Wednesday, July 20, 2016

აკადემიკოსი დუბროვინი საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე იმპერატორ ალექსანდრე I-ის უარყოფითი აზრის, საქართველოში გენერალ-ლეიტენანტ კნორინგის გამოგზავნისა და აქაური მდგომარეობის შესახებ

(მასალა წარმოადგენს წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ III, Санктпетербургъ, 1886/ შესაბამისი თავის თარგმანს)

თავი XVIII 

(დავით ბატონიშვილისა და დარეჯან დედოფლის წერილები იმპერატორ ალექსანდრე I-დმი. – საკითხი საქართველოს შემოერთების შესახებ ისევ გადაეცა სახელმწიფოს საბჭოს განსახილველად. – იმპერატორი ალექსანდრე I ეწინააღმდეგება თავისი დერჟავისადმი საქართველოს შემოერთებას. – რესკრიპტი კნორინგისადმი და მისი საქართველოში გაგზავნა. – ს.-პეტერბურგში რწმუნებულების ჩამოსვლა და მათი თხოვნები. – შემთხვევები საქართველოში.)

დავით ბატონიშვილი და დარეჯან დედოფალი, შეიტყვეს რა ტახტზე იმპერატორ ალექსანდრე I-ის ასვლის შესახებ, ჩქარობდნენ წერილების გაგზავნას, თავიანთი თხოვნებისა და სურვილების განცხადებით. დავითი სთხოვდა იმპერატორს ის საქართველოს მეფედ დაემტკიცებინა (Письмо Давида отъ 8-го апреля 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ, по деп. Общ. делъ, Дела Грузiи, кн. 1); დარეჯან დედოფალი სთხოვდა ეს ტახტი მისი უფროსი ვაჟიშვილის, იულონ ბატონიშვილისთვის გადაეცა (Письмо царицы отъ 15-го апреля 1801 г. Тамъ же). დავითი იმაზე მიუთითებდა, რომ იგი ტახტის მემკვიდრედ ჯერ კიდევ განსვენებული ხელმწიფის პავლე პეტრეს ძის მიერაა დამტკიცებული, დარეჯან დედოფალი კი მისი განსვენებული მეუღლის ერეკლე II-ის ანდერძს ემყარებოდა, რომელმაც ტახტზე მემკვიდრეობის წესი განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც ტახტი უნდა გადავიდეს გიორგის ძმებთან გვარში უფროსობის მიხედვით. 

«გვიხსენით ჩვენ სიცრუისაგან, – წერდა დედოფალი, – და უპატიობისაგან, რომლებიც ჩვენ ჩემმა გერმა გიორგი მეფემ შეგვამთხვია, და ინებეთ დაამტკიცოთ ჩვენი უფლებები, რომლებიც ჩემმა გარდაცვლილმა მეუღლემ ერეკლე მეფემ თავის სამეფო სახლში წერილობით დაადგინა».

დავით ბატონიშვილმა წერილი კნორინგის მეშვეობით გამოგზავნა, დარეჯან დედოფალმა კი ის თავის ძეს მირიანს გადასცა, რომელიც პეტერბურგში მოემგზავრებოდა. იგი იმედოვნებდა, რომ მირიანი პირადად იშუამდგომლებდა თავისი დედისთვის და იმპერატორის ყურადღებას მის დაუცველ მდგომარეობაზე მიაქცევდა. დედოფალი არა მხოლოდ თავისი გერის გიორგის უსამართლო ქცევებზე ჩიოდა, არამედ იმაზეც, რომ მას მამულების დიდი ნაწილი ჩამორთმეული აქვს და არსებობის სახსრები არ გააჩნია.

«ყველას საერთო გამოცდილებით ცნობილია, – წერდა დედოფალი, – რომ ცოცხალ არსებათა უპირველესი საზრუნავია თავიანთი სიცოცხლის გაგრძელებისთვის საზრდელის ქონა, რომელსაც მეც უნდა მივყვე, არა მაქვს რა შეძლება ჩემთან მყოფთა ყოველდღიურად თუნდაც მხოლოდ პურით დაკმაყოფილებისთვის. შემოსავლებით, რომლებიც კანონიერად მე მეკუთვნის, სხვები სარგებლობენ, ხოლო მე კი, არ გამაჩნია რა ძალები და დავრჩი რა საზრდელის გარეშე, ჩემს ცხოვრებას უკიდურეს მწუხარებაში ვატარებ. ხოლო ჩემს მამულებს, ჩემი საკუთარი შრომითა და ზრუნვით შეძენილთ, სხვები ფლობენ...»

ორი პირის თხოვნა ერთი და იგივეთი მათი დაკმაყოფილების შესახებ იმპერატორ ალექსანდრეს მათ აღსრულებას უძნელებდა და აიძულებდა, არ მისცემდა რა უპირატესობას არც ბატონიშვილს, არც დედოფალს, რუსეთისადმი საქართველოს შემოერთების შესახებ საკითხი ისევ განსახილველად სახელმწიფო საბჭოსთვის გადაეცა. 

არ იყო რა პირადად განწყობილი ქვეყნის შემოერთების სასარგებლოდ, ალექსანდრემ საბჭოს შესთავაზა საკითხი: რუსეთის ქვეშვრდომობაში საქართველოს მიღებით ხომ არ მოვიქცევით უსამართლოდ იმ სამეფოს ტახტის მემკვიდრეებთან მიმართებაში? (Реестръ протоколамъ государственнаго совета 1801 г. Государственный Архивъ) ხელმძღვანელობდა რა უმკაცრესი მიუკერძოებლობით, «უარყო რა სრულიად ანგარების მიზნები», სახელმწიფო საბჭომ მაინც აღიარა რუსეთის იმპერატორების სკიპტრის ქვეშ იმ ქვეყნის შენარჩუნების აუცილებლობა. სამი საფუძველია მოყვანილი საბჭოს 1801 წლის 11 აპრილის ჟურნალში. პირველია ის, რომ სამეფო სახლის უთანხმოებანი სუსტ სამეფოს დამღუპველი შინაომებით ემუქრება. მეორეა, რომ მფარველობა, რომელსაც რუსეთი დიდი ხნიდან უწევს, მოითხოვს, რათა იმპერიის საკუთარი ღირსებისთვის საქართველოს სამეფო მთლიანობაში იქნას შენარჩუნებული, და, მესამე საფუძველი ისაა, რომ ქვეყნის შემოერთებით უზრუნველიყოფა რუსეთის საკუთარი საზღვრების სიმშვიდე და შეიძინება სრული მოხერხებულობა მთიელი ხალხების თვითნებობებათა ასალაგმავად. 

ემყარებოდა რა ამას, სახელმწიფო საბჭო ვარაუდობდა: 1) დაეტოვებინა საქართველოში ჩვენი ჯარები, რომლებიც იქ უკვე იმყოფებოდნენ; 2) დაეარსებინა ქვეყანაში დროებითი რუსული მმართველობა, დაყოფდა რა მთელ მიწა-წყალს შვიდ მაზრად. სამოქალაქო ნაწილის მართვისათვის საქართველოში გაეგზავნათ გუბერნატორი, რომელიც საკუთარ თავში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლებას შეიერთებდა.

იმპერატორის არაოფიციალური კომიტეტის წევრები (დაწვრილებითი ამბები ამ კომიტეტის მოწყობისა და შემადგენლობის შესახებ არის მ. ი. ბოგდანოვიჩის წერილში: «Первая эпоха преобразованiй Императора Александра». «Вестникъ Европы» 1866 г., т. I, стр. 158) სახელმწიფო საბჭოს დასკვნას არ იზიარებდნენ; არ იზიარებდა მას იმპერატორი ალექსანდრეც, რომელიც მათთან ერთად ვარაუდობდა, რომ მხოლოდ ძალა არ იძლეოდა არანაირ უფლებას შემოეერთებინა იმპერიისთვის ქვეყანა, თუ თავად მის მცხოვრებთ ეს არ სურდათ.

პოულობდნენ რა, ამის გარდა, ბევრ არახელსაყრელობას მსგავსი შემოერთებისგან, კომიტეტის წევრებმა დაარწმუნეს იმპერატორი ეს საკითხი ხელმეორედ გადაეცა სახელმწიფო საბჭოსთვის განსახილველად, ამასთან ალექსანდრემ რწმუნებით აღჭურვა გენერალ-პროკურორი ბეკლეშევი განეცხადებია საბჭოსთვის «მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სურვილის უკიდურესად არქონის შესახებ, რომ ის სამეფო რუსეთის ქვეშევრდომობაში მიიღოს, მიიჩნევს რა უსამართლოდ სხვისი მიწის მითვისებას» (Государственный Архивъ).

თავისი პირველი დადგენილებიდან ოთხი დღის შემდეგ, სახელმწიფო საბჭო, 15 აპრილს, ისევ განიხილავდა საკითხს საქართველოს შემოერთების შესახებ. საბჭო თავის პირველ მოსაზრებაზე დარჩა.

მთელი ხალხის მიერ განცხადებული სურვილი ყოფილიყო რუსეთის ქვეშევრდომობაში ხსნიდა (იცილებდა) ყველანაირ ძალადობას, თვითნებობასა და უსამართლობას იმპერიისადმი მისი შემოერთების საქმეში. სპარსეთის შაჰების პრეტენზიებმა უმაღლეს ძალაუფლებაზე საქართველოში და ამის გამო ქვეყნის მუდმივმა რბევა-აწიოკებამ აიძულეს ხალხი რუსეთის მფარველობა ეძია და ამით ბარბაროსული უღლისგან განთავისუფლებულიყო. რისი მოლოდინი უნდა ჰქონებოდა საქართველოს მაშინ, როცა მან საჯაროდ განაცხადა თავისი სიხარული ახალი მდგომარეობის გამო, რომელშიც იმპერატორ პავლეს მანიფეტის შედეგად გადავიდა და რომელშიც დაცვისა და სიმშვიდის მიღებას იმედოვნებდა? დატოვებდა რა ქვეყანას მისი საკუთარი ნების ანაბარა და უარს იტყოდა რა მფარველობაზე, რუსეთი მას მტაცებელი მეზობლის – სპარსეთის მთელ სისასტიკესა და შურისძიებას შეატოვებდა, რომელიც მხოლოდ მიხერხებულ შემთხვევას ელოდებოდა იმისთვის, რათა იგი თავის ხელში ჩაეგდო. რუსეთის სიდიადე და სამართლიანობა მოითხოვდა, რომ საქართველო მისი საკუთარი ძალების ამარა არ ყოფილიყო დატოვებული, ხოლო მისი მხოლოდ მფარველობაში დატოვება კი თავად იმპერიისთვის არ იქნებოდა ხელსაყრელი.

მართლაც, მფარველობას უწევდა რა საქართველოს, რუსეთს იქ საკმარისი ჯარები უნდა შეენახა მტრების თავდასხმებისგან მის დასაცავად. ამ ძალის შენახვა სახელმწიფოს ზედმეტ და უსარგებლო ხარჯებში ჩაითრევდა. ჯარების გაგზავნა კი საქართველოში მხოლოდ მაშინ, როცა მათი აუცილებლობა წარმოიქმნებოდა, შეუძლებელი გახლდათ. მთების გავლით მოძრაობისთვის მხოლოდ გზის მომზადებაზე, იმდენად ბევრი დრო იყო აუცილებელი, რომ მეზობლები ყოველთვის მოასწრებდნენ ქვეყანაში შემოჭრასა და მის საბოლოოდ აოხრებას.

«მაგრამ თავად რუსეთისთვისაც მავნებელია საქართველოს დატოვება, – ნათქვამია სახელმწიფო საბჭოს ჟურნალში. – თავის ხვედრს მინდობილი, ეს მიწა თავისი მეზობლების აუცილებელ მსხვერპლად შეიქნება, და იმ ქვეყანაში ქრისტიანული სამფლობელო მოისპობა. მხოლოდ ეს ემუქრება უკვე რუსეთის საზღვრებს დამღუპველი შედეგებით. ამ დრომდე მათი სიმშვიდე, საკუთარი საჯარისო თავდაცვის გამოკლებით, მნიშვნელოვანწილად იმითაც იყო დაცული (მოზღუდული), რომ საქართველო, რომელსაც მთიელ ხალხებს შორის აქვს მდებარეობა, მათ ფიზიკურად ჰყოფდა ერთმანეთისგან, ხელს უშლიდა რა უმცირესი შეთანხმების დროსაც გაერთაინებულიყვნენ. ამაზე არანაკლებ უშლიდა ეს სამეფო ხელს პოლიტიკური მოსაზრებით გაერთიანებაშიც იმ ხალხებს, რომლებსაც ურთიერთ შორის ამდენად ხშირი დავები აქვთ, მაგრამ რომლებიც მეზობლების მიწებზე თარეშებისთვის, ძარცვისთვის ხალისით ერთიანდებიან...

შეიძლება ისიც მოხდეს, რომ ქართველი ხალხი, თავისი მეზობლებისგან საბოლოოდ აოხრებისთვის თავის დასაღწევად, პორტას ქვეშევრდომობაში შევა და უკვე ამ მოვლენის დროს, შედეგები, რომლებიც ამის გამო რუსეთისთვის შეიძლება წარმოიქმნას, ჭეშმარიტად საშინელ სურათს წარმოადგენს (ყაინარჯის ზავამდე თურქები თუმცა კი მფლობელობდნენ კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე ტამანიდან თერგის შესართავამდე, მაგრამ მათი მფლობელობა ნომინალური გახლდათ, და ჩვენთვის საშიში არ იყო. მხოლოდ რუსებმა მოახერხეს კავკასიონის მთებში თავიანთი ძალაუფლების მყარად დამკვიდრება).

ერთმორწმუნეობა, რა თქმა უნდა, კავკასიონის მთების ყველა მცხოვრებს თურქული მფლობელობის ქვეშ გააერთიანებს, და რა უნდა დავუპირისპიროთ მაშინ მათ ძალებს, პორტასთან ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში, რომელიც ყოველთვის, თურქების საკუთარი არამდგრადობისა და გარეშე დერჟავების ჩაგონებათაგან არის მოსალოდნელი? რომელი საშუალებებით დავიცავთ (მოვზღუდავთ) 800 ვერსზე მეტ სივრცეს, სადაც რუსეთის მხრიდან მოწინააღმდეგეს ეძლევა თავისუფალი შემოსასვლელი დაბლობ, არაფრით არ დაცულ ადგილებში; მოწინააღმდეგის მხრიდან კი პირველივე ნაბიჯის გადადგმისას მიუვალი მთები გვხვდება».

ყველა გადმოცემულმა მიზეზმა აიძულა სახელმწიფო საბჭო ამჯერადაც საქართველოს რუსეთთან შემოერთების სასარგებლოდ გადახრილიყო. თავისი მოსაზრების გარდაუვალობაში უფრო მეტად დარწმუნებისთვის, საბჭო აუცილებლად ვარაუდობდა კნორინგი საქართველოში გაეგზავნა იმისთვის, რათა მას ადგილზე შეძლებოდა ქვეყნის მდგომარეობა და მისი მოთხოვნილებები განესაზღვრა და მიუკერძოებლად გამოეკვლია, შეიძლებოდა თუ არა საქართველო დამოუკიდებელ სამეფოდ ყოფილიყო დატოვებული. 

იმპერატორ ალექსანდრეს ბრძანებით, რომელიც ახლა სახელმწიფო საბჭოს აზრს ეთანხმებოდა, კნორინგი საქართველოში გაემგზავრა, ჰქონდა რა ხელზე იმპერატორის შესანიშნავი რესკრიპტი.

«...ტახტზე ჩვენი ასვლისას, – წერდა ალექსანდრე (Рескриптъ отъ 19-го апреля 1801 г. მთელი ეს რესკრიპტი სრულად არის დაბეჭდილი კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტებში ტ. I, გვ. 419), ვპოვეთ ჩვენ, რომ ეს სამეფო მთელი სახელმწიფო აქტებით უკვე იმპერიისადმია შემოერთებული და ამ სახით ყველა ჩვენი ერთგული ქვეშევრომის მიერ დადებული ფიცის მთელი სიწმინდითაა მოცული. საქმეთა ასეთ მდგომარეობაში და ამ ქვეყანაში მყოფი ჩვენი სამხედრო ძალის წყალობით შეგვეძლო ჩვენი ძალაუფლება მასში ურყევად დამყარებულად ჩაგვეთვალა, მით უმეტეს, რომ ჩვენამდე მოსული წინასწარი ცნობების მიხედვით დავრწმუნდით, რომ დაბრუნებულ წარგზავნილთა სურვილები და უფლებამოსილებანი მიღებულ ზომებს სრულებით ეთანხმება. ჩვენ არც იმას დაგიმალავთ, რომ იმპერიის ღირსება, ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება, ოტომანის პორტას სურვილები, მთიელი ხალხების თავდასხმები და მისწრაფებანი, რუსეთის საკუთარ სარგებელთა მთელი პატივისცემა უძველესი დროიდან აიძულებდა მთავრობას ამ შემთხვევაზე ეფიქრა და ამ მოვლენის აღსრულების სურვილი ჰქონოდა.

ვზომავთ რა მის არსს ერთადერთი ჩვენი სარგებლით, ჩვენ არ შეგვიძლია მთელი მათი ძალა არ ვაღიაროთ, მაგრამ მიწიერ სამეფოთა სარგებელს, მარადიულ წესებში, წინასწარ აქვს დადგენილი სხვა საზომი, ერთიანი, ჭეშმარიტი და ურყევი: სამართლიანობა და საერთო-სახალხო სამართლის (უფლების) ხელშეუხებლობა. ჩვენს ყველა საშინაო და საგარეო საქმეში, დავუდეთ რა საკუთარ თავს ეს ჭეშმარიტება ურყევ საფუძვლად, ამის შედეგად და საქართველოს შესახებ ახლანდელ განწყობათა გამო ჩვენ გვსურს უწინარეს ყოვლისა დავრწმუნდეთ:

პირველი, ამ ქვეყნის საშინაო მდგომარეობა ნამდვილად ისეთია თუ არა, რომ მხოლოდ თავისი ძალებით მას არ შეუძლია წინ აღუდგეს სპარსეთის ძალაუფლებისმოყვარულ პრეტენზიებს, არც მის გარეშემო მყოფი მთიელი ხალხების თარეშები მოიგერიოს, არც შინაური მტრობანი ჩააქროს, რომლებიც მას ძმათაშორისი ომით ემუქრებიან, რომ მისი დატოვება ცალკეულ და თვითმყოფად სამეფოდ ბედის ანაბარა იქნებოდა შეუსაბამო როგორც იმპერიის სიდიადისთვის, რომელიც უძველესი დროიდან მას მფარველობს, ისევე ჩვენი დიდსულოვნებისთვისაც.

მეორე, აუცილებლობისა და სამშობლოს სარგებლის საკუთარ რწმენაზე იყო თუ არა დაფუძნებული ამ სამეფოს მიერ რუსეთის დერჟავის ქვეშ ქედის მოდრეკა და მთელმა უმაღლესმა წოდებამ და ხალხმა ერთსულოვნად აღიარეს თუ არა ეს საქციელი თავიანთ გადასარჩენად, თუ, ცნობილი სახის ადამიანთა გერგილიანობას აყოლილებმა, მათ ჩანაფიქრების შიშსა და გარეშე ჩაგონებებს უფრო მეტად დაუთმეს, ვიდრე თავიანთ სარგებელთა ჭეშმარიტ შეგნებას.

გაკისრებთ რა თქვენ თავად ადგილზე შეაგროვოთ მთელი ეს სარწმუნო ცნობები და ამის გამო გავალებთ საქართველოში გაემგზავროთ, ჩვენ უეჭველად ვიმედოვნებთ, რომ, განმსჭვალული იქნებით რა იმ საწყისებით, რომლებითაც ჩვენ ამ საქმეში ვხელმძღვანელობთ, თქვენ ახვალთ მათ სულ პირველ წყაროებამდე, აწონით ამ სამეფოს ძალას და შეადარებთ მას (მის წინაშე არსებულ) საშინაო და საგარეო წინააღმდეგობებს; ჩაწვდებით ხალხის გონების განწყობას, გაიგებთ მის საჭიროებებსა და ამ საჭიროებათა შედეგებს მის სურვილებში; დაბოლოს, დარწმუნდებით, გულწრფელად არიან თუ არა ისინი დაჯერებულნი და იმყოფებიან თუ არა იმ აზრში, რომ რუსეთის დერჟავის ქვეშ მათი მიღება არის ერთადერთი საშუალება მათი გადარჩენისთვის, და მაშინ ამაში დარწმუნების შემდეგ თქვენ დაკავდებით სანიმუშო დებულების მომზადებით ამ ქვეყანაში მომავალი მმართველობის შესაქმნელად. თქვენ ამ დროს მხედველობაში გექნებათ, რომ რუსეთისთვის კი არ უერთდება ეს ხალხი იმპერიას, არამედ საკუთრივ მისთვის; რომ ჩვენ ამაში ჩვენს საკუთარ სარგებელს კი არ ვეძებთ, არამედ ერთადერთ მის სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, და ამიტომ მმართველობის შესახებ თქვენს დებულებებში არ გამოგრჩებათ მისი უფლების პატივისცემა შეუსაბამოთ (ეს მმართველობა) მის ზნე-ხასიათს, წეს-ჩვეულებებსა და გონების მიმართულებებს; ერთი სიტყვით, თქვენ ამ ქვეყანას შეხედავთ არა ისე, როგორც ჩვენთვის სასარგებლო შენაძენების ქვეყანას, არამედ როგორც ხალხს, რომელიც იმპერიასთან შემოერთებას ეძიებს მისი საკუთარი ბედნიერებისთვის და რათა მის წიაღში შეიძინოს მის გარემომცველ უბედურებათა დასასრული».

შეაგროვებდა რა ყველა ცნობას ადგილზე, კნორინგი უნდა ჩამოსულიყო პეტერბურგში იმპერატორისთვის პირადად ასახსნელად. მის დაბრუნებამდე კი მთავრობა არ წყვეტდა საკითხს საქართველოს შემოერთების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ელჩები ხალხისგან რწმუნებით უკვე ს.-პეტერბურგში იყვნენ ჩამოსულნი.

ემყარებოდნენ რა იმას, რომ რომ საქართველო იმპერატორ პავლეს მანიფესტით უკვე მიღებულია რუსეთის ქვეშევრდომად «სამარადისოდ», რწმუნებულები ითხოვდნენ საზეიმო ორმხრივი აქტის დადებას, როგორც ეს მათ განსვენებული ხელმწიფისგან ჰქონდათ დაპირებული. ხალხის წარმომადგენლები ითხოვდნენ სამეფო «მამობრივი კეთილმზრუნველობის» ქვეშ შეენახათ, ეზრუნათ ხალხის კეთილდღეობის შესახებ, რომელმაც ნებაყოფლობით მისცა თავი საუკუნო ქვეშევრდომობაში, მიეცათ მისთვის რუსეთის ძირეულ ქვეშევრდომთა უფლებები და უპირატესობანი, და, ბოლოს, დაეცვათ იგი გარეშე და შინაური მტრებისგან.

«ჩვენ კი, ვკისრულობთ რა ახალ ქვეშევრდომობას, ვალდებულებას ვიღებთ მის მიხედვით, ვზიდოთ და დავიცვათ, სამეფოს შესაძლებლობების და შესაბამისად, ყველა ის სამსახური, რომლებიც ჩვენზე იქნება დაკისრებული» (Нота пословъ грузинскихъ въ апреле 1801 г. Арх. Мин. Иностр. Делъ. 1-7, 1800-1805 г., № 1).

ემყარებოდნენ რა გიორგის სიგელს და ელჩებისადმი როსტოპჩინის სიტყვებს, რომლებიც იმპერატორ პავლეს სახელით იყო გადაცემული, რწმუნებულებმა ჩამოიტანეს თხოვნა, რომელშიც ითხოვდნენ ერთერთი ბატონიშვილის მეფისნაცვლად დანიშვნას, საქართველოს მეფის სახელწოდებით, მისცემდნენ რა მას თანაშემწედ რუს მოხელეს. ახალ მმართველს არ ჰქონდა უფლება არც განკარგულებები გაეცა, არც კანონები გამოეცა თანაშემწის გარეშე და ვალდებული იყო ყველა ბრძანებასა და აქტზე ხელი მას შემდეგ მოეწერა, რაც მათზე ხელს მოაწერდა ის, ვინც მის თანაშემწედ იქნებოდა დანიშნული. ზუსტად ასევე საქართველოს ყველა სხვა დაწესებულებასა და სამმართველოში ივარაუდებოდა, ქართველებთან ერთად, რუსი მოხელეების დანიშვნაც, როგორც ხელმძღვანელებისა.

რწმუნებულები ითხოვდნენ დაეარსებინათ სამეფოში ხუთი სასამართლო ადგილი, დაარქმევდნენ რა პირველს საბჭოს ან სენატის დეპარტამენტს, მეორეს სამეფოს მმართველობას, დანარჩენ სამს კი პროვინციებში, უწოდებდნენ რა მათ სამაზრო სასამართლოებს.

სასამართლოების ასეთი რიცხვი აღიარებული იყო საკმარისად «სამეფოს არცთუ დიდი სივრცის გამო, ხოლო თუ ვინმეს, – წერდნენ რწმუნებულები, – ვინც დედაქალაქის გარეთ ცხოვრობს, აუცილებელი საჭიროება მოსთხოვს რაიმენაირი თხოვნით დედაქალაქ ტფილისში გამოემგზავროს, არ არის ადგილი, სადაც მანძილი ოთხი დღის სავალ გზაზე მეტი იქნება».

ტფილისში ვარაუდობდნენ კიდევ ერთი სასამართლოს დაარსებას, სიტყვიერი (ზეპირი) სასამართლოს სახელწოდებით, დავებისა და სიტყვიერი თხოვნების სწრაფად გადაწყვეტისთვის. თავად ქართველებს შეგნებული ჰქონდათ პოლიციის დაარსების აუცილებლობა იმისთვის, რათა ქალაქში «ღარიბ მაცხოვრებლებს შეეძლოთ მშვიდად იცხოვრონ და გლეხებს ჩამოჰქონდეთ იქ ქალაქისთვის საჭირო (საქონელი), ვინმესგან ყოველგვარი შევიწროვების გარეშე, და თითოეულს შეეძლოს თავისი სარეწის თავისუფლად წარმოება, და არა ისე, როგორც ეს აზიური ჩვეულებითაა, ვინც უფრო ძლიერია, მას სავაჭროზეც ყველაფერი აქვს და მაცხოვრებელს ავიწროვებს».

რადგანაც სასაზღვრო მამულების უმეტესი ნაწილი ბატონიშვილებს ეკუთვნოდა, ამიტომ ქვეყნის სიმშვიდისთვის რწმუნებულები ითხოვდნენ მათთვის მამულები ჩამოერთმიათ და სანაცვლოდ საქართველოს შიგნით სხვები მიეცათ. საზღვრებზე ციხესიმაგრეები და საბაჟოები აეშენებიათ საქონლიდან ბაჟის ასაღებად.

ქვრივი დედოფლებისა და მეფის ასულებისთვის ითხოვდნენ პენსიების დანიშვნას, ხოლო მათი კუთვნილი მამულების ხაზინაში მიღებას. ყველა იმ ბატონიშვილმა, «რომლებიც მათი სუსტი ჯანმრთელობის ან ჭარმაგი ასაკის გამო სამშობლოში დარჩებიან, ისარგებლონ მათი კუთვნილი საკუთრებით, ხოლო ისინი კი, რომლებიც, უეჭველად, ისურვებენ გამომგზავრებას და თავიანთი ხელმწიფის ფერხთით განრთხმას, მიიღონ სამსახურში და მათი იქაური მამულების ნაცვლად რითაც ინებებენ დააჯილდოვონ, ხოლო იქაურები კი სახაზინოდ ჩარიცხონ».

არ შეიძლება არ ითქვას, რომ ქართველებს თავიანთი კეთილდღეობის მოწყობა რუსული ფულებით უნდოდათ. ისინი ეძიებდნენ ძირეული რუსების უფლებებსა და უპირატესობებს, და თუმცა კი უარს არ ამბობდნენ ამისთვის გარკვეული ვალდებულებები ეზიდათ, მაგრამ ამასთან ერთად შეღავათებისა და პრივილეგიების მიღებას ცდილობდნენ. შემოდიოდნენ რა ქვეშევრდომობაში, და უწოდებდნენ რა საკუთარ თავს რუსეთის ქვეშევრდომებს, ისინი ითხოვდნენ გარკვეული დროით გადასახადებისგან განთავისუფლებას, ასევე სარეკრუტო გაწვევებისგან და «კავკასიონის მთების აქეთა მხარეს» სამსახურში გამოყენებისგან განთავისუფლებასაც, «იქნება ეს შვედურ, პრუსიულ თუ სრულიად რუსეთის სხვა საზღვრებზე» (Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-7, 1800-1805 г., № 1).

თავადებისთვის, რომლებსაც მეფეებთან მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ და რომლებიც მოხუცებულობის გამო სამსახურში შესვლას არ მოისურვებენ, ითხოვდნენ, ახალი მმართველობის დაარსების შემდეგ, პენსიები დაენიშნათ, ხოლო სამეფოს შემოსავლების შესახებ კი ამბობდნენ, რომ მათ ცნობილს შემდგომში გახდიდნენ... 

შემოსავლები იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ წარმოგზავნილები, ითხოვდნენ რა საქართველოში 6000-იანი რუსული ჯარის მუდმივად შენახვის შესახებ, აუცილებლად თვლიდნენ დაეთქვათ, რომ პროვიანტი (სურსათი) მათთვის უნდა იქნას შესყიდული რუსეთის მთავრობის განკარგულებით ფულით და ბაზრებზე.

ქართველი ელჩების ყველა ეს თხოვნა და განცხადება ტფილისიდან ს.-პეტერბურგში კნორინგის ჩამოსვლამდე აღსრულების გარეშე იქნა დატოვებული. მისი ანგარიში უნდა ქცეულიყო საფუძვლად საქართველოს შემოერთების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას. 

15 მაისს კნორინგი მოზდოკიდან საქართველოში გაემგზავრა. ხალხი, რომელიც ფიქრობდა, რომ იგი იმისთვისაა გამოგზავნილი, რათა იმპერატორ პავლეს წინასწარგანზრახულებანი აღსრულებაში მოიყვანოს, მას ყველგან სიხარულითა და აღტაცებით ხვდებოდა. დაწყებული საზღვრებიდან თავად ტფილისამდე კნორინგს გზაზე შეკრებილი ბრბოები ხვდებოდნენ, ელოდებოდნენ და სასიხარულო შეძახილებით აცილებდნენ (Донесенiе Кнорринга Государю Императору 29-го iюля 1801 г. Арх. Мин. Внутр. Делъ).

მიიღო რა ცნობები კნორინგის გამომგზავრების შესახებ, ლაზარევმა ტფილისში ქვეყნის ყველაზე უფრო დიდგვაროვანი პირები შეკრიბა. მათი პასუხები და მითითებანი კნორინგის შეკითხვებზე უნდა ქცეულიყო ძირითად მასალად მხარის შესახებ ანგარიშისა და ცნობების შედგენისთვის.

როგორც კი კნორინგი ტფილისში ჩამოვიდა, დავით ბატონიშვილმა მას საქართველოს ტახტზე თავისი უფლებების ახსნა-განმარტებით მიმართა. ბატონიშვილი წერდა, რომ მისმა განსვენებულმა მამამ გიორგიმ განსვენებულ იმპერატორ პავლეს «თავისი სამეფო მსხვერპლად შესწირა» მხოლოდ იმ განზრახვითა და თხოვნით, რათა მემკვიდრე, მისი ვაჟიშვილი, თავის კანონიერ ტახტზე დარჩენილიყო (Письмо Давида отъ 27-го мая 1801 г.)

დავითი ითხოვდა კნორინგის ნებართვას პეტერბურგში წარგზავნილი გაეგზავნა, რადგანაც, ავადმყოფობის გამო, თავად მას იქ გამგზავრება არ შეუძლია, იმპერატორისთვის მისი თხოვნის წარსადგენად, და რაც მთავარია იმისთვის, რათა ქართველი ელჩების საქციელის შესახებ გაეგო და იმის შესახებაც, თუ რას თხოვდნენ ისინი ჩვენს მთავრობას.

არ დააკმაყოფილა რა ბატონიშვილის თხოვნები, კნორინგმა, ამის საპირისპიროდ, აუცილებლად მიიჩნია დავითი სამეფოს მმართველობის მთელი საქმეებიდან ჩამოეშორებინა.

«მოვედი რა საქართველოში უმაღლესი ბრძანებით, – წერდა იგი სრულიად სახალხო შეტყობინებაში (Отъ 2-го iюня 1801 г.), – იმ საქმეების აღსრულებისთვის, რომლებიც მონარქის ნდობით მე დამეკისრა, და განსაკუთრებით კი საქართველოს მიწის შინაგანი მდგომარეობის ზუსტად გარკვევისთვის, მე ვნახე ბევრი ცვლილება, შემოღებული ნეტარხსენებული მეფის გიორგი ერეკლეს ძის გარდაცვალების შემდეგ, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის საქართველოსადმი წმინდა მანიფესტისა და სხვა უმაღლეს ნებათა საწინააღმდეგოდ, რომლებიც ჩემდამი გამოგზავნილ რესკრიპტებშია გამოხატული.

ზოგიერთ მფლობელს ჩამორთმეული აქვს სამეფო ხელისუფლების მიერ მისთვის ბოძებული ქონება; სხვებს ისინი გაუმრავლდათ სოფლებისა და თანამდებობათა ახალი დანიშვნით, რომლებიც შემოსავლებთანაა შეუღლებული; ზოგიერთმა დაკარგა თავისი ჩინი და მათ ადგილებზე სხვები დადგნენ, და ერთი სიტყვით ისეთ სიახლეები გამოჩნდა, რომლებიც, დამოკიდებული არიან რა მხოლოდ ხელმწიფის თვითმპყრობელობაზე, არღვევენ საქართველოს შესახებ იმპერატორის სიტყვის ღირსებას, რომელიც მთელ ქვეყანას გამოეცხადა. აქ ადგილი არ არის ყველა შემოპარული უწესრიგობის აღწერისთვის: საქართველოს ყველა მაცხოვრებლისთვის ისინი ცნობილია; მაგრამ ვალად მაწევს რა ზუსტად დავიცვა უმაღლესი ნება და გავაუქმე რა ჩემამდე მოსული ცნობით ყველაფერი, რაც იმპერატორობითი უდიდებულესობის ბრძანებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს მიწის მაცხოვრებელთაგან ყველას საერთოდ და თითოეულისა განსაკუთრებით უფლების უფრო ცხოვლად დამკვიდრებისთვის, ვუცხადებ მათ სრულიად სახალხო ცნობად, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მომავალ ბრძანებებამდე საქართველოში ყველაფერი უნდა დარჩეს იმ მდგომარეობაში, როგორიც იყო მისი უმაღლესობის საქართველოს მეფის გიორგი ირაკლის ძის სიცოცხლის უკანასკნელ საათს, და, ამის შედეგად, ყველა ცვლილებამ რაც შემდეგაა გაკეთებული, იმ პირის მიერ, ვისაც ხელისუფლებისგან ამაზე უფლება არ ჰქონდა, ამ შეტყობინების გამოცხადებისთანავე თავისი არსება უნდა დაკარგოს. ამგვარი საქმეების განხილვა და საჭირო წესრიგში დაუყოვნებლივ მოყვანა დავაკისრე საგანგებო მოხელეებს, გენერალ-მაიორ ლაზარევის თავმჯდომარეობით...»

თავადები მდივან-ბეგები: ზაალ ბარათაშვილი, ეგნატე თუმანიშვილი, იოანე ჩოლოყაშვილი, სულხან თუმანიშვილი და ტფილისის ობერ-პოლიცმაისტერი მელიქი დარჩია ბებუთაშვილი იქნენ დანიშნულნი ახალი მთავრობის შემადგენლობაში. ამ მთავრობას ევალებოდა ყველა ის საქმე განეხილა, რომელთა გადაწყვეტისთვისაც ქართველები უწინ მეფეს მიმართავდნენ. მას არ შეეძლო სისხლის სამართლის საქმეების გადაწყვეტა, რომელთა შესახებაც აუცილებლად კნორინგისთვის უნდა მიემართათ. 

«საქართველოს მიწის მაცხოვრებელთაგან ყოველი, – წერდა კნორინგი, – იცის რა, რომ ხალხის სიმშვიდე ხელისუფლების გარეშე არ შეიძლება არსებობდეს, რა თქმა უნდა, დაასკვნის, რომ მთავრობის დაარსება, შემდგარისა იმ მოხელეთაგან, რომლებმაც თავიანთი სამშობლოს ნდობა შეიძინეს, აუცილებლობის შედეგს წარმოადგენს. და ამიტომ საქართველოს მიწის ხალხის თითოეული წოდება და თითოეული მისი მაცხოვრებელი, ძველთაგანვე შემოღებული წესრიგის მიხედვით, მოვალეა თავისი საქმეების შესახებ მიმართოს არა თუ სადმე სხვაგან, არამედ მხოლოდ საქართველოს ამ მთავრობაში; იქცეოდეს მისი ბრძანებების მიხედვით და იმ ძალაუფლების ყველა გარეშე არასწორ მიმთვისებელს, რომელიც ამ მთავრობაზეა დაკისრებული, არ დაუჯეროს, ვინაიდან ეს იმპერატორობითი უდიდებულესობის წმინდა ნებას ეწინააღმდეგება». 

საქართველოს ახალ მთავრობას ვალდებულებად დაეკისრა თავის განკარგულებაში ჩამოერთვა მამულები, რომლებიც იმ ბატონიშვილებს ეკუთვნოდა, იმერეთში რომ იმყოფედოდნენ, და რომლებიც დავით ბატონიშვილმა სხვადასხვა თავადებს დაურიგა. შემოსავლები ამ მამულებიდან ბატონიშვილების დაბრუნებამდე საერთო ქართულ შემოსავლებში საგანგებო მუხლით შედიოდა. გიორგი მეფის შვილებისთვის, რომელთაც სოფლები და შემოსავლები არ ჰქონდათ, ნაბრძანები იქნა შესანახად თვეში ას-ასი მანეთი მიეცათ. დავით ბატონიშვილს, მისი კუთვნილი მამულებიდან შემოსავლების უმნიშვნელობის გამო, წელიწადში დამატებით 500 მანეთი დაენიშნა საქართველოს საერთო შემოსავლებიდან. ზუსტად ასევე და იმავე შემოსავლებიდან დარეჯან დედოფალს დაენიშნა პენსია 300 მანეთი თვეში (Предписанiе Кнорринга Лазареву 2-го iюня 1801 г., №1324).

ამასთან ერთად, ტფილისში სიწყნარისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის, მოწყობილ იქნა პოლიცია. მთელი ქალაქი დაიყო სამ ნაწილად: პირველი ორი თავად ქალაქში, მესამე კი შემოგარენში, რომელსაც გარეთუბანი ეწოდებოდა. ავლაბარი კი, როგორც შემოგარენი, რომელიც დარეჯან დედოფალს ეკუთვნოდა, მისდამი პატივისცემის გამო, იმ სახით იქნა დატოვებული, როგორც იყო. თუმცა კი, კნორინგმა ნება მისცა ლაზარევს, დედოფლის ნებაყოფლობით თანხმობის შემთხვევაში, იქაც საპოლიციო ნაწილი დაეარსებინა (Предписание Кнорринга Лазареву 31-го мая 1801 г.). წესდების მიხედვით, პოლიცია ვალდებული იყო ჰქონოდა ზუსტი ცნობები ქალაქის სახლების რიცხვის შესახებ, აგრეთვე მცხოვრებთა რიცხვის შესახებ აღმსარებლობის მიხედვით, ჩამოსულთა და გამგზავრებულთა რიცხვისა და წოდებების შესახებ, მცხოვრებთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

საქმეებს ჩამოშორებული დავით ბატონიშვილი კნორინგის განკარგულებებით უკიდურესად უკმაყოფილო გახლდათ. იყო რა სამეფოს მმართველი, იგი ახდენდა თავისი ინტერესების რუსეთის სარგებელთან შერწყმას. «თქვენთვის ცნობილია, – წერდა იგი ერთ წერილში ლაზარევს (Отъ 18-го января 1801 г. Акты Кавк. Археогр. Комм., т. I, стр. 298), – რომ საქართველო ახლა უკვე საქართველო აღარ არის, არამედ რუსეთი, ხოლო მისი მცხოვრებნი კი ამიერიდან იმპერიის ქვეშევრდომები არიან». ახლა კი, მმართველობისგან ჩამოშორების შემდეგ, იგი ჩვენი მთავრობის აშკარა მოწინააღმდეგე შეიქნა და მთელი ძალებით ცდილობდა როგორც რუსებისთვის, ისე ახლად შექმნილი მთავრობისთვისაც მავნებლობა მიეყენებია.

«ოთხი პლუტი და ერთი დურაკი მართავენ მთელ აქაურ მიწა-წყალს, – წერდა იგი თავად ბეგლარ ორბელიანს (Въ iюне 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместн.). – ამ დურაკმა ორი ჭარელი ლეკის ბიჭი დაიჭირა, რისთვისაც მათ ერთი ჯარისკაცი დაიჭირეს, ხელები მოკვეთეს, ცხვირი მოაჭრეს და გამოუშვეს (ყველაფერი ეს უსამართლობა იყო). ამას ლაზარევი მალავს. გარდა ამისა, რუსები ხალხს წყენას აყენებენ, ბაზარში საქონელს ართმევენ და თავადებს ცემენ. ახლა ბილეთებია დაწესებული; ვისაც ბილეთი არა აქვს, თავისთან არ უშვებენ (ბილეთები დადგენილ იქნა იმ ოთახში შეშვებისთვის, სადაც საქართველოს დროებითი მთავრობის სხდომები იმართებოდა). თავადები ქუჩებში ჰყრიან. ივანეს (იოანე ბატონიშვილს) მისწერე, თუ სექტემბრამდე არ იქნება, ასე შემდეგ გუბერნია დარჩება, საქმე სამუდამოდ გაფუჭდება. აუცილებლად მისწერე, რომ ძაღლის შვილი შეცვალონ».

ბატონიშვილი ხმებს ავრცელებდა ვითომდა მის მიერ პეტერბურგიდან მიღებული წერილის შესახებ, რომელშიც იმპერატორი ალექსანდრე მას საქართველოს მეფედ ამტკიცებს; რომ კნორინგის მიერ გაკეთებული განცხადება თვითნებურია და იმპერატორის სურვილს ეწინააღმდეგება; რომ თავისი გამეფების შემდეგ იგი შურს იძიებს იმათზე, ვინც ახლა მას არ ემორჩილება, და რომ, ბოლოს, ლეკები თავს დაესხნენ რუსულ ჯარებს, ბევრი დახოცეს და კიდევ უფრო მეტი ტყვედ წაიყვანეს. ერთი უკიდურესობიდან დავითი მეორეში გადავარდა: რუსეთის მომხრიდან, როგორიც დასაწყისში იყო, იგი ახლა თითოეული რუსის შეურიგებელ მტრად გადაიქცა. იგი კნორინგს ცილს წამებდა იმის გამო, რომ მან მმართველობას ჩამოაშორა; ცილს წამებდა ლაზარევს, რომ მან დაარბია და გაძარცვა მთელი საქართველო, რომ იგი წავიდა ერევანზე რათა თურქები, სპარსელები და ლეკები აემბოხებინა (ლაზარევის ამ მოძრაობის შესახებ იხ. ქვემოთ).

დავითი ჩიოდა ლაზარევზე, რომ იგი ართმევს მამულებს. ლაზარევი კნორინგის შეკითხვაზე პასუხობდა, რომ ამას აკეთებს საქართველოს მთავრობა, ართმევს რა მათ, რომლებსაც დავითმა თვითნებურად დაურიგა, და უბრუნებს რა მათ, რომელთაც გარდაცვლილი მეფისგან მათ ფლობაზე სიგელები და უფლება გააჩნიათ.

დავითი ჯერ კიდევ იმედოვნებდა დროებითი მთავრობის შემადგენლობაში მოხვედრის შესაძლებლობას. «გძინავთ თუ რა მოგივიდათ, რომ არ ცდილობთ? – ეკითხებოდა იგი ნიკოლოზ ონიკაშვილს, რომელიც ბატონიშვილებთან ერთად პეტერბურგში იმყოფებოდა (Письмо царевича Давида къ Николаю Оникову 5-го iюня 1801 г.) – კნორინგი აქ ჩამოვიდა და ყველა საქმეს ჩამომაშორა, ლაზარევმა კი, შეკრიბა რა ოთხი თაღლითი (პლუტი), ისინი საქართველოს მთავრობაში შეიყვანა. მთელ საქმეებს ისინი აწარმოებენ, მე კი ვერაფერში ვერ ვერევი... ეგნატეს (თავად თმანიშვილს) როგორ შეუძლია საქართველოს მართვა?» 

აღელვებდა რა ხალხს ცრუ ხმებით, დავით ბატონიშვილი ყველას არწმუნებდა, რომ ლაზარევს აქვს, მაგრამ მალავს იმპერატორ ალექსანდრეს ბრძანებას, რომელიც გარდაცვლილი იმპერატორის პავლეს მანიფესტს უარყოფს. სწრაფმორწმუნე ხალხი ღელავდა; ჩვენდამი ერთგული თავადები და აზნაურები თავიანთი ხვედრის გამო შიშობდნენ, და არც ლაზარევი მალავდა თავის შეშფოთებას ცუდი შედეგების გამო საქმეთა ასეთი მდგომარეობისგან.

«ჩემი აზრით, საუკეთესო საშუალებაა, – მოახსენებდა იგი (Письмо Лазарева Кноррингу 6-го августа 1801 года. Акты Кавк. Арх. Комм., т. I, стр. 341), – რომ ბაგრატიონთა მთელი საგვარეულო აქედან გავიყვანოთ, ხოლო სანამ იგი აქ იქნება, უწესრიგობებს დასასრული არ ექნებათ».

ბრალს დებდა რა რუსეთის წარმომადგენლებს, კნორინგსა და ლაზარევს, თვითნებურ მოქმედებებსა და შევიწროვებაში, დავითი ამბოხებდა ლეკებს და ცდილობდა მეზობელი ხანების დაყოლიებას ემოქმედათ საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მეფობას აპირებდა.

ბატონიშვილის დაპირებანი და თხოვნები უკვალოდ არ იკარგებოდა: ისინი წამგებიანად აისახებოდა უბედურ ქართველებზე, რომლებიც თავისიანებისგანაც განიცდიდნენ რბევა-აწიოკებას, და მეზობლებისგანაც, რომელთაგან საქართველოს პირველ არაკეთილმოსურნეთა რიცხვში შეგვიძლია ერევნის ხანი დავასახელოთ.

ერევნის ხანის საქციელი რუსეთთან მიმართებაში უკიდურესად წინააღმდეგობრივი იყო. იგი ხან იმპერატორის მფარველობას ეძიებდა და ამ საქმეზე მოლაპარაკებებისთვის თავის წარმოგზავნილებს აგზავნიდა, ხან საქართველოს წინააღმდეგ მტრულ მოქმედებებს იჩენდა, იცოდა რა, რომ იგი რუსეთის დაცვის ქვეშ იმყოფება (Рапортъ Лазарева Кноррингу 23-го марта 1801 г. Константиновъ, ч. I, 24 /рукопись/).

სარგებლობდა რა, ასე ვთქვათ, საქართველოს ორაზროვანი მდგომარეობით და მიჰყვებოდა რა ბატონიშვილების თხოვნას, მან ბამბაკის აღალარებს ანუ უფროსებს თავისთან მოუწოდა და დაუწყო მოთხოვნა, რომ ყველა ბამბაკელი დაუყოვნებლივ მის ქვეშევრდომობაში შესულიყო. ერევნელმა მეჰმედ-ხანმა იმდენი მოახერხა, რომ აღალარები მის მოთხოვნას დაეთანხმენ. შემდეგ ამის კვალდაკვალ ერევნის ხანმა ბამბაკში 400 ერევნელი გამოგზავნა და 14-მდე სოფელი, რომლებიც თავიანთ აღალარებთან ერთად დაახლოებით 6000 მცხოვრებს მოითვლიდა, თავის სამფლობელოებში გაიყვანა (Рапортъ Лазарева Кноррингу 10-го iюня 1801 г. Константиновъ, ч. I, 138).

ბამბაკელთა წასვლის მიზეზი იყო შევიწროვებანი, რომლებსაც ისინი მოურავის თავად ორბელიანისგან განიცდიდნენ, რომელიც მათ განსვენებული მეფის სიმამრის, თავად ციციშვილის არყოფნის გამო მართავდა, რომელიც (თავადი ციციშვილი) პეტერბურგში იმყოფებოდა.

ლაზარევმა, შეიტყო რა ბამბაკში მომხდარი მღელვარებების შესახებ, მაშინვე მისწერა ერევნის მფლობელს, რათა მას თავის თავხედურ ჩანაფიქრებზე ხელი აეღო. თუმცა კი, არ ჰქონდა რა თავისი მოთხოვნის შესრულების იმედი და შემდგომ უწესრიგობათა თავიდან აცილებისთვისაც, ლაზარევი თავისი პოლკის ეგერთა ბატალიონით, გენერალ-მაიორ ლეონტიევის 1-ლი პოლკის მუშკეტერთა ბატალიონით, ეგერთა 17-ე პოლკის სამი მსუბუქი ქვემეხით, 100 კაზაკითა და რამდენიმე ასეული (500-მდე) ქართველით, ერთი ქართული ქვემეხით, სარდლის თავად იოანე ორბელიანის მეთაურობით (30 ივნისს) ტფილისიდან გამოვიდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 26-го iюня 1801 г., № 338).

ერევნისა და ნახჭევნის ხანები და სახანოთა უმნიშვნელოვანესი მოხელენი, შეიტყვეს რა ამ მოძრაობის შესახებ, სათათბიროდ შეიკრიბნენ და ამბობდნენ, რომ არ შეიძლება ქრისტიანების დაშვება მუსლიმანებზე მფლობელობისთვის და ამიტომ აუცილებელია ბამბაკის პროვინციის რუსებისგან დაცვა. ამ საფუძველზე გადაწყვეტილ იქნა ჯარის შეკრება.

საბჭოს ერთსულოვანი სურვილის მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ მტრულად ემოქმედათ, მეჰმედ-ხანს უკეთესად და თავისთვის უფრო მომგებიანად მიაჩნდა თავიდან ლაზარევთან მოლაპარაკებებში შესულიყო და თავისი გაუგებრობანი შესაძლო-მშვიდობიანი გზით დაესრულებინა. მან ლაზარევთან თავისი წარგზავნილი გამოგზავნა გამოცხადებით, რომ ბამბაკის პროვინცია მას, ხანს ეკუთვნის, რადგანაც აქვს ფირმანი აღა-მაჰმად-ხანისგან საქართველოს აოხრების დროს მისთვის ამ პროვინციის წყალობის შესახებ, და ამიტომ მის მფლობელობაში შედის.

– ხანს არა აქვს განზრახული რუსებთან მტრული მოქმედებები ჰქონდეს, – ამბობდა ერევნელი წარმოგზავნილი, – პირიქით, იგი ეძიებს ხელმწიფე იმპერატორის მფარველობას და გთხოვთ, რომ თქვენ ბამბაკის პროვინციას არ გამოექომაგოთ. იმპერატორისთვის გაცილებით უკეთესია ქვეშევრდომობაში ჰყავდეს თავად ხანი, ვიდრე ბამბაკის პროვინცია. 

ლაზარევმა სთხოვა ხანისთვის გადაეცა, რომ მოვალეა რა თვალ-ყურს ადევნებდეს იმას, რათა საქართველოს ყველა მცხოვრები სრულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში იმყოფებოდეს, ამიტომ ის მოდის საზღვრისკენ და მოითხოვს ხანისგან მისი ხრიკების დატოვებას (Рапортъ Лазарева Кноррингу 13 iюля 1801 г. Акты Кавк. Археогр. Ком., т. I, стр. 617).

გამოცხადდა რა რაზმით ბამბაკში და დარწმუნდა რა, რომ ხალხმა, რომელიც დაჰყვა ხანის მუქარებს, დატოვა თავისი სახლები, ლაზარევი, 11 ივლისის მოწოდებით მოითხოვდა, რათა მცხოვრებნი, ურჩობისთვის მკაცრი სასჯელის შიშის ქვეშ, თავიანთ საცხოვრებლებში დაბრუნებულიყვნენ.

მაშინვე მოწოდების შემდეგ ხუთი სოფლის მაცხოვრებლები გამოცხადდნენ. დანარჩენების უფრო მეტად გამხნევებისთვის რაზმმა გზა განაგრძო და ერევნის სახანოს საზღვარზე მოვიდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 15-го iюля 1801 г.). აქ ლაზარევთან მეჰმედ-ხანის სხვა წარმოგზავნილი მოვიდა, ახალი დარწმუნებებით იმაში, რომ ხანს არ სურს ჰქონდეს მტრული მოქმედებები რუსეთთან. თავადი თარხნიშვილი გაგზავნილ იქნა ერევანში დავალებით რათა მოეთხოვა ხანისგან ერევანში მყოფი დანარჩენი აღალარებიც დაებრუნებია. ერევნის ხანმა მაშინვე გაათავისუფლა დაპატიმრებულნი და თარხნიშვილს გამოუცხადა, რომ აქვს რა უფლება ბამბაკზე, აღა-მაჰმად-ხანის ფირმანის საფუძველზე, ამ პროვინციის დასაუფლებლად ქართველი ბატონიშვილების მიერ იქნა შეგულიანებული.

მართლაც, დავით ბატონიშვილმა ხანს შეატყობინა, რომ მის წინააღმდეგ რუსული ჯარის 400 ადამიანია გაგზავნილი, და არწმუნებდა მას არ მიეცა რუსებისთვის ბამბაკის პროვინცია, რომელსაც დავითი ხანს უთმობდა. ბატონიშვილი სთხოვდა ერევნის ხანს ტახტის დაუფლებაში დახმარებოდა და ჰპირდებოდა მას ზუსტად იმ ხარკის გადახდას, რომელსაც ხანი უწინ საქართველოს მეფეებს უხდიდა. ვახტანგი, იულონი და ალექსანდრე ასევე სთხოვდნენ რუსებისგან საქართველოს განთავისუფლებაში დახმარებას. ერევნიდან მოსული სომეხი მთავარეპისკოპოსი გრიგოლი, რომელსაც მეჰმედ-ხანმა ბატონიშვილების წერილები უჩვენა, ამ მიმოწერის სარწმუნოობას ადასტურებდა (Рапортъ Лазарева Кноррингу 4-го августа и письмо его же 5-го августа)

ბატონიშვილები აიმედებდნენ ხანს, რომ თუ ის რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევს, მაშინ მიიღებს დახმარებას იმერეთიდან; რომ იულონი და ალექსანდრე, შეუერთდებიან რა ახალციხელ შერიფ-ფაშასა და იმერეთის მეფეს, ერთი მხრიდან იმოქმედებენ, ლეკები კი მეორე მხრიდან მოახდენენ თავდასხმას.

დავითი არ ურჩევდა ხანს რუსეთის მფარველობა ეძია.

– შენ ხედავ, თუ რას უკეთებენ საქართველოს: შენც ასევე გაგაგდებენ, ეუბნებოდა ხანს ბატონიშვილისგან წარგზავნილი.

მაგრამ ჩვენი ჯარების სიახლოვემ აიძულა ხანი ბატონიშვილთა თხოვნა უარეყო და ლაზარევთან კიდევ ერთხელ მოევლინა წარმოგზავნილი დაპირებით შეეწყვიტა თავისი ყოველგვარი პრეტენზიები ბამბაკის პროვინციაზე.

დატოვა რა ყარაქელესაში მუშკეტერების ბატალიონი, ეგერთა ასეული, არტილერია და კაზაკები, ლაზარევი ბორჩალოსა და ყაზახის გამოვლით ტფილისში დაბრუნდა. თავის დაბრუნებამდე მას უნდა გაეგზავნა ყაზახებისგან შემდგარი რაზმი, თავად ჭავჭავაძისა და თავად სოლომონ ავალიშვილის უფროსობით, შამშადილელთა მორჩილებაში შენარჩუნებისთვის, რომლებიც განჯის ხანმა დაიყოლია მასთან გადასახლებულიყვნენ (Рапортъ Лазарева Кноррингу 18-го iюля 1801 г.).

ახალციხის მხრიდან საქართველოს საზღვარი ასევე ვერ იყო უზრუნველყოფილი.

1801 წლის მარტში, ახალციხელი საბუდ-ფაშა, ადამიანი, რომელიც რუსეთისადმი კარგად იყო განწყობილი და ლეკებსა და თურქებს საქართველოში მტაცებლური შემოჭრებისგან აკავებდა, ახალციხიდან თავისი ნათესავის, შერიფ-ფაშის მიერ იქნა განდევნილი (Рапортъ Кнорринга Государю Императору 19-го марта 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).

საბუდ-ფაშა არზრუმში წავიდა, სადაც არზრუმისა და ჩილდირის გუბერნატორად იქნა დანიშნული.

ახალციხიდან შერიფ-ფაშის განდევნისთვის, საბუდ-ფაშამ თხოვნით დავით ბატონიშვილს მიმართა, რომელმაც მას დასახმარებლად საქართველოდან მელიქ-აბოვის უფროსობით ყაზახების რაზმი გაუგზავნა. შეიტყო რა ამის შესახებ, კნორინგმა ბრძანა საქართველოს ჯარები დაებრუნებიათ და ურჩევდა დავით ბატონიშვილს თურქულ საქმეებში არ ჩარეულიყო (Предписанiе Кнорринга Лазареву 31-го мая, № 1295).

არ მიეცა რა დახმარება, საბუდ-ფაშა ითხოვდა პაემანს ლაზარევთან, რომელიც 11 ივლისს შედგა (Рапортъ Лазарева Кноррингу 12-го iюля, № 325). ცდილობდა რა დაერწმუნებია ყოველთვის რუსეთისადმი თავის ერთგულებაში და უჩვენა რა სულთნის ფირმანი, რომელიც უბრძანებდა მისთვის შერიფ-ფაშის თავი გაეგზავნა, საბუდი ლაზარევს მისთვის ჩვენი ჯარებით დახმარების აღმოჩენას და ამით რუსეთის მოკავშირე ოტომანის პორტასთვის სასურველი საქმის გაკეთებას თხოვდა.

ვერ მიიღო რა ლაზარევისგან პასუხი, საბუდ-ფაშას ახალი განსაცდელები და დევნა უნდა განეცადა.

ჰყავდა რა პირადი მტერი იუსუფ-ფაშის სახით, ჯარების უფროსისა, რომლებიც მაშინ საფრანგეთის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, და რომლის მოალერსებასაც პორტა მთელი ძალებით ცდილობდა (Письмо Сабуда-паши Лазареву безъ числа. Тифл. Арх. Канц. Нам.), საბუდმა მალე, იუსუფის ხრიკებით, გუბერნატორის ადგილი დაკარგა და საქართველოში დასახლების ნებართვა უნდა ეთხოვა. ვერ მიიღო რა ნებართვა, იგი მეფის სოლომონ II-ის მფარველობის ქვეშ, იმერეთში წავიდა. ფულების დახმარებით, შერიფ-ფაშამ იმერეთის მეფისა და ალექსანდრე ბატონიშვილის მოსყიდვა მოახერხა. ლაზარევის დაბეჯითებული თხოვნების მიუხედავად, საბუდი და მასთან მყოფ ექვი ადამიანი თავმოკვეთილ იქნენ და მათი თავები შერიფ-ფაშას გაუგზავნეს. იმერეთის მეფემ ამ ბოროტი საქციელისთვის ათი ქისა პიასტრები მიიღო; დედოფალმა – ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ხატი; ალექსანდრე ბატონიშვილმა – ხუთი ქისა, და იმერეთის ორმა მოხელემ კი – ოთხი ქისა პიასტრებით. გარდა ამისა, სოლომონმა შერიფ-ფაშასთან გაგზავნა თავისი მოხელე, რათა ხელშეკრულების მიხედვით კიდევ ოთხმოცი ქისა მიეღო (Изъ рапорта Кнорринга Государю Императору 26-го марта 1802 г.).

საბუდ-ფაშის განდევნა ახალციხიდან მეტად არასასიამოვნო იყო ჩვენი მთავრობისთვის. მან მისი სახით დაკარგა რუსეთისადმი ერთგული ადამიანი, რომელიც ლეკებს საქართველოში მტაცებლური შემოჭრებისგან აკავებდა. საბუდისთვის ფაშის ღირსების წართმევა ხელებს უხსნიდა ლეკებს, რომლებიც უწინდებურად თავს არ ანებებდნენ ყველა საზღვარზე თავდასხმებისა და მტაცებლობათა მოწყობას. ასე, 1801 წლის 29 მარტს ლეკების პარტიამ დაარბია ქართული სოფლები მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ტფილისის შორიახლოს, ამასთან მათ მამრობითი და მდედრობითი სქესის 80 ადამიანი ტყვედ წაიყვანეს და 300 თავი საქონელი გაირეკეს.

6 ივნისს ლეკებმა მოახდინეს თავდასხმა კაზაკების ჯოგზე და ცხენები გაირეკეს.

ორივე შემთხვევაში ისინი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ, რის გამოც მათ თავიანთი ნადავლი და ტყვეები დატოვეს, რომლებიც თავიანთ სახლებში იქნენ დაბრუნებულნი (Рапортъ капитана Савельева Кноррингу 31-го мая, № 100, и рапортъ Лазарева 8-го iюня, № 317).

6 ივლისს ლეკების პარტიამ ალაზნის მხრიდან ხშირი ტყის გამოვლით მოაღწია ხუთ ვერსზე სოფელ ველისციხესთან, სადაც ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკის ცხენები ბალახობდნენ, მაგრამ, ვერ მოახერხა რა მათი გარეკვა, მიიმალა და თავისი თავდასხმა, 400-მდე ადამიანის რიცხვით, 8 ივლისს გაიმეორა, თუმცა კი ისევ წარუმატებლად. 

იმყოფებოდნენ რა ახალციხის ფაშის სამსახურში და მის ჯამაგირზე, ლეკები საქართველოში შემოჭრას ყველაზე ხშირად ამ მხრიდან ახდენდნენ. 20 ივნისს მიღებულ იქნა ცნობა, რომ ლეკების მნიშვნელოვანი პარტია შემოიჭრა საქართველოს ფარგლებში იმ სოფლების დასარბევად, რომლებიც მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ახალქალაქის მახლობლად მდებარეობდნენ. იმერეთის საზღვრებზე ჯარების მეთაურმა, პოდპოლკოვნიკმა სიმონოვიჩმა თავისი სახელობის ასეულს უბრძანა სოფელ ბრეთიდან ქარელისკენ დაძრულიყო, ხოლო კაპიტან რაიხის ასეულს კი – გორიდან სოფელ დოესისკენ. წაიყვანა რა ასეული ქარელიდან და ეგერთა 17-ე პოლკის მაიორ პლესტის ასეული, მასთან მყოფი კაზაკებითა და ქართველი თავადებით, სულ 79 გრენადერი, 48 ეგერი, 22 კაზაკი და 100 ქართველი, სიმონოვიჩი, გადაიარა რა მამცულარისა და გუჯარეთის ქედები, ფიქრობდა ლეკების კვალზე წასულიყო, ხოლო კაპიტან რაიხისთვის კი ახალქალაქის მხრიდან თვალყურის დევნება დაევალებინა. 21 ივნისს სიმონოვიჩი რაზმით დარბეულ ქართულ სოფელ ზღუდერთან მოვიდა, და შემდეგ, გადავიდა რა მდინარე გუჯარეთზე და გვერდი აუქცია თურქეთის საზღვარს მდინარე ქციის სათავეებთან და ბისკურის ტბასთან, მან ქართულ სოფელ საფიცალომდე მიაღწია. 24 ივნისს, ავიდა რა სოფლის ზემოთ, მდინარე ქციის სიმაღლეზე, იგი შეხვდა ლეკებს, რომლებიც 760-მდე ადამიანის რიცხვით ახალციხეში ბრუნდებოდნენ.

ლეკები მდინარე ქციისკენ წავიდნენ. სიმონოვიჩი მათ თავიდან დაედევნა, მაგრამ შემდეგ თავი ანება და თრიალეთის მინდვრებზე გამავალ დიდ გზაზე მომგებიანი ადგილი დაიკავა. დაისვენა რა აქ, იგი მდინარე ქციის გავლით კოხადშების სიმაღლეებისა და ვიწრობებისკენ (დეფილე) გაემართა, სადაც ერთდება ტფილისის, მანგლისის, მცხეთის, ახალქალაქის, ხოვლესა და სხვა ადგილებისკენ მიმავალი გზები. ეს მოძრაობა ლეკებმა უკანდახევად მიიღეს და სიმონოვიჩს შემოუტიეს, მაგრამ მოგერიებულ იქნენ და გარეკილნი ახალციხის სამფლობელოებში, თავიანთ ბანაკში, რომელიც ქალაქ ხერთვისის მახლობლად არტაიურტის დეფილეში იმყოფებოდა და სადაც ისინი ტყვე ქართველებსა და საქონელს ინახავდნენ (Рапортъ Симоновича Лазареву 28-го iюня, № 361).

8 და 10 აგვისტოს ლეკები ისევ შემოიჭრენ საქართველოში და დაეშვნენ რა ხიობის სამანებში, სოფელ ხერცხიულზე აპირებდნენ თავდასხმას, მაგრამ ჩვენი ჯარებისგან დევნის გამო უკანვე წავიდნენ (Рапортъ Кнорринга Государю Императору 1-го октября 1801 г.).

თუმცა კი ლაზარევი სთხოვდა ფაშას ლეკებისთვის მსგავსი მძარცველობები აეკრძალა, მაგრამ შერიფ-ფაშა, ღებულობდა რა წერილებს, მხოლოდ სხვადასხვა ამკრძალავ ბრძანებებს გამოსცემდა, ამასობაში კი მათგან ტყვეებს თავადვე ყიდულობდა, მტაცებლებს პროვიანტით ამარაგებდა, მათ თავკაცებს საჩუქრებს აძლევდა; ლაზარევს კი სწერდა, რათა მას ლეკები საზღვარზე არ გადმოეშვა (Рапортъ Лазарева Кноррингу 20-го сентября 1801 г.). ფაშა ატყობინებდა, რომ მან განდევნა ლეკები, მაგრამ მათი ნაწილი ყარსის ფაშამ თავისთვის დაიქირავა (Письмо Лазарева Кноррингу 5-го августа).

ლეკები მტაცებლობდნენ და იმავე დროს რუსეთის მფარველობას ეძიებდნენ. სექტემბერში მათ რამდენჯერმე მიმართეს თხოვნით ქვეშევრდომობის შესახებ და ბოლოს ლაზარევის მიერ კახეთის საზღვრის შემოვლისას იმავე თხოვნით ორი დეპუტატი გამოგზავნეს და ითხოვდნენ, რომ ლაზარევს მათთვის წერილობითი პასუხი მიეცა. ლაზარევი არ თანხმდებოდა და თავისი აზრი სიტყვიერად გამოუთქვა; მაგრამ დეპუტატებს მისი წერილის გარეშე გამგზავრება არ უნდოდათ. მაშინ, დაუწერა რა მათ წერილი, ლაზარევი ერთგულების საწინდრად ამანათებს მოითხოვდა. წაიკითხეს რა წერილი, ლეკების თავკაცებმა ის დახიეს, თავიანთი წარმოგზავნილების სახლები დაწვეს, ერთერთი მათგანი მოკლეს და ჩვენი მოხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადეს. 

მიიღეს რა დახმარებაში დაიმედება შუშის, შემახიისა და სხვა ხანებისგან და იცოდნენ რა, რომ მსგავსი საქციელი დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს, ლეკებმა თავიანთი ქონების დიდი ნაწილი დაღესტანში გაგზავნეს, ნაწილიც მიწაში ჩაფლეს და წინააღმდეგომის გაწევა გადაწყვიტეს. ლაზარევი ითხოვდა კნორინგის ნებართვას ჭარ-ბელაქანზე დაძრულიყო, რათა მტაცებლები გადაუდებლად დაესაჯა, მით უმეტეს, რომ თოვლით დაფარული მთები ართმევდნენ მათ საშუალებას საიდანმე გარეშე დახმარება მიეღოთ (Рапортъ Лазарева Кноррингу 19-го ноября 1801 г., № 478. Тифл. Арх. Канц. Наместника). კნორინგმა უარყო ეს წინადადება და ურჩევდა ლაზარევს არ გაეკეთებინა არანაირი «ქვეშევრდომობაში მოპატიჟება, მით უმეტეს ლეკთა თემებისთვის, როგორც არამდგრადი ხალხისთვის» (Предписанiе Кнорринга Лазареву 5-го декабря. Тифл. Арх. Канц. Нам.).

ხედავდნენ რა ლეკთა შემოსავლიან ხელობას, თურქებმაც ასევე დაიწყეს მონაწილეობა ქართლში ლეკების ძარცვასა და თავდასხმებში. იმპერატორმა ალექსანდრემ ბრძანა ეცნობებინათ პორტასთვის, რათა მას შერიფ-ფაშისთვის თვითნებობები აეკრძალა; საქართველოში უფროსს კი ებრძანა, რომ თუ ამის შემდეგაც მტაცებლობები არ შეწყდება, მაშინ შემოჭრაზე ლეკების ყოველი მცდელობისას ფაშის მიწებზე შურისძიება მოეხდინათ (Высочайшiй рескриптъ Кноррингу 15-го октября 1801 г.).

დარეჯან დედოფალმა გამოაცხადა, რომ, ხელმწიფისადმი გულმოდგინების გამო, მას სურს რუსეთის მფარველობაში შემოსვლაზე თავისი შვილიშვილი, იმერეთის მეფე სოლომონ II დაიყოლიოს. ლაზარევი პასუხობდა, რომ ნებართვის გარეშე ამაზე დათანხმება არ შეუძლია. მაშინ სოლომონმა თავად მიმართა წერილით ლაზარევს და ითხოვდა ნებართვას თავისი წარგზავნილი პეტერბურგში გამოეგზავნა. იმპერატორმა ალექსანდრემ ბრძანა იმერეთის მეფისთვის ასეთი განზრახვა გადაეფიქრებინათ (Высочайшiй рескриптъ Кноррингу 17-го сентября 1801 г. Протоколъ государственнаго совета 9-го сентября 1801 г. Госуд. Арх.), პორტასთან თანხმობის შენარჩუნებისთვის, რომელზეც დამოკიდებულად იმერეთი ითვლებოდა. იმპერატორმა დაავალა კნორინგს საერთოდ ყველა გარემომცველ ხანთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები შეენარჩუნებინა. 

იმერეთის მეფის, ერევნისა და ნახჭევნის ხანების გარდა, ხოელმა ჯაფარ-ყული-ხანმაც, რომელიც ბაბა-ხანმა ხოის სახანოს მმართველობას ჩამოაშორა, ლაზარევთან წარმოგზავნილი მოავლინა განცხადებით, რომ იგი ეძიებს რუსეთის იმპერატორის მფარველობას, არ უნდა რა თავისთვის დასახმარებლად არც ჯარები და არც ფულადი ანაზღაურება (Рапортъ Лазарева Кноррингу 4-го февраля 1801 г.).

ელისუს სულთანი ასევე წერდა, რომ მას უნდა სურს რუსეთის ხელმწიფეს ემსახუროს, როგორც გრაფ ვალერიან ზუბოვის დროს ემსახურებოდა (Рапортъ Лазарева 7-го декабря)

კნორინგმა, მიიღო რა ცნობა ხანების სურვილის შესახებ, ლაზარევს შეატყობინა, რომ მას არა მხოლოდ თავი შეეკავებინა ქვეშევრდომობაში ყოველგვარი მოპატიჟებისგან, არამედ საქართველოს სამეფოს საზღვრებზე თავდასხმებისთვის მთიელი ხალხების დასჯაზეც ხელი აეღო იმ დრომდე, როცა თავად საქართველოში წესრიგი დამყარდება, და ჩვენ უფრო მყარად გავამაგრებთ მასში ჩვენს მფლობელობას (Предписанiе Кнорринга Лазареву 5-го декабря 1801 г.).

ამრიგად, ჯარების სარდლის მთავარ ამოცანად იქცა საზღვრების სრული უზრუნველყოფა და მათი დაცვა.

მოახდინა რა ჯარების ახალი განთავსება, მოთხოვნილებათა შესაბამისად, კნორინგმა დატოვა საქართველო და ს.-პეტერბურგში გამოემგზავრა.

(ჯარები შემდეგნაირად იქნა განთავსებული: 

კავკასიის გრენადერთა პოლკი: საშეფო ბატალიონი სამი ასეულით ტფილისში; პოდპოლკოვნიკ სიმონოვიჩის ბატალიონმა სამი ასეულითა და ერთი ქვემეხით დაიკავა ქ. გორი; თითო-თითო ასეული განლაგებულ იქნა სურამსა და ცხინვალში. სურამში იმყოფებოდა ერთი საველე ქვემეხიც. 

ტფილისის მუშკეტერთა პოლკი: საშეფო ბატალიონის ერთი ასეული საგარეჯოში და თითო-თითო ასეულიც სოფლებში: ხოშმში, პატარძეულში, მარტყოფსა და მანავში. პოდპოლკოვნიკ კუზენევის ბატალიონი ბორჩალოში და შულავერის სოფლებში. 

ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკი: საშეფო ბატალიონის ერთი ასეული ქვემეხით ქ. თელავში, ერთი ასეული სოფელ ველისციხეში, ერთი ასეული ქვემეხით სოფელ ყვარელში და ერთი ასეულიც სოფელ შილდაში. პოდპოლკოვნიკ სოლენიუსის ბატალიონი: ასეული ქვემეხით სოფელ ჯიგაანში, თითო-თითო ასეული სოფლებში სოკაბში, მოშნარში, ანაგასა და კარდანახში; უკანასკნელ სოფელში იმყოფებოდა ერთი ქვემეხიც. 

ეგერთა 17-ე პოლკი: საშეფო ბატალიონი ორი ქვემეხით ტფილისში. პოლკოვნიკ კარიაგინის ბატალიონი: ორი ასეული დუშეთში, თითო-თითო ასეული სოფლებში ხორელსა /ქ. გორის მახლობლად/ და ფარსიანში და ერთი ასეულიც ქვემეხით სოფელ კოდაში /ტფილისის ქვემოთ/. 

დონელ კაზაკთა შჩედროვის მე-2 პოლკი განთავსებულ იქნა იმავე ქალაქებსა და ადგილებში, სადაც იდგა სხვა ჯარები. კაზაკები მცირე პარტიებად იყვნენ მიმოფანტულნი – 10-დან 40 ადამიანამდე – და სხვადასხვაგვარი გაგზავნისა და სადარაჯო სამსახურისთვის გამოიყენებოდნენ) 

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment