Monday, August 29, 2016

იოჰან გიულდენშტედტის ზოგიერთი ცნობა და მოსაზრება საქართველოს შესახებ

(იოჰან ანტონ გიულდენშტედტი /1745-1781/ გახლდათ ბალტიისპირელი გერმანელი, რომელმაც განათლება მიიღო გერმანიაში, შემდეგ დაბრუნდა რუსეთში და იქ მოღვაწეობდა. იყო ნატურალისტი, მედიცინის დოქტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. 1768 წელს გიულდენშტედტი მიიწვიეს პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიაში, რათა მიეღო მონაწილეობა აკადემიის მიერ დაგეგმილ ექპედიციაში, რომელიც ევროპული რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ოლქების, ციმბირისა და კავკასიის შესწავლას ითვალისწინებდა. გიულდენშტედტს წილად ხვდა ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოში მოგზაურობა და მათი შესწავლა. იგი საქართველოში 1771 წლის სექტემბერში შემოვიდა და 1772 წლის ნოემბრამდე აქ იმყოფებოდა. დაგვიტოვა თავისი მოგზაურობისა და დაკვირვებათა ვრცელი ჩანაწერები, რომლებიც შემდეგ გერმანულ ენაზე წიგნად იქნა გამოცემული. 1962 წელს თბილისში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობამ გამოაქვეყნა წიგნი «გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში» /ტომი პირველი/, რომელშიც გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა. ზემოთ მოყვანილი ინფორმაციაც მისი შესავლის მიხედვითაა გადმოცემული.

                     

ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს გარკვეულ ვრცელ ამონარიდებს აღნიშნული წიგნიდან. მისი კიდევ ერთხელ გამოქვეყნებისას გვინდოდა განსაკუთრებით მიგვექცია მკითხველის ყურადღება ქართული სამეფო-სამთავროების მაშინდელი მდგომარეობისთვის, როგორც ის ევროპული მენტალიტეტის ადამიანს წარმოუდგა. ქართველი ისტორიკოსებისა და სხვა ავტორების მიერ ამ შემთხვევაში ძირითადად ერეკლე მეფის დროს მიღწეულ გარკვეულ წარმატებებზე ხდება ხოლმე ყურადღების გამახვილება, ქვეყნისა და საზოგადოების ნამდვილი მდგომარეობა და ზოგადი განვითარების დონე კი, სამწუხაროდ, უკანა პლანზე გადადის, რაც ქართულ საზოგადოებაში არასწორ, არარეალურ განწყობასა და დამოკიდებულებას წარმოშობს. საქართველოს თავზე დატეხილ ყველა უბედურებაში რუსეთის დადანაშაულება ხდება, როცა ბევრი ჩვენი განსაცდელისა და უბედურების მიზეზი თავად ჩვენშივეა. მართლაც, მაგალითად, 1771-1772 წლები გახლდათ აღმავლობისა და თითქმის ზენიტის პერიოდიც ერეკლე მეფის საქართველოში, გიულდენშტედტი კი ჩვეულებრივ ლაპარაკობს ამ ქვეყნის «მოუწყობელ ცხოვრებაზე», «სუსტ და განუვითარებელ მმართველობაზე», «მძიმე გადასახადებზე», «დუნე შინაურ მეურნეობა-მრეწველობაზე», ხშირი შემოსევებისგან «ნანგრევებად ქცეულ და გაუდაბურებულ» ყოფილ ციხეებზე, ქალაქებსა და სოფლებზე, მცირერიცხოვან მოსახლეობაზე და სხვა, რაც საბოლოო ჯამში, «ერთერთი ყველაზე უფრო სუსტი ქრისტიანული სამეფოს» სურათს ჰქმნის. იმედია მკითხველი ამ ნაშრომის გაცნობის შემდეგ უფრო რეალურად შეხედავს საქართველოს მდგომარეობას, რაც აუცილებელია იმის სწორად განსაზღვრისთვის, თუ სად ვიყავით, როგორ გვივლია, რატომ ვართ იმ მდგომარეობაში, რაშიც ვართ, და როგორ უნდა ვიაროთ შემდეგში, რათა ქვეყნისა და საკუთარი ცხოვრება უფრო უკეთესი მომავლისკენ წავიყვანოთ)

ნაწილი I

თბილისის შესახებ 
(წიგნის გვ. 87-93)

თბილისი არის სპარსული და ევროპული სახის დედაქალაქი და რეზიდენცია ქართლის მეფისა; მას ქართველები უწოდებენ თბილის ქალაქს, ეს ნიშნავს თბილ ქალაქს, რადგან მის ახლოს ქვემოთ არის თბილი წყაროები და მათთან კი აბანოები.

ის მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, რომელიც აქ სამხრეთ კავკასიის მთისწინეთის ტოტის ჩამოწოლის გამო მოხრილია, ქალაქის ზემოთ და ქვემოთ კი უფრო ციცაბოა; ჩემი დაკვირვებით მოზდოკთან ერთ მერიდიანზეა და 2 გრადუსით სამხრეთით. ადრე ქვედა გარეუბანი, აბანოების ქვევით, იყო ქალაქი თბილისქალაქი. 

თანამედროვე ქალაქი შეადგენს თითქმის ბლაგვ სამკუთხედს და, გარდა აერთი ადგილისა მტკვართან, შემორტყმულია აგურის კედლით; ამასთან აღმოსავლეთის კუთხეში არის პატარა ციხე ნარიყალა და დასავლეთისაში – სიმაგრე შარდახტი. ქალაქის კედელი მათ შორის არის 600 საჟენის სიგრძისა და მთელი ქალაქის გარშემო შეადგენს დაახლოებით სამ რუსულ ვერსს ან 1500 საჟენს. ამ, არც ისე დიდ, ფართობზე ცხოვრობს დაახლოებით 20000 მცხოვრები; ამიტომ ქუჩები არის დაახლოებით 1 საჟენი სიგანისა, შესახვევები კიდევ უფრო ვიწრო.

სახლები ნაგებია აგურისა და ფილაქნებისაგან, თიხანარევი კირით, ერთსართულიანი, დაახლოებით 15 ფუტი სიმაღლისა, სახურავები სწორი – თიხით დაფენილი; ოთახებს აქვთ ბუხარი და ფანჯრებზე, შუშის მაგიერ, გაქონილი ქაღალდებია. ყველაფერი არის მსუბუქი, ცუდი, მკვრივი (ტლანქი) და ძალიან შეუხედავად ნაშენი. ქალაქის აღმოსავლეთის ნაწილთან არის ხიდი მტკვარზე, ამ ხიდით შევდივართ მეტეხის პატარა ციხეში, მტკვრის მარცხენა ნაპირას.

ქალაქის ქვემოთ, ახლოს მასთან და მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, არის თბილი წყაროები და მათთან საზოგადო აბანოები ორივე სქესისათვის. აბანოების ქვემოთ არის წინაქალაქი, გარეთუბანი, ან უფრო უკეთ ძველი თბილისი. ქალაქისა და გარეუბნის გარშემო არის მნიშვნელოვანი ვენახები და ხილის ბაღები, რომლებიც მდინარის ქვევით აღწევენ 5 ვერსამდე, და პატარა წისქვილებისა და არხების საშუალებით ირწყვებიან მტკვრის წყლით. ბაღებთან და მათ ქვემოთ არის აგრეთვე ხორბლის პატარა ყანები. ასევე მტკვრის მარცხენა ნაპირზეც, ქალაქის პირდაპირ, არის ბაღები და ყანები.

20000 მოსახლეობისათვის ისედაც პატარა ფართობიდან დიდი ადგილი უჭირავს ეკლესიებსა და სასაფლაოებს. მცხოვრებთა ეს სივიწროვე, დაქანებული მდებარეობა ქალაქისა თიხიან ნიადაგზე, რომელიც წვიმის დროს მთლად იჟღინთება და არ აქვს წყლის საწრეტები, სასაფლაოები, ცუდი პოლიცია, რომელიც ნებას აძლევს, რომ ქუჩები დაიფაროს ნაგვით და ა. შ., – [ყოველივე ეს] სწამლავს ჰაერს, ამიტომაც დიზენტერია, ავთვისებიანი ციებ-ცხელება და ეპიდემიები, აგრეთვე ჭირიც, არც თუ იშვიათია. 1770 წელს ამ უკანასკნელმა გაწყვიტა 4000 მცხოვრები. დიდი სიკვდილიანობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა, სახლები რომ არ იყოს ბევრ-ჰაერიანი, რადგან ცუდი კარებებიდან, ქაღალდიანი ფანჯრებიდან, ბუხრებიდან და ა. შ. მუდამ არის ჰაერის მიმოქცევა. 1770 წელს, ჭირის დროს, ავადმყოფებს აწვენდნენ უმეტესად ქუჩებში და შეიმჩნეოდა, რომ მათგან შედარებით მეტი რჩებოდა, ვიდრე სახლში მწოლიარეთაგან.

ქალაქის მოსახლეობა ნახევარზე მეტი სომხებია. მეორე ნახევარს შეადგენენ უმთავრესად ქართველები და, ამათ გარდა, კიდევ არიან თათრები. სომეხთა შორის დაახლოებით 400 რომაული სარწმუნოებისაა, მათ ჰყავთ პატრები, ყველანი უხვად არიან უზრუნველყოფილი ეკლესიებით.

ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ს | ე კ უ თ ვ ნ ი თ:

1. სიონის საყდარი (სიმეონის ეკლესია) რომელიც არის კათედრალური ეკლესია. მასში არის დიდი ქართული წარწერა. (ქვემოთ სქოლიოში მოყვანილია ეს წარწერა: ქ: მადიდებელი სამებისა დავითიანი ძმისწული სახელოვანი მეფის გიორგისა და ძე დიდად პატიოსნისა ლევანისა განმგებელი ქართლისა ბატონის შვილი ვახტანგ განმაახლებელი გუმბეთით ლორფინით ცავრით მონასტრისა ამის სულისა მეფისა ბიძისა და მამისა და დედისათვის და სულთა ჩემთა და მეუღლისა ძისა და ასულთა აღსაზრდელად. ქრისტეს აქეთ ჩღ~ჲ. ქართლის ქრონიკონს ტჟჱ)

2. ჯვარის მამის საყდარი, ე. ი. ჯვარის მამის (ასე ეძახიან ბერებს) ეკლესია.

3. ნათლისმცემლის საყდარი, ე. ი. ეკლესია [იოანე – გ. გ.] ნათლისმცემლისა.

4. მეფის კარის საყდარი, ე. ი. მეფის კარის ეკლესია.

5. კარის ღვთის საყდარი, ე. ი. კარის ღვთისმშობლის ეკლესია.

6. კოლეთის საყდარი.

7. მეტეხის საყდარი.

8. წმინდა გიორგის საყდარი, ეკლესია წმ. გიორგისა.

9. ანჩისხატის საყდარი, მასში არის ქართული წარწერა. (ქვემოთ მოყვანილია ეს წარწერა: ქ: ჩამ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონიშვილმან /კათოლი/კოზმან დომენტი აღვაშენე სამრეკლო და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩვენისა საოსალ /საოხად!/ მეფობისა ქართველთასა შანავაზისასა. ქკ~ს ტნიგ) 

10. კათალიკოსის საყდარი, ე. ი. ეკლესია პატრიარქისა.

11. მთავარეპისკოპოსის საყდარი, ეკლესია მთავარეპისკოპოსისა.

12. ხარების ღვთისმშობელი, ე. ი. მარიამის ხარება. ის წინათ იყო კათოლიკური ეკლესია. 

13. ქაშვეთის წმინდა გიორგი, მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

14. კალოუბნის წმინდა გიორგი.

15. მელიქის საყდარი, არის აგრეთვე მტკვრის მარცხენა ნაპირის მოშორებით. მის ახლოს არის სპეციალური სასაფლაო.

ქალაქის გარეთ, ჩრდილო-დასავლეთით, იშიტურდუქის კლდეზე დგას დანგრეული ეკლესია მთა-წმინდა, სადაც მიდიან თაყვანისსაცემად. (ქვემოთ სქოლიოში შენიშვნაა: ვ ა ხ უ შ ტ ი /გვ. 54/: კვალად დასავლით, ი შ ი ტ უ ტ რ უ ქ ი ს კლდესა შინა არს მონასტერი მთაწმნდისა და აწ ცალიერი) 

ს ო მ ხ ე ბ ი ს | ე კ ლ ე ს ი ე ბ ი.

1 და 2. ციხის საყდარი.

3. პეჩერნო ( = პეტხაიმის) საყდარი.

4. კასების (?).

5. პეტროს (?).

6. საგაშენი.

7. ნორაშენი.

8 და 9. მოღნინი.

10. ჯიგრაშენი.

11. სურბნიშანი.

12. კოზმანი ( = კოზმადამიანის საყდარი).

13. 14. 15. ვანკინისადმი მიძღვნილი, ვანქის საყდარი.

16. ქამუანი ( = ქამოაანთ საყდარი).

17. ზირკიანი ( = ზირკინაანთ საყდარი).

18. სუბკარაბესა ( = სურბკარაპეტასა).

19. მელიქის და 20. სუბსასნისის ( = სუბსარქისის) საყდარი.

ამათგან 12 დგას ქალაქში და 8 ქალაქის გარეუბნებში; კათოლიკე სომხები, რომლებიც უნდა იყვნენ 400, კმაყოფილდებიან ერთი საყდრით. ქალაქში არის აგრეთვე ერთი სომხური მონასტერი.

მაჰმადიან თათრებს აქვთ 3 მეჩეთი.

ქალაქის მოსახლეობა ცხოვრობს უმთავრესად თავისი ვენახებითა და ნარგავებით, განსაკუთრებით ბამბის კულტურით. ბევრი არიან ვაჭრები, ანუ, უფრო უკეთ წვრილი მედახლეები, რომლებთანაც შეიძლება შეიძინოს კაცმა გასავლიანი საქონელი, წვრილმანი საქონელი, სურსათი, სანელებელი და სხვა რამეები. არიან სხვადასხვა [ხელოსნები]: მეტყავეები, მღებავები, მჭედლები. ყოველგვარ საქალაქო. ხელოსნობას ეწევიან მცირე რაოდენობით და ისიც მოხალისენი და არა ოსტატები.

აქ მეფეს აქვს მარილის-სახდელი ქარხანა და ზარაფხანა.

1772 წ. თბილისში იყიდებოდა:

1 ბათმანი, ე. ი. 1 გირვანქა პური რუსულ ფულზე – 8 კაპიკად.

–– « –––– « –– საქონლის ხორცი 25 კ., ცხვრის ხორცი 30 კ.

–– « ––– « –– ყველი 20 კ., მარილი 20 კ., ბრინჯი 20 კ.

–– « ––– « –– კარაქი 80 კაპიკად.

1 ციტრა კარგი ადგილობრივი ღვინო – 20 კ.

ხორბალი და ქერი მოდის გორიდან და სურამიდან ტივებით, რომლებიც შეკრულია ფიჭვის მორებისაგან, ქვევით მტკვრით. ეს ტივები შემდეგ იყიდება როგორც საშენი ხე-ტყის მასალა.

მიდამო ქალაქის გარშემო, ისე როგორც მთელი საქართველო, მცირედ და ცუდადაა გაშენებული და დასახლებული. მთაზე, ქალაქის ახლოს, ქვევით მტკვარზე, ჩანს უდაბნო (საცხოვრებელი განდეგილებისა) და დასახლებული სოფლები წალასყური და კუმისი, აგრეთვე დანგრეული ციხე ხუნანი. მტკვარზე ზემოთ, ჩრდილოეთ – ჩრდილო-დასავლეთით, ჩანს ხევის სოფელი გერგელი (ვახუშტის /აღწერა გვ. 67/ ხევში აღნიშნული აქვს «გერგეთი არაგვის იქით კიდესა»), ხოლო ხეობა, რომელშიც არაგვი მთიანეთიდან მტკვრის დაბლობზე გამოდის, დასავლეთით – ჩრდილო-დასავლეთით.

მეფეები წინათ, ზაფხულობით, იდგნენ მთაზე კოჯორთან, რადგან იქ სიცხეები ნაკლებია, ხოლო ზამთარში დაბლა, უფრო თბილ მტკვრის ველზე, ნაგებთან, რადგან მთებს შორის თბილისში ყინვები უფრო სუსხიანია. ახლა რეზიდენციას სხვა მიზეზების გამო არ სტოვებენ.

[მასალები] საქართველოს პოლიტიკური და გეოგრაფიული შესწავლისათვის 
(წიგნის გვ. 183-213)

დღევანდელი საქართველო, ანდა რუსულად გრუზია, როგორც ცნობილია, არის ძველი გეოგრაფების მიერ აღწერილი იბერია და ნაწილობრივ ალბანია. სპარსელები ქვეყანას საერთოდ, და განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილს, უწოდებენ გურჯისტანს; თურქები – გურჯის; ქართველებს კი პროვინციებისათვის აქვთ საგანგებო სახელები, რომელთაგან ყველაზე საერთოა «ქართველი», აგრეთვე «ქართული», რომელსაც მთელ ქვეყანასაც უწოდებენ.

მთელი საქართველო მდებარეობს კავკასიონის სამხრეთით, ორივე ზღვას შორის (აღმოსავლეთით კასპიის ზღვა, დასავლეთით შავი ზღვა); ჩრდილოეთით საზღვრავს მაღალი ალპები, სამხრეთით კი გადაჭიმულია არარატის მთიანეთამდე. ჩრდილოეთით – აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ – ესაზღვრებიან ლეკები, ანუ ლეკეთი, ქისტეთი, ოსეთი, ბასიანია და აფხაზეთი; დასავლეთით – შავი ზღვა, სამხრეთ-დასავლეთით – თურქეთი და აღმოსავლეთით – სპარსული მხარეები. დასავლეთით* საერთოდ კასპიის ზღვა, და ამჟამად მის ნაპირებზე მცხოვრები თათრები (*ქვემოთ შენიშვნაა: შეცდომით სწერია «დასავლეთით», უნდა ეწეროს «აღმოსავლეთით»).

წინათ მთელ საქართველოს განაგებდა ერთი მმართველი; შემდეგში – სხვადასხვა პროვიონციას თავისი საკუთარი [მმართველი ჰყავდა]. აგრეთვე წაგლიჯეს თურქებმა ზემო ქართლი; ხოლო სვანეთი იყო თავისუფალი. ახლა ეს ქვეყანა, რომელსაც აქვს შესანიშნავი მდებარეობა და ბუნება, თურქებისგან, სპარსელებისა და ნაწილობრივ კავკასიელთაგან ისე ხშირად განიცდის შემოსევებს და, განსაკუთრებით პირველი ორისაგან, ისეა დაჩაგრული და ყველასაგან გაუდაბურებული, რომ, დაქუცმაცებული მმართველობისა და მრავალრიცხოვანი გამანადგურებელი თავდასხმების გამო, იგი ეკუთვნის ნაკლებად გაშენებულ, მცირედ დასახლებულ და ყველაზე სუსტ ქრისტიანულ სახელმწიფოთა რიცხვს.

საქართველოს პროვინციები არიან:

1. ზ ე მ ო | ქ ა რ თ ლ ი, [მდებარეობს] მტკვარზე ზემოთ.

2. ქ ვ ე მ ო | ქ ა რ თ ლ ი, მტკვრის ქვემო წელის მარჯვენა მხარეზე.

3. ს ო მ ხ ი თ ი, აგრეთვე მტკვრის ქვემო წელის მარჯვენა მხარეს, ქვემო ქართლის აღმოსავლეთით. ძველად ის ეკუთვნოდა არა საქართველოს, არამედ იყო სომხეთის ნაწილი; ახლა კი ემორჩილება ქართლის მეფეს.

4. კ ა ხ ე თ ი, საქართველოს ყველაზე აღმოსავლეთი პროვინცია, ალპებსა და მტკვარს შორის.

5. შ ი დ ა | ქ ა რ თ ლ ი, შიგნითა, ანუ შუა ქართლი, კახეთიდან დასავლეთით, იმერეთიდან აღმოსავლეთით, ჩრდილოეთიდნ ალპებით, ხოლო სამხრეთიდან მტკვრითაა შემოსაზღვრული.

6. ი მ ე რ ე თ ი, აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ქართლი, დასავლეთიდან სამეგრელო და გურია, ჩრდილოეთიდან ალპები, სამხრეთით კი კავკასიის მთისწინეთის განშტოება.

7. გ უ რ ი ა ს აღმოსავლეთით აკრავს იმერეთი, სამხრეთით – ჭოროხი, დასავლეთით – შავი ზღვა, ჩრდილოეთით – სამეგრელო.

8. ს ა მ ე გ რ ე ლ ო – აღმოსავლეთით ესაზღვრება იმერეთი, სამხრეთით – გურია, დასავლეთით – შავი ზღვის პირას მდებარე თურქული ოლქები, ხოლო ჩრდილოეთით – სვანეთი და მთის სხვა ოლქები.

9. ს ვ ა ნ ე თ ი [მდებარეობს] მაღლა მთებში, ზევით ცხენის-წყალზე, სამეგრელოს ჩრდილო-დასავლეთით.

ეს პროვინციები ახლაც, სომხითის (3) გამოკლებით, დასახლებულია უმეტეს წილად ქართველებით.

საქართველოს გარეთ ქართველები არიან აგრეთვე სპარსეთში ფერიაში, ისპაჰანთან, რომლებიც შაჰ-აბასმა გადაასახლა ქართლიდან, როგორც კოლონისტები, და მაზანდერანში.

ამ სპარსულ პროვინციაში არის კოლონიები, რომლებსაც ჯერ კიდევ, იმათ მსგავსად, რომლებიც სპარსეთში არიან, შემოუნახავთ ენა და ჩვევები, მაგრამ ქრისტიანული რელიგია უმეტესად შეუცვლიათ მაჰმადიანურით.

კავკასიელ მთიელთა შორის, განსაკუთრებით ლეკებსა და ოსებში, არიან ბევრი ქართველები, რომელთაც, რელიგიასთან ერთად, ენაც დაივიწყეს.

მცირე რაოდენობა ამ ხალხისა (ქართველებისა – გ. გ.) ცხოვრობს რუსეთში, უმთავრესად თერგზე და ასტრახანში; მათ ჯერ კიდევ კავშირი აქვთ სამშობლოსთან.

ამავე დროს საქართველოს პროვინციებში ქართველებთან ერთად ცხოვრობენ:

1. თ ა თ რ ე ბ ი, უმთავრესად თურქმანები, ანუ თარაქამა [თათრები]; განსაკუთრებით სომხითში (3), რომლის მოსახლეობის უმეტეს ნაწილსაც შეადგენენ. [ცხოვრობენ] აგრეთვე ზემო ქართლში (1) და გურიაში (7); უფრო ცოტა და გაბნეულნი არიან სხვა პროვინციებში; ამასთან კახეთში არის ხუთი მთლად თათრული სოფელი. ისინი ლაპარაკობენ თათრული ენის თურქულ დიალექტზე და არიან მაჰმადიანები.

2. არმენიელები, ქართულად სომხები, ცხოვრობენ მთელ საქართველოში, ნაწილობრივ საკუთარ სოფლებში, ნაწილობრივ ქართველებთან შერეულნი არიან. ერთმანეთს თავიანთ ენაზე ელაპარაკებიან, ხოლო რომლებიც დაფანტულნი არიან, ქართველებთან – ქართულად. ისინი მთლად იგივე უფლებებით სარგებლობენ, როგორითაც საერთოდ (ჩვეულებრივი) ქართველი ხალხი; და რელიგიის მიხედვით ეკუთვნიან ნაწილი სომეხ, ნაწილი რომაულ ქრისტიანებს.

3. ო ს ე ბ ი ცხოვრობენ ბევრ ოსურ მხარეებში, რომლებიც არიან მთებში, და ემორჩილებიან ქართველ მეფეს ან თავადებს და [ცხოვრობენ] თავისთვის და არა ქართველებს შორის.

4. ე ბ რ ა ე ლ ე ბ ი, ქართულად «ურია», ცხოვრობენ საკუთარ სოფლებში; უმეტეს წილად გაბნეულნი არიან ქართულ, სომხურ და თათრულ სოფლებში და არა ოსურ სოფლებში. ისინი მრავალრიცხოვანი არიან, მაგრამ, ზემოთ დასახელებულ ხალხებთან შედარებით, ყველაზე ცოტანი. ისინი სულ ისევე იკვებებიან, როგორც ქართველები, არ განიცდიან განსაკუთრებულ ჩაგვრას, არამედ როგორც ქართველები, ისინიც ყველაფერს აძლევენ და იღებენ (ე. ი. არიან ქართველი გლეხების მდგომარეობაში – გ. გ.).

რაოდენობით ეს ოთხივე ხალხი [ერთად] ქართველობას ცოტათი აღემატება. 

საქართველოს ისტორიისათვის 

მე მაჩვენეს 650 გვერდიანი დაწერილი ქართული ქრონიკა, რომელიც, ცოტა ხნის წინათ რუსეთში გარდაცვლილმა ვახტანგ მეფემ, ლეონის მე-5 ვაჟმა და გიორგის ძმისშვილმა შეადგენინა სახელმწიფოს ორივე მთავარი ეკლესიის (გელათის – იმერეთშია, ქუთაისიდან დაახლოებით 10 ვერსის მანძილზე, – და მცხეთის – ქართლშია, თბილისიდან დაახლოებით 10 ვერსზე) არქივებიდან. ეს ქრონიკა თავის 70 თავში შეიცავს გადმოცემებს ხალხის წარმოშობისა და გადმოცემებსა და ცნობებს მათი მმართველების რიგის (გენეალოგიის) შესახებ, საიდანაც მე გეტყვით შემდეგს.

1792 წელს შემდგომად ადამისა ცხოვრობდა თარგამოსი, ძე თარაშისა, ძისა ავანანისა, ძისა იაფეტისა, ძისა ნოესა, მამა 8 ვაჟისა, არარატზე, 600 წელი, ერთ გამაგრებულ ციხეში. ეს ვაჟები არიან: აოს, ქართლოს, ბარდოს, მოაკან, ლეკოს, ეროს, კავკას და ეგროს, რომლებიც გახდნენ მამამთავრები სომეხთა ანუ არმენიელთა, ქართველთა, რაანთა ანუ შირვანელთა, მოვაკანელთა ანუ ახლანდელ ერივანელთა, ლეკთა ანუ ლეზგიელთა და დაღისტნელთა, მიგრელთა, ე. ი. მეგრელთა, კავკასიანთა ანუ კავკასილთა, კახთა და იმერელთა, რომლებიც ყველანი დაძმობილებულნი არიან.

მათ შვილთა შორის ყველაზე სახელგანთქმული იყო ქართლოსი. მცხეთოსი, გარდაბოსი, კახოსი, კუხოსი, გაჩიოსი იყვნენ ქართლოსის 5 ვაჟი. თარგამოსმა ქართლოსს მისცა არაგვის მიდამოები მტკვრამდე. მამის სიკვდილის შემდეგ, მცხეთოსმა არაგვის შესართავთან ააშენა ციხე მცხეთა. მცხეთოსს ჰყავდა სამი ვაჟი: უფლოსი, ოძრხოსი, ჯავახოსი, რომლებიც გახდნენ მფლობელნი უფალნი ანუ მეფენი.

ოძრხოსს მან მისცა მხარე ტაშისკარიდან შავ ზღვამდე, რაც ახლანდელ იმერეთს და სამეგრელოს [შეადგენს]. ჯავახოსს მისცა მხარე ფარვანიდან მტკვრამდე (ეს უნდა იყოს ახლანდელი თრიალეთი და ჯავახეთი). უფლოსს მისცა მდ. არაგვის და მცხეთის მიდამოები და თბილისიდან ტაშისკარამდე (ე. ი. ახლანდელი ქართლი).

ხაზარნი [და] სპარსნი ფლობდნენ ყველაფერს ზღვის კარ დარუბანდიდან არაგვის კარ დარიელამდე (ე. ი. ზღვის კარ დერბენტიდან არაგვის კარ დარიელამდე).

ალექსანდრე მაკედონელი ქართლში ჩრდილოეთიდან მოვიდა. მაშინ უაღრესად იყო მოდებული გარყვნილება, სირცხვილეულობდნენ და-ძმა შორის და პირუტყვებთან. ალექსანდრე მოვიდა ჯერ ხერთვისთან და აიღო ქალაქები ოძრხე, ჩაროხი, უფლისციხე – ძალიან დიდი ქალაქი, სარკინე, სამშვილდე, მცხეთა, ურბნისი, კასპი, ციხე-დიდი, ურიათუბანი, სადაც ებრაელები (იუდეველები) ცხოვრობდნენ, რუსთავი, დედა-ციხე, მტკვრის ციხე ხუნანად წოდებული და კახეთის ყველა ქალაქი (კახეთის ქალაქნი); ყველგან ჩააყენა გარნიზონები და თვითონ გაჩერდა მცხეთაში; შემდეგ შეჩერდა ქსანზე ნასტაკისში. სარკინეთში გაწყვიტა ყველანი, ვინც კი 15 წელზე მეტისა იყო. იქ დასტოვა ასი ათასი კაცი.

რომის დაარსების შემდეგ, ადამის შემდეგ 3233 წელს, რიგის მიხედვით მეფობდნენ შემდეგი პირები:

(შემდეგ მოყვანილია მეფეების ვრცელი ჩამონათვალი, რომელსაც აქ გამოვტოვებთ – ი. ხ.)

ამჟამად (1772 წ.) მმართველი მეფე ქართლისა და კახეთისა, ერეკლე, ვაჟი თეიმურაზისა (იხ. ზევით, კახეთის შტო, # 10), იყო დაახლოებით 60 წლისა.

სხვადასხვა უბედური შემთხვევებისა და გაჭირვების მიუხედავად, თავის მმართველობის დროს, მან არა თუ არც სამფლობელო და არცერთი პროვინცია არ დაკარგა, არამედ ხელიდან გაუშვებლად, თუმცა ხანდახან საკმაო გაჭირვებით, შეინარჩუნა ტახტი.

მისი ცოლი იყო თამარი (?), ქართლის მეფის ვახტანგის ქალიშვილი (აქ გიულდენშტედტს შეეშალა, ვინაიდან მანამდე მას საქართველოს მეფეთა ჩამონათვალში უწერია: პრინცესა თამარი, ვახტანგის ქალი, იყო მეუღლე თეიმურაზისა და ახლანდელი მეფის ერეკლეს დედა. – ი. ხ.).

ახლანდელი – დარეჯანი, არის ქალი წინა [მმართველი] დადიანისა და სამეგრელოს ახლანდელი მმართველის (მისი მოსისხლე მტრის) და.

მ ი ს ი | უ ფ ლ ი ს წ უ ლ ე ბ ი | ა ნ უ | პ რ ი ნ ც ე ბ ი | ა რ ი ა ნ:

1. გიორგი, 1772 წ. იყო 28 წლისა, მეუღლედ ჰყავს ქეთევანი, ქიზიყის მოურავის, თავად პაპუ[ნ]ა ანდრონიკაშვილის ქალიშვილი. მისი ძე დავითი არის 5 წლისა, იოანე – 2 წლისა; და კიდევ ორი ქალიშვილი.

2. ლეონი ანუ ლევანი – 20 წლისა. ცოლად ჰყავს მდივანბეგის (უზენაესი მსაჯულის) თავად ქაიხოსრო ანდრონიკაშვილის ქალი.

3. იულონი 12 წლისა.

4. ვახტანგი 10 წლისა.

5. თეიმურაზი 8 წლისა.

6. მირიანი 7 წლისა.

7. ალექსანდრე 2 წლისა და

8. ლუარსაბი ½ წლისა.

პ რ ი ნ ც ე ს ე ბ ი:

1. თამარი – გათხოვილი სალთხუცეს (გენერალ) თავად ორბელიშვილზე.

2. ელენე – გათხოვილი თავად არჩილზე, იმერეთის მეფის სოლომონის ძმაზე.

3. მარიამი – მისი ქმარია ქალაქის მოურავი, თავადი ციციშვილი.

4. ქეთევანი – გათხოვილი თავად მუხრანბატონზე.

5. ხორეშანი – 4 წლისა.

6. ანასტასია – 3 წლისა.

ერეკლეს ჯერ კიდევ ცოცხალ დედინაცვალს, თეიმურაზის ქვრივს, ჰქვია ანახანუმ თაქალთ(ოვ)იანი. მისი ქალი გარდაიცვალა როგორც სამეგრელოს დადიანის მეუღლე. 

მეფე ერეკლეს და – ანნა – არის ქვრივი ეშიკაღაბაშის, კამერჰერის და თავადის დემეტრე ორბელიშვილის. ანნა დაიბადა 1722 წელს.

ბაგრატიონთა სათავადო გვარის შთამომავალია აგრეთვე იმერეთის ახლანდელი (1772) მეფე სოლომონი და, საერთოდ, ორივე ქართველი მეფე, დადიანი და გურიელი ერთმანეთთან დანათესავებული და დამოყვრებული არიან. ისინი და მათი ვაჟები თხოულობენ ურთიერთ მათ ქალიშვილებს და დებს. ეს ხდება აგრეთვე მმართველ და მოხელე წარჩინებულ თავადებს შორისაც.

იმერეთის ისტორიისათვის 

საქართველოს ამ ნაწილს ისეთივე ბედი ხვდა [როგორც ქართლს] იმის გამო, რომ თურქები აოხრებდნენ მას და იმონებდნენ; მეზობლებთანაც შინაური დავა და თვით საკუთარ თავადებსაც ერთმანეთში კინკლაობა ჰქონდათ ხოლმე; აგრეთვე ლეკები და სხვა მთიელები ყაჩაღურად თავს ესხმოდნენ; ამასთან იმერეთი უფრო ხშირად და უფრო მეტად თურქებისაგან იძალებოდა, ქართლი კი უმეტესად სპარსელებისაგან. ახლაც ორივე სამეფოს მდგომარეობა ერთნაირია, თუ მხედველობაში მივიღებთ მეზობელთა თავდასხმებს და დიდ საშიშროებას.

ახლანდელი სამეფო სახლი წარმომდგარია, ისევე როგორც ქართლისა, ბაგრატიონთა ქართული თავადური გვარიდან.

1772 წელს ამ გვარის შემდეგი პირები იყვნენ ცოცხალი:

1. ახლახან გარდაცვლილი იმერეთის მეფის ალექსანდრეს ძმა გიორგი. ის ცხოვრობს, როგორც იმერელი თავადი თავისი ქვეშევრდომებისა.

2. თეიმურაზი, ალექსანდრე მეფის ძმისშვილი, მამუკას [შვილი].

ალექსანდრე მეფის ვაჟები: 3. სოლომონი, 4. იოსები, 5. ბაგრატი და 6. არჩილი.

ამათგან:

3. სოლომონი, 37 წლისა, ახლანდელი მეფე იმერეთისა, გონიერი და ჭკვიანი მმართველი. ის დაიბადა 1735 წელს და ახალგაზრდა ავიდა ტახტზე. თურქებს ის არ მოსწონთ და ქვეყანაც მოსტაცეს და ტახტიდანაც ჩამოაგდეს. მის ნაცვლად იმერეთის მეფედ დაასახელეს თავადი თეიმურაზი (# 2). სოლომონ მეფემ კი თავისი ერთგული თავადების დახმარებით დაამარცხა თეიმურაზიც და თურქებიც, და ქვეყანაც და ტახტიც კვლავ დაიბრუნა. როდესაც, მალე ამის შემდეგ, საქართველოში მის განსათავისუფლებლად შემოვიდა რუსის ჯარი გრაფ ტოტლებენის სარდლობით, მათ მალე იმერეთიც გაწმინდეს თურქებისაგან. მეფემ, ამ შემთხვევის წყალობით, გაზარდა თავისი სამფლობელო რაჭის საგრძნობი მიწაწყლის შემოერთებით, იმ რაჭისა, რომლის ერისთავიც მის მტრებს – სამეგრელოს დადიანის პარტიას მიემხრო. ამჟამად სოლომონი მეფობს მშვიდობიანად, ქვეყანა კი ძალზე მოოხრებული იყო და იმერული და, საერთოდ, ქართული სახელმწიფო მმართველობის პირობებში გაუჭირდა მოსულიერება.

4. იოსები, სოლომონ მეფის ძმა, არის პატრიარქი (კათალიკოსი) იმერეთისა, აგრეთვე სამეგრელოსი და გურიისა. იხ. შემდეგ.

5. ბაგრატი და 6. არჩილი ცხოვრობენ როგორც იმერელი თავადები თავიანთ მამულებში. არჩილს ცოლად ჰყავს ქართლის მეფის ერეკლეს ასული, პრინცესა ელენე.

7. ალექსანდრე, სოლომონის ერთადერთი მემკვიდრე ბატონიშვილი, დაბადებულია 1760 წელს, [არის] მშვენიერი გულისხმიერი ახალგაზრდა.

8. თავად არჩილის ვაჟი.

* * *

რ ე ლ ი გ ი ა

მთელ საქართველოში გაბატონებული რელიგია არის ქრისტიანულ-ბერძნული (ე. ი. მართლმადიდებლური – გ. გ.) და, მაშასადამე, ცნობილია თავისი მოძღვრებით, წყობითა და წირვა-ლოცვით. 

ს ა ს უ ლ ი ე რ ო | თ ა ნ ა მ დ ე ბ ო ბ ა ნ ი | დ ა | მ ო ხ ე ლ ე ნ ი:

პატრიარქი, ქართულად კათალიკოსი.

თავარეპისკოპოსები.

ეპისკოპოსები.

არქიმანდრიტები.

დეკანოზები.

მღვდლები.

დიაკვნები (ქართ. დიაკონი) და მთავარდიაკვნები (ქართ. მთავარ-დიაკონი).

ბერები.

ქ ა რ თ ლ ი ს ა | დ ა | კ ა ხ ე თ ი ს | ე პ ი ს კ ო პ ო ს ე ბ ი:

ქართლისა და კახეთის პატრიარქს, ქართულად კათალიკოსი (ასევე პატრიარქი) ქართლისა და კახეთისა, საჯდომი აქვს მცხეთის მონასტერში.

ქ ა რ თ ლ ი ს | ე პ ი ს კ ო პ ო ს ე ბ ი:

მთავარეპისკოპოსი იმყოფება გორში.

1. ეპისკოპოსი თბილისში, ქართულად ეპისკოპოსი თბილელი.

2. –– « –– წილკანში, ეპისკოპოსი წილკნელი.

3. –– « –– სამთავისში, ეპისკოპოსი სამთავნელი.

4. –– « –– ურბნისში, ეპისკოპოსი ურბნელი.

5. –– « –– რუსთავში, ეპისკოპოსი რუსთველი და

6. –– « –– ნიქოზში, ეპისკოპოსი დიდი ნიქოზელი.

კ ა ხ ე თ ი ს | ე პ ი ს კ ო პ ო ს ე ბ ი:

7. ეპისკოპოსი ყვარელში, ეპისკოპოსი ნეკრესელი. (?)

8. ეპისკოპოსი ნინოწმინდაში, ეპისკოპოსი ბოდბელი. (?)

9. ეპისკოპოსი ალავერდში, ეპისკოპოსი ალავერდელი.

10. ეპისკოპოსი ახმეტაში და თიანეთში, ეპისკოპოსი ხარჭაშველი.

11. ეპისკოპოსი ნინოწმინდაში, ეპისკოპოსი ნინოწმინდელი.

12. ეპისკოპოსი მანგლისში, სომხითის მხარეში – ეპისკოპოსი მანგლელი.

ქართველი ქრისტიანები არაჩვეულებრივად ზედმიწევნით და მკაცრად იცავენ ზიარების, დღესასწაულების, წირვაზე დასწრების, მარხვის შენახვისა და [ღვთისმსახურების] ყველა წესებს. მათი მარხვის დღეებია ოთხშაბათი და პარასკევი. ვნების კვირის დღეებში ისინი არათუ მარტო ბოსტნეულს ჭამენ, არამედ დღეში მხოლოდ ერთი ჯერით კმაყოფილდებიან. აქა-იქ, მოშორებულ და მიყრუებულ ადგილებში გვხვდება დაყუდებულთა სადგომები (ქართულად უდაბნო), რომლებიც სახელს დიდი სიამაყით ატარებენ და რომლებშიც ბერების პატარა ძმობანი ღვთისმსახურებას არაჩვეულებრივად მკაცრად ეწევიან.

მათ (ქართველთა – გ. გ.) წმინდანთა შორის ყოველთვის ცხენებზე არიან წარმოდგენილი – გიორგი, დიმიტრი და ესტატე.

იმერეთს ჰყავს თავისი საკუთარი პატრიარქი (კათალიკოსი); ამჟამად იოსები, სოლომონ მეფის ძმა.

მიტროპოლიტი ქუთაისისა (ქუთათელი მიტროპლიტი); მის ეპარქიას ეკუთვნის იმერეთის ის ნაწილი, რომელიც რიონის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა.

მთავარეპისკოპოსი ხონისა. [მისი] ეპარქია რიონსა და ცხენისწყალს შუა მდებარე იმერეთის ნაწილია.

ეპისკოპოსი ნიკორწმინდისა (ეპისკოპოსი ნიკორწმინდელი). ეპარქია რაჭისა. 

სამეგრელომ უკანასკნელ ხანებში მიიღო საკუთარი პატრიარქი იმის გამო, რომ მის ახლანდელ დადიანს გაუთავებელი დავა აქვს იმერეთის ახლანდელ მეფესთან. წინათ იმერეთის პატრიარქს, რომელსაც სამეგრელოში დომენები ჰქონდა, ექვემდებარებოდა სამი მეგრელი ეპისკოპოსი: სამეგრელოსი, ლეჩხუმისა და ოდიშისა.

გურიას ჰყავს ორი ეპისკოპოსი, რომლებიც იმერეთის პატრიარქს ექვემდებარებიან. 

მმართველობა და სამღვდელოება ამჟღავნებს სრულ რჯულშემწყნარებლობას სომხების, კათოლიკეების, მაჰმადიანი და ებრაელი მოსახლეობის რელიგიის მიმართ, რომლებიც სრულებით არ ეკუთვნიან ბერძნულ ეკლესიას, და არ სდევნიან მათ.

ქართული არის სრულიად თავისებური ენა, რომელზედაც ლაპარაკობენ ქართველები სხვადასხვა პროვინციებში და სამფლობელოებში ოდნავ განსხვავებული დიალექტებით, ისე რომ ერთმანეთისა ესმით. ქართულ პროვინციებში – კახეთში, ზემო, შუა და ქვემო ქართლში, იმერეთსა და გურიაში საუბრობენ ერთ, მხოლოდ სულ ოდნავ განსხვავებულ, დიალექტზე; ხოლო სამეგრელოსა და სვანეთში იხმარება ძალიან განსხვავებული კილოკავები – მეგრული უფრო ნაკლებ, სვანური უფრო მეტად, მაგრამ ისეთი, რომ ფუძე-ენის გამოცნობა შეიძლება მათში.

მაგრამ ის (ქართული – გ. გ.) სრულიადაც არ არის საერთო ენა ქვეყნისა, რადგან სომხები ლაპარაკობენ სომხურად, თათრები – სხვადასხვა თათრულ დიალექტებზე, ოსები – მთიელთა ენაზე. ებრაელები ამ მხრივ ძალიან დამყოლნი არიან და ყველანი არა მარტო ლაპარაკობენ ქართულს, არამედ ამის გამო ბევრმა საკუთარი ენა დაივიწყა.

საერთოდ ქვეყანაში არსადაა სკოლები, არამედ ყველას მინდობილი აქვს, რომ თავის ბავშვებს თვით ასწავლონ, ამიტომ, ხნიერთა საკუთარი უცოდინარობისა და შემთხვევისა და შესაძლებლობის ნაკლებობის გამო, ეს საქმე სავალალო მდგომარეობაშია და იგივე (სწავლა – გ. გ.) უბრალო ხალხთან სრულიად გამორიცხულია; ასე რომ, ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა მხოლოდ მშობლებისგან.

თავის თავს და ენას ქართველები უწოდებენ – «ქართული ენა»-ს.

თურქეთის მმართველს ჰქვია ხონთქარი.

სპარსეთის შაჰს – ყეენი.

კავკასიის მთიანეთს – თემი.

კასპიის ზღვას – თეთრი ზღვა.

შავ ზღვას – შავი ზღვა.

სპარსელებს – ყიზილბაში.

რუსებს – რუსეთი.

გერმანელებს – საფრანგეთი.

არმენიელებს – სომეხი.

ებრაელებს – ურია.

ბერძნებს – ბერზემი. (?)

სპარსეთს – სპარსთა. (?)

ქართულიდან, ისე როგორც სხვა ენიდან, რომლებიც შემხვდა, შედარების გულისთვის შევაგროვე სიტყვები, რაც მოცემული იქნება ამ მოგზაურობის ბოლოში. აქ მხოლოდ ზოგ სიტყვას მოვიყვან, რომლებიც შედარებით-ლექსიკონში არ გვხვდება:

(შემდეგ მოყვანილია 104 ქართული სიტყვა) 

1. ზემო ქართლი 
(წიგნის გვ. 215-237)

ეს ქართული პროვინცია მდებარეობს მტკვრის ზემო წელში და ორივე მხარეს შენაკად მდინარეებზე, კავკასიონის სამხრეთსა და არარატის ჩრდილოეთ მთისწინეთს შორის.

200 წლის განმავლობაში ის იყო თურქთა ხელში. თურქ ფაშას, რომელსაც პორტა ჩვეულებრივ ირჩევს ამ პროვინციის ერთერთი დიდებული გვარიდან, საჯდომი აქვს მთავარ ანუ საგუბერნიო ქალაქში – ახალციხეში, რომელიც მდებარეობს ზემოთ მტკვარზე. ისვე (ფაშა – გ. გ.) არის ნაცვალი (გამგე) გურიის იმ ოლქებისა, რომლებიც ახლა თურქებს აქვთ მიტაცებული და მდებარეობენ შავ ზღვაში ჩამავალ მდინარე ჭოროხზე. 

მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართველებია და, რადგან თურქებმა მათ დაუტოვეს ეკლესიები, უმეტესობა ჯერ კიდევ ქრისტიანია. მცირე რაოდენობა გამაჰმადიანდა და ყველა ესენი არიან თავადები და უმთავრესად აზნაურები. ქართველთა შორის ბევრნი არიან თათრები, ამიტომ ქართული და თათრული, უმეტესად კი პირველი ენა, იხმარება სალაპარაკოდ. თათრებს გარდა ბევრი სომეხიც არის, ამათგან კი ბევრია კათოლიკე. ესენი თავის რელიგიას ადგანან, ყოველგვარი ხელის შეშლის გარეშე, და მხოლოდ ზარების რეკვაა აკრძალული ყველა ქრისტიანისათვის. აქ არიან აგრეთვე ებრაელებიც.

მ ხ ა რ ე | ჯ ა ვ ა ხ ე თ ი

ჯავახეთი, არა გავაკეთი, არის ქართული მხარე, რომელიც ამჟამად მთლიანად თურქების ხელშია და ეკუთვნის ახალციხის გუბერნიას. მას მიაკუთვნებენ 5 სამხარეო ქალაქს, სახელდობრ:

1. ახალქალაქი, თურქები უწოდებენ ახალქელექს, მდებარეობს კავკასიის მთისწინეთსა და არარატის მთიანეთს შორის მომავალ მდინარეზე; მას ეკუთვნის დიდი სოფლები – ვაჩიანი და ხულგუმო (არა ხუტურდო), აგრეთვე გოგია (არა გოგუა), რომელიც [იყო] მნიშვნელოვანი ციხე, ახლა კი განადგურებულია.

2. გოლე, არა კოლა.

3. არდაჰანი, (არა არტაჰი), მას ეკუთვნის კარგი დასახლებული პუნქტი წყაროსთავი.

4. ჩილდირი, არა ხერდილი; იქვე არის იმავე სახელის ტბა; მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი ციხე ნაქალაქევი; არარატის მთიანეთიდან, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მომავალ მდინარეზე და მის შენაკადებზე მდებარეობს, რომელიც (მდინარე, გ. გ.) უერთდება ახალქალაქიდან მომავალ მდინარეს და მათი შერთვის კუთხეში ძევს მეხუთე სამხარეო ქალაქი ხერთვისი; აქედან ეს [მდინარე] კიდევ 4 საათი მიედინება ჩრდილოეთით – ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრდილოეთიდან მომავალ მტკვარს ერთვის. ხერთვისის ახლოს არის შემდეგი სოფლები: (და ჩამოთვლილია 36 სოფელი).

მ ხ ა რ ე | ს ა მ ც ხ ე

სამცხე, არა სომსკე, არის ქართული მხარე, რომელიც გადაჭიმულია მტკვრის აყოლებით სურამიდან და ქარელიდან მის (მტკვრის – გ. გ.) სათავეებთან მდებარე მხარემდე. მას ეკუთვნის შემდეგი სოფლები: ქარელიდან ზევით: (და დასახელებულია 9 სოფელი)

სურამიდან ზევით (მკვრის მარცხენა მხარეზე) (დასახელებულია 16 სოფელი, მათ შორის ბორჯომი და ახალდაბა /ციხე/). ყველა ეს სოფლები განადგურებულია და ამასთან ქმნიან საზღვარს საქართველოსა და თურქებს შორის. შემდეგ, მტკვრის ორივე მხარეზე არიან თურქეთის ხელში მყოფი დასახლებული ციხეები: აწყური, ასპინძა, ჭეჭერექი, ქვაბლიანი, ახალციხე, აბასთუმანი და ფოცხოვი; ყველა ეს სამხარეო ქალაქები [ეკუთვნიან] საგუბერნიო ქალაქ ახალციხეს და, როგორც ეს, ისინიც მდებარეობენ დასავლეთ – ჩრდილო-დასავლეთით კავკასიის მთიანეთის სამხრეთ მხრიდან მომდინარე მტკვარზე.

მ ხ ა რ ე | ს ა თ ა რ ხ ნ ო

[მდებარეობს] მტკვრის მარჯვენა მხარეს, მასა და ქციას ზედა წელის მარცხენა მხარეს შორის. მასაც ეკუთვნის ქართველებით დასახლებული, მაგრამ თურქეთის მფლობელობაში მოქცეული სოფლები.

მ ხ ა რ ე | ს ა ც ი ც ი ა ნ ო სათარხნოს ზემოთ და მტკვრის მარჯვენა მხარეს [მდებარეობს]. ის ძალიან ჰგავს სათარხნოს ყველაფერში და აქვს ქართველებით დასახლებული სოფლები, უმთავრესად კი გაპარტახებული სოფლები და ძალიან წააგავს განადგურებულ უდაბნო ადგილებს.

(შემდეგ გიულდენშტედტს ჩამოთვლილი და დახასიათებული აქვს მდინარეები: მტკვარი, არაქსი, ალაზანი, იორი, ახსტაფა, ქცია ანუ ნახატირი, დებედა, მაშავერა, არაგვი, ქსანი, ლეხურა, ლიახვი, ფრონე ანუ ფრონა და სურამულა; სხავთა შორის ნათქვამი აქვს, რომ არაგვის, ქსნისა და ლიახვის ზემოწელში არის ოსური ან ოსურ-ქართული მხარეები, ქვემოთ კი ქართული) 

ქართლის სამეფო 

ზემო და შუა ქართლს, კახეთს, სომხითს ამჟამად ერეკლე მეფის სახით ჰყავთ საერთო დამოუკიდებელი მბრძანებელი ან სუვერენი. მის ოჯახზე უკვე ზემოთ ვილაპარაკეთ. ახლა მოკლედ [ვილაპარაკებთ] სიდიდითა და მიწის ხარისხით არც თუ ისე უმნიშვნელო, მოსახლეობის, კულტურის და მართვა-გამგეობის მხრივ ამჟამად უკიდურესად სუსტი სახელმწიფოს წყობილებაზე. ამ სახელმწიფოს არ ძალუძს თავი დაიცვას ნაწილობრივ უმნიშვნელო მეზობლების გამანადგურებელი თავდასხმებისაგან. ეს სახელმწიფო ვერ ახერხებს განავითაროს, როგორც საჭიროა, თავისი სამთამადნო საქმე, ვერ უწყობს ხელს სკოლების, კულტურის, ხელოვნების ანდა მრეწველობის საერთო განვითარებას; უცხო, და განსაკუთრებით რუსეთის მფარველობა გახდა აუცილებელი მისი არსებობის შენარჩუნებისთვის.

ამასთანავე ქართლის მეფე, როგორც საქართველოს ყველა მბრძანებლები, არის მცირედ შეზღუდული, ანდა სრულიად შეუზღუდველი ბატონი კანონებზე, თავისი ხელქვეითების სიცოცხლეზე, სიკვდილსა და ქონებაზე, მაგრამ, უპირველესად ყოვლისა, მას სჭირდება თავისი ძლიერი თავადების მეგობრობა, ურომლისოდაც მისი ტახტი ადვილად ირყევა, განსაკუთრებით, თუ ესენი (თავადები) – დაიჭერენ პორტის (თურქეთის) მხარეს. მაგრამ, არა მარტო თავისი თავადები, არამედ მისი რიგი ქვეშევრდომებიც კი თავიანთ მოქმედებაში არ გამოხატავენ იმ შიშს, რომელიც გამოწვეული უნდა ყოფილიყო მეფის ძალაუფლებით. მაგრამ მეფე ბოროტად არ იყენებს თავის ძალაუფლებას, თუ გამოვრიცხავთ მძიმე გადასახადებს და უამრავ ლაშქრობებს, რომლებიც (ორივე) ხშირად გარდაუვალია. ეს უკანასკნელი აჩვევს ხალხს თავისი მბრძანებლისადმი შედარებით თავისუფალ ურთიერთობას.

მეფის ტიტული არის «მეფე ქართლისი, კახეთი», ე. ი. მეფე ანუ ხელმწიფე ქართლისა და კახეთისა; [ტიტული] მეფის მეუღლისა [არის] – «დედოფალი», ხოლო პრინცებისა, ანუ მეფის ვაჟებისა, – «ცარევიჩ». ტიტულ «მეფე»-ს გარდა ქართლის მბრძანებელს, ისე როგორც სხვა მბრძანებლებს, აგრეთვე «ხელმწიფე» ეწოდებათ, რაც უდრის რუსულ «გოსუდარ»-ს, «მბრძანებელ ბატონს».

ქ ვ ე ყ ნ ი ს | გ ა ბ ა ტ ო ნ ე ბ უ ლ ი | ფ ე ნ ე ბ ი | ა რ ი ა ნ

თავადები, ქართულად «შილი», «შილლი», აგრეთვე «შვილი» და «ტაუტი» (თავადი) და «აზნაური» (ქვემოთ შენიშვნაა: რაც შეეხება სიტყვებს Schili, Schilli, Schwili ესენი შეცდომით გაუგია გიულდენშტედტს, როგორც თავადობის აღმნიშვნელი ტერმინები, და ამიტომაცაა, რომ როგორც ქვევით დავინახავთ, ყველა თავადის გვარში, სადაც «შვილი» შედის, მეტწილად ეს «შვილი» გამოყოფილია ცალკე და დიდი ასოთია აღნიშნული. მას ჰგონია, რომ მაგ: ციციშვილი ნიშნავს – «თავად ციცის», ჯავახიშვილი – «თავად ჯავახის», ბარათაშვილი – «თავად ბარათას» და ა. შ. ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ მას გარშემო ხშირად ესმოდა თავადთა გვარები, რომელთა უმეტესობაც «შვილზე» თავდება /გ. გ./).

თავადები კანონითა და სამხედრო ლაშქრობის წესით თუმცა ემორჩილებიან მეფეს, მის წინაშე (?) აწარმოებენ სასამართლო პროცესებს და ა. შ., მაგრამ გადასახადს მას არ უხდიან. ზოგიერთები ატარებენ «ერისთავის» ტიტულს, რაც ნიშნავს ხალხის მთავარს ან დამოუკიდებელს, და გარკვეულ მხარეებს მემკვიდრეობით ფლობენ. (მაგ: «ქსნის ერისთავი», «არაგვის ერისთავი»).

აზნაურები არა მარტო მეფეს, არამედ თავადთა სამფლობელოებში თავადებსაც ემორჩილებიან და დიდ არაფერს წარმოადგენენ, თუმცა ზოგიერთ მათგანს, თავისი სიმდიდრის გამო, დიდი წონა აქვს.

კ ა ხ ე თ ი ს | თ ა ვ ა დ ე ბ ი:

1. ჩოლოყაშვილების გვარეულობა, მარტყოფში.

2. ჩერქეზიშვილი, ვეჯინში.

3. ანდრონიკაშვილი.

4. თუშიშვილი, ახმეტაში.

5. ტამიტიშვილი. (?)

6. ნადარიშვილი, საბუეთში.

7. მაყაშვილი, რუისპირში.

8. ჩოკა შვილი (?) აგრეთვე ახმეტაში.

9. ყორჩიბაშიანიშვილი, თელავში.

10. ჩოლაყიანიშვილი, მატანში.

ქ ა რ თ ლ ი ს | თ ა ვ ა დ თ ა | გ ვ ა რ ე ბ ი:

11. არაგვის ერისთავი(ანი), არაგვზე.

12. ქსნის ერიათავი(ანი), ქსანზე.

13. მუხრან ბატონი, ან უფრო სწორად, ბაგრატიონი, რომლიდანაც ქართლისა და იმერეთის მეფეების გვარები არიან.

14. ამილახვარი, ჭალაში.

15. ავალიშვილი, ბრეთში.

16. ხიდირბეგიშვილი.

17. მაჩაბელი, დიდ ლიახვზე.

18. ფალავანდიშვილი.

19. თაქთაქიშვილი, ქრცხინვალში.

20. ციციშვილი ანდა ციციანიშვილი.

21. თარხნიშვილი.

22. ჯავახიშვილი.

23. ყაფლანიშვილი, სომხითში.

24. ბარათაშვილი ან ბარათიანიშვილი, სომხითში.

25. სოლაღაშვილი, სომხითში.

26. ამირეჯიბი.

27. აბაშიძე. 28. დავითაშვილი. 29. ორბელიშვილი. 30. გურამიშვილი, საგურამოში. 31. ხიმშიაშვილი, ბულაჩაურში.

თავადებს # 11-დან # 19-ის ჩათვლით თავიანთი სამფლობელოები და სოფლები აქვთ მტკვრის მარცხნივ ან ჩრდილოეთით, ხოლო თავადებს # 20–21-დან – მტკვრის მარჯვნივ ან სამხრეთით.

მთელი ხალხი, მიუხედავად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, წარმოადგენს ყმა გლეხობას. ქალაქის წოდება სრულებით არ არის. ხალხს ჩვეულებრივ ქონება არ აქვს, მან უნდა მისცეს და აკეთოს ის, რასაც მისგან მოითხოვენ ბატონები. შეიძლება გლეხის დაგირავება, გაყიდვა, გაჩუქება და მას შეიძლება მოექცე სურვილის მიხედვით, მაგრამ ეს მოპყრობა არ არის სასტიკი.

მეურნეობის ყველაზე გავრცელებული დარგები ქართლში და მთელ საქართველოში არის – მევენახეობა, მებაღეობა, მემინდვრეობა, მებამბეობა, უმნიშვნელოდ მეცხოველეობა და ბევრ ადგილებში მეაბრეშუმეობა. მეურნეობის ამ დარგებს ეწევიან მცირე რაოდენობით, მხოლოდ იმდენად, რამდენიც საჭიროა საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და გადასახადთა დასაფარავად.

თბილისსა და ზოგიერთ სხვა ადგილებში არის მცირე რაოდენობა პატარა, ცუდი, ყოველმხრივ უმნიშვნელო ფაბრიკებისა. ასევე წვრილი ხელოსნობა სუსტია და არასაკმარისი. ვაჭრობა, რომელსაც უმთავრესად სომხები მისდევენ, უმნიშვნელოა შემოტანა-გატანის მხრივ.

მეფეს აქვს რამდენიმე საბადო და რკინის, სპილენძის, ტყვიისა და ვერცხლის სადნობი ქარხნები; მაგრამ ეს წარმოება იმდენად სუსტია და დამუშავების წესი ისე არადამაკმაყოფილებელი, რომ ყველაფერი ეს მოხსენების ღირსიც არ არის, თუმცა შესაფერისი ღონისძიებების ჩატარებისას ამ დარგში შეიძლებოდა ბევრის გაკეთება და მიღება.

ქ ა რ თ ლ ი ს | მ ე ფ ი ს | მ ო ხ ე ლ ე ე ბ ი.

ყოველი ხელქვეითი მამაკაცი, ებრაელთა გამოკლებით, არის ჯარისკაცი და პირველ დაძახებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს იქ, სადაც საჭიროა, ჩაცმული, შეიარაღებული და ცხენზე; ამასთან მხარეთა უფროსები და აზნაურები არიან წინამძღოლები. მაგრამ ასეთი გაწვევისას მეფე განსაზღვრავს იმათ რიცხვს, ვინც უნდა გამოცხადდეს, რათა სოფლები დაცულ იქნან მტრის თავდასხმებისაგან და რათა უზრუნველყოფილ იქნას გადასახადთა გადახდა. თავადებსაც მოჰყავთ აგრეთვე, ან აგზავნიან დამხმარე რაზმების გარკვეულ რაოდენობას, რომელთაც უმეტეს შემთხვევაში, მეთაურობენ მათი ვაჟები. ყველა რაზმი და მათი მეთაური ემორჩილება ერთს, არ რამდენიმე მხედართმთავარს, რომლებიც გენერალს უტოლდებიან და «სახლთუხუცესად» იწოდებიან.

არის თავადთა [შემდეგი] მუდმივი თანამდებობანი, მაგ.:

ქართლის ს ა ხ ლ თ უ ხ უ ც ე ს ი, ქართლის პროვინციის გენერალი.

კახეთის ს ა ხ ლ თ უ ხ უ ც ე ს ი, კახეთის პროვინციის გენერალი. თითო ამათგანი გლეხთა, და საერთოდ ხელქვეითების, გადასახადთაგან იღებს მეათედ ნაწილს.

ნ ა ზ ი რ ი – ბეჭდის შემნახველი. ესენი არიან ორნი. თითო მათგანი იღებს შემოსავლის მეოცედს.

ე შ ი კ ა ღ ა ბ ა შ ი – კამერჰერი; მეფესა და დედოფალს ერთი ჰყავს.

მ დ ი ვ ა ნ ბ ე გ ი – უმალესი მოსამართლე, ქართლის სამეფოში ოთხი მდივანბეგი არის. 

ექვსი მ დ ი ვ ა ნ ი.

ე რ ი ს თ ა ვ ი – ეს არის ხალხის მეთაური, აგრეთვე დამოუკიდებელი. ის არის გუბერნატორი ერთი რომელიმე მნიშვნელოვანი, ან რამდენიმე მცირე მხარისა; ასე მაგ.: ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი. ყველა [მხარეებს] არ ჰყავს ერისთავები, უმეტესობას მხოლოდ მოურავი [ჰყავს].

მ ო უ რ ა ვ ი – გუბერნატორი, ანდა მოხელე რომელიმე მხარისა. მისი მთავარი საზრუნავია გადასახადთა აკრეფა; მაგ.: გადასახადთა გამგე ქიზიყში, არაგვის ერისთავი და ა. შ. მოურავი იღებს მის მიერ აკრეფილ მუდმივ გადასახადთა ერთ მეათედს.

გ ზ ი რ ი – ეკზეკუტორი, რომელიც მოურავს გადასახადებს უკრეფს.

კ ა ზ ბ ე კ ი (ყაზბეგი – გ. გ.) – სოფლის მოსამართლე, ანდა დიდი ან პატარა სოფლის ან ადგილის მეთაური.

მ ე ი თ ა რ ი – მეფის კამერდინერი (სასახლის მსახური – გ. გ.).

ყ ა ფ ი ჩ ბ ა შ ი – დედოფლის მსახურთა ზედამხედველი.

ყ ო რ ი ა ს ა უ ლ ბ ა შ ი – კამერჰერთა (ეშიკაღაბაშთა) ზედამხედველი და მბრძანებელი.

ფ ა რ ე შ ე ბ ი – ხალიჩებისა და სუფრის მოწყობილობის ზედამხედველი.

მ ზ ა რ ე უ ლ ი – სამზარეულოს უფროსი.

ყ უ ლ უ ხ ჩ ი – მეღვინეთუხუცესი.

მ ე შ ა რ ბ ა თ ე – ჩაისა და ყავის მიმწოდებელი.

ყ ა ლ ი ო ნ ყ ო რ ჩ ი – თამბაქოს მცველი (შემნახველი).

ბ ა შ მ ა ყ ო რ ჩ ი – ფეხსაცმნლის შემნახველი (დამცველი).

ა მ ი ლ ა ხ ვ ა რ ი – საჯინიბოს უფროსი.

მ ე ჯ ი ნ ი ბ ე – (Stall- und Reitknechte).

მ ო ლ ა რ ე თ უ ხ უ ც ე ს ი – განძის, სალაროს უფროსი.

ბ ა ზ ი ე რ ი – მონადირეთა უფროსი.

მ ე რ ი ქ ი ფ ე – მაგიდის უფროსი (Tafelmarschall – მეტაბლე – გ. გ.)

კ ა ნ ო ნ ე ბ ი | დ ა | ს ა მ ა რ თ ლ ი ს | წ ა რ მ ო ე ბ ა

თითოეულს ოთხ სამეფოთაგანს წინანდელი საერთო და ცალკეული მმართველებისაგან აქვს კანონები, რომლებიც (კანონები – გ. გ.) ბევრი დაგროვდნენ. ისინი ნაწილობრივ თავისებურნი, ნაწილობრივ ერთმანეთის საწინააღმდეგონი არიან; ხან მმართველი არის დესპოტი და მისი სურვილი კანონია, ხან თავადები არ ემორჩილებიან არც ძველ კანონებს, არც უფრო ახალ დადგენილებებს; ასე რომ ოთხივე სამეფოში კანონდებულება და სამართლის წარმოება არ შეიძლება იყოს უფრო არასრულყოფილი, უფრო უსამართლო და მიკერძოებითი, ან გულგრილი და ნაწილობრივ აგრეთვე უფრო მკაცრი, ვიდრე მთელს (მთლიან) საქართველოში.

იქაური მემკვიდრეობითი კანონის მიხედვით, ყველაფერი რჩებათ ვაჟიშვილებს, ხოლო როცა ისინი არ არსებობენ, – მემკვიდრეობა გადადის მამრობითი სქესის ნათესავებზე, და თუ არც ესენი არიან, – მაშინ მემკვიდრეობის უფლებას იღებს მეფე, ან მემამულე, ხოლო ქვრივებსა და ქალიშვილებს არაფერი არ ერგებათ.

განაჩენი გამოაქვთ, უმეტეს შემთხვევაში, მაშინვე და ხშირად ყოველგვარი გამოძიების გარეშე. ასევე სწრაფად ხდება განაჩენის სისრულეში მოყვანა, ისე რომ მსჯავრდებულებს ხშირად არ ძალუძთ წინააღმდეგობა გაუწიონ.

ქ ა რ თ ლ ი ს | მ ე ფ ი ს | შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი

უმთავრეს შემოსავალს (გამოსაღებს) შეადგენენ გადასახადები, რომელთაც იხდიან მეფის საკუთარ მიწაზე მსხდომი ხელქვეითნი, რომლებიც იხდიან მეღვინეობის, მემინდვრეობის, მებაღეობის, მეაბრეშუმეობისა და მთელი თავისი მეურნეობის (და როგორც ისინი აქ იწოდებიან) წლიური შემოსავლის ერთ მეხუთედს. ამ გადასახადთა გარდა, ყოველგვარი შეღავათების გარეშე (შეუწყალებლად) იხდიან ჩვეულებრივ გადასახადებს, რომლებიც, ერთად აღებული, ბევრად არ ჩამოუვარდებიან დიდ [გადასახადს], ხოლო გარკვეულ პირობებში, კიდეც აღემატებიან მას.

გადასახადებს საზღვრავენ და ჰკრეფენ მოურავები და მისი ხელქვეითი კაზბეკები (თუ ყაზბეგები – გ. გ.) და გზირები.

ბაჟები თბილისში და ყველგან შეადგენენ 10 პროცენტს. 

მარილი შემოაქვთ ერევნიდან – საზღვრიდან ორი დღის სავალზეა – და მეფეს აძლევენ, ბათმანს 10 კაპიკად, ხოლო შემდეგ იყიდება 20 კაპიკად.

თბილისელი მეთევზეები მტკვარში თევზის ჭერის უფლებისთვის, მეფეს ყოველწლიურად უხდიან ათას სამას, ან ათას ოთხას მანეთს, ხოლო ნატურით – დაჭერილი თევზის ერთ მესამედს.

საბადოებსა და მეტალურგიულ ქარხნებსაც, როგორადაც ცუდები ისინი არ უნდა იყვნენ, მოაქვთ აგრეთვე გარკვეული შემოსავალი, რადგან მათზე არაფერი იხარჯება და სამუშაოს მეტი წილი სრულდება აუნაზღაურებლად.

ბევრი დანაშაულება ისჯება ქონების კონფისკაციით, რაც წლიურად არც თუ ისე მცირე შემოსავალს იძლევა.

ქ ა რ თ ლ ი ს | ს ა მ ე ფ ო ს | ფ უ ლ ე ბ ი.

მეფე აჭრევინებს სპილენძის და ვერცხლის სახელმწიფო ფულებს, რისთვისაც მას საკუთარი საბადოები უგზავნიან მეტალს. საკუთრივ სახელმწიფო ფულებს გარდა, მოძრაობაში იმყოფებიან თურქული, სპარსული და რუსული ფულებიც.

(შემდეგ გიულდენშტედტი ჩამოთვლის ამ მონეტებს და აფასებს მათ ღირსებებს; ესენია: ფული, შაური, უზალთუნი, აბაზი, სამი აბაზები, ქართული შაური, ქართული უზალთუნი, ქართული აბაზი; აგრეთვე სპარსული მონეტები) 

სპარსელებმა და ქართველებმა ჯერ კიდევ არ იციან, თუ როგორ უნდა გადაადნონ კეთილშობილი მეტალები; ამიტომაც ისინი თხლად (წმინდად) ჭრიან. მათ არც ჭრაში აქვთ უპირატესობა, რადგან ისინი სწონიან ყოველ ნაჭერს და იმდენს აჭრიან, სანამ არ დაიყვანენ საჭირო წონამდე. თურქებმა ამ წელს თავიანთი ფული ევროპულად დაამზადეს. ფარა ქართლის სამეფოში ხმარებაში არ არის.

რუსულ ი მ პ ე რ ი ა ლ ს, ქართულად «თუმანი», ხალისით იღებენ. დ უ კ ა ტ ე ბ ი, ქართულად ოქრო (Okra).

ქ ა რ თ ლ შ ი | წ ო ნ ი ს | ე რ თ ე უ ლ ე ბ ი ა

კოდი, იწონის 10 ლიტრას.

ლიტრა, იწონის 4 ჩარექს, რუსული წონის ერთეულებით – 8 ¾ ფუნტს.

ბათმანი უდრის ლიტრას.

ჩარექი = 5 სტილს. სტილი = 36 მისხალს, ანუ 5 ¼ უნციას.

მისხალი = 70 გრანს, ანუ 1 დრაქმას და 10 გრანს.

პინა = 2 ლიტრას.

ზ ო მ ი ს | ე რ თ ე უ ლ ე ბ ი

1. ადლი არის 3 ფუტი და 4 დუიმი ინგლისური საზომით.

ს ი თ ხ ი ს | ს ა ზ ო მ ი | ე რ თ ე უ ლ ე ბ ი

1. თუნგი წონით შეადგენს 1 ლიტრას.

2. პროვინცია ქვემო ქართლი 
(წიგნის გვ. 239-247)

ის მდებარეობს მტკვრის მარჯვენა მხარეზე, ზემო ქართლის ქვემოთ, არაგვის შესართავიდან (მტკვრის მარცხენა შენაკადია) აღმოსავლეთით ქვევით, და მარჯვნივ – სამხრეთით – მტკვრის მარჯვენა შენაკად ნახატირამდე; სამხრეთ-აღმოსავლეთით მას აკრავს თურქული ოლქი, დასავლეთით – ქართული პროვნცია სომხითი და ჩრდილოეთით – მტკვარი, მასზე მომდგარი შიდა ქართლით.

მას ხშირად განუცდია თურქთა და სპარსთა გამანადგურებელი თავდასხმები და ამიტომ ის ახლაც საცხოვრებელთა ნანგრევებით სავსე უდაბნოს (ნაოხარს) უფრო ჰგავს, ვიდრე დასახლებულ მხარეს. ამასთან აქ არის თბისლისი, დედაქალაქი არა მარტო ქართლის სამეფოსი, არამედ მთელი საქართველოსიც.

თ რ ი ა ლ ე თ ი ს მხარე მდებარეობს ზედა ქციაზე და ჩრდილოეთით აქვს მხარე ს ა თ ა რ ხ ნ ო. ის მთლიანად სამხრეთ მთისწინეთშია, აქვს კარგი მდებარეობა, მაგრამ ძალიან გაპარტახებულია. ჩანან ნანგრევები წალკის, ვედზანის (?), ფარვანიდშანის (?) და სხვა ბევრი ქართული ციხეებისა. მოსახლეობა მისი მცირეოდენი დასახლებული პუნქტებისა ქართველებია.

ს ა ჯ ა ვ ა ხ ო მდებარეობს მტკვარსა და ალგეთის მარცხენა ნაპირს შორის და მთლიანად ჰგავს თრიალეთს.

ს ა ბ ა რ ა თ ო [ძევს] მტკვრის მარჯვენა მხარეზე, ნახატირის პირდაპირ და ალგეთის იქით. ამ მხარეში არიან: თბილისი – რეზიდენცია, კუმისი, ბირთვისი, ღოუბანი, ვაშლოვანი – ყველა ესენი ციხეებია; ასურეთი, ენაგეთი, მონასტერი, კოჟორი – წინათ მეფის რეზიდენცია, და კიდევ სხვა სოფლები; მიუხედავად იმისა, რომ ეს რეზიდენციაა, ძალზე გაუკაცრიელებულია.

ამ მხარეში არის ორი ტბა – სამბასი (?) და ჭალა (?).

3. პროვინცია სომხითი 

ის მდებარეობს არარატის მთისწინეთში, სახელი წარმომდგარია სომეხიდან, თავისი ძველი მაცხოვრებლებიდან; იქ ცხოვრობენ ცოტა ქართველები. ნამდვილი და ისტორიული გარემოების მიხედვით წინათ ის იყო სომხეთის ნაწილი, მაგრამ რამდენიმე საუკუნეა, რაც ის ქართველი მეფის სამკვიდროა და ახლაც ემორჩილება ქართლის მეფეს, თუმცა ორბელიანთა ქართულ თავადურ გვარს მეფეზე არც თუ ბევრად მცირე საკუთრების უფლება აქვს მასზე.

მას უჭირავს არარატის მთისწინეთის ჩრდილო ნაწილი, მტკვრის შენაკადებს ქციასა, ანუ ნახატირსა და ახსტაფას შორის. 

აღმოსავლეთით მას ემეზობლება თურქმანულ-თათრული მხარე განჯა. 

სამხრეთ-დასავლეთით მას ესაზღვრება თურქმანულ-თათრული მხარეები ყარსი და ერივანი.

დასავლეთით ესაზღვრება ზემო და ქვემო ქართლს, ხოლო ჩრდილოეთით – ქვემო ქართლსა და მტკვარს, რომელიც მას კახეთისგან ჰყოფს.

ეს პროვინციაც ძალიან გაჩანაგებულია, უმთავრესად ეს არის დასავლეთი, ან ზემო ნაწილი; მაინც ის არის ისევე კარგად დასახლებული, როგორც ყველაზე უკეთესი ქართული პროვინცია.

მისი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ თარაქამა, ანუ თურქმანი თათრები, რომლებიც ლაპარაკობენ თათრული ენის თურქულ დიალექტზე და არიან მაჰმადიანები. მათ ქვეყანას არ აკლია არც კარგი ნიადაგი და არც ტყე; მაგრამ თათრები უმეტესად მისდევენ მესაქონლეობას და მეტი წილი თავის სოფლებში მხოლოდ ზამთრობით ცხოვრობს, ზაფხულობით კი ჩვეულებრივ დგანან იურტებში ან მიწურებში, რომელთაც, საერთოდ, წელიწადში ორჯერ იცვლიან. ამასთან მათ აქვთ ხეხილის ბაღები, აგრეთვე ხორბლის, უმთავრესად ბრინჯის პატარა ყანები.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ქართლის მეფის ნამდვილი ქვეშევრდომები, უხდიან [მას] გადასახადს, გამოჰყავთ ომში მეომრები, მაინც მათი რელიგია, ენა, მდებარეობა ქვეყნისა და მსუბუქი, ნახევრად მომთაბარული კანონმდებლობა ხდის მათ ძალიან მერყევ ქვეშევრდომებად; სამაგიროდ თურქეთის პარტიის მომხრეებს შეუძლიათ ისინი იოლად გადაიბირონ.

თურქმან (თარაქამა) თათართა შორის აგრეთვე ბევრია სომხური სოფლები. მათ შენარჩუნებული აქვთ თავისი რელიგია და ენა, მაგრამ მთლად ისევე ცხოვრობენ, როგორც თათრები.

მხარე ყ ა ზ ა ხ ი მდებარეობს მტკვრის მარჯვნივ, ინჯიდან ქვევით ბორჩალოს მხარემდე და ნაწილობრივ განჯამდე; სამხრეთით აკრავს მხარე ბამბაკი. ამ მხარეში არის სპილენძის, რკინის, და ტყვიის მადნები. აქ ითვლიან 6000 ოჯახს, რომელთაგან 2/3 თათრებია, 1/3 სომხები; ეს შეფარდება მთელი სომხითისთვისაცაა. ამ მხარის სოფლებია: (და დასახელებულია 29 სოფელი).

ბ ო რ ჩ ა ლ ო ს | მ ხ ა რ ე

მას უკავია ქციის მარჯვენა შენაკადის – დებედას ქვედა მიდამოები და აღწევს ქციას და მის შესართავს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე და მასზე კი მტკვრის შენაკად ინჯამდე ქვევით. ამრიგად, ჩრდილოეთიდან მას აქვს ქცია და მტკვარი, აღმოსავლეთით – ყაზახის მხარე, სამხრეთით – ბამბაკის მხარე, ხოლო დასავლეთით – ტაშირის მხარე.

მისი გარეგნული ვითარება საყოველთაოა, ხოლო შინა ვითარება – ყაზახისას ჰგავს. ესეც უაღრესად გაჩანაგებულია და დასახლებულია მაჰმადიანი თათრებით და მათ გარდა სომხებითაც. მათი სოფლები და სადგომი ადგილებია: (და დასახელებულია 20 სოფელი).

თათრულ სოფლებში ზოგჯერ არიან სომხებიც და პირიქით.

რაც ითქვა ყაზახის შესახებ, ეკუთვნის ამასაც, რადგან ისინი მეფის ქვეშევრდომობაში არიან, მაგრამ გარემოებათა გამო ხან ყარსის თურქების, ხან ერევნის ხანის მხარეზე დგებიან.

თ ა თ რ უ ლ ი | მ ხ ა რ ე | ბ ა მ ბ ე კ ი | ა ნ უ | ბ ა მ ბ ა კ ი

ის მდებარეობს თბილისის სამხრეთით, სომხითის პროვინციაში, ზევით ქციის შენაკად დებედაზე, არარატის მთისწინეთში, მის დასავლეთით მდებარე ბორჩალოსა და სამხრეთ-დასავლეთით თურქულ მხარეს – აირუმლის შორის, რომლის (აირუმლის – გ. გ.) მთავარი ქალაქია ყარსი.

მისი მოსახლეობა, როგორც ბორჩალოსა და ყაზახში, არიან თურქმანი (თარაქამა) თათრები, მათ შორის არიან სომხებიც.

ისინი ცხოვრობენ ისევე გაჩანაგებულ, გაუდაბურებულ ქვეყანაში და არიან ისევე არასაიმედო ქვეშევრდომები ქართლის მეფისა – ერეკლესი, – როგორც ბორჩალოელები და ყაზახელები.

მათი სოფლების სახელები მე ვერ გავიგე.

ს ო მ ხ უ რ ი | მ ხ ა რ ე | ტ ა შ ი რ ი

ის მდებარეობს სომხითში, თბილისიდან სამხრეთ – სამხრეთ-დასავლეთით, მაშავერას შენაკადის – ფოლადაურის ზემოთ და სამხრეთით ესაზღვრება თურქულ მხარეს აირუმლის ანუ ყარსს, აღმოსავლეთით – ბამბეკს.

სპარსეთის შაჰმა ნადირმა ის სასტიკად გაანადგურა. მისი მოსახლეობის უმრავლესობას სომხები შეადგენენ, შემდეგ თურქმანი (თარაქამა) თათრები.

ის, სხვათა შორის, მდებარეობს არარატის მთიანეთში, გაჩანაგებულ მდგომარეობაშია, ქართლის მეფის მფლობელობა მასზე არამტკიცეა, მოკლედ, ყველაფრით – ფიზიკური, პოლიტიკური და ეკონომიკური [პირობებით] – ემსგავსება სომხითის მხარეს. მისი მთავარი სოფლიდან ახტალამდე ერთი დღის სავალია.

რუკებზე ამ მხარეში გულისხმობენ თაურს, ტაშირისს.

მისი სოფლებიდან შემდეგი ეკუთვნის მეფეს: აღტაში, ურუტი, აიდარბეგი, დოლბანდლუ, ბალახური, სადაც სპილენძის საბადოებია; თელუ და მისხანა, სადაც აგრეთვე სპილენძის მადნებია.

სხვა რამის თქმა, ისევე როგორც ოჯახების რაოდენობისა, დანამდვილებით არ შემიძლია. 

აქ, თუ ამ მხარის მეზობლად, თურქულ მხარეში, არის ტბა პალაკაციო. 

სომხითურ-სომხური მხარე ყ ა ი ყ უ ლ ი მდებარეობს არარატის მთისწინეთზე, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით, ზემოთ მაშავერაზე და სამხრეთითა და დასავლეთით ესაზღვრება თურქულ ოლქებს.

ის ყველაფერში ტაშირს ჰგავს, ნადირ-შაჰის მიერ ჩადენილ განადგურებაშიც კი.

მ ხ ა რ ე |დ ე მ უ რ ჩ ი - ჰ ა ს ა ნ ლ უ

მისი თათრები საერთოდ იწოდებიან დემირჩ-იასაულებად და შეადგენენ 500 ოჯახს, მათი 1000 ოჯახი ცხოვრობდა იორზე, კახეთში, სადაც მათ მხარეს ერქვა ყ ა რ ა ღ ა და სადაც უმთავრესად მოჰყავდათ ბრინჯი, რადგან წყალდიდობისას იორიდან ბრინჯის ველებზე წყალი იოლად გადმოდიოდა. ნადირშაჰმა კი დაარბია მათი საცხოვრებლები და დაფანტა ისინი. ხელახლა თავმოყრილთაგან დაასახლეს 5 სოფელი თელავთან კახეთში, ხოლო უმეტესობა მეფემ სამელუხში (ალბათ სომხითში, გ. გ.) გადაასახლა, სადაც მათ კვლავ შექმნეს მხარე დემურჩი. მათი სოფლებია: (და დასახელებულია 6 სოფელი).

თ უ რ ქ უ ლ - ქ ა რ თ უ ლ ი | მ ხ ა რ ე | ბ ა ი დ უ რ ი

ის მდებარეობს სომხითში, სამხრეთით ქციასა, ანუ ნახატირსა და ჩრდილოეთით მტკვრის მარცხენა შენაკად ალგეთს შორის, ორივე მდინარეზე თემირშე-ჰასანლუს მხარის ზემოთ, რომელსაც ის ჰგავს მდებარეობით დაბლობში, მთავარ მთასა და მთისწინეთს შუა, გაუდაბურებული მდგომარეობით, მცხოვრებთა რაოდენობით და ხასიათით (მდგომარეობით), მეფის ბატონობის აღიარებით; მოკლედ ჰგავს ყველაფრით, იმ განსხვავებით, რომ დიდი ხანია ინარჩუნებს თავის ადგილს. მის სოფლებს შორის სნარნეული (მარნეული ?) – ალგეთზე მდებარე, თბილისიდან 35 ვერსზე, – 1768 წ. შეიქმნა 40 სომხური და 30 თათრული ოჯახისგან; პირველნი არიან ამავე სახელობის გაჩანაგებული სოფლიდან, მეორენი ასევე გაძარცვულ სოფელ გენშადან (?).

სოფელი გიაურარხი ასევე 1768 წელს შესდგა განადგურებული სოფლის აკბაჰალის (?) მცხოვრებთაგან. 1772 წ. აქ იყვნენ 60 თათრული და 15 სომხური ოჯახი.

მხარეებში – ყაზახში, ბორჩალოში და ბაიდარში, ისევე როგორც განჯაში, ერევანში, ერზერუმში და ყარსში და აგრეთვე შირვანსა და შამახიაში, ლაპარაკობენ თურქულად, ან თათრულად, თურქულ დიალექტზე; თურქული და ჩვეულებრივი თათრული დიალექტი ისე განხვავდებიან [ერთმანეთისაგან], როგორც ლათინური და იტალიური. სპარსული სრულიად განსხვავებულია.

(დასასრული იხ. ნაწილი II)

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment