ლექსები შეყვანილია შვიდ ციკლში, რომელთა სათაურებია: „უწინარესს... უფალს“, „ჩვენი საფიქრალი, ჩვენი სამშობლო“, „კავთისხევი“, „დაკვირვებები“, „სურათები“, „შეგონებანი“ და „სხვადასხვა“. წიგნი სულ მალე უნდა გამოვიდეს გაყიდვაში. ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე ნიმუშს კრებულიდან.
ციკლიდან – უწინარესს... უფალს
* * *
ღვთისმშობელო,
შენი მარად მიმზიდველი,
იდუმალი ძალა
გვმფარველობს და შეგვეწევა
შენს წიაღში მყოფთა.
ქვაბთახევის მონასტრისკენ
განვიზრახავთ ოდეს,
გზა ბავშვობის განცდილსა და
ნაოცნებარსა ჰგავს:
დედ-მამა და დები ჩემი,
ახლობლებიც გვერდში
მივყვებოდით გზას ადრიან
კაკლის ხეთა ჩრდილში,
შეგვხაროდა თითოეულს
ათინათი მზისა:
ახლა უკვე ცნობიერად
შენკენ მოგვეწევა.
უსჯულოთა გადამწვარი
მონასტერი მოჩანს,
შიგნით ისევ ამჩნევია
ნამწვი პოხილ მიწას.
ბოლო საყრდენ
და კარიბჭევ, –
სასოების ღვთისავ –
ყოველივეს შემოგწირავთ –
სავედრებელს ჩვენსას.
ვიცით, შენ რომ არ დაგვტოვებ,
უძლურ ვიყოთ თუნდაც.
ციკლიდან – სურათები
ლურჯი მონასტერი
შემოსაზღვრული შენი სივრცე,
ძველი ტაძარი, ქარვისფერ ქვებით
ანაგები, ოქროცურვილი.
ირგვლივ ნაძვები და ზეთისხილის ვერცხლისაფერი,
ვარდი გაშლილი –
მიმზიდველი ტკბილი სურნელი, –
ღია კარიბჭე –
აქ შესვლა ყველას როდი ძალუძს,
აქ არს საუნჯე,
აქ მარადიულს ვერ იგემებ,
თუ არ ითმინე –
თუ არ გაუძელ უმსგავსოებას,
უსახურებას.
აქ დაფარულა საგანძური,
არსი ცხოვრების,
არ გაიხსნება იგი არვისთვის,
თუ არ იმარხე.
აქ გარეგანიც უჩვეულოდ
შიგან გიერთებს.
ლოცვა იღვრება თაფლის წვეთებად,
მარადჭაბუკი ივერის სიტყვებს
ისმენს უფალი...
ციკლიდან – სხვადასხვა
დეკადანსი
მათემატიკურ სიზუსტით დაწერს
დასავლეთელი პოეტი ლექსებს.
და ჩაიღვრება სუფთა მუსიკა
მსმენელის ყურში.
აქ გაოცება დაგვტოვებს სახტად.
ნამზევ, ნაშუქარ ღვთის მადლი არ ჩანს.
მოვლენის ცოდნა და დაკვირვება
ზე აღგიტაცებს, მაგრამ ერთეულს
თუ წააწყდები, რომ იგრძნო შვება,
– რილკე, ვარსკვლავი დილის ცისკრისა
გაუწყებს ახალს.
ტკივილი მათი, ამაღლებული,
ზეციურია.
მათი ნერვების ცახცახი მესმის
ახლოს არიან დიად საზღვართან.
No comments:
Post a Comment