(წერილი გამოქვეყნებულ იქნა 1994 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახურის ბიულეტენის სახით /სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაციის ბიულეტენი, # 12/, ხოლო ტექნიკურად ეს განხორციელდა “ტექინფორმის” მიერ, რომელიც იმ ხანებში მჭიდროდ თანამშრომლობდა აღნიშნულ სამსახურთან. ეს გახლდათ ჩემს მიერ მეორე მომზადებული ნაშრომი პარლამენტისთვის. ვინაიდან მე მაშინ განწყობილი ვიყავი სიმპატიებითა და კეთილგანწყობით აშშ-ისა და დასავლეთისადმი, და სრულიად საწინააღმდეგოდ ისტორიული რუსეთისა და საბჭოთა კავშირისადმი, ამიტომ ეს განწყობა ასახულია ამ წერილშიც. სახელდობრ მასში არ არის მოყვანილი ის შეფასებები, რომლებსაც საბჭოთა ავტორები აძლევდნენ აშშ-სა და მის სამხედრო მანქანას. დღესდღეობით ასეთ დამოკიდებულებას უკვე აღარ ვიზიარებ და ვცდილობ მოვიყვანო საბჭოთა და რუსი სამხედრო სპეციალისტების შეფასებანიც მსგავსი თემების დამუშავებისას. ამის შესახებ მკითხველი ნახავდა სხვა წერილებში, რომლებიც გამოქვეყნებულ იქნა 1999 წლის შემდეგ, და განსაკუთრებით 2003-05 წლებიდან. ნაშრომი გადმოტანილია მცირეოდენი სარედაქციო შესწორებებით.)
აშშ შეიარაღებული ძალების (შძ) მართვის უმაღლესი ორგანოები და თანამდებობის პირებია: ქვეყნის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, შტაბების უფროსთა კომიტეტი (შუკ), შეიარაღებილი ძალების სახეობათა მინისტრები და შტაბები, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობები.
კონსტიტუციის მიხედვით აშშ პრეზიდენტი არის ქვეყნის შძ-ის უმაღლესი მთავარსარდალი, რომლის სამხედრო უფლებამოსილებანი განსაზღვრულია 1973 წლის ნოემბერში კონგრესის ორივე პალატის მიერ მოწონებული კანონით. ამ კანონის თანახმად პრეზიდენტი კონგრესს დასამტკიცებლად წარუდგენს სამხედრო ასიგნაციების წინადადებებს (ქვეყნის ბიუჯეტის ფარგლებში), განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების მშენებლობის გზებსა და მიმართულებებს, ნიშნავს უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას; სახელდობრ იგი ნიშნავს თავდაცვის მინისტრს (სამოქალაქო პირი), შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს (გენერალი ან ადმირალი, ორი წლით ერთი ვადის განმავლობაში, მშვიდობიანობის დროს ამ პოსტზე შეიძლება იყოს არაუმეტეს სამი ვადისა), შუკ-ის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს (გენერალი ან ადმირალი, ორი წლით, მშვიდობიანობის დროს ამ პოსტზე შეიძლება იყოს მხოლოდ ორი ვადით), შძ სახეობათა მინისტრებსა (სამოქალაქო პირები) და შტაბების უფროსებს (გენერლები ან ადმირალები, ორი წლით, მშვიდობიანობის დროს არაუმეტეს ორი ვადისა). ყველა აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატების დამტკიცებისთვის აუცილებელია სენატის თანხმობა. ასეთი თანხმობის გარეშე აშშ-ის პრეზიდენტი ნიშნავს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მთავარსარდლებს (გენერალი ან ადმირალი). (შენიშვნა: აშშ–ის შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობის დროს არის ოთხი საგენერლო წოდება: ბრიგადის გენერალი /ერთვარსკვლავიანი გენერალი/, რომელსაც სახმელეთო ჯარებში შეესაბამება ბრიგადის მეთაურის თანამდებობა, გენერალ–მაიორი /ორვარსკვლავიანი გენერალი/ – დივიზიის მეთაური, გენერალ–ლეიტენანტი /სამვარსკვლავიანი გენერალი/ – საარმიო (საჰაერო–სადესანტო) კორპუსის მეთაური, გენერალი /სრული გენერალი, ანუ ოთხვარსკვლავიანი გენერალი/ –გაერთიანებული ან სპეციალური სარდლობის მთავარსარდალი, არმიის შტაბის უფროსი, შუკ–ის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. საზღვაო ძალებში შესაბამისი წოდებებია: უმდაბლესი და უმაღლესი კატეგორიის კონტრ–ადმირალი /შესაბამისად, ერთი ან ორი ვარსკვლავით სამხრეებზე/, ვიცე–ადმირალი – სამი ვარსკვლავით და ადმირალი ანუ სრული ადმირალი – ოთხი ვარსკვლავით სამხრეებზე).
პრეზიდენტი, თავის უფლებამოსილებათა შესაბამისად, ანიჭებს გენერალ-ლეიტენანტის, გენერლის, ვიცე-ადმირალისა და ადმირალის სამხედრო წოდებებს, რისთვისაც აუცილებელია სენატის მიერ დამტკიცება, აგრეთვე ბრიდაგის გენერლის, გენერალ-მაიორის, უმდაბლესი და უმაღლესი კატეგორიის კონტრ-ადმირალის წოდებებს, რასაც სენატის მიერ დამტკიცება არ სჭირდება.
კონგრესის მიერ ომის გამოცხადების ან შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში პრეზიდენტს, როგორც მთავარსარდალს, ენიჭება ომის წარმოების უფლება. მას შეუძლია შეიარაღებული ძალების გამოყენება ომის გამოცხადების გარეშეც. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია იქონიოს კონგრესთან კონსულტაციები შძ-ის გამოყენების თაობაზე, მისი გამოყენების დაწყებამდეც და შემდეგშიც, საომარ მოქმედებათა პერიოდში. ყველა შემთხვევაში, როცა პრეზიდენტს ჯარები შეჰყავს სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ან არსებითად ზრდის მათ რიცხვს საზღვარგარეთ, იგი ვალდებულია 48 საათის განმავლობაში წარუდგინოს კონგრესს შესაბამისი მოხსენება. თუ ამის შემდეგ 60 დღეღამის განმავლობაში კონგრესი არ გამოაცხადებს ომს ან შესაბამის საკანონმდებლო სანქციას არ გასცემს შძ-ის გამოყენებაზე, მაშინ ეს გამოყენება წყდება. მოცემული პერიოდის გახანგრძლივების აუცილებლობის შემთხვევაში პრეზიდენტი წერილობით ატყობინებს კონგრესს, რომ ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემდგომი ყოფნა ნაკარნახევია ქვედანაყოფების უსაფრთხოებისა და მათი შემდგომი გამოყვანის აუცილებლობით. ასეთ შემთხვევაში 60-დღეღამიანი ვადა კიდევ შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 დღეღამით.
აშშ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიმე შტატში აჯანყების ან უწესრიგობათა შემთხვევაში, თუკი ისინი მიმართულია პრეზიდენტის მთვარობის წინააღმდეგ, მას შეუძლია შტატის საკანონმდებლო საკრებულოს ან გუბერნატორის თხოვნით, გამოიყენოს ეროვნული გვარდიის ან რეგულარული ჯარების ფორმირებები “ისეთი რიცხვითა და ისეთ ფარგლებში, რომლებიც მას საჭიროდ მიაჩნია აჯანყების ჩასაქრობად”. პრეზიდენტს ასევე უფლება აქვს თვითონ, შტატის ხელისუფლებისგან შესაბამისი თხოვნის გარეშე, გამოიყენოს სამხედრო ძალა სახელმწიფო ხელისუფლების ფუნქციონირებისა და კანონების აღსრულებისადმი “უკანონო წინააღმდეგობათა” აღსაკვეთად. ამ შემთხვევაშიც მას შეუძლია გამოიყენოს ეროვნული გვარდია და რეგულარული ჯარები იმ მასშტაბებით, რომლებიც საჭიროდ მიაჩნია კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენისთვის.
პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს შეიარაღებული ძალები სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლისა და მათი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებისთვის. ყველა ამ შემთხვევაში მას უფლება აქვს გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა არაუმეტეს 6 თვის ვადისა, რომლის შემდგომი გახანგრძლივებისთვის აუცილებელია კონგრესის ორივე პალატის შესაბამისი რეზოლუცია.
პრეზიდენტს მიცემული აქვს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ბრძანების გაცემის განსაკუთრებული უფლებაც.
ომიანობის დროისა და საგანგებო ვითარების პირობებში განსაკუთრებული ზომებისა და სამხედრო ხასიათის გადაწყვეტილებათა მიღების წესი განისაზღვრება სპეციალური დირექტივით, რომელსაც ყოველი პრეზიდენტი გამოსცემს პრაქტიკულად თანამდებობის აღსრულების დაწყებისთანავე. ამ დირექტივებში, უმრავლეს შემთხვევებში ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სასწრაფო ზომების მიღებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება (თვით საპასუხო ბირთვული დარტყმის განხორციელებაზეც) პრეზიდენტის დაღუპვის ან მასთან კავშირის არარსებობის შემთხვევაში გადაეცემა თანამიმდევრობის მიხედვით ვიცე-პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ან შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს.
პრეზიდენტის სამხედრო უფლებამოსილებათა რეალიზაცია ხორციელდება აღმასრულებელი აპარატის განტოტვილი ქსელის მეშვეობით. იგი მოიცავს რიგ სამინისტროებს, ფედერალურ უწყებებს, სააგენტოებსა და სამმართველოებს. ამათგან ნაწილი დაწესებულებებისა მხოლოდ სამხედრო საკითხებითაა დაკავებული (თავდაცვის სამინისტრო, შძ-ის სახეობათა სამინისტროები, შტაბების უფროსთა კომიტეტი), სხვები კი უფრო ფართო დიაპაზონის ორგანოებია – ეროვნული უშიშროების საბჭო, საგანგებო პირობებში მოქმედების ფედერალური სამმართველო და სხვა.
ეროვნული უშიშროების საბჭო (ეუს) არსებითად პრეზიდენტის მთავარი საკონსულტაციო ორგანოა სამხედრო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. იგი აგრეთვე კოორდინაციას უწევს ყველა სამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციის, უწყებებისა და დაწესებულებების საქმიანობას სამხედრო მშენებლობის სფეროში. მის შემადგენლობაში მუდმივი წევრის უფლებით შედიან: პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი. ეუს-ის მუდმივი მრჩევლებია: შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე (სამხედრო პრობლემები) და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი (დაზვერვის საკითხები). ეუს-ის შემადგენლობაში უდმივი წევრებისა და მრჩევლების გარდა პრეზიდენტს შეუძლია შეიყვანოს სხვა პირებიც. ეუს-ის ცალკეულ სხდომებში შეიძლება მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებათა წარმომადგენლებიც, თუკი განსახილველი საკითხი უშუალოდ იქნება დაკავშირებული მათ საქმიანობასთან. საბჭოს შემადგენლობაში ჩართულია სამი თანამდებობის პირი – პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში (ხელმძღვანელობს ეუს-ის აპარატის მუშაობას), მისი მოადგილე და აღმასრულებელი მდივანი.
საგანგებო პირობებში მოქმედების ფედერალური სამმართველო (ფემა, FEMA) ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას და კოორდინაციას უწევს ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადებისა და სამოქალაქო თავდაცვის ფედერალურ პროგრამებს, აგრეთვე საომარი მოქმედებებისა და სტიქიური უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციის ანალოგიურ პროგრამებსაც. მას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება აშშ-ის პრეზიდენტს. ეს დაწესებულება ორგანიზაციულად მოიცავს ცხრა სამმართველოს, რიგ ცენტრალურ და პერიფერიულ განყოფილებებს. უკანასკნელები განლაგებული არიან და მოქმედებენ სამხედრო-ეკონომიკური მობილიზაციის რაიონებში.
თავდაცვის მინისტრს ნიშნავს პრეზიდენტი ოთხი წლის ვადით, სენატის თანხმობით. ის ხელმძღვანელობს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და პასუხს აგებს მის მშენებლობაზე, სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაზე, გამოყენებაზე, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, სამხედრო კვლევებისა და შემუშავებების ჩატარებაზე. თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის მთავარი მრჩეველია ყველა სამხედრო საკითხში და ეუს-ის წევრი.
თავდაცვის მინისტრთან შექმნილია საბჭო შეიარაღებული ძალების მშენებლობის საკითხებში, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი და რომელიც წარმოადგენს მის საკონსულტაციო ორგანოს. საბჭოს წევრებია: თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, შეიარაღებული ძალების (შძ) სახეობათა მინისტრები და შტაბების უფროსები, საზღვაო ქვეითი ჯარის კომენდანტი. საბჭო განსაზღვრავს შძ-ის მშენებლობის მიმართულებებს და გამოიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.
ჯარების მართვის ინტერესებიდან ამომდინარე, როგორც მშვიდობიანობის ისე ომის დროს, მათი ტექნიკური აღჭურვის, ყოველმხრივ უზრუნველყოფის, ოპერატიული და საბრძოლო მომზადების, პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების ორგანიზაციისთვის, აგრეთვე მსოფლიოს ნებისმიერ რაიონში გაშლისა და სხვადასხვა ხასიათისა და მასშტაბის ომებში გამოყენებისთვის მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შესანარჩუნებლად აშშ შძ-ში შექმნილია ორი პარალელური სტრუქტურა: ადმინისტრაციული და ოპერატიული.
ადმინისტრაციული ორგანიზაციის მიხედვით აშშ შძ იყოფა შძ-ის სამ სახეობად: სახმელეთო ჯარებად (არმია), საჰაერო ძალებად და საზღვაო ძალებად (შენიშვნა: საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსი შედის საზღვაო ძალების შემადგენლობაში, მაგრამ აშშ–ში მისი მრავალრიცხოვნებისა და ტრადიციულად დიდი მნიშვნელობის გამო, ხშირად მას მოიხსენიებენ როგორც შძ–ის ცალკეულ სახეობას). ხოლო ესენი კი, სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნის მიხედვით, იყოფა რეგულარულ ჯარებად (ძალებად) და ორგანიზებულ რეზერვად: სახმელეთო ჯარებსა და საჰაერო ძალებში – ეროვნული გვარდია და რეზერვი, საზღვაო ძალებში – რეზერვი. შძ-ის სახეობათა სათავეში დგანან მინისტრები და შტაბების უფროსები, რომლებიც თავიანთი აპარატებისა და შტაბების მეშვეობით ხელმძღვანელობენ შეიარაღებული ძალების შესაბამისი სახეობის მშენებლობას, პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებას, კადრების მომზადებას, იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით აღჭურვას, სამხედრო გამოკვლევებსა და შემუშავებებს, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, სამობილიზაციო გაშლას.
მათ საერთო ხელმძღვანელობას (ადმინისტრაციული ხაზით) ახორციელებს თავდაცვის მინისტრი, სამინისტროს ცენტრალური აპარატის, აგრეთვე არმიის, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების სამინისტროების მეშვეობით. 1986 წელს აშშ თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურმა აპარატმა განიცადა სტრუქტურული რეორგანიზაცია და მისი დღევანდელი სტრუქტურის შესახებ ზუსტი მონაცემები არ გაგვაჩნია. მანამდე არსებული ორგანიზაციის მიხედვით კი, თავდაცვის მინისტრს ჰყავდა პირველი მოადგილე და კიდევ ორი მოადგილე – სამხედრო პოლიტიკაში, აგრეთვე სამხედრო გამოკვლევებსა და ტექნიკაში; ორი სპეციალური თანაშემწე – ატომურ ენერგიაში და დაზვერვაზე მეთვალყურეობაში, თანაშემწეები სამხედრო კანონმდებლობაში, პირადი შემადგენლობის, სამხედრო ობიექტებისა და ზურგის, საზოგადოებასთან კავშირების, სამედიცინო უზრუნველყოფის, რეზერვების, ფინანსების საკითხებში, გენერალური ინსპექტორი, გენერალური იურისკონსულტი, დირექტორი პროგრამების ანალიზსა და შეფასებაში, სამხედრო მრჩეველი ნატო-ს საკითხებში. თითოეულ ამ თანამდებობის პირს ჰქონდა თავისი აპარატი, რომლის საორგანიზაციო სტრუქტურას განსაზღვრავდა მოქმედი კანონმდებლობა და თავდაცვის მინისტრი მის უფლებამოსილებათა ფარგლებში.
იმავე ორგანიზაციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრო შეიცავდა ათ ძირითად სამმართველოს. ესენი იყო: სადაზვერვო, ეროვნული უსაფრთხოების, კარტოგრაფიული, ბირთვული საბრძოლო მასალების, კავშირგაბმულობის, ზურგის, პერსპექტიული სამხედრო კვლევების, სამხედრო კონტრაქტებზე ფინანსური კონტროლის, სამხედრო დახმარებათა აღმოჩენის, გამოძიებათა.
შეიარაღებული ძალების სახეობათა მინისტრები შძ-ის შესაბამისი სახეობის ადმინისტრაციულ მართვას ახორციელებენ თავიანთი სამინისტროების ცენტრალური აპარატის მეშვეობით, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ანალოგიურად განაგებენ შძ-ის შესაბამის სახეობათა მთელ საკითხებს მათი საბრძოლო გამოყენების გარდა.
ოპერატიული ორგანიზაციის მიხედვით, აშშ შძ შეყვანილია გაერთიანებულ და სპეციალურ სარდლობებში, რომლებიც უკვე მშვიდობიანობის დროსაა შექმნილი შძ-ის გარკვეული დაჯგუფებების ომისთვის მოსამზადებლად; ქვეყანაში მიღებული სამხედრო სტრატეგიის, შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარებისა და მისი შესაძლო ცვლილებების, ცალკეულ რაიონებში წარმოქმნილ კრიზისულ ან კონფლიქტურ სიტუაციებში ჯარების (ძალების) დაჯგუფებათა გამოყენებისთვის საომარ მოქმედებათა თეატრებზე სტრატეგიული ოპერაციების გეგმების წინასწარ შესამუშავებლად; სამეთაურო-საშტაბო და საჯარისო სწავლებათა მსვლელობისას შეიარაღებული ძალების დაჯგუფებათა გამოყენების ვარიანტების შესამუშავებლად; სარდლობათა განკარგულებაში გადაცემული ძალებისა და საშუალებების ერთიანი ხელმძღვანელობის უზრუნველსაზოფად.
ჯარების (ძალების) ოპერატიულ მართვას თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარის, გაერთიანებულ და სპეციალურ სარდლობათა მთავარსარდლების მეშვეობით.
შტაბების უფროსთა კომიტეტი (შუკ) წარმოადგენს უმაღლეს სამხედრო საკონსულტაციო-აღმასრულებელ ორგანოს შძ-ის ოპერატიული მართვის სისტემაში. იგი უზრუნველყოფს პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის საქმიანობას შძ-ის მართვაში როგორც მშვიდობიანობის, ისე ომიანობის დროსაც. მის შემადგენლობაში შედიან: შუკ-ის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, არმიის (სახმელეთო ჯარების), საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების შტაბების უფროსები, საზღვაო ქვეითი ჯარის კომენდანტი. შუკ-ის თავმჯდომარე გახლავთ აშშ პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა (ეუს) და თავდაცვის მინისტრის მთავარი სამხედრო მრჩეველი, კომიტეტის სხვა წევრები კი – პრეზიდენტის, ეუს-ისა და თავდაცვის მინისტრის მრჩევლები თავ-თავიანთ საკითხებში.
შუკ-ის თავმჯდომარეს ნიშნავს პრეზიდენტი სენატის რეკომენდაციითა და თანხმობით რეგულარული შეიარაღებული ძალების გენერლების (ადმირალების) რიცხვიდან, რომელთაც მანამდე ეკავათ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შძ-ის რომელიმე სახეობის შტაბის უფროსის, საზღვაო ქვეითი ჯარის კომენდანტის, გაერთიანებული ან სპეციალური სარდლობის მთავარსარდლის თანამდებობა (შენიშვნა: გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი შუკ–ის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა ევროპულ ზონაში აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის მთავარსარდლის /და, შესაბამისად, ევროპაში ნატო–ს გაერთიანებული /სამოკავშირეო/ შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის/ თანამდებობიდან. მანამდე ეს ორივე თანამდებობა ეკავა გენერალ კოლინ პაუელს).
შუკ-ის თავმჯდომარე ინიშნება ორი წლის ვადით, რაც შეიძლება კიდევ ორი ორწლიანი პერიოდით გაგრძელდეს. იგი უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირია შეიარაღებულ ძალებში და ამასთან არ ითვლება უფროსად კომიტეტის სხვა წევრებისთვის.
თავმჯდომარე ორგანიზებას უკეთებს შუკ-ის რეგულარულ სხდომებს, განსაზღვრავს მათ დღის წესრიგს, იღებს გადაწყვეტილებას სხვა წევრების მიერ შემოთავაზებული საკითხების განსახილველად ჩართვაზე, ეხმარება მათ თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, განსაკუთრებით სადაო და საჩქარო საკითხების გადაწყვეტისას, არსებული პრობლემების მიხედვით (ადგენს ?) გადაწყვეტილებათა მიღების ვადებს. მის ფუნქციონალურ მოვალეობათა წრეში შედის: პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრისთვის შძ-ის მართვის საქმეში დახმარების აღმოჩენა; თავდაცვის მინისტრის მიერ გამოყოფილი რესურსებიდან გამომდინარე მიმდინარე და პერსპექტიული სტრატეგიული გეგმების შემუშავების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კომპლექსური გეგმების შემუშავებისა და მათი შესრულების ინტერესებში სტრატეგიული გადასროლების ხელმძღვანელობა; თავდაცვის მინისტრისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავების ან დაზუსტების მსვლელობისას შძ-ში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების მოხსენება მათი გავლენის შეფასებითა და აღმოფხვრის რეკომენდაციებით; კონსულტაციების გაწევა თავდაცვის მინისტრისთვის სტრატეგიული გეგმების დებულებებთან შძ-ის სახეობათა მშენებლობის ძირითადი პროგრამების შესაბამისობაზე; ქვეყნის სამხდრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების გაწევა მორიგი ორი ფინანსური წლისთვის სამხედრო ბიუჯეტში გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების საქმიანობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სახსრებისა და შძ სახეობათა მშენებლობის პროგრამებით გათვალისწინებული სახსრების ჩართვაზე; გაერთიანებულ და სპეციალურ სარდლობებზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის მზადყოფნის ერთიანი სისტემის შემუშავება და მოქმედებაში მოყვანა; თავდაცვის სამინისტროს შესყიდვათა პროგრამების მომზადებისას შძ-ის მოთხოვნილებების შეფასება; სამხედრო სტრატეგიის, შძ-ის სახეობათა ან მთლიანად შძ-ის გამოყენების კონცეფციების შემუშავება და კორექტირება; შძ-ის სახეობათა ერთობლივი ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ორგანიზაციის პრინციპების, ჯარების (ძალების) მსხვილმასშტაბიან სწავლებათა მომზადებისა და მათი სახელმძღვანელო მითითებების ჩამოყალიბება; გაერო-ს სამხედრო-საშტაბო კომიტეტსა და სხვა საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციებში პენტაგონის წარომადგენლობის ორგანიზება; სამ წელიწადში ერთხელ მაინც თავდაცვის მინისტრისთვის შძ-ის სახეობათა როლის, დანიშნულებისა და ამოცანების მოხსენება აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის მუქარის შესაძლო ცვლილებების, სამხედრო საქმეში გამოსადეგი ახალი ტექნოლოგიების გამოჩენის, აგრეთვე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ასეთ მოხსენებაში უნდა იყოს რეკომენდაციები შესაბამის აქტებში, დირექტივებში, წესდებებსა და სხვა დოკუმენტებში შესატანი ცვლილებებისა და დაზუსტებების შესახებ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შუკ-ის თავმჯდომარე (მისი არყოფნის დროს კი მოადგილე) ესწრება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს მთავარი მრჩევლის სტატუსით. ასევე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კავშირი პრეზიდენტსა (თავდაცვის მინისტრსა) და გაერთიენებული და სპეციალური სარდლობების მთავარსარდლებს შორის ხორციელდება შუკ-ის თავმჯდომარის მეშვეობით.
თავდაცვის მინისტრს შეუძლია დაავალოს შუკ-ის თავმჯდომარეს განახორციელოს კონტროლი გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების საქმიანობაზე მისთვის რაიმე სამეთაურო უფლებების მინიჭების გარეშე, აგრეთვე დააკისროს მას გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მთავრსარდალთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, განსაკუთრებით ოპერატიული საკითხების გადაწყვეტისას და მათი მოთხოვნილებების უზრუნველყოფა.
შუკ-ის თავმჯდომარის მოადგილე ესწრება კომიტეტის ყველა სხდომას ხმის უფლების გარეშე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან იმ დროს, როცა ეს პოსტი დაკავებული არაა, მოადგილე ასრულებს შუკ-ის თავმჯდომარის ფუნქციებს და მას ეძლევა ხმის უფლება გადაწყვეტილებათა მიღებისას. რაიმე მიკერძოების თავიდან აცილებისთვის შუკ-ის თავმჯდომარე და მისი მოადგილე არ უნდა ეკუთვნოდნენ შძ-ის ერთსა და იმავე სახეობას. შუკ-ის თავმჯდომარის მოადგილე მეორე სამხედრო თანამდებობის პირია, მაგრამ არც კომიტეტის წევრებისთვის და არც შეიარაღებული ძალების სახეობებისთვის უფროსი არ არის.
შუკ-ის წევრები (შძ-ის სახეობათა შტაბების უფროსები და საზღვაო ქვეითი ჯარის კომენდანტი) პასუხს აგებენ შეიარაღებული ძალების მათ მიერ წარმოდგენილ სახეობებზე, მონაწილეობენ მათი გამოყენების სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და ჯარების (ძალების) ოპერატიულ ხელმძღვანელობაში.
შუკ-ის წევრებს უფლება აქვთ მოახსენონ თავმჯდომარეს თავიანთი მოსაზრებები (რეკომენდაციები), რომლებიც შეიძლება ავსებდნენ ან ეწინააღმდეგებოდნენ თავმჯდომარის შეხედულებას. ასეთ შემთხვევაში ეს უკანასკნელი ვალდებულია თავის აზრთან ერთად მოახსენოს პრეზიდენტს, ეუს-ს ან თავდაცვის მინისტრს კომიტეტის წევრების განსხვავებული მოსაზრებანიც. პრეზიდენტის, ეუს-ის ან თავდაცვის მინისტრის მოთხოვნით, შუკ-ის წევრებს შეიძლება მოუსმინონ პერსონალურად ან კოლექტიურად კონკრეტულ საკითხებზე.
შუკ-ის სამუშაო ორგანოს, რომელიც განკუთვნილია შუკ-ის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და წევრების საქმიანობის უზრუნველყოფისთვის, წარმოადგენს გაერთიანებული შტაბი. მასში სამუშაოდ კომიტეტის თავმჯდომარე არჩევს ოფიცრებს (დაახლოებით თანაბარი რაოდენობით სახმელეთო ჯარებიდან, საჰაერო ძალებიდან და საზღვაო ძალებიდან) შძ-ის სახეობათა მინისტრების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების რიცხვიდან. შუკ-ის წევრებთან რეკომენდაციების შემდეგ თავმჯდომარე ირჩევს კანდიდატურას გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე (გენერალ-ლეიტენანტი ან ვიცე-ადმირალი), რომლის დამტკიცებისთვის აუცილებელია თავდაცვის მინისტრის თანხმობა.
თავდაცვის მინისტრი უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის საორგანიზაციო და ოპერატიულ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელია შძ-ის სახეობათა ერთიანი ხელმძღვანელობის და გაერთიანებულ და სპეციალურ სარდლობათა შემადგენლობაში მათი ეფექტურად გამოყენებისთვის. ამასთან ხელმძღვანელობის ეს ორგანო არ წარმოადგენს გენერალურ შტაბს და არ გააჩნია უფლება შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვაზე.
გაერთიანებული შტაბი მოიცავს შვიდ სამმართველოს, ესენია: პირადი შემადგენლობის; ოპერატიული; ზურგის; სტრატეგიული გეგმებისა და პოლიტიკის; ოპერატიული დაგეგმვისა და შძ-ის ერთობლივი გამოყენების; მართვისა და კავშირგაბმულობის; ძალების სტრუქტურის, რესურსებისა და შეფასების.
გაერთიანებული შტაბის ამოცანებში შედის, შუკ-ის თავმჯდომარის ან მოადგილის მითითებების თანახმად, კომიტეტის სხდომებისთვის მასალების მომზადება, შძ-ის გამოყენების სამობილიზაციო, სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების, აგრეთვე მისი ზურგის უზრუნველყოფის გეგმების შემუშავება და დაზუსტება.
შტაბების უფროსთა კომიტეტი და გაერთიანებული შტაბი წარმოადგენენ სტრატეგიული დაგეგმვის გაერთიანებული სისტემის მთავარ რგოლს. იგი ემსახურება შძ-ის მშენებლობის მიმართულებათა, შემადგენლობის, ამოცანებისა და გამოყენების შესაძლო წესების განსაზღვრას, სავარაუდო პოლიტიკისა და მსოფლიოში არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების გათვალისწინებით. თავის მხრივ სტრატეგიული დაგეგმვის გაერთიანებული სისტემა – ის ძირითადი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც შუკ-ი ახორციელებს თავის ფუნქციებს სტრატეგიულ დაგეგმვაში.
სტრატეგიული დაგეგმვის გაერთიანებული სისტემის საქმიანობის მარეგულირებელ წესსა და პროცედურას ადგენს შუკ-ის მემორანდუმი, რომელშიც გადმოცემულია დაგეგმვის საფუძვლად ჩადებული შვიდი დოკუმენტის არსი და მოკლე შინაარსი, ამასთან დადგენილია პასუხისმგებლობა მათ მომზადებასა და გამოცემაზე. ძირითადი მგეგმავი დოკუმენტები მოიცავს 20 წლიან პერიოდს, რომელიც სამ დროით მონაკვეთად იყოფა: ორი წელი (მიმდინარის გათვალისწინებით) – დაგეგმვის მოკლევადიანი პერიოდი, მომდევნო რვა წელი – საშუალო- და შემდეგ კიდევ ათი წელი – გრძელვადიანი პერიოდი. მათ შეიმუშავებს შუკ-ის გაერთიანებული შტაბი და თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო, რომელიც ამ შემთხვევაში გამოდის როგორც გაერთიანებული შტაბის ერთ-ერთი სამმართველო (გვიანდელი შენიშვნა: რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველო, ჩვენში ცნობილი ГРУ /Главное Разведывательное Управление/ საერთოდ არის არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში, თუმცა კი, როგორც ნახეთ, აშშ-შიც თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამართველო, ამერიკული აღნიშვნით DIA /Defense Intelligence Agency/, ზოგჯერ გამოდის, როგორც გაერთიანებული შტაბის შემადგენელი სტრუქტურა).
საბუთი, სადაც დაგეგმვის ინტერესებში არის მოცემული კომპლექსური სადაზვერვო შეფასება, მზადდება თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოში ყოველწლიურად და შეიცავს უახლოესი პერსპექტივის შეფასების დაწვრილებით მონაცემებს. ძირითადი ყურადღება ეთმობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მდგომარეობის განვითარების შესაძლო ვარიანტების ანალიზს მოკლე და საშუალო პერიოდში.
თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო ასევე ყოველწლიურად ამზადებს სტრატეგიული დაგეგვის სადაზვერვო პრიორიტეტებს, რომელშიც განისაზღვრება სამხედრო დაზვერვის წინაშე მდგარი მიმდინარე და პერსპექტიული ამცანების ყველაზე უფრო არსებითი კატეგორიები და მათი გადაწყვეტის პრიორიტეტები.
ოთხ წელიწადში ერთხელ მუშავდება კომპლექსური სტრატეგიული გრძელვადიანი შეფასება, ყოველ ორ წელიწადში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით. მასში განიხლება მდგომარეობის განვითარების ვარიანტები მთლიანად მსოფლიოში და მის ცალკეულ რეგიონებში და შესაბამისად აშშ ინტერესების უზრუნველყოფის შესაძლო მოქმედებანი. იგი წარმოადგენს უახლოეს და ხანგრძლივ პერსპექტივაში შძ-ის სტრუქტურის განსაზღვრისა და დაზუსტების, აგრეთვე მისი მშენებლობის გეგმებისა და პროგრამების საფუძველს.
სტრატეგიული დაგეგმვის განზოგადებული წინადადებები მზადდება ყოველწლიურად და აშშ-ის ინტერესებისადმი მუქარის კომპლექსური შეფასებიდან ამომდინარე შეიცავს რეკომენდაციებს პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის მინისტრისთვის, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მისაღწევად შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და სამხედრო სტრატეგიის გამოშავების საკითხებში.
ასევე ყოველწლიურად საშუალო პერიოდისთვის მზადდება პროგრამების შეფასების გაერთიანებული მემორანდუმი, სადაც მოცემულია შძ-ის დასაგეგმავი შემადგენლობის საკმარისობის, მისი შესაძლებლობებისა და მასთან დაკავშირებული რისკის ხარისხის შეფასება.
ყოველწლიურად საშუალო პერიოდისთვის მზადდება გაერთიანებული მემორანდუმი სამხედრო დახმარებათა აღმოჩენის შესახებ. მასში გადმოცემულია სხვა ქვენებისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაწევის დაფინანსებისთვის განზრახული პროგრამები და მითითებულია თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნილებანი მათ სარეალიზაციოდ პირად შემადგენლობასა და სამოქალაქო მოსამსახურეებში.
ყოველწლიურად მორიგი წლისთვის მზადდება სტრატეგიულ შესაძლებლობათა გაერთიანებული გეგმა, რომელიც მოიცავს გლობალური მასშტაბითა და მსოფლიოს ძირითად რეგიონებში შძ-ის გამოყენების სტრატეგიულ კონცეფციებს, აგრეთვე არსებული ძალებისა და საშუალებების შეფასებას. იგი შედგება ორი ნაწილისა: “დაგეგმვის კონცეფციები, ამოცანები და მითითებანი” და “ძალები და საშუალებები”, და მთელი რიგი დამატებებისგან, რომლებშიც შეფასებულია აშშ-ის შესაძლებლობანი და შემუშავებულია მითითებები დაზვერვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ბირთვული იარაღის გამოყენებისა და სხვა საკითხებში.
სტრატეგიული დაგეგმვის გაერთიანებული სისტემის ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს სახელმძღვანელო და ფუძემდებლურ ბაზას აშშ შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროგრამების, მისი გამოყენების ოპერატიული გეგმების შემუშავებისა და დაფინანსებისთვის.
შეიარაღებული ძალების მართვას შუკ-ი ახორციელებს გაერთიანებული შტაბისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული ძირითადი და სათადარიგო სამეთაურო ცენტრებისა და საჰაერო სამეთაურო პუნქტის მეშვეობით. ისინი ქმნიან ოპერატიული მართვის ეროვნულ სისტემას, რომელიც თავის მხრივ არის ოპერატიული მართვის გლობალური სისტემის ბირთვი. უკანასკნელი უზრუნველყოფს შძ-ის ცენტრალიზებულ მართვას აშშ უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ როგორც მშვიდობიანობის, ისე ომის დროსაც.
შუკ-ის ძირითადი სამეთაურო ცენტრი მდებარეობს პენტაგონის მიწისქვეშა ნაწილში და ატომსაწინააღმდეგო დაცვა არ გააჩნია. იგი გამიზნულია შძ-ის ოპერატიული მართვისათვის მშვიდობიანობის პერიოდში და სადღეღამისოდ ფუნქციონირებს. მისი აღჭურვილობა იძლევა მიმდინარე ვითარების მონაცემებისა და ცალკეულ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებში საცნობარო მონაცემების ავტომატიზებული შეკრების, დამუშავებისა და ეკრანებზე ასახვის შესაძლებლობას.
შუკ-ის სათადარიგო სამეთაურო ცენტრი განთავსებულია ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთით (მერილენდის შტატში ცისფერი მთის ძირას), მიწისქვეშ, საკმაოდ ძლიერი ატომსაწინააღმდეგო დაცვითა და სიცოცხლის უზრუნველყოფის ავტონომიური სისტემებით. ომიანობის დროს შუკ-ის სათადარიგო სამეთაურო ცენტრი პრეზიდენტმა შეიძლება გამოიყენოს მართვის პუნქტად.
შუკ-ის საჰაერო სამეთაურო პუნქტი განკუთვნილია შძ-ის სამართავად მართვის სახმელეთო ორგანოების მწყობრიდან გამოყვანის შემთხვევაში და მუდმივ მზადყოფნაში იმყოფება ბორტზე პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრის ან შუკ-ის თავმჯდომარის მისაღებად. საჰაერო სამეთაურო პუნქტად მოწყობილია E-4 ტიპის ოთხი თვითმფრინავი (ბოინგ 747-ის ბაზაზე), რომლებიც დისლოცირებულია ავიაბაზა ოფუთზე (ნებრასკას შტატი).
აშშ შეიარაღებული ძალების მართვის შემდგომი რგოლია გაერთიანებული და სპეციალური სარდლობები. გაერთიანებული სარდლობები შექმნილია ტერიტორიული ნიშნის ან მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით და თავიანთ შემადგენლობაში მოიცავენ შძ-ის ორი ან მეტი სახეობის ძალებსა და საშუალებებს. სპეციალური სარდლობები შექმნილია უპირატესად მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით და მოიცავენ შძ-ის მხოლოდ ერთი სახეობის ძალებსა და საშუალებებს. თითოეული სარდლობის განკარგულებაში შემავალი ძალებისა და საშუალებების ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა ეკისრება ტიპიური სტრუქტურის მიხედვით შექმნილ შტაბს. ამასთან გაერთიანებული სარდლობის შტაბი დაკომპლექტებულია მასში შემავალი შძ-ის ყველა სახეობის წარმომადგენლებით.
აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ საარდლობას ევროპულ ზონაში (შტაბი ქ. შტუტჰარტში, გერმანია) თავის შემადგენლობაში ჰყავს სახმელეთო ჯარების, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების სადლობები. მისი პასუხისგებლობის ზონა მოიცავს მთელ დასავლეთ ევროპას, ხმელთაშუა ზღვასა და ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანას. მისი მთავარსარდალი ამავდროულად არის ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (გშძ) უმაღლესი მთავარსადალიც ევროპაში.
80-იანი წლების ბოლოს სარდლობის შემადგენლობაში იყო სახმელეთო ჯარების ორი საარმიო კორპუსი (მე-5 და -7), ორი მექანიზებული ქვეითი (მე-3 და -8) და ორიც ჯავშანსატანკო (1-ლი და მე-3) დივიზია, ორი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი (მე-2 და 11-ე), ცალკეული ბრიგადები (მათ შორის დასავლეთ ბერლინის ცალკეული ქვეითი ბრიგადა), საკორპუსო დაქვემდებარების საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები. გარდა ამისა, სარდლობის შემადგენლობაში შედიოდა საჰაერო ძალების სამი საჰაერო არმია (მე-3, 16-ე და 17-ე), რვა ტაქტიკური გამანადგურებელი და ერთი სადაზვერვო საავიაციო ფრთა, საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები. სარდლობის შემადგენლობაში შემავალი საზღვაო ძალები გამოიყოფა ატლანტის ოკეანის ფლოტის შემადგენლობიდან.
ევროპულ ზონაში აშშ შძ-ის გაერთიანებული სარდლობის განკარგულებაში 80-იანი წლების ბოლოს იმყოფებოდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 0,5 მლნ. ადამიანი, 5000 თანამედროვე ტანკი, 3100-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, საარმიო ავიაციის 1600 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, საჰაერო ძალების 700-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, 20-მდე ხომალდი ატლანტის ოკეანის ფლოტის შემადგენლობიდან.
ამჟამად აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გეგმავს ძალების მნიშვნელოვან შემცირებას ნახევარი მილიონიდან 100 ათას სამხედრო მოსამსახურემდე, მაგრამ ჯერერობით არაა სხვა ზუსტი მონაცემები ამ შემცრებათა შედეგად დარჩენილი ჯარების სტრუქტურის შესახებ.
აშშ შძ-ის გაერთიანებული სარდლობა ატლანტის ოკეანის ზონაში (შტაბი ქ. ნორფოლკში, ვირჯინიის შტატი) ძირითადად წარმოდგენილია აშშ საზღვაო ძალების ატლანტიკური ფლოტით ზღვაზე ამოცანების მთელი მოცულობის გადასაწყვეტად. მისი პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს ატლანტის ოკეანის, კარიბის, გრენლანდიის, ნორვეგიისა და ბარენცის ზღვების, მექსიკის ყურის აკვატორიებს, ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის ნაწილსა და ლათინური ამერიკის დასავლეთ სანაპიროს მიმდევარე წყნარი ოკეანიის აკვატორიის ნაწილს.
მოცემულ სარდლობას ექვემდებარება საზღვაო ძალების მე-2 და -6 ოპერატიული ფლოტები და საზღვაო ქვეითი ჯარის ერთი საექსპედიციო დივიზია. ფლოტის ძალების შეიარაღებაში 80-იანი წლების ბოლოს შედგებოდა 200-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი, მათ შორის 9 მრავალმიზნობრივი ავიამზიდი, დაახლოებით 70 ატომური წყალქვეშა ნავი და საზღვაო ძალების 900 საბრძოლო თვითმფრინავი.
საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო დივიზიის შეიარაღებაშია 70 ტანკი, 270 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (მათ რიცხვში 120 ქვემეხს შეუძლია ბირთვული ჭურვების გამოყენება), ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების 430-ზე მეტი გასაშვები დანადგარი (“თოუ” და “დრაკონი”), 350-ზე მეტი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტერი, 400-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი (მათგან 100 ბირთვული იარაღის გადამტანი თვითმფრინავია).
მოცემულ სარდლობას მშვიდობიანობის დროს არ გააჩნია სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო ძალების შენაერთები და ნაწილები, მაგრამ აუცილებლობის სემთხვევაში შუკ-ის გადაწყვეტილებით მის განკარგულებში გადაეცემა ძალები აშშ-ის კონტინენტური ნაწილის სახმელეთო ჯარების სარდლობისა და საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის შემადგენლობიდან.
აშშ შძ-ის გაერთიანებული სარდლობა წყნარი ოკეანის ზონაში (შტაბი ქ. პერლ-ჰარბორში, ჰავაის კუნძულები) პასუხს აგებს აშშ ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაზე აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპირომდე და არქტიკიდან ანტარქტიდამდე. სარდლობის შემადგენლობაში შედიან შძ-ის სამივე სახეობის კონტინგენტები. გარდა ამისა იგი მოიცავს ორ დაქვემდებარებულ გაერთიანებულ სარდლობას სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. სარდლობის განკარგულებაში არსებული სახმელეთო ჯარების ძირითად ნაწილს წარმოადგენს სამხრეთ კორეაში დისლოცირებული მე-2 ქვეითი დივიზია და ჰავაის კუნძულებზე განლაგებული 25-ე მსუბუქი ქვეითი დივიზია. გარდა ამისა, იაპონიის კუნძულებზე მოწყობილია მძიმე შეიარაღების საწყობები აშშ კონტინენტური ჯარების სწრაფი გადასროლის მიზნით.
სარდლობის დაქვემდებარებაშია აშშ საჰაერო ძალების მე-5, -7 და 13-ე საჰაერო არმიები, 326-ე ცალკეული საავიაციო დივიზია, აგრეთვე ალიასკის ზონის რეგიონული საჰაერო ძალების სარდლობა. აუცილებლობის შემთხვევაში წყნარი ოკეანის ზონაში ტაქტიკური ავიაციის დაჯგუფება შეიძლება გაძლიერდეს აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან დამატებითი საჰაერო ძალების გადასროლის ხარჯზე.
წყნარი ოკეანის ზონაში აშშ შძ-ის გაერთიანებული სარდლობის განკარგულებაშია საზღვაო ძალების მე-3 და -7 ოპერატიული ფლოტები, საზღვაო ქვეითი ჯარის ერთი საექსპედიციო დივიზია და საზღვაო ძალების რეზერვის საზღვაო ქვეითი ჯარის ერთი დივიზია. სულ სარდლობის პირადი შემადგენლობა 80-იანი წლების დასასრულს მოითვლიდა 470000 ადამიანს, სამ დივიზიას (მათ რიცხვში ერთ საზღვაო ქვეით დივიზიას), 1100-ზე მეტ საბრძოლო თვითმფრინავს, ძირითადი კლასების 150-მდე საბრძოლო ხომალდს.
ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ზონაში აშშ შძ-ის გაერთიანებული სარდლობის (შტაბი ფორტ-ამადორში, პანამა) ძირითად ძალას წარმოადგენს ფორტ-კლეიტონში დისლოცირებული 193-ე ცალკეული ქვეითი ბრიგადა. სარდლობის პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას. მის შემადგენლობაში არის 15-17 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ეს ძალები განკუთვნილია პანამის არხზე ამერიკული კონტროლის უზრუნველყოფისა და ლათინური ამერიკის რეგიონში დემოკრატიული ქვეყნების მხარდაჭერისთვის.
აშშ შძ-ის გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის (შტაბი ავიაბაზა მაკ-დილზე, ფლორიდის შტატი) პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის, სამხრეთ-დასავლეთ აზიისა და ინდოეთის ოკეანის აკვატორიის მიმდებარე ტერიტორიებს. სარდლობა შეიქმნა სწრაფი რეაგირების (გაშლის) ძალების ოპერატიული ხელმძღვანელობისთვის. სარდლობას მუდმივი შემადენლობა არ გააჩნია. მის განკარგულებაში გამოიყოფა მე-3 საველე და მე-9 საჰაერო არმიების შტაბები, 18-ე საჰაერო-სადესანტო კორპუსი (82-ე საჰაერო-სადესანტო, 101-ე საჰარო-საიერიშო და ერთი მექანიზებული ქვეითი დივიზიები, ცალკეული ბრიგადები), შვიდი ტაქტიკური გამანადგურებელი საავიაციო ფრთა, სტრატეგიული ბომბდამშენების ორი ავიაესკადრილია. სარდლობის ინტერესებში შეიძლება მოქმედებდნენ შორი რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის AWACS სისტემის თვითმფრინავები E-3, სტრატეგიული თვითმფრინავ-მზვერავები, საჰაერო სამეთაურო პუნქტები; წყნარი ოკეანის მე-3 ოპერატიული ფლოტის შემადგენლობიდან შესაძლოა გამოიყოს სამ საავიამზიდო მრავალმიზნობრივ ჯგუფამდე, საზღვაო ქვეითი ჯარის დივიზია და ბრიგადა. საჭიროების შემთხვევაში შტაბების უფროსთა კომიტეტის გადაწყვეტილებით სარდლობის შემადგენლობაში შეიძლება გამოიყოს შეიარაღებული ძალების სამივე სახეობის 300 ათასიანი კონტინგენტი.
აშშ შძ–ის სტრატეგიული გადასროლების გაერთიანებული სარდლობის შემადგენლობაში შედის ჯარების სტრატეგიული გადასროლის ძალები და საშუალებანი, რომლებიც განკუთვნილია საჰაერო ან საზღვაო გზით პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და მატერიალურ საშუალებათა გადაზიდვისთვის აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან ზღვისიქითა ომის თეატრებზე, ან ერთი ომის თეატრიდან მეორეზე. მის განკარგულებაში 80-იანი წლების ბოლოს შედგებოდა სხვადასხვა დანიშნულების დაახლოებით 1000 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, სატრანსპორტო და სატვირთო გემი.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, გაერთიანებულ სარდლობებს მიეკუთვნება ჩრდილო-ამერიკული კონტინენტის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობა (NORAD), რომელშიც აშშ-თან ერთად მონაწილეობს კანადაც; აშშ გაერთიანებული კოსმოსური სარდლობა და აშშ შძ სპეციალურ ოპერაციათა გაერთიანებული სარდლობა.
აშშ შძ-ის სპეციალურ სარდლობებს მიეკუთვნება: სტრატეგიული საავიაციო სარდლობა (შტაბი ავიაბაზა ოფუთზე, ნებრასკას შტატი), რომელიც მოიცავს აშშ საჰაერო ძალების ძალებსა და საშუალებებს, რომლებიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობიექტების დაზიანებისთვის. მის შემადგენლობაში შემავალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები (სკბრ), სტრატეგიული ბომბდამშენი, სადაზვერვო და ჰაერში საწვავით გამწყობი ავიაცია ორგანიზაციულად შეყვანილია ორ საჰაერო არმიასა და სასწავლო საჰაერო-კოსმოსურ დივიზიაში. საჰაერო არმიებში შედის 11 საავიაციო დივიზია, რომლებიც შედგებიან სკბრ და საავიაციო ფრთებისგან, ან მხოლოდ საავიაციო ფრთებისგან.
გარდა ამისა, სპეციალურ სარდლობებს მიეკუთვნება ტაქტიკური საავიაციო სრდლობა და აშშ კონტინენტურ ნაწილში სახმელეთო ჯარების სარდლობა.
უკანასკნელ წლებში მოხდა გარკვეული ცვლილებები, ნაწილი სარდლობებისა დაემატა და ნაწილიც სხვა კატეგორიაში გადავიდა, მაგრამ ამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია ჯერ არ გაგვაჩნია.
(წერილი მომზადებულ იქნა ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-ს 1980-იანი წლების ნომრებში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით).
ირაკლი ხართიშვილი
1994 წლის მარტი
No comments:
Post a Comment