უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანისტიკის განყოფილებაზე ჩემი სწავლის პერიოდში გამოირჩეოდნენ ცნობილი პროფესორ-მასწავლებლები: ოთარ ჯინორია, მიხეილ კვესელავა, ნოდარ კაკაბაძე, რევაზ ყარალაშვილი, ნელი ამაშუკელი, ნათელა ხუციშვილი, აწ განსვენებულნი, და ნაირა გელაშვილი. აღვნიშნავ კიდევ ბატონ გასტონ ბუაჩიძეს, ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრიდან, რადგან იგი ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი გახლდათ და მე მასთან მქონდა კონტაქტი. არ იფიქროთ, მე სხვა პროფესორ-მასწავლებლებს, ვინც დასაფასებელნი არიან, არ ვცემ ახლაც პატივს, უბრალოდ, მათგან მხოლოდ ბატონ მიხეილ კვესელავაზე მსურს ამჯერად საუბარი, როგორც თვითნაბად, გამორჩეულ ადამიანზე, იმ დროს ჭავჭავაძის გამზირზე ღიღინით რომ დაიარებოდა.
ღია ფერის, ძლიერი აღნაგობის, მაგრამ საოცრად თბილი და შინაარსიანი გარეგნობის გახლდათ. მე უფრო ღვინისფერ პერანგებში მახსოვს, შიგა და შიგ ლურჯ ნარევში იმ დროს, როცა ბატონი ნოდარ კაკაბაძე მუდამ ჩაცმულობის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენდა, ქათქათა თეთრ ან ლურჯ-მოცისფრო პერანგებით და გასაოცრად დახვეწილი, ამაღლებული კორექტული ქართული მეტყველებით. ამ ორი მნიშვნელოვანი ფიგურის დამახასიათებელი ნიშნები ერთგვარად ერთმანეთისაგან განმასხვავებელია.
მიხეილ კვესელავა პირველ კურსზე ლიტერატურის პროპედევტიკის საგანს გვიკითხავდა, რომელსაც უნივერსიტეტის V კორპუსის, მესამე სართულზე, საფეხურებიან აუდუტორიაში ვისმენდით დასავლეთ ევროპის სამივე ენის სტუდენტები. იგი ყველას გულს ერთიანად იპყრობდა თავისუფალი, თამამი და ერუდირებული თხრობით. ლექციებში ყველანი ვიღებდით მონაწილეობას ფარულად, რადგან გულგრილად ვერავინ აუვლიდა გვერდს მის მიერ დასმულ საკითხებსა და პასუხებს. საბჭოთა ხანაში ისე ჩვეულებრივ, უბრალოდ და უკომპრომისოდ ლაპარაკი საკაცობრიო, მაღალზნეობრივ საკითხებზე, რასაც ლიტერატურა ასახავს, ადვილი არ იყო და თანაც ისე არღვევდა იმ რკინის ჩარჩოებს, რაშიც იმდროინდელი ლიტერატურული კრიტიკა იყო მოქცეული, რომ მას ვერავინ შეედავებოდა, რაკიღა მის თხრობათა რეცეფცია ლიტერატურის ღრმა შინაარსიდან და არსებიდან ამოდიოდა და მის დანიშნულებამდე მიდიოდა – ჩვენს გულებამდე, წეღან ტყუილად არ ვახსენე – ნამდვილ ცხოვრებასთან გვაკავშირებდა.
გვიხატავდა ჯოჯოხეთისა და სამოთხის სურათებს დიდი მწერლებისა და პოეტების, ხელოვანთა ნაწარმოებების მიხედვით: დანტე, შექსპირი, გოლსუორსი, გოეთესა და თომას მანის ფაუსტი, დოსტოევსკი, ბალზაკი, ჰიუგო და მრავალი სხვა, მოჰქონდა გასარჩევად და ჩვენთან სასაუბროდ. გვაკავშირებინებდა თემებს ქართულ ლიტერატურასთან და არ არსებობდა ლექცია, არ წაეკითხა გალაქტიონის საოცარი სტრიქონები, რომლებთანაც უფრო დაახლოებას, შეგრძნებას, განცდას, შეზიარებას გვასწავლიდა, ვიდრე მის ამოხსნას, თუმცა ესეც არ იყო გამორიცხული. მას მოჰყავდა ამ სტრიქონებთან უამრავი პარალელები მსოფლიო გენიოსების ქმნილებებიდან და ჩვენს თვალწინვე იშვა მისი დიდტანიანი, მისეული წიგნი გალაქტიონზე „პოეტური ინტეგრალები“. მივყავდით მუსიკისა და პოეზიის მისადგომებთან, რომელიც მშვენიერებას აღგვაქმევინებს ზნეობრიობის დაცვით.
ჩვენში აღვიძებდა საკუთარ, კეთილგანწყობით დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, ლიტერატურის სახით, დღეს მე ამის თქმა მინდა. იგი იყო ფართო გაგებით მასწავლებელი, მოძღვარი და მეგობარი ჩვენი. იგი იყო ცოცხალი ლეგენდა თავისი ნიჭისა და სიყვარულის გულწრფელად და ბუნებრივად მფრქვეველი, ყოველგვარი მიუკარებლობისა და განდიდების გარეშე.
მახსოვს მისი საღამო, თბილი და უბრალო, რომელიც ხელოვნების სახლში ჩატარდა სოლოლაკში. მაშინ მე და ჩემმა მეგობარმა კუს ტბაზე, ადრიანი გაზაფხული იყო, ენძელების, თეთრი და ლურჯი ყვავილების დიდი თაიგული შევკონეთ და მას მივართვით. აქ იყვნენ მომღერლები, მისი დამფასებელი ლიტერატორები, სტუდენტები. ჩვენ ყველა მისი სიყვარულით ვიყავით იქ მოსულნი და ეს ყველაფერი ძალზე ბუნებრივი იყო, ისეთი ბუნებრივი, როგორც უბრალოებითა და სილამაზით გამოირჩევა თავად ბუნებრიობა, რომელიც მან თავისი თავმდაბლობითა და ნამდვილი მოკრძალებით გვიჩვენა.
იგი გვასწავლიდა ლიტერატურულ ნაწარმოებთან მისვლას და იქიდან გამოსვლას და ეს ბოლო სიტყვები შემთხვევით არ მომიყვანია, იგი ლიტერატურულ ცნობილ, საყვარელ გმირებს გვახვედრებდა, თუნდაც ასე გვეტყოდა, ახლა რომ გახვალთ ლექციიდან, ვის შეხვდებით და ვის გაესაუბრებით იმაზე, რაც თქვენ საიდუმლოებად და საინტერესოდ მიგაჩნიათო. გმირებს ლიტერატურულ სამსჯავროს უწყობდა. ეს ჯოჯოხეთის პერსონაჟიაო, იტყოდა. უცბად მოგვიბრუნდებოდა და გვეკითხებოდა: წარმოგიდგენიათ ჯოჯოხეთი: ვაკუუმი. ყინული და ცეცხლი ერთად. ცალი ფეხი რომ გაგეყინება, ცალი ფეხი გეწვება და მის გასაგრილებლად ისევ ყინულზე ხტები და ასე მუდმივ, შეუსვენებლად. იქ სხვა ადგილი არ არისო. ვის უნდა უნდოდეს ამ სამუდამო სატანჯველში ყოფნაო.
თემებს ერთმანეთთან ასოციაციურად აკავშირებდა. მოულოდნელად მოგვაბრუნებდა ცხოვრებასთან. მეორე მსოფლიო ომის მაგალითი ხშირად მოჰყავდა, რამეთუ იგი გახლდათ მისი მონაწილე და ნიურნბერგის პროცესის დამსწრეც, როგორც ერთ-ერთი სწავლული, მივლინებული საბჭოთა კავშირიდან ოქმების ჩასაწერად.
ძნელი იყო იმ საშინელი აუტანლობის წარმოდგენა, რასაც იგი გვიყვებოდა კრემატორიუმებსა და საკონცენტრაციო ბანაკებზე.
დიახ! იგი ფართოდ გვიხატავდა ლიტერატურის საგანს – ასახოს ცხოვრება – და მის ბუნებრივ დანიშნულებასთან ერთად მშვენიერების შეგრძნებასაც.
– აბა, რას იზმთ, ახლა რომ გითხრან, ეს ბოლო დღეა თქვენს ცხოვრებაშიო, სად წახვალთ, ვის ნახავთ, რას ნახავთო, – მოდით და ნუ ვიფიქრებდით სასრულზე! უყვარდა ინდივიდუალური დამოკიდებულების მქონე სტუდენტები, მოგვწონდა თუ არ მოგვწონდა და რატომ: დასაბუთება, მსჯელობა, ფიქრი, აზრები – უნდოდა ჩვენში გაეღვიძებინა.
მიმდინარე კულტურულ ცხოვრებასაც გვაკავშირებდა: თეატრი – კავკასიური ცარცის წრე – ბრეხტისეული თეატრის გაგება.
გვიკითხავდა იმ ხანად გამოჩენილ გურამ პეტრიაშვილის ნაწერებს და ა. შ.
* * *
იგი, ვისაც მივყავდით ლიტერატურულ სამსჯავროზე, ერთხელაც და თვითონ გახდა საბჭოთა პერიოდში განხილვის საგანი – თავისი „პოეტური ინტეგრალებით“.
უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში, სცენაზე მთლიანად გაეშალათ გრძელი მაგიდა, რომელიც მუდამ ქრისტეს საიდუმლო სერობის ტრაპეზს მახსენებს.
ხანში შესულ, ოთხკუთხა ფორმებისა და შტამპებით მოლაპარაკე ისტმატის კათედრა და კიდევ რამდენიმე ლიტერატორი განიხილავდა და სრულიად მიუღებლად თვლიდა ამ წიგნს. მათ არაფერი არ უთქვამთ ამ წიგნის ფასეულობაზე, ზოგმა ლაფსუსებზე ილაპარაკა და ცხადია უმთავრესად იდეოლოგიაზე.
მგონი მას შემდეგ ინივერსიტეტში ვეღარც იარა. მე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იავადა, მალევე გარდაიცვალა. დიდუბეში დაკძალეს, რასაც მე დიდი გულისწყვეტითა და საოცარი ამოუხსნელი სიჩუმით ვესწრებოდი, მაგრამ მისდამი სიყვარული ამოუხსნელი არ დამრჩენია.
ნუთუ ბევრი გვყავს ასეთი მოამაგე ადამიანები? არა, გვყავს კიდეც, მაგრამ იგი იმ დროისათვის განუმეორებელი გახლდათ, რომელიც დაჯილდოვებული იყო დიდი ნიჭით, საოცარი სისადავით, უბრალოებით, სიყვარულის გაცემით.
მე მის პორტრეტს ჩემს მეხსიერებაში ღვისნისფერ ფერში ვხედავ:
გვაფხიზლებდა ზნეობისკენ მომავალ სწავლულ თაობას,
გვაყვარებდა ლიტერატურას, ქართულ ლიტერატურას.
მან დაარღვია საბჭოთა ლიტერატურის კრიტიკის ჩარჩოები თავისი მოღვაწეობით, ხოლო მაშინდელი მისი ვერდამფასებელნი, სამწუხაროდ, დღესაც ვერ ზიარებულან შინაგანად იმ მორალურ თვისებებს, რასაც ზედაპირულადაც კი ვეღარ ქადაგებენ.
P. S. ჩვენში ცნობილი ფსევდო კულტურს მოღვაწენი გულისწყვეტით ტირიან, ნიანგის ცრემლებსა ღვრიან, ამ ხანად გერმანისტიკა მოკვდაო. აბა კარგად შეკრიბეთ და დააფასეთ იმათი ნაშრომები, ვისთვისაც ყურადღება არ მიგიქცევიათ. მოიყვანეთ ყველაფერი სისტემაში და ნახავთ, რომ მისი დამანგრეველ-დამაქცევლები თვითონ ხართ და რას მსახიობობთ ყალბად. ყალბ მოთამაშეს სცენაზე ყველა ამჩნევს. ფრთხილად!
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი
No comments:
Post a Comment