Friday, January 4, 2019

ისევ რუსლან მიქაბერიძის პოეზიიდან

(ქვემოთ გთავაზობთ ლექსებს რუსლან მიქაბერიძის კრებულიდან „ლალე“ /თბილისი, 2000/)




ლექსების ციკლები 

გადაგვარების „დიაგრამა“ საშიშ-საზარი
არჩევნების არსენალი: შიში, სიძულვილი, ანგარება და სიჩლუნგე
მოლაფაშა ასლარუს პირველი
ოღონდ გაგრძელდეს კარირა თუნდაც ერთი დღით
სოც-პოლიტ ნაირ-ნაირები
სატლირული გადახვევა
გარსით „დემოკრატიული“ – არსით „ცეკურ“, „სუკური“


(ნაწილი I) 


I ნაწილის შინაარსი (ლექსების ციკლები) 

გადაგვარების „დიაგრამა“ საშიშ-საზარი
არჩევნების არსენალი: შიში, სიძულვილი, ანგარება და სიჩლუნგე
მოლაფაშა ასლარუს პირველი
ოღონდ გაგრძელდეს კარირა თუნდაც ერთი დღით


ლექსების ციკლიდან: გადაგვარების „დიაგრამა“ საშიშ-საზარი 


ლალე 

ლალე, ლალე, როგორ დაიშალე
ჩემო საყვარელო ხალხო
რით ვერ დაითვალე:
რომ გზა თავისუფლებისკენ
მიტომ ვერ გაკვალე
ბედისწერის ჩარხი წაღმა
ვერ მოატრიალე;
„ბნელ გვირაბში“ მიტომ ზიხარ
შენ კი გენაცვალე;
რომ ბილწების ერთი ხროვა
მეორით შეცვალე;
თვალი გარეთ საბრიალო
შიგნით აბრიალე;
დღემდე „პირველ-მეორეზე“
ვეღარ გაითვალე;
რიგითობის და ერთობის
ძალა არ აძალე;
მტრისთვის დასახლელი ტყვია
მოძმეს დაახალე;
ლალე, ლალე, როგორ შეიცვალე;
ჯიში, ბრძოლით დაუღლელი
უცბად დაიღალე;
ღირსეული კაცებისგან
როგორ გაიცალე;
გაგიმრავლდა პარვის, ჭამის
ქრთამის მოტრფიალე;
გაგინელდა ანთებული
გულის სიმხურვალე;
ტაძარს ზურგი შეაქციე
ღმერთი გაამწყრალე;
ლოცვის ნაცვლად მაცდურების
ხოტბა იღრიალე;
მერე ყველა შენი ცოდვა
სხვას გადააბრალე.
საუკუნის დასასრული
ტანჯვით დაამრგვალე;
და გონება ახლა მაინც
თუ არ გაიწვალე;
მოსტყუარი კბილები
თუ არ მოიცვალე;
კერპების თყვანისცემა
თუ არ მოიშალე;
ვისი ავი ზრახვებითაც
ბევრჯერ აიშალე;
თუ მტერ-მოყვარის გარჩევა
დროზე არ ისწავლე;
ყოვლისმოთმინების წესი
თუ არ გამოცვალე;
თუ ამ ღორებს ქვეყნის ჯიჯგნა
ისევ დააცალე; *
და „კენჭები“ ამ თახსირებს
ყუთში ჩაულალე;
ნაძირალებს სავარძლები
ისევ მიუთვალე;
ხმების ყიდვა, გაყალბება
თუ არ ჩაუშალე;
დღევანდელზე ბევრად შავი
გელოდება ხვალე.

* * *
თუ ნაციად არ იქეცი
მკლავი არ გაშალე
სოხუმისთვის, ცხინვალისთვის
ომს თუ დაემალე;
დანარჩენიც მტერს დარჩება
თან ძალიან მალე!

* სამწუხაროდ, ამ ლექსში გამოთქმული ავის მოლოდინი გამართლდა.


შაირ-ახ სნაგანმარტება 

მე ვინმე ლირფის თეძოთა რხევა
მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მეხება,
როცა ის ბილწი ჩემი და შენი
ბედის გამგებლად გაეკვეხება;
და ვინც მაბრალებს „შხამის სიჭარბეს“
მარტივი თავით იმას ვერ წვდება,
რომ „პიროვნული გარიგებებით“
ერის არყოფნის საკითხი წყდება.
ცოტა თუ ხვდება, რაზედაც მე ვწერ
სულაც არ არის სახუმრო თემა;
და ბევრ „მოღვაწეს“ კალმით კი არა,
დამბალი წნელით ეკუთვნის ცემა,
რომ სულ არ არი „პირადი საქმე“,
ვინ რა გზით შეძლო „მაღლა აღწევა“,
რადგან სამშობლოს ძვირად უჯდება
ურცხვის ხელის და ფეხის აწევა.

* * *
თუ უნამუსოს, უძარღვო შუბლი
სატირის შანთით არ დაუდაგე;
(და სულერთია რომელის სქესის),
კახპას საჯაროდ თუ არ უთაქე,
ისე არ ესმის ამ გამწარებულ,
ათასჯერ შეცდარ, მშიერ ათასებს,
„მათი რჩეული“ „პოლიტლიდერი“,
თითო „მიცემას“ რამდენს აფასებს.
არ ესმის მასებს, რომ „იმნაირი“
„ხალხის მომავალს“ რა თავში იხლის,
როდესაც მისი „ახალი ბოსი“,
მის ძველ პატრონზე უფრო მეტს იხდის
ქედს უცბად იხრის, კენჭს ურცხვად იყრის;
„იდეებს“ ცქვიტად იცვამს და იხდის;
(„მარჯვნიდან“ „მარცხნივ“, „მარცხნიდან“ „მარჯვნივ“;
მიხედვით თანხის, მიხედვით „ნიხრის“),
„აქციები“ და „ბლოკ-ფრაქციები“,
ხმაურიანი „შეყრით“ და „გაყრით“;
„პარტიები“ და „მოძრაობები“,
„სქესობრივი“ და „კუთხური განხრით“)
დიდ და პატარა „ცენტრების“ ირგვლივ
გამართულია პოლიტ-დავლური;
„დამდგმელის“ ფასის შესაბამისად,
„პრორუსული“ და „პროდასავლური“.
იმათმა ბორგვამ, ასპარეზიდან
უნდა საჩვენო ძალა გარიყოს;
„ვისთანაც გინდა“, „საითაც გინდა“
გზა „პროქართული“ ოღონდ არ იყოს!
აი ამ „გეგმით“ მოხტუნავენი,
პატარა ტვინით და დიდი მადით;
„მინისტრებად“ და „დეპუტატებად“
ისევ ჯდებიან „ახალი ვადით“;
და საქართველო მიტომ იშლება,
ქვეყანა ჭუჭყში მიტომ იფლება;
რომ ღია „პოლიტ-აღებ-მიცემა“,
უკვე სირცხვილად აღარ ითვლება.

* * *
ეს ბადებს ჩემში შხამიან შაირს,
ამ მაცდურების სიმრავლე მზარავს;
რომ დღისით მზისით „ცნობილი ბოზი“,
ჩვენს შვილიშვილებს მომავალს პარავს;
(და ვწერ იმათთვის, ვისაც ჩემსავით
სიმწრის წვეთები ჯერ კიდევ ცვარავს).

* * *
თახსირებს ვურტყამ, ზნეობის ცნება,
რომ სულ არ დალპეს და დაიძენძოს;
და კვლავ დავარტყამ გინდ ზოგიერთმა,
„თმის მთელი ფონდი“ სულ გაიწეწოს;
ჩემს ხსენებაში ათენ-აღამოს,
ჩემი გინებით გინდ ენა ეღრძოს;
მე პოლიტიკურ მეძავებს ვებრძვი
და არა სიძვის შემთხვევებს კერძოს.

                                                                     12. III. 99 


„მეტეო-პოლიტ-ლირიკა“ 

ლირიკოსისთვის წვიმა
ნიჭის გამხსნელი არი;
(ნაყოფიერიც თუა
წალეკავს ლექსის ღვარი);
მაგრამ მშიერი ხალხისთვის
ეს „პოეტური ბლონდი“,
არის ზამთართან ომის
შიშის მომგვრელი ფრონტი.
როცა არ იცის რა ჭამოს,
როცა არ იცის რა სვას,
გადატიტვლებულ სუფრასთან
სტუმარი როგორ დასვას.
„მეტეო-პოლიტიკური“
ერთი ფერი აქვთ ღრუბლებს:
რომ ლარსაც ის ემუქრება,
რაც დაემართა „რუბლებს“;
და წინ რა გველის არ უნდა
ამას „აეროზონდი“;
თუ ახლა მაინც, თან მალე
ერად არ შეგორგოლდი;
თუ „მგელს“ და „მგლისფერ ძაღლს“ შორის
„გადაგორ-გადმოგორდი“;
მათთვის ის „ნივთი“ იქნები,
რადაც აქამდე ქონდი;
თუ საკუთარი „საავდრო“,
არ შეიძინე „ზონტი“;
საქნელს ხან რუსი გიზამს და
ხან „სავალუტო ფონდი“.

                                                      29. XI. 98 


თუ! 

დღეს ჩვენს გარდა, სხვა ხალხი არ მეგულება
მისის ნაცვლად სულ სხვის საქმეს აგვარებდეს;
წინაპრების სისხლით მორწყულ საქართველოს,
ნაწილ-ნაწილ, უბრძოლველად აბარებდეს,
„ხალხთა ძმობის სანიმუშო რესპუბლიკას“,
(სხვაგან არსად არ არსებულს, ამყარებდეს);
მტერ-მოყვარის სასაცილოდ, სამარცხვინოდ,
დამპყრობელებს თავს ლაქუცით „აყვარებდეს“;
დამშეული ძმების თვალწინ ქეიფობდეს,
„სატირალში“ სულელივით ხარხარებდეს;
თავის სახლში სხვა ჯილაგის გამრავლება,
იმ ჯილაგზე უფრო მეტად „ახარებდეს“

თუ ამ მახინჯ „მასკარადებს“ არ მოვიშლით,
ამ სიყალბის ნიღაბს დროზე არ ავიხდით,
ჩვენს მიწაზე, ჩვენი ჯიშის გადარჩენას,
სასიცოცხლო ომის მიზნად არ გავიხდით;
მაშინ ჩვენში, ჩვენი მოდგმის „დამკვიდრების“
იუბილეს ვეღარასდროს გადავიხდით.

                                                                                 8. IX. 98 


უსიმპატიო კაცები და „სიმპატიური ყვავები“ 

კაცი თვითონ დააშავებს,
ცოდვებს უხვად დაახვავებს;
მოძმეს მოკლავს, მოიპარავს,
საწყალს ცოცხლად გაატყავებს;
მერე როცა სასჯელს იწვნევს,
სიმწრით ხელებს ასავსავებს;
სინანულის ცრემლის ნაცვლად,
ზეცას წყევლით შეწკავწკავებს;
ბედს აგინებს, სხვას აბრალებს,
მტყუან მართალს ვერ ანსხვავებს;
ვერ ერევა ყელში ბოღმას,
აზრებს, თავში მონაზღვავებს;
ვითომც „თარსის მოსახსნელად“
ჰაერს კვამლით გააზავებს;
და თოფს ესვრის გულუბრყვილოდ
მოყრანტალე, ალალ ყვავებს.
ეს ძალიან უკვირთ ყვავებს,
ციდან ბევრის დამნახავებს;
მაგრამ ყვავი ფრთხილი არი,
ვითარებას არ ამწვავებს;
გაფრთხება და გაეცლება,
ტყვიებს ძვლების დამნაყავებს.
ჩამოჰყურებს კაცს ფრთოსანი
და არ ესმის რას აშავებს;
რას უფუჭებს ან ამ ბავშვებს,
ან ამ ზრდასრულ, გასულ თავებს;
ის ხომ „სანიტარი არი“
და ბუნებას ასუფთავებს;
თუ მოკლავენ, მის მაგივრად
მერე ვიღა იმუშავებს?!
(ხოლო ხმას რაც შეეხება,
ლეშის „ექსტრატ“გამონავლებს)
კაცმა სინჯოს, მერე ნახოს
„ვოკალს“ ავნებს თუ არ ავნებს.

* * *
ამ ფიქრებით მიჰქრის ყვავი
და ქარში ფრთებს აბანავებს;
ფილოსოფიურად ფიქრობს
ფიქრი სულაც არ აავებს;
ესმის ფრინველს ფრენის ფასი,
(სიამაყეს აუყვავებს)
იცის თუ გულს იმ კაცივით,
სიძულვილი გაუქვავებს;
დამძიმდება და გამჩენი,
საფრენ ძალას გაუთავებს;
იცის ამ ქარს და ამ ღრუბლებს
სიყვარული აბურთავებს;
ვინც ღირსია გაუთენებს,
ვინც ღირსია დაუღამებს;
იცის რომ კაცს, მხოლოდ კაცი
და ყვავს – ყვავი დაუყვავებს.

                                                   22. VIII. 98 


თუ ხელახლა 

ჩვენი ერი ერთი რწენით
თუ არ იქნა დარაზმული;
და ხელახლა აიტაცა
იდეები მარაზმული;

იდეები აზროვნების
დამშლელი და დამლპობელი;
რასაც გვაჩრის მტრად მოსული,
„ძმად მოსული“ დამპყრობელი.

იდეები შენიღბული,
ბევრჯერ ნახმარ-მოთმენილი;
„სოციალიზმ-გადაცმული“,
„მოდურ“ თარგზე მოთელილი
ჩვენი ღმერთის და ადათის
წასალეკად მოდენილი;
„პროგრეს“-„ბიზნეს“-„ჰუმანიზმი“,
„ახალ წვენში“ მოზელილი;
და თუ ისევ და თუ მაინც
კვლავ არ გაჭრის შეგონება;
„და უღმერთოდ გამარჯვება“
შესაძლებლად ეგონება;
„სოციალიზმის“ წუმპეში
თუ ხელახლა გადახტება;
გახრწნისა და გარყვნილების
გარდა სხვა რამ არ დახვდება;
და რაც მრავალ ჯიშს გადახდა,
იმასაც ის გადახდება;
რადგან არის განწირული,
ვინც თავის ღმერთს დაივიწყებს;
მის მაგივრად უსამშობლო
„რელიგიას“ დაიფიცებს
ის, მომხდურთა გასახარად
თავს თვითონვე დაიმიწებს.

                                                       14. IX. 98 


ბოთლები და ფოთლები 

მინდოდა ლექსით მოვფერებოდი
საშემოდგომოდ შეფერილ ფოთლებს;
რომ ამ დროს სმენა გამიპო მოთქმამ:
„ბოთლებს ვიბარებ“, „ვიბარებ ბოთლებს“.
პატარა ბიჭი აგროვებს ბოთლებს,
მტვერში და ხვატში შოულობს ლუკმას,
რომ მიამატოს „თეთრი“ გროშები,
მოხუცი ბებოს პენსიას უკმარს.
გამიფრთხა ფიქრი დაფეთებული,
ლირიკის ალი მიქცია ნაცრად;
(მივხვდი რომ ლექსი მშიერ ათასებს,
არც დღეს და არც ხვალ ჭირდებათ არც რად)
არ მოშივდებათ ეს „სულის პური“
პოლიტიკის და ბიზნესის ბოსებს;
მათხოვრების და ჩარჩების ლაშქარს,
პურის ფულისთვის დაწოლილ ბოზებს.
და მომეჩვენა რომ ზეცა მიწას,
ჩამოსცქეროდა ძალიან მკაცრად;
ჩამოგვყურებდნენ მამა-პაპანი
დაუფარავი ზიზღით და რისხვით;
შეშფოთებული, გაოცებული
მაწანწალების საშიში რიცხვით;
უკვირდათ ერთ დროს გულმოწყალებით
განთქმული ჯიშის გადაგვარება;
და დაგმანული გულების კართან,
სხვისი ტკივილის არ გაკარება.
ზარავდათ ერი, გადაქცეული
ერთ მოზრიალე, ყაყანა ბაზრად;
შოვნის ხურვება, მორალის ნორმად,
უზნეო მიზნად, უმთავრეს აზრად.
უცებ ამ მძიმე სიზმარ-ცხადიდან
ისევ იმავ ხმამ მომაგო გონზე;
ვიღაცა კახპამ გადიხარხარა;
ვიღაც რეკავდა სპეც-ტელეფონზე;
არ მოქმედებდა ხმა სევდიანი
„ახალ ქართველზე“, გულგანაქონზე;
და შეჰყიოდა სიცარიელეს
ბავშვი, ფაშფაშა ფაშვები ფონზე.

                                                            20. VIII. 98 


საფრთხე! 

(ერთმა ჟურნალისტმა მირჩია: „მწვავე საკითხებზეც“ „რბილად“ უნდა წეროო“; აი, ვსინჯე და.... „ხალხმა განსაჯოს“) 

ქალი მამის ან ქმრის უკითხავად,
სულ გარე-გარე მიტლიანკაობდეს,
სახლში, ქუჩაში და „სამსახურში“,
გაუჩერებლად მიტინგაობდეს;
სულ საკამათოდ უკრთოდეს თვალი,
(„გადახრილობის“ აშკარა კვალი);
სულ პირში ედოს საღრღნელ-საღეჭად,
„პოლიტიკური“ რაიმე „ძვალი“;
ულევად ქონდეს სიტყვების სეტყვა
და არგუმენტი არც ერთი ცალი;
არსებობს საფრთხე, რომ ამნაირ ქალს
ტვინი იმდენად გადაუქანდეს;
ქალის საქმნელის ქმნის ჩვეულება,
უკვე იმდენად გადაუქარდეს;
სახუტებელი, საფერებელი
საგნები ისე გადაუგვარდეს;
„ტრადიციულად“ გულში საქონი
გულიდან ისე გადაუვარდეს;
რომ ბუნებრივი ყველა ორგანო
„პოლიტორგანოდ“ გადაუგვარდეს.


„შენთვის“ და „მისთვის“ 

ლირიკოსებთან ბოდიში
ამ „დარგში“ შემოჭრისთვის;
არასაჩემო თემაზე
ნაფიქრის გამოთქმისთვის;
სატირიკოსის კრიჭიდან
აზრების გამოცრისთვის,
გაუგებარი დარჩება
ნაღდად ათიდან ცხრისთვის;
„ის ერთი“ სად და ვინ არი,
ამ შაირს ვამბობ ვისთვის;
რად ვიხარჯები ამ ძნელი
ქარაგმის ამოხსნისთვის;
(მიუხედავად ჟანრის და,
შეუფერებლად ხნისთვის).
რატომ და წაყრილი მტვერის
სასწრაფოდ გადაყრისთვის;
ცრუ რაინდობის კოდექსის
სხვა თვალით დანახვისთვის;
და ღირსეული ქალების
ვალების გადახდისთვის;

* * *
ათასი წლების მანძილზე
საკითხის გარკვევისთვის;
დიდ მგოსნებსა და სწავლულებს
თავი უხლიათ ქვისთვის;
თუ სიყვარული რა არი,
კაცს ქალი უნდა რისთვის;
(რამდენი ბწკარი უძღვნიათ
წარმტაც-წარბ-წამწამისთვის;
მაღალი ფეხებისთვის,
წელამდე ნაწნავისთვის,
მოქნილი სხეულისთვის),
„უკვდავების წყლად“ უსვიათ
და „წამლად სნეულისთვის“;
რა ტანჯვა არ გაუვლიათ
ტყვედ მყოფი საცოლისთვის;
რომ ბოლოს ბნელში მიეგნოთ
სასურველ საწოლისთვის;
აგზნებულები მზად იყვნენ
საქმისთვის საზარლისთვის;
მშობელი მამა მოუკლავთ
და ქმარი საყვარლისთვის;
წაურთმევიათ მეზობლის,
მეგობრისთვის და ძმისთვის;
ეჭვით შეშლილებს დაუკლავთ
და მიუციათ წყლისთვის;
ანდა „ოცნების საგანი“
მიუყიდიათ მტრისთვის.

* * *
აღარას ვამბობ, რომ ზოგჯერ
ქალი „კიბეა“ ქმრისთვის;
კარიერისთვის საყრდენი
და ბაზა „აღმასვლისთვის“;
(„სახსრების“ გამოსაწველად
„სპონსორი“ სიმამრისთვის);
ქრთამად და საამებელად
თავისი უფროსისთვის;
ზოგს „პარტნიორად“ სეზონზე
ქალი ჭირდება „ზღვისთვის“;
დასანახვებელ რეკლამად
„ელიტარული“ წრისთვის.
ზოგს კაი ხინკლის ჩამყრელად,
ცხობის და გარეცხვისთვის;
ზოგ მოპოეტო ელემენტს
წყალწყალა ცრემლის ღვრისთვის;
„სატრფოზე მოთქმის მოტივად“,
საკვებად „გადახრისთვის“;
მის შიგნით „ნამსხვრევ-ნამტვრევის“
„ბაზარზე“ გამოყრისთვის;
(შორს წასვლა არ დაგვჭირდება
ფაქტების თავმოყრისთვის
და არ ღირს მელნის დახარჯვა
სხვა მსგავსის ჩამოთვლისთვის);
ეს „სატრფიალო აზარტი“
მიზნისთვის ჩათქმა-შეთქმის
(„სიყვარულს“ რომ ეძახიან
და სხვა სახელი ეთქმის);
აქტია, მონადირისგან
ნანადირევის შენთქმის;
ფაქტია, ამპარტავნობით
იმის შოვნის და შერთვის;
ვინც გინდა, ძალიან გინდა,
და „გიყვარს“ მხოლოდ შენთვის.

* * *
აი ამ „ეგოცენტრული“
მარაზმის დაძლევისთვის;
და „პრაგმატიზმის“ ყინვაში
სიცოცხლის გაძლებისთვის;
პოეზიისგან გაცლილი
კაცობრიობის ხსნისთვის;
გადარჩა გრძნობა ღვთიური
სასწაულების ქმნისთვის;
(რომელიც ტანჯვის ჯილდოა
უმძიმეს გამოცდისთვის;
და იყო ცოტა ყოველთვის
ყოველი ეპოქისთვის)
ერთისთვის გასაგები
და გაუგებარი სხვისთვის;
გადარჩა ქალი, შობილი
ვაჟის ვაჟკაცად წვრთნისთვის;
გადარჩა ბნელში შუქურად
„ნაპირისმძებნელისთვის“;
განცდის არგარდაცვალების
და შანსად სულის ზრდისთვის;
როცა მზეს და დღეს აზრი აქვს
იმასთან შეხვედრისთვის;
და გამჩენს მადლობას წირავ
იმისი გაჩენისთვის;
როდესაც გიყვარს პირველი,
დაუვიწყარი დღისთვის;
თავის სევდიან-დარდიან,
გავლილი წვალებისთვის;
(შენი შეცდომით შემცბარი
დახრილი თვალებისთვის);
აქა-იქ შემორჩენილი
„დეფიციტური“ ზნისთვის;
შიშის, სირცხვილის, სიწითლის,
სიბრაზის, სინაღდისთვის;
ზამთარ დაკრული თმისთვის,
სითბოს ჩამღვრელი ხმისთვის;
„შეუმოსავი“, შიშველი
მსუსხავი სიმართლისთვის;
ბავშვური სიკეთისთვის,
ბავშვური სიკერპისთვის,
ალერსით შეხედვისთვის,
სათუთი შეხებისთვის;
სათქმელად თითქოს არაფრის,
უთქმელად ყველაფრისთვის;
როცა გიყვარს და არ იცი,
არც გინდა ცოდნა რისთვის;
და არ არსებობს ასაკი
ამ ნელი ცეცხლით წვისთვის;
არც საფრთხე დაცლა-დაშრეტის
ასეთი სისავსისთვის;
ულევი მუზა იქნება
მცხუნვარე ლექსის თქმისთვის;
დარჩება მუდმივ სავანედ
კაცური გულისთქმისთვის;
თუ გიყვარს ქალი „ამ წესით“,
თუ გიყვარს ქალი მისთვის.


ქართული ოპტიმიზმის უშრეტი წყარო 

მესმის რომ ამის შემხედვარს
კაცს პულსი აუჩქარდება
და სულ თუ არა, იმედის
ნაწილი გაუქარდება:
კრიზისი რომ არ თავდება
„კონფლიქტი“ რომ არ გვარდება,
მილიონები ინთქმება,
მერე არავის ბრალდება,
გლეხის და მეწარმის თანხა
გაუძღებ ხახებს ხმარდება;
საქმე ვინც ჩააიმასქნა,
ისევ იმასვე ბარდება;
„სოც. პოლიტ ტემპერატურა“,
საშიშად ხურდებ-მწვავდება;
ხალხი დღითი-დღე მწარდება,
ზოგი ძალიან ცხვარდება,
ზოგი ძალიან ცხარდება,
თვითონ „რეფორმის შტაბშიც კი“,
ორი „პლათფორმა“ ხვავდება;
(ეტყობა სიტუაცია
ხვალ უფრო გავარვარდება);
„გამოცდილ“–„გამოუცდელი“,
„უწილოდ“ არ დაწყნარდება;
„ეშელონებში“ მშვიდობა
მარტივად არ დამყარდება;
ამის ყურება ქართველ კაცს
ნაღდად არ გაგეხარდება;
როდესაც „კონსტიტუცია“
საწველ თხად გადაგვარდება;
სინდის-ნამუსის ნიშნული,
„ნულს“ ქვემოთ გადაბარგდება;
და მაინც „შავი“ დასკვნისთვის
ნურავინ ნუ აჩქარდება,
პესიმისტების ბანაკში
უცბად ნუ გადავარდება;
რადგან ეს ჩვენი ჩვევაა,
ყოვლის მოთმენის ბუნება;
და მაგრად თუ არ ვიწამლეთ,
ხშირ-ხშირად შეგვიბრუნდება.
მაგრამ ამ სენით სიცოცხლე
ნამდვილად არ გათავდება;
და არც უფსკრულში, ერთბაშად
ხალხი არ გადავარდება;
მიტომ რომ ჩვენში „პუტჩები“
ძალიან მალე მთავრდება
და „ტერაქტებიც“ აშკარად
დაბალ დონეზე ტარდება.

                                                         10. XI. 98 


რა ღირს სამშობლო 

იმ გაზეთის უკან „ის“ დგას,
ამ გაზეთის უკან „ის“;
ერს გონებას უწამლავენ,
ფასად ლუკმის მსუქანის;
ხდება საშიშ-საზიზღარი
მიხვრა-მოხვრა უკანის;
ზოგს მაფია აფინანსებს,
ზოგს „აჭარის პატრონი“
მერე ყველას „მთავარ თანხას“,
უხდის რუსი ბატონი;
იფლანგება ნიჭი, ძალა,
ერთმანეთის „ძლევაში“;
იწაფება გული, ენა
სიძულვილის ფრქვევაში;
რომ უფრო გაუადვილონ
ჩვენ მოსისხლეს რევანში.

* * *
ფუ, იმ ქართველს ფულს რომ იღებს,
საქართველოს ნგრევაში.


უსახელო ქვეყანა 

(ანუ აქ ქართველები ცხოვრობდნენ ერთ დროს) 

ნეტავ რა ჭირმა, ნეტავ რა სნებამ
ერთ დროს მებძოლი დედლად აქცია;
რომ არ ადარდებს და არც აშინებს
სრული დაშლა და დეგრადაცია;
„კომპარტიის“ და „კომკავშირისთვის“
ეს მერამდენედ, კენჭისყრა „თარსად“;
„დემოკრატებად“ მათი გადაცმა
გადაქცეული საზიზღარ ფარსად;
(თავში მცემელი, „ხმის მიმცემელი“
უმცირესობის გამსრესელ მასად),
„ძველ“ და „ახალი“ „სოციალიზმის“
მარად მდევნელი, მისული არსად;
შიმშილ-სიცივის, სიბნელ-სიცრუის,
ყოვლისმომთმენი პირუტყვის მსგავსად;
(გამათხოვრებულ-გაჩარჩებული,
„მიმმხრობი“ ერთხელ გაძღომის ფასად);
რეკლამირებულ-გამზადებული
„ევრაზიული დერფნის“ ხასად.
ზის „ზეპარტია“ მისი რჩეული
და „ზეეროვნულ“ კანონებს აცხობს;
გარყვნილ-გახრწნილი „ცხოვრების ნორმებს“,
სესხის მომცემთა რეცეპტით აწყობს:
არ იყოს ჯვარი, არ იყოს ჯარი,
არ იყოს ჯიშის და ერის ცნება;
(საქართველოში ქართველს არ შერჩეს
მისი საბუთში ჩაწერის ნება);
რომ ჩვენი მოდგმა უეროვნებო,
გზაჯვარედინის ჰიბრიდად იქცეს;
და უცხო თესლებს (რაც დარჩა ისიც)
„ლეგიტიმურად“ საჯიჯგნად მისცეს.

* * *
ნუთუ ის, რასაც ქართველი ერქვა,
მტერს და მოყვარეს რაც ერთ დროს შურდა;
ის ამ მედროვე ნაძირალებმა,
„ხელის აწევით“ წაგვართვან უნდა;
რისთვისაც სისხლის ზღვა დაიღვარა
უმძიმეს გზაზე, არა ერთ ას წელს,
ქართველი, მხოლოდ ქართველობისთვის,
რაც ხმლით დაჩეხეს, რაც ტყვიით დასცეს;
ეს უსამშობლო „უმრავლესობა“
მათი ხსენების ნებართვას არ სცემს;
და სხვა უმთავრეს წანართმევებთან,
მის წართმევასაც „კანონად“ აქცევს.
რომ უსახური ნაქართველარი
სხვის ადათს ყმობდეს, საკუთარს გმობდეს;
რომ შთამომავალს წინაპრის ვალი
და ვინაობა არ მოაგონდეს;
რომ ამ მიწაზე ქართველის გარდა,
ყველას ყველაფრის უფლება ჰქონდეს.
რა გემართება „გმირთა მამულო“,
როგორ დამდაბლდი, როგორ აშმორდი;
„ნაძრახ სიცოცხლეს“ როგორ მოერგე,
თავგანწირვის გზას როგორ აშორდი;
როგორ დაბრმავდი, როგორ დაყრუვდი,
მონობის ჭუჭყში როგორ ჩაგორდი;
რომ აღარ გესმის ჩვენი ჯილაგის
დასაფლავების ბოლო აკორდი.

* * *
თუ არ ადექი, თუ არ განრისხდი,
სათქმელი დღესვე თუ არ ითქმება:
ვისი სკამების შესარჩენელად,
ეს „კანონები“ რისთვის იქმნება;
აღებულ-შეჭმულ სესხებ-ვალებით,
რა ბორკილი და ციხე იკვრება;
მევალეების გეგმის მიხედვით,
ერი უთოფოდ როგორ იკვლება;
აჯანყდი დღესვე, გაიგე დღესვე,
(ხვალ თუ გაიგებ გვიან იქნება);
გაიგე რომ ეს „მმართველი ძალა“
თუ დროზე ძირს არ მოადენს ზღართანს;
„ხალხის სახელით“, ხალხის ზურგს უკან
სახლის წაქცევის „კომპრომისს“ ხლართავს.

* * *
 და გამარჯვება არ უწერია,
საქმეს ეროვნულს და სიტყვას მართალს;
ვიდრე ქვეყანას მექრთამეთა და
მოღალატეთა კავშირი მართავს!

                                                                           16. I. 99 


„უმცირესის“ უშედეგო შაირი „უმრავლესს“ 

სად გაქრი ცეცხლო გიზგიზა
ჩვენს გულებში რომ ღვიოდი:
(უსამართლობა უზომო –
სიმართლის ზომა – იოტი)
ნუთუ თავბნელო ქუჩაში,
იმისთვის გამოდიოდი,
რომ ისევ ზურგზე შეგესვა
ჩათლახი და იდიოტი.
რომ იყოს დეფიციტური
პური, ღვინო და იოდი;
რად გაშრი, ცრემლო მდუღარო,
თვისტომისთვის რომ მდიოდი;
რად მეზარება ის, რასაც
დაუზარებლად ვყიოდი:
რაღატომ აღარ მტკივიხარ,
როგორც „აპრილში“ მტკიოდი;
რატომ და მივხვდი, (რაღა დროს!)
სიბრიყვეს რომ ჩავდიოდი:
მე უფლის გზაზე გეძახდი,
შენ ეშმას სახელს კიოდი;
დაბოღმილ-დაბნელებული,
იმის ფეხებთან წიოდი;
(შენ ყველა დროის კერპისთვის,
ყუთში კენჭებად ცვიოდი),
მერე ნაცემი, ნაგვემი
სულ უბედობას ჩიოდი.

* * *
შენ მუდამ რიცხვით მეტი ხარ,
აუწეველი ბარგი ხარ,
„ავსულის სახლის მასალად“
შენ ყველა, ქვაზე კარგი ხარ;
შენი სიმრავლის ბრალია
ციხიდან რომ ვერ გავრბივართ;
ერთობას რომ ვერ ვახერხებთ,
ხალხად რომ აღარ ვარგივართ;
და რა წუმპესაც შენ უძლებ,
ჩვენც რომ იმაში ვაგდივართ.

                                                       30. IX. 98 


ჭენება ციხიდან ციხეში 

ხელისუფლება ბრბოს მუდამ
ჯოგური წესით აჭენებს;
„უმრავლესობით“, „უმცირესს“,
ძალას აცლის და აჩერებს.
ურჩებს მორჩილით გათელავს,
ისე აშლის და აშტერებს,
(სტალინის სამშობლოსადმი
დიდ სიყვარულში აჯერებს,
ტაშის გრილიათ შეხარის
ხალხის დახვრეტა დაჭერებს);
ხანაც „კაგებეს“ რეზიდენტს
ერის „მესიად“ აჩვენებს;
გართობის მიზნით უმართავს
„დემოკრატიულ“ არჩევნებს
ჭამს მასა დრო გამოშვებით
იდეებს „მარცხენ“-„მარჯვენებს“;
ხან „კაპიტალიზმს“ ებრძვის და
ხან „კომუნიზმის“ ნარჩენებს.
„ეს შეშლის რეციდივები“
იმას ამტკიცებს, აჩვენებს,
რომ მასას მისი ბორკილი,
ძლიერ უყვარს და ამშვენებს;
და საპყრობილეს ყოველთვის
თავისი ხელით აშენებს.

                                                        1. VII. 98 


მოდით მოვკითხოთ! 

საითაც არ უნდა ვიყოთ,
„იქით“ მიტომ ვართ წასული
რომ ბევრი – „დამსმელ-ისქნილი“
„პარლამენტში გვყავს დასმული“,
და ბევრიც „აღმასრულებლად“
მათი „ხელდასმით“ ასული.
ამ „არჩევნებშიც“ ბორგავს და
ჩალიჩობს ბევრი „ავსული“;
რომ კვლავ „გამაჟორიტარდეს“;
ან გახდეს „სიით გასული“;
ჩალიჩობს ყველა წყობაში;
ჭუჭყის სქელ ფენა წასმული;
ცოდვებში დასვრილ ხელებზე,
„თეთრ ხელთათმანებ“ ჩაცმული;
„სარფიანობის მიხედვით“
„ფრაქციებს“ მიმოტმასნული;
„ასულის“ მსგავსი „ვაჟი“ და
„ვაჟობის“ მდომი „ასული“;
ეროვნულ იერ წაშლილი,
ცინიზმით გულ დანაცრული;
„ხელშემშლელ“ გრძნობებისაგან
გაცლილი და „გაპარსული“;
ჩალიჩობს კვლავ მოსასვლელად
გაცვეთილ-ვადაგასული;
ქვეყნისთვის და სიკეთისთვის,
არც ერთხელ არ გაკაწრული,
ინტრიგით, ქრთამის აღებით;
ბოზობით გადაქანცული.
P. S. და ამ სიბილწეს ამიტომ
არ უჩანს ჯერ დასასრული;
ჩვენი ცხოვრება უკუღმა
იმიტომ არი წასული;
რომ არც ერთ „პოლიტიმნაირს“
არ მოეკითხა წარსული.


პოლიტ-აღებ-მიცემობა 

ეს „გარდამავალი“ ხანა
არ გადავა დიდხანს არსად,
თუ ვაქციეთ პოლიტიკა,
გულის ამრევ ბინძურ ფარსად,
ღია აღებ-მიცემობად
„მართვა“ – ძარცვის შენათავსად;
თუ „ავირჩევთ“, ვინც „თავს ირჩევს“
მოძმის „ნულზე“ გასაპარსად;
თუ მოვითმენთ ვინც იქცევა
ბილწად, კაცის არა მსგავსად;
კიდევ ბევრჯერ „ოთხ წელიწადს“
გვიყოლიებს ჯოგად, მასად.
ნუ ავირჩევთ „წითელ“-„მრგვალებს“,
ვინც დავცადეთ უკვე თარსად;
ნურც იმ ფლიდებს „ეროვნული“,
რომ აცვიათ მხოლოდ გარსად;
ნუ ავირჩევთ, ვინც უწვება
„გადამხდელებს“ „პოლიტ. ხასად“
და იშენებს კარიერას,
საქართველოს დაშლის ფასად!


დღევანდელი საქართველოს „ცისფერი“ 

ვახ! როგორ დაჩლუნგებულა
ავის და კარგის გარჩევა;
და რას უშვება ჩვენს ჯილაგს
„ევრო-აზრებზე“ გაჩვევა.
ის არ აკმარეს, რომ ბევრი,
ნაძირალა და გარყვნილი;
ერის ბედ-იღბლის გამგებლად,
პოსტებზე არი დამყნილი;
რომ ბავშვის გასაგონებლად,
რაც „მასმედიით“ ითქმება,
იმით ქართული ბუნების,
რა სასაფლაო ითხრება;
გოგო-ბიჭების გონება
რა ჭუჭყის ზღვაში ინთქმება;
რადგანაც გადაგვარება,
„ცივილურ ნორმად“ ითვლება.
რა არ ჩაკლეს და ჩასვარეს,
ეროვნულს რას არ აფურთხეს;
და ბოლოს ტანის მიმცემებს,
„ცისფერი“ დაუსაკუთრეს.
ვახ, ალბათ როგორ დარდობენ
ცის მოთაყვანე ნიჭები;
ზოგი ჯერ კიდევ ცოცხალი,
ან ზღვარს გადანაბიჯები;
ლექსით, ქალით და სამშობლოს
ლურჯი ცით „განაგიჟები“;
„ცა ფირუზ – ხმელეთ-ზურმუხტის“
მბორგავები და დინჯები;
ვახ, ალბათ როგორ შეწუხდნენ
„ცისფერყანწელი“ ბიჭები;
რომ, თურმე „მწუხრის ზეწარი“,
რა ბნელად გადაგვეფარა;
თეთრი აზრები შავისკენ
რა მაგრად გადაგვეხარა:
ალბათ რა მწარედ „ჩაფიქრდა“
მთაწმინდა და ნარიყალა;
„თავის დახატულ ცას ვერ ცნობს“,
„ღამენათევი ნიკალა“.
რა იქნა! რამ დაგვინაცრა
ქართველ კაცობის პათოსი;
(ცას შეჭიხვინებს მერანი,
გულ-დათუთქული ტატოსი).
წყეულიმც იყოს ბინძური
ყველა, სხვისიც და ჩვენიცა;
სანამ ჯერ კიდევ დრო არი,
„გავასუფთავოთ ჩვენი ცა“.
ნუ ვათქერინებთ საფლავებს
ბილწებს დასვრილი ფეხებით;
ვისაც, რაც უნდა ის მისცეს,
ოღონდ ზეცას ნუ ეხებით.

* * *
დარჩეს ეს ერთი ადგილი,
დარდზე იმედის საფენად;
 არწივთა საბრძანებელად,
ლექსის და მოთქმის სათქმელად;
სიმღერის შესაყივლებლად,
ლოცვის და ფიქრის საფრენად.


პოლიტიკაში, როგორც ციხეში 

პოლიტიკაში, როგორც ციხეში,
იმარჯვებს არა „მამაცთა რასა“,
არამედ ის, ვინც კარგად იხმარა,
სახმარად მუდამ მზად მყოფი მასა.
პოლიტიკაში, როგორც ციხეში,
თუ გინდა შეგრჩეს „სასუნთქი სივრცე“,
რაც უნდა გქონდეს მართალი აზრი
და „პოზიცია“ გეჭიროს მტკიცე;
გინდ გულზე გასკდი უძლური ბრაზით
და ზიზღისაგან ტუჩები ბრიცე,
აფურთხე შენს ბედს და „ზონის ზემდეგს“;
გააპროტესტე და გაიფიცე,
მაგრამ, რაც უნდა ახტე და დახტე,
იმიტინგო და თავში ქვა იცე;
ბოლოს ცნობილი საზიზღრებიდან,
ერთერთ საზიზღარს ხმა უნდა მიცე.
მერე შეგყრიან საკნებში უკან,
„ახალი ვადით“ გაგთხრიან ურდულს;
და გაარძელებს ქვეყანა ისევ,
ჩვეულ ცხოვრებას, „ბოზურს“ და „ქურდულს“.
P.S. თუმცა არსებობს „სხვა ვარიანტიც“:
ვინც ხვედრს აირჩევს მძიმეს და მწარეს,
რკინის პატარა საჭვრიტინოდან,
კვლავ „პოლემიკას“ აგრძელებს ცხარეს;
(„რეჟიმის უფროსს“ დედას აგინებს,
არ აღირსებენ მზესა და მთვარეს)
კაცურ სიცოცხლეს „კარცერში“ გალევს –
ის ურჩევნია მონურს და მდარეს.
(ამგვარი „არანორმალურობა“
ბნელ თავებს წამით, „ძილის წინ“ არევს;
მწვავე კითხვები მოაწვებიან
ისევ „რუსულად მოკეტილ კარებს“;
მაგრამ გაგება არ უწერიათ,
რა რისთვის ღვარეს, რა „კენჭი ყარეს“;
რა მაცდურს სდიეს ღრიალ-ღრიალით,
რა „დაანგრიეს“, რა „დაამყარეს“;
(თავისი ხელით და სხვისი გეგმით,
თავისუფლების საფლავი თხარეს).
ეს მხოლოდ წამით, მერე კვლავ ხვრინვა
ააჭრიჭინებს ჭუჭყიან ნარებს...
(თითო ოროლას არ ძინავს მაინც,
უცდის „ციხიდან გაქცევის ზარებს“),
თითო ოროლას არ ძინავს ისევ,
უსმენს „ბუნტარის“ ხმას სევდანარევს;
(უკვირს, უშიშარს, მტერს „გასაღები“
უომრად რატომ გადააბარეს) ?!
ბუნტარის სული ვაჟკაცებს უხმობს,
საქმეში ლაჩრებს არასდროს გარევს,
ბუნტარი მხოლოდ მისნაირს უყვარს
და ძულს დანარჩენ სხვა ყველა „მხარეს“.


ეს პირველ რიგში 

იცით რატომ და რის გამო არი
ამდენი სროლა, ამდენი მკვდარი;
რად მიაჭენებს ჩვენს ჯიშს და ჯილაგს
მუდმივი გლოვის და შიშის ზარი;
საიდან გაჩნდა ამდენი მკვლელი
არყით, ღვინით და თრიაქით მთვრალი;
„ხალხის სახელით“ აყეფებული,
„პოლიტმოღვაწე“ ჭკუასთან მწყრალი;
და რატომ ჭარბობს სიყვარულს ბოღმა,
სულგრძელს – სულმოკლე და მამაცს მხდალი;
რატომ არა გვყავს სამშობლოსათვის
გულდათუთქული ბიჭების ჯარი?!
რატომ და „უცბად“ მაცდურის გეგმით,
ღვთის დადგენილი დაინგრა ზღვარი;
და დედაბოძის სადგომ ადგილზე
თვალებს აკვესებს „დედალი ბრჭყალი“;
სილბოს, სინაზის, ალერსის ნაცვლად,
ურთიერთობა ყალბი და მშრალი;
და ჩვენს არეულ ეროვნულ იერს,
ამ „დეფიციტის“ ატყვია კვალი;
აკლია დედის, დის და დიდედის
ზრუნვით გამთბარი ხელი და თვალი;
აკლია ძუძუს მოწოვებისთვის
„თავგანწირული“ ცოლი და რძალი;
ამიტომ არი ამდენი ავი,
„უხასიათო“, „შავი“ და მყრალი;
ანდა ლანდებად მოღოღიალე
„შთამომავლობა“ ბაცი და მკრთალი;
საცაა ნაცრად გადაიქცევა,
კერიის ნაცვლად გიზგიზა ალი;
რადგანაც ვცხოვრობთ „უცხო რეცეპტით“,
არვის არაფრის აღარ აქვს ვალი;
რა ცხრა ძმას გაზრდის „საქმეშეცვლილი“,
„სახეშეცვლილი“ ქართველი ქალი;
და რომ ნაციას გამოცვლილი აქვს
დედაკაცობის მადლი და ძალი;
ეს პირველ რიგში და უმთავრესად,
არის ქართველი კაცების ბრალი.


ფუი, აზია!!! 

(სატირიკოსის მილოცვა „დოკუმენტურად გაევროპელებულ“ საქართველოს) 

რადგან გეოგრაფიულად
თურქეთს „ზევიდან აზიხარ“;
შენ ბევრად უფრო „ევრო“ და
ბევრად იმაზე „ნაზი“ ხარ;
სად შენი დახვეწილობა,
და სად „ველური აზია“;
(შენ „ჰუმანიზმის ბუდე“ ხარ,
ის სულ ბოღმა და ბრაზია);
და მაინც, დიდ ბოდიშს ვიხდი,
რომ ეჭვებისგან ვფერხდები;
რომ სიხარულით თქვენსავით,
„თქვენს სიმაღლეზე ვერ ვხტები“;
ან ბედნიერი რატომ ვარ,
სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები:
რადგან ის „ევროპელები“,
იქ შესვლას რომ გვილოცავენ;
როცა ჭირდებათ, ერთმანეთს
ძაან მშვენივრად ხოცავენ;
ვიდრე სოფლებს და ქალაქებს
პარტახს არ დაამსგავსებენ;
„მხარეებს“ იარაღით და
ფულებით „აბალანსებენ“;
მერე სხდებიან, ომების
„რეჟისორ-დრამატურგები“;
რომ „მიუდგომლად დასაჯონ“
ვთქვათ, რუსები ან თურქები;
(საკითხი წყდება მიხედვით
ქვეყნის სამხედრო შეძლების;
ჩვენხელა ხალხის ხარჯზე და
ხარჯზე, კვიპროსელ ბერძნების;

* * *
„თავშესაფარს“ რომ გაძლევენ,
დაპირებებით გავსებენ;
ცხოვრების კანონ-წესებით
იმიტომ დაგიმსგავსებენ,
საქონლის გასასაღებელ
ბაზრად და დახლად გაქცევენ.
და ამის ფასად „კონფლიქტში“
„მსაჯის“ როლს შეითავსებენ;
(მშვიდობიან დროს „გიძმობენ“,
განსაცდელის დროს გაგცემენ);
და ზოგ სულელს რომ გონია,
თუ მაგ „საბჭოში“ შეძვრები,
მერე არავინ იქნება
ჩვენი დაჩაგვრის შემძლები;
„დემოკრატიულ შტურმს“ იზამს,
დოლარს ჩაგვიყრის ჩხრიალით;
და დაგვიბრუნებს ცხუმ-ცხინვალს
სულ ქაღალდების შრიალით;
მაგ „პოლიტ-ფაფით“ ვინ დათვლის,
პირი რამდენჯერ დაგვიწვავს;
და როგორც „გაერო“ გვიცავს
ეგ „საბჭოც“ ისე დაგვიცავს!
P.S. ვიდრე ტვინები იქნება
ამ „შალაშინით“ ნარანდი;
რომ მათხოვრობა გვიშველის
ხოხვა კარიდან კარამდი;
კიდევ ბევრ მიწას დავკარგავთ
გაღმა-გამოღმა მტკვარამდი;
და ჩვენი მოდგმა ვერასდროს,
ვერ მივა ფსოუს წყალამდი;
არც დაგლეჯილი სამშობლო
არ გამთელდება მანამდი,
სანამ ამ ჯარს არ „მივიყვანთ“
მტრის რისხვის დამცემ ჯარამდი;
და მომხვდურებს არ მივდენით,
სისხლით დადგენილ ზღვარამდი;
რადგან არსებობს კანონი,
შეუცვლელი და მარადი;
(მის ცოდნას სულ არ ჭირდება
გამორჩეული ტალანტი);
რომ ბრძოლაა და მსხვერპლია
„თავისუფლების „გარანტი“!


ევრო ტაში 

ვუძღვნი ძველ და ახალ „მსოფლიო მოქალაქეებს“ 

ტაში, ბიჭო, ტაშიო
„შედი ევროპაშიო“;
ჯანი აღარ დაგეღლება
თესვაში და მკაშიო;
ჯაფა აღარ დაგადგება
ყანაში და ზვარშიო;
წლიდან წლამდე აღარ ივლი
ქარ-ყინვაში, ცხვარშიო;
არც სიმღერით გაწვალდები,
აღარც ლექსის თქმაშიო;
თითს დააჭერ ღილაკზე და
გაეხვევი „კვამლშიო“;
სხვისი ჰანგი ჩაგექცევა
დადონდლებულ ტანშიო;
„დიროლი“ და „სტიმოროლი“
აგლახავე ყბაშიო;
„ბიგმაკით“ და „ჰამბურგერით“
ამოივსე ფაშვიო;
ტაში ბიჭო, მიდი ბიჭო,
„შედი ევროპაშიო“;
ეგ ხელს სულაც არ შეგვიშლის
ერთმანეთის კვლაშიო;
საარჩევნო ყუთებისთვის
ტყუპი წიხლის კვრაშიო;
ტაში ბიჭო, ტაშიო
არ წახვიდე ჯარშიო;
იშლიგინოს დამპყრობელმა
ჩვენს მთაში და ბარშიო;
საშიშ საქმეს გაერიდე
არც გაუშვა ბავშვიო;
ბალღობიდან დაიგეშოს
რჯულის გაყიდვაშიო;
ჩაუნერგე რომ არ არის
ის წინაპრის ვალშიო;
ეროვნული ნიშან-წყალი
გამობერტყოს კარშიო;
აღარც თავში, აღარც გულში
„მარტო მოწმობაშიო“;
„უკომპლექსოდ“ გადაეშვას
გარყვნილების ზღვაშიო;
მაგრამ საფრთხეც დიდი არი
„სექს-თავისუფალშიო“;
(ინსტრუმენტი უნდა ედოს
მუდამ „ცელოფანშიო“);
ტაში ბიჭო, ტაშიო
„შედი ევროპაშიო“;
ცისკენ ნუღარ აიხედავ
სულ იყურე ჯამშიო;
გაათენე, დააღამე
ჭამაში და სმაშიო;
ნამათხოვრლის, ნაჩარჩევის
ნაქურდალის თვლაშიო;
ტაში ბიჭო „ევრაზიის“
ბინძურ დერეფანშიო;
მიდი, „მაყუთი აკეთე“
მოძმის მოწამვლაშიო;
ალკო-ნარკო შხამ-ტვირთების,
სახლში შეტანაშიო;
მიეხმარე ჩვენი მოდგმის
ცოცხლად დამარხვაშიო;
ტაში ლეშო, გახვეულო
„ევროპიულ“ ტყავშიო;
აზიურად გაწაფულო
ყოვლის კადრებაშიო;
შედი ახალ „ინსტიტუტში“
„ცივილურად“ მყრალშიო;
სუნამოთი გაჟღენთილი
ჯალათების კლანშიო;
მცირე ხალხთა ცრემლ და სისხლის
ფულად ქცევის შტაბშიო;
(იაფ მუშა საქონელად
მიგიღებენ „შტატშიო“);
ტაში ბიჭო, უბედურო,
დგახარ ეშმას კვალშიო;
საბრალო და სასაცილო
მტერ-მოყვარის თვალშიო;
მამა-პაპის ნააზრევი
გადაუშვი ლაფშიო;
(საკარგყმო და სავაჟკაცო
დაგჭირდება რაშიო);
შოთა, ვაჟა და ილია
გადაყარე წყალშიო;
(შემოსავალს არ იძლევა
დაგამძიმებს გზაშიო);
მსოფლიო „სტანდარტებისკენ“
ხელს შეგიშლის სვლაშიო;
ტაში ბიჭო, უსამშობლო
შეძვერ „ევროპაშიო“;
მოკლე დროში შეისრუტე
რაც არი „მოდაშიო“;
დაოსტატდი თეძოების
მიგრეხ-მოგრეხვაშიო;
კარტოფილის ფირფიტების
ვნებიანად ხვრაშიო;
„გოიმობა“ არ შეგემჩნეს
ბორდელში და ბარშიო;
გაერიე, გაილესე
გაითქვიფე სხვაშიო;
მიაფურთხე, მიატოვე
რაც მოგდგამდა გვარშიო;
ნაომარი, ნაოფლარი
ნახელავი ქვაშიო;
ტაში, ტაში დაკრულია
სასიკვდილო მარშიო;
„კავკასიის ინდიელო“
შეხტი „ევროპაშიო“;
და იცეკვე საფლავებზე
ჯიშის წარღვნის ქარშიო;
(ბევრი ერი ჩაიძირა
მაგნაირ კოშმარშიო);
ტაში, ბიჭო, დაუარე,
სიმწრის ოფლის ღვრაშიო;
მიდი მაგის დედაც რა ვთქვი,
ტაში, ბიჭო, ტაშიო!


ახალი მისამართი 

(ანუ წადი მიჩივლე ევროსაბჭოში) 

(ამიერიდან ყველა უკანონობის შესახებ შეგვიძლია ვიჩივლოთ „ევროსაბჭოში“ – „რეფორმატორების“ ტელეგამოსვლებიდან) 

რაც გაწყენინეს ქართველო
ახლა ან ახლო წარსულში;
რაც ხდება უკანონობა
ახმეტაში და აწყურში;
რაც სასმელებში შხამია,
შერეულია რაც პურში;
უხელფას-უპენსიობით,
დაგროვილი გაქვს რაც გულში;
რასაც არ უშვებს მთავრობა
არც ქვის თავში და არც ყურში;
და ბოლოს რაც მთავარია,
ზღაპარი იყო რაც გუშინ:
თუ პოლოიცია მხეცურად,
ხელკეტებს დაგცხებს ტრაკ-ზურგში;
როგორც კი გამოკეთდები,
საჩივარს მიწერ სტრასბურგში;
და თუ პასუხს ვერ მიიღებ,
ამ მთავრობასთან ჯაჯგურში;
გახალისდები, დრო გავა
და გახვალ „გაღმა სადგურში“.

                                                              31. I. 99 


ტირილი საქართველოს რუქასთან 

ვაი, რა „სტარტის“ პატრონი,
მიფორთხდი რა „ფინიშამდი“;
დაეცი აზრის არ მქონე,
ომის არ მცოდნე ჯიშამდი;
ვინ იფიქრებდა გულ-ჯიგარს
თუ აგრე „გამოთიშავდი“;
ცხუმ-ცხინვალს აგრე ადვილად,
მოიგლეჯ-მოითხლიშავდი;
სოციალ-პოლიტიკურად,
დავარდებოდი „ქვიშამდი“;
„საკრალურ ორიათას წელს“,
მშიერი თუ აღნიშნავდი,
კვლავ „ხმას მისცემდი“, ვისგანაც
დაჭკნი და დაქიშმიშავდი;
ქვეყნის დამქცევებს ხელახლა,
„უფროსად“ დაინიშნავდი;
რას უცდი, რატომ ვერ ხედავ,
რა უფსკრულის პირს მიშავდი;
რომ კი არ ცოცხლობ, არსებობ
მხოლოდ შიშიდან შიშამდი;
რას გავხარ „გმირთა მამულო“
გურჯაანიდან ტვიშამდი;
დახვედი მოდგმა მამაცთა
მოთქმამდე და ვიშვიშამდი;
ლაყბობა-ლაქიაობის,
დაეშვი ბოლო ნიშნამდი;
„დაზურაბჟვანიავდი“ და
„დასააკაშვილიშავდი“.


საზიზღრების მუდმივ ამომრჩეველს 

ვერ გამიგია შენი სიჩლუნგე,
რის გამო არის ასეთი „მტკიცე“;
რომ მუდამ ორი საზიზღარიდან,
ერთერთ საზიზღარს „ხმა უნდა მიცე“.


„ინტელინფექცია“ 

(ვუძღვნი სულგაყიდულ „ინტელიგენტებს“ და ტვინგაყინულ „ამომრჩევლებს“) 

„ინტელიგენტო“, „ინტელიგენტო“,
იმდენ ხალხს წამდი, იმდენი გენდო;
ხელში „მოღვაწის“ სანთელი გენთო
და გულში შოვნის ხურუში გედო.
ბუნებით ლაჩარს გძულდა, გზარავდა
გზა სამამაცო, „სადისიდენტო“;
იყავი „ცეკას“ სანდო „აქტივი“,
კადრი „სასუკო“ და „სააგენტო“.
რუსის სცენარით დათქმულ მომენტში,
„პატრიოტულად“ აკივლ-აწივლდი;
„დემოკრატებად“ გადაცმულებთან,
ისევ დაწექი, ისევ დაწყვილდი;
„ინსტრუქციის“ და თანხის მიხედვით,
„ბლოკებ“ – „ცენტრებში“ გადანაწილდი.
„ინტელიგენტო“, „ინტელიგენტო“,
როგორ წაგშლია კაცობის კვალი;
(მაგრამ მე შენზე ათასჯერ მეტად,
მძულს მასა, კერპის თაყვანით მთვრალი;
რომელმაც დღემდე ვერ გაარკვია,
რომ რაც ჭირს, არის მისივე ბრალი);
ერთი „რეცეპტით“ ნათითხნი როა
„მოქკავშირი“ და „მაგიდა მრგვალი“.
და ამ გაცვეთილ ყოვლისმკადრებლებს,
ვითომ „სამშობლოს რომ ტანჯავთ ვალი“.
(ერთი სული აქვთ „ოთხი წლის ვადით“,
ყბაში მოიგდონ მოზრდილი „ძვალი“).
დაჯდეს „საქვეყნო საქმის გამგებლად“
თახსირი, ურცხვი, ჭკუასთან მწყრალი;
იყოს „პულტებით“ თითლიბაზობა,
ცემა, გინება, ყაყანი მყრალი;
(„დეპუტატებად“ გადაქცეული
„კენჭები“ წყალში გადანაყარი);
ზოგი სექსის და ზოგიც ფსიქიკის
ხაზით აშკარად გადანახარი.
ერთი სხეულის „ინფექციური“
„საპარლამენტო“ გამონაყარი;
გოგებაშვილთა და გაბაშვილთა
მახინჯი ასლი, წარყვნილ – წამხდარი,
„მწერალ“ – „პოეტი“ და „მეცნიერი“,
მთავრობებისგან მრავალნახმარი;
ჯავახიშვილთა, თაყაიშვილთა
ძირზე შხამ სოკოდ ამონაყარი;
„პერესტროიკის“ ნაბან-ნარეცხი,
„ახალ წყობაში“ გადმონაღვარი.

* * *
ჰოდა ჰე, მიდი, ხელახლა მიდი,
კვლავ „აირჩიე“, ვინც დაგამშია;
ვინც დამპყრობლებს და ბანკირებს მიგცა,
ვინც სასიკვდილოდ „გადაგარჩია“.

* * *
გულს მიკლავს აზრი, რომ ხალხმა ისევ
„გასარჩეველი“ ვერ „გაარჩია“;
ხუთ მილიონში, ხუთი ნამდვილი
ინტელიგენტი ვერ აარჩია;
რადგან მონური ცხოვრების ჩვევამ,
ტვინის განძრევას გადააჩვია;
და „მრგვალ“ – „წითელი“ ჩამონაფხატი,
თვალებზე მრავალს ისევ აცვია;
„სტალინ“ – „ზვიადის“ და ედუარდის
ბინდი ჯერაც ბევრს არ გადაცლია;
„ეს რომ არ იყოს, რა გვეშველებას“,
შიშის ფეთება არ გადასვლია,
ზოგსაც „ასლანით აღორძინების“,
„მწვანე იმედი“ არ გარდაცვლია.

* * *
და ვაი ჩვენ თუ, რაც თავს გადაგვხდა,
იმან მიხვედრას არ დაგვაჩვია;
თუ ამ „ყოფამ“ და შეურაცხყოფამ,
„სამყოფი დაღი“ არ დაგვამჩნია;
და „ამათ გარდა არჩევის ღირსი
ორასი კაცი არ გაგვაჩნია“!


გადაყენება ბავშვთა და მოზრდილთა 

(ანუ „ნოტიო“ პოლიტიკური ატმოსფერო საქართველოში) 

ყველა ქართველმა მშვენივრად იცის,
რას ნიშნავს ბავშვის „გადაყენება“;
შვილში ჯანსაღი ჩვევის გაჩენა,
შეჩიჩინება და შეხსენება.
მშობელ-გამზრდელის თვლემა-ღვიძილი
(მისი ღამითაც არ დასვენება).
რომ შეასწავლოს ბოლოს და ბოლოს,
ყმაწვილს საწოლის არ დასველება.
ხოლო ზრდასრული ბიძიებისთვის,
(ამასაც ყველა მშვენივრად ხვდება)
„გადაყენება“ სხვა რამეს ნიშნავს,
სულ სხვა მიზნით და სხვა წესით ხდება.
რადგანაც ხშირად, როცა ამაყად
სავარძელშია ჩასვენებული,
ამ დროს მინისტრი და მისი დარგი,
არის დიდი ხნის ჩასველებული.
და „დამნიშვნელმა“ რომ არ დაუშვას
მასის საშინლად განაწყენება;
აუტანელი მძიმე სურნელის,
გაფართოება და დაყენება;
სწრაფად ტარდება „მათივე თხოვნით“,
გუნდურ-ჯგუფური „გადაყენება“.
ამ ჟესტით ყველა გადაყენებულს,
„დამსმელის“ ზაფრას ჩააგონებენ;
მერე ზოგიერთს „ზედა ბუდიდან“,
„ქვედა ბუდეში“ ჩააგორებენ;
და დამხვდურების საუბედუროდ,
ახალ კოლექტივს ჩააკონებენ;
ზოგსაც „უთოთი“ გაამშრალებენ,
თავებზე ზორბად „დააპკურებენ“;
მოხსნა-დაჭერის დაპირებებით,
ხალხის წინ მაგრად დააპურებენ;
და მოკლე ვადით, გაგდების დარდით,
სველ სავარძლებში დააბრუნებენ.
ზოგ მაგრად გამძღარს „გაიმეტებენ“,
პოლიტ-ჯაფისგან დაასვენებენ;
„უმწიკვლო შრომის“ აღსანიშნავად,
ორდენ-მედლებით დაამშვენებენ;
(მათ ნაჯდომებში, მათივე მსგავსებს,
სხვა „ჩამსველებლებს“ ჩაასვენებენ);
და უახლოეს „გადადგომამდე“,
დარგებს ისინი ჩაასველებენ.
P.S. ასეთი გახლავთ ეს „ცივილური“,
„უგასროლებო“ „გადაყენება“,
და უნაყოფო ძველი ძირების,
„ქორფა ტოტებით“ დანამყენება.

                                                              12. VIII. 98 


ალალი ვეტერანის „ანდერძი“ 

„ამხანაგებო“ და „ბატონებო“,
ჩემი ანდერძი თქვენთვის მინდია ;
რადგანაც თქვენ რომ მანდ მაძღრად ზიხართ,
ამაში ჩემი წვლილიც დიდია.
ოფლის ღვრისათვის, სისხლის ღვრისათვის,
თავი არასდროს ამირიდია;
(ერთგული ვიყავ, საუბედუროდ,
რწმენა არასდროს გამიყიდია;
თქვენი გავების გადასარჩენად,
თავი რამდენჯერ გადამიდია);
ჯეელ-ჯანმრთელი ვერ ზიდავს იმას,
ორდენ-მედლები რაც მე მკიდია;
გერმანულ-რუსულ კონცლაგერებში,
სად არ ვეგდე და სად არ ვიწვალე;
და გუშინ უცბად, უპენსიობით
უსმელ-უჭმელი გარდავიცვალე.
ჰოდა ეს ბოლო, მცირე თხოვნა მაქვს,
„სკამებს“ გაფიცებთ ნუ გამაწბილებთ:
(არ მინდა თქვენი ყალბი ლაყაფი,
სასაფლაოზეც ნუ გამაცილებთ)
არც შეურაცხმყოთ, „სიკვდილის შემდეგ“
არ მომცეთ კიდევ რამე ორდენი;
არამედ ჩემი „პროექტისათვის“,
თანხა გაიღეთ ცოტაოდენი.
(ამ ერთხელ მაინც თავს ნუ შეირცხვენთ
უარს ნუ მეტყვით პატარა ფულზე);
ეს ჯილდოები ჯართად ქცეული
გადაადნეთ და დამადგით გულზე.
ოღონდაც გავდეს ის „ქანდაკება“,
ცნობილ ორგანოს, მოგრძო-მომრგვალოს;
რომ ყველა მნახველს ჭაბუკს და ბებერს,
სიცილ ნარევი ცრემლი მოგვაროს.
ძირზე წარწერა ჩააგვირისტეთ
(განსამარტავად „სკულპტურის“ არსის).
„ჩემი ბუნების მქონე ხალხისთვის“,
გამოსატანად დასკვნის და აზრის:
„აქა წევს, ვისაც წუთისოფელმა
თავი სადღა არ გააყოფინა“,
მთავრობებისგან ბოლომდე ნახმარს,
სული შიმშილმა გააფრთხობინა;
(ალალი იყო ვერ გაარკვია,
სიცოცხლე რას და ვის ამყოფინა);
ამ საწყალს თავი კაცი ეგონა,
და თურმე აი „ესა“ ყოფილა!

                                                              16. XI. 98 


ვაი იმ ხალხს! 

                               მლიქვნელის შრომა მძიმეა 
                               და ძნელად გასაბედავი, 
                               ჟანგბადი გარეთ არ კმარა 
                               „შიგნით“ რას სუნთქავს ნეტავი?! 

მლიქვნელი ყველა საზიზღარია
მუშა, გლეხი და კორესპონდენტი;
დიდი სპორტსმენი და ბიზნესმენი,
ფულის მძებნელი და „ფულის მხვეტი“.
ვინც „პოლიტიკას“ გაუგო გემო,
დეპუტატობამ დაასხა რეტი;
(ზოგი ყოფილი „ცეკას აქტივი“,
უკვე სიბერით ტვინდანაშრეტი).
ორივე სქესის, სხვადასხვა რანგის,
სხვადასხვა დარგის „ავტორიტეტი“.
მაგრამ ყველაზე გულისამრევი,
გახრწნის ნიშანი ყველაზე მეტი,
არის ის, როცა ლიქნას კადრულობს,
„ტიტულიანი „ინტელიგენტი“.
თანაც ფაქტები ამ ურცხვი ქცევის,
ტოტალურია და არა კენტი;
და ვაი იმ ხალხს, ვისაც ასეთი
„ელიტარული“ ყავს „კონტინგენტი“.

                                                                   20. IX. 99 


რადგან ბოლოს მაინც ხდება 

თუმცა ხშირად მლიქვნელობით
იშოვნება „წარმატება“,
წუთიერი „წინ წაწევა“,
ფულზე ფულის წამატება.
მაგრამ ძაან ხანმოკლეა
ამ გზით მაღლა შეჭენება;
არ ხერხდება დიდი თანხის,
დიდხანს შერგებ-შეშვენება;
გარდაუვალ დანარცხებას,
არაფერი ეშველება;
მედროვეს და მის გვარ ჯილაგს,
არ ასცდება შეჩვენება,
რადგან ბოლოს მაინც ხდება,
ცოდვა-მადლის შეჯერება;
და არავის შეუძლია,
„განაჩენის შეჩერება!“

                                                  19. IX. 99 


„ჭიშკარი ნასახლარზე“ 

(საქართველოს „ხიდს“, „გვირაბს“, „გზაჯვარედინს“, ახალი ეპითეტი შეემატა: პრეზიდენტის აპარატის უფროსმა პ. მამრაძემ ქართველ ხალხს სიხარულით ამცნო, რომ დემირელმა საქართველოს „ჭიშკარი“ უწოდა)

ნუთუ შენ მართლა ბედი გეწია
გასაფხორალი და გასახარი:
რომ ქართველების სახლი კი არა,
ხარ „ევრაზიის გზაგასაყარი“;
„თავისუფალი“, „სუვერენული“,
რუსის ბაზებით გადანაფარი;
შენს უკითხავად, შენს უნებართვოდ,
მყრალი დამპყრობლის სადგომ-სახმარი;
(მისი ქიმიურ-რადიაქტიულ,
საწამლავების ნაგავსაყარი;
საკუთარ ჭერქვეშ ნაცემ-ნაგვემი,
ცხუმ-ცხინვალიდან გამონაყარი,
მტრისთვის უომრად ყოვლის დამთმობი,
შრომა და ბრძოლა გადანაყვარი,
„გეორგიანად“ სახელდებული,
სხვისი შემყურე სარჩენ-საპყარი;
ყველა მედროვე, კრემლის მსტოვარი,
(ვინც არაერთხელ ჩაგცა ლახვარი);
გყავს „არჩეული“, აღზევებული,
სკამიდან სკამზე გადანამჯდარი;
„ერის სახელით“ მოლაპარაკე,
„ცნობილ“ თახსირი, „ცნობილ“ ახვარი;
(მასის სიბრიყვით, ფულით და ძალით,
„ხელისუფალად“ ამძვრალ-ამხტარი).
სიცივ-სიბნელე, შიმშილ-წყურვილი,
სოფელ ქალაქის ყოფა წამხდარი;
ქრთამით ნაშენი სასახლეები,
ბაღ-ვენახები გადანამხმარი;
ქვეყანა ნავთის, გაზის მილებით
საშიშ-საზიზღრად გადანათხარი.

* * *
ნუთუ ეს არის სატრაბახო რომ
„აბრეშუმის გზის“ მშიერი ძაღლი,
გადმოგდებული ლუკმის გულისთვის,
თავს ხან „ამ კარს“ და ხან „იმ კარს“ ახლი;
(ღვთისგან ბოძებულ ნიჭს და ძალ-ღონეს,
„პარტიულ“ შუღლს და ჩარჩობას აღლი),
ხარ ნასახლარის ძველი „ჭიშკარი“,
ბევრჯერ ნამტვრევი და „წიხლებნახლი“
ხარ გადაყრილი „შხამ-პროდუქტების“,
გამსაღებელი დასვრილი დახლი;
და აღარ გზარავს ღირსებააყრილს,
„რომ აღარასდროს იქნები სახლი!“

                                                                  3. III. 99 


არ შეიძლება 

რამდენი მოგვხვდა, რა აღარ მოხდა
ვერ გაუგიათ მაინც „არიფებს“;
რა „ჰუმანური“ ძალა აშუღლებს
სერბებს, ალბანებს ანდა თალიბებს;
რომ „ჩვენ საშველად“ მოსული უცხო
რით „გვამდიდრებს“ და რით გვაღარიბებს;
ამ ერთ დროს, ერთი ქვეყნის მიწაზე,
რა „ფედერალურ“ ლეშს აყალიბებს;
რა „ჯარის“ ყოლის კანონს გვატენის,
რა „გადასახადს“ და რა „ტარიფებს“;
ან მისგან სამტროდ წასეულ ერებს,
„მრგვალ მაგიდასთან“ როგორ „არიგებს“;
საქართველოში ქართველის გარდა,
ყველას უფლებას უხვად არიგებს;
მით უმეტეს, რომ „ვითომ მთავრობა“,
ან ყალბად გოდებს, ან ხმას არ იღებს;
და ვიხდით ქვეყნის აღდგენის ნაცვლად,
დაცემა-დაშლის, გლოვის თარიღებს.
ამ საშინელი დრამის დასასრულს,
ჭკვიანი ხვდება – სულელი ვერა;
რადგან „გარედან შველის“ ზღაპარი,
საუბედუროდ ჯერაც ბევრს ჯერა;
და შეფარდება ჭკვიან-სულელთა,
ვიდრე „ამ ტემპით“ გამოიცვლება;
მანამდე ჩვენი საცხოვრებელი,
ჩვენი ჯიშისგან გამოიცლება;
თუ დღესვე, ახლა, გადაუდებლად,
„ტომები“ ერად არ შეიწვნება;
ძალიან დიდხანს, ან აღარასდროს
მონური ყოფა არ შეიცვლება;
თუ კვლავ მოვითმენთ პირუტყვის მსგავსად,
რისი მოთმენაც არ შეიძლება!


ლექსების ციკლიდან: არჩევნების არსენალი: შიში, სიძულვილი, ანგარება და სიჩლუნგე 


რომ აწი მაინც არ ჭამოთ! 

ამ „ზეპარტიის“ „იმიჯი“
არჩევის დღიდან აქროლდა;
რადგან იდეა, მორალი
და მართვის თავი არ ჰქონდა.
ხალხს „დესტაბილიზაციის“
შავი კოშმარით აფრთხობდა;
მის შემცდარ „კენჭის ჩამყრელებს“
ურცხვი ტყუილით ათრობდა;
მასის შეცდენით მოგებულს
რაღა თქმა უნდა არ თმობდა;
ყველა საშოვნელ „საჯდომზე“
თავისნაირებს ამყნობდა;
ამ ხერხით ქვეყნის საძარცვად
ორჯერ „ოთხი წლით“ დაყოვნდა;
და მინდა ვთქვა გასაგონად
დღემდე მიხვედრის არ მქონთა,
(მომხდარის მიუხედავად
მაგათ ხელახლა ამყოლთა);
რომ აწი მაინც „არ ჭამოთ“
ხომ ხედავთ როგორ აყროლდა?!

                                                       7. IX. 99 


საშიშ-საზიზღარი პოლიტ-ვალსი 

(ვუძღვნი მის უმორალობას – „უმრავლესობას“) 

ფულის ტომრების გარშემო
ტრიალ-ბზრიალებს „ვალსი“;
ირევა „მარჯვენ“ „მარცხენა“
დუღს „ფიკაცია-ფალსი“;
უჭირავთ წვრილ-წვრილ „პარტიებს“
ურცხად მათხოვრის თასი;
და როგორც გამოუჩნდებათ
„გამოცეკვების“ შანსი,
იმავ წამშივე მთავრდება
„პრინციპულობის“ ფარსი.
იკვრება გულის ამრევი
მახინჯი „ალიანსი“;
გადაეჭდობა ერთმანეთს
არაფრით არამსგავსი;
თახსირი ახალგაზრდა და
ბებერი „პოლიტ ხავსი“;
რის ზნეობა და მიზნები
მთავარი არის „ფასი“.

* * *
და თუ შენ ხმის მიმცემელო
არ გაარკვიე არსი;
ვის გააჩნია იდეა
და ვის, არც მისი ასლი;
ვინ და რამდენჯერ გაყიდა
„არჩევნების“ წინ „მრწამსი“;
რატომ დგამს „პოლიტ ჯიხურებს“
მმართველ-მძარცველი“ კლასი;
და შეიძლება თუ არა
იყოს „პარტია“ ასი;
სად ზის, კრემლში თუ თეთრ სახლში
„კარაბას-ბარაბასი“.

* * *
თუ ამ კითხვებს არ შეუშვებს
მაგ შენი შუბლის გარსი;
და ყულფი შენი „კენჭის ყრის“
კვლავ ყელზე ჩამოგვაცვი;
ბრმად და ყრუდ „ყუთის გავსების“
თუ არ გატეხე ნავსი;
დიდი ხნით ერთად გვექნება
ყოფა მძიმე და „თარსი“;
სისხლი და ცრემლი „ოთხი წლით“
თუ ისევ ამათ ასვი;
და ამ „ბოსების“ ადგილზე
მსგავსი „ბოსები“ დასვი.


„საარჩვნო კომისია“ 

„მეცნიერი თავმჯდომარე“
ყველამ იცის რომ „მისია“;
„ხუთი მისი დანიშნული“
თავისთავად ხომ მისია;
„სამიც“ „მოქკავშირელელი“
ანდა მისი „კომლისია“;
მაქები და მადიდები
მისი „ვარსკვლავთ“ ხომლისია;
მოშიშო და მომლოდინე
თავში „შეფის“ კომბლისია.
და ამ „წესით“ რადგან შედგა
„საარჩევნო კომისია“;
„უმცირესებს“ „უმრავლესი“
ამ „კანონით“ მოგისია;
ახლა „კენჭი“ გინდ ყუთში და
გინდ ჩეჩმაში მოგისვრია;
ლოთი „მეთვალყურეების“
გინდაც ჯარი მოგისხია;
გინდ ამათთვის „გიჩივლია“
„ადვოკატიც“ მოგისვია;
გინდა ოქმებ-საჩივრების
დასტა მიგივს-მოგივსია;
და გინდ ქარიან ღამეში
ტრიალ ველზე მოგიფსია.


„მოქკავშირის“ საარჩევნო მოწოდება 

ამომრჩეველო მე თუმცა გამშევ
კენჭი უყარე მაინც ჩემს სიას;
და რომ შიმშილით სული არ გაგძვრეს
მომეცი ხმა და მოგცემ პენსიას!


საარჩევნო სატირალ-სატირული მოწოდება 

ამ ერში, სადაც ამდენი
ჭკვიანი კაცი გაჩნდა;
რომელსაც ყველა საქმეში
ტალანტის დაღი აჩნდა;
ამ ქვეყანაში, მყოლელში
ლამაზ ქალთა და ვაჟთა;
საქართვლოში, მფლობელში
ამდენ ნიჭთა და განძთა;
არ შეიძლება! არჩევა
ისეთ ქალთა და კაცთა;
ვისაც სულ გამოეცალა
სინდის-ნამუსის განცდა;
მონაცემ-„მინაცემებით“
ხმარების ვადას გაცდა;
პოლიტიკის და სექსისთვის
უკვე აშკარად გაცვდა.


„შეჩვეული ჭირი“

(ანუ როგორ იქცა საყოფაცხოვრებო ანდაზა, ქართველი ხალხის საარჩევნო პოლიტდევიზად) 

თუმცა კი „ამომრჩეველი“
დაღვრემილ-დანაბღვირია;
თუმცა ამდენი დევნილი
და სიმწრით ანატირია;
უსახლკარო და უჭმელი
ამდენი ღია პირია;
და დღემდე შესრულებული
არცერთი დანაპირია;
საწყლისთვის არც პენსიაა
წლობით არც ჯამაგირია;
სიცრუის ბუღში იხრჩობა
ტანჯვისგან ანაყვირია;
და მაინც ჩლუნგად, ჯიუტად
რტყმევის ამტანი ვირია;
მისი „მოთმენის რეკორდი“
ნამდვილად გასაკვირია;
უფრო ზუსტად კი საშიში
და გულის გასაგმირია;
რადგან „ვერ წირავს“, ვისაც ის
მრავალჯერ გაუწირია;
ბრმად და ყრუდ ისევ „ხმას აძლევს“
იმ ჭუჭყს, რაც ჩასაძირია;
და იმის მიუხედავად
რაც ჩვენს თავს გასაჭირია;
ეს „აზრი“ დამყაყებული
„ელექტორატში“ ხშირია:
რომ „შეჩვეულზე საშიში
შეუჩვეველი ჭირია“;
ამან დაგვცა და დაგვაგდო
სავალი გზა აგვირია;
დაგვაოთხა და დაგვდაღა
თავი ვერ აგვიღირია;
და ეს „დევიზი“ კი არა
გონების სიდუხჭირეა;
მდუღარით ჩამოსარეცხი
ჩაძველებული წვირეა;
მიტომ, რომ ვინც ჭირს არ ებრძვის,
ის თვითონ „ჭირის ჩხირია“,
ქვეყნისთვის ჭირის შემყრელის
საჯდომი უნაგირია;
შიდა და გარე დამპყრობის
წიხლით სათელი ბდღვირია;
ჯიში ომს გადაჩვეული
ბედისგან განაწირია
და მსგავსი, ყოფნის არღირსი
დროს ბევრი ჩაუძირია.

* * *
ძირს გვითხრის „წესი“ უმსგავსი
ყოველი წუთი ძვირია;
„ჩვეული ჭირის“ არჩევა
სიკვდილის „ელექსირია“,
ლაჩრობის“ შესანიღბავი
გულისამრევი ნირია;
„ერი“ ამ „კურსის“ ერთგული
ბრბო არი და ნახირია,
რადგან „ძველი“ და „ახალი“
ორივე ჭირი ჭირია;
და ჭირს შეჩვევა კი არა,
„დეზინფექცია“ სჭირია.


საარჩევნო „მიწერ-მოწერა“ 

(პრეზიდენტმა ვეტერანებს მხარდაჭერის თხოვნით პირადი ბარათები დაუგზავნა; აპარატმა ნამეტანი მოინდომა: ბარათები მიცვალებულებსაც გაუგზავნა და თანაც ზოგიერთ მიცვალებულს ორჯერ?! გთავაზობთ ამ საცინალ-სატირალ „მიწერ-მოწერას“) 

პრეზიდენტი:  

ქვეყნის ბურჯო და ნამუსო
მრავალტანჯულო მაკრინე!
ვიცი რომ შიმშილ-სიბნელით
გული ძალიან გატკინე,
სიცივითა და სიმწარით
ყბა ყბაზე დიდხანს გარტყმინე;
ფრონტზე და ზურგში მრავალწელს
არმოსათმენი გათმინე;
პატიებას გთხოვ იმისთვის
რაც დღემდე თავს დაგაწიე;
ქედს ვიხრი მე იმ ღვაწლისთვის
რაც შენ ქვეყნისთვის გაწიე;
სულ მალე მაგრად გაგათბობ
გაკმარებ რაც გაგაციე,
ოღონდაც ცოტა დაიცა,
ოღონდაც ხმა შემაწიე!

მაკრინე: 

ნენა, რა დღეში ყოფილხარ
სულებს ცრემლებით გვასველებ;
რომ ხმების მოსაგროვებლად
საფლავშიც აღარ გვასვენებ;
შენ შემოგევლოს მაკრინე
რეიზა არ ვარ ცოცხალი;
მარა მე ნენა კვტარი ვარ
დიდი ხნის განაცოცხარი.
დაკავებული კაცი ხარ
ამიტომ ბევრს არ მოგაცდენ;
თვარა რაც ცოცხლად გაძლიე
კვტარიც „ხმას“ კიდო მოგცემდი;
თუ ასე ძაან გჭირდება
„მიცვალებულთა პროცენტი“.
მარა მე ნენა ძალიან
დაკლებული ვარ წონაში;
ვფრინავ „დეპოლიტიზებულ“,
ყოვლად უშფოთველ „ზონაში“;
და რომ მწერ „დაიცადეო“
რამდენსაც გინდა დაგიცდი;
რადგანაც უპენსიობას
მე უკვე აღარ განვიცდი;
არც ვერმიშელი მჭირდება
არც „საარჩევნო შაქარი“;
(ნეტაი ადრე მქონოდა,
რა პირობებიც აქ არი);
აგიტაციას არ გიწევ
ნახვა შენ თვითონ მოგიწევს;
როდესაც „მოყვან-წამყვანი“
აქეთა მხარეს მოგიწვევს.
ახლა ნახვამდის ედუარდ,
ბოდიში რომ ვერ „აგირჩევ“;
და „კვტრების სიით“ არჩვას,
არ გისურვებ და არ გირჩევ!
P. S. მაშინებს შენ და ასლანის
ტაკება გააფთრებული;
(არც ერთი მხრიდან არ არი
მაგ ბრძოლა გამართლებული);
და თუ არ გამოადარეთ
თქვენგანვე გაავდრებული;
დახოცავს ხალხი ერთმანეთს
ისედაც გააბდლებული;
შეწყვიტეთ კარიერისთვის
შუღლი და მოწოლ-მიწოლა;
გკოცნი, მეტი რა მოგწერო
შენი მაკრინე ბიცოლა“.


ლექსების ციკლიდან: მოლაფაშა ასლარუს პირველი 


შენ რას ფიქრობ საქართველო?! 

თამაშდება პოლიტშოუ
ორ „შავ აქტად“ გაყოფილი
და ორივეს რეჟისორი
არის ძლიერ კმაყოფილი;
აქეთ „დანიშვნის მეთოდით“
ძალას ხელში მოიგდებენ;
მშიერ მასას შიშით, ფულით
წიხლებქვეშ ამოიდებენ;
ამ „კენჭისყრას“ როგორც წინას
იმავ ხერხით მოიგებენ;
და სავარძლებს ახალ ვადით
საჯდომებზე მოირგებენ.

* * *
იქით „მიკრო-ტირანს“, გული
„კუთხის ცოდვით“ ეტანჯება;
ხან „ეროვნულს“ ბერიკაობს,
ხან ევროპას ემანჭება;
მითქარუნობს წარმოდგენა
არაერთხელ ნაჭენები;
და იქ სადაც გამქრალია
უფლებების ნარჩენები;
ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს
„აჭარაში არჩევნები“.
იცის „მეფემ“ თავს და ოჯახს
რომ არავინ გაამწარებს;
და ვინც „მის ხალხს“
ხმას არ მისცემს
რა კაი დროს გაატარებს.
ასეთია ისტორიის
დრამა ორგან ნაჩვენები;
ედუარდის „დანიშვნები“
და ასლანის „არჩევნები“;
სიძულვილის გამჩენები
ერის ნების არმჩვენები;
ამ საზარი სანახავით
სული მრავალს ეხუთება;
ბევრი დუმს და ბევრი მაინც
ერთ-ერთ „დამდგმელს“ ეხუტება;
„ერთგულებას“ ერთი იმას,
ერთი ამას ეფიცება;
ზოგი „ამ წესს“ ეტმასნება,
ზოგი „იმ წესს“ ეფიცხება;
მედროვეთა ჯოგი, ვისაც
არაფერი ესირცხვება;
ვინც მეტ თანხას გადაუხდის
იმ „პატრონის“ გვერდით წვება;
და ამ საშიშ ჩარჩობაში
ჩვენი ქვეყნის „ბედი ცხვება“;

* * *
ამის მნახველ ნორმალურ კაცს
გული ზიზღით ეთითხნება;
შენ რას ფიქრობ, საქართველო?!
მაგრამ შენ ვინ გეკითხება!


ლექსების ციკლიდან: ოღონდ გაგრძელდეს კარიერა თუნდაც ერთი დღით 


საპარლამენტო შაირვარდი 

(ერთმა ყველა მოწვევის პარლამენტარმა თქვა: „რას ჩქარობთ, ჩვენ წავალთ, უკეთესები მოვლენ“ და დააყოლა: „რა ვარდმან თვისი ყვავილი გაახმოს დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“-ო) 

ცოდვაა, მაგ აფორიზმის
მის არაღირსად გაგება
და მისი დეპუტატებზე
მორგება-მისადაგება.
კარგია, თუ პარლამენტში
ზის ბევრი არა სულელი
და მათ ნაღვაწს და ნააზრევს
ასდის ყვავილის სურნელი.
მაგრამ თუ ჭარბობს უსირცხვო
„ბლოკებში“ ნაცანცარალი
„ყველა მთავრობის საათზე“
ნაკიდი, ნაქანქარალი.
თუ „ჭამა“ მასამ მეასედ
იმისი „ნაქაქანარი“
და კენჭი დამჭკნარს უყარა
ვარდი რომ ნაღდად არ არი.
მაშინ იმისი იქ ჯდომა
ის „ვადა“ რამსიგრძე არი
ერისთვის რა სასირცხო და
რა მძიმე სიცოცხლე არი
როდესაც „პარლამენტარი“
ვარდი კი არა თხლე არი.

                                                  4. I. 99 


პოლიტიკური სპერმა 

(რა სასატირე თემა იშოვა კალმის წვერმა) 

(„სამი თვე ვიბრძოლეთ, ბოდიში და საქონლის სპერმა რომ შემოგვეტანა“ – ბ. გულუას ტელეინტერვიუდან) 

დღემდე არ იცის ჩვენში,
ძალიან ბევრმა შტერმა;
და დადგა ჟამი გაიგოს
„ხმის მიმცემელმა“ ერმა:
სამი თვის ბრძოლის შედეგად
ბაკურმა გონიერმა,
როგორ უშოვნა სამშობლოს
დაუბეგრავი სპერმა;
და ახლაც, ქართულ სოფლებში
არ იცის ძროხამ ბევრმა:
სულადობით რომ ტრაბახობს
„საჩვენებელი“ ფერმა,
ეს ფერმის ბუღამ კი არ ქნა,
ან ვინმე მენეჯერმა,
არამედ გულუას ტვინმა,
ბუღაზე ღონიერმა.
და ახლა რომ მოაწია
მისი „არჩევის“ ჯერმა,
არ დაგავიწყდეთ ძროხებო
მისი ნაშოვნი სპერმა,
რომ დეფიციტის მოსპობით
ვერ გაიხარა მტერმა,
რომ კაცმა ის ქნა, რაც ვერ ქნა
ქართული ბუღის ყვერმა.
P. S. ამ შაირს თქვენ მაგივრად ვწერ
ბოღმისგან ანადუღებო,
პირუტყვად დაბადებულო,
მუნჯო, ხმაამოუღებო,
და მინისტრს პასუხს ვერ გასცემთ
„უმუშევარო“ ბუღებო.


ნათელხილვის პარადოქსები 

წინასწარ იცის ჩვენმა მთავრობამ
სად, რომელ სცენარს ვინ წერდა დგამდა
როდის რომელი „პოლიტმოღვაწე“
რომელ „უწყებას“ „ნასედკად“ ყავდა;
სად, რომელ „ტერაქტს“ უნდა ველოდოთ
საიდან ვისი შემოვა ბანდა;
„უერთგულესი“ ბევრი ლაქია
უეცრად რატომ „გარადიკალდა“;
„პრორუსულ“ ბლოკში რად გადაბარგდა,
რატომ არჩია ასლანის კალთა?!
წინასწარ იცის ხელისუფლებამ
ყველა მოსახდენს ახადა ფარდა;
ამ ერთადერთი, დაუდგენელი
და საიდუმლო თარიღის გარდა:
როდის დადგება გაუცემელი
ხელფას-პენსიის გაცემის ვადა.


„მიშები“ და „კრიშები“ 

ჯერ „მოქკავშირი“ ქვეყანას
თავს კრიზისს დაათხლიშავს;
მერე ყველაფერს აბრალებს
მარტო ჭკუასელს მიშას;
ბიუჯეტს „ყბაში ჩაუგდებს“
„ოპონენტ“ ჯიბუტ მიშას;
რომელიც ხედავს ამ ფაქტში
ქვეყნის დაქცევის ნიშანს;
ამ ძალას დაატაკებენ
„ფიცხ“ სააკაშვილ მიშას;
„იურიდიულ დონეზე“
ჯერ ის შეაყრის ქვიშას;
დესერტად მიაყოლებენ
მაჭავარიან მიშას;
(რომელიც ურცხვად ამტკიცებს,
რომ თურმე „არა გვიშავს“);
„გამპროტესტებელ პერსონებს“
ჟვანია გამოთიშავს.

* * *
და რაც ამგვარად აშფოთებს
ამ „დაჯახებულ მიშებს“;
ჟარგონის ენით რომ გითხრათ
ფეხზე კიდიათ „კრიშებს“.


მოკლე და გრძელი „პროგნოზი“ 

ახლა ძნელია ძალიან
დაბეჯითებით იმის თქმა;
ვის გამოსცინცლა ეს ცნობა
გარემოს დაცვის მინისტრმა;
რომ თბილი თებერვალი და
ცხელი ზაფხული იმისნა;
ერთ დღე-ღამესაც ვერ გაძლო
„მეტეო-ხილვამ“ იმისმა;
გააბათილა ქარბუქმა
მოსვლამ თოვლის და წვიმისმა;
რა მოხდა მერე ასეთი
სხვასაც მოსვლია ლაფსუსი;
მაგრამ მე სხვა რამ მადარდებს
ბევრად მძიმე და აფსუსი;
რომ ის უწყება, რომელსაც
ეს ქალბატონი უძღვება;
რას უცდის, მისი „სიზანტე“
ნეტავი რას ეფუძნება;
რას უცდის, როცა ნაჯახი
საბედისწეროდ ტრიალებს;
და სადაც ტყე შრიალებდა
კანონ-ქაღალდი შრიალებს;
თქვენს ხელში სულაც არ მიკვირს
სურათი გულის დამწველი;
აქ სადაც კაცს არ იცავენ,
ხის ვინ იქნება დამცველი;
რა ცოდნა უნდა, რა მოსდევს
უღვთოდ გაჩეხილ მასივებს;
და ჩვენ უბედურ ქვეყანას
რატომ „აცხელებ–აცივებს“,
ან მაგ სავარძელს მოეშვი
ან „დაეჯახე“ მაფიებს;
ან ის მიუშვი მაგ სკამზე
ვინც ტყეს არ გააკაფიებს;
შენ წადი დარგში, რომელიც
უსაფრთხოდ მიჩნეულია;
და მის „გრძელ მოკლე პროგნოზებს“
ქართველი მიჩვეულია.
დაჯექი „ჰიდრომეტცენტრში“
ამ სუბტროპიკულ ჰავაში;
და იმკითხავე ამინდზე
ბანქოში ანდა ყავაში.


სიკვდილი და არგადარჩენა „ოპონენტს“ 

(„ვნახოთ, ვინ უფრო ადრე მოკვდება“ – პრეზიდენტის პასუხი ირინა სარიშვილს) 

ერთიც ვნახოთ და პრეზიდენტს
ის, რაც წამოსცდა, აუხდა
და უფრო ადრე ის მოკვდა,
ვინც მას პრობლემად გაუხდა;
ვისი ნათქვამიც მრავალჯერ
უკლებლივ სულ წინ დაუხვდა;
და ხალხის ენით რომ გითხრათ,
მას ამჯრადაც „აუხტა“,
ფუი, ეშმაკს და, რომ მოკვდეს
რა შეიცვლება ამითი,
რომ საზიზღარი დარჩება
პოლიტიკური ამინდი?!
მართლაც და, არავინ იცის,
რა როდის, როგორ მოხდება;
ფიზიკურ-პოლიტიკურად
ვინ უფრო ადრე მოკვდება;
ერთს გრიპის ვირუსი მოკლავს,
მეორეს ტყვია მოხვდება;
საიდუმლოა, ვის, როდის
დღე რითი დაუმოკლდება.
და თითქოს, რაც ყველამ იცის,
მაინც მოითხოვს აღნიშვნას:
რომ არ დაუშვებს, ვინც ადგენს
მოკვდავთა „მოხსნა-დანიშვნას“;
მოკლული კაცის ადგილზე
ახალი კაცი არ იშვას;
რომ მართლის მთქმელის სიკვდილი
სიმართლის სიკვდილს არ ნიშნავს.
მთავარი არის ცოცხალი
რა სურნელებას ავრცელებს;
თავისი ხალხის სატანჯველს
აიოლებს თუ აძნელებს;
და მხოლოდ იმათ სახელებს
დრო არასოდეს აძველებს,
ვინც თავის კაცურ სიცოცხლეს
გარდაცვლის მერეც აგრძელებს.
P. S. ასეთი არის სიცოცხლის
სიკვდილად ქცევის „ექსცესი“,
და „მოქკავშირის“ ტაშისკვრით
არ შეიცვლება ეს წესი.


გამჭვირვალე ეჭვი 

ეს საეჭვო საქციელი
ლოგიკასთან არ თანხმდება;
არც პროგრამა მიაქვს დარგში
არც ის იცის რა დახვდება;
პიროვნული მისი აზრი
„დამსმელისას“ არ თანხვდება;
მიკროფონთან დანაქადი
ერთი „პუნქტიც“ არ ახდება;
წინამორბედს რაც გადახდა
მასაც მალე გადახდება:
ან პანღურით გაისვრიან
ანდა თვითონ „გადახტება“.
მაშ რას აძლევს, რად სწყურია
ეს ხანმოკლე „ატახტება“?!
„პატრიოტს“ და „პატიოსანს“
რად არ ესმის, რად არ ხვდება,
რომ ეს მისი „თავგანწირვა“
სიმართლესთან არ თანხმდება;
და მაეჭვებს ვინც კი „უცბად“
მინისტრობას დათანხმდება.


მილები და „კადრები“ 

სასმელ წყალში შერეულა
თურმე ფინთი წვენები;
ფეკალური, „ლეტალური“
„შავი“ ჩანადენები;
ამებები, მიკრობები,
მრგვალები და ბრტყელები;
ჟურნალისტებ-ექიმებმა
გადმოაგდეს ენები;
თავს ფაქტები დაგვაყარეს
ამშლელ-ამაზრზენები;
და მის ნაცვლად რომ სასწრაფოდ
მივუსიოთ მთხრელები;
და მილები გამოვცვალოთ
უსაშველოდ ძველები;
ამის ნაცვლად გვთავაზობენ
ჯანმრთელობის მცველები,
რომ სიცოცხლის შესარჩენად
დავიბანოთ ხელები.
დაიბანეთ, რა თქმა უნდა,
დაიბანეთ ხელები;
მაგრამ მაინც ნუ იქნებით
ისე ჭკუათხელები,
რომ გასაწმენდს გაწმინდავენ
უწმინდურის მქმნელები;
რომ ესენი არ არიან
რამის „გამომცვლელები“;
„ძველ სისტემას“ ვერ დაშლიან
თვითონ დასაშლელები;
და ვინცა ხართ ამ „კადრების“
დამსმელ-„ამომრჩევლები“;
ვინც ჩათვალეთ საქმის ხალხად
„სიტყვით გამომსვლელები“;
ვინც ხართ ვეღარ მომუშავე
ვეღარ მთესველ-მხვნელები;
„მომხრე ინტელიგენტები“
მათზე ხოტბის მთქმელები
(მოშხამული საჭმელ-სასმლის
შიშით ჩანასველები);
ამათ მიმართ ვინც ხართ უკვე
ბრაზით განაცხელები;
ფიზიკურად, ფსიქიურად
დარტყმულ-დანაბრტყელები;
სანამა ხართ რაც დღეს ხდება
იმის „მჭამელ-მსმელები“;
სანამ არ მოიხსნებიან
ადრე მოსახსნელები;
თუ დროზე არ „მოვიბანეთ“
ეს „სამშობლოს მხსნელები“;
კიდევ ბევრი გაგვიხდება
მუნჯად გასასვენები;
ბევრს ჩაყვება „სადარდებლად“
დაბანილი ხელები.


„პოლიტიკური ხაშლამა“ 

(„ქართლელები და კახელები უფრო გამიგებენ... პოლიტიკა ხაშლამას ჰგავს, თუ ქაფი დროზე არ მოიხადა, ჩაბრუნდება და საჭმელად აღარ ივარგებს“) – დავით ზეიკიძის საპარლამენტო გამოსვლიდან 

მაცინ-მატირა საკითხის
ამ სახით დასმა-გაშლამა;
რომ საქართველო ქვაბია
და პოლიტიკა ხაშლამა.
შენმა გამოსვლამ მშიერ ხალხს
ტუჩები აალოკია;
თუმცა მთლად მოხერხებული
არ იყო ანალოგია;
(ეს სხვათა შორის) მაგრამ ის,
რაც შენ გაშფოთებს, გახელებს;
სცდები თუ ფიქრობ, ეხება
მხოლოდ ქართლელებ-კახელებს;
არც უნდა გეხსენებინა
დავით, მცხეთელო ძამია;
რაც უკვე დიდი ხანია
ქართველ ხალხს არ უჭამია;
ბოლოს და ბოლოს, კაცი ხარ
პოლიციაში ნასწავლი;
და მიკვირს, რომ ამ მთავრობას
„ხაშლამის ხარშვას“ ასწავლი;
მათ „ქაფქირს“, ქაფი წვენ-ხორცში
არასდროს „ჩაუბრუნდება“;
როგორც ხალხს ის „ანაბრები“
უკან არ დაუბრუნდება;
კარგად იციან „ნაჭრების“
განაწილება-შერგება;
„მშობელ ხალხს“ ქაფი, ძვალი და
ქვაბის ნარეცხი ერგება;
მაგათი „ამომრჩეველი“
მაგათგან ბევრჯერ იცემა;
მაინც ვერ მიხვდა ვისთვის ღირს
„ქაფქირის“ ხელში მიცემა;
და თუ კვლავ დაიგვიანა
„სიფათში სილის გაშლამა“;
დიდხანს ამ წესით იდუღებს
„პოლიტიკური ხაშლამა“;
ვიდრე ეს მასა, ამ ქვაბთან
ამ გაუმაძღრებს მოითმენს;
ცნობებს „ხაშლამის“ შესახებ
მხოლოდ სხდომებზე მოისმენს.
P. S. ეს ლექსი მათ არ ეხება,
ვისაც მაგათი არა სწამს;
და მით უმეტეს ჩემსავით
ვინც ხორცს საერთოდ არა ჭამს.


„ძაღლები“, „მიშები“ და „შალიკოები“ 

(„ეროვნება და მოქალაქეობა აბსოლუტურად იდენტურია“, „ჩვენებურ შალიკოებს ძაღლის ჯიშები და ეროვნება ერთმანეთში ერევათ“... და ა. შ.) 

ზმანება ვნახე სიზმარი:
ეს საქართველო არ იყო,
„ავტოქტონური ნაცია“
მთლიანად ამომწყდარიყო;
სუბტროპიკების სიმწვანე
უდაბნოდ გადამხმარიყო;
კამკამა მდინარეები
პირწმინდად ამომშრალიყო;
სამარხის რუხი ლოდები
ჰორიზონტს გადამწვდარიყო
და ყველა საფლავის ქვაზე
ეწერა მხოლოდ „შალიკო“.
სამარეებზე ცეკვავდნენ
ვიღაცა უცხო ჯიშები
ვუყივლე: „ვინა ხართ-მეთქი“!
მითხრეს: „ჩვენ ვართო „მიშები“
მიხეილ სააკაშვილის
გონების ნაქიშმიშები;
შემტკბარი, შეშაქრებული
ინტელექტ-გამონაცვლები;
„მსოფლიოს მოქალაქენი“
სულ ერთი ზომის მარცვლები
„დედაც და მამაც „მიშა“ გვყავს
ჩვენც ყველას გვქვია „მიშები“;
აღარ ვართ ერის ნიშნებით
გაყოფილ-განათიშები;
წავიდა, წარსულს ჩაბარდა
„ეთნოკონფლიქტის“ შიშები“.

* * *
როკავდა ხროვა უსახო
ფეხქვეშ ხვნეშოდნენ ქვიშები;
მზარავდნენ უცხო ტომები
ერთბაშად „განამიშები“,
„მიშა“ თეთრი და ყვითელი
„მიშა“ ზანგი და მულატი
(ცენტრში რუსულად მღეროდა
„ექს-ოკუჯავა, ბულატი“),
ვბღაოდი, არვის ესმოდა
დარდი მახრჩობდა და ბრაზი;
პუჭურა „ტაქსას“ რძეს წოვდა
კავკასიური ნაგაზი;
იდგა ყეფა და ღავ-ღავი
დრადხარ-დობერმან-დოგების;
ისმოდა ლაქლაქ-ლაყაფი
სოც.პოლიტ დემაგოგების;
ვაჭრობ-გარიგებ ჩალიჩი
„სკამის“ და ხმების მოგების
ფუი ეშმაკს-თქო! ვიყვირე
გაფრთხა და გაქრა ზმანება;
გავიღვიძე და გაგრძელდა
ცხადის სიზმართან მგვანება;
საპარლამენტო ყაყანის
მორიგი დღე დამდგარიყო;
არც ერთი მწვავე პრობლემა
ჯერაც არ გადამწყდარიყო
თუმცა მრავალი „კანონი“
ქაღალდზე გამომცხვარიყო;
ყველა ცდილობდა როგორმე
„ეთერში“ გამომძვრალიყო;
ერთხელაც „ერის სახელით“
„სასტიკად რომ გამწყრალიყო“;
„ჩაწერა“ თუ „არ ჩაწერის“
საკითხი არ ჩამცხრალიყო.

* * *
ვხედავდი ცხადის კოშმართან
საზღვარი წანაშალიყო;
„ბლოკ პარტიები“ საკბენად,
საძიძგნად ანაშალიყო;
და „მმართველ“ „მიშას“ უტევდა
„ლეიბორისტი“ „შალიკო“.


„დეზინტერვიუ“ 

ეს „ტიპი“ „ისტორიულად“
თუმცა დიდი ხნით არ ძლებს,
მაგრამ სანამდე ასაღებს
თავის უწმინდურ აზრებს;
სადეპუტატო ვადაში
ქვეყანას დიდ ჭუჭყს აცხებს;
უბირ-უწიგნურ „პუბლიკას“
უტარებს შუღლის აცრებს;
და „სასესიო სეზონში“
ბევრის წახდენას ასწრებს.
თვითონ ნაშოვრით ძღება და
მასას სიცრუით აძღებს;
ხმის მიმცემს, ხმის მიცემამდე
მისცემს, ოღონდაც აძვრეს;
რა „იზმიც“ სარფიანია
გავას იქითკენ არწევს;
ვიღას მხარეზე არ იყო
სად არ იწვა და არ წევს;
ბრბო მაინც ჩლუნგად „კენჭს უყრის“
ამ ვისთვის აღარ ნაძლევს;
(მაგის „ხის წვერზე“ ამყვანებს
რა დიდი ცოდვა აძევს)
მის ძირს ჩამოსახეთქებლად
„ხეს“ აღარავინ ანძრევს
ზის კენწეროზე ეს ბოზი
და „ინტერვიუს“ აძლევს.

(დასასრული იხ. ნაწილი II)

No comments:

Post a Comment