(ქვემოთ გთავაზობთ ლექსებს რუსლან მიქაბერიძის კრებულიდან „ლალე“ /თბილისი, 2000/)
(ნაწილი II)
II ნაწილის შინაარსი (ლექსების ციკლები)
სოც-პოლიტ ნაირ-ნაირები
სატლირული გადახვევა
გარსით „დემოკრატიული“ – არსით „ცეკურ“, „სუკური“
ლექსების ციკლიდან: სოც-პოლიტ ნაირ-ნაირები
სოსო რუსი*
„ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადახვეოდა იასა;
ზამბახსაც გაღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა“;
მაგრამ სოსო რომ გარუსდა,
სამივე ყვავილს მიაფსა.
* „მშობლიური ენა რუსული“; „მე თავს ვთვლი რუსი ხალხის შვილად“. ი. სტალინის ავტობიოგრაფია
ნიფხავ-კაზუსი
(ერთ ქალს თბილისში რამდენიმე თვის ხელფასის მაგივრად სამასი „პაკეტი“ ნიფხავი მისცეს – თითოში შვიდი „ბიკინი“)
ფქვილის არც ერთი ნამცეცი
ხორბლის არც ერთი მარცვალი;
ხელფასის ნაცვლად ქალს მისცეს
სამასი დასტა საცვალი;
ყმაწვილქალური „ბიკინის“
სამასი ცალი „პაკეტი“;
თითოში შვიდი ნიფხავი
გამოკრულ-გამონაკეტი;
(რომელშიც თეძოები ჩანს
აღმგზნებად გამონაკვეთი);
მაგრამ, რადგან სექსს სჭირდება
მინიმუმ პური და წყალი;
და ვერ იქნება საცვალი
სასმელ-საჭმელის ნაცვალი;
დადის ის ქალი ქალაქში
და ნიფხვებს ყიდის საწყალი.
მოიდა „ლეიბორისტი“
„ალალ კახელ დედაკაცს“
მთავრობის სახლის კიბეზე
მრავალგზის დანაგორალი
„კახური გულუბრყვილობით“
ედუარდს ნაამბორალი
„საღვთო“ და საპოლიტიკო
ბლოკებში ნაგორგორალი
და ბოლოს ისე დაიბნა
ნაბორგებ-ნაქოქოლარი
მართლმადიდებლურს არჩია
„სოციალიზმის მორალი“
და ნათელაშვილს მიადგა
ტორტმანა „პოლიტ. ბორანი“
ოხ! არ გაიშვას ლუიზა
შენი „ნალეიბორალი“.
16. X. 99
„დედაენის დარაჯი“
ცხადია, ის ვინც მეგრულად
„ვეფხისტყაოსანს“ თარგმნის;
ერთობის შემდუღაბებელ
ღირებულებას არ ქმნის;
მაგრამ ვინც „უკანა რიცხვით“
„ამ ფაქტზე განგაშს ტეხავს
(და აღრენილი ისედაც
ხალხი „ყეფაში შეყავს“);
ის კაცი ნაძირალაა,
ანდა მას თავში „ტეხავს“.
სოც-პოლიტ-ფოლკლორი
(ანუ შეშლილი „ექსამომრჩეველი“)
უმუშევარი ვაჟკაცი
უხელფასობას ჩიოდა;
აღრენილ ბალღებს შიოდა,
ცოლი კაპასად კიოდა;
კაცი გმინავდა-ბორგავდა,
გულ და ნერვები ტკიოდა;
ოთახში მაგრად ბნელოდა,
ოთახში მაგრად ციოდა;
თავში ცხელ-ცხელი აზრები
ნაკვერჩხლებივით ღვიოდა;
თვალთაგან „სოციალური“
ცხარე ცრემლები ცვიოდა;
უკვირდა „კაპიტალიზმი“
რატომ არ გამოდიოდა,
კრიზისის გისოსებიდან
რატომ ვერ გამოდიოდა;
(ერთი ჩათლახის ადგილზე
ახალი სხვა მოდიოდა);
„არც „მილიონი ადგილით“
აღთქმული ხსნა მოდიოდა;
უნარით სავსე ვაჟკაცი
უმუშევრობას ჩიოდა;
იდგა ბალღების ჟივილი,
დიაცი ანჩხლად ჭყიოდა;
შემორჩენილი ჯამ-ჭურჭლის
ლაწანის ხმა მოდიოდა;
ისეთი საკმაზიანი
ქართული გადმოდიოდა;
(რომელშიც ხალხის ტალანტი
აშკარად გამოსჭვიოდა)
სექსთან მთავრობის ისეთი
გადაწვნა გამოსდიოდა;
მათი „ექსამომრჩეველი“,
მათზე ისეთებს ყიოდა;
მმართველი ბლოკის „იმიჯის“,
ისეთი ბდღვნა მოდიოდა;
იმათ მკვდრებზე და ცოცხლებზე
ის გადად-გადმოდიოდა.
* * *
ლექსში არ ითქმის, რაც იმას
პირიდან ამოდიოდა.
როცა ერს
როცა ერს ნამუსიანი
კაცების გუნდი „არა ყავს“;
„ირჩევს“ და „ირჩევს“ თახსირებს;
სკამიდან სკამზე გადაყავს;
მაშინ ის ერი რაც არი,
„მთავრობაც“ იმისთანა ყავს;
და კიდევ დიდხანს სიმწრისგან,
საჯდომით კაკალს დანაყავს.
ძმაო, მაცდურთა მარად „ამრჩევო“
(სულ მირჩევს ზოგი „ხალხისმოყვარული“ – „მასაზე“ რბილად უნდა წეროო, აჰა ვცდი)
ყველაფრის მიუხედავად
ჭკუაზე რომ არ მოდიხარ;
სიმართლის მთქმელის სარქენად
„მყარად“ ჯიუტი ბოტი ხარ;
და დღემდე ვისიც იყავი,
მისი სახარჯო ფონდი ხარ;
რბილად და თბილად რომ გითხრა,
შენ ძმაო, იდიოტი ხარ.
ვინ ირჩევს?!
დაეშვა ფარდა, დამთავრდა შოუ
მისი „სიძველით“ ანაშმორალი;
„დემოკრატიის მორიგ ეტაპად“,
„თვითმმართველობად“ განაგორალი;
გულდაწყვეტილი დარჩა „პუბლიკა“,
უბნებ, ურნებთან ნაჩოჩქოლარი;
მიხვდა რომ ისევ იმ წუმპეში ზის
დღემდე რომ იყო ნაგორგოლარი;
სამი „პარტიის“ „სოციალიზმით“ *
გაჭვარტლული და განაბოლარი
და ვერ გაიგო საუბედუროდ
უმარტივესი „პოლიტმორალი“:
რომ ყველგან, ყველა ხელისუფლებას
ირჩევს ძალა და ირჩევს დოლარი!
* „სოცინტერნის“ წევრი სამი „სხვადასხვა“ „პარტია“: „მოქკავშირი“, „სოციალისტური პარტია“ და „ლეიბორისტული პარტია“.
მთავრობის გადახალისება
(„მოხდა მთავრობის „გადახალისება“ – პრეს-ტელე-რადიო შტამპი)
ეს „იმ წყობის“ პოლიტ. შოუ,
„ამ წყობაშიც“ არ იცვლება:
როცა ვინმე ჩინოსანი,
ნამეტანი დაისვრება;
როცა სინდის-ნამუსისგან,
„სტერილურად“ გაიცლება;
მისი ჯიბე ნაქრთამალი
დოლარებით აივსება;
ხოლო მასის მოთმინება
გასასკდომად გაივსება;
მაშინ ხდება „ძველი კადრის“
„ახლით“ „გადახალისება“;
ხდება ნაპარავის „დათვლა“
და ყასიდად „შემოწმება“;
(ერთი ვირთხა – მოძმე ვირთხას,
მხარს უჭერს და ემოწმება);
და იმ ვირთხას, ვისაც „შეფი“
ბოლომდე არ შემოწყრება;
ის ერთ „კარში“ გაძვრება და
მეორეში შემოძვრება
„ფეკალური კადრის“ „კასრი“,
თან „იკლებს“ და თან „ივსება“;
(არასოდეს მისი „ფსკერი“
„გასარეცხად“ არ იცლება);
და ამიტომ პოლიტიკის
„სურნელებაც“ არ იცვლება!
პოლიტიკა და სექსი ამერიკულად და ქართულად
(აღიარებამდე)
ძიებამ ეს „სექსექსცესი“,
დღემდე ვერ გაამზიურა:
საბაბი ბილმა მისცა თუ,
მონიკამ იაქტიურა;
კლინტონს, ლევინსკი, რა სახით
შემოეუპატიურა?!
მორალურ-პოლიტიკური
მძვინვარებს ცხელებ-ციება;
მონიკას კაბის კალთებზე
მიმდინარეობს ძიება.
ალბათ ყველაფერს გაარკვევს
ზეპირი და „ნივთმტკიცება“;
ეს იყო „ქალის შეცდენა“,
თუ „ბანალური მიცემა“.
* * *
და ხალხს ის კი არ აშფოთებს
ვის და რამ წამოუარა;
ან „შესაბამის ორგანოს“
ვინ რატომ არ მოუარა;
არამედ „ქვეყნის მმართველმა
ფიცი გატეხა თუ არა“!
* * *
ამის შემხედვარ ქართველ კაცს
პირს ირონია გაუხევს;
რადგან ის მუდამ იმას „ჭამს“
რასაც მთავრობა „გაუხვევს“
რადგანაც ჩვენში სიმართლე
მუდამ ტალახში აგდია;
სიტყვის და ფიცის გატეხა
ჩვეულებრივი ფაქტია;
ცხოვრება, „მთავრობებისგან“
ხალხის „იმისქნის“ აქტია.
ნეტავი ასე ჩვენთანაც
(აღიარების შემდეგ)
აირკვა! რაც ამერიკას
სალაპარაკო გაუხდა;
რის გამოც მის მტერ-მოყვარეს
„ცოდნის კანკალი აუტყდა“;
და ბოლოს „კედელს მიმდგარი“
ბილი „ჟიურის“ გაუტყდა.
აღიარება მოუხდა
დიდი ხნის ნაცოდვილარის;
თქვა რომ მონიკა „იმასქნა“
და უღალატა ჰილარის.
თქვა, რომ ძალიან განიცდის
თავის „მორალურ თხლეობას“
და პატიება შესთხოვა,
„შტატების“ მოსახლეობას;
ცდილობს, რომ კონგრესს დაუძვრეს
და „იმპიჩმენდის“ მარწუხებს;
მე კი ეს „პოლიტ-სექსფაქტი“
სულ სხვა „რაკურსით“ მაწუხებს:
ვნატრობ, რომ მსგავსი სიმკაცრე
ჩვენ ხალხსაც წესად გაუხდეს;
ვენთანაც „სპეც-პროკურორი“
ქვეყნის მმართველებს „აუხტეს“;
და ყველას მისი „ნაქნარი“
უკლებლივ ცხვირწინ დაუხვდეს.
გაუთავებელი „ბილმონიკა“ და საქართველო
(„კურიერის“ აღშფოთება) *
მსოფლიოში ყაყანია,
პოლემიკა „პოლარული“;
„კურიერმაც“ გამოხატა
„პოზიცია ზონალური“:
„მოსამართლისთვის“ თუ არის
ეს „ილეთი“ „მორალური“,
კლინტონს რატომ ეკრძალება,
ჰქონდეს სექსი ორალური?!
* ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალი გაწიწმატებული იცავდა კლინტონის „ორალური სექსის“ უფლებას!!!
ქართული „ხალხური პოზიცია“
„პოლიტიკოსის კარიერაში“
თავშეკავება ძალიან ფასობს;
და უსათუოდ დაიღუპება,
როცა პრეზიდენტს ის აღარ ახსოვს,
რომ პასუხს ბოლოს იმას მოთხოვენ,
და არა იმის უტვინო ასოს!
ქართული „სამთავრობო ტრადიცია“
ქართველს ნაკლებად აინტერესებს
„ეშელონებში“ ვინ ვის უწვება;
მაინც არავინ კითხავს „უფროსი“
„ამას თუ შვება“, „იმას თუ შვება“;
თან მით უმეტეს, თუ უჭმელ-უსმელს,
კუჭი ეწვის და პირი უშრება
და რაც კლინტონმა ლევინსკის უქნა,
ჩვენში მთავრობა მთელ ხალხს უშვება.
22. IX. 98
მახინჯი ჩვევა
ეს ჩვენი მახინჯი ჩვევა
ძალიან დიდი ხნის არი
გულში დაისრულს დავცინით
და ზურგში გვხვდება ისარი.
სულელური „იგორიადა“
ამ ხალხის ბედი უკუღმა
აბა როგორ არ იგორებს;
ერთ „გარე იგორს“ დასდევს და
ხმას აძლევს „შიდა იგორებს“.
„ხეები“ და „ვარდები“
(პასუხის პასუხი)
„ალალი ვეტერანის“ ანდერძის გამო ერთმა „მაძღარმა ვეტერანმა“ „გულმოსულად“ მიპასუხა
სატირის საგნის სატირით ტკბობის
ერთი შემთხვევაც არა მქონია
და რეაქციაც იმდაგვარია
რა ტიპის ყურით განაგონია.
სატირა დიდი „ლაკმუსი“ არი
(მუდამ ასეთი ძალა ჰქონია)
ჭკვიანი მასთან სიჩუმეს არჩევს
უჭკუოს მისგან ჭირს აგონია.
სატირანაკრავს უცბად მიხვდები
ვინ არის, რისი დარდი ქონია
და საწყალია ყველა ხე ვისაც
თავი ჯიუტად ვარდი გონია.
ბიზნესი „თეთრი“ და „შავი“
სუყველამ იცის, ვისაც „მაყუთის“
შოვნის სფეროში უმუშავია
რომ არ არსებობს ბიზნესი „თეთრი“
ის ან „მოშავო“, ანდა „შავია“.
„უფლებების დაცვა“ ქართულად
„კონსტიტუციის პატივისცემით“
ტუჩებს პრუწავენ, თვალებს ბრიცავენ
კანონ-სამართალს საითაც უნდათ
კისერს იქითკენ მიუღრიცავენ
ჯერ კაცს ციხეში გამოამწყვდევენ
და „მის უფლებებს“ მერე იცავენ.
გულუბრყვილო შეკითხვა
თურმე არამყარ „ალიანსს“
„ამომრჩევლებმა“ ხმა მისცეს
„ლეიბორებმა“ უმუხთლეს
უცბად ხმა მისცეს „სხვა ვიცეს“
კაცს კითხვა თვითონ გიჩნდება
ნეტავ ამაში რა მისცეს?!
24. I. 99
მოერგებიან თუ არა „ახლები“ „ძველ სკამებს“?!
„ერთ რამეს კი გპირდებით, რომ ყველა კანდიდატი იქნება ისეთი, როგორიც თანამდებობას ზუსტად მოერგება“ – პრეზიდენტის რადიოინტერვიუდან
ამ არგუმენტის გამგონეს
კაცს ღიმილი მოეგვრება
სკამი იყოს, თორემ იმ სკამს
ყველა კარგად „მოერგება“.
საეჭვო „პოლიტ. დეზინფექცია“
ვნახოთ რა გასუფთავდება
ვნახოთ რა განიავდება
როდესაც ქვეყნის ცხოვრება
სულმთლად „გაჟვანიავდება“.
არჩევნების წინა ღამეს
(მრავალჯერ „შემცდარ“ ამომრჩეველს)
ამაღამ მაინც დაფიქრდი ვირო!
ამ ერთხელ მაინც ნუ აჩქარდები
აწონ-დაწონე ვის რატომ აძლევ
რანაირ ძალას, რა ხნით ბარდები
და ყუთში მისთვის „კენჭის ჩაგდებით“
ისევ „იმაში“ ხომ არ ვარდები.
ვის ერჩის?
არ დაიშალა უტვინომ
ჩლუნგად „კენჭების“ ჩაყრა
როგორც კი „ხმა“ გამოსტყუეს
შუქი მაშინვე ჩაქრა.
ზის ახლა ბნელში და ბღავის
„რომ ისევ დაიჩაგრა“
ვის ერჩის?! ცხვირი ნეხვში ხომ
თავისი ნებით ჩაკრა.
1. X. 99
იქ არ ეკიდოს!
სიტუაცია შავზე შავია
ღია ფერებით არდასახატი;
ბევრი მაძღარი „მოხსნეს“ და „ხსნიან“
მინც არ შედის გადასახადი;
რა ხდება, რატომ გასივდა სენი
მოურჩენელი გახდა სახადი?!
რატომ და მრავალს „ზევით“ და „ქვევით“
ეს ვითარება „ძალიან აწყობს“;
რატომ და ისევ „იმავ მეთოდით“
აკონტროლებენ ვირთხები „საწყობს“;
რატომ და იმას, დაუზოგავად
ვინც ვირთხებს უნდა გამოეკიდოს,
საჭირო არის, იმ კაცს „სამშობლო“
სადაც კიდია იქ არ ეკიდოს.
„მოხალისე“ მოღალატეები
შედარებით მათთან, ვისაც
„სამსახურით“ ავალია
„მოხალისე“ მოღალატე
გაცილებით მრავალია.
„უკრიშ-ობლობა“
გლეხს, მეწარმეს და ბიზნესმენს
რომელსაც „კრიშა“ არა ყავს;
ვისაც ხოში აქვს გაძარცვავს,
ვისაც ხოში აქვს „დანაყავს“.
ათასჯერ ნაძირალაა
ცხადია ნაძირალაა
ვინც ხალხის ლუკმას იპარავს;
ათასჯერ ნაძირალაა
ვინც ამ მომპარავს იფარავს.
ისევ იმან მოიგო!
რა საშიშია და სამწუხარო
ჯერ კიდევ რომ ვერ გაგებულია
ამ შინაშუღლის გასაღვივებლად
დოლარი ვისი გაღებულია.
ვინ „აპროექტებს“ ჩოლოქთან საზღვარს
ხაფანგი ვისი დაგებულია
ვინ აფინანსებს „ასლანოიდებს“
ვინ „რა მასალით“ აგებულია
„აქეთ“ და „იქით“ ერთი რამ არი
ვინც „ქებული“ და „ძაგებულია“
რომ კიდევ ერთხელ რუსმა მოიგო
და საქართველო წაგებულია.
რატომ არი?!
თუკი „კორუფციას ებრძვის“
მთავრობა და პარლამენტი
მაშინ ყველა „ეშელონში“
რატომ არი პარვა მეტი?!
ორი ერთნაირი „მხარე“
ამნაირ სცენას ამომრჩეველი
ძალიან ხშირად ისმენს და ნახავს.
როდესაც ორი, თანაბრად ურცხვი,
„ხალხის სახელით“ დააღებს ხახას.
„რადიკალურად“ ერთმანეთს ლანძღავს,
ერთი მეორის ღირსებას ლახავს;
და გამარჯვების მოსაპოვებლად,
ხერხებს ხმარობენ ძალიან გლახას.
არგუმენტების მაგივრად უხვად,
თავზე აყრიან ერთმანეთს დორბლებს,
უყურებს მასა გასივებული
„ქულების შოვნის“ ექსტაზში მყოფლებს
იცის, მათ ხელში არ ეშველება,
მშივრებს, დევნილებს, ქვრივებს და ობლებს.
იცის ვერც ერთი ვერ დააბრუნებს,
სოხუმს და ცხინვალს, წართმეულ სოფლებს;
უსმენს „პუბლიკა“ კოპებშეკრული
ამ გაკოტრებულ ენების მშრობლებს
და ერთნაირი გულმხურვალებით,
ხშირად ახსენებს ორივეს მშობლებს.
20. 08. 1998 წ.
საბიუჯეტო ხმით სატირალი
ვაიმე ხალხო, ისედაც
ძაღლურად გამოკვებულო;
„შუქის გამოსაღლეტელად“
„პიკეტზე“ გამოგდებულო;
უხელფას-უპენსიობით
დასუსტებ-დაოსებულო;
მთავრობის უნამუსობით
ათასჯერ გაოცებულო;
და „საარჩევნო მინიმუმს“
დიდი ხნით გამოკლებულო;
ვაიმე ჩემო სამშობლო,
„ბიუჯეტ-დამოკლებულო!“
„მცველები“ და „მცლელები“
მანამდე არ ეშველება
ბიუჯეტს და ფინანსებს;
სანამ არ „განცალკევდება“
ვინ ხვრიპავს და ვინ ავსებს;
სანამ ცნობილი მძარცველი
„დარაჯის“ პოსტს ითავსებს;
და არ „ვკითხავთ“ საქართველოს
რისგან ცლის და „რით“ ავსებს.
აზროვნება „ფასიანი“
ბიჭს ოცნებად თუ ექნება
მხოლოდ „მწვანე ასიანი“;
მრისხანებას თუ არ შეყრის
მიწა რუსის ბაზიანი;
თუ ტურისტებს დახვდა მხოლოდ
„დედა-მახვილთასიანი“;
ჯარიდან თავის დაძვრენა
თუ იქნება „ფასიანი“;
აღარასდროს არ შედგება
დიდგორი და ბასიანი.
დადგმული „გადადგომები“
როცა გარდაუვალია
სავარძლიდან გადაგდება,
მაშინ გამოცდილი „ბოსი“
„თავის ნებით გადადგება“.
მთავარი სადარდებელი
ზოგი სკამს სულაც არ დარდობს
გაყიდონ, გინდა გაცვალონ,
თათხონ, წერონ და იკითხონ
ენებ-კალმები აწვალონ
ოღონდაც ოხრად ნაშოვნი
მაყუთის შეჭმა აცალონ.
„ხალხის ბედის“ მღეჭველები
ისე გაცვდა ამათ პირში
„ხალხის ბედზე“ ღაღადი,
როგორც ჩვენი წარმოების
ტუალეტის ქაღალდი.
„ცნობილი“ „საცობები“
ისეთი პოლიტიკური
იკადრა ზოგმა ანცობა
„არჩევა“-„დანიშვნის“ ხოშმა
იმდენად „გაასაცობა“
აწი კიდეც რომ ეცადოს
არ გამოუვა კაცობა
და გაცვეთამდე მოუწევს
სხვადასხვა „ბოთლის დაცობა“.
დაკარგული ნიშნები
ზოგმა იმდენად დაკარგა
ნიშნები კაცის საცნობი
რომ უყურებ და ვერ ხვდები
კაცი არი თუ საცობი.
თანაბრადხსენებულები
ვინც კი არიან ამჟამად
დანიშნულ-„ანარჩევლები“
ფინანსისტ-„პროგნოზისტები“
პრეზიდენტი და „მრჩევლები“;
„ხსენებას“ შეჩვეულები,
ზოგიც ჯერ შეუჩვევლები;
გარწმუნებთ რომ არ არიან
ხალხისგან განარჩევლები;
და ამჯერადაც, ახალ წელს
მოთმენის გამომჩენლები;
მათში ძალიან, კარგების
განგებ არ გამომრჩევლები;
ყველას „ერთნაირ მოკითხვას“
უთვლიან ამომრჩევლები.
„ბუნტი“ „ზეპარტიაში“
ამით უნდათ დამშეული
ხალხის რისხვის აცილება;
ამას ნიშნავს ეს დადგმული
„საპროტესტო“ აწივლება
„ცუდ“ და „კაი“ „მოქკავშირად“
დაშლა – გადანაწილება.
პოლიტ. „პალუნდრა“ „მმართველ პარტიაში“
იგრძნეს „მამა-მარჩენალის“
წასაქცევად გადახრა
ახლა ნახე ამ „ნარეცხის“
„ფრაქციებში“ გადაღვრა;
ახლა ნახე „მოქკავშირის“
„მანდატების“ გადაყრა.
კორექტურა და პოლიტიკური „უტაქტობა“
(„ხალხს თავის კუთვნილ პენისებსაც არ ურიგებენ“ – „დილის გაზეთი“ 21. X. 98)
ეს მარცხი ბევრს დამართია
მწერალს და ოსტატს სცენის:
ზედმეტი ასოს ჩაწერის,
საჭიროს გამორჩენის;
დარბაზის „ამფეთქებელი“
წაბორძიკება ენის;
მაყურებლების წინაშე
მომდენი სიმწრის წვენის;
მარცხი კორექტორ „გუშაგის“
ფაზაში თვლების თმენის;
ხიფათი „საშიშ ასოთა“
„სექს-განხრით“ გამოჩენის;
კვიმატი გადანაცვლება
„ლასის“ „ყარის“ და „ენის“;
(მიზეზი უიუმორო
ავტორის კბილთა ღრჭენის);
და იუმორის მქონებლის
სიცილის ცრემლის ცვენის;
რადგან შეცდომა ხვედრია
შლეგის, ლენჩის და ბრძენის;
და „დილის გაზეთს“ რაც წაცდა
(გარეშე გრძნობის ქვენის);
ჩემს სატირულად მოწყობილ
აზრებს სულ სხვაგან დენის;
სადაც ათასჯერ მეტია
საბაბი გულის ტკენის;
ამიტომ ეს „პრეს კაზუსი“
ჩვენს ყოფას ზუსტად შვენის;
ასახავს „მართვის მანერას“
ხელისუფლების ჩვენის;
რომელსაც თავი არა აქვს
ქვეყნის მოვლის და რჩენის;
და იმის გარდა რომ არის
არ მომცემელი დენის;
მომყენებელი მრავალი
„სოციალური წყენის“;
ფეხებზე დამკიდებელი
ღარიბ-ღატაკი ფენის;
მშივრებს კუთვნილის მაგივრად
დემაგოგიას ტენის
და „ამომრჩევლებს“ თავაზობს
პენსიის ნაცვლად პენისს?!
უძინარ „დილის გაზეთს“
(ჩემი სატირის „ოსტატურად“ მომხმარებელს)
ნეტავ „დილის“ რატომ გქვია
მუდამ ღამით იბადები;
ხან კაცური რიხი გახლავს
ხან ქალურად იბაბთები;
ხან ახვედრებ ათიანში
ხან საფანტად იფანტები;
ქართულ პოლიტ-ლაბირინთში
ზოგჯერ ძაან იბლანდები;
სექსუალურ პრობლემებშიც
სულ მოდურად იბარდები;
გაზეთი ხარ! და ცოტა გყავს
კმაყოფილი სიფათები;
„დოზით“ ნაქებ-ნაგინები
„ამათები“, „იმათები“;
მოკლედ, ბნელი ორგანო ხარ
რადგან ღამით იბადები;
და დღემდე ვერ დავადგინე
თუ საიდან იმართები?!
არიქა, ჩქარა!
„ორსული ქალი უფრო ლამაზია... მინისტრი ქალი მეტ ჰუმანურობას შეიტანს პოლიტიკაში“. მინისტრობის ფეხმძიმე პრეტენდენტის განცხადებიდან
აი საშველი, აი მეთოდი,
საუკეთესო ყველა წინაზე;
დამამშვიდებელ-დამწყნარებელი
მძლავრი ყოველგვარ მედიცინაზე
(რადგან სად კაცი მინისტრი, ავი
და სად ორსული ქალის სინაზე).
ახლავე უნდა შევუდგეთ საქმეს
და ამ საკითხზე დავა მოვკვეთოთ;
პარლამენტი და ხელისუფლება
ფეხმძიმეებით დავაკომპლექტოთ.
რა ჰუმანიზმი, რა ჰარმონია
(რაც არ ყოფილა ადრე აქამდის)
დაისადგურებს, როცა მართვაში
გაჩნდება ხიბლი „მატრიარქატის“;
წარმოიდგინეთ: არა ღრიალი
„საქმის გარჩევა“ ქუჩურ „ქურდული“;
არამედ ბევრი ორსული ქალის
ქვეყნის საქმეზე წყნარი ჟღურტული;
სახელმწიფოზე და ქმრებზე ფიქრით
(ცოტა სიცხითაც განაფითრები)
სესია, სავსე მშვენიერებით
(პულტების გვერდით მჟავე კიტრები);
ტელეეკრანთან მიმსხდარი მასა
ტკბილი წუთები, სმენა – თაყვანის
და შიგა და შიგ ტაშის გრიალი
(სამშობიაროდ მათი გაყვანის);
ანდა მინისტრ ქალს როგორ შეადრი
აგრესიულ და ცოფიან კაცთან
ამასთან შეხვალ საქმეზე ისე
როგორც ლამაზ და საყვარელ დასთან;
(თუმცა, როდესაც იგი „მიზეზობს“
მაშინ არშესვლა ჯობია მასთან);
ახლა დარგების ურთიერთობა?!
ვიღა გაბედავს, რასაც დღეს ბედავს,
რადგან ორსული და მეძუძური
უფრო გაუგებს მეორე დედას;
ერთბაშად ვერც კი იანგარიშებ,
რა მოგებებიც ამ პროექტს მოსდევს;
თანაც ევროპა და ამერიკა,
ამ „ქართულ სიბრძნეს“ მსოფლიოს მოსდებს.
მაგრამ დამწყები თუ ჩვენ ვიქნებით
და კაცები თუ არ გავჯინდებით;
თუ „აზიური აზრების“ გამო
გასასკდომად არ გავიჭინთებით;
ორსულ მინისტრთა რაოდენობით
გინესის წიგნშიც „გავიჩითებით“.
არიქა, ჩქარა! მიეცით ორსულს
(თუ პორტფელისკენ ორთავ ხელს იწვდის;
და ისე „უნდა პოლიტიკაში“,
რომ რამდენიმე თვესაც არ იცდის);
მიუშვით ნებას „დეკრეტის“ ვადით,
და არც იფიქროთ გადაყენება;
არ დაგავიწყდეთ, არ შეიძლება
ფეხმძიმე ქალის განაწყენება.
P. S. კაცს ერთადერთი ფუნქცია რჩება
სასიამოვნოდ აუცდენელი:
წესრიგში ჰქონდეს მოწყობილობა
ღვინით და „იმით“ წაუხდენელი
და აწარმოოს „მოღვაწე ქალთა“
დაორსულება გაუცდენელი.
შეკითხვა კომისიას *
მთავრობებისგან ჩვეული არ ვარ
და არც ველოდი ჯილდოს და „ცნობას“
თან ისიც ვიცი „მსაჯებად“ სხედან
ვინც უგალობდა საბჭოთა წყობას;
და ყველა სფერო ჩვენი ცხოვრების
ძველი „რეცეპტით“ განაგრძობს ლპობას;
ამიტომ ბედს არ დავუწყებ გმობას,
არ მივეცემი დარდსა და ჭკნობას,
არც იუმორის დავკარგავ გრძნობას,
არც თქვენ გაკადრებთ, საკადრის მკობას;
უბრალოდ მიკვირს მელექსე კაცი,
რად შემაჯახეთ მეპროზე კობას?!
* კრებულის გამოსაცემი ფულის უქონლობის გამო გავბრიყვდი და ჩემი სატირა „სახელმწიფო პრემიების“ მიმნიჭებელ კომისიას მივუტანე; დამაპირისპირეს პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველი კობა იმედაშვილი, რომელიც თავის პუბლიცისტიკას პროზად წერს?!! ახლა არ მკითხოთ, პრემია ვის მისცესო?!
ლექსების ციკლიდან: სატლირული გადახვევა
თანასწორობა
ებრძვის კაცს ქალი, ებრძვის ქმარს ცოლი
„თანასწორობის“ მოსაპოვებლად;
სპორტში, სექსში და პოლიტიკაში
დიდი „პროცენტის“ მოსაგროვებლად;
ცემის, მიცემის, მოწევის დარგში
ყველა აკრძალვის მოსაშორებლად;
ებრძვის შეშლილი და დამფრთხალ მამრებს
დღითი დღე ყველა მსგავსებას ტაცებს;
(ისეთ რამესაც, რაც ბევრად უფრო
ადრე შვენოდათ საცოდავ კაცებს)
ებრძვის ქმარს ცოლი გააფთრებული
ტირის და ყვირის, კბილს აკაწკაწებს;
და ბოლოს, როცა „ბორკილებს ამსხვრევს“
„თანასწორობის“ ყიჟინას დასცემს;
უეცრად ხედავს შემზარავ შედეგს
გაოცებისგან თვალდანაქაჩი
სადღაა ქმარი, ხელში ყავს ჩვარი
„გამარჯვებული“ ტირის ალქაჯი.
P. S. და უნდა გითხრათ, გინდაც გეჩვენოთ
„ძველმოდური“ და ძალიან მკაცრი:
ქალთან ბრძოლაში დამარცხებული
არ მეცოდება არც ერთი კაცი.
„დარჩით ნორჩი!“
(რადიო 106,4-ის ლოზუნგი)
ვინც ამ ლოზუნგს აჰყვება და
გარეგნულად „განორჩდება“
„გაწიწკვდება“, „გაბიჭდება“,
გათიკნდება, გაგოჭდება;
ის უთუოდ გაკოტრდება
სასაცილო გამოჩნდება;
უფრო მალე დაბერდება,
უფრო სწრაფად გამოშრება;
რადგან სისულელეს ნიშნავს
ჟამთა სვლასთან გაოჩნება;
არ ხერხდება, არ მოხდება
წინსვლის უკან გაჩოჩება;
არც ქაჩალის გაქოჩრება,
და არც ვირის გაჩოჩრება;
ვინც ამ სიბრძნეს „აუხტება“
ავად არი, არ მორჩება;
ვერც სხვის ასაკს დაეწევა
და თავისიც გამორჩება.
რადგან შეუძლებელია
ხის და კაცის განორჩება.
ჰოდა, „ანცი“ ვინც არ არი
ვინც არ არი ჭკუით ბეცი;
იმან იცის ყველა „ეტაპს“
გააჩნია მისი პეწი;
სექსი, ლექსი, სმა უხდება
მას სხვაფერად, შენ სხვაფერად;
და ამიტომ „შეუბერე“
ოღონდ წლების შესაფერად.
ისტორიულ-ისტერიული კისკისი
ძალიან რთული მოვლენა გახლავთ
ვნების ამშლელი, ქალის კისკისი;
და მის შესახებ სულელს და ჭკვიანს
მოსაზრება აქვს ყველას მის-მისი;
სულელს არ ახსოვს, როცა წარმტაცი,
ტვინის ამრევი ქალი უცინის,
რომ ამნაირით ზუსტად სიცილით
სხვას უწვებოდა მრავალს უწინ ის.
ჭკვიანი ხვდება და სულ თან დააქვს
როგორც ნატყორცნი გულში ისარი;
ქალის წარსულის ყველა დეტალი
და სხვის მკლავებში ნაკისკისარი.
მარტივ სულელთან დიაცს მუდამ აქვს
ცრუ გამოსაძრომ-გამოსავალი;
ჭკვიანთან არა, რადგან „ქალმცოდნემ“
იცის „მარტივით გარდამავალი“
ლამაზის ფიცი სწრაფ-წარმავალი;
და ამ მიზეზით დრამებს ვინ დათვლის;
ტრაგედიაც კი მოხდა მრავალი.
ცხოვრება მიდის სიცილ-ხარხარით
და მშვენიერი სქესი კისკისებს;
არის გაუკვლევ-გაურკვეველი
იმისი გული ნაღდად ვისთვის სცემს;
რისი უფლებაც დღეს ამას მისცა,
ხვალ სიცილითვე იმას ვის მისცემს,
და ეს რომ ფიქრობს მისთვის ანთია,
ის რომ სასხვისო ცეცხლად გიზგიზებს;
ცხოვრება მიჰქრის ეჭვის ღრიალში;
თოფის გრიალში ისმის კისკისი;
(და ვერ გაიგო მეცნიერებამ
სიცილი ხიბლავს, რატომ ვის-ვისი);
კიდევ კარგი რომ ეს საიდუმლო
ამოუხსნელი დღემდეა შიფრი;
თორემ ძალიან გაიზრდებოდა
დამხრჩვალ-დაკლული ქალების ციფრი.
P. S. თუმცა ეს „საფრთხე“ პირობითია
(და სტატისტიკაც ამასვე ამბობს);
რომ როგორც წესი, ისტორიულად
ჭკვიან კაცს მუდამ სულელი სჭარბობს.
„ვალენტინის დღე“
(საკითხში ოდნავ ჩახედულს
აშკარად გაგეცინება)
კორექტულ სიტყვებს დავეძებ
რომ არ წამომცდეს გინება;
რადგანაც არ შეიძლება
ამ გრძნობის „დღის დადგინება“
და ერთდრულად ყველასთვის
თარიღით შეღიტინება.
რადგან სიყვარულს არ უყვარს
კალაპოტებში დინება;
ანგრევს სტანდარტულ ჯებირებს
ბორგავს და მოეგრგვინება;
ზოგს დასახრჩობად ჩაითრევს,
ზოგს მხსნელად მოევლინება;
ერთს არევ-დარევს, დალეწავს,
სხვას მადლად მოეფინება;
მისთვის ჩადენილ მომხდარის
ძნელია წარმოდგინება.
მის საიდუმლოს არვინ ფლობს
(განგებამ ასე ინება)
და წელიწადის ყველა დღე
მის სურვილს ემორჩილება.
არავინ იცის მახვილად
გულზე ვის მიებჯინება;
უყვარს ბრძენის და სულელის
თანაბრად გამოტვინება;
არავინ იცის სად, როდის
ვის „მოევალენტინება“.
31. I. 99
ეცვას თუ არა?!
შავი კაბები, შავი კაბები
რამდენ ლამაზ ქალს შავი აცვია;
იქნებ მე რამე გამომეპარა
და დიდს რაღაცას გლოვობს ნაცია?!
მაგრამ როგორც კი ამ „შაოსნების“
მოშვლეპილ ზურგებს დააშტერდები;
შემოგანათებს შავ კაბებიდან
ამოვარდნილი თეთრი მკერდები;
და გამომწვევად გამობზეკილი
ლიფებახდილი ბორცვთა კერტები;
(თუ შეყოვნდები, თუ გაჩერდები
მარტო ყურებას ვერ დაჯერდები)
თუ ჯანმრთელი ხარ დაიძაბები
დაითუთქები, დაიდაგები;
თანაც ზაფხულის ცხელი დღე თუა,
სურვილის ცეცხლზე დაიტაფები;
როგორც სადოღე ულაყი ცხენი,
გასაჭენებლად გაიქაფები;
რადგან სიშიშვლე ისე მწველია,
იმდენად ვნების გადმომქცევია,
ქათქათა თეძო და სავსე ძუძუ
სამოსელს ისე გამოქცევია;
(რომ ვიღაც მოხუცს, აშკარად სოფლელს,
გაოცებისგან ყბა მოქცევია).
მოდის ლაშქარი აბორგებული
„მოდით“ და სიცხით განაგიჟები;
და ამის ფონზე, გულგრილი მზერით
„პროგრესისაგან“ „დანადინჯები“;
მიდი-მოდიან დამდორებული
ნარკომანი და ლოთი ბიჭები.
მივდივარ ვფიქრობ, რა ჯანდაბაა
ასეთი ტემპით რამ გაგვაქცია;
ნეტავი საით მიექანება
„ღია ჭიპების დემონსტრაცია“
(სხვისი წესის და სხვისი ადათის
უნიჭო ყალბი იმიტაცია);
ეს დიაცები რამ გააცოფა
„კაცის სტატუსი“ რამ წააქცია?!
(ყველა ყველა და ამ დარგში მაინც
ქართველს არასდროს „უზარმაცია“);
მაგრამ რა უყოს თუ დღე და ღამე
ეკრანზე არის გაწამაწია;
თუ ხვნეშა კვნესის და სხვისი სექსის
ცქერისგან დაღლილ-დანაქანცია;
რა ქნას თუ „მოდამ!“ ეს მღელვარება
ლამის პირუტყვულ აქტად აქცია.
რა მიზნით არის მოფიქრებული
ძველი სიმძაფრის დევალვაცია;
ელეგანტური „შავის და თეთრის“
ბიზნეს მიზნებით ეგზალტაცია
ბორდელის დონის „მომხიბვლელობა“
ხორცის და კაბის „კომბინაცია“;
წინ რაღა დარჩა, ანდა სად გადის
„სექსის საზღვრების დემარკაცია“?!
ვარგა თუ არა წინასწარ გახდა,
ყოვლის ჩვენება, რაც წარმტაცია;
ანდა ქუჩაში რა უფრო გვხიბლავს
„რომ აცვია“ თუ „რომ არ აცვია“?!
გზა აქ სადღაცა შუაში გადის
და არ უშველის აგიტაცია;
(აზიზ-ფაქიზი საკითხი გახლავთ
ვერ მოაგვარებს „კონფრონტაცია“);
არც უტიფარი სიტიტვლე მომწონს
არც მინდა „ჩადრის რესტავრაცია“;
მაგრამ ერთი რამ აშკარა არი
და არ ჭირდება „დისერტაცია“;
რომ სქესის, ჯიშის ნიშნებმოშლილი
აღარც ქალია, აღარც კაცია
რომელსაც ელის დაშლა დაშრეტა
და სიყვარულის დეგრადაცია.
* * *
P. S. თუ გინდა ქალო არ გახდე მსხვერპლი
მდარე ალერსის უღიმღამოსი;
იმნაირ თარგზე მოაჭრევინე
კაბები დილის და საღამოსი;
რომ სანამ კაცთან განმარტოვდები
გეფარებოდეს ტანზე სამოსი.
ლექსების ციკლიდან: გარსით „დემოკრატიული“ – არსით „ცეკურ“, „სუკური“
„შემცდარი“ „მოღვაწეები“ და „მიმტევებლები“
ამ მოსაზრებას არ ვამბობ
უმიზნო კბილთაღრჭენისთვის;
რადგანაც ვიცი, რომ კაცი
„კარგად ცნობილი“ ერისთვის;
მოხდება ხოლმე, შეცდება
„სამშობლოსთვის“ და „ენისთვის“;
მასის მაცდური ბელადის
„შემოგდებული“ „რწმენისთვის“.
(ანდა ჯანდაბას, პირადი
სიცოცხლის გადარჩენისთვის).
მაგრამ როდესაც „მოღვაწე“
ამას ჩაიდენს „ძღვენისთვის“,
„მთავრობებისგან“ „სკამის“ და
სათქვლეფის გამორჩენისთვის;
(საწყენად, გულის სატკენად,
ყმაწვილისთვის და ბერისთვის;
(მანამდე მისთვის საქებრად,
მუდამ პირდანაბჩენისთვის);
მაშინ ნურავინ დამძრახავს
გულქვაობისთვის ჩემისთვის;
„მის“ მიმართ „შესაფერისი“
„გრძნობების“ გამოჩენისთვის;
რადგან ხელს ავწევ ურცხვისთვის
უმკაცრეს განაჩენისთვის;
რომ იყოს განსაწმენდელად
მომავლისათვის ჩვენისთვის;
სამაგალითოდ, საშიშად
„დანიშნულ“, „ანარჩევისთვის“;
„ბოზების“, მედროვეების
და ყველა „დანარჩენისთვის“!
ენდე?! – ენდე!!!
როდესაც ორი თახსირი
ერთმანეთს ეპაექრება;
ორივე „ხალხისთვის მოთქვამს“
ხალხს თავზე ცრემლად ეღვრება;
ორივე ხმების საშოვრად
ეშმაკს ეტმასნებ-ეკვრება;
იმათ შემყურე „ხმის მიმცემს“
ზიზღით გულს შემოეყრება;
რადგანაც ხვდება (რაღა დროს?!)
ჯიშს ფესვი როგორ ეთხრება;
რადგანაც ხვდება სულ მალე
რა „არჩევნები“ ექნება.
10. VI. 98
ფუ ბალადა!
(დაიწერა კონტროლის პალატის ანგარიშის შთაბეჭდილებით)
ალათასა ბალათასა
ხალხი ნატრობს „ბალანდასა“;
პურსაც ვერ ჭამს, ვიღა ჩივის
„საარსებო კალათასა“;
მაინც პირუტყვულად ითმენს
მექრთამეთა მარაქასა;
მუცელში რომ მიაქანებს
ქვეყნის ხვავს და ბარაქასა;
არც პროკურორს უფრთხის ვინმე
არც კონტროლის პალატასა;
„ჭუჭყიანი ფული“ მართავს
„არჩევანს და არადანსა“;
ალათასა ბალათასა
ვაი, ამის დამნახავსა;
ნეტავ, ხალხი ასე მძიმედ
რამ დაალპო, დაახავსა;
რომ მონურად შეეგუა
ყოველდღიურ გალახვასა;
ალათასა ბალათასა
ახი არი ამათ თავსა:
ფუ, ამნაირ ცხოვრებას და
ფუ, ამნაირ „ბალადასა“.
ნახმარი „პოლიტრეზინები“
როდესაც ძველი „პოლიტბოსები“
თავზე ძალიან „გადაისვრიან“;
„არჩევნების“ წინ „ძველ“ და „ახლები“
„საცრით“ ხელახლა „გადაიცვრიან“;
„გადადგებიან“, „გადაჯდებიან“,
„საწველ სავარძლებს“ გადაიცვლიან;
„სუფრასთან“ ისევ დაძახებამდე,
„ნაკლებ საჭმელზე“ გადაიცდიან;
ხალხისთვის ძაან საძულველები,
„სიის“ ბოლოში გადაისმიან;
მასას „ახალი სიით“ აჭმევენ
სიფათზე სხვა გრიმს გადაიცხიან;
ქვეყნის ძარცვაში ნაშოვარიდან
მცირე თანხასაც გადაიფცქვნიან;
მოისყიდიან, მოაღორებენ,
დამხობის საფრთხეს გადაიცლიან;
და როცა „კენჭებს“ გაინაღდებენ,
„ხმებს“ „სპეცმეთოდით“ გადაითვლიან;
ერთ-ორ ცნობილ „ბოსს“, რეკლამის მიზნით,
„ახალ ნაკრებშიც“ გადაისვიან;
მაგრამ ბევრ ნახმარ, „რეზინის ნაწარმს“
სანაგვე ყუთში გადაისვრიან.
საპრეზიდენტო „მეორად ნედლეული“
(„მე მზად ვარ პრეზიდენტობისათვის“ – კაკო ასათიანი)
მეხსიერება დაქვეითებულ მასას
გაცვეთილ ნაბოდვარს უთხრობს;
„მამულზე ფიქრით შეშუპებული“
ბრბოს ტვინს ნასინჯი სამსალით უთრობს;
და „რაღაცატომ“ პრესა და ტელე,
„გვერდებს“ და ეთერს გულუხვად უთმობს;
ისევ ფაშფაშებს სცენაზე ურცხვად,
„ნასპიკერალი“, „ნაცენზორალი“;
გამსახურდიას „მესიად“ მქცევი,
მასზე აზიზად ნაამბორალი; ბილწის
„წმინდანად“ გამსაღებელი,
კუთხის კუთხეზე წამკიდებელი;
(მერე მისგანვე „გაღმერთებულის“
საფრთხის დროს ფეხზე დამკიდებელი);
ეროტიკული ხოტბა-მიტინგით
ყოველდღე მასის მთაყვანებელი;
„უზენაესი“, „სექს-სესიების“
ლიქნის ორგიებს დამმგვანებელი;
კრემლის სცენარით, ტაშის გრიალით,
არძინბას ტახტზე ამყვანებელი;
მაგრამ რადგანაც სულ სხვაგან საჯდომს,
არ განუსაზღვრეს დაჯდომის ვადა,
მიტომ ტივტივებს ეს „სუკის ბუშტი“
და მიტომ შერჩა ლაყაფის მადა;
რადგანაც იცის „ელექტორატი“
ჭკუა-სინდისზე ერთობ თხლად არი;
მიტომ გამოხტა საასპარეზოდ
„მრგვალი მაგიდის“ „ნათავადარი“;
ვიდრე მოსკოვი ნიშანს მისცემდა,
ვირთხულად ხვრელში დანაცადარი;
და „საიმასქნოდ“ მუდამ მზად მყოფი,
„საპრეზიდენტოდ უკვე მზად არი“.
P. S. ვერ დაგიმალავთ, ზიზღით შევყურებ
პოლიტ. საშოვრით მადააღძრულებს;
ვინც დამპყრობელის ბინძური გეგმით,
ქვეყნის დანგრევის გეგმას ასრულებს.
„მოქალაქეთა“ კომპარტიული კავშირი
რა აზრი ჰქონდა კომუნიტების
„დემოკრატებით“ ვითომდა შეცვლას,
თუ იმავ წესით ხალხს აძალებენ
„მოქალაქეთა კავშირში“ შესვლას.
ნუთუ ამგვარად?!
ნუთუ სამშობლოს, ერთობის ცნება,
ამქვეყნად უნდა დაჩიჩიავდეს;
ქვეყნის დაშლისთვის სასჯელის შიში,
ასე გაქრეს და გაქარნიავდეს;
„საქართველო“ და „ქართველი ერი“,
ისე დაჩლუნგდეს და დაჩიავდეს,
რომ მოღალატე, „მოღვაწის“ ნიღბით,
უტიფრად, ღიად გაავყიავდეს;
„პოლიტიკური სხეული“ ჩვენი
ამდენად დალპეს და დაჭიანდეს,
რომ „დაასლანდეს“ მთელი აჭარა
და სამეგრელო „დაჭაჭიავდეს“?!
ძველი და ხალი „ხელშემკვრელები“
ბოლომდე გადმოსანთხევად
მისი „შიგთავსის“ არსის;
„გათხარა“ ქვეგამხედვარმა
„ხელშეკრულება ყარსის“;
უკვე იმდენად გაიხრწნა,
უკვე იმდენად ყარს ის,
ისეთი ნაზავი გახდა
სიძულვილის და ავზნის,
რომ ყოველ სიტყვას შუღლის და
ღალატის დამღა აზის.
გრძელდება დაღვრა-დაღვენთვა
უბინძურესი აზრის;
სამშობლოს ქცევა „საქონლად“
პოლიტიკური ბაზრის;
ჩამოხლეჩა და ჩამოჭრა
ყველა კუთხის და მაზრის.
(მიტომ რომ ქვეყნის პატრონად
საჩვენო ძალა არ ზის)
„ის“ ამ ბლოკზე და – „ეს ბლოკი“
მის დასძლევად იწევს,
(ერში ორივე „ფრაქცია“
ერთნაირ რწყევას იწვევს)
ამიტომ ნურც ერთ გროვაზე
ნუ გავაკეთებთ „აქცენტს“;
რადგან „სამშობლოს ხსნის გეგმა“
არ გააჩნია არც ერთს!
P. S. თუ მართლა გვინდა აღდგენა
ყველა ჩაშლილი ხიდის,
შევიგნოთ, რომ გზა მომავლის
მათზე გადავლით მიდის.
ბრმად ნურც „დასავლეთს“ ვეძლევით
ნურც დავუწვებით რუსეთს;
და ამ გაცვეთილ „ნაიმრებს“
ნუღარ ავირჩევთ ნურც ერთს!
წითელი სევდა
(ნაჯალათრების შემორჩენილ კონტინგენტს)
ახლა რომ არი ნოემბრის შვიდი
ადრე არ იყო ასეთი მშვიდი
აქ სიმინდს ფშვნიდი, იქ ჩაის ბდღვნიდი;
რძის და ფოლადის ნიაღვრებს ღვრიდი;
რა ხიდებს დგამდი, რა არხებს თხრიდი;
მშიერ-მაძღარი მონების ხელით
რა „რეკორდებს“ და რა დოვლათს ქმნიდი.
რა მორჩილება, რა მოთმინება
დაცდენილ სიტყვას მთქმელს უკან ჩრიდი;
ტყვიას ახლიდი, ორმოში ყრიდი;
„ცეკას“ და „სუკის“, რიგითი „შპიკის“,
როგორი შიში, როგორი რიდი;
(ან ღამით კარზე დაკაკუნებით
კაცს გაღებამდე რომ გარდაცვლიდი)
რა პოემები, რა სიმღერები,
რა „გულწრფელობა“, ყალბი და ფლიდი;
მერე დგებოდა ნოემბრის შვიდი:
და წითელ დროშებს ამაყად შლიდი;
ბელადი დიდი, პარადი დიდი,
მოზეიმეებს ვერ დაითვლიდი!
მილიონობით დაღებულ ხახას
ყურებში ბამბა, თვალებზე ბინდი;
და ამ „წესიერ უწესრიგობას“
მიაჭენებდი, ღრიალით ღლიდი;
მეტი რა გინდა, ართე და ურტყი,
ურტყი და მართე, მიდი და მიდი!
ჰაი დედასა, რას მოვესწარით:
ნოემბრის შვიდი – ასეთი მშვიდი!
ბწკარები – ზარად
(„მაკ დონალდსით“ შევიწროებულ რუსთაველს „ნალენინისმოედნარზე“ გადადგმას უპირებდნენ)
ოდესღაც დიდად პატივმიგებულს
კვარცხლბეკზე მდგომარს ყელმოღერებით;
გადასადგმელად გიტევენ ფულით
და მოშიშხინე ჰამბურგერებით.
რას იზამ, ჩვენში „ტრადიციაა“
ღირსი კაცების არშეშვენება;
რა დროს ლექსია, მიმდინარეობს
ქვეყნის დუქნებად გადაშენება.
ამიტომ არ ღირს, ამ მოედნიდან
იმ მოედანზე გადაჭენება;
ნალენინარზე შენი დამყნობა
„შენზე მზრუნველად“ თავის ჩვენება;
რადგან ეს წარღვნა იქაც მოგწვდება,
იქაც სულ მალე მოყანყალდები;
და მანდაც თავზე დაგემხობიან
სხვადასხვა სორტის „მაკ დონალდები“.
ვბედავ და გირჩევ, ბრძენო მელექსევ,
„ტრანსპორტირებით“ ნუ გაწვალდები,
თხოვე, შაირის თაყვანისმცემლებს,
გაგადნონ მრავალ პატარა ზარად;
მთაში და ბარში, მცირე ტაძრებში
ცისკარ-მწუხრისას რეკავდე წყნარად;
ჩვენი სიბნელის გასახსენებლად,
მოუბანელი სირცხვილის ცვარად.
18. I. 99
„რუსული წებო“ ქართული „ბლოკებისთვის“
ზოგი რომ ვითომ ხალხისთვის
„დისიდენტურად“ ბოლავდა;
„მრგვალად“ იწვოდა „იღწვოდა“
„რადიკალურად“ „ხრჩოლავდა“;
სულ „სუკს“ და „მოსკოვს ებრძოდა“
„მოღალატეებს“ ქოლავდა;
(ბრბოს არ სჯეროდა, რაც მათზე
ინფორმაცია ჟონავდა;
რომ „გაუტეხელ“ „ნაჯდომებს“
„სუკი“ თავს მოუქონავდა);
ეს მასკარადი გაგრძელდა
ვიდრე „ის ქარი“ ქროლავდა;
„პრორუსულს“ „პროდასავლური!“
ვიდრემდე „გადაწონავდა“;
და მაშინ ბევრი „ბუნტარი“
ვინც „კომუნისტებს“ რჩოლავდა;
„ოკუპანტებთან საომრად“
პონტოს ზღვასავით ფრთონავდა;
„ცენტრიდან“ მოსულ ცირკულარს
უსიტყვოდ დაუმონავდა;
გუშინდელ „მტერ-პარტიებთან“
ერთ ბლოკში შეგორგოლავდა;
სასწრაფოდ „გაასლანდა“ და
„გაპანტელეიმონავდა“.
(მხოლოდ ის არ „მიიწებეს“
ვინც „დადნა და დაცოტავდა“
ვინც რუსის აზრით „იმიჯით“
იმდენად „გასაცოდავდა“,
რომ მისი პოლიტიკაში
„ხმარების“ ვადა მოთავდა.
P. S. გაშიფრვა-გამომჟღავნების
ფაქტები თუმცა მომრავლდა;
აშკარა გახდა ვინ რა დროს
და ვისი ნებით „ბორგავდა“;
ვინ რატომ „გამწვან“-„გაწითლდა“
ვინ საით „მიმრგვალ“-„მომრგვალდა“.
ზოგს მაინც ჩლუნგად არ უნდა
მიხვდეს რა ჭუჭყში გორავდა;
შუღლის მთესველთა ბელადი,
რა „აზრებს“ დააზმორავდა
ძმა, ძმას რა ძალამ წაჰკიდა,
ვინ ვისი გეგმით „შფოთავდა“;
და ბოდავს, რასაც ჯიუტად
გაუღვიძებლად ბოდავდა!
6. X. 98
თუ ავირჩევთ
ეს „გარდამავალი ხანა“
არ გადავა დიდხანს არსად,
თუ ვაქციეთ პოლიტიკა გ
ულის ამრევ ბინძურ ფარსად;
თუ მოვითმენთ, ვინც იქცევა
უსუფთაოდ და უმსგავსად;
ვინც უწვება „შინ“ და „გარეთ“,
„გადამხდელებს“ „პოლიტხასად“;
ღიად ამღებ-მიმცემელებს
ხმას თუ მივცემთ ჯოგად, მასად;
თუ ავირჩევთ ვინც იქცევა
ბილწად, კაცის არამსგავსად;
და იშენებს კარიერას
საქართველოს დაშლის ფასად.
21. VIII. 98
ყოველთვის ყველაფრისთვის მზადმყოფი „კადრი“
თვალები რომ უნდა იყოს
იმის მაგივრად სად არი?!
ნაჭამის ხელახლა ჭამის
მოთხოვნილება რად არი?!
ნუთუ ეს „ელექტორატი“
ჭკუაზე ასე თხლად არი,
რომ ამ დასვრილი „ბოსების“
მუდმივ „კენჭად“ და „ხმად“ არი;
რომ დაუსჯელად, უტიფრად
რუსთან ნამარიფათარი;
„ყველა სისტემის“ სუფრებზე
დანიშვნით „ნათამადარი“;
„ცეკას“ და „მრგვალი მაგიდის“
ნაიმარ-„ნათავადარი“;
ყველა ცნობილი მედროვე,
ნათრევ-ნაარამზადარი;
„სასტარტოდ“ წაიკუზა და
„სადეპუტატოდ“ მზად არი.
19. VI. 98
სავარძლური დავლური
ბრუნავს ბორგავს ბედის ჩარხი
ხან ნელა და ხანაც ჩქარა;
რა არ იყო რა არ მოხდა
რაღამ აღარ ჩაიარა;
დაბადება-გადაგდების
წასვლა-მოსვლის როკავს ჯარა,
მის დაკრულზე ცეკვავს ყველა
შლეგი, ბრძენი და მასხარა.
ხან გენიოსი პირველობს,
ხან მედროვე მეტიჩარა;
იფურჩქნება ვარდი, ბარდი;
მზე ამოდის, თოვლი დნება;
ზოგი ძალიან სუქდება
ზოგი ნამეტანი ხდება;
ზოგი დადგენილი წესით,
ზოგიც ზეზე, ცოცხლად ლპება,
ზოგი დეპუტატი ხდება,
ზოგი იმის შურით სკდება;
(გააჩნია „ბედის ბორბალს“
ვინ რა წუთში შეახტება)
და არავინ იცის დღემდე,
რა ხდება და რატომ ხდება.
ერთი სიტყვით რაღაც გეგმით,
კაციც ჩნდება, ყვავიც ჩნდება;
ყვავი კენწეროზე თბება
კაცი სავარძელში ჯდება;
ყვავი ჩხავის, კენკავს, ფრინავს
„კენწეროთი“ არ გიჟდება;
მაგრამ კაცი ზოგიერთი
ისე გასივ-გაყინჩდება,
რომ მის მიმართ უწმაწური
მოსაზრება გაგიჩნდება;
მერე მოდის წასვლის წამი...
კაციც კვდება, ყვავიც კვდება
და ორივე რა თქმა უნდა
მალე ყველას ავიწყდება.
ასეთია ყოფნის წესი
კარგიც ხდება ავიც ხდება;
და რაც ხშირად სავარძლისთვის
იქ წასვლამდე აქით ხდება
შენც ისეთი, თუ არა ხარ,
კაცს სიცილი აგიტყდება.
22. VI. 98
„მომხსნელი“ თუ „მხსნელი“
ეს წელი როა, მომდევნო წელი
იქნება ბევრად ამაზე ძნელი;
ახლა რომ არი ამ ბიუჯეტში,
ამაზე მეტი გაჩნდება ხვრელი;
იქნება ისევ შიმშილ-სიცივე,
სახლები ბნელი, კრიზისი გრძელი;
„სენაკის“ მსგავსი, ან უფრო თარსი
კიდევ გაჩნდება „წერტილი ცხელი“
გამწკრივებული იქნება რიგში
ხალხი მოხსნილი და მოსახსნელი;
და იტრიალებს ეს „განახლების“
მოჩვენებითი კორიანტელი;
ვიდრე ეს „კომპარტ-კომკავშირული“
არ შეიცვლება გორგალი მთელი;
რადგან ახალი სახლის საშენად
არ გამოდგება „მასალა ძველი“;
არ გაიღება მანამდე კარი
რუსის ციხიდან გამოსასვლელი;
ვიდრე „სამშობლოს ინტერესს იცავს“
აგენტურული სხვა ქვეყნის ქსელი;
ვიდრე „აკეთებს წმინდა საქმეებს“
ვერდასაბანად დასვრილი ხელი;
ვიდრე ლაქიას არ შეცვლის პოსტზე
საქმის მცოდნე და სიმართლის მთქმელი;
ვიდრე ქვეყანას შავ დღეში მყოფელს,
ყავს მომხსნელი და არა ყავს მხსნელი.
19. XI. 98
ძალიან ცდება ვინც ფიქრობს
აშკარად მოჩანს ნიშნები
დაცემის დასაწყისის;
ჩვენსას ემთხვევა აზრები
„ხმისმიმცემლების“ მისის;
„უმცირეს“-„უმრავლესობამ“
ორივემ კარგად იცის,
რომ „კავშირს მოქალაქეთას“,
სურნელი ასდის „ფისის“
წაქცევის წინა პოზაში
დგას როგორც კოშკი პიზის
(ის იქნებ კიდეც წამოდგეს
ძალით ინჟნრის ნიჭის,
შედეგად დოლარების და
ჯანსაღი ანალიზის)
ეს კი სულ მალე დაწვება
ჯანი დღითი დღე მისდის;
„ამხანაგებით“ ნაგები,
არმქონე წმინდა მიზნის;
„ერთ კაცზე“ დაკიდებული
და არსებული მისთვის;
„ბოლშევიკურად“ არ მცოდნე
სხვის აზრთან კომპრომისის;
იხრწნება ღირსი „პარტია“,
„ქვეყნის დაქცევის პრიზის“
და ძაან ცდება, ვინც ფიქრობს,
რომ გვამი „დაძლევს კრიზისს“.
ორ „ცენტრს“ შუა
ის რაც ადრე „ორ ზღვას შუა
საომარი იყო ლელო“;
ოს-აფსუამ მიიტაცა,
არის მათი სამფლობელო.
სამხრეთ მხარე უცხო ჯიშის
ლუკმა გახდა სასაჭმელო;
„დე იურე“ ჩვენი როა,
და „დე ფაქტო“ საარჩვენო
(უკანონებს ამ წანართმევს
რუსის ჯარი სადამსჯელო)
რაც მათ მორჩა ორი ხროვის
უბანია „საარჩევნო“;
ორი უწმინდური „ცენტრის“
საჯიჯგნი და სასარჩელო;
და ამ აშლილ-დაშლილ ნარჩენს
ეწოდება „საქართველო“.
„გზაჯვარედინის სიკეთე“
ერი მშიერი, ხელისუფლება
კორუფციაში, გახრწნილ-გათხვრილი;
წევს საქართველო „გზაჯვარედინზე“
ნავთის და გაზის მილებგათხრილი.
„პოლიტ-კატები“
(ეძღვნება ორივე სქესის „პოლიტ. ბოზებს“)
„საჭიროების მიხედვით,
სადღა არ „დანაგორალი“,
ვის „პლათფორმაზე“ არ იყვნენ
განაშხლართ-განაზმორალი;
და თან სულ პირზე ეკერათ
ამ „პოლიტკატებს“ „მორალი“.
ორივე „ცენტრის“!
ეს ნაპარევი, რაც დღეს ხმარდება
მპარველთა ხოტბას და „დაპირებას“;
რაც დღეს ხმარდება ამ ვირთაგვების
„ცენტრიდან“ „ცენტრში“ გადაბირებას;
ეს ნაქურდალი ასე ურისკოდ
ამ „ბოსებს“ რომ არ „შეშვენებოდა“;
სავარძლებიდან ამათ გადაყრას
დროზე პანღური შეშველებოდა;
ამ დაშლის პირზე მისულ ქვეყანას
ხომ ბევრად ადრე ეშველებოდა?!
* * *
და ახლა მაინც როცა წინ გველის
აშკარა საფრთხე ახალი მარცხის;
ხელახლა თავზე ამათი დასმის,
ახალი ვადა „ცენტრებში“ ძარცვის;
უნდა დევიზად გამოვაცხადოთ:
„ორივეს დედაც“, არც „ეს“ და არც „ის“.*
* ორივე „ცენტრი“ აირჩიეს! შეარგოთ.
„ივერია“ 99
დაპირებები ცრუ და გამცვდარი,
შუბლის ძარღვები გამქრალ-გამწყდარი,
ბუდის მოყვარე ქართველი კაცი,
ლუკმის საშოვრად გარეთ გამძვრალი;
შინ დარჩენილი წელში გამწყდარი,
დაგლახებული ბედზე გამწყრალი;
რუსი, მკვლელი და „გამზავებელი“,
აქედან ჯერ ფეხ არ მონაცვალი;
დამაქცევარი ხელისუფლება
დიდი ხნის წინათ გამოსაცვალი;
გაწუწკებული, გაკოტრებული,
ღირსების გრძნობა გამონაცლარი;
(ქანქარი, „პრო-რუს – პრო-დასავლური“,
არც პოლიტკურსი მყარი, არც ლარი);
ვალები ევრო-ამერიკული
შვილთა კისერზე დასაწოლარი;
სესხებ-„ტრანშები“, „რეფორმებისთვის“,
„საქართველოსთვის“ ნამათხოვრალი;
მერე ის ფული სადღაც გამქრალი
თვალს და ხელს შუა ანაქროლარი.
მაფიები და „მმართველი ფენა“
იმით ნასუქი და ნაცხოვრალი;
„ამომრჩევლების“ ყიდვა-გაყიდვა,
„კამპანიების“ წიხლით ჩაშლანი;
„წამგებიანი ფრაქციებიდან“ –
– „მომგებიანში“ გაქცევ-გაცლანი;
ხელსაყრელ ფასად მისაყიდელად,
გახშირებული ბათუმს ჩასვლანი...
* * *
ბნელი გვირაბი, შუაში ზურაბი*
წინ ედუარდი – უკან ასლანი.
* ზ. ჟვანია
ბევრად ძნელი და „ბევრად ადვილი“
სიცოცხლის არე მცირეა,
გარდაცვლის სივრცე ვრცელია;
სიცოცხლე, უკვდვი სულის
დროებით მოსაცდელია;
ლაჩრის სიცოცხლე, მუდმივი
შიში, „ჩონჩხი“ და „ცელია“;
ვაჟკაცის სიკვდილთან შეყრა,
ნანატრი განსაცდელია.
სიცოცხლე სტუმარი არი,
სიკვდილი მასპინძელია;
სიკვდილი „ბევრად ადვილი“,
სიცოცხლე „ბევრად ძნელია“;
და მით უმეტეს თუ იგი,
უღმერთოა და გრძელია.
4. V. 99
ნუ იზამ
თავთავისი აქვს ადგილი,
მოდურ ჰალსტუხს და ბაფთასა;
თავთავისი აქვს ადათი,
ინგლის-ინდოეთ-მალტასა;
და ახლავს ხიბლი თავისი,
სამბას და სარაბანდასა.
ამიტომ ნუ მოედები
ბრიყვულად ალთა-ბალთასა;
ნუ დაგმობ იავნანას და
მშობელი დედის კალთასა;
ნუ იზამ, მამა-პაპათა
სიმწრით ნაგროვის ფანტვასა;
ლაღიძის წყლებზე გაზრდილი,
ნუ დახარბდები „ფანტასა“;
(ვეფხის და მოყმის მემკვიდრე,
რას ებაძები კატასა).
* * *
ნუ დააცხრები ქართველო
„კულტურულ კონტრაბანდასა“;
უსამშობლო და უღმერთო
პრეს-ტელე პროპაგანდასა
და გაიხსენე ხშირ-ხშირად
ბრძენი წინაპრის ანდაზა:
„თურაშაულის პატრონი,
ტყეში ეძებდა პანტასა“.
გულმავიწყი „მმართველები“
იმათ ვინც ხალხს უსინდისოდ
არ უბრუნებს ანაბრებს;
(ვისაც „პოსტი“ ააბდლებს,
ფულის სუნი ააფთრებს);
ავიწყდებათ, რომ სიკვდილი
ხალხთან გაათანაბრებს;
და გამჩენი როცა მათაც
ვინც ხალხს ლუკმას ანატრებს;
(ყველა უძღებს, ვისაც მხოლოდ
მოძმის ყვლეფა ანაყრებს);
„ამ სიიდან“ – „იმ სიაში“,
როცა „გადაამაგრებს“,
„ნაღდი კურსით“ აზღვევინებს
ანაღლეტს და „ანაკრებს“.
სანამ ტახტზე
არ ექნება სისხლს და ცრემლებს ბოლო,
სანამ არი მოთმინება ცხვრის;
„პარტიული“, პიროვნული ბოღმით,
არდანდობა, არ მიცემა მხრის;
(და მის ფონზე, ცინიკური, ყალბი
კომედია „მთავრობების ცვლის“)
გაგრძელდება მათი ჯდომა დიდხანს,
ჩვენდა ჭირად, გასახარად მტრის;
შესაბღალად, წასახდენად ჯიშის,
შესარცხვენად ცოცხალის და მკვდრის.
არ მოხდება „დამპყრობელის წასვლა“
და გაგლეჯა „ჯადოსნური წრის“;
მოღალატე ფეოდალი ვიდრე,
კრემლის გეგმით ერის საფლავს თხრის;
და ჯიუტი უგუნური მასა
რუსის მსტოვარს „ერისკაცად“ თვლის
* * *
არ დადგება „გამარჯვების დილა“
არ იქნება „გამოჩენა გზის“;
არ ახდება, არ მოხდება მანამ,
„გაბრწყინება საქართველოს მზის“;
სანამ არი „დეფიციტი ძმობის“,
სანამ „ტახტზე“ სიძულვილი ზის.
არაკაცები კაცის საფლავთან
(მერაბ კოსტავას)
რამდენი ბილწი ქალი და კაცი,
ვინც რაღა აღარ იმამაძაღლა;
ვისაც სავარძლის და ფულის გარდა,
არასდროს წამდა და წამს არც ახლა;
ვისი გველური ზრახვითაც მოხდა,
რაც მოხდა მაშინ, რაც ხდება ახლა;
ვინც „იკვებება“ მოძმეთა შუღლით
ღვარძლის თესვაში არ იცის დაღლა;
ვინც ხელში სანთლით და ბნელი გათვლით,
გმირთა გვამებზე ახოხდა მაღლა;
ვისი ცხოვრების „კოდექსიც“ არი,
ლაჩრულად ზურგში ჩაცემა-დახლა;
„წითელ“-„მრგვალები“, „დემოკრატები“,
ვინც საქართველო დასცა და დახრა
ვინც შენ გიყეფდა ცოფმორეული,
ვინც კატორღაში გადაგასახლა;
აი ეს ხროვა, ოცდაექვს მაისს,
შენ სამარესთან ურცხვად დგას ახლა.
1999 წლის 26 მაისი
ძლიერი მთავრობა
მანამდე არ შეგვეცვლება
ჩვენი სოც.პოლიტ.იერი;
ვიდრე „მშობელ ხალხს“ ტყავს აძრობს
„სტრუქტურა ძალისმიერი“;
სანამ გვაქვს „ქრთამის ადათი“
(ადათი ჩვენში ხნიერი);
ვიდრე მაძღარ ძმას „კიდია“,
ძმა შიშველი და მშიერი,
სანამ ფულით ხმებს ყიდულობს,
„ცნობილი“ ურცხვი, ცბიერი;
ვიდრე ჭკვიანის ადგილზე
იჯდება ჭკუათხიერი;
და მისი ლაქია არი,
მწერალი და მეცნიერი;
(„იძულებით“ და „ხალისით“
უგნური და გონიერი).
ხელოვანი და სპორტსმენი,
სუსტი და მკლავღონიერი.
* * *
დიახ, მანამდე ექნება
ნაცემი ძაღლის იერი;
და მანამ არ გათენდება
ქვეყნისთვის დღე ბედნიერი,
ვიდრე ხალხი არ გახდება
მის მთავრობაზე ძლიერი.
23. V. 99
ფულით ღარიბ ძმებს
ღარიბო მიტომ გტანჯავენ
რომ ხარ ბუნებით „არიფი“;
ქვეყანას სულ შენ აცხოვრებ
და გაქვს დაბალი „ტარიფი“;
რას იზამ პატიოსანი
არის მუდმივი ტარიგი;
ეს არის შენი კაცობის
საიმქვეყნიო „ალიბი“;
რადგან მთავარი ის არი,
რომ არ ხარ სულით ღარიბი.
წაგებ-მოგება
წარმავალია ქვეყნად ყოველი
ყველა სიდიდის მოგებ წაგება;
კაცის კოდექსს არ ესადაგება
დარდით და შიშით აძაგძაგება;
წუწუნი, კვნესა, სასოწარკვეთა,
წუთისოფლის და ბედის ძაგება;
და ფეხზე მხოლოდ ის წამოდგება
ვისაც არ ტოვებს იმის გაგება,
რომ განსაცდელი გამოცდა არი,
„რევანშის“ შანსის გაათმაგება;
რომ „იარაღი“ ყველანაირი
მხოლოდ ბრძოლაში არ იჟანგება.
არ აყვეთ პანიკას!
არ აყვეთ ხალხო პანიკას
და არ დაეჭვდეთ ლარში;
გამაგრდით შუქი თუ არ გაქვთ
წყალი არ მოდის კრანში;
გაკლდევდით შიმშილ-სიცივით
თუ გაძაგძაგებთ ტანში;
არ ჩამოიხრჩოთ თავი,
არ გადავარდეთ მტკვარში,
გაძელით ტელე-რადიო,
პრესის სიცრუის ღვარში;
და „ხალხის საკეთილდღეო“
პარტიულ მუშტის კვრაში;
„პოლიტ-ელიტის“ ჯინაზე
ნუ ჩავარდებით ტრანსში;
და ვინც ამ წესით გააღწევს
შიშს არ შეუშვებს თავში;
დროს არ დახარჯავს უაზრო
წყევლის და ცრემლის ღვრაში;
ვინც გადარჩება ცოცხალი
იმას მოუწევს „ტრანში“;
რომ „ამომრჩეველს“ იმდენი
შეუშხაპუნონ ჯანში;
„სავალუტო ფონდს“ დაუკრას
სამადლობელი ტაში;
და ყუთთან მისვლა შეიძლოს
მომავალ „კენჭის ყრაში“;
რომ მერე კვლავ იშიმშილოს
ახალი „ტრანშის“ ცდაში.
„შემოსავლების სამინისტრო“
როგორ შემოვა ამ ქვეყანაში
არ შემოსული შემოსავლები;
როდესაც თვითონ „მოქკავშირია“,
მაძღარ ქეჩოში ხელმოსავლები
და პირველ რიგში მაგათზე არი,
მავთულის ღობე შემოსავლები.
30. XII. 99
„პოლიტ-ალილო“
მასებს მაძღარი დინგებით
ძირს ცივად ჩამოსცქერიან;
ნამშევ-ნამცივნებ „მშობელ ხალხს“
გულგრილად ჩამობღვერიან;
და იმავ ხალხთან შობა დღეს
ურცხვად „ალილოს“ მღერიან.
7. I. 2000
გამოცდილი კაცის ეჭვი
როცა „ტესტებ-გამოვლილი“
„აღთქმას დებს“ და მჯიღებს იცემს;
„აწი ქრთამის არ აღების“
პრეზიდენტთან ფიცს დებს მტკიცეს;
მაინც ავის მოლოდინით
გამოცდილი გული მიცემს;
ეჭვი ყურში ჩამჩურჩულებს,
ჩამხითხითებს და მიმტკიცებს:
გააჩნია „მოქალაქე“
„მოსამართლეს“ რამდენს მიცემს.
2. XII. 99
ბოლო „სესია“ „არჩევნების“ წინ
დასრულდა ბოლო „სესია“
უტიფარ ტაშის გრიალში
უსირცხვოდ ამოდიოდა
ხოტბა, ხახებში ღიაში;
იმიტომ არი ეს ხროვა
ამგვარ მლიქვნელურ ღრიალში;
რომ წილი ისევ არგუნონ
„მოქკავშირის“ ცხელ წვნიანში;
და ეს გასვრილი „კადრები“,
გაწვრთნილი კორუფციაში;
ხალხისთვის სისხლის საწოვრად
„ისევ ჩაწერონ სიაში“.
დააკვირდით „პოლიტ. მენიუს“
ჩვენ თავს ჩვენ თუ ვერ ვუშველეთ
სხვა ვერავინ ვერ გვიშველის;
და თუ ისევ ამათ დავსვამთ
გამგებელად ბედის ჩვენის;
წინ გვექნება ისევ წლები,
წლები ბოღმით ღრენა-ქშენის;
სინანულით თავში ცემის,
რომ კვლავ ვჭმეთ დედიჩვენის;
(არ ექნება ვინმეს შანსი
უმადობის გამოჩენის);
რადგან ყველა „მახინჯ სხეულს“,
მისი ღირსი „თერძი“ „შვლის“,
ყველა „პოლიტ. გემოვნებას“
შესაფერი კერძი შვენის.
3. V. 99
ვახ რას გავხარ!
ვახ რას გავხარ საქართველო
უპატრონოდ დაგდებულო;
რუსის, ოსის, აფსუასგან
დევნილო და აკლებულო;
რას გავს შენი „პარლამენტი“,
რას გავს შენი „საკრებულო“
ვახ, რას გავხარ საქართველო
ბრძოლის უნარ დაკლებულო!
იმიტომ
სანახავად საამო და
ტურფად დანაქარგავი;
იმიტომ ხარ „სოც და პოლიტ“
ნეხვში თავჩანარგავი;
და იმიტომ ვეღარ ხარობს
სიყვარულის ნარგავი,
რომ „შვილები“ გაგიმრავლდა
სინდისდანაკარგავი.
მასალა ბლოგზე გამოქვეყნებისთვის
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
(ნაწილი II)
II ნაწილის შინაარსი (ლექსების ციკლები)
სოც-პოლიტ ნაირ-ნაირები
სატლირული გადახვევა
გარსით „დემოკრატიული“ – არსით „ცეკურ“, „სუკური“
ლექსების ციკლიდან: სოც-პოლიტ ნაირ-ნაირები
სოსო რუსი*
„ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადახვეოდა იასა;
ზამბახსაც გაღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა“;
მაგრამ სოსო რომ გარუსდა,
სამივე ყვავილს მიაფსა.
* „მშობლიური ენა რუსული“; „მე თავს ვთვლი რუსი ხალხის შვილად“. ი. სტალინის ავტობიოგრაფია
ნიფხავ-კაზუსი
(ერთ ქალს თბილისში რამდენიმე თვის ხელფასის მაგივრად სამასი „პაკეტი“ ნიფხავი მისცეს – თითოში შვიდი „ბიკინი“)
ფქვილის არც ერთი ნამცეცი
ხორბლის არც ერთი მარცვალი;
ხელფასის ნაცვლად ქალს მისცეს
სამასი დასტა საცვალი;
ყმაწვილქალური „ბიკინის“
სამასი ცალი „პაკეტი“;
თითოში შვიდი ნიფხავი
გამოკრულ-გამონაკეტი;
(რომელშიც თეძოები ჩანს
აღმგზნებად გამონაკვეთი);
მაგრამ, რადგან სექსს სჭირდება
მინიმუმ პური და წყალი;
და ვერ იქნება საცვალი
სასმელ-საჭმელის ნაცვალი;
დადის ის ქალი ქალაქში
და ნიფხვებს ყიდის საწყალი.
მოიდა „ლეიბორისტი“
„ალალ კახელ დედაკაცს“
მთავრობის სახლის კიბეზე
მრავალგზის დანაგორალი
„კახური გულუბრყვილობით“
ედუარდს ნაამბორალი
„საღვთო“ და საპოლიტიკო
ბლოკებში ნაგორგორალი
და ბოლოს ისე დაიბნა
ნაბორგებ-ნაქოქოლარი
მართლმადიდებლურს არჩია
„სოციალიზმის მორალი“
და ნათელაშვილს მიადგა
ტორტმანა „პოლიტ. ბორანი“
ოხ! არ გაიშვას ლუიზა
შენი „ნალეიბორალი“.
16. X. 99
„დედაენის დარაჯი“
ცხადია, ის ვინც მეგრულად
„ვეფხისტყაოსანს“ თარგმნის;
ერთობის შემდუღაბებელ
ღირებულებას არ ქმნის;
მაგრამ ვინც „უკანა რიცხვით“
„ამ ფაქტზე განგაშს ტეხავს
(და აღრენილი ისედაც
ხალხი „ყეფაში შეყავს“);
ის კაცი ნაძირალაა,
ანდა მას თავში „ტეხავს“.
სოც-პოლიტ-ფოლკლორი
(ანუ შეშლილი „ექსამომრჩეველი“)
უმუშევარი ვაჟკაცი
უხელფასობას ჩიოდა;
აღრენილ ბალღებს შიოდა,
ცოლი კაპასად კიოდა;
კაცი გმინავდა-ბორგავდა,
გულ და ნერვები ტკიოდა;
ოთახში მაგრად ბნელოდა,
ოთახში მაგრად ციოდა;
თავში ცხელ-ცხელი აზრები
ნაკვერჩხლებივით ღვიოდა;
თვალთაგან „სოციალური“
ცხარე ცრემლები ცვიოდა;
უკვირდა „კაპიტალიზმი“
რატომ არ გამოდიოდა,
კრიზისის გისოსებიდან
რატომ ვერ გამოდიოდა;
(ერთი ჩათლახის ადგილზე
ახალი სხვა მოდიოდა);
„არც „მილიონი ადგილით“
აღთქმული ხსნა მოდიოდა;
უნარით სავსე ვაჟკაცი
უმუშევრობას ჩიოდა;
იდგა ბალღების ჟივილი,
დიაცი ანჩხლად ჭყიოდა;
შემორჩენილი ჯამ-ჭურჭლის
ლაწანის ხმა მოდიოდა;
ისეთი საკმაზიანი
ქართული გადმოდიოდა;
(რომელშიც ხალხის ტალანტი
აშკარად გამოსჭვიოდა)
სექსთან მთავრობის ისეთი
გადაწვნა გამოსდიოდა;
მათი „ექსამომრჩეველი“,
მათზე ისეთებს ყიოდა;
მმართველი ბლოკის „იმიჯის“,
ისეთი ბდღვნა მოდიოდა;
იმათ მკვდრებზე და ცოცხლებზე
ის გადად-გადმოდიოდა.
* * *
ლექსში არ ითქმის, რაც იმას
პირიდან ამოდიოდა.
როცა ერს
როცა ერს ნამუსიანი
კაცების გუნდი „არა ყავს“;
„ირჩევს“ და „ირჩევს“ თახსირებს;
სკამიდან სკამზე გადაყავს;
მაშინ ის ერი რაც არი,
„მთავრობაც“ იმისთანა ყავს;
და კიდევ დიდხანს სიმწრისგან,
საჯდომით კაკალს დანაყავს.
ძმაო, მაცდურთა მარად „ამრჩევო“
(სულ მირჩევს ზოგი „ხალხისმოყვარული“ – „მასაზე“ რბილად უნდა წეროო, აჰა ვცდი)
ყველაფრის მიუხედავად
ჭკუაზე რომ არ მოდიხარ;
სიმართლის მთქმელის სარქენად
„მყარად“ ჯიუტი ბოტი ხარ;
და დღემდე ვისიც იყავი,
მისი სახარჯო ფონდი ხარ;
რბილად და თბილად რომ გითხრა,
შენ ძმაო, იდიოტი ხარ.
ვინ ირჩევს?!
დაეშვა ფარდა, დამთავრდა შოუ
მისი „სიძველით“ ანაშმორალი;
„დემოკრატიის მორიგ ეტაპად“,
„თვითმმართველობად“ განაგორალი;
გულდაწყვეტილი დარჩა „პუბლიკა“,
უბნებ, ურნებთან ნაჩოჩქოლარი;
მიხვდა რომ ისევ იმ წუმპეში ზის
დღემდე რომ იყო ნაგორგოლარი;
სამი „პარტიის“ „სოციალიზმით“ *
გაჭვარტლული და განაბოლარი
და ვერ გაიგო საუბედუროდ
უმარტივესი „პოლიტმორალი“:
რომ ყველგან, ყველა ხელისუფლებას
ირჩევს ძალა და ირჩევს დოლარი!
* „სოცინტერნის“ წევრი სამი „სხვადასხვა“ „პარტია“: „მოქკავშირი“, „სოციალისტური პარტია“ და „ლეიბორისტული პარტია“.
მთავრობის გადახალისება
(„მოხდა მთავრობის „გადახალისება“ – პრეს-ტელე-რადიო შტამპი)
ეს „იმ წყობის“ პოლიტ. შოუ,
„ამ წყობაშიც“ არ იცვლება:
როცა ვინმე ჩინოსანი,
ნამეტანი დაისვრება;
როცა სინდის-ნამუსისგან,
„სტერილურად“ გაიცლება;
მისი ჯიბე ნაქრთამალი
დოლარებით აივსება;
ხოლო მასის მოთმინება
გასასკდომად გაივსება;
მაშინ ხდება „ძველი კადრის“
„ახლით“ „გადახალისება“;
ხდება ნაპარავის „დათვლა“
და ყასიდად „შემოწმება“;
(ერთი ვირთხა – მოძმე ვირთხას,
მხარს უჭერს და ემოწმება);
და იმ ვირთხას, ვისაც „შეფი“
ბოლომდე არ შემოწყრება;
ის ერთ „კარში“ გაძვრება და
მეორეში შემოძვრება
„ფეკალური კადრის“ „კასრი“,
თან „იკლებს“ და თან „ივსება“;
(არასოდეს მისი „ფსკერი“
„გასარეცხად“ არ იცლება);
და ამიტომ პოლიტიკის
„სურნელებაც“ არ იცვლება!
პოლიტიკა და სექსი ამერიკულად და ქართულად
(აღიარებამდე)
ძიებამ ეს „სექსექსცესი“,
დღემდე ვერ გაამზიურა:
საბაბი ბილმა მისცა თუ,
მონიკამ იაქტიურა;
კლინტონს, ლევინსკი, რა სახით
შემოეუპატიურა?!
მორალურ-პოლიტიკური
მძვინვარებს ცხელებ-ციება;
მონიკას კაბის კალთებზე
მიმდინარეობს ძიება.
ალბათ ყველაფერს გაარკვევს
ზეპირი და „ნივთმტკიცება“;
ეს იყო „ქალის შეცდენა“,
თუ „ბანალური მიცემა“.
* * *
და ხალხს ის კი არ აშფოთებს
ვის და რამ წამოუარა;
ან „შესაბამის ორგანოს“
ვინ რატომ არ მოუარა;
არამედ „ქვეყნის მმართველმა
ფიცი გატეხა თუ არა“!
* * *
ამის შემხედვარ ქართველ კაცს
პირს ირონია გაუხევს;
რადგან ის მუდამ იმას „ჭამს“
რასაც მთავრობა „გაუხვევს“
რადგანაც ჩვენში სიმართლე
მუდამ ტალახში აგდია;
სიტყვის და ფიცის გატეხა
ჩვეულებრივი ფაქტია;
ცხოვრება, „მთავრობებისგან“
ხალხის „იმისქნის“ აქტია.
ნეტავი ასე ჩვენთანაც
(აღიარების შემდეგ)
აირკვა! რაც ამერიკას
სალაპარაკო გაუხდა;
რის გამოც მის მტერ-მოყვარეს
„ცოდნის კანკალი აუტყდა“;
და ბოლოს „კედელს მიმდგარი“
ბილი „ჟიურის“ გაუტყდა.
აღიარება მოუხდა
დიდი ხნის ნაცოდვილარის;
თქვა რომ მონიკა „იმასქნა“
და უღალატა ჰილარის.
თქვა, რომ ძალიან განიცდის
თავის „მორალურ თხლეობას“
და პატიება შესთხოვა,
„შტატების“ მოსახლეობას;
ცდილობს, რომ კონგრესს დაუძვრეს
და „იმპიჩმენდის“ მარწუხებს;
მე კი ეს „პოლიტ-სექსფაქტი“
სულ სხვა „რაკურსით“ მაწუხებს:
ვნატრობ, რომ მსგავსი სიმკაცრე
ჩვენ ხალხსაც წესად გაუხდეს;
ვენთანაც „სპეც-პროკურორი“
ქვეყნის მმართველებს „აუხტეს“;
და ყველას მისი „ნაქნარი“
უკლებლივ ცხვირწინ დაუხვდეს.
გაუთავებელი „ბილმონიკა“ და საქართველო
(„კურიერის“ აღშფოთება) *
მსოფლიოში ყაყანია,
პოლემიკა „პოლარული“;
„კურიერმაც“ გამოხატა
„პოზიცია ზონალური“:
„მოსამართლისთვის“ თუ არის
ეს „ილეთი“ „მორალური“,
კლინტონს რატომ ეკრძალება,
ჰქონდეს სექსი ორალური?!
* ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალი გაწიწმატებული იცავდა კლინტონის „ორალური სექსის“ უფლებას!!!
ქართული „ხალხური პოზიცია“
„პოლიტიკოსის კარიერაში“
თავშეკავება ძალიან ფასობს;
და უსათუოდ დაიღუპება,
როცა პრეზიდენტს ის აღარ ახსოვს,
რომ პასუხს ბოლოს იმას მოთხოვენ,
და არა იმის უტვინო ასოს!
ქართული „სამთავრობო ტრადიცია“
ქართველს ნაკლებად აინტერესებს
„ეშელონებში“ ვინ ვის უწვება;
მაინც არავინ კითხავს „უფროსი“
„ამას თუ შვება“, „იმას თუ შვება“;
თან მით უმეტეს, თუ უჭმელ-უსმელს,
კუჭი ეწვის და პირი უშრება
და რაც კლინტონმა ლევინსკის უქნა,
ჩვენში მთავრობა მთელ ხალხს უშვება.
22. IX. 98
მახინჯი ჩვევა
ეს ჩვენი მახინჯი ჩვევა
ძალიან დიდი ხნის არი
გულში დაისრულს დავცინით
და ზურგში გვხვდება ისარი.
სულელური „იგორიადა“
ამ ხალხის ბედი უკუღმა
აბა როგორ არ იგორებს;
ერთ „გარე იგორს“ დასდევს და
ხმას აძლევს „შიდა იგორებს“.
„ხეები“ და „ვარდები“
(პასუხის პასუხი)
„ალალი ვეტერანის“ ანდერძის გამო ერთმა „მაძღარმა ვეტერანმა“ „გულმოსულად“ მიპასუხა
სატირის საგნის სატირით ტკბობის
ერთი შემთხვევაც არა მქონია
და რეაქციაც იმდაგვარია
რა ტიპის ყურით განაგონია.
სატირა დიდი „ლაკმუსი“ არი
(მუდამ ასეთი ძალა ჰქონია)
ჭკვიანი მასთან სიჩუმეს არჩევს
უჭკუოს მისგან ჭირს აგონია.
სატირანაკრავს უცბად მიხვდები
ვინ არის, რისი დარდი ქონია
და საწყალია ყველა ხე ვისაც
თავი ჯიუტად ვარდი გონია.
ბიზნესი „თეთრი“ და „შავი“
სუყველამ იცის, ვისაც „მაყუთის“
შოვნის სფეროში უმუშავია
რომ არ არსებობს ბიზნესი „თეთრი“
ის ან „მოშავო“, ანდა „შავია“.
„უფლებების დაცვა“ ქართულად
„კონსტიტუციის პატივისცემით“
ტუჩებს პრუწავენ, თვალებს ბრიცავენ
კანონ-სამართალს საითაც უნდათ
კისერს იქითკენ მიუღრიცავენ
ჯერ კაცს ციხეში გამოამწყვდევენ
და „მის უფლებებს“ მერე იცავენ.
გულუბრყვილო შეკითხვა
თურმე არამყარ „ალიანსს“
„ამომრჩევლებმა“ ხმა მისცეს
„ლეიბორებმა“ უმუხთლეს
უცბად ხმა მისცეს „სხვა ვიცეს“
კაცს კითხვა თვითონ გიჩნდება
ნეტავ ამაში რა მისცეს?!
24. I. 99
მოერგებიან თუ არა „ახლები“ „ძველ სკამებს“?!
„ერთ რამეს კი გპირდებით, რომ ყველა კანდიდატი იქნება ისეთი, როგორიც თანამდებობას ზუსტად მოერგება“ – პრეზიდენტის რადიოინტერვიუდან
ამ არგუმენტის გამგონეს
კაცს ღიმილი მოეგვრება
სკამი იყოს, თორემ იმ სკამს
ყველა კარგად „მოერგება“.
საეჭვო „პოლიტ. დეზინფექცია“
ვნახოთ რა გასუფთავდება
ვნახოთ რა განიავდება
როდესაც ქვეყნის ცხოვრება
სულმთლად „გაჟვანიავდება“.
არჩევნების წინა ღამეს
(მრავალჯერ „შემცდარ“ ამომრჩეველს)
ამაღამ მაინც დაფიქრდი ვირო!
ამ ერთხელ მაინც ნუ აჩქარდები
აწონ-დაწონე ვის რატომ აძლევ
რანაირ ძალას, რა ხნით ბარდები
და ყუთში მისთვის „კენჭის ჩაგდებით“
ისევ „იმაში“ ხომ არ ვარდები.
ვის ერჩის?
არ დაიშალა უტვინომ
ჩლუნგად „კენჭების“ ჩაყრა
როგორც კი „ხმა“ გამოსტყუეს
შუქი მაშინვე ჩაქრა.
ზის ახლა ბნელში და ბღავის
„რომ ისევ დაიჩაგრა“
ვის ერჩის?! ცხვირი ნეხვში ხომ
თავისი ნებით ჩაკრა.
1. X. 99
იქ არ ეკიდოს!
სიტუაცია შავზე შავია
ღია ფერებით არდასახატი;
ბევრი მაძღარი „მოხსნეს“ და „ხსნიან“
მინც არ შედის გადასახადი;
რა ხდება, რატომ გასივდა სენი
მოურჩენელი გახდა სახადი?!
რატომ და მრავალს „ზევით“ და „ქვევით“
ეს ვითარება „ძალიან აწყობს“;
რატომ და ისევ „იმავ მეთოდით“
აკონტროლებენ ვირთხები „საწყობს“;
რატომ და იმას, დაუზოგავად
ვინც ვირთხებს უნდა გამოეკიდოს,
საჭირო არის, იმ კაცს „სამშობლო“
სადაც კიდია იქ არ ეკიდოს.
„მოხალისე“ მოღალატეები
შედარებით მათთან, ვისაც
„სამსახურით“ ავალია
„მოხალისე“ მოღალატე
გაცილებით მრავალია.
„უკრიშ-ობლობა“
გლეხს, მეწარმეს და ბიზნესმენს
რომელსაც „კრიშა“ არა ყავს;
ვისაც ხოში აქვს გაძარცვავს,
ვისაც ხოში აქვს „დანაყავს“.
ათასჯერ ნაძირალაა
ცხადია ნაძირალაა
ვინც ხალხის ლუკმას იპარავს;
ათასჯერ ნაძირალაა
ვინც ამ მომპარავს იფარავს.
ისევ იმან მოიგო!
რა საშიშია და სამწუხარო
ჯერ კიდევ რომ ვერ გაგებულია
ამ შინაშუღლის გასაღვივებლად
დოლარი ვისი გაღებულია.
ვინ „აპროექტებს“ ჩოლოქთან საზღვარს
ხაფანგი ვისი დაგებულია
ვინ აფინანსებს „ასლანოიდებს“
ვინ „რა მასალით“ აგებულია
„აქეთ“ და „იქით“ ერთი რამ არი
ვინც „ქებული“ და „ძაგებულია“
რომ კიდევ ერთხელ რუსმა მოიგო
და საქართველო წაგებულია.
რატომ არი?!
თუკი „კორუფციას ებრძვის“
მთავრობა და პარლამენტი
მაშინ ყველა „ეშელონში“
რატომ არი პარვა მეტი?!
ორი ერთნაირი „მხარე“
ამნაირ სცენას ამომრჩეველი
ძალიან ხშირად ისმენს და ნახავს.
როდესაც ორი, თანაბრად ურცხვი,
„ხალხის სახელით“ დააღებს ხახას.
„რადიკალურად“ ერთმანეთს ლანძღავს,
ერთი მეორის ღირსებას ლახავს;
და გამარჯვების მოსაპოვებლად,
ხერხებს ხმარობენ ძალიან გლახას.
არგუმენტების მაგივრად უხვად,
თავზე აყრიან ერთმანეთს დორბლებს,
უყურებს მასა გასივებული
„ქულების შოვნის“ ექსტაზში მყოფლებს
იცის, მათ ხელში არ ეშველება,
მშივრებს, დევნილებს, ქვრივებს და ობლებს.
იცის ვერც ერთი ვერ დააბრუნებს,
სოხუმს და ცხინვალს, წართმეულ სოფლებს;
უსმენს „პუბლიკა“ კოპებშეკრული
ამ გაკოტრებულ ენების მშრობლებს
და ერთნაირი გულმხურვალებით,
ხშირად ახსენებს ორივეს მშობლებს.
20. 08. 1998 წ.
საბიუჯეტო ხმით სატირალი
ვაიმე ხალხო, ისედაც
ძაღლურად გამოკვებულო;
„შუქის გამოსაღლეტელად“
„პიკეტზე“ გამოგდებულო;
უხელფას-უპენსიობით
დასუსტებ-დაოსებულო;
მთავრობის უნამუსობით
ათასჯერ გაოცებულო;
და „საარჩევნო მინიმუმს“
დიდი ხნით გამოკლებულო;
ვაიმე ჩემო სამშობლო,
„ბიუჯეტ-დამოკლებულო!“
„მცველები“ და „მცლელები“
მანამდე არ ეშველება
ბიუჯეტს და ფინანსებს;
სანამ არ „განცალკევდება“
ვინ ხვრიპავს და ვინ ავსებს;
სანამ ცნობილი მძარცველი
„დარაჯის“ პოსტს ითავსებს;
და არ „ვკითხავთ“ საქართველოს
რისგან ცლის და „რით“ ავსებს.
აზროვნება „ფასიანი“
ბიჭს ოცნებად თუ ექნება
მხოლოდ „მწვანე ასიანი“;
მრისხანებას თუ არ შეყრის
მიწა რუსის ბაზიანი;
თუ ტურისტებს დახვდა მხოლოდ
„დედა-მახვილთასიანი“;
ჯარიდან თავის დაძვრენა
თუ იქნება „ფასიანი“;
აღარასდროს არ შედგება
დიდგორი და ბასიანი.
დადგმული „გადადგომები“
როცა გარდაუვალია
სავარძლიდან გადაგდება,
მაშინ გამოცდილი „ბოსი“
„თავის ნებით გადადგება“.
მთავარი სადარდებელი
ზოგი სკამს სულაც არ დარდობს
გაყიდონ, გინდა გაცვალონ,
თათხონ, წერონ და იკითხონ
ენებ-კალმები აწვალონ
ოღონდაც ოხრად ნაშოვნი
მაყუთის შეჭმა აცალონ.
„ხალხის ბედის“ მღეჭველები
ისე გაცვდა ამათ პირში
„ხალხის ბედზე“ ღაღადი,
როგორც ჩვენი წარმოების
ტუალეტის ქაღალდი.
„ცნობილი“ „საცობები“
ისეთი პოლიტიკური
იკადრა ზოგმა ანცობა
„არჩევა“-„დანიშვნის“ ხოშმა
იმდენად „გაასაცობა“
აწი კიდეც რომ ეცადოს
არ გამოუვა კაცობა
და გაცვეთამდე მოუწევს
სხვადასხვა „ბოთლის დაცობა“.
დაკარგული ნიშნები
ზოგმა იმდენად დაკარგა
ნიშნები კაცის საცნობი
რომ უყურებ და ვერ ხვდები
კაცი არი თუ საცობი.
თანაბრადხსენებულები
ვინც კი არიან ამჟამად
დანიშნულ-„ანარჩევლები“
ფინანსისტ-„პროგნოზისტები“
პრეზიდენტი და „მრჩევლები“;
„ხსენებას“ შეჩვეულები,
ზოგიც ჯერ შეუჩვევლები;
გარწმუნებთ რომ არ არიან
ხალხისგან განარჩევლები;
და ამჯერადაც, ახალ წელს
მოთმენის გამომჩენლები;
მათში ძალიან, კარგების
განგებ არ გამომრჩევლები;
ყველას „ერთნაირ მოკითხვას“
უთვლიან ამომრჩევლები.
„ბუნტი“ „ზეპარტიაში“
ამით უნდათ დამშეული
ხალხის რისხვის აცილება;
ამას ნიშნავს ეს დადგმული
„საპროტესტო“ აწივლება
„ცუდ“ და „კაი“ „მოქკავშირად“
დაშლა – გადანაწილება.
პოლიტ. „პალუნდრა“ „მმართველ პარტიაში“
იგრძნეს „მამა-მარჩენალის“
წასაქცევად გადახრა
ახლა ნახე ამ „ნარეცხის“
„ფრაქციებში“ გადაღვრა;
ახლა ნახე „მოქკავშირის“
„მანდატების“ გადაყრა.
კორექტურა და პოლიტიკური „უტაქტობა“
(„ხალხს თავის კუთვნილ პენისებსაც არ ურიგებენ“ – „დილის გაზეთი“ 21. X. 98)
ეს მარცხი ბევრს დამართია
მწერალს და ოსტატს სცენის:
ზედმეტი ასოს ჩაწერის,
საჭიროს გამორჩენის;
დარბაზის „ამფეთქებელი“
წაბორძიკება ენის;
მაყურებლების წინაშე
მომდენი სიმწრის წვენის;
მარცხი კორექტორ „გუშაგის“
ფაზაში თვლების თმენის;
ხიფათი „საშიშ ასოთა“
„სექს-განხრით“ გამოჩენის;
კვიმატი გადანაცვლება
„ლასის“ „ყარის“ და „ენის“;
(მიზეზი უიუმორო
ავტორის კბილთა ღრჭენის);
და იუმორის მქონებლის
სიცილის ცრემლის ცვენის;
რადგან შეცდომა ხვედრია
შლეგის, ლენჩის და ბრძენის;
და „დილის გაზეთს“ რაც წაცდა
(გარეშე გრძნობის ქვენის);
ჩემს სატირულად მოწყობილ
აზრებს სულ სხვაგან დენის;
სადაც ათასჯერ მეტია
საბაბი გულის ტკენის;
ამიტომ ეს „პრეს კაზუსი“
ჩვენს ყოფას ზუსტად შვენის;
ასახავს „მართვის მანერას“
ხელისუფლების ჩვენის;
რომელსაც თავი არა აქვს
ქვეყნის მოვლის და რჩენის;
და იმის გარდა რომ არის
არ მომცემელი დენის;
მომყენებელი მრავალი
„სოციალური წყენის“;
ფეხებზე დამკიდებელი
ღარიბ-ღატაკი ფენის;
მშივრებს კუთვნილის მაგივრად
დემაგოგიას ტენის
და „ამომრჩევლებს“ თავაზობს
პენსიის ნაცვლად პენისს?!
უძინარ „დილის გაზეთს“
(ჩემი სატირის „ოსტატურად“ მომხმარებელს)
ნეტავ „დილის“ რატომ გქვია
მუდამ ღამით იბადები;
ხან კაცური რიხი გახლავს
ხან ქალურად იბაბთები;
ხან ახვედრებ ათიანში
ხან საფანტად იფანტები;
ქართულ პოლიტ-ლაბირინთში
ზოგჯერ ძაან იბლანდები;
სექსუალურ პრობლემებშიც
სულ მოდურად იბარდები;
გაზეთი ხარ! და ცოტა გყავს
კმაყოფილი სიფათები;
„დოზით“ ნაქებ-ნაგინები
„ამათები“, „იმათები“;
მოკლედ, ბნელი ორგანო ხარ
რადგან ღამით იბადები;
და დღემდე ვერ დავადგინე
თუ საიდან იმართები?!
არიქა, ჩქარა!
„ორსული ქალი უფრო ლამაზია... მინისტრი ქალი მეტ ჰუმანურობას შეიტანს პოლიტიკაში“. მინისტრობის ფეხმძიმე პრეტენდენტის განცხადებიდან
აი საშველი, აი მეთოდი,
საუკეთესო ყველა წინაზე;
დამამშვიდებელ-დამწყნარებელი
მძლავრი ყოველგვარ მედიცინაზე
(რადგან სად კაცი მინისტრი, ავი
და სად ორსული ქალის სინაზე).
ახლავე უნდა შევუდგეთ საქმეს
და ამ საკითხზე დავა მოვკვეთოთ;
პარლამენტი და ხელისუფლება
ფეხმძიმეებით დავაკომპლექტოთ.
რა ჰუმანიზმი, რა ჰარმონია
(რაც არ ყოფილა ადრე აქამდის)
დაისადგურებს, როცა მართვაში
გაჩნდება ხიბლი „მატრიარქატის“;
წარმოიდგინეთ: არა ღრიალი
„საქმის გარჩევა“ ქუჩურ „ქურდული“;
არამედ ბევრი ორსული ქალის
ქვეყნის საქმეზე წყნარი ჟღურტული;
სახელმწიფოზე და ქმრებზე ფიქრით
(ცოტა სიცხითაც განაფითრები)
სესია, სავსე მშვენიერებით
(პულტების გვერდით მჟავე კიტრები);
ტელეეკრანთან მიმსხდარი მასა
ტკბილი წუთები, სმენა – თაყვანის
და შიგა და შიგ ტაშის გრიალი
(სამშობიაროდ მათი გაყვანის);
ანდა მინისტრ ქალს როგორ შეადრი
აგრესიულ და ცოფიან კაცთან
ამასთან შეხვალ საქმეზე ისე
როგორც ლამაზ და საყვარელ დასთან;
(თუმცა, როდესაც იგი „მიზეზობს“
მაშინ არშესვლა ჯობია მასთან);
ახლა დარგების ურთიერთობა?!
ვიღა გაბედავს, რასაც დღეს ბედავს,
რადგან ორსული და მეძუძური
უფრო გაუგებს მეორე დედას;
ერთბაშად ვერც კი იანგარიშებ,
რა მოგებებიც ამ პროექტს მოსდევს;
თანაც ევროპა და ამერიკა,
ამ „ქართულ სიბრძნეს“ მსოფლიოს მოსდებს.
მაგრამ დამწყები თუ ჩვენ ვიქნებით
და კაცები თუ არ გავჯინდებით;
თუ „აზიური აზრების“ გამო
გასასკდომად არ გავიჭინთებით;
ორსულ მინისტრთა რაოდენობით
გინესის წიგნშიც „გავიჩითებით“.
არიქა, ჩქარა! მიეცით ორსულს
(თუ პორტფელისკენ ორთავ ხელს იწვდის;
და ისე „უნდა პოლიტიკაში“,
რომ რამდენიმე თვესაც არ იცდის);
მიუშვით ნებას „დეკრეტის“ ვადით,
და არც იფიქროთ გადაყენება;
არ დაგავიწყდეთ, არ შეიძლება
ფეხმძიმე ქალის განაწყენება.
P. S. კაცს ერთადერთი ფუნქცია რჩება
სასიამოვნოდ აუცდენელი:
წესრიგში ჰქონდეს მოწყობილობა
ღვინით და „იმით“ წაუხდენელი
და აწარმოოს „მოღვაწე ქალთა“
დაორსულება გაუცდენელი.
შეკითხვა კომისიას *
მთავრობებისგან ჩვეული არ ვარ
და არც ველოდი ჯილდოს და „ცნობას“
თან ისიც ვიცი „მსაჯებად“ სხედან
ვინც უგალობდა საბჭოთა წყობას;
და ყველა სფერო ჩვენი ცხოვრების
ძველი „რეცეპტით“ განაგრძობს ლპობას;
ამიტომ ბედს არ დავუწყებ გმობას,
არ მივეცემი დარდსა და ჭკნობას,
არც იუმორის დავკარგავ გრძნობას,
არც თქვენ გაკადრებთ, საკადრის მკობას;
უბრალოდ მიკვირს მელექსე კაცი,
რად შემაჯახეთ მეპროზე კობას?!
* კრებულის გამოსაცემი ფულის უქონლობის გამო გავბრიყვდი და ჩემი სატირა „სახელმწიფო პრემიების“ მიმნიჭებელ კომისიას მივუტანე; დამაპირისპირეს პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველი კობა იმედაშვილი, რომელიც თავის პუბლიცისტიკას პროზად წერს?!! ახლა არ მკითხოთ, პრემია ვის მისცესო?!
ლექსების ციკლიდან: სატლირული გადახვევა
თანასწორობა
ებრძვის კაცს ქალი, ებრძვის ქმარს ცოლი
„თანასწორობის“ მოსაპოვებლად;
სპორტში, სექსში და პოლიტიკაში
დიდი „პროცენტის“ მოსაგროვებლად;
ცემის, მიცემის, მოწევის დარგში
ყველა აკრძალვის მოსაშორებლად;
ებრძვის შეშლილი და დამფრთხალ მამრებს
დღითი დღე ყველა მსგავსებას ტაცებს;
(ისეთ რამესაც, რაც ბევრად უფრო
ადრე შვენოდათ საცოდავ კაცებს)
ებრძვის ქმარს ცოლი გააფთრებული
ტირის და ყვირის, კბილს აკაწკაწებს;
და ბოლოს, როცა „ბორკილებს ამსხვრევს“
„თანასწორობის“ ყიჟინას დასცემს;
უეცრად ხედავს შემზარავ შედეგს
გაოცებისგან თვალდანაქაჩი
სადღაა ქმარი, ხელში ყავს ჩვარი
„გამარჯვებული“ ტირის ალქაჯი.
P. S. და უნდა გითხრათ, გინდაც გეჩვენოთ
„ძველმოდური“ და ძალიან მკაცრი:
ქალთან ბრძოლაში დამარცხებული
არ მეცოდება არც ერთი კაცი.
„დარჩით ნორჩი!“
(რადიო 106,4-ის ლოზუნგი)
ვინც ამ ლოზუნგს აჰყვება და
გარეგნულად „განორჩდება“
„გაწიწკვდება“, „გაბიჭდება“,
გათიკნდება, გაგოჭდება;
ის უთუოდ გაკოტრდება
სასაცილო გამოჩნდება;
უფრო მალე დაბერდება,
უფრო სწრაფად გამოშრება;
რადგან სისულელეს ნიშნავს
ჟამთა სვლასთან გაოჩნება;
არ ხერხდება, არ მოხდება
წინსვლის უკან გაჩოჩება;
არც ქაჩალის გაქოჩრება,
და არც ვირის გაჩოჩრება;
ვინც ამ სიბრძნეს „აუხტება“
ავად არი, არ მორჩება;
ვერც სხვის ასაკს დაეწევა
და თავისიც გამორჩება.
რადგან შეუძლებელია
ხის და კაცის განორჩება.
ჰოდა, „ანცი“ ვინც არ არი
ვინც არ არი ჭკუით ბეცი;
იმან იცის ყველა „ეტაპს“
გააჩნია მისი პეწი;
სექსი, ლექსი, სმა უხდება
მას სხვაფერად, შენ სხვაფერად;
და ამიტომ „შეუბერე“
ოღონდ წლების შესაფერად.
ისტორიულ-ისტერიული კისკისი
ძალიან რთული მოვლენა გახლავთ
ვნების ამშლელი, ქალის კისკისი;
და მის შესახებ სულელს და ჭკვიანს
მოსაზრება აქვს ყველას მის-მისი;
სულელს არ ახსოვს, როცა წარმტაცი,
ტვინის ამრევი ქალი უცინის,
რომ ამნაირით ზუსტად სიცილით
სხვას უწვებოდა მრავალს უწინ ის.
ჭკვიანი ხვდება და სულ თან დააქვს
როგორც ნატყორცნი გულში ისარი;
ქალის წარსულის ყველა დეტალი
და სხვის მკლავებში ნაკისკისარი.
მარტივ სულელთან დიაცს მუდამ აქვს
ცრუ გამოსაძრომ-გამოსავალი;
ჭკვიანთან არა, რადგან „ქალმცოდნემ“
იცის „მარტივით გარდამავალი“
ლამაზის ფიცი სწრაფ-წარმავალი;
და ამ მიზეზით დრამებს ვინ დათვლის;
ტრაგედიაც კი მოხდა მრავალი.
ცხოვრება მიდის სიცილ-ხარხარით
და მშვენიერი სქესი კისკისებს;
არის გაუკვლევ-გაურკვეველი
იმისი გული ნაღდად ვისთვის სცემს;
რისი უფლებაც დღეს ამას მისცა,
ხვალ სიცილითვე იმას ვის მისცემს,
და ეს რომ ფიქრობს მისთვის ანთია,
ის რომ სასხვისო ცეცხლად გიზგიზებს;
ცხოვრება მიჰქრის ეჭვის ღრიალში;
თოფის გრიალში ისმის კისკისი;
(და ვერ გაიგო მეცნიერებამ
სიცილი ხიბლავს, რატომ ვის-ვისი);
კიდევ კარგი რომ ეს საიდუმლო
ამოუხსნელი დღემდეა შიფრი;
თორემ ძალიან გაიზრდებოდა
დამხრჩვალ-დაკლული ქალების ციფრი.
P. S. თუმცა ეს „საფრთხე“ პირობითია
(და სტატისტიკაც ამასვე ამბობს);
რომ როგორც წესი, ისტორიულად
ჭკვიან კაცს მუდამ სულელი სჭარბობს.
„ვალენტინის დღე“
(საკითხში ოდნავ ჩახედულს
აშკარად გაგეცინება)
კორექტულ სიტყვებს დავეძებ
რომ არ წამომცდეს გინება;
რადგანაც არ შეიძლება
ამ გრძნობის „დღის დადგინება“
და ერთდრულად ყველასთვის
თარიღით შეღიტინება.
რადგან სიყვარულს არ უყვარს
კალაპოტებში დინება;
ანგრევს სტანდარტულ ჯებირებს
ბორგავს და მოეგრგვინება;
ზოგს დასახრჩობად ჩაითრევს,
ზოგს მხსნელად მოევლინება;
ერთს არევ-დარევს, დალეწავს,
სხვას მადლად მოეფინება;
მისთვის ჩადენილ მომხდარის
ძნელია წარმოდგინება.
მის საიდუმლოს არვინ ფლობს
(განგებამ ასე ინება)
და წელიწადის ყველა დღე
მის სურვილს ემორჩილება.
არავინ იცის მახვილად
გულზე ვის მიებჯინება;
უყვარს ბრძენის და სულელის
თანაბრად გამოტვინება;
არავინ იცის სად, როდის
ვის „მოევალენტინება“.
31. I. 99
ეცვას თუ არა?!
შავი კაბები, შავი კაბები
რამდენ ლამაზ ქალს შავი აცვია;
იქნებ მე რამე გამომეპარა
და დიდს რაღაცას გლოვობს ნაცია?!
მაგრამ როგორც კი ამ „შაოსნების“
მოშვლეპილ ზურგებს დააშტერდები;
შემოგანათებს შავ კაბებიდან
ამოვარდნილი თეთრი მკერდები;
და გამომწვევად გამობზეკილი
ლიფებახდილი ბორცვთა კერტები;
(თუ შეყოვნდები, თუ გაჩერდები
მარტო ყურებას ვერ დაჯერდები)
თუ ჯანმრთელი ხარ დაიძაბები
დაითუთქები, დაიდაგები;
თანაც ზაფხულის ცხელი დღე თუა,
სურვილის ცეცხლზე დაიტაფები;
როგორც სადოღე ულაყი ცხენი,
გასაჭენებლად გაიქაფები;
რადგან სიშიშვლე ისე მწველია,
იმდენად ვნების გადმომქცევია,
ქათქათა თეძო და სავსე ძუძუ
სამოსელს ისე გამოქცევია;
(რომ ვიღაც მოხუცს, აშკარად სოფლელს,
გაოცებისგან ყბა მოქცევია).
მოდის ლაშქარი აბორგებული
„მოდით“ და სიცხით განაგიჟები;
და ამის ფონზე, გულგრილი მზერით
„პროგრესისაგან“ „დანადინჯები“;
მიდი-მოდიან დამდორებული
ნარკომანი და ლოთი ბიჭები.
მივდივარ ვფიქრობ, რა ჯანდაბაა
ასეთი ტემპით რამ გაგვაქცია;
ნეტავი საით მიექანება
„ღია ჭიპების დემონსტრაცია“
(სხვისი წესის და სხვისი ადათის
უნიჭო ყალბი იმიტაცია);
ეს დიაცები რამ გააცოფა
„კაცის სტატუსი“ რამ წააქცია?!
(ყველა ყველა და ამ დარგში მაინც
ქართველს არასდროს „უზარმაცია“);
მაგრამ რა უყოს თუ დღე და ღამე
ეკრანზე არის გაწამაწია;
თუ ხვნეშა კვნესის და სხვისი სექსის
ცქერისგან დაღლილ-დანაქანცია;
რა ქნას თუ „მოდამ!“ ეს მღელვარება
ლამის პირუტყვულ აქტად აქცია.
რა მიზნით არის მოფიქრებული
ძველი სიმძაფრის დევალვაცია;
ელეგანტური „შავის და თეთრის“
ბიზნეს მიზნებით ეგზალტაცია
ბორდელის დონის „მომხიბვლელობა“
ხორცის და კაბის „კომბინაცია“;
წინ რაღა დარჩა, ანდა სად გადის
„სექსის საზღვრების დემარკაცია“?!
ვარგა თუ არა წინასწარ გახდა,
ყოვლის ჩვენება, რაც წარმტაცია;
ანდა ქუჩაში რა უფრო გვხიბლავს
„რომ აცვია“ თუ „რომ არ აცვია“?!
გზა აქ სადღაცა შუაში გადის
და არ უშველის აგიტაცია;
(აზიზ-ფაქიზი საკითხი გახლავთ
ვერ მოაგვარებს „კონფრონტაცია“);
არც უტიფარი სიტიტვლე მომწონს
არც მინდა „ჩადრის რესტავრაცია“;
მაგრამ ერთი რამ აშკარა არი
და არ ჭირდება „დისერტაცია“;
რომ სქესის, ჯიშის ნიშნებმოშლილი
აღარც ქალია, აღარც კაცია
რომელსაც ელის დაშლა დაშრეტა
და სიყვარულის დეგრადაცია.
* * *
P. S. თუ გინდა ქალო არ გახდე მსხვერპლი
მდარე ალერსის უღიმღამოსი;
იმნაირ თარგზე მოაჭრევინე
კაბები დილის და საღამოსი;
რომ სანამ კაცთან განმარტოვდები
გეფარებოდეს ტანზე სამოსი.
ლექსების ციკლიდან: გარსით „დემოკრატიული“ – არსით „ცეკურ“, „სუკური“
„შემცდარი“ „მოღვაწეები“ და „მიმტევებლები“
ამ მოსაზრებას არ ვამბობ
უმიზნო კბილთაღრჭენისთვის;
რადგანაც ვიცი, რომ კაცი
„კარგად ცნობილი“ ერისთვის;
მოხდება ხოლმე, შეცდება
„სამშობლოსთვის“ და „ენისთვის“;
მასის მაცდური ბელადის
„შემოგდებული“ „რწმენისთვის“.
(ანდა ჯანდაბას, პირადი
სიცოცხლის გადარჩენისთვის).
მაგრამ როდესაც „მოღვაწე“
ამას ჩაიდენს „ძღვენისთვის“,
„მთავრობებისგან“ „სკამის“ და
სათქვლეფის გამორჩენისთვის;
(საწყენად, გულის სატკენად,
ყმაწვილისთვის და ბერისთვის;
(მანამდე მისთვის საქებრად,
მუდამ პირდანაბჩენისთვის);
მაშინ ნურავინ დამძრახავს
გულქვაობისთვის ჩემისთვის;
„მის“ მიმართ „შესაფერისი“
„გრძნობების“ გამოჩენისთვის;
რადგან ხელს ავწევ ურცხვისთვის
უმკაცრეს განაჩენისთვის;
რომ იყოს განსაწმენდელად
მომავლისათვის ჩვენისთვის;
სამაგალითოდ, საშიშად
„დანიშნულ“, „ანარჩევისთვის“;
„ბოზების“, მედროვეების
და ყველა „დანარჩენისთვის“!
ენდე?! – ენდე!!!
როდესაც ორი თახსირი
ერთმანეთს ეპაექრება;
ორივე „ხალხისთვის მოთქვამს“
ხალხს თავზე ცრემლად ეღვრება;
ორივე ხმების საშოვრად
ეშმაკს ეტმასნებ-ეკვრება;
იმათ შემყურე „ხმის მიმცემს“
ზიზღით გულს შემოეყრება;
რადგანაც ხვდება (რაღა დროს?!)
ჯიშს ფესვი როგორ ეთხრება;
რადგანაც ხვდება სულ მალე
რა „არჩევნები“ ექნება.
10. VI. 98
ფუ ბალადა!
(დაიწერა კონტროლის პალატის ანგარიშის შთაბეჭდილებით)
ალათასა ბალათასა
ხალხი ნატრობს „ბალანდასა“;
პურსაც ვერ ჭამს, ვიღა ჩივის
„საარსებო კალათასა“;
მაინც პირუტყვულად ითმენს
მექრთამეთა მარაქასა;
მუცელში რომ მიაქანებს
ქვეყნის ხვავს და ბარაქასა;
არც პროკურორს უფრთხის ვინმე
არც კონტროლის პალატასა;
„ჭუჭყიანი ფული“ მართავს
„არჩევანს და არადანსა“;
ალათასა ბალათასა
ვაი, ამის დამნახავსა;
ნეტავ, ხალხი ასე მძიმედ
რამ დაალპო, დაახავსა;
რომ მონურად შეეგუა
ყოველდღიურ გალახვასა;
ალათასა ბალათასა
ახი არი ამათ თავსა:
ფუ, ამნაირ ცხოვრებას და
ფუ, ამნაირ „ბალადასა“.
ნახმარი „პოლიტრეზინები“
როდესაც ძველი „პოლიტბოსები“
თავზე ძალიან „გადაისვრიან“;
„არჩევნების“ წინ „ძველ“ და „ახლები“
„საცრით“ ხელახლა „გადაიცვრიან“;
„გადადგებიან“, „გადაჯდებიან“,
„საწველ სავარძლებს“ გადაიცვლიან;
„სუფრასთან“ ისევ დაძახებამდე,
„ნაკლებ საჭმელზე“ გადაიცდიან;
ხალხისთვის ძაან საძულველები,
„სიის“ ბოლოში გადაისმიან;
მასას „ახალი სიით“ აჭმევენ
სიფათზე სხვა გრიმს გადაიცხიან;
ქვეყნის ძარცვაში ნაშოვარიდან
მცირე თანხასაც გადაიფცქვნიან;
მოისყიდიან, მოაღორებენ,
დამხობის საფრთხეს გადაიცლიან;
და როცა „კენჭებს“ გაინაღდებენ,
„ხმებს“ „სპეცმეთოდით“ გადაითვლიან;
ერთ-ორ ცნობილ „ბოსს“, რეკლამის მიზნით,
„ახალ ნაკრებშიც“ გადაისვიან;
მაგრამ ბევრ ნახმარ, „რეზინის ნაწარმს“
სანაგვე ყუთში გადაისვრიან.
საპრეზიდენტო „მეორად ნედლეული“
(„მე მზად ვარ პრეზიდენტობისათვის“ – კაკო ასათიანი)
მეხსიერება დაქვეითებულ მასას
გაცვეთილ ნაბოდვარს უთხრობს;
„მამულზე ფიქრით შეშუპებული“
ბრბოს ტვინს ნასინჯი სამსალით უთრობს;
და „რაღაცატომ“ პრესა და ტელე,
„გვერდებს“ და ეთერს გულუხვად უთმობს;
ისევ ფაშფაშებს სცენაზე ურცხვად,
„ნასპიკერალი“, „ნაცენზორალი“;
გამსახურდიას „მესიად“ მქცევი,
მასზე აზიზად ნაამბორალი; ბილწის
„წმინდანად“ გამსაღებელი,
კუთხის კუთხეზე წამკიდებელი;
(მერე მისგანვე „გაღმერთებულის“
საფრთხის დროს ფეხზე დამკიდებელი);
ეროტიკული ხოტბა-მიტინგით
ყოველდღე მასის მთაყვანებელი;
„უზენაესი“, „სექს-სესიების“
ლიქნის ორგიებს დამმგვანებელი;
კრემლის სცენარით, ტაშის გრიალით,
არძინბას ტახტზე ამყვანებელი;
მაგრამ რადგანაც სულ სხვაგან საჯდომს,
არ განუსაზღვრეს დაჯდომის ვადა,
მიტომ ტივტივებს ეს „სუკის ბუშტი“
და მიტომ შერჩა ლაყაფის მადა;
რადგანაც იცის „ელექტორატი“
ჭკუა-სინდისზე ერთობ თხლად არი;
მიტომ გამოხტა საასპარეზოდ
„მრგვალი მაგიდის“ „ნათავადარი“;
ვიდრე მოსკოვი ნიშანს მისცემდა,
ვირთხულად ხვრელში დანაცადარი;
და „საიმასქნოდ“ მუდამ მზად მყოფი,
„საპრეზიდენტოდ უკვე მზად არი“.
P. S. ვერ დაგიმალავთ, ზიზღით შევყურებ
პოლიტ. საშოვრით მადააღძრულებს;
ვინც დამპყრობელის ბინძური გეგმით,
ქვეყნის დანგრევის გეგმას ასრულებს.
„მოქალაქეთა“ კომპარტიული კავშირი
რა აზრი ჰქონდა კომუნიტების
„დემოკრატებით“ ვითომდა შეცვლას,
თუ იმავ წესით ხალხს აძალებენ
„მოქალაქეთა კავშირში“ შესვლას.
ნუთუ ამგვარად?!
ნუთუ სამშობლოს, ერთობის ცნება,
ამქვეყნად უნდა დაჩიჩიავდეს;
ქვეყნის დაშლისთვის სასჯელის შიში,
ასე გაქრეს და გაქარნიავდეს;
„საქართველო“ და „ქართველი ერი“,
ისე დაჩლუნგდეს და დაჩიავდეს,
რომ მოღალატე, „მოღვაწის“ ნიღბით,
უტიფრად, ღიად გაავყიავდეს;
„პოლიტიკური სხეული“ ჩვენი
ამდენად დალპეს და დაჭიანდეს,
რომ „დაასლანდეს“ მთელი აჭარა
და სამეგრელო „დაჭაჭიავდეს“?!
ძველი და ხალი „ხელშემკვრელები“
ბოლომდე გადმოსანთხევად
მისი „შიგთავსის“ არსის;
„გათხარა“ ქვეგამხედვარმა
„ხელშეკრულება ყარსის“;
უკვე იმდენად გაიხრწნა,
უკვე იმდენად ყარს ის,
ისეთი ნაზავი გახდა
სიძულვილის და ავზნის,
რომ ყოველ სიტყვას შუღლის და
ღალატის დამღა აზის.
გრძელდება დაღვრა-დაღვენთვა
უბინძურესი აზრის;
სამშობლოს ქცევა „საქონლად“
პოლიტიკური ბაზრის;
ჩამოხლეჩა და ჩამოჭრა
ყველა კუთხის და მაზრის.
(მიტომ რომ ქვეყნის პატრონად
საჩვენო ძალა არ ზის)
„ის“ ამ ბლოკზე და – „ეს ბლოკი“
მის დასძლევად იწევს,
(ერში ორივე „ფრაქცია“
ერთნაირ რწყევას იწვევს)
ამიტომ ნურც ერთ გროვაზე
ნუ გავაკეთებთ „აქცენტს“;
რადგან „სამშობლოს ხსნის გეგმა“
არ გააჩნია არც ერთს!
P. S. თუ მართლა გვინდა აღდგენა
ყველა ჩაშლილი ხიდის,
შევიგნოთ, რომ გზა მომავლის
მათზე გადავლით მიდის.
ბრმად ნურც „დასავლეთს“ ვეძლევით
ნურც დავუწვებით რუსეთს;
და ამ გაცვეთილ „ნაიმრებს“
ნუღარ ავირჩევთ ნურც ერთს!
წითელი სევდა
(ნაჯალათრების შემორჩენილ კონტინგენტს)
ახლა რომ არი ნოემბრის შვიდი
ადრე არ იყო ასეთი მშვიდი
აქ სიმინდს ფშვნიდი, იქ ჩაის ბდღვნიდი;
რძის და ფოლადის ნიაღვრებს ღვრიდი;
რა ხიდებს დგამდი, რა არხებს თხრიდი;
მშიერ-მაძღარი მონების ხელით
რა „რეკორდებს“ და რა დოვლათს ქმნიდი.
რა მორჩილება, რა მოთმინება
დაცდენილ სიტყვას მთქმელს უკან ჩრიდი;
ტყვიას ახლიდი, ორმოში ყრიდი;
„ცეკას“ და „სუკის“, რიგითი „შპიკის“,
როგორი შიში, როგორი რიდი;
(ან ღამით კარზე დაკაკუნებით
კაცს გაღებამდე რომ გარდაცვლიდი)
რა პოემები, რა სიმღერები,
რა „გულწრფელობა“, ყალბი და ფლიდი;
მერე დგებოდა ნოემბრის შვიდი:
და წითელ დროშებს ამაყად შლიდი;
ბელადი დიდი, პარადი დიდი,
მოზეიმეებს ვერ დაითვლიდი!
მილიონობით დაღებულ ხახას
ყურებში ბამბა, თვალებზე ბინდი;
და ამ „წესიერ უწესრიგობას“
მიაჭენებდი, ღრიალით ღლიდი;
მეტი რა გინდა, ართე და ურტყი,
ურტყი და მართე, მიდი და მიდი!
ჰაი დედასა, რას მოვესწარით:
ნოემბრის შვიდი – ასეთი მშვიდი!
ბწკარები – ზარად
(„მაკ დონალდსით“ შევიწროებულ რუსთაველს „ნალენინისმოედნარზე“ გადადგმას უპირებდნენ)
ოდესღაც დიდად პატივმიგებულს
კვარცხლბეკზე მდგომარს ყელმოღერებით;
გადასადგმელად გიტევენ ფულით
და მოშიშხინე ჰამბურგერებით.
რას იზამ, ჩვენში „ტრადიციაა“
ღირსი კაცების არშეშვენება;
რა დროს ლექსია, მიმდინარეობს
ქვეყნის დუქნებად გადაშენება.
ამიტომ არ ღირს, ამ მოედნიდან
იმ მოედანზე გადაჭენება;
ნალენინარზე შენი დამყნობა
„შენზე მზრუნველად“ თავის ჩვენება;
რადგან ეს წარღვნა იქაც მოგწვდება,
იქაც სულ მალე მოყანყალდები;
და მანდაც თავზე დაგემხობიან
სხვადასხვა სორტის „მაკ დონალდები“.
ვბედავ და გირჩევ, ბრძენო მელექსევ,
„ტრანსპორტირებით“ ნუ გაწვალდები,
თხოვე, შაირის თაყვანისმცემლებს,
გაგადნონ მრავალ პატარა ზარად;
მთაში და ბარში, მცირე ტაძრებში
ცისკარ-მწუხრისას რეკავდე წყნარად;
ჩვენი სიბნელის გასახსენებლად,
მოუბანელი სირცხვილის ცვარად.
18. I. 99
„რუსული წებო“ ქართული „ბლოკებისთვის“
ზოგი რომ ვითომ ხალხისთვის
„დისიდენტურად“ ბოლავდა;
„მრგვალად“ იწვოდა „იღწვოდა“
„რადიკალურად“ „ხრჩოლავდა“;
სულ „სუკს“ და „მოსკოვს ებრძოდა“
„მოღალატეებს“ ქოლავდა;
(ბრბოს არ სჯეროდა, რაც მათზე
ინფორმაცია ჟონავდა;
რომ „გაუტეხელ“ „ნაჯდომებს“
„სუკი“ თავს მოუქონავდა);
ეს მასკარადი გაგრძელდა
ვიდრე „ის ქარი“ ქროლავდა;
„პრორუსულს“ „პროდასავლური!“
ვიდრემდე „გადაწონავდა“;
და მაშინ ბევრი „ბუნტარი“
ვინც „კომუნისტებს“ რჩოლავდა;
„ოკუპანტებთან საომრად“
პონტოს ზღვასავით ფრთონავდა;
„ცენტრიდან“ მოსულ ცირკულარს
უსიტყვოდ დაუმონავდა;
გუშინდელ „მტერ-პარტიებთან“
ერთ ბლოკში შეგორგოლავდა;
სასწრაფოდ „გაასლანდა“ და
„გაპანტელეიმონავდა“.
(მხოლოდ ის არ „მიიწებეს“
ვინც „დადნა და დაცოტავდა“
ვინც რუსის აზრით „იმიჯით“
იმდენად „გასაცოდავდა“,
რომ მისი პოლიტიკაში
„ხმარების“ ვადა მოთავდა.
P. S. გაშიფრვა-გამომჟღავნების
ფაქტები თუმცა მომრავლდა;
აშკარა გახდა ვინ რა დროს
და ვისი ნებით „ბორგავდა“;
ვინ რატომ „გამწვან“-„გაწითლდა“
ვინ საით „მიმრგვალ“-„მომრგვალდა“.
ზოგს მაინც ჩლუნგად არ უნდა
მიხვდეს რა ჭუჭყში გორავდა;
შუღლის მთესველთა ბელადი,
რა „აზრებს“ დააზმორავდა
ძმა, ძმას რა ძალამ წაჰკიდა,
ვინ ვისი გეგმით „შფოთავდა“;
და ბოდავს, რასაც ჯიუტად
გაუღვიძებლად ბოდავდა!
6. X. 98
თუ ავირჩევთ
ეს „გარდამავალი ხანა“
არ გადავა დიდხანს არსად,
თუ ვაქციეთ პოლიტიკა გ
ულის ამრევ ბინძურ ფარსად;
თუ მოვითმენთ, ვინც იქცევა
უსუფთაოდ და უმსგავსად;
ვინც უწვება „შინ“ და „გარეთ“,
„გადამხდელებს“ „პოლიტხასად“;
ღიად ამღებ-მიმცემელებს
ხმას თუ მივცემთ ჯოგად, მასად;
თუ ავირჩევთ ვინც იქცევა
ბილწად, კაცის არამსგავსად;
და იშენებს კარიერას
საქართველოს დაშლის ფასად.
21. VIII. 98
ყოველთვის ყველაფრისთვის მზადმყოფი „კადრი“
თვალები რომ უნდა იყოს
იმის მაგივრად სად არი?!
ნაჭამის ხელახლა ჭამის
მოთხოვნილება რად არი?!
ნუთუ ეს „ელექტორატი“
ჭკუაზე ასე თხლად არი,
რომ ამ დასვრილი „ბოსების“
მუდმივ „კენჭად“ და „ხმად“ არი;
რომ დაუსჯელად, უტიფრად
რუსთან ნამარიფათარი;
„ყველა სისტემის“ სუფრებზე
დანიშვნით „ნათამადარი“;
„ცეკას“ და „მრგვალი მაგიდის“
ნაიმარ-„ნათავადარი“;
ყველა ცნობილი მედროვე,
ნათრევ-ნაარამზადარი;
„სასტარტოდ“ წაიკუზა და
„სადეპუტატოდ“ მზად არი.
19. VI. 98
სავარძლური დავლური
ბრუნავს ბორგავს ბედის ჩარხი
ხან ნელა და ხანაც ჩქარა;
რა არ იყო რა არ მოხდა
რაღამ აღარ ჩაიარა;
დაბადება-გადაგდების
წასვლა-მოსვლის როკავს ჯარა,
მის დაკრულზე ცეკვავს ყველა
შლეგი, ბრძენი და მასხარა.
ხან გენიოსი პირველობს,
ხან მედროვე მეტიჩარა;
იფურჩქნება ვარდი, ბარდი;
მზე ამოდის, თოვლი დნება;
ზოგი ძალიან სუქდება
ზოგი ნამეტანი ხდება;
ზოგი დადგენილი წესით,
ზოგიც ზეზე, ცოცხლად ლპება,
ზოგი დეპუტატი ხდება,
ზოგი იმის შურით სკდება;
(გააჩნია „ბედის ბორბალს“
ვინ რა წუთში შეახტება)
და არავინ იცის დღემდე,
რა ხდება და რატომ ხდება.
ერთი სიტყვით რაღაც გეგმით,
კაციც ჩნდება, ყვავიც ჩნდება;
ყვავი კენწეროზე თბება
კაცი სავარძელში ჯდება;
ყვავი ჩხავის, კენკავს, ფრინავს
„კენწეროთი“ არ გიჟდება;
მაგრამ კაცი ზოგიერთი
ისე გასივ-გაყინჩდება,
რომ მის მიმართ უწმაწური
მოსაზრება გაგიჩნდება;
მერე მოდის წასვლის წამი...
კაციც კვდება, ყვავიც კვდება
და ორივე რა თქმა უნდა
მალე ყველას ავიწყდება.
ასეთია ყოფნის წესი
კარგიც ხდება ავიც ხდება;
და რაც ხშირად სავარძლისთვის
იქ წასვლამდე აქით ხდება
შენც ისეთი, თუ არა ხარ,
კაცს სიცილი აგიტყდება.
22. VI. 98
„მომხსნელი“ თუ „მხსნელი“
ეს წელი როა, მომდევნო წელი
იქნება ბევრად ამაზე ძნელი;
ახლა რომ არი ამ ბიუჯეტში,
ამაზე მეტი გაჩნდება ხვრელი;
იქნება ისევ შიმშილ-სიცივე,
სახლები ბნელი, კრიზისი გრძელი;
„სენაკის“ მსგავსი, ან უფრო თარსი
კიდევ გაჩნდება „წერტილი ცხელი“
გამწკრივებული იქნება რიგში
ხალხი მოხსნილი და მოსახსნელი;
და იტრიალებს ეს „განახლების“
მოჩვენებითი კორიანტელი;
ვიდრე ეს „კომპარტ-კომკავშირული“
არ შეიცვლება გორგალი მთელი;
რადგან ახალი სახლის საშენად
არ გამოდგება „მასალა ძველი“;
არ გაიღება მანამდე კარი
რუსის ციხიდან გამოსასვლელი;
ვიდრე „სამშობლოს ინტერესს იცავს“
აგენტურული სხვა ქვეყნის ქსელი;
ვიდრე „აკეთებს წმინდა საქმეებს“
ვერდასაბანად დასვრილი ხელი;
ვიდრე ლაქიას არ შეცვლის პოსტზე
საქმის მცოდნე და სიმართლის მთქმელი;
ვიდრე ქვეყანას შავ დღეში მყოფელს,
ყავს მომხსნელი და არა ყავს მხსნელი.
19. XI. 98
ძალიან ცდება ვინც ფიქრობს
აშკარად მოჩანს ნიშნები
დაცემის დასაწყისის;
ჩვენსას ემთხვევა აზრები
„ხმისმიმცემლების“ მისის;
„უმცირეს“-„უმრავლესობამ“
ორივემ კარგად იცის,
რომ „კავშირს მოქალაქეთას“,
სურნელი ასდის „ფისის“
წაქცევის წინა პოზაში
დგას როგორც კოშკი პიზის
(ის იქნებ კიდეც წამოდგეს
ძალით ინჟნრის ნიჭის,
შედეგად დოლარების და
ჯანსაღი ანალიზის)
ეს კი სულ მალე დაწვება
ჯანი დღითი დღე მისდის;
„ამხანაგებით“ ნაგები,
არმქონე წმინდა მიზნის;
„ერთ კაცზე“ დაკიდებული
და არსებული მისთვის;
„ბოლშევიკურად“ არ მცოდნე
სხვის აზრთან კომპრომისის;
იხრწნება ღირსი „პარტია“,
„ქვეყნის დაქცევის პრიზის“
და ძაან ცდება, ვინც ფიქრობს,
რომ გვამი „დაძლევს კრიზისს“.
ორ „ცენტრს“ შუა
ის რაც ადრე „ორ ზღვას შუა
საომარი იყო ლელო“;
ოს-აფსუამ მიიტაცა,
არის მათი სამფლობელო.
სამხრეთ მხარე უცხო ჯიშის
ლუკმა გახდა სასაჭმელო;
„დე იურე“ ჩვენი როა,
და „დე ფაქტო“ საარჩვენო
(უკანონებს ამ წანართმევს
რუსის ჯარი სადამსჯელო)
რაც მათ მორჩა ორი ხროვის
უბანია „საარჩევნო“;
ორი უწმინდური „ცენტრის“
საჯიჯგნი და სასარჩელო;
და ამ აშლილ-დაშლილ ნარჩენს
ეწოდება „საქართველო“.
„გზაჯვარედინის სიკეთე“
ერი მშიერი, ხელისუფლება
კორუფციაში, გახრწნილ-გათხვრილი;
წევს საქართველო „გზაჯვარედინზე“
ნავთის და გაზის მილებგათხრილი.
„პოლიტ-კატები“
(ეძღვნება ორივე სქესის „პოლიტ. ბოზებს“)
„საჭიროების მიხედვით,
სადღა არ „დანაგორალი“,
ვის „პლათფორმაზე“ არ იყვნენ
განაშხლართ-განაზმორალი;
და თან სულ პირზე ეკერათ
ამ „პოლიტკატებს“ „მორალი“.
ორივე „ცენტრის“!
ეს ნაპარევი, რაც დღეს ხმარდება
მპარველთა ხოტბას და „დაპირებას“;
რაც დღეს ხმარდება ამ ვირთაგვების
„ცენტრიდან“ „ცენტრში“ გადაბირებას;
ეს ნაქურდალი ასე ურისკოდ
ამ „ბოსებს“ რომ არ „შეშვენებოდა“;
სავარძლებიდან ამათ გადაყრას
დროზე პანღური შეშველებოდა;
ამ დაშლის პირზე მისულ ქვეყანას
ხომ ბევრად ადრე ეშველებოდა?!
* * *
და ახლა მაინც როცა წინ გველის
აშკარა საფრთხე ახალი მარცხის;
ხელახლა თავზე ამათი დასმის,
ახალი ვადა „ცენტრებში“ ძარცვის;
უნდა დევიზად გამოვაცხადოთ:
„ორივეს დედაც“, არც „ეს“ და არც „ის“.*
* ორივე „ცენტრი“ აირჩიეს! შეარგოთ.
„ივერია“ 99
დაპირებები ცრუ და გამცვდარი,
შუბლის ძარღვები გამქრალ-გამწყდარი,
ბუდის მოყვარე ქართველი კაცი,
ლუკმის საშოვრად გარეთ გამძვრალი;
შინ დარჩენილი წელში გამწყდარი,
დაგლახებული ბედზე გამწყრალი;
რუსი, მკვლელი და „გამზავებელი“,
აქედან ჯერ ფეხ არ მონაცვალი;
დამაქცევარი ხელისუფლება
დიდი ხნის წინათ გამოსაცვალი;
გაწუწკებული, გაკოტრებული,
ღირსების გრძნობა გამონაცლარი;
(ქანქარი, „პრო-რუს – პრო-დასავლური“,
არც პოლიტკურსი მყარი, არც ლარი);
ვალები ევრო-ამერიკული
შვილთა კისერზე დასაწოლარი;
სესხებ-„ტრანშები“, „რეფორმებისთვის“,
„საქართველოსთვის“ ნამათხოვრალი;
მერე ის ფული სადღაც გამქრალი
თვალს და ხელს შუა ანაქროლარი.
მაფიები და „მმართველი ფენა“
იმით ნასუქი და ნაცხოვრალი;
„ამომრჩევლების“ ყიდვა-გაყიდვა,
„კამპანიების“ წიხლით ჩაშლანი;
„წამგებიანი ფრაქციებიდან“ –
– „მომგებიანში“ გაქცევ-გაცლანი;
ხელსაყრელ ფასად მისაყიდელად,
გახშირებული ბათუმს ჩასვლანი...
* * *
ბნელი გვირაბი, შუაში ზურაბი*
წინ ედუარდი – უკან ასლანი.
* ზ. ჟვანია
ბევრად ძნელი და „ბევრად ადვილი“
სიცოცხლის არე მცირეა,
გარდაცვლის სივრცე ვრცელია;
სიცოცხლე, უკვდვი სულის
დროებით მოსაცდელია;
ლაჩრის სიცოცხლე, მუდმივი
შიში, „ჩონჩხი“ და „ცელია“;
ვაჟკაცის სიკვდილთან შეყრა,
ნანატრი განსაცდელია.
სიცოცხლე სტუმარი არი,
სიკვდილი მასპინძელია;
სიკვდილი „ბევრად ადვილი“,
სიცოცხლე „ბევრად ძნელია“;
და მით უმეტეს თუ იგი,
უღმერთოა და გრძელია.
4. V. 99
ნუ იზამ
თავთავისი აქვს ადგილი,
მოდურ ჰალსტუხს და ბაფთასა;
თავთავისი აქვს ადათი,
ინგლის-ინდოეთ-მალტასა;
და ახლავს ხიბლი თავისი,
სამბას და სარაბანდასა.
ამიტომ ნუ მოედები
ბრიყვულად ალთა-ბალთასა;
ნუ დაგმობ იავნანას და
მშობელი დედის კალთასა;
ნუ იზამ, მამა-პაპათა
სიმწრით ნაგროვის ფანტვასა;
ლაღიძის წყლებზე გაზრდილი,
ნუ დახარბდები „ფანტასა“;
(ვეფხის და მოყმის მემკვიდრე,
რას ებაძები კატასა).
* * *
ნუ დააცხრები ქართველო
„კულტურულ კონტრაბანდასა“;
უსამშობლო და უღმერთო
პრეს-ტელე პროპაგანდასა
და გაიხსენე ხშირ-ხშირად
ბრძენი წინაპრის ანდაზა:
„თურაშაულის პატრონი,
ტყეში ეძებდა პანტასა“.
გულმავიწყი „მმართველები“
იმათ ვინც ხალხს უსინდისოდ
არ უბრუნებს ანაბრებს;
(ვისაც „პოსტი“ ააბდლებს,
ფულის სუნი ააფთრებს);
ავიწყდებათ, რომ სიკვდილი
ხალხთან გაათანაბრებს;
და გამჩენი როცა მათაც
ვინც ხალხს ლუკმას ანატრებს;
(ყველა უძღებს, ვისაც მხოლოდ
მოძმის ყვლეფა ანაყრებს);
„ამ სიიდან“ – „იმ სიაში“,
როცა „გადაამაგრებს“,
„ნაღდი კურსით“ აზღვევინებს
ანაღლეტს და „ანაკრებს“.
სანამ ტახტზე
არ ექნება სისხლს და ცრემლებს ბოლო,
სანამ არი მოთმინება ცხვრის;
„პარტიული“, პიროვნული ბოღმით,
არდანდობა, არ მიცემა მხრის;
(და მის ფონზე, ცინიკური, ყალბი
კომედია „მთავრობების ცვლის“)
გაგრძელდება მათი ჯდომა დიდხანს,
ჩვენდა ჭირად, გასახარად მტრის;
შესაბღალად, წასახდენად ჯიშის,
შესარცხვენად ცოცხალის და მკვდრის.
არ მოხდება „დამპყრობელის წასვლა“
და გაგლეჯა „ჯადოსნური წრის“;
მოღალატე ფეოდალი ვიდრე,
კრემლის გეგმით ერის საფლავს თხრის;
და ჯიუტი უგუნური მასა
რუსის მსტოვარს „ერისკაცად“ თვლის
* * *
არ დადგება „გამარჯვების დილა“
არ იქნება „გამოჩენა გზის“;
არ ახდება, არ მოხდება მანამ,
„გაბრწყინება საქართველოს მზის“;
სანამ არი „დეფიციტი ძმობის“,
სანამ „ტახტზე“ სიძულვილი ზის.
არაკაცები კაცის საფლავთან
(მერაბ კოსტავას)
რამდენი ბილწი ქალი და კაცი,
ვინც რაღა აღარ იმამაძაღლა;
ვისაც სავარძლის და ფულის გარდა,
არასდროს წამდა და წამს არც ახლა;
ვისი გველური ზრახვითაც მოხდა,
რაც მოხდა მაშინ, რაც ხდება ახლა;
ვინც „იკვებება“ მოძმეთა შუღლით
ღვარძლის თესვაში არ იცის დაღლა;
ვინც ხელში სანთლით და ბნელი გათვლით,
გმირთა გვამებზე ახოხდა მაღლა;
ვისი ცხოვრების „კოდექსიც“ არი,
ლაჩრულად ზურგში ჩაცემა-დახლა;
„წითელ“-„მრგვალები“, „დემოკრატები“,
ვინც საქართველო დასცა და დახრა
ვინც შენ გიყეფდა ცოფმორეული,
ვინც კატორღაში გადაგასახლა;
აი ეს ხროვა, ოცდაექვს მაისს,
შენ სამარესთან ურცხვად დგას ახლა.
1999 წლის 26 მაისი
ძლიერი მთავრობა
მანამდე არ შეგვეცვლება
ჩვენი სოც.პოლიტ.იერი;
ვიდრე „მშობელ ხალხს“ ტყავს აძრობს
„სტრუქტურა ძალისმიერი“;
სანამ გვაქვს „ქრთამის ადათი“
(ადათი ჩვენში ხნიერი);
ვიდრე მაძღარ ძმას „კიდია“,
ძმა შიშველი და მშიერი,
სანამ ფულით ხმებს ყიდულობს,
„ცნობილი“ ურცხვი, ცბიერი;
ვიდრე ჭკვიანის ადგილზე
იჯდება ჭკუათხიერი;
და მისი ლაქია არი,
მწერალი და მეცნიერი;
(„იძულებით“ და „ხალისით“
უგნური და გონიერი).
ხელოვანი და სპორტსმენი,
სუსტი და მკლავღონიერი.
* * *
დიახ, მანამდე ექნება
ნაცემი ძაღლის იერი;
და მანამ არ გათენდება
ქვეყნისთვის დღე ბედნიერი,
ვიდრე ხალხი არ გახდება
მის მთავრობაზე ძლიერი.
23. V. 99
ფულით ღარიბ ძმებს
ღარიბო მიტომ გტანჯავენ
რომ ხარ ბუნებით „არიფი“;
ქვეყანას სულ შენ აცხოვრებ
და გაქვს დაბალი „ტარიფი“;
რას იზამ პატიოსანი
არის მუდმივი ტარიგი;
ეს არის შენი კაცობის
საიმქვეყნიო „ალიბი“;
რადგან მთავარი ის არი,
რომ არ ხარ სულით ღარიბი.
წაგებ-მოგება
წარმავალია ქვეყნად ყოველი
ყველა სიდიდის მოგებ წაგება;
კაცის კოდექსს არ ესადაგება
დარდით და შიშით აძაგძაგება;
წუწუნი, კვნესა, სასოწარკვეთა,
წუთისოფლის და ბედის ძაგება;
და ფეხზე მხოლოდ ის წამოდგება
ვისაც არ ტოვებს იმის გაგება,
რომ განსაცდელი გამოცდა არი,
„რევანშის“ შანსის გაათმაგება;
რომ „იარაღი“ ყველანაირი
მხოლოდ ბრძოლაში არ იჟანგება.
არ აყვეთ პანიკას!
არ აყვეთ ხალხო პანიკას
და არ დაეჭვდეთ ლარში;
გამაგრდით შუქი თუ არ გაქვთ
წყალი არ მოდის კრანში;
გაკლდევდით შიმშილ-სიცივით
თუ გაძაგძაგებთ ტანში;
არ ჩამოიხრჩოთ თავი,
არ გადავარდეთ მტკვარში,
გაძელით ტელე-რადიო,
პრესის სიცრუის ღვარში;
და „ხალხის საკეთილდღეო“
პარტიულ მუშტის კვრაში;
„პოლიტ-ელიტის“ ჯინაზე
ნუ ჩავარდებით ტრანსში;
და ვინც ამ წესით გააღწევს
შიშს არ შეუშვებს თავში;
დროს არ დახარჯავს უაზრო
წყევლის და ცრემლის ღვრაში;
ვინც გადარჩება ცოცხალი
იმას მოუწევს „ტრანში“;
რომ „ამომრჩეველს“ იმდენი
შეუშხაპუნონ ჯანში;
„სავალუტო ფონდს“ დაუკრას
სამადლობელი ტაში;
და ყუთთან მისვლა შეიძლოს
მომავალ „კენჭის ყრაში“;
რომ მერე კვლავ იშიმშილოს
ახალი „ტრანშის“ ცდაში.
„შემოსავლების სამინისტრო“
როგორ შემოვა ამ ქვეყანაში
არ შემოსული შემოსავლები;
როდესაც თვითონ „მოქკავშირია“,
მაძღარ ქეჩოში ხელმოსავლები
და პირველ რიგში მაგათზე არი,
მავთულის ღობე შემოსავლები.
30. XII. 99
„პოლიტ-ალილო“
მასებს მაძღარი დინგებით
ძირს ცივად ჩამოსცქერიან;
ნამშევ-ნამცივნებ „მშობელ ხალხს“
გულგრილად ჩამობღვერიან;
და იმავ ხალხთან შობა დღეს
ურცხვად „ალილოს“ მღერიან.
7. I. 2000
გამოცდილი კაცის ეჭვი
როცა „ტესტებ-გამოვლილი“
„აღთქმას დებს“ და მჯიღებს იცემს;
„აწი ქრთამის არ აღების“
პრეზიდენტთან ფიცს დებს მტკიცეს;
მაინც ავის მოლოდინით
გამოცდილი გული მიცემს;
ეჭვი ყურში ჩამჩურჩულებს,
ჩამხითხითებს და მიმტკიცებს:
გააჩნია „მოქალაქე“
„მოსამართლეს“ რამდენს მიცემს.
2. XII. 99
ბოლო „სესია“ „არჩევნების“ წინ
დასრულდა ბოლო „სესია“
უტიფარ ტაშის გრიალში
უსირცხვოდ ამოდიოდა
ხოტბა, ხახებში ღიაში;
იმიტომ არი ეს ხროვა
ამგვარ მლიქვნელურ ღრიალში;
რომ წილი ისევ არგუნონ
„მოქკავშირის“ ცხელ წვნიანში;
და ეს გასვრილი „კადრები“,
გაწვრთნილი კორუფციაში;
ხალხისთვის სისხლის საწოვრად
„ისევ ჩაწერონ სიაში“.
დააკვირდით „პოლიტ. მენიუს“
ჩვენ თავს ჩვენ თუ ვერ ვუშველეთ
სხვა ვერავინ ვერ გვიშველის;
და თუ ისევ ამათ დავსვამთ
გამგებელად ბედის ჩვენის;
წინ გვექნება ისევ წლები,
წლები ბოღმით ღრენა-ქშენის;
სინანულით თავში ცემის,
რომ კვლავ ვჭმეთ დედიჩვენის;
(არ ექნება ვინმეს შანსი
უმადობის გამოჩენის);
რადგან ყველა „მახინჯ სხეულს“,
მისი ღირსი „თერძი“ „შვლის“,
ყველა „პოლიტ. გემოვნებას“
შესაფერი კერძი შვენის.
3. V. 99
ვახ რას გავხარ!
ვახ რას გავხარ საქართველო
უპატრონოდ დაგდებულო;
რუსის, ოსის, აფსუასგან
დევნილო და აკლებულო;
რას გავს შენი „პარლამენტი“,
რას გავს შენი „საკრებულო“
ვახ, რას გავხარ საქართველო
ბრძოლის უნარ დაკლებულო!
იმიტომ
სანახავად საამო და
ტურფად დანაქარგავი;
იმიტომ ხარ „სოც და პოლიტ“
ნეხვში თავჩანარგავი;
და იმიტომ ვეღარ ხარობს
სიყვარულის ნარგავი,
რომ „შვილები“ გაგიმრავლდა
სინდისდანაკარგავი.
მასალა ბლოგზე გამოქვეყნებისთვის
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
ახლა გავიგე ბატონ რუსლანის გარდაცვალების ამბავი, წინა დღეებში კი - ბ-ნ გოგი ქავთარაძისა. ნათელში დაამკვიდროს მათი სულები უფალმა.
ReplyDelete