2008 წელს გამომცემლობა „სიესტამ“ გამოსცა გერმანული პოეზის ჩემს მიერ შესრულებული თარგანები წიგნის სახით „გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია“, რომელშიც შევიდა ხალხური პოეზიის ნიმუშები, აგრეთვე იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ფრიდრიჰ ჰოლდერლინის, იოზეფ ფონ აიჰენდორფის, ედუარდ მორიკეს, ნიკოლაუს ლენაუს, გეორგ ჰაიმის, გეორგ თრაქლის, რაინერ მარია რილკეს, ჰერმან ჰესეს, ევა შტრიტმატერისა და ნოვალისის ბიოგრაფიები და ცალკეული ნაწარმოებები; ასევე ფრაგმენტები გერმანელ რომანტიკოსთა პირველი თაობის მიერ დაარსებულ ჟურნალ „ათენეუმიდან“. ქვემოთ გამომცემლობის თანხმობით მინდა მცირე ნაწილი წიგნში გამოქვეყნებული პოეტური თხზულებებისა გავაცნო ბლოგის მკითხველებს. იმედია ამის შემდეგ ამ წიგნისადმი ინტერესი უფრო გაიზრდება, ხოლო მისი შეძენა კი შესაძლებელია წიგნების მაღაზიათა ქსელში.
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი
გერმანული ხალხური ლექსები
სიმღერა სიკვდილ-სიცოცხლის ცილობაზე
სიცოცხლე ასე ამბობს:
ქვეყნად მარტო მე ვხარობ,
დედა-ბუნება მამკობს,
შევტრფი დღესა და მნათობს.
სიცოცხლე ასე ამბობს,
ქვეყნად მარტო მე ვხარობ.
სიკვდილი ამას ჰყვება:
ქვეყანა მე მერგება,
სილამაზე ხომ ჭკნება,
მთვარე-ვარსკვლავი ქრება.
სიკვდილი ამას ჰყვება,
ქვეყანა მე მერგება.
სიცოცხლე ასე ამბობს:
ქვეყნად მარტო მე ვხარობ,
უსიყვარულოდ წვალობ,
სამარის გათხრას ჩქარობ.
სიცოცხლე ასე ამბობს,
ქვეყნად მარტო მე ვხარობ.
სიკვდილი ამას ჰყვება:
ქვეყანა მე მერგება, _
საფლავთა ამოვსება
და კაცთა შეჭირვება.
სიკვდილი ამას ჰყვება,
ქვეყანა მე მერგება.
სიცოცხლე ასე ამბობს:
ქვეყნად მარტო მე ვხარობ:
მარადისობის თესლს ხომ
საფლავში მე ვთესავო.
სიცოცხლე ასე ამბობს,
ქვეყნად მარტო მე ვხარობ.
XVI საუკუნის გერმანია
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
მურყნარის მეფე
ვინ მიაჭენებს ცხენს ღამით ქარში?
ეს ხომ მამაა თავისი ბავშვით.
აყვანილი ჰყავს ხელში პატარა,
გულში იხუტებს, დასცქერს ჩქარ-ჩქარა.
ჩემო ბიჭუნავ, გეცვალა სახე, _
ტყის მეფე მოჩანს, მამილო ნახე!
ტყის მეფე არის თავზე გვირგვინით, _
ჩემო ბიჭუნავ, ვხედავ ნისლივით.
“ჰე, საყვარელო, მოდი წამყევი!
გაგართობ, ზოგჯერ თამაშს აჰყევი.
ნაპირზე ჭრელი ყვავილი ხარობს,
დედა გიმზადებს ოქროვან სამოსს”.
მამა, მამილო, ნუთუ არ გესმის,
მეფე მპირდება ცხოვრებას მერმისს _
ჩემო ბიჭუნა, იყავი წყნარი:
გამხმარ ფოთლებში ზუზუნებს ქარი.
”არ გსურს პატარავ, თან რომ წამომყვე
და ჩემს ქალწულებს შენ არ ჩამორჩე?
ასულნი ლხენით ჩაგიყენებენ,
ღამის ფერხულში ჩაგიცეკვებენ”.
მამა, მამილო, ვერ ხედავ შენ იქ,
უდაბურ ადგილს ასულთა მეფის? _
ჩემო ბიჭუნავ, ვხედავ, ჰო, რად არ:
ბებერ ტირიფებს ნაცრისფრად ვლანდავ.
”მიყვარხარ, მხიბლავ, უშენოდ ვერ ვძლებ;
ნუ ურჩობ, ჩემს თავს უკვე ვეღარ ვძლევ”.
მამა, მამილო, რა ვქნა, მეხება!
ტყის მეფე მოდის, ღონე მეხდება! _
დაჯავრიანდა, ცხენსა ჰკრა დეზი,
და მამის ხელში ყმაწვილი კვნესის.
აჰა, გამოჩნდა ეზოს ჭიშკარი,
შვილი კი ხელში უჭირავს მკვდარი.
ზღვის სიჩუმე
ზღვაზე ჩამოწვა სიჩუმე წყნარი,
ტალღა არ იძვრის, დაყუჩდა წყალი,
დგას მეზღვაური ნავში მჭმუნვარი,
გასცქერს ზედაპირს ირგვლივ მზირალი.
არც ერთი მხრიდან არ მოჰქრის ქარი!
სამარისებრი სიჩუმე არის!
უსასრულოა სივრცე საზარი;
დადუმებულა უწინ მღელვარი.
ფრიდრიჰ ჰოლდერლინი
კეთილი რჩევა
გონიერება და გული წრფელი, უფალს შენთვის რომ უბოძებია,
უგზო-უკვალოდ ჩაიკარგება, ძმობილო, ორივ,
იმათ თუ ერთად, განუყოფელად არ წარმოაჩენ,
მაშინ ეცადე, გამოავლინე ერთ-ერთი მაინც.
რწმენის სიმტკიცე
სიცოცხლევ ტკბილო! შეგყრია სნება. გული მიკვნესის
ტირილით დაღლილს. ჩამოწვა ბინდი და მიპყრობს შიში,
მაგრამ ო, არა, არ ძალმიძს მაინც რომ დავიჯერო,
მოსალოდნელი სიკვდილი შენი, რაკიღა ასე ძლიერად მიყვარს.
ავტობიოგრაფია
ზე მიილტვოდა ეს სული ჩემი, მაგრამ ნელ-ნელა,
ო, რა ლამაზად სწევდა მიწისკენ სულს სიყვარული.
ვნებამ, ტკივილმა სული დაზაფრა, სიცოცხლის სხივი
ვისწრაფი ზევით, მოველ იქიდან.
უწინ და ახლა
დილა მატკბობდა ყმაწვილობაში, ჩუმად მიტირის
გული მწუხრისას. ახლა როდესაც მემატა წლები,
ჩემი დღე მიშლის ეჭვობს უამრავს, ვიცი, უცილოდ
რომ დასრულდება, დადგება ჟამი წმინდა გაყრისა.
ამა ცხოვრების ნექტარი ტკბილი...
ბოლომდე შევსვი ამა ცხოვრების ნექტარი ტკბილი,
სიჭაბუკის დრო რა ხანია არის ჩავლილი,
შორით მოჩანან აპრილ-მაისი და თვე ივლისის,
მე აღარა ვარ, აღარ ვცხოვრობ უკვე ხალისით.
იოზეფ ფონ აიხენდორფი
* * *
მესიზმრა ვიყავ მამის სახლის წინ,
შვებასა ვგრძნობდი, მქონდა მხნეობა,
გადავყურებდი სახენათელი
ძველ ადგილებს და ნაცნობ ხეობას.
გრილი და ნაზი სიო დაქროდა,
ხასხასა ფოთლებს ეფერებოდა,
ყვავილთ ფანტელი ო, როგორ თოვდა
და მთელ სხეულზე მეფინებოდა.
გამოვიღვიძე და ვიხილე რა:
მთვარე ტყის კორომს დაჰქათქათებდა,
უცხო ქვეყანა მე ირგვლივ მერტყა,
მკრთალ სინათლეში რომ ციმციმებდა.
მიმოვიხედე ირგვლივ დუმილით:
თეთრი ფანტელი იყო ყინული,
ეს ჩემი თმები გათეთრებული,
მიდამო თოვლით გადაფარული.
ზღვის სიჩუმე
გემბანზე ვდგავარ, ზღვის წყალს ჩავცქერი,
ქვევით სიღრმეში თითქოს ვეშვები,
ფსკერზე ცრიატებს ამწვანებული
მთები, ველები და ნანგრევები.
როგორც სიზმარში ბევრჯერ ნანახი,
ძველი კოშკები წაწვეტებული,
ბინდში ეხვევა ეს ყველაფერი;
ღამე წევს ჩუმი და დიდებული.
წყლის მეფე თავის საგუშაგოზე
ბნელში დამჯდარა უხმო გოდებით,
თითქოს ჩასთვლიმა გრელწვეროსანმა
საკუთარ ქნარზე თავჩამოდებით.
ზღვის ხომალდები მოემართება,
ზოგიც ძლივს შედის და ძლივსღა ამჩნევს,
მარჯნის ბრაგიდან მიესალმება
ტკბილი სიზმრებით ხომალდის აფრებს.
ძველი ბაღი
მეფის გვირგვინი და პიონები,
რომლებიც უნდა თავს მავიწყებდნენ.
ჩემი მშობლები აღარ არიან,
ესენი მარტოდ რად ყვავილობენ?
ეს შადრევანი კვლავაც ბუტბუტებს,
გარდასულ დროზე მიყვება ამბავს,
აქვე ქალი ზის ჩაძინებული
და კულულები უმშვენებს კაბას.
ხელში უპყრია ამ ქალს ბარბითი
ასე მგონია, რომ ახლოს ვიცნობ,
თითქოს სიზმარში ლაპარაკობსო,
წადი, მოსცილდი, ძილს ნუ დაუფრთხობ.
და ოდეს ირგვლივ მოიწევს ბინდი,
სიმებს ჩამოჰკრავს ნაზი განცდებით,
ჰა აჟღერდება სიმღერა ტკბილი,
იფრქვევა ბაღში ღამის ჰანგები.
ედუარდ მორიკე
სულო, დაყუჩდი
პატარა ნაძვი სადა მწვანდება,
ვინ იცის, ტყეში?
ბუჩქი ვარდისა სადა ყვავდება,
ნეტავი, ბაღში?
გარკვეულია ხვედრი ყოველის,
სულო, დაყუჩდი,
შენი საფლავი ბინად მოელის
მათ ფესვთ სამაგრად,
სად ორი შავი ბედაური ძოვს,
რომელ მდელოზე?
ჭენებ-ჭენებით გამოსწევენ როს
ქალაქისაკენ,
დინჯი ნაბიჯით წაასვენებენ
შენს ცხედარს როცა...
ხომ შეიძლება, რომ ჯერაც კიდევ
ცხენსა ჩლიქიდან
ნალი გავარდეს, შევნიშნო იქნებ
იგი ელვარე?
…
ეს გაზაფხული ცისფერი ბაბთით
კვლავაც ჰაერის ზღვას დაჰფარფატებს,
ტკბილი ნაცნობი სურნელოვნება
ყველგან იფრქვევა განცდით ნანატრით.
და მინვრად იებს, მთვრალებს ოცნებით,
მალე მოსვლისთვის სული ესწრაფვით!
_ მოიცა, გესმის? ქნარსა ჩამოჰკრეს!
ო, გაზაფხულო! შენი შეცნობით
ვხარობ, სიხარულს ჩუმს მივეცემი.
ნიკოლაუს ლენაუ
მეეტლე
ცაზე ცურავდნენ ქულა ღრუბლები,
რა ტურფა იყო მაისის ღამე,
ეგებებოდა სულს ნეტარებით
გაზაფხულების ტკბილი სიამე.
ჩათვლემილიყო მიტოვებული
ყველა ბილიკი, კორდი, ტყის პირი,
მთვარის ნათება მარტო, ეული,
გზებს დარაჯობდა, უკრთოდა ძილი.
გრილი ნიავი შეირხეოდა
ფრთხილად და ნაზად ჩუმი ჩურჩულით.
საძინებლებში შეიპარვოდა
და მშვიდდებოდა ბავშვების გული.
ოცნების ყვავილთ გადაიშლიდა
დამათრობელად ტყის ნაკადული,
მდუმარ სივრცეებს გადაუვლიდა
სურნელი ნელი და დაფარული.
ჩემი მეეტლე ამ სიჩუმეში
რომ გადაჰკრავდა ზოგჯერ ცხენებს შოლტს,
ჩაჰბერდა საყვირს, მის სიმღერებში
ძგერდა სიცოცხლე, ესმა მთა-ველს შორს.
თქარათქურობდნენ ბედაურები,
სმენას იპყრობდა ხმა ჭენებისა,
როგორ მიჰქროდნენ, რა მონდომებით,
მხილველნი ვიყავთ ამ მშვენებისა.
სწრაფად მიმავალ ეტლიდან მინდორს,
ტყეს და ჭალაკებს ვესალმებოდით,
ამ დროს სოფლების სიმშვიდე თითქოს
გაფრინდა, უმალ შეგვეტკბო როდი.
სუფევს მაისის ბედნიერება,
მაგრამ გამოჩნდა მყუდრო ალაგი.
რომელს მაშინვე უცებ აწყდება
მზერა მგზავრისა ფიქრით მარადის.
ფერდობს შეზრდია აქ გალავანი
სასაფლაოსი, ძველი და მყარი,
გადაულახავს მწუხრის სამანი,
აზიდულიყო ჯვარი მდუმარი.
მიჰქრის მეეტლეც, მისდევს გზა-შარას,
დანაღვლიანდა, მიწყნარდა უფრო,
სვლა შეანელა სასაფლაოსთან,
აჰხედა ჯვარს და ციურ საუფლოს.
«უნდა შევჩერდე, რომ არ გაგვიწყრე,
არ გაგვირისხდე, ღმერთო მაღალო,
მესაიდუმლე ჩემი გაღმა წევს,
ცივ სამარეში უკვე საბრალო!
ჩემი ძმობილი გულით მიყვარდა,
დასანანია ძალზე საწყალი!
საკრავზე ტკბილად იმგვარ უკრავდა,
არვინ მეგულვის მისი ბადალი!
ხსენება არის ახლა საჭირო,
ერთგულ მეგობარს საძმო სალამი
უნდა მივუძღვნა, უნდა ჩავყვირო,
სიმღერა ვუთხრა მისი სადარი!”
უკრავს მხიარულ სიმღერებს მგზავრი,
სასაფლაოსაც დაუდგა ჟამი,
ჩასწვდა საფლავში, გრძნობს მეგობარი
და სიმყუდროვეც დაირღვა წამით.
მთიდან ბრუნდება ხმა არეკლილი,
წკრიალ-წკრიალა და მონარნარე,
თითქოს მეეტლე განსვენებული
ეხმიანება ძმობილის ნამღერს.
ექო ჩვეულად არ მოისმოდა,
და იღვრებოდა ტყის პირზე მინდვრად,
რა იდუმალად მეორდებოდა,
მთის მოძახილი ყურებში მიდგას.
გეორგ ჰაიმი
ომი
წამოდგა, რომელს ეძინა დიდხანს,
წამოიმართა ღრმა სამარხიდან.
წყვდიადში დადგა უცხო ავსულად,
და შავი ხელით მთვარე გაწურა.
ბინდში ხმაურზე ქალაქებს სუსხავს,
აჩრდილს უგზავნის, შიშით მონუსხავს.
წამს იყინება ბაზრის წრიალი,
სიჩუმე წვება, წყდება ტრიალი.
ქუჩებში მავალთ მხარს კრავს აგდებით,
პასუხი არ ჩანს. იქნებ განგებით?
წყნარი სიმღერა შორით ნელდება,
წვეროსან კაცთა სახე ფითრდება.
მთაზე სხეული აზიდა ცეკვად,
შეჰყვირა უცებ: “მებრძოლნო მედგრად!”
შავ თავს აქანებს, ქუხს გრიგალები,
ჯაჭვი გაიბა თავის ქალების.
დგას ანძასავით, ცეცხლს აფრქვევს ბოლოს,
დღე იწვის, ბინდი სისხლშია მხოლოდ,
ურიცხვი მკვდარი მიეწყო ლელში,
გადაათეთრა ფრინველმა ლეში.
ღამეში შორით ცეცხლს ბრაზით აჩენს,
წითელი ძაღლი ველურად გაჰყეფს,
ბნელში ავარდა სამყარო შავი,
და შემოევლო ვულკანი ავი.
ჩამოეფერფლათ თითქოს ქუდები,
დგანან ტიალნი, უწინ ქუჩები,
ჩამწვარ ადგილებს, თუ რამე შერჩა,
რისხვა დაატყდა ცეცხლოვან ტყეთა.
ცეცხლის ენები ტევრებს ლოკავენ
და ღამურები ალში როკავენ, _
ვით მენახშირე ხეს სცემს, შმაგდება,
უტყამს, ტოტებს და ფოთლებს აწყდება.
ქალაქს ედება მხრჩოლავი კვამლი,
უფსკრულში ჩადის, ეშვება დაბლით,
და მოვარვარე ნანგრევთა თავზე
ზეცაში სამგზის ჩირაღდანს აქნევს.
ცივ უდაბნოში ჩამკვდარი ღამის,
ნაფლეთ ღრუბლების ანარეკლს გაღმით,
უკუნ სიბნელეს წალეკავს ხანძრით
და კუპრს მდუღარეს გომორზე დაღვრის.
გეორგ თრაქლი
გული
გული ველური ტყესთან გათეთრდა,
ო, შიშო ბნელო,
სიკვდილისავ, შენ როგორც ოქრო
რუხ, ნაცრისფერ ღრუბლებში მოკვდი.
ნოემბრის მწუხრი.
ოხრად დაგდებულ სახლის კართან,
ცხოველების სასაკლაოსი,
დგას ქალთა გუნდი ღარიბებისა.
მათ კალთებში
აყროლებული ხორცი იყრება
გულღვიძლთან ერთად.
მწუხრის ცისფერმა მტრედმა ზევიდან
ვერ მოიტანა სიმშვიდე სულის,
ხმამ დაგუდულმა საყვირისამ
გადაუარა თელებისა
ოქროვან ფურცლებს, დასველებულებს.
სისხლიანი, დაფლეთილი დროშა ფრიალებს,
რადგან მწუხარებას გამოუთქმელსა
ყურს უგდებს კაცი.
ოჰ, თქვენ, დროებო სპილენძისანო,
მზე ჩამავალში რომ სამარდებით.
ჩაბნელებული სახლის დერეფნით
გამოდის
სახე ოქროვანი
ყმაწვილი ქალის.
მთვარენი მკრთალნი გარს არტყია,
შემოდგომაზე სასახლის კარზე
შავი ნაძვები იმტვრევიან
ღამის ქარ-ბუქში,
ო, გულო,
ბრწყინვით შენ მიაშურე თოვლს და
ყინულსა.
რაინერ მარია რილკე
შეყვარებულნი
შეხედე, ვითარ ერთურთსა ზრდიან:
მათსა ძარღვებში სული მდინარებს.
თრთიან ისინი, ღერძთ ემსგავსიან,
მწველ საოცრება ირგვლივ ტრიალებს.
სასმელ ეძლევათ, მწყურვალ არიან,
ნახე, ისინი თვის თავთა ხედვენ.
ურთიერთარსში იძირებიან,
რადგან ერთურთსა ერთურთით სძლევენ.
ჰერმან ჰესე
გზა სიმარტოვისა
გცილდება, გშორდება სამყარო,
ქრება სიხარული ყოველი,
ადრე შენ გატკბობდა რომელიც;
მისი ფერფლიდან წყვდიადი გემუქრება.
მიდიხარ, შენშივე იძირები უნებურად,
ძლიერი ხელისკვრით განდევნილი,
გაყინული დგახარ მკვდარ სამყაროში.
უკან მოგტირის
დაკარგული სამშობლოს ხმები, _
ბავშვობისა და სიყვარულის ხმანი საამო.
მძიმეა ეს გზა სიმარტოვისა,
უფრო მძიმეა, ვიდრე გეგონა.
წყაროც ოცნებათა დაშრა, დაიშრიტა,
მაგრამ იმედს ნუ შეელევი.
სად გზა დასრულდება,
იქ იქნება სამშობლო,
გარდაცვალება და კვლავ დაბადება,
საფლავი და მარადიული დედა.
ევა შტრიტმატერი
შაგალი
ინატრონ ოღონდ და აუხდებათ,
სამყაროს ძლევაც იქნებ შეძლონ და,
თანაც სიყვარულს თუ მორჩილებენ,
გადაუფრენენ ვიტებსკს ზემოდან.
რაშს სწრაფად მქროლავს რომ შეამკობენ
ტურფა ვარდებით, აიჭრებიან
მწვანე ზეცაში, ზევითკენ, მაღლა.
მათთვის ცა არის უკვე გახსნილი,
თან ჩამოჰყვებათ მუსიკა დაბლა,
ვიოლინოში რომ უწევს დაცდა,
აჟღერდებიან ჰიმნები ცისა,
მიწა იცვლება მწვანედ და წითლად,
აქ საოცარი არაფერია,
თევზებმაც უნდა დაიწყონ ფრენა,
აღარას ფიქრობს საათებზე დროც,
აღარც ისწრაფვის და აღარც ჩქარობს,
რადგან სიკვდილი არის ძლიერ შორს.
თარგმნა მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment