Sunday, January 6, 2013

კლემენს მარია ბრენტანოს ცხოვრება და ლირიკის ნიმუშები

(გამოქვეყნებულ იქნა ლიტერატურულ ჟურნალ "ხელეურის" 2010 წლის მე–2 ნომერში)

თუ ჩვენს მკითხველს გერმანელი რომანტიკოსის კლემენს ბრენტანოს მოთხრობა „ყოჩაღი კასპერლისა და მშვენიერი ანერლის ამბავი“ წაუკითხავს, უდაოდ, მის მეხსიერებაში არასოდეს წაიშლებოდა საოცარი თანაგრძნობით დაწერილი ეს ნაწარმოები ცოდვა-მადლის შესახებ. მაგრამ ბრენტანო უწინარეს ყოვლისა პოეტია და უნიკალურად რჩება მისი პოეზია მთელი გერმანული ლიტერატურის ისტორიაში. მან სამყაროს ძლიერი ემოციური აღქმით დაიპყრო ენობრივი გამოხატულების საშუალებანი და სიტყვათა ჟღერადობას საოცარი მელოდიურობა შესძინა. აი რას გადმოგვცემს ბრენტანოს შესახებ გასული საუკუნის გამოჩენილი რუსი ფილოლოგი, თეოლოგი, პოეტი და მთარგმნელი ს. ავერინცევი.

ბრენტანო (1778-1842) გერმანული რომანტიზმის ჰაიდელბერგის სკოლის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია არნიმთან, ძმებ გრიმებთან და გორესთან ერთად. უფრო ადრეული „იენის“ რომანტიკული სკოლისაგან განსხვავებით, სადაც ინდივიდუალიზმი და კოსმოპოლიტური უნივერსალიზმი იკვეთებოდა, მათ ფოლკლორისადმი გამოიჩინეს დიდი ყურადღება, რომელსაც ზეპიროვნულ საწყისად მიიჩნევდნენ. ძველი ხალხური სიმღერებით ღრმად განმსჭვალულმა პოეტმა პარადოქსულად შექმნა სინამდვილის ასახვის ახალი ფორმები.

მისმა სამხრეთულმა წარმოშობამ (გერმანიაში გადმოსახლებული იტალიელი ვაჭრის შვილი გახლდათ), გერმანული ფილოსოფიური სიღრმისეული ბუნების განცდამ, საკუთარი ოჯახის ტრაგიკულმა ბედმა და ქვეყნის იმდროინდელმა მძიმე სოციალურ-პოლიტიკურმა მდგომარეობამ დიდი კვალი დატოვეს უნიჭიერესი შემოქმედის ცხოვრებაში. გასაოცარია მისი ნაწერების სერიოზულობა და ამავე დროს ზოგჯერ ის იუმორი, რომელიც მკითხველს დიდ სიამოვნებას ჰგვრის. ბრენტანოს პოეზიისათვის დამახიათებელია ქალური გონიერება, ძლიერი არა ლოგიკით, არამედ წვდომით, მოქნილობითა და გულისხმიერებით.

იგი 1805-1808 წლებში თავის სიძესთან, თავისი დის _ ბეტინას მეუღლესთან ახიმ ფონ არნიმთან ერთად გამოსცემს ხალხური ლექსების სახელგანთქმულ კრებულს „ჭაბუკის ჯადოსნური ფლეიტა“.

ოცი წლის ბრენტანო ეცნობა იენის პროფესორის მეუღლეს სოფიო მეროს (ქალიშვილობაში შუბერტი), რომელშიც იგი თავისი გარდაცვლილი დედის მსგავსებას დაინახავს და ხუთი წლის შემდეგ 1803 წელს მარბურგში ისინი ქორწინდებიან. და ეს ქორწინება საშინლად მძიმე და ხანმოკლე აღმოჩნდა. ორი ბავშვი გაჩენისთანავე გარდაიცვალა, ხოლო მესამეზე სიხარულით ლოდინში, ქალმა მკვდარი შვილი დაბადა და თვითონაც თან გადაჰყვა.

სოფიო მერო (1761-1806) ცნობილი ლირიკოსი და მთხრობელია. იგი შილერთან ჟურნალ „მუზების ალმანახში“ თანამშრომლობდა. თვითმყოფადი ლექსების გვერდით მას აქვს რომანი „შეგრძნების აყვავების ხანა“.

ამ ტრაგედიით ბრენტანო გადის მწუხარებისა და ტკივილის საზღვრებს და ერთგვარი შვებით ჰქმნის ლექსებს. თუ ნოვალისთან უფრო მეტი სუფთა აზრებია, ბრენტანოსთან უფრო მეტი პოეზიააო. ბრენტანოს გაგება-დაფასება ჰოლდერლინივით თანდათან ხდება. მას ადარებენ ედგარ პოს, ვერლენს, როგორც საოცარი მუსიკალური ლექსების ავტორს. მას ეწაფებიან თანამედროვე პოეტები, აპოლინერმა, ს. ავერინცევის შეფასებით არცთუ ისე ცუდად თარგმნა ბრენტანო, რომლის ცალკეული ლექსებიც აგებულია გარკვეული აზრის გამომხატველი სიტყვების რთული შეთანაწყობით, სიტყვების თამაშით, რაც მთარგმენლისაგან სერიოზულ ოსტატობასა და ორიგინალში წვდომას მოითხოვს.

ამჟამად მკითხველს მოწიწებით ვთავაზობთ ბრენტნოს პოეზიის თარგმანებს. აქედან ბოლო ლექსი სოფიო მეროს კალამს ეკუთვნის.
ლექსი „სამყარო ჩემი წინააღმდეგი“ გამოყენებულია თომას მანის „დოქტორ ფაუსტუსში“. ამ ლექსზე წერს მუსიკას რომანის გმირი ადრიან ლევერკიუნი.

ლექსი „ცხოვრობენ ჯარისკაცები“, ეს არის სიმღერა, დაწერილი საზეიმო განწყობით, რომელიც სამი წლის შემდეგ გამოქვეყნდა და ეძღვნება 1813 წლის შემოდგომაზე ლაიფციგთან ბრძოლაში ნაპოლეონზე გამარჯვებას.

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი



კლემენს მარია ბრენტანოს ლირიკიდან


* * *


სამყარო ჩემი წინააღმდეგი:
გაწოლილიყო ჩემს ზემოთ მთები,
დაბლით მოჩანდა ეს ცა მცირედი,
შენ მენატრები, შენ მენატრები!
ო, საყვარელო, გოგონავ ცუდო!

დავდივარ, მართლაც, გეძებ ქუჩებში,
ორი წელია, დავეხეტები,
წაგაწყდე იქნებ სადმე კუთხეში,
ისევ შენ გეძებ და მელანდები!
ო, საყვარელო, გოგონავ ცუდო!

ყველა ჭრილობა სიყვარულისა
ჩემში გაიჭრა, გადაიხსნა იქ,
ოდესღაც მაინც გიპოვნე ძლივსღა
შენში ვცხოვრობდი, მივიცვალე იქ!
ო, საყვარელო, გოგონავ ცუდო!

შენი კარის წინ ვიდექი დიდხანს,
იქ გაგითენე მთვარიან ღამეს,
დავსნეულდი და ძილიც გამიკრთა,
ეს ჩემი გული რაც შენ მოგიძღვენ.
ო, საყვარელო, გოგონავ ცუდო!

აღარ დავდივარ მდიდრულ სუფრაზე,
კეთილშობილი ღვინო უარვყავ,
სტუმართ დაცინვა გადავიტანე,
მე მხოლოდ შენთან რომ ვყოფილიყავ!
ო, საყვარელო, გოგონავ ცუდო!

რომ მოვაღწიე კანკალით შენთან,
თითქოს იყავი ისევ უმანკო,
ხელში გიყვანდი და ვგრძნობდი ნეტარ,
თითქოს იყავი შენ ჩემი მარტო.
ო, საყვარელო, გოგონავ ცუდო!

მაინც რა ცუდი იყავი მაშინ,
გაპატიე და შეგინდევ გულით!
არსება შენი შესაბრალისი...
რაიც იყავი შეგინდევ გულით!
ო, საყვარელო, გოგონავ ცუდო!

როცა შენ შიშვლად ცივი სასმელი
შემომთავაზე ღამისთვის უკვე,
ჩემი ცხოვრება წამსვე მოწამლე,
ავად შეიქნა სული ჩემი, ეჰ!
ო, საყვარელო, გოგონავ ცუდო!

მივეშურები, ვეშვები მთიდან
მე შენთან ერთად, დრო მიდის სწრაფად,
ჩაგეჭიდე და მოგეკარ მაგრად,
უფსკრულს მივდივარ მე შენთან ერთად!
ო, საყვარელო, გოგონავ ცუდო!

ჭრილობას ამას უხსენებელმა
წოვა დაუწყო, ო რა ტკივილით,
ჩემში ანაზდად შემოიყვანა
შხამიან პირით მრუმე სიკვდილი!
ო, საყვარელო, გოგონავ ცუდო!

მე ხომ ყველა ამ ტკივილის მიღმა
მქონდა სიწრფელე და ერთგულება!
რაკი ვეძახდი ჩემს თავს შენიანს,
შევძლებ ვერასდროს მონანიებას!
ო, საყვარელო, გოგონავ ცუდო!


* * *


აბა, მშვიდობით, ჩემო სიცოცხლევ,
შენ, მეგობარო, ერთგულო რაინ,
შენი ტალღები მიმოიქცევა
უკვე იმ ნათელ ვარსკვლავიანში.
სამყრო ირგვლივ ჩაძინებულა,
მთვარე კი უმღერს გუნდებს ღრუბელთა
თავის სიმღერას.

პატარა ნავში მეზღვაურს ჩასთვლემს,
ის შეუპყრია ოცნებას ზღვაზე.
შენ კი სიფხიზლე, ღვიძილი გმართებს,
რომ გემს წინ წყალში შემოიყვანდე,
გაქვს შენ ცხოვრება თავისუფალი,
გადაიცეკვე ძირებთან ვაზის
იმ წყნარი ღამით.

ვინც შენ გიყურებს, ის სიცილს სწავლობს,
შენა ხარ ისე გახარებული,
სუსტთა გულების გამმხნევებელო,
ღარიბ-ღატაკთა მდიდრულად მქმნელი,
შენ აირეკლავ მაღალ სასახლეთ,
ო, დიდრონ კასრებს აავსებ ღვინით,
წითელი ღვინით.

ზოგიერთებსაც ასწავლე ცრემლვა,
თვისი მოსტაცე ვის სიყვარული,
ვისაც ასეთი ეწვია ლტოლვა,
ერთობა იყო უფლის სურვილი,
გზა აერიათ ტყის პირს ჭალებში,
მოძახილები მათი ექოსი
გამოსცემს ტკივილს.

და ზოგს ასწავლი ლოცვა-ვედრებას
შენი კლდოვანი ღრმა უფსკრულეთით.
ვინაც იხილავს შენს მრისხანებას,
გზას გაუყენებ ფსკერისკენ ქვევით,
იქ, სად ტალღები ჩაეხეთქება,
იქ, სად მორევი ნაკადს ჩაიხვევს,
იქ ლოცულობენ.

მე კი მიბიძგებ, ვიწყო სიმღერა,
გაპყრობენ როცა თვალები მზერას,
სიყვარულიანს ავყვები მღერას,
მკერდში დამივლის ნაზი სიმღერა,
აბრუნე ტკბილად წისქვილი ჩემი,
ახლა მეყრები ამ სიცივეში
და მეთვლიმება.

თქვენი ლამაზი ცა, ვარსკვლავთ არე,
ზეციურ მამას გადამაბარებს,
გამომაღვიძებს ვიდრე მზე, მთვარე,
ვიდრე შენამდე მე ჩამოვაღწევ,
კარგი იქნება მე შენ გაქებდე,
შემდეგ გიმღერებ აღფრთოვანებით
მე შენ სიმღერას.

ჰა, გასართობად მე გადმოგიგდებ
შენს დინებაში შეკრულ ყვავილებს,
შენი მიზნისთვის იგი წაიღე,
სადაც დღე ესე სრულ განისვენებს
და მე კი უნდა დავბრუნდე მაშინ
ჩემსა ლოცვაში, შენ დაგასრულო,
მწუხრის სიმღერავ.


* * *


გესმის შენ ჭების ჩუმი ბუყბუყი,
გესმის ჭრიჭინი ჭრიჭინობლების?
მოიცა, უხმოდ მივუგდოთ ყური,
ნეტარ არს, კვდება ვინაც ოცნებით.
ნეტარ არს ვისაც არწევს ღრუბელი,
ო, რა ნეტარად ძალუძს მას ფრენა,
მას, ვისაც მთვარე ნანას უმღერის,
ფრთეთა შეურხევს ვისაც ოცნება,
რათა ლურჯ ცაზე, ცის კაბადონზე
ვარსკვლავებს კრეფდეს, ყვავილებს ვითარც:
სიზმარს მიჰყევი ფრთებით, იძინე,
მე გაგაღვიძებ, ბედნიერი ვარ.


მტერი


მე ვიცი ერთი,
არ გვიყვარს ჩვენ ის;
ერთს ვასახელებ,
ამსხვრევს გვირგვინებს.
ფეხი აქვს მტვერში,
თავი ღამეში,
მის წინ ფოთლები
ქვევით მოცვივა, მიწისკენ შავის.
შეუბრალებლად
ატარებს ხელით.
ბავშვურ სამყაროს, მობარბაცეს მას:
ჰქვია სიკვდილი
და არსებანი
ძრწიან შენსა წინ,
საშიშო გმირო!


* * *


მსურდა პატარა თაიგული რომ
შემეკონა და ღამემ მიწია,
ვეღარც ერთ ყვავილს ვეღარ ვპოულობ,
შენთვის რომ კრძალვით მე მომერთმია.

ცრემლი ღაწვებზე ჩამომეღვარა,
ზედ დაეწვიმა სამყურა ბალახს
და გაიხარა ყვავილმა ნაზმა,
ჩემს ბაღში ვხედავ ყვავილობს ახლა.

შენთვის მინდოდა რომ მომეწყვიტა,
ყვავილებიდან გამომერჩია,
მაგრამ შეხედე, ის ამეტყველდა:
ნუ შემეხები, მტკივნეულია.

სხვის სიხარული გაიზიარე,
და დაუკვირდი ვნებას საკუთარს,
ნუ მომაყენებ სალმობას მწარეს,
დროს ნუ მისწრაფებ, გამწირვ ნუღარ.

ასე უბნობდა მუდარით, ხვეწნით
მდგომარე ბაღში ჩუმად მარტოდა,
თუმცა კი მსურდა საჩუქრად შენთვის
მაგრამ განაღა შეიძლებოდა?

ასე გამომრჩა ჩემი საუნჯეც
ღამეც მარტოდ ვარ ასე ეულად
ჩემს სულში ახლა მოწყენა სუფევს,
ცხოვრება ლხენას გადაჩვეულა.


* * *


მზე როცა ჩადის, ჩაესვენება,
მოიწევს ბინდი, ნელა ბნელდება,
დაისზე ზეცა ოქროსფერდება,
ღამეს კი მწუხრი შემოაწვება.

რაც სიყვარული წავიდა ჩემგან,
დავრჩი მე ჩემი თავის ამარა,
ღაწვებზე მფენი ფერი ღაჟღაჟა
გამიფერმკრთალდა, გაქრა, მინავლდა.

წყვდიადი ისე უნდა დადუმდეს,
ყოველი წყენა თან რომ მიჰქონდეს,
მაგრამ მთვარის და ვარსკვლავთა გულებს
სურთ დაგვანახონ, რარიგ ცხოვრობენ.

ბაგენი შენნი დადუმებულა,
არ მინელდება ვარვარი გულის,
მზერამ და ცრემლმა გაჩვენოს უნდა,
ვერ მოისვენებს რომ სიყვარული.


შენ


მკვდარი იყო დედამიწა,
მე ვცხოვრობდი მთლად ეული,
შენს თვალებთან ვერ აღწევდა
მზე ჩამცხრალი, გამომშრალი.

გთხოვდი მოკვლას მე წყურვილის,
მაგრამ მზერა სხვაგან გქონდა,
შენი თვალნი დაშვებულნი
ჩემსკენ აღარ იხილვოდა.

დედამიწა მენატრება,
ღელვა მოსდევს გაზაფხულს ხომ,
მაგრამ ძალუძს არაფრის ქმნა,
გარნა შენის, ჩემო კარგო.


* * *


შენი სიმღერის ჟღერა მომესმა,
ვარდების ჟრჟოლით მთვარეს რომ აღწევს,
ჭრელი პეპელაც ხომ გაზაფხულზე,
ვითარც ფუტკარი შენსკენ მოექცა.
ვარდისკენ ვილტვი უკვე მას შემდეგ,
როგორც კი შენი სიმღერა მესმა.

შენი სიმღერა ღამემ წაიღო,
ჩემი სიმშვიდის გედის სიმღერა,
მთვარეს, ციდან რომ გვიმზერს ფარულად,
ვარსკვლავებს, ვარდებს ხმა მივაწვდინო,
საით გასწია, სად გაქრა ნეტავ,
ვინაც ხმატკბილად ამოიმღერა.

შენი სიმღერა გულიდან ჟღერდა,
მთლად გაზაფხულმა, დიდ სიყვარულით
მუდამ მფეთქავმა, ჩემი ცხოვრების
მონატრებათა წყალში ჩაყვინთა
და ნაკადს გაჰყვა მზის დასავალში,
ოდეს სიმღერა შენი მომესმა.


* * *


შორს გავემართე, გავწიე შორით,
მთა და ბარი მაქვს გადასერილი,
ერთგული არის ცისა სარტყელი,
ყოველგან ჩემი შემომსაზღვრელი.

წიფლებისა თუ მუხების ძირში,
თუნდაც მჩქეფარე ჩანჩქერის გვერდში,
უნდა ვეძიო ბინა აქ ჩრდილში,
ნაზი ბულბულის სიახლოვეში.

იწყებს რომელიც მწუხრზე გალობას,
ფიქრშია ნეტარ, სტუმრებზე ჰყვება,
ვიდრე ძილი და წყნარი ოცნება
დაღლილ სულს ნელა შემოაწვება.

და მე მოვისმენ იგივე ჩივილს,
ვგრძნობ ისევ ისე ხალისს და წადილს,
ვგრძნობ გულის ცემა მატულობს თუ ვით,
მკერდში რაც ხდება, აქაც ის არის.

ჩემს ფერხთა ქვემოთ იმ მდინარიდან,
რომ მირაკრაკებს თამაშ-თამაშით,
იგივ ვარსკვლავნი მესალმებიან
და აქ ისე ვარ, თითქოსდა სახლში.


ძაფის დამრთველის ღამის სიმღერა


რა დამავიწყებს, კარგა ხნის წინათ,
ტკბილად გალობდა ბულბული ნაზი,
ეს იყო მართლაც ხმაი ნეტარი,
გვესმინა ერთად, გვხვდა მაშინ წილად.

ახლა ვმღერივარ, არ ვტირი არა,
ვართავ და ვართავ, ასე მარტოდ ვარ,
ძაფს სუფთად, ნაზად მე გამოვიყვან,
შუქი ანათებს, მთვარისა სანამ.

ერთად ყოფნისა გვქონდა ჩვენ ხვედრი,
ტკბილად გალობდა ბულბული ნაზი.
როგორ მახსენებს ახლა ხმა მისი,
ოდეს დამტოვე, ჩემგან წახვედი.

მთვარის ნათელი ვიდრე იქნება,
მე შენზე ფიქრი არ მომწყინდება,
წმინდა და წრფელი გული მოგიძღვენ,
რომ შევიყვარო, უფლის არს ნება.

მას შემდეგ, რაც შენ წახვედი ჩემგან,
ბულბული მუდამ ტკბილის ხმით გალობს,
მის ხმას ყურს ვუგდებ, იმ დროზე ვფიქრობ,
როცა ვიყავით ჩვენ მაშინ ერთად.

ჩვენი ერთობა ღვთის არს სურვილი,
მე აქ მარტო ვარ რთვაში გართული,
მთვარე კაშკაშებს, ცა არს მჭვირვალი,
მე ვმღერი, მაგრამ მინდა ტირილი.


* * *


ცხოვრობენ ჯარისკაცები,
მართლაცდა, ღვთის მოწყლებით.
ცა მიაჩნიათ მათ კარვად,
მინდორი მწვანე სუფრად და

სკვერი აქვთ მათ სარეცელი,
მებუკეთ აქვთ ჩასაბერი, _
დილის და ღამის მშვიდობა,
ხალისიანად ადგომა.

მზე სასტუმროს აბრა არის,
სავსე კასრი მეგობარი.
მთვარე სატრფოა ღამისა,
ვარსკვლავთ სანგარში არის და

თავისი დრო აქვთ ვარსკვლავებს,
თავისი არე, სიმრგვალე,
მონაცვლეობენ ისინი,
დარაჯთ აქვთ ნუგეშინი.

დროზე აღვმართავთ ჩვენ მახვილს,
გვამი ხომ მიწისა არის,
სული ეკუთვნის კარავს ცის,
სამოსელი არს ქვეყანის.

ეცემა ვინაც, იქ რჩება,
ძალუძს კვლავ ძლევა, ვინც დგება,
ვინც გადარჩება, აქვს ნება,
ცუდია, ვინაც დასხლტება.

ჩვენ გლეხი გვემსახურება,
აქ რაღაც ღვინო მჟავდება,
სხვა განძი მოიპოვება,
ქალი აქ კოცნით დატკბება.


* * *


დგაფუნებს ტალღა,
ქარი ქრის შორით;
ზღურბლო, ნეტარ ხარ,
ადგილო შობის.

ციური ლურჯი,
სიმწვანე მიწის...
ამ სიყვარულით
გული ვით იწვის.

ვით ვაზის რტონი,
ჩემი ფიქრებიც,
შინაგან ლტოლვით
თქვენ თავს გევლებით.

ნიავი არ კრთის,
ფოთოლი არ თრთის,
გესმის გარეთის,
ვუყვარვარ თუ ვით.

ცის სივრცეებო,
ახლოს ხართ რა რიგ,
ვარსკვლავთ ხელს ვტაცებ
აქედან აკვნით.

დინებით ქვევით,
წამიღე რაინ,
შენ კვლავ შემხვდები,
სტოვებ არავის.

ო, მამავ, რიდი
შენი მიპყრობდა,
კიდემდე კიდით
გიხმობ საშველად.

ირეკლავ, ცურავ
ბრწყინვაში მთვარის,
გულში ჩამიკრავ
ჩემი გვირგვინით.


* * *


ფაბიოლა
კვლავ სევდით მოსთქვამს ფლეიტა,
გესმის, და გრილი ჭები ჩუმად ბუყბუყებს.

პიასტი
ოქროსფრად წვება ჰანგები მისი,
მივუგდოთ ყური, წყნარად გავყუჩდეთ!

ფაბიოლა
თხოვნა უბიწო, სურვილთ ავყევ და,
ის გულს შეეხო, ტკბილად მეტყველებს!

პიასტი
ღამის წყვდიადში, გარს რომ მერტყმება,
ჰანგების შუქი მე შემომყურებს.


* * *


სამყაროო იდუმალო,
შორეთიდან ამეტყველდი,
რაიც ჩემსკენ სიტკბოებად
მოიწევ და მეთვისები.
არ მეტყველებს სიყვარულის მჩენი ფერი,
ოდეს მწუხრზე თაღი ცისა არ ელვარებს,
და გვირგვინებს ჩუმად მნათი ნაპერწკლების
უწნავს ღამე ჩრდილიან შუბლს ირგვლივ მალე.
წმინდა აზრი შორეთიდან
უამრავი ვარსკვლავების
ეშურება, მოდის წყნარად
ჩემსკენ, აქეთ ის მოილტვის.
ოდეს მთვარე წყნარად, თბილსა ცრემლებს აფრქვევს,
ენამება, ღამეთ ურჩენს ფარულ ტკივილს,
მოქროლდება ის სიმშვიდე. ოქროს ნავებს
ციურ ტბაში მიუძღვებათ სულნი ფრთხილნი.
სიმღერების ბრწყინვალება
დაბლა აღწევს და იხვევა,
წკრიალა ხმით აჟღერდება
შემდეგ ისევ აღიწევა.
შუა ღამის ოდეს წმინდა ნაცრისფერი,
შიშით ჩუმად იპარება ბნელ ტყეებში,
და ბუჩქები შეჰყურებენ საოცრებით
ყოველივეს, წყვდიადს სიღრმით დამოწმებით.
მეგობრული ეს თამაში
სიბნელეში მოგზაურობს,
მოციმციმე მიზანსწრაფვის
შუქი წყნარი ელავს, ნათობს.
ყველაფერი მეგობრულად არს შეკრული
ნეტარებით, ნუგეშინით, კაეშანით:
ღამეებში ბრწყინვით შუქნი ჩახვეულნი,
მუდმივ ერთურთ შინაგანად ნათესავნი.
სამყაროო იდუმალო,
შორეთიდან ამეტყველდი,
რაიც ჩემსკენ სიტკბოებად
მოიწევ და მეთვისები.


* * *


იქ, ბახარახთან რაინზე
ჯადოქარი რომ ცხოვრობდა,
მისი ხიბლი და სინაზე,
ყველას გულებს დაიპყრობდა.

აგემებდა სირცხვილს მრავალს,
იზიდავდა ყოველს ირგვლივ,
სიყვარულის კავშირს ამგვარს
ვეღარც ეხსნებოდა ვერვინ.

იწვია ეპისკოპოსმა
სასულიერო უფლებით,
დამოძღვრა ეკადრებოდა
გამოისობით მშვენების.

ჰკითხა მას გულისშემძვრელად:
_ “შე საწყალო ლორელაი,
მითხარ, გასწავლა რომელმა
მცდარი, ჯადოსნობა ავი?”

_ “ეპისკოპოსო, მომწყინდა,
სიკვდილი მსურს, მადევს ბრალი,
რადგანაც ყველა დაეცა,
ვის შევავლე ოდნავ თვალი.

თვალნი მაქვს ცეცხლის ალები,
მკლავი ვით ჯოხი ჯადოქრის,
გადამაგდეთ თავად ცეცხლში,
დამიმტვრიეთ ჯადო ჯოხი!”

_ “განგიკითხო, განა ძალმიძს,
აღიარე ახლა რადგან.
ვერ მივმხვდარვარ ცეცხლის ალში
ჩემი გულიც იწვის რაღად.

ჯოხის გადატეხვაც მიმძიმს,
ლორელაი, ასე ვფიქრობ,
ჩემი გულიც მერე მაშინ
ორად უნდა გადაიპოს?”

_ “ეპისკოპოსო, ნუ მცინებ
მე საწყალს ამგვარ სიავით!
სჯობს შეწყალება ღმერთს სთხოვო,
უფალს სულის ჩემისათვის.

დიდხანს მე ვეღარ ვიცოცხლებ,
ალვა-გზნებით არვის ველი,
სჯობს სიკვდილის ნება მომცეთ,
თქვენთან ამისთვის მოვედი.

მიღალატა სატრფომ ჩემმა,
მიმატოვა და განმშორდა,
შორით გასწია აქედან,
გზას დაადგა, განმარტოვდა.

თვალნი ნაზი და მნუსხავი,
ღაწვნი თეთრი, ვარდისფერი,
უბნობა ტკბილი და წყნარი,
წრე არს ესე ჯადოსნური.

დარდით ალბათ შევიჭმები,
გული როგორ მიმძიმდება,
სახეს ჩემსას ვაკვირდები,
ტკივილისგან გული კვდება.

სამართალს ჩემსას მე ვპოვებ,
ვით ქრისტიანი მსურს მოვკვდე.
ეს ყველაფერი დმთავრდეს,
ვარ რადგან სატრფოს გარეშე“.

რაინდს სამს მოაყვანინებს:
_ „შეიყვანეთ მონასტერში,
წადი, ლორე _ სურს ასე ღმერთს _
აგრევია მთლად აზრები.

მონოზონი უნდა გახდე,
თეთრ-შავებით შეგმოსავენ,
ფხიზლად იყავ აქ მიწაზე,
სიკვდილისთვის განემზადე“.

რაინდებმა ცხენს ჰკრეს დეზი,
მონასტრისკენ წაიყვანეს
ლორელაი მშვენიერი,
დარდიანი ჰქონდა სახე.

_ “რაინდებო, გთხოვთ გამიშვათ,
ნება მომცეთ, წავალ კლდისკენ,
თვალი ვკიდო კიდევ მინდა
საყვარელსა მის სასახლეს.

სურვილი მაქვს ისევ წყნარად
ღრმა რაინში ჩავიხედო,
მივაშურო მერე ტაძარს,
ღვთის მხევალი, მორჩილ ვიყო”.

აქ ახლოს არის სალი კლდე,
რა ციცაბოა კედელი;
ცოცვით მიაღწევს სიმაღლეს,
ზემოთ დგას ამის მსურველი.

რაინდებმა გამოაბეს
თვის ბედაურნი იქ ქვემოთ.
მაღლა სწრაფად მიცოცავენ
კლდის წვერისკენ, სულ მთლად ზემოთ.

ქალწულმა უთხრო ამბავი:
_ “მდინარეს რომ მოსდევს ნავი,
ვინაც მოჩანს ფეხზე მდგარი,
ჩემი შესაფერი არის.

მევსება გული მხნეობით,
ვეგებები უსაყვარლესს”;
და მერე ქვემოთ ეშვება,
ერთვება რაინის ტალღებს.

რაინდები განწირულნი
უფსკრულს ჩასცქერენ უმწეოდ,
ეყრებიან საბრალონი
იქ უწირველ უსამაროდ.

ვინ მღეროდა ამ სიმღერას,
მეზღვაური აქ რაინზე,
თან ყოველთვის ყურს უგდებდა
ქვად ქცეულსა იმ რაინდებს:

ლორე ლაი
ლორე ლაი
ლორე ლაი

თითქოს ჰგავდეს ჩემს ძახილებს.



სოფიო მეროს პოეზიიდან


კაეშანი


საღამოს ბინდი ჩამოწვა ბაღში,
დაღრუბლულ ფიქრებს თავს ვერც მე ვართმევ,
დაღლილმა თავი მივაყრდენ ფანჯრის
მაგარსა ჩარჩოს, ვით ქვის სამარეს.

ჩემი ლანდები ლამაზ დროების
მიიჩქარიან თვალებდახრილნი,
აჰ, განჰქრნენ უკვე, გადავიდნენ იქ,
დამტოვეს მარტო ნატვრით აღვსილი.

მთვარის ნათებავ, სხივთა გვირგვინით
ჩემს შუბლს სიმშვიდით ვეღარ აყუჩებ,
ეს სიხარული, ჩემი ყოველი,
მოგონებაში მხოლოდ აშუქებს.

ვინც სიცოცხლეში, ბედნიერებავ,
გპოვა. ამაოდ შენი ირწმუნა,
გარნ მარტო ქარში ღრუბელი ჰქრება,
აქვე იშლება აგერ თვალთაგან.

სად არის ტკბობა? იქნებ ოცნებათ
სიხარულს მოსდევს? ეს სინამდვილე
განდევნის გულში ნაზ ეფემერას,
შორით დაბურავს ნეტარ სურვილებს.

აწმყოვ, აჰ, ჩემი ხილვები ვგრძნობ, რომ
ვეღარ ხარობენ და მოკრძალებით,
შენ მოგონებავ, ცის ქალიშვილო,
მჭკნარი მოგიძღვნა მსურს გვირგვინები.


გერმანულიდან თარგმნა
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილმა

იოზეფ ფონ აიხენდორფის (1788-1857) ცხოვრება და ლირიკის ნიმუშები

(ლექსები გამოქვეყნებულ იქნა ლიტერატურულ ჟურნალ “ხელეურის” 2009 წლის მე–4 ნომერში)

დიდი გერმანელი რომანტიკოსი პოეტი იოზეფ ფონ აიხენდორფი დაიბადა 1788 წლის 10 მარტს სილეზიის სამხრეთში, რატიბორის მახლობლად მდებარე ლუბოვიცის სასახლეში და იქვე გაატარა სიჭაბუკის წლებიც. მშობლები მას ზრდიდნენ მკაცრი კათოლიკური მსოფლმხედველობით. 1799 წლიდან აიხენდორფი ძმასთან ერთად სწავლობდა ბრესლაუს (ვროცლავის) კათოლიკურ გიმნაზიაში, შემდეგ ჰალესა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში, სადაც ისინი ისმენდნენ ლექციებს სამართალში, ფილოსოფიასა და ფილოლოგიაში. ჰაიდელბერგში პირველად გამოქვეყნდა პოეტის ლექსები. შემდეგ ძმები ბერლინში ისმენდნენ ფიხტეს ფილოსოფიურ ლექციებს. ეცნობოდნენ იმდროინდელ გამოჩენილ ადამიანებს. 1813 წელს, რუსეთიდან ნაპოლეონის ჯარების განდევნისა და გერმანიის სახელმწიფოებშიც განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებისას თავისუფალ მსროლელად წავიდა ფრანგების წინააღმდეგ საბრძოლველად.

1814 წელს აიხენდორფმა შეირთო მეუღლე ლუიზე ფონ ლარაში, რომელთანაც მთელი ცხოვრების მანძილზე დიდი სიყვარული აკავშირებდა.

შემდეგ წლებში მან შესანიშნავად ჩააბარა დიდი სახელმწიფო გამოცდა და სამსახური დაიწყო ბერლინში კულტურის სამინისტროში, მსახურობდა ასევე კენიგსბერგში სამთავრობო მრჩევლად, დამხმარე თანამშრომლად ბერლინში სასულიერო გარემოებათა სამინისტროში შემავალი კათოლიკური სკოლის სისტემაში, 1841 წლიდან კი უკვე მთავრობის საიდუმლო მრჩევლად. თუმცა მალევე თავს ანებებს სამსახურს და 1846 წელს მეუღლესთან ერთად ვენაში მიემგზავრება, სადაც ლიტერატურული წრეები მას გულთბილად ხვდებიან. აიხენდორფები საბოლოოდ ნაისში სახლდებიან და ორივე აქვე გარდაიცვლება, ჯერ მეუღლე და სამი წლის შემდეგ 1857 წლის 26 ნოემბერს _ თავად პოეტიც.

„იოზეფ ფონ აიხენდორფი ნამდვილი გერმანელი პოეტია. იგი გადმოგვცემს გერმანულ ხასიათსა და მის შემგრძნებ სამყაროს. ამაში მდგომარეობს მისი სიძლიერე, მისი სახასიათო თვითმყოფადობა. ყველაფერი, რასაც ის აღწერს: სიყვარულის ბედნიერება, ბუნების მადლი, უპირატესად კი მოგზაურობის წყურვილი, მომდინარეობს გერმანული მგრძნობიარე ბუნებიდან. გერმანული ლირიკის მშობლიურ საგანძურში ბევრი არ მოგვეპოვება ისეთი ლექსი, რომელიც თავისი ფორმით, შინაარსითა და გამომხატველობით აიხენდორფის „დილის ლოცვას“ გვერდში დაუდგეს. ეს არის იმავ დროს მისი სუფთა რელიგიური გრძნობის გამოხატულებაც. მისთვის რომანტიზმი სხვა არაფერია, „თუ არა მუდმივად განვითარებადი და სხვადასხვა ერების მიერ მრავალმხრივ გამოხატული მცდელობა იმისა, რომ პოეზიის სფეროში აისახოს ქრისტიანობის დიდი დავალება _ მარადიულისა და მიწიერის შერწყმა“, _ ვკითხულობთ პოეტის შემოქმედების ადრეული მკვლევარის გუსტავ კარპელესის ნაწერებში.

ქვემოთ მოტანილი თარგმანის ავტორია მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი, გერმანისტი, მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ყოფილი კოლეგიის წევრი. დაიბადა 1956 წელს თბილისში. ბავშვობა გაატარა სოფ. კავთისხევში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1980-იანი წლების დასაწყისში ვიტალი დარსანიასთან ერთად შეასრულა პწკარედული თარგმანი გერმანულიდან ლ. ალიმონაკის წიგნისთვის _ ლაო-ძი, „დაო დე ძინი“ (1983), შემდეგ მისივე წიგნისთვის „უპანიშადები“ (გამოიცა 1997-ში), გარკვეული ნაწილი. 1991 წლიდან კი აქვეყნებს საკუთარ თარგმანებს, რომელთა შორის აღსანიშნავია: გერმანული ლირიკის ნიმუშები, სელმა ლაგერლოფის მოთხრობები, ანგელუს სილეზიელის „ქერუბიმული მოგზაური“ (ჟურნალი «საუნჯე», 1993 წ.), ფრიდრიხ ჰოლდერლინის „იმედი მომავალ საუკუნეთა“ (1999 წ.), გრ. რობაქიძის „წერილები ნიკოს კაზანძაკისისადმი“ (დაიბეჭდა თამარ მესხის წიგნში „დიდი ხანძრის მეწამული ანარეკლი“, 1996), ჰერმან ჰესეს „ნარცისი და გოლდმუნდი“ (2001), „გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია“ (2009). 1996 წელს გამოაქვეყნა საკუთარი ლექსების კრებული.






















აიხენდორფის ლირიკიდან


გატეხილი ბეჭედი*


იმ წყლისა პირზე, გრილის, ანკარის,
ერთი წისქვილის ბრუნავს ბორბალი,
გაუჩინარდა არ ვის სადარი,
აქ რომ ცხოვრობდა, სატრფო სად არის?

იგი შემპირდა მე ერთგულებას,
გამომიწოდა თანაც ბეჭედი,
ეჰ, ერთგულების ფიცი გატეხა,
ორად გაიპო ჩემი ბეჭედი.

ვიხეტიალებ ვით მომღერალი
და მთელ ქვეყანას ასე მოვივლი,
განქარდეს იქნებ ეს გულის დარდი,
მომიწევს ყველგან მე წოწიალი.

როგორც მხედარი მინდა გავფრინდე,
აღმოვჩნდე ბრძოლის სისხლიან ველზე,
წამოვწვე მიმქრალ კოცონის პირზე,
უკუნი ღამის წყვდიადში ველზე.

ო, როგორ ბრუნავს წისქვილი, მესმის,
მე არ ვიცი რა, არც მაქვს სურვილი;
რომ გავქრე მართლაც არს უმჯობესი,
ჩაწყნარდეს ერთხელ გული ურვილი.

* პოეტი რომანსად მოიხსენიებს


მონატრება


ცაზე ვარსკვლავნი ოქროსფრად ჩანდნენ,
სარკმელთან ვიდექ განმარტოებით,
და მოაღწევდა ამ წყნარ ქვეყნამდე
ხმა საყვირისა შორეულ სივრცით.
აძგერდა მკერდში ეს ჩემი გული,
წამოიშალა ფიქრი ფარული:
ნეტავ შემეძლოს იქ ხეტიალი,
იქ, ამ მშვენიერ ღამეს ზაფხულის.
ორი ყმაწვილი გზას მიუყვება,
გადაიარეს მთისა ფერდობი.
ისინი გზაში მღეროდნენ, მესმა,
წყნარი მიდამოს გაყოლიებით:
იმ მოციმციმე კლდის ნაპირებზე.
სადაც ტყეები შრიალებს ნაზად,
ხევების გავლით იმ წყაროებზე,
ღამეულ ტყეში რომ გადმოსკდება.

მღეროდნენ ორნი ქანდაკებებზე,
და იმ ბაღებზე, მთასთან რომლებიც
სიმუქით ჰგვანან უსიერ ტყეებს;
მთვარიან შუქზე სასახლეებში,
ყურს მიუგდებდნენ სად გოგონები,
სარკმელთან მდგარნი, მღერას ბარბითის,
ძილს მისცემიან როს ირგვლივ ჭები
აქ, ამ დიდებულს ღამეს ზაფხულის.


დილის ლოცვა


ო, საოცარო, ღრმა მდუმარებავ,
წევს აქეთ მაინც რა სიმარტოვე!
კრძალვით მხოლოდ ტყე გადაიხრება,
ჩაივლის მინდორს უფალი ოდეს.

თავს რა შვებით ვგრძნობ, თითქოსდა ახლა
გავჩნდი და გაჰქრა ესე წუხილიც,
რომ მომესვენა, რაც გუშინ მწადდა,
მრცხვენია ახლა ცისკარზე დილის.

ქვეყანა თვისი ჭირით და ლხინით
მსურს რომ მხნეობით ვით მომლოცველმა
გადავიარო, გავცდე დროის ხიდს,
რომ ღმერთო, ძლევით მოვიდე შენთან.

სიმღერით ვეტრფო სიკეთეს ქვეყნის,
ამ მაცდურს ოქროს ამაოების.
იმსხვრევა ჩემი სიმთა საკრავი,
შენს წინ ვარ მდუმარ უკუნისამდის.


მხიარული მოგზაური


ვიზეც უფალი წყალობას იღებს,
შემოატარებს ქვეყნებს, უცხოს, შორს;
მოახილვინებს მთას, ბარს და ხევებს,
სურს სასწაული თვისი უჩვენოს.

სახლში რომ წვანან ის მცონარენი,
გამოაფხიზლებს რიჟრაჟი დილის?
იმათ იციან მხოლოდ აკვნები,
ლუკმა პურისთვის ზრუნვა, წუხილი.

მოიჩქარიან ნაკადულნი მთით,
მიაშურებენ ცას ტოროლები;
აბა, მე მათთან რაღას ვიმღერდი,
ხმის სისავსით და გულის სიწრფელით?!

ტკბილ უფალს ვუთმობ, მხოლოდ მან მართოს:
ტოროლა, ველი, ტყე, ნაკადული,
მიწა და ზეცა მას სურს მიიღოს,
მეც ხომ საქმე მაქვს დაკისრებული!


* * *


ო, შემოდგომავ, შენი სიმდიდრე
შენს ტკბილ დღეებში ირგვლივ, ყოველგან,
რა გასაოცრად გამოაჩინე
გაცრეცით, მაგრამ ფერად-ფერადად.

რა მიუსაფრად, ძმების გარეშე
ჩემი ხეობა ჩანს იქ შორეთში,
ძლივსღა შეგიცნობ, ძლივსღა გიხსენებ
აქეთ, ასე შორს, სიმარტოვეში.

რა მიმზიდველად, საოცარია,
სიმღერა ისმის ფერმკრთალ ბაგეთგან,
თითქოს ფარულად, ასე მგონია,
იხსნება ჩემი გული სიღრმითგან.

თავს თუმც ვიმშვიდებ, ფიქრ მეძალება,
შენ კი მღერიხარ ისევ უწყვეტად.
ზემოდან ცაცხვი ირხევა ნელა,
ფოთოლი მისი მფარავს მთლიანად.


* * *


ჩიტებო, ტყეებში ხალისით
ჭიკჭიკებთ, ვიდრეა სიმწვანე,
რა მალე, რა მალე ვინ იცის,
ყოველი, ეჰ, უნდა ჩამოჭკნეს!

ბრწყინვალეს ყოველგან ყოველსა
ვუმზერდი ადრე ხომ მე მთიდან.
ვიცოდი, თითქოსდა რატომაც
ნეტარო ბულბულო, ჩივი რად.

ძლივს, ძლივსღა ვვიდოდი ამ ქვეყნად
სალმობით, სიცოცხლით, ხალისით.
იცვლება ყოველი და ვდგავარ
დაღლილი ბინდბუნდში დაისის.

ჰაერის ნაკადი მიმოქრის,
სიმწვანე ხუნდება თანდათან,
ჩიტებო, მიფრინავთ, მშვიდობით,
ნეტავი შემეძლოს მეც თქვენთან!


მუსიკოსები


ადრიან დილით, ხევში, ჭალებში
ჩავბერთ საყვირებს გამარჯვებისას!
ტოროლა სტვენით აიჭრა ცაში:
„მუსიკოსები აქვე არიან!“
და აი კოშკი ამოიმართა
ჩაძინებული დილის რიჟრაჟში,
თითქოს სიზმრიდან ფხიზლდება ახლა
ნაკადი, ზლაზვნით რომ დის მინდორში.
აი, მინდორი მალე თვალს ჰკიდებს
ნაკადულს, ტყეში რომ გადაუხვევს,
ფოთლოვან ტყეში მირბის, რაკრაკებს,
აყრუებს არეს და ხალისს ჰმატებს.

მოგზაურობა საამური არს,
გვაგრილებს მუხა თავისი ჩრდილით,
ძნელი არ არის გაშლა სუფრისა,
მწვანეზე ვსხდებით, სადაც ვნაყრდებით.
საუზმისათვის ლხენით ჩიტები
შეასრულებენ მსწრაფლვე მუსიკას,
ტყე კი, როდესაც დუმან ჩიტები,
საოცრებებით ეხმიანება.
ის კენწეროებს თავს ახრევინებს,
თითქოსდა ტრაპეზს ის გვიკურთხებსო,
და რტოთა შორის ჩვენ ის გვიჩვენებს
მდიდრულად გაშლილს ხეობას ქვემოთ.

იქ კი დაბლობზე ერთი ბაღია,
ლამაზ ქალს სადაც დაუდევს ბინა,
დიდხანს ლოდინი არ შეგვიძლია,
შიგ ვიჭვრიტებით რკინის ჭიშკრიდან.
თეთრად მოჩანან ქანდაკებები,
გამეფებულა გრილში სიწყნარე,
ამოფრქვეულა წყლის შადრევნები,
იასამანის სურნელ ტრიალებს.
ირიჟრაჟა და დილაა წყნარი,
წინ მივიწევთ და თან მივიმღერით,
ისმენს სიზმარში სიმღერას ქალი,
ჩვენ კი მივდივართ, დავტოვეთ შორით.



გერმანულიდან თარგმნა
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილმა

Thursday, January 3, 2013

საქართველოს შეიარაღებული ძალების სავარაუდო რიცხოვნების შესახებ

(გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ “საქართველოს” 2001 წლის დეკემბრის ნომერში /5 დეკემბერს/)

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის 2000 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 5472 ათას ადამიანს, მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნებაა 26,9 ათასი ადამიანი (ანუ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 0,49 %), ომიანობის დროს გასაწვევად დაგეგმილი რეზერვისტებისა – 250 ათასზე მეტი (4,57 %).

მეორეს მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამნისტრო და გენერალური შტაბი, აგრეთვე სხვა სახელისუფლებო სტრუქტურები, ნატო-დან მოწვეული მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაციებით, გეგმავენ უახლოეს წლებში რეგულარული ჯარების რიცხოვნების 12 ათას ადამიანამდე შემცირებას (მოსახლეობის 0,22%) და აცხადებენ, რომ ეს ღონისძიებანი საქართველოს სამხედრო მშენებლობას დააახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან, რომ მცირერიცხოვან, მაგრამ კარგად გაწვრთნილ და პროფესიულ ქართულ არმიას შეეძლება ქვეყნის თავდაცვის ნებისმიერი ამოცანების გადაწყვეტა.

ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს. იმავე ლონდონური წყაროს მონაცემებით, 1991 წელს, ცივი ომის მიწურულს, ნატო-ს წევრი მცირე ევროპული სახელმწიფოების (ნიდერლანდები, დანია, ბელგია, ნორვეგია) მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება შეესაბამებოდა ქვეყნის მოსახლეობის 0,58-დან 0,88 %-მდე. ცივი ომის დასრულების შემდეგ ამ სახელმწიფოებმა თავიანთი რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება შეამცირეს, მაგრამ დღესაც ეს მაჩვენებელი უტოლდება 0,33 – 0,60 %%-ს (ყველაზე ნაკლებია ნიდერლანდებში, მეტი ნორვეგიაში).

სამაგიეროდ ჩვენს მეზობელ თურქეთში ეს მაჩვენებელი შეადგენს 0,92 %-ს (ქვეყნის მოსახლეობაა 66130 ათასი ადამიანი, რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება კი 609,7 ათასი).

მაინც როგორი უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნება? ჩვენი აზრით, ქვეყნის თავდაცვისა და, შესაბამისად, სამხედრო მშენებლობის საქმეს საფუძვლად უნდა დავუდოთ სახარებისეული ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ადამიანი (იგულისხმება სახელმწიფოც) სხვა შეძლებულ ადამიანზე (სახელმწიფოზე, სახელმწიფოთა ჯგუფზე ან საერთაშორისო ორგანიზაციებზე) კი არ უნდა ამყარებდეს თავის იმედებს, არამედ ღვთის რწმენითა და მასზე სასოებით, მისი მცნებების მიყოლით, უწინარეს ყოვლისა, თავად უნდა ზრუნავდეს საკუთარი გაძლიერებისა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის.

საკუთარ ძალებზე პრიორიტეტულად დაყრდნობის კონცეფციის გარდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობას საფუძვლად უნდა ჰქონდეს ყოველ მიმდინარე ეტაპზე მეზობელი სახელმწიფოებისა და მათი შესაძლო მოკავშირეების მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი არსებული სავარაუდო სამხედრო მუქარების განეიტრალების უცილებლობა.

90-იან წლებში, ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო-ს ბლოკის უმეტესმა სახელმწიფოებმა თავიანთი სამხედრო ხარჯები, ძირითადი შეიარაღება და შეიარაღებული ძალები შეამცირეს. ამის საპირისპიროდ თურქეთმა თავისი სამხედრო ხარჯები გააორმაგა (1990 წლის 5,0 მლრდ. ამერიკული დოლარიდან 1999 წლის 10,1 მლრდ. დოლარამდე), ხოლო ამერიკამ და გერმანიამ კი გადასცეს შედარებით თანამედროვე შეიარაღება და სამხედრო ტექნოლოგიები. ამ ღონისძიებების შედეგად, 90-იან წლებში თურქეთის შეიარაღებული ძალები, სულ მცირე, 3-4-ჯერ უნდა გაძლიერებულიყო.

ამ გაძლიერებული ჯარების რიცხოვნებით მეორე სახმელეთო დაჯგუფება განლაგებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში, ამიერკავკასიის სახელმწიფოთა უშუალო მახლობლობაში. ეუთო-ს ოფიციალური მონაცემებით, 1998 წლის დასაწყისში, მასში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 87 ათასამდე ადამიანი, 540 საბრძოლო ტანკი, 625-ზე მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 685-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (100 მმ და მეტი ყალიბისა), 10 დამრტყმელი და 30-ზე მეტი საბრძოლო უზრუნველყოფის ვერტმფრენი, აგრეთვე სხვა შეიარაღება.

ამაზე საპასუხოდ რუსულ სარდლობას, იმავე 1998 წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყებამდე, ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში, აგრეთვე მოსკოვისა და ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქების სამხრეთ რაიონებში, განლაგებული ჰყავდა საბრძოლველად მზადმყოფი 95 ათასამდე პირადი შემადგენლობა, 915 საბრძოლო ტანკი, 3175 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1200 საველე საარტილერიო სისტემა, 80 დამრტყმელი, 100-ზე მეტი საბრძოლო უზრუნველყოფისა და 10 მძიმე სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენი, აგრეთვე სხვა შეიარაღება.

თავისთავად ცხადია, რომ დაპირისპირებულ მხარეთა ასეთი მსხვილი ძალების ამიერკავკასიის საზღვრების მახლობლობაში თავმოყრა საქართველოსაც უნდა აიძულებდეს მაქსიმალური ადამიანური და მატერიალურუი რესურსების დაძაბვას საკუთარი ტერიტორიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად. სწორედ ასეთი სამხედრო-სტრატეგიული კონცეფცია გააჩნდათ ცივი ომის პერიოდში ევროპის მცირე ნეიტრალურ სახელმწიფოებს – შვედეთს, შვეიცარიასა და ფინეთს. ამიტომ მათი სამხედრო მშენებლობის გამოცდილება ჩვენთვის მეტად საგულისხმო და სასარგებლო უნდა იყოს.

თანამედროვე სამხედრო თეორიითა და პრაქტიკით, მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები განკუთვნილია ქვეყნის სამხედროვალდებული ახალგაზრდობისთვის სამხედრო საქმის შესასწავლად, შემდგომ ეტაპებზე რეზერვისტთა გადამზადებისთვის, შედარებით მცირემასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტებში საკუთარი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. ხოლო მსხვილმაშტაბიანი ომის გაჩაღების შემთხვევაში კი, მის საწყის ეტაპზე, რეგულარული ჯარები იყენებენ სახელდახელოდ მობილიზებულ რეზერვისტებსაც, რათა თავდაცვითი და შემკავებელი მოქმედებების წარმოებით მისცენ შესაძლებლობა ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სრულმასშტაბიანი სამობილიზაციო ღონისძიებების გატარების, ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების სრულად გაშლისა და თავდაცვითი ომის წარმოებისთვის.

მსხვილმასშტაბიან ომს, როგორც აღვნიშნეთ, ქვეყანა აწარმოებს საომარი დროის (სრულად მობილიზებული) შეიარაღებული ძალებით, რომლის რიცხოვნებაც სახელმწიფოს მთელი მოსახლეობის დაახლოებით 10 %-სა და მეტსაც შეიძლება შეადგენდეს. 1991 წლის მონაცემებით შვედეთის, შვეიცარიისა და ფინეთის მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების რიცხობრივი მაჩვენებლები მოყვანილია ცხრილში.

ევროპის მცირე ნეიტრალური სახელმწიფოების მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები 1991 წელს

მოსახლეობა და შეიარაღებული . . შვედეთი . . შვეიცარია . . ფინეთი
ძალები (შძ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ქვეყნის მოსახლეობა, ადამიანი . . . . . . 8340200 . . . . 6503800 . . . 5023200

მშვიდობიანობის დროის
რეგულარული შძ, ადამიანი . . . . . . . . . . . 63000 . . . . . . . – . . . . . . . . 31800
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . . .(0,76) . . . . . . .(–) . . . . . . . .(0,63)

შეიარაღებული ძალების
რეზერვები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . .709000 . . . . . 625000 . . . . 700000*
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . . . (8,51) . . . . . .(9,61) . . . . . (13,93)

ომიანობის დროის სახმელეთო
ჯარები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 550000 . . . . . 565000 . . . . .460000
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . . . (6,59) . . . . . .(8,69) . . . . . .(9,15)

ომიანობის დროის საჰაერო
ძალები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 57000 . . . . . .60000 . . . . . .30000
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . . . (0,68) . . . . . . (0,92) . . . . . .(0,59)

ომიანობის დროის საზღვაო
ძალები, ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 102000 . . . . . . . . – . . . . . . . 12000
(ქვეყნის მოსახლეობის %) . . . . . . . . . . . . .(1,22) . . . . . . . . (–) . . . . . . (0,24)

* ამათგან 500000 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის 9,95 %) იარაღით ხელში, ხოლო 200000 (3,98) კი – იარაღის გარეშე.

ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები ოპერატიული დანიშნულების მიხედვით იყოფა საბრძოლო ანუ საველე ჯარებად (ძალებად) და ტერიტორიული (რაიონული, ადგილობრივი) თავდაცვის ჯარებად. პირველს ევალება ძირითადი საბრძოლო ოპერაციების წარმოება, მეორეს კი ცალკეული რაიონების თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტა. შესაბამისად, საბრძოლო (საველე) ჯარებში იწვევენ შედარებით ახალგაზრდა ასაკის რეზერვისტებს (სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 35 ან 45 წლამდე), მათ აძლევენ ყველაზე უფრო თანამედროვე, ძვირადღირებულ და ძლიერ შეიარაღებას. ტერიტორიულ ჯარებს კი აკომპლექტებენ სათანადო რაიონების მაცხოვრებელი უფრო ხანდაზმული რეზერვისტებით (35 ან 45 წლის ზევით) და მათ უფრო მოძველებულ და იაფ შეიარაღებას აძლევენ. სამაგიეროდ საკუთარი რაიონების კარგი ცოდნა და მათ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებთან შეგუებულობა ტერიტორიული ჯარების მებრძოლებს დიდად ეხმარება მათზე დაკისრებადი ამოცანების გადაწყვეტაში.

საჰაერო ძალებში ტერიტორიული ჯარები შეადგენენ საზენიტო-საარტილერიო ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, საზღვაო ძალებში კი – სანაპირო თავდაცვის (სანაპირო არტილერიის) საჯარისო ერთეულებს.

რაც შეეხება რეზერვისტთა სამობილიზაციო მზადყოფნას, შვედეთსა და ფინეთში რეგულარული შეიარაღებული ძალებიდან დემობილიზებული ახალგაზრდა ერთი წლის განმავლობაში ირიცხება ექსტრენულ რეზერვში და მობილიზაციის გამოცხადებისთანავე ვალდებულია 24 საათის განმავლობაში გამოცხადდეს მისი მიწერის ნაწილში. ერთი წლის ვადის გავლის შემდეგ მისი სამობილიზაციო მზადყოფნის ხარისხი რამდენადმე მცირდება, მაგრამ მის ადგილს უკვე სხვა რეზერვისტი იკავებს. გარკვეული ასაკის მიღწევამდე რეზერვისტებს ევალებათ მობილიზაციის გამოცხადებიდან 72 საათის განმავლობაში გამოცხადდნენ თავიანთ ნაწილებში, უფრო ხანდაზმულებისთის კი ეს ვადა შესაძლოა ერთ კვირამდეც გაიზარდოს.

შვეიცარიაში მშვიდობიანობის დროს რეგულარული შეიარაღებული ძალები ფაქტიურად არ არსებობს. იქ ახალწვეულები 4,5 თვის განმავლობაში გადიან საწყის სამხედრო მომზადებას, შემდეგ კი გადადიან რეზერვში. ამიტომ შვეიცარიაში ჯარში წელიწადში ორ ნაკადს იწვევენ. სამაგიეროდ რეზერვისტთა საბანაკო შეკრებები ამ ქვეყანაში უფრო ხანგრძლივი და ინტენსიურია.

21-32 წლის ასაკის რეზერვისთა შემადგენლობას შვეიცარიაში ეწოდება “აუსცუგი” (Auszug – ქართულად ნიშნავს “აბა ჰე”-ს, “დაძახების თანავე”), რომელიც შედარებით მაღალ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება. 33-42 წლის რეზერვისტები შეადგენენ “ლანდვერს” (Landwehr – “სამშობლოს თავდაცვის ჯარები” /მილიცია/), რომელიც ძირითად სახაზო ჯარებს წარმოადგენს, ხოლო 43-50 წლის რეზერვისტები კი ქმნიან “ლანდშტურმს” (Landsturm – “სამშობლოს სახალხო ლაშქარი”) – იგივე ტერიტორიული თავდაცვის ჯარებს.

კრიზისულ სიტუაციებში ან ომის დროს მათ მობილიზაციას უნდა ატარებდნენ ოპერატიულად და ეტაპობრივად, ძირითადად 24-72 საათის განმავლობაში, ისე რომ ერთი კვირის მანძილზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობას შეეძლოს ჯარების სრულად გამოყვანა. 1991 წელს შვეიცარიის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამ ვადაში გამოჰყავდა 625 ათასი ადამიანი, ფინეთისას 700 ათასი (მათგან 500 ათასი იარაღით ხელში, საველე და ტერიტორიული თავდცავის ჯარებში, ხოლო 200 ათასი კი იარაღის გარეშე, ზურგისა და სხვა სამსახურებში). ეს ჯარები, აღნიშნულ სახელმწიფოთა მცირე ტერიტორიების გათვალისწინებით, დიდ ძალას წარმოადგენენ და ნებისმიერი, რაგინდ ძლიერი, აგრესორისთვის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობა, ისე როგორც ეს დღეს მიმდინარეობს, როგორც ვხედავთ, სულაც არ მიჰყვება დასავლურ სტანდარტებს, დასავლეთის მცირე სახელმწიფოთა გამოცდილებას, და ვერანაირად ვერ შეიძლება უზრუნველყოფდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ყოველივე ეს კი, ჩვენს მოსახლეობას, სამწუხაროდ, მეტად მძიმე შედეგებით უბრუნდება ხოლმე.

ირაკლი ხართიშვილი