მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ჩამოყალიბდა ორი ურთიერთდაპირისპირებული ძალა ჩრდილოატლანტკური ბლოკისა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებისა და მათი შეიარაღებული ძალების სახით. ნატო-ს ბლოკისა და მისი ლიდერის აშშ-ის მიზანს შეადგენდა სსრკ-ის აგრესიის შეკავება ევროპის კონტინენტზე. აქედან ამომდინარე ჩამოყალიბდა და იხვეწებოდა ბლოკის შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური დოქტრინები. 70-იან წლებში “მოქნილი რეაგირების” სტრატეგიული დოქტრინის საფუძველზე შემუშავებულ იქნა “მეწინავე მიჯნებზე აქტური თავდაცვის” ოპერატიული კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავდა უკვე სასაზღვრო ზონაში აქტიური თავდაცვითი საბრძოლო მოქმედებების წარმოებას და ბლოკის წევრი ქვეყნების, უმთავრესად გფრ-ის ტერიტორიაზე, საბჭოთა ინტერვენციის არდაშვებას. “აქტიური თავდაცვის” კონცეფციით გათვალისწინებული იყო აქტიური თავდაცვითი მოქმედებებით მოწინააღმდეგის ძალების გამოფიტვა, დასუსტება და აგრესიის აღკვეთა.
80-იანი წლების დასაწყისში სახმლეთო ჯარების იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშებით აღჭურვისა და მათი საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფის გათვალისწინებით შემუშავებულ იქნა საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ფორმები და წესები, რომლებითაც შეიძლება ზოგადსაჯარისო ფორმირებათა მზარდი შესაძლებლობების უფრო სრულად გამოყენება. სახელდობრ, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ევროპულ ომის თეატრზე საბრძოლო მოქმედებების პერიოდში პოტენციურ მოწინააღმდეგეს ექნებოდა ძალებისა და საშუალებათა რიცხობრივი უპირატესობა, რაც მას შესაძლებლობას მისცემდა შეენარჩუნებინა მეორე ეშელონებსა და რეზერვებში ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც მომდევნო ბრძოლებში შემოიყვანდა მოწინააღმდეგე მხარის საბოლოო განადგურების მიზნით. აქედან ამომდინარე კეთდებოდა დასკვნა, რომ მოწინააღმდეგის ჯარების პირველი ეშელონის განადგურება ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მის სრულ დამარცხებას, ვინაიდან მას ექნებოდა აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოების უნარი და შესაძლებლობა გადარჩენილი ძალების ხარჯზე. ამერიკული სარდლობა მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების განადგურების პრობლემის გადაწყვეტას ხედავდა საბრძოლო მოქმედებების ისეთ ორგანიზაციასა და წარმოებაში, რომელიც უზრუნველყოფდა მოწინააღმდეგის ძალთა დაჯგუფების უფრო ადრეულ ეტაპზე გადამწყვეტ დაზიანებას სახმელეთო ჯარების ზოგადსაჯარისო ფორმირებებისა და საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის ძალებით, ბირთვული და ჩვეულებრივი იარაღის სისტემების, მართვის, დაზვერვისა და მიზანჩვენების საშუალებათა სულ უფრო მზარდი საბრძოლო შესაძლებლობების სრულად გამოყენების საფუძველზე. ამასთან ამერიკელი სპეციალისტები ითვალისწინებდნენ პოტენციური მოწინააღმდეგის ტაქტიკასა და ოპერატიულ ხელოვნებას, მისი შენაერთებისა და ნაწილების ოპერატიულ-ტაქტიკურ ნორმატივებსა და საბრძოლო შესაძლებლობებს.
ამხედრო-სამეცნიერო კვლევებისა და მანამდე (70-იან წლებში) მოქმედი “აქტიური თავდაცვის” კონცეფციის ექსპერიმენტული შემოწმების ხარჯზე, რომელმაც ვერ გადაწყვიტა მოწინააღმდეგის ღრმად ეშელონირებული დაჯგუფებების განადგურების პრობლემა, ამერიკულ სამხედრო ხელოვნებაში გამოჩნდა “ერთიანი ბრძოლის ველის” (Integrated battlefield), “გაფართოებული ბრძოლის ველის” (Extended battlefield), “ღრმა დაზიანებისა” (Deep attack /battle/) და სხვა ახალი ცნებები.
ამერიკული არმიის სარდლობის ეს შეხედულებანი აისახა “საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” (Airland battle) კონცეფციაში, რომელიც ოფიციალურად იქნა მირებული 1983 წელს. იგი, 80-იან წლებში სახმელეთო ჯარების ახალი ტექნიკით აღჭურვისა და რეორგანიზაციის გათვალისწინებით, იქცა 2000 წლამდე პეროდში აშშ არმიის კონცეფციად, რომელიც განსაზღვრავს საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ფორმებსა და ხერხებს.
“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” («Воздушно-наземная операция /сражение/») კონცეფციის არსი მდგომარეობს მოწინააღმდეგის განადგურების მიღწევაში მისი ჯარების ოპერატიული მოწყობის მთელ სიღრმეში ბირთვული, ქიმიური და მაღალი სიზუსტის ჩვეულებრივი იარაღით მისთვის მაქსიმალური დაზიანების მიყენების გზით. დაზიანების საშუალებათა გამოყენება მკაცრადაა შეთანხმებული და გაერთიანებული სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის, ზღვისპირა მიმართულებებზე კი ფლოტის ძალებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის საბრძოლო მოქმედებათა ერთიანი ჩანაფიქრით. კონცეფცია ითვალისნებს ამოცანების გადაწყვეტის მსვლელობისას ჯარების (ძალების) დაჯგუფების სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო (ზღვისპირა მიმართულებებზე) კომპონენტების მჭიდრო ურთიერთმქმედებასა და ურთიერთკავშირს ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე. ამერიკული სარდლობის შეხედულებებით ასეთი საჰაერო-სახმელეთო (ანუ საჰაერო-მიწისზედა) საბრძოლო მოქმედებები ყველაზე უფრო დამახასიათებელი უნდა იყოს საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) ომის საწყისი პერიოდისთვის, სადაც უკვე გაშლილია ჯარების ღრმად ეშელონირებული დაჯგუფებები.
“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის შინაარსი ხასიათდება “ერთიანი ბრძოლის ველისა” და “გაფართოებული ბრძოლის ველის” ფუძემდებლური და ურთიერთდაკავშირებული ცნებებით.
პირველი, – ადრე მიღებული შეხედულებებისგან განსხვავებით, ითვალისწინების დაჯგუფების საჰაერო და სახმელეთო (მიწისზედა) კომპონენტების, ბირთვული, ქიმიური და ჩვეულებრივი იარაღისა და რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) საშუალებების ერთიან უწყვეტ დაგეგმვასა და კომპლექსურ გამოყენებას. მოცეული დებულების რეალიზაცია მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ობიექტების დროულ და ეფექტურ დაზიანებას საბრძოლო მოქმედებათა წარმოების ჩანაფიქრის შესაბამისად, აგრეთვე საკუთარი ჯარების დაცვის აუცილებელ ღონისძიებებს. “ერთიანი ბრძოლის ველის” ცნების ძირითადი დებულებები ხელს უწყობს ცეცხლისა და მანევრის უფრო კონკრეტული გეგმის შემუშავებას, საჰაერო-სახმელეთო (მიწისზედა) ძალებისა და საშუალებების ძალისხმევათა რაციონალურ გამოყენებას მოწნააღმდეგის პირველი და მეორე ეშელონების, პირისპირ მდგომი ჯარების, ფლანგებისა და ზურგის რაიონების დაზვერვასა და დაზიანებას, ბირთვული, ქიმიური, მაღალი სიზუსტის ჩვეულებრივი იარაღისა და რებ საშუალებების კომპლექსური დამსწრები გამოყენების განხორციელებას.
მეორე ცნება ითვალისწინებს სახმელეთო (მიწისზედა) ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების* ძალებითა და საშუალებებით მოწინააღმდეგეზე ზემოქმედების სიღრმის გაზრდას, ამომდინარე მათი შესაძლებლობებიდან ერთდროულად ანადგურებდნენ პირველი ეშელონის პირისპირ მდგომ ჯარებსა და ახორციელებდნენ მეორე ეშელონის (რეზერვების) ჯარების ღრმა დაზიანებასა და შეჩერებას. ამ ამოცანების წარმატებით გადაწყვეტა უზრუნველიყოფა სამეთაურო (საკომანდო) ინსტანციების პასუხისმგებლობის რაიონების მკაფიო განსაზღვრით, მოწინააღმდეგის მოქმედებათა დასწრების წინასწარ დაგეგმვითა და ზემდგომი უფროსის საშუალებებით მოწინააღმდეგის მეორე ეშელონისთვის (რეზერვებისთვის) დანაკარგების მიყენებითა და მათი შეჩერებით. იგეგმება აგრეთვე ქვემდგომი სამეთაურო ინსტანციების პასუხისმგებლობის რაიონების მთლიანად გადაფარვა ზემდგომის რაიონებით, რაც ხელს უწყობს სახმელეთო (მიწისზედა) ფორმირებებისა და მხარდამჭერი ტაქტიკური ავიაციის ძალებისა და საშუალებათა უფრო შეთანხმებულ გამოყენებას მოწინააღმდეგის ჯართა დაჯგუფების პირველი და მეორე ეშელონებისთვის (რეზერვებისთვის) ერთდროული და ყოველმხრივი დაზიანების მისაყენებლად. (გვიანდელი შენიშვნა: * თანამედროვე სამხედრო ხელოვნებაში სახმელეთო ჯარების საველე არმია წარმოადგენს ოპერატიულ გაერთიანებას, საარმიო კორპუსი – ოპერატიულ-ტაქტიკურ შენაერთს, დივიზია ძირითად ტაქტიკურ შენაერთს, ბრიგადა და პოლკი სამხედრო ნაწილს, ბატალიონი, ასეული, ოცეული და ათეული (სექცია) ქვედანაყოფებს, ამათგან ბატალონი ითვლება ძირითად ტაქტიკურ ქვედანაყოფად. აშშ-ის სახმელეთო ჯარებში საველე არმიების გაშლას ვარაუდობენ მხოლოდ ომიანობის დროს, და თითოეულ მათგანში შესაძლოა შედიოდეს სამიდან ექვს საარმიო კორპუსამდე, პლიუს არმიის სარდლობისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული შენაერთები და ნაწილები; საარმიო კორპუსი ჩვეულებრივ შესაძლოა შეიცავდეს სამიდან ექვს საბრძოლო დივიზიამდე, პლიუს საკორპუსო დაქვემდებარების ნაწილები; დივიზიას გააჩნია მკაცრად განსაზღვრული საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა, სადაც შედის სამი ბრიგადა, პლიუს სადივიზიო ნაწილები და ქვედანაყოფები; თითოეულ ბრიგადაში შესაძლოა შედიოდეს სამი-ხუთი საბრძოლო ბატალიონი, საარტილერიო დივიზიონი, ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო-მესანგრეთა, სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, საზენიტო და საბრძოლო უზრუნველყოფის სხვა სხვა ქვედანაყოფები, აგრეთვე ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები).
სახელდობრ, როდესაც ზედგომი მეთაური ხელქვეითებს უსვამს ამოცანებს და გამოჰყოფს მათი გაძლიერების აუცილებელ ძალებსა და საშუალებებს, იმავდროულად იგი გეგმავს საბრძოლო მოქმედებების წარმოებას თავის, უფრო ღრმა პასუხისმგებლობის რაიონში. ბრძოლის მსვლელობისას იგი უნდა ცდილობდეს ისე გამოიყენოს არსებული დაზიანების საშუალებები, რომ მაქსიმალური დაზიანება მიაყენოს ქვემდგომი მეთაურების პასუხისმგებლობის რაიონების გარეთ მყოფ მოწინააღმდეგის ჯარებს, რის შედეგადაც ქვემდგომ მეთაურებს ეძლევათ დრო უშუალოდ მათ წინ მდგომი მოწინააღმდეგის განადგურებისთვის. მოწინააღმდეგის მოქმედებათა დასწრების წინასწარი დაგეგმვა ხორციელდება ზემდგომი უფროსის მიერ ქვემდგომი მეთაურებისთვის მოწინააღმდეგის დანაკარგებსა და მისი მეორე ეშელონების (რეზერვების) შედგომ მოქმედებათა შესაძლო ხასიათზე ინფორმაციის დროულად მიწოდებით. ასეთი წესი საშუალებას აძლევს ქვემდგომ მეთაურებს წინასწარ გეგმავდნენ და ახორციელებდნენ დამსწრებ დარტყმებს, ართმევდნენ მოწინააღმდეგეს ინიციატივას და აღწევდნენ მისი ჯარების ნაწილ-ნაწილ, სწრაფ განადგურებას.
საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვის, ცეცხლისა და მანევრის კოორდინაციის ხარისხის ამაღლებას ხელს უწყობს საჯარისო ინსტანციების პასუხისმგებლობის რაიონების დაყოფა ორ ურთიერთდაკავშირებულ ზონებად – საბრძოლო ზემოქმედებისა და პოტენციური მუქარის.
საბრძოლო ზემოქმედების ზონა – ეს არის ადგილმდებარეობის ზოლი მხარეთა შეხების ხაზიდან მოწინააღმდეგის სიღრმეში, რომლის ფარგლებშიც მისი ობიექტები (მიზნები) გამოვლენილ და განადგურებულ (ჩახშულ) უნდა იქნას მოცემული საჯარისო ინსტანციის მეთაურის განკარგულებაში არსებული ძალებითა და საშუალებებით. საბრძოლო ზემოქმედების ზონების სიღრმე განისაზღვრება დაზიანების საშუალებების მიღწევადობითა და იმ დროით, რომელიც აუცილებელია ნაწილების, შენაერთების მეთაურებისა და გაერთიანებების სარდლებისთვის მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის გასანადგურებლად და მეორე ეშელონების (რეზერვების) მომდევნო განადგურებისთვის მოსამზადებლად. ევროპული ომის თეატრის პირობებში საბრძოლო ზემოქმედების ზონის სიღრმე ნავარაუდევია: ბრიგადისთვის – 15 კმ-მდე (წინმომავალი მეორე ეშელონის /რეზერვების/ შეჩერების ოპტიმალური დრო 12 სთ), დივიზიისთვის – 70 კმ-მდე (24 სთ), საარმიო კორპუსისთვის – 150 კმ-მდე (72 სთ), კორპუსზე მაღალი გაერთიანებებისთვის – 300 კმ-მდე (96 სთ).
პოტენციური მუქარის ზონა იმყოფება საბრძოლო ზემოქმედების ზონის შემდეგ, მასში განლაგებულია მოწინააღმდეგის ჯარები (მომდევნო ეშელონები, რეზერვები), რომელთა წინსვლამ და ბრძოლაში შემოყვანამ შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობაზე. მისი სიღრმე ბრიგადისთვის შეიძლება იყოს 70 კმ-მდე, დივიზიისთვის 150 კმ-მდე, კორპუსისთვის 300 კმ-მდე, კორპუსზე მაღალი გაერთიანებისთვის 1000 კმ-მდე. ამასთან მომდევნო ეშელონების (რეზერვების) დაზიანების წინასწარ დაგეგმვის დრო განხორციელდება ბრიგადის მიერ მხარეთა შეხებაში მოსვლამდე 24 სთ-ით ადრე, დივიზიის მიერ 72 სთ-ით, კორპუსის მიერ 96 სთ-ითა და კორპუსზე მასღალი გაერთიანების მიერ 96 სთ-ზე ზევით.
უკვე ცალკეულ შემთხვევებში ამ ზონების ზომები შეიძლება იცვლებოდეს საბრძოლო მოქმედებათა ხასიათისა და ინტენსივობის, ადგილმდებარეობის, არსებული ძალებისა და საშუალებების, მოწინააღმდეგის შესაძლებლობათა და ა. შ. მიხედვით. მონაცემები პოტენციური მუქარის ზონაში მყოფ მოწინააღმდეგეზე წარმოადგენს მოცემული საკომანდო ინსტანციის საბრძოლო ზემოქმედების ზონაში მოწინააღმდეგის მეორე ეშელონების (რეზერვების) შემოყვანამდე მათი განადგურების დაგეგმვის საფუძველს. ამ მონაცემების მოპოვება უზრუნველიყოფა სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის ძალებითა და საშუალებებით, ხოლო მათი დამუშავება კი – ზოგადსაჯარისო შტაბების მიერ. ზემდგომმა უფროსმა დროულად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მის ხელქვეით მეთაურებს მათი პოტენციური მუქარის ზონაში მყოფი მოწინააღმდეგის ძალების შესახებ.
“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის ძირითადი კომპონენტია მოწინააღმდეგის ძალთა დაჯგუფების ღრმა დაზიანება, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბრძოლაში მონაწილე ნაწილებისა და შენაერთებისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნა მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის გასანადგურებლად და მომდევნო ეშელონების წინააღმდეგ შემდგომი მოქმედებებისთვის მოსამზადებლად. ეს პირობები განისაზღვრება ზემდგომი საჯარისო ინსტანციის ძალებითა და საშუალებებით მოწინააღმდეგისთვის მიყენებული ზარალის სიდიდითა და მეორე ეშელონების (რეზერვების) შეჩერების დროით.
“ღრმა დაზიანების” განხორციელება ემყარება სადაზვერვო ინფორმაციით დაინტერესებული სამეთაურო (საკომანდო) ინსტანციების დროულ უზრუნველყოფას და ვარაუდობს ტაქტიკური ავიაციისა და სახმელეთო ჯარების გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების შეთანხმებულ მოქმედებებს მოწინააღმდეგის მეორე ეშელონის (რეზერვების) ან მისი ცალკეული მნიშვნელოვანი ობიექტების (ბირთვული თავდასხმის საშუალებები, მართვის პუნქტები, კავშირგაბმულობის კვანძები, მდინარეზე გადასასვლელები, ხიდები და ა. შ.) განადურების, შეჩერებისა და დეზორგანიზაციისთვის. შედეგად ითვალისწინებენ მოწინააღმდეგის დაჯგუფების მკვეთრად დასუსტებას, მისი ძალებისა და საშუალებების თავმოყრის ღონისძიებათა ჩაშლას, ოპერატიული ან ტაქტიკური წარმატების მიღწევასა და საბოლოო ჯამში – მოწინააღმდეგის ნაწილ-ნაწილ განადგურების უზრუნველყოფას. საარმიო კორპუსის ინტერესებში ღრმა საცეცხლე (ბირთვული) დარტყმების მისაყენებლად გამოიყენება ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები და სადაზვერვო-დარტყმითი კომპლექსები, დივიზიების ინტერესებში – ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები, საველე საარტილერიო სისტემები და საარმიო ავიაციის ვერტმფრენები, ბრიგადების ინტერესებში – უმთავრესად საველე არტილერია და საბრძოლო ვერტმფრენები.
“ღრმა დაზიანების” განხორციელება ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებათა რაიონის იზოლაციას, აქტიურ რადიოელექტრონულ წინააღმდეგობასა და მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას. საბრძოლო მოქმედებათა რაიონის იზოლაცია ხორციელდება ზოგადსაჯარისო ფორმირებებისა და ტაქტიკური ავიაციის საცეცხლე (ბირთვული) საშუალებების ზემოქმედებით მოწინააღმდეგის მეორე ეშელონების (რეზერვების) დაზიანებითა და შეჩერებით, მიწისზედა ჯარებისა და საარმიო ავიაციის ქვედანაყოფებისა და ნაწილების მიერ რეიდების ჩატარებით, სპეციალური დანიშნულების ჯარების მოქმედებებით.
აქტიური რადიოელექტრონული ჩახშობა ითვალისწინებს რებ ღონისძიებების, ჯარების საცეცხლე (ბირთვული) საშუალებებისა და საარმიო ავიაციის დარტყმების მკაფიო კოორდინაციას სარეიდო მოქმედებებთან, ხოლო მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა – თავისი ჯარების ცრუ, სადემონსტრაციო მოქმედებების ჩატარებასა და დეზინფორმაციას.
სახმელეთო ჯარების სპეციალისტები გამოყოფენ “ღრმა დაზიანების” ოთხ ძირითად ვარიანტს, რომლებიც გამოიყენება როგორც შეტევის, ისე თავდაცვის დროს.
პირველი მიზნად ისახავს უმთავრესად საცეცხლე საშუალებებით მოწინააღმდეგის მეორე ეშელონის ჯარებისთვის დაზიანების მიყენებას, მათ დეზორგანიზაციასა და შეჩერებას იმ დროით, რაც აუცილებელია პირველი ეშელონის ჯარების განადგურებისთვის. გარდა ამისა, საბრძოლო მოქმედებათა რაიონის იზოლაციისა და მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის ჯარების გაძლიერების აღკვეთის მიზნით ითვალისწინებენ ღონისძიებათა გატარებას მისი შეცდომაში შეყვანისა და აქტიური რადიოელექტრონული ჩახშობის საწარმოებლად.
მეორე გამოიყენება საცეცხლე დარტყმების მიყენებით მეორე ეშელონების იმ ნაწილის დაზიანებისა და შეჩერებისთვის, რომელსაც შექმნილ ვითარებაში შეუძლია ყველაზე უფრო არსებითი წინააღმდეგობის გაწევა შემტევი ჯარებისთვის, რომლებიც ასრულებენ მანევრს მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის საბოლოოდ გასანადგურებლად.
მესამე ითვალისწინებს მეორე ეშელონების დაზიანებას საცეცხლე საშუალებებითა და ჯარების დარტყმებით პირველი ეშელონის ჯარებთან ბრძოლის პერიოდში. ითვლება, რომ მოქმედებათა რეალიზაცია ამ ყველაზე უფრო რთულ ვარიანტში მოითხოვს დაზიანების ძალებისა და საშუალებების, აგრეთვე საბრძოლო ქვედანაყოფების (ნაწილების) მნიშვნელოვან რაოდენობას და მათი მოქმედებების მკაფიო შეთანხმებულობას ტაქტიკური და საარმიო ავიაციისა და რებ საშუალებების გამოყენებასთან.
მეოთხე შეიძლება გამოყენებულ იქნას მოწინააღმდეგის ცალკეული ღრმად განლაგებული ობიექტების განადგურების ან მოქმედებათა ჩაშლისთვის, რომელთაც შეეძლებათ კონკრეტულ ვითარებაში გავლენის მოხდენა მხარეთა ურთიერთდაპირისპირების მსვლელობასა და შედეგზე. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით, კარგად ორგანიზებული “ღრმა დაზიანება” ხელს უწყობს მოწინააღმდეგის მიერ ძალისხმევის ზრდის მნიშვნელოვან დასუსტებას, რაც თავის მხრივ ქმნის ხელსაყრელ პირობებს მისი გადამწყვეტი განადგურებისთვის.
განხილულ კონცეფციაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ოპერაციაში (ბრძოლაში) ჯარების (ძალების) მ ა რ თ ვ ი ს საკითხებს, რომლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილებია გადაწყვეტილებების მიღება, განკარგულებათა გაცემა, მოწინააღმდეგის განადგურების დაგეგმვა, საკუთარი ძალებისა და საშუალებების ურთიერთმოქმედების დაგეგმვა და საბრძოლო ამოცანების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.
მიზანშეწონილად ითვლება, რომ გადაწყვეტილებათა მიღებისა და დაგეგმვისას მოწინააღმდეგის პირველი და განსაკუთრებით მეორე ეშელონების (რეზერვების) მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურების (დაზიანების) ინტერესებიდან ამომდინარე, ჯარებისა და დაზიანების საშუალებათა ძირითადი ძალისხმევა განაწილებულ იქნას რაციონალურად. ამასთან დაზიანების შედეგების დროულად გამოყენების მიზნით რეკომენდირებულია მოწინააღმდეგის საცეცხლე დაზიანებისა და თავის ჯარების მანევრის შეხამების მკაფიო კოორდინაცია ადგილისა და დროის მიხედვით. ტაქტიკურ რგოლში (დივიზიის ჩათვლით) უპირატესობა ენიჭება მოწინააღმდეგის საცეცხლე დაზიანებას, ხოლო ოპერატიულში კი (საარმიო კორპუსი და ზევით) – საკუთარი ჯარების მანევრს მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელ მიმართულებებზე.
ურთიერთმოქმედების ორგანიზებისას ცენტრალური ადგილი ეთმობა დაჯგუფებათა საჰაერო და სახმელეთო (მიწისზედა) კომპონენტების მოქმედებათა კოორდინაციას მიზნის, ადგილისა და დროის მიხედვით. მათი მოქმედებები დაკავშირებულია საცეცხლე საშუალებების გამოყენებასთან. ასეთ პირობებში იარაღის სხვადასხვა სისტემებით აღჭურვილ ჯარების სხვადასხვა გვარეობათა (ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი, საარტილერიო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობისა და სხვა ჯარები) შენაერთებისა და ნაწილების მჭიდრო ურთიერთმოქმედებას შეუძლია მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვება და დასმული ამოცანის გადაწყვეტა.
ბრძოლის მსვლელობაზე მუდმივი კონტროლით მეთაურს შეუძლია გავლენა იქონიოს მის განვითარებაზე ამოცანის შესრულების ინტერესებში და აიძულოს მოწინააღმდეგე, რომ ძირითადი შეჯახება მოხდეს ამ უკანასკნელისთვის არახელსაყრელ ადგილსა და დროში. ამასთან ერთად, დინამიური საბრძოლო მოქმედებების პირობებში, რომლებიც ხასიათდება ვითარების სწრაფი და მკვეთრი ცვლილებებით, მეთაურს არ შეუძლია აკონტროლებდეს ხელქვეითების თითოეულ გადაწყვეტილებას, რის გამოც მიზანშეწონილად ითვლება ამ უკანასკნელთ მიეცეთ ინიციატივის გამოჩენის უფლება და აუცილებლობის შემთხვევაში მიდიოდნენ გაანგარიშებულ (დასაბუთებულ) რისკზე ზოგადი საბრძოლო ამოცანის შესრულების ინტერესებში.
საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების უშუალო ორგანიზაცია და მათ ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ზოგადსაჯარისო მეთაურებს, რომლებიც მკაცრად უნდა იცავდნენ შემდეგ ოთხ ფუძემდებლურ წესს. მათი არსი მდგომარეობს ინიციატივის გამოჩენაში, მოქმედებათა სიღრმეში, სისწრაფესა და შეთანხმებულობაში.
ი ნ ი ც ი ა ტ ი ვ ა – ეს არის მოწინააღმდეგის დასწრება გადაწყვეტილების მიღებასა რეალიზაციაში, მისთვის საკუთარი ნების თავზე მოხვევა და ამასთან საკუთარი ჯარების მოქმედებათა თავისუფლების შენარჩუნება. ჯარები, განსაკუთრებით საშუალო და დაბალ რგოლებში, მზად უნდა იყვნენ გაბედულად აწარმოებდნენ დამოუკიდებელ საბრძოლო მოქმედებებს მთავარი ძალებისგან მოწყვეტით, მოწინააღმდეგის აქტიური რადიოელექტრონული წინააღმდეგობისა და ზემდგომ შტაბებთან კავშირგაბმულობის შესაძლო დაკარგვის პირობებში.
ს ი ღ რ მ ე – ითვალისწინებს მთელი საჰაერო და სახმელეთო (მიწისზედა) სივრცის გამოყენებას მოწინააღმდეგისთვის დარტყმების მისაყენებლად და მისი მეორე ეშელონების (რეზერვების) ძალისხმევის გაერთიანების არდაშვებას პირველი ეშელონის ჯარებთან, რომლებიც ბრძოლებს აწარმოებენ უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე.
მ ო ქ მ ე დ ე ბ ა თ ა ს ი ს წ რ ა ფ ე გულისხმობს მეთაურთა მიერ მოვლენათა განვითარების მიმართულებების წინასწარ განჭვრეტას, მათი აზროვნების ოპერატიულობასა და მოქნილობას, მათ მიერ არაშაბლონური გადაწყვეტილებებისა და კონტრზომების მიღებას, საკუთარი ჯარების დარტყმითი და საცეცხლე სიმძლავრის მოწინააღმდეგისთვის სახიფათო მიმართულებებზე დროულად თავმოყრას. ამერიკული სარდლობიოს აზრით, სისწრაფეში მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოსაპოვებლად აუცილებელია კარგი დაზვერვა, მიწისზედა ნაწილები და ქვედანაყოფები, რომელთაც შეეძლებათ კრიტიკულ საბრძოლო სიტუაციებში სწრაფი ზეგავლენს მოხდენა ვითარების ცვლილებაზე თავიანთ სასარგებლოდ.
მ ო ქ მ ე დ ე ბ ა თ ა შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ უ ლ ო ბ ა ნიშნავს დაზიანების მთელი საშუალებებისა და ჯარების მიზანდასახულ გამოყენებას საჰაერო-მიწისზედა საბრძოლო მოქმედებების ერთიანი ჩანაფიქრის შესაბამისად. სამხედრო სპეციალისტების აზრით, ამ წესით ხელმძღვანელობისას შეიძლება ჯარებისა და საცეცხლე (ბირთვული) საშუალებების ძალისხმევის გაერთიანება მოულოდნელობის მიღწევის, მაქსიმალური ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენისა და მოწინააღმდეგის დამარცხების მიზნით. საარმიო კორპუსების მეთაურები ოპერაციების მსვლელობისას ახორციელებენ მათ შემადგენლობაში შემავალი დივიზიების საბრძოლო მოქმედებების კოორდინაციას და ხელმძღვანელობენ საკორპუსო დაქვემდებარების ძალებისა და საშუალებათა მოქმედებებს მოწინააღმდეგის ჯარების ოპერატიული დაჯგუფების მეორე ეშელონის შენაერთების “ღრმა დაზიანების” მიზნით. ამისთვის გამოიყენება ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები, სადაზვერვო-დარტყმითი კომპლექსები, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები “ლანსი” და რებ საშუალებები. მათი გამოყენების დაწყება რეკომენდირებულია მხარეთა შეხების ხაზიდან 150 კმ დაშორებაზე (ე. ი. კორპუსის საბრძოლო ზემოქმედების ზონის შორეული საზღვრიდან), ამასთან ბირთვული იარაღისა – 120 კმ სიღრმიდან. კორპუსის საშუალებებით მოწინააღმდეგის შეჩერების მიზანშეწონილი დროა 48 სთ დივიზიის ზონაში მის შემოსვლამდე.
დივიზიების მეთაურები, ხელმძღვანელობენ რა უშუალოდ შეხებაში მყოფ მოწინააღმდეგესთან ბრძოლას, იმავდროულად თავიანთი ძალებითა და საშუალებებით ახორციელებენ მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის შენაერთების, მეორე ეშელონების (რეზერვების) ნაწილებისა და ქვედანაყოფების განადგურებას, დეზორგანიზაციასა და შეჩერებას. ჩამოთვლილი ამოცანების გადასაწყვეტად დივიზიის საბრძოლო ზემოქმედების ზონაში 70-15 კმ სიღრმეში შესაძლოა გამოყენებულ იქნას ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები, საარმიო ავიაციის ვერტმფრენები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ლულიანი არტილერია. ამასთან, ბრიგადების საბრძოლო ზემოქმედების ზონაში შემოსვლამდე მოწინააღმდეგის მეორე ეშელონების შეჩერების დროა 12 სთ.
ბრიგადების მეთაურები საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთმოქმედების ორგანიზაციისა და ბრძოლაში მათი ხელმძღვანელობის გარდა, გეგმავენ და ახორციელებენ დარტყმებს მოწინააღმდეგის პირველი ეშელონის ნაწილების მეორე ეშელონის ქვედანაყოფებზე. პირველი ეშელონების შენაერთებისა და ნაწილების განადგურების დასრულება გათვალისწინებულია ბრიგადების საბრძოლო ზემოქმედების ზონებში მეორე ეშელონების მოსვლამდე ზოგადსაჯარისო ნაწილების ცეცხლის, მანევრისა და დარტყმითი სიმძლავრის, საბრძოლო ვერტმფრენებისა და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავების დარტყმების მჭიდრო ურთიერთშეთანხმებით.
საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების კეროვანი ხასიათის პირობებში მოწინააღმდეგე მხარეთა შეხების ხაზისა და ფლანგების მკაფიო მონიშვნის გარეშე, ზურგის რაიონებში განლაგებულ ობიექტებზე მუდმივი მუქარის არსებობისას მკვეთრად მაღლდება ზოგადსაჯარისო ფორმირებების – საბატალიონი ტაქტიკური ჯგუფების როლი, რომლებიც იქმნება სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონების საფუძველზე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფების (საარტილერიო, საზენიტო, საარმიო ავიაციის, მესანგრეთა და სხვა) მხარდაჭერით. ბრძოლის პერიოდისთვის ასეთი მანევრული ფორმირების შექმნა უზრუნველყოფს ბრძოლის ველზე შექმნილ ვითარებაში მათი გამოყენების მოქნილობას ტაქტიკური მიზანშეწონილობის შესაბამისად.
ადრინდელი შეხედულებებისგან განსხვავებით, საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების საბრძოლო მოქმედებები საჰაერო-სახელეთო (მიწისზედა) ბრძოლის პირობებში შესაძლოა ხასიათდებოდეს საცეცხლე მხადაჭერისთვის გამოყოფილი საცეცხლე საშუალებების ნაკლები რაოდენობით. ასეთ საშუალებებს მიმართავენ ბრიგადებისა და დივიზიების მეთაურები მოწნააღმდეგის მეორე ეშელონების (რეზერვების) განადგურებისა (დაზიანებისა) და შეჩერებისთვის. ამერიკელი სპეციალისტები სწავლობენ ნაღმსატყორცნების უფრო ფართო გამოყენების საკითხს საცეცხლე მხარდაჭერის ამოცანების გადასაწყვეტად, ასევე ბატალიონების შესაძლებლობების ამაღლების საკითხსაც, ადგილმდებარეობის დისტანციური დანაღმვისა და ნაღმური ღობურების გადალახვის საქმეში.
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები შეიმუშავებენ ახალ კონცეფციას “2000 წლის საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)”(Airland battle 2000) დაზიანების პერსპექტიული საშუალებების შექმნისა და სახმელეთო ჯარების ფორმირებათა სტრუქტურის შემდგომი სრულყოფის გათვალისწინებით. მათი შეფასებით, მას ექნება ზემოთ განხილული კონცეფციის ძირითადი დებულებების ევოლუციური განვითარების ხასიათი და მიმართული იქნება სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებებისთვის აქტიური (შეტევითი) ხასიათის მიცემაზე უფრო მაღალ ოპერატიულ ან ოპერატიულ-სტრატეგიულ დონეზე.
[წერილს თან ახლავს ნახატიც, სადაც ერთმანეთის ქვემოთ მოცემულია საბრძოლო ბატალიონის, ბრიგადის, დივიზიისა და საარმიო კორპუსის საბრძოლო ზემოქმედებისა და პოტენციური მუქარის ზონები. სახელდობრ, საბრძოლო (სატანკო, მოტოქვეითი, ქვეითი, მსუბუქი ქვეითი, საპარაშუტო-სადესანტო, აერომობილური) ბატალიონის განლაგება ნაჩვენებია ორ ეშელონად: პირველ ეშელონში ორი ასეული, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ხოლო მეორე ეშელონში კი მესამე ასეული. პირველ და მეორე ეშელონებს შორის იგულისხმება 106,7-მმ ან 120-მმ ნაღმსატყორცნების პოზიციები. ევროპულ ომის თეატრზე საბრძოლო ბატალიონი ჩვეულებრივ იკავებს რაიონს 3-5 კმ ფრონტში და 5 კმ-მდე სიღრმეში. მის საპირისპიროდ ასეთივე განლაგებით დახაზულია მოწინააღმდეგის საბრძოლო ბატალიონი. სწორედ მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში 5 კმ-მდე ნაჩვენებია აშშ საბრძოლო ბატალიონის საბრძოლო ზემოქმედების ზონა, ხოლო 15 კმ-მდე სიღრმეში – პოტენციური მუქარის ზონა, სადაც მოწინააღმდეგის მეორე ეშელონის ჯარების შეჩერებას უნდა ახორციელებდეს ბრიგადის მეთაური (ლულიანი არტილერიის გამოყენებით). ბატალიონის პოტენციური მუქარის ზონაში შემოსვლამდე მოწინააღმდეგის შეჩრების ოპტიმალური დროა 12 სთ, ხოლო საბრძოლო ზემოქმედების ზონაში შემოსვლამდე კი – 3 სთ.
ქვემოთ ნაჩვენებია საბრძოლო (ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი, ქვეითი, მსუბუქი ქვეითი, საჰაერო-სადესანტო, საჰერო-საიერიშო) ბრიგადის განლაგება, რომელიც შედგება სამი საბრძოლო ბატალიონის, საარტილერიო დივიზიონისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისგან. აქედან ორი საბრძოლო ბატალიონი განლაგებულია პირველ ეშელონში, ერთმანეთის გვერდიგვერდ, შემდეგ მოდის საარტილერიო დივიზიონის პოზიციები, წინა ხაზიდან 4-6 კმ სიღრმეში და მერე მეორე ეშელონის საბრძოლო ბატალიონის პოზიციები. საბრძოლო ბრიგადის განლაგების რაიონია 8-12 კმ ფრონტში და 15 კმ-მდე სიღრმეში. მის საპირისპიროდ განლაგებულია მოწინააღმდეგის საბრძოლო ბრიგადა. აშშ ბრიგადის საბრძოლო ზემოქმედების ზონაა 15 კმ-მდე მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში, რომლის ფარგლებში შემოსვლამდეც მოწინააღმდეგის მეორე ეშელონების შეჩერების ოპტიმალური დროა 12 სთ. ბრიგადის პოტენციური მუქარის ზონა ნაჩვენებია 70 კმ-მდე მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში, რომლის ფარგლებში შემოსვლამდე მოწინააღმდეგის შეჩერების ოპტიმალური დროა 24 სთ. ბრიგადის პოტენციური მუქარის ზონაში მოწინააღმდეგის ჯარების მეორე ეშელენის (რეზერვების) შეჩერებას ახორციელებს დივიზის მეთაური მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, დამრტყმელი ვერტმფრენები).
ბრიგადის ქვემოთ ნაჩვენებია საბრძოლო (ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი, ქვეითი, მსუბუქი ქვეითი, საჰაერო-სადესანტო, საჰერო-საიერიშო) დივიზიის განლაგება, რომლის პირველ ეშელონშიც ნაჩვენებია ორი საბრძოლო ბრიგადა (15 კმ-მდე სიღრმეში), შემდეგ სადივიზიო არტილერიისა და საარმიო ავიაციის ვერტმფრენების პოზიციები და ბოლოს, მეორე ეშელონში – კიდევ ერთი საბრძოლო ბრიგადა. სულ დივიზია იკავებს რაიონს 22-25 კმ-მდე ფრონტში და 70 კმ-მდე სიღრმეში. დივიზის საბრძოლო ზემოქმედების ზონაა 70 კმ-მდე მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში, რომლის საზღვრამდე მოსვლამდეც მოწინააღმდეგის შეჩერების ოპტიმალური დროა 24 სთ. დივიზიის პოტენციური მუქარის ზონაა 150 კმ-მდე მოწინააღმდეგის განლაგების სირრმეში, სადაც მისი ჯარების შეჩერებს ოპტიმალური დროა 72 სთ. აქ ცხადია, მოწინააღმდეგის მეორე ეშელონების შეჩერება ხორციელდება საარმიო კორპუსის ძალებითა და საშუალებებით (ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები, დამრტყმელი ვერტმფრენები, სპეციალური დანიშნულების ძალები, მხარდამჭერი ტაქტიკური ავიაცია).
დივიზიის ქვემოთ ნაჩვენებია საარმიო კორპუსის განლაგება, სადაც პირველ ეშელონში ნაჩვენებია სამი საბრძოლო დივიზია (განლაგებულები 70 კმ-მდე სიღრმეში), შემდეგ ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარების პოზიციები, აგრეთვე სხვა საკორპუსო ძალებისა და კორპუსის მეორე ეშელონის ერთი ან ორი დივიზია. ასეთი კორპუსი დაიკავებდა რაიონს 70-90 კმ ფრონტში და 150 კმ-მდე სიღრმეში. კორპუსის საბრძოლო ზემოქმედების ზონაა ასევე 150 კმ-მდე მოწინააღმდეგის ჯარების განლაგების სიღრმეში, რომლის საზღვრებში შემოსვლამდეც მისი შეჩერების ოპტიმალური დროა 72 სთ. კორპუსის პოტენციური მუქარის ზონაა 300 კმ-მდე მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში, რომლის ფარგლებშიც კორპუსის ზემგომი საჯარისო ინსტანციის ძალებითა და საშუალებებით (სადაზვერვო-დარტყმითი კომპლექსები, მხარდამჭერი ტაქტიკური ავიაცია) მოწინააღმდგის მეორე ეშელონების შენაერთებისა და ნაწილების შეჩერების ოპტიმალური დროა 96 სთ.]
ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს 1980-იანი წლების პირველი ნახევრის ნომრებში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით
No comments:
Post a Comment