(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ამონარიდს /პირობითად, მერვე ნაწილს/ გენერალ გიორგი ივანეს ძე კვინიტაძის წიგნიდან „ჩემი მოგონებანი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1917–1921“ /რუსულ ენაზე – «Мои воспоминания в годы независимости Грузии 1917–1921»/, YMCA-PRESS, პარიზი, 1985. გენერალი გიორგი კვინიტაძე გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 1921 წ. თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომის მეორე /დასკვნით/ ეტაპზე, და მანამდეც რიგ ომებში საქართველოს მტრების წინააღმდეგ. წიგნს წამძღვარებული აქვს თავად თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის შესავალი წერილი ავტორის შესახებ. ეს წიგნი რუსულ ენაზე სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერნეტში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის /ქ. თბილისის ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკის/ ელექტრონულ ფონდებში)
გენერალი გიორგი კვინიტაძე და პოლკოვნიკი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი
მოცემული ამონარიდის შინაარსი
თავი XXVI. ფიქრები 1921 წლის კამპანიის შესახებ
თავი XXVII. საქართველოს სახალხო გვარდია
თ ა ვ ი XXVI
ფიქრები 1921 წლის კამპანიის შესახებ
სანამ შევუდგებოდე შემდეგ მოგონებებს, მინდა გამოვთქვა რამდენიმე მოსაზრება ბოლშევიკებთან 1921 წლის კამპანიასთან მიმართებაში. ომის საბაბი, როგორც ცნობილია, იყო ვითომდა აჯანყებული მუშებისა და გლეხების თხოვნა, მიმართული ბოლშევიკური რუსეთის ხელისუფლებისადმი, რათა დახმარებოდნენ. მოვლენების მოწმეებმა ჩინებულად იციან, რომ ასეთ აჯანყებას ადგილი არ ჰქონია და არც შეიძლება ჰქონოდა. მასებში განწყობები გარკვეულად ბოლშევიკურ-რუსულ-საწინააღმდეგო იყო და ასეთი აჯანყების სიმულირებაც კი არ შეიძლებოდა. ჯერ კიდევ 1920 წელს ბოლშევიკებმა მიმართეს შინაგანი გადატრიალების მცდელობას წითელ ხიდთან გარედან შემოტევასთან ერთად, იმავდროულად ბოლშევიკების თავდასხმით სამხედრო სკოლაზე, მაგრამ ის ვერ გამოუვიდათ და აშკარად გვიჩვენა, რომ ეს გახლდათ სიმულაცია. 1921 წელს მასების განწყობა სავსებით განმტკიცდა. თვით თბილისში ზომაზე მეტად დიდი ბოლშევიკური დელეგაციის ყოფნამაც კი, რომელიც ბოლშევიზმის პროპაგანდით იყო დაკავებული, თვით ამ იდეის პროპაგანდაზე ნების მიცემამაც ვერ შეარყიეს ბოლშევიკურ-საწინააღმდეგო განწყობილება. ამ საბაბს, ამ ეგრეთ წოდებულ „გლეხებისა და მუშების აჯანყებას“ არანაირად არ შეუძლია შენიღბოს მოსკოვური მთავრობის ნამდვილი განზრახვები.
საქართველოზე შემოსევა არის ერთ-ერთი საფეხური ამ მთავრობის მიერ ანტანტასთან ბრძოლასა და თავისი მდგომარეობის განმტკიცებაში. საქართველოს დაუფლება მომწიფებული მოვლენების ყველა საკითხს პასუხობდა. ჯერ კიდევ 1920 წელს მიმართეს მცდელობას საქართველოს დასაუფლებლად. მაგრამ მაშინ პოლონეთთან და ვრანგელთან საბრძოლო მოქმედებების გათვალისწინებით მოსკოვის მთავრობას არ შეეძლო ამიერკავკასიისათვის საკმარისი სამხედრო ძალების გამოყოფა. მან პროპაგანდას მიმართა და აზერბაიჯანიც უნარიანად წარმართული პოლიტიკური პროპაგანდის მსხვერპლი შეიქნა. იმავე წელს ბოლო მოუღეს სომხეთსაც, რომელიც დაპყრობილ იქნა, თუმცა კი შეიარაღებული ძალის გამოყენებით, მაგრამ უმთავრესად სარგებლობდნენ რა თავიანთი პროპაგანდითაც, რომელმაც, სომხურ პოლიტიკურ წრეებს შორის უთანხმოებების შედეგად, მეტად შეუწყო ხელი მის დაცემას. აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ გამოყენებულმა მოქმედებების ამ სახეობამ, ამ ხერხმა, საქართველოსთან მიმართებით 1920 წელს წარუმატებლობა განიცადა. მოსკოვურმა მთავრობამ მაშინ გადაწყვიტა საქართველოს დაპყრობისთვის უფრო მეტი რაოდენობის ძალები დაერაზმა და 1921 წლის გაზაფხულისთვის იგი შემოტევისთვის მოემზადა.
მოსკოვურმა მთავრობამ დაიპყრო საქართველო, რადგანაც საქართველოს დაუფლება წარმოადგენდა აუცილებლობას. საქართველოს ფლობა განამტკიცებდა ამიერკავკასიაში მათ მდგომარეობას. შეიძლება ითქვას, რომ ამიერკავკასიის ფლობის გასაღები არის საქართველო. დამორჩილებული აზაერბაიჯანისა და სომხეთის გვერდით დამოუკიდებელი საქართველოს ყოფნა ამ სახელმწიფოებში ბოლშევიკურ-რუსული ძალაუფლებისგან მათი განთავისუფლების ფსიქოლოგიურ ხელშემწყობს (წამქეზებელს, подогреватель) წარმოადგენდა. ეკონომიკური მიმართებით ბაქოს რაიონიდან ნავთობის გამოტანა იძენდა უზარმაზარ მნიშვნელობას. რუსეთიდან ნედლეულის ყოველგვარი ექსპორტი, ტრანსპორტის არარსებობისა და საერთო სამეურნეო ნგრევა-მოშლის შედეგად, თითქმის შეწყვეტილ იქნა. ნავთობის გატანა და, სახელდობრ, ბაქოს ნავთობისა რუსეთისთვის უკვე საარსებო მნიშვნელობას იძენდა და მოსკოვური მთავრობის ხელში მის მიერ საერთაშორისო ურთიერთობებში გამოყენებისთვის დიდ კოზირს წარმოადგენდა. ბაქოს ნავთობი ბათუმის გავლით მის გატანასთან კავშირში (ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი) მოსკოვის მნიშვნელოვანი ელემენტი გახლდათ მის ეკონომიკურ ურთიერთობებში უცხოურ დერჟავებთან. ხოლო ანტანტის დაუინტერესებლობა კი, განსაკუთრებით ინგლისისა, ამიერკავკასიური ბლოკის ჩავარდნის შედეგად (1920 წლის 25 აპრილს სან-რემოში მასზე ჩვენგან უარის თქმა) საქართველოს დაპყრობას უადვილებდათ. ეს კოზირი თავის ხელში უნდა ჰქონოდათ და მოსკოვის მთავრობამ ეს სწორად გაითვალისწინა.
იგი დიდი ხანია ხედავდა, რომ სამეურნეო ნგრევისგან ქვეყნის აღდგენა მხოლოდ ამ საქმეში დასავლეთ ევროპის დერჟავების ჩართვით იყო შესაძლებელი. ნავთობმა, წარმოების იარაღების ტექნიკაში მისი მნიშვნელობის გადიდების შედეგად, უკანასკნელ ორ ათეულ წელიწადში კოლოსალური მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინა და მის ექსპლუატაციაზე უფლების მიღება მოსკოვთან ეკონომიკური ხელშეკრულებების დასადებად უცხოური დერჟავებისთვის წამახალისებელი ფაქტორი იქნებოდა. დამოუკიდებელ საქართველოს, რომლის გავლითაც ნავთობსადენი და რკინიგზა გადიან, შეეძლო ამ ხელშეკრულების დადებისთვის ხელი შეეშალა. ბაქოცა და ბათუმიც თავიანთ ხელში უნდა ჰქონოდათ. საქართველოს დაპყრობა ამა თუ იმ ხერხით მოსკოვური მთავრობისთის აუცილებელი გახლდათ. ანტანტასთან ბრძოლისათვის მოკავშირეების ძებნაში მოსკოვის მთავრობა ანგორის მთავრობაზე შეჩერდა. თურქეთის ძალა ანატოლიაშია. მთელ თავის ძალებსა და საშუალებებს, ხალხითა და ნედლეულით, თურქეთი იქ ხაპავდა (Турция черпала там). ნამდვილი თურქეთი იქ არის.
ამასობაში ანგორის მთავრობამ, რომელიც თავიდან მეამბოხე ძალად განიხილებოდა, თანდათანობით საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. თავიდან სუსტი, რომელიც დროთა განმავლობაში ძალებს ანატოლიის რესურსებში ხაპავდა, ანგორა თანდათანობით გაძლიერდა და შეიქნა ის ძალა, რომლისთვისაც არ შეიძლებოდა ანგარიში არ გაეწიათ, და დასავლეთ ევროპის დერჟავებმა ანგორას ანგარიშის გაწევა დაუწყეს უკვე როგორც დერჟავას და იწყეს მასთან ამა თუ იმ ხელშეკრულებების დადება. და აი, მოსკოვის მთავრობა, რომელიც თავისი იდეებისა და გაცხადებული პოლიტიკის საფუძვლების მიხედვით ინტერნაციონალურად ითვლება, ჰკრავს კავშირს თურქეთთან, რომელიც რუსეთის ძირძველი და ისტორიული მტერი გახლდათ ამიერკავკასიასა და აზიაში აგრესიული პოლიტიკის მიხედვით, და რელიგიური ხასიათის მიზეზების მიხედვითაც. კონსტანტინოპოლის დაუფლება და ხმელთაშუა ზღვისკენ გასვლა ძველი დროიდან რუსული პოლიტიკის მიზანს წარმოადგენდა. თურქეთთან კავშირმა მოსკოვური მთავრობის საერთაშორისო მდგომარეობა განამტკიცა, რომელიც ანგორული მთავრობის გაძლიერებისთვის მას საბერძნეთთან ბრძოლის საშუალებებით ამარაგებდა, ხოლო ეს უკანასკნელი კი ანტანტის ხელში საკუთრივ ანგორასთან ბრძოლის იარაღს წარმოადგენდა.
დამოუკიდებელი საქართველო სოლისებურადაა შეჭრილი თანამედროვე რუსეთსა და თურქეთს შორის, მას ყოველთვის შეეძლო გამომდგარიყო ბაზად ანტანტისთვის, მოკავშირე რუსეთისა და თურქეთის განსაცალცალკევებლად. ანგორულ მთავრობას არ შეეძლო არ შეეფასებინა ეს მდგომარეობა და მისთვის უფრო ხელსაყრელი გახლდათ, რომ საქართველო, შექმნილი ვითარების შედეგად, მისი მოკავშრის, რუსეთის ხელში ყოფილიყო, და არ ქცეულიყო დამოუკიდებელი დერჟავად. საქართველოს ტერიტორია შეიძლებოდა გამხდარიყო ადგილი კონსტანტინოპოლს დაუფლებული დასავლეთ ევროპის ჯარების დესანტისთვის, და ბაზა თურქეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სამოქმედოდ. ამას უნდა დავუმატოთ, რომ ანგორული მთავრობისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა საქართველო თანამედროვე პირობების მიხედვით სუსტი რუსეთის ხელში ეხილა, და არა ძალმოსილი ანტანტის ხელში ან მის მხარეზე. თავს ნებას მივცემ გამოვთქვა შეხედულება, რომ, თუ მოხდება შეიარაღებული შეჯახება თანამედროვე რუსეთსა და დასავლეთ ევროპის დერჟავებს შორის, ჩავთვლით რა უკანასკნელში არა მხოლოდ ანტანტას, მაშინ საქართველო და ამიერკავკასია საომარ მოქმედებათა თეატრი შეიქნებიან. დაიკავებენ რა ბათუმს და უზრუნველყოფენ რა ამით თავიანთ ზურგს თურქეთისგან, გადმოსხდარ ჯარებსა და ძალებს, ექნებათ რა თავისუფალი საზღვაო შეტყობინებანი, ექნებათ სრული შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი მოქმედებები შავი ზღვის სანაპიროს გაყოლებით, აგრეთვე ბაქოს მიმართულებითაც. უკანასკნელ შემთხვევაში, თუ ანგორის მთავრობა რუსეთის მხარეზე აქტიურად გამოვა, საქართველო და სომხეთი იქცევიან იმ წყაროდ, რომლიდანაც დესანტის მომწყობნი ამოხაპავენ საკმარის ცოცხალ ძალას ბაქოზე თავიანთი ოპერაციის თურქეთის მხრიდან უზრუნველყოფისთვის.
აფასებდა რა ამ მნიშვნელობას, მოსკოვის მთავრობას არ შეეძლო დაპყრობის გარეშე დაეტოვებია ტერიტორიის ეს უბანი, რომელიც მომავალში შეიძლებოდა ქცეულიყო ბაზად დასავლეთ-ევროპული დერჟავების მის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის და წარმოადგენდა ტერიტორიას, საიდანაც ამ დერჟავებს შეეძლოთ გაეცალკევებიათ რუსეთი თურქეთისგან და ყოველთვის დამუქრებოდნენ ბაქოს, ე. ი. ნავთობს.
კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც ასევე პასუხობდა საქართველოს დაპყრობა. მოსკოვის მთავრობა საკუთარ თავს აცხადებს მუშებისა და ხალხის მასების დამცველად, შრომის დამცველად კაპიტალის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ეწევა იგი თავისთან, საშინაო პოლიტიკაში, ხალხის აღზრდას. ბლოკადის მომწყობი ანტანტა ცხადდება რუსი ხალხის მტრად და ამ მიმართულებით წარმოებს მათი დაუღალავი პროპაგანდა. ვინც ანტანტასთანაა, ის რუსი ხალხის მტერია, მუშებისა და გლეხების მტერია. მე არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ამ იდეებმა რუსეთის ხალხთა მასებში ფესვები გაიდგა; მაგრამ ისინი ინერგებოდა და ხალხის ნაწილის მიერ უეჭველად შეთვისებულ იქნა. საქართველოს მუშებისა და გლეხებისათვის დახმარების იდეას, და ომს იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც ანტანტის მხარეზე, და, ესე იგი კაპიტალის მხარეზე იხრებოდნენ, არ შეეძლო რუსული ხალხური მასის მხრიდან წინააღმდეგობა გამოეწვია, რომელიც თუმცა კი ყოველთვის მორჩილი გახლავთ, მით უმეტეს, რომ მის ნაწილს შორის ამ იდეის მხურვალე დამცველები იმყოფებოდნენ; ერთის მხრივ, კომუნისტები და მეორეს მხრივ კი ყველანი, რომლებიც სასურველად მიიჩნევდნენ ასეთ დაპყრობას, მაგალითად ველიკოდერჟავნიკები (დიდმპყრობელები). ამრიგად, ამ მიმართებითაც საქართველოს დაპყრობას, რუსეთის სახელმწიფოს ყოფილი ნაწილისა, რომელიც აშკარად რუსეთის მტრისა და კაპიტალის მხარეზე იხრებოდა, და სადაც მუშები და გლეხები ვითომდა დახმარებას ითხოვდნენ, პოლიტიკურ წრეებშიცა და იმათ თვალშიც ამართლებდნენ, ვინც თავისი პოლიტიკური რწმენის მიხედვით ამის მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო. ასეთი მდგომარეობა, უეჭველად, ასევე ამაგრებდა მოსკოვური მთავრობის საშინაო მდგომარეობასაც, რომელიც გარემოებების ძალით იძულებული იყო მასების ყურადღება იმ სამეურნეო ნგრევისგან სხვა რამეზე გადაეტანა, რომლის გამოსწორებაც მას არ შეეძლო და რომლის ნამდვილი მიზეზებიც უნდა დაემალა. ამრიგად, საერთაშორისო ურთიერთობებისა და თავისი საშინაო მდგომარეობის განმტკიცების აზრით, ასევე ეკონომიკური აზრით, და სამხედრო-სტრატეგიული აზრითაც საქართველოს დაპყრობა მოსკოველი მმართველებისათვის აუცილებლობას წარმოადგენდა.
1920 წელს მოსკოვის მთავრობას, რომელიც პოლონეთთან და ვრანგელთან ომით იყო დაკავებული, არ შეეძლო საკმარისი ძალები გამოეყო საქართველოს დასაპყრობად. თუმცა კი მან მაინც მიმართა მცდელობას; მაგრამ ძალები საკმარისი ვერ აღმოჩნდა. ჩვენ ვიცით, რომ მოსკოვური მთავრობის ხელშეკრულება საქართველოსთან, რომელშიც აღიარებული იყო უკანასკნელის დამოუკიდებლობა, 1920 წლის 7 მაისს იქნა ხელმოწერილი. ამასობაში მოსკოვური მთავრობის ჯარები ჩვენს საზღვარზე ჯერ კიდევ 2 მაისს, ე. ი. ხელშეკრულების ხელმოწერამდე გადმოვიდნენ. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები საქართველოს მიძინების მიზნით წარმოებდა; ისარგებლებდნენ რა ამ მიძინებით, მათ შეეძლებოდათ სწრაფი შემოტევით ჩვენთვის თავგზა აებნიათ (застать нас врасплох) და თავიანთი ნამდვილი განზრახვების წარმატებით დასრულებისთვის მიეღწიათ. თუ განვიხილავთ ხელშეკრულებას, შეიძლება ვთქვათ, რომ მისი პუნქტები მხოლოდ უძლიერესს აძლევდნენ იმის შესაძლებლობის გარანტიას, რომ ნებისმიერ მომენტში ომი დაეწყო; იმდენად გაურკვევლად იყო ისინი შედგენილი და იმდენად შეეძლოთ მათ იქ აღნიშნულ ნებისმიერ საკითხში დავა-კამათები გამოეწვიათ. და საერთოდაც, ხელშეკრულება არ გახლავთ გარანტია. ყველა ხელშეკრულება ყოველთვის ირღვეოდა. თვით ამა თუ იმ ქვეყნის ნეიტრალიტეტიც კი შეიარაღებული შემოსევის წინააღმდეგ უზრუნველყოფას ვერ წარმოადგენდა. არ შევჩერდებით რა ბელგიის მაგალითზე, შეიძლება აღვნიშნოთ ჩინეთი, რომლის ტერიტორიასაც რუსეთმა და იაპონიამ ომის საშინელებები დაატეხეს და, სიტყვამ მოიტანა რათა ითქვას, რომ ჩინეთის ტერიტორიის ხელშეუხებლობა დიდი დერჟავების პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენდა, რასაც ხაზი არაერთხელ ესმებოდა (რაც არაერთხელ აღინიშნებოდა). მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-იაპონიის ომის წინ, სწორედ ჩინეთის ტერიტორიის ამ ხელშეუხებლობის სააფუძველზე, დიდმა დერჟავებმა მოთხოვეს იაპონიას მის მიერ დაპყრობილი პორტ-არტური უკანვე ჩინეთისთვის დაებრუნებია და, მიუხედავად იმისაც, რომ მისი იერიში იაპონიას ძვირადაც დაუჯდა.
მოსკოვის მთავრობასთან დადებულმა ხელშეკრულებამ ჩვენ მთლიანად ვერ მიგვაძინა. მე ვამბობ მთლიანად ვერა, ვინაიდან, როცა მოსკოვური მთავრობის ჯარები ბაქოში შევიდნენ, 1920 წელს, ჩვენთან მობილიზაცია იქნა გამოცხადებული და ჩვენც ციებ-ცხელებიანად შევუდექით ომისთვის მზადებას. მაგრამ, ომისთვის ჩვენ მზად არ ვიყავით. ომისთვის დიდი ხნით ადრე უნდა ემზადო, და არა ერთი კვირის მანძილზე. აზერბაიჯანთან სამხედრო კავშირის დადება, რომელიც რომელიც 1919 წლის ზაფხულში მოხდა, მე არ შემიძლია მომზადებად მივიჩნიო, ვინაიდან ქაღალდზე გაფორმებული ხელშეკრულების გარდა არაფერი გაკეთებულა; თვით ომის შემთხვევაში ურთიერთ მოქმედებების ძირითადი ნიშნებიც კი არ გამოუმუშავებიათ. დანარჩენზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს, არაფერი არ გაკეთებულა. ჩვენი მობილიზაციის მიუხედავად მტერმა მაინც მოულოდნელი დარტყმით დაგვაბნია (враг все же нас застал врасплох) და მხოლოდ მტრის მცირერიცხოვნებამ და ფოილოს ხიდის აფეთქებამ გვიხსნა. უკანასკნელმა მოწინააღმდეგე შეაჩერა, აიძულა იგი რკინიგზას გასცილებოდა და ქვეითი წესით წამოსულიყო, რამაც საშუალება მოგვცა წინააღმდეგობის ორგანიზაცია მოგვეხდინა. ჩვენ მოვიგეთ ეს კამპანია. ასე რომ, 1920 წელს მოსკოვური მთავრობის პოლიტიკა, ჩვენს დასაპყრობად მომართული, წარუმატებლად (უიღბლოდ) დასრულდა. ამრიგად, თუ მხედველობაში მივიღებდით 1920 წელში ომის მიზეზებსა და საქართველოსთან მიმართებით მოსკოვური მთავრობის მოქმედებებს, შეიძლებოდა დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ ამას საქართველოს დაპყრობის ახალი მცდელობა მალევე მოჰყვებოდა.
შეგვეძლო კი თავიდან აგვეცილებია ეს დაპყრობა, ანუ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, შეგვეძლო კი ისე მოვმზადებულიყავით ომისათვის, რომ გვქონოდა შეძლება და უნარი შეიარაღებული ხელით ამ შემოჭრისგან თავი წარმატებით დაგვეცვა. წამოიჭრება ძირითადი საკითხი, შეეძლო კი „პატარა საქართველოს“ წინააღმდეგობა გაეწია „დიდი რუსეთისთვის“. განვიხილოთ ეს საკითხი. თუ მას მხოლოდ ამ სიბრტყეში განვიხილავთ, სახელდობრ კი „პატარა“ და „დიდი“, მაშინ, რა თქმა უნდა, არ შეეძლო. მაგრამ, ვაფასებთ რა ვითარებას, არ შეიძლება მისი ცხოვრების ამ დროის რუსეთი მივიჩნიოთ „დიდ რუსეთად“, როგორც ეს სიტყვა რევოლუციამდე ესმოდათ. დიდი რუსეთი დაიშალა. უზარმაზარი ოლქები უკვე ვეღარ იყო ის რესურსები, რომელთაგანაც დიდი რუსეთი ბრძოლისთვის თავის ძალებსა და საშუალებებს ამოხაპავდა. მთალ ციმბირს, თურქესტანს, კასპიისიქითა მხარეს, უკრაინას, პოლონეთს, ფინეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ბესარაბიას, ამიერკავკასიას არა თუ არ შეეძლოთ იმ რესურსის სამსახური გაეწიათ, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა რუსეთს ბრძოლის ძალები და საშუალებანი ამოეხაპა, არამედ მათი ნაწილი უკვე საბოლოოდ იყო ჩამოშორებული, ხოლო სხვა ნაწილები კი მოითხოვდნენ ჯარებს მოსკოვური მთავრობის ორბიტაში მათი შენარჩუნებისთვის. ამას უნდა დავუმატოთ დონის, კავკასიის, ურალისა და სხვა კაზაკები, რომლებიც, თუ მტრულად არ გამოდიოდნენ მოსკოვური მთავრობის წინააღმდეგ, ყოველ შემთხვევაში, ამ დროს თავიანთ მასაში მხოლოდ პასიურ მოწმეებს თუ წარმოადგენდნენ. ამრიგად, მხოლოდ ევროპული რუსეთის ნაწილიღა რჩებოდა, ე. ი. ველიკოროსია, მისი ცენტრალური ნაწილი და ვოლგისპირეთის ნაწილიც. უკანასკნელ დიდ ომამდე ევროპული რუსეთი დახლოებით 100 მილიონ მცხოვრებს მოითვლიდა. თუ გამოვრიცხავთ აქედან ყველა ჩამოშორებულ ნაწილს და მხედველობაში მივიღებთ იმას, თუ რამდენი ჯარები უნდა ჰყოლოდა მოსკოვის მთავრობას იმ ნაწილებში, სადაც მისი ძალაუფლება მხოლოდ ხიშტებზე თუ ემყარებოდა, როგორც უკრაიკასა და სხვა ოლქებში, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ცნება „დიდი“ საგანთა ნამდვილ მდგომარეობას უკვე ვეღარ პასუხობდა, ვერც ტერიტორიის დიდი სივრცის მიხედვით და ვერც მოსახლეობის რიცხვისა. ამაზე უკვე მოწმობს ის გარემოება, რომ 1920 წელს გენ. ვრანგელთან და პოლონეთთან ბრძოლისთვის ბოლშევიკებს მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის გამოყვანა შეეძლოთ (დაახლოებით 300 ათასისა), მაშინ როდესაც ნამდვილ დიდ რუსეთს ისინი მილიონობით გამოჰყავდა. სამეურნეო ნგრევა და ტრანსპორტის ძლიერი უკმარისობა ამ „დიდ რუსეთს“ კიდევ უფრო მეტად აუძლურებდა. მისი სისუსტე სავსებით გამოჩნდა მის ომში პოლონთთან. უეჭველია, რომ პოლონეთი ვერასოდეს გაუწევდა წინააღმდეგობას იმ დიდ რუსეთს, რომელიც ჩვენ ვიცოდით. პოლონეთმა არა მხოლოდ მოიგერია ახლანდელი რუსეთი, არამედ ომი მის ფარგლებში შეიტანა და აიძულა იგი მისთვის სასურველ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა, ფულიც კი გადაუხადა რუსეთმა პოლონეთს. და ამასობაში განა კი შეიძლებოდა პოლონეთი ძალმოსილ დერჟავად მიგვეჩნია? რა თქმა უნდა, არა. სულ იმ ხანებში ხდებოდა მისი შედგენა იმ ნაწილებისგან, რომლებიც ასწლეულების მანძილზე გერმანიის, ავსტრიისა და რუსეთის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდნენ; იგი ჯერ კიდევ შეკრულ-შეკავშირებული არ ყოფილა. მან მხოლოდ დაიწყო ჩამოყალიბება და სულაც არ წარმოადგენდა იმ შეკრულ მექანიზმს, რომელსაც ჩვენ სახელმწიფოს ვუწოდებთ. ჯარები იმხანად მხოლოდ ეწყობოდა. ახალი დინებები, რომლებიც არყევდა და ანგრევდა დისციპლინას, სამხედრო ძლიერების ამ საფუძველს, არმიაში განიარაღებული არ ყოფილა და ეს არმიაც მზად არ იყო და, რა თქმა უნდა, შორს გახლდათ არა თუ იდეალისგან, არამედ იმისგანაც, რომ მისთვის საშუალო დონის არმია ეწოდებიათ. მან მოიგო და მოიგო მშვენივრად, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯარები იძულეული შეიქნენ 200 ვერსამდე უკანდახევა მოეხდინათ, ხოლო უკანდახევა კი ყოველთვის ამცირებს ჯარების ბრძოლისუნარიანობას. ნათელია, რომ მოსკოვური მთავრობის ჯარის სამხედრო ძლიერება შორსაა საიმპერატორო რუსეთის ჯარების ძლიერებისგან და მისი გამარჯვება დენიკინზე, ვრანგელსა და ჩვენზე მხოლოდ იმის მაჩვენებლებია, თუ სინამდვილეში როგორი სუსტები იყვნენ დამარცხებულნი.
არ შემიძლია პოლონური არმიის წარმატება მივაწერო ფრანგ ინსტრუქტორებსა და თვით ფრანგულ სარდლობასაც კი. ადამიანების პატარა ჯგუფს (გროვას, кучка людей) არ შეუძლია გავლენა მოახდინოს მთელი კამპანიის შედეგზე, თუ არა მთელი ომისა. ინსტრუტორებს შეუძლიათ განსწავლონ არმია, მაგრამ ამისთვის საჭიროა წლები და ათეული წლებიც კი, მაგრამ არა კვირები. ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, აქვს გავლენა; მაგრამ ხელმძღვანელობას არ ძალუძს შეცვალოს არმია; ხელმძღვანელობას არ შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, თუ საჯარისო ერთეულებს არ შეუძლიათ ტაქტიკური წარმატების მიღწევა; ხელმძღვანელობას არაფრის გაკეთება არ ძალუძს, თუ არმია უარს ამბობს ომზე. არანაირად რომ არ ვეუბნები უარს ფრანგულ სარდლობასა და ინსტრუქტორებს მათ სამხედრო ნიჭსა და უნარებში, მაინც უნდა ვაღიარო, რომ პოლონელები თავიანთი წარმატებით დავალებული არიან უმთავრესად თავიანთი არმიისაგან, რომლის თვისებებიც, საერთოდ ბრძოლისუნარიანობაცა და სარდლობაც მოსკოვური მთავრობის არმიის ასეთ თვისებებზე უფრო მაღლა აღმოჩნდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ხარისხის თვალსაზრისით რუსულ-ბოლშევიკური ჯარები სულაც არ წარმოადგენენ მრისხანე ძალას. 1920 და 1921 წლებში ჩვენი ჯარების მათთან შეტაკებების კრიტიკულ ობიექტურ მიმოხილვას შეუძლია ეს კიდევ ერთხელ დაადასტუროს. კერძოდ, უნდა ითქვას, ჩვენ კიდევ ერთ ხელსაყრელ მონაცემს ვფლობდით. ეს მონაცემი იმაში შედგებოდა, რომ ბოლშევიკური რუსეთისთვის ამიერკავკასიაში ომი რამდენადმე კოლონიური ხასიათის ომი გახლდათ. მე არ წამიკითხავს ჰეკერის მოხსენება (საბჭოთა რუსეთის 11-ე არმიის სარდლისა – ი. ხ.), მაგრამ მის შესახებ მონათხრობების მიხედვით ვიცი, რომ ჰეკერი საქართველოზე შემოტევისთვის დაახლოებით 35 000 ხიშტს მოითხოვდა. მოსკოვურ მთავრობას რომ შეძლებოდა აზერბაიჯანში ამ ძლებისთვის თავი 1920 წლის აგვისტოს, სექტემბრის ან ოქტომბრისთვის მოეყარა, მაშინ იგი ჩვენ უფრო ადრეც დაგვესხმებოდა თავს, და არა შემდეგი წლის თებერვალში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტრანსპორტის უკმარისობა და, საერთოდ მათი არმიების ადგილებზე მიყვანის საშუალებათა უკმარისობაც, იმდენად ძნელი იყო რუსეთში, რომ ეს მოსამზადებელი სამუშაო ძალიან ბევრ დროს მოითხოვდა. გარდა ამისა, ამ ომმა გვიჩვენა, რომ ჰეკერის მიერ მითითებულ რიცხვის ჯარებს ძლივს-ძლივობით თუ მოუყარეს თავი მოქმედებების დასაწყისისათვის, ხოლო ხაშურთან იმ ბოლშევიკური ჯარების მოქმედება, რომლებიც პირდაპირ პეტროვსკიდან გაუჩერებლად ჩამოვიდნენ, ჩემს ამ მოსაზრებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მოსკოვური მთავრობისთვის ეს ომი განაპირა მხარის ომს წარმოადგენდა, იგი სასიცოცხლო ცენტრებიდან შორს იყო, და როსტოვ–ბალაჯარი–თბილისის ერთ სარკინიგზო ტოტზე, როგოც ძაფზე, ისე ეკიდა. ასევე ცნობილია, რომ ომი, როცა ომის თეატრი მოშორებულია სასიცოცხლო ცენტრებისგან, როცა შეტყობინებები ომის თეატრთან გაძნელებულია, ამ სახელმწიფოებისთვის ძალზედ ძნელია. პატარა იაპონიამ გაბედა რუსეთთან ომი, ჩინებულად იცოდა რა ეს გარემოება. ციმბირში რომ რკინიგზა ორლიანდაგიანი ყოფილიყო, 30–40 წყვილი მატარებლის გამტარუნარიანობით, იაპონია ერთი-ერთზე რუსეთის წინააღმდეგ საომრად ვერასოდეს გამოვიდოდა, ვინაიდან რუსეთს შეეძლებოდა იაპონიის წინააღმდეგ სამჯერ მეტი ძალებისთვის თავი ადვილად მოეყარა. ინგლისი ბურებთან, ერთ მუჭა ადამიანებთან ომს 2 ½ წლის მანძილზე აწარმოებდა.
საბჭოთა რუსეთის 11-ე არმიის სარდალი ა. ი. ჰეკერი (დაბადებული თბილისში 1888 წელს; დახვრეტილი მოსკოვის მახლობლად 1937 წელს)
ამრიგად უნდა ვაღიაროთ, რომ „პატარა საქართველოს“ ეომებოდა არა „დიდი რუსეთი“ და რომ უკანასკნელისთვის ეს ომი კოლონიური ხასიათის ომის ძნელ პირობებში წარმოებდა. თუ ყურადღებას მხოლოდ ჯარების იმ რიცხვს მივაქცევთ, რომელიც რუსეთის მხრიდან მონაწილეობდა, მაშინ პატარა საქართველოს თავისუფლად შეეძლო რიცხობრივად უფრო მეტი ჯარები გამოეყვანა. ომისთვის მომზადება რომ ყოფილიყო წარმოებული, როგორც ეს ყოველთვის უნდა გვესმოდეს, ომი რომ ყოფილიყო მომზადებული ისე, როგორც საჭიროა, მაშინ მოსკოვური ნთავრობის ჯარები ან უმალვე მოგერიებულნი იქნებოდნენ, ანდა ომის მოსამზადებლად მეტი ჯარებისთვის უნდა მოეყარა თავი და შესაბამისად შემოტევა მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროისათვის გადაედო, ან კიდევ ომი გაჭიანუდებოდა და შესაბამისი მომზადებისას შეიძლებოდა დაუსრულებელ ომადაც ქცეულიყო. ხომ შეძლეს დაღესტნის მთიელებმა რუსეთთან ომი 60 წლის განმავლობაში ეწარმოებინათ, ისე რომ ყველა მხრიდან ალყაში იყვნენ მოქცეულნი. ბურებმა შეძლეს 2 ½ წლის განმავლობაში გაეწიათ წინააღმდეგობა ინგლისისათვის, რომელსაც საზღვაო შეტყობინებები თავის ხელში ჰქონდა. ჩვენ კი ამ მიმართებითაც ხელსაყრელ გარემოებებში ვიყავით. შავი ზღვა მოსკოვურ მთავრობას არ ეკუთვნოდა; პირიქით, შავი ზღვის მეშვეობით ჩვენ შეგვეძლო ბრძოლის საშუალებები მიგვეღო. მაგრამ საჭირო იყო მოვმზადებულიყავით ომისთვის და 1) არ დაგვეზოგა ფული, რომელიც სულ ერთია შემდეგ საზღვარგარეთ ყოფნაზე დავხარჯეთ, და 2) არ აგვეგო თავდაცვა ისეთ საწყისებზე, როგორზედაც ჩვენი მთავრობა აგებდა, ჯარების გვარდიულ საწყისებზე ორგანიზაციის ჩათვლით.
ქვეყნის თავდაცვის საქმეს არასერიოზულად ეკიდებოდნენ. არმიის მობილიზაცია ომისთვის ერთადერთ მომზადებად ითვლებოდა. ამასობაში ასეთი რამ თავის დასაცავად ქვეყნის მომზადების საქმეში მხოლოდ უკანასკნელი აქტი გახლავთ. არც სახელმწიფოს საინჟინრო მიმართებით მომზადება, არც საომარი მარაგებისა და მატერიალური ნაწილის დამზადება, არც ომის გეგმა, არც ჯარების ორგანიზაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემდა თავიდანვე ველზე დიდი რიცხვის მებრძოლები გამოგვეყვანა, არც ზომები მობილიზაციის დასაჩქარებლად, არაფერი, არაფერი გაკეთებული არ ყოფილა. მოსკოვური მთავრობის დელეგაციას, რომელიც თბილისში იმყოფებოდა, არ შეიძლებოდა ომისთვის ჩვენი მოუმზადებლობა არ დაენახა და მხოლოდ ამიტომ თვლიდა ჩვენი მოწინააღმდეგე, რომ საქართველოს დასაპყრობად მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი მებრძოლია საკმარისი.
მართლაც, შეიარაღებული ძალების ჩვენი ორგანიზაციის მიხედვით ჩვენ გვყავდა არმიის 12 ბატალიონი, რომლებიც მობილიზაციის შემდეგ 3-ასეულიანი შემადგენლობის 36 ბატალიონად იშლებოდნენ, ე. ი. დაახლოებით 10–12 ათასი ხიშტი; გვარდიაში იყო 20–24 ბატალიონი დაახლოებით 10–12 ათასი ხიშტის ძალისა. ამრიგად ჩვენ შეგვეძლო სულ 32–34 ათასი ხიშტი გამოგვეყვანა. ეს უბრალო არითმეტიკაა და ჰეკერიც, სავსებით სწორად ითვალისწინებდა რა, რომ ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე ამ რიცხვიდან შეგვეძლო უკეთეს შემთხვევაში ჩვენი ძალების 2/3-თვის, ე. ი. 22–23 ათასისთვის მოგვეყარა თავი, თავისთვის 35 ათას ხიშტს მოითხოვდა, სხვანაირად რომ ვთქვათ, იგი ძალებში ერთნახევრიან უპირატესობას (აღმატებას) აღწევდა. ჩვენი ძალების მესამედი, თუ არა მეტიც, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე მოქმედებებით იყო დაკავებული. ჩვენი ორგანიზაცია საშუალებას არ იძლეოდა მოქმედებებისთვის ჩვენს სათადარიგოთა დანარჩენი რეზერვი გამოგვეყენებია, სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ, შეიარაღებული ძალების ჩვენეული ორგანიზაციის წყალობით, არ შეგვეძლო წინააღმდეგობის მთელი ის ძალა გამოგვეყენებია, რომელიც ხალხს შეეძლო გამოეჩინა. ამრიგად, უნდა ვაღიაროთ, რომ ომისთვის სათანადო (ჯეროვანი) მომზადების დროს, „პატარა საქართველოსა“ და „დიდ რუსეთს“ შორის ძალთა თანაფარდობა სულაც არ იქნებოდა ცნებების „პატარასა“ და „დიდის“ შესაბამისი. მე არ შემიძლია და არც მინდა შევეხო ომისათვის მომზადების შესახებ საკითხს მთელი მისი მოცულობითა და დეტალებში.
* * *
თავს ნებას მივცემ მოვნიშნო (наметить) ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძირითადი ეტაპები მაშინდელი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. უწინარეს ყოვლისა, უნდა ყოფილიყო ერთი შეიარაღებული ძალა და სახელდობრ კი არმია. მისი ორგნიზაცია ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ ჩვენ შეგვძლებოდა მაშინვე ველზე შეძლებისდაგვარად მეტი რიცხვის მოქმედი ხიშტები გამოგვეყვანა. ამისთვის შიძლებოდა მიგვეღწია, თუ მშვიდობიანობის დროს 20–25 ბატალიონი გვეყოლებოდა, რომლებსაც გაშლის ამა თუ იმ სისტემისდა მიხედვით შეეძლებოდათ 60-დან 100 ბატალიონამდე მოეცათ. 20–22 ბატალიონის რიცხვი ჩვენთვის შეუძლებელი სულაც არ გახლავთ, ვინაიდან არმიის 12 და გვარდიის 20–22 ბატალიონს ვინახავდით. ორგანიზაციის შემდგომ დაწვრილებით საკითხებზე აღარ შევჩერდები. შემდეგ თბილისი გადაქცეული უნდა ყოფილიყო მანევრულ გამაგრებულ რაიონად. სიმაგრეების ძალა მოწინააღმდეგის ძალის შესაძლებლობასა და ფინანსური სახსრების არსებობაზეა დამოკიდებული. არ ვიხელმძღვანელებდით რა ფართო მასშტაბით, შესაძლებელი იყო თბილისის თავდაცვისუნარიანობა მაინც გაგვეძლიერებინა, დაახლოებით, როგორც ის 1920 წელს გავაძლიერეთ, როცა მტკვრის მარცხენა ნაპირის სიმაგრეები იქნა აგებული. თუ თავდაცვის გამაგრებულ კვანძებს მოვაწყობდით დაახლოებით ლილო-მახათასა და კუკიის ტბების რაიონში, აგრეთვე არსებულ ძველ სიმაგრეებს განვავითარებდით მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე ავჭალის რაიონში და მის მარჯვენა ნაპირზე მუხათგვერდის რაიონში, ჩვენ მანევრულ გამაგრებულ რაიონს მივიღებდით, რომელიც ზურგით მთებზე იქნებოდა მიბჯენილი. ამ რაიონის შემოვლა შესაძლებელი იქნებოდა ან კახეთისა და თიანეთის გამოვლით, და შემდეგ კი დუშეთისა, ანდა მანგლის–ახალქალაქ–ბორჯომის გამოვლით. ამ შემოვლისთვის მოწინააღმდეგეს შეეძლებოდა მხოლოდ ძალებში მნიშვნელოვანი აღმატების (უპირატესობის) დროს მიემართა და ასეთი მოქმედებები ჩვენთვის მეტად სახიფათო შეიქნებოდა, თუ მხედველობაში მივიღებდით თბილისის მხრიდან ჯარების აქტიურობასა და საოპერაციო მიმართულებების თბილისზე მთავარი მიმართულებისგან განკერძოვებულობას. მობილიზაციისა და გაშლის დასაფარად სიმაგრეები უნდა ყოფილიყო აგებული წითელ ხიდთან, სადახლოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში და საყარაულოს მთაზე. ფოილოს ხიდი აუცილებლად აფეთქებისთვის უნდა ყოფილიყო მომზადებული და ხიდისზედა სიმაგრეებიც მოწყობილი. ეს სიმაგრეები იმ ვითარებაში, რომელიც იქმნებოდა, შეიძლებოდა ისეთივე ხასიათისა ყოფილიყო, როგორიც უკვე აგებული გახლდათ, ე. ი. საველე ტიპისა, და რაიმე განსაკუთრებულ ხარჯებსაც არ მოითხოვდა. შემდეგ გამაგრებული უნდა ყოფილიყო სურამის ქედი, აგრეთვე აგვეგო სიმაგრეები ზეკარისა და გოდერძის უღელტეხილებზე, და კავკასიონის ქედის უღელტეხილებზეც. უნდა ყოფილიყო სიმაგრეები გაგრის მიმართულებაზეც. ამ სიმაგრეებიდან სურამის ქედის სიმაგრეები და ზეკარისა და გოდერძის ურელტეხილებზეც შეიძლებოდა მეორე რიგში ყოფილიყო დაყენებული, მაგრამ მთელი მოსამზადებელი სამუშაოები წინასწარ უნდა გვეწარმოებინა. ეს შავი სქემა გვიჩვენებს, რომ მთავარი მოქმედებები უნდა მომხდარიყო თბილისის რაიონში, ხოლო თუ მოწინააღმდეგე ამის საშუალებას მოგვცემდა, მისგან აღმოსავლეთითაც. და მხოლოდ ამოვწურავდით რა აქ თავდაცვის მთელ ძალებს, შეიძლებოდა გაგვეგრძელებია თავდაცვა უკვე დასავლეთ საქართველოზე დაყრდნობით. მაგრამ, იძულებული ვიქნებოდით რა დაგვეტოვებია კახეთი, სადაც მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის მოქმედებები იქნებოდა განვითარებული, და ქართლიც, საჭირო იყო ამ ოლქებში წინასწარ მოწინააღმდეგის ზურგზე მოქმედებების ორგანიზება მოგვეხდინა, რასაც ხელს ამ ოლქების მთიანი და ტყიანი ხასიათი უწყობს, და განსაკუთრებით კახეთში (თელავი – ხევსურეთი), ხოლო ქართლში კი თრიალეთი და მესხეთი. შემდგომში, სურამის ქედზე გამაგრების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოგვიწევდა მთავარი თავდაცვა გურიაში გადაგვეტანა, და შემდეგ უკანასკნელ ბურჯზე ბათუმში, ხოლო დამხმარე კი სვანეთში. მაგრამ ასეთი გეგმისათვის წინასწარ უნდა უნდა მოვმზადებულიყავით და მარაგებიც, განსაკუთრებით კი საბრძოლო მარაგები წინასწარვე გაგვენაწილებია (განგვეწერტა). მე ვთვლი, რომ დამოუკიდებლობის 2–3 წლის მანძილზე ჩვენ ამისთვის დრო საკმარისად გვქონდა. ზემოთ გადმოცემული ღონისძიებები რომ დროულად ყოფილიყო მიღებული, მაშინ მოწინააღმდეგე ვერ გაბედავდა დაეწყო ომი, სულ მცირე, იმ ძალებით, რომლებითაც მან ის დაიწყო, ხოლო სერიოზული შემოტევისთვის რომ მომზადებულიყო, მაშინ მას საკმარისი ძალების თავმოსაყრელად ომის დასაწყისის გადავადება მოუწევდა და ეს ჩვენ საომრად შემდგომი მომზადებისთვის დროს მოგვცემდა. უნდა მოვმზადებულიყავით და სერიოზულადაც მოვმზადებულიყავით, და არა მთვარისა და ვარსკვლავებისთვის დაგვეწყო ღაღადი.
ზემოთ გადმოცემული მოსაზრებები და ქვეყნის თავდაცვისთვის თუნდაც რაიმე სერიოზული ზომების არარსებობა დაედო საფუძვლად იმ შეხედულებას, რომელიც 15-დან 16 თებერვლის ღამეს ჩემთან მოსულ ვ. ჯუღელს გამოვუთქვი, რომ ომი უეჭველად წაგებული იქნება, მაგრამ რომ ყოველ შემთხვცევაში საჭიროა ბრძოლა, რის გამოც დავთანხმდი კიდეც რომ შევსულიყავი სამსახურში. მთელი ეს ფიქრები გამოვთქვი, ვღებულობ რა მხედველობაში 1920–1921 წლებში შექმნილ ვითარებას.
1921 წლის 16 თებერვლის შემდეგ შეუძლებელი იყო მოგვეხდინა ქვეყნის წინააღმდეგობის ორგანიზაცია გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე. არ იყო არც დრო, არც საშუალებები, არც შეიარაღებული ძალები. არ გვყავდა რა ჯარები და არ გვქონდა ბრძოლის საშუალებანი არც შეიძლებოდა გვეოცნება ომის მოგებაზე. ეს არ გამორიცხავს ხალხის წინააღმდეგობას, მაგრამ სხვა ხერხით, სახელდობრ კი პარტიზანული სახალხო ომის ორგანიზაციით. ჩვენი ქვეყნის ადგილობრივი ელემენტი ამას ხელს უწყობს. თუმცა კი ეს უკანასკნელიც მოითხოვდა წინასწარ მომზადებას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ქვეყნის თავდაცვის გეგმაში ომის ეს ხერხი დადგენილ უნდა იქნას და დროულადაც უნდა იქნას მიღებული ზომები იმ შემთხვევისათვის, თუ მოწინააღმდეგის მოგერიება ჩვენთვის ხელსაყრელად ვერ დასრულდებოდა, ე. ი. თუ მთავარი საომარი მოქმედებები ბრძოლის ველებზე მტერზე გამარჯვებას ვერ მოგვიტანდა.
არ შევჩერდები რა იმაზე, თუ რატომ ვერ აღვმოჩნდით ჩვენ მზად 1921 წლის ომისათვის, და ვინ იყო ამაში მთავარი დამნაშავე (ამ კითხვაზე ჩემი მოგონებები მთლიანად პასუხობს), მხოლოდ შევჩერდები რა ომის სულ დასაწყისზე და იმ დროზეც, რომელიც მას უშუალოდ წინ უძღოდა, უნდა ვაღიარო, რომ ბრალი ედება ყველა იმას, ვინც უშუალოდ, თავისი თანამდებობით, უმაღლეს ხელისუფლებასთან იდგა. რაც უმაღლეს სამხედრო ჩინებს შეეხება, მაშინ, ვუშვებ რა, რომ სამხედრო მიმართებით ქვეყნის მომზადების მთლიანი ვრცელი სისტემა მათ ხელიდან გაუსხლტათ, მაინც არ შემიძლია უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ბრალად არ წავუყენო ის გარემოება, რომ ის სახსრები და საშუალებანი, რომლებსაც ისინი ფლობდნენ, არ ყოფილა მიზანმიმართულად გამოყენებული და ასევე არ ყოფილა მიღებული ის ღონისძიებები, რომლებიც სრული მთლიანობით მათზე და მხოლოდ მათზე იყო დამოკიდებული. რა თქმა უნდა, უმჯობესია ებრძოდე მოწინააღმდეგეს, სავსებით მომზადებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ, თუ შენ ყველაფერი მზადყოფნაში არ გაგაჩნია, მაშინ არ არის საჭირო ზომების მიღება არსებული საშუალებების საუკეთესოდ გამოყენებისთვის. ამაში ბრალი ედებათ სამხედრო მინისტრს მისი ორი თანაშემწითა და გენერალური შტაბის უფროსს. ეს ადამიანები გახლდნენ ქვეყნის თავდაცვის უახლოესი გუშაგები. პასუხისმგებლობის ზნეობრივი მხარე სამხედრო მინისტრს, როგორც არასამხედრო ადამიანს, ეხსნება (отпадает); მისთვის ძნელი იყო მიმხვდარიყო რომ ქვეყნის თავდაცვა არ მდგომარეობს მხოლოდ მობილიზაციასა და ამა თუ იმ პოლკების აქა და იქ დაყენებაში, თუნდაც ეს მუქარის ქვეშ მყოფი საზღვარი იყოს. მით უმეტესი ზნეობრივი ბრალი ედებათ უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების სამხედრო წარმომადგენლებს.
მათ მიერ დაშვებული შეცდომები იყოფა ორ კატეგორიად: 1) შეცდომებად უშუალო მომზადების პერიოდში და 2) შეცდომებად ხელმძღვანელობაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. პირველ შეცდომებს უნდა მივაკუთვნოთ თავიდან ომის გეგმის არარსებობა. ომის გეგმის შედგენა გენერალური შტაბის ხვედრია, ეს მისი მთავარი ამოცანა გახლავთ. ასეთი გეგმა არ ყოფილა შედგენილი არც მისი სრული მოცულობითა და არც სქემატურად. რა თქმა უნდა, ასეთი გეგმა შედგენილი უნდა ყოფილიყო იმ დირექტივების თანახმად, რომლებსაც უმაღლესი დაწესებულება გამოიმუშავებდა. მაგრამ, თუ ეს დირექტივები არ იქნებოდა, მაშინ ისინი უნდა გამოეთხოვათ. უშუალო მეთვალყურეობა (დაკვირვება) ამ სამუშაოზე, უფრო სწორად, იმაზე, რათა ის წარმოებდეს, ეკისრება სამხედრო მინისტრის ორ თანაშემწეს, თითოეულს თავის სფეროში. მათი ბრალეულობა კიდევ იმ გარემოებითაც ძლიერდება, რომ ნოებერში გამოცხადებული იყო მობილიზაცია და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი წლის თებერვლამდე საომარი მოქმედებები დაწყებული არ ყოფილა, ამ დროის მანძილზე ამ მიმართებით არაფერი გაკეთებულა. როგორც ჩანს ითვლებოდა, რომ მობილიზაცია და ჯარების ნაწილით მუქარის ქვეშ მყოფი საზღვრის დაკავება არის კიდეც ყველაფერი ომისთვის ქვეყნის მომზადების საქმეში. ომის გეგმის მომზადების სფეროში მხოლოდ ჯარების მობილიზაციის განყოფილება იქნა შედგენილი, მაგრამ ეს განყოფილებაც ძლიერ მოიკოჭლებდა. მაგალითად, სათადარიგო პოლკები მხოლოდ ჩემი ბრძანებით შეიქმნა და მათ სათავეში გენ. ვ. წულუკიძე იქნა დაყენებული. არ ყოფილა მიღებული ზომები იმისთვის, რათა მოსული სათადარიგო შემადგენლობისთვის მარაგები და მატერიალური ნაწილი ბატალიონების შტაბებთან ყოფილიყო შენახული. რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ყველაზე უფრო მეტად თვალშისაცემ შეცდომებზე მივუთითებ. მობილიზაციის გეგმის დეტალური განხილვა ბევრ სხვა ნაკლოვანებასაც გვიჩვენებდა. უშუალოდ საომარი მოქმედებების დაწყების წინა პერიოდში მომავალი მოქმედებების გეგმა შედგენილი არ ყოფილა, ე. ი. თუ საომარ მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში როგორი სახის მოქმედებებისთვის უნდა მიგვემართა და, აქედან ამომდინარე, როგორია შეიარაღებული ძალების თავმოყრისა და გაშლის გეგმა; ეს ბრალი მთლიანად ედება სარდლობას გენ. ოდიშელიძის სახით, რომელიც იდგა ჯარების სათავეში.
ომის მოლოდინის დროში, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, ჯარები მუქარის ქვეშ მყოფ საზღვარზე იქნა გაშლილი. ნათელია, რომ ეს იმ მიზნით იყო გაკეთებული, რათა საომარი მოქმედებების დაწყებისთვის მზად ვყოფილიყავით. მაგრამ, უეჭველია, თვითონ ჩვენ არ ვვარაუდობდით ომის დაწყებას. ჩვენ მოლოდინის მდგომარეობა გვეკავა და მოწინააღმდეგის პარირების გზით მოგერიებისთვის ვემზადებოდით; სანამ მოწინააღმდეგე შეტევაზე არ გადმოვიდოდა, ჩვენ უძვრელად დავრჩებოდით. აქედან ნათელია, რომ ჯარების განლაგებაც, მათი დაჯგუფებაც იმ ძირითადი ხერხის შესაბამისი უნდა ყოფილიყო, რომელიც ჩვენს მიერ წინასწარ დასახული სახის მოქმედებებს უპასუხებდა. იყო თუ არა ეს გაკეთებული? არა.
ჯარები აღმოსავლეთ საზღვარზე შემდეგნაირად იყო განლაგებული. ლორეში გვარდიის სამი ბატალიონი, დაახლოებით 1500–1800 ადამიანი; სანაიანის მიმართულებაზე 5, 7 და 8 ბატალიონები. მე არ ვიცი, იყვნენ თუ არა ისინი როგორც 3-ბატალიონიანი პოლკები (სავარაუდოდ არა) თუ როგორც ცალკეული ბატალიონები, აგრეთვე შედიოდნენ თუ არა ამ ჯგუფის შემადგენლობაში გვარდიის ბატალიონებიც; ყოველ შემთხვევაში უნდა ვაღიარო, რომ ეს ჯგუფი ლორეს ჯგუფზე უფრო ძლიერი გახლდათ. შემდეგი ჯგუფი იდგა წითელ ხიდთან; იგი გვარდიის 7 ბატალიონის ძალისა იყო და სანაიანის ჯგუფს აღემატებოდა. შემდეგ ფოილოს ხიდთან იდგა გვარდიის 2 ბატალიონი და ზაქათალას წინააღმდეგ 1 არმიის და 1 გვარდიის ბატალიონები. ამ ჯგუფების უახლოესი რეზერვი, 1-ლი პოლკის 1 ბატალიონი და საგანგებო გვარდიული ბატალიონი იდგნენ თბილისში. საყარაულო ბატალიონი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ველზე გასაყვან ერთეულად. დანარჩენი ჯარები თავიანთ სადგომებში იყვნენ განლაგებულნი და აღმოსავლეთ საზღვარზე გაშლილი ჯარებისთვის რეზერვად არ ითვლებოდნენ; ეს იმით დასტურდება, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდან 15 თებერვლამდე ამ წყაროდან მხოლოდ მე-9 პოლკის ერთი ბატალიონი იქნა მოთხოვნილი, რომელიც ბათუმში იყო განლაგებული, და თვით გვარდიული ბატალიონებიც კი გორიდან გამოძახებული არ ყოფილან. ამრიგად, გაშლილი ძალების მთავარი მასა იმყოფებოდა საზღვარზე – უბანზე ვორონცოვკიდან მდ. მტკვრამდე წითელ ხიდთან. ამასთან, ამ უბანზე ლორეს მიმართულებას ყველაზე უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა, ხოლო სანაიანისა და წითელი ხიდის მიმართულებებს კი – უფრო მეტი მნიშვნელობა, ამასთან უკანასკნელს, წითელი ხიდის მიმართულებას ყველაზე უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ამაზე უკვე მიგვითითებს თბილისური რეზერვის განლაგებაც, რომელიც ყველაზე უფრო ახლოს წითელი ხიდის მიმართულების ჯარებთან იმყოფებოდა. შემდეგ, ვორონცოვკიდან ფოილოს ხიდის ჩათვლით სარდლობა გაერთიანებული გახლდათ გენ. ი. გედევანიშვილის სახით (მის ხელში). ეს სრულებით არასწორი რამ იყო. ჯარებს ერთ სარდლობაში მაშინ აერთიანებენ, როცა ამ ჯარებისთვის ისმება ერთი განსაზღვრული და მათთვის საერთო ამოცანა. იმჟამინდელ პირობებში ასეთი ერთიანი მიზანი არ ყოფილა, რადგანაც მიზნები, რომლებიც შეიძლებოდა ამ ოთხი ჯგუფის ჯარებისთვის დაესვათ, არ შეიძლებოდა ერთი და იგივე ყოფილიყო. ორი მთავარი ჯგუფი, სანაიანისა და წითელი ხიდის, ორ სხვადასხვა მიმართულებაზე იდგა და არ შეიძლებოდა მათთვის მოქმედებათა ერთი და იგივე მიზანი დაესვათ. ამ ძალების ურთიერთმოქმედების მოწყობა არანაირად არ შეიძლებოდა მათ ორივესთვის ერთი საერთო მიზნის დასმით; ამ ჯგუფთაგან თითოეულს შეტევითი და თავდაცვითი ხასიათის თავისი საოპერაციო ხაზი ესახებოდა. ეს მიმართულებები, თითოეული ცალ-ცალკე, მთელი ქვეყნის თავდაცვის საკითხში სავსებით დამოუკიდებელ მნიშვნელობას იძენდნენ და მათთვის მიზნებისა და ამოცანების დასმა უნდა ყოფილიყო უმაღლესი სარდლობის ხელში. რაც შეეხება ლორეს მიმართულებას, ეს მეორეხარისხოვანი მიმართულება გახლდათ და შეიძლებოდა განხილული ყოფილიყო, როგორც საერთო ფრონტის მარჯვენა ფლანგის უზრუნველყოფა, და შესაბამისად ასეთი რამ ასევე უმაღლესი სარდლობის ხელში უნდა ყოფილიყო, ამასთან, მთავარი მოქმედებების თეატრისგან თავისი მოშორებულობის და მისგან უზარმაზარი მთიანი სივრცით განცალკევების გამო, ის საკუთრივ დამოუკიდებელ მიმართულებას შეადგენდა. ქვეყნის თავდაცვის საქმეში გენ. ი. გედევანიშვილი, როგორც კერძო უფროსი, ვერ შეიძლებოდა ქვეყნის თავდაცვის საერთო (ზოგადი) იდეის ხორცშემსხმელი ყოფილიყო; ასეთი უნდა ყოფილიყო თავად მთავარსარდალი. ჩააბარა რა გენ. ი. გედევანიშვილს თითქმის მთელი ჯარები, რომლებიც აღმოსავლეთ ფრონტზე და მის სხვადასხვა საოპერაციო ხაზებზე მოქმედებებისთვის იყვნენ განკუთვნილი, მთავარსარდალმა თავის განკარულებაში მხოლოდ უმნიშვნელო რეზერვი დაიტოვა. ამრიგად მან ჯარების მთავარი მასის პირად ხელმძღვანელობაზე, და ამასთან ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებაზეც, უარი განაცხადა.
გაშლილი ჯარების წინასწარი დაჯგუფების განხილვას შემდეგ დასკვნებამდე მივყავართ. ყველაზე უფრო მეტი ძალის მქონე ორი ჯგუფი დგას სანაიანისა და წითელი ხიდის მიმართულებებზე სუსტი რეზერვით თბილისში. ეს მთავარი ჯგუფები იმყოფებიან კერძო უფროსის გენ. ი. გედევანიშვილის განკარგულებაში, რომელსაც შეეძლო კიდეც მათთვის სავსებით დამოუკიდებლად ეხელმძღვანელა. მთავარსარდალს შეეძლო მხოლოდ იმით ჩარეულიყო, რომ საქმეში თავის უმნიშვნელო რეზერვს შეიყვანდა, რომელსაც თავისი მცირერიცხოვნების გამო არ შეეძლო ბრძოლის ბედ-იღბლის გადამწყვეტი ყოფილიყო ისეთ ვრცელ ფრონტზე, როგორიც ვორონცოვკა – ფოილო გახლავთ. რეზერვი არის მომავალი ოპერაციის მართვის საშუალება, თუ ვითარება მოითხოვს მომლოდინე სახის მოქმედებების წარმოებას. რეზერვს მცირერიცხოვნება, რომელიც შეიძლება მხოლოდ არასასურველი შემთხვევითობების პარირებისთვის (მეგერიებისთვის) გამოდგეს, აღნიშნავს, რომ ვითარება საკმარისად გამორკვეულად ითვლება, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რომ საბრძოლო წყობის ყველა ნაწილს მიეცა ამოცანა, დაესვა მიზანი, რომ დასახულია მთავარი დარტყმა, რომ რჩება მხოლოდ მოქმედება, ე. ი. რომ დადგა დარტყმის უკანასკნელი აქტი და რომ ყველაფერი სასწორზეა დადებული.
განა კი ასეთი იყო მდგომარეობა? რა თქმა უნდა, არა. ვითარება სულაც არ ყოფილა გამორკვეული და, როგორც ცნობილია, ჩვენ მომლოდინე მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ამ მდგომარეობისთვის უნდა გვყოლოდა ძლიერი რეზერვი. ვიმეორებ, რომ ტერიტორიაზე დარჩენილი ნაწილები აღმოსავლეთის ფრონტზე მოქმედებებისთვის რეზერვში არ ითვლებოდნენ, და არც შეეძლოთ მომავალი ბრძოლის ველზე დროულად გამოცხადებულიყვნენ. მაინც როგორი იყო მთავარი სარდლობის განზრახვები? რა სურდა ეღონა მას საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეიძლება. ჩააბარა რა თითქმის მთელი ჯარები გენ. ი. გედევანიშვილს, მთავარსარდალი ამით ამ ჯარების მოქმედებათა თავის პირად ხელმძღვანელობაზე უარს ამბობდა, და დაიტოვა რა თავისთვის უმნიშვნელო რეზერვი, საკუთარ თავს ამ ოპერაციების მსვლელობაზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა წაართვა. მე არ ვიცი, როგორი ინსტრუქციები ჰქონდა მიცემული გენ. ი. გედევანიშვილს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ კი სანაიანისა და წითელი ხიდის ჯგუფების უფროსებს. შესაძლოა წერილობით დოკუმენტებს ნათელი მოეფინათ იმისთვის, თუ რა სურდა მთავარსარდალს და რას მოითხოვდა იგი.
ყოველ შემთხვევაში, ჯარების განლაგება და მათი თავდაპირველი მოქმედებები მიგვითითებს, რომ ასევე არ ყოფილა მომავალი მოქმედებების განსაზღვრული გეგმაც. და აი რატომ. მოქმედებების დაწყების შემდეგ წითელი ხიდის ჯგუფი სანაიანის ჯგუფის დასახმარებლად იქნა დაძრული. მიმართულება, რომელსაც აქამდე ერთი დღით ადრე ისეთი უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ ამ მიმართულებაზე ყველაზე უფრო ძლიერი ჯგუფი იყო თავმოყრილი, შიშვლებოდა. მაინც რა სურდა მთავარ სარდლობას, როცა ამ მიმართულებაზე ყველაზე უფრო ძლიერ ჯგუფს უყრიდა თავს და პირველივე გასროლების შემდეგ კი ამ მიმართულებას აშიშვლებდა. პასუხის გაცემას ვერ შევძლებ. მე არ ვეხები ამ ჯგუფების დეტალურ განლაგებას. ვიცი, რომ ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში მთავარსარდალი იქ მგზავრობდა და, ეს ნიშნავს, რომ ჯარების დაწვრილებითი განლაგება არა მხოლოდ რუკაზე, არამედ ადგილმდებარეობაზეც არ შეიძლებოდა მას თვალთაგან გამოჰპარვოდა. არ ჩავუღრმავდები რა იმას, თუ ვისი ბრძანებით იქნა გაშიშვლებული წითელი ხიდის მიმართულება, მთავარი სარდლობის ბრძანებით თუ გენ. ი. გედევანიშვილისა, მაინც ასეთი გადაჯგუფება არ შეიძლებოდა უცნობი ყოფილიყო მთავარი სარდლობისთვის და, თუ უკანასკნელი ამას არ ეთანხმებოდა, მას შეეძლო და მოვალეც იყო ამის ნება არ მიეცა.
საომარ მოქმედებათა დაწყების შემდეგ მთავარმა სარდლობამ დაიწყო დამარცხებული სანაიანის რაზმის გაძლიერება პაკეტებით თავისი უმნიშვნელო რეზერვიდან და მხოლოდ მისი ამოწურვის შემდეგ, როცა საყარაულო ბატალიონის 2 ასეულიც კი გაგზავნა, მან ბათუმიდან მე-9 პოლკის ბატალიონი გამოიძახა. ამასთამ, აძლიერებდა რა პაკეტებით ამ რაზმს, გენ. ი. გედევანიშვილს ამოცანად უსვამდა „შეტევაზე გადასვლას“. ეს არ არის ხელმძღვანელობა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, როცა მთავარი სარდლობა საბრძოლო მოქმედებების დაწყების მომლოდინე მდგომარეობაში თავის პირად განკარგულებაში იმდენად უმნიშვნელო რეზერვს იტოვებს, რომ საქმეში მისი შეყვანით არ შეუძლია ბრძოლის ან ოპერაციის მსვლელობაზე გავლენა მოახდინოს.
ამრიგად, ვაჯამებ რა იმ შეცდომებს (подводя итоги недочетам), რომლებსაც ადგილი ჰქონდა საომარ მოქმედებათა დასაწყისის უახლოეს პერიოდში, უნდა აღვნიშნო: 1) ომის გეგმის არარსებობა, 2) ძალების არასწორი გაშლა, თითქმის არ არის რეზერვი, 3) მომავალ საომარ მოქმედებათა გეგმის არარსებობა, 4) სხვადასხვა საოპერაციო მიმართულებებზე სარდლობის გაერთიანება, 5) მთავარი სარდლობის მიერ საომარ მოქმედებათა მთავარ თეატრზე პირად ხელმძღვანელობაზე უარის თქმა, 6) წითელი ხიდის მიმართულების გაშიშვლება, 7) ბრძოლის ველზე იმ ჯარების გამოყვანაზე უარის თქმა, რომლებიც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იყვნენ განლაგებული (მხოლოდ ერთი ბატალიონი იქნა გამიძახებული), 8) სანაიანის ჯგუფის ჯარების პაკეტებით გაძლიერება, 9) გენ. გედევანიშვილისთვის ამოცანების არასწორად დასმა, სახელდობრ კი „შეტევაზე გადასვლა“, რომელიც იმ ვითარებაში მიზანშეუწონელი და შეუსაბამო გახლდათ.
* * *
ასეთი იყო გაუთვალისწინებლობანი და შეცდომები (недочеты и ошибки), რომლებიც ომის წინ უახლოეს პერიოდსა და მის დასაწყისში იქნა ჩადენილი. მათ ჩვენი ჯარების უმეტესი ნაწილის სრულ დამარცხებამდე მიგვიყვანეს; იმ ჯარების რიცხვიდან (შემადგენლობიდან), რომლებიც ვორონცოვკა–წითელი ხიდის ფრონტზე იყვნენ გამოყვანილი და მიიღეს ბრძოლა 16 თებერვალს, თბილისში მეტ-ნაკლები წესრიგით დაახლოებით 600–700 ადამიანი დაბრუნდა, რომლებიც 12–15 ერთეულის (ბატალიონის) ნარჩენებს შეადგენდნენ. ამან გადაწყვიტა კამპანია. მე უკვე ვიანგარიშე, თუ რა დარჩა ამ დამარცხებით ხელუხლებელი. აქ მათ ჩამოვთვლი. ესენი იყვნენ: მე-4 პოლკის 1 ბატალიონი, მე-9 პოლკის 1 ბატ., 10-ე პოლკის 1 ბატ., 11-ე პოლკის 1 ბატ. და 12-ე პოლკის 1 ბატ., სამხედრო სკოლა, რომელთა მთავარ კონტინგენტს სულ ახლახანს გაწვეული ახალგაზრდები შეადგენდნენ; ამ რიცხვიდან 11-ე პოლკის 1 ბატალიონს არ შეეძლო თბილისში ჩამოსვლა მოესწრო და მხოლოდ ხაშურში გამოცხადდა იმ მომენტში, როცა ჩვენ იქ ვიმყოფებოდით, ხოლო 12-ე პოლკის ბატალიონი კი, რომელიც ცალ-ცალკე ნაწილებად იყო დაყოფილი და არტაანსა და მანგლისში იდგა, საერთოდ უნდა ამოგვერიცხა მოქმედი ჯარების რიცხვიდან. სულ ჯამში 4 ბატალიონი და სამხედრო სკოლა. ამას უნდა დავუმატოთ გორის 2 გვარდიული ბატალიონი, ბათუმისა და ახალციხის გვარდიული ბატალიონები, სულ 4 ბატალიონი, ხოლო მთლიანობაში კი 8 ბატალიონი და სამხედრო სკოლა. დამარცხება განიცადეს: არმიის 1-ლი პოლკის 1 ბატალიონმა, 5, 7 და 8 პოლკებმა და მთელმა გვარდიამ, ზემოთ ხსენებული ბატალიონების, სოხუმის ბატ-ნის, ფოილოს მიმართულებაზე მყოფი 2 ბატ-ნისა და კახეთის ერთი ბატ-ნის გამოკლებით: სულ 4 საარმიო და 13 გვარდიული ბატალიონი, ანუ მთლიანობაში 17 ბატალიონი. თუ მთელ ძალებს ჩავთვლით 12 საარმიო და 24 გვარდიული ბატალიონის შემადგენლობით, მაშინ დამარცხება განიცადა 3/4-მა იმ რიცხვიდან, რომელსაც შეეძლო მონაწილეობა მიეღო ბრძოლებში მხოლოდ აღმოსავლეთ საზღვარზე და არა ნაკლებ ნახევარმა რესპუბლიკის მთელი შეიარაღებული ძალებისა.
და როგორი იყო ჩვენს მიერ ომის წაგების საერთო (ზოგადი) მიზეზები? ამ კითხვას პასუხობს მთლიანობაში ჩემი მოგონებები. ახლა დასკვნებს განვაზოგადებ. შევჩერდები მხოლოდ ფაქტებზე, რომელთა თანამიმდევრულად ჩამოთვლაც წარმოადგენს მმართველთა ნამდვილი განზრახვების მაჩვენებელს.
შეიარაღებული ძალები თავისი არსით სახელმწიფოს საყრდენია; იგი თავისი სახელმწიფოს დამცველი გახლავთ და მისთვის რკინის გალავნის სამსახურს სწევს, რომლის შიგნითაც ხალხი თავისი ძალების მშვიდობიან განვითარებას ეძლევა. შეიარაღებული ძალები და მისი მოწყობა უნდა იქცევდეს (იზიდავდეს) მმართველთა ყოველმხრივ ყურადღებას, რათა უზრუნველყონ ხალხისათვის მშვიდობიანი ცხოვრება. ამასთან ერთად არმია წარმოადგენს თავისი ხალხის ყველა თვისების ასახვას, ვინაიდან არმია ხალხიდან იბადება, იგი გახლავთ მისი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. არმია საკუთარ თავში როგორც სარკეში ასახავს თავისი ხალხის ყველა დადებით და უარყოფით ნიშანს, ხოლო მისი ძალმოსილებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი ხალხის შინაგანი ძალების განვითარების ძალასა და ხარისხს შეესაბამება. ხალხის ძლიერების ან სისუსტის მომენტში, თავისი კულტურის უმაღლესი განვითარების ან დაქვეითების მომენტში, არმია ასეთივე მომენტებში შესაბამისად ან თავისი განვითარების უმაღლეს ძალას აღწევს ან კიდევ მიდის თავისი დაქვეითებისკენ. ეს კანონი იმდენად განუხრელია, რომ არმიის მიხედვით, როგორც თერმომეტრის მიხედვით, შეიძლება მსჯელობა ხალხის ძალმოსილებისა და მისი ძალების განვითარების ხარისხზე. აზრთა მიმართულებანი, რომლებიც მოიცავს ხალხს, მაშინვე ჰპოვებს თავის ასახვას არმიაში. ეს მოვლენა განსაკუთრებით საგრძნობია იმ ხალხებში, რომლებსაც წარმომადგენლობითი სახის მმართველობა გააჩნიათ. აბსოლუტური მონარქიული მმართველობის მქონე ქვეყნებში ღებულობენ ზომებს არმიის იზოლირებისათვის სახელმწიფოს შინაგანი ცხოვრებისგან; მაგრამ, რადგანაც არმია აქაც იმავე ხალხისგან, იმავე ერთეულებისგან შედგება, მაშინ ყურადღებიანი მკვლევარი აქაც იპოვნის იმავე მოვლენებს არმიაში, და ეს კანონი მონარქიულ ქვეყნებშიც სწორი რჩება.
ეს მოვლენა იყო კიდეც იმის შედეგი, რომ რუსეთში 1917 წელს, არმია მთლიანად შეუერთდა რევოლუციას, რაც არ გაუკეთებია მას 1905 წელს, როცა აზრთა ამ ახალ განწყობილებებს ვერ მოესწროთ ხალხის ხშირ რიგებში შეღწევა. იყო რევოლუციასთან ასეთი ერთსულოვანი შეერთების სხვა მიზეზებიც, მაგრამ ეს მისი მთავარი მიზეზი გახლდათ, ეს იყო საფუძველი ყველა დანარჩენი მიზეზისა. შეიარაღებული ძალის, ხალხის არმიის ცივსისხლიან და მიუკერძოებელ კრიტიკოსს, რომელიც იკვლევს მის თვისებებს და, ეს ნიშნავს, რომ იკვლევს მის შინაგან ცხოვრებას, ყოველთვის შეუძლია სწორად განსაზღვროს ხალხის შინაგანი ძალების მდგომარეობის ხარისხი, რომლიც (ეს ხალხი) შეიარაღებულ ძალებში გამოავლენს თავის ნიშნებსა და თავის განვითარებას ყველაზე უფრო მკვეთრი, თვალში საცემი სახით. ის ტონი, რომელიც აიღება შეიარაღებულ ძალასთან მიმართებაში, ის მიმართულება, რომელსაც მიჰყვებიან მმართველები მასთან მიმართებით თავიანთ ღონისძიებებში, ის პირობები, რომლებშიც ჩაყენებულია არმია, ხალხის დამცველი, მეტად რელიეფური სახით ახასიათებს კიდეც შექმნილ ვითარებას.
აი რატომ, გამოვიკვლევთ რა ყველაფერს, რაც ხდებოდა ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, მის სულსა და იმ ღონისძიებებს, რომლებსაც მმართველები ღებულობდნენ მასთან მიმართებით, შეიძლება ვიმსჯელოთ კიდეც იმის შესახებ, თუ რა კეთდებოდა მმართველთა მიერ და რა ხდებოდა ხალხის წიაღში. აქ შეიძლება ვიპოვოთ კიდეც ის ზოგადი მიზეზები, რომლებიც იქცნენ ჩვენი დამარცხების მიზეზად.
ამას შევუდგები კიდეც. უწინარეს ყოვლისა შევჩერდები საკითხზე, უნდოდათ თუ არა მმართველებს შეექმნათ შეიარაღებული ძალა, თვლიდნენ თუ არა ისინი, რომ შეიარაღებული ძალა წარმოადგენს აუცილებლობას სახელმწიფოს ცხოვრებისათვის. ამ კითხვაზე გარკვეული და ნათელი პასუხის გაცემა, დადებითის ან უარყოფითის, არ შეიძლება. მმართველები, როგორც აზრთა ახალი მიმართულებების, სოციალიზმის ახალ სწავლებათა წარმომადგენლები, თავიანთი მოძღვრების არსით იყვნენ ომების მოწინააღმდეგენი და, შესაბამისად, სადავო საერთაშორისო ურთიერთობების გადაწყვეტას აფუძნებდნენ მშვიდობიანი გზით მათი გადაწყვეტის საწყისებზე. მაგრამ, ცხოვრების სინამდვილემ გვიჩვენა, რომ მსოფლიოს სულაც არ მიუღწევია ისეთი განვითარებისათვის, რათა სადავო საკითხების გადაწყვეტა შეიძლებოდეს სხვანაირად, თუ არა შეიარაღებული ხელით. ამ გარემოებამ, ამ, ასე ვთქვათ, თავად ცხოვრებამ უკარნახა მათ ეღიარებინათ შეიარაღებული ძალა. თუმცა კი, ამას ისინი აღიარებდნენ, როგორც ბოროტ აუცილებლობას. იმ ვითარებაში, რომელშიც მოხდა რევოლუცია, ისინი ხედავდნენ, რომ რუსეთის დამარცხება მას დამონებამდე, დაღუპვამდე მიიყვანდა. აი ამიტომ, რევოლუციის დაწყებიდანვე რუსეთის სოციალისტებმა, და მათ შორის მენშევიკებმაც, საკუთარი თავი გერმანიასთან ბრძოლის გაგრძელების მომხრედ გამოაცხადეს. მაგრამ ეს მათ შეკუმშული გულით გააკეთეს. მსგავსი ვითარება იყო საქართველოშიც, სადაც უშუალო საფრთხე გვემუქრებოდა თურქეთის მხრიდან და, რა თქმა უნდა, რუსეთისა და ჩვენი მეზობლების მხრიდანაც. და აი საქართველოში სოციალისტ-მენშევიკები, რომლებიც აქ მდგომარეობის ბატონ-პატრონები იყვნენ, იმავე გზას დაადგნენ და შეიარაღებული ძალის მომხრენი შეიქნენ, თუმცა კი თავიანთი ნების წინააღმდეგ.
თითქოსდა უნდა დაეწყოთ კიდეც ეს საქმე. მაგრამ არა, მათ აღიარეს, რომ შეიარაღებული ძალა უნდა არსებობდეს, მაგრამ სურდათ მისი ორგანიზება მოეხდინათ „ახალ“ საწყისებზე, მასში უწინარეს ყოვლისა ჰქონოდათ რეჟმის მხარდაჭერა. ჰქონდათ რა ძალზედ ბუნდოვანი წარმოდგენა საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროის რევოლუციური არმიის შესახებ და ვარაუდობდნენ რა, რომ ეს რევოლუციური არმია წარმოადგენდა რაღაც ახალს, მათ აქაც, საქართველოშიც, დაიწყეს იმ საფუძვლებისა და იმ ორგანიზაციის კატეგორიული უარყოფა, რომლებზედაც უნდა იქნას აგებული შეიარაღებული ძალები და იწყეს ახალი გზების ძიება შეიარაღებული ძალების „ახლებურად“ შექმნისათვის. ეს მისწრაფება ჩანს ნათლად; იგი ვლინდებოდა ყოველთვის და ხაზგასმულად ჩემს მოგონებებში. ჯერ კიდევ 1917 წლის დეკემბერში ჩვენი ეროვნული კრების სამხედრო სექცია დაადგა იმ თვალსაზრისს, რომ ჩვენს არმიაში დაშვებულ უნდა იქნას კომიტეტები და პარტიულობა. ახალი გზების ეს ძიება გამოვლინდა იმ კრიტიკაშიც, რომელიც გამოთქვეს ეროვნული კრების აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა არმიის ორგანიზაციის პროექტის შესახებ, რომელიც წარადგინა სამხედრო კომისიამ. სიმპტომატურია ნ. ბ. რამიშვილის ფრაზა, რომელმაც თქვა, რომ ამ პროექტში სულ უფრო მეტია ძველი და ძალიან ცოტაა „ახალი“. მაგრამ, მეორე სხდომის დროს, როცა უშუალო თურქული საფრთხე წამოიმართა, გადაწყდა მიეღოთ ეს პროექტი. ამის მომხრედ სოც-დემოკრატიული პარტიის მეთაური გამოდიოდა. თუმცა კი, ეს გადაწყვეტილება გულწრფელი არ ყოფილა, პროექტი დასამარებულ იქნა და ისევ დაიწყეს „ახალი საწყისების“ ძიება, რომლებზედაც უნდა ყოფილიყო აგებული ახალი შეიარაღებული ძალა. და იპოვნეს კიდეც. რევოლუციიდან გამოჩენილ (გამოსულ) „წითელ გვარდიას“ სახელი გადაარქვეს და „სახალხო გვარდია“ უწოდეს. ეს გახლდათ ის ახალი შეიარაღებული ძალა, რომელიც არმიის ორგანიზების შესახებ მმართველი პარტიის გაგებას აკმაყოფილებდა. შეიარაღებული ძალის გვარდიის საწყისებზე ორგანიზაციის მთელი აბსურდულობის მიუხედავად, დაიწყეს ამ უკანასკნელის ყველა ხერხით განმტკიცება. რა თქმა უნდა, მან ვერ გაუძლო პირველივე საბრძოლო გამოცდებს, მაგრამ ამაზე თვალი დახუჭეს.
თ ა ვ ი XXVII
საქართველოს სახალხო გვარდია
მარცხნიდან მარჯვნივ: გრიგოლ ლორთქიფანიძე, ნოე ჟორდანია და ვალიკო ჯუღელი
რას წარმოადგენდა გვარდიული ორგანიზაცია? როგორია მისი ხარისხი და თვისებები? ნამდვილად კი წარმოადგენდა ჯარის ეს გვარეობა ახალ სამხედრო ორგანიზაციას, რომელიც არასოდეს ენახა მსოფლიოს. წარსულ დროთა ისტორიიდან ვიცით შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის ბევრი სხვადასხვა სისტემა, აგრეთვე ამ სისტემების უარყოფითი და დადებითი თვისებებიც. ჯარების ორგანიზაცია ხდებოდა შემდეგი სისტემების მიხედვით: 1) დაქირავება (наем), 2) მოგროვება (შეკრება, вербовка), 3) რეკრუტობა (სამხედრო ბეგარა), 4) კადრების სისტემა და 5) მილიცია. განვიხილოთ ეს სისტემები და შევხედოთ რომელ სისტემას შეიძლება მივაკუთვნოთ გვარდიული ორგანიზაცია? რომელი სისტემის ნიშნებს შეასხა ხორცი მან საკუთარ თავში? მაშინ ნათლად დასანახი შეიქნება მისი ყველა თვისება და ისიც, თუ რისი მოლოდინი შეიძლება გვქონოდა მისგან. აღნიშნული სისტემების გარდა, ძველ დროში იყო კიდევ ერთი სისტემა, სახელდობრ კი სამხედრო კასტა (მხედრები), რომელსაც ომის სიმძიმე აწვებოდა და რომელსაც სახელმწიფოში პრივილეგირებული მდგომარეობა ეკავა. ამ სისტემაზე არ შევჩერდები, რადგანაც ამ სისტემამ დიდი ხანია თავისი დრო მოჭამა; მხოლოდ ვიტყვი, რომ ყოველგვარი კასტა დანარჩენი კლასების მასში შესასვლელის ჩაკეტვით გადაგვარებისთვისაა განწირული.
1. დაქირავება (наем). ეს სისტემა გამოჩნდა თითქმის ყველგან ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მომენტში, როცა ხელისუფლება თავის სახელმწიფოში ამკვიდრებდა თავის მდგომარეობას და ამისთვის დაქირავებულებით სარგებლობდა. თანდათანობით მათი გამოყენება გარეშე მტრებთან ომებშიც დაიწყეს. ამ ხანებში სამსახური ემყარებოდა არა სამშობლოს დაცვის მოვალეობასა და არა თითოეული მოქალაქის ვალდებულებას, არამედ ფულად ანაზღაურებას, ერთდროულსა და ყოველთვიურს. ამგვარი ჯარების თვისებაა: 1) ბრძოლისუნარიანობა მეტად დაბალია, ეროვნულ ჯარებთან შედარებით, ვინაიდან იბრძოდნენ ფულისთვის, და არა იდეალებისთვის; განსაკუთრებით, როცა დაქირავებულები უცხო ეროვნებისა გახლდნენ. იყო, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე კონტრაქტით აღებულ ვალდებულებათა პატიოსნად შესრულების შემთხვევებიც, მაგრამ ესენი ცალკეული შემთხვევები გახლდათ. 2) არცთუ იშვიათი იყო მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლა, როცა ის უფრო მეტ საზღაურსა და უკეთეს მატერიალურ პირობებს ჰპირდებოდა, ამასთან იყო ასეთი გადასვლის შემთხვევები ბრძოლის დროსაც. დადებული კონტრაქტი ყოველთვის ვერ წარმოადგენდა გარანტიას. 3) დაქირავება დიდი სახელმწიფო ხარჯი გახლდათ და მძიმედ აწვებოდა მოსახლეობას. 4) დისციპლინა დაფუძნებული იყო არა მოვალეობის გრძნობაზე, არამედ უფროსისადმი შიშზე, კაპრალის ჯოხზე. 5) პირადი შემადგენლობის ზნეობრივი დონე მეტად დაბალი იყო, ვინაიდან საკუთარი თავის გაყიდვაზე (ქირით ომში წასვლაზე) მიდიოდნენ მხოლოდ მაღალი იდეალების არმქონე ადამიანები. 6) სახალხო, ეროვნულ ჯარებთან შეხვედრისას ჩვეულებრივ მარცხდებოდნენ. 7) უფროსებში თავიანთი ხელქვეითებისადმი ნდობის არარსებობა.
2. მოგროვება (შეკრება, вербовка). 1) ზნეობრივი შემადგენლობა კიდევ უფრო დაბალი იყო, ვიდრე დაქირავებულებისა, ვინაიდან მოგროვებისთვის მიმართავდნენ სხვადასხვანაირ მოტყუებას, დათრობას, სატყუარებსა და სხვა. 2) მოგროვებული არმიების განმასხვავებელი ნიშანი გახლდათ ძარცვა, ძალადობა, რაც მათ თავიანთი მოსახლეობისთვის ისეთივე საშინელს ხდიდა, როგორიც იყვნენ მოწინააღმდეგის ჯარები. 3) შემადგენლობის სხვადასხვაგვარობა ზიანს აყენებდა სიმტკიცეს, ცალკეული ერთეულების შეკავშირებულობას, და შესაბამისად ბრძოლისუნარიანობაც მეტად დაბალი ჰქონდათ. 4) დეზერტირობა, რიგების დატოვება ჩვეულებრივი მოვლენა იყო და უფროსები თვით გამარჯვების შემდეგაც კი ხშირად ჯარების გარეშე რჩებოდნენ; დამარცხების შემდეგ ადამიანები (მებრძოლები) ჩვეულებრივ გარბოდნენ და ჯარიც არსებობას წყვეტდა. 5) უკეთესი მატერიალური უზრუნველყოფის აუცილებლობა იწვევდა დიდი აღალების შენახვას. 6) ჯარების ადგილობრივი საშუალებებით შენახვა არ შეიძლებოდა, რადგანაც დეზერტირობა და მძარცველობა ვითარდებოდა, ხოლო დიდი აღალები კი უფროსების მოქმედებათა თავისუფლებას ბოჭავდა. 7) დიდი ფულადი ხარჯი. 8) უფროსებში თავიანთი ხელქვეითებისადმი ნდობის არარსებობა. 9) სიძვირე, ბრძოლის დროს მასობრივი დეზერტირობა და ნდობის არარსებობა ახალისებდა უფროსებს ღია ბრძოლისთვის თავი აერიდებიათ და ომიც არა მტრის განადგურებაზე, არამედ ამა თუ იმ ქალაქის, ციხესიმაგრის დაუფლებაზე დაიყვანებოდა და სხვა. 10) დისციპლინა მიიღწეოდა ჯოხით. 11) რადგანაც მოგროვების დროს ჯარების ორგანიზაცია ამა თუ იმ პირს ევალებოდა, ამიტომ მმართველიც ამ პირზე დამოკიდებული ხდებოდა.
3. რეკრუტობა (рекрутчина). 1) არმიის ეროვნული სახე (облик) ჯარებს უფრო მეტად ბრძოლისუნარიანს ხდიდა. 2) ჯარების შემადგენლობის დონე იმაზე დაბალი იყო, რომლის მიცემაც ქვეყანას შეეძლო, ვინაიდან მემამულეები ჯარებში თავიანთი შეხედულებისდა მიხედვით ნიშნავდნენ, და შესაბამისად ცდილობდნენ თავიდან უფრო ცუდი ელემენტი მოეშორებიათ. 3) სიცოცხლის ბოლომდე სამსახური საშუალებას იძლეოდა ჯარისკაცში მოვალეობის გრძნობა ჩაენერგათ. ჯარისკაცად წაყვანილს აღარ შეეძლო სამშობლოში დაბრუნებულიყო და თანდათანობით შეკრულ-შედუღებული ჯარების გამომუშავება ხდებოდა. მაგრამ, იყო დიდი პროცენტი მოხუცებულობაში შესული ჯარისკაცებისა. 4) დისციპლინა ჯოხზე იყო დამყარებული.
4. კადრების სისტემა. 1) სამხედრო სამსახურის სავალდებულობა; საფუძვლად ედება თითოეული მოქალაქისათვის თავისი სამშობლოს, თავისი სახელმწიფოს, თავისი ხალხის დაცვის სავალდებულობა. 2) სამსახურის სავალდებულობა იწვევს არმიის შეიარაღებული ხალხის სისტემის სახით ორგანიზაციას. 3) დისციპლინას საფუძვლად ედება მოვალეობის გრძნობა, სამშობლოსა და ხალხის წინაშე თავის ვალდებულებათა გრძნობა. ჯოხი, როგორც დისციპლინის დამნერგავი, დაბალი კულტურის მქონე ქვეყნებში გამოიყენება. 4) ჯარებში სამსახურის დადგენილი ვადა მოსახლეობას მშვიდობიანი შრომისგან მხოლოდ გარკვეული პერიოდით წყვეტდა. 5) არმიის ზნეობრივი სახე ძლიერ ამაღლდა და მთელი ხალხის ზნეობრივ სახეს შეესაბამებოდა, და არა მისი ერთი ნაწილის, და მასთან უარესისა, როგორც ეს ზემოთ ჩამოთვლილ სისტემებში (დაქირავება, ბოგროვება, რეკრუტობა) გახლდათ. 6) უკვე აღარ ეშინოდათ ღია ბრძოლისა; ადგილობრივი საშუალებებით სარგებლობის წყალობით, გადაადგილებისა და მანევრირების უნარი გაიზარდა, რამაც ომის, მოსახლეობისთვის ამ მძიმე მოვლენის ხანგრძლივობის შემცირება გამოიწვია. 7) ომისათვის მზადყოფნა გაიზარდა, ვინაიდან თითოეული მოქალაქე აუკვე აღზრდილი და განსწავლული მეომარი გახლდათ. 8) ჯარის ერთგვაროვნება და იარაღის ქვეშ ყოფნა ჯარებს შეკრულ-შეკავშირებულსა და შესაბამისად უფრო ბრძოლისუნარიანს ხდიდა. 9) უფროსის ნდობა თავისი ჯარებისადმი სრული შეიქნა.
5. მილიცია. 1) სამხედრო სამსახურის სავალდებულობა. 2) შეიარაღებული ხალხი. 3) დისციპლინა მოვალეობის გრძნობაზე, სამშობლოს, სახელმწიფოს, ხალხის წინაშე ვალდებულების გრძნობაზეა დამყარებული; მაგრამ ჯარისკაცის აღზრდისათვის აუცილებელი ვადა მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე კადრების სისტემის დროს, რისი ძალითაც რაღაცას კარგავს (აგებს) დისციპლინა. 4) სამსახურის მოკლე ვადა მოსახლეობას უფრო ნაკლები დროით წყვეტს მშვიდობიან შრომას, ვიდრე კადრების სისტემისას. მაგრამ, ამასთან დაკავშირებული ნაკლები ბრძოლისუნარიანობა, კადრების სისტემასთან შედარებით, იწვევს დამარცხებას კადრების სისტემის მიხედვით ორგანიზებულ ჯარებთან შეხვედრის შემთხვევაში (1870 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომი, მე-2 ნახევარი). 5) სამსახურის სიმოკლე აქვეითებს ჯარების განსწავლულობასა და მათ მანევრულობას, ამ გვირგვინს საბრძოლო სწავლებისა. 6) ტექნიკური ჯარები, სამსახურის სიმოკლის წყალობით, უფრო სუსტი ხარისხისაა, ვიდრე კადრების სისტემის დროს. 7) ჯარების შეკრულ-შედუღებულობა თითქმის არ არის. 8) ნაკლები მზადყოფნა თვითდაცვისათვის. 9) ფულადი ხარჯები ზოგადად არ არის იმ ხარჯებზე ნაკლები, რომლებიც კადრების სისტემითაა გამოწვეული. 1912 წლის სმეტის მიხედვით შვეიცარიის მიერ სამხედრო უწყებაზე წარმოებული ხარჯების პროცენტი გერმანიის და ავსტრიისას მხოლოდ უმნიშვნელოდ ჩამორჩებოდა, ხოლო დანარჩენი სახელმწიფოების ხარჯებს კი აღემატებოდა.
ზემოთ გადმოცემული სისტემების განხილვიდან ძნელი არ არის მივიდეთ დასკვნამდე, რომ ყველაზე უფრო უპირატესია კადრების სისტემა. და მართლაც ეს სისტემა თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერაა მიღებული; გამონაკლისს მხოლოდ ის სახელმწიფოები შეადგენენ, რომლებიც განსაკუთრებულ პოლიტიკურ და გეოგრაფიულ პირობებში იმყოფებიან.
ახლა განვიხილოთ ჩვენი გვარდიული ორგანიზაცია. უწინარეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ ამ ორგანიზაციაში არ არსებობდა სამხედრო სამსახურის სავალდებულობა, ე. ი. ყველას კი არ უნდა ემსახურა გვარდიაში, არამედ მსახურობდა მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი, სხვანაირად რომ ვთქვათ, წარმოებდა მოსახლეობიდან რაღაც გარკვეული შერჩევა (გვარდია). ეს შერჩევა ჩვენთან სოციალისტური პარტიისადმი კუთვნილების ან თანაგრძნობის საფუძვლზე კეთდებოდა. ამრიგად ჩვენი გვარდია ერთი კლასის ჯარს წარმოადგენდა, სახელდობრ კი იმისა, რომელიც სოციალიზმის იდეებს აღიარებდა. მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილის ინტერესების დაცვის იდეით განმსჭვალული, იგი, რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა კიდეც ამ კერძო ინტერესებს ემსახურებოდა, და არა მთელი ხალხის, მისი ყველა კლასის ინტერესებს. ამიტომ მას შეეძლო ბრძოლისუნარიანობა, გარკვეული ძალის წინააღმდეგობა მხოლოდ იმ შემთხვევებში გამოეჩინა, როცა საბრძოლო შეჯახებით მას შეეძლო თავისი კლასობრივი ინტერესებისთვის მიეღწია. იმ გარეშე მტერთან შეჯახებისას, რომელსაც იგივე იდეები ჰქონდა, იყო მის მიერ ბრძოლაზე უარის თქმისა ან მეტად სუსტი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევები. სხვანაირად რომ ვთქვათ, უმჯობესი მატერიალური სიკეთეები და ბატონობა (პროლეტარიატის დიქტატურა) წარმოადგენდა ჯარის ამ გვარეობის სატყუარასა და შინაგან მამოძრავებელს, და ამ მიმართებით ჯარების ეს გვარეობა საკუთარ თავში მოგროვებული (შეკრებილი) ხასიათის ჯარების ნიშნებს ატარებდა. მაგრამ ზემოთ დასახელებული მამოძრავებლები ჩვენში გვარდიის შესაქმნელად საკმარისი არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ყოფნის მანძილზე გვარდიელი ჯარისკაცი უფრო მნიშვნელოვან ფულად ანაზღაურებას ღებულობდა, რომ დროშების ქვეშ მისი ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად უფრო მსუბუქი იყო, რომ მისი კმაყოფის პირობები უკეთესად იყო მოწყობილი, მაინც 1920 წელს ზაფხულში გამოირკვა ერთი გარემოება. სახელმწიფო თავდაცვის საბჭოში შემოტანილ იქნა გვარდიის შტაბის თხოვნა მიეცათ ერთი მილიონი გვარდიელთა ფულადი კმაყოფის გასაზრდელად, ჯილდოების სახით, რათა ისინი სამსახურში შეეკავებინათ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ფარული სახით მყარდებოდა დაქირავება. რადგანაც მყარდებოდა დაქირავება, უნდა ვაღიაროთ, ჯარების ამ გვარეობას უნდა ეტარებინა საკუთარ თავში დაქირავებული ჯარის ნიშნებიც. უარყოფს რა სამსახურის სავალდებულობის იდეას, ეს სისტემა თავისი სულისკვეთების მიხედვით არ შეიძლება იქნას შედარებული იმ ჯარებთან, რომლებიც კადრების სისტემის ან მილიციის სისტემის მიხედვითაა ორგანიზებული. ამრიგად, შეიარაღებული ძალების ეს სისტემა საკუთარ თავში იმ ჯარების ნიშნებს ატარებდა, რომლებიც მოგროვებისა და დაქირავების ხერხითაა ორგანიზებული, იმ განსაკუთრებულობით, რომ იგი იმავე დროს მხოლოდ ერთი კლასის ჯარს წარმოადგენდა, ეს ხელისუფლების საყრდენი გახლდათ. ესენი იყვნენ პრეტორიანელები. მათ ჩვენი მმართველების დროს ისეთივე მდგომარეობა ეკავათ, როგორიც პრეტორიანელებს რომის იმპერატორების ხანაში. ისინი ასევე პრივილეგირებულები იყვნენ და საჭირო იყო ამისთვის ანგარიში გაგვეწია და მათი მოთხოვნებისთვის დაგვეთმო, როგორც ეს პრეტორიანელთა მიმართებაში გახლდათ. რევოლუციის დასაწყისში ეს ჯარი მეტად უმნიშვნელო რიცხვისა იყო, სულ რამდენიმე ასეული ადამიანი. შეიძლება დავუშვათ, რომ ესენი იყვნენ თავიანთი იდეისადმი ერთგული ადამიანები, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასამდე გაიზარდა. ესენი უკვე აღარ იყვნენ თავიანთი მოძღვრების იდეური წარმომადგენლები, ესენი გახლდნენ ადამიანები, რომლებსაც გვარდიაში შესვლა სხვა სტიმულებმა აიძულეს, როგორიცაა უკეთესი მატერიალური სიკეთეები, თავისთან სოფელში მდგომარეობის პრივილეგირებულობა, დროშების ქვეშ სამსახურის სიმსუბუქე, დროშებქვეშ რეგულარულ ჯარებში ყოფნისგან თავის არიდების შესაძლებლობა. მობილიზაციის დროს სხვადასხვანაირი შეღავათები ადგილებზე, ამა თუ იმ ადმინისტრაციული თანამდებიბის უფრო ადვილად მიღების შესაძლებლობა და სხვა სატყუარები. მათმა არასაკმარისობამ დროთა განმავლობაში გააკეთა ის, რომ 1920 წელს შევსების უკმარობის გამო სამხედრო უწყებისგან რამდენიმე ათასი ადამიანი მოითხოვეს ახალგაზრდების ყოველწლიური გაწვევის კონტინგენტიდან, რითაც მათ კიდევ ერთხელ დაარღვიეს ის დებულებანი, რომელთა საფუძველზეც ისინი არსებობდნენ. მაგრამ ამას ანგარიშს არ უწევდნენ. ამრიგად, უნდა ვაღიაროთ, რომ გვარდია თავისი სულისა და ორგანიზაციის მიხედვით მოგროვებული, დაქირავებული და კლასობრივი ჯარი გახლდათ და, აქედან ამომდინარე, საკუთარ თავში ჯარების ორგანიზაციის ამ სისტემების ნიშნებიც უნდა ეტარებინა და ცხოვრების დინებასთან ერთად პრეტორიანელებად გადაქცეულიყო.
ახლა მივმართოთ თავად ორგანიზაციას. უწობდა თუ არა ხელს მისი ორგანიზაცია იმ უარყოფითი თვისებების მოსპობას ან შემცირებას, რომლებიც თან ახლავს ზემოთ დასახელებულ სისტემებს ან, პირიქით, ხელს უწყობდა მათ განვითრებას. დაკომპლექტება იყო ტერიტორიული. ეს მონაცემი უნდა მივიჩნიოთ დადებითად. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სრული სახით იქნებოდა გატარებული და ისე, როგორც კადრების სისტემის დროს. მაგრამ აქაც კლასობრივი შერჩევის პრინციპი იქნა გატარებული. გვარდიაში მშვიდობიანობის დროს, ასე ვთქვათ სამსახურში, კადრებს მხოლოდ უმნიშვნელო ზომებში ინარჩუნებდნენ. ბატალიონის მეთაური, ოფიცრების უმნიშვნელო ნაწილი, კიდევ უფრო ნაკლები უნტერ-ოფიცერი, აი ყველაფერი, რაც გვარდიას გააჩნდა. დანარჩენი ნაწილი, ე. ი. თითქმის ყველანი, ნაწილში მობილიზაციის დროს მოდიოდნენ და ამავდროულად სამეთაურო ურთიერთობებიც ყალიბდებოდა. ნათელია, რომ უფროსებს ავტორიტეტი ვერ შეიძლებოდა ჰქონოდათ. ეს ავტორიტეტულობა არ შეიძლება უეცრად გამოჩნდეს; ის ზოგჯერ წარმოადგენს ხანგრძლივი სამსახურის, დროშებქვეშ ყოფნის პირობებში ხანგრძლივად აღზრდის ნაყოფს. მოვალეობის გრძნობა, სამსახურის ვალდებულებათა გრძნობა ყოველთვის არ გახავთ ის მონაცემები, თვით უმაღლესი ინტელექტუალური განვითარების მქონე ადამიანებს შორისაც კი ყოველთვის არ იძლევიან დისციპლინისა და უფროსების ავტორიტეტულობის გარანტიას. უფროსების ავტორიტეტულობის შესაქმნელად აუცილებელია დისციპლინა და სხვა ღონისძიებები. და როგორი ავტორიტეტულობა შეიძლებოდა ჰქონოდათ უფროსებს, რომლებიც მხოლოდ მობილიზაციის დროს იყვნენ დანიშნულნი, როცა არცთუ იშვიათად შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევები, როდესაც სოფლებში ცხოვრების ან ფაბრიკასა და ქარხანაში ყოფნის პირობებში ეს უფროსები იყვნენ იმ პირთა დაქვემდებარებაში, რომლებიც მობილიზაციის შემდეგ მათი ხექვეითები ხდებოდნენ. გარდა ამისა, მათ შორის შეიძლებოდა ეარსება სხვადასხვა ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებიც ერთ ნაწილს სხვებზე დამოკიდებულებაში აყენებდა. ეს მონაცემები აისახებოდა, მაგალითად, კაზაკების დისციპლინაზეც, მიუხედავად იმისა, რომ კაზაკები დროშების ქვეშ ხანგრძლივად მსახურობდნენ. უფროსების ავტორიტეტულობის არარსებობა, დროშების ქვეშ ყოფნის დროს აღზრდის არარსებობა, უფროსების პატივისცემისა და ჩინის პატივისცემის არარსებობა, სამსახურის მოვალეობათა და წესების დარღვევისთვის სასჯელების არარსებობასთან კავშირში, იწვევდა დისციპლინის, ყველანაირი, თუნდაც არასამხედრო ორგანიზაციის ამ მთავარი საყრდენის დაცემას. მობილიზაციის სისწრაფე, ე. ი. ბრძოლისათვის მზადყოფნა, რაც ტერიტორიული სისტემის ხელსაყრელ მონაცემს წარმოადგენს, მხოლოდ მოჩვენებითი გახლდათ, რადგანაც არცთუ იშვიათი იყო შემთხვევები, როცა ამა თუ იმ გვარდიულ ბატალიონს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ 10–12 დღეზე ადრე არ შეეძლო დაძრულიყო თავისი ფორმირების ადგილიდან.
როცა დაკომპლექტების ტერიტორიულ სისტემაზე ვლაპარაკობთ, უნდა მოვიხსენიოთ არტილერიისა და ცხენოსანი ჯარის შესახებაც, რომლებიც კადრების სისტემის მიხედვით ყალიბდებოდა, და შინაგანი წესრიგის პირობებს ბევრი სურვილიც გააჩნდათ (и условия внутреннего порядка желали многого). ეს ნაწილები გამონაკლისს შეადგენდნენ. მე არ შევჩერდები ტექნიკურ ჯარებზე, რადგანაც ასეთები გვარდიაში ძლივს ჩანასახოვან მდგომარეობაში თუ იმყოფებოდნენ. ცხენოსან ჯარს ინახავდნენ მუდმივი შემადგენლობით და ეს გარემოება მაშინვე საგრძნობი ხდებოდა. ეს სხვებზე უკეთესი ნაწილი გახლდათ, მათი შინაგანი ცხოვრების აზრით და საბრძოლო აზრითაც. თუმცა კი გვარდიის მიერ დადგენილ მმართველობის წესებს აქაც არ შეიძლებოდა თავიანთი ნაყოფები არ გამოეღოთ. ამრიგად, სისტემის ტერიტორიულობამ მოსალოდნელი შედეგები ვერ მოგვიტანა.
ახლა მივმართოთ გვარდიული ერთეულების ორგანიზაციასა და მართვას. ორგანიზაციის გვარდიული სისტემა – ესაა ცალკეული ბატალიონების სისტემა. ერთი ტიპის ბატალიონების შტატი არ არსებობდა; ამ ბატალიონების ძალა იყო სხვადასხვა მათი დაკომპლექტების რაიონისა და მისი დასახლებულობის მიხედვით. ჩვეულებრივ ისინი შედგებოდა 3–4 ასეულისგან, მეტყვიამფრქვევეთა რაზმით. სწავლებისთვის პერიოდული გაწვევა არ არსებობდა. ორგანიზაცია მთავრდებოდა ბატალიონით. ბატალიონები არ იყვნენ შეყვანილი უფრო მაღალ საორგანიზაციო ერთეულებში. ყველა ბატალიონი, არტილერია, ცხენოსანი ჯარი და ტექნიკური ნაწილები უშუალოდ ექვემდებარებოდნენ გვარდიის მთავარ შტაბს. საბრძოლო მოქმედებების დროს ბატალიონები შეჰყავდათ რაზმებში, რომელთა უფროსებისა და შტაბების დანიშვნაც უკვე საომარი მოქმედებების დროს იმპროვიზაციის სახით ხდებოდა. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გვარდიის შტაბი იძულებული იყო შეერთებულ ბატალიონებზე უფროსობისთვის ამა თუ იმ პირების დასანიშნად სამხედრო უწყებისთვის მიემართა. რა თქმა უნდა, სამხედრო უწყება ძნელ მდგომარეობაში ვარდებოდა, ვინაიდან ვინმეს მივლინება საქმისათვის ზიანის გარეშე არ შეიძლებოდა. ეს პირები თავიანთ პირდაპირ საქმეს სწყდებოდნენ. საერთო უწესრიგობა, დისციპლინის არარსებობა, მეორე ხელისუფლების ყოფნა (გვარდიის შტაბი) ბევრ ზემდგომ უფროსს იმაზე ახალისებდა (ისეთნაირად განაწყობდა), რომ ასეთ დანიშვნებზე უარი განეცხადებიათ. ამრიგად გვარდიული ნაწილები თითოეული თავისი ცხოვრებით ცხოვრობდნენ; გამაერთიანებელი საწყისი არა მხოლოდ ჯართა სხვადასხვა გვარეობებში, არამედ ქვეით ჯარშიც კი არ არსებობდა. ყველა გვარდიული ნაწილი – ქვეითი ჯარი, ცხენოსანი ჯარი, არტილერია და ტექნიკური ნაწილები – ერთიანდებოდა გვარდიის მთავარ შტაბში. ამ შტაბს უშუალოდ 40-მდე და მეტიც ცალკეული ერთეული ექვემდებარებოდა, რაც არა მარტო ძოძროხა (громоздко) იყო, არამედ სამხედრო სამყაროში აღიარებულია აბსურდულ ორგანიზაციად. მმართველობა ორხელისუფლებიანობით იტანჯებოდა. სამეთაურო შემადგენლობასთან ერთად არსებობდა მართვის სხვა კორპუსიც. ეს იყო გვარდიის შტაბი. ისინი (ეს შტაბები) შედგებოდა ყოველ ბატალიონსა და ცალკეულ ნაწილში. გვარდიის შტაბის შემადგენლობის პირები გვარდიის მთავარი შტაბის მიერ ინიშნებოდნენ და, თუ შეიძლება ასეთი სიტყვის გამოყენება, უშუალოდ გვარდიის მთავარ შტაბს ექვემდებარებოდნენ. ამ ორი ხელისუფლების ფუნქციები გამიჯნული არ ყოფილა. ეს არ იყო სამწყობრო და სამეურნეო ხელისუფლება, ან სადისციპლინო და სასამართლო ხელისუფლება, როგორც სამხედრო უწყებაში, ან თუნდაც პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლება, როგორც ბოლშევიკებთან. ეს გახლდათ სხვა ხელისუფლება, რომელიც მეთაურთა შემადგენლობას აღიარებდა (სცნობდა) იმდენად, რამდენადაც ეს მის სურვილებს პასუხობდა. თუ გვარდიის მთავარი შტაბი თავის მოვალეობად თვლიდა არა მარტო მთავარსარდლის კომპეტენციაში ჩარეულიყო, არამედ მთავრობის მოქმედებებშიც, მაშინ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიიღებოდა ისეთი მცირე ერთეულების ცხოვრებაში, როგორიც ცალკეული ბატალიონებია. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაწილები ჩნდებოდა საკუთრივ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რომელი გარემოებაც ამ ორი ხელისუფლების ურთიერთობებს კიდევ უფრო ართულებდა. ჩარევა, თათბირები, შეთანხმებანი, ყველანაირი კომპრომისები გვარდიის ცხოვრებაში დაუსრულებელი გახლდათ, თვით ბრძოლების დროსაც კი.
ამრიგად, ეს არის კლასობრივი ჯარი, მოგროვებული და დაქირავებული ჯარის ხასიათისა. აღზრდა, როგორც ჩვენ გვესმის, არ არსებობდა; გვარდიის სულისკვეთება კი, ზემოდან ყველაზე უფრო დაბალ ფენებამდე, მომავალი მებრძოლების სულზე გამხრწნელად მოქმედებდა. ბრძანებების არშესრულება, მათი განხილვა, მათივე შეცვლის მოთხოვნა (требование их изменить), პოზიციებზე ნაწილების შეცვლის მოთხოვნა (требование смены) ძირს უთხრიდა და სპობდა დისციპლინას, ხოლო უკანასკნელის არარსებობა კი პოზიციების თვითნებურ მიტოვებას, ძარცვებს, გადაწვებსა და ძალადობებს იწვევდა.
სწავლება, რა თქმა უნდა, არ წარმოებდა. არანაირი მანევრები, მეცადინეობანი, სროლები და ბანაკები არ არსებობდა. ნდობა უფროსებსა და ხელქვეითებს შორის, ეს ქვაკუთხედი დისციპლინის დასანერგად, არ ყოფილა, ვინაიდან უფროსები და მათდამი დაქვემდებარებულნი ერთმანეთს მხოლოდ თავად ბრძოლის წინ ხვდებოდნენ. არ იყო ნდობა ასევე ჯართა სხვადასხვა გვარეობებსა და სხვადასხვა ერთეულებს შორისაც, რადგანაც ნაცნობობა და ურთიერთგაცნობა მათ შორის არ ყოფილა. მართვა იყო კოლეგიური, დაქვემდებარება ორმაგი. საფუძველშივე იყო დარღვეული ერთიანი უფროსობის პრინციპი, რომლის გარეშეც არ შეიძლება არსებობდეს არმია. უფროსის განკარგულებებსა და მოქმედებებში შტაბის ჩარევა კი მათ ავტორიტეტულობასა და დისციპლინას, ამ სულს არმიისა, საბოლოოდ ძირს უთხრიდა და მათ საბრძოლო ოპერაციებზეც დამღუპველად აისახებოდა. ორგანიზაციისა და მართვის ყველა ეს პირობა ქმნიდა ადამიანების მასას დისციპლინის გარეშე, ნერგავდა მასში თვითნებობას და ჩვენი მოსახლეობის მთელ მასაზეც გამხრწნელად მოქმედებდა. სიყვარულისა და სამშობლოს წინაშე მოვალეობის გრძნობას, წესრიგის აუცილებლობას, ხელისუფლების ავტორიტეტის ცნობას ამ ორგანიზაციის მიერ ხალხში საფუძველშივე ძირი ეთხრებოდა. ატარებდა რა საკუთარ თავში კლასობრივი, მოგროვებული და დაქირავებული ჯარის ყველა უარყოფით თვისებას, ჯარების ეს გვარეობა არ წარმოადგენდა სამშობლოს დამცველს; ის მრისხანე იყო სახელმწიფოს შინაგანი ცხოვრებისთვის და გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარის ხმა დიქტატორული ნოტებითაც ჟღერდა.
მთავრობას არაერთხელ მოუხრია ქედი გვარდიის შტაბის მოთხოვნების წინაშე. ასეთ ნაირად საქართველოს მებრძოლების, მის დამცველთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ყველაზე უფრო გამხრწნელი სახით აღიზრდებოდა. კლასის ინტერესები, მოგროვებულობა და დაქირავება ძირშივე ფესვს უთხრიდა სამშობლოს დაცვის იდეას და გვარდიელებმა არ იცოდნენ, რისი დაცვაა უწინარეს ყოვლისა საჭირო – სამშობლოსი თუ თავიანთი პირადი და კლასობრივი ინტერესებისა. მეტსაც ვიტყვი. ის პირობები, რომლებშიც მათ მმართველები და გვარდიის შტაბი აყენებდნენ, პირიქით, მათ მიუთითებდნენ, რომ მათი პირველი და მთავარი მტერი – ესაა ბურჟუაზია. ეს მათ არანორმალურ პირობებში აყენებდა და საქართველოს დამცველებს, ე. ი. თავად ერს არ შეეძლო გამოეჩინა წინააღმდეგობის მთელი ის ძალა, რომელსაც იგი გამოავლენდა, ისინი რომ ნორმალურ, თავიანთი სამშობლოს დასაცავად ცხოვრების მიერ გამომუშავებულ პირობებში ყოფილიყვნენ ჩაყენებული.
ყოველივე ამას უნდა დავუმატო კიდევ ერთიც. გვარდიის განვითარება ხელს უწყობდა სახელმწიფოს ცხოვრებაში ერთ უარყოფით მოვლენას. გვარდია თანდათანობით ფართოვდებოდა, მრავლდებოდა, იზრდებოდა და სახელმწიფოში ფაქტიურად მთელ ძალაუფლებას იპყრობდა. იგი გახლდათ კლასობრივი ჯარი, წარმოადგენდა ეგრეთ წოდებულ პროლეტარიატს და, შესაბამისად, ფაქტიურად პროლეტარიატის დიქტატურამდე მიგვიყვანა. მივუთითებ იმაზე, რომ ამ დომინირებას, მოსახლეობის ერთი ჯგუფის მიერ ძალაუფლების ამ დაპყრობას ხალხის დანარჩენი ჯგუფებისა და ფენების წინააღმდეგობამდე უნდა მივეყვანეთ. უეჭველია, რომ დროთა განმავლობაში, მოსახლეობის სხვა ჯგუფები, რომლებიც გვარდიის იდეებს არ აღიარებდნენ, მოახდენდნენ ორგანიზებას და, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ეს მოვლენა ძმათამკვლელ ომამდე, შინაომამდე მიგვიყვანდა, რაც იქნებოდა განსაკუთრებით მავნე ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა და ასე მაცდუნებელი ქართველი ხალხის მეზობლებისათვის. ამრიგად გვარდიული ორგანიზაცია მავნე იყო ყველა მიმართებით. იგი ძირს უთხრიდა ქვეყნის თავდაცვის ძალას, რყვნიდა არმიასა და მოსახლეობას, და სახელმწიფოს სრულ დაშლამდეც უნდა მივეყვანეთ. ბოლშევიკებთან საბრძოლო შეხვედრისას, რომელთა მთავარი მტერიც იყო ბურჟუაზია და რომელთა ლოზუნგებიც მენშევიკების ლოზუნგებზე უფრო გემრიელი გახლდათ, რიგითი მებრძოლები იბნეოდნენ, არ იცოდნენ, სად არის მათი მტერი, მათ პირისპირ თუ მათ უკან. ამიტომ გვარდიელებს არაერთხელ უარი უთქვამთ ბრძოლაზე ბოლშევიკებთან, რომლებიც, როგორც ისინი, ბურჟუების წინააღმდეგ იბრძოდნენ.
ამ ორგანიზაციაში მკვიდრდებოდა სოციალიზმის იდეები. არ შეიძლებოდა არ დაგვენახა, რომ ეს ორგანიზაცია არ შეიძლება გვემსახურებოდეს სამშობლოს დამცველად, რომ ის არ შეიძლება არ გადაიქცეს პრეტორიანელებად. მაგრამ სამაგიეროდ, ეს გახლდათ მოსახლეობაში თავიანთი იდეების იძულებით დანერგვის საშუალება, იგი იყო ახალი სოციალისტური აზრებისა და შეხედულებების დამცველი, იგი იყო სოციალისტური ხელისუფლების დასაყრდენი. და როგორი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ? პარტიული ინტერესები, ახალ მიმდინარეობათა ინტერესები, რომელთა წარმომადგენლებიც იყვნენ მმართველები, იმარჯვებდნენ (брали верх) სახელმწიფო ხასიათის ინტერესებზე.
თუმცა კი, გვარდიის ბრძოლიუუნარობამ, რომელიც არაერთხელ იქნა ბრძოლებში გამოვლენილი, მმართველთა შორის ბევრი აიძულა არმიის დამცველად დამდგარიყო და მისი ორგანიზაციაც დაეშვა. მაგრამ მხოლოდ დაეშვა. თუმცა კი მისი ორგანიზაციის არასოციალისტებისთვის მინდობა მმართველებს არ უნდოდათ, და ამიტომ მმართველები მის მოწყობაში პირადად ერეოდნენ. არმიის ორგანიზაციაში შემოტანილ იქნა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, გვარდიის საწყისები. უმაღლეს მმართველობაში დაიშვა ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა სამხედრო საბჭო, გვარდიის მთავარი შტაბის მსგავსება. მართალია, მას გვარდიის შტაბის ორგანოები არ ჰქონია, მაგრამ კოლექტიურობა საინსპექტორო ხელისუფლების აზრით დაშვებულ იქნა. შემდეგ დაიშვა ისევ კოლექტიური ორგანო „სამხედრო-სამეურნეო კომიტეტი“. სამხედრო-სამეურნეო კომიტეტი ექვემდებარებოდა სამხედრო საბჭოს, ხოლო ეს უკანასკნელი კი არავის არ ექვემდებარებოდა. სამხედრო მინისტრისა და მისი თანაშემწეების ურთიერთობები ომის დროს, ერთის მხრივ მთავარსარდალთან და, მეორეს მხრივ, სამხედრო-სამეურნეო კომიტეტთან განსაზღვრული არ ყოფილა. ოფიცრებთან მიმართებაში გადადგმულ იქნა ნაბიჯი, რომელიც გვარდიაში იყო დაშვებული: ჩინები (სამხედრო წოდებები) გაუქმებულ იქნა. ოფიცრების ანაზღაურება, ცხოვრების გაძვირებისდა მიხედვით, თანდათანობით იზრდებოდა და ამით სარგებლობდნენ, რათა ყველა სამეთაურო ხარისხის ანაზღაურება თანდათანობით გაეთანაბრებიათ. ჯარები ერთი პირის უფროსობის ქვეშ გაერთიანებული არ ყოფილა; ამ მიმართებით სუსტი მცდელობა იქნა მოხდენილი სამხედრო მინისტრის მეორე თანაშემწის სახით, მაგრამ ეს პირი სრული ძალაუფლებით ვერ სარგებლობდა და მას სხვა თანაშემწესთან იყოფდა, როგორც სამეურნეო ნაწილში სამხედრო მინისტრის თანაშემწესთან, თანამდებობა, რომელიც სამხედრო საბჭოსადმი დაქვემდებარებული სამხედრო-სამეურნეო კომიტეტის არსებობის გამო, თითქოსდა, უკვე ზედმეტი იყო. ქვეყნის თავდაცვაზე ზრუნვა თითქმის არ ყოფილა. არმიის საწყობები ცარიელი იყო; გვარდიისა კი პირიქით სიუხვით გამოირჩეოდა. ეს სიუხვე იმდენად მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ გვარდია, რომელმაც თავისი არსებობა რამდენიმე ბატალიონით დაიწყო, 24 ბატალიონამდე განვითარდა, ე. ი. იმაზე 4–6-ჯერ მეტად, ვიდრე კანონით იყო განსაზღვრული. უყურადღებობა არმიისადმი, და შესაბამისად ქვეყნის თავდაცვისადმიც, იქამდე იყო მიყვანილი, რომ სამხედრო სამინისტრო შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრს (ნოე რამიშვილი) დაუქვემდებარეს. და ეს ხალხის ცხოვრების ისეთ მომენტში ხდებოდა, როცა ეს უკანასკნელი გაუთავებლად იძულებული იყო შეიარაღებული ხელით თავი დაეცვა.
* * *
სამხედრო სასამართლო სამხედრო უწყების ძალაუფლების ქვეშიდან იქნა ამოღებული და იუსტიციის სამინისტროს გადაეცა. სადისციპლინო წესდება, სწორედ ის, რომელიც დისციპლინის, არმიის სულის, დანერგვის საფუძველს წარმოადგენს, გამოცემული არ ყოფილა. საპენსიო წესდების გამოცემას აყოვნებდნენ საკანონმებლო წესით, და მხოლოდ იმის ძალით, რომ ის სოციალისტური რეფორმების სულისკვეთებას არ შეესაბამებოდა. ღირსების სასამართლო, ოფიცერთა შემადგენლობის მორალისა და სამხედრო სიქველეთა მაკონტროლებელი და მაკორექტირებელი, იმავე მიზეზის ძალით მოსპობილ იქნა. ოფიცერთა შემადგენლობა, სახელმწიფოს დაცვის მაღალი იდეის ეს მატარებელი, თანდათანობით მუშის ხარისხამდე იქნა დაყვანილი; ოფიცერთა წრეებში ირონიულად ლაპარაკობდნენ 8-საათიანი სამუშაო დღის დადგენაზე. ასეთი გახლდათ ოფიციალური ხასიათის ღონისძიებანი; ეს ღონისძიებები ნათლად უსვამენ ხაზს იმ ტონს, რომელიც მმართველებს ჰქონდათ აღებული არმიასთან მიმართებაში. არაოფიციალური ხასიათის ზომები, ის ზომები, რომლებიც ამ ტონის შესახებ მოწმობენ, კიდევ უფრო რელიეფურია. ერთ-ერთი დივიზიის სათავეში (ისინი კი სულ სამი იყო) დაყენებული გახლდათ სამოქალაქო პირი, რომელიც ოდესღაც იყო სამხედრო (ლაპარაკი უნდა იყოს გენ. იოსებ გედევანიშვილზე, რომელიც რუსეთის პირველი რევოლუციის დროს კაპიტნის წოდებაში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის შემადგენლობაში ფოსტაზე შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობდა და მეფის სასამართლოს მიერ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა – ი. ხ.), და ეს დიდი ევროპული ომის შემდეგ, რომელმაც ქართველ ოფიცერთა შორის უნარიანი გენერლების მთელი პლეადა წამოსწია. ასეთი მოვლენა მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ ეს პირი სოციალისტურ პარტიას მიეკუთვნებოდა. მე ვიცი შემთხვევა, რომ ერთი პოლკოვნიკი თავიდან სამსახურიდან იქნა გაგდებული, მაგრამ შემდეგ, ჩაეწერა რა სოციალისტურ პარტიაში, პოლკის მეთაურად დაინიშნა. საერთოდ კი ყველაფერი, რაც არ თანაუგრძნობდა სოციალისტურ მოძრაობას, არმიიდან იდევნებოდა. თავისთავად წამოიჭრება შედარება ბოლშევიკებთან, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ არ მეტყველებს.
თუ შევადარებთ ყველაფერს, რაც კეთდებოდა არმიასთან მიმართებაში და გვარდიასთან მიმართებაშიც, მაშინ ყოველგვარი ნების წინააღმდეგ უნდა მივიდეთ დასკვნამდე, რომ უკანასკნელი განებივრებული შვილი გახლდათ, პირველი კი გერი. რა კამათებიც არ უნდა მომხდარიყო არმიასა და გვარდიას შორის, ასეთი განსაზღვრულად გვარდიის სასარგებლოდ წყდებოდა. რაიმენაირი დანაშაული, ბოროტად გამოყენება ან მცდარი საქციელი, რომელიც არმიაში იქნებოდა ჩადენილი, მაშინვე მთელ არმიას ბრალად ედებოდა, ხოლო გვარდიის მიერ საომარ მოქმედებათა თეატრიდან ნაძარცვი ხალიჩებითა და ყველანაირი ქონებით დავტვირთულ მთელ აღალებს ვერავინ ამჩნევდა; გვარდია უხინჯო დაწესებულება გახლდათ. ჩემს ჩანაწერებში ძალიან ბევრი მაგალითია მოყვანილი, რომლებიც ნათქვამს ადასტურებენ. ამრიგად, შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის საქმეში, წითელ ხაზადაა გავლებული მმართველთა მისწრაფება მხარი დაეჭირათ და განევითარებიათ ყველაფერი, რაც ხელს უწყობდა სოციალიზმის დანერგვასა და განმტკიცებას სახელმწიფო მშენებლობის საზარალოდ. უეჭველია, რომ სახელმწიფო მმართველობის სხვა დარგებშიც იგივე იდეა ტარდებოდა. მუშებს პრივილეგიებს ისე აფრქვევდნენ,როგორც სიუხვის ყანწიდან (как из рога изобилия); მუშა თბილისში ერთ ფუნტ პურს 5 მანეთად ღებულობდა იმ დროს, როცა ყველა სხვა მცხოვრებს 120–150 მანეთი უნდა გადაეხადა. მცხოვრებნი და არმია შავ პურს ჭამდნენ, გვარდია კი ყოველთვის თეთრ პურს. წარმომადგენლობით დაწესებულებებში არჩევნები ისეთ საწყისებზე იყო დაფუნებული, რომ მთელი მოსახლეობის 90 % სოციალისტი აღმოჩნდა, ამასობაში კი შეიძლება ითქვას, რომ 90 %-ზე მეტს არ ესმოდა, თუ რა არის სოციალიზმი. მმართველი, სათავეში მყოფი პარტია საკუთარი თავის ცდუნებაში ფიქრობდა, რომ მათ პროპაგანდას მოსახლეობაში ნაყოფიერი ნიადაგი დახვდა და მოსახლეობამაც მათი იდეები აღიქვა. მე ვამბობ „საკუთარი თავის ცდუნებაში“, ვინაიდან თუ იგი ასე ფიქრობდა, მაშინ საკუთარ თავს ატყუებდა. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ სარგებლობდა რა თავისი განვრცობილი და ძლიერი ორგანიზაციით, იგი იყენებდა ამ ძალაუფლებას, რათა ეჩვენებია ის, რისი ჩვენებაც მას უნდოდა. ყველა დაწესებულების სათავეში სოციალისტებს აყენებდნენ; ამ დაწესებულებებს სოციალისტებით ავსებდნენ; ამ პირებს კი ყველგან თავიანთი იდეები უნდა დაენერგათ და გაეტარებიათ. ხალხის მასის განწყობა სულაც არ ყოფილა ასეთი. ქართველი ხალხის მასა სულაც არ არიან სოცალისტები და საეჭვოა რომ მათ ასეთისადმი ჰქონდეთ მიდრეკილება.
* * *
მაგრამ ხალხი მმართველებს მიჰყვებოდა და მათ მხარს უჭერდა. და რა იყო ამის მიზეზი. ქართველი ხალხი ათასწლეულობით იყო დამოუკიდებელი; ათასწლეულებით იგი თავისი მიწის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ამ ხალხმა მთელი თავისი არსებობა ომებში გაატარა; იგი ყოველი მხრიდან მტრებით იყო გარშემორტყმული და, არ უხრიდა რა ქედს მრავალრიცხოვან მტერს, იგი თავის არსებობას, თავის თავისუფლებას, რწმენასა და მონაპოვარს იარაღით ხელში იცავდა. ძალთა უთანასწორობა ამ ხალხს არ აშინებდა. ამ იდეალებისთვის ბრძოლა სამშობლოსადმი სიყვარულის კულტად, პატრიოტიზმად გადაიქცა. ეს გრძნობა ხალხში გასაოცრად ბევრი აღმოჩნდა. სამშობლოსადმი სიყვარული არის ხალხის დაწინაურების საწინდარი და არ შეიძლება არ შევუერთდეთ რუზველტის სიტყვებს, იმ და არა ამ პრეზიდენტისა (იგულისხმება აშშ პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი – ი. ხ.). მან თქვა: „ადამიანი, რომელსაც უყვარს ყველა ქვეყანა, როგორც თავისი, ისეთივე მავნე წევრია საზოგადოებისა, როგორც ის, რომელსაც უყვარს ყველა სხვა კაცის ცოლი, როგორც თავისი“. კოსმოპოლიტიზმის იდეები, მთელი კაცობრიობის სიყვარულის იდეები არასოდეს შეიძლება იყოს ჩადებული თავისი სახელმწიფოს შენობის საფუძველში. სოციალიზმის ახალი აზრები, რომლებიც ქადაგებენ ამ იდეებს, მუშათა ინტერნაციონალისა და სხვა იდეები იმდენად უსიცოცხლონი აღმოჩნდნენ, რომ ყველგან საწინააღმდეგო იდეა გამოიწვიეს, სახელდობრ კი, ხალხებმა თავიანთი ეროვნებების მიხედვით დაიწყეს გაერთიანება და რუსეთიც ეროვნულ ერთეულებად დაიშალა.
სოციალიზმი ცხოვრების მოწყობის მისეულ დებულებებს ადამიანური ცხოვრების მხოლოდ მატერიალურ მხარეზე, ადამიანების მხოლოდ მატერიალურ ურთიერთობებზე აფუძნებს, ხოლო ადამიანთა სულიერი ცხოვრება კი ყურადღების გარეშე რჩება. ამრიგად ადამიანის მორალური მხარე დავიწყებულია. ამასობაში სწორედ სულიერი მხარეა ადამიანური პროგრესის ნამდვილი მამოძრავებელი. სოციალისტები იძულებული არიან ავრცელებდნენ თავიანთ იდეებს ამა თუ იმ ერის ფარგლებს გარეთ და, აქედან ამომდინარე, მათი სწავლება გახლავთ ინტერნაციონალური. სიყვარული თავისი სამშობლოსადმი, თავისი ერისადმი საფუძველშივეა მორყეული. ბატონობს ადამიანური ცხოვრების მატერიალური მხარე. ადამიანი მატერიალური სიკეთეების ძიებაში ეფლობა თავისი სულიერი განვითარების საზარალოდ, და მორალიც თანდათანობით ეცემა. ჩვენი მმართველი სოციალისტები, დაიწყეს რა „სრულიად რუსეთის ერთიანი სოციალისტური და რევოლუციური ფრონტის“ ქადაგებით, წარუმატებლობის (უიღბლობის) შემდეგ მოუთვინიერებლად განაგრძობდნენ „ერთიანი ამიერკავკასიური ფრონტის“ ქადაგებას და მხოლოდ შემდეგ ცხოვრების მიერ შეიქნენ იძულებული დავიწყებული საქართველოსაკენ მობრუნებულიყვნენ. მე ვიცი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ, ჩვენი სოც-დემოკრატიული პარტიის მეთაურმა და ზოგიერთმა მისმა გამოჩენილმა ლიდერმა ფრაქციაში ხმა მისცეს ასეთი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. მაგრამ ხალხი, ას წელიწადზე მეტ ხანს რუსეთის ძალაუფლების ქვეშ ყოფნის მიუხედავად, თავისი სულის სიღრმეში პატრიოტული გახლდათ; მას უყვარდა სამშობლო, უყვარდა საქართველო. ეს გრძნობა მასში თვლემდა და რევოლუციის დაწყებასთან ერთად მან გამოიღვიძა. ხალხი გრძნობდა და იცოდა რუსეთის ძალმოსილება, და დამოუკიდებლობის ამ ახალ გზაზე გაუბედავად მიდიოდა; იგი გრძნობდა მთელ საფრთხეს, ვინაიდან ნათლად აცნობიერებდა, რომ მტრების მიერაა გარშემორტყმული. გაუბედავად შედგა მან ფეხი ამ გზაზე, მაგრამ შემდეგ სამშობლოსადმი ბუნებრივმა სიყვარულმა მასში დამოუკიდებლობის სურვილი განამტკიცა და ახლა, ბოლშევიკების შემოსევის მიუხედავად, ეს გრძნობა მასში არა თუ არ დასუსტდა, არამედ, პირიქით, როგორც რეაქცია უცხოური მფლობელობის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდა. გრძნობს რა მთელი თავისი არსებით რუსეთის წინაშე თავის უძლურებას, ხალხი მთელ თავის იმედებს ამყარებს დასავლეთზე; იქიდან მოელის იგი ხსნას რუსეთის მფლობელობისაგან. ხალხს არ სჯერა რუსი „ბოლშევიკებისა“, იგი ხედავს მათში მის ნებაზე, მის თავისუფლებაზე, მის დამოუკიდებლობაზე მოძალადეს. აი ამ გრძნობამ, სამშობლოსადმი ამ სიყვარულმა წაიყვანა ხალხი მმართველი პარტიის მხარეს (მის მომხრედ).
სოციალიზმის იდეები მისთვის არა თუ უცნობია, არამედ უცხოა კიდეც მისი მსოფლმხდველობისთვის. თუ დავუშვებთ, რომ რუსეთში არ ყოფილიყო აბსოლუტური მონარქია და რომ საქართველო არ ყოფილიყო რუსეთის ძალაუფლების ქვეშ, მაშინ შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ სოციალიზმის იდეები თვით დასავლეთ საქართველოშიც კი ვერ ჰპოვებდნენ გავრცელებას, სადაც ცხოვრების პირობები ხალხს ამ იდეების აღსაქმელად უფრო განაწყობდა. აქ, მიწის უკმარისობის გამო, უფრო მეტნი იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთთვის საზრდელს მოიპოვებდნენ არა მიწის დამუშავებით, არამედ უმთავრესად სხვა გზებით. რუსეთში სოციალისტი და რევოლუციონერი სინონიმი გახლდათ. ყველასთვის ნათელია, რომ ეს ცნებები იგივური არ არის. ყველანაირი სოციალისტი და სახელდობრ რუსეთში იყო რევოლუციონერი, მაგრამ არა ყოველი რევოლუციონერი იყო სოციალისტი და ეს სავსებით გასაგებია, ვინაიდან რუსეთში მეფობდა მონარქია. ყველანაირი რევოლუციონერი, რომელიც ამ ხელისუფლების დამხობაზე ოცნებობდა, არ გახლდათ სოციალისტი. მონარქიის დამხობა იმათი მიზანიც იყო და სხვებისაც, და ის ამ ჯგუფებს აერთიანებდა. მაგრამ როცა გაჩაღებულ იქნა რევოლუცია და ეს ხელისუფლება დაემხო, სოციალისტები და რევოლუციონერები გაიყვნენ; თვით სოციალისტებიც კი თავიანთ მისწრაფებებში მოეწყოთ ცხოვრება ამა თუ იმ სოციალურ საწყისებზე, არა თუ ცალ-ცალკე წავიდნენ, არამედ სხვადასხვანაირი ჯგუფებიც შექმნეს, რომლებიც ერთი-მეორის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი. აი რამდენადაც მმართველი პარტია საქართველოს დამოუკიდებლობისკენ მიდიოდა, იმდენად იგი თავის კვალდაკვალ ქართველი ხალხის მთელ ძალებს იზიდავდა. თავადაზნაურობა, ოფიცრობა, ინტელიგენცია, გლეხები, მრეწველები, მოვაჭრე ელემენტი, მუშები, ყველაფერი მმართველი პარტიის მხარეზე დადგა, რომელმაც რევოლუციის დასაწყისში დაიპყრო ხელისუფლება ამიერკავკასიაში, ხოლო შემდეგ კი საქართველოში, და საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ლაპარაკობდა. საქართველოში მათ ხალხს უბოძეს (ჩააბარეს) დამოუკიდებლობა და საჩვენებელია, რომ წითელი დროშა, რომელიც დამფუძნებელი კრების თავზე დიდხანს ფრიალებდა, თანდათანობით ჩვენი ეროვნული ფერებით იქნა შეცვლილი. თავადაზნაურობამ თავისი მიწები, თავისი მონაპოვარი უდრტვინველად შესწირა და მმართველებსაც არანაირი ოპოზიცია არ გაუწია; მას არ უნდოდა ძველისკენ წასულიყო სამშობლოსადმი, მისი დამოუკიდებლობისადმი იმავე სიყვარულის გრძნობის გამო. ოფიცრობა, სამსახურში მყოფი ხალხი და ინტელიგენცია, ასევე ამ გრძნობით განმსჭვალულები, მიჰყვებოდნენ ამ მმართველებს და მიჰყვებოდნენ უანგაროდ, ვინაიდან სამსახურისთვის მიღებულ ანაზღაურებას არ შეეძლო მათი თუნდაც პირველი აუცილებლობის საჭიროებანი დაეკმაყოფილებია. სავაჭრო და სამრეწველო ელემენტმა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მმართველობის სოციალისტური მიმართულება მათ მატერიალურ მდგომარეობას ემუქრებოდა, ასევე ვერ ჰპოვეს თავიანთ გარემოში ისეთი ადამიანები, რომლებსაც სურვილი ექნებოდათ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლით გამოსულიყვნენ. და აქაც ენთო სამშობლოსადმი სიყვარული. რეჟიმს ეთანხმებოდნენ, ოღონდ კი ყოფილიყო საქართველო. რაც შეეხება გლეხებს, ასეთები ბუნებრივად უნდა წასულიყვნენ მათ მხარეზე, ვინც ხელისუფლებაში აღმოჩნდა და ვინც, აძლევდა რა მას უცხოური რეჟიმის ყველა სიმძიმისგან განთავისუფლებას, სამშობლოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მომხიბვლელი პროგრამებით აცდუნებდა. თვით მუშებიც კი, რომელთა შორისაც უმთავრესად სოც-დემოკრატიული პროპაგანდა უკვე დიდი ხნიდან წარმოებდა, ესენიც პატრიოტული გრძნობით იყვნენ მოცულნი. მუშები შედარებით ცოტანი იყვნენ. მახსოვს, ჩემთან სამხედრო სკოლაში მოდიოდნენ მუშა-გვარდიელები და დიდხანს იდგნენ პლაცზე, და პირდაპირ ტკბებოდნენ, ხედავდნენ და ისმენდნენ რა სწავლებას მშობლიურ ენაზე. მათ ჩემთან არაერთხელ გამოუხატავთ თავიანთი პატრიოტული გრძნობები, ამბობდნენ რა, დიდება ღმერთს, ახლა სწავლება ჩვენს ენაზე მიდისო.
საქართველო მმართველ პარტიას მიჰყვებოდა, ვინაიდან ამ უკანასკნელს იგი, თვით თავისი სურვილის წინააღმდეგაც კი, მაგრამ გარემოებათა ძალით დამოუკიდებლობისკენ მიჰყავდა. ეს ენა ყველასთვის გასაგები იყო და ყველანი მიჰყვებოდნენ იმათ, ვინც მათ სულიერ მისწრაფებებს პასუხობდა, რომლებიც მათი პატრიოტული გულების სიღრმეში სთვლემდა. სულაც არა სოციალიზმისადმი მიდრეკილებამ წაიყვანა ხალხი მმართველი სოც-დემოკრატიული პარტიის კვალდაკვალ, არამედ საქართველოს განთავისუფლების იდეამ, მისი დამოუკიდებლობის იდეამ და სამშობლოსადმი სიყვარულმა. მხოლოდ ამ გრძნობებმა წაიყვანეს მთელი ხალხი მმართველი პარტიის კვალში.
დასაწყისში ბევრი აფეთქება იყო მთავრობის წინააღმდეგ. ამ აფეთქებებს ვითომდა ბოლშევიკური გამოსვლების ხასიათი ეძლეოდა. არა, ეს ის არ არის. ხალხისათვის სოციალისტური ხასიათის ღონისძიებები გასაგები არ იყო და ამ აფეთქებებით ხალხი თავის უკმაყოფილებას გამოხატავდა. მაგრამ, დროთა განმავლობაში მმართველებს თავიანთი სოციალისტური იდეების წმინდა სახით ცხოვრებაში გატარებაზე უარი უნდა ეთქვათ და ამით მათ ამ გამოსვლებს ზღვარი დაუდეს. სოც-დემოკრატიული პარტია ძლიერი გახლდათ თავისი ორგანიზაციით და ამ გარემოებამ მისცა მას შესაძლებლობა დაეპყრო საქართველოში ძალაუფლება. დასაწყისში იგი სიმპატიით არ სარგებლობდა, მაგრამ რაც უფრო მეტად განისჭვალებოდა ის ნაციონალისტური იდეებით, მით უფრო მეტი მომხრეები აღმოუჩნდებოდა. ხელისუფლება ხედავდა ამას და ამიტომ მოახდინა მან თავისი გვარდიელი-პრეტორიანელების ორგანიზაცია.
მმართველი პარტიის ძალაუფლების დამკვიდრებას ჩვენში არ გამოუწვევია ისეთი სისხლისღვრანი, როგორებიც მოხდა რუსეთში. რუსეთის რევოლუცია დაიწყო სისხლის გარეშე. პოლიტიკური რევოლუცია, მონარქიის დამხობა, ისე რბილად მოხდა, როგორც არც ერთ ქვეყანაში. მაგრამ, შემდგომში, ძალაუფლებისთვის ბრძოლამ, პარტიების ბრძოლამ სწორედ მათი პროგრამის დამკვიდრებისთვის, ქვეყანა ისეთ სისხლისღვრამდე და ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ამ რევოლუციას შეიძლება ეწოდოს უბედურება რუსი ხალხისათვის. რევოლუციის ბელადები ახლა აღიარებენ, მათ რომ სცოდნოდათ, თუ რად გადაიქცეოდა რევოლუცია, როგორ ფორმებს მიიღებდა და როგორ უბედურებებს მოუტანდა რუსეთს, ისინი არასოდეს არ დაიწყებდნენ რევოლუციას. მე ვლაპარაკობ სოც-დემოკრატიული პარტიის ბელადებზე, რომლის გამოჩენილი წარმომადგენლებიც გარემოებათა ძალით რუსეთის რევოლუციის სათავეში აღმოჩნდნენ. შესაძლოა, ამას ისინი მხოლოდ იმიტომ გამოთქვამენ, რომ საბოლოოდ ძალაუფლება მათი პარტიული მოწინააღმდეგეების ხელში აღმოჩნდა. ძალაუფლება რომ მათ ხელში აღმოჩენილიყო, შეიძლება სინანული არც მათ ჰქონოდათ. საქართველოში პარტიების ეს ბრძოლა არ მომხდარა ჯერ ერთი იმიტომ, რომ სოც-დემოკრატიული პარტია გახლდათ დომინირებული თავისი ორგანიზაციის მიხედვით, ხოლო მეორე, და რაც მთავარია, ქართველი ხალხის ყველა ფენა, განმსჭვალული პატრიოტიზმით, ამ რევოლუციაში ხედავდა მოვლენას, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოს აღორძინებას, ხალხის ეროვნული სულისკვეთებით აღორძინებას და სამშობლოს დამოუკიდებლობის აღორძინებასაც. მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური იდეები ვერ ემსახურებიან ხალხში პატრიოტიზმის დანერგვას და მიუხედავად იმისაც, რომ სოც-დემოკრატიული პარტია უკვე ათწლეულების მანძილზე აწარმოებდა ქართველ ხალხში პროპაგანდას, ამ უკანასკნელმა რევოლუციის შემდეგ მასში მთვლემარე სამშობლოსადმი სიყვარულის მთელი ძალა გამოავლინა. და დიდება უფალს.
* * *
სახელმწიფოს შეუძლია არსებობა, როცა მას შეუძლია მასზე სხვა ხალხების თავდასხმებისგან საკუთარი თავის დაცვა. ქვეყნის თავდაცვა კი ემყარება შეიარაღებულ ძალასა და სამშობლოსადმი, თავისუფლებისადმი სიყვარულის გრძნობას; საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც ამსუბუქებს შეიარაღებული ძალების ამოცანას. სამშობლოსადმი სიყვარული უნდა ინერგებოდეს ხალხში; ეს ოჯახისა და სკოლის საქმეა. სამშობლოსადმი სიყვარული და მისგან ამომდინარე მამულის წინაშე მოვალეობის გრძნობა წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნის თავდაცვის ფუნდამენტს, არამედ მისი სულიერი ძალების შემდგომი განვითარებისაც. ეს გრძნობა მმართველი პარტიის მიერ ხალხში არ ინერგებოდა და არც ვითარდებოდა. პირიქით, ზოგიერთი ღონისძიება სრულიად საწინააღმდეგოს ემსახურებოდა, საკმარისია მივუთითოთ სიმპტომატურ ფაქტზე. მიხეილის გამზირს პლეხანოვის სახელი გადაარქვეს; ეს ახალი სახელწოდება ქართველის არც გონებასა და არც გულს არაფერს ეუბნებოდა. ამასთან ერთად მეფის ერეკლე II-ის სახელობის ერთ-ერთი სკოლის სახელწოდებიდან სწორედ ამ უკანასკნელის სახელი იქნა ამოღებული.
მე თვითონ მოვისმინე ვ. ჯუღელის სიტყვა გვარდიელებისადმი, რომლებიც გაგრის ფრონტზე იგზავნებოდნენ. იგი გვარდიის შტაბის აივნიდან ლაპარაკობდა, და მე კი მის მოპირდაპირედ ვცხოვრობდი. მან დაასრულა: „მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი პირველი მტერი ბურჟუაზიაა“. შესანიშნავი დარიგებაა უცხო ძალის წინააღმდეგ ბრძოლაში მიმავალთათვის, რომლებსაც ასევე მტრად ჰყავთ ეს ბურჟუაზია. მარქსის პორტრეტს კი ყველა ცერემონიისა და დემონსტრაციის დროს, როგორც სიწმინდეს, ისე დაატარებდნენ. ამ მარქსს საქართველოს განთავისუფლების საქმისათვის არც ერთი წვეთი მელანი არ დაუღვრია და ყველგან პატივი მიეგებოდა, ხოლო ჩვენი გმირები კი, რომლებიც თავიანთი სამშობლოსათვის სისხლს ღვრიდნენ და სიცოცხლესაც სწირავდნენ, დავიწყებას ეძლეოდნენ. მმართველები ხალხს ყოველთვის მსოფლიო პროლეტარიატის შესახებ, მუშათა ინტრნაციონალის შესახებ ელაპარაკებოდნენ, მაგრამ პატრიოტოზმისკენ მის მოწოდებაზე არ ზრუნავდნენ. რა თქმა უნდა, საერთო პოლიტიკის ასეთ მიმართულებას არ შეეძლო სახელმწიფოს როგორც ეროვნული ერთეულის დამკვიდრების საქმისათვის სამსახური გაეწია. ჩვენს ომებში ხალხი ბრძოლის ველზე გამოდიოდა მტრისგან დასაცავად, რომელმაც მის თავისუფლებაზე, მის მონაპოვარზე აღმართა ხელი; ამასობაში კი მუშათა ინტერნაციონალის იდეები, კაპიტალთან ბრძოლის იდეები, მსოფლიო პროლეტარიატის ინტერესთა საერთოობის იდეები მის ფსიქოლოგიას გზიდან გადააცდენდა და მას არ შეეძლო გაერკვია თუ ვინ არის მისი ნამდვილი მტერი, ის, ვინც მას თავს დაესხა თუ „ბურჟუა“, რომელიც ქვეყანაში მის გვერდი-გვერდ ცხოვრობდა. და საგანთა ამ მდგომარეობას ჰქმნიდნენ იმ მომენტში, როცა სახელმწიფომ მხოლოდ დაიწყო ჩამოყალიბება და როცა ეს ჩამოყალიბება (ფორმირება) ჩვენი შეუწყვეტელი ომების პერიოდში ხდებოდა. მმართველი პარტიის საერთო პოლიტიკის აი ეს არასწორი მიმართულება წარმოადგენს კიდეც ჩვენი დამარცხების ძირითად მიზეზს. ყველა დანარჩენი მიზეზი ამისგან მომდინარეობს. სახელმწიფო მშენებლობის პროგრამაზე პარტიული პროგრამის დოიმინირებამ კიდეც რომ ჩვენს დაღუპვამდე მიგვიყვანა. მე უკვე აღარ ვილაპარაკებ იმაზე, რომ სოც-დემოკრატიული პარტიის ეს პროგრამა უძლური აღმოჩნდა საიმისოდ, რათა სახელმწიფო მმართველობის ამოცანებისთვის თავი გაერთვა. იგი გაკოტრდა შეიარაღებული ძალის მოწყობის საქმეში და სახელმწიფო მეურნეობის ფინანსურ-სამრეწველო განმგებლობის საქმეშიც. მუშათა კლასი მქონებელი კლასების ხარჯზე ცხოვრობდა, მუშებისა და გლეხების მდგომარეობა თითქოს გაუმჯობესდა, მაგრამ ის გაუმჯობესდა მქონებელი კლასის მარაგების ხარჯზე; ეს მარაგები კი არ შეიძლებოდა ამოუწურავი ყოფილიყო და საქართველოშიც ფინანსური კრახი აბობოქრდა. არანაირ საგარეო სესხს არ შეეძლო სახელმწიფოს გადარჩენა, ვინაიდან სახელმწიფო მეურნეობის წარმოება, მისი ვაჭრობა და მრეწველობა არ შეიძლებოდა დაქვეითებისკენ არ წასულიყვნენ, რადგანაც არ თქვეს უარი მათ წარმოებაზე სოციალისტური საწყისების შესაბამისად. ჩვენი მმართველი პარტია ბევრ რამეში თანდათანობით თავის სახელმძღვანელო საწყისებზე უარს ამბობდა; ცხოვრება კარნახობდათ. მაგრამ ისინი ებრძოდნენ ამ მბრძანებელს, და მისკენ არ მიდიოდნენ. აი ეს ბრძოლა დაუძლეველთან გახლავთ კიდეც იმის მაჩვენებელი, რომ, შეიძლება, ჩვენი მმართველები იყვნენ კიდეც მშვენირი სოციალისტები და პირადად ენერგიითა და კეთილი სურვილებით აღსავსენიც, მაგრამ ისინი შორს იყვნენ სახელმწიფო მშენებლობის იდეალისაგან. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თვით გამაწონასწორებელი კორექტორიც კი არ ყოფილა.
დამფუძნებელი კრება, სადაც არჩევნები ისე იქნა კონსტრუირებული, რათა იქ რაც შეიძლებოდა მეტი სოციალისტი და განსაკუთრებით სოც-დემოკრატი მომხვდარიყო, 90 %-ზე მეტად სოც-დემოკრატებისგან შედგებოდა. დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებები სოც-დემოკრატიულ ფრაქციაში მიღებული დადგენილებებით წინასწარვე იყო გადაწყვეტილი და ამ საკანონმდებლო დაწესებულების სხდომები უბრალო ფორმალობას წარმოადგენდა. თავად სოც-დემოკრატიულ პარტიაშიც კი არ ყოფილა მაკორექტირებელი საწყისი გატარებული; პირიქით, ყველა ზომა იქნა მიღებული იმისათვის, რათა ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონოდა: ერთი და იგივე პირები ისხდნენ მთავრობაშიც, პარტიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტშიც, მუშათა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტშიც. აქ ერთიანობა უზრუნველყოფილი გახლდათ; სწორედ იქ, სადაც ასეთ რამეს ადგილი არ უნდა ჰქონოდა. ფაქტიუად საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთი და იმავე ძალის, სოც-დემოკრატიული პარტიის ერთ და იამვე წარმომადგენელთა სახით იყო უზრუნველყოფილი. იქ კი, სადაც ასეთი გაერთიანება ნაყოფიერი მუშაობისთვისაა აუცილებელი, სამხედრო უწყებაში, იქ ყველაფერი უკუღმა იქნა მოწყობილი. ვინ გახლდათ პასუხისმგებელი სამხედრო უწყების მოქმედებისა და საქმეებისათვის? ასეთი პირი არ ყოფილა. პასუხს აგებდნენ, და იმავე დროს არ აგებდნენ, სამხედრო მინისტრიც, მისი ორი თანაშემწეც, გენერალური შტაბის უფროსიც, სამეურნეო კომიტეტიცა და სამხედრო საბჭოც.
აქ არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ გვარდიის შტაბის შესახებაც. ეს გახლდათ განსაკუთრებული დაწესებულება. ფაქტიური ძალაუფლება სახელმწიფოში მის ხელში იყო. სწორედ ამ მოვლენის წყალობით გვარდიის შტაბს შრომით ვალდებულების შესახებ თავისი დადგენილების თანახმად შეეძლო ხელი ჩაევლო მოქალაქეებისთვის თბილისის ქუჩებში და ისინი, როგორც დაპატიმრებულნი, ყარაიაზში სამუშაოებზე გაეგზავნა. დამფუძნებელი კრება, ხალხის ცხოვრების მომწყობი, და მთავრობა, დამფუძნებელი კრების ნების აღმასრულებელი, სახალხო გვარდიის შტაბის თვითნებობის ასეთი გამოვლენის გულგრილი მოწმეები აღმოჩნდნენ.
სოც-დემოკრატიული პარტია დაიბადა და ვითარდებოდა დასავლეთ საქართველოში, იქ უფრო მეტი ნიადაგი იყო ამ იდეებისათვის; აღმოსავლეთ საქართველოში ცოტანი იყვნენ ისეთნი, ვინც აღიქვა და მიიღო ეს იდეები. ჩაიგდო რა ხელში ძალაუფლება და უფრო მეტად ისწრაფვოდა რა თავისი იდეების პროპაგანდისკენ, ვიდრე სახელმწიფო მშენებლობისკენ, სოც-დემოკრატიულ პარტიას დაწესებულებებში, თვით საარჩევნო ხასიათის დაწესებულებებშიც კი, ყოველთვის თავისი წევრები გაჰყავდა. ამ ადგილების დევნაში დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები სოც-დემოკრატები ხდებოდნენ და დაწესებულებებს, სამმართველოებსა და კანცელარიებს იკავებდნენ. სოც-დემოკრატიული პარტიისადმი კუთვნილება იძლეოდა უფლებას ყოფილიყავი გამოჩენილი ადმინისტრატორი, ჩინებული ინჟენერი, შესანიშნავი კანცელარისტი და მოსამართლე, და თვით სამხედრო სტრატეგიც კი. აღმოსავლეთ საქართველო ამ მიმართებით ქუთაისიდან ჩამოსული ადამიანებით აღმოჩნდა დასახლებული და ამ გარემოებამ ერთ-ერთ მცხოვრებს საბაბი მისცა ეხუმრა, რომ ქუთაისის ქუჩებში ბალახი იყო ამოსული (რადგან ხალხი იქ უკვე აღარ დადიოდა, ყველანი თბილისში ჩამოვიდნენ – ი. ხ.). სახელმწიფო მშენებლობის საქმეში სოც-დემოკრატიული პარტიის ლიდერების სიბეცემ და ვერშორსმჭვრეტელობამ, მათ მიერ ქადაგებული იდეებით შეუკავებელმა გატაცებამ და მარქსისადმი ძლიერმა თაყვანისცემამ მიიყვანეს კიდეც დაღუპვამდე ჩვენი ქვეყანა. მათ წილად მოსული ამოცანა მათთვის დაუძლეველი აღმოჩნდა (оказалась им не по плечу).
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment