Thursday, November 3, 2016

ნიკოლოზ დუბროვინი – კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია – ტომი III

(ნაწილი VII) 



თავი XVII 

(საქართვლოს რუსეთთან შემოერთების შესახებ მანიფესტის გამოცხადების ზეიმი. – მოვლენები საქართველოში მანიფესტის გამოცხადების შემდეგ. – საქართველოს ახალი ადმინისტრაციული დაყოფა. – იმპერატორ პავლეს გარდაცვალება. – ტუჩკოვ მე-2-ის გრენადერთა, ლეონტიევის მუშკეტერთა და კაზაკთა პოლკების საქართველოში გამოგზავნა. – ლაზარევის მიერ მოხდენილი ჯარების განლაგება.)

სიონის ტაძარში, 16 თებერვალს, ლაზარევის მოწოდებით, ტფილისის მცხოვრებნი საღვთო ლიტურგიის მოსასმენად შეიკრიბნენ. მისი დასრულების შემდეგ, ლაზარევმა იქ მყოფთ მათი მიწვევის მიზეზის შესახებ გამოუცხადა. ორ ენაზე – რუსულსა და ქართულზე – ხალხისთვის 1800 წლის 18 დეკემბრის მანიფესტი იქნა წაკითხული, რომლის მიხედვითაც საქართველო სამარადისოდ (на вечныя времена) რუსეთს უერთდებოდა.

საქართველოს კათოლიკოსმა, ანტონ ბატონიშვილმა, სამადლობლი ლოცვა მუხლმოდრეკით აღასრულა. მთელი დღის განმავლობაში ტფილისის ქუჩებს ეკლესიების ზარების რეკვა აყრუებდა, რომლებიც ამჯერად ხალხის დიდი თავყრილობით იყო გამოცოცხლებული, რომელსაც უხაროდა, “რომ მათმა სურვილებმა სანუკვარ დასასრულს მიაღწია” (Кноррингъ гр. Ростопчину 3-го марта 1801 г.).

მეორე დღეს, 17 რიცხვში, კვირას, იმავე მანიფესტის გამოცხადება ყველა სომხისთვის ხდებოდა, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობდნენ. სრულიად სომხეთის პატრიარქმა, თავადმა იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვმა, რომელიც პირველსატახტო ეჩმიაძინის მონასტრისკენ მგზავრობისას, შემთხვვით ტფილისში იმყოფებოდა, ცერემონიაში თავისი მონაწილეობით მანიფესტის გამოცხადების ზეიმურობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

ხალხი ციხესიმაგრის სომხურ ეკლესიაში შეიკრიბა და, მასში დილის ლიტურგიის მოსმენის შემდეგ, ჯვრით მსვლელობით მთელი ქალქის გავლით ქალაქგარე ვანქის სომხური ეკლესიისკენ გაემართა.

დიაკვნები და მედავითნეები ჯვრებით, დროშებითა და ანთებული სანთლებით 74 მღვდელმსახურს წინ უძღოდნენ, რომლებიც ორ რიგად მიდიოდნენ. მღვდელმსახურებს 8 არქიმანდრიტი მიჰყვებოდა, მათ კი სამი დიაკვანი, რომელთაგან ერთს ვერცხლის დიდი ჯვარი მიჰქონდა, ორს კი ანთებული სანთლები. დიაკვნების უკან, იმპერატორ პავლეს პორტრეტით, ორი ყველაზე უფრო დიდგვაროვანი სომეხი მიდიოდა, რომლებსაც კვაკდაკვალ შემოსილი მიტროპოლიტი მიჰყვებოდა, მაგრამ მიტრის გარეშე, ედო რა თავზე, ვერცხლის სინზე, უზენაესი მანიფესტი, რომელიც წითელი ფლერით იყო დაფარული. ორ დიაკვანს, ერთს მიტროპოლიტის მიტრა, ხოლო მეორეს კი მისი კვერთხი მიჰქონდა. მანიფესტის შემდეგ ორ არქიმანდრიტს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მიჰქონდა, რომელსაც უკან, ჯვრით ხელში, სრულიად ტფილისის სომეხთა მთავარეპისკოპოსი სერგი მიჰყვებოდა.

ჯვრით მსვლელობას ხალხის უზარაზარი ბრბო მისდევდა.

ციხესიმაგრის კარებიდან პროცესიის გამოსვლისას, მას დავით ბატონიშვილი შეუერთდა თავისი ძმებითა და ბევრი თავადით, აგრეთვე გენერალ-მაიორები ლაზარევი და გულიაკოვი და ჩვენი ჯარების ყველა ოფიცერი, რომლებიც იმ დროს ტფილისში იმყოფებოდნენ.

პატრიარქი იოსები, სრულ შესამოსელში, ოთხი მთავარეპისკოპოსითა და ოთხი ეპისკოპოსით, საზეიმო პროცესიას ვანქის სომხური სატაძრო ეკლესიის ღობის შიგნით დახვდა.

პატრიარქმა თავისი ჯვარი და კვერთხი მის თანმხლებ ეპისკოპოსებს მისცა, პავლე იმპერატორის პორტრეტთან მივიდა, უკმია მას, შემდეგ მიწამდე თაყვანი სცა, ემთხვია და, ასწია რა იქ მყოფთა თავებს ზემოთ, მქუხარედ წარმოთქვა:

– იდღეგრძელოს დიდმა უავგუსტესმა მონარქმა მთელი თავისი ოჯახით!

– დაე იქმნას, დაე იქმნას! ამინ! პასუხობდა ამაზე ხალხი.

მისცა რა პორტრეტი მათ, ვისაც ის მოჰქონდა, პატრიარქმა მანიფესტი აიღო და, დაიდო რა თავზე, გამოაცხადა:

– დაე სრულიად ცათა შემოქმედმა აღამაღლოს და განამტკიცოს დიდი პავლეს მეფობა, როგორც მზე და მთვარე, სამუდამო შთამომავლობით ხანებში...

– ამინ! ამინ! პასუხობდა ხმები ბრბოდან.

პროცესია ეკლესიაში შევიდა. იქ, საკურთხევლის წინაშე, მაგიდაზე, რომელზეც მდიდრული ფარჩა იყო გადაფარებული, დადებულ იქნა მანიფესტი და იმპერატორ პავლეს სურათიც დაიდგა.

პატრიარქი ლიტურგიას აღასრულებდა. ხალხის სიმრავლის გარდა, რომელიც ეკლესიაში იყო შეკრებილი, აქ ტფილისის მოსახლეობის მთელი ნაღები ესწრებოდა. მეფის ძენი, მეფის ასულნი, დარეჯან დედოფალი, საქართველოს კათოლიკოსი ბატონიშვილი ანტონი, თავადები და უმაღლესი სასულიერო წოდება. ეკლესია თავის კედლებში ვერ იტევდა მთელ ხალხს, რომელსაც ამ ცერემონიაზე დასწრება სურდა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, პატრიარქი ხალხთნ გამოვიდა, სთხოვდა მას რუსეთის ტახტისა და რუსეთის იმპერატორისადმი ერთგულება შეენარჩუნებინა.

– როგორი სიხარულია ასახული თქვენს სახეებზე, ღვთისმოსავო ქრისტიანო ხალხო! – ამბობდა იოსები. – მე, ვიხილე რა ეს, ვხალისდები მოწიწებით, რომლითაც ახლა ჩემი გულია აღვსებული, რათა ვთქვა: ო, ჩვენი გადარჩენის დღეო! ო, კეთილდღეობის დღეო, დღეო, რომელსაც ჩვენ ნამდვილი ნეტარებისა და სიმშვიდისკენ მიგყევართ! ო, ჩვენი კეთილდღეობითი წილის განმტკიცების დღეო! დღეო, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ვერ შეიცნეს! და რას მივიტანთ ჩვენ ყოვლადუზენაეს შემოქმედთან? განა მადლობას, განა ლოცვას, განა კი ყოველივე მისგან მომდინარისადმი ჩვენი სულების მდაბალ მიდრეკას?... არ შევწყვეტთ ცრემლების ღვრას, არ შევწყვეტთ მისი ყოვლადპატიოსანი სახელის ქება-დიდებას, მივიღეთ რა კაცთმოყვარე იმპერატორ პავლეს გულუხვობანი, რომელიც, ჩამოვიდა რა ჩვენს მდაბალ ვედრებამდე ქვეშევრდომობაში ჩვენი მიღების შესახებ, არა თუ არ გვიუცხოებს, არამედ კეთილდღეობასა და სიმშვიდესაც გვპირდება, არ მოელის რა ჩვენგან სხვას არაფერს, თუ არა მხოლოდ თავისი ღვთივდაცული ტახტის მიმართ ერთგულებას.

– მე, თქვენი უმდაბლესი მწყემსი, – აგრძელებდა პატრიარქი, – განუწყვეტლად ვევედრები ყოვლადკეთილ ღმერთს, დაე გაახანგრძლივოს ჩვენი მონარქის დღეები მთელ მის პორფიროსან ოჯახთან ერთად.

– დაე გააძლიეროს ღმერთმა ჩვენი ხელმწიფის, დიადი პავლეს, სრულიად რუსეთის იმპერატორის დღეები! პასუხობდა ხალხი.

პატრიარქის სიტყვის დასრულების შემდეგ, წაკითხულ იქნა მანიფესტი რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე, და სამადლობელი ლოცვაც აღესრულა.

სწორედ იმავე დროს ეგერთა პოლკის კაპიტანი ტაგანოვი, 24 კაზაკით, ცხენზე ამხედრებული ტფილისის ქუჩებში დადიოდა და მანფესტს რუსულ, ქართულ, სომხურ და თათრულ ენებზე კითხულობდა.

საეკლესიო მსახურების შემდეგ, პატრიარქი იოსები ყველაზე უფრო გამოჩნილ პირებს სადილით უმასპინძლდებოდა, რომელიც ეკლესიის გალავნის შიგნით კარვებში იყო გამართული. ზარების რეკვამ მთელი დღის განმავლობაში, ხოლო საღამოს კი ქალაქის ილუმინაციამ, მანიფესტის გამოცხადების ზეიმი დაასრულა.

მანიფეტის გამოცხადებამ ხალხზე ყველაზე უფრო სასიხარულო შთაბეჭდილება მოახდინა.

“ვცხოვრობ რა აქ წელიწადნახევარია, – წერდა ლაზარევი (Письмо Лазарева Кноррингу 21-го февраля 1801 г. Тифл. Арх. Канц. Нам.), – ჯერ არ მინახავს ისეთი სრულყოფილი კმაყოფილება, როგორიც ახლა არსებობს. მანიფესტის მიღების დღიდან ყველაფერი თითქოს ახლად დაიბადა და გაცოცხლდაო; შეიძლება კიდეც ითქვას, რომ ბრაზდებიან, თუ მათ ქართველებს უწოდებენ, და არ ეუბნებიან, რომ ისინი რუსების არიან”.

ბატონ ზოლოტარიოვს, რომელიც კნორინგის მიერ საქართველოში იყო გაგზავნილი, თან ბატონიშვილებისადმი წერილებიც მიჰქონდა, რომელთა მიხედვითც მათ ს.-პეტერბურგში იწვევდნენ. მოუწოდებდა რა სამეფო სახლის პირებს რუსეთში გამომგზავრებისკენ, იმპერატორი მდედრობითი სქესის პირებს სრულ მატერიალურ უზრუნველყოფას დაპირდა, ხოლო მეფის ძეთ კი ჯილდოებსა და სოფლებს. სამსახურში შესვლის მსურველთ ისეთი ჩინებით მიღებას პირობა მიეცათ, როგორიც მათ წოდებას შეეფერებოდა (Изъ записки Лошкарева министерству 5-го марта 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

მეფის ძეთ იოანემ, ბაგრატმა და მიხეილმა, გარდაცვლილი გიორგის შვილებმა, მაშინვე გამოთქვეს სურვილი ჩვენს დედაქალქში გამომგზავრებულიყვნენ.

ისინი ტფილისიდან 9 მარტს გამოემგზავრნენ, ხოლო 15 მარტს კი მირიან ბატონიშვილიც გამოემგზავრა. მოვიდნენ რა კავკასიის ხაზზე, ბატონიშვილები სთხოვდნენ კნორინგს, რომ მათი კუთვნილი მთელი მამულები აუცილებლად იმავე მდგომარეობაში დარჩენილიყო, რომ გლეხები მათი ოჯახებისადმი მორჩილნი ყოვილიყვნენ და ყველა ბრძანება შეესრულებინათ. კნორინგმა ლაზარევს დაავალა ბატონიშვილთა თხოვნის აღსრულებისთვის თვალყური ედევნებინა (Предписанiе Кнорринга Лазареву 12-го марта 1801 г. Тифл. Арх. Канц. Нам.).

23 მარტს ბატონიშვილები გეორგიევსკიდან გამოემგზავრნენ და 12 მაისს პეტერბურგში ჩამოვიდნენ.

გარდაცვლილი მეფის ძმები კი ტფილისში არ იყვნენ. თეიმურაზი გორში ცხოვრობდა, ვახტანგი დუშეთში, დანარჩენები კი იმერეთში, სადაც ისინი 296 ადამიანის ამალით წავიდნენ.

მხოლოდ ვახტანგმა მიიღო სიხარულით – თუმცა კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ გარეგნულით, ცნობა საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ და იმერეთში წასულ ბატონიშვილებს დარეჯან დედოფალთან ერთად გაუგზავნა წერილები, თხოვნით, რომ თავიანთ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. რუსეთში გამომგზავრების წინადადებაზე კი ის იმით ამბობდა უარს, რომ თითქოს კნორინგმა მას დაავალა საქართველოში მიმავალი რუსული ჯარების სურსათით მომარაგებისთვის ეზრუნა (Изъ донесенiя Лазарева Кноррингу отъ 2-го марта 1802 г. Тифл. Арх. Канц. Намест.). არსებითად იგი ფიქრობდა გაზაფხულამდე მიეღწია და, გარემომცველ მფლობელთა დახმარებით, საქართველოში ახალი არეულობა მოეხდინა (Изъ рапорта Лазарева Кноррингу отъ 8-го марта 1801 г. Тамъ же). იულონ, ფარნაოზ და ალექსანდრე ბატონიშვილებთან ასევე გაიგზავნა მოპატიჟება ჩვენს დედაქალაქში გამომგზავრებაზე. თავადმა მაჩაბელმა, ვისი ხელითაც გაგზავნილ იქნა მოპატიჟება, ბატონიშვილები ქუთისამდე ცხენით ერთი დღის სავალზე ჭალაში ჰპოვა. ისინი ბანაკად განლაგდნენ, რომელსაც გარეშემო დაწნული ღობე შემოავლეს. მათი ამალა ორივე სქესის 300 ადამიანამდე ადიოდა. არ ჰქონდათ რა საარსებო სახსრები, ბატონიშვილებმა ამის შესახებ თხოვნით იმერეთის მეფეს სოლომონს, თავიანთ ნათესავს მიმართეს. მეფემ მთელ იმერეთს ხარკი (подать) დააკისრა, რომელიც “ქართველებისთვის ხარკის” სახელითაა ცნობილი. თითოეულ კომლს ორი ფუთი პური და რვა თუნგი ღვინო უნდა მიეცა.

მიიღეს რა თავად მაჩაბლისგან წერილები, ბატონიშვილები მათ თავისთან დაახლოებულ პირებს გულდასმით უმალავდნენ, რომელთა შეკითხვებზეც პასუხობდნენ, რომ ეს ყველაფერი ძველია, ყველაფერი ლაზარევის მიერაა შეთხზული, და რომ იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება, ხელმწიფემ არაფერი იცის.

იმერეთის მეფემ სოლომონმა, რომელიც იმ დროს ბატონიშვილებთან იყო, წერილების წაკითხვის შემდეგ, მეორე დღესვე დატოვა ბანაკი და ქუთაისს გაემგზავრა. მოუხმო რა თავისთან გამგზავრების წინ მაჩაბელს, სოლომონ II-მ მას გამოუცხადა, რომ ბატონიშვილები მას არასოდეს მოუპატიჟია, მაგრამ როცა ისინი მასთან თავად ჩამოვიდნენ, მაშინ, როგორც ახლო ნათესავი, თავს ვალდებულად მიიჩნევს მათ არსებობის სახსარი მისცეს.

ბატონიშვილებთან მაჩაბლის მოლაპარაკებები დიდხანს არ გაგრძელებულა. მათ გამოუცხადეს, რომ ურჩევნიათ იმერეთში დაიხოცონ, “ვიდრე საქართველოში გამოემგზავრონ ან რუსეთისკენ გამოეშურონ” (Изъ письма Лазарева Кноррингу 16-го марта 1801 г.).

იულონ ბატონიშვილმა უბრძანა დავითისთვის ეთქვა, რომ თავს ტყუილად ისულელებს – “მემკვიდრის ტიტულით მხიარულობს, მეფობას კი კარგავს”. მეფობა 1.700 წელია მის საგვარეულოში იმყოფება, ის კი მას კარგავს. იულონი ამბობდა, რომ ახლა მათ რუსეთში ეძახიან, ხოლო მალე კი თავად დავითსაც იქ მოუწოდებენ. სამეფო საგვარეულოს დანარჩენი პირებიც, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, ასევე არაკეთილმოსურნედ იყურებოდნენ. თვით საქართველოს კათოლიკოსსაც კი, ანტონ ბატონიშვილს, რომელიც სადღესასწაულო მსახურებას აღასრულებდა, მანიფესტის კითხვის დროს “არ შეეძლო თავისი უკმაყოფილების დამალვა, რომელიც სახეზე აღბეჭდვოდა” (Письмо Лазарева Кноррингу отъ 21-го февраля 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместн.).

სამეფო სახლის ზოგიერთ წევრს არ უხაროდა, სამაგიეროდ ხალხი ხარობდა. საქართველოს სხვადასხვა ადგილას მანიფესტით გაგზავნილმა პირებმა ყოველი მხრიდან მოიტანეს ცნობა, რომ ხალხმა ის სიხარულით მიიღო; მხოლოდ ბამბაკში მაჰმადიანებს განსაკუთრებული აღტაცება არ გამოუხატავთ.

საქართველოში ისეთი სიმშვიდე შეიქნა, “რომ უკეთესად ცხოვრება არ შეიძლებოდა”. ბატონიშვილებთან ერთად იმერეთში წასული ბევრი თავადი, შეიტყვეს რა მანიფესტის გამოქვეყნების შესახებ, ყოველდღიურად თავიანთ სახლებში ბრუნდებოდნენ, ან პატიების შესახებ თხოვნით წერილებს გზავნიდნენ. საქართველოში ყველაზე უფრო მეტი გავლენის მქონე საგვარეულოების თავადებმა, როგორებიც იყვნენ სარდალი ორბელიანი, თუმანიშვილები, მელიქი ბებუთაშვილი, მხარგრძელ-არღუთაშვილი, რუსეთისადმი გუწრფელი ერთგულება გამოავლინეს. “თავადების ჭავჭავაძისა და ავალიშვილის სახლის შესახებ კი, რომელთაც დიდი ოჯახი აქვთ და დიდი გავლენაც აქაურ საქმეებზე, რუსეთისადმი რომ მეტად ერთგულნი არიან, აქ უკვე სალაპარაკოც არაფერია”.

ასეთი ერთსულოვნების დროს, რა თქმა უნდა, გამონაკლისების გარეშეც ვერ იქნებოდა. პირები, რომლებიც მანამდე მმართველობაში გავლენით სარგებლობდნენ, მნიშვნელოვანი ადგილებიც ეკავათ, რომლებიც ხშირად საგვარეულოში მემკვიდრეობითი იყო, “და, ჰქონდათ რა საშუალებები და ხერხები ძარცვისა და გამდიდრებისთვის”, საქართველოს ახალი ბედით კმაყოფილი არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, იცოდნენ რა, რომ მათი ქცევები დაუსჯელი ვერ დარჩებოდა, და მათი თვითნებობაც შეიზღუდებოდა. ასეთი პირები ბევრნი არ აღმოჩნდნენ, და ჩამოსათვლელადაც ისინი ცნობილი იყვნენ...

ასეთ პირთა მეტად შეზღუდული რიცხვის მიუხედავად, მათ მაინც მოახერხეს დავით ბატონიშვილზე გავლენა მოეხდინათ და ის სწორი გზიდან გადაეყვანათ. ლაზარევისგან საიდუმლოდ მან ერთ პირებს, მათდამი მისი განწყობის მიხედვით, მამულების ჩამორთმევა დაუწყო და სხვებს აძლევდა. მარიამ დედოფალი ლაზარევს გერზე შესჩიოდა, რომ მისი ბრძანებით, მოურავებმა იმ ადამიანს სცემეს, რომელიც დედოფალს მამულებში შემოსავლების შესაკრებად ჰყავდა გაგზავნილი, და იქიდან გამოაგდეს. 

დავითმა მუხრანბატონის მეუღლეს წილკნის საეპისკოპოსო ჩამოართვა. სომეხი მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ, იმავე დავითმა მისი მამული თვითნებურად სამ ნაწილად დაჰყო: ერთი თავისთვის აიღო, მეორე ერთერთ თავადს მისცა, მესამე კი მონასტერს უბოძა* (*“კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტებში” იმ პირთა გრძელი სიაა დაბეჭდილი, რომლებსაც მამულები ჩამოართვეს და სხვებს მისცეს. იხ. ტ. I, გვ. 301-304). ეს თვითნებობა ხალხისთვის იმდენად მძიმე იყო, რომ ქართველებს ყოველთვის უხაროდათ, როდესაც შეიტყობდნენ, რომ რომელიღაც ბატონიშვილი საქართველოს ტოვებდა და რუსეთში მოემგზავრებოდა. “ხალხსა და ერთგულებს იმდენად უხარიათ ბატონიშვილების გამგზავრება, – მოახსენებდა ლაზარევი, – რომ არ შემიძლია ეს აგიწეროთ, და ზოგიერთი თითქმის ხმამაღლა ყვირის, რომ ხელმწიფის დიდი წყალობა იქნებოდა უკანასკნელი მათგანიც აქედან წაეყვანა” (Изъ письма Лазарева Кноррингу 18-го марта 1801 г.).

ამასობაში დავით ბატონიშვილი თავის ხრიკებს აგრძელებდა. ახალი მმართველობის შემოღებისას ის არწმუნებდა თავადებს, იმპერატორისთვის მიეწერათ და განეცხადებიათ, რომ მათ მეფედ სურთ დავითი ჰყავდეთ. რათა ისინი თავის მხარეზე გადაეყვანა, დავითმა, სარგებლობდა რა საქართველოს მმართველის დროებითი ძალაუფლებით, ბევრ მათგანს ის სოფლები დაურიგა, რომლოებიც მანამდე იმერეთში წასულ ბატონიშვილებს ეკუთვნოდა (Изъ предписанiя Кнорринга Лазареву 2-го iюля 1801 г., № 1324). წარუმატებლობის შემთხვევაში, ის ფიქრობდა მთებში წასულიყო და ამიტომ ლეკებს საჩუქრებს უგზავნიდა, და მათ თავის ნივთებს ურიგებდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 24-го марта 1801 г.).

ხოლო როცა ბატონიშვილის საქციელი ცნობილი შეიქნა, მაშინ დავითი მისთვის მიცემულ შენიშვნებს უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მას ამის მსგავსი არაფერი გაუკეთებია. მან გარს ახალგაზრდა ადამიანები შემოიკრიბა, რომლებიც არანაირ ყურადღებას არ იმსახურებდნენ (Рапортъ Лазарева Кноррингу 2-го марта 1801 г.) და საზოგადოების საკმარისი პატივისცემითაც ვერ სარგებლობდნენ. თათბირობდა რა მუდმივად მათთან, ბატონიშვილი ხშირად შეცდომებს უშვებდა და საკუთარი თავის მიმართ ქართველთა არაკეთილგანწყობას აღაგზნებდა. ჯერ კიდევ ეძიებდა რა ტახტზე დამტკიცებას, მაგრამ საამისოდ ნაკლები იმედები ჰქონდა, დავითი “მოღუშული”, გულჩათხრობილი, საკუთარ თავში ჩაკეტილი შეიქნა. იგი ნათლად ხედავდა, რომ მისი ანგარიშები ვერ გამართლდა, რომ მისი საქმეები სულაც ვერ მიდის ისე, როგორც თავად ვარაუდობდა...

დავითს არაერთხელ უთქვამს ლაზარევისთვის, რომ ჩვენი მთავრობის ქცევებში გარდაცვლილი მეფე გიორგის თხოვნების საწინააღმდეგოდ ცვლილებას ხედავს; რომ თუ იულონი საქართველოს მეფედ იქნება დამტკიცებული, მაშინ ის (დავითი) თურქებთან წავა. ბატონიშვილის გარშემო მყოფნი, ხედავდნენ რა, რომ მათი მმართველობა და გავლენა კიდევ მეტად მცირე ხანს თუ გაგრძელდება, სარგებლობდნენ რა მისი სისუსტით, ქეიფისა და გარყვნილებისადმი მიდრეკილებით, ძარცვისა და ჯიბის გასქელებისთვის მუდამ მოხერხებულ შემთხვევას პოულობდნენ.

“წესიერი ადამიანები კი, – მოახსენებდა ლაზარევი, – ყველანი მხოლოდ მოუთმენლად მოელიან, რომ აქ რაც შეიძლება მალე იქნას ჩვენი წესრიგი შემოღებული”.

ამის შესახებ ასევე პეტერბურგის კაბინეტიც ზრუნავდა.

შემოუერთებდა რა საქართველოს სამეფოს სამარადისოდ თავის დერჟავას, იმპერატორი პავლე დაპირდა მის მცხოვრებთათვის მთელი უფლებები, უპირატესობანი, თითოეულის საკუთრების სრული უზრუნველყოფა შეენარჩუნებინა და ხალხი ყველა გარეშე თავდასხმისა და შინაგანი მოუწყობლობისგან დაეცვა (მოეზღუდა) (Манифестъ о присоединенiи Грузiи).

უკანასკნელი დაპირების აღსრულება საქართველოში ჯარების დაუყოვნებლივ შეყვანას მოითხოვდა. ქართველთა საკუთარ ძალებზე იმედის დამყარება ამაო იყო: თუმცა კი, სამეფოს მმართველობის სათავეში მდგომ პირთა სიტყვებით, ქართველებს 50.000-მდე ჯარის გამოყვანა შეეძლოთ, ეს ციფრი უკიდურესად გადაჭარბებული გახლდათ. მაშინდელ ურთიერთშორის მტრობათა და შინაგანი მოუწყობლობის პირობებში, მეფეს ამ რიცხვის მესამედის შეკრებაც კი არ შეეძლო. მართალია, თავადთაგან ბევრი კარგი და საკმარისად მამაცი მხედარი გახლდათ, მაგრამ ქართული ქვეითი ჯარი, რომელიც გლეხებისგან შედგებოდა, “არაფრად არ ვარგოდა თუშების, ფშავლებისა და ხევსურების გამოკლებით, რომლებიც მთებში ცხოვრობდნენ”. ამასთან მთელი ეს ჯარები ისე იყვნენ “დაშინებულნი, რომ გაძლიერების გარეშე თვით ყველაზე უფრო სუსტ მოწინააღმდეგესთანაც კი საქმის დაჭერა არ შეეძლოთ” (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 186).

მთელი ეს მიზეზები საქართველოში რუსული ჯარების ახალ შემოყვანას მოითხოვდა. დანიშნული პოლკების მოძრაობის შესახებ განკარგულების გაცემამდე წინსაწარ, აუცილებელი გახლდათ ისინი სურსათით იმდენად უზრუნვლეყოთ, რომ მასში უკმარისობა არ ყოფილიყო. ამ უკანასკნელი პირობის შესრულება, საქართველოს მაშინდელი მდგომარეობისა და მისი ადმინისტრაციული მმართველობის დროს, დადებითად შეუძლებელი იყო. ამიტომ უწინარეს ყოვლისა ქვეყნის ადმინისტრაციული გარდაქმნების მოთხოვნილება წარმოიშვებოდა, რომლებიც ჩვენი მთავრობის მთავარ საზრუნავს შეადგენდა. მმართველობის უსწრაფესად შემოღებისთვის, ლაზარევის მოხსენების მიხედვით, კიდევ ის გარემოებაც ახალისებდათ, “რომ ახლა ყველანი მონაცვლეობით ერთი-მეორეს ძარცვავენ, და მათი შეკავება არანაირად არ შეიძლება”... “მეტად საჭიროა, – წერდა ლაზარევი კნორინგისადმი სხვა მოიხსენებაში (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 332), – ჩვენი წესრიგის სწრაფად შემოღება, ხოლო ამის გარეშე კი ვშიშობ, რომ ხალხს გული არ დავწყვიტოთ. სიტყვები მანიფესტში: ყველა შეინარჩუნებს თავის ქონებას, რომელიც თითოეულს კანონიერად ეკუთვნის, აქაურმა უხეშმა ხალხმა სრულიად სხვანაირად განმარტა, რომ ვითომ ხელმწიფემ ისინი ყველაფრისგან გაანთავისუფლა და რომ ახლა მათ არანაირი ხარკი არ უნდა გადაიხადონ და რომ მათ უკვე აღარაფერი მოეთხოვებათ”...

“...ვფიქრობ, რომ მეტად საჭიროა სწრაფად ფიცის დადება, როგორც ყველაზე უფრო მყარი საფუძველი, ხოლო მეორე კი რაიმენაირი კანონდებულებანი, ვინაიდან ახლა არავინ არაფერი იცის და ამიტომ მეტად ბევრი უჯერო რამეს აკეთებს” (Донесенiе Лазарева Кноррингу отъ 16-го марта 1801 г. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, стр. 334). ისინი, რომლებიც ფულების ნაწილს შემოსავლებიდან ღებულობდნენ, ახლა, მათი არქონისას, ცილისწამებითა და დაბეზღებით იყვნენ დაკავებულნი, რათა ქვეყნის ადათ-წესების მიხედვით, საჯარიმო ფულების ნაწილი თავიანთ სასარგებლოდ მიეღოთ (Изъ письма Лазарева Кноррингу отъ 8-го марта 1801 г.). ბატონიშვილები, თავიანთ მხრივ, ხალხის აღელვებასა და ძარცვას თავს არ ანებებდნენ, რომელსაც სურდა, რათა ყველა ბატონიშვილი “მათგან წაეყვანათ, და თვით დარეჯან დედოფალიც, რომელიც მთელი ბოროტებისა და გაღატაკების ძირ-ფესვია”.

ქვეყნის მდგომარეობა ისეთი იყო, რომ არაკეთილმოსურნე პირთათვის მღვრიე წყალში თევზის ჭერა ადვილი გახლდათ. ქართველთაგან ბევრი, რომლებიც ხალხის მმართველობისთვის იყვნენ დაყენებულნი, თავიანთი ქცევებით საერთო უბედურებას ზრდიდნენ. ისინი ლეკებს მტაცებლობისთვის თავად ეპატიჟებიდნენ, მათ გზებს უთითებდნენ და რაც ქვეყანაში ხდებოდა, იმის შესახებაც ატყობინებდნენ (См. донесенiе Алексеева Лазареву отъ 3-го августа 1803 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 340). არანაირი მმართველობა არ არსებობდა: “ქართულს ჩამოშორდნენ, ჩვენთან კი ვერ მოვიდნენ...” – “მეტად საჭიროა – წერდა ლაზარევი, – რომ გადამჭრელი მდგომარეობა დადგეს, რათა უკვე ყველამ იცოდეს, თუ რას ჩაეჭიდონ და მიჰყვნენ, ხოლო ამის გარეშე კი ყველანი ჯერ ისევ შიშსა და იმედს შორის არიან. ვინც უფრო ჭკვიანია, მათ ესმით, მაგრამ ვერგამგებებად მოაქვთ თავი; ხოლო ვინც უფრო მიამიტია, ისინი საერთოდ ვერაფერს გებულობენ, რამდენსაც არ უნდა ვუხსნიდე მათ” (Письмо Лазарева Кноррингу 12-го марта 1801 г.).

ქვეყნის შესახებ ჩვენი მთავრობის ხელთ არსებული ცნობები ყველა მიმართებით განსაკუთრებით მწირი იყო. ცნობების ეს უკმარისობა აიძულებდა მთავრობას ბევრ შემთხვევაში ვარაუდით, ხელის ცეცებით ემოქმედა და, არ იცნობდა რა ქვეყანას, მის მიმართ იმ წესრიგის გამოყენებით შემოსაზღვრულიყო, რომელიც რუსეთში არსებობდა. სენატის მიმართ 1801 წლის 6 მარტის ბრძანებულებით (Арх. Мин. Внутр. Делъ по Департ. Общ. Делъ. Дела Груз., кн. I), მთელმა ქვეყანამ ერთი საქართველოს გუბერნია შეადგინა, და ასეთნაირად, რუსეთის შემადგენლობაში შემოვიდა.

ახლანდელი ამიერკავკასიის ცენტრალური სამფლობელო, ჩრდილოეთში კავკასიონის ქედს ესაზღვრებოდა; დასავლეთში იმერეთს, რომლისგანაც ხოფის ველით იყო გამოყოფილი, ხოლო ახალციხის საფაშოსგან კი მთებით, მთელ გაყოლებაზე თავფარავნის სამანიდან ახბაბამდე. სამხრეთში ყარსის საფაშოსგან ის მდინარე არპაჩაით, ხოლო ერევნის სახანოსგან კი გოქჩის ტბით იყო გამოყოფილი. აღმოსავლეთში მდინარე ჯაგორი საქართველოს განჯის სახანოსგან, ხოლო მდინარე ალაზანი კი ჭარ-ბელაქნისგან გამოჰყოფდა.

რუსეთთან შემოერთებული ქვეყანა საკუთარ თავში ქართლსა და კახეთს შეიცავდა, რომლებიც ერთი-მეორისგან არაგვის დინებით იყვნენ გაყოფილნი. ქართლში მაშინ 1.682 სოფელი (деревни и сёла) მოითვლებოდა, ხოლო კახეთში კი 324; ყველა ისინი უმეტეს წილად დარბეული და გაჩანაგებული იყო (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 193). ქართლი ზემო და შუა საქართველოდ და სომხითად იყოფოდა, რომელიც (ე. ი. სომხითი – ი. ხ.) თრიალეთისა და ბორჩალოსგან შედგებოდა, ასევე ყაზახად, შამშადილად, ბამბაკად და შურაღელად. ხევსურების, ფშავლების, თუშებისა და ოსების მიწებიც ასევე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. მისი მთელი სივრცე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 280 ვერსს და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 300 ვერსს არ აღემატებოდა. ხალხმოსახლეობა დაახლოებით 160.000 სული იყო* (*ქართველებმა თავიანთი მოსახლეობის ზუსტი ციფრი თავადაც არ იცოდნენ. “მცხოვრებთა სწორი /სარწმუნო/ ანგარიში არ გააჩნიათ, – წერდა ლაზარევი. – ერთი ჩემი ახლობელი თავად მეუბნებოდა, რომ მანამდე ცხრა წლით ადრე აღწერისთვის იყო გაგზავნილი, მაგრამ, როცა ერთ სოფელში მივიდა, მისი მოკვლაც კი უნდოდათ და აღწერის ნება არ მისცეს, ხოლო თავისთან კი მან 15 კომლი არ მიუთითა. მე ვკითხე მიზეზი; იგი ამაზე მპასუხობდა, რომ მას რომ ყველანი ეჩვენებინა, მაშინ უფრო მეტად გაიძარცვებოდა. ამის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ბევრმაც იგივე გააკეთა; მაგრამ ვარაუდობენ, რომ მთელ სამეფოში 40.000-მდე კომლია. თუ თითოეულში ოთხ სულს ვივარაუდებთ, 160.000 სული უნდა იყოს”. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 183. ეს არის კიდეც მთელი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც საქართველოში მცხოვრებთა რიცხვი განისაზღვრებოდა).

საქართველოს ახალმა მდგომარეობამ, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილისა, მას ახალი ადმინისტრაციული დაყოფა (разграниченiе) მისცა.

მდინარე იორი ახლა მას ორ პროვინციად ჰყოფდა: ქართლისა და კახეთისა. ქართლში საგუბერნიო ქალაქად ტფილისი იქნა დანიშნული, რომელიც ამასთან ერთად მთელი საქართველოს საგუბერნიო ქალაქიც შეიქნა; კახეთში კი – ქალაქი თელავი.

ქართლის პროვინციაში ექვსი ქალაქი იქნა მოწყობილი ოკრუგებით: ტფილისი, დუშეთი, გორი, სურამი, ლორე და ყაიყული; კახეთის პროვინციაში ორი ქალაქი: თელვი და სიღნაღი. ამ ქალაქებზე რამდენიმე სოფელი იქნა მიწერილი, რომლებიც თითოეულის ოკრუგს შეადგენდნენ. დანარჩენი ქალაქები კი, რომლებიც საქართველოში რუსეთთან მის შემოერთებამდე იმყოფებოდა, იმავე მდგომარეობაში იქნა დატოვებული, როგორშიც მანამდე იყვნენ.

მთელი გუბერნია გენერალ-გუბერნატორს უნდა ემართა, ხოლო თითოეული პროვინცია კი – ვიცე-გუბერნატორს. მთავარ სადამსწრებო ადგილად (დაწესებულებად, присутственное место) დანიშნულ იქნა საგუბერნიო მმართველობა. მმართველობას საპროვინციო კანცელარიები ექვემდებარებოდა, “რომლებიც უნდა იყოს ტფილისსა და თელავში, მათი საქმეების დაყოფით ორ დეპარტამენტად: პირველი – სასამართლო და აღსრულებისა, ხოლო მეორე კი – კამერალური ანუ სახაზინო საქმეების. ამ კანცელარიებზე არიან დამოკიდებული სამაზრო სასამართლოები და საერობო პოლიციები, რომლებიც ყველა სამაზრო ქალაქში უნდა იყოს. სამაზრო ქალაქების ყველა მაგისტრატი და არასამაზრო ქალქების რატუშები რატჰაუზებს ექვემდებარება, რომლებიც ორ საპროვინციო ქალაქში უნდა იყოს” (Указъ сенату 6-го марта 1801 г. П. С. З., т. XXVI, № 19.770).

სასულიერო მმართველობის მიმართებაში, საქართველოში ორი ეპარქიის დაარსება ივარაუდებოდა: ტფილის-ქართლისა და თელავ-კახეთისა, პირველისა მეორე, ხოლო უკანასკნელის კი – მესამე კლასში. ორივე ეპარქიაში დეკასტერიებისა და სემინარიების დაარსებას ვარაუდობდნენ, ხოლო ქალაქებში კი – სასულიერო მმართველობებისა. ტფილის-ქართლის ეპარქიაში კოადიუტორის დაარსებას, გორის ეპისკოპოსის სახელწოდებით. სასულიერო პირთა ჯამაგირი ისეთივე უნდა დაედგინათ, როგორსაც რუსეთის ეპარქიების პირები ღებულობდნენ (Записка Хвостова 11-го марта 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

იმპერატორ პავლეს გარდაცვალებამ მთელი ეს ვარაუდები აღუსრულებელი დატოვა და საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ საკითხის გადწყვეტაც დროებით შეაჩერა.

ცნობამ, რომელიც ტფილისში იმპერატორის სიკვდილის შესახებ მიიღეს, ქართველები დაამწუხრა, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ მმართველობაში ცვლილებასთან ერთად, გასული წლების მაგალითის მიხედვით, რუსული ჯარები საქართველოდან გაყვანილ იქნება, და ქვეყანა ისევ ძარცვა-გლეჯასა და ბატონიშვილების ურთიერთ მტრობას მიეცემა (Рапортъ Лазарева Кноррингу 8-го апреля 1801 г.).

ხალხის შიში მით უფრო მეტად საფუძვლიანი იყო, რომ იმ ქართველების პარტიამ, რომელთაც რუსეთთან შემოერთება არ სურდათ, ხმების გავრცელება დაიწყო იმის შესახებ, რომ ვითომ რუსული ჯარები ყველაზე მოკლე ხანებში ამიერკავკასიას დატოვებენ. ამ გარემოებამ ხალხში მღელვარება გამოიწვია. რუსეთისადმი ერთგული რამდენიმე პირის დახმარებით, ლაზარევმა მოარული ხმების სიცრუეში ქართველთა დარწმუნება მოახერხა და დააჯერა ისინი, რომ ჯარები არა თუ არ დატოვებენ საქართველოს, არამედ, პირიქით, მათი რიცხვი გაიზრდება და მათი ნაწილი საქართველოსკენ უკვე კიდეც მოემართება. ხალხი დამშვიდდა და ლაზარევს მით უფრო ხალისით დაუჯერა, რომ შეტყობინება საქართველოს დედაქალაქში ტუჩკოვ 2-ის გრენადერთა პოლკის მალე მოსვლის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ იმპერატორ პავლეს ბრძანებით იქნა გამოგზავნილი, ტფილისში უკვე მოვიდა.

ჩვენ გვქონდა შემთხვევა იმაზე მიგვეთითებინა, რომ ჩვენს მთავრობას ახლად შემოერთებულ ქვეყანაში ჩვენი ჯარების რიცხვის გაზრდის აუცილებლობა შეგნებული ჰქონდა. ასეთი გაზრდის გარეშე მტაცებელთა შემოჭრებისგან საქართველოს დაცვა შეუძლებელი გახლდათ. კნორინგმა მიიღო ბრძანება საქართველოში ახალი პოლკები გაეგზავნა. კავკასიის ხაზის სარდალს საქმეს მხოლოდ გზაში ჯარების სურსათის უზრუნველყოფისა და მთების გავლით ზამთარში გადასვლის სიძნელეები ურთულებდა. მან თავისი ამ სიძნელეების შესახებ იმპერატორ პავლეს გამოუთქვა, რომელიც ამაზე საპასუხოდ სწერდა:

“თქვენ მე შეუძლებლობათა შესახებ მეუბნებით. მე ვიცი ისინი, მაგრამ მათ ჩემი ჯარების ჩემდამი გულმოდგინებით ვზომავ, ხოლო ისინი კი თავიანთ დამსახურებებს ჩემი მადლიერებისა და გულუხვობათა ზომის მიხედვით უნდა ზომავდნენ. გენერალი როსტოპჩინი უფრო დაწვრილებით აგიხსნით ამის შესახებ”.

როსტოპჩინმა იმპერატორის სახელით ამ ლაშქრობისთვის ყველა ჩინს ჯილდოები აღუთქვა. მოუხმო რა თავისთან ტუჩკოვ 2-ს, კნორინგმა მას იმპერატორ პავლეს რესკრიპტი უჩვენა და უბრძანა მისი სახელობის გრენადერთა პოლკით საქართველოსკენ დაძრულიყო.

გადავიდა რა ქალაქ მოზდოკში მდინარე თერგზე, 16 მარტს, ტუჩკოვმა თავისი სახელობის ბატალიონით მცირე ყაბარდო გაიარა, რომლის გავლის შემდეგ საზღვარზე მას ოსებისა და თაგაურელების თავკაცები დახვდნენ, რომლებიც ლაშქრობის შესახებ წინასწარ იყვნენ შეტყობინებულნი. ხალხების ამ წარმომადგენელთა თანხლებით, იგი მათ პირველ სოფლამდე, ბალთამდე მივიდა.

ვლადიკავლაზიდან ბალთამდე გზა მდინარე თერგის ნაპირს მიუყვებოდა, რომელიც კავკასიონის მთების ვიწრობებში მიდიოდა. ბალთასთან დაწყებული ხეობა ჯერ კიდევ საკმარისად ვრცელი იყო, მაგრამ ბალთადან მაშინ დანგრეულ დარიალის ციხესიმაგრემდე მთელი ის სიძნელეები დაიწყო, რომლებსაც კავკასიონის უზარმაზრი მთები ჩვენს რაზმს წინ უხვედრებდა. ზამთრის დრო სიძნელებს კიდევ უფრო აძლიერებდა. რაზმში მყოფი ექვსი ქვემეხი* (*სამი 12-გინვარქიანი ზარბაზანი და სამი 24-გინვარქიანი მარტორქა) ტუჩკოვ 2-ის მთავარ საზრუნავს საწმოადგენდა. აღალი უკან იქნა დატოვებული; ცხენების უმეტესი ნაწილი ქვემეხების გასაწევად შეაბეს, და, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის გარდა ადამიანებიც ეხმარებოდნენ, რაზმს დღეში სამ ვერსზე მეტის გავლა არ შეეძლო. მოაღწიეს რა ასეთი სიძნელეები დარიალს, ტუჩკოვი აქ გაჩერდა, რათა ადამიანებს დაესვენათ და აღალის მოსვლასაც დალოდებოდნენ.

აქ რაზმს კნორინგის მიერ გამოგზავნილი შიკრიკი დაეწია ცნობით პავლე I-ის გარდაცვალებისა და ტახტზე ალექსანდრე I-ის ასვლის შესახებ. შეჰფიცა რა გზაზე ახალ იმპერატორს, პოლკი დარიალიდან სოფელ ყაზბეგისკენ დაიძრა, რომელიც კავკასიონის ქედის იმავე სახელობის ერთერთი უმაღლესი მთის მახლობლად მდებარეობს. რაზმი ამ გზაზე ნაკლებ სიძნელეებს განიცდიდა: მთათა ხეობები უფრო ვრცელი ხდებოდა, აღმართები და დაღმართები ისე მაღლი და ციცაბო აღარ იყო, ხოლო გზებზე კი მსხვილი ქვები ნაკლებად ეყარა.

“მოვედი რა ყაზბეგში, – წერს ტუჩკოვი თავის ჩანაწერებში (Записки Тучкова. Арх. Глав. Шт. въ С.-Петербурге), – მოვისურვე იმ მონასტერს ვწვეოდი, რომელიც მთის მწვერვალზე იმყოფება. დავპატიჟე რა ჩემთან ერთად პოლკოვნიკი სიმონოვიჩი და ჩემი პოლკის რამდენიმე ოფიცერი, ჩვენ ბანაკიდან ცხენებით გავემგზავრეთ. მოვედით რა მთის ძირას მდებარე სოფელში, სადაც მონასტრის გასაღების მცველი მღვდელმსახური ცხოვრობდა, ჩვენ ცხენები უნდა დაგვეტოვებინა და მთას დაკლაკნილი ბილიკით, რომელიც საშინელი უფსკრულის პირას მიემაერთებოდა, მაღლა ავყოლოდით. რამდენჯერმე დასვენებს შემდეგ ჩვენ ბოლოს მონასტერს მივაღწიეთ. ჩვენს წინ მინდორი იყო განფენილი, სწორ ადგილზე, რომელიც მაღლი ნაძვნარი ტყით თავდებოდა. ჩვენ ამ შენობის შიდა არე ცნობისმოყვარეობით დავათვალიერეთ, და, შევედით რა ეკლესიაში, მღვდელმსახურმა ჩვენთვის ლოცვითი მსახურება აღასრულა. ჩვენი ლოცვის დროს, რომელიც ნახევარ საათზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა, ამინდი განუწყვეტლივ იცვლებოდა: თოვლი, წვიმა, სეტყვა, ქარიშხალი, მზის შესანიშნავი ნათება ერთი-მეორეს ენაცვლებოდა”.

მონასტრიდან დაბრუნების შემდეგ, რაზმმა გზა განაგრძო და სოფელ სიონში მოვიდა, სადაც ბანაკად დადგა. რამდენიმე საათის შემდეგ, თუ ბანაკს დაათვალიერებდით, ძნელი იქნებოდა იმის თქმა, რომ ჯარისკაცები დაიღალნენ. ბანაკში მოხდა არეულობა. ჯარისკაცები ყოველგვარი შესაძლო სიჩქარითა და დაჩქარებულობით კარვებს, პროვიანტს, ეკიპაჟებსა და ყველანაირ ქონებას უახლოესი მაღლობი ადგილებისკენ ეზიდებოდნენ. გაცოფებული თერგისგან, თოვლის სამი ზვავის ერთმანეთის მიყოლებით ჩამოწოლის გამო ნაპირებიდან რომ გადმოვიდა, ყველანი მთაში გარბოდნენ. თუმცა კი, საბედნიეროდ, ეს სოფელ სიონიდან მნიშვნელოვან მანძილზე მოხდა, სადაც ჩვენი რაზმი იყო განლაგებული.

ერთი საათის შემდეგ წყალმა კლება დაიწყო, და ამის მერე მალევე გაცოფებული მდინარე ისევ თავის კალაპოტს დაუბრუნდა. გაჩერდა რა სამ დღეს ბანაკში, და მოიმარაგა რა მარხილები არტილერიისა და აღალის კავკასიონის მთების თოვლიან თხემზე გადმოსატანად, ტუჩკოვმა გზა განაგრძო და სოფელ კობამდე მოვიდა, უკანასკნელ სოფლამდე, რომელიც ქედის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს. აქ რაზმი თოვლიან მთებში გავლის შესაძლებლობის შესახებ ცნობას უნდა დალოდებოდა. არაუადრეს ხუთი დღისა შეატყობინეს, რომ შეიძლებოდა ჩამოსული თოვლის ნამქერებისგან გზის გაწმენდას შედგომოდნენ. სამი დღეღამის განმავლობაში 800 ოსი ამ სამუშაოთი იყო დაკავებული და იმდენი მოახერხეს, რომ შეიძლებოდა პოლკის მცირე ნაწილებით მთების გამოვლით გადმოსვლა დაეწყოთ.

თავიდან ტუჩკოვმა ორი ასეული კაიშაურის დასაკავებლად გამოგზავნა, პირველი სოფლისა, რომელიც ქედის სამხრეთ მხარეს მდებარეობს. შემდეგ მან აქ მთელი ბატალიონი და არტილერია გამოგზავნა, რომელიც დაშლილი იყო და მარხილებზე გახლდათ განთავსებული. პირველი ეშელონი დანიშნულების ადგილამდე მშვიდობიანად მოვიდა; მაგრამ როგორც კი მეორე რაზმი თვალს მიეფარა, ბანაკში თოვლის ახალი ზვავის ჩამოწოლის გრუხუნი გაიგონეს.

“ჩვენ დიდად ვიყავით შეშფოთებულნი, – წერს ტუჩკოვი, – იმ დრომდე, სანამ ჩემ მიერ იქ გაგზავნილმა მაცხოვრებლებმა არ შემატყობინეს, რომ ბატალიონმა და ზარბაზნებმა სოფლამდე მშვიდობიანად მისვლა მოასწრეს; რომ ზვავი ზარბაზნებსა და დანარჩენ აღალს შორის ჩამოწვა და გზა სამ ვერსზე თოვლის უზარმაზარი ნამქერებით ჩახერგა”. 

კობში დარჩენილი ჯარებისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები ორ დღეს გრძელდებოდა. გადმოვიდა რა საბოლოდ მთელი რაზმით კაიშაურში, ტუჩკოვმა ჯარისკაცები დაასვენა, აღალში მომხდარი დაზიანებები შეაკეთა და მდინარე არგვის ნაპირის გამოყოლებით გზა განაგრძო, სოფელ ანანურამდე, შემდეგ კი დუშეთის გამოვლით მცხეთამდე მოვიდა და ბოლოს ცერემონიით ტფილისშიც შემოვიდა* (*რაზმში შედგებოდა: 3 შტაბ-ოფიცერი, 22 ობერ-ოფიცერი, 4 მოხელე, 54 უნტერ-ოფიცერი, 24 მუსიკოსი, 616 რიგითი, 105 არასამწყობრო ადამიანი. 4 ქვემეხი და მათთან 2 ობერ-ოფიცერი, 10 უნტერ-ოფიცერი, 62 კანონირი და 42 არასამწყობრო. 162 ცხენი და 41 სხვადასხვანაირი საზიდარი. См. рапортъ Тучкова Лазареву 28-го марта 1801 г., № 259. Тифл. Арх. Канц. Нам.).

ახალი ჯარების საქართველოში მოსვლა სწორედ რომ დროული იყო (было какъ нельзя кстати) და მხარეში მშვიდობის დამყარებასაც ხელი ბევრად შეუწყო.

ტუჩკოვ 2-ის გრენადერთა პოლკი, ორი ქვემეხით, გორში, სურამსა და ცხინვალში განლაგდა (Рапорты Лазарева Кноррингу 7-го и 26-го апреля 1801 г.). ამ პუნქტების დაკავებამ იმერეთის მეფე სოლომონი აიძულა თავისი ჯარები დაეშალა, რომლებიც რუსების მიერ საქართველოს დატოვების შესახებ პირველი ცნობების მიღების თანავე შეეკრიბა. მეფე, რომელსაც გაქცეული ბატონიშვილები აქეზებდნენ, ფიქრობდა ქვეყანაში შემოჭრილიყო და ქართლი დაერბია. ბატონიშვილთა განზრახვები აღუსრულებელი დარჩა. მათი იმედი რაიმე დადებითისთვის მიეღწიათ კიდევ უფრო დაეცა, როცა, ტუჩკოვ 2-ის კვალდაკვალ, ლეონტიევის მუშკეტერთა პოლკი და კაზაკთა ერთი პოლკიც იქნა გამოგზავნილი, რომლებიც, თუმცა კი, საქართველოში მხოლოდ მაისის თვეში ჩამოვიდნენ (Предписанiе Кнорринга Лазареву 23-го марта 1801 года, № 649).

ამრიგად უკანასკნელი პოლკების მოსვლის შემდეგ საქართველოში შეიქმნა რაზმი გრენადერთა ერთი, მუშკეტერთა ორი, ეგერთა ერთი და კაზაკთა ერთი პოლკებისგან 18 ქვემეხით (Рапортъ Кнорринга Г. И. 7-го апреля 1801 года).

ამ ჯარების მოსვლის შემდეგ უკვე იმის შესაძლებლობა გამოჩნდა, რომ ქვეყანა მისი მეზობლების გარედან შემოჭრებისგან დაეცვათ, რომლებიც უმეტეს წილად ვერაგები იყვნენ და საკუთარ ინტერესებს მიჰყვებოდნენ. მუშკეტერთა ერთი ბატალიონი დაყენებულ იქნა, დაწყებული სიღნაღის ციხესიმაგრიდან, სოფლებში, რომლებიც ქვემოთ მდინარე ალაზნის გაყოლებით მდებარეობნენ, და “რომლებიც 15 ვერსის მანძილზე საკმარისად იყო”. ყარაღაჯის ციხესიმაგრიდან მდინარე მტკვრამდე, რომელიც სოფელ შიქალოს პირდაპირ მიედინებოდა, ნაბრძანებ იქნა კაზაკთა პიკეტების დაეყენებინათ, და მათ მოვალეობად ცხენოსანი რაზმებით ხშირი დაზვერვის წარმოება დაეკისრათ. ამ ჯაჭვის გაძლიერებისთვის, ლეკების მიერ გარღვევის შემთხვევაში, იმავე პოლკის მუშკეტერთა ერთი ბატალიონი მარტყოფიდან კაკაბეთამდე სოფლებში უნდა დამდგარიყო და, ასეთნაირად, მეორე ჯაჭვი შეედგინა.

ამდენად ძლიერი კორდონი აუცილებლად იმიტომ მიიჩნეოდა, რომ ლეკები, საქართველოში მათი შემოჭრებისას, უმეტეს წილად მდინარე ალაზანს კარაგოს დანგრეული ციხესიმაგრის ქვემოთ (სიღნაღის მახლობლად) გადმოლახავდნენ და, მოჰყვებოდნენ რა ხეობას, რომელშიც მდინარე იორი მიედინება, საგურამოს დანგრეულ ციხესიამგრემდე შემოაღწევდნენ. აქ, დააფუძნებდნენ რა თავიანთ ბანაკს, ისინი ცალკეულ პარტიებს ქართლში აგზავნიდნენ და დუშეთიდან მცხეთამდე გზის მეტად სახიფათოდ გადაქცევით, ამ ორ ქალაქს შორის შეტყობინებას წყვეტდნენ.

მოსპობდნენ რა ამ მხრიდან ლეკების შემოჭრის შესაძლებლობას, ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ, რომ საქართველო მათი თარეშებისგან სრულიად დაცულია. ლეკებს შეეძლოთ თავიანთთვის სხვა გზა აერჩიათ. გადმოლახავდნენ რა მდინარეებს ალაზანსა და მტკვარს, ისინი განჯისა და ერევნის ხანების სამფლობელოთა მახლობლად გაივლიდნენ და შეაღწევდნენ რა ახალციხეში, მათ შეეძლოთ როგორც ქართლზე მოეხდინათ თავდასხმები, ისე კახეთზეც. განვალაგეთ რა ბატალიონი ბამბაკის პროვინციის სოფლებში, გარკვეული რიცხვის კაზაკებთან ერთად, ჩვენ ლეკებს საქართველოში შემოსაჭრელად ეს უკანასკნელი შესაძლებლობაც მოვუსპეთ. ამ ბატტალიონს, იმავე დროს, ბაბა-ხანის ყოველგვარი თავდასხმების წინააღმდეგ მოქმედებებისთვის, ავანგარდის სამსახურიც შეეძლო გაეწია.

გრენადერთა ერთი ბატალიონი ტფილისში იქნა დატოვებული, ხოლო მეორე კი გორში განალაგეს, გამოყვეს რა მისგან თითო-თითო ასეული სურამისა და ცხინვალის ციხესიმაგრეებისთვის. ეს საგუშაგო (პოსტი) აუცილებელი იყო როგორც მოსაზღვრე მცხოვრებლებზე მეთვალყურეობისთვის, ისე იმ ძარცვებისგან დასაცავადაც, რომლებსაც ხშირად ოსები და იმერლები აწყობდნენ.

ოსები, რომლებიც სხვადასხვა ქართველი თავადების ძალაუფლების ქვეშ შედიოდნენ, როგორც ლაზარევი გამოთქვამდა, “ყველანაირ შფოთს (озорничество)” ახდენდნენ (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 381), მიჰყავდათ ადამიანები, ძარცვავდნენ და თავიანთ მემამულეებს სრულებით არ ემორჩილებოდნენ. იმერეთში მყოფი ბატონიშვილების მიერ წაქეზებულნი, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსული ჯარები კავკასიის ხაზზე დაბრუნდებოდნენ. მათი დაწყნარებისთვის ლაზარევი იარაღის გამოყენებაზე ნებართვას ითხოვდა (Тамъ же, стр. 382).

შამშადილში განჯის ხანის შემოჭრისგან უზრუნველსაყოფად ეგერთა პოლკის ერთი ბატალიონი ბორჩალოში იქნა განლაგებული. იმავე პოლკის მეორე ბატალიონის ორი ასეული დუშეთში განალაგეს, კავკასიის ხაზის საქართველოსთან შეტყობინების შენარჩუნებისთვის, ხოლო დანარჩენ სამ ასეულს კი დუშეთიდან მცხეთამდე მთელ სივრცეზე საგუშაგოები უნდა დაეყენებინა.

“სურამის ციხესიმაგრიდან მდინარე ალგეთის სათავემდე, იქიდან მდინარე მატავერას სათავემდე, ხოლო იქიდან კი ბამბაკამდე ქართული ან კაზაკთა პიკეტები (бекеты) უნდა ყოფილიყო განლაგებული” (Изъ рапорта Лазарева Кноррингу отъ 8-го апреля 1801 г., № 200).

ჯარების ასეთი განთავსებისას, შესაძლებელი იყო ლეკებისა და მომიჯნავე ხანების მოგერიების იმედი ჰქონოდათ, რომლებიც მტაცებლობის, ძარცვისა და მცხოვრებთა ტყვედ წაყვანისთვის საქართველოში იჭრებოდნენ.

თავი XVIII 

(დავით ბატონიშვილისა და დარეჯან დედოფლის წერილები იმპერატორ ალექსანდრე I-დმი. – საკითხი საქართველოს შემოერთების შესახებ ისევ გადაეცა სახელმწიფოს საბჭოს განსახილველად. – იმპერატორი ალექსანდრე I ეწინააღმდეგება თავისი დერჟავისადმი საქართველოს შემოერთებას. – რესკრიპტი კნორინგისადმი და მისი საქართველოში გაგზავნა. – ს.-პეტერბურგში რწმუნებულების ჩამოსვლა და მათი თხოვნები. – შემთხვევები საქართველოში.)

დავით ბატონიშვილი და დარეჯან დედოფალი, შეიტყვეს რა ტახტზე იმპერატორ ალექსანდრე I-ის ასვლის შესახებ, ჩქარობდნენ წერილების გაგზავნას, თავიანთი თხოვნებისა და სურვილების განცხადებით. დავითი სთხოვდა იმპერატორს ის საქართველოს მეფედ დაემტკიცებინა (Письмо Давида отъ 8-го апреля 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, по деп. Общ. делъ, Дела Грузiи, кн. 1); დარეჯან დედოფალი სთხოვდა ეს ტახტი მისი უფროსი ვაჟიშვილის, იულონ ბატონიშვილისთვის გადაეცა (Письмо царицы отъ 15-го апреля 1801 г. Тамъ же). დავითი იმაზე მიუთითებდა, რომ იგი ტახტის მემკვიდრედ ჯერ კიდევ განსვენებული ხელმწიფის პავლე პეტრეს ძის მიერაა დამტკიცებული, დარეჯან დედოფალი კი მისი განსვენებული მეუღლის ერეკლე II-ის ანდერძს ემყარებოდა, რომელმაც ტახტზე მემკვიდრეობის წესი განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც ტახტი უნდა გადავიდეს გიორგის ძმებთან გვარში უფროსობის მიხედვით. 

«გვიხსენით ჩვენ სიცრუისაგან, – წერდა დედოფალი, – და უპატიობისაგან, რომლებიც ჩვენ ჩემმა გერმა გიორგი მეფემ შეგვამთხვია, და ინებეთ დაამტკიცოთ ჩვენი უფლებები, რომლებიც ჩემმა გარდაცვლილმა მეუღლემ ერეკლე მეფემ თავის სამეფო სახლში წერილობით დაადგინა».

დავით ბატონიშვილმა წერილი კნორინგის მეშვეობით გამოგზავნა, დარეჯან დედოფალმა კი ის თავის ძეს მირიანს გადასცა, რომელიც პეტერბურგში მოემგზავრებოდა. იგი იმედოვნებდა, რომ მირიანი პირადად იშუამდგომლებდა თავისი დედისთვის და იმპერატორის ყურადღებას მის დაუცველ მდგომარეობაზე მიაქცევდა. დედოფალი არა მხოლოდ თავისი გერის გიორგის უსამართლო ქცევებზე ჩიოდა, არამედ იმაზეც, რომ მას მამულების დიდი ნაწილი ჩამორთმეული აქვს და არსებობის სახსრები არ გააჩნია.

«ყველას საერთო გამოცდილებით ცნობილია, – წერდა დედოფალი, – რომ ცოცხალ არსებათა უპირველესი საზრუნავია თავიანთი სიცოცხლის გაგრძელებისთვის საზრდელის ქონა, რომელსაც მეც უნდა მივყვე, არა მაქვს რა შეძლება ჩემთან მყოფთა ყოველდღიურად თუნდაც მხოლოდ პურით დაკმაყოფილებისთვის. შემოსავლებით, რომლებიც კანონიერად მე მეკუთვნის, სხვები სარგებლობენ, ხოლო მე კი, არ გამაჩნია რა ძალები და დავრჩი რა საზრდელის გარეშე, ჩემს ცხოვრებას უკიდურეს მწუხარებაში ვატარებ. ხოლო ჩემს მამულებს, ჩემი საკუთარი შრომითა და ზრუნვით შეძენილთ, სხვები ფლობენ...»

ორი პირის თხოვნა ერთი და იგივეთი მათი დაკმაყოფილების შესახებ იმპერატორ ალექსანდრეს მათ აღსრულებას უძნელებდა და აიძულებდა, არ მისცემდა რა უპირატესობას არც ბატონიშვილს, არც დედოფალს, რუსეთისადმი საქართველოს შემოერთების შესახებ საკითხი ისევ განსახილველად სახელმწიფო საბჭოსთვის გადაეცა. 

არ იყო რა პირადად განწყობილი ქვეყნის შემოერთების სასარგებლოდ, ალექსანდრემ საბჭოს შესთავაზა საკითხი: რუსეთის ქვეშვრდომობაში საქართველოს მიღებით ხომ არ მოვიქცევით უსამართლოდ იმ სამეფოს ტახტის მემკვიდრეებთან მიმართებაში? (Реестръ протоколамъ государственнаго совета 1801 г. Государственный Архивъ) ხელმძღვანელობდა რა უმკაცრესი მიუკერძოებლობით, «უარყო რა სრულიად ანგარების მიზნები», სახელმწიფო საბჭომ მაინც აღიარა რუსეთის იმპერატორების სკიპტრის ქვეშ იმ ქვეყნის შენარჩუნების აუცილებლობა. სამი საფუძველია მოყვანილი საბჭოს 1801 წლის 11 აპრილის ჟურნალში. პირველია ის, რომ სამეფო სახლის უთანხმოებანი სუსტ სამეფოს დამღუპველი შინაომებით ემუქრება. მეორეა, რომ მფარველობა, რომელსაც რუსეთი დიდი ხნიდან უწევს, მოითხოვს, რათა იმპერიის საკუთარი ღირსებისთვის საქართველოს სამეფო მთლიანობაში იქნას შენარჩუნებული, და, მესამე საფუძველი ისაა, რომ ქვეყნის შემოერთებით უზრუნველიყოფა რუსეთის საკუთარი საზღვრების სიმშვიდე და შეიძინება სრული მოხერხებულობა მთიელი ხალხების თვითნებობებათა ასალაგმავად. 

ემყარებოდა რა ამას, სახელმწიფო საბჭო ვარაუდობდა: 1) დაეტოვებინა საქართველოში ჩვენი ჯარები, რომლებიც იქ უკვე იმყოფებოდნენ; 2) დაეარსებინა ქვეყანაში დროებითი რუსული მმართველობა, დაყოფდა რა მთელ მიწა-წყალს შვიდ მაზრად. სამოქალაქო ნაწილის მართვისათვის საქართველოში გაეგზავნათ გუბერნატორი, რომელიც საკუთარ თავში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლებას შეიერთებდა.

იმპერატორის არაოფიციალური კომიტეტის წევრები (დაწვრილებითი ამბები ამ კომიტეტის მოწყობისა და შემადგენლობის შესახებ არის მ. ი. ბოგდანოვიჩის წერილში: «Первая эпоха преобразованiй Императора Александра». «Вестникъ Европы» 1866 г., т. I, стр. 158) სახელმწიფო საბჭოს დასკვნას არ იზიარებდნენ; არ იზიარებდა მას იმპერატორი ალექსანდრეც, რომელიც მათთან ერთად ვარაუდობდა, რომ მხოლოდ ძალა არ იძლეოდა არანაირ უფლებას შემოეერთებინა იმპერიისთვის ქვეყანა, თუ თავად მის მცხოვრებთ ეს არ სურდათ.

პოულობდნენ რა, ამის გარდა, ბევრ არახელსაყრელობას მსგავსი შემოერთებისგან, კომიტეტის წევრებმა დაარწმუნეს იმპერატორი ეს საკითხი ხელმეორედ გადაეცა სახელმწიფო საბჭოსთვის განსახილველად, ამასთან ალექსანდრემ რწმუნებით აღჭურვა გენერალ-პროკურორი ბეკლეშევი განეცხადებია საბჭოსთვის «მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სურვილის უკიდურესად არქონის შესახებ, რომ ის სამეფო რუსეთის ქვეშევრდომობაში მიიღოს, მიიჩნევს რა უსამართლოდ სხვისი მიწის მითვისებას» (Государственный Архивъ).

თავისი პირველი დადგენილებიდან ოთხი დღის შემდეგ, სახელმწიფო საბჭო, 15 აპრილს, ისევ განიხილავდა საკითხს საქართველოს შემოერთების შესახებ. საბჭო თავის პირველ მოსაზრებაზე დარჩა.

მთელი ხალხის მიერ განცხადებული სურვილი ყოფილიყო რუსეთის ქვეშევრდომობაში ხსნიდა (იცილებდა) ყველანაირ ძალადობას, თვითნებობასა და უსამართლობას იმპერიისადმი მისი შემოერთების საქმეში. სპარსეთის შაჰების პრეტენზიებმა უმაღლეს ძალაუფლებაზე საქართველოში და ამის გამო ქვეყნის მუდმივმა რბევა-აწიოკებამ აიძულეს ხალხი რუსეთის მფარველობა ეძია და ამით ბარბაროსული უღლისგან განთავისუფლებულიყო. რისი მოლოდინი უნდა ჰქონებოდა საქართველოს მაშინ, როცა მან საჯაროდ განაცხადა თავისი სიხარული ახალი მდგომარეობის გამო, რომელშიც იმპერატორ პავლეს მანიფეტის შედეგად გადავიდა და რომელშიც დაცვისა და სიმშვიდის მიღებას იმედოვნებდა? დატოვებდა რა ქვეყანას მისი საკუთარი ნების ანაბარა და უარს იტყოდა რა მფარველობაზე, რუსეთი მას მტაცებელი მეზობლის – სპარსეთის მთელ სისასტიკესა და შურისძიებას შეატოვებდა, რომელიც მხოლოდ მიხერხებულ შემთხვევას ელოდებოდა იმისთვის, რათა იგი თავის ხელში ჩაეგდო. რუსეთის სიდიადე და სამართლიანობა მოითხოვდა, რომ საქართველო მისი საკუთარი ძალების ამარა არ ყოფილიყო დატოვებული, ხოლო მისი მხოლოდ მფარველობაში დატოვება კი თავად იმპერიისთვის არ იქნებოდა ხელსაყრელი.

მართლაც, მფარველობას უწევდა რა საქართველოს, რუსეთს იქ საკმარისი ჯარები უნდა შეენახა მტრების თავდასხმებისგან მის დასაცავად. ამ ძალის შენახვა სახელმწიფოს ზედმეტ და უსარგებლო ხარჯებში ჩაითრევდა. ჯარების გაგზავნა კი საქართველოში მხოლოდ მაშინ, როცა მათი აუცილებლობა წარმოიქმნებოდა, შეუძლებელი გახლდათ. მთების გავლით მოძრაობისთვის მხოლოდ გზის მომზადებაზე, იმდენად ბევრი დრო იყო აუცილებელი, რომ მეზობლები ყოველთვის მოასწრებდნენ ქვეყანაში შემოჭრასა და მის საბოლოოდ აოხრებას.

«მაგრამ თავად რუსეთისთვისაც მავნებელია საქართველოს დატოვება, – ნათქვამია სახელმწიფო საბჭოს ჟურნალში. – თავის ხვედრს მინდობილი, ეს მიწა თავისი მეზობლების აუცილებელ მსხვერპლად შეიქნება, და იმ ქვეყანაში ქრისტიანული სამფლობელო მოისპობა. მხოლოდ ეს ემუქრება უკვე რუსეთის საზღვრებს დამღუპველი შედეგებით. ამ დრომდე მათი სიმშვიდე, საკუთარი საჯარისო თავდაცვის გამოკლებით, მნიშვნელოვანწილად იმითაც იყო დაცული (მოზღუდული), რომ საქართველო, რომელსაც მთიელ ხალხებს შორის აქვს მდებარეობა, მათ ფიზიკურად ჰყოფდა ერთმანეთისგან, ხელს უშლიდა რა უმცირესი შეთანხმების დროსაც გაერთაინებულიყვნენ. ამაზე არანაკლებ უშლიდა ეს სამეფო ხელს პოლიტიკური მოსაზრებით გაერთიანებაშიც იმ ხალხებს, რომლებსაც ურთიერთ შორის ამდენად ხშირი დავები აქვთ, მაგრამ რომლებიც მეზობლების მიწებზე თარეშებისთვის, ძარცვისთვის ხალისით ერთიანდებიან...

შეიძლება ისიც მოხდეს, რომ ქართველი ხალხი, თავისი მეზობლებისგან საბოლოოდ აოხრებისთვის თავის დასაღწევად, პორტას ქვეშევრდომობაში შევა და უკვე ამ მოვლენის დროს, შედეგები, რომლებიც ამის გამო რუსეთისთვის შეიძლება წარმოიქმნას, ჭეშმარიტად საშინელ სურათს წარმოადგენს (ყაინარჯის ზავამდე თურქები თუმცა კი მფლობელობდნენ კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე ტამანიდან თერგის შესართავამდე, მაგრამ მათი მფლობელობა ნომინალური გახლდათ, და ჩვენთვის საშიში არ იყო. მხოლოდ რუსებმა მოახერხეს კავკასიონის მთებში თავიანთი ძალაუფლების მყარად დამკვიდრება).

ერთმორწმუნეობა, რა თქმა უნდა, კავკასიონის მთების ყველა მცხოვრებს თურქული მფლობელობის ქვეშ გააერთიანებს, და რა უნდა დავუპირისპიროთ მაშინ მათ ძალებს, პორტასთან ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში, რომელიც ყოველთვის, თურქების საკუთარი არამდგრადობისა და გარეშე დერჟავების ჩაგონებათაგან არის მოსალოდნელი? რომელი საშუალებებით დავიცავთ (მოვზღუდავთ) 800 ვერსზე მეტ სივრცეს, სადაც რუსეთის მხრიდან მოწინააღმდეგეს ეძლევა თავისუფალი შემოსასვლელი დაბლობ, არაფრით არ დაცულ ადგილებში; მოწინააღმდეგის მხრიდან კი პირველივე ნაბიჯის გადადგმისას მიუვალი მთები გვხვდება».

ყველა გადმოცემულმა მიზეზმა აიძულა სახელმწიფო საბჭო ამჯერადაც საქართველოს რუსეთთან შემოერთების სასარგებლოდ გადახრილიყო. თავისი მოსაზრების გარდაუვალობაში უფრო მეტად დარწმუნებისთვის, საბჭო აუცილებლად ვარაუდობდა კნორინგი საქართველოში გაეგზავნა იმისთვის, რათა მას ადგილზე შეძლებოდა ქვეყნის მდგომარეობა და მისი მოთხოვნილებები განესაზღვრა და მიუკერძოებლად გამოეკვლია, შეიძლებოდა თუ არა საქართველო დამოუკიდებელ სამეფოდ ყოფილიყო დატოვებული. 

იმპერატორ ალექსანდრეს ბრძანებით, რომელიც ახლა სახელმწიფო საბჭოს აზრს ეთანხმებოდა, კნორინგი საქართველოში გაემგზავრა, ჰქონდა რა ხელზე იმპერატორის შესანიშნავი რესკრიპტი.

«...ტახტზე ჩვენი ასვლისას, – წერდა ალექსანდრე (Рескриптъ отъ 19-го апреля 1801 г. მთელი ეს რესკრიპტი სრულად არის დაბეჭდილი კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტებში ტ. I, გვ. 419), ვპოვეთ ჩვენ, რომ ეს სამეფო მთელი სახელმწიფო აქტებით უკვე იმპერიისადმია შემოერთებული და ამ სახით ყველა ჩვენი ერთგული ქვეშევრომის მიერ დადებული ფიცის მთელი სიწმინდითაა მოცული. საქმეთა ასეთ მდგომარეობაში და ამ ქვეყანაში მყოფი ჩვენი სამხედრო ძალის წყალობით შეგვეძლო ჩვენი ძალაუფლება მასში ურყევად დამყარებულად ჩაგვეთვალა, მით უმეტეს, რომ ჩვენამდე მოსული წინასწარი ცნობების მიხედვით დავრწმუნდით, რომ დაბრუნებულ წარგზავნილთა სურვილები და უფლებამოსილებანი მიღებულ ზომებს სრულებით ეთანხმება. ჩვენ არც იმას დაგიმალავთ, რომ იმპერიის ღირსება, ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება, ოტომანის პორტას სურვილები, მთიელი ხალხების თავდასხმები და მისწრაფებანი, რუსეთის საკუთარ სარგებელთა მთელი პატივისცემა უძველესი დროიდან აიძულებდა მთავრობას ამ შემთხვევაზე ეფიქრა და ამ მოვლენის აღსრულების სურვილი ჰქონოდა.

ვზომავთ რა მის არსს ერთადერთი ჩვენი სარგებლით, ჩვენ არ შეგვიძლია მთელი მათი ძალა არ ვაღიაროთ, მაგრამ მიწიერ სამეფოთა სარგებელს, მარადიულ წესებში, წინასწარ აქვს დადგენილი სხვა საზომი, ერთიანი, ჭეშმარიტი და ურყევი: სამართლიანობა და საერთო-სახალხო სამართლის (უფლების) ხელშეუხებლობა. ჩვენს ყველა საშინაო და საგარეო საქმეში, დავუდეთ რა საკუთარ თავს ეს ჭეშმარიტება ურყევ საფუძვლად, ამის შედეგად და საქართველოს შესახებ ახლანდელ განწყობათა გამო ჩვენ გვსურს უწინარეს ყოვლისა დავრწმუნდეთ:

პირველი, ამ ქვეყნის საშინაო მდგომარეობა ნამდვილად ისეთია თუ არა, რომ მხოლოდ თავისი ძალებით მას არ შეუძლია წინ აღუდგეს სპარსეთის ძალაუფლებისმოყვარულ პრეტენზიებს, არც მის გარეშემო მყოფი მთიელი ხალხების თარეშები მოიგერიოს, არც შინაური მტრობანი ჩააქროს, რომლებიც მას ძმათაშორისი ომით ემუქრებიან, რომ მისი დატოვება ცალკეულ და თვითმყოფად სამეფოდ ბედის ანაბარა იქნებოდა შეუსაბამო როგორც იმპერიის სიდიადისთვის, რომელიც უძველესი დროიდან მას მფარველობს, ისევე ჩვენი დიდსულოვნებისთვისაც.

მეორე, აუცილებლობისა და სამშობლოს სარგებლის საკუთარ რწმენაზე იყო თუ არა დაფუძნებული ამ სამეფოს მიერ რუსეთის დერჟავის ქვეშ ქედის მოდრეკა და მთელმა უმაღლესმა წოდებამ და ხალხმა ერთსულოვნად აღიარეს თუ არა ეს საქციელი თავიანთ გადასარჩენად, თუ, ცნობილი სახის ადამიანთა გერგილიანობას აყოლილებმა, მათ ჩანაფიქრების შიშსა და გარეშე ჩაგონებებს უფრო მეტად დაუთმეს, ვიდრე თავიანთ სარგებელთა ჭეშმარიტ შეგნებას.

გაკისრებთ რა თქვენ თავად ადგილზე შეაგროვოთ მთელი ეს სარწმუნო ცნობები და ამის გამო გავალებთ საქართველოში გაემგზავროთ, ჩვენ უეჭველად ვიმედოვნებთ, რომ, განმსჭვალული იქნებით რა იმ საწყისებით, რომლებითაც ჩვენ ამ საქმეში ვხელმძღვანელობთ, თქვენ ახვალთ მათ სულ პირველ წყაროებამდე, აწონით ამ სამეფოს ძალას და შეადარებთ მას (მის წინაშე არსებულ) საშინაო და საგარეო წინააღმდეგობებს; ჩაწვდებით ხალხის გონების განწყობას, გაიგებთ მის საჭიროებებსა და ამ საჭიროებათა შედეგებს მის სურვილებში; დაბოლოს, დარწმუნდებით, გულწრფელად არიან თუ არა ისინი დაჯერებულნი და იმყოფებიან თუ არა იმ აზრში, რომ რუსეთის დერჟავის ქვეშ მათი მიღება არის ერთადერთი საშუალება მათი გადარჩენისთვის, და მაშინ ამაში დარწმუნების შემდეგ თქვენ დაკავდებით სანიმუშო დებულების მომზადებით ამ ქვეყანაში მომავალი მმართველობის შესაქმნელად. თქვენ ამ დროს მხედველობაში გექნებათ, რომ რუსეთისთვის კი არ უერთდება ეს ხალხი იმპერიას, არამედ საკუთრივ მისთვის; რომ ჩვენ ამაში ჩვენს საკუთარ სარგებელს კი არ ვეძებთ, არამედ ერთადერთ მის სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, და ამიტომ მმართველობის შესახებ თქვენს დებულებებში არ გამოგრჩებათ მისი უფლების პატივისცემა შეუსაბამოთ (ეს მმართველობა) მის ზნე-ხასიათს, წეს-ჩვეულებებსა და გონების მიმართულებებს; ერთი სიტყვით, თქვენ ამ ქვეყანას შეხედავთ არა ისე, როგორც ჩვენთვის სასარგებლო შენაძენების ქვეყანას, არამედ როგორც ხალხს, რომელიც იმპერიასთან შემოერთებას ეძიებს მისი საკუთარი ბედნიერებისთვის და რათა მის წიაღში შეიძინოს მის გარემომცველ უბედურებათა დასასრული».

შეაგროვებდა რა ყველა ცნობას ადგილზე, კნორინგი უნდა ჩამოსულიყო პეტერბურგში იმპერატორისთვის პირადად ასახსნელად. მის დაბრუნებამდე კი მთავრობა არ წყვეტდა საკითხს საქართველოს შემოერთების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ელჩები ხალხისგან რწმუნებით უკვე ს.-პეტერბურგში იყვნენ ჩამოსულნი.

ემყარებოდნენ რა იმას, რომ რომ საქართველო იმპერატორ პავლეს მანიფესტით უკვე მიღებულია რუსეთის ქვეშევრდომად «სამარადისოდ», რწმუნებულები ითხოვდნენ საზეიმო ორმხრივი აქტის დადებას, როგორც ეს მათ განსვენებული ხელმწიფისგან ჰქონდათ დაპირებული. ხალხის წარმომადგენლები ითხოვდნენ სამეფო «მამობრივი კეთილმზრუნველობის» ქვეშ შეენახათ, ეზრუნათ ხალხის კეთილდღეობის შესახებ, რომელმაც ნებაყოფლობით მისცა თავი საუკუნო ქვეშევრდომობაში, მიეცათ მისთვის რუსეთის ძირეულ ქვეშევრდომთა უფლებები და უპირატესობანი, და, ბოლოს, დაეცვათ იგი გარეშე და შინაური მტრებისგან.

«ჩვენ კი, ვკისრულობთ რა ახალ ქვეშევრდომობას, ვალდებულებას ვიღებთ მის მიხედვით, ვზიდოთ და დავიცვათ, სამეფოს შესაძლებლობების და შესაბამისად, ყველა ის სამსახური, რომლებიც ჩვენზე იქნება დაკისრებული» (Нота пословъ грузинскихъ въ апреле 1801 г. Арх. Мин. Иностр. Делъ. 1-7, 1800-1805 г., № 1).

ემყარებოდნენ რა გიორგის სიგელს და ელჩებისადმი როსტოპჩინის სიტყვებს, რომლებიც იმპერატორ პავლეს სახელით იყო გადაცემული, რწმუნებულებმა ჩამოიტანეს თხოვნა, რომელშიც ითხოვდნენ ერთერთი ბატონიშვილის მეფისნაცვლად დანიშვნას, საქართველოს მეფის სახელწოდებით, მისცემდნენ რა მას თანაშემწედ რუს მოხელეს. ახალ მმართველს არ ჰქონდა უფლება არც განკარგულებები გაეცა, არც კანონები გამოეცა თანაშემწის გარეშე და ვალდებული იყო ყველა ბრძანებასა და აქტზე ხელი მას შემდეგ მოეწერა, რაც მათზე ხელს მოაწერდა ის, ვინც მის თანაშემწედ იქნებოდა დანიშნული. ზუსტად ასევე საქართველოს ყველა სხვა დაწესებულებასა და სამმართველოში ივარაუდებოდა, ქართველებთან ერთად, რუსი მოხელეების დანიშვნაც, როგორც ხელმძღვანელებისა.

რწმუნებულები ითხოვდნენ დაეარსებინათ სამეფოში ხუთი სასამართლო ადგილი, დაარქმევდნენ რა პირველს საბჭოს ან სენატის დეპარტამენტს, მეორეს სამეფოს მმართველობას, დანარჩენ სამს კი პროვინციებში, უწოდებდნენ რა მათ სამაზრო სასამართლოებს.

სასამართლოების ასეთი რიცხვი აღიარებული იყო საკმარისად «სამეფოს არცთუ დიდი სივრცის გამო, ხოლო თუ ვინმეს, – წერდნენ რწმუნებულები, – ვინც დედაქალაქის გარეთ ცხოვრობს, აუცილებელი საჭიროება მოსთხოვს რაიმენაირი თხოვნით დედაქალაქ ტფილისში გამოემგზავროს, არ არის ადგილი, სადაც მანძილი ოთხი დღის სავალ გზაზე მეტი იქნება».

ტფილისში ვარაუდობდნენ კიდევ ერთი სასამართლოს დაარსებას, სიტყვიერი (ზეპირი) სასამართლოს სახელწოდებით, დავებისა და სიტყვიერი თხოვნების სწრაფად გადაწყვეტისთვის. თავად ქართველებს შეგნებული ჰქონდათ პოლიციის დაარსების აუცილებლობა იმისთვის, რათა ქალაქში «ღარიბ მაცხოვრებლებს შეეძლოთ მშვიდად იცხოვრონ და გლეხებს ჩამოჰქონდეთ იქ ქალაქისთვის საჭირო (საქონელი), ვინმესგან ყოველგვარი შევიწროვების გარეშე, და თითოეულს შეეძლოს თავისი სარეწის თავისუფლად წარმოება, და არა ისე, როგორც ეს აზიური ჩვეულებითაა, ვინც უფრო ძლიერია, მას სავაჭროზეც ყველაფერი აქვს და მაცხოვრებელს ავიწროვებს».

რადგანაც სასაზღვრო მამულების უმეტესი ნაწილი ბატონიშვილებს ეკუთვნოდა, ამიტომ ქვეყნის სიმშვიდისთვის რწმუნებულები ითხოვდნენ მათთვის მამულები ჩამოერთმიათ და სანაცვლოდ საქართველოს შიგნით სხვები მიეცათ. საზღვრებზე ციხესიმაგრეები და საბაჟოები აეშენებიათ საქონლიდან ბაჟის ასაღებად.

ქვრივი დედოფლებისა და მეფის ასულებისთვის ითხოვდნენ პენსიების დანიშვნას, ხოლო მათი კუთვნილი მამულების ხაზინაში მიღებას. ყველა იმ ბატონიშვილმა, «რომლებიც მათი სუსტი ჯანმრთელობის ან ჭარმაგი ასაკის გამო სამშობლოში დარჩებიან, ისარგებლონ მათი კუთვნილი საკუთრებით, ხოლო ისინი კი, რომლებიც, უეჭველად, ისურვებენ გამომგზავრებას და თავიანთი ხელმწიფის ფერხთით განრთხმას, მიიღონ სამსახურში და მათი იქაური მამულების ნაცვლად რითაც ინებებენ დააჯილდოვონ, ხოლო იქაურები კი სახაზინოდ ჩარიცხონ».

არ შეიძლება არ ითქვას, რომ ქართველებს თავიანთი კეთილდღეობის მოწყობა რუსული ფულებით უნდოდათ. ისინი ეძიებდნენ ძირეული რუსების უფლებებსა და უპირატესობებს, და თუმცა კი უარს არ ამბობდნენ ამისთვის გარკვეული ვალდებულებები ეზიდათ, მაგრამ ამასთან ერთად შეღავათებისა და პრივილეგიების მიღებას ცდილობდნენ. შემოდიოდნენ რა ქვეშევრდომობაში, და უწოდებდნენ რა საკუთარ თავს რუსეთის ქვეშევრდომებს, ისინი ითხოვდნენ გარკვეული დროით გადასახადებისგან განთავისუფლებას, ასევე სარეკრუტო გაწვევებისგან და «კავკასიონის მთების აქეთა მხარეს» სამსახურში გამოყენებისგან განთავისუფლებასაც, «იქნება ეს შვედურ, პრუსიულ თუ სრულიად რუსეთის სხვა საზღვრებზე» (Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-7, 1800-1805 г., № 1).

თავადებისთვის, რომლებსაც მეფეებთან მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ და რომლებიც მოხუცებულობის გამო სამსახურში შესვლას არ მოისურვებენ, ითხოვდნენ, ახალი მმართველობის დაარსების შემდეგ, პენსიები დაენიშნათ, ხოლო სამეფოს შემოსავლების შესახებ კი ამბობდნენ, რომ მათ ცნობილს შემდგომში გახდიდნენ... 

შემოსავლები იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ წარმოგზავნილები, ითხოვდნენ რა საქართველოში 6000-იანი რუსული ჯარის მუდმივად შენახვის შესახებ, აუცილებლად თვლიდნენ დაეთქვათ, რომ პროვიანტი (სურსათი) მათთვის უნდა იქნას შესყიდული რუსეთის მთავრობის განკარგულებით ფულით და ბაზრებზე.

ქართველი ელჩების ყველა ეს თხოვნა და განცხადება ტფილისიდან ს.-პეტერბურგში კნორინგის ჩამოსვლამდე აღსრულების გარეშე იქნა დატოვებული. მისი ანგარიში უნდა ქცეულიყო საფუძვლად საქართველოს შემოერთების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას. 

15 მაისს კნორინგი მოზდოკიდან საქართველოში გაემგზავრა. ხალხი, რომელიც ფიქრობდა, რომ იგი იმისთვისაა გამოგზავნილი, რათა იმპერატორ პავლეს წინასწარგანზრახულებანი აღსრულებაში მოიყვანოს, მას ყველგან სიხარულითა და აღტაცებით ხვდებოდა. დაწყებული საზღვრებიდან თავად ტფილისამდე კნორინგს გზაზე შეკრებილი ბრბოები ხვდებოდნენ, ელოდებოდნენ და სასიხარულო შეძახილებით აცილებდნენ (Донесенiе Кнорринга Государю Императору 29-го iюля 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

მიიღო რა ცნობები კნორინგის გამომგზავრების შესახებ, ლაზარევმა ტფილისში ქვეყნის ყველაზე უფრო დიდგვაროვანი პირები შეკრიბა. მათი პასუხები და მითითებანი კნორინგის შეკითხვებზე უნდა ქცეულიყო ძირითად მასალად მხარის შესახებ ანგარიშისა და ცნობების შედგენისთვის.

როგორც კი კნორინგი ტფილისში ჩამოვიდა, დავით ბატონიშვილმა მას საქართველოს ტახტზე თავისი უფლებების ახსნა-განმარტებით მიმართა. ბატონიშვილი წერდა, რომ მისმა განსვენებულმა მამამ გიორგიმ განსვენებულ იმპერატორ პავლეს «თავისი სამეფო მსხვერპლად შესწირა» მხოლოდ იმ განზრახვითა და თხოვნით, რათა მემკვიდრე, მისი ვაჟიშვილი, თავის კანონიერ ტახტზე დარჩენილიყო (Письмо Давида отъ 27-го мая 1801 г.)

დავითი ითხოვდა კნორინგის ნებართვას პეტერბურგში წარგზავნილი გაეგზავნა, რადგანაც, ავადმყოფობის გამო, თავად მას იქ გამგზავრება არ შეუძლია, იმპერატორისთვის მისი თხოვნის წარსადგენად, და რაც მთავარია იმისთვის, რათა ქართველი ელჩების საქციელის შესახებ გაეგო და იმის შესახებაც, თუ რას თხოვდნენ ისინი ჩვენს მთავრობას.

არ დააკმაყოფილა რა ბატონიშვილის თხოვნები, კნორინგმა, ამის საპირისპიროდ, აუცილებლად მიიჩნია დავითი სამეფოს მმართველობის მთელი საქმეებიდან ჩამოეშორებინა.

«მოვედი რა საქართველოში უმაღლესი ბრძანებით, – წერდა იგი სრულიად სახალხო შეტყობინებაში (Отъ 2-го iюня 1801 г.), – იმ საქმეების აღსრულებისთვის, რომლებიც მონარქის ნდობით მე დამეკისრა, და განსაკუთრებით კი საქართველოს მიწის შინაგანი მდგომარეობის ზუსტად გარკვევისთვის, მე ვნახე ბევრი ცვლილება, შემოღებული ნეტარხსენებული მეფის გიორგი ერეკლეს ძის გარდაცვალების შემდეგ, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის საქართველოსადმი წმინდა მანიფესტისა და სხვა უმაღლეს ნებათა საწინააღმდეგოდ, რომლებიც ჩემდამი გამოგზავნილ რესკრიპტებშია გამოხატული.

ზოგიერთ მფლობელს ჩამორთმეული აქვს სამეფო ხელისუფლების მიერ მისთვის ბოძებული ქონება; სხვებს ისინი გაუმრავლდათ სოფლებისა და თანამდებობათა ახალი დანიშვნით, რომლებიც შემოსავლებთანაა შეუღლებული; ზოგიერთმა დაკარგა თავისი ჩინი და მათ ადგილებზე სხვები დადგნენ, და ერთი სიტყვით ისეთ სიახლეები გამოჩნდა, რომლებიც, დამოკიდებული არიან რა მხოლოდ ხელმწიფის თვითმპყრობელობაზე, არღვევენ საქართველოს შესახებ იმპერატორის სიტყვის ღირსებას, რომელიც მთელ ქვეყანას გამოეცხადა. აქ ადგილი არ არის ყველა შემოპარული უწესრიგობის აღწერისთვის: საქართველოს ყველა მაცხოვრებლისთვის ისინი ცნობილია; მაგრამ ვალად მაწევს რა ზუსტად დავიცვა უმაღლესი ნება და გავაუქმე რა ჩემამდე მოსული ცნობით ყველაფერი, რაც იმპერატორობითი უდიდებულესობის ბრძანებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს მიწის მაცხოვრებელთაგან ყველას საერთოდ და თითოეულისა განსაკუთრებით უფლების უფრო ცხოვლად დამკვიდრებისთვის, ვუცხადებ მათ სრულიად სახალხო ცნობად, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მომავალ ბრძანებებამდე საქართველოში ყველაფერი უნდა დარჩეს იმ მდგომარეობაში, როგორიც იყო მისი უმაღლესობის საქართველოს მეფის გიორგი ირაკლის ძის სიცოცხლის უკანასკნელ საათს, და, ამის შედეგად, ყველა ცვლილებამ რაც შემდეგაა გაკეთებული, იმ პირის მიერ, ვისაც ხელისუფლებისგან ამაზე უფლება არ ჰქონდა, ამ შეტყობინების გამოცხადებისთანავე თავისი არსება უნდა დაკარგოს. ამგვარი საქმეების განხილვა და საჭირო წესრიგში დაუყოვნებლივ მოყვანა დავაკისრე საგანგებო მოხელეებს, გენერალ-მაიორ ლაზარევის თავმჯდომარეობით...»

თავადები მდივან-ბეგები: ზაალ ბარათაშვილი, ეგნატე თუმანიშვილი, იოანე ჩოლოყაშვილი, სულხან თუმანიშვილი და ტფილისის ობერ-პოლიცმაისტერი მელიქი დარჩია ბებუთაშვილი იქნენ დანიშნულნი ახალი მთავრობის შემადგენლობაში. ამ მთავრობას ევალებოდა ყველა ის საქმე განეხილა, რომელთა გადაწყვეტისთვისაც ქართველები უწინ მეფეს მიმართავდნენ. მას არ შეეძლო სისხლის სამართლის საქმეების გადაწყვეტა, რომელთა შესახებაც აუცილებლად კნორინგისთვის უნდა მიემართათ. 

«საქართველოს მიწის მაცხოვრებელთაგან ყოველი, – წერდა კნორინგი, – იცის რა, რომ ხალხის სიმშვიდე ხელისუფლების გარეშე არ შეიძლება არსებობდეს, რა თქმა უნდა, დაასკვნის, რომ მთავრობის დაარსება, შემდგარისა იმ მოხელეთაგან, რომლებმაც თავიანთი სამშობლოს ნდობა შეიძინეს, აუცილებლობის შედეგს წარმოადგენს. და ამიტომ საქართველოს მიწის ხალხის თითოეული წოდება და თითოეული მისი მაცხოვრებელი, ძველთაგანვე შემოღებული წესრიგის მიხედვით, მოვალეა თავისი საქმეების შესახებ მიმართოს არა თუ სადმე სხვაგან, არამედ მხოლოდ საქართველოს ამ მთავრობაში; იქცეოდეს მისი ბრძანებების მიხედვით და იმ ძალაუფლების ყველა გარეშე არასწორ მიმთვისებელს, რომელიც ამ მთავრობაზეა დაკისრებული, არ დაუჯეროს, ვინაიდან ეს იმპერატორობითი უდიდებულესობის წმინდა ნებას ეწინააღმდეგება». 

საქართველოს ახალ მთავრობას ვალდებულებად დაეკისრა თავის განკარგულებაში ჩამოერთვა მამულები, რომლებიც იმ ბატონიშვილებს ეკუთვნოდა, იმერეთში რომ იმყოფედოდნენ, და რომლებიც დავით ბატონიშვილმა სხვადასხვა თავადებს დაურიგა. შემოსავლები ამ მამულებიდან ბატონიშვილების დაბრუნებამდე საერთო ქართულ შემოსავლებში საგანგებო მუხლით შედიოდა. გიორგი მეფის შვილებისთვის, რომელთაც სოფლები და შემოსავლები არ ჰქონდათ, ნაბრძანები იქნა შესანახად თვეში ას-ასი მანეთი მიეცათ. დავით ბატონიშვილს, მისი კუთვნილი მამულებიდან შემოსავლების უმნიშვნელობის გამო, წელიწადში დამატებით 500 მანეთი დაენიშნა საქართველოს საერთო შემოსავლებიდან. ზუსტად ასევე და იმავე შემოსავლებიდან დარეჯან დედოფალს დაენიშნა პენსია 300 მანეთი თვეში (Предписанiе Кнорринга Лазареву 2-го iюня 1801 г., №1324).

ამასთან ერთად, ტფილისში სიწყნარისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის, მოწყობილ იქნა პოლიცია. მთელი ქალაქი დაიყო სამ ნაწილად: პირველი ორი თავად ქალაქში, მესამე კი შემოგარენში, რომელსაც გარეთუბანი ეწოდებოდა. ავლაბარი კი, როგორც შემოგარენი, რომელიც დარეჯან დედოფალს ეკუთვნოდა, მისდამი პატივისცემის გამო, იმ სახით იქნა დატოვებული, როგორც იყო. თუმცა კი, კნორინგმა ნება მისცა ლაზარევს, დედოფლის ნებაყოფლობით თანხმობის შემთხვევაში, იქაც საპოლიციო ნაწილი დაეარსებინა (Предписание Кнорринга Лазареву 31-го мая 1801 г.). წესდების მიხედვით, პოლიცია ვალდებული იყო ჰქონოდა ზუსტი ცნობები ქალაქის სახლების რიცხვის შესახებ, აგრეთვე მცხოვრებთა რიცხვის შესახებ აღმსარებლობის მიხედვით, ჩამოსულთა და გამგზავრებულთა რიცხვისა და წოდებების შესახებ, მცხოვრებთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

საქმეებს ჩამოშორებული დავით ბატონიშვილი კნორინგის განკარგულებებით უკიდურესად უკმაყოფილო გახლდათ. იყო რა სამეფოს მმართველი, იგი ახდენდა თავისი ინტერესების რუსეთის სარგებელთან შერწყმას. «თქვენთვის ცნობილია, – წერდა იგი ერთ წერილში ლაზარევს (Отъ 18-го января 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 298), – რომ საქართველო ახლა უკვე საქართველო აღარ არის, არამედ რუსეთი, ხოლო მისი მცხოვრებნი კი ამიერიდან იმპერიის ქვეშევრდომები არიან». ახლა კი, მმართველობისგან ჩამოშორების შემდეგ, იგი ჩვენი მთავრობის აშკარა მოწინააღმდეგე შეიქნა და მთელი ძალებით ცდილობდა როგორც რუსებისთვის, ისე ახლად შექმნილი მთავრობისთვისაც მავნებლობა მიეყენებია.

«ოთხი პლუტი და ერთი დურაკი მართავენ მთელ აქაურ მიწა-წყალს, – წერდა იგი თავად ბეგლარ ორბელიანს (Въ iюне 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместн.). – ამ დურაკმა ორი ჭარელი ლეკის ბიჭი დაიჭირა, რისთვისაც მათ ერთი ჯარისკაცი დაიჭირეს, ხელები მოკვეთეს, ცხვირი მოაჭრეს და გამოუშვეს (ყველაფერი ეს უსამართლობა იყო). ამას ლაზარევი მალავს. გარდა ამისა, რუსები ხალხს წყენას აყენებენ, ბაზარში საქონელს ართმევენ და თავადებს ცემენ. ახლა ბილეთებია დაწესებული; ვისაც ბილეთი არა აქვს, თავისთან არ უშვებენ (ბილეთები დადგენილ იქნა იმ ოთახში შეშვებისთვის, სადაც საქართველოს დროებითი მთავრობის სხდომები იმართებოდა). თავადები ქუჩებში ჰყრიან. ივანეს (იოანე ბატონიშვილს) მისწერე, თუ სექტემბრამდე არ იქნება, ასე შემდეგ გუბერნია დარჩება, საქმე სამუდამოდ გაფუჭდება. აუცილებლად მისწერე, რომ ძაღლის შვილი შეცვალონ».

ბატონიშვილი ხმებს ავრცელებდა ვითომდა მის მიერ პეტერბურგიდან მიღებული წერილის შესახებ, რომელშიც იმპერატორი ალექსანდრე მას საქართველოს მეფედ ამტკიცებს; რომ კნორინგის მიერ გაკეთებული განცხადება თვითნებურია და იმპერატორის სურვილს ეწინააღმდეგება; რომ თავისი გამეფების შემდეგ იგი შურს იძიებს იმათზე, ვინც ახლა მას არ ემორჩილება, და რომ, ბოლოს, ლეკები თავს დაესხნენ რუსულ ჯარებს, ბევრი დახოცეს და კიდევ უფრო მეტი ტყვედ წაიყვანეს. ერთი უკიდურესობიდან დავითი მეორეში გადავარდა: რუსეთის მომხრიდან, როგორიც დასაწყისში იყო, იგი ახლა თითოეული რუსის შეურიგებელ მტრად გადაიქცა. იგი კნორინგს ცილს წამებდა იმის გამო, რომ მან მმართველობას ჩამოაშორა; ცილს წამებდა ლაზარევს, რომ მან დაარბია და გაძარცვა მთელი საქართველო, რომ იგი წავიდა ერევანზე რათა თურქები, სპარსელები და ლეკები აემბოხებინა (ლაზარევის ამ მოძრაობის შესახებ იხ. ქვემოთ).

დავითი ჩიოდა ლაზარევზე, რომ იგი ართმევს მამულებს. ლაზარევი კნორინგის შეკითხვაზე პასუხობდა, რომ ამას აკეთებს საქართველოს მთავრობა, ართმევს რა მათ, რომლებსაც დავითმა თვითნებურად დაურიგა, და უბრუნებს რა მათ, რომელთაც გარდაცვლილი მეფისგან მათ ფლობაზე სიგელები და უფლება გააჩნიათ.

დავითი ჯერ კიდევ იმედოვნებდა დროებითი მთავრობის შემადგენლობაში მოხვედრის შესაძლებლობას. «გძინავთ თუ რა მოგივიდათ, რომ არ ცდილობთ? – ეკითხებოდა იგი ნიკოლოზ ონიკაშვილს, რომელიც ბატონიშვილებთან ერთად პეტერბურგში იმყოფებოდა (Письмо царевича Давида къ Николаю Оникову 5-го iюня 1801 г.) – კნორინგი აქ ჩამოვიდა და ყველა საქმეს ჩამომაშორა, ლაზარევმა კი, შეკრიბა რა ოთხი თაღლითი (პლუტი), ისინი საქართველოს მთავრობაში შეიყვანა. მთელ საქმეებს ისინი აწარმოებენ, მე კი ვერაფერში ვერ ვერევი... ეგნატეს (თავად თმანიშვილს) როგორ შეუძლია საქართველოს მართვა?» 

აღელვებდა რა ხალხს ცრუ ხმებით, დავით ბატონიშვილი ყველას არწმუნებდა, რომ ლაზარევს აქვს, მაგრამ მალავს იმპერატორ ალექსანდრეს ბრძანებას, რომელიც გარდაცვლილი იმპერატორის პავლეს მანიფესტს უარყოფს. სწრაფმორწმუნე ხალხი ღელავდა; ჩვენდამი ერთგული თავადები და აზნაურები თავიანთი ხვედრის გამო შიშობდნენ, და არც ლაზარევი მალავდა თავის შეშფოთებას ცუდი შედეგების გამო საქმეთა ასეთი მდგომარეობისგან.

«ჩემი აზრით, საუკეთესო საშუალებაა, – მოახსენებდა იგი (Письмо Лазарева Кноррингу 6-го августа 1801 года. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, стр. 341), – რომ ბაგრატიონთა მთელი საგვარეულო აქედან გავიყვანოთ, ხოლო სანამ იგი აქ იქნება, უწესრიგობებს დასასრული არ ექნებათ».

ბრალს დებდა რა რუსეთის წარმომადგენლებს, კნორინგსა და ლაზარევს, თვითნებურ მოქმედებებსა და შევიწროვებაში, დავითი ამბოხებდა ლეკებს და ცდილობდა მეზობელი ხანების დაყოლიებას ემოქმედათ საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მეფობას აპირებდა.

ბატონიშვილის დაპირებანი და თხოვნები უკვალოდ არ იკარგებოდა: ისინი წამგებიანად აისახებოდა უბედურ ქართველებზე, რომლებიც თავისიანებისგანაც განიცდიდნენ რბევა-აწიოკებას, და მეზობლებისგანაც, რომელთაგან საქართველოს პირველ არაკეთილმოსურნეთა რიცხვში შეგვიძლია ერევნის ხანი დავასახელოთ.

ერევნის ხანის საქციელი რუსეთთან მიმართებაში უკიდურესად წინააღმდეგობრივი იყო. იგი ხან იმპერატორის მფარველობას ეძიებდა და ამ საქმეზე მოლაპარაკებებისთვის თავის წარმოგზავნილებს აგზავნიდა, ხან საქართველოს წინააღმდეგ მტრულ მოქმედებებს იჩენდა, იცოდა რა, რომ იგი რუსეთის დაცვის ქვეშ იმყოფება (Рапортъ Лазарева Кноррингу 23-го марта 1801 г. Константиновъ, ч. I, 24 /рукопись/).

სარგებლობდა რა, ასე ვთქვათ, საქართველოს ორაზროვანი მდგომარეობით და მიჰყვებოდა რა ბატონიშვილების თხოვნას, მან ბამბაკის აღალარებს ანუ უფროსებს თავისთან მოუწოდა და დაუწყო მოთხოვნა, რომ ყველა ბამბაკელი დაუყოვნებლივ მის ქვეშევრდომობაში შესულიყო. ერევნელმა მეჰმედ-ხანმა იმდენი მოახერხა, რომ აღალარები მის მოთხოვნას დაეთანხმენ. შემდეგ ამის კვალდაკვალ ერევნის ხანმა ბამბაკში 400 ერევნელი გამოგზავნა და 14-მდე სოფელი, რომლებიც თავიანთ აღალარებთან ერთად დაახლოებით 6000 მცხოვრებს მოითვლიდა, თავის სამფლობელოებში გაიყვანა (Рапортъ Лазарева Кноррингу 10-го iюня 1801 г. Константиновъ, ч. I, 138).

ბამბაკელთა წასვლის მიზეზი იყო შევიწროვებანი, რომლებსაც ისინი მოურავის თავად ორბელიანისგან განიცდიდნენ, რომელიც მათ განსვენებული მეფის სიმამრის, თავად ციციშვილის არყოფნის გამო მართავდა, რომელიც (თავადი ციციშვილი) პეტერბურგში იმყოფებოდა.

ლაზარევმა, შეიტყო რა ბამბაკში მომხდარი მღელვარებების შესახებ, მაშინვე მისწერა ერევნის მფლობელს, რათა მას თავის თავხედურ ჩანაფიქრებზე ხელი აეღო. თუმცა კი, არ ჰქონდა რა თავისი მოთხოვნის შესრულების იმედი და შემდგომ უწესრიგობათა თავიდან აცილებისთვისაც, ლაზარევი თავისი პოლკის ეგერთა ბატალიონით, გენერალ-მაიორ ლეონტიევის 1-ლი პოლკის მუშკეტერთა ბატალიონით, ეგერთა 17-ე პოლკის სამი მსუბუქი ქვემეხით, 100 კაზაკითა და რამდენიმე ასეული (500-მდე) ქართველით, ერთი ქართული ქვემეხით, სარდლის თავად იოანე ორბელიანის მეთაურობით (30 ივნისს) ტფილისიდან გამოვიდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 26-го iюня 1801 г., № 338).

ერევნისა და ნახჭევნის ხანები და სახანოთა უმნიშვნელოვანესი მოხელენი, შეიტყვეს რა ამ მოძრაობის შესახებ, სათათბიროდ შეიკრიბნენ და ამბობდნენ, რომ არ შეიძლება ქრისტიანების დაშვება მუსლიმანებზე მფლობელობისთვის და ამიტომ აუცილებელია ბამბაკის პროვინციის რუსებისგან დაცვა. ამ საფუძველზე გადაწყვეტილ იქნა ჯარის შეკრება.

საბჭოს ერთსულოვანი სურვილის მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ მტრულად ემოქმედათ, მეჰმედ-ხანს უკეთესად და თავისთვის უფრო მომგებიანად მიაჩნდა თავიდან ლაზარევთან მოლაპარაკებებში შესულიყო და თავისი გაუგებრობანი შესაძლო-მშვიდობიანი გზით დაესრულებინა. მან ლაზარევთან თავისი წარგზავნილი გამოგზავნა გამოცხადებით, რომ ბამბაკის პროვინცია მას, ხანს ეკუთვნის, რადგანაც აქვს ფირმანი აღა-მაჰმად-ხანისგან საქართველოს აოხრების დროს მისთვის ამ პროვინციის წყალობის შესახებ, და ამიტომ მის მფლობელობაში შედის.

– ხანს არა აქვს განზრახული რუსებთან მტრული მოქმედებები ჰქონდეს, – ამბობდა ერევნელი წარმოგზავნილი, – პირიქით, იგი ეძიებს ხელმწიფე იმპერატორის მფარველობას და გთხოვთ, რომ თქვენ ბამბაკის პროვინციას არ გამოექომაგოთ. იმპერატორისთვის გაცილებით უკეთესია ქვეშევრდომობაში ჰყავდეს თავად ხანი, ვიდრე ბამბაკის პროვინცია.

აზარევმა სთხოვა ხანისთვის გადაეცა, რომ მოვალეა რა თვალ-ყურს ადევნებდეს იმას, რათა საქართველოს ყველა მცხოვრები სრულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში იმყოფებოდეს, ამიტომ ის მოდის საზღვრისკენ და მოითხოვს ხანისგან მისი ხრიკების დატოვებას (Рапортъ Лазарева Кноррингу 13 iюля 1801 г. Акты Кавк. Археогр. Ком., т. I, стр. 617).

გამოცხადდა რა რაზმით ბამბაკში და დარწმუნდა რა, რომ ხალხმა, რომელიც დაჰყვა ხანის მუქარებს, დატოვა თავისი სახლები, ლაზარევი, 11 ივლისის მოწოდებით მოითხოვდა, რათა მცხოვრებნი, ურჩობისთვის მკაცრი სასჯელის შიშის ქვეშ, თავიანთ საცხოვრებლებში დაბრუნებულიყვნენ.

მაშინვე მოწოდების შემდეგ ხუთი სოფლის მაცხოვრებლები გამოცხადდნენ. დანარჩენების უფრო მეტად გამხნევებისთვის რაზმმა გზა განაგრძო და ერევნის სახანოს საზღვარზე მოვიდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 15-го iюля 1801 г.). აქ ლაზარევთან მეჰმედ-ხანის სხვა წარმოგზავნილი მოვიდა, ახალი დარწმუნებებით იმაში, რომ ხანს არ სურს ჰქონდეს მტრული მოქმედებები რუსეთთან. თავადი თარხნიშვილი გაგზავნილ იქნა ერევანში დავალებით რათა მოეთხოვა ხანისგან ერევანში მყოფი დანარჩენი აღალარებიც დაებრუნებია. ერევნის ხანმა მაშინვე გაათავისუფლა დაპატიმრებულნი და თარხნიშვილს გამოუცხადა, რომ აქვს რა უფლება ბამბაკზე, აღა-მაჰმად-ხანის ფირმანის საფუძველზე, ამ პროვინციის დასაუფლებლად ქართველი ბატონიშვილების მიერ იქნა შეგულიანებული.

მართლაც, დავით ბატონიშვილმა ხანს შეატყობინა, რომ მის წინააღმდეგ რუსული ჯარის 400 ადამიანია გაგზავნილი, და არწმუნებდა მას არ მიეცა რუსებისთვის ბამბაკის პროვინცია, რომელსაც დავითი ხანს უთმობდა. ბატონიშვილი სთხოვდა ერევნის ხანს ტახტის დაუფლებაში დახმარებოდა და ჰპირდებოდა მას ზუსტად იმ ხარკის გადახდას, რომელსაც ხანი უწინ საქართველოს მეფეებს უხდიდა. ვახტანგი, იულონი და ალექსანდრე ასევე სთხოვდნენ რუსებისგან საქართველოს განთავისუფლებაში დახმარებას. ერევნიდან მოსული სომეხი მთავარეპისკოპოსი გრიგოლი, რომელსაც მეჰმედ-ხანმა ბატონიშვილების წერილები უჩვენა, ამ მიმოწერის სარწმუნოობას ადასტურებდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 4-го августа и письмо его же 5-го августа)

ბატონიშვილები აიმედებდნენ ხანს, რომ თუ ის რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევს, მაშინ მიიღებს დახმარებას იმერეთიდან; რომ იულონი და ალექსანდრე, შეუერთდებიან რა ახალციხელ შერიფ-ფაშასა და იმერეთის მეფეს, ერთი მხრიდან იმოქმედებენ, ლეკები კი მეორე მხრიდან მოახდენენ თავდასხმას.

დავითი არ ურჩევდა ხანს რუსეთის მფარველობა ეძია.

– შენ ხედავ, თუ რას უკეთებენ საქართველოს: შენც ასევე გაგაგდებენ, ეუბნებოდა ხანს ბატონიშვილისგან წარგზავნილი.

მაგრამ ჩვენი ჯარების სიახლოვემ აიძულა ხანი ბატონიშვილთა თხოვნა უარეყო და ლაზარევთან კიდევ ერთხელ მოევლინა წარმოგზავნილი დაპირებით შეეწყვიტა თავისი ყოველგვარი პრეტენზიები ბამბაკის პროვინციაზე.

დატოვა რა ყარაქელესაში მუშკეტერების ბატალიონი, ეგერთა ასეული, არტილერია და კაზაკები, ლაზარევი ბორჩალოსა და ყაზახის გამოვლით ტფილისში დაბრუნდა. თავის დაბრუნებამდე მას უნდა გაეგზავნა ყაზახებისგან შემდგარი რაზმი, თავად ჭავჭავაძისა და თავად სოლომონ ავალიშვილის უფროსობით, შამშადილელთა მორჩილებაში შენარჩუნებისთვის, რომლებიც განჯის ხანმა დაიყოლია მასთან გადასახლებულიყვნენ (Рапортъ Лазарева Кноррингу 18-го iюля 1801 г.).

ახალციხის მხრიდან საქართველოს საზღვარი ასევე ვერ იყო უზრუნველყოფილი.

1801 წლის მარტში, ახალციხელი საბუდ-ფაშა, ადამიანი, რომელიც რუსეთისადმი კარგად იყო განწყობილი და ლეკებსა და თურქებს საქართველოში მტაცებლური შემოჭრებისგან აკავებდა, ახალციხიდან თავისი ნათესავის, შერიფ-ფაშის მიერ იქნა განდევნილი (Рапортъ Кнорринга Государю Императору 19-го марта 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

საბუდ-ფაშა არზრუმში წავიდა, სადაც არზრუმისა და ჩილდირის გუბერნატორად იქნა დანიშნული.

ახალციხიდან შერიფ-ფაშის განდევნისთვის, საბუდ-ფაშამ თხოვნით დავით ბატონიშვილს მიმართა, რომელმაც მას დასახმარებლად საქართველოდან მელიქ-აბოვის უფროსობით ყაზახების რაზმი გაუგზავნა. შეიტყო რა ამის შესახებ, კნორინგმა ბრძანა საქართველოს ჯარები დაებრუნებიათ და ურჩევდა დავით ბატონიშვილს თურქულ საქმეებში არ ჩარეულიყო (Предписанiе Кнорринга Лазареву 31-го мая, № 1295).

არ მიეცა რა დახმარება, საბუდ-ფაშა ითხოვდა პაემანს ლაზარევთან, რომელიც 11 ივლისს შედგა (Рапортъ Лазарева Кноррингу 12-го iюля, № 325).

ცდილობდა რა დაერწმუნებია ყოველთვის რუსეთისადმი თავის ერთგულებაში და უჩვენა რა სულთნის ფირმანი, რომელიც უბრძანებდა მისთვის შერიფ-ფაშის თავი გაეგზავნა, საბუდი ლაზარევს მისთვის ჩვენი ჯარებით დახმარების აღმოჩენას და ამით რუსეთის მოკავშირე ოტომანის პორტასთვის სასურველი საქმის გაკეთებას თხოვდა.

ვერ მიიღო რა ლაზარევისგან პასუხი, საბუდ-ფაშას ახალი განსაცდელები და დევნა უნდა განეცადა.

ჰყავდა რა პირადი მტერი იუსუფ-ფაშის სახით, ჯარების უფროსისა, რომლებიც მაშინ საფრანგეთის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, და რომლის მოალერსებასაც პორტა მთელი ძალებით ცდილობდა (Письмо Сабуда-паши Лазареву безъ числа. Тифл. Арх. Канц. Нам.), საბუდმა მალე, იუსუფის ხრიკებით, გუბერნატორის ადგილი დაკარგა და საქართველოში დასახლების ნებართვა უნდა ეთხოვა. ვერ მიიღო რა ნებართვა, იგი მეფის სოლომონ II-ის მფარველობის ქვეშ, იმერეთში წავიდა. ფულების დახმარებით, შერიფ-ფაშამ იმერეთის მეფისა და ალექსანდრე ბატონიშვილის მოსყიდვა მოახერხა. ლაზარევის დაბეჯითებული თხოვნების მიუხედავად, საბუდი და მასთან მყოფ ექვსი ადამიანი თავმოკვეთილ იქნენ და მათი თავები შერიფ-ფაშას გაუგზავნეს. იმერეთის მეფემ ამ ბოროტი საქციელისთვის ათი ქისა პიასტრები მიიღო; დედოფალმა – ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ხატი; ალექსანდრე ბატონიშვილმა – ხუთი ქისა, და იმერეთის ორმა მოხელემ კი – ოთხი ქისა პიასტრებით. გარდა ამისა, სოლომონმა შერიფ-ფაშასთან გაგზავნა თავისი მოხელე, რათა ხელშეკრულების მიხედვით კიდევ ოთხმოცი ქისა მიეღო (Изъ рапорта Кнорринга Государю Императору 26-го марта 1802 г.).

საბუდ-ფაშის განდევნა ახალციხიდან მეტად არასასიამოვნო იყო ჩვენი მთავრობისთვის. მან მისი სახით დაკარგა რუსეთისადმი ერთგული ადამიანი, რომელიც ლეკებს საქართველოში მტაცებლური შემოჭრებისგან აკავებდა. საბუდისთვის ფაშის ღირსების წართმევა ხელებს უხსნიდა ლეკებს, რომლებიც უწინდებურად თავს არ ანებებდნენ ყველა საზღვარზე თავდასხმებისა და მტაცებლობათა მოწყობას. ასე, 1801 წლის 29 მარტს ლეკების პარტიამ დაარბია ქართული სოფლები მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ტფილისის შორიახლოს, ამასთან მათ მამრობითი და მდედრობითი სქესის 80 ადამიანი ტყვედ წაიყვანეს და 300 თავი საქონელი გაირეკეს.

6 ივნისს ლეკებმა მოახდინეს თავდასხმა კაზაკების ჯოგზე და ცხენები გაირეკეს.

ორივე შემთხვევაში ისინი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ, რის გამოც მათ თავიანთი ნადავლი და ტყვეები დატოვეს, რომლებიც თავიანთ სახლებში იქნენ დაბრუნებულნი (Рапортъ капитана Савельева Кноррингу 31-го мая, № 100, и рапортъ Лазарева 8-го iюня, № 317).

6 ივლისს ლეკების პარტიამ ალაზნის მხრიდან ხშირი ტყის გამოვლით მოაღწია ხუთ ვერსზე სოფელ ველისციხესთან, სადაც ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკის ცხენები ბალახობდნენ, მაგრამ, ვერ მოახერხა რა მათი გარეკვა, მიიმალა და თავისი თავდასხმა, 400-მდე ადამიანის რიცხვით, 8 ივლისს გაიმეორა, თუმცა კი ისევ წარუმატებლად. 

იმყოფებოდნენ რა ახალციხის ფაშის სამსახურში და მის ჯამაგირზე, ლეკები საქართველოში შემოჭრას ყველაზე ხშირად ამ მხრიდან ახდენდნენ. 20 ივნისს მიღებულ იქნა ცნობა, რომ ლეკების მნიშვნელოვანი პარტია შემოიჭრა საქართველოს ფარგლებში იმ სოფლების დასარბევად, რომლებიც მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ახალქალაქის მახლობლად მდებარეობდნენ. იმერეთის საზღვრებზე ჯარების მეთაურმა, პოდპოლკოვნიკმა სიმონოვიჩმა თავისი სახელობის ასეულს უბრძანა სოფელ ბრეთიდან ქარელისკენ დაძრულიყო, ხოლო კაპიტან რაიხის ასეულს კი – გორიდან სოფელ დოესისკენ. წაიყვანა რა ასეული ქარელიდან და ეგერთა 17-ე პოლკის მაიორ პლესტის ასეული, მასთან მყოფი კაზაკებითა და ქართველი თავადებით, სულ 79 გრენადერი, 48 ეგერი, 22 კაზაკი და 100 ქართველი, სიმონოვიჩი, გადაიარა რა მამცულარისა და გუჯარეთის ქედები, ფიქრობდა ლეკების კვალზე წასულიყო, ხოლო კაპიტან რაიხისთვის კი ახალქალაქის მხრიდან თვალყურის დევნება დაევალებინა. 21 ივნისს სიმონოვიჩი რაზმით დარბეულ ქართულ სოფელ ზღუდერთან მოვიდა, და შემდეგ, გადავიდა რა მდინარე გუჯარეთზე და გვერდი აუქცია თურქეთის საზღვარს მდინარე ქციის სათავეებთან და ბისკურის ტბასთან, მან ქართულ სოფელ საფიცალომდე მიაღწია. 24 ივნისს, ავიდა რა სოფლის ზემოთ, მდინარე ქციის სიმაღლეზე, იგი შეხვდა ლეკებს, რომლებიც 760-მდე ადამიანის რიცხვით ახალციხეში ბრუნდებოდნენ.

ლეკები მდინარე ქციისკენ წავიდნენ. სიმონოვიჩი მათ თავიდან დაედევნა, მაგრამ შემდეგ თავი ანება და თრიალეთის მინდვრებზე გამავალ დიდ გზაზე მომგებიანი ადგილი დაიკავა. დაისვენა რა აქ, იგი მდინარე ქციის გავლით კოხადშების სიმაღლეებისა და ვიწრობებისკენ (დეფილე) გაემართა, სადაც ერთდება ტფილისის, მანგლისის, მცხეთის, ახალქალაქის, ხოვლესა და სხვა ადგილებისკენ მიმავალი გზები. ეს მოძრაობა ლეკებმა უკანდახევად მიიღეს და სიმონოვიჩს შემოუტიეს, მაგრამ მოგერიებულ იქნენ და გარეკილნი ახალციხის სამფლობელოებში, თავიანთ ბანაკში, რომელიც ქალაქ ხერთვისის მახლობლად არტაიურტის დეფილეში იმყოფებოდა და სადაც ისინი ტყვე ქართველებსა და საქონელს ინახავდნენ (Рапортъ Симоновича Лазареву 28-го iюня, № 361).

8 და 10 აგვისტოს ლეკები ისევ შემოიჭრენ საქართველოში და დაეშვნენ რა ხიობის სამანებში, სოფელ ხერცხიულზე აპირებდნენ თავდასხმას, მაგრამ ჩვენი ჯარებისგან დევნის გამო უკანვე წავიდნენ (Рапортъ Кнорринга Государю Императору 1-го октября 1801 г.). 

თუმცა კი ლაზარევი სთხოვდა ფაშას ლეკებისთვის მსგავსი მძარცველობები აეკრძალა, მაგრამ შერიფ-ფაშა, ღებულობდა რა წერილებს, მხოლოდ სხვადასხვა ამკრძალავ ბრძანებებს გამოსცემდა, ამასობაში კი მათგან ტყვეებს თავადვე ყიდულობდა, მტაცებლებს პროვიანტით ამარაგებდა, მათ თავკაცებს საჩუქრებს აძლევდა; ლაზარევს კი სწერდა, რათა მას ლეკები საზღვარზე არ გადმოეშვა (Рапортъ Лазарева Кноррингу 20-го сентября 1801 г.). ფაშა ატყობინებდა, რომ მან განდევნა ლეკები, მაგრამ მათი ნაწილი ყარსის ფაშამ თავისთვის დაიქირავა (Письмо Лазарева Кноррингу 5-го августа).

ლეკები მტაცებლობდნენ და იმავე დროს რუსეთის მფარველობას ეძიებდნენ. სექტემბერში მათ რამდენჯერმე მიმართეს თხოვნით ქვეშევრდომობის შესახებ და ბოლოს ლაზარევის მიერ კახეთის საზღვრის შემოვლისას იმავე თხოვნით ორი დეპუტატი გამოგზავნეს და ითხოვდნენ, რომ ლაზარევს მათთვის წერილობითი პასუხი მიეცა. ლაზარევი არ თანხმდებოდა და თავისი აზრი სიტყვიერად გამოუთქვა; მაგრამ დეპუტატებს მისი წერილის გარეშე გამგზავრება არ უნდოდათ. მაშინ, დაუწერა რა მათ წერილი, ლაზარევი ერთგულების საწინდრად ამანათებს მოითხოვდა. წაიკითხეს რა წერილი, ლეკების თავკაცებმა ის დახიეს, თავიანთი წარმოგზავნილების სახლები დაწვეს, ერთერთი მათგანი მოკლეს და ჩვენი მოხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადეს. 

მიიღეს რა დახმარებაში დაიმედება შუშის, შემახიისა და სხვა ხანებისგან და იცოდნენ რა, რომ მსგავსი საქციელი დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს, ლეკებმა თავიანთი ქონების დიდი ნაწილი დაღესტანში გაგზავნეს, ნაწილიც მიწაში ჩაფლეს და წინააღმდეგომის გაწევა გადაწყვიტეს. ლაზარევი ითხოვდა კნორინგის ნებართვას ჭარ-ბელაქანზე დაძრულიყო, რათა მტაცებლები გადაუდებლად დაესაჯა, მით უმეტეს, რომ თოვლით დაფარული მთები ართმევდნენ მათ საშუალებას საიდანმე გარეშე დახმარება მიეღოთ (Рапортъ Лазарева Кноррингу 19-го ноября 1801 г., № 478. Тифл. Арх. Канц. Наместника). კნორინგმა უარყო ეს წინადადება და ურჩევდა ლაზარევს არ გაეკეთებინა არანაირი «ქვეშევრდომობაში მოპატიჟება, მით უმეტეს ლეკთა თემებისთვის, როგორც არამდგრადი ხალხისთვის» (Предписанiе Кнорринга Лазареву 5-го декабря. Тифл. Арх. Канц. Нам.).

ხედავდნენ რა ლეკთა შემოსავლიან ხელობას, თურქებმაც ასევე დაიწყეს მონაწილეობა ქართლში ლეკების ძარცვასა და თავდასხმებში. იმპერატორმა ალექსანდრემ ბრძანა ეცნობებინათ პორტასთვის, რათა მას შერიფ-ფაშისთვის თვითნებობები აეკრძალა; საქართველოში უფროსს კი ებრძანა, რომ თუ ამის შემდეგაც მტაცებლობები არ შეწყდება, მაშინ შემოჭრაზე ლეკების ყოველი მცდელობისას ფაშის მიწებზე შურისძიება მოეხდინათ (Высочайшiй рескриптъ Кноррингу 15-го октября 1801 г.).

დარეჯან დედოფალმა გამოაცხადა, რომ, ხელმწიფისადმი გულმოდგინების გამო, მას სურს რუსეთის მფარველობაში შემოსვლაზე თავისი შვილიშვილი, იმერეთის მეფე სოლომონ II დაიყოლიოს. ლაზარევი პასუხობდა, რომ ნებართვის გარეშე ამაზე დათანხმება არ შეუძლია. მაშინ სოლომონმა თავად მიმართა წერილით ლაზარევს და ითხოვდა ნებართვას თავისი წარგზავნილი პეტერბურგში გამოეგზავნა. იმპერატორმა ალექსანდრემ ბრძანა იმერეთის მეფისთვის ასეთი განზრახვა გადაეფიქრებინათ (Высочайшiй рескриптъ Кноррингу 17-го сентября 1801 г. Протоколъ государственнаго совета 9-го сентября 1801 г. Госуд. Арх.), პორტასთან თანხმობის შენარჩუნებისთვის, რომელზეც დამოკიდებულად იმერეთი ითვლებოდა. იმპერატორმა დაავალა კნორინგს საერთოდ ყველა გარემომცველ ხანთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები შეენარჩუნებინა. 

იმერეთის მეფის, ერევნისა და ნახჭევნის ხანების გარდა, ხოელმა ჯაფარ-ყული-ხანმაც, რომელიც ბაბა-ხანმა ხოის სახანოს მმართველობას ჩამოაშორა, ლაზარევთან წარმოგზავნილი მოავლინა განცხადებით, რომ იგი ეძიებს რუსეთის იმპერატორის მფარველობას, არ უნდა რა თავისთვის დასახმარებლად არც ჯარები და არც ფულადი ანაზღაურება (Рапортъ Лазарева Кноррингу 4-го февраля 1801 г.).

ელისუს სულთანი ასევე წერდა, რომ მას უნდა სურს რუსეთის ხელმწიფეს ემსახუროს, როგორც გრაფ ვალერიან ზუბოვის დროს ემსახურებოდა (Рапортъ Лазарева 7-го декабря)

კნორინგმა, მიიღო რა ცნობა ხანების სურვილის შესახებ, ლაზარევს შეატყობინა, რომ მას არა მხოლოდ თავი შეეკავებინა ქვეშევრდომობაში ყოველგვარი მოპატიჟებისგან, არამედ საქართველოს სამეფოს საზღვრებზე თავდასხმებისთვის მთიელი ხალხების დასჯაზეც ხელი აეღო იმ დრომდე, როცა თავად საქართველოში წესრიგი დამყარდება, და ჩვენ უფრო მყარად გავამაგრებთ მასში ჩვენს მფლობელობას (Предписанiе Кнорринга Лазареву 5-го декабря 1801 г.).

ამრიგად, ჯარების სარდლის მთავარ ამოცანად იქცა საზღვრების სრული უზრუნველყოფა და მათი დაცვა.

მოახდინა რა ჯარების ახალი განთავსება, მოთხოვნილებათა შესაბამისად, კნორინგმა დატოვა საქართველო და ს.-პეტერბურგში გამოემგზავრა.

(ჯარები შემდეგნაირად იქნა განთავსებული: 

კავკასიის გრენადერთა პოლკი: საშეფო ბატალიონი სამი ასეულით ტფილისში; პოდპოლკოვნიკ სიმონოვიჩის ბატალიონმა სამი ასეულითა და ერთი ქვემეხით დაიკავა ქ. გორი; თითო-თითო ასეული განლაგებულ იქნა სურამსა და ცხინვალში. სურამში იმყოფებოდა ერთი საველე ქვემეხიც. 

ტფილისის მუშკეტერთა პოლკი: საშეფო ბატალიონის ერთი ასეული საგარეჯოში და თითო-თითო ასეულიც სოფლებში: ხოშმში, პატარძეულში, მარტყოფსა და მანავში. პოდპოლკოვნიკ კუზენევის ბატალიონი ბორჩალოში და შულავერის სოფლებში. 

ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკი: საშეფო ბატალიონის ერთი ასეული ქვემეხით ქ. თელავში, ერთი ასეული სოფელ ველისციხეში, ერთი ასეული ქვემეხით სოფელ ყვარელში და ერთი ასეულიც სოფელ შილდაში. პოდპოლკოვნიკ სოლენიუსის ბატალიონი: ასეული ქვემეხით სოფელ ჯიგაანში, თითო-თითო ასეული სოფლებში სოკაბში, მოშნარში, ანაგასა და კარდანახში; უკანასკნელ სოფელში იმყოფებოდა ერთი ქვემეხიც. 

ეგერთა 17-ე პოლკი: საშეფო ბატალიონი ორი ქვემეხით ტფილისში. პოლკოვნიკ კარიაგინის ბატალიონი: ორი ასეული დუშეთში, თითო-თითო ასეული სოფლებში ხორელსა /ქ. გორის მახლობლად/ და ფარსიანში და ერთი ასეულიც ქვემეხით სოფელ კოდაში /ტფილისის ქვემოთ/. 

დონელ კაზაკთა შჩედროვის მე-2 პოლკი განთავსებულ იქნა იმავე ქალაქებსა და ადგილებში, სადაც იდგა სხვა ჯარები. კაზაკები მცირე პარტიებად იყვნენ მიმოფანტულნი – 10-დან 40 ადამიანამდე – და სხვადასხვაგვარი გაგზავნისა და სადარაჯო სამსახურისთვის გამოიყენებოდნენ) 

თავი XIX 

(კნორინგის აზრი საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ. – სახელმწიფო საბჭოს 1801 წ. 8 აგვისტოს სხდომა. – მისი წევრების აზრი საკითხზე რუსეთისადმი საქართველოს შემოერთების შესახებ. – მანიფესტი საქართველოს შემოერთების შესახებ. – დებულება ქვეყნის საშინაო მმართველობის შესახებ.)

ოცდაორი დღე დაჰყო კნორინგმა საქართველოში.

15 ივნისს იგი უკვე კავკასიის ხაზზე იმყოფებოდა და ს.-პეტერბურგში გამომგზავრებას აპირებდა.

მისი აზრით, საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა ისეთი იყო, რომ მხოლოდ თავისი ძალებით მას არ შეეძლო წინ არც სპარსეთის ძალაუფლებისმოყვარულ პრეტენზიებს აღდგომოდა, არც თავისი გარემომცველი მთიელი ხალხების თარეშები მოეგერიებინა. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ საქართველო ისეთი სუსტი იყო, რომ 61000 ოჯახიდან, რომლებიც შემოსევამდე მოითვლებოდა, ახლა მასში 35000 ოჯახი ძლივსღა თუ იქნებოდა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 28-го iюля 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, дела грузинскiя. Кн. 1. См. также Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 425).

საქართველოს გარეშე მტრების მოქმედებები და საქციელი არ შეიძლებოდა ჩვენს მთავრობას საგანგებო ყურადღებად არ მიეღო. სამეფო ესაზღვრებოდა: აღმოსავლეთში ავარებს, ლეკებსა და სხვა დაღესტნელ ხალხებს; დასავლეთში თურქულ სამფლობელოებსა და იმერეთს; სამხრეთში განჯისა და ერევნის სახანოებს; ჩრდილოეთში კი სხვადასხვა კავკასიელი ხალხებით იყო შემორკალული, რომლებიც ჩვენს კავკასიის ხაზს ემეზობლებოდნენ.

ჩრდილოეთიდან საქართველოს დიდი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან კი იგი დაღესტნელი ხალხებისა და განჯის ხანის განუწყვეტელ თავდასხმებს განიცდიდა. უკანასკნელი შამშადილის პროვინციაზე, რომელიც დიდი ხანია ქართული იარაღით იყო შეძენილი, თავის უფლებებს ეძიებდა. ავარებისა და ლეკების მრავალრიცხოვანი ძალები ყოველთვის მავნებელი იყო საქართველოსთვის. ცხოვრობდნენ რა ძარცვითა და ყაჩაღობით, დაკავებული იყვნენ რა განუწყვეტლად ომით – ან დაქირავებით, ან ნადავლის მიღების იმედით – ეს ხალხები მრავალრიცხოვან ბრბოებად იჭრებოდნენ საქართველოში, რომლის გახსნილი საზღვრებიც ამისთვის არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენდა. მთები და ტყეები ქვეყნის შიგნით და მზა ჯარების არყოლა ლეკების ქურდულ შემოჭრებს ახალისებდა. მაცხოვრებლებს, რომელთაც თავისთან დამაკმაყოფილებელი იარაღი არ გააჩნდათ, თარეშები თავად უნდა მოეგერიებინათ. განჯის მხრიდან საქართველო, ასევე, არც ბუნებრივ და არც ხელოვნურ დაბრკოლებებს არ წარმოადგენდა. გზა სპარსელებისთვის ისე მოხერხებული და ღია გახლდათ, რომ ისინი ერთ დღეღამეში განჯიდან ტფილისის კედლებთან შეიძლებოდა გამოცხადებულიყვნენ. განჯის ხანი სპარსელთა საუკეთესო მეგზურად ითვლებოდა: მან ტფილისთან აღა-მაჰმად-ხანი მოიყვანა, საქართველოში მისი შემოჭრისას.

თურქები თუმცა კი თავის თავად თავდასხმებს არ ახდენდნენ, მაგრამ მოსაზღვრე ფაშები, უფროსობდნენ რა ოლქებში მემკვიდრეობით და ინახავდნენ რა თავიანთ საკუთარ ჯარს, მას ლეკებითა და სხვა დაღესტნელი ხალხებით აკომპლექტებდნენ. ჩვეულებრივი თვითნებობისა და მოუთვინიერებლობის გამო, ლეკები ზოგჯერ ახალციხის მხიდან ქართლში იჭრებოდნენ და მის სოფლებს არბევდნენ. მათ მოგერიებაში საქართველოს თვით თავისი თანატომელი იმერლების იმედიც არ შეიძლებოდა ჰქონოდა, რომლებიც მათ სარგებელზე უფრო უფრო მეტ ზარალს აყენებდნენ. იმერელთა ქცევები აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრისას მოწმობს, თუ რამდენად შეეძლო საქართველოს მათ დახმარებას დაყრდნობოდა.

თავად ქართველებს კი არ შეეძლოთ მოწინააღმდეგეს წინ აღდგომოდნენ. ხალხი თავადაზნაურობის მხრიდან უკიდურესად დამონებული გახლდათ, რომელიც (თავადაზნაურობა) მხოლოდ საკუთარ სარგებელს მიჰყვებოდა. თავადებისა და აზნაურთა უმრავლესობა ორ მტრულ პარტიად იყოფოდა. იულონ და დავით ბატონიშვილები ამ ორი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაგან უფრო მრავალრიცხოვანი იულონის პარტია ჩანდა. ორივე მხარეს ერთი-მეორისთვის დათმობა არ უნდოდა, და საქართველოს, მისცემდა რა ერთერთ ბატონიშვილს ტახტს, წინასწარ სასტიკი სისხლისღვრა და ძმათაშორისი ომი უნდა გადაეტანა, და მაშინ უკვე «თავისი სამწუხარო ნარჩენებისგან თვითმყოფადი სამეფოს სუსტი აჩრდილი შეედგინა», იმისთვის, რათა ან სპარსელების თვითმპყრობელობას ჩავარდნოდა ხელში, ან კიდევ სხვა მტაცებელი ხალხების ძარცვა-რბევა განეცადა.

გასაკვირი არ არის, რომ მოწინავე ადამიანებს, ქართველი ხალხის წარმომადგენლებს, დიდი ხანია სურდათ საქართველო რუსეთის დაცვის ქვეშ გადმოეცათ. ერეკლე II ერთერთი პირველი გახლდათ, რომელმაც თავისი სამეფოს სწრაფი დაღუპვა წინასწარ შეიგრძნო (предвидел). იგი ჯერ კიდევ იმპერატრიცა ეკატერინე II-ს თხოვდა ნებართვას პირადად შეხვედროდა გრაფ გუდოვიჩს, იმ საქმეებზე ახსნა-განმარტებისთვის, რომლებიც რუსეთისა და «კავკასიის ქვეყნის» ინტერესებს შეეხებოდა. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის გამო ეს პაემანი ვერ შედგა. ერეკლე II-ის მონაცვალე, მისი ვაჟი გიორგი, თავისი მამის სურვილსა და შეხედულებებს იზიარებდა და, კარგად იცოდა რა ქვეყნის მდგომარეობა, თავისი ხალხის თვისებები, სამეფო ოჯახში უკვე დაწყებული უთანხმოებები, მას ესმოდა, რომ საქართველო გარედან დახმარების გარეშე ძმური სისხლის ნაკადებში ჩაიღრჩობა. გიორგიმ ამჯობინა, საერთო კეთილდღეობა თავისი ძმებისა და ნათესავების ძალაუფლებისმოყვარეობისათვის მსხვერპლად არ შეეწირა, არამედ ქვეყანა რუსეთის ქვეშევრდომობაში მოეცა. მოუწოდა რა, თავისი ნათესავებისგან საიდუმლოდ, თავადებს ჭავჭავაძეს, ავალიშვილსა და ფალავანდიშვილს, მან მათ თავის სულში დამალული სურვილი გაანდო, მოქმედებათა ინსტრუქცია გადასცა და პეტერბურგში გამოგზავნა...

თავად ბატონიშვილებიც კარგად აცნობიერებდნენ როგორც თავიანთ მაშინდელ მდგომარეობას, ისე ქვეყნის მდგომარეობასაც, რომელიც მათ მიერვე ირბეოდა. ჯერ კიდევ 1801 წლის დასაწყისში ვახტანგ ბატონიშვილი, შეიტყო რა იმპერატორის სურვილის შესახებ, რათა საქართველოს მეფედ არავინ არ ყოფილიყო დამტკიცებული, სხვათა შორის კნორინგს წერდა, «რომ ასეთი ცნობა მისთვის მეტად სასიამოვნოა». «და ამის გარეშეც, – უმატებდა იგი, – რუსეთის იმპერატორი არის ჩვენი ხელმწიფე, ხოლო ჩვენ კი მისი ქვეშევრდომები და მონები ვართ, და მე ჩემთვის დიდ ბედნიერებად ვთვლი, რომ საქართველოში მეფედ არავინ არ იყოს».

ბატონიშვილი იმაზე მიუთითებდა, რომ თუ მაინც იმპერატორის ნების წინააღმდეგ იქცევა, ამაზე იგი მოწინააღმდეგეთა, დავით ბატონიშვილის და მისი ნათესავების, მიერაა იძულებული.

«ეს რომ არ ყოფილიყო, – წერდა იგი, – და ჩვენ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა გვცოდნოდა, მე წინააღმდეგობას არაფერში არ გაგიწევდით, არამედ, პირიქით, ამ საქმის გამო მოხარული ვიქნებოდი; და ჩემი სხვა დანარჩენი ძმებიც, ვფიქრობ, თქვენს მიერ შეტყობინებულ უზენაეს ნებას ასევე მიიღებენ» (Изъ письма царевича Вахтанга Кноррингу 7-го февраля 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 263).

«მე ვერ გავბედავ ვამტკიცო, – მოახსენებდა კნორინგი (Арх. Мин. Внутренныхъ Делъ, по Деп. Общ. Делъ. Дела Грузiи, кн. I), – რომ უმაღლესი წოდების ყველა ადამიანი იმპერიისადმი საქართველოს შემოერთებას უწინაც და ახლაც გულგრილად უყურებდეს. საქართველოს თავადაზნაურობაში აღმოჩნდება მსურველთა ნახევარი, რომ თავიანთ ზემოთ იხილონ მეფე და სახე თავიანთი უწინდელი მმართველობისა, რათა მხოლოდ შეინარჩუნონ უფლებები, მემკვიდრეობით ღებულობდნენ ღირსებასა და მასთან შეუღლებულ შემოსავლებს, რომლებსაც ბატონიშვილები ერთის მხრივ აცდუნებენ და მეორეს მხრივ კი ცვლილებებით მოჩვენებითად აშინებენ, და რომლებიც, თუმცა კი, საქართველოში ჩემი ყოფნის დროს თავიანთ გრძნობებს უთქმელად ინახავდნენ. მაგრამ ყველა დანარჩენს, რომლებიც უფრო საფუძვლიანად ფიქრობენ, იციან რა თავიანთი სამშობლოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა, იციან, თუ რამდენად არამყარია თითოეულის ქონება ასეთ მმართველობაში, რომელშიც არ არის არც მყარი საფუძველი, არც საშუალებანი წყობილების შესანახად, რომლებიც მსჯელობენ, რომ უმჯობესია დათმონ თავიანთ უპირატესობათა ნაწილი და იყვნენ განუხრელი კეთილდღეობის ჩრდილქვეშ, ვიდრე, იქნებიან რა ყოველწუთიერ შიშში, ან შინაგანი მღელვარებებისგან, ან კიდევ მტაცებელი მეზობლებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაკარგვას მოელოდნენ, გულწრფელად სურთ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ქვეშევრდომობაში იყვნენ.

ამრიგად, თუ თავისი სამშობლოსადმი არაკეთილმოსურნეთა ნაწილს – ვგულისხმობ ზოგიერთ ბატონიშვილსა და თავადაზნაურს – დავუპირისპირებთ მეორე ნაწილს, რომლებიც თავიანთ და თავიანთი სამშობლოს სარგებელზე უფრო უკეთ მსჯელობენ, და მას მივუმატებთ მთელ ხალხს, რომელსაც სწყურია სრულიად რუსეთის იმპერიის კანონების ქვეშ იყოს, მაშინ ამ უბედური ადამიანების გულითადი სურვილი, რომლებიც მთელ თავიანთ სასოებას თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის დიდსულოვნებაზე ამყარებენ, პატივისცემას იმსახურებს».

კნორინგის სიტყვები მალე გამართლდა. პირველივე ცნობების შემდეგ იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოდის, 17-მდე ქართული ოჯახი, რომლებმაც თავიანთი სამშობლო დროებით დატოვეს, მოვიდა ლაზარევთან თხოვნით ისინი საქართველოში დაესახლებინათ და მიწა გამოეყოთ. იმპერატორმა ალექსანდრემ ნება მისცა არა მხოლოდ ისინი მიეღოთ და მათთვის გამოეყოთ მიწა, არამედ ყველა იმათთვისაც, რომლებიც სამშობლოში მომავალში დაბრუნდებიან (Рескриптъ Кноррингу 28-го августа 1801 года. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, стр. 432).

ამრიგად, კნორინგის ადგილობრივი დაკვირვება საქართველოს შემოერთების აუცილებლობაზე მეტყველებდა. მას არ უხსენებია ამ დროს არც სარგებლის შესახებ, არც უხერხულობათა, რომლებიც რუსეთისთვის შეიძლებოდა წამოჭრილიყო, რომელიც ახალ ქვეშევრდომებს ღებულობდა. კნორინგმა ჩვენი საკუთარი ინტერესები განზე დატოვა. ამის საპირისპიროდ, გრაფმა მუსინ-პუშკინმა, რამდენიმე დღით ადრე, ახალი წერილი მიართვა (Письмо графа Мусина-Пушкина Беклешеву 11-го iюля 1801 года. Арх. Мин. Внутр. Делъ по Деп. Общ. Делъ. Дела грузинскiя, кн. I), რომელშიც ცდილობდა რუსეთის შინაგანი კეთილდღეობისთვის ამ შემოერთების მთელი სარგებლიანობა წარმოედგინა.

მისი აზრით, მდინარეების ვოლგის, დონის, დნეპრისა და ურალის გავლით შავ და კასპიის ზღვებთან შეტყობინების მოხერხებულობა და ამ უკანასკნელთა საქართველოსთან სიახლოვე, განსაკუთრებით სპარსეთთან და საერთოდ აზიასთან, კასპიის ზღვის მეშვეობით, ჩვენი ვაჭრობის მნიშვნელოვნად გაფართოების იმედს იძლეოდა.

გასული ასწლეულის დასაწყისში მთელი აბრეშუმი, რომელიც აზიიდან ევროპაში გადიოდა, აუცილებლობის გამო, არხანგელსკის გავლით მიემართებოდა, რომელიც ხელოვნურად იყო სავაჭრო ქალაქად გადაქცეული, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის მოუხერხებლობის მიუხედავად. არხანგელსკის გავლით შეტყობინების მოუხერხებლობამ აიძულა იმპერატორი პეტრე I სხვა გზა ეძია – კასპიის ზღვის მახლობლად. ინგლისელებიც ასევე თანაუგრძნობდნენ რუსეთის დიადი გარდამქნელის აზრებს, ცდილობდნენ რა მისი მეშვეობით მოეძიათ უსაფრთხო გზა კასპიის ზღვის ფარგლებისკენ, რათა შემდეგ ვოლგითა და ბალტიის ზღვით აზიასთან უმოკლესი სავაჭრო გზა ჰქონოდათ. მათმა უიღბლო მცდელობებმა ამ მიმართებით დასაწყისი დაუდეს ინდოეთის კომპანიას და გამოიწვიეს უზარმაზარი ხარჯები ინდოეთში ჯარების შესანახად («რუსეთის ისტორიისა და სიძველეთა საზოგადოების საკითხავებში» /1862 წ. წიგ. 2/ მოთავსებულია წერილი სათაურით: «იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის პოლიტიკური მდგომარეობა და ის ცვლილება, რომელიც რუსეთის ჯარების მოსვლას მოჰყვა». ასეთი ვრცელი სათაურის ქვეშ ტექსტის შვიდი გვერდია მოთავსებული, რომელიც შეადგენს ექსტრაქტს, თუმცა კი ძალზედ ზედაპირულს, ლიტვინოვის ჩანაწერებიდან, რომელიც თავად ციციანოვის მიერ იქნა გაგზავნილი იმერეთსა და სამეგრელოში იმერეთის მეფესა და სამეგრელოს დადიანს შორის შუამავლობისთვის. 

ლიტვინოვი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მსახურობდა, თავად ციციანოვის თხოვნით გაგზავნილ იქნა საქართველოში, მისი კანცელარიის გაძლიერებისთვის, იყო ამ კანცელარიის მმართველი და შემდგომში საქართველოს მმართველადაც იქნა დანიშნული. მან თავის შემდეგ მეტად საყურადღებო ჩანაწერები დატოვა, რომელთა კარგი ასლიც მთავარი შტაბის არქივში ინახება. ამ ჩანაწერების ორიგინალი მე ხელთ არ მქონია. «საკითხავებში» მოთავსებული წერილი სიმოკლისა და აღწერილი მოვლენების არათანამიმდევრულობის გამო, ვერ შეიძლება დამაკმაყოფილებელ წყაროდ გამოდგეს, თუმცა კი პირთა გარკვეული დახასიათებისთვის სასარგებლოა. როგორც ჩანს, ეს ლიტვინოვის შავი ჩანაწერები გახლდათ. 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ «საკითხავების» ამავე პატარა წიგნში მოთავსებული შემდეგი წერილიც: «მსჯელობა, საქართველოს, იმერეთისა და ოდიშის /სამეგრელოს/ შემოერთების სარგებელთა და უხერხულობათა შესახებ მთელ გარემომცველ ხალხებთან ერთად», ასევე ლიტვინოვს ეკუთვნის. ამ სათაურის ქვეშ, ასევე მეტად ვრცელისა, შვიდ გვერდზე გადმოცემლია გრაფ მუსინ-პუშკინის აზრის უარყოფა რუსეთისადმი საქართველოს შემოერთების სარგებლიანობის შესახებ. პუშკინის მოსაზრება ორჯერ იქნა /მთავრობაში/ მირთმეული: პირველ ჯერზე იმპერატორ პავლე I-დმი 1800 წელს, და მეორე ჯერზე კი – ალექსანდრე I-დმი 1801 წელს. უარყოფა, შინაარსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 1808 წლის შემდეგაა დაწერილი. მათ შორის შუალედი ბევრ რამეს გვიხსნის, ბევრი რამ გვასწავლა, და იმ ქვეყნებში მეტად მნიშვნელოვანი მოვლენები აღესრულა. რუსეთისადმი საქართველოს შემოერთების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას კი გრაფ მუსინ-პუშკინის /მოსაზრების/ გაბათილება, იქაური საქმეებისა და ხალხების სრულიად არცოდნის გამო, არავის არ შეეძლო).

თუ, ერთის მხრივ, იყვნენ პირები, რომლებიც გატაცებულნი იყვნენ იმ სარგებლით, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა, თუ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და მისი სიმდიდრეები ზედმეტად იყო გაზვიადებული და შემდგომში არ აღმოჩნდა იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ვარაუდობდნენ, მეორეს მხრივ, იყვნენ მოწინააღმდეგენიც, რომლებიც ასეთ სარგებელს უარყოფდნენ. გრაფები ვორონცოვი (ს. რ.), კოჩუბეი და თავადი ჩარტორიჟსკი საქართველოს შემოერთების წინააღმდეგნი იყვნენ. მათ მიერ ამ შემთხვევის გამო შედგენილი მოხსენება იმპერატორმა ალექსანდრემ განსახილველად სახელმწიფო საბჭოს გადასცა კნორინგის ანგარიშთან ერთად. 

სახელმწიფო საბჭოს 1801 წ. 8 აგვისტოს სხდომა ხმაურიანი გახლდათ. წევრების უმრავლესობა საქართველოს რუსეთთან შემოერთების მომხრე იყო. გრაფები ვორონცოვი, კოჩუბეი და თავადი ჩარტორიჟსკი არა მხოლოდ უარყოფდნენ ახალი შენაძენის სარგებლიანობას, არამედ ამბობდნენ, რომ იმპერიისადმი საქართველოს შემოერთება რუსეთის სარგებელს ეწინააღმდეგება. ჩარტორიჟსკი ამბობდა, რომ ქვეყნის ქვეშევრდომობაში მიღებით რუსეთის მის გარეშეც ზედმეტად ვრცელი საზღვრები კიდევ უფრო გაიზრდება, რომ მათ დასაცავად საჭირო მეტად მნიშვნელოვანი ხარჯები და სახსრები შეიქნება.

იცოდნენ რა, რომ საქართველო უშუალოდ არ ებჯინებოდა რუსეთის საზღვრებს, არამედ, ამის საპირისპიროდ, ჩვენდამი მტრული მოსახლეობის შუაში იმყოფებოდა, შეიძლებოდა დათანხმებოდნენ მისი შემოერთების მოწინააღმდეგეთა აზრს იმაში, რომ ქვეყნის დაცვა რუსეთს მნიშვნელოვან ხარჯებში ჩაითრევდა. მაგრამ მათ მიერ ამის სანაცვლოდ შემოთავაზებული ზომები კრიტიკას ვერ უძლებდა.

ვიცე-კანცლერი (ე. ი. გრაფი ს. რ. ვორონცოვი) უხსნიდა, რომ ასეთი შემოერთება უსამართლოდ მიაჩნია, იმიტომ რომ ბაგრატიონების საგვარეულო საქართველოში არჩევითი სახით კი არ მეფობს, არამედ მემკვიდრეობით, რომ ამიტომ სამეფოს შემოერთებას ძალადობის შესახედაობა ექნება.

თავადი ჩარტორიჟსკი ხალხის სამართლიან სურვილს უარყოფდა; იგი ხალხისთვის ხმის უფლებას არ აღიარებდა, მის უბედურ მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევდა. ამბობდა რა, რომ მნიშვნელოვანი საზღვარი თავდაცვისთვის მნიშვნელოვან სახსრებს მოითხოვს, იგი სთავაზობდა საქართველო ვასალობაში შეენარჩუნებინათ, რომელშიც იგი იმპერატრიცის ეკატერინე II-ის მიერ იქნა მიღებული; სთავაზობდა იქ მთელი ის ჯარები დაეტოვებინათ, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებოდნენ, და ტფილისში რწმუნებული დაენიშნათ, რათა მას საქართველოში განლაგებული ჯარების უფროსობა გაეწია. ახალგაზრდა და გამოუცდელი დიდგვაროვანი ადვილად მსჯელობდა ხალხის ბედის შესახებ და, უარყოფდა რა ერთ წინადადებას, როგორც უვარგისს, სთავაზობდა თავისას კიდევ უფრო მეტი ნაკლოვანებებით.

არ ვიტყვით რა იმის შესახებ, რომ თუ რუსეთი საქართველოს ვასალურ სამეფოდ აღიარებდა, მაშინ შინაგანი მოუწყობლობისა და გარეშე შემოჭრებისგან მისი დაცვა რუსეთს რა სახსრები დაუჯდებოდა, ჩვენ ჩარტორიჟსკის სიტყვებს მოვიყვანთ, რომლებიც თავადვე გვიჩვენებს მისი აზრის მცდარობას. იგი სთავაზობდა, რათა ჩვენს რწმუნებულს ჰქონოდა «მზრუნველობა სამეფო გვარის პირებს შორის კეთილი თანხმობის შესახებ, აგრეთვე მეფეთა თვითნებური საქციელისა და მოთხოვნებისგან ყველა მაცხოვრებლის დაცვის შესახებ. ხოლო ახლანდელი მტრობა დავით ბატონიშვილსა და მის ბიძებს, ერეკლე მეფის შვილებს, შორის დავაწყნაროთ ერეკლე მეფის ანდერძის მხარდაჭერით, რომელიც მისი გვარისა და მხარისთვის კეთილსასურველია, ვინაიდან მის შემდეგ მემკვიდრეობის წესისა და რიგის მიხედვით, რომელიც მასში ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშია გამოხატული, საქართველოს მთელმა ჩინოსნებმა საზეიმოდ ფიცი დადეს».

საბჭოს წევრებს არ შეეძლოთ ასეთ აზრს დათანხმებოდნენ. დატოვებდნენ რა საქართველოს დამოუკიდებლად, შუძლებელი იყო ისეთი საშუალებების გამოძებნა, რომელთაც შეეძლებოდათ სამეფო გვარის პირთა შერიგება, როგორც ურთიერთ შორის, ისე ხალხთანაც. ხალხს, რომელმაც გამოხატა სურვილი იყოს რუსეთის ქვეშევრდომი და ამით თავის წინააღმდეგ განაწყო ბატონიშვილები, კიდევ უფრო მეტ შევიწროვებათა მოლოდინი უნდა ჰქონოდა. შეეძლო კი ჩვენს რწმუნებულს მხოლოდ სიტყვებით, ძალაუფლების გარეშე, იგი ძარცვისა და რბევისგან დაეცვა? შეეძლო კი რუსეთის იმპერატორს, რომელმაც ერთხელ განაცხადა თანხმობა ქვეყნის თავის ქვეშევრდომობაში მიღებაზე, უარი ეთქვა ხალხზე, რომელიც მხოლოდ ერთგულებაზე ფიცის დადებას ელოდებოდა? მისი უარყოფითი პასუხი ხალხის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან და უკეთეს ნაწილს ბატონიშვილების შურისძიებისა და ურთიერთშორის ბრძოლის მსხვერპლად გადააქცევდა.

ერთის მხრივ კნორინგის მოხსენება და გრაფ მუსინ-პუშკინის წერილი, რომელიც ფაქტებზე იყო დაფუძნებული, თუმცა კი მცდარ და გაზვიადებულ ფაქტებზე, და მეორეს მხრივ რუსეთისადმი საქართველოს შემოერთების მოწინააღმდეგეთა უსაფუძვლო მოსაზრებანი სახელმწიფო საბჭოს მიერ გულდასმით იქნა განხილული. პირველების აზრმა მიიღო უპირატესობა მეორეთა წინაშე.

სახელმწიფო საბჭო მიიჩნევდა, რომ პროტექციამ, რომელსაც რუსეთი საქართველოს 1783 წლიდან უწევდა, «ეს უბედური მიწა-წყალი ბოროტებათა უფსკრულში ჩაითრია, რომლებითაც იგი სრულ ქანცგაწყვეტილობაშია მოყვანილი, და ამის იმავე საფუძვლებზე გაგრძელება მას აუცილებლად სრულ დაღუპვას უქადის».

«თუ საქართველოს გადარჩენისთვის, – ნათქამია საბჭოს ჟურნალში (Отъ 8-го августа 1801г. Госуд. Арх.), – მასში ყოველთვის იმდენივე ჯარებს ვიყოლიებთ, რამდენიც იქ ახლა იმყოფება, ამას რუსეთისთვის მნიშვნელოვანი და სრულიად უსარგებლო ხარჯები მოჰყვება. ხოლო მისი მცირე ლაშქრით კი შინაგანი მოუწყობლობისა და გარეშე მტრებისგან მისი დაცვა შეუძლებელია. საჭირო იქნება მივცეთ მას მეფე, დავამკვიდრებთ რა ტახტზე ერთერთ ბატონიშვილს, რომელიც თვლის, რომ ამაზე უფლება გააჩნია. პირველი ბატონიშვილი, იულონი, ერეკლე თეიმურაზის ძის ანდერძის მიხედვითაა დადგენილი; მეორე ბატონიშვილი, დავითი, მის ვაჟის, გიორგის ანდერძის მიხედვით. მართალია, რომ მეფე გიორგიმ თავისი მშობლის ანდერძი დაარღვია; მაგრამ, შესაძლოა, ამის მიზეზი მას ბატონიშვილებმა, მისმა ძმებმა მისცეს, და, გარდა ამისა, მის მიერ საქართველოს სამეფოს მემკვიდრედ დანიშნული დავით ბატონიშვილი, განსვენებული იმპერატორის მიერაა დამტკიცებული, რომელსაც ასეთი დამტკიცების უფლება ჰქონდა. ამრიგად, ამ ორ კანდიდატს შორის არჩევანი მიდრეკილია, ერთის მხრივ, წინააღმდეგობისკენ უკვე დავით ბატონიშვილის სასარგებლოდ მომხდარ დამტკიცებასთან, მეორეს მხრივ კი ხალხის უკმაყოფილებასთან, ერეკლე მეფის ანდერძის დარღვევითა და მეფობაზე იმ თავადის დამტკიცებით, რომელმაც თავისი ქცევით ხალხი თავის საწინააღმდეგოდ განაწყო. თუმცა კი, საქართველო არც ერთი მათგანისგან ხსნას არ ელოდება, და თავად მეფემ გიორგი ერეკლეს ძემაც, ითვალისწინებდა რა ყველა იმ უბედურებას, რომელიც სამეფო გვარის გახრწნისგან ხალხს უნდა დაატყდეს თავზე, სხვა ხსნა მისთვის ვერ მოიგონა, თუ არა ის, რომ იგი რუსეთის ქვეშევრდომად დაემკვიდრებია, მიჰყვებოდა რა თავისი მშობლის შეხედულებებს, რომელსაც იგივე განზრახვა ჰქონდა, როცა თავისი წარმოგზავნილის, თავად ჭავჭავაძის მეშვეობით, 1795 წელს ითხოვდა ნებართვას, რომ მოზდოკში ან სხვა ადგილას კავკასიის ხაზზე სარდალს გენერალ გრაფ გუდოვიჩს შეხვედროდა, რაც იმდროინდელი ქაღალდების მიხედვით მჟღავნდება. მთელი ეს ახლად გამოვლენილი გარემოებები არ წარმოუდგენენ საბჭოს საქართველოს შემოერთებაში თუნდაც სულ მცირე უსამართლობას, არამედ იგი მასში ხედავს იმ მხარის გადარჩენას, რუსეთისთვის კი მნიშვნელოვან სარგებელს, ამჟამად მისი საზღვრების საიმედო დაცვაში მტაცებელი მთიელი ხალხებისგან, რომელთათვისაც ლაგამის ამოდება უფრო მოხერხებული შეიქნება, ხოლო მომავალ დროში კი თვით თურქებისაგან, რომ არაფერი ვთქვათ სპარსელებზე, რომლებიც უეჭველად, როგორც კი საქართველო დატოვებულ იქნება, მას თავს დაესხმიან და დაეუფლებიან».

სამეფო გვარის პირებთან და მათ შენახვასთან მიმართებაში სახელმწიფო საბჭო ვარაუდობდა საქართველოში მათგან ისინი დაეტოვებინა, რომლებიც, «თვინიერი ზნე-ხასიათისა და ქცევის მიხედვით არ გამოიწვევენ ეჭვს იმაში, რომ დაიწყებენ მეზობლების ამხედრებას ან სხვა მოუწყობლობათა მოხდენას; ყველა დანარჩენი კი გადმოვასახლოთ რუსეთში, სადაც თითოეულისთვის მისი ოჯახის თანაზომადი პენსიის განსაზღვრით მათი ხვედრი ადვილად შეიძლება იქნას მოწყობილი».

საბჭოს აზრი ამჯერად იმპერატორ ალექსანდრეს მიერ ისეთი დაჯერებულობით იქნა მიღებული, რომ არაოფიციალური კომიტეტის წევრებს უკვე მისი გადარწმუნება აღარ შეეძლოთ.

პატივს სცემდა რა იმპერიის პატივსა და ღირსებას, ყური უგდო რა ქართველ ხალხის თხოვნებს, იმპერატორმა გადაწყვიტა «საქართველოს სამეფოში, მის საკუთარი სიკეთისთვის, მმართველობა და წესრიგი მოეწყო» (Рескриптъ Кноррингу 12-го сентября 1801 г. арх. Мин. Внутр. Делъ).

ნიშნავდა რა კნორინგს მთავარსარდლად საქართველოში და კავკასიის ხაზზე, იმპერატორმა ალექსანდრემ დაავალა მას მყარ საფუძველზე მოეწყო საქართველოს კეთილდღეობა და ყველაფერში «ხალხის ზნე-ჩვეულებებს, ადათებსა და გონების მიმართულებას (умоначертанiя)» შეხამებოდა. კნორინგს მოვალეობად დაეკისრა წესრიგში მოეყვანა სასულიერო ნაწილი, მოეწყო სასწავლებლები, შეექნა სამისიონერო მთიელი ხალხების ქრისტიანობაში მოქცევისთვის, მოესპო მთელი მემკვიდრეობითი ჩინები და ადგილები, ისე, რომ პირებს, რომლებიც ამ უფლებით სარგებლობდნენ, სიცოცხლის ბოლომდე თანაზომადი პენსიონები მიეღოთ. «რაც შეეხება სამეფო გვარის წევრებს, წერდა იმპერატორი ალექსანდრე (Въ рескрипте отъ 12-го сентября 1801 г. Арх. Кабинета Его Величества), მხარის დამშვიდებისა და რაიმენაირ მავნე ჩანაფიქრებზე ყოველგვარი ცდუნების თავიდან აცილებისთვის, სასურველი იქნებოდა, რომ ორივე დედოფალი და ყველა ბატონიშვილი, განსაკუთრებით კი უფრო მოუსვენრები, თანახმა იყვნენ რუსეთში გამომგზავრებაზე. რომელ შემთხვევაშიც, იმ პატივის შენარჩუნებით, რომელიც მათ სახელოვან საგვარეულოს შეეფერება, ისინი აქ მიიღებენ ყველანაირ შესაძლო სარგებელს მათთვისა და მათი გვარისთვის მემკვიდრეობით ისეთი პენსიონების წყალობით, რამდენსაც შეადგენს ის შემოსავლები საქართველოში, რომლებსაც ახლა ღებულობენ». 

ტფილისში საქმეს სხვანაირად უყურებდნენ. რუსეთის მომხრე ზოგიერთმა თავადმა ლაზარევს შეატყობინა, რომ დავით ბატონიშვილისთვის საიდუმლოდ გამოგზავნილია პეტერბურგიდან მანიფესტი, რომლის მიხედვითაც საქართველო შეადგენს გუბერნიას და ასეთი სახით იქნება რუსეთთან შეერთებული.

მიიღო რა ეს ცნობები, დავით ბატონიშვილი, თავისი ძმის იოანეს რჩევით, რომელიც ჩვენს დედაქალაქში იმყოფებოდა, აგროვებდა თავადების ბეჭდებს (ხელმოწერებს) (Донесенiе Лазарева Кноррингу 18-го и 19-го ноября 1801 г.) იმპერატორისადმი თხოვნაზე ქართველთა საყოველთაო სურვილის შესახებ, რომ მეფედ იგი (დავითი) ჰყოლოდათ. არა მხოლოდ იოანე ბატონიშვილი, არამედ ბევრი თავადიც, რომლებიც პეტერბურგში იმყოფებოდნენ, ჩქარობდა თავისი მეგობრებისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ეცნობებინა. თავადი ზაალ ანდრონიკაშვილი წერდა (Письмо кн. Андронникова къ Iоанну Орбелiани и Соломону Тарханову 12-го октября 1801 г.), რომ საქმე სამშობლოს ხვედრის შესახებ მას მშვენივრად ჰქონდა მოწყობილი, მაგრამ უეცრად გამოცხადდა კნორინგი და დააჯერა იმპერატორი, რომ ვითომ ხალხს არ სურს რომ მეფე ჰყავდეს.

«ამ შემთხვევის გამო, – წერდა იგი, – საქმე გაჩერდა და გამოგვიცხადეს, რომ საქართველოში არ იქნება მეფე, და არც რუსეთის ქვეშევრდომი იქნება. იფიქრეთ, თუ რა იქნებით და ვისად იწოდებით? მანდაურმა უსაქმო ყბედობამ აი თქვენ რა შეგძინათ! განა თქვენ იქ არ იყავით? ხალხის ცოდვაში რატომ შეხვედით და საკუთარ თავსაც ეს რატომ გაუკეთეთ? ნუთუ არ რცხვენიათ იმათ, ვინც ეს ჩაიდინა და განივრად დარჩა (осталисъ на просторе): არც ბატონია, არც პატრონი».

ის ამბობდა, რომ როცა საქართველოს წარმოგზავნილებს ეს განსაზღვრება გამოეცხადათ, მაშინ მათ ყველამ, არ დაეთანხმენ რა მას, იმპერატორს თხოვნა მიართვეს. თავადი ანდრონიკაშვილი თავის ტფილისელ მეგობრებს საქმის კეთილსასურველად შემობრუნებით აიმედებდა და მხოლოდ ურჩევდა, რომელიმე კითხვის შემთხვევაში, მათ შეხმიანებოდნენ, ვისაც პეტერბურგში თავიანთი წარგზავნილები ჰყავთ და ბატონიშვილებს, რომლებსაც დაეთანხმებიან ყველაფერში, რასაც ისინ სასარგებლოდ მიიჩნევენ.

ქვეყნის მდგომარეობა იმდენად ცნობილად და ნათლად ითვლებოდა, რომ ჩენმა მთავრობამ საჭიროდ არ ჩათვალა რაიმე კითხვა დაესვა. იგი საქართველოსთვის ერთადერთ სიკეთედ და სარგებლად რუსეთთან მის შემოერთებასა და სამეფო სახლის ძალაუფლებისა და თვითნებობის მოსპობას აღიარებდა.

მთავარსარდალს საქართველოში დაევალა ქვეყნის შემოსავალი და გადასახადები, რომლებსაც ამ დრომდე ხალხი იხდიდა, ცნობილი გაეხადა. შესაკრებლებისა და გადასახადების მრავალფეროვნებამ აიძულა ჩვენი მთავრობა ესურვა, რათა ყველა სახის გადასახადი ფულად და პურით გადასახადებზე ყოფილიყო გადაყვანილი.

საქართველს მოსახლეობის უმნიშვნელობა, რომელმაც უკანასკნელი შემოჭრებისგან ბევრი რამ გადაიტანა, იყო იმის მზეზი, რომ ქვეყნის საკუთარი კეთილდღეობისთვის აუცილებლად იქნა მიჩნეული მისი მოსახლეობის გაზრდა გადმოსახლებულთა მოწოდებით, უპირატესად ქრისტიანებისა მეზობელი სახანოებიდან. კნორინგი უფლებამოსილ იქნა მათთვის საკმარისი რაოდენობის მიწა გამოეყო და შინაური მეურნეობის პირველი მოწყობისას მატერიალური დახმარებაც აღმოეჩინა.

ამასთან ერთად კნორინგს უნდა ეზრუნა კავკასიის ხაზის საქართველოსთან უსაფრთხო შეტყობინების მოწყობაზე, გარეშე თავდასხმებისგან მის უზრუნველყოფაზე და ერევნის, განჯის, შექის, შირვანის, ბაქოსა და სხვა ხანების, რომლებზედაც ბაბა-ხანის ძალაუფლება ჯერ კიდევ არ იყო დამყარებული, რუსეთის მხარეს გადმოხრაზე.

მათ შორის იმათთან ურთიერთობების მეშვეობით, რომელთა სამფლობელოებიც არაქსის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა და მდინარე მტკვარს ებჯინებოდა, ჩვენი მთავრობა ფიქრობდა ჯარებისთვის პროვიანტისა და მძიმე ტვირთების წყლით მიწოდების შესაძლებლობისთვის მიეღწია ასტრახანის გავლით, და არა ხმელეთის გზით კავკასიონის მთებზე გადავლით. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტ ყურადღებას ბაქოს ხანი იქცევდა, რომელიც როგორც მდინარე მტკვრის შესართავს ფლობდა, ისე საუკეთესო პორტსაც კასპიის ზღვაზე. უწინარეს ყოვლისა სწორედ მისი დაყოლიება იყო ჩვენ მხარეზე აუცილებელი. წარუმატებლობის შემთხვევაში, პეტერბურგის კაბინეტი კნორინგის ყურადღებას აქცევდა შტყობინების შესაძლებლობაზე შავი ზღვისა და იმერეთის გავლით, მდინარე რიონის გაყოლებაზე.

«იმერეთის მეფესთან, – წერდა ალექსანდრე კნორინგს (Въ рескрипте отъ 12-го сентября 1801 г. Арх. Кабинета Его Велич., дела Грузiи), – და ოდიშის ოლქის მფლობელ დადიანთან (სამეგრელოსი) თქვენ უნდა გქონდეთ კარგი ურთიერთობები, არ მისცემთ რა, თუმცა კი, ამით დაეჭვების საბაბს ოტომანის პორტას მოხელეებს, რომლებიც იმ მხარეში უფროსობენ.

და როგორც თქვენი მოხსენებებიდან არის ჩვენთვის ცნობილი, რომ იმერეთის მეფეს, რომელიც თავისი ბებიის საქართველოს ქვრივი დედოფლის დარეჯანის ნებას მიჰყვება, სურს ჩვენს მფარველობაში იყოს, ამიტომ ამ გარემოების გამო თქვენ საგანგებო წერილობითი ბრძანებები მოგეცემათ. თქვენს საგანგებო მეთვალყურეობასვე გადმოვცემთ, რომ სომეხი ერი ყველანაირი ალერსით თქვენსკენ მოიზიდოთ: ეს ხერხი საქართველოს მოსაზღვრე მხარეებში ამ ტომის მრავალრიცხოვნების გამო ერთერთი ყველაზე უფრო საიმედოა ხალხის ძალის გამრავლებისა და ამასთან ერთად საერთოდ ქრისტიანების უფროსობის დამკვიდრებისთვის. ამის გამო ვინებებთ, რათა თქვენ, აღმოუჩენთ რა, შეძლების და მიხედვით, თქვენს მფარველობას არარატის საპატრიარქო მონასტერს ეჩმიაძინს, ამ ეკლესიის მეთაურთან კარგი ურთიერთობები იქონიოთ. სპარსეთში მბრძანებელ ბაბა-ხანთან და სხვა სპარსელ მფლობელებთან ურთიერთობებში კი უნდა ხელმძღვანელობდეთ იმავე წესებით, რომლებსაც ამის წინ თქვენ იცავდით». 

შეაერთა რა კნორინგის სახით სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლება, იმპერატორმა დაავალა მას თვალყური ედევნებინა, რათა ყველა რუსი მოსამსახურე კავკასიაში «იჩენდეს უანგარობას, პატიოსნებას, სიმართლისმოყვარეობას, მიუკერძოებლობას, თავისუფალ ხელმისაწვდომობას, ალერსს, მოწყალებას და მზადყოფნასაც კი ყველას უჩვენოს, თუ სად შეუძლია მას ეძიოს მართლმსაჯულება. თქვენ თავად ყველაფერ ამაში, რა თქმა უნდა, თქვენი ხელქვეითებისთვის მაგალითი იქნებით, ხშირ-ხშირად დაარწმუნებთ რა მათ, რომ მთავრობის პირველი საწყისების ჩადებისას ყველაზე უფრო საჭიროა ხალხის სიყვარულისა და ნდობის შეძენა და რომ მმართველობის დამკვიდრება, მისი მოწყობა და წესიერი მოძრაობა მომავალი დროისთვის მეტად ბევრადაა დამოკიდებული პირველ შთაბეჭდილებაზე, რომელსაც უფროსები იმ ადამიანებზე მოახდენენ თავიანთი ქცევით, რომლებიც მათ მმართველობაში ჰყავთ ჩაბარებული». 

თავის ახალ ქვეშევრდომებს კი იმპერატორმა მანიფესტის ასეთი სიტყვებით მიმართა (П. С. З. т. XXVI, стр. 782, № 20007).

«მფარველობა და უმაღლესი ძალაუფლება რუსეთის იმპერიისა საქართველოს სამეფოზე ყოველთვის აკისრებდა რუსეთის მონარქებს დაცვის ვალდებულებასაც. 1796 წელს, აღა-მაჰმად-ხანის ძლიერი თავდასხმის წინააღმდეგ, სასუფეველში განსვენებულმა დიდმა ხელმწიფამ იმპერატრიცა ეკატერინე ალექსის ასულმა გაგზავნა თავისი ჯარების ნაწილი, იმდენად წარმატებული მაშინ არა მხოლოდ საქართველოს სამეფოს გადარჩენა, არამედ მთელი ოლქებისა და ხალხების ბედნიერი დამორჩილებაც კასპიის ზღვის ნაპირებიდან მდინარე მტკვრამდე და არაქსამდე გიცავდათ თქვენ ყოველგვარი საფრთხისგან. რჩებოდა მხოლოდ შინაგანი კეთილმოწყობით თქვენი კეთილდღეობა სამუდამოდ დაგვემკვიდრებინა. მაგრამ მოულოდნელმა და სწრაფმა უკანდახევამ რუსეთის ჯარებისა სპარსეთიდან, სომხეთიდან და თქვენი ფარგლებიდან თქვენი სამართლიანი მოლოდინი ძირს დასცა. თქვენს მიერ შემდეგ გადატანილი ყველა უბედურება: ურჯულო და უცხოტომელი ხალხების შემოსევა, ქალაქებისა და სოფლების დარბევა, თქვენი მამების, დედების, ცოლებისა და შვილების დამონება და ტყვედ წაყვანა, დაბოლოს, სამეფო საგვარეულოს უთანხმოება და სამეფო ღირსების სხვადასხვა მაძიებლებს შორის ხალხის გაყოფა თქვენ ძმათაშორის ბრძოლებში გითრევდათ. თქვენი გარემომცველი მტაცებელი ხალხები მზად იყვნენ თავს დასხმოდნენ თქვენს სამეფოს და მისი ნარჩენები დაუსჯელად გაეწეწათ. მთელი ამ ბოროტებების შეერთებით არა მხოლოდ ხალხი, არამედ თვით ქართველი ხალხის სახელიც კი, რომელიც უწინ სიმამაცით იყო სახელგანთქმული მთელს აზიაში, პირისაგან მიწისა აღიგვებოდა. იდექით რა ამ უფსკრულის პირას, არაერთხელ მოუხმობდით თქვენ რუსეთის მფარველობას. ჩვენი ჯარების შემოსვლამ და ავარელი ომარ-ხანის დამარცხებამ თქვენი დაღუპვა გააჩერეს, დააშინეს რა ყველა მტაცებელი, რომლებიც კავკასიონის მთებს ავსებენ, და ისინიც, რომლებიც სპარსეთისა და დიდი სომხეთის ოლქს სწეწავენ. ჩაწყნარდა კრამოლები თქვენს შორის და თქვენ ყველამ ერთსულოვნად და საზეიმოდ მოუწოდეთ რუსეთის ხელისუფლებას რომ თქვენ უშუალოდ ემართეთ. ჩვენ, ავედით რა სრულიად რუსეთის ტახტზე, საქართველოს სამეფო რუსეთისადმი შემოერთებული შევიძინეთ, რის შესახებაც 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტი უკვე იყო გამოქვეყნებული სრულიად სახალხო შეტყობინებისთვის. ვეცნობოდით რა თქვენს მდგომარეობას და ვხედავდით, რომ ამ დრომდეც ერთადერთი რუსეთის ჯარების საშუალება და ყოფნა საქართველოში აკავებს ჩვენთა ერთმორწმუნეთა სისხლის დაღვრასა და საბოლოო დაღუპვას, რომელიც თქვენთვის მტაცებელ და ურჯულო თქვენს მოსაზღვრე ხალხებს აქვთ გამზადებული, ჩვენ გვსურდა კიდევ გამოგვეცადა, ხომ არ არის შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ პირველი მმართველობა ჩვენი მფარველობის ქვეშ და თქვენ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში შეგინარჩუნოთ. მაგრამ ამ საკითხში უახლოესმა გამოკვლევებმა, საბოლოოდ, დაგვარწმუნეს, რომ ქართველი ხალხის სხვადასხვა ნაწილები, რომლებიც ადამიანურად ჩვენთვის თანაბრად ძვირფასნი არიან, სამართლიანად შიშობენ მათგან დევნისა და შურისძიების გამო, ვინც მეფობის ღირსების მაძიებელთაგან შეძლებდა თავისი ძალაუფლებისთვის მიეღწია, რამდენადაც ყველა მათგანის წინააღმდეგ უდიდესმა ნაწილმა ხალხში თავი ასე აშკარად გამოავლინა. მხოლოდ ეჭვი და შიში ამ შედეგებისა, ააღორძინებდა რა შეშფოთებას, გარდაუვალად ძმათაშორის ბრძოლებისა და სისხლიღვრის წყარო იქნებოდა. გარდა ამისა, ყოფილმა მმართველობამ, თვით მეფე ერეკლეს მეფობაშიც კი, რომელმაც თავისი სულითა და ღირსებით ყველანი თავისი ძალაუფლების ქვეშ გააერთიანა, ვერ შეძლო ვერც საგარეო და ვერც საშინაო უსაფრთხოების დამყარება. პირიქით, იმდენჯერ გითრევდათ თქვენ ბოროტებათა უფსკრულში, რომლის პირასაც თქვენ ახლაც დგეხართ და რომელშიც, ყველა მოსაზრებით, უნდა გადაეშვათ, თუ სამართლიანი ხელისუფლების ძალმოსილი ხელი ამ დაცემისგან თქვენ არ შეგაკავებთ. ამ გარემოებათა ძალამ, ამის გამო თქვენმა საერთო გრძნობამ და ქართველი ხალხის ხმამ დაგვიყოლიეს ჩვენ, რომ არ დავტოვოთ და უბედურების მსხვერპლად არ მივცეთ ერთმორწმუნე ხალხი, რომელმაც თავისი ხვედრი რუსეთის დიდსულოვან დაცვას ჩააბარა. თქვენი წარმოქმნილი იმედი ამჯერად მოტყუებული არ იქნება. არა ძალების მომატებისთვის, არც ანგარებისთვის, არც ქვეყნად ისედაც უკვე უვრცელესი იმპერიის საზღვრების გავრცელებისთვის ვიღებთ ჩვენ საკუთარ თავზე საქართველოს სამეფოს მმართველობის ტვირთს. ერთადერთი ღირსება, ერთადერთი პატივი და ადამიანობა გვაკისრებს ჩვენ წმინდა მოვალეობას, ყურად ვიღებთ რა ტანჯულთა ვედრებას, მათ მწუხარებათა თავიდან აცილებაზე, დავაარსოთ საქართველოში მმართველობა, რომელიც შეძლებდა მართლმსაჯულება, პირადი და ქონებრივი უსაფრთხოება დაემკვიდრებინა და თითოეულისთვის კანონის დაცვა მიეცა. ამიტომ, ავირჩიეთ რა ჩვენი გენერალ-ლეიტენანტი კნორინგი, რომ იყოს მთავარსარდალი თქვენს შორის, მივეცით მას სრული დარიგებანი, რათა მან ჩვენი სახელით გაკეთებული განსაკუთრებული განცხადებით დაარსოს ეს მმართველობა, ძალასა და მოქმედებაში მოიყვანოს ჩვენს მიერ წინასწარ მოხაზული დადგენილება, რომლის აღსრულებისთვისაც მოიწვევს რა ღირსებებითა და საერთო ნდობით თქვენგან არჩეულ პირებს, ვსასოებთ, მიენდობით რა ამ მმართველობას, მის ჩრდილქვეშ უეჭველად შეიძენთ თავიდან სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, ხოლო შემდეგ კი კეთილდღეობასაც და სიუხვესაც.

ჩვენ ვბრძანეთ, რომ მთელი გადასახადები თქვენი მიწა-წყლიდან თქვენს სასარგებლოდ იქნას გამოყენებული, და რაც მმართველობის შენახვიდან დარჩება, დარბეული ქალაქებისა და სოფლების აღდგენისთვის იქნა გამოყენებული. თითოეული თავისი წოდების უპირატესობებში იქნება, თავის სარწმუნოებას თავისუფლად აღიარებს და მისი საკუთრებაც ხელშეუხებელი იქნება. ბატონიშვილები შეინარჩუნებენ თავიანთ საუფლისწულოებს, არმყოფების გარდა, და ამით წლიური შემოსავალი მათი საუფლისწულოებიდან ყოველწლიურად ფულებით მიეცემათ, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, ოღონდ კი ფიცისადმი ვალდებულებას ინარჩუნებდნენ. ყველას და თითოეული თქვენგანის სიკეთეზე ჩვენს ამ დიდსულოვან მზრუნველობაზე საპასუხოდ, ჩვენ მოვითხოვთ, რათა თქვენ, თქვენზე დადგენილი ხელისუფლების დამტკიცებისთვის, მოგვცეთ ერთგულების ფიცი იმ ფორმით, რომელიც აქ არის დართული. სასულიერო წოდებამ, როგორც სულიერმა მწყემსებმა, მაგალითი პირველმა უნდა მისცეს.

დაბოლოს, დაე თქვენც შეიცანით კეთილი მმართველობის ფასი, დაე თქვენს შორის დამყრდეს მშვიდობა, მართლმსაჯულება, დარწმუნებულობა როგორც პირადი, ისე ქონებრივიც, დაე აღიკვეთოს თვითნებობანი და მძვივარე ტანჯვანი, დაე თითოეულმა მიმართოს თავის უკეთეს სარგებელს და საზოგადოებრივსაც, თავისუფლად და აუკრძალავად იმეცადინებს რა მიწათმოქმედებაში, სარეწებში, ვაჭრობაში, ხელსაქმეში, კანონების ჩრდილქვეშ, რომლებიც ყველას თანაბრად დაიფარავენ. თქვენი სიუხვე და კეთილდღეობა ჩვენთვის ერთადერთი და ყველაზე უფრო სასიამოვნო ჯილდო იქნება». 

მანიფესტთან ერთად საქართველოს უმაღლესი მთავრობა იქნა დაარსებული, და საქართველომ ახალი დაყოფა მიიღო. ის ხუთ მაზრად იქნა დაყოფილი, რომელთაგან სამია ქართლში: გორის, ლორესი და დუშეთის, და ორიც კახეთში: თელავისა და სიღნაღის. მმართველობა იყოფოდა ოთხ ექსპედიციად (Высочайше постановленное внутреннее въ Грузiи правленiе. П. С. З. т. XXVI): პირველი აღმასრულებელი საქმეებისთვის ანუ მმართველობისა; მეორე სახაზინო და ეკონომიკური საქმეებისთვის; მესამე სისხლის სამართლის საქმეებისთვის; მეოთხე სამოქალაქო საქმეებისთვის. დაარსებულ იქნა სამედიცინო მმართველობა (управа). თითოეულ მაზრაში დაარსდა სამაზრო სასამართლო, საერო პოლიციის მმართველობა, კაპიტან-ისპრავნიკის მეთაურობით. ქალაქებში დანიშნულ იქნენ ხაზინადარები, კომენდანტები და მათ დასახმარებლად პოლიცმაისტერები ანუ ნაცვლები. პირველები დაინიშნენ რუსი მოხელეებისგან, უკანასკნელნი კი ქართველი თავადაზნაურებისგან. საქართველოში მცხოვრებ თათრებთან: ყაზახის, ბორჩალოსი და ბამბაკისა, განსაზღვრულ იქნა თითო-თითო პრისტავი ანუ მოურავი, ქართველი თავადებიდან, ხოლო ხევსურების, ფშავლებისა და თუშების ტომებში კი ყველასთვის ერთი (პრისტავი ანუ მოურავი). თითოეულ მოურავს დაენიშნა თანაშემწე რუსი მოხელეებიდან. ყარაბაღიდან ახლად მოსული სომხები თავიანთი მელიქების მმართველობის ქვეშ იქნენ დატოვებულნი.

საქართველოს მმართველი, ექსპედიციების უფროსები და მრჩევლები გახლდნენ საქართველოს უმაღლესი მთავრობის წევრები (ოთხი ექსპედიციიდან თითოეულში თავმჯდომარეობდნენ: პირველში – საქართველოს მმართველი და ორი მრჩეველი ანუ მდივან-ბეგი, ერთი რუსი მოხელეებიდან და ერთიც ქართველი თავადებიდან; მეორეში – უფროსი რუსი მოხელეებიდან, ოთხი მრჩეველი ქართველი თავადებიდან /ორი ქართლისა და ორიც კახეთის/, საგუბერნიო ხაზინადარი ანუ სალთხუცესი; მესამესა და მეოთხეში – უფროსი რუსი მოხელეებიდან და ოთხი მრჩეველი ქართველი თავადებიდან). თანამდებობებზე ქართველი თავადების დანიშვნა, თავად მმართველობის გახსნისას, კნორინგს მიეცა ასარჩევად, ხოლო ერთი წლის ამოწურვის შემდეგ კი იმპერატორმა ალექსანდრემ ამ არჩევანის გაკეთება თავად ქართველ თავადებსა და აზნაურებს მიანდო.

უზენაესად ბრძანებულ იქნა, რომ სამოქალაქო საქმეები ეწარმოებინათ «ახლანდელი ქართული წეს-ჩვეულებებისა» და ვახტანგ მეფის მიერ გამოცემული კანონმდებლობის მიხედვით, როგორც ძირული ქართული კანონისა. ამ კანონებისა და ხალხური წეს-ჩვეულებების საფუძველზე, კნორინგს, მმართველ კოვალენსკისთან ერთად, ყველა სამთავრობო ადგილი და პირი დაწვრილებითი დარიგებებითა და ინსტრუქციებით უნდა მოემარაგებინათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი თავიანთი თანამდებობების აღსრულებისას.

თავად მთავარსარდალს მოვალეობად დაეკისრა «ფხიზლად ადევნოს თვალ-ყური, რათა ყველა მხარეში, რომლებიც მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სახელით იმართება, აღკვეთილ იქნას ყოველგვარი ბოროტად გამოყენებანი, უსამართლობანი, ჩაგვრა, მკვლელობანი და ასევე წამება სისხლის სამართლის საქმეებში. «მთავარსარდლის ვალია – შეამციროს თავად ბოროტმოქმედთა ხვედრიც რუსეთის კანონების სიკეთით და მოსპოს წამება და სიკვდილით დასჯა (Арх. Мин. Внутр. Делъ, по Дер. Общ. Делъ. Дела Грузiи, кн. 1).

გადაწყვიტა რა საკითხი საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ, იმპერატორ ალექსანდრეს, თავისი დიდსულოვნებით, არ შეეძლო არ დაჰყოლოდა ბატონიშვილების თხოვნებს პეტერბურგიდან საქართველოში გამგზავრების შესახებ.

გამოუთქვა რა თავიდან კნორინგს თავისი სურვილი სამეფო სახლის ყველა დანარჩენი წევრები საქართველოდან გამოეძახებინა, იმპერატორმა ახლა დაუთმო მათ თხოვნებს სამშობლოში დაბრუნების შესახებ. სახელმწიფო საბჭომ, რომლის მიერ დასამტკიცებლადაც იქნა შეტანილი წერილი ბატონიშვილთა საგზაო ხარჯებისთვის აუცილებელი სახსრების შესახებ, მათთვის უკან საქართველოში გამგზავრებაზე ნებართვის მიცემა შეუძლებლად მიიჩნია. 28 ნოემბრის სხდომაზე (Протоколъ государственнаго совета 28-го ноября 1801 г. Государ. Арх.) დადგენილ იქნა ბატონიშვილები რუსეთში გაეჩერებინათ, მისცემდნენ რა ხაზინიდან თითოეულს სახარჯოდ 10.000 მანეთს ყოველწლიურად. უკეთესი მატერიალური უზრუნველყოფისთვის კი ბატონიშვილებს ნება მიეცათ აერჩიათ ერთერთი საგუბერნიო ქალაქი, როგორებიც იყო: კიევი, კალუგა, კურსკი, ვორონეჟი, ხარკოვი ან ასტრახანი, სადაც ცხოვრება არ შეიძლებოდა ისეთი ძვირი ყოფილიყო, როგორც დედაქალაქში. სახარჯო თანხები ხაზინიდან მათთვის იმ შემოსავლების განსაზღვრამდე შეენარჩუნებინათ, რომლებსაც თითოეული ბატონიშვილი საქართველოში ღებულობდა. აუცილებლობის შემთხვევაში დაეიმედებინათ, რომ იმ საგუბერნიო ქალაქებში, რომლებშიც ისინი დასახლებას მოისურვებენ, მოძებნილ იქნება სახლები და მომზადებული პირველი შინაური მოწყობილობა. ბატონიშვილების ამალას კი თავად უნდა გადაეწვიტა ან რუსეთში დარჩენილიყო, ან კიდევ საქართველოში დაბრუნებულიყო და უკანასკნელ შემთხვევაში მათთვის სამგზავრო სახსრები მიეცათ. 

სახელმწიფო საბჭოს განსაზღვრება იმპერატორის მიერ იქნა დამტკიცებული, ხოლო ქართველი ბატონიშვილები კი რუსეთში დატოვებულნი.

საქართველოს ყოფილი ელჩები წარმოებულ იქნენ: თავადი ჭავჭავაძე ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის წოდებაში, ხოლო თავადები ავალიშვილი და ფალავანდიშვილი – სახელმწიფო მრჩევლებისა (Протоколъ государственнаго совета 9-го декабря 1801 г. Госуд. Арх. Указъ 16-го декабря 1801 г. С.-Петербургскiй Арх. Мин. Иностр. Делъ).

ვარაუდობდნენ სამეფო სახლის საქართველოში დარჩენილი პირებიც ასევე რუსეთში გამომგზავრებაზე დაეყოლიებინათ; მაგრამ ყველა ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა. დედოფლები ტფილისის დატოვებაზე გადაჭრით უარს აცხადებდნენ. დავითი გამოხატავდა სურვილს მიეცა თხოვნა თადარიგში განთავისუფლების შესახებ და სამოგზაუროდ სხვადასხვა აზიურ ქალაქებში გამგზავრებულიყო. ლაზარევი და ტუჩკოვი ურჩევდნენ მას პეტერბურგში გამომგზავრებას, საიდანაც სამოგზაუროდ ევროპაში გაემართებოდა; «მაგრამ, – მოახსენებდა ლაზარევი, – როგორც ჩანს, ამაზე დათანხმება მას არცთუ ძალიან უნდა» (Письмо Лазарева Кноррингу 11-го января 1802 г. Тифлисскiй Арх. Канц. Наместника).

ცნობამ, რომელმაც მოაღწია ტფილისამდე იმის შესახებ, რომ რუსეთში გამგზავრებულ ბეტონიშვილებს არ მისცეს ნება საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, კიდევ უფრო მეტად გაამყარა დავითი თავის არსურვილში რომ ჩვენს დედაქალაქში გამომგზავრებულიყო. უცნობი პირისგან თავად ორბელიანის მიერ პეტერბურგიდან მიღებულმა წერილმა სამეფო სახლის პირებს შორის ყველაზე უფრო არახელსაყრელი შთაბეჭდილება მოახდინა.

«თუ შენ გაინტერესებს აქაური ცნობები, – წერდა უცნობი (Князь Орбелiани, 3-го января 1802 г. Тифл. Арх. Канц. Нам.), – მაშინ მანიფესტი, რა თქმა უნდა, უკვე ნახე, ახლა დიმიტრი ორბელიანს სარდლობა მისცეს, შენ კი ის უკვე აღარ გაქვს. ბატონიშვილებს უკან აღარ უშვებენ, და ისიც მოვისმინე, რომ მათაც, რომლებიც თქვენთან იმყოფებიან, აქ მოითხოვენ; ხოლო როდესაც ისინი გადმოყვანილ იქნებიან, მაშინ საქმე ისეა მოწყობილი, რომ ბაგრატიონების ყველა ნათესავი და ახლობელი აქვე გადმოიყვანონ, და მათთან ერთად კი ყველა ცნობილი ადამიანის, მანდაური თავადების, აზნაურებისა და გლეხების აქეთ გადმოყვანა და დასახლება უნდათ, ხოლო აქაური კაზაკები კი, 1400 კომლი, საქართველოში გადმოჰყავთ».

ამ წერილის შემდეგ დავით ბატონიშვილმა მაშინვე წარადგინა წერილი თადარიგში გასვლის შესახებ (Прошенiе Давида 15-го января. Рапортъ Кнорринга Государю Императору 5-го февраля 1802 г. Тамъ же); მაგრამ მისი გადადგომა იმპერატორ ალექსანდრეს მიერ არ იქნა მიღებული, და ბატონიშვილი სამსახურში უნდა დარჩენილიყო.

ასე შემოუერთდა წერილობითი აქტებით საქართველო რუსეთს. ურთიერთობები ახლად შემოერთებულ ხალხსა და ჩვენს მთავრობას შორის განსაკუთრებით გაურკვეველი იყო. ჩვენ სრულებით არ ვიცნობდით ქვეყანას, რომელიც რუსეთის დერჟავისადმი იქნა შემოერთებული. ქართველები მეტს მოელოდნენ. ისინი იმედოვნებნენ პავლე I-ის დაპირებათა შესრულებას, ფართო შეღავათებსა და პრივილეგიებზე, რომელთა მიცემასაც განსვენებული იმპერატორი ფიქრობდა, დაბოლოს, ზოგიერთს იმის იმედიც ჰქონდა, რომ შედგებოდნენ რა რუსეთის ქვეშევრდომობაში, ისინი მართული იქნებოდნენ თავიანთი ბუნებრივი მეფის მიერ ბაგრატიონთა საგვარეულოდან.

განათლების უკმარისობა, ხალხის განვითარების მცირე ხარისხი არ აძლევდნენ საშუალებას ქართველებს დაენახათ, რომ მათი ასეთი სურვილის აღსრულება დადებითად შეუძლებელი იყო. ამიტომ ხალხი თავისი ბედით სავსებით დაკმაყოფილებული არ დარჩენილა. ქართველები რაღაცნაირ გაურკვეველ მდგომარეობაში იყვნენ, თან კმაყოფილები, თანაც უკმაყოფილოები. გამოჰყოფდა რა კერძო ინტერესს საზოგადოებრივისგან, თითოეულს სურდა უწინარეს ყოვლისა გადასახადებისა და ვალდებულებეთაგან განთავისუფლება, და როცა შეიტყვეს, რომ ქვეყნის შემოერთების შესახებ მანიფესტში ამის თაობაზე არაფერია ნათქვამი, ქართველებს თავიანთ მოლოდინში იმედები გაუცრუვდათ.

საგანთა ასეთი მდგომარეობისას, ახალი მთავრობა განსაკუთრებით ფრთხილი, გულისხმიერი და დელიკატური უნდა ყოფილიყო. საქმეების მომრგვალებისთვის აუცილებელი იყო კუთხეები ქვეშ-ქვეშად ჩამოეთალათ, რბილად და თანაბრად, არ აღაგზნებდნენ რა ვნებებს, არ შელახავდნენ რა ხალხის სიამაყესა და ღირსებას...

თავიანთ მხრივ, პეტერბურგის კაბინეტმა, და მის სათავეში იმპერატორმა ალექსანდრემ, ყველაფერი გააკეთეს, რასაც შეიძლებოდა ხელი შეეწყო საქართველოს კეთილდღეობისთვის. რუსეთი, არ ღებულობდა რა დიდხანს არანაირ შემოსავალს ახლად შემოერთებული ქვეყნიდან, თავის საკუთარ ფულებს იყენებდა ქართველთა როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი საკუთრების მოწყობისა და უზრუნველყოფისთვის. უერთებდა რა თავის სამფლობელოებს თავის ერთმორწმუნე ხალხს, რუსეთის სავსებით უანგაროდ იქცეოდა, ჰქონდა რა მხოლოდ ერთი მიზანი – თავისი შესაწირავებით ახალ თანამემამულეთა და ერთი დიდი სახელმწიფოს ერთმორწმუნე ძმების კეთილდღეობა დაემკვიდრებინა.

საუბედუროდ, იმპერატორის დიდსულოვნება და კეთილი განზრახვები მისი ნებისა და წინასწარგანზრახულებათა ზოგიერთ აღმსრულებელზე სავსებით ვერ აისახა. იმედს ამყარებდა რა თითოეული იმ პირის პატიოსნებასა და კეთილგონიერებაზე, რომლებიც ქვეყნის მართვისთვის იყვნენ მოწოდებულნი, და სჯეროდა რა მათი, ალექსანდრე I-მა უნებურად დაუშვა თავის წინასწარგანზრახულებათა შეცვლის შესაძლებლობა, «ნებას აძლევდა რა მთავარსარდალს, მმართველთან ერთად, ისინი იქაური ხალხის გონების მიმართულებასთან შეეხამებინა (сообразить ихъ съ умоначертанiями тамошняго народа)». 

სწორედ ეს ნებართვა იქცა კიდეც შემდგომში საბაბად ზოგიერთი უწესრიგობისთვის საქართველოში, რომლებიც მოახდინეს ადამიანებმა, ვინც რუსეთის მთავრობის მითითებებს უპირობოდ არ მიჰყვებოდნენ, არამედ ერთადერთი თავიანთ პირად ინტერესებს ისახავდნენ.

(გაგრძელება იხ. ნაწილი VIII)

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment