Friday, January 6, 2012

მარიამ ქსოვრელი–ხართიშვილი: ალილოზედ თქმული

ხალხთან ერთად ხალხისათვის ნამღერი

 

***
გაიღვიძე, სულო ჩემო, ალილო,
შობა გათენებულაო, ალილო,
ფერშეცვლილა მთლად სამყარო, ალილო,
სიხარულის დრო დამდგარა, ალილო,
მოყვასს ღამე დაათენდა, ალილო,
შობის ვარსკვლავს შეეგება, ალილო,
შობის, მანათობელსაო, ალილო,
იქ ბაგისა გამბრწყინებელს, ალილო,
აქ ჩვენს გულთა გამათბობელს, ალილო,
ანგელოზნი უგალობენ, ალილო,
მოგვნი კვლავაც თაყვანს სცემენ, ალილო,
ჩვენც განწმენდილ გულთა მიძღვნა, ალილო,
გვწადს და გზასაც შევდგომივართ, ალილო,
რძისფერ ნისლი გარს გვარტყია, ალილო,
ფიფქი ცრემლის ყვავილივით, ალილო,
ციდან მოდის, გვათოვს ლხენით, ალილო,
ჩიტი ჩიტსა მიახარებს, ალილო,
წიგნი სახარებისაო, ალილო,
თავდაპირველ ჩვენ განგვსწავლის, ალილო,
ქრისტეს მახარობელთ მივყვეთ, ალილო,
ზიარქმნილნი პურით, ღვინით, ალილო,
უტკბეს ქვეყნად უმწარესზედ, ალილო,
იშვა ქრისტე ბეთლემს შინა, ალილო,
სულიც სხვაფერ გარდაქმნილა, ალილო,
ვახარებთ მის არ მიმყოლთაც, ალილო,
ლხენაც მათთვის გამოჩინდეს, ალილო,
ქრისტეს მახარობლებს ვერთვით, ალილო,
გული ჩვენი ნეტარ ხარობს, ალილო,
ქრისტე დაბადებულაო, ალილო,
ქრისტეშობას მოგილოცავთ, ალილო,
სხვა უნატრესს ვერსად ვპოვებთ, ალილო,
სულთა ჩვენთა წრთობითა ვმღერთ, ალილო,
ტაძრად ვდგავართ მთლად კრებული, ალილო,
წინაპარნიც გარდასულნი, ალილო,
შორებელნიც, ახლობელნიც, ალილო,
სულით ცხოვლით ერთურთსა ვგრძნობთ, ალილო,
ერთად ვდგავართ, ერთად ვხარობთ, ალილო,
წმინდის ნდომით ტაძარს ვაღწევთ, ალილო,
ქრისტეს ტაძარს, დამმკვიდრებელს, ალილო,
ჩვენი, ზეცის საუფლოს შინ, ალილო,
შვილნი გიმღერთ, მოგვეც ლხენა, ალილო,
უღვთო ყოფას აგვაშორე, ალილო,
სულით გლახაკთ ძალა მოგვეც, ალილო,
ერთურთისთვის გვამსახურე, ალილო,
რომ სამშობლო აღორძინდეს, ალილო,
ძველთა-ძველი იბერთ მხარე, ალილო,
თავგანწირულ გმირთა დედა, ალილო,
ქრისტე დაბადებულაო, ალილო,
ქრისტეშობას მოგილოცავთ, ალილო,
სიხარულს ვერ იტევს გული, ალილო,
ბაგეთ გადმოსკდება თქმული, ალილო,
თითო– თითოს სიხარული, ალილო,
ერთობ მაღლობს, ზეცას სწვდება, ალილო,
ქრისტე დაბადებულაო, ალილო,
ქრისტეშობას მოგილოცავთ, ალილო.

მარიამ ქსოვრელი–ხართიშვილი

No comments:

Post a Comment