Tuesday, November 17, 2020

ვალიკო ჯუღელი – მძიმე ჯვარი (სახალხოგვარდიელის ჩანაწერები), ტფილისი,1920 წ.

(ე. პ. გეგეჭკორის წინასიტყვაობით) 


(ნაწილი IV) 




15 მარტი 1919 წ. ტფილისი. დილის 9 სთ. 

ახლახანს დავბრუნდი ახალციხიდან, და გერასიმემ საშინელი ამბავი გადმომცა: ანდრეიკა, პატარა, დიდებული ანდრეიკა მენინგიტით დასნეულდა! მე კიდევ არ მჯერა ეს საშინელი ამბავი. უბედურების შემთხვევაში არა მარტო საოცარი ბავშვი დაიღუპება, არამედ შეიძლება დაიღუპოს რევოლუციის უმსხვილესი, შეუცვლელი მოღვაწე – ნოე... ეს საშიშია, ეს საშინელია!.. ნოეს მარტო დასწრება (იქ ყოფნა) აწყობდა და ათანაბრებდა ჩვენს რიგებს. იგი ჩვენი საზოგადოების ცენტრი გახლდათ. მის გარეშე კი ცენტრიდანული ძალები დაიწყებენ მორევას... მაგრამ მე მჯერა ბედნიერი დასასრულის და მინდა მჯეროდეს. 


16 მარტი 1919 წ. ტფილისი. ღამე. 

გუშინ მთელ დღეს საშინელი, მტანჯველი განწყობა მქონდა. საყვარელი ანდრეიკას საბედისწერო ავადმყოფობამ სრულიად მომშალა... დავკარგე ენერგია, სიხარული, რწმენა. უბედურების შემთხვევაში – ნოე შეიძლება წავიდეს. ეს წასვლა მე მაშინებს, გულგატეხილობასა და სევდაში მძირავს. მძიმე ღრუბლები ეშვება და სინათლეები ჰქრება... ნოეს წასვლა ახლა ჩვენი მუშაობის დაშლისა და ჩვენი რევოლუციური ერთიანობის მოშლის თანატოლია. ნოე ყოველთვის იყო ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, ჩვენი ამაყი დროშა და თუ ეს დროშა თუნდაც დროებით დაეშვება – ბევრი რამ უკანმოუბრუნებლად დაიღუპება... განსაკუთრებით ახლა, ამ კრიტიკულ და საპასუხისმგებლო წუთში! ნოეს წასვლა ბევრში მოკლავს ენერგიას და დააბნელებს (დააღონებს) რწმენას... რომ შეიძლებოდეს აღესრულოს სასწაული და პატარა ანდრეიკა გამოჯანმრთელდეს! როგორი დიდი სიხარული იქნებოდა, როგორი აღტაცება!.. ამ სასწაულისთვის ჩემი სიცოცხლის რამდენიმე წელსა და მთელ ჩემ ენერგიას მივცემდი. მე მინდა ამ სასწაულისა მჯეროდეს... თუ არ იქნება სასწაული, თითქმის ყველაფერი ინგრევა და ჩვენი იმედებიც დაიღუპება... და ამ შემთხვევაში მეც ასევე წავალ ყოველგვარი მუშაობისაგან. უბრალოდ ჩემთან წავალ, განზე ცხოვრებისგან, რევოლუციისგან, ბრძოლისაგან. ზოგიერთს კი ჩემი ძალაუფლების მოყვარულობისა ეშინია!.. ერთხელ თვით მოხუცმა სილვამაც კი იფიქრა, რომ მე ძალაუფლებისკენ მივისწრაფვი. მას რომ წაეკითხა დღევანდელი წერილი, რომელიც მე რომელიღაც დამოუკიდებელმა სოციალ-დემოკრატმა გამომიგზავნა, მაშინ მას უფრო შეეშინდებოდა ჩემი ძალაუფლების-მოყვარულობის გამო. წერილის ავტორი მთავაზობდა მოვახდინო სახელმწიფო გადატრიალება, დავეყრდნობი რა გვარდიასა და მის სიყვარულს!.. უბედური! ამ ავტორმა რომ იცოდეს, როგორ მამძიმებს მე თვით ის ძალაუფლებაც, რომელიც გამაჩნია, და როგორი კმაყოფილებით ვიტყოდი უარს ყოველგვარ ძალაუფლებაზე... და ჩვენი გვარდიაც არასოდეს სცემდა თაყვანს ავტორიტეტებს! ამაშია მისი უდიდესი მნიშვნელობა... მაგრამ ჩვენი მდგომარეობა ძალზედ მძიმეა და ჩვენ გვჭირდება ორგანიზებული ხელისუფლება და ამ ხელისუფლების სათავეში საჭიროა ნოე. მაგრამ ვიცი, რომ თვითონ ნოეს არ უნდა ეს ხელისუფლება და რომ მას ამძიმებს იგი. მაგრამ იგი მსხვერპლს უნდა სწირავდეს... 

დიახ, ჩვენ ძალზედ მძიმედ გვიხდება ყოფნა. არ ვიცი, გამოვალთ კი საკუთარი ძალებით ყველა სიძნელიდან. ან კიდევ ვარიაგების (უცხო ძალის – ი. ხ.) მოწოდება მოგვიწევს?! 


18 მარტი 1919 წ. ტფილისი. დილა. 

სული ვერ მაქვს მშვიდად და საგანგაშო განწყობა მეუფლება... უცნაური ფიქრები დახეტიალობენ თავში, და უეცრად სრულიად შემთხვევით ვიწყებ ფიქრს ცხოვრების სილამაზეებსა და სიყვარულზე. მე სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ „ჩვენი დრო სიყვარულის დრო არ არის“. ახლა ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს, იგი მთლიანად უნდა განკარგავდეს საკუთარ თავს, სიყვარული კი მხოლოდ ხელებს გიბოჭავს, ფრთხილად, შეიძლება გაუბედავადაც კი გაქცევს... მე მგონია, რომ ახლა სიყვარული მხოლოდ ფრთებს გართმევს... და ამისი მეშინია... როცა მუდმივი საფრთხის, შენს თავზე მრისხანედ აღმართული მახვილის ქვეშ ცხოვრობ, ძლიერდება და მტკიცდება სურვილი, რომ ეს საფრთხე მხოლოდ შენ გეხებოდეს, რომ მახვილი მხოლოდ შენს თავს შეიძლება დაატყდეს, არავის რომ არ შეეხოს... ესაა ჩემი რწმენა! და როცა ძლიერდება ეს რწმენა, სიყვარული იწყებს კვდომას... იწყება სიყვარულის შეგნებული მოკვლა! და ასეთი მკვლელობები ჩემთვის კარგადაა ცნობილი... ზოგჯერ უცნაურ გაორებას განიცდი, შეურიგებელ სულიერ უთანხმოებასა და რაღაცნაირ დიდ სევდას უკანმოუბრუნებლად დაღუპვისკენ მიმართულის ან უკვე დაღუპულის გამო... ზოგჯერ ისე მინდა მოვკვდე... ზოგჯერ სიყვარულზე მეტად სიკვდილი მინდა!.. განსაკუთრებით ახლა, დიდი ნოეს ამ დიდ უბედურებასთან დაკავშირებით... მაგრამ წუხელ საყვარელ პატარა ბიჭს კარგად ეძინა. შეიძლება, პატარა ანდრეიკა ადგეს და თავისი მამაც გამოაცოცხლოს... გუშინ ნოეს პრემიერობაზე უარის თქმა უნდოდა. მან ამის შესახებ წერილიც კი დაწერა. ეს უარის თქმა იყო ძალიან მოკლე, მაგრამ ტრაგიკული... იგი მადლობას იხდიდა მის მიმართ ნდობის დიდი პატივის გამო და უმატებდა: „იმედი მაქვს, მაპატიებთ ჩემი ძალების ამ მოულოდნელ დასუსტებას“... 


23 მარტს 1919 წ. ქავახლუხა. საღამო. 

მე ისევ პოზიციაზე ვარ. ისევ წვიმს, ჭყაპია და სევდა მზის გამო... ახლა არმიის სარდლის გედევენოვისგან მივიღეთ ტელეგრამა არმიისა და გვარდიის ნაწილებით ჩვენი ფრონტის გაძლიერების შესახებ... მოუთმენლად ველი საერთო შეტევას. იგი ბრძოლისკენ მიილტვის... რიტორიკის გარეშე!.. 

გუშინ ბოროტმოქმედმა ძუკუ თურქიამ საწყალი, სახელოვანი კოწია ნარაკიძე მოკლა და მიიმალა. მკვლელობა სოხუმში მოხდა. ეს დამნაშავე უნდა დავაპატიმროთ და დავხვრიტოთ... 

გუშინწინ ჩვენ განგაშიანი დღე და საშინელი საღამო გადავიტანეთ: ფოთიდან ლომთათიძის ბატალიონი გამოემგზავრა და საშინელ ქარიშხალში მოხვდა... ჩვენ ვფიქრობდით, რომ ბატალიონი დაიღუპა, მაგრამ რაღაცნაირი სასწაულით ბატალიონი გადარჩა და ფოთში დაბრუნდა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაიხრჩო. ჩვენი ჯავშნოსანი ავტომობილი ზღვაში ჩავარდა... ამ ქარიშხლიანი ღამის მანძილზე ფოთის მახლობლად სამი გემი დაიღუპა... 


26 მარტი 1919 წ. ბზიფის ზემოწელისკენ. 

გუშინ ჩვენს მარცხენა ფლანგს ვათვალიერებდი: ზღვიდან ხიდამდე. დღეს გავემართეთ მარჯვენა ფლანგის დასაზვერად, მაგრამ ციებ-ცხელება მომერია. ფეხები მეკეცება, წინ მოძრაობა არ შემიძლია და უკანაც ძნელად ვბრუნდები... საზიზღრად ვარ... 


29 მარტი 1919 წ. კალდახვარი. ღამე. 

დიდი დღეა! ასე ამბობს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ვანიჩკა... დღეს დენიკინის ტელეგრამის ტექსტი გადმოგვცეს: იგი თანახმაა გაწმინდოს გაგრისა და სოჭის ოკრუგები და დაგვიბრუნოს ჩვენ მთელი მიტაცებული ქონება. მსხვილი, უსისხლო გამარჯვებაა! დღეს უკვე დაგვიბრუნეს რამდენიმე ათეული ცხენი, რომლებიც სოჭში მოხალისეებმა წაგვართვეს. ყველა ცხენი გამუნიანდა და საშინლად გახდა... დღეს ჩვენ მოხალისეთა ჯარისკაცები და ოფიცრები ვნახეთ. ვისაუბრეთ ჯარისჯაცებთან. ყველა ისინი თავიანთი ბედის გამო ჩივიან და თავისიანებს ლანძღვავენ... 


31 მარტი 1919 წ. კალდახვარი. დილა. 

ამინდი საბოლოოდ გულს მიწყალებს, თუმცა კი უკვე მასთან შეჩვევა დავიწყე. მალე ორი თვე გახდება, რაც ლაშქრობაში ვართ, და თითქმის სულ მუდამ გადაუღებლად წვიმა გვასხამს!.. 

მოხალისეებმა დღე-დღეზე უნდა გაწმინდონ გაგრის ოკრუგი. აშკარაა, წასვლის წინ მათ უნდათ საბოლოოდ გაყვლიფონ მოსახლეობა! გუშინ იმ ნაპირიდან ჩვენთან დელეგაცია მოვიდა, რომელმაც გადმოგვცა, რომ კაზაკებმა ისინი სრულებით გაძარცვეს... 

ჩვენ საშინლად მოგვბეზრდა ამ საზიზღარ მიყრუებაში ჯდომა, გვინდა ან ბრძოლა, ან კიდევ ტფილისში დაბრუნება. ტფილისში ხომ ასე ბევრი სამუშაო გვაქვს! ჩვენი შიდა ფრონტი მთელი ძალებით უნდა განვამტკიცოთ. აუცილებელია ფართო აღმშენებლობითი მუშაობის დაწყება. და რაც მთავარია – გადაჭრით უნდა მოვახდინოთ ბურჟუაზიის შენჯღრევა! ჩვენ ძალიან ველოლიავებით მას. 

საყვარელი ანდრეიკა სულ უფრო და უფრო უარესადაა... იღუპება ბიჭი... და მასთან ერთად სუსტდება ჩვენი დიდი ნოეც... და ჩვენ ყველანი ვგრძნობთ, რომ ვობლდებით. 


3 აპრილი 1919 წ. სოხუმი. 

უკვე სამი დღეა სოხუმში შესანიშნავი, ბრწყინვალე ამინდი დგას. სოხუმის ამინდი! და გაზაფხულის მზის მოალერსე სხივების ქვეშ ვივიწყებ გასული დღეების ყველა გაჭირვებას... და როგორ კარგად არის შექმნილი ადამიანი: იგი ადვილად ივიწყებს წარსულის ყველა ტანჯვას, თუ აწმყო მას სიხარულს ჩუქნის!.. მაგრამ წარსული დღეების ყველა უბედურება რომ შენარჩუნებულიყო ადამიანში, მის გარშემო სქელი, ყრუ, სასტიკი სასჯელი წარმოიქმნებოდა, რომელიც ადამიანს ცოცხლად დამარხავდა... 

უკვე მესამე დღეა სოხუმში ვარ. ჩემთან ჩემი ვანიჩკა და პატარა, მამაცი სიმონი არიან. მაგრამ სოხუმში უფრო მოწყენილად და ცუდად ვარ, ვიდრე ფრონტზე. აქ როგორღაც სული ვერ არის დაკმაყოფილებული და შეშფოთებულია... 

მოხალისეებმა ჯერ მაინც არ გაწმინდეს გაგრა. და მე მგონია, რომ ბრძოლის გარეშე აქ არაფერი გამოვა. რაც უფრო მალე იქნება ბრძოლა, მით უკეთესია. 

აფხაზური სახალხო საბჭო დუნედ მუშაობს... ჩვენი ფრაქცია საბჭოში მოიკოჭლებს. ოთხივე ფეხით! 


4 აპრილი 1919 წ. კავაქლუხა. დღის 3 საათი. 

პატარა ანდრეიკა მოკვდა... სასწაული არ არის, მაგრამ არის საშინელი, ტრაგიკული ტკივილი... მძიმე გამოუსწორებელი დარტყმაა... 


6 აპრილი 1919 წ. მწვერვალი თოთრუქი. შუადღე. 

დილით ადრე მე, ალექსანდრე, ვანიჩკა, გიორგი, სევასტი, ალექსანდრე გეგეჭკორი და ბრძენი ფარნა დაზვერვაში წამოვედით. გადავდივართ მაღალ მთებზე. აქედან შესანიშნავი ხედია ბზიფის მარჯვენა ნაპირსა და ზღვაზე. აქ კარგია. ძალიან კარგი. განწყობა მხნეა, მწვერვალური. 


6 აპრილი 1919 წ. საღამო. 

გადავიარეთ რა მთები, ჩვენ ბზიფთან დავეშვით ძველ ციხე-სიმაგრესთან. ბუნება აქ უმდიდრესია, ტყეები დიდებული. ძალიან ბევრი მსხვილი ბზაა. ახლა ჩვენ აფხაზ მწყემსებთან ვისვენებთ. მწყემსები თბილები და ძალიან სტუმართმოყვარენი არიან. გადასვლა მძიმე იყო, მომქანცველი, და ჩვენც მგლის მადა გვაქვს. 

მთებში ბევრი საოცარი ყვავილი იყო და ძველი თოვლი... 


9 აპრილი 1919 წ. შუადღე. 

ჩვენ ისევ იმავე მწყემსებთან ვართ. ადრეული დილიდან დაზვერვაში გავედით და ბზიფის ნაპირებს ვიკვლევთ მომავალში მათზე გასვლისათვის... 

ეს გაუთავებელი დგომა ერთ ადგილას უკვე ყელში ამოგვივიდა. გუშინ ევგენის ველაპარაკეთ, მაგრამ მან გარკვეული ვერაფერი გვითხრა. ჩვენ მასთან შევთანხმდით, რომ კიდევ 12 აპრილამდე დაველოდებით. ეს ჩვენი ბოლო ვადაა! ჩვენ უფრო მეტად გაბედულები ვიქნებოდით, ინგლისელების აქ ყოფნა რომ არა. გუშინ მე და სოსომ პოლკოვნიკი უაითი ვნახეთ. იგი ძალზედ შეურაცხყოფილია ხმებით ჩვენი შეტევის შესახებ და დაჟინებით გვთხოვდა ეს არ გავაკეთოთ. როგორც ჩანს, მოხალისეებს ჩვენი ძალიან ეშინიათ. მათ ჭკუა უნდა ვასწავლოთ! ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა. და ჩვენ ყველანი ბრძოლისაკენ მივისწრაფით... 

ამინდი საოცარია. ადგილმდებარეობა მომაჯადოვებელი... მწყემსები გემრიელ საჭმელს გვიმზადებენ. მე განზე გავდივარ და შეუდარებელ თაგორს ვკითხულობ!!! კოცონთან პატარა მწყემსი ბიჭი ფუსფუსებს. ასეთ ლამაზ ბიჭს დიდი ხანია არ შევხვედრივარ და ჩუმად ვტკბები მისი ყურებით. 


8 აპრილი 1919 წ. საღამო. 

ჩვენ ძველ ციხე-სიმაგრეში ვართ მდინარე ბზიფთან. ძალიან, ძალიან ძველი ციხე-სიმაგრეა. ოდესღაც აქაც ასევე იყო ომები და ადამიანები ერთმანეთს ანადგურებდნენ. ახლა აქ ჩვენ ვომობთ. და გამარჯვებულებიც აქ ჩვენ ვიქნებით!.. 


12 აპრილი 1919 წ. ქალდახვარა. 

წვიმიანი დილაა. განწყობა მძიმეა, მტანჯველი. თითქოს ვინმე ახლობელი და ძვირფასი მოგვკვდომოდეს... და მოკვდა კი დაჯერებულობა, რომ მოგვიწევს დენიკინურ რეაქციასათან შერკინება! დღეს 12 აპრილია. უკანასკნელი ვადა, შეტევა კი მაინც არ არის! გუშინ ტფილისს ველაპარაკეთ. სწორედ გუშინ უნდა მიგვეღო საბოლოო პასუხი მთავრობისაგან, მაგრამ გუშინ მხოლოდ ვითხრეს: „ჯერჯერობით შეტევაზე გადასვლა არ შეიძლება“. ჩვენ კი ისე ვიყავით დარწმუნებული, რომ სხვა პასუხს მივიღებდით. გვჯეროდა, რომ გვეტყვიან: „მიდით, გადადით შეტევაზე და მდინარე ბზიფიც გადალახეთ“. მაგრამ ეს ჩვენთვის არ უთქვამთ. მხოლოდ გვიბრძანეს დაველოდოთ. და ჩვენც ზღვასთან ამინდს ველოდებით! გატეხილი გულითა და ჩამოშვებული ცხვირით... და მთელი გვარდია ხომ ასე არის აღსავსე ბრძოლის სურვილით. თავისი დარტყმის მიყენებისა! ახლა ყველაზე უფრო შესაფერისი დროა... და სწორედ იმ დროს, როცა ბოლშევიკები დენიკინელებს სასტიკად ამარცხებენ, როცა ადლერის რაიონში გლეხები იარაღით ხელში აჯანყდნენ მოხალისეთა წინააღმდეგ, ჩვენ ნებას არ გვაძლვენ რომ ბრძოლაში გადავეშვათ... და იქმნება მძიმე, ცრუ მდგომარეობა. ჩვენ ზედმეტად ბევრს ველოლიავებით მოხალისეებს. რევოლუციის ამ უბოროტეს მტრებს, დემოკრატიული რუსეთის ამ ჯალათებს! და მე არ შემიძლია ამ ჩვენი სიფრთხილის გაგება, მთელი ამ ჩვენი ცერემონიებისა. განა არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენ უფრო ადვილად არ ვწყვეტდით ომს ბოლშევიკებთან, სომხებთან და თათრებთან?! და ბოლშევიკებზე მე ყოველთვის მძიმე გულითა და მგლოვიარე განწყობით მივდიოდი. მაგრამ რევოლუციისათვის ეს ყველაზე უფრო ნაკლები ბოროტება გახლდათ. და გულის ჭმუნვით მე დარტყმებს ვაყენებდი ბოლშევიკებს... სომხებთან ომი სრულებით არ მინდოდა და მე სომხებთან შეთანხმების მხარეზე ვიდექი, თუნდაც დათმობების ფასად. მაგრამ სომეხი პოლიტიკოსები ვერაგები აღმოჩნდნენ და ჩვენც ისევ მოგვიხდა მახვილისათვის წაგვევლო ხელი. მაგრამ თვით ჩვენი წარმატებების ქარიშხალშიც კი წუხდა სული... შემდეგ იფეთქა უკანასკნელმა ომმა თათრებთან. და მე აქ შეთანხმებისა და დათმობების მხარეს ვიდექი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები ჩემზე უფრო გადამჭრელნი აღმოჩნდნენ და ისინი უკვე არდაგანისაკენ მიიწევენ. მე ამას წმინდა წყლის იმპერიალიზმად მივიჩნევ, და ჩემს სოციალისტურ სინდისს რცხვენია ამის გამო... მაგრამ დენიკინს კი ჩვენ რატომღაც ცერემონიები უნდა გავუმართოთ და ველოლიავოთ!.. მე ამის გაგება სრულებით არ შემიძლია, და ვიცი, რომ ეს ლოლიავი სიკეთებდე ვერ მიგვიყვანს... მოხალისეებთან ბრძოლაში არც არანაირი შინაგანი უთანხმოება გვექნება და არც არანაირი სევდა. იქნება მხოლოდ შეუკავებელი სწრაფვა და დაუძლეველი სურვილი რომ მტერი დამავარცხოთ და მას ბოლო მოვუღოთ!.. და ორგანიზებულ ბოლშევიკებთანაც ხომ ოდესმე მოვიწევს ჩვენ შეჯახება. და რაც უფრო მალე, რაც უფრო გადაჭრით დავარყამთ დენიკინს, მით უფრო ახლოს შეიქნებიან ჩვენდამი ბოლშევიკები, მით უფრო მალე გაგვიგებენ ისინი ჩვენ და მით უფრო გადაჭრით თავსაც დაგვანებებენ... მოხალისეობის საფლავზე ჩვენ შეიძლება ბოლშევიკებს შევურიგდეთ... 

მაგრამ კინაღამ დამავიწყდა ინგლისი. იგი ხომ ჩვენ ყელში გვეჩხირება... 


13 აპრილი 1919 წ. ქალდახვარა. 

დღეს, მგონი, ბათუმის დაცემის სამწუხარო წლისთავია. როგორი საშინელი, სასაფლავე განწყობა იყო მაშინ. გუშინაც უკეთ არ ვყოფილვარ. მაგრამ დღეს ისევ მხნედ და მხიარულადაც კი ვარ: ვიწყებ ჩვენი შეტევის დაჯერებას!.. გუშინ საღამოს არმიის სარდალს გედევანოვს ველაპარაკეთ გენერალ ტომსონთან მისი შეხვედრის შემდეგ. ამ ინგლისელმა გენერალმა თქვა: „გენერლისა და ინგლისური სარდლობის წარმომადგენლის სიტყვას გაძლევთ, რომ ქართველები ინგლისელთა თანხმობის გარეშე არ უნდა გადავიდნენ მდინარე ბზიფზე. ამას მძიმე შედეგები მოჰყვება საქართველოსათვის. მე უკანასკნელი ვადა ორმოცდარვა საათი მივეცი დენიკინს. თუ ამ დროის მანძილზე იგი არ დაიხევს მდინარე მეხადირის იქით – საქართველოს შეუძლია იმოქმედოს თავისუფლად“... ბოლოს და ბოლოს, სასურველი პასუხი მოვისმინეთ! თუ 15 აპრილამდე დღის 12 საათამდე მოხალისეები თვითონ არ წავლენ, ჩვენ ისინი კინწის კვრით უნდა გავყაროთ! და ჩვენ ამას აუცუილებლად გავაკეთებთ. მოხალისეთა ზურგში აჯანყება ფართოვდება. დენიკინი 1500-კაციან რაზმს გზავნის ამ აჯანყების ჩასაქრობად... საზღაურის გაღებისა და შურისძიების დრო ახლოვდება!.. ახლა სოხუმში მივემგზავრები – ჯიბოს სამთო საჭაპანე ოცეულის დასახვედრად. ეს საქართველოს რესპუბლიკის პირველი საჭაპანე ოცეულია. ჩვენთან მოდის ასევე ჯავშანმატარებელი „ინტერნაციონალი“ და კიდევ რაღაც. 


15 აპრილი 1919 წ. ქალდახვარა. დღის 3 საათი. 

დღეს გადმოგვცეს ბრძანება ბზიფზე გადასვლის შესახებ. როგორც იქნა! ახლა ყველაფერი უნდა გადაწყდეს. განწყობა შესანიშნავია... 


16 აპრილი 1919 წ. ქალდახვარა. დილა. 

ხვალ გამთენიისას საერთო შეტევაზე გადავდივართ. წილი ნაყარია!.. საერთო-რუსეთის რეაქციასთან ნამდვილი, სასურველი ბრძოლა იწყება. ბევრ იმედს ვამყარებთ ამ დასაწყებ ბრძოლაზე, ბევრ მომავალ კაშკაშა სიხარულს... ჩვენ უნდა დაგვეწყო ეს ბრძოლა და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ მასში. ან დავიღუპოთ!.. სხვა გამოსავალი არ არის. და უკვე არც უკანდახევის გზებია. ამ ბრძოლამ შეიძლება ჩვენ რევოლუციურ რუსეთთან დაგვაახლოვოს, რომლისგანაც მოგვწყვიტეს და რომელსაც ჩვენ შემდეგ თვითონაც მოვწყდით... ჩვენს მთავრობას რომ მოხალისეებთან ეს ბრძოლა არ გადაეწყვიტა, დღეს რომ შეტევაზე ბრძანება არ მიგვეღო – მე მინდოდა ყველაფერი მიმეტოვებია, მინდოდა ყოველგვარ მუშაობაზე ხელი ამეღო. მაგრამ ახლა კარგია: რევოლუციისა და სოცილიზმისათვის ბრძოლაში შეიძლება აღტაცებით მოკვდე! გუშინ მე ასევე ვუთხარი ნაწილების მეთაურებს: „იცოდეთ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ან მოვკვდეთ. მესამე არ არის!“ და ვიცოდი, რომ ყველა მეთანხმებოდა. 

ჩვენმა მთავრობამ, გადაწყვიტა რა ომი, ბოლო სიტყვა ჩვენ მოგვცა. მან გვითხრა: ინგლისელები ომის წინააღმდეგ არიან, თქვენი ფრონტისათვის რეზერვები ჩვენ არა გვყავს და ამ პირობებში იძლევით თუ არა თქვენ გამარჯვების გარანტიას. ჩვენ ვუპასუხეთ: „თქვენთან ერთად ჩვენ ვიძლევით ამ გარანტიას. მაგრამ ჩვენი ფრონტი მთავარი ფრონტი უნდა გახდეს, ახალციხის ფრონტი კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას ლიკვიდირებული. მაგრამ ერთ გარანტიას კი ჩვენ უპირობოდ ვიძლევით: გამარჯვება ან სიკვდილი“... 

პოლკოვნიკი უაითი გაგრაში უკვე არ არის. იგი პოლკოვნიკმა ფაინსმა შეცვალა. ამ პოლკოვნიკმა გუშინ ჩვენ ორიგინალური წერილი გამოგვიგზავნა: „თქვენს მიერ მდინარე ბზიფის გადმოლახვის შემთხვევაში, იმედი მაქვს, თქვენი ჯარები არ დაუწყებენ სროლას ჩვენს პიკეტებს“. დიახ, სწორედ ასე გვწერდა ინგლისელი პოლკოვნიკი ფაინსი... 

ამინდი საზიზღარია – ნისლი და ჭყაპი. ეს ცოტათი გვაღიზიანებს. მაგრამ ჩვენი შეტევისათვის ეს, შესაძლოა, უკეთესიცაა. 

ჩვენ სამი კოლონით ვუტევთ. მარჯვენა კოლონის უფროსად შეუდარებელი პოლკოვნიკი კარგარეთელია დანიშნული, მარცხენასი კი – ბრწყინვალე ხიმშიევი. უკიდურეს მარჯვენა ფლანგზე ღრმა შემოვლაში ჩვენი სახელოვანი საგანგებო ბატალიონია გაშვებული უშიშარი სიმონ ხუხუნაიშვილის მეთაურობით. მისგან უფრო მარცხნივ მიდის მამაცი გიორგი ლომთათიძე, შემდეგ კი ყველა ჩვენი მამაცი და ძვირფასი მეომარი: მიქაძე, ბოლქვაძე, ჩაჩიბაია და ბევრი, ბევრი სხვაც... მე ყველა ისინი მიყვარს და მჯერა მათი. მე და ალექსანდრე, როგორც ყოველთვის, ერთად ვიქნებით. ჩვენთანვე იქნებიან ჩვენი იაკობი, აუღელვებელი ვანიჩკა და მამაცი ლეონიდე... 

ხვალ ამ დროისათვის უკვე ბევრი რამ იქნება ნათელი, გადაწყვეტილი... შესაძლოა, ბევრნი უკვე მკვდრებიც იყვნენ... 

მე მჯერა გამარჯვების და ვისწრაფი მისკენ. 


17 აპრილი 1919 წ. ქალდახვარა. ღამის 2 საათი. 

შტაბი, გამოღვიძებული, უკვე დგება. ალექსანდრემ ჩვენ ყველანი ზედმეტად ადრე გაგვაღვიძა. მას ხომ ღამ-ღამობით თითქმის არ სძინავს!.. განწყობა ყველას მხნე გვაქვს, კაშკაშა, აყვავებული. „როგორც აღდგომის წინ“. თქვა ჩემმა ვანიჩკამ. მე სრულიად კარგი განწყობა მაქვს. ჯერ ერთი, იმიტომ, გუშინ მთელ დღეს გაძლიერებით ვმუშაობდი და არაფერი მიჭამია, მეორეც, იმიტომ, რომ ამინდი უმჯობესდება და, ბოლოს, მესამეც, ეს მთავარია, დღეს ჩვენ შეტევაზე გადავდივართ... 

ჩვენი ფლანგები თითქმის უკვე გადავიდნენ მდინარე ბზიფზე. რამდენადმე დააგვიანა მარჯვენა ფლანგმა, მაგრამ გუშინ იქ ჩვენი ბორანი მოწყდა და ჩვენც სახიფათო იმპროვიზაციის მოწყობა მოგვიხდა: აღელვებული მდინარის ზემოთ ფოლადის ბაგირი გავჭიმეთ, ბლოკებით ბაგირზე ყუთი ჩამოვკიდეთ და ამ ყუთით გვარდიელები გადაგვყავდა. ყუთით გადაყვანამ მთელი კუნთები მომიქანცა! მე და ალექსანდრემ მთელ დღეს ამ გადასაყვანის მოწყობას მოვუნდით. და შტაბში დაბრუნება ღამით მოგვიწია. ღამე ბნელი იყო, გზა თითქმის გაუვალი და ტალახიანი. გვიხდებოდა ოთხით გვეცოცა და უგონოდ დავიღალეთ. ალექსანდრემ კი, ნახევრად ხუმრობით, ნახევრად გაბრაზებით თქვა: „ჰო, გოლოვინზე სიარული გაცილებით უფრო ადვილია“... 

ჩვენი ბიჭები კარგად და ბევრს მუშაობდნენ. ყველას შეგნებული ჰქონდა შესასრულებელი სამუშაოს საჭიროება. 

უკუნეთ ღამეს, ვბრუნდებოდი რა შტაბში, ბზიფის ნაპირზე შევხვდი ილიკოს... იგი არ დაელოდა თავისი დაჭრილი ხელის მკურნალობის დასრულებას და ჩვენსკენ იჩქარა. ამან მე შემძრა და გამახარა. მე იგი მიყვარს როგორც ძმა და ამხანაგი... 

გენერალმა ტომსონმა გვთხოვა ჩვენი გამოსვლის შესახებ პოლკოვნიკი ფაინსი გაგვეფრთხილებია. ჩვენ იგი უკვე გავაფრთხილეთ. ჩვენ უკვე მის ნაპირზე ვართ... 

რამდენიმე საათის შემდეგ იქუხებს ბრძოლა. გაუმარჯოს ბრძოლასა და გამარჯვებას! 

განწყობა მხნე მაქვს, თანაბარი და სრულიად მშვიდი. რწმენა გამარჯვებისა. 


17 აპრილი 1919 წ. იმ ნაპირზე. დილის 7 საათი. 

ჩვენ უკვე სამი ვერსი გავიარეთ. წინ ჯერჯერობით ბრძოლის გარეშე მივიწევთ, მაგრამ ნელა, სიფრთხილის დაცვით. ცხენოსანი დივიზიონი მქუხარე ბზიფზე ცურვით გადავიდა. დაიხრჩვენ: ერთი მხედარი და რამდენიმე ცხენი. ხიდთან მოხალისეთა ორი ოფიცერი ჩვენს მხარეს გადმოვიდა. ისინი ხიდს იცავდნენ და ჩვენ გვითვალთვალებდნენ. ინგლისურმა ყარაულმა ხიდზე სამხედრო პატივის მოგებით გაგვატარა. ინგლისელებმა თავიანთი დროშა ააფრიალეს და გულმოდგინედ სამხედრო სალამს გვაძლევდნენ. ხიდზე იყო ლეიტენანტი ნორმანი. იგი ძალზედ აღელვებული და ცოტათი დარცხვენილიც გახლდათ... პოლკოვნიკი ფაინსი ტელეფონით გაგრიდან მელაპარაკა. მან გადმომცა, რომ ჩვენმა ჯარებმა ინგლისური პიკეტების გავლით გამოიარეს და მთხოვა ისინი მდინარის მარცხენა ნაპირზე დამებრუნებია. მე გადავეცი, რომ ეს შეუძლებელია და დავამშვიდე იგი, ვუთხარი რა, რომ ჩვენი ჯარები ინგლისელებს ხელს არ ახლებენ... სახალხო-გვარდიელები ინგლისელთა სიახლოვეს მწყობრი, დაუსრულებელი რიგებით გადიოდნენ და, როგორც ჩანს, ინგლისელებმაც ჩვენი ძალები ირწმუნეს... 

მოწიააღმდეგე კი მაინც არსად ჩანს. არ ვიცი, სად შევხვდებით მას. ყოველ შემთხვევაში, მან უკვე კარგი პოზიციები ჩვენ ჩაგვაბარა... 


17 აპრილი 1919 წლისა. მამული კოლხიდა. დილის 11 სთ. 

მოწინააღმდეგემ დილის 9 საათისათვის იშვიათი საარტილერიო სროლა დაგვიწყო. მასთან ჯერჯერობით ერთი ქვემეხი მუშაობს. მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევები დუნედ მუშაობენ. ჩვენ უკვე გვყავდა ტყვე მოხალისეები და აქა-იქ მოკლულ დენიკნელ ოფიცრებსაც წავაწყდი... 

ახლა ჩვენს ბატარეებს ვაყენებთ. სამეთვალყურეო პუნქტიდან მოჩანს გაგრა, მე ვიცი, რომ გაგრა უკვე ჩვენს ხელშია. 

დღე შესანიშნავია. განწყობა ფუფუნებიანი. 

კარგია!.. 


17 აპრილი 1919 წ. 4 ვერსი გაგრის ჩრდილოეთით. დღის 4 საათი. 

დღის 2 საათზე გიორგი ლომთათიძის მე-3 ბატალიონმა გაგრა დაიკავა. ჩვენ ბევრი ტყვე წამოვიყვანეთ, წამოვიღეთ რამდენიმე ტყვიამფრქვევი და სამხედრო ნადავლი. მოწინააღმდეგე სრულებით დამარცხებულია და დაჩქარებით გარბის. ჩვენ თითქმის არა გვაქვს დანაკარგები. მოსახლეობა გაბრწყინებული სახეებით გვხვდება. დემოკრატია ზეიმობს! საგანგებო ბატალიონი, აშკარაა, ღრმად შევიდა მთებში და ჯერჯერობით არსად ჩანს... 

ჩვენ ენერგიულად ვდევნით გაქცეულ მტერს, მაგრამ ყველანი საშინლად დავიღალეთ, და ფეხებიც სამსახურზე უარს გვეუბნებიან... 


18 აპრილი 1919 წ. გაგრა. ღამე. 

დღეს, დილის 9 საათზე, ჩვენმა ცხენოსანთა დივიზიონმა მდინარე მეხადირის ხაზი გასროლის გარეშე დაიკავა... მოწინააღმდეგე დაჩქარებით გაქცევას განაგრძობს, რომელსაც ჩვენი ცხენოსანი დივიზიონი სდევნის და აჯანყებული მოსახლეობა – მწვანე არმია კი ცეცხლს უშენს. მაგრამ ეს არმია ცუდად იბრძოდა, სხვანაირად ვერც ერთი მოხალისე ხელიდან ვერ წაგვივიდოდა! უკანასკნელი წინააღმდეგობა მწვანეარმიელებმა მოხალისეებს მდინარე მზიმთაზე გაუწიეს. ჩვენ შეგვატყობინეს, რომ მწვანეარმიელებმა მზიმთაზე ხიდი აყარეს და მოხალისეები შეაყოვნეს. ჩვენ ცხენოსანი დივიზიონით იქითკენ გავვარდით, მაგრამ უკვე გვიან იყო. მოხალისეებმა მწვანეარმიელების სუსტი თავდაცვა გაარღვიეს და სოჭში წავიდნენ. მხოლოდ ბაგრატიონ-მუხრანსკის ცხენოსანმა რაზმმა მოახერხა ადლერის ბორანთან მოხალისეთა უკანასკნელ პარტიას დასწეოდა და მოხალისეთაგან ბევრს აღარ ეწერა მდინარის მარჯვენა ნაპირზე მოხვედრილიყო!.. ტფილისიდან ჩვენ კატეგორიულად გვიბრძანეს მდინარე მეხადირზე არ გადავსულიყავით. ჩვენ მოგვიხდა მზიმთას ნაპირებიდან დაბრუნება. მეხადირზე ჩვენი დაბრუნების გამო გლეხები ძალზედ დათრგუნულები იყვნენ. 

ჩვენ დაახლოებით 500 ტყვე და პარტახტიანი ტიფით სნეულთა მთელი ლაზარეთი წამოვიყვანეთ. ესა მოხალისეთა მძიმე მემკვიდრეობაა! ლაზარეთი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში გახლდათ. პარაზიტები ავადმყოფებს პირდაპირ სჭამდნენ! ჩვენ ბევრი ძალისხმევის გამოყენება მოგვიწევს, რათა ლაზარეთი გავწმინდოთ და სნეულები გადავარჩინოთ... 

ტყვეებს შორის – უმრავლესობა ოფიცრებია. ესაა – კავკასიის ოფიცერთა პოლკის ნარჩენები! მე უკეთესი აზრისა გახლდით ოფიცერთა პოლკების ბრძოლისუნარიანობაზე, მაგრამ ისინი ყოველგვარ ბანდაზე უფრო უარესად იბრძოდნენ... 

ამინდი საოცარია, დამამშვიდებელი... 


20 აპრილი 1919 წ. გაგრა. დილა. 

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომაა! ნათელი მზიანი დღე! ნათელი, მშვიდი განწყობა...

გასულ წელს მწუხარე აღდგომა აღვნიშნეთ ნატანების ტალახიან პოზიციებზე. მაშინ ჩვენ დამარცხებულნი ვიყავით, და განწყობაც მომაკვდინებელი გვქონდა. დღე საზიზღარი იყო, წვიმიანი და თითქმის არავინ გაგვიხსენა ჩვენ ნატანების პოზიციებზე! და თითქმის არ იყო რწმენა... დიახ – ის იყო სევდიანი, მძიმე აღდგომა!.. ახლა უკვე ისე აღარ არის, რწმენა გაძლიერდა და ჩვენც გაძლიერებულნი ვართ... მართალია, ეს საბოლოო გამარჯვება არ არის, მას ჯერ არაფერი გადაუწყვეტია, მაგრამ გვიჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვამარცხებდეთ და ადვილადაც ვამარცხებდეთ მოხალისეებს! – ეს კი ძალიან ბევრია... 

ასეთი სუფთა, კარგი, სასიხარულო ლაშქრობა ჩვენ არ გვქონია. ყველას დიდებულად ეჭირა თავი, არანაირი ექსცესები და არანაირი მაროდიორობა არ ყოფილა. მე ზნეობრივად სრულებით დაკმაყოფილებული ვარ, და ეს ჩემს ნათელ სიხარულს მიმრავლებს... 


20 აპრილი 1919 წ. გაგრა. საღამო. 

აღდგომამ ჩაიარა. მთელ დღეს ჩვენ ვმუშაობდით. ადრიანი დილიდან დაზვერვაზე გავემართეთ და მხოლოდ ახლახანს დავბრუნდით. მე ძალზედ კმაყოფილი ვარ ჩვენი მგზავრობით. ყველგან მომაჯადოვებელი სილამაზე და დიდებული პოზიციებია! დაზვერვიდან სადილზე მოვხვდით მე-2 საველე ბატარეაში. თბილოდა და კარგად ვიყავით... 

დღეს დიდი ნოესაგან მივიღე მოსალოცი ტელეგრამა. ამ ტელეგრამამ ჩვენ ყველანი გაგვახარა: ეს ნიშნავს, რომ ნოეს კვლავ აინტერესებს საზოგადოებრივი საქმეები, ესე იგი, იგი ისევ თავის პოსტზეა! ეს მე ფრთებს მასხამს და ახალ იმედს მაძლევს... 

საწყალი, საყვარელი ანდრეიკა. 


21 აპრილი 1919 წ. შუადღე. მთებში. 

ჩვენ შემოგარენების გამოსაკვლევად გამოვედით: სოსო, კარგარეთელი, ჩვენი ფარნა, მოხუცი მწყემსი ჯარნაზ არქანია და მე. ახლა ჩვენ ჯარნაზთან ვართ სტუმრად, და მწყემსებიც უხვ საუზმეს გვიმზადებენ. მოხუცი ჯარნაზი ტიპიური და ძალზედ დამახასიათებელი მწყემსია. მან შესანიშნავად იცის მთის ყველა ბილიკი და ძალიან მდიდარია. ბრძენი ფარნა ციკოლია მას არ ჰგავს. იგი საკმაოდ ღარიბია, მაგრამ ბუნებით ძალზედ ჭკვიანი და თავისებური. მას ძალიან უყვარს წაფილოსოფოსება... ახლა პოლკოვნიკი კარგარეთელი გვიყვება ეპიზოდებს წარსული დიდი ომიდან. კარგარეთელი – ჩვენი საერთო სიმპათიაა. დასანანია, რომ იგი არ არის სახალხო გვარდიაში... 

მოწინააღმდეგის შესახებ ჯერჯერობით ისევ არაფერი ისმის. აშკარაა, იგი ჩვენი დარტყმით გაოგნებულია და ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულა... მე ვფიქრობ, რომ მალე იგი რეზერვებს მოიზიდავს და ჩვენზე მოწოლას დაიწყებს. ჩვენის მხრივ ახალი ძალები მოგვყავს და საპასუხო დარტყმისათვის ვემზადებით... 

ჩვენს გვარდიელებს თავი შესანიშნავად უჭირავთ. 


24 აპრილი 1919 წ. დილა. 

ჩვენთან ყველგან სიმშვიდეა... არდაგანის ავანტიურა ჩემში აღელვებას იწყებს... 


25 აპრილი 1919 წელი. გაგრა. საღამო. 

განწყობა მძიმეა, მოღრუბლული. მთელ დღეს კი კარგად იყო. დღეს ჩვენი პოზიციის გაძლიერებული, მძიმე დაზვერვა მოვახდინეთ. ცხენზე ამხედრებულებმა სამთო, საზიზღარი გზებით 40 ვერსი გავიარეთ და მთელ ამ დროს კარგი განწყობა მქონდა სულში... მაგრამ აქ ჩამოსვლისას ილიკოს წერილი გადმომცეს დედის ავადმყოფობის შესახებ. დედაჩემი მე მძიმედ სნეულად დავტოვე, ვინაიდან ფრონტზე ვიჩქაროდი. ილიკო მთხოვს სოხუმში ჩავიდე. მე ახლა ველაპარაკე სოხუმს და გადმომცეს, რომ დედა ძალიან ავადაა, მაგრამ არა უიმედოდ... სამწუხაროდ, სოხუმში გამგზავრება არ შემიძლია... საყვარელო დედავ, მალე გამოჯანმრთელდი... 

მთებშივე საღამოს პირას ცხენოსანი დივიზიონის მხედართა ზოგიერთი უმსგავსოების შესახებ შემატყობინეს. ამან კიდევ უფრო მომშალა (გული მატკინა). 


3 მაისი 1919 წ. წიწვოვანი ტყეების სიმაღლეზე. საღამო. 

დღის პირველ საათზე ჩვენი კოლონა გაგრიდან გამოვიდა სომხური მთიანი დასახლებების განიარაღებისათვის. არ მინდოდა ახალი ძალადობა და ახალი ბრძოლა, მაგრამ ყველა საშუალება ამოიწურა და მოთმინების ფიალაც აივსო; სახელოვანმა ხაჩატურმაც კი ვერ გვიშველა. სომეხმა ავანტიურისტებმა იგი კინაღამ მოკლეს და ჩვენ გვიხდება იარაღს მივმართოთ. და უცნაური, დანაშაულებრივი რამაა! ეს სომხები სულ ჩვენს წინააღმდეგ მიდიან: მაშინ ბოლშევიკებთან ერთად, ახლა დენიკინელებთან! და ჩვენ მათ ჭკუა უნდა ვასწავლოთ... 

გვიხდება ციცაბო მაღალ მთებში ვიაროთ. მთელი დღე მთაზე ავდიოდით, წვიმის ქვეშ. და ახლაც ძლიერი წვიმა მოდის. ჩვენ უკვე თხემზე ვართ და ღამის გასათევად ვლაგდებით. დიდი კოცონი გავაჩაღეთ, საცოდავი ქოხი მოვაწყეთ და სველ ტანსაცმელს ვიშრობთ. ახლა ჩემთან აქ ალექსანდრე, ვანიჩკა ლოლუა და სიმონ ხუხუნაიშვილი არიან. წვიმისა და ჭყაპის მიუხედავად, განწყობა მხნე გვაქვს, კარგი. ჩვენ კოცონს უზარმაზარ მორებს ვუკეთებთ, მხიარულად ვიცინით და ამინდს ვლანძღავთ... 

დილით ჩვენთვის ღირებული რაფიელის სიკვდილის შესახებ შევიტყე. დიდი დანაკარგია... 

ირგვლივ კოცონები ანთია. ბევრი კოცონი! და მაღლა აზიდულ წიწვოვანი ტყეს, მთის კოცონებით განათებულს, უძრავად სძინავს... 

გვარდიელები კოცონებთან შეიკრიბნენ. ისინი მხიარულად და უდარდელად ლაყბობენ და ასევე თავიანთ ტანსაცმელს იშრობენ. არავინ ფიქრობს ხვალინდელ სისხლიან შეტაკებებზე... 

ჩვენთან ერთად მოდის და ფირა. მთელ დღეს იგი შესანიშნავად მოდიოდა და გვარდილებს არ ჩამორჩებოდა... 


4 მაისი 1919 წ. იქვე. დილის 5 საათი. 

მთებში ცივი, უძილო ღამე გავატარეთ. უკვე აღარ წვიმს. ძველი ტყე ჩუმად იღვიძებს და დილის წკრიალა ხმებით ივსება... ახლა ოვაზე გავდივართ. 


4 მაისი 1919 წ. დილის 11 საათი. 


ჩვენ უკვე ოვას (აჩმარდას) თავზე ვართ. ჩემი ილიკო მარჯვნიდან შემოვლაზე წავიდა და ჩვენც სოფლის ფლანგში მის გამოჩენას ველოდებით. ჩვენს მარცხენა ფლანგზე ტყვიამფრქვევებისა და თოფების ძლიერი სროლა იყო. ის უკვე მიჩუმდა. ჩვენი კოლონის უფროსი პატარა, მაგრამ მოხერხებული სიმონი გახლავთ. ხოლო მთელ მარჯვენა კოლონას კი ჩვენი სახელოვანი გიორგი ხიმშიევი ხელმძღვანელობს. 

დღეს ჩვენ ამჩარდა და ქრისტოფოროვო უნდა განვაიარაღოთ. ეს ძალიან დიდი და მდიდარი დასახლებებია. ვერანაირი ჰუმანურობა ვერ ატანს დანაშაულებრივი დაშნაკცაკანების სპილენძის შუბლებში და გვიხდება სასტიკები ვიყოთ... ამაშია საშინელი ტრაგედია!.. და რაღატომ გადაენასკვენ ეს უბედური პლანტატორები მოხალისეებს? რას მოელიან ისინი მათგან?! მოხალისეები ხომ მათ ახალ მძიმე უღელს მოუტანენ! ჩვენ კი თავისუფლებასა და მიწას მივცემთ. მაგრამ ისინი ზედმეტად ბნელები არიან და დაშნაკცაკანელთა მიერ პროვოცირებულებიც... 

გუშინ დილით საზიზღარი განწყობა მქონდა. გუშინ ცუდი ცნობები იყო: რაფიელის სიკვდილი და უიღბლო მოლაპარაკებები გენერალ მილნთან! ეს ინგლისელი გენერალი ძალიან ბრაზობს ჩვენზე: ჩვენ არ დავუჯერეთ მის ბრძანებას და შეტევაზე გადავედით მოხალისეთა წინააღმდეგ. ეს არ უნდა რომ გვაპატიოს!.. და ყველაფერმა ამან დამამწუხრა. მაგრამ ამ ძალმოსილმა მთებმა და მაღლა ამართული საუკუნოვანი ხეების წიწვოვანმა ტყემ, ამ უგონო დაღლილობამ და უძილო ღამემ მთებში – კვლავ დამიბრუნეს სიმხნევე, სიხარული და რწმენა... მრავალი წლით გავახალგაზრდავდი და ბავშვი ვხდები. უბედური სომეხი აჯანყებულები რომ არა, სრულიად კარგი იქნებოდა. 

და ფირაც დაუღალავია. 

მე ვტკბები მისი გმირობით... 

გასროლები არსად არ ისმის. 

ტყე მდუმარეა. ჩიტები უზრუნველად ჭიკჭიკებენ და გალობენ... 

ჩვენგან მარცხნივ სულ ახლახანს ტყვიამფრქვევი ამუშავდა. იქ ბრძოლა იწყება... 

დანაშავე ინგლისო! განა შენ არ შეგიძლია ჩვენი მხარე დაამშვიდო და ჩვენ ყველანი შეგვარიგო? განა შენ არ შეგიძლია ყველას ჩვენ და, განსაკუთრებით, ჩვენს დამნაშავე მტრებს ძლიერი „ციც“ გვითხრა და შენი შეძახილით სისხლი შეაჩერო?! 

მაგრამ შენ ეს არ გინდა. შენ ხომ შენი ინტერესები გაქვს! ძალიან რთული და ღრმა ინტერესები, რომლებიც ზოგჯერ ჩვენთვის გაუგებარი და მიუწვდომელია... 


4 მაისი 1919 წ. აჩმარდა (ოვა). 

საღამოს 5 საათზე აჩმარდა დავიკავეთ. საზიზღარი მთის გზებით საშინლად დამქანცველი და მძიმე გადმოსვლა შევასრულეთ. მდინარე სანდრიფშზე მოგვიხდა უზარმაზარი რისკით გადავსულიყავით, ვინაიდან მდინარის ნაპირები – მთლიანად ფლატეებია და თითქმის სრულებით არ არის გზები. არის მხოლოდ ერთი საცოდავი, თითქმის გაუვალი ბილიკი, რომელსაც გვერდს სრულიად ვერ აუვლი. და როცა ჩვენ ამ ბილიკით პატარა მდინარისაკენ დავეშვით და თითო-თითოდ, დიდი სიძნელეებით, მოპირდაპირე ნაპირზე აცოცება დავიწყეთ, მოწინააღმდეგემ აღმოგვაჩინა და ხშირი ცეცხლის დაშენა დაგვიწყო. ჩვენ ძალზედ ძნელ მდგომარეობაში ჩავვარდით, და მე ვფიქრობდი, რომ ბევრი ჩვენგანი მდინარის ფსკერზე დარჩება. მაგრამ, საბედნიეროდ, მოწინააღმდეგე დიდი ლაჩარი აღმოჩნდა და ჩვენ მისი უკუგდება ადვილად მოვახერხეთ. ჩვენ თითქმის არა გვაქვს დანაკარგები... 

ილიკო ორი ასეულით ჩვენ მოგვწყდა და შორს მთებში წავიდა. მე ცოტათი შეშფოთებული ვარ მის გამო... 

აჩმარდის მთელი მოსახლეობა გაიქცა, დატოვა რა სოფელი და უამრავი საქონელი ჩვენი ნების ანაბარად. როგორ უგუნურნი არიან ეს უბედურები! და რატომ გარბიან? ჩვენ ხომ მათთან ყველაზე უფრო კეთილი განზრახვებითა და მაღლა აწეული თეთრი დროშით მოვდიოდით. მაგრამ ეს უბედურები ჩვენს ცხენოსან რაზმებს ყოველთვის ცეცხლს უშენდნენ და ჩვენს ელჩებს თავისთან არ იკარებდნენ... 

ახლა კი ანგარიშგების დღე დაუდგათ... 

ამინდი ნათდება, და საღამოც წყნარად, სევდიანად გვიღიმის. მთების მწვანე თხემები საიდუმლოებრივი ნისლითაა დაბურული, შორს ზღვის პატარა ნაჭერი ოქროსფრად ბრწყინავს, და საღამოს მზე დაცარიელებულ, უბედურ სოფელს სევდიანად ანათებს... 

მწუხარებაა და სიხარული... 


5 მაისი 1919 წ. ქრისტეფოროვო. დღის 12 საათი. 

10 საათზე შევედით ქრისტეფოროვოში – ამ უზარმაზარ და ძალიან მდიდარ სომხურ სოფელში. ახლა ის სრულებით დაცარიელდა, მაგრამ დარჩა უზარმაზარი მიტოვებული საქონელი. ქრისტეფოროველები თავს სუსტად იცავდნენ. აშკარად, ისინი გენერალ დენიკინის დახმარებაზე იყვნენ დაიმედებულნი, და ვერ მიიღეს რა იგი, სწრაფად იქნენ დემორალიზებულნი. 

ამ ოპერაციების მთელი სიძნელე ჩვენი კოლონის წილად მოვიდა – სიმონ ხუხუნაიშვილის კოლონისა. დროდადრო შეშფოთება მიპყრობდა ამ კოლონის გამო, ვინაიდან ორი დღის განმავლობაში ყველასგან მოწყვეტილი ვიყავით და არც არანაირი კავშირი გვქონდა. ახლა დამყარებულია კავშირი სოსო გედევანოვის პარტიზანებთან. გარდა ამისა, ღამით ილიკო მოვიდა. სულის განგაში დამიწყნარდა... ჩვენ ზარები დავარისხეთ ქრისტეფოროვოს სამრეკლოდან, და ზარების მწუხარე ბგერებზე მოსახლეობის ნარჩენებმა იწყეს შეკრება. მათ სრული მორჩილება გამოგვიცხადეს და პატიებას ითხოვენ... 


8 მაისი 1919 წ. გაგრა. დილის 6 საათი. 

დღეს ჩვენთან ჩვენმა სახელოვანმა ევგენი ჟვანიამ მოირბინა და გადმოგვცა, რომ ზღვიდან 5 ბორანი გვიახლოვდება. ალექსანდრე სწრაფად წამოხტა და ნავმისადგომისკენ გაიქცა გასაგებად, თუ რაშია საქმე. ახლა ჩვენ ყოველ დღე ველოდებით დესანტს, ვინაიდან ინგლისი ჩვენს მიმართ ძალიან ცუდადაა განწყობილი. გენერალი მილნი იყო ეკატერინოდარში, ნახა იქ დენიკინი; ტფილისში კი მან დემონსტრაციულად არ მოისურვა ჩვენი მთავრობის არც ერთი წარმომადგენლის ნახვა! იგი ძალზედ გაბოროტებულია ჩვენზე დენიკინის წინააღმდეგ ჩვენი შეტევის გამო და სიამოვნებით მოგვიწყობს ყველანაირ სისაძაგლეს... და მე სრულებით ვერ გამიგია: რა უნდა ინგლისს რომ გაგვიკეთოს? რატომ აპირებს იგი ასე ნელ-ნელად ჩვენს შესანსვლას?! და მე სულ უფრო ხშირად ვიწყებ ჩვენთან მყოფი გერმანელების გახსენებას. მე ისინი არ მიყვარდა. უცხოდ მეჭირა მათგან თავი და მათ ჩვენი დემოკრატიის მტრებად ვთვლიდი, მაგრამ ახლა ვრწმუნდები, რომ ისინი ჩვენში უფრო მეტად პატიოსან და ღია პოლიტიკას ატარებდნენ... ინგლისის მოსვლა კი მე და ჩვენ ყველას გვახარებდა. ეს მოსვლა ბევრ იმედთან და აღმდგარ ოცნებასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ახლა მიხდება სევდით გავიხსენო გერმანელები და გული ამიცრუვდეს ინგლისელებზე. მაგრამ ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ბრძოლის გარეშე შეგვჭამოს! საქართველოს პატარა იზოლირებულ დემოკრატიას აქვს უფლება პატიოსნად და მამაცურად მოკვდეს. და ჩვენ ამისთვის ძალებიც გვეყოფა... 

ინგლისმა არა თუ არ დაამშვიდა (დააწყნარა) ამიერკავკასია, არამედ საბოლოოდ აღაშფოთა იგი და ამაშია მისი ბოროტმოქმედება. მოხალისეთა მხარდაჭერას კი ისტორია მას არასოდეს აპატიებს... 

გუშინ მდინარე ფსოუზე მოხალისეების მიერ ტყვიამრქვევიდან მოკლულია ჩვენი მამაცი სახალხო-გვარდიელი ბერიძე, მეორე კი მსუბუქადაა დაჭრილი. მოხალისეები ძალებს იგროვებენ და თანდათანობით ჩვენ გვიახლოვდებიან. გამორბიან უბედური გლეხები თავიანთი საცოდავი ქონებით, ცოლებითა და შვილებით. სამწუხაროდ, პირველებს ჩვენ არ შეგვიძლია შეტევაზე გადავიდეთ. ეს ინგლისს საბოლოოდ ჩვენს წინააღმდეგ განაწყობს და იგი შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ აქტიურად გამოვიდეს. ამიტომ გვიხდება მოხალისეთა შემოტევას ველოდოთ. ჩვენ სიხარულით ველოდებით ამ გამოსვლას... 


14 მაისი 1919 წ. ზირხუს ქედი. დილა. 

მეორე დღეა საგზაო სამუშაოებზე დავდივართ. გაგრის ბურჟუაზიის მობილიზაცია მოვახდინეთ, მაგრამ რადგანაც ის ცუდად მუშაობს, ამიტომ ჩვენ ყველას გვიხდება ძალების დაძაბვა. ახლა აქ 600-ზე მეტი გვარდიელი მუშაობს და ისე ენერგიულად მუშაობენ, რომ ინჟინერი ჯავახოვი ნიველირებას ვერ ასწრებს! ადამიანები მეგობრულად, მხიარულად მუშაობენ. მე მათთან ერთად ვმუშაობ და ეს მათ მხნეობას, ენერგიას მატებს. გვარდიელებს შორის ბევრი სომეხია. მათ თავი მუდამ კარგად უჭირავთ და შესანიშნავად მუშაობენ. ეს მე ძალიან მახარებს. სომეხ გვარდიელებს განსაკუთრებული სიყვარულით ვუყურებ და მათ მოფრთხილებით ვეკიდები... მე ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მათ სახლში მიცვალებულია... და ისე მტანჯველად მინდა განვთავისუფლდე იმ სასტიკი და დანაშაულებრივი ნაციონალისტური დანაფენებისგან (наслоения), რომლებმაც სრულიად დაიმორჩილეს სომხეთი და რომლებმაც ჩვენი დამორჩილებაც კი დაიწყეს. და მე სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ნაციონალიზმი უდიდეს დანაშაულსა და საშინელ ბოროტებას წარმოადგენს! მტრობას რომელიც არ უნდა ყოფლიყო ეროვნებისადმი არასოდეს ვგრძნობდი. ყველაზე უფრო ნაკლებად მტრულად ვეკიდები სომხებს, სომხური პოლიტიკის ყველა დანაშაულის (ბოროტმოქმედების) მიუხედავად. დაშნაკცუტიუნის პოლიტიკა ხომ აბსოლუტურად დანაშაულებრივია და მთავარი მასაც სომეხი ხალხის უბედურებისა – ამ პარტიის ხელიდანაა გამოსული!.. თვით სომეხთა ხოცვა-ჟლეტას თურქეთში ხშირად ვხსნი როგორც ამ საბედისწერო პარტიის უგუნური ავანტიურიზმის შედეგს... 

საოცარი დღეა. მთის კალთიდან წყნარ ზღვას ვხედავ და ხმაურიანი მუშაობის გამოცოცხლებული გუგუნიც მესმის... საუკუნოვანი ტყე გამოცოცხლდა და კოლექტიური შრომის გამამხნევებელი ბგერებით აივსო. და აქ, ამ მთის კალთებზე ვრწმუნდები კოლექტიური ადამიანის დიდებულებასა და ძალაში... განწყობა თანაბარია, ნათელი, შრომითი... 

ფრონტზე არაფერი არის ახალი. ჩვენ ძლიერად ვამაგრებთ ჩვენს რევოლუციურ საზღვრებს. მოხალისეები ზომაზე მეტად ფრთხილები არიან და ჯერ კიდევ ვერ ბედავენ შეტევაზე გადმოსვლას. მე ველოდები და მინდა მათი შემოტევა. ის ჩვენ ხელებს გაგვიხსნის და საშუალებას მოგვცემს რეაქციას ჩვენი საკუთარი დარტყმა მივაყენოთ! და ეს დარტყმა ჩვენ რევოლუციურ რუსეთთან მიგვაახლოვებს... 

სამწუხაროდ, ახლა რუსეთში ერთადერთი რეალური რევოლუციური ძალა – ბოლშევიზმია და ამიტომ ბოლშევიზმის წარმატებები ჩვენ უნდა გვიხაროდეს. მართალია, შეიძლება, მე ყველაზე უფრო გადაჭრით ვებრძოდი ბოლშევიზმს და ყველაზე უფრო მეტად ვუწყობდი ხელს მის განდევნას საქართველოს ფარგლებიდან, მაგრამ ეს დროისა და ადგილის გარკვეულ პირობებში იყო. მაშინ ბოლშევიზმის გამარჯვება დემოკრატიის ყოველგვარ დაღუპვას ნიშნავდა. და უწინარეს ყოვლისა ეს გამარჯვება ნიშნავდა საქართველოს რესპუბლიკის საბოლოოდ დაღუპვას... მე ახლაც ძალიან მტრულად ვეკიდები ბოლშევიზმს და სრულებით არ მჯერა მისი რევოლუციური შემოქმედებისა, მაგრამ ერთი რამ ჩემთვის სრულიად უდავოა: თანამედროვე რუსეთში მებრძოლი ბოლშევიზმის დამარცხება რევოლუციისა და სოციალიზმის დამარცხების ტოლფასია! ამიტომ ჩვენ ხელს უნდა ვუწყობდეთ ბოლშევიზმის წარმატებებს. როცა გვიხდება მოხალისეთა რეაქციასა და ბოლშევიკურ ანარქიას შორის ავირჩიოთ – რყევა, ორი აზრი არ შეიძლება იყოს. და ამას ვამბობ მე, რომელსაც ბოლშევიკები, ალბათ, დახვრეტენ პირველივე მოსახერხებელ ან თუნდაც მოუხერხებელ შემთხვევაშიც! მაგრამ განა საქმე დახვრეტასა და პირად თვითშეგრძნებაშია?! თვით დახვრეტის წინაშეც კი ვიტყვი, რომ თანამედროვე რუსეთში ბოლშევიზმი – უმცირესი ბოროტებაა და რომ არ არის სხვა გზა რუსეთის რევოლუციისათვის, თუ არა გზა მოხალისეობაზე ბოლშევიზმის გამარჯვებისა. 

ინგლისელები ამიერკავკასიიდან მიდიან და მათ ნაცვლად მოდიან იტალიელები – ეს, მგონი, კარგი სიმპტომია. 


19 მაისი 1919 წ. გაგრა. საღამო. 

ხვალ მოდის სამმაგი დელეგაცია: ქართული, ინგლისური და მოხალისეებისა. განიხილება საკითხი ჩვენი რესპუბლიკის ურთიერთობების შესახებ მოხალისეთა არმიასთან. ამ კონფერენციას, რომელსაც ინგლისური სარდლობის ინიციატივით იწვევენ, მსხვილი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ერთი რამ ნათელია, რომ ჩვენ მოხალისეებთან არ შეიძლება ერთიანი მიზნები გვქონდეს და ამიტომ არც გზების ერთიანობაა!.. შესაძლოა, მოხალისეებმა ჩვენი დახმარება მოითხოვონ ბოლშევიკებთან ბრძოლაში. ეს წინადადება, რა თქმა უნდა, ყოყმანის გარეშე იქნება უარყოფილი, ვინაიდან უმჯობესია უთანასწორო ბრძოლაში დავიღუპოთ, ვიდრე უბოროტეს რეაქციონერთა მოკავშირეები გავხდეთ. ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი – ჩვენსა და მოხალისეებს შორის ნეიტრალური ზონის დადგენაა და ამას დაჟინებით მოვითხოვთ. 

ამინდი საზიზღარია. ზღვა ყრუდ და ბოროტად ხმაურობს. სულში ნისლი და სევდაა. 


24 მაისი 1919 წ. გაგრა. საღამო. 

გარეთ წვიმს. ახლახანს ველაპარაკე ტფილისს. რუბენმა ინგლისელთა მოთხოვნების შესახებ შემატყობინა. ისინი დაჟინებით მოითხოვენ ჩვენს მიერ გაგრის უბნის დატოვებას... „სხვანაირად დენიკინი არ დაიწყებს ჩვენთან ლაპარაკს“. და განა ჩვენ კი ასე გვწყურია ლაპარაკი ამ ბოროტმოქმედთან, განა თვითონ ინგლისელებმა არ შემოგვთავაზეს მოხალისეებთან მოლაპარაკებებში შუამავლობა?! ინგლისელებმა თავიდან შეგვატყობინეს, რომ ყველანი გაგრაში შეიკრიბებიან; შემდეგ ისინი ბათუმში გაემგზავრენ, იქიდან კი ტფილისში. ტფილისში კი მთამ თაგვი დაბადა! და როგორი ნაძირლური, უღირსი თამაშია! გვფიტავენ, გვძიძგნიან ჩვენ და ზრდიან რეაქციის ძალებს... მაგრამ რა ვილაპარაკოთ ჩვენს შესახებ – პატარა, უბედური და უმნიშვნელო ხალხისა, როცა ასე საშინლად დამარცხებული, შეგინებული, დამცირებული და გასრესილია გერმანია?! დიდი გერმანია!.. როგორ საშინლად, როგორ სასტიკად მოექცნენ მას. ახლა მთელი იმედები მსოფლიო სოციალური რევოლუციის გარშემოა და საერთაშორისო იმპერიალიზმის კართაგენი უნდა დაინგრეს... 

მსოფლიო ომის ქაოსიდან თანდათანობით ორი ფრონტი იზრდება: რევოლუციისა და რეაქციის, სოციალიზმისა და იმპერიალიზმის, – მზისა და წყვდიადის ფრონტები. ახლა წყდება მთელი ცივილიზაციის ბედი და ისახება მომავალი გზა ისტორიისა და ჩვენც მთელი ჩვენი არსებით, მთელი ჩვენი ფიქრებით მომავლის გაცისკროვნებისა და სიდიადის, სოციალიზმის მხარეზე ვართ... 

მე შეძრწუნებით ვადევნებ თვალყურს კოლჩაკის თავბრუდამხვევ წარმატებებს და ვიტანჯები ბოლშევიკთა მუდმივი უიღბლობების გამო... 

ბოლშევიზმის დაღუპვასთან ერთად თანამედროვე რუსეთში დაიღუპება რევოლუცია, ვინაიდან უკვე აღარ არის მესამე პროგრესული ძალა, რომელიც შეძლებდა რუსეთში ბოლშევიკები შეეცვალა. დრო დაკარგულია და მთელი ვადები ხელიდან გაშვებული – ახლა რუსეთში მხოლოდ ორი გზაა: ბოლშევიზმი და მოხალისეები! და ჩვენც მთლიანად ბოლშევიზმის მხარეზე ვართ. მე ვიცი ყველა შეცდომა და ყველა დანაშაული ბოლშევიკებისა, მათი საშინელი ბოროტმოქმედებანი რევოლუციისა და პროლეტარიატის წინაშე! ვიცი ისიც, რომ ბოლშევიზმმა ფართოდ გაუღო კარი რეაქციას, მაგრამ ახლა ანგარიშსწორებათა დრო არ არის, ვინაიდან სრულიად რუსეთის რეაქციის ჰანიბალი უკვე კარებთან დგას. და ამ საშინელი საფრთხის წინაშე ჩვენ ჩვენი ფრონტი უნდა გავათანაბროთ და რევოლუციისა და სოციალიზმის წითელი დროშის ირგვლივ უნდა შევგროვდეთ. და მზად უნდა ვიყოთ სიკვდილისათვის ამ დროშის ქვეშ!.. 


ჩაწყნარება და შინაგანი ქარიშხლები 




27 მაისი 1919 წ. მდინარე ოქუმზე. საღამო. 

დილის 7 საათზე გაგრიდან ახალ-სენაკში გამოვემგზავრეთ. მაგრამ ჩვენი „პაკარტი“ მდინარე ოქუმში ჩარჩა. ახლა ველოდებით ჩვენს „მხსნელებს“ – კამეჩებს! ტფილისში მე და სოსო გედევანოვი მივემგზავრებით. გვინდა ინფორმაცია მივაწოდოთ ტფილისს და თვითონაც მივიღოთ... ტამიშში დაუღალავ სანდრო ფარნიევს შევხვდით მის სატვირთო კოლონასთან ერთად. იგი ფრონტზე მიემგზავრება. „ტფილისში ძალიან იგრძნობა მემარჯვენეობისკენ გადახრა“, – გვითხრა სანდრომ. და უცნაურია: ზედა ფენები მარჯვნივ იხრებიან, ქვედა ფენები კი მარცხნივ! ეს, აშაკარად, იმიტომაა, რომ ზედა ფენები საერთოდ უკეთ ცხოვრობენ... ჩვენს მინისტერიალიზმს ზოგჯერ უსიამოვნო გემო დაჰყვება ხოლმე... 

მინდა რაც შეიძლება მალე მოვხვდე ტფილისში და ბევრი საკითხიც სერიოზულად დავსვა. 

დენიკინელებთან მოლაპარაკებებმა ვერსად ვერ მიგვიყვანა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო! ამიტომ ჩვენ ახალი შეუპოვარი და დაუნდობელი ბრძოლისათვის უნდა ვიყოთ მზად... მთელი იმედი მსოფლიო რევოლუციის ზეიმზეა... ბოლშევიკებთან, მუშათა კლასის წინააღმდეგ მათი ყველა დანაშაულის მიუხედავად, უნდა როგორმე მოვილაპარაკოთ... მაგრამ ჩვენს ზოგიერთ ვიწრო და სქელი შუბლის მქონე პოლიტიკოსს ეს არ ესმის!.. ბევრი უბრალოდ თავის მორგებულ ადგილს დაჰკანკალებს... 

გუშინ ჩვენი დამოუკიდებლობის წლისთავი იყო. გაგრაში ჩვენ სახალხო-გვარდიელთა დიდი მიტინგი მოვაწყეთ. მე გამოვდიოდი ამ მიტინგზე და ჩემს სიტყვაში უფრო მეტი სევდა იყო, ვიდრე სიხარული. და ამ დღეს მე ვუწოდებ ზეიმისა და მწუხარების დღეს, სიხარულისა და გლოვის დღეს... 


2 ივნისს 1919 წ. მატარებელი. ადრიანი დილა. 

ტფილისიდან ფრონტზე მივემგზავრებით. ჩემთან ერთად ვლადიმერ ჯიბლაძე და პოლკოვნიკი გედევანოვია – ჩვენი სოსოს ძმა. ვლადიმერი ფოთში მიემგზავრება ბოლშევიკურ წყალქვეშა ნავთან დასაკავშირებლად. დაჟინებით დადის ხმები, რომ ჩვენი ნაპირებისაკენ ბოლშევიკური წყალქვეშა ნავი მოცურავს, და ჩვენ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს გვინდა მას დავუკავშირდეთ. 

ტფილისში მყარი განწყობაა. გადაწყდა შეუპოვრად ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ! გუშინ მე დამფუძნებელ კრებაში გამოვდიოდი. იქ ძალიან თბილად შემხვდნენ და ყველანი ერთსულოვანნი იყვნენ... 

ფრონტზე გარკვეული გამოცოცხლებაა. ველოდები ომს და მინდა იგი... 


2 ივნისს 1919 წ. მდინარე ოქუმი. შუადღე. 

კარგად ვმგზავრობთ. დღე დიდებულია. განწყობა კარგი. ენგურზე ძველ ამხანაგს შევხვდით – იოსებ კვარაცხელიას. ჩვენ ოდესღაც ერთად ვმუშაოდით სოხუმში. იგი გალში მიემგზავრება საორგანიზაციო მუშაობისათვის. გალში განსაკუთრებული სიამოვნებით ვათვალიერებდი ახალგაზრდა ადგილობრივ სახალხო გვარდიას. ეს ჩვენი უზარმაზარი გამარჯვებაა! გალში მუშაობისთვის სოხუმიდან ენერგიული დიომიდე დგებუაძე ჩამოვიდა. იგი იქ კარგად მუშაობს... 

ტფილისში კარგი განწყობაა. ევგენის სჯერა წარმატებისა. „არასოდეს ვყოფილვარ ასეთი მშვიდი“, – მითხრა მან. და მისი სიმშვიდე სხვებს გადაეცემა. სასიხარულო იყო გვენახა უკვე საკმაოდ დამშვიდებული, ტანჯვებითა და სიმწარე-უბედურებით ნაავადარი, დიდი ნოე. მისი იქ ყოფნა ყველას ამხნევებს... 

აზერბაიჯანი და ბაქო ბრძოლისათვის ენერგიულად ემზადებიან. ნეტავი მალე დაიწყოს იგი... 

ჩვენს მცხუნვარე და წითელ სამხრეთში თავისი სამარე უნდა ჰპოვოს ჩრდილოეთის რეაქციამ!.. 


10 ივნისს 1919 წ. გაგრა. 

წვიმიანი საღამოა. ახალი არაფერია. ფრონტს ვამაგრებთ და ბრძოლისათვის ვემზადებით... ინგლისელმა გენერალმა ბიჩმა ისევ გადმოსცა ჩვენს მთავრობას, რომ დენიკინი მზადაა ჩვენთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის. მაგრამ ჩვენ მასთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ჩვენი ლაპარაკები მოკლეა: „მთელი საკითხი იმაშია, თუ ვინ ვის უფრო ადრე ჩამოახრჩობს“!.. 

უკვე მეხუთე თვეა ჩვენ ფრონტზე ვდგავართ და ამ დგომას ბოლო არ უჩანს... 

ახლახანს ჩემთან მწვანეარმიელი პარტიზანი ძიძიგური იყო. იგი კარგად მუშაობს. 


18 ივნისი 1919 წ. მდინარე ოქუმზე: დღის 3 საათი. 

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი ავტომობილი ისევ მდინარეში გაიჭედა, და ჩვენც იმავე კამეჩებს ველოდებით. კამეჩების გამრეკავები კი ჩუმ-ჩუმად იცინიან, როცა ჩვენს უსუსურობასა და წყალში ჩარჩენილ საცოდავ ავტომობილს უყურებენ... 

ტფილისში მივემგზავრები. ფრონტზე სრული სიჩუმეა და მინდა ვისარგებლო ამით და ტფილისში წავიმუშავო. ტფილისში ძალიან ბევრი რამაა ახალი და საინტერესო... საათი ისე არ გავა, რომ ახალი ამბავი არ მოვიდეს! 

მალე დეპუტატთა ამიერკავკასიის საბჭოების ყრილობაა ნავარაუდევი... მკვდრები იღვიძებენ და აღდგებიან! ეს კარგია... ძალიან კარგი! შეიძლება მოხერხდეს რევოლუციის ფრონტის გათანაბრება... 

ზოგჯერ ისე გულწრფელად გჯერა და ისე ბავშვური გულუბრყვილობით გახარებს ეს!.. სენტიმენტალიზმსა და რომანტიზმშიც კი ვარდები! მაგრამ სწორედ გახურებული რომანტიზმის დროს, თვითონ ბოლშევიკები უეცრად დაუნდობლად ჩაგცხებენ მაგრად თავში, და რომანტიზმისაგან მხოლოდ საცოდავი ძონძებიღა გრჩება! და რჩება ტკივილი... ასე ხშირად მემართება. ტფილისშიც – საბჭოს სხდომებზე, სოხუმშიც დიდ სახალხო კრებაზე რევოლუციის ძალების ერთიანობისკენ მოვუწოდებდი. და როგორღაც მტანჯველად მჯეროდა, რომ ეს მოწოდება საპასუხო გამოხმაურებას ჰპოვებს. და სწორედ ამ მოწოდებისათვის ბაქოს ბოლშევიკურმა „ნაბათმა“ მე ბანდიტი და ჯალათი მიწოდა... მაგრამ არა ეს სახელწოდებანი მტკენს გულს. დაე დაიმშვიდონ თავი და ილანძღონ! მაგრამ დაე რეაქციის დახმარების შავ საქმეს ნუ სჩადიან, დაე ნუ კლავენ რევოლუციას! ხომ უნდა იცოდეს „ნაბათმა“ – რომ, შლის რა რევოლუციის ფრონტს, იგი მხოლოდ დენიკინს ემსახურება?!.. მაგრამ ვინ იცის?! – შესაძლოა „ნაბათი“ დენიკინს შეგნებულად ემსახურება?! 


20 ივნისი 1919 წ. ტფილისი. ღამე. 

გუშინ ჩამოვედი ტფილისში და უკვე ვებმები მუშაობაში. სამწუხაროდ, პირველივე ნაბიჯებისას დავრწმუნდი, რომ ამიერკავკასიის მუშათა ყრილობიდან ვერაფერი გამოვა! ბოლშევიკებს ერთიანი ფრონტი კი არ უნდათ დენიკინთან ბრძოლაში, არამედ მხოლოდ ამ ფრონტის გაწყვეტა. ადგილობრივი ბოლშევიკები დენიკინის განადგურებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ მხოლოდ ჩვენი მთავრობისა და ჩვენი სახელმწიფო წყობილების დამხობაზე. და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ბოლშევიკებს შორის ძალიან ბევრი დენიკინის აგენტია... და მე ხომ ასე მხურვალედ მჯეროდა ამ ყრილობის და ასე ბევრ იმედებს ვამყარებდი მასზე! და ყველა იმედი ინგრევა, რწმენა კვდება. მძიმეა... 

დღეს ველურმა ინდოელმა სახელოვანი მექი ბურჭულაძე მოკლა და ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა შური ვიძიოთ. გვიხდება ამ დანაშაულს შევურიგდეთ... ჩვენ ხომ სუსტები ვართ!.. 

ხვალ ჩემი დათიკოს მკვლელს სიკვდილით დასჯიან. ეს დასჯა მე სრულებით არ მაკმაყოფილებს. შეიძლება, ის საჭირო არც იყოს. ის ხომ დაღუპულ მეგობარს მკვდრეთით ვერ აღმიდგენს... 


28 ივნისი 1919 წ. ტფილისი. 

გახურებული მცხუნვარე ზაფხულია. ფრონტზე სრული სიწყნარეა. მაგრამ გუშინ სოსოსგან საგანგაშო ტელეგრამა მივიღეთ თითქოსდა მოხალისეთა შემოტევის მზადების შესახებ. ერთდროულად ხმელეთიდან და ზღვიდან! მინდა მჯეროდეს, რომ ტელეგრამა გამართლდება. საშინლად მომბეზრდა ერთ ადგილზე ტკეპნა. 

მალე ინგლისელთა შესაცვლელად იტალიალები მოდიან. ეს რამდენადმე მახარებს, რადგანაც მინდა მჯეროდეს, რომ იტალიელები არ გააგრძელებენ ჩვენში ინგლისელთა უცნაურად დანაშაულებრივ პოლიტიკას. მე არასოდეს შემეძლო წარმომედგინა, რომ ინგლისური პოლიტიკა ასეთი ეშმაკურია, ასეთი მზაკვარი. ძველი პრინციპი: „დაყავი და იბატონე“ – მათთან ყველაზე უფრო უხეში დაუნდობელი ფორმით ტარდება. ჩვენს პატარა, ღარიბ, მიტოვებულ რესპუბლიკას კი ინგლისელები ყველანაირად ავიწროვებენ და წიხლს აჭერენ! მე ხშირად, ძალიან ხშირად მაკვირვებს ჩვენი მდგრადობა, ჩვენი მტკიცედ დგომა საკუთარ ფეხზე. ჩვენს გარშემო ამ დრომდე მე მხოლოდ მტრები ვიხილე. ჩვენ არ გვაძლევენ პურს, ჩვენსკენ არ უშვებენ საქონელს, ჩვენზე თავდასხმისგან არ აკავებენ დენიკინს, ბათუმში მოხალისეთა ჯარებს ორგანიზების ნებას აძლევენ, ჩვენ გვისევენ ყველას – მაგრამ ჩვენ ჩვენთვის ვდგავართ და თითქოს თანდათანობთ ვმაგრდებით კიდეც! ყოველი განსაცდელიდან, ყოველი ლაშქრობიდან ჩვენ კიდევ უფრო გამაგრებულები და საბოლოო წარმატებაში კიდევ უფრო მეტი რწმენით გამოვდივართ!.. მაგრამ ჩვენთვის მაინც მძიმეა. ძალიან მძიმე! და არავის უნდა ჩვენი დახმარება. აი ახლაც – ფანჯრიდან ვიყურები და რუსი ადამიანების გრძელ რიგს ვხედავ, რომლებიც რუსული ეროვნული საბჭოს ბარათებით, რუსულ ეკლესიასთან, იაფ ამერიკულ თეთრ პურს ღებულობენ. სხვა ადგილებში იგივე პური სომხური ეროვნული საბჭოს ბარათებით გაიცემა, ჩვენ კი მხოლოდ ქვას გვაძლევენ. დიახ, მხოლოდ ქვას! და როგორ ძნელია, როგორ უგონოდ ძნელია ქვით იკვებებოდე! მაგრამ ჩვენ ვიკლავთ ჩვენში შიმშილსა და სიბრაზეს, ჩვენ მშვიდად ვუყურებთ, თუ ჩვენი, მშივრების მახლობლად სხვები თეთრ პურს როგორ ჭამენ და მდუმარედ ვურიგდებით ამას. სხვა ადგილას, სხვა ქვეყანაში ხალხი უკვე დიდი ხანია დარბევებს მოაწყობდა, მაგრამ ჩვენ დამრბევნი არა ვართ. ჩვენ ვიცით, რომ ეს მძიმე დრო უნდა გადავიტანოთ, და ჩვენ მას გადავიტანთ. ვიშიმშილებთ, მიწას შევჭამთ, მაგრამ მაინც გადავიტანთ... 

მაგრამ მძიმეა... 

აქ კი ისევ ახალი უბედურებაა. ბოლშევიკთა გამოღვიძება და ამოძრავება! ბოლშევიკებმა იმით ისარგებლეს, რომ მთელი ჩვენი ყურადღება დენიკინის მხარეს მივმართეთ, და ჩვენს ზურგს უკან ისინი აჯანყების ორგანიზებას ცდილობენ. და მე ხომ და ჩვენც ყველანი, ფრონტელები, ბოლშევიკებთან შეთანხმებისა და დაახლოვების ასეთი მგზნებარე და აღტაცებული მომხრეები ვიყავით! მაგრამ ტფილისში საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ დაახლოების ეს ბედნიერება ჩვენთვის არ არის! ბოლშევიკებს არაფრის დანახვა არ უნდათ თავიანთი უბადრუკი სამრეკლოს იქით. ისინი ჩვენ ტალახში გვსვრიან, თეთრ გვარდიასა და ჯალათებს გვიწოდებენ, ჩვენს ხელს ეძიებენ, მაგრამ არა ძმური ხელის ჩამორთმევისთვის, არამედ ის სულაც რომ მოგვგლიჯონ! მაგრამ ჩვენ ამის ნებას არ მივცემთ! და ვინ არიან მათი ბელადები?! ბიჭუკელა გოგობერიძე, უნიჭო სტურუა და არანორმალური მიქოიანი! და როგორი უბედურებაა, რომ არარაობა გოგობერიძე ბაქოს პროლეტარიატის ბელადი ხდება... 

ამ დღეებში ჩვენ ბულაჩაურში ვიმგზავრეთ, ჩვენი გიორგი ხიმშიევის ყოფილ მამულში. შესანიშნავი, უზარმაზარი მამულია, მაგრამ ის მფლობელს დიდი ხანია ჩამოერთვა. თავად გიორგიც ჩვენთან იყო. მე თვალს ვადევნებდი მას, მაგრამ ვერ ვამჩნევდი, რომ იგი გაბოროტებას განიცდიდა რევოლუციის წინააღმდეგ იმის გამო – რომ მან ჩამოართვა მას ეს დიდებული მამული... მაგრამ მასში იყო სევდა. და როგორ დიდებულია ის დემოკრატია, რომელმაც შეძლო უდიდესი სოციალური რეფორმა არა მარტო სამოქალაქო ომის გარეშე, არამედ თვით მემამულეთა შორის უკიდურესი გაბოროტების გარეშეც გაეტარებინა. ჩვენი დემოკრატიის ძალა ისე დიდი იყო, რომ მასთან ბრძოლაზე არავის შეეძლო გაეფიქრებია! და მემამულეთაგან ბევრი არა მარტო შეურიგდა მიწების დაკარგვას, არამედ დემოკრატიის სამსახურშიც კი შევიდა... 

ბულაჩაურში კარგი იყო. იყო საოცარი დღე, იყო სილამაზე. სული ისვენებდა და ჩუმად ნეტარებდა. ნათელი სიხარული მავსებდა და გასული წელი მომაგონდა – მომაგონდა ჩვენი დუშეთის ლაშქრობა. როგორი განსხვავებაა! მხოლოდ აქ ქუხდა ზარბაზნები და კაკანებდა ტყციამფრქვევები. ახლა აქ სრული სიწყნარეა და მე ბედს ვლოცავდი. მაშინ რომ ვერ გაგვემარჯვებია, ახლა აქ ანარქია და რეაქცია ისეირნებდნენ!.. 


7 ივლისი 1919 წ. ტფილისი. შუადღე. 

ახლახანს დავბრუნდი ყაზბეგიდან. იქ გუშინ დილით გავემგზავრეთ ნოე ხომერიკი, გიორგი ცინცაძე, ნოე ცინცაძე, კოწია საბახტარაშვილი, რუბენ აუშტროვი, გენ. ფელიცინი, ვასო გოგიშვილი და მე. ვიხილეთ ის ადგილები, რომლებსაც გასულ წელს ჩვენ ბრძოლით გავდიოდით, ვნახე საბედისწერო კლდე „უფალო ამაცილე“, სადაც საშა გეგეჭკორის რაზმი იქნა განადგურებული და ბევრ, ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი... გასულ წელს ჩვენ აქ ბოლშევიკებს ვებრძოდით და მათ დარიალის ხეობის გავლით ვერეკებოდით. ახლა, ბოლშევიკების კვალდაკვალ აქ მოხალისეები მოვიდნენ, და ეშმაკის ხიდთან მათი პოზიციებია აღმართული!.. როგორც ჩანს, მოხალისეებს აქ ცოტა ძალები ჰყავთ. მათი ჯარისკაცები ძალზედ ცუდად გამოიყურებიან. სამწუხაროდ, ვერც ჩვენი ჯარისკაცები ბრწყინავენ. ჩვენი სამხედრო სამინისტრო მაინც ისევ ცუდად მუშაობს. და ისევ სახალხო გვარდიას უხდება დაიძაბოს. და ხარობს სული, როცა დაწყნარებულ და მეომრულ დუშეთის მაზრაში სახალხო გვარდიის ორგანიზებას ხედავ! ჩვენ სახალხო გვარდიის ორგანიზაციას ყაზბეგის რაიონშიც შევუდექით. ეს იქნება მეომრული გვარდია. ყაზბეგში ძველი ნაცნობი მოხევეები ვიხილე. ჩვენ ერთად ვურტყამდით და ვერეკებოდით ბოლშევიკებს! მათ გაეხარდათ ჩემი ჩასვლა. მეც მოხარული ვიყავი... 

„და არ აარიდა მათ უფალმა“! მიბურღავს და მიბურღავს თავში... 


9 ივლისი 1919 წ. ტფილისი. ღამე. 

ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა ისევ და ისევ გაურკვეველი რჩება. გუშინ მთავრობაში დავით ღამბაშიძე აკეთებდა მოხსენებას, რომელიც ინგლისიდან ახლახანს ჩამოვიდა. მან ბევრი რამ ახალი და საინტერესო მოგვითხრო. ეს ხომ პირველი მაცნეა ევროპიდან, ეს პირველი მომხსენებელია ჩვენდამი ევროპის ურთიერთობათა შესახებ! ზოგადად მისი მოხსენება საინტერესო იყო. ის ერთდროულად გვაძლევდა იმედებს და გვჩუქნიდა იმედგაცრუებას! საქართველოსთვის იგი გვაძლევდა იმედს, მსოფლიო რევოლუციის აფეთქებისთვის კი ევროპაში საფუძველს ვერ პოულობდა. თავად ღამბაშიძე ტიპიური ბურჟუაზიული დემოკრატია, მკვეთრი ინგლისური ორიენტაციითა და დიდი გამჭრიახობით... 

ჩვენი ფრონტი კი ისევ და ისევ მეხადირზეა! მკვდარი ფრონტი. და იქ დგანან ჩვენი სახალხო-გვარდიელები. მე ხშირად ფიქრებით იქით მივდივარ და ზოგჯერ საკუთარ თავს დეზერტირს ვუწოდებ. მაგრამ აქ ხომ ასე ბევრი სამუშაოა. და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოც!.. 

ხშირად ვფიქრობ ხელისუფლებისა და მინისტრების შესახებ. სამწუხაროდ, მინისტერიალიზმი ძალიან განვითარდა ჩვენში და ბევრისათვის ხელისუფლება ტკბილი და ძვირფასი შეიქნა. ხელისუფლების ფსიქოლოგიის, მბრძანებლობის სურვილის გაგება მე არ შემიძლია. მაგრამ ერთი ვიცი, რომ მთავრობა და ხელისუფლება ხალხთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იდგნენ. მთავრობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხალხისათვის და იგი ხალხს იაფი უნდა უჯდებოდეს... 


13 ივლისი 1919 წ. ტფილისი. საღამოს 5 სთ. 

დიდი დღეა ჩემს ცხოვრებაში: მე სახალხო გვარდიის მთავარი შტაბიდან წამოვედი! ყველაფრიდან წამოვედი... დიდი დღეა სახალხო გვარდიის ცხოვრებაშიც... მე მჭიდროდ დავაკავშირე ჩემი ბედი სახალხო გვარდიასთან და ისიც ასევე დაკავშირებულია ჩემთან. მაგრამ ახლა გვიხდება ერთმანეთს დავშორდეთ... ხალხისა და რესპუბლიკის ცხოვრების ამ საპასუხისმგებლო მომენტში მე მიხდება წავიდე ჩემი მძიმე პოსტიდან... დარჩენა კი არ შეიძლება. ვინაიდან საიდუმლო უნდობლობისა და გაუბედავი შიშნეულობის ის ატმოსფერო, რომელიც სახალხო გვარდიის გარშემო იქმნება და რომელიც თვით ამხანაგების მნიშვნელოვან წრესაც კი მოიცავს – მიკლავს ხალისსა და მუშაობისთვის ენერგიას... განსაკუთრებით მკვეთრად და მოულოდნელად ეს ატმოსფერო დღეს გამოვლინდა, დამფუძნებელი კრების ჩვენი ფრაქციის სხდომაზე... სამხედრო კანონპროექტები განიხილებოდა. წარმოითქმებოდა სიტყვები. ნოემ, დიდმა ნოემ, წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვა რესპუბლიკის სამხედრო ძალების რეორგანიზაციის აუცილებლობისა და იმ პერსპექტივების შესახებ, რომლებიც უპირატესობებს სახალხო გვარდიას ანიჭებენ... მაგრამ საქმე პრაქტიკულ პუნქტებამდე მივიდა. მე მთავარი შტაბის სახელით ახალხო გვარდიის სამხედრო სამინისტროსგან დამოუკიდებლობასა და მთავარი შტაბის მთავრობისადმი ან მთავრობის თავმჯდომარისადმი უშუალო დაქვემდებარებას... მოხუცმა სილვამ კი შემდეგი წინადადება შემოიტანა: „მთავრობა მართავს სამხედრო ძალებს სამხედრო მინისტრის მეშვეობით“. და ეს წინადადება ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული. ეს ნიშნავდა, რომ სახალხო გვარდია სამხედრო სამინისტროს ექვემდებარება, და, შესაბამისად, ფაქტიურად გენერალიტეტსა და სამხედრო კასტას! ეს გვარდიის სულის მკვლელობის თანატოლი გახლდათ. და გვარდიის ამ სულს სწორედ ის ადამინები კლავენ, რომლებმაც თავიანთი სულიც, თავიანთი სახელმწიფოებრიობაცა და თავიანთი ხალხიც მხოლოდ მათ მიერ მოსაკლავად განწირული გვარდიის წყალობით გადაარჩინეს!.. და ამან მე ამაღელვა, გული დამწყვიტა და აღმაშფოთა. ამაში მე დავინახე ფარული უნდობლობა სახალხო გვარდიისადმი და განვაცხადე, რომ ასეთი უნდობლობის შემდეგ არ შემიძლია დავრჩე შტაბში და მივდივარ იქიდან. და მე წამოვედი... და უწინარეს ყოვლისა ფრონტი და ჩემი ალექსანდრე გავიხსენე. მე მას შტაბიდან ჩემი წამოსვლის შესახებ მივწერე. შემდეგ შტაბიდან ჩემი წასვლის შესახებ ტელეფონოგრამა ტფილისის რაიონულ შტაბებს გადავეცი და დიდ ნოეს მივეცი წერილი პოსტიდან წასვლის თაობაზე... გული მეგლიჯებოდა და ცრემლი თვალებს მივსებდა... რაღაც ახლობელი, ძვირფასი, მშობლიური კვდებოდა ჩემში და ჩემთვის! გამოვედი რა სასახლიდან, ევგენის შევხვდი. მე იგი ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. მან დამშვიდება დამიწყო, მაგრამ მე მისგან გავიქეცი, ვინაიდან ვიცოდი, რომ ქვითინს მოვრთავ... ჩემთან გავიქეცი. საბედნიეროდ, სახლში არავინ იყო და აქ შემეძლო თავისუფლად გადამეტანა ჩემი სევდა... ახლა რამდენადმე უფრო მომეშვა. და მეც მძიმე, მაგრამ მშვიდი გულით ვიხსენებ ჩვენს სხდომასა და ფრაქციის საბედისწერო კენჭისყრას. და მგონია, რომ მეშჩანობამ დაიწყო ჩვენი შეჭმა. მეშჩანები თანდათანობით იწყებენ ჩვენი ფრაქციის დაუფლებას და თვით სახელმწიფოსიც... მეშჩანი იწყებს ზეიმობას! და ეს მეშჩანი, მოზეიმე ობივატელის ეს სიმღერები მე ნაკლებად მესმოდა გვარდიაში და ამიტომ ასე მიყვარდა გვარდია და ასე ბევრ იმედს ვამყარებდი მასზე... და რაც მთავარია: გვარდიაში ცოტა იყო სიტყვა და ბევრი საქმე! იგი ცოცხალი პრაქტიკა იყო და თავის ისტორიას თავისი საუკეთესო მეომრების სისხლით წერდა... და ამაში იყო რაღაც დიდი, მომხიბლავი. და ბოლოს – გვარდიაში ყველაზე ნაკლები იყო ავტორიტარიზმი, იქ ყველაზე ნაკლებად ეთაყვანებოდნენ პიროვნებებს, და კოლექტიური შემოქმედების სულისკვეთება მასში უკიდეგანოდ ბატონობდა. და ეს გვარდიას ჩემთვის არაჩვეულებრივად ფასეულს ხდიდა. და ამ შემოქმედებითი კოლექტივის, შეიარაღებული დემოკრატიის ამ ამხანაგების სამხედრო სამინისტროსადმი დაქვემდებარებას მე მივიჩნევ თვითონ დემოკრატიის შეურაცხყოფად! მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცას ეშინია გვარდიის, ეშინია მთავარი შტაბის, თვით ჩემიც კი ეშინია!.. მაგრამ მათ რომ იცოდნენ, რომ სწორედ ჩვენ ყველაზე მეტად გვძულს ძალაუფლება, რომ სწორედ ჩვენ ყველაზე მეტად შორს ვიჭერთ თავს ძალაუფლებისაგან. პირადად მე კი სრულებით ვერ წარმოვიდგენდი ძალაუფლების მქონის როლში საკუთარ თავს. ყოველთვის ვიცოდი, რომ ხელისუფლებასთან მიახლოება ხალხისაგან გაშორებს... და თუ ასეთი გატაცებით ვმუშაობდი სახალხო გვარდიაში, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იქ არ იყო ერთხელისუფლებიანობა, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მთავარ შტაბში სრულიად რიგითი წევრი გახლდით! ერთხელისუფლებიანობა ჩემთვის მუდამ საზიზღარი იყო და ამისათვის მიყვარს საკუთარი თავი. მე კოლექტიური ხელისუფლების ფანატიკოსი ვარ, აბსოლუტური კოლექტივისტი... 

სევდაა და მწუხარება... 


19 ივლისი 1919 წ. ტფილისი. 

დღეს ფრონტის პირველი დღეა. საოცარი, მზიანი, მაგრამ ცხელი დღე. ვნახოთ, თუ რამდენად ბევრს ფიქრობს და ბევრად ზრუნავს საზოგადოება ფრონტზე. გუშინ ტფილისიდან ფრონტზე ახალი ბატალიონი გაემგზავრა. ყველანი მაღალი და ჯანმრთელი ბიჭები არიან. სიყვარულით ვათვალიერებდი და ვაცილებდი მათ ფრონტზე! 

ჩემი „ინციდენტი“ ფრაქციასთან ამოწურულია; ჩვენი შესწორება მიღებულია... ამრიგად – ჩვენ ისევ დამოუკიდებელნი ვართ გენერალიტეტისგან, ისევ თავისუფალნი ვართ ჩვენს დემოკრატიზმში! და მიუხედავად ამისა უცნაურია: მოხდა საშიში მილიტარიზაცია ბევრი ჩვენი ამხანაგის აზროვნებაში. მე კი ყოველთვის მეშინოდა, რომ აზრის ეს მილიტარიზაცია უწინარეს ყოვლისა შეგვეხება ჩვენ – სახალხო გვარდიის მოღვაწეებს! მაგრამ პირიქით კი გამოვიდა... 

ინგუშეთიდან არცთუ მხიარული ცნობებია. ბარის ინგუშეთი მოხალისეთა მიერაა დამარცხებული. მთისა ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება, მაგრამ იმედის გარეშე! ჩვენ ყველანაირ დახმარებას ვუწევთ აჯანყებულ მთიელებს, მაგრამ ამას საიდუმლოდ ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ინგუშებს არ ჰყავთ ხელმძღვანელები, მათი მოქმედებები შეუთანხმებელია და ამიტომ მათ იოლად ამარცხებენ. სახალხო გვარდიის კონფერენციაზე ერთმა ინგუშმა სევდიანად თქვა: „ძმებო ქართველებო, არ გისურვებთ თქვენ ისეთ ოფიცრობას, როგორიც ჩვენთანაა“!.. 


3 აგვისტოს 1919 წ. ტფილისი. დილა. 

მსხვილი მოვლენები მწიფდება. იტალიელები უკვე ამიერკავკასიში მოემგზავრებიან, ინგლისელებს კი უნდათ აქედან 15-ში წავიდნენ! ეს სრულებით გვაშიშვლებს ჩვენ და უდიდეს საფრთხეებსაც გვიქმნის. საფრთხეებს, უმთავრესად, სამხრეთიდან! ამიტომ 1-ლ აგვისტოს იყო მთავრობის სხდომა და გადაწყდა დავარწმუნოთ ინგლისელები არ დატოვონ ამიერკავკასია. პასუხი ჯერ კიდევ არ არის. 

გუშინ ევგენის, კოწიასა და მე პაემანი გვქონდა გენერალ ბარათოვთან – არაოფიციალურ ელჩთან დენიკინისაგან. მე პირველად შევხვდი ამ პოპულარულ გენერალს. იგი ძალზედ მჭერმეტყველია, ზედმეტად უხვსიტყვიანი და ზედმეტად ტკბილად მღერის. გულწრფრლობის შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ ზოგჯერ დიდი ეშმაკობაც გამოსჭვივის. ზედმეტად ხშირად იცემს ხელს მკერდზე და ეს გვაიძულებს ფრთხილად ვიყოთ! მან განაცხადა: „დენიკინი ცნობს თქვენს ხელშეუხებლობას, თქვენს ნეიტრალიტეტს, თქვეს დამოუკიდებლობას (самостоятельность) და არ გთხოვთ თქვენ არანაირ ძალებს... მას უნდა ერთი: გაათავისუფლოთ იგი თქვენი შეტევის მუდმივი მუქარისაგან, ხელი არ შეუშალოთ მას იმაში, რომ მოსკოვზე შეუტიოს“. მას ევგენი და მე ვპასუხობდით. ევგენი ძალიან საქმიანად, დიდი ღირსებით პასუხობდა. ჩვენ ვუთხარით: „თავი დაგვანებეთ და იცოდეთ, რომ ჩვენ ვამჯობინებთ სრულიად დავიღუპოთ, ვიდრე თქვენ დაგმორჩილდეთ!!!“ 


14 აგვისტოს 1919 წ. ტფილისი. დილა. 

ჩვენი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო რთულდება. სანამ გენერალი ბარათოვი ტკბილად გვიმღერის – მკვდარი მარყუჟი ჩვენს ირგვლივ სულ უფრო მეტად ვიწროვდება!.. ინგლისელები, მგონი, საბოლოოდ მიდიან ამიერკავკასიიდან, კასპიის ფლოტილია კი მათ მოხალისეთა არმიას გადასცეს... ამან ძალიან შეაშფოთა და შეაშინა აზერბაიჯანი. ჩვენთან მინისტრი მელიქ ასლანოვი ჩამოვიდა, რომელიც გვთხოვდა ქვემეხებს ბაქოს დასაცავად. მე ვკითხე მას: „აქვს თუ არა თქვენს მთავრობას მყარი გადაწყვეტილება ებრძოლოს დენიკინს“. – „დიახ, მიპასუხა მან. ყოველ შემთხვევაში დიდი ბრძოლების გარეშე ჩვენ არ დავნებდებით“. ეს პასუხი მე როგორღაც არ მომეწონა. მის ტონში არ იყო მყარი და მკაცრი გადაწყვეტილება!.. დიახ, მარყუჟი ვიწროვდება ჩვენს გარშემო. მაგრამ მე სრულებით მშვიდად ვარ, ვინაიდან „მუშებს შეუძლიათ დაკარგონ მხოლოდ ბორკილები, და შეიძენენ კი მთელს მსოფლიოს“!.. ასეა ჩვენთანაც. ჩვენ უკან დახევის არანაირი გზები არა გვაქვს! და მთელი ჩვენი ძალებიც სასწორის პინზე უნდა დავდოთ!.. მთელ კავკასიას ფეხზე დავაყენებთ, ყველგან აჯანყების ხანძარს გავაჩაღებთ, ინიციატივას ჩვენს ხელში ავიღებთ! და ჩვენ გავიმარჯვებთ. უფრო მეტად ვიდრე ოდესმე მჯერა წარმატების... 


18 აგვისტო 1919 წ. აბასთუმანი. 

ნათელი დილაა. 16-ში, ღამით, ნოე ხომერიკი, გიორგი ცინცაძე, ეშმაკი, ნაპოლეონ კახიანი და მე ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში გამოვემგზავრეთ. გუშინ ბორჯომში და გოდერძის უღელტეხილზე ვიყავით. საღამოთი დანგრეულ, გაჩანაგებულ აბასთუმანში ჩამოვედით. აბასთუმანში დიდი ნოეც ისვენებს. იგი მშვენივრად გამოიყურება და კარგად იშუშებს ტკივილებს. გუშინ მთელი დღე ბუნებით ვიყავი აღტაცებული. ზღაპრული ხედი იშლება გოდერძის უღელტეხილიდან!.. დღეს სრულებით ბედნიერი ვარ... 

ახალციხის მაზრაში მიწები ყველგან მოხნულია და მოსავალიც კარგია. და როგორ უცნაურია! რამდენიმე თვის წინ, ახალციხის გახურებული ოპერაციის დროს, მე ამ მაზრაში ვიყავი და გულისწყვეტაში და თვით საშინელებაშიც კი მოვდიოდი! სოფლები გაუკაცრიელებული, ხშირად გაჩანაგებული და გადამწვარიც კი იყო. ახლა სოფლებში ბევრი ხალხი და კიდევ უფრო მეტი საქონელია. და მოსავალიც ყველგან აღებულია. სულ მუდამ იმაზე ვფიქრდებოდი, თუ როგორ გასაოცრად სიცოცხლისუნარიანი და უჩვეულოდ დაჟინებულია გლეხკაცის ბუნება! ყველაზე უფრო საშინელ პირობებშიც კი არ ივიწყებს იგი მიწასა და თავის სახლს. ძალზედ ხშირად მიხდება ვხედავდე გლეხებს, რომლებიც თავიანთ მიწას ბრძოლის მომენტში – ტყვიების წუილის ქვეშ ამუშავებენ... 

გზა ბენარადან აჭარის საზღვრამდე ზღაპრულად კარგია. უღელტეხილზე აჭარულ საგუშაგოსა და მწყემსებს შევხვდით. „როგორია თქვენი განწყობა და თქვენ ვინ გინდათ?“ – ვკითხეთ ჩვენ მათ. „ჩვენი განწყობა სულ ისეთივეა, – მპასუხობდა მოხუცი, – თუ ჩვენი ბატონი თურქები მოვლენ, ჩვენ მათთან ვართ, მაგრამ თუ თურქები არ მოვლენ, მაშინ ჩვენ ჩვენს სისხლისმიერ ძმებთან – ქართველებთან ვართ. დენიკინი ჩვენ არ გვიდა“. და მას ყველა ეთანხმებოდა... 


19 აგვისტო 1919 წ. ახალქალაქი. დღის 3 საათი. 

დანგრეული ქალაქი, გაძარცვული მაზრა!.. მინდვრები არაა დათესილი, მცხოვრებნი შიმშილობენ. ოდესღაც კი ეს მაზრა ბეღლად ითვლებოდა. ახლა აქ სრული საშინელებაა... 


19 აგვისტო 1919 წ. ბაკურიანი. ღამე. 


ადრე ჩამოვედით ბაკურიანში. უღელტეხილზე ხშირმა ნისლმა მოგვისწრო. გადავწყვიტეთ ღამით ბაკურიანში დავრჩეთ. ახალქალაქის მაზრამ ტყვიასავით სევდა მომგვარა. ხალხი დაიმშა, დაიტანჯა. იგი გაღატაკდა. ეს თურქების საქმიანობის შედეგებია... 


20 აგვისტო 1919 წ. ბორჯომი. დღის 3 საათი. 

დილით ბორჯომში ჩამოვედით. ხე-ტყის სამხერხაო და სასახლეები დავათვალიერეთ. აღტაცებული ვიყავი სატყეო მუზეუმით. როგორღაც წყნარი და სასიხარულო გარემო იყო მუზეუმში, და მეც მდუმარედ ვმადლობდი მუზეუმის შემოქმდეს – პახარს. ახლა პახარი როიალზე უკრავს. დაკვრა კარგი არ არის, მაგრამ ზოგჯერ უბრალო დაკვრა დიდ შთაბეჭდილებებს ახდენს! თუ ის ემთხვევა განწყობას და ჰარმონიაშია ვითარებასათან. ამ მომენტებში მთლიანად საკუთარ თავში მიდიხარ და უნებურად ახდენ საკუთარი თავისა და ირგვლივ მყოფთა გაანალიზებას. ხშირად აკრიტიკებ. და იჭრები სადღაც წინ, მაღლა, მზისაკენ... ზოგჯერ ფიქრდები! – ღირდა კი რევოლუციის მოხდენა!? საჭირო იყო კი ეს მსხვერპლი, სისხლის ზღვა და გვამების მთები?! სიმართლემდე, სამართლიანობის ზეიმამდე ხომ ასე უსასრულოდ შორია?!.. მახსენდება დარბეულ-გაძარცვული მაზრა და ღატაკ გლეხთა ბრბოები, რომლებიც უცხო მხარეებში სამათხოვროდ მიდიან. ახალგაზრდა, შავთვალება ქართველი ქალი გამახსენდა გაძარცვული გოგაშენიდან, რომელიც თანასოფლელებთან ერთად იმერეთში მიდიოდა მოწყალების სათხოვნელად. და საშინელი ტკივილი გულს მიკუმშავს... 

აქ კი, ამ სასახლეში ისეთი სიმდიდრე, სინათლე და სიმყუდროვეა... და უკრავს როიალი... და ასეთ მომენტებში განეწყობი საკუთარი თავის წინააღმდეგ. და ყველას წინააღმდეგ! ჩვენ ყველანი უნდა გავუბრალოვდეთ... დაუღალავად ვმუშაობდეთ, საჭიროა ყოველდღიური, სასადაგდღეო მსხვერპლი! 

და ამაში – უმაღლესი გმირობაა... 


6 სექტემბერი 1919 წ. ტფილისი. დღე. 

საშინელებაა! ტკივილი და ტანჯვა!.. გაქვავებული გულიც კი ქვითინებს... თავი მოიკლა სიმონმა! ჩემმა საყვარელმა, უშიშარმა, პატარა სიმონ ხუხუნაიშვილმა... მკერდში ტყვია დაიხალა იმ რევოლვერიდან, რომელიც ბევრ გამარჯვებულ ბრძოლაში არასოდეს განუშორებია. ყოველთვის სხვებზე უფრო წინ იყო!.. 

დაიღუპა საუკეთესო სახალხო-გვარდიელი და შეუცვლელი ოფიცერი. მაგრამ მან საკუთარი თავი თვითონვე დაღუპა... საინელი, შემზარავი და სასტიკი ტრაგედიაა! რამდენიმე კვირის წინ გაგრის ფრონტიდან შეგვატყობინეს, რომ სიმონთან გარკვეული ბოროტადგამოყენებაში იქნა გამოვლენილი. ტკივილმა გული შემიკუმშა. საბედისწერო წინასწარგრძნობა მტანჯავდა... ვუპასუხე: „ყურადღებით გამოიძიეთ საქმე, შეცდომებს მოერიდეთ, სიმონი ხომ ასე ძვირფასია ჩვენთვის“. მე მითხრეს, რომ საქმეს ყველა განსაკუთრებულად ყურადღებით ეკიდება. გამოძიება დაიწყო და გამოირკვა, რომ სიმონმა ორი უმნიშვნელო ყალბი ანგარიში დაწერა და კიდევ რამდენიმე პატარა დანაშაული თუ მცდარი საქციელიც გამოვლინდა. სიმონი გამოძახებულ იქნა. იგი თავს იმართლებდა და თავის უდანაშაულობას ამტკიცებდა... მე მიხაროდა, ვიმედოვნებდი, ველოდი, რომ სიმონი გამართლდება. ისე მინდოდა კვლავ მეხილა იგი ჩვენს გარემოში, ისევ შემტევი ჯაჭვების წინ – მკვეთრი და მბრძანებლური ხმით... 

რამდენიმე დღის წინ გაგრიდან სიმონის ორი წერილი გამოგვიგზავნეს. ამ წერილებმა მოკლა მისი რეპუტაცია, მოკლა ჩვენი რწმენა. ერთი წერილი ილიკოსადმი იყო, მეორე – ნიკო სამათაძისადმი. სიმონი მათ თავის საქმეზე ატყობინებდა და სთხოვდა დახმარებოდნენ, რათა ამ ჭუჭყიდან გამომძვრალიყო. იგი სთხოვდა მათ როგორმე მოეპარათ და გაენადგურებიათ ყალბი ანგარიშები და რჩევა-დარიგებასაც აძლევდა, თუ დაკითხვაზე როგორ ეჩვენებიათ. და ეს წერილები საველე შტაბში მოხვდა! საველე შტაბმა წერილები ჩვენთან გადმოაგზავნა და გვთხოვდა სიმონი დაგვეპატიმრებია. მთავარმა შტაბმა გადაწყვიტა სიმონი ისევ გამოეძახა სოფლიდან და დაეპატიმრებია. დაეპატიმრებია სიმონ ხუხუნაიშვილი, ჩვენი პატარა და კაშკაშა გმირი!.. ამის გადაწყვეტა ძნელი იყო, შესრულება კი შეუძლებელი... 

სიმონი დღეს ჩამოვიდა. იგი შტაბის სხდომაზე გახლდათ. მე მას ვუთხარი: „საუბედუროდ, შენ ჩვენი იმედები და ჩვენი ნდობა ვერ გაამართლე. აი შენი წერილები – ისინი შენ სიცრუეში გამხილებენ. წერილები ხომ შენია?!“ სიმონი მკვდარივით იყო. „ჰო, წერილები ჩემია“, – თქვა მან. „შტაბმა დაადგინა დაგაპატიმროს“, – ვამბობ მე. 

მას სახე სულ გაუმრუდდა. საშინელი მწუხარება და ტანჯვა გამოისახა მის მიმკვდარებულ სახეზე და მან ოდნავ გასაგონად თქვა: „ნუ დამაპატიმრებთ“. 

ამან მე აღმაშფოთა. 

„და შენ გვთხოვ ამის შესახებ?! – ვეკითხები. – შენ, რომელმაც თვითონ უნდა მოითხოვო საკუთარი დაპატიმრება და შენი ყველაზე უფრო მკაცრი გასამართლება?“ იგი დუმდა და შტაბის ყველა წევრიც ჩუმად იჯდა. შემზარავი, მძიმე, სასიკვდილო სიჩუმე ჩამოწვა. სიმონს მარჯვენა ხელი სულ ერთ-თავად ჯიბეში ჰქონდა. მივხვდი, რომ მას ჯიბეში რევოლვერი აქვს. და ეს ყველამ გაიგო. მეზობელ ოთახში გავედი – ყარაულის უფროსი გამოვიძახე, რათა სიმონი დაგვეპატიმრებია. ჩემთან ერთად რუბენი გამოვიდა და მეუბნება: „მას ჯიბეში რევოლვერი აქვს, ბევრი რამ შეუძლია გაბედოს“. 

გადაწყდა, რომ რუბენი სიმონის ახლოს დაჯდება და თვითმკვლელობის უმცირესი მცდელობის დროსაც კი მას განაიარაღებს... სიმონმა ქაღალდი აიღო და დაწერა: „ძვირფასო მშობლებო“... ვასო გოგიშვილმა და კოლია ორაგველიძემ მას ხელი სტაცეს და განაიარაღეს. 

საწყალი სიმონი! მას საშინელი შესახედაობა ჰქონდა. იგი გვთხოვდა, გვემუდარებოდა არ გაგვეიარაღებია, ვინაიდან მისი უკანასკნელი იმედი სიკვდილია... 

„შენ დიდი ხანია შეგეძლო ეს იმედი გაგეხორციელებია, – ვეუბნები მას. – ახლა უკვე გვიანია“. სიმონის სახე უგონო ტანჯვას და საშინელ ტკივილს გამოხატავდა. მისი ყურება შეუძლებელი გახლდათ... 

„მომეცით შესაძლებლობა თავი მოვიკლა. თქვენ თვითონ მომკალით, მაგრამ ახალ სირცხვილს ნუ მაჭმევთ, ნუ დამაპატიმრებთ“... იგი გვთხოვდა, გვევედრებოდა. ჩვენ არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებია... ყველა დუმდა, ყველანი დათრგუნული იყვნენ... მაშინ ამხანაგებს შევთავაზე სასახლის ბაღში გავსულიყავით და იქ დავლაპარაკებოდით ერთმანეთს. „თუ თქვენ დამიჯერებთ, – ვუთხარი მათ ბაღში, – მაშინ ასე მოვიქცეთ: მე მას რევოლვერს გადავცემ და ვეტყვი – შენ ყოველთვის გმირი იყავი და გმირად უნდა მოკვდე. მიდი და გადაწყვიტე შენი ბედი“. ყველა დუმდა. შემდეგ ისევ ალაპარაკდნენ. და ყველანი იმ აზრისა იყვნენ, რომ სიკვდილი სიმონის გადარჩენაა... მაგრამ როგორ მივცეთ ნება რომ თავი მოიკლას?!.. და მოიკლავს კი იგი თავს?! ისმებოდა კითხვები და პასუხის გარეშე რჩებოდა... შემდეგ ჩვენ ყველამ მდუმარედ გადავწყვიტეთ... მუხრანსკის პატარა ბნელ ოთახში შევედით... და ისევ გამოვედით სიმონთან. მე ვთხოვე ამხანაგებს გასულიყვნენ. და მარტო დავრჩი სიმონთან. პირისპირ. 

„შენ მე რას მეტყვი?“, – ვკითხე მას. 

„მომეცი ერთი ტყვია, მარტო ერთი ტყვია!“, – მტანჯველი სევდით მიპასუხა მან. 

„დიახ – მეც ვფიქრობ, რომ შენ უნდა მოკვდე, – ვეუბნები მას. – შენ ყოველთვის გმირი იყავი. შენ ძალზედ ძვირფასი იყავი ჩვენთვის, ჩემთვის კი ღვიძლ ძმაზე უფრო ძვირფასიც. და შენ ბოლომდე გმირად უნდა დარჩე. ჩვენ მუხრანსკის ოთახში გაგგზავნით. იმ ოთახში უნდა გადაწყვიტო შენ საკუთარი ბედი“... 

სიმონს სახე გაუბრწყინდა, გამოფხიზლდა. თითქოს უდიდეს საფრთხეს და დიდ უბედურებას დააღწია თავი. 

„ფანქარი მომეცით“, – მთხოვა მან. „იქ ფანქარიც არის“... მე მას ხელი ჩამოვართვი. მისი პატიოსანი ხელი! და ხანგრძლივმა, მტანჯველმა კოცნამ დაგვაშორა ჩვენ. სამუდამოდ... „ოთახამდე მიმაცილე“, – მთხოვა მან. ეს მისი უკანასკნელი თხოვნა გახლდათ... 

და იგი პირქვე იწვა განგმირული მკერდით, ხოლო მაგიდაზე კი იდო მისი წერილები. მისი უკანასკნელი წერილები. 

და ვერ გაუძლო გულმა... და მე, რომელმაც უკვე დიდი ხანია დავივიწყე ტირილი, რომელსაც ძვირფასი სანდროს გვამზეც კი არ მიტირია, ბავშვივით ავქვითინდი... და როგორი ბედნიერებაა – ცრემლები! რა გოგორ უბედურნი არიან ისინი, რომლებმაც დაივიწყეს ტირილი, ვისაც ამოუშრა ცრემლები. და აი ახლაც – იხევა, კვნესის სული, ცრემლები კი არ არის! და არც ნუგეშია... 

ახლა რამდენადმე დავმშვიდდი და მყარად ვამბობ: „თვითმკვლელობა საუკეთესო დასასრული იყო სიმონისათვის, მისი ბოლო სამკაული და მასთან სრული შერიგებაც. მარადიული ხსოვნა მას. ხოლო ჩვენ კი, ცოცხლად დარჩენილები, მასზე უფრო უბედურნი ვართ! ბევრი სიმძიმეა, ბევრი ტანჯვა, ბევრ დანაშაულს ვიღებთ საკუთარ თავზე და გვეყოფა კი ძალები... და ჩვენს წმინდა სისასტიკეში, ჩვენს გულმოწყალე დანაშაულებრიობაში – ჩვენი ხსნაა“... 

„სიყვარულით მოკლა – აი სიყვარულის სილამაზე“ («Любя убить – вот красота любви»). ეს სასტიკი, დანაშაულებრივი სილამაზე მე ახლა გავიგე... 

ცხოვრება და რევოლუცია კი მსხვერპლს თხოულობენ.. მძიმე მსხვერპლს... და სისხლიან სილამაზეს!.. 

საშინელებაა!.. 


9 სექტემბერი 1919 წ. ტფილისი. დილა. 

გუშინ ძვირფასი სიმონის გვამი აკეთში გავგზავნეთ... მას ტფილისის გვარდიის ყველა რაიონი აცილებდა... საწყალი, უბედური და ბედნიერი სიმონი! მე დავწერე მისი ბიოგრაფია – ნეკროლოგი. მთელი სიმართლე დავწერე. და მე მარტო ვიყავი ჩემს პატარა ოთახში და მარტო ვტიროდი... ვერავინ ხედავდა ჩემს ცრემლებს და ისე მიმსუბუქებდნენ ისინი!.. ეს ჩემი უკანასკნელი ცრემლები იყო. მეტად უკვე ვეღარ ვიტირებ... ალბათ ვერასოდეს... 

მე ხშირად ვფიქრობ: მქონდა თუ არა ამ სისასტიკის უფლება და დასაშვებია თუ არა მორალი: „მოკლა სიყვარულით“?! და რაც უფრო მშვიდად, რაც უფრო სერიოზულად ვფიქრდები ამაზე, მით უფრო გადაჭრით ვპასუხობ: „დიახ!“. უწინარეს ყოვლისა საკუთარი თავისადმი უნდა იყო სასტიკი და მეგობრებისადმი და ამ წმინდა სისასტიკით გადარჩება რევოლუცია. ამ სისასტიკეში – დიდი გულმოწყალება და მაღალი მორალია... 


14 სექტემბერი 1919 წ. ტფილისი. დილა. 

დღეს საქართველოს რესპუბლიკის სახალხო გვარდიის პირველი ყრილობა იხსნება. ბევრ რამეს ელოდებიან ამ ყრილობისაგან. 

გუშინ თავდასხმა იყო გენერალ ბარათოვზე და შემთხვევით მასთან ერთად მყოფ გენერალ ოდიშელიძეზეც. ბოლშევიკმა ელბაქიძემ ორი ბომბი ესროლა. სერიოზულადაა დაჭრილი ბარათოვი, მსუბუქად ოდიშელიძე, მაგრამ მოკლულია მძღოლი და სასიკვდილოდ დარილი მისი თანაშემწე... ეს თავდასხმა წმინდა წყლის პროვოკაცია გახლავთ და ამ აქტით ჩვენს მტრებს უნდათ დროზე ადრე ჩაგვითრიონ ომში დენიკინთან. ბარათოვის სიკვდილით სურთ გენერალი დენიკინი ჩვენ მოგვისიონ! გენერალ ბარათოვის მოკვლა ხომ ასე ადვილი იყო. იგი ყოველგვარი დაცვისა და წინასწარ სიფრთხილის გარეშე დადიოდა, მაგრამ მისი სიკვდილი ჩვენ არ გვჭირდებოდა. 

ყოველ შემთხვევაში ამ თავდასხმაში გმირობა არ ყოფილა და არც არაფრისთვის იყო საჭირო უბედური მძღოლების დახოცვა. 


23 სექტემბერს 1919 წ. ტფილისი. დილა. 

დღეს საოპერო სეზონზე აბონემენტების გაყიდვა იწყება. ეს კარგია. მალე თეატრალური სეზონი დაიწყება და შესაძლებელი იქნება ზოგჯერ დავისვენო... 

ამ დღეებში დასრულდა სახალხო გვარდიის პირველი ყრილობა. ყრილობამ კარგად ჩაიარა. მოხდენილ იქნა შეჯამებანი და დაისახა მომავლის გზები. მხოლოდ დასასრულისთვის – ახალი შტაბის არჩევნების დროს, შეიქმნა მძიმე, შედედებული და უსიამოვნო ატმოსფერო. მაგრამ შემდეგ ნისლი გაიფანტა, და ჩვენც მეგობრულ მუშაობას ვაგრძელებთ. 


28 სექტემბერი 1919 წ. ტფილისი. 

ახლახანს ამხანაგების ვიწრო წრეში, დიდი ნოეს ინიციატივით, დაიწყო საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი საკითხების განხილვა. მდგომარეობა განსაკუთრებით სერიოზულია. პარიზის კონფერენცია საბოლოოდ გაკოტრდა და მისი უკვე აღარავის სჯერა. მისი თვით რუმინეთსაც კი არ ეშინია!.. რუსეთში მთლიანი საშინელებაა! სულ ახლახანს იქიდან ჩამოსული გრიშა ლორთქიფანიძე და ვიქტორ თევზაია ერთხმად ამტკიცებენ, რომ იხრწნება და ინგრევა დიდი რუსეთი! შემზარავი და მტკივნეული განწყობა გეუფლება. შიში გეუფლება! რუსეთის ქალაქები თანდათანობით კვდომაში მოდიან. მრეწველობა კვდება, პროლეტარიატი იფანტება და სიმძიმის ცენტრი ქალაქიდან სოფელში გადაიტანება, რევოლუციიდან რეაქციისაკენ!.. ასეთია საშინელი სიმართლე რუსეთის შესახებ. 

ყოველივე ეს განსაკუთრებით აძნელებს ჩვენს მდგომარეობას და ჩვენ გვემუქრება ორმაგი დარტყმა: ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, მოხალისეთა არმიის მხრიდან და თურქეთის მხრიდან! და სულ უფრო ხშირად ვიწყებ ფიქრს: „ცხოვრება – ცვრის ერთი წვეთია ლოტოსის ფოთოლზე“... 

განსაკუთრებით მძიმეა ჩვენი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა. ამ სფეროებში უზარმაზარი ენერგია უნდა გამოვიჩინოთ, დიდი ინიციატივა და სიახლის ბევრი ძიება. მე ვფიქრობ, რომ სახალხო გვარდიის აპარატებსა და ჟანსაღ სულისკვეთებას აქაც შეუძლიათ მოვიდნენ სახელმწიფოს დასახმარებლად... ზოგჯერ უტოპისტი ვხდები! 

და რაც მთავარია, რომ ჩვენში აღარ იყოს აქტიური ფრონტი, რომ ისევ არ აღმოვჩნდეთ ჩათრეული ომში! ეს საშუალებას მოგვცემს სული მოვითქვათ, გადავეწყოთ და ხელახლა მოვახდინით ორგანიზება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს შემოქმედებითი სული განვავითაროთ. 

თითქმის მთელ გვარდიას ვხსით გაგრის ფრონტიდან. იქ რეგულარული ჯარები მიემგზავრებიან, მაგრამ მე მათი როგორღაც ნაკლებად მჯერა. ახლა ძალზედ ძნელია რეგულარული არმიის შექმნა, განსაკუთრებით რევოლუციის პირობებში. საერთოდ რეგულარული არმიის ორგანიზაციის ფორმა უკვე აღარ შეესაბამება ხალხის სულისკვეთებასა და ჯარისკაცების განწყობას. ამიტომ უნდა ვანვითარებდეთ, ვამაგრებდეთ და სრულვყოფდეთ სახალხო გვარდიას... 

26-ში ჩვენ მუშების ახალი ბატალიონი გავგზავნეთ ტფილისიდან გაგრის ფრონტზე. ბატალიონმა დაჩქარებით და მწყობრად მოახდინა მობილიზაცია. მე სიყვარულით ვაცილებდი მათ სადგურში. და ვფიქრობდი: როგორ უცნაურია, რომ ჩვენს სახალხო-გვარდიელებს არასოდეს აცილებენ ქალები. არც დედები, არც ცოლები, არც შვილები! ჩვენ ხშირად გავდიოდით ლაშქრობაში, ვიცოდით, რომ ძალიან ბევრი ვეღარ დაბრუნდება უკან, მაგრამ არასოდეს მინახავს არც გამცილებელი ქალები, არც მათი ცრემლები... მე ახლაც არ მესმის: რჩებიან ეს ქალები თავიანთი ცრემლებით თავიანთ ღარიბულ სახლებში, თუ ისინი მდუმარედ ეუბნებიან თავიანთ სახალხო-გვარდიელებს: „ფარით, ან ფარზე!“... 


2 ოქტომბერი 1919 წ. ტფილისი. დილა. 

დიდმა ნოემ რაღაც ხშირად დაიწყო ავადობა. ეს ძალიან მოქმედებს ჩვენს მუშაობაზე. ზოგჯერ შიშით ვფიქრობ: რა მოუვა ჩვენს მუშაობას, თუ ნოე აღარ იქნება?!.. მაშინვე დაიწყება საყოველთაო დაშლა და ჩვენი პარტია ბევრ განშტოებად დაიყოფა! ამაში მე ხშირად ვრწმუნდები... ყველგან ხომ ასე ბევრი ინტრიგაა და ასე ხშირად საზოგადო პირადს ექვემდებარება. მე ყველაფერი შემიძლია გავიგო და ვაპატიო, მაგრამ ინტრიგის არც გაგება შემიძლია და არც პატიება. თუ ამ დრომდე მთავარი შტაბი შედარებით წესიერად მუშაობდა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არანაირი ინტრიგები არ ვიცოდით. მართალია, ჩვენ ხშირად ვჩხუბობდით და ვილანძღებოდით, მაგრამ ამ ჩხუბებისაგან საქმე არ ზიანდებოდა. საზოგადოს, მთავარს ჩვენ არასოდეს ვივიწყებდით... 

დღეს პასუხისმგებელ მუშაკთა საგანგებო თათბირია დანიშნული ეკონომიკურ საკითხებში. ჩვენი ეკონომიკა ახლა საშინლადაა მოდუნებული (расхлябана) და მას შეუძლია დაგვღუპოს... მთავარი შტაბი ფიქრობს შეუდგეს საკუთარი მეურნეობის, საკუთარი მსხვილი ნახნავების ორგანიზებას. ჩვენ საკუთარი ძალები უნდა მოვსინჯოთ! ჩვენ ხომ სოციალისტებად ვიწოდებით!.. და რაც მთავარია, სახელმწიფო უნდა დადგეს ყველაზე უფრო ფართო სოციალიზაციის გზაზე, კოლექტივიზმის გზაზე... კერძო ინიციატივის დრო უკვე მოკვდა... 


7 ოქტომბერი 1919 წ. ტფილისი. 

ჩემი პატარა არჩილი ავადაა. ძალიან ავად! იგი უეცრად დასნეულდა, უმიზეზოდ. მტანჯველი და მძიმე ღამე გაატარა. ახლა რამდენადმე უკეთესადაა. საწყალი ბიჭი! იგი გმირულად უძლებს ავადმყოფობას. 

და გაუძლებს!.. 


8 ოქტომბერი 1919 წ. ტფილისი. დილა. 

არჩილი ცუდადაა. ძალიან ცუდად... იღუპება საოცარი, შეუდარებელი ბავშვი... და უნუგეშო უბედურება (სიმწარე) ეუფლება ამ სახლს... ისევ სასწაულს შევღაღადებ, მინდა სასწაული, მაგრამ სასწაული არ არის. და სასწაული არც იქნება. არის საშინელი, საშიში ნამდვილი ამბავი! და არჩილი ხომ ჩემი იყო, მაგრამ ჩემს სიყვარულს მარტო უბედურება მოაქვს, მარტო სიკვდილი მოაქვს. 

გამოუხატველი საშინელებაა! მეშინია... 


8 ოქტომერი 1919 წ. ტფილისი. 

საშინელი დღეა. არჩილი გარდაიცვალა... ჩემი საყვარელი ბიჭი დაიღუპა... და ჩემი მეგობრების დაუსრულებელ საფლავებს ჩემი არჩილის პატარა, ახალი საფლავიც მიემატა. ახალი, შესაძლოა, ყველაზე უფრო ძვირფასი... 

საშინელებით მოცული ვფიქრობ საკუთარ თავზე. რატომ ვარ ასეთი უბედური, ჩემი სიყვარული რატომ ჰკლავს ჩემს მეგობრებს? რატომ მომაქვს მე ამდენი უბედურება!.. 

ვუცქერი ჩემს წარსულს და შეძრწუნებით ვხედავ, რომ თითქმის ყველა ისინი, ვინც ძალიან მიყვარდა, ან დაიღუპნენ, ან კიდევ ძალზედ უბედურნი შეიქნენ. ბავშვობაში მაქსიმე მიყვარდა, იაკობიც, და ორივენი დაიხოცნენ. შემდეგ ყველა ჩემი მეგობარი იღუპებოდა ან უბედურდებოდა. და უკანასკნელად ჩემი პატარა, ჩემი ერთგული არჩილი დაიღუპა. მე იგი უსასრულოდ მიყვარდა! და მასაც უგონოდ ვუყვარდი. და უდიდესი აღტაცებით, ნათელი სიყვარულითა და ჩუმი ალერსით მხვდებოდა ყოველთვის, ლაშქრობიდან დაბრუნებულს – ჩემი პატარა მეგობარი... იგი სიხარულისაგან შეშდებოდა. უცნაური კრუნჩხვა-კანკალი აღელვებდა მას და, როცა ყელზე შემომეჭდებოდა, იგი ნაზად, ნაზად მეალერსებოდა. და ეს ბავშვური ალერსი, საყვარელი ბავშვის ეს შეულამაზებელი სიყვარული ჩემთვის უდიდესი ჯილდო იყო... 

მე ყოველთვის სიამაყით ვფიქრობდი ამ სიყვარულსა და ამ ბავშვზე... და იგი ახლა აღარ არის. არ არის ჩემში არც სიამაყე, არც აღტაცება... 

მაგრამ როგორ უბედურები არიან არჩილის მშობლები... 


9 ოქტომბერი 1919 წ. ტფილისი. დილა. 

მე სულ მინდა ჩემს პატარა და საწყალ არჩილზე ვიფიქრო. მძიმე ქვად დააწვა მისი სიკვდილი ჩემს გულს და საშინელი სისუსტე მეუფლება... საწყალი, უბედური ლიდა! საწყალი, უნუგეშო გიორგი! რატომ დასაჯა ბედმა ასე სასტიკად და უწყალოდ ისინი?.. გუშინწინ გიორგიმ თქვა: „ჩემზე უფრო ბედნიერი ადამიანი არავინ იქნება, თუ არჩილი მომჯობინდება“. და იგი ყველაზე უფრო უბედური შეიქნა, ვინაიდან არჩილი მოკვდა... აუტანლად მძიმეა ლიდასა და გიორგის ყურება. ისინი განსვენებულებსა ჰგვანან. საჭიროა ისინი გადავარჩინო. 

მე სულ მინდა გავექცე ამ საშინელ სიმწარეს, გარემომცველ ცრემლებს, ყველაფერს, რაც გულს მიფლეთავს... მაგრამ ყოველთვის ვიჭერ საკუთარ თავს ეგოიზმში, ჩემი თავისათვის სიმწრის შემსუბუქების სურვილში და აქ ვრჩები. მაგრამ როგორ უნდა იტანჯებოდნენ ლიდა და გიორგი?!.. ლიდა, რომელიც ასე უსასრულოდ კეთილია ყველას მიმართ და რომელსაც ასე უგონოდ უყვარდა თავისი პატარა არჩილი... 


10 სექტემბერი 1919 წ. ტფილისი. დილა. 

დღეს პატარა მეგობრის დაკრძალვის სამწუხარო დღეა. პატარა, თეთრი კუბო მოიტანეს და ახლა მას იმაში ასვენებენ. საუკუნო საცხოვრებელი და საუკუნო სიმშვიდე... და მძიმეა, გამოუთქმელად მძიმე. გუშინ და დღეს ვკითხულობ ჩემს საყვარელ ადგილებს გერცენიდან და მათში ვპოულობ დამშვიდებას... სხვისი სევდა ყოველთვის გიმსუბუქებს ნაღველს. მაგრამ არა მაქვს სიტყვები, წერა კი ასე მინდა... წერილები, როგორც ცრემლები, გიმსუბუქებენ. მაგრამ ახლა ცრემლი უფრო მეტი მაქვს, ვიდრე სიტყვა. და მე ხომ ვფიქრობდი, რომ უბედური სიმონის სიკვდილის შემდეგ არასოდეს ვიტირებ. მაგრამ ვის შეეძლო ეფიქრა, რომ ჩემი პატარა მეგობარი მოკვდება. 

ჩემს გარშემო ჩემი მეგობრების მწუხარე აჩრდილები დგებიან. მხოლოდ მე გადავრჩი მათ შორის, მაგრამ ვერ გადარჩა ჩემი გული. მე მტანჯველი სევდითა და სიხარულით ვახდენ გერცენის ციტირებას: 

„ოდესღაც, სტარიოვ, ჩვენ ხელიხელ-ჩაკიდებული შემოვდიოდით ცხოვრებაში. უშიშრად და ამაყად მივაბიჯებდით; სიძუნწის გარეშე ვპასუხობდით ყოველგვარ მოწოდებას, გულწრფელად ვეძლეოდით ყველანაირ გატაცებას. გზა, ჩვენ რომ ავირჩიეთ, ადვილი არ ყოფილა. ჩვენ ის არასოდეს დაგვიტოვებია – დაჭრილები, გატეხილები – ჩვენ მივდიოდით და წინაც ვერავინ გვისწრებდა. მე მივედი... არა მიზანთან, არამედ იმ ადგილთან, სადაც გზა მთის ქვეშ მიდის და უნებურად ვეძებ შენს ხელებს, რათა ერთად გამოვიდეთ, რათა ჩამოგართვა ხელი და, სევდიანად მომღიმარმა, გითხრა: „აი მორჩა ყველაფერი“...“ 


შინაგანი მებრძოლი ბოლშევიზმის ლიკვიდაცია 




23 ოქტომბერს 1919 წ. ტფილისი. ღამე. 

დღეს, ღამით, ადგილობრივი ბოლშევიკები გამოსვლას ვარაუდობენ. ისინი მთელ რესპუბლიკაში გაძლიერებულად მუშაობენ და ფიქრობენ შეიარაღებული გამოსვლების მოწყობას ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. სოხუმში მათ უკვე მოახდინეს შეიარაღებული გამოსვლა, მაგრამ უიღბლოდ. მათ დეზერტირები შეუერთდნენ, მაგრამ თვით ვლადიკავკაზელმა ბოლშევიკებმაც კი უარი განაცხადეს მათზე... აშკარაა, ადგილობრივი ბოლშევიკები ან ჭკუიდან შეიშალნენ, ან კიდევ ისინი დენიკინს შეგნებულად ემსახურებიან! ხომ სრულებით აშკარაა, რომ ჩვენი ზურგის დეზორგანიზაცია მხოლოდ ფრთებს ასხამს დენიკინს! და ნუთუ ეს უნდათ ბოლშევიკებს?! 

მოღალატენი! 

ჩვენს მიერ წინასწარი სიფრთხილის ყველა ზომაა მიღებული და ბოლშევიკების ყველა გამოსვლას ადვილად ჩავახშობთ. მაგრამ მე მაინც არ მინდა ბოლშევიკების გამოსვლისა მჯეროდეს. ეს უდიდესი უგუნურება და ღალატი იქნებოდა. 

ჩვენ საკუთარი ხვნა-თესვის ორგანიზაციას შევუდექით ყარაიაზში. დღეს იქ მუშაკთა და ცხენების დიდი პარტია გავგზავნეთ. კოლექტიური მუშაობა ეწყობა და იზრდება. ეს ახალი სფეროა ჩვენს მშენებლობაში და ის ახალ, ფართო მომხიბლავ ჰორიზონტს გვიხსნის. მახვილისა და გუთნის, ბრძოლისა და შრომის, მეომრისა და მუშის შეხამება! ეს ჩემი იდეალია. სახალხო გვარდიას დისციპლინაში მოჰყავს ადამიანები არა მარტო სამხედრო, არამედ შრომით მიმართებაშიც. და მე მგონია, რომ დროთა განმავლობაში ორგანიზებული საზოგადოებრივი შრომის დისციპლინა პირველ ადგილს დაიკავებს სახალხო გვარდიის ორგანიზაციაში... 

სახალხო გვარდიის პირველი გუთნები 20 ოქტომბერს ამუშავდნენ ყარაიაზში, და მე მჯერა, რომ ეს დღე იქცევა დიდ დღედ მთელი სახალხო გვარდიის ნამდვილი დღესასწაულისა. 


25 ოქტომბერს 1919 წ. ტფილისი. დილა. 

გუშინ ბოლშევიკებმა უიღბლო შეიარაღებული გამოსვლები მოაწყვეს საქართველოს რესპუბლიკის ბევრ კუთხეში: ფოთში, სამტრედიაში, დუშეთში, თელავში, ლაგოდეხში კი ხელისუფლებაც ჩაიგდეს ხელში! უბედურები! ისინი ჰკარგავენ ხარკოვს, კიევს, კურსკს, ცარიცინს და ეუფლებიან ლაგოდეხს! ისინი ჰკარგავენ მთელ რუსეთს, მაგრამ ცდილობენ დაიპყრონ თურქესტანი და საქართველო! და განა ეს ბოლშევიკებია? განა რომელიმე პატიოსანი ბოლშევიკი გაბედავს მოახდინოს აჯანყების ორგანიზაცია ქვეყანაში, რომელიც ყოველი მხრიდან რეაქციის ბანდებითაა გარშემორტყმული? ეს უგუნურება და დანაშაული მხოლოდ იმ პირობით შეიძლება გაბედო, რომ გადატრიალება თავდაცვისადმი ქვეყნის უნარს გააძლიერებს. მაგრამ ბოლშევიკებმა მშვენივრად იციან, რომ გადატრიალება ყველაფრის დეზორგანიზაციას მოახდენს და ჩვენ მთლიანად რეაქციის დაღებულ ხახაში გადაგვისვრის. ნუთუ ეს უნდათ ბოლშევიკებს?! ნუთუ მათ უნდათ ჩვენი ხალხის პოლიტიკური დაღუპვა და მისი ფიზიკური განადგურება? არა, ეს ბოროტმოქმედებაა, უგუნური და უღირსებო ბოლშევიკები! და სად არიან ღირსების მქონენი! მე ვეძებ მათ და უკვე ვეღარ ვპოულობ. ნუთუ მარტო ექიმი კიკალეიშვილი? და, ამბობენ, კიდევ აბელ ენუქიძე მოსკოვში! და ამიტომ საჭიროა დაუნდობელი ბრძოლა ამ უღირსებო, დამნაშავე ადამიანებთან, ჩვენი დროის ამ ინკვიზიტორებთან და იეზუიტებთან, დიადი რუსული რევოლუციის ამ ჯალათებთან. 

შორს სენტიმენტალიზმი და ყველა მოგონება!.. 


9 ნოემბერი 1919 წ. ტფილისი. ადრეული დილა. 

ახლა საგარეჯოში მივემგზავრები ანდრო ჭიაბეროვთან ერთად. დიდ სახალხო მიტინგზე. მე არასოდეს ვყოფილვარ მიტინგებზე კახეთში და დროის მთელი განგაშიანობის მიუხედავად, იქითკენ მივისწრაფი. კახეთში მე მიცნობენ და ვუყვარვართ. დრო კი ძალზედ საგანგაშოა! საქართველოში დენიკინელები, ბოლშევიკები და ყაჩაღები გაერთიანდნენ ჩვენი რესპუბლიკის, ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი ქვეყნის განადგურებისთვის! ისინი რელსებიდან აგდებენ მატარებლებს, ყრუ, მიტოვებულ კუთხეებში აწყობენ აჯანყებებს და ემზადებიან საერთო გამოსვლისათვის. ყოველ მათგანს სურს ჩვენი ხალხის დაღუპვა, მისი განადგურება. მაგრამ ისინი ამას ვერ მოახერხებენ! ჩვენ კარგად ვიცით ბრძოლა, ვიცით სიკვდილი და ამიტომ ვიცით გამარჯვება. დემოკრატია ისევ დაამარცხებს ანარქიასა და რეაქციას... 

გუშინ არ გვქონდა მშვიდი დღე. ყოველი მხრიდან სამწუხარო ამბები მოდიოდა. ჩვენი მოხუცი სილვა ძალზედ შეშფოთებული გახლდათ: მან ხომ ახლახანს დაიწყო ჩვენს შტაბში მუშაობა და ამ სამუშაოს მთელი ნერვიულობა მისთვის უცნობია! ჩვენ კი უკვე მესამე წელია ნერვებით ვცხოვრობთ, მუდმივ განგაშსა და მძიმე, განუწყვეტელ ბრძოლაში! და გამაგრდა ნერვები, გამაგრდა სული. და როცა გუშინ მოვიდა ცნობა დუშელი ყაჩაღების მიერ საკავალერიო ოფიცრის წერეთლის მკვლელობისა და სოფელ მეტეხში საბჭოთა ხელისუფლების დაარსების შესახებ, როგორღაც უცნაურ-სიხარულიანად ათრთოლდა გული. მე გავიფიქრე: ბოლშევიკებს, დენიკინელებსა და ყაჩაღებს უნდათ ბრძოლა, მათ უნდათ ჩვენი დაღუპვა. კარგით! ჩვენ ვღებულობთ მათ გამოწვევას, ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას. და ჩვენ დავამარცხებთ, გავანადგურებთ ჩვენს მტრებს. 

და ვიქნებით დაუნდობელნი რევოლუციისა და თავისუფლების მტრებისადმი! 

მე მხოლოდ პირველ მომეტში ვყოყმანობ, ბრძოლის დაწყების წინ, როცა წყდება საკითხი ბრძოლის შესახებ. ყოველთვის თავს ვარიდებ ამ ბრძოლას, მძულს, მეზიზღება ეს ბრძოლა! მაგრამ როცა წილი ნაყარია, როცა ბრძოლა უკვე დაიწყო – მაშინ გაბედულებად და ენერგიად გადავიქცევი. 

და ყოველთვის მჯერა წარმატების... 


10 ნოემბერი 1919 წ. ტფილისი. დილა. 

გუშინ დიდ მიტინგზე ვიყავი საგარეჯოში. ბევრი ხალხი იყო, და მიტინგმა კარგად ჩაიარა. მიტინგი სამი სახალხო-გვარდიელის საძმო საფლავზე მოეწყო. 

საგარეჯოს რაიონი ძალიან მდიდარია და მე მაოცებდა ქვით ნაგები შენობები სოფლებში. ჩვენთან იმერეთში ასეთ სიმდიდრეს ვერ შეხვდები. და მაინც კულტურა ჩვენში უფრო მაღალია... 

ტფილისში ბევრი რამ ახალია. გახულიგნებულმა ბოლშევიკებმა მთელი რიგი გამოსვლები მოაწყვეს გურიაში. გამოსვლა იყო ლანჩხუთში, სუფსასა და ჩოხატაურში. ისინი ღამით გამოვიდნენ და საზოგადოებრივი დაწესებულებები ჩაიგდეს ხელში. მაგრამ ჩვენმა გვარდიამ სწრაფად გაფანტა აჯანყებულები და ბევრიც დააპატიმრა. ლანჩხუთში დაახლოებით ასი აჯანყებულია შეპყრობილი იარაღითა და ბომბებით, სუფსაში დაახლოებით ორმოცი. ჩოხატაური ჯერ კიდევ გუშინ აჯანყებულთა ხელში იყო, მაგრამ გურიის ყველა ბოლოდან და სამტრედიიდან იქითკენ დაიძრა გვარდია და ის ბანდიტებს ჭკუას ასწავლის. მათთვის ჭკუის სწავლება კი საჭიროა, ვინაიდან მათ ჩვენი სისხლი უკვე დაღვარეს! ლანჩხუთში მათ ერთი სახალხო-გვარდიელი მოჰკლეს, სუფსაში სამი დაჭრეს, ჩოხატაურში კი რაიონული შტაბის წევრი სასიკვდილოდ დაჭრეს. ეს უკვე თამაში აღარაა. ეს სერიოზული გამოწვევაა. ჩვენ ვღებულობთ გამოწვევას! ჩვენ ვღებულობთ გამოწვევას და ვამბობთ: „სისხლი სისხლისა წილ“!.. 


10 ნოემბერი 1919 წ. ტფილისი. ნაშუადღევის 4 საათი. 

დღეს ღამით ბოლშევიკები ემზადებიან ტფილისში გამოსასვლელად. ნეტავ უფრო მალე იყოს! მუდმივი მოლოდინი აუტანელია. მე იმას ვემხრობი, რომ არ დავასწროთ მათ გამოსვლას და, მივცემთ რა მათ გამოსვლის შესაძლებლობას, თავს დავაცხრეთ შემდეგ მთელი ჩვენი სიმძიმით და გავსრისოთ, გავანაგუროთ ისინი! მაგრამ ჩემი თვალსაზრისი უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს. დღეს წინასწარი სიფრთხილის ყველა ზომას ვღებულობთ... მღელვარებით ველოდები პირველ გასროლას. მინდა ეს გასროლა, ვინაიდან ეს გასროლა ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს, ბევრ რამეს იტყვის ბოლომდე. და ჩვენი გასროლები გამარჯვების მომტანი იქნება... უკანასკნელები... 


11 ნოემბერი 1919 წ. ტფილისი. დღე. 

ღამით არანაირი გამოსვლა არ ყოფილა. ბევრი ბოლშევიკი წინასწარ იქნა დაპატიმრებული. ამრიგად, მათმა გამოსვლამ თვალუწვდენელ სიშორეში გადაინაცვლა. და ჩვენც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. 

პროვინციაში ბანდებს ყველგან ლიკვიდაციას უტარებენ. 


14 ნოემბერი 1919 წ. ტფილისი. ღამე. 

ეს კვირა ჩემთვის სააგიტაციო კვირა გახლდათ. მე ბევრ დიდ შეკრებაზე ვიყავი და ვაკეთებდი მოხსენებებს ქვეყანაში საქმეთა მდგომარეობის შესახებ და ბოლშევიკების ღალატის შესახებ. და სიხარულით უნდა მოვახდინო კონსტატირება: ბოლშევიკების ანარქიამ გამოაცოცხლა მასები, ისინი ჩვენ დაგვაახლოვა და ბოლშევიკებს მოწყვიტა! ამას მიაღწიეს ბოლშევიკებმა. მე გახარებული მოვდიოდი ყოველი შეკრებიდან, მოვდიოდი რწმენითა და მყარი განწყობით. 

გურიაში ბანდები თითქმის ლიკვიდირებულია. გორის მაზრაში აქტიურად წარმოებს ბანდების ლიკვიდაცია. 


3 დეკემბერს 1919 წ. ტფილისი. 

ანარქო-ხულიგნური გამოსვლები ყველგან ლიკვიდირებულია და ზოგიერთი დამნაშავეც სიკვდილით დასჯილი. მაგრამ უკვე დროა დასრულდეს ეს სიკვდილით დასჯები... არ არის საჭირო მეტი სიკვდილი. და მე ბედნიერი ვარ, რომ სიკვდილით დასჯილთა შორის არც ერთი იდეური ბოლშევიკი არ არის. 

დღეს ვუსმენდი „ტოსკას“ და ვფიქრობდი სიკვდილით დასჯილებზე. მძიმე და უცნაური განწყობა მქონდა. და როგორ პროზაულია ეს ყველაფერი ცხოვრებაში, როგორ უბრალოა ეს ყველაფერი. უფრო უბრალო, ვიდრე სცენაზე! მაგრამ უფრო მძიმე, მტკივნეული... 

როცა დაფიქრდები ხოლმე!.. 

მაგრამ სხვა გზა არ არის. ამ დანაშაულებრივი სისხლიდან ამოიზრდება თავისუფლება და საფლავებზე აღიმართება ხალხის ბედნიერება. მე მჯერა ამის და ამიტომ ვღებულობ სისხლს (приемлю кровь). და ვერევი გრძნობებს... 

გუშინ ჩემთან გამოცხადდა ტატაშ მარშანია. იგი თითქმის არ შეცვლილა. სულ ისეთივე ამაყი და მხნეა. მაგრამ დამარცხებული! იგი ჩვენ დაგვნებდა. გამარჯვებულის გულმოწყალებას. და ჩვენ მას უნდა ვაპატიოთ. საჭიროა მას ვაპატიოთ. მისი ყველა დანაშაულის მიუხედავად! იგი მაინც არ წავიდა დენიკინთან, მთელი მისი წარმატებების მიუხედავად. იგი არ წასულა ალექსანდრე შერვაშიძის ნაკვალევზე. და დაე მშვიდობიანად დაასრულოს თავისი ცხოვრება... 

გაგრიდან საგანგაშო ამბებია: დაიკარგა „ჭოროხი“ ბარჟითა და ჯარისკაცთა ასეულით! 


4 დეკემბერს 1919 წლისა. 

დილის 11 საათზე „ჭოროხი“ სოხუმიდან გაგრაში გაემგზავრა და ამ დრომდე არ არის. ფიქრობენ, რომ ის მოხალისეებმა ჩაიგდეს ხელში. დაე გაკვეთილ იქნას გორდიასის კვანძი, დაე იყოს ომი! ეს ომი მე მინდა. 


8 დეკემბერი 1919 წ. ტფილისი. ღამე. 

ჰო, „ჭოროხი“ მოხალისეთა მიერაა მიტაცებული. გუშინ, დილის 11 სთ-ზე, ფოთს მოხალისეთა სანაღმო გადამღობი მოუახლოვდა და მას მოკლე საზღვაო ბრძოლა ჰქონდა ჩვენს გამანადგურებელ „ტარიელთან“. დღეს სოხუმს დასაზვერად მოხალისეთა გემები მოუახლოვდნენ. ჩვენ მოხალისეთა ძრავიანი შხუნა ჩავიგდეთ ხელში... 

ომი არ გამოცხადებულა, მაგრამ ომი არის! და თითქოს ის არც არის. ნამდვილი ომი უნდა დავიწყოთ! მომენტი ჩვენ ხელს გვიწყობს. მოხალისეებს ძლიერად ურტყამენ ბოლშევიკები. ყუბანზე საგანგაშო მდგომარეობაა. ჩვენ დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ ყუბანს და დავარტყათ მოხალისეებს. 


12 დეკემბერი 1919 წ. ტფილისი. 

მოღუშული დილაა. სახალხო გვარდიის დღეა! ჩვენი მეორე წლისთავი! მისთვის სიყვარულითა და მღელვარებით ვემზადებოდით. და უცნაური რამაა: მე ასე არასოდეს მიღელვია! ეს სამი ღამე ცუდად მეძინა, ხშირად ვიღვიძებდი, ფანჯარაში ვიყურებოდი და ცას შევყურებდი. მინდა, რომ ნათელი, მოზეიმე ამინდი იყოს. გარეთ კი ნალექიანია, რუხია... ბრძოლის წინ არასოდეს ვღელავ და შესანიშნავად მძინავს, ჩვენი დღესასწაულის წინ კი ვნერვიულობ და საზიზღრად მძინავს. ვლანძღავ ჩემს თავს ამისათვის... 

მაგრამ წვიმა ჯერჯერობით არ მოდის. ნეტავი დღეს არ იყოს წვიმა! 


7 იანვარი 1920 წ. ტფილისი. 

მომწიფდა მოვლენები. მსხვილი, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები! ბოლშევიკები ამარცხებენ და ერეკებიან დენიკინის ხროვებს. დენიკინი დონიდან სამხრეთისაკენ უკუაგდეს და ენერგიულად აწარმოებენ მის ლიკვიდაციას... 2–3 თვის შემდეგ ჩვენს წინაშე ახალი საფრთხე წამოიჭრება – ბოლშევიკური. და ასეა ყოველთვის! ცეცხლიდან ალში! (Из огня да в полымя! ან კიდევ: ვაის გავეყარე ვუის შევეყარე!) 


10 იანვარი 1920 წ. ტფილისი. 

ბევრი, ძალიან ბევრი რამაა ახალი და დიდი. მოვლენები სწრაფად ვითარდება, კატასტროფულად. კოლჩაკი განადგურებულია, დენიკინი დამარცხებული. აღებულია მარიუპოლი, ნოვოჩერკასკი და ტაგანროგი. ბოლშევიკები ჩვენ გვიახლოვდებიან. ისინი კონტაქტს ამყარებენ ახალგაზრდა-თურქებთან. ჩვენ ალყას გვარტყამენ. ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც! და ამით სასიკვდილო საფრთხეში ვართ... 

ბოლშევიკები სამხედრო კავშირს გვთავაზობენ დენიკინის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ არ ვერევით გრანდიოზულ სამოქალაქო რუსეთულ ომში, ჩვენ ნეიტრალური დემოკრატია ვართ. ჩვენ ვართ დენიკინის წინააღმდეგ და ბოლშევიკებთან კავშირის წინააღმდეგაც! არ შემოვუშვებთ ჩვენთან რეაქციას. არ შემოვუშვებთ ანარქიასაც! 

გუშინ არშაკ ზურაბოვის სამწუხარო დასაფლავება იყო. ოდესღაც მე იგი ძალიან მიყვარდა და იგი ჩვენთან იყო. ჩვენს წინაც კი! მაგრამ ჩვენი მტრების ბანაკში მოკვდა. ასეთია ცხოვრება... 


12 იანვარი 1920 წ. ტფილისი. საღამო. 

დიდი ისტორიული სასიხარულო დღეა... დილის 11 სთ-ზე უორდროპი ევგენი გეგეჭკორთან გამოცხადდა და შემდეგი გადასცა: „ლორდ კერზონის წინადადებით, უმაღლესმა საბჭომ (ანტანტისა) აღიარა საქართველოსა და აზერბაიჯანის ფაქტიული დამოუკიდებლობა (самостоятельность). 

2 საათიდან დაიწყო მუშების გრანდიოზული მანიფესტაცია. ზეიმობდა ნამდვილი დემოკრატია... მე მხნე, ნათელი და რწმენით სავსე განწყობა მაქვს. ჩვენი მდგომარეობა რამდენადმე გაუმჯობესდა. ნაბიჯია წინ! და ძალზედ მსხვილი ნაბიჯიც. 


15 იანვარი 1920 წ. ტფილისი. ღამის 2 საათი. 

გუშინდელი დღე სამწუხარო ინციდენტით იქნა მოქუფრული: სასახლიდან ჩამოიხსნა წითელი დროშა. ამან მე ძალიან დამამწუხრა. ამან ბევრს ატკინა გული და ააღელვა. ხვალ ფრაქციის სხდომაა. ის ამ ინციდენტისადმია მიძღვნილი და ჩვენ ისევ აღვმართავთ ჩვენს წითელ დროშას. 


15 იანვარი 1920 წ. ტფილისი. საღამო. 

გაგვიცრუეს იმედები... სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ უარყო სასახლეზე წითელი დროშის აღდგენა. ამით მან უარყო წითელი დროშა. მან ზურგი შეაქცია რევოლუციის დროშას! მე ზურგს ვაქცევ ასეთ გადაწყვეტილებას. და ვრჩები წითელი დროშით... 


16 იანვარი 1920 წ. ტფილისი. საღამო. 

„და ბნელ ღამეში არ მაქვს ჩემი ვარდი, არამედ რჩება მხოლოდ ტკივილი“... 

დაუწყნარებელი, მწიწკნავი ტკივილი... 

მე თითქოს შეუცვლელი, საყვარელი მეგობარი მომიკვდა! და დიდი სევდა მაწვება. მე მიყვარდა ჩვენი სასახლე. დიდი ქალაქის ყველა ბოლოდან ვტკბებოდი ამაყად მოფრიალე მისი წითელი დროშით. და ყველა დროშაზე უფრო მაღლა ადიოდა ეს წითელი დროშა! ჩვენი დროშა! და ჩვენ გვიყვარდა ის. ძალიან, მხურვალედ! როგორც რევოლუციონრებს... ჩვენ არც კი ვიცოდით, თუ როგორ მხურვალე იყო ეს სიყვარული. 

ეს დროშა რევოლუციის გაგრძელების სიმბოლო გახლდათ. ის იყო ჩვენი რევოლუციური ოცნება, ჩვენი საბოლოო იმედი. მაგრამ დროშა ჩამოხეულ იქნა, და ოცნება კი შეუბრალებლად მოკლული. და არა ეროვნულ-დემოკრატების მიერ, არამედ სოციალ-დემოკრატებისა... ზოგიერთი ს.-დ.-ის მიერ!.. 

სირცხვილია! 

და წითელი დროშა ეროვნული დროშით შეცვალეს. ამრიგად, მათ მტრულად დააპირისპირეს ორი დროშა! ნუთუ მათ უნდათ ეს მტრობა?! დაე იყოს ასე! ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვებს წითელი დროშა, რევოლუციისა და სოციალიზმის დროშა. მე ხელები მეხსნება. და ბევრს უკვე ზურგს ვაქცევ. 

„და მხოლოდ რჩება ტკივილი“. 


19 იანვარი 1920 წ. ტფილისი. დილა. 

გუშინ საბავშვო ნაძვის ხეზე ვიყავი. იყვნენ დემოკრატიის ბავშვები, პროლეტართა ბავშვები! ნაძვის ხე უბრალო იყო, ღარიბული, საჩუქრები კი მწირი. მაგრამ ბავშვების სიხარული იყო ნათელი, წმინდა... ისინი სიყვარულითა და ცნობისმოყვარეობით მათვალიერებდნენ. ისინი საყვარლად მღეროდნენ და მხიარულად, ლამაზად ცეკვავდნენ. და წყნარმა, სუფთა სიხარულმა დამიმორჩილა... როგორ კარგები, როგორ მშვენივრები არიან ბავშვები! მაგრამ გაივლის წლები, ისინი ყველანი გაიზრდებიან ბავშვობიდან, თითოეული მათგანი თავისი გზით წავა და ისინი პროზის, ურთიერთ ინტრიგების ცხოვრებისეულ ზღვასა და რუხ, საშინელ სადაგ ყოველდღიურობაში ჩაიძირებიან... მაგრამ ახლა ისინი კარგები არიან. და თითოეულ მათგანს მე ფიქრებით ვეალერსებოდი. და ამ ბავშვურმა სიმღერებმა, სიცილმა და ცეკვებმა, ამ შეულამაზებელმა ბავშვურმა სიხარულმა მე სრულიად დამამშვიდა. და მადლობას ვუხდი ამ საყვარელ ბავშვებს... 


20 იანვარი 1920 წ. ტფილისი. 

ბევრი რამაა ახალი, მნიშვნელოვანი. ყოვლისშემძლე კლემანსო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩავარდა, უმაღლესმა სამოკავშირეო საბჭომ ბლოკადა მოუხსნა ბოლშევიკურ რუსეთს. საბჭოთა მთავრობამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და, ბოლოს, საბჭოთა რუსეთი იწყებს შრომითი არმიების ორგანიზებას. ამრიგად, რუსეთში იწყება ახალი ერა, და ჩვენ ეს უნდა გვახარებდეს. საბჭოთა რუსეთის გაჯანსაღებასთან ერთად გაჯანსაღდება მთელი მსოფლიოც... 


3 თებერვალს 1920 წ. ტფილისი. დილა. 

მოხალისეები უკანასკნელ დღეებს ითვლიან და ისინი ძალიან დამთმობებიც ხდებიან! დღეს ყაზბეგიდან ალექსანდრე და ზაქარია მიემგზავრებიან ვლადიკავკაზში ხორბლის წამოსაღებად. სოჭის ოკრუგში 27 იანვარს გლეხთა აჯანყებამ იფეთქა, და ახლა, ალბათ, სოჭი აჯანყებულთა ხელშია. შურისძიება! ზუსტად ერთი წლის წინ მოხალისეებმა მოღალატური შემოვლით დაიპყრეს სოჭი და გენერალი კონიევიც დაატყვევეს. ახლა აჯანყებულმა გლეხებმა მოხალისეთა რაზმები დაატყვევეს. და ამ აჯანყების ორგანიზება ჩვენ მოვახდინეთ! 

მე საშინლად მიმიწევს გული სოჭში და ყუბანზე. უნდა შევქმნათ დემოკრატიული ბარიერი ჩვენსა და სოვდეპიას შორის... 

საბჭოთა რუსეთმა უკვე მოახდინა შინაგანი კონტრ-რევოლუციის ლიკვიდაცია, მაგრამ იგი დარტყმებს ღებულობს დასავლეთიდან – რეაქციული პოლონეთის მხრიდან. სოვდეპიის შინაგანი მდგომარეობა საშინელია, სასოწარკვეთილი. უკანასკნელ ყრილობაზე ლენინმა თქვა: „ჩვენში შიმშილი, სიცივე და ტიფია“! და ნუთუ ყველაფერ ამით ისინი ჩვენს წინააღმდეგ წამოვლენ? ნუთუ ისინი ჩვენზე ხელს აღმართავენ?! არ ვფიქრობ. უფრო სწორად – არ მინდა ვიფიქრო... თუმცა კი ჩიჩერინის გუშინდელი საპასუხო ნოტა ვერ იძლევა ასეთ დარწმუნებულობას. ჩიჩერინი უხეშად, ცრუდ და წვრილმანად ახდენს პოლემიზირებას. იგი ჩვენს მთავრობას ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში სდებს ბრალს. გერმანელებთან მეგობრობაშიც, თურქეთთან კეკლუცობაშიც, ანტანტის წინაშე ლაქიობაშიც! წვრილმანი ფიგლიარია! თურქებიც, გერმანელებიცა და ანტანტაც ჩვენ ხომ ბოლშევიკებმა გვაჩუქეს! ხოლო როცა ჩვენ თურქეთთან უთანასწორო ბრძოლაში სისხლისაგან ვიცლებოდით, მათ – ბოლშევიკებმა, დანაშაულებრივად შეგვაქციეს ზურგი და ოსპის შეჭამანდის ფასად გაგვყიდეს. და ისინი ბედავენ ჩვენს დადანაშაულებას! ლაფში გვსვრიან რა ჩვენ, ისინი მშვიდობას სთავაზობენ რეაქციულ პოლონეთს, რომელიც მათ ეომება. ნუთუ ჩვენც უნდა დავუწყოთ ომი, რათა ბ-ნმა ჩიჩერინმა მშვიდობა შემოგვთავაზოს?! არა, ჩვენ ომის გარეშე მივაღწევთ მშვიდობას. ისტორია კი ჩვენ გაგვასამართლებს. რევოლუციური ისტორია. 


14 თებერვალი 1920 წ. ტფილისი. 

გუშინ ჩვენი პარტიის ცენტრალური კომიტეტის ისტორიული სხდომა იყო. განიხილებოდა საკითხი ტფილისის საქალაქო მმართველობის გადადგომის შესახებ. და თუმცა კი მმართველობა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითად მართალი არ ყოფილა, მაგრამ კამათის დროს დაისვა საინტერესო საკითხი მთავრობისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა კომპეტენციის შესახებ. ახლა ეს საკითხი არ დგას მწვავედ, ვინაიდან ნოეს ავტორიტეტი აძლიერებს მთავრობის კომპეტენციას და იოლად აგვარებს წამოჭრილ წინააღმდეგობებს. ახლა საგანგებო პირობებია და ამიტომ ადვილად ურიგდები მთავრობის საგანგებო უფლებამოსილებებს. მაგრამ ნორმალურ პირობებში მე უპირობოდ დავდგებოდი ადგილობრივ თვითმმართველობათა ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გაძლიერების მხარეს. ახლა ცდილობ უფრო მეტი ძალაუფლება მისცე არა მარტო მთავრობას, არამედ მთავრობის თავმჯდომარესაც, ვინაიდან გჯერა ამ თავმჯდომარის და დარწმუნებული ხარ, რომ იგი არ მიისწრაფვის დიქტატურისაკენ. ხელისუფლების სათავეში დიდი ნოე რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მოგვიწევდა ბევრი რამისთვის გადაგვეხედა და პირველ რიგში უარგვეყო მთავრობისა და მისი თავმჯდომარის საგანგებო უფლებამოსილებანი. ვინაიდან მე გადაჭრით წინააღმდეგი ვარ ყველა განსაკუთრებული უფლებამოსილების და ერთპიროვნული ხელისუფლებისა. მე გამოუსწორებელი კოლექტივისტი გახლავართ! თვით სამხედრო საქმეშიც კი. მაგრამ ახლა მთავრობის სათავეში დიდი ნოე დგას და ეს გვარიგებს. ეს ზოგჯერ მაიძულებს კიდეც ზოგიერთ პრინციპს თავი ავარიდო. მაგრამ დიდ ხომალდს – დიდი ცურვა. და ამიტონ ნოე ზოგჯერ წვრილმანებში ცდება, მართალი არ არის ხოლმე. დროდადრი იგი ზედმეტად მიმნდობი ხდება. იგი ხშირად ზედმეტად აფასებს ან სრულად ვერ აფასებს ყოფით ფაქტებს. და ამ შემთხვევებში ფხიზლად უნდა იყო. „მაგრამ რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, არ არის ნებადართული ხარისთვის“... 

ახლა ნოე ძალზედ გატაცებული სენატის რევიზიებით. მე კი – ცოდვილს – როგორღაც არ მიყვარს ეს სენატი. 


ბ ა თ უ მ ზ ე ! 




17 თებერვალი 1920 წ. ტფილისი. დილა. 

მსხვილი მოვლენები მწიფდება. შესაძლოა, ისინი უკვე მომწიფდა კიდეც. ინგლისელები, როგორც ჩანს, საბოლოოდ მიდიან ბათუმიდან, და ჩვენს წინაშე მთელი თავისი მრისხანე სიმაღლით დგება საკითხი მისი დაკავების შესახებ. და განა მარტო მხოლოდ ჩვენს წინაშე? თურქეთის წინაშე, დენიკინელების წინაშე და ბოლშევიკების წინაშეც! ბევრი, ძალიან ბევრი საქმრო ჰყავს ამ მშვენიერ საცოლეს. მაგრამ ჩვენ ყველას დავამარცხებთ! ეს აუცილებელია, ამის გარეშე არსებობა ჩვენ არ შეგვიძლია. ბათუმი – ჩვენი ფილტვებია, ჩვენი თვალები, ჩვენი ხელები. ბათუმი – ჩვენი მშვენიერი ლეგენდაა, ჩვენი ოცნება და იმედი! ბათუმი – ეს ჩვენ თვითონ ვართ. და არანაირ ძალას ჩვენ მას არ დავუთმობთ. მით უმეტეს თურქეთს! ამ ბარბაროსს, ბოროტმოქმედსა და ავანტიურისტს... 

მე არასოდეს მინდოდა ომი. მაგრამ ბათუმის გამო ომზე უარს არ ვიტყვი. მით უმეტეს, რომ ჩვენი ძველი ბათუმური სირცხვილი უნდა გამოვისყიდოთ! მალე ორი წელი გახდება, რაც ბათუმი დავკარგეთ. მალე იქნება უბედური, საბედისწერო პირველი აპრილი... 


18 თებერვალი 1920 წ. ტფილისი. დილა. 

გუშინ რამდენიმე საბრძოლო ბრძანება გავეცით. ვემზადებით ბათუმის დასაკავებლად. დღეს სევასტი ვასაძის პირველი სამთო ბატარეა ოზურგეთისკენ გადის. ეს სახელოვანი, საბრძოლო ბატარეაა! იქითკენვე გადის შარაძის სატყვიამფრქვევო რაზმიც. და გზა, რომელმაც ორი წლის წინ თურქები ბათუმიდან ოზურგეთში მოიყვანა, ახლა ჩვენ ოზურგეთიდან ბათუმში მიგვიყვანს!.. 

გზა დაგველოცოს! 


19 თებერვალი 1920 წ. ტფილისი. დილა. 

გუშინ სადგურზე ჩვენს სახელოვან პირველ სამთო ბატარეასა და შარაძის ორ სატყვიამფრქვევო ოცეულს ვაცილებდი. ეს პირველი ეშელონია ბათუმზე. გადაწყდა ნატანებ-ოზურგეთის ფრონტზე არცთუ დიდი ძალები გადავისროლოთ და სარდლად ჩვენი სოსო დავნიშნოთ. ამხანაგი სოსო ჩვენი კანდიდატია და მე მჯერა, რომ იგი გაამართლებს ჩვენს იმედებს. სოსო, ალექსანდრე და მე მალე ფრონტზე გავემგზავრებით. ძველი თბილი კომპანია! დაუდგრომელი ხარაში ფრონტზე მიისწრაფვის (рвётся на фронт). ის ახლა ჩვენს ბუღალტერიას უდგას სათავეში და სამუშაოსგან მისი მოწყვეტა ძნელია. მაგრამ იგი ამბობს: „ბათუმის გულისთვის ჩამოვედი მე კავკასიაში, მაგრამ მის დასაცავად ვერ ჩამოვასწარი. ახლა თქვენ მე თან უნდა წამიყვანოთ“... 

მკაცრი, ცივი, ღრმა თოვლიანი ზამთარი დგას. მთელ ღამეს თოვდა. მთელი ბუნება თეთრ, საქორწილო სამოსელშია გამოწყობილი. ეს კარგია. გასულ წელსაც მკაცრი, ცივი ზამთარი იყო. და ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ... 

თუ ინგლისი არ იქნება ჩვენს წინააღმდეგ, მე თურქეთის არ მეშინია. ჩვენ დავუმტკიცებთ თურქეთს, რომ რევანშის აღება შეგვიძლია! 

უკანასკნელი ცნობების მიხედვით თურქული ძალები ხოფაში იკრიბებიან. მათ სწორედ ის პოლკოვნიკი მეთაურობს, რომელმაც ორი წლის წინ ბათუმი აიღო. 

ახლა მას ჩვენ ავიღებთ. ეს გადაწყვეტილია. 

„მინდა, შემიძლია და მოვალეც ვარ“! 


21 თებერვალი 1920 წ. ტფილისი. დღე. 

რამდენიმე საათში სოსო, ალექსანდრე და მე ნატანებში მივემგზავრებით. ბათუმის დასაბრუნებლად! მაგრამ ბათუმის დაბრუნების დიდი სიხარული საშინელი სახალხო უბედურებითაა ჩამწუხრებული: დილის 3 საათსა და ნაშუადღევის 3 საათზე გორის მაზრაში საშინელი მიწისძვრა მოხდა. სრულიად დაინგრა გორი და მრავალი სოფელიც. საშინელებაა და სიმწარე! საჭიროა ქვეყნის მთელი ძალების დაძაბვა უბედური მაზრის გადასარჩენად. განწყობა საფლავისა მაქვს, დათრგუნული. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ უნდა გადავიტანოთ ყურადღება ჩვენი მთავარი ამოცანიდან. და რაც უფრო მეტი უბედურებაა, რაც უფრო მეტი საშინელება, მით უფრო მეტია ენერგია, ნება და რწმენა! 


24 თებერვალი 1920 წ. ნატანები. საღამო. 

ახლა ტფილისში მიდის მთავრობის სხდომა ბათუმის საკითხზე. რამდენიმე საათის შემდეგ გვექნება გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ ბათუმის ოლქის დაკავებას გვიბრძანებენ. ძალზედ გულსატკენი იქნება, თუ აქ დიდხანს ადგილის ტკეპნა მოგვიწევს. 

უკვე ორი წელია ამ მხარეში არ ვყოფილვარ. ბათუმის დაცემის მომენტიდან. მაგრამ აქ არაფერი შეცვლილა. სულ ისეთივე უბადრუკობა, სიღარიბე და ჭუჭყია. დღეს ჩვენს ძველ პოზიციებსა და სასაზღვრო ჩოლოქს ვათვალიერებდით. ხვალ ან ზეგ ეს საზღვარი გადალახულ უნდა იქნას. 

გორიდან საშინელი ამბებია. ქალაქი სრულიად დანგრეულია და რამდენიმე ათეული სოფელია განადგურებული. ეს უბედურება ამწუხრებს ყოველგვარ სიხარულს. ძველი ნატანებური განწყობა იღვიძებს... ჩვენ მაშინ დამარცხებული ვიყავით. ჩვენ სამარცხვინოდ დავთმეთ ბათუმი და საცოდავ სანგრებში ვისხედით ჩოლოქზე. სულ წვიმა გვასხამდა, მაგრამ ფუფუნებიანად ჰყვავილობდა ლადადენდრონი. ჩვენმა დებმა სანიტარული ვაგონი ყვავილებით მორთეს და ვაგონში სისუფთავე და სიმყუდროვე იყო... და უეცრად საშინლად მომინდა დაჭრილი ვყოფილიყავი და ყვავილების ქვეშ მქონოდა ლოგინი... როცა გორში გავდიოდით, მინდოდა მკვდარი ვყოფილიყავი... ეს უფრო მსუბუქი იქნებოდა, უფრო მშვიდი. 


29 თებერვალი 1920 წ. ნატანები. 

უკვე ერთი კვირაა ნატანებში ვსხედვართ და მთელ დროს გაძლიერებულ დაზვერვაში ვატარებთ. ღრმა თოვლი ძალიან აძნელებს დაზვერვას და გვიბოჭავს გადაადგილებებს. ამ მხარეში ასეთი თოვლი დიდი ხანია არ ყოფილა. 

დღეს ბათუმში უკვე საქალაქო არჩევნებია. ველოდებით შედეგებს. მაგრამ არჩევნების შედეგებისგან დამოუკიდებლად, ჩვენ ბათუმში შევდივართ. ეს მყარადაა გადაწყვეტილი, უკან მოუბრუნებლად! მე ყველაზე უფრო ინგლისელთა განზრახვები მაინტერესებს. როგორ მოეკიდებიან ისინი ოლქში ჩვენს შეიარაღებულ შესვლას? უბრალოდ მჟავე ფიზიონომიას მიიღებენ, რომელიც მათ ძალიან უხდებათ, თუ ჩვენ შეიარაღებული ხელით გადაგვიღობავენ გზას? არ ვფიქრობ, რომ მათ უკანასკნელი გაბედონ, ვინაიდან ხომ ასე მარტივი და აშკარაა ბათუმის საკითხი. ბათუმის გარეშე ჩვენთვის ძნელია, შეუძლებელია არსებობა. ბათუმი – ეს ჩვენი ნერვებია, ჩვენი ამოგლეჯილი, გასისხლიანებული გულია! და ჩვენ ის ხელახლა უნდა მივიღოთ. როგორიც გინდათ ძალისხმევის ფასად, თვით რისკის ფასადაც კი... თუ ჩვენ ახლა ბათუმში არ შევედით, შეიძლება ის საუკუნოდ დავკარგოთ. დავკარგოთ თურქეთის სასარგებლოდ. და ჩვენ არ შეგვიძლია ეს დავუშვათ. ინგლისი ამისთვის ომს არ გამოგვიცხადებს. და რომ გამოგვიცხადოს კიდეც, ეს სირცხვილი მას დააწვება. სასოწარკვეთისგან ყველაფერზე შეიძლება წახვიდე. დაღუპვაზეც კი! 

იტალია და საფრანგეთი აშკარად ბათუმში ჩვენი შესვლის მხარეზე დგანან. სომხეთმა აღიარა ჩვენი უფლებები ბათუმზე. აზერბაიჯანი რაღაც ენაბლუობს (косноязычествует)... 

მესამე დღეა აქ საოცარი, მომაჯადოებელი ამინდია. ეს ამ მხარეში დიდი იშვიათობაა. მზისგან განწყობა ძლიერდება, უფრო ფერადოვანი, მხნე ხდება... 

„მზის ქვეშ სიკვდილიც ლამაზია“. 

ორი წლის წინ, როცა ჩვენ ბათუმი ჩავაბარეთ და როცა თითქმის უიმედოდ ვიცავდით თავს ჩოლოქზე, აქ საზიზღარი, საძაგელი ამინდი იდგა. და ჩვენ მაშინ სუსტები, უსუსურნი და საცოდავნი ვიყავით. და როცა ძველ ადგილებში ვმგზავრობ, ძველი ამბებიც მახსენდება. და როგორი განსხვავებაა ძალების, განწყობების და იმედებისა... მაშინ ჩვენ – სახალხო გვარდიას – ჩოლოქზე რამდენიმე ასეული ხიშტი გააჩნდა, ექვსი ქვემეხი (მათგან ოთხი როგორღაც მუშაობდა!) და არაუმეტეს ათი-თხუთმეტი ტყვიამფრქვევისა. და ეს თითქმის მთელი ჩვენი ძალები გახლდათ! ახლა ჩვენთან აქ თავმოყრილია (რეგულარული ჯარების ჩაუთვლელად) დაახლოებით სამი ათასი ხიშტი, რვა ქვემეხი და ორმოცდაათ ტყვიამფრქვევზე მეტი. და ეს ჩვენი სახალხო-გვარდიული ძალების მხოლოდ ნაწილაკია. ზურგში ჩვენ დიდი და ძლიერი ხელუხლებელი რეზერვი გვყავს. ასეთი ძალებით შეგვიძლია რევანში ავიღოთ! და როგორ გამოუცდელები ვიყავით ჩვენ მაშინ! და მხოლოდ ამ გამოუცდელობისა და ჩვენი გენერლების ფეტიშიზმის წყალობით უიღბლობა განვიცადეთ 10 აპრილს ოზურგეთზე შეტევისას. მაშინ ჩვენ ძლიერად გვჯეროდა გენერლების სამხედრო ავტორიტეტისა. და მაშინ გენერალმა მაზნიევმა დაავალა პლკოვნიკ კონიევს შეეტია ოზურგეთზე ნატანების მხრიდან, მე მხოლოდ ვკითხე: „ეცნობა თუ არა ამ შეტევის შესახებ გედევანოვსა და სუმბათოვს?“ „რა თქმა უნდა ეცნობა“, – მიპასუხეს. მე სრულიად დავმშვიდდი და მხოლოდ შემდგომში გავიგე, რომ გედევანოვმა და სუმბათოვმა ოზურგეთზე შეტევის შესახებ მხოლოდ კონიევის კოლონის წარუმატებლობის შემდეგ შეიტყეს! თავად ეს კოლონა კი მუდმივად ფლანგიდან ცეცხლის დაშენის ქვეშ მიდიოდა! ახლა ჩემთვის ყველაფერი ეს ისე ნათელი, აშკარა და დაუშვებელია. კონიევს, გედევანოვსა და სუმბათოვს ოზურგეთზე ერთდროულად რომ შეეტიათ – 1918 წ. 10 აპრილს ოზურგეთი ჩვენს ხელში იქნებოდა... 

ასე რომ ყოფილიყო!.. 


1 მარტი 1920 წ. ნატანები. საღამოსკენ. 

ახალი არაფერია. ხვალ ველოდებით ახალ ამბებს ბათუმიდან და ბრძანებას ტფილისიდან. გუშინ დიდ მიტინგზე ვიყავი ოზურგეთში. მიტინგზე დაახლოებით 60 ქობულეთელი იყო. მათ გვითხრეს: „თუ ბათუმში მიდიხართ – უფრო ჩქარა წადით!“ მაგრამ ისინი ქობულეთელთა უმრავლესობის განწყობას არ გამოხატავდნენ... 


6 მარტი 1920 წ. ნატანები. დილა. 

გადაწყვეტილია შევიდეთ ბათუმის ოლქში. ხვალ დილის 6 საათზე შეტევაზე გადავდივართ ქობულეთზე. ეს შეტევა ბევრ რამეს გადაწყვეტს. შეიძლება, ინგლისმა ენერგიულად გამოგვიცხადოს პროტესტი და მასთან შეჯახება მოგვიხდეს. ძალზედ საპასუხისმგებლო და რისკიანი ნაბიჯია! ნუთუ ინგლისი ჩვენ ომს გამოგვიცხადებს? არ მჯერა, რადგან ეს ძალიან სასაცილოა და ძალიან არ პასუხობს ინგლისის ინტერესებს... 


7 მარტი 1920 წ. ოზურგეთი. ადრეული დილა. 

ხელი აიღეთ! (Отставить!) 

ღამით მოვიღეთ სამხედრო მინისტრის ბრძანება შევაჩეროთ ბათუმის ოლქში შესვლა! ჩვენ კი სრულებით მზად ვიყავით, და დღეც საოცარი დგება. მე ვიბნევი ფიქრებში, არ ვიცი თუ რაშია საქმე... ყოველ შემთხვევაში ჩვენ გულდაწყვეტილები და დათრგუნულები ვართ!.. 7 მარტი 1920 წ. ნატანები. დილა. განწყობა ზომიერია, დაკმაყოფილებელიც კი: ჩვენ თავი ავარიდეთ დიდ და რისკიან ავანტიურას! გუშინ, ღამით, მინისტრმა უორდროპმა ნ. ნ. ჟორდანიას გადასცა, რომ ბათუმის ოლქში ჩვენი ჯარების შესვლა შეფასებულ იქნება როგორც ინგლისისათვის ომის გამოცხადება და იგი იძულებული გახდება გაემგზავროს საქართველოდან. ხოლო ინგლისთან ომისთვის კი ჩვენ „ჯერჯერობით“ მზად არა ვართ! მართალი, ჩვენ დიდებული ბიჭები ვართ, მაგრამ ანტანტას მაინც ვერ დავამარცხებთ!.. 

უორდროპი გვპირდება შეთანხმების გზით შეიყვანოს ჩვენი გარნიზონები ბათუმის ოლქში... ეს საკმარისია... 


7 მარტი 1920 წ. ნატანები. შუადღე. 

გამარჯვება თუ დამარცხება?! არც ერთი, არც მეორე! ვინაიდან ჩვენ ძველ პოზიციაზე ვრჩებით. რამდენადმე წინაც კი წავიწიეთ! და მინდა ბათუმზე ჩვენი ლაშქრობის ისტორია გავიხსენო. სამი კვირის წინ მთავრობას აცნობეს, რომ ინგლისელები დაჩქარებით ახდენენ ბათუმიდან ევაკუაციას და რომ თურქებსა და ბოლშევიკებს უნდათ დატოვებული ქალაქის დაკავება. გადაწყდა საჩქაროდ მოგვეხდინა მობილიზაცია და ბათუმი და მისი ოლქი ჩვენ თვითონ დაგვეკავებია. ასევე გადაწყვეტილ იქნა გვემოძრავა სამი მიმართულებით: ახალციხისა და არტაანის მხრიდან გადამჭრელი (გაბედული) დემონსტრაცია მოგვეხდინა, ხოლო მთავარი ძალები კი ქობულეთის გავლით დაგვეძრა. 25 თებერვალს ჩვენ უკვე თავმოყრილი ვიყავით ქობულეთის მიმართულებაზე და ველოდებოდით ბრძანებას: „წინ!“ მაგრამ ეს ბრძანება არ ყოფილა, ვინაიდან ინგლისელებმა არ მოახდინეს ბათუმის ევაკუაცია, არამედ პირიქით – (ანტანტის) უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა ოკუპირებულ ბათუმში შერეული გარნიზონი დაეტოვებია ინგლისელების, ფრანგებისა და იტალიელებისაგან. ამ პირობებში ბათუმზე მოძრაობა ინგლისელებისა და მოკავშირეთა წინააღმდეგ გამოსვლის თანაბარი იქნებოდა! მაგრამ ბათუმზე უარის თქმა ჩვენ არ შეგვეძლო. ნათელი იყო: „ახლა ან არასოდეს!“. და ჩვენ მოგვიხდა რამდენადმე გადავწყობილიყავით. გადაწყდა გაგვეძლიერებია პოზიციები ახალციხე-არტაანის მხრიდან, ხოლო ჩვენი ჯგუფი კი მდინარე კინტრიშამდე წინ გაგვეყვანა. და დღეს ჩვენ უნდა მოგვეხდინა ჩვენი წინ გასვლა. სავსებით მზადაც ვიყავით, ღამეც საოცარი იყო, მთვარიანი. კარგი ღამე იყო! მაგრამ ინგლისმა პროტესტი განაცხადა. მან მოლაპარაკებები შემოგვთავაზა. და ჩვენ ამ მოლაპარაკებებზე მივდივართ... ჩვენ არასოდეს გვინდოდა ომი... 

მხოლოდ რეაქციას კი ყოველთვის მოხარული ვართ ვებრძოლოთ!.. 

(დასასრული იხ. ნაწილი V) 


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment