Thursday, June 11, 2020

ვალიკო ჯუღელი სოჭის ექსპედიციისა და სომხეთთან ომის შესახებ 1918 წლის მეორე ნახევარში

(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ამონარიდს /პირობითად, მესამე ნაწილს/ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის /1918–1921 წწ./ სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის უფროსის ვალიკო /ვლადიმერ/ ჯუღელის წიგნიდან „მძიმე ჯვარი /სახალხო-გვარდიელის ჩანაწერები /“, რუსულ ენაზე, ტფილისი, 1920 წ. /Валико Джугели, «Тяжёлый крест /записки народногвардейца/», Тифлис, 1920 г./; ხოლო თვითონ წიგნის ტექსტი კი მთლიანად შეიძლება ინახოს „ინტერნეტში“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის /თბილისის ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკის/ ფონდებში)




სოჭის ექსპედიცია 


30 აგვისტოს 18 წ. ტფილისი. რკინიგზის სადგური. ადრეული საღამო.

არ არის ჩვენთვის დასვენება და სიმშვიდე!.. ახალ, მძიმე და ხანგრძლივ ლაშქრობაში გავდივართ... სამეგრელოსა და სამურზაყანოს გავლით ბელორეჩენსკაიასკენ ვმოძრაობთ... წინ ბევრი იმედი და სიხარული გველოდება. ბევრი ტყვიისებური სიმწარეა წარსულში... ჩემო ერთადერთო, შეუცვლელო დათიკო! როგორ მძიმედ და მოწყენილად ვარ უშენოდ... რამდენი იმედი და აღტაცება მოჰკალი შენ ჩემში!...

და ვანიჩკაც, ჩვენი საყვარელი ვანიჩკაც არ არის ჩემთან. მისი ბედი ჩემთვის უცნობია და არ ვიცი, მოვა თუ არა იგი ჩვენთან...

„სულ ვიყურები ცის შორეულ ბინდბუნდში, და ჩემი გული დახეტიალობს და ჰკვნესის დაუდუმებელ ქარად“...

მე ვიწყებ თაგორის ნათელი, ლოცვითი სევდის გაგებას...


30 აგვისტოს 18 წ. ტფილისი. ღამე. ს.-დემოკრ. ფრაქცია.

ვისმენდი გაბო ხუნდაძის მოხსენებას, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა. არ ჰყვება იგი მხიარულ ამბებს: იშლება, იღუპება დიდი რუსეთი! და წინ არც გზის მაჩვენებელი, გამამხნევებელი ვარსკვლავია. და ეს ყველაფერი ბოლშევიზმმა გააკეთა. მან მოჰკლა რევოლუცია და გააცოცხლა, სული შთაბერა რეაქციას. მტკივნეულად მეკუმშება გული და სულიც მიკვნესის.

ნუთუ არ არის აღორძინება?! ნუთუ ყველა ამაყი ოცნება თავისუფალი და დიდი რუსეთის შესახებ საბოლოოდ და უკანმოუბრუნებლად დაიღუპა?!

ძველი დრო მახსენდება... მახსენდება ჩვენი ძველი, საყვარელი პეტერბურგი. მაშინ ჩვენ გაბო პირველად გავიცანით. იგი ახლა კარგად გამოიყურება, მაგრამ მისი ძველი დროის „სტუდენტური“ ქარიშხლიანი აკორდი: „ძირს მეფე, გვირგვინი კი მუზეუმში!“ – მე უფრო მომწონდა. იყო რწმენა, სიმხნევე და სინათლე. იყო ოცნებები!.. კეთილი, მძიმე, კარგი და საძაგელი ძველი დრო!.. გაბო მაშინ შიმშილობდა და ასანთის ღერივით გამხდარი გახლდათ. ცივ ზამთარში იგი ორ საზაფხულო პალტოს ატარებდა... ჩვენს ჯგუფს იგი ძალიან უყვარდა და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. განსაკუთრებით განსვენებულ დათიკოს უყვარდა იგი...

დღეს ახალი, მძიმე ცნობაა: აფხაზეთის მთებში ჩვენი საუკეთესო ოფიცერი სამსონ ღლონტი მოკლულია, ხოლო ლეონიდ ნოვიკოვი კი დაჭრილი. მოკლულია ასევე გამოჩენილი მეტყვიამფრქვევე სურგულაძე – ოჩხამურის გმირი... ისინი ასკერებთან ბრძოლაში არიან დახოცილნი... ვიწვი სურვილით რომ მალე შევეტაკო მოწინააღმდეგეს. შური ვიძიო მასზე და გავსრისო იგი!..


31 აგვისტოს 18 წ. სადგ. გომი. საღამო.

ნელა და დუნედ მოძრაობს ჩვენი ეშელონი. მაზუთი არ არის და ყველა ორთქლამავალი გაზარმაცდა. ტფილისიდან გარიჟრაჟზე გამოვედით და ჯერჯერობით აქ ერთ ადგილს ვტკეპნით...


1 სექტემბერს 18 წ. აბაშა. საღამო.

აბაშასა და მის შემოგარენში სიმშვიდეა. ახლა ჩვენ გიდინიასთან ვართ. აქ კარგია.


2 სექტემბერს 18 წ. სოფ. ნაქალაქევი. შუადღე.

მთელი ჩვენი შტაბი სოსო გედევანოვთან ერთად ავტომობილებით მარტვილში მივემგზავრებით. ჩვენ ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული ცქვიტი მოტოციკლეტები გვაცილებენ. გედევანოვის რაზმი სამეგრელოში ჩვენზე უფრო ადრე ჩამოვიდა და ის უკვე ზუგდიდზე სამი მიმართულებით წავიდა. ჩვენი ამოცანა ამით ძალიან მსუბუქდება და, როგორც ჩანს, ზუგდიდის მაზრაში ერთ კვირაზე მეტი დროით გაჩერება არ მოგვიწევს. ეს კარგია. მე ისე მივისწრაფვი სოხუმის ოკრუგში – იქ ბევრი ასკერია, ბოროტმოქმედი აფხაზი თავადების მიერ დაძახებული. ამ ასკერებმა ჩემი ძმა დაჭრეს და მოქვის მონასტერსა და აჩმეძმახას სიმაღლეებზე ბევრი ჩვენი ამხანაგი სახალხო-გვარდიელი დახოცეს. ჩვენი საყვარელი სამსონ ღლონტი ამ ასკერების მიერაა მოკლული! საწყალი, კარგი, სახელოვანი ბიჭი!.. როგორი კარგი იყო, განსაკუთრებულად კარგი. ყველა კარგი, რჩეული იღუპება... მძიმეა, აუტანლად მძიმე... განსაკუთრებით, როცა მარტოდ რჩები, მხოლოდ შენს ფიქრებთან და განწყობილებებთან. მაშინ მეგობრების მწუხარე საფლავები იხსნება და ძვირფასი აჩრდილებიც მიწიდან ამოდიან... მე მიყვარს ეს მწუხარე მარტოობა, მიყვარს ამ შეხვედრების სიმწარე... ვალიკოსა და დათიკოს სიკვდილმა საბოლოოდ გამტეხა... მე ვცოცხლობ, ვმუშაობ, მაგრამ ეს ყველაფერი ის არ არის! არ არის უწინდელი გაცისკროვნება, უწინდელი აღტაცებანი...

მაგრამ მე მინდა მჯეროდეს და მჯერა, რომ შემდეგში უფრო მეტი სიხარული იქნება... და გაუბედავად ჰყვავილობენ ოცნებები... ბევრ რამესა და ბევრ ვინმეზე ვფიქრობ... ხშირად ფიქრებს კოჯორში მივყავარ, საყვარელი გიორგის დიდებული ოჯახის წრეში და თბილად ვფიქრობ მათზე. მშობლიური ოჯახია. ვიხსენებ პატარა არჩილს, ამ ჩემს ერთგულ, უცვლელ მეგობარს; ვიღიმები და ვფიქრობ: მე ძალიან ვუყვარვარ ბავშვებს. ეს საკუთარ თვალში მამაღლებს!..


2 სექტემბერს 18 წ. სოფ. აბაშა. საღამო.

ვბრუნდებით მარტვილიდან. კონიევი, გედევანოვი, სანდრო, ალექსანდრე, ალფესი და სხვები. მარტვილში გედევანოვის პირველი შემომვლელი კოლონა და ვლადიმერ ჯიბლაძის რაზმის ნაწილი დგანან. ვლადიმერი გორდის მიუახლოვდა და ენერგიულად ავიწროვებს აჯანყებულებს, რომლებსაც ყაჩაღი ხაჟომია ხელმძღვანელობს. დამახასიათებელია, რომ ყველა მეგრელი ყაჩაღი „ბოლშევიკად“ გადაიქცა და ყოფილი ცხენის ქურდები ახლა ბოლშევიკების კომუნისტური პარტიის დიადი იდეალების ზეიმისათვის იბრძვიან! ვლადიმერს ნამდვილი მეომრის შესახედაობა აქვს, მაგრამ იგი, როგორც ჩანს, დაიღალა, გახდა. ის ხომ ავად არის. დაზვერვაში მას ბანდიტებმა მისი საკუთარი ცხენი მოსტაცეს და თავად ისიც ძლივს გადარჩა. ჩვენ მხიარულად ვიცინოდით ამაზე და ვლადიმერი ბუზღუნებდა. საერთოდ – ვლადიმერი დიდებული ამხანაგია და იგი დაუღალავია მუშაობაში. ავადმყოფობის მიუხედავად, მისი ენერგია მაოცებს. ბევრს რომ შეეძლოს ასე მუშაობა!..

მოსავალი აქ ყველგან შესანიშნავია... ოდესღაც ჩვენ მოგვიხდა მარტვილისათვის ცეცხლი დაგვეშინა. ახლა აქ ყველაფერი წყნარადაა და ეს სულს მიხარებს. მარტვილში ჩვენი ევგენის „უზარამაზარი, საბატონო, ფეოდალური ციხე-სასახლის“ მახლობლად ჩავიარეთ! ევგენი გეგეჭკორის ღატაკი, შეუხედავი პატარა სახლის მახლობლად... და თითქოს ჯიბრით – ვიღაც სოფლის ბურჟუამ აქვე, ევგენის სახლის პირდაპირ თავისი ბურჟუაზიული ციხე-სასახლე წამოჭიმა და ექს-პრემიერი სრულებით დაგვიჩრდილა!..


3 სექტემბერს 18 წ. ახალ-სენაკი. დილა.

ჩვენი ეშელონი გუშინ გადმოიტვირთა. ჩვენმა არტილერიამ და მეტყვიამფრქვევეთა რაზმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს... მოგვიხდა ღამე თივაზე წვიმის ქვეშ გაგვეტარებია, მაგრამ ახლა უკვე წვიმა აღარ მოდის. დღეს სხვადასხვა გზებით ზუგდიდზე გავდივართ და მჯერა, რომ მალე მოვახდენთ სამეგრელოს ავანტიურის ლიკვიდაციას. სიჩქარე კი აუცილებელია, ვინაიდან გვაქვს ცნობები, რომ „ბოლშევიკები“ მხოლოდ იარაღი არიან თურქთა აგენტებისა და ბოროტმოქმედ თავადთა ხელში... ჰქმნიან ანარქიას, რათა სამეგრელოში თურქული დესანტი გადმოსხან. როგორც სოხუმის ოკრუგშიც. მაგრამ ჩვენ უკვე აქ ვართ და თურქულ-ბოლშევიკური ავანტიურა ჩაშლილია...


3 სექტემბერს 18 წ. ქვალონი. დღის 3 საათი. შესვენება.

აქ ვისვენებთ. ქვალონი ჩემი ვანიჩკას სოფელია, ერთ-ერთისა ჩვენი „სამეულიდან“. მაგრამ თვითონ „სამეული“ უკვე აღარ არის: ის დაუნდობლად დამსხვრეულ იქნა... 

მოსახლეობა ჩვენ მოღუშულად გვხვდება. იგი იქითკენაა მიდრეკილი, რომ მტრებად გვთვლიდეს... მაგრამ ჩვენ იგი გადავარწმუნეთ!

აქედან რაზმის ნაწილი ხორშაზე გადის. ვფიქრობთ ხვალ ზუგდიდში ვიქნებით...

დღეს ახალ-სენაკში ჩვენთან დელეგაცია მოვიდა „16 საზოგადოებიდან“ როგორც თავად მან განგვიცხადა. ისინი მორჩილებას გამოხატავენ. მაგრამ დელეგაციის შემადგენლობა ძალზედ საეჭვოა: დელეგაცია უმრავლესობით ყაჩაღებისაგან შედგება, ხოლო თვითონ ის კი ყოფილმა უგანათლებულესმა მთავარმა უჩა დადიანმა მოიყვანა. ისე უცნაური იყო ყოფილი ბრწყინვალე კონვოელის ბოლშევიკური დელეგაციის სათავეში ხილვა!.. ოდესღაც – სტუდენტობის დროს – მე მას ვიცნობდი. იგი მაშინ თავისი ძალისა და გარკვეულწილად დიდების გაცისკროვნების ხანაში გახლდათ... მაგრამ დრონი შეიცვალნენ და ისტორიის ბორბალიც სხვანაირად დატრიალდა...


3 სექტემბერს 18 წ. ხოფა. საღამო.

ცაიშში ვიმგზავრე. იქ როტმისტრი დენისოვი დგას მეტყვიამფრქვევეთა რაზმითა და პატარა რეგულარული ნაწილით. მისი ჯარები მოიქანცნენ და მგონი დაიმშენ კიდეც... 

ხვალ აბასთუმანზე გავდივართ და გვინდა ჩრდილოეთიდან – ხეცერას მხრიდან მოვუჭრათ გასასვლელი აბასთუმნის ბანდებს. შემდეგ ზენი, ნარაზენი და ხიბულა განვაიარაღეთ. ამ რაიონებში შეტაკებებს არ მოველი. მინდა მალე გავიდე თურქებთან... 

ტფილისისაკენ სრულიად არაფერი არ მეზიდება...


4 სექტემბერს 18 წ. სოფ. ხეთა. შუადღე.

საბურავი გაგვისკდა, ველოდებით... დღეს ყოველი მხრიდან ვუტევთ ზუდგიდის მაზრის სიღრმეში, გვაქვს რა ცენტრში აბასთუმანი. სამ დღეში ჩვენ უკვე მთელი მაზრა დავაწყნარეთ...

ხეთა სამეგრელოს უმდიდრესი სოფელია.


4 სექტემბერს 18 წ. ჭაობი ონარიო. საღამო.

ახლა ლამაზი სახელის მქონე ჩრდილო ჭაობები გავიარეთ. გვარდიელები მხიარულად და მხნედ მიდიან. ჩემთან და ალექსანდრესთან ერთად სიკო და ოცეულის სანიმუშო მეთაური რაჟდენი მოდიან. მათთან ერთი ტფილისური ასეულია. ერთი საათის შემდეგ ხეცერაზე გავალთ და შევეცდებით კონიევსა და სანდროს დავუკავშირდეთ, რომლებიც აბასთუმანს სამხრეთიდან უტევენ...


5 სექტემბერს 18 წ. სოფ. ხეცერა. დილა.

ამინდი საძაგელია. საღამო საოცარი იყო, მაგრამ ღამით წვიმა წამოვიდა. ამჯერად მე სამრეკლოში შევიყუჟე. ახლა ზარს გააქვს გუგუნი. სოფლის შეკრება მოვაწყეთ. სოფლებებს ვთავაზობდით ნებაყოფლობით ჩაგვაბარონ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეპრესიებით ვემუქრებოდით... ვემუქრებოდით, მაგრამ თვითონაც არ ვიცით, თუ რაში იქნება გამოხატული ეს რეპრესიები... მე ტკივილამდე მეცოდებიან ეს უბედური, ბნელი და გასულელებული გლეხები. ისინი გულწრფელად არიან დარწმუნებული, რომ თავიანთი ანარქიული გამოსვლებით ხალხის ინტერესებს იცავენ... 

მოსავალი სამეგრელოში დიდებულია. ეს მახარებს და მამშვიდებს...

აქედან აღგაფრთოვანებთ ხედი ყველა მხარეს... ლამაზი, რბილი პეიზაჟია...

დღეს საჭმლის გარეშე ვზივართ, ისე ძნელია მისი მოტანა... მოგვიწევს ჭყინტი სიმინდით ვიკვებოთ.


5 სექტემბერს 18 წ. სოფ. ხეცერა. დღის 2 საათი.

სოფლის შეკრება იყო. ჩვენ გლეხებს ჩვენი მოსვლის მიზანი და აზრი განვუმარტეთ. ვლაპარაკობდით თურქულ დესანტზე, სოხუმის ოკრუგსა და თავად-აზნაურობის კონტრ-რევოლუციურ მისწრაფებებზე. ყველაზე მეტს ვლაპარაკობდით მიწის შესახებ. მგონი გლეხები თანდათანობით იწყებენ ჩვენს გაგებას. ისინი ყურადღებით ისმენენ ჩვენს სიტყვებს, თვითონაც ლაპარაკობენ, ყველა ჩვენი მოთხოვნის შესრულებას თანხმდებიან. და მე მჯერა მათი გულწრფელობის... რადგანაც სოფელი ხეცერა ჩვენ კარგად დაგვხვდა, გადავწყვიტეთ აქ არანაირი რეკვიზიციები არ მოვახდინოთ, და კარგად გადავუხადოთ ჭყინტი სიმინდის თითოეული ტაროსათვის, რომლებიც ჩვენმა რაზმმა შეჭამა.

კარგი პატიოსანი ადმინისტრაციის არარსებობა ჰქმნის ნიადაგს ანარქიისათვის და აღელვებს ხალხს... ადგილობრივ გლეხებს რამდენადმე ავიწროვებენ 12-ე პოლკის ახალგაზრდა ჯარისკაცები, მაგრამ ამ ბიჭების განსაკუთრებით დადანაშაულებაც არ შეიძლება, რადგანაც სამხედრო უწყებამ ისინი ბედის ანაბარად მიატოვა: ისინი ტანსაცმელ-შემოხეულები და მშივრები არიან... მაგრამ მათზე ხომ იხარჯება ფული და ბევრი ფულიც! მაგრამ ეს ფულები დანიშნულების მიხედვით ვერ აღწევენ, ისინი ჯარისკაცებს არ ემსახურებიან, არამედ სადღაც იქ, შორს ზურგში, პირველ საფეხურებზე რჩებიან... როგორი განსხვავებაა ორგანიზაციისა და კვების მეთოდებში?! თითოეული ჯარისკაცი ხომ სახელმწიფოს ცალკეულ სახალხო-გვარდიელზე გაცილებით უფრო ძვირი უჯდება და მიუხედავად ამისა, ჯარისკაცები გაცილებით უფრო ცუდად არიან მიხედილი... და ეს იმიტომ, რომ სახალხო გვარდიაში ფხიზელი თვალი და მოსიყვარულე გულია...


5 სექტემბერს 18 წ. სოფ. აბასთუმანი. საღამო.

ალექსანდრე, სიკო თუთბერიძე და მე აბასთუმანში ჩამოვედით კონიევთან და სანდრო მაისურაძესთან. აბასთუმანი უზარმაზარი თვალწარმტაცი სოფელია. ანარქიამ აქ თავისთვის მტკიცე ბუდე მოიწყო. მაგრამ ჩვენმა მოსვლამ გლეხები რამდენადმე გამოფხიზლა. ჩვენ არსად შევხვედრივართ წინააღმდეგობას და როგორც ჩანს მოსახლეობის უმრავლესობა ჩვენდამი უკვე ნდობით იწყებს მოკიდებას... ჩვენ ხომ უზარმაზარ ზნეობრივ ენერგიას ვხარჯავთ პროპაგანდაზე... აბასთუმანში უკვე 25 შაშხანა ჩაგვაბარეს. დასაწყისისათვის ეს კარგია. ახლა განვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხს სწრაფი მოძრაობის შესახებ ტუაფსეზე, ვინაიდან იქ უცნაური და რთული მდგომარეობა იქმნება: ალექსეევი ბოლშევიკებს აწვება, ბოლშევიკები კი ჩვენ... იქითკენ უნდა ვიჩქაროთ: ბოლშევიკებიცა და მოხალისეებიც ჩვენთვის ერთნაირად მიღებელნი არიან... 


6 სექტემბერს 18 წ. ხეცერა. დილა. ეკლესიის ეზო.

დილით ადრე ჩვენ აბასთუმნიდან გამოვემგზავრეთ. გადაწყვეტილია სწრაფად დავიძრათ ტუაფსეს ფრონტზე... შემხვედრი დარტყმით უნდა უკუვაგდოთ ბოლშევიკებიცა და მოხალისეებიც...

მე სევდასა და განგაშს განვიცდი: გუშინ აბასთუმნიდან ორ გვარდიელთან ერთად ჩემი საყვარელი ცხენიც გამომიგზავნეს, მაგრამ ამ დრომდე არც ცხენია, არც გვარდიელები... შესაძლოა, ის ბანდიტებმა გაიტაცეს! ეს ჩემთვის დიდი უბედურება იქნებოდა... ყაჩაღებს შეეძლოთ მოეკლათ ადამიანები და მათი გვამებიც შეეგინებიათ... ცხენი კი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია, ვინაიდან ბევრი ლაშქრობა მოვახდინე მასზე ამხედრებულმა, და მასზევე, ტყვიების ქვეშ, ძვირფასი ვალიკო შარაშიძის უსულო, მაგრამ ჯერ კიდევ თბილი გვამი მდინარე ხრამზე გადმოვიტანე...

დღეს აბასთუმანში დიდი მიტინგია... ზუგდიდის მხრიდან ქვემეხმა რამდენჯერმე გაისროლა. ეს, აშკარად, როტმისტრი დენისოვი გულმოდგინეობს...


6 სექტემბერს 18 წ. სოფ. ხეცერა. ღამე.

ახლახანს დავბრუნდით გვარდიელებისა და ჩემი ცხენის ძებნიდან. ამხედრებულებმა 40 ვერსე მეტი გავიარეთ; ყრუ ღამე იყო და ჩვენც საშინლად დავიღალეთ. ცხენისა და ადამიანების კვალს მივაგენით. ისინი დაიბნენ და იყო რისკი ბანდიტების ხელში ჩავარდნილიყვნენ. ახლა ყველა ისინი, ალბათ, უსაფრთხოდ არიან...

ძებნის დროს ახალგაზრდა გლეხის ქალს შევხვდით. მან ბოლშევიკებად მიგვიღო და ჩვენდამი კარდაგ განეწყო. მხიარულად და ენერგიულად თათხავდა ის მენშევიკებს. ჩვენ არ გვინდოდა მისთვის იმედი გაგვეცრუებინა, და ალექსანდრემაც იღბლიანად სცენა გაითამაშა...

შორს თოფების იშვიათი სროლა ისმის.

ღამე საოცარია. კაშკაშა ვარსკვლავები მხიარულად ციმციმებენ... ეზოში გვეძინა – მწვანე ბალახზე.


7 სექტემბერს 18 წ. სოფ. დავითიანი.

ჩემი ცხენი მოიძებნა. ის ყაჩაღებს გადაურჩა. წარმომიდგენია, თუ როგორ გაიხარებდნენ და ბოროტად დაცინვას დამიწყებდნენ ბანდიტები, მათ რომ ორი გვარდიელისა და ცხენის ხელში ჩაგდება მოეხერხებინათ... ამის შესაძლებლობა მე ძლიერად მამწუხრებდა...

ზუგდიდიდან საღამოს 5 საათზე გამოვედით და ღამის გათევა დავითიანში მოგვიხდა. მოსახლეობა აქ მშვიდობიანადაა განწყობილი. დაძინების წინ ქვემეხების რვა გასროლა მოვახდინეთ ჭურვების მაღლივი გასკდომებით სამი მიმართულებით და ირგვლივ ყოველივე ავაფორიაქეთ...

მე დავრწმუნდი, რომ „სამოქალაქო ომში“ ხმისა და სინათლის ეფექტებს დიდი როლი გააჩნიათ. ხვალ მანუჩარის-კახათის გავლით ისევ ზუგდიდზე ვიმოძრავებთ, ხოლო შემდეგ კი ტუაფსეზე უნდა ვიჩქაროთ. იქ მდგომარეობა ძალიან გართულდა. ბოლშევიკების ნაცვლად ახალი ძალა მოდის, რომელთანაც მომავალში ბევრი უსიამოვნების გადატანა მოგვიწევს... საშინელ მემკვიდრეობას გვიტოვებენ ბოლშევიკები.

ჩვენებმა უკვე დატოვეს ტუაფსე ბოლშევიკების მოწოლის ქვეშ, რომლებსაც ნოვოროსიისკის მხრიდან ალექსეევი ერეკება. მდგომარეობა ძლიერად გართულდა და ჩვენც სწრაფად უნდა მოვხვდეთ ტუაფსეში. მე მჯერა წარმატების და ვისწრაფვი მისკენ!.. 

სანდრო მაისურაძეს ტფილისში ვაგზავნით რეზერვების მოსამზადებლად... იგი დაუღალავი და შეუცვლელი მუშაკია.

ზუგდიდში ბევრი, ბევრი ამხანაგია... ჩვენ მათ ბოლშევიკების ტყვეობიდან გავანთავისუფლებთ: ისინი ჩაკეტილი არიან ზუგდიდში, როგორც ციხე-სიმაგრეში... 

სამწუხაროდ, თითქმის ყველა ადგილობრივი ამხანაგი დაბნეული, დაშინებული და ნაკლებად ქმედითია... თანდათანობით ისინი ცხოვრებას უბრუნდებიან.

საცოდავი, დავიწყებული პროვინცია!..


8 სექტემბერს 18 წ. სოფ. დიდი კოკი. შუადღე.

დავითიანიდან, გადმოვჭერით რა გზატკეცილი, კოკში მოვედით. სოფლის გზებზე არტილერიის გადმოყვანა შეუძლებელი გახლდათ, და ისიც გზატკეცილზე დავტოვეთ. აქ ალექსანდრე, სანდრო, ქრისტეფორე და მე ოთხი ლუისით მოვედით. ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენდამი კარგადაა განწყობილი და მან მოახდინა ანარქიული ბანდებისაგან თავდაცვის ორგანიზაცია. ბანდები კი აქ ძალზედ ბევრნი არიან. ისინი ჩვენ გულდასმით გაგვირბიან... მშიშრები და მძარცველები!..

გლეხები ერთობლივად მოდიან შეკრებაზე...


8 სექტემბერს 18 წ. სოფ. დიდი კოკი. საღამოსკენ.

სოფლის განაპირისაკენ ვიმგზავრეთ ბანდიტების ერთ-ერთი მეთაურის – მიხეილ დადიანის (მიხა პატონისქუას) სახლში.

მე მივდიოდი მყარი განზრახვით, რომ ყაჩაღი სამაგალითოდ დამესაჯა და მთელი მისი საქონლის კონფისკაციაც მომეხდინა. მაგრამ ღრმად იმედგაცრუებული დავრჩი! მასპინძლის ნაცვლად ჩვენ მისი უბედური, მრავლად ტანჯული ოჯახი დაგვხვდა, საქონლის ნაცვლად კი – დამშეული ძაღლი!... ეს ყაჩაღის ტიპიური სახლი გახლდათ – მოუვლელი (ხელმიშვებული), მშფოთვარე ენგურის პატარა ტოტის სანაპირო ჭალაში გაუბედავად შეყუჟული... და ყაჩაღის ამ საცოდავ სახლში მოტყდა ჩემი შემართება და ღრმა სევდა დამეუფლა... ეს სევდა ყაჩაღის მშვენიერი, მაგრამ ავადმყოფი ქალიშვილის შეშინებული შემოხედვებისგან კიდევ უფრო იზრდებოდა... უცნაური სევდა წამომყვა ამ საცოდავი სახლიდან... უცნაურად თავსმოხვევით მახსენდება უბედური ქალიშვილი... 

ყაჩაღის საწყალი, კარგი ქალიშვილი!.. მახსოვს იგი და მეცოდება...


9 სექტემბერს 18 წ. ზუგდიდი. დღე.

ღამე გზატკეცილთან გავათიეთ, 13 ვერსზე ანაკლიიდან. ჩვენთან დელეგაცია ჩამოვიდა დარჩელიდან... „ჩელა მსურს დარჩელისა“* (*ჩელა მინდა დავრჩე) – ასეა ამ სიმღერაში... დარჩელელები ჩვენს ყველა მოთხოვნას ასრულებენ. მაზრაში მდგომარეობა გაუმჯობესდა. ახლა საჭიროა მეგობრული, სერიოზული და შემოქმედებითი მუშაობა: საჭიროა უფრო სწრაფად და სრულად ვასხამდეთ ხორცს ცხოვრებაში რევოლუციას. სხვანაირად რევოლუციას უდიდესი საფრთხე ემუქრება!.. მაგრამ ეს სერიოზული შემოქმედებითი ძალები არ არის. განსაკუთრებით პროვინციაში...

ადგილობრივი ამხანაგები თავიანთ უმრავლესობაში უნაყოფო ლეღვის ხეები არიან. ისინი მოსწყდნენ ხალხს და თითქმის დაკარგეს იგი...

სოსო გედევანოვის რაზმებმა მთელი აღმოსავლეთ სამეგრელო მშვიდობიანად გამოიარეს და ზუგდიდთან გამოვიდნენ. მათ მხოლოდ ერთი ოფიცერი დაკარგეს, არჩილ საყვარელიძე. დიდებული არჩილი, ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ... ეს ძალზედ მძიმე დანაკარგია გედევანოვის რაზმისათვის და ჩვენთვისაც...

გიორგი ლომთათიძის ასეული უკვე გავიდა რუხიდან – ენგურის ბორანის დასაკავებლად... რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენც იქითკენ გავემართებით ადგილმდებარეობის გამოსაკვლევად...

ხვალ მთელი ჩვენი რაზმი ოჩამჩირეზე გადის, სამეგრელოში კი გედევანოვი რჩება... 

ზუგდიდის მაზრით ძალიან კმაყოფილი ვარ. მიხარია, რომ თითქმის მსხვერპლის გარეშე და ყოველგვარი რეპრესიების გარეშეც მოხერხდა აღელვებული მაზრის დაწყნარება... ბანდიტების მეთაურები მთებში გაიქცნენ...


10 სექტემბერს 18 წ. სოფ. თაგელონი.

წყნარი მთვარიანი საღამო. სასიამოვნო დასვენება ცხელი, საბრძოლო დღის შემდეგ... ღამე საოცარია, მოალერსე. ჩვენ, სანთლის გარშემო შეკრებილები, ჩაის ველოდებით და ვსაუბრობთ... სათნოების და ვალია ჩაის გვიმზადებს...

მახსენდება განვლილი დღე! ზუგდიდიდან ჩვენ დილის 9-ის ნახევარზე გამოვედით, ხოლო 4 საათზე კი უკვე ენგურის მარჯვენა ნაპირზე ვიყავით! და ამ არცთუ დიდი დროის მანძილზე ჩვენ ბევრი რამ გადავიტანეთ... სახალხო გვარდიის ყველა ნაწილი სანიმუშოდ იქცეოდა და არ ვიცი, ვინ უფრო მეტად შევაქო... დღის პირველი საათისათვის ენგურის მარცხენა ნაპირს მივადექით და ბანდამ, რომელიც კუნძულ შამგონაზე იყო ჩამჯდარი, ჩვენს მზვერავებს ცეცხლი გაუხსნა... ჩვენ თოფების, ტყვიამფრქვევებისა და ქვემეხების ცეცხლით ვუპასუხეთ. საშინელი ხმაური იყო და ამ ხმაურის ქვეშ ჩვენ ქვეითი ჯარი დაუმთავრებელი სარკინიგზო ხიდის გავლით შევუსიეთ... ხიდი პირველებმა ალექსანდრემ და მე გადავირბინეთ. როგორღაც შემზარავი და სასიხარულო გახლდათ ხიდზე სირბილი... მტკიცედ დავიკავეთ რა კუნძული, რომლსაც ბანდიტები მიუდგომლად მიიჩნევდნენ, ჩვენ მარჯვენა ტოტს მივადექით და აქ უფრო გაბედულ და მედგარ წინააღმდეგობას წავაწყდით... მოწინააღმდეგესთან აქ ტყვიამფრქვევები აკაკანდნენ. ჩვენ ქვეითი მწკრივები მდინარის ნაპირს მივაყენეთ, დავაყენეთ ტყვიამფრქვევები, ყოლო ყოჩაღმა არტილერისტებმა კი ერთი ქვემეხი კარტეჩის (ფინდიხის) სასროლ მანძილზე მოაგორეს... მიცემული სიგნალის მიხედვით ცეცხლი გავხსენით... გასროლების ერთმანეთში გადაჭდობილმა ხმებმა უცნაური და საშინელი მუსიკა შეჰქმნეს და ამ დამათრობელი მუსიკის ჟღერის ქვეშ, „ვაშას“ ძახილით – ჩვენ წინ გავიჭერით!

მე ძალიან მიყვარს შეტევა... რაღაც გამტაცებელი ძალა და საიდუმლო სილამაზეა მასში დაფარული... ირგვლივ გასროლების კაკანია, რომლებიც ქვემეხების გამოზომილი გრგვინვით იფარება, და მათში აგზნებული ხმები იძირება, ხოლო შენ კი წინ მიისწრაფვი, ისე რომ ვერაფერს გრძნობ. არის ერთი დაჟინებული სურვილი: „მალე მივწვდე მტერს!“...

კარგია!..

ჩვენი დიდებული დები... მათ არ იციან არც შიში, არც დაღლილობა და ჩვენც ყველანი მათ დიდ პატივს ვცემთ... განსაკუთრებით ზოგიერთ მათგანს, რომლებიც ჩვენს მთელ შრომასა და ლაშქრობებში განუშორებლად ჩვენთან არიან... და ეს ყველანი რუსი დები არიან და მეც კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რუსი ქალის სულის განსაკუთრებულ თვისებებში... და მე არ ვიცი, თუ ვის შეუძლია მსოფლიოში გაუტოლდეს რუს ქალს გმირობითა და თავგანწირვით! და ეს ყველაფერი მათში უბრალო და ბუნებრივია – პოზისა და ფრაზის გარეშე... და აი დღესაც – ჩვენი პატარა პერვუშა ტყვიამფრქვევის საზიდარში ჩაება და მას ტყვიების სეტყვის ქვეშ, მიაგორებდა, რათა ჩვენს მეტყვიამფრქვევეთ დახმარებოდა... 

თაგელონში ჩვენ რამდენიმე კაცი დავაპატიმრეთ. 10-ზე მეტი ცხენი ჩავიგდეთ ხელში და ერთი ყაჩაღის, ყოფილი სტრაჟნიკის სახლ-კარი გადავწვით... ბანდიტები გარდაუვალად რეპრესიების გზაზე გვიბიძგებენ, და მე კი ისე ვიყავი დარწმუნებული ზუგდიდის მაზრის შემდეგ, რომ რეპრესიებისადმი მიმართვა უკვე აღარ დაგვჭირდებოდა... და ისე მიხაროდა კიდეც...

მაგრამ ახლა აინთო ცეცხლები. საშინელი ცეცხლები სამოქალაქო ომისა... ალბათ, ჩვენმა ზუგდიდელმა ამხანაგებმა უკვე იგრძნეს ხანძრის სითბო და მათი შეშინებული სულებიც თანდათანობით თბება... მათ ხომ ასე უნდოდათ რეპრესიები!.. მაგრამ განა რეპრესიებით იქმნება ხალხის ბედნიერება?! და კარგია, რომ ჩვენ, ვისაც ბედმა ხელში ცეცხლი და მახვილი მოგვცა, უფრო ნაკლებ მეომრულად და მეტად გულმოწყალებით ვართ განწყობილი, ვიდრე ისინი, რომლებიც თავიანთ კერებთან დარჩნენ...

გიორგი ლომთათიძის კოლონა, რომელიც ჩვენგან უფრო მარჯვნივ იმყოფება, მგონი, ენგურზე ჯერ ვერ გადმოვიდა. ხვალ დილით ადრე წავალთ მის დასახმარებლად და გიორგის საპირისპიროდ ჩამსხდარ მოწინააღმდეგეს ზურგში დავარტყამთ...

ჩვენ ენერგიულად ვაწყობთ შეკრებებს... მე სულ ვორატორობ. ისე მინდა, რომ გლეხებმა გაგვიგონ!... და ისინიც თანდათანობით ჩვენს გაგებას იწყებენ...


11 სექტემბერს 18 წ. სოფ. თაგელონი.

ადრეული წყნარი დილაა. ბანაკმა გაიღვიძა. აქედან მოჩანს მთელი დათოვლილი კავკასიონი. მძლე, მკაცრი, დილის მზით გაცისკროვნებული!..

ღამემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა კი მე ღამით თავდასხმისა მეშინოდა...

სახალხო გვარდიელები მხიარულნი და გამოცოცხლებულნი არიან... მე მდუმარედ ვაკვირდები მათ და სიხარული მავსებს... მიყვარს ეს სახელოვანი მეომრები... ბევრ მათგანს ისეთი ნათელი, უცნაურად კარგი სახე აქვს...

ძლიერია ჩემი სიყვარული გვარდიელებისადმი. და მათაც ვუყვარვარ... ეს ძალიან ფასეული და ძალზედ მნიშვნელოვანია ჩემთვის...


11 სექტემბერს 18 წ. სოფ. თაგელონი. დილა.

ბოროტი დილაა!.. ორი დამნაშავე დავხვრიტეთ... საშინელი, მაგრამ აუცილებელი სისასტიკეა!.. საშინელი განწყობა მაქვს, დათრგუნული...

ზნეობრივად სრულებით გატეხილი ვარ და ძალიან დავიღალე... როგორ მინდა დავისვენო, ყველაფრისგან დავისვენო...

და როგორ ბევრი სისხლია რევოლუციაში... ამ სისხლისა და მძიმე, ზოგჯერ სასტიკი მსხვერპლის ფასად მოიპოვება და ნარჩუნდება ხალხის თავისუფლება!..

და აი ახლაც ალექსანდრეს გაბოროტებული, მლანძღველი ხმა მესმის – იგი ტყვეების აღწერასა და განაწილებას აწარმოებს. ღმერთო! სადამდე მიიყვანეს ხულიგნებმა ალექსანდრე, მეცა და ყველა ჩვენგანიც?! მიხდება ვიყო მკაცრი დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის... საჭიროა ვიყო სასტიკი სამართლიანობისათვის... საჭიროა ვიყო დამნაშავე რევოლუციისათვის!..

მაგრამ მოხერხდება კი რევოლუციის გადარჩენა? მეყოფა კი ძალები საკუთარი თავის უარყოფისა და მსხვერპლად შეწირვისათვის?! ძნელი სათქმელია... მაგრამ ბოლომდე ვიქნები ხალხისა და თავისუფლების ერთგული! მძიმე განსაცდელების (გამოცდების) ფასად, საკუთარი და სხვისი სისხლის ფასად, საკუთარი პრესტიჟის ფასად – ვემსახურები დემოკრატიას...

ჩემი უკანასკნელი ფიქრი, უკანასკნელი ოცნება და გამოსამშვიდობებელი ღიმილი მრავლად დატანჯულ, განთავისუფლებულ ხალხს დარჩება საკუთრებად...


12 სექტემბერს 18 წ. სოფ. ჭუბურხინჯი. დილა. ჯოტო შერვაშიძის კანტორა.

აკაკი სანიკიძის საველე ოცეულის მიერ დანგრეულ „სატანჯოს“ ამხანაგობის კანტორაში განვლაგდით. მარჯვენა სანაპიროს მთელი ბანდა გაიქცა, მოასწო რა ენგურზე გადასვლის დროს ორი სახალხო გვარდიელი დაეჭრა გ. ლომთათიძის კოლონიდან. დღეს საჩქაროდ ვაკეთებთ ბორანს, საღამოსთვის იგი მზად უნდა იყოს... ბანდიტებმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ენგურზე ყველა ბორანი გააფუჭეს. ჩვენ ვახდენთ გაწყვეტილი კავშირის აღდგენას...

მოსახლეობის ფსიქოლოგიაში ძლიერი გარდატეხვა აღესრულება და იგი მოვლენების ჭეშმარიტი აზროს გაგებას იწყებს...

შემდგომ ცნობებს ვაგროვებ დახვრეტილთა შესახებ: მათ ეს სასჯელი დაიმსახურეს!.. ძარცვავდნენ, ატყუებდნენ, პროვოცირებას უკეთებდნენ და ღლეტდნენ გლეხებს. და მიუხედავად ამისა... მძიმეა. ერთ-ერთი მათგანი ისეთი ახალგაზრდა და ჯანმრთელი გახლდათ... ძალზედ მძიმეა ჩემი ტვირთი!.. მივიტან კი მას ბოლომდე?.. ზოგჯერ ეჭვები მაწვება, მაგრამ მე მათ შორს ვჰყრი... დიახ, მივიტან. უნდა მივიტანო...

ირგვლივ ვიყურები. როგორ უცნაურია ვხედავდე ჩვენს მოწინავე მუშებს, რომლებიც იარაღით ხელში იცავენ რევოლუციას!.. ისინი იქცნენ საუკეთესო მეომრებად, სახელოვან მეომრებად დიადი რევოლუციისა... დაე აკურთხოს ისინი ბედმა!.. მე განსაკუთრებული, ნაზი სიყვარულით და შეყვარებულობითაც კი განვიმსჭვალე მათ მიმართ... დროდადრო, ჩემს თავთან მშვიდად ყოფნის საათებში, – მდუმარე სიხარულით ვათვალიერებ მათ გახსნილ, ნათელ, უცნაურად მშვიდ სახეებს და მხიარულება შემოდის ჩემში, მიადვილდება... და აი ახლაც მდუმარედ ვუყურებ მათ, და რაღაცნაირი ჩუმი, ნათელი, მაგრამ ძალმოსილი სიხარული მეუფლება... და ამ გაელვებათა დროს მე თითქოსდა ბედნიერი ვარ... ბედნიერი ვარ მათი ჩემდამი სიყვარულით... ვიცი, რომ ბევრი მათგანი სულსაც არ დაიშურებს ჩემთვის ისევე, როგორც არც მე დავიშურებს სულს მათთვის... 

ჩვენ გრძელი და ძნელი გზის გავლა მოგვიწევს. მაგრამ, გახულიგნებულ ბოლშევიკებთან, მგონი, ბრძოლა უკვე აღარ უნდა გვქონდეს... ამ უბედურმა, საბედისწერო ადამიანებმა ალექსეევის ჯარები მოიყვანეს ჩვენთან, მოიყვანეს თავიანთი ნების მიუხედავად და ახლა ჩვენ საქმის დაჭერა ალექსეევთან მოგვიწევს, რომელმაც თავისი ჯარები ტუაფსეში შემოიყვანა... უცნაური და ცრუ მდგომარეობაა – ჩვენებიც დგანან ტუაფსეში და ალექსეეველებიც! იქითკენ უნდა ვიჩქაროთ! და რეაქციის წინსვლას ზღვარი დავუდოთ...

ჩვენი ირაკლის გულთმისნური სიტყვები მართლდება – ბოლშევიკურ კარში შემოსვლით ჩვენთან რეაქცია მოვა!.. აგვიხდა!..

ყოველ შემთხვევაში ალექსეეველებთან უფრო ხალისიანად ვიბრძოლებთ! სულში ტკივილისა და ყოყმანის გარეშე... თუმცა კი ეს ბრძოლა უფრო ძნელი იქნება.

წინ ბევრი ახალია, საინტერესო...


13 სექტემბერს 18 წ. სოფ. ჭუბურხინჯი. დილა.

გუშინ ბორანი მოვაწყეთ და მთელი ქვეითი ჯარი გადმოვიყვანეთ. არტილერია და აღალი ფონში შევუშვით...

დღეს ჩვენი კოლონა გალზე მიდის. გუშინ ორი დიდი სასოფლო შეკრება მოვაწყეთ. ხალხი ბევრი იყო... საქმეები ლაგდება და სიხარულიც იზრდება.

გუშინ მდინარე ენგურზე გადმოსვლისას – გენერალი კონიევი კინაღამ დაგვეხრჩო... ჩვენ ღრმა ადგილას შევძვერით და მისი ცხენი წყალმა დაატრიალა. შემდეგ ბევრს ვიცინოდით ამის გამო.


13 სექტემბერს 18 წ. გალი. შუადღე.

სამურზაყანოს საცოდავ „დედაქალაქში“ მოვედით. აქ „სიჩუმე და სიწყნარეა – ღვთის მადლია“! „მტერი“ არსად ჩანს. ის, მგონი, ოჩამჩირესთან უფრო ახლოს, პატარა მდინარე ოქურზე „მაგრდება“. დღეს ვფიქრობთ ამ რაიონში წავიმუშაოთ, გლეხების დაბინდულ თავებში სინათლე შევიტანოთ... მოსავალი ყველგან საოცარია...


14 სექტემბერს 18 წ. სოფელ რეპის წინ. დღე.

ვაწარმოებთ შეტევას სოფელ რეპზე. ერთი ასეულით არტილერიის ოცეულთან ერთად... რეპი ანარქიის კერად ითვლება. აქ ოფიცერი ფავლენოვი მოჰკლეს და რამდენიმე ჩვენი ჯარისკაციც დაატყვევეს...

მოწინააღმდეგე ჯერ ისევ არ სჩანს, მაგრამ იგი ჩვენგან შორს არ არის... მის პოსტებს ეგრის-წყალის მარცხენა ნაპირი უჭირავთ. რამდენიმე წუთის შემდეგ, ალბათ, ცეცხლს გაგვიხსნიან, მაგრამ სერიოზულ წინააღმდეგობას არ მოველი. ვნახოთ!

დღეს ძალიან ცხელა. გუშინ საოცარი საღამო შესანიშნავმა ღამემ შეცვალა. გუშინ ჩვენს პოსტებს მზვერავები წააწყდნენ და ატყდა სროლა. მე ჩვენების თავშეკავებამ გამაოცა: არ იყო არც არანაირი პანიკა, არც უწესრიგო სროლა. ვიხსენებ გასულ წელს, როცა პირველად ყალიბდებოდა სახალხო გვარდია, ვიხსენებ არსენალს, ქუთაისს, სადახლოს! როგორი გასაოცარი განსხვავებაა, როგორი უზარმაზარი პროგრესი!..

ძალიან შეშინებულ მზვერავებს სამი ცხენი წავართვით...


14 სექტემბერს 18 წ. სოფ. რეპი. დღის 2 საათი.

მეამბოხე სოფელი დავიკავეთ. მდინარე ეგრის-წყალთან მოწინააღმდეგემ თავისი პოსტები განალაგა... ცეცხლის მსუბუქად დაშენის შემდეგ ისინი საჩქაროდ გაიქცნენ. კაკანებდნენ ჩვენი ტყვიამფრქვევები და ქუხდნენ ქვემეხები, აკეთებდნენ რა „წეროებს“. გლეხებზე ყოველივე ეს კოლოსალურ შთაბეჭდილებას ახდენს და მათ ბრძოლისათვის ყველანაირ ენერგიას უკლავს... მთელი სოფელი დაცარიელდა; მაცხოვრებლები ტყის სიღმესა და ჭაობებში მიიმალნენ... დაცარიელებული სოფელი მძიმე, დამთრგულველ შთაბეჭდილებას ახდენს... ჩვენ მკაცრად ავუკრძალეთ გვარდიელებს მიტოვებულ სახლებში შესვლა: გვარდიელები ბრძანებას საკმარისად ზუსტად ასრულებენ. და მე სიმწრით ვფიქრობ: რა მოუვიდოდა ამ სოფელს, მის ნაცვლად რომ დღეს აქ რომელიმე სხვა რაზმს ემოქმედა?!.. აქაური ბოლშევიზმი ხომ – მნიშვნელოვან ხარისხად – კაპიტან დუნდუას რაზმის უმსგავსი და დანაშაულებრივი მოქმედებების მიერაა ნაშობი!.. და ჩვენ მხოლოდ იმიტომ გვიხერხდება ამბოხებული დიდი და პატარა სოფლების დაწყნარება, რომ ცეცხლი და მახვილი სულაც არ გახლავთ ჩვენი მთავარი იარაღი. და აი ახლაც ვიწვევთ პროპაგანდისათვის სოფლის შეკრებას... შეშინებული გლეხები გაუბედავად და დუნედ იკრიბებიან. მაგრამ ჩვენთან შეხება და ჩვენი სიტყვა გადალახავენ მათ გაუბედაობას და გაუხსნიან მათ სულებს ჩვენთვის...

მაგრამ გარკვეული რეპრესიები მაინც უნდა გამოვიყენოთ, ვინაიდან ძალზედ ბევრმა დამნაშავემ ჰპოვა თავშესაფარი – და სიმყუდროვეც კი – სოფელ რეპში.


15 სექტემბერს 18 წ. სოფ. ბედია. შუადღე.

ახლახანს შემოვედით მნიშვნელოვანი რაზმით ბედიაში. ძალიან თვალწარმტაცი, მაგრამ ღარიბი და ყრუ სოფელია. მოსახლეობა ჩვენ კეთილმოსურნეობით შეგვხვდა და შეკრებაზეც დიდი ხალისით მოდის. ამ სოფელში დაახლოებით ასი თურქი ასკერია. ეს იმ დესანტის საცოდავი ნარჩენებია, რომელიც მოხუცებულმა ალექსანდრე შერვაშიძემ და ყაჩაღების ატამანმა ტატაშ მარშანიამ წყურგილის მყუდრო ნავმისადგომში გადმოსხეს. უიღბლობანი ამ რაზმს მუდამ თან სდევდა, მაგრამ მან აფხაზეთს ბევრი უბედურება მიაყენა. ეს დესანტი ავანტიურისტმა თავადებმა მოიყვანეს. გლეხთა მასა ამ საცოდავი და დანაშაულებრივი ავანტიურისადმი გულგრილი დარჩა, და სწორედ ამიტომაც იგი ასე ადვილად და სწრაფად ჩაიშალა... ახლა ჩვენ დესანტის უკანასკნელი ნარჩენების ლიკვიდაციას ვახდენთ. გლეხებმა უკვე სამი ასკერი ჩაგვაბარეს და ყველას გადმოცემასაც დაგვპირდნენ.


15 სექტემბერს 18 წ. ბედია. საღამო.

რამდენიმე წუთის შემდეგ უკანვე დავიძრებით. კარგი, მხნე განწყობილებაა... შეკრებაზე ბევრი გლეხი მოვიდა, და მე მათ დიდხანს, დიდხანს ვესაუბრებოდი... შეკრებაზე არცთუ ცოტა იყო აზნაურიც; ამ მხარეებში ისინი ბევრნი არიან. ჩემი სიტყვების მთელი ძალა ბოლშევიკებისა და თავადების წინააღმდეგ მივმართე... გლეხობა ყურადღებით მისმენდა და, შეიძლება, სიყვარულითაც კი... როგორ კარგია აცნობიერებდე, რომ შენი ესმით!.. როგორ სასიამოვნოა გრძნობდე, რომ ინგრევა ურთიერთ გაუგებრობის კედელი!.. 

ბედიაში ჩვენ 60-ზე მეტი განიარაღებული ასკერი და ათზე მეტი შაშხანა ჩაგვაბარეს... 

ყველა ასკერი თითქოსდა ნარჩევი – მაღალი და კუნთმაგარი ბიჭია. ეს ამათ მოჰკლეს ბევრი ჩემი ამხანაგი და მათ რიცხვში საწყალი ბიჭი – სამსონ ღლონტიც?! ეს ამათ დაასახიჩრეს ჩემი ძმა!.. მე ყურადღებით ვუყურებ მათ და სიხარულით ვგრძნობ, რომ უკვე აღარ მაქვს მათ მიმართ არანაირი გაბოროტება და სიძულვილი... პირიქით! ეს დამშეული, დევნილი და დაშინებული ადამიანები ჩემში შეცოდების გრძნობას იწვევენ... 

ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა მათგან სრულებით უდანაშაულოა, ვინაიდან არ იცოდნენ, თუ რას იქმოდნენ...


16 სექტემბერს 18 წ. ილორის მონასტერი. გვიანი დილა.

ცხენებით ოჩამჩირისაკენ მივემგზავრებით. გზაში ყველგან სიწყნარეა, ბანდიდები არსად სჩანან. მალე ზღვასთან მივალთ. ზღვა – ჩემი სიყვარულია!

„ზღავასავით ვრცელი ჩემი სიყვარულის
დატევა არ ძალუძთ ცხოვრების ნაპირებს“!...

(«Любовь мою, широкую как море,
Вместить не могут жизни берега»!..)

და ხშირად იგი გადმოდის ნაპირებიდან... და მაშინ მეკუმშება გული...


17 სექტემბერს 18 წ. აჩიგვარა. დღის 2 საათი.

კონიევი, ალექსანდრე ამხანაგებით და მე ორი მსუბუქი ავტომობილით აჩიგვარაში ჩამოვედით პაემანზე სამურზაყანოელი აჯანყებულების მეთაურ პავლე ძიგუასთან. ყოველი შემთხვევისათვის თან ერთი ხელის ტყვიამფრქვევიც წამოვიღეთ... მაგრამ არ მეშინია ვერაგობისა მისი მხრიდან. იგი უკვე დამარცხებული და გატეხილია... ახალ დანაშაულზე წასვლას ვეღარ გაბედავს. ამ მიმართებით საკმარისი გამოცდილება გამაჩნია. ხშირად მიხდებოდა თითქმის მარტოს მემგზავრა დამარცხებულ სასტიკ მტრებთან; და ისინი ვერ ბედავდნენ ჩემზე ხელი აღემართათ. ვერ ბედავდნენ, ვინაიდან თავიანთი დანაშაულის საშინელი შედეგებისა ეშინოდათ, ვერ ბედავდნენ, ვინაიდან შეგნებული ჰქონდათ თავიანთი დამარცხება!.. ვმგზავრობდი ყრუ ჯავის ხეობაშიც, დუშელ აჯანყებულებთანაც, თათრების ბანდებთანაც, და მათ ყველას, საშინელი სიძულვილის მიუხედავად, არ შეეძლოთ ჩემთვის ხელი ეხლოთ. ეს საკითხი მე ყოველთვის მაინტერესებდა და გავიგე, რომ დამარცხება სრულიად მოშლის ხოლმე მებრძოლებს, ჰკლავს მათში ბრძოლისათვის ყოველგვარ ენერგიას და მათ ფანტასტიკური შიშის გრძნობას უნერგავს. მხოლოდ ერთხელ ჩავვარდი ცხოვრებაში მძიმე, თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში, და სასწაულით გადავრჩი. ახლაც კი კანკალი დამივლის ხოლმე სხეულში, როცა ამ ისტორიას ვიხსენებ სოფელ ნატახტართან. ანარქიის ალმა იმ ხანებში მთელი დუშეთის მაზრა მოიცვა, და აჯანყებულები სადგურ მცხეთამდეც მოვიდნენ. დიდი საფრთხე ემუქრებოდა თავად ტფილისს – ამ გულს რევოლუციისა. აჯანყებულებმა ყაზბეგი დაიკავეს, ვლადიკავკაზელ ბოლშევიკებს გზა გაუხსნენ, ამხანაგები: საშა რუხაძე და პეტრე ავლახაშვილი მოგვიკლეს, ჩვენი რაზმები დაამარცხეს და გაწყვიტეს. აჯანყებულები აცნობიერებდნენ თავიანთ გამარჯვებას, გრძნობდნენ ძალას, სისხლმა კი ისინი დაათრო. ტფილისი იქცა მათ ლოზუნგად. ჩვენ ახალი სისხლიანი ბრძოლა არ გვინდოდა. განსაკუთრებით მე არ მინდოდა იგი, ვინაიდან ბევრზე უფრო უკეთ მქონდა შეგნებული, თუ როგორი მორალური ტანჯვების საფასურად დაგვიჯდებოდა ეს ყველაფერი. და ჩვენ გვინდოდა გაღვიძებული მხეცი სიტყვისა და მეგობრული დარწმუნების ძალით დაგვეწყნარებია და დაგვემარცხებია. პირველ ჯერზე აჯანყებულები ჩვენ თბილად შეგვხვდნენ და გაცილებისას ოვაციები მოგვიწყეს. ესენი იყვნენ უბედური გლეხები, რომლებიც თავად-აზნაურობის წინააღმდეგ აღიმართნენ, მაგრამ უცოდინრობის გამო თავიანთი დარტყმები სულ სხვა მიზნისაკენ მიმართეს. ჩვენ უბრალოდ მივედით მათთან, როგორც ამხანაგებთან, უბრალოდ ველაპარაკეთ მათ და მათაც ასევე უბრალოდ გაგვიგეს. ბოლშევიკური აგენტები მაშინ მათ შორის თითქმის არც ყოფილან, და ისინიც ჯერ კიდევ არ იყვნენ ბოლშევიკური შხამით მოწამლულნი. ჩვენ მოვილაპარაკეთ მეორე დღეს კიდევ ერთხელ მივსულიყავით მათთან საბოლოოდ მოსალაპარაკებლად. ჩვენი გამომგზავრების მომენტში ჩვენს თავზე აეროპლანი გამოჩნდა, რომელიც სოფელ წილკნისკენ, აჯანყების კერისაკენ მიემართებოდა. ამან ძალზედ შეაშფოთა აჯანყებულები, მაგრამ ჩვენ ისინი დავამშვიდეთ, დავარწმუნეთ რა, რომ ბომბების ჩამოყრა არ მოხდებოდა. მეორე დღეს ჩვენ ორი ავტომობილით ბებრის-ციხესთან მივედით. ჩვენთან იყო გერასიმე მახარაძეც. გახარებულები და თავდაჯერებულნიც კი ვიყავით. მაგრამ ჩვენმა ავტომობილებმა გაჩერებაც ვერ მოასწრეს, როცა ჩვენზე რამდენიმე ათეული ლულა იქნა მომართული. აჯანყებულებს საშინელი და შეშინებული სახეები ჰქონდათ. ასეთმა დახვედრამ ძალიან გაგვაოცა. სწრაფად ჩამოვედით ავტომობილებიდან, და მე მშვიდად, თითქმის მხიარულად ვკითხე: „რა მოგივიდათ, ჭკუაზე ხომ არ შეიშალეთ?!“ დიახ, ისინი ჭკუაზე შეიშალნენ, ვინაიდან წყეულმა აეროპლანმა ნატახტარსა და წილკანზე ბომბები ჩამოყარა. ჩვენ კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. საშინელ ხაფანგში ჩავცვივდით. მხოლოდ სიმშვიდესა და საკუთარი თავის ფლობას შეეძლოთ გადავერჩინეთ...

ჩვენ გულწრფელად ვიყავით აეროპლანის უაზრო გამოხტომით აღშფოთებულნი და ვთხოვეთ გლეხებს ის ადგილები ეჩვენებიათ, სადაც ბომბები იქნა ჩამოგდებული. მათ ჩვენ ეს ადგილები გვიჩვენს და მომხდარის შესახებ გვიყვებოდნენ ჩივილით, თუ საშინელი გაბოროტებით. ამასობაში ყოველი მხრიდან შეიარაღებული გლეხები გროვდებოდნენ. ეს ნამდვილად აჯანყებული ხალხი გახლდათ, შეიარაღებული იმით, რაც ხელში მოხვდა. ისინი რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბნენ, და ყრუ გუგუნი მათ შორის თანდათანობით ძლიერდებოდა. ბოლშევიკთა აგენტები კი, როგორც პარაზიტი ბაცილები, იპოვნეს რა ხელსაყრელი გარემო, უფრო მეტი ენერგიით ანვითარებდნენ თავიანთ შავ მუშაობას და თავიანთ მომხრეებს იმრავლებდნენ. მე ვთხოვე ყველა გლეხს შეკრებილიყვნენ, ავედი გზისპირა გორაკზე და მოკრძალებული და თავმდაბალი სიტყვით მათ დიდხანს მივმართავდი. ვეუბნებოდი მათ რევოლუციის მნიშვნელობის შესახებ, გლეხთა საჭიროებების შესახებ, მემამულეთა წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, განთავისუფლებული დემოკრატიის დიადი ამოცანების შესახებ. გლეხები ჩუმად და ყურადღებით მისმენდნენ. მხოლოდ ცალკეულ პროვოკატორებს უნდოდათ თავიანთი წამოძახილებით დავებნიე და ბრბო თავიანთკენ წაეყვანათ. ვიგრძენი რა, რომ ვეუფლები ამ შეიარაღებულ ბანდას, მე სრულიად მშვიდად, ხმამაღლა და თავდაჯერებით ვამბობ: „არ იფიქროთ, რომ ჩვენ მოვედით აქ – თქვენთან – იმიტომ, რომ სუსტები ვართ. არა, თქვენ იცით, როგორ ძლიერია ტფილისის წითელი გვარდია და როგორ დაუმარცხებელნი არიან ტფილისელი მუშები. მაგრამ ჩვენ არ გვინდა ბრძოლა თქვენთან, ვინაიდან ჩვენ ძმები ვართ შრომასა და უბედურებაში. მაგრამ, თუ თქვენ არ დაგვიჯერებთ, თუ თქვენ მაინც გინდათ ბრძოლა, იცოდეთ, ჩვენ სამ დღეში გაგფანტავთ და სასტიკადაც დაგსჯით. ჩვენ მოვედით თქვენთან ასე უბრალოდ და თავისუფლად, იმიტომ რომ ძალიან ძლიერები ვართ!“...

გლეხები შეფიქრიანებული და ნირწამხდარი იყვნენ და უკვე აღარ უსმენდნენ იმათ, რომლებიც მათ ეუბნებოდნენ: „თვითონ ჯუღელი ჩაგვივარდა ხელში. ის იმათი მეთაურია. არ გაუშვათ“.

მომენტი მათ ხელიდან წაუვიდათ და ჩვენ გადავრჩით.

დიახ, ის საშინელი წამები იყო! ახლა ასე არ არის, ძიგუა სრულებით დამარცხებულია, მან თავიასიანებს შორის ავტორიტეტი დაკარგა და უკვე თვითონ ეძიებს შერიგებას. გუშინ მან ჩვენთან – ოჩამჩირეში ორი „ელჩი“ გამოგზავნა „ჩაბარების პირობებით“. იგი გვემორჩილება, შლის ბანდას, ასრულებს ყველა ჩვენს პირობას, მაგრამ ითხოვს თავისთვის სრულ შეწყალებას. ჩვენმა შტაბმა გადაწყვიტა შეიწყალოს იგი, და ჩვენ ყველანი გამოვემგზავრეთ აქ „პაემანზე“– რათა მას „გულახდილად“ («по душам») ველაპარაკოთ. ეს თითქოსდა ძალზედ დიდი პატივია „ყაჩაღ“ ძიგუასათვის, მაგრამ ჩვენ თავმოყვარეობა კი არ გვაინტერესებს, არამედ რევოლუციის საერთო საქმე. და თუ დაე საკუთარი დამცირების ფასადაც კი მივაღწევთ სამურზაყანოს დაწყნარებას და ურჩ ძიგუას მოვათვინიერებთ, მე ასეთ დამცირებაზე ხალისით მივდივარ!..

მაგრამ გაბედავს კი თვითონ ძიგუა ჩვენთან მოსვლას? ეყოფა კი მას ხასიათს სიმტკიცე და სიმამაცე? ეყოფა კი ჩვენდამი ნდობა?

ვნახოთ!

ჩვენი რაზმი უკვე სოხუმზე გავიდა. ქვეითი ჯარი „მიხელზე“ მოთავსდა, არტილერია და აღალი კი სალაშქრო წესით დაიძრნენ.

ძიგუა კი მაინც არ მოდის!..


17 სექტემბერს 18 წ. სოფ. აჩიგვარა.

საღამოვდება... პავლე ძიგუა კი მაინც არ სჩანს! და, ალბათ, არც გამოჩნდება... ირგვლივ ვიყურები და ველოდები, როგორც სკოლის მოწაფე პაემანზე – სულიერი თრთოლვითა და ტკბილი სევდით... და ისე მინდა, რომ იგი მოვიდეს! მე ხომ ასე მტანჯველად მინდა საყოველთაო დაწყნარება და ასე მეზიზღება, ასე თავი მომაბეზრა სამოქალაქო ომმა!.. მაგრამ არავინ მოსულა. ყველა გზა ცარიელია. აშკარაა, ლაჩრობენ, ჩვენი ეშინიათ... კიდევ ცოტას დაველოდებით და იმედიც გვექნება. მაგრამ იმედი ცოტაა...


18 სექტემბერს 18 წ. სოხუმი. დილა. შანშიევის აგარაკი.

ღამით სოხუმში ჩამოვედით და მე ამხანაგებთან ერთად ღამე საყვარელ გიორგისთან გავათენე მათ დიდებულ აგარაკზე... ეს ფუფუნებიანი აგარაკი თავისი ასხლეტილი კვიპაროსებითა და სევდიანი პალმებით, აღტაცების მომგვრელი ხედით ზღვაზე – ძალზედ ძვირფასია ჩემთვისა და ჩვენთვის! მასში სოხუმის სოც.-დემოკრატია იზრდებდა და ძლიერდებოდა... ყველაზე უფრო მძიმე რეაქციის წლებში, ჩვენი დევნის უიმედო დღეებში, – სოხუმის სოც.-დემოკრატია აქ სასურველ სიმშვიდეს პოულობდა და წიწვოვანი ჭალის ჩრდილში, გორაკზე აგებულ და ყველასგან მივიწყებულ ტალავარში თავის შეთხელებულ რიგებს ისწორებდა და იმრავლებდა... და საუკეთესო ოცნებებიც აქვე იბადებოდა!..

უკან ვიყურები და მოგონებები ირგვლივ გუნდად მეხვევიან. როგორ ახლახანს და როგორ დიდი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი! და როგორ უცნაურია – უკვე გაფერმკრთალდა ოცნებები, – ბინდში გაეხვია ჰორიზონტები! და უკვე აღარ არის არც მეგობრობაში, არც პოეზიაში, არც კვიპაროსების ალეებით გაშენებულ ბაღში, არც თავად ცხოვრებაში ყოფილი გაცისკროვნება და კეთილსურნელოვანი არომატი. არ არის წარსულის სინორჩე!.. ვფიქრდები ამის შესახებ. ნუთუ რეაქცია რევოლუციაზე უკეთესია? რა თქმა უნდა არა. მაგრამ ძალზედ მძიმეა ჯვარი, ძალზედ დიდია პასუხისმგებლობა და ძალზედ ცოტა დრო რჩება პირადი ცხოვრებისა და აღტაცებებისთვის... და არც არის საჭირო ისინი. ახლა ყოველივე პირადი საზოგადოების საკურთხეველზე უნდა მიგვქონდეს... დიახ, უნდა! მაგრამ ოცნებები ისევ და ისევ აღდგებიან, წარსულის ზღაპრები ნანგრევებიდან წამოდგებიან და გაუხეშებულ, სნეულ სულს განგაშსა ჰგვრიან. 


18 სექტემბერს 18 წ. გაგრა. საოცარი საღამო.

ახლახანს ჩამოვედით გაგრაში ავტომობილით სოხუმიდან. ჩვენ ოთხნი ვართ – გენერალი კონიევი, ალექსანდრე, გ. ლომთათიძე და მე. მივემგზავრებით სოჭში გენერალ მაზნიევთან – ჩვენი შავზღვისპირეთის ფრონტის სარდალთან. მე პირველად მიხდება ამ გზაზე მგზავრობა; და აღტაცებული ვარ როგორც გზით, ისე გაგრითაც. ამ მინიატურულმა, შესანიშნავმა, მაგრამ უკვე საკმარისად შელახულმა კურორტმა მომაჯადოვა... და როგორ კარგად, როგორ ფერადოვნად შეიძლებოდა აქ მთელი ცხოვრების მოწყობა, რომ არ ყოფილიყო ეს ყველგან არსებული ნგრევა-მოშლილობა და დანაშაულებრივი, შეურიგებლად მებრძოლი (воинствующий) ბოლშევიზმი! ამ ხულიგნურ ბოლშევიზმს რომ არ ჩაერჭო სოლი შიგ გულში ოდესღაც ერთიანი დემოკრატიისა!... შეიძლებოდა შეგვექმნა სამოთხე დედამიწაზე და ოცნებაც განხორციელდებოდა... ნაღვლიანი, მშვენიერი ოცნება მთელი კაცობრიობისა...


19 სექტემბერი 18 წ. ქალაქში. დილა. ხოსტა.

გაგრიდან ადრე გამოვემგზავრეთ. გზა საოცარია, ჯადოსნური... მე მთვრალი ვარ ბუნების სილამაზით და ისევ ვიწყებ მის სიყვარულსა და გაგებას... არა! არ შეიძლება ამ ადგილების ვინმესთვის მიცემა, და ჩვენი დემოკრატია ამ სამოთხის პატრონი უნდა შეიქნას!.. მით უმეტეს არ შეიძლება რომ ის ალექსეევისეულ კონტრ-რევოლუციას დავუთმოთ...

გზაზე ბევრი უცნაური აგარაკია მიმოფანტული. სად არიან ახლა მათი მფლობელები, ასეთი მზრუნველობითა და გემოვნებით რომ აღუმართავთ ეს ვილები თავიანთ დასასვენებლად? და რა ბედი ეწიათ მათ? გადარჩნენ კი ისინი რევოლუციის ბობოქარ გრიგალში? ან კიდევ ისინი უკვე დიდი ხანია დაატრიალა და ფსკერისაკენ წაიყვანა?! რევოლუციამ ღრმად შეარყია მთელი ცხოვრება და ბევრი რამ ნაპირზე გამორიყა... ძველი ცხოვრების ჭუჭყიან, დიდ ქაფთან ერთად რაღაც ლამაზიც, ფასეულიც გამორიყა. მაგრამ სხვა გზა არ არის!.. „ტყეს ჩეხენ – ნაფოტები ცვივა!“ ძველ ცხოვრებაში კულტურის ელემენტები ისე იყო გადაწნული სრულ ბარბაროსობასა და უკულტურობასთან, რომ სრულიად შეუძლებელია ამოიგლიჯოს ეს ბარბაროსობა, ისე რომ არ შევეხოთ მტკიცნეულად კულტურის ზოგიერთ ელემენტსაც. და ორგანიზებული დემოკრატიის ამოცანებიც იმაშია, რათა რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს ტკივილი, რათა სრულიად მოვაცილოთ იგი!.. და მაინც სევდა მიპყრობს ამ მარტოხელა, მიტოვებული აგარაკების ხილვისას. ახლა ისინი დაცარიელდა, და მათი პატარა, ოდესღაც ნატიფი ბაღები სარეველა ბალახით დაიფარა. ახლა უკვე მათში სიცოცხლე აღარაა. ადრე კი, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, სიხარულით აღსავსე თვითკმაყოფილი და ნათელი ცხოვრება აქ ფართო მდინარედ მოედინებოდა. და გოგონების წკრიალა სიცილი წყნარი ზღვის ლაჟვარდოვან ზედაპირზე მხიარულად დაჰქროდა, ხოლო ლამაზად გამოწყობილი ქალიშვილები კი, როგორც გაზაფხულის პეპლები, წყნარ ნაპირზე დაფარფატებდნენ... მაგრამ მაშინაც ეს აგარაკები სრულიად უცხო იყო ჩვენთვის, ვინაიდან ყველა ისინი იმ, უცხო ნაპირზე იყვნენ!.. მახსენდება „ალუბლის ბაღი“... ამაშია ჩვენი ცხოვრების მთელი ტრაგედია! და დემოკრატიამ უნდა გადალახოს (დაძლიოს) ეს ტრაგედია. მხოლოდ დაძლევს რა მას, იგი შეჰქმნის თავის ცხოვრებას, უფრო ლამაზს, მძლავრს, მდიდრულსა და კაშკაშას. ცხოვრებას ყველასათვის! საშინელ ტანჯვა-წამებაში, მაგრამ მაინც შეჰქმნის.

მართალია, საბედისწერო ბოლშევიზმმა მოჰკლა ბევრში რწმენა დემოკრატიის შემოქმედებისადმი. მაგრამ ბოლშევიზმი ხომ – დემოკრატია არ არის. ბოლშევიზმი – მახინჯი დიქტატურის გაერთიანებაა ნამდვილ ოხლოკრატიასთან, 20-ე საუკუნის პუგაჩოვშჩინა!.. და ყველა იმედგაცრუების, დასნეულებული ცხოვრების ყველა ტკივილის მიუხედავად – მე ისევ მორწმუნედ ვრჩები. რწმენის გარეშე ცხოვრებას ფასი არ ექნებოდა... წინ სინათლე მოჩანს... სუსტი, მოციმციმე, თითქოსდა უკვე უნდა ჩაიწვასო...

ნეტა მალე იქნებოდეს ცისკარი და აღორძინება!..

დაე იქნას!..


20 სექტემბერს 18 წ. სოჭი. კავკასიის რივიერა. დილა.

გუშინ თერთმეტის ნახევარზე სოჭში ჩამოვედით. პირველი „ვიზიტით“ ევგენი გეგეჭკორს ვეწვიეთ. იქ იყვნენ გიზო ანჯაფარიძე, პატარა იუსტინე, და შემდეგ კი გენერალი მაზნიევიც მოვიდა. პატარა წინასწარი თათბირი მოვაწყეთ. მაზნიევმა გაგვიკეთა მოხსენება სამხედრო მდგომარეობის შესახებ, ევგენიმ კი შეგვატყობინა სამთავრობო შეხედულება სოჭის ოლქზე და გაგვაცნო თავისი ამოცანებიც. გადაწყდა რადაც არ უნდა დაგვიჯდეს დაჟინებით მოვითხოვოთ და დავიცვათ სოჭის ოკრუგი და ვიდავოთ ტუაფსის გამოც. სოჭის ოკრუგის საზღვრების დაკავება უპირატესად ჩვენი გვარდიის ძალებით მოგვიხდება; მან გადაულახავი ზღუდე უნდა შექმნას ალექსეევის „არმიისათვის“ – თუ იგი ჩვენზე ომით წამოვა. და ჩვენ შევქმნით ამ ზღუდეს! მაზნიევმა, როგორც ჩანს, აქ ბევრი რამ არივ-დარია თავისი ტაქტიკითაც და თავისი უტაქტობითაც. ჩვენ მოგვიწევს ყველაფერი ეს მოვაწესრიგოთ და ატმოსფეროც განვმუხტოთ. ყოველ შემთხვევაში ალქსეევთან, რომელიც დემოკრატიის აშკარა და დაუნდობელი მტერი გახლავთ, ჩვენ ყველანი დიდი აღფრთოვანებით ვიბრძოლებთ, ვიდრე თვით ბოლშევიკებთანაც კი. არ იქნება შინაგანი უთანხმოება და უსაზღვრო სევდა... ბოროტმოქმედი ბოლშევიკები! ეს მათ მოახდინეს რევოლუციის საქმის კომპრომეტაცია და ჩვენ კი ალექსეევი გვაჩუქეს...

სოჭში დიდებულადაა!..


23 სეტემბერი 18 წ. სოჭი. შუადღე.

უბედური დღეა! ზღვაზე საშინელი ქარიშხალია... საღამოდან ზღვის ქარმა დაუბერა და ღამით საშინელი შტორმი აბობოქრდა! საქართველოს რესპუბლიკის თითქმის მთელი ქართული „ფლოტი“ სოჭთან დაიღუპა... ძალზედ მძიმეა. მე ადგილს ვერ ვპოულობ, და სული მიკვნესის... ღამით კი საშინელი ტანჯვები გადავიტანე. მე ვნახე ჩვენი ფლოტის დაღუპვა და მესმოდა ყრუ კვნესა ბარჟისა, რომელსაც ზღვის ტალღები ამტვრებდა. მე განვიცდიდი ველური ტალღის ყოველ დარტყმას, და თითქოს-და ეს ჩემი ძვლები იმსხვრეოდა, როცა ისინი ნახევრად დანგრეულ ნავმისადგომს ეხეთქებოდნენ!.. ჩვენი „მიხეილი“ უკვე ნაპირზეა ამოგდებული, უზარმაზარი ბარჟა კი გვერდით წევს ფსკერზე... საშინელი განწყობაა... მაგრამ სიმწარეს მივეჩვიე და გრძნობებიც დამიჩლუნგდა...

ქარიშხალი გრძელდება... ახლა სულ ერთია.




25 სექტემბერს 18 წ. სოჭი. რივიერა.

გუშინ ლაზარევკაში ვიმგზავრეთ. ლაზარევკასთან ვიკავებთ პოზიციებს. ლომთათიძისა და წიტაიშვილის ასეულები უკვე გავიდნენ პოზიციებზე. მტკიცედ ვმაგრდებით... ადგილმდებარეობა ლაზარევკამდე აღტაცების მომგვრელია. უმდიდრესი წაბლის ტყეები და უწყვეტი კაკლის ჭალები აღმართულა!..

ევგენი და მაზნიევი უკვე ეკატერინოდარში არიან. მოლაპარაკებებს აწარმოებენ გენერალ ალექსეევთან...


30 სექტემბერს 18 წ. სოჭი. დილა.

28-ში ეკატერინოდარიდან ევგენი და მაზნიევი ჩამოვიდნენ. მგზავრობა უშედეგო აღმოჩნდა. ალექსეევს, როგორც ჩანს, კარგი მადა აქვს (губа не дура), და მან მთელი სანაპიროს განთავისუფლება „ითხოვა“ მდინარე ბზიფამდე! ჩვენებმა გადაჭრით უარი განაცხადეს და ახლა ჩვენი საბრძოლო მახვილის ალესვა გვიხდება...

ალექსეევის სახით ჩვენს ძველ ნაცნობს – რეაქციას შევხვდით... ჯერჯერობით ის დელიკატურობას თამაშობს, ვინაიდან ძალიან სუსტია. მაგრამ მისი თავხედობა და მომთხოვნელობა მისი ძალების ზრდის შესაბამისად გაიზრდება. ამიტომ ჩვენც უნდა გავამრავლოთ ჩვენი ძალები...

ლაზარევკასთან უკვე ალექსეევის ნაწილები მოვიდნენ. გუშინ ჩვენ ვიმგზავრეთ ალექსეევკაში გენერალ მასლოვსკისთან შესახვედრად, გამმიჯნავი ხაზის დადგენის მიზნით. და აქ ლაზარევკაში აფრიალებული სამფეროვანი დროშა რევოლუციის შემდეგ პირველად ვიხილე!.. და როგორ მტკივნეულად, განგაშით შემეკუმშა გული...

ალექსეევის ჯარები ძლიერადაა შელახული, მაგრამ მათ ძალიან ყოჩაღად უჭირავთ თავი და მათ შორის ბევრი ოფიცერია.

თავად გენერალი მასლოვსკი ჩვენთან ძალზედ თავაზიანი იყო, მაგრამ მისი თავაზიანობა ნდობას ვერ გვინერგავდა... ჩვენ გადავწყვიტეთ გაყოფის ხაზად მდინარე ჩუხუკტი ჩავთვალოთ... ჩვენი გვარდიელები ლაზარევკაში ჯგუფებად დადიან და თავსაც გამარჯვებულებად გრძნობენ...


4 ოქტომბერს 18 წ. სოჭი. ღამე.

მხიარული სევდაა, საშინელი სევდა!.. ომი ჯერ არ არის, მაგრამ მისთვის ვემზადებით. ჩვენც, ისინიც – ალექსეეველებიც. ჩვენ ვემზადებით სიყვარულით, გატაცებით, ვინაიდან ვგრძნობთ მტერს. სანდრომ, ალექსანდრემ და მე სატყვიამფრქვევო საქმის შესწავლა დავიწყეთ. ეს „ეშმაკური მექანიკა“ ძალიან ადვილად გვემორჩილება...

ალექსეევთან სასიცოცხლოდ კი არ ვიბრძოლებთ, არამედ სამკვდროდ! ნუთუ ახლაც არ მოეგებიან გონს ბოლშევიკები? ნუთუ ახლა მაინც არ შეეცდებიან ისინი იქცნენ პატიოსან რევოლუციონერებად?! ნუთუ ახლაც, როგორც ბათუმური ეპოპეის მკაცრ და პირქუშ დღეებში, ისინი შეუბრალებლად ჩაგვასობენ ზურგში თავიანთ მოშხამულ დანას? როგორ კოშმარად გადააქციეს მათ რევოლუცია და როგორ მკრეხელურად შებილწეს ნათელი იდეა სოციალიზმისა!..

მსოფლიო ფონზე უმსხვილესი ისტორიული ცვლილებები ხდება და უზარმაზარი ძვრებიც აღესრულება. ბულგარეთი უკვე მწყობრიდანაა გამოყვანილი, გერმანიას ურტყამენ. თურქეთი თავის მოკავშირეთაგან მოჭრილია!..

„უკეთესისაკენ მიდის ყველაფერი ამ საუკეთესო სამყაროში!“... («Всё к лучшему в этом лучшем из миров!»…)


6 ოქტომბერი 18 წ. სოჭი. დილა.

დღეს ალექსანდრე და მე ჩუხუკტზე მივემგზავრებით – ვფიქრობთ იქ დავრჩეთ და პოზიცია გავამაგროთ. ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა არავითარ შემთხვევაში არ დაუთმოს სოჭის ოკრუგი ალექსეევს: – თვით შეიარაღებულ ბრძოლამდეც კი! ეს კარგია, ამან ჩვენ დაგვამშვიდა...

ხალხთა ბრძოლის საშინელ ველზე მოვლენები ვითარდება... თურქეთი უკვე თავისი საკუთარი ძალების ამარაა დატოვებული, და ეს კი დასასრულის დასაწყისს უთანაბრდება. თურქეთის დამარცხებამ და დასუსტებამ, შესაძლოა, ჩვენ ბათუმი დაგვიბრუნოს! ციებ-ცხელებიანი დაჩქარებით უნდა ვამზადოთ ჩვენ ძალები, ძალები და ისევ ძალები! ამაშია ჩვენი გადარჩენა. შესაძლოა, გერმანიამ დაჩქარებით დაიწყოს საქართველოდან ევაკუაცია და ამ ევაკუაციისთვისაც ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. გერმანიის წასვლასთან ერთად შეიძლება ჩვენში ახალი ანარქია დაიწყოს, ამ წასვლამ შეიძლება ჩვენს მრავალრიცხოვან მტრებს ფრთები შეასხას, და ჩვენც საკმარისი ძალები უნდა გვქონდეს მათთან გასამკლავებლად...


7 ოქტომბერს 18 წ. გოლოვინკასთან.

ღამე მეორე ბატარეაში გავატარეთ. ბატარეელები დიდებულად გაგვიმასპინძლდნენ! ბიჭების განწყობა კარგია. ახლა გზას ვაგრძელებთ – თავდაცვისათვის ვამზადებთ პოზიციას.

და თავდასხმისთვისაც...


8 ოქტომბერს 18 წ. კატკოვის მამული „ჩუხუქტი“. დილა.

გუშინ გოლოვინის რაიონის გამაგრების სამუშაოებს ვათვალიერებდით. საქმეები კარგად მიდის, და სახალხო გვარდიელებიც მეგობრულად თხრიან სანგრებს... ჩვენი ოპერაციების მთელი დროის მანძილზე პირველად გვიხდება ნამდვილი სანგრების გათხრა... სასანგრო სამუშაოებს ჩვენი სახელოვანი რაჟდენ კერესელიძე ხელმძღვანელობს, ხოლო თავდაცვის უფროსი კი სიკო თითბერიძე გახლავთ. სიკო ყოველთვის მხნე და მხიარულია, და მისმა ორთაჭალელებმაც კარგი გამასპინძლება იციან. სიკოსგან ჩვენ მეწინავე ხაზზე გავეგზავრეთ – გიორგი ლომთათიძესთან. და აქ სრულიად იმედგაცრუებულნი და ძლიერ გულდაწყვეტილნი შევიქენით, ვინაიდან ვნახეთ, რომ ჩვენი მეწინავე პოზიცია თავდაცვისათვის მოუხერხებელია, რადგანაც მოწინააღმდეგეს გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს. ამან ჩვენ გული ძალზედ გვატკინა და გადავწყვიტეთ თავდაცვის მეწინავე ხაზი რამდენადმე უკან გადმოვიტანოთ. ჩვენ ზუბოვის-ხვრელში გავემგზავრეთ – შერემეტიევის მამულ „ჩიმიტოყვაჯში“. და ყველას ხასიათი სწრაფად გამოგვისწორდა, ვინაიდან აქ შესანიშნავი, მიუდგომელი და მოკლე პოზიცია ვიხილეთ. ჩვენ დაუცხრომელმა, ახალგაზრდულმა სიხარულმა მოგვიცვა, და ამ სიხარულით მოვხვდით მოხუც წერეთელთან, შერემეტივის მამულ „ჩიმიტოყვაჯის“ მმართველთან, რომელიც ახალი მაჭრით გაგვიმასპინძლდა. მხიარულად, კარგად და თავისუფლად ვიყავით! დიდინ ხანია, დიდი ხანია ასეთი ნათელი და მშვიდი სიხარული აღარ განმიცდია. სტუდენტობის ოქროს დღეები გამახსენდა, როცა სიხარული ასე ადვილად მიიღწეოდა და როცა ასე თავისუფლად შეიძლებოდა გვემხიარულა!.. ჩუმი, მაგრამ ძალმოსილი სიხარული აღწევდა გულში, და სულის კარებიც იღებოდა! ეს ნათელი და იშვიათი დღესასწაული გახლდათ – დღესასწაული რევოლუციის ორი წლის მანძილზე!.. და ისევ გაიწელა სადაგი დღეები – მძიმე, ზოგჯერ კაშკაშად-სისხლიანი, სამუშაო, რევოლუციური სადაგი დღეები!.. და ჩაივლის დღეები, ჩაივლის თვეები, შესაძლოა, მთელმა ცხოვრებამაც ჩაიაროს, ეს დღესასწაული კი შეიძლება აღარც განმეორდეს...


11 ოქტომბერს 18 წ. მთის თხემზე. შუადღე.

ჩვენ დაზვერვაზე ვართ. ჩვენმა მეგზურმა ვიაჩესლავმა – პოლონური სახელის მქონე ქართველმა, კარგად იცის ადგილმდებარეობა და ღირებულ მითითებებსაც გვაძლევს. ადგილმდებარეობა კი აქ ველური, მდიდრული, მაგრამ უკაცრიელია. იგი მხოლოდ ახლახანს შეიქნა უკაცრიელი და სულ ნახევარი საუკუნის წინ აქ თვალწარმტაცი და მდიდარი ჩერქეზული სოფლები იყო მიმოფანტული. ამაზე მრავალრიცხოვანი გაველურებული ბაღები და მიტოვებული კერები მოწმობენ. ოდესღაც აქ სიცოცხლე იყო. ახლა – სიცარიელე და ველურობაა. და არავინ არის, რომ წაბლისა და კაკლის ხეთა ნაყოფები მოკრიფოს. ისინი კი აქ მთელი ჭალებია, ტყეებიც კი...


11 ოქტომბერს 18 წ. მამული ჩიმიტოყვაჯი. ღამე.

ახლა ქრისტეფორე შარაძის მეტყვიამფრქვევეთა რაზმში ვიმყოფები. ჩვენ ღამის გასათევად ვლაგდებით. მე ჩემთვის შესანიშნავ საწოლს ვიმზადებ სურნელოვანი თივისაგან, და თვითონ ქრისტეფორეც ჩემს გვერდში წვება. იგი საოცარი, შეუცვლელი ამხანაგი და სანიმუშო ოფიცერია. ნეტა ბევრი გვყავდეს ასეთი მუშაკი! იგი ეს-ერია, მაგრამ მე მას ს.-დ-ებზე უფრო მეტად ვაფასებ... საერთოდ ჩვენთან დიდებული ბიჭები შეიკრიბნენ და საბრძოლო ვითარებაში პარტიულობა ისეთ როლს აღარ თამაშობს. პატიოსნება, გულადობა, უანგარობა და რევოლუციის საქმისადმი ერთგულება – აი რას ვაქცევთ ჩვენ ყურადღებას! და ჩვენ ბევრი კარგი ოფიცერიც გვყავს... სიკო, გიორგი, სიმონი, ნესტორი, სევასტი, ვარდენი, ილია – ყველა ისინი უყოყმანოდ დადებენ თავს „თავიანთი მეგობრებისათვის“... და თავად კონიევიც ძალიან ღირებული მუშაკია: მასთან ჩვენ მეგობრულად ვმუშაობთ და ვიცით, რომ ხალხს იგი არასოდეს უღალატებს!.. მალე ჩვენთან სოსო გედევანოვი მოვა. მას ჩვენ ასევე ვიცნობთ და გვიყვარს...

ჩვენთან ფრონტზე სიმშვიდეა: ვთხრით სანგრებს, ვიკვლევთ ადგილმდებარეობას და ველოდებით მტერს... მტერი დუმს და ჩვენ ყველანი საშინლად მოწყენილები ვართ. 

დამარცხებული და იზოლირებული თურქები ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებს ტოვებენ. სიხარული იზრდება, იმედები ძლიერდება. ჩვენ დავიცავით თავისუფლება და რევოლუცია!.. და ჩვენ დავამტკიცებთ, რომ რევოლუცია მარტო ნგრევა კი არ არის, არამედ უმაღლესი შემოქმედებაცაა!.. ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ!

მეტყვიამფრქვევეები დასაწოლად ლაგდებიან. ღამე საოცარია, თბილი. მთვარის ნამგალი მიძინებული თმახუჭუჭი მთის ზემოთ დაეკიდა და ჩუმი, ღამის ჩურჩულით აღივსო დედამიწა...

კარგია ცხოვრება!

კარგია, სასიხარულოა ცხოვრება!..


12 ოქტომბერს 18 წ. მამული ჩიმიტოყვაჯი. დილა.

საოცარი ახალგაზრდა თელების ხეივანი. თელის ქვეშ ვზივარ და გამოღვიძებული ბუნების მჟღერ სიჩუმეს ვუსმენ. მარტოხელა გვარდიელები გულმოდგნედ აგროვებენ კაკლებს, ჩვენი ცხენები კი მშვიდობიანად სძოვენ მსუყე ბალახს. უკვე ღრმა შემოდგომაა, ფოთლები შეოქროსფრდა, ბალახი კი ჯერ ისევ მწვანეა, თითქოს გაზაფხულისა იყოს...

მე წავედი ადამიანებისაგან, წავედი ჩემს ჩანაწერებთან, საკუთარ თავთან. და როგორღაც მსუბუქად, თავისუფლად ვსუნთქავ, როგორღაც უცნაურად, მშვიდად და სიხარულიანად არის სული. ზღაპრულად კარგია აქ!.. მაგრამ შემზარავი, დამთრგულველი უკაცრიელობაა. ყველაფერი მკვდარია გარშემო. და ყოველივე ეს უნდა გავაცოცხლოთ, სული შთავბეროთ. ამაშია დემოკრატიის ამოცანა და მოწოდება. უკვე რამდენიმე დღეა, რაც სოჭიდან გამოვემგზავრე. მე წამოვედი მოსაწყენი, მაგრამ დიდებული რივიერადან, წამოვედი გაღარიბებული და თითქმის დაცარიელებული კურორტის ყველა ცდუნებისაგან. მაგრამ ის ჯერ კიდევ ბოლომდე არ დაცარიელებულა. იქ ჯრ კიდევ არცთუ ცოტაა „ყოფილი ხალხი“, ოდესღაც ძლიერი, ძალაუფლებიანი და მდიდარი ხალხი. მათ თითქმის ყველას სძულთ რევოლუცია, რომელმაც ისინი გააკოტრა და დაამცირა. და ყველა ისინი მოუთმენლად მოელიან ალექსეეველებს. ჩვენ ისინი ძალიან მოწიწებით, თავაზიანადაც კი გვექცევიან, მაგრამ მათ არ ვუყვარვართ. არ ვუყვარვართ როგორც რევოლუციონერები და როგორც ქართველნი. და ეს უსიყვარულობა ფარულ სიძულვილში გადადის.

ბედი თითქოსდა ჩვენდამი გაღიმებას იწყებს. საერთაშორისო ვითარება თანდათანობით ნათელი ხდება და საყოველთაო მშვიდობაც ახლოვდება. ამაშია ხსნა! დღეს თურქი-დამპყრობლები ამიერკავკასიიდან იწყებენ გასახლებას. ხვალ, აშკარაა, გერმანიის რიგი დადგება და ამისათვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მთელი ძალები უნდა მოვიკრიბოთ. და როგორ სამწუხაროც არ უნდა ყოფილიყო გერმანიის „მშვიდობიანი შემოღწევა“ ჩვენს ქვეყანაში, როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ამასთან შერიგება, – ერთი რამ ყველასათვის აშკარაა: გერმანიამ დაგვიცვა ჩვენ თურქული ვანდალიზმისა და ბევრი საგარეო საფრთხისაგან. და ამისათვის ჩვენ მისი მადლიერნი ვართ. მაგრამ მალე დადგება დრო, როცა ჩვენ უნდა ვუთხრათ გერმანიას: „მავრმა თავისი საქმე გააკეთა“... და ამისათვის უნდა ვემზადოთ, ამისათვის ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ!.. და რაც უფრო მალე გავუმკლავდებით ალექსეეველებს, – მით უკეთესია...

მსოფლიო და სამამულო ისტორიის ამ მნიშვნელოვან დროს მე გული ტფილისისაკენ მეწევა. განა იქ არ იჭედება ჩვენი პოლიტიკა, – ეს ხომ ჩვენი ქვეყნის ტვინი და სულია!.. და მე კი სულ დაუსრულებელ ლაშქრობებში მიწევს ხეტიალი და ეს მწყვეტს პოლიტიკისაგან. და ჩემთან ერთად – ბევრ მოწინავე, ძველ მუშაკსაც. ამაშია სევდა. და შესაძლოა, ბევრი „უხერხემლო ინტელიგენტი“ თვით ამხანაგების რიცხვიდანაც კი (სამწუხაროდ, არიან ასეთებიც!), ალბათ, ვარაუდობს, რომ სალაშქრო ცხოვრებისკენ მე ჩემი ბუნების ავანტიურიზმი მიზიდავს. ვინ იცის, შეიძლება, ამაში სიმართლის ნაწილიც არის, მაგრამ ამხანაგები სასტიკად ცდებიან, როცა ვარაუდობენ, რომ სუფთა პოლიტიკა მხოლოდ მათი ხვედრია. მაგრამ მე თუ ყოყმანის გარეშე გავცვალე სქელი წიგნები (ისინი კი საშინლად მიყვარდა!) სამხაზიან შაშხანაზე, და პოლიტიკა კი ომზე, – ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციურ ომებში ვხედავდი ჩვენი პოლიტიკის, ჩვენი სახელმწიფო მშენებლობის საფუძველს. და ახლაც კი, – როცა კბილებამდე ვარ შეიარაღებული, მე, უწინარეს ყოვლისა, საკუთარ თავს პოლიტიკურ მოღვაწედ მივიჩნევ, – და უკვე შემდეგ – რევოლუციის მეომრად. უწინრეს ყოვლისა, და ყველაფრის შემდეგ მე უბრალოდ სოციალ-დემოკრატი გახლავართ. ყოველგვარი nomen-ებისა და cognomen-ების გარეშე!..


23 ოქტომბერს 18 წ. სოჭი. რივიერა. დილა.

ვიმგზავრე სოხუმში. იქ მოხდა აფხაზების „აჯანყება“. რა თქმა უნდა, არანაირი აჯანყება არ ყოფილა, მაგრამ, როგორც ჩანს, რეაქციულად განწყობილი აფხაზების ნაწილს გამოსვლა ჰქონდა ჩაფიქრებული. და ამ ბუზიდან შეეცადნენ სპილო შეექმნათ!.. ამასთან დაკავშირებით სოხუმში მოხდა დაპატიმრებები და სხვათა რიცხვში ვანიჩკა მარგიანი და ჟორა აჯემოვიც არიან შეპყრობილნი. ისინი, რა თქმა უნდა, არ უნდა დაეპატიმრებიათ, ვინაიდან, ყოველ შემთხვევაში, რეაქციონერები არ არიან. მაგრამ უცნაურია ვანიჩკა! რატომ დაუკავშირდა იგი რეაქციონერთა კომპანიას, რატომ ხდება მათი უნებური იარაღი?! ვანიჩკა ხომ ჩემი ძველი მეგობარია. მე საშინლად მეწევა გული ტფილისისაკენ. მინდა მოვლენების ცენტრში ვიყო. მოვლენები კი ასე ბევრია! გერმანელებს დასავლეთში ურტყამენ და კარგადაც ურტყამენ! თურქეთს „აღსასრული“ უდგება და, ალბათ, ბათუმი ისევ ჩვენი შეიქნება. საერთოდ, საერთაშორისო ვითარება რადიკალურად იცვლება და ჩვენ ყველაფერს მკაცრად უნდა ვითვალისწინებდეთ...

ბათუმის სამარცხვინო ეპოპეა მახსენდება და არანაკლებ სამარცხვინო ზავიც თურქეთთან. შესაძლოა, მე და განსვენებული ვალიკო შარაშიძე მართლები ვიყავით, როცა ასე ენერგიულად ვთავაზობდით უარგვეყო დამამცირებელი მშვიდობა თურქეთთან და ომისაკენ მოვუწოდებდით. ვინ იცის?! ან შეიძლება, ჩვენ მაშინ სარწმუნო, გარდაუვალი დაღუპვა გველოდა?.. ძნელი სათქმელია...

ანგლო-ფრანგული კოალიცია უკვე აშკარად იმარჯვებს და მეშინია, რომ სომეხი და რუსი შოვინისტები შეძლებენ ინგლისელები და ფრანგები ჩვენს წინააღმდეგ განაწყონ. ყოველ შემთხვევაში, ისინი ამის გაკეთებას შეეცდებიან. მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ მათ ეს გამოუვათ. ჩვენ შეგვიძლია გაბედულად და პატიოსნად წარვსდგეთ მთელი მსოფლიოს წინაშე, ყოველგვარი სასამართლოს წინაშე, თვით ყველაზე უფრო მკაცრისაც კი! ჩვენ ხომ ძალ-ღონე გვეცლებოდა თურქებთან უთანასწორო ბრძოლაში და არსაიდან არც დახმარება ყოფილა. არანაირი! ჩვენ ხომ ვიღუპებოდით ამ საშინელ ბრძოლაში, და თურქ-თათრებთან ბრძოლებში მამაცთა სიკვდილით დაეცნენ ჩვენი საუკეთესო ამხანაგები – ვალიკო შარაშიძე, სამსონ ღლონტი, სურგულაძე, ბერიძე, არონ შერვაშიძე, ანდღულაძე, ჩხაიძე და ბევრი, ბევრი სხვაც!..

ამ მძიმე მსხვერპლის ფასად გადავარჩინეთ ჩვენი ხალხი დაღუპვისა და ძარცვა-რბევისაგან. და ამის პატიება არ შეუძლიათ ჩვენთვის ჩვენს მტრებს. ამის პატიება არ შეუძლიათ ჩვენთვის სომეხ შოვინისტებს, რომლებიც ჩვენ ორგანიზებულად გვდევნიან! მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ კეთილი ურთიერთობები უნდა დავამყაროთ უბედურ სომეხ ხალხთან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვიყოთ გულისხმიერნი მისი ტანჯვა-წამებისადმი და ამ ტანჯვა-წამების სახელით ვაპატიოთ მას მისი ავადმყოფური, გაუწონასწორებელი ნაციონალიზმი. და, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა რაც შეიძლება მალე გავემიჯნოთ ერთმანეთს. მე მზად ვარ უარი ვთქვა ბამბაკსა და ლორეზე. დაე ყველაფერ ამას სომხები განაგებდნენ, მაგრამ დაე ისინი იქცნენ ჩვენს ერთგულ და პატიოსან მეგობრებად! დაე მათ გაიგონ, რომ მათი საუკეთესო მოკავშირე ახალგაზრდა ქართული დემოკრატიაა... 

მათ რომ მხოლოდ ამის გაგება შეეძლოთ!..

3 ნოემბერს ჩვენი პარტიული ყრილობაა. მინდა აუცილებლად მოვხვდე იქ. მინდა შიდაპარტიულ ნაციონალიზმს ვეომო! ბრძოლა კი აუცილებელია, ვინაიდან ნაციონალიზმი გადაჭრით იწყებს შემოღწევას ჩვენს გარემოში და ამიტომ მას ბოლო უნდა მოვუღოთ. მე მეცოდება ირაკლი ჩვენს გარემოში. მას უფრო მეტი ჰაერი და სივრცე სჭირდება. სხვანაირად იგი დაიხრჩობა. იგი ხომ ასეთი დიდია და მას ძალმოსილი ფრთები აქვს!.. ირაკლი და დიდი ნოე ჩემი მანათობლები არიან. მათთვის მე ბევრ რამეზე წავალ...

ევგენი მე ძალიან და კარგად მიყვარს...


24 ოქტომბერს 18 წ. სოჭი. რივიერა. დილა.

გუშინ პოზიციაზე ვიმგზავრე. იქ ყველაფერი წესრიგშია. მხოლოდ ერთ ადგილზე ყურყუტი მოგვბეზრდა. ყველას გული ძლიერად ტფილისში მიუწევს. ზოგიერთები კი, ძალზედ ცოტანი, წყალს შეგნებულად ამღვრევენ. ისინი უნდა გავყაროთ. დაღდასმულები...

ტფილისიდან სამწუხარო და შემზარავი ამბავი გვაცნობეს: ბორჩალოს მაზრაში დაიწყო შეტაკებები სომხებსა და ქართველებს შორის! ეს საშინელი ცნობა მე ღრმად მამწუხარებს. ბრძოლის არ მეშინია, მაგრამ, ეს ხომ ურთიერთდაღუპვაა!.. პირველი თავდასხმა სომხებმა მოახდინეს. ჩვენ თავის დაცვა მოგვიწია. ნუთუ ამას ბოლო არ მოეღება? ნუთუ ომი იქნება?! არ მინდა ამისი მჯეროდეს. საშინელია დაჯერება! ნუთუ ორი პატარა, უბედური, საშინელ ტანჯვა-წამებაში განთავისუფლებული ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში შეხვდება ერთმანეთს და ყელს გამოღადრავს?! ნუთუ სომხებმა ყველაფერი დაივიწყეს? ეს ხომ ჩვენმა სახალხო გვარდიამ გაათავისუფლა ბორჩალოს მაზრის სომხები თურქების მძიმე ქუსლისაგან, და მათი თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაეცნენ ჩვენი საუკეთესო ამხანაგები! და პირველ რიგებში შეუდარებელი ვალიკო შარაშიძე. და მე კაშკაშად მახსოვს სასიხარულო დღე შულავერის განთავისუფლებისა. მოსახლეობა ჩვენ აღტაცებით გვხვდებოდა, ქალები კი პირჯვარს იწერდნენ და გვლოცავდნენ. და სიხარულის ცრემლები თრთოდა მათ თვალებში!.. და თუმცა შულავერისათვის ბრძოლაში ვალიკო და სხვა ამხანაგები დაგვეღუპნენ, მაგრამ თვით ამ უდიდეს მწუხარებასაც კი არ შეეძლო განთავისუფლების საყოველთაო სიხარულში ნაღველი შემოეტანა.

და ნუთუ ეს ყველაფერი დავიწყებულია?!

მე ტფილისში გადავეცი, რათა გამოიყენონ მთელი ძალისხმევა წამოჭრილი შეტაკებების სალიკვიდაციოდ. მაგრამ თუ, უდიდესი უბედურებისათვის, ეს ვერ მოხერხდება, მაშინ ჩვენ გაბედულად და გადაჭრით უნდა მოვკიდოთ ხელი მახვილს! და მე ვიცი, რომ გავიმარჯვებთ. და ეს იქნება დემოკრატიის გამარჯვება შოვინისტებზე...


28 ოქტომბერს 18 წ. სოჭი. რივიერა. ღამე.

დღეს პირდაპირი მავთულით ტფილისში ევგენის ველაპარაკე. ბევრია ახალი, საინტერესო, კარგი: სომხებთან ყველაფერი მოგვარებულია, და რაც მთავარია – საერთაშორისო სასაკლაოს დასასრული ახლოვდება, და მსოფლიო რევოლუციის ცისკარიც ამოდის. ჭრიალებს ტახტები, ცვივა გვირგვინები და შეირყა მთელი კაპიტალისტური სამყაროც!..

პატარა განთავისუფლებული საქართველო კი, რომელსაც დემოკრატიის ნაცადი ბელადები ხელმძღვანელობენ, თამამად მიცურავს აბობოქრებულ საერთაშორისო სტიქიაში და მგონი სამშვიდობოს გადის, არ იღუპება. მტკიცეა მესაჭის ხელი და გამოცდილია მისი თვალი...

გერმანლები საბოლოოდ მიდიან საქართველოდან. და ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ: „სიყვარული ვნების გარეშე იყო, განშორებაც მწუხარების გარეშე იქნება“. მე მახარებს გერმანელების წასვლა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მადლიერი ვარ მათი. მათ იხსნეს ჩვენი ქვეყანა თურქული განადგურებისაგან და ამაშია მათი უდიდესი დამსახურება ჩვენი ხალხის წინაშე. მართალია, მათ საქართველო თავიანთთვის გადაარჩინეს, მაგრამ მაინც ხომ გადაარჩინეს! მართალია ისიც, დასავლეთის ფრონტზე დამარცხება რომ არა, გერმანია შეეცდებოდა ჩვენზე თავისი თათი დაედო. და ეს თათი მსუბუქი არ იქნებოდა...

მაგრამ ახლა დასრულდა.

ჩვენ ხელახლა მოგვიწევს ევროპასთან ურთიერთობების აწყობა და დალაგება. ამ მიზნით ირაკლის პარიზში აგზავნიან. მან უნდა აუწყოს მსოფლიოს რესპუბლიკური საქართველოს სევდიანი ამბავი, მან უნდა გააცნოს დასავლეთს ამ ქვეყნის ტრაგედია. თავად ირაკლიც ხომ ტრაგიკულია, და მისთვის ადვილია გაიგოს მთელი სიმძიმე ჩვენი ტრაგედიისა... სახელოვანი, ერთადერთი ირაკლი! რა კარგია, რომ იგი ევროპაში მიემგზავრება. მისთვისაც, და ჩვენთვისაც. იქ იგი თავის სტიქიას იპოვნის და მასში მთელი მისი ძალები კვლავ გაიღვიძებს. ხოლო ჩვენს ვიწრო და შეზღუდულ ვითარებაში ზოგჯერ იგი შესაბრალისიც კი იყო... და მახსენდებოდა „პატიმარი“:

„ზის გისოსებს შიგნით ნესტიან საპყრობილეში
ტყვეობაში გამოზრდილი ახალგაზრდა არწივი“!..

(«Сидит за решёткой в темнице сырой,
Вскормлённый на воле орёл молодой»!..)

დღეს დიდხანს ვიჯექი კაზინოში და ვუსმენდი მუსიკას. სევდიანი ფიქრები თავს მეხვეოდა. გაიხსნა დაღუპულ მეგობართა ახალი საფლავები და მწუხარე, ძვირფასმა ჩრდილებმა ჩემს წინ ჩაიარეს. ჩემო საწყალო დათიკო!.. საყვარელო, საყვარელო ჩემო მეგობარო! მე შენ არასოდეს, არასოდეს დაგივიწყებ. და ჩემს გულსაც მუდამ დაედინება სისხლი შენი გახსენებისას...

მაგრამ არის სიხარულიც: ვანიჩკა უკვე ქუთაისშია: დეპეშა მაქვს მისგან. საშინლად მინდა შევხვდე მას და შევხედო. როგორია იგი და ხომ არ შეიცვალა!.. მინდა მასთან ერთად ვიმუშაო, ვიბრძოლო და ვიცხოვრო!

სიკვდილი უკვე აღარ მინდა.

თუმცა კი სიკვდილის არ მეშინია. მას არ ვემალები...


31 ოქტომბერს 18 წ. სოჭი. რივიერა. დილა.

დიახ ჰყვავილობს, ძლიერდება ოცნებები! ევროპაში იჭრება განმწმენდელი ცეცხლი დიადი რევოლუციისა, და მან ომის ჭრილობებიც უნდა მოიშუშოს. კაპიტალისტურმა სამყარომ, რომელმაც კაცობრიობა ამ საშინელ სასაკლაომდე მოიყვანა, მასშივე თავისი გარდაუვალი აღსასრული უნდა ჰპოვოს. ეს იქნება!.. მშვიდობის სამყარო ახლოვდება და ამ სამყაროში აღდგება მოკლული ინტერნაციონალიც. და როგორ შორს წავიდა ჩვენგან ეს, ოდესღაც სახელოვანი მუშათა ინტერნაციონალი! და როგორ სჭირდება ის დატანჯულ, გონდაკარგულ კაცობრიობას! განსაკუთრებით ახლა. ნაციონალიზმმა მთელი მსოფლიო უფსკრულის პირას მიიყვანა. ნაციონალიზმი მუშათა მასებსაც კი დაეუფლა!.. მე ვიწყებ საკუთარი თავის შემოწმებას. და სიხარულით ვრწმუნდები, რომ ინტერნაციონალიზმის სული ჩემში ჯერ კიდევ არ ჩამქრალა! მე არ მაქვს სიძულვილი არც ერთი ერისადმი და ყველა ხალხი ჩემთვის ძვირფასია. დაშლილი, სნეული რუსეთი კი მე მიყვარს ვნებიანი, მგზნებარე, მაგრამ მწუხარე სიყვარულით. და სიყვარულით მოველი იმ დღეს, როცა ჩვენ – თავისუფალნი – ისევ გავუწვდენთ ხელს განთავისუფლებულ დიდ რუსეთს!.. რუსეთის რევოლუციის დაშლა არასოდეს ეპატიება დანაშაულებრივ ბოლშევიზმს. და რუსეთის ტრაგიკული საშინელებაც იმაშია, რომ მის თვალუწვდენელ სივრცეებზე მებრძოლი ორი უკიდურესი ძალა, – ბოლშევიზმი და მონარქია, ლენინი და დენიკინი – არსებითად მეთოდების მიხედვით სრულიად იგივურია! თავიანთ დაუნდობელ ბრძოლაში ეს ძალები შობენ ერთი-მეორეს... და არ არის შუათანა, ნამდვილად შემოქმედებითი რევოლუციური ძალა, არ არის რევოლუციური რუსეთი! ბოლშევიზმი მახინჯდება უწყეტ (მთლიან) დემაგოგიად, ბრბოს წინაშე აღვირახსნილ პირმოთნეობად და ამ ნიადაგზე მასთან ძნელია ბრძოლა... და როცა ამის გვერდით ვიხსენებ საქართვლოს პირობებს და ფიქრები ტფილისზე ბოლშევიკების მოწოლის შავ დღეებში გადავდივარ – მე აღტაცებაში მოვდივარ ჩვენი მუშების მყარი შეგნებითა და სახელმწიფოებრივი, ნამდვილად რევოლუციური დემოკრატიზმით! მე ქედს ვუხრი მათ... და თუ ჩვენში გადარჩენილია რევოლუცია, თუ ვერც ბოლშევიზმმა, ვერც რეაქციამ ვერ წალეკეს ჩვენი ქვეყანა – ამაშია განსაკუთრებელი, შეუფასებელი დამსახურება ტფილისის პროლეტარიატისა! და მთელი სახალხო გვარდია?! განა ეს ტფილისელი მუშების რევოლუციური შვილი არ არის? განა ოდესმე საქართველოს ისტორია დაივიწყებს სახალხო გვარდიის დამსახურებებს?..

დადგა რა ხელისუფლებაში, – საქართველოს დემოკრატია თვითონ შეიარაღდა და მუშურ-გლეხურ ბატალიონებად თვითორგანიზაცია მოახდინა. ამაშია ჩვენი დემოკრატიის უდიდესი დამსახურება. და მეც სიამაყით ვახდენ კონსტატირებას, რომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა ჩვენს დემოკრატიას ბოროტად გამოეყენებიოს თავისი იარაღი, როცა მას ამაყად და ქედმაღლურად დაეწყოს იარაღის ჟღარუნი. აი ამაშია ჩემი უდიდესი სიხარული!..

მე ვიცი, რომ სახალხო გვარდიას ბევრი მტერი ჰყავს. ვიცი ისიც, რომ სახალხო გვარდიას ბევრი ჩრდილოვანი მხარეც გააჩნია და ისინი ჩემზე უკეთ არავისთვისაა ცნობილი. მაგრამ ერთი რამ უდავოა: სინათლე სახალხო გვარდიაში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩრდილი! ეს მტკიცებულებებს არ მოითხოვს. ბევრი კი ვარაუდობს, რომ მე – სახალხო გვარდიის ბრმა თაყვანისმცემელი და აპოლოგეტი გახლავართ. ო, როგორ სასტიკად ცდებიან ეს ბევრნი! მე მხოლოდ ბელინსკის სიტყვებს ვიმეორებ: „მე ძალზედ დიდი აზრისა არა ვარ საკუთარ თავზე, მაგრამ არც ძალიან ცოტას ვფიქრობ მასზე“. არ ვაზვიადებ სახალხო გვარდიის დამსახურებებს, მაგრამ არც მის შრომას ვამცირებ. და თუმცა კი გვარდიის ორგანიზაციაში ბევრი დეფექტია, ხოლო მის საქმიანობაში კი არის შეცდომები – მაგრამ ბოროტმოქმედებანი უთუოდ არ არის. რა თქმა უნდა, გვარდიაში შეიძლება აღწევდნენ ცალკეული ბოროტმოქმედნი, მაგრამ თავის მასაში, თავის საფუძველში სახალხო გვარდია სუფთა და უანგაროა. იგი პატიოსნად და წმინდად აღასრულებდა თავის ვალს დემოკრატიის წინაშე და თავგანწირულად იხსნიდა (გადაარჩენდა) რევოლუციას. ამას მე სიამაყით აღვნიშნავ! და თუ მოიძებნებიან სკეპტიკოსები, მე მათ გადავუშლი სახალხო გვარდიის გრაგნილებს. ეს გრაგნილები მისი სისხლით იწერებოდა... მე მხოლოდ სახელებს დავასახელებ, მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ!

ტფილისში რევოლუციური წესრიგის დამყარება, არსენალის აღება, ლაშქრობა გორში, ექსპედიცია დუშეთში, მე-8 პოლკის განიარაღება თელავში, 1-ლი და 115-ე პოლკების განიარაღება ქუთაისში, სადახლო, 1-ლი ცხენოსანი პოლკის განიარაღება ტფილისში, ცხინვალი, სამეგრელო, ნატანები, სოხუმის ლაშქრობა, ბორჩალოს ექსპედიცია, ლეჩხუმი, ახალციხე, დუშეთის ლაშქრობა და შავზღვისპირეთის ექსპედიცია! ეს ყოველივე მშრალი ჩამოთვლაა, მაგრამ ამ სახელწოდებებზე აღიმართება ისტორია. განა არ არის საკმარისი ეს სახელწოდებანი, რომ უკვე არაფერი ვთქვათ ყოველდღიურ, უხილავ, ნერვიულ, თან ხშირად სისხლიან სამუშაოზე?.. ყველაფერი ეს უკვე წარსულში დარჩა და ჩამოთვლილი სახელწოდებებიც ბევრისათვის უკვე გამქრალია. და როცა ახლა სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც „არეულობის დღეებში“ მზად იყვნენ სახალხო გვარდიელთა სამოსის კალთები ეკოცნათ, სურთ ტალახი ესროლონ გვარდიას, – ჩვენ ვიცით, რომ ეს ტალახი ჩვენ არ მოგვეცხობა! ახლა ბურჟუაზიის წრეებიდან გამოსულ ამ ადამიანებს აცბუნებს და ავიწროვებს შეიარაღებული ხალხი და მათ მისი განიარაღება უნდათ. მაგრამ ეს არ იქნება! დემოკრატია თავისთვის შეიარაღდა და იგი არ დადებს იარაღს. სრულ გამარჯვებამდე! დაე ეს იცოდნენ ჩვენმა მტრებმა...

და სახალხო გვარდიის ინტერნაციონალიზმი კი, – მოზეიმე ნაციონალიზმის ჩვენს საუკუნეში – ეს ხომ გმირობაა! და მე როგორ ვხარობ, როცა გვარდიის რიგებში ვუსმენ ყველა ენას და ვხედავ ყველა სახეს. ამაშია ადამიანური სილამაზე, ამაშია დემოკრატიის სიდიადე!..

დიახ, ჩვენი გვარდია არ ჰგავს ბოლშევიკების გვარდიას...


7 ნოემბერს 18 წ. სოჭი. რივიერა.

დღეს მივემგზავრები ტფილისს. პატარა „ტიტანია“ უკვე სოჭს უახლოვდება, მაგრამ ზღვა ძალიან ღელავს და არ ვიცი, თუ მოახერხებს ნავი პატარა გემისკენ გასვლას, სოჭში ხომ არც ნავმისადგომია და არც ტალღებისაგან რაიმე შესაფარებელი...

სოციალ-დემოკრატთა ყრილობაზე მივიჩქარი და მინდა ენერგიულად დავძრა საკითხი გვარდიის შეცვლის შესახებ სოჭის ფრონტზე... ყრილობაზე ბევრი დიდი საკითხია, მინდა მივიღო მონაწილეობა მათ გადაწყვეტაში. მინდა ვიყო მარცხენა ფრთაზე!.. შეცვლა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ვინაიდან აუცილებელია გვარდია მოვამზადოთ ბათუმის დასაბრუნებლად! ბათუმი ბევრი გვარდიელის ოცნება ხდება, და მე მჯერა, რომ ბათუმზე აღტაცებით წავლენ ჩვენი ბატალიონები... ბათუმის დაკავება კი ჩვენ ზღვათა დედოფლის შავ ზღვაში შემოსვლამდე უნდა მოვახდინოთ...

ჩვენ ბათუმის სირცხვილი უნდა გამოვისყიდოთ!..


14 ნოემბერს 18 წ. ტამიშთან. საღამო.

კამერა გაგვისკდა და ჩვენც შევყოვნდით. სრულიად უდროოდ! სოჭიდან გუშინ შუადღეს გამოვემგზავრეთ და ღამის გათევა სოხუმში მოგვიხდა. მშობლები საშინლად გაახარა ჩემმა ჩამოსვლამ, ვინაიდან ისინი სულ არ მელოდნენ და ისევ ფიქრობდნენ, რომ დენიკინელთა ტყვეობაში ვარ. მაგრამ მე ძალზედ იღბლიანად გამოვაღწიე ამ სულელური და საზიზღარი ტყვეობიდან! იქ კი სრულიად შემთხვევით ჩავვარდი და გარემოებათა უცნაურად სულელური დამთხვევების გამოც!.. ქარი ზღვაზე სულ ძლიერდებოდა, საშინლი ტალღები ერთი-მეორეზე აღიმართებოდა და პატარა, საცოდავ „ტიტანიას“ უთანასწორო ბრძოლაში ძალ-ღონე სრულიად ეცლებოდა... ცაზე კაშკაშა ვარსკვლავები ციმციმებდნენ, და მე ფიქრები მათკენ მიზიდავდა. „ტიტანიას“ დაღუპვა ემუქრებოდა და, უნდოდა რა სიკვდილისგან გადარჩენილიყო, გემი უკან შემობრუნდა. და მე ტუაფსეში მიმიყვანა. ჩემთან ერთად ხუთი სახალხო გვარიელიც იყო... ჩვენ დაგვაპატიმრეს და სამ დღეს ტუაფსედან არ გვიშვებდნენ. და ამ დღეების მანძილზე მე ბევრი რამ ვნახე და ბევრიც ვიგრძენი. მე ვნახე მკვდარი ქალაქი! ქალაქი სრულებით გასრესილი საშინელი და აღვირახსნილი რეაქციის მიერ... და მე გეუბნებით თქვენ, ამხანაგებო: ჩაეჭიდეთ თქვენს ახალგაზრდა თავისუფლებას ხელებით, ფეხებით, კბილებით თქვენი საკუთარი სისხლითაც! ჩაეჭიდეთ ძლიერად, სიკვდილამდე...

ვაი ჩვენ თუ მას დავკარგავთ!..


15 ნოემბერს 18 წ. ოჩამჩირე. დილა.

ღამის გათევა ოჩამჩირეში მოგვიხდა, ვინაიდან კამერები სულ მუდამ სკდებოდა. არ ვიცი, როგორ ჩავალთ ახალ-სენაკამდე. კამერები უკვე გველევა...

ოჩამჩირეში ამხანაგებმა იცოდნენ ჩემი დატყვევების შესახებ და ჩემმა ნახვამ ისინი ძალიან გაახარა. სოხუმელი ამხანაგებიც გახარებულნი იყვნენ... და მეგობრების ეს სიხარული მე მამხნევებს. როგორ კარგია, როცა გრძნობ შენდამი სიყვარულს!.. საზოგადოებრივ სიყვარულს...

მე გადმომცემდნენ, რომ ცნობამ ჩემი ტყვეობის შესახებ ღრმად ააღელვა ჩემი მეგობრები სახალხო-გვარდიელები. მათ ყველამ დაივიწყეს შეცვლა და გადაჭრით მოკიდეს ხელი იარაღს! და ამას მე ვაფასებ...

დასავლეთიდან სულ უფრო ახალი ცნობები მოდის. და ეს ცნობები მამხნევებს! მსოფლიო რევოლუციის ხანძარი იზრდება და ის უკვე ბევრ სახელმწიფოს მოიცავს. გვირგვინები ცვივა, ტახტები ირღვევა, – მეფეები და იმპერატორები გარბიან თავიანთი სახელმწიფოებიდან და ვერ ჰპოვებენ თავშესაფარს! როგორც ვირთხები ცეცხლში გახვეულ ხომალდზე! და თავიანთ ჭირად გააჩაღეს მათ ეს უბედური ომი... აღესრულა! ბურჟუაზიამ იმ ძალებს მოუწოდა სიცოცხლისაკენ, რომლებთან გამკლავების ძალებიც მას არ გააჩნია!.. კაპიტალისტური სამყაროს მწუხრი დგება და, თუ კაცობრიობა ვერ იპოვნის გამოსავალს, მაშინ დიდი და საყოველთაო მწუხრიც (მზის ჩასვენებაც) დადგება!.. მაგრამ გამოსავალი უნდა მოიძებნოს. თუ კაცობრიობას უნდა ცხოვრება, მან ეს გამოსავალი უნდა იპოვნოს... და, შეიძლება, ცრემლის ზღვისა და სისხლის ოკეანისგან, უბედურებათა წყვდიადისა და მსოფლიო სასაკლაოს საშინელებისაგან – გაიზარდოს საოცარი ხე სოციალიზმისა. დიადი ხე აღორძინებისა და სიცოცხლისა!.. მე მჯერა, მჯერა!..

ახლა მოკავშირე ქვეყნების რიგია. ინგლისის, საფრანგეთისა და ამერიკის პროლეტარიატო – სიტყვა შენ გეკუთვნის!.. მთელი მსოფლიო ელოდება ამ სიტყვას... გერმანიაში უკვე შეიქმნა საბჭოები. გაუმარჯოს გერმანიის საბჭოებს!.. მაგრამ ზოგიერთს აშინებს ეს ახალი საბჭოები. მათ ეშინიათ რუსეთის მძიმე და დამღუპველი ცდებისა, ეშინიათ დიდი სრულიად მსოფლიო ანარქიზმისა... მაგრამ, ანარქიზმი ხომ საბჭოების პროდუქტი (ნაყოფი) არ არის, და ჩვენმა პატარა ქართულმა გამოცდილებამ ეს დაამტკიცა... სწორედ საბჭოებმა მოჰკლეს ჩვენში ანარქია და გამარჯვება მოუპოვეს რევოლუციას. საბჭოები თან ახლავს რევოლუციის პირველ ფაზისს და თანამედროვე რევოლუციაც საბჭოების გავლით (მეშვეობით) უნდა გავიდეს... და რაც მთავარია, არ უნდა გვეშინოდეს სახელწოდებისა და თვით ბოლშევიზმის სახელიც კი არ უნდა გვაშინებდეს. თავისი იდეით ბოლშევიზმი საშიში არ არის. საშიშია მხოლოდ ბოლშევიკური პრაქტიკა. უფრო მეტიც – ბოლშევიზმის სუფთა იდეამ, ჩაგდებულმა ინგლისური კაპიტალიზმის მდიდარ ნიადაგში, შეიძლება უმდიდრესი ამონაყარი მოგვცეს, მაგრამ იგივე იდეა რუსეთის ბარბაროსობის ღვარძლსა და შამბნარში საზიზღარ, შხამიან ამონაზარდებს იძლევა!.. იმაში კი არ არის უბედურება, რომ ბოლშევიზმს სოციალიზმის დანერგვა უნდოდა, არამედ მხოლოდ იმაში – თუ როგორ და სად უნდოდა მას ამის დანერგვა... და ამიტომ დანაშაულებრივია არა იდეა ბოლშევიზმისა, არამედ დანაშაულებრივია მისი მეთოდები, მისი ცოცხალი პრაქტიკა. მაგრამ ყოველგვარ იდეას სოციალური კატაკლიზმების ეპოქაში პრაქტიკის თვალსაზრისით უნდა ვაფასებდეთ. და ამ თვალსაზრისით მთელი ბოლშევიზმი დანაშაულებრივია!..

მაგრამ ერთი რამ უდავოა: ევროპა ვერ გადმოხტება ომის უკვე მხრჩოლავი ცეცხლოვანი წრიდან, – თუ იგი არ დადგება სოციალიზაციის გზაზე. საბედისწერო დილემის წინაშე დგას მთელი ცივილიზებული სამყარო: ან დაღუპვა ძველ კაპიტალისტურ გზებზე, – ან კიდევ აღორძინება და სიცოცხლე ახალ გზებზე...

გაუმარჯოს ამ ახალ, მხსნელ გზას!..


15 ნოემბერს 18 წ. ჭუბურხინჯი. გვიანი დილა.

ისევ გასკდა კამერა. უბედურებაა!.. ვმგზავრებით იმ გზებზე, სადაც ანარქიის ტალღებმა გადაიარეს. ახლა აქ სრული სიჩუმე და სიმშვიდეა. გზატკეცილზე დიდი მოძრაობა და ყველგან სიცოცხლეა. და რა იყო აქ სულ ორი თვის წინ?! მთელი გზები ცარიელი იყო, ბორნები დანგრეული, ანარქია ზეიმობდა! და როგორ ხარობს სული, როცა ხედავ ამ ახალ ცხოვრებას და როცა გრძნობ, რომ მის შენებაში შენი შრომისა და ძალისხმევის წილიც არის!.. აშკარაა, ექიმი ასეთივე გრძნობას განიცდის, როცა ხვდება თავის ძველ ავადმყოფს, რომელსაც თვითონაც კი განწირულად მიიჩნევდა, მაგრამ რომელიც თავის ძალისხმევათა ფასად გამოაბრუნა და ცხოვრებისათვის ააღორძინა... ამ ადგილებს მე უიმედოდ სნეულად მივიჩნევდი... და ამიტომ ასე ჩუმად, მაგრამ ძლიერად ვხარობ...


15 ნოემბერს 18 წ. ახალ-სენაკი. საღამო.

ახლახანს წავიკითხე დაზავების პირობები და გერმანელი სოციალისტების მოწოდება. კვნესის სული!.. როგორი დაუნდობელი და ცივად-სასტიკია იმპერიალიზმი. მოზეიმე იმპერიალიზმი!.. ახლა ისევე უნდათ გასრისონ რევოლუცია გერმანიაში, როგორც თვითონ გერმანიამ გასრისა რუსეთის რევოლუცია!.. და საშინელი, შეურაცხმყოფელი წყენა აღწევს სულში... დღეს მიმავალი გერმანული ეშელონი ვნახე. მიმავალი ჯარისკაცები მხიარულ-სევდინად გვიქნევდნენ ხელებს... მე დიდხანს ვაცილებდი მათ სევდიანი მზერით და რაღაც-ნაირი ნათელი მწუხარება მეუფლებოდა... ისინი – გამარჯვებულნი თავიანთ დამარცხებულ ქვეყანაში ბრუნდებიან!.. საწყალი, საცოდავი გერმანია!..

ხვალ მუშათა დეპუტატების ტფილისის საბჭოს სხდომაა. ნოე, ირაკლი და კარლო აკეთებენ გერმანიაში რევოლუციის შესახებ მოხსენებას. მინდა ჩავუსწრო ამ მოხსენებებს. მინდა ისევ და ისევ მოვუწოდო: გაუმარჯოს რევოლუციას!..


14 დეკემბერს 18 წ. ტფილისი. საღამო. მთავარი შტაბის სხდომა.

სახალხო გვარდიის დღემ საზეიმოდ, შესანიშნავად ჩაიარა. იყო სული, იყო განწყობა, იყო ძალდაუტანებელი სიყვარული!.. ეს გახლდათ ნათელი დღესასწაული განთავისუფლებული დემოკრატიისა... მე არ მოველოდი ასეთ წარმატებას... საოცარი დღე იყო და ტფილისის პროლეტარიატი თავისი წითელი დროშებითა და რევოლუციის სიმღერებით გამოვიდა რათა თავისი ნაშიერი ეხილა და მას ხმამაღლა მისალმებოდა... მაგრამ ნათელი დღესასწაული უკვე იღუშება... ცა მძიმე ღრუბლებით იფარება...

ახლა ჩვენთან სერიოზული სხდომა მიდის. სანაინ-ვორონცოვკის გართულებებს განვიხილავთ. მძიმე, სისხლიანი მოვლენები მწიფდება. უკვე არის სისხლი!.. სომხური ბანდები სულ უფრო და უფრო მეტად თავხედდებიან და ჩვენ მოღალატურ დარტყმებს გვაყენებენ. დარტყმებს ზურგში! და ჭკუა უნდა ვასწავლოთ ამ ბანდებს!..

მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე უფრო მძიმე, ყველაზე უფრო სამწუხარო ექსპედიციაა. მძიმე ფსიქოლოგიური აზრით, ვინაიდან დემოკრატიისა და სოციალზმის მტრებს ადვილად შეუძლიათ მისცენ ბორჩალოს გართულებებს ნაციონალისტური ხასიათი. და ამ გართულებების ნიადაგზე შეიძლება ამოიზარდოს ნაციონალიზმის ყველაზე უფრო საზიზღარი, ყველაზე უფრო შხამიანი ნერგები!.. და ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ წონასწორობა, არ უნდა დავკარგოთ თავი!.. მაგრამ საჭიროა, ამასთან ერთად, უდიდესი სიმტკიცე და გამბედაობა!..

სიმტკიცე, სიფრთხილე და ტაქტი! პირადად მე, და ჩვენც ყველანი შეთანხმების მხარეზე ვდგავართ. მე დაჟინებით მოვითხოვ საზღვრების სრულ და მკაცრ გამიჯვნას... მაგრამ, ეს ხომ, შეიძლებოდა და კიდეც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი შეთანხმებით! და ჩვენ მივდიოდით ამ შეთანხმებაზე... ახლა ჩვენი სახელოვანი მიკიჩა ლაპარაკობდა. იგი ძალზედ აღელვებული და დამწუხრებულია. მაგრამ იგი მტკიცეა, ქედუხრელი! „ანარქიასა და რეაქციასთან ბრძოლაში გადაჭრით უნდა ვიმოქმედოთ“! – ამბობს იგი. და ჩვენ ხომ თავს გვახვევენ ნამდვილ რეაქციასა და ანარქიას... მსუბუქია და მძიმე, ნათელი და წყვდიადით მოცული... როგორ ბოროტმოქმედნი არიან დაშნაკცაკანელი პოლიტიკოსები! როგორ დაუნდობლები არიან ისინი თავიანთი საკუთარი ხალხისადმი!.. ნუთუ არ შეიძლებოდა ჩვენთან მოელაპარაკათ?! ნუთუ უბრალოდ არ შეიძლებოდა დაგვლაპარაკებოდნენ?! ნუთუ თქვენ უფრო მეტ იმედებს თქვენს დაჩლუნგებულ მახვილზე ამყარებთ?! ნუთუ თქვენ გინდათ, რომ ჩვენი მახვილის უპირატესობა დაგიმტკიცოთ?..

ჩვენ ამას დაგიმტკიცებთ!..

და, მიუხედავად ამისა, ფიქრები, ეჭვები და სევდა მაწვება. ნაღველი მაწვება...

„უფალო! თუ შესაძლებელია, დაე ამცდეს მე ეს ფიალა“!..




ომი სომხეთთან 


15 დეკემბერს 18 წ. ტფილისი. დილა.

ომი არ გამოცხადებულა, მაგრამ ომი არის!... ახლა მივდივარ ჩვენი ნაწილებისათვის გზის დასალოცად, რომლებიც ფრონტზე მიემართებიან.

ისევ ფრონტზე!

ყველაზე უფრო მძიმე და საპასუხისმგებლო ფრონტზე... მეშინია, რომ ეს ფრონტი შეიძლება ქართული და სომხური დემოკრატიის საფლავად იქცეს... მაგრამ მჯერა, რომ ეს ფრონტი მალე მოკვდება. მინდა მჯეროდეს!.. ის ჩვენი სოლიდარობის სიმაგრეზე დაიმსხვრევა და მოკვდება...

დღეს გადის ჩვენი სახელოვანი, გამოწრთობილი 1-ლი სამთო ბატარეა, მთელი ცხენოსანი დივიზიონი და მოტოციკლეტ-ტყვიამფრქვევების რაზმის ნაწილი. ეს სახალხო გვარდიის პირველი ერზმია... ვამზადებთ რეზერვებს...

უბედურებაა (სიმწარეა)...


16 დეკემბერს 18 წ. ტფილისი. ღამე.

შუაღამეს ჩვენი კადრის ბატალიონი გადის სამსონის მეთაურობით. ალექსანდრე მასთან ერთად მიემგზავრება. ხვალ მე დავიძრები სარეზერვო ტფილისის ბატალიონითა და შარაძის მეტყვიამფრქვევეთა რაზმით...

ყველაფერს ფეხზე ვაყენებთ, ვახდენთ რეზერვების მობილიზაციას, ზარებს ვარისხებთ!.. პროვინცია მეგობრულად და სიხარულით გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას. საზოგადოებაში მყარი, საქმიანი განწყობილებაა. არის ენთუზიაზმი... ფრონტიდან კი ცუდი, სამწუხარო ცნობებია! ერთი ჯავშნოსანი მატარებელი აფეთქებულია, ორ დანარჩენს კი გზა მოჭრილი აქვს და დარჩენილ ქვეით ჯართან ერთად იბრძვის. არჩილის რაზმის ბედი უცნობია, ვალოდია კი გზამოჭრილ ჯავშნოსან მატარებლებთანაა... ვორონცოვკა აღებულია და გენერალ ციციანოვის რაზმი განადგურებული!.. უნდა ვიჩქაროთ და გადავარჩინოთ. და ჩვენ გადავარჩენთ! მე ეს ვიცი...

ჩვენ მსხვილი დანაკარგები გვაქვს, ვინაიდან მტერი თავს ვერაგულად და საზიზღრად (вероломно и гнусно) დაგვესხა...

სირცხვილი და უბედურება. სირცხვილი და უბედურება თქვენ!..


17 დეკემბერს 18 წ. ტფილისი. საღამო.

ლიდა უკრავს ჩაიკოვსკის და ჩემს საყვარელ ნაწარმოებს „ალპებში“. უკრავს უბრალოდ, მაგრამ სულით, განწყობით... და მე წყნარი, გაცისკროვნებული სევდა მეუფლება. მახსენდება პეტერბურგი, ჩვენი ნათელი, უკვე დაშლილი სამეული და ჩვენი საყვარელი, შეუდარებელი დები... ბევრი რამ მახსენდება. და სევდაც ძლიერდება...

ერთ საათში – მსხვილ ეშელონთან ერთად სადახლოში მივემგზავრები. ალექსანდრე უკვე იქაა...

გზამოჭრილი რაზმები ახტალიდან გამოვიდნენ, მაგრამ ჯავშნოსანი მატარებლები იქ დარჩნენ და დაიღუპნენ... მტერი ძალზედ ვერაგია, მაგრამ ჩვენ მას მალე ჭკუას ვასწავლით... ხედავს ღმერთი, რომ ჩვენ ეს ომი არ გვინდოდა. ყველაზე მეტად მე არ მინდოდა იგი! მაგრამ ჩვენ ის თავზე მოგვახვიეს. და ჩვენც მახვილს მოვკიდეთ ხელი! და ჩვენი მახვილი გაიმარჯვებს...

დემოკრატია ჩვენთანაა.

დღეს პარლამენტში გამოვდიოდი და ხმაურიანი ოვაციები მომიწყვეს... ბედუკუღმართი სეიმი გამახსენდა და ჩემი გამოსვლაც მასში ბათუმის დაცემის წინა დღეს. მაშინაც ასევე იყო ოვაციები... მაგრამ მაშინ დამარცხების სირცხვილიც იყო!.. ახლა მე მათ გამარჯვების სიხარულს მოვუტან...

ლიზა კი მთლიანად მუსიკაში წავიდა... და ეს მუსიკა მე ახალ რწმენასა და ახალ გაბედულებას მაძლევს... როგორ კარგია ცხოვრება და როგორ საზიზღარი ომი!..


18 დეკემბერს 18 წ. სადახლო. დღე.

ისევ სადახლო!.. უკვე მესამედ... აქ ჩამოვიდით გენერალი ახმეტელოვი, პოლკოვნიკი ჯიჯიხია და მე. აქ შევხვდით გენერალ წულუკიძეს და ველოდებით ალექსანდრეს. ალექსანდრეს საგანგებო ბატალიონით სიმაღლეები აქვს დაკავებული ლამბალოს თავზე... წულუკიძეს საკმარისად მოშვებული, შეფერთხილი და დაღლილი შესახედაობა აქვს. იგი ხომ დამარცხებულია!..

სახალხო გვარდიას თავს ვუყრით ეკატერინენფელდზე (დღევანდელი ბოლნისი – ი. ხ.). დიდმა ნოემ ჩვენ გადაჭრით გვითხრა: „არ დააკავშიროთ თქვენი თავი ჯავშანმატარებლების გადარჩენის ამოცანასთან. ჩვენი მუშები ახლებს გააკეთებენ. იჩქარეთ ეკატერინენფელდში და დაიცავით ვორონცოვკის მიმართულება!“... და ჩვენც ვასრულებთ ამ ამოცანას. ჩვენი ეშელონი მე სანდარიში დავტოვე. დღეს იგი ეკატერინენფელდზე გადის. საგანგებო ბატალიონს ლამბალოდან ვხსნით და ასევე საჩქაროდ ეკატერინენფელდში გადავისვრით... იქნება ბრძოლა და გამარჯვება!..

გუშინ ღრმა, ფაფუკი თოვლი მოვიდა. ახლა ირგვლივ ყველგან ბევრი თოვლია. იქნება სისხლი. და ალისფერი სისხლი შეღებავს ამ თეთრ ქათქათა საფარველს.

დიახ, ბევრი სისხლი იქნება... თოვლი ისევ წამოვიდა. ფაფუკი, მსხვილი თოვლი... ჩვენი მატარებელი დაიძრა. მივემგზავრებით სანდარიში – ეშელონთან... მალე ბრძოლაა.

და გამარჯვება!..


19 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელდი. განთიადი.

გუშინ მთელ დღეს თოვლი მოდიოდა. დიდი ხანია, დიდი ხანია ასეთი ღრმა და ლამაზი თოვლი არ მინახავს... მძიმე და ცივი ომი იქნება. ძალიან ცივი!.. აქ უკვე არიან თავმოყრილი ჩვენი მსხვილი ძალები. მოდიან ახალი ნაწილები... ეკატერინენფელდში ჩვენ სანდრო და გიორგი ხიმშიევი დაგვხვდნენ. ისინი მოუთმენლად გველოდნენ და ჩვენმა მოსვლამ მათ ფრთები შეასხა. და ჩვენც ცოტ-ცოტას ვხუმრობდით სანდროზე მისი უკანასკნელი ტელეგრამის გამო: „იჩქარეთ ჩვენს დასახმარებლად! შესაძლოა თქვენთან უკანასკნელად ვლაპარაკობ“. სანდრო იცინის, ბუზღუნებს, ბრაზობს...

ხვალ შეტევაზე გადავდივართ. ბოლნის – ხაჩინზე. მივნაყავთ მტერს. მე ეს ვიცი... 

ეკატერინენფელდი დიდებული სოფელია. დიდი, მდიდარი, კულტურული და ლამაზი. ქუჩები ძალიან სწორია (გამართული), ელექტრობით განათებული და ყველგან წყალსადენია... ბევრ სახლში პიანინოზე უკრავენ!..

როდის მიაღწევს ჩვენი სოფელი ასეთ სიმაღლემდე?! ლოდინი ძალიან დიდხანს მოგვიწევს...


19 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელდი. დილის 11 საათი.

ახლახანს დასრულდა ბრძოლა... მძიმე, მოულოდნელი და საოცარი ბრძოლა!.. ცალკეული გასროლები ჯერ კიდევ ისმის მოშორებით... ისინი ჩუმდება. ეს ჩვენები გაქცეულ, დამარცხებულ მტერს სდევნიან...

მე ძალიან, ძალიან დავიღალე!.. და ჩვენ ყველანიც საშინლად დავიღალეთ...

ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ ძვირი საზღაურიც გავიღეთ გამარჯვებისათვის... ძვირფასი, შეუდარებელი და უშიშარი სანდრო მოგვიკლეს! და კიდევ ბევრიც მოგვიკლეს... სიმწარე, მძიმე, უნუგეშო სიმწარე მეუფლება... და სახელოვანი, განსაკუთრებული გამარჯვების სიხარულიც მოკლულია საშინელი დანაკარგებით...

მე და ალექსანდრე ცოცხლები დავრჩით და გავიმარჯვეთ. ერთმა ტყვიამ ალექსანდრეს ნახევარქურქის ზურგში შეაღწია, მაგრამ თავად ალექსანდრე უვნებელი დარჩა... სანდრო კი მკერდში იქნა დაჭრილი, გულში!.. და სიკვდილიც წამიერი იყო... ბედნიერი სიკვდილი...

ბევრი იყო მსხვერპლი... ჩვენ მოკლულებს ვაგროვებთ და მათი გროვაც იზრდება... და ყველა ესენი დიდებული ბიჭები არიან, ჩვენი საუკეთესო ამხანაგები... თავიანთი სიკვდილით მათ იხსნეს ქვეყანა... ამ უსახელო გმირებმა...

ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გახლდათ. და იგი ჩვენს ბედს, ქართული დემოკრატიის ბედს წყვეტდა. ამიტომ ჩვენ უნდა გაგვემარჯვა... დამარცხების უფლება არა გვქონდა... უნდა მოვმკვდარიყავით ან გაგვემარჯვა!.. და ბევრი მოკვდა კიდეც, მაგრამ გავიმარჯვეთ...

მტერმა ღამით ყოველი მხრიდან ალყა შემოგვარტყა. დილით ადრე იგი საერთო შეტევაზე გადმოვიდა, სოფელში შემოიჭრა, ჩვენი რვავე ქვემეხი ხელში ჩაიგდო და მაღალ სახლებში ტყვიამფრქვევები დააყენა... პირველი გასროლები დილის ექვს საათზე გაისმა. ჩვენი შტაბიდან ბევრს ჯერ კიდევ გვეძინა... გასროლებმა ყველანი გაგვაღვიძეს, იარაღს ვტაცეთ ხელი და ჩვენი დაღლილი ბატალიონებისაკენ გავიქეცით... არავინ იცოდა თუ რაშია საქმე... ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ ეს შემთხვევითი ორმხრივი სროლაა საყარაულოში... მაგრამ მალე აკაკანდნენ ტყვიმფრქვევები და აკვნესდნენ ქვემეხებიც... ზარმაცად, ინტერვალებით... უეცრად ყველაფერი ნათელი გახდა... მძიმე, საბედისწერო, თითქმის გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა... ან სამარცხვინოდ უნდა დავნებებოდით მოზეიმე მტერს და, საკუთარი სირცხვილისა და ქვეყნის დაღუპვის ფასად, ჩვენი თავები გადაგვერჩინა, ან კიდევ თავგანწირულ ბრძოლაში შევვარდნილიყავით და საკუთარი თავის ხსნა და მთელი ქვეყნის ხსნაც გამარჯვებაში გვეძებნა. 

ყველა იმედის გადარჩენა!..

და ჩვენც ბრძოლაში შევვარდით!.. სასოწარკვეთის აღტაცებითა და დაუძლეველი გაბედულებით... კაშკაშა ყინვიანი დღე იყო... და მთელი ბუნებაც თეთრი, მოელვარე სამოსით გახლდათ მოსილი... უფრო მხნე განწყობა გვეუფლებოდა და რწმენაც გვემატებოდა...

და გაჩაღდა ბრძოლა! მშვენიერი, შეუდარებელი ბრძოლა... ყველანი განსაკუთრებული თავგანწირულობით იბრძოდნენ, როგორც განწირულები. დაცემული ამხანაგის ადგილს მაშინვე მისი მეზობელი იკავებდა, ყველანი მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობდნენ და მოკლულებსა და დაჭრილებს არავინ ჰკრეფდა... ალექსანდრე, სანდრო და მე პირველ რიგებში ვიყავით და ჩვენი მაგალითით სხვებს ვამხნევებდით (увлекали других)... მე მარცხენა ფლანგზე ვიყავი, ცოტათი მარჯვნივ – ცენტრში ალექსანდრე სცემდა მტერს, კიდევ უფრო მარჯვნივ ჩვენი საწყალი სანდრო იბრძოდა. და ჩვენ სამივენი ჩვენი დატყვევებული ბატარეებისაკენ ვუტევდით...

მე ძალზედ მშვიდი ვიყავი, რადგანაც გვარდიელებში ბრძოლის ანთებულ წმინდა ცეცხლს ვხედავდი და ვიცოდი, რომ ისინი ან გაიმარჯვებენ, ან დაიხოცებიან. ყველანი დაიხოცებიან... და მეც მათთან ერთად...

ბრძოლა სულ უფრო მეტად ხურდებოდა... უეცრად გვარდიელმა მოირბინა და მეუბნება: „სანდრო მოკლულია“... უბედურებამ განმსჭვალა ჩემი გული!.. მაგრამ ცრემლების ღვრისათვის დრო არიყო... ამ საშინელმა ცნობამ სწრაფად მოირბინა მებრძოლთა რიგები, მაგრამ ეს რიგები არ შემდრკალან... პირიქით! კიდევ უფრო გადაჭრით დაიძრნენ წინ და უფრო ურყევი შეიქნა მათი ნება გამარჯვებისაკენ...

ბრძოლა სულ უფრო კაშკაშად ხურდებოდა... თოვლის საფარი ალისფერი სისხლის ლაქებით იყო დაფარული და ბევრ ადგილას მშვიდად, ცოცხლებივით, იწვნენ მოკლულები... და ძირს ეცემოდნენ ახალი გვამები... სხვა გვარდიელმა მოირბინა და მითხრა: „ალესანდრეც მძიმედ დაჭრეს!“... საშინლად, კრუნჩხვით შემეკუმშა გული!.. გავიგე, რომ მეც უნდა მოვკვდე და ცივი სიმშვიდე დამეუფლა... სირბილით მოვიარე ჩვენი ფრონტი და მებრძოლებს ვამხნევებდი... ქვემეხები ქუხდა, ტყვიამფრქვევები კაკანებდა, ტყვიები წიოდა... და უცებ ძვირფასი სანდროს უსულო გვამს წავაწყდი... იგი გულაღმა იწვა, მისი ჩამქრალი თვალები ნახევრად გახელილი იყო და სახე თითქოსდა იღიმებოდა... მე ფიქრით დავემშვიდობე მას... და გვარდიელებს მივმართე: „ამხანაგებო! თქვენ ხედავთ, ჩვენი სანდრო მაისურაძე მოჰკლეს. მისი სიკვდილი ჩვენ გამარჯვებისაკენ მოგვიწოდებს! უკან დასახევი გზები არა გვაქვს! მხოლოდ გამარჯვებაშია ჩვენი ხსნა. ჩვენი გზაა – წინ!“... და მე შევძახე „ვაშა!“... მთელს ხაზზე დაიქუხა მეგობრულმა და მჟღერმა „ვაშამ!“... და გვარდიელებიც ახალი ენერგიით წინ დაიძრნენ... დაჭრილები დიდი შრომით წამოიწეოდნენ, ხელებით თოვლსა და მიწას ფხაჭნიდნენ, ზოგიერთები თითებს იკბენდნენ და ასევე ჰყვიროდნენ „ვაშა!“...

ჩვენ მოწინააღმდეგე რიგი სახლებიდან გამოვდევნეთ, რამდენიმე ოფიცერი და ბევრი ჯარისკაცი ტყვედ ჩავიგდეთ. და როცა „ვაშას“ ძახილით ჩვენს განთავისუფლებულ ბატარეებზე შევვარდით – იქ უკვე ალექსანდრე და ქრისტეფორე იყვნენ, რომლებიც მოწინააღმდეგეს შუბლში უტევდნენ...

ალექსანდრე უვნებელი იყო და ჩვენც ერთმანეთს გადავეხვიეთ...

ჩვენს ქვემეხებთან მოკლული და დაჭრილი არტილერისტები იწვნენ... მათ თავიანთი ვალი აღასრულეს!..

ახლა ჩვენი პირველი ასეული სახელოვანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის უფროსობით გაქცეულ მტერს ერეკება... ყველა გვარდიელი საშინლად დაიღალა... მეც დავიღალე... ფეხები მეკეცება (Ноги подкашиваются)...

ძვირფასო, დაუვიწყარო სანდრო!..

შენს გამო შური ვიძიეთ!.. და ყველანი დაგტირივართ... მაგრამ შენ მამაცთა, რჩეულთა სიკვდილით დაიღუპე... ბედნიერი სიკვდილით...

მაგრამ მძიმეა, საშინლად მძიმე... 

ველოდებით ახალ შემოტევას... ახლა ჩვენ მზად ვართ...

ახლა ტფილისს ველაპარაკებით...

გამარჯვება და სიკვდილი!..

სიხარული და სიმწარე!..

საშინელი, უნუგეშო სიმწარე...


19 დეკემბერს 18 წ. სადგ. სანდარი.

მე და ალექსანდრე სანდარიში ჩამოვედით. ჩვენი მომარაგების გასარკვევად. მომარაგებაზე ხომ ომის ხვედრია დამოკიდებული... ჩვენ კი ასე მოწყვეტილი ვართ სანდარისაგან, ჩვენი ბაზისაგან... სომხების დღევანდელი თავდასმა კარგად იყო ჩაფიქრებული. მისი წარმატების შემთხვევაში მთელი ჩვენი რაზმი უნდა დაღუპულიყო და კამპანიის ხვედრიც გადაწყვეტილი იქნებოდა... მაგრამ სომხები ზედმეტად გაიტაცა თავიანთმა წარმატებამ, მათ ვერ გათვალეს ძალები... მათ ზედმეტად შეაფასეს საკუთარი თავი და ბოლომდე ვერ შეგვაფასეს ჩვენ. მათ არ იცოდნენ, რომ სახალხო გვარდიას შეუძლია კვდებოდეს... როცა ამას მოითხოვს ქვეყნის ინტერესები! და ბევრიც მოკვდა ამ ბრძოლაში... სანდრო, საყვარელო, შეუცვლელო!.. შენ მოჰკალი ჩვენი წარმატების სიხარული. ახლა ვლაპარაკობ სადახლოსთან – გენერალ წულუკიძესთან. ვატყობინებ ჩვენი წარმატებისა და დანაკარგების შესახებ. გუშინ გენერალსაც ჰქონდა პატარა წარმატება. დიდი ხანია დროა!..


19 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელდი. საღამო.

ჩვენ ყველანი საშინლად დავიღალეთ. ფიზიკურადაც და ზნეობრივადაც. და ადრე დავწექით დასაძინებლად. და ძილის წინ ამ სახელოვან, მაგრამ მძიმე დღეს ვაჯამებ... სისხლიანი შეჯამებაა! 600-კაციანი მთელი რაზმიდან ჩვენ მოკლულებით დაახლოებით 30 ადამიანი დავკარგეთ და დაჭრილებით სამოცდაათზე მეტი. მოწინააღმდეგესთან მარტო მოკლულები ასზე მეტია! კოლონისტები მათ აგროვებენ და მათთვის საერთო საფლავს თხრიან. ჩვენს მიერ ტყვედ დაახლოებით ასი ადამიანია აყვანილი. მათ რიცხვში რამდენიმე ოფიცერიც პატარა, შეშინებული ბატალიონის მეთაურით სათავეში. მგონი, შტაბს-კაპიტანი სარქისოვით. იგი მე ავიყვანე ტყვედ რამდენიმე გვარდიელთან ერთად. დიდ სახლში იყო შეფარებული დამარცხებული ბატალიონის პატარა ნარჩენებით. ჩვენ მას ალყა შემოვარტყით და ვაიძულეთ დაგვნებებოდა. მან მიცნო და სადახლო გაიხსენა.

– ამხანაგო ჯუღელო, ჩვენ იქ ერთად ვიბრძოდით! – ამბობს იგი.

უმადურები! ჩვენ ხომ მაშინ მათთვის ვიბრძოდით, მათ გადასარჩენად. მაგრამ ეს ყველაფერი დავიწყებულია!

და რამდენი მსხვერპლია! მოკლულები არიან ორი ძმა კროჭი, ორი ძმა სარიშვილი, ერთგული ფანჯარაძე და ბევრი სხვაც. დაჭრილები არიან ბოლქვაძე, გუჯაბიძე, მუხაშავრია, გიგუცა, სტურუა, გომელაური და ბევრი, ბევრი სახელოვანი, უშიშარი ბიჭი. 

ჩვენი ყველა ნაწილი და ყველა სახალხო-გვარდიელი მეგობრულად, კარგად მუშაობდა. ყველა ქებაზე უფრო აღმატებულად! საყვარლებო, ძვირფასებო, მშობლიურებო. მე თქვენ მიყვარხართ.


20 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფლდი. დილა.

თენდება. ჩვენი დემოკრატიული შტაბი დგება და იკრიბება. უკვე საყვარელი სანდროს გარეშე!

პირველმა ღამემ ჩაიარა.

გუშინ ჩვენთან ფედერალისტების ასეული მოვიდა. ველოდებით ახალ ნაწილებს. და თავხედ, ბოროტმოქმედ მტერს დავამარცხებთ!

გუშინ იყო ბევრი სისხლი. ჩვენიცა და სხვისაც! თოვლის საფარი სისხლის ფერებით მოირთო. და საყვარელი, ძვირფასი სანდროს სისხლმაც აქ შეღება თოვლიანი მიწა. დიდება მას! იგი მამაცთა სიკვდილით დაეცა, გახურებულ ბრძოლაში, შეტევის დროს. და როგორღაც ტრაგიკულად არ გაუმართლა მას! ჩვენ მას ვუფრთხილდებოდით. მის ორგანიზატორულ ნიჭს ვაფასებდით და ვამჯობინებდით იგი ზურგში დაგვეტოვებია, თუმცა კი იგი ყოველთვის ფრონტზე მიისწრაფვოდა. ახლაც ჩვენ იგი ტფილისში უნდა გაგვეგზავნა რეზერვების მობილიზაციისათვის, ზურგის საერთო ორგანიზებისათვის. მაგრამ სიკვდილმა დაგვასწრო! მე და ალექსანდრეს კი ჯერჯერობით ბედი გვწყალობს. ჩვენ ფოსტის ცხენებივით დავეხეტებით სადგურიდან სადგურზე, დავდივართ ლაშქრობიდან ლაშქრობაში, გამარჯვებიდან გამარჯვებისაკენ, და ბედიც გვლოცავს. რამდენჯერ ვგრძნობით სიკვდილის სუნთქვას, მაგრამ იგი თავს გვანებებდა. და აი გუშინაც – ცელქი ტყვია ალექსანდრეს ზურგში მოხვდა, ნახევარქურქი გაუხვრიტა, მაგრამ მას არც კი შეხებია! ჩემს ახლოსაც მოკლულები და დაჭრილები ეცემოდნენ, მაგრამ მე ტყვიები მინდობდნენ.

გუშინ მთელ დღეს მე მშვიდად ვიყავი. თვით იმ საშინელ მომენტშიც კი, როცა მოწინააღმდეგემ ჩვენი ყველა ბატარეა ხელში ჩაიგდო, ხოლო მოკლულები და დაჭრილები კი სულ უფრო ხშირად ფარავდნენ თოვლიან ველს, – მე სრულიად ცივსისხლიანი გახლდით, ვინაიდან მჯეროდა საბოლოო წარმატებისა! უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენი დამარცხების შემთხვევაში გადავწყვიტე თავი მომეკლა. ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა. ეს მე მყარად გადავწყვიტე! მე ხომ ჯერ კიდევ ჩემს ჭაბუკურ დღიურში სიყვარულით ვწერდი: „სიცოცხლის ბედნიერება იმაშიცაა, რომ ადამიანს შეუძლია ის როგორც უნდა ისე მოკლე გახადოს“. ამაშია ჩემი დიდი ნუგეში. სიკვდილი ხომ – ისე ადვილია, ადვილი და უსაფრთხო! შესაძლოა ყველაზე უფრო უსაფრთხოც. და გამიქვავდა გული! და ეს კარგია. როცა ყოველ წუთს ელოდები საკუთარ სიკვდილს, როცა ასე ხშირად კვდებიან შენს ირგვლივ, – ეჩვევა გული. გული მუდმივი ძაძებით იმოსება. აი დაუვიწყარი სანდროს სიკვდილიც! მე იგი მიყვარდა, როგორც საკუთარი თავი, განუზომლად ბევრად ვაფასებდი, მაგრამ მის გვამზე არ მიტირია. ცრემლები არა მქონდა. მაგრამ იყო მყარი სიმტკიცე. და ეს სიკვდილი ჩვენ გამარჯვებას გვჩუქნის. 

დატყვევებული მოწინააღმდეგე მძიმე, საცოდავ შთაბეჭდილებას ახდენს: იგი მშიერი და ტანშიშველია! და ამ უბედურ, მოტყუებულ ჩამოძონძილებს უნდოდათ ჩვენი დამარცხება! არა, ეს არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შემართებით იბრძოდნენ! (отважно сражались!)

განსაკუთრებით ბევრი სომხური გვამი დაეცა არყის სახდელი ქარხნის მახლობლად. ისინი ლომთათიძის მეტყვიამფრქვევეთა ასეულს წააწყდნენ. სასტიკი, გააფთრებული ომი დაიწყო! და ამ დანაშაულებრივი ომის მთელი გააფთრების მიუხედავად, მე არანაირი გაბოროტება არა მაქვს ზოგადად სომხების წინაარმდეგ. მრავალტანჯული სომეხი ხალხი მე ისევ მიყვარს და მეცოდება. ამის კონსტატირებას სიხარულით ვახდენ. და მთელ ძალისხმევას მივმართავ, რათა დავიცვა სომხური სოფლები და ომის სასტიკი ზნე-ხასიათიც შევარბილო. მთელი ჩემი ძალებით შევეცდები ომის დასასრული მოვაახლოვო! და როგორ მეზიზღება, როგორ მძულს ომი! ის ყველაზე უფრო საზიზღარი, ყველაზე უფრო საზარელი რამაა ცხოვრებაში! და მე მიხდება ამ საძაგლობის აქტიური მონაწილე ვიყო! (Она самая отвратительная, самая гнусная вещь в жизни! И мне приходится быть активным участником этой омерзительной вещи!) ამაშიცაა ასევე ტრაგედია. დიახ, მე ვაგრძელებ უბედური სომხების სიყვარულს, მაგრამ გულწრფელად მძულს დანაშაულებრივი და საბედისწერო პარტია „დაშნაკცუტიუნი“. ეს პარტია – სომეხი ხალხის ბოროტი გენიაა და ამ ომში ჩვენ ეს გენია უნდა დავამარცხოთ. და მაშინ ჩვენ სომხების საუკეთესო მეგობრები გავხდებით! ჩვენ ხომ ყოველთვის მათი საუკეთესო მეგობრები ვიყავით.


20 სექტემბერს 18 წ. არუხლოს მახლობლად. შუადღე.

სუფთა, ფაფუკ თოვლში ვწევარ და ფიქრები მიმოქრის. მძლავრ „ბენცს“ თვალი გასძვრა და ჩვენს სახელოვან ამბაკოს იგი მონდომებით წესრიგში მოჰყავს. ალექსანდრე თავის თბილ და შავ ქურქში ავტომობილის მახლობლად ფუსფუსებს. სანდარიში მოხვედრა ვერ გვიხერხდება...

ხვალ შეტევაზე გადავდივართ და მისთვის ვემზადებით. სანდარიში ახალი ძალები მოდიან. მათი ნაწილი შულავერზე მიემართება. მთელს ქვეყანაში უჩვეულო აღმავლობაა. აქ კი ინგლისელები და ფრანგები სომხეთს სთავაზობენ თავისი ჯარები უკან გაიყვანოს, „საწყის მდგომარეობაში“, და კონფერენციაზე წამოვიდეს. ეს დაშნაკცუტიუნელთა ავანტიურის სრული ფიასკოს ტოლფასია. მაგრამ შერიგება ჯერჯერობით ნაადრევია. ჩვენ კიდევ რამდენიმე გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ, ჩვენ მოწინააღმდეგის ნება უნდა გავტეხოთ. ეს საბოლოოდ გამოაფხიზლებს სომხებს. ეს გაანთავისუფლებს სომეხ ხალხს დაშნაკცუტიუნის დამღუპველი მხუთრისაგან (угар)!

ხვალ ბევრი რამ უნდა გადაწყდეს. მე მტკიცედ მჯერა წარმატების! საწყალო, საწყალო სანდრო! როგორ გვჭირდებოდი ახლა შენ და როგორ დავობლდით უშენოდ!


21 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელდი. ადრეული დილა.

დაგეთ-ხაჩინსა და სამშვილდეზე გასასვლელად ვემზადებით. ღამე ყინვიანი, ვარსკვლავებიანი იყო. დღე კაშკაშა იქნება, მზიანი და თოვლიც აელვარდება!

ღამით ჩვენთან დაახლოებით ხუთასი ადამიანი მოვიდა. ახლა ძალები საკმარისად გვაქვს და შეგვიძლია უფრო გაბედულად (გადაჭრით) ვიმოქმედოთ. მოწინააღმდეგის მთავარი ძალები ბოლნის-ხაჩინთანაა შეკრებილი. მაგრამ წინასწარ ჩვენ ზურგი უნდა გავწმინდოთ და უსაფრთხო ვიყოთ. დაგეთ-ხაჩინს ბოლო უნდა მოვუღოთ!

ხვალ საერთო შეტევაზე გადავდივართ. დღეს სამხედრო გასეირნება გვაქვს.

გუშინ ტფილისში ჩვენი გმირების გვამები გავგზავნეთ. სანდრო მათთან იყო. განსვენებულ მეგობარს მშვიდი, მამაცური, მსუბუქად მომღიმარე სახე ჰქონდა; ტყვიამ მას გულში გაუარა და სიკვდილიც წამიერი იყო. ბედნიერი სიკვდილი!

გუშინ სამთო ბატარეაზე ვიყავი. საწყალი, დაობლებული ბუჭები! როგორ მეცოდებოდა ისინი! ბრძოლის დროს მათ ყველა უფროსი ამხანაგი მოუკლეს და დაუჭრეს და გადარჩენილმა საწყალმა ბიჭებმა ბრძოლის მთელი სიმძიმე საკუთარ მხრებზე გადაიტანეს. ამ ერთმა ბატარეამ დაახლოებით 20 ადამიანი დაჰკარგა! ჭაბუკ არტილერისტებს ძალიან დაღლილი და რამდენადმე დაბნეული შესახედაობა აქვთ. საყვარლებო, ჩემო ძვირფასებო! მე მთლიანად თქვენთან ვარ.

წარსული ბრძოლა მახსენდება. როგორი სასოწარკვეთილი მდგომარეობა იყო და როგორ ბრწყინვალედ გამოვედით მისგან. მართალია, უზარმაზარი მხვერპლით, მაგრამ მსხვერპლის გარეშე ხალხის თავისუფლებას ვერ იყიდი. დროდადრო მე ვტკბებოდი ჩვენი სახელოვანი მებრძოლების ცქერით – ვტკბებოდი ბრძოლაში! ყველანი თითქოსდა გარდაიქმნენ და რაღაც წმინდა შთაგონება ჩამოვიდა მათზე. ჩვენი ქრისტეფორე ბრძოლაში შეუდარებელი იყო. ჩვეულებრივ ცხოვრებაში იგი მორცხვი, დუნე და გაუბედავიც კია. ბრძოლაში კი გარდაიქმნება, კაშკაშა, უშიშარი და ურყევი ხდება. იგი „ამაყი სილამაზით ბრწყინავს“. და არა მარტო იგი. ასეთები ბევრნი არიან, ბევრნი: გიორგი, სიმონი, კოლია, ილიკო, პლატონი. ყველა ესენი უსახელო გმირებია.

კარგია!..


21 დეკემბერს 18 წ. მდინარე ხრამზე. დილა.

ვუტევთ დაგეთ-ხაჩინზე. მდინარე ხრამის გაუვალ ნაპირებს მივადექით და მოპირდაპირე კლდოვან ნაპირს ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლს ვუშენთ. ჩვენი სამთო ჰაუბიცები დაჟინებით უშენენ ცეცხლს თოვლით დაფარულ მთის სოფელს. მოწინააღმდეგეს თავისი ნაპირი უჭირავს და, თავის მხრივ, ზუსტი ცეცხლით გვხვდება. ტყვიები ბოროტულად და საწყლად ზუზუნებენ ჩვენს თავზე და გვაიძულებენ ინსტინქტურად კისრებს ვჭიმავდეთ. სამხიარულოა და სევდიანი!

ამინდი ნათელია, მომხიბლავი. თოვლი ყველანაირი ფერებით ელავს და აღტაცებული ვარ სილამაზით.


21 დეკემბერს 18 წ. იქვე.

უკვე რამდენიმე საათია მიდის განუწყვეტელი საარტილერიო, სატყვიამფრქვევო და თოფებით სროლა. მოწინააღმდეგე მტკიცედ ჩაჯდა საოცარ კლდეთა ნაოჭებში და მისი იქიდან გამოდევნა ძნელია. იგი ბატონობს ჩვენზე, და მთელი ჩვენი მოძრაობები მის თვალწინაა. ახლა იგი გაძლიერებით გვიშენს ცეცხლს, და ტყვიები, როგორც ბუზები, ჩემს ახლოს ზუზუნებენ. სასიხარულოა და შემზარავი.

ჩვენ რამდენჯერმე ჩავედით მდინარესთან, მაგრამ მისი ფორსირება შეუძლებელია, რადგანაც მოწინააღმდეგის ნაპირი მიუდგომელია. დანაკარგებით უკან ვიხევდით. ამიტომ მოგვიხდა შემოვლისათვის მიგვემართა, და ჩვენი ცხენოსანი დივიზონის ნაწილი მარცხენა ნაპირზე გადავიდა. აქედან ჩვენი ცხენოსნების ყველა მოძრაობას ვხედავთ. შორს ფლანგებზე მზვერავები მიდიან და ყველა ისინი წინ ნელ-ნელა მიიწევენ. ახლა მოწინააღმდეგემ ისინი აღმოაჩინა და ხშირი ცეცხლის დაშენა დაუწყო. ცხენოსანი გვარდიელები ჩამოქვეითდნენ და უმალვე ჯაჭვი გაშალეს. მაგრამ ისინი ცოტანი არიან, ძალიან ცოტანი. ისინი ლამაზად და მხნედ უტევენ. მშვენიერი სურათია! ყველგან თოვლია, და შავი წერტილების მწყობრი ხაზი თოვლზე მოძრაობს!

ახლახანს ჩვენი გრიშა წიტაიშვილი სახეში დაჭრეს. მძიმე ჭრილობის მიუხედავად, იგი მხნედ მიაბიჯებს. მეცოდება. ის ძალზედ ღირებულია.


21 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელდი. ღამე.

დაგეთ-ხაჩინი ჯერ არ არის აღებული. მე ახლახანს დავბრუნდი პოზიციიდან.

საშინლად, სასიკვდილოდ დავიღალე. არ მაქვს ძალები დასაწერად.


22 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელდი. ადრიანი დილა.

შტაბი იღვიძებს. ოთახში მძიმე ჰაერი და ჭუჭყია, მაგრამ თბილა. ჩვენ სულ მოვეშვით! ახლად გაღვიძებული პუბლიკა გაცხოველებით და სასტიკად კამთობს. ახმეტელოვი და ჯიჯიხია რუსი ხალხის შემოქმედებით ძალებს უარყოფენ, ჩვენი იაკობ ხარაში და ხიმშიევი გადაჭრით ეწინააღმდეგებიან და საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. ალექსანდრე მკვეთრად ერევა კამათში და ისტორიაზე მატერიალისტურ შეხედულებას ანვითარებს. დიდი გატაცებითა და სერიოზულობით. მე გუშინდელ დღეზე ვიწყებ ფიქრს. ის ძალზედ უიღბლო იყო, და მდინარე ხრამის გადალახვა ვერ შევძელით. მაგრამ ჩვენ მას გადავლახავთ.

უნდა გადავლახოთ!


23 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელდი. ადრიანი დილა.

ისევ დაგეთ-ხაჩინზე გავდივართ. მყარი, ურყევი გადაწყვეტილებითა და მზადყოფნით რომ იგი ავიღოთ. და ურყევი რწმენით! მე ვიწყებ გაბრაზებას.

სადახლოდან ცუდი, სამწუხარო ამბებია: ჩვენები იქ შეფერთხეს და ჩვენ სადახლოდან უკან დავიხიეთ. მაგრამ გულს არ ვიტეხ! რაც მეტია წარუმატებლობა, მით მეტია ნება და რწმენა! და ასევე გასასტიკებაც (გააფთრებაც). დიახ, სამწუხაროდ გაასტიკებაც. და ამიტომ ასე მძულს ომი! იგი საზიზღარია და დანაშაულებრივი.


23 დეკემბერს 18 წ. ყარაქენთ-ქოსლიარი. დილის 10 საათი.

ახლახანს მდინარე ხრამის იქით სწრაფად გადავედით. ეს მოხერხებული მანევრი გახლდათ, და მოწინააღმდეგემ ჩვენთვის დასწრება ვერ მოასწრო. ახლა სამი პატარა რაზმით დაგეთ-ხაჩინზე მივდივართ. თათრები სოფლის ჭუჭყიან ქუჩებს ავსებენ და ცნობისმოყვარეობით გვათვალიერებენ. ისინი „მკაცრ ნეიტრალიტეტს“ იცავენ, მაგრამ მთელი მათი თანგრძნობა ჩვენს მხარეზეა.

რაზმები უკვე წინ დაიძრნენ და მოწინააღმდეგესთან შეხებაშიც მოვიდნენ. მან უკვე გახშირებული სროლა აგვიტეხა. ჩვენი ცხენოსანი ჯარი, შედის რა მარჯვნიდან, მოწინააღმდგის მარცხენა ფლანგს შემოუვლის, რომელსაც გარეშემო მყოფი სიმაღლეები აქვს დაკავებული. საგანგებო ბატალიონი ცენტრში მიდის. აქ მე სრულებით მშვიდად ვარ, მაგრამ რამდენადმე მაშფოთებს სადახლო-შულავერის მიმართულება, ვინაიდან იქ საჭირო მდგრადობა ჯერ კიდევ ვერ არის. თუ იქ უფრო მტკიცე მდგომარეობა შეიქმნება, აქ ჩვენ სრულიად გაგვეხსნება ხელები და სწრაფადაც მივალთ ლორეში.

დაგეთ-ხაჩინის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება დარწმუნებით ვამტკიცოთ, რომ დაშნაკცაკანები დიდი ხანია ამზადებდნენ ამ აჯანყებას. მათ შეუბრალებლად ჩაითრიეს ყველა სომხური სოფელი ამ საზიზღარ ომში, ისე რომ ანგარიშს არ უწევენ ომის არც ერთ კანონსა და ზნე-ჩვეულებას. და ამიტომ ეს ომიც კიდევ უფრო საზიზღარი და უმსგავსი ხდება. და მთელი დაღვრილი სისხლიც დამნაშავე სომეხ პოლიტიკოსებს თავზე დაედინებათ! მალე იქნება ანგარიშგება!

ყველგან თოვლია. ღრმა, ფხვიერი თოვლი.


23 დეკემბერს 18 წ. ყარაქენთ-ქოსლიარი. ღამე.

ჩვენი რაზმები თოვლიან, ცივ ქედებზე დგანან. მთელ დღეს შეუპოვარი ბრძოლა მიდიოდა და ღამის გათევა თოვლში მოგვიწია. ჩვენ სეკრეტები დავაყენეთ და რაზმებს მოვივლით. ახლა ალექსანდრე, ჯიჯიხია და მე ცხენოსან დივიზიონთან ჩამოვედით. ოფიცრებმა კომისრის ქოხში შეაფარეს თავი. იგი ჩვენ უგემური ჩაით გვიმასპინძლდება. ქოხში ჭუჭყია, სივიწროვე, უჰაერობა, მაგრამ თბილა. ჩვენ ვთბებით, რათა ისევ პოზიციაზე წავიდეთ.

სომხები თავს შეუპოვრად იცავდნენ და დაგეთ-ხაჩინი დაიცვეს. ბუნება მათ დაეხმარა. მაგრამ ხვალ ჩვენ მტერს მოვერევით.

მთელ დღეს საოცარი ნათელი ამინდი იდგა, და ჩვენ თოვლზე ლამაზად ვუტევდით. ჩვენთან რამდენიმე დაჭრილია და სტუდენტი რამიშვილი კი მოკლული.

პოზიციაზე ცივა, ცივა. ახლა იქ უნდა გავიდეთ.

ყინვა ძლიერდება.


24 დეკემბერს 18 წ. პოზიციაზე. დილის 4 საათი.

ვზივართ თოვლზე საცოდავ, მინავლებულ კოცონთან. სიცივე სისხლში აღწევს. ცივა, ძალიან ცივა, მაგრამ მაინც მხიარულად ვართ, მსუბუქად. მთელ ღამეს თოვლზე დავდიოდით. რათა არ გავყინულიყავით. ღამით ეკატერინენფელდიდან ჩვენთან ლომთათიძის სახელოვანი ასეული მოვიდა 6 ტყვიამფრქვევით. დღეს ჩვენ დაგეთს დავიკავებთ!


24 დეკემბერს 18 წ. პოზიციაზე. დილის 6 საათი. ნათდება.

ჩვენი კოცონი ბოლომდე ჩაიწვა. მაგრამ უკვე თბება. მალე შეტევაზე გადავდივართ. მე ვიმედოვნებ რომ ამხედრებულ სოფელს 11 საათზე დავიკავებთ.

დღეს მაზნიევი და სუმბათოვი შულავერზე უტევენ. ბედი შეეწიოს მათ!


24 დეკემბერს 18 წ. სიმაღლეები დაგეთ-ხაჩინის თავზე. დილის 10 საათი.

ვიკავებთ გაბატონებულ სიმაღლეებს. მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი ბანდები, შეუპოვარი წინააღმდეგობით, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სოფლისაკენ იხევენ. მაგრამ ისინი სოფელს ვერ დაიცავენ! ვსადილობთ დაგეთ-ხაჩინში! ჩვენ გავიყინეთ და ძალიან მოგვშივდა.


24 დეკემბერს 18 წ. დაგეთ-ხაჩინის თავზე. დღის 1 საათი.

დაგეთის დამცველთა უკანასკნელი ამოსუნთქვაა. ჩვენი მარჯვენა ფლანგი უკანასკნელ სიმაღლემდე მივიდა. თეთრი წყაროს ეკლესიის გუმბათი უკვე გამოჩნდა.

ტყვიები უსტვენენ და წივიან. ზოგიერთები სულ ახლოს ჩამიფრენენ ან კიდევ ჩემს ფეხებთან თოვლში ერჭობიან. უნებურად ჭიმავ კისერს ტყვიის ყოველი გაფრენისას და თვითონვე გეღიმება. არის ყველაფერ ამაში რაღაც ველური, სასტიკი, უაზრო სილამაზე. მოწინააღმდეგეს შესანიშნავი პოზიციები უკავია და იგი ჩვენზე ბატონობს. ჩვენს ყველა მოძრაობას იგი ხედავს და ცდილობს მიზანში ამოგვიღოს. ჩვენ გვყავს დაჭრილები. ალექსანდრე და მე მთელ დღეს თოვლიან გორაკებზე დავდივართ, ჩვენი პოზიციების წინ და მახლობლად. სომხები გაძლიერებით გვიშენენ ცეცხლს, მაგრამ სულ უიღბლოდ. ჩანს, ისინი ცუდი მსროლელები არიან. გვარდიელები, როცა ჩვენ ტყვიების ქვეშ მოსიარულეებს გვხედავენ, გვთხოვენ დავწვეთ. ისინი წუხან ჩვენს გამო. ალექსანდრე თავის უცვლელ ნაბადშია. იგი ნათლად გამოიკვეთება თოვლზე, და სომხებიც მონდომებით ესვრიან ტყვიებს. თითქმის მუდმივი სამიზნიდან! მაგრამ იგი მოუწყვლელია, როგორც შავი დემონი.

სროლა გახშირდა. ტყვიები ბოროტად შიშინებენ და უსტვენენ. ჩვენი ტყვიამფრქვევები მხიარულად კაკანებენ და გასრულების ხმის მიხედვით მათ სისტემებს ვანსხვავებ. განსაკუთრებით დაუდგრომელნი ჩვენი მსუბუქი ლუისები არიან.

შულავერის მხრიდან ქვემეხების ყრუ კვნესა ისმის. ის ფრონტი მე უფრო მეტად მაშფოთებს. იქ გააფთრებული ბრძოლა მიდის.

ბრძოლა სიცოცხლისათვის, რესპუბლიკისათვის, დემოკრატიისათვის.

ჩვენ გავიმარჯვებთ!


25 დეკემბერს 18 წ. ხრამის ნაპირზე. ყარაქენთ-ქოსლიართან. დილა.

დაგეთის უკანასკნელი ამოსუნთქვა ძალიან გაჭიანურებული აღმოჩნდა! გუშინ მთელ დღეს სასტიკი ბრძოლა გრძელდებოდა და საღამოსთვის გაბატონებული სიმაღლე მოწინააღმდეგეს დარჩა. ბოლოსწინა მწვერვალზე შეტევისას ჩვენ რამდენიმე ადამიანი მოგვიკლეს და დაახლოებით 15 დაგვიჭრეს. დაჭრილებს დიდებულად ეჭირათ თავი, როგორც გმირებს. მთელ ღამეს, თითქმის ჭრილობების გადახვევის გარეშე, ისინი თოვლში – კოცონებთან რჩებოდნენ. მე ვხედავდი მათ სევდიან ღიმილს, მაგრამ არ მსმენია კვნესა! მოწინააღმდეგე დიდი გასასტიკებით (გააფთრებით) იცავს თავს და უკან ნაბიჯ-ნაბიჯ იხევს. მას შესანიშნავი, ღრმა სანგრები და რამდენიმე ტყვიამფრქვევი აქვს. ადგილმდებარეობის პროფილი მას თავდაცვას უმსუბუქებს, – თავად ადგილმდებარეობა თითქმის მიუდგომელია. მაგრამ ჩვენ ვასრულებთ შემოვლას, შევდივართ რა მარჯვენა მხრით. ღამით მე და ალექსანდრე ეკატერინენფელდში ჩავედით და ახლა სამთო ოცეულით ვბრუნდებით. საჭიროა ეს კრაზანების ბუდე საბოლოოდ დავანგრიოთ! ეს მათ მოჰჰკლეს სტდენტი რამიშვილი, ჭაბუკი კორნეტი შენგელია და ბევრი ჩვენი ამხანაგიც დაჭრეს, მათ შორის სახელოვანი სტუდენტი ორაგველიძე!

გუშინ ჩვენი ქვეითი ჯარი კარგად უტევდა და შეტევაზე მეგობრულად მიდიოდა. ყოჩაღები არიან სიმონი და გიორგი: ისინი მთელ დროს თავიანთი ჯაჭვების წინ იყვნენ! მე და ალექსანდრეს მთელ დღეს გაძლიერებით გვესროდნენ, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ტყვიები ჩვენ არ შეგვხებია. ამ დღეების მანძილზე მე დავიღალე, საშინლად დავიღალე! იმდენად, რომ გუშინ საღამოსკენ ტყვიების წივილს უკვე არანაირ ყურადღებას აღარ ვაქცევდი.

და ყველა გვარდიელიც საშინლად დაიღალა. თითქმის მშივრები და შეციებულები ისინი ორ დღეს – დღისითა და ღამით თოვლზე იმყოფებიან.


25 დეკემბერს 18 წ. დაგეთ-ხაჩინი. საღამო.

დღის 2 საათზე თითქმის გასროლის გარეშე ჩვენ დაგეთ-ხაჩინში შევედით! სოფელში არავინაა. ყველანი გაიქცნენ და თავიანთი კერები ბედის ანაბარად დატოვეს. ჩვენს ანაბარად! მკაცრ, სასტიკ, დანაშაულებრივ ანაბარად.

მაგრამ ასეთია ომი. ასე საზიზღარია იგი.


26 დეკემბერს 18 წ. დაგეთ-ხაჩინი. დილა.

ღამე სოფლის შეხუთულ სახლში გავატარეთ. მგონი, „ტერტრას“ სახლში... მეომრული „ტერტერასი“, ვინაიდან ბევრი გვარდიელი ამტკიცებს, რომ მათ სანგრებში მღვდელს ხედავდნენ და მისი უცნაური ბრძანებაც ესმოდათ: „კომპანია პლი!“ მე ძნელად ვიჯერებ ამას. უფრო სწორად, არ მინდა ეს ყველაფერი მჯეროდეს...

სოფელი დაგეთი დიდი და მდიდარია. ის ძალიან მდიდარი იყო. ახლა იგი გაძარცვული და განადგურებულია! ღმერთო! – რა საშინელებაა ომი და როგორი შემზარავი, როგორი საზიზღარია ის. მთელი სოფელი დაცარიელდა, თითქოს ამოწყდაო. მხოლოდ რამდენიმე ჩამომხმარი, საცოდავი, უბედური მოხუცი დარჩა, რომელთაც უკვე არაფერი აქვთ დასაკარგი და არც არსადა აქვთ გასაქცევი. დარჩა ბევრი ყველანაირი შინაური საქონელი და ფრინველი, სახლების ქონება, რომელიც ჩვენს მკაცრ ნებაზეა დატოვებული. მე ერთი ღრმა მოხუცებული ვნახე. მას დიდი სიმაღლე და უზარმაზარი ჭაღარა წვერი ჰქონდა და უჩვეულოდ ლამაზიც გახლდათ. იგი მდუმარედ, მოღუშულად დადიოდა დაცარიელებულ სოფელში და მოხუცებულ მოსეს ჰგავდა...

ჩვენი გატანჯული, დამშეული და გაყინული სახალხო გვარდიელები მთელ ღამეს თავიანთ გახევებულ კიდურებს ითბობდნენ და ცხვრებს, ბატებსა და ქათმებს საშინელი სიუხვით ანადგურებდნენ. ღამის მანძილზე ყოველგვარი შინაური ფრინველი უზარმაზარი რაოდენობითაა განადგურებული.

დიახ, სოფელი დაგეთი მდიდარი გახლდათ. და ის ძალიან ძლიერიც იყო! ამ დრომდე თითქმის ვერავინ მოახერხა მისი გატეხვა და თვით გამარჯვებული თურქებიც კი არ შეჭრილან მასში. მაგრამ ჩვენ მოგვიხდა შევჭრილიყავით, ვინაიდან მან ჩვენი მშვიდობა არ მიიღო. მან თავხედურად უარყო ჩვენი წინადადებები და ჩვენს ცხენოსან რაზმებს ცეცხლი დაუშინა. იგი ზედმეტად იყო მდინარე ხრამსა და თავის წრიულ სანგრებზე დაიმედებული. იგი ზედმეტად მიენდო დამნაშავე დაშნაკცაკანებს!


26 დეკემბერს 18 წ. დაგეთ-ხაჩინი. საღამო.

ვიყავი ეკატერინენფელდში. ტფილისს ველაპარაკე. ბევრი რამაა ახალი, საინტერესო, კარგი. მოკავშირეები ჩვენი ომით უკმაყოფილონი არიან, ვინაიდან ის აქვეითებს მათ პრესტიჟს ამიერკავკასიაში. და მათ უნდათ თავიანთი ჩარევით ომი შეწყვიტონ. აშკარაა, ომი მალე დამთავრდება.

შულავერთან კი ბრძოლა გრძელდება. სასიკვდილო ბრძოლა! მგონი, ჩვენები იწყებენ გამარჯვებას. რა დასანანია, რომ იქ არა ვარ. შესაძლოა, იქ სასარგებლო ვყოფილიყავი. 

მალე ჩვენ მთელ ჩვენს ფრონტზე დავიწყებთ შეტევას, გვექნება რა ცენტრში ბოლნის-ხაჩინი. ჩვენ გვჭირდება სწრაფი გამარჯვება. მაგრამ როგორ ვიყავი გატეხილი და დაქანცული გუშინწინდელი ბრძოლის დროს! იყო მომენტები, როცა მე სრულებით გულგრილად ვეკიდებოდი გაფრენილი ტყვიების სტვენას. ისე დავიღალე!


27 დეკემბერს 18 წ. ტფილისი. პარლამენტის სხდომა.

დილით მე და ალექსანდრე პოზიციებიდან ჩამოვედით. საღამოს უკანვე ვბრუნდებით. გადამწყვეტი დარტყმის მომზადებისა და მიყენებისათვის! ტფილისში ბვრი ლაპარაკია მოკავშირეების ჩარევასთან დაკავშირებით. თავიდან მოკავშირეებს თავი ქედმაღლურად ეკავათ. მათ წარმოიდგინეს, რომ თავიანთ აფრიკულ კოლონიებში იმყოფებიან! მაგრამ ჩვენი დემოკრატია სულ უფრო ძლიერად აიძულებს მათ რომ მას ანგარიში გაუწიონ. 

პარლამენტში მოწყენილად, დუნედ, სევდიანად ვგრძნობდი თავს. განიხილება საკითხი სახელმწიფო დღესასწაულების შესახებ და როგორღაც უცნაურ-მოსაწყენად ჟღერს ეს უფერული, მკვდარი სიტყვები. იქ კი ბრძოლა ღვივდება და სისხლი იღვრება. იქ სიცოცხლე და სიკვდილია.

იქითკენ ვიჩქარი.


28 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელდი. შუადღე.

ისევ ეკატერინენფელდში! აქ მე ანიკო, ბაბულია და განსვენებული ქუჩიკოს მეუღლე ვნახე. მათი ყოფნა ჩვენს შორის და მათი ყურადღებიანი მზრუნველობა მე გულს ძალიან მიჩუყებს. ფრონტი ნათლად უნდა გრძნობდეს ირგვლივ მყოფი გარემოს სითბოსა და სიყვარულს! საზოგადოების სიცივე და გულგრილობა ღუპავს, ჰკლავს, ჰხრწნის ფრონტს. და ფრონტი ხომ ძალზედ გულისხმიერია. ჩვენი სტუმრები მთხოვდნენ ვიყო უფრო ფრთხილი, – დავინდო საკუთარი თავი. „ადრე მე ამას თქვენ არ გეტყოდით, – მრავალმნიშვნელოვნად მეუბნება ქუჩიკოს მეუღლე, – მაგრამ ახლა გეტყვით: გაუფრთხილდით თავს საქმისათვის“. მე ვიცი, რომ ადრე, როგორც სოც.-დემოკრატი, მას არ ვუყვარდი. და ამ უბრალო გულახდილობამ გული ძლიერად შემიძრა. მე რამდენადმე შემრცხვა და მდუმარედ გადავუხადე მას მადლობა.

ამინდი უკვე საზიზღარი გახდა. მძიმე, ჭუჭყიანად რუხი ღრუბლები ჩამოწვა და ისინი მოწყენილობას მგვრიან. როგორღაც ჭუჭყიანდება და იწყენს სული ამ ტყვიისფერი ღრუბლებისაგან! ასეთ ამინდში არც სიცოცხლე გინდება, არც სიკვდილი.

დღეს სანდარიში ალექსანდრე და მე ჩვენს ვლადიმერს შევხვდით. იგი შულავერის ფრონტზე მუშაობს, იგი ამ ფრონტს ორგანიზებას უკეთებს. ძალიან გახდა, როგორც ჩანს, ძალიან დაიღალა. და მაინც იგი დაუღალავი და საშინლად ენერგიულია. დღეს შულავერისაკენ გაემგზავრა. იქ ბრძოლა გრძელდება. ახალი ენერგიით. და ვლადიმერს მიაქვს ფრონტისათვის ეს ენერგია. დათიკო საღირაშვილიც შულავერთანაა. იგი შემომვლელ კოლონასთან ერთად მიდის. ღმერთი შეეწიოს მათ!

საჭიროა გაიგო სახალხო გვარდიის ფსიქოლოგია, და მხოლოდ როცა მას გაიგებ – შეიძლება შეიყვარო გვარდია, ადვილია მასთან მუშაობა და გამარჯვება. მართალია, სახალხო გვარდიას აქვს თავისი ნაკლოვანებები და მსხვილი ნაკლოვანებებიც კი, მაგრამ ეს ხომ დეტალებია! ზოგადად – სახალხო გვარდია ისეთივე ცუდი და კარგია, როგორი ცუდიც და კარგიცაა ჩვენი მუშათა კლასი, ჩვენი მოწინავე დემოკრატია. მან უბრალოდ მემკვიდრეობით მიიღო თავისი მშობლის ყველა ღირსებაცა და ნაკლოვანებაც!

ეს არის და ეს.


30 დეკემბერს 18 წ. ეკატერინენფელფი. დილის 2 საათი.

გუშინ მთელი დღე გაძლიერებულ დაზვერვაში გავატარეთ. ახლა ბოლნის-ხაჩინზე გავდივართ. იქ მოწინააღმდეგის მსხვილი ძალებია ნავარაუდევი და ჩვენ ისინი უნდა დავამარცხოთ. ჩვენ რვა ქვემეხი გვაქვს, ოცდაცამეტი ტყვიამფრქვევი და დაახლოებით ათასი ხიშტი გვყავს. მთელი ენერგიითა და სიმამაცით შევუტევთ! დრო არ ითმენს. 

გუშინ ბედნიერი დღე იყო: ჩვენმა რეგულარულმა და სახალხო-გვარდიულმა ნაწილებმა დაამარცხეს მოწინააღმდეგე შულავერთან. აიღეს შულავერი, ხელში ჩაიგდეს 4 ქვემეხი, 15 ტყვიამფრქვევი და ბევრი რამ სხვაც. ამ ცნობამ ჩვენ ყველას ფრთები შეგვასხა და გაგვამხნევა. სულ მუდამ ვწუხდი შულავერის რაიონის გამო. ახლა ხელები უკვე გახსნილი გვაქვს. ახლა ჩვენი წარმატება უზრუნველყოფილია.


30 დეკემბერს 18 წ. პირამიდისებური სიმაღლე ბოლნის-ხაჩინთან. შუადღე.

განთიადამდე მოწინააღმდეგეს ვუახლოვდებოდით. დილის 7 საათზე ბრძოლა დაწყებულ იქნა. მოწინააღმდეგეს კარგი სიმაღლეები უჭირავს და ჩვენ ქვემეხებისა და ტყვიამფრქვევების ცეცხლს გვიშენს. ჩვენ ფართო ფრონტით ვუტევთ, ვახდენთ რა მოწინააღმდეგის ორივე ფლანგის შემოვლას. მარჯვენა ფლანგზე სამტრედიელები, კახელები და ფედერალისტები უტევენ, – ცენტრში კადრისა და ტფილისის სარეზერვო ბატალიონები, მარცხნიდან ცხენოსანი დივიზიონი შედის გურულებთან ერთად. ახლა საარტილერიო დუელი მიდის. მოწინაამდეგის არტილერია იღბლიანად გვიშენს ცეცხლს და ჩვენი ერთი ბატარეა ჩუმდება. მან პოზიცია უნდა შეიცვალოს.

დღე დიდებულია. სადამკვირვებლო პუნქტიდან საოცარი ხედი იშლება და ბინოკლით შეიძლება ბოლნისის დამცველებიც დავინახოთ. ისინი ფაციფუცობენ (წრიალებენ). როგორც ჩანს ნერვიულობენ.

მე საშინლად მშიერი და დაღლილი ვარ. საჭიროა ფრონტის ყველა უბანზე ვიყო და ფეხები ძლივსღა მემორჩილებიან.

ქვემეხები ქუხან. ჭურვები ირგვლივ და მახლობლად სკდებიან. ძილი საშინლად მერევა. 


31 დეკემბერს 18 წ. ბოლნის-ხაჩინის თავზე. დილის 4 საათი.

ჯერ კიდევ ბნელა. ეს ცივი ღამე მთელმა ჩვენმა რაზმმა პოზიციებზე გაატარა – ღია ცის ქვეშ და თითქმის დამდნარ თოვლზე. გუშინ მთელ დღეს ბრძოლა არ შემწყდარა, მაგრამ ჩვენ გამაგრებული ბოლნისის აღება ვერ მოვახერხეთ. დღეს რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ის უნდა ავიღოთ! და ჩვენ მას ავიღებთ! ამას მოითხოვს საგარეო ვითარება, ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის არსობის ინტერესები! დაზავების პირობების თანახმად, დღეს, ღამის 12 საათზე, საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს. ამრიგად – ჩვენ ძალზედ ცოტა დრო და ბევრი საქმე გვრჩება! და მთელი ჩვენი ენერგია უნდა დავძაბოთ, მთელი ჩვენი გმირობა უნდა გავაცოცხლოთ. ჩვენმა ჯარებმა დამიო და სადახლო უკვე აიღეს. ახლა ჩვენი რიგია. და ჩვენს ხალხს მშვენიერი საახალწლო საჩუქარი უნდა მივართვათ. 

შევეცდებით!

ღამით ჩვენთან ცაგურიას ცხენოსანი სამთო ბატარეა და ილია ჩაჩიბაიას პატარა ასეული მოვიდნენ. ეს კარგია.


31 დეკემბერს 18 წ. ბოლნის-ხაჩინის თავზე. დილის 11 საათი.

გადაჭრით ვუტევთ ბოლნისზე... ჩვენ სწრაფი ცეცხლი გავხსენით თორმეტი ქვემეხიდან და ათეულობით ტყვიამფრქვევიც კაკანებს! და ამ ცეცხლის საფარველის ქვეშ ჩვენი სახელოვანი ქვეითი ჯარი შეტევაზე წავიდა. ალექსანდრე სამტრედიელებთან და კახელებთან ერთად მიდის, ჩვენი მამაცი იაკობ ხარაში ტფილისელებთან ერთად წავიდა. ახლა წყდება ბრძოლის ბედი, ჩვენი ბედი!

იქნება წარმატება!


31 დეკემბერს 18 წ. ბოლნისის ახლოს, დღის 1 საათი.

ჩვენი შეტევა ბრწყინვალე იყო! მოწინააღმდეგე შედრკა და უკვე გარბის, ამაოდ ცდილობდა რა უკანასკნელ სიმაღლეზე გამაგრებულიყო. ახლა ცაგურია იღბლიანად ესვრის ამ სიმაღლეს. ჩემი ილიკო თავისი ასეულით უკვე ბოლნის-ხაჩინის თავზეა მუქარად აღმართული. მე მივწერე მას – შეტევაზე გადავიდეს. ყოჩაღია იგი.

სახალხო გვარდიამ თავისი სახელი გაამართლა. მან რთული და მძიმე გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა. მე გახარებული ვარ, კმაყოფილი, თითქოს ბედნიერიც კი. ახალი წლის სიხარულიანი დასასრულია. რა იქნება შემდეგ?

რამდენიმე საათის შემდეგ ბოლნისში ვიქნებით. ეს ნათელია. ყველა ნაწილი შესანიშნავად იქცევა, ყოველგვარ ქებაზე უფრო მაღლა.

ახლა ჩვენები ისევ შეტევაზე წავიდნენ. „ვაშას“ ძახილით. ყოჩაღები!


1 იანვარს 1919 წ. ეკატერინენფელდი. დილა.

გილოცავთ ახალ წელს! ნათელ და სიხარულიან დღესასწაულს. როგორი შესანიშნავი დღეა და როგორი დიდი, გადამწყვეტი წარმატება! გუშინ გვარდიას თავი სანიმუშოდ ეჭირა. ასეთი ყოჩაღი და გადამჭრელი (გაბედული) შეტევა ჩვენთან ჯერ არ ყოფილა. „ვაშას“ ძახილითა და გამარჯვებაში ურყევი დარწმუნებულობით წავიდნენ ჩვენები შეტევაში ორჯერ უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეზე, რომელსაც ძლიერი პოზიციები ეკავა – და იგი პანიკურად გააქციეს! მართალია – მტერი დიდხანს, შეუპოვრად და კარგად გვიწევდა წინააღმდეგობას. რამდენჯერმე იგი კონტრშემოტევაზე გადმოსვლასაც კი შეეცადა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს სირცხვილნაჭამი უნდა გაქცეულიყო! და ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენი არტილერისტები და მეტყვიამფრქვევენი იდეალურად მუშაობდნენ. ჭურვები მოწინააღმდეგის სანგრებში სკდებოდა, ტყვიამფრქვევები კი მას თავის ცეცხლოვან წრეში სულ უფრო და უფრო იჭერდნენ. და წარმატებაც სრული აღმოჩნდა! ბოლნის-ხაჩინში ჩვენ ხელთ ვიგდეთ ტყვეები, ტყვიამფრქვევები, სამხედრო საწყობები, აღალი და ბევრი სხვა რამ. ქვემეხები, სამწუხაროდ, წინასწარვე იქნა გაყვანილი. შტაბიც ასევე ადრე და მამაცურად გაიქცა!

ბოლნის-ხაჩინიც ასევე დიდი და ძალზედ მდიდარი სოფელი იყო. აქ განსაკუთრებით ბევრი კარგი, ძველი ღვინოა. და ეს სახიფათოა.

ჩვენ გამარჯვებულები ვართ. კარგია იყო ამარჯვებული. და გამარჯვებული დიდსულოვანიც უნდა იყოს. და დამარცხებულთა სიმწარე უნდა შევარბილოთ. მაგრამ ეს ისე ძნელია, თითქმის შეუძლებელიც. ეს ადამიანურ ძალებს აღემატება! ვინაიდან ომში იძინებს ადამიანი და იღვიძებს მხეცი.

დღეს ამ უბედური ომის დასასრულია. და თუმცა კი დასანანია, რომ დაზავება უდროოდ წამოტივტივდა, ვინაიდან გამარჯვება უკვე გადაჭრით ჩვენს მხარეს იხრებოდა, მაგრამ შესაძლოა ეს უკეთესიც იყოს. ომზე უფრო საზიზღარი, დანაშაულებრივი ხომ არაფერია და თვით გამარჯვებულ ომებსაც კი უბედურება მოაქვთ! ამიტომ ყოველგვარი ომი რაც შეიძლება მალე უნდა აღმოვფხვრათ, მოვკლათ. ხოლო საზღვრების შესახებ საკითხი კი ვერც აქ და ვერც ამ გზით ვერ გადაწყდება. მაგრამ ჩვენ იძულებული ვიყავით მახვილი აგვეღო ხელში! და გულში ტკივილით, მაგრამ წარმატებაში მყარი დარწმუნებულობით ჩვენ იგი ქარქაშიდან ამოვზიდეთ! და დავამტკიცეთ, რომ ჩვენმა მახვილმა იცის გამარჯვება. პირადად ჩემთვის ეს დამტკიცება ყველაზე უფრო ფასეულია. ლორეს შესახებ საკითხი კი მესამე პლანზე გადადის. და ჩვენც ამ ომს ვაწარმოებდით არა სომეხი ხალხს წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ შეურიგებელი ულმობელი სომხური ნაციონალიზმის წინააღმდეგ, რომელიც თავისი შხამიანი ბასრი პირით სომეხი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. და თუ ჩვენი გამარჯვებით ნაწილობრივ მაინც მოვარყიეთ ეს დანაშაულებრივი ნაციონალიზმი, – მაშინ ჩვენ სომეხი ხალხის საუკეთესო მეგობრები შევიქნებით.


1 იანვარს 19 წ. სოფ. ქვეში – წმ. ნიკოლოზის ციხე-სიმაგრე. შუადღე.

დაზავების პირველი დღე. ამინდი საოცარია და შორეული ჰორიზონტებიც ჩანს. ჩვენ ჩვენი ხაზი გავასწორეთ. ახლა ჩვენი კოლონა ტაბახმელას უახლოვდება. ჩვენ ვხედავთ მის მწყობრ მოძრაობებს, ჩვენ ვხედავთ მთების ლამაზ პეიზაჟებს. ციხე-სმაგრე ძალიან ძველი, ძლიერი და ორიგონალურია. იგი თითქმის მიუდგომელია. აქედან უკანასკნელად უშენდა ცეცხლს სომხებს გენერალი ციციანოვი ერთი გადარჩენილი და სასწაულით გამოტანილი ქვემეხიდან.

გასროლები არ არის. ყველგან სიჩუმეა. გუშინ კი ამ დროს რამდენადმე ვღელავდი. და როცა ჩვენ შეტევაზე წავედით, ცეცხლოვანმა ეჭვმა აზრი ჩამიწვა: „და უეცრად რომ ჩვენები შედრკნენ?!“ მაგრამ ამ აზრმა მხოლოდ გამიელვა და გაჰქრა. უკვალოდ!..

დღეს ჩვენთან 1000 სახალხო-გვარდიელი მოვიდა შულავერიდან, ახლა ისინი უკვე აღარ გვჭირდებიან. ისინი რომ ადრე მისულიყვნენ! ჩვენი გამარჯვება უფრო სრული, გამანადგურებელი იქნებოდა.

ქვეში ქართული სოფელია.


1 იანვარს 19 წ. სოფ. ტაბახმელა. საღამოს 5 საათი.

ჩვენი ცხენოსანი დივიზიონი ტაბახმელაში დგას. მოწინააღმდეგე არსად არა ჩანს. აშკარაა, იგი სრულიად დეზორგანიზებულია და უკანმოუხედავად გარბის! დამარცხებულთა ფსიქოლოგია ყოველთვის საცოდავია.

ახლა ჩვენ გავიმარჯვეთ.

ტაბახმელა ქართულ-სომხური სოფელია. ყველა მაცხოვრებელი ადგილზე დარჩა. და მე კმაყოფილებით ვხედავ, რომ აქ ქართველები და სომხები კეთილ მეზობლებად დარჩნენ. 


2 იანვარს 19 წ. ეკატერინენფენდი. საღამო.

კოშმარია!.. დღეს ჩემი მაუზერით ერთი სახალხო-გვარდიელი მოვკალი. მან უბედური ათი წლის გოგონა გააუპატიურა!.. ამ შეჩვენებულს (изверг) დანაშაულის ცხელ კვალზე დავეწიე და ვერ შევძელი თავი შემეკავებინა. ძალები არ მეყო. საშინლად მძიმე განწყობა მაქვს, მტანჯველად მტკივა, მაგრამ სინანული ჩემში არ არის!.. მოთმინების ფიალა პირთამდე აივსო. და სხვა გამოსავალი არ ყოფილა. მაგრამ როგორ მძიმეა ჩემთვის, როგორი უბედური ვარ!.. მიღებული ჯვრის სიმძიმის ქვეშ ძალ-ღონე მელევა. მეყოფა კი ძალები? ან კიდევ გავისრისები?! ფიზიკურად და ზნეობრივად ვიტანჯები. დაქანცული ვარ. საშინლად დაქანცული!..

დღეს ჩვენთან სამხედრო მინისტრი ჩამოვიდა. ჩვენ მას მტრის პოზიციებზე დავატარებდით და ჩვენს მიერ აღებულ სიმაგრეებს ვუჩვენებდით. ნათელი და სიხარულით სავსე განწყობა გვქონდა. და უეცრად ამ შეჩვენებულმა ჩემში აღტაცება მოჰკლა, ჩემი განწყობილება მოჰკლა.

და მით უფრო დაჟინებულად ვწყევლი მე ამ დანაშაულებრივ ომს, მით უფრო კაშკაშად მძულს მის გაჩაღებაში დამნაშავენი!.. ისტორია არასოდეს აპატიებს სომეხ პოლიტიკოსებს ამ ომსა და თავიანთი უბედური ხალხის ბედით ამ სასტიკ თამაშებს! 

არასოდეს!..


3 იანვარს 19 წ. ვორონცოვკა. დღის 3 საათი.

მე, ალექსანდრე, გიორგი ხიმშიევი, პოლკოვნიკი იოსელიანი და ექიმი ცინცაძე ვორონცოვკაში ვართ. სომხურ შტაბში. ვერ მოგვიხერხდა პოლკოვნიკი ტერ-ნიოგოსოვი გვენახა და განვკერძოებულიყავით. მე მას წერილი გავუგზავნე. სომეხი ოფიცრები ჩვენ ტკბილი ჩაითა და კარგი თაფლით გაგვიმასპინძლდნენ. და ჩვენც მათთან ძალიან უბრალოდ და ძალიან საყვარლად ვსაუბრობდით. და უცნაური იყო იმის გაცნობიერება, რომ ჯერ კიდევ ორი დღის წინ ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ვიყავით ჩაბმულნი!..

სომეხი ოფიცრების სულისკვეთება უკვე გატეხილი იყო. იგრძნობოდა, რომ ისინი დამარცხებულები არიან. „დროზე მოგვისწრო დაზავებამ, – თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, – ჩვენ უკვე გვინდოდა აქ ყარაბაღის ბრიგადა გადმოგვესროლა“. ჩვენ გულმოწყალედ გავიღიმეთ და მათი მასხრად აგდება არ მოვისურვეთ. დაე დაიმშვიდონ თავი ყარაბაღის ბრიგადით.


4 იანვარს 19 წ. ეკატერინენფელდი. ადრეული დილა.

არ მეძინება. მძიმედ და მოწყენილად მაქვს სული. დამეღალა თავი. ამხანაგებს ჯერ ისევ სძინავთ. ეს ორი დღე ჩემთვის ძალიან მტანჯველი იყო. მძიმე ქვა მაწვება გულზე, მაგრამ დანაშაულის გარდაუვალობის მყარი შეგნება მიმსუბუქებს განწყობას და მანუგეშებს. და მიუხედავად ამისა დანაშაულზე მეც დანაშაულით ვუპასუხე! მაგრამ ეს აუცილებელი იყო და ამაშია ტრაგედია.

დიახ, სხვა გზა არ ყოფილა! ძალზედ ბევრ რამეს ვპატიობდი; ძალიან დიდხანს ჩვენ მოწყალენი ვიყავით; ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავდით. და საწყალი სანდრო მართალი იყო, როცა გვთავაზობდა დამნაშავენი სამაგალითოდ დაგვეხვრიტა. მაშინ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და ახლა მე საზღაურის გადახდა მიწევს! და საშინელი ტანჯვაც. მაგრამ სინდისის ქენჯნა და სინანული ჩემში არ არის! სრულებით არა!.. შეჩვენებულებს, რომლებიც ათი წლის გოგონებს აუპატიურებენ, პატარა მწყემს თათარ ბიჭებს ხვრეტენ ან უბედურ ღრმად მოხუცებულებს ჰკლავენ, მე ახლაც სიკვდილით დავსჯი!.. დაგეთ-ხაჩინელი ბიბლიური მოხუცებულიც ხომ ასევე რომელიღაც შეჩვენებულმა მოჰკლა. საუბედუროდ, მისი აღმოჩენა ვერ მოხერხდა.

მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან მძიმედ ვარ!.. მე მრცხვენია, საშინლად და საზარლად ადამიანის გამო, მისი უმსგავსი მხეცური შესახედაობის გამო!.. და ეს საზიზღარი შესახედაობა გამოგვეცხადა ამ ომში მთელი თავისი მრისხანე შემზარავობით და სწორედ ამაშია ამ ომის მთელი სიმძიმე და დანაშაულებრიობა. და ამიტომ ასე სასტიკად ბოროტმოქმედნი არიან ამ საშინელი ომის გაჩაღებაში ბრალეულნი.

გუშინ ჩვენ ვორონცოვკაში ვიყავით და უბედური, ჩამოძონძილი, უდრტვინველი სომეხი ჯარისკაცები ვიხილეთ. და დამარცხებული, უხერხულად მყოფი, შეცბუნებული სომეხი ოფიცრებიც. ვიხილეთ ძირითადი ფუნდამენტი სომხური არმიისა! და მე ვერ დავიჯერე ამ ფუნდამენტის სიმაგრე. და არ ვგრძნობდი არანაირ სიძულვილს, არც რაიმენაირ არაკეთილგანწყობას ამ მოტყუებული, ტანჯული ადამიანებისადმი. პირიქით – შეცოდებისა და თანაგრძნობის უცნაური გრძნობა შეეხეო ჩემს გულს. და მით უფრო მწვავედ ვგრძნობდი სიძულვილს ომის გამჩაღებელთა მიმართ.


6 იანვარს 19 წ. ტფილისი.

გუშინწინ აქ ჩამოვედი. ძალზედ მძიმედ ვიყავი. ჯვრის სიმძიმემ სძლია ჩემს ძალებს და გადავწყვიტე ომის საშინელებებს, საშინელ, მტანჯველ მოგონებებს რამდენიმე დღით გავრიდებოდი. ახლა თითქმის დავმშვიდდი და ცივსისხლიანად ვაფასებ ბოროტმოქმედი გვარდიელის მკვლელობას. დიახ, მე ის უნდა მომეკლა, რადგან მან მთელი ჩვენი სიხარული დაამწუხრა, წმინდათა-წმინდა შეაგინა და რადგანაც გამოუსწორებელი ბოროტმოქმედი გახლდათ! მე შემდგომში მასზე ცნობებს ვაგროვებდი და შევიტყე, რომ მისი ბუნება დიდი ხანია დამნაშავეობით იყო მოქუფრული და მას აღარც უნდა ეცოცხლა. ყველას არა აქვს სიცოცხლის უფლება!.. მე იგი მის საკუთარ ბოროტმოქმედებათაგან გავათავისუფლე. და მიუხედავად ამისა საშინლად მძიმედ ვიყავი.

მე ხშირად, ხშირად ვუფიქრდები. რატომ არის ბედი ასე დაუნდობლად სასტიკი ჩემდამი? ეს მძიმე ლოდები რატომ მატყდება თავზე?.. მაგრამ ვცდილობ უფრო სწრაფად გავთავისუფლდე ამ ფიქრებისაგან და სევდიანად ვიწყებ გაღიმებას.

გოლგოთის გზა – ყველაზე უფრო ბედნიერი გზაა!..

ახლა ისევ ტფილისში ვარ. ჩემს პატარა ცივ-მყუდრო ოთახში და მე ჩუმად, თუმცა კი, ბავშვურად მიხარია! მე ხომ არ ვფიქრობდი, რომ ისევ დავბრუნდები ამ ოთახში, ვფიქრობდი, რომ ომი დამწვავს. ვიხსენებ ჩემს გამომშვიდობებას ამ პატარა ოთახთან, ჩემს საყვარელ, დიდი ხანია დავიწყებულ და უკვე მტვერდადებულ სქელ წიგნებთან და ჩემს დღიურთანაც! სევდიანად ვავლებდი მათ მზერას და ვამბობდი: „მშვიდობით, მშვიდობით, მეგობრებო!..“ მაგრამ გამოვიდა კი „შეხვედრამდე“. და ესეც კარგია, ეს მე მახარებს. სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ სიკვდილი არ მინდა! ამასთან მე ასე ცოტა ვიცხოვრე. საშინლად ცოტა! ჩემი თავისთვის თითქმის არ მიცხოვრია. მე ყოველთვის მეოცნებე ვიყავი. ჰაერის ციხე-სასახლებს ვაგებდი და ლამაზად ოცნება ვიცოდი, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად დაღუპვის პირას მისულ ოცნებებსა და დანგრეულ, დაცარიელებულ ციხე-სასახლეებს ვიცნობდი!.. დაკრძალვები ყოველთვის თან მახლდა და მეგობართა საფლავები ჩემს გარშემო სულ უფრო მჭიდროდ იკვრებოდა. ეს მეგობრები რომ ახლა ცოცხალი ყოფილიყვნენ, ისინი რომ ახლა ჩემთან ყოფილიყვნენ!.. მაშინ აღარ ვიფიქრებდი საფლავებზე და უფრო ფერადოვნად გაიფურჩქნებოდნენ ჩემი ოცნებებიც. და თვითონ მეც უფრო ძლიერი, საკუთარ თავში უფრო მეტად დაჯერებული, უფრო მამაცი ვიქნებოდი.

მაგრამ მე ისევ და ისევ თავს ვაქნევ და მძიმე ფიქრებს შორს ვერეკები. დღეს მინდა განათებული, სიხარულით აღვსილი ვიყო! ვინაიდან ომი – სინათლიანად დასრულდა. და როგორი ბედნიერებაა, რომ ეს ომი ასე სწრაფად დასრულდა: ამაშია ჩვენი უდიდესი გამარჯვება! და როგორ მძულდა მე გუშინ ჩვენი ეროვნულ-დემოკრატები, რომლებიც პარლამენტში ომის გაგრძელების მომხრედ გამოდიოდნენ. ბოროტმოქმედნი! მათ ომის მთელი საშინელებები არ იციან. არ უნდათ იცოდნენ.

გუშინ მეც გამოვედი პარლამენტში.


7 იანვარს (25 დეკემბერს) 19 წ. ტფილისი. საღამო.

ლიდა დიდხანს და რბილად უკრავდა როიალზე. უბრალო, ხელმისაწვდომი, ლამაზი მუსიკაა. ის ჩემთვის გასაგებია და მე მისით ვივსები. და დამშვიდდა, დალაგდა სული. 

დღეს დილით ჩვენ ლაზარეთები მოვიარეთ. ავადმყოფი და დაჭრილი მეომრები ვინახულეთ. მძიმე გულით მოვიარე პალატები! საწყალი, სახელოვანი, შეუცვლელი პლატონ გუჯაბიძე! იგი საშინლად დასუსტდა და ძალიან შეიცვალა. მე იგი ძალიან მიყვარს და ბევრად ვაფასებ. საშინლად გამოიყურება ჩვენი მამაცი გომელაური. იგი მძიმედაა დაჭრილი, მაგრამ არის იმედი, რომ ცოცხალი დარჩება. სუსტი იმედი. 19 დეკემბერს ჩვენ ერთად ვიბრძოდით, იგი თავისი უცვლელი „ლუისით“ ჩემს ახლოს იდგა, მაგრამ მას ბედმა ნაკლებად გაუღიმა, ვიდრე მე. საწყალი, დაუღალავი და უშიშარი გიგუცა კი უკვე გარდაიცვალა. საავადმყოფოში. საშინლად მეცოდება ეს მამაცი, დიდებული ბიჭი. იგი ეკატერინენფელდში დაჭრეს 19 დეკემბერს. ჩემს გვერდით იდგა. მოწინააღმდეგე ჩვენგან რამდენიმე ათეულ ნაბიჯზე იმყოფებოდა. გიგუცამ უეცრად წამოიძახა და დაეცა. იგი თეძოში იყო დაჭრილი. და ათ დღეს იტანჯა!.. ჩვენს ლაზარეთებში დაახლოებით 1500 ავადმყოფი და დაჭრილია. ჩვენ მთავარი შტაბის სახელით მათ საშობაო საჩუქრები დავურიგეთ და ამით ისინი გავახარეთ. მათ სულით და გულით უხაროდათ და ჩუმად მადლობას გვიხდიდნენ. საწყლები, უბედურები და ბედნიერები!.. და მთელი ამ ლაზარეთების შემდეგ სასიამოვნო იყო მუსიკის მოსმენა. მე ოცნებებში წავედი, მოვიწყინე. შორს, შორს მიედინებოდა ფიქრები, ოცნებები. ფიქრები სიცოცხლის სილამაზეზე, მასში მშვენიერ ლამაზ მიღწევებზე და სევდიან-სასიამოვნოდ შევიქენი.

როგორ ლამაზად შეიძლება ცხოვრების მოწყობა, როგორი ბედნიერებაა მასში დაფარული და როგორი ულამაზო, როგორი დამახინჯებულია იგი!.. ცხოვრება შეიძლებოდა მუსიკაზე უფრო ლამაზიც ყოფილიყო!.. და ყველაზე მეტი სიმწვავით ვგრძობ მე ომის მთელ დანაშაულებრიობას!.. განა გვჭირდებოდა ჩვენ ეს უბედური ომი! განა მშვიდობა და ძმობა არ გვჭირდება? და რა უნდათ ამ უბედურ უთავბოლო ეროვნულ-დემოკრატებს? განა სხვის სისხლზე საკუთარი ხალხის ბედნიერების შენება შეიძლება?!..

ლიდამ შეწყვიტა დაკვრა. წყნარად ჩაკვდა უკანასკნელი აკორდები და გაჰქრა ილუზიები, გაფრინდა ოცნებები. ისევ ცხოვრებისეული პროზა, ორდინალური რეალობა და ჭუჭყი. და რამდენი სისაძაგლე, უხამსობა, უწმინდურებაა ჩვენს შიგნით.

და უნდა დაიწყოს დიადი განწმენდა.

უწინარეს ყოვლისა თვითგანწმენდა?..


31 იანვარს 19 წ. ეკატერინენფელდი. დილა.

მე, ალექსანდრე, პოლკოვნიკი ჯიჯიხია და იოსელიანი ტფილისს მივემგზავრებით. მოკლე და მძიმე ომი დავამთავრეთ. ვემშვიდობებოდი ეკატერინენფელდს, ამ კულტურულ და ბედნიერ სოფელს, ჩვენი საუკეთესო მეგობრებისა და ჩვენი შეუცვლელი სანდროს ამ ოცნებას!..

გუშინ ბოლნის-ხაჩინში ვიმგზავრე.

მთელი სოფელი დაცარიელებულია! და მწიწკნის სული. სასტიკი, პირქუში აუცილებლობა!..

მაგრამ ახლა დასასრულია! უბედური ომის დასასრული. მინდა დავისვენო!


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა 

No comments:

Post a Comment