(ნაწილი III)
ვალიკო ჯუღელი და ვალოდია გოგუაძე,
ჯავშნოსანი მატარებლების რაზმის უფროსი
24 ოქტომბერს 18 წ. სოჭი. რივიერა. დილა.
გუშინ პოზიციაზე ვიმგზავრე. იქ ყველაფერი წესრიგშია. მხოლოდ ერთ ადგილზე ყურყუტი მოგვბეზრდა. ყველას გული ძლიერად ტფილისში მიუწევს. ზოგიერთები კი, ძალზედ ცოტანი, წყალს შეგნებულად ამღვრევენ. ისინი უნდა გავყაროთ. დაღდასმულები...
ტფილისიდან სამწუხარო და შემზარავი ამბავი გვაცნობეს: ბორჩალოს მაზრაში დაიწყო შეტაკებები სომხებსა და ქართველებს შორის! ეს საშინელი ცნობა მე ღრმად მამწუხარებს. ბრძოლის არ მეშინია, მაგრამ, ეს ხომ ურთიერთდაღუპვაა!.. პირველი თავდასხმა სომხებმა მოახდინეს. ჩვენ თავის დაცვა მოგვიწია. ნუთუ ამას ბოლო არ მოეღება? ნუთუ ომი იქნება?! არ მინდა ამისი მჯეროდეს. საშინელია დაჯერება! ნუთუ ორი პატარა, უბედური, საშინელ ტანჯვა-წამებაში განთავისუფლებული ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში შეხვდება ერთმანეთს და ყელს გამოღადრავს?! ნუთუ სომხებმა ყველაფერი დაივიწყეს? ეს ხომ ჩვენმა სახალხო გვარდიამ გაათავისუფლა ბორჩალოს მაზრის სომხები თურქების მძიმე ქუსლისაგან, და მათი თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაეცნენ ჩვენი საუკეთესო ამხანაგები! და პირველ რიგებში შეუდარებელი ვალიკო შარაშიძე. და მე კაშკაშად მახსოვს სასიხარულო დღე შულავერის განთავისუფლებისა. მოსახლეობა ჩვენ აღტაცებით გვხვდებოდა, ქალები კი პირჯვარს იწერდნენ და გვლოცავდნენ. და სიხარულის ცრემლები თრთოდა მათ თვალებში!.. და თუმცა შულავერისათვის ბრძოლაში ვალიკო და სხვა ამხანაგები დაგვეღუპნენ, მაგრამ თვით ამ უდიდეს მწუხარებასაც კი არ შეეძლო განთავისუფლების საყოველთაო სიხარულში ნაღველი შემოეტანა.
და ნუთუ ეს ყველაფერი დავიწყებულია?!
მე ტფილისში გადავეცი, რომ გამოიყენონ მთელი ძალისხმევა წამოჭრილი შეტაკებების სალიკვიდაციოდ. მაგრამ თუ, უდიდესი უბედურებისათვის, ეს ვერ მოხერხდება, მაშინ ჩვენ გაბედულად და გადაჭრით უნდა მოვკიდოთ ხელი მახვილს! და მე ვიცი, რომ გავიმარჯვებთ. და ეს იქნება დემოკრატიის გამარჯვება შოვინისტებზე...
28 ოქტომბერს 18 წ. სოჭი. რივიერა. ღამე.
დღეს პირდაპირი მავთულით ტფილისში ევგენის ველაპარაკე. ბევრია ახალი, საინტერესო, კარგი: სომხებთან ყველაფერი მოგვარებულია, და რაც მთავარია – საერთაშორისო სასაკლაოს დასასრული ახლოვდება, და მსოფლიო რევოლუციის ცისკარიც ამოდის. ჭრიალებს ტახტები, ცვივა გვირგვინები და შეირყა მთელი კაპიტალისტური სამყაროც!..
პატარა განთავისუფლებული საქართველო კი, რომელსაც დემოკრატიის ნაცადი ბელადები ხელმძღვანელობენ, თამამად მიცურავს აბობოქრებულ საერთაშორისო სტიქიაში და მგონი სამშვიდობოს გადის, არ იღუპება. მტკიცეა მესაჭის ხელი და გამოცდილია მისი თვალი...
გერმანლები საბოლოოდ მიდიან საქართველოდან. და ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ: „სიყვარული ვნების გარეშე იყო, განშორებაც მწუხარების გარეშე იქნება“. მე მახარებს გერმანელების წასვლა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მადლიერი ვარ მათი. მათ იხსნეს ჩვენი ქვეყანა თურქული განადგურებისაგან და ამაშია მათი უდიდესი დამსახურება ჩვენი ხალხის წინაშე. მართალია, მათ საქართველო თავიანთთვის გადაარჩინეს, მაგრამ მაინც ხომ გადაარჩინეს! მართალია ისიც, დასავლეთის ფრონტზე დამარცხება რომ არა, გერმანია შეეცდებოდა ჩვენზე თავისი თათი დაედო. და ეს თათი მსუბუქი არ იქნებოდა...
მაგრამ ახლა დასრულდა.
ჩვენ ხელახლა მოგვიწევს ევროპასთან ურთიერთობების აწყობა და დალაგება. ამ მიზნით ირაკლის პარიზში აგზავნიან. მან უნდა აუწყოს მსოფლიოს რესპუბლიკური საქართველოს სევდიანი ამბავი, მან უნდა გააცნოს დასავლეთს ამ ქვეყნის ტრაგედია. თავად ირაკლიც ხომ ტრაგიკულია, და მისთვის ადვილია გაიგოს მთელი სიმძიმე ჩვენი ტრაგედიისა... სახელოვანი, ერთადერთი ირაკლი! რა კარგია, რომ იგი ევროპაში მიემგზავრება. მისთვისაც, და ჩვენთვისაც. იქ იგი თავის სტიქიას იპოვნის და მასში მთელი მისი ძალები კვლავ გაიღვიძებს. ხოლო ჩვენს ვიწრო და შეზღუდულ ვითარებაში ზოგჯერ იგი შესაბრალისიც კი იყო... და მახსენდებოდა „პატიმარი“:
„ზის გისოსებს მიღმა ნესტიან საპყრობილეში
ტყვეობაში გამოზრდილი ახალგაზრდა არწივი“!..
(«Сидит за решёткой в темнице сырой,
Вскормлённый на воле орёл молодой»!..)
დღეს დიდხანს ვიჯექი კაზინოში და ვუსმენდი მუსიკას. სევდიანი ფიქრები თავს მეხვეოდა. გაიხსნა დაღუპულ მეგობართა ახალი საფლავები და მწუხარე, ძვირფასმა ჩრდილებმა ჩემს წინ ჩაიარეს. ჩემო საწყალო დათიკო!.. საყვარელო, საყვარელო ჩემო მეგობარო! მე შენ არასოდეს, არასოდეს დაგივიწყებ. და ჩემს გულსაც მუდამ დაედინება სისხლი შენი გახსენებისას...
მაგრამ არის სიხარულიც: ვანიჩკა უკვე ქუთაისშია: დეპეშა მაქვს მისგან. საშინლად მინდა შევხვდე მას და შევხედო. როგორია იგი და ხომ არ შეიცვალა!.. მინდა მასთან ერთად ვიმუშაო, ვიბრძოლო და ვიცხოვრო!
სიკვდილი უკვე აღარ მინდა.
თუმცა კი სიკვდილის არ მეშინია. მას არ ვემალები...
31 ოქტომბერს 18 წ. სოჭი. რივიერა. დილა.
დიახ ყვავილობს, ძლიერდება ოცნებები! ევროპაში იჭრება განმწმენდელი ცეცხლი დიადი რევოლუციისა, და მან ომის ჭრილობებიც უნდა მოიშუშოს. კაპიტალისტურმა სამყარომ, რომელმაც კაცობრიობა ამ საშინელ სასაკლაომდე მოიყვანა, მასშივე თავისი გარდაუვალი აღსასრული უნდა ჰპოვოს. ეს იქნება!.. მშვიდობის სამყარო ახლოვდება და ამ სამყაროში აღდგება მოკლული ინტერნაციონალიც. და როგორ შორს წავიდა ჩვენგან ეს, ოდესღაც სახელოვანი მუშათა ინტერნაციონალი! და როგორ სჭირდება ის დატანჯულ, გონდაკარგულ კაცობრიობას! განსაკუთრებით ახლა. ნაციონალიზმმა მთელი მსოფლიო უფსკრულის პირას მიიყვანა. ნაციონალიზმი მუშათა მასებსაც კი დაეუფლა!.. მე ვიწყებ საკუთარი თავის შემოწმებას. და სიხარულით ვრწმუნდები, რომ ინტერნაციონალიზმის სული ჩემში ჯერ კიდევ არ ჩამქრალა! მე არ მაქვს სიძულვილი არც ერთი ერისადმი და ყველა ხალხი ჩემთვის ძვირფასია. დაშლილი, სნეული რუსეთი კი მე მიყვარს ვნებიანი, მგზნებარე, მაგრამ მწუხარე სიყვარულით. და სიყვარულით მოველი იმ დღეს, როცა ჩვენ – თავისუფალნი – ისევ გავუწვდენთ ხელს განთავისუფლებულ დიდ რუსეთს!.. რუსეთის რევოლუციის დაშლა არასოდეს ეპატიება დანაშაულებრივ ბოლშევიზმს. და რუსეთის ტრაგიკული საშინელებაც იმაშია, რომ მის თვალუწვდენელ სივრცეებზე მებრძოლი ორი უკიდურესი ძალა, – ბოლშევიზმი და მონარქია, ლენინი და დენიკინი – არსებითად მეთოდების მიხედვით სრულიად იგივურია! თავიანთ დაუნდობელ ბრძოლაში ეს ძალები შობენ ერთი-მეორეს... და არ არის შუათანა, ნამდვილად შემოქმედებითი რევოლუციური ძალა, არ არის რევოლუციური რუსეთი! ბოლშევიზმი მახინჯდება უწყეტ (მთლიან) დემაგოგიად, ბრბოს წინაშე აღვირახსნილ პირმოთნეობად და ამ ნიადაგზე მასთან ძნელია ბრძოლა... და როცა ამის გვერდით ვიხსენებ საქართვლოს პირობებს და ფიქრები ტფილისზე ბოლშევიკების მოწოლის შავ დღეებში გადავდივარ – მე აღტაცებაში მოვდივარ ჩვენი მუშების მყარი შეგნებითა და სახელმწიფოებრივი, ნამდვილად რევოლუციური დემოკრატიზმით! მე ქედს ვუხრი მათ... და თუ ჩვენში გადარჩენილია რევოლუცია, თუ ვერც ბოლშევიზმმა, ვერც რეაქციამ ვერ წალეკეს ჩვენი ქვეყანა – ამაშია განსაკუთრებელი, შეუფასებელი დამსახურება ტფილისის პროლეტარიატისა! და მთელი სახალხო გვარდია?! განა ეს ტფილისელი მუშების რევოლუციური შვილი არ არის? განა ოდესმე საქართველოს ისტორია დაივიწყებს სახალხო გვარდიის დამსახურებებს?..
დადგა რა ხელისუფლებაში, – საქართველოს დემოკრატია თვითონ შეიარაღდა და მუშურ-გლეხურ ბატალიონებად თვითორგანიზაცია მოახდინა. ამაშია ჩვენი დემოკრატიის უდიდესი დამსახურება. და მეც სიამაყით ვახდენ კონსტატირებას, რომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა ჩვენს დემოკრატიას ბოროტად გამოეყენებიოს თავისი იარაღი, როცა მას ამაყად და ქედმაღლურად დაეწყოს იარაღის ჟღარუნი. აი ამაშია ჩემი უდიდესი სიხარული!..
მე ვიცი, რომ სახალხო გვარდიას ბევრი მტერი ჰყავს. ვიცი ისიც, რომ სახალხო გვარდიას ბევრი ჩრდილოვანი მხარეც გააჩნია და ისინი ჩემზე უკეთ არავისთვისაა ცნობილი. მაგრამ ერთი რამ უდავოა: სინათლე სახალხო გვარდიაში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩრდილი! ეს მტკიცებულებებს არ მოითხოვს. ბევრი კი ვარაუდობს, რომ მე – სახალხო გვარდიის ბრმა თაყვანისმცემელი და აპოლოგეტი გახლავართ. ო, როგორ სასტიკად ცდებიან ეს ბევრნი! მე მხოლოდ ბელინსკის სიტყვებს ვიმეორებ: „მე ძალზედ დიდი აზრისა არა ვარ საკუთარ თავზე, მაგრამ არც ძალიან ცოტას ვფიქრობ მასზე“. არ ვაზვიადებ სახალხო გვარდიის დამსახურებებს, მაგრამ არც მის შრომას ვამცირებ. და თუმცა კი გვარდიის ორგანიზაციაში ბევრი დეფექტია, ხოლო მის საქმიანობაში კი არის შეცდომები – მაგრამ ბოროტმოქმედებანი უთუოდ არ არის. რა თქმა უნდა, გვარდიაში შეიძლება აღწევდნენ ცალკეული ბოროტმოქმედნი, მაგრამ თავის მასაში, თავის საფუძველში სახალხო გვარდია სუფთა და უანგაროა. იგი პატიოსნად და წმინდად აღასრულებდა თავის ვალს დემოკრატიის წინაშე და თავგანწირულად იხსნიდა (გადაარჩენდა) რევოლუციას. ამას მე სიამაყით აღვნიშნავ! და თუ მოიძებნებიან სკეპტიკოსები, მე მათ გადავუშლი სახალხო გვარდიის გრაგნილებს. ეს გრაგნილები მისი სისხლით იწერებოდა... მე მხოლოდ სახელებს დავასახელებ, მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ!
ტფილისში რევოლუციური წესრიგის დამყარება, არსენალის აღება, ლაშქრობა გორში, ექსპედიცია დუშეთში, მე-8 პოლკის განიარაღება თელავში, 1-ლი და 115-ე პოლკების განიარაღება ქუთაისში, სადახლო, 1-ლი ცხენოსანი პოლკის განიარაღება ტფილისში, ცხინვალი, სამეგრელო, ნატანები, სოხუმის ლაშქრობა, ბორჩალოს ექსპედიცია, ლეჩხუმი, ახალციხე, დუშეთის ლაშქრობა და შავზღვისპირეთის ექსპედიცია! ეს ყოველივე მშრალი ჩამოთვლაა, მაგრამ ამ სახელწოდებებზე აღიმართება ისტორია. განა არ არის საკმარისი ეს სახელწოდებანი, რომ უკვე არაფერი ვთქვათ ყოველდღიურ, უხილავ, ნერვიულ, თან ხშირად სისხლიან სამუშაოზე?.. ყველაფერი ეს უკვე წარსულში დარჩა და ჩამოთვლილი სახელწოდებებიც ბევრისათვის უკვე გამქრალია. და როცა ახლა სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც „არეულობის დღეებში“ მზად იყვნენ სახალხო გვარდიელთა სამოსის კალთები ეკოცნათ, სურთ ტალახი ესროლონ გვარდიას, – ჩვენ ვიცით, რომ ეს ტალახი ჩვენ არ მოგვეცხობა! ახლა ბურჟუაზიის წრეებიდან გამოსულ ამ ადამიანებს აცბუნებს და ავიწროვებს შეიარაღებული ხალხი და მათ მისი განიარაღება უნდათ. მაგრამ ეს არ იქნება! დემოკრატია თავისთვის შეიარაღდა და იგი არ დადებს იარაღს. სრულ გამარჯვებამდე! დაე ეს იცოდნენ ჩვენმა მტრებმა...
და სახალხო გვარდიის ინტერნაციონალიზმი კი, – მოზეიმე ნაციონალიზმის ჩვენს საუკუნეში – ეს ხომ გმირობაა! და მე როგორ ვხარობ, როცა გვარდიის რიგებში ვუსმენ ყველა ენას და ვხედავ ყველა სახეს. ამაშია ადამიანური სილამაზე, ამაშია დემოკრატიის სიდიადე!..
დიახ, ჩვენი გვარდია არ ჰგავს ბოლშევიკების გვარდიას...
7 ნოემბერს 18 წ. სოჭი. რივიერა.
დღეს მივემგზავრები ტფილისს. პატარა „ტიტანია“ უკვე სოჭს უახლოვდება, მაგრამ ზღვა ძალიან ღელავს და არ ვიცი, თუ მოახერხებს ნავი პატარა გემისკენ გასვლას, სოჭში ხომ არც ნავმისადგომია და არც ტალღებისაგან რაიმე შესაფარებელი...
სოციალ-დემოკრატთა ყრილობაზე მივიჩქარი და მინდა ენერგიულად დავძრა საკითხი გვარდიის შეცვლის შესახებ სოჭის ფრონტზე... ყრილობაზე ბევრი დიდი საკითხია, მინდა მივიღო მონაწილეობა მათ გადაწყვეტაში. მინდა ვიყო მარცხენა ფრთაზე!.. შეცვლა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ვინაიდან აუცილებელია გვარდია მოვამზადოთ ბათუმის დასაბრუნებლად! ბათუმი ბევრი გვარდიელის ოცნება ხდება, და მე მჯერა, რომ ბათუმზე აღტაცებით წავლენ ჩვენი ბატალიონები... ბათუმის დაკავება კი ჩვენ ზღვათა დედოფლის შავ ზღვაში შემოსვლამდე უნდა მოვახდინოთ...
ჩვენ ბათუმის სირცხვილი უნდა გამოვისყიდოთ!..
14 ნოემბერს 18 წ. ტამიშთან. საღამო.
კამერა გაგვისკდა და ჩვენც შევყოვნდით. სრულიად უდროოდ! სოჭიდან გუშინ შუადღეს გამოვემგზავრეთ და ღამის გათევა სოხუმში მოგვიხდა. მშობლები საშინლად გაახარა ჩემმა ჩამოსვლამ, ვინაიდან ისინი სულ არ მელოდნენ და ისევ ფიქრობდნენ, რომ დენიკინელთა ტყვეობაში ვარ. მაგრამ მე ძალზედ იღბლიანად გამოვაღწიე ამ სულელური და საზიზღარი ტყვეობიდან! იქ კი სრულიად შემთხვევით ჩავვარდი და გარემოებათა უცნაურად სულელური დამთხვევების გამოც!.. ქარი ზღვაზე სულ ძლიერდებოდა, საშინლი ტალღები ერთი-მეორეზე აღიმართებოდა და პატარა, საცოდავ „ტიტანიას“ უთანასწორო ბრძოლაში ძალ-ღონე სრულიად ეცლებოდა... ცაზე კაშკაშა ვარსკვლავები ციმციმებდნენ, და მე ფიქრები მათკენ მიზიდავდა. „ტიტანიას“ დაღუპვა ემუქრებოდა და, უნდოდა რა სიკვდილისგან გადარჩენილიყო, გემი უკან შემობრუნდა. და მე ტუაფსეში მიმიყვანა. ჩემთან ერთად ხუთი სახალხო გვარიელიც იყო... ჩვენ დაგვაპატიმრეს და სამ დღეს ტუაფსედან არ გვიშვებდნენ. და ამ დღეების მანძილზე მე ბევრი რამ ვნახე და ბევრიც ვიგრძენი. მე ვნახე მკვდარი ქალაქი! ქალაქი სრულებით გასრესილი საშინელი და აღვირახსნილი რეაქციის მიერ... და მე გეუბნებით თქვენ, ამხანაგებო: ჩაეჭიდეთ თქვენს ახალგაზრდა თავისუფლებას ხელებით, ფეხებით, კბილებით თქვენი საკუთარი სისხლითაც! ჩაეჭიდეთ ძლიერად, სიკვდილამდე...
ვაი ჩვენ თუ მას დავკარგავთ!..
15 ნოემბერს 18 წ. ოჩამჩირე. დილა.
ღამის გათევა ოჩამჩირეში მოგვიხდა, ვინაიდან კამერები სულ მუდამ სკდებოდა. არ ვიცი, როგორ ჩავალთ ახალ-სენაკამდე. კამერები უკვე გველევა...
ოჩამჩირეში ამხანაგებმა იცოდნენ ჩემი დატყვევების შესახებ და ჩემმა ნახვამ ისინი ძალიან გაახარა. სოხუმელი ამხანაგებიც გახარებულნი იყვნენ... და მეგობრების ეს სიხარული მე მამხნევებს. როგორ კარგია, როცა გრძნობ შენდამი სიყვარულს!.. საზოგადოებრივ სიყვარულს...
მე გადმომცემდნენ, რომ ცნობამ ჩემი ტყვეობის შესახებ ღრმად ააღელვა ჩემი მეგობრები სახალხო-გვარდიელები. მათ ყველამ დაივიწყეს შეცვლა და გადაჭრით მოჰკიდეს ხელი იარაღს! და ამას მე ვაფასებ...
დასავლეთიდან სულ უფრო ახალი ცნობები მოდის. და ეს ცნობები მამხნევებს! მსოფლიო რევოლუციის ხანძარი იზრდება და ის უკვე ბევრ სახელმწიფოს მოიცავს. გვირგვინები ცვივა, ტახტები ირღვევა, – მეფეები და იმპერატორები გარბიან თავიანთი სახელმწიფოებიდან და ვერ ჰპოვებენ თავშესაფარს! როგორც ვირთხები ცეცხლში გახვეულ ხომალდზე! და თავიანთ ჭირად გააჩაღეს მათ ეს უბედური ომი... აღესრულა! ბურჟუაზიამ იმ ძალებს მოუწოდა სიცოცხლისაკენ, რომლებთან გამკლავების ძალებიც მას არ გააჩნია!.. კაპიტალისტური სამყაროს მწუხრი დგება და, თუ კაცობრიობა ვერ იპოვნის გამოსავალს, მაშინ დიდი და საყოველთაო მწუხრიც (მზის ჩასვენებაც) დადგება!.. მაგრამ გამოსავალი უნდა მოიძებნოს. თუ კაცობრიობას უნდა ცხოვრება, მან ეს გამოსავალი უნდა იპოვნოს... და, შეიძლება, ცრემლის ზღვისა და სისხლის ოკეანისგან, უბედურებათა წყვდიადისა და მსოფლიო სასაკლაოს საშინელებისაგან – გაიზარდოს საოცარი ხე სოციალიზმისა. დიადი ხე აღორძინებისა და სიცოცხლისა!.. მე მჯერა, მჯერა!..
ახლა მოკავშირე ქვეყნების რიგია. ინგლისის, საფრანგეთისა და ამერიკის პროლეტარიატო – სიტყვა შენ გეკუთვნის!.. მთელი მსოფლიო ელოდება ამ სიტყვას... გერმანიაში უკვე შეიქმნა საბჭოები. გაუმარჯოს გერმანიის საბჭოებს!.. მაგრამ ზოგიერთს აშინებს ეს ახალი საბჭოები. მათ ეშინიათ რუსეთის მძიმე და დამღუპველი ცდებისა, ეშინიათ დიდი სრულიად მსოფლიო ანარქიზმისა... მაგრამ, ანარქიზმი ხომ საბჭოების პროდუქტი (ნაყოფი) არ არის, და ჩვენმა პატარა ქართულმა გამოცდილებამ ეს დაამტკიცა... სწორედ საბჭოებმა მოჰკლეს ჩვენში ანარქია და გამარჯვება მოუპოვეს რევოლუციას. საბჭოები თან ახლავს რევოლუციის პირველ ფაზისს და თანამედროვე რევოლუციაც საბჭოების გავლით (მეშვეობით) უნდა გავიდეს... და რაც მთავარია, არ უნდა გვეშინოდეს სახელწოდებისა და თვით ბოლშევიზმის სახელიც კი არ უნდა გვაშინებდეს. თავისი იდეით ბოლშევიზმი საშიში არ არის. საშიშია მხოლოდ ბოლშევიკური პრაქტიკა. უფრო მეტიც – ბოლშევიზმის სუფთა იდეამ, ჩაგდებულმა ინგლისური კაპიტალიზმის მდიდარ ნიადაგში, შეიძლება უმდიდრესი ამონაყარი მოგვცეს, მაგრამ იგივე იდეა რუსეთის ბარბაროსობის ღვარძლსა და შამბნარში საზიზღარ, შხამიან ამონაზარდებს იძლევა!.. იმაში კი არ არის უბედურება, რომ ბოლშევიზმს სოციალიზმის დანერგვა უნდოდა, არამედ მხოლოდ იმაში – თუ როგორ და სად უნდოდა მას ამის დანერგვა... და ამიტომ დანაშაულებრივია არა იდეა ბოლშევიზმისა, არამედ დანაშაულებრივია მისი მეთოდები, მისი ცოცხალი პრაქტიკა. მაგრამ ყოველგვარ იდეას სოციალური კატაკლიზმების ეპოქაში პრაქტიკის თვალსაზრისით უნდა ვაფასებდეთ. და ამ თვალსაზრისით მთელი ბოლშევიზმი დანაშაულებრივია!..
მაგრამ ერთი რამ უდავოა: ევროპა ვერ გადმოხტება ომის უკვე მხრჩოლავი ცეცხლოვანი წრიდან, – თუ იგი არ დადგება სოციალიზაციის გზაზე. საბედისწერო დილემის წინაშე დგას მთელი ცივილიზებული სამყარო: ან დაღუპვა ძველ კაპიტალისტურ გზებზე, – ან კიდევ აღორძინება და სიცოცხლე ახალ გზებზე...
გაუმარჯოს ამ ახალ, მხსნელ გზას!..
15 ნოემბერს 18 წ. ჭუბურხინჯი. გვიანი დილა.
ისევ გასკდა კამერა. უბედურებაა!.. ვმგზავრებით იმ გზებზე, სადაც ანარქიის ტალღებმა გადაიარეს. ახლა აქ სრული სიჩუმე და სიმშვიდეა. გზატკეცილზე დიდი მოძრაობა და ყველგან სიცოცხლეა. და რა იყო აქ სულ ორი თვის წინ?! მთელი გზები ცარიელი იყო, ბორნები დანგრეული, ანარქია ზეიმობდა! და როგორ ხარობს სული, როცა ხედავ ამ ახალ ცხოვრებას და როცა გრძნობ, რომ მის შენებაში შენი შრომისა და ძალისხმევის წილიც არის!.. აშკარაა, ექიმი ასეთივე გრძნობას განიცდის, როცა ხვდება თავის ძველ ავადმყოფს, რომელსაც თვითონაც კი განწირულად მიიჩნევდა, მაგრამ რომელიც თავის ძალისხმევათა ფასად გამოაბრუნა და ცხოვრებისათვის ააღორძინა... ამ ადგილებს მე უიმედოდ სნეულად მივიჩნევდი... და ამიტომ ასე ჩუმად, მაგრამ ძლიერად ვხარობ...
15 ნოემბერს 18 წ. ახალ-სენაკი. საღამო.
ახლახანს წავიკითხე დაზავების პირობები და გერმანელი სოციალისტების მოწოდება. კვნესის სული!.. როგორი დაუნდობელი და ცივად-სასტიკია იმპერიალიზმი. მოზეიმე იმპერიალიზმი!.. ახლა ისევე უნდათ გასრისონ რევოლუცია გერმანიაში, როგორც თვითონ გერმანიამ გასრისა რუსეთის რევოლუცია!.. და საშინელი, შეურაცხმყოფელი წყენა აღწევს სულში... დღეს მიმავალი გერმანული ეშელონი ვნახე. მიმავალი ჯარისკაცები მხიარულ-სევდინად გვიქნევდნენ ხელებს... მე დიდხანს ვაცილებდი მათ სევდიანი მზერით და რაღაც-ნაირი ნათელი მწუხარება მეუფლებოდა... ისინი – გამარჯვებულნი თავიანთ დამარცხებულ ქვეყანაში ბრუნდებიან!.. საწყალი, საცოდავი გერმანია!..
ხვალ მუშათა დეპუტატების ტფილისის საბჭოს სხდომაა. ნოე, ირაკლი და კარლო აკეთებენ გერმანიაში რევოლუციის შესახებ მოხსენებას. მინდა ჩავუსწრო ამ მოხსენებებს. მინდა ისევ და ისევ მოვუწოდო: გაუმარჯოს რევოლუციას!..
14 დეკემბერს 18 წ. ტფილისი. საღამო. მთავარი შტაბის სხდომა.
სახალხო გვარდიის დღემ საზეიმოდ, შესანიშნავად ჩაიარა. იყო სული, იყო განწყობა, იყო ძალდაუტანებელი სიყვარული!.. ეს გახლდათ ნათელი დღესასწაული განთავისუფლებული დემოკრატიისა... მე არ მოველოდი ასეთ წარმატებას... საოცარი დღე იყო და ტფილისის პროლეტარიატი თავისი წითელი დროშებითა და რევოლუციის სიმღერებით გამოვიდა რათა თავისი ნაშიერი ეხილა და მას ხმამაღლა მისალმებოდა... მაგრამ ნათელი დღესასწაული უკვე იღუშება... ცა მძიმე ღრუბლებით იფარება...
ახლა ჩვენთან სერიოზული სხდომა მიდის. სანაინ-ვორონცოვკის გართულებებს განვიხილავთ. მძიმე, სისხლიანი მოვლენები მწიფდება. უკვე არის სისხლი!.. სომხური ბანდები სულ უფრო და უფრო მეტად თავხედდებიან და ჩვენ მოღალატურ დარტყმებს გვაყენებენ. დარტყმებს ზურგში! და ჭკუა უნდა ვასწავლოთ ამ ბანდებს!..
მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე უფრო მძიმე, ყველაზე უფრო სამწუხარო ექსპედიციაა. მძიმე ფსიქოლოგიური აზრით, ვინაიდან დემოკრატიისა და სოციალზმის მტრებს ადვილად შეუძლიათ მისცენ ბორჩალოს გართულებებს ნაციონალისტური ხასიათი. და ამ გართულებების ნიადაგზე შეიძლება ამოიზარდოს ნაციონალიზმის ყველაზე უფრო საზიზღარი, ყველაზე უფრო შხამიანი ნერგები!.. და ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ წონასწორობა, არ უნდა დავკარგოთ თავი!.. მაგრამ საჭიროა, ამასთან ერთად, უდიდესი სიმტკიცე და გამბედაობა!..
სიმტკიცე, სიფრთხილე და ტაქტი! პირადად მე, და ჩვენც ყველანი შეთანხმების მხარეზე ვდგავართ. მე დაჟინებით მოვითხოვ საზღვრების სრულ და მკაცრ გამიჯვნას... მაგრამ, ეს ხომ, შეიძლებოდა და კიდეც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი შეთანხმებით! და ჩვენ მივდიოდით ამ შეთანხმებაზე... ახლა ჩვენი სახელოვანი მიკიჩა ლაპარაკობდა. იგი ძალზედ აღელვებული და დამწუხრებულია. მაგრამ იგი მტკიცეა, ქედუხრელი! „ანარქიასა და რეაქციასთან ბრძოლაში გადაჭრით უნდა ვიმოქმედოთ“! – ამბობს იგი. და ჩვენ ხომ თავს გვახვევენ ნამდვილ რეაქციასა და ანარქიას... მსუბუქია და მძიმე, ნათელი და წყვდიადით მოცული... როგორ ბოროტმოქმედნი არიან დაშნაკცაკანელი პოლიტიკოსები! როგორ დაუნდობლები არიან ისინი თავიანთი საკუთარი ხალხისადმი!.. ნუთუ არ შეიძლებოდა ჩვენთან მოელაპარაკათ?! ნუთუ უბრალოდ არ შეიძლებოდა დაგვლაპარაკებოდნენ?! ნუთუ თქვენ უფრო მეტ იმედებს თქვენს დაჩლუნგებულ მახვილზე ამყარებთ?! ნუთუ თქვენ გინდათ, რომ ჩვენი მახვილის უპირატესობა დაგიმტკიცოთ?..
ჩვენ ამას დაგიმტკიცებთ!..
და, მიუხედავად ამისა, ფიქრები, ეჭვები და სევდა მაწვება. ნაღველი მაწვება...
„უფალო! თუ შესაძლებელია, დაე ამცდეს მე ეს ფიალა“!..
ო მ ი ს ო მ ხ ე თ თ ა ნ
15 დეკემბერი 18 წ. ტფილისი. დილა.
ომი არ გამოცხადებულა, მაგრამ ომი არის!... ახლა მივდივარ ჩვენი ნაწილებისათვის გზის დასალოცად, რომლებიც ფრონტზე მიემართებიან.
ისევ ფრონტზე!
ყველაზე უფრო მძიმე და საპასუხისმგებლო ფრონტზე... მეშინია, რომ ეს ფრონტი შეიძლება ქართული და სომხური დემოკრატიის საფლავად იქცეს... მაგრამ მჯერა, რომ ეს ფრონტი მალე მოკვდება. მინდა მჯეროდეს!.. ის ჩვენი სოლიდარობის სიმაგრეზე დაიმსხვრევა და მოკვდება...
დღეს გადის ჩვენი სახელოვანი, გამოწრთობილი 1-ლი სამთო ბატარეა, მთელი ცხენოსანი დივიზიონი და მოტოციკლეტ-ტყვიამფრქვევების რაზმის ნაწილი. ეს სახალხო გვარდიის პირველი ერზმია... ვამზადებთ რეზერვებს...
უბედურებაა (სიმწარეა)...
16 დეკემბერი 18 წ. ტფილისი. ღამე.
შუაღამეს ჩვენი კადრის ბატალიონი გადის სამსონის მეთაურობით. ალექსანდრე მასთან ერთად მიემგზავრება. ხვალ მე დავიძრები სარეზერვო ტფილისის ბატალიონითა და შარაძის მეტყვიამფრქვევეთა რაზმით...
ყველაფერს ფეხზე ვაყენებთ, ვახდენთ რეზერვების მობილიზაციას, ზარებს ვარისხებთ!.. პროვინცია მეგობრულად და სიხარულით გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას. საზოგადოებაში მყარი, საქმიანი განწყობილებაა. არის ენთუზიაზმი... ფრონტიდან კი ცუდი, სამწუხარო ცნობებია! ერთი ჯავშნოსანი მატარებელი აფეთქებულია, ორ დანარჩენს კი გზა მოჭრილი აქვს და დარჩენილ ქვეით ჯართან ერთად იბრძვის. არჩილის რაზმის ბედი უცნობია, ვალოდია კი გზამოჭრილ ჯავშნოსან მატარებლებთანაა... ვორონცოვკა აღებულია და გენერალ ციციანოვის რაზმი განადგურებული!.. უნდა ვიჩქაროთ და გადავარჩინოთ. და ჩვენ გადავარჩენთ! მე ეს ვიცი...
ჩვენ მსხვილი დანაკარგები გვაქვს, ვინაიდან მტერი თავს ვერაგულად და საზიზღრად (вероломно и гнусно) დაგვესხა...
სირცხვილი და უბედურება. სირცხვილი და უბედურება თქვენ!..
17 დეკემბერი 18 წ. ტფილისი. საღამო.
ლიდა უკრავს ჩაიკოვსკის და ჩემს საყვარელ ნაწარმოებს „ალპებში“. უკრავს უბრალოდ, მაგრამ სულით, განწყობით... და მე წყნარი, გაცისკროვნებული სევდა მეუფლება. მახსენდება პეტერბურგი, ჩვენი ნათელი, უკვე დაშლილი სამეული და ჩვენი საყვარელი, შეუდარებელი დები... ბევრი რამ მახსენდება. და სევდაც ძლიერდება...
ერთ საათში – მსხვილ ეშელონთან ერთად სადახლოში მივემგზავრები. ალექსანდრე უკვე იქაა...
გზამოჭრილი რაზმები ახტალიდან გამოვიდნენ, მაგრამ ჯავშნოსანი მატარებლები იქ დარჩნენ და დაიღუპნენ... მტერი ძალზედ ვერაგია, მაგრამ ჩვენ მას მალე ჭკუას ვასწავლით... ხედავს ღმერთი, რომ ჩვენ ეს ომი არ გვინდოდა. ყველაზე მეტად მე არ მინდოდა იგი! მაგრამ ჩვენ ის თავზე მოგვახვიეს. და ჩვენც მახვილს მოვკიდეთ ხელი! და ჩვენი მახვილი გაიმარჯვებს...
დემოკრატია ჩვენთანაა.
დღეს პარლამენტში გამოვდიოდი და ხმაურიანი ოვაციები მომიწყვეს... ბედუკუღმართი სეიმი გამახსენდა და ჩემი გამოსვლაც მასში ბათუმის დაცემის წინა დღეს. მაშინაც ასევე იყო ოვაციები... მაგრამ მაშინ დამარცხების სირცხვილიც იყო!.. ახლა მე მათ გამარჯვების სიხარულს მოვუტან...
ლიდა კი მთლიანად მუსიკაში წავიდა... და ეს მუსიკა მე ახალ რწმენასა და ახალ გაბედულებას მაძლევს... როგორ კარგია ცხოვრება და როგორ საზიზღარი ომი!..
18 დეკემბერი 18 წ. სადახლო. დღე.
ისევ სადახლო!.. უკვე მესამედ... აქ ჩამოვიდით გენერალი ახმეტელოვი, პოლკოვნიკი ჯიჯიხია და მე. აქ შევხვდით გენერალ წულუკიძეს და ველოდებით ალექსანდრეს. ალექსანდრეს საგანგებო ბატალიონით სიმაღლეები აქვს დაკავებული ლამბალოს თავზე... წულუკიძეს საკმარისად მოშვებული, შეფერთხილი და დაღლილი შესახედაობა აქვს. იგი ხომ დამარცხებულია!..
სახალხო გვარდიას თავს ვუყრით ეკატერინენფელდზე (დღევანდელი ბოლნისი – ი. ხ.). დიდმა ნოემ ჩვენ გადაჭრით გვითხრა: „არ დააკავშიროთ თქვენი თავი ჯავშანმატარებლების გადარჩენის ამოცანასთან. ჩვენი მუშები ახლებს გააკეთებენ. იჩქარეთ ეკატერინენფელდში და დაიცავით ვორონცოვკის მიმართულება!“... და ჩვენც ვასრულებთ ამ ამოცანას. ჩვენი ეშელონი მე სანდარიში დავტოვე. დღეს იგი ეკატერინენფელდზე გადის. საგანგებო ბატალიონს ლამბალოდან ვხსნით და ასევე საჩქაროდ ეკატერინენფელდში გადავისვრით... იქნება ბრძოლა და გამარჯვება!..
გუშინ ღრმა, ფაფუკი თოვლი მოვიდა. ახლა ირგვლივ ყველგან ბევრი თოვლია. იქნება სისხლი. და ალისფერი სისხლი შეღებავს ამ თეთრ ქათქათა საფარველს.
დიახ, ბევრი სისხლი იქნება... თოვლი ისევ წამოვიდა. ფაფუკი, მსხვილი თოვლი... ჩვენი მატარებელი დაიძრა. მივემგზავრებით სანდარში – ეშელონთან... მალე ბრძოლაა.
და გამარჯვება!..
19 დეკემბერი 18 წ. ეკატერინენფელდი. განთიადი.
გუშინ მთელ დღეს თოვლი მოდიოდა. დიდი ხანია, დიდი ხანია ასეთი ღრმა და ლამაზი თოვლი არ მინახავს... მძიმე და ცივი ომი იქნება. ძალიან ცივი!.. აქ უკვე არიან თავმოყრილი ჩვენი მსხვილი ძალები. მოდიან ახალი ნაწილები... ეკატერინენფელდში ჩვენ სანდრო და გიორგი ხიმშიევი დაგვხვდნენ. ისინი მოუთმენლად გველოდნენ და ჩვენმა მოსვლამ მათ ფრთები შეასხა. და ჩვენც ცოტ-ცოტას ვხუმრობდით სანდროზე მისი უკანასკნელი ტელეგრამის გამო: „იჩქარეთ ჩვენს დასახმარებლად! შესაძლოა თქვენთან უკანასკნელად ვლაპარაკობ“. სანდრო იცინის, ბუზღუნებს, ბრაზობს...
ხვალ შეტევაზე გადავდივართ. ბოლნის – ხაჩინზე. მივნაყავთ მტერს. მე ეს ვიცი...
ეკატერინენფელდი დიდებული სოფელია. დიდი, მდიდარი, კულტურული და ლამაზი. ქუჩები ძალიან სწორია (გამართული), ელექტრობით განათებული და ყველგან წყალსადენია... ბევრ სახლში პიანინოზე უკრავენ!..
როდის მიაღწევს ჩვენი სოფელი ასეთ სიმაღლეს?! ლოდინი ძალიან დიდხანს მოგვიწევს...
19 დეკემბერი 18 წ. ეკატერინენფელდი. დილის 11 საათი.
ახლახანს დასრულდა ბრძოლა... მძიმე, მოულოდნელი და საოცარი ბრძოლა!.. ცალკეული გასროლები ჯერ კიდევ ისმის მოშორებით... ისინი ჩუმდება. ეს ჩვენები გაქცეულ, დამარცხებულ მტერს სდევნიან...
მე ძალიან, ძალიან დავიღალე!.. და ჩვენც ყველანი საშინლად დავიღალეთ...
ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ ძვირი საზღაურიც გავიღეთ გამარჯვებისათვის... ძვირფასი, შეუდარებელი და უშიშარი სანდრო მოგვიკლეს! და კიდევ ბევრიც მოგვიკლეს... სიმწარე, მძიმე, უნუგეშო სიმწარე მეუფლება... და სახელოვანი, განსაკუთრებული გამარჯვების სიხარულიც მოკლულია საშინელი დანაკარგებით...
მე და ალექსანდრე ცოცხლები დავრჩით და გავიმარჯვეთ. ერთმა ტყვიამ ალექსანდრეს ნახევარქურქის ზურგში შეაღწია, მაგრამ თავად ალექსანდრე უვნებელი დარჩა... სანდრო კი მკერდში იქნა დაჭრილი, გულში!.. და სიკვდილიც წამიერი იყო... ბედნიერი სიკვდილი...
ბევრი იყო მსხვერპლი... ჩვენ მოკლულებს ვაგროვებთ და მათი გროვაც იზრდება... და ყველა ესენი დიდებული ბიჭები არიან, ჩვენი საუკეთესო ამხანაგები... თავიანთი სიკვდილით მათ იხსნეს ქვეყანა... ამ უსახელო გმირებმა...
ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გახლდათ. და იგი ჩვენს ბედს, ქართული დემოკრატიის ბედს წყვეტდა. ამიტომ ჩვენ უნდა გაგვემარჯვა... დამარცხების უფლება არა გვქონდა... უნდა მოვმკვდარიყავით ან გაგვემარჯვა!.. და ბევრი მოკვდა კიდეც, მაგრამ გავიმარჯვეთ...
მტერმა ღამით ყოველი მხრიდან ალყა შემოგვარტყა. დილით ადრე იგი საერთო შეტევაზე გადმოვიდა, სოფელში შემოიჭრა, ჩვენი რვავე ქვემეხი ხელში ჩაიგდო და მაღალ სახლებში ტყვიამფრქვევები დააყენა... პირველი გასროლები დილის ექვს საათზე გაისმა. ჩვენი შტაბიდან ბევრს ჯერ კიდევ გვეძინა... გასროლებმა ყველანი გაგვაღვიძეს, იარაღს ვტაცეთ ხელი და ჩვენი დაღლილი ბატალიონებისაკენ გავიქეცით... არავინ იცოდა თუ რაშია საქმე... ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ ეს შემთხვევითი ორმხრივი სროლაა საყარაულოში... მაგრამ მალე აკაკანდნენ ტყვიმფრქვევები და აკვნესდნენ ქვემეხებიც... ზარმაცად, ინტერვალებით... უეცრად ყველაფერი ნათელი გახდა... მძიმე, საბედისწერო, თითქმის გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა... ან სამარცხვინოდ უნდა დავნებებოდით მოზეიმე მტერს და, საკუთარი სირცხვილისა და ქვეყნის დაღუპვის ფასად, ჩვენი თავები გადაგვერჩინა, ან კიდევ თავგანწირულ ბრძოლაში შევვარდნილიყავით და საკუთარი თავის ხსნა და მთელი ქვეყნის ხსნაც გამარჯვებაში გვეძებნა.
ყველა იმედის გადარჩენა!..
და ჩვენც ბრძოლაში შევვარდით!.. სასოწარკვეთის აღტაცებითა და დაუძლეველი გაბედულებით... კაშკაშა ყინვიანი დღე იყო... და მთელი ბუნებაც თეთრი, მოელვარე სამოსით გახლდათ მოსილი... უფრო მხნე განწყობა გვეუფლებოდა და რწმენაც გვემატებოდა...
და გაჩაღდა ბრძოლა! მშვენიერი, შეუდარებელი ბრძოლა... ყველანი განსაკუთრებული თავგანწირულობით იბრძოდნენ, როგორც განწირულები. დაცემული ამხანაგის ადგილს მაშინვე მისი მეზობელი იკავებდა, ყველანი მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობდნენ და მოკლულებსა და დაჭრილებს არავინ ჰკრეფდა... ალექსანდრე, სანდრო და მე პირველ რიგებში ვიყავით და ჩვენი მაგალითით სხვებს ვამხნევებდით (увлекали других)... მე მარცხენა ფლანგზე ვიყავი, ცოტათი მარჯვნივ – ცენტრში ალექსანდრე სცემდა მტერს, კიდევ უფრო მარჯვნივ ჩვენი საწყალი სანდრო იბრძოდა. და ჩვენ სამივენი ჩვენი დატყვევებული ბატარეებისკენ ვუტევდით...
მე ძალზედ მშვიდი ვიყავი, რადგანაც გვარდიელებში ბრძოლის ანთებულ წმინდა ცეცხლს ვხედავდი და ვიცოდი, რომ ისინი ან გაიმარჯვებენ, ან დაიხოცებიან. ყველანი დაიხოცებიან... და მეც მათთან ერთად...
ბრძოლა სულ უფრო მეტად ხურდებოდა... უეცრად გვარდიელმა მოირბინა და მეუბნება: „სანდრო მოკლულია“... უბედურებამ განმსჭვალა ჩემი გული!.. მაგრამ ცრემლების ღვრისათვის დრო არიყო... ამ საშინელმა ცნობამ სწრაფად მოირბინა მებრძოლთა რიგები, მაგრამ ეს რიგები არ შემდრკალან... პირიქით! კიდევ უფრო გადაჭრით დაიძრნენ წინ და უფრო ურყევი შეიქნა მათი ნება გამარჯვებისაკენ...
ბრძოლა სულ უფრო კაშკაშად ხურდებოდა... თოვლის საფარი ალისფერი სისხლის ლაქებით იყო დაფარული და ბევრ ადგილას მშვიდად, ცოცხლებივით, იწვნენ მოკლულები... და ძირს ეცემოდნენ ახალი გვამები... სხვა გვარდიელმა მოირბინა და მითხრა: „ალესანდრეც მძიმედ დაჭრეს!“... საშინლად, კრუნჩხვით შემეკუმშა გული!.. გავიგე, რომ მეც უნდა მოვკვდე და ცივი სიმშვიდე დამეუფლა... სირბილით მოვიარე ჩვენი ფრონტი და მებრძოლებს ვამხნევებდი... ქვემეხები ქუხდა, ტყვიამფრქვევები კაკანებდა, ტყვიები წიოდა... და უცებ ძვირფასი სანდროს უსულო გვამს წავაწყდი... იგი გულაღმა იწვა, მისი ჩამქრალი თვალები ნახევრად გახელილი იყო და სახე თითქოსდა იღიმებოდა... მე ფიქრით დავემშვიდობე მას... და გვარდიელებს მივმართე: „ამხანაგებო! თქვენ ხედავთ, ჩვენი სანდრო მაისურაძე მოჰკლეს. მისი სიკვდილი ჩვენ გამარჯვებისაკენ მოგვიწოდებს! უკან დასახევი გზები არა გვაქვს! მხოლოდ გამარჯვებაშია ჩვენი ხსნა. ჩვენი გზაა – წინ!“... და მე შევძახე „ვაშა!“... მთელს ხაზზე დაიქუხა მეგობრულმა და მჟღერმა „ვაშამ!“... და გვარდიელებიც ახალი ენერგიით წინ დაიძრნენ... დაჭრილები დიდი შრომით წამოიწეოდნენ, ხელებით თოვლსა და მიწას ფხაჭნიდნენ, ზოგიერთები თითებს იკბენდნენ და ასევე ჰყვიროდნენ „ვაშა!“...
ჩვენ მოწინააღმდეგე რიგი სახლებიდან გამოვდევნეთ, რამდენიმე ოფიცერი და ბევრი ჯარისკაცი ტყვედ ჩავიგდეთ. და როცა „ვაშას“ ძახილით ჩვენს განთავისუფლებულ ბატარეებზე შევვარდით – იქ უკვე ალექსანდრე და ქრისტეფორე იყვნენ, რომლებიც მოწინააღმდეგეს შუბლში უტევდნენ...
ალექსანდრე უვნებელი იყო და ჩვენც ერთმანეთს გადავეხვიეთ...
ჩვენს ქვემეხებთან მოკლული და დაჭრილი არტილერისტები იწვნენ... მათ თავიანთი ვალი აღასრულეს!..
ახლა ჩვენი პირველი ასეული სახელოვანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის უფროსობით გაქცეულ მტერს ერეკება... ყველა გვარდიელი საშინლად დაიღალა... მეც დავიღალე... ფეხები მეკეცება (Ноги подкашиваются)...
ძვირფასო, დაუვიწყარო სანდრო!..
შენს გამო შური ვიძიეთ!.. და ყველანი დაგტირივართ... მაგრამ შენ მამაცთა, რჩეულთა სიკვდილით დაიღუპე... ბედნიერი სიკვდილით...
მაგრამ მძიმეა, საშინლად მძიმე...
ველოდებით ახალ შემოტევას... ახლა ჩვენ მზად ვართ...
ახლა ტფილისს ველაპარაკებით...
გამარჯვება და სიკვდილი!..
სიხარული და სიმწარე!..
საშინელი, უნუგეშო სიმწარე...
19 დეკემბერს 18 წ. სადგ. სანდარი.
მე და ალექსანდრე სანდარში ჩამოვედით. ჩვენი მომარაგების გასარკვევად. მომარაგებაზე ხომ ომის ხვედრია დამოკიდებული... ჩვენ კი ასე მოწყვეტილი ვართ სანდარისგან, ჩვენი ბაზისაგან... სომხების დღევანდელი თავდასხმა კარგად იყო ჩაფიქრებული. მისი წარმატების შემთხვევაში მთელი ჩვენი რაზმი უნდა დაღუპულიყო და კამპანიის ხვედრიც გადაწყვეტილი იქნებოდა... მაგრამ სომხები ზედმეტად გაიტაცა თავიანთმა წარმატებამ, მათ ვერ გათვალეს ძალები... მათ ზედმეტად შეაფასეს საკუთარი თავი და ბოლომდე ვერ შეგვაფასეს ჩვენ. მათ არ იცოდნენ, რომ სახალხო გვარდიას შეუძლია კვდებოდეს... როცა ამას მოითხოვს ქვეყნის ინტერესები! და ბევრიც მოკვდა ამ ბრძოლაში... სანდრო, საყვარელო, შეუცვლელო!.. შენ მოჰკალი ჩვენი წარმატების სიხარული. ახლა ვლაპარაკობ სადახლოსთან – გენერალ წულუკიძესთან. ვატყობინებ ჩვენი წარმატებისა და დანაკარგების შესახებ. გუშინ გენერალსაც ჰქონდა პატარა წარმატება. დიდი ხანია დროა!..
19 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელდი. საღამო.
ჩვენ ყველანი საშინლად დავიღალეთ. ფიზიკურადაც და ზნეობრივადაც. და ადრე დავწექით დასაძინებლად. და ძილის წინ ამ სახელოვან, მაგრამ მძიმე დღეს ვაჯამებ... სისხლიანი შეჯამებაა! 600-კაციანი მთელი რაზმიდან ჩვენ მოკლულებით დაახლოებით 30 ადამიანი დავკარგეთ და დაჭრილებით სამოცდაათზე მეტი. მოწინააღმდეგესთან მარტო მოკლულები ასზე მეტია! კოლონისტები მათ აგროვებენ და მათთვის საერთო საფლავს თხრიან. ჩვენს მიერ ტყვედ დაახლოებით ასი ადამიანია აყვანილი. მათ რიცხვში რამდენიმე ოფიცერიც პატარა, შეშინებული ბატალიონის მეთაურით სათავეში. მგონი, შტაბს-კაპიტანი სარქისოვით. იგი მე ავიყვანე ტყვედ რამდენიმე გვარდიელთან ერთად. დიდ სახლში იყო შეფარებული დამარცხებული ბატალიონის პატარა ნარჩენებით. ჩვენ მას ალყა შემოვარტყით და ვაიძულეთ დაგვნებებოდა. მან მიცნო და სადახლო გაიხსენა.
– ამხანაგო ჯუღელო, ჩვენ იქ ერთად ვიბრძოდით! – ამბობს იგი.
უმადურები! ჩვენ ხომ მაშინ მათთვის ვიბრძოდით, მათ გადასარჩენად. მაგრამ ეს ყველაფერი დავიწყებულია!
და რამდენი მსხვერპლია! მოკლულები არიან ორი ძმა კროჭი, ორი ძმა სარიშვილი, ერთგული ფანჯარაძე და ბევრი სხვაც. დაჭრილები არიან ბოლქვაძე, გუჯაბიძე, მუხაშავრია, გიგუცა, სტურუა, გომელაური და ბევრი, ბევრი სახელოვანი, უშიშარი ბიჭი.
ჩვენი ყველა ნაწილი და ყველა სახალხო-გვარდიელი მეგობრულად, კარგად მუშაობდა. ყველა ქებაზე უფრო აღმატებულად! საყვარლებო, ძვირფასებო, მშობლიურებო. მე თქვენ მიყვარხართ.
20 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფლდი. დილა.
თენდება. ჩვენი დემოკრატიული შტაბი დგება და იკრიბება. უკვე საყვარელი სანდროს გარეშე!
პირველმა ღამემ ჩაიარა.
გუშინ ჩვენთან ფედერალისტების ასეული მოვიდა. ველოდებით ახალ ნაწილებს. და თავხედ, ბოროტმოქმედ მტერს დავამარცხებთ!
გუშინ იყო ბევრი სისხლი. ჩვენიცა და სხვისაც! თოვლის საფარი სისხლის ფერებით მოირთო. და საყვარელი, ძვირფასი სანდროს სისხლმაც აქ შეღება თოვლიანი მიწა. დიდება მას! იგი მამაცთა სიკვდილით დაეცა, გახურებულ ბრძოლაში, შეტევის დროს. და როგორღაც ტრაგიკულად არ გაუმართლა მას! ჩვენ მას ვუფრთხილდებოდით. მის ორგანიზატორულ ნიჭს ვაფასებდით და ვამჯობინებდით იგი ზურგში დაგვეტოვებია, თუმცა კი იგი ყოველთვის ფრონტზე მიისწრაფვოდა. ახლაც ჩვენ იგი ტფილისში უნდა გაგვეგზავნა რეზერვების მობილიზაციისათვის, ზურგის საერთო ორგანიზებისათვის. მაგრამ სიკვდილმა დაგვასწრო! მე და ალექსანდრეს კი ჯერჯერობით ბედი გვწყალობს. ჩვენ ფოსტის ცხენებივით დავეხეტებით სადგურიდან სადგურზე, დავდივართ ლაშქრობიდან ლაშქრობაში, გამარჯვებიდან გამარჯვებისაკენ, და ბედიც გვლოცავს. რამდენჯერ ვგრძნობით სიკვდილის სუნთქვას, მაგრამ იგი თავს გვანებებდა. და აი გუშინაც – ცელქი ტყვია ალექსანდრეს ზურგში მოხვდა, ნახევარქურქი გაუხვრიტა, მაგრამ მას არც კი შეხებია! ჩემს ახლოსაც მოკლულები და დაჭრილები ეცემოდნენ, მაგრამ მე ტყვიები მინდობდნენ.
გუშინ მთელ დღეს მე მშვიდად ვიყავი. თვით იმ საშინელ მომენტშიც კი, როცა მოწინააღმდეგემ ჩვენი ყველა ბატარეა ხელში ჩაიგდო, ხოლო მოკლულები და დაჭრილები კი სულ უფრო ხშირად ფარავდნენ თოვლიან ველს, – მე სრულიად ცივსისხლიანი გახლდით, ვინაიდან მჯეროდა საბოლოო წარმატებისა! უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენი დამარცხების შემთხვევაში გადავწყვიტე თავი მომეკლა. ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა. ეს მე მყარად გადავწყვიტე! მე ხომ ჯერ კიდევ ჩემს ჭაბუკურ დღიურში სიყვარულით ვწერდი: „სიცოცხლის ბედნიერება იმაშიცაა, რომ ადამიანს შეუძლია ის როგორც უნდა ისე მოკლე გახადოს“. ამაშია ჩემი დიდი ნუგეში. სიკვდილი ხომ – ისე ადვილია, ადვილი და უსაფრთხო! შესაძლოა ყველაზე უფრო უსაფრთხოც. და გამიქვავდა გული! და ეს კარგია. როცა ყოველ წუთს ელოდები საკუთარ სიკვდილს, როცა ასე ხშირად კვდებიან შენს ირგვლივ, – ეჩვევა გული. გული მუდმივი ძაძებით იმოსება. აი დაუვიწყარი სანდროს სიკვდილიც! მე იგი მიყვარდა, როგორც საკუთარი თავი, განუზომლად ბევრად ვაფასებდი, მაგრამ მის გვამზე არ მიტირია. ცრემლები არა მქონდა. მაგრამ იყო მყარი სიმტკიცე. და ეს სიკვდილი ჩვენ გამარჯვებას გვჩუქნის.
დატყვევებული მოწინააღმდეგე მძიმე, საცოდავ შთაბეჭდილებას ახდენს: იგი მშიერი და ტანშიშველია! და ამ უბედურ, მოტყუებულ ჩამოძონძილებს უნდოდათ ჩვენი დამარცხება! არა, ეს არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გმირულად იბრძოდნენ! (отважно сражались!)
განსაკუთრებით ბევრი სომხური გვამი დაეცა არყის სახდელი ქარხნის მახლობლად. ისინი ლომთათიძის მეტყვიამფრქვევეთა ასეულს წააწყდნენ. სასტიკი, გააფთრებული ომი დაიწყო! და ამ დანაშაულებრივი ომის მთელი გააფთრების მიუხედავად, მე არანაირი გაბოროტება არა მაქვს ზოგადად სომხების წინაარმდეგ. მრავალტანჯული სომეხი ხალხი მე ისევ მიყვარს და მეცოდება. ამის კონსტატირებას სიხარულით ვახდენ. და მთელ ძალისხმევას მივმართავ, რათა დავიცვა სომხური სოფლები და ომის სასტიკი ზნე-ხასიათიც შევარბილო. მთელი ჩემი ძალებით შევეცდები ომის დასასრული მოვაახლოვო! და როგორ მეზიზღება, როგორ მძულს ომი! ის ყველაზე უფრო საზიზღარი, ყველაზე უფრო საზარელი რამაა ცხოვრებაში! და მე მიხდება ამ საძაგლობის აქტიური მონაწილე ვიყო! (Она самая отвратительная, самая гнусная вещь в жизни! И мне приходится быть активным участником этой омерзительной вещи!) ამაშიცაა ასევე ტრაგედია. დიახ, მე ვაგრძელებ უბედური სომხების სიყვარულს, მაგრამ გულწრფელად მძულს დანაშაულებრივი და საბედისწერო პარტია „დაშნაკცუტიუნი“. ეს პარტია – სომეხი ხალხის ბოროტი გენიაა და ამ ომში ჩვენ ეს გენია უნდა დავამარცხოთ. და მაშინ ჩვენ სომხების საუკეთესო მეგობრები გავხდებით! ჩვენ ხომ ყოველთვის მათი საუკეთესო მეგობრები ვიყავით.
20 დეკემბერი 18 წ. არუხლოს მახლობლად. შუადღე.
სუფთა, ფაფუკ თოვლში ვწევარ და ფიქრები მიმოქრის. მძლავრ „ბენცს“ თვალი გასძვრა და ჩვენს სახელოვან ამბაკოს იგი მონდომებით წესრიგში მოჰყავს. ალექსანდრე თავის თბილ და შავ ქურქში ავტომობილის მახლობლად ფუსფუსებს. სანდარიში მოხვედრა ვერ გვიხერხდება...
ხვალ შეტევაზე გადავდივართ და მისთვის ვემზადებით. სანდარში ახალი ძალები მოდიან. მათი ნაწილი შულავერზე მიემართება. მთელს ქვეყანაში უჩვეულო აღმავლობაა. აქ კი ინგლისელები და ფრანგები სომხეთს სთავაზობენ თავისი ჯარები უკან გაიყვანოს, „საწყის მდგომარეობაში“, და კონფერენციაზე წამოვიდეს. ეს დაშნაკცუტიუნელთა ავანტიურის სრული ფიასკოს ტოლფასია. მაგრამ შერიგება ჯერჯერობით ნაადრევია. ჩვენ კიდევ რამდენიმე გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ, ჩვენ მოწინააღმდეგის ნება უნდა გავტეხოთ. ეს საბოლოოდ გამოაფხიზლებს სომხებს. ეს გაანთავისუფლებს სომეხ ხალხს დაშნაკცუტიუნის დამღუპველი მხუთრისაგან (угар)!
ხვალ ბევრი რამ უნდა გადაწყდეს. მე მტკიცედ მჯერა წარმატების! საწყალო, საწყალო სანდრო! როგორ გვჭირდებოდი ახლა შენ და როგორ დავობლდით უშენოდ!
21 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელდი. ადრეული დილა.
დაგეთ-ხაჩინსა და სამშვილდეზე გასასვლელად ვემზადებით. ღამე ყინვიანი, ვარსკვლავებიანი იყო. დღე კაშკაშა იქნება, მზიანი და თოვლიც აელვარდება!
ღამით ჩვენთან დაახლოებით ხუთასი ადამიანი მოვიდა. ახლა ძალები საკმარისად გვაქვს და შეგვიძლია უფრო გაბედულად (გადაჭრით) ვიმოქმედოთ. მოწინააღმდეგის მთავარი ძალები ბოლნის-ხაჩინთანაა შეკრებილი. მაგრამ წინასწარ ჩვენ ზურგი უნდა გავწმინდოთ და უსაფრთხო ვიყოთ. დაგეთ-ხაჩინს ბოლო უნდა მოვუღოთ!
ხვალ საერთო შეტევაზე გადავდივართ. დღეს სამხედრო გასეირნება გვაქვს.
გუშინ ტფილისში ჩვენი გმირების გვამები გავგზავნეთ. სანდრო მათთან იყო. განსვენებულ მეგობარს მშვიდი, მამაცური, მსუბუქად მომღიმარე სახე ჰქონდა; ტყვიამ მას გულში გაუარა და სიკვდილიც წამიერი იყო. ბედნიერი სიკვდილი!
გუშინ სამთო ბატარეაზე ვიყავი. საწყალი, დაობლებული ბუჭები! როგორ მეცოდებოდა ისინი! ბრძოლის დროს მათ ყველა უფროსი ამხანაგი მოუკლეს და დაუჭრეს და გადარჩენილმა საწყალმა ბიჭებმა ბრძოლის მთელი სიმძიმე საკუთარ მხრებზე გადაიტანეს. ამ ერთმა ბატარეამ დაახლოებით 20 ადამიანი დაჰკარგა! ჭაბუკ არტილერისტებს ძალიან დაღლილი და რამდენადმე დაბნეული შესახედაობა აქვთ. საყვარლებო, ჩემო ძვირფასებო! მე მთლიანად თქვენთან ვარ.
წარსული ბრძოლა მახსენდება. როგორი სასოწარკვეთილი მდგომარეობა იყო და როგორ ბრწყინვალედ გამოვედით მისგან. მართალია, უზარმაზარი მხვერპლით, მაგრამ მსხვერპლის გარეშე ხალხის თავისუფლებას ვერ იყიდი. დროდადრო მე ვტკბებოდი ჩვენი სახელოვანი მებრძოლების ცქერით – ვტკბებოდი ბრძოლაში! ყველანი თითქოსდა გარდაიქმნენ და რაღაც წმინდა შთაგონება ჩამოვიდა მათზე. ჩვენი ქრისტეფორე ბრძოლაში შეუდარებელი იყო. ჩვეულებრივ ცხოვრებაში იგი მორცხვი, დუნე და გაუბედავიც კია. ბრძოლაში კი გარდაიქმნება, კაშკაშა, უშიშარი და ურყევი ხდება. იგი „ამაყი სილამაზით ბრწყინავს“. და არა მარტო იგი. ასეთები ბევრნი არიან, ბევრნი: გიორგი, სიმონი, კოლია, ილიკო, პლატონი. ყველა ესენი უსახელო გმირებია.
კარგია!..
21 დეკემბერი 18 წ. მდინარე ხრამზე. დილა.
ვუტევთ დაგეთ-ხაჩინზე. მდინარე ხრამის მიუვალ ნაპირებს მივადექით და მოპირდაპირე კლდოვან ნაპირს ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლს ვუშენთ. ჩვენი სამთო ჰაუბიცები დაჟინებით უშენენ ცეცხლს თოვლით დაფარულ მთის სოფელს. მოწინააღმდეგეს თავისი ნაპირი უჭირავს და, თავის მხრივ, ზუსტი ცეცხლით გვხვდება. ტყვიები ბოროტულად და საწყლად ზუზუნებენ ჩვენს თავზე და გვაიძულებენ ინსტინქტურად კისრებს ვჭიმავდეთ. სამხიარულოა და სევდიანი!
ამინდი ნათელია, მომხიბლავი. თოვლი ყველანაირი ფერებით ელავს და აღტაცებული ვარ სილამაზით.
21 დეკემბერს 18 წ. იქვე.
უკვე რამდენიმე საათია მიდის განუწყვეტელი საარტილერიო, სატყვიამფრქვევო და თოფებით სროლა. მოწინააღმდეგე მტკიცედ ჩაჯდა საოცარ კლდეთა ნაოჭებში და მისი იქიდან გამოდევნა ძნელია. იგი ბატონობს ჩვენზე, და მთელი ჩვენი მოძრაობები მის თვალწინაა. ახლა იგი გაძლიერებით გვიშენს ცეცხლს, და ტყვიები, როგორც ბუზები, ჩემს ახლოს ზუზუნებენ. სასიხარულოა და შემზარავი.
ჩვენ რამდენჯერმე ჩავედით მდინარესთან, მაგრამ მისი ფორსირება შეუძლებელია, რადგანაც მოწინააღმდეგის ნაპირი მიუდგომელია. დანაკარგებით უკან ვიხევდით. ამიტომ მოგვიხდა შემოვლისათვის მიგვემართა, და ჩვენი ცხენოსანი დივიზონის ნაწილი მარცხენა ნაპირზე გადავიდა. აქედან ჩვენი ცხენოსნების ყველა მოძრაობას ვხედავთ. შორს ფლანგებზე მზვერავები მიდიან და ყველა ისინი წინ ნელ-ნელა მიიწევენ. ახლა მოწინააღმდეგემ ისინი აღმოაჩინა და ხშირი ცეცხლის დაშენა დაუწყო. ცხენოსანი გვარდიელები ჩამოქვეითდნენ და უმალვე ჯაჭვი გაშალეს. მაგრამ ისინი ცოტანი არიან, ძალიან ცოტანი. ისინი ლამაზად და მხნედ უტევენ. მშვენიერი სურათია! ყველგან თოვლია, და შავი წერტილების მწყობრი ხაზი თოვლზე მოძრაობს!
ახლახანს ჩვენი გრიშა წიტაიშვილი სახეში დაჭრეს. მძიმე ჭრილობის მიუხედავად, იგი მხნედ მიაბიჯებს. მეცოდება. ის ძალზედ ღირებულია.
21 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელდი. ღამე.
დაგეთ-ხაჩინი ჯერ არ არის აღებული. მე ახლახანს დავბრუნდი პოზიციიდან.
საშინლად, სასიკვდილოდ დავიღალე. არ მაქვს ძალები დასაწერად.
22 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელდი. ადრიანი დილა.
შტაბი იღვიძებს. ოთახში მძიმე ჰაერი და ჭუჭყია, მაგრამ თბილა. ჩვენ სულ მოვეშვით! ახლად გაღვიძებული პუბლიკა გაცხოველებით და სასტიკად კამთობს. ახმეტელოვი და ჯიჯიხია რუსი ხალხის შემოქმედებით ძალებს უარყოფენ, ჩვენი იაკობ ხარაში და ხიმშიევი გადაჭრით ეწინააღმდეგებიან და საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. ალექსანდრე მკვეთრად ერევა კამათში და ისტორიაზე მატერიალისტურ შეხედულებას ანვითარებს. დიდი გატაცებითა და სერიოზულობით. მე გუშინდელ დღეზე ვიწყებ ფიქრს. ის ძალზედ უიღბლო იყო, და მდინარე ხრამის გადალახვა ვერ შევძელით. მაგრამ ჩვენ მას გადავლახავთ.
უნდა გადავლახოთ!
23 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელდი. ადრიანი დილა.
ისევ დაგეთ-ხაჩინზე გავდივართ. მყარი, ურყევი გადაწყვეტილებითა და მზადყოფნით რომ იგი ავიღოთ. და ურყევი რწმენით! მე ვიწყებ გაბრაზებას.
სადახლოდან ცუდი, სამწუხარო ამბებია: ჩვენები იქ შეფერთხეს და ჩვენ სადახლოდან უკან დავიხიეთ. მაგრამ გულს არ ვიტეხ! რაც მეტია წარუმატებლობა, მით მეტია ნება და რწმენა! და ასევე გასასტიკებაც (გააფთრებაც). დიახ, სამწუხაროდ გაასტიკებაც. და ამიტომ ასე მძულს ომი! იგი საზიზღარია და დანაშაულებრივი.
23 დეკემბერს 18 წ. ყარაქენთ-ქოსლიარი. დილის 10 საათი.
ახლახანს მდინარე ხრამის იქით სწრაფად გადავედით. ეს მოხერხებული მანევრი გახლდათ, და მოწინააღმდეგემ ჩვენთვის დასწრება ვერ მოასწრო. ახლა სამი პატარა რაზმით დაგეთ-ხაჩინზე მივდივართ. თათრები სოფლის ჭუჭყიან ქუჩებს ავსებენ და ცნობისმოყვარეობით გვათვალიერებენ. ისინი „მკაცრ ნეიტრალიტეტს“ იცავენ, მაგრამ მთელი მათი თანგრძნობა ჩვენს მხარეზეა.
რაზმები უკვე წინ დაიძრნენ და მოწინააღმდეგესთან შეხებაშიც მოვიდნენ. მან უკვე გახშირებული სროლა აგვიტეხა. ჩვენი ცხენოსანი ჯარი, შედის რა მარჯვნიდან, მოწინააღმდგის მარცხენა ფლანგს შემოუვლის, რომელსაც გარეშემო მყოფი სიმაღლეები აქვს დაკავებული. საგანგებო ბატალიონი ცენტრში მიდის. აქ მე სრულებით მშვიდად ვარ, მაგრამ რამდენადმე მაშფოთებს სადახლო-შულავერის მიმართულება, ვინაიდან იქ საჭირო მდგრადობა ჯერ კიდევ ვერ არის. თუ იქ უფრო მტკიცე მდგომარეობა შეიქმნება, აქ ჩვენ სრულიად გაგვეხსნება ხელები და სწრაფადაც მივალთ ლორეში.
დაგეთ-ხაჩინის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება დარწმუნებით ვამტკიცოთ, რომ დაშნაკცაკანები დიდი ხანია ამზადებდნენ ამ აჯანყებას. მათ შეუბრალებლად ჩაითრიეს ყველა სომხური სოფელი ამ საზიზღარ ომში, ისე რომ ანგარიშს არ უწევენ ომის არც ერთ კანონსა და ზნე-ჩვეულებას. და ამიტომ ეს ომიც კიდევ უფრო საზიზღარი და უმსგავსი ხდება. და მთელი დაღვრილი სისხლიც დამნაშავე სომეხ პოლიტიკოსებს თავზე დაედინებათ! მალე იქნება ანგარიშგება!
ყველგან თოვლია. ღრმა, ფხვიერი თოვლი.
23 დეკემბერს 18 წ. ყარაქენთ-ქოსლიარი. ღამე.
ჩვენი რაზმები თოვლიან, ცივ ქედებზე დგანან. მთელ დღეს შეუპოვარი ბრძოლა მიდიოდა და ღამის გათევა თოვლში მოგვიწია. ჩვენ სეკრეტები დავაყენეთ და რაზმებს მოვივლით. ახლა ალექსანდრე, ჯიჯიხია და მე ცხენოსან დივიზიონთან ჩამოვედით. ოფიცრებმა კომისრის ქოხში შეაფარეს თავი. იგი ჩვენ უგემური ჩაით გვიმასპინძლდება. ქოხში ჭუჭყია, სივიწროვე, უჰაერობა, მაგრამ თბილა. ჩვენ ვთბებით, რათა ისევ პოზიციაზე წავიდეთ.
სომხები თავს შეუპოვრად იცავდნენ და დაგეთ-ხაჩინი დაიცვეს. ბუნება მათ დაეხმარა. მაგრამ ხვალ ჩვენ მტერს მოვერევით.
მთელ დღეს საოცარი ნათელი ამინდი იდგა, და ჩვენ თოვლზე ლამაზად ვუტევდით. ჩვენთან რამდენიმე დაჭრილია და სტუდენტი რამიშვილი კი მოკლული.
პოზიციაზე ცივა, ცივა. ახლა იქ უნდა გავიდეთ.
ყინვა ძლიერდება.
24 დეკემბერს 18 წ. პოზიციაზე. დილის 4 საათი.
ვზივართ თოვლზე საცოდავ, მინავლებულ კოცონთან. სიცივე სისხლში აღწევს. ცივა, ძალიან ცივა, მაგრამ მაინც მხიარულად ვართ, მსუბუქად. მთელ ღამეს თოვლზე დავდიოდით. რათა არ გავყინულიყავით. ღამით ეკატერინენფელდიდან ჩვენთან ლომთათიძის სახელოვანი ასეული მოვიდა 6 ტყვიამფრქვევით. დღეს ჩვენ დაგეთს დავიკავებთ!
24 დეკემბერს 18 წ. პოზიციაზე. დილის 6 საათი. ნათდება.
ჩვენი კოცონი ბოლომდე ჩაიწვა. მაგრამ უკვე თბება. მალე შეტევაზე გადავდივართ. მე ვიმედოვნებ რომ ამხედრებულ სოფელს 11 საათზე დავიკავებთ.
დღეს მაზნიევი და სუმბათოვი შულავერზე უტევენ. ბედი შეეწიოს მათ!
24 დეკემბერს 18 წ. სიმაღლეები დაგეთ-ხაჩინის თავზე. დილის 10 საათი.
ვიკავებთ გაბატონებულ სიმაღლეებს. მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი ბანდები, შეუპოვარი წინააღმდეგობით, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სოფლისაკენ იხევენ. მაგრამ ისინი სოფელს ვერ დაიცავენ! ვსადილობთ დაგეთ-ხაჩინში! ჩვენ გავიყინეთ და ძალიან მოგვშივდა.
24 დეკემბერს 18 წ. დაგეთ-ხაჩინის თავზე. დღის 1 საათი.
დაგეთის დამცველთა უკანასკნელი ამოსუნთქვაა. ჩვენი მარჯვენა ფლანგი უკანასკნელ სიმაღლემდე მივიდა. თეთრი წყაროს ეკლესიის გუმბათი უკვე გამოჩნდა.
ტყვიები უსტვენენ და წივიან. ზოგიერთები სულ ახლოს ჩამიფრენენ ან კიდევ ჩემს ფეხებთან თოვლში ერჭობიან. უნებურად ჭიმავ კისერს ტყვიის ყოველი გაფრენისას და თვითონვე გეღიმება. არის ყველაფერ ამაში რაღაც ველური, სასტიკი, უაზრო სილამაზე. მოწინააღმდეგეს შესანიშნავი პოზიციები უკავია და იგი ჩვენზე ბატონობს. ჩვენს ყველა მოძრაობას იგი ხედავს და ცდილობს მიზანში ამოგვიღოს. ჩვენ გვყავს დაჭრილები. ალექსანდრე და მე მთელ დღეს თოვლიან გორაკებზე დავდივართ, ჩვენი პოზიციების წინ და მახლობლად. სომხები გაძლიერებით გვიშენენ ცეცხლს, მაგრამ სულ უიღბლოდ. ჩანს, ისინი ცუდი მსროლელები არიან. გვარდიელები, როცა ჩვენ ტყვიების ქვეშ მოსიარულეებს გვხედავენ, გვთხოვენ დავწვეთ. ისინი წუხან ჩვენს გამო. ალექსანდრე თავის უცვლელ ნაბადშია. იგი ნათლად გამოიკვეთება თოვლზე, და სომხებიც მონდომებით ესვრიან ტყვიებს. თითქმის მუდმივი სამიზნიდან! მაგრამ იგი მოუწყვლელია, როგორც შავი დემონი.
სროლა გახშირდა. ტყვიები ბოროტად შიშინებენ და უსტვენენ. ჩვენი ტყვიამფრქვევები მხიარულად კაკანებენ და გასრულების ხმის მიხედვით მათ სისტემებს ვანსხვავებ. განსაკუთრებით დაუდგრომელნი ჩვენი მსუბუქი ლუისები არიან.
შულავერის მხრიდან ქვემეხების ყრუ კვნესა ისმის. ის ფრონტი მე უფრო მეტად მაშფოთებს. იქ გააფთრებული ბრძოლა მიდის.
ბრძოლა სიცოცხლისათვის, რესპუბლიკისათვის, დემოკრატიისათვის.
ჩვენ გავიმარჯვებთ!
25 დეკემბერს 18 წ. ხრამის ნაპირზე. ყარაქენთ-ქოსლიართან. დილა.
დაგეთის უკანასკნელი ამოსუნთქვა ძალიან გაჭიანურებული აღმოჩნდა! გუშინ მთელ დღეს სასტიკი ბრძოლა გრძელდებოდა და საღამოსთვის გაბატონებული სიმაღლე მოწინააღმდეგეს დარჩა. ბოლოსწინა მწვერვალზე შეტევისას ჩვენ რამდენიმე ადამიანი მოგვიკლეს და დაახლოებით 15 დაგვიჭრეს. დაჭრილებს დიდებულად ეჭირათ თავი, როგორც გმირებს. მთელ ღამეს, თითქმის ჭრილობების გადახვევის გარეშე, ისინი თოვლში – კოცონებთან რჩებოდნენ. მე ვხედავდი მათ სევდიან ღიმილს, მაგრამ არ მსმენია კვნესა! მოწინააღმდეგე დიდი გასასტიკებით (გააფთრებით) იცავს თავს და უკან ნაბიჯ-ნაბიჯ იხევს. მას შესანიშნავი, ღრმა სანგრები და რამდენიმე ტყვიამფრქვევი აქვს. ადგილმდებარეობის პროფილი მას თავდაცვას უმსუბუქებს, – თავად ადგილმდებარეობა თითქმის მიუდგომელია. მაგრამ ჩვენ ვასრულებთ შემოვლას, შევდივართ რა მარჯვენა მხრით. ღამით მე და ალექსანდრე ეკატერინენფელდში ჩავედით და ახლა სამთო ოცეულით ვბრუნდებით. საჭიროა ეს კრაზანების ბუდე საბოლოოდ დავანგრიოთ! ეს მათ მოჰჰკლეს სტდენტი რამიშვილი, ჭაბუკი კორნეტი შენგელია და ბევრი ჩვენი ამხანაგიც დაჭრეს, მათ შორის სახელოვანი სტუდენტი ორაგველიძე!
გუშინ ჩვენი ქვეითი ჯარი კარგად უტევდა და შეტევაზე მეგობრულად მიდიოდა. ყოჩაღები არიან სიმონი და გიორგი: ისინი მთელ დროს თავიანთი ჯაჭვების წინ იყვნენ! მე და ალექსანდრეს მთელ დღეს გაძლიერებით გვესროდნენ, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ტყვიები ჩვენ არ შეგვხებია. ამ დღეების მანძილზე მე დავიღალე, საშინლად დავიღალე! იმდენად, რომ გუშინ საღამოსკენ ტყვიების წივილს უკვე არანაირ ყურადღებას აღარ ვაქცევდი.
და ყველა გვარდიელიც საშინლად დაიღალა. თითქმის მშივრები და შეციებულები ისინი ორ დღეს – დღისითა და ღამით თოვლზე იმყოფებიან.
25 დეკემბერს 18 წ. დაგეთ-ხაჩინი. საღამო.
დღის 2 საათზე თითქმის გასროლის გარეშე ჩვენ დაგეთ-ხაჩინში შევედით! სოფელში არავინაა. ყველანი გაიქცნენ და თავიანთი კერები ბედის ანაბარად დატოვეს. ჩვენს ანაბარად! მკაცრ, სასტიკ, დანაშაულებრივ ანაბარად.
მაგრამ ასეთია ომი. ასე საზიზღარია იგი.
26 დეკემბერს 18 წ. დაგეთ-ხაჩინი. დილა.
ღამე სოფლის შეხუთულ სახლში გავატარეთ. მგონი, „ტერტრას“ სახლში... მეომრული „ტერტერასი“, ვინაიდან ბევრი გვარდიელი ამტკიცებს, რომ მათ სანგრებში მღვდელს ხედავდნენ და მისი უცნაური ბრძანებაც ესმოდათ: „კომპანია პლი!“ მე ძნელად ვიჯერებ ამას. უფრო სწორად, არ მინდა ეს ყველაფერი მჯეროდეს...
სოფელი დაგეთი დიდი და მდიდარია. ის ძალიან მდიდარი იყო. ახლა იგი გაძარცვული და განადგურებულია! ღმერთო! – რა საშინელებაა ომი და როგორი შემზარავი, როგორი საზიზღარია ის. მთელი სოფელი დაცარიელდა, თითქოს ამოწყდაო. მხოლოდ რამდენიმე ჩამომხმარი, საცოდავი, უბედური მოხუცი დარჩა, რომელთაც უკვე არაფერი აქვთ დასაკარგი და არც არსადა აქვთ გასაქცევი. დარჩა ბევრი ყველანაირი შინაური საქონელი და ფრინველი, სახლების ქონება, რომელიც ჩვენს მკაცრ ნებაზეა დატოვებული. მე ერთი ღრმა მოხუცებული ვნახე. მას დიდი სიმაღლე და უზარმაზარი ჭაღარა წვერი ჰქონდა და უჩვეულოდ ლამაზიც გახლდათ. იგი მდუმარედ, მოღუშულად დადიოდა დაცარიელებულ სოფელში და მოხუცებულ მოსეს ჰგავდა...
ჩვენი გატანჯული, დამშეული და გაყინული სახალხო გვარდიელები მთელ ღამეს თავიანთ გახევებულ კიდურებს ითბობდნენ და ცხვრებს, ბატებსა და ქათმებს საშინელი სიუხვით ანადგურებდნენ. ღამის მანძილზე ყოველგვარი შინაური ფრინველი უზარმაზარი რაოდენობითაა განადგურებული.
დიახ, სოფელი დაგეთი მდიდარი გახლდათ. და ის ძალიან ძლიერიც იყო! ამ დრომდე თითქმის ვერავინ მოახერხა მისი გატეხვა და თვით გამარჯვებული თურქებიც კი არ შეჭრილან მასში. მაგრამ ჩვენ მოგვიხდა შევჭრილიყავით, ვინაიდან მან ჩვენი მშვიდობა არ მიიღო. მან თავხედურად უარყო ჩვენი წინადადებები და ჩვენს ცხენოსან რაზმებს ცეცხლი დაუშინა. იგი ზედმეტად იყო მდინარე ხრამსა და თავის წრიულ სანგრებზე დაიმედებული. იგი ზედმეტად მიენდო დამნაშავე დაშნაკცაკანებს!
26 დეკემბერს 18 წ. დაგეთ-ხაჩინი. საღამო.
ვიყავი ეკატერინენფელდში. ტფილისს ველაპარაკე. ბევრი რამაა ახალი, საინტერესო, კარგი. მოკავშირეები ჩვენი ომით უკმაყოფილონი არიან, ვინაიდან ის აქვეითებს მათ პრესტიჟს ამიერკავკასიაში. და მათ უნდათ თავიანთი ჩარევით ომი შეწყვიტონ. აშკარაა, ომი მალე დამთავრდება.
შულავერთან კი ბრძოლა გრძელდება. სასიკვდილო ბრძოლა! მგონი, ჩვენები იწყებენ გამარჯვებას. რა დასანანია, რომ იქ არა ვარ. შესაძლოა, იქ სასარგებლო ვყოფილიყავი.
მალე ჩვენ მთელ ჩვენს ფრონტზე დავიწყებთ შეტევას, გვექნება რა ცენტრში ბოლნის-ხაჩინი. ჩვენ გვჭირდება სწრაფი გამარჯვება. მაგრამ როგორ ვიყავი გატეხილი და დაქანცული გუშინწინდელი ბრძოლის დროს! იყო მომენტები, როცა მე სრულებით გულგრილად ვეკიდებოდი გაფრენილი ტყვიების სტვენას. ისე დავიღალე!
27 დეკემბერს 18 წ. ტფილისი. პარლამენტის სხდომა.
დილით მე და ალექსანდრე პოზიციებიდან ჩამოვედით. საღამოს უკანვე ვბრუნდებით. გადამწყვეტი დარტყმის მომზადებისა და მიყენებისათვის! ტფილისში ბვრი ლაპარაკია მოკავშირეების ჩარევასთან დაკავშირებით. თავიდან მოკავშირეებს თავი ქედმაღლურად ეკავათ. მათ წარმოიდგინეს, რომ თავიანთ აფრიკულ კოლონიებში იმყოფებიან! მაგრამ ჩვენი დემოკრატია სულ უფრო ძლიერად აიძულებს მათ რომ მას ანგარიში გაუწიონ.
პარლამენტში მოწყენილად, დუნედ, სევდიანად ვგრძნობდი თავს. განიხილება საკითხი სახელმწიფო დღესასწაულების შესახებ და როგორღაც უცნაურ-მოსაწყენად ჟღერს ეს უფერული, მკვდარი სიტყვები. იქ კი ბრძოლა ღვივდება და სისხლი იღვრება. იქ სიცოცხლე და სიკვდილია.
იქითკენ მივიჩქარი.
28 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელდი. შუადღე.
ისევ ეკატერინენფელდში! აქ მე ანიკო, ბაბულია და განსვენებული ქუჩიკოს მეუღლე ვნახე. მათი ყოფნა ჩვენს შორის და მათი ყურადღებიანი მზრუნველობა მე გულს ძალიან მიჩუყებს. ფრონტი ნათლად უნდა გრძნობდეს ირგვლივ მყოფი გარემოს სითბოსა და სიყვარულს! საზოგადოების სიცივე და გულგრილობა ღუპავს, ჰკლავს, ჰხრწნის ფრონტს. და ფრონტი ხომ ძალზედ გულისხმიერია. ჩვენი სტუმრები მთხოვდნენ ვიყო უფრო ფრთხილი, – დავინდო საკუთარი თავი. „ადრე მე ამას თქვენ არ გეტყოდით, – მრავალმნიშვნელოვნად მეუბნება ქუჩიკოს მეუღლე, – მაგრამ ახლა გეტყვით: გაუფრთხილდით თავს საქმისათვის“. მე ვიცი, რომ ადრე, როგორც სოც.-დემოკრატი, მას არ ვუყვარდი. და ამ უბრალო გულახდილობამ გული ძლიერად შემიძრა. მე რამდენადმე შემრცხვა და მდუმარედ გადავუხადე მას მადლობა.
ამინდი უკვე საზიზღარი გახდა. მძიმე, ჭუჭყიანად რუხი ღრუბლები ჩამოწვა და ისინი მოწყენილობას მგვრიან. როგორღაც ჭუჭყიანდება და იწყენს სული ამ ტყვიისფერი ღრუბლებისაგან! ასეთ ამინდში არც სიცოცხლე გინდება, არც სიკვდილი.
დღეს სანდარში ალექსანდრე და მე ჩვენს ვლადიმერს შევხვდით. იგი შულავერის ფრონტზე მუშაობს, იგი ამ ფრონტს ორგანიზებას უკეთებს. ძალიან გახდა, როგორც ჩანს, ძალიან დაიღალა. და მაინც იგი დაუღალავი და საშინლად ენერგიულია. დღეს შულავერისაკენ გაემგზავრა. იქ ბრძოლა გრძელდება. ახალი ენერგიით. და ვლადიმერს მიაქვს ფრონტისათვის ეს ენერგია. დათიკო საღირაშვილიც შულავერთანაა. იგი შემომვლელ კოლონასთან ერთად მიდის. ღმერთი შეეწიოს მათ!
საჭიროა გაიგო სახალხო გვარდიის ფსიქოლოგია, და მხოლოდ როცა მას გაიგებ – შეიძლება შეიყვარო გვარდია, ადვილია მასთან მუშაობა და გამარჯვება. მართალია, სახალხო გვარდიას აქვს თავისი ნაკლოვანებები და მსხვილი ნაკლოვანებებიც კი, მაგრამ ეს ხომ დეტალებია! ზოგადად – სახალხო გვარდია ისეთივე ცუდი და კარგია, როგორი ცუდიც და კარგიცაა ჩვენი მუშათა კლასი, ჩვენი მოწინავე დემოკრატია. მან უბრალოდ მემკვიდრეობით მიიღო თავისი მშობლის ყველა ღირსებაცა და ნაკლოვანებაც!
ეს არის და ეს.
30 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელფი. დილის 2 საათი.
გუშინ მთელი დღე გაძლიერებულ დაზვერვაში გავატარეთ. ახლა ბოლნის-ხაჩინზე გავდივართ. იქ მოწინააღმდეგის მსხვილი ძალებია ნავარაუდევი და ჩვენ ისინი უნდა დავამარცხოთ. ჩვენ რვა ქვემეხი გვაქვს, ოცდაცამეტი ტყვიამფრქვევი და დაახლოებით ათასი ხიშტი გვყავს. მთელი ენერგიითა და სიმამაცით შევუტევთ! დრო არ ითმენს.
გუშინ ბედნიერი დღე იყო: ჩვენმა რეგულარულმა და სახალხო-გვარდიულმა ნაწილებმა დაამარცხეს მოწინააღმდეგე შულავერთან. აიღეს შულავერი, ხელში ჩაიგდეს 4 ქვემეხი, 15 ტყვიამფრქვევი და ბევრი რამ სხვაც. ამ ცნობამ ჩვენ ყველას ფრთები შეგვასხა და გაგვამხნევა. სულ მუდამ ვწუხდი შულავერის რაიონის გამო. ახლა ხელები უკვე გახსნილი გვაქვს. ახლა ჩვენი წარმატება უზრუნველყოფილია.
30 დეკემბერს 18 წ. პირამიდისებური სიმაღლე ბოლნის-ხაჩინთან. შუადღე.
განთიადამდე მოწინააღმდეგეს ვუახლოვდებოდით. დილის 7 საათზე ბრძოლა დაწყებულ იქნა. მოწინააღმდეგეს კარგი სიმაღლეები უჭირავს და ჩვენ ქვემეხებისა და ტყვიამფრქვევების ცეცხლს გვიშენს. ჩვენ ფართო ფრონტით ვუტევთ, ვახდენთ რა მოწინააღმდეგის ორივე ფლანგის შემოვლას. მარჯვენა ფლანგზე სამტრედიელები, კახელები და ფედერალისტები უტევენ, – ცენტრში კადრისა და ტფილისის სარეზერვო ბატალიონები, მარცხნიდან ცხენოსანი დივიზიონი შედის გურულებთან ერთად. ახლა საარტილერიო დუელი მიდის. მოწინაამდეგის არტილერია იღბლიანად გვიშენს ცეცხლს და ჩვენი ერთი ბატარეა ჩუმდება. მან პოზიცია უნდა შეიცვალოს.
დღე დიდებულია. სადამკვირვებლო პუნქტიდან საოცარი ხედი იშლება და ბინოკლით შეიძლება ბოლნისის დამცველებიც დავინახოთ. ისინი ფაციფუცობენ (წრიალებენ). როგორც ჩანს ნერვიულობენ.
მე საშინლად მშიერი და დაღლილი ვარ. საჭიროა ფრონტის ყველა უბანზე ვიყო და ფეხები ძლივსღა მემორჩილებიან.
ქვემეხები ქუხან. ჭურვები ირგვლივ და მახლობლად სკდებიან. ძილი საშინლად მერევა.
31 დეკემბერს 18 წ. ბოლნის-ხაჩინის თავზე. დილის 4 საათი.
ჯერ კიდევ ბნელა. ეს ცივი ღამე მთელმა ჩვენმა რაზმმა პოზიციებზე გაატარა – ღია ცის ქვეშ და თითქმის დამდნარ თოვლზე. გუშინ მთელ დღეს ბრძოლა არ შემწყდარა, მაგრამ ჩვენ გამაგრებული ბოლნისის აღება ვერ მოვახერხეთ. დღეს რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ის უნდა ავიღოთ! და ჩვენ მას ავიღებთ! ამას მოითხოვს საგარეო ვითარება, ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის არსობის ინტერესები! დაზავების პირობების თანახმად, დღეს, ღამის 12 საათზე, საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს. ამრიგად – ჩვენ ძალზედ ცოტა დრო და ბევრი საქმე გვრჩება! და მთელი ჩვენი ენერგია უნდა დავძაბოთ, მთელი ჩვენი გმირობა უნდა გავაცოცხლოთ. ჩვენმა ჯარებმა დამიო და სადახლო უკვე აიღეს. ახლა ჩვენი რიგია. და ჩვენს ხალხს მშვენიერი საახალწლო საჩუქარი უნდა მივართვათ.
შევეცდებით!
ღამით ჩვენთან ცაგურიას ცხენოსანი სამთო ბატარეა და ილია ჩაჩიბაიას პატარა ასეული მოვიდნენ. ეს კარგია.
31 დეკემბერს 18 წ. ბოლნის-ხაჩინის თავზე. დილის 11 საათი.
გადაჭრით ვუტევთ ბოლნისზე... ჩვენ სწრაფი ცეცხლი გავხსენით თორმეტი ქვემეხიდან და ათეულობით ტყვიამფრქვევიც კაკანებს! და ამ ცეცხლის საფარველის ქვეშ ჩვენი სახელოვანი ქვეითი ჯარი შეტევაზე წავიდა. ალექსანდრე სამტრედიელებთან და კახელებთან ერთად მიდის, ჩვენი მამაცი იაკობ ხარაში ტფილისელებთან ერთად წავიდა. ახლა წყდება ბრძოლის ბედი, ჩვენი ბედი!
იქნება წარმატება!
31 დეკემბერს 18 წ. ბოლნისის ახლოს, დღის 1 საათი.
ჩვენი შეტევა ბრწყინვალე იყო! მოწინააღმდეგე შედრკა და უკვე გარბის, ამაოდ ცდილობდა რა უკანასკნელ სიმაღლეზე გამაგრებულიყო. ახლა ცაგურია იღბლიანად ესვრის ამ სიმაღლეს. ჩემი ილიკო თავისი ასეულით უკვე ბოლნის-ხაჩინის თავზეა მუქარად აღმართული. მე მივწერე მას – შეტევაზე გადავიდეს. ყოჩაღია იგი.
სახალხო გვარდიამ თავისი სახელი გაამართლა. მან რთული და მძიმე გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა. მე გახარებული ვარ, კმაყოფილი, თითქოს ბედნიერიც კი. ახალი წლის სიხარულიანი დასასრულია. რა იქნება შემდეგ?
რამდენიმე საათის შემდეგ ბოლნისში ვიქნებით. ეს ნათელია. ყველა ნაწილი შესანიშნავად იქცევა, ყოველგვარ ქებაზე უფრო მაღლა.
ახლა ჩვენები ისევ შეტევაზე წავიდნენ. „ვაშას“ ძახილით. ყოჩაღები!
1 იანვარს 1919 წ. ეკატერინენფელდი. დილა.
გილოცავთ ახალ წელს! ნათელ და სიხარულიან დღესასწაულს. როგორი შესანიშნავი დღეა და როგორი დიდი, გადამწყვეტი წარმატება! გუშინ გვარდიას თავი სანიმუშოდ ეჭირა. ასეთი ყოჩაღი და გადამჭრელი (გაბედული) შეტევა ჩვენთან ჯერ არ ყოფილა. „ვაშას“ ძახილითა და გამარჯვებაში ურყევი დარწმუნებულობით წავიდნენ ჩვენები შეტევაში ორჯერ უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეზე, რომელსაც ძლიერი პოზიციები ეკავა – და იგი პანიკურად გააქციეს! მართალია – მტერი დიდხანს, შეუპოვრად და კარგად გვიწევდა წინააღმდეგობას. რამდენჯერმე იგი კონტრშემოტევაზე გადმოსვლასაც კი შეეცადა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს სირცხვილნაჭამი უნდა გაქცეულიყო! და ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენი არტილერისტები და მეტყვიამფრქვევენი იდეალურად მუშაობდნენ. ჭურვები მოწინააღმდეგის სანგრებში სკდებოდა, ტყვიამფრქვევები კი მას თავის ცეცხლოვან წრეში სულ უფრო და უფრო იჭერდნენ. და წარმატებაც სრული აღმოჩნდა! ბოლნის-ხაჩინში ჩვენ ხელთ ვიგდეთ ტყვეები, ტყვიამფრქვევები, სამხედრო საწყობები, აღალი და ბევრი სხვა რამ. ქვემეხები, სამწუხაროდ, წინასწარვე იქნა გაყვანილი. შტაბიც ასევე ადრე და მამაცურად გაიქცა!
ბოლნის-ხაჩინიც ასევე დიდი და ძალზედ მდიდარი სოფელი იყო. აქ განსაკუთრებით ბევრი კარგი, ძველი ღვინოა. და ეს სახიფათოა.
ჩვენ გამარჯვებულები ვართ. კარგია იყო ამარჯვებული. და გამარჯვებული დიდსულოვანიც უნდა იყოს. და დამარცხებულთა სიმწარე უნდა შევარბილოთ. მაგრამ ეს ისე ძნელია, თითქმის შეუძლებელიც. ეს ადამიანურ ძალებს აღემატება! ვინაიდან ომში იძინებს ადამიანი და იღვიძებს მხეცი.
დღეს ამ უბედური ომის დასასრულია. და თუმცა კი დასანანია, რომ დაზავება უდროოდ წამოტივტივდა, ვინაიდან გამარჯვება უკვე გადაჭრით ჩვენს მხარეს იხრებოდა, მაგრამ შესაძლოა ეს უკეთესიც იყოს. ომზე უფრო საზიზღარი, დანაშაულებრივი ხომ არაფერია და თვით გამარჯვებულ ომებსაც კი უბედურება მოაქვთ! ამიტომ ყოველგვარი ომი რაც შეიძლება მალე უნდა აღმოვფხვრათ, მოვკლათ. ხოლო საზღვრების შესახებ საკითხი კი ვერც აქ და ვერც ამ გზით ვერ გადაწყდება. მაგრამ ჩვენ იძულებული ვიყავით მახვილი აგვეღო ხელში! და გულში ტკივილით, მაგრამ წარმატებაში მყარი დარწმუნებულობით ჩვენ იგი ქარქაშიდან ამოვზიდეთ! და დავამტკიცეთ, რომ ჩვენმა მახვილმა იცის გამარჯვება. პირადად ჩემთვის ეს დამტკიცება ყველაზე უფრო ფასეულია. ლორეს შესახებ საკითხი კი მესამე პლანზე გადადის. და ჩვენც ამ ომს ვაწარმოებდით არა სომეხი ხალხს წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ შეურიგებელი ულმობელი სომხური ნაციონალიზმის წინააღმდეგ, რომელიც თავისი შხამიანი ბასრი პირით სომეხი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. და თუ ჩვენი გამარჯვებით ნაწილობრივ მაინც მოვარყიეთ ეს დანაშაულებრივი ნაციონალიზმი, – მაშინ ჩვენ სომეხი ხალხის საუკეთესო მეგობრები შევიქნებით.
1 იანვარს 19 წ. სოფ. ქვეში – წმ. ნიკოლოზის ციხე-სიმაგრე. შუადღე.
დაზავების პირველი დღე. ამინდი საოცარია და შორეული ჰორიზონტებიც ჩანს. ჩვენ ჩვენი ხაზი გავასწორეთ. ახლა ჩვენი კოლონა ტაბახმელას უახლოვდება. ჩვენ ვხედავთ მის მწყობრ მოძრაობებს, ჩვენ ვხედავთ მთების ლამაზ პეიზაჟებს. ციხე-სმაგრე ძალიან ძველი, ძლიერი და ორიგონალურია. იგი თითქმის მიუდგომელია. აქედან უკანასკნელად უშენდა ცეცხლს სომხებს გენერალი ციციანოვი ერთი გადარჩენილი და სასწაულით გამოტანილი ქვემეხიდან.
გასროლები არ არის. ყველგან სიჩუმეა. გუშინ კი ამ დროს რამდენადმე ვღელავდი. და როცა ჩვენ შეტევაზე წავედით, ცეცხლოვანმა ეჭვმა აზრი ჩამიწვა: „და უეცრად რომ ჩვენები შედრკნენ?!“ მაგრამ ამ აზრმა მხოლოდ გამიელვა და გაჰქრა. უკვალოდ!..
დღეს ჩვენთან 1000 სახალხო-გვარდიელი მოვიდა შულავერიდან, ახლა ისინი უკვე აღარ გვჭირდებიან. ისინი რომ ადრე მისულიყვნენ! ჩვენი გამარჯვება უფრო სრული, გამანადგურებელი იქნებოდა.
ქვეში ქართული სოფელია.
1 იანვარს 19 წ. სოფ. ტაბახმელა. საღამოს 5 საათი.
ჩვენი ცხენოსანი დივიზიონი ტაბახმელაში დგას. მოწინააღმდეგე არსად არა ჩანს. აშკარაა, იგი სრულიად დეზორგანიზებულია და უკანმოუხედავად გარბის! დამარცხებულთა ფსიქოლოგია ყოველთვის საცოდავია.
ახლა ჩვენ გავიმარჯვეთ.
ტაბახმელა ქართულ-სომხური სოფელია. ყველა მაცხოვრებელი ადგილზე დარჩა. და მე კმაყოფილებით ვხედავ, რომ აქ ქართველები და სომხები კეთილ მეზობლებად დარჩნენ.
2 იანვარს 19 წ. ეკატერინენფენდი. საღამო.
კოშმარია!.. დღეს ჩემი მაუზერით ერთი სახალხო-გვარდიელი მოვკალი. მან უბედური ათი წლის გოგონა გააუპატიურა!.. ამ შეჩვენებულს (изверг) დანაშაულის ცხელ კვალზე დავეწიე და ვერ შევძელი თავი შემეკავებინა. ძალები არ მეყო. საშინლად მძიმე განწყობა მაქვს, მტანჯველად მტკივა, მაგრამ სინანული ჩემში არ არის!.. მოთმინების ფიალა პირთამდე აივსო. და სხვა გამოსავალი არ ყოფილა. მაგრამ როგორ მძიმეა ჩემთვის, როგორი უბედური ვარ!.. მიღებული ჯვრის სიმძიმის ქვეშ ძალ-ღონე მელევა. მეყოფა კი ძალები? ან კიდევ გავისრისები?! ფიზიკურად და ზნეობრივად ვიტანჯები. დაქანცული ვარ. საშინლად დაქანცული!..
დღეს ჩვენთან სამხედრო მინისტრი ჩამოვიდა. ჩვენ მას მტრის პოზიციებზე დავატარებდით და ჩვენს მიერ აღებულ სიმაგრეებს ვუჩვენებდით. ნათელი და სიხარულით სავსე განწყობა გვქონდა. და უეცრად ამ შეჩვენებულმა ჩემში აღტაცება მოჰკლა, ჩემი განწყობილება მოჰკლა.
და მით უფრო დაჟინებულად ვწყევლი მე ამ დანაშაულებრივ ომს, მით უფრო კაშკაშად მძულს მის გაჩაღებაში დამნაშავენი!.. ისტორია არასოდეს აპატიებს სომეხ პოლიტიკოსებს ამ ომსა და თავიანთი უბედური ხალხის ბედით ამ სასტიკ თამაშებს!
არასოდეს!..
3 იანვარს 19 წ. ვორონცოვკა. დღის 3 საათი.
მე, ალექსანდრე, გიორგი ხიმშიევი, პოლკოვნიკი იოსელიანი და ექიმი ცინცაძე ვორონცოვკაში ვართ. სომხურ შტაბში. ვერ მოგვიხერხდა პოლკოვნიკი ტერ-ნიოგოსოვი გვენახა და განვკერძოებულიყავით. მე მას წერილი გავუგზავნე. სომეხი ოფიცრები ჩვენ ტკბილი ჩაითა და კარგი თაფლით გაგვიმასპინძლდნენ. და ჩვენც მათთან ძალიან უბრალოდ და ძალიან საყვარლად ვსაუბრობდით. და უცნაური იყო იმის გაცნობიერება, რომ ჯერ კიდევ ორი დღის წინ ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ვიყავით ჩაბმულნი!..
სომეხი ოფიცრების სულისკვეთება უკვე გატეხილი იყო. იგრძნობოდა, რომ ისინი დამარცხებულები არიან. „დროზე მოგვისწრო დაზავებამ, – თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, – ჩვენ უკვე გვინდოდა აქ ყარაბაღის ბრიგადა გადმოგვესროლა“. ჩვენ გულმოწყალედ გავიღიმეთ და მათი მასხრად აგდება არ მოვისურვეთ. დაე დაიმშვიდონ თავი ყარაბაღის ბრიგადით.
4 იანვარს 19 წ. ეკატერინენფელდი. ადრეული დილა.
არ მეძინება. მძიმედ და მოწყენილად მაქვს სული. დამეღალა თავი. ამხანაგებს ჯერ ისევ სძინავთ. ეს ორი დღე ჩემთვის ძალიან მტანჯველი იყო. მძიმე ქვა მაწვება გულზე, მაგრამ დანაშაულის გარდაუვალობის მყარი შეგნება მიმსუბუქებს განწყობას და მანუგეშებს. და მიუხედავად ამისა დანაშაულზე მეც დანაშაულით ვუპასუხე! მაგრამ ეს აუცილებელი იყო და ამაშია ტრაგედია.
დიახ, სხვა გზა არ ყოფილა! ძალზედ ბევრ რამეს ვპატიობდი; ძალიან დიდხანს ჩვენ მოწყალენი ვიყავით; ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავდით. და საწყალი სანდრო მართალი იყო, როცა გვთავაზობდა დამნაშავენი სამაგალითოდ დაგვეხვრიტა. მაშინ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და ახლა მე საზღაურის გადახდა მიწევს! და საშინელი ტანჯვაც. მაგრამ სინდისის ქენჯნა და სინანული ჩემში არ არის! სრულებით არა!.. შეჩვენებულებს, რომლებიც ათი წლის გოგონებს აუპატიურებენ, პატარა მწყემს თათარ ბიჭებს ხვრეტენ ან უბედურ ღრმად მოხუცებულებს ჰკლავენ, მე ახლაც სიკვდილით დავსჯი!.. დაგეთ-ხაჩინელი ბიბლიური მოხუცებულიც ხომ ასევე რომელიღაც შეჩვენებულმა მოჰკლა. საუბედუროდ, მისი აღმოჩენა ვერ მოხერხდა.
მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან მძიმედ ვარ!.. მე მრცხვენია, საშინლად და საზარლად ადამიანის გამო, მისი უმსგავსი მხეცური შესახედაობის გამო!.. და ეს საზიზღარი შესახედაობა გამოგვეცხადა ამ ომში მთელი თავისი მრისხანე შემზარავობით და სწორედ ამაშია ამ ომის მთელი სიმძიმე და დანაშაულებრიობა. და ამიტომ ასე სასტიკად ბოროტმოქმედნი არიან ამ საშინელი ომის გაჩაღებაში ბრალეულნი.
გუშინ ჩვენ ვორონცოვკაში ვიყავით და უბედური, ჩამოძონძილი, უდრტვინველი სომეხი ჯარისკაცები ვიხილეთ. და დამარცხებული, უხერხულად მყოფი, შეცბუნებული სომეხი ოფიცრებიც. ვიხილეთ ძირითადი ფუნდამენტი სომხური არმიისა! და მე ვერ დავიჯერე ამ ფუნდამენტის სიმაგრე. და არ ვგრძნობდი არანაირ სიძულვილს, არც რაიმენაირ არაკეთილგანწყობას ამ მოტყუებული, ტანჯული ადამიანებისადმი. პირიქით – შეცოდებისა და თანაგრძნობის უცნაური გრძნობა შეეხეო ჩემს გულს. და მით უფრო მწვავედ ვგრძნობდი სიძულვილს ომის გამჩაღებელთა მიმართ.
6 იანვარს 19 წ. ტფილისი.
გუშინწინ აქ ჩამოვედი. ძალზედ მძიმედ ვიყავი. ჯვრის სიმძიმემ სძლია ჩემს ძალებს და გადავწყვიტე ომის საშინელებებს, საშინელ, მტანჯველ მოგონებებს რამდენიმე დღით გავრიდებოდი. ახლა თითქმის დავმშვიდდი და ცივსისხლიანად ვაფასებ ბოროტმოქმედი გვარდიელის მკვლელობას. დიახ, მე ის უნდა მომეკლა, რადგან მან მთელი ჩვენი სიხარული დაამწუხრა, წმინდათა-წმინდა შეაგინა და რადგანაც გამოუსწორებელი ბოროტმოქმედი გახლდათ! მე შემდგომში მასზე ცნობებს ვაგროვებდი და შევიტყე, რომ მისი ბუნება დიდი ხანია დამნაშავეობით იყო მოქუფრული და მას აღარც უნდა ეცოცხლა. ყველას არა აქვს სიცოცხლის უფლება!.. მე იგი მის საკუთარ ბოროტმოქმედებათაგან გავათავისუფლე. და მიუხედავად ამისა საშინლად მძიმედ ვიყავი.
მე ხშირად, ხშირად ვუფიქრდები. რატომ არის ბედი ასე დაუნდობლად სასტიკი ჩემდამი? ეს მძიმე ლოდები რატომ მატყდება თავზე?.. მაგრამ ვცდილობ უფრო სწრაფად გავთავისუფლდე ამ ფიქრებისაგან და სევდიანად ვიწყებ გაღიმებას.
გოლგოთის გზა – ყველაზე უფრო ბედნიერი გზაა!..
ახლა ისევ ტფილისში ვარ. ჩემს პატარა ცივ-მყუდრო ოთახში და მე ჩუმად, თუმცა კი, ბავშვურად მიხარია! მე ხომ არ ვფიქრობდი, რომ ისევ დავბრუნდები ამ ოთახში, ვფიქრობდი, რომ ომი დამწვავს. ვიხსენებ ჩემს გამომშვიდობებას ამ პატარა ოთახთან, ჩემს საყვარელ, დიდი ხანია დავიწყებულ და უკვე მტვერდადებულ სქელ წიგნებთან და ჩემს დღიურთანაც! სევდიანად ვავლებდი მათ მზერას და ვამბობდი: „მშვიდობით, მშვიდობით, მეგობრებო!..“ მაგრამ გამოვიდა კი „შეხვედრამდე“. და ესეც კარგია, ეს მე მახარებს. სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ სიკვდილი არ მინდა! ამასთან მე ასე ცოტა ვიცხოვრე. საშინლად ცოტა! ჩემი თავისთვის თითქმის არ მიცხოვრია. მე ყოველთვის მეოცნებე ვიყავი. ჰაერის ციხე-სასახლებს ვაგებდი და ლამაზად ოცნება ვიცოდი, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად დაღუპვის პირას მისულ ოცნებებსა და დანგრეულ, დაცარიელებულ ციხე-სასახლეებს ვიცნობდი!.. დაკრძალვები ყოველთვის თან მახლდა და მეგობართა საფლავები ჩემს გარშემო სულ უფრო მჭიდროდ იკვრებოდა. ეს მეგობრები რომ ახლა ცოცხალი ყოფილიყვნენ, ისინი რომ ახლა ჩემთან ყოფილიყვნენ!.. მაშინ აღარ ვიფიქრებდი საფლავებზე და უფრო ფერადოვნად გაიფურჩქნებოდნენ ჩემი ოცნებებიც. და თვითონ მეც უფრო ძლიერი, საკუთარ თავში უფრო მეტად დაჯერებული, უფრო მამაცი ვიქნებოდი.
მაგრამ მე ისევ და ისევ თავს ვაქნევ და მძიმე ფიქრებს შორს ვერეკები. დღეს მინდა განათებული, სიხარულით აღვსილი ვიყო! ვინაიდან ომი – სინათლიანად დასრულდა. და როგორი ბედნიერებაა, რომ ეს ომი ასე სწრაფად დასრულდა: ამაშია ჩვენი უდიდესი გამარჯვება! და როგორ მძულდა მე გუშინ ჩვენი ეროვნულ-დემოკრატები, რომლებიც პარლამენტში ომის გაგრძელების მომხრედ გამოდიოდნენ. ბოროტმოქმედნი! მათ ომის მთელი საშინელებები არ იციან. არ უნდათ იცოდნენ.
გუშინ მეც გამოვედი პარლამენტში.
7 იანვარს (25 დეკემბერს) 19 წ. ტფილისი. საღამო.
ლიდა დიდხანს და რბილად უკრავდა როიალზე. უბრალო, ხელმისაწვდომი, ლამაზი მუსიკაა. ის ჩემთვის გასაგებია და მე მისით ვივსები. და დამშვიდდა, დალაგდა სული.
დღეს დილით ჩვენ ლაზარეთები მოვიარეთ. ავადმყოფი და დაჭრილი მეომრები ვინახულეთ. მძიმე გულით მოვიარე პალატები! საწყალი, სახელოვანი, შეუცვლელი პლატონ გუჯაბიძე! იგი საშინლად დასუსტდა და ძალიან შეიცვალა. მე იგი ძალიან მიყვარს და ბევრად ვაფასებ. საშინლად გამოიყურება ჩვენი მამაცი გომელაური. იგი მძიმედაა დაჭრილი, მაგრამ არის იმედი, რომ ცოცხალი დარჩება. სუსტი იმედი. 19 დეკემბერს ჩვენ ერთად ვიბრძოდით, იგი თავისი უცვლელი „ლუისით“ ჩემს ახლოს იდგა, მაგრამ მას ბედმა ნაკლებად გაუღიმა, ვიდრე მე. საწყალი, დაუღალავი და უშიშარი გიგუცა კი უკვე გარდაიცვალა. საავადმყოფოში. საშინლად მეცოდება ეს მამაცი, დიდებული ბიჭი. იგი ეკატერინენფელდში დაჭრეს 19 დეკემბერს. ჩემს გვერდით იდგა. მოწინააღმდეგე ჩვენგან რამდენიმე ათეულ ნაბიჯზე იმყოფებოდა. გიგუცამ უეცრად წამოიძახა და დაეცა. იგი თეძოში იყო დაჭრილი. და ათ დღეს იტანჯა!.. ჩვენს ლაზარეთებში დაახლოებით 1500 ავადმყოფი და დაჭრილია. ჩვენ მთავარი შტაბის სახელით მათ საშობაო საჩუქრები დავურიგეთ და ამით ისინი გავახარეთ. მათ სულით და გულით უხაროდათ და ჩუმად მადლობას გვიხდიდნენ. საწყლები, უბედურები და ბედნიერები!.. და მთელი ამ ლაზარეთების შემდეგ სასიამოვნო იყო მუსიკის მოსმენა. მე ოცნებებში წავედი, მოვიწყინე. შორს, შორს მიედინებოდა ფიქრები, ოცნებები. ფიქრები სიცოცხლის სილამაზეზე, მასში მშვენიერ ლამაზ მიღწევებზე და სევდიან-სასიამოვნოდ შევიქენი.
როგორ ლამაზად შეიძლება ცხოვრების მოწყობა, როგორი ბედნიერებაა მასში დაფარული და როგორი ულამაზო, როგორი დამახინჯებულია იგი!.. ცხოვრება შეიძლებოდა მუსიკაზე უფრო ლამაზიც ყოფილიყო!.. და ყველაზე მეტი სიმწვავით ვგრძობ მე ომის მთელ დანაშაულებრიობას!.. განა გვჭირდებოდა ჩვენ ეს უბედური ომი! განა მშვიდობა და ძმობა არ გვჭირდება? და რა უნდათ ამ უბედურ უთავბოლო ეროვნულ-დემოკრატებს? განა სხვის სისხლზე საკუთარი ხალხის ბედნიერების შენება შეიძლება?!..
ლიდამ შეწყვიტა დაკვრა. წყნარად ჩაკვდა უკანასკნელი აკორდები და გაჰქრა ილუზიები, გაფრინდა ოცნებები. ისევ ცხოვრებისეული პროზა, ორდინალური რეალობა და ჭუჭყი. და რამდენი სისაძაგლე, უხამსობა, უწმინდურებაა ჩვენს შიგნით.
და უნდა დაიწყოს დიადი განწმენდა.
უწინარეს ყოვლისა თვითგანწმენდა?..
31 იანვარს 19 წ. ეკატერინენფელდი. დილა.
მე, ალექსანდრე, პოლკოვნიკი ჯიჯიხია და იოსელიანი ტფილისს მივემგზავრებით. მოკლე და მძიმე ომი დავამთავრეთ. ვემშვიდობებოდი ეკატერინენფელდს, ამ კულტურულ და ბედნიერ სოფელს, ჩვენი საუკეთესო მეგობრებისა და ჩვენი შეუცვლელი სანდროს ამ ოცნებას!..
გუშინ ბოლნის-ხაჩინში ვიმგზავრე.
მთელი სოფელი დაცარიელებულია! და მწიწკნის სული. სასტიკი, პირქუში აუცილებლობა!..
მაგრამ ახლა დასასრულია! უბედური ომის დასასრული. მინდა დავისვენო!
ო მ ი დ ე ნ ი კ ი ნ თ ა ნ
31 ინვარს 1919 წ. გორი.
31 დეკემბერს დასრულდა ომი სომხეთთან. ახლა დაიწყო ომი ფოცხოველ თათრებთან. მდგომარეობა ახალციხის მაზრაში სერიოზულია. ჩვენი სასაზღვრო რაზმები დამარცხებულია და მტერი ახალციხეს უახლოვდება. გადმოგვცეს, რომ სოსო გედევანოვის რაზმი განადგურებულია... არ მინდა დავიჯერო. ამ რაზმს მე ვიცნობ და ვაფასებ. მჯერა, რომ იგი ღირსეულად გამოვა ძნელი მდგომარეობიდან...
ჩვენ სახალხო გვარდიის ნაწილობრივი მობილიზაცია გამოვაცხადეთ და, ალბათ, ალექსანდრეს და მე მალე მოგვიწევს ფრონტზე გამგზავრება. ახალ ფრონტზე!..
ჩვენ დასვენების საშუალებას არ გვაძლევენ, არ გვაძლევენ საშუალებას რომ მუშაობას მოვკიდოთ ხელი. ახლა კი ჩვენ ისეთი დიდი და მდუღარე სამუშაო გვქონდა... მაგრამ საჭიროა ყველაფერი მივატოვოთ და ფრონტზე წავიდეთ. და გამარჯვებით დავბრუნდეთ...
და რა უნდათ ჩვენგან?! პატარა, გამარჯვებული და ორგანიზებადი დემოკრატიისაგან? რატომ სურთ ასე დაჟინებით ჩვენი დაღუპვა და რატომ გვყავს ასე ბევრი მტერი? მაგრამ ჩვენი მტრები ვერ იზეიმებენ! ჩვენ თავისუფლები ვართ... გვიყვარს ჩვენი თავისუფლება და ჩვენ გავიმარჯვებთ.
3 თებერვალს 1919 წ. ტფილისი.
ლიდა ისევ როიალზე უკრავს. უბრალო, ნათელი მუსიკაა, და ამ მუსიკის ბგერებქვეშ აღმიდგება ოცნებები და ფიქრები...
ჩვენ ისევ სალაშქროდ გასვლა მოგვიწევს. დღეს ეს საბოლოოდ გადაწყდა. ახალციხის ფრონტზე მივემგზავრებით...
7 თებერვალს 1919 წ. ტფილისი.
რეაქციის ახალი შავბნელი ფრონტი შეიქმნა! მოხალისეთა ბანდებმა სოჭს ალყა შემოარტყეს და ჩვენი პატარა რაზმი იქ იღუპება. კონიევი და მუხრან ხოჭოლავა სოჭში არიან. მათი ბედ-იღბალი ჩვენთვის უცნობია. მე სახალხო გვარდიასთან ერთად ამ ფრონტზე მივემგზავრები. უნდა დავიღუპოთ ან გავიმარჯვოთ...
დღეს მნიშვნელოვანი თათბირი იყო დიდი ნოეს თავმჯდომარეობით...
ღამით ფრონტზე მივემგზავრები. მალე ყველაფერი გადაწყდება...
8 თებერვალს 1919 წ. ვაგონში.
მალე ახალ-სენაკში ვიქნებით. იქ უკვე დგანან ჩვენი ეშელონები. გზად ჩვენს შტაბებში შევიარეთ: შორაპანში, ქუთაისსა და სამტრედიაში. გვარდიის მობილიზაცია ყველგან კარგად მიმდინარეობს. მთელი სვლით მივისწრაფვი ფრონტზე; უფრო სწრაფად შევებათ რეაქციის შავბნელ ძალებს და დავამარცხოთ ისინი! ამაშია ჩვენი ამოცანა და ჩვენი ვალი. გამარჯვების გარეშე ყველაფერი დაიღუპება...
დამფუძნებელ კრებაში გახურებული საარჩევნო კამპანიაა. გამარჯვება ჩვენ – სოციალ-დემოკრატებს გვრჩება. მობილიზაცია ჩვენს საუკეთესო ძალებს წყვეტს საარჩევნო კამპანიისაგან, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. იქაც და აქაც!
ამინდი საზიზღარია, ღრუბლიანი. ეს გავლენას ახდენს განწყობაზე. კაშკაშა მზე მინდა...
გუშინ ჩვენ ყველანი ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე ვიყავით. ალექსანდრე, ვლადიმერი და მე ადრე წამოვედით შტაბში, რათა მოვმზადებულიყავით. შემდეგ ჩვენთან ნოე, ევგენი და გერასიმე მოვიდნენ. დასამშვიდობებლად. ამან მე ძალიან შემძრა. გმადლობთ თქვენ, ძვირფასო მეგობრებო! ჩვენ გამარჯვებას ჩამოგიტანთ.
9 თებერვალს 1919 წ. ქვალონი. დილა.
ამინდმა გამოიდარა, და მზეც გვათბობს. სული ნათდება და თავის ნისლს იშორებს. მზის ქვეშ დაღუპვაც უფრო მხიარულია!.. ფოთში მივემგზავრებით. ვფიქრობთ ძალები ზღვით გადავისროლოთ. დროზე უნდა მოვასწროთ. მე ღრმად, ვნებიანად მჯერა წარმატების. რეაქციულ მოხალისეთა წინააღმდეგ გატაცებით, აღტაცებით ვიბრძოლებთ! სიმღერებით წავალთ ბრძოლაში და გამარჯვებას მოვიტანთ... თუ საჭირო გახდება, ათი-თხუთმეტი ათასი ხიშტი შეგვიძლია გამოვიყვანოთ. ეს ხომ ჩვენზე შავბნელი, სინათლის არმქონე და დაუნდობელი რეაქცია მოიწევს. და ჩვენ ის უნდა დავამარცხოთ. დაე ბევრი ჩვენგანი დაიღუპოს. მთლიანი იზეიმებს. მან უნდა იზეიმოს! კონიევის ბედი ძალიან მაშფოთებს. მინდა მისი უსაფრთხოებისა მჯეროდეს. ახლა ჩვენთან ერთად სოსო მოემგზავრება. კარგი გენერალი და ღირებული ამხანაგი...
ნაზო და ნათელო, მოალერსე მზეო, გმადლობ შენ!..
9 თებერვალს 1919 წ. ახალ-სენაკი.
ტელეგრაფში. ღამე.
სოხუმთან და ტფილისთან ვლაპარაკობთ: ვლადიმერი, ალექსანდრე, სოსო და მე. მოხალისეებმა უკვე ადლერი დაიკავეს და წინ მოიწევენ. ახალციხეში გართულებები იზრდება. ჩვენ ირგვლივ ცეცხლოვანი წრე გვაქვს წაკიდებული! ყველაფერი სასწორზეა დადებული და ყველაფერი ახლა უნდა გადაწყდეს. მე საშინლად მშვიდად ვარ და მჯერა წარმატების... შეტყობინების გზები ჩვენ ძალიან გვავიწროვებს, მაგრამ ამას თავს გავართმევთ. უნდა გავიმარჯვოთ. სხვა გამოსავალი არ არის! დღეს ფოთში ვიმგზავრეთ, მაგრამ ზღვით გამგზავრება ვერ მოვახერხეთ: გემები არ იყო და ზღვაც საშინლად ღელავდა.
ფოთის მწვანე, ძველი კოშკი ვიხილე.
„დედოფალი ციხე-სასახლის კოშკში შოპენს უკრავდა და, უსმენდა რა შოპენს, იგი პაჟმა შეიყვარა“!..
უცნაური სიმშვიდით ვარ მოცული. საზიზღარი ამინდის მიუხედავად!.. და ეს სიმშვიდე ჩვენ წარმატებას გვაძლევს.
10 თებერვალს 1919 წ. ზუგდიდი.
გენერალმა სოსომ, მე, ალექსანდრემ და ზაქარია გურულმა ენურზე – ბორნისკენ ვიმგზავრეთ. ენგური ცოტათი ადიდებულია, მაგრამ ბორანის მეშვეობით ავტომობილების გადაყვანა შეიძლება. ამინდი საზიზღარია. ახლა თითქოს დაიწყო გამონათება.
11 თებერვალს 1919 წ. ახალ-სენაკი.
ისევ სენაკში ვსხედვართ. ამინდი საზიზღარია, მომაკვდინებელი. განწყობა საძაგელი გვაქვს. ჭყაპი და სინესტე სულებში აღწევს და ყველაფერს წამლავს...
ცნობები ყველა მხრიდან საძაგელია. მოწინააღმდეგე ახალციხეს უკვე მოადგა. გაგრასთან კავშირი არ არის – შესაძლოა, დენიკინელები უკვე იქ არიან! და ჩვენ კი, როგორც უსუსური ბავშვები, აქ ვსხედვართ და არანაირი შესაძლებლობა არ არის, რომ ფრონტზე გადაგვისროლონ. და როგორ გვინდა მოვხვდეთ ფრონტზე, შევხვდეთ მრისხანე მტერს! დავამარცხოთ და განვდევნოთ იგი! ან კიდევ მოვკვდეთ... როგორ მძიმეა ასე უსუსურად ყოფნა... ბუნებასთან ვერაფერს გააწყობ. მე გაბრაზებული ვარ ყველაფერზე, მაგრამ ეს ცოტათი თუ მეხმარება. ერთი ვედრება მაქვს: მზე და ამინდი!
ამ ჭყაპში იკრუნჩხება სული და არანაირი ოცნება არ არის... ერთი სურვილი მფლობს მთლიანად: სწრაფად ფრონტზე! ფრონტის დაღუპვასთან ერთად ყველაფერი დაიღუპა. და ჩვენ ყველაფერი უნდა გადავარჩინოთ!..
11 თებერვალს 1919 წ. გალი. გვიანი საღამო.
ახლახანს სამი ავტომობილით სამურზაყანოს დედაქალაქში ჩამოვედით. მინდა ვწერო, მაგრამ ჩემი თავაზიანი მასპინძელი, სოფლის ფელდშერი, როგორც თავმომაბეზრებელი ბუზი, ჩემს ახლოს ზუზუნებს. იგი ხელისუფლების სისუსტის შესახებ ლაპარაკობს, და მისეულ „ხელისუფლების ფილოსოფიაში“ ბევრი მწარე სიმართლეა. საბედნიეროდ, ის ოთახიდან გავიდა, და მე საკუთარ თავს ვუბრუნდები.
დღეს მთელი დღე, ერთი წუთითაც რომ არ შეჩერებულა, საშინელი წვიმა მოდიოდა. ეს განწყობას მიკლავდა და უძლურ გაბოროტებას (სიბრაზეს) იწვევდა. სიბრაზისაგან მინდოდა მექვითინა, საკუთარი ხელები დამეკბინა, მეყვირა, ცოფები მეყარა! ამინდი საშინლად აძნელებს ჩვენს მოძრაობებს, ხოლო ყოველი შეყოვნება კი მწვავე ტკივილს იწვევს სულში. გამოთქმელად მძიმეა... სოსოც ასევე დათრგუნულია... საწყალი და სახელოვანი გვარდიელები საშინლად დასველდნენ, თუმცა კი განწყობა ყველას მხნე აქვს. მე ვუყურებ მათ და ვფიქრობდი: „წმინდანებო! თქვენი ტანჯვა-წამებიდან ამოიზრდება ხალხის თავისუფლება. მე თქვენ საკუთარ თავზე უფრო მეტად მიყვარხართ“... მოხალისეებმა უკვე გაგრა დაიკავეს. ხვალ მე, სოსო და არტილერისტები – ბრწყინვალე კარგარეთელის მეთაურობით – სოხუმში ვიქნებით... თუ ინგლისელები ხელს არ შეგვიშლიან, უკუვაგდებთ, დავამარცხებთ დენიკინელებს.
12 თებერვალს 1919 წ. სოხუმი. საღამო.
დღის პირველ საათზე სოსო და მე სოხუმში ჩამოვედით. ამინდი, დილისთვის რომ გამოიდარა, საღამოსთვის კოშმარად გადაიქცა: თოვლი, წვიმა, ქარი! ჩვენი გვარდიელები კი ფეხით მოდიან – სველები, გათოშილები, მშვივრები და დაღლილები... ახლა სოსო და მე ტელეგრაფში ვართ. გვინდა ფოთში ვლადიმერს ველაპარაკოთ. მე იმის გაფიქრებისაც კი მეშინია, რომ ვლადიმერმა ჩვენი რაზმი ამ საშინელ შტორმში ზღვით გამოუშვა... როგორ მძიმეა, როგორ შეუძლებელი ამ პირობებში ომის წარმოება. არც ზღვაა და არც ხმელეთი! და როგორი დანაშაულია: ერთი მუჭა გმირები არ ზოგავენ არც ძალებს, არც სიცოცხლეს, არც სიმშვიდეს, რათა იხსნან საყოველთაო ბედნიერება. და ეს „საყოველთაო“ კი ამ ცივ, საშინელ ღამეში თბილად მიყუჟულა თავის კერიებთან! დანაშაულებრივი სიმშვიდეა... სოხუმში პანიკა არ არის, მაგრამ დიდი უთავბოლობაა. ფრონტთან არავითარი კავშირი არ არის და არ იციან, თუ სად არიან მოხალისენი. როგორც ჩანს, ისინი ბზიფს მოადგნენ. ბენიას შესანიშნავი შესახედაობა აქვს და არანაკლებ შესანიშნავი განწყობაც...
ქარი ძლიერდება. მისი სტვენა და სიცივე სულში აღწევს.
დღეს ჩვენთან ინგლისელი საზღვაო ოფიცერი მოვიდა. კონტრ-ჯავშნოსნით. მან მიიღო ცნობები ჩვენს შესახებ, ჩვენი განზრახვების შესახებაც და გვთხოვა არ გადავიდეთ შეტევაზე. საერთოდ, ინგლისელების ქცევა ძალზედ უცნაურია. რა უნდათ მათ?
„რასაც აკეთებ, უფრო სწრაფად გააკეთე“.
13 თებერვალს 1919 წ. სოხუმი.
ისევ და ისევ სოხუმში ვარ. განწყობა ნათელია, სიხარულიანი, ვინაიდან მზე გამოვიდა, და საოცარი დღე დადგა. წუხელ კი საშინელება იყო: ქარი ხეებს, ტელეგრაფის ბოძებს მიწაზე აქცევდა, ზღვა კი მძვინვარებდა! მოტორიანი პატარა გემი „რუსთაველი“ დაიღუპა...
ჩვენს ფროტზე სრული მოშვებულობაა. არ არის არანაირი გეგმა, ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა. დღეს სოსო ფრონტზე მიემგზავრება, მე კი უახლოესი ზურგის ორგანიზაციით დავკავდები... ახლა საბოლოოდ მჯერა წარმატებისა.
ახლა მე მშობლიურ ოჯახში ვარ. ჩემი მოხუცები და მოხუცი მამიდა (თუ დეიდა) ჩუმად ხარობენ. ისინი ბედნიერები არიან...
14 თებერვალს 1919 წ. სოხუმი.
დღეს დამფუძნებელ კრებაში არჩევნების პირველი დღეა. მჯერა ჩვენი პარტიის წარმატებისა. მხოლოდ ერთი უბედურებაა: არჩევნები საბრძოლო ვითარებაში ხდება, როცა სოციალ-დემოკრატიის საუკეთესო ძალები იარაღით ხელში რესპუბლიკის საზღვრებზე არიან (ამ პროცესებისგან) მოშორებულნი. და დემოკრატიის ამ თავდაცვით აღფრთოვანებაში – უდიდესი სილამაზეა... ოდესმე, თუ ჩვენ დავიღუპებით კიდეც, მიუკერძოებელი ისტორია გაიხსენებს ჩვენს ქვეყანას და დაწერს ლამაზ ტრაგიკულ ფურცელს პატარა დემოკრატიის ბრძოლისა და დაღუპვის შესახებ...
დღეს სოსომ და მე პოლკოვნიკ კარგარეთელთან, ჩოლოქის გმირთან ერთად, გუდაუთაში და უფრო იქითაც პოზიციაზე ვიმგზავრეთ. პოზიცია საერთოდ არ არის – არის უწესრიგობა და დაბნეულობა. ფრონტის უფროსად დროებით კარგარეთელი დატოვებული. იგი შესანიშნავი ოფიცერი და ბრწყინვალე არტილერისტია. სწრაფად დაამყარებს წესრიგს...
მეწინავე პოზიციაზე დგას ჩვენი პირველი საველე ბატარეა. ბრძოლებში დაქანცულ ჩვენს არტილერისტებს ჩემი ჩამოსვლა უგონოდ გაუხარდათ. მაგრამ არა მარტო არტილერისტები, არამედ ყველანი ხარობდნენ. ხშირად მესმოდა: „ჯუღელი ჩამოვიდა, ახლა ჩვენ გავიმარჯვებთ“... ყველაფერი ეს მე მაცბუნებდა და მახარებდა... და როცა ჩვენი არტილერისტების ამ ნათელ აღტაცებას ვხედავდი, ვფიქრობდი: „მათ ყველას ასე მხურვალედ ვუყვარვარ, მაგრამ მე ისინი კიდევ უფრო მეტად მიყვარს. და თუ ოდესმე უბედურება შეემთხვა ჩვენს გვარდიას – მე ამ უბედურებაში დავიღუპები“...
გუდაუთის იქით უკვე თოვლია. შავ მდინარეზე ღრმა თოვლია... დიდი ხანია ამ მხარეს ასეთი სიცივეები და ასეთი ზამთარი არ ახსოვს. მაგრამ ამინდი თანდათანობით მყარდება.
მოწინააღმდეგე, როგორც ჩანს, ბზიფზე გაჩერდა. იგი, მგონი, შემდგომ შემოტევას ჩვენზე აღარც აპირებს. მაგრამ ახლა ჩვენ უნდა დავარტყათ მას! ჩვენ ჩვენი ძალების თავმოყრას ველოდებით, მაგრამ უგზოობა საშინლად გვიძნელებს საქმეს. თუმცა კი, ბოლოს და ბოლოს, ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ და შავბნელ მოწინააღმდეგეს განვდევნით, თუ ინგლისელები ხელს არ შეგვიშლიან. და როგორი ირონიაა: ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს დიდი დემოკრატია დაგვეხმარება საკუთარ ფეხზე დადგომაში... თუმცა კი ჯერჯერობით საწინააღმდეგოს ვხედავთ... და ჩვენც ძლივსღა ვჩერდებით ფეხზე... მაგრამ მაინც ვჩერდებით!.. და დაუსრულებელი გამოცდების (განსაცდელების) შემდეგ გამოვალთ სრულიად გაძლიერებულნი, თავისუფალნი და შემოქმედებითი ძალებით აღსავსენი...
15 თებერვალს 1919 წ. სოხუმი.
ახლა ტფილისიდან მძიმე ამბავი გადმოგვცეს: ჩვენებმა ახალციხე და აწყური დატოვეს!.. ეს საშინლად აძნელებს ჩვენს მდგომარეობას. ჩვენთან გამოცხადებულია 4 ასაკის მობილიზაცია... ყველაფერი სასწორზეა დადებული და საჭიროა მთელი ძალები დავძაბოთ. დემოკრატიამ ქვეყანა უნდა გადაარჩინოს...
მოხალისეები ისევ და ისევ ბზიფზე დგანან. ჩვენ ჩვენს ძალებს ვუყრით თავს... სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისათვის ვემზადებით... ოდესიდან დღეს გემი ჩამოვიდა, და მგზავრები ბოლშევიკთა მსხვილი წარმატებების შესახებ გვიყვებიან. ეს გვახარებს და გვამხნევებს. შესაძლოა, დენიკინელები იმ ხიდს აგებენ, რომელიც ჩვენ ბოლშევიკებთან გაგვაერთიანებს. დღეს ციხეში ვიყავი. ვნახე პატიმარი ბოლშევიკები: ამბრეკი, ლაკობა, მგელაძე, ინალიფა და სხვები. ოდესღაც ყველა ისინი ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ კოდორზე და გუდაუთაში, მაგრამ დამარცხებულ იქნენ... მე მათ შევხვდი უბრალოდ, თავისუფლად, თითქოსდა სიხარულით. და ისინიც, როგორც ჩანს, კმაყოფილები იყვნენ და რამდენადმე შეცბუნებულნიც; და როგორი უბედურებაა, რომ ჩვენ შეხვედრები ციხეებში გვიხდება. მაგრამ ჩვენ ხომ ამასთან ბოლშევიკებმა მიგვიყვანეს! ეს ხომ მათ გვაჩუქეს რუსეთსაც და ჩვენც დენიკინი... მაგრამ ახლა კი დროა გონს მოეგონ. ისინი გონს უნდა მოეგონ!..
18 თებერვალს 1919 წ. სოხუმი.
გუშინ სოსომ, ალექსანდრემ, იაკობმა და მე პოზიციაზე ვიმგზავრეთ. ჩვენი ნაწილები შავ მდინარეზეა დაჯგუფებული და საგუშაგოები რამდენიმე ვერსით წინაა გაწეული. არის ცნობები, რომ მოწინააღმდეგე ნაწილობრივ ბზიფის მარცხენა ნაპირზე ახდენს მცირე გუნდებით შემოსვლას. ხვალ ვწმენდთ მარცხენა ნაპირს მოწინააღმდეგისაგან. შესაძლოა ვინმე ტყვედაც ჩავიგდოთ.
გუშინ ცხენოსანი დივიზიონის რამდენიმე მხედარმა სომხური სოფელი გაძარცვა და ძალადობაც ჩაიდინა. ისინი უნდა დაიხვრიტონ!.. ეს დანაშაულებრივი ექსცესები მძიმედ გვაწვება სულზე და მუშაობას გვიძნელებს. მაგრამ ყველა ეს დანაშაული და მთელი დაღვრილი სისხლი დენიკინელებსა და დაშნაკებს დააწვებათ კისერზე... და როგორი საშინელებაა! დაშნაკცაკანები მუდმივად პროვოცირებას უწევენ მშვიდობიან სომხურ მოსახლეობას და მას უფსკრულში ჩეხავენ. იქვე უნდათ მათ ჩვენი გადაჩეხვაც... როცა ბოლშევიკები გვიტევდნენ – დაშნაკცაკანები მათთან იყვნენ. ახლა ისინი დენიკინთან არიან... ახალციხის მაზრაში ისინი თათრების ბანდებს ეხმარებიან. და ასეა ყოველთვის!.. მთელი ძალებითა და საშუალებებით უნდათ მათ ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის დამარცხება. საზიზარი ბოროტმოქმედნი!..
19 თებერვალს 1919 წ. სოფ. ბლაბურხვა. შუადღე.
ახლახანს ჩამოვედით ჩვენ აქ ინგლისელ პოლკოვნიკ უაითთან ერთად. ეს პოლკოვნიკი ინგლისური მისიის მიერაა დანიშნული მოხალისეთა არმიასთან ჩვენი კონფლიქტის მოსაგვარებლად. პოლკოვნიკი უაითი ჩვენს გიორგი ხიმშიევთან ერთად უკვე გაემგზავრა მოხალისეთა არმიის რაზმის შტაბში მდინარე ბზიფის გადაღმა. პასუხს ველოდებით. ხვალ უნდა შედგეს ჩვენი პაემანი მოხალისეთა არმიის წარმომადგენლებთან. მჯერა წარმატებისა! ნებაყოფლობით, თუ ჩვენი ზეწოლის ქვეშ, დენიკინელები იძულებული იქნებიან გაგრის ოკრუგიდან წავიდნენ...
გუშინ ჩვენი ცხენოსანი გვარდიის სადაზვერვო რაზმს ორმხრივი სროლა ჰქონდა მოხალისეთა საგუშაგოსთან. ჩვენთან ერთია დაჭრილი. ტყვეები ჩავიდეთ ხელში და მოწინააღმდეგეს ორთვალა წავართვით. ჩვენს ბიჭებს თავი კარგად უჭირავთ. მხოლოდ ამინდი საბოლოოდ გულს გვიწყალებს: ჭყაპია და ტალახი!..
ცხენოსანი დივიზიონის ჩვენმა ოფიცრებმა გამოცდა ჩააბარეს: მათ უნდათ ბრძოლა მოხალისეებთან და კარგადაც იბრძოლებენ...
20 თებერვალს 1919 წ. გუდაუთა.
ორი დღეა წვიმა გადაუღებლად გვასხამს. ეს საშინელ გავლენას ახდენს განწყობაზე და ხელს გვიშლის. გეგონებათ – თითქოსდა ამინდი მეტად არასოდეს გამოიდარებს და მზეც ისევ არასოდეს აელვარდება. ეს ამინდი რომ არა, განწყობა ბრწყინვალე გვექნებოდა, ვინაიდან გუშინ ცნობა მივიღეთ, რომ ინგლისელებმა დენიკინს უბრძანეს სოჭისა და გაგრის ოკრუგები დაუყოვნებლივ გაწმინდოს. დღეს პოლკოვნიკ უაითთან ერთად მოხალისეებთან მივემგზავრებით, რათა ნეიტრალური ზონის საზღვრები საბოლოოდ დავადგინოთ. წარმომიდგენია, თუ რა გრძნობა ექნებათ მოხალისეების გაგრელ ლაქიებს, როცა ისინი მიმავალ დენიკინურ ბანდებს იხილავენ! თუ ჩვენ აქ ყველაფერს კეთილსასურველად და სწრაფად მოვუღებთ ბოლოს, საშინელი დარტყმით დავაცხრებით მტერს ახალციხის მაზრაში! ჩვენს დემოკრატიას კიდევ საკმარისად ჰყავს ძალები...
ჩემი ფიქრები ხშირად მიიწევს ტფილისისაკენ. და ბევრ რამეზეც ვფიქრობ...
21 თებერვალს 1919 წ. გუდაუთა. დილა.
ამინდი გამოიდარებს და სიხარულიც იღვიძებს. წვიმამ საბოლოოდ გაგვიწყალა გული. ეს საშინელი ამინდი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ახლა ჩვენ გაგრაში ვყოფილიყავით. ასეთი საზიზღარი ამინდი დიდი ხანია არ ახსოვს სანაპიროს. ქარიშხლისაგან ტელეგრაფის ბოძებია ამოყირავებული, გზები გადარეცხილი, გუშინ კი გუმისთის ხიდი წაიღო წყალმა. ხიდის დაკარგვა – საშინელი დარტყმაა ჩვენთვის.
გაგრის ოკრუგის საკითხი რამდენადმე რთულდება, რადგანაც, თუმცა კი მოხალისეებს ებრძანათ მისი გაწმენდა, მაგრამ არც ვადაა მითითებული და არც ნეიტრალური ზონის საზღვრები. და ჩვენ კი გვთავაზობენ ჯერჯერობით ბზიფზე ვიდგეთ! ასეთია სიმართლე... გუშინ ბზიფზე ვიყავით და მოწინააღმდეგე ხიდთან ვიხილეთ. ძალები მას, აშკარად, ცოტა ჰყავს. მოხალისეებთან შეხვედრა გუშინ ვერ მოგვიხერხდა, რადგანაც გენერალმა ბრუნევიჩმა პოლკოვნიკ უაითს შეატყობინა, რომ სარდალმა მას აუკრძალა რაიმენაირ მოლაპარაკებებში შესვლა ქართველებთან... თავად გენერალმა ჩერეპოვმა კი თვითდაჯერებულად დაუმატა: სანამ რუსული ჯარები ბზიფზე დგანან, ქართველები მდინარეზე გადასვლას ვერ შეძლებენ. მაგრამ გენერალი ჩერეპოვი ცდება... ჩვენ ამას დავამტკიცებთ!...
ჩვენი ძალები თანდათანობით ბორჯომში გროვდებიან. მაზნიევი გადაყენებულია და სარდლად ახალციხეში კვინიტაძეა დანიშნული.
22 თებერვალს 1919 წ. ქალდახვარა.
გუშინ სოსო, ალექსანდრე და მე აქ ჩამოვედით და გაქცეული ფრანგის სუფთა, კარგ პატარა სახლში გავჩრდით. ეს სახლი ახლა აფხაზების მიერაა მითვისებული. ორი დღის წინ აქ კაზაკები იდგნენ და აქვე გორაკზე მათ ტყვიამფრქვევებიც ჰქონდათ. და სწორედ აქ ჩვენს ყარანგოზოვის ცხენოსან სადაზვერვო რაზმს შეტაკება ჰქონდათ კაზაკებთან. ჩვენთან ერთია დაჭრილი. მოწინააღმდეგესთან კი, უაითის შეტყობინებით, ერთია მოკლული, ერთიც დაჭრილი და ხუთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა... ჩვენ მდინარე ბზიფის მარცხენა ნაპირი მოწინააღმდეგისაგან გავწმინდეთ და ჩვენი ძალებით ამ ნაპირის გაყოლებაზე განვლაგდით. ნაპირი მაღალია და ჩვენ ვბატონობთ მოწინააღმდეგეზე. ინგლისელების ჩარევა რომ არა, ჩვენ, ალბათ, უკვე გავრეკავდით მოწინააღმდეგეს სოჭისკენ. მაგრამ ჯერჯერობით აქ უნდა ვიდგეთ.
ჩვენს მარცხენა ფლანგზე, ბიჭვინთის მონასტერში, ცხენოსანი დივიზიონი დგას ხიმშიევის მეთაურობით. ჩვენი ძალები იზრდება და მრავლდება...
გუშინ დიდებული დღე იყო. დღეს ისევ ღრუბლები მოიწევენ. თავში ფიქრები ცოტაა. აშკარაა, საშინელი ამინდი აშინებს მათ და განდევნის.
22 თებერვალი 1919 წ. ბიჭვინთის მონასტერი.
დიდი ხანია ვოცნებობდი ამ მონასტერში ყოფნას, და აი, მოხალისეებმა აქ მომიყვანეს. დიდებული, ლამაზი ადგილმდებარეობაა. „წმინდა მამებმა“ იცოდნენ ადგილების არჩევა! მონაზვნები არცთუ განსაკუთრებით სალმიანები არიან ჩვენს მიმართ, აფხაზები მეგობრულად გვეკიდებიან. სომხები დაშინებულნი არიან... ჩვენ ვცდილობთ მათ დამშვიდებას.
ბიჭვინთის მონასტერი – ღრმა სიძველის ძეგლია. ის იმპერატორ იუსტინიანეს მიერაა აშენებული VI საუკუნეში. აქ ბევრი კარგი წიწვოვანი ტყეა და აქვეა შესანიშნავი ბუნებრივი ნავმისადგომიც.
23 თებერვალს 1919 წ. გუდაუთა. დილა.
მე და სოსო აქ ჩამოვედით, რათა თბილისს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დაველაპარაკოთ. აპარატთან არმიის მთავარსარდალი ალექსანდრე გედევანოვია. სოსო მას მოხსენებას გადასცემს. ამაზე უწინ მე დათიკო საღირაშვილთან და ნიკო ორაგველიძესთან ვლაპარაკობდი. მათ რაღაც-რაღაცეებით გამახარეს. დამფუძნებელ კრებაში არჩევნებმა ჩვენ ბრწყინვალე, თავბრუდამხვევი გამარჯვება მოგვიტანა. ჯერ ჩვენ 198 000 ხმა მივიღეთ, სოციალისტ ფედერალისტებმა – 14 000, ეროვნულ-დემოკრატებმა კი მხოლოდ 12 000. რას იტყვიან ახლა ბატონი ეროვნულ-დემოკრატები?!
აქ, ყრუ სააპარატოში, ბალმონტის მესამე ტომი ვიპოვნე და პოზიციაზე თან მიმაქვს. ეს ტომი კაშკაშა მზითაა გაცისკროვნებული. იგი მზით სუნთქავს!.. ტფილისიდან თან თაგორის ჩემი საყვარელი წიგნი – „მებაღე“ ჩამოვიტანე. „ცხოვრება – ცვრის ერთი წვეთია ლოტოსის ფოთოლზე“ – ნათქვამია იქ. და მე ამ დიდი სიმართლით ვიმსჭვალები...
24 თებერვალი 1919 წ. გუდაუთა. შუადღე.
დილას ჩამოვედით პოზიციებიდან პოლკოვნიკ უაითთან შესახვედრად. მისი როლი გაუგებარია და მისი ქცევა ორაზროვანი. მგონია, რომ მისი მთელი სიმპათები მოხალისეთა მხარეზეა. იგი დიპლომატს თამაშობს, მაგრამ ინგლისელისათვის საკმაოდ მოლაყბეა.
ჩვენი დემოკრატიზმი გვიქმნის ჩვენ მთელ სიძნელეებს, ვინაიდან დემოკრატია საერთოდ არ უყვართ: არ უყვართ გაბატონებულ კლასებს! და ჩვენ ხომ გარშემო ბურჟაზიული სახელმწიფოები გვარტყიან... და მათ ყველას სურთ ჩვენ გამოგვიყენონ, დამოუკიდებლობა წაგვართვან... მაგრამ დემოკრატია სიცოცხლისუნარიანი და გამარჯვების მატარებელია! ბოლშევიკები რომ უფრო ჭკვიანები და ფხიზლები ყოფილიყვნენ! განა ჩვენ უბედური გენერლის დენიკინის რეაქციისა უნდა გვშინებოდა, განა ჩვენ მოგვიწევდა ასე გაგვეწია ანგარიში სხვა, გარეშე ძალებისადმი?! მაგრამ მთელი საშინელება სწორედ იმაშია, რომ ბოლშევიკებმა თავიანთი უგუნური ტაქტიკით დაბადეს რეაქცია და გააძლიერეს უცხოური იმპერიალიზმი. ამ რეაქციამ ახლახანს მთელი თერგის ოლქი დაიკავა და იქიდან ბოლშევიკები განდევნა. და თერგის ბოლშევიკებიც ჩვენთან გამოიქცნენ „კონტრ-რევოლუციურ საქართველოში“, რომელსაც ყოველთვის მტრობდნენ და რომლის გასრესაც უნდოდათ. და ჩვენ შევიფარეთ ისინი! მე მახსოვს ჩვენი სიხარული იმ ცნობის გაგებისას, რომ სერიოჟა ქავთარაძემ ჩვენში მშვიდობიანად შემოაღწია. განსაკუთრებით მე მიხაროდა... და ამ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენთან ჰპოვეს თავშესაფარი, ჯერ არც თუ დიდი ხნის წინ ჩვენი დაღუპვა უნდოდათ და ჩვენსკენ ხორბლის ერთ მარცვალსაც კი არ ატარებდნენ!..
ვუბრუნდები უაითს. გაგრაში მიმავალმა მან ჩვენთან შემოუხვია და დაჟინებით გვთხოვდა შეტევაზე არ გადავსულიყავით. ჩვენი შეტევა, როგორც ჩანს, ძალზედ აშფოთებს ინგლისელ პოლკოვნიკს, და ეს ინგლისელი პოლკოვნიკი ძალიან გვიშლის ხელს. ჩვენ ახლა საკმარისი ძალები გვყავს: სამი ათასზე მეტი ხიშტი, თოთხმეტი ქვემეხი და ასზე მეტი ტყვიამფრქვევი. ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად და ადვილად გავრეკოთ მოწინააღმდეგე...
მაგრამ, როგორც იტყვიან, „ინგლისელი ქალი რაღაცას ამღვრევს“! მე ამაში სულ უფრო მეტად ვრწმუნდები. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ინგლისი მოგვზღუდავს (დაგვიცავს) ჩვენ თურქეთისაგან, დაგვიბრუნებს ბათუმს, ლაგამს ამოსდებს ჩვენზე შემომტევ რეაქციას და დაგვეხმარება ჩვენი დემოკრატიული წყობილების განმტკიცებაში. მაგრამ ჯერჯერობით ინგლისმა ჩვენ მხოლოდ იმედგაცრუება მოგვიტანა! მთელი მისი პოლიტიკა ძალზედ ორაზროვანი და ამოუცნობია. მაგრამ ერთ რამეს ღრმად ვგრძნობ: ადრე თუ გვიან ინგლისელებს მოუწევთ ჩვენგან წასვლა. ისევე როგორც გერმანელებს!.. და ამ დროისათვის ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ. მაგრამ მე არ ვისურვებდი, რომ ინგლისელების წასვლა მალე აღსრულდეს: მუსლიმანობის ტალღებს შეუძლიათ ჩვენ წაგვლეკონ... ამ წასვლის წინასწარ ხედვაში ჩვენ ძალები უნდა დავიგროვოთ...
ახალციხის ფრონტზე ცვლილებები არ არის. ჩვენები ჯერ კიდევ შეტევაზე არ გადასულან.
27 თებერვალი 1919 წ. შავი მდინარე. აფხაზური საფლავი.
სოხუმიდან ფრონტზე მივემგზავრები. სოხუმში ორი დღე დავრჩი და საქმეებს ვაწესრიგებდი... გუშინ მოხალისეებს მდინარე ბზიფისაგან უნდა დაეხიათ და ინგლისელებს ამ მდინარის მარჯვენა ნაპირი უნდა დაეკავებიათ. ტფილისში მიდის მოლაპარაკებები ინგლისელებთან. არ ვიცი, იქნება თუ არა ომი მოხალისეებთან, ან კიდევ საქმე შეთანხმებით დასრულდება... ახალციხის ფრონტზე ძალების შეკრება გრძელდება. დღეს თუ ხვალ იქ საერთო შეტევაა...
ჩემი ზმანებები ფერმკრთალდება... საერთოდ ზმანებები ჭკნება რევოლუციაში.
28 თებერვალს 1919 წ. ქავაქულუხა. ღამე.
დღეს ჩვენთან პოზიციაზე ჩამოვიდნენ ისიდორე რამიშვილი, ხაჩატურ ავთალბეგიანი და სეკავინი. ხვალ სომხურ დასახლებებს მოვივლით. ფრონტზე სიმშვიდეა.
(შემდეგ წიგნს აკლია გვ. 125–126)
... სამხედრო სამინისტროს რეორგანიზება. ეს უპირობოდ აუცილებელია. ვარაუდობენ სამხედრო სამინისტროს რეორგანიზაციის საქმე ნოე რამიშვილს ჩააბარონ...
ჩვენს ფრონტზე, მგონი, ბრძოლები უკვე აღარ იქნება და მაშინ ჩვენთვის შესაძლებელი გახდება ახალციხის ფრონტზე გადავიდეთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ზეკარის უღელტეხილის გავლით დავიძრებით...
4 მარტი 1919 წ. ქალდახვარი.
ამ მოღრუბლულ, სევდიან და წვიმიან დღეს მინდა ვიფიქრო სილამაზეზე, პოეზიაზე... ეს საზიზღარი ამინდი რომ არა, რომელიც სასტიკად გვდევნის და რომელმაც ჩვენი ძლების დროულად გადმოსროლას ხელი შეუშალა – მაშინ მე აყვავილებული განწყობა მექნებოდა და გარემომცველი სილამაზით მთვრალი ვიქნებოდი... სილამაზე კი ბევრია, ძალიან ბევრი. იები და ყვითელი აკაციები უკვე დიდი ხანია ყვავილობენ და ტყეები ყვავილების სურნელოვან არომატს აფრქვევენ... ზოგჯერ, იშვიათად კარგი ამინდის დადგომისას, მიდიხარ მთებში და გამოღვიძებადი ბუნების სავანეში ივიწყებ ამ ომსაც და ყველა მწუხარებასა და სიმწარესაც, რომლებიც მასთანაა დაკავშირებული... მაგრამ ივიწყებ მხოლოდ ერთი წამით... და შემდეგ კი ისევ იგივე მწუხარება, იგივე მუდმივი და გამომაცარიელებელი (გამომფიტავი) სევდა...
„მე ჩემს ირგვლივ მიმოვიხედე და ჩემი გული ადამიანთა ტანჯვით მოწყლული შეიქნა“!...
მაგრამ ახლა მინდა დავივიწყო ტანჯვანი და ვუბრუნდები სილამაზეს...
მე ხშირად მაფიქრებს საკითხი: რატომ ჭკნება რევოლუციის ცეცხლში პოეზია, რატომ ჰკლავს რევოლუცია სილამაზეს?!.. ახლახანს ჩემს მიერ ნაპოვნი ბალმონტის ტომი ავიღე ხელში, ჩუმი სევდით გადავშალე ის და კითხვა დავიწყე. უცნაური არომატი წამოვიდა ჩემსკენ! ნათელმა ზმანებებმა უხილავად დაიწყეს აღდგომა და სულმაც სიხარულით შეიფრთხიალა... რაღაც ნათლითა და სიხარულიანით დაიწყო სულმა აღვსება. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ წამს იყო!.. შემდეგ სიხარულისა და სინათლის სულიდან განდევნა ყოველდღიურმა საზრუნავებმა და საყოველდღეო სევდამ დაიწყეს. და ბალმონტის წიგნიც დავხურე... და გავიგე, რომ რევოლუცია ზედმეტად ავსებს თავისი თავით ცხოვრებას, იგი მას პირთამდე ავსებს, და მასში ასე ბევრია დიადიცა და არარაობრივიც, გმირულიცა და საცოდავიც, აღტაცება და სიმწარე, სიცილი და ცრემლები და ყოველივე ეს ისე გააჯერებს რევოლუციის მოღვაწეს, რომ სიმშვიდისათვის ადგილი სრულებით აღარ რჩება. პოეზია კი მხოლოდ სიმშვიდეში იზრდება. პოეზია უმაღლესი დასვენებაა. რევოლუცია კი დაძაბული და განუწყვეტელი შრომაა!.. ამიტომ რევოლუცია ჰკლავს პოეზიას და ამიტომვე პოეტებს არ უნდა უყვარდეთ რევოლუცია: იგი აბნელებს და შლის მათ!.. (она затемняет и затирает их!..) და ახლა მახსენდება პოეტი ბალმონტი ოქტომბერ-დეკემბრის რევოლუციის დღეებში მოსკოვში. ჩვენ მაშინ ხშირად ვხვდებოდით მას გორკისთან. ჩვენი ქართული რაზმი (დრუჟინა) იმ ხანებში მაქსიმ გორკის იცავდა და ბალმონტიც გორკის ხშირი და სასურველი სტუმარი გახლდათ. ერთხელ, სუმის დრაგუნთა ოცეულთან პლიუშჩიხაზე ჩვენი შეტაკების შემდეგ, როცა გახარებულნი და აღტაცებულნი მივედით გორკისთან, რათა მისთვის ჩვენი წარმატების შესახებ გვეცნობებინა, მასთან ბალმონტი ვიხილეთ. ბალმონტმა პატარა რევოლვერი სმიტ-ვესონი მოიტანა, რათა ის ჩვენთვის გადმოეცა. ჩვენ მას მადლობას ვუხდიდით, მაგრამ რევოლვერი არ აგვიღია, რადგანაც სმიტ-ვესონი ვერ გამოგვადგებოდა. ბალმონტი რამდენადმე შეცბუნებული იყო. და მაშინ მე იგი ისეთ პატარად, სუსტად, უსუსურად და თითქოს საწყლადაც კი მომეჩვენა! და ახლა ვფიქრობ, რომ მას მაშინ არ შეეძლო ჰყვარებოდა რევოლუცია, რომელმაც უეცრად იგი ასეთ პატარად და უსუსურად აქცია...
6 მარტი 1919 წ. სოხუმი. დილა.
დღეს ტფილისში ვაპირებ გამგზავრებას. ახალ-სენაკამდე ავტომობილით მინდა ვიმგზავრო. მაგრამ ამ ორ დღეს გადაუღებლად წვიმს და არ ვიცი, მოვახერხებ თუ ვერა ჩვენს საზიზღარ გზებზე მგზავრობას. გამგზავრება კი ძალზედ საჭიროა...
7 მარტი 1919 წ. ენგურთან. საღამო.
გუშინ ჩემი მგზავრობა უიღბლო იყო. 26-ე ვერსზე ჩვენმა ლოკომობილმა ჭირვეულობა დაიწყო და მოგვიხდა ისევ სოხუმში დავბრუნებულიყავით. გუშინ საზიზღარი დღე იყო. მთელ დროს თოვლი და წვიმა მოდიოდა, გარიჟრაჟზე კი ჭექა-ქუხილი დაიწყო, რომელმაც სატელეგრაფო ხაზი გააფუჭა.
ახალციხეში წარმატება ისახება. ჩვენებმა უკვე აწყური დაიკავეს და უფრო წინაც მიიწევენ. მე, როგორც ჩანს, ტფილისში უკვე დავაგვიანე და მნიშვნელოვან სხდომაზე ვეღარ მოვხვდები.
7 მარტი 1919 წ. ახალ-სენაკი. ღამე.
მატარებელს ველოდები და მესმის სოციალ-დემოკრატის გაცხოველებული კამათი სოციალისტ-რევოლუციონერთან! ბედნიერია, დალოცვილი პროვინცია! როგორი აღტაცებითა და გატაცებით კამათობენ ისინი! ძალზედ ბედნიერები არიან, და – მგონი, ორივე კმაყოფილია. და სანდროს ბოლომდე ვერგაგებულ კითხვაზე: როგორ ცხოვრობენ აქ ადამიანები? მე ვპასუხობ: აქ ისინი ჩვენზე უფრო ბედნიერები არიან. ბედნიერები არიან წვრილმანებში და წვრილმანებით. მეშჩანული ბედნიერება – ხომ ასევე ბედნიერებაა!..
10 მარტი 1919 წ. ტფილისი.
ტფილისში გახურებული მუშაობაა: ზეგ დამფუძნებელი კრება იკრიბება, და ჩვენმა ფრაქციამ (მასში 109 ადამიანია 130-დან!) ახლავე უნდა გაანაწილოს თავისი მუშაკები მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმში. დღეს ეს საკითხი გადაწყვეტილ უნდა იქნას. და იქნება ბრძოლა.
ახალციხის ფრონტზე კარგი საქმეებია და ეს ჩვენ ბზიფზე ხელებს გვიხსნის. გადაწყდა გავაძლიეროთ გაგრის ფრონტი, ვინაიდან ომია შესაძლებელი, და ჩვენ დენიკინი უნდა დავამარცხოთ. მე მჯერა ამისა!.. გუშინ კონიევი ტყვეობიდან დაბრუნდა, და ჩვენ როგორღაც უხერხულად შევხვდით. იგი დათრგუნული და ჩამქრალია. და მე იგი შემეცოდა, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვიყვარს იგი... მას ვუთხარი: „თქვენ ჩვენი გენერალი ხართ და უწინარეს ყოვლისა ჩვენს წინაშე უნდა გამართლდეთ. თქვენ სასამართლო უნდა მოითხოვოთ“!.. „ეს მე გადაწყვეტილი მაქვს“... თქვა მან... ვიცი, რომ მას სასამართლოსი არ ეშინია. ახლა მე მას უფრო მეტად ვამართლებ, ახლა მისდამი მე უფრო მეტად გულმოწყალე ვარ...
გუშინწინ ჩვენი საყვარელი, შეუცვლელი პლატონ გუჯაბიძე გარდაიცვალა. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებდით, რომ იგი ცოცხალი დარჩებოდა. მან საშინელი ტანჯვები გადაიტანა, მაგრამ სიკვდილი ვერ დაამარცხა. იგი მშვიდად, გმირულად კვდებოდა. ჩვენ ყველანი მშვიდად უნდა ვკვდებოდეთ.
10 მარტი1919 წ. შტაბის სხდომა.
მე მთლიანად მოტეხილი ვარ. მძიმეა და ძნელი!.. დღეს ჩვენი ფრაქციის სხდომა იყო, და ჩვენ მთავრობასა და დამფუნებელი კრების პრეზიდიუმში ძირითადი ადგილების განაწილების შესახებ საკითხი გადავწყვიტეთ. მთავრობის თავმჯდომარედ ერთხმად ნოე ნიკოლოზის ძეა დასახული, მაგრამ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის შესახებ საკითხმა ჩვენში განხეთქილება შემოიტანა. მე მსხვილი შეჯახება გამომივიდა ზოგიერთ ამხანაგთან... მძიმე და სულის შემხუთავი ატმოსფერო შეიქმნა... და როგორი ბედნიერებაა, რომ ნოე ნიკოლოზის ძე ჩვენს შორისაა. იგი ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა...
აქ კიდევ მე ახალციხეში მიძახებენ. არ ვიცი, თუ რაშია საქმე. აშკარაა, რომ იქ რაღაც კარგად ვერ არის, გამგზავრება კი ჯერ არ შემიძლია.
12 მარტი 1919 წ. ტფილისი. დილა.
დღეს ორი დიდი დღესასწაულია, დემოკრატიის ორი დღესასწაული: დიადი რევოლუციის მეორე წლისთავი და საქართველოს დამფუძნებელი კრების გახსნა!.. რევოლუციის ერთიანობის დღესასწაული ადგილობრივი მნიშვნელობის დღესასწაულს დაემთხვა, და ამ დამთხვევამ ბრძოლის დიდი ხალისი უნდა მოგვცეს ახალი ერთიანობისთვის! რუსეთის რევოლუციამ უნდა განახორციელოს თავისი დიადი ლოზუნგები, მან უნდა შემოიკრიბოს მთელი რუსეთი! განთავისუფლებული ხალხების რუსეთი, ახალი რუსეთი! სხვანაირად ჩვენ ყველას დაღუპვა გვემუქრება: რეაქცია ფართოვდება და თავხედდება...
გუშინ კარგად იქნა გადაწყვეტილი საკითხი მთავრობის შემადგენლობის შესახებ. მე კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ახლა უფრო მეტი აღფრთოვანებითა და იმედით ვიბრძოლებ: ვინაიდან მჯერა მთავრობისა...
ვიცოცხლებთ კი ჩვენ მესამე წლისთავამდე?! და რა იქნება ერთი წლის შემდეგ? გაიფანტება თუ არა ჩვენს ჰორიზონტებზე ჩამოწოლილი ღრუბლები, თუ მათი გრიგალი გაგვანადგურებს?.. მტანჯველად მინდა მომავლის ფარდა ცოტათი ავწიო და რა გველის შევიხედო... დრო კი მიდის. „წლები კი მიდიან, მთელი უკეთესი წლები“... და ცხოვრებაც თითქოსდა შორი-ახლოს მიდის. მაგრამ ამის გამო არ ვიწყენ. მყარად ვიცი, რომ ჩვენი დრო სიხარულისა და ტკბობის დრო არ არის... მე ვიცი, რომ „ჩვენი დრო სიყვარულის დრო არ არის“...
14 მარტი 1919 წ. ბორჯომი. დილა.
მე გაძლიერებით მიძახებდნენ ახალციხეში და იქით მივემგზავრები. აშკარად, იქ მეთაურთა შემადგენლობაში კამათები და რაღაც სხვაა... და საერთოდ იქ ბევრი ყველანაირი უმსგავსოებაა... სამხედრო მიმართებით საქმეები იქ კარგადაა, მაგრამ პოლიტიკური და მორალური მიმართებით კი – ცუდად. ამაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციო. ჯერ მოარულ ხმებს არ დავუჯერებ.
გუშინ, ღამით, ჩემთან ზაქარია და ლეო მოვიდნენ. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. ლეოს ძალზედ დათრგუნული შესახედაობა აქვს. ახალციხური ეპოპეა, როგორც ჩანს, მას ტანჯავს. ჩვენი შეცდომა იმაშია, რომ ეს ახალგაზრდა, ენერგიული და პატიოსანი ადამიანი ამდენად საპასუხისმგებლო და ჩახლართულ რაიონში დავნიშნეთ. იგი ზედმეტად ახალგაზრდა და დიდი იდეალისტია. ჩვენ კი დავნიშნეთ იგი და ბედის ანაბარა მივატოვეთ, უფრო სწორად რომ ვთქვათ – გენერლების ყოველგვარი თვითნებობის ანაბარა...
ამინდი საოცარია, მზიანი... კაშკაშა დღის გაცისკროვნებისას მოგვიწევს დაცარიელებული ადგილმდებარეობის დათვალიერება. როგორ საძულველია ჩემთვის ომი!..
14 მარტი 1919 წ. ახალციხე. დღე.
ვნახე ვლადიმერ ჯიბლაძე, ფელიცინი და კოლია ორაგველიძე. მიყვებოდნენ ადგილობრივ საქმეებზე. ჩვეულებრივი, სამწუხარო ამბავი ომის შესახებ. წარმატება და მაროდიორობა! გმირობა და სისასტიკე! თვით გვარდიაც კი ზომაზე მეტად სასტიკი იყო... მაგრამ კვინიტაძე, როგორც ჩანს, კმაყოფილია...
გზაზე გავლისას აწყური დავათვალიერე. ყველაფერი დარბეული და გაჩანაგებულია. საშინელებაა!.. ოდესღაც, კარგა ხნის წინ, მე და შალვამ ამ ადგილებში ფეხით ვიმოგზაურეთ. ჩვენ მწვანით შემოსილი უღელტეხილები გადავიარეთ, ღამეებს კაშკაშა ვარსკვლავების ქვეშ ვატარებდით და მთლიანად ბუნებაში მივდიოდით. მაშინ ჩვენ 6 მან 20 კაპ გვქონდა ჯიბეში და შესანიშნავი განწყობა გულში. ახლა მე უფრო მეტი ფული მაქვს ჯიბეში, მაგრამ დიდი სევდა სულში...
14 მარტი 1919 წ. ახალციხე. საღამო.
გუშინ ფრონტიდან დავბრუნდით. იქ ვიმგზავრეთ ვლადიმერმა, ფელიცინმა, მე და კონიევმა. ფრონტზე მგზავრობისაგან მძიმე ნალექი დამრჩა. ყველა სოფელი გაჩანაგებულია, ბევრი მათგანი გადამწვარი. ხანძრის ალები ახლაც ჩანს... საძაგელია, საზიზღარი...
ვიყავით აბასთუმანში. ის მთლიანად გაძარცვული და გავერანებულია. ეს თურქებმა და თათრებმა იმუშავეს. ოდესღაც მე ვყოფილვარ ამ დიდებულ, დალოცვილ კუთხეში. მისგან თითქმის არაფერია დარჩენილი. ახლა მე ვიწყებ ჩვენების მიერ დაშვებული ბევრი სისასტიკის გაგებას, მაგრამ მათი პატიება მაინც არ შეიძლება. დღეს ტფილისში ვბრუნდები...
მარცხენა ფლანგზე დღეს ბრძოლა მიდიოდა.
(გაგრძელება იხ. ნაწილი IV)
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment