Thursday, November 17, 2016

აკადემიკოსი დუბროვინი საქართველოს მთავარმართებლად თავად ციციანოვის დანიშვნის, მისი წარსული ცხოვრებისა და ახალ თანამდებობაზე პირველი ნაბიჯების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /том IV, С.-Петербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)



თავი I 

(კავკასიაში ჯარების მთავარსარდლად თავად ციციანოვის დანიშვნა. – მისი წარსული. – თავად ციციანოვისთვის მიცემული ინსტრუქციები. – მისდამი დაქვემდებარებული მხარის ადმინისტრაციული დაყოფა. – ყალმუხების მდგომარეობა. – ზომები მათი ყოფაცხოვრების გაუმჯობესებისთვის. – ყაბარდოელები.)

საქართველოში მიმდინარე უწესრიგობებმა აიძულეს იმპერატორი ალექსანდრე I მათზე ყურდღება მიექცია და იქაური მმართველობის სათავეში ისეთი ადამიანი დაეყენებია, რომელიც, გამოირჩეოდა რა ადმინისტრაციული ღირსებებით, ამასთან ერთად, საკუთარ თავში იქაური მოსახლეობის ყოფაცხოვრების ცოდნასაც აერთიანებდა. ასეთი პირი თავადი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი გახლდათ.

თავისი წარმოშობით თავადი პ. დ. ციციანოვი ერთერთ ყველაზე უფრო ცნობილ ქართულ საგვარეულოს (ციციშვილებს – ი. ხ.) მიეკუთვნებოდა და საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის მეუღლის ნათესავიც გახლდათ (მეფე გიორგი XII თავადის ასულ მარიამ ციციშვილზე იყო დაქორწინებული). პავლე დიმიტრის ძის დანიშვნით საქართველოს თავისთვის ყველაზე უფრო სასიკეთო შედეგების მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ იგი მაშინ რუსეთში მის ერთერთ საუკეთესო მოღვაწედაც იყო ცნობილი.

თავადი ციციშვილები ოდესღაც ქართლში მთავრები იყვნენ (были некогда владетелями въ Карталинии), და მათი გვარი, რომელიც თავის დასაბამს XIV საუკუნიდან მოითვლიდა, არცთუ იშვითად საქართველოს სამეფო სახლს საქორწინო კავშირებით უერთდებოდა. თავად ციციშვილებიდან ერთერთი, თავადი პაატა (პავლე ზაქარიას ძე), თავად პავლე დიმიტრის ძის პაპა, იმპერატორ პეტრე I-ის მეფობის დროს რუსეთში გამოემგზავრა, ხოლო იმპერატრიცა ანა იოანეს ასულის დროს კი საქართველოს ჰუსართა პოლკში კაპიტნად რუსულ სამსახურში შემოვიდა.

თავადი პავლე დიმიტრის ძე მოსკოვში 1754 წლის 8 სექტემბერს დაიბადა (Жизнь князя Цицiанова. Москва, 1823 г. Подвиги русск. воин. въ странахъ Кавказскихъ, Зубова. Формулярный списокъ князя Цицiанова. Записки Тучкова /рукопись/. Воен учён. Арх. Главн. Штаба). ჯერ კიდევ შვიდი წლის ბავშვი ლეიბ-გვარდიის სამსახურში პრეობრაჟენსკის პოლკში იქნა ჩაწერილი, და 1772 წლის 1 იანვარს კი წარმოებულ იქნა პრაპორშჩიკად იმავე პოლკში. თავისი ნიჭიერება და უნარიანობა თავადმა ციციანოვმა ადრეული წლებიდანვე გამოავლინა. იყო რა ცამეტი წლის ბიჭი, თავისი მამის ხელმძღვანელობით, მან თარგმნა პატარა წიგნი «საველე ინჟენერი», რომელიც 1775 წელს გამოიცა. ახალგზრდულ წლებს იგი თარგმნასა და სამხედრო მწერლების შესწავლაში ატარებდა. თავადი პავლე დიმიტრის ძე კარგ ლექსებს წერდა და, სხვათა შორის, ფრანგულიდან რუსულ ენაზე ფოლარდის თხზულებებიც გადმოთარგმნა.

თავისი საკუთრი სურვილით მან პრეობრაჟენსკის პოლკი დატოვა და თავიდან ტობოლსკის ქვეით პოლკში გადავიდა, ხოლო შემდგომში კი, პოლკოვნიკის წოდების მიღებასთან ერთად (1786 წლის 12 თებერვალს), ს.-პეტერბურგის გრენადერთა პოლკის მეთაურად იქნა დანიშნული, რომელთან ერთად იყო კიდეც პირველ ცეცხლში, გრაფ რუმიანცევის არმიაში, 1788 წელს.

ამ დროიდან იწყება თავად ციციანოვის საბრძოლო მოღვაწეობა. იგი მონაწილეობს ბრძოლებში თურქებთან მდინარე სალჩაზე და ბენდერის ციხესიმაგრის აღებისას. აქედან იგი თავის პოლკთან ერთად პოლონეთში იქნა გაგზავნილი, სადაც მას გრენადერთა პოლკის ჩამოყალიბება დაევალა (ახლა მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის გრენადერთა პოლკი), რომელთან ერთადაც იგი 1793 წელს გროდნოში მოვიდა.

იმავე წლის 2 სექტემბერს თავადი ციციანოვი წარმოებულ იქნა გენერალ-მაიორად და, გენერლების ზოგადი განრიგის მიხედვით, კავკასიის ხაზზე უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ იმპერატრიცამ «თავისი გენერალი», როგორც იგი ციციანოვს უწოდებდა, ს.-პეტერბურგის პოლკში დატოვა. აღშფოთებამ პოლონეთში თავად ციციანოვს საშუალება მისცა თავისი ბრწყინვალე სამხედრო ნიჭი ეჩვენებინა. არცთუ დიდი რაზმით იგი გროდნოზე დაიძრა, მცხოვრებნი აღშფოთებაზე მათი განზრახვისთვის დასაჯა, მათგან 100.000 მანეთი კონტრიბუცია აიღო, ქალაქში მოწინააღმდეგეთა პარტიები არ შემოუშვა და თავისი განკარგულებებით ვილნოდან გამოსული ჩვენი რაზმი გადაარჩინა. ამის კვალდაკვალ საპეგა სლონიმიდან განდევნა და ვილნოს იერიშზეც გამოცხადა (Записки Л. Н. Энгельгардта, изд. 1867 года, стр. 164).

იმავე წლის აგვისტოში, თავადი პავლე დიმიტრის ძე ქვეითი ჯარის ერთი ბატალიონით დაეწია ამბოხებულთა ხროვას გრაბოვსკის უფროსობით, დაამარცხა ისინი და თვითონ გრაბოვსკიც ტყვედ აიყვანა.

მთელი ამ მოქმედებებით თავადმა ციციანოვმა საკუთარ თავს ხმამაღალი სახელი შესძინა. იმპერატრიცა ეკატერინე II-მ მას წმ. ვლადიმირის მე-2 ხარისხის ორდენი და ექვსი ათასი მანეთი უწყალობა*, ხოლო სუვოროვი კი, ერთერთ თავის ბრძანებაში, თავის ხელქვეითებს სთხოვდა ისევე გაბედულად ებრძოლათ, როგორც მამაცი გენერალი თავადი ციციანოვი იბრძოდა.

(*მივაგებთ რა სამართლიანად, წერდა იმპერატრიცა 1794 წლის 18 მაისს თავად ნ. ვ. რეპნინს, ერთის მხრივ გენერალ-მაიორ თავად ციციანოვის კეთილგონივრულ განკარგულებებს, რომელმაც არა მხოლოდ აგვაცილა მტრების მოღალატური ჩანაფიქრი და ჯარების მისდამი ჩაბარებული ნაწილიც უვნებლად შეინარჩუნა; არამედ ლიტვაში მყოფ სხვა დეტაშემენტებსაც საშუალება მისცა მას შეერთებოდნენ, და შემდეგ კი ქალაქი გროდნო კონტრიბუციით დასაჯა, ხოლო მეორეს მხრივ, ნარვის ქვეითი პოლკის პრემიერ-მაიორ რაუტერნშტერნისა და არტილერიის კაპიტან ტუჩკოვის მამაცურ და ვაჟკაცურ მოქმედებებს, რომლებმაც ვილნოში არსებული ამბოხების დროს იქიდან ჩვენი ჯარის ორი ათას სამას ცამეტი ადამიანი და საველე არტილერიის რვა და საპოლკო არტილერიის ხუთი ქვემეხი გამოიხსნეს, ხოლო შემდეგ კი ისინი მოხსენიებული გენერალ-მაიორ თავად ციციანოვის უფროსობის ქვეშ უვნებლად მოიყვანეს, ვუწყალობეთ ჩვენ პირველს ჩვენი წმინდა ვლადიმირის მეორე ხარისხის ორდენის დიდი ჯვარი, ხოლო უკანასკნელ ორს კი წმ. გიორგის მეოთხე კლასის სამხედრო ორდენის კავალრობა, რომლის ნიშნებსაც მათდამი ჩვენს საგანგებო სიგელებთან ერთად მათთვის მისატანად თქვენ გიგზავნით. ხოლო ამაზე ზევით კი გიბრძანებთ: პირველი, გროდნოში აღებული კონტრიბუციიდან გენერალ-მაიორ თავად ციციანოვს ექვსი ათასი მანეთი მისცეთ, რომელიც მას ჩვენ ჯილდოდ ვუწყალობეთ. მეორე, იმავე თანხიდან დააკმაყოფილოთ ყველა ასეული, რომლებმაც მათზე მოულოდნელი ბოროტული თავდასხმის დროს, როგორც ვარშავაში, ისე ვილნოშიც საარტელო საზიდრები და ფული დაკარგეს, მოითხოვთ რა მათი რიცხვის შესახებ სწორ ცნობებს. და ბოლოს, მესამე, ყველაზე უფრო სარწმუნო შეტყობინებების ასეთივე შეგროვებით იმ დანაკარგების შესახებ, რომლებიც იმავე ადგილებში ნამყოფ ჩვენს ჯარებში შტაბ და ობერ-ოფიცრებმა განიცადეს, და რომლებიც თავად მოღალატეთა ხარჯზე უნდა იქნას ანაზღაურებული, მისცეთ ყველა იმ შტაბ და ობერ-ოფიცერს მათ მიერ დაკარგული ეკიპაჟების შესაძენად, თქვენი საკუთარი შეხედულების და მიხედვით, თითოეულის მიერ განცდილი დანაკარგის თანაზომადად, გარკვეული რაოდენობის ფულები, მოგვახსენებთ რა თავის დროზე ამის შესახებ. ხოლო შემდეგ კი გროდნოს კონტრიბუციიდან დარჩენილი თანხა თქვენს განკარგულებაში აიღოთ».) 

1796 წელს, თავად იმპერატრიცის არჩევით, თავადი პავლე დიმიტრის ძე გრაფ ვ. ა. ზუბოვის უფროსობით სპარსეთის კამპანიაში მონაწილეობდა. გაეცნო რა ადგილზე აზიელი ხალხების ყოფა-ცხოვრებასა და მათ ხასიათს, თავადი ციციანოვი რუსეთში ერთგვარად მომზადებული დაბრუნდა ახალი საქმიანობისთვის, რომელმაც მას შემდგომში მოუწია.

იმავე 1796 წელს იგი სუზდალის მუშკეტერთა პოლკის შეფად იქნა დანიშნული, ხოლო შემდეგ წელს კი თადარიგში გავიდა, რომელშიც 1801 წლის მაისამდე რჩებოდა. 

იმპერატორმა ალექსანდრე I-მა კვლავ მიიღო იგი სამსახურში, სახელმწიფო საბჭოს კანცელარიაში ექსპედიტორად სამხედრო ნაწილში, და მას გენერალ-ლეიტენანტის წოდებაც უბოძა.

ასეთი გახლდათ თავად ციციანოვის სამსახურეობრივი სარბიელი, რომელმაც განაცხადა თავის შესახებ როგორც ბრწყინვალე სამხედრო ნიჭის მქონე ადამიანზე, რომლის პირადი ღირსებების შესახებაც ჩვენ ერთერთი მისი თანამედროვისა და თანამოსამსახურის ნამდვილ სიტყვებს მოვიყვანთ.

«ციციანოვმა, – წერს ტუჩკოვი, – წესიერი განათლება მიიღო და ბუნების მიერ გონებითაც გახლდათ დაჯილდოვებული. სამხედრო სამსახურში ჰქონდა გამოცდილება, იყო პატიოსანი და ზოგჯერ სურდა ყოფილიყო სამართლიანიც, მაგრამ ხშირად ეს სურვილი ამაო გახლდათ. ამასთან იყო ფიცხი, თავმოყვარე, ამაყი, ჯიუტი და თავხედიც. არ უყვარდა არავისგან რჩევების მიღება; ცოტა იყო მისი ხელქვეითი, რომელზედაც მას კარგი აზრი ექნებოდა». მას უყვარდა სხვისთვის დაეცინა, სხვის მიმართ ეოხუნჯა, და ხასიათის ეს თვისება ახალგაზრდობაში მისთვის ბევრი უსიამოვნების მიზეზიც გამხდარა.

ენერგიულ და ქმედით ადამიანს, თავად ციციანოვს მეტოქეები და საერთოდ ისეთი პირები არ უყვარდა, რომელთაც შეეძლოთ მას გზაზე გადაღობებდნენ. იგი ადამიანებს მხოლოდ კუბოში აფასებდა და გენერალ გულიაკოვის შესახებ, მაგალითად, ღიად მხოლოდ მაშინ ნანობდა, როცა იგი მოკლულ იქნა. სანამ გულიაკოვი ცოცხალი იყო, თავადი ციციანოვი ბევრ რამეს თავის თავს მიაწერდა და იმასაც მიაღწია, რომ შეუზღუდავი ძალაუფლება და ძალა მიიღო. იმპერატორმა ალექსანდრემ მისცა მას უფლება ხელქვეითები ორდენებით დაეჯილდოვებინა და განკარგულებები თავის შეხედულებისამებრ გაეცა, არ დაელოდებოდა რა ნებართვას პეტერბურგიდან (Рескриптъ императора князю Цицiанову и письмо ему же графа Кочубея отъ 1-го февраля 1803 года). ზოგიერთი პირის საქართველოში ყოფნა, რომლებიც მინისტრების მიერ სხვადასხვა დავალებებით იყვნენ მივლინებულნი, თავად ციციანოვს არ მოსწონდა. ჯერ კიდევ ტფილისში თავის ჩამოსვლამდე მან მოახერხა იმისთვის მიეღწია, რომ ისინი მისდამი სავსებით იქნენ დაქვემდებარებულნი. ნაბრძანებ იქნა კოლეგიის მრჩეველი სოკოლოვი ან მთავარსარდლის კანცელარიაში დაეტოვებინათ, ან კიდევ საქართველოდან გამოეშვათ. (ციციანოვს) ნება მიეცა გრაფი მუსინ-პუშკინი, საქმეებში მისი ჩარევის შემთხვევაში, «მასზე დაკისრებული დავალების ფარგლებში» მოეყვანა, რომელსაც მხოლოდ საქართველოს მადნები ებარებოდა (Рескриптъ императора князю Цицiанову отъ 30-го января 1803 г. Акты Кавк. Арх. Комис., т. II, № 10).

თავადი ციციანოვი მკაცრი იყო თავისი ხელქვეითების მიმართ, რომელთაგან დაუღალავ საქმიანობასა და თავისი ბრძანებების უპირობო შესრულებას მოითხოვდა. რუმიანცევისა და სუვოროვის მიერ აღზრდილსა და მათ თანამოღვაწეს, მას განსაკუთრებული შეხედულება ჰქონდა სამსახურზე და მიაჩნდა, რომ უკანასკნელ წლებში ის ბევრ რამეში შეიცვალა. როცა უკვე კავკასიაში ჯარების სარდალი იყო და მიიღო ცნობა მისი უფროსობის ქვეშ გრაფ მიხეილ სემიონის ძე ვორონცოვის (შემდგომში თავადი და კავკასიის მეფისნაცვალი) დანიშვნის შესახებ, თავადი ციციანოვი მის ბიძას, მისდამი გამოცხადებული ნდობისათვის, მადლობას უხდიდა. «თუმცა კი, იგი გრაფ ა. რ. ვორონცოვს წერდა (отъ 11-го октября 1803 г. А. М. И. Д. II, 23, 1803, № 2), თქვენი ბრწყინვალების ჩემდამი მოწყალე განწყობის მიხედვით, გავბედავ ღიად მოგახსენოთ, რომ ახლანდელი სამსახურის სწავლა შეუძლებელია, და სარგებელსაც ახალგაზრდა ოფიცრისათვის მასში ვერ ვხედავ. ის არ ჰგავს იმ სამსახურს, რომელშიც გრაფ მიხეილ სემიონის ძის მამამ ინება თავის გამოჩენა, როცა გრაფმა პეტრე ალექსანდრეს ძემ, მისცა რა სამსახურს სული, ოფიცრებს დიდებისადმი სიყვარული ჩაუნერგა, და არა ფულებისადმი, როცა ყველა რაპორტებით არ მიძვრებოდა ხელმწიფესთან და არ წერდა უფროსს «მე მივმართე მის იმპერატორობით უდიდებულესობას», თვლიდა რა თავისი სისულელით, რომ ასეთი ურთიერთობებით ის მორჩილების ხარისხიდან გამოდის. სუბორდინაცია, სამხედრო სამსახურის სული, ახლა დამარხულია, და უფროსიც, რომელიც ამას მოითხოვს, დუჟინი გენერლების თვალში მკაცრად და ტირანად გამოიყურება; ერთი სიტყვით, რუსულ სამსახურს ჩამოვშორდით, პრუსიულს კი ვერ მივუდექით».

თავადი პავლე დიმიტრის ძე ყველა მიმართებით პატიოსანი ადამიანი გახლდათ, რომელსაც, მისი საკუთარი გამოთქმით, მშობლებმა, სულ ადრეული წლებიდანვე, «მიუკერძოებლობისა და ჭეშმარიტების სიყვარულის წესები» ჩაუნერგეს (Акты Кавк. Археогр. Комиссiи, т. II, № 2086).

– მე კანონების ენას კი არ ვეძიებ, ამბობდა ხოლმე იგი, არამედ მათ მოქმედებას მანკიერთა დასასჯელად და უდანაშაულოთა დასაცავად, აი მოვალეობა ჩემი წოდებისა და აი გზა, რომლიდანაც მე იოტის ოდენად არ გადამიხვევია (отъ коей я не устранялся ни на часъ). არა ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის სახელებს (ე. ი. სახელწოდებას) შევყავარ მე ჩემს ქცევაში, არამედ თავად ჭეშმარიტებასა და სამართლიანობას – აი ჩემი ქონება და აი ჩემს სულიერ წახალისებათა მიზანიც.

თავად ციციანოვის ასეთი შეხედულება საქმეებსა და სამსახურზე თავად იმპერატორისთვისაც იყო ცნობილი, რომელმაც იგი იმის უნარის მქონედ მიიჩნია, რომ საქართველოში ფესვგადგმული უწესრიგობანი და მოუწყობლობა მოესპო.

«ჩემთან მოსული საჩივრებისა, წერდა იმპერატორი თავად ციციანოვს (отъ 8-го сентября 1802 г. Акты Кавк. Археогр. Комиссiи, т. II, № 1), და საქართველოში მმართველებზე, გენერალ-ლეიტენანტ კნორინგსა და ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველ კოვალენსკიზე უკმაყოფილებათა მიხედვით, საჭიროდ მივიჩნიე, ჩავრიცხავ რა პირველს არმიაში და გამოვიწვევ რა უკანასკნელს აქ სხვა საქმეებში გამოყენებისთვის, დაგაკისროთ თქვენ ყველა თანამდებობა, რომლებიც კავკასიის ხაზის ინსპექტორის, ასტრახანის სამხედრო გუბერნატორის, იქ ასევე სამოქალაქო ნაწილის მმართველისა და საქართველოში მთავარმართებლის წოდებასთანაა შეერთებული.

ამ მოვალეობებიდან პირველ ორს უკვე დამყარებული წესრიგი გააჩნია. თქვენი მოშურნეობა და გულმოდგინება ჩემთვის იმის თავდებია, რომ თქვენ მას ჯეროვან მდგომარეობაში შეინარჩუნებთ და ამყოფებთ.

მაგრამ უკანასკნელმა, არის რა შეუღლებული მხარის ახალ მოწყობასთან, რომელიც რუსეთის მიერ საგანგებო მფარველობაში იქნა მიღებული, თქვენი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიიქციოს, რომლის საფუძვლადაც შემდეგი შენიშვნები მიიღეთ:

1) თქვენდამი ჩაბარებული ძალაუფლების საზღვრები, არსებითად იგივეა, რომლებშიც გენერალ-ლეიტენანტი კნორინგი იყო ჩაყენებული.

2) დარიგებაში, რომელიც მას მიეცა საქართველოს თავდაპირველი მოწყობისას, თქვენ ჰპოვებთ არა მხოლოდ დაწვრილებით წესებს მისი მმართველობის შესახებ, არამედ იმ მთავარ წახალისებათა ახსნასაც, რომლებითაც მე ამ საქმეში ვხელმძღვანელობდი. თქვენ ნახავთ მათში, რომ არა ჩემი ძალაუფლების გაფართოებას და არა რუსეთის საკუთარ სარგებელთა გამრავლებას ვეძიებდი მე მასში, არამედ ერთადერთი მსურდა დამემშვიდებინა ხალხი, რომელიც შინაგანი და გარეგანი ამბოხებებით იყო გარემოცული, დიდი ხნიდან რუსეთისადმი ერთგული, რომელმაც თავისი უძველესი ერთგულებით მისი (რუსეთის) მონაწილეობა (თანაზიარობა) დაიმსახურა. თქვენ ნახავთ, რომ მასში საქმეთა ახლანდელი წესრიგის შემოღება მისი დაუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არ იყო, არამედ იმ მსჯელობის შედეგი, რომ რუსეთისათვის უფრო მოსახერხებელია იცავდეს კეთილმოწყობილ და მუდმივად მართულ მხარეს, ვიდრე, მხოლოდ მოულოდნელ შემთხვევებში და ერთადერთ მის გაძლიერებულ ღაღადზე, დროებით მოდიოდეს მის დასახმარებლად და დიდი დანახარჯებით მოუტანდეს მას გარეგნული მოქმედებებით გამოსწორების წუთიერ ზომებს, რომლებიც ყოველთვის მზად იქნება დანგრევისთვის, როგორც კი მათი მხარდამჭერი ძალა მათ დატოვებს. მე საჭიროდ მივიჩნიე განგამტკიცოთ თქვენ ამ მთავარ აზრში, რათა ხედავდეთ იმ გეგმის თავად საფუძველს, რომელზედაც საქართველოს მმართველობა უნდა იქნას დაყენებული».

იხელმძღვანელებდა რა ასეთი წესებით, თავად ციციანოვს მათზე თავისი ქცევა უნდა დაეფუძნებია და ქართველი ხალხისთვის ეგრძნობინებია, «რომ ვერც მოშორებულობა, ვერც ურთიერთობათა სიძნელე ვერ აღუდგება მას წინ იმაში, რომ რუსეთის მიერ მმართველობის სიკეთეში მონაწილეობდეს, და რომ არასოდეს არ ექნება მას მიზეზები სინანულისათვის, რომ თავისი ბედი რუსეთს ჩააბარა».

მხარის მმართველობაში შესვლისას, თავად ციციანოვს უწინარეს ყოვლისა მოვალეობად ეკისრებოდა რომ ადგილზე გამოეკვლია და დაეკმაყოფილებინა ქართველთა საჩივრები წინამორბედ მმართველობაზე, ხოლო შემდეგ კი განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში შემოსავლების მდგომარეობასა და იმ სამემკვიდრეო მამულების ცნობილობაში მოყვანაზე მიექცია (приведенiе въ известность уделовъ), რომლებიც სამეფო სახლის წევრებს ეკუთვნოდა.

«ამ მხარეში ახლანდელი სახის (წესის) მმართველობის დამყარებისას, ნათქვამია იმპერატორ ალექსანდრეს რესკრიპტში, მე მქონდა გენერალ-ლეიტენანტ კნორინგისგან პირადი დარწმუნება, რომ საქართველოს საკუთარი შემოსავლებით თავის შენახვა არ შეუძლია. მაგრამ ამ დრომდე ამ შემოსავლების რაოდენობის შესახებ მისგან არაფერი ყოფილა მოწოდებული, და ამასობაში სხვადასხვა საგნების მიხედვით ხარჯები, მრავლდებოდა რა დღითიდღე, უკვე მეტად მნიშვნელოვან თანხამდე გაიზარდა, და თუმცა კი ამ ხალხის მოწყობა მთავრობის საერთო ზრუნვის საგანი შეიქნა, მე არანაირად არ ვისურვებდი, რომ მისი მართვის სიმძიმე მხოლოდ რუსეთს დააწვეს. მეორეს მხრივ, სამეფო სახლის ზოგიერთ წევრს მოაქვს საჩივრები, რომ ისინი მათთვის შესაფერი შენახვის სახსრების გარეშე არიან დატოვებულნი, ამ სახსრების განსაზღვრისათვის კი, სანამ მათი სამფლობელოები არ იქნება ცნობილი, შესაძლებლობა არ გაგვაჩნია».

სამეფო სახლის წვრთა განუწყვეტელმა საჩივრებმა მათთვის საარსებო სახსრების ჩამორთმევის შესახებ, და რაც მთავარია, მათმა ჩარევამ ქვეყნის საშინაო საქმეებში და ინტრიგებმა, რომლებიც უწინდელი მმართველობის აღდგენისკენ იხრებოდა, აიძულეს იმპერატორი მიეღო ზომები სამეფო სახლის ყველა წევრის რუსეთში გამოსაყვანად. ეს მით უფრო აუცილებელი იყო, რომ დარეჯან დედოფლის მცდელობები იულონ ბატონიშვილის ტახტზე აყვანის შესახებ მაშინ სრულ განვითარებაში იყო, და სამეფო სახლის წევრთა უმრავლესობა მასთან თანხმობაში იმყოფებოდა. კნორინგი თითქმის ყოველკვირეულად მოახსენებდა, რომ დარეჯან დედოფლის წაქეზებით მომიჯნავე მფლობელები მზად არიან საქართველოში შემოიჭრან და რომ ბაბა-ხანმა, რომელმაც იულონ ბატონიშვილი საქართველოს მეფედ გამოაცხადა, უკვე ჯარიც გამოჰყო ტახტზე მის დასამკვიდრებლად. თუმცა კი საქართველოში მყოფი რუსული ჯარები საკმარისი იყო იმისთვის, რომ მტრების თავდასხმებს მნიშვნელოვანი შედეგები არ ჰქონოდა, მაგრამ ისინი არ იყო საკმარისი მთელი საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო სოფლების ძარცვა-რბევისგან უზრუნველყოფისთვის, რაც მოწინააღმდეგის შემოჭრისას გარდაუვალი იქნებოდა, და მით უმეტეს ისეთი მოწინააღმდეგისა, რომლისთვისაც უცხო იყო ომის წესები, რომლებიც ევროპელ ხალხებს ჰქონდათ შეთვისებული. აქედან ამომდინარე, ასეთი შემოჭრის დასწრება და ინტრიგების მოსპობა, როგორც საქართველოს წინააღმდეგ ყველა მტრული მოქმედების წყაროსი, დაბეჯითებით აუცილებელი ხდებოდა. ჯერ კიდევ საქართველოს რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლისას მთავრობამ წინასწარ განსჭვრიტა, რომ ქვეყანაში მშვიდობის აღდგენა მხოლოდ სამეფო სახლის ყველა წევრის სრული გამოყვანის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, და ამიტომ მაშინვე იქნა გადაწყვეტილი ყველა ისინი რუსეთში გამოეძახებინათ. «მაგრამ, წერდა იმპერატორი ალექსანდრე, ცვალებადობა მთავარმართებლის საწყისებში, რომელიც ხან მათი სარგებლის შესახებ შუამდგომლობდა, ხან კიდევ მათზე საჩივრები შემოჰქონდა, და შესაძლოა გარკვეული სიმტკიცის უკმარისობაც, ამ დრომდე ამ გადაწყვეტილებას აღუსრულებელს ტოვებდა. ამასობაში თქვენ თავად შეიცნობთ, თუ ეს რამდენად საჭიროა და ამიტომ თქვენს უპირველეს მოვალეობებს შორის დააყენებთ დარწმუნების, დაბეჯითებისა და ბოლოს თავად იძულების ყველა ზომის მიღებასაც ამ დაუწყნარებელი ბატონიშვილების, და განსაკუთრებით დარეჯან დედოფლის, რუსეთში გამოსაყვანად. ამას მთავარ ზომად მივიჩნევ, ხალხის დამშვიდებისთვის, როცა მათ ჩანაფიქრებსა და მოძრაობებს ვხედავ, რომლებიც მათი ბედნიერებისათვის დამყარებულ წესრიგში გაუთავებლად ირყევიან».

მიუხედავად ამისა, იმაზე უწინ, ვიდრე ძალას მიმართავდა, იმპერატორმა მთავარსარდალს დაავალა ყველა ძალისხმევა გამოეყენებია იმისთვის, რათა ყველა მეფის ძე და მეფის ასული, როგორც საქართველოში მცხოვრებნი, ისე იმერეთში წასულებიც, რუსეთში ნებაყოფლობით გამომგზავრებაზე დაეყოლიებინა. უკანასკნელებთან მიმართებით, თავად ციციანოვს, ტფილისში ჩამოსვლისას, წარგზავნილი უნდა მიევლინა იმერეთის მეფე სოლომონთან და ეცადა დაეყოლიებინა იგი, თვით ფულის დახმარებითაც კი, რომ ბატონიშვილები გადმოეცა. უფრო მეტი წარმატებისთვის, იმპერატორი თავად სწერდა წერილებს როგორც სოლომონს, ისე დედოფლებსაც დარეჯანსა და მარიამს.

«საქართველოში საჯაროდ გამოცხადებული მანიფესტიდან, წერდა ალექსანდრე I დედოფლებს (Въ рескриптахъ отъ 3-го октября 1802 г., за №№ 16 и 17. Арх. Минист. Внутр. Делъ, департ. общихъ делъ, ч. VII), თქვენთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია ის განკარგულებები, რომლებითაც მე ვიყავი ამოძრავებული საქართველოს დასაცავად იმ უბედურებებისგან, რომლებიც მას თავზე დაატყდა, მასში მტკიცე მთავრობისა და წესრიგის დამყარებით.

ვაგრძელებდი რა ამ ერთმორწმუნე ქვეყნის შესახებ სწორედ იმავე საქმეს, მე კმაყოფილებით ვხედავდი, რომ მასში ჩადებულმა კეთილმოწყობის პირველმა საწყისებმა უკვე თავისი მოქმედება იქონიეს.

ხელს ვუწყობ რა მათ გავრცელებას და ამასობაში ჩემს ცნობამდე მოსული ყველა გარემოებიდან ვხედავ, რომ ხალხში შემაწუხებელი აზრების ნარჩენებია, რომლებსაც სხვა რწმენის მეზობლები აღვივებენ, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა შეგონებებითა და ხმებით ამ მხარეში დანერგვადი წესრიგის პირველი საფუძვლები მოშალონ და თვით ის ნდობაც კი შეარყიონ, რომელიც თქვენსა და სამეფო სახლის ყველა წევრის მიმართ გამაჩნია. ყველა იმ შეწუხების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც ამ ხმებს პირადად თქვენ შეუძლიათ მოგიტანონ, რადგანაც მათი სრული აღკვეთისთვის, მე საჭიროდ მივიჩნიე შემოგთავაზოთ დროებით, მთელი თქვენი ოჯახით, რუსეთის გზას დაადგეთ, სანამ ამ ქვეყნის ბედნიერებისათვის განზრახული განკარგულება მასში სრულებით დამკვიდრდება და როცა თქვენ შეგეძლებათ თქვენს სამშობლოში პირადად თავად თქვენთვის სრული სიმშვიდითა და უსაფრთხოებით დაბრუნდეთ.

ვვარაუდობ რა, რომ ასეთ დანიშნულებას თავად თქვენც იმდენადვე თქვენთვის სასარგებლოდ და აუცილებლად მიიჩნევთ, როგორც ჩემს მიერ მტკიცედ გადაწყვეტილადაც – მე ჩემთვის სასიამოვნოდ ვთვლი ამავე დროს შეგატყობინოთ, რომ უკვე ვუბრძანე მთავარმართებელს საქართველოში გენერალ-ლეიტენანტ თავად ციციანოვს, რომ გასცეს ყველა საჭირო და თქვენი ღირსების შესაფერისი განკარგულება რუსეთში თქვენი მშვიდი და ხელსაყრელი მოგზაურობისთვის».

თითქმის ასეთივე შინაარსის წერილები იყო მიწერილი გრაფ კოჩუბეის მიერ იულონ, ვახტანგ, ალექსანდრე, ფარნაოზ და დავით ბატონიშვილებისადმი (Письма графа Кочубея царевичамъ отъ 3-го октября 1802 г. Арх. Минист. Внутрен. Делъ, департам. общихъ делъ, ч. VII). იძახებდა რა მათ რუსეთში, მთავრობას უმთავრეს მიზნად ჰქონდა მოესპო ინტრიგები და, ისარგებლებდა რა სამეფო ოჯახის პირთა არყოფნით, საქართველოს ჩახლართული საქმეები სისტემასა და გარკვეულობაში მოეყვანა, ხოლო შემდეგ კი მთავარმართებლის მშვიდი (წყნარი), სამართლიანი, მაგრამ ამასთან მეტად მყარი ქცევითაც იმ მხარეში, ეცადა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ სამფლობელოთა ნდობაც მოეპოვებინა. იმპერატორი ალექსანდრე I გამოხატავდა დარწმუნებას, რომ იქ, სადაც მიეჩვიენ ხედავდნენ «მხოლოდ სპარსული ძალაუფლების მძვინვარებას, ძლიერი დერჟავის ყველანაირ საქციელს, რომლებიც მართლმსაჯულებასა და სიმყარეზე იქნება დაფუძნებული, მიიჩნევენ, ასე ვთქვათ, ზებუნებრივად და მათ გარდაუვალად უნდა შეიძინონ მისდამი (ამ დერჟავისადმი) ერთგულება» (Рескриптъ князю Цицiанову отъ 26-го сентября 1802 г. Акты Кавк. Археогр. Комиссiи, т. II, № 5)

შინაომები სპარსეთში, რომლებიც მუდმივად გრძელდებოდა, თუმცა კი ბაბა-ხანის ძალაუფლების გაძლიერებასთან ერთად მიწყნარებული ჩანდა, მაგრამ ეს სიმშვიდე არ შეიძლებოდა არც მყარად და არც ხანგრძლივად ჩათვლილიყო. ბაბა-ხანს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა თავად სპარსეთში, ბევრი ისეთი პირი, რომლებიც მზად იყვნენ მასზე დამოკიდებულებისა და მისი ქვეშევრდომობისგან განზე გასულიყვნენ. დავამყარებდით რა კავშირებს ასეთ მფლობელებთან და დავეხმარებოდით რა მათ, ჩვენ შევძლებდით ბაბა-ხანი მნიშვნელოვნად დაგვესუსტებინა და საქართველოზე მისი გეგმები უფრო შორს გადაგვეტანა. თავად ციციანოვს დაევალა სპარსული პროვინციების მფლობელებთან მისი წინამორბედის საგარეო ურთიერთობებისთვის ყურადღება მიექცია, ჩვენდამი ერთგულ პირებთან მეგობრული ურთიერთობები შეენარჩუნებინა, და ახლად შესულიყო ურთიერთობებში იმ ხანებთან, რომლებიც რუსეთის მხარეს გადმოიხრებოდნენ.

ჩვენი მშვიდობიანი ურთიერთობები თურქეთთან, თითქოსდა უზრუნველყოფდნენ თავად ციციანოვს ამ დერჟავასთან მტრული შეტაკებებისგან. თუმცა კი ახალციხის ფაშის მხრიდან შეიძლებოდა კიდეც შეშფოთების მოლოდინი ჰქონოდათ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მას პორტასგან რაიმე ბრძანება ჰქონდა, არამედ თავისი საკუთარი ანგარების მოყვარულობისა და მტაცებლობისადმი მიდრეკილების გამო. პირიქით, ჩვენი სამინისტროს მოთხოვნით, პორტა არაერთხელ უგზავნიდა მას უმკაცრეს ბრძანებებს თავისთან ლეკები არ ჰყოლოდა და რუსულ საზღვრებში შემოჭრები შეეწყვიტა, მაგრამ ახალციხის ფაშა, რომელიც სულთნის ძალაუფლებას მეტად მცირე პატივს სცემდა, გამოგზავნილ ბრძანებებს არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. თავად ციციანოვს ნება მიეცა ლეკები ახალციხის საზღვრებშიც ედევნა, მაგრამ იმით, რომ ყოველ ჯერზე ამის შესახებ კონსტანტინოპოლში ჩვენი წარგზავნილისთის შეეტყობინებინა.

«ხოლო რაც შეეხება, წერდა იმპერატორი თავად ციციანოვს (Въ рескрипте отъ 26-го сентября 1802 года), სპარსეთის მოსაზღვრე სხვა თურქულ პროვინციებს, მათ საქართველოსთან მცირე ურთიერთობები აქვთ, ან სულაც არ გააჩნიათ, და ყველა ცნობით პორტაც ისე ჩანს მეტად მცირედაა დაკავებული სპარსეთის საქმეებითა და საქართველოში ჩვენი საქმიანობით; თუმცა კი შეუძლებელი არ არის, რომ ახლა თურქეთის სამინისტრომ საფრანგეთის მთავრობის ხრიკებით უფრო მეტად მოჰკიდა ხელი ამ საქმეებს».

დარჩებოდა რა გარეგნული სახით მშვიდად და შეინარჩუნებდა რა რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებს, თურქეთის მთავრობას შეეძლო კავკასიის ხაზის მახლობლად მცხოვრებ მაჰმადიანურ მოსახლეობაში საიდუმლო გზებით ინტრიგები დაეწყო, იმ მიზნით, რომ ისინი ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ განეწყო და რუსეთთან მტრული მოქმედებების შემთხვევაში მუდმივი მოკავშირე ჰყოლოდა. ამიტომ თავად ციციანოვს მოვალეობად ეკისრებოდა განსაკუთრებული ყურადღებით გამოეკვლია ყველა გარემოება, როგორც დამოუკიდებელ ტომებთან ჩვენი ურთერთობების მიმართებაში, ისე რუსეთის დამოკიდებულებაში მყოფი ხალხების მმართველობის მიმართებაშიც. თუ მთიელი ხალხებისთვის განუწყვეტელი ძარცვისა და მტაცებლობის წარმოება იყო დამახასიათებელი, მეორეს მხრივ, პეტერბურგში ჩამოღწეული სარწმუნო ცნობების მიხედვით, არ შეიძლებოდა მათ მიმართ როგორც რუს მოხელეთა ქცევების გამართლება, ისე თავად მოსახლეობისაც, რომელიც არცთუ იშვიათად საკუთარ თავს მთიელთა საქონლის გამორეკვისა და მათთვის სხვადასხვაგვარ შევიწროვებათა მიყენების უფლებას აძლევდა. სურდა რა ფესვგადგმული ბოროტად გამოყენებების მოსასპობად მთავარმართებლისთვის ყველა საშუალება მიეცა, იმპერატორმა აუცილებლად მიიჩნია მისთვის ყველა ის ადგილი და პირი დაექვემდებარებინა, რომლებიც მისდამი რწმუნებული ოლქებისა და გუბერნიების შემადგენლობაში შედიოდნენ. საგარეო საქმეთა კოლეგიის 1802 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულებით, მის გამგებლობაში მყოფი ყველა საპრისტავო სხვადასხვა მომთაბარე ხალხებში თავად ციციანოვისადმი იქნა დაქვემდებარებული. ამას კვალდაკვალ, 1802 წ. ნოემბერში, მოჰყვა ბრძანება ასტრახანის გუბერნიის, რომელიც ცხრა მაზრისგან შედგებოდა, ორ გუბერნიად გაყოფის შესახებ: ასტრახანისა და კავკასიის გუბერნიებად. პირველის შემადგენლობაში ოთხი მაზრა შევიდა: ასტრახანის, ენოტაევსკის, კრასნოიარსკისა და ჩერნოიარსკის. კავკასიის გუბერნია კი ხუთი მაზრისგან იქნა შემდგარი: ყიზლარის, მოზდოკის, გეორგიევსკის, ალექსანდროვსკისა და სტავროპოლის. ამ ორივე გუბერნიის მთავარი სამხედრო და სამოქალაქო უფროსი კავკასიის ხაზის ინსპექტორი და საქართველოში მმართველი (მართებელი) გახლდათ. მის მუდმივ ადგილსამყოფელად დაინიშნა გეორგიევსკი, რომელიც კავკასიის გუბერნიის საგუბერნიო ქალაქად იქნა არჩეული. მთავარმართებლის დასახმარებლად თითოეულ გუბერნიაში სამოქალაქო გუბერნტორები იქნენ დანიშნულნი, თუმცა კი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ სამხედრო (გუბერნატორებიც) რომლებსაც სამოქალაქო ნაწილის მართვა დაეკისრებოდათ.

მიიღო რა უზენაესი ბრძანება კავკასიის ინსპექციის ჯარების გაძლიერებისთვის ორი პოლკის, სარატოვის მუშკეტერთა და მე-9 ეგერთა პოლკების გაგზავნის შესახებ, თავადი ციციანოვი თავისი დანიშნულების ადგილისაკენ გაემგზავრა.

როცა გეორგიევსკს უახლოვდებოდა და მისდამი ჩაბარებული მხარის მდგომარეობას ყურადღებით უკვირდებოდა, თავადი პავლე დიმიტრის ძე ხედავდა, რომ მისი ყველაზე უფრო მეტი ყურადღება საქართველოსა და მის მეზობლებზე უნდა ყოფილიყო მიმართული.

იყო რა პირდაპირ გარემოცული ყოველი მხრიდან არაკეთილმოსურნეებით და გამოყოფილიც კი იყო რუსეთისგან, რომლის საზღვრებსაც იგი უშუალოდ არ უერთდებოდა, საქართველო, რა თქმა უნდა, უკვე თავისი მდებარეობით, თავის მეზობლებთან მშვიდობიან ურთიერთობებს საჭიროებდა. ყველანაირ გადახრას აქედან ქვეყნის შიგნით სხვადასხვა აზიელი ხალხების შემოჭრა მოჰყვებოდა, რომლებიც მტაცებლობისა და ძარცვა-რბევისკენ იყვნენ მიდრეკილნი და ამისთვის მხოლოდ მოხერხებულ შემთხვევასა და პირველ საბაბს მოელოდნენ. ყველა ეს მიზეზი აიძულებდა ჩვენს მთავრობას, გარკვეულ ხარისხამდე, ეცადა იქაურ ხალხებთან მეგობრული ურთიერთობები შეენარჩუნებია.

იმყოფებოდნენ რა თითქმის მუდმივ დავა-ჩხუბში ერთი-მეორესთან, ბევრი მთიელი ხანი და მფლობელი რამდენჯერმე მიმართავდა რუსეთს და მის მფარველობას, ხოლო ზოგიერთი კი ქვეშევრდომობასაც ითხოვდა. მაგრამ ყველა ამ ძიებასა და მათთან დადებულ პირობებს ძალა მხოლოდ პირველ შემთხვევამდე ჰქონდათ, რომლებიც მათ ყველაზე უფრო მეტ სარგებელს აძლევდა; მაშინ ისინი რუსეთის მფარველობას თავს არიდებდნენ, მის მიმართ მტრულ დამოკიდბულებაში დგებოდნენ, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ კი ისევ მის ქვეშევრდომობას ეძიებდნენ. იქცეოდნენ რა ასე რუსეთთან მიმართებაში, ხანები და მფლობელები ურთიერთ შორის საქმეებსაც ზუსტად ასევე აწარმოებდნენ. ისინი, რომლებიც დღეს ერთმანეთთან ღია მტრობაში იყვნენ, ხვალ მეგობრები ხდებოდნენ და გუშინდელ მოკავშირეებს კი მტრულად ეკიდებოდნენ...

არ შევალთ რა მთიელი ხანებისა და მფლობელების ქცევათა და მოქმედებათა დაწვრილებით ამბებში, ჩვენ მათ და მათი ინტერესების გაცნობაში თვით თავად ციციანოვის კანცლერისადმი მოხსენებით შემოვიფარგლებით:

«დარუბანდელი და ყუბელი შეიხ-ალი-ხანი, წერდა იგი, ქედმაღალია, ამპარტავანი, გერგილიანი (предпрiимчивъ), ძალაუფლების მოყვარული, ინტრიგანი, საკმარისად მამაცი, დიდების მოყვარული და თავისი ამ უკანასკნელი თვისებისათვის ყველაფერს გაწირავს, მისწრაფავს რა მთელ მონდომებას და მიმართავს რა ყველა ზამბარას დიდი შენაძენებისკენ; ყველა ამასთან ერთად, ფუფუნების მოყვარული და ავხორცია. მისი მიზანია – შირვანში ხანად კასიმი დააყენოს, რათა, ისარგებლებს რა მისი სისუსტით, მის სამფლობელოზე ჰქონდეს გავლენა, მისი მეშვეობით, რადგანაც ბაქოს ხანი ყოველთვის შირვანის ხანის მოხარკე იყო, ბაქოს ახლანდელი მფლობელი ხანი დაამხოს და თავისთვის სასურველი დააყენოს; ასევე კასიმის სისუსტის გამო მას სალიანი ჩამოართვას, ვინაიდან მას ამის წინ შეიხ-ალი-ხანის მამა, ფათჰ-ალი-ხანი ფლობდა, ხოლო ახლა კი ყუბის სამფლობელოსგან ჩამოცილებულია და შირვანელი მუსტაფა-ხანის მიერაა მითვისებული. მისი (შეიხ-ალი-ხანის) კავშირები ტარკის შამხალთან გულწრფელია, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი გულუბრყვილოა, არ შეუძლია არც შეეწინააღმდეგოს მის ღონისძიებებს, არც ძლიერად დაეხმაროს, მისი იმ ადგილებისგან მოშორებულობის გამო, სადაც შეიხ-ალი-ხანმა თავისი გეგმის მიხედვით ომი უნდა აწარმოოს. ამაზე ზევით, მისი კავშირი ნათესაობაზეა დამყარებული, იმიტომ რომ ტარკის შამხალ მეგთის მისი ღვიძლი და ჰყავს ცოლად.

მისი კავშირები ახლად აღდგენილ ყაზიყუმუხელ სურხაი-ხანთან (რომელიც აქ უფრო მეტად ჰამბუთაის სახელითა ცნობილი) გულწრფელი არ არის, იმიტომ რომ სურხაი-ხანი დაღესტანში ლეკების ერთერთი ყველაზე უმამაცესი და უძლიერესი მფლობელია, და მათ, ეჭვით უყურებენ რა ერთი-მეორის ძალასა და ძლიერებას, არასდროს არ შეუძლიათ ურთიერთ შორის გულწრფელი კავშირი ჰქონდეთ.

იმავე შეიხ-ალი-ხანის თვისებების, მისი საქმიანობისა და ინტრიგების მიხედვით, რუსეთისათვის უფრო მეტად სასარგებლოა, რომ ვამცირებდეთ და ვასუსტებდეთ მას, მივცემთ რა მფარველობის ნიშნებს დარუბანდზე პრეტენზიების მქონე აღა ალი-ბეგს, ან, თუ შესაძლებელი იქნება, დახმარების სახით, შევიყვანთ რა გარნიზონს დარუბანდში, ხოლო დროთა განმავლობაში კი შეიხ-ალი-ხანს ჩამოვიშორებთ, ხოლო მის ადგილზე უფრო სუსტ და არც თუ ისე გერგილიან აღა ალი-ბეგს აღვადგენთ. ეს (უკანასკნელი) კი, ექნება რა აუცილებელი საჭიროება რუსეთზე დაყრდნობაში, მისი მიზნებისთვის უფრო მეტად სასარგებლო შეიძლება იყოს.

ბაქოელი ჰუსეინ-ხანი: როგორც ადამიანი, ის უფრო სუსტია, ადვილად დამჯერი, თავისი მოხელეების მიერ მოხერხებულად სატარებელი (სამართავი), უფრო მეტად მშიშარაა, ვიდრე მამაცი და არაშორსმჭვრეტელია, შორსაა გერგილიანობისგან და თავის საქმეებშიც დუნეა.

მისი კავშირები შემახიელ მუსტაფა-ხანთან პირად და აუცილებელ სარგებელზეა დაფუძნებული. არა აქვს რა არანაირი საკუთრება, ქალაქ ბაქოს გარდა, ბაქოს ხანს შირვანის ხანისგან საყრდენი იმდენადვე სჭირდება, რამდენადაც ადამიანს საჭმელი. ამასთან ოდესღაც ბაქოს ხანები შირვანის ხანების მოხარკენი იყვნენ.

რუსეთის სარგებელი, რომ იგი ხანის ღირსებაში შეინარჩუნოს, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ნამდვილი, როცა ბაქოში ჩვენი გარნიზონი იქნება შეყვანილი, რის გარეშეც მას არ შეუძლია რუსეთის მიზნებს ემსაუროს, რადგანაც ისე სუსტია, რომ სხვა ხანებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე ფიქრსაც კი ვერ ბედავს, და შესაბამისად მათი ძალისა და ძლიერების შემცირების უნარიც არ გააჩნია.

მირ-მუსტაფა თალიშის ხანი: მისი თვისებების შესახებ ლაპარაკიც კი არ ღირს, იმისთვის, რომ, თუ მას დედაკაცს შევადარებთ, უკვე ყველაფერი იქნება ნათქვამი. კავშირები მას არ გააჩნია, იმტომ რომ იგი ყველას ეზიზღება და ყველაზე სუსტად მიიჩნევენ.

რუსეთს მისგან ცოტა თუ ექნება სარგებელი, მტკვრის იქით მისი ადგილობრივი მდებარეობის მიხედვით, თითქმის გაუვალ მთებში, და მტკვრის მარცხენა ნაპირზე მფლობელი ხანების საქმეებზეც არანაირი გავლენა არ გააჩნია.

ამასთან მას შეუძლია სულ მცრე დახმარებას უწევდეს ჩვენს ვაჭრებს, რომლებიც რეშტსა და ენზელიში ვაჭრობენ.

შირვანის (შემახიის) მუსტაფა-ხანი: მამაცი, ეშმაკი და ხარჯებში ზომიერია, რის გამოც იგი მოხელეებს უყვართ. უყვარს ნადირობა, საკმარისად დიდებისმოყვარული, გერგილიანი და შეიხ-ალი-ხანზე არანაკლებ ფრთხილია, ხოლო სამხედრო საქმეში კი მასზე უფრო მეტადაა დახელოვნებული.

მისი კავშირები ავარიის გარდაცვლილ ხანთან, რომელმაც იგი ხანის ღირსებაში აღაზევა, ახალგაზრდა ხანის მოხელეებთან დღესაც გრძელდება. ასევე საიდუმლო (ფარული) კავშირები აქვს ყარაბაღის ხანებთან, ე. ი. ნახჭევნელ ქალბლი-ხანთან და განჯელ ჯავად-ხანთან, და ბაბა-ხანთან დაახლოებასაც ეძიებს.

სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთისათვის, სულში მის მიმართ სიძულვილი რომ არ ჰქონდეს, აგრეთვე ამ მფარველობის გამო სალიანის დაკარგვა რომ არ აშინებდეს. თუმცა კი, ვინც არ უნდა ყოფილიყო შემახიის ხანი, იგი მუდამ საჭიროა რუსეთისათვის, საქართველოს ბაქოსთან ან კასპიის ზღვასთან შეტყობინების მიმართებით, ვაჭრობის გავრცელებაში.

ყაზიყუმუხელი სურხაი-ხანი: მეტად მამაცია, მთელი დაღესტნის მიერ პატივცემული, ქრისტიანების შეურიგებელი მტერი, მტკიცე და ფრთხილი.

მას უმჭიდროესი კავშირები ჰქონდა ავარიის ხანთან, რამდენადაც მეზობლობის გამო, იმდენადვე ურთიერთ პატივისცემისაც, რომელიც ორივეს სიმამაცითა და ძალით იყო შთაგონებული.

რუსეთის სარგებელი მოითხოვს, რომ მან ქვეშევრდომობაში შემოსვლა ეძიოს, თუნდაც სხვების მაგალითით და საჭირო იქნებოდა გარკვეული თანხა გაგვეღო, მისდამი წყალობის სახით, ვინაიდან, საქართველოს შეძენის გამო, თარეშებისგან მისი უზრუნველყოფისა და ჩვენი ჯარების მდგომარეობის შემსუბუქებისთვის, ეს მე აუცილებლად წარმომიდგება.

სხვები კი, როგორებიც არიან ავარიის ხანი და ტაბასარანის ყადი, მათი სიჭაბუკის გამო, ჯერ ყურადღების ღირსნი არ არიან, არამედ საჭიროა მათი უნარიანი მოხელეების მეშვეობით ვმართოთ ისინი».

ასეთია იმ პირთა დახასიათება, რომლებთანაც თავადი ციციანოვი იძულებული იყო საქმე ჰქონოდა. ინარჩუნებდა რა საქართველოს უსაფრთხოებისთვის მშვიდობიან ურთიერთობებს ხანებთან, თავად პავლე დიმიტრის ძეს აგრეთვე ისიც ჰქონდა შეგნებული, რომ ჩვენი მდგომარეობის სიმტკიცე ამ ქვეყანაში დანარჩენ რუსეთთან მისი (საქართველოს) შეტყობინების უსაფრთხოებაზე იყო დამოკიდებული.

იმ ხანებში მთელი გასასვლელები საქართველოში მთიელი ხალხების სხვადასხვა ტომების მიერ იყო დაკავებული, მოუთოკავად (აულაგმავად) ველურებისა, რომლებიც ძარცვითა და ყაჩაღობით ცხოვრობდნენ, გამვლელებს თავზე ესხმოდნენ და არცთუ იშვიათად შეტყობინებას საერთოდაც წყვეტდნენ.

საქართველოში მიმავალ გზაზე საფრთხეების გარდა, სასაზღვრო სოფლების მცხოვრებნიც არც თუ ცოტას განიცდიდნენ იმ ხალხების თარეშებისა და მტაცებლობისგან, რომლებიც კავკასიონის მთების ქედზე სახლობდნენ. დაღესტნელები და ლეკები საქართველოში განუწყვეტლივ იჭრებოდნენ; მათი მეზობლები, ჩეჩნები, ოსები და თვით ყაბარდოელებიც კი, როგორც საქართველოში მიმავალ გზაზე, ისე ქედის აქეთა მხარესაც კავკასიის ხაზზე ძარცვა-რბევას ახდენდნენ. ისინი ჩვენს საზღვრებში იჭრებოდნენ, სოფლებს ძარცვავდნენ და მცხოვრებნი ტყვედ მიჰყავდათ. მათ დასავლეთით და შავ ზღვასთან უფრო ახლოს, ჩერქეზი ხალხის ტომიც ასევე მტაცებლობდა და თავის მეზობლებს, შავი ზღვის კაზაკებს ძარცვავდა.

ყველა ეს ხალხი სამ ნაწილად იყოფოდა: ყაბარდოელები და ოსები ჩვენს ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ; ჩერქეზები, რომლებიც ოფიციალურ მიმოწერაში იმიერყუბანელთა სახელით იყვნენ ცნობილი, პორტას მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, და ბოლოს, ჩეჩნები და ლეკები საკუთარ თავს თავისუფლებად და დამოუკიდებლებად მიიჩნევდნენ. საბრძოლო საშუალებების უმნიშვნელობა იმ მხარეში მაშინდელ მთავარსარდლებს აიძულებდა არცთუ ახალი, მაგრამ საკმარისად სწორი სისტემისთვის მიემართათ, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ, შეინარჩუნებდნენ რა მთიელ ხალხთა სხვადასხვა ტომებს ურთიერთ შორის მუდმივ მტრობასა და დავა-ჩხუბში, ისინი ერთსულოვნებამდე არ მიეშვათ, რომელიც ჩვენთვის შეიძლებოდა მეტად სახიფათო შექმნილიყო. ასეთი სისტემა მით უფრო იყო აუცილებელი, რომ არ იყო არანაირი საფუძველი თუნდაც იმ ტომების ერთგულებაზე დავიმედებულიყავით, რომლებიც რუსეთის ქვეშევრდომობაში ითვლებოდნენ. ყაბარდოელები და ოსები ზუსტად ისევე მტაცებლობდნენ ჩვენს ფარგლებში, როგორც ჩეჩნები და ლეკები. ამაში ნაწილობრივ კავკასიის უფროსობაც იყო დამნაშავე, რომელმაც ძალაუფლების შესუსტება და ბოროტად გამოყენება დაუშვა.

(... Незначительность боевыхъ средствъ заставляла тогдашнихъ главнокомандующихъ въ томъ крае къ системе не новой, но довольно верной и состоявшей въ томъ, чтобы, поддерживая разныя поколенiя горскихъ народовъ въ постоянной между собой вражде и ссоре, не допускать ихъ до единодушия, могущаго сделаться для насъ весьма опаснымъ. Такая смстема была темъ необходимее, что не было никакого основанiя разсчитывать на верность даже и техъ племёнъ, которыя считались въ подданстве Россiи. Кабардинцы и осетины точно так же хищничали въ нашихъ пределахъ, какъ чеченцы и лезгины. Въ этомъ было виновато отчасти кавказское начальство, допустившее послабленiе и злоупотребленiе власти.)

1802 წლის 4 დეკემბერს თავადი ციციანოვი გეორგიევსკში ჩავიდა, სადაც მას მომთაბარე ხალხებმა და რუსეთის დამოკიდებულებაში მყოფმა მთიელმა ტომებმა მთელი გროვა საჩივრები დააყარეს (былъ заваленъ жалобами...). თხოვნების სიმრავლეს მთავარსარდალი არ გაუკვირვებია; მისთვის ცნობილი იყო, რომ აზიელი ადამიანი თავის მოვალეობად თვლის, უფროსის ყოველი შეცვლისას, ძველ უფროსზე იჩივლოს, როგორი კარგიც ის არ უნდა ყოფილიყო და ახალს, რომელიც მანამდე არასოდეს უნახავს, ეპირფეროს. თავადმა ციციანოვმა იცოდა, რომ ასეთ პრეტენზიებს ძალზედ ფრთხილად უნდა მოკიდებოდა, მათ გარკვეულ წილად ეჭვითა და უნდობლობით მიდგომოდა. პირადი მტრობის გამო ცილისწამებანი და საჩივრები მან ყოველგვარი ყურადღების გარეშე დატოვა, მაგრამ თხოვნებს შორის ისეთებიც ჰპოვა, რომლებიც სრულ ნდობას იმსახურებდნენ და გამოკვლევასა და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ.

მდინარე ყუბანის იქითა მხრიდან გამოსული ნოღაელი თათრები თავიანთ პრისტავს უჩიოდნენ, რომელიც მათ ხარკითა და სხვადასხვაგვარი მექრთამეობით ამძიმებდა. ჰპოვა რა თათრების საჩივრები საფუძვლიანი, თავადმა პავლე დიმიტრის ძემ პრისტავი შეცვალა და მის ადგილზე გენერალ-მაიორი სულთანი მენგლი-გირეი დანიშნა. სთხოვდა რა იმპერატორს ასეთი ცვლილების დამტკიცებას, თავადი ციციანოვი აუცილებლად მიიჩნევდა მენგლი-გირეი მომთაბარე ხალხების მთავარი პრისტავის დაქვემდებარებიდან გამოეყვანა და ის მთავარსარდალზე პირდაპირ დამოკიდებულებაში ჩაეყენებია. თავად სიტყვა «პრისტავი» იავარაუდებოდა მოესპოთ და «ბეშტის ნოღაელ თათრებზე უფროსით» შეეცვალათ, რადგანაც სიტყვა «უფროსი» აზიელ ხალხებს შორის, სიტყვა «პრისტავთან» შედარებით, ყოველთვის უფრო მეტი მნიშვნელობით სარგებლობდა (Всеподд. рапортъ князя Цицiанова 8-го января 1803 года).

მიიღო რა იმპერატორის დამტკიცება (Высоч. повеленiе князю Цицiанову 13-го февраля 1803 года), თავად ციციანოვს სხვა მომთაბარე ხალხის – ყალმუხების საქმეებიც უნდა მოეგვარებინა.

დერბეთის, თორგოუთისა და ჰოშოუთის ურდოები, რომლებიც ყალმუხ ხალხს შეადგენდნენ, უკიდურეს სიღარიბეში იყვნენ და მიწასთან მიმართებით შეჭირვებულნი (შევიწროვებულნი) გახლდნენ. პირველი ორი ტომი მდინარე ვოლგის მთა-გორიან მხარეში მომთაბარეობდა, მინდვრიან ნაპირზე მხოლოდ ჰოშოუთის ურდო იმყოფებოდა, ხოლო სხვებს კი იქ გადასვლის უფლება არ ჰქონდათ.

ქვიშიანი სტეპები წყლის, ტყისა და თვით ყოველგვარი მცენარეულობის გარეშეც კი ყალმუხებს მუდმივ მამულად გადაეცა. ამ უნაყოფო უდაბნოში ისინი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ, ვოლგას, კუმას, ცარიცინის მაზრასა და დონელი კაზაკების მიწებს მიადგებოდნენ. უახლოვდებოდნენ რა სასაზღვრო სოფლებს, ყალმუხები მცხოვრებთა მხრიდან ყველგან წინააღმდეგობას აწყდებოდნენ, რომლებიც მათ არც კარგ წყალთან და არ მოხერხებულ საძოვრებთან არ უშვებდნენ.

«თუ სადმე ქალაქებმა, წერდა ყალმუხი ხალხის მთავარი პრისტავი სტრახოვი (Въ письме канцлеру, отъ 12-го ноября 1802 года, № 558. Арх. М. И. Д. П., 11, 1802, № 1), ყალმუხების მიწები 25 და 35 ვერსის მანძილზე არ მიითვისეს, იქ ასტრახანის სახაზინო პალატა მათ ქირით მცირე ფასად იძლევა, ათი და თორმეტი წლითაც კი. კაზაკების სტანიცები, გლეხები, თათრები, მალოროსები, ფოსტები, ადამიანთა ჯგროები (ватаги) მიწას ისეთი სიჭარბით იტაცებენ და ითვისებენ, როგორც მათ მოესურვებათ. კასპიის ზღვასთან, ეგრეთ წოდებულ მოჩაგში (въ такъ называемыхъ мочагахъ), მომთაბარეობენ ღარიბი ადამიანები, ან უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ყველა ურდოს უღატაკესნი (მათხოვრები) – იქ რუსები ნებას აძლევენ მათ დავარდნილი საქონლითა და თრითინებით იკვებონ, მაგრამ არა თევზით, რომელიც ყველას მფლობელობაში ან შესყიდვით აქვს».

დიდი ხნიდან ყალმუხები ასტრახანის მახლობლად ერთსა და იმავე ადგილზე მომთაბარეობდნენ, რომელმაც ამისგან ყალმუხების ბაზრის სახელწოდება მიიღო, მაგრამ 1802 წლის დასაწყისში ის დასახლებისთვის დევნილებსა და მაწანწალებს მიეცა, რომელთაგან ყალმუხები იძულებულნი იყვნენ «წყალი და ცეცხლი» ეყიდათ, ხოლო უკანასკნელის ქვეშ კი იმ ლერწმის საზღაური იგულისხმებოდა, რომელიც ზამთარში გათბობისთვის სჭირდებოდათ. ვოლგაზე გადაყვანის (გადაზიდვის) უფლების ოთხი წლით გაყიდვამ ყალმუხებს მრეწველობა საბოლოოდ მოუსპო, წაართვა რა მათ უფლება რომ ამ მდინარეზე საკუთარი გადაზიდვა ჰქონოდათ. ყალმუხების ბაზარი, რომელიც მიწისა და გადაზიდვის გარეშე დარჩა, თანდათანობით მცირდებოდა და იქამდე მივიდა, რომ 1802 წლის ბოლოსთვის მასში არაუმეტეს ასი კარვისა (кибитки) მოითვლებოდა, ყველაზე უფრო უღარიბესთა, რომლებსაც წასასვლელი არსად არ ჰქონდათ.

ყალმუხი ხალხის სიღარიბე და დაუძლურება კიდევ უფრო იმ თვითნებური ხარკისგან (გადასახადებისგან) ძლიერდებოდა, რომლებიც მეფისნაცვალმა ჩუჩეი-ტაიში ტანდუტოვმა შემოიღო. 1800 წლის ოქტომბერში მეფისნაცვლის წოდებაში დამტკიცებული, ტანდუტოვი თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთაგან ფულითა და საქონლით უსაზღვრო გადასახადებს ჰკრეფდა. თავისი სიხარბით მან ყალმუხები საბოლოოდ გააკოტრა და ისინი გამოუთქმელ სიღარიბემდე და სიღატაკემდე მიიყვანა. ბევრი ულუსი, რომლებსაც დამტკიცებული საგვარეულო მფლობელები არ ჰყავდათ, არჩეული მფლობელებით იმართებოდა, რომლებიც ზუსტად ასევე მეფისნაცვლის მაგალითს მიჰყვებოდნენ და თავიანთ მხრივ ხალხს ძარცვავდნენ, მას თვითნებურ ხარკს (გადასახადებს) აკისრებდნენ.

ყალმუხების წეს-ჩვეულებამ, რომ სამი ვაჟიშვილიდან ერთი აუცილებლად სასულიერო წოდებაში მიეცათ, ის მოახდინა, რომ სასულიერო წოდების რიცხვი ყველა სხვა წოდების რიცხოვნებას აღემატებოდა. სარგებლობდა რა ხალხზე უზარმაზარი გავლენით, ყალმუხური სასულიერო წოდება უსაქმური მუქთამჭამელების კლასს შეადგენდა, რომლებსაც მოყვასთა ოფლისა და შრომის ხარჯზე ყველაფერი უხვად ჰქონდათ. სასულიერო წოდების უმთავრესი საქმიანობა გამდიდრებასა და ხალხისთვის დაუმორჩილებლობის შეგონებაში შედგებოდა, რის გამოც ყველა აღშფოთების დროს მთავარი მოთავე და დამნაშავე ან გელიუნგი (მღვდელი) ან გეცული (დიაკვანი), ან ზოგჯერ კიდევ მათი ცოცხალი ღმერთი ლამა აღმოჩნდებოდა ხოლმე.

სასულიერო წოდების უსაქმური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, ღვთისმოსავი მფლობელები მას ხურულების (მონასტრების) მომსახურებისთვის დიდი რაოდენობით თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ მუდმივ მფლობელობაში აძლევდნენ. მიიღებდნენ რა შაბინერების, ე. ი. სამონასტროთა სახელწოდებას, ასეთი ყალმუხები უკვე გადასახადებს აღარ იხდიდნენ და არც საზოგადოებრივ ვალდებულებებს ასრულებდნენ, რომელთა მთელი სიმძიმეც დანარჩენ მოახლეობას აწვებოდა. ზუსტად ასევე არ იხდიდნენ გადასახადებს ეგრეთ წოდებული თარხანებიც, ე. ი. მფლობელთა მიერ ყველა ვალდებულებისა და სამსახურისგან განთავისუფლებული ადამიანები.

მთელ ამ უბედურებებთან ერთად, ყალმუხები საკორდონო დაცვის სამსახურის აღსრულებისთვის 650 ადამიანის ყოველწლიური განწესით იქანცებოდნენ. ეს განწესი, უზენაესი ბრძანებით, 1800 წლის იანვარში იქნა მოხდენილი, მხოლოდ დროებით, სანამ სამშობლოში გაშვებული დონელი კაზაკების შესაცვლელად სხვები ჩამოვიდოდნენ. ამ ბრძანებით ისარგებლეს, და ასტრახანის კაზაკთა პოლკის მეთაურმა შემდეგ ყოველწლიურად სამსახურში 650 ყალმუხის მოთხოვნა დაიწყო, შვიდ ზაისანგთან ერთად. ეს განწესი ყალმუხებს ყოველწლიურად ათასამდე გარდაცვლილ ადამიანად, ამდენივე დაცემულ ცხენად და 65.000 მანეთ ფულად უჯდებოდათ.

იმყოფებოდნენ რა საგანგებო პრისტავის გამგებლობაში, ყალმუხები სახალხო საბჭოს მიერ იმართებოდნენ, რომელიც «ზარგოს» სახელწოდებით იყო ცნობილი. ყველა ურდოსგან არჩეული რვა ადამიანისგან შემდგარი საბჭო, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, «ზარგოს სასამართლო», თხოვნებს ისმენდა, ბრალდებულებს ჩვენებებსა და მტკიცებულებებს ჩამოართმევდა, მათ იქვე განიხილავდა და თავის საბოლოო გადაწყვეტილებას ადგენდა. გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობას ეფუძნებოდა; ხმათა თანაბრობის ან მოსამართლეთა უთანხმოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება მეფისნაცვალთან გადადიოდა, მაგრამ არა სხვანაირად, თუ არა ზარგოსა და ყალმუხ ხალხთან მყოფი რუსი პრისტავის თანხმობით (Высочайшая грамата калмыкскому народу 14-го октября 1800 года). სასამართლოს დადგენილება პატარა ჩხირით მცირე ფიცარზე იწერებოდა, რომელიც სამრის სახელით იყო ცნობილი და ნაცართან შერეული ქონი ჰქონდა წასმული. დაწერილი მომჩივანსა და მოპასუხეს წაეკითხებოდა, ხოლო შემდეგ კი იშლებოდა, და საქმე მარადიულ დავიწყებას ეძლეოდა.

ზამთრის თვეების განმავლობაში ზარგო თავის საქმიანობას ხურავდა, ხოლო დანარჩენ დროს კი სასამართლო ერთი ადგილიდან მეორეზე მგზავრობდა, ასე რომ ღარიბ ადამიანებს მისი დაწევა არ შეეძლოთ. ამასთანავე სასამართლო და აღსრულება ზარგოში უკიდურესად უწესრიგოდ და დაუდევრად წარმოებდა. მას სხდომებისთვის დანიშნული დრო არ ჰქონდა და წერილობით დადგენილებებსაც იშვიათად ახდენდა. თავად მოსამართლეთა გადაწყვეტილება უკიდურესად ორიგინალური და უმეტეს შემთხვევებში მიკერძოებულიც გახლდათ. მოსამართლეები, რომლებიც მფლობელთა ძალაუფლების ქვეშ მყოფ პირთა რიცხვიდან მათ მიერვე იყვნენ არჩეულნი, თითქმის ყოველთვის იმის მხარეს იხრებოდნენ, ვისაც მფლობელი მფარველობდა და მუდამ მზად იყვნენ ბრალდებულის ხვედრი ზემოდან ჩაგონებით გადაეწყვიტათ. ამის გაკეთება ძნელი არ ყოფილა, იმიტომ რომ ყალმუხური კანონები არც ბუნებრივ და არც დადებით ჭეშმარიტებებზე არაა დაფუძნებული. «ადამიანთა მოქმედებები ადათებიდან ამოღებული წესების მიხედვით განიხილება, რომელთაგან უმეტესი ნაწილი არმოხმარების გამო მოსპობილია, მაგრამ მოსამართლეებს, დადებითი კანონების უკმარისობის, და ყველაზე ხშირად კი მიკერძობის გამოც, მოჰყავდათ ადათი, რომელზეც ამ ხალხში საბედისწერო განსაზღვრებაა დაფუძნებული. ყველანაირი ბოროტმოქმედება და თვით მკვლელობაც კი, საქონლით, აბჯრითა და ნივთებით გადახდევინებით ისჯება, რომლებითაც ყველაფერი შეიძლება გამოისყიდო. ხოლო თუ ვინმეს არ შეუძლია ქურდობისთვის გადაიხადოს, მაშინ არა მხოლოდ თავად ქურდს, არამედ მის ცოლსაც და შვილებსაც, მათი ყოველგვარი ბრალეულობისა და ქურდობაში მონაწილეობის გარეშე, გაქურდულს მუდმივ მონობაში აძლევენ» (Письмо канцлеру пристава при калмыкскомъ народе Страхова 20-го ноября 1802 г., № 558. А. М. И. Д. П., 1802 г. № 1).

ასეთი სახით წარმოუდგა ყალმუხი ხალხის მდგომარეობა თავად ციციანოვს, როცა იგი გეორგიევსკში ჩამოვიდა. ეს მდგომარეობა, რომელიც უკიდურესად სამწუხარო გახლდათ, მმართველობის საერთო სისტემის გარდაქმნასა და ბოროტად გამოყენებათა შეზღუდვას მოითხოვდა. პირველი შემთხვევისთვის აუცილებლად მიიჩნეოდა ყალმუხები მიწით უზრუნველეყოთ, და ამ მიზნით მიწის მზომელები იქნენ გაგზავნილნი, რომელთაც მოვალეობად დაეკისრათ ასტრახანისა და სარატოვის გუბერნიებში იმ მიწების რიცხვი, რომლებიც ქალაქებს, სოფლებს, ხუტორებს, ბაღებს, ვატაგებსა და სხვა დაწესებულებებს ნამდვილად ეკუთვნოდა, ცნობილობაში მოეყვანათ. მთელი ასეთი მიწები, რომლებიც მდინარე ვოლგას ებჯინებოდა და ასტრახანიდან ყიზლარში გამავალი გზით იყო შემოსაზღვრული, საერთო ხაზით გამოეყოთ და მათი საზღვარი სტეპისგან, რომელიც ყალმუხებისთვის სამომთაბარეო (სივრცეს) შეადგენდა, ამით მოენიშნათ. საქონლის გარეკვისთვის ივარაუდებოდა ვოლგაზე სხვადასხვა ადგილებში ხუთ-ხუთი ვერსის და მეტი სიგანის მიწები გამოეყოთ, და ისინი ყალმუხებისთვის სარგებლობაში მიეცათ. მათსავე განკარგულებაში უნდა შესულიყო მდინარის ნაპირის რაღაც სივრცე თევზის ჭერისთვის და სახელდობრ: მდინარე ვოლგის მინდვრიანი ნაპირის ნაწილი მდინარე უზენეიმდე და მოჩაგამდე, ზღვისა და ვოლგის ყურეების გარკვეული ნაწილის გამოყოფით. სხვადასხვაგვარმა სიძნელეებმა*, რომლებიც განცალკევებისას შეხვდათ, საქმე გააჭიანურა, და მთელი მიწები და მათზე მფლობელობის უფლება ცნობილობაში მხოლოდ 1804 წლის ბოლოს იქნა მოყვნილი (*ამ მრავალრიცხოვანი სიძნელეების შესახებ იხ. Акты Кавк. Археогр. Комиссiи, т. II, №№ 1984 и 1986).

მეორეს მხრივ, რათა ყალმუხების საზოგადოებრივი მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ, ნავარაუდევი იყო «ზარგოს» შემადგენლობა შეეცვალათ და ის ასტრახანში გადმოყვანით ერთ ადგილზე დაესვათ, რათა მუდმივად იქ ყოფილიყო. აუცილებლად იქნა მიჩნეული დაედგინათ, რომ თითოეულ ხორულში (მონასტერში) არაუმეტეს 50 გელიუნის (მღვდლის), 25 გეცულის (დიაკვნის) და 50 მანჯიკისა (სარწმუნოების მოწაფისა) ყოფილიყო; წესად დაედგინათ, რომ ზეშტატიან სასულიერო წოდებას საზოგადოებრივი ვალდებულებები მთელი დანარჩენი ხალხის თანაბრად ეკისრა; რომ სამი ვაჟიშვილიდან ერთის სასულიერო წოდებაში მიძღვნის ადათი მოესპოთ, მით უმეტეს, რომ ის ხალხის გამრავლებას ეწინააღმდეგებოდა, რადგანაც მთელი სასულიერო წოდება ვალდებული გახლდათ უქორწინებელი დარჩენილიყო; დაედგინათ, რომ ლამას, პრისტავის თანხმობის გარეშე, სასულიერო წოდებაში ვერავის ხელდასხმა ვერ გაებედა; აეკრძალათ მფლობელებისთვის თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფნი შაბინერებად მიეცათ, ხოლო თარხანთა წოდება კი სრულებით მოესპოთ.

ამ გარდაქმნების აუცილებლობა ხალხის მიერაც იყო შეგნებული, რომელსაც უზარმაზარი რიცხვის სასულიერო წოდებისა და პრივილეგირებულ წოდებათა შენახვა სიმძიმედ აწვებოდა, მაგრამ არც ხმა ჰქონდა და არც ძალა, რათა თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რაიმე ეღონა. «ყალმუხი ხალხი, მოახსენებდა სტრახოვი თავად ციციანოვს (Въ рапорте отъ 29-го ноября 1802 г. № 641), თქვენი ბრწყინვალების მფარველობისგან დაცვასა და კეთილდღეობას მოელის, და მის თანაბრად ამის შესახებ გულმოდგინე შუამდგომლობისადმი მოწყალე ყურადღებასაც».

ასეთი თხოვნისა და მთავარმათებლის სრული სურვილის მიუხედავად, ყალმუხების მდგომარეობა ისეთი იყო, რომ მისი გაუმჯობესება კალმის ერთი მოსმით შეუძლებელი გახლდათ. რათა სასურველისთვის მიეღწიათ, აუცილებელი იყო მათ მმართველობაში ძირეული გარდაქმნების მოხდენა და ამასთანავე ეს მათ ზნე-ჩვეულებებთან, ადათებთან, ხასიათთან და ჩვევებთან კავშირში უნდა ყოფილიყო. კავკასიის ხაზზე თავისი ყოფნის მოკლე დროში თავად ციციანოვს ყალმუხების მდგომარეობის შემსუბუქება მხოლოდ კერძო ბოროტად გამოყენებათა და ზედმეტი ხარკის (გადასახადების) მოსპობით შეეძლო. ისარგებლა რა ყალმუხების მეფისნაცვლის ჩუჩეი-ტაიში-ტუნდუტოვის სიკვდილით, მთავარმართებელმა სთხოვა იმპერატორს ყალმუხების მეფისნაცვლის წოდება საერთოდ მოესპო, იმ მიზნით, რომ თითოეული ურდო ცალკე და დამოუკიდებლად ყოფილიყო მართული. საერთოდ კი მას აუცილებლად მიაჩნდა მართვის სისტემა შეეცვალა, როგორც მომთაბარე ხალხების, ისე ყაბარდოელებისაც, რომლებიც რუსეთისადმი დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ.

უკანასკნელთა მტაცებლობამ ჩვენს ფარგლებში წაახალისა თავადი ციციანოვი მიეღო ზომები მის მოსასპობად. მალევე გეორგიევსკში თავისი ჩამოსვლის შემდეგ, მან გადაწყვიტა აეგო სიმაგრე მჟავე წყლების წყაროს მახლობლად (близъ источрика кислыхъ водъ), რომელსაც შემდგომში «კისლოვოდსკი» დაერქვა. სიმაგრის აშენებისთვის არჩეული ადგილი მდინარე ყუბანისკენ ყველა საურმე გზის თავმოყრის ადგილზე იმყოფებოდა, რომლებიც სიმაგრის მიწაყრილის მახლობლობაში ერთდებოდნენ. შემდეგ მდინარე ყუბანის აქეთ მხოლოდ ცხენზე ამხედრებულად შეიძლებოდა გადმოსულიყვნენ, დატოვებდნენ რა ქონებას ყაბარდოს შიგნით.

როგორც კი ყაბარდოელებმა სიმაგრის აშენების შესახებ შეიტყვეს, მათ მთელი მისი მნიშვნელობა გაიგეს და მაშინვე თავად ციციანოვთან სახნავ-სათეს და საძოვარ მიწებში მათი შევიწროვების შესახებ საჩივრით გამოცხადდნენ. ხალხის თავკაცები ამასთან მთავარმართებელს უცხადებდნენ, რომ ისინი მოხელეთა და კაზაკების მიერ შევიწროვებისგან მეტად ბევრს განიცდიან. ყაბარდოელი ხალხის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რუსი მოხელეები ქრთამებს იღებენ და მათ ავიწროვებენ; რომ მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფნი და მათი მონები, რომლებიც თავიანთი მფლობელებისგან ჩვენს საზღვრებში ან სიმაგრეებში გამორბიან, იქ რჩებიან და მათთან უკან აღარ ბრუნდებიან; რომ მათგან ბევრ მუშა საქონელს მოითხოვენ, ხოლო ბებერი და სამუშაოდ გამოუსადეგარი საქონლისთვის კი საგანგებო ბაჟს იღებენ, რომელიც თამქის სახელითაა ცნობილი; რომ პოსტებზე მყოფი კაზაკები ყაბარდოელ მწყემსებს წყენას აყენებენ, ხოლო მდინარე მალკის ქვემოთ ყაბარდოელთა მგზავრობისას კი მათ ძარცვავენ და კლავენ.

თუ ყაბარდოელების პრეტენზია კისლოვოდსკის სიმაგრის მშენებლობით მათ შევიწროვებაზე არ შეიძლებოდა დაკმაყოფილებული და საფუძვლიანად მიჩნეული ყოფილიყო, მათ განცხადებას დანარჩენი პუნქტების მიხედვით სიმართლის მნიშვნელოვანი წილი გააჩნდა. ასე აღმოჩნდა, რომ ხიდი მდინარე მალკაზე ძველ ეკატერინოგრადთან, გამოსყიდვის სახით, ხაზინაში ყოველგვარი გადახდის გარეშე, კერძო პირის ხელში იქნა მიცემული, რომელიც, ააშენა რა ხიდი, მასზე მგზავრობისთვის თვითნებურ ბაჟს იღებდა, ყაბარდოელთაგან ცხვრების თითოეული ფარიდან ორ ცხვარს. დიდი ყაბარდოს თავადები, რომლებიც მცირე ყაბარდოს თავადებს მტრობდნენ და შედარებით მეტი სახსრებიც გააჩნდათ, უკანასკნელებს ავიწროვებდნენ, მცირე ყაბარდოს მფლობელების კუთვნილებაში მყოფ უზდენებს რყვნიდნენ და ისინი მათი მორჩილებიდან გამოჰყავდათ. მეორეს მხრივ, რუს მოხელეებს ფულის გულისთვის ასევე დიდი ყაბარდოს თავადების მხარე ეჭირათ, რუსეთისადმი ერთგულ პირებს საკმარისად არ არჩევდნენ, და მათ არა მარტო მხარს არ უჭერდნენ, არამედ არცთუ იშვიათად კიდეც ავიწროვებდნენ. ასეთი მფლობელები, რუსეთისადმი მათი ერთგულების ჯილდოდ, თავიანთი ერთმორწმუნეებისგან ზიზღსა და ხალხის უპატივცემულობას ღებულობდნენ, სუსტები და რუსი მოხელეებისგანაც აბუჩად აგდებულები იყვნენ.

ის თავადები კი, რომლებიც მდიდრები გახლდნენ, მტაცებლობას არა მხოლოდ დაუსჯელად მისდევდნენ, არამედ, პრისტავების შუამდგომლობით, ჩვენი მთავრობისგან კიდევ ჯამაგირსაც ღებულობდნენ.

«ყაბარდოელებზე, მოახსენებდა შემდგომში გენერალ-მაიორი დელპოცო (Дельпоццо) (Князю Цицiанову 5-го апреля 1805 г., № 39), ძალაუფლება ჰქონდა ყველას, ვისაც კი მხოლოდ მათი უფროსობა უნდოდა, და ამასთან ყველა ავიწროვებდა და ძარცვავდა; სამართლიან თხოვნებში კი მათი არანაირი დაკმაყოფილება არ მოუხდენიათ». მართალია, ამ ხალხის მტაცებლური ცხოვრების წესი იყო ბევრი ეჭვის მიზეზი და ხშირად იძლეოდა შემთხვევას, რომ ყაბარდოელები ძალადობასა და ძარცვა-რბევაში დაედანაშაულებიათ, მაგრამ სამართლიანია ისიც, რომ ჩვენი ხელისუფლებისა და თავად მოსახლეთა მხრიდანაც კი დაშვებულ იქნა ბევრი ბოროტად გამოყენება და ყაბარდოელი ხალხის უსამართლოდ შევიწროვება. თუ, ხდებოდა, რომ რომელიმე მოსახლეს ღამით ეზოდან რამდენიმე თავ პირუტყვს გაურეკავდნენ, ამაში ყაბარდოელებს დაადანაშაულებდნენ, თვით იმ შემთხვევაშიც კი, როცა ნაპოვნი კვალი უდაოდ ამტკიცებდა, რომ მოპარული საქონელი ჩვენი საზღვრების შიგნითაა გარეკილი. საკმარისი იყო კავკასიის ხაზზე მოსახლეს ეთქვა, რომ ის ყაბარდოელების მიერაა გაძარცვული და მისდამი მიყენებული ზარალის რაოდენობაზე განეცხადებია, რომ კავკასიის ხაზის უფროსობას, ყოველგვარი შემოწმებისა და დარწმუნების გარეშე, ყაბარდოელთაგან დაკმაყოფილება მოეთხოვა.

ამგვარი ქცევები მთავარმართებლის მხრიდან ენერგიულ პროტესტს იწვევდა. თავადმა ციციანოვმა ბრძანა კავკასიის გუბერნიის მცხოვრებთა შორის გამოექვეყნებიათ, რომ ქონების მოტაცების შემდეგ მაშინვე ამის შესახებ უახლოეს სამხედრო პოსტზე და კაპიტან-ისპრავნიკებისთვის ეცნობებიათ, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ საერო პოლიციის სამმართველოში გაძარცვული იმაზე დაეფიცებიათ, რომ მის მიერ ნაჩვენები დანაკარგი სამართლიანია. შემდეგ კაპიტან-ისპრავნიკი ახდენს საერთო ჩხრეკას და ადგილზე იკვლევს, ხომ არ მოხდა გატაცება თავად მომჩივანის შეცდომის ან უდარდელობის გამო, რომელიც მხოლოდ თავისი უდანაშაულობის შემთხვევაში ღებულობს დაკმაყოფილებას.

მტაცებლური თავდასხმების შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად კი, მცხოვრებთ ებრძანათ საველე სამუშოებზე, თუ მთელი სოფლით არა, არანაკლებ მისი ნახევრით მაინც გასულიყვნენ და შეიარაღებულიც ყოფილიყვნენ; სოფლებისთვის თხრილები და მიწაყრილები შემოევლოთ, რომლებზედაც მესრებს დააყენებდნენ ან ეკლიან ბუჩქებს დარგავდნენ, ეცდებოდნენ რა ისინი ადამიანის სიმაღლემდე და რაც შეიძლებოდა ხშირი გაეზარდათ; თითოეულ პატრონს სახლში სამ-სამი «ყველაზე უფრო ავი ძაღლი» ჰყოლოდა, რომლებსაც დღისით დააბამდნენ, ღამით კი აუშვებდნენ (Предписанiе князя Цицiанова кавказскому губернатору, 9-го мая 1805 года, № 309).

ახდენდა რა ყველა ამ განკარგულებას, თავად ციციანოვს იმის იმედი არ ჰქონდა, რომ ისინი ზუსტად იქნებოდა შესრულებული და რომ მხარის მდგომარეობა ბევრ რამეში შეიცვლებოდა. ბოროტად გამოყენებებს კავკასიის ხაზის მაშინდელი მმართველობის სისტემაში ძლიერად ჰქონდათ ფესვები გადგმული და ბევრი ძალისხმევა იყო საჭირო, რათა ყველაფერი სათანადო წესრიგში მოეყვანათ. ხაზი, წერდა თავადი ციციანოვი გრაფ კოჩუბეის (Отъ 8-го января 1803 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, ч. VIII, 15), დიდი ხნიდან უფროსების მიერ კ არ იმართებოდა, არამედ მათი კანცელარიების მიერ, და აქედან ამომდინარე გაურკვეველი ჯამაგირი მოხელეების, რომლებიც გარს ერტყნენ უფროსს, იყო საბაბი იმისა, რომ ის შრომის მიხედვით კი არ დაერიგებიათ, არამედ ამ უფროსის მედროვეთა მიმართ მიკერძოების მიხედვით. ზუსტად ასევე ვნახე მეც, რომ მაიორის ჩინის მდივანი 5.100 მანეთის თანხიდან ცხრაას მანეთს ღებულობდა, მწერლები კი ფეხსაცმლის გარეშე იყვნენ; იმავე თანხიდან კანცელარიის ხარჯები ისე დიდია, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენი ბრწყინვალების კანცელარიაშიც ამდენი არ იხარჯება; მაგალითად, თვეში 12 შეკვრა ქაღალდი და 10 გირვანქა ლუქი იხარჯება. შემდეგ ხაზინადარის თანამდებობას მდივანი ასრულებდა, რომელსაც უიმისოდაც მრავალი საქმე ჰქონდა, და ამ მიზეზებით, აუცილებლად მივიჩნიე ეს თანხა ნათელი გამეხადა, იმისთვის, რათა ჩემს ადგილზე მოსული ისევე, როგორც მეც, თავის ჟინსა და ახირებებში იქნას შეზღუდული.

სავსებით მოვემზადე რა საქართველოში გამგზავრებისთვის, მხოლოდ პასუხს ველოდები დედოფლისგან (დარეჯანისგან). გულახდილად უნდა ვთქვა, რომ სამოქალაქო ადმინისტრაცია იმ მხარეში ახლად შემოერთებული მიწა-წყლის მაცხოვრებელთათვის წესრიგის შესახებ კეთილი იმედის შეგონებას არ შეესაბამება; სამოქალაქო ხელისუფლება სამხედრო ხელისუფლებასთან ჩემს ხელქვეით გაყოფილია, და მუდმივი დავა-კამათები მათ შორის ერთის საქმიანობასაც აჩერებს და მეორისაც. ლაზარევის გაუთავებელი საჩივრები კოვალენსკიზე, და უფრო მეტად კი ამ უკანასკნლისა პირველზე, ბევრ დროს მართმევს მათ შესარიგებლად და, როგორც მეჩვენება, ჩემს იქ ჩასვლამდე (ბოროტება ?) ვერ შეიძლება აღკვეთილ იქნას».

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment