ნაწილი II
40. სოლომონ მეფის წარდგინება იმპ. ეკატერინე II-დმი. 1770 წლის 19 სექტემბერს.
მოიხილე დედობრივითა წყალობითა დედაო ყოველთა ქრისტეს-მოსყიდულთა ერთა და იხილე განფენილი ვედრება ჩვენი! ოდეს მათი დიდებულების იმპერატრიცის მზისა უბრწყინვალესი დიდთა და მცირეთა სწორად მიმფენი შარავანდედი წარმართთ საცთურითა დარულებულსა ქვეყანასა ჩვენსა გარდამოეფინა და სიმჴნე-მეცნიერებითა წურთილი ჯარი შესაწევნელად ჩვენდა მოიწია, – მიერითაგან ფიცითა ჯეროვანითა და მტკიცითა მათი დიდებ. იმპერ. ამაღლებულისა რქისა ერთგულობასა და განძლიერებასა ზედა საუკუნოსა აღთქმითა ჴელი მოვაწერეთ და ჩვენი სამეუფო მათსა განძლიერებულსა იმპერიასათანა შევრთევით, და რომელიცა მათის უმაღლესობის რაიმე სავნო არის – მისიცა განცხადება აღვსთქვით. აწ ვხედავთ, ყ~დ უდიდებულესო ხელმწიფეო, და ვერ ძალგვიც დაფარვად შიშისათვის და აღთქმისა: ჯარისა სიმხნე სისრულისა წურთილება და ზედმიწევნილებით გამოცდილება ფრიად საკვირო და განსაცვიფროა, მარა რაოდენნიმე მიზეზნი მჴედართ-მთავრისანი წინაუყოფენ და დაამდაბლებენ, და მათსა ძლიერებასა ჰფარვენ, რომელი რაიცა მათი დიდებ. იმპერ. უკაზით გვებძანა, თუცა მჴედართ მთავარსა ენება და ეწადა მისი აღსრულება, მათის უჴელმწიფესობის ძლიერებასა ვფიცავ, რომელ ფ~დნი სახელნი და სახელოვანნი საქმენი აღესრულებოდენ, და რამდენნიმე ქალაქნი ოსმანთ მიეღებოდენ; მარა უწესოდ მიმოკვეთება ფრიად შეაჭირვებს და აურვებს ჯარსა, და რომელიცა უმჯობე და რჩეული გზებია, ბრძანებისაებრ, რომ გამოუცხადებთ, ესრეთ თანწარჴდება ვით სავლტოსა რასმე ამაოსა; და მარად ვიურვით და ვწუხვართ, და სირცხვილისა ფარდა პირსა გვაფარია, რომე სხვათა მ~რ მრავალნი ძლევანი ისმიან და ჩვენ ესოდენსა ხანსა ერთი სადიდებელი და სათქმელი საქმე ვერ აღვასრულეთ; მარა დია თავისუფლებით მცხოვარი და სიტყვა შეუწყნარებელი კაცი ყოფილა, და რა ვყოთ არა ვუწყით, ყ~დ მოწყალეო? და მეორედ ჩამოვიდა ჩვენთანავე ქვეყანად, წინ მივეგებე მხიარულებით და წარუძეღუ ბაღდადისა ციხესა, და მოვადეგით, მარა არტილერიისა სიმარჯვე-წყობილებამან განმაკვირვა და მხიარულებითა აღავსო გონება ჩვენი, და სხვაცა მრავალი საგანსაცხრომო იმედი და ნუგეში ვისმინე მაშინ ღრაფისაგან, რომელი პირის-პირ მეტყოდა: თუცა პირველ აქედამ წასვლით შეგაწუხეო, მარა ჯარი არ მყავდა საკმაო, და მისთვის წაველ, აწ, რადგან ამდენი ხელოვანი ჯარი მომივიდა, ნახავ რამდენნი სახელოვანნი და დიდნი საქმენი აღვასრულებინოო. მე ამ ამბისა სმენითა მხიარულ ქმნილმან და უფროსად ჴელოვანისა ჯარისა მიერ ბაღდადისა ციხისა ადრე დამხობისა მხედველმან, მათი დ. ი. წინაშე გამოვაცხადე მათი სიქველე; მარა აწ ვხედავ, რომ მხოლოდ სიტყვა იქმნა და არა საქმე. წარმოვედით მუნითცა და, ვითა წინათ, მივეცით მათსა საუწყოსა, და ქუთაისის დანაშთენსა ციხესა მივადეგი, რომელი სიყმილისაგან ფრიად მოუძლურებულ იყო და მიწევნულ იყო დანთქმასა, მარა ჩემნი კაცნი შამოვაყენენ და მათ ვარწმუნენ ადვილად აიღებენ, და უფროსად დიდი შიში და ძრწოლა მიეფინებათ სხვათა ქალაქთა, და მათის ძლიერების ჴმა განისმის მეთქი, მარა მან ჩემი კნიაზი და სხვანი უბრალეულონი კაცნი დაიჭირა – ოსმანთ შემწენი არიანო. ყ~დ უმოწყალესო ხელმწიფეო, ათექვსმეტი წელი სრულ იქმნა, რომ ოსმანთ ბრძოლაში ვიჭირვი და ვშურები, და რამდენნი ბრძოლანი და განსაცდელნი გარდამხედიან თითოეულად არ წარმოითქმის, და მათნი შემწენი რამდენიმე მოვსწყვიდენ, რამდენნიმე დავაბრძენ, და მრავალნი სულნი ჩვენის სამეფოჲთ წარვსდევნენ, და თუ ესენი ჩემნი მტერნი და ოსმანთ შემწენი ყოფილიყუნენ, მათი ჩემთან ყოფა ვითა ეგებოდა, მარა დია სწრაფათ და გაუშინჯავად მხედველობს. აწ კიდენ ჩვენის ქვეყნის სანაპიროს ადგილებზე, ზღვის პირათ, ციხეები არის ოსმანთა, და ვაიძულე მათზედან მისვლა. დია შორად განმიკიდა და არც პასუხი მიგო რიგიანი, თანაწარმხდა და ახალციხეს განემზადა წასავალად, დია სწრაფით, და ჯარისთვის საზრდელის შეწევნა ითხოვა და, რომელიც ჩვენგან შეიძლებოდა, განუმზადეთ. ვგონებ ნაკლებობა არაფერი ჰქონდათ საზრდელისა. განვამზადე მეცა თავი ჩვენი მუნ წასასვლელად და ვაუწყე ღრაფსა: რადგან მიხვალ, მეც ჩემის ჯარით ჴელმწიფის ჯართან მოვსწყდები მეთქი. და რომელიცა მათის დ. ი. წყალობა გვებოძა ჯარის ჴელის მოსამართავად ვითხოვე: და არც ჩვენი წასვლა ინება და არც დ. ხ. წყალობა მოგვცა. ასე მიპასუხა: თუ ხუთასის კაცით წამოხვალ, წამოდიო, და თუ მეტს წამოიყვან, შენი წამოსვლა არ იქნებაო. მე ამის სმენა დია მეოცა და განვკვირდი, – ხონთქრის ბრძოლა და დიდროანის ქალაქების დაპყრობა ხუთასის კაცით როგორ იქნებოდა? და დავიდუმე. ამას წინათ მეფე ერეკლესთან წავიდა ახალციხეს და დია უჯეროდ და ურგებად დაბრუნდა, და ახლა კიდევ ეს იყო წავიდა და გზიდამვე დაბრუნდა, და აქავ ჩამოვიდა, და ასე უსარგებლოდ და უხამსად მიმოკვეთება დია შესაწუხებელი და სასირცხვილოა, და განსალაღებელია მტერთა. ჩვენის დაშლით და რჩევით ვერაფერი ვასმინეთ, და რა ვყოთ?
აწ ესე ყოველი ჭეშმარიტი ამბავი მათის მოწყალების წინაშე განგვიფენია და ნება ყ~დ მ. ხ. თუ არ გამოგვეცხადებინა და დაგვეფარა, მათს მრავალს მხედველს თვალს არ დაეფარებოდა და შემცოდედ გამოვჩნდებოდით. აწ რადგან გამოვაცხადეთ, ბრალეულობისაგან თავისუფალნი ვართ. თუცა მათი დ. ი. უკაზისაებრ აღესრულებინა და ჩვენ და მეფე ირაკლი ერმანეთისაგან არ განვეწვალენით, და ჩვენი უმჯობესის გზების დანახვება შეესმინა, და მაშინ კეთილად ვერ წარმართებულიყო ყოველი საქმე – დია ბრალეულნი ვიქნებოდით, მაგრამ რადგან მე და მეფე ირაკლი განგვწვალა, და არც ჩვენი რჩევა და სიტყვა შეიწყნარა, მათის აღსრულებისა საქმისაგან დია უბრალო ვართ. თუცა მათი დ. ი. ბძანება იქნება და სხვასა ვისმე ურჩეულესსა ებძანება მჴედართ-მთავრობა, რომელიცა მათი უდიდებულესობის ასამაღლებელი იყოს, და რადგან მათის იმპერიასთანა ჩვენც შეერთებული ვართ, სიტყვასა და ურჩეულესის გზების დანახვებასა ჩვენც გვისმენდეს; თუ ადრე ვერ ვასმინოთ მათს ყ~დ ამაღლებულს იმპერატორობას სახელოვანნი ძლევანი, ჩვენი სიტყვა უმტკიცო ყოფილა, და თუ ჩვენი სიტყვა არ შეიწყნარება და აქაური გზების და მოსვლის ამბავი არაფერი გვეკითხება, ჩვენც ბრალეულობისაგან თავისუფლებას ვითხოვთ, და ნება მრავალმოწყალის ხელმწიფისა იყავნ მარადის.
სეკდემბერს 19, 1770 წელსა.
41. ერეკლე მეფის წერილი თავად ა. რ. მოურავოვს. 1770 წლის 24 სექტემბერს.
რომელიც თ. ბ. ჩვენთვის წერილი ეთხოვნა – თქვენის თხოვისაებრ ბძანება მიგვიცია: ზემოქართლის ქვეყანაში რომ მ. ი. დ. ჯარს პური მიჰყიდონ, და რომელიც კაცი რაოდენსაც პურის ფასს მიუტანს, იმოდენს პურს მიჰყიდიან; ხარისა და ურმისა თვით თ. ბ. მოეხსენება, რომ როდესაც ღრაფ ტოტლებენი ჩვენს ქვეყანაში იყო თუ როგორ ძალად ართმევდა, რომ საბრალო გლეხს კაცს ერთს ფულს ქირას არ აძლევდა, და კიდეც უხოცდენ ხარსა და უჭამდენ, და ჩემის ბძანების შიშით პატრონი ხმას ვერ ამოიღებდა, და ახლა ხომ რაც ქრცხილვანში და იმის ხეობაზედ ურემი და ჴარი ყოფილა სულ ძალად წაურთმევიათ და წაუყვანიათ, და სხვა, რომელსაც ტოტლებენის ბძანებით როგორც რომ აჭირვებენ და აწუხებენ ზემოქართლის გლეხთკაცთ და შეურაცხებაში ჰყავსთ თ. ბ. ესეც კარგად ესმის და იცის. მე ჩემსა და ჩემის ქვეყნის უბედურებას ვაბრალებ ამისთანას შფოთის შემთხვევას, რასაც მწუხარებაში ღრაფ ტოტლებენისაგან შეუყენებელნი ვართ. მე სპარსეთში სხვას კაცის ამხანაგათაც ვყოფილვარ და სპარსეთის ჴელმწიფისთვისაც მიმსახურია, მაგრამ მე ჩემს ჟამში ამისთანას შფოთსა და მწუხარებას არ შევსწრებივარ, და აღარც ამდენის ქვეყნის იმისგან გასაწყლებისა და უსამართლოდ და ურიგოდ მოქცევის მოთმინებაღა შემიძლია. ვგონებ, რომ სულ ზედმიწევნით იცოდეს შენმა ბრწყინვალებამ, და სულ ჩვენის დიდთა და მცირეთაგან გესმოდეს, რომ რა ყოფა დაჰმართებია ხოლმე ტოტლებენისაგან, ჩემის მტერობით, ჩემის ქვეყნის კაცთ.
ახლა ხომ იარანალ მაიორი იმერეთს იმყოფება და ჯარიც თან ახლავს; ვალდებული იმერეთის ქვეყანა არის, რომ ჯარი, ურემი და პური რაც ჯარს ეჭირება – იმათ მოუმართონ ჴელი. ახლა როგორ შეუძლია ზემოქართლს, რომ ლაშქარსაც გამოვიდეს, შინჩამოდგომილს მტერს, ლეკსაც, პასუხი გასცენ და შინ საბრალოს გლეხკაცს რაც ჴარი და ურემი ჰქონდეს ისიც წაერთვას? თუ მისის ი. დ. ჯარი ჩემს ქვეყანაში იყოს, რაოდენ შეიძლება ყოვლის სამსახურის თანამდებობა გვაქვს, და სანამდის იყვნენ კიდეც, სამსახური გასწივეს, მაგრამ იმერეთის მაგიერ ჩვენი ქვეყანა რად უნდა პურსა და ხარსა, და სხვის სამსახურისათვის სწუხდეს? მაგრა ტოტლებენი ჩემი მტერია და ჩემის გულისათვის აწუხებს საბრალოს ჩემს ყმებს, და წელსაც იმ მჴარის კაცნი უხნავნი დარჩნენ.
როგორადაც ახლა თქვენი ჩემთან მოწერილი წიგნი აცხადებს, რომ მოგიწერიათ: ღრაფ ტოტლებენი იწერებაო სადმე მე კაცი დამეყენებინოს და პეტრებრუხითგან ღრაფთან მომსვლელს კაცს და ღრაფიდამ პეტრებრუხს წამსვლელს კაცს ვაჭერინებდე, რომელიც ეს სიტყვა სატანისაგან არის სიცრუით გაკეთებული და მოგონილი, და ვინც ამ საქმეში ცრუი და მტყუანი არის სატანისავე დამცემელი და შემმუსვრელი დასცემს და შემუსრავს, და რუსეთის დიდი მონარხის რისხვასაც საუკუნოდ მისცემს; მე ამაში ყოვლითურთ მართალი ვარ, რომ ეს ჩემგან ქმნილი საქმე არ არის, ეს მტერობით მოგონებული ტყუილი არის. შენმა ბრწყინვალებამ გასინჯოს, რომ იმისი რაღა უნდა დაიჯერებოდეს ჩემი და ჩემის ქვეყნის მტერობა, და თქვენ ვალდებული ხართ, რომ მისგან ჩემი და ჩემის ქვეყნის ეს ყოფაები უმაღლესად მოახსენოთ. ახლა დუშეთიდამ რომ გამოვილაშქრეთ, ღმერთს ვიმოწმებ, რომ არ შემეძლო, ავადაც ვიყავ, რომ თვით თქვენვე იცით, მაგრა მე მ. ი. დ. სამსახური ასე მსურს ვითა თვით ქრისტესი, და ამისთვის ჩემს შეუძლებლობას არ მივხედე და გამოველ მ. დ. მტერზედ ბრძოლად, და წინააღდგომად. არ ველი მ. დ. ყოვლად მოწყალის ჴელმწიფისაგან, რომ ჩემი და ჩემის ქვეყნის შეწუხება და შეურაცხება არ მოიკითხოს.
დაიწერა სეკდემბრის 24. წელსა 1770, ალგეთზედ.
42. სომეხი ეპისკოპოსის ისაიას წერილი მეფე ერეკლეს და ამ უკანასკნელის შენიშვნა. 1770 წლის 26 სექტემბერს.
მონა იესო ქრისტესი და თქვენი ფეხთა მტვერი ისაია ეპისკოპოსი, დღე და ღამ თქვენი მლოცველი და თქვენი გამარჯვების მონატრე! ჩვენო ბედნიერო ჴელმწიფევ, ახლა აქ [ვარ] და ახლო შევიქენით: წავედი მაჰმედა ქურდისტანს, იეზიდების უმფროსი ვნახე, თქვენი ბედნიერი რაჟამ უჩვენე – დიდად გაეხარდათ, თქვენი (?) თავზედ დაიდვეს და თქვენი მორჩილი შეიქნენ. ჩემო ჴემწიფევ, ამას გეხვეწებიან, რომ ღვთით გამარჯვება მოგეცეს; ხოშომას ციხეს თხოულობენ: ცარიელი ციხე ჩვენ მოგვცესო, საქონელი არ გვინდაო, რომ თამამი იეზიდხანა იქ მოვგროვდეთო. ამ წყალობას ეძებენ თქვენგან, ამას მოვახსენებ ჩვენ მწყალობელს ჴემწიფეს, რომ დიაღ კარგი ვაჟკაცები არიან; მოსულს აქეთ რაც იეზიდები არიან სულ ამის მორჩილი არიან, თავი იეზიდებისა ეს ჩობან-აღა არის, ჩემო ჴემწიფევ.
დაიწერა მარიამობის თვის ი~გ გასულს, ქ~კს უნჱ.
(აზის ბეჭედი სომხური წარწერით)
ქ. ეს ესაია აისორთ ეფისკოპოზის მოწერილია; ამას თქვენი მაღ. ღრაფ. ბრწყ. გაშინჯავს. თუ რუსეთის ჯარი და მეფე სოლომონ და ჩვენ ამ ზაფხულ ერთად ვყოფილიყავით, ჩვენს ქვეყნებსაც მტრისაგან დავიცავდით, ესენიცა და ამ მხრის ქრისტიანენიც ჩვენ შემოგვიერთდებოდნენ, და დიდი ძალი მოგვემატებოდა საზოგადოთ ქრისტიანეთ მტერთ ოსმალთზედ. ეს წიგნი მომივიდა სეკდემბრის კვ, წელს ჩღო.
ი რ ა კ ლ ი.
43. ვართაპეტ ისაიას წერილი მეფე ერეკლესადმი. 1770 წლის 26 სექტემბერს.
მონა ისეო ქრისტესი, თქვენი ფეჴთა მტვერი და თქვენი ბძანების მორჩილი, და ნიადაგჟამ თქვენი გამარჯვების მლოცველი ესაია ვართაპეტი – მოგახსენებთ! ჩვენ ბედნიერს ჴემწიფეს ამას მოგახსენებთ: თქვენი ბედნიერი ოჯახიდამ რომ წამოვედით აპრილის კ~ა, მოველი ერევანს საღამოთათ, გვინდოდა ერევნიდამ ჩუმათ წამოვსულიყავით, რომ არავის არ ვეცნეთ ვისმე. ერთიც ვნახოთ ეჩმიაძინის კათალიკოზმა იასაულები გამოგვისია, დაგვიჭირეს, წაგვიყვანეს ეჩმიაძინს, ბევრი დარდუსარი გავწიეთ, თქვენის წყალობით ჩითჩიოღლი გურგინა იქ მოგვესწრო, იმან მოგვარჩინა, იმ დარდით გზაზედ ავათ გავხდი, იმ დღეს შეუძლოთ გახლდი, მასუკან თქვენი წყალობით კარგათ შევიქენ, წვედი იეზიდებიც ვნახე და აისორის კათალიკოზიც სიყვარულობით თქვენი ყული შეიქნენ, ჩემო ჴემწიფე. მე რაც თქვენი ბრძანება იყო ყოველს კუთხეზედ გავისარჯეთ. სანამ ცოცხალი გახლავართ, თქვენი მლოცველი და თქვენი მოსამსახურე გახლავარ. ამას გეხვეწებით ჩვენს ბედნიერ ჴემწიფეს, რომ დიაღ მეშინიან – ერთი თქვენი წყალობის ყმობის წიგნი გვიბოძოთ. ერთს ამას მოგახსენებ, რომ ამ იეზიდებს, ამ კათოლიკოზს სიმონს ერთი თქვენი წყალობის წიგნი უბოძოთ ქართულსა ენით, რომ ამით გულიც გაუმაგრდესთ. დაიწერა მარიამობის თვის იე, ქ~კს უნჱ.
(აზის სომხური წარწერით ბეჭედი)
ქ. ასურთ ეპისკოპზი ისაია, რომელიც ამის უწინარეს ჩვენთან მოვიდა და გვითხრა: ასურთ შემოერთება უნდა თქვენიო, – ეს იმის მოწერილია, და იმ ასურთ მოციქულიც იყო ჩვენთან დიდის ვედრების ხმით, რომელიც უწინ ამისსა მაღალს კარს მოვახსენეთ, რომ ამათ ჩვენი შემოერთება უნდოდათ. ეს წიგნი მომივიდა სეკტემბრის კვ, წელსა ჩღო.
ი რ ა კ ლ ი.
44. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინს. 1770 წლის 9 ოქტომბერს.
საჭიროდ თანაგუაცს, რათა მარადის ჩუჱნი ვითარება უმაღლესსა კარსა მოჰხსენდეს:
ოდეს მტრის ადგილიდამ მოვბრუნდით და ჩუჱნი კურიელი, რომ წარმოიგზავნა უმაღლესსა კარსა, შემდგომად ამისსა, რაოდენ ჩუჱნგან შეიძლებოდა, არ ვაცადეთ ოსმალთა ზედა მტერობაჲ. აწ განცხადებულ იქნა თქუჱნისა მაღ. ღრაფ. ბრწყ. წინაშე, რომ ამ მახლობელ დროსა სამგზის და ოთხგზის ჩვენმა ჯარებმა კმასაყოფელი ძლევაები მიიღეს ოსმალთა და ლეკთა ზედა, ეგე ვითარი, რომ მათი კმასაყოფელი იყო წყალობისა ღვთისათა და ბედნიერობითა მ. იმპ. დიდებ., სხუაგუარ მტრის ქუჱყნის დარბევასა და წარმოტყუჱნუასა გარდა, რომელთაცა პირუჱლი გამარჯუჱბა მოუვიდათ კნიაზ მელიქოვთა ავთანდილს და გიორგის ოსმალთა ზედა, რომელთაცა მრავალი მოკლეს და მრავალი შეიპყრეს, და გზის სიშორისგან უნამეტნავესი ვერ გამოვგზავნეთ ბრძოლასა ამას შინა დაშთომილი კაცი, და არს გამოგზავნილი სამი ოსმალი, – ერთი ფაშის შვილი და ორი სხუა, და ამ ბრძოლასა შინა მოიკლა ჩუჱნის მხრიდამ კნიაზი ბაადურ ციციანოვი, ბრძოლასა შინა გამოცდილი. და კვალად ათხუთმეტსა აგჳსტოს კუმუხის მთავრის შვილმან, ჰაჯი გერეიბეგის ძმამ, მაჰმად, რომელმაც რომ ათას ორასის კაცით გამოიარა ახალციხის მისაშველებლად კახეთის უშენის ადგილებიდამ, და გზიდამ გამოპარვით გამოვლო, და ბორჩალუს უეცრად გამოიარა, და რომელიც ჩუჱნგან გაგზავნილი თოფჩიბაში კნიაზი გიორგი მოურავოვი და სულთანი ბაიდრისსა, და ბორჩალუს ვექილი ჯარით იმ ადგილის მცველად დაგვედგინა – ესენი უკანიდან მოეწივნენ და შეებნენ, და კმასაყოფელი მოსწყვიტეს და შეიპყრნეს. ლტოლვილნი ზოგნი უკან გაიქცნენ და ზოგნი ახალციხისკენ გაიქცნენ; და ამას ძლევასა შინა შეპყრობილი სამი ლეკი წარმოვავლინეთ ამავ ოსმალოს ტყუჱთაგანა, რომელიც არის ერთი ანდიელი ფირ-მაჰმად და ერთი შამხალის კაცი, და ერთი ქოდალელი.
ამ კუმუხის მთავრის შვილის ჰაჯი გარაი ბეგისაგან და იმისის ძმებისაგან დაბარებულნი თუშეთის მახლობელნი ოთხი ათასი დაღისტნის ლეკნი ოცს აგვისტოს თუშეთს მოუხდნენ, და რომელიც თუშეთის მოურავი კნიაზ ჩოლაყოვი დურმიშხან თუშეთს გაგვეგზავნა თუშეთის ჯარის შემოსაყრელად, ვინაიდგან გვეგულებოდა მტერზედ წასულა, ეს კნიაზ ჩოლაყოვი თავისის თანხლებულის კაცით იქ დაესწრა; ცხოველის მყოფელის ჯუარის ძლიერებით ამან თუშნი შემოიყარა, ჰსძლიეს და გააქცივნეს ლეკნი თუშთა და ამ კნიაზთან მყოფთა კახელებთა, დიდად მათთვის კმასაყოფელნი კაცნი მოსწყვიტნეს, რაც ჩუჱნ მოგუართვეს ნიშნად ძლევისა მტერთა ცხვირები და ან კიდევ თუშებს რაც თითონ მოეწყვიტათ ნიშნად, თავიანთ წესისაებრ, მარჯუჱნა მოეჭრათ მოკლულის მტრისათვის, რიცხვი აღვიდა ათშვიდმეტი, და მეორეს დღეს კიდევ ათხუთმეტი ლეკი დაეჭირათ იმავე თუშთა, და დაეხოცათ; და ჩუჱნის მხრიდამ მოკუდა თუში ხუთი და დაიჭრა ათხუთმეტი.
კუალად ეს განეცხადოს თქუენს მაღ. ღრაფ. ბრწყ. – ჭარელნი ლეკნი, შემორიგებულნი რომ იყუნენ ჩუჱნნი, და ამ ახლანდელის გარემოებისაგან ჩუჱნთან მშვიდობა დაარღვიეს, ესენი შეჰკრბენ და გადმოვიდნენ ორი ათასი კაცი ოც და ექუსს აგვისტოს ქისიყის სოფლების ბოლოს. ღუთითა და მისის იმპერატორების დიდებულების ბედნიერებითა, ვერა ავნეს რა; და კუალად გამოვიდნენ ოცდა ცხრას აგვისტოს სამიათას ხუთასი კაცი ლეკნი ჭარელნი და ბელაქნელნი, და თალელნი ამავე ქისიყს, და შემობმოდნენ და დიდი ომი გარდაჴდომოდათ, და ქისიყის სარდალი კნიაზ ანდრონიკოვი იქ დაჰსწრებოდა. წყალობითა ღვთისათა და ბედნიერებითა მათის იმპერატორების დიდებულებისათა ჰსძლივეს, გააქცივნეს და მრავალნი ლეკნი მოსწყვიტნეს – რიცხვით ას ოთხმოცდა შვიდი, და ჩუჱნის მხრიდამ მომკუდარ იყო კაცი ცხრა, დაჭრილ იყო ათხუთმეტი. და აგრეთვე ჩუჱნნი კაცნი ქისიყელნი მიუხდენ ამ ჭარელთა ლეკთა კაკის სოფლებსა, მრავალი სოფლის კაცნი მოკლეს და ოცდა-ათხუთმეტი სული დაატყუჱვეს, და პირუტყვი სამი ათასზედ მეტი მოიყუანეს; ამათ უკან მდევარი გამოუდგათ მიუბრუნდენ იმ ლეკებსა ქისიყელნი, ჰსძლიეს, გააქცივეს და მოუკლეს ლეკთა კაცი ორმოცდა შვიდი, და ჩუჱნის მჴრიდამ მოკლეს კაცი სამი და დაჰსჭრეს კაცი ხუთი. კუალად ჰაჯიგარეისა და ამის ძმის ჯარი მიუხდნენ ჩუჱნის ქუჱყნის ადგილს ფამბაკსა ახალციხის ქვეყნიდამ: იქ ჩუენგან იმ ადგილის მცუჱლად დადგინებული კნიაზ ვაჩნაძე პაპა შეება, ღუთითა და მის დიდებულების ბედნიერობით კმასაყოფელი ძლევა მიიღეს და მოუკლეს მტერსა კაცი ასორმოცდა ათშვიდმეტი, და ცოცხალი შეიპყრეს ორმოცდა ათორმეტი, და ამ ძლევისა ნიშნად წარმოგვივლენია ლეკი ერთი. კუალად ოსმალთა მრავლის მიცემითა და ქადებითა ხუნძახის ბატონის გარდა და იმის ამყოლს კაცს გარდა, რაც დაღისტნის უფროსნი და ავაზაკნი ქურდნი ლეკნი არიან ჩუჱნს ქუჱყანაში აგვისიეს, და რაც მტერობა შეუძლიათ ცდილობენ, და იმათგანნი გაპარვით ზოგნი ახალციხესაც მივიდნენ, და იქიდამ ჩუჱნს ქუჱყანას ჰსცემენ. და ეს დაღისტნის უფროსნი ჰაჯი გირეისა და იმის ძმებისაებრ მართალია ოსმალთან თვით თავის თავად კი არ არიან მტრის ლაშქარში, მაგრამ თავიანთ ჴელსქუჱშ მყოფთა და ყმათაც, და ან ვინც იმათის სიტყვის დამჯერონი არიან ახალისებენ და რჯულის სარჩელზე აწვევენ, და ჰგზავნიან. აქაურის საქმისა თანამდებობა გვაქვს, რომ უმაღლესს კარს ჭეშმარიტი მოვახსენოთ, რომელნიც დაღისტნელნი უფროსები და ქვეყნები მისის იმპერატორების დიდებულების საფარველს ქუეშე შერიგებით იმყოფებიან, ისინი რომ შეშინდნენ ძალითა, თუ რომლითამე სახით, და იმათი ყმა და ჴელსქუჱშ მყოფნი იმათ დაიჭირონ, და სხვა რომელიც ლეკნი მთის კაცნი არიან, რომ იმ ზემოჴსენებულთ ლეკის უფროსთა და ქვეყნებმა დაბლა ვაკეში იმათი ოთხფერჴი და საქონელი აღარ ჩაუშვან, და აღარც სავაჭრო ავაჭრებინონ, ვჰგონებ, რომ ისინიც დადგნენ, და ამ საქმით უფრო ბევრი სიავკაცე მოიშალონ.
და ამ ლეკების გარდა ვისაც შეძლება ჰქონდათ, წარმართთა, ჩუჱნს გარეშემო მეზობელთა, ზოგნი ცხადად და ზოგნი ფარულად ჩუჱნს მტერობას ცდილობდენ: რომელ ერთი ამათგანი არს ერევნის ხანი, რომელმაც რომ აიხადა საფარველი საქართუჱლოსი, რომელიც საფარუჱლი ჰქონდა, და დჰარღვივა ის მორჩილების პირობა, რომელიც რომ ჩუჱნსა და იმათში პირობა იყო დადებული, და ოსმალთ მიენდო ყოვლითურთ თავისა თჳსისა და თავის ქუჱყნის მიცემითა, მრავლის ჴელის მომართვითა და პრავიანტის მიცემითა, რომელმაც ყარსს მოსრულს სარასკარსა მრავალი პრავიანტი მისცა და მრავალი ჩემი სამტერო საქმეები იმოქმედა ხვანთქართან მიწერითა, სარასკართან და ახალციხის ფაშასთანა, ესენი ხომ ჩუჱნნი მტერნი არიან, და კიდევ ქარიმ ხანთან, ყუბა ხანთან და კიდევ სხუჱბთან ცდითა, – და ამას ფრიადის წადიერებით ცდილობდა; ესენი სულ გაერთხმაებინათ და ჩუჱნზედ სამტეროდ აღეძრა, რომლისა ძალი და ცდა, ღუთითა და მის იმპერატორების დიდებულების ბედნიერობით, ჯერხანად უფროს დედაზარდილის ქსელისაგან უუძლიერესად აღმოჩნდა და კვალადცა უუსუსტეს აღმოჩნდება; მაგრა ესე ყოველი ღრაფ ტოტლებენის მიზეზით დაგვემართა, რომელიც რომ ჩემზედ და ჩემს ქვეყანაზედ იმოქმედა სრულებით თქუჱნსა მაღალ ღრაფობის ბრწყინვალებას მოხსენებია, რომელმაც მათის დიდებულების ჯარი მომაშორვა. ამ საქმით მაჰხმადიანთ, რომელნიც ჩუჱნს მჴარეს მეზობელნი არიან ურთიერთთა მიმართ: დიდი ელჩების გზავნა აქვსთ და ოსმალთაგან ხაზინების ქადება და დაპირება, მითომ რომ ლეკებსავით ეს ადრიბეჯანის ხანებიც შეიერთონ, და თუ ამათ რომლისამე ჯარისა და ძალის ჩუჱნებით დარბანდიდამ ჴმა შემოესმათ, ასეთს ზარსა და შიშსა მიემთხუჱვიან, რომ დიდად შეინანონ.
თქუჱნის მაღლის ღრაფობის ბრწყინუალების წიგნი რომ მოუვიდა იმერეთის მეფეს სოლომონს წარსულს წელიწადებში და როგორათაც მისის იმპერატორების დიდებულების ბრძანება იყო ამ მჴარეთ მყოფთა ქრისტიანეთა ზედა მისის იმპერატორების დიდებულების მტერთა ზედა ბრძოლა და ჩუჱნ ან პირუჱლ თუ ვითარი წადიერება ვაჩუჱნეთ იმათ შემოერთებაზედ, და ან ახლა თუ რავდენ გზის მისწრაფება ვაჩვენეთ იმათს შემოერთებაზედ ვედრებითა და რჩევითა, რომ ისინი ჩუჱნთან მოსულიყუჱნენ და შემოგვუჱრთდენ, და ან ჩუჱნ თავისთან მივეშვით და შევეერთებინეთ ამ კეთილს საქმეზედა, მაგრა არა ინებეს და ამაზედ დიდის მწუხარებით ვიყოფები, რომ აქეთნი საქმენი მისის დიდებულების სამსახურით, ფრიადსა წარმატებასა მიიღებდა, მაგრა ამათ მიზეზთათვის დაგვშთნენ აქამომდე, და ამასიქით ღ~ნ წარმართოს.
წარსულს წელსა ღრაფი ტოტლებენი რომ იმერეთიდამ ქართლად გარდმოვიდა იმის გარდმოსვლას იმერეთის მეფე სოლომონ და ძმა მისი კათოლიკოსი და მათი განმზრახნი ასე ჰსდებდნენ ვითამ ჩუჱნ ერთის ნივთით და მისაცემელით რითმე მოგვებიროს და დაგვეჯერებინოს, რომლისთჳსცა, ვჰგონებთ, იმერეთიდამაც მოხსენებული ჰქონდეს მაღალს კარსა, რომელზედაც ღრაფ ტოტლებენი და ნადვორნი სოვეტნიკი კნიაზ ანტონი მოწამენი არიან, რომ ამ საქმეში სრულიად უბრალონი ვართ. როდესაც რომ მე და ღრაფ ტოტლებენი ახალციხეზედ წასვლას ვაპირებდით, მაშინ რავდენგზის ვაწვივეთ, და აგრეთვე სურამს ლაგერში ჩუჱნ და ღრაფ ტოტლებენ რომ შევიყარენით მაშინ იქ იმერეთის კათოლიკოზიც მოსულ იყო, და იმერელ მეფის თანგანზრახი აბულაძე ქაიხოსრო თან ახლდა იმერეთის კათოლიკოზსა; და ჩემთან მოსულმან ამ მეფის თანგანმზრახმან აბულაძე ორგზის და სამგზის ლაპარაკში ასე მითხრა გაკვირვებითა: შენგან არ მიკვირსო ასე ცოტას რუსეთის ჴელმწიფის ჯარს როგორ აჰყევიო და ხვანთქარს აეშალეო, ამით ხვანთქარს რა უნდა დააკლო შენაო? ხვანთქარმა რომ ერთი სერასკირი წამოაყენოსო და იქიდამ დაღესტანს უბძანოსო – მასუკან რიღათი შეიძლებო იმათს წინააღმდგომასაო? და ჩუჱნ პასუხი მივეცით: ჩუჱნ ღ~თის და მართლის სარწმუნოების მქონებელს მართლმადიდებელს დიდს ჴელმწიფეს მოვნდობივართ, ამაზედ რაც მოგვადგება ყველას სიხარულით მივიღებთ; და ესეც უთხარ: ღ~თით ჩუჱნ ახლა მტერთზედ მივალთ და თუ თქუჱნ არ წახვალთ, რომელიც რომ მისის იმპერატორების დიდებულების ერთგულებასა და სამსახურზედ ტფილისის ქალაქს დაგვიფიცავს, ის ფიცი გატეხილი შეიქნება თქუჱნგან; და დიაღ დიდი პირობა მომცა, რომ უთუოდ როდესაც რომ წახვალთ – მეფე სოლომონ შემოგეყრებათო; მაგრამ, ხომ მოგხსენებიათ, რომ აღარ მოვიდა მაშინ მეფე სოლომონ, და ღრაფ ტოტლებენმაც მათის იმპერატორების დიდებულების ჯარი, რომელიც რომ ჩემის ჯარის განსაძლიერებლად ბოძებულ იყო, მისის დიდებულების უკაზის ბრძანებისამებრ, ჯარი და წყალობა მომაშორა. და რაოდენიც ცდა შემეძლო სიმდაბლის სახით და სიტყვით ვეცადე და ურჩივე, რომ აქაურნი საქმენი ყველა უმაღლესის კარისათვის ორთავ მოგვეხსენებინა, და სანამდის იქიდამ ბრძანება მოგვივიდეს ჩუჱნც ერთმანერთს შევფიცოთ მისის დიდებულების ერთგულობაზედ, და მტერზედ ერთად მივიდეთ, და მასუკან რაც ბრძანება მოგვივიდეს ის აღსრულდეს, მაგრამ არ ინება.
ჩემზედ რაც უნდა მტერობა გამოეცხადებინათ, მაგრამ მისის იმპერატორების დიდებულების სამსახური არ უნდა ჩემის შურით უკანდაეგდო. მართალია ერთი ქუთათის ციხე და ორი სხუა სიმაგრე აიღეს, მაგრამ მართალი უნდა მოგხსენდეთ: ასპინძას და აწყურს ოსმალთა და ლეკთა ამოწყუჱტამ და სამგზის იმათზედ გამარჯვებამ, და კიდევ იმათის ადგილების ჩემის ჯარებისაგან რბევამ, რომ აღარ მოვაცალეთ, და ხუნძახის ბატონის დაღისტნელებთან შეუერთებლობამ ააღებინათ ციხე, თუარემ ოსმალნი და ლეკნი ჯარსაც დაუყენებდნენ და საზდოსაც შეუტანდნენ იმ ციხესა და სიმაგრეთა, და არც კატისა და ესე ვითართა ოთხფერხთა ჴორცსა ჰსჭამდნენ მეციხოვნენი, და ამ სუსტს საქმეზედ ასე მოსცდნენ.
ამისებრივითა შურითა დადიანი, რომელიც რომ ოდიშის მფლობელი არის, შემოუერთებელი ჰყავსთ აქამომდე, და აწ თუ შეიერთებენ – არ ვიცით, რომელსაც დიდი წადიერება აქუს მისის იმპერატორების დიდებულების სამსახურისა, და რომელიც არა მცირედი გამოსაყენებელი არის აქეთმჴარეს მათის დიდებულების სამსახურში; და მე, რომელიც რომ ან უწინარეს ამისა, და ან ახლა უმაღლესისა კარისათჳს მომიხსენებია ჩემი განზრახუა, თუ ყოველივე სიმართლით ყოფილა ღ~ისა და ჩემის მართლმადიდებელის სარწმუნოებისა და ყოვლად უმაღლესისა რუსეთის იმპერატორისა მართლმადიდებელის ჴელმწიფის ერთგულობასა და სამსახურზედ, – ვსასოებ ღ~საგან, რომ მისის იმპერატორების დიდებულების წინაშეცა მართლად აღმოვჩნდე და ჩემმიერ მათის იმპერატორების დიდებულების სამსახურმან წარმატებაც მიიღოს.
მრავალჯერ თქუჱნს მაღალს ღრაფობის ბრწყინუალებას ჩემგან თავის შეჰსწყინდა წერილის სიგრძითა და სიმძიმითა, მაგრამ ქუჱყნის ვითარებანი გვაიძულებს: თუ არ თქუჱნს მაღალს ღრაფობის ბრწყინუალებას, ვის უნდა გამოუცხადოთ ჩუენი და ჩუჱნის ქუჱყნის საქმენი და ან ვის უნდა მივანდოთ?
ეს რიცხვით ა თ ე რ თ მ ე ტ ი / წ ი გ ნ ი სხუა და სხუა უმაღლესს კარს რომ მოვართვით – ორნი მიზეზნი მაქუნდენ: პირველი ეს, რომ აქეთის ქუჱყნების ამგუარის ამბების განცხადება უმაღლესსა კარსა ჩემი თანამდებობა მგონია, და მეორე, ჩემი პირველის და ახლის მოხსენებულის სიმართლისათჳს, რომ მე ასე ვიცი უმეტეს სიფრთხილესა შინა ვიმყოფებოდე დიდის რუსეთის უმაღლესის მონარხის სამსახურსა შინა, ჩემსა კეთილ ცხოვრებასაც ამ საქმით ვსასოებ; და ამისთვის წარმოვგზავნეთ უმაღლესსა კარსა ჩუენი აზნაურშვილი თარხანი, და ვითხოვთ თქუჱნი მაღლის ღრაფობის ბრწყინუალებისაგან, რომ უწინდელისა და ახლანდელის მოჰხსენებულის პასუხი მალე გვებოძოს.
დაიწერა ბორჩალუს. ოკტომბერს 9 დღესა, წელსა 1770.
45. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1770 წლის 10 ოქტომბერს.
ეს განეცხადოს თქვენს მაღალს ღრაფობის ბრწყინვალებას, რომ ეს ჩვენი აზნაურშვილი თ ა რ ხ ა ნ ა წარმოსრულ იყო, კვალად კაცი მომივიდა, – ყარსისა სარასკირის ელჩი მოვაო, – რომელსაც შეუთვალე: ყოვლად მოწყალის ხელმწიფის იანარალი ამ ქვეყნებში არის და იმასთან, თუ ჩემთან სიტყვა გაქვსთ სათქმელი, ამას გამოეცხადეთ, და ჩემთან ნუ მოხვალთ, რომ ჩემგან თქვენ მშვიდობის ხმას ვერ გაიგონებთ, – და ამ სახით გავაგდევ.
უწინარეს ამისა თქვენს მაღალს ღრაფობის ბრწყინვალებას მოხსენებული აქვს: ჭარელნი ლეკნი და თალალელნი, და ბელაქნელნი, რომელნიც კახეთის მამულში სახლობენ, ახლა აგვეშალნენ ამ ჩვენს ახალციხეზედ წარსვლისათვის, და ფრიადის წადიერებით არიან ოსმალთ მიდგომილნი რაც შეუძლიათ ყოვლითურთ, და მათი გარდახდევინება ღვთით ზამთარში ადვილი არის ჩვენგან, მაგრამ შირვანელნი უშველიან ხოლმე, რადგანაც ერთსარწმუნოებისა არიან. მე იმ შირვანელებს ასერიგად ვეცდები, რომ უფრო შემორიგებაზედ განვამტკიცო, და სხვა მეშველი – ზამთარია, ამათს მეტი არა ჰყავსთ: დაღისტნის ლეკებს თოვლი შეუკრავს გზასა, და, თუ მისის იმპერატორობის დიდებულების ჯარს ამ ზამთრობით ჩვენს ქვეყანაში მოუხდეს დგომა ზამთრის მიზეზით, რომ ახალციხისა და ყარსისაკენ ძნელად შეიძლება ლაშქრობა ზამთარს, რადგანაც დიდი მთები და ცივი ქვეყნები არის, და ან კიდევ სხვა მიზეზით ლაშქრობა არ მოუხდესთ ოსმალეთზედ, თუ შეიძლებოდეს ბრძანება ჰქონდესთ აქ მყოფთ რუსის ჯართ, – თუ ვამჯობინო, ერთად ვილაშქროთ ერთ თვეს ამ ჭარელთა და ბელაქნელებზედ; და ასეთი ადგილიც არის, რომ ზამთარ კარგად იქნება ლაშქრობა და პროვიანტსაც მე მივცემ უფასოდ ამ ერთის თვისას მათის იმპერატორების დიდებულების ჯარსა, თუ არა და, ნება მათის დიდებულების ყოვლად მოწყალე ხელმწიფისა არის; და რადგანაც რუსეთის დიდებულის ხელმწიფის ჯარი ჩვენთან იქნება, შირვანის ქვეყანას დიდი შიში მიეცემათ, რომ იმათ ისინი ვეღარ უშველიან. მე ესენი ამისთვის მოვახსენე თქვენს მაღალს ღრაფობის ბრწყინვალებას, რომ ოსმალთ და დაღისტნელთა შეერთებისა დიდნი მიზეზნი ესენი არიან და შემწენი, და თუ რუსეთის ჯარი და იანარალი ახალციხეზედ და ყარსზედ წავლენ ამავე ზამთრობით, მე დიდის მხიარულის გულით მწადე ვარ – ან თვით გავყვები თან, და ან ჯარს ვაახლებ; და თუ მე თან არ გამიყოლა და არ შემიერთა, ჯარს ვაახლებ იანარალსა, და მე სხვას მტერობას ვეცდები. შირვანელნი ამ დროებაში ჩვენთან შემორიგებულნი არიან.
დასასრულ ამას ვითხოვ ვედრებით თქვენ მაღალ ღრაფობის ბრწყინვალებისგან, რომ ეს ჩვენი კაცი აზნაური თარხანა მალე გამოისტუმროთ.
დაიწერა ჭაპალას. ოკტომბრის 10 დღესა, წელსა 1770.
46. წარდგინება ერეკლე მეფისაგან იმპერატრიცა ეკატერინე II-ს. 1770 წლის 30 ნოემბერს.
დროსა ამას თ. ი. დ. უქაზით ბრძანება და ზეპირდაბარებულება გვებოძა, და მოვისმინეთ ღვარდიის კაპიტანის უფლის ნიკოლაი დანილოვიჩის იაზიკოვისაგან, რომლისაგან ესრეთ განცხადებულ იქმნა, რომ ჩუჱნს ქვეყანაში თ. ი. დ. ბრძანებით გამოგზავნილს ჯარის თავს იანარალ მაიორს და რომელთამე იმის კამანდასა მყოფთა და ჩუჱნ შორის რომელმანც შფოთებმან გაიარა – იმა საქმისაგან რომელნიმე უდიდებულესობისა თქვენისა უმაღლესსა კარსა მოხსენებია, და მის გამო თ. ი. დ. წმიდა სული შეწუხებულა; და ეს საქმე ჩვენდა უდიდესისა მწუხარებისა მომცემელი შეიქმნა, და ჩუჱნმან ადრინდელმან უბედურებამან განიღვიძა, და თუსადმე მყისთანად თ. ი. დ. უკაზსა შინა და თვით ღვარდიის კაპიტანის ნიკოლა იაზიკოვისაგან წყალობისა და მფარველობისა ნუგეში არ მიგვეღო, ფრიადსა უნუგეშინისცემობასა მივეცემოდით. და ვითარცა ყოვლად მ. ჴ. ესრეთ განგიგიეს და ესრეთ ჰნებავს უ. თ., რათამცა აქაურნი წარსრულნი შფოთნი ეგნენ საუკუნოდ მოუჴსენებლად, და აწ მყოფსა ჟამსა ახლად ვჰყოთ ჩვენა და იანარალ მაიორმან, რომლისაცა თანამდებობა გვაქვს ორთავე, და რათა ვერწმუნნეთ ორნივე ბრძანებასა ი. დ. თ. ოსმანთა და მიმდგომთა მათ მტერობად, და კუალად განზრახვით ურთიერთა მიმართ დავამტკიცებდეთ საქმეთა უმჯობესთა, რომელნიცა მტერთა ზედა გვეჴმარებოდენ, და ესე ყოველი თ. ი. დ. ბრძანებულნი სრულის მორჩილებით მიგვიღიეს და ყოვლითურთ შედგომილ ვიქმნებით ყოვლად სასურველისა ჩვენისა სამსახურის თქვენისა კეთილწარმართებისა მოქმედნი. რატიევსა და ჩოღლუკოვსა და სხვათა ებრძანნეს რა ი. დ. თ. – იმათთვის უწინარეს ამათსსა მოგვიხსენებიეს, – და ჩოღლუკოვი ყარაულით გამოგვიგზავნიეს, და მოზდოგს მიჰბარებიეს. და კვალად რომელნიცა ჩვენგან თ. ი. დ. უმაღლესსა კარსა რამდენიმე გზის კაცნი წარმოივლინნენ ველით იმათსაცა რეზოლუციასა, და მაშინაც რომელსაც თ. ი. დ. გვებრძანება შეძლებისაებრ ჩვენისა ყოვლითურთ მორჩილნი და აღმასრულებელნი ვიქნებით.
დასასრულ ესეცა მოჰჴსენდეს ყოვლად მოწყალებასა ი. დ. თ. – ზანდ ქარიმ-ხანისაგან, რომელიც წიგნი მოგვივიდა, და ან ჩვენ იმისი მაგიერი პასუხი მივჰსწერეთ – ორივე წიგნი მოგვირთმევიეს უმაღლესსა კარსა.
დაიწერა ქალაქსა გორს. 1770 წელსა, ნოემბერს 30 დღეს.
47. ერეკლე მეფის წერილი თავად ზაალ ორბელიანისადმი. 1770 წლის 2 დეკემბერს.
ქ. ჩვენ მაგივრად ჩვენს დიდს იმედსა და არაოდეს არ დასავიწყარსა, ჟამ და ნიადაგ დაუვიწყრად სახსოვარ-საგონებელსა ბრწყინვალეს კნიაზს ორბელიანს ზაალს მრავალი მათის კაის თავს საკადრი მოკითხვა ეუწყოს. მერმე შენ ხომ ჩვენის ქვეყნისა დიაღ კარგი ბელადი ხართ და აქაური ჰამბავი დიაღ კარგად იცით: ჭარელნი და ყუბა, თუმცა არ ერთობენ, მაგრამ არცარასა კი მტერობენ; რითაც გზით და გვარით იყოს და შეიძლებოდეს უნდა პირველს მინისტრს მოხსენდეს შენგან, რომ რომლითაც გვარით იყოს ყუბახანსა და ჩვენს შუა დოსტობის სიმტკიცე მოახდინოს და ჩვენთან განამტკიცონ. ეს საქმე დიაღ უცხო იქნება და ჭარელთ ამ მიზეზით მაშველი დაუძვირდებათ, და ძალი მოაკლდებათ, და ჩვენ რომ მტერზედ ღ~თით გავილაშქრებთ, ისინი ჩვენის ქვეყნის მტერობაზედ მოსუსტდებიან.
არტილერიის საქმეზედ ამ კაპიტანმაც წიგნი მოიწერა მაღალს კარზედ და შენც დიდად ეცადე რაცკი შეიძლო და სიტყვა გაიყვანო მის მაღალს ღრაფობის ბრწყინვალებასთან, რომ არტილერია დროზედ მალე ამავ ზამთარსვე წამოვიდეს, და დიდროანები იყოს ციხისა და გალავნის დასანგრევად, რჩეული არტილერია იყოს.
დაგავედრებთ და გამცნებთ კარგსა და რჩეულსა ქაღალდსა და ლაქასა საყოფნალსა და კმასაყოფელსა.
მეფე ქართლისა და კახეთისა
ი რ ა კ ლ ი.
აღიწერა ქალაქსა გორს. წელს 1770, დეკემბრის 2 თთვესასა.
ქ. პირველად არ გვინდოდა ამისთანა სამწუხაროს ჰამბის მოწერა და შენი შეწუხება, მაგრამ სხვათა წიგნებისგან შეიტყობდი და ჩვენც იმისთვის მოგწერეთ: ღ~თმან შენს მტერს მისცეს (რომ) ჩვენ მწუხარება მოგვევლინა, – ჩემი საყვარელი და ჩემი სასურველი მამუკა მიმტაცა სოფელმან, ჩემის ცოდვით, და ჩემი გული უთმინოს და გამოუთქმელს მწუხარებას მისცა.
48. წარდგინება სოლომონ მეფისაგან იმპ. ეკატერინე II-დმი. 1771 წლის თებრვალში.
უყოვლადესსა და უყოვლად დიდებულსა აღუსტასა ყ~ვბით ვრცელისა როსიისასა, დედასა ყოველთა მართლ-მადიდებელთა შორიელ-მახლობელსა ქრისტიანეთასა, ყოვლად უმოწყალესსა ჴელმწიფესა იმპერატრიცა ეკატერინას ალექსიასა.
გამკაცრებით მოვახსენებთ – უმდაბლესი მონა მათი აფხაზ-იმერთა მეფე სოლომონ:
რა ბრწყინვალე ღენერალ მაიორი ტოტლებენ გაემართა ძლიერისა და მჴნე-შემმართებულისა ჯარითა ფოთის ციხის დასამხობელად და დასაპყრობელად, რაოდენიმე დაყვეს ახალციხის შემომზღუდველთა და, რა მცირედი ჟამი გავიდა, დადიანმა, ჩვენმა კნიაზმა, და გურიელმა ოსმანთ პირი მისცეს, და ჯარი მოიხმეს ჴელოვანი ჯარის სავნებელად, და დაივიწყეს აღთქმა და ფიცი ყ~დ ძლიერის ჴელმწიფის წინაშე! როს ეს მათი ხენეში და უქმი ძმაცულება (?) სრულებით ვსცან, და ოსმანთ ჯარის შემოსვლა გურიის ქვეყანას დავიმტკიცე, მივმართე სწრაფით ჩემის ჯარითა, და ვეღარ ვეწივე მათსა ბრძოლასა, უკუნქცეულ იყვნენ მათსავე მამულსა და საზღვარსა კდემულნი; და გურიის ქვეყანა, რომელთაცა ფიცი და აღთქმა დაეხსნათ, დავიპყარ მაგრიად და დავმძევლე, და მტკიცედ წიგნი გამოვართვი ერთობით ყოველთა, რომელიცა დიდებულის ჴელმწიფის წინაშე გამოცხადდება, და გურიელობა უპირველესს ძმას მიუთვალე, და განვაკრძალე, და უკუმოვიქეც თქვენის მოწყალების საფარველით დაცული მშვიდობით.
აწ ეს ჩვენი ვედრება განფენილი მიიუწყოს მათმა ყ~დ ვრცელმა მოწყალებამ.
პირველითგან დადიანი ჩვენი თავადი ყოფილა, გვარით ს ა ღ ი ძ ე, და ჩვენთა მამა-პაპათა, მეფეთათვის, გულითადად და ერთგულად უმსახურიათ. მათცა ერთგულად მსახურებისათვის აღუმაღლებიათ და ოდიშის დ ა დ ი ა ნ ო ბ ა მიუციათ, ესე იგი არს მანდატურთ-უხუცესობა ეშიკაღასბაშობისა. ამ ჟამში ღვთის მოძაგებულნი ოსმანნი განძლიერებულან და სამცხე-საათაბაგო და აფხაზ-იმერთა სამეფოჲსა პირველი ქალაქი ნიკოფსი, რომელ არს ანაკოფია, და აფხაზეთი მძლავრობით დაუპყრიათ და ქრისტიანობა შეუვიწროებიათ. ამავჟამს, შფოთსა და შერევნაში, ეს ჩვენგან გაკეთებული დადიანი გაგვდგომია, ახალციხით ოსმანის ჯარი მოუყვანია და თვითაც თავისის ძალით შესწევნია იმერეთის აღსაოხრებლად და დატყვევებად. მაშინ პაპაჩვენი მეფე ალექსანდრე სრულ ერთობით იმერეთის ჯარითა იმ ხსენებულს დადიანს და ოსმანის ჯარს წინაგასწყობია და ქრისტეს ღვთისა შეწევნით გაუქცევია, და მოუწყვედიათ თვითონ ის დადიანი შვილებით და სახლიკაცებით, ორგულნი მთლად დაუჭერიათ და დაუჴოცნიათ, რომ ერთი არა-ცოლთან შობილის მეტი იმათგანი აღარავინ გადარჩენილან; და ის არა-ცოლთან ნაყოლიც მეფე არჩილს რუსეთს წაუყვანია, და მათგანი აწცა ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის საიმპერიაში იმყოფება. ამის შემდგომად იმავ მეფის ალექსანდრეს თანაგამზრახი და ერთგული დაბალი აზნაურშვილი ყოფილა გვარით ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი / კ ა ც ი ა, და ამ კაციათვის მიუცია დადიანობა ეშიკაღასბაშობისა. მისა შემდგომად მისის შვილისავ გ ი ო რ გ ი ს ა თ ვ ი ს მიუცია დადიანობა ეშიკაღასბაშობისა, და ჩიქოანისთვის ჩამომავლობით სახასოს და საუფლისწულოს ლეჩხუმის მოურაობაცა. მცირეს ხანს უკან, მიშვებითა ღვთისათა ცოდვათა ჩვენთა სიმრავლისაგან, განძლიერებულან ოსმანნი და ღალატით იმერეთის მეფე ალექსანდრეც მოუკლავთ, და დიდის ჭირითა, მოწყვედითა და იწროებითა იმერეთის მეფობა და სამეფო დაუმდაბლებიათ; ამასჟამსა გიორგი დადიანსა და ლეჩხუმის მოურავსა ოსმანნი შესწევიან და ოსმანთ ზურგითა და იმედითა ისიც გაგვდგომია, და ჩვენგან მიცემული სახელი დადიანობა და ლეჩხუმის მოურაობა თვით თავის თავისათვის დაუჭირავს, და ოსმანთა შეწევნითა თავის თავად განთავისუფლებით უცხოვრია; ვინადგან ოსმანნთ, ჩვენის მტერობით, საიმერეთოს გაგლეჯა უნდოდათ და დასუსტება, ამისთვის დადიანთ ზურგი მოაბეს, რომ თავისუფლებით ყოფილიყო ჩვენი წინააღმდეგი. ხვანთქარმა რომ ჩვენი შერიგება მოინდომა და ფარმანი ებოძა, იმასაც მოკითხული ექნა, და ძველითგან ჩამომავლობით რომ ჩვენი იყო, იმასაც ისევე ებოძა, ხომ ის ფარმანიც ყოვლად მოწყალის ჴემწიფის წინაშე გამოცხადდა.
აწ ამას ვედრებასა ფრიად დიდითა შიშითა და მოკრძალულებით ვკადრებთ, და მუხლდადგმით მრავლითა ვედრებითა შეუვრდებით მათის ყოვლად უდიდებულესის იმპერატორობის წინაშე, რომ სათნო იყოს მათმან დედობრივმან ყოვლად მოწყალებამან, – და, როგორათაც ძველითგან ჩვენი ყმა და მოხელე ყოფილა დადიანი, ისევ გვიწყალობოს და გვიბოძოს, და ჩვენი სახასო მამული ლეჩხუმი რომ სამოურაოდ ჰქონებია, ისიც ისევ სახასოდ გვიბოძოს, – ამის მეტი განდგომილი და მაშფოთებელი მტერი ჩვენს სამეფოს არავინა ჰყავს. და ამის წყალობაც რომ დაგვემართება, ყოვლად მოწყალის ჴემწიფის შეწევნითა და ძალის მიცემითა, ჩვენც უფრო შინაურის მტრისაგან მოცალე შევიქმნებით და რაც ერთგულობა პირველ ყოვლად მოწყალის ჴელმწიფისათვის ფიცით მოგვიხსენებია უმეტესად ანთებულის გულითა და უმჴურვალესად განვემზადებით სიკვდილად და სისხლთა დათხევებად თავიან, შვილიან, ძმიან, სამეფოიან, – სადაც ყოვლად ძლიერი ჴელმწიფე გვიბრძანებს მისს მტერს ზედშევაკვდებით მათი საუკუნოდ მკვიდრი მონა-საიმპერიონი.
ამ ზემოხსენებულის გურიელების დაპყრობასა და დამძევლაშიდ ჩვენთან დაესწრა ივანე ლავრენტისი, კაპიტანი, რომელიც ბრწყინვალე ღრაფს და ნიკოლა კაპიტანს წარმოეგზავნათ ჩვენთან ფოთით თათრის ჯარების ჩამოსვლა რომ შეეტყოთ, და ვჰგონებ, რომ ყოველივე ნათლად გამოაბრწყინვოს მათის დიდებულების წინაშე.
თებერვალსა, ხოლო წელსა 1771.
49. სოლომონ მეფის წერილი უცნობს. 1771 წელს.
ქ. ეს სიტყვა წინაშე ღ~თისა და თქვენისა აღსარებად გამიცხადებია: თუ რომ ჩვენის დადიანის წყალობა ისევ ჩვენვე დაგვემართება და გვებოძება დიდებულის ჴელმწიფისაგან, ას ქისას ჩვენებურს თეთრს ვისაც მიბძანებ იმას მივაბარებ თქვენთვის, და დიდად გევედრები, რომ საიდუმლოდ დაჰფაროთ, და არ გეწყინოსთ. ივნისს 17, წელსა 1771.
(სოლომონის ბეჭედი უზის).
50. სოლომონ მეფის სახლთუხუცესის (სამეფო კარის მინისტრის) დავითის წერილი თავად ა. რ. მოურავოვს.
771 წელს.
მისს მაღალ კეთილშობილებას ესრეთ ეუწყოს: თქვენი მაღალკეთილშობილება და უფალი ივან ლავრენტიჩი, კაპიტან-პორუჩიკი, რომ აქ იყავით, მაშინ ივან ლავრენტიჩი ასე ამბობდა, რომ თეთრს მოვიტანო და პური უნდა დამზადდესო. ახლა მისმა სიმაღლემ (სოლომონმა) ბძანება გასცა და პური მზადდება, და თეთრიკი არსად ჩანს, რომ პურის პატრონებს მიეცეს; და მისმა სიმაღლემ მე მიბძანა, რომ თქვენ მოგწერო, რომ ამ თეთრს გზა როგორ მიეცემა – გვაცნობოთ.
დ ა ვ ი თ.
მარტის 17, ქ~ეს აქეთ 1771 წ.
51. სოლომონ მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1771 წლის 17 ივნისს.
მეფე სრულიად იმერთა სოლომონ დავითიანი ალექსანდრეს ძე მრავალკეცად შეკონვილსა სიყვარულისა კონასა ცისა ეპიფანიისაებრ გავრცელებულად მოგიძღვანებ.
რა თქვენის დაზენაებულის ბრწყინვალების წიგნი მოგვერთო, ვარსკვლავისაებრ გამობრწყინდა, და რომელიცა გებძანათ გამოწვლილვით მოვისმინე, არა მცირედი მადლობა მოგიძღვანე: ჭეშმარიტს ვიტყვი, უეჭველად ირწმუნეთ, რომ რომელიც უყოვლად მოწყალესის ჴელმწიფის ბრძანება გამობრწყინდება, ჩვენი დამაკნინებელიც რომ იყოს, რადგან ყ~დ დიდ. ხელმწ. ერთგულობაზედ ჴელი მომიწერია და ფიცით დამიმტკიცებია, მაინც მადლობით და სიხარულით მივიღებ. დადიანის შერიგება, და შემდგომად სამართალი რომ გამოგეცხადებინათ – ჩვენი სიტყვა ამასწინათაც დ. ხ. წინაშე განვაცხადეთ და რაოდენსამე შ~დ სამართალში გამოვაცხადებთ ნათლად; მარა ამას ახლა ვითხოვ თქვენის წარმატებულის ბრწყინვალებისაგან, რომ ოდეს ყ~დ დ. ხ. ჩვენი ბჭობა-სამართალი ვრცლად იუწყოთ, და თანაშემწე გვექმნნეთ სამართლით, და ვგონებცა, რომ პირველითგანვე ნათლად უწყოდეთ, და ახლა თქვენის ბრწყინვალის წიგნით უწყით, მადლობით მიმიღია და ყოვლითურთ მორჩილ ვარ, აღსრულებას ვეცდები სრულის გონებით. მეორედ ამას გევედრები: თუცა ჩვენსა და ოსმანთ შუა შერიგება ინებოთ, უმჯობესისათვის, ვითხოვ ვედრებით ყ~დ დ. ხ., რომ როგორადაც უტყუელის და შჭეშმარიტის უკაზით გამოცხადებული გაქვს, ჩვენიცა თანშერიგება და განთავისუფლება სრულჰყოთ, რომ ჩვენსა და ოსმანთ შუა სამტრო საქმე აღარაფერი იყოს. დიდად გევედრები ლმობიერებით, რომ ეს აღგვისრულოთ, და არ დაგვივიწყოთ. ხოლო დასასრულსა ჩემი ყოველი ვედრება ეს არის, რომ დაუვიწყებელ და საუკუნო ჰყო ჩვენი მეგობრობა, და ნილოსისებ ჩემს გონებას მარად მორწყვიდე დაუვიწყარად თქვენის ამო-ბედნიერის ამბის სმენითა, ხოლო ყოველთა დღეთა შინა მშვიდობით და სიმთელითცა მივი უკუნისამდე.
თვესა ივნისა 17, წელსა 1771.
52. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1771 წლის 3 ივლისს.
რომელიც მისის დიდებულების უკაზთან თქვენის მაღალ ღრაფობის ბრწყინვალების წიგნი მოგვივიდა, და ვითარცა ბრძანებული იყო დიდის მონარხისა უკაზსა შინა ეგრეთვე და წიგნისაგან თქვენისა გამოგვეცხადა: რათამცა წარმოვიდეს აქეთ მყოფი კორპუსი რუსეთადვე აქაურთა უნაყოფოებათათვის და ურთიერთადმი შეუერთებლობისა, და ყოველთა ქრისტიანეთა საზოგადოსა მტერთა მიმართ უბრძოლველობისათვის, და მხოლოდ ოდენ თავთა ჩვენთა გამოჩენისა და სახელისა მოხვეჭისათვის, და ამისებრთა საქმეთათვის, და კორპუსსა ამას მგზავრობასა შინა შევეწივნეთმცა; – და ბრძანებისაებრ იმპ. დ. მათისა აღსრულდა, და ეგრეთ გამომგზავრდა იანარალ მაიორი თავისის ჯარითა.
თქვენმან მაღალმან ღრაფობის ბრწყინვალებამ იცის და კვალადცა ჩემგან მდაბლად მოიხსენე: ეს საქმე ჩვენი და ჩვენის ქვეყნის ოჴრება არის და არ არის სხვა რამ, – ასე მოკლედ მომიხსენებია.
მოიხსენოს მ. ბრ. ღრაფობისა თქვენისამან: ორი იანარალი მოსულა მ. ი. დ. თავიანთ კორპუსით ამ ქვეყნებისათვის წყალობად; პირველის იანარალის საქმეებში გაუმართლებივარ პოლკოვნიკს იაზიკოვს, რომელიც აქაურის და ჩვენის საქმეებისათვის იყო ბრძანებით მოსული, და მეორეს იანარალს საქმეებში ვარ გამართლებული თვით სუხოტინის იანარალისაგან; და თუ ჩემზე არ არის ეს ბრძანება და იმერეთის მფლობელებზე არის, რომ არ შეერთდნენ, რომელსაც შეერთებასა მათსა, ბრძანებისაებრ ყოვლად დიდებულისა ჴელმწიფისა, ვეცადე რჩევითა და ხვეწნითა და, ვინადგან ბრძანება არ მქონდა, ძალითკი არ ვსცდილვარ, – მაგრამ არც ჩემი სიტყვა მიიღეს და არც იანარლებისა, და არცავისი, რომლისათვის ამ საქმეებში ყოვლითურთ უბრალო ვარ. აწ შემდგომი ჩემი სიტყვა და სავედრებელი ეს არის თქვენის მაღალ ღრაფობის ბრწყინვალებასთან: ღვთისთვის და ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის დღეთა სიგრძისათვის მე და ჩემს ქვეყანას სხვათ დანაშაული ნუ გვეკითხება და უსჯულოთა წარმართთა გულისაებრ და წადილისაებრ მათისა ნუ ახარებთ, დასაცინელად მათდა ნუ დავიდებით; რომელიცა უწინარეს ამისაცა მოგართვით ამ კორპუსის წარმოსვლის შეტყობაში წიგნი სავედრებელი, რომელიც უწინარეს ჩემს ძმასთან და ჩემს ძესთან წარმოვგზავნე, და ის არის ჩემი ვედრება წინაშე ყოვლად დიდებულისა დიდისა მონარხისა და ეგრეთვე წინაშე თქვენის მაღალ ღრაფობის ბრწყინვალებისად.
ივან ლვოვისა აქ განწესებისათვის, რომელიც გებრძანათ, ჰაზრისაებრ თქვენისა, ყოვლითურთ ჩვენგან შეძლებისაებრ ჩვენისა შეუწუხებლად გებას ვეცდებით, და რომელიც ჩვენი თანამდებობა იქნება ყოველთვის ჯერისაებრ გაუგონებთ.
უწყოდეს თქვენმან მაღალ ღრაფ. ბრ. რომელიც ახლა კვალად ჩვენთა საქმეთათვის გვესაჭიროვა უმაღლესისა კარისად მოხსენება წერილით გამოუცხადეთ ამ ივან ლვოვს, რათამცა მოართვას უმაღლესსა კარსა, და კვალადცა მთხოველი ვართ თქვენგან, რომ უმჯობესისა ჩვენისათვის, რომელიც მოგვიხსენებიეს ყოვლად მაღლისა მონარხისა და ეგრეთვე თქვენთვისვე, ამა ყოველთათვის იზრუნო ამდენის სულის ქრისტიანეთათვის.
შემდგომად შევვედრებ ძმასა და ძესა ჩემსა, რათა მოწყალებით იზრუნოს ბრწყინვალებამან მაღლისა ღრაფობისა თქვენისამან, ვითარცა მარადის შემოვედრებულ ვარ თავით და ქვეყნით ჩვენით.
დაიწერა ქალაქსა ტფილისს. 1771 წელსა, იულისის 3 დღესა.
53. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1771 წელს.
მათს მაღალ ღრაფობის ბრწყინვალებას ეს მდაბლად განეცხადოს: მრავალჯერა მოგხსენებიათ როდესაც ყოვლად დიდებულისა რუსეთის დიდის მონარხისა ბრძანება საქართველოებში განეცხადნა, რომ თურქთა მიმართ ერთობით მტერობა გვემოქმედებინა, ყოვლის ჩვენის შეძლებით ვეცადე, და რომელნიც ჩემის მხრიდამ შემეძლო, არ დამიცადებია თურქთა მიმართ მტერობისა სახე, არათუ ჩემის ძალით და არცა რომლისა შეძლებით ყოვლად მოწყალისა ხელმწიფის ძალისა, და საბოლოოდ შემწეობისა და წყალობის იმედით. ეს მეშვიდე თვე არის, რომ იანარალი სუხოტინი მოვიდა ჩვენს ქვეყნებში, რომელიც მათის იმპერატორობის დიდებულების ჯარის სამსახური გვირჩია და მვთხოვა ბარგის გარდმოტანა, თუ ურმების მოხმარება, ან პროვიანტი ეჭირვებოდა, ან არტილერიის ზიდვა, ან ცხენები გვთხოვა, ეგრეთვე და მტრის მამულის დარბევა და ჯარების გასევა, – ყველა აღვასრულეთ. და როდესაც თვით სუხოტინი ალექსი ნიკოლაიჩი ფოთზედ წარვიდა, ჩვენ კიდევ დაგვპატიჟა ერთს ახალციხის მხარეზე გალაშქვრა, რათა ახალციხიდამ ჯარი ფოთს არ მიშველებოდა, და რომელნიც პაემანი დაგვიდვა ეგრეთ აღვასრულეთ; ამავ დროს დაღისტანის ჯარი თუშეთს მოვიდა და ჩვენი ჯარი ზოგი იქ გყვანდა მისაშველებლად გაგზავნილი, რომელთაც ღ~ვთითა და ყოვლად მოწყალის ხელმწიფის ბედნიერებით სახელოვნად გაემარჯვათ. ჩვენ თრიალეთს ყოფაში მაშინ ხერთვისის ციხის და ქალაქის გამომცემი, ერთი იქაური ბეგი, საიდუმლოდ მალვით მოვიდა თავის ნათესავებთან ციციანოვთან და ფიცით პირობა მოგვცა, ჩვენც ჩვენის ჯარით ორმოცდა ათს ვერსამდის ჯარით მივედით, და იქიდამ ჯარი გავგზავნეთ, და შევიდნენ ციხეში, და წარმოსტყვენეს, და დაწვეს, და თუ ეს ვითარ იქმნა ლვოვის კაპიტანის წიგნისაგან სცნობთ, რომელიც წიგნი ჩვენ მოგვიწერია.
უწყის უბრწყინვალესობამან მაღლისა ღრაფობისა თქვენისამან – მრავალი წელიწადი არის საქართველოს აქვს ვედრება და მიმართება რუსეთის დიდის ხელმწიფისა, რათამცა ძალითა და საფარველითა მოწყალებისა თვისისათა შემოზღუდოს და დაიფაროს, და განცხადებულად ყველასთან აღმოჩნდეს, რათამცა მიღებულ ვიქმნნეთ მოწყალებასა ქვეშე დიდებულებისა მისისა, და რაოდენ გვაქვს შეძლება სამსახურისა, და ვითარებაცა მისი აღთქმითა გამოგვიცხადებია, და კვალად აგრეთვე თხოვნა-ვედრებაცა ჩვენი მოგვიხსენებია ცალკე წერილით თვითოეულად თქვენის მაღალ ღრაფობის ბრწყინვალებასთან, რომელსაც მოგართმევენ თვით ჩემი ძმა უწმიდესი და ძე ჩემი ლეონ, და ვითხოვთ თქვენის ჩემდამი სარწმუნოს წყალობიანის გონებისაგან, რათამცა ღ~ვთისათვის და მართლისა სარწმუნოებისათვის წინაშე ყოვლად დიდებულისა მონარხისა მეოხად აღიძრათ ამათ მორთმეულისა მოხსენებულისა ჰაზრისა ჩვენისა, და აღგვისრულდეს შეწევნითა თქვენისა მაღალ ღრაფობის ბრწყინვალებისათა წადილთ-სათხოვნელნი იგი ჩვენნი, და დაგვადვათ ვალი ჩვენ და ჩვენსა სამეფოსა თქვენის სამსახურისა.
მეათექვსმეტე თვე არის, რომ უმაღლეს კარს ჩვენი აზნაურშვილი გამოვგზავნეთ და ჯერ ვერ შეგვიტყვია – დასტური ბოძებია, თუ არა.
54. ერეკლე მეფის წერილი სახელმწიფო მრჩეველ პეტრე ვასილის ძისადმი (?). 1771 წელს.
მაღალშობილს და მაღალ პატივცემულს უფალს სტატსკი
სოვეტნიკს, ჩემს კეთილ საიმედო მეგობარს პეტრე ვასილიჩს.
მარადის თანამდებად ჩვენდა უწყით, რათამცა მათის იმპ. დ. უმაღლესსა კარსა მოსახსენებელი ნუჟდა გვაქუნდეს რა, თქვენს მაღალშობილებას კეთილ მეგობრობისა სახით გამოუცხადოთ, და რაოდენ პატიოსნებასა და ყოვლად მოწყალის ჴელმწიფისა თქვენსა ერთგულობასა შვენიდეს, ეგრედ შეწევნა ჰყოთ ჩვენთვის, ვინათგან ქრისტიანენი ვართ და უერთგულესნი მონანი ყოვლად დიდებულისა მონარხისანი.
აქაურნი საქმენი რომ ყოველივე მოხსენებული გაქვსთ, და აწ წარმოიგზავნნეს ჩვენ მიერ უმაღლესსა კარსა მათის ი. დ. ყოვლად მოწყალის ჴელმწიფისა თაყუანისსაცემელად ძმა ჩემი, ამისი უწმიდესობა, და ძე ჩემი ლეონ, და ჩვენმიერნი სათხოველნი და ვედრებანი ამათ მიერ ყოველივე განგეცხადებისთ; და კვალად ამას ვითხოვთ მაღალშობილებისაგან, რათა ვითა ჰშვენის ღ~თის მსახურსა გონებასა, ეგრეთ შეგვეწივნეთ, ჩვენის სათხოველისა კეთილ-წარმართებასა ეცადნეთ და ჩვენ და ჩვენს ქვეყანას დიდი ვალი დაგვსდვათ და გვიმსახუროთ. სხვა რომელნიც ჩემნი აზრნი დაჰბარებოდეს თქვენს მაღალ კეთილშობილებისადმი ჩემს ძმასა და ძესა ჩემსა – ის კეთილად მოისმინეთ, და ამას დიაღ გევედრები, და ჩემი ახლა ამ დროებში ყოველი საქმენი მომინდვია თქვენთვის.
55. სოლომონ მეფის წერილი იმპ. ეკატერინე II-ს. 1771 წლის 27 ოქტომბერს.
მათის ცაებრამაღლებულის იმპ–ის დიდ–ბის მონა, მეფე იმერთა სოლომონ დავითიანი მრავალგზის სიმდაბლითა თაყვანისცემასა დ ქება-მადლობასა შევსწირავ! აწ ამას მოვახსენებ მათ დიდ–ის იმპ–ს დიდის მოკრძალვით და გამკაცრებით: რა იარანალმა ალექსი სუხატინიმ ქართლით იმერეთად გარდმოსვლა გამომიცხადა, წაველ სწრაფით მხიარულ ქმნილი, და რომელიც შეწევნა შემეძლო ხარითა, ანუ ცხენითა დაუბრკოლებელად და უვნებელად ჩვენს ქვეყანაში გადმოვიყვანე; მერეთ, რაოდენისამე ჟამისა შემდეგ ინება ფოთით წასვლა, და მე დიდის ქენებით და ხვეწნით მოუშალე და ვაუწყე: ზაფხული არის და ფოთი დიდათ დამცდელი და ხაშმიანი ადგილი არის, როდესაც დრო იქნება და სნეულების ჟამი დასცხრება, გაუწყებ, მეც თანგამოგყვები, მივიდეთ, მოვადგეთ და რისაც ღონისძიებით იყოს ავიღოთ მეთქი. მან ასრე მიპასუხა: შენ რაც ცხენი და ხარი, ან იარაღი დაგვჭირდეს მოგვეც, და სურსათით ჴელი მოგვიმართე, და მე იმაზედ შეწევნას არავის გეხვეწები, და არც სიცხესა და ხაშმს დავეძებ, სამს, ანუ შვიდს დღეს დავდგებიო. რადგან ჩვენის დაშლით და ხვეწნით აღარაფერი გაეწყო, რაც გვთხოვა ცხენი, ან ხარი, ანუ სხვა საჭირო ნივთები ჴელი მოუმართეთ და სრულებით მივეცით, და ჩვენც ჩვენის ჯარით ოსმანთ მოსასვლელს გზაზედ დავდეგით, და დაუმტკიცეთ, რომ თუ ოსმანნი თქვენზედ წამოვლენ, ჩვენც მაშინათვე მოგეშველებით და თქვენთან მოვსწყდებით მეთქი. წავიდა, მოადგა ფოთს და მრავალი ჯარი მოსწყვიდა გაუსინჯავად, დაუჯერებლობით; და როდეს მისი უკუმოქცევა ვსცან, მეც დიდად ავად ვიყავი, და ჩვენც გამოვბრუნდით, მარა ჩვენი სიტყვის შეუწყნარებლობა და ჩვენი თანგაყოლა ამისთვის არ ინება, ვგონებ, რომ მხოლოდ თავის სახელის განდიდება უნდოდა, და ყ~დ დიდ–ს ჴელმწიფის ჯარისა და ხაზინისათვის არაფერი ეძება. რა ვქნა, არ ვიცი ჭ~ტდ? ძლიერს ღმერთს ვფიცავ და დიდებულს ჴელმწიფეს, რომ დიდად მრცხვენიან, რომ ამდენი ხანი არის ამიასთანა საკვირველი ჯარი აქ არის და, ჩემის უბედურობით, ერთი ჴელმწიფესთან გამოსაჩენი საქმე ვერაფერი ვქმენით; მარა თუ მათ დ~დბის იმპ–ს უკაზის ბრძანებას არ ისმენენ, და რომელიც უმჯობესის გზების ჩვენება და მისვლა გვბრძანებია არ დაგვიჯერებენ, – რა ვქნათ? ჩვენი ბრალი აღარ იქნება; თუ ყ~დ მოწყალის უკაზის ბრძანებას არ ისმენენ, ჩვენ ვიღა დაგვიჯერებს? მარა ეს უფროსად მიკვირს, რომ ბრალს ისევ ჩვენ გვდებენ და საგინებელ-საყვედრებელ წიგნებს ჩვენვე გვწერენ! რადგან მათის ამაღლებულის ჴელმწიფისაგან მ ე ფ ე დ ჴმობილი ვარ, – ესე უსამართლოდ გინება არა ხამს, თვარა ნება ჴელმწიფისაა. სხვას ამას ვევედრები ყ~დ მოწყალეს ჴელმწიფეს დიდის ვედრებით და ლმობიერის ქენებით, რომ წყალობა ჰყოს და ტყვიისა და წამლის ბოძება ინებოს: თუ ავიღე ფოთი ჩემის ქვეყნის კაცით, – საქმე შემძლებია ხელმწიფის ერთგული ვყოფილვარ სრულის გონებით და არა ცრუდ მოლაპარაკე, და თუ ვერ ავიღე, ჩემი სიტყვა შესაწყნარებელი აღარ იქნება, და ვითა გენებოსთ, ეგრე ჰყავთ. ეს თხოვნა იარანალსაც გამოუცხადე, მაგრა დამაბრკოლა და არ ინება, და ახლა ყ~დ დიდ–ს ჴელმწიფისთვის მოგვიხსენებია, და ნება მათი იყავნ ყოველსა შინა. და სხვას ჩვენს სიტყვას ყოველსავე მათის დიდ–ს იმპ–ს წინაშე ჩვენი აზნაურშვილი იოსებ გამოაცხადებს.
აზის ბეჭედი წარწერით:
სოლომონ, დავითის ნორჩი,
ჯვარით მტერს მოვრჩი.
ოკდომბერს 27, წელსა 1771.
56. ხელშეკრულება, დადებული გურიის მფლობელ მთავარს მამიასა თავისი ქვეშევრდომებით და მეფეს სოლომონს შორის. 1771 წელს.
ქ. თავად დაუსაბამოსა ღ~თსა და ყ~თა სათნოთა ღ~თსათა თავდებობითა ესე უხერხო, უტყუელი, შეუცვალებელი წიგნი ფიცი და საფიცარი მოგართვით თქვენ, ჩვენს ჴელმწიფეს, ბატონს მეფეს ს ო ლ ო მ ო ნ ს ჩვენ გურიელმან მ ა მ ი ა მ და შემოქმედელ მიტროპოლიტმან ნ ი კ ო ლ ო ო ზ, ერისთავმან დ ა ვ ი თ, თავდგირიძემ მ ა მ უ კ ა მ, მაჭუტაძემ ი ო ა ნ ე მ, ნაკაშიძემ გ ი ო რ გ ი მ, თანდარუხ ს ა ყ ვ ა რ ე ლ მ ა, გ უ გ უ ნ ა ვ ა მ, ჩითან შ ა ლ ი კ ა შ ვ ი ლ მ ა, რ ო ს ტ ო მ და კიდევ რ ო ს ტ ო მ, და ერთობით ჟ ო რ დ ა ნ ი ა მ, და ჭ ყ ო ნ ი ა მ ერთობით, ჯაყელმა ზაალ, და ერთობით ლეხეურლებმა, ერთობით ასკანელებმა, ერთობით ჩახათლებმა, და ერთობით გურულებმა, – ასე და ამა პირსა ზედა, რომე დიდებულის ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის ჯარზედ უსჯულონნი აგარიანნი საბრძოლად წამოვიდნენ, და თქვენც ჩვენ ქვეყანაშიდ აგარიანთ საომრათ ჯარითა მობრძანდით და ჩვენი ქვეყანა დიაღ უთავდარიგოთ ნახეთ, ამაზედ გაგვიწყერით და დაგვიმძევლეთ, და ყველანი დიდებულის ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის ერთგულებაზედ შეგვიფიცეთ: ასე პირობა მოგვირთმევია: თუ წმინდის გულით თქვენი ერთგული არ ვიქნეთ, უსჯულოს მტერზედაც რაც შეგვეძლოს არ ვემტეროთ, თუ ვერ შევიძლოთ, თქვენ არ მოგახსენოთ, ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის და მისის ჯარის რაც შეგვეძლოს არ ვქნათ, – შეჩვენებული ვიყოთ წმიდის სამებისაგან, შვიდის კრებისაგან, ოთხის პატრიარხისაგან და თორმეტთ მოციქულთაგან, ჯერ ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის ღალატად მან ჴელმწიფემ მოგვიკითხოს და მერმეთ თქვენად სიკვდილად თქვენის რისხვით გაგვიკითხეთ.
გურიელი მ ა მ ი ა, და ათამდინ ჯვარი უზის.
57. წარდგინება ერეკლე მეფისაგან იმპერატრიცა ეკატერინე II-დმი.
თქვენის ყ~დ დიდებულებისა ჩემზე უღირსი ზეგარდამოებრი წყალობა – ორდენი წმიდისა მოციქულისა ანდრია პირველ-წოდებულისა ბრილიანტისა ყოვლად მადლობით მივიღეთ, თუმცაღა შესაბამ ვერ შესაძლებელ არს ჩუჱნდა მადლობაჲ, ვინაჲდგან ესოდენ მაღალ არს საიდუმლოჲ მოწყალებისა ყ~დ დ. ი. თ. რომელ მახლობელთა და შორიელთა სწორადრე განუყოფს მიფენასა ღვთაებრთა შარავანდედთასა, და ამისადმი იწრო არს გონებაჲ შესაფერ მადლობად, ვინაჲცა ვმადლობთ სიტყვით და გონებით, და, რაოდენსაც ვერ შემძლებელ ვარ თქმად, დუმილით ვმადლობთ საჲდუმლოსა მას მოწყალებისა ღვთაებრისასა, რომელ ყოვლად აღსცალდების გონებასა ძალი საიდუმლოჲსა მოწყალებისა ყ~დ დ. ი. თ.
და ვინაიდგან ბრძანებულ არს თ. ი. დ. რათამცა იმერეთის მეფისა და დადიანისა და სხვათა ურთიერთას დაგებად, და ქრისტიანეთა მტერთა ზედა ერთჴმობით მტერობად, – რაოდენ ჩვენგან შეიძლებოდა, ვეცადენით დაგებად და განმტკიცებად მის მათდა, მაგრა არა ინებეს დაგებად: კვალად ღენერალ მაიორისა და ჩვენისა სურამს ერთად ყოფასა შინა უწმიდესი კათოლ. იმერეთისა მოვიდა. მისის სიტყვისა და საქმისა გვარს, და იმერეთისა ჰამბავს სრულებით, რომელნიც თანამდებნი იყუნენ მოხსენებისა თქვენისა, უმაღლესსა კარსა მოახსენებდნენ, და კვალადცა შეძლებისაებრ ურთიერთდა მიმართ მათსა დაგებასა თ. დ. სამსახურსა ზედა.
და კუალად ჩვენ და იარანალ მაიორი რაგვარადაც მტერზედ წავედით, და რაგვარადაც მგზავრობა გვაქუნდა, და ან მტრის ციხეს აწყურს რომლის სახითაც ვებრძოლეთ, და ან იარანალ მაიორი რა დროს გამოგვეპარა ჩვენს შეუტყობრად, და ან, ღვთით და თ. დ. ბედნიერობითა, როგორ მივედით მტრის ქვეყანაში – ესე ყოველივე ვრცლად პირველს მინისტრის წიგნში განგვიცხადებია, რომლის დამსწრე არის თავადი მოურავოვი და რამდენიმე რუსნი, და ყაზახნი თვით თვალითა თვისითა არიან მხილველნი, და ესე არა თუ ძალითა ჩვენითა იქმნა, არამედ ღვთისაგან და დიდებულებისა თქვენისა ბედნიერობისაგან.
თ. ი. დ. შარშანდელიდგან რამდენჯერმე აქეთმხრისა მყოფთა ქრისტიანეთა გებრძანა მაჰმადიანთა, ოსმანთა, მტერობა, რომელიც ჩემთვის სატრფიალო საქმე არს, რომელიც შეძლება მაქუს სიმართლით მოვახსენებ კარსა, რომ არც თქუჱნის დიდებულების სამსახურისათვის ჩემი თავი და ქვეყანა დამიცავს, და არც შ~დ ვრიდე თავსა ჩემსა თქვენს ყოვლად სახალისოსა სამსახურსა ზედა, და რამდენჯერმე მტერსა ზედა ყარსისაკენ ყოვლითურთ სრულიად მტერობა გამოვაჩინე, და ახლა რაც ახალციხის ქუჱყანაში ღვთით რაც მოხმადიანთ სისხლი დაიქცა ჩვენგან ამ საქმეებით, რომელნიც ჩვენნი მეზობელნი ჩვენგან ზოგნი კეთილის მოქმედებით და ზოგნი ძალით ჩვენთან დაგებულნი იყუნენ, და როდესაც თქვენი უმაღლესი ბრძანებას მოგვივიდა მოჴმადიანთა ზედა მტერობისა ღვთითა და თ. დ. ბედნიერობით საქმე აღვასრულეთ, და მათზედ ჩვენ ყველაზედ ჴელი ავიღევით, და ყოველნი ამ საქმეების შემდგომად მესისხლედ თვისად გუხადიან, და აღარივინ გვეგულება ჩვენდა კეთილისმოქმედად ყ~დ ძლიერისა ღვთისა და თ. დ. კიდე, და კმასაყოფელია ეს სასოება ჩვენდა, და უიჭველად გურწამს თ. ი. დ. ბრძანება, რომელნიც ყ~დ მოწყალებითა თქვენითა ჩვენდა სასოება გიბრძანებიათ, რომ მარადის დაუგდებელნი ვიქმნებით ყოველსა დროსა.
58. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1771 წლის 19 დეკემბერს.
თქუენს მ. ღ. ბ. მოჰხსენდეს თანამდებად ჩვენდა მგონიეს, რათამცა დროსა შეხდომასა საქმისასა აქაურნი ჰამბავნი უმაღლესსა კარსა, რომელნიცა სათანმდებოდ ჩემდა აღმოჩნდებოდეს, მოხსენება ვჰყო: ჩღოა წელსა, ივნისში იაზიკოვი რომ წარმოვიდა იანარალ მაიორის სუხოტინისაგან, აქაურნი და ჩვენნი საქმენი სრულებით უმაღლესს კარს მაშინ უეჭველად მოჰხსენდა, და ამა ზემოხსენებულს პოლკოვნიკს მ. ი. დ. ჩუჱნგან მოხსენება და ი. მ. ღ. ბ. წიგნი გამოვატანეთ, მაგრამ ვერ მოჰსწეოდა, და მასუკან მოზდოგის უფროსისაგან გამოგზავნილ იქმნა უმაღლესსა კარსა. და აწ ახლანდელი ჰამბავი ეს მოგხსენდესთ: ამავ წელს, ოკტომბერში, ხერთვისის ციხისა და ქალაქის აღება როგორც მოჰჴდა და იქაურნი ერნი როგორადაც წაჴდნენ ჩვენის ჯარისაგან, ღვთითა და ყოვლად დიდებულისა და ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის ბედნიერობით, ეს მოკლედ ივან ლვოვის წიგნის პირით მდაბლად გეუწყებათ. და ვინათგან ჩემის სიყრმითგან მსუროდა ყოვლად დიდებულის რუსეთის დიდი მონარხის თაყვანისცემა და ჩემი და ჩემი სამეფოებისა შემოვედრება საფარუჱლსა შინა დიდებულებისა მათისასა, მაგრამ ჩუჱნის ქუჱყნის ვითარება და მეზობლებისა ჩემისა ზოგისა რომელისამე სიავემ და მიზეზმა ამისი თავისუფლება არ მომცა, და ჩემად მაგიერად წარმოგზავნე ძმა ჩემი უწმიდესი და ძე ჩემი ლეონ, ყოვლად დიდებულისა მონარხისა მონანი, და ყოველნი აქაურნი და ამა მჴრის საქმენი, და წიგნიცა იგი, რომელიცა მოგუცა ლვოვმა კაპიტანმა, ყოველივე მოერთმის უმაღლესსა კარსა დიდებულებისა მათისასა, და ვითხოვ თქვენის ქრისტიანის სიმართლის მოყვარებისა და ჭეშმარიტისა განმსჯელობითისა გონებისაგან, რომ მოწყალებით ზედმიწევნით გასინჯოთ ყოველნივე ჩემნი და აქაურნი საქმენი.
და ამავე დროსა წარმოვგზავნეთ ბეგიცა, ხერთვისის ციხის და ქალაქის ჩვენდა მომცემი, ვინადგან თვითცა ინება სურვილით თაყვანისცემა უმაღლესისა კარისა, ლეონ ძესა ჩემსა გამოჰყვუა.
თქუჱნის მ. ღ. ბ. თუმცა უმსახურონი ვართ, მაგრამ თქუენის ყოვლითურთის მართლმადიდებლობითის შემსგავსებულის მოქმედებისაგან ვითხოვ, რომ როდესაც შემდგომად ჩვენი კურიერი, ან წიგნი წარმოვიდოდეს, გზებზე დაუყოვნებლად თავისუფლება ჰქონდეს უმაღლესსა კარსა მალე მოწევისა.
დაიწერა ქალაქსა ტფილისს. 1771 წელსა, დეკემბერს 19 დღესა.
59. სია საჩუქრებისა ერეკლე მეფისაგან იმპერატრიცა ეკატერინე II-ს. 1771 წლის 29 დეკემბერს.
მისის იმპერატორების დიდებულების მისართმევი:
1. ინდის ჴელმწიფის მ ო ღ უ ლ ი ს ნაქონი საცერე.
2. უნაგირი ოქროსი, მინაქარი, სპარსეთის ჴელმწიფისაგან ჩემთვის ნაბოძები.
3. რახტი ოქროსი, მინანქარი, – ესეც სპარსეთის ჴელმწიფისაგან ჩემთვის ნაბოძები.
ესენი მ. ი. დ. წინაშე დია მცირე და კნინი მისართმევი არს, და ძნიად გასაბედავი, მაგრამ, რადგან ჴელმწიფეთაგან ნაქონი იყო, მისთვის უმდაბლესის გაბედვით მოვართვით.
ე რ ე კ ლ ე.
60. სია საჩუქრებისა ერეკლე მეფისაგან გრაფ ნ. ი. პანინისადმი.
თქუჱნის მაღლის ღრაფობის ბრწყინვალებას ამა დროსა დიდის ბოდიშით მოერთმის ჩუჱნმიერ კნიაზ არტემონ ანდრონიკოვის ჴელით: ორი ისპაანის დიბა – აზიის ადლი თერთმეტი, რომ თითო ხუთ-ხუთ ადლიანი და ნახევარი იქნება, და ორიც რახტი ვეცხლისა, ოქროთ დაფერილი, თავდაბეჭდილი ჩუჱნის პატარის ბეჭდით. მცირის მოსართმევისთვის გულს ნუ დაიკლებენ, ესენი საჩქაროდ გამოგიგზავნენ, და ამასიქით თქუჱნის მაღლის ღრაფობის ბრწყინუალებისა მარადის თანამდებნი ვართ.
61. წარდგინება ერეკლე მეფისაგან იმპ. ეკატერინე II-ს. 1771 წლის 30 დეკემბერს.
უმწუერვალესის სიმდაბლით მოვახსენებ, რომელიც აწ მყოფსა დროსა გვეგულების კადნიერება აზრისა ჩუჱნისა მოხსენებად წინაშე დიდებულებისა თქვენისა:
არა თუ სამსახურსა ჯეროვანსა თანამდებსა, ან ყოვლად მოწყალებისა თქუჱნისა განვრცელებულისა საჴელმწიფოსა დიდსა შესამატსა რასმე ვაჩვენებდეთ, გარნა ოდენ მართლ-მადიდებელის მონარხისა ქრისტიანობისათჳს გაუბედავთ ყოვლად მოწყალებასა თქვენსა.
ვინაჲდგან დედა ხარ ყოველთა ქრისტიანეთა, და ვედრებისა ჴმითა და უერთგულესითა გულითა, და დამდაბლებულისა სულითა ვითხოვ, ყოვლად მოწყალეო ჴელმწიფეო, რომელიც წინაპართა ჩამომავლობათა ჩვენთა სუროდა, ვინადგან ვიმყოფებით იმ დროსა შინა, რომელიცა აქვს ყოველთა საქართუელოსა გამოხსნისა ღირსად დიდებითჴსენებულთა დიდთა ჴელმწიფეთაგან მოცემული იმედი, და ჩუჱნცა უმაღლესი ბრძანება თქუჱნის დიდებულებისაგან უკაზით სრული სასოება გამოხსნისა, – აჰა წარმოივლინენ ჩემგან დიდებულებისა თქუჱნისა ჩემი ძმა კათალიკოზი და ძე ჩემი ლეონ, რათამცა მოართუან დიდებულებასა თქუჱნსა წერილით, რომელნიც ჩემგან და ჩემისა სამეფოს ქვეყნისაგან შეიძლება სამსახურისა აღთქმა, და ეგრეთვე თქუჱნის იმპერატორების დიდებულებისაგან ითხოონ წყალობა, რომელიცა მომიხსენებიეს ჩემისა ჴელწერილისა წერილთა.
ისმინე, ისმინე, მოწყალეო ჴელმწიფევ, უმაღლესისა დიდებულებისა თქუჱნისა დღეთა სიგრძისათვის, და უკეთუ, ევროპისა და აზიურისა ჩვეულებისა სხვა და სხვაობისაგამო, შეუტყობარი რაჲმე ჩვენგან – დიდი, თუ მცირე დიდებულებასა თქუჱნსა არა სათნოსჩენოდეს, ის ავასხე ყოვლადძლიერსა ღ~თსა და ყოვლად მოწყალებასა დიდებულებისა თქუჱნისასა: ვითხოვთ ყოვლითურთისა ვედრებითა, ვითარცა ბრძანებული არს თქუჱნისა იმპერატორებისა დიდებულების უკაზებით, აწვე ასეთის საფარველით დაგვიფაროს მოწყალებამან დიდებულებისა თქუჱნისამან, რომ თვით მეც დიდებულის რუსეთის საჴელმწიფოსა ცაში აღრაცხილად დამინახონ მეგობართა და მტერთა, და ეგრეთვე სამეფოცა ჩემი რუსეთის საჴელმწიფოდ გამოჩნდეს, ვითარცა განმიცხადებიეს მდაბლად უმაღლესისა კარისათვის.
დაიწერა ქალაქს ტფილისს. დეკემბერს 30, წელსა 1771.
62. წარდგინება მეფის ერეკლესაგან იმპ. ეკატერინე II-დმი. 1771 წელს.
თქვენისა დიდებულებისა უკაზი გვებოძა, რათამცა საქართველოში გამოგზავნილი ჯარი წარმოვიდეს რუსეთადვე და გზასა ზედა შევეწივოთ, რომელი აღვასრულეთ, და ჯარიც წარმოვიდა ბრძანებისაებრ დიდებულებისა თქვენისა. უბრძანებიეს ჴელმწიფობასა თქვენსა – რომელიც შეუერთებლობა და საზოგადოსა მტერსა ზედა განუჯმჴედრებლობამა, და უმოქმედობამ გარდავლო, და ერთმანერთს მტერობით, ბრძანებისაებრ თ. დ., ამ წინამდებარეს საქმეებში სიმართლით არავინ გაისარჯა, – და ამ მიზეზთათვის საჯა ამ ჯარის დაბარება დ. თ. თ. უგანათლებულესობისა და ყოვლად მ. ჴ. ბრძანება ჭეშმარიტი არს, მაგრა ჩემ მდაბალის მონის თქვენისაგანაც მოწყალებით ისმინე ყოვლად მ. ჴ.
ჩემი აწინდელი კადნიერება მწუხარებისაგან არის, – დღეს ჩვენზედ იმისი მსგავსი დღე მოწევნულ არს ჩვენთვის და ჩვენის ქვეყნისათვის, როგორადაც სული და ხორცი განიწვალების: აქედამ ი. დ. კორპუსის წარმოსვლით იმისთანას სიმწარეს მივსცემულვართ, და არ გვაქვს თავისუწყენლობის შეძლება, ვითარცა დავიდუმეთ. რაიცა ამასუწინდელნი უნაყოფო საქართველოში მოჰხდა და თ. დ. ჯარის შეუერთებლობით ღრ. ტოტლებენის დროს, ის ხომ თ. ჴ. ბრძანებით ჩატარებულ იქმნა, და ვგონებ, რომ პოლკოვნიკის ნიკოლა დანიილიჩის აქაური იმ საქმეების განხილვით მე უბრალოდ ვიყო აღმოჩენილი. და ახლის იანარალ მაიორის სუხოტინის მოსვლა ესრეთ იქმნა: მოსვლაში გზის ან ხარჯი, ან ბარგის გადმოტანა და სხვა სამსახური დაგვდვა, და კიდევ რაც მტერზე მტერობა გვირჩია სწორეთ და ჩვენის შეძლებით ეგრეთ აღვასრულეთ, და, რადგანაც მგზავრათ გამოიარა და ფოთს მივიდოდა, ჩვენ მაშინაც ყოვლითურთ ჩვენის შეძლებით ვცდილვართ უმჯობეს რჩევასაც და თქვენის კორპუსის შეერთებასაც, და არ მოჴდა, და ვგონებ, რომ თვით სუხოტინს უმაღლესის კარისათვის მაშინ ჩემი კეთილი მოეხსენებინოს.
მოეხსენება ი. დ. თ. იმერეთს სოლომონ მეფისათვის და სხვათა მფლობელთათვის რჩევითა და კაცის გზავნითა შეერთებისა მათისათვის უნამეტნავესისა გარჯითა ვეცადე, მაგრამ ჩემი რჩევა და მშვიდობითი სიტყვა არ მიიღეს და ძალით რადგანაც თ. დ. ბრძანება არ მქონდა, ძალს ხომ ვერ ვიჴმარებდი.
ახლა ამადროს ამ ვედრებასა ვყოფ წინაშე დ. თ. – რაცა უწესონი საქმენი და შეურიგებლობანი მოჴდა, რომლითაც სახითა და რომლისა გვამისაგანაც, ყოველივე აპატივე შენსა შემყვარებელსა ქრისტესა, რომელმანცა გადიდა შენ, და ნუ მიგვცემ მოუთმენელსა მწუხარებასა და ქვეყნის აოჴრებასა, და შენის საფარველიდამ ნუ წარსწყმედ მართალსა დამნაშავესათანა დღეთა სიგრძისა თქვენისათვის, და მოგვეც წყალობა, ვითარცა მომიხსენებიეს ჩემის ძმისა და ძის გამოტანებულისა არზებით, და ეგრეთვე დაბარებულობითა.
ვითხოვ ყოვლად მ. ჴ. რათა კადნიერებისათვის ფრიადისა უგანათლებულესი გონება დ. თ. არ წყენილ იქმნას, არამედ მიიღოთ მოხსენებული ჩემი.
63. ერეკლე მეფის წერილი ვიცე-კანცლერს თავად გოლიცინს. 1771 წლის 30 დეკემბერს.
თქუჱნის ბრწყინუალებისა მშვიდობის ამბის სმენა მარად გვსურს და გვწადსაცა, რათა გვესმოდეს თქვენის ბედნიერად ყოფისა და უჭირველად ცხოვრების ამბავნი. თუ თქუჱნი ბრწყინუალება აქეთმჴრის ამბავს იკითხავთ, რომელიმე, ვჰგონებ, მოხსენებული გექმნებათ და რომელნიმე აწ მოგხსენდებათ: ჩუჱნ აწ დროსა ამას ამისი უწმიდესობა ჩუჱნი ძმა და ძე ჩემი ლეონ წარმოვავლინეთ უმაღლესს კარს ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის თაყუანისსაცემელად, და ჩვენნი ვედრნი, რანიცა გუაქუნდეს, ყოველივე წერილითა და ზეპირ დაბარებულებით ამათგან განგეცხადებათ.
და ვითხოვთ თქუჱნისაგან ბრწყინუალებისა, რათა რომელნიც სათხოველნი იყუნენ ჩუჱნნი და ამათგან განგეცხადოსთ, ამაებზედ შეგვეწივნეთ, არათუ ჩუჱნგან რომლისამე სარგებლისათვის, არამედ უფროსღა ქრისტესთვის, ვინათგან ქრისტიანენი ვართ, და ჩვენ ჩვენი ქუჱყანა მარად თქუჱნის ბრწყინუალების სამსახურის თანამდებად იცოდეთ და გვიმსახურეთ.
დაიწერა ქალაქსა ტფილისს. დეკემბერს 30 დღეს, წელს 1771.
64. წარდგინება ერეკლე მეფისაგან იმპ. ეკატერინე II-ს იმ პირობების შესახებ, რომლებზედაც მას სურდა რუსეთის მფარველობაში შესვლა. 1771 წლის 30 დეკემბერს.
ყოვლად უგანათლებულესსა, უპყრობილესსა, დიდსა ჴელმ-
წიფესა იმპერატრიცა ეკატერინა ალექსეევნას, თჳთმპყრობელსა
სრულიად რუსეთისასა, ყოვლად უმოწყალესსა ჴელმწიფესა.
რომელიც არის უკაზებისა ყოვლად მოწყალითა ჴელმწიფობისა თქვენისა ბრძანებული მოწყალებით თ. დ. მფარველობასა შინა და ჩვენად განსაძლიერებელად ჯარის ბოძება საქართველოებში – ამ ზემოხსენებულის მოწყალების სიმდაბლით მმადლობელნი ამასაც მთხოველ ვართ, რომ აწვე გამოგვიყვანოს მოწყალებამან დ. თ. წარმართთაგან:
და გვებოძოს ჯარი რიცხვით ოთხი ათასი განსწავლებული, და, თუ სულ განსწავლებული არ იყოს, ნახევარი გაუსწავლელი იყოს და ნახევარი განსწავლებული, საკუთრად ჩვენს მხარეს, რათამცა საერთოდ ვებრძოლოთ ოსმალთა, რადგანაც უწინდელს ჯარს ჩვენკერძო არა აქუს მოცალება, და ვინც ჯარის თავი იქნება ჩვენს რჩევას მიიღებდეს და დაიჯერებდეს, ვინადგან ვართ აქაურთა საქმეთა შინა მყოფნი და მეცნიერნი ამისთვის.
კუალად, ვითარცა ძუელად ყოფილა ჩვენის ჩამომავლობის მეფობა, ვითხოვთ თ. დ. მოწყალებისაგამო ეგრეთვე საუკუნოდ უცვალებელად ეგოს მორჩილებასა ქუჱშე დიდ–სა თქვ–სა იმ მსახურებითა, რომელიც ქვემორე აღიწერება,
მსგავსადვე კათოლიკოზიცა წესსავე თვისსა ეგოს მოუშლელად.
ვინაჲთგან ღვთითა და ბედნიერებითა თ. დ. ყირიმიდამ ეგოდენნი ჩუჱნის ქვეყნის კაცნი გამოიხსნენ, წყალობას ვითხოვთ ყოვლად დ. თ. რათამცა იმათ თავისუფლება მიეცესთ თავიანთ ქვეყანაში მოსულისა.
და როდესაც თ. ი. დ. ჯარი ამ ქვეყანაში მოვა, და ჩვენ და ისინი საერთოდ მტერს წართმეულს ქვეყნებს რომ წავართმევთ, – რაც კორპუსზედ ხაზინა დაიხარჯება ამ დაჭერილს ქვეყნებიდამ რამდენსამე წელიწადში ისევ უნდა ხაზინაში მოგართვათ; დაღათუ ამაზედ თავისწყენისათვის მოვერიდებით ყოვლად დ. ჴ. თ., მაგრამ რადგან ამ საქმეზედ რამდენჯერმე ჯარების შეყრა მოგვიხდა, ჩვენთვის კმასაყოფელი ხარჯები დაგვემართა, და კიდევ გზებზედ ჯარისა და ბარგის გარდმოტანისათვის ბევრი დაიხარჯა, და თუ რამ დაგუჭირდეს, რაერთიც ვითხოვოთ ვედრებით, რომ ხაზინიდამ სესხად ჩვენის ჯარისათვისაც თეთრი გვებოძოს, და ისევე მიირთვას ყოვლად დ. თ.
და ამ წყალობაებისათვის, რომელიმე ზემორე აღიწერა, მივართმევთ ძესა ჩვენსა რომელსამე და ეგრეთვე რაოდენსამე კნიაზსა თქვენს ყოვლად დ. ჴ. და აზნაურთაცა შეძლებისაებრ ჩვენისა.
დღეს ჩვენს ქვეყანაში რომლისაც ნივთის მადანი არის, და ან გამოჩნდება, იქიდამ სარგებელი მოიპოება – ნახევარი თ. დ. ხაზინას მიერთმეოდეს; და კიდევ რაც ჩვენს მორჩილების ქვეშ კაცნი არიან ყოველწლივ ამათგან კვამლზედ თოთხმეტი შაური საჴელმწიფოთ აიღებოდეს და მოგერთმეოდესთ. რაც ამ ქვეყანაში რჩეული ცხენი იშოება – თოთხმეტი ცხენი ნიადაგ წელიწადს ყოვლად დ. თ. მიერთმეოდეს.
როდესაც სპარსთ რომ ვეჭირენით მძლავრებით, და ხან ოსმალსა, სპარსნი ჩვენს სამეფოს ორს წელიწადში ერთხელ წაართმევდნენ ცხრას ტყვეს და კვამლზედ თოთხმეტს შაურს, და ამასაც ამ ტყვეების მოსახმარებელის ხარჯისათვის; და კიდემ ორმოცდა ათს საპალნეს რჩეულს ღვინოს, თავისის ხარჯით თვით წაიღებდენ საჴელმწიფოთ, და ახლა ჩვენ ამ ღვინოს, რიცხვით ორი ათას ვედრას, რომელიც ჩვენ ქვეყანაში რჩეული ღვინო იშოება, ყიზლარს ჩვენის ხარჯით მივიტანთ საჴელმწიფოთა.
როდესაც დ. ჴ. ჯარი მოვა ჩვენს ქვეყანაში იმათის შემწეობით სხვის ქვეყნების დაპყრობამდის ჩვენის ქვეყნებიდამ, რომელიც ქვეყანა დღეს გვიჭირავს, ეს ზემოხსენებულნი აღთქმულნი (?) მივართვამთ უდიდებულესსა ჴელმწიფებასა თქვენსა, და როდესაც სხვებს ქვეყნებს დავიპყრობთ თ. დ. ძალით, მაშინ იმ ადგილებიდამ როგორც ქვემორე მოიხსენება, იმსახით ვამსახურებთ.
როდესაც ძალითა და შეწევნითა თ. დ. კორპუსისათა რაც ოსმალთაგან წართმეულს ადგილებს დავიჭერთ ბედნიერებითა თ. დ. ამასაც როგორც ზემორე დაგვიწერია, იმსახით ვამსახურებთ: კომლზე თოთხმეტს შაურს წელიწადში, და იმავ ადგილებიდამ წელიწადში აბრაშუმს ორას ფუთსა იმ ქვეყნებიდამ, და, თუ მეტი შევიძელით, მეტს მოვართმევთ თ. დ.
კუალად ვედრებით მოვახსენებ თქვენს ყოვლად მოწყალებასა, რათა ამავე გაზაფხულსა არ უტეონ დაუპყრობელად ქვეყანა ახალციხისა, და უკეთუ შერიგება მოხდეს თ. დ. სულტანისა, მაშინაც გარეთ არ დარჩეს ქვეყანა ახალციხისა, ვინაჲდგან საქართველოსა შინა არის და ქართული ენა აქუსთ, და მრავალნი ქრისტიანენი არიან იმათში, და სხუანიც ახალნი გარდაქცეულნი არიან მაჰმადიანობაზედ.
როდესაც დ. ჴ. ბედნიერობით წარმართთაგან განთავისუფლდება და დამშვიდდება ჩვენი ქვეყანა, მაშინ ჩვენის ძველად ქონებულის სამეფოდამაც და ახლად დაჭერილის ქვეყნებიდამაც მოვართმევთ თ. ი. დ. რაც რუსეთის იმპერიაში სულზედ სალდათი აძევს – ჩვენ იმედენს კვამლზედ მივართმევთ სალდათს თ. დ.
უკეთუ ღჳთითა და ბედნიერობითა თქვენითა – რომელიც სხვა მტერის ქვეყანა თ. დ. კორპუსის ძალით დავიჭიროთ, იმისი სრულიადი ნება თ. დ. არის.
ჩვენ რაც რამ სამსახურის აღთქმა შეგვეძლო და წყალობის ვედრება გვეჭირებოდა – ის მოვახსენეთ თ. ი. დ. და როგორც თქვენ ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის ნება იყოს, ეგრეთ დედობრივითა მოწყალებითა განაგოს ყოვლად მოწყალებამან დ. თ.
დაიწერა ქალაქს ტფილისს. დეკემბერს 30 დღესა, წელსა 1771.
65. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1772 წლის 21 აპრილს.
თქუჱნის მ. ღ. ბ. წიგნი ჩუჱნის აზნაურშვილის შახოვისაგან მივიღე, რომელმანცა მრავლის ნუგეშინისცემითა აღავსო გული ჩემი, ამისგამო ვმადლობ თქუჱნს მაღალ ღრ. ბრწყინვალებას.
ამაზედ ქრისტიანობრივ დაგაჯერებთ, რომელიც ახლა გებრძანნეს, რათამცა იანარალ მაიორს სუხოტინს შევერთდეთ, და რომელიც გვირჩიოს, დაუჯეროთ, რომელიც, თქუჱნის ბრძანებისაებრ, ყოველთვის ცდა არ დაგვიკლია და დამიჯერებია. თვით აქაურნი საქმენი ყოველივე სუხოტინს იანარალსავე უმაღლესის კარისათვის მოეხსენებინა. ამაზედ აღარ გავაგრძელებ, რომ თქვენ თავი არ შეგწყინდესთ, მცირედი მოიხსენეთ: რა პირველად მეფეს სოლომონს თქვენის მ. ღ. ბ. წიგნი მოუვიდა და ჩემი სახელიც იმ წიგნში თქვენგან ნახსენები იყო, იმავ დროს ჩემის გონების შეძლება მოქმედებით ასეთის ჭეშმარიტის ერთგულების სიმტკიცესა ზედა დამიმყარებია და დამიმტკიცებია, ვითარცა შუჱნის თავისისა სარწმუნოებისა ერთგულსა და ეგრეთვე თავისის სარწმუნოების ჴელმწიფის სიმართლით მონებრ სამსახურის მქონებელ გუამსა, და რომლისაც შემძლებელი ვიყავ მე და ჩემი ქვეყანა – შემწეობა არ დაგვიზოგავს. და ახლა ჩემი ძმა და შვილიც ხომ მ. ი. დ. და ყოვლად უგანათლ. ჴელმწიფას წინაშე წარმოვგზავნე, და ჩემის საქმეების ყოველი ნება ყოვლად მოწყალე ჴელმწიფეს მივანდევ. ახლა ამ კორპუსში [ბრძანება] მოვიდა, რომ სახელმწიფოს ბრძანებით ესენი რომელნიც საქართველოებში განწესებულნი არიან, რათამცა რუსეთსავე უკუმობრუნდნენ, და ეს საქმე, ყოვლის წინადადებით, საქართველოს აღმაოჴრებელია და ჩვენში ქრისტიანობის სახელის აღმომფხვრელია. ამაზედ შეგაწყენთ თავსა, რადგანაც სარწმუნო ვართ, რომ ჩემი სრულიად მწყალობელი ბრძანდებით: თუ მე დანაშაული მაქუს რამე საჴელმწიფოს საქმეებში, უწინ ჩემს ნათესავსაც ხომ მოურთმევიათ თავიანთი თავი და ქვეყანა რუსეთის ნეტარ-ჴსენებულთ დიდთა ჴელმწიფეთათვის და ახლა მეც უნამეტნავესად ჩემი თავი რუსეთის დიდი მონარხისათვის ყოვლითურთ დამორჩილებით მომირთმევია, მე გარდამჴდეს, რომლისათვისცა მადლობით მიმღებელ ვიქმნები, როგორადაც მ. ი. დ. ნება ჰქონდეს, და ამდენს მრავალ ათასს ქრისტიანებს ამ საქმით ნუ გაჰყრის თავისის საფარველიდამ და მოწყალებიდამ, რომ სრულიად წარმართთაგან მიმოსატაცნელნი და ამოსაწყვეტნი არ შეიქნენ.
ეს ასეთი ჟამი წარმოდგომილა, რომ დუმილის დრო აღარ გვაქუს, წინაშე ყოვლად ძლიერის შემოქმედისა ღვთისა და წინაშე მ. ი. დ. სიმართლით ვიკადნიერებთ და ვიტყვით ამას: სანამდის მ. ი. დ. ბრძანება მოგვივიდოდა თურქთ მტერობისათვის – დაზავებით და მშვიდობით ვიყავით ხვანთქართან შერიგებულნი და დაწყნარებულნი; და სპარსეთის მფლობელს ხანებთანაც ასეთის საქმით ვიყავით – ზოგნი შეშინებულნი გვყვანდნენ და ხარკს გვაძლევდნენ, და ზოგნი მეგობრობით დაზავებულნი გვყვანდნენ, და ზოგის შეშინებას ვცდილობდით, და ზოგნი ლეკნი მათის შეძლებით გვმტერობდენ და ქვეყნებს გვიჴდენდენ, მაგრამ რამდენსამე წელიწადში ჩვენის ქვეყნის საქმეები ღვთით წარმატებაში მიგვყუანდა, – და ახლა ამ საქმეებითა და ამისთანას წინადადებათაგან, რომელიც ზემორე დაგვიწერია, საქართველოში ქრისტიანობა მოისპობის და სრულებით აღოჴრდების, თუ ეს კორპუსი აქეთგან უკუმობრუნდების.
იუწყოს თ. მ. ღ. ბ. – ღვთის და ყოვლად მოწყალეს ჴელმწიფეს ჩამოღმა ჩემი თავი და ქვეყანა ყოვლითურთ თქვენთვის შემომივედრებია, ღვთისთვის და ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის დღეთა სიგრძისათვის ამაზედ მეოხად და შუამდგომელად აღიძარით თქვენის მაღლად მხედველობით, და წინაშე ყოვლად დიდებულის ჴელმწიფის რომელიც გვიჯობდეს და ან მოგვეხსენებინოს – ამის წარმართებაზედ ეცადენით, თქვენი ყოვლითურთ ქრისტიანობრივი კეთილი ამდენს ქრისტიანებზედ გამოაცხადე და ღმერთთან და კაცთან თქვენი სიკეთე ადიდე, და მე, როგორც გეპრიანებოდეს, ეგრე მიმსახურე. და მე იმ პირობას მოვართმევ ყოვლად დ. ჴ., რომელიც ჩემის ძმის კათოლიკოსისათვის და ჩემის ძის ლეონისათვის მომიწერია, ეგრეთ ვჰყო, რომელიც წერილი ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის წინაშე უნდა მიართვან.
დაიწერა ქალაქს ტფილისს. აპრილის 21, წელსა 1772.
66. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ზ. გ. ორლოვისადმი. 1772 წლის 2 ივნისს.
თ. მ. ღ. ბ. ამ დროს ეს მოჴსენდეს ჩვენგან: როგორადაც მ. ი. დ. ბრძანება მოვიდა, აქ მყოფი კორპუსი ეგრეთ წარმოვიდა, – ამისთვის ვაწყენთ თავს თქვენ მ. ღ. ბ. ვინადგან ეს ამ ქვეყნის უმეტესის აოხრებისა ნიშანი არის. თუმცა ჩვენ თქვენი უმსახურონი ვართ და კადნიერება არ გვაქვს თქვენის თავისშეწყენისა, მაგრა, ვინადგან ყ~დ დიდებულის და მართლმადიდებელისა ჴელმწიფისა წინაშე მეოხება ძალგიცსთ, და ჩვენც მართლმადიდებელი ქრისტიანენი ვართ, და ჩვენი თავი და ქვეყანა ყოვლითურთ ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის საფარველში ვართ შემოვედრებულნი, ამისთვის გაგიბედავთ:
ვინადგან ამ კორპუსის წამოსვლით ამ სასოწარკვეთილებასა შინა არს მიწევნილი ყოვლითურთ საქმენი ჩვენი, რომ მისის ყოვლად დიდებულის საფარველიდან განვრდომა არის, გევედრებით, რათა ჰყოთ შუამდგომლობა წინაშე დიდებულისა და ყოვლად-მაღლისა მონარხისა, და ჰყოს წყალობა დედობრივი, და რომელიცა ძმისა ჩემისა და ძისა ჩემისა წარმოვლენასა მომეხსენებინოს ვედრებანი, ისმინოს ყოვლად დიდებულებამან და ყოვლად მოწყალებამან მისმან, და ამ მწუხარებისა და წარმართთაგან ნიადაგ ოჴრებისა, და ახლანდელის კორპუსის წარმოსვლისათვის ყვედრებისაგან გამოგვიხსნას, რომ ამადროს უნამეტნავესისა სიხარულითა და საცინელისა საქმითა გვაყვედრიან და გვეუბნებიან: ვისგანაც სასოება გქონდათ – მიგეფარათ და ნუღარა [ხართ] სასოებით მათგანაო, – ამისებრითა სიტყვითა ნიშნს გვიგებს წარმართნი; და ამისთვის იღვაწოს ბრწყინვალებამან მ. ღ. თ. ჩვენთვის და ჩვენის ქვეყნისთვის.
კვალად შეგვედრებ უწმინდესსა ძმასა ჩემსა და ძესა ჩემსა, რათა მოწყალებით ჰფარავდეთ ყოველსა შინა საქმეთა მათთა.
წელსა ჩღობ, ივნისის ბ.
67. ერეკლე მეფის წერილი კაპიტან ივ. ლავრ. ლვოვისადმი. 1772 წლის 13 ივნისს.
ვინათგან აქედამ კორპუსის წაუსველობისათვის უწინვე ძმისა ჩემისა და ჩემის შვილისათვის ასეთი წიგნი მიმიწერია, რომ თვით მათის დიდებ–ის მოხსენებათ უნდა მოახსენონ და თავი აწყინონ, და ეგრეთვე უბრწყინვალესს ღრაფებსაც შეეხვეწნენ და გაასინჯონ აქაურნი საქმენი, და ახლა ეს არის თქვენს მაღალ მსვლელობას უცხადებ ჩემს და ჩემის ქვეყნის საქმეს, რადგანაც მისის დიდებულობისაგან ამ ქვეყანაში ვექილად რწმუნებული ბძანდები, თვითვე მოგეხსენება და იცი, რომ როგორის გულის ტკივილით გმართებსთ ამდენის სულის შეწუხებულის და დაღონებულის ქრისტიანების შეწევნა; უეჭველია, თუ არ ყოვლის შემძლებელის და ყოვლად ძლიერისა ღ~თისაგან, თვარემ, რა ეს კორპუსი აქედამ რუსეთად წავადა ან მის მაგიერი არ მოვა, საქართველოები, ჭკუის დანახვით, აოჴრებული არ დარჩება, და გაფიცებთ ღმერთსა და ჴელმწიფეს, რომ რაც შეგეძლოს, ჩვენს უმსახურობას ნუ მიხედავ, და გაისარჯე, და რომელიც ქვემორე დაიწერება ამაზედ შეგვეწიე, თვარემ სხვა წამალი ჩვენს დიდის ხნის სნეულებას არა არგებს რა. ხომ ხედავს მაღალშობილება ჩვენის ქვეყნის შეწუხებას და გლოვას, რას მწუხარებით ვიმყოფებით და როგორი შფოთი და ვაების ჴმა არის განფენილი. პირველად ესე, როგორადაც ჩემის ძმის და ჩემის შვილისათვის გამიტანებია მოხსენებანი მისის დიდებულობის მიმართ, რომ ყმად დაგვიჭიროს და დაგვაფაროს საფარველი თვისი, როგორადაც მოგვიხსენებია, და ეს იქნება ჩვენი სრულიად დაფარვა, და მაშინ ვიქმნებით ყოვლითურთ გამოხსნილი მტერთაგან; მაღალშობილებამან შენმან ესრეთ სცნას: რაც ეს ჩვენი სავედრებელი დაიწერა, ჩვენ ყოვლად დიდებულის და ყოვლად მაღლის მონარხის ნებისაებრ, ვითხოვთ, და არც ჩვენ ვიკადრებთ ამ თხოვილის კადნიერებას, თუ არ ამისთვის, რომ ჩვენც სამსახური თანამდებობისაებრ ჩვენისა როგორადაც მოგვიხსენებია, იმ სახით არ გვედვას, და კიდევაც თუ უმეტესი შეიძლებოდეს, იმისიც აღმასრულებელნი არ ვიყვნეთ, მის დიდებულობას აღარ გაუბედავდით, მაგრამ მოხსენებულისა ჩვენისა ფიცისაებრ ჩვენისა ყოვლითურთ ღვთით ვართ აღმასრულებელნი.
წელსა 1772, ივნისის 13 დღეს.
68. ლეონ ბატონიშვილისა და ანტონ კათოლიკოსის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1772 წლის 24 ოქტომბერს.
კადნიერ ვიქმნენით კუალად შეწუხებად თქუენისა მ. ღ. ბ. მიზეზითა რომელსაცა ქუჱმო განვაცხადებთ:
წარმოსრულნი საქართუჱლოჲთ წელიწადსა 1772, იანუარსა 5 წინაშე მ. ი. დ. წარმოგზავნითა საქართუჱლოჲსა და კახეთისა მეფის ირაკლისაგან სარგებელისათჳს როსსიის მონარხიისა და საჭიროებათათჳს რომელთამე თჳსთა – მოვედით ასტრახანს მარტს 6, და აქამომდე აქა მყოფნი არა მცირედსა შინა მწუხარებასა და სიმწარესა, რომელ ვითარცა ტყუჱნი ვიყოფებით დაკლებულნი მამულისაგან ჩუჱნისა და ვერ მიწთომილნი სრულყოფად კომისიისა, რომელიც გვრწმუნებიეს მეფის ირაკლისაგან, მრავალნი საქმენი თანანადებნი ჩუჱნნი მამულსა შინა ჩუჱნსა განსაგებელნი ჩუჱნგან, რომელიცა საჭიროდ თანაგუაძს, მდგომარებენ ვერ მიწევნითა დასასრულისათა, და აქა ჩუჱნ ყოვლითურთ მოცლილნი, უქმად მყოფნი მივცემულ ვართ, ჰაერისა სიმძიმეთა ვერ შემწყნარებელნი უცხოჲსა კლიმატისანი, სნეულებათა განგრძობილთა, რომელთაგამო იჭუამდე სიკუდილისა ზედმოსულისაცა გულის-ვსიტყუავთ, – ამისთჳს თ. მ. ღ. ბ. ცრემლთამდე ვედრებით ვთხოვთ, რათა განვთავისუფლდეთ ჩუჱნ აქათგან და ღირს ვიქმნნეთ წინაშე მ. ი. დ. წარდგომად, – არა რაჲმესა შეწყენისა და წინააღმდგომებრისა სათხოვარისა მქონებელნი, თჳნიერ მ. ი. დ. შესამატისა და როსსიის იმპერიის სარგებლოჲსა, და რომელთამე საჭიროთა მეფის ირაკლისათა თხოვათა.
ვიცით, რომელ თ. ბ. თავისწყენის მრავალ კადნიერებაჲ არა გვივის ჩუჱნ, მაგრა ვინმე იყოსმცა გარდა თ. მ. ღ. ბ. სხვაჲ შემწე და ნუგეშინისმცემელი ჭირთა ამათ შინა ჩუჱნთა, ანუ სხვაჲ ვინმე, რომელისადმცა თანაგუჱდუა მოჴსენებად საქმენი ჩუჱნნი? და მესამედ, ვიცით, რომელ მეფესა ჩუჱნსა აქუს მ. ღ. ბ. მოწყალებისაგან იმედი სრული შესაბამთა საქმეთა თჳსთა წარმართებისა, ამისთჳს სიმდაბლით თხოვაჲ ესე ჩუჱნი მიღებულ იქმნას თ. მ. ღ. ბ. კეთილმსახურებრ, რომელ საჭიროებისა ამისგან განგუათავისუფლენ ყოვლად უმაღლესისა მიმართ მონარხინაჲსა შუამდგომლობითა, რათა რომელიცა ნებასა შინა მ. ი. დ. არს, რომლისაცა ღირს ვართ, ეგე ვითარი თავისუფლებითი რეზოლუციაი მივიღოთ არ გვიანად.
და ჩუჱნ უმწუჱრუალესისა მმადლობელყოფისა თქუჱნისადმი თ. ღ. ბ. თანამდებ ვიქნეთ მარადის გებულნი ერთგულებასა შინა თქუჱნისა ბრწყინუალებისასა.
ა ნ ტ ო ნ კათალიკოსი. მეფის ძე ლ ე ო ნ.
ოკტომბერსა 24 დღესა, წელსა 1772.
69. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1773 წლის 16 მარტს.
კადნიერება ესე თქვენდამო მიმაღებინა უმეტესმან მწუხარებამან, ვინადგან ძმა ჩემი კათალიკოსი ანტონი და ძე ჩემი ლეონ უმაღლესსა კარს ყ~დ უმდაბლესად ვაახელ, რომლისა სასურველისა ჩემის მოხსენებულის უდიდებულესისა და ყოვლად უგანათლებულესისა, და სრულიად აღუსტას ჩემის მოწყალის ჴელმწიფისად სავედრებელისა საქმისათვის, – და აქამომდესაც ვერ მივემთხვივე მოწყალების რეზოლუციასა, რომელისათვისცა კვალად მარადის ვარ მავედრებელი არა მე მხოლოდ, არამედ სრულიად ესე ჩვენი საქრისტიანო ქვეყანა წინაშე თქვენის მაღლის ღრაფობის ბრწყინვალებისა დაუგვიანელობისათვის უმაღლესისა ბრძანებისა.
თუმცა ამის მაღალკეთილშობილებას და ვექილს საჴელმწიფოსა საქმესა შინა ივანე ლვოვს ვკითხავთ ხოლმე, – ეგების ამას უმაღლესისა კარისაგან მოწყალებით მოსცემოდეს რამე რეზოლუცია, მაგრამ პასუხს მაძლევს, რომ ჯერ არაფერი მოხსენებულისა, თქვენის ბრწყინვალებისათვის ბრძანება არა მომსვლია რა, – და არც უიმისოა, რომ სწუხს. ამ ჟამებში ასტრახნიდამ ძმასა ჩემსა კათალიკოზს ანტონის და ძესა ჩემსა ლეონს ჩემთან თავისი კაცი გამოეგზავნათ, და როდესაც გამოსულიყო სამზღუარს ამა ქვეყანასა – არ მოეცადნა თანწამოსაყოლნი კაცნი, რათა წარმოეყვანათ ფრთხილათ და მშვიდობით, თავის თავათ საჩქაროთ წამოსულიყო ჩემთან, და გზაზე დახვედროდნენ ახალციხიდამ თავის საქმისთვის წარგზავნილნი დაღისტანში მცირე რაიმე ქურდნი ლეკნი და დაეჭირათ, და შთავარდა მტრის ჴელში თავისის ყოვლის წიგნებით, და აწცა არვიცით მართლად საითკენ წაუყვანიათ; და მხოლოდ ესე ვცანით იმ ქვეყნის კაცთაგან, რომელიც იმას ჩვენი ქვეყანა გამოევლო, რომ ჩვენთან მომავალებულიყო ის ჩემის ძმისა და ძის კაცი იმ ამბავით და წიგნებით, რომ ვითამ უმაღლესის კარიდამ მოსვლიყოთ მოწყალების ბრძანება, რათა ასტრახნიდამ ეგენი თვით პეტერბურხს ჩემს ყ~დ მოწყალეს და სრულიად აღუსტას ჴელმწიფეს უმდაბლესად ხლებოდენ, და ჯერაც არ ვიცით მართალი იმ კაცის მოუწევნელობისათვის, თუ სად იმყოფებიან ეგენი.
კვალად, რომელი ანათებს ყოველსა ქვეყანასაზედა სრულიად, უმაღლესსა რუსეთის ტახტს და ჩემს ყოვლად მოწყალეს, და სრულიად აღუსტას ჴემწიფეს შევვერდებ თავსა ჩემსა და ამ ქრისტიანეთა ქვეყანასაც, რათა მოწყალებით მიიღოს, და თქვენი უმაღლესი ღრაფობის ბრწყინვალება საქმესა შინა შუამდგომელ გვექმნას, რომელს ჭეშმარიტად უეჭველად კიდეც ვსასოებთ დაუგდებლობასა ყოველსა კეთილსა საქმესა შინა თქვენგან, და ვგონებთ არა უმეცნიერნი იქმნებით, ვითარ ჟამითი ჟამად გვემატების ბარბაროზთა თესლთაგანნი ქრისტიანეთა ნათესაობის მტერნი და მარადის გვაყვედრებენ უგუნურობითა თვისითა წარმართნი, მეზობელნი ჩვენნი, რომ დაგდებულნი ვიქმნებით რომელი ანათებს ყოველსა ქვეყანასა რუსეთის ტახტისაგან, და წარმოგზავნილნი ჩემგან ძმა და ძე ჩემი იმყოფება აქამომდისაც ასტრახანს და შეწყნარებულიცა არ იქმნებიანო – ერთბამად ხედვენ ვითამ ეგ იყოს მის ნიშანი.
ეგრეთვე აქაურნი ამბავნი, ჩვენ და ლეკთ, და ახალციხელთაგან ურთიერთადმი მტრობა და ჩვენის ქვეყნის შეწუხება, და თურამ აქაურნი მოსახსენებელნი საქმენი არიან, ვგონებ ყოვლიფერი უფალ ლეიბ ღვარდიის კაპიტანი იოანნე ლვოვის მიერ წიგნით წვლილად უმდაბლესად მოგხსენდესთ.
სხვა კვალადცა უმეტესის სიმდაბლის ვედრებით თავს გაწყენთ ჩვენის მოხსენებულის წარმართებას: თქვენი მაღალი ღრაფობის ბრწ. ნებისაებრ ყ~დ დიდებულის და ჩემის სრულიად აღუსტას მოწყალის ჴელმწიფისას ეცადოს, ჩვენ და ჩვენის ქვეყნის ამდენი სულნი ქრისტიანენი ბარბაროზთ უღლისაგან გამოიხსნას, და გვამყოფოს უმდაბლესი ყმა და მოსამსახურე, მოხსენებულისა მოწყალებით რეზოლუცია დაგვმართოს, და რომელიც წარმოგზავნილნი ძმა და ძე ჩემი არიან, ეგენი მიიღოთ, და რაც მაგათაც ჩვენი დაბარებული საქმე ჰქონდესთ მოწყალებით ჩამოართოთ და მიიღოთ.
16 მარტის დღეს, ჩღოგ წელიწადს. ტფილისის ქალაქი.
70. მეფის ძის ლეონისა და კათოლიკოს ანტონის მიერ გრაფ ნ. ი. პანინისადმი წარდგენილი პირობები, 1773 წლის 27 აპრილს, რომლებზედაც ერეკლე მეფეს სურდა შესულიყო რუსეთის მფარველობაში.
ბრძანებული ჩვენდა მეფისა ჩვენისა ირაკლისაგან მოხსენებად თქვენის მაღალის ღრაფობის ბრწყინვალებისა მიმართ, რომელიცა ქვემოწერილთა ამათ პუნკტთა შინა ცხად იქმნების:
მისის იმპერატორობის დიდებულებისგან ყ~დ უქვემოესად ითხოვს მეფე ჩვენი, რომელ განვთავისუფლდეთ აწვე წარმართთაგან, და როგორც უკაზით ებრძანა მეფესა ჩვენსა საქართველოსი მფარველობასა შინა თვისისა დიდებულებისასა მიღება, რომ ბრძანებული ესე აღუსრულდეს.
მოეცეს ჯარი კაცი რიცხვით ოთხი ათასი რეგულარნი და, თუ სულ რეგულარნი არ იქმნებოდეს, ნახევარი რეგულარნი და ნახევარი ურეგულო, საკუთრად ჩვენს მხარეზედ, რათა ებრძოდენ ესენი და მეფე ჩვენი ზოგად ჩვენის მხრიდამ ოსმალთა, და როგორც მეფე ჩვენი ისმენდეს ამა თქმულის კორპუსის კამანდირისას, ეგრეთვე კორპუსის კამანდირიც ისმენდეს ჩვენის მეფისას, ვითარცა იქაურთა საქმეთა გამოცდილისას.
რათა ეგოს მეფობაჲ ქართლისა და კახეთისა უცვალებელად, ვითარცა პირველ ყოფილა და აწ არს, მაგრა მორჩილებასა ქვეშე და მსახურებასა მისის იმპერატორობის დ. რუსეთის მონარხისასა – ესე ვითარისა მსახურებითა, რომელიცა ქვემო აღიწერება.
ეგრეთ კათოლიკოზიცა ეგოს განწესებასავე შინა თვისსა უცვალებელად.
რადგან შეწევნითა ღ~თისათა და ბედნიერებითა მ. დ. ეგოდენ ტყვენი განთავისუფლდნენ ყირიმითგან ქართველნი, რომელ იმათ თავისუფლებაჲ მიეცეს საქართველომდე წარსვლისა.
როდესაც მისის დ. კორპუსი, საქართველოში მისული, და მეფე ჩვენი ზოგად-ბრძოლობით მტერს ჩვენის სამეფოს ნაწილს, რომელიც დღეს წართმეულია, კვალად წაართმევენ, რაც კორპუსზე ხაზინა დაიხარჯება ამ დაჭერილის ქვეყნიდამ რამდენსამე წელიწადს უკან ისევ საჴელმწიფოს ხაზინაში უკუიზღვის.
თუმცა მ. დ. თავისწყენის ვერ კადნიერ იქმნების მეფე ჩვენი, მაგრამ კორპუსის გარდმოსვლაში, ჯარის ბარგისა და არტილერიის გადმოტანაში თეთრი იხარჯებოდა, და თვითონ ჯარების შეყრაში ჩვენს მეფეს კმასაყოფელი ხარჯები დაემართა, თუ რომ ახლა დაგვჭირდეს, როდესაც კორპუსი ჩვენს ქვეყანაში გარდმოვა, ამისთვის ხაზინიდამ თეთრი მიეცეს სესხათ, და ჩვენის ჯარისთვისაც სესხადვე, და ისევ ხაზინისა მიმართ უკუიზღვიოს მეფისაგან ჩვენისა.
ესე ვითარისა წყალობაებისა ჩვენისათვის, ნიშნად მადლობისა, მოართმევს დიდებულებასა მისსა მეფე ჩვენი ძესა თვისსა რომელსამე და ეგრეთვე რაოდენთამე კნიაზთა, და აზნაურთა შეძლებისაებრ მისისა.
რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში მეტალი არის და ან ამიერითგან იპოვება, და იქიდამ სარგებელი მოიპოვება – ნახევარი მისის დიდებულების ხაზინას მიერთმის.
რაოდენიცა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებელნი არიან ყოველს წელიწადს ამათგან თითოს კომლზე თოთხმეტი შაური იმის დიდებულების ხაზინას მიერთმეოდეს.
რაოდენიცა ჩვენს ქვეყანაში რჩეული ცხენი იშოვება – ათოთხმეტი ცხენი ყოველს წელიწადს იმის დიდ–ებას მიერთმეოდეს.
როდესაც მძლავრებით სპარსნი ფლობდეს საქართველოსა ზედა, ორს წელიწადში ერთჯერ, ცხრას ტყვეს წაართმევდიან და გლეხის თითოს კომლზე ათოთხმეტს შაურს მოჰკრეფდიან ამავ ტყვეების სახმარისათვის, და კვალად ორმოც და ათს საპალნეს რჩეულს ღვინოს თავიანთის ხარჯით წაიღებდნენ საჴელმწიფოდ, და ახლა ჩვენ რიცხვით ორიათას ვედრას ჩვენის ქვეყნის რჩეულს ღვინოს ყიზლარს საჴელმწიფოდ ყოველს წელიწადს ჩვენის ხარჯით მოვიტანთ.
როდესაც იმისის დიდებულების კორპუსი გარდმოვა ჩვენს ქვეყანაში და იმათის შეწევნით სხვის ადგილების დაპყრობამდენ [ესე იგი ოსმალთაგან წართმეულის ჩვენის სამეფოს ნაწილებისა], რომელსაც დღეს ქვეყანასა ზედა უფლობს [მეფე ერეკლე] აქათგან თქმული აღთქმულნი მიერთვას მ. იმპ. დ., და როდესაც წართმეულს ადგილებს დაიპყრობს ძალითა მისის დიდებულებისათა, იქიდგან ქვემოწერილისაებრ ჰმსახუროს მისსა დიდებულებასა: შემდგომად დაპყრობისა ოსმალთაგან ჩვენის წართმეულის ადგილებისა იმ ახალ დაპყრობილთა ადგილთაგან მიერთმეოდეს ხარჯი საჴელმწიფოდ რაოდენსაც რუსეთში სოფლის პატრონების გლეხნი აძლევენ – იმის ნახევარი.
თუ კახეთის მამულები, რომლებიც წართმეული აქვს, დაიპყრობს ბედნიერებითა დიდებულებისა მისისათა, იმათგანაც თქმულისაებრ თვითოს გლეხის სახლითგან ათოთხმეტი შაური საჴელმწიფოდ მიერთმეოდეს ყოველს წელიწადს, და კვალად ორასი ფუთი აბრეშუმი; და თუ ის მამულები მეტს შეიძლებენ, მეტი მოერთმის. კვალად დიდის უქვემოესის ვედრებით ითხოვს იმის დიდებულებისაგან, რომ არ დაშთეს ამის უფრო გრძლად დაუპყრობელად ქვეყანაჲ ახალციხისა, რომელიც ჩვენი ადგილი იყო, და თუ შერიგება იქნება, მაშინაც თურქის საჴელმწიფოდ არ დაშთეს, არამედ გამოერთვას, რადგან საქართველოს მიწა არის და მრავალნი ქრისტიანენი არიან მას შინა, და ყოველს წელიწადს მძლავრებით მახმადიანად მრავალს გარდააქცევენ.
როდესაც მისის დიდ. ბედნიერებით ჩვენი ქვეყანა წარმართთაგან განთავისუფლდება და დამშვიდდება, მაშინ ჩვენის მამულიდამ, ქონებულისა და ახალ დაპყრობილიდამ, მიართვამს იმის დიდებულებას გლეხის სახლზედ სალდათს რაოდენსაც სულზე რუსეთი აძლევს.
თუ შეწევნითა ღვთისათა და ძლიერითა საჭურველითა მისის დიდებულებისათა სხვა და სხვა მტრის მამული დაიჭირება მისის დიდებულების კორპუსის და ზოგად ჩვენის მეფის ბრძოლითა, – ის დაპყრობილი ადგილები ნებასა შინა მისის დიდებულებისასა იქნების.
ა ნ ტ ო ნ კათოლიკოსი საქართველოჲსა.
საქართველოს მეფის ირაკლის ძე ლ ე ო ნ.
ჩღოგ წელსა, აპრილის კზ რიცხვსა.
71. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1773 წლის 23 ივნისს.
მე თქვენი გრძელად წერილით თავისწყენა უნამეტნავესად მეზარება, მაგრამ საქმენი მაიძულებენ, და რაც საქართველოების უწინდელნი და ახლანდელნი გარემოებანი მოქმედებენ, და ცხადად ჩანან, ესენი თქვენდამი მოჴსენებისა თანამდებობასა მაძლევენ, და ესე არს მიზეზი.
აწ მოიხსენოს თქვენმა მაღ. ღრ. ბრწ., რომ რასაც დროს მათის ყოვლად დიდებ. დიდის აღვისტოს ნებისაებრ ბძანება თქვენის პირველის წერილით გამოგვეცხადა, რომელიცა ყოველთა საქართველოთა მეპატრონეთა სახეთა მომართ გებძანათ წვევა მტერობისა თურქთა მიმართ, ვგონებთ, რომ, თუ ჩემს უბედურებას არ უმოქმედებია და ჩემს მტერს ვისმე სხუებრ არ გაუსინჯებიათ თქუჱნთვის, რომ კარგად მოჴსენებული გქონდესთ, მასაქეთ თუ ვითარი მტერობა არს ჩვენსა და თურქთა და დაღისტნელთა ლეკთა შორის. იუწყოს თქუჱნმან მაღ. ღრ. ბრწ., ესენი უწინარეს ამისა, რომ ჩემდამო მტერნი იყუნენ, მაგრამ თურქთა, თუ არ სპარსეთის აშლის მიზეზით, ჩვენთან მტერობა არა ჰქონებიათ მოქმედებითა, თუ არ გონებითა. რა შაჰნადირმა ისინი საქართველოდამ ძალითა გაყარა, ეგების რომ ჩვენთვის ლეკებს ტყვე მოეტაცოს ქურდობით მცირეს კაცისა და ის ახალციხეს გაეყიდნოს, ისიც დაფარვითა, თვარემ სხვა მტერობა არ გამოუჩენიათ ჩვენდა მომართ; მაგრამ ახლა განცხადებით და ყოვლისფრით გამოჩენით, თავიანთ სარწმუნოებისა და შჯულის შურით, გუმტერობენ, და ეგრეთვე ჩვენც ვმტერობთ, და რაც შეძლება გვაქუს ვაწუხებთ, და ამ ჩვენის წუხებით აქეთის მჴარისა თურქის სულთანის შემწედ ბევრი კაცი აღარავინ მიდის, და რომ იბარებენ აქეთს კაცს მისაშველებლად, მიზეზად ჩვენ გუდებენ, და უმრავლესნი ამ მიზეზით აქეთვე რჩებიან; თუ რომ ისინი როგორც იბარებენ აქეთის მჴრის ჯარსა სრულებით მიდიოდენ, უმეტეს მტერობას ვაჩვენებდით.
ეგრეთვე დაღისტნელნი ლეკნიცა რისაც შემძლებელნი არიან, უმეტეს შეძლებისა შეწევნას და ძალს აძლევენ თურქთა, და ჩვენ რომ იმ დაღისტნელს ლეკებთან ზოგთან დაუხარჯავად გუქონდა შერიგება, და ზოგთან დახარჯვითა, და ზოგთა, რომელთა მიმართ გუაქონდა მტერობის რიგი, თუმცა მრავალნი იყუნენ იგინი, მაგრამ რითაც იყო ჩვენის საქმის წარმართებას ვცდილობდით, და რომელიც საქმის დაწყობილება გვქუონდა ან თურქთან, ან ლეკთან, ახლანდელის გარემოებით, რადგანაც დაიხსნა, დადგა ახლა. ამის გამო უმეტეს ყოვლითურთ რისაც შემძლებელნი არიან ჩვენდა მომართ მტერობას მოქმედებენ. წარსულსა წელიწადსა მ. იმპ. დიდ. არმიისა და თურქთ სულტანის ჯარს საშუალ რომ ბრძოლა დაეყენა დრომდე შერიგებისა და შეურიგებელობის გარდაწყვეტისა, მაშინ კიდევ ახალციხის მჴრიდამ და ყარსის მჴრიდამ, თანშეერთებითა დაღისტნელ ლეკთათა, დაუცხრომელი მტერობა გვაჩვენეს, და არ დაიცვეს პირობები დრომდი, რომელიც ზემორე მოგვიხსენებია.
კვალადაც მოიხსენოს თქუჱნმან მ. ღ. ბ. პირველად სპარსთაგან და შემდგომად თურქთაგან ვითარ დაჩაგრულ არის საქართველო, ეგრეთვე მახლობელს დროებში დაღისტნელთა ლეკთაგან ძალდატანებული და შეწუხებული ვართ; მაგრამ რადგან ახლა მომატებული მტერობა აქუსთ თურქთა და ლეკთა, როგორათაც ზემორე ამავ წერილში გაგვიცხადებია, აწ ამაზედ და ამისთვის, რადგანაც მაღლის და უმაღლესის მონარხისაგან საფარვლისა და წყალობის ნიშანი გუბოძებია, და ეგრეთვე თქვენგან მრავალჯერ იმედი აღგუთქმია, და თქვენის მეოხების სასოებითა უიჭველითა ვსასოებთ, და წყალობითაც არს ხედვაჲ თქვენი ჩვენდამო, და უმეტესისა ვედრებითა გევედრებით, რომ არ დაგვაგდოთ და თქუჱნი ჩემდამი კეთილ მოქმედებითისა სასოებისაგან არ მოგვაკლოთ, და რომელიც მ. ი. დ. წინაშე სავედრებელნი და სათხოველნი ჩემს ძმას და ჩემს ძეს ლეონს გამოვატანე, და ეგრეთვე თქვენის მ. ღ. ბ. მიმართაც მეოხებისა ვედრებანი მოგახსენე, – ესენი ყოვლად უგანათლებულ. დიდის მონარხისაგან მოწყალებით უფროს ამისა აღარ დაგვიგვიანდეს, წყალობით სავსე რეზოლუცია გვებოძოს, და ყ~დ მოწყალის დიდ. ჴელმწ. მოწყალებითა და შუამდგომლობითა თქუჱნითა ჩვენის მწუხარებისაგან განვთავისუფლდეთ. სხუანი აქაურნი საქმენი და ჰამბავნი ძმისა ჩემისა და ძისა ჩემისა პირით წყალობით მოისმინეთ.
შ~დ ამ წიგნების დაწერისა უგანათლებულესს იმერეთის მეფეს სოლომონს და მე შეყრა მოგვიჴდა და ერთობის წერილი [დავსწერეთ], რომელიც დავბეჭდეთ ორთავე და მოგართვით. მე მაშინვე დადიანის და გურიელის შემოერთება ვურჩივე ბრძანებისაებრ მ. ი. დ., მაგრამ არ მოაჴდინეს, და მე, რომელიც შეერთების წიგნი დამიბეჭდავს მეფე სოლომონთან საზოგადოდ მტერზე, ჩემის შეძლებით, ყოველთვის დავიცავ იმის ძმობასა, და რაოდენ შემიძლია ვიქმნები აღმასრულებელი, და ეგრეთვე თვით მეფე სოლომონ მოვალე არის საზოგადოსა მტერზედა, და ესენი ყოველი შეიძლება სასოებითა ყოვლად უგანათლებულესობისა ყოვლად მოწყალისა ჴელმწიფისა ჩვენისა დედობრივისა მოწყალებისა სასოებითა; და თუ უნდა მეფე სოლომონ ჩემთან სწორეთაც არ დადგეს, მე კიდევ ჩემის შეძლებით, როგორც პირობა მომირთმევია, მტერზე არ დავშალო მტერობა. და შემდგომად მდაბლის მოხსენებითა კიდემ ვითხოვ ჩემის მოხსენებულის რეზოლუციას, ნებისაებრ მ. ი. დ. წინაშე, რომელიც ჩემს ძმას და ჩემს შვილს ლევანს გამოვატანე.
წელსა ჩღოგ, ივნისის კგ.
72. სამოკავშირეო ხელშეკრულება, დადებული მეფეებს ერეკლესა და სოლომონს შორის, და გამოგზავნილი მათ მიერ გრაფ ნ. ი. პანინთან, წარსადგენად იმპ. ეკატერინე II-დმი.
ვითარცა გვაქვს უმეტესი მორჩილება და უგულსმოდგინესი ს~დ ყმობისა მოცემულობა სრულიად უგანათლებულესის დიდის ჴელმწიფისა ჩვენის იმპერ. ეკატერინა ალექსის ასულის და თვითმპყრობელის სრულიად რუსეთისას, ჩვენ, საქართველოსა და კახეთის მეფე ირაკლი და სრულიად იმერეთის მეფე სოლომონ, ს~დ უგანათლებულესის მათის იმპ. დიდებ. დედობრივის ბძანებით ამ ვალდებულობისა ჩვენის ჴელწერილობით ურთიერთა შორის მეგობრობისა პირდაუფერებლობით დადგინებულობას ვაწესებთ: საერთოსა შურის მეძიებელის ქრისტიანეთა მტერთა ზედა მოქმედებად და ვალდებულებისა მებრ ურთიერთა შორის გულს მოდგინებით შესაწევნელად, როგორც ამ ქვემორე პუნკტებში ვრცელად აცხადებს:
ა) ყოველნი, რომელნი ამას წინათ ურთიერთა შორის გულნაკლულევანება ერთმანეთში გვქონდა, – საუკუნოდ დაუტევებთ.
ბ) პირ-და-პირ შურის მეძიებელის სრულიად რუსეთის იმპერიის და ს~დ ქრისტიანეთა მტერთა ზედა, რომელ არს ურუმისა და ყოველთა, რომელნიც იმათნი შემწენი არიან, რაც უნდა ხალხი იყოს, რომელსაც ჩვენ მოვსწუდებოდეთ და შეიძლებოდეს ყოვლისფრით ჩვენის შეძლებით და ძალით სწორესა ჩვენის სიმართლით, – იმათზედ მტერობით ვიმოქმედოთ.
გ) ვინიცობა არის რასაც დროს ჩვენს ქვეყანაში მტერი შემოვიდეს, ერთმანერთს მსწრაფლად ჯარით მივეშველნეთ და ყოვლისფრით რაც კი შეიძლებოდეს გავისარჯნეთ.
დ) როდესაც ჯარი ვისმე ჩვენში ერთმანეთს სჭირდეს და რომელმანც მეპატრონემ ჯარი შესაწევნელად ერთმანერთს სთხოვოს, იმ დროს ვისიც ქვეყანა იყოს, იმ ქვეყნის მეპატრონემ იმ ჯარს სურსათი მისცეს და გააძლებინოს; და ვინიცობა არის ჩვენ ორნივ მეპატრონენი ჯარებით მტრის ქვეყანაში შევიდეთ, იმ ჟამს ყოველმან მეპატრონემან თავ-თავის ჯარს სურსათით, თუ სხვით რითმე, თვითონ ჩვენ ჩვენის შეძლებით გავაძლებინოთ.
ე) დღეის იქით დამნაშავე ჩვენზედა, რაც უნდა რიგი კაცი იყოს ჩვენნი ყმანი თავადნი, თუ აზნაურნი ერთი ერთმანერთს, თვინიერ ნებით გარდასახლებულნი ორსავ მჴრიდამ, გლეხი, თუ სხვა, დაუყოვნებლივ მივსცეთ.
ვ) ვინიცობა არის, რომლისაგან მარადის ღმერთმან დაგვიცვას სწორედ, ჩვენსავე ქვეყანაში ერთი ერთმანერთისაგან შფოთი აღიძრას, ვისგანაც უნდა იყოს, მაშინვე ერთმანერთს მივეშველნეთ, და რითაც კი შეიძლებოდეს ისე დავაწყნაროთ, თუ გინდა ჩვენი ძმაცა და შვილიც იყოს, თუ უსამართლოთ იყოს, ისინიც დავაწყნაროთ და ავად მოვეპყრათ, ამისთვის, რომ ის უბედურებობა იმ ქვეყნისაგან ამოიგდოს და აღარ მოძრაობდეს.
ზ) დასასრულსა ამისასა, ვინათგან ყოველივე საქმენი დროსა და სწორესა ჟამსა წინაშე საერთოსა მტრის ვალდებულობისამებრ შემწეობით უნდა წინუძღვეთ, ამისთვის რომ იმ დროს რიცხვით ჯარის განწესება ჯერ არ შეგვიძლიან, და ამა ყოველსა დაუტევებთ მომავალსა მშვიდობისა და კეთილის დრომდის; და უნდა ვეცადნეთ, რათა ჟამითი ჟამად ერთი ერთმანერთს სიყვარულობით და ერთობით, სწორისა და პირდაუფერებლობისა, კაის რიგით აღვასრულოთ, და მივსცეთ კეთილი რიგი; და სრულიად ესენი ზემოხსენებულნი პუნკტები სწორესა ჩვენის ქვეყნის მშვიდობისათვის, არათუ ჩვენს ამ ქვეყნის მოვლისა და მეპატრონებისა ჟამსა შინა იმოქმედოს, არამედ ვამტკიცებთ, რათა ჩამომავლობამანცა ჩვენმან უთუოდ და უცვალებელად ეს პუნკტები კეთილად აღასრულონ, და არც უნდა ერთმანერთს ასე საქმე გაუჭიროთ, რომ იმის მიზეზით ის პუნკტები დაირღვას, რომელსა შინა შეგვეწევის ჩვენ ღმერთი უფალიც, და რათა ძალნი ესე მოქმედებანი, რომელნი დაგვიდგინებიან ურთიერთთა მეგობრობის და სიყვარულობისა შესაწევნელი პუნკტები, ჩვენ ყოველმან და ჩამომავლობამანცა ჩვენმან უნდა უკეთესისა და სწორის საქმითა ყოველს შინა დაურღვეველად დაიცვან, და ან განწესებულობისა რიგითა გულსმოდგინებით იქცეოდენ და ირჯებოდენ.
ყ~დ უმდაბლესად ვითხოვთ ჩვენ თქვენის მაღლის ღრაფობის ბრწყინ., რომ ეს პუნკტები მის დროს მათს იმპ. დ. და ჩვენს დიდებულს მფარველს სრულიად უმაღლესის გასასინჯავად უმდაბლესის მირთმევით ღირს გვყოთ, რომელი ჩვენ ეს ჟამსა აქ ჩვენთან ვექილი მათის იმპ. დ. საქმესა შინა ლეიბ ღვარდიის უფლის კაპიტანის ლვოვის ყოფნასა შინა ჩვენის ბეჭდით დავბეჭდეთ და სწორედ ჩვენი ჴელი მოვაწერეთ, და წარმოსაგზავნელად თქვენის მაღლის ღრაფობის ბრწყინვალების წინაშე ამას მივართვით. ივლისის დღესა კზ, ჩღოგ წელსა. სანგარსა შინა, სიახლოესა სოფლისა მავდარასა.
მეფე ქართლისა და კახეთისა სრულიად იმერეთის მეფე
ე რ ე კ ლ ე ს ო ლ ო მ ო ნ
(ბეჭედი) (ბეჭედი)
73. წარდგინება მეფეების ერეკლესა და სოლომონისაგან იმპ. ეკატერინე II-ს. 1773 წლის 1 სექტემბერს.
ყ~დ მოწყალისა ჴელმწიფობისა თქუჱნისა მსასოებელნი მივიღებთ კადნიერებასა და საჭიროცა არს ჩვენდა მოხსენებად აწინდელსა აქაურთა საქმეთა გარემოებისა, რათამცა მოვახსენნეთ თქუჱნის იმპ–ს დიდ–ბასა, რომელიცა ორთავე ერთობა და სიყვარული ამადროს, სამსახურისათვის და ბრძანებისათვის თქუჱნის იმპ–ს დიდ., განვაახლეთ და დავამტკიცეთ, რომელიც ღვარდიის კაპიტანის ლვოვის თანდასწრებით წარსულს აგვისტოში უმაღლესს კარს მოვახსენეთ, და მოხსენებულისა ჩვენისაებრ, რაოდენ შეიძლებოდა ჩვენგან ჯარები გავიკეთეთ და ახალციხის ქვეყანაში შევედით, და, ყ~დ ძლიერის ღ~თით და თქვენის ბედნიერობით, რაც მტერს დააკლდებოდა, სრულის ცდით ვეცადენით მათს აოხრებასა, და არა მცირედი მიიღეს ვნება. კვალადცა მოხსენდეს ყ~დ უგან–ბასა იმპ–ბისა დიდ–ბისა თქვენისასა: ვინაიდგან უბედურობა ჩვენი გვეწია მიზეზითა უდიდესისა სნეულებისა გამო, მსწრაფლად უკუმოქცევა შეგვემთხვა, რომ მოხსენდება უმაღლესსა კარსა ყ~დ მოწყალისა თქუჱნისასა, და უკეთუ ამა სამძიმოსა ჩვენსა მიზეზსა არ მივცემულვიყავით და მცირედსა დროსა მტრის მამულში დაგვცალებოდა, უდიდეს ვნებასა და ოხრებასა მიიღებდნენ, მაგრამ კვალადცა გვაქვს იმედი ყ~დ ძლიერისა ბედნიერობისა თქვენისა ყ~დ უდიდ–გან, რომ თავთავის დროს რაოდენად შევიძლებთ თქვენის მოწყალებით მტრის მტერობა არ დაგვიკლია და არც დავაკლებთ. აწ ვითხოვთ უდიდესისა და უმდაბლესისა ვედრებით ყ~დ მოწყალებისაგან თქვენისა, ვინადგანცა თქვენი იმპ–ბის დიდ–ბის ელვარე გონება ჩვენის და ჩვენის ქვეყნების გარემოთა სრული მეცნიერი ბძანდება, ყოვლითურთ და ყოველსა შინა დაუგდებელნი და დაფარულნი [ვიყვნეთ].
1773 წ. დეკემბერსა ა. ტფილისის ქალაქსა.
74. მეფეების ერეკლესა და სოლომონის წერილი გრაფ ნ. ი. პანინს. 1773 წლის 1 დეკემბერს.
თქვენის მაღლის ღრაფობის ბრწყინვალებისათვის მოგვიხსენებია წარსულს აგვისტოს რომელიც ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული დამტკიცდა თანდასწრებით ღვარდიის უფლის კაპიტანის ლვოვისათა, და როგორადაც თქვენდამი მოგვეხსენებინა ოსმალთა ზედა მტერობა, შეძლებისამებრ ჩვენისა გვემოქმედებინა: რაოდენ ჩვენგან შეიძლებოდა ორნივე ვეცადენით ჯარის გაკეთებასა და მივედით ახალციხის ქვეყანასა და მამულსა შინა, და რაოდენ იქ დაგვეცადა ყ~დ ძლიერის ღვთის იმედით და მათის იმპ. დიდ. კმასაყოფელი ვნება მიიღო მტერმან და მათმა ადგილებმა წარმოტყვენვით, და სიკუდილით, და დაწვით და დაქცევით, და უკეთუ უბედურობისაგამო სნეულება საწინააღმდეგოდ არ აღგვჩენოდა, მტერნი უდიდესსა ვნებასა და აოხრებასა მიიღებდნენ, მაგრამ მტრის მამულში მცირედნი დღენი დავჰყავით, და ამ დროს ამით გადარჩნენ უმეტესსა უბედურობასა. თუმცაღა იმათაც მომშვლელნი არზრუმიდამ და ყარსიდამ, და სხვას ადგილებიდამაც ჰყვანდათ, და ლეკიც ყოველთვის ჰყავსთ, მაგრამ ჯერ ღვთის ძალისაგან და მასუკან ჩვენის დიდებ. მონარხის ბედნიერებისაგან ჩვენთან პირდაპირობა ვერ გაბედეს და თუ ზაფხული ყოფილიყო, თავიანთთვის მომშველებელს უმეტესს იშოვიდნენ; და სხვა აქაურნი გარემონი საქმენი ყოვლითურთ ივან ლვოვის უფლის კაპიტანისაგან მოგხსენდებოდათ. ეს კუალად იუწყოს თქვენმა მაღალ ღრაფობის ბრწყინვალებამ, რომ რაოდენ შეგვძლებია თავ-თავის ჟამზედ და დროზედ თურქთა მიმართ მტერობა არ დაგვიკლია და არც შემდგომად ჩვენის შეძლებით დავდგებით მათის მტერობისაგან.
შემდგომად შევვედრებთ თავთა და ქვეყანათა ჩვენთა თქვენის მაღ. ღრაფ. ბრწყ. მომართ, რათამცა დაუგდებლად გვაქუნდეს მეოხება თქვენი მ. დ. იმპ. წინაშე, რათამცა მათმა ყ~დ მოწყალებამან ამდენის სულის ქრისტიანებისთვის ხანგაუვლელად ამავე დროსა ინებოს ამათი მტრისაგან მორჩომა და თავისი ყ~დ მოწყალებისა საფარველითა ამათი გულნი დაიფაროს და მშვიდობის განსვენებაში შეიყვანოს თავისის დღეთა სიგრძისათვის. საქართველოთა და საიმეროთა მეფენი ე რ ე კ ლ ე და ს ო ლ ო მ ო ნ.
1773 წელსა, 1 დეკენბერს. ტფილისის ქალაქი.
75. წარდგინება მეფე ერეკლესაგან იმპ. ეკატერინე II-ს. 1774 წლის 24 აგვისტოს.
თ. ი. დ. მოწყალებით ჩემი ძმა კათოლიკოსი და ძე ჩემი ლევან მშვიდობით მოვიდნენ, რომლისათვისცა ვმადლობ ყ~დ მოწყალებასა თქვენსა. უდიდესო, ყ~დ მოწყალეო ჴელმწიფევ, კვალადცა ვსასოებ მოწყალებასა თქუენსა, მაგრამ აწმყოსა დროსა ვიმყოფები მგლოვარისა და მწუხარისა გონებითა მე, მონა თ. ი. დ. შევრდომით გევედრები რომელიც ამ არზით თქვენის ყ~დ უგანათლებულესობის დიდის ჴელმწიფობისათვის მდაბლად მოგვეხსენებინოს, მოწყალებით აღიძრათ ჩვენდამო და წყალობით მოისმინოთ:
ყ~დ მოწყალეო დიდო მონარხო, ამავ დროებში ვსასოებდით რომელნიც ჩვენნი მოხსენებულნი ნუჟდანი იყვნენ თ. ი. დ. მიმართ – იმათს სრულს რეზოლუციას მივიღებდით და საუკუნოდ ჩვენს ჩამომავლობას და ჩვენს ქვეყნებს ყოვლის მტრისაგან გამოვიხსნიდით მცირისა რომლისამე მოწყალებით თქვენის ყ~დ უგანათლებულესობისათა, რომელიცა ჩვენ ფრიად და დიდ-მიზეზ გვექმნებოდა მტერთაგან თავისუფლების მიღებისა, რომლისაცა თ. ი. დ. სრულიად დაუსაკლისის საქმით აღგვისრულდებოდა, და ესეცა უიჭველად ვიცოდით, რომ თ. დ. სატახტოს არა მცირედნი შესამატნი გამოჩნდებოდენ და თქუჱნის ყ~დ მოწყალის მცირედის წყალობისა ჩვენზედა გამობრწყინვებით ჩვენნი გარეშემონი მტერნი ყოველნი შეშინდებოდნენ და დაიჩაგროდნენ. მაგრამ ვინადგან ამა დროსა ჩემმა უბედურებამ დააგვიანა, ამაზედ კვალადცა ვმადლობთ ყ~დ ძლიერსა ღმერთსა, – ნება ყოვლად დიდებულობისა თქვენისა იყოს.
რომელიც იმედიანი წყალობის უქაზი კათალიკოზისა და ძისა ჩემისა ლეონისათვის გამოგეტანებინათ და ჩემ მონისა თქუჱნისათვის გებოძათ – მივიღე და ვსასოებ მოწყალებითა თქვენითა არ დამაგდოთ, და ჩემი უერთგულესის გონების თქვენის სამსახურის სურვილიცა და, თუ რამ მიმსახურია თქვენს უმაღლესს კარს, არ დამიკარგოთ. ამაზედ სრულის ვედრების ხმით ვევედრები თქვენს უდიდესსა და უმაღლესსა მონარხობასა, და ეგრეთვე ოსმალთ პორტის სულთანის შერიგებაშიაც რაგვარადაც გიბძანებიათ, იმ რიგად დაუვიწყარად იმ წყალობით გვიპყრათ. შემდგომად კვალადცა მივიღებ მდაბლად კადნიერებას წინაშე თ. ი. დ. რომელნიცა სავედრებელნი უპირველესისა მინისტრისათვის გამომეცხადებინოს, ის მოხსენებული თქვენს უმწვერვალესის ყ~დ მოწყალებით მშვიდობით მოისმინოთ და რაც თქვენის უდიდესის ჴელმწიფობის ნება იყოს, იმ წყალობით აღგვისრულოთ, და ამისიცა მდაბლის ვედრებით მთხოველ ვართ თქვენის დედობრივის ყ~დ მოწყალებისაგან ამ კადნიერებისათვის თქვენი უგანათლებულესი გონება ჩვენზედ წყალობა-ნაკლებად არ შესცვალოთ.
დაიწერა ქალაქსა ტფილისს.
აგვისტოს 24 დღესა, 1774 წელსა.
დ ა მ ა ტ ე ბ ა
165. წარდგინება სოლომონ მეფისაგან იმპ. ეკატერინე II -დმი. 1774 წლის 10 ნოემბერს.
უსაზოგადოესო დედაო ყოველთა მართლმეაღმსარეთა აღმოსავლეთისა ძეთაო! ღმერთმან მამან, მრჩობლ-მარჯვენემან ცით მოგცა უწიაღკერძო ძალი, ვ~ა დიდსა კონსტანტინეს, ავთესლთა მაჰმადიანთა დამამხობელად და მკვიდროანსა ზედა უხვება, და ძლევაშემოსილთა ლაშკართა სიმრავლე, ხოლო შენმან დედობრივმან და ღმერთებრივმან მოწყალებამან ზღვა და ჴმელი სწორებით აღავსო, და ერი ქრისტეს მოსახელეთა ქრისტიანეთა, მრავალს ქვეყანასა და ქალაქ-სოფელთა შინა უცხოთესლთაგან დაჩაგრულნი და დამონებულნი, ტყვეობისაგან განთავისუფლდენ და შეგინებულთა მაჰმადიანთა ხელისაგან გამოიჴსნენ.
აწ მეცა, კნინი მონა შენი, მეფე სოლომონ კ~დ და კ~დ მუხლდადგმით და ცრემლით გევედრები – ნუ დაგვივიწყებ, ნუ დაგვაგდებ, ყ~დ უუმპყრობელესო უაღუსტესო: თათარ-ოსმანთ მონებაში ტყვენი ვიყვენით, ამ ქვეყნის ეკკლესიანი იმათგან იყო შეგინებული და დარღვეული, ხოლო ოდეს სახიერებით ინებე და თქვენი უძლეველი ხელი დასდევ ჩვენ ზედა, თქვენმან ღმერთებრივმან მოწყალებამან და ძლევაშემოსილმან ჯარმან გამოგვიხსნა, დარღვეულნი ეკკლესიანი ისევ აღეშენნენ და ქრისტიანობა, შენის შეწევნითა და წყალობითა, კეთილმსახურებაზე წარემართა. კ~დ მცირე მონა შენი მეფე სოლომონ და ამა ქვეყნისა ქრისტიანეთა ერნი, დიდნი და მცირენი, სამღვდელოთა თანა და მდაბიურთა ყოველნივე ერთხმობით მუხლმოდრეკით და ცრემლით ვევედრებით თქვენს მაღალს და ყ~დ უდიდებულესს იმპერატორობის ტახტსა, რომელიც რომ პირველ ინებე და აღგვითქვი – ის წყალობა და აღთქმა აღგვისრულე და საუკუნოდ მონებად და მსახურებად შენთა მკვიდრთა მონათა თანა აღგვრაცხე და დაგვაწესე. ყოვლად უძლეველო ჴელმწიფეო, თუმცა ჩვენის უბედურობითა და უმეცრებითა, უფროსღა უსწავლელობითა, თქვენს ძლევაშემოსილს ჯარსა მართებულად ვერ განუსვენეთ, ანუ მონებრივ მსახურება და მორჩილება რომელიმე ჩვენის უცოდინრობით დაგაკელით, შენის დედობრივის სახიერებითა და მოწყალებითა ნუ მოიხსენებ, ამდენს ეკლესიებსა და ქრისტიანობას აპატივე და მოგვიტევენ, ჩვენი სურვილი და წყურვილი აღავსე, რომ ყოველთავე ერთობით თქვენი მსახურება და მონება გვსურის, და მზა ვართ სახელისა შენისათვის დათხევად სისხლისა, სადაც ინებოს სიწმიდისა ცამან და მოწყალებისა სამყარომან გონებამან შენმან – იქმენს, მტრებს შეგვახოცე ვისმე, და ჩვენზედ ხელს ნუოდეს აიღებ; შენი ობოლნი ვართ, შენგან გამოხსნილნი ვართ, შენი მდაბალნი ერნი ვართ, ნუ მოგვიძულებ, ყ~დ მოწყალევ ჴელმწიფეო, და ნუ მისცემ შენგან მოგებულსა და გამოხსნილსა ქრისტიანეთა ერსა უცხო თესლთა მაჰმადიანთა; ყოველთვის ბრძოლა აქვსთ ჩვენ ზედა, და შენის სახელითა და დოვლათითა ისინი იძლევიან და შეიმუსვრიან. უძლიერესო ჴელმწიფეო, ჩვენი და თათრების მიკარება და შერიგება აროდეს არ იქნება, შუაში დიდი სისხლები არის დათხეული. ვითარ ინებებ და სადაცა ინებებ – შენი მონა ვარ, და სინამ ცოცხალ ვარ – შენ უნდა პური მაჭამო და შენს მტერს შევაკვდე.
თვესა ნოემბერსა ი, წელსა ჩღოდ.
166. სოლომონ მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1774 წლის 10 ნოემბერს.
ამას გევედრები და განუცხადებ შენს ჩემდამოს მოწყალეს მეგობრობას, რომ არ დაგვაგდო, ჩვენის უმსახურობისათვის არ უგულებელს გვყო, ეს ჩვენი ძლით ვედრება ისმინო და შემწე გვექმნა. ამას ვითხოვ და გევედრები: თუმცა ოსმანზე ბრძოლა დასცხრეს და გარიგება მოხდეს, რომელიც მათის იმპ - ის დიდ - ს მოწყალებით უქაზით გვებრძანა – ჩვენც სრულიადი მოწყალებით ნათელი მოგვეფინოს და მათის ხელიდგან თავისუფალ ვიქმნეთ, მათის იმპ–ს დიდ–ს მარჯვენა გვფარვიდეს, და მათს განძლიერებულს საიმპერიოში შეერთებულ და აღრაცხილ ვიქმნეთ; ჩვენი თავი და ჩვენი ქვეყანა საუკუნოდ პ ო დ ნ ა თ მოვართვით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ და ოსმანთ შუა დიაღ დიდი ხანია ბრძოლა იყო და მრავალი სისხლი დაიქცა, არას გზით ჩვენგან იმათი გარიგება და შერთება არ იქნება. ჩვენ ჩვენის ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის გარდა სხვა გზა არა გვაქვს.
მეორესა ამას გევედრები: დიდად გვსურის და გვწყურის მათის დიდ–ის ხილვის ღირსება, თუმც წინააღმდეგი არ იყოს; ღმერთს დიაღ დიდი ხანია ვსთხოვთ ჩვენის მაღლის ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის თაყვანისცემა გვეღირსოს. ვითხოვ თქვენის მოწყალებისაგან ამ საქმის აღსრულებას.
მესამეს ამას ვევედრებით თქვენს მაღალს ღრაფობის მსვლელობას: ამ მაგათს დაფარულს ქვეყანაში ერთი ჴელმწიფის კაცი იმყოფოს ჩვენთან, აქაურს ამბავს სწორებით მოახსენებდეს მათს დიდ–ას.
მრავალი თავი გაწყინე, მაგრამ მწყალობელი ბძანდები, და ამისთვის ვბედავ: არ იშოვება ჩვენს ქვეყანაში, ერთი აქიმი – გვიბოძოთ, იმყოფებოდეს.
სხვას ჩვენს მოსახსენებელს სიტყვებს ჩვენი კნიაზი დავით იაგოროვიჩი [კვინიხიძე] მოგახსენებს.
ნოემბრის ი, ქკ~ს უჲბ.
167. იმერელი წარმოგზავნილის თავად დავით კვინიხიძის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1775 წლის 30 მარტს.
მის მაღალ-ღრაფობის ბრწყინვალებას ამას მოვახსენებ: ყ~დ უმაღლესის ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის კარზე რომ ჩვენმა მეფემ სოლომონ გამოგვგზავნა – ხუთი თავადისა და აზნაურის შვილები თანგამომატანა, და მიბძანა, რომ უმდაბლესად მივართვა: მის იმპ. დიდ–ბას იმერეთის თავადის ი ა შ ვ ი ლ ი ს შვილები – ერთი ვაჟი, თორმეტის წლისა, და ერთი ქალი, თერთმეტის წლისა, ორნივ მოუნათლავნი, დაძმანი არიან; მის იმპ–ს სიმაღლეს [პავლეს] კნიაზ ღ ო ღ ა ბ ე რ ი ძ ი ს შვილი – ერთი ვაჟი, თორმეტის წლისა, და ერთი ქალი ბ ა ქ რ ა ძ ი ს, აზნაურშვილის შვილი, ათის წლისა, ორნივ მონათლულნი არიან; და თქვენს მაღალ-ღრაფ-ს ბრწყ–ს ერთი ვაჟი აზნაურის შვილი, შვიდის წლისა, მოუნათლავი. ახლა თქვენს ღრაფ–ს ბრწყ–ს მდაბლად ვევედრები, რომ ჩემგან ზემოხსენებულნი თავადისა და აზნაურშვილების ვაჟნი და ქალნი მიიღოთ.
მარტის კი, ქვ~ს ჩღჲიე წელსა. კნიაზ დავით კვინიხიძე.
168. ერეკლე მეფის წერილი გენერალ-პორუჩიკ პ. ს. პოტიომკინისადმი. 1775 წლის 6 მაისს.
მართალისა და ჭეშმარიტის მოხსენებით იუწყე ჩემგან: ქრისტიანობის ერთგულობისგან ჩემს გონებას უმეტესი სურვილი ძალას აძლევს და მე ის მალაპარაკებს, და კიდემ სხვანი მრავალნი მიზეზები მაქუნდა და, თუ თქვენთვისაც არ შემეტყობინებინა, არ იქნებოდა, და ამისთვის განგეცხადებათ ჩვენგან ეს, რომელიც ქვემოთ პუნკტებში გამოჩნდებიან.
რადგანაც თქვენი მაღალმსვლელობა ასე ახლო მობძანდა ჯარით ამ ქვეყნებზე, რაც აქეთი ქრისტიანები არიან გონების თვალით თქვენი მაყურებელნი იმყოფებიან, სტამბოლს აქეთი ქრისტიანენი ვინც იმყოფებიან ყოველს ჩემთან პირობა აქვსთ და ეს ექვსი წელიწადია სულ მეხვეწებიან, და დიაღ მრავალნი და უმრავლესნიც არიან, და კარგი ვაჟკაცნიც არიან, და რომელიც ამათი სავედრებელი არის – ეს იყო და ახლაც ეს არის: როდესაც რუსეთის ჯარი აქ იყო, სრულის გონებით შემოერთება უნდოდათ, მაგრამ ამათ უბედურობით იყო, თუ ჩემის უბედურობით – რამდენიც მოვინდომე – არ იქნა, და ჩემი თქმა და სიტყვა, რომელნიც ჯარის უფროსნი იყვნენ, არარად მიიღეს.
მაგრამ ჩემს თანამდებობად ვიცი, რომ ქრისტიანეთათვის უნდა გავისარჯო, და უფრო კიდევ ამისთვის გამოგიცხადე, რომ თქვენს მაღალმსვლელობას აქაური საქმენი სრულებით შეტყობილი ჰქონდესთ, და შეტყობის შემდგომად დაჯერებით ვიცი: როდესაც ამჯობინებთ, და ან მათის იმპერატორობის დიდებულების ბძანება იქნება – თქვენც იმას იმოქმედებთ.
მე ამას ცუდის კადნიერებით არ მოგახსენებ, – ისე არჩევით მომიწერია თქვენთვის მე ესე. თუ უმაღლესის კარის მოხსენებით და ბძანებით იქნებოდეს, და ან ეგების ჩემის ყოვლადმოწყალისა დიდისა მონარხისაგან ასეთი ნება გქონდესთ ბოძებული, რომ თქვენ შემძლებელი ბძანდებოდეთ და გაისარჯნეთ ჯარით, და ახალს შ ა მ ა ხ ი ა ს მობძანდე, მე ვგონებ, რომ სრული დაღისტანი დაგემორჩილებათ და ჩვენ ყოველნი აქეთ მყოფნი ქრისტიანენი მზას ვიქნებით, როგორც თქვენი ნება იქნება, ამ საქმით.
და სალიანიდამ ნავები მტკვარში შემოვლენ, და კახეთში სამძღვრის ალაგებზედ ას ვერსზედ სიახლოვეს შემოვლენ, და იქიდამაც იქნება მცირეს გარჯით უფრო მახლობელად მოვიდნენ. და კიდევ ეს მოგხსენდესთ: როგორც თქვენი ნება იქნება იმ დროს – იმ მოქმედებაში შევალთ ჩვენის შეძლებით; და სალიანიდამ მშრალზედ მტკვრის ორისავ ნაპირებიდამ სულ ვაკე აქვს ტფილისამდინ და კახეთამდინ, – ყოვლისფრით მეგზური სულ ვაკეზედ შეუწუხებელად ივლის.
და კიდევ ამას გარდა, რომელიც გილანს სპარსნი მაჰმადიანნი იმყოფებიან და ერთი მეორისაგან შეწუხებულნი არიან – უმრავლესნი სულ სიხარულით მოგენდობიან, და რასაც უბძანებ ყოვლის მორჩილებით მიიღებენ, და ქრისიანეთ რაღა თქმა უნდა – ყოველნი ღ~ვთის მადლობით, როგორც უბძანებ, ისე გიახლებიან. თუ თქვენგანაც ისინი რომლითამე სახითა მიიღებიან, სრულის ერთგულებით დაადგრებიან ყოვლად მოწყალის ხელმწიფის სამსახურს.
მე ხვანთქრის ყმებზე არ მითქომს ესე, და ამ შერიგებაში არც ამ კადნიერებას მივიღებ, რომ ხონთქრის აშლა ვარჩიო და ან იმისი ყმების დაჭერა, თუმცა იმათაც დიდი სურვილიო აქვსთ რუსეთისაგან თავიანთი დაპყრობისა, მაგრამ როდესაც ღ~ვთისა და ხელმწიფის ნება იყოს, იმ დროისათვის იყოს დაგდებული ის საქმე; და მე რჩევა თქვენს მაღალმსვლელობას მოხსენებით რომ გამოუცხადე, რომ რომელსაც ქვეყანას პატრონი აღარ ჰყავსთ და კიდეც იხვეწებიან, იმათზე ვარჩიე რომელიც ზემოთ დაიწერა, და ამ საქმეებზედ თქვენგან გამოგზავნილს ე ფ რ ე მ ს თქვენს მაღალმსვლელობასთან სიტყვა დავაბარე, და მათის იმპერატორობის დიდებულების არზაც და პირველის მოქმედის პანინის წიგნიც, და ეგრეთვე მეორე წიგნი მოგართვით, და ესე ყოველივე ამისგან მოგერთმევათ.
თქვენის მაღალმსვლელობისაგან ვითხოვ, რომ თქვენის წიგნით დაუგდებელ ვიყვნეთ.
მაისის 6, წელსა 1775.
169. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1775 წლის 29 მაისს.
ყ~დ მაღლის მათის იმპ–ბის ნებითა ოსმალთ შერიგებაში რომ ჩვენ და ჩვენს საქართველოში მყოფნი ერნი დიდის რუსეთის იმპერიასთან საერთოთ განუწესებივართ და საბოლოოთ თურქთაგან ჩვენის ქვეყნისათვის ყოვლითურთ უფიქრელობა უზრუნვებია – ამისთვის ყ~დ მოწყალისა დიდისა ჴელმწიფისა, ვითარც ჩემს ერთგულებას შვენის, ესეთისა უმეტესისა მადლობისა მომჴსენებელი ვარ: ყ~დ ძლიერმან ღ~თნ დღეთა სიგრძითა ადიდოს მაგათის იმპ–ბის სახელი! ვართ მარადის მაგათის იმპ–ბის დიდ–ბის საფარველსა იმედსა ქვეშე მყოფნი, და, რადგანაც თქვენი მაღლის ღრაფობის ბრწ–ბაც ამ საქმეზედ გარჯილა, – ყოვლითურთ მმადლობელნი ვართ. ღ~თნ ყ~დ მოწყალის მაღლის ჴელმწიფის წყალობა ნუ მოგაკლოსთ!
თქვენის მაღლის გასინჯულობით ეს მოწყალებით გასინჯე: რადგანაც მათის იმპ–ს დიდ–ბის ნებით და თქვენის მოწერილი წიგნებით თურქთ ავეშალენით, რომლისაც თვით თავით ჩვენით შემძლებელნი არ ვიყავით და არც ისინი გვაძლევდნენ აშლის მიზეზსა, მაგრამ რადგან ჩვენ ავეშალენით და საფიქრებლად გავიხადეთ ჩვენი საქმე, და ახლა შერიგებაში რუსეთის საჴელმწიფოში საერთოთ დავფარულვართ, – ამისთვის უმეტესის მადლობის მომჴსენებელი ვიმყოფებით. მოეხსენება თქვენს მაღალს ღრაფ. ბრწყ–ს, რომ ნიადაგ ჩვენის ყ~დ მოწყალის რუსეთის დიდი მონარხის და დიდის რუსეთის იმპერიის სრულის ერთგულობის მქონებელი ვყოფილვართ და ვართ, ამისგამო ჩემის უერთგულესის გონებისაგან მართალი რომ მოგხსენდესთ, კადნიერება ნუ გეგონებათ, რომ ჩვეულება არის ერთგულის გულისაგან მართლის თქმა, ჭეშმარიტებით განცხადება. თქვენმა მაღალმა გონებამ მოიგონოს: ამ რამდენსამე წელიწადში როგორათაც მათის მაღლის ჴელმწ–ბის ნება იყო, და თქვენგან მოწერით გამოგვეცხადა და გვებრძანა თურქთ აშლა, და ჩვენ თუ რომლის უმეტესის სურვილით მივიღეთ და სიკვდილამდინ მე და ყოველმა ჩემის ქვეყნის კაცმა თავი დავდევით, და ეგრეთვე დახარჯვითაც ყოვლითურთ დაუზოგავად დავიხარჯენით, ამავ ხარჯის რაერთობაცა უმაღლესს კარს ჭეშმარიტის გამოცხადებით მოვახსენეთ და ვერ მივიღეთ მაგიერი პასუხი. წარსულს წელიწადებში ჩემი ძმა კათალიკოსი და ძე ჩემი ლეონ, რომელნიც ფიცის წიგნით წარმოვგზავნე მათის იმპ–ბის დიდ–ბის წინაშე და ყოვლითურთ ჩემი თავი და ჩემი ქვეყანა მათის ყ~დ მაღლის ჴელმწიფობის ნებასა ზედან დავამტკიცე, რომლისაც ამ ზემოთ აღწერილ საქმეებზე თვით თქვენივე მოწერილი წიგნები მემოწმების, და ამ ჩემის სასურველის საქმეებისა გარეგან დავრჩი და არცარა ამ საქმეებისა ვითარების მცირედისაც რისმე შემტყობელ ვიქმენ.
მრავალჯერ მოვახსენე თქვენს მაღლის ღრაფ–ბის ბრწ–ბას აქეთის მხრის ქრისტიანეთათვის – რას წადიერებით იყვნენ მრავლის ათასის ჯარით ჩვენთან შემოერთებისათვის როდესაც რუსეთის კორპუსი ამ ქვეყანაში იყო, თუ როგორ დიდის ვედრებით იხვეწებოდნენ, რომ დღესაც აქავ არიან იმავ წადილით; აპირობდნენ კიდეც უმაღლეს კარს წამოსვლას, მაგრამ რადგანაც შერიგება შეიტყეს, ამისთვის ვეღარ გაბედეს. ამისთანა საქმეებით ესენიც და ამ მხარეს მყოფნი ქრისტიანენიც უმეტესს იმედის გარდაწყვეტაში ჩაცვივდნენ. ახლა დ ა რ ბ ა ნ დ ი ს ა კ ე ნ რამდენიმე ათასის რუსეთის ჯარის გამოსვლა რომ მოგვესმა და მათის იმპ–ს დიდ–ბის ბედნიერობით ლეკებიც მრავალი დახოციულა იმათგან, და რამდენიმე ლეკის სოფლებიც წაუხდენიათ, რაც ან ლეკები არიან და ან აქეთის მხრის კაცნი მაჰმადიანნი – ასეთი შეშინებულნი არიან, რომ რაც ახლა დარბანდის მხარეს რუსეთის ჯარი იმყოფება – იმათი არათუ შებმა შეიძლოს ვინმე, არამედ სარწმუნოთ იცოდეთ, რომ რაც დარბანდსა და ჩვენ შუა ქრისტიანენი არიან, თუ მაჰმადიანნი – ყველანი მათის იმპ–ს დიდ–ბის სრულის მორჩილების მქონებელნი შეიქნებიან. თუ ის ჯარი საბოლოოთ იმ მხარეს დგომას გააგრძელებს, ამ მხარეს ქრისტიანეთათვის დიდი ნუგეშინისცემა იქნების, და ყოვლითურთ ძალსა და სიმტკიცესა მიიღებენ; და თუ ის რუსეთის ჯარი ან წინ არ წამოდგება, და ან იქ დგომას არ გააგრძელებს, – ამ მხრის ქრისტიანეთათვის დიდი სამწუხარი და საფიქრებელი შეიქნება. – მე ეს თქვენ ღრაფ–ს ბრწ–ბას ამბათ მოვახსენე.
შემდგომად ამისსა შემოგვედრებ თავსა ჩემსა და ქვეყანასა ჩემსა, რომ თქვენის მაღლის ღრაფ–ს ბრწ–საგან დაუგდებელოი ვიყოთ და გახსოვდეთ, და რომელიც ზემოთ ჩვენი აზრები და ნ უ ჟ დ ა დაგვეწეროს – იმისი მაგიერის სიტყვისა და საქმის მიმღებელ გვამყოფოთ.
დაიწერა ქალაქსა ტფილისს. მაისის 29 დღესა, წელსა 1775.
(გაგრძელება იხ. ნაწილი III)
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment