Friday, August 19, 2016

აკადემიკოსი დუბროვინი ალექსანდრე I-ის მანისფესტის გამოცხადებისა და საქართველოს უმაღლესი მთავრობის დაარსების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბროვინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III, Санктпетербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XXI 

(მანიფესტის გამოცხადება. – საქართველოს უმაღლესი მთავრობის დაარსება.)

1802 წლის 9 აპრილს, ვნების კვირის ოთხშაბათს, კნორინგს, ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის კოვალენსკისა და რუს მოხელეთა მრავალრიცხოვანი ამალის თანხლებით, ტფილისში, საქართველოს დედაქალაქში, საზეიმო შემოსვლა ჰქონდა.

სამი დღის შემდეგ, 12 აპრილს, დიდ შაბათს, ტფილისში გამოცხადებულ იქნა მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ. ქართულ, სომხურ, რომის-კათოლიკურ ტაძრებსა და მაჰმადიანურ მეჩეთში მანიფესტი ერთდროულად იკითხებოდა, რომლის წაკითხვის შემდეგაც დაიწყო ფიცის დადება.

შეკრიბა რა თავისთან ყველა თავადი, ცნობილი პირი და ტფილისის სხვა მცხოვრებნი, კნორინგმა ბრძანა მათთვის ჯარებით ალყა შემოერტყათ, «როგორც საიერიშოდ» («аки штурмомъ») (Переводъ писемъ къ кн. Герсевану Чавчавадзе отъ 18-го апреля 1802 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, по департ. общихъ делъ, ч. II, стр. 197), და ფიცის დადება ასეთ მდგომარეობაში აღესრულებიათ. ხალხი, რომელიც მფარველობას თავად ეძიებდა და ქვეშევრდომობასაც ითხოვდა, მთავარსარდლის ასეთი უტაქტობით შეშფოთებული გახლდათ («კნორინგი კოვალენსკისთან ერთად შეცდნენ თავიანთ პოლიტიკაში, წერდა ლოშქარიოვი თავად კურაკინს, და მათ ეკლესიისთვის ჯარებით ალყა არ უნდა შემოერტყათ, არამედ ისინი გარკვეული მოშორებით, ღია ადგილზე უნდა დაეყენებიათ, და ფიცის დადებისას, პატივი სწორედ ისე უნდა მიეცათ, როგორც ყირიმში ჩემი მინისტრად ყოფნის დროს მე ასეთივე დაფიცებაზე თათრები მომყავდა...» Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, ч. II, стр. 194). თავადთაგან ბევრი ჩქარობდა ეკლესია დაეტოვებინა და ძალით ფიცის დადებაც არ სურდა. კნორინგის ბრძანებით, ზოგიერთი პირი ამისთვის დაპატიმრებულ იქნა (დაპატიმრებულ იქნენ ქართლელი თავადები მაჩაბელი და ამირეჯიბი).

საჭიროა კი იმაზე ლაპარაკი, თუ მათ მიმართ ახალი ხელისუფლების მსგავსმა მოქმედებამ ხალხზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა.

ასეთმა საქციელმა ქართველებს, რომლებიც მსგავს განკარგულებას სრულებით არ მოელოდნენ, გული დაწყვიტა და მათში დრტვინვა დათესა. ფიცის დასადებად მოწოდებული დედოფლები კნორინგს თავიანთ უკმაყოფილებას გამოუთქვამდნენ და მის მოქმედებებს კიცხავდნენ. ისინი მას საყვედურობდნენ, რომ საქართველოში ყოფნისას, იგი დაპირდა სამეფო ღირსებაში იმისი დამტკიცებისთვის ეშუამდგომლა, ვისაც ეს მემკვიდრეობის უფლებით ეკუთვნოდა. როგორც ერთს, ისე მეორესაც, მათი აზრით, ასეთი საყვედურებისთვის საფუძველი ჰქონდათ. დარეჯან დედოფალი თავისი მეუღლის, ერეკლე II-ის ანდერძს ემყარებოდა, რომლის მიხედვითაც იულონ ბატონიშვილს უნდა ემეფა, მარიამ დედოფალი კი იმას, რომ მისი ძე დავით ბატონიშვილი იმპერატორ პავლე I-ის მიერ არის საქართველოს ტახტის მემკვიდრედ ცნობილი და დამტკიცებული. ამრიგად, თითოეული დედოფალი ტახტის თავის სამეფო სახლში შენარჩუნებისთვის მეცადინეობდა. აცნობიერებდა რა თავისი მდგომარეობის სიძნელეს, კნორინგმა კიდევ უფრო მეტად გაზარდა გაუგებრობა, როდესაც თქვა, რომ მეფობასთან მიმართებაში მას არანაირი ბრძანებები არ გააჩნია; რომ მეფობა საქართველოში საიდუმლო მრჩევლის ლოშქარიოვის, თავად გარსევან ჭავჭავაძისა და სხვა ქართველი ელჩების წარდგინებითაა შეწყვეტილი (Переводъ писемъ князю Герсевану Чавчавадзе изъ Грузiи, 18-го апреля 1802 г. Письмо Лошкарева кн. Куракину 7-го iюня 1802 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, ч. II, стр. 197, 197 и 198. «თქვენი ბრწყინვალებისთვის ცნობილია, – წერდა ლოშქარიოვი, – რომ ეს დებულება მოსკოვშია გაკეთებული, ყოველგვარ წარდგინებათა გარეშე, და რამდენადაც მე მახსოვს, ნათქვამია, რომ, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, ქართული საქმეები აქ /პეტერბურგში/ დასრულებული იქნება, და თავად კნორინგმაც, გამგზავრებისას, მე სწორედ იგივე განმიცხადა. მე არ ვიცი, მან ეს საიდან აიღო და დედოფლებს გამოუცხადა?..»), – ხოლო მას კი ებრძანა მხოლოდ საქართველოს შესახებ ახალი დებულება მოიყვანოს აღსრულებაში.

მალევე ტფილისმა შეიტყო, რომ გენერალ-მაიორი ტუჩკოვი, კნორინგის ბრძანებით, იყო მარიამ დედოფალთან, უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის მეუღლესთან, და მას მთელი სამეფო რეგალიები ჩამოართვა (გვირგვინი, სკიპტრა, დროშა, პორფირა და ტახტი თავიდან საქართველოს უმაღლეს მმართველობაში იქნა შესანახად შეტანილი. ხმალი და ორივე ორდენი კი, რომლებიც გიორგი XII-ს ეწყალობა, მარიამ დედოფალმა არ დააბრუნა, არამედ გამოთქვა სურვილი თავისთან დაეტოვებინა. კნორინგი კითხულობდა თუ როგორ მოქცეულიყო? /მისი წერილი ტროშჩინსკისადმი 1802 წ. 25 მაისს, # 23/. იმპერატორმა ალექსანდრემ ბრძანა ხმალი და ორდენები დედოფლისთვის დაეტოვებინათ /рескриптъ Кноррингу 25-го iюня. Арх. Мин. Внут. Делъ, дела Грузiи, кн. I/. შემდგომში ყველა ჩამორთმეული რეგალია გეორგიევსკში იქნა ჩამოტანილი, სადაც კიდეც ინახებოდა. იხ. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, 194, № 154). მსგავსმა მოქმედებებმა ხალხის ყველა წოდება უკიდურესობამდე გააღიზიანა.

დავით და ვახტანგ ბატონიშვილები მთავრობით უკმაყოფილონი იყვნენ. ამის საბაბად უმნიშვნელო გარემოებები იქცა. პირველს კნორინგმა, 1801 წ. ნოემბერში შეატყობინა, რომ მას წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი ეწყალობა, მაგრამ ორდენი დავითისთვის არ მიუციათ, და ამის შემდეგ მალევე იგი თადარიგში იქნა განთავისუფლებული თხოვნისა და მუნდირის გარეშე, რომელც ყოველთვის «მისი გაძლიერებული სურვილების საგანი» გახლდათ. ვახტანგ ბატონიშვილს წმ. ანას ორდენი მიეცა, ხოლო სიგელი კი, შეცდომით, წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენზე იყო დაწერილი და გამოგზავნილი. კნორინგმა მას ეს სიგელი ჩამოართვა, რათა მეორეთი შეეცვალა, ვახტანგმა კი, მიიღო რა ეს «მის დამცირებად, საგრძნობ წყენად მიიჩნია».

«მთელი აქაური ხალხი, – წერდნენ ქართველები თავად ჭავჭავაძეს (Арх. Мин. Внут. Делъ, по Деп. Общ. Делъ, дела Грузiи, ч. II, стр. 198), – თქვენ გთხოვთ არ დაგვტოვოთ ჩვენ ყველანი შეტყობინების გარეშე, კნორინგი ასე ნამდვილად მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ნების მიხედვით იქცევა, თუ აქაურ თავადაზნაურობასა და ყველა მაცხოვრებელს ასეთ წყენას თვითნებურად აყენებს. თქვენი შეტყობინების შემდეგ, შევეცდებით თავი დავიცვათ, ვინაიდან ასეთი უსიამოვნო ქცევების ატანა ჩვენ მეტად აღარ შეგვიძლია. მთელი ხალხი მოელოდა და მოელის თქვენგან შეტყობინებას, რათა სარწმუნოდ შეიტყოს უზენაესი ნებისა და განზრახვების შესახებ. მაგრამ რადგანაც ამ დრომდე ამის შესახებ ჯერ არა აქვს შეტყობინება, ამიტომ უკიდურეს გაოცებაში რჩება და არ იცის, რა გადაწყვიტოს».

პასუხის მოლოდინში, მცხოვრებთა ყველა წოდება, ამასობაში, ახალი ქვეშევრდომობის ერთგულებაზე ფიცს დებდა. ფიცის დადება იმდენად წარმატებით მიდიოდა, რომ კნორინგს შეეძლო მოეხსენებია, რომ ის «ხალხის სასიხარულო შეძახილებში» აღესრულა (Всеподд. рапортъ Кнорринга отъ 22-го апреля 1802 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, 443, № 560). აპრილის განმავლობაში და მაისის დასაწყისში მთელმა საქართველომ რუსეთის იმპერატორს ერთგულება შეჰფიცა. ქვეყანა ამისთვის რამდენიმე ეპარქიად იქნა დაყოფილი. თითოეულ ეპარქიაში გაიგზავნენ მოხელეები ადგილობრივ ეკლესიებში მანიფესტის გამოცხადებისა და ფიცის მიღებისთვის (Письмо Кнорринга католикосу царевичу Антонiю 19-го апреля 1802 г. Тифл. Арх. Канц. Наместн.).

გამოცხადების ზეიმის შემდეგ კნორინგი საქართველოს მოხილვისთვის გაემგზავრა, უპირატესად სპარსეთისა და ერევნის მხრიდან, ხოლო საქართველოს მმართველს, ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველ კოვალენსკის, დაავალა მმართველობის გახსნისთვის მზადებანი ჩაეტარებინა. იმერეთის მეფემ სოლომონმა, ახალციხის ფაშამ (Письма Кнорринга отъ 16-го апреля 1802 г.), განჯის ხანმა და ჭარ-ბელაქნელმა ლეკებმა (Письма его же отъ 18-го апреля 1802 г.) კნორინგის წერილები მიიღეს, რომლებშიც იგი, ატყობენებდა რა ტფილისში მანიფესტის გამოცხადების შესახებ, ეპატიჟებოდა მათ მშვიდად დარჩენილიყვნენ, არ დაერღვიათ კეთილი თანხმობა და უმატებდა, რომ იმპერატორი ალექსანდრე მზად არის თავისი დახმარება და თანადგომა აღმოუჩინოს ყველა იმათ, ვინც მის ძიებას დაიწყებს და თავისი გულწრფელი საქციელით ამას დაიმსახურებს. ჭარ-ბელაქნელთაგან მთავარსარდალი მოითხოვდა, რომ მათ თავიანთი თავკაცები, მათთვის «ზოგიერთი სამშვიდობო წინადადების» გამოცხადებისთვის, ტფილისში გამოეგზავნათ. 

ამასობაში, მმართველობის გახსნისთვის (დაარსებისთვის) მზადებები დასასრულს უახლოვდებოდა. 7 მაისს ტფილისის კომენდანტი, დოლის ცემითა და მუსიკით, ქალაქის ღია ადგილებში და მოედნებზე აცხადებდა, რომ შემდეგ დღეს მოხდება საქართველოს უმაღლესი მთავრობის გახსნა, მისი ყველა ექსპედიციით, და ყველა ბატონიშვილსა და მმართველობაში დანიშნულ მოხელეს ეპატიჟებოდა, ამისთვის საგანგებოდ არჩეულ სახლში შეკრებილიყვნენ.

8 მაისის დილის 7 საათზე ზარბაზნის თანამიმდევრულად სამი გასროლა იქნა მოხდენილი ნახევარსაათიანი შუალედებით. უკანასკნელი გასროლის შემდეგ, ცხრის ნახევარზე, ყველა ეკლესიაში კეთილმაუწყებლობა დაიწყო (начался во всехъ церквахъ благовестъ) და ცერემონიის დაწყებამდე გრძელდებოდა.

სახლში, რომელიც მმართველობისთვის იყო არჩეული, ტფილისის ყველა წოდებისა და შეძლების მქონე მაცხოვრებლები შეიკრიბნენ. იქვე მოვიდა კნორინგიც. მას სახლის შესასვლელსა და დარბაზებში მოხელეები და თავადები დახვდნენ. კნორინგმა დაიკავა ადგილი მაგიდასთან, რომელზედაც დადებული იყო: გუბერნიების შესახებ დაწესებულება (учрежденiе о губернiяхъ), მანიფესტი, შტატი და საქართველოს შესახებ დადგენილება (постановленiе о Грузiи).

მთავარსარდლის სიტყვისა და მასზე თავად იოანე ორბელიანის პასუხის შემდეგ, თავიდან ყველა იმ მოხელის სია იქნა წაკითხული, რომლებიც საქართველოს უმაღლეს მმართველობაში იყვნენ დანიშნულნი, და შემდეგ ამას სიონის ეკლესიაში საზეიმო მსვლელობა მოჰყვა.

წინ მიდიოდა კომენდანტი პოლიცმაისტერთან და პოლიციის მსახურებთან ერთად, თორმეტი ქართველი თავადი და აზნაური ორ-ორნი რიგში. ქართლისა და კახეთის ორ უპირველეს თავადს, იოანე ორბელიანსა და ანდრონიკაშვილს, ფარჩის ბალიშებზე მიჰქონდთ: პირველს გუბერნიების შესახებ დაწესებულება, ხოლო მეორეს კი – მანიფესტი, შტატი და საქართველოს შესახებ დადგენილება. ოთხ-ოთხ ასისტენტ თავადს თითოეულთან ბალიშების კიდეები ფუნჯებით ეჭირათ.

შემდეგ მიდიოდა მთავარსარდალი ამალითა და გენერალიტეტით; კოვალენსკი მოხელეებით, ბატონიშვილები, თავადები, აზნაურები და ხალხი მსვლელობას აბოლოვებდნენ (Обрядъ открытiя правительства 8-го мая 1802 г.).

პროცესიის წინ და უკან ჯარები მიდიოდნენ.

სიონის ტაძრის შესასვლელში პროცესიას სასულიერო წოდება დახვდა. ორმა მღვდელმთავარმა, მიიღო რა თავადებისგან ბალიშები, ისინი ეკლესიაში შეიტანა, მაგიდებზე განათავსა, რომლებიც ფარჩით იყო დაფარული და ამბიონის ორივე მხარეს იდგა.

ტფილისის მიტროპოლიტმა არსენიმ საღვთო ლიტურღია აღასრულა. მისი დასრულების შემდეგ, ორი მოხელე, ერთი რუსულად, და მეორე კი ქართულად, კნორინგის შეტყობინებას კითხულობდა (обвещенiе), რომელშიც იგი, აცხადებდა რა საქართველოს უმაღლესი მთავრობის გახსნის (დაარსების) შესახებ, ვალდებულებას კისრულობდა: «ვიცავდეთ ამ ოლქებს გარედან თავდასხმებისგან, მცხოვრებთ პირად და ქონებრივ უსაფრთხოებაში ვინახავდეთ და ყველას მივცეთ საფარველი, დარწმუნებულობა და სიმშვიდე ფხიზელი და ძლიერი მმართველობით, რომელიც ყოველთვის მზად იქნება მისცეს მართლმსაჯულება დაჩაგრულს, დაიცვას უდანაშაულობა და, ბოროტთა სამაგალითოდ, დასაჯოს დამნაშავე» (Полн. Собр. Зак., т. XXVII, № 26.438).

«მშვიდობის მოყვარენი დაე დარწმუნდნენ, – წერდა კნორინგი, – რომ მუყაითობა და შრომა, და არა ხრიკები, მცხოვრებთა სიუხვე, და არა მათი სიღატაკე, მყარი და ურყევი იმედი ღვთის წყალობაზე, და არა სასოწარკვეთა, და ბოლოს, არა ვერაგობა, სისხლისღვრა, მძვინვარება (შფოთიანობა), სისასტიკე და თავხედობანი, არამედ უბრალოება, კაცთმოყვარება და გულმოწყალება, – სიკეთენი, რომლებიც ქრისტიანს უნდა გამოარჩევდნენ, – არის ხალხების სიმშვიდისა და კეთილდღეობის წყაროები». 

შემდეგ წაიკითხეს შტატი, დადგენილება საქართველოს შესახებ და მმართველობის შემადგენლობაში დანიშნული ყველა ჩინოსანი დააფიცეს.

სამადლობელი ლოცვის შემდეგ, რომელსაც თან ზარების რეკვა და ზარბაზნების 101 გასროლა ახლდა, პროცესია იმავე წესით დაწესებულებებისთვის (присутственные места) დანიშნულ სახლში გაემართა, სადაც ასევე ლოცვა იქნა აღსრულებული. 

სადაწესებულებო ოთახში (въ присутственной комнате) მაშინვე იქნა გახსნილი უმაღლესი მთავრობის პირველი სხდომა და შედგენილი ოქმი «მაღალი მონარქის ქართველი ხალხისადმი გულმოწყალებისა და წყალობის სამარადისოდ ცნობისა და დაუვიწყარად მახსოვრობისთვის» («къ сведенiю и незабвенную памать на вечныя времена высокомонаршаго къ грузинскому народу благоволенiя и милости») (Рапортъ Кнорринга Государю Императору 25-го мая 1802 г.).

იმავე დღეს ერთი-მეორის მიყოლებით გაიხსნა ექსპედიციები: აღმასრულებელი, სახაზინო, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო.

დღის ზეიმი მთავარსარდალთან სადილით, მეჯლისითა და ვახშმით დასრულდა. დაწესებულებები და ქალაქი ილუმინებული იყო.

მაისის განმავლობაში დაწესებულებები (присутственные места) ქალაქებში გორში, სიღნაღში, თელავში, ლორესა და დუშეთში გაიხსნა.

მმართველობის გახსნის დღეს ოცდაცხრა ქართველმა თავადმა სთხოვა კნორინგს ნებართვა, რომ საქართველოს რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღების გამო იმპერატორ ალექსანდრესთვის მადლობის მოსახდელად დეპუტატებად თავადები იოანე ორბელიანი და სოლომონ თარხან-მოურავი (მოურავოვი) ს.-პეტერბურგში გამოეგზავნათ (Письмо князей Кноррингу 8-го мая 1802 года. იმპერატორმა ალექსანდრემ უარყო მათი სურვილი, როგორც საქციელი «მათთვის მნიშვნელოვან ხარჯებთან შეუღლებული და მათ გულმოდგინებაში ჩემი დარწმუნებულობის გამო ზედმეტიც» Арх. Мин. Внутр. Делъ, дела Грузiи, кн. I, рескриптъ Кноррингу 25-го iюня 1802 г.).

მმართველობის გახსნით სამეფო სახლის პირები ხალხის მართვისაგან სამუდამოდ იქნენ ჩამოცილებულნი. ზოგიერთი მათგანი რუსეთში გამოიძახეს, სხვები კი საქართველოში დარჩნენ. იულონ, ფარნაოზ და ალექსანდრე ბატონიშვილებმა თავიანთი სამშობლო დატოვეს. პირველი ორი იმერეთში იმყოფებოდა, უკანასკნელი კი ერთი ხანისგან მეორესთან გადადიოდა. კნორინგი თითოეულ მათგანს ეპატიჟებოდა საქართველოში დაბრუნებულიყო და მათი კუთვნილი მამულების მფლობელობას შედგომოდა (Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, 245). არც ერთმა ბატონიშვილმა ასეთი მოპატიჟება არ მიიღო. საქართველოში მყოფი სამეფო სახლის წევრებიც ასევე უკმაყოფილონი იყვნენ. ჩამოერთვათ რა უფლება თვითნებურად განეკარგათ თავიანთი ქვეშევრდომების ქონება, ყველა თავიანთი ჟინი დაეკმაყოფილებიათ, ისინი რუსული მმართველობის წინააღმდეგ იყვნენ აღგზნებულნი, რომელიც თუმცა კი ჩქარობდა მიეღო ზომები იმისთვის, რათა ისინი მტერიალური სახსრების მიმართებაში გაძნელებულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებია, მაგრამ ამ ზრუნვამ, გაზარდა რა ხაზინის ხარჯები, დამაკმაყოფილებელ შედეგამდე ვერ მიგვიყვანა. რუსეთში მყოფმა ბატონიშვილებმა თითოეულმა 10.000 მანეთის პენსია მიიღო წელიწადში. მარიამ დედოფალს, მაშინდელი ცნობებით, უზრუნველყოფილი შემოსავლები ჰქონდა, რომლებიც ქართული ვერცხლის მონეტით 18.000 მანეთამდე ადიოდა (Рапортъ Кнорринга Государю Императору 5-го iюля 1802 г.). დარეჯან დედოფალს თვეში 500 მანეთი დაენიშნა, მეფის ასულებს სოფიოსა და რიფსიმეს თვეში 100-100 მანეთი, გაიანესა და ნინოს 75-75 მანეთი თითოეულს (Высоч. рескриптъ Кноррингу 5-го августа 1802 г.). რუსულმა ფულებმა ისეთი მოქმედება ვერ მოახდინეს, როგორსაც მათგან მოელოდნენ. პატივმოყვარეობა და ძალაუფლების წყურვილი ოქროთი ვერ იქნა ჩახშობილი. სამეფო საგვარეულოს წევრებს არ შეეძლოთ უსაქმოდ დარჩენილიყვნენ. ისინი ნანობდნენ, რომ გვირგვინი ბაგრატიონთა სახლიდან წავიდა, და მათზე დამოკიდებული ყველა საშუალებით მის დაბრუნებას ცდილობდნენ (Письмо графа Мусина-Пушкина Трощинскому 20-го августа. № 61. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, 395-401).

– შეგიძლიათ თქვენ საზეიმოდ დამიდასტუროთ, – ჰკითხა როგორღაც გრაფმა მუსინ-პუშკინმა ვახტანგ ბატონიშვილს, – რომ თქვენს დედასთან ერთად არ ნანობთ საქართველოს გვირგვინზე, რომელიც ბაგრტიონთა სახლიდან გავიდა? მითხარით მე გულახდილად, როგორც მეგობარს.

– არ შემიძლია! – პასუხობდა ბატონიშვილი მოწოლილი გულახდილობით. – ვნანობთ და ძლიერადაც ვნანობთ. ჩვენ უგუნურთა სახელს დავიმსახურებდით, ასეთი სინანული რომ არ არსებულიყო.

იმედი საგანთა ძველ წესრიგთან დაბრუნების შესაძლებლობაზე და, ამის შედეგად, ბატონიშვილების მიერ მიღებული ზომები თავიანთი მიზნების მისაღწევად იყო ბევრი უწესრიგობის მიზეზი საქართველოში, უწესრიგობებისა, რომლებიც ხალხის ღარიბი კლასის გაღატაკებისკენ იხრებოდა...

მმართველობა გაიხსნა. კნორინგი გეორგიევსკში გაემგზავრა, და საქართველოში განლაგებული ჯარების სარდლობა გენერალ-მაიორ ლაზარევს ჩააბარა, ხოლო სამოქალაქო საქმეების მართვა კი ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველ კოვალენსკის. ხალხი მოწყენილობაში დარჩა, როგორც კნორინგის ქცევების გამო, ისე საქმეთა წარმოების მისთვის სრულიად უცხო წესრიგის გამოც, რომელიც ახალი მმართველობის შექმნასთან ერთად დაიწყო.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment