(აღნიშნული კრებული 2017 წლის ზაფხულში გამოაქვეყნა გამომცემლობამ „საქართველოს მაცნე“. მასში არის ლექსების შემდეგი ციკლები /კარები/: უფლისადმი; ჩვენი მეოხნი; ტაძრები; მშობლიური; ლოცვა; ჭიდილი; დაკვირვებანი, შეგონებანი, სურათები... თითოეულ კარს აქვს თავისი საილუსტრაციო ნახატი; ყდის დიზაინი და მხატვრობა, ასევე ციკლების ნახატები ეკუთვნის თამარ რიგიშვილს. კრებულს წინ უძღვის პოეტ კობა არაბულის წინათქმა. ქვემოთ გთავაზობთ სწორედ ამ წინათქმასა და ლექსების უკანასკნელ კარს – დაკვირვებანი, შეგონებანი, სურათები...; ასევე ჩართული იქნება ფოტოები მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის ორი თარგმანისა: ჰერმან ჰესე – „რიოში მარგალიტებით თამაში“, ფრიდრიჰ ჰოლდერლინი – „ემპედოკლე“, და ამ კრებულის პრეზენტაციისა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა 2017 წლის 10 დეკემბერს)
წინათქმა
“ისევ შენამდე” – ასეთი სახელდება აქვს ამ ლექსების წიგნს, რომლის ავტორიც გახლავთ მარიამ ქსოვრელი.
როგორც კამკამა მდინარეში შედიხარ და თევზების ჭერას იწყებ ქვების ქვეშ – ასეთი შეგრძნება გრჩება ამ წიგნის კითხვისას – მიჰყვები ლექსთა ჩუმ მდინარეს და ვეღარ გამოდიხარ...
* * *
ქრისტეს მოწაფენიც მეთევზენი იყვნენ, რომელთაც “თევზნიც” გამოჰყავდათ წყალთა წიაღიდან: სხვა კაცობრიულ საიდუმლოსთან ერთად. და, სწორედ ისინი იქცნენ ქრისტეს მცნებათ შემთვისებლად და პირველ მაცნედ...
შვიდი კარი აქვს ამ წიგნს, შვიდ სანთელს უნთებს უფალს მარიამ ქსოვრელი. ყველა კარი უფლისკენ იხსნება: “უფლისადმი”, “ჩვენი მეოხნი”, “მშობლიური”, “ლოცვა”, “ჭიდილი”, “დაკვირვებანი”, – (“შეგონებანი”, “სურათები”...)
* * *
მშობლების სიყვარულიც უფლის სიყვარულის ნაწილია; მარიამის სიტყვას ლექსად გადათქმულს – იმედისკენ, სათნოებისკენ, სიკეთისკენ მივყავართ... იგი მუდამ წინაპრებისკენ არის გადახრილი:
ძველ თაობებში გვიდგას ჩვენ სული,
და ეს სიცოცხლე – ეს ნაბოძვარი –
უნდა დავიცვათ, გადავცეთ შვილთა!..
მართლაც არ არის ადვილი “სიცოცხლის მოვლა” და “მოფრთხილება” – სამზეოზე მოსულთა მისიის შეცნობა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა! სწორედ ეს “გადაცემა” არის სიცოცხლის არსი და უწყვეტი პროცესი:
ეს ჩუმად მეტყველ უფლის წიაღში
დავანებულთა კრთომაა თბილი...
ბუნებრივად მიწად ქცეულნი –
სულნი წარსულნი –
აწ უმოქმედოდ – ძველი ქმედებით წარმოსახულნი...
- - - - - - - - -
თანდათან ვხვდები –
წინაპართა სათუთი ლოცვით –
ჩვენ აქ მოვსულვართ...
უფალია შემწე და დამძლევი ჩვენი უმწეობის. უფლის წიაღში დაბრუნების მუდმივი ნეტარება გასდევს ამ “ლექსთა ხომლს”, ჯგუფად რომ კრთიან და “ბინდ-ბუნდობენ” მრუმე სივრცეში.
ეს ყველაფერი ჩვენ ყველამ ვიცით:
ძნელი არის გადასვლა იქით...
ჭირისუფალი ახლოს გრძნობს უფალს –
მით ითმენს ტკივილს...
წამსვლელთა და დამრჩენთა “ელეგიები”, გაზაფხული უფლის შემწეობის ნუგეშით გაფოთლილი...
განფენილია უფლის ქვეყანა
სამყარო მთელი...
ვიღაცა მიდის სამუდამოდ, რჩებიან შვილნი...
“შვილთა დარჩენის” – ეს მარადიული განცდა შველის სიცოცხლეს. და მარიამის ლექსებს არც ფილოსოფიური, არც მეტაფიზიკური ჭვრეტა აკლია. მის პოეზიას გასდევს მსუბუქი ნაღველი, როგორც მზიან ველზე ჩამდგარ ჩრდილებს.
დიდი ხანია რომ წესად მექცა
მარხვა, დათმენა და ლოცვა გულით...
მარიამი მართლაც ასეთია: იგი ითმენს და ლოცულობს, ლოცვით და დათმენით შემოდის ჩვენში, მისი თბილი, კეთილი სურვილები: გვეფერება მისი სულის ჰაეროვანი ნიმბი: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი “ცრემლიანი წყალი” “ალტობს “მიწას გადაფოთლილს”, არც სნება და ავადობაა მცირედ ადამიანთა მიწიერ სახლში: მაინც:
კვლავ უფლის ქებად
და სიხარულის გამოვლენად გვიჩვენე თავი...
- - - - - - -
სხეულში შეჭრილ ავადობას ებრძოდი მედგრად
მრავალი ვნება გადაიტანე,
გამოხველ თმენით!..
ასეთია მარიამის შინაგანი “მე”. განსაცდელ დაძლეული და ადამიანურ ვნებათა ჭრილში თმენით ჩამდგარი... საკუთარი სიტყვით და ლექსით გაძლიერებული.
* * *
ახლა კვლავ პირველსავე სიტყვას მოვალ და თავში სათქმელს ბოლოში ვიტყვი: მარიამ ქსოვრელის სამშობლო კავთის ხევია: დიდებული ისტორიული ხეობა: “შედედებული და ჩამთბარი” წინაპართა სამარხებსა და ციხე-გორებს შორის; ჯერ აკვირტული და მერე ჩამწიფებული ხილის ბაღებით: არეკლილი კავთის ხევის მოლივლივე მდინარე კავთურაში. აქ ძველი სახლები და სამაროვნები ისტორიის სუნთქვას გაგრძნობინებენ: და გეუფლება სამშობლოს მისტიური განცდა!..
როცა მარიამ ქსოვრელის ლექსები წავიკითხე, მაშინვე შატბერაშვილის “თვალადური ჭაშნიკი” გამახსენდა: ქართლური ენა, მისი სინატიფე, ბუნებრიობა და ხატოვანება, უბრალოება, მაგრამ სიმდიდრე: მარიამი სწორედ ამ ენაზე წერს: მას წინაპართა სულის და ლოცვის ნათელი ადგას: მარიამი შესანიშნავი მთარგმნელია: როცა მის მიერ თარგმნილი ანგელუს სილეზილი და ჰოლდერლინი წავიკითხე: მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს თარგმანი შესრულებული იყო პოეტის მიერ! და კიდევ: მას სრულიად განსხვავებული სტილი ჰქონდა: რაღაც უცნაურად ბუნებრივი სინტაქსი და სიტყვათა შერწყმის მანერა – ისეთი უბრალო – ბალახი რომ ამოდის... ეს მაშინ კიდევაც აღვნიშნე...
აი, ახლა, როცა მისი პოეზიის წიგნი მიდევს წინ, გამახსენდა ის თარგმანი: პოეტის მიერ შესრულებული: და ისევ “თვალადური ჭაშნიკით” – შემკული მისი პოეზია. მისი ეს ლექსები განათლებული, მლოცველი ადამიანის დაწერილია! – თითქოს შუა საუკუნეთა საგალობლებიდან მოწევნული, ძველიდან მოსული. იგი სრულიად განირჩევა თანამედროვე ქალთა პოეზიისაგან: მათ აქვს თავისუფალი ლექსის ბუნებაც და რითმული და რიტმული დინამიკაც.
თავისი სისუფთავით: მარიამის ლექსები თითქოს ბავშვის ნახატებია: მზეები, ენძელები... სახლები: ბოლი რომ ადის ლურჯად და სარკმელში მთვარე რომ იხედება...
მარიამ ქსოვრელის ლექსების წიგნი ერთიანი და მთლიანია: ხატის ხბოებს რომ გაუშვებენ მინდორში და ნაღვლიანი თვალებით შემოგყურებენ: ასე იხედებიან ისინი ერთად და ცალ-ცალკე... და გამშვიდებენ: შინაგანი “მოგურგურე” ემოციით...
ბევრი რამეა საგულისხმო ამ ლექსებში: ზნეობა, სული, სამშობლო, მშობლები... მასზე ფიქრი და განცდა: მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით საგულისხმოა მოკრძალებული, თავმდაბალი ქალის სახე: რომელიც იხედება მისი ლექსების სარკმლიდან! – (მით უფრო ამ გენდერული პარანოიდული ეიფორიის ფონზე:)
ბარაქალა შენ, ჩემო ძვირფასო ნიჭიერო ქალბატონო!
კობა არაბული
პოეტი
ესსეისტი, კინოდრამატურგი,
ეთნოკულტურათა მკვლევარი
დაკვირვებანი
შეგონებანი
სურათები...
* * *
როს სული შენი სათნოებათ ღვთისას ეძიებს,
ჩამოიშორებ მაშინ ყველაფერს,
არ მისთა მსგავსთა,
ძნელად მისაღწევს ესათუთები.
გზას შეუდგები,
მაგრამ როდესაც მას აღასრულებ,
სიმძიმე ჩნდება და არ ხანდახან
ამაო ვნებათ შენც ეწირები.
* * *
როცა ბოროტი კეთილს შესცინის,
ვით სათნო სული,
კაცს იპყრობს ხედვა მოძველებული
ორივე მხრისა, –
ყოვლგნით ცნობილის – მართლის და ცრუის,
აძრწუნებს ალბათ უსახურის «სახიერება».
საწყისი არის გულის გული,
წრფელი, უბიწო.
ვინაც საუნჯეს ასეთს არა ფლობს,
საკვირველ საქმეთ ღვთისას ვერ სწვდება.
* * *
ცისა საუფლოს,
ზეციურ ძალებს
მდუმარედ შორს ვჭვრეტთ.
ხან უხილავად ქმედითებს ვხედავთ
გაჭირვების ჟამს, ანდა უბრალოდ,
მყუდროებისას,
როცა ნეტარად სულში ჩადგება
სიმშვიდის სითბო, –
როცა შვებას ვგრძნობთ.
* * *
რა მალე გავლევთ ჩვენც ამ დღეებს
ღვთისთვის წამიერს,
ვით ვეახლებით მართალ მსაჯულს,
სახეს ვუჩვენებთ;
ჰო, რა საძნელო საქმე გვაწევს
ტვირთი მსუბუქი,
უფალო, შენით.
* * *
მაგონდება მე სევდა, შეუცნობლის ძახილი:
ოდეს ხეთა ნაფიქრალს
სოფლად წყნარად აწვიმდა,
ჩემი სახლის ფანჯრიდან
გული ჩუმად დნებოდა,
წვეთ-წვეთობით სინათლე
ნელა, ნელა კრთებოდა,
მდუმარებით ნანახმა
გზა სავალი აჩვენა,
ეს გზა უცილობელი
ყველას გასავლელია,
აზრიანი გავლა კი,
წინაპართა წინაშე
ჩვენზე დაკისრებული,
ჩვენი დიდი ვალია.
* * *
ჩამოიბურა,
წყნარად ჩამოწვა ნისლები ზამთრის,
გადაეფინა საბურველი ქვეყანას ირგვლივ,
სადაც ცხოვრება მიედინება
უბრალოდ, მშვიდად, არ მანქანებით,
(მათ უგვანთ დარდი უაზროდ უჩანთ
და ნისლეული ვერ სახილველი).
ცრემლის ნაკადებს გაჰყვა სიმწარე
და განსაცდელი, უცხო და უტკბო
შერჩა სიზმარეთს.
ქვეყანას ურყევს ფეხი დავადგი,
აღარ ვტორტმანებ,
დაგიცავს თავად, ოღონდ გახსოვდეს.
* * *
ფიქრის ხეივნები,
თავდახრილები,
ციური ფერების
გაამინდებით,
ავად ქმნილ წარსულს
ერთიან შლიან,
იცვარვის გზები.
* * *
მწვანე ნერგები –
სვეტებივით ზე მიილტვიან,
ციურ ნათელში დასამკვიდრებლად.
მბრწყინავი ჩრდილნიც
უფრო ნათობენ.
* * *
სხეულში შეჭრილ ავადობას
ებრძოდი მედგრად,
მრავალი ვნება გადაიტანე
გამოხველ თმენით.
კვლავ უფლის ქებად
და სიხარულის გამოვლენად
გვიჩვენე თავი,
ქრისტესმიერი გქონდა იერი
იცვალე ფერი.
* * *
სიმარტოვის დღეთა
ფოთოლცვენას ვუმზერ:
დრონი, განსაცდელნი
მოდის ათასფერი...
ირეკლება გულში,
სურათ-ხატად ჩნდება,
მიაქვს მდინარებას,
ეთვისება სული
გზას არ სიმარტოვის,
გზას ერთობით შენსკენ.
მიწას გადაფოთლილს
ცრემლიანი წყალი
ალტობს და ასველებს.
* * *
ავი ქარი აფრთხობს ფრთოსნებს,
მყუდროებას ურღვევს.
ქარის ტალღებს ფრთებით აჰყვნენ,
ბუდე მყუდრო ძებნეს...
გაშლილ ხეთა სიმწვანეში
თუმც ხარობდნენ ძლიერ.
* * *
სიმშვიდის სიტკბო
იგემო იქნებ.
რაც რამ მოგეგო,
უფალს ჰმადლობდე.
ვგრძნობ, ძალი მეწევა
კვლავ აღორძინების.
* * *
უფალს დაენდე,
ქრისტემ აღმდგარმა თვის ბრწყინვალებით
დაფარა სრულად
იმერ-ამერი,
ზეობს ის ყოვლგნით,
ზეცის საუფლო გაიხსნა შვებით
ყველა სულისთვის, ქედმოხრილისთვის,
იხმიე წყარო უკვდავებისა.
გამაგრდი, სძლიე. შენ ხომ სურვილი გადარჩენის
არ დაგკარგვია...
ოღონდ ხსნა ისევ მისგან ინდომე,
ისევ მხსნელისგან,
ის ყველაფერზე და ყველაზე აღმატებულა,
მარად მბრწყინავი,
ჩვენთა მომთმენი,
გულთა მცოდნე.
გაუძელ ტკივილს.
უბრალოებას ნუ მოიშორებ;
მოვა სიმშვიდით, მოვა სიმართლით,
ოღონდ შენ გსურდეს.
პრეზენტაციაზე შეკრებილი საზოგადოება
* * *
სული მებრძოლი
ზვირთებს ეხლება,
ზღვიური მისი ჩაწყნარდება
უგვანობის გამეფებაში;
მართლის დაცვის ჟამი მოვიდა.
კუნძულზე ხვდება
ოაზისი სიმარტოვისა,
ღვთის ცვარით ცოცხლობს.
* * *
გულისწყვეტის თვლები
ზეცის თვლებად იქცა,
არ უბრალო ქვებით,
ფერად-ფერადებით,
მოთმინების ქვებით
სიმარტოვის მხარე
სასოებად იქცა;
ლოცვა სინანულის –
ნიადაგი მყარი –
უფლის მოსაწონი
არის დასაყრდენი.
თავმდაბლობით მდგომი
მოლოდინით სავსე
მოწყალების მნდომი
დიდ სიწმინდეს უმზერს.
* * *
ურთიერთლტოლვა
ვისთვის ბიწი,
ვისთვის სიწმინდე...
ზეცა მსწრაფია,
სტოვებ მიწიერს –
თუმც მიწაზეა სხეული შენი სამკვიდრებელად,
სულით შექმნილა ყოველივე,
კეთილად ქმნილა.
კაცის ვალია იგი შეიცნოს,
სულის სიმაღლე მუდამ თან ახლავს.
* * *
გარეთ ღამდება.
სინათლის შუქი ინთება სახლში,
რა მყუდრო არის სიხარულით აღვსილი სული.
* * *
ახლად აყრილი რტოები,
გზას ნაზ სურნელსა ჰფენს,
და სულშიც სიტკბო შემოდის
ოდეს ხარ მღვიძარე.
* * *
გვიანი შემოდგომა,
მწუხრის ნისლეული,
ნაყოფი გულისწყვეტის
უკვე დაკრეფილი.
ამა ქვეყნად ნაგემებს,
სიტკბოებას ამაოს,
თავისი მანქანებით
სურს, რომ კაცი ატაროს.
ოჰ, შორს ჩვენგან ასეთი
გზას ამცდარი განცდა,
ნამდვილ, მართალ სიცოცხლეს
მგრძნობი ვეღარ დათმობს.
* * *
მტრის ბუნებაა სხვისი დაპყრობა
და გაწამება.
კეთილს წაართვას მოსვენება
და წარიტაცოს.
ამ ქვეყნიური საზომით მზომი საბრალო არის,
მან ხომ არ უწყის, მისგან გატანჯულს
მსხვერპლი მიაქვს სწორედ უფალთან.
ის სხვა გზით მიდის,
ამიტომ უკვირს: რად არ ეცემა,
ვინაც ძლიერად უკავშირდება
უფლის ცხოვრებას,
ის მტრის წინაშე ვერ დამარცხდება.
* * *
ღელვა,
ქარტეხილი,
მტრისგან შემომტევი,
უნდა გადიყარო,
უნდა გადიკარო
და გამოიდარო
და სვლა განაგრძო
ჩვეული კდემით.
* * *
აგვისტოს მზეა,
საღამოს მზე,
უბერავს ქარი.
სოფლად მას ვუსმენ:
ქარს აქვს მუსიკა
თავისებური და
სიკაშკაშე:
მახსოვს ქარები
მიტაცებდა და მიყოლებდა,
ახლა ქარს მოაქვს
დაფარული განცდა ბავშვობის.
ამოტივტივდა ნაცნობ სახეთა
რიგი ნელ-ნელა:
ვეღარ ვცნობ სახეს, ჩემს აწინდელს,
წარსულს გადაველ,
როს გამოვფხიზლდი,
მივხვდი: დრო რომ შლის ყოველივეს;
ქარნი დგებიან,
მხოლოდ ერთია საძიებელი,
ეს არს სიწმინდე,
ცრემლის დინებით, ჩუმი დინებით
მოსაპოვნელი.
* * *
თეთრი ქულა ღრუბლები
გულთან მოიჩქარიან,
სითბო ყველას აშუქებს
და ცრემლებად დნებიან.
* * *
სულის მოთქმა ხარ შეჭირვებისას
სიტყვათ ნიავო,
გამოსაცურად, ფონს გასასვლელად
და სვლის განგრძობად
უცილობელ ხარ, რომ შევისვენო,
გავხედო განვლილს
დამბადებელო, ნათლისაო
მოდიხარ სიღრმით.
ვისაც სიმძიმის შემსუბუქება
შენი გზით სურის,
მიხვდება განცდილს.
* * *
მით უფრო მეტად ხედავ
ღვთის მადლს, წყალობას მისას,
რომ არ დაგიშრეს,
გსურს, რომ კვლავ კრძალვით
ეზიარო წმიდათა-წმიდას, –
უმეტესად აღმატებულს –
ამ ერთს სანატრელს.
ქვეყნად ვერაფერს ვერ შეადრი
მის სილამაზეს და მის მშვენებას,
მასთან საუბარს მდუმარებით.
განვისწავლებით: ჯერ სინანული,
შემდგომ შენდობა
და მოტევება სხვათა და სხვათა...
თანდათანობით გვებოძება
ეს ყველაფერი.
* * *
ახლა მწუხრია,
მუქდება ზეცა,
ბინდი მოიწევს,
გრილდება ოდნავ.
მარტოდ ვარ სოფლად
მამის ძველ სახლში,
ვიცხრობ ტკივილებს
და სინანულში
ერთი გზა მოჩანს,
უფლისკენ მსწრაფი.
* * *
მცირედ მორწმუნევ, დრტვინავ აბა რად,
რად გიპყრობს შენზედ მოსული მტერი?
წარგტაცა ძალი, მაინც ნუ შფოთავ,
შენ ხომ სიჩუმეს სულ ეძიებდი.
იმ სიმყუდროვეს, გულში რომ იდგა,
რღვევა დაუწყეს, მაგრამ იმ სიბრძნეს
ხარ შეჩვეული, კვლავ დაეწაფე,
ეს სხვა სიმია, არ უნდა გაწყდეს.
შენი მეოხნი მყისიერად შეგეწევიან,
თმენას ნუ კარგავ, მოპოვებული გქონდა შენ იგი.
ის სიმტკიცეა, ის განძია, დასაცავია
ყოველთვის ყოვლის, მისთვის, ვისაც უცვნია იგი.
მსახიობი მანანა სურმავა, მწერალი ლალი ბრეგვაძე-კახიანი,
გერმანისტი მანონი გაბისკირია
* * *
ცაზე ციურს რომ აღმოაჩენ,
ჩააყენებ გულში სულისას,
თუმცა ჩნდება ეს ყოველივე
ძნელი გზის გავლით,
აღარასოდეს იგი არ ქრება,
თუ უდარაჯებ ფხიზელი თვალით.
ეგების: მარად
ქედის დადრეკა,
სიწმინდისაკენ
მზერის მიპყრობა,
უამრავ ცოდვის
ძირის მიგნება
და ამოძირკვა.
მერმე დუმილი,
ცრემლით დალტობა,
ხენეშის ლბობა,
უღვთოდ მყოფობის გადავიწყება,
სიმყუდროვის
ჩაღვრა, ჩადგომა,
განსაცდელის ჟამს
ჭირთა დათმენა,
უფლის წყალობით
ლოცვად აღმართვა;
შეისმენს შენსას,
ოდეს გცნობს ღირსად,
* * *
ყველა ჭრილობა პირს რომ მოიხსნის,
მაშინ წადილი სახიერების მოგვეძალება,
გაუძელ ტკივილს;
ნაღვლიანობა მართლაც ეგების,
მაგრამ მიიღე ეს ყოველივე
ვით უფლისაგან, დადრიკე თავი
და შენ შეერთე იმ საიდუმლოს,
რომელიც ყველას ვერ ეხილება
თუ მარტოოდენ არა დათმენით.
* * *
იტყვი, რომ გარედან
გებრძოდა ბოროტი,
გსურდა კი ამ ქვეყნის
სიკეთე შეგეტკბო,
მაგრამ არ გერგო.
ახლა კი მიანდობ
უფალს შენს თავს და
მოთმენით ივსები.
გეყოფა განხილვა
ყოველი მოვლენის,
სიმართლე თუმც გსურდა.
ნუ გადაიხრები,
შენ ნუ შეჩერდები,
ზიდე შენი ჯვარი.
იყავ მადლიერი...
თოვლიც წამოვიდა,
ფიქრი უამრავი...
წმინდაა ეს ფიქრი,
უბიწო ვით თოვლი.
ლამაზია თოვლი
და მშვენიერია სიცოცხლე ბრძოლაში.
* * *
სიმშვიდე – თმენის ზეცა
სინათლე – სივრცეები
საზრისი – უსაზღვრობა
და სულის ცხონებისთვის
ღწვა.
* * *
მახსოვს, როს თოვდა,
თავბრუდახვეულს
მატკბობდა ფიქრი.
ახლაც თოვლია,
პირველი თოვლი.
მოდის საამოდ,
ზეიმობს სულიც.
მყუდრო სინათლის
ჩამდგარა შუქი,
რადგან მივენდე
უფალს სიმშვიდით,
რომელსაც ვსწავლობთ
თანდათანობით,
დღითი დღეობით.
* * *
ქრისტეს ცხოვრებას
მართალი რწმენით ნაზიარებნი,
სუფთა ჭურჭელნი,
ვაზის რქისანი,
ვითა ვენახი
გასახარებლად უფლის წყალობას
ნიადაგ ელის.
ვინც მიენდობა,
ვინც არ იჩქარებს,
სულის მკვიდრობას ის მოიპოვებს.
მათ ცვილისფერი დაჰკრავთ სახეზე,
ვალს დაკისრებულს
რუდუნებით და მდუმარებით აღასრულებენ
და მათ თვალებში უკვე გამოკრთის
ციური შუქი, შორითვე უკვე იცნობიან
ისინი სახით.
* * *
სული წუხს ოდეს,
სიმშვიდეს სცდება.
საშიშ ადგილებს ეხება, სწვდება.
* * *
წარტაცული სული
პირს იბრუნებს აქეთ,
ფრთებს დაუშვებს ნელა,
თმენის ბუდეს აგნებს.
* * *
წინ ნათელია,
ღვთის ნათელი,
ჩუმი, მოძრავი,
ტკბილი, ნეტარი,
იქაურ მკვიდრთა
სასუფეველი...
სპეტაკ ცხოვრებას
მოაქვს სხვა თვალი,
მას აქაურშიც
უკვე შეიგრძნობ
მთელი არსებით.
ხარ მისიანი,
მსგავსი მსგავსს ელტვის.
* * *
განსაცდელში რომ ჩაგაყენეს,
ვნება, სალმობა გადაიტანე,
წყალმა წაიღო ეს, მიინავლა.
კვლავაც ერთადერთს უძღვენი თავი
და მას დაენდე.
ნუ გაგიტაცებს გაოცება
მშიერი ძალის – უკეთურის,
რომელსაც შთანთქმა
უნდოდა შენი.
ასე იდექი საფრთხის წინაშე,
მაგრამ შენ ჰკვირვობ –
პატარ-პატარა სასწაულებს,
უბრალოს, ჩვეულს,
მაგრამ ტკბილს და ჩუმს,
მობრუნებისთვის რომ გეძლეოდა.
მადლობა ღმერთს, რომ
შეგრჩა კიდევ ხედვის უნარი.
* * *
ახლობლის ტკივილი
თუ არ შეგაწუხებს,
მაშინ სიხენეშე
სულში გაგიჯდება.
და თუ გულგრილობას
სძლევ და მოერევი,
კარი სიყვარულის
ფართოდ გაგეღება.
* * *
ამ ქვეყნიური სიხარულის წილ
ტანჯვა მარგუნეს,
მაგრამ უფალმა სულიერი ნეტარების
კარი განმიღო.
თუმც ძალზედ ძნელად, მაგრამ ტკივილი
ამა ქვეყნისა მსუბუქ შეიქნა.
* * *
მადლობა უფალს
სულიერი განსაცდელებით
გზას რომ დავადექ,
სიმშვიდე სულის ისევ ჩემშივე
რომ მაპოვნინა.
ეს ყველამ იცის,
მაგრამ ცოდნის
გამოცდილებით მიღწევა ხომ
საძნელო არის.
* * *
მარხვისა და ლოცვის წილ,
ამა ქვეყანას ზედა
მსუბუქ აღმომიტაცე,
რათა ძლევა ბოროტის
შემძლებოდა თანდათან,
მიწად დამკვიდრებისთვის
მომცემოდა მე ძალა.
მეწეოდი, მოგყავდი
შენსკენ განსაცდელის ჟამს.
ვმადლობ უფალს სწრაფვისთვის
ზესვლისთვის პირველად.
* * *
როდესაც ცრემლი ჩაგიღვრის სითბოს,
უფალი დაგცქერს სწორედ რომ ამ დროს.
სიკეთის ნაცვლად მიღებულ ბოროტს
მალულად გაცლის მასზე მაღლობით.
როგორმე უნდა თმენით გაუძლო,
შეწევნა იგრძნო, თავი დახარო,
თორემ უმალვე გაქრება მადლი,
მუდამ უწყვეტად მოსაპოვები.
* * *
ნეტარი არის, ვინც ღირს შეიქნა,
ვინც ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის
გადადო თავი.
ძნელს და ვიწრო გზას, მარტოდ გასავლელს
აღგიმსუბუქებს თვითონ უფალი.
უნდა შეიცნო, რომ განსაცდელში
ის შენთან არის.
არ უნდა გძლიოს სიმძიმემ ჭირთა,
როგორმე უნდა სძლიო დათმენით
რომ სასოება სულისა ჰპოვო.
* * *
გაზაფხულობით
ხასხასა ფერებს,
ფერად-ფერადებს,
აღტაცებულ ხეთ –
შემდგომ თანდათან
ფიქრებში გართულთ,
მე განვიცდიდი.
მრავალი გრძნობა,
ზოგი ამაო,
ზოგიც ნამდვილი,
გარდასულია.
მე ახლა ვიცი
ის სულიერი გაზაფხულება,
ოდეს დადგება ტანჯვით და თმენით –
ღვთის სასოება
გულსა და სულში
აღმობრწყინდება შემდგომ ნელი-ნელ
ნათლის ფერებად.
* * *
არა, არ მერგო
ამქვეყნიური სავსე ცხოვრება.
თუმც ამაოთა არ ვემსგავსვოდი
ამა ცხოვრების გამოტაცებით.
სულიერი ხილულად ვიგრძენ,
აზრით ივსება ცხოვრება ნელ-ნელ.
ის დრო, რომელიც უღვთოდ განვლიე,
თუმცა არ ცოდნით, ზოგიც ურჩობით, დაუდგრომლობით, მე ვინანიებ.
გადავაბარებ უფალს ჩემს თავს,
მის წყალობაზედ ვარ მინდობილი.
* * *
ოდეს ვერ ითმენ
შენზედ მოსულ
უამრავ ბოროტს,
სხვადასხვა სახით,
შენც შეიქნები
ვერ შემგრძნები
მაცხოვრის ვნების.
თუ ერთვი ტკივილს, –
გრძნობ ჯვარზე გაკრულს,
შენი ყოველნი წვალებანი
ამით ყუჩდება.
როს ნაწამები
ნეშტი უფლისა
გარდმოიხსნება,
დუმდება ყველა,
ცხრება ტკივილი,
სიჩუმე არის
მყუდრო ცხოვრების, –
ტკბილი ლოდინი:
გაცისკროვნდება
აღდგომით ოდეს
და ბრწყინვალებით შეიმოსება.
* * *
მახსოვს დღეები,
ნათლიანი,
დღის ბრწყინვალებით
მდუმარედ მქმნიდა.
უტყვი განცდები
მიუწვდომლისკენ
ლტოლვას აღძრავდა
დაუსრულებლად.
და ჰა მივადექ:
უფალს გადავეც
ჩემი დღეები
და მას მივანდე.
თმენით აღვდექი
მასთან ერთად.
ვით ხილულ დღეებს,
ნათლიანებს,
ვხედავ მიღმიერს.
შიში მემატა,
ვლოცულობ გულით,
ხარობს სიტყვები.
უბრალოდ, მინდა ვიყო
არ ბრალიანი.
* * *
როს მომადგება განსაცდელი, –
ჭირი მართალი, –
სიბნელე წვება და ჰა წინ მიძევს
გზები ნალოცი –
მინათებს შორით.
ისწავლე, ღვთისგან ითხოვე შველა
და მეგობარიც, ისიც ღვთის არის,
ვინც შენს ჭირსა და ლხინს იზიარებს.
ჰკონე ყვავილი, და შენც არგუნე სხვებს სიხარული,
იტკბეთ ერთობით.
დაყუჩდი, ძალი უძლური სძლიე,
სულიერ შემწეთ თხოვას უთხრობდე.
ნუ დრტვინავ, გესმას, ლოდინით დადექ.
უფალი თავად იზრუნებს შენზე.
* * *
მძულდა ბიწიერი,
მუდამ გავურბოდი,
მაგრამ ამა ქვეყნის
აზრის წესიერის
თანაზიარობა
მსურდა უცვალებლივ.
ძალი უკეთური
შეჰყურებს პირისპირ.
სული უსაზღვროა,
სხეულში საზღვრული.
მისი პირველობით
გვამს სჭირს მოფრთხილება.
* * *
ცხელი ქარები,
აწეწილი გარე სამყარო,
აღარ მცემს ტალღას, აღარ მეხლება,
უკვე ჩავწყნარდი.
რად მაგონდება და მეხილება
სევდიანი სიმარტოვის ძველი დღეები, –
ფშატის ხეების ყვავილობა
და ჩემთვის მძიმე უცხო სურნელი.
შემოვიძარცვე მრავალნაირი
ჰაერთ ნაკადი.
დიდი ხანია მყარად დავდექ
ლოცვის მიწაზე.
თვალი შორს მზერას დიდხანს მიაპყრობს
და ამ სინათლით
ღრუბლები გულში მიმომეფანტნენ.
მარიამი კითხულობს ლექსებს თავისი კრებულიდან
* * *
რად მესიზმრება
უცხოობა ძნელად განცდილი,
რად გაუცხოვდა ესე ცხოვრება, გარე სამყარო.
წყენა მივიღე, ო საშინელი.
მინდა რომ ვძლიო.
უსიყვარულოდ სული ვეღარ სძლებს.
წუხილმა ერთფერ გახადა ყველა.
დრო ძნელად გადის,
ეს უცხოობა ჩემთვის არის უსიამოვნო.
* * *
სიმშვიდე, –
შენგან ბოძებული, ნავი შენამდე,
ო, რა ტკბილია.
ოდეს წყნარდები,
თავს გევლება მთელი სამყარო.
მდუმარედ, უხმოდ,
იდუმალებას ეყურადები.
ამის მოსმენა მუდამ არ ხდება
და ვმუყდროვდები.
სითბოში ცრემლი გზას პოულობს,
იწყებს დინებას.
სიწმინდეებთან მიმაახლებს
თავად ბიწიერს.
ვმადლობ მე უფალს
ყოველივესთვის:
არ ღირსეულად გავატარე
დღეი მრავალი.
ვცან ძალი შენი
ყოვლგნით მსუფევი.
ვხედავ, თუ ყოველს როგორ უხმობ
ისევ შენამდე.
* * *
თანანადებთა მიტევება უნდა შევიძლო,
მეტად კი მიჭირს,
მაგრამ ღვთის ძალით უნდა ვძლიო,
სულო, გამაგრდი.
ესწრაფე წყაროს, ცხოველმყოფელს,
რომელს მრავალჯერ დასწაფებიხარ,
რომ მწყურვალება ჩაგიკლას დიდი,
რად ირინდები?! –
მწუხარების ქედებს გადაღმა
ხომ მიგელის სინათლე ბრწყინვით,
რომელიც იცი უხილველად,
იხილე კიდეც და ამჟამადაც
თვალებში გიდგას,
შენ ხომ ამ შუქით დაიარები.
* * *
ჰპოვე სიმშვიდე,
შენი ცა თვალით ამოაბრწყინე,
მზერა შეავლე, მოყვასს შეხედე
და აპატიე;
მისგან შორსაა შენთვის ძვირფასი,
მას არ ესმოდა
და ჰა შეუნდე.
ოაზის იქმნას სული მათიც,
ვინაც შორს არის მოყვასზე
დარდით, თანაგანცდისგან.
შენ კი დაყუჩდი,
ნუღარ იხსენებ,
გაჰყევ გზას, კეთილს.
* * *
თავი არიდე მაგ ტკივიიილებს,
თავი დახარე,
კვლავაც მადლობა შესწირე უფალს,
წარსთქვი ლოცვანი,
მარადისისკენ მიმავალ შენს გზას
ფრთხილად მიჰყევი.
* * *
ზღვრული სივრციდან
მდუმარების ქედებს ვინც უმზერს,
ამაოების სრბოლა მთლიან ვინც მიატოვა,
ვინც განეშორა ფიტულობას ქვისა ქალაქის,
ვრცელ უდაბნოში ოაზისად იგი ამაღლდა.
ვინაც ტკივილნი დროის დინების არ განიცადა,
მისთვის უცხოა სულის კურნება,
ფსალმუნთა კითხვით მოშუშება მწარე სალმობათ,
და მარადიულ სიცოცხლისთვის სულის მზადება.
* * *
სული ზეციურს მუდამ ვერ სწვდება,
იგი კი ელის.
ყველას არ ძალუძს იქ მიღწევა,
ზე სამყაროდან ნისლეულით მადლი როს მოდის,
მჭვირვალი შუქი სიხარულის
ჩვენს თვალებში გაჩერდება სამკვიდრებელად.
* * *
ცხოვრების წესებს
არასდროს უდევს
მშვიდობის ზღვარი.
გამორიყული სხვა გზით მივალ
დიდი ხანია
ეკალ-ბარდებში მე სისხლის დენით,
მაგრამ გამოჩნდა ჰა სწორედ ამ დროს
მხარე სინათლის...
აქაურობას კარგად ვიცნობ.
წვალებით მიველ
ახლაც უგონოდ,
თავრეტდასხმული.
ამ ცხოვრებასთან შესაბრძოლებელს,
მაგრამ უმწეოს,
თავადვე მიცავს მხარე ციური.
იქ მყოფნი, ვხედავ, რომ მეწევიან
მაშინაც, როცა ლოცვის ძალიც
წამართვეს ლამის.
მე უკვე მათი ვარ ნათესავი.
ადამიანი როს გიღალატებს,
ტკივილი როცა თავისას შვრება,
ო, როგორ გიჭირს!..
მაგრამ თავდახრით დადგები თუკი,
ზეცისა მკვიდრნი გეშველებიან.
მე კარგად ვხვდები.
განა სხვა ძალი რამ დამრჩენია
აქ მიუსაფარს: ცა ღრუბლიანი
ჩამომაქვს თმენით.
თმენა თბილია და ცხელი ცრემლი
მალამო სულის.
ამბოხს და ბრძოლას თუნდაც ბოროტთან
რა მოაქვს ჩემთვის?!
გამოშორება უმჯობესია.
გაუსაძლისად დრო შეჩერდება.
სულს ხომ სვლა უყვარს,
გამდინარება,
ამაოსაგან გაქცევა, სრბოლა,
სულის ნუგეში,
სინათლის მხრიდან ნაბოძვარია.
* * *
ჟამი არს ღვთისა მსახურებისა,
გარინდებულა
ბუნებაც,
კაციც. თვალს სინანულის ცრემლი მოსწყდება
მარგალიტივით.
ფრინველიც უსტვენს,
ხმიანობს,
ხარობს
სიცოცხლე კრძალვით.
* * *
გდევნის ბოროტი,
რადგან სამკვიდროს, შენს საკუთარს,
სხვაგვარად ეძებ – უფლის შეწევნით.
უცხოა მისთვის
მცირედს დასჯერდეს
და რომ იმ მცირედს
სიყვარულით დაეპატრონოს, –
რაც კი უფალმა შენ გიბოძა
აქ გასახარად.
ყველაფერს გართმევს სხვადასხვა სახით –
მიწას, სახლს, სამოსს,
საზრდელს და მერე სულსაც გიმწარებს,
მაგრამ წამებას უნდა გაუძლო
კვლავ უფლის ძალით,
რადგან შენ, სტუმარს ამა ქვეყნისას,
იმ ქვეყნად მიგაქვს საგზალი შენი
და არ ჩერდები სხვა ძალასავით
სადღაც კერძოში,
შენ სულს ეგრერიგ ვერ გაიმეტებ
მხოლოდ მიწისთვის,
რადგან სიცოცხლე ასე დიდია,
მარადიული.
* * *
ლოცვის მადლით,
სიტყვის ნათლით
უფლისაკენ ილტვის სული.
ცის საუფლოს წმინდანებთან
ახლობლობას სცნობ შენ შორით,
რომ მიწიერს ამ ცხოვრებას
გაუმკლავდე სიფხიზლით და
ავბნელ ძალებს, ჩასაფრებულთ,
შენკენ მსწრაფებს, არ უშვებდე.
კაცსა მცოდნეს ევალება
გამარჯვებით სიარული.
* * *
ცოდვებისაგან ვერ უცხოქმნილი
ბრძოლას უამრავს როდესაც დასძლევ,
შვებასა ჰპოვებ და მოისვენებ,
სიწმინდე ფესვებს გაიდგამს სიღრმით,
მბრძოლთა მძლავრობა –
ფუჭად დროების წარტაცულობა, –
ნთქამს რტოებს, თმენით გამოტანილებს,
მაგრამ როდესაც განდგება კაცი
უაზრო მტრისგან,
ნაყოფს მოიღებს, შვებით შეირგებს.
* * *
მწუხრს გათენება მოჰყვება,
თეთრ თოვლს – ენძელა, იები,
კაცის ცხოვრებას წვალება,
კეთილის ცნობას – ცრემლები.
ჩნდება სიმყარე თმენის წილ
და სიყვარულის სურვილი.
* * *
ლოცვას კაცისთვის
შთაწვდომა და ზეაღსვლა მოსდევს.
როცა თავს დახრი,
ტბას სინანულის
შენი სახება
ჩააცქერდება.
სიმშვიდე გმოსავს,
გაირინდები
და შეგეწევა
მადლი ღვთისა
მოულოდნელი.
* * *
დრო მიდის, მიჰქრის,
მწუხრი წვება,
თენდება მერე.
დროები წლისა ენაცვლება
მუდმივ ერთმანეთს.
კაცის ბუნებაც შეიცვლება
აზრის მძებნელის, –
ხილულის მიღმა
ელტვის სათავეს...
სულს დარწყულება სურს,
უხარია და
როცა მასში იშვება ქრისტე,
სულ სხვაფერდება მერე ქვეყანა,
ცისა საუფლო
მწვანდება ნათლით.
* * *
როს ეფინება კაცს მადლი ღვთისა,
მოახილვინებს განვლილ დროებას,
წამოიშლება ჭირი მრავალი,
აყუჩებს ამას თმენით, ატანით,
და საზღაურად ფუჭი ცხოვრების
გაჩნდება მისთვის ზღვა საზრუნავი.
გარდუვალობის წინაშე კაცნი
უმწეონი ვართ, გვავსებს უფალი.
თავმდაბლობით და უბრალოებით
ვიძენთ სიმშვიდეს, უფლით ვიმოსვით.
ნეტარი არის, მიჰყვება მას ვინც.
* * *
ოდნავ მიშვება,
თვალის მირულვა
და წილნაყარი ხდები ამ სოფლის
სხვადასხვა სახით.
სდგე უნდა მყარად,
შენთვის სინათლეს გამოითხოვდე.
* * *
სოფლის ცხოვრების
ტკივილს იშუშებ,
დასძლევ განსაცდელს,
მოიმყუდროვებ
უფლის ფრთეთა ქვეშ,
მოფარფატებენ
თოვლის ფიფქები
როგორც სიტყვები,
იდებენ ბინას.
თოვლი სულს განწმენდს,
ლექსი კი შვებად
სულს აყვავილებს.
ღამე
(სურათი)
ღამეა ჩუმი, ცა თვის ნათელით,
ხეობას სძინავს, გაშლილს ლამაზად,
სახლებში შუქი ანთია უფლის, –
გაღვიძებულა სიცოცხლე ქვეყნად.
ღვთის დროს მივაგენ,
სულში იღვრება მყუდროდ განცდილი,
ეს მდინარება მშვენიერების, –
გზა წამებისა თმენად ქცეული. –
ლოდინის ფრთებქვეშ მეც შევიყუჟე,
მონანულია ეს სული ჩემი,
მჭვრეტელი ნათლის განთიადისას,
ღვთისგან წყალობას რომელიც ელის.
* * *
რაც მეტ ნათელს ხედავ,
ჩრდილიც მეტობს სოფლის..
მოდის მწუხრი, წვება,
ღამე დგება დიდი.
მერე ნელა-ნელა
განქარდება ბინდი.
უჩრდილობელ ნათელს
მიაგენი რაკი,
ზიარებაც მაშინ
სისხლითა და ხორცით,
მაცხოვარი უფლის,
თვის ყოვლისმფენ მადლით
ბნელეთს აშთობს ყოვლგნით.
ენათმეცნიერი, პოეტი და მთარგმნელი მანანა კობაიძე ლაპარაკობს
მარიამ ქსოვრელისა და მისი შემოქმედების შესახებ
* * *
სული წმიდის მადლი
ეფინება ყოველს,
ვინაც თავის თავში
თმენით მოიპოვებს
შუქს მას ჩაუქრობელს,
სითბოს უნელებელს.
* * *
სოფლიერი ნდომით
არ გეხსნება კარი,
თუ არ ზეციური,
უცხო არის შენთვის,
და შენც გაუცხოვდი
სოფლიერისაგან.
ღვთიურისგან ფენილს
ელი მუდამ თმენით,
რაიც არ გეძლევა,
იქნებ უღირსობით.
თავმდაბლობით უნდა
მის ბოძებულს შეხვდე,
რათა ამ ქვეყნადვე
იყო ღვთიურ მშვენი.
* * *
გზა თუმც ძნელია,
ვერ გაექცევი;
იქითკენ მიდის,
სად მეუფება
თავისთავადი
სუფევს; მიგიღებს,
თუკი სიწმინდეს
სავსე სიწრფელით
დაეშურები:
ძველს გადახედე,
ტყე ნისლეულის
ცრემლით დატოვე,
ღრუბლიან თვალით
გამოიხედე,
გამოიდარე.
* * *
ვერ დავითმინე შხამი და გესლი,
გარდამოსული მათ ბაგეთაგან,
ვითხოვე როცა მათგან მშვიდობა,
ვეღარ მივიღე მე თანაგრძნობა.
ვერ ვიტკბე იგი ვით ცის მანანა.
ვერ მოვიპოვე სულის ნექტარი
და ვერ ჩავეწე სიმშვიდის გულში.
სწრაფვა მაღლისკენ რად შევაჩერე,
რად არ ვიყავი ჩვეულებრივი.
* * *
შენს საყდრამდე მავალი
გზები შენით მშვენია.
განფენილი ბუნება
მეტად იდუმალია.
ჩვენ კი შენკენ მოვიწევთ
სწრაფვა მადლით მჩენია
ეს სამზერო სოფელი
მრავლად დაქსელილია.
* * *
ბავშვობის ადგილებს
მიელტვის სული,
მყუდროს და სანატრელს,
ღვთის მადლით ფენილს.
წყვდიადს და წამებას,
მრავალგვარ სახის,
არცოდნით თუ ცოდვით,
ვისყიდი ცრემლით.
* * *
შვების, ნუგეშის
მოპოვებისათვის
მახსოვს ლოდინი.
წრიალით დაღლილს
მქონდა სიმშვიდე,
ჯერ უცნაურის,
შემდგომ ცნობილის,
თანდათან ტკბილის.
გადამავიწყდა
მოწყენის დღენი.
გრძნობამ მადლისამ
აღმავსო წმიდით.
უნდო ზრახვანი,
მრავლად აღძრულნი,
შეცვალა საქმემ,
ქველმა ქმედებამ,
შეძლებისგვარად
უფლის შეწევნით.
* * *
დიდი ხანია რომ წესად მექცა
მარხვა, დათმენა და ლოცვა გულით,
ყოველივესთვის ვცდილობ მუდმივად,
მაგრამ როდესაც ციურ საუფლოს
ბრწყინვალებას ვგრძნობ,
სულს კრძალვა იპყრობს
და სიჩუმე მარადიულის.
* * *
ზამთრობით დილა
ბურუსს განდევნის.
წყნარად თენდება,
სუფევს სიჩუმე
იდუმალებით.
ნათლიერიდან
ფერი მოიწევს
მოკრძალებული,
მიყვარს ზამთარი.
* * *
მართლაც უმწარეს არის განცდა
შფოთის და შხამის,
თავს დატეხილი
მშვიდობის წილ,
მაგრამ მიუხვდი – სალმობათ მიღმა
თავად დადგება დღენი დათმენის.
* * *
ვიდრე მზე იშვა მართლისა ჩვენში,
განვვლეთ ძველი გზა უნათლო, ბნელი,
განვმშვენდით ტანჯვით და დავუტევეთ.
გაჩნდა იმედი დათმენისა წილ,
ვით ჩვილსა ვზრდიდით,
თანდათანობით მისით ვხარობდით,
არ ამ სოფლიურს ჩვენ ველტვით, შევსტრფით,
ამ ქვეყნის მკვიდრნი, რომ ვგავდეთ ნამდვილთ.
* * *
ბავშვობას, ყრმობას –
იდუმალ წარსულს,
მდუმარედ ნაგრძნობს
ახლაღა ვხვდებით,
თუ სისათუთე დარღვეულა
არცოდნით, ცოდვით
ვითხოვთ შენდობას,
ღვთისგან მიღებულ
ამ გრძნობას ფრთხილი
მოპყრობა შვენის:
ლოცვას, ვედრებას
ყოველთა მიმართ
და ყოვლისათვის
თანდათან ვწვდებით,
არ მარტოოდენ ახლობლებისთვის
გაიხსნა გული, სხვისთვისაც,
წრფელი, ზოგად ყოვლისთვის.
დღე დღეს ედება,
მივდივართ რწმენით.
* * *
ლოცვის აღვლენა,
არ მარტოობა,
თანხმობა ერთთან.
ზენაარისთვის არის ყოველი,
სხვა დანარჩენი – ძალნი მძარცველნი,
უნაყოფოდ ჩანს.
გზას ყველა გადის.
ქრისტესმიერი არის ტვირთული,
მაგრამ მსუბუქი.
* * *
მწველი განცდებით,
პირად-პირადით, გზა მქონდა ერთი,
სხვა ყველაფერი აწ ჩაიფერფლა.
უქმი დროება, ფერადი მწუხრი...
სულში ჩაწურვამ ცრემლით მონამა
ეს ბილიკები მშვიდი ცხოვრების,
მივალ უბრალოდ, მფარველობს ღმერთი.
* * *
თუკი დიდხანს გაგრძელდა
ბრძოლა-შფოთი ამაოდ,
თუ სული არ გამყარდა
ჭეშმარიტის დამცველი,
ფერფლი, ნაშთი დარჩები,
მწარე ნაყოფ ნაგემი.
თუ გზას ღვთისკენ მიმავალს
გარჯით, ღვწით შეუდექი,
უსამართლო წამებას
იტან უფლისმიერით,
„მწყურის“, უბნობს იესო,
ტანში დაგძრავს ვნებანი,
აივსები შარბათით
ნელა წვეთი-წვეთობით.
* * *
ძლეულია მხედრობა
შენკენ წამომართული,
რომელს სურდა დაცემა,
განადგურება შენი,
ზეციური ძალებით
შემწეობა მიიღე,
რადგან ლოცვა აროდეს
განიშორე მალული,
სიტყვა მართალ ახსენე
და უმალვე შენ სითბო
სულში ჩამოგეღვარა.
უხილავად შეიგრძნობ,
რომ გმფარველობს ღვთის ძალა.
კიდევ უფრო მდაბლდები,
ჩასწვდები უღირსობას.
მანანა კობაიძე, მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი, დარეჯან ცხვედიანი
პრეზენტაციის შემდეგ
* * *
ნაპირს გამოხვედი,
ახლა სიმშვიდეა.
მწუხარების ზღვაში
ქარიშხლიან ღამით
მარტომ რომ შესცურე,
გადაურჩი მაინც,
რადგან ღვთის საგზალი
მუდამ თან დაგქონდა:
გახსენდება ის ჟამი,
ძნელად გამოვლილი,
მაგრამ ახლა ისევ
სიწყნარეა ტკბილი.
თოლიებიც ფრენენ,
საღამოა და დრო
სასოებით მიდის.
* * *
გრძნობათ ქვეყნიდან
ხვდები გონებითს;
განცდით, წამებით, გაივლი გზას და
იქნებ ცოდვისთვის კვლავაც ისჯები.
მწარე დათმენას
ხომ სინანულის ცრემლები მოაქვს,
უფალმა უწყის შენდობის ღირსი.
* * *
წყვილთა ურთიერთობა –
ვაზის ნედლი ლერწები
სიხარულის ცრემლებით...
შემდგომ დროთა მანძილზე
დადრეკილნი ნაყოფით,
ქარვისფერი მტევნებით...
ამაოთა სიმძიმეს
ამგვარად მორეულნი.
* * *
უფალს დაცილებულნი
უსასოოდ შთენილან –
იქით-აქეთ ხეთქება,
და ძიება-წრიალი
არ აფიქრებთ. დაჰქრიან.
თუმც უფალი იფარავს
მათაც, მისგან განდგომილთ.
ვინც ეს შემდგომ შეიცნო,
ჩაწვდა იდუმალებას
მადლიერი გრძნობებით,
შიშმა მეტად შეიპყრო.
შვილნი საზრიანობით
თანდათან ბრწყინდებიან.
ცხოვრების არსს მიაგნეს,
უსაზღვროს, განუზომელს,
ჩატეულს სიკეთეში.
აწმყოსა და მომავალს
უმზერენ სასოებით.
* * *
ოდეს სათხოვარს უფალი შენსას
მიითვალებდა,
მას მტრული ძალა უკვე მზად მყოფი
ეკვეთებოდა.
სიყვარულის წილ გულგრილობა
გამოიჩინეს,
გულწრფელობისთვის თვალთმაქცობა
დაგწამეს ცილად.
ტანჯვა გამოვლილ სულს
სახეში ჰქონდა სიმშვიდე;
ოდეს გჯიჯგნიდნენ,
უფლის ხმა იყო უღალატო,
ნათელის მფენი.
* * *
ცხელი დღეები გააგრილა
ციურმა ცვარმა,
ახლაც წვრილად ცრის.
გულს შემოაწვა ჯანყი ღრუბლების,
დათმენით ცრემლის იღვრება ცვარი.
ნაპირზე ვდგავარ
ღელვა-გვემული,
ქარიშხალს აჰყვა
ტალღები ზღვისა.
ნუთუ ამაოდ ჩამიქრება
ძალა ნაბრძოლი,
გარეთ წვიმაა,
სულში სითბო,
გული გაიხსნა.
* * *
გულს შიგან ღელვა
თმენით დააცხრე
ღვთის გულისათვის
და შეეცადე
ნაყოფი მწარე
ტკბილად შეირგო.
მოგვმადლებს ღმერთი
შვებას, სიმშვიდეს.
* * *
მაშ დაუბრუნდი შენეულ ქვეყნებს,
შენი ბილიკი ხომ ნათელია,
შენ შენსავ თავში ეძიე მტერი,
ცდომათა შენთა დასდინე ცრემლი
და მოიძულე ყოველი ყალბი,
სიწმინდეს დიადს უსწორე თვალი.
მოდის მშვიდობა,
სული შენი ყუჩდება მაშინ,
უკიდეგანო სიჩუმეს ერწყმი,
ღვთის ხელში მყოფი შეწევნას ჰპოვებ.
ეს საუნჯეა, განძი ცხოველი,
ვინც მას მიაგნო, ნუღარც დაჰკარგოს.
უხილავია,
მაგრამ ხილულად ეძლევა მძებნელს.
* * *
როს დროს მიმავალს
არ ვხვდები თმენით,
ავყვები ამბოხს, მომიცავს შფოთი,
ძალი ამაო და ძალი მწუხრის,
მთლად უსარგებლო მწირის სულისათვის,
ნაცვლად კრძალვისა
და ნაცვლად ძლევის.
წყდება თანხმობა,
ხმატკბობა მთელი.
* * *
შეჭირვებისას სუნთქვა-სუფევა
დაგიმძიმდა და გადაგავიწყდა,
რომ შენ უფალი მფარველ ანგელოზს
მინდობილ შვილს არ მოგაშორებდა.
საკმევლის სურნელს –
მძაფრს, მაცოცხლებელს –
იწროებისას გრძნობდი, ყნოსავდი,
თუმცა სიავემ ტანჯვა გაგემა,
უნდა გეძლია, ნუთუ არ გესმა?
ისევ სიყვარულს მოიპოვებდე,
გასცემდე მუდამ, შენთვის შვებაა,
გაჰყევ ღვთის ნებას,
არ შფოთს, არ ღელვას – სიმშვიდეს ნეტარს.
* * *
შორს არს წუხილი, წარტაცვა სულის,
სხვაზე ჩივილი, ეს გზა მე უკვე გამოვიარე;
ბრალი საკუთარ თავში ეძიე
დაბრკოლებების.
წმინდა, დიადი შემოდის შენში
და სიძლიერე თავს გადრეკინებს...
ოქტომბრის წყნარი დღეები მიდის,
ჭრელი ფოთლები დაბლა ცვივიან,
ბუნებრიობა ამშვენებს ქუჩებს,
სულიც მას ეძებს ტაძრად მიმავალს,
ყოველ ხატს თვისი ცხოვრება აქვს და
იდუმალ სითბოს გულში ჩაგიღვრის,
შემოადნება ყინულებს პირი,
არ სახიერს რომ ჩაუყინია,
თვალთაგან ცრემლი ჩუმი წამოვა,
ეს მდინარება ლოცვებით მოდის,
მყუდრო გზა უკვე წინ გეფინება,
განმაახლებელ წყაროს სათავეს რომ მიაგენი,
მაშ დაეწაფე – უშრეტია წყარო იმედის.
მადლიერი მკითხველები, პრეზენტაციის შემდეგ
* * *
გაყრილან გზები,
რად არ ერთვიან ერთ გზას უცილოს,
თუ არ წამებით,
თუ არა ტანჯვით,
ცდომათა ძირებს
ვინ ამოძირკავს?!
და განწმენდილა განა ვინმე,
თუ უთმენლობა
ცხელი ცრემლებით არ ჩაუცხრია.
მერე კი ჩუმი ნაჟური მოდის
და იმ ნამიან მდელოზე გახვალ,
სადაც საკმევლის ტკბილი სურნელით
სულსაც მოითქვამ,
ასე ამგვარად, ამაოების
დიდ ლაბირინთებს გამოეცლები,
მაგრამ იცოდე, ღვიძილი არის სანდო დარაჯი
აქეთ ქცეული შენი მზერისა.
* * *
სიმძიმეთ ტვირთვა, არ ამხედრება,
თმენა მდუმარედ და გადატანა,
აი, ესაა საშველი ჩვენი.
* * *
იმ სინამდვილეს,
გაუსაძლისი რომ ხდება ყოფა,
თუ არა ღვთისა ძალმოსილება,
მას ვერვინ უძლებს,
იძლევი აქეთ.
მარტოდენ ლოცვით
შეგწევს უნარი,
რომ კვლავ დაბრუნდე
სიმშვიდის წიაღ,
რომ შეებრძოლო
უაზრო მბრძოლთა,
განზრახ ქმედითებს.
შორს უცხოობა,
და კვლავაც საზრდო
სულის ვეძიოთ,
წყაროს სიცოცხლის
ვესწრაფვოდეთ,
უშრეტს და უტკბესს,
მრავალთ და მრავალთ
დამაურწყებელს,
ვით ამა ქვეყნად
იმა ქვეყნადაც –
უკვდავებისა მაზიარებელს
იესოს ვნებათ
თანასალმობით.
* * *
მოგვაგებებენ რასაც კი ბოროტს,
საწუთროს მძიმედ ოდეს გვიქცევენ,
ჩამოაქცევენ ყოველს დაწყობილს,
რაიც სიმშვიდით ჩვენ ავაშენეთ;
მაინც ვვოცდებით და კვლავაც გვიკვირს,
ეს ყოველივე ახალ-ახალი.
ო, მოიკრიბე გონების ძალი,
სწორედ დიდ ტკივილს
არჩენს უფალი:
ის განგვაშორებს ავს, შემოღწეულს
და უარმყოფელს ყოველი მადლის.
არ მარტო სუნთქვას მიწიერ დროის,
მარადჟამიერს აჰყევ შენ, კეთილს.
* * *
სოფლის მეგობართა –
ჩვენს უარმყოფელთა,
მდევართ, მოქილიკეთ,
ცილისმწამებელთა,
ყოველი კუთხიდან
ბრძოლად განწყობილთა,
არ აქვთ მოსვენება.
გულს, გონებას და სულს
მთლიანად იპყრობენ,
როდესაც ვსუსტდებით.
ვუხმობთ მოქალაქეთ
ციურ საუფლოის,
უმალ გვეწევიან.
დრო თითქოს ერთდება.
საბრალოდ მოჩანან
მოიერიშენი,
დროის და ლხინების
ვითომ წარმტაცველნი.
* * *
ხან ახლობლობაშიც
ვერ ჰპოვებ ახლობელს,
ჩავცქერ გარინდებით
გულისწყვეტის დიდ ტბას –
არეკლილი ტყენი,
ჩუმი წვიმით სველნი,
არ მწყინდება მზერად,
ვერ განათლდა შუქით,
ვერ გაბრწყინდა ზეცა.
* * *
მან, უხილავმა სხივოსნობამ,
განჭოლა სული
და შემოადგა ნათელი ყოველს.
უწყვეტი ლტოლვით
ვინაც გაბრწყინდა,
მათკენ ვისწრაფვი,
მდუმარედ ვრჩები,
ლოცვას მივუთვლი
ჩვენთა მეოხთა,
მეც მათ სივრცეში
მსურს რომ მოვექცე.
შეცდომების წილ მაინც სასოქმნილს
ღვაწლი სულისთვის
მომნდომებია,
სარგებელს რამეს მსურს რომ ვიქმოდე.
ამ ქვეყნიური ამაოება,
დანახული წარმართის თვალით,
ზეცით ნათლდება –
სულ უბრალო საქმიანობით:
მყუდრო ფუსფუსით,
ზრუნვით, ამაგით...
სუფევს სიცოცხლე.
სისათუთე ამას ეგების,
მბრძოლს განგვაშორებს
უძიროდ დამთმენთ.
* * *
როგორც დროები წელიწადის
მონაცვლეობენ,
ჩვენი ცხოვრების დროებანიც
იცვლიან ფერთა.
დაუსაბამოს და უხილავის
გამოვლენაა ბუნების ძალი –
სიცოცხლის სიტკბო –
უტყვ სიხარულით რომ იღვენთება,
და აქ იშვება ადამიანი –
ქრისტეს გზის მძებნი –
თანაგანმცდელი მისი ვნებების.
ამ ცვალებადის მიღმა რომ გრძნობს
იმ მბრწყინავ ნათელს,
ღვთისავე მადლით.
* * *
შორს დარჩა სევდა
შემოდგომის სველი ფოთლების,
რაც უწინ ასე ძლიერ მიყვარდა
იმ სხვა უამრავ გრძნობებთან ერთად,
რომელთაც უნდა დიდად ვმადლობდე,
გზა რომ დამიგეს ტაძრისკენ მშვიდი.
და სიმარტოვის ჰაერით მზარდეს.
მერე გაირკვა
სისხლით და ხორცით,
რომ ყოველივე ბოძებულ არის
მხოლოდ ერთისგან,
რომ ამ უძირო სიწმინდისაგან
ძალზე შორსა ვართ, რომ ჩვენ ცრემლები
გულისწყვეტის თუღა გაგვწმენდენ,
თუმც ცხოვრებისგან უარს უარზე
ხშირად ვიღებდით.
* * *
უძრავი შენი ბრწყინვალება
ელის მყარ სულებს,
რათა სუფევდნენ მასთან ერთად იდუმალებით.
ეს გული კი წუხს,
მიყენებულ ტკივილებს ითმენს,
ოქროცურვილი შემოდგომის წვიმებით დნება,
შეწყალების მთხოველი დგება
კვლავადაც კრძალვით,
ნასროლ ქვებს ცოდვათ გამოსყიდვისთვის
ჩაითვლის ჩუმად,
დაიმყუდროვებს, ფრთებს ამოკეცავს.
მყარი სულები არ განბნევადნი
ერთვიან ნათელს.
* * *
საფრთხეა ყოვლგნით,
მაგრამ სიმღვრიეს
შენ მოერიდე,
ლოცვანი წართქვი.
სანაცვლოდ ღვთისგან
ნუგეშს მიიღებ,
სულის სიმშვიდე
უდიდესი საგანძურია.
* * *
რად უდრტვინველად
არ მიიღებ შენ ამ განსაცდელს,
რად ეურჩები, რად განდგები, რად არ დაითმენ,
რად ამ ღელვაში მიდის დრო-ჟამი,
რისთვის მიმოჰქრი?!
უნდა ამხედრდე უკეთურზე, უნდა გაირჯე,
ცხოვრების ტკივილთ პირი მოუკარ
და როცა იგი ერთ დიდ ტკივილად გარდაიქცევა,
ის სიყვარულით, ღვთის სიყვარულით
განიკურნება.
ითხოვ? მიიღებ,
სულს ამსუბუქებ,
სულს სიხარული
უყვარს, სჩვევია.
მძიმე სულს ზეცა ვერ მიიკარებს,
ზე ვერ აიტანს.
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი, ანა ახვლედიანი, ბესარიონ მენაბდე
* * *
სულს დიდი სიმძიმე
როს შემოაწვება,
წარმოთქვი ლოცვანი
კვლავაც გულმხურვალედ.
ღამის ნისლეული
ცრემლით ჩამოღვენთე,
ითხოვე უფლისგან
რიდით მოწყალება.
როცა სანთლის შუქი
ამაო ცხოვრების
იმ დასალიერზე
ჩვენს სულს ამყუდროვებს,
სად გულით ნალოცი
უფალს ესმინება,
ქრისტე მაცხოვარი
ჩვენ ცვარს მოგვაპკურებს:
ხალას თვალ-მარგალიტს –
სულის სიძვირფასეს –
ნაყოფს იმ ულეველს,
რაც სულს ასაზრდოებს.
* * *
ვრცელ უდაბნოში
ოაზისი წვიმებმა მორწყეს,
ცხელმა წვიმებმა.
ჰოი, ხრიოკი დამიშთობს თვალებს,
ცას ვეღარ ვხედავ,
რადგან ტირილმა ამომიშრო თვალის უპენი,
ნადენმა ცრემლმა სიმშვიდეს მწია,
ახარა თვისი მცენარენი,
სასოება ისევ დაბრუნდა,
რადგან საკუთარ თავში ვეძებდი
შეცდომათ წვდომას კვლავაც თავმდაბლად,
მოწყალება ჩემზე მოვიდა.
* * *
ოაზისი მარტო
ღვთისა ცვარით ქმნილა
და ჩემს თვალთა შუქი
შენით გასხივოსნდა
და მეც ვისმენ მხოლოდ
შენს ციურის სევდას.
* * *
ყოველს, ყველაფერს ჯანსაღს ებრძვიან,
და სულზე ზრუნვა არ მიაჩნიათ
მათ უმთავრესად;
ის, რაც წესია, მათ არ უწყიან.
სამაგიეროდ, თრგუნავენ მართალს,
სავალს უჭრიან;
გაწვალებული კაცი იმათგან
თმენით ნათლდება. ეს კი იმათთვის
უხილავია.
* * *
ვისაც შინაგან ელოდები მთელი არსებით,
დაუკავშირებ მთელ ცხოვრებას,
თითქმის შესწავლილს,
უკვე გიყვარს,
მასზე ზრუნავ.
დიდი იმედით, სულიერით,
უფალს შესცქერით.
სიმძიმეთა გადალახვით
გზას მიუყვებით.
მაგრამ ფხიზლად ვდგეთ,
რომ არ დავიქცეთ.
* * *
შენ ნუ აჰყვები
შენკენ გამიზნულ ავ მიმართებას,
მრავლის დათმენით მოპოვნილი
გზა მარადისის
სურთ რომ წაგგლიჯონ,
სცვალონ წარმავლად.
უგვანობის მოძალებას გამოეტაცე,
მისი წყვდიადი
კვლავ მოთმინების ჩუმი ნაჟურით
გამოინათე.
ზეცად არიან ჩვენს საშველად
ცხოველსმყოფელნი ძალნი, მზადმყოფნი,
სულს აგივსებენ სიხარულით,
შვებას და ნუგეშს არ მოგაკლებენ.
შენ სხვას ნუ ელი,
შენ შენი წილი სიხარული
ყოველს მიაგე.
ფერი იცვალა დღეებმა ცრემლით,
წამებამ თმენით გამოიდარა.
ღვთის შემწეობის
შეგრძნების დროა,
დროა მყუდროი
და სანუკვარი.
* * *
გავლილ დროებას შემოიკრებ,
ნექტარს ამოსწოვ
და მოაგროვებ ფიჭაში ტკბილ თაფლს.
* * *
საფლავების ქალაქში,
სადაც სულნი შეყრილან,
კვირტთა სკდომა იწყება,
ირგვლივ მიწის სუნია,
გაზაფხული მოსულა,
და საშინლად ლამაზი
სიმშვიდეა ჩვეული,
ეს სხვაგვარი ადგილი
ჩვენთვის ახლობელია,
მეტად არის ნაცნობი,
თუმც აქ იშვიათად ვართ.
დროა სულზე ვიფიქროთ, –
შესაყრელად უფალთან –
გვაბარია ეს საქმე,
სათნოებით ვიქმოდეთ.
* * *
ვინც ვიბადებით,
ერთიანად მოგვეფინება მადლი ღვთიური.
ზრდასრულ ვიქმნებით:
ვის დაუდგება გაზაფხული სულში მღვიძარი?
და ვინცა მშვიდად გაჰყვება ზაფხულს,
მივა ბოლომდე, პირნათელი და ვალმოხდილი,
მიდგება კართან კდემით და რიდით,
მოსვენებული იქნება მუდმივ.
* * *
განვლილან დრონი,
თვისი სახით ჩნდებიან ხშირად,
ხან კი ირცხვენენ სიწმინდეებთან.
* * *
ყველა შეცდომას,
ყველა ცოდვას,
თუნდაც გარედან გამოწვეულს,
შემეძლო სწრაფად ავრიდებოდი,
მაგრამ ავყევი,
ხან გავიოცე,
ხან განვიმსჭვალე,
ხანაც სიმცდარე ვერ დავიჯერე,
ანდა სიმართლედ მსურდა აღმექვა
და ამიტომაც ძალზე გავწამდი,
სხვადასხვა სახით.
* * *
შეეცადე გამოერიდო
ამ სოფლიერის ორომტრიალს, გაუთავებელს.
რომ იფხიზლო სიწმინდისათვის
და გზა სავალი, იწრო და ძნელი
თანდათანობით შეიმსუბუქო,
ნუ დაყოვნდები.
მადლისა ძაფი თუ გაილევა,
რომ არ გაგიწყდეს,
დაუდარაჯდი სიმშვიდისათვის,
რომ არ ჩავარდე სიმძიმილში – გაუსაძლისში,
იღვიძე, გესმის?
თანაკლასელები – მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი და რევაზ ლოლიშვილი
* * *
არც იმას ვითვლი, სიკეთის წილ რომ
მომეზღო სხვა რამ,
არც იმას, შიგნით მოპოვებულს რომ
ჩალისად სცნობენ.
მაინც ჩემშივე სჯობს მოვსინჯო
ცდომა, შეცდომა...
სინანულის ტბა ცრემლებით დგება,
ჩავცქერ მდუმარედ:
ამა ცხოვრების ტკბილი ნაყოფი,
თმენით მოსული,
რომ არ იგემო, ამას ფიქრობენ.
სულის ყვავილნი
მხოლოდ ნაწვიმარ ამინდს მოჰყვება.
ასე გრძელდება და გეუფლება
სუნთქვა მარადის.
* * *
სჯობს დაითმინო ტანჯვა ყოველი,
ღვთისგან სიშორე რომ არ შეიგრძნო,
რომ მისასვლელი გზა არ მოგეჭრას,
სად ეგულები შენ დიდ საგანძურს,
რისკენაც ილტვის კაცი მართალი
ამქვეყნიურთან ჭიდილის შემდგომ.
მის სიდიადეს ვერაფრით შევცვლით,
ყველა წრიალი ცრუა, ამაო.
მარადიული შუქისკენ სწრაფვას
როს შეგნიშნავენ წრფელი გზით მავალს,
ძლიერობს თვალი უარყოფითი,
უკვე აშკარად გებრძვის ყოველგან.
ამ ყოველივეს შეხვდი სიჩუმით,
უნდა ითმინო:
მერმე ამისა გეღვრება შუქი,
გეძლევა ძალა უკვე ულევი;
კვლავ მიაგნებენ,
როგორ წარგტაცონ მოპოვებული,
ამისთვის ძრწიან.
გაუძელ მასაც,
მაგრამ თუ სძლიე,
სიჩუმე იგი,
შიგან გულისგულ
დაგაწყებინებს საუბარს ღმერთთან.
შენ ამ საგანძურს ფუჭად გითვლიან,
რადგან ვერ ხედვენ,
გვმართებს სიმტკიცე;
ღვთისთვის წამებულთ
შემწეობა უნდა ევედრო,
განშორდე უნდა მათ, ვერაგებს,
იქნებ უსახურ ტანჯვას ავცილდეთ,
შეეძრათ გული, ხრიოკი განჰქრეს,
მიეცეთ იქნებ თვის უგვანობის
ხედვის უნარი, საშინელების,
ჩაცხრეს ბრძოლები და სიმშვიდეში
ლხენა შევიგრძნოთ.
* * *
როცა მრავალგზით
ვკარგავთ სიყვარულს,
სულდაშრეტილნი
შევეგებებით
კვლავ ციურ ნიავს,
რომ კვლავ სუფევდეს
სრულ ჰარმონია.
* * *
განუწყვეტელი ორომტრიალი
აწეწილ სულთა
შენ უნდა ზიდო
და ჩააწყნარო
მათგან ძახილი უარყოფითი
საკუთარ სულში.
ეს უნდა ჩაკლა
და განიწმინდო
ამ ექოსაგან.
მუდმივ სიმყარეს
კვლავაც მიმართე,
ღვთის კანონებით
რაც დადგენილა.
ო, რა საშიში გრძნობა არის
სიმშვიდის ქრობა საკუთარ თავში.
* * *
კაცთათვის ჩვეულ
მშვიდ ცხოვრებას
როს ვესწრაფვოდი,
მის წილ მებოძა
მძიმე წუხილი მომხდურთა გამო.
გეწადა ძლიერ, რაც ადრე სცანი,
მაგრამ გიქრობდნენ სწრაფადვე მალვით,
ნუ აგერევა ნურაფერში
გზა მოთმინების,
უწინ და ახლაც
სხვა გზა არ გელის.
* * *
წვიმს,
წვეთებს წვიმისას
თან მოჰყვება გახსენებები.
წვიმს და შიგნითაც იწყება წვიმა –
სულის ნაჟური.
წვიმს ტკბილი წვიმა,
წვეთავს ფანჯრებზე,
წვიმის ნაპირზე
გამორიყულებს
სასოება გვეწვევა დიდი.
* * *
როგორ მიხარის:
იმედის ქვეყნის
ძებნა არ მიჭირს.
ვძებნე ადრევე და განვემზადე
იქ შესასვლელად,
ამგვარ გავუძელ უტყვ სატანჯველს
ღვთის მეოხებით.
ბევრი წამებით შედის იქით;
მართლაც წამება მოსალოდნელი
უფრო დიდია.
ამ ნაცნობ ადგილს –
სასოების ტკბილ ნავსაყუდელს
ვეჩქარებოდეთ.
ტკივილთან ბრძოლით,
მის გადალახვით და მოთმინებით
ვპოვებთ რომელსაც.
* * *
იწრთობა იგი,
ვისაც ბრძოლაში
შემდგომი მბრძოლნი
აღარად უჩანს,
რადგან ეწევა ძალი კეთილი
მცირედთ, ო მცირედთ
ეცხადება ის სიდიადით.
* * *
ლოდინს ლოდები ჩამოჰყვება,
გზა იხერგება,
კალაპოტი თუ არ აჩვენე.
დიდი ლოდინი შეჰკრებს უამრავს;
დრო წარმავალთა მიედინება
უდარდელობით.
სულო დაყუჩდი,
ძალა უკვე ღვთით მოგეცემა,
შენ საბრძოლველად,
ღირსება თუკი მოიპოვე,
შეგეწევიან ციდან მეოხნი.
ელტვოდე ჩვეულ მყუდროებას,
შენთვის რომელიც ნაცნობია
და მშობლიური,
(ნუ სერავ დიდ ზღვებს)
შენში იყუჩე, სულო ჩამიდექ.
* * *
მოძალებულ ბოროტს
როგორ უძლოს გულმა.
ცრემლთა ნაკადები
მხურვალებით აქრობს
ცეცხლს მის ხრიოკისას,
ეს სხვა ნაკადია,
მასზე ხიდი გადის
ამ ქვეყნიდან იქით.
* * *
ცრემლის დადინება,
საგზლის სამზადისი
უკვდავების გზისთვის,
აქრობს უაზრობას;
კეთილს ის მოიყვანს
ბინად, სამკვიდრებლად.
* * *
ამაოების ხმელეთზე
ეკალ-ბარდებში, ძეძვნარში,
გზას ნაპირამდე მივიკვლევ,
ლოცვის მდინარეს მსურს გავყვე,
მისი ტალღები მაგრილებს,
ცრემლს სინანულის დამადენს,
დათმენით თმენას ვისწავლი,
შენს წიაღამდე მოვაღწევ,
უხილველად და უჩუმრად
სულში სიწყნარეს ვიუნჯებ.
* * *
და ის უჩინოც სხვა გრძნობით,
გულისხმით, ხილულ იქნება,
რომ არ მოგაკლდეს სინედლე –
მარადის საზრდო სულისა.
* * *
ლოცვით ნაგები საფეხურები –
ქულა ღრუბლები –
გადასახედი –
ნათელის ქვეყნის
(მყუდროს, ნეტარის).
ცოდვის ნისლების
ქრობა, მილევა.
ო საზარელი
გახსენებები,
მაგრამ დაცვა
უფლისმიერი.
ღვთის მადლის გრძნობა
ყოველს შეშვენის
დიდ სიხარულით.
* * *
გზა ლოცვის, შენკენ მოლტოლვის,
შენითვე ის ჩასახული,
ქვეყანას დაშორებული
და ქვეყანაზე ფენილი;
გზა ზენაართა საუფლოს
ბრწყინვალის მრავლის მხილველის;
გზა ვისი შევა ნეტავ იქ,
იქნება ღირსი ნეტა ვინ.
წინაშე წმიდის წარსდგება,
ვინ დაიუნჯებს ამიერს
ნათელსა იმა ქვეყნისთვის.
საუბარი საჭირბოროტო საკითხზე
* * *
გვამი სულით არს შექმნილი
და გვმართებს ლოცვა სიწმინდით,
რომ გაილიოს ცოდვები,
ჟამი ყოველი სარგებლით
მივიღოთ ფხიზლად, ეგების.
* * *
გაზაფხულის სიხარული
ისადგურებს შუქით სულში,
და მღვიძარ კაცს სითბო მისი
მიახვედრებს წარმავლობას,
განახლდება კვლავ ფიქრები
წამოდგომის, განმტკიცების.
* * *
შორს ხარ უფალო,
შენამდე ძნელი არს მოსასვლელი.
დაახლოებას ვინც შენთან იწყებს,
მრავალი მბრძოლი გზად ეღობება,
მაგრამ ეწევი მას უხილავად.
* * *
ღვთის მიერ ქმნილა ყოველი,
ხატად და მსგავსად მისად,
რომ შეუერთდეს ღირსებით
იმ ნაზიარებ სულთა,
უკვდავებას და სიწმინდეს
სიმშვიდით მოცულ დასთა,
მარადი შუქით ფენილთა,
ჩვენთა მეოხთა აქაც.
ნეტარებს ვინაც გაიგო,
თუკი ქრისტეს გზას გავალს.
მისიანობა გვერჩიოს,
წინაპარნი გვყავს მცველად.
გულს არანაირ არ ძალუძს
მათგან სიშორის განცდა.
* * *
ნუ ისრუტავ უკეთურ ძალთა,
უეცრად მომხდურთ,
მზად შეეგებე, ლოცვა დაუგე,
რომელს ყოველთვის ესწრაფვოდე
სიფხიზლით, ნდობით,
და გამოსტაცე იგი არარას.
დაბრუნდი მშვიდი მშვენიერებით,
რომელიც მუდამ შვენის თავდახრილს.
* * *
სული პატრონობს
თავის ჭურჭელს.
სული და ხორცი ერთურთია.
სული წარმართავს მის მოქმედებას,
სული უკვდავი.
როს ეძალება
ბოროტის განცდა,
ნუ დაიძლევა უკეთურისგან.
ბრძოლა გრძელდება,
სიტყვებს ამოჰყავთ
სული ზემსწრაფი,
ის ფრთებით მიჰყავთ.
ფრთოსნის კამარას ჰგავს სიტყვები –
სიმშვიდის წყაროს,
დაუწყვეტელს.
* * *
საღამოს ჟამი...
გარედან მოსულ შემოსეულ მტერს
ბრძოლა ეგების.
ჩაცხრება მერე,
მერე შენდობით
დრო გაგრძელდება.
მზე ჩემს ოთახში
დღის ბოლო სხივებს შემოაშუქებს,
თვალს გაუხარდა,
მომაწვა ფიქრი,
ხედავს ამაოს, როგორ იბრძვის
მართლაც ამაოდ.
* * *
უარყოფა მათგან ნუ გძლევს, აიტანე.
კვლავ დადრიკე თავი, წვიმით განიწმინდე,
შენი წვიმით ისევ, რომ უფალთან გქონდეს
მისასვლელი წმინდად. შეჭირვბის ჟამს ხომ
ახლოს არის იგი, უფრო ახლოს ვიდრე
ჩვეულებრივ არის, გრძნობ მის მფარველობას
დგახარ კდემით, რიდით.
* * *
განგების ნებით,
როს სიხარული
დიდი გვეწევა,
გულში ბრწყინდება ის სასოებად:
რადგან სამყარო აწ უკვე მყარი
და ვერ შეძრული, აღარც უფერო,
თვალს ახელს მაშინ
და უსასრულო ფერთა ნაკადებს
ზეცით გადმოღვრის.
ქარიშხლის შემდეგ ის გადაღლილ გულს
სრულ გამოიხსნის
და აქ ყოველი ამეტყველდება
თავისი ენით, ვეყურადები,
და ვმშვიდდები სმენად ქცეული.
* * *
ამაო ძალთა განქიქებას
მიაქვს დრო დიდი,
რომელსაც ვეღარ დაიბრუნებ,
ცხოვრებას განვლილს.
ტკივილს დათმენა უფრო შვენის,
ვიდრე განჩხრეკა.
უღვთო ეგების
გონზე მოეგოს,
სცნოს მან უფალი.
* * *
განსაცდელს როცა გამოივლი,
სხვა ფერებიდან ხედავ ქვეყანას:
სხვაგვარი ხმა აქვს ჩიტების ჭიკჭიკს,
სხვაფერად ჰყვავის ყვავილი ყველა,
ქარიც სხვაგვარად გესაუბრება,
ცხოვრება ცოდვა-მადლის აწონვით
განიზომება, შენც მიტევების
მრავალი სახე გაქვს გასავლელი.
* * *
მეგობარს ეძებ ყველგან,
მტერი კი უფრო გხვდება,
სიმყარისათვის ძალა
გჭირდება უფრო მეტად.
* * *
გსურდა ცხოვრება,
არ მარტო გსურდა,
გიყვარდა, ვითარც
გაზაფხულობით
დამსკდარ კვირტების
ნაყოფად ქცევა,
მერე დახუნძვლა
ღვთიური მადლით.
ამქვეყნიურის განახლებისთვის
გსურდა ყოველი,
მაგრამ ელოდე
განგებას ღვთისას:
მას ნუ გადახვალ.
* * *
მივხვდი რას ნიშნავს
ჩუმი ცრემლები –
ეს მდინარეა,
გადამრჩენელი მდინარებაა,
ზღვას რომ ერთვება
გულმხურვალებით.
* * *
მოვწყდები ქაოსს და
უფალზე მინდობით,
დუმილით, უტყვობით
ხატებთან წარვდგები,
იქითკენ მივილტვი
და მომაქვს ნუგეში
უქრობი კავშირით,
მსუბუქი ტვირთებით.
* * *
ერთ სამკვიდროში
ყოველი კაცის
უფლისკენ სწრაფვა,
მათი ერთობა,
უფლით სუფევა.
საქმეთა მათთა
ღვთის სადიდებლად
ქმნა, აღსრულება.
ამ ცხოველმყოფელ
ტაძარს ურყეველს,
უმტკიცესს, წმინდას
უფალი იცავს.
* * *
ღვთისკენ პირის ქცევით,
იძლევიან მტერნი,
ავნი, დამთრგუნველნი,
ამა ქვეყნისანი.
თმენით დავფუძნდებით.
დავიღალე რადგან
ქარით, ღელვით, გვემით,
ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით,
მოვალთ თანხმობაში.
ლოდი ლოდზე დადე
დიდი ლოდინისთვის:
სულში ბუნებითი
განათებულია.
რომ ავშენდეთ მყარად,
რომ სუფევდეს იგი
ჩვენშიც, ლხენით, შვებით
თვის მშვენიერებით.
* * *
ჩვენ ერთ ხიდად ვართ,
დიდ წინაპართა ღვაწლით მოსულნი,
ჩვენც უნდა შევძლოთ
მათ გადავცეთ, ჩვენ მომავალთა
სული და ხორცი
უფლისმიერი,
რადგან ყოველი დარჩენილი
მადლის გარეშე არის შთენილი და დაკარგული.
* * *
დღე არის დიდი,
ღრუბლიანის გამონათება – დიდი ნათებით –
წარსული აწცა ცხოველქმნილი
და სასოება მომავლისადმი.
უფლის განგებით
წარტაცულ არის
ბნელი, უჩინო, არ სახიერი.
რჩება მხოლოდღა ბნელთან მებრძოლი
მკვიდრი ამ ქვეყნის,
რომელს ნათელი მარადიული
ბრძოლის წიაღ აქვს მოპოვებული.
ზეცისკენ მხედი
ამა ქვეყნის ვალს აღასრულებს.
* * *
აღევლინება ლოცვა უჩუმრად
მოიხილება ქმედი ნათელი,
გვწადს, ყოველს ერგოს
ესე სიწმინდე – მიუწვდომელი.
თუ არ მდაბლობით,
თავგანწირვით მოყვასისათვის,
დრო-ჟამის ცნობით,
უცხო იქნება დაბრუნება
ისევ ბუდეში, სად დავფრთიანდით,
რომ დასთა დასში უკუნისამდე
დავიმკვიდრებდეთ ადგილს მარადის.
* * *
წვიმს,
სველია დაბლა ჭრელი ფოთლები,
მზე მათში მდუმარ რომ ჩაწურულა.
წვიმს...
შიშვლდებიან ხეთა რიგები,
შეიცვლებიან, დროს იძარცვიან,
წვიმს...
გულის მიდამოს ცრემლი ასველებს
სიწმინდისაკენ რომ იმზირება,
დრო გარდასულა ღვთის უგრძნობლობით
არცოდნით თუნდაც.
წვიმს...
სველი მიწის სურნელი მოდის,
მიწას წვიმები ასაზრდოებს,
გულს – სინანული.
ისინი მხოლოდ
წვიმით ცოცხლობენ, ზეცით მოსულით,
ღვთისა წიაღში ნაწვიმარი გაიცისკროვნებს,
შეერთვის მდუმარს და ინეტარებს.
* * *
ურთიერთით ვართ აგებულნი,
ერთურთით ვხარობთ.
ამ სიყვარულის
დამანგრეველი უკუძალები
ვერ ჩერდებიან მარადიულში.
წუთისოფელში,
წუთის ყოფაში,
თუმცა მძლავრობენ.
* * *
ლოცვით შენს წიაღ
იმედსა ვპოვებთ
და ვმოქმედებთ შენის წყალობით,
გზას შენსას ვხვდებით:
შენი დათმენა, გულში ჩამწვდომი,
ჩვენც ჭირთა თმენას შეგვაზიარებს.
ეს თავმდაბლობა გვძენს ჩვენ ღირსებას
გულისგულ მშვიდად, სხვა ყოველივე:
დაკარგულია,
უღვთო ცხოვრება სინათლისაგან წარტაცულია.
* * *
იგრძენ სიმყარე – მოიპოვე იმედი ღვთისა,
რომელს ვერასდროს განეშორები;
უწყოდე, მრავალს ენდომება
შენი შერყევა,
მაგრამ ვინც გემო უკვდავებისა
უკვე იხმია,
მან გაფრთხილებაც უნდა შესძლოს,
მასზე ზრუნვა და მისი მოვლა უნდა იცოდეს,
რათა ღირს ვიქმნათ უფალთან ყოფნის.
* * *
ღამეულ ნისლებს გაუთენე,
რადგან წილად გხვდა
შენ მძიმე ხვედრი.
სახე ცისკარი სხვას მიაგებე,
შესძელ შენდობა და პატიება,
მოწყალე იქმენ.
როს ნისლებს გაჰყრი და სინანულის
ცრემლით მოირწყვის შენივე მიწა,
აყვავილდება ფერად-ფერადად,
და ვის სჭირდება, ყველას აჩუქე
ეს თაიგული შენ უშურველად.
* * *
წამოიშალა ყველა ტკივილი,
ბოროტისაგან მიყენებული,
გადაიშალა უმეცრებანი –
გამოსასყიდი სინანულის გზით.
ახლა შენდობის სწავლა ეგების.
სუფთა ჰაერი, თბილი მიწა, მყუდრო ბუნება –
უფლისა მადლით არის აღვსილი
ლოცვის წიაღით მობრუნებულს
გარემოც ჩუმად მესალბუნება,
ჰა, შეუდექი შენ წილ საქმეებს
სულ სხვაგვარ, მადლით, დროის ავსებით.
* * *
შეუსწავლელი ცხოვრება, მწუხრი,
განშორებით თუმც ამაოსაგან,
სანანებელი არის ყოველთვის,
მას შემდეგ ოდეს ჩაწვდები უფალს.
ბიწით ცხოვრება საშიშად მოჩანს
და გიმძაფრდება გრძნობა სიწმინდის –
სურნელმფრქვეველი უცვალებელად.
* * *
ლოცვა-ვედრებით მოწეულ დროით
პური არსობის ტკბილდება რარიგ,
გწადს, რომ იგემო მადლიერებით,
ირგოს ყოველმაც, მიიღოს კრძალვით.
* * *
თუ არ სიწმინდით,
თმენით, სიმშვიდით
და სიხარულით უფლისმიერით,
ვინ მოერია სოფლის სიავეს,
ცხოვრება არის გაუტანელი,
ვალმოსახდელი და გასასვლელი.
ჩვენ დანერგულთა უფლისა ძალით
უნდა ვიცხოვროთ კვლავ უფლისათვის.
* * *
წამოიშლება მრავალი ჭირი გარეთ თუ შიგნით,
და ერთიანად მოგეძალება.
ჯვრით აღიმართე და შეუდექი
გზას მოთმინებით.
გონების თვალი გულს ჩასცქერის,
იქ საყრდენია,
რომ მყუდროდ ვიქმნეთ,
რომ სასოება გვქონდეს მარადის.
* * *
სიტყვა რომ ჩნდება,
ცოცხლობს იგი,
ვაი მას, ვინაც
ვერ მოიხელთებს
სიწმინდით, კრძალვით
მის ნამდვილობას.
წინათქმა
“ისევ შენამდე” – ასეთი სახელდება აქვს ამ ლექსების წიგნს, რომლის ავტორიც გახლავთ მარიამ ქსოვრელი.
როგორც კამკამა მდინარეში შედიხარ და თევზების ჭერას იწყებ ქვების ქვეშ – ასეთი შეგრძნება გრჩება ამ წიგნის კითხვისას – მიჰყვები ლექსთა ჩუმ მდინარეს და ვეღარ გამოდიხარ...
* * *
ქრისტეს მოწაფენიც მეთევზენი იყვნენ, რომელთაც “თევზნიც” გამოჰყავდათ წყალთა წიაღიდან: სხვა კაცობრიულ საიდუმლოსთან ერთად. და, სწორედ ისინი იქცნენ ქრისტეს მცნებათ შემთვისებლად და პირველ მაცნედ...
შვიდი კარი აქვს ამ წიგნს, შვიდ სანთელს უნთებს უფალს მარიამ ქსოვრელი. ყველა კარი უფლისკენ იხსნება: “უფლისადმი”, “ჩვენი მეოხნი”, “მშობლიური”, “ლოცვა”, “ჭიდილი”, “დაკვირვებანი”, – (“შეგონებანი”, “სურათები”...)
* * *
მშობლების სიყვარულიც უფლის სიყვარულის ნაწილია; მარიამის სიტყვას ლექსად გადათქმულს – იმედისკენ, სათნოებისკენ, სიკეთისკენ მივყავართ... იგი მუდამ წინაპრებისკენ არის გადახრილი:
ძველ თაობებში გვიდგას ჩვენ სული,
და ეს სიცოცხლე – ეს ნაბოძვარი –
უნდა დავიცვათ, გადავცეთ შვილთა!..
მართლაც არ არის ადვილი “სიცოცხლის მოვლა” და “მოფრთხილება” – სამზეოზე მოსულთა მისიის შეცნობა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა! სწორედ ეს “გადაცემა” არის სიცოცხლის არსი და უწყვეტი პროცესი:
ეს ჩუმად მეტყველ უფლის წიაღში
დავანებულთა კრთომაა თბილი...
ბუნებრივად მიწად ქცეულნი –
სულნი წარსულნი –
აწ უმოქმედოდ – ძველი ქმედებით წარმოსახულნი...
- - - - - - - - -
თანდათან ვხვდები –
წინაპართა სათუთი ლოცვით –
ჩვენ აქ მოვსულვართ...
უფალია შემწე და დამძლევი ჩვენი უმწეობის. უფლის წიაღში დაბრუნების მუდმივი ნეტარება გასდევს ამ “ლექსთა ხომლს”, ჯგუფად რომ კრთიან და “ბინდ-ბუნდობენ” მრუმე სივრცეში.
ეს ყველაფერი ჩვენ ყველამ ვიცით:
ძნელი არის გადასვლა იქით...
ჭირისუფალი ახლოს გრძნობს უფალს –
მით ითმენს ტკივილს...
წამსვლელთა და დამრჩენთა “ელეგიები”, გაზაფხული უფლის შემწეობის ნუგეშით გაფოთლილი...
განფენილია უფლის ქვეყანა
სამყარო მთელი...
ვიღაცა მიდის სამუდამოდ, რჩებიან შვილნი...
“შვილთა დარჩენის” – ეს მარადიული განცდა შველის სიცოცხლეს. და მარიამის ლექსებს არც ფილოსოფიური, არც მეტაფიზიკური ჭვრეტა აკლია. მის პოეზიას გასდევს მსუბუქი ნაღველი, როგორც მზიან ველზე ჩამდგარ ჩრდილებს.
დიდი ხანია რომ წესად მექცა
მარხვა, დათმენა და ლოცვა გულით...
მარიამი მართლაც ასეთია: იგი ითმენს და ლოცულობს, ლოცვით და დათმენით შემოდის ჩვენში, მისი თბილი, კეთილი სურვილები: გვეფერება მისი სულის ჰაეროვანი ნიმბი: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი “ცრემლიანი წყალი” “ალტობს “მიწას გადაფოთლილს”, არც სნება და ავადობაა მცირედ ადამიანთა მიწიერ სახლში: მაინც:
კვლავ უფლის ქებად
და სიხარულის გამოვლენად გვიჩვენე თავი...
- - - - - - -
სხეულში შეჭრილ ავადობას ებრძოდი მედგრად
მრავალი ვნება გადაიტანე,
გამოხველ თმენით!..
ასეთია მარიამის შინაგანი “მე”. განსაცდელ დაძლეული და ადამიანურ ვნებათა ჭრილში თმენით ჩამდგარი... საკუთარი სიტყვით და ლექსით გაძლიერებული.
* * *
ახლა კვლავ პირველსავე სიტყვას მოვალ და თავში სათქმელს ბოლოში ვიტყვი: მარიამ ქსოვრელის სამშობლო კავთის ხევია: დიდებული ისტორიული ხეობა: “შედედებული და ჩამთბარი” წინაპართა სამარხებსა და ციხე-გორებს შორის; ჯერ აკვირტული და მერე ჩამწიფებული ხილის ბაღებით: არეკლილი კავთის ხევის მოლივლივე მდინარე კავთურაში. აქ ძველი სახლები და სამაროვნები ისტორიის სუნთქვას გაგრძნობინებენ: და გეუფლება სამშობლოს მისტიური განცდა!..
როცა მარიამ ქსოვრელის ლექსები წავიკითხე, მაშინვე შატბერაშვილის “თვალადური ჭაშნიკი” გამახსენდა: ქართლური ენა, მისი სინატიფე, ბუნებრიობა და ხატოვანება, უბრალოება, მაგრამ სიმდიდრე: მარიამი სწორედ ამ ენაზე წერს: მას წინაპართა სულის და ლოცვის ნათელი ადგას: მარიამი შესანიშნავი მთარგმნელია: როცა მის მიერ თარგმნილი ანგელუს სილეზილი და ჰოლდერლინი წავიკითხე: მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს თარგმანი შესრულებული იყო პოეტის მიერ! და კიდევ: მას სრულიად განსხვავებული სტილი ჰქონდა: რაღაც უცნაურად ბუნებრივი სინტაქსი და სიტყვათა შერწყმის მანერა – ისეთი უბრალო – ბალახი რომ ამოდის... ეს მაშინ კიდევაც აღვნიშნე...
აი, ახლა, როცა მისი პოეზიის წიგნი მიდევს წინ, გამახსენდა ის თარგმანი: პოეტის მიერ შესრულებული: და ისევ “თვალადური ჭაშნიკით” – შემკული მისი პოეზია. მისი ეს ლექსები განათლებული, მლოცველი ადამიანის დაწერილია! – თითქოს შუა საუკუნეთა საგალობლებიდან მოწევნული, ძველიდან მოსული. იგი სრულიად განირჩევა თანამედროვე ქალთა პოეზიისაგან: მათ აქვს თავისუფალი ლექსის ბუნებაც და რითმული და რიტმული დინამიკაც.
თავისი სისუფთავით: მარიამის ლექსები თითქოს ბავშვის ნახატებია: მზეები, ენძელები... სახლები: ბოლი რომ ადის ლურჯად და სარკმელში მთვარე რომ იხედება...
მარიამ ქსოვრელის ლექსების წიგნი ერთიანი და მთლიანია: ხატის ხბოებს რომ გაუშვებენ მინდორში და ნაღვლიანი თვალებით შემოგყურებენ: ასე იხედებიან ისინი ერთად და ცალ-ცალკე... და გამშვიდებენ: შინაგანი “მოგურგურე” ემოციით...
ბევრი რამეა საგულისხმო ამ ლექსებში: ზნეობა, სული, სამშობლო, მშობლები... მასზე ფიქრი და განცდა: მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით საგულისხმოა მოკრძალებული, თავმდაბალი ქალის სახე: რომელიც იხედება მისი ლექსების სარკმლიდან! – (მით უფრო ამ გენდერული პარანოიდული ეიფორიის ფონზე:)
ბარაქალა შენ, ჩემო ძვირფასო ნიჭიერო ქალბატონო!
კობა არაბული
პოეტი
ესსეისტი, კინოდრამატურგი,
ეთნოკულტურათა მკვლევარი
დაკვირვებანი
შეგონებანი
სურათები...
* * *
როს სული შენი სათნოებათ ღვთისას ეძიებს,
ჩამოიშორებ მაშინ ყველაფერს,
არ მისთა მსგავსთა,
ძნელად მისაღწევს ესათუთები.
გზას შეუდგები,
მაგრამ როდესაც მას აღასრულებ,
სიმძიმე ჩნდება და არ ხანდახან
ამაო ვნებათ შენც ეწირები.
* * *
როცა ბოროტი კეთილს შესცინის,
ვით სათნო სული,
კაცს იპყრობს ხედვა მოძველებული
ორივე მხრისა, –
ყოვლგნით ცნობილის – მართლის და ცრუის,
აძრწუნებს ალბათ უსახურის «სახიერება».
საწყისი არის გულის გული,
წრფელი, უბიწო.
ვინაც საუნჯეს ასეთს არა ფლობს,
საკვირველ საქმეთ ღვთისას ვერ სწვდება.
* * *
ცისა საუფლოს,
ზეციურ ძალებს
მდუმარედ შორს ვჭვრეტთ.
ხან უხილავად ქმედითებს ვხედავთ
გაჭირვების ჟამს, ანდა უბრალოდ,
მყუდროებისას,
როცა ნეტარად სულში ჩადგება
სიმშვიდის სითბო, –
როცა შვებას ვგრძნობთ.
* * *
რა მალე გავლევთ ჩვენც ამ დღეებს
ღვთისთვის წამიერს,
ვით ვეახლებით მართალ მსაჯულს,
სახეს ვუჩვენებთ;
ჰო, რა საძნელო საქმე გვაწევს
ტვირთი მსუბუქი,
უფალო, შენით.
* * *
მაგონდება მე სევდა, შეუცნობლის ძახილი:
ოდეს ხეთა ნაფიქრალს
სოფლად წყნარად აწვიმდა,
ჩემი სახლის ფანჯრიდან
გული ჩუმად დნებოდა,
წვეთ-წვეთობით სინათლე
ნელა, ნელა კრთებოდა,
მდუმარებით ნანახმა
გზა სავალი აჩვენა,
ეს გზა უცილობელი
ყველას გასავლელია,
აზრიანი გავლა კი,
წინაპართა წინაშე
ჩვენზე დაკისრებული,
ჩვენი დიდი ვალია.
* * *
ჩამოიბურა,
წყნარად ჩამოწვა ნისლები ზამთრის,
გადაეფინა საბურველი ქვეყანას ირგვლივ,
სადაც ცხოვრება მიედინება
უბრალოდ, მშვიდად, არ მანქანებით,
(მათ უგვანთ დარდი უაზროდ უჩანთ
და ნისლეული ვერ სახილველი).
ცრემლის ნაკადებს გაჰყვა სიმწარე
და განსაცდელი, უცხო და უტკბო
შერჩა სიზმარეთს.
ქვეყანას ურყევს ფეხი დავადგი,
აღარ ვტორტმანებ,
დაგიცავს თავად, ოღონდ გახსოვდეს.
* * *
ფიქრის ხეივნები,
თავდახრილები,
ციური ფერების
გაამინდებით,
ავად ქმნილ წარსულს
ერთიან შლიან,
იცვარვის გზები.
* * *
მწვანე ნერგები –
სვეტებივით ზე მიილტვიან,
ციურ ნათელში დასამკვიდრებლად.
მბრწყინავი ჩრდილნიც
უფრო ნათობენ.
* * *
სხეულში შეჭრილ ავადობას
ებრძოდი მედგრად,
მრავალი ვნება გადაიტანე
გამოხველ თმენით.
კვლავ უფლის ქებად
და სიხარულის გამოვლენად
გვიჩვენე თავი,
ქრისტესმიერი გქონდა იერი
იცვალე ფერი.
* * *
სიმარტოვის დღეთა
ფოთოლცვენას ვუმზერ:
დრონი, განსაცდელნი
მოდის ათასფერი...
ირეკლება გულში,
სურათ-ხატად ჩნდება,
მიაქვს მდინარებას,
ეთვისება სული
გზას არ სიმარტოვის,
გზას ერთობით შენსკენ.
მიწას გადაფოთლილს
ცრემლიანი წყალი
ალტობს და ასველებს.
* * *
ავი ქარი აფრთხობს ფრთოსნებს,
მყუდროებას ურღვევს.
ქარის ტალღებს ფრთებით აჰყვნენ,
ბუდე მყუდრო ძებნეს...
გაშლილ ხეთა სიმწვანეში
თუმც ხარობდნენ ძლიერ.
* * *
სიმშვიდის სიტკბო
იგემო იქნებ.
რაც რამ მოგეგო,
უფალს ჰმადლობდე.
ვგრძნობ, ძალი მეწევა
კვლავ აღორძინების.
* * *
უფალს დაენდე,
ქრისტემ აღმდგარმა თვის ბრწყინვალებით
დაფარა სრულად
იმერ-ამერი,
ზეობს ის ყოვლგნით,
ზეცის საუფლო გაიხსნა შვებით
ყველა სულისთვის, ქედმოხრილისთვის,
იხმიე წყარო უკვდავებისა.
გამაგრდი, სძლიე. შენ ხომ სურვილი გადარჩენის
არ დაგკარგვია...
ოღონდ ხსნა ისევ მისგან ინდომე,
ისევ მხსნელისგან,
ის ყველაფერზე და ყველაზე აღმატებულა,
მარად მბრწყინავი,
ჩვენთა მომთმენი,
გულთა მცოდნე.
გაუძელ ტკივილს.
უბრალოებას ნუ მოიშორებ;
მოვა სიმშვიდით, მოვა სიმართლით,
ოღონდ შენ გსურდეს.
პრეზენტაციაზე შეკრებილი საზოგადოება
* * *
სული მებრძოლი
ზვირთებს ეხლება,
ზღვიური მისი ჩაწყნარდება
უგვანობის გამეფებაში;
მართლის დაცვის ჟამი მოვიდა.
კუნძულზე ხვდება
ოაზისი სიმარტოვისა,
ღვთის ცვარით ცოცხლობს.
* * *
გულისწყვეტის თვლები
ზეცის თვლებად იქცა,
არ უბრალო ქვებით,
ფერად-ფერადებით,
მოთმინების ქვებით
სიმარტოვის მხარე
სასოებად იქცა;
ლოცვა სინანულის –
ნიადაგი მყარი –
უფლის მოსაწონი
არის დასაყრდენი.
თავმდაბლობით მდგომი
მოლოდინით სავსე
მოწყალების მნდომი
დიდ სიწმინდეს უმზერს.
* * *
ურთიერთლტოლვა
ვისთვის ბიწი,
ვისთვის სიწმინდე...
ზეცა მსწრაფია,
სტოვებ მიწიერს –
თუმც მიწაზეა სხეული შენი სამკვიდრებელად,
სულით შექმნილა ყოველივე,
კეთილად ქმნილა.
კაცის ვალია იგი შეიცნოს,
სულის სიმაღლე მუდამ თან ახლავს.
* * *
გარეთ ღამდება.
სინათლის შუქი ინთება სახლში,
რა მყუდრო არის სიხარულით აღვსილი სული.
* * *
ახლად აყრილი რტოები,
გზას ნაზ სურნელსა ჰფენს,
და სულშიც სიტკბო შემოდის
ოდეს ხარ მღვიძარე.
* * *
გვიანი შემოდგომა,
მწუხრის ნისლეული,
ნაყოფი გულისწყვეტის
უკვე დაკრეფილი.
ამა ქვეყნად ნაგემებს,
სიტკბოებას ამაოს,
თავისი მანქანებით
სურს, რომ კაცი ატაროს.
ოჰ, შორს ჩვენგან ასეთი
გზას ამცდარი განცდა,
ნამდვილ, მართალ სიცოცხლეს
მგრძნობი ვეღარ დათმობს.
* * *
მტრის ბუნებაა სხვისი დაპყრობა
და გაწამება.
კეთილს წაართვას მოსვენება
და წარიტაცოს.
ამ ქვეყნიური საზომით მზომი საბრალო არის,
მან ხომ არ უწყის, მისგან გატანჯულს
მსხვერპლი მიაქვს სწორედ უფალთან.
ის სხვა გზით მიდის,
ამიტომ უკვირს: რად არ ეცემა,
ვინაც ძლიერად უკავშირდება
უფლის ცხოვრებას,
ის მტრის წინაშე ვერ დამარცხდება.
* * *
ღელვა,
ქარტეხილი,
მტრისგან შემომტევი,
უნდა გადიყარო,
უნდა გადიკარო
და გამოიდარო
და სვლა განაგრძო
ჩვეული კდემით.
* * *
აგვისტოს მზეა,
საღამოს მზე,
უბერავს ქარი.
სოფლად მას ვუსმენ:
ქარს აქვს მუსიკა
თავისებური და
სიკაშკაშე:
მახსოვს ქარები
მიტაცებდა და მიყოლებდა,
ახლა ქარს მოაქვს
დაფარული განცდა ბავშვობის.
ამოტივტივდა ნაცნობ სახეთა
რიგი ნელ-ნელა:
ვეღარ ვცნობ სახეს, ჩემს აწინდელს,
წარსულს გადაველ,
როს გამოვფხიზლდი,
მივხვდი: დრო რომ შლის ყოველივეს;
ქარნი დგებიან,
მხოლოდ ერთია საძიებელი,
ეს არს სიწმინდე,
ცრემლის დინებით, ჩუმი დინებით
მოსაპოვნელი.
* * *
თეთრი ქულა ღრუბლები
გულთან მოიჩქარიან,
სითბო ყველას აშუქებს
და ცრემლებად დნებიან.
* * *
სულის მოთქმა ხარ შეჭირვებისას
სიტყვათ ნიავო,
გამოსაცურად, ფონს გასასვლელად
და სვლის განგრძობად
უცილობელ ხარ, რომ შევისვენო,
გავხედო განვლილს
დამბადებელო, ნათლისაო
მოდიხარ სიღრმით.
ვისაც სიმძიმის შემსუბუქება
შენი გზით სურის,
მიხვდება განცდილს.
* * *
მით უფრო მეტად ხედავ
ღვთის მადლს, წყალობას მისას,
რომ არ დაგიშრეს,
გსურს, რომ კვლავ კრძალვით
ეზიარო წმიდათა-წმიდას, –
უმეტესად აღმატებულს –
ამ ერთს სანატრელს.
ქვეყნად ვერაფერს ვერ შეადრი
მის სილამაზეს და მის მშვენებას,
მასთან საუბარს მდუმარებით.
განვისწავლებით: ჯერ სინანული,
შემდგომ შენდობა
და მოტევება სხვათა და სხვათა...
თანდათანობით გვებოძება
ეს ყველაფერი.
* * *
ახლა მწუხრია,
მუქდება ზეცა,
ბინდი მოიწევს,
გრილდება ოდნავ.
მარტოდ ვარ სოფლად
მამის ძველ სახლში,
ვიცხრობ ტკივილებს
და სინანულში
ერთი გზა მოჩანს,
უფლისკენ მსწრაფი.
* * *
მცირედ მორწმუნევ, დრტვინავ აბა რად,
რად გიპყრობს შენზედ მოსული მტერი?
წარგტაცა ძალი, მაინც ნუ შფოთავ,
შენ ხომ სიჩუმეს სულ ეძიებდი.
იმ სიმყუდროვეს, გულში რომ იდგა,
რღვევა დაუწყეს, მაგრამ იმ სიბრძნეს
ხარ შეჩვეული, კვლავ დაეწაფე,
ეს სხვა სიმია, არ უნდა გაწყდეს.
შენი მეოხნი მყისიერად შეგეწევიან,
თმენას ნუ კარგავ, მოპოვებული გქონდა შენ იგი.
ის სიმტკიცეა, ის განძია, დასაცავია
ყოველთვის ყოვლის, მისთვის, ვისაც უცვნია იგი.
მსახიობი მანანა სურმავა, მწერალი ლალი ბრეგვაძე-კახიანი,
გერმანისტი მანონი გაბისკირია
* * *
ცაზე ციურს რომ აღმოაჩენ,
ჩააყენებ გულში სულისას,
თუმცა ჩნდება ეს ყოველივე
ძნელი გზის გავლით,
აღარასოდეს იგი არ ქრება,
თუ უდარაჯებ ფხიზელი თვალით.
ეგების: მარად
ქედის დადრეკა,
სიწმინდისაკენ
მზერის მიპყრობა,
უამრავ ცოდვის
ძირის მიგნება
და ამოძირკვა.
მერმე დუმილი,
ცრემლით დალტობა,
ხენეშის ლბობა,
უღვთოდ მყოფობის გადავიწყება,
სიმყუდროვის
ჩაღვრა, ჩადგომა,
განსაცდელის ჟამს
ჭირთა დათმენა,
უფლის წყალობით
ლოცვად აღმართვა;
შეისმენს შენსას,
ოდეს გცნობს ღირსად,
* * *
ყველა ჭრილობა პირს რომ მოიხსნის,
მაშინ წადილი სახიერების მოგვეძალება,
გაუძელ ტკივილს;
ნაღვლიანობა მართლაც ეგების,
მაგრამ მიიღე ეს ყოველივე
ვით უფლისაგან, დადრიკე თავი
და შენ შეერთე იმ საიდუმლოს,
რომელიც ყველას ვერ ეხილება
თუ მარტოოდენ არა დათმენით.
* * *
იტყვი, რომ გარედან
გებრძოდა ბოროტი,
გსურდა კი ამ ქვეყნის
სიკეთე შეგეტკბო,
მაგრამ არ გერგო.
ახლა კი მიანდობ
უფალს შენს თავს და
მოთმენით ივსები.
გეყოფა განხილვა
ყოველი მოვლენის,
სიმართლე თუმც გსურდა.
ნუ გადაიხრები,
შენ ნუ შეჩერდები,
ზიდე შენი ჯვარი.
იყავ მადლიერი...
თოვლიც წამოვიდა,
ფიქრი უამრავი...
წმინდაა ეს ფიქრი,
უბიწო ვით თოვლი.
ლამაზია თოვლი
და მშვენიერია სიცოცხლე ბრძოლაში.
* * *
სიმშვიდე – თმენის ზეცა
სინათლე – სივრცეები
საზრისი – უსაზღვრობა
და სულის ცხონებისთვის
ღწვა.
* * *
მახსოვს, როს თოვდა,
თავბრუდახვეულს
მატკბობდა ფიქრი.
ახლაც თოვლია,
პირველი თოვლი.
მოდის საამოდ,
ზეიმობს სულიც.
მყუდრო სინათლის
ჩამდგარა შუქი,
რადგან მივენდე
უფალს სიმშვიდით,
რომელსაც ვსწავლობთ
თანდათანობით,
დღითი დღეობით.
* * *
ქრისტეს ცხოვრებას
მართალი რწმენით ნაზიარებნი,
სუფთა ჭურჭელნი,
ვაზის რქისანი,
ვითა ვენახი
გასახარებლად უფლის წყალობას
ნიადაგ ელის.
ვინც მიენდობა,
ვინც არ იჩქარებს,
სულის მკვიდრობას ის მოიპოვებს.
მათ ცვილისფერი დაჰკრავთ სახეზე,
ვალს დაკისრებულს
რუდუნებით და მდუმარებით აღასრულებენ
და მათ თვალებში უკვე გამოკრთის
ციური შუქი, შორითვე უკვე იცნობიან
ისინი სახით.
* * *
სული წუხს ოდეს,
სიმშვიდეს სცდება.
საშიშ ადგილებს ეხება, სწვდება.
* * *
წარტაცული სული
პირს იბრუნებს აქეთ,
ფრთებს დაუშვებს ნელა,
თმენის ბუდეს აგნებს.
* * *
წინ ნათელია,
ღვთის ნათელი,
ჩუმი, მოძრავი,
ტკბილი, ნეტარი,
იქაურ მკვიდრთა
სასუფეველი...
სპეტაკ ცხოვრებას
მოაქვს სხვა თვალი,
მას აქაურშიც
უკვე შეიგრძნობ
მთელი არსებით.
ხარ მისიანი,
მსგავსი მსგავსს ელტვის.
* * *
განსაცდელში რომ ჩაგაყენეს,
ვნება, სალმობა გადაიტანე,
წყალმა წაიღო ეს, მიინავლა.
კვლავაც ერთადერთს უძღვენი თავი
და მას დაენდე.
ნუ გაგიტაცებს გაოცება
მშიერი ძალის – უკეთურის,
რომელსაც შთანთქმა
უნდოდა შენი.
ასე იდექი საფრთხის წინაშე,
მაგრამ შენ ჰკვირვობ –
პატარ-პატარა სასწაულებს,
უბრალოს, ჩვეულს,
მაგრამ ტკბილს და ჩუმს,
მობრუნებისთვის რომ გეძლეოდა.
მადლობა ღმერთს, რომ
შეგრჩა კიდევ ხედვის უნარი.
* * *
ახლობლის ტკივილი
თუ არ შეგაწუხებს,
მაშინ სიხენეშე
სულში გაგიჯდება.
და თუ გულგრილობას
სძლევ და მოერევი,
კარი სიყვარულის
ფართოდ გაგეღება.
* * *
ამ ქვეყნიური სიხარულის წილ
ტანჯვა მარგუნეს,
მაგრამ უფალმა სულიერი ნეტარების
კარი განმიღო.
თუმც ძალზედ ძნელად, მაგრამ ტკივილი
ამა ქვეყნისა მსუბუქ შეიქნა.
* * *
მადლობა უფალს
სულიერი განსაცდელებით
გზას რომ დავადექ,
სიმშვიდე სულის ისევ ჩემშივე
რომ მაპოვნინა.
ეს ყველამ იცის,
მაგრამ ცოდნის
გამოცდილებით მიღწევა ხომ
საძნელო არის.
* * *
მარხვისა და ლოცვის წილ,
ამა ქვეყანას ზედა
მსუბუქ აღმომიტაცე,
რათა ძლევა ბოროტის
შემძლებოდა თანდათან,
მიწად დამკვიდრებისთვის
მომცემოდა მე ძალა.
მეწეოდი, მოგყავდი
შენსკენ განსაცდელის ჟამს.
ვმადლობ უფალს სწრაფვისთვის
ზესვლისთვის პირველად.
* * *
როდესაც ცრემლი ჩაგიღვრის სითბოს,
უფალი დაგცქერს სწორედ რომ ამ დროს.
სიკეთის ნაცვლად მიღებულ ბოროტს
მალულად გაცლის მასზე მაღლობით.
როგორმე უნდა თმენით გაუძლო,
შეწევნა იგრძნო, თავი დახარო,
თორემ უმალვე გაქრება მადლი,
მუდამ უწყვეტად მოსაპოვები.
* * *
ნეტარი არის, ვინც ღირს შეიქნა,
ვინც ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის
გადადო თავი.
ძნელს და ვიწრო გზას, მარტოდ გასავლელს
აღგიმსუბუქებს თვითონ უფალი.
უნდა შეიცნო, რომ განსაცდელში
ის შენთან არის.
არ უნდა გძლიოს სიმძიმემ ჭირთა,
როგორმე უნდა სძლიო დათმენით
რომ სასოება სულისა ჰპოვო.
* * *
გაზაფხულობით
ხასხასა ფერებს,
ფერად-ფერადებს,
აღტაცებულ ხეთ –
შემდგომ თანდათან
ფიქრებში გართულთ,
მე განვიცდიდი.
მრავალი გრძნობა,
ზოგი ამაო,
ზოგიც ნამდვილი,
გარდასულია.
მე ახლა ვიცი
ის სულიერი გაზაფხულება,
ოდეს დადგება ტანჯვით და თმენით –
ღვთის სასოება
გულსა და სულში
აღმობრწყინდება შემდგომ ნელი-ნელ
ნათლის ფერებად.
* * *
არა, არ მერგო
ამქვეყნიური სავსე ცხოვრება.
თუმც ამაოთა არ ვემსგავსვოდი
ამა ცხოვრების გამოტაცებით.
სულიერი ხილულად ვიგრძენ,
აზრით ივსება ცხოვრება ნელ-ნელ.
ის დრო, რომელიც უღვთოდ განვლიე,
თუმცა არ ცოდნით, ზოგიც ურჩობით, დაუდგრომლობით, მე ვინანიებ.
გადავაბარებ უფალს ჩემს თავს,
მის წყალობაზედ ვარ მინდობილი.
* * *
ოდეს ვერ ითმენ
შენზედ მოსულ
უამრავ ბოროტს,
სხვადასხვა სახით,
შენც შეიქნები
ვერ შემგრძნები
მაცხოვრის ვნების.
თუ ერთვი ტკივილს, –
გრძნობ ჯვარზე გაკრულს,
შენი ყოველნი წვალებანი
ამით ყუჩდება.
როს ნაწამები
ნეშტი უფლისა
გარდმოიხსნება,
დუმდება ყველა,
ცხრება ტკივილი,
სიჩუმე არის
მყუდრო ცხოვრების, –
ტკბილი ლოდინი:
გაცისკროვნდება
აღდგომით ოდეს
და ბრწყინვალებით შეიმოსება.
* * *
მახსოვს დღეები,
ნათლიანი,
დღის ბრწყინვალებით
მდუმარედ მქმნიდა.
უტყვი განცდები
მიუწვდომლისკენ
ლტოლვას აღძრავდა
დაუსრულებლად.
და ჰა მივადექ:
უფალს გადავეც
ჩემი დღეები
და მას მივანდე.
თმენით აღვდექი
მასთან ერთად.
ვით ხილულ დღეებს,
ნათლიანებს,
ვხედავ მიღმიერს.
შიში მემატა,
ვლოცულობ გულით,
ხარობს სიტყვები.
უბრალოდ, მინდა ვიყო
არ ბრალიანი.
* * *
როს მომადგება განსაცდელი, –
ჭირი მართალი, –
სიბნელე წვება და ჰა წინ მიძევს
გზები ნალოცი –
მინათებს შორით.
ისწავლე, ღვთისგან ითხოვე შველა
და მეგობარიც, ისიც ღვთის არის,
ვინც შენს ჭირსა და ლხინს იზიარებს.
ჰკონე ყვავილი, და შენც არგუნე სხვებს სიხარული,
იტკბეთ ერთობით.
დაყუჩდი, ძალი უძლური სძლიე,
სულიერ შემწეთ თხოვას უთხრობდე.
ნუ დრტვინავ, გესმას, ლოდინით დადექ.
უფალი თავად იზრუნებს შენზე.
* * *
მძულდა ბიწიერი,
მუდამ გავურბოდი,
მაგრამ ამა ქვეყნის
აზრის წესიერის
თანაზიარობა
მსურდა უცვალებლივ.
ძალი უკეთური
შეჰყურებს პირისპირ.
სული უსაზღვროა,
სხეულში საზღვრული.
მისი პირველობით
გვამს სჭირს მოფრთხილება.
* * *
ცხელი ქარები,
აწეწილი გარე სამყარო,
აღარ მცემს ტალღას, აღარ მეხლება,
უკვე ჩავწყნარდი.
რად მაგონდება და მეხილება
სევდიანი სიმარტოვის ძველი დღეები, –
ფშატის ხეების ყვავილობა
და ჩემთვის მძიმე უცხო სურნელი.
შემოვიძარცვე მრავალნაირი
ჰაერთ ნაკადი.
დიდი ხანია მყარად დავდექ
ლოცვის მიწაზე.
თვალი შორს მზერას დიდხანს მიაპყრობს
და ამ სინათლით
ღრუბლები გულში მიმომეფანტნენ.
მარიამი კითხულობს ლექსებს თავისი კრებულიდან
* * *
რად მესიზმრება
უცხოობა ძნელად განცდილი,
რად გაუცხოვდა ესე ცხოვრება, გარე სამყარო.
წყენა მივიღე, ო საშინელი.
მინდა რომ ვძლიო.
უსიყვარულოდ სული ვეღარ სძლებს.
წუხილმა ერთფერ გახადა ყველა.
დრო ძნელად გადის,
ეს უცხოობა ჩემთვის არის უსიამოვნო.
* * *
სიმშვიდე, –
შენგან ბოძებული, ნავი შენამდე,
ო, რა ტკბილია.
ოდეს წყნარდები,
თავს გევლება მთელი სამყარო.
მდუმარედ, უხმოდ,
იდუმალებას ეყურადები.
ამის მოსმენა მუდამ არ ხდება
და ვმუყდროვდები.
სითბოში ცრემლი გზას პოულობს,
იწყებს დინებას.
სიწმინდეებთან მიმაახლებს
თავად ბიწიერს.
ვმადლობ მე უფალს
ყოველივესთვის:
არ ღირსეულად გავატარე
დღეი მრავალი.
ვცან ძალი შენი
ყოვლგნით მსუფევი.
ვხედავ, თუ ყოველს როგორ უხმობ
ისევ შენამდე.
* * *
თანანადებთა მიტევება უნდა შევიძლო,
მეტად კი მიჭირს,
მაგრამ ღვთის ძალით უნდა ვძლიო,
სულო, გამაგრდი.
ესწრაფე წყაროს, ცხოველმყოფელს,
რომელს მრავალჯერ დასწაფებიხარ,
რომ მწყურვალება ჩაგიკლას დიდი,
რად ირინდები?! –
მწუხარების ქედებს გადაღმა
ხომ მიგელის სინათლე ბრწყინვით,
რომელიც იცი უხილველად,
იხილე კიდეც და ამჟამადაც
თვალებში გიდგას,
შენ ხომ ამ შუქით დაიარები.
* * *
ჰპოვე სიმშვიდე,
შენი ცა თვალით ამოაბრწყინე,
მზერა შეავლე, მოყვასს შეხედე
და აპატიე;
მისგან შორსაა შენთვის ძვირფასი,
მას არ ესმოდა
და ჰა შეუნდე.
ოაზის იქმნას სული მათიც,
ვინაც შორს არის მოყვასზე
დარდით, თანაგანცდისგან.
შენ კი დაყუჩდი,
ნუღარ იხსენებ,
გაჰყევ გზას, კეთილს.
* * *
თავი არიდე მაგ ტკივიიილებს,
თავი დახარე,
კვლავაც მადლობა შესწირე უფალს,
წარსთქვი ლოცვანი,
მარადისისკენ მიმავალ შენს გზას
ფრთხილად მიჰყევი.
* * *
ზღვრული სივრციდან
მდუმარების ქედებს ვინც უმზერს,
ამაოების სრბოლა მთლიან ვინც მიატოვა,
ვინც განეშორა ფიტულობას ქვისა ქალაქის,
ვრცელ უდაბნოში ოაზისად იგი ამაღლდა.
ვინაც ტკივილნი დროის დინების არ განიცადა,
მისთვის უცხოა სულის კურნება,
ფსალმუნთა კითხვით მოშუშება მწარე სალმობათ,
და მარადიულ სიცოცხლისთვის სულის მზადება.
* * *
სული ზეციურს მუდამ ვერ სწვდება,
იგი კი ელის.
ყველას არ ძალუძს იქ მიღწევა,
ზე სამყაროდან ნისლეულით მადლი როს მოდის,
მჭვირვალი შუქი სიხარულის
ჩვენს თვალებში გაჩერდება სამკვიდრებელად.
* * *
ცხოვრების წესებს
არასდროს უდევს
მშვიდობის ზღვარი.
გამორიყული სხვა გზით მივალ
დიდი ხანია
ეკალ-ბარდებში მე სისხლის დენით,
მაგრამ გამოჩნდა ჰა სწორედ ამ დროს
მხარე სინათლის...
აქაურობას კარგად ვიცნობ.
წვალებით მიველ
ახლაც უგონოდ,
თავრეტდასხმული.
ამ ცხოვრებასთან შესაბრძოლებელს,
მაგრამ უმწეოს,
თავადვე მიცავს მხარე ციური.
იქ მყოფნი, ვხედავ, რომ მეწევიან
მაშინაც, როცა ლოცვის ძალიც
წამართვეს ლამის.
მე უკვე მათი ვარ ნათესავი.
ადამიანი როს გიღალატებს,
ტკივილი როცა თავისას შვრება,
ო, როგორ გიჭირს!..
მაგრამ თავდახრით დადგები თუკი,
ზეცისა მკვიდრნი გეშველებიან.
მე კარგად ვხვდები.
განა სხვა ძალი რამ დამრჩენია
აქ მიუსაფარს: ცა ღრუბლიანი
ჩამომაქვს თმენით.
თმენა თბილია და ცხელი ცრემლი
მალამო სულის.
ამბოხს და ბრძოლას თუნდაც ბოროტთან
რა მოაქვს ჩემთვის?!
გამოშორება უმჯობესია.
გაუსაძლისად დრო შეჩერდება.
სულს ხომ სვლა უყვარს,
გამდინარება,
ამაოსაგან გაქცევა, სრბოლა,
სულის ნუგეში,
სინათლის მხრიდან ნაბოძვარია.
* * *
ჟამი არს ღვთისა მსახურებისა,
გარინდებულა
ბუნებაც,
კაციც. თვალს სინანულის ცრემლი მოსწყდება
მარგალიტივით.
ფრინველიც უსტვენს,
ხმიანობს,
ხარობს
სიცოცხლე კრძალვით.
* * *
გდევნის ბოროტი,
რადგან სამკვიდროს, შენს საკუთარს,
სხვაგვარად ეძებ – უფლის შეწევნით.
უცხოა მისთვის
მცირედს დასჯერდეს
და რომ იმ მცირედს
სიყვარულით დაეპატრონოს, –
რაც კი უფალმა შენ გიბოძა
აქ გასახარად.
ყველაფერს გართმევს სხვადასხვა სახით –
მიწას, სახლს, სამოსს,
საზრდელს და მერე სულსაც გიმწარებს,
მაგრამ წამებას უნდა გაუძლო
კვლავ უფლის ძალით,
რადგან შენ, სტუმარს ამა ქვეყნისას,
იმ ქვეყნად მიგაქვს საგზალი შენი
და არ ჩერდები სხვა ძალასავით
სადღაც კერძოში,
შენ სულს ეგრერიგ ვერ გაიმეტებ
მხოლოდ მიწისთვის,
რადგან სიცოცხლე ასე დიდია,
მარადიული.
* * *
ლოცვის მადლით,
სიტყვის ნათლით
უფლისაკენ ილტვის სული.
ცის საუფლოს წმინდანებთან
ახლობლობას სცნობ შენ შორით,
რომ მიწიერს ამ ცხოვრებას
გაუმკლავდე სიფხიზლით და
ავბნელ ძალებს, ჩასაფრებულთ,
შენკენ მსწრაფებს, არ უშვებდე.
კაცსა მცოდნეს ევალება
გამარჯვებით სიარული.
* * *
ცოდვებისაგან ვერ უცხოქმნილი
ბრძოლას უამრავს როდესაც დასძლევ,
შვებასა ჰპოვებ და მოისვენებ,
სიწმინდე ფესვებს გაიდგამს სიღრმით,
მბრძოლთა მძლავრობა –
ფუჭად დროების წარტაცულობა, –
ნთქამს რტოებს, თმენით გამოტანილებს,
მაგრამ როდესაც განდგება კაცი
უაზრო მტრისგან,
ნაყოფს მოიღებს, შვებით შეირგებს.
* * *
მწუხრს გათენება მოჰყვება,
თეთრ თოვლს – ენძელა, იები,
კაცის ცხოვრებას წვალება,
კეთილის ცნობას – ცრემლები.
ჩნდება სიმყარე თმენის წილ
და სიყვარულის სურვილი.
* * *
ლოცვას კაცისთვის
შთაწვდომა და ზეაღსვლა მოსდევს.
როცა თავს დახრი,
ტბას სინანულის
შენი სახება
ჩააცქერდება.
სიმშვიდე გმოსავს,
გაირინდები
და შეგეწევა
მადლი ღვთისა
მოულოდნელი.
* * *
დრო მიდის, მიჰქრის,
მწუხრი წვება,
თენდება მერე.
დროები წლისა ენაცვლება
მუდმივ ერთმანეთს.
კაცის ბუნებაც შეიცვლება
აზრის მძებნელის, –
ხილულის მიღმა
ელტვის სათავეს...
სულს დარწყულება სურს,
უხარია და
როცა მასში იშვება ქრისტე,
სულ სხვაფერდება მერე ქვეყანა,
ცისა საუფლო
მწვანდება ნათლით.
* * *
როს ეფინება კაცს მადლი ღვთისა,
მოახილვინებს განვლილ დროებას,
წამოიშლება ჭირი მრავალი,
აყუჩებს ამას თმენით, ატანით,
და საზღაურად ფუჭი ცხოვრების
გაჩნდება მისთვის ზღვა საზრუნავი.
გარდუვალობის წინაშე კაცნი
უმწეონი ვართ, გვავსებს უფალი.
თავმდაბლობით და უბრალოებით
ვიძენთ სიმშვიდეს, უფლით ვიმოსვით.
ნეტარი არის, მიჰყვება მას ვინც.
* * *
ოდნავ მიშვება,
თვალის მირულვა
და წილნაყარი ხდები ამ სოფლის
სხვადასხვა სახით.
სდგე უნდა მყარად,
შენთვის სინათლეს გამოითხოვდე.
* * *
სოფლის ცხოვრების
ტკივილს იშუშებ,
დასძლევ განსაცდელს,
მოიმყუდროვებ
უფლის ფრთეთა ქვეშ,
მოფარფატებენ
თოვლის ფიფქები
როგორც სიტყვები,
იდებენ ბინას.
თოვლი სულს განწმენდს,
ლექსი კი შვებად
სულს აყვავილებს.
ღამე
(სურათი)
ღამეა ჩუმი, ცა თვის ნათელით,
ხეობას სძინავს, გაშლილს ლამაზად,
სახლებში შუქი ანთია უფლის, –
გაღვიძებულა სიცოცხლე ქვეყნად.
ღვთის დროს მივაგენ,
სულში იღვრება მყუდროდ განცდილი,
ეს მდინარება მშვენიერების, –
გზა წამებისა თმენად ქცეული. –
ლოდინის ფრთებქვეშ მეც შევიყუჟე,
მონანულია ეს სული ჩემი,
მჭვრეტელი ნათლის განთიადისას,
ღვთისგან წყალობას რომელიც ელის.
* * *
რაც მეტ ნათელს ხედავ,
ჩრდილიც მეტობს სოფლის..
მოდის მწუხრი, წვება,
ღამე დგება დიდი.
მერე ნელა-ნელა
განქარდება ბინდი.
უჩრდილობელ ნათელს
მიაგენი რაკი,
ზიარებაც მაშინ
სისხლითა და ხორცით,
მაცხოვარი უფლის,
თვის ყოვლისმფენ მადლით
ბნელეთს აშთობს ყოვლგნით.
ენათმეცნიერი, პოეტი და მთარგმნელი მანანა კობაიძე ლაპარაკობს
მარიამ ქსოვრელისა და მისი შემოქმედების შესახებ
* * *
სული წმიდის მადლი
ეფინება ყოველს,
ვინაც თავის თავში
თმენით მოიპოვებს
შუქს მას ჩაუქრობელს,
სითბოს უნელებელს.
* * *
სოფლიერი ნდომით
არ გეხსნება კარი,
თუ არ ზეციური,
უცხო არის შენთვის,
და შენც გაუცხოვდი
სოფლიერისაგან.
ღვთიურისგან ფენილს
ელი მუდამ თმენით,
რაიც არ გეძლევა,
იქნებ უღირსობით.
თავმდაბლობით უნდა
მის ბოძებულს შეხვდე,
რათა ამ ქვეყნადვე
იყო ღვთიურ მშვენი.
* * *
გზა თუმც ძნელია,
ვერ გაექცევი;
იქითკენ მიდის,
სად მეუფება
თავისთავადი
სუფევს; მიგიღებს,
თუკი სიწმინდეს
სავსე სიწრფელით
დაეშურები:
ძველს გადახედე,
ტყე ნისლეულის
ცრემლით დატოვე,
ღრუბლიან თვალით
გამოიხედე,
გამოიდარე.
* * *
ვერ დავითმინე შხამი და გესლი,
გარდამოსული მათ ბაგეთაგან,
ვითხოვე როცა მათგან მშვიდობა,
ვეღარ მივიღე მე თანაგრძნობა.
ვერ ვიტკბე იგი ვით ცის მანანა.
ვერ მოვიპოვე სულის ნექტარი
და ვერ ჩავეწე სიმშვიდის გულში.
სწრაფვა მაღლისკენ რად შევაჩერე,
რად არ ვიყავი ჩვეულებრივი.
* * *
შენს საყდრამდე მავალი
გზები შენით მშვენია.
განფენილი ბუნება
მეტად იდუმალია.
ჩვენ კი შენკენ მოვიწევთ
სწრაფვა მადლით მჩენია
ეს სამზერო სოფელი
მრავლად დაქსელილია.
* * *
ბავშვობის ადგილებს
მიელტვის სული,
მყუდროს და სანატრელს,
ღვთის მადლით ფენილს.
წყვდიადს და წამებას,
მრავალგვარ სახის,
არცოდნით თუ ცოდვით,
ვისყიდი ცრემლით.
* * *
შვების, ნუგეშის
მოპოვებისათვის
მახსოვს ლოდინი.
წრიალით დაღლილს
მქონდა სიმშვიდე,
ჯერ უცნაურის,
შემდგომ ცნობილის,
თანდათან ტკბილის.
გადამავიწყდა
მოწყენის დღენი.
გრძნობამ მადლისამ
აღმავსო წმიდით.
უნდო ზრახვანი,
მრავლად აღძრულნი,
შეცვალა საქმემ,
ქველმა ქმედებამ,
შეძლებისგვარად
უფლის შეწევნით.
* * *
დიდი ხანია რომ წესად მექცა
მარხვა, დათმენა და ლოცვა გულით,
ყოველივესთვის ვცდილობ მუდმივად,
მაგრამ როდესაც ციურ საუფლოს
ბრწყინვალებას ვგრძნობ,
სულს კრძალვა იპყრობს
და სიჩუმე მარადიულის.
* * *
ზამთრობით დილა
ბურუსს განდევნის.
წყნარად თენდება,
სუფევს სიჩუმე
იდუმალებით.
ნათლიერიდან
ფერი მოიწევს
მოკრძალებული,
მიყვარს ზამთარი.
* * *
მართლაც უმწარეს არის განცდა
შფოთის და შხამის,
თავს დატეხილი
მშვიდობის წილ,
მაგრამ მიუხვდი – სალმობათ მიღმა
თავად დადგება დღენი დათმენის.
* * *
ვიდრე მზე იშვა მართლისა ჩვენში,
განვვლეთ ძველი გზა უნათლო, ბნელი,
განვმშვენდით ტანჯვით და დავუტევეთ.
გაჩნდა იმედი დათმენისა წილ,
ვით ჩვილსა ვზრდიდით,
თანდათანობით მისით ვხარობდით,
არ ამ სოფლიურს ჩვენ ველტვით, შევსტრფით,
ამ ქვეყნის მკვიდრნი, რომ ვგავდეთ ნამდვილთ.
* * *
ბავშვობას, ყრმობას –
იდუმალ წარსულს,
მდუმარედ ნაგრძნობს
ახლაღა ვხვდებით,
თუ სისათუთე დარღვეულა
არცოდნით, ცოდვით
ვითხოვთ შენდობას,
ღვთისგან მიღებულ
ამ გრძნობას ფრთხილი
მოპყრობა შვენის:
ლოცვას, ვედრებას
ყოველთა მიმართ
და ყოვლისათვის
თანდათან ვწვდებით,
არ მარტოოდენ ახლობლებისთვის
გაიხსნა გული, სხვისთვისაც,
წრფელი, ზოგად ყოვლისთვის.
დღე დღეს ედება,
მივდივართ რწმენით.
* * *
ლოცვის აღვლენა,
არ მარტოობა,
თანხმობა ერთთან.
ზენაარისთვის არის ყოველი,
სხვა დანარჩენი – ძალნი მძარცველნი,
უნაყოფოდ ჩანს.
გზას ყველა გადის.
ქრისტესმიერი არის ტვირთული,
მაგრამ მსუბუქი.
* * *
მწველი განცდებით,
პირად-პირადით, გზა მქონდა ერთი,
სხვა ყველაფერი აწ ჩაიფერფლა.
უქმი დროება, ფერადი მწუხრი...
სულში ჩაწურვამ ცრემლით მონამა
ეს ბილიკები მშვიდი ცხოვრების,
მივალ უბრალოდ, მფარველობს ღმერთი.
* * *
თუკი დიდხანს გაგრძელდა
ბრძოლა-შფოთი ამაოდ,
თუ სული არ გამყარდა
ჭეშმარიტის დამცველი,
ფერფლი, ნაშთი დარჩები,
მწარე ნაყოფ ნაგემი.
თუ გზას ღვთისკენ მიმავალს
გარჯით, ღვწით შეუდექი,
უსამართლო წამებას
იტან უფლისმიერით,
„მწყურის“, უბნობს იესო,
ტანში დაგძრავს ვნებანი,
აივსები შარბათით
ნელა წვეთი-წვეთობით.
* * *
ძლეულია მხედრობა
შენკენ წამომართული,
რომელს სურდა დაცემა,
განადგურება შენი,
ზეციური ძალებით
შემწეობა მიიღე,
რადგან ლოცვა აროდეს
განიშორე მალული,
სიტყვა მართალ ახსენე
და უმალვე შენ სითბო
სულში ჩამოგეღვარა.
უხილავად შეიგრძნობ,
რომ გმფარველობს ღვთის ძალა.
კიდევ უფრო მდაბლდები,
ჩასწვდები უღირსობას.
მანანა კობაიძე, მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი, დარეჯან ცხვედიანი
პრეზენტაციის შემდეგ
* * *
ნაპირს გამოხვედი,
ახლა სიმშვიდეა.
მწუხარების ზღვაში
ქარიშხლიან ღამით
მარტომ რომ შესცურე,
გადაურჩი მაინც,
რადგან ღვთის საგზალი
მუდამ თან დაგქონდა:
გახსენდება ის ჟამი,
ძნელად გამოვლილი,
მაგრამ ახლა ისევ
სიწყნარეა ტკბილი.
თოლიებიც ფრენენ,
საღამოა და დრო
სასოებით მიდის.
* * *
გრძნობათ ქვეყნიდან
ხვდები გონებითს;
განცდით, წამებით, გაივლი გზას და
იქნებ ცოდვისთვის კვლავაც ისჯები.
მწარე დათმენას
ხომ სინანულის ცრემლები მოაქვს,
უფალმა უწყის შენდობის ღირსი.
* * *
წყვილთა ურთიერთობა –
ვაზის ნედლი ლერწები
სიხარულის ცრემლებით...
შემდგომ დროთა მანძილზე
დადრეკილნი ნაყოფით,
ქარვისფერი მტევნებით...
ამაოთა სიმძიმეს
ამგვარად მორეულნი.
* * *
უფალს დაცილებულნი
უსასოოდ შთენილან –
იქით-აქეთ ხეთქება,
და ძიება-წრიალი
არ აფიქრებთ. დაჰქრიან.
თუმც უფალი იფარავს
მათაც, მისგან განდგომილთ.
ვინც ეს შემდგომ შეიცნო,
ჩაწვდა იდუმალებას
მადლიერი გრძნობებით,
შიშმა მეტად შეიპყრო.
შვილნი საზრიანობით
თანდათან ბრწყინდებიან.
ცხოვრების არსს მიაგნეს,
უსაზღვროს, განუზომელს,
ჩატეულს სიკეთეში.
აწმყოსა და მომავალს
უმზერენ სასოებით.
* * *
ოდეს სათხოვარს უფალი შენსას
მიითვალებდა,
მას მტრული ძალა უკვე მზად მყოფი
ეკვეთებოდა.
სიყვარულის წილ გულგრილობა
გამოიჩინეს,
გულწრფელობისთვის თვალთმაქცობა
დაგწამეს ცილად.
ტანჯვა გამოვლილ სულს
სახეში ჰქონდა სიმშვიდე;
ოდეს გჯიჯგნიდნენ,
უფლის ხმა იყო უღალატო,
ნათელის მფენი.
* * *
ცხელი დღეები გააგრილა
ციურმა ცვარმა,
ახლაც წვრილად ცრის.
გულს შემოაწვა ჯანყი ღრუბლების,
დათმენით ცრემლის იღვრება ცვარი.
ნაპირზე ვდგავარ
ღელვა-გვემული,
ქარიშხალს აჰყვა
ტალღები ზღვისა.
ნუთუ ამაოდ ჩამიქრება
ძალა ნაბრძოლი,
გარეთ წვიმაა,
სულში სითბო,
გული გაიხსნა.
* * *
გულს შიგან ღელვა
თმენით დააცხრე
ღვთის გულისათვის
და შეეცადე
ნაყოფი მწარე
ტკბილად შეირგო.
მოგვმადლებს ღმერთი
შვებას, სიმშვიდეს.
* * *
მაშ დაუბრუნდი შენეულ ქვეყნებს,
შენი ბილიკი ხომ ნათელია,
შენ შენსავ თავში ეძიე მტერი,
ცდომათა შენთა დასდინე ცრემლი
და მოიძულე ყოველი ყალბი,
სიწმინდეს დიადს უსწორე თვალი.
მოდის მშვიდობა,
სული შენი ყუჩდება მაშინ,
უკიდეგანო სიჩუმეს ერწყმი,
ღვთის ხელში მყოფი შეწევნას ჰპოვებ.
ეს საუნჯეა, განძი ცხოველი,
ვინც მას მიაგნო, ნუღარც დაჰკარგოს.
უხილავია,
მაგრამ ხილულად ეძლევა მძებნელს.
* * *
როს დროს მიმავალს
არ ვხვდები თმენით,
ავყვები ამბოხს, მომიცავს შფოთი,
ძალი ამაო და ძალი მწუხრის,
მთლად უსარგებლო მწირის სულისათვის,
ნაცვლად კრძალვისა
და ნაცვლად ძლევის.
წყდება თანხმობა,
ხმატკბობა მთელი.
* * *
შეჭირვებისას სუნთქვა-სუფევა
დაგიმძიმდა და გადაგავიწყდა,
რომ შენ უფალი მფარველ ანგელოზს
მინდობილ შვილს არ მოგაშორებდა.
საკმევლის სურნელს –
მძაფრს, მაცოცხლებელს –
იწროებისას გრძნობდი, ყნოსავდი,
თუმცა სიავემ ტანჯვა გაგემა,
უნდა გეძლია, ნუთუ არ გესმა?
ისევ სიყვარულს მოიპოვებდე,
გასცემდე მუდამ, შენთვის შვებაა,
გაჰყევ ღვთის ნებას,
არ შფოთს, არ ღელვას – სიმშვიდეს ნეტარს.
* * *
შორს არს წუხილი, წარტაცვა სულის,
სხვაზე ჩივილი, ეს გზა მე უკვე გამოვიარე;
ბრალი საკუთარ თავში ეძიე
დაბრკოლებების.
წმინდა, დიადი შემოდის შენში
და სიძლიერე თავს გადრეკინებს...
ოქტომბრის წყნარი დღეები მიდის,
ჭრელი ფოთლები დაბლა ცვივიან,
ბუნებრიობა ამშვენებს ქუჩებს,
სულიც მას ეძებს ტაძრად მიმავალს,
ყოველ ხატს თვისი ცხოვრება აქვს და
იდუმალ სითბოს გულში ჩაგიღვრის,
შემოადნება ყინულებს პირი,
არ სახიერს რომ ჩაუყინია,
თვალთაგან ცრემლი ჩუმი წამოვა,
ეს მდინარება ლოცვებით მოდის,
მყუდრო გზა უკვე წინ გეფინება,
განმაახლებელ წყაროს სათავეს რომ მიაგენი,
მაშ დაეწაფე – უშრეტია წყარო იმედის.
მადლიერი მკითხველები, პრეზენტაციის შემდეგ
* * *
გაყრილან გზები,
რად არ ერთვიან ერთ გზას უცილოს,
თუ არ წამებით,
თუ არა ტანჯვით,
ცდომათა ძირებს
ვინ ამოძირკავს?!
და განწმენდილა განა ვინმე,
თუ უთმენლობა
ცხელი ცრემლებით არ ჩაუცხრია.
მერე კი ჩუმი ნაჟური მოდის
და იმ ნამიან მდელოზე გახვალ,
სადაც საკმევლის ტკბილი სურნელით
სულსაც მოითქვამ,
ასე ამგვარად, ამაოების
დიდ ლაბირინთებს გამოეცლები,
მაგრამ იცოდე, ღვიძილი არის სანდო დარაჯი
აქეთ ქცეული შენი მზერისა.
* * *
სიმძიმეთ ტვირთვა, არ ამხედრება,
თმენა მდუმარედ და გადატანა,
აი, ესაა საშველი ჩვენი.
* * *
იმ სინამდვილეს,
გაუსაძლისი რომ ხდება ყოფა,
თუ არა ღვთისა ძალმოსილება,
მას ვერვინ უძლებს,
იძლევი აქეთ.
მარტოდენ ლოცვით
შეგწევს უნარი,
რომ კვლავ დაბრუნდე
სიმშვიდის წიაღ,
რომ შეებრძოლო
უაზრო მბრძოლთა,
განზრახ ქმედითებს.
შორს უცხოობა,
და კვლავაც საზრდო
სულის ვეძიოთ,
წყაროს სიცოცხლის
ვესწრაფვოდეთ,
უშრეტს და უტკბესს,
მრავალთ და მრავალთ
დამაურწყებელს,
ვით ამა ქვეყნად
იმა ქვეყნადაც –
უკვდავებისა მაზიარებელს
იესოს ვნებათ
თანასალმობით.
* * *
მოგვაგებებენ რასაც კი ბოროტს,
საწუთროს მძიმედ ოდეს გვიქცევენ,
ჩამოაქცევენ ყოველს დაწყობილს,
რაიც სიმშვიდით ჩვენ ავაშენეთ;
მაინც ვვოცდებით და კვლავაც გვიკვირს,
ეს ყოველივე ახალ-ახალი.
ო, მოიკრიბე გონების ძალი,
სწორედ დიდ ტკივილს
არჩენს უფალი:
ის განგვაშორებს ავს, შემოღწეულს
და უარმყოფელს ყოველი მადლის.
არ მარტო სუნთქვას მიწიერ დროის,
მარადჟამიერს აჰყევ შენ, კეთილს.
* * *
სოფლის მეგობართა –
ჩვენს უარმყოფელთა,
მდევართ, მოქილიკეთ,
ცილისმწამებელთა,
ყოველი კუთხიდან
ბრძოლად განწყობილთა,
არ აქვთ მოსვენება.
გულს, გონებას და სულს
მთლიანად იპყრობენ,
როდესაც ვსუსტდებით.
ვუხმობთ მოქალაქეთ
ციურ საუფლოის,
უმალ გვეწევიან.
დრო თითქოს ერთდება.
საბრალოდ მოჩანან
მოიერიშენი,
დროის და ლხინების
ვითომ წარმტაცველნი.
* * *
ხან ახლობლობაშიც
ვერ ჰპოვებ ახლობელს,
ჩავცქერ გარინდებით
გულისწყვეტის დიდ ტბას –
არეკლილი ტყენი,
ჩუმი წვიმით სველნი,
არ მწყინდება მზერად,
ვერ განათლდა შუქით,
ვერ გაბრწყინდა ზეცა.
* * *
მან, უხილავმა სხივოსნობამ,
განჭოლა სული
და შემოადგა ნათელი ყოველს.
უწყვეტი ლტოლვით
ვინაც გაბრწყინდა,
მათკენ ვისწრაფვი,
მდუმარედ ვრჩები,
ლოცვას მივუთვლი
ჩვენთა მეოხთა,
მეც მათ სივრცეში
მსურს რომ მოვექცე.
შეცდომების წილ მაინც სასოქმნილს
ღვაწლი სულისთვის
მომნდომებია,
სარგებელს რამეს მსურს რომ ვიქმოდე.
ამ ქვეყნიური ამაოება,
დანახული წარმართის თვალით,
ზეცით ნათლდება –
სულ უბრალო საქმიანობით:
მყუდრო ფუსფუსით,
ზრუნვით, ამაგით...
სუფევს სიცოცხლე.
სისათუთე ამას ეგების,
მბრძოლს განგვაშორებს
უძიროდ დამთმენთ.
* * *
როგორც დროები წელიწადის
მონაცვლეობენ,
ჩვენი ცხოვრების დროებანიც
იცვლიან ფერთა.
დაუსაბამოს და უხილავის
გამოვლენაა ბუნების ძალი –
სიცოცხლის სიტკბო –
უტყვ სიხარულით რომ იღვენთება,
და აქ იშვება ადამიანი –
ქრისტეს გზის მძებნი –
თანაგანმცდელი მისი ვნებების.
ამ ცვალებადის მიღმა რომ გრძნობს
იმ მბრწყინავ ნათელს,
ღვთისავე მადლით.
* * *
შორს დარჩა სევდა
შემოდგომის სველი ფოთლების,
რაც უწინ ასე ძლიერ მიყვარდა
იმ სხვა უამრავ გრძნობებთან ერთად,
რომელთაც უნდა დიდად ვმადლობდე,
გზა რომ დამიგეს ტაძრისკენ მშვიდი.
და სიმარტოვის ჰაერით მზარდეს.
მერე გაირკვა
სისხლით და ხორცით,
რომ ყოველივე ბოძებულ არის
მხოლოდ ერთისგან,
რომ ამ უძირო სიწმინდისაგან
ძალზე შორსა ვართ, რომ ჩვენ ცრემლები
გულისწყვეტის თუღა გაგვწმენდენ,
თუმც ცხოვრებისგან უარს უარზე
ხშირად ვიღებდით.
* * *
უძრავი შენი ბრწყინვალება
ელის მყარ სულებს,
რათა სუფევდნენ მასთან ერთად იდუმალებით.
ეს გული კი წუხს,
მიყენებულ ტკივილებს ითმენს,
ოქროცურვილი შემოდგომის წვიმებით დნება,
შეწყალების მთხოველი დგება
კვლავადაც კრძალვით,
ნასროლ ქვებს ცოდვათ გამოსყიდვისთვის
ჩაითვლის ჩუმად,
დაიმყუდროვებს, ფრთებს ამოკეცავს.
მყარი სულები არ განბნევადნი
ერთვიან ნათელს.
* * *
საფრთხეა ყოვლგნით,
მაგრამ სიმღვრიეს
შენ მოერიდე,
ლოცვანი წართქვი.
სანაცვლოდ ღვთისგან
ნუგეშს მიიღებ,
სულის სიმშვიდე
უდიდესი საგანძურია.
* * *
რად უდრტვინველად
არ მიიღებ შენ ამ განსაცდელს,
რად ეურჩები, რად განდგები, რად არ დაითმენ,
რად ამ ღელვაში მიდის დრო-ჟამი,
რისთვის მიმოჰქრი?!
უნდა ამხედრდე უკეთურზე, უნდა გაირჯე,
ცხოვრების ტკივილთ პირი მოუკარ
და როცა იგი ერთ დიდ ტკივილად გარდაიქცევა,
ის სიყვარულით, ღვთის სიყვარულით
განიკურნება.
ითხოვ? მიიღებ,
სულს ამსუბუქებ,
სულს სიხარული
უყვარს, სჩვევია.
მძიმე სულს ზეცა ვერ მიიკარებს,
ზე ვერ აიტანს.
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი, ანა ახვლედიანი, ბესარიონ მენაბდე
* * *
სულს დიდი სიმძიმე
როს შემოაწვება,
წარმოთქვი ლოცვანი
კვლავაც გულმხურვალედ.
ღამის ნისლეული
ცრემლით ჩამოღვენთე,
ითხოვე უფლისგან
რიდით მოწყალება.
როცა სანთლის შუქი
ამაო ცხოვრების
იმ დასალიერზე
ჩვენს სულს ამყუდროვებს,
სად გულით ნალოცი
უფალს ესმინება,
ქრისტე მაცხოვარი
ჩვენ ცვარს მოგვაპკურებს:
ხალას თვალ-მარგალიტს –
სულის სიძვირფასეს –
ნაყოფს იმ ულეველს,
რაც სულს ასაზრდოებს.
* * *
ვრცელ უდაბნოში
ოაზისი წვიმებმა მორწყეს,
ცხელმა წვიმებმა.
ჰოი, ხრიოკი დამიშთობს თვალებს,
ცას ვეღარ ვხედავ,
რადგან ტირილმა ამომიშრო თვალის უპენი,
ნადენმა ცრემლმა სიმშვიდეს მწია,
ახარა თვისი მცენარენი,
სასოება ისევ დაბრუნდა,
რადგან საკუთარ თავში ვეძებდი
შეცდომათ წვდომას კვლავაც თავმდაბლად,
მოწყალება ჩემზე მოვიდა.
* * *
ოაზისი მარტო
ღვთისა ცვარით ქმნილა
და ჩემს თვალთა შუქი
შენით გასხივოსნდა
და მეც ვისმენ მხოლოდ
შენს ციურის სევდას.
* * *
ყოველს, ყველაფერს ჯანსაღს ებრძვიან,
და სულზე ზრუნვა არ მიაჩნიათ
მათ უმთავრესად;
ის, რაც წესია, მათ არ უწყიან.
სამაგიეროდ, თრგუნავენ მართალს,
სავალს უჭრიან;
გაწვალებული კაცი იმათგან
თმენით ნათლდება. ეს კი იმათთვის
უხილავია.
* * *
ვისაც შინაგან ელოდები მთელი არსებით,
დაუკავშირებ მთელ ცხოვრებას,
თითქმის შესწავლილს,
უკვე გიყვარს,
მასზე ზრუნავ.
დიდი იმედით, სულიერით,
უფალს შესცქერით.
სიმძიმეთა გადალახვით
გზას მიუყვებით.
მაგრამ ფხიზლად ვდგეთ,
რომ არ დავიქცეთ.
* * *
შენ ნუ აჰყვები
შენკენ გამიზნულ ავ მიმართებას,
მრავლის დათმენით მოპოვნილი
გზა მარადისის
სურთ რომ წაგგლიჯონ,
სცვალონ წარმავლად.
უგვანობის მოძალებას გამოეტაცე,
მისი წყვდიადი
კვლავ მოთმინების ჩუმი ნაჟურით
გამოინათე.
ზეცად არიან ჩვენს საშველად
ცხოველსმყოფელნი ძალნი, მზადმყოფნი,
სულს აგივსებენ სიხარულით,
შვებას და ნუგეშს არ მოგაკლებენ.
შენ სხვას ნუ ელი,
შენ შენი წილი სიხარული
ყოველს მიაგე.
ფერი იცვალა დღეებმა ცრემლით,
წამებამ თმენით გამოიდარა.
ღვთის შემწეობის
შეგრძნების დროა,
დროა მყუდროი
და სანუკვარი.
* * *
გავლილ დროებას შემოიკრებ,
ნექტარს ამოსწოვ
და მოაგროვებ ფიჭაში ტკბილ თაფლს.
* * *
საფლავების ქალაქში,
სადაც სულნი შეყრილან,
კვირტთა სკდომა იწყება,
ირგვლივ მიწის სუნია,
გაზაფხული მოსულა,
და საშინლად ლამაზი
სიმშვიდეა ჩვეული,
ეს სხვაგვარი ადგილი
ჩვენთვის ახლობელია,
მეტად არის ნაცნობი,
თუმც აქ იშვიათად ვართ.
დროა სულზე ვიფიქროთ, –
შესაყრელად უფალთან –
გვაბარია ეს საქმე,
სათნოებით ვიქმოდეთ.
* * *
ვინც ვიბადებით,
ერთიანად მოგვეფინება მადლი ღვთიური.
ზრდასრულ ვიქმნებით:
ვის დაუდგება გაზაფხული სულში მღვიძარი?
და ვინცა მშვიდად გაჰყვება ზაფხულს,
მივა ბოლომდე, პირნათელი და ვალმოხდილი,
მიდგება კართან კდემით და რიდით,
მოსვენებული იქნება მუდმივ.
* * *
განვლილან დრონი,
თვისი სახით ჩნდებიან ხშირად,
ხან კი ირცხვენენ სიწმინდეებთან.
* * *
ყველა შეცდომას,
ყველა ცოდვას,
თუნდაც გარედან გამოწვეულს,
შემეძლო სწრაფად ავრიდებოდი,
მაგრამ ავყევი,
ხან გავიოცე,
ხან განვიმსჭვალე,
ხანაც სიმცდარე ვერ დავიჯერე,
ანდა სიმართლედ მსურდა აღმექვა
და ამიტომაც ძალზე გავწამდი,
სხვადასხვა სახით.
* * *
შეეცადე გამოერიდო
ამ სოფლიერის ორომტრიალს, გაუთავებელს.
რომ იფხიზლო სიწმინდისათვის
და გზა სავალი, იწრო და ძნელი
თანდათანობით შეიმსუბუქო,
ნუ დაყოვნდები.
მადლისა ძაფი თუ გაილევა,
რომ არ გაგიწყდეს,
დაუდარაჯდი სიმშვიდისათვის,
რომ არ ჩავარდე სიმძიმილში – გაუსაძლისში,
იღვიძე, გესმის?
თანაკლასელები – მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი და რევაზ ლოლიშვილი
* * *
არც იმას ვითვლი, სიკეთის წილ რომ
მომეზღო სხვა რამ,
არც იმას, შიგნით მოპოვებულს რომ
ჩალისად სცნობენ.
მაინც ჩემშივე სჯობს მოვსინჯო
ცდომა, შეცდომა...
სინანულის ტბა ცრემლებით დგება,
ჩავცქერ მდუმარედ:
ამა ცხოვრების ტკბილი ნაყოფი,
თმენით მოსული,
რომ არ იგემო, ამას ფიქრობენ.
სულის ყვავილნი
მხოლოდ ნაწვიმარ ამინდს მოჰყვება.
ასე გრძელდება და გეუფლება
სუნთქვა მარადის.
* * *
სჯობს დაითმინო ტანჯვა ყოველი,
ღვთისგან სიშორე რომ არ შეიგრძნო,
რომ მისასვლელი გზა არ მოგეჭრას,
სად ეგულები შენ დიდ საგანძურს,
რისკენაც ილტვის კაცი მართალი
ამქვეყნიურთან ჭიდილის შემდგომ.
მის სიდიადეს ვერაფრით შევცვლით,
ყველა წრიალი ცრუა, ამაო.
მარადიული შუქისკენ სწრაფვას
როს შეგნიშნავენ წრფელი გზით მავალს,
ძლიერობს თვალი უარყოფითი,
უკვე აშკარად გებრძვის ყოველგან.
ამ ყოველივეს შეხვდი სიჩუმით,
უნდა ითმინო:
მერმე ამისა გეღვრება შუქი,
გეძლევა ძალა უკვე ულევი;
კვლავ მიაგნებენ,
როგორ წარგტაცონ მოპოვებული,
ამისთვის ძრწიან.
გაუძელ მასაც,
მაგრამ თუ სძლიე,
სიჩუმე იგი,
შიგან გულისგულ
დაგაწყებინებს საუბარს ღმერთთან.
შენ ამ საგანძურს ფუჭად გითვლიან,
რადგან ვერ ხედვენ,
გვმართებს სიმტკიცე;
ღვთისთვის წამებულთ
შემწეობა უნდა ევედრო,
განშორდე უნდა მათ, ვერაგებს,
იქნებ უსახურ ტანჯვას ავცილდეთ,
შეეძრათ გული, ხრიოკი განჰქრეს,
მიეცეთ იქნებ თვის უგვანობის
ხედვის უნარი, საშინელების,
ჩაცხრეს ბრძოლები და სიმშვიდეში
ლხენა შევიგრძნოთ.
* * *
როცა მრავალგზით
ვკარგავთ სიყვარულს,
სულდაშრეტილნი
შევეგებებით
კვლავ ციურ ნიავს,
რომ კვლავ სუფევდეს
სრულ ჰარმონია.
* * *
განუწყვეტელი ორომტრიალი
აწეწილ სულთა
შენ უნდა ზიდო
და ჩააწყნარო
მათგან ძახილი უარყოფითი
საკუთარ სულში.
ეს უნდა ჩაკლა
და განიწმინდო
ამ ექოსაგან.
მუდმივ სიმყარეს
კვლავაც მიმართე,
ღვთის კანონებით
რაც დადგენილა.
ო, რა საშიში გრძნობა არის
სიმშვიდის ქრობა საკუთარ თავში.
* * *
კაცთათვის ჩვეულ
მშვიდ ცხოვრებას
როს ვესწრაფვოდი,
მის წილ მებოძა
მძიმე წუხილი მომხდურთა გამო.
გეწადა ძლიერ, რაც ადრე სცანი,
მაგრამ გიქრობდნენ სწრაფადვე მალვით,
ნუ აგერევა ნურაფერში
გზა მოთმინების,
უწინ და ახლაც
სხვა გზა არ გელის.
* * *
წვიმს,
წვეთებს წვიმისას
თან მოჰყვება გახსენებები.
წვიმს და შიგნითაც იწყება წვიმა –
სულის ნაჟური.
წვიმს ტკბილი წვიმა,
წვეთავს ფანჯრებზე,
წვიმის ნაპირზე
გამორიყულებს
სასოება გვეწვევა დიდი.
* * *
როგორ მიხარის:
იმედის ქვეყნის
ძებნა არ მიჭირს.
ვძებნე ადრევე და განვემზადე
იქ შესასვლელად,
ამგვარ გავუძელ უტყვ სატანჯველს
ღვთის მეოხებით.
ბევრი წამებით შედის იქით;
მართლაც წამება მოსალოდნელი
უფრო დიდია.
ამ ნაცნობ ადგილს –
სასოების ტკბილ ნავსაყუდელს
ვეჩქარებოდეთ.
ტკივილთან ბრძოლით,
მის გადალახვით და მოთმინებით
ვპოვებთ რომელსაც.
* * *
იწრთობა იგი,
ვისაც ბრძოლაში
შემდგომი მბრძოლნი
აღარად უჩანს,
რადგან ეწევა ძალი კეთილი
მცირედთ, ო მცირედთ
ეცხადება ის სიდიადით.
* * *
ლოდინს ლოდები ჩამოჰყვება,
გზა იხერგება,
კალაპოტი თუ არ აჩვენე.
დიდი ლოდინი შეჰკრებს უამრავს;
დრო წარმავალთა მიედინება
უდარდელობით.
სულო დაყუჩდი,
ძალა უკვე ღვთით მოგეცემა,
შენ საბრძოლველად,
ღირსება თუკი მოიპოვე,
შეგეწევიან ციდან მეოხნი.
ელტვოდე ჩვეულ მყუდროებას,
შენთვის რომელიც ნაცნობია
და მშობლიური,
(ნუ სერავ დიდ ზღვებს)
შენში იყუჩე, სულო ჩამიდექ.
* * *
მოძალებულ ბოროტს
როგორ უძლოს გულმა.
ცრემლთა ნაკადები
მხურვალებით აქრობს
ცეცხლს მის ხრიოკისას,
ეს სხვა ნაკადია,
მასზე ხიდი გადის
ამ ქვეყნიდან იქით.
* * *
ცრემლის დადინება,
საგზლის სამზადისი
უკვდავების გზისთვის,
აქრობს უაზრობას;
კეთილს ის მოიყვანს
ბინად, სამკვიდრებლად.
* * *
ამაოების ხმელეთზე
ეკალ-ბარდებში, ძეძვნარში,
გზას ნაპირამდე მივიკვლევ,
ლოცვის მდინარეს მსურს გავყვე,
მისი ტალღები მაგრილებს,
ცრემლს სინანულის დამადენს,
დათმენით თმენას ვისწავლი,
შენს წიაღამდე მოვაღწევ,
უხილველად და უჩუმრად
სულში სიწყნარეს ვიუნჯებ.
* * *
და ის უჩინოც სხვა გრძნობით,
გულისხმით, ხილულ იქნება,
რომ არ მოგაკლდეს სინედლე –
მარადის საზრდო სულისა.
* * *
ლოცვით ნაგები საფეხურები –
ქულა ღრუბლები –
გადასახედი –
ნათელის ქვეყნის
(მყუდროს, ნეტარის).
ცოდვის ნისლების
ქრობა, მილევა.
ო საზარელი
გახსენებები,
მაგრამ დაცვა
უფლისმიერი.
ღვთის მადლის გრძნობა
ყოველს შეშვენის
დიდ სიხარულით.
* * *
გზა ლოცვის, შენკენ მოლტოლვის,
შენითვე ის ჩასახული,
ქვეყანას დაშორებული
და ქვეყანაზე ფენილი;
გზა ზენაართა საუფლოს
ბრწყინვალის მრავლის მხილველის;
გზა ვისი შევა ნეტავ იქ,
იქნება ღირსი ნეტა ვინ.
წინაშე წმიდის წარსდგება,
ვინ დაიუნჯებს ამიერს
ნათელსა იმა ქვეყნისთვის.
საუბარი საჭირბოროტო საკითხზე
* * *
გვამი სულით არს შექმნილი
და გვმართებს ლოცვა სიწმინდით,
რომ გაილიოს ცოდვები,
ჟამი ყოველი სარგებლით
მივიღოთ ფხიზლად, ეგების.
* * *
გაზაფხულის სიხარული
ისადგურებს შუქით სულში,
და მღვიძარ კაცს სითბო მისი
მიახვედრებს წარმავლობას,
განახლდება კვლავ ფიქრები
წამოდგომის, განმტკიცების.
* * *
შორს ხარ უფალო,
შენამდე ძნელი არს მოსასვლელი.
დაახლოებას ვინც შენთან იწყებს,
მრავალი მბრძოლი გზად ეღობება,
მაგრამ ეწევი მას უხილავად.
* * *
ღვთის მიერ ქმნილა ყოველი,
ხატად და მსგავსად მისად,
რომ შეუერთდეს ღირსებით
იმ ნაზიარებ სულთა,
უკვდავებას და სიწმინდეს
სიმშვიდით მოცულ დასთა,
მარადი შუქით ფენილთა,
ჩვენთა მეოხთა აქაც.
ნეტარებს ვინაც გაიგო,
თუკი ქრისტეს გზას გავალს.
მისიანობა გვერჩიოს,
წინაპარნი გვყავს მცველად.
გულს არანაირ არ ძალუძს
მათგან სიშორის განცდა.
* * *
ნუ ისრუტავ უკეთურ ძალთა,
უეცრად მომხდურთ,
მზად შეეგებე, ლოცვა დაუგე,
რომელს ყოველთვის ესწრაფვოდე
სიფხიზლით, ნდობით,
და გამოსტაცე იგი არარას.
დაბრუნდი მშვიდი მშვენიერებით,
რომელიც მუდამ შვენის თავდახრილს.
* * *
სული პატრონობს
თავის ჭურჭელს.
სული და ხორცი ერთურთია.
სული წარმართავს მის მოქმედებას,
სული უკვდავი.
როს ეძალება
ბოროტის განცდა,
ნუ დაიძლევა უკეთურისგან.
ბრძოლა გრძელდება,
სიტყვებს ამოჰყავთ
სული ზემსწრაფი,
ის ფრთებით მიჰყავთ.
ფრთოსნის კამარას ჰგავს სიტყვები –
სიმშვიდის წყაროს,
დაუწყვეტელს.
* * *
საღამოს ჟამი...
გარედან მოსულ შემოსეულ მტერს
ბრძოლა ეგების.
ჩაცხრება მერე,
მერე შენდობით
დრო გაგრძელდება.
მზე ჩემს ოთახში
დღის ბოლო სხივებს შემოაშუქებს,
თვალს გაუხარდა,
მომაწვა ფიქრი,
ხედავს ამაოს, როგორ იბრძვის
მართლაც ამაოდ.
* * *
უარყოფა მათგან ნუ გძლევს, აიტანე.
კვლავ დადრიკე თავი, წვიმით განიწმინდე,
შენი წვიმით ისევ, რომ უფალთან გქონდეს
მისასვლელი წმინდად. შეჭირვბის ჟამს ხომ
ახლოს არის იგი, უფრო ახლოს ვიდრე
ჩვეულებრივ არის, გრძნობ მის მფარველობას
დგახარ კდემით, რიდით.
* * *
განგების ნებით,
როს სიხარული
დიდი გვეწევა,
გულში ბრწყინდება ის სასოებად:
რადგან სამყარო აწ უკვე მყარი
და ვერ შეძრული, აღარც უფერო,
თვალს ახელს მაშინ
და უსასრულო ფერთა ნაკადებს
ზეცით გადმოღვრის.
ქარიშხლის შემდეგ ის გადაღლილ გულს
სრულ გამოიხსნის
და აქ ყოველი ამეტყველდება
თავისი ენით, ვეყურადები,
და ვმშვიდდები სმენად ქცეული.
* * *
ამაო ძალთა განქიქებას
მიაქვს დრო დიდი,
რომელსაც ვეღარ დაიბრუნებ,
ცხოვრებას განვლილს.
ტკივილს დათმენა უფრო შვენის,
ვიდრე განჩხრეკა.
უღვთო ეგების
გონზე მოეგოს,
სცნოს მან უფალი.
* * *
განსაცდელს როცა გამოივლი,
სხვა ფერებიდან ხედავ ქვეყანას:
სხვაგვარი ხმა აქვს ჩიტების ჭიკჭიკს,
სხვაფერად ჰყვავის ყვავილი ყველა,
ქარიც სხვაგვარად გესაუბრება,
ცხოვრება ცოდვა-მადლის აწონვით
განიზომება, შენც მიტევების
მრავალი სახე გაქვს გასავლელი.
* * *
მეგობარს ეძებ ყველგან,
მტერი კი უფრო გხვდება,
სიმყარისათვის ძალა
გჭირდება უფრო მეტად.
* * *
გსურდა ცხოვრება,
არ მარტო გსურდა,
გიყვარდა, ვითარც
გაზაფხულობით
დამსკდარ კვირტების
ნაყოფად ქცევა,
მერე დახუნძვლა
ღვთიური მადლით.
ამქვეყნიურის განახლებისთვის
გსურდა ყოველი,
მაგრამ ელოდე
განგებას ღვთისას:
მას ნუ გადახვალ.
* * *
მივხვდი რას ნიშნავს
ჩუმი ცრემლები –
ეს მდინარეა,
გადამრჩენელი მდინარებაა,
ზღვას რომ ერთვება
გულმხურვალებით.
* * *
მოვწყდები ქაოსს და
უფალზე მინდობით,
დუმილით, უტყვობით
ხატებთან წარვდგები,
იქითკენ მივილტვი
და მომაქვს ნუგეში
უქრობი კავშირით,
მსუბუქი ტვირთებით.
* * *
ერთ სამკვიდროში
ყოველი კაცის
უფლისკენ სწრაფვა,
მათი ერთობა,
უფლით სუფევა.
საქმეთა მათთა
ღვთის სადიდებლად
ქმნა, აღსრულება.
ამ ცხოველმყოფელ
ტაძარს ურყეველს,
უმტკიცესს, წმინდას
უფალი იცავს.
* * *
ღვთისკენ პირის ქცევით,
იძლევიან მტერნი,
ავნი, დამთრგუნველნი,
ამა ქვეყნისანი.
თმენით დავფუძნდებით.
დავიღალე რადგან
ქარით, ღელვით, გვემით,
ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით,
მოვალთ თანხმობაში.
ლოდი ლოდზე დადე
დიდი ლოდინისთვის:
სულში ბუნებითი
განათებულია.
რომ ავშენდეთ მყარად,
რომ სუფევდეს იგი
ჩვენშიც, ლხენით, შვებით
თვის მშვენიერებით.
* * *
ჩვენ ერთ ხიდად ვართ,
დიდ წინაპართა ღვაწლით მოსულნი,
ჩვენც უნდა შევძლოთ
მათ გადავცეთ, ჩვენ მომავალთა
სული და ხორცი
უფლისმიერი,
რადგან ყოველი დარჩენილი
მადლის გარეშე არის შთენილი და დაკარგული.
* * *
დღე არის დიდი,
ღრუბლიანის გამონათება – დიდი ნათებით –
წარსული აწცა ცხოველქმნილი
და სასოება მომავლისადმი.
უფლის განგებით
წარტაცულ არის
ბნელი, უჩინო, არ სახიერი.
რჩება მხოლოდღა ბნელთან მებრძოლი
მკვიდრი ამ ქვეყნის,
რომელს ნათელი მარადიული
ბრძოლის წიაღ აქვს მოპოვებული.
ზეცისკენ მხედი
ამა ქვეყნის ვალს აღასრულებს.
* * *
აღევლინება ლოცვა უჩუმრად
მოიხილება ქმედი ნათელი,
გვწადს, ყოველს ერგოს
ესე სიწმინდე – მიუწვდომელი.
თუ არ მდაბლობით,
თავგანწირვით მოყვასისათვის,
დრო-ჟამის ცნობით,
უცხო იქნება დაბრუნება
ისევ ბუდეში, სად დავფრთიანდით,
რომ დასთა დასში უკუნისამდე
დავიმკვიდრებდეთ ადგილს მარადის.
* * *
წვიმს,
სველია დაბლა ჭრელი ფოთლები,
მზე მათში მდუმარ რომ ჩაწურულა.
წვიმს...
შიშვლდებიან ხეთა რიგები,
შეიცვლებიან, დროს იძარცვიან,
წვიმს...
გულის მიდამოს ცრემლი ასველებს
სიწმინდისაკენ რომ იმზირება,
დრო გარდასულა ღვთის უგრძნობლობით
არცოდნით თუნდაც.
წვიმს...
სველი მიწის სურნელი მოდის,
მიწას წვიმები ასაზრდოებს,
გულს – სინანული.
ისინი მხოლოდ
წვიმით ცოცხლობენ, ზეცით მოსულით,
ღვთისა წიაღში ნაწვიმარი გაიცისკროვნებს,
შეერთვის მდუმარს და ინეტარებს.
* * *
ურთიერთით ვართ აგებულნი,
ერთურთით ვხარობთ.
ამ სიყვარულის
დამანგრეველი უკუძალები
ვერ ჩერდებიან მარადიულში.
წუთისოფელში,
წუთის ყოფაში,
თუმცა მძლავრობენ.
* * *
ლოცვით შენს წიაღ
იმედსა ვპოვებთ
და ვმოქმედებთ შენის წყალობით,
გზას შენსას ვხვდებით:
შენი დათმენა, გულში ჩამწვდომი,
ჩვენც ჭირთა თმენას შეგვაზიარებს.
ეს თავმდაბლობა გვძენს ჩვენ ღირსებას
გულისგულ მშვიდად, სხვა ყოველივე:
დაკარგულია,
უღვთო ცხოვრება სინათლისაგან წარტაცულია.
* * *
იგრძენ სიმყარე – მოიპოვე იმედი ღვთისა,
რომელს ვერასდროს განეშორები;
უწყოდე, მრავალს ენდომება
შენი შერყევა,
მაგრამ ვინც გემო უკვდავებისა
უკვე იხმია,
მან გაფრთხილებაც უნდა შესძლოს,
მასზე ზრუნვა და მისი მოვლა უნდა იცოდეს,
რათა ღირს ვიქმნათ უფალთან ყოფნის.
* * *
ღამეულ ნისლებს გაუთენე,
რადგან წილად გხვდა
შენ მძიმე ხვედრი.
სახე ცისკარი სხვას მიაგებე,
შესძელ შენდობა და პატიება,
მოწყალე იქმენ.
როს ნისლებს გაჰყრი და სინანულის
ცრემლით მოირწყვის შენივე მიწა,
აყვავილდება ფერად-ფერადად,
და ვის სჭირდება, ყველას აჩუქე
ეს თაიგული შენ უშურველად.
* * *
წამოიშალა ყველა ტკივილი,
ბოროტისაგან მიყენებული,
გადაიშალა უმეცრებანი –
გამოსასყიდი სინანულის გზით.
ახლა შენდობის სწავლა ეგების.
სუფთა ჰაერი, თბილი მიწა, მყუდრო ბუნება –
უფლისა მადლით არის აღვსილი
ლოცვის წიაღით მობრუნებულს
გარემოც ჩუმად მესალბუნება,
ჰა, შეუდექი შენ წილ საქმეებს
სულ სხვაგვარ, მადლით, დროის ავსებით.
* * *
შეუსწავლელი ცხოვრება, მწუხრი,
განშორებით თუმც ამაოსაგან,
სანანებელი არის ყოველთვის,
მას შემდეგ ოდეს ჩაწვდები უფალს.
ბიწით ცხოვრება საშიშად მოჩანს
და გიმძაფრდება გრძნობა სიწმინდის –
სურნელმფრქვეველი უცვალებელად.
* * *
ლოცვა-ვედრებით მოწეულ დროით
პური არსობის ტკბილდება რარიგ,
გწადს, რომ იგემო მადლიერებით,
ირგოს ყოველმაც, მიიღოს კრძალვით.
* * *
თუ არ სიწმინდით,
თმენით, სიმშვიდით
და სიხარულით უფლისმიერით,
ვინ მოერია სოფლის სიავეს,
ცხოვრება არის გაუტანელი,
ვალმოსახდელი და გასასვლელი.
ჩვენ დანერგულთა უფლისა ძალით
უნდა ვიცხოვროთ კვლავ უფლისათვის.
* * *
წამოიშლება მრავალი ჭირი გარეთ თუ შიგნით,
და ერთიანად მოგეძალება.
ჯვრით აღიმართე და შეუდექი
გზას მოთმინებით.
გონების თვალი გულს ჩასცქერის,
იქ საყრდენია,
რომ მყუდროდ ვიქმნეთ,
რომ სასოება გვქონდეს მარადის.
* * *
სიტყვა რომ ჩნდება,
ცოცხლობს იგი,
ვაი მას, ვინაც
ვერ მოიხელთებს
სიწმინდით, კრძალვით
მის ნამდვილობას.
No comments:
Post a Comment