალების შენახვა, რისთვისაც აუცილებელი იყო საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის ამოქმედება. სახელდობრ, სახმელეთო ჯარებში ნამდვილი სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა ორ წელიწადს და ამის შემდეგ კიდევ ხუთი წლის განმავლობაში დემობილიზებული ახალგაზრდა ირიცხებოდა პირველი რიგის რეზერვში. ასეთი სისტემის წყალობით, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეძლებდა მცირე ვადებში 6-8 მლნ. ადამიანის მობილიზაციას.

საყოველთაო სამხედრო ვალდებულების გარდა ქვეყანაში უწინდებურად მოქმედებდა მოხალისეობის პრინციპიც, მაგრამ მარტო ამ უკანასკნელთა რიცხვი სრულებით არ იყო საკმარისი შეიარაღებული ძალების მოთხოვნათა დაკმაყოფილ;ებისთვის. ისტორიულად, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობუისა და სუვერენიტეტის დაცვის გარდა, ამერიკულ ჯარებს უხდებოდათ მონაწილეობის მიღება ძირითადად “მესამე მსოფლიოს” ქვეყნებში გაჩაღებულ ლოკალურ ომებსა და კონფლიქტებში, რომელთაგან ყველაზე უფრო მეტად გაჭიანურებული და მსხვერპლის მომტანი ომი ვიეტნამში (1962-1973) ამერიკულ საზოგადოებაში სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა. ჯარებში დაეცა სამხედრო დისციპლინა, გაძლიერდა სხვადასხვანაირი უარყოფითი მოვლენები (დეზერტირობა, სისხლის სამართლის დანაშაულებანი, ნარკომანია და სხვა), ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა საშუალებით თავს არიდებდა სამხედრო სამსახურს. 1971 წელს, სახელდობრ, აშშ სახმელეთო ჯარების რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობა მოხალისეთაგან დაკომპლექტებული გახლდათ სულ 15 %-ით, ხოლო 85 %-ს კი შეადგენდნენ სამხედრო სამსახურში გაწვეულები. ცნობილმა მოკრივემ მუჰამედ ალიმ უარი თქვა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე და ციხეში ჩაჯდომა ამჯობინა, ხოლო კინომსახიობი და მოღერალი ჯეინ ფონდა კი ჩრდილოეთ ვიეტნამში ჩადიოდა და იქ ამერიკის წინააღმდეგ მებრძოლებს კონცერტებს უმართავდა. თავად აშშ-შიც ძლიერი იყო ანტისაომარი მოძრაობა, განსაკუთრებით სტუდენტებში, რაც ხშირად პოლიციასთან და ჯარებთან შეტაკებებით მთავრდებოდა. 

ასეთ პირობებში აშშ ადმინისტრაციამ პენტაგონის სპეციალისტებს დაავალა შეესწავლათ დიდი ბრიტანეთისა და კანადის გამოცდილება ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოხალისეთაგან დაკომპლექტების საქმეში. 1973 წლის 1 იანვრიდან აშშ შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება დაიწყეს უპირატესად მოხალისეებით, თუმცა კი არც საყოველთაო სამხედრო ვალდებულება გაუუქმებიათ, არამედ იგი მშვიდობიანობის დროს მხოლოდ დაკონსერვებულია, ხოლო შესაბამისი სტრუქტურები და ორგანოები კი შემცირებული სახით არის დატოვებული, ომიანობის დროს საყოველთაო სამხედრო ვალდებულების ფართო მასშტაბებით ასამოქმედებლად. ამავე მიზნით, სახელდობრ, აშშ სახმელეთო ჯარებში (არმიაში) რეგულარული ჯარებისა და ეროვნული გვარდიის საბრძოლო დივიზიებისა და ცალკეული ბრიგადების გარდა, არმიის რეზერვში შედის 12 სასწავლო დივიზიაც, სწორედ ომიანობის დროს გაწვეულ სამხედროვალდებულთა საბრძოლო მომზადებისთვის.

თავდაპირველად აშშ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების ახალ სისტემაზე გადასვლა საკმაოდ მტკივნეულად მიდიოდა და ჩამოყალიბებული სახე მან მხოლოდ ათი-თორმეტი წლის შემდეგ მიიღო – 1980-იანი წლების შუახანებისთვის. პირველ ხანებში ამერიკის თეთრკანიანი ახალგაზრდობა, და განსაკუთრებით კი მისი განათლებული ნაწილი, თავს არიდებდა სამხედრო სამსახურს. ამის საპირისპიროდ, გაიზარდა ჯარებში ფერადკანიან მოხალისეთა ნაკადი, ვინაიდან პენტაგონი მათ ჰპირდებოდა თეთრკანიანებთან თანაბარ შესაძლებლობებს. მაგრამ ამ კონტინგენტში შედარებით დაბალი იყო განათლებისა და გონებრივი განვითარების დონე. ამის გამო, ფერადკანიან მოხალისეებს უშვებდნენ ძირითადად ქვეით ჯარში, სადაც შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის დაუფლებას განათლების მაღალი დონე არ სჭირდებოდა, ან სხვა ნაკლებკვალიფიკაციურ სამსახურებში. მაგრამ ვინაიდან ქვეითი ჯარი ომებში ტრადიციულად ყველაზე უფრო მეტ დანაკარგებს განიცდის, ამიტომ პენტაგონის ასეთმა პოლიტიკამ დიდი პროტესტი გამოიწვია აშშ შავკანიან მოსახლეობაში, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათ შვილებსა ძმებს შეგნებულად უშვებდნენ არმიაში საზარბაზნე ხორცად. მართლაც, თუ კი აშშ მოსახლეობაში ზანგები და მულატები შეადგენენ 12 %-ს, 1970-ინ წლებში ქვეითი ჯარის რიგით და სერჟანტთა შემადგენლობაში მათი ხვედრითი წილი 35-40 %-ს უტოლდებოდა.

იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისედ მისული რიგითები და სერჟანტები ვადის ამოწურვამდე ტოვებდნენ სამხედრო სამსახურს. მოხალისეთა უკმარისობასა და დაბალ ხარისხობრივ დონეს კადრების დენადობის პრობლემაც ემატებოდა. მაგრამ 1980-იანი წლების დასაწყისიდან პენტაგონის ხელმძღვანელობამ დაიწყო ქმედითი ღონისძიებების გატარება აღნიშნულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად. მათგან უწინარეს ყოვლისა აღსანიშნავია მაღალი ფულადი ანაზღაურება, რომლის მონაცემებიც (თვიური ხელფასი) 1989 წლის მდგომარეობით მოყვანილია 1-ლ ცხრილში.

ცხრილი 1

აშშ რიგით და სერჟანტთა შემადგენლობის ფულადი ანაზღაურება (დოლარებში) 

სამხედრო მოსამსახუ- . . . . . . . წ ლ ე ბ ი ს ნ ა მ ს ა ხ უ რ ე ბ ა . . . . . . . . . . . . . . .
რეთა კატეგორიები . . . . . 2-მდე . . . . 2 . . . . . . 4 . . . . . . 8 . . . . . . 12 . . . . . 16 . . . . . 20 

მთავარი სერჟანტი . . . . . . . . . . – . . . . . . .– . . . . . . . – . . . . . . – . . . . 2143,5 . . 2242,2 . . 2337,0 
პირველი სერჟანტი . . . . . . . . . . – . . . . . . – . . . . . . . – . . . . 1758,0 . . 1855,8 . . 1954,2 . . 2048,4 
ოცეულის სერჟანტი . . . . . . . 1227,3 . . 1324,8 . . 1422,0 . . 1517,4 . . 1614,6 . . 1735,8 . . 1807,2 
შტაბ-სერჟანტი . . . . . . . . . . . .1056,0 . . 1150,8 . . 1249,8 . . .1343,4 . . 1464,6 . . 1549,4 . . 1583,1 
სერჟანტი . . . . . . . . . . . . . . . . . . 926,7 . . 1008,6 . . .1103,7 . . .1224,0 . .1319,4 . . 1343,4 . . 1343,4 
კაპრალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . .864,3 . . . 912,6 . . .1041,3 . . .1082,4 . .1082,4 . . 1082,4 . . 1082,4 
1-ლი კლასის რიგითი . . . . . . .814,2 . . . .858,9 . . . .928,8 . . . .928,8 . . .928,8 . . .928,8 . . . .928,8 
რიგითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 783,6 . . . 783,6 . . . .783,6 . . . .783,6 . . .783,6 . . . 783,6 . . . 783,6 

* წლების ნამსახურება (выслуга лет) ნიშნავს სამსახურის ვადას კონტრაქტის დადების (ომიანობის დროს კი გაწვევის) მომენტიდან. 

როგორც ვხედავთ, ფულადი ანაზღაურება იზრდება ნამსახურების წლებისა და წოდების მიხედვით, თანაც მოცემულ წოდებაში გარკვეული ვადით ნამსახურების შემდეგ ხელფასის მატება წყდება, თუკი რიგით ან სერჟანტი თავად არ მოისურვებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და უფრო მაღალი წოდების (კატეგორიის) მიღებას. რიგით შემადგენლობას აქვს უფასო კვება და ფორმის ტანსაცმელი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უფასოდ მოგზაურობის შესაძლებლობა (თუკი ისინი აირჩევენ სამსახურს ამერიკულ სამხედრო ბაზებში ქვეყნის გარეთ), უმუშევრობა მათ არ ემუქრებათ, თანაც სამხედრო სამსახურში ისინი იძენენ ისეთ პროფესიებსაც, რომლებიც შემდეგ სამოქალაქო ცხოვრებაშიც შესაძლოა გამოადგეთ. სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნის გამო რიგით სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასი თითქმის მთლიანად ენახებათ და სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ მათ უგროვდებათ გარკვეული კაპიტალი საკუთარი საქმის დაწყების ან საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის. თუკი რეგულარული შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა გადაწყვეტს უნუვერსიტეტსა ან კოლეჯში სწავლას, მაშინ პენტაგონი უნაზღაურებს მას ორი-სამი წლით სწავლის გადასახადს. სამხედრო სამსახურის გაგრძელების მსურველებს კი უდებენ ახალ კონტრაქტებს განსაზღვრული ვადით.

გარდა ამისა, აშშ თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს რეკლამაზე სამხედრო სამსახურში ახალგაზრდობის მისაზიდად, რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობის საგანმანათლებლო პროგრამებზე (მომავალში სამოქალაქო ცხოვრებაში მათი ადაპტაციისთვის), სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დახმარებაზე და ა. შ. ყოველივე ამის შედეგად 1986 ფინანსურ წელში ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის შენახვაზე საშუალოდ დაიხარჯა 140 ათასი დოლარი, მაშინ როდესაც საფრანგეთში იხარჯებოდა 80 ათასი, გფრ-ში – 60 ათასი და დიდ ბრიტანეთში კი – 50 ათასი ამერიკული დოლარი.

აღნიშნული ღონისძიებებისა და ფინანსურ ასიგნებათა შედეგად 1985 წლისთვის აშშ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებამ მიიღო ჩამოყალიბებული და სტაბილური სახე. თავიდან შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროები და, მათ საფუძველზე, თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავენ მიმდინარე წელს შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს პირადი შეადგენლობით შევსებაში და ადგენენ შესაბამის გეგმებს. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს შეიარაღებულ ძალებში მოხალისეთა დაქირავების პუნქტები, რომლებშიც გამოცდილი სერჟანტები აწარმოებენ კანდიდატების მიღებას მთელი წლის განმავლობაში. ახალბედა მოხალისეებს ღებულობენ 17 – 35 წლის ასაკის ფარგლებში; მათ უტარებენ სამედიცინო შემწმებასა და საკვალიფიკაციო გამოცდებს. პირველით ამოწმებენ მოხალისეთა ჯანმრთელობიოს მდგომარეობას, ხოლო მეორეთი კი – გონებრივი განვითარების დონეს.

სამედიცინო შემოწმების შედეგად კანდიდატებს ყოფენ სამ კატეგორიად: A – ვარგისია შეზღუდვების გარეშე, B – ვარგისია უმნიშვნელო შეზღუდვებით და C – შეზღუდულად ვარგისია. მშვიდობიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში მიჰყავთ მხოლოდ A და B კატეგორიათა მოხალისეები. გონებრივი განვითარების დონეს ამოწმებენ 100-ბალიანი სისტემით და კანდიდატებს ყოფენ ხუთ კატეგორიად, რომელთაგან თითოეულს ქულების გარკვეული რაოდენობა შეესაბამება. უკანასკნელი მეხუთე კატეგორიის (9-0 ქულა) მოხალისეები სულაც არ მიჰყავთ სამხედრო სასახურში.

ყოველ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობას შეესაბამება ფიზიკური და გონებრივი განვითარების აუცილებელი მინიმუმი. თუკი კანდიდატები მათ მიერ არჩეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებით ქულათა მინიმუმს ვერ დააგროვებენ, მათ შესაძლოა შესთავაზონ სამსახური სხვა სპეციალობებით ან ერთ წლამდე გადავადება არჩეული სპეციალობით ჩარიცხვისთვის ხელისშეშლელი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად.

კონტრაქტი ჩვეულებრივ იდება ექვსი წლის ვადით, რომელთაგან მოხალისემ ნაწილი შეიძლება იმსახუროს რეგულარულ ჯარებში (ძალებში) და ნაწილიც რეზერვში. 1980-იან წლებში, მაგალითად, აშშ რეგულარულ სახმელეთო ჯარებში მოქმედებდა კონტრაქტის 12 ვარიანტი, რეზერვში კი – რვა. ამის შედეგად 80-იანი წლების მიწურულისთვის რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობის მოხალისეთაგან დაკომპლექტების მაჩვენებელი გაიზარდა 84,2 %-მდე, რეგულარულ არმიაში სამსახურის საშუალო ვადა – 6,2 წლამდე, საშუალო განათლების მქონე ახალწვეულთა ხვედრითი წილი ამაღლდა 93 %-მდე, ხოლო გონებრივი განვითარების პირველი სამი კატეგორიისა კი (100-31 ქულა) – 66 %-მდე.

ამ და სხვა ღონისძიებათა შედეგად ამაღლდა აშშ შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა და ბრძოლისუნარიანობა. მაგრამ მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული მსხვილმასშტაბიანი ომის საწყის ეტაპზე გასაწვევი კონტინგენტის რიცხვი. ამის შესაძლებლობა ამერიკულ სარდლობას მისცა ქვეყნის გეოგრაფიულმა იზოლირებულობამ ევროპისა და აზიის კონტინენტებისგან, რითაც პრაქტიკულად გამოირიცხება მის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის მსხვილი ძალებით მოულოდნელად შეჭრა. თავად პენტაგონის სპეციალისტებმა ჯარების დაკომპლექტების ამ სისტემის ჩამოყალბებისას ნიმუშად აიღეს კანადისა და დიდი ბრტანეთის გამოცდილება, ანუ სწორედ იმ ქვეყნებისა, რომლებიც გეოგრაფიული იზოლირებულობის გამო ან კიდევ ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალობით, ასევე დაცულნი არიან მოწინააღმდგის მსხვილი ძალების მოულოდნელი თავდასხმისგან.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხში მათ არ დაუწყიათ კონტინენტური სახელმწიფოების, თუნდაც აშშ მოკავშირე საფრანგეთისა და ფედერაციული გერმანიის სამხედრო მშენებლობის გამოცდილების შესწავლა საკუთარ ნიადაგზე გადასატანად, ვინაიდან კონტინენტური სახელმწიფოებისადმი არსებული სამხედრო მუქარები განპირობებულია მათი ერთიმეორესთან ახლო მდებარეობითა და მოწინააღმდეგის მსხვილი ძალებით მოულოდნელი თავდასხმის შესაძლებლობით. ასეთი სახელმწიფოები ცივი ომის პერიოდში თავისი შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას ახორციელებდნენ შერეული პრინცპის საფუძველზე, როდესაც მშვიდობიანობის დროს ნამდვილ სამხედრო სამსახურში მყოფთა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ 1,5 – 2 წლის ვადით გაწვეულები, ხოლო უფრო გრძელი ვადით კონტრაქტის საფუძველზე მომსახურე მოხალისეებით კი აკომპლექტებდნენ უმცროს მეთაურთა (სერჟანტები და უნტერ-ოფიცრები) შემადგენლობას და ისეთ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებს, რომლებშიც მომსახურე პირად შემადგენლობას უხდებოდა რთული სამხედრო ტექნიკის ან რადიოელექტრონული და სხვა აპარატურის მომსახურება, რომლის კვალიფიციურად დაუფლებისთვისაც 1,5 – 2 წელიწადი ვერ იქნებოდა საკმარისი.

1991 წელს, მაგალითად, ნატო-ს ბლოკის წევრი ბელგიისა და დანიის რეგულარული შეიარაღებული ძალები ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვეულებით დაკომპლექტებული იყო 35-40 %-ით, გფრ და ნიდერლანდებისა – 42-45 %-ით, საფრანგეთის, იტალის და პორტუგალიისა – 50-60 %-ით, ესპანეთის და ნორვეგიისა – 61-70 %-ით, საბერძნეთისა – 79 და თურქეთისა კი – 86 %-ით.

ასეთ პირობებში, ამერიკული სამხედრო მშენებლობის გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას თავისი შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებისას, უპრიანი იყო ეხელმძღვანელა არა საკუთრივ ამერიკული, არამედ ისრაელის, ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების (ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია) ან ნატო-ს ბლოკის მონაწილე და, ამასთანავე, საქართველოს მსგავსად დაძაბულ, ე. წ. “ცხელ რაიონში” მდებარე ნორვეგიისა და საბერძნეთის პრაქტიკით. ყველა ეს სახელმწიფო კი აქცენტს აკეთებს მშვიდობიანობის დროს თავისი შეიარაღებული ძალების შერეულ ან მთლიანად გაწვევის საფუძველზე დაკომპლექტების მექანზმზე, რომელიც იძლევა რეზერვისტების დიდი რიცხვის მომზადებისა და, შესაბამისად, ომიანობის დროს ან კრიზისულ პერიოდში, თავისი მასშტაბებისთვის მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალების მობილიზაციის შესაძლებლობას. ცივი ომის მიწურულს ეს მაჩვენებელი (ანუ ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების დაგეგმილი რიცხოვნება) საბერძნეთში უტოლდებოდა ქვეყნის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 6 %-ს, ნორვეგიაში, შვედეთსა და შვეიცარიაში 9-10 %-ს, ფინეთსა და ისრაელში – 14 %-მდე. დღესდღეობით ამ სახელმწიფოთა ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების რიცხოვნება რამდენადმე შემცირებულია (ქვეყნის მთელი მოსახლეობის 4,4-10 %-ის ფარგლებში), მაგრამ პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების წესი შერეული პრინციპის საფუძველზე, უწინდებურად არის შენარჩუნებული.

ამასთანავე, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1990-იანი წლების დასაწყისში, 250-მილიონიან აშშ-ს სრულმასშტაბიანი ომის საწყის ეტაპზე შეიარაღებულ ძალებში შეეძლო გამოეყვანა რეგულარული ჯარებისა და მზადმყოფი რეზერვის 4 მლნ. ადამიანამდე, ხოლო იმავე დროს საბჭოთა კავშირი გეგმავდა ასევე რეგულარული ჯარების (ძალებისა) და პირველი რიგის რეზერვის (ვინც მანამდე ხუთი წლის განმავლობაში იყო განთავისუფლებული ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან) 8,6 მლნ. ადამიანის მობილიზებას. თავისთავად ცხადია, აშშ გეოგრაფიულად სსრკ-ის მეზობელი სახელმწიფო რომ ყოფილიყო, ვთქვათ ევროპის ან ჩინეთის ტერიტორიაზე, მისი შეიარაღებული ძალების ასეთი მცირერიცხოვნებისა და ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სამხედრო საქმესა და სამხედრო სამსახურში გაუთვითცნობიერებლობის გამო, შესაძლოა სავარაუდო ომის ვერც საწყის ეტაპზე და ვერც მომდევნო პერიოდებში ვერ მოეპოვებინა წარმატება, ვინაიდან პროფესიული და შედარებით მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების მშენებლობის გამო აშშ-ის მოსახლეობის სამხედროვალდებული ნაწილის უმრავლესობა სამხედრო საქმეში სათანადო დონეზე ვერ იქნებოდა ჩახედული და მათ მომზადებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა. სსრკ-ის მეორე და მესამე რიგის რეზერვისტებს, ძირითადად 26-დან 50 წლამდე ასაკისა, თავის დროზე გავლილი ექნებოდათ სამხედრო სამსახური და მათ მომზადება-გადამზადებას, აგრეთვე მათგან ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების ჩამოყალიბებას გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებოდა, რაც ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საბრძოლო მოქმედებებში ახალი შენაერთებისა და ნაწილების უფრო სწარფად და ეფექტურად ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა.

პენტაგონისა და ნატო-ს ხელმძღვანელობამ იცოდა აშშ შეიარაღებული ძალების ამ სუსტი მხარის შესახებ და მის კომპენსირებას ახდენდა ნატო-ს ბლოკის დასავლეთევროპულ სახელმწიფოთა ხარჯზე, სადაც მშვიდობიანობის დროის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში გაწვეულთა შედარებით მაღალი პროცენტის გამო მომზადებული რეზერვისტების უფრო მეტი რიცხვი გააჩნდათ. მე-2 ცხრილში, იმავე ლონდონური წყაროს 1991 წლის მონაცემებით, მოყვანილია აშშ-ისა და ნატო-ს ბლოკის სხვა სახელმწიფოთა, აგრეთვე სსრკ-ისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის აღმოსავლეთევროპული ქვეყნების მოსახლეობისა და შესაძლო ომის საწყის ეტაპზე გამოსაყვანი შეიარაღებული ძალების რიცხობრივი მაჩვენებლები.

ცხრილი 2

ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები 1991 წელს 

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – მოსახლეობა, ადამიანი, B – რეგულარული შეიარაღებული ძალები, ადამიანი /ქვეყნის მთელი მოსახლეობის %/, C – 1-ლი რიგის რეზერვები, ადამიანი /მოსახლეობის %/, D – ომის საწყის ეტაპზე გამოსაყვანი შეიარაღებული ძლები, ადამიანი /მოახლეობის %/) 

ქვეყანა . . . . . . . . . . . . . . . . . A . . . . . . . . . . . B . . . . . . . . . . . . . C . . . . . . . . . . . . . D . . . . . 

ჩრდილოატლანტიკური კავშირი 

აშშ . . . . . . . . . . . . . . . . . . 250348800 . . . 2096600 (0,84) . . .1926400 (0,77) . . .3956000 (1,58) 
კანადა . . . . . . . . . . . . . . . .26820800 . . . . . 86600 (0,32) . . . . .64500 (0,24) . . . .151100 (0,57) 
დიდი ბრიტანეთი . . . . 56670800 . . . . 300100 (0,32) . . . .347200 (0,61) . . . .647300 (0,57) 
ნატო-ს ევროპული
კონტინენტური 
ქვეყნები . . . . . . . . . . . . .342939400 . . .2591650 (0,75) . . .4608600 (1,35) . . . 7200150 (2,10) 
სულ ნატო-ში . . . . . . . . 676799800 . . .5007950 (0,74) . . .6946600 (1,03) . . 11954550 (1,80) 

ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია 

სსრკ . . . . . . . . . . . . . . . . . 290527800 . . . .3400000 (1,15) . . 5239000 (1,46) . . . 8639000 (2,52) 
ვარშავის პაქტის 
ევროპულ ქვეყნები . . . 96818400 . . . . 853300 (0,88) . . .2310500 (2,39) . . .3163800 (3,28) 
სულ ვარშავის 
პაქტში . . . . . . . . . . . . . . .387345400 . . . 4253300 (1,09) . . . 7549500 (1,95) . . 11802800 (3,05) 

დღესდღეობით რუსეთის ფინანსურად და ეკონომიკურად მკვეთრად დასუსტებისა და მისი სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითების, აგრეთვე ნატო-ს ბლოკის გაძლიერებისა და გაფართოების პირობებში, პროფესიული შეიარაღებული ძალების შექმნისა და რიცხოვნების მიხედვით ცივი ომის დროინდელი კანადა – დიდი ბრიტანეთის მსგავსი შეიარაღებული ძალების მშენებლობის გზას დაადგნენ ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი მცირე ევროპული სახელმწიფოები: ნიდერლანდები, დანია, ბელგია და პორტუგალია, რომლებიც თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობით დიდად არიან დაშორებული რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთისგან, ანუ ე. წ. “ცხელი რაიონებისგან”. მათ საპირისპიროდ ნორვეგიის, საბერძნეთისა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ასეთი “ცხელი რაიონების” მახლობლად მდებარეობენ, უწინდებურად მაღალი პროცენტით (შესაბამისად მიახლოებით 57, 62 და 87 %) აკომპლექტებენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე გაწვეული პირადი შემადგენლობით და მათ ომიანობს დროს ან კრიზისის შემთხვევებში იარაღით ხელში გამოსაყვანად დაგეგმილი მომზადებული რეზერვისტების მნიშვნელოვანი რიცხვიც გააჩნიათ.

რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობას, მისთვის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების ამერიკულ-კანადურ-ბრიტანული მოდელი, რომელმაც 2000-იან წლებში ნატო-ს ბლოკის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც მოიკიდა ფეხი, პრინციპულად მიუღებელია, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და მახლობელ რეგიონში არსებული სამხედრო-პოლიტიკური პირობები მკვეთრად განსხვავდება ჩრდილო-ამერიკის ან ჩრდილო-დასვლეთ ევროპის შესაბამისი პირობებისგან. როდესაც 1996 წელს საქართველოში ჩამოსული ამერიკელი და სხვა ნატო-ელი ექსპერტები გვირჩევდნენ საქართველოს სამხედრო მშენებლობაში კურსის აღებას ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, აგრთევე ისრაელისა და სინგაპურის გამოცდილებისა შესწავლისა და გაზიარებისკენ, მაშინ ისინი გულწრფელნი იყვნენ და პატიოსნად იმეორებდნენ თავად აშშ-ის მიერ განვლილ გზას – დაყრდნობას არსებული პრობლემების გათვალისწინებასა და მსგავს პირობებში მყოფ სახელმწიფოთა დადებითი გამოცდილების გაზიარებაზე.

მაგრამ თუნდაც ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის სამხედრო მშენებლობის გამოცდილების საქართველოში გამოყენებას წინ ეღობებოდა შედეგი გარემოება – ამ სახელმწფოთა სარდლობები გეგმავენ ომიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ის მობილიზაციას, სახელდობრ, 5-მილიონიან ქვეყანაში 500-550 ათასი ადამიანისა, ხოლო მათგან თანამედროვე სამხედრო საქმის მოთხოვნების საფუძველზე დაკომპლექტებული ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების ჩამოყალიბებისთვის რეგულარულ საჯარისო ნაწილებსა და სპეციალურ საწყობებში გააჩნიათ იმაზე გაცილებით უფრო მეტი საბრძოლო ტექნიკა და საველე საარტილერიო შეიარაღება, ვიდრე ეს საქართველოსთვის ეუთო-ს ეგიდით 1990 და 1992 წლებში დადებული ხელშეკრულებებით არის ნებადართული. ეს შედარებითი მონაცემები მოყვანილია მე-3 ცხრილში.

ცხრილი 3

ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოთა ჯავშანატანკო ტექნიკა და საველე არტილერია 2000 წელს და საქართველოსთვის ეუთო-ს ეგიდით დადგენილი კვოტები 

ჯავშანსატანკო ტექნიკა . . . ფინეთი . . შვედეთი . . შვეიცარია . . საქართველოს- 
და საველე არტილერია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თვის დადგენი- 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ლი კვოტები 

საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . 230 . . . . . . . . .537 . . . . . . . . . . . 556 . . . . . . . . . . . . 220 
მოჯავშნული საბრძოლო 
მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1063* . . . . . . 1756 . . . . . . . . . . 1538* . . . . . . . . . . . 220 
საველე საარტილერიო 
 სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1937 . . . . . . . . 923+ . . . . . . . . . 1082 . . . . . . . . . . . . 285 

* ფინეთისა და შვეიცარიის მონაცემებში მოჯავშნულ საბრძოლო მანქანებთან ერთად ნაჩვენებია აგრეთვე საბრძოლო უზრუნველყოფის მოჯავშნული მანქანებიც, რომელთა რაოდენობაც “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით” არ იზღუდება; ** შვედეთის საველე საარტილერიო სისტემებში ნაჩვენები იყო 127-მმ ბუქსირებადი ქვემეხებიც M-40, რომელთა რაოდენობაც არ იყო მითითებული, ამიტომ ჩვენც მივუთითეთ მათ გარეშე, მხოლოდ მეტობით (923+). 

თავის დროზე ფინეთის, შვეიცარიისა და შვედეთის სამხედრო მშენებლობის გამოცდილებისთვის მიბაძვისკენ ქართველების მომწოდებელი ამერიკელი სპეციალისტები გაგებით უნდა მოკიდებოდნენ ჩვენს მიერ 1999 წლის შუახანებიდან არაერთხელ დაყენებულ საკითხს (მათ შორის პენტაგონისა და ნატო-ს წარმომადგენელთა თანდასწრებით გამართულ ღონისძიებებზე, აგრეთვე ქართულ პრესაში) საქართველოსთვის 1992 წელს ტაშკენტში დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების გადასაინჯვის აუცილებლობის შესახებ.

სიტყვით ისინი ამას ვერ უარყოფდნენ, საქმით კი დაიწყეს აქტიურად ნიადაგის მომზადება და მოქმედება საქართველოში მცირერიცხოვანი პროფესული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისკენ, რაც ძირშივე ეწინააღმდეგება თავად ამერიკაში 1973 წელს გატარებული რეფორის პრინციპს – უპირატესად იმ გამოცდილების შესწავლასა და მიყოლას, რომელიც გააჩნიათ არა ნებისმიერ, არამედ შენსავე მსგავს გეოგრაფიულ და სამხედრო-პოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს. ჩვენივე დაბნევისა და დეზორიენტაციის მიზნით ისინი აშშ, კანადის, დიდი ბრიტნეთის, აგრეთვე ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს პრაქტიკას შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებაში წარმოგვიდგენენ “ნატო-ს სტანდარტად” და ამავე დროს არაფერს ამბობენ ნორვეგიის, საბერძნეთისა და თურქეთის მაგალითზე – რაც დიამეტრულად განსხვავდება აღნიშნული “სტანდარტისგან”.

საყურადღებოა ერთი გარემოებაც, 1996 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში ჩატარებული ნატო-ს ბლოკის კონფერენციაზე თემით “მცრე სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება”, აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური მრჩევლის თანაშემწემ, დოქტორმა ვოლფგანგ მანიგმა აღნიშნა:

“თუ შევადარებთ ნატო-ს და ყოფილი ვარშავის პაქტის გამოცდილებას, დავინახავთ, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფო თავად ავითარებს საკუთარ კონცეფციას და შემდგომ ეძიებს ბალანსს პარტნიორებთან. ვარშავის ბლოკში კი ყველა ქვეყანა საერთო დიქტატს ემორჩილებოდა. საბოლოო ჯამში ქართველებმა თავად უნდა იპოვნონ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების განვითარების გზა. დასავლელი ექსპერტები ამას ვერ იზამენ მათ მაგივრად”.

როგორც ვხედავთ, ქართველი სპეციალისტების გარკვეულ წრეში არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრება ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძირეულ საკითხებში, რომელიც ეთანხმება ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩვენთვის 1996 წლის კონფერენციაზე მოცემულ რჩევებს, მაგრამ მკვეთრად განსხვავდება იმავე ამერიკელთა მიერ უკანასკნელ წლებში გატარებული “დახმარების” პოლიტიკისგან. ასევე ადვილი შესამჩნევია, რომ ამერიკა-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობები სამხედრო სფეროში კვეთრად ეწინააღმდეგება დოქტორ მანიგის მიერ ნათქვამს ნატო-ში არსებული პრაქტიკის შესახებ და გადადის ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში დამკვიდრებული “უფროსი ძმის” დიქტატის სფეროში, ხოლო იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას ავითარებდნენ თავად ქართველი სპეციალისტები, მის ძირითად დებულებებს “რჩევების” ფორმით გვაძლევენ თავად ამერიკელი და სხვა ნატო-ელი ექსპერტები, ხოლო მისთვის “ქართული შეფერილობის” მისაცემად კი იყენებენ სამუშაო ადგილის, ხელფასისა და ნატო-ს ქვეყნებში “გულაობის” მოსურნე ქართველ ჩინოვნიკებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თანამშრომლებს. ეს ადამიანები ამერიკელი და სხვა ნატო-ელი მრჩევლების კვალდაკვალ იმეორებენ ისეთ შეხედულებებს, რომლებიც ძირშივე ეწინააღმდეგება თავად აშშ სამხედრო მშენებლობისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქმიანობის გამოცდილებას.

ირაკლი ხართიშვილი

(დასასრული იხ. ნაწილი II)

No comments:

Post a Comment