Monday, August 22, 2016

ნიკოლოზ დუბროვინი დასავლელი ქართველების საეკლესიო დღესასწაულების, ხალხურ წეს-ჩვეულებათა, ცრურწმენების, ბავშვის შობისა და მიცვალებულთა დასაფლავების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», томъ I, Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ, книга II. Закавказье. Санктпетербургъ, 1871, ვრცელი წერილის «ქართველური ტომი» /«Картвельское племя»/ მეორე განყოფილების «იმერლები, მეგრელები და გურულები» /«Имеретины, мингельцы и гурiйцы»/ შესაბამისი თავის თრგმანს)

თავი III 

(საეკლესიო დღესასწაულები და ხალხური წეს-ჩვეულებანი. – ცრურწმენები. – ბავშვის შობა. – მიცვალებულის დასაფლავება. – ქელეხი /поминки/.)

ხვდებიან და აღნიშნავენ რა დღესასწაულების უმეტეს ნაწილს სრულიად ქართველების მსგავსად, იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მცხოვრებლებმა ზოგიერთ მათგანს მისცეს თავისებური ხასიათი, და გარდა ამისა, დაადგინეს თავისთან ზოგიერთი საკუთრივ მათდამი კუთვნილი, ასე ვთქვათ ადგილობრივი დღესასწაული.

ასე, იმერეთის ზოგიერთ ადგილას ახალი წლის დღეს არსებობს ჩვეულება მოტეხონ ხეს ტოტი და, შემოუვლიან რა ამ ტოტით სახლს გარშემო, ჩაარჭონ ის კარებში. აქვე ზოგჯერ უმატებენ ჯვარსაც, რომელიც ბალამწარისგანაა გაკეთებული. აქაურები ამას იმისთვის აკეთებენ, რათა სახლი ავი თვალისგან დაიცვან და რათა ბოროტმა სულმა მასში შესვლა არ სცადოს (Письма изъ Имеретiи, кн. Р. Эристова. Кавк. 1857 г. № 85).

გურიაში, ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომელიც კალანდობის (коландоба) სახელითაა ცნობილი, მასპინძელი გალიაში სვამს და კვებავს თითო ქათამს ოჯახის თითოეულ წევრზე. ამისგან დამოუკიდებლად თითოეული მასპინძელი, თვით ყველაზე უფრო ღარიბიც კი, იმარაგებს მნიშვნელოვანი რაოდენობით ღვინოს და საუკეთესო საკვებს. ახალი წლის დღესასწაული გურიაში ერთერთ პირველ დღესასწაულად ითვლება, რომელთანაც ძალზედ ბევრი თქმულებაა დაკავშირებული. გურულს სჯერა, რომ თუ ამ დღეს იგი ყველა იმ წეს-ჩვეულებას (ადათს) არ შეასრულებს, რომლებიც საუკუნეების მიერაა დადგენილი, მაშინ მთელი მომავალი წელი დაკარგული იქნება და ყველანაირ უბედურებებს უნდა მოელოდეს. «თუ წლის განმავლობაში მას რაიმენაირი უბედურება შეემთხვევა, მაშინ იგი აუცილებლად მიაწერს იმას, რომ ახალ წელს რომელიმე წეს-ჩვეულება არ შეასრულა».

ახალ წელს გურიაში სრული ქეიფია. გურულებს ხშირად ყველაზე უფრო აუცილებელი ნივთები გამოაქვთ გასაყიდად მხოლოდ იმისთვის, რომ ნაშოვნი ფულით ახალი წლის მთელ დღეს იქეიფონ; და ის, ვისაც სიღარიბის გამო მისი სათანადო სახით ზეიმობა არ შეუძლია, საკუთარ თავს ყველაზე უფრო უბედურ ადამიანად მიიჩნევს.

ახალი წლის წინა დღეს ოჯახში, სადაც კი არის ღორი, კლავენ მას და საჭმელს ამზადებენ.

ახალი წლის წინა დღის საღამოდან სოფლების მოსახლეობა, ქალებისა და ბავშვების გარდა, მოედანზე გამოეფინება, სადაც ატარებს კიდეც მთელ ღამეს თამაშებში, სიმღერებში, თოფების სროლაში, და მოუთმენლად მოელის გათენებას.

ცისკრის გამოჩენასთან ერთად მოედანზე ყველაფერი მოძრაობაში მოდის, ყველანი სახლებისკენ მიიჩქარიან.

– გაიღვიძეთ, წმ. ბასილი მოდის! ყვირიან ქმრები და თავიანთ ცოლებსა და შვილებს ფეხზე აყენებენ.

ყვირილი ოჯახის ყველა წევრს აღვიძებს. კაცები ანთებული სანთლებით ხელში, ჯგუფებად და ცალ-ცალკე სახლებს ჩამოუვლიან. ოჯახის მეთაური მოისმენს რა შორიდან მათ მოახლოებას, კარს მიუახლოვდება, ჩაკეტავს მას და სტუმრებს ზღურბლთან ელოდება.

– გაგვიღე! ყვირის მოსული ბრბო და კარზე აკაკუნებს.

– და რა მოგაქვთ? ეკითხება მასპინძელი.

– წმ. ბასილის ხატი, ძვირფასი თვლები, ჯვარი, ოქრო, ვერცხლი – ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც საჭიროა. მასპინძელი არ აღებს კარს, სანამ სტუმრები უკანასკნელ ფრაზას სამჯერ არ გაიმეორებენ. მესამე გამეორების დასრულების შემდეგ სახლის კარი ფართოდ იღება. უწინარეს ყოვლისა სახლში შედის ადამიანი, რომელიც სხვებზე უფრო მდიდრულადაა ჩაცმული და ხელში სინი უჭირავს, რომელზეც დევს პური, ხოლო მის ირგვლივ კი წმ. ბასილის ხატი, ძვირფასი თვლები, ხილი და ღორის თავი. მას მოჰყვება მეორე ხელში ჯოხით, რომელიც გრძელი ბურბუშელათია მორთული და ჩიჩილაკი (чичилаки) ეწოდება, რომლის ქვეშაც აქაურები წმ. ბასილის წვერს გულისხმობენ (ზოგჯერ ჩიჩილაკს უბრალოდ ყვავილების კონა ცვლის). შემდეგ ყველა დანარჩენი მოსული შემოდის, რომელთაც თან მოაქვთ: ქერი, ღვინო, ფრინველები და სხვა პროდუქტები. 

იწყება მილოცვის ცერემონია. თითოეული მიდის იქ დამსწრეებთან და ერთმანეთს ულოცავენ, ხელს კიდებენ რა ამ დროს თითოეულ საგანს.

ამ ცერემონიის დასრულების შემდეგ, სინს ოთახის შუაში დებენ, ყველა იქ მყოფნი მის გარშემო დგებიან, წმ. ბასილის ხატის წინაშე ლოცულობენ, «ხოლო დაასრულებენ რა წესს, გამოსვლისას თითოეული ცოტა შეშას ისვრის ცეცხლში და წამოიძეხებს: ჰო! ჰო! ჰოი! ჩამოივლიან რა ასეთნაირად ყველა სახლს, მთელ საათს ისვრიან, და შემდეგ ეკლესიაში მიეშურებიან».

წირვის დასრულებს შემდეგ საღამომდე ქეიფობენ.

უმაღლეს წოდებას შორის, თავადებსა და გურიის მთავართან ეს დღესასწაული რამდენადმე სახეს იცვლის. თითოეული თავადი მთელ თავის ძვირფასეულობას სინებსა და თეფშებზე აგროვებს და მათ თავის მსახურებს გადასცემს, რომლებიც ყველაზე უფრო მდიდრულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილები ამ საგნებით ეზოში გამოდიან, სადაც სასულიერო წოდებას ელოდებიან.

ამასობაში თავადის სახლში იკრიბებიან სტუმრები, რომლებიც ასევე საუკეთესო სამოსელში არიან გამოწყობილნი, და ორ ნაწილად იყოფიან: ერთ მხარეს დგებიან ქალბატონები, მეორე მხარეს – მამაკაცები. ყველა შეკრებილს ეძლევა თითო ცვილის სანთელი, რომელსაც თითოეული ანთებს და ხელში უჭირავს. თეთრი და შავი სასულიერო წოდება, სრული შესამოსლებით, ხატებითა და დროშებით, მგალობელთა სიმრავლით, გამოდის ეკლესიიდან და თავდის სახლისკენ მიემართება. ამასთან ერთად სასულიერო პროცესიას მიჰყვება გურულების ბრბო მხიარული სიმღერებით, სადღესასწაულოდ გამოწყობილი და იარაღით.

თავადის სახლის ეზოში სასულიერო წოდება ხვდება მსახურებს მისი სხვადასხვა ნივთებით, რომლებიც გაატარებენ რა პროცესიას, მას უკნიდან უერთდებიან. მასპინძელი შესასვლელ კარებს კეტავს.

– გაგვიღეთ კარი! წარმოთქვამს უფროსი სასულიერო პირთაგან.

– რა მოგაქვს? ეკითხება მასპინძელი.

– ბედნიერება, კეთილდღეობა და ყოველგვარი სიკეთე.

კარები უწინდებურად დაკეტილი რჩება.

– გაგვირეთ კარი! წარმოთქვამს განმეორებით სასულიერო პირი.

– რა მოგაქვს? ეკითხება ისევ მასპინძელი.

– სიუხვე ყველაფერში: ბევრი პური, ღვინო, სიმინდი, ღომი და ყოველივე აუცილებელი სახლისთვის.

კარები ამჯერადაც არ იღება.

– გაგვიღეთ კარი! ისმის მესამედაც.

– რა მოგაქვს?

– მეფის წყალობა და მტრებზე გამარჯვება.

კარები იღება, სასულიერო წოდება დარბაზში შედის, აღესრულება ლოცვა სამეფო სახლისა და მასპინძლისათვის მრავალჟამიერის გამოცხადებით. მსახურების დასრულების შემდეგ ყველანი ემთხვევიან ხატებს და ხვდებიან სხვა პროცესიას «სხვადასხვანაირი ძვირფასეულობითა და საკვებით, შემდეგი წესით: წინ მოაქვთ ჩიჩილაკი, შემდეგ სინზე ღორის თავი, რომელიც აღნიშნავს ტახს, უძველეს დროში რომ ხალხს მუსრს ავლებდა და, გადმოცემით, ბასილი დიდის მიერ იქნა მოკლული, – შემდეგ პური, ღვინო, ღომი, სიმინდი და სხვა საკვები; ვერცხლის სინებზე მოაქვთ სხვადასხვანაირი ძველი ძვირფასეულობა, ოქროს, ვერცხლისა და ბრილიანტის სხვადასხვა ნივთები».

დამსწრეთაგან თითოეული ამ ნივთებს ხელით ეხება და მასპინძელს სხვადასხვა სურვილებს გამოუთქვამს, იმის მსგავსს, რომ ამ წელში მას ბევრი ასეთი სიკეთე ჰქონდეს. ჩამოუვლის რა ყველას სამჯერ პროცესია მიდის და მაშინ ერთმანეთისათვის ახალი წლის მილოცვა იწყება.

«ეს წეს-ჩვეულება, ამბობს თვალითმხილველი, თავის თავად არაფერი არ იქნებოდა, მაგრამ მასთან დროშებით მოსული სასულიერო წოდების შეერთებით, მას რაღაცნაირი განსაკუთრებული ხასიათი ეძლევა, რომლის თანაგრძნობაც ყველას არ შეუძლია... (которому сочувствовать не каждый можетъ...)» (Новый годъ и другiе обряды гурiйцевъ. Накашидзе, Кавк. 1848 г. № 27. О народныхъ праздникахъ христiанскаго населенiя за Кавказомъ. Кавк. 1855 г. № 2. Озургеты Кавк. 1870 г. № 15. Встреча новаго года въ Гурiи. Кавк. 1870 г. № 20).

გამუდმებული სროლა, ხმაური, სიმღერები და საყოველთაო მხიარულება ახალი წლის მთელ დღეს თან ახლავს.

შებინდებასთან ერთად, თითოეული მასპინძელი შედის ბეღელში, ანთებს სანთელს და ლოცვით შესთხოვს ღმერთს ღვინის სიუხვეს. აიღებს რა ლოცვის შემდეგ ხელში ცულს, მას სამჯერ ურტყამს ვარცლს, და ამ დროს ხმამაღლა წარმოთქვამს.

აგუნა (ვაზის ანგელოზი) გადმოდი ჩვენთან!
ჩვენ ბევრი ყურძენი გვაქვს,
იმათ კი მხოლოდ ფოთლები!

ახალი წლის მეორე დღეს, თითოეული ქალი სახლში იღებს ხელში ფეტვით სავსე ჭურჭელს და, დადგამს რა მას საქათმესთან, აჭმევს ქათმებს.

– ღმერთმა ქნას, ამბობს იგი ამ დროს, რომ მე ამ წლის განმავლობაში იმდენი ქათამი მყავდეს, რამდენი მარცვალიც ამ ჭურჭელშია.

ახალი წლის მესამე დღეს, უწინდელ დროში გლეხებს თავიანთი ბატონებისთვის საჩუქრები მიჰქონდათ და სადილად მათთან რჩებოდნენ.

ნათლისღების დღესასწაულისთვის, იგივე გურულები, აცხობენ ღვეზელს (гведзели), ანუ ერბოზელილ პურს, რომელიც ყველითა და მაგრად მოხარშული კვერცხებითაა დატენილი.

შაბათს, ყველიერამდე ერთი კვირით ადრე, ქვემო რაჭის (იმერეთში) მცხოვრებნი ზეიმობენ ბოსლობას, ანუ მეკამბეჩეთა (буйлятники, კამეჩების გამრეკთა) დღესასწაულს. 

ამ დღესაწაულის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მასპინძლები, როგორც კაცები, ისე ქალებიც თავს ანებებენ ყველანაირ სამუშაოს და მთელ ამ დროში უქმად დარჩენას ცდილობენ; ხოლო ვისაც ამ კვირას სახლიდან მოშორებულ ადგილებში მოუწევს მუშაობა, მას მუშაობის გაგრძელება არ ეკრძალება. ამავე კვირაში არავინ არ უნდა წნავდეს თოკებს, რათა წლის განმავლობაში ხბორები მახინჯები არ იბადებოდნენ. მიწათმოქმედები თმებს არ ივარცხნიან, რათა მინდვრებში დათესილი თესლი არ დალპეს და პური მეჩხერი არ მოვიდეს. ფეხსაცმელსაც კი არ შეაკეთებენ, რათა ხბორები არ დაბრმავდნენ. ოჯახის წევრი, რომელიც ჩვეულებრივ საქონელს განაგებს, ამ დღესასწაულის წინ მთელ დღეს საღამომდე მარხულობს. შებინდებისას ოჯახში უფროსი ადამიანი 4-დან 9 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს შეკრებს და «შეისვამს რა მათ ყველას ხელებზე, კისერზე, ზურგზე», ისინი ზეიმობის ადგილზე მიჰყავს, ბოსელში, სადაც კამეჩები დგანან. თუ სახლში არა ერთი, არამედ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მაშინ ბავშვები ამ მგზავრობას თავიანთი მამების მხრებზე ასრულებენ. ბავშვები ზეიმისთვის ყველაფერ აუცილებელს წინასწარ იმარაგებენ, და ჩვეულებრივ მათ შორის უფროსს ღვეზელი, ქათმის კვერცხი და პური უჭირავს ხელში, დანარჩენებს კი ღორის ხორცის ნაჭერი ან ღვინის ტიკი.

– ბოსილ, ბოსილ-ბუ! ყვირიან ბავშვები, მიმართავენ რა ამ მისალმებით ცხოველებს, რომლებთანაც ისინი სტუმრად მოვიდნენ.

მასპინძელი, განთავისუფლდება რა თავისი ტვირთისგან, საქონლის ჩამოვლას იწყებს.

– დაე ყოვლადძლიერმა ღმერთმა თქვენ არაჩვეულებრივი ძალა მოგცეთ, ამბობს იგი როცა ხარებთან და ცხენებთან მივა და უჩვენებს მათ ქათმის კვერცხს, – და დაე ისეთი მთლიანები და სრულები გამყოფოთ, როგორიც ეს კვერცხია.

გადასცემს რა კვერცხს ხელში უფროს ბავშვს, მასპინძელი სხვა კვერცხით ძროხებსა და ფაშატებთან მიდის.

– და თქვენც ისეთივე ტანსრულები იყავით, ამბობს იგი, უჩვენებს რა მათ ასევე კვერცხს, როგორი მსხვილი და სრულიც ეს კვერცხია, და პატრონიც ისეთივე მსუქანი, კარგი ხბორებისა და კვიცების დაბადებით დააჟილდოვეთ, როგორიც ეს კვერცხია.

– გაიზარდეთ, გაიზარდეთ, ამბობს ის, როცა ხბორებსა და კვიცებს უახლოვდება, ისეთივე ტანსრულები იყავით, როგორიც ეს კვერცხია.

ჩამოუვლის რა ასეთნაირად მთელ თავის საქონელს, მასპინძელი ყველაზე უფრო დიდი ზომის ხართან ჩერდება, და იწყებს ლოცვას ჩუმად, ისე რომ გარეშეებს არ ესმოდეთ.

– ო ღმერთო! წარმოთქვამს იგი, ყველა ცხოველის შემოქმედო, ყველა არსებისა და ნივთიერების დამცველო, და ჩვენს მხარეში ყველა დღესასწაულის დამდგენო, ისევე როგორც სხვა მხარეებშიც! შენ გვაკურთხე ჩვენ რომ ამ სასიხარულო დღესასწაულს შევხვედროდით, ამ ჩვენს მშრომელებთან ერთად, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ თავს ვიკვებავთ, ჩვენს ცოლებსა და შვილებს ვკვებავთ; მოუვლინე კეთილდღეობა ამ სახლის მიწათმოქმედთ, რქოსან საქონელს, ხარებს, ცხენებს, ძროხებსა და ხბორებს, და აკურთხე, რათა მათ ჰქონდეთ თავისთან საკვები, მარაგები და იყვნენ ჯანმრთელნი, და რათა შენს სადიდებლად, შემოქმედო, აღსრულდეს ნება შენი მათი გამრავლებით; და მოუვლინე შენი კურთხევა მიწათმოქმედებასაც და მცენარეულობასაც, და დაგვიცავი ჩვენ სნეულებათაგან, გვასწავლე, როგორ გვიყვარდეთ შენ!

ლოცვა დამთავრებულია. სახლის პატრონი იქ მყოფებთან მიდის, ულოცავს დღესასწაულს, აკურთხევს თან მოტანილ მარაგებს და ყველანი საჭმელად ჯდებიან, რომელსაც შინაური დამზადების ღვინოს აყოლებენ. პირველი სადღეგრძელოთი მადლობენ უფალს გასულ წელს მიღებული წყალობისა და დამდგარი დღესასწაულისთვის; მეორე სადღეგრძელო სახლის, ნათესავებისა და ახლობელი კეთილი ადამიანებისაა; მესამე – საქონლის ჯანმრთელობისა თითოეულისა რიგის მიხედვით, და ასე იმ დრომდე, სანამ თან მოტანილი ტიკი არ დაიცლება. დატოვებს რა ბოსლის რომელიმე ბნელ კუთხეში კვერცხს, მასპინძელი, ჭამა-სმის დამთავრების შემდეგ, უწინდებურად ბავშვებს საკუთარ ტანზე აისხამს, და სახლისკენ მიემართება. სახლის კარი დაკეტილია; ის სახლში უფროსმა ქალმა ჩაკეტა; მასპინძელი აკაკუნებს.

– ვინ არის? ეკითხება იგი მოსულებს.

– მე მოვედი, პასუხობს მასპინძელი, სასიხარულო ცნობით ჩვენი შვილებისგან: ძროხების, ხბორებისა და ცხენებისგან.

– მაგრამ მართალია ეს? შენ შესაძლოა უწმინდური სული ხარ, და გინდა ჩვენ შეგვაცდინო, ჩვენს სახლს ბოროტი მოუვლინო?

– მე შენ გეუბნები, რომ კეთილი ადამიანი ვარ, სახლის თავი, და კარგი ამბები მოვიტანე. 

კარი იღება, მაგრამ როგორც კი მასპინძელი ზღურბლს გადააბიჯებს, დიასახლისი მას სახეში ქატოს წყალხსნარს შეასხამს. ჩამოსვამს რა ბავშვებს და ჩამოიბანს რა ქატოს ხსნარს, მასპინძელი ღმერთს ლოცვას აღუვლენს, ხოლო ლოცვის დასრულების შემდეგ კი ისევ საქეიფოდ სხდებიან, რომელიც ხშირად ნაშუაღამევამდე გრძელდება (Бослоба, Вас. Переваленко. Кавк. 1850 г. № 25. О народныхъ праздникахъ. Кавк. 1855 г. № 2).

დამდგარი დილა განსაკუთრებით ბავშვებს აინტერესებთ; თითოეული მათგანი ცდილობს სხვებზე უფრო არე გაიღვიძოს, რათა ბოსელში დატოვებულ კვერცხს დაეუფლოს, იმიტომ რომ, ვინც მას პირველი მიიღებს, ის მთელი წლის განმავლობაში ბედნიერი იქნება.

იმ დროს, როცა ქვემო რაჭის მცხოვრებნი (იმერეთში) ბოსლობის ზეიმს ამთავრებენ, ზემო რაჭის მცხოვრებთ უდგებათ დღესასწაული გოჭის ხუთშაბათი.

ეს წესი ყველიერის დადგომამდე ერთი კვირით ადრე აღესრულება. ოთხი თვით ადრე, ზოგჯერ კი უფრო მეტითაც, მასპინძელი დანიშნავს გოჭების, ყვერულებისა და სხვათა რიცხვს ქეიფისთვის, სტუმრების იმ რიცხვის მიხედვით, რომელთა მოპატიჟებაც აქვს განზრახული. უკანასკნელი ორშაბათიდან, რომელიც წინ უძღვის გოჭების ხუთშაბათს, ზემო რაჭის ბევრი მცხოვრები, და სოფელ ღების ყველა მაცხოვრებელი, მარხვას იწყებენ. ზოგიერთი მხოლოდ ძროხის ხორცს არ ჭამს და მარტო რძის კერძებით კმაყოფილდება, სხვები კი არც თევზს არ ჭამენ. აქაურები ამ კვირას დიდი მარხვისთვის მოსამზადებელ კვირად თვლიან.

სასურველი ხუთშაბათის დღის გათენებიდანვე, თითოეული მასპინძლის სახლში მზადდება სადილი. საეკლესიო ზარის ხმის პირველი გაგონებისთანავე, ერთი ადამიანი თითოეული ოჯახიდან, უპირატესად ოჯახის უფროსი, მიდის ეკლესიაში სანთლითა და მცირეოდენი ფულადი შესაწირავით. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ის სახლში ანთებული სანთლით ბრუნდება და მოითხოვს მწყემსისგან ანგარიშს საქონლის რიცხვისა და მისი კეთილდღეობის შესახებ. პასუხის მიღების შემდეგ იგი სანთელს გადასცემს მის შემდეგ უფროს წევრს ოჯახში, რომელიც საქონლის სადგომში მიდის და ჩამოივლის რა საქონელს, კითხულობს მათზე ლოცვას, შემდეგ კი, როცა სახლში ბრუნდება, დღესასწაულზე მოწვეულ ყველა სტუმარს შეკრებილს ნახულობს. იქ მყოფთა წინაშე დგას გაწყობილი მაგიდა; მასზე დალაგებულია მწვანილი, ხორბალი, მოხარშული, შემწვარი და შებოლილი გოჭები და ასეთივე ყვერულები, რომელთაც გარშემო შემოწყობილი აქვთ კვერცხები, ყველი და მწვანილი. მასპინძელი მაგიდასთან მიდის და ლოცვას კითხულობს.

– ჩვენ ვმადლობთ ღმერთს, ამბობს იგი შემდეგ, მიმართავს რა სტუმრებს, რომ სასურველ დღეს მოვესწარით, რომელიც ჩვენ გაზაფხულის დადგომას გვაუწყებს, და მასთან ერთად კი ღვთის კურთხევასაც ყველაფერზე ამ ქვეყნად, რაც ნაყოფიერებს, იზრდება – გაზაფხულისა, რომელშიც ჩვენ უნდა დავივიწყოთ ზამთრის სიზარმაცე და დასვენება, და ახალი შრომით ვადიდოთ სამყაროს შემოქმედი იმ წყალობისათვის, რომელსაც იგი ჩვენ გვიგზავნის, იმ საშუალებებისთვის, რომლებზედაც იგი ჩვენს საკეთილდღეოდ მიგვითითებს.

– ეს, აგრძელებს იგი და გოჭებზე მიანიშნებს, თუმცა კი უბრალო ცხოველია, რომელიც ჩვენს საკვებად გამოიყენება, მაგრამ ჩვენ მისი სახით ყველანაირ ქმნილებას ვიგულისხმებთ: ასე, მაგალითად, ჩვენი სუფრის თავად მოთხოვნილებაც უკვე გვიჩვენებს ჩვენს საჭიროებებს; შეხედეთ ჩემო სტუმრებო ყვერულებს, შემდეგ კვერცხებს, შემდეგ კი რასაც გინდათ... ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მასპინძლის სახლში საჭიროა გოჭები, ქათმები, ძროხები და ა. შ. შემდეგ შეხედეთ, ეს სხვა არაფერია, თუ არა დანჭკნარი მწვანილი, ეს კი ხორბალი, მაგრამ შემოქმედის ყოვლისშემძლე ნებით – ყველაფერი ეს ხელახლა დაიბადება, და ჩვენ გაზაფხულისა და ზაფხულის განმავლობაში, წვნიან მწვანილს შევჭამთ, გემრიელსა და უვნებელს; დათესილი ხობლისგან კი სხვას ახალს მოვიწევთ, საკმარისი რაოდენობით ჩვენი გამოკვებისთვის. დიდება ამისთვის შემოქმედს, ცასა და მიწას.

სიტყვის დასრულების შემდეგ, მასპინძელი მადლობას უხდის სტუმრებს მათი მოსვლისთვის და სთხოვს მათ მიირთვან დღესასწაულის გმირები – გოჭები (Гочисъх-Хутшафати, В. Переваленко. Кавказъ 1850 г. № 50).

დიდი მარხვის პირველ დღეს, გურიის ქალები ცომისგან ამზადებენ თვალის ზომის რამდენიმე ბურთულას; დებენ მათ თეფშზე, რომელიც ანთებული ცვილის სანთლებითაა გარშემოვლებული, ლოცვას აღუვლენენ ღმერთს და სთხოვენ, რათა ყვავილი არ შეეყაროთ იმათ, ვინც ესტუმრება. ბურთულებს შემდეგ წყალში აგდებენ. ისინი, ვისაც ჯერ კიდევ ყვავილი არ გადაუტანია, ამ დღეს თმას არ ივარცხნიან, წიგნებს არ კითხულობენ, არ კერავენ, იმიტომ რომ, ხალხის რწმენით, რამდენი კბილიც აქვს სავარცხელს, რამდენ ასოსაც ნახავენ წიგნში, ან რამდენ ნაკერსაც ამოიყვანენ, იმდენი ყვავილი და ლაქა ექნებათ მათ სხეულზეც.

შაბათს, დიდი მარხვის პირველ კვირაში, აღესრულება ბედის გამოცდა (бедисъ-гамоцда). ეს დღესასწაული მორიგეობით აღინიშნება. თავადი, ვისი რიგიცაა რომ თავის სახლში ბედის გამოცდა იზეიმოს, თავისთან იწვევს მეზობლებს, გარეშემო მცხოვრებ მემამულე თავადებს, რომლებიც ასეთ მოპატიჟებაზე ყოველთვის ხალისით მოისწრაფვიან. ისინი მახლობელი აზნაურებისა და რამდენიმე გლეხის თანხლებით ცხადდებიან. შუადღის დადგომისას, მასპინძელს სტუმრები დარბაზში შეჰყავს, სადაც თავადები სხდებიან, ხოლო მათი თანმხლები ადამიანები კი შორიახლოს ჯგუფებად დგებიან.

მასპინძლის ჯანმრთელობის სადღეგრძელო და მცირე გამასპინძლება ხსნის (იწყებს) დღესასწაულს. შემდეგ შემოაქვთ სპილენძის უზარმაზარი თასი და ღვინით ავსებენ, რომელიც მასში 5-დან 7 ვედრომდე ეტევა. იმავე თასში უშვებენ ცომისგან გამომცხვარ ადამიანის, მონეტების, ცხენების, ხარებისა და სხვა ფიგურებს. იწყება მკითხაობა. თასთან მიდიან ერთი-მეორის მიყოლებით, თავიდან მასპინძლის გლეხები, შემდეგ უფროსი სტუმრისა, შემდეგ მომდევნოსი და ა. შ. უფროსობისა და ღირსების დაცვით. დაიწყობს რა ხელებს ზურგ უკან, თითოეულმა თასთან მისულმა კბილებით ან ტუჩებით ესა თუ ის ფიგურა უნდა ამოიღოს, რომლის გამოსახულების მიხედვითაც მისი ბედის შესახებ მსჯელობენ. ადამიანის ფიგურა ნიშნავს, რომ მემამულე კარგ ურთიერთობებში იქნება მისთვის საჭირო ადამიანებთან; მონეტა – ფულების შეძენას; ცხენი – ცხენებით სიმდიდრეს; ხარი – საქონლით სიმდიდრეს და ა. შ. თუ ყმა ადამიანი თასში სულ ვერაფერს ვერ დაიჭერს, მაშინ მის მემამულეს ამ წლის განმავლობაში წარმატება არაფერში ექნება.

როცა ყველა ფიგურა დაჭერილია, მაშინ იწყება ნადიმი, რომელშიც სადღეგრძელოები არ ენანებათ, განსაკუთრებით იმის საპატივსაცემოდ, ვისმა გლეხებმაც თავისი ბატონისთვის ყველაზე მეტი ბედნიერება დაიჭირეს (Бедисъ-гамоцда, В. Переваленко. Кавк. 1850 г. № 29. Народные праздники. Кавк. 1855 г. № 3).

უბრალო ხალხში ეს ჩვეულება უფრო მარტივად და საგანგებო ლოცვით აღინიშნება. გააკეთებენ რა ცომისგან ფიგურებს ცხენების, ჩაქუჩის, ნალის, ლურსმნების, უნაგირის, ბაგისა და ა. შ. მსგავსად – მათ აცხობენ; შედეგ დიდ ღრმა თასს წყალგარეული ღვინით ავსებენ, იქ ამ ფიგურებს აგდებენ, თასის გარშემო სანთლებს შემოაკრავენ, ლოცვით ევედრებიან წმ. თევდორეს, რათა მან ცხენების რიცხვი გაუმრავლოს; შემდეგ თითოეული ზურგს უკან დაწყობილი ხელებით მიდის, წინ იხრება და თასში მოცურავე პატარა ფიგურებს პირით იჭერს, და როგორც კი რაიმეს დაიჭერს, იმავე წუთას ცხენის ჭიხვინის მიბაძვით გარბის, ფეხს ურტყამს კარებს და მიიმალება, ამას იმეორებენ მანამდე, სანამ ჭურჭლიდან ყველაფერი ამოღებული არ იქნება.

იმერეთის ზოგიერთ ადგილას არსებობს ჩვეულება, რომლის მიხედვითაც, აღდგომის დღეს, ნათლულების მშობლებს თავიანთ ნათლიებთან საჩუქრები მიაქვთ, ხოლო მათ კი სამაგიეროდ სტუმრებს ოჯახის თითოეულს წევრზე სხვადასხვანაირად მორთული თითო ფერადი ცვილის სანთელი უნდა აჩუქონ.

თომას კვირაში იმერლები ბურთის თამაშით არიან დაკავებულნი. პატარა ბურთი, რომელსაც თამაშისთვის იყენებენ, საზათროს ზომისა მზადდება, გარეშემო სირმებით შემოიკერება და არა მხოლოდ მარტივი და უცოდველი გართობა გახლავთ, არამედ ხალხის პატივისცემისა და ცრურწმენის საგანსაც შეადგენს. თომას კვირის მეორე დღეს ხალხი ორ ნაწილად იყოფა. გაისმის ბუკის (საყვირის) ხმა და შემოსილ მვდელმსახურს ვერცხლის სინით ბურთი გამოაქვს. საგვარეულოში ერთერთი ყველაზე უფროსი და პატივცემული ადამიანი ბურთს შუაში აგდებს (სოფელ ხონში უწინ ბურთს ყოველთვის ოთხმოცი წლის მოხუცი ქაიხოსრო მიქელაძე აგდებდა, რომელიც ჩოლოქის საქმეში იქნა მოკლული. 1857 წელს ხალხმა ბურთის ჩაგდება ქუთაისის გუბერნატორს სთხოვა, რომელიც ამ დღეს იმ ადგილას იმყოფებოდა); ორივე მხარე ბურთს მივარდება, ერთმანეთში დავობენ, ცდილობენ მას დაეუფლონ და დანიშნულ ადგილამდე მიიტანონ; პატივი და დიდება იმ მხარეს, რომელსაც ბურთი ერგება: მას მთელი წლის მანძილზე ყველაფერში სიუხვე და იღბალი ექნება. რა თქმა უნდა, თითოეულს სურს ეს ბედნიერება, და ამიტომ დავა და ზედახორა სასტიკი არის ხოლმე. ბურთს ამხანაგებს ხელიდან ხელში გადაუგდებენ, ის ხან ბრბოში იმალება, ხანაც საყოველთაო ყვირილისა და ხმაურის თანხლებით ისევ გამოჩნდება. ხშირად, ბრძოლის შემდეგ, ბურთი რამდენიმე ნაწილად იჭრება და სახლების უფროსებს ურიგდებათ. ვინც ბურთის ნაჭერს მიიღებს დარწმუნებულია, რომ მისი შენახვა სახლს სიუხვეს, მოსავალსა და სხვა სიკეთეებს მოუტანს. ჰყვებიან, რომ იმერეთის მეფეებმა ეს გართობა სამხედრო მოძრაობებში ხალხის ვარჯიშისთვის მოიგონეს (О народныхъ праздникахъ. Кавказъ, 1855 г. № 4. Заметки по пути въ Мингрелiю, И. Евлахова Кавк. 1847 г. № 9).

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის პირველ კვირაში პარასკევს იმერეთის სოფელ ონში მთელი შემოგარენიდან მცხოვრებნი იკრიბებან. აქაურები დარწმუნებულნი არიან, რომ აღდგომის კვირა ყველა შესაძლო კეთილი წამოწყებისთვის ბედნიერია და ამიტომ შუადღეზე ის ოჯახები რომლებსაც შეპირებული საცოლე და საქმრო ჰყავთ, ეკლესიის გალავანს შიგნით იკრიბებიან და დაიყოფიან რა პატარა წრეებად, თითოეული ცალცალკე სხდებიან: საცოლე თავისი მშობლებითა და მოპატიჟებული სტუმრებით, საქმროსგან განცალკევებულად, რომელიც ასეთივე საზოგადოებითაა გარშემორტყმული. იწყება სადილი, რომლის დროსაც თუმცა კი წარმოითქმება სადღეგრძელოები, მაგრამ საქმროსა და საცოლის სახელთა მოხსენიების გარეშე. სადილის დაწყებიდან გარკვეული დროის გასვლისას საქმრო დგება, სამ ჭიქაში ასხამს ღვინოს და გადასცემს რა ორს თავის მშობლებს, მათთან ერთად მესამე ჭიქით თავისი საცოლის წრისკენ მიემართება.

– ქრისტე აღსდგა! წარმოთქვამენ საცოლის ნათესავები და გარეშემომყოფნი, ესალმებიან რა საქმროს მშობლებს.

უკანასკნელნი თავიანთ მხრივ ულოცავენ დღესასწაულის სასიხარულო კვირას, მიუთითებენ რა ამ დღესასწაულის მნიშვნელოვნებაზე, მის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ თითოეული ადამიანისთვის, «არამედ გადამფრენი ფრინველებისთვისაც, და იწყებენ სიტყვას იმაზე, რომ არის ორი სული, რომლებიც გაურკვევლობით იტანჯებიან და შესაბამისად არ შეუძლიათ საერთო სიხარული გაიზიარონ. საცოლის მშობლები პასუხობენ, რომ მათ ახსოვთ თავიანთი ახალგაზრდული წლები, მგზნებარე ვნება ჭაბუკური სიყვარულისა, იციან ისიც, რომ ოჯახური ცხოვრება ღმერთმა აკურთხა, და ამიტომ შეეცდებიან თავიანთი თანხმობით ორი პირის ტანჯვა დააწყნარონ». 

დასანიშნების ჯანმრთელობის სადღეგრძელო წარმოადგენს პასუხს ასეთ სიტყვებზე და შემდეგ მოჰყვება ნიშნობის წესის აღსრულება. აიღებენ რა საქმროსა და საცოლის ბეჭდებს, მშობლები კითხულობენ მათზე ლოცვებს და აკურთხევენ რა მათით შვილებს, ცვლიან ბეჭდებს, აძლევენ რა საქმროს ბეჭედს საცოლეს და პირიქით, ამასთან საქმრო თავის საცოლეს მხარზე ჰკოცნის.

მაშინ საცოლე საქმროს სხვადასხვა ფერად შეღებილ კვერცხს მიართმევს.

– ღმერთმა ჰქნას, ამბობს იგი, რომ ჩვენი ცხოვრება ისევე მხიარული იყოს, როგორი საღიც ეს კვერცხია, და ისევე იყოს შემკული კეთილი საქმეებით, როგორც ესაა შეღებილი. 

სადღეგრძელოები, მილოცვები, სიმღერები, ცეკვები და უხვი გამასპინძლება ამთავრებს ორი ოჯახის სიხარულს, რომლებიც ნათესაობის კავშირებით ერთმანეთს უერთდებიან (Ахалквирисъ-Параскевы /новая неделя/, В. Переваленко Кавк. 1850 г. № 42).

ორ სოფელში ობშკვითსა (ქუთაისის მაზრა) და ბანძაში (სამეგრელოში) არსებობს ჩვეულება დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის სატაძრო დღესასწაულის დღეს 23 აპრილს, უზარმაზარი ხე დაარხიონ. ხის გარშემო შეკრებილი ბრბო მას ირგვლივ შემოეწყობა, ზოგიერთები კი ტოტებზე აძვრებიან და იქ განთავსდებიან და იმ დრომდე არხევენ ხეს, სანამ ძიფესვიანად არ ამოთხრიან. მაშინ ხეს ეკლესიის გარშემო სამჯერ შემოატარებენ, ფესვებით ზემოთ კედელზე მიაყუდებენ და ქვებს ესვრიან (Письма изъ Имеретiи, кн. Р. Эристова. Кавк. 1857 г. № 77).

საიდან წარმოსდგა ეს ჩვეულება და რას ნიშნავს იგი, არავის ამის ახსნა არ შეუძლია. 

მდინარე ხობზე მონასტერში 13 და 14 აგვისტოს ეწყობა ბაზრობა, რომელზედაც უამრავი ხალხი მოედინება. მთაზე განლაგებულია მონასტერი, რომელსაც ციხესიმაგრის შესახედაობა აქვს. მისი კედლები სუროს, ვაზისა და შემოხვევადი მცენარეების სხვა მრავალფეროვანი ჯიშების სიმწვანეში იმალება, რომლებითაც აქაური ბუნება ასე მდიდარია. ხედი მონასტრიდან მომაჯადოვებელია: მნიშვნელოვან სივრცეზე გახსნილი მდინარე ხობის ხეობა ერთის მხრივ მწვანე ტყითაა გარემოცული, სადაც კაკლის ხე, თუთის ხე და ვაზი იზრდება; ხოლო მეორეს მხრივ კი – ზემო სამეგრელოს მთა-გორებით, რომელთა უკანაც ცის მუქ ლურჯ ფონზე ღრუბლებამდე სვანეთის მთების თოვლიანი მწვერალები აღიმართება, რომლებიც ამთავრებენ კიდეც სურათს.

მონასტრის წინ ვრცელი მინდორი ამ დროს მოფუსფუსე ხალხითაა ავსებული; ყოველი მხრიდან მოემგზავრებიან და ფეხით მოდიან ახალი პირები, უმეტეს წილად ქალები, რომლებიც ხშირად მამაკაცებზე უფრო მეტნი არიან. თითოეულ მათგანს ხელში აბრეშუმის გორგალი უჭირავს, რომელიც ადგილობრივ ბაზრებზე ვაჭრობის თითქმის განსაკუთრებული საგანი გახლავთ.

ბრბოში შეიძლება შეხვდეთ თავადის ქალსაც და მდიდარი აზნაურის ქალსაც, ცხენზე ამხედრებულს, რომელსაც თან მხედარი და რამდენიმე აუცილებლად ფეხშიშველი ბიჭი (бичо, მსახური) ახლავს; სურათს რამდენიმე სადა, სახელდახელოდ მოწყობილი მაღაზია ამთავრებს, სადაც ჩითი და სხვა უბრალო ქსოვილებია გამოფენილი. საკუთრივ დღესასწაული და მხიარულება წირვის შემდეგ იწყება. მსახურების დასრულების შემდეგ ხალხი ჯგუფ-ჯგუფად ხეების ქვეშ განთავსდება მოკრძალებულ ტრაპეზზე, რომელიც კიტრებისა და ნესვებისგან შედგება, შოთის პურებით და მათ საკმარისი რაოდენობით ღვინოსაც აყოლებენ. მხიარული წამოძახილები, რომლებიც დროდადრო სხვადასხვა კუთხეებიდან გაისმის, ლეკურის ცეკვა ჩონგურის ჟღერის ქვეშ და დამბაჩების გასროლები, მხიარულებას მიცემული ხალხის საუკეთესო მოწმეებია.

დღესასწაულზე შეკრებილნი თავიანთ მხიარულებას დოღითა და ჯირითობით იწყებენ, ხოლო შემდეგ კი ეროვნულ ცეკვაზე გადადიან. კაცებისა და ქალების ბრბო, რომლებსაც ერთმანეთისთვის ხელები აქვთ ჩაჭიდებული, ერთი-მეორის გვერდით იდაყვებგადაჭდობილნი დგებიან და ასეთნაირად წრეს ანუ ფერხულს შეადგენენ, 50 და მეტი წყვილისგან. ერთერთი მონაწილე სიმღერას წამოიწყებს, რომლის მოკლე ლექსის ან კუპლეტის შემდეგ, უკანასკნელ ბგერებს მთელი ფერხული აიტაცებს. სიმღერის დაწყებასთან ერთად იწყება ფერხულის მოძრაობაც მარჯვნივ ან მარცხნივ; ყველანი აკეთებენ მარტივ pas-ს ოთხი ტაქტისგან. უეცრად სიმღერის დამწყები ყველაზე უფრო აღტყინებული სახით იწყებს სიმღერას, და ბრბო იწყებს ერთად ხტომას, ტაქტში, თან ხტომისას სწორედ იმავე pas-ს აკეთებენ, და ეს რამდენჯერმე მეორდება. 

«განსაკუთრებით საინტერესოა ხედავდე ამ წრეს, ამბობს თვალითმხილველი, მამაკაცებისა და ქალებისგან, თვალწარმტაც აქაურ კოსტიუმებში, რომლებიც ნარნარი, ტანკენარი მოძრაობებიდან მოუთოკავ, ველურ მოძრაობებზე ასე მოულოდნელად და სწრაფად გადადიან. თუმცა კი როგორც ერთი, ასევე მეორე მოძრაობები, განსაკუთრებით ქალებისა გრაციით იყო აღსავსე, რომელიც აქაურ ჯიშს ასე მკვეთრად განასხვავებს» (14-го августа въ монастыре на р. Хопи, П. Бибикова. Кавказъ 1854 г. № 70).

მეგრულ სიმღერაში ცოტაა სიტყვები, მაგრამ ჰანგი განსაკუთრებით მრავალფეროვანია. უკანასკნელი დაღვრემილი არ არის და, როგორც მხიარულ, ისე სამწუხარო შემთხვევებში ერთნაირია. უმეტეს წილად სიმღერის უბრალო იმპროვიზაცია ცინიზმით გამოირჩევა. უმაღლესი კლასის წრეში სასულიერო სიმღერებს მღერიან, ქართულ ენაზე, რომლებიც იმერლებისა და გურულებისგან აქვთ გადაღებული; თითქმის ყველა სიმღერაში არის სიმღერის დამწყები (запевало) და ხშირად სიმღერები ორ გუნდად იმღერება.

გურულებს პრივილეგირებული იმპროვიზატორები არა ჰყავთ; და ხალხსაც არ შეუძლია მიგითითოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც სწრაფი პოეტური წარმოსახვითა და სიმღერის შექმნის უნარით იქნებოდნენ სახელგანთქმულნი, «მაგრამ ყოველი ეფექტური, გმირული საქმე, აგრეთვე ქეიფი, ზეიმი და ვნებიანი სიყვარული, რომელიც გურიაში არცთუ იშვიათია, თითოეულ ახალგაზრდა, თავისუფალ ადამიანს აღაფრთოვანებს, და მეტად ბევრი მათგანი თავის გრძნობას მსუბუქი და საკმარისად მელოდიური იმპროვიზაციით გამოხატავს».

«თუმცა კი გურულების უმრავლესობა, ამბობს შემდეგ ი. პანტიუხოვი, უარზეა თავიანთი ლექსები რუსულ ენაზე გვითარგმნოს, ლაპარაკობს რა იმის შეუძლებლობაზე რომ მათი გამოხატვა და აზრი სხვა ენაზე გადმოიცეს, მაგრამ მე ზოგიერთი მათგანის შეგროვება მოვახერხე და დიდი ხანია არსად შემხვედრია ისეთი საყვარელი და ვნებიანი, პოეტური სისულელე, როგორიც მათშია გამოხატული».

ყველა არსებული სიმღერა უახლეს დროს მიეკუთვნება, ისინი უმღერიან სიყვარულს და შინაარსის მიხედვით საკუთარ თავში პოეტურ აზრს შეიცავენ.

აი ერთერთი მათგანის პატარა ნიმუში მ. მანსუროვის თარგმანში.

მე შორეთში
მყავდა არც ძმა, არც მეუღლე,
მყავდა, როგორც მზე წყვდიადში,
საყვარელი მეგობარი, კეთილი მეგობარი;

მე შორეთში,
მყავდა როგორც გულში სნეულება,
მყავდა როგორც სილაში მარგალიტი,
საყვარელი მეგობარი კეთილი მეგობარი.

ის იყო ახალგაზრდა და საყვარელი,
ის იყო სხივივით ტანკენარი,
ის იყო მხურვალე და მწველი, –
და მას მე ვუყვარდი . . . . . . . . . . .

როცა ქარი ზოგჯერ
ძილის წინ ჩადგებოდა,
და ღამის ბულბული
ყვავილზე მოფრინდებოდა;

როცა მთვარე თავის ბრწყინვალებას
მიწას არ უმალავდა, –
და შორს მეორდებოდა
ზღვის ხმაური, ზღვის შხეფვა, –

მაშინაც საყვარელი მეგობარი,
ცხენზე ამხედრებული ჩალმით,
როგორც ზეციდან ნათელი სული,
როგორც წმინდა წარმოგზავნილი, –

მთლიანად აბჯარში ჩაჭედილი,
ზურგს უკან თოფით,
ის ჩემთან მოფრინავდა, –
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და მჩუქნიდა იგი მე
არა ცხენს, არა მდიდრულ ხალიჩას, –
კოცნას . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და საყვარელ მეგობარს თან
შორიდან მოჰქონდა
არა მარგალიტი, ზურმუხტი,
არამედ სიყვარული . . . . . . . . . .

და როცა მეფერებოდა,
ის გულზე მიკრობდა,
და მთლიანად ცეცხლით სავსე
მკოცნიდა, მკოცნიდა . . . . . . . . . . . .

მივუთითეთ რა იმ დღესასწაულების ზოგიერთ თავისებურებაზე, რომლებიც იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში არსებობს, ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ მათგანთან ხალხის ცრურწმენაა შერეული, ხოლო ზოგიერთი კი ცრურწმენაზე და რელიგიის ჭეშმარიტებათა არასწორ გაგებაზეა დაფუძნებული. რელიგია აქაც ზნეობრივი საწყისების მთავარ მეგზურს კი არ წარმოადგენდა, არამედ მხოლოდ წეს-ჩვეულების ფორმით დარჩა. 

საერთოდ ამ სამივე ხალხის რელიგიურ ცნებებში ბევრი რამაა გულუბრყვილო და ბავშვური. ხდებოდა, მაგალითად, რომ მღვდელმსახურით უკმაყოფილო გლეხები, ხელში იღებენ ხატს და იფიცებენ არასოდეს არ მოვიდნენ მასთან ეკლესიაში, არ უთხრან აღსარება, არ ეზიარონ, არ მონათლონ ბავშვები, და არ მოიწვიონ იგი საეკლესიო წესების აღსრულებისთვის. ზოგჯერ აქაურები წყევლიდნენ კიდეც თავის მღვდელმსახურს. იმერლები მაგალითად ცოდვად არ მიიჩნევენ სიცრუით დაფიცებას, თუ მას ახდენენ არა მათი ძველი ადათის მიხედვით ხატის წინაშე – არამედ ჯვრისა და სახარების წინაშე, და უკანასკნელს ისინი რუსულ ფიცს უწოდებენ. აშკარა ქურდი, რომელიც არაერთხელ ამხილეს თავის ცუდ საქციელში და ნაქურდალითაც დაიჭირეს, ყოველგვარი შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე სიცრუით იფიცებს, იმიტომ რომ წინასწარ მან მოასწრო სახლში შეერბინა და ამოიყვანა რა თავისი შვილი აკვნიდან, რამდენიმე წუთს მის ადგილზე დაწვა.

იმერლებს აქვთ წეს-ჩვეულება: მიწის რომელიმე უბნის მფლობელობაზე უფლებისთვის დავის შემთხვევაში, ერთერთი მოდავე მხარე ხელში იღებს ხატს და მისით შემოივლის სადავო უბანს; ამ ხერხით მტკიცდება შემომვლელებისადმი მისი კუთვნილება. «ერთი ასეთი შემთხვევისას შენიშნეს, რომ ხატის ხელში ამღებებმა დაიწყეს არა მარტო სადავო უბნის შემოვლა, არამედ იმ ზოლებისაც, რომელთა შესახებაც საქმე არასოდეს ყოფილა და რომლებიც გარეშე პირის განუყოფელ საკუთრებას წარმოადგენდა. ამიტომ დაიწყო კამათი, ჩხუბი და მერე რა გაირკვა? რომ ფიცის დამდები ბატონები, ჩაიყარეს რა ჩექმებში მიწა თავიანთი სახნავ-სათესიდან, ფიქრობდნენ რომ ამ ეშმაკობის შედეგად, მათ შეუძლიათ შემოიარონ რომელიც უნდათ მიწა და ღმერთის წინაშე არანაირად არ შესცოდონ, როცა დაიფიცებენ, რომ ისინი თავიანთ საკუთარ მიწაზე მიდიან».

ასეთი უცნაურობები ძალზედ ხშირად ვლინდება და იმ ხალხის რაღაცნაირ ორიგინალურ და ბავშვურ გაგებაზე მიუთითებს, რომელიც საკუთარ თავს მეტად რელიგიურად მიიჩნევს. რომ აქაურები რწმენისადმი ერთგულნი და მასში მყარები არიან – ეს ეჭვს არ იწვევს.

მარხვას მეტად მკაცრად იცავენ და სახსნილო საკვებით მის არც ერთ დღეს არ არღვევენ: ეკლესიებში ხალხი მეტად ხშირად დადის, მაგრამ ყველაფერი ეს ჩვეულების მიხედვით და ყოველგვარი შეგნების გარეშე კეთდება.

იყენებს რა სხვადასხვანაირ ეშმაკობას ცრუ ფიცის დასადებად და ინუგეშებს რა თავს სოფიზმებით ასეთი მოქმედებების უცოდველობაში, აქაური სულის სიმშვიდეს ინარჩუნებს პირველ ავადმყოფობამდე და განსაკუთრებით, თუ ეს (ავადმყოფობა) ცრუ დაფიცების შემდეგ მალევე მოხდება. მაშინ მიაწერს რა თავის სნეულებას იმ ხატის მიერ დასჯას, რომლის წინაშეც მან სიცრუით დაიფიცა, ავადმყოფი თავისთან უხმობს მღვდელმსახურს და მის წინაშე ყველაფერს აღიარებს, ხოლო უსამართლო ფიცით შეძენილ ნივთს კი თავის მოწინააღმდეგეს უბრუნებს.

რელიგიის საწყისების ნათელი გაგების არქონამ ყოველგვარ ყველაზე უფრო უაზრო სწავლებაში ყველაზე უფრო ღრმა ცრურწმენა დაბადა...

არავინ არ ეჭვობს ჯადოქრებისა და კუდიანების არსებობას და მათ უნარს წაახდინონ ადამიანები, მოუვლინონ საქონლის დაცემა და სხვა უბედურებები.

«თურქებთან ომის შემდეგ ზუგდიდის მეზობელ სოფლებში (სამეგრელოში), წერს კ. ბოროზდინი, დაიწყო საქონლის დაცემა; ეს მოვლენა კუდიანების მოქმედებას მიაწერეს და სამურზაყანოდან თურქს მოუხმეს, რომელიც ამ ქალების ამოცნობაში იყო სახელგანთქმული. თურქმა სოფლის დედაბრები შეკრიბა და ბრძანა ისინი წყალში ჩაეყარათ: რომელიც იღრჩობოდა ის კუდიანი არ არის, ხოლო რომელიც არ იღრჩობოდა – ის კუდიანია. რამდენიმე უბედური დედაკაცი აღმოჩნდა, რომელთაც, შესაძლოა, წყალზე კაბა აკავებდა და მათ თურქმა შემდეგი ანგარიშსწორება ჩაუტარა. ორი უზარმაზარი კოცონი იქნა დანთებული და მათ შორის შიშველ დედაბრებს წინ და უკან არბენინებდნენ მანამდე, სანამ ისინი არ აღიარებდნენ, რომ მათ ნამდვილად მოუვლინეს საქონლის დაცემა და რომ ისინი თავიანთ ჯადოქრობაზე უარს ამბობენ» (Крепостное состоянiе въ Мингрелiи. Зап. Кавк. отд. Им. Рус. Геогр. Общ. кн. VII).

რამდენიმე დედაბერი ასეთნაირად ცოცხლად იქნა დამწვარი, სხვა ეჭვმიტანილებს კი გავარვარებული რკინით ჯვრისებურ დაღს ასვამდნენ ფეხზე, ზოგჯერ კი შუბლზე, ბოროტის ქმნაში მათი ძალის მოსპობის მიზნით.

აქაურებს ყველაზე მეტად ეშინიათ ავი თვალისგან წახდენისა და რათა ადამანის შეხედვისგან სიავეს თავი აარიდონ, ამულეტებს ატარებენ, ხოლო ახალშობილს კი დიდხანს არავის გარეშეს არ აჩვენებენ.

ხალხის მასაში ასევე ხატების ცრუმორწმუნეობრივი თაყვანისცემაცაა განვითარებული. თითქმის ყველა სოფელში არის განსაკუთრებული ხატი, რომელიც თავისი ძალით გამოირჩევა, და რომელიც მოსახლეობას ერთ შემთხვევებში მფარველობს, ხოლო სხვა შემთხვევებში კი სჯის. ყოველგვარი ცრუ დაფიცება ასეთი ხატის წინაშე, ხალხის აზრით, იწვევს სასჯელს ხატის მხრიდან და საშინელ უბედურებას სიცრუით დამფიცებელზე, მაგრამ სამაგიეროდ თითოეულ მაცხოვრებელს შეუძლია მოვიდეს ძლიერ ხატთან და მის წინაშე დაწყევლოს თავისი მტერი, სავსებით დარწმუნებულმა, რომ ხატი დაწყევლილს ყველანაირ სისაძაგლეს მიუვლენს ამ ქვეყნადაც და მომავალ ცხოვრებაშიც. რწმენა მის უკანასკნელ მოქმედებაში ისე ძლიერია, რომ ვინც თავისი დაწყევლის შესახებ შეიტყობს იჩქარის მის მაწყევართან შერიგებას და ხშირად მას ჭარბადაც აკმაყოფილებს, რათა მხოლოდ ხატის პატიება მიიღოს. ხატის ძალაში რწმენის გარდა, ბევრი მსგავს თვისებას სხვადასხვა უსულო საგნებსაც მიაწერს, სჯერა რა წინასწარმეტყველების, მკითხაობის და სხვადასხვანაირი ნიშნებისა. ასე, თუ მგზავრს გზაზე ჯოგიდან რაიმენაირად გამოქცეული თხა გადაურბენს, მაშინ იგი ამას უბედურების მომასწავებლად ჩათვლის, და აუცილებლად თხას უნდა გადაასწროს ან გვერდიდან შემოუაროს, სხავნაირად მთელი საქმეები აერევა და ჩაეხლართება.

დედამიწაზე ბოროტების წარმომადგენლები არიან გველები, რომლებიც, რიონის ველის მცხოვრებთა სიტყვით, არიან სამი გვარისა: წითლები, შავები და ფრთიანები. ისინი საზოგადოებებად (თემებად) ცხოვრობენ, თავიანთი ადათები აქვთ და, სხვათა შორის, ქორწილებსაც იხდიან. კარგია ასეთ ქორწილში მოხვედრა, იმიტომ რომ თითოეულ გველში შეიძლება იპოვნო ძვირფასი ქვა, რომელიც მილიონები ღირს და ამასთან ერთად საოცარი მოქმედებაც გააჩნია. დანიშნული არიან რა ქვეყნად იმისთვის, რათა მიწაში ჩამარხული საგანძურები დაიცვან, გველები ჭამენ ყველას, ვინც ამ საგანძურებს მიუახლოვდება. მათთან ბრძოლა შეუძლიათ უშიშარ რაინდებს, უპირატესად წმინდანებს, რომლებიც მათ კიდეც ამარცხებენ. ასე, აქაურების გაგებით, ჭექა-ქუხილი სხვა არაფერია, თუ არა წმ. გიორგის მიერ მფრინავი ცხენით გველის დევნა; ქუხილი – ეს არის ხმები მისი დარტყმებისგან, ელვა – ისრები, რომლებითაც იგი მტერს განგმირავს. აქაურები ირწმუნებიან, რომ ახლახანს ნახეს მოკლული გველის ნაფლეთები მდინარე ყვირილას ხეობაში. ღრუბლები (облака) აქაურებს წარმოუდგენიათ გოლიათურ საბანაო ღრუბლებად (губки), რომლებიც საჭიროების და მიხედვით და მათი მმართველი უმაღლესი ძალის ბრძანებით, ზღვისკენ ეშვებიან, შეისრუტავენ წყალს და შემდეგ მას ხმელეთის თავზე გადმოღვრიან.

იმერელს სჯერა ჭინკის არსებობა – პატარა სიმაღლის მქონე არსებისა, რომელიც ადამიანს ჰგავს და მთლიანად ბალნითაა დაფარული. ჭინკა აცდუნებს და წყალში აღრჩობს ადამიანებს, უპირატესად, ბავშვებს. ჭინკები გამოქვაბულებსა და ხეობებში ცხოვრობენ და იქიდან ადამიანების დასაჭერად ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის პირველ რიცხვებში გამოდიან; ისინი ტყეებშიც ცხოვრობენ, სადაც ადამიანებს ხან ლამაზი ქალის სახით ეჩვენებიან, ხანაც ფრინველის ან მხეცის სახით (Письма изъ Имеретiи кн. Р. Эристова. Кавк. 1857 г. № 59 и 63).

ყველა იმერელი, მაგალითად, მკერდზე ჯვრის მაგივრად პატარა ხატს ატარებს, ვერცხლის პერანგში, ვერცხლის ძეწკვით და ხშირად წმინდა ნაწილითაც; ზოგჯერ ვერცხლის პერანგს ტყავს შემოაკერებენ. ეს ხატები ისეთ პატივისცემაშია, რომ მის წინაშე წარმოთქმული ფიცი ურყევად ითვლება. არც კაცი, არც ქალი ამ ხატს ბანაობის დროსაც კი არ მოიხსნის. უბრალო ხალხში არსებობს რწმენა, რომ თუ ბანაობის დროს ვინმე ამ ხატს მოიხსნის, მაშინ ქალწულის სული (духъ-девы) მობანავეს დააღრჩობს. სოფელ ამაღლებიდან ხუთ ვერსზე, ბაღდათისკენ მიმავალ გზაზე, მთებში, რომლებითაც ეს ადგილია გარშემორტყმული, ამბობენ რომ კიდეც ცხოვრობს ეს სული. აქაურები მდინარე სულორის ნაპირზე გიჩვენებენ ქვას, რომელსაც დასაჯდომის ფორმა აქვს ფეხის დასადგმელითაც, რომელზედაც ადამიანის ორი ტერფის კვალის ანაბეჭდია, და ამბობენ, რომ ეს სწორედ ქალწულის სულის ტერფებია. ამ სულს შეუძლია სხვადასხვანაირად გადაქცევა: შეუძლია გადაიქცეს მზეთუნახავად და მაშინ მას, ვისაც ის აცდუნებს, მოჭრილი ქერა კულულების დაწვით წარმოქმნილი კვამლი უნდა შეაფრქვიონ.

უწყვეტმა მდიდრულმა ტყეებმა აქაურებში ტყის ქალების, ტყის კაცისა და ტყის სხვადასხვა გვარი ზებუნებრივი ძალების არსებობის რწმენა გამოიწვია. მათ სწამთ, რომ მათი ვრცელი ტყეების სიღრმეში, ცხოვრობენ ტყის ქალები (ткисъ-кали) და ქაჯები (каджи) – ტყის კაცები, რომელნიც უკვდავებითა და ყველაზე უფრო ბრწყინვალე თვისებებით არიან დაჯილდოვებულნი.

«ტყის ქალები, ამბობს ი. პანტიუხოვი, ახალგაზრდები და ძალიან ლამაზები არიან; ისინი ღამით მარტოულ მგზავრს მოულოდნელად ეჩვენებიან, მის ცხენს აჩერებენ, ცდილობენ იგი საკუთარი სილამაზით მოხიბლონ და თავიანთ საიდუმლო საცხოვრებელში შეიტყუონ. ორნი, რომელთაგან ერთი ოფიცერია, როგორც თვალითმხილველები, მიყვებოდნენ, რომ თავად ნახეს ეს ქალები და ერთმა მათგანმა იმით დააღწია თავი, რომ საგანგებო ლოცვა წარმოთქვა და აქ ყველაზე უფრო პატივცემული წმინდანების – წმ. პეტრეს, ილიას, გიორგის სახელები ბერვჯერ გაიმეორა, ხოლო მეორემ კი იმ ქალს ესროლა და თავი თავისი ცხენის სისწრაფით დააღწია. თუმცა, თუ ვინმე დათანხმდება წაჰყვეს ტყის ქალს, მაშინ ეს ქალი მას მშვენივრად უმასპინძლდება, ძვირფას ნივთებს ჩუქნის, და აიძულებს მას მისი ქმარი იყოს. ამასთან კაცს შეუძლია ზოგჯერ სახლშიც წავიდეს, ოჯახთან იცხოვროს, მაგრამ არ უნდა იაროს ეკლესიაში, და, როგორც ჩანს, მხოლოდ ამის გამო ეს კავშირი დიდ ცოდვად ითვლება. მაგრამ იყო შემთხვევები, რომ ტყის ქალთან მოხვედრილი კაცები, რომლებმაც ის რაიმეთი განარისხეს, სახლში ჭკუიდან გადასულები ან ნაცემები ბრუნდებოდნენ».

«ტყის კაცი მეტად ჯანმრთელი და ძლიერია, რომელიც ყოველთვის ორი ცულით დადის და, გააჩერებს რა მგზავრს, მას რამდენიმე გამოცანას სთავაზობს და თუ გაჩერებული მათ ამოხსნის, ქაჯი მას უშვებს; ხოლო თუ ვერა – მაშინ კლავს. ზოგიერთი მონადირე მასთან კარგ ურთიერთობებში იმყოფება, ნანადირევის ნაწილს აძლევს და ქაჯიც სწყალობს მათ და უჩვენებს თუ სად არიან მხეცები. მაგრამ უკიდურესობის შემთხვევაში მასაც, ისევე როგორც ტყის ქალს, შეგიძლია თავი დააღწიო, თუ ასჯერ და მეტად წარმოთქვამ: წმინდაო პეტრე, წმინდაო ილია, წმინდაო გიორგი. ამ სიტყვების ძალა ისე დიდია, რომ მათ წინ ვერავითარი ჯადოქრობა ვერ აღუდგება» (О миθахъ и поверьяхъ туземцевъ Рiонской долины. И. Пантюхова. Кавказъ 1867 г. № 27 и 28).

იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში ყველა ბაზარი პარასკევობით იმართება, იმიტომ რომ, ამ დღეს მცხოვრებნი მიწათმოქმედებით არ არიან დაკავებულნი, რადგანაც ამას დიდ ცოდვად თვლიან. არც ერთი გლეხი პარასკევს არ დაიწყებს მუშაობას გუთნით და არ მოაბრუნებს თავისი ურმის ბორბალს არანაირი საგანძურის ფასად.

– ამ დღეს, ამბობენ მოხუცები, დედამიწა წმინდა სისხლით იქნა მორწყული – იგივე დაბადებს სისხლს. თავად დედამიწამ ამოანთხია თავისი წიაღიდან თესლები ამ დიად დღეს, ძლიერი მიწისძვრისგან; ღამე მთელ სამ საათს გაგრძელდა ამ დღეს – მეტი კიდევ რაღა გინდათ? არაფრის გულისთვის არ შევაწუხებთ მიწას პარასკევს.

– და რატომ არ გინდათ თქვენი ურმის თვალი დაატრიალოთ? ეკითხებოდა მათ ერთი მოგზაური.

– ნუთუ თქვენ არ გსმენიათ, პასუხობდნენ მას, რომ დედამიწა ამ დღეს შემობრუნდა და ძლიერი რყევა მოახდინა.

რათა გვქონდეს წარმოდგენა, თუ რამდენად ცრუმორწმუნენი არიან იმერლები, ჩვენ ერთერთ ახლანდელ შემთხვევას მოვიყვანთ, რომელიც «Кавказъ»-ის კორესპონდენტმა მოგვითხრო (Рача. Кавказъ 1870 г. № 105).

რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთი გლეხი სოფელ ალხეთიდან (რაჭაში) დაქორწინდა, მაგრამ შვილები მას არ ჰყავდა. ჰქონდა რა დაუძლეველი სურვილი, რომ თავის შემდეგ პირდაპირი მემკვიდრე დაეტოვებინა, მან აქაურ მკითხავებს რამდენჯერმე მიმართა და სთხოვდა მათ მისი უშვილობის მიზეზი ამოეცნოთ. მათი რჩევით იგი ხან ღვთის სავედრებლად რამდენიმე ათეულ ვერსზე მიემგზავრებოდა, ხანაც თავის ცოლს სხვადასხვა წამლებს ასმევდა, მაგრამ წარმატება არ ჰქონია. ბოლოს ერთერთმა მისანმა ქალმა უშვილობის მიზეზი იმ გარემოებას მიაწერა, რომ ადგილი, სადაც ბედკრული იმერელი ცხოვრობს, მოჯადოებულია და იმ დრომდე არ ეყოლება მას შვილები, სანამ სხვა ადგილას არ გადასახლდება – და აი, იმერელს თავისი საცხოვრებელი ახალ ადგილზე გადააქვს, მაგრამ ეს საშუალებაც უსარგებლო აღმოჩნდება – მას შვილი მაინც არ უჩნდება.

ერთხელ ღამით – როცა იმერელი, როგორც ჩანს, შვილების ყოლის ნეტარებასა და სიხარულზე ფიქრობდა – იგი ხედავს სიზმარს: ეცხადება მას მთვარესავით ჭაღარა მოხუცი გრძელ სამოსში.

– შენს მეზობელს, ამბობს მოხუცი, აქვს ჯოხი, თუ შენ მას შეიძენ, მაშინ აუცილებლად ვაჟიშვილი გეყოლება.

ასეთი სიტყვებით გახარებული იმერელი ძალიან ადრე დგება, მეზობელთან მიდის და სთხოვს მას ჯოხი დაუთმოს. მეზობელი თავიდან ამბობს, რომ მას არანაირი ჯოხი არა აქვს, მაგრამ როცა არაფრით არ შეუძლია მოსულის თხოვნებს თავის დააღწიოს, მოძებნის სადღაც კუთხეში ჯოხს და მას მთხოვნელს აძლევს. უკანასკნელი, ბრუნდება რა სახლში ჯოხით, მას ლოგინის ქვეშ მალავს. ჯოხის შეძენიდან ერთი წლის შემდეგ, გარემოებათა უცნაური დამთხვევით, იმერელს შვილი უჩნდება. და აი ჯოხი სოფლის მაცხოვრებლებს შორის უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს; არავინ არ ეჭვობს ჯოხის სასწაულმოქმედ ძალას და ბევრს უნდა მისი შეძენა, მაგრამ ამაოდ: ახლანდელი მფლობელი უფრო მალე დათანხმდება ვინმეს მთელი თავისი ქონება მისცეს, ვიდრე ეს ჯოხი.

ბევრი დროის შემდეგ, მეზობელს, რომლის სახლის კუთხეშიც ჯოხი მოიძებნა, ვაჟიშვილი გაუხდა ავად და მისი გამოჯანმრთელების იმედი არ იყო. სასოწარკვეთილი მამა ამ დროს იხსენებს თავის ჯოხს, რომელიც უშვილო იმერელს დაუთმო და ამას მიაწერს თავისი ვაჟის სნეულებას. ჯოხის ყოფილი მფლობელი მის ამჟამინდელ პატრონთან გარბის და მას უკანვე მოითხოვს. იგი არ აძლევს, ამბობს რა, რომ თუ მას ჯოხს დაუბრუნებს, ამის გამო შეიძლება მისი ვაჟი მოკვდეს. საქმე სოფლის მოსამართლეებამდე მიდის. მოსამართლეებს აქამდე არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და ჰყვებიან, რომ ჯოხის შესახებ საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადაეცემა.

ცრურწმენა, რომელმაც ხალხში გაიდგა ფესვები, წეს-ჩვეულებაში (ადათში) გადავიდა, რომელიც, მაგალითად გურიაში, თან ახლავს ბავშვის დაბადებას.

მშობიარეს ათავსებენ ოთახში, სადაც არ არის იატაკი. აფენენ თივას და მასზე აგებენ ლოგინს. ლოგინის თავზე ჭერში ამაგრებენ თოკს, ისე რომ მშობიარეს შეეძლოს ბავშვის შობისას მას ხელი ჩასჭიდოს. ლოგინის თავთან იდგმება ღვთისმშობლის ხატი. მღვდელმსახური ბავშვის დაბადებამდე კითხულობს სახარებას, ხოლო ქმარი კი მეზობელ ოთახში ზის. დაიბადება ვაჟიშვილი – ხარობენ, მხიარულობენ და ისვრიან, ხოლო თუ ქალიშვილი – არაფერი არ ხდება. ვინც პირველი ეტყვის მამას «შენ ვაჟი შეგეძინა», მას საჩუქარს აძლევენ.

სროლის დამთავრების შემდეგ, მშობიარე სხვა დალაგებულ ოთახში გადაჰყავთ, ბადეს აფარებენ, რათა მას უწმინდური სული არ დაეცეს და ფარჩის ფარდას ჰკიდებენ. ბალიშების ქვეშ ნიჟარებს უდებენ. ტვირთისგან კეთილად განთავისუფლებამდე (ბავშვის დაბადებამდე), ნათესავები ტირიან. პირველ ღამეს ოჯახს გათენებამდე არ სძინავს. როგორც კი ჩვილის დაბადების შესახებ ხმა გავრცელდება, ყველა ნაცნობი ჩქარობს მიულოცოს იცვამს რა ამ დროს სხვადასხვა ცხოველის გამომხატველ სამოსსა და კოსტიუმს. შეკრებილები სვამენ, მხიარულობენ და ერთობიან (Новый годъ и другiе обряды гурiйцевъ. Накашидзе, Кавк. 1850 г. № 27).

სამეგრელოსა და გურიაში არსებობს აგრეთვე ზრდასრული პირების შვილად მიღების (усыновленiе) წეს-ჩვეულება. ადამიანს, რომელიც რომელიმე ქალისადმი განსაკუთრებული პატივისცემითაა განმსჭვალული, შეუძლია სთხოვოს მას, რომ ქალმა იგი იშვილოს. გურიაში, როგორც შვილად მიმღები, ასევე ისიც, ვინც უნდა იშვილონ, წესის აღსრულებამდე რამდენიმე დღეს მარხულობენ და შემდეგ შვილად მისაღები ძუძუს სწოვს თავის სახელდებულ დედას ნათესავებისა და ახლო ნაცნობების თანდასწრებით. სამეგრელოში წინასწარ მარხვა აუცილებლობას არ შეადგენს. აქ შვილად ამყვანი და შვილად მიმსვლელი მოუხმობენ მღვდელმსახურსა და რამდენიმე მოწმეს. საშვილები მუხლებზე დგება, მშვილებელი მკერდს გაიღეღავს, მღვდელმსახური კი მათზე ამ შემთხვევის შესაფერის ლოცვას კითხულობს. შემდეგ საშვილები პირში იღებს სახელდებული დედის ძუძუს კერტს, რომელიც ერთ ფეხს მას ზურგზე ადებს, ერთგვარად ნათესაობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის. ამ ნათესაობას დიდ პატივს სცემენ მეგრელები და გურულები და ამის შემდეგ არანაირი სხეულებრივი კავშირები არ დაიშვება, არც ამ წესის შემსრულებელ პირებს, და არც მათ შვილებს შორის. წესის დასრულების შემდეგ ქეიფობენ და თავიანთ ახალ ნათესაობას ზეიმობენ.

თუმცა კი, ჩვენს დროში, ეს წეს-ჩვეულება სუსტდება და იცვლება ნათესაობით, რომელიც ჩვენთან რძის ნათესაობითაა ცნობილი (известнымъ у насъ подъ именемъ молочнаго). აქაურებში ამ დრომდე კიდევ არსებობს ჩვეულება, თავიანთ ახალშობილ შვილებს აღსაზრდელად სხვებს აძლევდნენ, წოდების განსხვავების გარეშე, სადაც ბავშვი ზოგჯერ 10 წლამდე რჩება. ამ დროის დასრულების შემდეგ, აღმზრდელები თავიანთ აღზრდილს საჩუქრით მშობლებს მიუყვანენ, რომლებიც მას ორჯერ და სამჯერ მეტი საჩუქრებით ასაჩუქრებენ.

რძის ნათესაობა უწმინდესად ითვლება და აღმზრდელები აღსაზრდელს თავიანთ შვილებსაც ამჯობინებენ; არსად არ სარგებლობენ რძის ძმა ან და ისეთი უფლებებით, როგორც გურიაში.

როცა წეს-ჩვეულებების შესახებ ვლაპარაკობთ, არ შეიძლება დუმილით ავუაროთ გვერდი განსაკუთრებით დამახასიათებელს – მკვდრის დატირებასა და დასაფლავების წესს, რომელსაც ქართველური ანუ ქართული ტომის ყველა შტო ერთნაირად იცავს. რა თქმა უნდა ამ დროს დაცულ წეს-ჩვეულებებს არ შეიძლება ვუწოდოთ დაწვრილებით საზეიმო, მაგრამ ქვემოთ შემდეგი მოთხრობა წარმოადგენს ყველა იმ განსაკუთრებულობათა შენაკრებს, რომლებიც შეიმჩნევა როგორც ქართველებსა და გურულებში, ისე იმერლებსა და მეგრელებშიც – ეს, ასე ვთქვათ, დასაფლავების საერთო სურათია ყველა შტოში.

ოჯახის ერთერთი წევრის სიკვდილთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობს მზადებები მისი საჯარო დატირებისთვის. იქ მყოფი უახლოესი ნათესავები, მშობლები, ძმები, ერთი სიტყვით ჭირისუფლები (чирисъ-упали), ყველა მხრეს აგზავნიან წერილებს განსვენებულის ნათესავებთან და მეგობრებთან, შეტყობინებით მათ თავზე დამტყდარი უბედურების შესახებ და დატირებაზე მოპატიჟებით, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე დღეს და მთელ კვირასაც კი გრძელდება, გარდაცვლილი პირის ღირსებისა და წოდების მიხედვით, ასევე დამტირებელ პირთა რიცხვისა და მათი საცხოვრებელი ადგილის სიახლოვის ან სიშორის მიხედვითაც.

სანამ არ შეიკრიბებიან ნათესავები ან კიდევ არ იქნება მიღებული ცნობა, რომ ამათ და ამათ მოსვლა არ შეუძლიათ, განსვენებული, სიცხის მიუხედავად, რჩება სახლში დაუმარხავი ზოგჯერ ძალზედ დიდხანს და განსაკუთრებით ეს ყველაზე უფრო ხშირად ხდება გურიაში (ერთერთი თვალითმხილველი, რომელიც თავადის ქალის დატირებას ესწრებოდა, ამბობს, რომ ეს 17 დღეს გრძელდებოდა. იხ. Обычай орлакиванiя въ Гурiи. Кавказъ 1856 г. № 37).

ნათესავებისა და მეგობრების გარდა, უძახიან ასევე მეზობლებსაც, რომლებიც, დატირების გარდა, ამ ცერემონიის დროს საკუთრივ ამ შემთხვევისთვის დადგენილ ზოგიერთ მოვალეობასაც (თანამდებობასაც) ასრულებენ.

რამდენიმე ადამიანს გარდაცვლილის ყველაზე უფრო პატივცემული მეზობლებიდან, ირჩევენ მიმგებებლებად (мимгебели), რომელთა მოვალეობაც იმაში შედგება, რომ თითოეულ ახლად მოსულ ადამიანს დახვდნენ, მას თავის დახრით მიესალმონ და განსვენებულის კუბოსთან მიაცილონ. სხვა მეზობელი ინიშნება ჩიხაულის (чихаули) მოვალეობის შემსრულებლად – იმაზე მეთვალყურისა, რათა ყველა დამტირებელ პირსა და მოსულს გამასპინძლების დროს ყველაფერი საკმარისი რაოდენობით მიართვან. დანარჩენები ღებულობენ მეზარის (мезаре) სახელწოდებას, რაღაც მომღერალთა მსგავსისა, და იყოფიან გუნდებად 8-დან 15 ადამიანემდე შემადგენლობით, ისე რომ თითოეულში იყვნენ: ბასები, ტენორები და ალტებიც კი. ორი ან რამდენიმე გუნდი, დგანან რა სახლში, სადაც კუბოა დადგმული, განუწყვეტლივ უნდა აგრძელებდეს ზარს – სიმღერას, რომელიც გამოიხატება არა სიტყვებით, არამედ ხმამაღალი, მყვირალა, განუყოფელი და ველური ბგერებით. მომღერლების დანარჩენი გუნდები ეზოში რჩებიან, და, ზარის სიმღერით მოსულ მეზობლებსა და სხვა გარეშე მოტირალებს (матирале) კუბოსთან მიაცილებენ, ნათესავების გამოკლებით, რომელთაც თან მათი საკუთარი გუნდები ახლავან. როცა ყველა სამზადისი დასრულებულია, თანამდებობები განაწილებული და გუნდებიც შედგენილია, მაშინ თავად ცერემონიაც იწყება. 

მღვდელმსახური აღასრულებს ლიტურგიას, რომლის დასრულების შემდეგაც, იგი, სრული შესამოსლითა და სასულიერო წოდების სხვა პირთა თანხლებით გაემართება სახლისკენ სადაც წევს განსვენებული და იქ რჩება მთელ დღეს დატირებაზე მოსულთა მისაღებად.

ჭირისუფალი (Чирисъ-упали) სამგლოვიაროდ იმოსება და ყველა ქალი კუბოს ერთ მხარეს დგება, ტოვებენ რა მეორეს თავისუფალს, გარეშე დამტირებელი პირების (матирале) მოსასვლელად; მამაკაცები კუბოს შორიახლოს დგებიან და ზურგებით სახლის კედლებს ეყრდნობიან. ახლო ნათესავების ხმამაღალი ქვითინი და მომღერალთა გამჭოლად მოწყენილი ბგერები ატყობინებენ, რომ ცერემონია და დატირება იწყება. გარკვეული დროის შემდეგ, ეზოდან მომღერალთა სხვა გუნდების ზუსტად ასეთივე მკვეთრი ბგერები და ხმამაღალი ქვითინი მოისმის, – ეს დასატირებლად ახალი ნათესავები მოიჩქარიან, რომელთაც თან ორივე სქესის 20 ან 30 თანამგზავრი ახლავთ; ისინი დიდი ცერემონიით მოემგზავრებიან ან მოდიან. თუ გარდაცვლილი კაცი ან ქალი საპატიო პირთა რიცხვს ეკუთვნის, მაშინ ნათესავები ან ნაცნობთა ამალა, რომლებიც დასატირებლად მოემგზავრებიან, ზოგჯერ უზარმაზარ ციფრამდე ადის 200 და მეტ ადამიანამდე. მიუახლოვდებიან რა სახლს, ეს ამალა ჩვეულებრივ რამდენიმე ეშელონად იყოფა, რომლებიც ერთი-მეორის მიყოლებით მნიშვნელოვან მანძილებზე იგზავნებიან, იმ მიზნით, რათა თავიანთი მოსვლა უფრო საპარადო გახადონ და დატირების წესი უფრო მეტ ხანს გაჭიმონ.

დატირებაზე გამგზავრებულებს მეტად ხშირად თან მიჰყავთ გუნდები, რომლებიც მთელ დროს მღერიან (მოთქვამენ) მონოტონურად ვაი, ვაი, ვაი! თუ დატირებაზე გამგზავრებულთა შორის არის ქალი, ისიც ასევე ცხენზე ამხედრებული მგზავრობს და შავი კაბითაა შემოსილი, თმები კი გაშლილი, მაგრამ კარგად დავარცხნილი აქვს. სახლის ჭიშკართან მოსულებს ხვდებიან: პროტოდიაკონი საცეცხლურითა და მღვდელმსახური ჯვრით. დაწყებული ჭიშკრიდან და თავად სახლის გალერეამდე, ქუდმოხდილები, ქუჩად, ორ რიგად დგანან გარდაცვლილის გლეხები, რომლებიც მოვალენი არიან ყოველი ახალი პირის გამოჩენისას იტირონ.

– სად არის თქვენი ბატონი? ეკითხება გლეხებს მოსული სტუმარი. სად არის თქვენი მამა? – თქვენ დაობლდით საწყლებო?..

– ბატონო NN! პასუხობენ გლეხები – შეგვიცოდეთ ჩვენ საწყლები, უბედურები! ქვებით ჩაგვქოლეთ!..

– ინუგეშეთ, ჩემო მეგობრებო, ჩემთან ერთად, ის ჩვენთვის ილოცებს, ჩვენ კი მისთვის ვილოცებთ.

– შეგვიწყალე ჩვენ NN, შეგვიწყალე!.. ვაი, ვაი ჩვენს თავებს! ვაი, ვაი, ვაი!

ზღურბლთან დგას განსვენებული ცხენი, სამგლოვიაროდ მორთული და უკუღმა შეკაზმული – უნაგირის ტახტით კუდისკენ. მას შემდეგ მღვდელმსახურს ან გარდაცვლილის საუკეთესო მეგობარს აძლევენ. ცხენის მახლობლად დგას რომელიმე მსახური, განსვენებულის იარაღით შეიარაღებული, რომელიც მას უკუღმა აქვს ასხმული. 

– რატომ ტირი შენ, საწყალო კეთილშობილო ცხოველო? ამბობს მოსული, მიმართავს რა ცხენს. შენ დაკარგე მეგობარი! ის უკვე აღარ არის, ვისთან ერთადაც შენ მოინააღმდეგის ბანაკში იჭრებოდი, ფეხით თელავდი მტრებს და ძლიერ და მოქნილ მხედართან ერთად, მთელი და უვნებელი გამოდიოდი. ჰო, ჩვენ ორივენი დავობლდით! ახლა შენ უკვე არავინ მოგეფერება კისერზე. იტირე ჩემთან ერთად, საწყალო ცხენო!..

შეხვალთ რა გალერეიდან ოთხში, თქვენ შეხვდებით რამდენიმე ადამიანს ან თანამოგვარეებს, ან მეგობრებს, საპატიო პირებს, ან მეზობლებს! აქვე დგას გარდაცვლილის კუბო, სასულიერო პირებით გარშემორტყმული, და რომლისგან ცოტა განზე განთავსებული არიან უახლოესი და საუკეთესო მსახურები, შავ ტანსაცმელში გამოწყობილნი. ოთხში, სადაც გარდაცვლილის სხეულია დასვენებული, ყველა ფანჯარას შავი ქსოვილი აქვს ჩამოფარებული, ხოლო მის შუაგულში ნახევრად სიბნელეში, რომელიც საკმევლის ღრუბლებთანაა შერეული, დგას კატაფალკი, რომელიც კუბოსა და ცხედარს ჩრდილავს. ოთახის ერთერთ კუთხეში ჩარდახია მოწყობილი, რომლის ქვეშაც გარდაცვლილის ნათესავები ფეხმორთხმით სხედან. ზოგჯერ კი ისინი სხედან საგანგებო ასევე ნახევრად განათებულ ოთახში. ყველა ისინი საუკეთესო ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი გაშლილი თმებით, საკინძეგახსნილი პერანგებითა და გაშიშვლებული მკერდით. ყველაზე უფრო ახლო ნათესავი შიშველ იატაკზე ზის, და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ თანხმდება ხალიჩაზე გადაჯდეს. დაბოლოს, მესამე ოთხში თქვენ ნახავთ ნიშნებს (ან თოჯინებს) (нишнеби /знаки или куклы/), რომლებიც ქმარსა და ცოლს გამოხატავენ, ან ერთ თოჯინას, თუ გარდაცვლილი დაოჯახებული არ ყოფილა. თოჯინებსაც ასევე საუკეთესო სამოსელი აქვთ ჩაცმული, და ისინი ან მწოლიარე, ან მჯდომარე მდგომარეობაში არიან, ამასთან რომელიც კაცს გამოხატავს, მას ხელში წიგნი ან კალამი უჭირავს, ხოლო ქალის გამომხატველს კი – ხელსაქმის იარაღები. ამ უკანასკნელი ოთახიდან თქვენ ისევ გალერეაში გადიხართ, სადაც ერთ მხარეზე გარდაცვლილის ვერცხლის ნივთებია დალაგებული, მეორეზე კი ძვირფასეულობა. 

ასეთია სახლის სურათი, რომელთანაც მოდიან მოსულები, რომლებსაც გალერეასთან საპატიო პირები ხვდებიან. უკანასკნელთა თანხლებით მოსული შედის ოთახში, სადაც მიცვალებულის კუბო დგას.

– ო ჩემო მეგობარო, ამბობს იგი იცემს რა ხელს მკერდში და ქვითინებს რა ლაპარაკის ყოველ პერიოდზე, ამას რას ვხედავ! ვინ დავკარგე, ვინ აღარა მყავს, ვინ შემიცვლის მე შენს თავს? ვინ იქნება ახლა ჩემი მანუგეშებელი, ჩემი დიდება? შენ რატომ დამაობლე მე, ცოლი და შვილები?..

– გაიღვიძე! ადექი! ყვირის იგი გარდაცვლილის კუბოზე დახრილი. ყურად იღე ამდენი პირის ქვითინი? თუნდაც ერთი სიტყვა გვითხარი?

რა თქმა უნდა მთელი წამოძახილები და თხოვნები უპასუხოდ რჩება.

– შეუბრალებელი ხარ შენ! ყვირის მაშინ მოსული საყვედურობს რა გარდაცვლილს, არ გინდა მოგვისმინო!.. იმ ქვეყნად მიდიხარ, სადაც შენი პაპა წავიდა (და კიდევ ესა და ეს პირები) და საიდანაც არავინ დაბრუნებულა?.. დაე ღმერთმა შენ ბედნიერი გზა მოგცეს!.. 

შემდეგ მოსული სთხოვს მიცვალებულს უწინ გარდაცვლილ პირებს მისგან თაყვანი სცეს და მათ ესა თუ ის გადასცეს. რაც უფრო მეტს და მჭერმეტყველურად ლაპარაკობს დამტირებელი, მით უფრო კმაყოფილები არიან ნათესავები, ხედავენ რა ამაში განსვენებულისადმი დამტირებლის დიდ სიყვარულს (ერთგულებას, привязанность). 

გამოხატავს რა თავის მწუხარებას ტირილითა და ქვითინით, მიცვალებულის კუბოსთან, მოსული შემდეგ ოთახში გადადის, და დგება რა მუხლებზე უახლოესი ნათესავის წინაშე, მას სახელით მიმართავს.

– ბატონო NN, ამბობს იგი, – როგორ წუხს და იტანჯება ჩემი გული შენი უბედურებით!

– როგორი თვალებით, პასუხობს იგი, გიყურებ შენ, ჩემო ძმაო! და როგორ არ ჩამქოლავ ქვებით?!

– როგორი ძვირფასი ადამიანი დაკარგე!

– რა გვიქნა მან ჩვენ, დაგვაობლა; რატომ არ წუხარ ჩემს გამო?

– სად არის ჩვენი განმადიდებელი, სად არის ჩვენი მანუგეშებელი? თქვენ ის სად წაიყვანეთ? ო! ო! ო!

– განა უკეთესი არ იქნებოდა მე მოვმკვდარიყავი? კითხულობს ნათესავი; რა მოგვივა ჩვენ?

– გამაგრდი, ჩემო ძმაო! პასუხობს მოსული, რა ვქნათ! ასეთი იყო უფლის ნება! ჩვენ მას უნდა დავემორჩილოთ.

– ნუთუ შენ მეუბნები ამას?.. განა შემიძლია მე მის შემდეგ ვიცოცხლო.

– საკმარისია, ჩემო ძმაო, საკმარისია!.. შენ შვილებისთვის უნდა იცოცხლო, სახლისთვის, რათა მტერმა ისინი არ გადათელოს! შენ უნდა იცოცხლო, რათა გარდაცვლილისათვის ილოცო!..

იტყვის რა ამ სიტყვებს, მოსული ფეხზე დგება და შემდეგ ოთახში გადადის, სადაც ნიშნებს (თოჯინებს) ხედავს.

– აი სად ინებეთ ყოფნა! ამბობს იგი, ჩერდება რა თოჯინების წინ, მე კი ვიფიქრე, რომ თქვენ დაგვტოვეთ... მე მოვტყუვდი!.. მაგრამ არა! მე ვატყუებ საკუთარ თავს, ჩემს გრძნობებს! იგი უკვე აქ აღარ არის... ჩვენ მხოლოდ შენი ხრწნადი სამოსელი დაგვრჩა... შენ ჩვენ ნამდვილად დაგვტოვე...

ამ სევდიანი რწმენით დამტირებელი (მოსული) გადის გალერეაში, სადაც მიცვალებულის იარაღია დალაგებული.

– სად არის ის, ვინც შენ გმირულად გფლობდა? კითხულობს იგი; ვინც მტრებს აშინებდა და თელავდა? სად არის ის ძლიერი ხელი, რომელიც შენით მტერს შუაზე ჰკვეთდა? სად არის ის მძლე გოლიათი? ის მოკვდა, ის უკვე ნეშთია!

– თქვენ ჩვენ უკვე აღარ გვჭირდებით! ამბობს იგი, მიმართავს რა ვერცხლისა და სხვა ძვირფას ნივთებს; ის უკვე აღარ არის, ვისთანაც თქვენ მხიარულობდით, ვინც ამ თასებით ღვინოს სვამდა, ვინც თქვენით ირთვებოდა; ის თქვენზე უარესია: ის მიწაა!.. არა! ის უარესი არ არის! სულაც არა!.. იგი – ჩემთვის წმინდა მიწაა.

მოივლის რა მსგავსი წამოძახილებით სახლის ყველა ოთახსა და განსვენებულის ნივთებს, მოსული თავის სახლში მიდის ან მეორე ოთახში ბრუნდება, იმაში, სადაც ნათესავები არიან, მაგრამ აუცილებლად სხვა გზით, სულაც არ შედის რა იმ ოთახებში, რომლებშიც უკვე იყო. ნათესავებსაც ასევე შეუძლიათ სახლში წასვლა, მაგრამ მოვალენი არიან, ყოველ დღეს დილით და საღამოთი, მოვიდნენ და მიცვალებულის უახლოეს ნათესავებთან ერთად იტირონ, თითქმის იმავე მოთქმა-გოდებით, როგორც პირველ ჯერზე.

სინანულის გამოხატვა დამტირებლის მჭერმეტყველებაზეა დამოკიდებული, რომელსაც იქ მყოფნი ასევე განმჭოლი წივილ-კივილით პასუხობენ. ამის გამო ოთახში მოსულების დაგროვებასთან ერთად, სულის შემძვრელი ტირილი გაისმის, რომელიც ყველაზე უფრო უგრძნობ ადამიანსაც კი უნებურად თვალებს ცრემლებით აუვსებს. ტირილის დასრულების შემდეგ, ყველანი ოთახებიდან გამოდიან და კარებებს სამ-სამჯერ მოაჯახუნებენ. მაგრამ ნათესავების ერთ ჯგუფს არ დაუსრულებია თავისი დატირება, როცა მთაზე სხვა კიდევ უფრო დიდი ბრბო გამოჩნდება, რომელიც თავისი კივილითა და ქვითინით მთელ გარეშემო არეს აყრუებს. დამტირებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად, კივილი და მოთქმაც იზრდება.

როცა ყველა ნათესავმა თავისი მორიგი ტირილი დაასრულა, მაშინ სანამ მიცვალებულის სახლიდან გამოსვენებას შეუდგებიან, საყოველთაო ტირილი იწყება. თითოეული ცდილობს თავის მეზობელზე უფრო ხმამაღლა იკივლოს და ტირილით გამოირჩეს: ხმაური, წივილ-კივილი და გაშმაგებული მოძრაობები ავსებენ ოთახს. ნათესავები ტირიან და კივიან, სუფთა გულით, მწუხარებით, მეზობლები კი მკერდში ხელებს იცემენ და თმებს იგლეჯენ, თავებს კედელზე ახლიან, შეიძლება ითქვას, მოვალეობის გამო, უძველესი დროიდან შემოღებული ადათის მიხედვით. ის პირები, რომლებიც, განსვენებულის სიცოცხლეში, მასთან უთანხმოებაში იყვნენ და სძულდათ კიდეც იგი, ახლა სახესა და მკერდს სისხლის დენამდე იხოკავენ, მიიწევენ, რათა წყალში გადავარდნენ, გარეგნულად უჩვენებენ, რომ მზად არიან რაიმე იარაღით თავი მოიკლან, და ისე აწყდებიან აქეთ-იქით, რომ ორ-ორი ადამიანი ძლივსღა ახერხებს მათ შეკავებას. ისინი ილანძღებიან, თხოულობენ არ შეაკავონ, გაუშვან, და ევედრებიან, რომ ნება მისცენ მათთვის აუტანელ ცხოვრებას ბოლო მოუღონ. ისინი მიეჭრებიან კობოსთან და ნებას არ აძლევენ ის ასწიონ, რათა სახლიდან გამოიტანონ – ასეთია ადათის (წეს-ჩვეულების) ძალა.

სხვადასხვანაირი სიძნელეებით ხერხდება მიცვალებულის სახლიდან გამოსვენება (მაგრამ ზოგჯერ კი ეს სიძნელეები ისე დიდია, რომ სხეული სასაფლაოზე საიდუმლოდ მიაქვთ. იხ. Обычай оплакиванiя въ Гурiи. Кавк. 1856 г. № 37) და მაშინ გურულებში კუბოს წინ გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც აძლევენ სულის საგზალს (сулисъ-сагзали) (საგზაო პროვიზიას სულისთვის) (Сули – душа, сагзали – путевая провизiя), რომელიც ღვინით სავსე დოქისა და გამომცხვარი პურისგან შედგება. ეს პროვიზია აუცილებელია მან პირდაპირ სასაფლაოზე წაიღოს და უკან ერთხელაც არ მოიხედოს, სხვანაირად სულის საგზალი თავის დანიშნულებას ვერ მიაღწევს. გურულები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის სულს, რომელიც სხეულს ტოვებს და გზას შეუდგება, პროვიზიის საჭიროებაც გააჩნია. აქაურის რწმენით, სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული 40 დღის განმავლობაში დედამიწაზე რჩება და საკვებს ზუსტად ისევე საჭიროებს, როგორც ყველაფერი, რაც დედამიწაზე ცხოვრობს; ამ ვადის შემდეგ კი, ზეცაში გადასახლებასთან ერთად, ივიწყებს რა ყველაფერ მიწიერს, ცოტ-ცოტად გადაეჩვევა საჭმელსაც. ამის გამო გარდაცვლილის ნათესავები 40 დღის განმავლობაში სადილისა და ვახშმის დროს გარდაცვლილისთვის საგანგებო პორციას ტოვებენ, და, აძლევენ რა მას ღარიბ-ღატაკს, ფიქრობენ რომ ის სასწაულებრივად გარდაცვლილამდე მიაღწევს.

იმერეთში მიცვალებულის სახლიდან გამოსვენებისას ფანჯრებში რამდენიმე შუშას ამტვრევენ. ყველაზე უფრო ახლო ნათესავები ფეხზე იხდიან და კუბოს ფეხშიშველები მიჰყვებიან, თუნდაც ამ დროს თოვლი ან ყინვა იყოს.

ბრუნდებიან რა სასაფლაოდან, სახლის ალაყაფში ხელებს წყალგარეული ღვინით იბანენ და შემდეგ, ახლო ნათესავების გამოკლებით, მაგიდას მიუსხდებიან. სადილზე სამარხვო საჭმელები გამოაქვთ და ეს მარხვა გრძელდება: მოსული ახლობელი გარეშე პირებისთვის ყოველ დღეს, შვიდი დღის განმავლობაში, ახლო ნათესავებისთვის კი, 40 დღეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჩვეულებრივ მთელ წელს მარხულობენ; არ ჭამენ ამ დროს ტკბილ კერძებსა და ხილს, ხოლო ზოგჯერ კი ყველა იმ კერძზე ამბობენ უარს, რომლებიც გარდაცვლილს უყვარდა.

გლოვის დროს ყველაზე უფრო უხეშ შავ სამოსელს ატარებენ, წვერს არ იპარსავენ, თმებს არ იჭრიან, საზოგადოებასა და გართობებს თავს არიდებენ; ოჯახის წევრები კი ხშირად 40 დღით ბნელ ოთახში იკეტებიან და მთელი წლის განმავლობაში არ შედიან იმ ოთახში, რომელშიც მიცვალებული აღესრულა.

მეშვიდე და მეორმოცე დღეს აღასრულებენ გამოტირილს (гамотирили) (გამოტირებას ანუ უკანასკნელ დატირებას). ნათესავები სასაფლაოზე იკრიბებიან და საფლავის ახლოს დგამენ მაგიდას, მასზე ხალიჩებს აფარებენ, მათზე კი გარდაცვლილის სამოსელს დებენ, რომელზედაც ისევ ტირიან და ქვითინებენ. გარკვეული დროის შემდეგ აღესრულება აღაპი (агапи) (ქელეხი, поминки). მოიწვევენ რა სასულიერო წოდებას, ნათესავებს, მეგობრებსა და ნაცნობებს, რამდენიმე ხარს ან ძროხას კლავენ, აგრეთვე ცხვრებსა და ქათმებს, ამასთან გურიაში ქათმის კვერცხებს წითლად ღებავენ. პანაშვიდის შემდეგ, სასულიერო წოდება მომზადებულ საჭმელებს აკურთხებს და ყველანი სადილად სხდებიან. «მღვდელმსახურებს და განსაკუთრებით კი გარდაცვლილის სულიერ მოძღვარს საუკეთესო საჭმელსა და თითოეულს რამდენიმე წითელ კვერცხს აწვდიან. ეს პორციები, რომლებსაც მღვდელმსახურებს მიართმევენ და რომლებსაც არშივი (аршиви) ეწოდება, საკმაოდ დიდია, ასე რომ ისინი მათ ნაწილს თავიანთ ოჯახებსაც უგზავნიან. აღაპზე სხვათა შორის გარდაცვლილის სულიერი მოძღვარი, დიდი ძალისხმევით, ახალისებს ჭირის უფალს, რომ სახსნილო საჭმელები იგემოს» (Погребальные обряды у Гурiйцевъ. Кавк. 1855 г. № 21).

რათა უკეთესი წარმოდგენა გვქონდეს ქელეხის (აღაპის) შესახებ (о помикахъ), მე აღვწერ იმას, რომელიც 1846 წლის 12 სექტემბერს სამეგრელოს მთავრის თავად ლევან დადიანის ნეშთზე იქნა აღსრულებული.

დაბლობზე, მთის ძირში, ქვეითი და ცხენოსანი მეგრელების ბრბოები იკრიბებოდნენ. ისინი უწესრიგოდ ისწრაფვოდნენ მარტვილის მთისკენ, რომელზედაც მარტვილის უძველესი მონასტერი დგას, სადაც დადიანის სხეულია დაკრძალული. მონასტრის ზარების მოწყენილი დამკრძალავი უწყება (унылый похоронный благовесть) მლოცველებს ეკლესიაში მოუხმობდა. ეკლესიაში შესასვლელის წინ თავადაზნაურები და სამღვდელოება სამგლოვიარო სამოსელში და ქუდმოხდილები მწკრივად იდგნენ. ტაძრის შესასვლელთან მეჯინიბეებს სამგლოვიაროდ შეკაზმული ორი ცხენი ეჭირათ; ხოლო ტაძრის კარიბჭეში კი ეკავათ ორი დროშა: ერთი იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ ნაწყალობევი, როგორც დადიანის ძალაუფლების ნიშანი, მეორე კი წმინდა გიორგისა, რომელიც სამეგრელოს მილიციამ ბრძოლის ველზე დაიმსახურა.

ტაძრის შიგნით, სამეუფო კარის მარჯვენა მხარეს, ჩანს ფიცარნაგი, სადაც გარდაცვლილის ნეშთია დასვენებული, რომელზედაც ფარჩის საფარველია გადაფარებული. ფიცარნაგის თავში, ვერცხლის სასანთლეებში, სამი ცვილის სანთელი იწვოდა, ხოლო ფიცარნაგის ირგვლივ კი კრებული და სასულიერო წოდება სამგლოვიაროდ შემოსილი იდგა. შორიდან სამწუხარო კვნესა და ქვითინი ისმოდა: ორ თავადს ღრმად მოხუცი კაცი ხელის მიშველებით მოჰყავდა, მათ უკან კი ფეხშიშველი, ქუდმოხდილი, მთლიანად სამგლოვიარო ტანსაცმელში, ხალხის ბრბო მოდიოდა. ასი წლის მოხუცი, ქვითინით, თმებს იგლეჯდა, სახესა და თავში ხელებს იცემდა და სულის შემძვრელი ხმით კვნესოდა. ბრბო მის ქვითინს ეპასუხებოდა. იგი ფარჩის საფარველზე დაეშვა და უნუგეშო მწუხარებასა და მოთქმა-ვაებას მიეცა, ფიცარნაგზე თავს ახლიდა და ტაძარში მყოფნი ყველანი მას ხმამაღალი ქვითინით, შესაბრალისი კივილითა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დარტყმებით ეპასუხებოდნენ.

– უბედურება! უბედურება გვეწვია! ჰყვიროდა მოხუცი, ხალხო, ჩვენ ვინ დავკარგეთ?

– ვაი, ვაი, პასუხობდა ხალხი, რომლის წამოძახილებიც ეკლესიის თაღებ ქვეშ ყრუდ გაისმოდა.

– ნუთუ იმისთვის ვცხოვრობდი ამდენ ხანს, აგრძელებდა იგივე მოხუცი, რომ მამაშენი დამეტირა, და შენზეც ვიტირო?.... გამიშვით, მე ამ საფლავზე თავს გავიტეხ! მე არ მჭირდება სიცოცხლე, როცა მან, ვინც ხალხისა და ჩემი მამა იყო, ჩვენ დაგვტოვა....

– ვაი, ვაი, მას რამდენიმე ხმა აწყვეტინებდა.

– შენ რატომ დაგვტოვე? ნუთუ ჩვენ შენ მცირედ გვიყვარდით, არ გიჯერებდით, ჩვენს უკანასკნელ მონაპოვარსა და სისხლს მსხვერპლად არ გწირავდით?... დაითვალე სისხლის წვეთები ჩემს ძარღვებში, დაითვალე ისინი თითოეულში, ვინც შენი ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდნენ, და შენ ნახავ, რომ ის ბევრი დაიღვარა შენსა და ჩვენი მეფის მტრებთან ბრძოლაში. მაინც რატომ დაგვტოვე ჩვენ?...

– ვაი, ვაი!...

– ვინღა წაუძღვება ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს მტრების ბრბოებზე, როცა ისინი ჩვენი საცხოვრებლების ასაოხრებლად მთებიდან ჩამოვლენ? ვინ დაგვიცავს; ვინ გაამართლებს უდანაშაულოს, ვინ შეიწყალებს ღარიბ-ღატაკს? მამავ, რატომ დაგვტოვე ჩვენ ობლად? წამიყვანე, წამიყვანე, მომიწოდე მეც შენთან, შენი უბედური მსახური!... 

მოხუცმა ძლიერად დაიწყო თავის დახლა ფიცარნაგზე, მისი შემყურე ხალხი ქვითინებდა და ღაღადებდა: ვაი! ვაი! ბოლოს იგი წამოაყენეს, საფლავს მოწყვიტეს და სხვაგან წაიყვანეს.

იგი გარდაცვლილის ერთერთი ნათესავის პირისპირ გაჩერდა.

– ნიკოლოზ, ჩვენ ვინ დავკარგეთ, ჰკითხა მან.

– ნუ მკითხავ! პასუხობდა იგი... მე თვალებში ცრემლი გამიშრა (я выплакалъ глаза), ჩემთვის მზე ჩაქრა, თვალები ქვად გადამექცა, რომელთაგან განუწყვეტლივ ორი მწარე წყარო მოედინება, და სულის უბედურების გამოტირება კი არ შეუძლიათ!...

– როგორი უბედურება დაგვატყდა თავზე!...

და მოლაპარაკეები ხმამაღალი ქვითინით ერთმანეთს გადაეხვივნენ.

ხალხი კვნესოდა უყურებდა რა ამ სცენას და ტანჯვის დარტყმები (удары истязянiй) საყოველთაო ტირილს აყრუებდა.

– უბედურება, უბედურება გვეწვია ჩვენ საწყლებს! ტირილს შორის რაჭის თავკაცების შესაბრალისი ხმა გაისმა, რომლებიც ფარჩის საფარველზე დაემხნენ.

– მე ვფიქრობდი შენ მხოლოდ სნეულების სარეცელზე მენახე, ამბობდა ერთი მათგანი, შენ კი უკვე ცივ მიწაში ხარ, რომელიც მოტირალთა ცრემლითა და სისხლითაა მორწყული, შენი დაობლებული შვილებისა!...

– შენ დაგვტოვე, წარმოთქვამდა მეორე, თანაც თმებს ბღუჯად იგლეჯდა, შენ თვალები საუკუნოდ დახუჭე, და ვინღა დაგვიცავს ჩვენ მტაცებელი მეზობლებისგან, ვინ მოგვცემს ჩვენ პურს, როცა ნამგალი კი არა, ქარიშხალი მომკის მას? ახლა გრიგალიცა და ელვაც, სეტყვა და თოვლი გაგვაღატაკებენ ჩვენ, ცოცხლად დაგვმარხავენ უბედურებს! ხალხო, რითი განარისხეთ, რა გააკეთეთ ისეთი, რომ მამამ თქვენ დაგტოვათ, დედამიწიდან ზეცაში ავიდა და ჩვენ ყველანი ობლებად დაგვტოვა?...

მისი უკანასკნელი სიტყვები გამაყრუებელი კივილით იქნა შეწყვეტილი; მტკივნეულად, სასოწარკვეთით და მტანჯველად მეორდებოდა თაღების ქვეშ ქალის კივილი, რომელიც ხელჩაკიდებული მოჰყავდათ. მისი ჭაღარა თმები გასისხლიანებული იყო, მკერდი ნაცემი და გახსნილი, ხელები სხეულს კრუნჩხვით კაწრავდნენ.

– გამიშვით! კიოდა იგი და საფარველზე ვარდებოდა, მომეცით საშუალება, რომ ცრემლებთან ერთად მის საფლავზე სისხლიც დავთხიო!... შენ მე დამტოვე, დედამ კი ჩვენ ორივენი ერთი რძით გაგვზარდა, და მე ჯერაც ცოცხალი ვარ... და როგორ მიყვარდი შენ, როგორ ვევედრებოდი: მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, ცას, ზღვასა და მიწას, ტყვიებსა და ხმლებს – დაენდეთ შენ და შეეწყალეთ, ჰყვარებოდით როგორც თავად მიყვარდი, შვილებისთვის საყვარელი მამა არ წაერთმიათ, მაგრამ მიწამ არ მომისმინა და მთელი ქვეყანა დაობლდა!... მზეო, მთვარევ და ვარსკვლავებო ახლა თქვენ ვისი ცქერით დატკბებით, ახლა რის გამო გაიხარებთ? ყველგან მხოლოდ ტირილი და კვნესაა, ყველას თვალებში ცრემლი გაუშრა, ვერ დაინახავენ თქვენს ნათებას – ვაი, ვაი! ჩვენ მიწას ვინ მივაბარეთ.

– ვაი, ვაი, პასუხობდა მას ხალხი.

– დედამიწავ, ვისთვის აყვავდება ახლა შენი სილამაზე, ვისთვის მწიფდება შენი ნაყოფები! ვინ დაედევნება მტაცებელ მხეცებს, ვინ მისცემს ხალხს დაცვას, სიმართლეს, სიყვარულს, ვინ განაქარვებს ჩემს მწუხარებას, შემაშრობს ცრემლებს? იდინეთ, იდინეთ, სანამ მთელ სულს არ გამოვიტირებ თქვენით, სანამ მწუხარებისგან გული არ გამისკდება, სანამ შენს საფლავზე თავს არ გავიტეხ! მე ამ მიწაში ცოცხლად დამმარხეთ, არ შემიძლია მასზე დიდხანს ვიცოცხლო, ჩვენ ერთმა დედამ გაგვზარდა თავისი რძით, დაე ერთმა მიწამ დაგვფაროს კიდეც!

ბრბოები ერთი-მეორის მიყოლებით შემოდიოდნენ ტაძარში და ერთთა ღაღადი სხვა შემოსულების ტირილითა და წამოძახილებით იცვლებოდა. ეკლესიიდან ყველანი მიდიოდნენ, რათა გარდაცვლილის ცხენი, მისი უნაგირი, მათი დამჭერი ადამიანები ეტირათ, და შემდეგ კი გარდაცვლილის სახლში. იქ დატირების იმავე წესსა და ადათს თოჯინაზე აღასრულებდნენ, რომელიც განსვენებულს გამოხატავდა მისი რეგალიებით. 

არაფერი რომ არ ვთქვათ უკვე ახლო ნათესავებზე, ამ წესს გამაოგნებელი მოქმედება აქვს თითოეულ დამსწრეზე ეკლესიაში და ძლიერი ნერვები უნდა გქონდეს, რათა, უყურებ რა ამ სამწუხარო სურათს, თავადაც ცრემლები არ მოგერიოს (Поминки надъ прахомъ владетеля Мингрелiи кн. Левана Дадiана. Кавк. 1846 года № 39).

დაკრძალვა ოჯახს ძვირი უჯდება და მის ხარჯებს მხოლოდ იმით იმსუბუქებენ, რომ მეზობლები და ნაცნობები ფულსა და живность-ს სწირავენ. ეს შესაწირავები შემოსავლებისა და გასავლების სიებში იწერება, იმ მიზნით, რათა შემდგომში ჰქონდეთ საფუძველი, რომელ შემომწირველს რამდენი გაუგზავნონ მისი მსგავსი უბედურების შემთხვევაში (Письма изъ Имеретiи, кн. Р. Эристова. Кавказъ 1857 г. № 79).

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment