Thursday, October 23, 2025

ქართულენოვანი ისტორიული დოკუმენტები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ 1768 – 1801 წლებში

(ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტები ამოღებულია წიგნიდან «Грамоты и другие исторические документы, относящиеся до Грузии». Том II. Выпуск I. Грузинские тексты с 1768 по 1801 год. Под редакцией А. А. Цагарели. Ординарнаго профессора Императорскаго С.-Петербургскаго Университета. СПб, 1898 г.) 


ნაწილი I 


1. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის სათხოვარი სიგელი რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-დმი 1768 წლის 23 ივნისს 

საყოველთაო დედაო მართლმადიდებელთა ქუეყანათაო, რომელი მახლობელთა და შორეულთა ზოგად განგვანათდებ და დედობრივითა თანალმობითა ღმერთებრივსა მოწყალებასა უხვებით მოგვფენ ყოველთა; და არა თუ მხოლოდ ყოვლობით როსიისა საკეისროჲსა ხარ სიქადულ და ნუგეშინისმცემელ, არამედ ყოველთა თანერთჴმთა წმიდისა და უზადოსა აღმოსავლეთისა სარწმუნოებისათა ზოგად ხარ სიქადულ და ნუგეშინისმცემელ, – ამისთვის მოტყინარითა გულითა, სასოებითა მტკიცითა და შეურყეველითა სარწმუნოებითა ყოვლად დიდებულსა საყდარსა გარემოვლითა შევრდომით და თაყვანისცემით მტერთა ქრისტეს ჭრილობისათა დამთრგუნველსა ფერჴთა იატაკსა შეგივრდებით და შეწყალებისა და მოწყალებისა მთხოველი ს ა მ ს ა / ს ა ვ ე დ რ ე ბ ე ლ ს ა / ს ი ტ ყ ვ ა ს ა განვფენ წინაშე დედობრივისა ყოვლად-მოწყალებისა თქვენისა: 

პირველად, რათა გამომიჴსნა უცხოთესლთა, ოსმანთა, ჴელისაგან და ყოვლად ძლიერი ჴელი დასდვა ჩვენზედა და ქუჱყანასა და ერსა ჩვენსა ზედა, და საუკუნოდ მონად, მსახურებად და საიმპერიოდ აღგვრაცხნე; და ესე უმეტეს სხვათასა ტრფიალებით საწადელ არს ჩემდა, ძლიერო ჴელმწიფეო, რათა მონა შენი, მეფე იმერეთისა სოლომონ, შემრთო მონათა შენთა, რამეთუ მრავლით ჟამიდგან მსურს, რათამცა სისხლი ჩემი დაითხიოს ქრისტეს მოცემულოისა სჯულისათვის, და, თუმცა ყოვლად მოწყალე ჴელმწიფე ინებებს და დაგვდებს ძლიერსა ჴელსა თვისსა, – მეც ამ აღთქმას მოვახსენებ, ქრისტეს შეწევნითა, რომ აღმოსავლეთის სარწმუნოებისა და სჯულისათჳს ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის სამსახურზე უცხო თესლთა, ოსმალთ, შევაკვდე და ვიდრე სისხლის დათხევამდე ჴელმწიფის სამსახურზედ ვიღვაწო. ათორმეტი წელიწადი არის რომ ხვანთქრის ჯარსა და ჩვენ ძლიერი ბრძოლა გვაქვს, და შვიდჯერ ჩემს ქუეყანაში შემოსულან იმათი სერასკერები და ფაშები, ტყვის ხარაჯა და ტყვე უთხოვიათ, და რომ არ მიმიცია, ზამთარ და ზაფხულ ომი გვქონებია ძრიელი. ქრისტეს შეწევნითა და ყოვლადმოწყალის ჴელმწიფის წყალობით, ყოველთვის დამარცხებული და სირცხვილეულნი წარსულან, და თვით ჴელითა ჩემითაცა მრავალნი მომისრავს; რომელიმე ჩემი ციხეები აიღეს და ისევ დავაგდებინე, და გავყარე, და ახლა ჩემი ქუეყანა ერთობით მევე მიჭირავს. 

და უკეთუ ესე არა ინებოს, მეორედ: სახიერებისა, წყალობისა და მადლისათვის აქავე განგვამტკიცოს ყოვლად მოწყალე ჴელმწიფემ საჴმართა და შეწევნათა მიერ, რომ ჯარის მიცემა შევიძლო და მით უძლოთ წინააღდომად ოსმანთა, რამეთუ ჩვენ სახმართაგან ფრიად ნაკლულევან ვართ. 

მესამედ: მტერნი ჩვენნი მაჰმადინნი, ოსმანნი, ფრიად უძლიერეს ჩვენსა არიან, უკეთუ, ცოდვათა ჩვენთათვის, ვერღარა უძლოთ წინააღდგომად, – ყოვლად მოწყალე ჴელმწიფემ შეგვიწყნაროს საიმპერიოსა თვისსა, ვითარცა შეუწყნარებიან სხუანი მეფენი, რათა მართლმადიდებლობით ვმსახურებდეთ მონათა თვისთა თანა. და რომელიცა ინებოს ყოვლად მოწყალის ჴემწიფის გონებისა სიწმინდის და შეწყალებისა ცამან – ეგრეთ განაგოს. სხვა ჩვენი გულის სიტყვა და განზრახვა ჩვენის ქუთათელ მიტროპოლიტისა მაქსიმეს მიერ მოჴსენდეს. 

          წელსა ჩღჲჱ, თვესა ივნისს კგ 


2. ქუთათელი მიტროპოლიტის მაქსიმეს 1769 წლის 14 მარტის წერილი 

 საქართველოში ორნი მპყრობელნი არიან ახლა: მეფე სოლომონს უჭირავს საიმერეთო, მეფე ერეკლეს ქართლი და კახეთი; ისინი ერთმანეთში დიდი მეგობრები არიან, ასე რომ ერეკლე, ოსმალნი რომ იმერეთში მოვიდნენ, საიდუმლოდ მეეჴმარა ორჯელ, აგრევე მეფე სოლომონ ცხადად ცხრა ცხრა ათასის კაცით, თითონაც იქ ბრძანდებოდა ორჯელ და მესამეთ თავისი ძმა არჩილ რამდენიმე კაცით ლეკებზედ შეაწივა, და ყოველთვის გაიმარჯვეს. იმერეთში თავადები, დადიანი, გურიელი, ერისთავი და აგრეთვე სხვანი სულ ყველანი მეფე სოლომონის მორჩილნი არიან ყოველ ფერში და არც შეუძლიანთ, რომ მორჩილნი არ იყვნენ. იმერეთს სამძღვარი აქვს აღმოსავლეთიდამ ქართლი და კახეთი. ტფილისი, ქართლის ტახტი, ორის დღის სავალია; სამხრეთიდამ ურუმის ქვეყანაა, ჩრდილოეთიდამ ოსებისა – მთაში მსახლობელნი; დასავლეთიდამ – შავი ზღვა. იმერეთზედ ოსმალოს ქალაქი ახალციხე ასრე ახლო არის, რომ ერთის დღის სავალია იმერეთის სამძღვრიდამ. იმ ახალციხიდამ არზრუმი რვის დღის სავალია, ტრაპიზონი იმერეთიდამ ექვსის დღისა. ამ სამს ქალაქებში სამთუხიანი ფაშები უფროსათ არიან. იმერეთში წყლები: პირველი, რიონი, ოსეთიდამ გამოდის და შუვა იმერეთში, ქუთაის ქალაქში, ჩადის; მეორე, მყვირილა, – ისიც ოსეთიდამ გამოდის და ქუთაისიდამ სამს ვერსზედ რიონს შეეყრება; მესამე, ძირულა, იმერეთის და ქართლის სამძღვარსა ჰყოფს, და ქართლიდამ გამოდის, მყვირილას შეეყრება; მეოთხე, ხანის წყალი, იმერეთის მხრიდამ სამხრეთიდან გამოდის და ყვირილას შეეყრება. ეს ოთხი წყალი შავ ზღვაში ჩადის. ამათ გარდა მთელ იმერეთში პატარა წყლები, ჭები და წყაროები, თევზი სხვა და სხვა გვარისა მრავალი არის. იმერეთი შავზღვაზედ არის ტყიანსა და მთიანსა, და ასე მაგარს ალაგსა, რომ შუა იმერეთში დიდი ოსმალოს ჯარი მოვიდეს, დიახ ცოტას კაცით პასუხს გასცემს. სამი იმერეთის ციხე: ბათომი, ფოთი და სოხომი ზედ ზღვის პირზედ არიან, და კაი მისადგომი აქვს ხომალდისა და ნავისა. შუვა იმერეთში პირველი დიდი ქალაქი ქუთაისია, მერმე ბაღდათი, შორაფანი, ცუცხვატი. ამ შვიდს ციხეებში შვიდასამდის ოსმალო იდგება. ამ ციხეებში დიდი ხანი არიან, მაგრამ ზიანი და წინააღმდგომობა არ შაუძლიანთ და ვერც იქმნენ. მეფე სოლომონს რამდენსამე კიდეც მორჩილობენ ამ ალაგებში; ამიტომ უძლებს და არა ჰყრის, რომ ოსმალო ჴელახლა არ აიშალოს. ამ ციხეების გარეშემო ასე დიდროვანი ტყეები არის და დიდრონი ხეები, რომ ხომალდები აშენდება; ფისი და კანაფი მრავალია იმერეთში. ამ შვიდს ციხეს გარდა იმერეთში მომცრო ქალაქები და ციხეები მრავალია, რომელიც მეფე სოლომონს უჭირავს; იმ ციხეებში რაც ოსმალნი არიან, ზარბაზანი დიდი და პატარა ოთხმოც და ხუთი, და სხვა ალაგებში, საცა ოსმალონი არ არიან, ხთუთმეტამდის იქნება; უფროსი ერთი, ოსმალონი ახლა რომ იმერეთში მოვიდნენ, იმადგან დაინარჩუმეს, და ზოგიერთი ასეთია, რომ მინდორში დააქვთ და მტერზედ ხმარობენ. იმერეთში მოდის თეთრი პური, შავი პური, ქერი, ფეტვი, ბრინჯი, სამარხო, წამლის ბალახები, ყურძენი და სხვა ხილი; ამეების დიდი სიმრავლე არის ყოველს ფერში და ასეთი ნაყოფიერი ქვეყანაა, რომ ტყეებშიაც მრავალი ყურძენი და სხვა კარგი ხილი არის; შავი ზღვის პირზედა ნარინჭი და ზეთის ხილი მოდის; აბრეშუმი, ბამბა და დიახ წმინდა სელი არის ამდენი, რომ ვაჭრებს სხვა ქვეყნებშიაც მიაქვთ, დიახ იაფათ ჰყიდულობენ. ცხენი და სხვა პირუტყვი, დიდი და პატარა, დიახ მრავალია; ღვინო და ოტკა მრავალია. ქუთაისის ქალაქიდამ ვაჭრები დადიან ნავითა იმ სამს ციხეში – ბათომს, ფოთს და სოხომს, გასასყიდლათ დააქვთ წმინდა სანთელი, აბრეშუმი, ბამბა, ბეწვი მელისა, კვერნისა, ვეფხვისა, და საჭმლის ხორაგი; იქიდამაც წყლით მოაქვთ ოსმალოს სავაჭრო: სხვა და სხვა ფერი ფარჩა, მაუდი, შაქარი, ყავა და სხვაცა (სტამბოლიდამ რვას დღეზედ და ყირიმიდამ ხუთს დღეზედ ხომალდები იმ ციხეებში მოდიან). ოსმალონი იმერეთს მოდიან ხმელეთით ახალციხიდამ, არზრუმიდამ და ტრაპიზონიდამ, ქართლში, სწორედ ტფილის ქალაქზედ, ყიზილბაშის მხრიდამ იმერეთი მარჯვნივ დარჩება. ზოგიერთს ალაგს იმერეთში ოქროსი და ვერცხლის და სხვების ქანი არის, მაგრამ ესენი იმერეთს არაოდეს არ მოუხმარია, ერთი რკინის მეტი, ამიტომ რომ მეტი მტერი არ აუჩნდეს, ყოველთვის იმის ცდაში არიან, რომ დაფარონ და ოსმალთ არ შეიტყონ; ახლა იმერეთში ოსმალოს თეთრი შედის და გადის, მარტო ოქროსი და ვერცხლისა. იმერეთში თავადნი და აზნაურნი მტრის პირდაპირ თავისის კაცებით, იარაღით და აზუხით გამოვლენ; ოცდა ხუთი ათასი ან ოცდა ათი ათასამდის კაცი შეიყრება მაშინ, როდესაც მტერი იმერეთში შამოვა. თეთრი რომ არ არის ჯარის მისაცემი, ამიტომ სამძღვარს იქით ვერ მიეგებებიან და ვერ უმტერებენ; და თუ ჯარის შესანახვის თეთრი იყოს მსწრაფად ორმოცდაათს ათასს კაცს და მეტსაც შეიძლებენ შეყრას და მტრის სამძღვარს იქითაც მიეგებებიან, და იმერეთშიაც არ შამოუშვებენ. ყოველს ოსმალოს ალაგებში, მეტადრე ახლო იმერეთში, გარეშემო ბევრი საქართველოს კაცნი არიან, უთუოთ შამოეყრებიან ამისთანას საქმეს რომ გაიგონებენ; იმერლებს გარდა ყოველთვის იშოება თეთრითა მეომარი ლეკი და ოსი ორმოცდა ათასამდის და მეტიც. ამას წინათ მეფემ სოლომონმა რამდენიმე ლეკი იქირავა ცოტახანსა, თითო კაცი ოროლ თუმნათ უჯდებოდა. თუ იმერლებს ულუფა მიეცემათ და ყოველთვის განწყობილნი იქნებიან ქვეითი და ცხენოსანი, როგორაც რუსეთში სალდათი და დრაგუნი ჯდება, ისე მოუნდება. იმერლები ხმარობენ ომში თოფსა, ხმალსა და შუბსა; იმ რიგათ, როგორც ოსმალონი შეიბმიან და ქვეითიცა და უფრო ცხენოსანიცა. ხალხი იქაური მამაცი, მეომარი და მორჩილი იქნება, მის დროს ომის რიგი ასე ისწავლოს, როგორაც ევროპიაში. თოფსა, ჴმალსა და ტყვიას შოობენ ოსმალოს ქვეყნიდამ, ყიზილბაშიდამ და ტფილისის ქალაქიდამ; თოფის წამალს თუმცა იმერეთშიაც აკეთებენ, მაგრამ უფროსი ერთი ამ ზემოწერილის ქალაქებიდამ შოობენ. იმერეთის სამძღვრიდამ მოზდოკამდის ხუთი დღის სავალი არის; ოსებზედ და პატარა ყაბარდოზედ თუმცა გზა ასე ავი არის, რომ ორის დღის სავალზედ ურმებით არ ივლებოდეს, ცხენოსანი და საპალნიანი გაივლის გაზაფხულზედ, ზაფხულში და შემოდგომაზედ; ზამთარში კი ზოგჯერა, დიდი თოვლი რომ მოვა, ცხენითაც არ გადაისვლება, ქვეითნი ყოველთვის გადაივლიან, მაგრამ გზა გაკეთდება ასე, რომ ურმითაც გაიაროს. თუ იმერეთის ქვეყანა ასე ბედნიერი შეიქნება, რომ ძლიერი და მართლ მადიდებელი აღმოსავლეთის სარწმუნოების ტახტი ჴელს დასდებს და საუკუნოდ იყმობს, და მეფე სოლომონს რუსეთიდამ ხუთი ათასამდის კაცს თავისის გაწყობილობით და სახარჯოს თეთრით გაუგზავნის რუსეთი, ის რომ დაინახავს საფარველად მართლმორწმუნეს და ძლიერის იმპერატრიცას საბრძანებელის ქვეშე, იქნება ასეთი იმედი მიეცემა თვითონ და იმის ხალხსა, რომ იმ ციხეებში ოსმალოები რომ არიან, სულ ყველას ამოსწვეტს, და რამდენისამე ათასის კაცის შეყრა ებძანება, და იმათიც ხარჯი ებოძება, იმთენს იშოვნის და შეყრის, და ამავ ზაფხულს ოსმალთ დიდ ზიანს უზამს, და რაც იმერეთის გარეშემო ოსმალოს ალაგები არის დაიჭერს, და რამდენიცა ჯარის შესანახავათ თეთრი მიეცემა მის დროს გადახდასაც შეიძლებს, ხალხიც რომ დაინახავს თავის თავს, მოდგმის მამაცობას ერთი-ორათ გამოაჩენს და უსჯულოს ჴელის დაჰხსნისათვის მათის მაღალის ბრძანებით მტერზედ თავის სისხლის დაღვრას არ დაზოგვენ, და მარადის ჴელმწიფის ერთგულობაზედ მტკიცეთ იქმნებიან. ამას მეფის ს ო ლ ო მ ო ნ ი ს გამოგზავნილი ქუთათელი მიტროპოლიტი მ ა ქ ს ი მ ე მოგახსენებს. 


3. ქართლისა და კახეთის მეფის ერეკლე II-ის სიგელი ყიზლარის კომენდანტის გენ.-მ. პოტაპოვისადმი 1789 წლის 30 აპრილს. 

იუნისის შვიდსა თქუენის მაღალ-მსულელობის წიგნი მივიღეთ, რომელმანც ჩუჱნ დიდად სასურველი ჰამბავი გვახარა, რომელ მისის დიდებულების არმიასა ოსმალთა ზედა სახელოვანი ძლევა მიუღია. ამ საზოგადოს ბედნიერებას ღვთის-მმადლობელის პირით და გულით გადამეტებულის სიხარულით მოგილოცავთ. 

რომელიც რომ ჩუჱნ თქუჱნს მაღალ-მსულელობას წიგნი მოვსწერეთ, და ის უმაღლეს კარს წარგევლინათ, ამისთჳს ვმადლობთ თქუჱნს კეთილ მეგობრობას; ვითარცა ჩუჱნი და მისის სიმაღლის მეფის სოლომონის შეერთება ამ კეთილის აღრჩევაზედ მისის მაღალ ღრაფობის ბრწყინუალების წიგნში ეწერა, იმ სახით ჩუჱნ და მეფე სოლომონ ტფილისს შევიყარენით. თუმცა პირუჱლვედ ასეთი მტკიცე სიყუარული ქრისტიანეთა შუჱნის, მაგრა ამ მართლმადიდებელის სარწმუნოებისა და ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის სამსახურისათჳს ორთავ დავიფიცეთ და კაცნიცა განვაწესეთ, რომელნიც რომ მისის დიდებულების წინაშე წარმოივლინებიან. იუნისის 4 მეფე სოლომონ ტფილისით წაბძანდა და ამავე იუნისის თთვის 8 პორუჩიკს უფალს კნიაზ გრიგორის ქობულოვს რომ ვგზანიდით და ჩუჱნგან თქუჱნის მაღალმსულოლობის მომართ წარმოვლენილი კაცი მოგვივიდა თქუჱნის მაღალმსუჱლელობის წიგნით და მეფის სოლომონის და მიმართ თქუჱნ რომ წიგნი მოგეწერათ, ამ უფალმან პორუჩიკმა ჩუჱნ კაცი გამოგუთხოვა და იმერელ მეფეს სოლომონთან გაისატუმრა, რათამცა მისგან ებძანოს, იმისი ნება იყოს იქ მოვიდეს, და ეს თქუჱნ მაღლად-მსულელობის მოწერილი წიგნი იქ განუცხადოს, და აწ კუალად ამ მიზეზით დაეყოვნა, და მისთვის ჩუჱნნი კაცნიც ამ პორუჩიკის წამოსულამდის დავაყენეთ; ის ჩუჱნი მეორე წიგნი უმაღლესს კარს რომ წარგეგზავნათ, ვითარ იმ წიგნში მოგეწერათ ჩუჱნი ჰაზრნი, კუალად მასვე ჩუჱენს ჰაზრსა გავიმეორებთ. 

მისის მაღალ ღრაფობის ბრწყინუალების გამო უმეტესი სასოება გუაქუს, რომ ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის ძალი ყოველს საქართუჱელოში მოწყალებით დაიდება, და ასეთი დრო წარმოდგომილა, რომ რაოდენ უმსწრაფესისა და უწადიერესისა ძალადობითა იმოქმედება, ეგოდენ მისის დიდებულების სამსახური ჩუჱნგან უფროს კეთილ შემთხუჱულებითა წარემართება; ყოველნი საქართველოსაგანნი, დიდნი და მცირენი, უფრიადესისა გულსმოდგინებითა დადებად თავთა განმზადებულნი ვართ. 

ამ ხანად პორუჩიკმაც წარმოგზავნა თავისთან მყოფი კაცი და ამას გამოვატანეთ ჩუჱნი კაცი, რომელიც რომ ამ ჩუჱნს წიგნს ის მოართმევს თქუჱნს მაღალ მსულელობას და მოველით მალიად გამოაბრუნოთ ეს ჩუჱნი კაცი. 

          ტფილისი. 


4. ერეკლე მეფის სიგელი გრაფ ნ. ი. პანინისადმი 1769 წლის 5 ივნისს. 

მისის იმპ~ს დიდ~ბის და ხუანთქრის ზავის დახსნის ჰამბავი რა გუჱსმა, ველოდით სურვილით უჭეშმარიტესსა უწყებასა ჩუჱნდამო, ხოლო დროსა ამას გუჱწია ჰამბავი, ვითარმედ ყიზლარიდამ კნიაზ ოფიცარი მოსრულ არს საზღუარსა ქართლისასა და მიმავალ არს მისის სიმაღლის მეფის სოლომონისდა, და მყის წარიგზავნა ჩუჱნგან კნიაზი ერთი, რათამცა კეთილ მგზავრობითა მიიყუანოს მეფის სოლომონისადა. შემდგომად ამა ოფიცარისა მეფე სოლომონს თავისი მისანდო კაცი თქვენი ღრაფ-ს ბრწყე-ბის წიგნით წარმოევლინა ჩუჱნდამო და მოემცნო, ვითარმედ – რომელსაც ადგილსა ქართლისასა მოვიწვიოთ, მუნ შევჰრკბეთ; და შემდგომად რაოდენისამე დღისა ხსენებული ოფიცარიცა ჩუჱნდამო წარმოევლინა. ვინაჲდგან მეფე სოლომონს თვისსავე ქუჱყანასა საჭირონი და საჴმარნი საქმენი შეხდომოდნენ, რომელ მისი განუგებლობა არ ეგებოდა, ამისთჳს რავდენთამე დროთა დაყოვნა. და ოდეს იგი მობძანდა ჩუჱნდა მომართ, ვითარ თ(ქუჱნი). ღ(რაფობრივი). ბ(რწყინუალების). წიგნი გუაწუჱვდა მართლმადიდებელის სარწმუნოებისათჳს და ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის სამსახურისათჳს, თუმცა ჩუჱნ მტკიცითა სიყუარულისა ერთობითა ვიყუჱნით, მაგრა ამა მიზეზთათჳს უმტკიცესისა ფიცითა ვეფიცენით ერთმანერთსა და განმზადებულნი ვართ უმეტეს შეძლებისა ჩუჱნისა ამ ჩუჱნისა სანატრელისა საქმისათჳს. 

თქვ-ნი ღრაფ. ბრწყ. წიგნში მეფის სოლომონისათჳს და ჩუჱნ ყოვლისა საქართუჱლოებისათჳს ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის იმედი და დაუგდებლობა, და ყოველს ჟამს შეწევნა აღგეთქუათ, ამისათჳს მმადლობელნი ვართ პირველად ღვთისა და მ(ისი). ი(მპეტარორობითი). დ(იდებულების). და მერმე თ. ღ. ბ. ნუგეშისა. და რომელიც ჩუჱნი დიდი სასურუჱლი არის ოსმალთათანა ბრძოლა, და ამას ზედ უწუჱვივართ თ. ღ. ბ. შეწევნითა ღვთისათა ამაზედ განმზადებული ვართ ბედნიერობით მ. ი. დ. მაგრა ვინაჲთგან მართლ-მადიდებლობისა სარწმუნოებისა და ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის სამსახურისათჳს მაჰხმადიანთა მიმართ ბრძოლათა აღუადგენთ შეძლებისაებრ ჩუჱნისა, რომელნიც ჩუჱნნი გარემონი მტერნი იმყოფებიან, და უფროსრე დაღისტნელნი, რადგან სარწმუნოების სარჩულით იმოქმედება კეთილ აღრჩევა ესე, – ზედმიწევნით ვუწყით, იგინიცა ჩუჱნდამო მტერობას შეძლებისაებრ უმეტესად ჰყოფენ. 

ჩუჱნგან ჩუჱნის ვედრების მოხსენება ესე არს თ. ღ. ბ. რათა შუამდგომელად აღძრა განათლებული გონება თქუჱნი და მისმან ყ~დ მოწყლებამან ამა კეთილსა მარჯუჱსა დროსა ზედა მზეებრი თჳსისა მოწყალებისა შუქი მოგუფინოს და გასწავლებული ჯარი გუჱბოძოს, რომ მ. ი. დ. საფარუჱლი ჩუჱედამო ყოველთა თანა განეცადნეს და ჯარითა მით, და რომელიც ჩუჱნ ჯარი გუყავს და შეძლება გუაქვს, ამა ორითავე უმეტეს შეძლებისა ჩუჱნისა ოსმალთა თანა მტერობას სრულის წადილით ვეცადნეთ. 

ჩუჱნ ამ სათხოველს ვერ ვკადნიერდებით, მაგრამ თ. ღ. ბ. ჭეშმარიტების წიგნმა კადნიერება მიგვაღებინა. ეს უეჭუელად ვიცით, რა ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის ძალი აქ მოიწევა და მ. ი. დ. საფარუჱლი დაგუჱფარება, რადგან დღეს სპარსეთი უჴელმწიფოდ ძევს, ამისთჳს მრავალთა ურთიერთთა მიმართ ბრძოლა და მტერობა აქუსთ. ამას ზედა ჩუჱნ მიერ მოხსენებულის ვედრების მიზეზით შიშისაგან შეიკრვიან და რომელნიც მაჰხმადიანნი ჩუჱნნი გარემონი არიან და ან ჩუჱნს მფლობელობას ქუჱშ იმყოფებიან დღეს, ჩუჱნ ამას უეჭველად ვჰგონებთ, ესენიც რომელნიმე გაგვეერთდებიან, და ოსმალთა მტერობაზედ რაოდენი სიმხნე და გამოცდილება აქუსთ, ზოგნი შიშისაგან და ზოგნი რომლისამე მიზეზისაგან, ჩუჱნთან სიმართლით გაირჯებიან. 

თ. ღ. ბ. წიგნის გამო და ამა ზემო აღწერილთა მიზეზთათჳს მისის უმაღლესისა კარისა მიმართ ჩუჱნ მიერ წარმოიგზავნა კნიაზ არტემი ანდრონიკოვი, რათამცა მოახსენოს თ. ღ. ბ., რომელიც ჩუჱნ მიერ ამისდა ჰრწმუნებული იყოს. 

ვთხოვ თ. ღ. ბ. რათა რომელნიც ამან მოგახსენოსთ ყოველსავე ერწმუნნეთ. 

          ქალაქსა ტფილისს, იუნისსა 5, 1769 წელსა. 


5. სოლომონ მეფის სიგელი გენ.-მ. პოტაპოვისადმი, ყიზლარის კომენდანტისა, 1769 წლის 6 ივნისს. 

ვიცით გულდაჯერებით, რომ თქუჱნის მეგობრობისა და სიყუარულისა ფრიადი თანამდებობა გუაქუს, ჯერეთ სიამოვნე და სამსახური არარა გამოჰსცხადებია თქუჱნს მაღალმსლუჱლობას, ამად რომელ დროთა მათ ოდეს დიდსა შეჭირვებასა შინა ვიყუჱნით უსჯულოთა ქრისტეს მტერთაგან, და მაშინ ჩვენი სარწმუნო კაცი კნიაზი ქაიხოსრო რა მოსრულ იყო მხარესა მაგას, დიდისა პატივითა მიგეღოთ და შეგეწყნარებინათ, და აწცა ოდეს ჩუჱნი მიტროპოლიტი ყოვლად-სამღუდელო მაქსიმე წარმოვგზავნეთ დესპანად მისის დიდებულების მაღლისა ხელმწიფისა წინაშე, უცხოს სახის პატივით და დიდებით მიგეღოთ, და ამათ ყოველთათჳს უმეტეს ზომისა მმადლობელ ვართ თქუჱნისა მაღალ მსლუჱლობისა. 

აწცა ამას ვითხოვ თქვენის მაღალმსლუჱლობისაგან, რათა უმეტეს ინებოთ და იწადოთ კეთილწარმართება საქმისა ჩუჱნისა, და რომლისაც გზით შეწევნა იყოს, შეეწივნეთ მისის იმპერატორობის დიდებულების უმაღლესისა კარისადმი წარმოგზავნულსა ამას კაცსა ჩუჱნსა კნიაზ დ ა ვ ი თ ს ა. დაიწერა ქალაქსა ტფილისს, იუნისს 6, დღესა 1769 წ. 


6. მოკლე აღწერა იმ ქვეყნების და ხალხებისა, რომლებიც გარს ერტყმიან საქართველოს. 1769 წლის 14 ივნისს. 

აღწერა ა ხ ა ლ ც ი ხ ი ს ა. ახალციხის ქვეყანა, რომელიც არის ქართლისა ქვეყნისა ნაწილი ერთი, რომელიც უჭირავს ახლა ხვანთქარსა ძალითა, და არიან გაჰამამადინებულნი, და ადგილ ადგილ მცირედნი ქრისტიანენიც იპოვებიან, და ჰქვიან ადგილთა ამათ საათაბაგო. ამას მთაცა აქუს და ბარიცა. ვაკეა მინდურიანი და კეთილნაყოფიერი. არს დასავლით კერძო მდებარეობა ამისი და მცირედრე დაზიდული სამხრით კერძოდაცა, არს მესაზღურე ჩვენის ადგილებისა – ზემოქართლისა, სომხითისა და თრიალეთისა. აქა ზის ვეზირი სამთუღიანი და არს შემძლებელი თავისავ ადგილში ხუთის ათასის მეომრის კაცის გამოყვანისა, მაგრა ჯაბანნი და შეუბედავნი არიან ომსა შინა. ამას მრავალნი ადგილები აქუს ლეკისაგან აოხრებული და იმათგან მრავალი ძალი აქუსთ დაკლებული, და ეს ახალციხელნი ჩვენთან უშფოთლად არიან და მშვიდობით. 

აღწერა ყ ა რ ს ი ს ა. ყარსი არს ქვეყანა ერთი მახლობელ არარატის მთისა; ესეცა ნაწილი არს სომხითის სამეფოჲსა და არიან დღეს გაჰამამადიანებელნი; მაგრა ქრისტიანენი მრავალნი იპოვებიან აქა – სარწმუნოებით სომეხნი და მცირედნი ქართველნიცა; აქუს მთა, მაგრა ბარი უდიდესი აქუს; და არს ვაკე მინდურიანი, უტყეო; ძევს სამხრეთ კერძო და მცირედრე დაზიდულ დასავალით კერძოდ. ზის ფაშა ორთუღიანი და ხან სამ-თუღიანი, და არს შემძლებელი თავისავ ქვეყანაში ორი ათასის მეომრის კაცის შოვნისა; და ჩვენის ქვეყნის ადგილების საზღვარი და ყარსისა ერთმანერთში არიან. ამასაც მრავალი ადგილი აქუს ლეკისაგან აოხრებული, და არიან ესენიც ომში შეუბედავნი, ჯაბანნი და გამოუცდელნი. 

აღწერა ბ ა ი ა ზ ეთ ი ს ა. ბაიაზეთი არს ქვეყანა ერთი, რომელშიაც ზის ფაშა ორთუღიანი, და არს ნაწილი სომხითის სამეფოჲსა, და შეუძლია გამოყვანა თავისავ ქვეყანაში უჯამაგიროს კაცისა, მეომრისა, ათას ხუთასისა. აქ იპოვებიან მრავალნი ქრისტიანენი – სარწმუნოებით სომეხნი. ეს ბაიაზეთის ქურთები ხვანთქარს მაგოდენად არას ემსახურებიან, თუ არ თავისის ნებითა. ძევს სამხრით კერძო და დამოკიდულ არს ზურგსა არარატისასა, და მესამზღურენი არიან ერევნისა, სალმასისა და ყარსისა, და ესენი იმათზედ ომში უფრო გამოცდილნი არიან და აქუსთ ქვეყანა შენი და მტრისაგან წაუმხდარი. 

აღწერა ე რ ე ვ ა ნ ი ს ა. ერევანი არს ერანის საბეგლარბეგო ადგილი ერთი, რომელიც რომ ყოფილა პირველ სომეხთ მეფისა ტახტი; ზის აქა ბეგლარბეგი, მაგრა უმკვიდრო, და აქავ არს ტახტი სომეხთ ქათოლიკოზებისა. მთაც მრავალი აქუს და ბარიცა, და არს ნაყოფიერ-მოსავლიანი. სახლობენ აქა მრავალნი ქრისტიანენი სარწმუნოებით სომეხნი. ამათი ქვეყანა წამხდარი იყო ათას თხუთმეტის წლის (?) წინათ ლეკთაგან და ყიზილბაშთაგან, სანამდის ჩვენ ხელს დავაფარებდით. ახლა რომ ჩვენგან ხელდადებულნი შეიქნენ, ყველათგან დაფარულნი არიან, და ჩვენ გვემსახურებიან, მაგრა უშენი ადგილიც მრავალი აქუსთ. ძევს სამხრით კერძო, საშუალ ქართლისა და ბაიაზეთისა. ჩვენის ქვეყნის სირონი და ესე ერთმანერთში არიან. ჩვენსა და იმათ შუა მთა ძევს ურმისა და ქარავნის სავალია. და შეუძლია გამოყვანა თავისავ ქვეყანაში ორის ათასის მეომრის კაცისა, მაგრა ესენიც ომსა და შებმაში ჯაბანნი, შეუმართავნი და გამოუცდელნი არიან უფროსღა. 

აღწერა გ ა ნ ჯ ი ს ა. განჯა არს ქვეყანა ერთი ერანის საბეგლარბეგო, ქალაქი პატიოსანი და ციხე ქებული. ესენი ჩვენზედ მახლობელნი მესამზღურენი არაიან. ამათში ქრისტიანენი მრავალნი არიან, სარწმუნოებით სომეხნი; მთასა, თუ ბარში არს ადგილი ნაყოფიერი, და უზისთ ხანი მემკვიდრეობით; ამათ შეუძლია თავისავ ქვეყანაში სამის ათასის მეომრის კაცის გამოყვანა. ძევს ქვეყანა ესე საშუალ აღმოსავლისა და სამხრისა – შირვანისა, ყარაბაღისა, ერევნისა, ხამსისა და ქართლის შუათ; მთიან-ბარიანი და წლიან ნაყოფიერი. ამ განჯის მეპატრონენი გარეშემო მეზობლებისაგან და თავისის ხალხისაგან ბევრჯერ გარდაცვივდენ თავისის ადგილიდამ, და ჩვენის მოხმარებით, და ჯარის მიცემით მტრებიც გაუფუჭეთ, ქალაქი, ციხე, ქვეყანაც მიუღევით ამათ მტრებსა და ისევ ეს მემკვიდრეები დავსვით, და ჩვენგან დაპყრობილი ადგილები იმათვე მივეცით; და ამ მიზეზებით ერევანსავით გვმორჩილებენ შეძლებისაებრ, და რადგანც ლეკზედ მახლობლად არიან, ამათი მძევლებიც გუყავს; და ომში ერევნელთაგან უმეტესი და უმხნესი გამოცდილება აქუსთ. 

აღწერა ხ ა მ ს ი ს ა. ხამსა არს ქვეყანა ერთი, რომელსა შინა არიან შვიდნი სამელიქონი; ესენი ქრისტიანენი არიან, სარწმუნოებით სომეხნი, და უზისთ ამათაც კათალიკოზი, და სპარსთ მეფისა სახლეულით ხარჯის მძლეველი ყოფილან ესენიც. როდესაც სპარსეთის ჴელმწიფობა მოიშალა იმ ადგილის ერთმან ელის კაცმან, მოჰმადიანმა, გვარით ჯოანშირმან, ძალი მოიცა, და ამ ხამსის საშუალს ადგილს ციხე არის ძველადგან მაგარი, და სივერაგითა დაიპყრა ის ადგილი; რამდენჯერმე ჩვენსა და ამ ჯოჰანშირში შფოთი ჩამოვარდა, და, ძალითა ღვთისათა, ჩვენგან და ჩვენის ჯარისაგან დამარცხდენ და დაირბნენ, არათუ ის ქრისტიანენი სომეხნი – არა, მარტოდ ის ჯოჰანშირნი. ამ ჟამად მიზეზები შემოგვიხდა იმ გვარი, რომ ჩვენსა და იმათში მშვიდობა არის. აქუს ხამსას სიმაგრე დიდი, მთა მრავალი კლდიან-ტყიანი და ბარიცა აქუს წყლიანი, დიდად ნაყოფიერი. თავის ქვეყანაში შეუძლია გამოყვანა ჯოანშირსა მეომრის კაცისა ორი ათას ხუთასისა, და სომეხნიცა გამოვლენ ოთხი ათას ხუთასი. ძევს საშუალ აღმოსავალისა და სამხრეთისა ქვეყანა ესე და უჭირავსთ ამათ საზღურამდე ყარადაღისა და განჯისა, და არს საშუალ შირვანისა და ნახჩევნისა, განჯისა და ყარადაღისა. კაცნი ამ ხამსისანი არიან, რომელნიც რომ სომეხნი არიან, დიდად მამაცნი, მეომარნი და შემბედავნი, და ამ მელიქების ერთმანერთში შურისა და მტერობის ჩამოვარდნამ ჯოანშერების ხელში შეყარნა ესე სომეხნი. 

აღწერა ყ უ ბ ი ს ა. ყუბახანი, რომელიც რომ არის ერთის მდარის ადგილის მებატონე; მაგრა ამ ყუბახანმან დაღისტნის ლეკის ძალითა დაიჭირა დარუბანდი, ბაქო და სალიანი, და მისი გარეშემო ადგილები, და იმ ადგილების დაჭერით ამ ახლო ხანებში არზი მიჰსწერა ხვანთქარსა იმ ძალით, როგორც წინათ სულხავს შირვანი ეჭირა, რომელიც ჰერანის ერთი საბეგლარბეგო ადგილია და ხვანთქრისაკენ იყო, ამანაც ისე მოინდომა, და იმ არზის პასუხად ფარვანი და ბძანება მოუვიდა ხვანთქრისაგან, რომელნიც ჩვენ ვსცანით ესრეთ: შენ მანდედან იმ ზღვის პირები გაამაგრეო, წამოდეგ მანდედამ და შირვანი დაიჭირეო, როგორც სულხავს ეჭირაო. ადგა წამოვიდა დაღისტნის ჯარითა და შირვანი დაიჭირა, იქიდამ შაქის ხანზედ მოვიდა და დაამარცხა. ეს საქმე რომ ჩვენთან გაცხადებული შეიქნა, ამ ჟამად ჩვენ შაქის ხანს ჯარით შევეწიეთ და ამ ჩუჱნის შეწევნის გამო ყუბახანს თავისი წადილი დაუხსნა და შერიგება მოინდომა, და შემორიგდა. 

აღწერა კ უ მ უ ხ ი ს ა. კუმუხის მთავარნი ქურდულად გუმტერობენ. ამ კუმუხის ბატონს სანამდის მამა ცოცხალი ჰყვანდა ხვანთქარი ხაზინასაც უგზავნიდა, ძალსაც აძლევდა და კიდეც ელაპარაკებოდა, და შირვანიც ეჭირა, და ახლა მისი შვილებიც ნიადაგ ხვანთქარს ელაპარაკებიან, და მუდამ მიდიან და მოდიან, და ახლაც იქ არის; ამ ჟამად ერთი სულხავას შვილი ხვანთქართან მივიდოდა, ყირიმში კი მივიდა, იქ იყო და ამ ამბებში რა იქნა და რა არა – აღარა ვიცით რა. და ესეც ითქვა, რომ ხვანთქარს ვითამ ჯარის თაობა მიეცეს იმისთვის. და სულ ქვეყანაზედ განცხადებულია თუ როგორ გულსმოდგინებით გუმტერობენ ან კუმუხის კაცნი, ან უცემისა, და მის კაცნი, და ან შამხალის კაცნი, და ან რომელნიმე დაღისტანის ადგილები, და ზოგნი ლეკნი კიდეც შემოგვიერთდნენ რომელთამე მიზეზებითა. 

აღწერა შ ა ქ ი ს ა. შაქის ხანი, რომლის პაპას ჰაჯი ჩალაბი ერქვა და ამ ჰაჯი ჩალაბის მამა სომხის ხუცესი იყო, და თვითონ ჰაჯი ჩალაბი გარდაქცეული იყო მაჰმადიანობასა ზედა, ოსტატობითა რითმე დაიჭირა ის ადგილი ჰაჯი ჩალაბმან. ძველად ეს ადგილი კახეთის სამეფოს ნაწილი ყოფილა და ძალით წართმევიათ მაჰმადიანთაგან დროთა შაჰაბაზ არარკელისა, სპარსეთის ჴელმწიფისათა. ამას შინა მსახლობელნი არიან მრავალნი ქრისტიანენი სომეხნი ცხადად და ქართველნი ფარულად, მოჰმადიანთა შიშითა. ძევს ქვეყანა ესე შირვანის შემოდევნებით იალბუზის კალთის ქვეშე და კახეთის დასწორებით მიდევნებითა. მთად იალბუზი აქუს და ბარიცა აქუს, და არს კახეთზე აღმოსავალით კერძო. შემძლებელი არის თავისავ ქვეყანაში სამის ათასის მეომრის კაცის გამოყვანისა. დღევანდლამდის ჩვენსა და იმათში დიდი მტერობა იყო ხანდახან, და ოდესმე მშვიდობა და შერიგება იყო. 

აღწერა ა ლ ი ს / ს უ ლ ტ ნ ი ს ა. ალის სულტანი, რომელიც ძველად კახეთის მეფის ერთი მთავარი არის და კახის სულტნად სახელდებული, და დროთა შაჰაბაზ პირველისათა გაჰმამადიანებული, და გამდგარი კახეთის სამეფოსაგან, და ესეცა აღმოსავალით ძევს კახეთზე. 

აღწერა ჭ ა რ ი ს / ხ ე ო ბ ი ს ა, / ჯ ი ნ ი ხ ი ს ა, / თ ა ლ ი ს ა / დ ა / ბ ე ლ ა ქ ნ ი ს ა. თალის ხეობა, ჯინის ხეობა, ჭარის ხეობა და ბელაქნის ხეობა. ესენი უბატონონი არიან და ამათი ხალხი ვაკის რაიათი თარაქამაა, რომელშიაც იპოებიან მცირედნი ქრისტიანენი, ზოგნი მართლმადიდებელნი ფარულად და ზოგნი სომეხნი არიან განცხადებულად. ძველად ეს ადგილები სულ კახეთის სამეფოს ნაწილები არიან და ამ მახლობელს ჟამებში მრავალჯერ უმსახურიათ კახეთის მეპატრონეთათვის, და ეს ადგილები მოოხრებულა შაჰბაზ პირველისა დროთა, და ამ მოოხრებულს ადგილებზედ ზოგი თათარი თვითონ დაუსახლებია შაჰაბაზს და ზოგნი ლეკნი თვითონ გარდმოსახლებულან და დაშენებულან. ამათ დაღისტანის იალბუზზედ უყუდიათ ზურგი და ძალიც იმათგანა აქუსთ. შიგა და შიგ ის ქვეყნები ხან შემორიგებულნი არიან ჩვენთან და ხან აშლილნი. შამახიიდამ ბელაქნამდისინ მრავალჯერ ჩვენს მტერობაზედ ერთნი ყოფილან; და დაღისტანის ძალს გარდა შეუძლია ამ ძირობასა მეომრის კაცის გამოყვანა ხუთის-ექუსის ათასისა: ესენი სულ კახეთის მიწაში სახლობენ და ქისიყის ასე ახლოს მეზობელნი არიან, რომ სოფლით სოფლადმდე ზოგი ოცდაათი ვერსი არის და ზოგიც ოცდახუთისა, და არს ქვეყანა ესე ძნელად შესასულელი, ტყიანი, მრავალწყლიანი და მაგარი. 

აღწერა ხ უ ნ ძ ა ხ ი ს ა. ხუნძახის მთავარი, რომელიც არის ავარი, დაღისტანში, და არს ქვეყანა ამისი მთის ადგილი; თავისი ყმა მეომარი გამოუა ათას ხუთასი, და როდესაც მოინდომებს დაღისტანში იშოვნის თხუთმეტს-თექუსმეტს ათასს კაცს, და არს კახეთზედ აღმოსავალსა და ჩრდილოს საშუალ. ძველად კახეთის მეფის ერისთავი ყოფილა; ჟამთა ვითარებისაგან და მოჰამადიანთ ძალისაგან სხუა ადგილებიც მრავალი ჩამორთმევია კახეთსა და ესეც მიღებიათ. ესენი წინა ხანებში ხან შემორიგებული იყო ჩვენთანა და ხან არა; მასუკან დიდი მტერობა მოინდომა ჩვენზედა, დაღისტანის ჯარით მოვიდა უეცრად და ქართლში ერთს ციხეს შემოადგა; შევებენით და დიდად დამარცხდა ჩვენგან, ძალითა ღვთისათა, და მრავალნი ამოსწყდნენ. მეორეს წელიწადზედ კიდევ შური იძია ჩვენზედ და მეორედ წამოვიდა კიდევ დაღისტანის ოცდაორი ათასის ლეკითა, და რაც კახეთის მეზობლები იყუნენ შირვანის ზევით, ანუ განჯელნი, ამათაც ძალი მოსცეს, ჰაჯი ჩალაბი შვილი და ალის სულტანი თჳთონ იყუნენ, ჭარელნი, თალალენი და იმ ძირობის კაცნი, – ესენიც იქნებოდნენ ათიათასი კაცი, და კახეთის ერთს ციხეს შემოადგნენ; სანამდის ჩვენ ჯარს შემოვიყრიდით, ჩვენს მისულამდის, წინათვე ჯარი მივაშველეთ და ციხიდამ მრავალი კაცი ამოუწყდათ და სირცხვილეულნი გაბრუნდნენ. მასუკან ჩვენთან შემორიგება მოინდომა, ჩვენც შევრიგდით და მცირეს რასმე ჯამაგირს ვაძლევთ. კახეთის საზღურიდამ ოთხის დღის სავალი გზა არის. თუმცა ეს ხუნძახის მთავარი შემორიგებული არის, მაგრამ იმას რაც კაცი ყავს ისინი კი ქურდულად გუმტერობენ ჩვენს ქვეყანაში. 

აღწერა დ ი დ ო - ქ ი ს ტ ი ს ა, / ღ ლ ი ღ ვ ო - ზ უ რ ზ უ კ ი ს ა, / თ უ შ - ფ შ ა ვ - ხ ე ვ ს უ რ ი ს ა / დ ა / ჴ ე ვ ი ს ა. კიდევ კახეთის სამეფოს ნაწილი, რომელნიც კახეთზედ ჩრდილოდ კერძი არიან ოთხნი თემნი, – დიდოეთი, ქისტი, ღლიღვი და ზურზუკი ლეკთაგან მიგუხმიან და გაჰუმამდიანებიათ. ახლა ცდილობენ და სურთ, რომ თუშეთის და ხევსურ-ფშავი და ჴევი, რომელიც რუსეთის საჴელმწიფოჲსა და საქართველოს შემოსავალი და გასავალი გზა არის, ესეც დაიპყრან და თავიანთ სარწმუნოებაზედ მიიზიდონ, და იმათი ჰაზრი ეს არის: რომელნიც ნათესავნი არიან ოსნი, და ანუ სხუა გვარნი ნათესავნი ამ მთებში იმყოფებიან – ესენი ყირიმამდის სულ გაჰამამადიანონ, და ამ მთასა შინა არა მცირედნი არიან ახლად მიქცეულნი იმათს სარწმუნოებაზედ და ნიადაგაც აქცევენ. 

აღწერა გ ა დ მ ო ს ა ვ ა ლ ი ს ა / გ ზ ი ს ა. და ეს გზა რომ დაგვიწერია – ეგების რუსეთის საჴელმწიფოში ასე განცხადებული იყოს, რომ ასეთი რამ იყოს ვითომ გაკეთებაზედ ბევრი სარჯელი მოუნდეს, – ამის გაკეთება ჩვენგან ადვილად შეიძლება; და ამ გზაზედ ჩ ი მ ი არის, რომელიც საზღვარი არის, იქიდამ მოკიდებული რაც მთა არის ორმოცი ვერსი იქნება, და იმ ორმოცს ვერსს იქით და აქეთ სულ ვაკე არის, და ამ ორმოცის ვერსის მთის გზაზედ შიგ და შიგ გავაკებული გზა ბევრი არის. 

აღწერა ქ ე რ ი მ ხ ა ნ ი ს ა. ქერიმხან, რომელიც არის დღეს აღმდგარი და შირაზსა ზის, და სპარსეთი, რომელიც ოთხს ნაწილად გაყოფილ არს – ადრიბეჟანად, არაყად, ქარსისტანად და ხვარასანად, და კ~დ ქონან ადგილებიც სხუანი გილანისა, მაზანდარისა და ამადანისა, ამ სპარსეთის ოთხის ნაწილისაგან ადრიბეჟანში უჭირავს მცირედი რაჲმე, არაყი სრულებით უჭირავს, ხვარასანში სულ არა უჭირავს რა, ქარსისისტანი, რომელიც არის შირაზში, უჭირავს; ესენი, რაც რომ უჭირავს, რომელნიმე ოდესმე მორჩილ არიან და ოდესმე ურჩნი; გილან-მაზანდარელნი და ამადანელნი – ესენი კი ემსახურებიან; ამან მრავალი გამოცდილება მიიღო გამარჯვებასა და დამარცხებაში, და ახლა რომ ამის საქმესა და განზრახვაში სჩანს – შირაზს გარეთ გამოსვლა აღარსად ნებავს, ჰჩვენთან მეგობრობას იჩემებს, კაცსა და წიგნს გვიგზავნის, მაგიერს კაცსა და წიგნსა ჩვენც უგზავნით. 

აღწერა ა ს უ რ თ ა. სირიელნი, რომელნიცა იმყოფებიან საშუალ სპარსეთისა და ოთმანიანთა, და არიან ერნი მრავალნი, მქონებელნი მთისანი, თუ ბარისანი, სარწმუნობით სრულიად ქრისტიანენი, ვითარ რაოდენნიმე მილიონნი, და უფროსი ერთი გამოცდილნი ბრძოლათა შინა. ერთი წელიწადი არის, რომ მრავალჯერ მოგვივლინეს კაცნი ვედრებისანი სამღუდელონი, ეპისკოპოსნი და მღუდელნი, ანუ თუ მთავართაგანნი, გვევერდნენ და გვევედრებიან იქიდამ აყრასა და ჩვენს ქვეყნაში მოსულასა. ამათგანნი ზოგნი ჩვენზედ დიდად შორიელნი არიან და ზოგნი მახლობელნი; ჩვენც აღმხედრებას ვაპირებდით და რომელთაც მახლობელებს სირიელთ ჩვენი ხელი მისწვდებოდა იმათს მოყვანას ვაპირებთ და შორიელთაცა ზედა სხუაგვარ ჴელის მიცემას, როგორც ჩუენგან შეიძლებოდა, და ამ განზრახვასა შინა რა ვიყვენით, მაშინ წარმოგვიდგა ღვთის განგებული აღრჩევა ესე მისის დიდებულებისა ყ~დ მოწყალის ჴელმმწიფისა – მოხედვა საზოგადოდ ყოველთა ქრისტიანეთა ზედა, და ჩვენ დიდებულებისა მისისა სამსახურისა ღონისძიებაში შევედით და ვართ, და ოდეს ყ~დ მოწყალის ხელმწიფის მზის თუალის სახე შუქი გამოუბრწყინდებათ ჩვენის მხრის ქრისტიანეთა და მისის დიდებულების ხელი დაგვეფარება, მაშინ ამ სირიელთა ერისა და ადგილისაგან ძალსა არა მცირედსა მოვირთხამთ ჩვენს მახლობელთაზედ და ბარის კაცთაზედ, რომელსაც ადგილზედ ხელი მიგვიწვდება იმათ ჩვენს ქვეყანაში მოვიყვანთ და აქედამ მოვირთავთ იმათ ძალსა, და შორიელთა, რომელნიცა მთათა და სიმაგრეთა შინა არიან, და რაც ერთის მხრის მაჰამადიანთ ეგ უნდათ, რომ არას ემორჩილებიან, – ამათ თავიანთ ადგილიდამ შემოვიერთებთ, და ქრისტიანობის მტერთზედ აღმხედრდებიან, და აღვამხედრებთ. 

ეს ინსტრუქცია მ(ისი) ბ(რწყინვალების) კანცელარიისად მირთმევად კეთილ შესაბამობით ვრაცხეთ, – ამისთვის აქაურნი საქმენი და გარემოებათა ჩვენთანი მ. ბ. იუწყოს. 


7. ერეკლე მეფის 1769 წ. 4 სექტემბრის წარდგინება იმპერატრიცა ეკატერინე II-დმი. 

მისის იმპერატორების დიდებულებისა წინაშე განცხადებულ იქმნას ესე, რომელიც უფლისა იარანალ მაიორის ტოტლებენის ზეპირ დაბარებულობით ჩემ, მდაბლის მონისთჳს, მოწყალებით გებრძანათ, რათა ხონთქრისა სამფლობელოსა, რომელიც ჩუჱნგან შეიძლებოდეს საქართუჱლოს ნაპირებიდამ მტერობად განვეწყუნეთ და თქუჱნისა ყოვლად დიდებულებისაგან ჯარითა და სხუას შეწევნით ჩუჱნ, მდაბალნი მონანი, დაფარული ვიქმნნეთ, ამას ზედა თქუჱნს ყოვლად მოწყალებას დიდისა სიმდაბლითა ვმადლობთ და ვსასოებდცა თქუჱნის დიდებულებისაგან, რომ შემდგომად ამისსა დაუგდებლად დაგვიცუნე. 

აწინდელისა ამის თქუჱნისა უდიდებულესობის და უუმაღლესის ბრძანების წინათვე ჩუჱნ, რომელიც მისს ბრწყინუალებას ღრაფს მინისტრს მეფის სოლომონისდა მოეწერნეს, იმ წიგნისა გამო ამა კეთილისა აზრისა ღ~თისა მადლობით და მხიარულებით მიმღებელ-ვიქმენით, რომლისთჳსცა უუმაღლესსა კარსა დამორჩილებით თქუჱნის დიდებულებისა სურვილით სამსახურსა ზედა განმზადებულება მოვახსენეთ. და კუალადაც ამ სასოებისა მომხსენებელნი თქუჱნისა დიდებულებისანი ვიკადნიერებთ, რათა როდესაც თქუჱნი უმაღლესი განზრახუა ხვანთქრისა მიმართ ბრძოლისა ნებასა ბრძანებდეს – ჩუჱნც ამ თქუჱნის დიდებულების ნებისა და ბრძანებისა თანაშეკრულნი ვიყუნეთ; ღ~თისა და თქუჱნისავ მოწყალებით რაოდენ ძალ გუედვას უმეტესსა მტერობას ვაჩუჱნებდეთ, და როდესაც კუალად მშვიდობას ინებებს თქუჱნი ყოვლად მოწყალება – ჩუჱნ მშვიდობით თანადაცულნი ვიყუნეთ საუკუნოდ, და შემდგომად, რომელნიცა სრულებით ჩუჱნნი მოსახსენებელნი გუაქუნდენ მისის ბრწყინუალებისა პირუჱლის მინისტრისათჳს კუალად განგვიცხადებიეს და კუალადცა ჩუენნი ყოველნი გარემონი საქმენი უფლისა იანარალ მაირის ტოტლებენისაგან უუმაღლესობისა თქუჱნისა კარსა მოხსენდება. 


8. ერეკლე მეფის 1769 წ. 4 სექტემბრის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 

მ. ღ. ბ. ესეცა განეცხადოს თხუთმეტი პოლკი ჯარი რომ მოგვიხსენებიეს, ამ თხუთმეტის პოლკისაგან ხუთი პოლკი ჯარი ახლა გვებოძოს, ამ ზამთრამდისვე. ამიტომ, რომ თუმცა მისმა ღ. ბ. ათას ხუთასი კაცი აღგვითქუა მაღალს კარს მოუჴსენებლად, მაგრამ ესე არა კმა არს; და ეს ხუთი პოლკი ჯარი ამად გვნებავს ზამთრამდის და ამისთჳს მოგახსენებთ და გთხოვთ, რომ რადგან ოსმალთ ძალი ჩუჱნს საზღურადმდე არ მოწეულა, ჩუჱნ იმ ჯარის შეწევნით, რომელნიც რომ არარატის მთის გარშემო, და ახალციხისა და ანუ ყარსისა გარემო ქრისტიანნი არიან, და იგინი ოსმალთა მონებასა ქუჱშე იმყოფებიან, და კუალად, რომელნიც შავი ზღვის გარემო ჩვენ კერძო ადგილნი უჭირავს, შესაძლებელი არს, რომ ყოველივე ძალითა ღვთისათა მიუღოთ, და ათი პოლკი გაზაფხულზე, როდესაც დროსა და საქმესა ეშესაბამებოდეს, მაშინ გვიბოძეთ. ღვთითა და ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის ბედნიერებით ვჰგონებთ, რომ მ. დ. სხუას ჯარებისაგან ჩუენ კერძო ნაკლები ბრძოლა არ ვაჩუჱნოთ და სამსახური. 

სხუას ჩუჱნგან თ. ღ. ბ. განსაცხადებელს ზეპირს სიტყუას უფალი მაიორი რატიევი მოახსენებს. 


9. ახალციხის ფაშის ნაჰამის წერილი მეფე ერეკლეს. 1769 – 1770. 

                                                 მაღალო დანიშნული მეფეო! 

სასურველო, მართლებრო და გულით შეერეთებულო, შემძლებელო მეზობელო ჩვენო და მეგობარო – შენ კეთილ ნაბეჭდი პირველი და უკანასკნელი, და სიმართლის შესწორებული და საკადრო მოკითხვა კარგად ყოფნისა უცხოს მოკითხვით მოგიკითხავთ, და შენის მეფობის ხათრის ჰამბის კითხვის უკან ჩვენის მეგობრობის ჩვენება ეს არის, – რომ რამდენითამე დღითა ამის უწინ ჩვენგან მოჰთაბარის ოჯახიანის ჩინებულის კაცებისაგან თქვენს სიმაღლესთან გამოგზავნილი კაცები თქვენკენ წარმოიგზავნა. იმათის მოსვლის დროს თქვენი დიდებულება ყარსის მხრისაკენ ბძანებულ იყო; იმ კაცების როგორ ურიგოდ დაბრუნება ისევ უკანვე თქუჱნ სიმაღლესთან ცნობილი იქნება; ახლა ზოგი ერთის მიზეზი ეს არის; რომ მაჰმად აღა გამოიგზავნა ზოგი ერთის სალაპა(რა)კოს საქმისათვის. ჩვენის მეგობრობის მხრიდამ ახალის კაცის გამოგზავნის მიზეზი ეს არის, რომ მაჰმად აღა გამოიგზავნა. მაღალ დოვლაფანის და საუკუნოსა პირველიდგანვე, დროთავე ნადირ შაჰისათა ფრიად შეკრული და შემტკიცებული მშვიდობიანი შერიგება, ორის დოვლაფანის მტკიცედ გება და საზღვრების პირობის დადება და ფიცი საუკუნოდ, – ამ აღთქმაების წაყვანა, როგორც რომ საკადრისი იყო, ისე დაცულ იყო დოსტობის ბედის გაცხელებაზედ, და აღძრვა სულ შორს ყოფილ იყო ჰერანის საზღვრებზედ ერთის კაცის წყენის და შეძულებისაგან – დიაღ შორსა ვართ და ვყოფილვართ. ამ დიდს საქმეზედ მუდამ დიდდიდთა დიდნი ვეზირები და უფროსთა უფროსნი და სხვათა ლაშქართა უდიდესნი, და საზღვართა უხუცესნი ძლიერად მომრიდალნი ყოფილან; ვითარ განთიადის მზის შარავანდედი განცხადებულ არის, ისე ეს განცხადებულ არის, რომ მომრიდალნი არიან. მისის დიდებულების სიმაღლისაგან ხოს რომ მათს ფეხთა მიწასა ჩლდირის ვეზირობა მებოძა მასუკან თქვენის მაღლის მხრისაკენ ჩვენი ასე ანკარა იყო და საუკუნო მეგობრობა დამტკიცებული იყო, რომ ერთი რამ წყენა არა მომხდარა არც თქვენიდამ ჩვენთან და ჩვენიდამ კვალად თქვენთან, ნიადაგ მეგობრობა გამოცხადებულ ყოფილა, და საუკუნოს მეგობრობისათვის გვეჭვრიტა და იმ დოსტობის სიმაგრის მიწაზედ ფეხით დამტკიცებული ვყოფილვართ. მეფე სოლომონი, ბოლო დაცვივნული, ამასუწინ თავმზიდურობითა თავის გზიდამ გასულ იყო, ამისთვის იმაზედ რისხვა გაცოცხლდა დიდის ქვეყნის მპყრობელისა, დიდ შარავანდიანისა, ძლიერისა ძალისა სვიანისა და ქალაქებთა მჭირავისა მისის ბედნიერობით იმ დანიშნულს სოლომონის პატიჟის მიცემისათვის. ჩვენ იმისის გარდახდევინების ფარმანი მოგვივიდა, და ფარმანის მოსვლის დროს ის მოვიდა და ჩვენ შემოგვეხვეწა მონებისა და სამსახურის ჯაჭვის ყელმოდებითა და პირობის დადებითა. ჩვენ, საბრალოსა, შეწუხებულისა, აოხრებულისა, უხელფეხოსა და გათავებულის ხალხის სიწყალულსა და სიბრალულისათვის მაღალსა და აღმატებულს ხელმწიფეს არზი უყავით, და ამ არზის მირთმევაზე, და ჭეშმარიტმან და ზეციერმან მეუფემან და შარავანდედიანმან ძლიერმან მოწყალებამან მაღალმან ხელმწიფემან და ქვეყნის მოსამართმან ის დიდებით ყოფნა სოფლის დასასრულამდე უვნებელად და განუსაცდელად მისცეს. ჴელმწიფობის ტახტზედ და სუფევაზედ საუკუნოდ აგოს, იმისი ავმდომის მტრების თავი თავქვე იყოს! მან ჩვენი ვედრება შეისმინა, და როგორც ყოფილ იყო წყალობა უყო და მაღალი ფარვანი უბოძა. ჩვენის საყვარელის ქეჰიას ხელით გავგზავნეთ. ხალათი ჩაეცმევინა, რამდენსამე თვეს იმერეთიც დამშვიდებაში შესულ იყო; იმ დანიშნულის სოლომონისათჳს რამდენი ფერად ფერადი იმედი იყო წყალობისა და შეწყნარებისა; მაგრამ ესენი დაივიწყა და გულში ჩადებული ორგულობა, სიავე, სიფინთე, ღალატი, მუხანათობა და ჰარამზადობა გამოაცხადა. მოსკოვს უსჯულოებთან, ღმერთმან იმათი ბოლო დააქციოს, სოლომონს კაცი გაეგზავნა იმ ურჯულოებთან და რამდენიმე ასი კაცი მოუყვანინებია, რომ თქვენ ორისავე დოვლაფსაგან მართლსარწმუნოდ და მისანდოდ დიდ გვარობაზედ ცნობილ ხართ, თქვენის მიწიდამ რომ ის უსჯულოები თქვენს შეუტყობრად და უნებურად გარდმოსულ იყუნენ – ეს ხომ არ იეჭვება, ხუთსა ან ათს დღესა თქვენს ქვეყანაში უვლიათ, ამასუკან იმერეთს გარდასულან, ჴელმწიფის ციხეებისაგან შარაპნის სახელდობით ციხეს რამდენსამე დღეს შემოდგომოდნენ, ღვთის წყალობით და ჴელმწიფის ბედნიერობით, ვერ ექნათ და ხელი ვერაზედ მისწდომოდათ, რჯულის მოღალატის და სიწუწკის საზომის მქონებელის სოლომონის ვითარება შეეტყოთ და ისევ უკანვე დაბრუნებულ იყვნენ თავისავ საძაგელის მიწისაკენ. უკან დაბრუნებაში ახლა თქვენს მიწაში დამდგარან, და გვიკვირს ამისთანა საქნელი საქმე, – გასინჯეთ საჰარათების დიდ დიდებას და უფროსების გულის შეცულა, შეძრვა და ამღურევა. არ იქნება ახლა ეს განცხადებული და გამოპირული საქმე და ეს განსაცდელები საჰარათის ბეგებმა, ან ერანის მიწაში მყოფმა თათრებმა რომ შეიტყონ – ეს დიდი ნასკე თავიანთს გულში ავის ფიქრით ყოფილა. ამ საქმის ქნითა თქვენის სისწორის გზისა, თქვენის ორისავ დოვლაფის კეთილმეგობრობისა, და იმდენის სიკეთის გაფუჭება – არ იქნება ეს საქმე. სწორედ მაღალის დავლაფის მხრიდამ ერთი შიში და ზარი ის მეგობრობა საუკუნოდ დადგრომილ ამაზედ ერთი დაუმშვიდებელი საქმე თქვენს გულში ან შემოსული, ან შემოხდომილიყოს. ჩვენის საჰართების ვეზირებისაგან თქვენ ჰერანის საჰარათებისაგან ერთი მეგომრობა, ან განსხვავებულ უმეგობრობა ერთმანერთის გატანა, როგორც მეგობრობას და ძმათ მოყვარებას შვენის, და მეგობრობის ბეღოს უჯობდეს, და კარგი იყოს, იმისი მიხედვა და გარიგება ჭკუისაგან და დიდის საქმისაგან არ იქნება, მაგრამ მაგ ურჯულოების თქვენს ქვეყანაში ყოფნა და დგომა მაღლის საუკუნოდ მყოფის ჴელმწიფის დოვლაფისათვის და ჰერანის დოვლაფისათვის სხვა და სხვა ფიქრი და თქვენის სისწორისა და მეგობრობის ყოფილის ვითარებისა დიდი ზარალი და დასაკლისი არ იქნება ჩვენსა და თქვენში ამისთანა მტკიცე საბლის საკრველი რომ არის? და უმეტესად ამ ორს წელიწადში განცხადებულად და საჩინოდ ხილულია მეგობრობაზედ. თქვენის მეგობრობის ხათრისათვის ეს ერთობის წიგნი დაიწერა, იმ ზემოწერილის ალის ჴელით გამოიგზავნა წინაშე. დიდება ღთ~სა, რომ თქვენს სამსახურში მოიწევა ამ წიგნის ვითარებას და ძალს რომ სცნობ და შეიტყობთ, განცხადებულ იქნება თქვენის მხრისაკენ რაც გამოჩენილი ნიშნები არის და შეხდომილი მომხდარი ვითარებანი იყუნენ – ჩვენის მხრისაკენ მოიწერეთ, და ის ზემოწერილი აღა უკანვე გამოაბრუნეთ ჩვენთანავე; და ჩვენც თქვენის მეფობის გონებიდამ არ დაგივიწყოთ თქვენის მეფობის გონებიდამ ითხოება და ივედრება თქვენგან ჩვენი დაუვიწყებლობა, ნიადაგ თქვენს მეგობრობის სისწორეზედ იყუნეთ. 

          გულწმიდა ნაჰამან, ვალი ჩლდირისა. 


10. დარეჯან დედოფლის წერილი თავად ანტონ მოურავოვისადმი 1769 წლის 24 სექტემბერს. 

                                        ბრწყინვალეს კნიაზს ანტონი რომანიჩს მოურავს, 
                                                      ჩვენს ძმისალაგს საგულვებელსა. 

რადგან თქვენი ბრწყინვალება ჩვენის ქვეყნისა ბძანდება და მისის სიმაღლის მეფის ერთგული და კეთილისმყოფელი ხართ, ჩვენც ძმის ალაგას გვეგულებით, და ვიცით, რომ ჩვენის სამშობლოს საქმეზე კეთილად გაირჯებით, და ამისთვის მოგახსენებთ: რომელიც სიტყვა იარანალს (ტოტლებენს) ებძანა, ჩვენ ამ საქმეზე ჩვენს ძმას დადიანთან ერთი კნიაზი მამუკა ხიდირბეგიშვილი გავგზავნეთ, ან თვითონ ნახავს იარანალს, (ან) ძმას აახლებს. თქვენის ძმობისაგან მოველით რაოდენ შესაძლებელ იყოს ჩვენის სამშობლოს საქმეზედ ბეჯითი ბძანდებოდეთ. ზოგი ჩვენი სიტყვა ამ ჩვენის თავადის მამუკასათვის დაგვიბარებია – ეს მოგახსენებს. რაც ზეპირი გამოგეგზავნა, მოგვივიდა, მადლობა მოგვიხსენებია. 

          დედოფალი ქართლისა და კახეთისა დ ა რ ი ა. 


11. ქართლისა და კახეთის ეპისკოპოსები XVIII საუკუნის 70-იან წლებში. 

ყ~დ სამღუდელონი და მღუდელთ-მთავარნი ქართლისა და კახეთისანი. 

კ ა ხ ე თ ი ს ა: 

ზენონ არქიეპისკოპოსი ალავერდელი. 
დავით მიტროპოლიტი ქისიყისა. 
საბა ნინოწმინდელი მიტროპოლიტი. 
ზოსიმე არქიეპისკოპოსი რუსთველი. 
დოსითეოს ეპისკოპოსი ნეკრესელი. 

ქ ა რ თ ლ ი ს ა: 

ბესარიონ მიტროპოლიტი სამთავროჲსა და გორისა. 
ქრისტეფორე მიტროპოლიტი. 
გერმანე ეპისკოპოსი მროველი. 
იოსებ ეპისკოპოსი ურბნელი. 
დავით ეპისკოპოსი ნიქოზელი. 
ეპისკოპოსი სამთავნელი, ჯერეთ განუწესებელი. 

დ ა ც ლ ი ლ ნ ი / ა ო ხ რ ე ბ ი ს ა გ ა ნ: 

საეპისკოპოსო სამებისა. 
საეპისკოპოსო გიშისა. 
საეპისკოპოსო ჭერამისა. 
საეპისკოპოსო ხარჭიშოსი. 
სამიტროპოლიტო ახტალისა. 
საეპისკოპოსო მანგლისისა. 
საეპისკოპოსო წილკანისა. 
საეპისკოპოსო წალკისა. 
საეპისკოპოსო ბოლნისისა. 
საეპისკოპოსო წინწყაროსი. 
საეპისკოპოსო დმანისისა. 


12. არაგვის მოურავის ქაიხოსრო ანდრონიკაშვილის მოხსენება მეფე ერეკლეს 1770 წელს. 

ქ. ღ~თნ ბედნიერის ჴელმწიფის ჭირი არაგვის მოურავს ქაიხოსროს მოსცეს: რაც ჩემი საქონელი გრაფმა ააკლებინა, რაც თქვენის ბძანებით მოგვბარდა პოლკოვნიკისა და ღვარდიის კაპიტანის ხელით ჩემი ყაბზი უჭირავსთ, და რომელიც მაკლია და არ მომცემია ამას ქვემოთ უწერია. ამის მოხსენებას ამისთვის ვაგვიანებდი – თქვენის სიმაღლისა და მათის ბრწყინვალების იანარალის ერთად შეყრას ველოდი; მე ყოვლად მოწყალის ხელმწიფის სამსახურზედ და ბარგის გარდმოსაზიდვათ გამისტუმრეთ, თორემ იანარალს იმერეთს გარდავყვებოდი და გრაფს იქ ჩემს საქონელს ვთხოვდი; მანამ აქ ამ ყოვლად მოწყალის ხელმწიფის სამსახურს აღვასრულებდი, მანამ გრაფი გაისტუმრეს და ჩემი საქონელი და დავა გრაფთან დარჩა, და ახლა სამართალს ვითხოვ. 

                                                                      რ ა ც / მ ა კ ლ ი ა: 

ქ. ყოვლად მოწყალის ხელმწიფის წყალობა: ოქროს საათი ალმასით გაწყობილი. 
ქ. მეორე საათი ვერცხლისა. ქ. ვერცხლის ტაშტი და ალთაფა. 
ქ. ვერცხლის სინი ექვსი ფიალით, ნალბაქით და კოვზით. 
ქ. სამოცი ფლური ფინდიღი. 
ქ. ათი თუმანი ქალაქის თეთრი. 
ქ. სამი ვერცხლის თასი. 
ქ. მაუდის ქათიბი კვერნით სავსე გილნის ღილით. 
ქ. ოთხი ოქროს ბეჭედი: ამაში ორი იაგუნდით იყო, ერთი ლალი და ერთი ზურმუხტი. 
ქ. ორი ღილი: ამაში ერთი მინაქარა იყო, ერთი მარგალიტისა. 
ქ. ქალის საკაბე ყალამქრისა. 
ქ. ერთი თავზედ დასახურავი ყალამქარი. 
ქ. ორი ჩადრი ყალამქრისა: ერთი შეკერილი, მეორე შეუკერავი. 
ქ. ერთი ყუთი წამლებისა ოთხის თუმნისა. 
ქ. საწოლის იარაღი ორასი ნაჭერი, ჩინი, ქაშანური და მინა. 
ქ. სპილენძის იარაღი: ჯამი, თეფში, ნალბაქი, ფსუზი, ჩამადანი, ფანარ-ტაშტი, ალთაბა, მსხვილი და წვრილი სამასი ნაჭერი. 
ქ. ოთხი ხალიჩა, სამი ფარდაგი, ორი ყიზილბაშის ქეჩა, ორი თაქნაბადი. 
ქ. ექვსი ცხენი თავის უნაგირებით. 
ქ. სამი ჯორი. 
ქ. შვიდი თოფი, ხმალი და იარაღი. 
ქ. ერთი დაბანჩა ფრანგული კარგათ გაწყობილი. 
ქ. ერთი ჩემი შვილურად გაზდილი თავადისშვილი იოსებ ამ ჩემს აკლების დღეს მომიკლეს. 
ქ. ერთი ჩემი კაციც ამ დღესვე აიკლეს, ოცი თუმნის მეტი საქონელი [წაართვეს]. 


13. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი 1770 წელს. 

თ. მ. ღ. ბ. მოსახსენებლად ესენიც საჭიროდ ვგონეთ, რომელთაც მოგახსენებთ: ღრ. ტოტლებენი მ. დიდებულებისაგან წარმოგზავნილთა შტაფთა და ოფიცართა არესტს უშვრება, რომელთა ბრალი არა არს განცხადებულ. ამათ იჭერს, ხმალსა ჰყრის და უკანვე აბრუნებს, რომელთაგანი ერთი არს კნიაზ რატიევი, პოდპოლკოვნიკი, რომელიც ღრაფმა შემდგომად აწყურით გამოპარვისა, მოინდომა არესტის საქნელად, და რატიევი, რადგან საქმენი ღრაფისანი ჰსცნა, არ დამორჩილდა, მე მაცნობა თვისი მოსვლა და ჩვენ მ. დიდებულების სამსახურისთვის ესრეთ ვამჯობინეთ აქ მოგვეყვანა, დავიბარეთ და მოვიყვანეთ თავისთან მოყოლილის ჯარით. 

კუალა, პოდპოლკოვნიკი ნაუმ ნიკოლაიჩი ჩოღლოკოვი, რომელიც ჩვენი ნება არ იყო, ჩვენდა მოვიდა და ღრაფმა, პირველ აწყურს წასვლისა, არესტი უყო და პეტერბუხს გამოისტუმრა, და ჩუჱნ რომ მტრის ქვეყნიდამ მოვედით ტფილისს, და ცნა ჩოღლუკოვმა მოსულა ჩვენი, გამოჰქცეოდათ და აქ მოვიდა. არ ვიცით ან ამას რა დანაშაული აქუს და ან იარანალი რას ბრალს ადებს, რომელიც წარმოვალს უმაღლესსა კარსა, და თუ რაიმე ბრალი აქუს, თვით გასცეს პასუხი. დეგრალი, რომელ პირველ ახალციხეს წასულისა ჩვენისა, რომელსაც ამბობენ სიტყვით მესაიდუმლედ მისსა (ტოტლებენისა) და თვითცა ესრეთ ასე ამბობს, და ეს გაეშვა ოფშეტით (პოჩოტით?), წყალობით და ჩინის მომატებით, და მე მითხრა ბრწყინვალემ ღრაფმა, რომ ჩემი და ჩემისა ქვეყნისა მრავალი ძვირი მოეწეროს ამ დეგრალის რუსეთში და ამას არესტი ექნას და გაეგდოს, – ამ საქმისათვის მე ასე მარწმუნა ღრაფმა. და როდესაც ჩვენ ტფილისს მოვედით და ჩვენი მოსვლა შეეტყო დეგრალს, ისიც გამოპარულიყო გზიდამ და ჩოღლუკოვთან ჩვენთან მოვიდა, და ეს დეგრალი ამას წერილით მოწმობს: არა თუ თჳთ ამას თავისის ნებით დაეწეროს, არამედ ღრაფის ბრძანებით დაეწეროს ჩემი და ჩემის ქვეყნის ძვირები, და რომელიც ღრაფს ისტრუქცია ჰქონებიეს, ყოვლითურთ მის წინააღმდეგ ემოქმედოს. დეღრალი ასე სწერს თავისის ჴელით, რომელიც მოუცია ჩემთვის. 

თქვენს ბრწყინვალებასთან ამისთანა საქმეების გამოცხადება დიაღ მეზარება ჭეშმარიტად და ვითხოვ თქუენის ღრაფობის ბრწ. ბოდიშს, რომ თავი არ შეგწყინდესთ, მაგრამ საქმისაგან დამჭირნო შევიქენ, რომ უნდა მომეხსენებინა. ეს დეგრალი ჩვენგან გაშვებულია და როდესაც უნდა წარმოვალს. 

ამ სამთათვისვე იარანალ მაიორს მანიფესტი გაეწერა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც იყო ჩვენდა მომართ მძიმედ აღსაჩენელი და ავი, რომლისაც მანიფესტის პირი თ. ღ. ბ. მოერთმევა. 

და თვითონ იარანალ მაიორი უკან გამობრუნებული მივიდა, და სადაც რომ საქართველოთგან რუსეთის გზის კარია, ესე იგი ანანური, იქ მივიდა თავისის ჯარით და იქ დადგა, რომელიც სხვათაგან ავათ სანახავი იყო, და ესრეთ საგონებელი არს, რომ რომელიც აქ პოლკოვნიკი კლავერა არის მომავალი, ვგონებთ ისიც თავის კამანდაში მიიყუანოს, და არ ვიცით თუ რა ეგულვების ყოფად შემდგომად. 

ამასცა კუალად მოგახსენებთ: ღრაფ იანარალ მაიორმა ტოტლებენმა პოდპოლკოვნიკს სიმეონ ჩოლაყოვს რომ არესტი უყო და წარმოგზავნა, – მაგისი დანაშაული არა ჩანს რა; თუ საჴემწიფო დანაშაული არა ჰქონდეს რა თ. მ. ღ. ბ. ვითხოვ, რომ ყოვლადმოწყალის ჴელმწიფის წყალობით აქავ გამოიგზავნოს სამსახურზედ, და ამას დიდ წყალობად ჩავიგდებ. 


14. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი 1770 წელს. 

პირველ ამისსა უმაღლესსა კარსა ჩვენ მიერ მოხსენდა: ნაომ ნიკოლაიჩი ჩოღლუკოვი, რომელსაც იარანალ მაიორმა უწინარეს ამისა არესტი უყო, რომლისაც ვერ შევიტყვეთ თუ რომლის დანაშაულის თანამდებობა ჰქონდა, – ეს, ღრაფ ტოტლებენის იასაულების გამოქცეული, მოვიდა ჩვენთან; რადგან ჩვენგანაც მოხსენებული იყო ეს კადნიერება – ამის გამო თქვენს მაღალს ღრაფობის ბრწყინვალებასთან მივიღევით და კვალად მოვახსენეთ, რომ ვინათგან უმაღლესს კარს უნდა წამოსულ იყო, აწ ამა დროსა ჩვენგან წარმოივლინა ეს ჩოღლუკოვი; უკეთუ თქვენის მ. ღ. ბ. ნება ჰქონდეს, აქაური ამბავი მოგახსენოს. 


15. სოლომონ მეფის წარდგინება იმპერატრიცა ეკატერინე II-ს 1770 წ. 11 თებერვალს. 

მათის უუყოვლად დიდებულესის მოწყალებისა და წყალობის შარავანდედით მიფენილი მეფე აფხაზ-იმერთა სოლომონ კ~დ მოსაჴსენებელსა ამას შევრდომითითა განკრძალვითა მოვახსენებთ: ოდეს ყ~დ დიდებულისა იმპერატორობისა მათისა წ~ე წარმოივლინა ჩ~ნ მიერ ქუთაისის მიტროპოლიტი მაქსიმე, და მჴურვალითა გონებითა, ვედრებითა მრავლითა საიმპერიოდ და სამფლობელოდ მივართვით საუკუნოდ თავნი ჩვენნი და სამეფო ჩვენი, ხ~ უცხო თესლთა, ოსმანთაგან, ჩვენ ზ~ა დადებული მიღებად შეუწყნარებელნი ჭირნი და ტყვეობანი იმასვე ხელითა მორთმეულსა არზასა შ~ა ყ~დ უუმოწყალესისა ჴელმწიფისა წ~ე თითოეულად გამოვაცხადეთ, და რომლისა ვედრება ფრიად უმეტეს სატრფო-საწადელ ჩვენდა იყო წყალობად, იგი მიითვალა ღმერთებრსა გონებასა ყოვლად მოწყალისა ჴელმწიფისა საუკუნოდ საიმპერიად მათდა აღრაცხვა და შერთვა ვრცელისა სამფლობელოსა თვისისა ჩვენი და სამეფოც ჩვენიც სათნო ეყო, ხ~ დედობრივითა თანალმობითა ს~კნოდ შეწევნისა, წყალობისა და მფარველობისა უქაზი ეწყალობა და ყ~დ ძლიერი ჴელი დაედვა ჩვენ ზ~ა, და ჯარიცა მისის განწესებით ებოძა, და მრავლითა სახიერებითა ესრეთ შეწყალებულ ვიყვენით. ოდეს მოიწია მხედართმთავარი მათითა მჴედრობითურთ საზღვარსა თემისა ჩვენისასა, მრავლად მოხარულნი წინ მივეგებენით, და აღმოვიკითხეთ რა ბრძანება და წერილი გამოჴსნისა და შეწყალებისა ჩვენისა, მუჴლდადგმით მადლობა შევწირეთ და მივართვით პ~დ ღ~თსა და მერმე ყ~დ მოწყალეს ჴელმწიფესა, და ზოგად ვიხარეთ გარდარეულითა სიხარულითა სამღვდელოთა და საეროთა, დიდთა და მცირეთა, და ყ~ლმან სავსებამან ქ~ყნისა ჩვენისამან ესრეთ განიხარა ვ~ა ეგვიპტით მონებისაგან გამოჴსნილთა ისრაილთა, და მყის თანა თაყვანისმცემელ, მლოცველ, მმადლობელ ვიქმნენით ყ~ნივე მათის ყ~დ ძლიერის იმპერატორობის დიდებულებისა, რომელმან ემმანოელისაებრი გამოჴსნისა და შეწყალების შარავანდედი მოგვფინა. შორაპანის ციხესა, რომელიცა ოსმანთ აქვნდათ გამაგრებული, მაშინვე დაუყოვნებელად მათი ბედნიერი ჯარი და ჩვენც ერთობით შემოვადეგით. ამას ჟამსა ერთი თავადი ჩვენი დადიანი, ყ~ლთვის ოსმანთ მიმდგომი და მტერი ქ~ეანობისა, შეგვიორგულდა, თათრის ჯარი და თავისი შემოიყარა და ჩვენი წინაგანწყობა და ამ კეთილის საქმეების დარღვევა მოინდომა, ამის გამო ჩემის ჯარით თათრის ჯარსა და დადიანზე საომრად წაველ და ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის ბედნიერი ჯარი შორაპანის ციხეს შემოვაყენე; ჩვენ მაგიერად ჩვენი ძმა იოსებ კათოლიკოსი და ქუთაისის მიტროპოლიტი მასქიმე და სხვანიც ერთგულნი ჩემნი გვერდს მიუყენენ. ქ~ეს ცხოველის მყოფელის ჯვარის შეწევნითა, ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის სახელით, თათრის ჯარსა და დადიანს შევებით, მაშინვე გავაქციეთ, ამოვსწყვიტეთ, მრავალი ცოცხალი და მკუდარი დავინარჩუნეთ. ბუკის ციხე ეპყრათ თათართა, ისიც ავიღეთ და დავაქაციეთ, მისი ჯაბახანაც ჩვენ დაგვრჩა. და ამ საქმეებში რომ ვიყავით, შორაპანის ციხეს რომ ყ~დ დიდებულის ჴელმწიფის მჴედართ-მთავარი ადგა, იმავ მეორე დღეს წასვლა მოენდომებინა, ჩვენი ძმა კათოლიკოსი და სხვანიცა დიდად შეხვეწნოდნენ: „მოიცადე, აგერ ჩემი ძმა, მეფეც, მალე მოგვეშველება და ღ~თით ამ ციხეებსაც მალე ავიღებთო“. – მითაც არ დაეშალა. მერვე დღეს ჩვენდა შეუტყობრად, დაუკითხავად გაბრუნებულ იყო და ქართლშიდ გარდასრულიყო. და ამისა შ~დ მრავალგზის ვევედრე ჩენს ქვეყანაში მოსვლასა, ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის ბრძანება ასე გაქვსთმეთქი, მაგრა არას გზით არ ინებეს [მოსვლა]. ა~წ ამას მუჴლდადგმით და მრავალგზის შევრდომით მოვახსენებთ ვედრებითა მჴურვალითა მათს იმპერატორობის ყ~დ დიდებულებასა: ვინათგან დედობრივის მოწყალებით, სახიერებით მოხედვა ჰყო ჩვენ ზედა და საუკუნოდ დაფარვისა და თვისთა მონათა თანა აღრიცხვა და შერთვის წყალობა და უქაზი გვიბოძა, ესეოდენთა მართლმადიდებელთ ქრისტეანეთა გულნი სიხარულით აღავსო, იმათი ყ~დ დიდებულება ოსმანთ ტყვეთ ნუღარ მიგვცემს, ნუ დაგვაგდებს, და მტერთ გულისად ნუ გაგვხდის: პირველადცა მოგვიჴსენებია და აწცა მასვე მტკიცედ და შეურყეველად მოვახსენებთ: ჩვენ და ჩვენი სამეფო რაც შეძლება გვაქვს განმზადებულნი ვართ ყ~დ მოწყალის ხელმწიფის სამსახურზე სისხლის დათხევად, და სადაც ინებებს, მათს წინააღმდეგებს შევეხოცებით. სხვა ჩვენი ვედრების სიტყვა კნიაზ დავითის პირით მოჴსენდეს. 

          თებერვალს ია, წელსა ჩღჲი. 


16. სოლომონ მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინს. 1770 წლის 10 თებერვალს. 

მეფე აფხაზ-იმერთა სოლომონ მივართმევ დიდითა ვედრებითა წინაშე მათსა სავედრებელსა ამას არზასა: ოდეს წარმოივლინა ჩვენ მიერ ქუთაისის მიტროპოლიტი მაქსიმე სავედრებელად ყ~დ დიდებულისა იმპერატორობისა მათისა წინაშე, და საიმპერიად და სამფლობელად მათდა მრავლითა ვედრებითა მივართვით თავნი ჩვენნი და სამეფო ჩვენი, და უცხო თესლთა ოსმანთაგან მრავალ ჟამ დადებული ტყვეობა ოჴრობრივითა თანალმობითა, რომელიცა უმეტეს გვსურდა, მით შეწყალებულ ვიყვენით; წყალობა და ჯარი თავის განწესებითა, და საიმპერიად და სამფლობელოდ მათდა დადებად ყ~დ ძლიერისა ჴელისა და საუკუნოდ დაფარვისა და შეწევნისა უქაზი ეწყალობა ჩვენთვის. ხოლო ოდეს მოიწივნენ სამეფოსა ჩვენსა, მდიდარნი და გლახაკნი სიხარულით მივეგებენით და, რა აღმოვიკითხეთ ბრძანება და წერილი გამოჴსნისა და შეწყალებისა ჩვენისა, ყოველნივე ერთბამად მმადლობელ, თაყვანისმცემელ ვიქმნენით ღვთისა და ყ~დ უმოწყალესისა ჴელმწიფისა. მასვე ჟამსა დაუყოვნებელად ჴელმწიფის უძლეველი ჯარი და ჩვენცა შორაპნის ციხეს შემოვადეგით, – ოსმანთ ჰქონდათ გამაგრებული. მაშინ ღმერთმან ცათამან საკვირველი შიშის ზარი დასცათ ოსმანთა, ციხეებიდამ ერთმანერთს კაცს აპარებდნენ: რუსეთის ჯარი მოეშველათ ჯაბახანითაო, შიგ ცეცხლით დაგვწვენო, გავიპარნეთო! ამა ჟამს, ერთი თავადი არის ჩვენი დადიანი, ყოველთვის თათრების მიმდგომი იყო და ქრისტიანების მტერი, ეს შეგვიორგულდა, თათრის ჯარი შემოიყარა და თავისი, და ჩვენი წინაგანწყობა მოინდომა. ამის გამო ჩემის ჯარით თათრის ჯარზე და დადიანზე წაველი, და ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის ჯარი შორაპანის ციხეს შემოვაყენე, ჩემი ძმა კათალიკოსი და სხვანი ერთგულნი ჩემნი გვერდს მოუყენე. იესო ქრისტეს შეწევნითა, ყ~დ მოწყალის ბედნიერს უღურზედ, შევებენით, თათრის ჯარი და დადიანისა ამოვსწყვიტეთ, გავაქციეთ, მრავალი ცოცხალი და მკვდარი დავინარჩუნეთ. სანამდის ომიდამ გამოვბრუნდებოდი, ჩემ შეუკითხავად და შეუტყობრად, მერვე დღეს, ჴელმწიფის მჴედართმთავარი ქართლში გარდასულიყო; ჩემი ძმა კათალიკოსი და სხვანიცა მრავალს ხვეწნოდენ დიდის ვედრებითა, მაგრამ არას გზით არ მოეცადა. ამასუკან კიდევ მრავალი ვევედრე: ჩემსავ ქვეყანაში გარდმობძანდით, ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის ბრძანებაც ასე გაქვსთ მეთქი, – არას გზით აღარ ინებეს. თურომ ეს ზამთარი აქ მოეცადათ, ღვთისა და ყოვლად დიდებულის ჴელმწიფის ძალმან ასეთი შიშის ზარი დასდვა ოსმანთა – რაც იმათი ციხეები იყო აქ სრულ ავიღებდით ამ ზამთრობითა. თქვენის მაღლის ბრწყინვალეების წინაშე, ღვთის ჭეშმარიტებით და ღვთის დაუძინებელი თვალი მხედველ არს, რომ ჭეშმარიტს მოვახსენებთ: ჩვენ ყ~დ ძლიერის ხემწიფის მჴედართმთავრისათვის არა შეგვიცოდებია რა, არცარა გვიწყენია; ჩვენის ცოდვისაგან ასე მოხდა, რომ ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის წყალობა და ჯარი ჩვენის ქვეყნიდამ გაგვეცალა. რაც პირველ არზაში პირობა მომიხსენებია, – ჭეშმარიტებამ იცის, სრულის გონებითა და ანთებულის გულით განმზადებული ვარ, რომ ყ~დ დიდებულის ჴელმწიფის ბედნიერს უღურზედა ქრისტიანობისათვის ჩემი სისხლი დავთხიო, და მეცა და ჩემი სამეფოცა ჴელმწიფის მტერს შევეჴოცნეთ. ახლა თქვენს აღმატებულს სიმაღლესა და ღვთის მოყვარე გონებასა დიდის ვედრებით და ქენებით მოვახსენებთ, რომ ყ~დ მოწყალეს ჴელმწიფესთან მეოხად აღდგეთ ჩვენთვის და ესეოდენთა ქრისტიანეთათვის, და შეგვიბრალოთ: ვინათგან ინება და ღმერთებრი მოწყალება და სახიერება მოგვფინა და თვისთა მონათათანა აღგვრაცხნა, ნუღარ დაგვაგდებს, შეგინებულთა ოსმანთა ტყვედ ნუღარ მიგვცემს, მტერთ გულისად ნუ გაგვჴდის, და მათის ყ~დ დიდებულის იმპერატორობის საუკუნოდ მონანი, თაყვანისმცემელნი და მმადლობელ-მლოცველნი გვამყოფოს. სხვას ჩვენს სიტყვას სავედრებელსა ეს ჩვენი კნიაზი დავითი [კვინიხიძე] მოგახსენებთ. 

          თებერვალს ი, წელსა ჩღჲი. 


17. კათალიკოს ანტონ I-ის წერეილი თავად ა. რ. მოურავოვს. 1770 წლის 8 აპრილს. 

                                            ბრწყინვალეო კნიაზო უფალო ანტონ რომანიჩო, 
                                                                  ჩემო სარწმუნო მეგობარო! 

ქ~ეს ცხოვრების მომცემელისა ჩუჱნდა ყოვლად ბრწყინუალესა აღდგომისა დღესასწაულსა მოგილოცავ და მეგობრობითითა შეკრულებითა ვიკითხავ თქუჱნისა ბრწყინუალებისა ვითარყოფასა, რომლისა სიმრთელესა შევჰრაცხ ჩემდა ბედნიერებად. ვითხოვ შენისაგან ბრწყინუალებისა, რომ მომწერო: მინდა ღრაფს ნიკიტა ივანოვიჩს წიგნი მივჰსწერო, რომ იმის დიდებულებას პანაღიის ბოძების მადლობა ჩემი იმისგან მოხსენდეს, და ტიტლო მომწერე ღრაფისა, წიგნში დასაწერიცა და პაკეტზედ დასაწერიცა, და მანდ იმის სიმაღლეს მეფეს მივართმევ იმ წიგნს, ასე რომ პაკეტზედ ჩემი ბეჭედი იჯდეს, მაგრა ერთი პირი შეუკრავი იყოს, და ჩემი ღრაფ ნიკიტა ივანოვიჩთან მიწერილი წიგნი თქუჱნ ჰსთარგმნე რუსულად, და იმ პაკეტში ჩაიდუას ისიც და ისე წარიგზავნოს. 

რომელიც სათქმელი იყოს რუსული ამბავი – ვითხოვ რომ მომწეროთ, და ან დაცლილს არქიერების საყდრებზედ ვინ განწესებულან – ისიც მომწერეთ. 

თქუჱნის ბრწყინუალების მარად კეთილის მეწადე ა ნ ტ ო ნ / კ ა თ ა ლ ი კ ო ზ ი. დაიწერა ქალაქს ტფილისს, აპრილის 8 დღესა, წელსა 1770. 


18. პორუჩიკ დეგრალიეს წერილი მეფე ერეკლესადმი. 1770 წლის 2 მაისს. 

                                            ქ. მის სიმაღლეს უგანათლებულესს მეფეს, 
                                                        ჩემს ჴელმწიფეს ირაკლის. 

რადგან იარანალის ტოტლებენისაგან გასტუმრებული ვიყავ იმ მიზეზით, როგორც მოგხსენებიათ, რომ მე დამიწერია ამისთანა წიგნები, რომელიც ჩემის ჴელმწიფის საზიანო და უმეტესად ჴემწიფის წინააღმდეგ იყო, – გავშტერდი, რომ ღრაფს თქვენის სიმაღლისათვის მოუხსენებია, რომ მე დანაშაული მქონდეს, დავეჭირო და გავეგდო, ის წიგნები ჩემის ნებით დამეწეროს. ამას ვგონებდი, რომ ტფილისის ქალაქს მოვიდე და ჩემი თავი გავიმართლო. მართალია, რომ ის წიგნები დამიწერია, მაგრამ იარანალის ბძანებით: პირველი დამიწერია ადოს მინდორში, სადაც მისი სიმაღლე იარანალს შეეყარა, მეორე წიგნი – როცა იმერეთიდამ გარდმოვედით; კიდევ დამიწერია ს ა ქ არ თ ვ ე ლ ო ს / გ ა ს ი ნ ჯ უ ლ ო ბ ა – მუდამ იარანალის ბძანებით; მესამე წიგნი დამიწერია ზამთარში, მოზდოქს რომ წავედით, – ტ ფ ი ლ ი ს ი ს / ქ ა ლ ა ქ ი ს / გ ა ს ი ნ ჯ უ ლ ო ბ ა, და სულ ეს წიგნები ყოველი სიმართლისა და მისის სიმაღლის მეფის ირაკლის დიდების სრულიად წინააღმდეგი ყოფილა, და ჩემგან დაწერილი ყოფილა იარანალის ბძანებით, როგორც იპოება კოპია იმის წიგნებში. დღეს სამი კვირა არის, რომ თქვენის ლაგირიდამ ღრაფი მოვიდა და თავის ოფიცრებთან დამაბეზღა, რომ მე ამისთანა წიგნები დამიწერია. მერე მე მაგ იარანალს მოვახსენე: შენ ხომ იცი, – ეს წიგნები შენის ბრძანებისაებრ დამიწერია. როცა იარანალმა შეიტყო, რომ იმ საიდუმლოს შენახვა მე არ მინდოდა, მიბძანა, რომ პეტერბურღს გაგისტუმრებ კაის პატივით, და მაჩუქა შვიდი ველენდიზის ორქო და მომიმატა სახელი – პორუჩიკობა, ამ იმედით წავედით; მაგრამ შემიტყვია, რომ თქვენის სიმაღლისათვის მოუხსენებია, რომ მე გამაგდო ერთის ავის კაცისავით და საქართველოს წინაღმდეგსავით; ვერ მოვითმინე ამისთანა დაბეზღება, რადგან მუდამ ერთგული ვყოფილვარ ამაღლებულის ჩემის ჴელმწიფის წინაშე და თქვენის სიმაღლის წინაშე, და თქვენგან დიდის ვედრებით ვითხოვ მფარველობასა. იარანალის ფიქრები და ნიშნები მუდამ წინააღმდეგი ყოფილა თავის ინსტრუქციისა და ჩვენის ჴელმწიფის ბრძანებისა, და მუდამ მოატყუა რუსის პირველი მინისტრები: ბევრჯელ მიუწერია იარანალ ჩერნიშოვთან და იარანალ პანინთან, რომ ერთი ჟამი დაიხელოს და საქართველო დაიჭიროს თავის იმპერატრიცის სახელით, რომელი ქვეყანაც მეფის ერეკლეს საბძანებელს ქვეშ არის. ესეც მისწერა: რუსეთს აბაზი მოსჭრან, აქ გამოგზავნონ და, თუ ამ აბაზებს მეფე ირაკლი არ მოიწონებს, ამას მტრობას გამოუცხადებს. კიდევ სხვაც ბევრი წიგნები არის ჩემგან დაწერილი იარანალის ბძანებით, რომელიც თქვენის სიმაღლის წინააღმდეგია და სრულიად საზიანო არიან. ფრიად გევედრები, რომ ეს დაიჯერო: გაჭირვებულმა დავსწერე. ახლა თქვენ გევედრები, რომ არ დამაბეზღოთ ამაღლებულის იმპერატრიცას წინაშე, რომლის, იმპერატრიცის, და თქვენის სიმაღლის მუდამ ერთგული და დიდის სიმდაბლით ვიყავ და ვიქნები. 

ჩემო უგანათლებულესო ბატონო ჴელმწიფევ, ფრიად მდაბალი და ფრიად მორჩილი მოსამსახურე კ ა რ ლ ო / დ ე გ რ ა ლ ი და პოდპორუჩიკი. 

ქ. კარლო დეგრალისაგან ჩემთან მოწერილის წიგნის პირი არის. 

                                                                                 ი რ ა კ ლ ი 

          ტფილისს. მაისის ბ, წელსა ჩღო. 


19. ერეკლე მეფის წერილი თავად ანტონ მოურავოვისადმი. 1770 წლის 6 მაისს. 

ღრაფი ტოტლებენი აწყურის ციხიდამ თუ როგორის საქმით წამოვიდა და გამოიპარა – ამის თვითმნახავნი ხართ და დამსწრენი და კარგათ იცით. ჩვენ რომ ღრაფის ყოფნა თუ სად იყო, რომ არ ვიცოდით, რა რომ მტრის ქვეყნიდამ ამ საქმით დაბრუნდა; მასუკან პოდპოლკოვნიკი რატიევი, რომელიც ახლის ჯარით გარდმოსულიყო, აქ ტფილისს მოუწოდეთ, რომ იმ ჯარის სურსათისათვის გვეზრუნა, და ჴელიც მოუმართეთ, და კიდევ, რადგან ყ~დ მოწყალის იმპერატრიცის სტაფ-აფიცარია, უნდა გამოგვეცხადებინა თუ რას მიზეზებით მოვცდით ამ დროებში მისის დიდებულების სამსახურს; და ამასობაში გრაფსაც საგანგებოდ კაცი გაუგზავნეთ და აქ, ტფილისს, მოვიწვიეთ, რომ რაც რომ დღეს იმას ჯარი ყვანდა მოგვესვენებინა, კაის ადგილს დაგვეყენებინა, საკმარო სურსათი ეშოვნათ, მომავალის ჯარისთვისაც რიგი მიგვეცა და მასუკან ისევ ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის სამსახურზედ აღვძრულ ვიყავით ჩვენ და ისინი საზოგადოდ მტერზედ. არათუ მოვიდა, პასუხიც არ მომსვლია იმ ჩემის წიგნისა, და თვითონვე იწერება პოდპოლკოვნიკი რატიევისას, ჩოღლუკოვისას და დეგრალისას, ეს მეორე დღეა მოეწერა, – ესენი დამეჭირა და იმასთან გამეგზავნა; ჯერ ამის თავის მოწერილის წიგნის პასუხიც არ მოიცადა ჩვენგან, და დღეს ტფილისს და ყ~ლს ჩემს ქვეყნებში წიგნები და კაცები გაუგზავნია, და შემოუთვლია: ვინც იმათ ცოცხალს მომგვრის ათას ფლურს მივსცემო, და ვინც მკუდარს მომიტანსო ასს თუმანსაო, – და ეს თქვენ გასინჯეთ თუ რა ბოროტი და მოსაყივნებელი ჴმა გავა ამგვარის საქმეების დაჭერითა ჩვენს ქვეყნებში. ყ~დ მოწყალის რუსეთის ჴელმწიფის ტახტისა ასეთი სასოება აქუსთ ყოველს ჩვენის ქვეყნის კაცთა დიდთა და მცირეთა და მორჩილება, არათუ დიდის ჴელმწიფის სარდალსა, ერთს დაბალს სალდათსაც გაუგონებენ ამგვარს სიტყვას, თუმცა ბოროტია, მაგრა ასე მორჩილებით შეკრულნი არიან ამ ძალით. დღეს რომ ესენი ქნა, ხვალ უბოროტესებს მოინდომებს, და ამითი რაც ჩემის ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის სასოებით აღთქმული წყალობა მაქუს წიგნითა, თუ საქმით, საგონებელია, რომ სუყველას ბოროტად გარდაცვლას ეცდება. თანამდებობა არ ქონდა ჩემს უკითხავად ჩემს ხალხთან ამისთანას წერილის მოწერისა. ამ მიზეზებით მე მაგას ჩემს ქვეყნებში ვერ გაუძლებ და ჩემის მოწყალის ჴელმწიფის სამსახურსაც მომაცდენს. თუ ამისთანა ყ~დ ბოროტს კაცს მომაშორებთ, რაც აქ ჴელმწიფის ჯარები არის იმათთვის სურსათისა და კეთილ გამოზრდის საქმეც თავს მიდვია და მტრის მტერობაცა – წინშე ღ~თისა და წინაშე ჩემის ყ~დ მოწყალის ჴელმწიფის ავღუსტას წინაშე, და პასუხის მიმცემიც ვიქნები, და საქმის წარმართება ნება ღვთისა არს. 

          ტფილისს. წელსა 1770, მაისის 6 დღესა. 


20. ერეკლე მეფის წერილი ვიცე-კანცლერ ა. მ. გოლიცინისადმი. 1770 წლის 10 მაისს. 

ვინაჲდგან წყალობითა ზეგარდამოჲთა ყოველთა საქართუჱლოთა, დიდთა და მცირეთა, სურვილისამებრ ჩუჱნისა, კეთილი დრო გუჱწია და მ. დ. მოწყალებით საზოგადოდ აქეთა მყოფთა ქრისტიანეთა ყოველსა დროსა მფარველობით, სასოება აღთქმით, უმაღლესსა ყ~დ მოწყალესა აღვისტასა ებძანა, უკეთუ ჩვენ მ. დ. ქრისტიანეთა მტერთა ოსმანთა ზედა მტერობა ვაჩვენოთ, და აწ ამა უმაღლესისა ბძანებისა ყ~დ დამორჩილებულთა სიხარულით მივიღეთ ბძანება ესე და იარანალ მაიორს ორგზის და სამგზის კაცნი წარუგზავნეთ და დიდის ვედრებით – ან მუხრანს და ან ჩვენს ქალაქს მოვიდეს ტფილისს, და ან გორის ქალაქის სოფლების მახლობლად ჩვენ იმასთან მივიდეთ, და მტერზედ მისვლა როგორ სათანადო იქმნებოდა, კვალადცა სურსათი რა ერთი მოუნდებოდა, ან რომელი გზა უმჯობესი იყო – ეს გამოგვერჩია, მაგრა არ ინება: არც ჩვენთან მოვიდა და არც ჩვენ მიგვიწოდა, და უჴმარნი მიზეზნი დასდუნა, და პირველ ვიდრე ამისა და შემდგომადცა ითხოვდა ჩემგან, რათამცა მიმეცა სამასი, ანუ ათასი კაცი, რომლისა მეცნიერმან ვიცოდი მცირედითა ჯარითა მტერს ვნებას ვერას მისცემდა, და უფრო თჳსთანა, რომელი კიდეც აღვასრულე, რაოდენ შეძლება ჩვენი იყო ყოვლითურთ. 

ტოტლებენს სურამს ლაგირსა თჳსსა შევეყარენით მარტის ი ზ და იქიდამ იმერეთის მეფეს სოლომონთან კაცის გაგზავნით, ანუ თუ წიგნის მიწერით ჩვენთან მტერზედ სამტეროდ შემოსაერთებელად; რომლისაც გვარითაც ვეცადენით, უეჭვო არს, ვითარცა თანამდებობა აქვს ნადვორნი სოვეტნიკს კნ. ანტონ მოურავოვს, რათა უმაღლესსა კარსა მოახსენოს. და როდესაც ჩვენ და იარანალ მაიორი სურამიდამ ქვიშხეთს ავედით და ზეგარდამოებრი წყალობა მ. დ. ბოძებული წმ. მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა ორდენი მივიღეთ ღვარდიის ოფიცრისაგან, რომლისაც მადლობა უმაღლესსა კარსა უვრცელესად მოხსენდება; როდესაც ქვიშხეთიდამ მტერზედ განვემზადენით რაც სურსათი მთხოვა ღრაფმა პური და ქერი უშოვნეთ, ასე რომ სურამშიაც მრავალი დააგდო, და საკლავიც უშოვეთ, ამაების ზოგის ფასი არც კი მიუცია. რადგან ჩვენი ჯარი დიდიხნის გამოსული იყო თავის ადგილთაგან, ვისაც პური და ქერი შემოაკლდა, იმის (ტოტლებენის) მესურსათისაგან იყიდეს; თვითონ მე, რავდენისამე ჩვენის ჯარის კაცისათჳს მეც ვიყიდე პური და ქერი – რაც რომ მთის კაცნი შორიელნი გვახლდნენ იმ ჯარისათვის, რადგანაც მალე გუჱგონა მტერზედ მისვლა და დავგვიანდით, ეს იყო მიზეზი ჩვენის ჯარის სურსათის სყიდვისა; და სადღეხვალიოდ აგდებდა მტერზედ მისვლასა და მიზეზობდა მიზეზთა უძლურთა, რადგანაც გონებაში ეს ედვა, და თვითონაც როცა მოუნდის ურმის ხარებიდამ გლეხკაცს ართმევდა, უჴოცდა და ნახევარს ფასს არ აძლევდა, მაგრა მ. დ. სამსახურის სურვილი აქუსთ აქაურთ დიდთა და მცირეთა, რომელნიც გონების მქონებელნი არიან, თუ მ. დ. გონების განზრახვის წარსამართებელი იქნება, როგორც თავის სისხლს ახლა ამ დროს არ დაზოგავს და ეგრეთუჱ უზესთაესსა საქმესა არა ჰრიდებენ. 

ვინაჲთგან მძებნელ იყო მიზეზისა, რათამცა ეპოვნეს მიზეზი მტერთა ზედა მიუსვლელობისა, ამისთჳს განაგრძელებდა დროთა, მაგრა რაოდენ შემძლებელ ვიყავით აღმასრულებელ ვიქმენით მიზეზებთა მათ მისთა, და ს ა დ გ ე რ ი ს ციხეს მისვლასა, იქიდამ მტრის ციხე და სოფელ-ქალაქი, რომელი იყო აწყური; ამას ჰქონდა გზა მისასულელი ორი, ერთკერძოჲსა გზისა სიგრძე იყო ვერსი ორმოცი, რომელსა ზედა არტილერია გაივლიდა, და მეორისა კერძოჲსა გზისა სიგრძე იყო ვერსი ოცდა ოთხი, რომელსა ზედა თავისის რიგით არტილერია დაუშლელად არ გაიტარებოდა. უგრძესსა გზასა რვა ზარბაზანი ჩვენ მოგვიყარა თავისის განწყობილობით და უგრძესსა გზასა ზედა ჩვენ გამოგვირჩია წარსვლაჲ, და გვარწმუნა ჩვენ ერთისა ზარბაზნისა დაგდება სადგერის ციხეში სამოცის კაცით; და მე რომ პირობა მომცა და გამოგვაცილა, იმავ ღამეს იქავ სადგერს დადგა, და მეორეს დღეს ექვსი ზარბაზანი თავისის გაწყობილობით და ოთხასზე მეტი ჯარის კაცი ბარგითა, და რაც კარავი ჰქონდა იქ სადგერს დაეგდო და თვითან უმოკლესს გზაზედ მსუბუქი ჯარით წამოსულიყო, რომელსაც მტრის ციხეს საკირე ჰქვიან, და უწინარესვე ჩვენი ასი კაცი დაგვეყენებინა, იქ შემოგვეყარა, და ქვიშხეთიდამ აყრაში ათას ხუთასი კაცი გამოგვართვა თავისის არტილერიისათჳს, თავისი ბარგიც მათ აზიდვინა, რომლისთვისაც არც ერთი კოპიკი არ გასვლია და, მ ე თვით ავსა, ჩემს გარჯასა მ. დ. სამსახურისთჳს ჩემდა ბედნიერებად ვრაცხდი. 

თთუჱსა აპრილსა 17, შუადღისას, მივსულვართ აწყურს და იქ ჩუჱნმა ჯარმა და ღრაფის კამანდის ქვეშ განწესებულმა ჯარმა პირუტყვი მრავალი იშოვეს, პური და ქერი, აგრეთვე მეორეს დღეს; მაგრა აწყურის ციხის შემოდგომა ჩემი ნება არ იყო, ამისთჳს რომ რადგან მტრის მამულში ვიყავით უმჯობესად ეს აღმოჩნდა: მათნი ქონებულნი, რომლებიც სოფლებით სურსათი აქუნდათ, სულ ჩუჱნ მოგვეგროებინა და შემდგომად მისსა, უკეთუ უმჯობეს იქმნებოდა, მივსულიყავით ახალციხეზედ, და თუ არა, ან მასვე აწყურსა, და ან სხუათა რომელთამე ციხეთა და ქალაქთა მტერთასა შემოვდგომოდით, მაგრა ესე არა ჰყო ღრ. ტოტლებენმან, და ესე ვითარი პირობა დაჰსდუა ჯარში, რომ მტერს დღესვე ციხეს წავართევო, და ესე ვერ შევიტყეთ – ვერ შეძლო, თუ არ ინება, ან ჩუჱნდა მომართ მიზეზბთა წინადასდებდა; მეორე დღესაც კიდევ იგივე პირობა დასდვა, მაგრა მისნი საქმენი სიმართლით და სისწორით ვეროდეს ვნახეთ. ამასვე თვესა 18 რაოდენიმე კაცი და რამდენიმე ჯორი თხოვით გამომართვა, რაც ზარბაზანი და თოფხანა დაეგდო იმაების მოსატანად ვათხოვეთ, და მას რაც თავისი მცირე რამ ბარგი თან ჰქონდა ის იმ ჯორებისათვის იმ ღამეს მალვით უკან გაედევნებინა, და რომელნიმე ჯარის კაცნიც; ამასვე დღესა ლეკნი და ოსმანნი მიეშველნენ აწყურს 18 აპრილს, რომელთამე ლეკთა ჩუჱნი შემორიგება მოინდომეს, მძევლებიც გვაძლივეს, მაგრა ზოგი ლეკთა და ოსმანთ არ გამოუშვეს შესარიგებელად. ამასვე დღეს აიყარა ტოტლებენი, და ჩვენთჳს მიზეზი ეს შემოეთვალა: მტერს და მტრის ციხეს სხვა მხრით ზარბაზანს ვესვრიო. შევიტყევით, რომ უკან დაბრუნებას აპირებდა, და მსწრაფლად თჳთ მე გამოუდეგ და მიველ ღრაფთან, ვნახე გზაზედ მიმავალი, ჯარი წინ გაესტუმრებინა და თითონ რაოდენითამე ზარბაზნით და მცირედის კაცით უკან მივიდოდა. გზაზედ, რომელსაც იმის კაცს მივეწიე და ვკითხავდი – თუ რა ამბავი არის ესე, – იგინი მომჩივარნი იყუნენ ამ გუარის საქმისა ურიგოსა ტოტლებნისგან ქმნილისა. მე მიველ და ღრაფს დიდად ვევედრე და ჩემი თავი ვითა ერთი მისისა კამანდისა ოფიცერი ეგრეთ კამანდაში ვაძლივე, და მრავალს ვევედრე გამობრუნებას მტერზედ. ამ საქმისათჳს ღვარდიის ოფიცარი და სხვანი მრავალნი ჯარის კაცნი რუსნი და ქართუჱლნი დამსწრებ არიან და მოწამე. იმ ჩემს ვედრებაზედ ორი ზარბაზანი გამოაბრუნა და ერთს მაღალს გორაზედ აიტანა, რომელიც დიდად შორევდა მტერზედ, და მუნითგან ოთხი ხუთი ზარბაზანი ესროლა და გაბრუნდა, და აღმითქვა, რომ აქავ ახლო ერთს ბალახიანს ადგილს ჩამოვჴდებიო, და ამ სახით გამოიპარა. ეს გამოპარვა იარანლისა ჩვენმა ჯარმა რა ჰსცნა, დიდსა და გამოუთქმელსა დრტვინვასა მიეცნეს, და მტერთა, რა იხილეს და სცნეს, დიდად განიხარეს და სიმჴნე მიიღეს. ამას ყოველსა ამისი ბრწყინვალება კნ. ანტონი რომანიჩი მოურავოვი, ვითა თჳთმხილველი, უმაღლესსა კარსა კეთილად მოახსენებს იქ ჩვენის მტრისა მიმართ ომსა, და ან ვითარ შევრეკეთ ციხესა და სოფელში. ჩვენ წარმოვედით ახალციხის მხრისაკენ და აწყურის ციხეს ორს ვერსზე დაუდექით. მაშინვე ღრ. ტოტლებენს კაცი გაუგზავნეთ და ჩვენთან მოვიწვიეთ; კიდევ მას დღესა და მეორეს დღეს დიდხანს მუნ ველოდით, ტოტლებენი აღარ მოვიდა, მაშინვე ქართლში სურამისკენ წარსულიყო. ჩვენი იქ დგომა პ~დ – ტოტლებენის მოცდა იყო, და მეორედ – ამისი შიში, რომ ჴელმწიფის ჯარს მტერთ ჯარი არ გამოსდგომოდა უკან ვიწროსა და ავს გზებზედ, რომელზედაც არტილერია შეუძლებელ იყო მოხმარებად, და ჩვენ თუ იქ არ დაგვეყოვნა იმ დღეს, ჩვენ მიერ პყრობილნი ახალციხელნი ტყვენი ჰსწამებენ, რომ ღრაფის უკანდევნა ჰსწადებიათ, და თუ ასე იქმნებოდა უეჭველად დიადს განსაცდელს მიეცემოდენ. ჩუჱნ მუნითცა ავიყარენით და რაოდენ შეიძლებოდა მტერთ სოფლების წახდენას ვეცადენით, და რომელიც მტკვარს გამოღმა სოფლები იყო, იმას მივმართეთ, რომ იქითგან რაც მტერობა შეგვეძლო გვემოქმედებინა. იქ რა ვიყვენით, ახალციხის ფაშას რაც ჯარი ჰყოლოდა ოსმანისა, თუ ლეკისა სულ აწყურს გამოეგზავნა და იქიდგან წამოსრულიყვნენ, რაც ახალქალაქს და ხერთვისს ათას ხუთასი ლევანდი უდგათ ისიც დაებარებინათ, ამ ჯარს უნდა შემოჰყროდათ; ღვთის მოწყალებით და მ. დ. ბედნიერობით მოვხუდით და გაგვემარჯვა იმ ლევანდებზედ, ასეთს ძლეულებას მიეცნენ, რომ ნახევარი მათი არ გასულა, – ზოგნი მტკვარში მოიშთუნენ გაქცეულნი და ზოგნი ჴლმითა მოისრნენ. ასე მცირეს ხანს, რომ ჯერ მტრის დევნისაგან არ გამოვბრუნებულ ვიყავით, აწყურითგან ოთხი ათასი კაცი ოსმანი და ლეკი, ფაშისგან გამოგზავნილნი, მოვიდნენ ჩვენზედ. რადგან ღვთის მოწყალებით სასოება გვქუნდა მათ ზედა ძლევისა, ხიდი უწინვე წაუხდინეთ, ომი მოგვივიდა ურთიერთთ მიმართ ძლიერი და ფიცხელი; მცირეს დროს ისინიც იძლივნენ და მიისწრაფეს მსასოებელთა ხიდისათა ხიდისა მიმართ, და ხიდი წამხდარი დახვდათ, და ვსდევნიდით რა, მიისწრაფეს მდინარედ, რომელ არს მტკვარი, და ესრეთ ამოსწყდენ ჴრმლით და მოიშთუნენ წყლით, რომელ თვით თვალითა ჩვენითა ვხედვიდით ოცნი, გინა ოცდა ხუთნიღა განერნენ – ესრეთ აღიჴოცნენ, და რომელნიც ახალციხესა შინა პირველნი, ანუ ჩინებულნი კაცნი იყუნენ, ფაშანი, ანუ ბეგნი სრულიად მოსწყუდნენ, და ეგრეთვე დაღისტანის ჩინებულნი და თავნი, რომელნიც მუნ იყოფოდნენ ისინიც აღიჴოცნენ. კ~დ ამისა მტრის მამულში ჯარი გაუსივეთ და მრავალი პირუტყვი და სახლის ავეჯულობა იშოვეს. და მუნით წარმოსრულნი ტფილისს მივედით, ამ მიზეზითა, რომ მ. დ. ბძანებით ჯარი მოსასვლელი იყო, და ღრაფისაც არ ვიცოდით იმ დრის სად იყო, და რადგანაც ეს საქმენი ასე გვეგულებოდა, ამისთჳს მოვედით ქალაქად ჩვენდა, რათა მივსცეთ ამათ რიგი დგომისა, სურსათისა და აღლაშქრებისა. 

ვინათგან ჩემდა თანამდებობად ვიცოდი თ. ბ. ამ ამბისა მოხსენება, ამისთჳს მოვსწერე ბრ. თ. და რომელიცა ფრიად სასურველად ვიცი ჩემ მიერ თქვენდამი წიგნის მორთმევაჲ და ვსასოებ ღვთისაგან, და მოველით თ. ბ. რათა დაუვიწყებელნი ვიყუნეთ. დაიწერა ქალაქს ტფილისს. მაისის 10 დღესა, 1770 წელსა. 


21. ერეკლე მეფის წერილი გრაფ გრ. გრ. ორლოვისადმი 1770 წლის 10 მაისს (შინაარსის მიხედვით თითქმის იგივურია ერეკლეს წერილებისა პანინისა და გოლიცინისადმი ## 20 და 22). 

ვინაჲთგან წყალობითა ზეგარდამოჲთა ყოველთა საქართუჱლოთა . . . . (ეს წერილი შინაარსით იგივეა, რაც წერილი „უბრწყინვალეს თავადს ალექსანდრე მიხაილოვიჩს“, ბოლო მხოლოდ სხვა აქვს, – ამგვარად) . . . . ეგების ასე გაგრძელებულს და შეუგუანებელად შეწყობილისა წიგნისთჳს თავი შეგწყინდესთ, მაგრა მიზეზი ეს არის, რომ მტრის ქვეყნითგან ახალი მობრუნებული ვიყავით და საჩქაროდ კაცი რომ გამოვისტუმრეთ, და მრავალნი საქმენიც გვქონდენ, და წიგნის მოურთმევლობას ესევე მორთმევა უმჯობესად ვრაცხეთ, და უფრო ამისთჳს გავბედეთ, რომ თქვენს მ. ღ. ბ. ჩუჱნის კნ. ანტონ ანდრონიკოვისათვის ებრძანა, რომ თქვენ წიგნს მოგართმევდე და ჩვენს ამბავს მოგახსენებდე, რომლისაც თანამდებობა გვაქვს – და ჩუჱნც თქუჱნის ღრაფობის ბრწყინვალებისაგან ამისი მთხოველი ვართ, რომ მოგონებისგან არ დაგვაგდოთ, და რომელიც სამსახური გენებოსთ, გვიბრძანებდეთ. დაიწერა ქალაქს ტფილისს. 


22. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი 1770 წლის 12 მაისს. 

(დასაწყისი იგივეა, რაც ზემოთ # 20 მოხსენებაში: წერილი „უბრწყინვალესს თავადთან ალექსანდრე მიხაილოვიჩთან“, შემდეგ მომატებულია ასე): 

... მოკუდა [ასპინძის ომში]: არტანბეგი ბექირბეგ, რომელიც იყო ახალციხის ჩინებულთაგანი – ყოველთა ზედა თავი, მოკუდა გოლაფაშა, მოკუდა შავშეთის ბეგი, ორი არტანბეგის ძმისწული – ემინბეგ, ქისკან ბეგი, ნარიმანის ბეგი, არტაჰნის ყალაი ბეგი, თაოსკარის მუსალიმი რაჯაბაღა, ახალციხის გემრუქჩი ჰამადაღა, ლავანდის ბაშაღა, ფაშის სალამაღასი, საჰყალაღასი ფაშისა, ბანლი უსუფაღა, ბაშდელი ბელუქბაში, დაღისტნის ჩინებულნი და თავნი კაცნი, კუმუხის მთავრის შვილი, რომელს თვით ხვანთქარმა ფაშობა მისცა, აჯი გაჰრაი, და ამისი სიკუდილი უფრო ჩანს, ვიდრე სიცოცხლე, ამ მიზეზით, (რომ) მისი ცხენი აღკაზმული ჩვენ მოგვართვეს, და ჩვენი კაცი ახალციხეს აღარ დავა მტერობის მიზეზით, და ზოგნი სიცოცხლესაც ამბობენ; მალაჩილა, რომელი იყო დაღისტნის პირველი და ჩინებული ბელადი, ყოყა ბელადი, უსუფ ბელადი, ჰაჯიმამედ ბელადი, მუსა ბელადი – ესენი და სხვანი მრავალნი ჩინებულნი კაცნი ოსმანთა და დაღისტნისანი, რომელთა [გან] დაგვრჩა ტყვე, დროშა, ცხენი და იარაღნი, და სხვანიც მრავალი, რომელთაგანსა რაოდენსამე ცოცხალთა ტყვეთა, დროშათა და იარაღთა მათთა შემდგომად ათისა დღისა გამოვგზავნით უმაღლესსა კარზედ და ჩინებულის კაცის ჴელით მოგართმევთ. 

ამას უკან ახალქალაქი, რომელიც რომ მტრის ადგილშია, ყასაბჩა ჩინებული და ციხე მაგარი, ამათ კაცი და წიგნი მიუვლინეთ და შემორიგებას ვაწვიეთ, მაგრამ, რადგან რომ რამდენიმე ოსმანთ ჯარის კაცნი შიგ ციხესა და ქალაქში უდგათ, ჩვენთან მოსულა ვეღარ შეიძლეს. მასუკან ჩვენი ჯარები გაუსიეთ, ახალქალაქი და იმისი გარეშემო სოფლები მოვარბევინეთ და მრავალი პირუტყვი და ეგრეთვე სურსათი კმასაყოფელი, და სახლის ავეჯულობა იშოვნა ჩვენმა ჯარმა, და ჩვენ, რადგანაც აქედამ არტილერია სამის ზარბაზნის მეტი არ წაგვეღო, და იარანალის სადყოფნაც არ ვიცოდით, და უკან მომავალის ჯარების მოსულის ამბავიც მოგვივიდა, და იმ ჯარების კეთილ დაყენებისა და სურსათის ზრუნვაც გვეთანამდებებოდა, ამ მიზეზებით იქიდამ კაცი და წიგნი მიუვლინეთ და დავიბარეთ, რომ ჯარებისათვის ადგილიც გამოგვერჩია და სურსათის რიგის მიგვეცა. და კიდევ მომავალის ჯარებისათვის სახმარნი და საჭირონი ნივთნი გვეფიქრა, და მტერზედ მისულისა დრო და პაემანიც გამოგვერჩია, მაგრამ პასუხი არა მოგვცა რა ჩემის წიგნისა, რომელმაც მტერზედ წასვლის უწინარეს მრავალნი ბოროტნი იმოქმედა ჩვენს ქვეყანაში ჩემს თავადებზედ და აზნაურებზედ, და ჩემს გლეხკაცებზედ, და თვით ჩემზედაც, მრავლის წამებით ჩემი სული შეაწუხა, მაგრა ყოველივე დაუთმე, რადგან მ. დ. იარანალ მაიორი იყო; არა უკითხიარა აქამომდე. ახლა რომ ეს ორგულება აღასრულა ყ~დ მოწყალის ჴელმწიფისა, რომ მტრის ადგილიდამ გაუჭირებლად გამოქცევით გამოგვეპარა, მე რომ თავისი ამხანაგი ვიყავ, მე გამიშვა, და ახლა მანიფესტიც გააკეთა, რომლისა მოქმედებისგან მრავალნი რუსეთის და საქართველოს კაცნი ყოვლითურთ განცვიფრებულნი არიან, რომლისა საქმენი ღვთით უმაღლესსა კარსა მოხსენდება, ვითხოვ თ. მ. ღ. ბ. რომელიც ამ ქვეყანაში მ. დ. სამსახურის თანამდებობისაებრ მსახურობს, ეს იანარალ მაიორი ჩემზე ისეთის რიგით მოიქცა, მ. დ. სამსახურზედ და ჩემს ამხანაგობაზედ, რომ უმაღლესს კარს ამისთანა მოხსენება გავბედე და თქვენ ჩემს სასურველს ბრწყინვალეს თავს ბევრის ლაპარაკით შეგაწყენ. 

ჩვენი ჩვეულება არის მრავალ გზის დაღისტნელნი ლეკნი შემორიგებულნი გუყოლიან რომელისამე მიზეზებითა – ზოგი ჩვენის ქვეყნის დაცვისათვის და ზოგი მტერზედ მოხმარებისათვის, და ერთი ამისთანა შემძლებელი კაცი მყვანდა შემორიგებული, რომლისაც მიზეზით დაღისტნელნი მრავალნი კაცნი ჩვენთან შემორიგებულნი იყუნენ, და ამათ ოსმანთ ქვეყნის ნატყვენავი და საქონელი ჰყუანდათ, რომ ოსმანთა ქვეყანას არბევდნენ, – ამისთანას ჩვენთან შემორიგებულს კაცს და ჩვენის ქვეყნის შესამატს კაცს მიუხდა სოფელსა ქარელს და ამოსწყვიტა იმ სოფლის კაცნი; ევედრნენ ამ საქმის ესრეთ არ ყოფასა, მაგრა არც მოისმინა მათი ვედრება და არც დაიშალა, და ამ მიზეზით იმდენი კაცი აგვიშალა და მშვიდობიდამ დაგვიკარგა, და მტრად გაგვიხადა; ეს ლეკნი ცამეტის კაცის მეტნი არა ყოფილან, ცამეტი მოკლა, და იარანალ მაიორს ოცდაორი კაცი მოუკლეს და დაუჭრეს იმ ლეკთა. ფამბაკი, რომელიც რომ ჩვენის ქვეყნის სამთავროს ბორჩალოს ერთი ნაწილი არის, ოსმალოს ჯარი მოხდომოდა ჩვენს ისევ მტრის ქვეყანასა ყოფაში და ჩვენგან იქ დადგინებულთ კაცსა და იმ ქვეყნის კაცთაც სახელოვანი ძლევა მიეღოთ კმასაყოფელი. და ოდეს ჩვენ მტრის ადგილებიდამ ჩვენს ქვეყანაში შემოვედით სამსა და ოთხს პირად მარბიელს უსევთ მტრის ქვეყნებში და ვცდილობთ, რომ რიგიანად უმტეროთ. 

დასასრულ ამისა, ამით დავამტკიცებ ერთგულებასა ჩემსა და ჩემის ქვეყნისასა მ. ი. დ. რომ ეს სრულიად ყ~დ დიდებულს რუსეთის იმპერიაში მრავალჯერ არს განცხადებული და თ. მ. ღ. ბ. გამოწულილვით უნდა იცოდეს – თუ წინაპარნი, ჩვენი, მოადგილენი, მშობელნი ჩვენნი და ქვეყანა ჩვენი მრავლის წლითგან ცდილობდენ და მრავალნი კიდეც გარდაიცვალნეს უმაღლესსა კარსა ამ დღისათვის, რომ მ. ი. დ. საფარველი დაგვდებოდა და ჩვენს ქვეყანაში მათი ჯარი გვენახა, და ამას რა ვეღირსენით ჩვენ ღვთისა მიმართ სათხოველს, თუ როგორ მივეგებენით ღრაფს ადოს მინდორში და როგორ სურვილით მივიღეთ, და ესრეთ ჩვენს ქვეყანასა შინა გარდმოუძეხით, და რაოდენ ჩვენგან შეიძლებოდა სამსახურს ვეცადენით, და, ბრძანებისაებრ ყ~დ მოწყალის ჴელმწიფისა, მიერ დღითგან მტერსა ყარსსა და ბაიაზეთსა ზედა რა ვაჩვენეთ ძლიერი მტერობა, და ამა საქმისა მოქმედებითა ჩვენი გარემონი წარმართნი, ჩვენდამო დაგებულნი, რაგვარა მტრად გავიხადეთ, და კვალადცა ახლა კიდევ უფროსად ახალციხის ქვეყანაში, ასპინძას, ესოდენისა ოსმანისა და დაღისტნელთ სისხლის დაღვრაზედ თუ როგორ მესისხლედ გვხადიან, და ეს მ. ი. დ. სამსახურისათვის, ჩვენდა სასურველი საქმე არს, – მაგრა ღრაფი ტოტლებენი თვისისა ერთგულებისა საქმესა სადიდგან დაგვიმტკიცებს?! 

და ამას ვითხოვ თ. მ. ღ. ბ. ესოდენის მოხსენებისათვის არ შეგწყინდეს და თ. ბ. დაუგდებელ ვიყუნეთ. 

მ. ი. დ. ბედნიერობით და ღვთისა მიერ შეწევნით, მტერთა ზედა გავიმარჯვეთ რა, წარმოიგზავნა ჩვენ მიერ მახარობელი უმაღლესსა კარსა კნიაზ გრიგოლ ხვაბულოვი და გიორგი ნათანაილოვი, აზნაური, რომელიც ბრძოლაში დამსწრები არის, და ამის მიერ მოგხსენდებათ ბრძოლის ამბავი, უკეთუ ინებებს მ. ღ. ბ. თ. 

          დაიწერა ქალაქსა ტფილისს. მაისის 12 დღესა, 1770 წელსა. 


23. ანტონ კათოლიკოსის წერილი გრაფ ნ. ი. პანინს. 1770 წლის 12 მაისს. 

განაღვიძებს გონებასა ჩემსა თქუჱნისადმი მაღლისა ღრაფობის ბრწყინუალებისად აწინდელი გარემოებაჲ, და უდიდესად ესე, რამეთუ მისი იგი დიდებულებაჲ, გონიერი მზე, ავღუსტა ჩუჱნი გამოუტევებს რა შარავანდედთა წყალობისათა სიმსწრაფლისამებრ უგრძეს და უშორეს განტევებასა, ამსგავსებს მოძრავობასა და შორსმიმწვთომელობასა მზიურთა შარავანდედთასა, ხოლო ყოველსავე ზოგად მიჰფენს წყალობასა შარავანდედთა მახლობელთა ზედა და შორიელთა. 

ესე გუარით ამით განფენითა წყალობისათა მეცა უღირსი წყალობასა ნიჭებულ ვიქმენ მ. დ. უხუად შვილთადმი შესაბამთა წყალობისა დინებითაგან, რომელ მივიღე მჰსგავსებაჲ საცხოვრებელისა მის ჩუჱნისა საღმრთოჲსა განგებულებისა, რომლითაცა შეჰქმნა ღმერთმან ცხოვრებაჲ შორის ქუჱყანისა, ვინაჲცა ვინათგან სამღუდელმთავროჲთა მით პანაღიითა წყალობით ნიჭებულ ვიქმენ სამღუდელოჲსაგან. იმპ. მ. წინაშე საკურთხეველისა მდგომარე ვჰმადლობ მ. დ. ჩემდამო ესე გუარისათჳს წყალობისა. ხოლო საქართუჱლოჲსა მომართ ესე გუარ შეწყალებისა და ძეთა შორის თჳსთა აღრიცხჳსათჳს ჩუჱნისა მ. დ., რამეთუ განიღჳძა მძინარემან სურვილმან ჩუჱნმან და წინაპართა ჩუჱნთამან, უგალობ ჴმითა მაღლობისათა მადიდებელსა ავღუსტაჲსა ჩუჱნისასა და ვიტყვი: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუჱნ, განმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყოველთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა; ჩუჱნთანა არს ღმერთი, ჰსცანთ წარმართთა და იძლიენით! 

ესოდენისა კეთილშემთხუჱჳსა ჩუჱნისა შემდგომად მივიღეთცა უბედურებაჲ, – რომელ ღრაფი ტოტლებენი, ღენერალი გარდამავალი ფიცისა თჳსისა და ღენერალი თჳნიერ ყოვლისა ჭირისა მლტოლუარე ბრძოლითგან, არა მცირედთა მოქმედებს ძჳრთა. ხოლო ამათ ყოველთა მიერთა გარემოებათაგან უცალოჲ ჩემი ძმა მეფეჲ ირაკლი, მტერთა მიმართ მოქმედი, დიდისა ბრძოლისა და ჩინებულისა ძლევისა მომგები, დააყენა მტერთა მიმართ ბრძოლისაგან, ამად რომელ ღენერალი რუსეთისა ივლტჳს და არა მისცემს ლაშქართა რუსეთისათა ნებასა მტერთა მიმართ ბრძოლისასა, და ჰსცავს ძლიერად არტილერიასა, რათა არავინ წარიღოს მტერთა მიმართ ბრძოლისა სახმარად, – ამათ მიერ დგას აღუსრულებელ მსახურებაჲ მ. ი. დ. 

ვთხოვ თ. მ. ღ. ბ. რათა ძმაჲ ჩემი მეფეჲ ირაკლი სამეფოჲთურთ თჳსით აქუნდეს ბრწყინუალებასა თქუჱნსა მფარუჱლობასა ქუჱშე, არათუ ამისთჳს, რომელ შესაფერი თ. ბ. მიიღოთ ნაცუალი, არამედ ვითარცა ქრისტიანეთათჳს იღუწიდეთ ამათთჳს თქუჱნ – კეთილ მსახურებისათჳს თქუჱნისა ჰრწმუნებულისა მ. დ. ყოვლისა როისიისა უპირუჱლესისა მინისტრობისა. 

შემდგომად ამისა შევვედრებ თავსაცა ჩემსა მფარუჱლობასა თქუჱნისა მაღლის ღ. ბ. 

თ. მ. ღ. ბ. მარად ღვთისადმი მლოცუჱლი და უქუჱმესი მოსამსახურე ა ნ ტ ო ნ ი არხიეპისკოპოზი (და) კათალიკოსი ყოვლისა საქართუჱლოჲსა. დაიწერა ქალაქს ტფილისს. მაისის 12 დღესა, 1770 წელსა. 


24. ერეკლე მეფის წერილი თავად ა. რ. მოურავოვს. 1770 წლის 13 მაისს. 

თქვენ ბრწყინვალებას ჩვენთვის რომ რჩევაები მოეწერა – იმის პასუხად ეს იუწყე: განცხადებით იცი მე ღრაფ ტოტლებენთან მტრობის მიზეზი არ მაქვს, ამის მეტი, რომელიც აწყურიდამ იმ სახით გამობრუნდა, ჩემის თავით და ქვეყნით აღსასპობელად მტერს მიგვცა, ჩვენი ყოვლითურთი იმედი მისის დიდებულების ჯარი მოიტაცა, ანანურს მიიყვანა, რომლისაც ყველას გვეგონა სწორეთ რუსეთსავე წასვლა, – ეს მეორეთ ჩვენის ქვეყნის წახდენა იყო. ყველას თვით მისის დიდებულების საწყენი გვეგონა, და ჩვენს გონებაში ამ ზემოთქმულებით ღრაფი ტოტლებენი ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის ორგულად გამოჩნდა. რადგან დაჟინებით გირჩევია არესტის უქნელობა და კლავერის ჩვენთან მოუსვლელობა, მერე ახლაც კაცი მოგვივიდა, – ღრაფი რუსეთად აღარ წასულა. ამ საქმისათვის დიდათ მადრიელნი ვართ, რომ კაი რჩევა მოგვივიდა: რადგან აღარ წავიდა ღრაფი რუსეთს, არესტიც აღარ დამტკიცდა შენის რჩევისაებრ, და კლავერიც აღარ დავიბარეთ მეორეთ. 

          მაისის იგ, ჩღო წელსა. 


25. მეფე ერეკლეს წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1770 წლის 13 მაისს. 

კნ. ანტონი მოურავოვისა დამარწმუნა [ტოტლებენმა]: იმერეთში რომ იყო – კამისია ჰქონიაო, იქიდამ რომ მოვიდაო საქმე და ვალდებულობა აღარა აქვს რაო საქართველოშიო, მერმე ასე თქვა – შპიონი თუ ჯაშუში არისო, და იმისგან ყოველფერში საქმეებში მაფრთხილებდა საიდუმლოთ, და მეუბნებოდა, რომ ხმალ აყრილი არისო, ამისთჳს, იმ ღრაფის ტოტლებენის სიტყვითა [სიტყვათ გამო], თითქმის დიდი ეჭვი მქონდა; და ახლა 30 აპრილს მ. ი. დ. და თ. მ. ღ. ბ. წიგნები რომ მომივიდა იმათის ძალით ცხადად ჰსჩანს, რომ ამაშიაც მოტყუებას ცდილობდა. ამასაც მოგახსენებ: თითონაც, მოურავოვმა, მგონია იცოდა, რომ ტოტლებენი ავის თვალით უყურებდა, მაგრა თავისი ვალდებულება მ. დ. სამსახურზედ არ დაუკლია, და ასე გვახალისებდა ჩვენც მ. დ. სამსახურზედ და იმედს გვაძლევდა მ. დ. მოწყალებისას, როგორც უერთგულესს მ. ი. დ. მონას ეკადრება და ვალი ჰსძევს, და ეს ამისთანა ერთგულება კიდეც საქმითაც აღასრულა ჩვენთან ყოფითა, ასპინძის ომში გაუყრელად დასწრებითა. თუმცა თითონ ღრ. ტოტლებენისგან ამ მოურავოვისა ზემო წერილი ამბები გვესმოდა, მაგრამ თითონ ისე პატიოსნად იმყოფებოდა ჩვენთანა, რომ ჩვენ და ყოველნი ჩვენნი ყმანი დიდად მადრიელნი ვართ, და ამისთვის თ. მ. ღ. ბ. მოვახსენებთ, რომ ეს მოურავოვი მ. ი. დ. ერთგულებისათჳს და სამსახურისა ღირსი გახლავსთ, რომ წმიდის გიორგის ორდენის წყალობა დაემართოს და თ. მ. ღ. ბ. მოწყალებით მიიღოს ამისთანა კაცი, რომელმაც მტრის პირდაპირაც ყოფნით მრავალჯერ კარგი და სასარგებლო რჩევაები მოგვითხრა. 

          ტფილისს. მაისის 13, წელსა 1770. 


26. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ ი პანინისადმი 1770 წ 25 მაისს. 

რომელიც რატიევისთვის და მასთან მოსრულის ჯარისთვის თ. მ. ღ. ბ. უწინვე განუცხადეთ, ის მოგხსენდებათ, და როდესაც ამ სახით დაბრუნებულმა ღრაფმა იანარალ მაიორმა ჩამოიარა ქართლი უსამართლობით, და ორჯერ წიგნი მივსწერეთ და შეყრა მოვინდომეთ, ურთიერთა მიმართ მისლვა და პასუხი, არც ერთისა მოგვცა, და მივიდა დუშეთად – იქ ციხის ზარბაზნები მოგვტაცა და ანანურს გარდვიდა, რომელიც უფრო სამარადისო გზა არის რუსეთის იმპერიისა და საქართველოსი, გვეგონა რუსეთად წარმოსლვა მისი და, ჩვენ ამისა მხილველთა, რუსნი და ქართველნი აქ მყოფნი შემოვიკრიბენით, და რადგანაც ღრაფისა რუსეთად წარმოსლვა თავისის კამანდით ჩვენის ქვეყნისა დიდი სავნებელი იყო და მ. ი. დ. სამსახურის უკან დასარჩომად ვხედავდით, და მტერთ სიხარულის, და გათამამების მიცემას, და მიზეზად, ამისთვის ჩვენთან ერთჴმობითა საზოგადოთა არესტი დავამტკიცეთ ღრაფ ტოტლებენისა და ჴრმლის შემოხსნა, და პოდპოლკოვნიკი, რომელიც რომ აქ ჩვენთან მოვიყვანეთ თავისის ნებითა, იმან წიგნი გვთხოვა და გამოგვართვა ღრაფ ტოტლებენის არესტისა და დადგა ჩვენთანა; მასუკან შევიტყეთ, რომ მ. ბ. ღრ. ტოტლებენი ანანურიდამ რუსეთის იმპერიისაკენ აღარ წარმოსრულიყო და ანანურს იდგა, ამისთვის ღრაფის არესტი დავშალეთ და დავაცადეთ, და ეს საქმე მ. ი. დ. ნებას მივანდეთ ყოვლითურთ, და კნიაზ რატიევს, ჩვენ რომ წიგნი გამოგვართვა, რომელშიც ღრ. ტოტლებენის არესტი ეწერა, ის წიგნი მაღალს კარზედ გამოუგზავნია, რომელსაც, ჩვენის გაშინჯულობით, არღარა ჰქონდა ამ არესტის წიგნის გამოგზავნის თანამდებობა, ამისთჳს რომ ყოვლითურთ უჴმარად აღმოჩენილი იყო ის წიგნი არესტისა. ამ საქმემ ასე გაიარა და ამისთჳს მოვახსენე თ. მ. ღ. ბ. რომ ამისის მოჴსენებისა თანამდებობა გვაქვნდა. 

კვალად უჭეშმარიტესად მოხსენდეს მ. ღ. ბ. – იანარალ მაიორის არესტი ორმა საქმემ გამოგვარჩევინა: პირველად, აწყურიდან მისმა გამოპარვით წარმოსლვამ და, მეორედ, ანანურს მისვლამ, – (ეს ხომ) ოსმალისა და დაღისტნის გზით უკუნქცევა არის, და რადგან პირველიცა ისტორია მისი გვსმენოდა. ამასაც ვარწმუნებ თ. მ. ღ. ბ. რომ ვინც ყოვლად მოწყალის რუსეთის ჴელმწიფის ჯარს ამ ქვეყნიდამ წაიყვანდა, მე იმაზედ ჩემს თავს დავსდებდი და სიცოცხლეს, და არ გაუშვებდი, მანამ მ. ი. დ. ბრძანება მომივიდოდა, ამისთჳს რომ ჩემი და ჩემის ქვეყნის გაოჴრება იქნებოდა, და არც ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის ნება ვიცოდით. 

          დაიწერა ქალაქსა ტფილისს. მაისის 25, წელსა 1770. 


27. ერეკლე მეფის წერილი თავად ა. რ. მოურავოვისადმი. 1770 წლის 25 მაისს. 

რაც აქნობამდის საქმეებმა გაიარა ხომ ყოველივე ზედმიწევნით უწყის შენმან ბრწყინ. ღრაფი რომ ამისთანას საქმეებს მოქმედობს ჩვენს ქვეყნებში: გზებს მიჭერს, ჩვენს ციხეებს იჭერს, ოცი-ოცდაათობით კაცს უსევს და ადგილებს მირბევს და ქვეყანას მიწუხებს, დუშეთიდამ ზარბაზნები დაუტაცნია და წაუღია და ანანურის ციხეში შეუტანია, და თითონაც შიგ დამდგარა. და გასინჯეთ ესენი თუ რა უჯეროდ და უწესოდ მოქცევა არის ჩვენთან და მიზეზების მიცემას ცდილობს ჩვენგან ამაების მოქმედებით, ვითამ ჩვენგან მიზეზი რამ მიეცეს: ან ჩვენმა მთის კაცმა, და განმსინჯველობის არა მქონებელმან კაცმან, ან ერთმან უბრალო კაცმან ერთი მიზეზი მისცეს რამე, რომ თავისი დრკუდ ნამოქმედნი საქმეები ამითი გაამართლოს – ამას ეძიებს. აწ შენს ბრწყ. თანამდებობა აქუს ამ უწესოდ ქცევისა და საქმეების დანახვებისა, რომ დაანახო და კიდეც მისწერო, რომ ის ადგილი ერთის ჯარის დასადგომი ალაგი არ არის, არც ბალახი იპოება და არც საყოფი სურსათი იშოება ჯარის კმასაყოფელი; სადაც ინებოს მისმა ბრწყინვალებამ ამ ჩვენის ქალაქის სიახლოეს, ან დიღვამს, ან ლილოზედ, ან კოჯორზედ, ან ავჭალას, ანუ თუ მუხრანს, სადაც ბალახი და წყალი მოეწონოსთ – თვითონაც იქ დადგეს და ჯარიც იქ დააყენოს. იქ იმისი დგომა და ყოფა მტრისგანაც ავად დასანახავია და სხვათაგანაც. მეც წიგნს მივსწერ და ეგების დაგიჯეროსთ, რადგანაც მ. დიდ. ნება და ბრძანებაა ამისი ჩვენთან ყოფა, უნდა ჩვენთან იყოს. 

          წელსა 1770, მაისის 25 თთვესა. ქალაქსა ტფილისს. 


28. ერეკლე მეფის წერილი თავად ა. რ. მოურავოვისადმი. 1770 წლის 3 ივნისს. 

                                                      ბრწყინვალეო კნიაზო ანტონი მოურავოვ, 
                                                              ჩემო კეთილ-სარწმუნო მეგობარო! 

შენს ბრწყ. ჩვენთვის ეკითხა – მ. დიდ-ბის ოქრო და ვეცხლი როგორ იხარჯება გამომიცხადეო. ჩვენ ასე განვაცხადებთ შენს ბრწყინვალეებისადმი: რომელიც იმპერიალი არის მ. დიდ. ის ერთ თუმნად იხარჯება დაუყოვნებლად; რომელიც ძველი რუბლი არის ის ექვს აბაზად აქაურს თეთრზედ, და ახალი რუბლი ხუთ აბაზ ერთ შაურად. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ბძანებით ძალსაც მოვინდომებდით ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის სამსახურისათვის, რომ უნამეტნავესად გასულიყო ოქროც და ვეცხლიცა, მაგრამ რადგანაც გარეშემო მეზობლებში მეტად არ დაიხარჯება, ამისთვის ვაჭართ ზიანს გაუფრთხილდით, რომ ქვეყანას სავაჭრო არ მოაკლდეს. 

                                                                შენის სიკეთის მარადის წადიერი 
                                                                   მეფე ქართლისა და კახეთისა 
                                                                                     ი რ ა კ ლ ი. 

          წელსა ჩღო, ივნისის გ. 


29. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ტოტლებენისადმი. 1770 წლის 3 ივნისს. 

თ. ბ. ვგონებ იცოდეს კნიაზ არტემონ ანდრონიკოვის მოტანილის მათის ი. დ. უკაზში როგორ მტკიცე ბრძანება არის, რომ რაც თქვენი მოყვანილი ჯარი არი და ან ახლანდელ რუსეთიდამ მოსულა ჩვენთან უნდა ბრძანდებოდეთ შემწედ და ძლიერებად ჩვენის ჯარისა, და თუ მე მიწყენინებია რამე თქვენთვის, ჩემი სვინიდისი, რომელსაც რომ მე არ მამხილებს, და მგონია, რომ არას დროს რამე თ. ბ. მინახამს ცოტა და მრავალი არა დამიშავებია რა. თუ თქვენ მიზეზს მიდებთ რასმე, ვიცი რუსეთის მონარხისათვის მოგიხსენებია და მოუცადე მ. ი. დ. ბრძანებას, და, უიჭვო არის, რომ ყველანი ამას უნდა დავჯერდეთ, და ამისთვის ერთმანერთს ნუ შემოვწყრებით, და იმისგან უფრო მე, და თქვენს სამდურავზედ მტერს ნუ გავახარებთ, და ყოვლად. მ. ჴ. ერდგულს ჯარსა და ამ ქვეყნებს ნუ შევაწუხებთ, რომლითაც საქმით იქნებოდეს ისევ მ. ი. დ. ბრძანების მოსვლადმდე ერთმანერთს გულდავაჯეროთ, და როგორათაც მტერზედ ბრძანება გვქონდეს შეძლებისაებრ ჩვენისა ვეცადნეთ, და ნუ წარვსწყმედთ ამ კეთილს დროებას. პატრი-უფროსი გვიახლებია და კნიაზ ზაზა ამირაჯიბი და სხვას ჩვენს სიტყვას ესენი მოგახსენებენ. 

          ტფილისი. ივნისის 3 დღესა, წელსა 1770. 


30. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1770 წლის 4 ივნისს. 

ღვარდიის კაპიტან-პორუჩიკმან, რომელმაც მ. ი. დ. ჩვენთვის უღირსი მაღალი წყალობა მოგვიტანა, მართებული იყო ჩვენგან ჯეროვანის პატივისცემით და ყოვლითურთ შემსგავსებულის სიამოვნით მოვქცეოდით, და გვეამებინა რამე: ახალციხის ქვეყნიდამ რომ მოვბრუნდით ის ღრაფთან იმყოფებოდა, სამჯერ დავიბარეთ და სიტყვაც გვინდოდა უმაღლესს კარს მოსახსენებელი, რომ მისის პირით განცხადებულ იყო, მაგრამ არ გამოუშვა იანარალ მაიორმა, თუ თითონ არ ინება ჩვენთან მოსვლა, სწორე ვერა შევიტყევით, და ამისთანა წიგნი მოგვწერა, რომელიც ჩემთვის ყოვლითურთ სათაკილო საქმე არის. ეს არ ეგონოს თ. მ. ღ. ბ. რომ მე ამ წიგნში რითაც შეურაცხებით რომ მომპყრობოდეს – მე ის ჩემთვის საწყენად და სათაკილოდ მიმაჩნდეს: ეს არის ჩემი საჩივარი და გასაკვირვებელი – მაგისგან ჩემი შეურაცხება და მტერობა. მე ჩემს სვინდისს რომ ვიცნობ და სჩანს ღვთით მ. ი. დ. სრული ერთგულება, – იმაზედ რა დავაშავე? ამას მწერს და თავის წერილში ცდილობს, რომ მე რუსეთის მონარხის საქმეში და მისის ჯარის სამსახურში ცრუდ აღმომაჩინოს და, მსგავსად ღრაფისგან ნამოქმედარის საქმეებისა, ორგულად დამდვას, – ამაზედ ყოვლითურთ გაკვირვებული ვარ; ვსასოებ ჩემის შემოქმედისაგან და მათის ი. დ. სიმართლით მსაჯულებისაგან, რომ ამაზედ სწორე განხილვა მოხდეს – საორგულო საქმენი ვისგანაც მოქმედებულან ამ დროებაში და ანუ უწინარეს – სრულებით აღმოჩნდეს. მე თუ უერთგულესი მოსამსახურე არ ვიყავ მ. ი. დ. როდესაც ღრაფი კავკასიის მთებში მოვიდა – ჩემის თავით და ძმით და შვილით, და ჩემის თავადებით რად მივეგებე? თუ მე რუსეთის მონარხის სიმართლით მონების მწადნელი არ ვიყავ ამ ერთ ზამთარს მ. დ. ჯარს ჩემს ქვეყანაში რად ვაყენებდი, რომ სრულიად ჩემნი მეზობელნი, წარმართნი, თჳსად მესისხლედ ამ საქმით მხედვენ? თუ ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის ერთგულობის სრული სინათლე ჩემს გონებაში არ იყო – ყარსის და ბაიაზეთის სოფლები, და ელები რად დავარბიე? და კიდევ თუ ჭეშმარიტი ერთგულება ჩემს გონებაში არ იყო, ღრაფი რომ ხუთასს კაცსა მთხოვდა, მე ჩემის შვილით და ჯარით შემოვეყარე; თუ კიდევ სისწორით მ. დ. სამსახური არ მინდოდა, იანარალ მაიორი აწყურიდამ რომ წამოვიდა, როდესაც შევატყევ, მეც რატომ იმასავით უკან არ გამოვბრუნდი? და მტერზე უფრო წინ წამაყენა ღმერთმან და მ. დ. ბედნიერებამ ამისთანა ჩემგან შეუძლებელი ძლევაები მოგვცა? თუ კიდევ ჩემს გონებაში ჭეშმარიტებით რუსეთის ყოვლად დ. მ. ერთგულობის სურვილი და მათგან საფარველის მარადის დიდად წადიერი არ ვყოფილიყავ, ღრაფმა ქრცხინვალსა და ქართლის ყოფაში რომ ყოვლითურთ თავისი ბრძანება აძლია და მე სრულებით აღარა მკითხარა, და თჳთ მოქმედებდა კაცთ-ჭერით და გალახვით, და რთმევით, და თუ კიდევაც უმძლავრესი ძალა და შეურაცხება მიეღო ჩემზედ, მაშინაც სრული მოთმინებით უეჭვოდ დაუთმენდი მანამდის ამისთანას მოქმედებას ვნახევდი, მაგრა ახლა რომელიც თ. მ. ღ. ბ. რომ მისნი ნამოქმედნი საქმენი მომიჴსენებია, და ამისთანას საქმეებში დავაჴელე, ვეღარ დავფარე და ყველა სწორებით განვაცხადე ჩემის მიჴდომისაებრ. ვეცადე მ. დ. სამსახურისათჳს და ვცდილობ, რომ ყოვლითურთ ჭეშმარიტებით მოვიქცე. და ეს ნურავის ეგონება საქართველოს დიდის და მცირის კაცისაგან, რომ საქართველოსი, თუ საბოლოოდ გება და ქრისტიანობა უნდა, ამისთანამ კაცმა მცირე ანუ დიდი რუსეთის ყოვლად დიდებულის მონარხის საორგულო იმოქმედოს რამე, ამისთჳს რომ რუსეთის საფარველის მოშორვება და საქართველოს არარად ქცევა ერთს დროს იქნება, და უფროსად ამ ერთს წელიწადში რაც საქმეები მოჴდა ამ მიზეზებით, და თუ მე ქრისტიანე ვარ, რუსეთის მონარხის ერთგული მოსამსახურე უნდა ვიყო. მე შარშანდლითგან , როდესაც თ. მ. ღ. ბ. იმერეთის მეფეს სოლომონს წიგნი და იმედი მოუვიდა, იმ დროს აქეთ აქამომდე მე და ჩემს ქვეყანას მ. ი. დ. სამსახურისათჳს და ამ მიზეზებისათჳს რამდენის ათასის თუმნისა ჩვენ დაგვხარჯოდეს, რომ თჳთ რუსნიც მრავალნი მოწამედ გვყვანან ამაზედ, და კიდევ სხვანიცა, რომელთაც ყველას ზედმიწევნით ვჰგონებთ მოგხსენდესთ, და ახლა ამ ჯარით მტერზედ წასვლაში რა ხარჯი მოგვინდებოდა ი. ბ. კარგა გაშინჯავს ამას, და ეს ჩემ მიერი მოჴსენებული თუ ჭეშმარიტ არს, მაშ თურმე უერთგულესი მონა ვყოფილვარ მ. ი. დ-სა. ნივთის დახარჯვა მ. ი. დ. სამსახურზედ როგორ უნდა კაცის პირმა დაიქადოს, რომ ჩვენი ცხოვრებაც უშურველია მათის ყოვლად მოწყალების სასიამოვნოდ, მაგრა ამისთანას გარემოებას რომ მივეცენით, ამან გაგვაბედვინა; და კიდევ ეს უფრო ჩემი და ჩემის ქვეყნის კაცთ ერთგულობისა უმეტესი დამტკიცება მგონია, რომ ხვანთქრისაგან და მისის სამფლობელოსაგან, და დაღისტნისაგან, და აგრეთვე სპარსთაგან, რომელნიც ჩვენ მტრად მოგვწვდებიან, სრულიად საძაგლად, სამესისხლოდ საყურებელნი შექმნილ ვართ, და მათსა შუაზედ მყოფთა, ყოვლად ძლიერის ღვთის გარდა, რუსეთის და რუსეთის დიდებულის მონარხის მეტი სასოება ვისიღა გვექნება, და რომელის საქმით უნდა ამათებრთა კაცთაგან ჩვენ ამისთანა მოუთმენელი ჴმა, ესე იგი რუსეთის მონარხის ორგულება გვეყვედნიერებოდეს?! 

კვალად უსურსათობის მიზეზს იწერება კაპიტან-პორუჩიკი, რომელიც ყოვლითურთ დასაჯერებელი და შესაწყნარებელი არ არის; ვგონებთ, რომ თავისის ნებით არ იწერებოდეს. ამის მაგიერი სიტყვისგება უწინარესსა წიგნსა მოგახსენეთ, რომ რადგანაც ყოვლისავე უსაჭიროესი საქმე არის სურსათი, – იანარალ მაიორს ეს უნდა ამ მიზეზით განიმართლოს თავი, – თვარა ქვიშხეთის ლაგირსა შინა ყოფასა ჩვენსა ჩემმა ჯარმა პური და ქერი მრავალი იყიდეს მისი ჯარისაგან, და მტერზედ წარსვლაში ქერი კიდევ მრავალი დააგდო, და თჳთ მეც რომელიმე კაცთა შორიელთათჳს იმავ აყრაში გამომცხვარი პური ბევრი ვიყიდე მისის ჯარის კაცთაგან; და აწყურს მისვლაში ღრაფის ჯარმა და ჩვენმა ძროხა მრავალი იშოეს, მარტო ყაზახებისაგან ასამდის ძროხა იმ ერთს დღეს გვინახავს მოყვანილი, და სურსათიც კიდევ იშოეს, და მეც კიდევ ნაშოვნის სურსათითგან რამდენიმე დღე ვიარე, და თუ სურსათი არ ჰქონდა, რად გაუჭირვა ჴელმწიფის ჯარს საქმე და არ მოიცადა, მეორეს დღეს ხომ მრავალს იშოვიდა და კიდეც მოუტანდით, მაგრა სულ მიზეზობდა და ახლაც მიზეზობს, თვარემ მოგხსენდებათ და აღმოჩნდება. 

იანარალ მაიორი თავის მოწერილს წიგნებში მრავალჯერ იწერება მ. დ. ერთგულებას და მტერზედ მისლვის სურვილს, მაგრა ყოველნი ასე ვხედავთ, რომ ცარიელის სიტყვით იქადის, და ეს ერთი წელიწადია, რომ მცირედი რამე საქმით მოქმედებული არ გვინახავს რა ამის მეტი. ერთგულების მაგიერა ცდილობს, რომ ერთგულნიც შორს დააყენოს მ. დ. სამსახურისაგან, და რომელიც ბრძანებულ არს მტერზედ მისლვა – უფროსად და სად დააგვიანოს. 

თ. მ. ღ. ბ. ეს კეთილად მოჴსენდეს და მოწყალებით გაშინჯეთ: მე ღრაფ იანარალ მაიორთან რა მიზეზები მაძლევს მტერობისა და რასათჳს უნდა მტერი ვიყო, რომ ამაებას მოვახსენებ თ. მ. ღ. ბ.? მაგრა ასეთი გარემოება მომეცა – ყველა უნდა მოგხსენდეს, და უწინარეს ამისაც მოგახსენეთ ღრაფ იანარალ მაიორი მტერის ქვეყნითგან რომ გამობრუნდა ასეთს დროს, რომ ის გამობრუნება ღრაფისა თჳთ მ. ი. დ. ორგულებად გამოგვაჩნდა, და რუსეთის ჯარისა და ჩვენი განსაცდელში მიცემა იყო, მაგრა ღმერთმან ავი არ ინება ჩვენზედ; მასუკან მუნით წარმოსული ანანურად მივიდა, რუსეთის ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის ჯარი მოიტაცა საქართველოთგან და რუსეთის იმპერიის სამზღვარზედ მიიყვანა, ყველამ ასე ვჰგონეთ, რომ ამ ქვეყნითგან წამომსვლელი შეიქნა. ეს ამბავი მ. ი. დ. ორგულებად აღმოგვიჩნდა და ჩვენის ქვეყნისა სრული ოჴრება იყო. მართალია მე ღრაფზედ ეს ვიმოქმედე – აქ მყოფნი იმ ჟამს რუსნი, ქართველნი და კახნი შემოვიკრიბენ და გამოვარჩიეთ ღრაფის არესტი და რუსეთის ჯარისა მ. დ. უბრძანებელად წამოუსვლელობა, ჩვენს ქვეყანაში ყოფა, ისევ მტერთ ბრძოლა, და არც მიგვიწერია და არც კაცის პირით შეგვითვლია, რომ არესტი გვიქნია ღრაფისათჳსო. მართალი არის კნიაზ რატიევს ერთი იმ გვარი ღრაფის არესტის წიგნი და თავისთან თანმოყოლილის ჯარის ჩვენთანა ყოფისა მივეცით, მაგრა იმავ დღეს ამბავი მოგვივიდა ღრაფისა ანანურსავე დგომისა, და მაშინვე მოვშალეთ მისი არესტი და მივანდევით მ. ი. დ. ნებას, და ის წიგნი რატიევთან დარჩა დავიწყებით, და იმან ჩვენდა შეუტყობრად უმაღლესს კარს გამოუგზავნა, და თჳთ მყოფთა ღრაფთან ოფიცართაც მისწერა, რომელისასაც, ვჰგონებთ, რომ თანამდებობა აღარა ჰქონია. 

თ. მ. ღ. ბ. ჭეშმარიტებით მოიჴსენოს, რომ ამ სიგძეს თქვენს თავისწყენას დიდად ვსწუხვარ, მაგრამ ამისთანა საქმეებმა და მწუხარებამ გამაბედვინა: მე ჩემის ქვეყნით რომ მ. დ. მცირეს სამსახურისაც ნაკლებად დამდვას კაცმა, ჩემთჳს მოუთმენელი გულისტანჯვა არის, არამცთუ ორგული დამიძახოს. კეთილ მოწყალებით გაშინჯოს თ. მ. ღ. ბ. რა დიდი შესაწუხებელი საქმე იქნება ჩემთჳს და ჩემის ქვეყნისათვის; მ. ი. დ. ხომ ასე გრძლად თავისწყენას ვერ გაუბედავდით და მაშ ვისთჳს გვეწყინა თავი, რომ თქვენთჳს არ მოგვეხსენებინა. 

          დაიწერა ტფილისს. იუნისის 4, წელსა 1770. 


31. ერეკლე მეფის წერილი თავად ა. რ. მოურავოვისადმი. 1770 წლის 1 ივლისს. 

თქვენმა ბრწყინვალებამ ზედმიწევნით იცის თუ რა ფრიადის მწუხარებით შეწუხებულ ვარ ჩემის ყოვლადმოწყალის ჴელმწიფის მ. დ. ბრძანებისაებრ, რომ ახლა მტრის ქვეყანაში არ ვიმოქმედებ, რომელიც მტრობა შემიძლია, და მიზეზნი ამისნი ვამჯობინეთ, რომ წერილით გამოგიცხადოთ, და მეც უმაღლესსა კარსა თანამდებობა მაქუს, რომ უნდა მოვახსენო: თვით თქვენ ხართ ამისნი მეცნიერნი დაღისტნიდამ ვითარი ჯარის ყრილობის ჰამბავი მოგუდის, და თვით ყიზლარის კამენდანტს თქვენთან და ჩვენთან რაც მოეწერა დაღისტნელთაგან მზადება, და ამ ჰამბის მსმენელი ტოტლებენი თუ როგორ სასოწარკვეთილებაში მაგდებს მე და ჩემს ქვეყანას, რომ გუწერს წერილითაც და ზეპირ დაბარებულებითაც; წერილით ესრეთ, რომელ „ვერ შეგეწევი თქვენ სპარსეთში და ვერც საქართველოშიო“, და ზეპირ კაცის პირით ესრეთ, რომ ოსმალთ ქვეყანაში ეგრეთ შეგვეწია, როგორც რომ ნახეთ. 

მეორედ მიზეზი დაბრკოლებისა ესევე იარანალ მაიორი მექმნა, და ამა ყოვლითურთ ჩემ მიერ სასურველისა საქმისაგან მ. დ. ბძანებით ოსმალთ მტერობისაგან ჩემის თავით დამაცადა და დამაყოვნა, და ასე ყოვლის გზით საქმე გამიჭირა: ციხეები წამართვა სამი და ოთხი ქართლში, ყოველი სამღუდელო და თავადები ზოგნი დააფიცა და ზოგი ფიცით დაპატიჟა, ასე რიგად აფიცებდა და სიტყვითაც ასწავლიდა და საქმითაც ახედვებდა, – საქმეში იჭვი არ იყო, რომ ქ ა რ თ ლ ი / ჩ ე მ თ ვ ი ს / უ ნ დ ა / წ ა ე რ თ მ ე ვ ი ნ ა, – და ეს რომ თქვენს მპყრობელობას და მეფობრივს საქმეს ვნება შემოეხოს რამეო. და ამ დროებაში გორის ციხეშიაც კაცნი გამოგზავნა, ორჯელ და სამჯერ ძალით შემოსვლა მოინდომეს, მაგრა ჩემგან იქ დაყენებულმა ციხის მცველებმა ჩემის ბრძანებით არ შეუშვეს; ამისთვის რომ მ. დ. არ ვგონებთ, რომ ბრძანება ჰქონდეს ამისთანას საქმეების მოქმედებისა, და ღუთით ჩემი თავიც ყ~დ მოწყალის იმპერატრიცის და მათის უმაღლესობის ცესარევიჩის უერთგულესი მოსამსახურე მგონია ვიდრე ტოტლებენ ღრაფისა, და ამის გარდა რამდენს კაცებს მიჭერდა, რამდენს თავადებს აქეთ და იქით კაცებს ადევნებდა, და ტყეში ემალებოდნენ ისინი, რომ შიშით ახლოს ვერ მიუდგნენ, და რამდენს თავადების ხარებს იტაცებდა და ართმევდა თავისის ბრძანებით, და რამდენს შესაწუხებელს საქმეებს სოფლებში შვრებოდა, და ვინიცის რამდენს შესაწუხებელს საქმეებს პატიჟობდა იმ სოფლებსა? ჩვენ განათუ ან ჩვენს ქვეყანას ვრიდებთ და ან თვით ჩვენს თავს მ. დ. სამსახურისათვისა, და ჩვენ ჩვენი გასჯა და ჩვენის ქვეყნისა სიხარულადაც მიმაჩნია, მაგრა მე კი ზოგს ქართლში აღარა მკითხარა, და ამისთვის გასინჯოს თ. ბ. თუ ჩვენთვის რა შესაწუხებელი საქმეა; და რამდენაც კაცს უგზავნიდით, და ან კიდევ წიგნსა ვწერდით, რომ სანამდის მ. დ. ბძანება მოვიდეს რამე დამეხსნას და ნუ შფოთავს, ერთმანერთს ფიცით ყ~დ მოწყალის სამსახურზედ შევერთდეთ, და როდესაც იმისის მოხსენებულის და ჩემის მოხსენებულის რეზოლუცია უმაღლესის კარიდამ მოგვივიდოდეს – დაგებით ვყუნეთ; მაგრა იმან ჩემი სიტყვა არათუ მიიღო, არამედ უფროსი მტერობაც გამომიცხადა სიტყვით, საქმით და წერილით. იმას ბძანება აქუს მ. დ. ჩემდამო ბოძებულს წყალობის უკაზში ყ~დ მოწყალის იმპერატრიცისაგან უნდა მტერზედ ჩემთან იყოს ჩემის ჯარის განსაძლიერებელად და განსამტკიცებელად, და შეძლებისაებრ უნდა ვცდილ ვიყავით ოსმალთ მტერობაზედ, და ღრაფი არათუ ოსმალთ მტერობას აჩვენებს, ეს ერთი წელიწადია მოსულა ჩვენს ქვეყანაში, უფროსღა ჩემზედ მტერობას ცდილობს და ჩემის ერთგულის კაცის აკლებასა, დაჭერასა და სიკუდილსა. 

ახლა ესეც იმოქმედა: რადგან ბრძანება ჰქონდა მტერზედ ჩემთან ერთად ყოფნისა და ჩემზედ წყალობად ბოძებულის მ. ი. ჯარისა, – ეს ჯარი მომტაცა და იმერეთად წაიყვანა. ეს დიაღ ნათლად საცნობი არის: არასდროს ხვანთქრის მამულზედ და ჯარზედ ჩვენგან მტერობა არ შეიძლებოდა, მაგრა მ. დ. საფარველის მინდობითა და მათგან წყალობის ჯარისა და ძალისა ბოძებითა, ჩვენ ყოვლის სისრულის შებედვით გაგვიბედავს ხვანთქრის მამულზედ და ჯარზედ მტერობა, და რაოდენ ძალგვედვა ამავდროს არ ვაცადებთ და ნიადაგ ვესავთ ღმერთს, რომ შემდგომადაც არა ვრიდოთ და მ. ი. დ. ბრძანებისაებრ ვეცადნეთ საქმისა წარმართებასა. 

ესეც იუწყოს თ. ბ. რომ იარანალ მაიორს ესეც უქნია: რომელიც ავადმყოფი კაცი ყოფილა, ორასზედ მეტი, ამ ციხეებში დაუგდია, და ჩვენთვისაც მოეწერა იარანალ მაიორს, რომ ჯარი დამიგდია თქვენის ქვეყნის მფარველადაო; და მეორეს წიგნში ამის წინააღმდეგსა მწერს, რომ ყოვლითურთ თქვენს ქვეყანაში ჩემგან შემწეობის მოცემა არ იქნებაო. და რა ჯარი იქნებოდა ორასამდის ავადმყოფის მომვლელი კაცი?! და იქიდამ, ბრძანებასა მწერს, რომ მტერზედ წადიო, რომელიც რომ არ მეჭირვება მე იმისგან მტერზედ მისულის წვევა. შენმა ბრწყინვალებამ იცის, რომ მნახველიც ხარ და გაგონილიც გაქუს, რომ ჩვენი ჯარი ახალციხისა და ყარსის ქვეყანასა სცემს და აოხრებს; არც ახალციხეს აქეთ და არც ყარსს აქეთ სოფლებში შენობა აღარ არის ახალქალაქის, შორაგალისა, აწყურისა და ხერთვისის გარდა, და ესენიც არტილერიით არიან გამაგრებულნი; და ეს რომელიც თ. ბ. მოვსწერეთ საქმემ გვაიძულა, და უეჭველად უწყოდეს თ. ბ. მე ღრაფს ამისთანას მტერობაებს არ დაუთმობდი, ამისთვის ვიცით ღრაფისაგან უსამართლოდ ჩემის და ჩემი ქვეყნის გამწარება მ. ი. დ. ნება არ იქნებოდა, მაგრამ ამისთვის დაუთმე, რომ მათის ყოვლად მოწყალებისა მორიდებითა; და მეორე მიზეზი კიდევ ეს იყო, რომ ჩემს და ღრაფს შუა სხვის სარწმუნოების კაცთა და წარმართთა მაჰმადიანთა ჩემსა და იმის შუა სამდურავი და ავი სახელი არა შეეტყოთ რა, რომელ აწყურით იმის ასე გამოქცევას უფარავდი გარეშემოთა წარმართთა, და რამდენსაც იმასთან დამშვიდებას და შეერთებას ვეცადე, სანამდის უმაღლესის კარიდამ ბძანება მოგვივიდოდა რამე, მაშინაც არ ინება დამშვიდება, და მიმინდვია ჩემი საქმე ღვთისათვის და მ. დ. სახისათვის, და მრწამს, რომ როგორათაც ჩემის წმიდის სარწმუნოებისათვის და ყოვლად მოწყალის დიდებულის რუსეთის მონარხისათვის ჭეშმარიტი ერთგულება მაქუს – იმითი ჩემი საქმე და სამსახური ზოგი ხომ გამოჩნდა და ზოგი უმეტესად გამოჩნდება. 

კიდევ შენმა ბრწყინვალებამ ესეც იუწყოს: მ. დ. რომ ბძანება გვაქუს მეფის სოლომონის და დადიანის შერიგებაზედ ვეცადნეთ თვით ჩვენგანაც უმაღლესს კარს მოხსენდა, ჩვენ კურიელები რომ გავგზავნეთ პეტრებუხს, და რომ ამაზედ ან მე, ან ჩემი ძმა, და ან შვილი წავიდეთ, და რაოდენ შეიძლებოდეს მათს შერიგებას ვეცადნეთ. შენვე მეცნიერი ბრძანდები რამდენს ვეცადე იმათს შერიგებას, მაგრამ მეფემ სოლომონ არ ინება და არც ჩემი სიტყვა მიიღო, და არც დადიანის კაცი ჩემთან გამოუშვა; და თვით დადიანი, მ. ი. დ. ბრძანება რომ მოვიდა შარშან აქეთთა მყოფთა ქრისტიანეთა ზედა, რომ ჩვენ ყოველნი შევერთდეთ და ოსმალთ ვებრძოლოთ, ბრძანებისაებრ ყ~დ მოწყალის იმპერატორისა, დადიანმა მაშინვე ჩვენთან მოსულა მოინდომა, მაგრამ მეფემ სოლომონ გზა არ მისცა, და არც სხუა გზა აქუს, თუ იმერეთზედ და რაჭაზედ არ მოვიდა. ასპინძის გამარჯვების მეოთხეს დღეს დადიანთან ერთი ჩემი კნიაზი გავგზავნე, და ჩემი ჰამბავი და ეს გამარჯვება მივსწერე, და ეგრეთვე მეფეს სოლომონს მივსწერე; დადიანს იმ უკაზის კოპია გაუგზავნე მ. ი. დ., რომელიც ქვიშხეთის ლაგირში ჩვენ და იარანალ მაიორის ერთად ყოფნაში მოგვივიდა, მაგრამ არც ეს გაუშვა სოლომონ მეფემ და იმისმა ძმამ უწმიდესმა, რომლისაც წიგნი თქვენ გინახამსთ თავის ძმას არჩილს რომ სწერს ჩემის კაცის გაუშვებლობას დადიანთან, და ამისთანას საქმეს მოქმედებენ, რომ ჩემზედ მიზეზი ამისთანაებისა სულ არა აქუსთრა; მაგრამ მეფეს სოლომონს გონებაში სხვა რამ აქუს და საქმეებისაგანაც აჩენს, როგორადაც მ. დ. ბძანებული იყო, რომ ჩვენ და იარანალ მაიორს უნდა შემოგვეერთებოდა, და რამდენს ვეხვეწენით ორნივე ჩვენთან ერთად ახალციხეზედ მისულასა, და რაც პასუხი იმისგან მოვიდა ვგონებ ღრაფისაგანაც მოხსენდა უმაღლესს კარსა, და მე ჩემგან მოხსენება მართებული არ მეგონა; და უწმიდესი და იმერეთის კნიაზი რომ სურამს მოვიდა მე მეფის სოლომონის კაი ყმა და მახლობელი სულ ამას მეუბნებოდა, რომ ასე ცოტას კაცს რუსის ჯარს რატომ აჰყევითო, შენგან გვიკვირსო, ხომ იცოდითო ხვანთქრის შეძლებაო, ერთი დიდი ჯარი რომ გამოგისიოსთო, მეტი ხომ არ გინდათო? ისინი ამისთანას ფიქრებში იყუნენ და აღარც მტერზედ მოგუყნენ, და მერმე თეთრის მიუცემლობის სამდურავსაც ამბობდენ, და კიდევ მეფის სოლომონის ჩემზედ ნამოქმედარნი, თუ სხვათა ზედა, კიდევ უმაღლესს კარს ჩემგან მოხსენდება. 

          წელს 1770, იულისის 1. 


32. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინისადმი. 1770 წლის 4 ივლისს. 

პირველ რაოდენისამე დღისა წარმოიგზავნა ჩვენ მიერ კურიელი კნიაზ გრიგორ ხვაბულოვი და აზნაური იაგორ ნათანაილოვი, და ყოველივე ჩვენ მიერ და ღრაფ ტოტლებენისაგან ქმნილი მტერთა ზედა აღლაშქრებისა და ახალციხისა მჴარესა ზედა ბრძოლად წარსვლისა ამბავნი, და მუნითგან ღრაფ ტოტლებენისა, თჳნიერ ერთისაცა საჭიროებისა და თჳნიერ მდევარისა, ლტოლუა და უკუმობრუნება ყოვლის თავის კამანდით, და ჩვენი უშინავეთესსა მტრის ქვეყანასა შინა შესლვა, და შეწევნითა ღთისათა და ბედნიერობითა მ. ი. დ. თუ ვითარი ძლევა ვაჩვენეთ, და მოსწყდენ ყოველნი თავნი და ჩინებულნი ახალციხისა ქვეყანათა და დაღისტნელთა ბელადნი, თავნი და ჩინებულნი კაცნი მუნ მყოფნი – ესე ყოველივე განვაცხადეთ უწინდელსა წიგნსა შინა ჩვენ მიერ მორთმეულსა. 

აწ ამას განვაცხადებთ თქვენისა მაღლის ღრ. ბ. მომართ: ღრაფ იანარალ მაიორმა, ჩამოვლო რა ქართლი უსამართლობითა, მისრულმან დუშეთად, წარიტაცნა ზარბაზანნი, დუშეთის ციხეში კაცნი შეიყვანნა და ჩვენგან დაყენებულნი კაცნი კი გამოჰყარნა, და თჳნიერ შემოკითხჳსა ჩვენისა მბრძანებლობს და რაც ჰნებავს მას ჰყოფს: ჯარი გამოუსივა ანანურითგან არაგვის მოურავს კნიაზ ქაიხოსროს, რომელიც დიდად სამსახურად აღმოჩენილ არს მ. ი. დ. ჯარის გარდმოსვლაზედ სურსათის მიცემით, არტილერიის გარდმოტანით, ზამთრის სიფიცხის გარდაჴდით და მრავლის კაცის ფერჴების დაზრობით, და აგრეთვე მრავლის კაცის დარჩობით, ამიტომ რომ რუსეთის იმპერიას მახლობელი რომელიმე ჩვენის ქვეყნის სამზღურები და გზები მას აბარია; მოურავი სულ აიკლო, და მოურავი გაქცეული ივლტოდა ცოლ-შვილით. მოურავთან ერთი კნიაზი იყო, იესე შალიკოვი, მოურავის აკლებაში ის მოკლეს ჯარის კაცთა, ჩვენი დასაკლისი და მჴედრობაში მრავალჯერ გამოცდილი. 

მრავალჯერ მოვჰსწერეთ ღრაფ ტოტლებენს წიგნი და აქეთ დავიბარეთ, რომ სადაც მ. ი. დ. სამსახურის კეთილ წარსამართებელია იქ დავაყენოთ, მაგრამ არ ინება, ანანურს დგას ესოდენი ხანია და იმის იქ ყოფას ურიგოდ ხედვენ, და ჩვენც ასე გვგონია; კნიაზ რატიევი ჩვენთან რომ მყოფობდა თანმოყოლილის ჯარით, იმ სახით როგორადაც თ. მ. ღ. ბ. კურიელისა გამოგზავნასა ზედა მოვახსენეთ, ესრეთ მეწადდა, რომ რადგან ამ ჯარის ანანურს გაბრუნებას აქაურნი ერნი ურიგოდ დაინახავდენ, იანარალ მაიორი აქ ჩამოსულ იყო ჩვენს სიახლოვეს და ეს რატიევის თანმოყოლილი ჯარი იქ მიგვებარებინა, და თჳთ რატიევი, რადგანაც იმ სახეებით ტოტლებენისაგან არესტ ნაქნარი იყო, თჳთ უმაღლესს კარს წამოსულ იყო, მაგრა იანარალ მაიორმა რომ არ ინება ჩვენს სიახლოვეს მოსლვა და ნიადაგ ამ ჯარსა გვთხოვდა, კნიაზ რატიევი თავისის კამანდით გაუგზავნეთ ნადვორნის სოვეტნიკის კნიაზ მოურავოვის რჩევითა და თვით კნიაზ რატიევის მოწადინებითა. 

ამასაც მოვახსენებ თ. მ. ღ. ბ. რომ იმერეთის მფლობელთა ურთიერთადმი დაგება ებრძანნეს მ. ი. დ. და აგრეთვე თქვენ მოგეწერათ ჩვენთჳს, რომ მათის დაგებისათჳს ვიღვაწოთ და გავისარჯნეთ. ჩვენგან ეს ჭეშმარიტებით მოგხსენდესთ, რომ ყოვლის ჩემის გულსმოდგინებით ამ კეთილს საქმეზედ გავრჯილვარ და გვირჩევნია წიგნით, თუ კაცის გაგზავნით, და აწცა, თუ მოცალება მივიღეთ, მ. ი. დ. უკაზსაც მიუტანთ და გამოუცხადებთ, და რომელითაც სახით შეიძლება მათი ურთიერთის დაგება ყოვლითურთ ცდას არ დავაკლებთ, რომ ურთიერთს დაეგნენ და მათის ჩვენთან შემოერთებით მტერს ვბრძოთ, და თუ ჩვენ უცალო ვიქმნებით, უწმიდესს ჩემს ძმას კათოლიკოს-პატრიარხს, ჩემს ძეს და რამდენთამე ყოვლად სამღვდელოთა და კნიაზთა წარუგზავნით და მათით ვეცდებით, და რასაც იქმენ იგიცა მოგხსენდებათ. 

კვალად ესეცა ეუწყოს თ. მ. ღ. ბ. – უწინარეს ამისა განგვიცხადებიეს საქმე ესე ღრ. ღენერალ მაიორისთჳს და კნ. ანტონ მოურავოვისთჳს, და ვჰგონებ, რომ თ. მ. ღ. ბ. მოხსენებოდეს ეს ამბავი: ნუცალი, რომელიც არის დაღისტანში ერთი უფროსი მებატონე შთამომავლობით, რომელსაც შეუძლია დაღისტანში ბევრის ჯარის შეყრა და კიდეც უსმენენ დაღისტნელნი, ამას, უწინარეს ამისა, ჩემთვის წიგნი მოეწერა, რომ ოსმანთაგან კაცი მოსულოდა და დაეპატიჟნათ ბრძოლად და აღეთქვათ ხაზინა მიცემად, რომელმაც, რადგან ჩვენთან შემორიგებული იყო, ეს ამბავი მყის მაცნობა, და ჩემთჳს რჩევა ეკითხა წასვლისა და შეერთებისა მისთანა და (ან) არ შეერთებისა, და ჩვენ მ. ი. დ. სამსახურის წარსამატებელად მრავლის გარემობით ურჩივეთ არ შეერთება და არ წარსვლა მათთანა, და უქადეთ ჩვენგან ნივთთა მიერ მობადლება და მ. ი. დ. წყალობა აღუთქვით; და შემდგომად ამისა კვალად წიგნი მოეწერა და კაცი გამოეგზავნა, რომლისაც წიგნი მოვართვი თ. მ. ღ. ბ. უწინარესს ამისა, და აწცა თ. მ. ღ. ბ. გვაწვევს მტერთა ბრძოლასა ზედა, რომელიც ღვთითა და ბედნიერებით მ. ი. დ. შევიძელით, ვეცადენით, და კვალად რომლისაცა მიზეზითა დავბრუნდით მოჴსენებულ არს უმაღლესსა კარსა, და უკეთუ აქამომდე ჩვენ და იანარალ მაიორი მტრის ქვეყანაში ვყოფილიყავით, საიჭვოდ არ ვჰგონებდეთ, რომ ბედნიერობით დ. მ. დიდ დიდნი სამსახურნი წარემართებოდენ. ჩვენ, ბრძანებისაებრ თქვენისა, კვალადცა არა ვაცადებთ მტერობად ქვეყანასა ახალციხისა და ყარსისასა, და მარადის მსუბუქს ჯარს ვგზავნით, და რომელსაც მტერობას შეიძლებენ – რბევითა და წარმოტყვევნით მეცადინეობენ. სარწმუნოდ ბრძანდებოდეს თ. მ. ღ. ბ. რომ ჩვენ მიერ უმაღლესსა კარსა და ამა მცირესა დროსა შემდგომად, უკეთუ ბრძანებისაებრ დ. მ. იანარალ მაიორი იმედად ჩვენდა იქმნება და ან კიდევ იმერეთის მფლობელნი ჩვენდამო ერთობასა აჩვენებენ მ. ი. დ. სამსახურისათჳს, და ესეცა მოხსენდეს თ. მ. ღ. ბ. უკეთუ არცა იმერთა მფლობელთა ინებოს ჩვენთანა თავის კამანდით შემოერთება, რომელიც ღვთით ჩვენგან შეიძლება მ. ი. დ. ბედნიერობით თუ როგორ მოვინდომებთ მტერობას ოსმანთა მიმართ, ყოველივე მოჴსენდება უმაღლესსა კარსა, და წარმმართებელი საქმისა ყოვლად ძლიერი ღმერთი არს. 

თ. მ. ღ. ბ. მოგელოცნეს ჩემთჳს უმაღლესნი მოწყალებანი ყოვლად მოწყალისა ჴელმწიფისა იმპერატრიცასნი, რომელიც ებოძნეს წმიდისა მოციქულისა ანდრია პირველ წოდებულისა ორდენი, რომლისთჳს მდაბლისა და განცხრომილისა გულით მმადლობელნი მათსა ყოვლად მოწყალებასა სრულისა მადლობითა ვმადლობთ, და ეგრეთვე გმადლობთ თქვენცა სრულითა ერთგულებითა. 

ხოლო ვინათგან ჩვეულება არს ამისაებრითა ბედნიერ შემთხუჱულებითთა ძლევათა შინა, რათამცა თჳსსა ყოვლად მოწყალესა ჴელმწიფეს მძლენი ნიშანთა ძლევისათა მიართმიდენ, ამისთჳს წარმოივლინა ჩვენ მიერ ტყვენი ბრძოლათა მათ შინა პყრომილნი – ოსმანი ორი და ლეკი ერთი, რომელიც გზის სიშორისთვის კმასაყოფლად აღგვიჩნდა, და აგრევე ბრძოლისა საჭურველნი და დროშანი მათნი, რომელნიც მოერთმის უმაღლესსა კარსა კნიაზ ზაალ ორბელიანის ჴელით, რომელიც თჳთ ბრძოლათა შინა დამსწრე არს და მჴნედ გარჯილ. დასასრულ ამას ვითხოვ თ. მ. ღ. ბ. რომ ჩვენგან მორთმეულისა წიგნებისა, რომლიც კნ. გრიგორი ხვაბულოვისგან და აზნაურის იაგორ ნათანაილოვისაგან მოგერთმისთ, ანუ რომელი აწ მოგართჳთ ამათი პასუხი მალე გვებოძოს, რომ ჩვენი ყოვლად სასურვი მ. ი. დ. ყოვლად მაღალი ბრძანება მტერთა მიმართ ბრძოლა (ისა) არ დაეცადოს ამისგან უფრო. 

          დაიწერა ქალაქსა ტფილისს. იულისის 4 დღესა, წელსა 1770. 


33. წარდგინება მეფის სოლომონისაგან იმპერატრიცას ეკატერინე II-ს. 

მათის იმპ. დიდ-მოწყალებასა განმარტებულსა ფრთესა საზოგადოთ ყ~თა მართლ-მორწმუნეთათვის შეფარებული და ყ~დ განძლიერებულთა და მტერთა ჭეშმარიტებისათა დამამჴობელთა ჴელთა შევრდომით თაყვანის-მცემელი, და მათის ბრძანების და წამისყოფის მადლობით, სიხარულით და თაყვანისცემით სისხლთამდე მიღუწელი და აღმასრულებელი, და მათის ამაღლებულის და კეთილად წარმართებულის როსიის იმპერიასათანა შეერთებულ-აღრაცხილი – სრულიად საიმერეთოს მეფე სოლომონ I ალექსანდრესი ყ~დ მოწყალესა დედასა ქრიატიანეთა ერთასა და ჩვენის სამეფოსა ხსნისა და მაცხოვარებისა მათის უაღ–ბის ჴელმწიფობისა მნებებელსა მრავალგზით თაყვანისცემით მადლობასა და ქებასა შევსწირავთ. 

რა თქვენი დიდ–ის უჴელ–ბის მზისა უბრწ–სი შარავანდედი დაბნელებულსა ქვეყანასა ჩვენსა მოეფინა, სიხარულისა და ბრწ–ბისა პორფირი შემოსა, და მიერიდგან დუმნა მაჰმადიანთა აღზევებულება და საცთურიანი სილაღისა რქა მათი შემუსრა. მანამდის ბრწყ. ღრაფი და ახოვანი მხედართ-მთავარი ძლევა შემოსილის და სამამაცო ზნეობით სრულქმნილის ჯარით იმერეთს ჩამობრძანდებოდა, მინამდის დიდად ვიღვაწე და ც უ ც ხ ვ ა თ ი ს ციხე 1770 წელსა, ხოლო თთვესა მაისსა 15, და ამისა შემდგომად ქ უ თა ი ს ი ს ა ქალაქიცა მიუღე მტერთა მაცხოვრისა ქრისტესთა ბილწთა ოსმანთა, და მათშინა მყოფნი, რომელიც იძულებით გამოვიყვანეთ, რომელთაცა ქრისტიანობა ინებეს, განთავისუფლდენ სრულიად, და რომელთა არა, ვითა მათის დიდ–ბის იმპ–ისა მიერ გვებრძანა ეგრეთ განვაგეთ. და რა ბრწყ. გრაფი იმერეთის ქვეყანას მოიწია უძლეველის ჯარითა, მაშინვე წინ მივეგებენით და ბ ა ღ დ ა დ ი ს ციხეზე მივიყვანეთ; და მისვლასავეთანა ყოველივე მათი ძლიერება შეიმუსრა, და მათის ციხის სიმყარე დაეცა, და მყისვე დავიმორჩილეთ, მარა ბრწყ. ღრაფისა, რომელიცა მათის დიდ–ბის იმპ–ბის უკაზითა გვებრძანა უაღრესად და უწარმატებულესად სახელოვანად გამობრწყინდა და მისი მჴედართ მთავრობისა ძლიერება სახელოვანად წარმოაჩინა. შემდგომად ამისა მივედით ქუთაისის დანაშთენსა ციხესა და მოვადეგით, და შორაპანს ჩემი ჯარი ადრიდგანვე ადგა, და მათი მოუძლურება ვისმინე, წაველ სწრაფად მხოლოდ ჩემის ჯარით და იგიცა დაუყოვნებელად ავიღე, და აწ ქუთაისს ვადგივართ თქვენის დიდ. იმპ. დაცულნი და წარმატებულნი; და ორისა, გინა სამისა დღისა გაძლება არც ამათ ძალუცთ, ხოლო ჩვენ, რომელიცა უყოვლადმოწყალესის ბრძანებით გვებრძანა და გამოგვეცხადა – უჟამიერო და საუკუნო წყალობა, – ვითხოვთ ჩვენის თხემისაგან აღუხდელობასა და მათის უდიდ–ის უჴელმწიფესობისაგან საუკუნოდ დაცულობასა, და მათის დიდ–ბის იმპ–ბის წარმატებისა და ერთგულებისა წ~შე ღ~თისა ფიცით დამამტკიცებელნი და ჴელისმოწერით აღმასრულებელნი უგალობთ და განვადიდებთ მათსა უდიდ–ბით დაცულებასა უჴელმწიფესობისა მათისასა უკუნისამდე. 

          აღიწერა ქალაქსა ქუთაისისასა. 1770 წელსა, ხოლო თთვესა იულისსა 14. 


34. სოლომონ მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინს. 1770 წლის 14 ივლისს. 

ყოვლისა საიმერეთოსა მეფე სოლომონ ალექსანდრესი მოწლითა და აღტყინებულისა გულით საუკუნოსა დაუვიწყებლობასა და ჩვენ შორის სიყვარულისა დღითი დღე უმჯობესად წარმატებულობასა ვითხოვ. რა მათი დ. ი. შარავანდედი მოეფინა წარმართთა მიერ დაბნელებულსა ქვეყანასა ჩვენსა, მიერიდგან განიყარა ნისლი უღთოებისა მათისა და იწყეს აღფხურად ქალაქთა და ციხეთა მათთა, და ვითა ძალგვედვა ვიღვაწეთ მათის ი. დ. ბრძანებითა და შეწევნითა. და მანამ ბრწყინვალე ღრაფი იმერეთს მოვიდოდა ცუცხვათის ციხე ავიღეთ, შორაპანს ჯარი შემოვაყენეთ და ჩვენ ურჩეულესის ჯარითა ქუთაისის ქალაქს მოვადეგით, და ქალაქი ყოველივე, გარდა ციხისა, ავიღევით, და მრავალნი სულნი გამოვიყვანეთ; და რომელთაცა ქრისტიანობა აღირჩივეს – ნება მივეცით და რომელნიმე, ვითა მათი ი. დ. უკაზით გვებრძანა, ეგრეთ ჯეროვნად განვაგეთ. ჯარის ბრწყინვალე მჴედართ მთავარი ღრაფი იმერეთის საზღვარზე მოიწია რჩეულისა და სამჴედრო მეცნიერების წურთილითა და ჴელოვანის ჯარითა, ჩვენ აქედამ მხიარულითა გულითა წინმივეგებენით, განვიზრახეთ და ბაღდადის ციხეს [შემოვადეგით], და მათი ძლიერება და აღზვავებულებისა რქა მალიად შეიმუსრა და ციხისა სიმყარე მყის მოუძლურდა, დაუყოვნებელად და დაუხანებელად აღვიღევით, და, ვითა მათი ი. დ. უკაზით გვებრძანა, მისი მჴედართ მთავრობის სიქველე უმჴნესად და უწარჩინებულესად გამორწყინდა, და განსწავლულის ჯარის სიმხნე-სიამაყემან ოსმანთ განლაღებული გული ცვილებრ დაადნო და მიწისაებრ დაამდაბლა. წამოვედით მუნით ძლევისა გალობისა მეტყველნი და ქუთაისის ქალაქისა დანაშთენსა ციხესა მოვადეგით, და შორაპანს, რომელი ჩემი ჯარის მიერ ადრიდგან მოცულ იყო, გამორჩეულის ჩემის კაცით წაველ და იგიცა მისვლასავე ჩემსა ავიღე. და აწ ქუთაისს ვიმყოფებით მაგრად ციხისა შემოზღუდულნი და მათის ი. დ. ჭეშმარიტის ბრძანების და საუკუნოს აღთქმის მარადმხედველნი, და საუკუნოდ მათის უდიდებ. ხელმწ. განძლიერებისა და ერთგულობისა წინაშე ღვთით ფიცითა მტკიცითა და ხელისწარწერითა ვიდრე სისხლთადმდე მღვწელნი, და განვადიდებთ მათს ყოვლად უმოწყალესობასა უკუნისამდე. 

          აღიწერა ქალაქსა ქუთაისისასა. 1770 წ., ხოლო თთვესა იულისსა 14. 

                                                                    ყოვლისა საიმერეთოსა მეფე 
                                                                                 სოლომონ ალექსანდრესი. 


35. არაგვის მოურავის ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის წერილი მეფე ერეკლეს. 1770 წლის 1 აგვისტოს. 

ჩემს ყოვლად მოწყალეს ჴელმწიფეს მეფეს ქართლის და კახეთისას ირაკლის 
                                                                უმდაბლესად მოვახსენებ. 

თქვენს სიმაღლეს კეთილად მოეხსენება ღრაფი იანარალ მაიორი ტოტლებენი როგორის სახით დამესხა, როგორ ამიკლო ყოვლის ფრით რაცკი მქონდა, და ჩემთან მყოფი თქვენი თავადიშვილი იესე როჭიკაშვილი მომიკლა, და რაც თქვენი წყალობა ან თვალი, ან მარგალიტი, ან ოქრო, ან ვეცხლი, ან სახლის მოფენილობა, ან ტანი, ან ფეხი, და ან ცხენი და იარაღი მქონდა და მყვანდა ჩემის სახლობისა არარაფერი დამრჩომიარა, და ეს ვედრება მაქვს ჴელმწიფესთან, რომ ამისი წამალი დამედვას რამე: რა რომ მათის ი. დ. ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის იმპერატრიცას ბრძანება მოსულა და თქვენის სიმაღლისაგან იმათი ერთგულება გამოცხადებულა, მას აქეთ, თქვენის ბრძანებით, მათი და მათის ი. დ. ჯარის ერთგული და დიდად გარჯილი ვყოფილვარ. 

თქვენის უმაღლესობის უმორჩილესი მოსამსახურე მოურავი არაგვისა ქ ა ი ხ ო ს რ ო / ჩ ო ლ ო ყ ი. 


36. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინს. 1770 წლის 7 აგვისტოს. 

ჩვენგან გამოგზავნილნი კურიელნი მ. ი. დ. უმაღლესს კარს რომ წარმოივლინენ, ვინაჲთგან იანარალ მაიორისაგან ჩემზედ მტერობა გამოცხადებული იყო, მაშინ წერილებითა და საქმითა ზოგი ციხეები წართმეული მქონდა იმისგან და ზოგი მასუკან წამართო, ზარბაზნები დამიმტვრია და რაც წამალი მქონდა ანანურის ციხეში სრულიად გაიტანა ვიდრე ორას ფუთამდე, ამასგარდა იმ ქვეყნის კაცნი თუ სადაც ქართლში მივიდა, თავადები და იმ ქვეყნის კაცნი ზოგნი რომელნიმე დააფიცნა; და იმ ციხეების წართმევის უკან მასუკან გორის ციხესაც მართმევდა, მაგრა, ვინათგან მ. დ. ბრძანება არ ჰქონდა, იმ ოთხი ციხის წართმევა კი დაუთმე, და გორის ციხე კი აღარ დავანებე; თუმცა ის ფიცი და ჩემს ციხეებში მ. დ. ჯარის დადგომა ჩემი სასიამოვნოც იყო და ჩემი სისხლიც მ. ი. დ. სამსახურზედ დასადებლად და სასურველად მაქუს, მაგრამ რადგან ჩემი ერთგულება მ. დ. მიმართ ბრწყინვალედ აღმოჩენილ იყო, ჩემ მეზობელთ წარმართთა ამაზედ რომ ნიშნი მომიგეს და ჩემს ქვეყნის კაცთაც ავათ დაინახეს, – ამისთვის წუხს ჩემი გონება. ამ საქმეებს რომ მოქმედებდა იანალალ მაირი მე კიდევ ჩემი თანამდებობა ეს მეგონა და დიდი წადიერება მქონდა, რადგან ორთავე კურიელები უმაღლესს კარსა გვყვანდა გამოგზავნილი და ჩვენი საქმეები მოჴსენებული გვქონდა, და მ. ი. დ. რასაც გვიბძანებდა, ის სრულიადის დამორჩილებით მიგვეღო, და მანამდის ერთმანერთი ფიცის სიმტკიცით დაგვემტკიცებინა, და ბრძანებისაებრ მ. დ. არ დაიჯერა, არამედ უმეტეს მტერობაც გამომიცხადა, და რომელიც ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის ჩემზედ ჯარი და წყალობა იყო ბოძებული, ისიც მიმტაცა და იმერეთად წაიყვანა. 

კვალად ამასაც მწერს, რომ შენ საქართველოში შეწევნას ვერ მოგცემ და არც მოგეხმარებიო, თუ არ ოსმალთ ქვეყანაშიო. ეს ჩემის ქვეყნის კაცთათვის დიაღ ავი გასაგონია და სასოწარკვეთილებას მისაცემი უიმედობა არის, თუმც ღვთისაგან და ყოვლად მოწყალის ჴელმწ. არათუ სიტყვისაებრ იანარალ მაიორისა მოველით, არამედ უმეტესს მოწყალებასაც ვსასოებთ ღვთისაგან და მ. ი. დ. და იმის სიტყვას უმაღლესი კარი უმჯობესად გასინჯავს. 

და ეს ჭეშმარიტი მოჴსენება არის: თუ დიდებულის რუსეთის ჴელმწ. ჯარისა და ძალისა სასოება არ გვქონდა და ან არა გვქონდეს საბოლოოდ, ჩვენგან ხვანთქრის ჯარისა და ქვეყნების ბრძოლა და მტერობა შეუძლებელ იყო, რადგან ამისთანას შფოთს მიმცა და მომაცდინა ჩემს სასურველ მ. დ. სამსახურს რამდენსამე ხანსა; რაოდენ შეძლება ჰქონდა ჩემს ქვეყნებს ოსმალთ მტერობისა კიდევ ვეცადე, რომლისა თვითმხილველი და გამგონე არის კნიაზ მოურავოვი სოვეტნიკი, და ამ დროსაც ღვთით მზადება გვაქუს ოსმალთ სამტროდ ფრიადის მოსწრაფებით. და რამდენსამე დღეში ყიზლარის კომენდანტის წიგნები მოგვივიდა: დაღესტნელნი ემზადებიანო. თუ ესენი წამოვიდნენ, ჩვენის გასინჯულობით, ან იმერეთზედ წავლენ, ან ახალციხის შესაწევნელად მივლენ და ან ჩვენზედ მოვლენ, და ამ ცოტას ხანობით იმათის საქმის მაყურებელნი ვართ; თუ მოვლენ, შეძლებისაებრ ღვთით იმათს მტერობას ვეცდებით, და თუ არ მოვიდნენ ღვთით დაუყოვნებლად ჩვენ მტერზედ წავალთ. 

თ. მ. ღ. ბ. ეს მოხსენდეს: თუ თანამდები არ შევიქნები ამ გვარის საქმისა ჩემის სვინიდისით, დიდად მეზარება თქვენი თავის წყენა. მ. ი. დ. უბრძანებია, რომ ეს მეორე წელი მიდის აქეთის მჰხრის ქრისტიანენი ჭეშმარიტის შეერთებით შევერთდეთ და ოსმალეთზედ მტერობა და ბრძოლა აღვადგინოთ, და თვით ჩვენზედ ბრძანებულ არის და იანარალ მაიორ ტოტლებენზედ და ნადვორნის სოვეტნიკს კნიაზ მოურავოვზედ, რომ იმერეთის მფლობელნი ამ კეთილს დროს ვეცადნეთ, რომ შევარიგოთ: და შარშანდელთაგან აქამომდე მ. დ. უკაზით ბრძანებისაებრ მრავალჯერა და მრავალგზის ვეცადენით მეფის სოლომონთან, რომ დადიანს შერიგებოდა, და არ ინება მეფემ სოლომონ, მიზეზი ეს იყო, რომ მამულები უნდოდა მეფე სოლომონს დადიანისთვის წასართმევად და ერთმანერთთან სხვა ძველი მტერობაც ჰქონდათ. შარშან, მ. დ. ბრძანების შემდგომად, ჩემთან მოვიდოდა, რომ თავისი ძმა უმაღლესს კარს გამოეგზავნა, მაგრამ რამდენიც ეცადა, გზა არ დაანება და არ გამოუშვა მეფემ სოლომონ ჩემთანა, და არც იმისი კაცი და წიგნი გამოუშვა ჩემთანა. მტრის ქვეყანაში ასპინძას ჩვენგან ოსმალზე და დაღისტნელთზედ გამარჯვების მეოთხეს დღეს დადიანთან ერთი ჩემი კნიაზი გავგზავნე და მ. დ. უკაზის პირიც თან გავატანე, რომელიც ოთხს იმერეთის მფლობელთა თანა მიწერილი იყო, და არც ის გაუშვა; და იმისის ძმის უწმიდესისაგან მიწერილი წიგნი, რომელსაც რომ თავის ძმას არჩილს სწერს, ისიც მოგვირთმევია. და მე გაკვირვებული ვარ ამაზედ, რომ მე მეზობელი ვარ და ჩემი კაცი და წიგნი არ გაუშვა, და ეს მცირე საქმე არის ჩვენდა მომართ, მაგრამ მ. დ. უკაზს როგორ ჰკადრა დაბრუნება! კვალად მე შარშან დადიანისათვის მიმაცემინა და შეურიგდა, ის ჩემგან მოცემული საფიცრის წიგნი რომ მქონდა, მათ შორის მიცემული, ის მრავალჯერ გამიტეხა; დიაღ ფრიადის ვედრებით ვევედრე, რომ ის მშვიდობა იმათ შუა არ დაერღვია, მაგრა სრულიად არა მიეღორა ჩემი სიტყვა. ეს სიმართლით მოხსენება არის: თუ ორნი მიზეზნი არ მაყენებენ, ერთი – ქრისტიანების დაჴოცა და სისხლის დაღვრა და, მეორედ, მ. ი. დ. ბრძანება, რადგან გვაქუს, რომ ოსმალთ უნდა ვებრძოლოთ, და ესოდენს წყალობასაც აღგვითქუამს თვისის ი. დ. უკაზში, და მე რომ ეს ბრძანება გამეშვა და ქრისტიანების სისხლი დამეღვარა და დამეტყუევებინა, – უსვინდისობა მეგონა ჩემგან; ვიცი მ. დ. საწყინო იქნებოდა, თვარამ, როგორც რომ ზეით სიტყვაში მომიხსენებია, მე ამას იმას არ დაუთმომდი. მეფე სოლომონს, განცხადებულია, რომ დადიანი დასაჩაგრავად და წასაჴდენელად უნდა, რომ მაღლის კარიდამ დაჰკარგოს, და რომლისაც თანამდებიც არის – მართლმადიდებელს რუსეთის მონარხის სამსახურის მაგიერად ყოვლად მოწყალეს ჴელმწიფეზედ ორგულად დაარჩინოს, მაგრამ ჩემის ჭეშმარიტის ერთგულობის გაშინჯულობით უმჯობესად ამას ვგონებ, რომ მაღლის კარიდამ დადიანს ყოველთვის სამსახური განთვისებით ებრძანოს – ან ძმა დაიბაროთ იმისი და ან ერთი რჩეული იმისის კნიაზებიდამ, რომ რაც ჭეშმარიტი და სიმართლით მოსახსენებელი რამ ჰქონდეს უმაღლესმა კარმა ყველა მიწევნით მოიხსენოს, და მასუკან ნებისაებრ მ. დ. განეგოს, 

. . . . . . . . . . . . . . არაგვის მოურავი ქაიხოსრო თუ ვითარის სახით აიკლო იანარალ მაირმა, და ან იმის აკლებაში ერთი კნიაზი მოკლა, რომელიცა უწინარეს ამისსა მოვახსენეთ თ. ღ. ბ. რომლისაც მოხსენება წერილით არაგვის მოურავისაგან აწ წარმოგვივლენია უმაღლესსა კარსა და ფრიად მთხოველიცა ვართ თ. მ. ღ. ბ. რომ დიდი გარჯილი და ნამსახურის არის მ. დ. ჯარზედ, და მოიკითხოს მ. დ. იმისი ამ სახით წახდენა, და ვითხოვთ, რომ რაც წაჰჴდენოდეს ისევ მიეცეს. ჩემგან კნიაზ არაგვის მოურავს ქაიხოსროსთან რამდენიმე მიწერილი წიგნები იმის აკლებაში რომ უპოვნია იანარალ მაიორს და უმაღლესს კარს გაუგზავნია, რომლისაც პირები გადაეწერა და ჩემთვის გამოეგზავნა, და ესენი არიან რომელნიც რომ უმაღლესს კარს მიერთმის ჩემგან, და ჩემგან მასვე არაგვის მოურავთან სხვა წიგნებიც იყო მოწერილი ამ წიგნების წინათ და უკან, – ისიც უნდა მოერთმევია იანარალ მაიორს, მაგრამ რადგან მე მემტერება, თავისის გასინჯულობით ცდილობს, რომ ვითომ ერთს სიმტყუვნეზედ დამდვას მე. და ესე გასინჯეთ ესე: როდესაც ღრაფ ტოტლებენი აწყურიდამ იმ სახით ომიდამ გამოგვიბრუნდა მე ყოვლითურთ მ. დ. დამნაშავედ მგონია ჩემის და ჩემის ჯარის მტრის ჴელში მიმცემლად, რადგანაც ღვთით და მ. დ. ბედნიერობით მტრის ქვეყნებში გამარჯვება მოგვეცა, და იმისი არ ვიცოდით – თუ რას იმოქმედებდა, და ჩვენ არაგვის მოურავს მივსწერეთ, რომ ჩვენს უკითხავად არაგვის გზაზედ არავინ გაეშვა, და მისთვის შევანახვინეთ გზა: არც იმისი კაცი და არც სხვა არ გამოვაშვებინეთ – ტყუილი ჰამბავი და ავი არავის წამოეღო, და ოთხს და ხუთს დღეს უკან ბძანება მივეცით, რომ იმისი კაციც გაეშვათ და სხვა მგზავრიც. შოგლუკოვისა რომ სწერია ამავე წიგნში – მართალია გამოქცეულ იყო და ჩვენთან მოვიდა, და ის ფრიადის ვედრებით შემოგვედრებდა, რომ იმისი საქონელი ჩამოგვეტანებინა, და ღრაფი რადგანაც რომ სამტეროდ იყო აღძრული, ამისთვის შოგლუკოვის ბარგის საიდუმლოდ წამოღება მივწერე მოურავს, რომ ჩემს და ღრაფის კაცებსა ჩხუბი არ გამორეოდათ. გვეწადა, რომ თავის საქონლით უმაღლესს კარს გამოგვეგზავნა, ვითაც აღვასრულეთ და გამოვგზავნეთცა. ვჰგონებთ ღვთის მოწყალებით, რომ ამ ჩემს წიგნებს ბრალი არა დაედვის რა. 

          დაიწერა ქალაქსა ტფილისს. აგვისტოს 7 დღესა, 1770 წელსა. 


37. ერეკლე მეფის წერილი თავად ა. რ. მოურავოვს. 1770 წლის 27 აგვისტოს. 

რადგანაც ეს სნეულება გამოჩნდა ჩვენს ქალაქში ტფილისს და თელავს, ვამჯომინეთ, რომ ჩვენის ფამილიით ან ახალგორს, ან დუშეთს და ან მუხრანს დავსდგეთ, და რადგანაც ღრაფი ჩემი და ჩემის ქვეყნის კაცთა ამისთანა განცხადებული მტერი არის, მე ამას ვსთხოვ თ. ბ. თუ ამაზედ გულდაჯერებული ხართ, რომ ის ერთს შფოთს ვერას იკადრებდეს – მე რომ მტერზედ წასული ვიყო, და ჩემი შვილები და კერძოები ამ ზემოწერილს ადგილებში იყუნენ, და ერთი ჩხუბი გადაეკიდებოდესთ ღრაფისაგან, წავალ და ამ ადგილებისაგან ერთერთში დავაყენებ, და მე ღვთით მტერზედ წავალ; და თუ ამ საქმეზედ გულდაჯერებული არა ხართ, წერილით გვაუწყეთ, რომ ისევ იქავ ვიქმნებით, ან ისევ კახეთს ჩავიყვან ჩემს სახლეულთ და ჩემს შეძლებას, და ღვთით მე ისევ მტერზედ წავალ. 

          წელსა 1770, აგვისტოს 27. 


38. ერეკლე მეფის წერილი თავად ა. რ. მორავოვს. 1770 წლის 30 აგვისტოს. 

ღრაფს რომ მოუწერია უფალს პოდპოლკოვნიკს ტუტჩევთან თქვენ იმან მოგწეროსთ, რომ ჩვენ განგიცხადოთ ესრეთ, რომელ ღრაფი ახალციხეს წასულიყო და მე იმას ჯარი გაუგზავნო, თუ არ გაუგზავნო, თავისის ნამოქმედარის საქმეების მსგავსად, მე მ. დ. მიმართ მტრად აღმოვჩნდებოდე, – ამის მაგიერი შენმა ბრწყინვალებამ ეს იუწყოს: თვით მნახავი და გამგონე ბრძანდებით, ჩვენ რომ ახალციხის ქვეყნიდამ მოვბრუნდით ზემოქართლიდამ, თუ ქვემოქართლიდამ და კახეთიდამ რამდენ რიგათ აუსიეთ ჩვენი ჯარები ახალციხესა და ყარსის ქვეყანასა, და რამდენრიგად წარიტყვენა მტრის ქვეყნები, და ან თუ როგორ ჩინებული გამარჯვება მოუხდათ მელიქოვთა ოსმალთა ზედა; და ეგრეთვე სულხავის შვილმან რომ მალვით და გამოპარვით გამოიარა ჯარით კახეთის ბოლოს, უშენს ადგილებში, ახალციხის მისაშველებლად ბორჩალუზედ გაიარეს, იმას ჩვენი თოფჩიბაში თარხანოვი გიორგი, ჩვენგან ბორჩალუში გაგზავნილი, ბორჩალუს ვექილი ბაადრას სულთანი და სხვანი დასხმოდნენ და კმა საყოფელი ძლევა მიიღეს, და მრავალი კაცი მოუკლეს მტერსა, და მრავალი ცხენი და იარაღი დარჩათ. და აგრეთვე თუში მოურავი გავგზავნე თუშეთს ჯარი დაგვებარებინა ჩვენთვის მტრის ქვეყანაში ჩვენთან თანსახლებლად, რადგანაც ჯარს ვყრიდი, და იმათზედ მალვით და ქურდულად მისულიყვნენ სულხავის შვილისაგან ბოძებული ოთხი ათასი კაცი თუშეთს მიხდომოდნენ, მერმე ამ მოსულს ლეკის ჯარს ის ჩვენგან გაგზავნილი ჯარის თავნი, იმ ქვეყნის კაცნი, შებმოდნენ, მრავალი ლეკი მოეკლათ და კლდეზედ ეყარათ და თავნი კაცნიც ამოეწყვიტათ იმ ლეკის ჯარისა და მრავალი ცხენი და იარაღი დარჩომოდათ; თუშთ მოურავმა და იმასთან მყოფთ კაცთა რომ ცხვირები მოგვართვეს – თვით თქვენც მნახავი ხართ. კვალად თ. ბ. ამისი ზედმიწევნით მეცნიერი ბძანდებით, რომ, თუ ჩვენს ქალაქში ან თელავში, და სხვაგან კახეთის რამდენსამე ადგილებში ამ სნეულების მიზეზი არ ყოფილ იყო, და ან აქამდის სულხავის შვილისათვის არ გველოდებინა, უეჭველად ჩვენ ახლა მტრის ქვეყანაში ვიქნებოდით; ამ საქმემ ჩვენი ბევრი საქმეები მოშალა, და ახლაც რაც შეგვიძლია ჩვენ იარანალ მაიორისაგან დაპატიჟება არ გვეჭირება მ. დ. ბძანებისაებრ აღმასრულებელი ვართ მტერზედ მოქმედებისა. 

ესენი რაც მოგვიწერია, თქვენც ხომ მოწამე ხართ, სულ ჭეშმარიტია და კარგად უწყით. აგერ ერთი წელიწადია მოსულა ღრაფი და ბ. დ. ჴ. სამსახური რა გაუკეთებია? ნუ თუ ამას იქადის, რომ რაღაც ორიოდ კოშკი შორაპანისა და ბაღდადისა აიღო, რომელშიაც თხუთმეტ-თხუთმეტი მეომარი კაცი მდგარა? ქუთაისისა და თვით თ. ბ. კეთილად უწყის, რომ მეშველი ორი ჰყვანდა: ასპინძას დაიხოცნეს, – ის ციხეები იმ მიზეზმა აიღო, შიგ საზდო ვეღარ შეიტანეს მეშველის უძალობითა; და სხვა მტრის მამულში იმისგან გაკეთებული მ. დ. სამსახური არა გვინახავს რა. მაღლის ჴელმწიფის ხაზინას უბრალოდ წარაგებს და მ. ი. დ. ჯარსაც უბრალოდ ხოცს და ღალავს, და მე ღვთის მოწყალებით, რომელიც შეძლება მაქვს, მტერზედ წასვლას ვაპირებ როგორც შევიძლებთ. კიდევ მოუწერია ღრაფსა: ქართველთა, თუ პური არ მოსცეს და ურემიო რუსეთის ჯარსაო, როგორც მოღალატეთ სწორედ ისე გარდავახდევინებთო. ამისი პასუხი ეს იუწყოს თ. ბ. – ღრაფს ჩემს ქვეყანაში და ჩემის ქვეყნის კაცთზედ რა საქმე აქვს ან გადასახდევინებლად და ან ავადმოსაპყრობელად?! ჩვენ ბძანება მიგვიცია ქართლში ტუტჩევს რაც ქრცხინვალში ჯარი ჰყავს პური მიჰყიდონ და ან კიდევ რაც სხვა საზრდო იშოვებოდეს ისიც მიჰყიდონ, აგერ ერთი წელიწადია მ. ი. დ. ჯარი ამ ქვეყანაში არის და თუ არ ჩემის ქვეყნიდამ სადიდამ უყიდნია და მოუტანია პური? და იმერეთს რომ გარდავიდნენ და არიან იქაც აქედამ გადაიტანეს პური და ახლაც მიაქვსთ. კიდევ ღრაფს მოუწერია: ლეკებს როგორადაც ჩვეულება აქვსთ ადირბეჯანის და სხვის ქვეყნებში ქურდობისა და რბევისა, და კიდევ ახლა რომ ლეკთ გამოიარეს და ჩვენის ქვეყნის ზიანს ცდილობენ – ვითამ ეს მე მემოქმედებინოს და წამექეზებინოს, რომელიც ეს სიტყვა დიდის სიცილის ღირსი არის; თუ მე სხვა რიგად ბოროტმოქმედი ვიქნები, ჩემის ქვეყნის დასაკლისი და წახდენა მაშინაც არ მენდომება, – ეს ცხადი არის, რომ ჩემი მტერი არის და, მერმე, იმ ქვეყნების საქმეების სრულიად უმეცარია, ამისთვის იწერება იმ გვარებსა. მე ყოვლითურთ ვჭვრეტ მ. დ. ბძანებას, და რაც იქიდამ ბძანება მოვა ჩვენ იმისი მაყურებელი ვართ და იმის მორჩილნი ვართ. 

          წელსა 1770, აგვისტოს 30 დღესა. 


39. სოლომონ მეფის წერილი გრაფ ნ. ი. პანინს. 1770 წლის 19 სექტემბერს. 

რა პირველად მჴედართ მთავარი და უძლეველი ჯარი ჩვენსა ქვეყანასა მოიწია, რაოდენნიმე დღენი დაყუნეს შორაპანის ციხის შემომდგომელთა, დაუტევა ციხე უჯაროდ და წარიყვანა ყოველი ჯარი, და გარდავიდა ქართლად მეფისა ირაკლისად; და მას ზამთარსა არა მცირედნი შფოთნი და ბრძოლანი გარდავიხადენ. რა გაზაფხული მოიწია და ქვეყანა შვენიერებითა აღივსო, წარვიდენ მეფე ირაკლი და ღრაფი ახალციხისა ქალაქისა დასაპყრობელად, და ბრძოლისა ჟამსა ღრაფი საქართველოთ გამობრუნვებულ იყო, და საქართველოს ჯარსა რა ამის გამობრუნება ეცნათ, ფრიად შერყეულიყვნენ და თითქმის სრულიადს დანთქმას მისცემოდენ; მაგრა ღვთისა მრავალსა შეწევნასა დაეფარა და სახელოვანი ბრძოლა აღესრულებინათ. მერეთ ღრაფი, ჯარის და არტილერიისა მომმატებელი, მეორედ მოიწია ჩემადვე ქვეყანად, და ამა უწესოთა მიმოსვლითა მეფე ირაკლი და ჩვენ ძმობისა და ერთსულობისაგან ფრიად განგვყო და განგვაშორა, და რამდენნიმე მიზეზნი და სავნებელნიცა სიტყვანი დასთესნა შორსა ჩვენსა. რა ვისმინე მათი ჩემადვე ქვეყანად მოქცევა, წარმოუძეღ და ბაღდადისა ციხესა მოვადეგით, და დიდი და აღმატებული მძლეობა ვნახე მაშინ არტილერიისა, რომელმან ადრე დაამხო ბაღდადისა ციხისა სიმყარე, და სხვაცა მრავალი განსაძლიერებელი ამბავი მესმინა ღრაფისაგან, რომელი მეტყოდა მიზეზსა პირველისა აქედგან წასვლისასა – ჯარისა სიმცირესა, და მეფისა ირაკლიდამ დაბრუნებასა სიყმილსა აბრალებდა, და სხვასა მრავალსა სახელოვანის აღსრულებასა უთუმცოდ აღმითქმიდა, და ამის ძალით მივეცით დადუმებასა მისის სიტყვისა მრწმუნებელთა და ვერ გამოვაცხადეთ. აწ რადგან ვხედავთ სრულიად ყოველსავე ნათლად, არ ძალგვიც დაფარვად ფიცისა და აღთქმისათვის: აქაური ციხეების ამბავი სრულ იქმნა, რომელი პირველ გამოვაცხადეთ, – ჩვენის ქვეყნის სანაპირო გრანიცებზედ ზღვის პირად ოსმანთ ციხეები არის, და ვაწვიეთ მასზედან მისვლა, და მან არა ინება, და ახალციხის ქალაქი წინა გვიყო, და მუნ განემზადა წასვლად. რადგან აღარ დაიშლებოდა, მეცა განვემზადე ჯარითა ჩემითა და ვაუწყე, და ჴელმწიფის წყალობაცა ვითხოვე ჯარის ჴელისმოსამართავი: არც ჩვენი წასვლა ითნო და არც ჴელისმოსამართავი მოგვცა. და სხვა რაც შეწევნა გვთხოვა ყოველივე განუკაზმეთ და განვუმზადეთ. წარვიდა სწრაფით და, მთაზე ამსვლელი, დაბრუნდა ამაოდ. რა ვყოთ? ჩვენგან ამის დაფარვა არ ეგება. ასე უწესოდ და უსარგებლოდ მიმოკვეთება ამისთანა საკვირველისა ჯარისა დია შესაწუხებელი და საგიობელია, მარა დია თავისუფალი და თავის სიმჴნისა და ჭკუის მინდობილი კაცი ყოფილა, და რა ვყოთ – არა უწყით! ჩვენ ჴელმწიფის ბძანების მორჩილებისათვის ვერაფერი გვიკადრებია, და ეს ასე უწესოდ მიმოიქცევა, რომ ერთი სათქმელი საქმე კეთილად ვერ წარვმართეთ. მე რაც ციხეები ავიღე მათი ყოველივე დროშა, ზარბაზან-ყუმბარანი და ტყვე ყოფილნი რაოდენნიმე კაცნი და ქალნი მათ მივეც, რომ ყოვლად მოწყალის ჴელმწიფის წინაშე ნათლად გამობრწყინდება და მახლობელთა ოსმანთა შიში მიეფინება მეთქი; და ეს ასერიგად იქცევა, რომ უფროსად განაძლიერებს და მჴნე ჰყოფს მტერთა. თუ ურჩეულესი ვინმე გვებოძება სხვა, რომ ჩვენს სიტყვას ვასმენდეთ, და აქაური გზები და მისვლის ამბავი დია ჯეროვნად ვიცით, და მრავალგზის გვინახავს, რომელსაცა ურჩევდეთ დაგვემორჩილებოდეს, და თუ სახელოვანი ძლევა ვერ აღვადგინოთ, ჩვენი სიტყვა უმტკიცო და შეურაცხი ყოფილა. და თუ არაფერს გაგვიგონებს, ჩვენ ყოვლად მოწყალის ჴემწიფის შიშით ვერაფერი გვიწყენია და ბრალეულობისაგან თავისუფლებას ვითხოვთ, და ნება მათის მოწყალებისა იყავნ ყოველსა შინა. 

ერთს ამას ვითხოვ თქვენის ბრწყინვალებისაგან, რომ მოზდოგს მაიორის კამანდაში განწესებულია, სახელად ეფრემ თამაზოვი ჰქვინ, ბრძანება იყოს, – რომ მებოძოს ენის შესაწევნელად, რომ ჩემგან მისის პირით ეუწყებოდესთ ამბავი. 

          სეკდემბერს 19, 1770 წ. 


(გაგრძელება იხ. ნაწილი II) 


მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment